Mikho Mosulishvili
Simulation modeling for games:
Khapra beetle and Mouse
(Tragicomic nightmare in one act and seven scenes, with of music ‘Goran Bregović and The Wedding and Funeral Orchestra’)
მიხო მოსულიშვილი
სიმულაციური მოდელირება თამაშისათვის:
“ხაპრა-თაგვობანა”
(ტრაგიკომიკური კოშმარი ერთ მოქმედებად და შვიდ სცენად, “გორან ბრეგოვიჩი და საქორწილო და დამკრძალავი ორკესტრის” მუსიკის თანხლებით)
მოქმედებენ:
1. გოგლიკო – წისქვილკომბინატ “დაფიონის” დირექტორი, დიდი ქოჩრის გამო ბავშვობიდანვე შერქმეული მეტსახელით “ჩუპ-ჩიკა”, ჰგავს დედამისს. ამისი მუსიკალური თემაა “გორან ბრეგოვიჩი და საქორწილო და დამკრძალავი ორკესტრის” კომპოზიცია Chupchik, რომლის მოსმენაც ინტერნეტში შეიძლება ამ მისამართზე – http://www.youtube.com/watch?v=rnlPLYKart8&NR=1
2. ელეონორა – გოგლიკოს პენსიონერი დედა, თაგვი.
3. მიაკო – წისქვილკომბინატ “დაფიონის” პი-არ ჯგუფის უფროსი, შეთავსებით მდივანი, ისე კი ღამურა.
4. ხაპ რა – კერძოდ, ჩინელი ბიზნესმენი, საერთოდ კი ხაპრა ხოჭო (ინგლისურად – Khapra beetle; ლათინურად – Trogoderma granarium).
5. ნურბუბუ – ხაპ რას ყირგიზი ცოლი, ესეც ხაპრა ხოჭო.
6. ლარვა – ხაპ რას და ნურბუბუს შვილი, ხაპრა ხოჭოს მუხლუხი.
7. ციცი – არასამთავრობო ორგანიზაცია “წადი”-ს ხელმძღვანელი, ციცინათელა, რომელიც “ანათებს და კარგია, მაგრამ ვის რად არგია?..”
დარგის მინისტრი, ბატონი შალვა ტელეფონიდან, მეტსახელით “მიაუ-შალა” და მარადიულად მომიტინგე ჭიანჭველები.
მოქმედების ადგილი – დირექტორის კაბინეტი.
მოქმედების დრო – 2010 წელი.
დეკორაცია – სცენა წარმოადგენს წისქვილკომბინატ “დაფიონის” დირექტორის თანამედროვე დიზაინით შექმნილ კაბინეტს, რომელსაც უკანა მხარეს აქვს გასასვლელი კარი, საიდანაც სტუმრები შედი-გამოდიან.
დირექტორის სავარძლის უკან დარგის მინისტრის, მიაუ შალას სურათი ჰკიდია, ხოლო მარჯვენა ყრუ კედელზე კი ჩარჩოში ჩასმული პლაკატი, სადაც გამოსახულია ხაპრა ხოჭოების სქემატური ნახატები და ზემოთ აქვს წარწერა: “ხაპრა-თაგვობანა”. მარცხენა კედელზე ორი ფარდებჩამოფარებული ფანჯარა და დირექტორის დასასვენებელ ოთახში გამავალი კარია.
პირველი სცენა
(გოგლიკო თავის კაბინეტში, საწერ მაგიდასთან ზის, ფეხები მაგიდაზე შემოუწყვია, ერთმანეთზე გადაუჯვარედინებია და ახალ ფეხსაცმელებს, “ინსპექტორებს” ერთმანეთს შემოჰკრავს ხოლმე, თან ჩიბუხს აბოლებს.
ტელეფონის ზარი.
გოგლიკო მაგიდიდან ფეხებს ჩამოიღებს და თავისი გორგოლაჭებიანი სავარძლით მიგორდება საწერი მაგიდის მარჯვნივ მდგარ პატარა მაგიდასთან და ტელეფონის ხმამაღლა მოლაპარაკეს ჩართავს).
მიაკოს ხმა – მთხოვნელია, ბატონო გოგლიკო, და შემოვუშვა?.. მოიცადეთ, ქალბატონო…
გოგლიკო – დამაცადეთ რა, ჯერ ხომ უნდა შევიდე პროფესიაში!..
(შემოსასვლელი კარი შემოიხსნება და შემოდის ქალბატონი ელეონორა).
ელეონორა – პროფესიაში უნდა შეხვიდე, არა? რა იცი შენ ამ საქმის, გარდა იმისა, რაც ჩემი და მამაშენი ლაპარაკისას გსმენია?
გოგლიკო – კარგი რა, დე! კარგი რა!.. ვერ დაგაბრუნებ! ვერაფრით ვერ აღგადგენ! ისედაც ამდენი ხალხი გავუშვი! და ნახევარი ქალაქი გადავიკიდე!
ელეონორა – გოგლიკო, დედა, შენ ისე ადვილად ამბობ ამ “პროფესიაში შესვლას”, რომ რესტორანში შესვლა და გამოსვლა გგონია!..
გოგლიკო – მე სოლიდური კაცი ვარ და…
ელეონორა – სოლიდური კაცები ისე არ თვრებიან, რომ ციცინათელებს დასდევდნენ, სიგარეტზე მომიკიდეთო… და ის სიგარეტები ფინთი სიგარეტებია!
გოგლიკო – ეგ აღარსად თქვა, ძალიან გთხოვ, დე…
ელეონორა _ დამაბრუნე წარმოების უფროსად, გოგლიკო, დამაბრუნე და ყველაფერში დაგეხმარები, დედა… ან ელევატორის უფროსად მაინც დამნიშნე, დედა…
გოგლიკო – შენ ეს ელევატორი ის ძველებური არ გეგონოს, აქ ყველაფერი ავტომატიზირებულია და კომპიუტერულად იმართება. თანაც საპენსიო ასაკმა მოგიწია და დასვენება გეკუთვნის უკვე!.. წადი და დაისვენე რა…
ელეონორა – სამკურნალო ფაკულტეტი გაქვს, დედა, დამთავრებული…
გოგლიკო – ვიცი, დე…
ელეონორა _ უროლოგი ხარ, უ-რო-ლო-გი…
გოგლიკო _ ეგეც ვიცი…
ელეონორა _ და მეშინია, გოგლიკო, მაინც…
გოგლიკო – შენ ხომ იცი, რამდენი კანდიდატურა იყო ამ თანამდებობაზე? თანაც ყველა ერთმანეთზე ღირსეული! იმათთან პატიოსან კონკურენციაში რომ გავიმარჯვე და მე დამნიშნეს ამ წისქვილკომბინატის დირექტორად, როგორ გგონია, მარტო ლამაზი თვალებისთვის?
ელეონორა – არა, რასაკვირველია. იმ მოსაზრებით დაგნიშნეს, რომ მშობლები ამ საქმეში გყავდა. მე ხომ წარმოების უფროსი ვიყავი აქ და ცხონებული მამაშენი კიდევ ელევატორის ექსპლუატაციის უფროსი იყო.
გოგლიკო – ჰოდა, ახლა იმაზე ვალაპარაკო ის დამარცხებული კანდიდატები, რომ გოგლიკომ თანამდებობა იშოვნა და ნათესავებით გაავსო წისქვილკომბინატიო?
ელეონორა – მაგრამ მე ამ საქმის პროფესიონალი ვარ, დედა.
გოგლიკო – ისედაც ლამის ყველა გავუშვი საკადრო ცვლილებების გამო. როგორ, ჩვენ აქ შვეიცარიელებმა აგვიშენონ თანამედროვე, ევროპული ტიპის წისქვილკომბინატი, რომელიც თხუთმეტი მილიონი დაჯდა! თხუთმეტი და…
ელეონორა – ასეთი წისქვილკომბინატები, ოღონდ რუსული დანადგარებით, ორი მილიონი ღირს.
გოგლიკო – სამაგიეროდ, იმ წისქვილკომბინატებმა რომ ათი წელი უნდა იმუშაონ, ამას ორმოცდაათი წელიწადი აქვს ექსპლუატაციის ვადა!.. სხვას რომ ორმოცი კაცი მუშახელი სჭირდება, ამას ხუთი ჰყოფნის, სულ ხუთი! ამიტომაც გამიხდა უზომოდ გაბერილი შტატები შესამცირებელი… თანაც კანონირების ფარგლებში, რადგან ყველამ მიიღო შესაბამისი კომპენსაცია… რას ვიზამთ, ყველა ჩემნაირი რეფორმატორის მოტავაცია ამგვარი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებაშიც არის, მაგრამ ამაზე აღარ გავივრცობი, თუმცა იმას კი დავსძენ, რომ მე და ჩემი შემოქმედებითი კოლექტივი, ყველა უკვებლივ, მოტივირებულნი ვართ დარგის ინფრასტრუქტურის ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობის რეალიზაციის მცდელობისათვის!
ელეონორა – ვაიმე, ვაიმე, ისევ ტელევიზორის საშინელ ენაზე ლაპარკობ, დედა…
გოგლიკო – ასეა საჭირო…
ელეონორა _ გოგლიკო, დედა…
გოგლიკო – ბატონო?..
ელეონორა _ ესე იგი, მაინც არ დამაბრუნებ, დედა?
გოგლიკო – კარგი რა, დე, მერამდენედ უნდა გავიაროთ მე და შენ ეს საკითხი? ხომ გითხარი? და კიდევ ერთხელ გავმეორდები და კიდევ გეტყვი, რომ, მე მინდა, მოსმენილი ვიყო და, მე მინდა, გაგებული ვიყო! გაგებული! გესმის?
მიაკო – (კარს შემოხსნის და თავს შემოჰყოფს) ბატონო გოგლიკო, ჩინელი ბიზნესმენი მოვიდა!..
გოგლიკო – ჯერ ყავა შესთავაზე და რამდენიმე წუთში მივიღებ.
მიაკო – ეკოლოგიურად სუფთა წვენზეც გავაკეთო აქცენტი?
გოგლიკო – დიდი!
მიაკო – რა დიდი?
გოგლიკო – დიდი აქცენტი.
ელეონორა – ჰო, უაქცენტოდ არაფერი გამოვა…
გოგლიკო – (გასასვლელ კარამდე მიაცილებს ელეონორას) წადი, დე, შინ წადი და საღამოსთვის მე რომ კაი ნიგვზიანი ბადრიჯანი მიყვარს, ის გამიკეთე რა… (კარს გამოხსნის) მიაკო!
მიაკო – გისმენთ, ბატონო გოგლიკო!
გოგლიკო – ჩემი მანქანა გამოვიდეს და შინ წაიყვანონ ჩემი დედიკო!
ელეონორა – ნიგოზი რომ არა მაქვს?
გოგლიკო – ბაზარში გაიარე რა, დე… აბა, საღამომდე… და საღამოს ყველაფერს მოგიყვები…
ელეონორა – დაწვრილებით, დედა?
გოგლიკო – დაწვრილებით და აქცენტებით და თავისი მოტივაციებით… აბა, გკოცნი!
(ელეონორა გადის).
მეორე სცენა
გოგლიკო – (ტელეფონის ხმამაღლა სალაპარაკოს ჩართავს) მიაკო, შემოდი.
მიაკო – (შემოდის და ისე მოაბიჯებს, როგორც პოდიუმზე მანეკენი) იმათ ყავა და ნატურალური წვენი მივართვი…
გოგლიკო – ვის?
მიაკო – ვის და, იმ ჩინელს…
გოგლიკო – ეგღა მაკლდა… (საწყლად გაიღიმებს) არ გეცოდები?
მიაკო _ აი, ჩუპ-ჩიკ, იმენა ძაან მეცოდები რა, იმენა ძაან! შენს მაგიერ მე ამტკივდა თავი დედაშენის გასტუმრებაში… (იცინის) აბა, ჩვენი მინისტრი როგორ სადღეგრძელოს გეტყოდა ამაზე?
გოგლიკო – მიაუ შალა როგორ მეტყოდა? (დარგის მინისტრ შალვას გამოჯავრებით ამბობს სადღეგრძელოს) აუუ, შენ გაგიმარჯოს რა, გოგლიკო! ქალაქელი კაცი ხარ, თაგვური კი არა და, კაცური კაცი! მეობა იცი! გაგება იცი! სიყვარული იცი!
მიაკო – სიყვარული ხო ძაან და… ნამდვილი ქალაქელი ოქრო რაა…
გოგლიკო – შენ გენაცვალე, ჩუპ-ჩიკ, ცხოვრებაში არაფერი შეგშლია, არც დედაშენის გასტუმრება არ შეგშლია, და არც შეგეშლება, ნაღდი კაცი ხარ და იმიტომ!..
მიაკო – და, ხოლმე-ხოლმე, ციცინათელებს რომ ფინთი სიგარეტების მოსაკიდებლად დასდევ, თურმე? კასიაკები და ტარიანები და პიტაკები და რამე?
გოგლიკო – რაღა დროს ჩემი კასიაკები და ტარიანები და პიტაკებია, სადა ბანაობ, ღამურ, სადა?
მიაკო – მიდი რა… და “პერშინგი” საიდან მოდის?
გოგლიკო – რა “პერშინგი”, რაღა დროს ჩემი პლანია მეთქი, ქალო!…
მიაკო – ჰო, ჰო, ერთი-ორი თეთრი უნდა იშოვნო აქ და, აბა, შენ იცი, სუ ვენებში გაუშვი!
გოგლიკო – ეგ იშვიათად… თანაც ღამღამობით…
მიაკო _ როცა სუფთას მოგიტანენ ხოლმე, არა?..
გოგლიკო – კარგი რა, ცუნცულ, ჩემო ანგელოზო, შენ მაინც არ დამიწყო ეხლა ნოტაციების კითხვა, რო აღარ აგიდგებაო და ეგეთები… (ხელს წაატანებს უკანალზე).
მიაკო – (გოგლიკოს ხელზე ჩაარტყამს) ძალიან გაცელქებული ხარ, ჩუპ-ჩიკ, ძალიან…
გოგლიკო – ცოტა ხო უნდა დაისვენო კიდეც ამდენი მოტივაციისგან ხანდახან… გინდა, გაგაცინო?
მიაკო – მინდა, მაგრამ ის ბიზნესმენი რომ გელოდება?
გოგლიკო – დაიცა რა, იმ იაპონელს ჯერ ხომ წვენიც არ ექნება დალეული, ანეგდოტი უნდა გითხრა…
მიაკო – ჩინელია, შანხაიდან, და თავისი ცოლი და…
გოგლიკო – თაგვი იმ ამბავშია რა…
მიაკო _ ანუ?
გოგლიკო – აი, რომ გაიჩხირავენ და მერე ციცინათელებს რომ დასდევენ ხოლმე ფინთი სიგარეტის მოსაკიდებლად…
მიაკო – ანუ, მაგარ კაეფშია!.. მერე?
გოგლიკო – და თავზე ღამურა გადაუფრენს.
მიაკო – აი, ასე? (დატრიალდება) ჩემსავით?
გოგლიკო – ჰო… ჰოდა, აესე ახედავს და, – (თაგვის სახეს მიიღებს და ნარკომანის ხმით) ვახ, ჩემი, ანგელოზი გაიჩითა, ტო!..
მიაკო – (გადაიკისკისებს) მაგარია!
გოგლიკო – ძაან!..
მიაკო – არ მაკოცებ?!
გოგლიკო – აღარ!
მიაკო – რატომ, მოტივაცია არ გყოფნის?!
გოგლიკო – მყოფნის და საკმარისზე მეტიც მაქვს, მაგრამ უკვე ვმუშაობთ!
მიაკო – კეთილი, ბატონო გოგლიკო! (მოიმარჯვებს ბლოკნოტს და კალამს).
გოგლიკო – ჰოდა, სანამ ახლა ეს ანეგდოტი გაცივდება, ის ინდოელი შემოუშვი.
მიაკო – ჩინელი ბიზნებსმენია, ჩი-ნე-ლი! ხაპ რა! ხაპ რა ჰქვია.
გოგლიკო – იყოს ჩინელი…
მიაკო – ჰო… და ანუ… ცოლს ჰქვია (ბლოკნოტს გადაშლის, ჩაიხედავს) ნურბუბუ…
გოგლიკო – იმისი ცოლი მე რაში მაინტერესებს?
მიაკო – ისიც თან წამოუყვანია!
გოგლიკო – ცოლით მოვიდა?
მიაკო – ჰო.
გოგლიკო – ისიც ჩინელია?
მიაკო – არა, ყირგიზი!
გოგლიკო – ვინა?
მიაკო – ყირგიზი მეთქი! ყირგიზი ქალბატონია!
გოგლიკო – ვა! ეგ რა კაი “პასაჟირი” ყოფილა, ტო!
მიაკო – ეტყობა, ცოლის ჯუჯულაა!
გოგლიკო – შენ გინახავს ყირგიზი ქალბატონი? მე – არა!..
მიაკო – არც მე!
გოგლიკო – ჰოდა, ვნახოთ!
მიაკო – ვნახე, ბატონო, ვნახე… (ხელებს გასავსავებს).
გოგლიკო – ჰოო?
მიაკო _ და, თან ერთი მხოხავი არსება ახლავთ, კინაღამ პომადა შემიჭამა!.. ანუ, ყველგან ცხვირს ჰყოფს… და ჩვენი შვილიაო, სახელად ჰქვია… (ბლოკნოტს გადაშლის) ლარვა.
გოგლიკო – დაიცა, ეგ როგორ? დო – ერთი, რე – ორი, მი – სამი, ფა – ოთხი, სოლ – ხუთი, ლა – ექვსი, სი – შვიდი… ესე იგი, შვიდი ნოტია სულ და ლა არის მეექვსე, ანუ, ლა-რვა შეცდომით ჰქვია.
მიაკო – ანუ, ლა-ექვსი უნდა დაერქმიათ, ხო?
გოგლიკო – თავისთავად, მაგრამ… კარგი რა, მიაკო, კარგი რა! შენ გგონია ისევ ციცინათელებს დავსდევ სიგარეტის მოსაკიდებლად?
მიაკო – არა, რატო…
გოგლიკო – აბა, რას დამცინი?! რაის ლავრა და ის კიდევ, უზბეკი ქალი?..
მიაკო – აი, ახლა შემოვუშვებ და ნახავ!
გოგლიკო – და მე რომელ ენაზე უნდა ველაპარაკო?
მიაკო – იციან ჩვენი ენა, უკვე მეორე წელია აქეთ ვატარებთ ბაზრის სადაზვერვო სამუშაებსო…
გოგლიკო – ყველა გიჟი და არანორმალური მე როგორ უნდა გადამეკიდოს რაა!..
მიაკო – დაგინახეს, ელეონორა რომ გააცილე, თორემ დაგმალავდი…
გოგლიკო – არა, არა, მაგისთანებს სად დაემალები… მიდი, მიდი, შემოუშვი!
(მიაკო გადის).
მესამე სცენა
(გოგლიკო სამუშაო მაგიდას მიუჯდება, ლეპტოპს გახსნის და ჩართავს. წინ ფურცლებს დაიწყობს, კალამს მოიმარჯვებს და წერას იწყებს.
ჯერ მუხლუხოსავით ხოხვით შემოდის ლარვა, რომელსაც შემოჰყვებიან ხაპ რა ცალ ხელში დიპლომატით და მეორე ხელში ჩილიმით; და ჭრელა-ჭრულა კაბიანი ნურბუბუ – ორივეს უცნაურბუსუსებიანი, მოწითალო-მოყავისფრო ტანსაცმელი აცვია და საცეცეებიანი ქუდები ახურავთ.
გოგლიკო წამოდგება, სტუმრებს შეეგებება, ხელს ჩამოართმევს).
გოგლიკო – კეთილი იყოს თქვენი აქ მობრძანება.
ნურბუბუ – სალამ ალეიქუმ, ჯიგიტ!
ხაპრა – სალამი, ბატონო გოგლიკო! (ჩილიმს უჩვენებს) ეს სად დავდგათ?
გოგლიკო – გამარჯობა!.. ერთი წუთით… (კარს მიღმა გასძახებს) ქალბატონო მიაკო!
მიაკო – (შემოდის) გისმენთ, ბატონო გოგლიკო!
გოგლიკო – (ხაპ რას ჩილიმზე მიუთითებს) ეს სად დავდგათ?
მიაკო – საჩუქარია?
ხაპ რა – არა, ჩემია!
მიაკო – მაშინ არ ვიცი… ჩვენთან სტუმრები ჩილიმებით არ მოდიან ხოლმე და…
ნურბუბუ – რად უნდა ამას ამდენი ფიქრი? (ხაპ რას ჩილიმს გამოართმევს) სად დავდგათ და… (კაბინეტს მოათვალიერებს) იყოს ჯერ-ჯერობით საწერ მაგიდაზე! (შუა მაგიდაზე დადგამს) აი, ასე!
ხაპ რა – ძალიან მოუხდა!
ნურბუბუ _ ხომ ლამაზია?
მიაკო – ძალიან.
ნურბუბუ – ჩემი მზითევია!
გოგლიკო – (სტუმრებს) ჩაის ხომ არ გაიმეორებდით? ან ყავას? ნატურალურ წვენებზე აქცენტით?
ნურბუბუ – (მიაკოს შეუბღვერს) მე – ჰალვა, ცუნცულ!
მიაკო – (იწერს) ჰალვა…
ნურბუბუ – ხორბლის ბევრი მარცვლებით!
გოგლიკო – უცნაური, მაგრამ ორიგინალური კერძია!
მიაკო – ყირგიზულია, ხო?
ნურბუბუ – არა, ოჯახური რეცეპტია.
ხაპ რა – მე არაფერი მინდა.
გოგლიკო – არც ჩაი, ჩინური მწვანე ჩაი?
ხაპ რა – ოო, ჩინურ მწვანე ჩაიზე თავს ვერ შევიკავებ!
მიაკო – ჩინური მწვანე ჩაი!
გოგლიკო – (ლარვასკენ იყურება) და თქვენ?
ლარვა – (მაგიდაზე ახოხებულა და ფურცლების ჭამას ამთავრებს) მე ლარვა ვარ, ბიძია დირექტორო!
გოგლიკო – მთელი ჩემი ამდილანდელი ნამუშევარი მაგ ფურცლებზე მეწერა!
ხაპ რა – ბოდიშს ვიხდით…
ნურბუბუ – ხომ იცი, ჯიგიტ, პატარები რა ცელქები არიან ხოლმე! აბა, ლარვა, საყვარელო, ჩამოდი მაქედან ახლავე!
ლარვა – ბარემ ამასაც შევჭამ და ახლავე, დეე… (ლეპტოპს ჩაეჭიდება კბილებით).
გოგლიკო – არა, ოღონგ ეგ არა!
ნურბუბუ – (ხაპ რას) ჩამოიყვანე ბავშვი მაგიდიდან!
ხაპ რა – (მოკიდებს ხელს და აიყვანს) ეგ არ გინდა, ლარვიკო!.. წამოდი, დედიკოსთან მივიდეთ…
ლარვა – არა, მინდაა!.. (აბღავლდება) ამისი შეჭმაც მინდა!
გოგლიკო – არ იტირო!.. (ატირებულ ლარვას აწყნარებს) ჭუკლი, ჭუკლი, ჭუკლი… არ იტირო და ბევრ ფურცლებს მოგცემ!
ლარვა – და იმ ლეპტოპსაც?
ხაპ რა – (ჩილიმს აანთებს და ეწევა) ის ბიძია დირექტორისაა და შენ ხომ გაქვს შენი?
ნურბუბუ – გუშინ შეჭამა ისიც… მოდი, მოდი, ჩემო მუხლუხო!.. ჩემო მატლო!
მიაკო – თქვენ რას ინებებთ, ბატონო გოგლიკო?
გოგლიკო – მე მინდა, ბრაზილიური ყავა…
მიაკო – (იწერს) ნალექიანი თუ ხსნადი?
გოგლიკო – თურქულად.
ლარვა – მეც მინდაა!
მიაკო – (იწერს) თურქულად.
გოგლიკო – და ფილიპ მორისის ინდური თამბაქო! (თავის ჩიბუხს დაანახვებს).
მიაკო – ესეც იქნება (გადის).
ლარვა – თამბაქო და ჩიბუხი მინდააა!
გოგლიკო – რა ჭკვიანი ბავშვია, უჰ! (ხელს გასწევს, რომ ლარვას მოეფეროს) ჭუკლი, ჭუკლი, ჭუკლი… (ლარვა ხელზე დაუპირებს კბენას და სასწრაფოდ უკან გამოსწევს ხელს. ხაპ რას) ისე, ბატონო… ეეე…
ხაპ რა – ხაპ რა. (ჩილიმის მუნშტუკს აჩვენებს) ხომ არ გასინჯავდით?
გოგლიკო – (ბოლს შეიყნოსავს) რას ეწევით?
ხაპ რა – ჩვენი ეროვნული მოსაწევია, როგორც თქვენი ღვინო…
გოგლიკო – მე ჯერ არა, გმადლობთ…
ხაპ რა – არ მოგერიდოთ…
გოგლიკო _ ისე, ბატონო ხაპ, როგორი ამინდებია თქვენსკენ?
ხაპ რა – ისეთი კარგი ამინდები იყო, რომ ჩემმა ფირმამ…
ლარვა – Trogoderma granarium! Trogoderma granarium!
ნურბუბუ – ჰო, “ტროგოდერმა გრანარიუმი” ჰქვია ჩვენს ფირმას!
ხაპ რა – არნახული მოსავალი მოიწია!
ნურბუბუ – მთელი ყაზახეთი გადარეულია! მთელი ყაზახეთი გულზე სკდება ჩვენი შურით!
ხაპ რა – შარშან თუ ერთ ჰექტარზე მხოლოდ სამი ტონა ხორბალი ავიღეთ, წელს ამ მაჩვენებელმა ბევრად გადააჭარბა ხუთტონიან ნიშნულს!
გოგლიკო – ეს ყაზახეთში თუ ყირგიზეთში? თქვენ ხომ ყირგიზეთიდან ბრძანდებით, ქალბატონო ბუბუ?
ნურბუბუ – მე ნურბუბუ მქვია!
გოგლიკო – უკაცრავად, შემეშალა.
ნურბუბუ _ მე ყირგიზეთში დავიბადე, მაგრამ ყაზახეთში გავიზარდე.
ხაპ რა – მეც სწორედ ყაზახეთში გავიცანი.
გოგლიკო – გასაგებია, გასაგები…
ხაპ რა – ჰოდა, რაზე გეახელით, ბატონო გოგლიკო. მე გამოვიკვლიე თქვენი ბაზარი და დავადგინე, რომ ადგილობრივი ხორბალი ბაზრის ოც-ოცდახუთ პროცენტს იკავებს, დანარჩენი კი შემოტანილია.
გოგლიკო – (მიაკოს ეძებს) მართლა?
ნურბუბუ _ (მიაკოს ბლოკნოტს გადაშლის, ჩანაწერს ეძებს) ჰო, აი! თქვენ სამოცდაათ-ოთხმოც პროცენტს ყიდულობთ. მთელი წლის მანძილზე შვიდას ორმოცდაათი ათასი ტონა ხორბალი გჭირდებათ.
(შემოდის მიაკო, საგორავებელი მაგიდით შემოაქვს შეკვეთილი ყავა, ჩაი და თამბაქო. გახარებული ლარვა შემოტანას არ აცლის, მაგიდასთან მიხოხდება და ყველაფრის ჭამა-ხვრას იწყებს).
ხაპ რა – მე ისიც ვიცი, რომ თქვენი ახალი წისქვილკომბინატის წარმადობა დიდია…
ნურბუბუ _ (კითხულობს მიაკოს ბლოკნოტში) დღეში სამას ორმოცდაათი ტონა!
ხაპ რა _ და ადგილობრივი ხორბალი თქვენი წისქვილკომბინატის მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს.
ლარვა – ვერაფრით!
მიაკო – (თავის ბლოკნოტს წაართმევს ნურბუბუს, გადაშლის) სამწუხაროდ, ვერა…
გოგლიკო – გაიცანით, ჩემი პიარ ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი მიაკო.
ნურბუბუ – ცუნცულ?! (ამრეზით ათვალიერებს მიაკოს და გოგლიკოს მიმართავს) თქვენ ხორბალს ყიდულობთ ორმოცდაერთ თეთრად, ხომ?
გოგლიკო – მიაკო, რამდენს ვიხდით?
მიაკო – (ბლოკნოტში იყურება) აი, ჰო, კი! ორმოცდაერთ თეთრს ერთ კილო ხორბალში!
ნურბუბუ – გასაგებია…
გოგლიკო _ და თქვენი ხორბალი კარგია?
ხაპ რა – უმაღლესი ხარისხის, “უფხო აიგული”!
ნურბუბუ – უმაღლესი ხარისხის უფხო ხორბალი “აიგული” მთელ მსოფლიოშია ცნობილი!
მიაკო – თქვენ რამდენად გვთავაზობთ?
ნურბუბუ – ოც თეთრად კილოს!
ლარვა – მხოლოდ ოც თეთრად!
გოგლიკო – ოც თეთრად ერთი კილოგრამი უმაღლესი ხარისხის ხორბალი?
მიაკო – მაშინ, როცა ბაზარზე ორმოცდაერთი თეთრი ღირს?
ხაპ რა – დიახ!
ნურბუბუ – ფასს დაბლა ვწევთ, მაგრამ რაოდენობაში და დროში ვიგებთ!
ლარვა – დრო ფულია, ბიძია-დეიდა! ფული!
ხაპ რა _ მაგრამ ორასი ათასი ტონა ხორბალი უნდა იყიდოთ!
ნურბუბუ – მთელი პარტია.
გოგლიკო – (პაუზის შემდეგ) ხელსაყრელი წინადადებაც ამას ჰქვია!
მიაკო – ანუ, ამაზე დიდი დაფიქრება და მოტივაციების ძებნაც არ არის საჭირო!
ლარვა – რასაკვირველია!
გოგლიკო – თქვენი წინადადება მიღებულია!
მიაკო – ოღონდ, ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს, რომ თანხის დაფარვა ნაწილ-ნაწილ მოხდება, ტრანშების სახით.
ლარვა – ასევე ნაწილ-ნაწილ შემოვა ის ორასი ათასი ტონა ხორბალიც.
ხაპ რა – (გახსნის თავის დიპლომატს, იქიდან ერთ ფაილს ამოიღებს) აი, ხელშეკრულების პროექტი, ჩემმა საბჭომ უკვე განიხილა და მოიწონა კიდეც.
ნურბუბუ – ამას დაგიტოვებთ…
ლარვა – გადახედონ თქვენმა იურისტებმაც, შესწორებებზე შევთანხმდეთ და…
გოგლიკო – რა თქმა უნდა, ჩემი სპეციალისტები ამას სათანადოდ და რამდენჯერმე გაივლიან, შეჯერდებიან და თავიანთ წინადადებებს წარმოადგენენ.
ხაპ რა – რამდენ ხანში გამოვიაროთ?
მიაკო – ორი-სამი დღე საკმარისი იქნება, მე მგონი…
გოგლიკო – ორ დღეში მობრძანდით და ხელი მოვაწეროთ!
მიაკო – ოღონდ, ხელშეკრულებაში ოცის ნაცვლად ოცდაათი თეთრი ჩაიწერება! ხელზე კი ოც თეთრის მიიღებთ კილოზე.
გოგლიკო – ეს სხვადახვა ხარჯების დასაფარად იქნება საჭირო, როგორიცაა…
ნურბუბუ – არ უნდა ჩამოთვლა, ჩვენც მაგ დღეში ვართ ხოლმე…
ხაპ რა – კარგი, ჩვენ ორი დღე დავიცდით და სხვა წისქვილკომბინატებს ჯერ არ მივმართავთ ამ წინადადებით.
ნურბუბუ – ნახვამდის და ორ დღეში შემოგივლით.
ლარვა – კარგად, ბიძია-დეიდებო!
(მოსულები გასასვლელისკენ მიდიან).
გოგლიკო – ბატონო ხაპ!
ხაპ რა – (შემობრუნდება) დიახ!
გოგლიკო – ეს ჩილიმი გრჩებათ!
ნურბუბუ – არა, რატომ რჩება, ორ დღეში აქ არ მოვალთ ისევ?
გოგლიკო – ორ დღეში კი!
ლარვა – შეხვედრამდე!
გოგლიკო – კარგად, კარგად…
(მოსულები გადიან, პაუზა).
მიაკო – ორასი ათას ტონაზე გაამრავლე ათი თეთრი და მაგდენი დაგვრჩება.
გოგლიკო – მაიცა, მაიცა… (ლეპტოპთან მიდის, რაღაცას ანგარიშობს კალკულატორზე).
მიაკო – რამდენი გამოვიდა?
გოგლიკო – ოცი ათასი!
მიაკო – თეთრი?
გოგლიკო – ლარი!
მიაკო – (ხელებს ფრთებივით იქნევს, გარშემო “შემოუფრენს”) ბედნიერების ფრინველმა მოგვაკითხა!
გოგლიკო – ვახ, ჩემი! ანგელოზი გაიჩითა, ტო!
(ერთმანეთს გადაეხვევიან).
მეოთხე სცენა
(გოგლიკო ნერვიულად მიმოდის კაბინეტში, მაგიდაზე გაშლილ გაზეთებს კი მიაკო მისჯდომია).
მიაკო – ესენიც ჩვენზე წერენ! (ერთ გაზეთს დადებს და ახლა სხვას გადაფურცლავს) და ესენიც!
გოგლიკო – აბა, წამიკითხე.
მიაკო – (კითხულობს) არასამთავრობო ორგანიზაცია “წადის” ლიდერმა, ციცი ნათელამ განაცხადა, რომ…
ციცი _ (შემოდის მანათობელი ტანსაცმელით, შემოყვება კორესპონდენტი და ოპერატორი, ასევე ჟურნალისტები) ორასი ათასი ტონა ფქვილი, რომელიც ყირგიზეთში ჩინეთიდან შეიტანეს, დასნებოვნებულია განსაკუთრებით საშიში მავნებლით – კაპროვის ხოჭოთი.
გოგლიკო – კაპროვი… კაპროვი… ჰმ…
მიაკო – (თავის ბლოკნოტში იწერს) კაპროვის ხოჭო…
ციცი _ კაპროვის ხოჭო ძალიან საშიშია, ასნებოვნებს ასზე მეტი სახის მარცვლეულ კულტურას. გამძლეა პესტიციდების მიმართ. კაპროვის ხოჭოს ბაქტერიოლოგიური და ვირუსული დაავდებების გამომწვევი ბუნებრივი რეგულიატორი აღმოჩენილი არ არის.
გოგლიკო – რაო, რაო?
მიაკო – ანუ, კაპროვის ხოჭოები ავად არ ხდებიანო… (ისევ იწერს).
ციცი _ ხოლო ამ ხოჭოების ულვაშებმა და ექსკრემენტებმა შეიძლება ადამიანის დაავადება გამოიწვიონ.
გოგლიკო – ფუჰ!..
ციცი – თანახმად წინასწარი ანალიზის შედეგებისა, დადგენილია, რომ კაპროვის ხოჭოთი სავსე ფქვილი სინამდვილეში ფქვილი კი აღარ არის, არამედ გლიუტამინისა და მელამინის ნაერთია.
გოგლიკო – მიაკო, ესეც ჩაიწერე!
მიაკო _ (იწერს) გლიუტამინი და მელამინი!..
ციცი – მელამინი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ქვების წარმოქმნას თირკმელებში და საშარდე ბუშტში…
გოგლიკო – ვა, ეგ ხომ ჩემი პროფილია!
მიაკო _ აფსუს, რა უროლოგი დაკარგა შენი სახით ჩვენმა ჯანმრთელობის დაცვამ?
გოგლიკო _ მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ!..
ციცი _ და ყოფილი უნიჭო უროლოგები რომ წისქვილკომბინატის დირეტორები ხდებიან, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად!
გოგლიკო – მე რა შუაში ვარ?..
ციცინათელია _ სწორედ ეს დასნებოვნებული ფქვილი შეიძინა წისქვილკომბინატ “დაფიონის” ხელმძღვანელობამ იმ უნიჭო უროლოგის არაკვალიფიციური გადაწყვეტილებით და, როგორც სანდო წყაროებიდან გახდა ცნობილი, მთელი ის ორასი ათასი ტონა კაპროვის ხოჭოთი დასნებოვნებული ფქვილი შეიძინა საეჭვო ფინანსური მაქინაციებით. ერთ კილოგრამზე ათი თეთრი დარჩა, ანუ ოცი ათასი ლარი ჩაიჯიბა!
გოგლიკო – ერთი ეგ შენი “სანდო წყარო” მაპოვნინა და მერე მე ვიცი!
ციცი – ცნობილი ანდაზა, – “ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო” – ამ შემთხვევაში მწარედ სცდება! მე გეკითხებით, როდემდე უნდა ფქვან წისქვილკომბინატ “დაფიონში” სიცრუე? როდემდე უნდა გამოაცხონ თავიანთ საფირმო პურის საცხობებში ტყუილები? სადამდე უნდა გაავსონ ჩვენი თირკმელები და საშარდე ბუშტები თვალთმაქცობის კენჭებით? როდემდე უნდა მდიდრდებოდნენ ვიღაც მძორიკო გოგლიკოები შენი, ჩემი და ჩვენი ფულით? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყოფილი უნიჭო უროლოგი დარგის მინისტრის საბავშვო ბაღის ამხანაგია? როდემდე უნდა დასდევდნენ ნარკოტიკებით გაბრუებული გოგლიკოსნაირი თაგვები ციცინათელებს, სიგარეტზე მომიკიდეო? და ის სიგარეტები – ყველა ფინთია!
გოგლიკო – (გააფთრებულია, მიაკოს გაზეთს გამოსტაცებს, ნაკუწებად აქცევს, მერე ზედ ფეხებით შედგება და ტკეპნის) ესეც თქვენ!
მიაკო – (ისიც ეხმარება) ესეც შენ, ციცი! და ესეც შენ!
გოგლიკო – (ერთბაშად შედგება) შენ იცი, ახლა რა მოხდება?
მიაკო – რა?
გოგლიკო – მინისტრი დამიბარებს და ტყავს გამაძრობს!
მიაკო – კარგი რა, რატო უნდა ამოგიღოს ოთხში? ამ სულელი ციცის ნატქვამზე?
გოგლიკო _ აი, გეუბნები, მიაუ შალა ტყავს გამაძრობს! ტყავს გამაძრობს ბოლომდე! ტყავს გამაძრობს ადგილობრივი გაფართხალებით!.. აი, ეს მოხდება! (დაინახავს, რომ უკანა კედელზე მინისტრის სურათის ნაცვლად კაპრა ხოჭოების სქემაა გამოკრული). მიაუ შალას სურათი რა იქნა?
მიაკო – ეგ მე არ ვიცი, ბატონო გოგლიკო, მაგრამ თქვენი პიარ ჯგუფი რომ კარგად მუშაობს, ამას ახლავე დაგიმტკიცებთ.
გოგლიკო _ ეს აქ ვინ ჩამოკიდა მეთქი?
ლარვა – (იხსნება დასასვენებლი სათავსოს კარი, შემოხოხდება ლარვა). გამარჯობათ!.. თქვენი მინისტრის, მიაუ შალას სურათი იქით კედელზე გადავიტანეთ და აქ ჩვენი მინისტრის და მისი ოჯახის სურათი დავკიდეთ! (უფრო სწრაფად დახოხავს და მალე დაიწყებს გოგლიკოს თამბაქოს ქისიდან თამბაქოს ღრღნას).
მიაკო – გაგიმარჯოს!
გოგლიკო – სალამი ღვთისაა, მაგრამ აქ საიდან გაჩნდი?..
(ამ დროს დასასვენებლი ოთახიდან მოისმის ხაპ რას ხვნეშა და ხაპრა ხათუნის კვნესა).
მიაკო – რა არის, გოგლიკო, ამ ლეპტოპზე პორნოფილმებს ისევ უჩემოდ უყურებ?
გოგლიკო – არა, არც კი ჩამირთავს!
მიაკო – აბა, ეს რა ხმებია?
გოგლიკო – ყურადღებას ნუ მიაქცევ, ცუნცულ, და მიდი, აბა, შენი მოსაზრებები გადმოალაგე!
მიაკო – ჯერ ერთი, ჩვენს წისქვილკომბინატს ყიგიზეთში დასნებოვნებული ფქვილი რად უნდოდა, ჩვენ ხომ ხორბალს ვყიდულობთ!
გოგლიკო – ჰო, ჩვენ იქით ვყიდით ფქვილს! ის ორასი ათასი ტონა ყაზახეთიდან იყო შემოტანილი და ძალიან ხელსაყრელ ფასად! კილო ოც თეთრად!
მიაკო – ოც თეთრად კი არა! დაიმახსოვრე, კილო – ოცდაათ თეთრად!
გოგლიკო – ჰო, ჰო, ოცდაათ თეთრად!
მიაკო – ასე რომ, პრესა და პრესის ფეხის ხმას აყოლილი ზოგიერთი ტელევიზია ჭორებს გვივრცელებენ!
გოგლიკო – ძალიან!
მიაკო – და ბოლოს კი, ისიც მოახსენე ბატონ მიაუ შალას, რომ “კაპროვის ხოჭო” როგორც ასეთი, – არ არსებობს!
გოგლიკო – სულ არ არსებობს?
ლარვა – ანუ, სულ, სულ არ არსებობს?!
მიაკო – (ისევ ისმის ხაპ რას ხმამაღალი ხვნეშისა და ნურბუბუს კივილნარევი კვნესის ხმები) ეს რაღაც იმნაირი რა… აი, იმენნა – რაღაც იმნაირი ხმებია! შენ არ გესმის, ჩუპ-ჩიკ?
გოგლიკო – ჰო, ნაწილობრივ…
მიაკო – ანუ? ესე იგი?
გოგლიკო – მე შენ გისმენ!
მიაკო – დაიცა!.. (დასასვენებელ ოთახში შეიხედავს, დაიჯღანება) ფუჰ! გოგლიკო, მოდი, შეხედე რაა!.. ფუუჰ!
გოგლიკო – (ისიც ოთახში შეიხედავს) აუუუ, რაღა ჩვენ ტახტზე რაა!..
მიაკო – აიღე და გადააგდე!
გოგლიკო – რატო უნდა გადავაგდო, არაბული ტახტია!
მიაკო – არის და იყოს!
გოგლიკო – ჰოდა, იქნება!
მიაკო – იყოს, მე მანდ მაინც აღარ დავწვები!..
(გოგლიკო და მიაკო ერთმანეთს უყურებენ).
მეხუთე სცენა
(დასასვენებელი ოთახიდან ამაყი და კმაყოფლი სახეებით შემოდიან ჯერ მორცხვად მოღიმარე ხაპ რა და მერე გაბადრული ნურბუბუ).
გოგლიკო – საიდან მოხვდნენ ესენი იმ ჩემ არაბულ ტახტზე?
მიაკო – აბა, მე რა ვიცი?
ნურბუბუ – (ხაპრას მიუთითებს კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე) ჩვენი მინისტრის, მინისტრის ცოლის და იმათი ლარვის სურათი უკვე გვაქვს!
ხაპ რა – (ჩილიმს გამართავს და ეწევა) ჩვენს მინისტრს ჩემი სალამი!
ლარვა _ ჩემგანაც, არა, მამიკო?
ხაპ რა _ ჰო!
ნურბუბუ – ახლა ეს ტელეფონების მაგიდა… გადმოვიტანოთ… აი, აქეთ!
ხაპ რა – მიდი, ჩუპ-ჩიკ, მიდი და გადაიტანე!
გოგლიკო – მე რატომ?
ლარვა – რა შენი საქმეა, რატომ?
ნურბუბუ – შენ რომ გეუბნებიან, მოკიდე ხელი და გადაიტანე!
გოგლიკო _ (მითითებულ ადგილზე გადაიტანს ტელეფონების მაგიდას) ასე?
ხაპ რა _ (ნურბუბუს) ასე, საყვარელო?
ნურბუბუ – ჰო!.. ხოლო ეს საწერი მაგიდა კედლისკენ მივაცუროთ!
ხაპ რა – (გოგლიკოს) აბა, მიაცურე!
გოგლიკო – (საწერ მაგიდას მიაცურებს) კარგია?
ხაპ რა – (ნურბუბუს) კარგია?
ნურბუბუ _ რასაკვირველია! და (გოგლიკოზე და მიაკოზე მიუთითებს) აი, ეს ორი კიდევ მიბრძანდნენ აქედან!
გოგლიკო – როგორ თუ მივბრძანდეთ?
მიაკო – ჩვენ?
ნურბუბუ – დიახ, თქვენ! და ისიც, დასასვენებლი ოთახიდან!
გოგლიკო – იქ კიდევ არის ვინმე?
მიაკო _ (მიირბენს და დასასვენებელ ოთახის კარს გამოხსნის) გამარჯობა, ქალბატონო ელეონორა!
ელეონორა – (გამოდის ამაყად) საღამო მშვიდობისა და ნახვამდის! (გასასვლელისკენ მიდის).
გოგლიკო – იქ რას აკეთებდი, ქალო?
ელეონორა – სადამკვირვებლო მისიით ვიყავი მოვლინებული!
გოგილიკო – ვინ მოგავლინა?
ელეონორა – არასამთარობო ორგანიზაციამ “წადი”!
მიაკო _ ციციმ?!
გოგლიკო – ვაი, შენს გოგლიკოს… (შუბლზე შემოირტყამს ხელს) ვაი…
ელეონორა – კარგად იყავით და მალე გნახავთ! (გადის).
ხაპ რა – (მხრებს აიჩეჩავს) მე რა ვიცოდი, თუ “წადიდან” იყო?
ნურბუბუ -შენ არაფერი იცი ხოლმე!.. (მიაკოს და გოგლიკოს) ახლა თქვენც იმას მიჰყევით!
მიაკო – რატომ გვაგდებთ?
ნურბუბუ _ რატომ და, იმიტომ, ცუნცულიკო, რომ მე ჩემი გემოვნებით უნდა მოვაწყო ეს კაბინეტი! და აქ თქვენს ადგილს ვერ ვხედავ!
ხაპ რა – სრულიად ვერა!
გოგლიკო – მაგრამ, ჩვენ ხომ…
ლარვა – (შეაწყვეტინებს) თქვენი აზრები არ გვაინტერესებს!
ნურბუბუ _ ლარვა, შენ შემოგევლოს შენი ნურბუბუ, აბა, რად გინდა, ჩემო მატლო, მაგ ფარდას რომ ხრავ, ორასი ათასი ტონა ხორბალია საწყობებში!
ლარვა – მე ეს ფარდა მინდა! ფარდაა!
ხაპ რა – ლავრიკო, შვილო, მაგ ფარდას რომ ჭამ, მერე აღარ გაიზრდები და ჩვენნაირი ვეღარ გახდები!
ლავრა _ (აბღავლდება) არა, უნდა გავიზარდო!
ნურბუბუ – (ხაპ რას, წყენით) შენც ხარ რა?! (ჩილიმს წაართმევს, თვითონაც დაარტყამს ნაფაზებს და ლარვას მიმართავს) გაიზრდები, ნურბუბუ გენაცვალოს, აბა, არ გაიზრდები?
ლარვა – ჰო, გავიზრდები და აგერ, (ხაპრა ხოჭოს სურათისკენ იშვერს ხელს) ისეთი მინისტრი გავხდები! ხომ გავხდები?
ხაპ რა – გახდები, თუ ფარდას აღარ შეჭ…
ნურბუბუ – (ხაპ რას უბრწკენს) აუცილებლად გახდები!
გოგლიკო – გამაგებინეთ, რა გინდათ ჩემ კაბინეტში?
მიაკო – ახლავე მიბრძანდით აქედან ამ თქვენი ჩილიმიანად!
გოგლიკო – მე თქვენთან ყველა ანგარიში გასწორებული მაქვს! ყველა!
ნურბუბუ – (ხაპ რას) რა სასაცილოები არიან, არა, საყვარელო?
ხაპ რა – ჰო.
ნურბუბუ _ ჩვენ კი არა, თქვენ უნდა მიბრძანდეთ აქედან!
მიაკო – ჩვენ რატომ?
ხაპ რა _ იმ სურათს ხომ ხედავთ?
მიაკო – კი.
ხაპ რა _ ჩვენი მინისტრია!
ნურბუბუ – დიახ!
ლარვა – თვითონ ის!
გოგლიკო – მერე რა?
ხაპ რა _ ჰოდა, შეიძლება, თავად ჩვენი მინისტრი გვეწვიოს დათვალიერებაზე…
გოგილიკო – მერე?
ნურბუბუ – უნდა წახვიდეთ!
გოგლიკო – (ნურბუბუს) არ გამაგიჟო, სიმონ, ეხლა! (ხაპ რას) და დავაი რა, დროზე დაახვიე აქედან, შე ცოლის ჯუჯულა!
მიაკო – და ისიც საკითხავია, რას ეწევი ამ ჩილიმით? (ჩილიმს თავს ახდის, თეთრ ფხვნილს ამოიღებს, ენას აუსვამს) ოპიუმს ეწევი, შე ნარკომანო?
გოგლიკო – (მიაკოსთან მივა და ისიც ფხვნილიან ხელს აულოკავს) ეს ოპიუმი კი არა, ფქვილია!..
ნურბუბუ – (ეცინება) ათი თეთრი რომ გავამრავლოთ ორასი ათას ტონა ხორბალზე, რამდენია, საყვარელო?
ხაპ რა – რამდენია, არ ვიცი, მაგრამ დასასვენებელ ოთახში, არაბულ ტახტთან რომ სეიფი დგას, იქ უდევს ეგ ფული…
ლარვა – ათჯერ ორასი ათასი არის ოცი ათასი!
ნურბუბუ – (თავში ჩილიმის მუნშტუკს ჩაურაკუნებს) ორი მილიონია, ორი!
ლარვა – ეგ – თეთრებში და ლარში რო გადავიყვანო, სამი ნული არ უნდა მოვაკლო?
ნურბუბუ – (ისევ ჩილიმის მინშტულს ჩაურაკეუნებს თავში) სამი კი არა, ორი! ორი!
ხაპ რა – ჰო, ორი ნული და ოცი ათასი ლარი გამოდის!
ლარვა – (გოგილიკოს და მიაკოს) ჰოდა, ბიძია-დეიდა, თუ თქვენ აქედან არ წაეთრევით, სადაც საჭიროა, იქ მოვყვებით მაგ ოცი ათას ლარზე!..
ხაპ რა – (გადაიხარხარებს) რა ჭკვიანი ბავშვია, უკვე ისწავლა, შანტაჟი როგორ უნდა! მამიკო ენაცვალოს!
ნურბუბუ – ეგეც არ იყოს, ამ წისქვილკომბინატის საწყობებში, ყოველ კილოგრამ ხორბალზე უკვე ორიათასი ხაპრა ხოჭოს მუხლუხი ხრავს ხორბალს… და გამრავლება კარგი გცოდინაით და, ორიათასი რომ ორასი ათასზე გავამრავლოთ, რამდენი ხაპრა ხოჭოს ლარვა იქნება ამ წისქვილკომბინატში?
გოგლიკო – (ლეპტოპზე კალკულატორს ჩართავს და ნაგარიშობს) ორი ათასი ხაპრა ხოჭო გავამრავლოთ ორასი ათას ტონა ხობალზე… ეს იქნება… აუჰ, ოთხი მილიონი!
მიაკო – ვაიმე, დედა!
ხაპ რა – ოთხი მილიონი კი არა, ოთხასი მილიონი!
მიაკო – ოთხასი მილიონი?
ხაპ რა – დიახ! ეს კომბინატი უკვე ჩვენია და “დაფიონი” აღარც კი ჰქვია, რა დავარქვით, ლარვიკო?
ლარვა _ ამასაც იგივე – Trogoderma granarium!
(პაუზა. მიაკოს ვითომ გული შეუღონდება, ჩაიკეცება, მაგრამ გოგლიკო დაიჭერს და კედელზე მიაყუდებს).
გოგლიკო – კი, მაგრამ, ბატონო ხაპ რა, გაზეთები წერდნენ (გადმოვარდნილ მიაკოს ისევ კედელზე მიაყუდებს), რომ ჩინეთიდან ყირგიზეთში შეიტანეს კაპროვის ხოჭოებით დაავადებული ფქვილიო…
ნურბუბუ – გაზეთები ათას რაღაცას მიედ-მოედებიან…
ლარვა _ ხოლმე-ხოლმე, კი და ხოლმე-ხოლმე, არა…
გოგლიკო – თქვენ ხართ ის კაპროვის ხოჭოები?
მიაკო – ანუ, ესე იგი?! (გამოცოცხლდება) ხაპ რა ჩინელია და ნურბუბუ კი… (თავის ბლოკნოტში ჩაიხედავს) ყირგიზია! ყირგიზი! და მაშინ ყაზახეთი რა შუაშია?
ნურბუბუ – მერე, ყირგიზეთიდან ყაზახეთში გადასვლას რა უნდოდა?..
ხაპ რა – ჰო, ჩვენ ყაზახეთში გავიცანით ერთმაენთი!
ნურბუბუ – და იქვე შევქმენით ოჯახი…
გოგლიკო – ასე სწრაფად მრავლდებით მერე?
ნურბუბუ – მე დედაშენს კი არა ვგავარ… უკვე სამოცდახუთი ცალი კვერცხი დავდე საიდუმლო ადგილებზე! ისე, რომ ყველა ლარვა გამოიჩეკოს!
ხაპ რა – თითქმის ყველა!
გოგლიკო – გაზეთები “კაპროვის” ხოჭოებს გაიძახიან, თქვენ კი ამბობთ, რომ ხაპრა ხოჭოები ვართო და ვეღარ გავიგე რა…
ლარვა – Капровый жук!
ნურბუბუ – ჰო, Капровый жук! – აი, სწორედ ასე მოგვიხსენიებენ რუსულად და თქვენმა უვიცმა ციციმ “კაპროვის ხოჭოდ” გვთარგმნა. (მიდის კედელზე გაკრულ სურათთან) სინამდვილეში ხაპრა ხოჭო გვქვია!
ხაპ რა – ჰოდა, ჟურნალისტებმაც “კაპროვის ხოჭო” აიტაცეს…
გოგლიკო – (მიაკოს) ჩემს პიარ ჯგუფს და ამ ჯგუფის უფროსს მაინც არ უნდა შეშლოდა “კაპროვის ხოჭო” ხაპრა ხოჭოში!
მიაკო – მერე, რატომ თავად არ გადაამოწმე? იმიტომ, რომ ციციზე და იმ ჟურნალისტებზე ბრიყვი შენ ხარ და მარტო ციცინათელების დევნა იცი, იქნებ სიგარეტს მომიკიდოთო! და ყველა ის სიგარეტი ფინთია!
გოგლიკო – (მიაკოს) სულ შენი ბრალია ყველაფერი, შე უტვინო!
მიაკო – ჩემი?
გოგლიკო _ შენ რომ ესენი არ მოგეყვანა, ისევ ბედნიერად ვიჯდებოდი ჩემ სავარძელში! რამდენი მოგცეს?
მიაკო – ერთი თეთრიც არ ამიღია… (ტირის) და ნეტავ, ამეღო!.. უკვე თავი ამტკივდა ამდენი ნერვიულობით!
გოგლიკო – შენ ჩემი თავის ტკივილი უნდა ნახო… შემირიგდი რა, მე არაფერ შუაში ვარ.
გოგლიკო – ვაიმე…
მიაკო – ვუიმე…
(გოგლიკო და მიაკო თავებს მიადებენ ერთმანეთს და მაღლა იყურებიან წამებულის მზერით. პაუზა).
ლარვა – თაგვი კაეფშია, თავზე ღამურამ გადაუფრინა და, – ვახ, ჩემი! ანგელოზი გაიჩითაო! (ქირქილით განაგრძობს ფარდის ჭამას).
ხაპ რა – იცით, რა? (ხაპ რა ჩილიმს გააწყობს დინჯად და გააბოლებს) ჩვენ აქ პიარ ჯგუფი არ გვყავს, მაგრამ სამი მდივანი მაინც დაგვჭირდება.
ნურბუბუ – როგორ არ დაგვჭირდება, ყველა ხაპრა ხოჭოს აღრიცხვა უნდა ვაწარმოოთ!
ლარვა – ჰოდა, დარჩით აქ (მიაკოს აათვალ-ჩაათვალიერებს) მდივან-აღმწერებად!
ნურბუბუ – თქვენსავით დაუნდობლები კი არა ვართ, ამ გაჭირვებაში უმუშევრები დაგტოვოთ რეფორმების მომიზეზებით! (ბლოკნოტებს მისცემს გოგლიკოს და მიაკოს) დავალებებს აქ ჩაიწერთ ხოლმე. (გოგლიკოს აათვალ-ჩაათვალიერებს).
ხაპ რა – დედათქვენი ელეონორაც მოიყვანეთ და იმასაც გამოვუნახავთ საქმეს… მშვენიერი და კარგად თავშენახული ქალბატონია…
ნურბუბუ _ ჰო, იმასაც არა უშავს!..
ლარვა _ და თანაც ძალიან ცუდად დასდევს “წადის” თავმჯდომარე ციცის!
მიაკო – იქ მაინც რამ მიიყვანა რა…
გოგლიკო – მეც ეგ არა მკლავს?
ლარვა – ქალბატონი ელეონორა ციცის “წადიში” რომ გაწევრიანდა, ეგ არაფერი… აი, ჩვენს გარიგებაზე რომ ყველაფერი ციცის უამბო, ეს არის საშინელება!
ხაპ რა – დაწვრილებით და აქცენტებით!
ნურბუბუ – აბა, ციცის კი არ მოლანდებია, რასაც ტელევიზიებს და პრესას უყვება!..
მიაკო – საკუთარმა დედამ ჩაუშვა?
ლარვა – ეს ჩაშვება კი არა, არასამთავრობო ორგანიზაციასთან გარიგებაზე წასვლის კარგი მაგალითია და ყველა მიესალმება ამას, რადგან გამჭვირვალე და ღია საზოგადოება სწორედ ამ გზით ჩამოყალიბდება…
ნურბუბუ – რა გადაწყვიტეთ, დარჩებით თუ მიბრძანდებით აქედან?
გოგლიკო – რას ინებებთ, ქალბატონო ნურბუბუ? (ბლოკნოტს მოიმარჯვებს) ჩაი? ყავა? ნატურალურ წვენებზე აქცენტით?
ნურბუბუ – მე ჰალვა, ჯიგიტ! და ეს შენი აქოთებული ჩიბუხი გაიტანე აქედან!
გოგლიკო – კი, ქალბატონო! (იწერს) ჰალვა…
ნურბუბუ – ხორბლის ბევრი მარცვლებით!
გოგლიკო – ეგეც ჩაწერილია!
ნურბუბუ – და თუ კარგად იმუშავებ, პრემიის ანგარიშში შენც ამისთანა ჩილიმი გექნება!..
ლარვა – ხომ გაგიხარდა?
გოგლიკო – მე – კი!
მიაკო – და თქვენ, ბატონო ხაპ?
ხაპ რა – მე არაფერი მინდა.
მიაკო – არც ჩაი? ჩინური მწვანე ჩაი?
ხაპ რა – ოო, ჩინურ მწვანე ჩაიზე თავს ვერ შევიკავებ!
მიაკო – ესე იგი, (იწერს) ჩინური მწვანე ჩაი!
გოგლიკო – (ლარვასკენ იყურება) და თქვენ?
ლარვა – მე ბარემ ამ ფარდას დავამთავრებ და მერე იმ ფარდაზე გადავალ.
ნურბუბუ _ ოღონდ, დასასვენებლი ოთახიდან რომ გამოვალთ, მერე შემოიტანთ!
(ნურბუბუ ხაპ რას ჩაბღუჯავს და ძალით მიათრევს დასასვენებლ ოთახში).
მეექვსე სცენა
(გოგლიკო და მიაკო ამზადებენ და გორგოლაჭებიან მაგიდაზე აწყობენ ახალი უფროსებისგან მიღებულ შეკვეთებს).
გოგლიკო – არა რა, არა!.. უნდა გავიქცე აქედან! (კართან მიირბენს, გამოხსნის და ავად მომღიმარე ლარვა დგას კარს უკან). უკაცრავად!
მიაკო – აღარ შემიძლია, ჩაის აიღებ დასალევად, ლარვა ამოყოფს თავს! ყავაშიც ლარვაა! თამბაქოდანაც ლარვა იყურება! ყველგან ხაპრა ხოჭოები დაგულაობენ!
გოგლიკო – ყველგან!
მიაკო – ამათი მონები ვართ უკვე!
გოგლიკო – რა გვეშველება, რა გვეშველება, არ ვიცი…
მიაკო – ჰაერი აღარ მყოფნის!..
გოგლიკო – (ფანჯარას გამოხსნის) კიდევ კარგი, ჰაერი მაინც გვაქვს!
(ფანჯრიდან შემოდიან არასამთავრობო ორგანიზაცია “წადის” მომიტინგეები, რომელთაც დირიჟორობს მეგაფონიანი ციცი. მომიტინგეებს შორის არის ქალბატონი ელეონორაც).
ციცი – (დირექტორის მაგიდაზე ადის) აბა, დავიწყოთ!
მომიტინგეები – დავიწყოთ!
ციცი – თაგვმა თხარა, თხარაო…
მომიტინგეები – თაგვმა თხარა, თხარაო!
ციცი – ხაპრა გამოთხარაო!
მომიტინგეები – ხაპრა გამოთხარაო!
(მომიტინგეები ასწევენ პლაკატს იგივე წარწერით).
ციცი – დავიწყოთ ამის სკანდირება! (ასწევს პლაკატს, სადაც წერია: “დირექტორი გოგლიკო – ნარკომანი მძორიკო!”).
მომიტინგეები – (სკანდირებენ) დირექტორი გოგლიკო – ნარკომანი მძორიკო!
ციცი – მოკლედ!
მომიტინგეები _ გოგლიკო – მძორიკო! გოგლიკო – მძორიკო! გოგლიკო – მძორიკო!
ციცი – უროლოგი ჩუპ-ჩიკა მიაუ შალას პუფსიკა!
მომიტინგეები – ჩუპ-ჩიკა პუფსიკა! ჩუპ-ჩიკა პუფსიკა! ჩუპ-ჩიკა პუფსიკა!
ციცი – წა-დი! წაა-დი! წააა-დი!
მომიტინგეები _ წა-დი! წაა-დი! წააა-დი!
ციცი _ ახლა კი ეს ყველაფერი ისევ თავიდან! აბა, წავიდა: “თაგვმა თხარა, თხარაო…” (მომიტინგეები ამავე ციკლის შეძახილებს იმეორებენ თავიდან).
მიაკო – ვაიმე, არა რა, არა! აღარ მინდა ასეთი დანაგვიანებული ჰაერი!
ციცი – (მიაკოს) დანაგვიანებული თავი გაბია, შე ბოზანდარა დეგენერატო!..
მიაკო – დეგენერატი შენ თვითონ ხარ, შე “წადის” კახპავ!
ციცი – არ ჩამომიყავნო ამ მაგიდიდან, თორემ სულ ღერა-ღერა დაგაპუტავ მაგ ბუწუწებს!
მიაკო – ჩამოდი, ჩამოდი აბა, თუ მასეთი ვაჟკაცი ხარ!
ციცი – მეტი საქმე არა მაქვს, მანდ ჩამოვიდე! თუ საქმე გაქვს, აქ ამოდი!
მიაკო – კარგი! ახლავე ამოვალ მანდ და გაჩვენებ, დაპუტვა როგორ უნდა!
გოგლიკო – არა, იმის მოედანზე არა!
(მიაკო მაგიდაზე ადის და ციცის თმაში ჩააფრინდება.
ციციც იგივეს აკეთებს. ორივენი ჩხუბობენ).
გოგლიკო – ჩამოდი, მანდედან, მიაკო! ჩამოდი, ტელევიზიებიც აქ არიან და გაზეთებიც! ჩამოდი, ნუ მომჭერი თავი!
ციცი – ამის სეირს გაყურებინებთ ახლა! (ორივე ხელით მიაკოს თმას ჩააფრინდება, თან სარმას გამოსდებს, მაგიდაზე დასცემს და ზედ ფეხს დაადგამს).
მომიტინგეები – (სკანდირებენ) ცი-ცი! ციი-ცი! ციიი-ცი!
ციცი – ახლა ყველანი ორგანიზებულად მივდივართ მთავრობის სასახლისკენ! (მეგაფონს ჩასცხობს გოგლიკოს, რომელიც მისი ფეხის მოცილებას ცდილობს მაგიდაზე წაქცეული მიაკოს მუცლიდან და მაგიდიდან ჩამოდის).
გოგლიკო – (თავზე მიიდებს ხელს) ვაიმე, დედა! ახლა კოპი ამომივა!
ციცი – (მეგაფონში) ცოტაც დაგვაცადე, პუფსიკ, ცოტაც და უფრო მეტი კოპები გექნება, შე მართლა მძორიკო! აბა, წავედით! (ღია ფანჯარაში გადაძვრება, თან მიჰყვებიან მომიტინგეები).
ელეონორა – (ბოლოს იმას უწევს ფანჯარაში გადასვლა, მაგრამ სანამ გადავიდოდეს, გოგლიკოსთან მიდის, ხელჩანთიდან ოცთეთრიანს ამოიღებს) აი, გოგლიკო, ეს დაიდე, დედა! (მონეტას აძლევს და ფანჯარაში გადაძვრება).
გოგლიკო – (ჯერ ოცთეთრიანს დახედავს დაბნეული და მერეღა დაადევნებს) შენც, დე? შენც? (მიირბენს და სასწრაფოდ დახურავს ფანჯარას) რა გვეშველება?
მიაკო – (თავს წამოსწევს) წყალი!
გოგლიკო – ახლავე! (დასასვენებლ ოთახის კარს გამოხსნის).
ნურბუბუ – (დასასვენებელი ოთახიდან უკივლებს) მოდი, პუფსიკ, მოდი! სწორედ შენ გვაკლიხარ!
ხაპ რა – და ის ცუნცულაც წამოიყვანე!
მიაკო – ო, არა რა, მე არა!
გოგლიკო _ არა, არა, მე მხოლოდ მაცივართან მაქვს საქმე! (დასასვენებლი ოთახიდან “ნაბეღლავის” ბოთლი გამოაქვს და იმას დაალევინებს მიაკოს). ხომ უკეთ ხარ?
მიაკო – (ცერა თითს ასწევს) აი, ასე! მაინც ხომ დავაგლიჯე და დავაპუტე ის ბუწუწები?! და ანათოს ეხლა!
გოგლიკო – კი, ძალიან!
მიაკო – და მეც რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდეს, მაგაზე უკეთესი ჩხუბი მეცოდინებოდა!
გოგლიკო – თავისთავად, მიაკუნა! თავისთავად! შენ მაგაზე კარგად შეხვიდოდი მაგის პროფესიაში! შეხვიდოდი და გამოხვიდოდი კიდეც!
მიაკო – წავიდეს ახლა და სადაც თავისი დაიკვეხოს, იქ ჩემიცა თქვას!..
გოგლიკო _ (მიდის სურათთან, ხაპრა ხოჭოების სქემას ათვალიერებს). როგორ გამაცურეს, როგორ მომყიდეს ეს დაავადებული ხორბალი!
მიაკო – შენი კონკურენტების მოგზავნილები იქნებიან!
გოგლიკო – რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?
მიაკო – არ ვიცი! არაფერი აღარ ვიცი!
გოგლიკო – ნეტავ, სიზმარში მაინც ვიყოთ, ჰა?
მიაკო – მოინდომა აგარაკი მთავარეზე…
გოგლიკო – გადავიქცეოდით ხაპრა ხოჭოებად და ვიქნებოდით ბედნიერად!
მიაკო – სიზმარი კი არა, ეს იმისთანა კოშმარია, რომ ხაპრას გაგონებაც კი აღარ მინდა! გაგონებაც!
გოგლიკო – პესტიციდები არა შველისო, ხომ?
მიაკო – არა, ვერაფერს აკლებსო, ასე ეწერა იმ გაზეთში.
გოგლიკო – მინუს ათი გრადუსიდან პლიუს ორმოცდაათ გრადუსამდე ტემპერატურას უძლებენო.
მიაკო – ხოლო არახელსაყრელი ვითარებისას შედიან უმოძრაო მდგომარეობაში, წლობით უძლებენ შიმშილს და მერე ისევ მრავლდებიანო! და ავად არ ხდებიან საერთოდო!
ხაპრა – (დასასვენებლი ოთახიდან გამოდის და დაიღრიალებს) ჩინური მწვანე ჩაი მეთქი!
მიაკო – ახლავე! (მიაქვს ფინჯანი დირექტორის სავარძელში წამოსკუპებულ ხაპ რასთან). ჩინური მწვანე ჩაი!
ხაპ რა – გმადლობ. (გასინჯავს) სხვა დროს მეტი შაქარი ჰქონდეს!
ნურბუბუ – (იკივლებს) ჰალვა ხორბლით!
გოგლიკო – ახლავე, ქალბატონო! (მიურბენინებს ყავის ფინჯანს).
ნურბუბუ – დიდი მადლობა, პუფსიკ… ახლა გაიქეცი, იმ შენ საყვარელს პედიკურის საჭიროებები გამოართვი და ფრჩხილებზე მომხედე!
გოგლიკო – მე?
ხაპ რა – რა დროს პედიკურია, ნურბუბუ? შემოვლაზე მივდივართ, ხომ უნდა დავხედოთ ჩვენს ჭუპრებს!
ლარვა – (თავს ანებებს ფარდის ჭამას) მეც ხომ მოვდივარ?
ნურბუბუ – შენ – არა! შენ მსახურებთან დარჩები!
ლარვა – არ მინდა მე მსახურებთან! (აბღავლდება). ბოროტები არიან ეგენი!
ნურბუბუ – (თავში ჩააფარებს გოგლიკოს) ბოროტიც ხარ, ჩუბ-ჩიკ? არ გერჩივნა, ხაპრა ხოჭოდ გაჩენილიყავი?
გოგლიკო – როგორ არ მერჩივნა, ქალბატონო ნურბუბუ!.. (ატირებული მიდის მიაკოსთან) მიშველე, რამე მიშველე, მიაკუნა!.. მიაკუნა, ჩემო ანგელოზო!
მიაკო – რა ანგელოზი, რის ანგელოზი?! (თავზე ეფერება ხაპ რას) ნეტავი, მეც ხაპრა ხოჭო ვიყო…
ხაპ რა – ანგელოზი რომ ყოფილიყავი, ხაპრა ხოჭო ვეღარ გახდებოდი, რადგან ჩვენ ფრენა არ ვიცით, ლამაზო!
ნურბუბუ – ცუნცულ! ჩემ ქმართან კურკურს მოეშვი, თორემ ამ კბილებით გამოგღადრი ყელს! (კბილებს დაუკრიჭავს).
მიაკო – (ხაპ რას მოშორდება) აბა, როდის ვეკურკურები?!
ნურბუბუ – შენ მე ის თქვენი ციცი არ გეგონო!
ხაპ რა – წავიდეთ!
ლარვა – მე თქვენთან მინდა!
ნურბუბუ – კარგი, წამოდი შენც!
ხაპ რა – ჩემი ჩილიმი მოგაქვს?
ნურბუბუ – (მაგიდიდან აიღებს ჩილიმს) ჰო.
(სამივენი გადიან).
მეშვიდე სცენა
გოგლიკო – სადაცაა მიაუ შალა დამირეკავს და რა უნდა ვუთხრა?! ვაიმე, დედა…
მიაკო – დედა?!
გოგლიკო _ დედა და, ჯანდაბა!
მიაკო – მართლა!
გოგლიკო – რა მართლა?
მიაკო – დედაშენი!
გოგლიკო – რა დედაჩემი?
მიაკო – იქნებ, იმან გვიშველოს?
გოგლიკო – ვინ, ელეონორამ?
მიაკო – ჰო!
გოგლიკო – რა უნდა გვიშველოს, ციცის “წადის” აქტივისტი გამხდარა!
მაიაკო – შენ ამ ხოჭოების ლაპარაკს ნუ დაუჯერებ!..
გოგლიკო – (მონეტას აჩვენებს) ეს ოცთეთრიანი დედაჩემმა მომცა, კოპზე დაიდე და აღარ ამოგივაო!
მიაკო – კოპი საიდან? (მოუსინჯავს).
გოგლიკო – ციციმ მეგაფონი ჩამარტყა…
მიაკო – როდის?
გოგლიკო _ შენ შველას რომ ვცდილობდი!
მიაკო – მე რომ ვერ დავინახე?
გოგლიკო – გულწასული იწექი მაგიდაზე და როგორ დამინახავდი?
მიაკო – აი, ქალბატონი ელეონორა თუ ამ მომიტინგეებში იქნებოდა, არ მოველოდი!
გოგლიკო – მჯდარიყო რა სახლში და გაეკეთებინა ნიგვზიანი ბადრიჯანი!..
მიაკო – (პაუზის მერე) პიარის მთელი ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მტრად მოკიდებული მშობელიც კი შემოურიგო შენი წისქვილკომბინატის დირექტორს!..
გოგლიკო – აუ, იმას რაღა შემოირიგებს?!
მიაკო – მაინც წავალ! წავალ, მოველაპარაკები და აქაც მოვიყვან! (გარბის).
გოგლიკო – ვაიმე, მიაკო! ჩემო კარგო და გულითადო მიაკუნა! ჩემო ცუნცულ! ჩემო ანგელოზო! შენ ოღონდ დედაჩემი შემომირიგე და მეტი არაფერი მინდა! რა ვუპასუხო მინისტრს, დედაშენი “წადის” წევრიაო, რომ შემეკითხება?.. ვაი, შენს გოგლიკოს! ეს რა შავ დღეში ვარ! (საკუთარი თავი შეეცოდება და აცრემლდება) მიშველე, დე! ოღონდ ახლა მიშველე და მერე სულ შენ დაგიჯერებ… (ქვითინებს). ერთი საწყალი, შეფუცხუნებული ჩუპ-ჩიკა თაგვი ვარ, მართლა და მართლა! და მიშველე რა, გემუდარები… (ქვითინს უმატებს).
მიაკო – (მალევე შემობრუნდება უკან) აი, ვინ მოვიყვანე! (შემოყავს ქალბატონი ელეონორა) კიბეზე შემხვდა! თურმე, ჩვენთან მოდიოდა!
(პაუზა).
ელეონორა – გოგლიკო, კოპი ძალიან გტკივა, დედა?
გოგლიკო – დეეე!.. (დაუჩოქებს და მუხლებზე ხოხვით უახლოვდება) გეხვეწები, მიშველე, დე! მიშველე რამე! მომაშორე ეს პარაზიტები! და მერე მე ვიცი და ჩემმა კაი თაგვობამ!.. კაი კაცობამ!.. ის მომიტინგეებიც მომაშორე, დეე! მე მძორიკო არა ვარ, არა!..
მიაკო – და არც მიაუ შალას პუფსიკა!
გოგლიკო – ჰო!.. არც პუფსიკა არა ვარ!.. გოგლიკო ვარ, გოგლიკო!
ელეონორა – (თავზე ხელს გადაუსვამს) კარგი, დაწყნარდი, გოგლიკო ხარ, აბა, ვინ ხარ?! ყველას კი არ უნდა მოუსმინო…
გოგლიკო – აბა, “უროლოგი ჩუბ-ჩიკა მიაუ შალას პუფსიკაო”, შენც რომ ყვიროდი?
ელეონორა – ასე იყო საჭირო და იმიტომ!
გოგლიკო _ ციცისთან მაინც რამ მიგიყვანა, დე?!
ელეონორა – შენ ჩემი მადლობელი უნდა იყო, რომ “წადიში” ჩავეწერე!
გოგლიკო – რატომ, დე, რატომ მომჭერი თავი! მიაუ შალას რა პასუხი გავცე?
ელეონორა – ოჯახური მანევრი იყო თქო!
მიაკო – მანევრი?
ელეონორა – რა თქმა უნდა! და ხომ გეუბნები, ჩემი მადლობელი უნდა იყო, რომ მეორე ანდაზა აღარ წააწერეს პლაკატებზე!
გოგლიკო – რომელი მეორე ანდაზა, დე?
ელეონორა _ “წისქვილში თაგვიც დარბის, მაგრამ მეწიქვილე კი არ არისო”.
გოგლიკო – ჰო, დე! ეგ ვიცი, ჩვენებური ანდაზაა! არა ვარ მე მეწისქვილე, არა! აი, (დასასვენებელი ოთახიდან სეიფს გამოიტანს, გახსნის, ფულის შეკვრებს გამოიღებს და ელეონორას მიუტანს) აქ ოცი ათასი ლარია, ერთი თეთრი არ მომიკლია…
მიაკო – ჩვენ კანარის კუნძულებზე უნდა წავსულიყავით მაგ ფულით!
ელეონორა – კანარის კუნძულებზე კი არა, უპატრონო ბავშვთა სახლში წავა ეს ფული!..
გოგლიკო – კი, დე, აუცილებლად!
მიაკო – ცამდე მართალი ბრძანდებით, ცამდე!
გოგლიკო – და იმ ცის იქითაც!
მიაკო – ოღონდ გვასწავლეთ, როგორ მოვიშოროთ ეს მავნებლები!
ელეონორა – გასწავლოთ?
გოგლიკო – გვასწავლე რა, დე, გემუდარები, დე!
მიაკო – ძალიან გთხოვთ!
გოგლიკო – მეტი აღარ შეგვიძლია! აღარ!
ელეონორა – აკი, საპენსიო ასაკი მოგივიდა და დამსახურებულად უნდა დაისვენოო?
გოგლიკო – რას ამბობ, დე, შენისთანა გამოცდილება აბა, რომელს გვაქვს, ვის?
გეხვეწები, დე! გოგლიკო მძორიკოც ვარ! წისქვილში მორბენალი თაგვიც! და უროლოგი ჩუპ-ჩიკა მიაუ შალას პუფსიკაც!
ელეონორა – (მიაკოს) შენც მეხვეწები?
მიაკო – გემუდარებით!
ელეონორა – და შენ, რაო, ციციმ, ვინა ხარო?
მიაკო – ბოზანდარა…
ელეონორა – მარტო ბოზანდარა არ უთქვია…
მიაკო – დეგენერატი…
ელეონორა – ესე იგი, ვინა ხარ?
მიაკო – ბოზანდარა დეგენერატი…
გოგლიკო – კი, კი, ესეც არის, ოღონდ გვიშველე, Qქალბატონო ელონორა!..
ელეონორა – კარგი მაშინ… რაკი საჭირო ვარ…
გოგლიკო – ხარ, ხარ!
მიაკო – ძალიან საჭირო ხართ!
(პაუზა).
ელეონორა – ხაპრა ხოჭოს წამალი ფუმიგაცია არის.
გოგლიკო – ფუ-ფუმი… ფუ..
მიაკო – გაცია?
ელეონორა – ჰო. ფუმიგაცია ორთქლით და გაზით დასნებოვნებული მარცვლეულის დამუშავებაა.
გოგლიკო – ესე იგი?
მიაკო – ანუ?
ელეონორა – გაზური დეზინფექცია.
გოგლიკო – რა კარგი სიტყვაა ეს დეზინფექცია, არა?!
მიაკო – ძალიან და… ანუ, როგორ?
ელეონორა – ეს ხომ შვეიცარიელებმა ააშენეს და ამ წისქვილკომბინატს აუცილებლად ექნება საკარანტინო განყოფილებაც. აბა, ნახაზი მაჩვენეთ.
მიაკო – (კლავიატურაზე რაღაცას აკრეფს) აი, ჩვენი “დაფიონის” მთელი სქემა.
ელეონორა – აბა, მაჩვენე (მიდის ლეპტოპთან). აი, ეს არის კარანტინის განყოფილება. ესეც ჰერმეტული და ვაკუუმის კამერები, სადაც ფუმიგაცია უნდა ჩატარდეს! და ამ კამერებს მარცვლეულს აწვდის აი, ეს სათადარიგო ელევატორი!
გოგლიკო – მიაკო, ჩემო ანგელოზო, ამ სათადარიგო ელევატორის ჩართვა აქედან შეგვიძლია?
მიაკო – უპრობლემოდ, პაროლით შევალ და ჩავრთავ.
ელეონორა – მაგრამ ამ კამერებში გვესაჭიროება ბრომიანი მეთილის გაზი ფოსტოქსინით.
მიაკო – აი, აქ ინგლისურად წერია, რომ სწორედ მაგ გაზების ნარევია ამ მიწისქვეშა ბალონებში. და ეს ბალონებიც ავტომატურად ირთვება კომპიუტერიდან.
ელეონორა – მაშინ ეგ გაზი შეუშვი და მერე ჰერმეტულ და დახურულ კამერებში სათადარიგო ელევატორით დავიწყოთ დასნებოვნებული ხორბლის მიწოდება.
მიაკო – (კლავიატურაზე რაღაც სიტყვას აკრეფს) აბა, ჩაირთე!.. (ისმის ამუშავებული ელევატორის ხმა).
გოგლიკო – თქვენ გაიხარეთ, შვეიცარიელებო!
ელეონორა – ახლა მთელ ხორბალს ამ კამერებში გაატარებს. მხოლოდ გაზის დამატება დასჭირდება ხოლმე დროდადრო.
(ელევატორის გუგუნი მატულობს.
სცენაზე დგება ნისლი.
აქა-იქ ნათდებიან ხაპრა ხოჭოები, ტკივილისაგან იკლაკნებიან და ხმამაღალი ტკაცუნით სკდებიან).
გოგლიკო – (ხაპრა ხოჭოს სქემასთან მივა) ეს რა ყოფილა, დე, ეს ხაპრა ხოჭო, ჰა?
მიაკო – და არა “კაპროვის” ხოჭო!..
ელეონორა – ჩემი ნება რომ იყოს, მე ხაპრა ხოჭოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავნიშნავდი.
გოგლიკო – ესე იგი?
მიაკო – ანუ?
ელეონორა – ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენდა!
(რეკავს ტელეფონი).
გოგლიკო – ვაიმე, მიაკო! ვაიმე, დე, მიაუ შალაა! (ტელეფონთან მიირბენს) დიახ, ბატონო შალვა! დიახ!.. არა, რა მიტინგი! ციცის “წადი” არა ყოფილა, ჩემი დათხოვნილი ერთი-ორი უმოტივაციოდ დარჩენილი და ამისდაკვალობაზე უზომოდ გამობრუჟული უსაქმური შეიკრიბა ქვემოთ… და გაურკვევლად ყვიროდნენ… (პაუზა). ციცი მანდ არის?.. (პაუზა).
ელეონორა – (საჩვენებელ თითებს ერთმანეთს მიადებს და უხახუნებს) ერთად შარიშურობენ, დედა, ეგენი, ერთად!
გოგლიკო – (ტელეფონში) კარგი რა, მიაუ შალა, კარგი რა… ამან თუ მაგას თმა დააგლიჯა და აღარ ანათებს, ეგ რა, ეფერებოდა? ამას გული წაუვიდა და ნახევარი საათი ვეღარ მოვიყვანეთ გონზე!..
მიაკო – აქ მომეცი ეგ ყურმილი! (გოგლიკოს წაეპოტინება ყურმილიან ხელზე, პირთან მიიახლოვებს და კივის) შე მიაუ შალას ბოზო!
ელეონორა – (დაიჭერს და მოშორებით გაიყვანს) წყნარად, ქალო! წყნარად მეთქი, თორემ ყველაფერს დაკარგავ!
გოგლიკო _ (ტელეფონში) ვინ არის, ვინ ჩუპ-ჩიკას კახპა?.. შენ წესიერად ლაპარკი ისწავლე, მინისტრთან ხარ, მიტინგზე კი არა!..
მიაკო – (ისევ ტელეფონისკენ გამოიწევს) სულ გადავწვავ თავისი “წადიანად”!
ელეონორა – (იჭერს მიაკოს) წყნარად მეთქი!
მიაკო – ჯერ ის აშარაშკა გააჩუმონ და მერე მეც გავჩუმდები!
გოგლიკო _ (ყურმილს ხელს დააფარებს) აჩუმებს! (პაუზა. გოგლიკო ტელეფონში განაგრძობს ლაპარაკს) კი, ბატონო მინისტრო, ესეც დაივიწყებს და მაგანაც დაივიწყოს!.. (პაუზა) ჭორზეც მოგახსენებთ… გაზეთები ნაწილობრივ მართლები არიან… ანუ? ესე იგი?.. ჩინეთიდან ორასი ათას ტონა ხორბალთან ერთად ყირგიზეთში ჩასული და მერე იქიდან ყაზახეთში გადასული და მერე ჩვენთან შემოსული ხაპრა ხოჭოსგან ადგილი ჰქონდა წისქვილკომბინატ “დაფიონის” მთლიანად დაკავების რეალიზაციის მცდელობას, მაგრამ ჩემმა საკარანტინო სამსახურმა უმალ და მყისიერად მოახდინა ამ ურთულესი საგანგებო სიტუაციის დამორჩილება და უსასტიკესი კონტროლი ფუმიგაციური მეთოდით და წარმატებაც სახეზეა! დიახ! ჩვენს წისქვილკომბინატში ერთი ხაპრა ხოჭოც კი აღარ არის, ერთიც კი!.. კარგი, ბატონო შალვა!.. დიახ!.. რას ბრძანებთ! (პაუზა) როგორ, მიაუ შალა, როგორ?.. (პაუზა) მთელი ეს სიტუაცია თქვენი მოდელირებული იყო? (პაუზა) კი, მაგრამ, რატომ? (პაუზა) რა უნდა გაგერკვიათ, როგორ ვიმოქმედებდით საგანგებო სიტუაციაში?! ჰოდა, ამიტომ შემოიტანეთ ყაზახეთიდან ორასი ათასი ტონა ხაპრა ხოჭოთი დასნებოვნებული ხორბალი?!
ელეონორა _ ღმერთო ჩემო!..
გოგლიკო – არა, ბატონო შალვა, რას ბრძანებთ!.. მშვენიერი სიმულაციური მოდელირებაა, ძალიან დიდოსტატური და ცალსახად ერთმნიშვნელოვანი და მე, პირადად, ძალიანაც მივესალმები! მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები! სახელიც რა კარგად შეგირჩევიათ ამ თამაშისათვის! ჰო, “ხაპრა-თაგვობანა”! მშვენიერი სათაურია და თან “კატა-თაგვობანას” ასოციაციასაც იწვევს… დიახ, დიახ… ახლოს არის ეროვნულ ძირებთან… (პაუზა) კარგად ბრძანდებოდეთ!..
მიაკო – ანუ, ეს ყველაფერი ჩვენ სამინისტროში დაგეგმეს?! ჩვენი სამინისტროდან გამოგვიცხადეს ომი? მართლია, გამოგონილი, მაგრამ მაინც ომი?
გოგლიკო – (პაუზის მერე) ბოზიშვილი ვიყო, მე ამისთანა არაფერი გამიგია! შენ, დე?
ელეონორა – არც მე, დედა, არც მე.
მიაკო – აი, იმენა – მაგათი დედაც რა!.. თავისი “წადი”-მოდის ციცინათელიანად!
ელეონორა _ მაგრამ, რაც მთავარია, კარგად გავართვით თავი!..
მიაკო – ქალბატონო ელეონორა, თქვენი ამ სახელოვანი გამარჯვების და ამასთანავე თქვენი დიდი გამოცდილების პიარ-კამპანიას ამთავითვე შევუდგები, თუკი…
ელეონორა – კი, შენ აუცილებლად დაგტოვებ ამ სამსახურში!
მიაკო – (გახარებული) დიდი მადლობა!
ელეონორა – ოღონდ, სამთვიანი ხელშეკრულებით!
მიაკო – მაინც დიდი მადლობა!
გოგლიკო – და მე, დე?
ელეონორა – შენი ამბავი ჯერ არ ვიცი…
გოგლიკო – ვაიმე, დე!
ელეონორა – ხომ ხარ ღირსი, რომ სახლში დაგსვა და საღამოსთვის ნიგვზიანი ბადრიჯანი დამახვედრო ხოლმე?
გოგლიკო – მე ვარ ღირსი, დე?
მიაკო – (გოგლიკოს) ხარ, ხარ! (ელეონორას) არის, ქალბატონო ელეონორა, როგორ არ არის!..
გოგლიკო – ვაიმე, გეხვეწები რა, დე, (დაუჩოქებს) გემუდარები, ნუ დამსვამ სახლში! მერე მეც წავალ და ციცის “წადიში” ჩავეწერები და ცოდო არა ვარ?
მიაკო – ციცისთან იმენა ძააან ცოდო იქნება რა, ქალბატონო ელეონორა!
ელეონორა – კარგი, შენ ფიქტიურ დირექტორად დაგტოვებ და მხოლოდ საგარეო ურთიერთობებს ჩაგაბარებ…
მიაკო – აბა რა, ზემდგომებთან ლაპარაკი და ლავირება ამასავით არავის შეუძლია!
გოგლიკო – მართლა, დე?! მართლა დამტოვებ?
ელეონორა – კი მეთქი! და ამ აქოთებულ ჩიბუხს თავისი თამბაქოს ქისიანად ჩემი კაბინეტიდან გაიტან!
მიაკო – აუცილებლად!
გოგლიკო – გავიტან, აბა, რას ვიზამ!
ელეონორა – და ყავასაც მომიდუღებ ხოლმე!
გოგლიკო – ყავასაც?
ელეონორა – აღარ ჩამეკითხო, თორემ ჩაისაც შენ მომიდუღებ მიაკოს მაგიერ!
გოგლიკო – (ამოიხრებს) კარგი…
ელეონორა – და არასოდეს აღარ დაუწყებ ციცინათელებს დევნას, – სიგარეტზე მომიკიდეთო!.. და ის სიგარეტები აღარ იქნება ფინთები!
გოგლიკო – დეეე…
მიაკო – რა თქმა უნდა, აღარასოდეს!
ელეონორა – პირობას მაძლევ?!
გოგლიკო – დედას გეფიცები, რომ პირობას გაძლევ!
ელეონორა – (ნასიამოვნები) კარგი, შენც სამთვიანი ხელშეკრულებით დაგტოვებ და მერე ვნახოთ!
მიაკო – (ტაშს შემოჰკრავს) ვაშა! ვაშა და ვაშა!
(გახარებული გოგლიკო და მიაკო იწყებენ ცეკვას. ელეონორაც იმათ უყურებს.
შემოდიან ხაპ რა, ნურბუბუ და ლარვა).
ხაპ რა – არა უშავს! (დასასვენებლი ოთახის კარს გამოხსნის). აქ ერთი კარგი სამალავი მეგულება.
ნურბუბუ – (ჩილიმი თან ხელში უჭირავს და თან ეწევა) ჰო, საყვარელო, აქაც ხომ არ მოაწყობენ ფუმიგაციას?!
ლარვა – აქ არა!
ხაპ რა – ჩვენ კი უმოძრაო მდგომარეობაში შევალთ და…
ნურბუბუ _ და ასე დაველოდებით ხელსაყრელ პირობებს…
ლარვა _ ჩვენი დროც მალე მოვა!..
ხაპ რა – მართლა, ჩემი ჩილიმი მოგაქვს?
ნურბუბუ – მომაქვს, ჰო…
ხაპ რა – მთავარია, ჩილიმი დავდგათ სადმე…
ნურბუბუ – შენ მაგის დარდი ნუ გექნება, დავდგამთ…
(სამივენი შედიან დასასვენებლ ოთახში და კარს მოიხურავენ).
დასასრული
2010 წელი








