ალექსანდრე ქოქრაშვილი: მეზუნია ჩიტები


“ცისკარი “, # 8-9, 2002 წელი.

ალექსანდრე ქოქრაშვილი

მეზუნია ჩიტები
(ორმოქმედებიანი პიესა)

მოქმედი პირნი:

ქალი – ორმოცი წლისა.

კაცი – იმავე ასაკის.

მეზობელი – ცხრამეტი წლის ბიჭი.

ძველებური სოფლური სახლის სასტუმრო ოთახი – მაგიდა, სკამები, ტახტი, კარადა, თაროები, ოჯახის წევრების და ქართველ მწერალთა პორტრეტები, პატეფონი, ძველისძველი ტელევიზორი “რეკორდი”… მარცხენა კარი საძინებელ ოთახში გადის, მარჯვენა გარე სამყაროს უკავშირდება. მაგიდაზე აწყვია ქართულწარწერიანი “კოკა-კოლასი” და არყის ბოთლები, სიგარეტის ბლოკი, ლუდის ქილები, პური, ყავა, შაქარი, ჩაი… მაგიდის წინ მამაკაცის ერთი ფეხსაცმელი გდია.

მარცხენა კარიდან, ანუ საძინებელი ოთახიდან შემოდის კაცი. ნამთვრალევია, ახლად გაღვიძებული. აცვია შარვალი და მაისური. ფეხშიშველია. ფეხსაცმელს იცმევს, მეორეს ვერ პოულობს. ნაკლული ბოთლიდან არაყს ჩამოასხამს, ხსნის ლუდს, სიგარეტის ბლოკს…

მარჯვენა კარიდან შემოდის ქალი. ჩერდება. კაცს უყურებს.

კაცი ცხვირზე ხელს მოიჭერს, გადაჰკრავს არაყს, მიაყოლებს ლუდს, სიგარეტს მოუკიდებს, თვალებს დახუჭავს და სკამზე ჯდება.

ქალი. დილა მშვიდობისა.

კაცი შეკრთება. თვალებს გაახელს და ქალისკენ მიატრიალებს თავს. პაუზა. თვალწინ გაიქნევს ხელს, თითქოს მოჩვენებების გაფანტვა უნდა.

ქალი. ხომ მშვენიერი დილაა, მონ ამურ? გესმის? რა საამურად ჭიკჭიკებენ ეს ჩხართვები, ეს მოლაღურები და… მეზუნიები! შენ რა, მეზუნია ჩიტი არ გაგიგონია? არა? თურმე ჩვენმა მონადირემ მეზუნია ჩიტი არ იცის! აი, უსმინე – ეს არის მეზუნია – ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჩხრუუუუ!

კაცი წამოდგება. სიძინებელს ათვალიერებს. დაეჭვებით შეხედავს ქალს.

ქალი. (მაგიდას ალაგებს). დიახ, მონ ამურ! დიახ! ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჩხრუუუუ! აქ ფლორა-ფაუნის საკვირველი მრავალფეროვნებაა! მარტო ჩანთოსანი ტურა არ შემხვედრია, დანარჩენი – რაც გაგიხარდება, პირდაპირ გაგიჟდები! პირდაპირ წახვალ – გაგიჟდები, მარჯვივ წახვალ – გადაირევი და მარცხნივ წახვალ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება! ყველგან ეს ადგილობრივი მეზუნიები დაფრინავენ, დასკლინტაობენ, და სულაც არ ენაღვლებათ, რომ ერთმა საწყალმა კონკიამ ბროლის ქოში დაკარგა, ბროლის ორმოცდასამი ნომერი ქოში… რა უდარდელები არიან ჩიტები, არა?

კაცი. სად არის ჩემი ფეხსაცმელი?

ქალი. არა, რა გითხრა, კონკია… შენ ქოშს ზღაპრული უფლისწული იპოვის, მოგართმევს და გაგახარებს… რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი, ვის არ დაუკარგავს ცალი ქოში, ბაბაჯან? მეორე ხომ გაქვს? ცალი ქოში, ორი ქოში – რა განსხვავებაა, მონ ამურ? უბრალოდ, გემოვნების საქმეა…

კაცი. შენ გემოვნებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.

ქალი. გმადლობთ. უჰ, რამდენი საქმე მაქვს! (კარადის კარს გამოაღებს) რა სუნია! შინაური თაგვების სუნი! (კაცს) ხაფანგის დაგება იცი, მონადირევ?

კაცი. (არაყს სვამს. ძეხვის ნაჭერს ღეჭავს) მე თაგვებს ხაფანგს არ ვუგებ.

ქალი. მე კი მაგ ძეხვის ჭამას არ ვიჩქარებდი. შენ მეკითხები – რატომ? მე გპასუხობ- იმიტომ, რომ წუხელ მაგიდაზე თაგვები დარბოდნენ. დიახ! თაგუნიები, ვირთხუნიები და შეიძლება, რამე სხვა უარესიც!

კაცი. (მშვიდად იღებს მეორე ნაჭერს) კარგი ძეხვია.

ქალი. მოგწონს? ძეხვიც გვაქვს, ჩაიც, მეზუნია ჩიტებიც, ტელევიზორიც და… სუყველაფერიც. აი, კიდევ რა ყოფილა… (კარადის უჯრიდან იღებს სანადირო თოფის ტყვიებს) ხომ დატენილია – თოფსაც გიშოვნი.

კაცი. ახლა ნადირობის სეზონი არ არის.

ქალი. მაშინ ტყეში გავისეირნოთ!.. სოფელს გავივლით და ტყეც იქვეა.

კაცი. ტყეში? რა გინდა ტყეში უცხო მამაკაცთან ერთად?

ქალი.ჰო, რა მინდა ტყეში უცხო მამაკაცთან ერთად…

კაცი. ფეხსაცმელი დამიკარგავს… როგორ გავისეირნო?

ქალი. პურიც ჩაცომებულა. რომ მოვიტანეთ, ცხელი იყო.

კაცი. უნდა გაგეშალა.

ქალი. (პარკიდან ხაფანგს იღებს) ვინ დამაცადა, მონ ამურ?

კაცი. რა?

ქალი. გინდა, გაიგო, რა მოხდა მერე? ვერ გეტყვი, ვერა! (ხაფანგს ხსნის) ეს რა საშიში იარაღი ყოფილა! შეიძლება, ბროლის თითებიც მოვიწეწკო…

კაცი. მაშ, პურის გაშლაც ვერ მოასწარი?

ქალი. პურზე ნუ სწუხარ, მაინც ნათაგური იქნებოდა… ახლა სატყუარა მჭირდება. ძეხვის ნაჭერი მომაწოდე, უტა…

კაცი. მატყუებ.

ქალი. (ძეხვის ნაჭერს ხაფანგზე ამაგრებს) არა.

კაცი. ჰო, მატყუებ, მატყუებ… აი, თუ არა! ძეხვი ვინ დაჭრა?

ქალი. ვაღიარებ! პირადად მე. (ხაფანგი კარადასთან მიაქვს) ახლა ვაჩვენებთ ამ თაგუნებს სეირს… მომეხმარე. ეს კუთხე გამოვწიოთ.

კაცი. აკი, ვინ დამაცადაო? ძეხვის დაჭრას ხომ დრო სჭირდება?! დანა ხომ კარადაში მოძებნე? მერე კარგად გარეცხე, არა? მგონი, დანის პირიც აგილესავს… აკი, არ დამაცადეო?! (კარადას ქვემოდან მოჰკიდებს ხელს).

ქალი. თუ დამაცდი, აგიხსნი… აქ რომ მოვედით…

კაცი. უჰ! (კარადას ხელს გაუშვებს) ეს რა იყო?! თითქოს რაღაცამ მიტკბინა! (თითიდან სისხლს მოიწმენდს).

ქალი. (ხაფანგს კარადასთან დებს) იოდს მოგცემ.

კაცი. არ მინდა! (მაგიდასთან ჯდება, თითზე არაყს ისხამს) მოიგონებ ხოლმე სისულელეებს! (ჭიქაში ჩარჩენილ არაყს სვამს) აქ ცივა! რაღაც ხომ მეცვა? სად არის, ისიც დავკარგე?!

ქალი. პერაგნი? აქ არის.

კაცი. აქ ყოფილა! სად აქ?! აქ ბევრი რამეა, მაგრამ ჩემ პერანგს ვერ ვხედავ!

ქალი. შეიძლება, გავრეცხე კიდეც… ჰო, დილით რაღაცებს ვრეცხავდი და…

კაცი. გმადლობთ!!! მე რომ მაგვიანდება?! გარეცხა!! მრეცხავი ვარდო ხარ? მაგის გაშრობას ველოდო?! რატომ არ შემეკითხე – მე ეს მინდა?! იქნებ არ მჭირდება?! რა წესია?! შენ ასე მოგინდა და, მორჩა?! ჰერი! მე არაფერს მეკითხები?! (პაუზა) გარეცხა…

ქალი. ბაბაჯან, ბაბაჯან…

კაცი. (კისერზე მიიდებს ხელს) აი, აქ არის ყველაფერი! მე თვითონ ვუვლი თავს! არც მშიერი ვარ და არც ჭუჭყიანი! გესმის?! ეს რეცხვა მეტისმეტად მომწონს! ეს ტაშტი და ეს ფხვნილი და ეს საპონი და ჭეჭყვა… ჰო! რეცხვის პროცესში ინტელექტი მიმდიდრდება! ამ საქმეს არც ერთ ქალს აღარ დავანებებ! ერთხელ გაგირეცხავს ქალი პერანგს და მერე ხუთი წელი პრეტენზიები აქვს! “ნასკებიც” თუ გაგირეცხა – მტრის კარს! – ეგ უკვე ათი წელია!

ქალი. (საძინებელ ოთახში შედის, კაცის პერანგი გამოაქვს. მიაწვდის) ტაშტი ქვევით არის, წყალთან. ფხვნილიც იქვეა. მიდი, მონ ამურ. გაიმდიდრე ინტელექტი.

კაცი. (პერანგს გამოართმევს. არაყს ჩამოასხამს) ეს როდის დავლიე? წუხელ, არა?! რამდენს ვილაპარაკებდი! შენ კი მატყუებ! – პურის გაშლაც არ დამაცადეო! მატყუებ! ჰო! მრეცხავი ვარდო ტყუის!

ქალი. მთვრალი ბაბაჯანა და მრეცხავი ვარდო…

კაცი. მე მთვრალი არა ვარ!

ქალი. წუხელ ხომ იყავი… (მეორე ხაფანგს ხსნის).

კაცი. მერე რა, რომ ვიყავი?! რა შეიცვალა?! რა მოხდა? (პაუზა) რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი? მე ხომ ძალიან კარგად გიცნობ! შენ… შენ რაღაც ჩაიფიქრე, არა? ჯერ ვერ ვხვდები, მაგრამ…

ქალი. როგორ შეშინდნენ თაგუნიები! ფერი დაკარგეს, სოროში შეიმალნენ – არ გამოგვიჭირონო…(კაცს) კარგი, მონ ამურ. მე ვიტყვი სიმართლეს.

კაცი. მიდი, მიდი! ჩვენ სიმართლე გვიყვარს.

ქალი. არაყს ჩემ მანქანაში ყლურწავდი! არ გახსოვს? არაყი ხომ რესტორნიდან გამოგვატანეს…

კაცი. საიდან?

ქალი. რესტორანში რომ მოგძებნე, ეგეც არ გახსოვს?

კაცი. რესტორანში? შენ მე რესტორანში მომძებნე?

ქალი. მე რომ შემოვედი, სამ-მეოთხედიანი რგოლების სადღეგრძელოს ასმევდი ხალხს, თანაც განსხვავებული ჭიქით. (ხაფანგს ტახტთან დებს) რად მინდოდა ამხელა ხაფანგები? ჩანთოსადი ტურა უნდა დავიჭირო?

კაცი. თამადა მე ვიყავი?

ქალი. თამადაც იყავი და მასპინძელიც! როდის გამდიდრდი, ბაბაჯან?

კაცი. საწოლი ოთახიდან პიჯაკს გამოიტანს, ჯიბიდან მოწითალო რგოლები გადმოუცვივდება.საფულეს ამოიღებს, დაათვალიერებს, ამოიხვნეშებს და სკამზე დაესვენება.

ქალი. ჰოო… ფულიც? ფულიც შემოგეხარჯა… ბევრი იყო?

კაცი. (თავს დაუქნევს) დილით დავიწყეთ ოცმა კაცმა, შამპანურებით, მერე შემოგვემატნენ და სადღაც გავაგრძელეთ… აღარ მახსოვს…

ქალი. რაც შენ რესტორანში ფულები ფანტე, ბაბაჯან… დამკვრელებს დაუთვლელად აყრიდი თავზე… ისიც გითხრა, რას ცეკვავდი? ტრა-რა-რა…

კაცი. მე? არა!

ქალი. ძალიან დემოკრატიული გამხდარხარ ამ ექვს თვეში, მონ ამურ. დიახ, შალახოსაც ბუქნაობდი და კბილებით ცხვირსახოციც აიღე იატაკიდან! ის ცხვირსახოცი მედოლისა გეგონა, ძალიან ჭუჭყიანი არ იყო, მერე კი აღმოჩნდა, რომ მაგიდის გადასაწმენდი… ტრა-ლა-ლა! ბოლოს დამლაგებლები და მზარეულები ამოაყვანინე, ხუთ-ხუთი თუმანი ჩამოურიგე, ცრემლიანი მადლობა გადაუხადე… ერთად ტიროდით…

კაცი. უჰ…(პერანგს უყურებს) ეს როგორ ჩავიცვა?! თუ რამეს რეცხავდი, ესეც მიგეყოლებინა, რა მოხდებოდა! (მაისურზე პიჯაკს იცმევს, პერანგს ააფრიალებს) ა-და-მი-ა-ნე-ბო! შეიბრალეთ უპატრონო კაცები და ძაღლები!! დროულად ჩაუტარეთ მათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა!! (ჯდება)

ქალი. (მესამე ხაფანგს ხსნის) ნეტა, ეთერი ყოფილიყო წუხელ… ისევ შეუყვარდებოდი! აი, ვინ გიჟდება რესტორნებზე და შალახოებზე… ტრა-ლა-ლა! მაგიდაზეც ხომ იცეკვა “ივერიაში”… გაზაფხულებია, ხარობს გულებია… (ხაფანგს კარადასთან დებს).

კაცი. რესტორნები შენც გიყვარს!

ქალი. იცი, ვინ არის ეთერი? ნამდვილი უგლიმი და გლისპი! ეგ სიტყვებიც დაგავიწყდა? უგლიმი გულქვაა. გლისპი – ანჩხლი. მამიდაშენი რომ გვიკითხავდა ხოლმე სულხან-საბას თარგმნილ “ქილილა და დამანას…” ეჰ, საწყალი ქეთო ანდრეევნა… რა დრო იყო! ლოტო, ჩაი, მურაბა, როიალი, რომანსები… და “ყვავილნარი”!.. ზამბახი! თქვენი თვალები მხიბლავენ! სუსამბარი – თქვენი გულგრილობა მოჩვენებითია! ყაყაჩო – მე ამ დღეს გულისფანქცალით ველოდი, ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჩხრუუ…

კაცი. ავტობუსი რომელ საათზე გადის?

ქალი. ღიღილო! – მე თქვენი წასვლა გულს მიკლავს! გეორგინა – ვწუხვარ, რომ ხაშზე დაიგვიანეთ! ვარდი! – ოცდაათი ნამთვრალევი კაცი რაიონულ რესტორანში თქვენ საკოცნელად არის მომზადებული!

კაცი. ვერ გამაჩერე! საერთაშორისო დამკვირვებელი ხარ? ქალი. მე მთვრალი რეგბისტების შეჩერება არ შემიძლიააა, მონ ამუუუურ…

კაცი. რაგბი! ახლა რაგბი ქვია მაგ თამაშს!

ქალი. შენ ვინა ხარ? ბებერი, სამ-მეოთხედელი რაგბისტი?

კაცი. ყოფილი მორაგბე. დიახ, მე და მურმანი ყოფილი მორაგბეები ვართ!

ქალი. გილოცავ!

კაცი. თანაგუნდელები!

ქალი. (საფულეს აწვდის) ახლა რა გეშველება?

კაცი. სოფელი დიდია, მაგდან!.. ამ სოფელს რა ჰქვია?

ქალი. ადრე თეთრუბანი ერქვა, თეთრი მიწებია აქ… მერე სახელი შეუცვალეს… რა მნიშვნელობა აქვს?

კაცი. ხომ უნდა ვიცოდე, სად მეძინა…

ქალი. ეს არის სოფელი ა-რა-პა-რი-ზი! და ყოველთვის არაპარიზი იქნება! თუმცა პარიზს, იცი, რით სჯობია? მეზუნია ჩიტებით! საოცარია! როგორ ძლებენ პარიზში მეზუნია ჩიტის გარეშე… (იატაკიდან რგოლებს იღებს) რა უცნაური მასალაა. თითქოს რკინაა და რა რბილია… წუხელ მანქანაში მეტრაბახებოდი – ერთ თვეში ნაქირავებიდან გამოვალო, ბინას ვიყიდიო, მანქანაც მეღირსებაო, ახლომახლო ბიჭებს შევკრებ და რაგბის გუნდს ჩამოვაყალიბებო… ეთერიც არ დაივიწყე – რასაც ხელს დაადებს, ვუყიდიო… რა კეთილი ხარ, კონკია!.. (პაუზა) ამბობენ, ეთერი თხოვდებაო. ვიღაც ჩანთოსან ტურას მიჰყვებაო. ეთერის ქერა თმა შეუჭრია-ო და შავად შეუღებავს-ოოო! შენ საჭირო აღარა ხარ, მონ ამურ.. ეთერს ახალი ქმარიკო უყიდის ყველაფერს. ხომ იცი, ახლა უგლიმებზე და გლისპებზე დიდი მოთხოვნაა. (რგოლებს ათვალიერებს და მაგიდაზე დებს).

კაცი. გინდა, რომ იმაზე რაღაც ცუდი ვთქვა?! არა! არ შევაგინებ! პირიქით! მე მას ვუყვარდი! – მელოდრამატულად! და მეც მიყვარდა – ტრაგიკომიკურად… ჰო! ისე მიყვარდა, რომ უიმისოდ კუჭი მეშლებოდა. (პაუზა) ძალიან გთხოვ, ეგ სახელი აღარ მიხსენო! აღარასდროს! არც ეთერი მჭირდება და არც ისა… ვიეტნამის მალამო… (პაუზა) “ე”-ზე დაწყებული სიტყვაც აღარ თქვა!

ქალი. (პაუზა) რამდენი წელია, ასეთი იმედიანი, გალაღებული და მხიარული არ მინახიხარ… ჰა, არაყს ყლურწავდი, გეგმებს აწყობდი, მეტრაბახებოდი… სადღეგრძელოებსაც დუდღუნებდი – ჩემ ძმაკაცს გაუმარჯოსო, იმას ვენაცვალეო, ქარხანა უკვე ავამუშავე, ახლა ჩემი ძმაკაცი პარიზიდან ჩამოვა, დანადგარებს ჩამოიტანს და დიად საქმეს დავიწყებთო!

კაცი. დიახ, დაბრუნდება და დიად საქმეებსაც დავიწყებთ!

ქალი. მურმანზე უბნობ?!

კაცი. (მაჯას ისინჯავს) უჰ! ას ოცია თუ მეტი… (ქალს) მომისმინე! შენ… ნო პასარან! გიაგე? მე და შენ – მირ, დრუჟბა, გარბაჩოვ! (არაყს სვამს). დილის არაყი – გულზე ვარაყი… ახლა იწყება გასხივოსონებული პროსტრაცია…(თვალებს დახუჭავს, სკამის საზურგეს მიეყრდნობა) მაშ, თმა შავად შეუღებავს…

ქალი. (ჭიქაში ასხამს ვალერიანის წვეთებს) კარგადაც ჩაპუტკუნებულა…

კაცი. შენ ნახე?

ქალი. შორიდან დავინახე… დადაბლებულიც მომეჩვენა… ახლა სულ აღარ მგავს…(კაცს წამალს მიაწვდის) დალიე.

კაცი. (თვალებს გაახელს, ჭიქას გამოართმევს. სვამს) მარტო იყო?

ქალი. არა, არ იყო მარტო. (პაუზა.) აბა, რა გეგონა, ბაბაჯან, შავ კაბას ჩაიცვამდა? ჯდა მტირალი წყლისა პირსა იქნებოდა?

კაცი. ხომ ვთქვი, აღარ ახსენო-მეთქი! ხომ გთხოვე! მაინც იმას უტრიალებს – გასუქებულა! თმა შეუღებავს! გათხოვილა! დადაბლებულა! მერე მე რა?! (პაუზა) ვერ გავიგე, რატომ ვარ ამ ბიძია თომას ქოხში! ეს შენი სახლია?

ქალი. ჯერჯერობით ჩემია.

კაცი. აქ რისთვის წამომიყვანე?

ქალი. მონ ამურ, ამ ტელევიზორის გაკეთება შეგიძლია?

კაცი. აქ რისთვის წამომიყვანე?! ტელევიზორის გასაკეთებლად და თაგვების დასაჭერად? რა გინდა ჩემგან? ოღონდ გასაგებად მითხარი! მე ახლა ტვინის მარტივი გეოსინკლინები მაქვს და ბუნდოვან პასუხს ვერ გავიგებ!.. აქ რას ვაკეთებ?

ქალი. (პაუზა) მეხმარები.

კაცი. აჰა… გეხმარები…

ქალი. მე ვფიქრობ, შენ კი მეხმარები.

კაცი. ესე იგი, შენ ფიქრის პროცესში ხარ და მე კი იმავდროულად მხარს გიჭერ, არა? რაზედ ჰფიქრობ, ვარდო?

ქალი. ყველაფერზე.

კაცი. ჰოო… თუ ყველაფერზე ფიქრობ, მაშინ ერთი მხარის დაჭერა არ კმარა! ორივე მხარი უნდა დაგიჭირო! (წამოდგება, ქალს მხრებზე მოჰკიდებს ხელს) მოიფიქრე? (პაუზა. ხმადაბლა) გისმენ…

ქალი. (პაუზა) ბაბაჯანა და მრეცხავი ვარდო…

კაცი. (ხელს გაუშვებს. ჩამოჯდება) მანდ საფიქრალი არაფერია.

ქალი. (წამოდგება. სარკესთან მიდის) არის, არის… შავი თმა არ მომიხდება?

კაცი. (ტყვიებს ათვალიერებს) უკვე… მესამე თვე მთავრდება, არა? მე მითხრა, ერთ კვირაში დავბრუნდებიო… (პაუზა) დაგირეკა?

ქალი. არა, ჯერ უნდა შევიჭრა, მერე შევიღებო… მაგრამ, ისე მივეჩვიე გრძელ თმას, შეჭრა გამიძნელდება…

კაცი. ალბათ, დაკავებულია… ასეთი საქმეების მოგვარება ადვილი არ არის.

ქალი. ვინ ამბობს, რომ ადვილია… თუმცა გადახალისება მაინც საჭიროა. თვალების ფერიც უნდა შევიცვალო… რას იტყვი?

კაცი. მე აქ უკვე ყველაფერი გავამზადე. როგორც კი დაბრუნდება…

ქალი. ვიცი, რომ მუქი ლურჯი თვალები მომიხდება… და მწვანე ფრჩხილები… ლაიზა მინელი გახსოვს? – “კაბარე!” – მწვანე ფრჩხილები აქვს, შხამიანი მწვანე! ძალიანაც მომიხდება. ზოგი უგლიმ-გლისპივით უფრომო თითები კი არა მაქვს!.. სულ მეჩვენებოდა, რომ ხელებზე ბაჟე ეცხო. არა! ამ ხელზე ბაჟე, აქეთ -საწებელი, თითებზე კი კამა-ოხრახუშის ფოთლები ეყარა… რა უცნაური წარმოდგენები მაქვს, არა? პირდაპირ გაგიჟდები… (კაცს) შენ გითხრა ერთ კვირაში დავბრუნდებიო, არა?

კაცი. ვინ? მურმანმა? ჰო, ერთ კვირაშიო, მაგრამ მესამე თვე მთავრდება!

ქალი. ერთ კვირაში ჩამოვალო, არა?

კაცი. ერთ კვირაში ჩამოვალო! ჩამოვფრინდებიო! ჩამოვცუნცულდებიო! თუ გამიჭირდა, ჩამოვხოხდებიო! ერთ კვირაში აქ ვიქნებიო!

ქალი. თუ ასე მოილაპარაკეთ…

კაცი. შენ? შენ რა გითხრა?

ქალი. რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ ხომ შეთანხმდით? ერთმანეთს ხელი ხომ ჩამოართვით?! თვალებში ხომ ჩახედეთ?! (პაუზა) შენ რა, მურმანის პატიოსნებაში ეჭვი გეპარება?

კაცი. (პაუზა) ძალიან საშიში ქალი ხარ…

ქალი. ეს ქათინაურია თუ კომპლიმენტი?.. ეგ ვინ თქვა, გახსოვს?

კაცი. ფრაუ ჟუჟუნამ, არა?

ქალი. შენ რომ უთხარი – გერმანულის სასწავლებლად დრო აღარ მრჩება, მამაჩემი ეტრუსკულ ენას მასწავლისო… ჰა-ჰა! დაიჯერა! სანეო, ბანეო… ორივე. ფრისტ!

კაცი. ფრაუ ჟუჟუნა რომ შემეკითხა… სანეო, ბანეო, ფრისტ! რას ნიშნავსო…

ქალი. კაცი ორმოს თხრის! მერე დაინტერესდა – მაგ ეტრუსკულ წინადადებაში ზმნა რომელიაო… გახსოვს. რომ აუღლე?! ლო ფრისტურ…

კაცი. მო ფრისტარ! და… ზურ ფრისტირ!

ქალი. ეგეც დაიჯერა!.. საწყალი, კარგი ქალი იყო… ჰო, ვისაც დაჯერება უნდა, სჯერა ხოლმე…

კაცი. (წამოდგება, პიჯაკს იხდის, პერანგს იცმევს) მე მივდივარ. (პაუზა) ჰო, ეს ტყვიები გადაყარე, გაბერილია, აღარ ვარგა. (პაუზა) შენ აქ, ალბათ, რამდენიმე დღე დარჩები, არა? თუ გინდა, მერე გამომიარე… იქნებ, რამე ფეხსაცმელი იყოს აქ. გესმის? ეს ტელევიზორიც… ეს ლამპებზეა, ამის ლამპებს, ალბათ, აღარც უშვებენ… შუქი რომ ყოფილიყო ,გავხსნიდი და ვნახავდი, იქნებ, მუშაობს კიდეც… წუხელ შუქი იყო? (პაუზა) ჰო… იკო როგორ არის? რას გწერს?! (პაუზა) რა ვთქვი ასეთი?! რა გატირებს?! შეგეკითხე – შენი ბიჭი როგორ არის-მეთქი, შტატის პირველობაზე ხომ უნდა გამოსულიყვნენ?!. მე, რა თქმა უნდა, რაგბი მირჩევნია, მაგრამ ამერიკული ფეხბურთიც კარგია! მაშინაც გითხარი, ტრავმების ნუ გეშინია-მეთქი, მუზარადები ახურავთ, მხრები და მუხლებიც დაცული აქვთ და…

ქალი. (ტირის) უსინდისო ხარ… უსინდისო…

კაცი. (ქალს ეფერება) კიდევ მე ვარ უსინდისო? რატომ? რა დავაშავე… შენი ქმარ-შვილი ევროპა-ამერიკაში სეირნობს და მე რაიონის რესტორანშიც არ გამაჩერე… ექვსი თვეა, მაგდანას ლურჯასავით ვმუშაობ და ერთი დათრობაც არ შემარგე?.. კიდევ მე ვარ უსინდისო? წავიდოდი, შევძვრებოდი ჩემ რაიცენტრულ ბუნაგში, გამოვიძინებ და ხაშსაც არ დავაკლდებოდი! ხაში ხომ მისტიკური რიტუალია! ადამიანთა დაახლოებისთვის ხაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა ღამის ქეიფი! დღესაც გამოვთვრებოდი და ვიქნებოდი ასე – ჩემ ნებაზე… მერე მურმანიც ჩამოვიდოდა და საქმეს დავიწყებდით. რად გინდოდა ეს მეზუნია ჩიტები ან მე რას მერჩოდი? აი, ვირთხამ მიკბინა თითზე და გამისივდა კიდეც… ძლივს არ გაგეღიმა?! ვირთხამ რომ მიკბინა, გიხარია?! ჰო, ძალიან მწარედ მიკბინა! აი, ნახე, კინაღამ თითი მომაჭამა! მართლა მაგაზე იცინი?! თუ გინდა, კიდევ ვაკბენინებ! (კაცს) არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი… გესმის? არ შეიძლება ეს… არა… (ისმის ძლიერი ტკაცუნის ხმა. ქალი და კაცი შეკრთებიან, ფხიზლდებიან)

კაცი. რა ხმა იყოს?

ქალი. (ცრემლებს იწმენდს) არ ვიცი… ალბათ, ხაფანგი… რას მეუბნებოდი?

კაცი. მგონი, ვიღაც მოდის…

ქალი. რა არ შეიძლებაო, რას მეუბნებოდი?..

კაცი. (პაუზა) არაფერს…

კარზე აკაკუნებენ. ისმის მეზობლის ხმა – “ნაზიკო დეიდა! ნაზიკო დეიდა!”

კაცი. ნაზიკო ვინ არის?

ქალი. აქ ეგრე მეძახიან… (ხმამაღლა) მოვდივარ!

კაცი საძინებელ ოთახში შედის. კარს მიხურავს. ქალი მარჯვენა კარს აღებს. შემოდის მეზობელი ბიჭი. შემოაქვს კაცის ერთი ფეხსაცმელი.

მეზობელი. გამარჯობა, ნაზიკო დეიდა!

ქალი. ბესიკო ხარ? ბესიკო! (აკოცებს) გაზრდილხარ, გამაღლებულხარ! როგორ არიან შენი დაიკოები, აღათი ბებია… კაი ბიჭი… ეს რა ქოში მოგიტანია?

მეზობელი. ეს ფეხსაცმელი, ნაზიკო დეიდა, ღობესთან ეგდო, ნამყენი ქლიავის ქვეშ… ვიფიქრე, მურმან ბიძიასი იქნება-მეთქი… (იატაკზე დადებს).

ქალი. აბა, ვისი უნდა იყოს?! დიდი მადლობა…

მეზობელი. კარგი ქლიავია ეგ ნამყენი, მაგრამ ცოტას ისხამს. შარშან ათი-თორმეტიც არ მოუბამს, თურმე. აქ ყველაფერი გაფუჭდა, ნაზიკო დეიდა, წვალობს ხალხი. სასუქსაც ყიდულობენ, შხამებსაც. მაგრამ დამწიფებამდე ლპება ყველაფერი… ამიტომაც გარბის ხალხი აქედან! მეც წასული ვიყავი და, რომ დავბრუნდი, ნახევარი სოფელი აქ აღარ დამხვდა. არა, ხალხი არის, მაგრამ ცოტა.

ქალი. წასული იყავი? რაიონში?

მეზობელი. არა, ჰოლანდიაში, ნაზიკო დეიდა, ახალ ზელანდიაში და სხვაგან… იკო ამერიკაში სწავლობს, ხომ? მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მურმან ბიძია ისევ პარიზშია? პარიზი კარგია, მაგრამ ძვირი. მე მანქანა მყავდა პარიზში, დავდიოდი ქალაქში, მაგრამ გაჩერება მიჯდებოდა ძალიან ძვირი და გავყიდე ის მანქანა.

ქალი. მურმანიც ყოველდღე მეუბნება ხოლმე ტელეფონში – მანქანის გაჩერება ძალიან ძვირი მიჯდებაო. (არაყს დაუსხამს) სილ ვუ პლე, მსიე…

მეზობელი. რაო? ქალი. მიირთვით, ბატონო!.. პარიზში რა ენაზე ლაპარაკობდი, ბესიკო?

მეზობელი. პარიზში, საერთოდ, ფრანგულად ლაპარაკობენ, ნაზიკო დეიდა! (მობილურ ტელეფონს იღებს, რეკავს) როგორი ენაა, იცი? თითქოს გოჭები ღრუტუნებენ და კვატები ვიტვიტებენო! ასე, ა-ღრუ-ღრუ-ღრუ-; ვიტ-ვიტ-ვიტ!

ქალი. (ფრანგული პრონოსნით) ღრუ-ღრუ-ღრუ; ვიტ-ვიტ-ვიტ!

მეობელი. გცოდნია… (ტელეფონში) აღათია! ჰო! რაო მერე მაგ სულელმა?! ჯერ არ მოუტანიათო?! დამიცადოს მანდ! მოვალ და ყურებს ავახევ! უთხარი, ფეხი არ გაადგა, ბესიკო უნდა მოვიდეს და ყურები აგახიოს-თქო!.. ჰო, ნაზიკო დეიდა ჩამოსულა… გოგოებს უთხარი დატრიალდნენ!მიხედეთ საქმეს! (ტელეთფონს ჯიბეში ჩაიდებს. მაგიდას დახედავს) გადამრევს ეს ხალხი! (პაუზა). აქ მეორე ჭიქაც ყოფილა… თქვენ და მურმან ბიძიას გაგიმარჯოთ! მურმან ბიძიასთანა კაცი იშვიათია! (სვამს) ეს არაყი კარგია, მაგრამ მწარე. მე ყველაზე კარგი არაყი ესპანეთში მომართვეს. ესპანეთიც კარგია, მაგრამ ცხელი. ასეთია ბუნების წესი. ამ დროს იქ პიჯაკები აღარ აცვიათ, ნაზიკო დეიდა, რატომ არ აცვიათ, იცით? ცხელა და იმიტომ! (კაცი პიჯაკზე მიუთითებს) მაგრამ ასეთი პიჯაკები იქ სულ არ აცვიათ… ეს მურმან ბიძიასია?

ქალი. ჰო, სამუშაო პიჯაკია, ძველი… ყველაფერი გადმოვქექე, ვალაგებ…

მეზობელი. ნაზიკო დეიდა, ახლა მითხარი, ამ სახლის შესახებ რა გადაწყვიტე. თუ ისეა ყველაფერი, რაზეც შევთანხმდით, მაშინ გავაკეთოთ საქმე!

ქალი. ჯერ არ გადამიწყვეტია… მენანება…

მეზობელი. თუ არ გაყიდი, ვიყოთ ასე – კარგი მეზობლები! მართალია, იშვიათად ჩამოდიხართ, მაგრამ მაინც… მურმან ბიძიას კი ხშირად ვხედავდი ხოლმე…

ქალი. მურმანი… აქ ჩამოდიოდა?

მეზობელი. დია! ერთი-ორი დღით, ისე, ჩამოდიოდა – დასასვენებლად… ეს ადგილი კარგია, შორს არის, ვერავინ გხედავს… როგორც გინდა, დაისვენე…

ქალი. როგორ დამავიწყდა! სულ მეუბნებოდა, შენ სოფელში დავდივარ ხოლმეო. რისთვის დავდივარო და… სანადიროდო!

მეზობელი. სანადიროდ? არ მახსოვს… მურმან ბიძიას საძინებელ ოთახში უყვარს დასვენება… ღამით ჩამოდიოდა მანქანით და კარგად ისვენებდა… თქვენც დასასვენებლად ჩამოხვედით, ნაზიკო დეიდა?

ქალი. მაშ, ხშირად ისვენებდა ბიძია მურმანი?

მეზობელი. ასე, კვირაში ერთხელ… კაცს ხანდახან დასვენებაც სჭირდება, ნადირობაც… აქ ბიძია მურმანი წელსაც კარგ მწყრებს დაიჭერს! ჰო, კარგ მწყერებს, პუტკუნა მწყრებს… ასეთია ბუნების წესი! ამ სახლის გაყიდვა მურმან ბიძიას გაეხარდება?

ქალი. გაყიდვა მეც არ მინდოდა, მაგრამ… მაინც ვერ ვუვლი ამ სახლს…

მეზობელი. სახლს მოვლა სჭირდება, ნაზიკო დეილა. მაშ, შევთანხმდით? ჩვენ შეთანხმებას გაუმარჯოს! (სვამენ) ფულს დღესვე მოგიტან.

ქალი. ბესიკო, მე ერთი კვირა დარჩენა მინდოდა…

მეზობელი. მე დღესვე ჩაგაბარებ ფულს, ნაზიკო დეიდა და შენ თუ გინდა, ერთი კვირა დარჩი, თუ გინდა, ორი კვირა ან, სულაც, ათი დღე!.. შევთანხმდით? მაშინ მივდივარ ფულის მოსატანად… დიახ, ნაზიკო დეიდა, ეს სახლი კარგია, მაგრამ ძველი. მე არ ვიცოდი, მერე ვნახე – ჭერში ყველაფერი დამპალია, სახურავიც უნდა გამოვცვალო, ჰოდა, იმ ფულს, რაც უნდა მომეცა, დააკლდება… მაგრამ ცოტა დააკლდება.

ქალი. დააკლდება?

მეზობელი. ხუთასი.

ქალი. რაღა რჩება…

მეზობელი. ჰოო… მაშინ ვერ ვიყიდი, ნაზიკო დეიდა. მე მარტო ადგილს ხომ არ ვყიდულობ? სახლიც უნდა გამომადგეს! ასეთია ბუნების წესი. კარგად ბრძანდებოდეთ, ნაზიკო დეიდა…

ქალი. ხუთასი ძალიან ბევრია, ბესიკო…

მეზობელი. დაგიკლებთ! მეზობლები არა ვართ?! ოთხას ოთხმოცი!.. ოთხას სამოცი – მურმან ბიძიას ხათრით…

ქალი. ძალიან გყვარებია ბიძია მურმანი!..

მაზოებლი. მაგისთანა კაცი იშვიათია! ახლა მივდივარ ფულის მოსატანად! ნაზიკო დეიდა… მაშ, ერთი კვირა აპირებ ჩვენთან სტუმრობას?

ქალი. ეს უკვე სტუმრობა გამოდის… თუ არ შეგაწუხებ…

მეზობელი. შემაწუხებ? პირიქით! (ხმადაბლა) ეს სოფელი კარგია, მაგრამ ჭრელი… ზოგი გიჟია აქ და ზოგი მამაძაღლი… გაიგებენ, ლამაზი ქალი მარტოა ჩამოსულიო და… არ შეგაშინოს ვინმემ, თორემ შევრცხვები მურმან ბიძიასთან! გადმოვალ ხოლმე და ღამეებს აქ გავატარებ, ნაზიკო დეიდა… წამოვწვები ამ ტახტზე და… დავისვენებ. ძილი თუ არ მოგვინდება, ვილაპარაკოთ…

ქალი. აჰა… ვილაპარაკოთ…

მეზობელი. მე კარგად ვლაპარაკობ, ნაზიკო დეიდა, და დიდხანს… ქალებს ძალიან მოსწონთ ჩემი ლაპარაკი. თანაც ახალგაზრდა ვარ და მიყვარს ეს… ლაპარაკი. ასეთია ბუნების წესი, ნაზიკო დეიდა.

ქალი. მე რომ შენთვის ძალიან ბებერი მოსაუბრე ვიქნები?! ჩემთან რა თემაზე უნდა ილაპარაკო, ბსეიკო?

მეზობელი. თუნდაც… საჭმელებზე.

ქალი. საჭმელებზე?

მეზობელი. შენ მომიყვები, ძილის წინ რა უყვარს მურმან ბიძიას, ჰო, ვახშამზე… მე რაც მიყვარს, იმასაც მოგიყვები… შენ კი ერთმანეთს შეადარებ – ვის გვქონია უკეთესი გემოვნება, – მე თუ შენ ქმარს! ისე დაგასვენებ, ისე დაგასვენებ, რომ… ძალიან!

ქალი. გამიშვი ხელი, კაი ბიჭი…

მეზობელი. შევთანხმდით, ნაზიკო დეიდა? (ისევ ისმის ტკაცუნის ხმა) ეს რა იყო?

ქალი. (ხაფანგს აიღებს) არაფერი… ერთი პატარა წრუწუნაა… თაგუნია…

მეზობელი. თაგვი ეძახე შენ და ხალხს კი წამლავს, ნაზიკო დეიდა! კაკოიას დეიდის ქმარი ისე მოიწამლა, კინაღამ ფშიკა ფეხები. მუცელი სტკიოდა და გული ერეოდა ძალიან! ვირთხამ უკბინა და იმიტომ!.. გადარჩა, მაგრამ სულ წევს! ასეა, შენ უნდა გაუფრთხილდე შენ თავს, თორემ სხვა მარტო იმას ფიქრობს, რა მოგატყუოს და რა წაგართვას. ასეთია ბუნების წესი! წავედი მე და მივხედავ ჩვენ საქმეს! ხომ შევთანხმდით, ნაზიკო დეიდა? (მიდის)

კაცი. (საძინებლის კარს აღებს) მუცელი მტკივა და და გული მერევა!

ქალი. (მესამე ხაფანგს ამზადებს) გილოცავ!

კაცი. (მეორე ფეხსაცმელს იღებს. მაგიდასთან ჯდება) მოსალოცად შენ გქონია საქმე. დეიდა ნაზიკო და პაწაწინა ბესიკო! რა კარგია! (ჩაცმას აპირებს, მაგრამ დაძაბულად მიაჩერდება კარადის კუთხეს.)

ქალი. გაიგე?! ჩემ სახლში! ჩემი დეიდების სახლში თურმე ქალებს დაათრევდა ის შენი ძმაკაცი! უსინდისო! (არაყს ჩამოასხამს) პირდაპირ გავგიჟდები!

კაცი. (ფეხსაცმელს ესვრის კარადის კუთხეს). თაგვების შემოსევაა?! (ფეხსაცმელს იღებს, იცმევს) საიდან მეცნობა ეგ ხმა? “კარგია, მაგრამ ძვირი… ასეთია ბუნების წესი…” ეგ შენი ბესიკო რამდენი წლისაა?

ქალი. თვრამეტის… ცხრამეტის…(სვამს) დღესვე გავყიდი ამ სახლს, დღესვე! იმიტომ, რომ ამ სახლს პატრონი არა ჰყავს!

კაცი. ჰყავს ამ სახლს პატრონი!

ქალი. არა! არა ჰყავს! უპატრონობისგან, იცი, სახლს რა ემართება? ინგრევა და იშლება! მერე მიესევიან დიდ-პატარა ვირთხები, ნაწილ-ნაწილ გაათრევენ და წაბილწავენ! აბა, სად არის ამ სახლის პატრონი?! (კარადას გამოაღებს) პატრონო! სად ხარ! აქ არ ყოფილა. (მაგიდის ქვეშ) პატრონო! არ არის! (ტახტის ქვეშ შეიხედავს და… კივილით გამორბის).

კაცი. რა არის, რა?!

ქალი. (სკამზე დგება) ვაი! არ ვიცი! რაღაცა შავია, უზარმაზარი და ინძრევა!

კაცი. რას შვრება?!

ქალი. უჰ… მოძრაობს-მეთქი! ამხელა, არა, – აი, ამხელა ვირთხა არსებობს?

კაცი. (იატაკის საწმენდ ჯოხს იღებს, ტახტს უახლოვდება) მაგხელა მგელიც არ არსებობს…

ქალი. არ გიკბინოს! ფრთხილად, რა! (შეკავებულად იცინის).

კაცი. (ტახტზე დაარტყამს ჯოხს. დაძაბულად უსმენს) ჩ-ჩ.. რა გაცინებს?

ქალი. მაინც მოგიწია ვირთხებზე ნადირობა!

კაცი. ტახტის ქვეშ შეიხედავს, ჯოხით რაგბის ბურთს გამოაგორებს, ბურთს გაწმენდს, მაგიდაზე დებს, თვითონაც მაგიდასთან ჯდება.

ქალი. (სკამიდან ჩამოდის) ეს იყო? სხვა არაფერი? (ფრთხილად შეიხედავს ტახტის ქვეშ. მაგიდასთან ბრუნდება) რა საშინელი ჩანდა…

კაცი. (წარწერას კითხულობს ბურთზე) ათას ცხრაას სამოცდათორმეტი წელი. ორი ივლისი… მოსწავლეთა სპარტაკიადა… ჩემპიონები ვაააართ… დიდი ლოქო სანდრო, პატარა ლოქო, ვახო, მურმანა, მონადირე, კალვერა, ბრაზილია, ბურო… (პაუზა) ბურო…

ქალი. (მაგიდასთან ჯდება) საწყალი ბურო…

კაცი. ეს ბურთი დაკარგული გვეგონა. რამდენჯერმე მოვიკითხეთ და…

ქალი. შენი ძმაკაცი არაფერს კარგავს.

კაცი. ჰოდა, ძალიან კარგი, თუ არაფერს კარგავს! (წამოდგება) მე აქ არაფერი მესაქმება. მივდივარ!

ქალი. კარგად ბრძანდებოდეთ!

კაცი. თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ!

ქალი. ორევუარ, მონ ამურ!

კაცი. გუდ ბაი!

ქალი. სად მიდიხარ, მონადირევ?!

კაცი. საქმე მაქვს!

ქალი. წადი… ემსახურე პატრონს…

კაცი. ჩემ თავს ვემსახურები!

ქალი. მეც…

კაცი. თუ რამეს ვაკეთებ, ჩემთვის ვაკეთებ!

ქალი. მეც… (პაუზა) ნუ ნერვიულობ, მონადირევ… პატრონი ჩამოვა, ორივეს დაგვამშვიდებს, მოგვეფერება, საქმეს მოგვცემს…

კაცი. (მარჯვენა კართან მიდის, აღებს, ბრუნდება. ბურთს იღებს) ჩემო პატარა მეგობრებო! აი, შეხედეთ! ეს ბურთი ბრძოლისთვის, ჭიდილისთვის, ძლიერ და ჟინიან მამაკაცთა შერკინება-შეხეთქებისთვის არის შექმნილი! იგი სრულყოფილია თავისი ელიფსურობით, თამამია ფორმის მოულოდნელობით! იგი ქვემეხის ყუმბარასავით მშვიდია და მძიმე! დიახ! მძიმეა რაგბის ბურთი, რადგან თვით რაგბია მძიმე, ძნელი და ყოვლისმომცველი! თუ ამ ბურთით თამაშს აპირებთ, თუ ჩვენ გუნდში მოდიხართ, თუ მართლა გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება რაგბს მიუძღვნათ, იცოდეთ, რომ გელოდებათ დამქანცველი, ერთფეორვანი წვრთნა სიცხეში, სიცივეში, ქარსა და წვიმაში! უნდა გაუძლოთ აუტანელ ტკივილს მრავალჯერ დალეწილი ცხვირ-პირის, ჩამტვრეული ნეკნების, მოტეხილი ხელ-ფეხის გამო… უნდა დასძლიოთ მრავალი ცდუნება, რომ არ მოდუნდეს, არ დაძაბუნდეს საბრძოლოდ შემართული თქვენი სხეული და ნებისყოფა! და რას მიიღებთ ყველაფერ ამის სანაცვლოდ? თქვენ მიიღებთ ყველაზე ძვირფასს, რისი მოპოვებაც კაცს შეუძლია – თანაგუნდელების, – დიახ – თითოეული თქვენგანის წრფელ, ფაქიზ, ძმურ სიყვარულს, მტკიცე მეგობრობას და კაცურ ზრუნვას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ! რაც არ უნდა გახდეთ, უმდიდრესი ადამიანები იქნებით, რადგან თქვენ ერთმანეთი გეყოლებათ! და როცა მიხვდებით, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე მეტად გიყვართ, თანაგუნდელის სახელს და ღირსებას საკუთარივით და უფრო მეტად უფრთხილდებით, მაშინ აღმოაჩენთ, რომ რაგბის თამაშიც გისწავლიათ… თქვენ გელოდებათ რაგბის საოცარი, ფეთქებადი მოულოდნელობებით დამუხტული სამყარო, სადაც მხოლოდ ღირსეული მამაკაცების ადგილია!.. მე კი თქვენი მეგზური ვიქნები ამ სამყაროში…

ქალი. (ნელა, დამარცვლით) ჭიკ. ჭიკ. ჭიკ.

კაცი. ჩაისუნთქავს, თითქოს საყვირლად ემზადება… უცებ შებრუნდება, ბურთს წაიღებს. კარს გაიხურავს.

ქალი. გაუნძრევლად, შემართული ზის მაგიდასთან… უცებ მოეშვება…

კაცი. (შემოდის. ბურთი შემოაქვს.) მანქანის გასაღები მათხოვე.

ქალი. კაცს არ უყურებს. ხელის ცეცებით ხსნის ჩანთას, მაგიდაზე ყრის მანქანის გასაღებს და საბუთებს.

კაცი. (იღებს) საიდან მოვედით?

ქალი. გაურკვევლად ანიშნებს მარჯვენა მხარეს.

კაცი. იქიდან ვერ მოვიდოდით. იქით მთებია!

ქალი. ახლა მარცხენა მხარეს ანიშნებს.

კაცი. იქითაც მთები ყოფილა! სულ მთებია და მთების ირგვლივ! ევერესტები და ჯომოლუნგმებია!

ქალი. (სივრცეს გაჰყურებს. ხმადაბლა) რა გინდა, რა…

კაცი. რა მინდა… (ბურთს იღლიაში იჩრის, წამლის წვეთებს ასხამს ჭიქაში) არაფერიც არ მინდა… (წამალს სვამს) წავალ ახლა და გზას გავყვები. მანქანას დღესვე გამოგიგზავნი! (მაგიდიდან რგოლებს იღებს, ჯიბეში ჩაიდებს) შენ რას ზიხარ მანდ?! რა გინდა ამ სათაგვეთში?!

ქალი. ეს ჩემი სახლია…

კაცი. წავიდეთ! ამაღამ ვირთხები შეგჭამენ! აი, შეხედე! კარადასთან!

ქალი. (არაყს დაისხამს,სვამს) მე ვერავინ შემჭამს.

კაცი. რამდენ ხანს უნდა იჯდე ასე?!

ქალი. ერთი კვირა! ათი დღე! ასი წელი! (პაუზა) შენ წადი, წადი… (არაყს ჩმაოასხამს) შენ მრავალჯერ წასვლას და ჩემ დარჩენას გაუმარჯოს! ეს არაყი კარგია, მაგრამ მწარე…

კაცი. შენ… შენ მთვრალი ხარ?!

ქალი. მე მთვრალი ვარ. ნაზიკო დეიდა! სანეო, ბანეო, ფრისტ! არა! ფხიზელი ვარ! ტრაგი-კომიკურად! აი,თუ არა ვარ ფხიზელი! (მაგიდაზე ადის) ცეკვა უგლიმურ-გლისპური! ასრულებს ნაზიკო დეიდა! ასეთი ყოფილა სიმარტოვის ცეკვა, მონ ამურ! მარტო ვიცეკვებ! ტაშსაც მე თვითონ დავუკრავ! შენ ცხვირსახოცი დამიტოვე! – აქ მედოლეები არ არიან და…

კაცი. (ხელს გაუწვდის) ჩაალაგე ჩანთები და წავიდეთ აქედან!..

ქალი. ცხვირსახოციც არ გემეტება? საცეკვაო რეკვიზიტი! არა? მხოლოდ ერთი ცხვირსახოცი! ორი და, მითუმეტეს, სამი კი არა…

კაცი. ჩამოდი!

ქალი. მაშინ ბურთი მაინც მათხოვე! (კაცი აწვდის) ღირსეულ მამაკაცთა ფიცი! ოვალური ბურთის რაინდები!.. რა რომანტიკაა! – ღამე! ცარიელი სტადიონი! მაშხალების შუქი! საზეიმო სიჩუმე! მოწიწებული პატარა მორაგბეები და მათო ზოლიანნიფხავიანი მაგისტრი! რა მშვენიერია! ახლა მივხვდი, რატომ უყვარხარ შენ თანაგუნდელ მურმანს საკუთარ თავზე მეტად! იკოსაც მაგ წარმტაც იდეებს უნერგავდი? დროზე გამიგზავნია ამერიკაში! მე და შენ ამ ტელევიზორის ხნისა ვართ, მონ ამურ! შეხედე, რა საცოდავია, რა გულუბრყვილო! საჩვენო ლამპებს უკვე აღარ უშვებენ, მონ ამურ! ჩვენ თუ ისევ ვარსებობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბესიკოებს ჩვენი ნაწილები ჯერ არ სჭირდებათ! აბა, შეკრიბე ოცდაათი ბესიკო და ეგ ყველაფერი გაუმეორე! მოგისმენენ?

კაცი. მე აღარა ვარ უფასო მწვრთნელი!

ქალი. აბა ვინ ხარ? მურმანის საწარმოს დირექტორ-ამღორძინებელი? შენ მართლა დაიჯერე, რომ… (კაცი ბურთს გამოართმევს, კარისკენ მიდის, ქალი კართან დგება, კაცს არ უშვებს) რატომ დაიმალე?!. (საძინებელ ოთახზე ანიშნებს) იქ რატომ დაიმალე? ჩემ ადგილობრივ იმიჯს გაუფრთხილდი? გმადლობთ, მონ ამურ! რა გულისხმიერი ხარ, რა მომფრთხილებელი, დამთმობი! შემოგტირებენ, შეგეხვეწებიან და (ბურთს წაართმევს) შენც თმობ! ყველას და ყველაფერს თმობ!! (წინ გამოდის) ჩემი თავიც ხომ დაუთმე…

კაცი. ტყუილია!

ქალი. (ბურთს ესვრის) არა. თვითონ მითხრა. თურმე სამი წელი შემოგტიროდა, გეხვეწებოდა…

კაცი. რას მეხვეწებოდა, რას? (ბურთს უბრუნებს).

ქალი. რას გეხვეწებოდა? რა თქმა უნდა, ბურთი გადმომიგდეო! აბა, იმას ხომ არ შემოგტირებდა – ეგ ქალი მიყვარს და დამითმეო… (ბურთს ესვრის).

კაცი. ეგრე არ იყო! (უბრუნებს).

ქალი. შენ თურმე ეუბნებოდი – მე და ეგ ბურთი მხოლოდ მეგობრები ვართო, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდითო, სხვა არაფერი ხდებაო, ის კი არ გიჯერებდა და ისევ გეხვეწებოდა, ბურთი გადმომიგდეო… ბურთი და შენც გადაუგდე წახვედი! ბურთიც დატოვე, მონ ამურ, გუნდიც დატოვე და შვიდი წლით დაიკარგე…

კაცი. რა დმრამატული სურათია! მე ხომ სასწავლებლად წავედი…

ქალი. ახლაც მიდიხარ… (ხმამაღლა) ბესიკო! ხუთ წუთში მარტო ვიქნები! მოდი! გელოდები!

კაცი. (დემონსტრაციულად ჯდება. ბურთს მუხლებზე დაიდებს)

ქალი. შენ კიდევ აქ ხარ? ჰო… რა მშვენიერი ახალგაზრდაა ეს ბესიკო, არა? ლამაზი! და ვნებიანი! როგორ მიყურებდა! კინაღამ შემჭამა! არ ვიცი, ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ რა მოხდება… ლა-ლა-ლა…

კაცი. დაუძახე მაგ ბესიკოს, დაუძახე!

ქალი. გამოძიებამ დაადასტურა, რომ მერგოული ციალა შარიქაძე კოლმეურნე ქალებს ნამდვილად ასწავლიდა კანკანის ცეკვას და კაბის აწევას… რად გინდა ბესიკო? ცემას უპირებ?

კაცი. ეგ მე ვიცი!

ქალი. მონ ამურ, მონ ამურ… ვერაფერი გაიგე! ბესიკო კი არ უნდა სცემო, ერთი კვირა უნდა სდიო, უსმინო და ჩაიწერო, ვისთან რას ამბობს, რას არ ამბობს, როგორ აკეთებს ფულს, ვისთან ხარჯავს და რა მიზნით, საღამოობით ჩანაწერი უნდა დააკონსპექტო და დაიზეპირო…

კაცი. რატომ?

ქალი. თავის მოტყუება რომ აღარ დაგჭირდეს. მაგ რგოლებს რამე ფასი აქვს?

კაცი. თითოეულმა ოთხმოცი დოლარი უნდა მოგვიტანოს! საწყობში ათი ათასი რგოლის მასალა მიდევს! ცოტაა?

ქალი. ბევრია, მონ ამურ, ბევრია! პირდაპირ გავგიჟდი! მაშ, მაგ რგოლში ოთხმოც დოლარს მოგცემენ?

კაცი. არა, ჯერ არა! მურმანი დანადგარებს რომ ჩამოიტანს და ავამუშავებთ, იქ კიდევ…

ქალი. რომ არ ჩამოიტანოს? ვთქვათ, რაღაც შეემთხვა…

კაცი. შეთანხმებულები ვართ, ნაზიკო დეიდა! შეთანხმებულები ვართ ყველა პარიზთან და არაპარიზთან… ვის რა უნდა შეემთხვეს…

ქალი. ბიძია მურმანის გარეშე ეგ საქმე გამოვა?

კაცი. რატო მეკითხები?

ქალი. უჰ! უნდა დავლიო! (არაყს ჩამოასხამს)…არა, ისე გეკითხები… ჭიკ-ჭიკ-ჭიკ-ჩხრუუუ…

კაცი. (წამოდგება. ბურთს აიღებს) ახლა ყურადღებით მომისმინე, ნაზიკო დეიდა! მე ამ საქმისთვის ფული დამაკლდა და ორი თვის წინ სახლი გავყიდე. ჰო! გავყიდე! მამაჩემის ბიბლიოთეკაც მივაყოლე, ქეთო ანდრეევნას როიალიც, ჩემთვის ერთი თოფიც აღარ დავიტოვე… ახლა ამ ტანსაცმლის გარდა აღარაფერი გამაჩნია, ნაზიკო დეიდა, სულ არაფერი! მაგრამ ჩემი წილი საქმე გავაკეთე! აი! შენ ეს ფარდის დასაკიდი რგოლები ხომ არ გგონია? ამხელა ფულია საქმეში ჩადებული და მეოთხედი მარტო ამ რგოლების გამოშვებას დასჭირდა! ექვსი თვე ქარხანაში ვეგდე! ან რა ქარხანა იყო?! მურმანმა რომ მაჩვენა, გული გამისკდა – ჭერი ახდილი, კედლები ჩამოშილი, ყველფერი გაძარცული… ექვს თვეში სამი წლის საქმე გავაკეთე! რა უნდა მასწავლოს ამ ნაბიჭვარმა ბესიკომ?! სოფლელების მოტყუება თუ დეიდების შებმა?! მე ჩემი წილი საქმე გავაკეთე, ნაზიკო დეიდა, და ახლა რომ ვინმემ ხელი შემიშალოს…

ქალი. ნე მეძახი ნაზიკო დეიდას!

კაცი. ახლა რომ საქმე ბოლომდე არ მივდიეს…

ქალი. შენ მე სხვა სახელებს მეძახდი…

კაცი. ერთხელაც არ დაგირეკა?

ქალი. კი, როგორ არა… ძალიან მიყვარხარო, მითხრა… უშენოდ ჩემ სიცოცხლეს რა ფასი აქვსო, ძალიან მენატრებიო… ჩამოვალ და დანადგარებს ჩამოვიტანო; პარიზი კარგია, მაგრამ მანქანის გაჩერება ძვირი მიჯდებაო, ასეთია ბუნების წესიო… ჰა! მურმანისთანა კაცი იშვიათია! შენ და ბიძია მურმანს გაგიმარჯოთ, თქვენი სამ-მეოთხედიანი მეგობრობით, საქმით და რგოლებით გაგიმარჯოთ…(სვამს) რა უცნაურია! სამ-მეოთხედიანი რგოლი, სამ-მეოთხედიანი მორაგბე… სულ სამი მეოთხედი! – ვალსის თვლასავით! რას, დვა, ტრი, რას, დვა, ტრი! (შტრაუსის ვალსს მღერის) ლა-ლა! ლა-ლა!

კაცი. რას მიმალავ?!

ქალი. ლა-ლა! რა უბედურებაა! სულ სამი-მეოთხედი! ყველაფერი დაწყებული და დაუმთავრებელი! ლა-ლა! სამი-მეოთხედი მეგობრობა, სამი-მეოთხედი სიყვარული…

კაცი. თქვი! რას მიმალავ, თქვი!

ქალი. ლა-ლა! არ დადგა ერთი მთელის დრო! არ დადგა! არ მთლიანდება! ისევ სამი-მეოთხედი! ლა-ლა-ლა-ლა… უჰ, მე მგონი, ვთვრები!

კაცი. აღარ ჩამოვა?!

ქალი. შენი ძმაკაცი მაინც ჟან მარეს ჰგავდა… ახლა მურმან მარე იქნება! მურ-მან-მარ-რე; მურ-მან-მა-რე…

კაცი. მომისმინე! შეიტყაპუნა ფულები და გაიქცა?!

ქალი. არა! არ გაიქცა! საქმეზე გაემგზავრა! ონ ულეტელ, ნო ობეშალ… იქნებ, ჩამოფრინდა კიდეც?! იქნებ, აქაც მოგვადგეს! პი-პი! მე ვარ, მურმანმარე ვარ! კარი გამიღეთ!პირით დანადგარები მომაქვს, ძუძუებით კონტრაქტები, კარი გამიღეთ! (კაცს კარზე ანიშნებს) ჩვენ არ ვუპასუხოთ?

კაცი. ვინ ჩვენ? მადლიერმა საზოგადოებამ?

ქალი. მე და შენ! დროზე მოიფიქრე! პი-პი! მურმანმარე ვარ! კარი გამიღეთ! (კაცს) შენ რას აპირებ? (საძინებელ ოთახზე ანიშნებს) იქ ვეღარ დაიმალები! იქ მისი დასასვენებელი ოთახია! თუ გინდა, ასე ვუთხრათ-გასწი, მგელო, საძაგელო, შენი დანადგარებიანად! კარს არ გაგიღებთ, რადგან გაგვახსენდა, რომ… (კაცს) თუ რამე გვაქვს გასახსენებელი, დროზე გაიხსენე, თორემ სულს შეუბერავს მურმანმგელი ამ სახლს და ყველაფერი დაგვენგრევა! დროზე გაიხსენე, ნიფ-ნიფ, თორემ ძვლებიანად ჩაგვახრამუნებს მურმანმგელი, მურმან-ჩანთოსანი ტურა… მე და შენ არაფერი გვახსენდება? სულ არაფერი?

კაცი. (ჯდება) ესე იგი, აღარ ჩამოვა. მორჩა.

(პაუზა)

ქალი. (სვამს) მურმანი თუ ჩამოვა, თმას წითლად შევიღებავ და წითელ ცხვირს გავიკეთებ! რა ცირკი იქნება…

კაცი. კიდევ მომატყუა! კიდევ მომატყუა მაგ…

ქალი. არ გეწყინოს და მარტო იმას ატყუებენ, ვისაც თავის მოტყუება უნდა…

კაცი. როგორ ვერ მივხვდი! ამ რგოლების გამოშვება კონტრაქტის მხოლოდ მეოთხედი იყო! დანარჩენი? (ტახტს შეხედავს) ნახე, იქიდან ორი მოძვრება! (წამოხტება, იატაკის საწმენდ ჯოხს იღებს, ტახტს ურტყამს) სად არის დანარჩენი ფული?! სად?!

ქალი. ჰო! სად არის დანარჩენი ფული? სად ვეძებოთ?! ღობესთან? ვითომ რვა მილიონი ფრანკი ჩვენი ნამყენი ქლიავის ქვეშ იქნება? ჩავიდეთ! ვნახოთ! მეორე ქლიავთანაც მოვძებნოთ, მესამესთანაც… (არაყს ჩამოასხამს, ჭიქას იღებს) ყველა ქლიავს გაუმარჯოს! (სვამს).

კაცი. გეყოფა!

ქალი. უჰ, რა შემაქანა! ჰა-ჰა! არაყიც კარგი რამ ყოფილა! ვაი! (თითებს უყურებს) საერთოდ, ერთ ხელზე რამდენი თითია ხოლმე? მე ახლა აშკარად ხუთზე მეტი თითი მაქვს! რვა მილიონი თითი მაქვს ზოგიერთი პარიზელივით… აბა, მითხარი, მონადირევ, რა უნდა გააკეთო რვა მილიონი თითის პატრონმა ამ თაგვების სუნში? წარმოგიდგენია? რვა მილიონი თითი და… თაგვების სუნი! (არაყს ჩამოასხამს) შენ ჩამოხვიდოდი? არა! მე ჩამოვიდოდი? ჰოდა, ისიც არ ჩამოვა! ჰა-ჰა! რა სასაიცლოა, არა? (დალევას აპირებს).

კაცი. (ჭიქას გამოართმევს) გასაგებად თქვი ყველაფერი!

ქალი. მე რამე გავიგე? მურმანმა შენ გითხრა ერთ კვირაში ჩამოვალ და დანადგარებს ჩამოვიტანო, არა? მე კი ასე მომელაპარაკა, ჩავალ და ქარხნის გაყიდვის საქმეს მოვაგვარებო…

კაცი. რაო?

ქალი. დიახ! ჩავალ, ქარხნის გაყიდვის საქმეს მოვაგვარებო! და შენ, ჩემო საყვარელო მეუღლევ, – მე ვიგულისხმები – კვირა-ათ დღეში ბილეთის ფულს გამოგიგზავნიო! ჩავიდა? ჩავიდა! ფული გამომიგზავნა? კი,როგორ არა! მე სად ვარ ახლა? პარიზში! დიახ! მე ახლა ეიფელის კოშკის კენწეროზე ვიმყოფები! ჩვენ, პარიზელებს – ძალიან გვიყვარს ჩვენი კოშკი! ო-ლა-ლა! აქედან რა აპარატები და შორეულები ჩანხართ ყველანი! აი, ერთ ადამიანს ვხედავ, რომელიც დგას და დანადგარებს ელოდება! უსაზღვროა მისი მოლოდინი! იდგეს და ელოდოს! ჩვენი კი პარიზულად ვიმღეროთ (თუშური სიმღერის მოტივით) რა ლა-მაზია პარიზიიი… ბანი, მონ ამურ, ბანი-ააააა! და ლაშარობა პარიზულიიიი…

კაცი. (აქეთ-იქით დადის). ეგ რას ნიშნავს? რას ჰქვია, გავყიდიო? რას ჰქვია, აღარ ჩამოვაო?! (ქალს) შენ გესმის, ეგ რას ნიშნავს?

ქალი. რატომ არ შემეკითხე! სახლის გაყიდვას თუ აპრებდი, რატომ არ გამაგებინე! ამ ხნის კაცმა ჭკუა ვერ ისწავლე! ხომ ხედავ, ყველა იმას ფიქრობს, რა მოგატყუოს, რა წაგართვას… დაგერეკა მაინც და გეთქვა – სახლს ვყიდი და იმ ფულით ყოვლად უმაქნისი რგოლები უნდა გამოვუშვაო! (პაუზა) რა კარგი სახლი იყო! როგორ მიყვარდა! როგორ მიყვარდნენ თქვენები! ქეთო ანდრეევნას როიალიც გაიმეტე, შე უსინდისოვ? ვისი გულისთვის, რისთვის? რატომ იმეტებ ყველას და ყველაფერს, მე რატომ გადამაგდე ბურთივით, რატომ გამიმეტე… ვაი! რა ფერი გადევს!

კაცი. (წამოდგება) გული მერევა…

ქალი. წამოწექი, აი ტახტი (კაცი წმოწვება. ბურთს არ უშვებს)… გული გერევა? აჩქარებული გაქვს? გტკივა? მაჯა მაჩვენე… რა გაყინული ხარ… მარცხენა ხელი ხომ არ გიბუჟდება?.. ახლავე წამალს მოვძებნი… გაუშვი ამ ბურთს ხელი! (ბურთს ტახტზე დებს).

კაცი. მუცელი მტკივა…

ქალი. ახლავე სასწარფოს გამოვუძახებ… აქ როგორ გამოვუძახო!!! მუცელი გტკივა? იქნებ, მხოლოდ მოწამლული ხარ… მაშინ არა უშავს. ის, კაკოიას ვიღაცა, ხომ გადარჩა?! ეს ენის ქვეშ დაიდე… (პაუზა) ჩვენ ჩავიდეთ პარიზში! ამ სახლს გავყიდი და წასასვლელი ფულიც გვექნება! იმდენი ურტყი, სანამ შენ ფულს არ დაგიბრუნებს ეგ არაკაცი…

ისმის ძლიერი ტკაცუნის ხმა.

კაცი. წამოჯდება.

ქალი. ნუ ნერვიულობ, ეს მხოლოდ ხაფანგი იყო…

კაცი. ბურთს ისევ იღლიაში ამოიჩრის. წამოდგება.

ქალი. სად მიდიხარ?!

კაცი. (კარისკენ გადადგამს ნაბიჯს) არ გამომყვე! არ გამომყვე… (მიდის).

ქალი. ქაღალდიანად იღებს ძეხვს და ვედროში აგდებს. იღებს ვედროს, საპონს, კარისკენ მიდის, მაგრამ კარი იღება და ბესიკოს შემოჰყავს კაცი. მაგიდასთან დასვამს. კაცი მაგიდაზე დადებს თავს.

მეზობელი. აი, ნაზიკო დეიდა, ეს კაციც ღობესთან ვიპოვე, ნამყენ ქლიავთან, იქ წაიქცა.

პაუზა

ქალი. საგანვე ვედროს გაიტანს, კარგს გაიხურავს.

მეზობელი. (კაცს) ისა… მეგობარო… ბიძია…

კაცი არ ინძრევა.

მეზობელი. რგოლებს ათვალიერებს. ერთ ცალს ჯიბეში ჩაიდებს.

ქალი. (შემოდის. კართან ჩერდება). რა ხდება? კივილი ისმის სოფელში! ვინმე მოკვდა?

მეზობელი. საწყალი…

ქალი. ვინ?!

მეზობელი. კაკოიას დეიდის ქმარი… ამ დილით…

კაცი. (თავს ასწევს) კაცური კაცი ყოფილა… (თავს ისევ დადებს მაგიდაზე).

ქალი. (მეზობელს მანქანის გასაღებს აძლევს) ჩემი მანქანა დაქოქე! უნდა წავიდეთ! ჩქარა! (ჩანთას იღებს).

მეზობელი. ახლავე, ნაზიკო დეიდა… (კართან მიდის).

კაცი. (თავს ასწევს). მოიცადე! (ბესიკოს უყურებს) გიცანი! ეს იყო! ეს პაწაწინა ნაბიჭვარი იყო! ამან იყიდა ჩემი სახლი!

მეზობელი. ე! ვინ არის ნაბიჭვარი! ნაბიჭვარიცა ხარ და…

ქალი. (მეზობელს) რა დროს ეგ არის! ჩქარა!

მეზობელი. წავალ, მაგრამ… (მიდის).

კაცი. შემოსევაა! ვირთხებისა და ნაბიჭვრების შემოსევაა!!!

ქალი. (ოთახს ათვალიერებს) ვაი! რამდენია! აქეთ ნახე! კარადასთან! ყველგან არიან!!! მოძვრებიან!!! მიშველეთ!!! (მაგიდაზე ახტება).

კაცი. (იატაკის საწმენდ ჯოხს აიღებს, აქეთ-იქით ურტყამს) დაგხოცავთ! ყველას დაგხოცავთ! ვირთხებო!!! ნაბიჭვრებო!!! დაბარბაცდება, მაგიდას ჩაეჭიდება (წავიდეთ აქედან… წავიდეთ…

ქალი. ამოდი, ამოდი ზევით… (მაგიდაზე ასვლაში ეხმარება) ახლავე წავალთ, ცოტაც მოთიმინე. (დააწვენს, თავქვეშ ბურთს დაუდებს, კაცის ხელს ათვალიერებს, ეფერება) იქნებ ნაკბენიც არ არის?! იქნებ ლურსმანი იყო, გესმის? ან ხიჭვი… არა?

კაცი. წამიყვანე აქედან… წამიყვანე… სული მეხუთება…

ქალი. მეც მოვიდვარ… ცოტაც მოითმინე და მეც მოვიდვარ…

კაცი. ჩქარა…

ქალი. მეც მოვიდვარ და… აქ აღარ დავბრუნდები…

კაცი. წამიყვანე აქედან… წამიყვანე…

ჩაბნელდება

პირველი მოქმედების დასასრული.

მეორე მოქმედება

იგივე ოთახი. სუფრა სამ კაცზეა გაშლილი. არყის ბოთლების მაგივრად დოქები დგას. ჭიქებეში ღვინო ასხია. ლანგარზე სადილია.

ქალი შემოდის. მისი ჩაცმულობა – “თეატრალურ-საკარნავალოა” – აბრეშუმის ძველმოდური ხალათი, მელიის ქურქის საყელო, მარაო… პატეფონს დაქოქავს, ფირფიტაზე დებს ნემსს და ოთახიდან გადის.

ისმის ფირფიტის შიშინი და ფოქსტროტი. კარი იღება და შემორბიან ქალი და მეზობელი ბიჭი. ცეკვავენ, მაგიდას გარშემო უვლიან… შემოდის კაციც, რომელსაც ტაშით და ყიჟინით ხვდებიან. კაციც მათთან ერთად ცეკვავს.

კაცი. ვქეიფობთ! ვირთხებისა და მტრების ჯინაზე ვქეიფობთ!

მეზობელი. ვქეიფობთ, აბა არ ვქეიფობთ?! ვირთხებისა და ნაბიჭვრების არ გვეშინია ჩვენ! ლა-ლა-ლა-ლა! ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტაა…

ქალი. (მაგიდასთან ჯდება, მარაოს გაშლის) როგორ მიყვარს… ეს ცეკვა და მხიარულება! კარგია, არა?

კაცი. (ჭიქას იღებს) ახლა სადღეგრძელოს გეტყვით…

მეზობელი. გახსოვს, ბიძია, როგორ შეგვაშინე ამ დილას? (ქალს) რას გვეუბნებოდა, ნაზიკო დეიდა? ვკვდებიო! ვირთხამ მიკბინა და იმ კაკოიას ვიღაცასავით ვკვდებიო…

ქალი. ნაკბენი ეგონა და…

მეზობელი. (ქალს) შენ როგორ ტიროდი! გახსოვს?

ქალი. აბა, არ ვიტირებდი?

მეზობელი. (კაცს) წავალ ახლა, მოვიტან იმას და ამ კარადას სულ დავაძრობ ლურსმნებს! მე ბესიკო ვარ თუ ვინ? (მღერის) მალჩიკ ხოჩეტ ვ ტამბოვ… ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტაა…

კაცი. მთავარია, რომ… ჩვენ თუ კარგად ვიქნებით, ლურსმნები, ვირთხები და მსგავსი ნაბიჭვრები ვერაფერს დაგვაკლებენ! გაგვიმარჯოს! (სვამს).

ქალი. კარგად ვიყოთ და გაგვიმარჯოს! (სვამს) ხომ გაგვიმარჯოს, ბესიკო?

მეზობელი. ძვირფასი ხალხი ხართ თქვენ! ეს ბიძიაც ისე შემიყვარდა, რომ ძალიან! უმამოდ ვარ გაზრდილი და დედა არც მინახავს, მაგრამ არ დავიკარგე ცხოვრებაში და იმან რომ თქვა – შიო არაგვისპირელია თუ ვიღაც, – ირემმა ირემს ობლის კვერი თუ რაღაც გაუწოდაო – სწორია! ცოტაც დამაცადეთ – ერთი წელი, წელიწადნახევარი და მე აქ საქმეებს დავატრიალებ, რომ – აუჰ! მაგრამ, ჯერ ეს არის ძალიან სეკრეტი! ძა-ლი-ან! ჩვენ გაგვიმრაჯოს და ნაბიჭვრებს არ გაუმარჯოს! (სვამს).

კაცი. (მეზობელს დაჟინებით უყურებს) ვის არ გაუმარჯოს?

მეზობელი. (პაუზა) ნაბიჭვრებს…

კაცი. ჰოო… შენ ვინა ხარ?

მეზობელი. (პაუზა) ბესიკო ვარ მე, ბესიკო!

კაცი. მერე, აქ რას აკეთებ, ბესიკო?

მეზობელი. (პაუზა) ეს ჩემი სახლია, ბიძია, ვიყიდე და ჩემია!

კაცი. (ქალს) რა არის ეს – სახლების ყიდვა? კოლექციონერობის ფორმაა თუ სპორტის ახალი სახეობა?! რამდენი სახლი უნდა იყიდოს?

მეზობელი. (შეშფოთებული) ვინ თქვა? ვინ თქვა, ბესიკო სოფელში სახლებს ყიდულობსო? ტყუილია! და, ვინც ეგ სისულელე გითხრა, ბიძია, ენას ამოვაძრობ იმას! (ქალს) რას არ მოიგონებს ეს ხალხი, ნაზიკო დეიდა!

კაცი. ჩემი სახლი შენ არ იყიდე?

მეზობელი. შენი სახლი თბილისშია! ნაზიკო დეიდას სახლი აქ არის, ყურისძირში და მე, ბიძია, ძალიან საწყალი კაცი ვარ! ოთხი უფროსი გასათხოვარი და მყავს სახლში! ოთხი! სხედან მთელი დღე ჩემი დები და პომადას ისმევენ, ასე, ა! რა ქნან, ბერდებიან სახლში! მაგათთან მე ცოლს ვერ მოვიყვან – შეჭამენ, შეყლაპავენ და, ვიფიქრე – ნაზიკო დეიდას სახლს ვიყიდი-მეთქი! ეს სახლი ძველია, მარგამ კარგი! კედლები სქელია, ქლიავია ეზოში ბევრი და არ მეყიდა? რომ მჭირდება?

ქალი. (კაცს) იცი, რა კარგი ბიჭია ბესიკო?! ოჯახსაც ინახავს და ნათესავებსაც ეხმარება თურმე! ჭკვიანია, სერიოზული და… ნიჭიერი!

კაცი. ვაჭრობაც კარგად სცოდნია!

მეზობელი. ნაზიკო დეიდას რომ ვევაჭრე? რა ვქნა, ბიძია, ფულს კაპიკ-კაპიკ თუ არ დავზოგავ, გაქრება! რაც გადავიხადე, ერთი იმდენი სახურავი და რემონტი დამიჯდება, მაგრამ ვიყიდე და მორჩა!

ქალი. ჰოდა, აღარ გვინდა სახლზე ლაპარაკი!

მეზობელი. რა გამახსენდა, ნაზიკო დეიდა! (წამოდგება) მამალი რომ დამდევდა პახვალას ბოსტანში!!

ქალი. ჰო… მამალი რომ დაგდევდა…

მეზობელი. (კაცს) მეზობელი გვყავს ერთი, პახვალა, და, პატარა რომ ვიყავი, შევიპარე პახვალას ბოსტანში…

კაცი. (მეზობელს) მე რატომ არ შემევაჭრე?

მეზობელი. შევიპარე ბოსტანში და წავედი მარწყვისკენ… შენ არ შემაგზავნე, ნაზიკო დეიდა?! გარეთ რომ დაიმალე, ღობესთან! მივიპარები, ბიძია, და ვხედავ – მამალი! დიდი, ჭრელი მამალი! ასე დადის, თან ცალი თვალით მიყურებს! მაშინებს!

ქალი. ჰო, გამახსენდა მამალი…

მეზობელი. მივიპარები, თან მეშინია ამ მამლის…

კაცი. (მეზობელს) მე რატომ არ შემევაჭრე?

მეზობელი. (ჩერდება.) რაზე მუბნები, ბიძია?

კაცი. ჩემი სახლი რომ იყიდე, რატომ არ შემევაჭრე?

მეზობელი. მე ვაჭარი არა ვარ…

ქალი. ისევ ფულზე ლაპარაკობთ?

კაცი. არა! პრინციპზე! პრინციპი ვერ გავიგე! (მეზობელს) ნაზიკო დეიდას ოც ლარზე თუ დოლარზე დაუწყე ღიჭინი და…

მეზობელი. რა არის ღიჭინი!

კაცი. (მეზობლის ხმას მიბაძავს) ოთხას ოთხმოცი, ოთხას სამოცი – მურმან ბიძიას ხათრით… (ჩვეულებრივი ხმით) ეგ არის ღიჭინი! და მე რომ გითხარი, რამდენი მინდოდა, ხმაც არ ამოგიღია, დამეთანხმე! ასე არ იყო? მე რატომ არ შემევაჭრე?! რატომ?!

მეზობელი. შენი სახლი რაც ღირდა… ადგილიც ცენტრია და…

კაცი. (ქალს) მატყუებს! თვალებში მიყურებს და მატყუებს! (მეზობელს) შენც ხომ იცი, რომ ჩემი სახლი ასე ძვირი არ ღირდა! (ქალს) ფასი რომ ვუთხარი, წამსვე დამეთანხმა! ფულიც ნახევარ საათში მოაცუნცულა! (მეზობელს) ასე არ იყო?

მეზობელი. (ქალს) რა უნდა ჩემგან ამ ბიძიას, ნაზიკო დეიდა?

კაცი. (ქალს) რაღაცას გვასიაფანდებს ეგ შენი ბესიკო…

მეზობელი. ვერ გავიგე, მეტის გადახდა სიაფანდობაა? თქვი, ნაზიკო დეიდა,მეტის გადახდა სიაფანდობაა?

ქალი. არა, ბესიკო, არა! აღარ გვინდა ფულზე ლაპარაკი!

მეზობელი. მაშინ ვიმღეროთ, ვიქეიფოთ და ვიმასხროთ! (მღერის) ლა-ლა-ლა-ლა! ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტაა…

კაცი. სამასხორდ მაქვს საქმე…

ქალი. (კაცს) ხვალ სათევზაოდ გვეპატიჟება ბესიკო!

მეზობელი. უჰ! თევზს რომ ამოაგდებ წყლიდან და ასე რომ აღებს პირს და იხლაკნება! (კაცს) ანკესიც მაქვს სამი, იქვე შევწვათ თევზი. და არაყიც, ხომ? დინამიტიც მაქვს და ვბუთქოთ მდინარეში! ზეგ ტყეში გავისეირნოთ! სამწვადეს წამოვიღებ! ჩემი ჯიპით წავიდეთ, “ჩიროკით” ან მეორეთი, და ვისროლოთ ერთი-ორი…

ქალი. (კაცს – თეატრალური გამოთქმით) რას იტყვის ბირონი, ჰერცოგი კურლანდიისა?

პაუზა

მეზობელი. (პაუზა) საერთოდ, სოფელი კარგია…

კაცი. მე საქმე მაქვს. დღეს უნდა წავიდე.

ქალი. (პაუზა) როგორც გინდა…

მეზობელი. (საათს დახედავს) არ დავლიოთ? (ჩამოასხამს) ბადეც ხომ მაქვს! ხვალ ჩემ ორ-სამ დასაც გამოვასეირნებ და წავიდეთ მდინარეზე… ეს ბიძიაც რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ საქმე ჰქონია და… საერთოდ, კარგი თევზაობა ვიცი მე…

პაუზა

კაცი. (მეზობელს) როიალზე დაკვრაც იცი, ბესიკო?

მეზობელი. როიალი? რა გამაცინე, ბიძია!

კაცი. არა? აბა, ის როიალი რად გინდოდა? (ქალს) ქეთო ანდრეევნას როიალიც ბესიკომ იყიდა…

მეზობელი. (პაუზა) ვისწავლი!..

კაცი. ისაწვლი… მამაჩემის ბიბლიოთეკა რად გინდოდა, ბესიკო ? წაიკითხავ?

მეზობელი. მოვიცლი მაგისთვისაც!

კაცი. (ქალს) მოიცლის! წამოწვება და გადაათვალიერებს! (მეზობელს) იმ წიგნების წაკითხვა რომ შეძლო, ჩემო ახალგაზრდა ეტრუსკოლოგო, ჯერ მამაჩემივით უნდა შეისწავლო რამდენიმე ცოცხალი და მკვდარი ენა, ძველი სამყაროს ისტორია, რელიგიები, ფილოსოფია, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა! ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ეტრუსკოლოგიას უნდა შესწირო! მამაჩემი მაგ წიგნებს ნახევარი საუკუნე აგროვებდა!

მეზობელი. მკვდარი ენა აღარ გამიგია…

კაცი. ეტრუსკები გაგიგია? ხალხის სახელია! ისინი ძალიან დიდი ხნის წინათ ცხოვრობდნენ იქ, სადაც დღეს იტალიაა. ცხოვრობდნენ! თავის ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, აშენებდნენ, აქანდაკებდნენ, ილხენდნენ, ვაჭრობდნენ, ომობდნენ, კვდებოდნენ, იბადებოდნენ და ეგონათ, რომ შერჩებოდნენ დედამიწას, რომ კიდევ მრავალ ათას წელს ილაპარაკებდნენ ეტრუსკულ ენაზე, რომელიც არც ერთ ენას არ ჰგავდა… მაგრამ არა! აღარ არიან! გაქრნენ! ჰო, გაქრნენ, – თითქოს შეუმჩნევლად, თანდათანობით… სხვა ხალხებს შეერწყნენ, წაიშალნენ… დღესაც ვერ გაუგიათ მეცნიერებს, რატომ გადაშენდა ეს ნიჭიერი და სიცოცხლისმოყვარე ხალხი, რატომ დაიშრიტა მათი სასიცოცხლო ენერგია… იქნებ, ხალხსაც ღლის და ამძიმებს თავის წარსული; იქნებ, ხალხსაც აღარ აქვს მარადისობასთან ბრძოლის ძალა და სურვილი… რას გვეტყვი, ბესიკო? შენი კომპეტენტური აზრი მაინტერესებს…

მეზობელი. (პაუზა) საერთოდ…

კაცი. სანადიროდ ჩემი თოფით დადიხარ ხოლმე? ჩემ თოფებს უფრთხილდები, ბესიკო? ხომ გითხარი – თოფს ბავშვივით მოვლა სჭირდება-მეთქი!

მეზობელი. (ქალს) თუ გაყიდვა არ უნდოდა…

კაცი. (მეზობელს) შენ იყიდე ჩემი სახლი?

მეზობელი. მე ვიყიდე, ბიძია, მე…

კაცი. ფული შენ გადაიხადე, მაგრამ შენთვის იყიდე?

მეზობელი. (ქალს) აბა, სხვისთვის ვინმე სახლებს ყიდულობს, ნაზიკო დეიდა?

კაცი. (პაუზა) კარგი, ასე იყოს… მჯერა…

მეზობელი. ბიძია, შენი თოფები აქ არა მაქვს, მაგრამ…

კაცი. მჯერა! (პაუზა) ის თოფებიც უკვე შენია!

მეზობელი. (პაუზა) ჰო…

კაცი. ბესიკოს არ გაუმარჯოს? წყვილი სახლის ყიდვა არ მივულოცოთ?! ქალბატონ აღათიასაც გაუმარჯოს!

მეზობელი. აქ რომ იჯდა და ტიროდა! უხაროდა აღათიას სახლის ყიდვა და იმიტომ ტიროდა! (ფანჯარასთან, ხმამაღლა) აღათია! აღათია! მოდი აქ, შენი სადღეგრძელოა! სად ხარ, შენი მკვდარი და ცოცხალი! (ქალს) ახლა წაკუზულია, ალბათ, ბოსტანში და თოხნის!.. (კაცს) ძალიან მიყვარს აღათია! მაგან გამზარდა!

კაცი. შენ დებს გაუმარჯოს! ამ სოფელს გაუმარჯოს! ადრე რა ერქვა?

მეზობელი. თეთრუბანი! თეთრი მიწებია აქ და…

კაცი. კიდევ იმას გაუმარჯოს… ბოსტანში მამალი რომ ჰყავს…

მეზობელი. პახვალა! ის მამალი აღარა ჰყავს და ბოსტანშიც აღარ მუშაობს! ვაჭრობს პახვალა! ჩინეთის საქონელი მიაქვს ინდოეთში და ინდოეთისა თურქეთში… ჰო… თუ პირიქით…

კაცი. ყოჩაღ, პახვალა! მშვენიერი საქმე უშოვნია! ჩინელების ნაქნარი ინდოელებთან მიაქვს, ინდოელების ნაქნარი – მულღანზანზარში თუ სადღაც… ესე იგი, პახვალა თავისებური სატრანზიტო გზაა! პახვალა უკვე ევრაზიის კორიდორად მუშაობს! შევაქოთ პახვალა და გაუმარჯოს საქართველოს სრულ პახვალიზაციას…

მეზობელი. ნაზიკო დეიდა დაგავიწყდა? (ქალს) შენც გაგიმარჯოს, ნაზიკო დეიდა, ჩვენთან ერთად გაგიმარჯოს! (სვამს).

ქალი. გმადლობთ, ბესიკო… (კაცს) წარმოგიდგენია, მონ ამურ, იმ პახვალამ თავის ბოსტანში ბესიკო რომ დაინახა, თოხით გამოუდგა! ორი მარწყვის გულისთვის ბავშვს თოხის ჩარტყმას უპირებდა!

კაცი. და ამ დროს… ამ დროს უნდა ამოეყვინთა წყალქვეშა ნავს!

მეზობელი. შყალქვეშა ნავი… პახვალას ბოსტანში?

კაცი. მარწვი ხომ იყო პახვალას ბოსტანში? მამალი ხომ იყო? წყალქვეშა ნავმაც უცებ რომ ამოყვინოთს, რა მოხდება?

ქალი. ფაშისტური წყალქვეშა ნავია და იმიტომ!

კაცი. ჰო-ჰო! თანაც ის ნავი შორიდან მოდის!

ქალი. (წამოდგება) მოდის ფაშისტური წყალქვეშა ნავი! მოყვინთაობს!

კაცი. (წამოდგება) ბუ-ბუ-ბუ-ბუ!

ქალი. სვასტიკიდან წყალქვეშა დროშას მოაფრიალებს! ზიბენ-ზიბენ!

კაცი. ზიბენ-ზიბენ! ახტ-ზიბენ!

ქალი. გამოიარა ოხტი ზღვები! გამოიარა ბარენცის ზღვები!

კაცი. (მღერის) მე ფაშისტი ზიგფრიდი ვარ, ჰე…

და წყალქვეშა გავში ვზივარ – ჰე…

ქალი (მღერის) რომ შემეძლოს ამ ნავიდან – ჰე.

ძმებო, მხრების წამოწევა – ჰე…

მეზობელი. დიმპი-ტაური! დამპი-ტაური! (სკამზე დოლივით აბრახუნებს).

კაცი. კარგია! შემოვედით… თბილ წყლებში…

ქალი. ურეკის პლაჟზე ვართ! და იქ ცეკვავენ… პენსიონერი… შამანები! იაკუტიიდან!

კაცი. ერთს ქვია ნუგზარ ოხოტელი, მეორეს – თენგიზ ბარენცელი…

მეზობელი. ვერაფერი ვერ გავიგე! ქალი. (ქვაბის სახურავს იღებს, კოვზს უბრახუნებს) ია! ია! ია! ია!

კაცი. (იგივეს აკეთებს) ია! ია! ია! ია!

ჩუქჩების ცეკვას ცეკვავენ

ქალი. ია! ია! ია! ია! ურეკის პლაჟმა გადაგვრია!

კაცი. აქაურობა რა ცხელია!

ქალი. აქ ირმები არ არიან! სელაპებიც არ არიან!

კაცი. მაშ, რას სჭამენ ქართველები?

ქალი. რასაც სხვები უგზავნიან!

კაცი. ია! ია! ია! ია!

ქალი. და წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა პახვალას შიგ შუა ბოსტანში…

კაცი. (ჭოგრიტივით იმარჯვებს ხელებს). ვას ისტ დას?

ქალი. დას ისტ აინ პახვალას გარტენ, გენაცვალე!

კაცი. ზეერ გუტ!

ქალი. ამ ზიგფრიდის და პახვალას ერთმანეთიც ნაყვარება…

კაცი. ტი სმატრი! (ჩუმად) პა-ხვა-ლა! პახ-ვალ-ხენ, მაინე ლიიბე!

მეზობელი. რაო?

ქალი. სად ხარ, პახვალა, შენ გენაცვალოს ზიგფრიდიო… უყვარს!

კაცი. პახვალხენ! იხ ბინ ზიგფრიდ!

ქალი. (ახლა პახვალას წარმოადგენს) რომელი ხარ შენ მანდ! რას ბჟოტიალობ ჩემ ბოსტანში!

მეზობელი. კი! კი! მასე ლაპარაკობს პახვალა! ჰა-ჰა!

ქალი. (კაცს) მარწყვს მიფუჭებ, ხომ?!

კაცი. ნაინ, ფრაუ პახვალა! ნაინ! ბიტე! იხ ბინ ზიგფრიდ!

ქალი. არაფერი არ ვიცი მე! ახლა რომ გსტკლინცებ ამ თოხს თავში!

კაცი. ტორპედირენ! ბომბარდირენ! ბახ-ბუხ! (ბრძოლის სცენა).

ქალი. ა ახლა ნახავ ტორპედირენს! ვინ გითხრა, აქ ამოძვერიო?! შენ მე იმნაირი ხომ არ გგონივარ?! ესეც შენ! ესეც შენ!

კაცი. (მაგიდას ჩაეჭიდება) გადაეცით ყველა ფაშისტს… მისი წმინდა ვალი არის, მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას ბერლინი და… ბერლინი და…

მეზობელი. პარიზი!

კაცი. არა! ბერლინი და… დარიალი! ჰე! ზიგფრიდი კაპუტი! (დაეცემა).

მეზობელი აუჰ… საწყალი…

ქალი. (პაუზა) ბიჭო, ზიგფრიდი! ძალიან გსტკლინცე თოხი?! სიყვარულით მომივიდა, გენაცვალოს პახვალა! მოფერება მინდოდა, ზიგფრიდი! მომენატრე ძალიან და … ზიგფრიდი! ბიჭო! (გადმოატრიალებს).

კაცი. (გაჭირვებით) პა…ხვა…ლა… (თვალებს დახუჭავს).

ქალი. დედაშენს რა ვუთხრა, ზიგო?!

მეზობელი. (ტირის) დავიმდუღრე, ნაზიკო დეიდა!..

ქალი. (წამოდგება. პაუზა. მკაცრად). იქნებ… ზიგფრიდის დედაი ჩემზედ მწარედა ტირისა! წავიდე… იქაც მივიდე! სამძიმარ ვუთხრა ჭირისა!

პაუზა, ტაში! კაცი წამოდგება, სამივენი ტაშს უკრავენ

მეზობელი. კარგი ხალხი ხართ!

კაცი. (მეზობელს) რა თქვი?

მეზობელი. კარგი ხალხი ხართ თქვენ, კაკოიასავით!

კაცი. ვინ არის კაკოია?

ქალი. (კაცს) ბატონი კლიმენტი…

მეზობელი. კაკოია! დეიდის ქმარი რომ… ვითრხამ რომ უკბინა და… ბოდიში და…

კაცი. (ქალს) ეს ვინ არის? ვის ჯგუფშია? (მეზობელს) ვინ არის თქვენი მწვრთნელი, ახალგაზრდა? ვინ შემოგიშვათ სტადიონზე? მიპასუხე! რა ჰგონია ამ ხალხს სტადიონი? (მეზობელს) ტანც-პლაშატკაა ესა?!! შირაქის საძოვრებია?!!

ქალი. ბოდიში, ბატონო კლიმენტი…

კაცი. (მეზობელს) ნორმატივები?! მშთ და იმშთ ნორმატივები ჩააბარე? მიპასუხევ!

ქალი. მეზობელს ანიშნებს, კაცს დაეთანხმოს.

მეზობელი. დიახ, ბატონო… ისა… კლიმენტი…

კაცი. ვინ არის კლიმენტი? მე ვარ კლიმენტი? (ქალს) კლიმენტის ვგავარ?

მეზობელი. ისევ… ისევ მასხრობთ, ხომ?

კაცი. მასხარაცა ვარ? (მეზობელს) შენ გინდა, თქვა, რომ ვიღაც მასხარა კლიმენტი ვარ?!

ქალი. შეეშალა, ბატონო შურა და ვაპატიოთ… ნორჩი ახალგაზრდაა ჯერ…

კაცი. ვაპატიო?! არ ვაპატიებ! (მეზობელს საყელოს დაუჭერს)

ერთხელ, როდესაც სადილის შემდეგ

ჩემ ბაღში ვიწექ და მეძინა ჩვეულებრივად,

ჩუმად მოვიდა ბიძაშენი, ფეხმოპარებით,

ლენცოფის წვენით სავსე მინა ეჭირა ხელში,

და ის წყეული საწამლავი ყურს ჩამაწვეთა!!!

მეზობელი. (საყელოს ითავისუფლებს. ქალს) რა საწამლავი?! ბიძაჩემისგან რაღა უნდა, ნაზიკო დეიდა?! (კაცს) ბიძაჩემი სად ცხოვრობს, იცი?! სევერნი კაზახისტან! ტურგაისკი ობლასტ, გოროდ ტასტი-ტალდი! (ქალს) მართალს არ ვამბობ?

ქალი. ბი-ჭე-ბო!

კაცი. (მეზობელს) ტასტიში მომეპარა ბიძაშენი! შიგ ტასტიში და შუა ტალდიში! აი, ამ ყურში ჩამაწვეთა საწამლავი! გამომასალმა სიცოცხლეს ჩემსა! სამეფო გვირგვინს! ეგ ვაპატიო?!

მეზობელი. ჰა-ჰა! (ქალს) დათვრა, ხომ?

კაცი. მთვრალი მასხარა კლიენტი ვარ? უარესი ვარ!!! უარესის ღირსი!! უნდა მცოდნოდა, რომ ახლა ასეთი დროა! უნდა მცოდნოდა! ახლა ხომ ყველა შეკრული მუჭით საწამლავის ბოთლს დაატარებს! ლენცოფას! ლენცოფას! ყველააქეთ-იქით იყურება, მძინარე სულელს დაეძებს, ფეხაკრეფით რომ მიეპაროს და ყურში ლენცოფა ჩააბილწოს!! ძმა ძმას იმეტებს, ძმაკაცი – ძმაკაცს, ცოლი -ქმარს, შვილები – მამას, კაცი – ქვეყანას, ქვეყანა – კაცს და ყველა ერთმანეთს წამლავს, შხამავს, ჯიჯგნის და კბენს, როგორც შეუძლია! ლენცოფის დროა!!! დაუსჯელი ღალატის დროა!!! (პაუზა. მეზობელს), – რა უნდა ბიძაშენს ის სევერნი ტრამპა-ცუმპაში?

მეზობელი. უჰ… ერთი მაგისიც! რა ვიცი, რა უნდა?! პოლონელი ქალი შეირთო და… არ დავლიოთ? არ დავლიოთ, ნაზიკო დეიდა?

ქალი. (სკამზე შედგება) ახლა კი ოპერა! ადგილობრივი კლასიკა! უიღბლო შეყვარებულების გულდამთუთქველი დმარ-მ-მა! “კურკუზან და ფაცურა!”

კაცი. დავიღალე.

ქალი. არა, არა! არა, არა! რამდენი წელია! კურუკზან და ფაცურა! დაიწყე და გაგახსენდება, მონ ამურ! ჯერ უვერტიურაა, აი, ასეთი (მღერის):სოფელ ჩუგუევოსთან წყალზე ცული დაცურავს, მოდი ბიჭო, შევასრულოთ კურკუზან და ფაცურა! (მეზობელს) მე ახლა, იცი, ვინ ვარ?

მეზობელი. დიახ! ჩვენი ნაზიკო დეიდა! ძვირფასი ქალი გვყავხარ შენ!

ქალი. არა, არა! მე ახლა საწყალი ფაცურა ვარ, ოპერის ფაცურა! გაიგე? ახლა ტყეში ვზივარ, ხის კენწეროზე და გულამოსკვნილი ვმღერი…

მეზობელი. რა გინდა ხეზე?

ქალი. მგლების მეშინია! (ყალბი საოპერო ხმით).

დედინაცვალი-იი, თვალში ნაცარი,

მამინაცვალი-იი, თვალში ნახშირი,

ბიძანაცვალი-იი, თვალში ნაპერწკალი,

დეიდანაცვალი-იი, თვალში მუგუზალი… ააა!!!

მეზობელი. საწყალი! ნეტა აღათიაც გისმენდეს, იტირებდა…

კაცი. (საწოლის გადასაფარებელს წამოსასხამივით მოიხვევს მხრებზე. წინ გამოდის, წრეზე დადის) პაკ-პუკ! პაკ-პუკ!

ქალი. (მეზობელს) და ამ დროს ტყეში გამოჩნდა… აბა, თუ მიხვდები, ვინ?

მეზობელი. მგელი!

კაცი. (ხელებს ისე დაიჭერს, თითქოს სადავეები უჭირავს და მეტი დამაჯერებლობისათვის, ცხენივით დაიჭიხვინებს) უ-ჰუ-ჰუ-ჰუ!!!

მეზობელი. მგელი ყოფილა!

კაცი. (ქალს) სად უნახავს!!! სად უნახავს მაგას, რომ მგელი ჭიხვინებდეს?!

მეზობელი. აბა, ტყეში მგლები არიანო და…

ქალი. არა, არა… ეს არის სახელოვანი უფლისწული კურკუზან! უფლისწული, იცი, ვინ არის? მეფის შვილი!

მეზობელი. მეფის შვილები რომ არ ჭიხვინებენ?!! ეს რატომ ჭიხვინებს?!!

ქალი. რა არის აქ ძნელი გასაგები; მეფის შვილია და ცხენზე ზის!

მეზობელი. თუ მეფის შვილია, სად არის ცხენი?! სად?!

კაცი. ეს ვინ ყოფილა! (მეზობელს) თეატრში არ დაჰყავდი აღათიას?

მეზობელი. კი! დღეში სამჯერ, ჭამის წინ! რა უნდა აქ თრიატრს!

კაცი. თეატრი ჰქვია! თეატრი!

მეზობელი. თ-ე-ატრი გავიგე! ეს ვერ გავიგე! (კაცზე ანიშნებს)

ქალი. (მეზობელს) ვითომ! ვითომ ცხენზე ზის და ტყეში მოდის! გაიგე?

მეზობელი. ჰო…

კაცი. მგონი, ვერ გაიგო…

მეზობელი. გავიგე! გავიგე! აქ კი არა, პარიზში ვუყურე რაღაცას და ის გავიგე! სამი ქალი იყო, ტიტველი და ცეკობდნენ – ასე, ა…

ქალი. რას შვრებოდნენ?

მეზობელი. ცეკვა არ იცი, რა არის? ჰოდა ცეკობდნენ! მერე იმათთან ერთი კაცი მივიდა, ბოდიში და, ტრუსიკიანი, და ერთად ცეკობდნენ და გავიგე! მივხვდი, რა უნდოდათ! ჩვენსას ვერ გავიგებ? აქ რა, კინოა თუ სხვა რამე – ულვაშებიანი კაცები ლაპარაკობენ და ლაპარაკებენ და ბოლოს გამხდარი ქალები ტირიან! ესაა სულ! ყველაფერი მესმის მე!

კაცი. (ამ ხნის განმავლობაში წრეზე დადის) პაკ-პუკ! პაკ-პუკ! ტყეში ვართ!!! ტყეში!!! წყვდიადში და წკვარამში!!!

ქალი. (მეზობელს) რა კარგია, რომ ყველაფერი გესმის! აბა, თუ მიხვდები, რას ეძებს მეფის შვილი კურკუზან ტყეში?

მეზობელი. რა ვიცი… ტყეში არის ხეები, ბუჩქები… წაბლიც არის…

კაცი. წაბლი!! წაბლი!!

ქალი. არა, არა, ბესიკო! ამ შემთხვევაში კურკუზან, იცი, რას ეძებს? სიყვარულს!

მეზობელი. ტყეში?! ტყეში ეძებს სიყვარულს? აუჰ…

ქალი. არა, სიყვარულს კი არ ეძებს, მაგრამ – როგორ აგიხსნა – მისი გული სიყვარულისთვის ღიაა, გესმის? მას სჭირდება სიყვარული! მარტოა… სულ მარტო… მეფის შვილია, მაგრამ უბედური…

მეზობელი. ხალასტოია?

ქალი. ისეთი ხალასტოია, მეტი რომ არ შეიძლება…

კაცი. (მეზობელს ქალზე ანიშნებს) ქალბატონ ფაცურას გადაეცი, ყველაფერი შედარებითია-თქო!

ქალი. (მეზობელს კაცზე ანიშნებს) მერგოლურ ციალა შარიქაძესაც ასე ეგონა, ერთი მსხალიც რომ შევჭამო, რა მოხდებაო, მაგრამ დაორსულდა-თქო… ასე გადაეცი ბატონ კურკუზანის!

მეზობელი. ვერაფერი გავიგე!

კაცი. პაკ-პუკ! რამდენ ხანს ვიპაკუნო ასე?!

მეზობელი. ეგ ის არის? რა მადლიანად ანათებს… გიორგი ქვია თუ რაღაც… დიდი ულვაშები რომ აქვს… არა? იმ შაჰ-აბასს თუ ვიღაცას რომ უთხრა – მელანო, ექვსი თითიო…

კაცი. (ქალს ღვინის ჭიქას მიაწვდის) გამაგრდი, ფაცურა!

ქალი. (ორმოციანი წლების კინოგახმოვანების სტილით) შენი კვნესა-მე. გიორგი… ექვსი თითიო… მნე სტრაშნო! (სვამს)

მეზობელი. ის შიო არაგვისპირელიო… არა?

კაცი. არა!!! გესმის?!! არა!!!

მეზობელი. რა გაყვირებს, ბიძია? საწყენად კი არ მითქვამს, მინდოდა, გამეგო, ვინ არის ეს კურკუზანი-მეთქი და…

კაცი. (მეზობელს) ამოუცნობი პიროვნებაა! ეს კურკუზან სრულიად ამოუცნობია! გადაშენებული ეტრუსკია! გაიგე?! ბერმუდის სამკუთხედია და ვერა-ვაკის ოთხკუთხედი! ამდენი წელია, თავს იმტვრევენ მეცნიერები – ვინ არის ეს კურკუზანიო, რატომ თმობს ყველას და ყველაფერსო, რატომ კარგავსო, რატომ წირავსო, ამ ხნის კაცი რატომ არ სწავლობს ჭკუასო, მაგრამ – ასეთია ეს კურკუზანი! ასეთი გაჩნდა და ასეთად მოკვდება! თუ არ გინდათ, აიღეთ და გადააგდეთ!

მეზობელი. რატომ, ბიძია?! იყოს ეს კურკუზანიც… (პაუზა) ჯერ იყოს.

ქალი. ფაცურა კი ხის კენწეროზე ზის და ზის… ფაცურაც დაიღალა…

კაცი. აბა, ტყეში რომ მიდიოდა, რა ეგონა?! წაბლის საკრეფად წამოვიდა თუ ვირთხების დასაჭერად? მე სხვა ეჭვი მაქვს – ამ ჩვენმა ფაცურინამ კარგად იცოდა, სად როდის გამოპაკპუკდებოდა ეს კურკუზან ხალასტოი ჩაუსაფრდა და ბაც! მერე კი აქეთ დაუწყო დაბრალება – შენ გგონია, დამავიწყდა, ოცდახუთი წლის წინ რომ გამიცინეო! ახლაც პურის გაშლას არ მაცდიო! ტყუილი! (პაუზა) და არც სიყვარულებს ეძებდა ეს კურკუზან! უბრალოდ, ამ ტყე-ღრეში, ამ უღრან-ჯუნგლში მოდიოდა, ქალის სიმღერა გაიგო და აქეთ-იქით გაიხედა – ვინ არის, სად მღერის… ხის ქვეშ არის? დაბმულია? ბუჩქში ფართხალებს თუ სად…

მეზობელი. (ქალზე ანიშნებს) ზემოთ აიხედე, ბიძია, ზემოთ!

კაცი. არა!!! არ მჭირდება დახმარება!!! აღარ მინდა!!!დავიღალე ამ სიყვარულობებით, ამ სანტიმენტებით და მრავალაზროვანი გამოხედვებით! (ბურთს იღებს) წავალ ახლა და თქვენ გააგრძელეთ!

მეზობელი. მორჩა, ბიძია, მორჩა! მე თუ რამე ვთქვა კიდევ… სამარე ვარ, სამარე! ასე ვიდგები, ა! ხმას არ ამოვიღებ, აღათიას გეფიცები…

კაცი. (ბერთს დებს) არ დაგაცდიან არაფერს… სად ვიყავი?

მეზობელი. ტყეში!.. უჰ, წამომცდა…

კაცი. (მღერის) ქალო, ვინა ხარ მანდაო ანდა სტირიხარ რადაო, ჰეე!

ქალი. (მღერის) ფაცურა ვარ, გენაცვალე, სადაც გინდა, წამიყვანე… (მეზობელს) მოეწონა ქალს ეს კურკუზან!

მეზობელი. მეფის შვილი და მდიდარი ხალხი ყველას მოსწონს!

კაცი. (მღერის) ქალო, მე უფლისწული კურკუზანი ვარ, ძირს ჩამოდი, სახლში უნდა წაგიყვანო-ჰეეე! (ქალს სკამიდან ჩამოსვლაში ეხმარება).

ქალი. კურ-რ-კუნაზ!

კაცი. ფაც-ც-ურა!

ქალი. წრფელი გრძნობები აღგვამაღლებს, კურკუზან!

კაცი. წავიდეთ ჩემ სასახლეში და იქ ავმაღლდეთ!

მეზობელი. არ გამოვა მაგ საქმიდან არაფერი! ტყეში ნაპოვნი ქალი მეფის შვილს არ გამოადგება! რაც უნდა ხალასტოი იყოს, მაინც არ დაანებებენ!

კაცი.სად არის ჩემი ცხენი! აბა,ჩავბერო შვიშტოკში! პი-პი! აი, ჩემი ცხენიც მოპაკუნდა! შემომიჯექ ცხენზე, ფაცურა! (ქალი პატეფონს დაქოქავს, ფირფიტაზე დადებს ნემსს, კაცს მხრებზე დააწყობს ხელებს). ფრთხილად, კარები იკეტება! (ისმის მუსიკა). შემდეგი გაჩერება – კურკუზანის სასახლე!! წავედით! (კაცი და ქალი ოთახში დადიან).

ქალი. შეუყვარდათ ერთმანეთი კურკუზანს და, შესაბამისად, ფაცურას! ისე ძალიან შეუყვარდათ, რომ… არასოდეს ულაპარაკიათ სიყვარულზე!

მეზობელი. (მისდევს) მეც მიყვარდა ერთი გოგო აქ და აღათია მივაგზავნე იმის დედ-მამასთან, მაგრამ უარი მითხრეს – ჯერ ბავშვები არიანო! ბავშვი კი არა, უფულო ვიყავი მაშინ, გაღლეტილი! აღათიას ვთხოვდი სიგარეტის ფულს ყოველდღე, იმიტომაც…

ქალი. ყოველდღე ჩხუბობდნენ… და მაინც ერთად იყვნენ – სკოლაშიც და სტადიონზეც… მწვანე პალტო ჰქონდა ფაცურას, გამხდარი იყო და კურკუზანმა ჯერ კალია დაარქვა, მერე ჭრიჭინა და ამ სახელსაც სულ ამოკლებდა – ხან ჭინას ეძახდა, ხან ჭიას და ჭიჭიკოს… მუსიკაზე დადიოდა ფაცურა და მოცარტინა დაარქვა…

კაცი. მოცარტინა? აღარ მახსოვდა…

მეზობელი. ჰო, ახლა აღარ ახსოვთ, უარი რომ მითხრეს! შემხვდება ხოლმე იმ გოგოს დედა და – (აჯავრებს) ჩვენთან რატომ აღარ მოდიხარ, ბესიკო?.. აღარ მინდა! ცოლი არა, ის… მოვრჩები ახლა საქმეებს და ზღვაზე წავალ! აღათიაც უნდა წავიყვანო ზღვაზე! იტალიაში! და ჩემი დებიც! – სუყველა!

ქალი. ზღვიდან გაშავებული დაბრუნდა ფაცურა და წამსვე ახალი სახელი მიიღო – შოკოლადა, შოკოლადა გრილიაჟი გახდა, გრილიაჟი კი თბილიაჟი!

კაცი. თბილიაჟი, თბილიაჟი. თბილისური გრილიაჟი…

მეზობელი. ნაზიკო დეიდა, რა უნდა გკითხო…

ქალი. ბედნიერი ფაცურა კი ყოველ ახალ სახელზე ჩხუბობდა და კისკისებდა!

კაცი. ვერ გავიგე, რატომ ჩხუბობდა?!

ქალი. ბედნიერი იყო და იმიტომ…

მეზობელი. ნაზიკო დეიდა! ნაზიკო დეიდა!..

ქალი. გისმენ, ბესიკო, გისმენ… (მუსიკა მთავრდება).

მეზობელი. ნაზიკო დეიდა, შენ რატომ არ წაგიყვანა მურმან ბიძიამ პარიზში?!

პაუზა

კაცი. მოვედით…

ქალი. (ჩამოჯდება) თავი ამტკივდა…

კაცი. მოვედით… ესეც – კურკუზანის სასახლე… შემდეგი გაჩერება – პარიზი! ახლა გავარკვიეთ, ვინ სად ჩამოდის…

მეზობელი. დავთვერი… (ქალს) ის კურკუზან და ფაცურა როგორ დამთავრდა;

ქალი. (პაუზა) ცუდად…

მეზობელი. ცუდად?! (პაუზა. ღვინოს ასხამს) ხომ ვთვქვი, არ დაანებებენ-მეთქი! ასეთია ბუნების წესი! მაინც რა მოხდა?

ქალი. სადღაციდან გამოხტა ერთი ბოროტი მუ-მუ და ყველაფერი გააფუჭა!

მეზობელი. მუ-მუ… ჰო, მუ-მუ გამიგია! (პაუზა) მურმან ბიძიას არ გაუმარჯოს? მაგისთანა კაცი იშვიათია! საქმე ვინ მასწალა?! ჰოო… პირველი ფული ვინ მასესხა?! ჰოო… მამაზე უკეთესი არ არის ჩემთვის? მურმან ბიძია რომ არ ყოფილიყო, მე ვინ ვიქნებოდი? ჰოო… ახლა ვინ ვარ? ჰოდა, მურმან ბიძიას გაუმარჯოს! (სვამს).

კაცი. (წამოსასხამს მოიხსნის, ტახტზე ჩამოჯდება) ავტობუსი ხომ აქეთ გამოივლის? მაშინ, იცოდეთ, რომ კურკუზან და ფაცურა სხვანაირად მთავრდება! ფაცურას დაკარგვის გამო კურკუზან კვდება! გადაესვენება სამეფისშვილო ტახტზე, გულზე დაიწყობს არტისტულ ხელებს (კაცი იგივე ქმედებებს ასრულებს) და… მშვიდად დახუჭავს შუქმფრინავ თვალებს… თქვენ კი, ფაცურავ და ბესიკო, შეგიძლიათ, ხმადაბლა დაიტიროთ უიღბლო გმირი… (ძილმორეული ხმით) მერე ავტობუსიც ჩამოივლის და ბიძია კურკუზანს წაამსევრებს… კურკუზან კაპუტი… ფაფუ…

პაუზა

მეზობელი. (ქალს – ხმადაბლა) მე მაინც ვერ გავიგე, ამ ბიძიას რა ჰქვია?

ქალი. (მაგიდას ალაგებს) რა უნდა ერქვას უსახლკარო მონადირეს? მაუგლი…

მეზობელი. მოვუგლი რა სახელია? სად პოულობთ ამისთანა სახელებს – კურკუზანიო და ზიგფრიდი კიდევ… ისევ მოუგლი ჯობს ორივეს… მაგრამ სახლის საბუთებში რომ სხვა სახელი ეწერა?! – გიორგი კი არა…

ქალი. მოვუგლია ეს უბედური, მო-ვუგ-ლი!

მეზობელი. ეს რომ ამბობს, ჩემი სახლი, ჩემი სახლიო – არაფერი სახლი არ არის ის! დიდია, მაგრამ ძველი! იშლება კედლები! სახლიც მთვრალი კაცივით არის დაქანებული, ასეა, ა!.. სხვა რა?! როიალი – ჭიანაჭამი, წიგნებია და – ძველი, ნახმარი… ავეჯიც – დამტვრეული რაღაცა… რა?! სულ რომ შეკრიბო, მაგის ფულით ერთ სახლსაც ვერ იყიდი სოფელში! ჰო, თოფი ჰქონია სამი, არაუშავს თოფები!.. მერე რა?! რა და, არაფერი!.. უჰ… არ დავლიოთ?

ქალი. თუ არ მოგწონდა, თუ ძვირი დაგიფასა, რას ყიდულობდი?

მეზობელი. ახლაც ძვირია ეგ ცენტრი ადგილი და ხუთი წლის მერე ოქროს ფასი დაედება! სასტუმროს ჩავდგამთ ან სხვა რამეს…

ქალი. შენ ვინ გითხრა მოვუგლი სახლის გაყიდვას აპირებსო? მურმანმა?

მეზობელი. აუჰ! ნაზიკო დეიდა… შენ… ჰა-ჰა! მომისიმნე! პარიზში წასვლამდე მურმან ბიძიამ დამანახა ეს კაცი, სახლიც მაჩვენა და მითხრა – ერთ თვეში ამ კაცს ჩვენი საქმისთვის ფული დასჭირდებაო, ალბათ, სახლს გაყიდისო და, შენ იცი, როგორ ივაჟკაცებო! არ შეევაჭრო, რასაც დააფასებს, მიეცი და ეგ იქნება შენი წილი რგოლების საქმეშიო! მაგ ფულს ისევ ქარხანაში დააბრუნებს ეს კაციო და ასე არ მოხდა?! სწორად გავთვალეთ ყველაფერი!

ქალი. ჩვენ საქმეშიო, არა?

მეზობელი. (ჯიბიდან მოწითალო რგოლს ამოიღებს) ორი წელია, მურმან ბიძია უჩემოდ აღარაფერს აკეთებს! სწორად გავთვლი ხოლმე ყველაფერს და წინასწარ ვგრძნობ, რაც მოხდება…

ქალი. ბესიკო! ამ კაცის სახლი ახლა ვისია?! შენი?

მეზობელი. მურმანის! მაგრამ რგოლების საქმეში თავის წილში ჩამსვამს მურმანი, სანამ ორ-ნახევარჯერ ამოვიღებ მაგ ფულს და, ცალკე პროცენტს დამიმატებს ერთნახევარს კიდევ! მე, სამაგიეროდ, პოლონეთში რომ ფეხსაცმელების ფაბრიკა გვაქვს, იქ სამ პროცენტს დავუმატებ მურმან ბიძიას და ასე გავასწორებთ მუუნხენის სასტუმროში ჩვენ წილს – თხუთმეტ-თხუთმეტი პროცენტი გვექნება თითოეულს ცალ-ცალკე, მაგრამ, პლაჟი რომ გვაქვს ესპანეთში, იქ ისევ ისე დარჩება – ხუთი-შვიდზე, სანამ გავარკვევთ მატყლის ამბავს… გააჩნია, ახალი ზელანდიის ფულს წლის ბოლოს რა კურსი ექნება…

ქალი. ვერაფერი გავიგე!

მეზობელი. გადამრევს ეს ხალხი! რა არის მანდ ძნელი გასაგები? კიდევ აგიხსნი!.. მომისმინე…

ქალი. არ მინდა! (პაუზა) მაშ, მიუნხენში სასტუმრო გაქვთ?

მეზობელი. არ იცოდი? მუუნხენში სასტუმრო გვაქვს, პოლონეთში აი, ასეთ ფეხსაცმელს ვუშვებთ! ესპანეთში ჩვენს პლაჟზე ვკოტრიალობთ ხოლმე! აბა?! ახლა ინდაურების ფერმას ვყიდულობთ პორტუგალიაში და მცოდნე კაცი უნდა ჩავიყვანოთ ისრაელიდან; რამხელა ინდაურები გამოჰყავთ, იცი? სირაქლემა გეგონება! სირაქლემა გინახავს, ნაზიკო დეიდა? დიდია…

ქალი. მურმანმა შენ რომ გაყიდინა ამ კაცის სახლი, თვითონ ფული არ ჰქონდა?

მეზობელი. ფულის მეტი რა აქვს მურმან ბიძიას?! პარიზის ხალხმა იმდენი მისცა, რომ რგოლების გამოშვებას სულ ეყოფოდა, მაგრამ მურმანმა ბოლომდე არ გამოაჩნია! ინდაურების საქმეზე სჭირდებოდა და იმიტომ! მაგრამ, ნახე: რგოლებიც გამოვუშვით, ქალაქში ცენტრი ადგილიც ვიშოვეთ, მეც წილში შევედი და მურმანმა პარიზელების ფული ქარხანაში კი არ დახარჯა, ინდაურების საქმეზე გაუშვა პორტუგალიაში! როგორია? ეგ არის კომ-ბი-ნა-ცია! საბოლოოდ, ეს მოვუგლი რის გამო დარჩა უსახლკაროდ, იცი? პორტუგალიის ინდაურების გამო… ასეა.

ქალი. საწოლის გადასაფარებელს იღებს, კაცს გადააფარებს.

მეზობელი. ცოდოა ახლა ეს მოვუგლი, მაგრამ მურმან ბიძიმა თქვა, კარგ ხელფასს მივცემო, იაფად ვაყიდინებო ოთახს რაიონში – ძველი ხუთსართულიანები რომ არის, იქ… მერე ნელ-ნელა სახლის ფულსაც დაუბრუნებს მურმან ბიძია, ცოტას აჩუქებს კიდეც, გაახალისებს… ერთად თამაშობდნენ, თურმე, და ხომ არ გადააგდებს ამ კაცს…

ქალი. მო…ვუ…გლი…

მეზობელი. ცუდი კაცი არაა ეს მოვუგლი, კარგი კაცია… ქარხნის საქმეშიც კარგად იმუშავა, მოინდომა, დღე და ღამე ქარხანაში იყო და ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ქარხნის დირექტორი ფრანგი უნდა იყოს! თავიდანვე ასე მოვილაპარაკეთ პარიზის ხალხთან… იმათ კაცი არ ჰყავდათ და მურმან ბიძიამ ეს მოვუგლი ამუშავა… დროებით… მაინც რეგბის თამაში ყვარებია ამ კაცს, მივცემთ კარგ ხელფასს და ირბინოს აქაურ ბავშვებში… ასეთია ბუნების წესი, ნაზიკო დეიდა!

ქალი. ხელფასი? რად უნდა ამ მოვუგლის ხელფასი? უხელფასოდაც მშვენივრად ირბენს! თქვენ მარტო აჭამეთ ხოლმე, მშიერი არ მოკვდეს! ღამე გარეთ ნუ დატოვებთ – ბუნაგი მოუძებნეთ სადმე, ბალახი დაუფინეთ, მოვუგლია ეს და მეტი არც სჭირდება! მადლობასაც გეტყვით, ხელს აგილოკავთ… წასასვლელი აღარა აქვს, არჩევანი აღარა აქვს… სახლის ფულიც არ დაუბრუნოთ! ხანდახან მოატყუეთ, წლის ბოლოს იქნება-თქო და ესეც დაგიჯერებთ! მძინარეს და უმწეოს რომ დაინახავთ, მიეპარეთ და ყურში ლენცოფა ჩააწვეთეთ ხოლმე! მოშხამეთ, როგორც შეგიძლიათ! (პაუზა). ძმაკაცის სიტყვას დაუჯერა! შეცდა და აპატიეთ! რაც გააჩნდა, ყველაფერი გაყიდა და თქვენ საქმეში ჩადო! სულელია! აპატიეთ… ექვსი თვე ტყუილად ამუშავეთ, თქვენი პროცენტების გათვლაში არც გაგხსენებიათ, რომ ეს უბედურიც არსებობდა – აპატიეთ… გახარებული რომ იყო და იმედი ჰქონდა – მე და მურმანი დიდ საქმეებს გავაკეთებთო – ეგ იმედი და სიხარულიც აპატიეთ… აპატიეთ…

პაუზა

მეზობელი. მურმან ბიძიამ აპატიოს, ვისაც უნდა.

ქალი. ეს სახლიც უნდა დაანგრიო?

მეზობელი. რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხომ აქ აღარ ჩამოხვალ…

ქალი. (კედლიდან სურათს ჩამოხსნის. უყურებს) მე აქ აღარ ჩამოვალ… (პაუზა) რა თქმა უნდა, აღარ ჩამოვალ! პარიზიდან აქ ჩამოვიდე? მურმანიც აღარ დაბრუნდება! ჰო! გაყიდის ქარხანას!.. პარიზის ბინაც მალე მზად იქნება… (კედლებიდან სხვა სურათებსაც ხსნის, მაგიდაზე ალაგებს)… ბოლოს რომ მელაპარაკა, ასე მითხრა, ტრუა-კატრ – სამი-ოთხი ოთახიღა დარჩა გასარემონტებელიო… გარაჟიც ავტომატიკაზე გადამყავსო… ჩავფრინდები ორიოდე კვირაში და ვნახავ… თუ არ მომეწონება, ყველაფერს თავიდან გავაკეთებინებ! (პაუზა) ამ ზაფხულს იკო ჩვენთან იქნება, პარიზში! ოღონდ რა ქუჩაა?.. დამავიწყდა… პარიზში ხომ კარგი დისნეილენდია, იქ უნდა ვიაროთ… მერე მასაჟები.., ლუვრი… აერობიკა… პომპიდუს ცენტრი… კონცერტები! საქველმოქმედო საღამოები… კომედი ფრანსეზ! გალერეები, მაღაზიები… უჰ, რამდენი საქმე მექნება! სულ უნდა იარო და არჩიო… ბესიკო! პარიზში რომ ჩამოხვალ, უსათუოდ ჩვენთან უნდა იცხოვრო ხოლმე! მე და მურმანი კარგ ოთახს დაგითმობთ! როგორც გინდა, ისე იცელქე პარიზელ გოგოებთან! ოღონდ, რა ქუჩაა… ყველაზე ძვირი უბანი რომელია, ბესიკო?

მეზობელი. (პაუზა) მურმანი აღარ დაბრუნდება?

ქალი. აქ რაღა საქმე აქვს? ხომ ხედავ, ყველაფერს ვყიდი! მანქანასაც, ქობულეთის სახლსაც… აღარ დაგვჭირდება – ნიცაში დავისვენებთ! ჰო… თბილისის სახლს კი ცოტა ხანს დავიტოვებთ… იყოს… ფესვებია… აი, ნუცა დეიდასა და ლიზიკო დეიდას სურათიც პარიზში უნდა წავიღო! ეს სურათი როცა გადაიღეს, ნუცა და ლიზიკო უკვე მასწავლებლები იყვნენ და ეს პატარა გოგონა, მუხლებზე რომ უზით, დედაჩემია… დედაჩემს ხომ ვგავარ, ბესიკო?

მეზობელი. შენ გითხრა, აღარ ჩამოვალო? (მობილურ ტელეფონზე ნომერს კრეფს).

ქალი. შენ რა, არ იცოდი? კიდევ რა მითხრა? როგორ მავიწყდებოდა! – ქალის ჭკუა! – ისაო… ბესიკოს რომ ნახავ, გადაეცი, რომ ახალი პარტნიორი მყავსო და ბესიკო აღარ მჭირდებაო… თავის ფულს დავუბრუნებ მერეო, წლის ბოლოსო… იტალიელი პატრნიორი მყავსო თუ ამერიკელიო? აღარ მახსოვს… (პაუზა). არ ირეკება?

მეზობელი. რას დარეკავ ამ დამპალი სოფლიდან?! (ისევ დარეკვას ცდილობს).

ქალი. დამპალი? როგორ გეკადრება! ჩვენი თეთრუბანი მშვენიერი სოფელია! ჰავა გინდა თუ კლიმატი და… სხვა დანარჩენი… პარიზში რომ არ მივდიოდეთ საცხოვრებლად, მე და მურმანი აუცილებლად თეთრუბანში დავფუძნდებოდით… მეზობლები ვიქნებოდით, ბესიკო, არა? ხომ ვიქნებოდით კარგი მეზობლები? ბესიკო! არ მისმენ?! ბესიკო!! “ჩიკი-ჩიკი-ტა” არ ვიმღეროთ? (ხმამაღლა). მალჩიკ ხოჩეტ ვ ტამბოვ… ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტააა!!! ბესიკო!!! ბესიკო!!! ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტაა!!!

მეზობელი. (ყვირის) დამაცადე!!! ვერ ხედავ, შენი… ვრეკავ!!! დამაცადე!!!

კაცი. (გადასაფარებელს გადაიხდის, წამოდგება) რა ხდება!!

ქალი. რა ხდება და რაღაც სულელურ ოჯახს ვგავართ! დედიკომ და შვილიკომ იჩხუბეს, მთვრალი მამიკო გააღვიძეს… ახლა მამა დაცოფავს ყველას!

კაცი. (მაგიდასთან ჯდება. სიგარეტს მოუკიდებს) ლუდი… ლუდი აღარ არის?

ქალი. (კაცს) ახ, რად არა ხარ ფრანგი! ფრანგი რომ იყო, მეფე გიორგი იქნებოდი შენ ქარხანაში! ჰა-ჰა! მეფე გიორგი კი არა, მეფე ჟორჟი იქნებოდი!თავიდანვე ასეთი მოლაპარაკება ყოფილა – ქარხნის დირექტორი აუცილებლად ფრანგი უნდა იყოს! მეფე ჟორჟი!! შენ კი მეფე გიორგი ხარ… ადგილობრივი. ამიტომაც დაგიწუნეს, მონ ამურ… (მეზობელს) ასე არ არის, ბესიკო? მეფე ჟორჟი გჭირდებათ, არა?

მეზობელი. (წამოდგება) წავალ ახლა მე…

ქალი. სად მიდიხარ?! ეს შენი სახლია! (კაცს) არა უშავს, მეფე გიორგი, ექვსი თვე ხომ იმუშავე… გამოცდლიება მიიღე…

კაცი. (ჭურჭულს ხელს გაჰკრავს) ლუდი ხომ იყო აქ!! სად გაქრა ლუდი?!

ქალი. (კაცს) ისევ მწვრთნელი იქნები! ასე გადაწყვიტეს ბესიკომ და მურმანმა… ხომ ხედავ, ყველა შენზე ზრუნავს…

მეზობელი. ჩემგან რა გინდათ? მურმანს მოჰკითხეთ ყველაფერი!

ქალი. მურმანსაც მოეკითხება! ყველას თავისი კაიკაცობა მოეკითხება!

კაცი. (ჯიბეებს იჩხრეკას. ქალს) ლარი მიეცი მაგას. ლუდი მოიტანოს!

მეზობელი. კი, აბა! გადაგყვებით თან! (კაცზე ანიშნებს). რად მინდოდა ამის დამპალი სახლი? იმ ფულით ათ სახლს ვიყიდდი სოფელში! თორმეტს! მურმანი თუ არ ჩამოვა, ვინ დამიბრუნებს ჩემ ფულს? (ქალს). შენ გეკითხები, ნაზიკო დეიდა! მატყუებ რაღაცს, ხომ?!

კაცი. (ქალს) ეს ვინ არის? რას ჭყიპინებს?!

მეზობელი. ვერ გაიგე, ვინ ვარ? ამდენი ხანი ვერ ისწავლე? ბესიკო ვარ მე და შენისთანებს ჩაიზე ვჭამ დილაობით! გაიგე, ვინ ვარ?

კაცი. წამოდგება, მაგიდის წინ გამოდის.

ქალი. (მეზობელს) მიდი! შეჭამე! მიდი!

მეზობელი. (ქალს) შემომხედე! ვინმეს რამეს შევარჩენ?! ჩავალ იქ და იმ ნაბიჭვარ მურმანს რას ვუზამ, იცი? ნაწლავებიდან გამოვაყრევინებ ჩემ ფულს! თუ იმას ვერ ვიპოვი, მაშინ სხვა გადამიხდის!

კაცი. ვინ სხვა?! ვინ?!

მეზობელი. (ქალზე ანიშნებს) აი! ეს გადამიხდის!

კაცი. ვის ფულს ითხოვ, შე ნაბიჭვარო? ამ ქალსა სთხოვ ჩემი სახლის ფულს?!მეზობელი. ჩემ ფულს ვითხოვ!!! ტყუილად რომ გადამაყრევინა მურმანმა შენ სახლში, იმ ფულს! ვინც გინდა, იმან დამიბრუნოს – მურმანმა, ამ ქალმა, შენ!!! სამივემ ერთად ან ცალ-ცალკე! დამიბრუნეთ ჩემი ფული!!!

ქალი. (კაცს) წარმოგიდგენია? მე და შენ გვთხოვს იმ სახლის ფულს!

მეზობელი. შენ გადამიხდი, ნაზიკო დეიდა! ბინას გაყიდი, მანქანას გაყიდი, ავეჯს და ოქროს!თუ არ ეყოფა, სტამბულში გამუშავებ, ნაზიკო დეიდა!!! სტამბულში!!!

კაცი. მეზობელს მუშტს ურტყამს მუცელში.

მეზობელი. (დაეცემა. ნელა წამოდგება. სუნთქვა უჭირს… ქალს) სად გდია ამდენ ხანს შენი ქმარი?! ერთ თვეში ხომ უნდა ჩამოთრეულიყო აქ! რატომ არ რეკავს?! რატომ არ მპასუხობს ტელეფონზე?! ის მატყუებს თუ თქვენ მატყუებთ თუ ყველანი ერთად?! სად არის გერმანიის ფული, სად არის პოლონეთის ფული, სად არის ესპანეთის ფული!! სამი თვეა, არაფერი მიმიღია!!! არაფერი!! მოკვდა მურმანა?! ჩაძაღლდა?! მიპასუხეთ!!! (ქალს) შენ გადამიხდი ყველაფერს! სტამბულში!!! ოც კაცს მიიღებ დღეში და გადამიხდი! შენზე უკეთესებიც ვამუშავე იქ!!!

კაცი მეორედ ურტყამს.

მეზობელი. (ეცემა, წამოდგება) ჩემ სახლში?! ჩემ სახლში მცემთ, თქვე ნაბიჭვრებო?! აღათია!!! მოდი აქ და მომეხმარე, აღათია!!! (მუშტებს შემართავს და კაცს მივარდება).

კაცი მსამედ ურტყამს. მეზობელი ეცემა. არ ინძრევა.

ქალი. (თითქოს უცებ ფხიზლდება) ვაიმე! რა მოუვიდა? ვაიმე…

კაცი. (მეზობელს აიყვანს, სკამზე დასვამს, წყალს ასხამს სახეზე) ჩხუბი! ჩხუბი რატომ არ ასწავლა მურმან მასწავლებელმა?

ქალი. (მეზობელ ბიჭს სახესთან ხელს მიუტანს) ბესიკი! შემომხედე! ბესიკი! კაი ბიჭი! ნაზიკო დეიდა ვარ…

მეზობელი. (თვალს ახელს, ქალს შეხედავს) აღათია… როგორა ხარ, აღთია… (გაუღიმებს, თვალებს დახუჭავს).

ქალი. ვაიმე! გაგიჟდა?

კაცი. იქნებ, მართლა რაღაც დაემართა?!

ქალი. ვის, ბესიკოს?

კაცი. მურმანს, მურმანს… ბესიკოსაც თუ არ დაურეკა…

ქალი. მურმანს რა უნდა დაემართოს? ქვეყანა რომ დაინგრეს, ეგ მაინც გადარჩება! (მეზობელს) ბესიკო! (კაცს) მგონი, აზრზე მოდის…

კაცი. საშიში ქალი ხარ, ნაზიკო დეიდა, საშიში… მანდ ნუ დგახარ, შეიძლება, გული აერიოს…

ქალი. (ერთი ნაბიჯით მოშორდება მეზობელ ბიჭს) მეცოდება… ასეთ დროს პირსახოცით არ უნიავებენ ხოლმე? (მეზობელს) ბესიკო, მიცანი?!

მეზობელი. (თვალებს ახელს) სტა…მბულ…ში… სტამ…ბულ…ში

კაცი. გიცნო.

ქალი. (კაცს) ვერ გავიგე, რატომ მაგზავნის მაინცდამაინც სტამბულში?! (მეზობელს) მიპასუხე ბესიკო!

კაცი. ეგ თუ ახლა ასეთ რთულ კითხვაზე გიპასუხებს… (მეზობელს) ბესიკო, შენ რა გვქვია?!

მეზობელი. მურ…მანი…

კაცი. აი, ქვეცნობიერიდან ამოსული პასუხი!

მეზობელი. მურმანი… სად… არის?

ქალი. გადარჩა! ბესიკო! მომისმინე! (ჩანთიდან კონვერტს იღებს) ეს შენი ფულია, ბესიკო! ამ სახლში რომ გადამიხადე, ის ფული! გამომართვი! ფულსაც გიბრუნებ და სახლიც შენია! გაიგე?!

მეზობელი. კონვერტს ჩახედავს და ჯიბეში იდებს.

კაცი. ე! ნაზიკო დეიდა!

ქალი. (კაცს) ნუ მეძახი ნაზიკო დეიდას! (ჩანთიდან იღებს მანქანის გასაღებს და საბუთებს. მეზობელ ბიჭს აძლევს) ეს ჩემი მანქანის გასაღებია! ძველი მანქანაა, მაგრამ კარგი…

მეზობელი. კარგი კი არა… (გასაღებს და საბუთებს ჯიბეში იდებს).

კაცი. (ქალს) მიდი, მიდი!

ქალი. (ყელსაბამს იხსნის) ეს ყელსაბამი ნუცა დეიდამ მაჩუქა! ოქრო არ არის ბევრი, მაგრამ ძალიან ძველია და… ჩემთვის ყველაზე… ჰო… (ყელსაბამს უწვდის) ახლა შენი იყოს…

კაცი. (ყელსაბამს ხელიდან გამოგლეჯს) შენ რა, გაგიჟდი?!

ქალი. ჰო, გავგიჟდი, მონ ამურ, გავგიჟდი… (ყელსაბამს ართმევს) ეს ყელსაბამი, იკო რომ ცოლს მოიყვანდა, იმისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ უნდა დარჩეს! ამ სახლში უნდა დარჩეს, ამ სოფელში უნდა დარჩეს! ეს მაინც დარჩეს… (მეზობელ ბიჭს ყელსაბამს აძლევს).

მეზობელი. ყელსაბამს ათვალიერებს და ჯიბეში იდებს.

პაუზა

ქალი. (ხმადაბლა) რა მაქვს კიდევ… რა მაქვს კიდევ…

მეზობელი. სულ ეს არის? ეს რას მეყოფა? ორ სახლს ვერ იყიდის ეს ყველაფერი!

კაცი. (მეზობელ ბიჭს სკამიდან წამოაყენებს) წადი, ბიჭო აქედან! წადი, თორემ კაბასაც გაიხდის ეს ქალი და შენ ჩაგაცმევს! ფულზე რომ კიდევ სიტყვა დაძრა, თავს წაგაცლი!! წადი, ახლა, გაეთრიე აქედან!!

მეზობელი. (კედელს ეყრდნობა) ნაზიკო დეიდა… მომისმინე…

კაცი. (მეზობელს) შენ კიდევ აქა ხარ?! გაეთრიე-მეთქი!

მეზობელი. (კაცს) დამაცადე… გული მერევა… (ქალს) შენ რომ მკითხე – ამ სახლს თუ დაანგრევო… აბა, რისთვის ვიყიდე?! ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე და, რაც დარჩა, ერთ წელიწადში ვიყიდი იმასაც! არ ვამბობ ხმამაღლა, რას ვაპირებ, თორემ ფასს მოუმატებენ ეს ვირიშვილები! თეთრუბანი ხომ ერქვა არ სოფელს და თეთრი მიწა ხომ არის აქ?! კარგი ფასი ჰქონია ჩვენ მიწას! მცოდნე კაცებსაც მოველაპარაკე უკვე და, ვინც დამჭირდება, იმათაც! რომ შევისყიდი ყველაფერს და რომ დავაცარიელებ ამ სოფელს, მერე რა უნდა ვქნა, იცი? დიდი ბომბი უნდა ჩავდო ცენტრ ადგილში! უნდა ჩავდო და ვბუთქო! ისე უნდა ვბუთქო, რომ – აუჰ! ცაში უნდა ავწიო დედა-ბუდიანად! თავის სახლებიან სკოლიან-ეკლესიიან-სასაფლაოიან-მკვდარ-ცოცხალიანად! როგორ ველოდები მაგ დღეს! როგორ ველოდები! ამ მყრალი სოფლის მაგივრად აქ იქნება ერთი დიდი, სუფთა ორმო, კარიერი ჰქვია დიდ ორმოს! ბულდოზერები იმუშავებენ ჩემ კარიერში, ტრაქტორები და მისთანები; ამოიღებენ ამ თეთრ მიწას, ჩამოვა წესიერი ხალხი წესიერი ქვეყნიდან, საქმე რომ იციან კარგად, მივყიდი იმ ხალხს თეთრ მიწას და ამით დამთავრდება ეს თეატრი… აქ მარტო მიწას ჰქონია ფასი! სხვა ყველაფერი ბინძურია და დამპალი!.. გული მერევა… (კარს აღებს, მიდის).

პაუზა

კაცი. სანეო, ბანეო, ფრისტ… კაცი ორმოს თხრის…

ქალი. (იხდის ხალათს, შლაპას, ორივეს ჩანთაში ჩააგდებს… ფოტოსურათების ჩადებასაც ცდილობს, მაგრამ სქელი ჩარჩოები ჩანთაში არ ეტევა… ჩანთას მიაგდებს) ჭირსაც წაუღია აქაურობა!

კაცი. (ფოტოსურათებს იღებს.) ჩართოები უნდა მოიხსნას.

ქალი. კარადის უჯრას გამოაღებს. ბრტყელტუჩას იპოვნის. კაცს აწვდის.

კაცი. ჯდება. ჩარჩოდან ფოტოებს იღებს) ავტობუსი მალე გამოივლის?

ქალი. რა? ჰო… ავტობუსი… (საათს დახედავს) ათ წუთში…

კაცი. მოვასწრებ.

ქალი. (პაუზის შემდეგ) იცი. მონ ამრუ… მე შენ მიყვარხარ.

კაცი. (მუშაობს) ვიცი.

ქალი. ახლა იკოსთან რა დროა? თენდება?

კაცი. (მუშაობს) ალბათ…

ქალი. ახლა იკოს სძინავს… ჰო… (პაუზა). ვერ მოვასწარი შენი შეყვარება.

კაცი. (ჩარჩოიან სურათებზე) ეს კარგი ხალხიც გინდა? – ვაჟა, ილია, აკაკი…

ქალი. ჰო. ეგენიც უნდა წავიღო. ჰო. ორი კვირის მერე მივფრინავ. ორი კვირაც აღარ დარჩა. ბილეთი გუშინ დილით ავიღე…

კაცი. პარიჟ, პარიჟ…

ქალი. რატომ გამოგიარე? შენთან დამშვიდობება მინდოდა? ეტყობა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა, თორემ იმ მთვრალ რესტორანში არ შემოვიდოდი… რა უნდა მეთქვა?

კაცი. არ ვიცი.

ქალი. ათი წლის მერე შენ იქნები ლოთი მტვირთავი. ბებერი, ლოთი, ბუზღუნა მტვირთავი. აქ იქნება დიდი ორმო. ბესიკოს კარიერი. შენც აქ იმუშავებ.

კაცი. კარიერში მტვირთავი არ დასჭირდებათ.

ქალი. შავი მუშა ყველაგან საჭიროა. ოცი წლის მერე, ტომრის აწევა რომ აღარ შეგეძლება, მუშებისთვის წყალს მოიტან ხოლმე. ადგილობრივი მნიშვნელობის ბაბაჯანა იქნები! დაგიძახებენ – ბაბაჯან, წყალი… ბაბაჯან, წყალი… ბაბაჯან, სადა ხარ…

კაცი. შენ სად იქნები?

ქალი. მე? რა თქმა უნდა, პარიზში! შეიძლება, ჩამოვიდე და მოგინახულო… როგორ ბრძანდებით,მსიე ბაბაჯან?

კაცი. ვართ ასე, თქვენი ლოცვა-კურთხევით… ვაწოდებთ მუშებს ცივს წყალსა…

ქალი. გუშინ რესტორანში, იცი, რატომ გაგეხარდა ჩემი დანახვა? გეგონა, რომ მურმანთან ერთად ვიყავი!

კაცი. შენი დანახვა ყოველთვის მიხარია.

ქალი. შენი ბრალია ყველაფერი!

კაცი. (სურათებს ჩანთაში დებს, ბურთს იღებს) წავიდეთ?

ქალი. იკო წერილებს მწერს… ქართულად მწერს, მაგრამ წინადადების წყობა უკვე უცხოა, ქართული აღარ არის… ასეთი სუსტი ენა გვაქვს? ორ წელიწადში ბავშვს თითქოს დაავიწყდა…

კაცი. სუსტი ენა არ არსებობს.

ქალი. მეც რომ დავავიწყდე? შეიძლება, რომ მეც დავავიწყდე? (პაუზა). ყველაფერი ინგრევა… ინგრევა, იშლება… რა იყო ერთი კვირის წინ, ერთი თვის წინ? არ მახსოვს… ეს თხუთმეტი წელი რა იყო? იკო მახსოვს, იკოს ყოველი დღე მახსოვს, მაგრამ მე? მე არ ვარსებობდი? (პაუზა). მეზუნია ჩიტები კი მართლა არსებობენ… ჰო… სულ ცდილობენ, ბუდე გაიკეთონ; მოახერხებენ რაღაცას, წყნარდებიან, ჭიკჭიკებენ, მერე ან ქარი დაუბერავს, ან ჩანთოსანი ტურა წამოეპარებათ და ყველაფერი თავიდან იწყება… სულ თავის ბუდეს ეძებენ მეზუნია ჩიტები, სულ წვალობენ… (პაუზა). რატომ გამიმეტა შენმა ძმაკაცმა? რატომ აქვს შენი ბოღმა და შური, რატომ უნდა, რომ ყველაფერი წაგართვას, დაგინგრიოს… მე ვგრძნობ, რომ შენი ეშინია, ეზიზღები…

კაცი. წავიდეთ?

პაუზა

ქალი. (კაცს ჩაეკვრება). წამიყვანე აქედან!!! წამიყვანე!!! სადაც გინდა, იქ წამიყვანე!! სადაც შენ წახვალ, ყველგან გამოგყვები!!! რაც გინდა, ის დამიძახე, რაც გინდა, ის დამარქვი! თუნდაუ ნაზიკო იყოს!!! არ დამტოვო!! არ მიმატოვო!!! არ გადამაგდო!!! მე უშენოდ ვეღარ ვიცოცხლებ!!!

კაცი. (კოცნის) ჰო, კარგი, კარგი…

ქალი. მორჩა!!! მორჩა!!! აღარ გაგიშვებ!!! მორჩა…

მეზობელი. (კარს აღებს. თავს შემოჰყოფს. ქალს და კაცს უყურებს. იღიმება). ნაზიკო დეიდა! მოვუგლი ბიძია!

(ქალი და კაცი შეკრთებიან, ფხიზლდებიან… მეზობელს შეხედავენ).

მეზობელი. (შემოდის) ხელი შეგიშალეთ, ხომ? ჩიკი-ჩიკი-ჩიკი-ტა, ნაზიკო დეიდა! (მაგიდაზე კონვერტს დებს) ეს ფული გამყოლია, ნაზიკო დეიდა! სახლის საყიდლად ვიყავი და ფული უკან წამიღია! ჰა-ჰა! სასწაული! შენი მანქანის გასაღებიც რომ გამყოლია! ან ეს ძეწკვი საიდან გაჩნდა, სულ აღარ ვიცი! ესეც გამყვა? (გასაღებსა და ყელსაბამს მაგიდაზე დებს) ბესიკო ვარ მე, ბესიკო! ვერ მცნობთ?! გარეთ რა კარგი ამინდია! არ გაიხედავთ?! არ გაინტერესებთ, ვინ ჩამოვიდა?! ვინ მოადგა მანქანით ჭიშკარს, არ გინდათ, იცოდეთ?! გაიხედეთ გარეთ! ვინ ამბობდა, არ ჩამოვაო? აი, თუ არ ჩამოვიდა! ჰა-ჰა! მოვუგლი! რა ვიჭიდავეთ მე და შენ! მიმიღე შენ გუნდში! არ მიმიღებ? რა გამაცინე! ახლა რას აპირებ – მურმანსაც დაუწყებ ჭიდაობას, თუ ფანჯრიდან გაიპარები?! მოვუგლი, მოვუგლი… შენ როგორა ხარ, ნაზიკო დეიდა? არ ჩამოვა მურმანი, არაო, ჰა-ჰა!.. რა მოხდა, კაცს თურმე პატარა გაუგებრობა ჰქონდა პოლიციასთან და საზღვრებზე… ჰო! ფულიც შემოეხარჯა! აბა, ორმოცდაათი ტრიალერი, დანადგარებით დატვირთული, ადვილი გადმოსაყვანია?! ორმოცდაათი ტრაილერი ჩამოიყვანა მურმანმა!!! კაცია, კაცი!!! ახლა იცეკვეთ და იმხიარულეთ ყველამ!!! (ფირფიტაზე ნემსს დადებს, ისმის ფოქსტროტი.) დაბრუნდა მურმანი!!! დაბრუნდა!!! დაბრუნდა!!! (მეზობელი ბიჭი მიდის).

ფოქსტროტის ხმას – მანქანის სიგნალის ხმაც უერთდება.

ჩაბნელება.

დასასრული

(c) ჟურნალი “ცისკარი”
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2002 წელი.

About these ads

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s