მიხო მოსულიშვილი: “არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა”


სპექტაკლის აფიშა

პიესა დაიდგა რუსთავის კულტურის ცენტში (მისამართი: წმინდა ნინოს ქუჩა # 1), 2010 წლის 23 მარტს.
რეჟისორი – გეგა ქურციკიძე.
მხატვარი – მალხაზ დათუკიშვილი.
მუსიკალური გაფორმება – თამარ სალუქვაძე.

მონაწილეობდნენ რუთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობები:
ლია ასლამაზიშვილი,
ვახტანგ ალავიძე,
ნუკრი არჩვაძე,
ზურაბ ჯინჭარაძე,
სოსო ელიზბარაშვილი

ნახეთ: “არავის ვეყმოთ…” რუსთავის კულტურის ცენტრში

სცენა სპექტაკლიდან

ასევე დაიდგა ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრში, რეჟისორი გეგა ქურციკიძე, 2012

აქ იხილეთ სიუჟეტი ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის სპექტაკლზე “არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ჩვენი დილა”, 8 მაისი, 08:3208:37, სიუჟეტის ავტორი სალომე გელაშვილი, ოპერატორი პაატა ყვავაძე.

პრემიერა: 7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი — 19:00-დან 22:00-მდე

sabavshvo teatri

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

“არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა”
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 — 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, — დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე — რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.

რეჟისორი – გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი – მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები – აივენგო ჭელიძე

მსახიობები – ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე.

mozard makurebelta, 2012

მიხო მოსულიშვილი

არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა
(პიესა რვა სცენად ისეთი ლიტერატურული თეატრისათვის, სადაც ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია)

მონაწილეობენ:

1. პირველი
2. მეორე
3. მესამე
4. მეოთხე
5. ქალი

მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პირველი სცენა – 11 სექტემბერი, 1801 წელი, სანკტ პეტერბურგი

ქალი – რუსეთის ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველის პატარა, მოკუჭულ ოთახში შეკრებილნი არიან ეგრეთ წოდებული “ფარული კომიტეტის” წევრები…
(მიუთითებს პირველზე) თავად იმპერატორი ალეკსანდრე პავლოვიჩი – სახელი ბებიკომ დაარქვა, იმპერატრიცა ეკატერინა მეორემ იმ მოსაზრებით, რომ ახალი იმპერიის იმპერატორი უნდა გახდესო. გატჩინაში გადიოდა სამხედრო სამსახურს, მამამისის მიერ შექმნილ ჯარში და იქ განუვითარდა მარცხენა ყურის სიყრუე – ზარბაზნების ძლიერი მქუხარებისაგან.
(მიუთითებს მეორეზე) გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი – ეშინია რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოებისა, რათა არ აწყენინონ საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. შემდეგში შინაგან საქმეთა მინისტრი. ზის იმპერატორის მარცხენა მხარეს და რაკი იმპერატორი მარცხენა ყურით ყრუა, იმისი არაფერი ესმის.
(მიუთითებს მესამეზე) პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი – საგარეო საქმეთა მინისტრი. “რომის პაპზე უფრო რომის პაპი” – სულ რუსების ერთგულების მტკიცება უწევს ხოლმე.
მიუთითებს მეოთხეზე) გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი – იმპერატორ პავლე პირველის ნათლული და იმპერატორ ალეკსანდრ პირველის ბავშვობის მეგობარი.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) ბატონებო, დღევანდელი ჩვენი შეკრება განპირობებულია საქართველოს სამეფოს საკითხით და გთხოვთ, ყურადღებით მოვუსმინოთ გრაფ პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვს. იგი რამდენიმე თვე სწავლობდა ამ საკითხს.
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) იმედია, სიფრთხილეს გამოვიჩენთ და საფრანგეთსა და ინგლისს, რომლებიც ირანისა და თურქეთის უკან დგანან და ასევე დაინტერესებულნი არიან საქართველოს საკითხით, არ გავაღიზიანებთ.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) რა ბრძანეთ?
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) საფრანგეთი და ინგლისი არ გავაღიზიანოთ მეთქი…
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) ვერ გავიგე…
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) საფრანგეთი და ინგლისი არ გავაღიზიანოთო, თქვენო იმპერატორობითო უდიდებულესობავ!..
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) მაგაზე ნუ იდარდებთ, ძვირფასო ვიკტორ პავლოვიჩ!.. მამაჩემის ნათლული და ჩემი ბავშვობის მეგობარი, გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი დიდად წინდახედული კაცია! არა, ადამ ადამოვიჩ?
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) ჩემთვის დიდი პატივია, თქვენო იმპერატორობითო უდიდებულესობავ, პაველ ალეკსანდროვიჩთან ერთად ყოფნა “ფარულ კომიტეტში”!..
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) უდავოდ, თქვენო იმპერატორობითო უდიდებულესობავ! ჩემთვისაც, – უდავოდ!
პირველი – (ალეკსანდრ პირველი) (კოჩეუბეის) რა ბრძანეთ?
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) ჩემთვისაც დიდი პატივიაო!
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) მაშ, მოვუსმინოთ პაველ ალეკსანდროვიჩს!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) როგორც ცნობილია, 1783 წელს დაიდო გეორგიევსკის მფარველობითი ტრაქტატი საქართველოს სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის.
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) ეს საქართველოს სამეფო ერთი ციდა ქვეყანაა, ჩემი ნახევარი საგრაფოს ტოლი, დაახლოებით და… ღირდა ამ ტრაქტატის დადება, საერთოდ?
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) როცა მეფე ირაკლი მეორე გარდაიცვალა და საქართველოს სამეფოს ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი, გიორგი მეთორმეტე, მან მამათქვენს, იმპერატორ პავლეს თავის სამეფო ტახტზე ასვლა აცნობა. ცხონებულმა მამათქვენმა მილოცვასთან ერთად მოსწერა, რომ 1783 წლის ტრაქტატის ძალით იგი მოვალე იყო, რუსეთის იმპერატორისთვის ტახტზე დამტკიცება ეთხოვა. 1799 წლის 16 აპრილს საქართველოში რუსეთის ელჩი დაინიშნა და ორი ბატალიონი ჯარიც გაიგზავნა საქართველოს დასაცავად. ერთმაცა და მეორემაც საქართველოს მხოლოდ ამავე წლის დასასრულს მოაღწიეს რუსეთის მთავრობამ თავის ელჩს დაავალა, რომ საქართველოს მეფისათვის საიდუმლოდ თვალყური ედევნებინა…
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) ეს საქართველოს სამეფო ერთი ციდა ქვეყანაა, ჩემი ნახევარი საგრაფოს ტოლი, დაახლოებით და ღირდა, ვითომ?
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) სწორია!.. განაგრძეთ!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) იმავდროულად, კამერჰერმა, გრაფმა მუსინ-პუშკინმა იმპერატორ პავლეს წინაშე იშუამდგომლა, რომ ნება და საშუალება მისცემოდა საქართველოში გასამგზავრებლად და იქაურ მთების მდიდარი მადნეულობის გამოსაკვლევად.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) ოო, მადნეული ურიგო სულაც არ არის, თანაც თუ ოქროსია! ჩვენი ხაზინის შესავსებად. არა, ვიკტორ პავლოვიჩ?
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) რასაკვირველია, ძალიან! ჩემ საგრაფოში მადნები არსად არის, სამწუხაროდ…
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) 1799 წლის 17 ოქტომბერს გრაფმა მუსინ-პუშკინმა ნებართვა მიიღო და გაემგზავრა კიდეც. ხოლო როდესაც საქართველოს ადგილობრივ სიმდიდრის შესწავლამ მას თვალწინ გადაუშალა მთელი საუნჯე, ბუნების მშვენიერება და “სამოთხის მსგავსი ჰავა”, მან 1800 წელს თავის ხელმწიფე-იმპერატორს მოხსენებაში საქართველოს ყველა ზემოაღნიშნული ღირსებანი აუწერა და ის მნიშვნელობაც წარმოუდგინა, რომელიც ამ ქვეყანას რუსეთისათვის ექმნებოდა, საქართველო რომ რუსეთს დაეპყრო. მაშინ რუსეთი ქვეყანას შეიძენდა და კავკასიის მთიელთა თავდასხმისაგან სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქმნებოდაო – იმიტომ, რომ ორთავე მხრივ ჩაჭერილნი ისინი ვეღარას გაბედავენ და ოსმალეთთან, ან სპარსეთთან ომის დროსაც რუსეთს დიდი სამხედრო უპირატესობა ექნება. მაგრამ, ამას გარდა, რუსეთს სპარსეთისა და ინდოეთის ვაჭრობის ფართო ასპარეზიც გაეხსნება.
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) მაშასადამე, ჩვეულებრივ ეკონომიურს ინტერესებს გარდა და ზღაპრულ ინდოეთზე ოცნებასთან ერთად, აქ უკვე გარკვეული პოლიტიკური გეგმაცაა გათვალისწინებული.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) გავალთ, აუცილებლად გავალთ ინდოეთამდე და ჩემი ჯარისკაცები ინდოეთის ოკეანეში დაიბანენ ლაშქრობით დაღლილ ფეხებს!
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) შორია, თქვენო უდიდებულესობავ, ინდოეთამდე! ინგლისი და საფრანგეთი კიდევ…
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) საქართველოს სამეფო ინდოეთს გვიახლოვებს, ვიკტორ პავლოვიჩ!..
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) სწორი ბრძანებაა! და როგორც ადრე გაუბედავთ რამე საფრანგეთსა და ინგლისს, ახლაც ისევე გაბედავენ!
პირველი – (ალეკსანდრ პირველი) რასაკვირველია!.. იმათ მხოლოდ ორნაირი შეშფოთება იციან და მეტი არაფერი!.. განაგრძეთ!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) გრაფ მუსინ-პუშკინის ეს აზრი პეტერბურგში მოწონებულ იქმნა. 1800 წლის 18 დეკემბერს იმპერატორმა პავლე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ და შემდეგ გიორგი მეფეს წინდაწინვე დამზადებული გაუგზავნეს ხელმოსაწერად, რომელშიაც ვითომ თვით გიორგი მეფე სთხოვდა რუსეთის ხელმწიფეს, რომ მას საქართველო ერთხელ და სამუდამოდ რუსეთთან შეეერთებინა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად ექცია. მაგრამ საქმე ისე დატრიალდა, რომ მთელი ეს შეთხზული გეგმა ჩაიფუშა…
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) ძალიან საწყენია! და რატომ?
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) გიორგი მეფე გარდაიცვალა იმავე წლის 22 დეკემბერს და ისე აღესრულა, რომ ხელმოსაწერი ქაღალდი თვალითაც არ უნახავს, რადგან მისი მომტანნი ამ დროს ჯერ საქართველოში ჩასულები არც კი იყვნენ. ასეთი შესაძლებლობა რუსეთის მთავრობას წინდაწინვე გათვალისწინებული ჰქონდა და ამისთანა შემთხვევისათვისაც მას უკვე 15 ნოემბერს თავის წარმომადგენლისათვის საქართველოში ნაბრძანები ჰქონდა, რომ რა წამს გიორგი მეფე გარდაიცვლებოდა, საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის ნება არავისთვის მიეცათ. ეს გარემოება გენერალმა კარლ ფიოდოროვიჩ კნორინგმა გიორგი მეფის გარდაცვალებისთანავე აცნობა საქართველოს მცხოვრებთ და თანაც იმ ოთხ ბატალიონ ჯარის გარდა, რომელიც ჩვენ იქ გვყავდა, საჩქაროდ კიდევ ერთი ბატალიონი დაიბარა.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) როგრც მახსოვს, ის ერთი ბატალიონიც გაიგზავნა კიდევაც!.. და რა თქმა უნდა, ტახტზე ასვლის საშუალება უნდა მოვუსპოთ ყველა ბატონიშვილს და ამითომ ისინი რუსეთში უნდა გადმოვასახლოთ!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) მართალი ბრძანებაა, თქვენო უდიდებულესობავ! ხოლო 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატის მეთორმეტე პარაგრაფში ნათქვამია, რომ ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან შევსება მხოლოდ ორთავე მხრის თანხმობით შეიძლება. რადგან 1783 წლის შემდგომ სხვა ხელშეკრულება საქართველოს და რუსეთს შორის არ დადებულა და არც რაიმე ცვლილება ყოფილა შეტანილი ორთავე მხარის თანხმობით, ამიტომ ჩვენ მთავრობას უნდოდა, რომ რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა. რაკი გიორგი მეფის სიკვდილის გამო ეს ჩვენი გეგმა ფიზიკურადაც განუხორციელებელი შეიქნა, ამიტომ რუსეთის მთავრობამ, რაწამს გიორგი მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მაშინვე – ესე იგი, 1801 წლის 18 იანვარს ჩემი ნათლიის, მამათქვენ პავლე პირველის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიაც ნათქვამია, რომ თვით მეფე გიორგისა, მოწინავე წრეებისა და ქართველი ერის სურვილითა და თხოვნით რუსეთმა საქართველო სამუდამოდ შემოიერთა.
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) თუ სიმართლე გნებავთ, არც მეფე გიორგის, არც, მით უმეტეს, ქართველ ხალხს ეს არც სდომებია და არც უთხოვია…
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) მერედა, ვიკტორ პავლოვიჩ, იმათ ვინ რას ეკითხება? აქ ჩვენი იმპერიის ინტერესებია წინა პლანზე!
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) მამაჩემს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქართველო ერთბაშად რუსეთის გუბერნიად ექცია და ჩვენი სენატისა და სინოდისათვის დაემორჩილებინა… და ამასთან ერთად, მალევე გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) თანაც გრაფ მუსინ-პუშკინის რაპორტები უბრალო სულაც არ გახლავთ, თქვენო უდიდებულესობავ!..
პირველი – (ალეკსანდრ პირველი) მე გადაწყვიტე, გამომერკვია, რამდენად მართალია, რომ მთელ საქართველოს თავის ნებით მოესურვოს რუსეთთან განუყოფლად შეერთება და რომ მას თავის თავის დაცვა გარეშე და შინაური მტრებისგან არ ძალუძს. ამ საკითხების გამორკვევა გენერალ კრონინგს მივანდე…
მეორე – (გრაფი ვიკტორ პავლოვიჩ კოჩუბეი) იმ გენერალ კნორინგს, რომელმაც საქართველოში ჩასვლისთანავე გააუქმა ყველაფერი, რაც ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი დავითის ბრძანებით იყო შემოღებული და ტფილისში საქართველოს უზენაესი მთავრობა დააარსა!.. უკვე მისი ეს ნაბიჯი ცხად-ჰყოფს, თუ როგორი მიუდგომლობით გამოარკვევდა და სინამდვილით აუწერდა იგი საქართველოს ხალხის გულის ნადებს და მისწრაფებას.
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) არ მესმის, ვიკტორ პავლოვიჩ!.. არაფერი მესმის!.. საფრანგეთის და ინგლისის გამო შიშობთ ამდენს თუ ქართველებისკენ ხართ? როდის იყო, რომ ევროპას ხმა ამოუღია? მხოლოდ ორნაირად – ან უბრალოდ შეშფოთდება, ან ღრმად! – და მორჩა! სულ ეგაა ის თქვენი ევროპა! ხოლო თუ საქართველო ჩვენი იქნება, მაშინ ჩვენი იქნება მთელი კავკასია! და მთელი კავკასია თქვენს საგრაფო მამულზე ბევრად დიდია!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) თანაც ოქროს საბადოებით ყოფილა სავსე!
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) ვიკტორ პავლოვიჩი ამბობს, თქვენო უდიდებულესობავ, რომ საქართველოს გარეშე მტრების წინააღმდეგ დახმარება ესაჭიროებოდა და კვლავაც ესაჭიროება! და ეს გარემოება თვით საქართველოსაც არ დაუმალავს, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატიც ხომ სწორედ ამ მიზნით იყო რუსეთთან დადებულიო. და იმასაც აღნიშნავს, რომ აუცილებელია მტრობა და ქიშპობა დავნერგოთ კავკასიელ ერებს შორისო – საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით – დაყავი და იბატონე!
პირველი – (ალეკსანდრ პირველი) გავიგე, გავიგე… და დიდებული ნათქვამია, დიდებული და თანაც – ზუსტი! და ამიტომ, მშვენიერიც!.. დიახ!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) თქვენო უდიდებულესობავ, აქ წარმოდგენილია გენერალ კნორინგის რაპორტი, სადაც ის მიიჩნევს, რომ რუსეთისისთვის საქართველოს შეერთება სასურველი და სასარგებლოა. თუმცა არ შეუძლია, დაგვიმალოს, რომ საქართველოს უმაღლეს წრეების ყველა წარმომადგენელი ამ შეერთების მომხრე არ არის… გენერალ კნორინგის რაპორტის მიხედვით, თავად-აზნაურობის ნახევარს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება უნდა.
მესამე – (პოლონელი გრაფი ადამ ადამოვიჩ ჩარტორიისკი) ქართველი თავად-აზნაურობის მაგ ნახევარს ისევე მოვუვლით, როგორც ჩემს მშობლიურ პოლონეთში მოვუარეთ!
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) და მით უკეთესი პოლონეთისთვის!
მეოთხე – (გრაფი პაველ ალეკსანდროვიჩ სტროგანოვი) გრაფმა მუსინ-პუშკინმა, რომელმაც მამათქვენს ჩააგონა საქართველოს რუსეთთან შეერთების უაღრესი სარგებლობა, ახლაც ამ გვარივე შინაარსის მოხსენება მოგართვათ. აქედან გამომდინარე, მე მზად მაქვს უკვე თქვენი მანიფესტი!
პირველი – (ალეკსანდრე პირველი) ბატონებო, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვინ არის მომხრე, რომ ხვალ, 12 სექტემბერს სანკტ პეტერბურგში გამოვაცხადოთ ჩემი მანიფესტი?

მეორე სცენა – 12 აპრილი, 1801 წელი

(ისმის სიონის ზარების რეკვა).

პირველი – (კითხულობს) უმაღლესი მანიფესტი თორმეტისა სენტენბრისა, 1801-ისა წლისა.
წყალობითა ღვთისათა, ჩვენ, ალექსანდრე პირველი, იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა და სხვათა და სხვათა…
ვუცხადებთ საქართველოსა სამეფოს ყოველ მცხოვრებს.
რუსეთის იმპერიის მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება საქართველოს სამეფოს მიმართ რუსეთის მონარქებს ყოველთვის ვალად სდებდა თქვენს დაცვას.
მეფე ერეკლეს მმართებლობამაც, რომელმაც ნაწილობრივ შეაერთა ყველა, ვერ შეძლო ვერც ქვეყნის საგარეო და ვერც ქვეყნის შიდა უშიშროების დამყარება. პირიქით, მან თქვენ ბოროტების უფსკრულისაკენ წაგიყვანათ, რომლის კიდეზეც ახლა სდგახართ და შიგაც ჩაცვივდებით, თუ კეთილი და სამართლიანი ხელისუფლების ძლიერი ხელი არ გადაგარჩენთ.
ამ გარემოებებმა და ქართველი ერის ხმამ გვაიძულეს ჩვენ, რომ არ დაგტოვოთ განსაცდელში და არ გავწიროთ ერთმორწმუნეთა ენა, რომლითაც თქვენ აირჩიეთ მფარველობა რუსეთისა.
ახლანდელი თქვენი იმედი ამჯერად გაგიმართლებთ და არა რუსეთის ძალის შესამატებლად, არა სიმდიდრისათვის, არა ისედაც უვრცესი რუსეთის საზღვრების კიდევ უფრო განვრცობისათვის ვირჯებით, არამედ მხოლოდ ჩვენი ღირსება და კაცთმოყვარეობა გაიძულებს ვიტვირთოთ საქართველოს მფარველობა.
განსაცდელში გაჭირვებულ ქართველებისთვის კი დავაწესებთ მმართველობას, რომელსაც შეეძლება თქვენთან დაამყაროს მართლმსაჯულება, პირადი და ნივთიერი უშიშროება და კანონიერება.
ამიტომ ჩვენ დავავალეთ გენერალ-ლეიტენანტ კნორრინგს, რომ ის იყოს თქვენი მთავარ მმართებელი ჩვენი სახელით და აამოქმედოს ეს ჩვენი დადგენილება, რომლის შესრულებისას დაიხმაროს რჩეულები თქვენგან. ვიმედოვნებთ, რომ მისი მმართველობისას მოიპოვებთ უსაფრთხოებას და მოსვენებას, ხოლო შემდეგ კი კეთილდღეობას და სიმდიდრესაც. თვითოეული თქვენგანი კვლავაც იქნება თავისი მდგომარეობის მიხედვით, თავისუფალი თავის რწმენაში და იქნება ასევე ხელშეუხებელი. ბატონიშვილებს დარჩებათ თავიანთი სამკვიდროები, ოღონდ უნდა შეინარჩუნონ ჩვენი ფიცისადმი ერთგულება.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ თქვენ, ჩვენს მიერ დადგენილი ხელისუფლების დასამტკიცებლად, დადოთ ერთგულების ფიცი მიღებული ფორმით. სამღვდელოებამ, როგორც ერის სულიერი მწყემსმა, პირველმა უნდა მისცეს ხალხს მაგალითი.
დაე, თქვენც გაიგეთ კეთილი მმართველობის მადლი; დაე, გამეფდეს თქვენ შორის მშვიდობა, მართლმსაჯულება, როგორც პირადი, ისე ნივთიერი უსაფრთხოება; დაე, გზა ჩაეკეტოს ყოველგვარ თვითმმართველობას და ამაო ძალაუფლების მოყვარეობას; დაე, თვითოეულმა თქვენგანმა ასარგებლოს საზოგადოება თავისი ნიჭისამებრ, მიწათმოქმედებაში, ხელოსნობაში, ვაჭრობაში, ხელსაქმეში, კანონებში, რომლებსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.
თქვენი მადლიერება ჩვენი ერთადერთი ღისეული და სასიამოვნო ჯილდო იქნება.
დაიწერა სატახტო ქალაქ მოსკოვში, სენტენბრის 12-სა, წელსა მას 1801-სა.

(ამათი კითხვის ფონზე ლაპარაკს იწყებენ მესამე, მეოთხე და ქალი).

ქალი – დავიფიცოთ?
მეოთხე – უნდა დავიფიცოთ რუსთა იმპერატორის ერთგულებაზედ!
მესამე – არ უნდა დავიფიცოთ!
მეოთხე – როგორ არ უნდა დავიფიცოთ, როცა რუსთა მფარველობა აუცილებელია საქართველოსთვის? და თანაც ერთმორწმუნეები ვართ!
ქალი – საქართველოს რუსეთის მხოლოდ კავშირი და მფარველობა ჰსურს და სხვა არაფერი. და ხომ გესმოდათ, როგორ აგდებით იხსენიებენ მეფე ერეკლეს!
მეოთხე – საქართველოს მოწინავე წრეებისათვის ცხადია, რომ ძლიერი მოკავშირეს მფარველობითა და დახმარებით, ჩვენი ქვეყანა მოღონიერდება, გარეშე მტერს მოიგერიებს და მყუდრო ცხოვრების შემდგომ მტკიცე და ჩქარი ნაბიჯით წარმატების გზას დაადგება.
მესამე – წარმატების კი არა, მონობის გზას დაადგება! მონობისას!
ქალი – ჩვენ აქ ფარისევლურად გვეუბნებიან, ვითომც ეს აქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობის ძლიერი სურვილით ყოფილიყოს ნაკარნახევი. და სინამდვილეში ჯარისკაცის ულუფას მონის სალაფავით გვიცვლიან!
მეოთხე – რატომ, მშვენიერი სიტყვებია!
მესამე – რუსეთის მთავრობის საქციელი შემაძრწუნებელია და უპირობო! ეს ფიცისა და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა არის და სხვა არაფერი!.. იცოდნენ, რომ ავღშფოთდებოდით და შვიდი თვე იმიტომ გვიმალავდნენ!
ქალი – ახლა უკვე მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა და ამ მანიფესტის გამოქვეყნება და ხალხის დაფიცება აუცილებელი შეიქმნა!
მეოთხე – გენერალ-ლეიტენანტ კარლ ფეოდოროვიჩ კნორინგს იმედი არა ჰქონდა, რომ ქართველები ნებაყოფლობით საკუთარ დამოუკიდებლობის მოსპობაზე თანხმობას განავაცხადებდით და რუსეთის ქვეშევრდომობის ფიცს მივიღებდით…
ქალი – ამიტომ გადაწყვიტა ეს საქმე მოტყუებით და მუქარით მოეხერხებინა. დაგვპატიჟა ქართველი წარჩინებულნი სიონის ტაძარში…
მესამე – ჰო, დაჰპატიჟა გავლენიანი წრეები, თავადაზნაურობა და ქალაქ ტფილისის მოქალაქენი!
მეოთხე – თანაც, ბრძნულად განსაჯა – შიში შეიქმს სიყვარულსაო და…
მესამე – ყველანი რომ შევიყარეთ, ღენერალ-ლეიტენანტმა კარლ ფიოდორვიჩ კნორინღმა ჰბრძანა, რომ სიონის ტაძრისათვის საიერიშოდ გამზადებული რუსის ჯარი შემოერტყათ.
მეოთხე – Аки штурмомъ!
ქალი – ჰო, როგორც კი ბრძანებას მიიღებენ, შტურმითაც წამოვლენ!
მესამე – უნდა წავიდე! უნდა წავიდე აქედან!..
მეოთხე – ნუ წახვალ, ლომების ხახასავით განხმულა უამრავ ზარბაზანთა პირები!
ქალი – მეც უნდა წავიდე! რადგან დარწმუნებული ვარ, მთელი ქართველობა გაოცებული და აღშფოთებულია ასეთი უმსგავსო საქციელით!..
მესამე – ნუ წახვალ. ბრძანებაა გაცემული, რომ ყველა უკმაყოფილო დაიჭირონ და ციხეში ჩააგდონ!
ქალი – მე მაინც წავალ აქედან!
მესამე – ნუ წახვალ, ლომების ხახასავით განხმულა უამრავ ზარბაზანთა პირები მეთქი!
მეოთხე – ღენერალ-ლეიტენანტი კარლ ფეოდოროვიჩ კნორინღი წინადადებას გვაძლევს, რუსეთის ქვეშევრდომობისა და ერთგულების ფიცი მივიღოთ… მე ვფიცავ! ვფიცავ და ვფიცავ!.. (მესამეს) შენ?
მესამე – მე უკვე წასული ვარ სიონის ტაძრიდან!
მეოთხე – მე ვფიცავ! ვფიცავ და ვფიცავ!.. (ქალს) შენ?
ქალი – მეც!..
მეოთხე – ბრძენი ქალი ხარ, რუსეთის ერთგულებაზე რომ დაიფიცე…
ქალი – მეც დაუფიცებლად წამოვედი სიონის ტაძრიდან მეთქი!.. და მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ გარს შემორტყმულ რუსის ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა… რადგან მეფობა მოსპეს და საქართველო საშინლად დაამცირეს!

(ისმის სიონის ზარების რეკვა).

მესამე სცენა

ქალი – იოანე ბაგრატიონის ერთ ცნობილ ლექსში ნათქვამია:

„სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა,
არც კი მოგვცეს კაცი ერთი,
ქართლ-კახეთსა არ დასჯერდნენ,
ზედ დაიდვეს იმერეთი.

მწირობაში დავგლახავდით,
შემწე არ გვყავს არცა ერთი,
შევთხოვთ ზენას სამართალსა,
ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი“.

პირველი – საქართველოს არაგონივრული პოლიტიკის შედეგად რუსეთი რომ ერთიან წამლეკავ ძალად მოევლინა საქართველოსაც და კავკასიის სხვა ტომებსაც, აი, რა საყურადღებო დეტალს გვაუწყებს ამის შესახებ ცნობილი ქართველი სოციალისტ-ფედერალისტი, შესანიშნავი მემუარების ავტორი, გიორგი ლასხიშვილი ერთი მეტად ღირსეული ყაბარდოელის პირით:
მეორე – „ორიოდე სადგურის შემდეგ საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი. ერთ-ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღალი, მშვენიერი ტანი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ. სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს. აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილოკავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არცთუ მაინცდამაინც უსწავლელი იყო. მე გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე.…
მესამე – როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა:
მეოთხე – როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა!..
პირველი – მე ვიფიქრე, შამილს გულისხმობს მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე.
მეორე – არა, ყმაწვილო, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე – საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლა!..

მეოთხე სცენა – პირველი ამონარიდი მერაბ კერვალიშვილის წიგნიდან: “სიკვდილის ქრონიკები, ანუ წვიმის რექვიემი აფხაზეთის მთებში”

ქალი – (პირველი პატაკი) აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩრდილო-აღმოსავლეთი ფრონტის დაზვერვის უიფროსს, მაიორ ა. ა. ბეზროდნის
ამავე სამსასხურის ოპერმუშაკის, ლეიტენანტ ს. ტაიბერდიევის, მეტსახელად “ტატარინის” პატაკი…
პირველი – მოგახსენებთ, რომ დავალების თანახმად, მე მოვახერხე ჩავრიცხულიყავი ჯამილ ბადაევის ჩეჩნურ ბატალიონში მოხალისედ. მათ შტაბში მე მოვყევი წინასწარ დამუშავებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მამა მყავდა ეროვნებით თათარი, რომელმაც მე და ჩემი რუსი დედა მიგვატოვა. განვმარტე, რომ მსურდა მუსულმან ძმებთან ერთად მხარში დავდგომოდი აფხაზებს სამართლიან ომში – ქრისტიანი ქართველების წინააღმდეგ.
მეორე – ჩემი პათეტიკურად აღტკინებული განცხადება ჯამილ ბადაევმა, ცოტა არ იყოს, სარკასტული ღიმილით მოისმინა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
პირველი – შტაბის უფროსმა ახმედოვმა ამხედ-დამხედა და მოკლედ მითხრა: “კარგი, რაკი ასეა, ჩაგრიცხავთ მუსა გოჩიაევის ჯგუფში. მართალია, მუსულმანი ყოფილხარ და ერთმორწმუნე, მაგრამ თუ არაკაცურად და არამეომრულად მოიქცევი, ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლსო!”
მეორე – სამ ივლისს, გამთენიისას განგაშით წამოგვყარეს და ახალშენის მიმართულებით წაგვიყვანეს ორი ბეტეეერით.
როგორც თქვეს, ქართველ პარტიზანებს თუ დივერსანტებს ჩვენი ბენზინის ცისტერნები აეფეთქებინათ. დადგინდა, რომ მათ ჩვენთვის მცირე მანძილით გაესწროთ და თავი ტყისთვის შეეფარებინათ. ადგილობრივმა მცხოვრებმა, – მგონი, სომეხი იყო, – მათი ნაკვალევი გვაჩვენა.
მუსა გოჩიაევმა გადაწყვიტა, ქართველებს ფეხით დადევნებოდა ტყეში.
პირველი – შევეწინააღმდეგე, – ვაითუ, ჩასაფრება მოგვიწყონ და გაგვანადგურონ მეთქი, იმან კი ერთი აგდებულად შემომხედა და ხელი აიქნია, ჩეჩნებს ჩემი აზრი არ აინტერესებდათ. თავში ჰქონდათ ავარდნილი ზღაპრები “გმირი წინაპრების” შესახებ და რეალობას კრიტიკულად ვეღარ აფასებდნენ.
მესამე – იდიოტები! მერე რა მოხდა?
პირველი – გოჩიაევის ბრძანებით, ტყეში შევედით და გავყევით ქართველების ნაფეხურებს. კვალი აღმართში, ნაკადულის გასწვრივ ამავალ გზას მიჰყვებოდა. ნაფეხურები არეული იყო, თიხნარ ნიადაგს კარგად ემჩნეოდა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მოწინააღმდეგე შეშინებული იყო და ყოველგვარი სიფრთხილის დაცვის გარეშე, უწესრიგოდ გარბოდა.
ამან ჩეჩნები უფრო გაახელა, მონადირის აზარტი გაუღვიძა და ნადირზე დადევნებული მწევრებივით მიიწევდნენ წინ. თუმცა გოჩიაევისთვის სიფრთხილეს არ უმტყუნია. რაზმი სრული საბრძოლო წესის დაცვით მოძრაობდა, – წინ სათავო დაზვერვა მიდიოდა, მერე ძირითადი ჯგუფი მოყვებოდა, არიერგრადის მსვლელობას კი ზურგის დაზვერვა კეტავდა.
ამან მაინც ვერ გვიშველა…
მესამე – ჩაგისაფრდნენ?
პირველი – ქართველებმა, ეტყობა, თავიდანვე შეგვამჩნიეს და ჩვენი სიფხიზლის მოდუნების მიზნით, შექმნეს ისეთი ვითარების იმიტაცია, თითქოს შეშინებულები გარბოდნენ. იარეს, იარეს და ერთ კლდოვან ხეობაში გზის მეორე მხარეს გადავიდნენ, უკან შემობრუნდნენ და საკუთარ ნაკვალევზე ჩაგვისაფრდნენ.
ჩვენ არაფერი გვიეჭვია, მივყვებოდით კვალს, რომელიც წინ მიემართებოდა და ვერ ვხვდებოდით, რომ ქართველებმა ხაფანგში შეგვიტყუეს.
მეორე – ჩვენ რომ იმ კლდოვან ხეობაში შევედით, მოწინააღმდეგე უკვე მაღლა, ორმოცდაათ-სამოცდაათ მეტრში, გზის მოპირდაპირე ფერდობზე იყო ჩასაფრებული და მიზანში ვყავდით ამოღებული.
პირველი გასროლა რომ გაისმა, მივხვდი, წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ გზიდან პირდაპირ ნაკადულიან ხევში გადავეშვი.
ჩემს ბედად, ქვემოთ ეკლიანი ბუჩქები და ბარდები იყო. შიგ შევძვერი და აღარ გავნძრეულვარ – მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვიყავი დაჩხვლეტილი.
ჩვენი რაზმიდან მხოლოდ რამდენიმემ მოასწრო გასროლა, მაგრამ ქართველებმა, რომლებსაც ჩასაფრებისათვის ძალიან ხელსაყრელი პოზიცია შეერჩიათ, ისინი დამიზნებული ცეცხლით გაანადგურეს.
პირველი – ჩვენმა მეთაურმა, მუსამ მოასწრო და ორ დიდ ლოდს შორის ჩაწვა. ერთხანს ესროდა მტერს.
ქართველებმა დანებება შესთავაზეს, მაგრამ მან გინებით და სროლით უპასუხა. თუმცა ერთ კაცს რა უნდა ექნა და ისიც მალე ჩააჩუმეს…

მეორე – მალე მოწინააღმდეგეც გამოჩნდა.
სამი კაცი მუსასთან მივიდა, რომელიც, ეტყობა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შავულვაშა მეთაურმა რაღაც განკარგულება გასცა, რის შემდეგაც რამდენიმე მებრძოლმა დაჭრილი მუსა ხელში აიყვანა და გადმოხურული კლდის ქვეშ დააწვინა, სიმშრალეში.
მებრძოლთა მეორე ნაწილმა მაღლა, გზაზე დახოცილი ჩვენი მეომრები შეამოწმა. მათი იარაღი და საბუთები მოაგროვეს და დაბლა, დაჭრილი ჩეჩნის გვერდით მდგომ მეთაურთან მიიტანეს.
ქართველების ჰგუფის ძირითადი ნაწილი დაჭრილ ჩეჩენთან შეგროვდა, ჩემგან მარჯვნივ.
პირველი – თვითონ მუსას ვერ ვხედავდი, ბუჩქები მეფარებოდა.
სამაგიეროდ, კარგად ვხედავდი რამდენიმე ქართველს, მათ მეთაურსაც.
ქართველები დაჭრილი ჩეჩნის მიმართ არავითარ აგრესიას არ ამჟღავნებდნენ, პირიქით – მეთაურმა შპრიცი გაამზადა და მუსასკენ დაიხარა – ეტყობა, ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთა.
ამის შემდეგ ერთი ქართველი დაბლა ჩავიდა, ლოდებთან დაგდებული მუსას ზურგჩანთა ამოიტანა. იქიდან ამოღებული ლაბადა და რაღაც ჭრელი ნაჭერი დაჭრილს გადააფარეს, ხოლო ზურგჩანთა თავქვეშ ამოუდეს.
გასაკვირი იყო, რომ ქართველები მუსას სურვილებს ისე ასრულებდნენ, გეგონებოდა, მტრები კი არა, ჭირისუფლები არიანო.
მეორე – მერე წასასვლელად დაიწყეს მზადება, მაგრამ, ეტყობა, მუსამ შეაჩერა და კიდევ რაღაც სთხოვა.
სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ მეთაურის სახის გამომეტყველებით მივხვდი, ეს თხოვნა არ ესმიამოვნა. უარის ნიშნად თავს აქნევდა და მოკლე ფრაზებით პასუხობდა.
პირველი – ამ ლაპარაკში მეთაური ჩეჩნისკენ დაიხარა, რომ გასწორდა, ხელში პისტოლეტი ეჭირა. ეტყობა, მუსას ამოაცალა.
მუსა ისევ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა – დაჟინებით უმტკიცებდა თავისას.
მეთაური პისტოლეტით ხელში გაქვავდა…
მერე თითქოს გამოერკვაო, იარაღი ასწია და მუსას დაუმიზნა.
შემდეგ პისტოლეტი დაბლა დაუშვა.
ასე გაიმეორა რამდენჯერმე.
მეორე – აშკარად ჩანდა, არ უნდოდა იმის გაკეთება, რასაც ჩეჩენი ითხოვდა მისგან. ბოლოს, გამომშვიდობების ნიშნად, დაჭრილს თავი დაუქნია და ესროლა.
ქართველები ერთხანს კიდევ იდგნენ მუსას ცხედართან, სახეებზე წუხილი ეტყობოდათ. მერე მეთაურმა ჯგუფი ერთ რიგად მოაწყო, ავტომატები ზევით ასწიეს და სამჯერ მისცეს სალუტი სროლით.
მესამე – ეხ, ტატარინ, ტატარინ!.. ეს ქართველები ხომ რომანტიკოსებად დარჩნენ, თორემ ამ დროს სხვა ვინ დახარჯავდა ტყუილად ტყვიებს?
პირველი – მერე ნაკადულს აღმა შეუყვნენ.
ეკალ-ბარდებიდან სულ დაკაწრული გამოვძვერი და ის ადგილი დავათვალიერე, სადაც მუსას ცხედარი დატოვეს.
მეორე – მუსა გულაღმა იწვა.
შუბლზე შავი ნატყვიარი ემჩნეოდა.
თავქვეშ სისხლიანი ზურგჩანთა ჰქონდა ამოდებული.
ზემოდან ჯერ ლაბადა ეფარა, შემდეგ კი ჩეჩნეთის დროშა.
გულზე დაკრეფილ ხელებში პისტოლეტი ჩაედოთ.
მარჯვნივ მისი ავტომატი იდო.
პირველი – პისტოლეტის მახლობლად, მუსას მკერდზე რაღაც ქაღალდი იყო დამაგრებული: “ჩეჩნებო! მუსა ვაჟკაცი იყო და დაიღუპა, როგორც გმირი! შეგიძლიათ, იამაყოთ მისით!.. პატივისცემით, მაიორ ქართველიშვილის სადაზვერვო ჯგუფი”. ეს ეწერა რვეულის ფურცელზე.
მესამე – ეშმაკის დედასთან უნდა გავაგზავნოთ ყველა ასეთი იდიოტი, ტატარინ!
მეორე – ამის შემდეგ, ჩვენი პოზიციებისკენ წამოვედი და პირდაპირ თქვენთან, შტაბში მოვედი, რათა ეს ამბავი ოპერატიულად მომეხსენებინა.
ქალი – პატაკი დაწერილია ჩემი ხელით და სწორია, რაზედაც ვაწერ ხელს – ს. ტაიბერდიევი.
მესამე – მოიცა, ტატარინ! შენ იქ რამეს ხელი ხომ არ ახლე?
პირველი – ბრძოლის ველზე ხელი არაფრისთვის მიხლია.
მესამე – ნამდვილად?
მეორე – მუსა გოჩიაევის გვამთან დატოვებულ დროშას, ავტომატს და ბარათს არ მივკარებივარ.
მესამე – სულ არაფერი რომ არ აგეღო, შენ არ შეგეძლო, ტატარინ!
პირველი – ავიღე მხოლოდ “ტეტეს” სისტემის პისტოლეტი. აბა, მკვდარს რაღად უნდოდა?! აი, მე კი – ძალიან გამომადგება!
ქალი – (მეორე პატაკი) მაიორი ა. ბეზროდნის 1993 წლის ექვსი ივლისის პატაკი.
აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენშტაბის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ ა. კ. ეგოროვს
ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის, მაიორ ა. ა. ბეზროდნის პატაკი.
მესამე – მოგახსენებთ, რომ ოთხ ივლისს, საღამოს, დაახლოებით ექვსი საათისთვის ჩემთან, შტაბში მოვიდა ოპერმუშაკი, ლეიტენანტი ს. ტაიბერდიევი, მეტსახელად “ტატარინი”, რომელიც სპეცდავალებას ასრულებს ჯამილ ბადაევის ჩეჩნურ ბატალიონში. იგი ჩარიცხული იყო ამავე ბატალიონის შემადგენლობაში შემავალი მუსა გოჩიაევის რაზმში.
მეოთხე – კარგია, კარგი! მერე?
მესამე – ლეიტენენტ ტაიბერდიევს სახესა და ხელებზე აღენიშნებოდა ნაკაწრი სახის მრავლობითი ჭრილობები. მისი განმარტებიდან გაირკვა, რომ გოჩიაევის რაზმი დაედევნა ქართველი დივერსანტების იმ ჯგუფს, რომელმაც სოფელ ახალშენის მახლობლად მდებარე ჩვენი საწვავის საწყობი ააფეთქა ამა წლის სამი ივლისის ღამეს. მისი თქმით, გოჩიაევის მდევარ რაზმს ქართველებმა მოუწყვეს ჩასაფრება და მთელი შემადგენლობა, ოცდაორი კაცი (გარდა ლეიტენენტ ტაიბერდიევისა) გაანადგურეს (ლეიტენენტ ტაიბერდიევის პატაკი ამის თაობაზე თან ერთვის).
მეოთხე – მერე თქვენი აზრი, ამხანაგო მაიორო?
მესამე – აღნიშნული ოპერმუშაკის მონათხრობიდან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩასაფრებისა და ბრძოლის ფინალმა.
მეოთხე – კერძოდ?
მესამე – იმ გარემოებამ, რომ ქართველერბმა გარკვეული პატივი მიაგერს მუსა გოჩიაევის ვაჟკაცობას. ეს ფაქტი საყურადღებო იყო არა იმით, რომ ქართველებმა პრიმიტიული, კავკასიელებისათვის დამახასიათებელი რომანტიკულ-ბავშვური დამოკიდებულება გამოიჩინეს დაჭრილი ჩეჩენის მიმართ.
მეოთხე – დარწმუნებული ვარ, ეს მელოდრამატული პასაჟი შენთვის, ისევე როგორც ჩემთვის – არაფრით არის საინტერესო!..
მესამე – რასაკვირველია, ამხანაგო პოლკოვნიკო! მე შემაფიქრიანა ქართველების დატოვებულმა წერილმა, რომელშიც ხოტბას ასხამდნენ მათ მიერვე მოკლულ ჩეჩნის გმირობას და ვაჟკაცობას, თანაც მისი იარაღი ხელუხლებლად დატოვეს!
მეოთხე – ჰო, ამხანაგო მაიორო, ეს კავკასიელებში მტრისადმი უდიდეს პატივისცემად ითვლება!..
მესამე – ჰოდა, ამხანაგო პოლკოვნიკო, ეს ამბავი კი – ქართველებზე უფრო მეტად ველურ ჩეჩნებზე უსათუოდ მოახდენდა გავლენას.
მეოთხე – მართალია, ამხანაგო მაიორო! ისინი ამას ქართველებს ამაღლებულ და ვაჟკაცურ საქციელად ჩაუთვლიდნენ!..
მესამე – გამორიცხული არ იყო, პოლკოვნიკო, რომ ამის გამო რაღაც კონტაქტებზეც გასულიყვნენ და მტრობის ნაცვლად, მათთან დაახლოების სურვილი გასჩენოდათ. ხოლო ასეთ რამ, თქვენგან მაქვს ნასწავლი, არც ერთი პარამეტრით არ ჯდება კავკასიაში მოქმედ ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ დოქტრინაში.
მეოთხე – არც ერთით, რასაკვირველია!..
მესამე – ამიტომ ქართველების მიერ დატოვებული ბარათი უნდა გამქრალიყო და მუსა გოჩიაევის რაზმის განადგურების სურათი რაც შეიძლება ამაზრზენი ანგარიშგასწორების სცენად წარმოდგენილიყო. რაკი ამის გაკეთება, თავისი გამოუცდელობის გამო, ვერ შეძლო ახალგაზრდა ოპერმუშაკმა ს. ტაიბერდიევმა, შეცდომა ჩემს მიერ სასწრაფოდ იყო გამოსასწორებელი.
მეოთხე – კაპიტნის წოდებამდე შენს ჩამოქვეითებას ისევ პოდპოლკოვნიკად დაწინაურება სჯობია, ამხანაგო მაიორო!..
მესამე – სწორედ ამ მიზნით ლეიტენანტ ტაიბერდიევთან და კიდევ ოთხ ოპერმუშაკთან ერთად ხუთ ივლისს, გამთენიისას გავეშურე შეტაკების ადგილისაკენ. დაახლოებით დილის ათი საათი იქნებოდა, როცა ბრძოლის ადგილს მივაღწიეთ. გოჩიაევის რაზმის უმეტესობა გზაზევე ეყარა დახოცილი, მათთვის ხელი არავის ეხლო. თვითონ გოჩიაევი გადმოხურული კლდის ქვეშ იწვა, წვიმისგან დაცულ ადგილას. ყველაფერი ისე იყო, როგორც ლეიტენანტმა ტაიბერდიევმა აღგვიწერა. ცხედარს ჩეჩნეთის დროშა ეფარა, ავტომატიც მის გვერდით იდო.
დროშაზე ეკლით მიმაგრებული თეთრი ქაღალდის ფურცელსაც ნიავი აფრიალებდა. ნაწერი გადავიკითხე, გამეცინა და ის ქაღალდი ჯიბეში ჩავიდე.
მეოთხე – კარგია, რომ გაგეცინა კიდეც!.. შენი მეორე ვარსკვლავის სუნი მცემს! კარგი “პშენიჩნის” სურნელი!..
მესამე – იქნება, ამხანაგო პოლკოვნიკო, აუცილებლად იქნება!.. და შეიძლება “ჩაჩაც” კი!
მეოთხე – ოო, ქართული “ჩაჩა” ძალიან კარგია!..
მესამე – კიტრის მწნილთან!..
მესამე – უჰ! უჰ!.. ნუღარ იტყვი, ნუღარ!.. და მერე?
მესამე – მერე ჩემ ხალხს ვუბრძანე, მკვდრებისთვის თავი ერთად მოეყარათ, გზაზე ჩაემწკრივებინათ და ტყვიით შუბლები დაეხვრიტათ.
მეოთხე – გასაგებია, ამ ყველაფერს უნდა შეექმნა იმის იმიტაცია, რომ ართველებმა დაჭრილები საკონტროლო გასროლებით დახვრიტეს.
მესამე – მერე ყველა ცხედრის ჯიბეები გადმოვატრიალებინე, რამდენიმესთვის ახალი “ბათინკები” გავახდევინე და ეს ყველაფერი, ჩეჩნურ დროშასთან ერთად, ღრმა ხევში გადავაყრევინე.
მეოთხე – ამ ქმედებით შეიქმნა მკვდრების გაძარცვის სურათი. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ არ გადაამოწმე ყველაფერი?
მესამე – რა თქმა უნდა, ამხანაგო პოლოკოვნიკო, ბოლოს ყველაფერი კარგად დავათვალიერე. ეჭვს არაფერი იწვევდა.
მეოთხე – ვითომ ყველაფერი ისე იყო, ამხანაგო მაიორო, რომ ჩეჩნებს ადვილად დაეჯერებინათ გოჩიაევის რაზმის განადგურების, გაძარცვის და დაჭრილების დახვრეტის ლეგენდა?..
მესამე – დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო! მერე კი, სოფელ ეშერაში დაბნრუნებისთანავე ჩეჩნური ბატალიონის შტაბში მივედი და ჯამილ ბადაევი მოვძებნე. ვუთხარი, რომ დაზვერვიდან დაბრუნებულებმა მათი მებრძოლი, ტაიბერდიევი ტყეში ვიპოვნეთ შემთხვევით. ტაიბერდიევის მონათხრობი მოისმინა თუ არა, ერთიანად გაფითრებულმა ბადაევმა ტაიბერდიევს უბრძანა, შეტაკების ადგილზე მიმიყვანეო. ოცამდე კაცი იახლა და ტყისკენ გაეშურა.
მეოთხე – “ჩაჩის” სურნელი მცემს, “ჩაჩის”!.. და შენ როგორ მოიქეცი მერე?
მესამე – მეც უკან გავყევი, რომ მენახა, რა რეაქცია ექნებოდათ ჩეჩნებს დახოცილი თანამემამულეების დანახვაზე. ღამდებოდა, შემთხვევის ადგილზე რომ მივედით.
ჩეჩენმა მებრძოლებმა დახოცილები რომ ნახეს, მგლებივით ყმუილი მორთეს.
მეოთხე – ველურები!
მესამე – ბადაევი გამშრალი სახით უყურებდა თავისი მეომრების ცხედრებს. მერე რაღაც სიტყვა გრძელი ფიცივით წარმოთქვა ჩეჩნურად და რუსულად მოკლედ გაიმეორა: “ამას არ შევარჩენთ ქართველებს!”
მეოთხე – კარგია, კარგი!
მესამე – ჩემი მიზანი მიღწეული იყო. ამიტომ იქ აღარ დავრჩენილვარ, ჩემებთან ერთად შტაბში დავბრუნდი. ადგილზე დარჩა ლეიტენანტი ტაიბერდიევი, რომელიც ათას ზღაპარს ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ ჩასაფრებულ ქართველებს როგორ დააღწია თავი სროლით; თუ როგორ ჩქარობდა, რათა ბადაევისათვის რაზმის განადგურების ამბავი შეეტყობინებინა.
მეოთხე – მშვენიერი ნამუშევარია, ამხანაგო მაიორო! თქვენ სწორუპოვარი გზით მიდიხართ “ჩაჩისკენ”… ეეე, “ჩაჩისკენ” კი არა, პოდპოლკოვნიკის მეორე ვარსკვლავისაკენ!
მესამე – მაგრამ…
მეოთხე – რა მაგრამ?
მესამე – მეორე დღეს ტაიბერდიევმა შტაბში მოიტანა ამბავი, რომ ჩეჩნებმა ჩვენს მიერ შეგდებული დეზინფორმაცია დაიჯერეს და ქართველებზე შურისძიებისათვის ემზადებიანო…
მეოთხე – ჩინებულია მერე, რას ერჩი?
მესამე – მხოლოდ ერთ მათგანს, სულთან ჯიბრაილოვს გამოუთქვამს თავისი ეჭვი…
მეოთხე – რა ეჭვი?
მესამე – პირდაპირ განუცხადებია ბადაევისათვის, რომ გვამებისათვის შუბლში მოხვედრილი ტყვიები ინსცენირებას ჰგავს, რადგან ჭრილობიდან სისხლი არ არის წამოსული და სიკვდილის დადგომიდან კარგა ხნის მერე არის ნასროლიო…
მეოთხე – ახჰ!.. კაპიტნის ვარსკვლავისკენ დაეშვი, ამხანაგო მაიორო!.. თანაც “უჩაჩოდ”!..
მესამე – არადა, კიტრის მწნილი უკვე გამზადებული მქონდა…
მეოთხე – კარგი!.. აბა, ახლა როგორ მოვიქცეთ?
მესამე – ჩემი აზრით, საჭიროა, სასწრაფოდ დაიგეგმოს და განხორციელდეს აღნიშნული პიროვნების, ბადაევის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის, სულთან ჯიბრაილოვის ლიკვიდაცია, ვინაიდან არ არის გამორიცხული, სერიოზულად დაიწყოს ზემოთ აღნიშნული ფაქტის კვლევა. და, რაც ყველაზე მიუღებელია, ამ კვლევისას იგი, შეიძლება, რაიმე კონტაქტზე გავიდეს ქართველებთან.
გთხოვთ თქვენს სანქციას, რათა ჯიბრაილოვის ლიკვიდაციის ოპერაცია ისე დაიგეგმოს და შესრულდეს, რომ ამ უკანასკნელის სიკვდილიც ქართველებს დაბრალდეს.
მეოთხე – სულთან ჯიბრაილოვის ლიკვიდაცია პრობლემა არ არის, ამხანაგო კაპიტანო!..
მესამე – კაპიტანო? “ჩაჩა” და კიტრის მწნილი?
მეოთხე – ვერანაირი “ჩაჩა” და კიტრის მწნილი ვეღარ უშველის ამას!..
მესამე – სათევზაოდაც წაგიყვანთ და კაი “უხასაც” გაჭმევთ, ამხანაგო პოლკოვნიკო!..
მეოთხე – (უყვირის) რა დროს “უხაა”, შე იდიოტო!.. შენ ჯამალ ბადაევის ბატალიონში ყველა შენნაირი იდიოტი ხომ არ გგონია, რომ თავადაც ვერ მიმხვდარიყნენ სიმართლეს? იმ სიმართლეს, რაზეც სულტან ჯიბრაილოვმა ხმამაღლა თქვა?..
მესამე – არა, არა მგონია, ამხანაგო პოლკოვნიკო!.. ახლა რა ვქნათ?
მეოთხე – ისეთი ოპერაცია უნდა დავგეგმოთ, ამხანაგო კაპიტანო, რომ ისევ ქართველებს დაბრალდეს ყველაფერი!.. (ლმობიერად) ამიტომ ის კიტრის მწნილი და “ჩაჩა” გაამზადე, მოვალ და ერთად მოვიფიქროთ!

მეხუთე სცენა – მეორე ამონარიდი მერაბ კერვალიშვილის წიგნიდან: “სიკვდილის ქრონიკები, ანუ წვიმის რექვიემი აფხაზეთის მთებში”

პირველი – ჩვენმა სადაზვერვო ჯგუფმა მტრის ზურგში აფხაზი “მოენე” აიყვანა და სამშვიდობოს გამოსულებმა, სოფელ ლინდავასთან შევისვენეთ. დაკითხვისას გაირკვა, რომ გაგრელი ტარიელ გვათუა აგვიყვანია ტყვედ. ნაკაწრი ჭრილობებიდან სისხლი მოსდიოდა და ტყე ამბულატორიაში მივიყვანეთ ჭრილობების გადასახვევად… ასე, ნახევარი საათი იქნებოდა გასული, რომ ამბულატორიის შენობიდან ავტომატის გრძელი ჯერი გაისმა. ჩვენ იქით გავცვივდით. ოთახში რომ შევედი, პირველი გიჟი-გენა დავინახე, რომელსაც ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი იატაკზე გულაღმა დაეგდო და მისი ხელები ამოტრიალებული ეჭირა. იქით, ოთახის სიღრმეში, ტახტზე საკუთარი სისხლის გუბეში ჩვენი აფხაზი ტყვე ეგდო და აღარ ინძრეოდა. წაქცეული ძლივს გამოვგლიჯე ტორებიდან გაგიჟებულ გენას და კედელთან მივაყენე. ეს ბიჭი ერთი დაბალი, გალეული ვინმე იყო. ასე, ოცი-ოცდაორი წლისა. თავჩაღუნული იდგა და კანკალებდა. ეტყობა, წაქცევას არაფერი უკლდა. გატეხილი ცხვირიდან სისხლი ჩამოსდიოდა, მარჯვენა თვალი გენას დარტყმისგან დასიებოდა. დაკითხვისას გაირკვა, რომ ეს ბიჭიც გაგრელი ყოფილა. სახლი დაუწვავთ მისთვის, დედ-მამაც დაუხოცავთ, თურმე, და თორმეტი წლის და კი – ჯერ გააუპატიურეს და მერე ისე დახვრიტეს. სადაც ვნახავ, სულ ასე ძაღლებივით ჩავხოცავ მაგნებსო, – ამას გაიძახოდა. იმაზე თუ დაფიქრებულხარ, რომ ამასაც ჰყავს ნათესავები და იმათაც თუ ეგრე განურჩევლად დახოცეს ქართველები, ეს ომი აღარასოდეს დამთავრდება მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არა მგონია, ჩემი ნათქვამი გაეგო. ამ გაგრელ ბიჭს თავისი ხელით გავათხრევინეთ თავისი მოკლული აფხაზის სამარე, ჩვენ თვითონ შევჭედეთ კუბო, მედპერსონალსაც შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგებინეთ მოკლული აფხაზის გვამი და ისე დავმარხეთ. თუ ჭირისუფალი გამოუჩნდებოდა, უპრობლემოდ გადავცემდით. ერთი თვეც არ იყო გასული ამ ამბიდან, სოხუმის შტაბიდან შეტყობინება მოგვივიდა. იმ გაგრელი ბიჭისგან ჩაცხრილული აფხაზის ნათესავები კონტაქტზე გამოსულან და ორი ქართველი ტყვის სანაცვლოდ ცხედრის გადაცემა უთხოვიათ.
მეოთხე – შტაბი კი ჩვენ გვავალებდა ამ გაცვლის პროცედურის ჩატარებას.
პირველი – არ მესიამოვნა ეს დავალება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ოცდამესამე ბატალიონის მეთაურს დავურეკე და ბათუ ნადარაიას ჩვენთან გამოგზავნა ვთხოვე. ისე, რომ არ სცოდნოდა, რა დავალებაზე მოდიოდა. იქიდან დამეთანხმნენ…
მეორე – ის კუბო მიწიდან ისევ მე ამომათხრევინეს და “ტაბლეტკის” ძარაზე დავდეთ. მერე მეთაურმა მანქანის გვერდითა სარკეს თეთრი ნაჭერი მიაბა და წავედით.
პირველი – პირველის წუთები იქნებოდა, სოფელი ახალშენი რომ გავიარეთ და დასავლეთ გუმისთას მივუახლოვდით.
მეორე – მდინარე გუმისთის იქითა მხარეს “ურალის” მარკის სატვირთო მანქანა უკვე იდგა და მის გვერდითა სარკეზე მიმაგრებულ თეთრ ნაჭერს ქარი აფრიალებდა.
პირველი – ავტომატები მანქანაში დავტოვოთ!
მეორე – ჩვენ გავიდეთ გაღმა, მეთაურო, თუ იმათ ვანიშნოთ გამოსვლა, როგორც ასეთი?..
პირველი – მოდიდებულია მდინარე, ჩვენ შეიძლება ჩავრჩეთ! ანიშნე, ისინი გამოვიდნენ აქეთ!
მეორე – იმათი ყურადღების მისაქცევად ორივე ხელკი მაღლა ავწიე და ქნევა დავიწყე. მერე ვანიშნე, აქეთ გამოდით მეთქი.
პირველი – აფხაზებმა სწორად გაიგეს ნიშანი, მანქანაში ჩასხდნენ და მდინარეში შემოვიდნენ.
მეორე – და წყალმა მანქანის ბორბლები დაფარა თითქმის მთლიანად სულ… თითქმის მთლიანად სულ… და შთაბეჭდელება იქმნებოდა იმისთანა, რომ წყალში კი არ მოდის, მოცურავსო მანქანა, იფიქრებდი ძალიან, თითქოს კი…
პირველი – მალე ჩვენს ნაპირსაც მოადგნენ და “ტაბლეტკის” გვერდით შეჩერდნენ.
მეოთხე – სამხედრო ფორმიანი აფხაზი გაჩერებისთანავე მანქანიდან ჩამოხტა. უავტომატოდ. მეც უავტომატოდ გადავედი.
მესამე – სად არის ცხედარი?
პირველი – ჩემ ნიშანზე ჩემებმა “ტაბლეტკიდან” კუბო გადმოიტანეს და ძირს ფრთხილად დაუშვეს.
მესამე – მიიღე ტყვეები! (მეოთხეს) კუბო “ურალზე” შედგით!
პირველი – მოიცა!
მესამე – რაღაზე მოვიცადო?
პირველი – ჯერ კუბოს ახადეთ თავი, ცხედარი დაათვალიერეთ, იქნებ ის არ არის?
მესამე – ამ დროს არ იტყუებიან!
პირველი – მართალია… მაგრამ მაინც!.. თანაც მინდა დარწმუნდეთ, რომ ნაწამები არ არის!
მეორე – აფხაზებმა “მანტიროვკა” მოიტანეს და კუბოს თავი ახადეს…
მესამე – ავაი! ავაი! (მოთქმასავით ამბობენ).
მესამე – (ზურგით შებრუნდება და მალულად იწმენდს ცრემლს). რას ერჩოდით? რატომ მოკალით?
მეოთხე – ის ხომ ტყვე იყო, თქვენთვის რაღა უნდა დაეშავებინა?
პირველი – (პაუზის მერე) ეს ბიჭი ტყვედ მე ავიყვანე, მაგრამ კაცურად გეუბნებით, არც მე და არც ჩემი ბატალიონის არც ერთ მებრძოლს ეს არ მოუკლავს! პირიქით, ყველანი ვცდილობდით მის დაცვას!..
მეოთხე – ვითომ? (მწარედ ჩაიცინებს).
მესამე – (მეოთხეს) მართალს ამბობს!..
მეოთხე – შენ რა იცი?
მესამე – ვიცი! ვიცი, რომ ვინც ტყვედ აიყვანა, იმ ხალხს არ მოუკლავს!
მეოთხე – აბა, ვის?
მესამე – მე ისიც ვიცი, რომ ვიღაც გაგრელმა ჩაცხრილა!
მეოთხე – ავაი!
პირველი – (მეორესკენ გააპარებს თვალს, რომელიც თავჩაქინდრული დგას და ღილს აწვალებს) საიდან იცი?
მესამე – მარტო თქვენი აგენტურა კი არ მუშაობს…
პირველი – ეგ მართალია…
მესამე – ისიც ვიცი, შენმა მებრძოლებმა კინაღამ ცემით რომ მოკლეს ის გაგრელი!..
პირველი – ეგეც სწორად გცოდნია!.. (კუბოსკენ ანიშნებს) შენი რა იყო?
მესამე – ძმა!
პირველი – რა გქვია?
მესამე – ავთანდილი.
პირველი – (თავისთვის) ჰმ, მოკლულს ტარიელი ერქვა, ამას – ავთანდილი…
მესამე – რა თქვი?
პირველი – მე მეთაური ვარ, ლუხუმი მქვია.
მესამე – მივხვდი, მეთაური რომ ხარ…
პირველი – ძალიან კარგი.
მესამე – ავაი, დამაცადონ გაგრელებმა, მეთაურო! დამაცადონ!.. მე მაგათ სულ სათითაოდ დავათვლევინებ, რამდენსაც დავაკლავ ჩემი ძმის საფლავზე!
პირველი – მომისმინე, ავთანდილ… სამან ამის საფლავზე გაგრელების დაკვლას დაიწყებდე, კარგად დაფიქრდი. ღირს თუ არა მაგის გაკეთება…
მესამე – ღირს, ღირს! როგორ არა ღირს!
პირველი – შენი ძმაც ხო ასეთ უაზრო შურისძიებას შეეწირა?.. იმ გაგრელ ბიჭს თქვენებმა სახლ-კარი გადაუწვეს, დედ-მამა დაუხოცეს და პატარა, თორმეტი წლის და გაუუპატიურეს და მერე დაუხვრიტეს თვალწინ!.. ისიც ადგა და, შენი ძმა მოკლა, ვისაც იმ საქმესთან არაფერი კავშირი არა ჰქონია.
მესამე – რატომ მერე, რატომ?!
პირველი – ის ბიჭი ჯერ პატარაა და ვერ მიხვდა, რომ ეს უაზრო შურისძიება იყო. ვერ მიხვდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
მესამე – ვერც მე მივხვდები!
პირველი – შენ ვაჟკაცი ხარ! მართალია, ძმა მოგიკლეს, მაგრამ მოდი, კარგად დაფიქრდი და თავს მოერიე როგორმე. შენ შურისძიებას ქართველებიდანაც საპასუხო შურისძიება მოჰყვება და… ჩვენ შორის ომი აღარასოდეს დამთავრდება!.. გიფიქრია ამაზე?
მესამე – (გატეხილი, შერბილებული ტონით) მე მოვალე ვარ, შური ვიძიო! (თავისიანებს) კუბოს თავი დაახურეთ და წავედით!
პირველი – ავთანდილ, მოიცა ერთ წუთს!
მესამე – რა იყო?
პირველი – (პატარა ყანწში ბოთლიდან არაყს ჩამოასხამს) შესანდობარი იყოს შენი ძმის, ავთანდილ! (დალევს, ყანწს ხელახლა გაავსებს და გაუწვდის).
მესამე – (ჯერ ყოყმანობს, მერე ყანწს ჩამოართმევს, რაღაცას ამბობს აფხაზურად და გადაჰკრავს. ცრემლიანი ამბობს) რაღა ეს დამიხვრიტეთ, ეს საცოდავი! ქართველი კი არა, თავის დღეში ქათამი არ დაუკლავს! ქათამი! თუ სიკვდილი იყო საჭირო, მე მოგეკალით, ნეტავი!.. როგორ შევხედო თვალებში იმის ახალგაზრდა ცოლს?! ამის ორ პატარა გოგოს… როგორ მივაყენო სახლში მამის ცხედარი, როგორ?! ავაი! ტარიელ, ავაი!
მეოთხე – ავაი! ტარიელ, ავაი!
პირველი – (პაუზის მერე, ჩავარდნილი ხმით) რას იზამ, ომია, ავთანდილ… ომს კიდევ – ლოგიკა არა აქვს…
მესამე – ეეეხ, ეს ომიც ხომ თქვენ დაიწყეთ, ლუხუმ?!
პირველი – არა!
მესამე – აბა, ვინ?
პირველი – ჩვენც და თქვენც რუსებმა გაგვაგიჟეს და ერთმანეთზე წაგვაქეზეს. მე და ეს ბიჭები არასოდეს ვყოფილვართ ამ ომის მომხრეები!
მესამე – რუსები ჩვენ გვეხმარებიან, ლუხუმ!
პირველი – გეხმარებიან, სანამ სჭირდებით!.. აფხაზეთს რომ გადაყლაპავენ, მერე თქვენც გადაგაგდებენ.
მეორე – გაანათლოს ღმერთმა ამ საცოდავის სული. ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ჩუმი და უწყინარი ბიჭი იყო. ძალიან მეწყინა მაგის სიკვდილი!
მესამე – კარგი, წავედით!
მეოთხე – (აფხაზების მხრიდან მოყვანილი ტყვე ქართველი) მადლობელი ვარ, შენი ავთანდილ! შენ რომ არა, დავლპებოდით გუდაუთის ციხეში!
მესამე – მადლობა მე კი არა, ამას უთხარით! (კუბოსკენ ანიშნებს).
მეოთხე – სიტყვას გაძლევთ, სანთელს ყოველთვის ავანთებთ მაგის სახელზე!
მესამე – ლუხუმ, მიუხედავად ყვეალფრისა, არ მინდა, შენ და შენი ბიჭები ჩემი ავტომატის სამიზნეზე გნახოთ!
პირველი – (მშვიდად) ეგ ღვთის ნებაა, ავთანდილ!
მესამე – მშვიდობით!
პირველი – მშვიდობის გზა გქონდეთ!
მეოთხე – “ურალმა” რიყეზე წრე დაარტყა და მდინარეში შევარდა…
მეორე – (პაუზის მერე, ქვითინით) რატომ მიქენი ეს, ლუხუმ ბიძია?! რატომ?! რატომ მაყურებინე ამიზა?! რატომ?!
პირველი – (მშვიდად) თვითონ იფიქრე, რატომაც!

მეექვსე სცენა – 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი

ქალი – გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილის წიგნიდან: “ეს ჩვენი სამშობლო იწვის”, რომელიც დაწერილია 2008 წლის აგვსიტოს რუსეთ-საქართველო ომზე.
პირველი – ის, რომ ომი გარდაუვალი იყო, მის დაწყებამდეც უკვე იცოდა დაპირისპირებაში უშუალოდ ჩართულმა და არჩართულმა ყველა მხარემ, იცოდა საერთაშორისო თანამეგობრობამაც. 6 აგვისტოს, საღამოს, კრწანისის სასწავლო ცენტრი დატოვეს ამერიკელმა ოფიცრებმა, რომლებიც ქართულ შენაერთებს წვრთნიდნენ. აშშ-ის საელჩოს მიერ იმავე საღამოს მოხდა მათი საქართველოდან თვითმფრინავით ევაკუირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დატოვეს ასევე აქ მოვლინებულმა სამხედრო მრჩევლებმა და ინსტრუქტორებმა. ეს ყველაფერი კი ალბათ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამაც იცოდა. 7 აგვისტოს, მიუხედავად მანამდე არაერთგზის დეკლარირებული პოზიციისა, რომ კონფლიქტის რეგულირება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო ხმა არც მოსალოდნელი აგრესიის შეკავებისა და არც კონფლიქტის განახლების წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა.
მეორე – ომის გარდაუვალად დაწყების შესახებ იცოდა ოსურმა მხარემაც, რომელიც ხედავდა ქართული სამხედრო კოლონების ანთებულ ფარებს, თუ როგორ შედიოდნენ კონფლიქტის ზონაში. მიზანი მიღწეული იყო – ქართული მხარე მზად გახლდათ მოსალოდნელ ომში ჩასართველად და ცხინვალის ზღვარგადასული ქმედებების აღსაკვეთად.
მესამე – რაღა თქმა უნდა, კონფლიქტის განახლების შესახებ რუსულმა მხარემაც იცოდა. ერთი მხრივ, რუსული საინფორმაციო საშუალებები 7 აგვისტოს ავრცელებდნენ ინფორმაციას ქართველთა მხრიდან ცხინვალში მოსალოდნელი აგრესიის შესახებ და იმავდროულად, ემზადებოდნენ კონფლიქტში ჩასართველად და ცხინვალის მხარდასაჭერად. 7 აგვისტოს ვლადიკავკაზის სამხედრო გარნიზონი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. მოწინააღმდეგემ მიზანს მიაღწია, საქართველოს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა.
მეოთხე – 7 აგვისტოს საღამოს უკვე კონფლიქტის ზონის მოსახლეობამაც და სანაკოევის ადმინისტრაციამაც იცოდა ომის გარდაუვალი დაწყების შესახებ, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსები კონფლიქტში ვერ ჩაერეოდნენ. 7 აგვისტოს, საღამოს 19 საათზე კონფლიქტის ზონაში თავად გავემგზავრე, ვიმყოფებოდი ნიქოზში, ერედვში, ერგნეთში, თამარაშენის შემოვლით გზასთან, სადაც სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მაინტერესებდა, რუსეთის 58-ე არმიის შესაძლო შემოჭრასა და კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია ჰქონდათ ერედვში მყოფ ოფიცრებს, ნიქოზის მოსახლეობას და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ინფორმაციით, პუტინს კოკოითისთვის შემოუთვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო.
ქალი – გაუგებარია, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რატომ სჯეროდა გულუბრყვილოდ და რატომ იყო დარწმუნებული, რომ რუსეთი კონფლიქტში ჩარევას ვერ გაბედავდა.

მეშვიდე სცენა – გულისკაცები, ანუ, „ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”

პირველი – შეტაკება 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში, დღის ოთხიდან ხუთ საათამდე მოხდა. ამ დროს ომი დამთავრებული იყო. სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა სრული შემადგენლობით მანქანებში ჩასხდა და უკან, ბაზაზე ბრუნდებოდა. რაც უნდა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მათ გზად რუსები შეხვედრიან და ერთმანეთს ხელის აწევით მისალმებიან.
მეორე – ქართველები სოფელ შინდისს როგორც კი მიუახლოვდნენ, რუსებმა ცეცხლი გახსნეს, წინ მიმავალი მანქანა ააფეთქეს; შემდეგ, ჩასაფრებულმა სნაიპერებმა სროლა დაიწყეს. ქართველები დაიბნენ, ზოგი გაიქცა, ზოგი კი მანქანიდან ჩამოხტა და ბრძოლაში ჩაერთო.
მესამე – ფაქტი იყო, რუსებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს და ისიც ცხადია, კარგად იყვნენ ჩასაფრებულები. ზუსტად იცოდნენ, რომ იქ ქართველებს უნდა გაევლოთ.
მეოთხე – თავდასხმის შემდეგ ჩვიდმეტი მებრძოლი რკინიგზის სადგურის მხარეს გადავიდა – რუსები იქიდან ისროდნენ! და პირისპირ ბრძოლაში ჩაება.
პირველი – ბრძოლა ერთი საათი გაგრძელდა.
ქალი – მიხეილ დვალიშვილის დედა: ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სახლში იყო. ვთხოვდი: დედა, თავს მიხედე, რამე არ მოგივიდეს, არ დამღუპო, სიკვდილთან გაქვს კონტრაქტი გაფორმებული-მეთქი.
მეორე – რაო, დედა, შენ არ გაქვს სიკვდილთან კონტრაქტი დადებული?.. ყველა სიკვდილის შვილები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როდის მოვკდებით?!.
ქალი – არ მინდოდა, ჯარში წასულიყო, მაგრამ თვითონ ჰქონდა ამოჩემებული ეს პროფესია.
მეორე – ეს ყველაზე ვაჟკაცური საქმეა, თან ქვეყანას სწორედ ახლა ვჭირდები!..
ქალი – უცნაური ბიჭი იყო, ძმაკაცებიც თავისნაირები ჰყავდა. სულ ვაჟკაცობასა და სასახელო ბიჭობაზე ლაპარაკობდნენ. რესტორნებში მოქეიფეებს ხშირად ჰკილავდნენ…
მეორე – ვითომ ეგენიც კაცები არიან და ჩვენც?! ჩვენ დავითისა და თამარის პორტრეტებისთვის თვალი ვერ გაგვისწორებია! – გვრცხვენია, დღეს ასეთი საქართველო რომ გვაქვს და…
მესამე – მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელისა კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე, შმაგი კუპატაძე – ეს იმ ჩვიდმეტი მეომრის სახელებია, ვინც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ მტერს.
მეორე – მიხეილ დვალიშვილის ლექსი:

***
ცრემლით დანთებულ თვალებში
გამეფებულა სევდა,
ომში წასული ვაჟკაცი
ვერ დაუბრუნდა კერას.

თავი შესწირა სამშობლოს,
დაჭრილი ეძახდა დედას,
სისხლის გუბეში მბორგავის
ძახილი მესმის დღესაც.

ომის ქარცეცხლში გახვეულთ
სულ დაგვავიწყდა ყველა,
რომ გულს ვატკენდით ახლობლებს
ჩვენი სიკვდილით, მჯერა!

მესამე – მებრძოლებიდან ერთ-ერთი – ოთარ კალმახელიძე ცოცხალი გადარჩა. ის ადგილობრივმა მოსახლემ, ბადრი ხუციშვილმა, მეტსახელად “ახმეტამ” ჩუმად გამოიყვანა სამშვიდობოს, რამდენიმე დღე საკუთარ სახლში მალავდა, შემდეგ კი მედპერსონალს ჩააბარა.
მეოთხე – საშა დროზდოვის მოყოლილი: ”რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელში ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც.
მესამე – (რუსი კარისკაცების მეთაური, ყვირის) ესენი ვინ არიან, ეშმაკები თუ ადამიანები?! ცხვირი ვერ ამოგვიყვია საფრებიდან და უკვე საათია, ასეთ დღეში ვართ!..
მეოთხე – თხუთმეტ წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა… როგორც გავიგეთ, მხოლოდ ჩვიდმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ ჩვიდმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა, – ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩნენ, თავად მოისწრაფეს სიცოცხლე.
ქალი – მედიკო დვალიშვილი: ჩემი და ჩემი ქმრის ბრალია მიშიკოს სიკვდილი. ერთხელ ვუსაყვედურე, – დედა, რატომ ხარ ასეთი უცნაური, სულ ომზე რატომ ლაპარაკობ-მეთქი?
მეორე – რა ვქნა, დედი, თქვენ გამზარდეთ ასე!
ქალი – მართალი იყო. საქართველოს გაერთიანებაზე ოცნებობდა, სულ აფხაზეთი და ცხინვალი ეკერა პირზე. არა, არ ვნანობ. მაგრამ მის სიკვდილს ვერ ვეგუები. რომ შემეძლოს, თავადაც წავიდოდი ომში. მე რომ ცხინვალში მეცხოვრა, იქიდან ცოცხალს ვერ გამომიყვანდნენ. ჩემი თეონა… ეს ერთი გოგონაღა დამრჩა და, ბიჭი რომ იყოს, ისიც ჯარისკაცი იქნებოდა. სულ მეჩხუბება: ნუ ტირი, გმირის დედა ხარო. თვითონ კი, ჩუმად იპარება ძმის საფლავზე და ისე ტირის…
მეოთხე – ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს, რომ ქართველებმა გმირულად იბრძოლეს, რუსებს სერიოზული ზიანი მიაყენეს; აშკარად, ჩვენები სჯობდნენ, მაგრამ მერე ტყვიები გაუთავდათ…
პირველი – დაჭრილი ოთარ კალმახელიძე უმოძრაოდ იწვა, ხელსაც კი ვერ ანძრევდა. მისგან ათ მეტრში მუხლებზე დაჩოქილ ალექსანდრე ონიანს თავისი ნათლული, რომან ზოიძე გულში ჰყოლია ჩაკრული და ღრიალებდა.
მეორე – ოთარ კალმახელიძის მონაყოლი: “ონიანი საერთოდ არ იყო დაჭრილი. რომანი ეხვეწებოდა…
მეოთხე – წადი, მე მაინც ვეღარაფერს მიშველი, თავი გადაირჩინე!
მეორე – არსადაც არ წავალ!..
მესამე – მერე, თითქოს დაწყნარდა და ხმამაღლა დაიძახა…
მეორე – ბიჭებო, მამაოსთან დავრეკავ, ზიარებას მოგვცემს!..
მეოთხე – ვერაფრით დაუკავშირდა და მერე ისღა გვითხრა…
მეორე – ვისაც ჩემი ხმა გესმით, ჩემთან ერთად, “მამაო ჩვენო” თქვით, მერე კი მტერს ცოცხალი ნუ ჩაჰბარდებით!
მესამე – და ლოცვა დაიწყო…
პირველი –

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმინდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა,
ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
პური ჩვენი არსობისა
მომეც ჩვენ დღეს და
მომიტევენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ
თანამდებთა მათ ჩვენთა.
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსნენ მე ბოროტისაგან,
რამეტუ შენი არს სუფევა,
ძალი და დიდება უკუნისამდე.
ამინ!

ყველანი – ამინ!
მეოთხე – მივხვდი, რასაც აპირებდა!.. ხელში ერთადერთი “ლიმონკა” ეჭირა.
უკვე რუსები გვიახლოვდებოდნენ. ძალა მოვიკრიბე და ონიანს დავუყვირე…
მესამე – წადი, ბიჭო, წადი! გაიქეცი! ჩვენს საფლავზე მაინც მოხვალ და ჭიქა ღვინოს ასწევ!
მეორე – (დაიღრიალებს) არა!.. (რუსების მისამართით) ტყვედ არ ჩაგბარდებით, არც ჩემს ნათლულს დაგანებებთ, თქვენი დედა!
მეოთხე – და “ლიმონკა” “გახსნა”.
მესამე – თვალები დავხუჭე და რომ გავახილე, ვერც ერთი ვეღარ დავინახე. მერე რუსული ტანკის ლულაც გამოჩნდა. რუსი ჯარისკაცები დახოცილებისა და დაჭრილების მისამართით საკონტროლო გასროლებს აკეთებდნენ. მეც გადამატარეს ფეხებზე ავტომატის ჯერი და გონება დავკარგე.
მეორე – მიხეილ დვალიშვილის ლექსი:

***
ორშაბათს – გნახე და შემიყვარდი.
სამშაბათს – გულმა დამიწყო ძგერა.
ოთხშაბათს – მშობლებს შევატყობინე.
ხუთშაბათს – შენგან ავიღე ნება.
პარასკევს – მოვალ, გეტყვი ყველაფერს.
შაბათს – გვექნება ხელმოწერა.
კვირას – გევქნება დიდი ქორწილი.
და გვეღირსება ბედნიერება.

ქალი – მედიკო დვალიშვილი: შეყვარებული? როგორ არ ჰყავდა, შვილო, ოქტომბერში ცოლის მოყვანას აპირებდა. ბინის ყიდვა უნდოდა. მრავალშვილიან მამობაზე ოცნებობდა.
მეორე – ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები უნდა გავზარდო!..
ქალი – ჩემი შვილის ოცნებებს შევხაროდი. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში – ეკლესიაში სიარულია. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რომ შვილის დატირების საშუალება მომეცა: სამღვდელოების წარმომადგენლებმა გამოიყვანეს მიშიკო ცხინვალიდან. 25 დეკემბერს თბილისში უწმინდესისათვის მადლობის სათქმელად ჩამოვედი. გულში ჩამიკრა და ერთად ავტირდით, მერე ჯვარი მაჩუქა, რომელიც ახლა ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიკვიაა. და იცით კიდევ რა მითხრა? – როდესაც დაღუპული ბიჭები ჩვენს პატრიარქ ილია მეორეს რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიიდან გამოჰყავდა, მის გამცილებელ რუს სამხედროებს თვალები ცრემლით ჰქონდათ სავსე… მინდა, ყველა შვილმკვდარ დედას სამძიმარი ვუთხრა. მე კიდევ რა მიჭირს, მიშიკოს საფლავი მაინც მაქვს, ზოგს შვილის ძვლები ენატრება…
პირველი – რუსი სამხედრო მოსამსახურის, საშა დროზდოვის მონაყოლიდან:
”ჩვენი მეთაური ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს იდგა ქუდმოხდილი და დუმდა… მერე ამოიოხრა, ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა:
მეოთხე – აფსუს, ამისთანა ბიჭები რომ მყოლოდა!..
პირველი – სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა…
მესამე – მიხეილ დვალიშვილის მამა, დავითი ჰყვება: – მიშიკო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-საინჟინრო ასეულში მსახურობდა. ცეცხლის შეწყვეტისა და პოზიციების დატოვების ბრძანება ჩემი შვილის ასეულსაც ჰქონდა მიღებული. ტელეფონით ველაპარაკე და მითხრა…
მეორე – არ იდარდო, უკვე ცხინვალიდან გამოვდივართ, მამა!..
მესამე – ნახევარ საათში ისევ დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა… რამდენიმე კვირის წინ იმ ადგილის მოსანახულებლად წავედი, სადაც ბიჭები დაიღუპნენ. შინდისელებს მათთვის ძეგლი აუგიათ. რომ გაიგეს, ვინ ვიყავი, მოვიდნენ, მომისამძიმრეს და ყველაფერი დაწვრილებით მიამბეს. სოფელში დარჩენილ მოხუცებს თავიანთი თვალით უყურებიათ ჩვენი შვილების თავგანწირული ბრძოლისათვის. ვიდრე ტყვიები არ გაუთავდათ, თურმე, რუსებს შავ დღეს აყრიდნენ. მერე ყვირილი დაუწყიათ, – იარაღი მოგვაწოდეთო! ვინ მიაწვდიდა?.. ვინც დაიხოცა – დაიხოცა, ვინც არა და თავი აიფეთქა. ერთ ლექსში იმასაც ამბობს, – ათ კაცზე ერთი ვიბრძოდითო. ზუსტად ასე არ გამოვიდა? ჩვიდმეტი კაცი ორასს გაუმკლავდა. როგორც შინდისელმა გლეხებმა გვითხრეს, რუსებს ორი ”კამაზით” გაუყვანიათ თავიანთი დახოცილი ჯარისკაცები!.. ვეფხვივით იბრძოლა ჩემმა ბიჭმა.
მეორე – ეს ლექსი მიხეილ დვალიშვილმა დაწერა 2008 წლის 11 აგვისტოს, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.

***
თქვენთვის ვიბრძოდით, როცა ვიბრძოდით.
თქვენთვის ვიმღერეთ, რაც გვიმღერია.
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს…
სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით…
ერთი სიმარე
თხილის გულივით გავინაწილეთ…

მესამე – მიშიკო სახლში რომ მომიყვანეს, ყველაფერი თან ჰქონდა – იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც. გულზე ცარიელი ”რაჟოკი” ეკიდა. ყველა ტყვია მტერს დაადუღა, იმათ კი მკვდარსაც არ აჰყარეს იარაღი.
მეოთხე – მის ნალაპარაკებს ახლა ვიხსენებ და ვხვდები, რომ ბრძოლაში სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი. ერთხელ ნაწილში ჩავაკითხე. გახარებული შემეგება…
მეორე – მამა, მღვდელმა გვაზიარა, ახლა არაფრის მეშინია!..
ქალი – მედიკო დვალიშვილი ჰყვება: – ზოგმა საბრძოლო ტექნიკა მტერს ჩააბარა და გამოიქცა. ჩემმა შვილმა მკვდარმაც არ დათმო თავისი იარაღი. მიკვირს, ასე საიდან შეიყარა ჩვიდმეტი ერთნაირი აზროვნების ბიჭი! ყველამ ერთად როგორ გადაწყვიტა, რომ მტრისათვის თავი შეეკლა?! მიშიკოს ჩემმა ძმამ დაურეკა და უთხრა:
მეოთხე – ბიძია, რუსებს ჩვენ ვერ მოვერევით, დაყარე იარაღი და გამოიქეცი!..
მეორე – მაგას როგორ მეუბნებით, ბიჭები როგორ დავტოვო და ჩემი მიწიდან რუსებს როგორ გამოვექცე?!
ქალი – შვიდიდან ათ აგვისტომდე იარაღი ხელიდან არ გაუგდია.
პირველი – (კარგია თუ დაიწერება სიმღერა მიხეილ დვალიშვილის ამ ლექსზე)

”მგლები”

ჩვენ ვაჟკაცურად ვიბრძოდით,
სამარეს ვთხრიდით ძმების…
არ დავივიწყეთ დიდგორი,
მიტომ შეგვარქვეს ”მგელბი”.

ათ კაცზე ერთი ვიბრძოდით
და ჩვენთან იყო ღმერთი.
ვოხოცებოდით, ვიცოდით,
რომ ჩვენ ვიყავით ძმები.

თეთრ თოვლზე სისხლის ნაკვალევს,
ვიცი, ვერ წაშლის წლები.
გულით დიდ სევდას ვატარებთ
ჯარში მყოფელი “მგლები”.

სისლხიან დღეთა ნაკვალევს
დღსაც მოვყვებით მგლები.
ვაჟკაცთა სულებს, ნაწამებს
არ მიატოვებს ღმერთი.

ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე
ბევრი დაღვრილა ცრემლი.
არ შვენის ვაჟკაცს სინაზე,
ძუძუს შერცხვენა დედის.

თუკი დასჭირდა სამშობლოს,
მკვდრეთით აღვდგებით მგლები.
გვინდა, ჩვენს მტრებს რომ აბოდოს
გმირთა სახელი, ”მგლები”…

მერვე სცენა: “არავის ვეყმოთ…”

ქალი – გთავაზობთ ოთარ ჭილაძის მიერ “მეომართა ლიგის” ყრილობაზე წარმოთქმული სიტყვას – “გახსოვდეს, წინ მარადისობაა!”

პირველი – ეს ჩვენი სამშობლო იწვის… ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენ გარშემო, ჩვენ სულში! – ცოტაც და, კვამლით გავიგუდებით, სამარცხვინოდ დავამთავრებთ, ღმერთმა იცის, რამდენ საუკუნოვან არსებობას. ღმერთსაც გავუწბილებთ მოლოდინს და კაცსაც, რადგან ღმერთიც მეტს ელოდა ჩვენგან და კაციც. უფრო სწორად, არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი, არც კაცს. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო ჯიუტად, კიდევ უფრო მტკიცედ დავმდგარიყავით სამზეოზე, თანდათან რული მოგვერია და ისიც ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით…
და, აი, მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო.
მეორე – ჩვენ კი, მოურჩენელი სიბნელის ბინადარნი, ერთიმეორეს ვუსისხლიანებთ თავ-პირს და ერთმანეთზე ვიყრით ჯავრს საერთო უმწეობისა და უმაქნისობის გამო, ანუ, შეგინებულ სიცოცხლეს ვებღაუჭებით მაინც, წყალობად ვუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა, სახელოვანი სიკვდილი რომ სჯობს ნაძრახ სიცოცხლეს…
მესამე – აღარ გვჯერა, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც რომ აუღებელი ციხე-სიმაგრეა მტრისთვის…
მეოთხე – არადა, თუ ჩვენ სამშობლოს მართლა დაღუპვა უწერია, გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები…
ქალი – ერთი დღეს ნუ გვაცოცხლოს უსამშობლოდ! ეს არც წყევლაა და არც ლოცვა. გნებავთ, ლოცვაც ესაა და წყევლაც, ერთსა და იმავე დროს, რადგან უსამშობლობა ყველა უბედურებასთან ერთად, სამარცხვინოცაა და განსაკუთრებით დღეს, როცა ისიც კი იკოწიწებს სამშობლოს – თანაც სხვათა მიწის ხარჯზე – ვისაც არასდროს ჰქონია, არც სახნისი სჭერია ხელში და არც კალამი…
პირველი – ჩვენ კი, “მონობაში გადიდკაცებულთა” ამაზრზენმა სიხარბემ შვილივით ნაფერები ვაზი აგვაჩეხინა, ომებში გაბასრებული ხმალი ქარქაშში ჩაგვიჟანგა, წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია…
მეორე – ეტყობა, ჩვენმა “გაიძვერა მოყვარემ” უკვე მიაღწია საწადელს: ის აღარა ვართ, ვინც უნდა ვიყოთ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით… როგორც შეგვქმნა თავიდანვე ღმერთმა და ბუნებამ…
მესამე – მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ვისი სისხლი გვიდგას, ბოლოს და ბოლოს, ძარღვებში: “ვეფხისტყაოსნის” დამწერის თუ ქართველთა შეთქმულების გამცემლისა; სვეტიცხოვლის ამშენებლის თუ ილიას მკვლელისა; მტრის რისხვის თუ მტრის მსახურისა…
მეოთხე – და მაინც, დიდი უსამართლობა იქნებოდა ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაწირვა – მხოლოდ იმიტომ, კვლავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვმდგარვართ და სადაც უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე; კვლავ ის რომ გვწამს, რაც თვალის გახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც, სანახევროდ უკვე დამწვარ, გულსაკლავად დასახიჩრებულ-დაპატარავებულ სამშობლოს ამარა დარჩენილებსაც გვწამს:
ქალი – სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერც გამოიგონებ, ვერც სურვილისამებრ აირჩევ – ღმერთის საჩუქარია – და ჩვენ მხოლოდ ის გვევალება, შეგვიძლია კიდეც, – გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაკი სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს…
ჩვენ მედეას გაჩენილი და ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაშია, ანუ, ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც… ყველაფერი, რითაც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და საკუთარ მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მივემატოთ ცად და მიწად.
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე – გახსოვდეს, წინ მარადისობაა!

(პაუზა).

ქალი – აი, როგორი დიდებული სიტყვა თქვა ჩვენმა უნიჭიერესმა და ბრძენმა ოთარ ჭილაძემ და…
მეოთხე – და როგორც უინსტონ ჩერჩილი ბრძანებს – “თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ბრძოლა მაშინაც, როდესაც გამარჯვების არავითარი იმედიც კი არ არის, რადგან მონობაში სიცოცხლეს, ისევ გადაშენება სჯობია”.
პირველი – ”მგზავრის წერილებში” დაწერს ილია ჭავჭავაძე მთელი საქართველოს მარადიულ ნატვრას, მოხევე ლელთ ღუნიას პირით იტყვის: ”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”.
მეორე – ”არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ გარეშე ღვთისა დამბადებლისა” – ესეც ქართველი მემატიანის ნათქვამი ფრთიანი ფრაზაა, უფრო უწინდელი…
მესამე – რიცხვობრივად პატარა ერის ბედისწერა ეს არის – ჩვენი თავი ჩვენადვე რომ არ გვეყუდნოდა ხშირად…
მეოთხე – რამდენი უკეთესი ქართველია ლელთ ღუნიას ამოთქმული ნატვრით საფლავში ჩასული…
ქალი – ჩვენ აღარ წავალთ იმათსავით, ჩვენ დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს ვნახავთ…
პირველი – ყველაზე მეტხანს, მთელი სამასი წელიწადი, ისხდნენ არაბები თბილისში და ბოლოს მაინც მოუწიათ წასვლა იმ თავიანთ უდაბნოებში…
მეორე – რუსები 226 წელია აქ არიან და – ისინიც წავლენ.
მეოთხე – და სანამ რუსეთის ჯერაც ისევ იმპერია კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საბოლოოდ დაიშლება ცაკლეულ ქვეყნებად, ისევ საშიშია, ისევ საბჭოთა კავშირის აღსადგენად აღჟარუნებს თავის მოძველებულ იარაღს.
მეორე – ჰოდა, მაგრად უნდა დავუდგეთ! უნდა გავუძლოთ, სანამ დაიშლებოდეს!.. ხოლო მანამდე კი – თავაუღებელი შრომა და გაუტეხაობა ვუსურვოთ მთელ საქართველოს.
მესამე – ჰოდა, ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ საქმეს…
ხუთივენი – “არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ გარეშე ღვთისა დამბადებლისა”.

(ზარების რეკვა).

(დასასრული)

2010 წელი.

რეჟისორი გეგა ქურციკიძე

About these ads

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s