მიხო მოსულიშვილი: ოფოფების თეატრი


THE CHILDREN'S LITERATURE DEVELOPMENT FUND – http://www.libofund.com

მიხო მოსულიშვილი

ოფოფების თეატრი
(საბავშვო პიესა ერთ სიზმრად და ცხრა ზმანებად)

იმ იმედით, რომ მომავალში კარგი სოპრანო იქნება, ეძღვნება ცხრა წლის კლარა ბეკეტს, რომელიც მიუნხენთან ახლოს ცხოვრობს და თავისი მუსიკის მასწავლებლის, ნინო გოგიჩაიშვილის მეოხებით უკვე უაქცენტოდ მღერის ქართულ სიმღერას – “ჭრელო პეპელა”…

მოქმედებენ:

1. სალი-სალიკუნა – ცხრა წლის. თავისი ლეპტოპის წყალობით უკვე იცის, რას ნიშნავს “გა-ოფფ-ება” და “გა-ოფფ-ოფფ-ება”.
2. ანდუყაფარ პროტაგონისტი – ხოხობი.
3. მაესტრო ტიკსუსუნე – სიზმრებში მოხეტიალე ოფოფების თეატრის მეპატრონე, კორიფე და ფურორი. დითირამბები არ სჭირდება.
4. ოთხი “ბე”, ანუ ბრავო-ბრავო, ბრავისიმო-ბის! – მაესტრო ტიკსუსუნეს ტიკი-ტომარა, ასისტენტი, სუფლიორი, გარდერობმაისტერი, გრიმიორი, რეკვიზიტორი, დარაჯი, მოლარე, გამნათებელი, სცენის მუშა, დითირამბისტი, პრეს-ატაშე.
5. ქალბატონი ოვაცია – პირველი მსახიობი ოფოფი.
6. ქალბატონი კაკაფონია – მეორე მსახიობი ოფოფი.
7. ქალბატონი ილუზია – მესამე მსახიობი ოფოფი.

მოქმედების დრო: ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი.
მოქმედების ადგილი: სალი-სალიკუნას ოთახი.

აუცილებელი შენიშვნა, ანუ, რას ნიშნავს ინტერნეტული ტერმინი “გა-ოფფ-ება” და “გა-ოფფ-ოფფ-ება”: სიტყვა off ინგლისურ ენაში გადმოსცემს მოშორებას, ასევე ნიშნავს გარეშეს, გვერდითს, მიმდებარეს; ხოლო გაორმაგებული off-off ნიშნავს გვერდითის გვერდითს, მიმდებარის მიმდებარეს, გარეშეს გარეშეს.

სცენა წარმოადგენს:
ჩვეულებრივ საბავშვო ოთახს, ტახტით, ორი სავარძლით, მუსიკალური ცენტრით, სასტუმროში გამავალი კარით, კედლებზე ოპერის მომღერლების პლაკატებით, ჭერზე დაკიდული ძველებური ჭაღით, საწერი მაგიდით, რომელზეც გახსნილი ლეპტოპი დგას. უკანა, ყრუ კედელთან დგას დიდი, სამკარიანი ტანსაცმლის კარადა (სალი-სალიკუნას გარდერობი), რომლის შუათანა, უფრო დიდ კარს წინიდან იმხელა სარკე აქვს, რომ შიგ ადამიანი თავიდან ფეხებამდე მოჩანს.

პირველი ზმანება – სალი-სალიკუნა თავის გარდერობში ცხოვრობს

(მაგიდაზე დგას გაშლილი ლეპტოპი, საიდანაც ისმის ვიოლეტას არია ჯუზეპე ვერდის “ტრავიატადან”.
გარდერობიდან გამოდის სალი-სალიკუნა, დედამისის სასქორწინო კაბა ჩაუცვამს, დიდ ფეხსაცმელებში წაუყვია ფეხები. თავზე ჩამოუფხატია ამავე კაბის შესაფერისი, ბუმბულებით გაწყობილი შლაპა, ხელში მიკროფონივით უჭირავს ოვალური სავარცხელი და ცდილობს ხმა ააყოლოს ვიოლეტას არიას. არია მთავრდება, სალი-სალიკუნა წარბებს შეიკრავს და ლოყებს გამობერავს, თან ხმას იბოხებს).

სალი-სალიკუნა – ჰმ-ჰმ-ჰმ… იცით, ქალბატონო… ჰმ-ჰმ-ჰმ… (ქალის ხმით) გისმენთ, პატივცემულო, მთელი ყურადღებით და დიდი მოლოდინით… (ბოხი ხმით) იცით… ჰმ-ჰმ-ჰმ… თვენი ქალიშვილი ძალიან კარგი გოგონაა… ჰმ… მაგრამ… როგორ გითხრათ… ჩვენთან ვერა და… იქნებ საესტრადო სიმღერაზე მიგეყვანათ… (ქალის ხმით) ძალიან უნდა, რომ პრიმადონა გახდეს. სულ ამაზე ოცნებობს… ფორტუნინოს ყველა ოპერა აქვს მოსმენილი… უბრალოდ მოსმენილი კი არა, ხმის აყოლებით… (კაცის ხმით) მარტო ხმის აყოლება რომ შველოდეს, ეჰ, ქალბატონო… (ქალის ხმით) დამოუკიდებლადაც მღერის ხოლმე… დღე და ღამე… სულ ფორტუნინოს ოპერებს… (კაცის ხმით) თქვენი ბავშვი ვერ გახდება სოპრანო, სამწუხაროდ… და ეს ფორტუნინო… ჰმ-ჰმ-ჰმ… რომელი საუკუნის მოღვაწეა? (თავისი ხმით) ვაიმე, დე!.. როგორ მინდოდა!.. როგორ მინდოდა, ოპერაში მემღერა!.. (წაიცეკვებს სასაცილო მოძრაობებით. ქალის ხმით) შენ არ იდარდო, სალი-სალიკუნა! ამან ისიც კი არ იცოდა, ფორტუნინო ვინ არის… ჩვენ სხვას ვნახავთ, ვინმე ისეთს, ვისაც ეცოდინება, რომ ფორტუნინო არის ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი და ის მიგიღებს! შენ შემოგევლოს შენი დე, დე!.. (ცრემლს მოიწმენდს. მერე სარკეში გაეპრანჭება საკუთარ თავს და თავისი ხმით).

ვაიმე, როგორ მაოცებ,
თავი მგონია ფორუმზე –
დგახარ და თემას აოფებ,
ვერ შევთანხმდებით ქვორუმზე…

(საკუთარ თავს უკეთებს კნიქსენს სარკეში) სალი, სალი-სალიკუნა, როდემდე უნდა იცხოვრო ამ გარდერობში? როდემდე უნდა ანერვიულო დედა?.. არ ვიცი, მე სულ ამ ჩემს გარდერობში ვიქნები… (პაუზა) მოდი, გინდა გავაოფოთ? (გადაიკისკისებს). გავაოფოთ და გავაოფოფოთ!.. სულ ოფოფები ვაფრინოთ!.. (ისმის “სკაიპში” მოსული შეტყობინების აღმნიშვნელი მუსიკალური ნაწყვეტი). ვაი! ვიღაცა დამესკაიპა!.. აბა, მარტო მე კი არა მყავს ოფოფები! (მიდის ლეპტოპთან, სკაიპს გახსნის) ვისგან არის, ვისგან და… (მაუსს ამოძრავებს, ტექსტს ჩამოსწევს) ბრავო-ბრავო-ბრავისიმო, ბის! ანუ ოთხი “ბე”… (სიცილი აუტყდება). ძალიან მაგარია! მართალია, მე ეს ვიღაც ოთხი ბე მეგობრებში არ მყოლია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? (კითხულობს) სიზმრებში მოხეტიალე ოფოფების დასი და, რაც მთავარია, თეატრის პატრონი, კორიფე და ფურორი, მაესტრო ტიკს… ტიკსუსუნე… (გადაიკისკისებს) მაგარია! (აგრძელებს კითხვას) აცხადებენ კასტინგს მსახიობობის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის პროტაგონისტის ადგილის დასაკავებლად. (ჩაფიქრდება) “კასტინგი” ვიცი, დედამ მასწავლა, მსახიობების შერჩევაა. აი, ეს პრო… რაღაცა კი… (მხრებს აიჩეჩავს) მაგრამ ახლავე გავიგებ… (მაუსს დაუწკაპუნებს) მოვნიშნეთ ეს პრო… რაღაცა სიტყვა და “კოპი-პეისტით” გადავიტანეთ გუგლის ძიების სისტემაში და მივეცი “სირჩ” – ძებნა!.. აი, ვიკიპედიას ლინკიც ამოაგდო!.. (ისევ დაუწკაპუნებს) ახლა ვნახოთ… (კითხულობს) “პრო-ტა-გო-ნის-ტი”… პროტაგონისტი – ძველი ბერძნული თეატრის მთავარი და უძნელესი როლების სამი შემსრულებლიდან საუკეთესო, პრემიერი. მასვე ევალება რეჟისოსრობა… (ტაშს შემოჰკრავს) პრემიერი ვიცი, პრიმადონასავით არის!.. იეს! იეს! იეს! ძალიან მაგარია! თან მსახიობიც ხარ და თან რეჟისორიც!.. თუ პრიმადონა ვერ გავხდები, პროტაგონისტი მაინც ვიქნები! რით არის თეატრი ოპერაზე ნაკლები? არაფრით!.. (ეკრანს უყურებს) მაგრამ აქ არც მისამართი წერია, სად უნდა მიმიყვანოს დედამ და არც ტელეფონის ნომერია… თან ეს ოთხი ბე ჩამქრალია და რომ შემოვა, შევეკითხები… (წამოდგება და ისევ წაიცეკვებს სასაცილოდ).

სალი-სალიკუნას სიმღერა

სალი, სალი-სალიკუნა
კიდევ ერთხელ გაიბუტა –
ახლოსაც კი ვერ მივიდა
პრიმადონას ჰაბიტუსთან.
ვერ ივარგა სოპრანოდ და
კვლავ გარდერობს დაუბრუნდა.
უხარიათ: ბებოს, დედას,
მამიკოსაც, რა თქმა უნდა.
სალი, სალი-სალიკუნა
გარდერობთან გაისუსა:
თეატრიც რომ კარგი არის –
ეს უქარვებს დარდის სუსხსაც.
დედას კაბა ჩაიცვა და
თან სუნამოც დაიპკურა:
მსახიობი გახდება და
ფართო შლაპას დაიხურავს.

(ისმის კაკუნი).

ზმანება მეორე – დამალე ანდუყაფარი!

(კაკუნი მეორდება).

სალი-სალიკუნა – ვერ გავიგე, რატომ აკაკუნებენ! (კაკუნი მეორდება). ამ ბინას ხომ აქვს ზარი? (გასასვლელისკენ მიდის სასაცილოდ. კაკუნი უფრო ხმამაღლა ისმის) ვაი!.. საიდან აკაკუნებენ?.. (გარდერობისკენ გაიშვერს ხელს) აქედან!.. (ისევ ისმის კაკუნი უფრო ხმამაღლა) ვაიმე, ჩემი გარდერობიდან მიკაკუნებენ! (იმალება სავარძლის უკან).
ანდუყაფარი – (გარდერობის კარს ოდნავ გამოხსნის და თავს გამოყოფს) უკაცრავად…
სალი-სალიკუნა – ვაიმე, ქურდი! (გაქცევას ცდილობს, მაგრამ კაბაში გაიხლართება და დაეცემა).
ანდუყაფარი – ბოდიშს ვიხდი, თქვენ ხომ პროტაგონისტს ეძებდით?
სალი-სალიკუნა – (წამოდგომას ცდილობს და ვერ დგება) თქვენ ხართ?
ანდუყაფარი – (კარს უფრო გააღებს და ჯერ თავს გამოყოფს) მოგეხმარებით…
სალი-სალიკუნა – არ მომეკაროთ, თორემ ისე ვიკივლებ, ყველა აქ მოვა!
ანდუყაფარი – ბოდიშს ვიხდი… (ისევ კარს მიიხურავს) შეიძლება, შემოვიდე და წამოდგომაში მოგეხმაროთ?
სალი-სალიკუნა – თქვენ ვინ ხართ?
ანდუყაფარი – ხომ გითხარით, პროტაგონისტი ვარ მეთქი. ჰო, პროტაგონისტი ვარ და სტუმრად მოვედი!
სალი-სალიკუნა – არ ვიცოდი, პროტაგონისტები თუ გარდერობებიდან იარებოდნენ სტუმრად. (ისევ წამოდგომას ცდილობს, მაგრამ დაეცემა) ვაი!..
ანდუყაფარი – მეტის მოთმენა აღარ შეიძლება! (გამოდის გარდერობიდან, ხოხობივით ფერადი ბუმბულები აქვს).
სალი-სალიკუნა – (გაოცებული) თქვენ ხოხობი ბრძანდებით?
ანდუყაფარი – ჰო, ხოხობი ანდუყაფარი, სპეციალობით პროტაგონისტი ოფოფების თეატრში, უფრო სწორად, ყოფილი… (წამოაყენებს სალი-სალიკუნას) ძალიან ლამაზი კაბა გაცვიათ, ცოტა დიდი რომ არ გქონდეთ…
სალი-სალიკუნა – ეს დედაჩემის საქორწინო კაბაა და…
ანდუყაფარი – ძალიან გიხდებათ, ქალბატონო სალი.
სალი-სალიკუნა – თქვენ საიდან იცით ჩემი სახელი?
ანდუყაფარი – პროტაგონისტებმა, თუნდაც ყოფილებმა, ძალიან ბევრი რამე ვიცით…
სალი-სალიკუნა – დაბრძანდით, ანდუ… სტუმარი, თუნდაც გარდერობიდან მოვიდეს, მაინც ღვთისაა…
ანდუყაფარი – “ანდუ” მომწონს!.. ხოლო სტუმარი მაშინ უფრო ღვთისაა, თუკი უსამართლოდ მოექცნენ, იმათ გამოექცა და ძლივს მოაღწია თქვენამდე, ძლივს…
თავშესაფარს გთხოვთ, დედოფალო!
სალი-სალიკუნა – ჯერ ერთი, მე დედოფალი არა ვარ, სალი მქვია, სალი-სალიკუნა და ჩვეულებრივი ვარ… თუმცა უკვე იცით ჩემი სახელი…
ანდუყაფარი – და მეორეც?
სალი-სალიკუნა – და მეორეც, ქურდი რომ იყოთ?
ანდუყაფარი – ქურდი, ჩემო კარგო, შეიძლება იყოს გუგული! ან მაესტრო ტიკსუსუნე!.. აბა, ვის გაუგონია, რომ რომელიმე ხოხობს ექურდოს?
სალი-სალიკუნა – არც მე გამიგონია, მაგრამ აქ სტუმრები კარიდან შემოდიან და არა გარდერობიდან!
ანდუყაფარი – როგორ გეკადრებათ, ძვირფასო სალი, როგორ?.. განა არ იცით, რომ მაესტრო ტიკსუსუნეს განკარგულებით, ოფოფების თეატრის დიდი გარდერობი მსოფლიოს ყველა გარდერობის ქსელშია ჩართული? და რამდენადაც ვიცი, ყოველთვიურ გადასახადსაც პატიოსნად იხდის ოთხი ბე, თორემ აქამდე გამორთავდნენ.
სალი-სალიკუნა – ეგენი მართლა არსებობენ?
ანდუყაფარი – ძალიან მართლა! მაესტრო ტიკსუსუნე ცნობილი თეატრის პატრონია!.. ეჰ, სალი-სალიკუნა, ნეტავი თქვენ, რომ არ იცნობთ!
სალი-სალიკუნა – მაინც საიდან გაიგეთ ჩემი სახელი?
ანდუყაფარი – ყველაფერი მესმის… წეღან თქვენი ლექსიც მოვისმინე და გამოგიტყდებით, მშვენიერი დეკლამაცია იყო. და სარკის წინ გათამაშებული როლებიც მშვენიერი… უკვე დედათქვენსაც ვიცნობ და იმ თქვენს უგუნურ დამწუნებელსაც…
სალი-სალიკუნა – უგუნურს?
ანდუყაფარი – ჰო, უგუნურს! და ამას მე გეუბნებით, ოფოფების თეატრის ყოფილი პროტაგონისტი! გამარჯობა! (ხელს გაუწვდის) ანდუყაფარი!
სალი-სალიკუნა – (ხელს ჩამოართმევს და კნიქსენს აკეთებს) სასიამოვნოა…
ანდუყაფარი – მშვენიერი რევერანსია! ვინ გასწავლათ?
სალი-სალიკუნა – დედამ მითხრა, რომ ეს კნიქსენია!
ანდუყაფარი – (გაიცინებს) ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი თემას აოფებს! აოფებს და აოფოფებს!.. გამოვიცანი?
სალი-სალიკუნა – მე – არა, ყოველშემთხვევაში!.. გინდათ, “რევერანსიც” გუგლში მოვძებნოთ?
ანდუყაფარი – არა, ისედაც ვიცი! კნიქსენი არის გერმანულად! ფრანგულად არის რევერანსი! ეს არის ქალის მიერ თავის დაკვრა მარჯვენა მუხლის ოდნავი ჩაკეცვით!..
სალი-სალიკუნა – დავიმახსოვრებ!
ანდუყაფარი – მაესტრო ტიკსუსუნე კი ასე გეტყოდათ! (ცხვირში ნიღნიღებს) დიქცია – კარგი! მიმიკა – ცუდი! ჟესტი – ბუნდოვანი! ულამაზო გრიმასა – არ გინდა! თუ იმუშავებთ – გელით სრული ფურორი! თუ იზარმაცებთ – სრული ფიასკო! დითირამბები – არ მჭირდება!
სალი-სალიკუნა – ვაიმე, ანდუყაფარ! ვაიმე და კიდევ ვაიმე!
ანდუყაფარი – რატომ ვიშვიშებთ?
სალი-სალიკუნა – მე ერთი პატარა გოგო ვარ და ამდენი უცხო სიტყვიდან მარტო დიქცია ვიცი! სიტყვების სწორად წარმოთქმაა! ესეც დედიკომ მასწავლა!
ანდუყაფარი – თქვენ პატარა კი არა, დიდი ქალბატონი ხართ! სტუმართმოყვარე! დევნილის შემფარებელი! თანაგრძნობის ნიჭით! და ახლავე აგისნით ყველაფერს… (სახის გამომაეტყველებას იღებს) აი, ეს არის მიმიკა – სახის კუნთების მოძრაობით შინაგანი განცდისა და გრძნობების გამოხატვა.
სალი-სალიკუნა – (ისიც მიბაძავს) ეს მეც შემიძლია!
ანდუყაფარი – ჟესტი! (ხელებს ამოძრავებს) ხელების მოძრაობით აზრის ან განცდის გამოხატვა. მეტყველების დამატებით საშუალება. ხოლო გამოთქმა “ლამაზი ჟესტი” – მოსაწონი ქმედებაც არის. თქვენ ლამაზი ჟესტი გააკეთეთ, მე რომ შემომიშვით.
სალი-სალიკუნა – უკვე გავიგე… და გრიმასა?
ანდუყაფარი – გრიმასა არის სახის განგებ ანდა უნებური მანჭვა. აღფრთოვანების ან უსიამოვნების გამოსახატავად… ან ვისიმე გამოსაჯავრებლად… მაგალითად, ოთხ ბეს აი, ასე დაუხტის სახის მარჯვენა მხარე (აჩვენებს).
სალი-სალიკუნა – (გაიცინებს) მაგარია!.. და ფურორი და ფიასკო?
ანდუყაფარი – ფურორი არის საჯარო წარმატება სპექტაკლის ჩვენებისას, ასევე აღფრთოვანება!.. ფიასკო კი – პირიქით, – მარცხი, კრახი.
სალი-სალიკუნა – ესე იგი, მე ფიასკო მომივიდა საოპერო სკოლაში?
ანდუყაფარი – სკოლასაც გააჩნია, ჩემო კარგო!.. იქ თუ უნიჭოები სხედან, ნიჭიერს გზას გადაუღობავენ… აი, მე კი კარგ მომავალს და სრულ ფურორს გიწინასწარმეტყბელებ!
სალი-სალიკუნა – და სულ არ აოფებთ?
ანდუყაფარი – სულ არა, ერთი წამითაც კი!
სალი-სალიკუნა – მართლა?
ანდუყაფარი – კი, ძალიან!..
სალი-სალიკუნა – (სიხარულით) და მაესტრო ტიკსუსუნე რომ ამბობს, დითირამბები არ მჭირდებაო…
ანდუყაფარი – დითირამბი რა არის?
სალი-სალიკუნა – ჰო.
ანდუყაფარი – დითირამბი სახოტბო ლექსს ან გადაჭარბებულ ქებას ნიშნავს…
სალი-სალიკუნა – და მართლა არ სჭირდება დითი… დითირამბები?
ანდუყაფარი – პირიქით ამბობს! თუ სახოტბო ლექსს ვერ დაუწერ ან ვერ შეაქებ, ვაი, შენი ბრალი! ადრე კარგ სპექტალკებს დგამდა, სანამ გამოსაქცევად არ გამიხდა საქმე…
სალი-სალიკუნა – და რატომ გამოიქეცი?
ანდუყაფარი – მოკლედ, ერთი ტიკსუსუნე ოფოფია, რაც არ უნდა ბევრი ასვა, მაინც იძახის, დამალევინეთო…
სალი-სალიკუნა – აა, გამოვიცანი – თქვენ იმდენს ვერ სვამდით, რამდენსაც ის!..
ანდუყაფარი – ეგ რა შუაშია?.. თეატრს ფრთები უნდა ჰქონდეს, ფრთები და არა ჩლიქები!..

(ისმის კაკუნი).

სალი-სალიკუნა – ვიღაც მოვიდა!.. და ისიც გარდერობიდან!
ანდუყაფარი – და ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული! როცა საქმე თეატრის გადარჩენას ეხება, უნდა გააოფო და გააოფოფო კიდეც!

(კაკუნი მეორდება, უფრო ხმამაღლა).

სალი-სალიკუნა – რამდენიმე აკაკუნებს!

ანდუყაფარი – მოვიდნენ! მოვიდნენ და მეც აქ დავხვდები ჩემი პატიოსანი თეატრის იდეით! არ მეშინია მე მაგათი! არა!

(გარდერობის კარზე უფრო მეტი ვინმე აკაკუნებს).

სალი-სალიკუნა – ესე იგი, ოფოფებს უპატიოსნო თეატრი აქვთ?

ანდუყაფარი – (მიმართავს გარდერობს)

ანდუყაფარი – ოფოფების თეატრს

თქვენ, ყველანი ხართ ნატვრის ქურდები,
მე თქვენ არასდროს დაგიბრუნდებით!..
ბავშვების ნატვრებს დამიზნულები,
ბოღმის ისრებით დაისრულები,
მტრობით, ინტრიგით გაფიცულები –
თქვენ ბოროტ ამბებს ჰყვებით სრულებით.
თქვენი მონობით დახვალთ კრულები,
აფსუს, ნიჭები – დაკარგულები!
მე კი ვსარგებლობ წასვლის უფლებით!
მე თქვენ არასდროს დაგიბრუნდებით!

ზმანება მესამე – შემოდის ოფოფების თეატრის დასი

(გარდერობიდან ერთბაშად ბევრნი აკაკუნებენ).

ანდუყაფარი – მოდით, მოდით და მეც აქ დაგიხვდებით!
სალი-სალიკუნა – მობრძანდით! კარი ღიაა!
ოთხი ბე – სიზმრებში მოხეტ… (კარდერობის კარიდან თავგამოყოფილ ოთხ ბეს ხელს სტაცებენ და უკან შეაგდებენ).
ქალბატონი ოვაცია – ტაში! ტაში! ჩქარა ტაში! (ახლა იმას გადააგდებენ უკან).

(ამჯერად კარში ერთად უნდა გამოსვლა ქალბატონ კაკაფონიას და ქალბატონ ილუზიას, მაგრამ ვერ გამოტეულან. გამოჩნდება ოთხი ბეს და ქალბატონი ოვაციას თავებიც. ზედახორა იმართება გარდერობის კართან).

ოთხი ბე – დამაცადეთ! გამოსვლა დამაცადეთ!
ქალბატონი ოვაცია – მე ვერ დამასწრებთ!
ქალბატონი კაკფონია – პირველი მე ვიყავი!
ქალბატონი ილუზია – გეჩვენება! შენ კი არა, მე!
ქალბატონი ოვაცია – ეგ კიდევ გასარკვევია!
ქალბატონი კაკაფონია – იქით გაიწიე, შე საძაგელო!
ქალბატონი ილუზია – საძაგელი თქვენსკენ მოიკითხე!
ქალბატონი ოვაცია – შენ ის არა ხარ, ჩემი ქოლგა რომ მოიპარე და მერე ვითომ დაგრჩა?
ქალბატონი კაკაფონია – ის ქოლგა რეკვიზიტში არ შედიოდა! და შენ რომ ზუსტად ჩემნაირი საღამოს კაბა ჩაიცვი?
ქალბატონი ილუზია – შენნაირი კი არა, ჩემნაირი!
ოთხი ბე – სიზ… სიზმრებში მოხეტ… იალე ოფ… ოფოფ… (პირზე ხელს ააფარებენ და ისევ უკან შეაგდებენ).
ანდუყაფარი – ამ საწყალ ოფოფებს რაღას ერჩოდნენ?! ვითომ ამათ უნდა დამაბრუნონ უკან?
ქალბატონი კაკაფონია – აქ ვიღაცამ გვახსენა!
ქალბატონი ილუზია – მოგეჩვენა!
ქალბატონი ოვაცია – ანდუყაფარის ხმა იყო თითქოს!
ოთხი ბე – (როგორც იქნება, გამოვა კარადიდან) მაგრამ მე აქ მხოლოდ სალი-სალიკუნას ვხედავ!
ქალბატონი ილუზია – (ისიც გამოდის) გამარჯობა, გენაცვალე! (ხელს ჩამოართმევს სალი-სალიკუნას). შეგიძლია, ქალბატონი ილუზია დამიძახო.
სალი-სალიკუნა – სასიამოვნოა.
ქალბატონი კაკაფონია – (ქალბატონ ილუზიას) ამჯერად მართალი ხარ… (ისიც ხელს ჩამოართმევს სალი-სალიკუნას) უბრალოდ დამიძახე, ქალბატონი კაკაფონია! და, რასაკვირველია, სალუტ, ჩიტუნია! (საიდუმლოდ) მერე ცალკე დამელაპარაკე და ჩემი მკერავის მობილურს მოგცემ, შენი – არ ვარგა, ძალიან დიდი კაბა შეუკერია შენთვის…
ქალბატონი ოვაცია – ოი-ოი-ოი! ჩემი აპლოდისმენტები და ამოუწურავი ოვაცია ამ მშვენიერ ქალბატონს! (არც უყურებს სალი-სალიკუნას). ანდუყაფარ, ძვირფასო!.. მე შენ მოგიხმობ!
ანდუყაფარი – გისმენთ, ქალბატონო ოვაცია!
ქალბატონი ოვაცია – (უიმედოდ) ნუთუ ისე დაიკარგა, რომ ვეღარასოდეს ვნახავ?..
ოთხი ბე – ძვირფასო სალი-სალიკუნა, მოგესალმებათ სიზმრებში მოხეტიალე თეატრის დასი!
სალი-სალიკუნა – გამარჯობა!
ანდუყაფარი – მე თუ ესენი მართლა ვერ მხედავენ და, – სულ გამოშტერებულან!
სალი-სალიკუნა – რაზე შეწუხებულხართ?
ქალბატონი ოვაცია – პროტაგონისტი გაგვექცა, ანდუყაფარი…
ოთხი ბე – (ქალბატონ ოვაციას) რა შუაშია ანდუყაფარი?! (სალი-სალიკუნას უღიმის) ჩვენ ჯერ განცხადება გაახლეთ სკაიპით და ახლა კასტინგზე გეახელით!
სალი-სალიკუნა – კი, წავიკითხე, მაგრამ ვიფიქრე, ვიღაცა აოფოფებს მეთქი.
ოთხი ბე – მერედა, თქვენ კი არ გინდათ გაოფოფება?.. აბა, ამ დიდებულ ქალბატონებს შეხედეთ, როგორ დანარნარებენ! (ოფოფები გარშემო უფრენენ სალი-სალიკუნას).
ქალბატონი ოვაცია – ოვაცია ჩემ სავარცხელს, ამოუწურავი ოვაცია!
ქალბატონი კაკაფონია – ხმები მინდა, ბევრი ხმები!
ქალბატონი ილუზია – აი, მე კი ჩემ ილუზიებთან ერთად ვცეკვავ!.. (ეცეკვება ანდუყაფარს).
ანდუყაფარი – მე ილუზია არა ვარ, არა!
ოთხი ბე – (ტაშს შემოჰკრავს) ყურადღება, ვიწყებთ! (მოცეკვავე ქალბატონები შეჩერდებიან). სარეჟისორო მაგიდა – სცენაზე! (თავად გავარდება და გარდერობიდან გამოაქვს მაგიდა, ქალბატონ ოფოფებს გამოაქვთ: სკამი, საფერფლე, სიგარეტი, სანთებელა, მინერალური წყლის ბოთლი და ჭიქა. წმენდენ, ასუფთავებენ ყველაფერს და მაგიდაზე აწყობენ).
ქალბატონი ოვაცია – კინაღამ გამოგვრჩა!.. ქალბატონო სალი-სალიკუნა, წარმოგიდგენთ დიდი მაესტრო ტიკსუსუნეს ასისტენტ-თანაშემწეს… (სალი-სალიკუნას თავს დაუკრავს ოთხი ბე).
ქალბატონი კაკაფონია – ჩვენი თეატრის პრეს-ატრაშეს…
ქალბატონი ილუზია – გარდერობმაისტერს, სუფლიორს, გრიმიორს…
ქალბატონი ოვაცია – რეკვიზიტორს, მკერავს, მოლარე-ბუღალტერს…
ქალბატონი კაკაფონია – გამნათებელს, დარაჯს, კაპელდინერს…
ანდუყაფარი – თანამდებობა აღარ დარჩა, ამას რომ არ ეკავოს!
ქალბატონი ილუზია – და რაც მთავარია, დითირამბების დიდოსტატს…
ქალბატონი კაკაფონია – და შეთავსებით ქორეოგრაფიც გახლავთ!
ქალბატონი ოვაცია – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ოთხი ბე – (თავის კანტურს მორჩება) ანუ, მოკლედ, ოთხი ბე! (ხელზე მოწიწებით ეამბორება სალი-სალიკუნას) და რაც უაღესად გადამწყვეტია! (გარდერობში შედის, იქიდან გამოდის გაბერილი ტიკით და ასევე გაბერილი ტომარით) მაესტრო ტიკსუსნეს ტიკი-ტომარა!
სალი-სალიკუნა – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! (კნიქსენს აკეთებს).
ოთხი ბე – კნიქსენი!
ქალბატონი ოვაცია – ვინ ასწავლა?
ქალბატონი კაკაფონია – ექსცენტრიკული რევერანსია თუ მეშლება?
ქალბატონი ილუზია – გეჩვენებათ…
ოთხი ბე – (თეატრალურ ზარს ააწკარუნებს) ყურადღება! ყურადღება! დიდი მაესტრო ტიკსუსუნე გვიახლოვდება!
ოფოფები და ოთხი ბე ერთად – (ტაშს უკრავენ და სკანდირებენ) ტიკ-სუ-სუ-ნე! ტიკ-სუ-სუ-ნე! ტიკ-სუ-სუ-ნე! ვაშა! ვაშა! ვაშა!

ზმანება მეოთხე – მაესტრო ტიკსუსუნე აწყობს კასტინგს პირიქით

(ოთხი ბე გარდერობის კარს ფართოდ აღებს. ოფოფები ქოლგებს გადააჯვარედინებენ და საპატიო რიგს გააკეთებენ.
გარდერობიდან ჯერ მუნშუკის წვერი გამოჩნდება, რომელსაც მოკიდებული სიგარეტი უკეთია. ამ მუნშტუკს მერე ღიპი მოჰყვება. ბოლოს თავად ტიკსუსუნეც გამოდის. ოთხი ბე რევერანსს უკეთებს და ყვავილების მაგივრად ქაღალდის ფურცლებს უყრის გზაზე.
მაესტრო ტიკსუსუნე დინჯად გაივლის ოფოფების საპატიო რიგში, მიდის სალი-სალიკუნასთან, შემოუვლის გარშემო და ხელს გაუწვდის).

ტიკსუსუნე – მაესტრო ტიკსუსუნე!
სალი-სალიკუნა – (კნიქსენი) სალი-სალიკუნა!
ოთხი ბე – ჩვენ უკვე გიცნობთ!
ტიკსუსუნე – ჩემი ტიკი-ტომარა!
ოთხი ბე – ახლავე! (შეირბენს გარდერობში და იქიდან ზურგზე მოკიდებული ტიკით და გაბერილი ტომრით გამოდის).
ანდუყაფარი – ქურდების ტომარა! ქურდების ტომარა!
ტიკსუსუნე – (მიუჯდება სარეჟისორო მაგიდას) მე ვერ ვხედავ… მაგრამ… აქ ვიღაც… თითქოს რაღაცას ამბობს…
ოთხი ბე – არა, მაესტრო, მე არაფერი გამიგონია. (ოფოფებს) თქვენ?
ოფოფები – არც ჩვენ! არც ჩვენ!
ოთხი ბე – (სალი-სალიკუნას, ჩურჩულით) არც შენ! (სალი-სალიკუნა უკმაყოფილოდ აიჩეჩავს მხრებს).
ტიკსუსუნე – ბოლოს და ბოლოს! ვინც არ უნდა იყოს, ეგ ვისი ტიკი-ტომარაა, რომ თავს წამოვისვა და ჩემი საიდუმლო გავანდო?
ოთხი ბე – არც არავისი!
ტიკსუსუნე – ყველაფერი შეამოწმეთ?
ოთხი ბე – ყველგან!
ქალბატონი ილუზია – მაგრამ აქ დასამალიც არსად არის.
ქალბატონი კაკაფონია – აიხედეთ ზემოთ! ჭაღზეც კი არ ზის!
ქალბატონი ოვაცია – მაშ, ვინ ამბობდა, აქ შემოფრინდაო?
ქალბატონი კაკაფონია – ვინ ამბობდა და… ვთქვა?
ქალბატონი ოვაცია – ბრძანე!
ქალბატონი კაკაფონია – ვინ და, ქალბატონი ილუზია!
ქალბატონი ილუზია – რა თქვენი საქმეა?! მე ასე დავინახე!
ანდუყაფარი – მე აქ ვარ! აქ! (ხტის და ხელებს იქნევს).
ტიკსუსუნე – კარგი რა! კარგი რა!.. თავი ამატკიეთ უკვე!.. დიაგნოზი: შაკიკი! აბა, ქალბატონმა ილუზიამ რა უნდა დაინახოს?
ქალბატონი ილუზია – ეგ მე ვიცი, რასაც დავინახავ!..
ქალბატონი ოვაცია – ჰა-ჰა! დაინახავს!
ქალბატონი კაკაფონია – უჰ-უჰ-უჰ! ეგ რომ დაინახავს!
ტიკსუსუნე – დიაგნოზი: შაკიკი!..
ოთხი ბე – სიჩუმე!
ტიკსუსუნე – კარგი… დავიწყოთ კასტინგი პირიქით, რაკი ჩვენ გესტუმრეთ…
ოთხი ბე – მზად ხართ, გოგონა?
სალი-სალიკუნა – დიახ!
ტიკსუსუნე – მაშ, ასე!.. თქვენი წეღანდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ სარკის წინ, ასე უნდა ითქვას!..
ოთხი ბე – ყურადღებით! აბა, როგორ უნდა ითქვას, მაესტრო?
ტიკსუსუნე – (ცხვირში ნიღნიღებს) დიქცია – კარგი! მიმიკა – ცუდი! ჟესტი – ბუნდოვანი! ულამაზო გრიმასა – არ გინდა! თუ იმუშავებთ – გელით სრული ფურორი! თუ იზარმაცებთ – სრული ფიასკო! დითირამბები – არ მჭირდება!
ოთხი ბე – ბრავო, ბრავო, ბრავისიმო, ბის! (ტაშს უკრავს, აჰყვებიან ოფოფი ქალბატონებიც).
ტიკსუსუნე – დიაგნოზი: შაკიკი! შაკიკი მეთქი! (ყველა გაჩუმდება) აუხსენით!..
ოთხი ბე – რა ავუხსნათ, მაესტრო?
ტიკსუსუნე – დიქცია, მიმიკა, ჟესტი და ასე შემდეგ.
სალი-სალიკუნა – ეგ ყველაფერი მე უკვე ვიცი, მაესტრო! დედამ მასწავლა და ანდუ…
ტიკსუსუნე – რაო, რაო?
ოთხი ბე – კიდევ ვინაო?
ოფოფი ქალბატონები – ვინ ანდუ?..
სალი-სალიკუნა – მე ვთქვი, ან თუ…
ტიკსუსუნე – ან თუ?
სალი-სალიკუნა – ან თუ ინტერნეტში ვნახე მეთქი ეგ სიტყვები.
ოთხი ბე – ინტერნეტშიო!
ტიკსუსუნე – საინტერესოა!
ოფოფი ქალბატონები – ძალიან!
ტიკსუსუნე – (ოთხ ბეს) თქვენ კი, ცუდად მუშაობთ, ძმობილო!
ოთხი ბე – (ზურგზე მოგდებულ გაბერილ ტომარას ჩამოიღებს) ბოდიში! გამომრჩა სიჩქარეში! (ტომრიდან დიქტოფონს ამოიღებს) აქ ჩაიწერება ლაპარაკი! (ტომრიდან მეორე აპარატს ამოიღებს) შეუერთდება ამას, მერე გაიშიფრება და აქედან პირდაპირ კომპიუტერში შედის ტექსტი. ჩვენი ელექტრონული ტექსტების ბაზაში!
ანდუყაფარი – შეეკითხეთ, რა ტექსტებია თქო?
სალი-სალიკუნა – რა ტექსტებია?
ოთხი ბე – საიდუმლო!.. მერე ეს ტექსტები გადახარისხდება კომპიუტერში, გადაინომრება და შეიტანება მონაცემთა ერთიან ბაზაში. თან ამოიპრინტება ფურცლებზე და ამ თეატრალურ ტომარაში მოიყრის თავს.
ტიკსუსუნე – არ უნდა მაგდენი ისტორია და გეოგრაფია!
ანდუყაფარი – შეეკითხეთ, სალი-სალიკუნა, რად უნდათ ეგ დანომრილი ნატვრები?
ტიკსუსუნე – (მაგიდას დაჰკრავს ხელს. ოფოფები და ოთხი ბე შეხტებიან) აქ ვიღაცამ თითქოს რაღაცა სისულელე წამოროშა!
ოფოფები – ჩვენ არა, მაესტრო!
ოთხი ბე – არც მე!
ტიკსუსუნე – კარგი… ჩვენ ახლა ერთგვარად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვართ!
ანდუყაფარი – ფორს-მაჟორი არის გადაულახავი დაბრკოლება!
სალი-სალიკუნა – გადაულახავი დაბრკოლება? რთული ვითარებაა, მაესტრო!
ტიკსუსუნე – ჰო, პროტაგონისტი წავიდა თეატრიდან და ამიტომ მოგაკითხეთ კასტინგზე!
სალი-სალიკუნა – დიდი მადლობა!
ტიკსუსუნე – აბა, ფონება “ლასის” ტესტირება გავიაროთ!
ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ტიკსუსუნე – (სალი-სალიკუნას) აბა, გაიმეორეთ: “ლალის ლალის ლალებიო”!
სალი-სალიკუნა – ლალის ლალის ლალებიო!
ოთხი ბე – როგორია?
ქალბატონი ოვაცია – არა უშავს…
ქალბატონი კაკაფონია – ვითომ?
ქალბატონი ილუზია – ისე რა…
ტიკსუსუნე – ფონემა “ლასის” ფონაცია კარგია.
ოთხი ბე – ფონემა “ლასის” ტესტირების შედეგი დადებითია. (სალი-სალიკუნას) გაიღიმეთ და სამადლობელი კნიქსენი!
სალი-სალიკუნა – (იღიმის, აკეთებს კნიქსენს) გმადლობთ.
ტიკსუსუნე – მიმიკას მივხედოთ… გრიმასაც როგორია?
ოთხი ბე – და ექსცენტრიკული მოძრაობა, მაესტო, ამისი ექსცენტრიკული სიარული არ გამოგვრჩეს.
ტიკსუსუნე – არ გამომრჩება… და გაფრთხილებთ, ჩვენი თეატრის დევიზია – ან სრული ფურორი, ან სრული ფიასკო! საშუალო არ არსებობს!
ოთხი ბე – მშვენიერი პროტაგონისტი ვიპოვეთ!
ოფოფები – თუ ამანაც კუდი ყავარზე არ გადო ანდუყაფარივით!
ოთხი ბე – ჰო…
ტიკსუსუნე – რამ შექმნა ჩვენი ფორს-მაჟორი?
ოთხი ბე – ეს საშინელი კრიზისი?
ოფოფები – რამ?
ტიკსუსუნე – რამ და, ყავარზე გადებულმა კუდმა! აი, რამ!
ოთხი ბე – ოჰ, ანდუყაფარ, ანდუყაფარ!
ოფოფები – არ უნდა მიგვეღო ხოხობი, არა! მეტად გრძელი კუდები აქვთ!
ტიკსუსუნე – მოისმინეთ ლექსი ყავარზე გადებულ კუდზე!
ოთხი ბე – ყველანი ვისმენთ!

ტიკსუსუნე –

ყავარზე გადებული კუდი,
იმითაც არის ცუდი,
რომ იმის პატრონს უჭირს –
მედიდურია თუკი!..

ოფოფები – ბრავო!
ტიკსუსუნე – დითირამბები არ მინდა!

ოთხი ბე –

თუკი დაიწყო ბუნტი,
დღე დაუდგება ქუფრი.

ტიკსუსუნე –

გირჩევ, დალიო ლუდი,
არ მოიხადო ქუდი!

ოთხი ბე – ლუდი რა შუაშია?
ტიკსუსუნე – აბა, ბუნტი რაღა შუაშია?
ოთხი ბე – რატომ, მაესტრო, რატომ, თორემ კი…
ტიკსუსუნე – იმიტომ, რომ…
ქალბატონი ოვაცია – ოვაციას ვერ გამოიწვევს!
ქალბატონი კაკაფონია – კაკაფონიურია!
ქალბატონი ილუზია – ილუზორული!
ტიკსუსუნე – იმიტომ, ჩემო კარგო ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის, რომ როცა ჰმ… ჰმ… “გამძაფრებაზე” მიდიხარ… სწორად ვამბობ?
ოთხი ბე – კი, გამაძაფრებაზე…
ტიკსუსუნე – ჰო, როცა გამძაფრებაზე მიდიდხარ, მაშინ ჯერ შენ თვითონ უნდა ჩამოიღო კუდი ყავარიდან. აბა, სალი-სალიკუნა, რას იტყვი ამაზე?
სალი-სალიკუნა – კუდი ყავარზე – ნათქვამი არის ამპარტავანზე!
ოთხი ბე – ესეც ლექსი გამოვიდა! ჩავიწერო ესეც, მაესტრო?
ტიკსუსუნე – მასე კი არა, აი, მისმინე:

მაესტრო ტიკსუსუნე – სალი-სალიკუნას

ტიკსუსუსნემ სალიკუნა
გააფრთხილოს მაინც უნდა:
ნუ გახდები ხოხბის კუდა,
დარჩი ასე – იის სულთქმა.

თუ იქნები გრძელა კუდა,
ეგებ ყავარს გადო სულაც –
გადმოგვხედო, როგორც ბუდამ!
განა ერთხელ, სულ და მუდამ!

ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ქალბატონი ოვაცია – ოვაციები!
ქალბატონი კაკაფონია – კაკაფონია!
ქალბატონი ილუზია – სულ ილუზიები, სულ!
ტიკსუსუნე – და, აბა, რატომ ვთქვი “იის სულთქმა”?
ოთხი ბე – რატომ?
ტიკსუსუნე – (სალი-სალიკუნას ყნოსავს) ეს სუნამო… ეს არის…
ოთხი ბე – (ისიც სალი-სალიკუნას ყნოსავს) ეს არის…
სალი-სალიკუნა – ეს…
ტიკსუსუნე – არ თქვა! ახლავე გამოვიცნობ! ეს არის “დოლჩე გაბანას” “ზი ვან”! მართალი ვარ?
სალი-სალიკუნა – კი, დედიკოს აჩუქა ჩემმა მამიკომ დაბადების დღეზე.
ტიკსუსუნე – აი, ხომ ხედავთ?! რეალობიდან უნდა მოდიოდეს ყველაფერი… მე ეს სუნამო პარიზში ვუყიდე აქაურ ქალბატონებს!
ქალბატონი ოვაცია – ოვაციები!
ქალბატონი კაკაფონია – კაკაფონია!
ქალბატონი ილუზია – სულ ილუზიები, სულ!
ოთხი ბე – მე კი მაინც არ შევჭამე შემწვარი ბაყაყები!
ტიკსუსუნე – სალი-სალიკუნა, თქვენ აქ “ტრავიატას” უკრავდით და ის არია მომეცით, “დავლიოთ”!
ოთხი ბე – ჩამოვასხა, მაესტრო?
ოფოფები – ესე იგი, გადაწყდა!
ტიკსუსუნე – კასტინგი დამთავრდა, ფორს-მაჟორი აღარ არსებობს!.. ანდუყაფარი კი დაიკარგა… არადა, როგორ მიყვარდა ეგ… სულ იმისი ლაპარაკი ჩამესმის…
ოთხი ბე – (ყანწს ამოიღებს ტომრიდან, შიგ ტიკიდან ღვინოს ჩამოასხამს და გაუწვდის ტიკსუსუნეს) ახლა მაესტრო ტოსტს იტყვის!
ქალბატონი ოვაცია – სანამ ტოსტს იტყოდეს, ჯერ კუდი გვაჩვენოს ახალმა პროტაგონისტმა! და ოვაციები ჩვენზე იყოს!
ქალბატონი კაკაფონია – აუცილებლად! და კაკაფონიასაც წამოგაშველებთ!
ქალბატონი ილუზია – ჰო, კუდის ჩვენება აუცილებელია! და სულ ილუზიები, სულ!
სალი-სალიკუნა – სამწუხაროდ, მე კუდი არა მაქვს! მე ადამიანი ვარ!
ქალბატონი ოვაცია – ადამიანი?!
ქალბატონი კაკაფონია – სულ სხვა ვიღაცეებით გაივსო ჩვენი თეატრი!
ქალბატონი ილუზია – უკუდოდ როგორ უნდა ითამაშოს ჩვენთან?!
ოთხი ბე – თუ კუდიანი გინდოდათ, გყავდათ ანდუყაფარი! და ამისი უკუდობა იმითაც არის კარგი, რომ ვერაფერსაც ვერ გადებს ყავარზე!
ტიკსუსუნე – არ გავიგონო ანდუყაფარის სახელის ხსენება აქ!
ოთხი ბე – ბოდიშს ვიხდი!
ტიკსუსუნე – კარგი, ახლა მისმინეთ…

მაესტრო ტიკსუსუნეს სადღეგრძელო

ლამაზია ოფოფების თეატრი,
სიზმრებში რომ მოიძიებს სპეკალებს.
სანატრელ დასს ვერავის ვერ შეადრი,
ვნებით ვნაღმავთ წარმოსადგენ სპექტაკლებს.

მსოფლიოში პირველი ვარ, იცოდეთ,
ტიკიც მაქვს და ეს ტომარაც ჩემია.
ეჰეი, მტრებო, ჩემი შურით იწვოდეთ,
თქვე, საწყლებო, მეტი რა დაგრჩენიათ.

ჩემომისხი, ერთიც უნდა დავლიო,
სადღეგრძელო უნდა შევსვა მტრებისა,
ტიკსუსუნე მაესტრო ვერ არიო,
მსახიობით მაყურებლის შებმისა.

ანდუყაფარ, ხოხობი ხარ, ბედკრული,
და თუ ოდეს შენც თეატრი გეღირსა,
მაშინაც კი ჩემთანა ხარ შეთქმული, -
შენც დალიე სადღეგრძელო მტრებისა.

ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ქალბატონი ოვაცია – ოვაციები!
ქალბატონი კაკაფონია – კაკაფონია!
ქალბატონი ილუზია – სულ ილუზიები, სულ!
ტიკსუსუნე – (დალევს ყანწს) და ბოლოში პირველი სტროფი მეორდება, მაგრამ მეზარება იმისი თქმა…

ზმანება მეხუთე – ნატვრის დატყუება

ტიკსუსუნე – აბა, მაშ, ვიწყებთ ამ ლექსის რეპეტიციას!
ოთხი ბე – ყურადღება! რეპეტიცია იწყება!
ტიკსუსუნე – სად არიან მსახიობები?
ოთხი ბე – არ ვიცი, მაესტრო!.. აქამდეც უნდა მოსულიყვნენ! (გამოხსნის გარდერობის კარს) არ არიან!
ოფოფები – აქა ვართ, აქ!
ოთხი ბე – ააა, უკვე მოსულან!..
ტიკსუსუნე – ვერ შევამჩნიე… დავიწყოთ!

(ოფოფი ქალბატონები იწყებენ წრიულად ფრენას).

ქალბატონი ოვაცია – გამარჯობა, მაესტრო!
ტიკსუსუნე – გაგიმარჯოს!
ქალბატონი კაკაფონია – ძალიან მოგვენატრეთ!
ტიკსუსუნე – მეც!..
ქალბატონი ილუზია – და, ბოლოს და ბოლოს, რომელი ჩვენგანი უნდა შეირთოთ ცოლად?
ტიკსუსუნე – ჯერ არ ვიცი…
ოთხი ბე – ჯერ ფიქრობს!
ტიკსუსუნე – დითირამბები არ მინდა!.. დავიწყოთ!
ოთხი ბე – და პროტაგონისტი?
ტიკსუსუნე – პროტაგონისტი იქნება…
ქალბატონი ოვაცია – მე!
ქალბატონი კაკაფონია – შენ კი არა, მე!
ქალბატონი ილუზია – და მე?
ტიკსუსუნე – არც ერთი… გაიცანით, ჩვენი თეატრის ახალი პროტაგონისტი, სალი-სალიკუნა!
ოთხი ბე – ბრავ…
ქალბატონი ოვაცია – ოფოფების თეატრია და, ერთი ოფოფიც კი აღარ დარჩა წამლად, ერთიც კი!
ქალბატონი კაკაფონია – სულ კაჭკაჭებით, ყვავებით, ძერებით, სვავებით და ამისთანა უბრალო ფრინველებით გაივსო აქაურობა!
ქალბატონი ილუზია – და ეს კიდევ, საერთოდ, ფრონველიც კი არ არის!.. (სალი-სალიკუნას) თქვენ ფრენა იცით?
ანდუყაფარი – აი, როგორი ინტრიგანები არიან! ვითომ კარგად მიგიღებენ და სინამდვილეში ძირს გითხრიან!
ტიკსუსუნე – ფრენასაც ვასწავლით და ნატვრების მოპოვებასაც!
ოთხი ბე – რასაკვირველია!

(ოფოფები ამოიოხრებენ).

ტიკსუსუნე – ოღონდ მას შემდეგ, რაც ანდუყაფარს ვიპოვნი და სასტიკად დავამარცხებ! უსასტიკესად!
ოთხი ბე – რაში დაამარცხებთ, მაესტრო?
ტიკსუსუნე – მე ეგ სმაში ვერ მომყვება და…
ოთხი ბე – სცენიდან ამბის მოყოლაში!
ოფოფები – ვერა!
ტიკსუსუნე – ასე, რომ ლექსებით შევებრძოლები, თავს ლაფს დავასხამ და ისე გავუშვებ!
ანდუყაფარი – ან დამასხამ, ან ვერა!
ოთხი ბე – ოღონდ ჯერ რეპეტიციაა!
ტიკსუსუნე – დავიწყოთ. ეს ლექსი იცით, ალბათ, უკვე, წეღან რომ ვთქვი და პირველი სტროფის ბოლოში გამეორება დამეზარა.
ოფოფები – ვიცით!
ტიკსუსუნე – ესე იგი, მიზანსცენა ასეთია: ქალბატონი ოვაცია, ქალბატონი კაკაფონია და ქალბატონი ილუზია დგებით სალი-სალიკუნას უკან. (დადგებიან) სალი-სალიკუნა, შენ ოდნავ წინ წამოდი, ნახევარი ნაბიჯით (სალი-სალიკუნა წინ გამოდის). ქალბატონო ოფოფებო, თქვენ ადგილზე ცეკვავთ ვალს-ბოსტონს!
ქალბატონი ოვაცია – აღარ გვინდა ვალს-ბოსტონი!
ქალბატონი კაკაფონია – თანაც ადგილზე!
ქალბატონი ილუზია – სხვა ცეკვა გვინდა!
ტიკსუსუნე – კარგი, მაშინ ტანგო!
ქალბატონი ოვაცია – ტანგო – ადგილზე?!
ქალბატონი კაკაფონია – ეს როგორ?!
ქალბატონი ილუზია – უკავალრებოდ?!
ტიკსუსუნე – ადგილობრივი ტანგო, კი! და დამთავრდა ლაპარაკი!
ანდუყაფარი – არ აჰყვეთ, სალი-სალიკუნა, დაგღუპავთ!
სალი-სალიკუნა – ნუ გეშინიათ!
ოთხი ბე – ლაპარაკი სცენაზე!
ანდუყაფარი – ახლა ვნახავთ, როგორ დაგტყუებს ნატვრას!
ტიკსუსუნე – არ ვიცი, მეჩვენება თუ რა ხდება?.. ვინ ლაპარაკობს მანდ?
ოთხი ბე – არავინ, მაესტრო! სცენაზე სამი გამოცდილი ოფოფი ქალბატონი და ერთიც ახალბედა პროტაგონისტია!
ტიკსუსუნე – (ოთხ ბეს) მუსიკა მზად არის?
ოთხი ბე – (ტომრიდან მაგნიტოფონს ამოიღებს) კი, ძალიან!
ტიკსუსუნე – პროტაგონისტო! მუსიკა რომ ჩაირთვება და თვენს უკან ოფოფები ცეკვას დაიწყებენ და იმღერებენ ჩემ ლექსს, აბა, ვინ იქნებით თქვენ?
სალი-სალიკუნა – არ ვიცი…
ტიკსუსუნე – თქვენ ხართ ქვემეხი!
ოთხი ბე – რა ძალიან კარგი ხართ, მაესტრო! რა ძალიან კარგი!
ტიკსუსუნე – ჰო, ხუთას მილიმეტრიანი ქვემეხი! ჰაუბიცა ჯერ ვერა! ხომ იცით, ქვემეხი სხვაა და ჰაუბიცა – სულ სხვა? ჰაუბიცის ნაღმი ზემოდან დაეცემა ხოლმე და ქვემეხი კიდევ – პირდაპირ ისვრის!
ანდუყაფარი – (სალი-სალიკუნას) დაგღუპავს!
სალი-სალიკუნა – (ხელს წინ გამოიშვერს და მრისხანედ იყურება) ასე?
ტიკსუსუნე – არა, არა… ამას თქვენთვის ფიქრობთ!
სალი-სალიკუნა – კარგი…
ტიკსუსუნე – ანუ, თქვენი განცდებისგან აკეთებთ ყუმბარებს და მაყურებელს ესვრით! და რაკი ჯერ ჰაუბიცა არა ხართ, როგორ ესვრით?
ოთხი ბე – პირდაპირი დამიზნებით!
ტიკსუსუნე – ჰო, შიგ გულში უმიზნებთ!
სალი-სალიკუნა – ვაიმე, მაესტრო, ქვემეხი და ჰაუბიცა გავიგე, მაგრამ ყუმბარები როგორ უნდა ვისროლო, ამას ვერ ვხვდები!
ტიკსუსუნე – იცით, როგორ მზადდება კარგი ყუმბარები? თქვენს სანუკვარ ოცნებებზე და ნატვრებზე ლაპარაკობთ!.. ეს სულ სხვა რამეა, რაღაცა ის კი არ არის…
ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის! ამასაც ჩავიწერ! (იწერს).
ტიკსუსუნე – აპლოდისმენტები და დითირამბები საჭირო არ არის!
ოფოფები – ტაშ-ტაშ-ტაში! (ტაშს უკრავენ).
სალი-სალიკუნა – მივხვდი, მივხვდი! მე ჩემი უნდა გავაოფო!
ტიკსუსუნე – გააოფოთ კი არა, გააოფოფოთ! და მარტო თქვენი ნატვრები კი არა, თქვენი მეგობრებისაც, რომ მაყურბელს შედარების საშუალება მივცეთ!
ოთხი ბე – (მოიმარჯვებს დიქტოფონს) მშვენიერი ყუმბარები იქნება, მშვენიერი!.. თან იმ მეგობრების სახელებსაც ამბობთ!
სალი-სალიკუნა – გავიგე, გავიგე!
ტიკსუსუნე – დითირამბები! არ გვინდა! მეთქი!
ოფოფები – ტაშ-ტაშ-ტაში! (ტაშს უკრავენ).
ანდუყაფარი – არაფერი უთხრა!
სალი-სალიკუნა – დავიწყო?
ტიკსუსუნე – დაიწყე!
სალი-სალიკუნა –

ვაიმე, როგორ მაოცებ,
თავი მგონია ფორუმზე –
დგახარ და თემას აოფებ,
ვერ შევთანხმდებით ქვორუმზე…

ანდუყაფარი – (გადაიხარხარებს) კარგი ხართ, სალი-სალიკუნა!

ზმანება მეექვსე – ტიკსუსუნე ბრაზობს

ტიკსუსუნე – სტოპ! არ ვარგა!..
ოთხი ბე – (ოფოფ ქალბატონებს) სტოპ! სტოპ!
(ოფოფი ქალბატონები შეწყვეტენ სიმღერას).
ტიკსუსუნე – ვინ დააყენა აქ ეს შუქები?! რა უნდა აქ ამ ჭაღს!
ოთხი ბე – ჭაღი?! მე არ ჩამომიკიდია, მე არა…
ტიკსუსუნე – თქვენ კი, ქალბატონო ოფოფებო! ჰო, თქვენ, მარტო ოფოფები რომ მომინდომეთ აქ! რომ დამდგარხართ მანდ და დასეტყვილი ყვავებივით რომ ჩამოგიყრიათ ფრთები!.. ჰო, ჰო, რას მიყურებთ! დასეტყვილი ყვავებივით!
ოფოფები – (დაიწყებენ ხელების ქნევას) ასე?
ტიკსუსუნე – მასე კი არა! (მიირბენს იმათთან) აი, ასე! (გამალებით იქნევს ხელებს). გაიგეთ?
ოფოფები – ძალიან! (ისინიც იქნევენ ხელებს).
ტიკსუსუნე – ანუ, ეს ლექსი არის ისეთი ჰუმანიური, რომ მტრების სადღეგრძელოც კი ისმევა, მტრებისა! და მთელი თქვენი ენერგია ამ ფრენაში უნდა ჩადოთ!.. აბა, რა უნდა ისწავლოს ამ… (დაინახავს ანდუყაფარს). სალამი მაინც ღვთისაა და, – გამარჯობა, ანდუყაფარ!
ანფუყაფარი – მაინც გაგიმარჯოს!
ტიკსუსუნე – (ჩაიხითხითებს) თქვენ გგონიათ, მართლა ვერ გხედავდით?
ანდუყაფარი – კარგია, ახლა მაინც რომ ინებეთ ჩემი შემჩნევა!
ტიკსუსუნე – როგორ გაგიძლოთ გულმა, როცა თქვენ ადგილზე ეს გოგო ამყავდა და ხმა არ ამოიღე?
ოთხი ბე – ჰა?
ტიკსუსუნე – სულ მარტო რომ დარჩები, მერე მიხვდები, რა უგზო-უკვლოდ დადიხარ და როგორ დიდ სისულელეებს აცხობ ტორტებივით!
ოთხი ბე – ჰო, ტორტებივით!
ანდუყაფარი – თქვენი დასი იმიტომ დახეტიალობს ბავშვების სიზმრებში, რომ იქიდან ბავშვების ნატვრები მოიპაროთ! თქვენ გინდათ, უნატვროდ დატოვოთ ბავშვები და ამის ხარჯზე ამოავსოთ ეგ თქვენი უძირო თეატრალური ტომარა!
ტიკსუსუნე – კი, მაგრამ თქვენც მშვენივრად დაეხეტებოდით ბავშვების სიზმრებში ჩვენთან ერთად!
ანდუყაფარი – ჰოდა, აღარ ვივლი!.. მე ისეთი თეატრი მინდა, რომ ნატვრები კი არ მოვპარო ბავშვებს, არამედ უკეთესი ნატვრები ვანატრო! და ულამაზესი ოცნებებით ვაოცნებო!
სალი-სალიკუნა – ვაი, რა კარგად თქვით, ანდუყაფარ!
ტიკსუსუნე – აჰ, კარგად თქვა, არა? მე ამას ისეთ რამეებს ვეტყვი, რომ უკბილებოდ შევჭამ და უხელებოდ დავამტვრევ!
ოფოფები – ეგ უკუდო მგელზე მჯდომი!
ოთხი ბე – ჰო, ძალიან!
ტიკსუსუნე – (ოთხ ბეს) მეტს ვერაფერს ეუბენები? პრეს-ატაშე და კაპელდინერი მაინც არ იყო!
ოთხი ბე – რა ვქნა, მაესტრო? ულვაში მაინც ჰქონოდა, ვეტყოდი, – შეგირცხვა ულვაში მეთქი და რომ არა აქვს?
სალი-სალიკუნა – სამაგიეროდ, თქვენ გაქვთ ულვაში, ბატონო კაპელდინერო!
ოთხი ბე – (ხელებით ამოიგრეხს ულვაშს) ვაი, მართლა მქონია!
ტიკსუსუნე – (სარეჟისორო მაგიდასთან მიდის და თავის სკამზე დაჯდება) რომ შეაგდეთ ქვა და შეუშვირეთ თავი, ანდუყაფარ… ის მაინც თუ იცით, რომ საახალწლოდ ეს ჩვენი შეგროვილი ნატვრები – ყველა აგვიხდება, სულ ყველა!..
ოთხი ბე – ჰო, ძალიან!
ტიკსუსუნე – და სიზმრებში მოხეტიალე კი არა, ნატვრის თეატრი ვიქნებით?
ოთხი ბე – ჩამოიღეთ ყავარიდან ეგ გრძელი კუდი, ანდუყაფარ და იყავით ჩვენთან!
ოფოფები – რას გვერჩით, თორემ კი!
ანდუყაფარი – მე ჩემი გითხარით უკვე!
ოთხი ბე – არც იწვრილა, არც იკითხა!
ტიკსუსუნე – კარგი, ასე იყოს მაშინ!.. მაგრამ იცოდე, თუ ავაფრინე ჩემი ოფოფები, აღარც დავაფრენ! აღარც!
ოთხი ბე – ვითომ ესმის რამე?
ტიკსუსუნე – გავაგებინებ!

ზმანება მეშვიდე – ნეტავ, რად ელტვის განაკიდეს ნატვრის ბუნება?

(სალი-სალიკუნას ერთი მხრიდან ოფოფი ქალბატონები დაუდგებიან, მეორე მხრიდან – ანდუყაფარი).

ანდუყაფარი – ის ვერ გაგაგებინეთ, რომ მსახიობის ოსტატობა ის აღარაა, რასაც თქვენ ასწავლით!
ტიკსუსუნე – აბა, რა არის?
ქალბატონი ოვაცია – სალი-სალიკუნა, არ დაუჯერო!
ქალბატონი კაკაფონია – სისულელეა!
ქალბატონი ილუზია – ჩვენზე კარგ ოსტატებს ვერსად ნახავ!
სალი-სალიკუნა – უკვე აღარ ვიცი, რომელს დაგიჯეროთ?
ოთხი ბე – როგორ თუ რომელს?! ამას კიდევ კითხვა უნდა?
ტიკსუსუნე – ჩემი თეატრი ერთადერთი და განუმეორებელია.
სალი-სალიკუნა – არ ვიცი…
ანდუყაფარი – მოისმინეთ ჩემი მონოლგი!

ანდუყაფარის მონოლოგი

ნეტავ, რად ელტვის განაკიდეს ნატვრის ბუნება?
განაკიდეს კი შუაგული ესალბუნება…
ფიცარნაგზე ხარ, მაღლით ზეცამ მოგცა უფლება,
მხოლოდ სიმართლით ისაუბრო მფეთქავ გულებთან.

თითოჩაგდებით რად იძინებს თითქოს დარბაზი?
ფუჭი გამხდარა მიმიკა და ჟესტი ხანდაზმით.
ჩაგიქრა სიტყვა, ვერ კიაფობს, როგორც ალმასი –
იგავ-არაკით ვერ შეცვლი და ვეღარც ანდაზით.

“პუბლიკას სიტყვა, როგორც დაშნა, დაჰკარ დაშლამდის!” –
სუფლიორიც კი გევედრება თვალთა ხამხამით.
თუ არ იქურდებ, სპექტაკლები წავა ანშლაგით,
თაიგულებით, ცრემლითა და სიცილ-ხარხარით.

აი, რად ელტვის განაკიდეს ნატვრის ბუნება,
თუმც განაკიდეს შუაგული ესალბუნება…

სალი-სალიკუნა – ესე იგი, ნატვრები არ უნდა მოვიპაროთ და ისე ვითამაშოთ!
ანდუყაფარი – აი, თუ ვერ გაიგებდა!
ტკისუსუნე – (ჩაიცინებს). რეებს მიედ-მოედები შენა?

სიზმრად მოხეტიალე
ამ თეატრის შურითა -
ფიქრებს ნატვრად ვერ აქცევ
კრულვითა და ურვითა.

ნატვრა ნატვრას მოებას, -
ჩვენ ეს გვინდა გულითა,
ნატვრის თეატრს ვოცნებობთ
სიტყვით მხიარულითა!

ოთხი ბე – არული კუდიანებს! არული კუდიანებს!
ტიკსუსუნე – დითირამბები არ მინდა!
ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ქალბატონი ოვაცია – ოვაციები!
ქალბატონი კაკაფონია – კაკაფონიები!
ქალბატონი ილუზია – ილუზიები!

ზმანება მერვე – ლექსებით ომი

ოთხი ბე – ძირს ანდუყაფარი!
ოფოფები – ძირს! ძირს! ძირს!
ტიკსუსუნე – მომისმინეთ! (ხელს დაჰკრავს მაგიდას).

(ოთხი ბე და ოფოფები გაჩუმდებიან).

ანდუყაფარი – ამ მიტინგების მეტი ხომ არაფერი იცით!..
ტიკისუსუნე – ჩვენი ოცნება ნატვრის თეატრზე ეჭვქვეშაა!
ოთხი ბე – ძალიან!
ტიკსუსუნე – და სასწორზეა ოფოფების თეატრის ღირსება! და სახელი!
ანდუყაფარი – მართალია!
სალი-სალიკუნა – აი, ეს კი ნამდვილი ფორს-მაჟორია!
ტიკსუსუნე – ალბათ!.. და რა გამოსავალია ამ მდგომარეობიდან?
ოთხი ბე – გამოსავალი არ ჩანს, აქ ჩიხია!
ქალბატონი ოვაცია – გავაგდოთ ეს ახლად გამომცხვარი პროტაგონისტი!
ქალბატონი კაკაფონია – რასაკვირველია, მე მშვენიერი პროტაგონისტი ვიქნები!
ქალბატონი ილუზია – შენ კი არა, მე ვიქნები!
ოთხი ბე – და მე ხომ არ შემეთავსებინა ეგ საქმეც?
ტიკსუსუნე – არა!..
ოთხი ბე და ოფოფები – არა?
ტიკსუსუნე – ჩვენი დასის დევიზია – “ან სრული ფურორი, ან სრული ფიასკო!” დითირამბები არ მინდა!
ოთხი ბე – ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ქალბატონი ოვაცია – ბის!
ქალბატონი კაკაფონია – ბის!
ქალბატონი ილუზია – ბის!
ტიკსუსუნე – ჰოდა, მეც შესაბამისად მოვიქცევი!
ანდუყაფარი – როგორ?
ტიკსუსუნე – ჩემი თეატრალური ტომარა სცენაზე!
ოთხი ბე – ჩვენი ნატვრების ტომარა? რას ბრძანებთ, მაესტრო! ამ ტომარას როგორ ჩამოდიხართ, როგორ?!
ტიკსუსუნე – მომიტანე!
ოთხი ბე – (მიაქვს ტომარა და შუა სცენაზე დგამს) ეჰ, მაესტრო!
ოფოფები – ეჰ!
ტიკსუსუნე – აი, ანდუყაფარ, მე ამას ჩამოვდივარ! ამ ტომარაში ჩემი დასის მოგროვილი ყველა ნატვრაა და თუ მაჯობებთ, თქვენი იყოს!
ოთხი ბე – ამ ტომარაში ჩვენი ფრთებია!
სალი-სალიკუნა – და თუ თქვენ აჯობეთ?
ტიკსუსუნე – მაშინ ჩემთვის შემოსაკვრელი მუშტი თავად მოგხვდებათ, სალი-სალიკუნა ჩვენ უნდა დაგვითმოთ და სულ უნდა გადაიკარგოთ აქედან!
ანდუყაფარი – თქვენი გამოწვევა მიღებულია! სალი-სალიკუნა, იმ ტომარასთან დადექით!
ოთხი ბე – ჩვენც აქ დავდგებით!
ოფოფები – დიახაც რომ! (ისინიც დადგებიან ტომარასთან).

ტიკსუსუნე –

უკვე იმდენი მტრებია,
ჩემი ნატვრების ტომარა,
სადაც რომ ჩემი ფრთებია,
ლამის დამირჩეს ოხრადა.

დითირამბები არ მინდა!

(ოთხი ბეს და ოფოფი ქალბატონების აპლოდისმენტები).

ანდუყაფარი –

ნატვრის ქურდობა, ტიკსუსუნ,
არ მიღირს მაგდენ ომადა.
სჯობს, ქალებს რომ მოეწონო,
ტუჩებზე იცხო პომადა!

სალი-სალიკუნა – (გადაიკისკისებს) დედას აქვს კარგი წითელი პომადა, მოგიტანოთ?
ტიკსუსუნე – დიქცია – ცუდი! მიმიკა – უარესი! ჟესტი – საძაგელი! გრიმასა – ყალბი! დითირამბები არ მჭირდება!

(ოთხი ბეს და ოფოფი ქალბატონების აპლოდისმენტები).

ოთხი ბე –

ტყუილის ფიქრი გრძელია,
პომადას გვაწვდის მელია.
როგორი ჭკუათხელია
და მტერზე უფრო მტერია!

ოფოფები –

მაესტრო სანატრელია,
ანდუ კი – გასაგდებია!

ტიკსუსუნე – დითირამბები არც თქვენ გინდათ? (ტაშს დაუკრავს) ბრავო-ბრავო-ბრავისიმო-ბის!
ოთხი ბე – ჩვენ მოვიგეთ!
ოფოფები – ვაშა! ვაშა! ვაშა!
სალი-სალიკუნა – ვაიმე, მართლა ამათ მოიგეს?
ანდუყაფარი – მოიგეს კი არა, წააგეს!
ტიკსუსუნე – რატომ წავაგეთ?
ანდუყაფარი – ჩვენ ლექსებში ასეთი რითმები იყო: ტომარა – ოხრადა – ომადა – პომადა…
ოთხი ბე – იყო, მერე რა?
ანდუყაფარი – მერე ის, რომ გრძელია – მელია – ჭკუათხელია – მტერია წინას არ ერითმება!
სალი-სალიკუნა – ჰო, ჰო, ამათ რითმა შეცვალეს! და წაგებულები არიან!
ოთხი ბე – ვაი!
ოფოფები – ვუი!
ტიკსუსუნე – (ოთხ ბეს) ვერ დააჭირე ენას კბილი?
ოთხი ბე – ბოდიში, მაესტრო!
ტიკსუსუნე – შენი ხმა აღარ გავიგო!
სალი-სალიკუნა – ესეც ერთით ნული! და დითირამბები გვინდა! (ტაშს შემოჰკრავს).

ზმანება მეცხრე – ნატვრების ტომარა

ტიკსუსუნე – მოდით რა, რითმის შეცვლაზე წაგება არ იყოს!
ოთხი ბე – თორემ ჩვენ გავიბუტებით და აღარ ვითამაშებთ!
ოფოფები – ძალიან გავიბუტებით!
სალი-სალიკუნა – და ბუტიების თეატრი იქნებით?!
ტიკსუსუნე – არა, არ ვიქნებით!
ანდუყაფარი – არა, რითმის შეცვლა არ შეიძლება, წესია ასეთი!

ტიკსუსუნე –

ნეტავ, ბევრი ნატვრა მომცა,
და სულ ყველა ამიხდინა,
არვის აღარ მოვპარავდი,
საოცნებო ნატვრას, წმინდას.

(ოთხი ბეს და ოფოფი ქალბატონების აპლოდისმენტები).

ანდუყაფარი –

ბავშვებს აღარ დატოვებდი
ატირებულთ – მშობლებს წინა.
უნატვრელად სიზმარი ხომ
ვერავინ ვერ მოიხდინა!

(სალი-სალიკუნა უკრავს ტაშს).

ტიკსუსუნე –

და გავხსნიდი “ნატვრის თეატრს”,
ეს ოცნება სულ მაქვს ფიქრად.
გავხდებოდი ნატვრის მეფე
ოფოფების ოფლის ღვრითა.

დითირამბები არ მინდა!

(ოთხი ბეს და ოფოფი ქალბატონების აპლოდისმენტები).

ტიკსუსუნე – მოვიგეთ! ჩვენ მოვიგეთ! ესეც ერთით ერთი! ყანწი შემივსეთ, ყანწი! (ოთხი ბე შეუვსებს ყანწს და ტიკსუსუნე სვამს). ვაი, სიხარულისგან სადღეგრძელოს თქმა დამავიწყდა!
ოთხი ბე – არა უშავს, ახლა თქვით!
ტიკსუსუნე – ჩვენი ნატვრის თეატრს გაუმარჯოს!

ანდუყაფარი –

ტიკსუსუნემ მოილხინა,
ყველა ბავშვმა მოიწყინა.
შენი მოსვლა აღარ გვინდა,
რადგან დახვალ შავ-ბნელ ხილვად!

სალი-სალიკუნა – (გადაიკისკისებს) ესეც ორით ნული!
ტიკსუსუნე – დითირამბები მინდა!

(ოთხი ბე და ოფოფი ქალბატონები კვნესიან და ოხრავენ).

ანდუყაფარი – კარგი, მოდით, ანგარიში გავანულოთ და საბოლოოდ შევებათ!
სალი-სალიკუნა – მესამე და – სამართალი!
ოთხი ბე – მოდი!
ოფოფები – აბა, მიდი, ჰკა მაგას ლექსი ხმალივით!

ტიკსუსუნე –

ანდუყაფარო! – რას თუ გადარო?
კაი სიტყვაზე დასტურს არ ხარო!
რომც დაგიძახონ მზისა სადარო,
მაინც ვერ იტყვი “ტანო-ტატანოს”!

დითირამბები ისევ არ მინდა!

(ოთხი ბეს და ოფოფი ქალბატონების აპლოდისმენტები).

ანდუყაფარი – ოო, ეს კი მართლა კარგი მითხრა!
სალი-სალიკუნა – მერე თქვენ ვერაფერს პასუხობთ?
ანდუყაფარი – ჯერ ვერა!
ტიკსუსუნე – აი, ამას ჰქვია ძვლებიანად შეხრამუნება!
ოთხი ბე – წამოვიღო ტომარა, მაესტრო?
ოფოფები – უნდა წამოირო, აბა, რა!
სალი-სალიკუნა – ვაიმე, ანდუყაფარო!

ანდუყაფარი –

ბევრიც მიძახო “ანდუყაფარო” –
შენს ოფოფებზე ყაბულს არ ვარო.
გადატრიალდეს თუნდაც სამყარო,
არ შეისმება შენი საკარგყმო!

სალი-სალიკუნა – (სასაცილოდ მიირბენს ოთხ ბესთან და ტომრის წართმევა უნდა) სად მიგაქვთ! ჩვენ მოვიგეთ!
ოფოფები – (ისინიც ექაჩებიან ტომარას) თქვენ კი არა, ჩვენ მოვიგეთ!
ტიკსუსუნე – ან სრული ფურორი, ან სრული ფიასკო! (ისიც ტომარას მივარდება და თავისკენ ექაჩება).
ანდუყაფარი – ეს არის თქვენი პირობა? (ისიც ტომარას დაეჯაჯგურება და თავისკენ ქაჩავს).
სალი-სალიკუნა – ახალ რატომ აღარ იბუტებით, თქვე ბუტია ოფოფებო!

(ამდენ ძიძგილაობაში ნატვრების ტომარა იხსნება და იქიდან გადმოიყრება თეთრი ფურცლები, რომლებზეც ბავშვების ნატვრები წერია).

ტიკსუსუნე – (ხელები გაუშვებს ტომარას) ჩვენი ნატვრები!
ანდუყაფარი – თქვენი კი არა, ბავშვების ნატვრები! (ტომარას იქნევს აქეთ-იქით და თეთრი პეპელებივით ფარფატებენ ქაღალდები).

სალი-სალიკუნა – (გამოჯავრებით)

დაგამარცხეთ, ტიკსუსუნე,
დაჯექი და იკრუსუნე!
თუ კრუსუნი ვერ გიშველის,
მაშინ ცხვირით იქსუტუნე!

(თავჩაქინდრული ოფოფი ქალბატონები რიგ-რიგობით შედიან გარდერობში.
გარდერობში შედის ატირებული და აქსუტუნებული ტიკსუსუნეც).

ოთხი ბე – (მოიკიდებს ტიკს და ცარიელ ტომარასაც. საყვედურით, ანდუყაფარს) რატომ, ანდუყაფარ, რატომ, თორემ კი…
ტიკსუსუნე – (გარდერობიდან) გამოადგი ფეხი…
ოთხი ბე – მოვდივარ… (ანდუყაფარს, ხმადაბლა) გარდერობმეისტერი მაინც არ დაგჭირდებათ?
ანდუყაფარი – არა…
სალი-სალიკუნა – ყველა ბავშვს უკვე დაუბრუნდა თავისი ნატვრა?
ანდუყაფარი – ყველას, ყველას!
სალი-სალიკუნა – მაშინ ვიცეკვოთ!

(სალი-სალიკუნა და ხოხობი ანდუყაფარი ცეკვავენ პეპლებივით აფარფატებულ ნატვრებში. ისევ ისმის ვიოლეტას არია ჯუზეპე ვერდის “ტრავიატადან”).

ანდუყაფარი – მე გასწავლით, როგორ უნდა იმღეროთ ეს არია ფორტუნინოს ოპერიდან!
სალი-სალიკუნა – ესე იგი, მე შემიძლია სიმღერა?
ანდუყაფარი – თქვენ კარგი სოპრანო იქნებით!
სალი-სალიკუნა – მართლა?
ანდუყაფარი – მართლა!.. და ჩვენ გვექნება ჩვენი თეატრი…
სალი-სალიკუნა – ოღონდ, ოფოფების თეატრი არ გვინდა, კარგი?
ანდუყაფარი – კარგი…

დასასრული
2009 – 2010

წყარო – http://libofund.blogspot.com/2010/12/blog-post_3994.html

About these ads

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s