ეჟენ იონესკო: “მაკბეტი” (კომიკური მელოდრამა)


“საგურამო “, # 3, 2002 წელი

ეჟენ იონესკო

ეჟენ იონესკო: “მაკბეტი”ეჟენ იონესკომ პიესა “მაკბეტი” 1972 წელს დაწერა და მისი შემოქმედების “გრძელ პიესათა” (ზოგჯერ ასეც უწოდებს ფრანგული კრიტიკა მის მრავალმოქმედებიან პიესებს ” – მარტორქა”, “მეფე კვდება”, “მაკბეტი”…) რიცხვს მიეკუთვნება და კომიკური მელოდრამა უწოდა, სიურპრიზებითა და მინიშნებებით თანამედროვე სამყაროს ცხოვრებაზე; ოღონდ, მაყურებელი (მკითხველი) ამ პიესების (არამარტო მრავალმოქმედიანის) შინაარსს ძნელად აღიქვამს მათი განყენებულობის გამო, თუმცა პარიზის დიდი თეატრების – “ოდეონი,” “კომედი ფრანსეზი” – პუბლიკა აღტაცებული დარჩა. განყენებულობის მომენტი ესთეტიკური პრინციპების განმსაზღვრელად გამოვიდა, სადაც მეტაფიზიკურად იყო ახსნილი ყოფიერების, სიცოცხლისა და სიკვდილის, თავისუფლებისა და ჭეშმარიტების ცნებები. მათში ღრმა სუბიექტური ხედვებია გადმოცემული და ცდა, განახორციელოს თავისი დიდი ხნის ოცნება “შინაგანი სამყაროს პროექცია სცენაზე”, ე.ი. შეექმნა თავისი ირაციონალური თეატრი.ავტორმა “მაკბეტში” დროებით წონასწორობას მიაღწია, თითქოს სიუჟეტიც არის, ხასიათებიც… ოღონდ ისეთ სურათებს ჰქმნის, რომლებიც შეესაბამება და არც შეესაბამება რეალურ სინამდვილეს. “გონების თამაშს” სიტყვათა თამაშს უნაცვლებს; ერთმანეთში ურევს მნიშვნელოვანსა და მეორეხარისხოვანს, რეალურსა და ირეალურს. ერთი შეხედვით სცენაზე სრული დომხალია.

მან “მაკბეტი” შექსპირსა და ჟარის პიესებს შორის დააყენა და განაცხადა – შეიძლება შექსპირის თანამედროვე წაკითხვადაც მივიჩნიოთ, რადგან ყველა დროში, ყველა ქვეყნის პოლიტიკოსების სიბრიყვე ერთნაირია, ისინი ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობენ, ერთსა და იმავე სიტყვებს, წინადადებებს, რეპლიკებს იყენებენ და ერთსა და იმავე მონოლოგებს წარმოთქვამენო.

პიესაში ავტორმა შექსპირის “მაკბეტის” პერსონაჟები უცვლელად გადმოიტანა: მშიშარა დუნკანი, სულმოკლე მაკბეტი და ბანკო…, რომლებიც ბრძოლაში თანამედროვე განგსტერების მეთოდებს იყენებენ, ოღონდ მალკოლმს შეუცვალა სახელი და მაკოლი დაარქვა, შეიძლება იმიტომაც, რომ ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლით, სამართლიანობის აღდგენის ის უმცირესი იმედიც გაექრო, შექსპირი რომ უტოვებდა ხალხს. ერთ ტირანს მეორე ცვლის, სინამდვილეში კი არაფერი იცვლება; მეორეს – მესამე და ცხოვრება უფრო უარესი ხდება. ჩემს ტირანიას დასასრული არ ექნებაო, აცხადებს მაკოლი…

ჩვენ ისევ იონესკოს სამყაროში ვართ – მოულოდნელობის, კოშმარის, გინიოლის სტიქია ბობოქრობს: მსახურები ჩაისა და ჩაროზს დაატარებენ, ადამიანის თავები ცვივა, დედოფალი მსხვერპლს ითვლის, ჯადოქრები ინტრიგებს ხლართავენ… აბსურდი ზეიმობს…

ასეთი გახლავთ, ოცდახუთ დღეში შექმნილი, დიდი აბსურდისტის ეჟენ იონესკოს მიერ წაკითხული თანამედროვე სამყარო.

მთარგმნელი

ეჟენ იონესკო

მაკბეტი
(კომიკური მელოდრამა)

მოქმედი პირნი:

მაკბეტი

დუნკანი

ლედი დუნკანი

პირველი კუდიანი

მეორე კუდიანი

მოსამსახურე ქალი (მესაიდუმლე)

მოახლე გოგო

გლამისი

კანდორი

ბანკო

ბერი

ეპისკოპოსი

მაკოლი

ჯარისკაცები, სარდლები, სტუმრები

პეპლებზე მონადირე კაცი

მდაბიო ქალები, მდაბიო კაცები

ლიმონათის გამყიდველი და სხვა.

I

დეკორაცია – მინდორი

გლამისი და კანდორი. გლამისი მარცხნიდან შემოდის, კანდორი მარჯვნიდან. ერთმანეთს არ ესალმებიან, სცენის შუაში, სახით მაყურებლებისკენ ჩერდებიან. ასე დგანან რამდენიმე წუთი.

გლამისი (კანდორისკენ შებრუნდება). გამარჯობა, ბატონო კანდორ.

კანდორი (გლამისისკენ შებრუნდება). გამარჯობა, ბატონო გლამის.

გლამისი. ყური დამიგდეთ, კანდორ.

კანდორი. ყური დამიგდეთ, გლამის.

გლამისი. ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს.

კანდორი. ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს.

(გლამისი და კანდორი განრისხებულნი დგანან. მერე მათი მრისხანება და დაცინვა უფრო ნათლად უნდა გამჟღავნდეს. ტექსტმა მრისხანების გაძლიერება უნდა გამოკვეთოს).

გლამისი (ჩაცინებით). ჩვენი ხელმწიფე…

კანდორი (ასევე). დუნკანი, ჩვენი საყვარელი ერცჰერცოგი. დუნკანი, ჰა, ჰა, ჰა!

გლამისი. დიახ, დიახ, საყვარელი! ძალიან საყვარელი!

კანდორი. ძალიან საყვარელი!

გლამისი. მოუსავლეთშიც წასულა დუნკანი!

კანდორი. მოუსავლეთშიც წასულა დუნკანი!

გლამისი. ჩემს მიწებს არბევს და იქ ნადირობს.

კანდორი. ვითომ სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ.

გლამისი. როგორც თვითონ ამბობს…

კანდორი. სახელმწიფო – ეს მე ვარო.

გლამისი. წელიწადში ათას ქათამს ვაძლევ და კიდევ კვერცხს – დამატებით.

კანდორი. მეც.

გლამისი. და თუ ვინმე ბედს შეურიგდა…

კანდორი. მე არ შევრიგებივარ.

გლამისი. არც მე.

კანდორი. ვინც შეურიგდა, მათთან რა საქმე გვაქვს.

გლამისი. ჩემგან ბიჭებს ითხოვს ჯარის შესავსებად.

კანდორი. საკუთარი ჯარისთვის.

გლამისი. ჯარისკაცებს მართმევს.

კანდორი. ჯარისკაცებს გვართმევს.

გლამისი. ეს ჩემი ხალხია. ჩემი ჯარი. მას შეუძლია ჩემს წინააღმდეგ ჩემივე ხალხი გამოალაშქროს.

კანდორი. ჩემს წინააღმდეგაც.

გლამისი. არასოდეს ეს არ ყოფილა.

კანდორი. არასოდეს, არასოდეს. ჩემს წინაპრებსაც არ ახსოვთ.

გლამისი. არც ჩემს წინაპრებს.

კანდორი. ისინი, ვინც ხეირის ძიებაში მის ირგვლივ ფუთფუთებენ…

გლამისი. ვინც იმით სუქდება, რითაც ჩვენ ვიოფლებით…

კანდორი. ჩვენი ქათმების ქონით.

გლამისი. ჩვენი ცხვრებით.

კანდორი. ჩვენი ღორებით.

გლამისი. თვითონაა ღორი.

კანდორი. ჩვენი პურით.

გლამისი. ათი ათასი ქათამი, ათი ათასი ცხენი, ათი ათასი ბიჭი… რად უნდა ამდენი? ყველაფერს ხომ ვერ გადაჭამს. რაღაც დარჩება და აყროლდება.

კანდორი. და ათასი გოგო!

გლამისი. ჩვენ ხომ ვიცით, ეს გოგოები რაშიც სჭირდება!

კანდორი. მისი ვალი გვაქვს? არა, მას აქვს ჩვენი ვალი.

გლამისი. უფრო მეტიც!

კანდორი. სხვა რომ აღარა ვთქვათ რა…

გლამისი. მოუსავლეთშიც წასულა დუნკანი!

კანდორი. ჯანდაბისკენ გზა ჰქონია!

გლამისი. ის ჩვენზე მაღლა არა დგას!

კანდორი. მგონი, დაბლაც დგას!

გლამისი. დაბალზე უფრო დაბლაც.

კანდორი. კიდევ უფრო დაბლა.

გლამისი. ამის გაფიქრებაზე ჯავრი მახრჩობს.

კანდორი. მე კი მრისხანება მიპყრობს.

გლამისი. ჩემი ღირსება!

კანდორი. ჩემი დიდება!

გლამისი. ჩვენი მემკვიდრეობითი უფლება!

კანდორი. ჩემი ქონება!

გლამისი. ჩემი სამფლობელოები!

კანდორი. ჩვენი უფლება ბედნიერებაზე!

გლამისი. მას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია!

კანდორი. ცხადია, ფეხებზე ჰკიდია!

გლამისი. ახლა ჩვენ არარანი ვართ!

კანდორი. პირიქით.

გლამისი. რაღაცა ვართ ცოტაოდენი.

კანდორი. დიახ, და არა მხოლოდ რაღაც.

გლამისი. არ გვინდა გვყვლეფდნენ და გვატყუებდნენ, განსაკუთრებით დუნკანი. აჰ, აჰ! საყვარელი ხელმწიფე ჩვენი!

კანდორი. არ გვყვლეფდნენ, არ გვატყუებდნენ!

გლამისი. არ გვყვლეფდნენ, არ გვატყუებდნენ!

კანდორი. ძილშიც კი…

გლამისი. ძილშიც კი კოშმარია.

კანდორი. შორს სიზმრებიდან!

გლამისი. შორს ყველაფრიდან!

კანდორი. ყველაფრიდან!

გლამისი. დამოუკიდებლობა!

კანდორი. გამდიდრების უფლება! ავტონომიის!

გლამისი. თავისუფლების!

კანდორი. ჩემთან მე მინდა ვიყო მეფე!

გლამისი. წავართვათ მიწები!

კანდორი. წავართვათ მიწები!

გლამისი. ერთმანეთში გავინაწილოთ.

კანდორი. ზუსტად, თანაბრად.

გლამისი. ზუსტად, თანაბრად.

კანდორი. ის ცუდი მმართველია…

გლამისი. და ჩვენს მიმართ უსამართლო.

კანდორი. დავსაჯოთ!

გლამისი. ჩვენ გავმეფდეთ მის მაგივრად.

კანდორი. და იგი სამეფო, სამუდამოდ ჩვენი გახდება. (კანდორი და გლამისი ერთმანეთთან მიდიან, თან მარჯვნივ იყურებიან საიდანაც ბანკო გამოჩნდება). მოგესალმები, ო, სახელოვანო მეომარო ბანკო!

გლამისი. მოგესალმები, ბანკო, დიდო სარდალო.

ბანკო. მოგესალმები, გლამის; მოგესალმები, კანდორ.

გლამისი (კანდორს). არ გავუმხილოთ ჩვენი გეგმები. იგი დუნკანის ერთგული კაცია.

კანდორი (ბანკოს). სასეირნოდ გამოვედით.

გლამისი (ბანკოს). კარგი ამინდია ასეთი დროისთვის!

კანდორი (ბანკოს). ჩამოვჯდეთ ერთ წამს, ძვირფასო მეგობარო.

ბანკო. დილის სეირნობისას არ ვჯდები.

გლამისი. სეირნობისას ეს კარგია.

კანდორი. თქვენი თავდადებით აღფრთოვანებული ვართ.

ბანკო. ჩემი დაშნა ჩემს ხელმწიფეს ემსახურება.

გლამისი (ბანკოს). ძალიან კარგი.

კანდორი. ძალზე გიწონებთ მაგ საქციელს.

ბანკო. ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ, ბატონებო (მიდის მარცხნივ).

კანდორი. მშვიდობით, ბანკო.

გლამისი. მშვიდობით, ბანკო. (კანდორს). ამისი იმედი არ უნდა გვქონდეს.

კანდორი (ნახევრად ამოსწევს დაშნას). შებრუნდა, ახლა მისი მოკვლა შეიძლება. (თითისწვერებზე აწეული მიდის ბანკოსკენ).

გლამისი. არა, მისი დრო ჯერ არ დამდგარა. ჩვენი ჯარები მზად არ არის. მალე იქნება საბრძოლო მზადყოფნაში.

(კანდორი დაშნას ქარქაშში აგებს. მარჯვენა მხრიდან მაკბეტი გამოჩნდება).

კანდორი (გლამისს). აი, კიდევ ერთი ერთგული ქვეშევრდომი ერცჰერცოგისა.

გლამისი. სალამი, მაკბეტ.

კანდორი. სალამი, ერთგულო და კეთილო მაკბეტ.

მაკბეტი. სალამი, ბარონო კანდორ; სალამი, ბარონო გლამის.

გლამისი. სალამი, დიდო სარდალო მაკბეტ. (კანდორს). ნეტავ ჩვენს განზრახვას არ მიხვდეს. თავი მოვიკატუნოთ, თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა.

კანდორი (მაკბეტს). მე და გლამისი აღტაცებული ვართ თქვენი ერთგულებითა და თავდადებით ჩვენი საყვარელი ხელმწიფის – ერცჰერცოგ დუნკანისადმი.

მაკბეტი. განა არ უნდა ვიყო ერთგული და თავდადებული? განა არ დავიფიცე, ვემსახურო მას?

გლამისი. დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით. ეს სულაც არ გვინდოდა გვეთქვა.

კანდორი. ეჭვი არ არის, მისი მადლიერება ხელს გაძლევთ.

მაკბეტი (იღიმება). ჩვენი ხელმწიფე დუნკანი ზღაპრულად კეთილია. სიკეთე სურს თავისი ხალხისთვის.

გლამისი (თვალს ჩაუკრავს კანდორს). ვიცით.

კანდორი. ეჭვი არ გვეპარება.

მაკბეტი. დუნკანი გულუხვობის განსახიერებაა. ყველაფერს არიგებს, რაც აქვს.

გლამისი (მაკბეტს). და თქვენ, ცხადია, ამით სარგებლობთ.

მაკბეტი. თან მამაცია.

კანდორი. მისმა საქმემან მისივე სიმამაცე ხომ დაამტკიცა.

გლამისი. ეს ყველამ იცის.

მაკბეტი. ზღაპარი კი არ არის… ჩვენი ხელმწიფე კეთილი და პატიოსანია. მეუღლე მისი, ჩვენი ქალბატონი ერცჰერცოგინია, ისევე კეთილია, როგორიც ლამაზი. გულმოწყალეა, ეხმარება ღატაკებსა და ავადმყოფებს.

კანდორი. აბა, როგორ არ უნდა აღფრთოვანდეს კაცი: მშვენიერი ადამიანი და უზადო მბრძანებელია.

გლამისი. როგორ არ უნდა უპასუხო ერთგულებას ერთგულებით, გულუხვობას – გულუხვობით!

მაკბეტი (მრავლისმეტყველი ჟესტით). დაშნას გავურჭობ ყველას, ვინც საწინააღმდეგოს მტკიცებას დამიწყებს.

კანდორი. დარწმუნებული გახლავართ, რომ დუნკანი ყველაზე სათნო ადამიანია ხელმწიფეთა შორის.

გლამისი. სათნოების განსახიერებაა.

მაკბეტი. ვცდილობ მას მივბაძო. მსურს ისეთივე გაბედული ვიყო, სათნო, ერთგული, როგორიც ის არის.

გლამისი. არც ისე ადვილია.

კანდორი. თანაც რა კეთილია!

გლამისი. და რა მშვენიერია ლედი დუნკანი!

მაკბეტი. ვცდილობ მას მივბაძო და დავემსგავსო. მშვიდობით, ბატონებო.

(მარცხნივ გადის).

გლამისი. ბოლოს და ბოლოს ჩვენც დაგვარწმუნებს ეს კაცი, ალბათ.

კანდორი. ეს ხომ ფანატიკოსია და მიამიტიც.

გლამისი. თან მოუსყიდველი.

კანდორი. საშიში ტიპია. ეს და ბანკო ერცჰერცოგის ჯარებს მეთაურობენ.

გლამისი. გეშინიათ?

კანდორი. ჰმ… არა მგონია.

გლამისი (თავს ისე აჩვენებს, თითქოს დაშნა უნდა იშიშვლოსო). მთავარია ამაზე არ ვიფიქროთ.

კანდორი. არცა ვფიქრობ. დამიჯერეთ, არ ვფიქრობ, არა, არა, არა! ჩემი იმედი გქონდეთ – დიახ, დიახ, დიახ!

გლამისი. მაშინ იჩქარეთ. შევიარაღდეთ, შევკრიბოთ ხალხი, გავწვრთნათ ჯარები და ალიონზე თავს დავესხათ. დუნკანი ჩამოვაგდოთ, ტახტი კი გავიყოთ.

კანდორი. დუნკანი მართლა ტირანად მიგაჩნიათ?

გლამისი. ტირანია, უზურპატორი, დესპოტი, დიქტატორი, გაიძვერა, კაციჭამია, ვირი, ინდაური და უფრო უარესი. ამას ამტკიცებს ის, რომ ხელისუფლებას უდგას სათავეში. რატომ უნდა ჩამოვაგდოთ ტახტიდან, თუკი ტირანად არ მიმაჩნია? მხოლოდ ღირსეული განზრახვა მამოძრავებს.

კანდორი. მართალია.

გლამისი. დავიფიცოთ, რომ სრულიად ვენდობით ერთმანეთს (დაშნებს იშიშვლებენ და ერთმანეთს ეფიცებიან). მე თქვენ გენდობით, ვფიცავ ჩემს დაშნას, რომ სრულიად ერთგული ვარ თქვენი.

კანდორი. მე თქვენ გენდობით. ვფიცავ ჩემს დაშნას, რომ სრულიად ერთგული ვარ თქვენი.

(დაშნებს ქარქაშში ჩააგებენ და აჩქარებით გავლენ – გლამისი მარცხნივ, კანდორი – მარჯვნივ.

რამდენიმე წუთი სცენა ცარიელია. თამაშში შემოდის სიღრმიდან წამოსული სინათლე და ხმაური, რომელიც ბოლოს, რაღაც კონკრეტულ მუსიკაში გადადის. სროლა, აფეთქებები, ცეცხლის ენები. სცენის სიღრმეში – აბრიალებული ცა. გიზგიზა სინათლე შეიძლება ზემოდანაც მოდიოდეს. ეს ალი სცენაზე უნდა ირეკლებოდეს. მერე ელვა და ჭექა-ქუხილი. ცა ნათდება. სცენის სიღრმეში ტრაგიკული და მშვენიერი, მეწამული ცა ჩანს. ზუსტად იმ დროს, როცა ჰორიზონტი ინათებს და მეწამული ფერით ივსება, ყუმბარების აფეთქების ხმა სუსტდება და მიყუჩდება. ისმის დაჭრილების ყვირილი, ხრიალი და კვნესა. მერე სროლაც მიწყდება. მხოლოდ ერთი დაჭრილის გულშემძვრელი ყვირილი ისმის. ღრუბლები იფანტება, გამოჩნდება ფართო, უდაბური ვაკე. წამიერად მდუმარება ჩამოვარდება. უეცრად ქალის შემზარავი გოდება დაარღვევს ამ სიჩუმეს.

მოქმედი პირების გამოჩენამდე განათება და ხმაური საკმაოდ დიდხანს უნდა გაგრძელდეს. სინათლის თამაში, სხვადასხვა ხმები, განსაკუთრებით ბოლოს – დამაჯერებელი არ უნდა იყოს. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს გამნათებელმა და მოხმაურემ.

მარჯვნიდან ხმალგაშიშვლებული მეომარი გამოჩნდება. გადაივლის სცენას და მარცხნივ ქრება. მისი მოძრაობა ხმაურის თანხლებით დუელისტების მოძრაობას უნდა გვაგონებდეს: მოქნევა, დარტყმა, მოგერიება, თავდასხმა, ხელჩართული ბრძოლა, თავის დაღწევა, თავდაცვის ილეთები – ეს ძალიან სწრაფი მოძრაობებია.

ხმაურის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოვარდება. მერე ხმაური უნდა განახლდეს. საფარიკაო მოძრაობები დიდი სისწრაფით გრძელდება და ცეკვას გვაგონებს.

მარცხნიდან მარჯვნივ სცენაზე თავშიშველა ქალი ყვირილით გაირბენს. მარჯვნიდან ლიმონათის გამყიდველი გამოჩნდება).

ლიმონათის გამყიდველი. გამაგრილებელი სასმელი! ლიმონათი სამოქალაქოებისთვის! ლიმონათი სამხედროებისთვის! ეი, ეი, ბრძოლის შემდეგ სული მოითქვით! ვის უნდა გაგრილება და შაქრიანი წყალის დალევა? ლიმონათით ვმკურნალობ დაჭრილებს: ლიმონათით ვმკურნალობ შიშს! ჯარისკაცური ლიმონათი! ბოთლი ერთ ფრანკად. ოთხი ბოთლი სამ ფრანკად! დაბეჟილობას და გაკაწრულს მშვენივრად კურნავს!

(მარცნიდან ორი მებრძოლი გამოჩნდება. ერთს ზურგზე მოუგდია მეორე და მოჰყავს).

ლიმონათის გამყიდველი (პირველ მებრძოლს). დაჭრილია?

პირველი მებრძოლი. არა, მოკვდა.

ლიმონათის გამყიდველი. დაშნა გაუყარეს? შუბზე წამოაგეს?

პირველი მებრძოლი. არა.

ლიმონათის გამყიდველი. ესროლეს?

პირველი მებრძოლი. არა. ინფარქტი მოუვიდა.

(ორივე მებრძოლი მარჯვენა მხარეს ქრება. ამავე მხრიდან ორი სხვა მებრძოლი გამოჩნდება. ესენი შეიძლება იგივე მებრძოლები იყვნენ, ოღონდ როლები უნდა შეიცვალონ).

ლიმონათის გამყიდველი (აჩვენებს იმაზე, ვინც მოჰყავთ). ინფარქტით?!

პირველი მებრძოლი. არა, ხმლით.

(მებრძოლი მარცხნივ გადის).

ლიმონათის გამყიდველი. ვის უნდა ლიმონათი? მებრძოლთა ლიმონათი! მწუხარეთა ლიმონათი! (მარჯვნიდან კიდევ ერთი მებრძოლი გამოჩნდება). გამაგრილებელი სასმელები!

მებრძოლი. რას ყიდი?

ლიმონათის გამყიდველი. ძალიან ტკბილ ლიმონათს! ერთ ჭიქას დალევ და ჭრილობისგან განიკურნები.

მებრძოლი. დაჭრილი არა ვარ.

ლიმონათის გამყიდველი. შიშს ხსნის.

მებრძოლი. არასოდეს მშინებია.

ლიმონათის გამყიდველი. ერთი ბოთლი ფრანკი ღირს. გულს კურნავს.

მებრძოლი (აბჯარს აჟღარუნებს). ამის ქვეშ შვიდი გული მიძგერს.

ლიმონათის გამყიდველი. ნაკაწრებს შველის.

მებრძოლი. ეს სიკეთე კი საკმაოდ მაქვს! მაგრა ვიბრძოლეთ. ამით უფრო კარგად (ხელკეტს დაანახვებს), ვიდრე ამით (ხმალს უჩვენებს). განსაკუთრებით კი ამით… (ხანჯალს აჩვენებს). გაუყრი მუცელში… ნაწლავებში დაუტრიალებ… ყველაზე კარგია. ნახე. სისხლი ჯერ არ შეშრობია. პურსაც ამით ვჭრი და ყველსაც.

ლიმონათის გამყიდველი (შიშით). ვხედავ, ბატონო მებრძოლო, შორიდანაც კარგად ვხედავ.

მებრძოლი. შეგეშინდა?

ლიმონათის გამყიდველი (შიშით). ჩემი ლიმონათი რევმატიზმს კურნავს, სურდოს, ნიკრისის ქარს, წითურას, სიყვითლეს.

მებრძოლი. ოჰ, რამდენს გავუხეთქე სიფათი და რამდენი კიდევ სულ მივამტვრ-მოვამტვრიე! ბღაოდნენ და სისხლიც თქრიალებდა! რა მხიარული გნიასი იყო! ასეთი ამბები ხშირად არ ხდება. აბა, მოიტა, ერთი გადავკრა!

ლიმონათის გამყიდველი. თქვენთვის უფასოა, ჩემო გენერალო!

მებრძოლი. გენერალი არა ვარ.

ლიმონათის გამყიდველი. ჩემო მეთაურო.

მებრძოლი. მეთაური არა ვარ.

ლიმონათის გამყიდველი (ბოთლს აძლევს). ცხადია, მეთაური გახდებით.

მებრძოლი (რამდენიმე ყლუპს მოსვამს). რა საზიზღრობაა! კატის ფსელია! არა გრცხვენია? ქურდო!

ლიმონათის გამყიდველი. ზარალს აგინაზღაურებთ.

მებრძოლი. აა, კანკალებ, შეგეშინდა? მაშასადამე, ეგ შენი ლიმონათი შიშისგან არ კურნავს! (ხანჯალს დააძრობს);

ლიმონათის გამყიდველი. არ გინდათ, ბატონო მებრძოლო!

მებრძოლი (მარცხნივ გადის და თან ხანჯალს ინახავს). ბედმა გაგიღიმა, რომ არ მცალია. მაგრამ შურს მაინც ვიძიებ!

ლიმონათის გამყიდველი (მარტოა და კანკალებს). როგორ შემაშინა! (მარცხნივ). შენს მტრებს გამარჯვებას ვუსურვებ! დაე, აგკუწონ კარტოფილიანი პიურეს საკატლეტედ! საზიზღარო, ღორო, არამზადავ! (ტონს იცვლის), გამაგრილებელი სასმელი, ოთხი ბოთლი სამ ფრანკად!

(ნელა მიდის მარჯვნივ, მერე ნაბიჯს აუჩქარებს. მარცხნიდან ხანჯლისა და დაშნის

ქნევით ისევ გამოჩნდება მებრძოლი, რომელიც ლიმონათის გამყიდველს კულისებთან დაეწევა, მაყურებელი მის პროფილს ან ზურგს ხედავს. ის ლიმონათის გამყიდველს ხანჯალსა თუ დაშნას ურტყამს და ურტყამს. ისმის ამ უკანასკნელის ყვირილი. მერე მებრძოლი ქრება. ყრუდ, თითქოს შორიდან კვლავ განახლდება სროლისა და ყვირილის ხმა. ცა კვლავ აკაშკაშდება. სიღრმიდან მაკბეტი გამოდის. დაღლილია. ქვაზე ჩამოჯდება. ხელში გაშიშვლებული დაშნა უჭირავს და დაჰყურებს).

მაკბეტი. ჩემი დაშნის პირი სისხლით გაწითლდა. რამდენი დუჟინი ადამიანი შემომაკვდა ხელში! თორმეტი დუჟინი ოფიცერი და ჯარისკაცი, რომელთაც ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. ჩემი ბრძანებით დამსჯელმა რაზმმა მრავალი ასეული ადამიანი დახვრიტა. ათასობით დამალული კი ცოცხლად გამოწვა ტყეში ჩემი ბრძანებით. ათეულ ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი აფეთქებულ სახლებქვეშ, სარდაფებში კვამლით გაიგუდა. ასეულ ათასობით კი ლამანშში ჩაიხრჩო, შიშით შეპყრობილნი მის გადაცურვას რომ ლამობდნენ. მილიონობით შიშით დაიხოცა ანდა თავი მოიკლა. ათეული მილიონობით კი მრისხანებით, მწუხარებითა და სისხლის ჩაქცევით დაიღუპა. დასამარხად მიწა აღარ ჰყოფნით. დაბერილმა დამხრჩვლებმა ტბების მთელი წყალი გადაყლაპეს. წყალი აღარ დარჩა. ყვავებიც სადღაც გაიფანტნენ და აღარავინ არის, ცხედრებისგან რომ გაგვათავისუფლოს. წარმოიდგინეთ – ბრძოლა ისევ გრძელდება. დროა დამთავრდეს. თავები მიფრინავენ, ტონობით სისხლი ნაკადებად ჩქეფს და ჩემი ჯარისკაცები შიგ იხრჩობიან. ბატალიონები, პოლკები, დივიზიები, გვარდიები იღუპებიან, მათთან ერთად იღუპებიან მეთაურებიც, ბრიგადის გენერლებით დაწყებული და ზევით – დივიზიის გენერლები, ოთხვარსკვლავიანი გენერლები, მარშლები… მტრის მოჭრილი თავები გვაფურთხებენ და გვაგინებენ, მოკვეთილი ხელები ხმლებს ატრიალებენ და პისტოლეტებიდან გვესვრიან. მოჭრილი ფეხები პანღურს გვირტყამენ. ცხადია, ისინი მოღალატეები იყვნენ, ხალხის მტრები, მტრები ჩვენი საყვარელი ხელმწიფისა, ერცჰერცოგ დუნკანის, ღმერთი ჰფარავდეს! მისი დამხობა უნდათ, უცხო ქვეყნელი დაქირავებულების დახმარებით. ნამდვილად მართალი ვარ. გააფთრებულ ბრძოლაში, აღარ უყურებ ვის ურტყამ. იმედი მაქვს, შემთხვევით, ჩემიანები არ დამიხოცავს. მხარდამხარ ვიბრძოდით, მჭიდრო რიგებად. დიახ, ჩვენ მართლები ვართ. ამ ქვაზე ჩამოვჯდები, ცოტას დავისვენებ. რაღაც გული მერევა. ბანკო დავტოვე არმიის ხელმძღვანელად. მერე შევცვლი. საოცარია, ასეთი შრომის შემდეგ, სულაც არ მშია. (ჯიბიდან დიდ ცხვირსახოცს იღებს, შუბლსა და სახეს იწმენდს). მაინც გადავიღალე. ხელიც მტკივა. საბედნიეროდ, დაჭრილი არა ვარ. დასვენება ცუდი არ იქნება! (მარცხენა კულისისკენ შებრუნდება და საჭურველმტვირთველს მიმართავს). დაშნა მდინარეში გარეცხე და დასალევი მომიტანე.

(გამოჩნდება საჭურველმტვირთველი, დაშნას აიღებს და გადის. გასვლას ვერ ასწრებს, რომ ისევ გამოჩნდება).

საჭურველმტვირთველი. აი, თქვენი დაშნა, გარეცხილია, და ტოლჩა ღვინოც.

მაკბეტი (დაშნას ართმევს). აი ასე, თითქოს სულ ახალიაო! (ქარქაშში აგებს, ღვინოს სვამს. საჭურველმტვირთველი მარცხნივ გადის). განვედ ჩემგან, სინდისის ქენჯნავ – ისინი ხომ გამყიდველები იყვნენ! მე მხოლოდ ჩემი მბრძანებლის ბრძანებას ვემორჩილებოდი. ჩემს სამსახურს ვასრულებდი. (ტოლჩას დგამს). რა მშვენიერი ღვინოა! უჩვეულო დაღლილობაც მომერია! კმარა. (სცენის სიღრმეში იყურება). აგერ, ბანკოც! როგორ არის საქმე?

ბანკოს ხმა ან თვით ბანკო, ანდა ბანკოს თავი (გამოჩნდება და ქრება). უკან იხევენ. შემცვალეთ! დავისვენებ და დავბრუნდები.

მაკბეტი (ბანკოს). გლამისი არ გავუშვათ! მივდივარ, გარს რომ შემოვერტყა. მივიჩქარი.

(მაკბეტი სცენის სიღრმეში გადის. მაკბეტი და ბანკო ერთმანეთს ჰგვანან. იგივე ტანსაცმელი, იგივე წვერი. ბანკო მარჯვნიდან გამოჩნდება. დაღლილია. ქვაზე ჩამოჯდება. ხელში გაშიშვლებული დაშნა უჭირავს და დაჰყურებს).

ბანკო. ჩემი დაშნის პირი სისხლით გაწითლდა. რამდენი დუჟინი ადამიანი შემომაკვდა ხელში! თორმეტი დუჟინი ოფიცერი და ჯარისკაცი. ჩემი ბრძანებით დამსჯელმა რაზმმა მრავალი ასეული ადამიანი დახვრიტა. ათასობით დამალული კი ცოცხლად გამოწვა ტყეში, რაც ჩემი ბრძანებით. ათეულ ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი აფეთქებულ სახლებქვეშ, სარდაფებში კვამლით გაიგუდა. ასეულ ათასობით კი ლამანშში ჩაიხრჩო, შიშით შეპყრობილნი მის გადაცურვას რომ ლამობდნენ. მილიონობით შიშით დაიხოცა ანდა თავი მოიკლა. ათეული მილიონობით კი მრისხანებით, მწუხარებითა და სისხლის ჩაქცევით დაიღუპა. დასამარხად მიწა აღარ ჰყოფნით. დაბერილმა დამხრჩვლებმა ტბების მთელი წყალი გადაყლაპეს. წყალი აღარ დარჩა. ყვავებიც სადღაც გაიფანტნენ და აღარავინ არის, ცხედრებისგან რომ გაგვათავისუფლოს. წარმოიდგინეთ – ბრძოლა ისევ გრძელდება. დროა დამთავრდეს. თავები მიფრინავენ, ტონობით სისხლი ნაკადებად ჩქეფს და ჩემი ჯარისკაცები შიგ იხრჩობიან. ბატალიონები, პოლკები, დივიზიები, გვარდიები იღუპებიან. მათთან ერთად იღუპებიან მეთაურებიც, ბრიგადის გენერლებით დაწყებული და ზევით – დივიზიიის გენერლები, ოთხვარსკვლავიანი გენერლები, მარშლები… მტრის მოჭრილი თავები გვაფურთხებენ და გვაგინებენ, მოკვეთილი ხელები ხმლებს ატრიალებენ და პისტოლეტებიდან გვესვრიან. მოჭრილი ფეხები პანღურს გვირტყამენ. ცხადია, ისინი მოღალატეები იყვნენ, ხალხის მტრები. მტრები ჩვენი საყვარელი ხელმწიფისა, ერცჰერცოგ დუნკანისა, ღმერთი ჰფარავდეს! მისი დამხობა უნდათ უცხო ქვეყნელის დაქირავებულების დახმარებით. ნამდვილად მართალი ვარ. გააფთრებულ ბრძოლაში აღარ უყურებ ვის ურტყამ, იმედი მაქვს, შემთხვევით, ჩემიანები არ დამიხოცავს. მხარდამხარ ვიბრძოდით, მჭიდრო რიგებად… დიახ, ჩვენ მართლები ვართ. მაკბეტი დავტოვე არმიის ხელმძღვანელად. მერე წავალ მის დასახმარებლად ან შესაცვლელად. საოცარია, ასეთი შრომის შემდეგ, სულაც არ მშია. (ჯიბიდან დიდ ცხვირსახოცს იღებს, შუბლსა და სახეს იწმენდს). მაინც გადავიღალე. ხელიც მტკივა. საბედნიეროდ, დაჭრილი არა ვარ. დასვენება ცუდი არ იქნება! (მარცხენა კულისისკენ შებრუნდება და საჭურველმტვირთველს მიმართავს). დაშნა მდინარეში გარეცხე და დასალევი მომიტანე.

(გამოჩნდება საჭურველმტვირთველი. დაშნას აიღებს და გადის. გასვლას ვერ ასწრებს, რომ ისევ გამოჩნდება).

საჭურველმტვირთველი. აი, თქვენი დაშნა, გარეცხილია და ტოლჩა ღვინოც.

(ბანკო დაშნას ართმევს).

ბანკო. აი ასე. თითქოს სულ ახალიაო! (ქარქაშში აგებს, ღვინოს სვამს. საჭურველმტვირთველი მარცხნივ გადის). განვედ ჩემგან, სინდისის ქენჯნავ! ისინი ხომ გამყიდველები იყვნენ! მე მხოლოდ ჩემი მბრძანებლის ბრძანებას ვემორჩილებოდი. ჩემს სამსახურს ვასრულებდი (ტოლჩას დგამს). რა მშვენიერი ღვინოა! უჩვეულო დაღლილობაც მომერია! კმარა (სცენის სიღრმეში იყურება). აგერ, მაკბეტიც. როგორ არის საქმე?

მაკბეტის ხმა, ან თვით მაკბეტი, ანდა მაკბეტის თავი (გამოჩნდება და ქრება). უკან იხევენ. ჩემსკენ წამოდით. დროა დავამთავროთ.

ბანკო (მაკბეტს). გლამისი არ გავუშვათ! მივდივარ, გარს რომ შემოვერტყა. მივიჩქარი.

(ბანკო სცენის სიღრმეში გადის. ისევ ისმის ბრძოლის ხმა. ცა უფრო კაშკაშებს. რიტმული და ხმამაღალი მუსიკა. სცენაზე მშვიდად გაივლის ქალი. ხელში კალათი უჭირავს – თითქოს საყიდლებზე მიდისო. ის მარცხნიდან გამოდის და მარჯვნივ გადის.

ხმაურის ეფექტი ნელდება და სუსტ ხმაურში გადადის.

ერთხანს სცენა ცარიელია, მერე ბრძოლის ხმაურს უაზრო – საზეიმო დაფდაფების ხმა ფარავს).

ოფიცერი (გადასატანი ტახტის მსგავსი სავარძელი მოაქვს). ჩვენი ბატონი, ერცჰერცოგი დუნკანი და ერცჰერცოგინია.

(მარცხნიდან ლედი დუნკანი და ერცჰერცოგი შემოდიან. ლედი დუნკანი წინ მოდის. ყვავილებით დამშვენებული გრძელი, მწვანე კაბა აცვია, ძალზე დიდებული ჩასაცმელია. უკან მესაიდუმლე მოსდევს – ლამაზი ახალგაზრდა ქალი; ის შემოსასვლელში გაჩერდება. დუნკანი ჯდება. ქალები აქეთ-იქით დაუდგებიან).

ოფიცერი. მობრძანდით, მობრძანდით, მბრძანებელო! ბრძოლის ველი აქედან შორსაა. ტყვია აქამდე ვერ აღწევს. ვერც მოხეტიალე ტყვია მოაღწევს. ნუ გეშინიათ! შეხედეთ, პუბლიკაც კი სეირნობს.

დუნკანი. კანდორი დამარცხდა? თუ დამარცხდა, მაშ უკვე დასჯილია? გლამისი მოკლეს, ჩემი ბრძანებით?

ოფიცერი. იმედი უნდა ვიქონიოთ, მბრძანებელო. ახლო მობრძანდით, თქვენი თვალით იხილეთ. ჰორიზონტი ბრიალებს. ეტყობა, ბრძოლა გრძელდება, მაგრამ სადღაც შორს, შორს. დასასრულს დაველოდოთ. მოთმინება, ხელმწიფეო, მოთმინება.

დუნკანი. მაკბეტი და ბანკო თუ დამარცხდნენ?!

ლედი დუნკანი. მაშინ თავად აიღებთ ხელში იარაღს და ბრძოლაში ჩაებმებით.

დუნკანი. სად დავიმალო თუ ისინი დამარცხდებიან? მალტის მეფე ჩემი მტერია. კუბის იმპერატორიც. ბოლეარის პრინციც. საფრანგეთისა და ირლანდიის მეფეებიც. ჩინეთის იმპერატორიც. უამრავი მტერი მყავს ინგლისის სამეფო სასახლის კარზეც. საით წავიდე, სად დავიმალო?

ოფიცერი. მაკბეტსა და ბანკოს ენდეთ, ხელმწიფევ, მშვენიერი მხედართმთავრები არიან, მამაცნი, ერთგულნი, დიდებული სტრატეგები, რაც საქმით ბევრჯერ დაუმტკიცებიათ!

დუნკანი. იძულებული ვარ, ვენდო მათ, მაგრამ სიფრთხილის დაცვის ზომების მიღება მაინც აუცილებელია. ჩემი საუკეთესო ცხენი შეკაზმეთ – ის, რომელიც ტლინკებს არ ყრის. მოამზადეთ ჩემი საუკეთესო ხომალდი – ის, რომელიც დანარჩენებზე გამძლეა და სამაშველო ნავებიც აქვს. ოჰ, ნეტავ ზეციურ მნათობთა მბრძანებლად ვიქცე, რათა სავსე მთვარე უფრო ძლიერ ანათებდეს და ვარსკვლავებიც უფრო მძლავრად კაშკაშებდნენ! ზღვაში შესვლა ხომ ღამით მომიხდება. ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები. სიბრძნის დედაა – სიფრთხილე. ოქროთი სავსე ზანდუკს თავად წავიღებ. საით გავიქცე? იქნებ კანადაში ან შტატებში?

ოფიცერი. ჯერ დაიცადეთ. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით.

(ბარბაცით შემოდის დაჭრილი მებრძოლი).

დუნკანი. ეს ლოთი ვინღაა?

ოფიცერი. ლოთი არ არის. ეტყობა, დაჭრილია.

დუნკანი. თუ ბრძოლის ველიდან მოდიხარ, გვითხარ, რა ხდება? ვინ გაიმარჯვა?

დაჭრილი მებრძოლი. რას შეცვლის მერე?

ოფიცერი. გეკითხებიან, ვინ გაიმარჯვა და არის თუ არა დამარცხებული. უპასუხე, შენს წინაშეა შენი ხელმწიფე, ის გეკითხება.

დუნკანი. შენი მბრძანებელი ვარ, ერცჰერცოგი დუნკანი.

დაჭრილი მებრძოლი. ეს უკვე სულ სხვა საქმეა. მომიტევეთ, დაჭრილი ვარ. შუბითა და პისტოლეტის რამდენიმე გასროლით დამჭრეს. (ბარბაცებს).

დუნკანი. თავს ნუ იკატუნებ, თითქოს გული მიმდისო. იტყვი თუ არა? ვინ გაიმარჯვა? იმათ თუ ჩვენებმა?

დაჭრილი მებრძოლი. მომიტევეთ, არ ვიცი. ძალზე მძიმე ხვედრი მერგო და სიმართლე რომ ვთქვა, ადრე წამოვედი. ბრძოლის დასასრულზე ადრე.

დუნკანი. შეგეძლო დარჩენილიყავი.

ოფიცერი. ხელმწიფეო, მაშინ თქვენს კითხვებზე პასუხს ვეღარ შეძლებდა.

დუნკანი. ისე წამოხვედი ბრძოლის ველიდან, როგორც თეატრიდან მოდიან, როცა ცუდი პიესა მიდის.

დაჭრილი მებრძოლი. ხომ ვთქვი, გონება დავკარგე-მეთქი. მერე მოვგონდი, როგორღაც ავდექ და აქამდე მოვაღწიე.

დუნკანი. შენ ნამდვილად ჩვენიანი ხარ?

დაჭრილი მებრძოლი. ვინ არიან ჩვენიანები?

ოფიცერი. ერცჰერცოგი და ერცჰერცოგინია. აი, ისინი შენს წინაშეა.

დაჭრილი მებრძოლი. ხელმწიფე ბრძოლის ველზე არ მინახავს.

დუნკანი (მებრძოლს). შენს მხედართმთავრებს რა ჰქვიათ?

დაჭრილი მებრძოლი. არ ვიცი. დუქნიდან გამოვდიოდი, ცხენზე ამხედრებულმა რომელიღაც სერჟანტმა ლასო მესროლა და დამიჭირა. დამქირავებელი იყო. ჩემი მეგობრები გაიქცნენ. გაუმართლათ. წინააღმდეგობა ვცადე – მცემეს, შემკრეს და წამიყვანეს. ხმალი მომცეს. ვაიმე, სად არი? და პისტოლეტიც. (პისტოლეტის ლულას საფეთქელთან მიიდებს და სასხლეტს აწვება). ხედავთ, ტყვიაც აღარ არი. მაშასადამე, მისვრია. ბევრნი ვიყავით. გვიბრძანეს გვეყვირა: “გაუმარჯოს გლამისს! გაუმარჯოს გლამისს, გაუმარჯოს კანდორს!”

დუნკანი. აჰა, მეგობარო, მაშ მტრებთან იყავ შეკრული!?

ოფიცერი (დუნკანს). ხელმწიფეო, თუ ცნობების მიღება გსურთ, თავს ნუ მოკვეთავთ.

დაჭრილი მებრძოლი. მერე სროლა დაგვიწყეს, ჩვენც დავუწყეთ…

დუნკანი. ვის?

დაჭრილი მებრძოლი. ტყვედ ჩაგვიგდეს. მერე მითხრეს: “თუ გინდა თავი მხრებზე შეგრჩეს, ახლა ჩვენთან წამოდი”-ო. გვიბრძანეს გვეყვირა: “ძირს კანდორი! ძირს გლამისი!” მერე სროლა დავიწყეთ, ჩვენც გვესროლეს. ტყვიაც მომხვდა და თეძოც შუბით გამიფატრეს. მერე აღარაფერი მახსოვს. დავეცი. გონს რომ მოვედი, ბრძოლა უკვე შორს იყო. ირგლივ მკვდრები ეყარნენ. ავდექი და წამოვედი.

მარჯვენა ფეხი მტკივა და მარცხენა ხელიც, გვერდებიდან სისხლი მდის. და აქ მოვედი. მორჩა. აღარაფერი მაქვს სათქმელი. სისხლისგან ვიცლები.

დუნკანი. ამ სულელს ბევრი არაფრის თქმა შეუძლია.

დაჭრილი მებრძოლი (გაჭირვებით დგას და ქანაობს). ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც შემეძლო. მეტი არაფერი ვიცი.

დუნკანი (ლედი დუნკანს მებრძოლზე ანიშნებს). დეზერტირია.

(ლედი დუნკანი ხანჯალს ამოიღებს, ასწევს და უნდა მებრძოლს აძგეროს).

დაჭრილი მებრძოლი. ო, ქალბატონო, თავადაც ამომხდება სული. (მარჯვენა მხარეს აჩვენებს). იქ ამომხდება სული, იმ ხესთან ახლოს, ნუ შეწუხდებით, აზრი არა აქვს გარჯას. (ქანაობით მიდის).

ლედი დუნკანი. უკიდურეს შემთხვევაში, ეს კაცი თავაზიანი მაინც არის. ჯარისკაცისთვის იშვიათობაა თავაზიანობა.

(მარჯვნიდან დავარდნილი სხეულის ხმა ისმის).

დუნკანი (ოფიცერს). აქ დარჩით, თუ საჭირო გახდება დამიცავთ. (ლედი დუნკანს) ცხენს მოახტით, სასწრაფოდ ბრძოლის ველზე გაეშურეთ, ნახეთ, რა ხდება და მომახსენეთ… ეცადეთ, ძალზე ახლო არ მიხვიდეთ… მე კი ვეცდები ჭოგრიტით ვუთვალთვალო…

(ლედი დუნკანი თავის მესაიდუმლესთან ერთად მარჯვნივ გადის. ვიდრე დუნკანი ჭოგრიტს ირგებს და იყურება, სიღრმეში ცხენზე ამხედრებული ლედი დუნკანი გამოჩნდება… დუნკანი ჭოგრიტს კეცავს. ამასობაში ოფიცერი დაშნას იშიშვლებს, მუქარით აქეთ-ქით იყურება. დუნკანი მარჯვნივ წავა, უკან ოფიცერი მიჰყვება სავარძლით).

* * *

დეკორაცია – ბრძოლის ველი.

ბრძოლის ველიდან, მარჯვენა და მარცხენა კულისებიდან ისმის ყვირილი: “გამარჯვება! გამარჯვება! გამარჯვება!” ეს სიტყვები რამდენჯერმე არეულად მეორდება. მარჯვენა კულისიდან ცხენის ფლოქვების ხმა ისმის. ხმა ახლოვდება. მარცხნიდან სწრაფად გამოდის საჭურველმტვირთველი.

საჭურველმტვირთველი (შუბლთან მიიტანს ხელს). ეს ცხენი რაღაა? თითქოს აქეთ მოდისო. დიახ, პირდაპირ ჩვენსკენ მოფრინავს.

ბანკო (მარცხნიდან გამოდის და ხელს შუბლთან მიიტანს). ამ მხედარს, ასეთი მშვენიერი ბედაურით, აქ რა უნდა? ალბათ, მაცნეა.

საჭურველმტვირთველი. მხედარი კაცი არ არის, ქალია.

(ცხენი ჭიხვინებს. ფლოქვების ხმა წყდება. გამოჩნდება ლედი დუნკანი მათრახით ხელში).

ბანკო. ოო, მისი უგანათლებულესობა ერცჰერცოგინია გახლავთ. თქვენო უგანათლებულესობავ, მოგესალმებათ თქვენი უღირსი მსახური. (რევერანსი. ცალ მუხლზე იჩოქებს და ხელზე კოცნის). რას აკეთებს თქვენი უგანათლებულესობა ბრძოლის ველზე? ბედნიერნი ვართ და სიამაყით აღვსილნი, რომ თქვენი უგანათლებულესობა დაინტერესდა ჩვენი ცემა-ტყეპით. ჩვენ რა საკითხავი ვართ, მხოლოდ თქვენი სიცოცხლის ხელყოფის გვეშინია, თქვენო უგანათლებულესობავ.

ლედი დუნკანი. დუნკანმა გამომგზავნა ახალი ამბების გასაგებად. სურს იცოდეს, რა მდგომარეობაა და მოიგო თუ არა ომი.

ბანკო. თქვენი მოუთმენლობა გასაგებია. ჩვენ გავიმარჯვეთ.

ლედი დუნკანი. ბრავო! ადექით, ძვირფასო მაკბეტ.

ბანკო. მაკბეტი არა ვარ, ბანკო ვარ.

ლედი დუნკანი. ოო, მომიტევეთ, ადექით, ძვირფასო ბანკო.

ბანკო (დგება). გმადლობთ, ქალბატონო. (საჭურველმტვირთველს). რა ხბოსავით იყურები? მომწყდი საზიზღარო, საძაგელო, არამზადავ!

საჭურველმტვირთველი. მესმის, ჩემო გენერალო! (საჭურველმტვირთველი ქრება).

ბანკო. თქვენმა უგანათლებულესობამ, დაე, მომიტევოს ჯარისკაცური გამოთქმების ხმარება.

ლედი დუნკანი. არაფერია, ბანკო! ომში ხდება ხოლმე. ომში ადამიანები ნერვიულობენ, ცხადია, უფრო მეტად, ვიდრე მშვიდობის დროს. მთავარი გამარჯვებაა. და თუ გამარჯებაში უხეში სიტყვები გეხმარებათ, მით უკეთესი. დაატყვევეთ ბარონი კანდორი?

ბანკო. ცხადია.

ლედი დუნკანი. ბარონი გლამისი?

მაკბეტის ხმა (მარცხნიდან). ბანკო! ბანკო! სადა ხარ? ვის ელაპარაკები?

ბანკო. მის უგანათლებულესობას – ლედი დუნკანს. თვით ერცჰერცოგმა გამოგზავნა, რათა ახალი ამბები შეატყობინოს. (ერცჰერცოგინიას). მაკბეტი თავად მოგახსენებთ, რა ბედი ეწია გლამისს.

მაკბეტის ხმა. მოვდივარ!

ბანკო (ლედი დუნკანს). ქალბატონო, გტოვებთ მაკბეტთან. ის გიამბობთ ტყვეთა ბედზე და საჭირო ინფორმაციასაც მოგაწვდით.

მაკბეტის ხმა (იქვე, ახლოდან). მოვდივარ.

ბანკო. ოო, მომიტევეთ თქვენო უგანათლებულესობავ, საჭმელი უნდა დავურიგო ჩემს მეომრებს. კარგი გენერალი ჯარისკაცების დედაა. (მარცხნივ გადის).

მაკბეტის ხმა (უფრო ახლოდან). აი, მეც მოვედი! აი, მეც მოვედი! (მარცხნიდან მაკბეტი გამოჩნდება).

მაკბეტი (ლედი დუნკანს ესალმება). ქალბატონო, კარგად ვემსახურეთ ჩვენს საყვარელ ხელმწიფეს. კანდორი ჩვენს ხელშია, გლამისს მთებში უკან მისდევენ; იქ, შორს, ხედავთ? უკვე გარშემორტყმულია. ვერ გაიქცევა.

ლედი დუნკანი. მხედართმთავარი მაკბეტი ხართ?

მაკბეტი (რევერანსით). თქვენი მორჩილი მსახური გისმენთ, თქვენო უგანათლებულესობავ.

ლედი დუნკანი. სულ სხვანაირი მახსოვხართ. ძალიან შეცვლილხართ.

მაკბეტი. როცა ვიღლები, სახის ნაკვთები მეცვლება, მართლაც არ ვგავარ საკუთარ თავს. ჩემი ორეული ვგონივარ ყველას. ან ბანკოს ორეული.

ლედი დუნკანი (მაკბეტს). ეტყობა, ხშირად იღლებით.

მაკბეტი. ომი დასვენება არ არის. ომი ომია. სამხედრო საქმეში გაბედვა უნდა შეგეძლოს.

(ლედი დუნკანი მაკბეტს ხელს გაუწვდის. მაკბეტი ცალ მუხლზე ჩაიჩოქებს, ხელზე კოცნის და სწრაფად დგება).

ლედი დუნკანი. ერცჰერცოგისკენ მივეშურები და კარგი ამბები მიმაქვს.

ბანკოს ხმა (კულისიდან). საფრთხემ გაიარა.

(ლედი დუნკანი მარჯვენა კულისთან მიდის, ხელის ქნევით ემშვიდობება, მერე ისევ სცენის შუაში ბრუნდება. ისმის დაფდაფების ხმა).

ლედი დუნკანი. აი, ისიც!

მაკბეტი. მისი უგანათლებულესობა ერცჰერცოგი!

მებრძოლი. მისი უგანათლებულესობა ერცჰერცოგი!

ბანკოს ხმა. ერცჰერცოგი!

ლედი დუნკანი. ოჰ, ერცჰერცოგი!

ბანკოს თავი (გამოჩნდება და ისევ ქრება). ერცჰერცოგი!

მებრძოლი. ერცჰერცოგი!

მაკბეტი. ერცჰერცოგი!

ლედი დუნკანი. აი, ერცჰერცოგი!

ბანკოს ხმა. ერცჰერცოგი!

მებრძოლი. ერცჰერცოგი!

მაკბეტი. ერცჰერცოგი!

ლედი დუნკანი. აი, ერცჰერცოგი!

(ისმის დაფდაფების ხმა, ოვაციები. მარჯვნიდან დუნკანი გამოჩნდება, დაფდაფების ხმა წყდება).

ლედი დუნკანი. ბრძოლა დამთავრდა!

მაკბეტი. სალამი, მის უგანათლებულესობას!

ბანკოს ხმა. მოგესალმებით, თქვენს უგანათლებულესობას!

მებრძოლი. მივესალმებით, თქვენს უგანათლებულესობას!

მაკბეტი. თავს მდაბლად გიხრით, თქვენო უგანათლებულესობავ!

დუნკანი. გავიმარჯვეთ?

მაკბეტი. საფრთხემ გაიარა.

დუნკანი. სულზე სიმძიმე გადამეყარა. დასაჯეს კანდორი? (ხმამაღლა). კანდორი დასაჯეს?

მაკბეტი. ჯერ არა, ჩემო კეთილო მბრძანებელო – ტყვედა გვყავს.

დუნკანი. რაღას უცდით, რატომ ბოლოს არ მოუღებთ?

მაკბეტი. თქვენს ბრძანებას ველით, ჩვენო კეთილო ხელმწიფევ.

დუნკანი. გიბრძანებ, თავი მოჰკვეთო. რა უყავით გლამისს? ხელ-ფეხი მოსჭერით?

მაკბეტი. არა, ჩემო კეთილო მბრძანებელო. გარშემორტყმულია და სულ მალე დავიჭერთ. ნუ გეშინიათ, ხელმწიფეო.

დუნკანი. ბრავო! გმადლობთ.

(ბრბოში, მებრძოლებში ისმის “ვაშას!” ძახილი. ხალხი, ცხადია, არა ჩანს. თუმცა, შეიძლება ეკრანზე აჩვენოთ).

მაკბეტი. ბედნიერი და ამაყნი ვართ, რომ გემსახურეთ, ჩემო კეთილო მბრძანებელო!

ბანკოს თავი (გამოჩნდება და ისევ ქრება). ჩვენ მხოლოდ ვალი მოვიხადეთ, ხელმწიფეო.

(ისევ ისმის დაფდაფების ხმა, რომელიც ნელა სუსტდება და იქმნება ბგერითი ფონი).

დუნკანი. მადლობა თქვენ, ჩემო სახელოვანო მხედართმთავრებო, უპირველესად კი, მადლობა თქვენ, ჩემო მამაცო ჯარისკაცებო, კეთილო, უბრალო ხალხო, თქვენ გადაარჩინეთ სამშობლო და ჩემი ტახტი. ბევრმა ამისთვის თავი გასწირა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მკვდრებსაც და ცოცხლებსაც, ტახტის გადარჩენისთვის. იგი ხომ თქვენი ტახტიცაა. ახლა, დაუბრუნდებით თქვენს სახლებს – ზოგი თქვენს სოფლებს, თქვენს ღარიბულ ქოხებს, ზოგიც უბრალო, მაგრამ პატივით შემკულ სახელოვან საფლავებს და თქვენი საქმე მაგალითი გახდება ახლანდელი, მომავალი და წარსული თაობებისთვისაც კი – მაგალითი ახალგაზრდებისთვის. და მრავალი საუკუნე, თქვენი სიტყვა და საქმე, და თქვენ თვითონაც, მდუმარენი, მაგრამ ცოცხალნი, სახელიანნი და უსახელონნი, სწრაფმავალ და მარადიულ ისტორიაში დამკვიდრდებით. და თქვენი სახე – ვაჟკაცური თუ არავაჟკაცური, თქვენი მონაწილეობა თუ არმონაწილეობა ამ მოვლენებში, ადამიანთა მახსოვრობაში დარჩება და სიკეთის გზას დაუბრუნებს ყველა იმათ, ვინც ხვალ ან ზეგ სწორი გზიდან გადახვევას მოისურვებს. ამიერიდან გააგრძელეთ თქვენი მოკრძალებული შრომა, უწინ რომ ეწეოდით. ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისა, ვარვარა მზის, თქვენი ბატონებისა და მამასახლისების ფხიზელი ზედამხედველობის ქვეშ; ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უყვარხართ მათ. მიუხედავად თქვენი ღირსებისა, პატივს გცემენ მხოლოდ თქვენი ნაკლის წყალობით. წადით.

(ვიდრე დუნკანი ლაპარაკობს მარჯვნიდან მესაიდუმლე გამოჩნდება. ერთხანს ისევ ხმამაღლა ისმის დაფდაფების ხმა და “ვაშას” ძახილი).

მაკბეტი. ბრავო!

მებრძოლი. ბრავო!

დუნკანი. ამ საქმეს მოვრჩი.

ლედი დუნკანი. ბრავო. დუნკან! (ტაშს უკრავს). ამჯერად, კარგად ლაპარაკობდით. (მესაიდუმლეს). დაიგვიანეთ, ჩემო ძვირფასო.

მესაიდუმლე. ფეხით მოვდიოდი, ქალბატონო.

(მაკბეტი და მებრძოლი დუნკანის სიტყვას ტაშს უკრავენ).

ბანკოს ხმა. ბრავო!

დუნკანი. ეს ხალხი ქებას იმსახურებს. ამიერიდან ყველა ჩემი მეგობარი და მხედართმთავარი ჩემს დიდებას გაინაწილებს. და ჩემი კეთილშობილი მეუღლეც. (ლედი დუნკანს უღიმის და ხელზე კოცნის). ახლა კი, სამართალი ვქნათ, დასჯა დავიწყოთ. შემოიყვანეთ კანდორი. სად არის ბანკო?

მაკბეტი. ტყვესთანაა.

დუნკანი. ჯალათი ის იქნება.

მაკბეტი (იქით). ეს პატივი ჩემთვის უნდა მოეგოთ.

დუნკანი. დაე, მეამბოხესთან ერთად შემოვიდეს. წადი, მოიყვანე.

(მებრძოლი მარცხნივ გადის, მარჯვნიდან მაშინვე შემოდიან კანდორი და ბანკო. ბანკოს კაპიუშონი ახურავს და წითელი სვიტერი აცვია, ხელში ცული უჭირავს. კანდორს ბორკილი ადევს).

დუნკანი (კანდორს). ამბოხი ძვირად დაგიჯდება.

კანდორი. ძალზე ძვირად. ამჯერად, აღარ შევცდები. სამწუხაროდ, ბრძოლა ვერ მოვიგე. გამარჯვებული მუდამ მართალია. Vae victisi!( (მაკბეტს). ჩემს მხარეზე რომ გებრძოლა, მადლობასაც კარგად გადაგიხდიდი. ჰერცოგად გაქცევდი. შენც ჰერცოგი იქნებოდი, ბანკო. სიმდიდრით აგავსებდი და დიდ პატივში მეყოლებოდი.

____________________

1. ვაი დამარცხებულთ (ლათ.).

დუნკანი. ნუ შეწუხდებით. მაკბეტი ბარონი კანდორი გახდება და შენს მიწებს მიიღებს. თუ მოისურვებს, შენი ცოლი და ქალიშვილიც მასვე დარჩება.

მაკბეტი (დუნკანს). თქვენი ერთგული ვარ, ჩემო ხელმწიფევ. თვით ერთგულება ვარ. თქვენი ერთგული დავიბადე, ვითარ ცხენი და ძაღლი იბადებიან თავისი პატრონის ერთგული.

დუნკანი (ბანკოს). ნუ შეშფოთდები, ნურც შეგშურდება. როგორც კი ურჩ გლამისს დაიჭერენ, ბარონი გლამისი გახდები და მთელ მის ქონებას მიიღებ.

მაკბეტი (დუნკანს). მადლობელი ვარ, ხელმწიფეო.

ბანკო (დუნკანს). მადლობელი ვარ, ხელმწიფეო.

მაკბეტი (დუნკანს). ჩვენ ისედაც ერთგულნი დავრჩებოდით…

ბანკო (დუნკანს). ჩვენ ისედაც ერთგულნი დავრჩებოდით…

მაკბეტი. უჯილდოოდაც.

ბანკო. უჯილდოოდაც.

მაკბეტი. გემსახუროთ თქვენ – უკვე ჯილდოა!

ბანკო. გემსახუროთ თქვენ – უკვე ჯილდოა!

მაკბეტი. მაგრამ თქვენი გულუხვობა, ყველა ჩვენს მოლოდინს აღემატება.

ბანკო. სულითა და გულით მადლობელნი ვართ…

მაკბეტი და ბანკო (ერთი დაშნას აჟღრიალებს, მეორე ცულს ატრიალებს). … თქვენი მოწყალე უგანათლებულესობის გულისთვის მზად ვართ ჯოჯოხეთური ტანჯვით ვეწამოთ.

(მარჯვნიდან მარცხნივ სცენას ვიღაც კაცი გადაჭრის).

კაცი. ძველმანებს ვიბარებ! კონკებს ვიბარებ!

დუნკანი (კანდორს). ხედავ, რა ერთგულნი არიან ჩემი?

მაკბეტი და ბანკო (დუნკანს). სამართლიანი და გულუხვი ხელმწიფე ბრძანდებით და იმიტომ.

მეძველმანე. … ვიბარებ კონკებს!.. (გადის მარცხნივ).

(მეძველმანის ეპიზოდი რეჟისორმა შეიძლება ამოაგდოს კიდეც. იმ წუთში, როცა მეძველმანე გადის, გამოჩნდება მსახური, რომელსაც სავარძლები მოაქვს დუნკანისთვის, ლედი დუნკანისთვის და სხვებისთვის. მთელი სცენის განმავლობაში შემოაქვს პირსახოცი, ტაშტი, საპონი ან ოდეკოლონი. მას მესაიდუმლე ეხმარება. ლედი დუნკანი ძალზე გულმოდგინედ იბანს ხელებს, თითქოს ლაქის მოშორება სურსო, მაგრამ დაბნეულად და ანგარიშმიუცემლად მოქმედებს. მერე იმავ მსახურს მაგიდა და ჩაის სერვიზი შემოაქვს; იქ მყოფთ ჩაის ურიგებს.

სინათლის ეფექტი გილიოტინის შთაბეჭდილებას ჰქმნის, მერე უამრავი გილიოტინა გამოჩნდება).

დუნკანი (კანდორს). გინდათ, რამე თქვათ? გისმენთ.

(ყველა ისე მოეწყობა, რომ უკეთ დაინახოს და მოუსმინოს).

მსახური (ლედი დუნკანს). ჩაი მორთმეულია, ქალბატონო.

კანდორი. ძლიერი რომ ვყოფილიყავი, თქვენი კანონიერი ხელმწიფე გავხდებოდი. რადგან დავმარცხდი, მშიშარა და მოღალატე ვარ. როგორ ვერ მოვიგე ბრძოლა?! ასეთია ისტორიის მსვლელობა. ობიექტურია. ისტორია მუდამ მართალია. მე კი – ისტორიის ნარჩენი ვარ. რადგან ასეა, დაე, ჩემი ბედი მაგალითი იყოს ცოცხლებისთვის და მათი შთამომავლებისთვის. მუდამ უძლიერესს მიჰყევით. მაგრამ ბრძოლის წინ, როგორ გავიგოთ ვინ არის ძლიერი? დაე, უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღოს ბრძოლაში, დანარჩენები კი ძლიერს გაჰყვნენ. მხოლოდ მოვლენათა ლოგიკა რჩება. ყველაფერში ისტორიული მიზეზი უნდა ეძიოთ. მას ვერ დაამარცხებს ვერავითარი უმაღლესი ძალა. მე დამნაშავე ვარ. ჩემი ამბოხი აუცილებელი აღმოჩნდა, რათა გამოჩენილიყო ჩემი დანაშაულების ყველა ხარისხი. ბედნიერი ვარ, რომ ვკვდები და ჩემი ცხოვრება ანგარიშში აღარ ჩაიგდება. დაე, ჩემმა სხეულმა და ყველა იმათ სხეულმა, ვინც მე გამომყვა, გაანოყიეროს მიწა, რათა მომავალში ბარაქიანი ალოობა დადგეს. მე იმისი მაგალითი ვარ, როგორ არ უნდა მოიქცე.

დუნკანი (ნაზად ლედი დუნკანს). ძალიან გრძელი სიტყვაა. ხომ არ მოგეწყინათ, ქალბატონო? ცხადია, ვერ ითმენთ და ელით შემდგომ რა მოხდება? არა, არა, წამება არ იქნება. იქნება მხოლოდ დასჯა. გულგატეხილი ხართ? სიურპრიზი მოგიმზადეთ. დიდებული სანახავი იქნება. (ყველას). სამართლიანობის სახელით, კანდორის მეომრებიც უნდა დაისაჯნენ. არც ისე ბევრნი არიან. ას ოცდაჩვიდმეტი ათასი კაცია, არც მეტი და არც ნაკლები. დაიწყეთ დასჯა. (სიღრმეში ნელა ჩამავალი, დიდი, წითელი მზე გამოჩნდება). აბა, დაიწყეთ დასჯა!

კანდორი. გაუმარჯოს ერცჰერცოგს!

(ბანკო ცულს აგდებს, კანდორის თავს გილიოტინის დანას უმარჯვებს. ერთიმეორის მიყოლებით (ესენი ერთი და იგივე სტატისტები არიან) სცენის სიღრმიდან კანდორის ჯარისკაცები გამოდიან და გილიოტინის დანას უდებენ თავს. ეშაფოტი და გილიოტინა შეიძლება მაშინვე გამოჩნდეს, როგორც კი დუნკანი დასჯის ბრძანებას გასცემს. თავები აქეთ-იქით ცვივა, ბანკო ღილაკს აჭერს თითს).

ბანკო. აბა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა…

(ყოველი “ჩქარას” წარმოთქმის შემდეგ გილიოტინის დანა ეშვება. თავებს კალათში აგროვებენ).

დუნკანი (მაკბეტს). ძვირფასო მეგობარო, ჩემი კეთილშობილი მეუღლის გვერდით დაჯექით.

(მაკბეტი ლედი დუნკანის გვერდით ჯდება. გამოსაჩენ ადგილზე უნდა მოთავსდნენ, რათა მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდეს ადვილად დაინახოს ისინი. ლედი დუნკანი შეიძლება სახით მაყურებლისკენ იჯდეს, ასევე სხვებიც. მის უკან გილიოტინაა. ჩანს, რომ იგი დასჯას თვალს ადევნებს და ითვლის.

ამ დროს, მსახურს ჩაი და ტკბილეულობა დააქვს, მას მესაიდუმლე ეხმარება).

მაკბეტი. ო, ქალბატონო, როგორ ვღელავ თქვენს სიახლოვეს.

ლედი დუნკანი. ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, ჩვიდმეტი, ოცდასამი, ოცდაჩვიდმეტი. აჰ! მგონი, ერთი გამომრჩა.

(აგრძელებს დათვლას. მაკბეტს ხან ფეხით ეხება, ხანაც ფრჩხილებით აფრინდება, მერე უფრო გამომწვევად იქცევა, სცენის ბოლოს კი, დაუფარავად და უხეშად. დასაწყისში მაკბეტი განზე იწევს, მერე ემორჩილება. მის არსებაში სიამოვნება და მორცხვობა ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ ქალის თამაშის თანამონაწილე ხდება).

დუნკანი (მაკბეტს). საქმეს მივხედოთ, ვილაპარაკოთ. მსურს, ბარონი კანდორი გახდეთ, თქვენი მეგობარი ბანკო კი ბარონი გლამისი, ოღონდ, როცა გლამისი დაისჯება.

ლედი დუნკანი (აგრძელებს თამაშს). ას ჩვიდმეტი… ას თვრამეტი… რა ამაღელვებელი სანახაობაა!

მაკბეტი. ო, ხელმწიფეო, თქვენი უგანათლებულესობის მადლიერი ვარ ფრიად.

ლედი დუნკანი. სამასი. აჰ, თავბრუ მეხვევა! ცხრა ათას სამასი.

დუნკანი (მაკბეტს). აბა, შევთანხმდეთ.

მაკბეტი (ლედი დუნკანისგან ოდნავ განზე გაიწევს. ის კი ისევ ეკვრება მას და მუხლზე ხელს უჭერს). გისმენთ, ხელმწიფეო.

დუნკანი. ოღონდ კანდორის მიწების ნახევარი ჩემია, მერე გლამისის მიწების ნახევარი გახდება ჩემი და ჩემი სამეფოს ნაწილად იქცევა.

ლედი დუნკანი. ოცი ათასი.

ბანკო (აგრძელებს ჯალათის როლს). გმადლობთ, თქვენო უგანათლებულესობავ.

დუნკანი (მაკბეტს). გარდა ამისა, ორივემ უნდა შეასრულოთ ზოგიერთი თქვენი მოვალეობა: გადამიხადოთ გადასახადები და როცა დამჭირდება, სამსახურსაც გამიწევთ.

(მარჯვნიდან ოფიცერი შემორბის და სცენის შუაში ჩერდება).

ოფიცერი. გლამისი გაიქცა.

დუნკანი. მერე დავაზუსტოთ.

ოფიცერი. ხელმწიფეო, გლამისი გაიქცა.

დუნკანი (ოფიცერს). რა თქვი?

ოფიცერი. გლამისი გაიპარა, მასთან ერთად მისი არმიის ნაწილიც.

(ბანკო თავის საქმიანობას შეწყვეტს და ახლო მოდის. დანარჩენებიც წამოხტებიან).

ბანკო. როგორ თუ გაიპარა? ის ხომ გარშემორტყმული იყო. ტყვე იყო უკვე. მაშასადამე, თანამზრახველები ჰყოლია.

დუნკანი. ეშმაკმა დალახვროს!

ლედი დუნკანი (ისევ მაკბეტს ეხუტება). ეშმაკმა დალახვროს!

მაკბეტი. ეშმაკმა დალახვროს!

დუნკანი (ბანკოს). თქვენა ხართ დამნაშავე თუ თქვენი ხელქვეითები, არა აქვს მნიშვნელობა, ვერ გახდებთი ბარონი გლამისი და ვერც მისი მიწების ნახევარს დაეუფლებით, ვიდრე ცოცხალს ან მკვდარს არ მომგვრით გლამისს, ხელფეხშეკრულს. (ოფიცრისკენ შებრუნდება). შენ თავს მოგჭრიან, რადგან ცუდი ამბავი მოიტანე.

ოფიცერი. მე რა შუაში ვარ?

(ჯარისკაცი გამოჩნდება და ოფიცერს სცენის სიღრმეში აღმართული გილიოტინისკენ მიათრევს. მას თავს სჭრიან.

დუნკანი მუსიკის ჰანგების თანხლებით გადის. ლედი დუნკანი მაკბეტს თვალს უკრავს. ფეხს დაარტყამს. მესაიდუმლეც გადის. მუსიკა ჩერდება. გამოჩნდება დუნკანი).

დუნკანი (ლედი დუნკანს, რომელიც უკუსვლით მიდის და ჰაეროვან კოცნას უგზავნის მაკბეტს). ნუღა აყოვნებთ, ქალბატონო. (ქეჩოში მოჰკიდებს ხელს და გაჰყავს).

ლედი დუნკანი. გაგრძელების ნახვა მინდა.

დუნკანის ხმა (ბანკოს). გლამისი მომგვარეთ, არაუგვიანეს ხვალინდელი დღისა!

(მუსიკა)

ბანკო (მაკბეტთან მიდის). აი, უბედურება, ეშმაკმა წაიღოს! აი, უბედურება.

* * *

ქარისა და გრიგალის ხმაური.

სცენა სანახევროდ ჩაბნელებულია. ჯერ მხოლოდ მაკბეტის სახე უნდა გამოჩნდეს, მერე პირველი კუდიანისა, მოგვიანებით მეორე კუდიანისა.

შემოდიან ბანკო და მაკბეტი.

მაკბეტი. რა გრიგალია, საშინელი! ასე მგონია, ხეები აგერ-აგერ მიწას დაენარცხებიან ფესვგაშიშვლებულნი. თავზე მაინც არ დაგვეცეს!

ბანკო. უახლოესი ფუნდუკი ათ კილომეტრზეა. ჩვენ კი, ცხენებიც არა გვყავს.

მაკბეტი. ფეხით სიარულის სიყვარულმა მეტისმეტად შორს შეგვიტყუა!

ბანკო. და აი, თავს დაგვატყდა ელვა და მეხი.

მაკბეტი. მაგრამ ამინდზე სალაპარაკოდ არ გამოვსულვართ.

ბანკო. წავალ, ვნახავ, სადმე ბრეზენტით გადახურული ურემი ხომ არ გდია, თავი რომ შევაფაროთ.

მაკბეტი. მე აქ მოვიცდი.

(ბანკო გადის).

პირველი კუდიანი (მაკბეტს). სალამი მაკბეტს, კანდორის ბარონს!

მაკბეტი. როგორ შემაშინეთ! არც კი ვიცოდი, აქ თუ ვინმე იყო. ოო, ბებერი ქალი ყოფილა მხოლოდ, კუდიანი. (კუდიანს). საიდან გაიგე, რომ ბარონი კანდორი ვარ? ნუთუ ხალხში დავარდნილმა ხმებმა ტყემდე მოაღწია? თუ გრიგალმა ამ ამბის ექო აქამდე მოიტანა?

მეორე კუდიანი (მაკბეტს). სალამი მაკბეტს, გლამისის ბარონს!

მაკბეტი. ბარონი გლამისი? გლამისი ჯერ არ მომკვდარა! თანაც დუნკანმა მისი ტიტული და მიწები ბანკოს აღუთქვა. (უცებ შეამჩნევს, რომ მეორე კუდიანი ელაპარაკება). ვაი, ეს მეორეა!

პირველი კუდიანი. გლამისი ახლახან მოკვდა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ცხენთან ერთად ჩაითრია და დაახრჩო.

მაკბეტი. რა ხუმრობაა. ენას ამოგგლეჯთ, კუდიანო დებო.

პირველი კუდიანი. რაინდო მაკბეტ, დუნკანი ბანკოს უკმაყოფილოა, გლამისი რომ გაუშვა, იმიტომ.

მაკბეტი. საიდან იცით?

მეორე კუდიანი. მას სურს, ამ მარცხით ისარგებლოს. შენ მოგცემს ტიტულს, რომელიც ბანკოს აღუთქვა, მიწას კი თვითონ მიითვისებს.

მაკბეტი. დუნკანი დიდსულოვანია. თავის სიტყვას შეასრულებს.

პირველი კუდიანი. შენ კი ერცჰერცოგი გახდები, ამ მხარის მბრძანებელი.

მაკბეტი. ნუ ცრუობ. პატივმოყვარე არა ვარ. ჩემი პატივმოყვარეობა ჩემი ხელმწიფის ერთგული სამსახური უფროა.

პირველი კუდიანი. თავად გახდები ხელმწიფე. ასეა ნაწინასწარმეტყველები. შენს შუბლზე ვარსკვლავს ვხედავ.

მაკბეტი. შეუძლებელია! დუნკანს შვილი ჰყავს მაკოლი, რომელიც კართაგენში სწავლობს. ტახტის კანონიერი მემკვიდრე ის არის.

მეორე კუდიანი. კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც ახლა დიპლომს იცავს რაგუზში. ეკონომიკა და ზღვაოსნობის მეცნიერება შეისწავლა. დოლანბაინი ჰქვია სახელად.

მაკბეტი. არასოდეს გამიგია დონალბაინზე რამე.

პირველი კუდიანი (მაკბეტს). ნუ ეცდებით მისი სახელის დამახსოვრებას, რაინდო მაკბეტ!. არაფერში გამოგადგებათ. ამას იქით აღარავინ ახსენებს. (მეორე კუდიანს). ზღვაოსნობას კი არა, ვაჭრობის საკითხებს სწავლობს, მათ შორის, ცხადია, ზღვით ვაჭრობის საკითხებსაც.

მაკბეტი (კუდიანებს). უაზრო ბოდვაა. (დაშნას ამოიღებს). აქედან დამეკარგეთ, კუდიანებო! (დაშნას სიცარიელეს ურტყამს. ისმის კუდიანების სიცილი, მათი შემზარავი ხმები). ეშმაკის ნაშიერნო! (კუდიანები ქრებიან). სად დაიკარგნენ? მართლა ვნახე? მათ ხმებს ვუსმენდი კი? წვიმად და ქუხილად იქცნენ თუ ხეთა ფესვებად გარდაიქმნენ?

პირველი კუდიანის ხმა (ქალის ნაზი ხმით). ქარი არა ვარ. არც სიზმარი, მშვენიერო რაინდო, მაკბეტ. მალე ვნახავთ ერთმანეთს და შეიცნობ ჩემი ხიბლის მთელ სიძლიერეს.

მაკბეტი. კიდევ რას? (სიცარიელეს ხმალს მოუქნევს. ჩერდება). ეს რა ხმა იყო? თითქოს მეცნო… ო, ხმაო, ხორციელი ხარ? სახე თუ გაქვს? მითხარ, სადა ხარ?

ხმა (მუსიკალურად). აქა ვარ, აქა ვარ, და შორსაც ვარ. ნახვამდის, მაკბეტ.

მაკბეტი. ვკანკალებ სულ მთლად. სიცივისგან? ნესტისგან? თუ შიშისგან? ან იქნებ ეს ხმა ჩემში გაურკვეველ ნაღველს აღვიძებს? თუ თვალი მეცა? (ტონს იცვლის). არა, ესენი მხოლოდ ბილწი კუდიანები იყვნენ და სხვა არავინ. (ისევ იცვლის ტონს). ბანკო! ბანკო! სად დაიკარგე? იპოვე ურემი? სადა ხარ? ბანკო! (მარჯვნივ გადის).

(ერთ ხანს სცენა ცარიელია. გრიგალი გრძელდება).

პირველი კუდიანი (მეორე კუდიანს). აი, ბანკოც.

მეორე კუდიანი. როცა მაკბეტი და ბანკო ერთად არ არიან, ერთმანეთს ეძებენ ან ერთმანეთს მიჰყვებიან.

(სცენიდან გაუსვლელად პირველი კუდიანი მარჯვნივ იმალება, მეორე მარცხნივ, სიღრმიდან ბანკო გამოდის).

ბანკო. მაკბეტ! მაკბეტ! (ვითომ მაკბეტს ეძებს). მაკბეტ! ურემი ვიპოვე. (იქით). მაგრა დავსველდი! საბედნიეროდ, წვიმა შეწყდა.

(შორიდან ძახილი ისმის).

ხმა.ბანკო!

ბანკო. მგონი, მეძახის. კარგი იქნებოდა, აქ მოეცადა. მოთმინება დაკარგა, ალბათ.

ხმა. ბანკო! ბანკო!

ბანკო. აქა ვარ, მაკბეტ! შენ სადა ხარ?

ხმა (ახლოდან ისმის, მარჯვნიდან). ბანკო! ბანკო!

ბანკო. მოვდივარ, მოვდივარ! სადა ხარ? (მარჯვნივ მირბის).

მეორე ხმა (შეცვლილი. მარცხნიდან ისმის). ბანკო!

ბანკო (მარცხნივ მიდის). სადა ხარ? მითხარ, შენამდე როგორ მოვიდე?

პირველი კუდიანის ხმა. ბანკო!

მეორე კუდიანის ხმა. ბანკო!

ბანკო. არა, მისი ხმა არ არის.

(ჯადოქრულად მორთული ორივე კუდიანი თავიანთი სამალავიდან გამოვა. მარჯვნიდან და მარცხნიდან ბანკოს მიუახლოვდებიან).

ბანკო. ეს რაღა მაიმუნობაა?

პირველი კუდიანი. მოგესალმებით, რაინდო ბანკო, მაკბეტის თანამებრძოლო!

მეორე კუდიანი. მოგესალმებით, ბანკო-მხედართმთავარო.

ბანკო. ვინა ხართ? ო, საძაგელო ქმნილებებო! ჩემგან რა გინდათ? ქალებს რომ არ ჰგავდეთ, საკუთარი თვალით ნახავდით, როგორ გაგორდებოდა თქვენი თავები. დამცინიან თავიანთი ჭკუით!

პირველი კუდიანი. გული ნუ მოგდის, მხედართმთავარო ბანკო.

ბანკო. საიდან იცით ჩემი სახელი?

მეორე კუდიანი. ვერ ეღირსები ბარონ გლამისობას! მოგესალმებით, ბანკო!

ბანკო. საიდან იცით, ბარონი გლამისი რომ უნდა გავხდე? საიდან იცით, რომ ბარონობას ვერ ვეღირსები? ნუთუ ხალხში დავარდნილმა ხმებმა ტყემდე მოაღწია? თუ ქარმა და გრიგალმა დუნკანის ნათქვამის ექო აქამდე მოიტანა? რატომ ხართ დარწმუნებულნი, რომ მისი განზრახვისა რამე იცით, რომელიც ჯერ არავისთვის გაუმხელია? თანაც არ შემიძლია ბარონი გლამისი გავხდე – გლამისი ხომ ჯერ ცოცხალია.

პირველი კუდიანი. გლამისი ახლახანს დაიხრჩო, ის და მისი ცხენი მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩაითრია და დაახრჩო.

ბანკო. რა ხუმრობაა? ენას ამოგგლეჯთ, ჯადოქარო დებო!

მეორე კუდიანი. რაინდო ბანკო, დუნკანი შენით უკმაყოფილოა – გლამისი ხელიდან გაუშვი.

ბანკო. ეს საიდანღა იცით?

პირველი კუდიანი. შენი შეცდომით სურს ისარგებლოს, რომ უფრო გამდიდრდეს. ბარონ გლამისის ტიტულს მაკბეტს მისცემს, მიწას კი თვითონ მიისაკუთრებს.

ბანკო. მე კი ტიტული მეყოფოდა. რატომ უნდა დუნკანს, რომ ტიტული არ მომცეს? დუნკანი დიდსულოვანია, თავის სიტყვას შეასრულებს, რატომ უნდა მისცეს მაკბეტს გლამისის ტიტული? მე რატომღა უნდა დამსაჯოს. რატომ უნდა ხვდეს მაკბეტს ყველა პატივი, პრივილეგია?

მეორე კუდიანი. მაკბეტი – შენი ბედნიერი მეტოქეა!

ბანკო. ჩემი ამხანაგია. ჩემი მეგობარია. ჩემი ძმაა. ის პატიოსანია!

ორივე კუდიანი (მოშორებით გადიან და ხტუნაობას იწყებენ). ეს ამბობს, რომ მაკბეტი პატიოსანია! ეს ამბობს, რომ მაკბეტი პატიოსანია!

ბანკო (დაშნას ამოიღებს). ძლივს მივხვდი ვინცა ხართ, ურჩხულებო! ბებერო, უწმინდურო ჯადოქრებო, ჯაშუშები ხართ და ჩემთან ჩვენი ძვირფასი და მოწყალე ხელმწიფის – დუნკანის მტრებმა შემოგგზავნეს.

(ცდილობს დაშნით განგმიროს ისინი. კუდიანები გარბიან და ქრებიან, პირველი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ).

პირველი კუდიანი (ვიდრე გაქრებოდეს). მაკბეტი მბრძანებელი გახდება, დუნკანის ადგილს დაიკავებს.

მეორე კუდიანი. დუნკანის ტახტს დაიკავებს (ქრება).

(ბანკო დაშნას იქნევს, ცდილობს მოახვედროს მათ, ხან მარცხნივ გარბის, ხანაც მარჯვნივ).

ბანკო. სადა ხართ, ქუჩის ქალებო?! ეშმაკის ნაშიერნო! (სცენის შუაში დგება, დაშნას ქარქაშში ჩააგებს). მართლა ვნახე? მათ ხმებს ვუსმენდი კი? წვიმად და ქუხილად იქცნენ თუ ხეთა ფესვებად გარდაიქმნენ. ჰალუცინაციაა და მეტი არაფერი. მაკბეტ! მაკბეტ!

მეორე კუდიანის ხმა. მისმინე, ბანკო! (კუდიანის ხმა ახალგაზრდული და მელოდიური ხდება.) კარგად მისმინე: შენ ხელმწიფე ვერ გახდები, მაგრამ მაკბეტზე მაღლა ახვალ – მთელი დინასტიის ფუძემდებელი იქნები და ეს დინასტია ქვეყანაში ათას წელს იმეფებს. შენ გახდები მამა, პაპა და წინაპარი მეფეთა, ამით მაკბეტზე მაღლა დადგები.

ბანკო. განვედ! არ მომეკარო! (სიცარიელეს დაშნას ურტყამს. ჩერდება), ეს რა ხმა იყო? თითქოს მეცნო… ო, ხმაო, ხორციელი ხარ? სახე თუ გაქვს? მითხარ, სადა ხარ?

ხმა. აქა ვარ, აქა ვარ! და შორსაც ვარ. კიდევ ვნახავთ ერთმანეთს და შეიცნობ ჩემი ჯადოს მთელ სიძლიერეს. ნახვამდის, ბანკო!

ბანკო. ვკანკალებ სულმთლად. სიცივისგან? ნესტისგან? თუ შიშისგან? ან იქნებ ეს ხმა ჩემში გაურკვეველ ნაღველს აღვიძებს? თუ თვალი მეცა? (ტონს იცვლის). არა, ესენი მხოლოდ ბილწი კუდიანები იყვნენ და სხვა არაფერი. ჯაშუშები, ინტრიგანები, ცრუპენტელები. ეს მე ვიქნები მეფეთა მამა? ჩვენს საყვარელ მბრძანებელს ვაჟები ხომ ჰყავს. მაკოლი კართაგენში სწავლობს. ტახტის კანონიერი მემკვიდრე ის არის. დოლანბაინმა სულ ახლახან რაგუზში დიპლომი დაიცვა და დაამთავრა უმაღლესი კომერციული სკოლა. ცარიელი ბოდვაა მხოლოდ, ამაზე ფიქრიც არ შეიძლება…

(მარცხნიდან მაკბეტის ხმა ისმის).

მაკბეტის ხმა. ბანკო! ბანკო!

ბანკო. მაკბეტის ხმაა. მაკბეტ! აი, მაკბეტიც!

მაკბეტის ხმა. ბანკო!

ბანკო. მაკბეტ!

(მარცხნივ გაიქცევა, საიდანაც მაკბეტის ხმა ისმის. სცენა ერთხანს ცარიელია.

განათება იცვლება. სინათლე ნელა ავსებს მთელ სცენას. სიღრმეში იზრდება ძალზე კაშკაშა მთვარე, რომელიც დიდი ვარსკვლავებით არის გარშემორტყმული. კარგი იქნებოდა ირმის ნახტომის თანავარსკვლავედის გამოსახვაც, რომელიც ყურძნის დიდ მტევანს ემსგავსება.

მოქმედების განვითარებისას დეკორაცია უფრო ნათლად უნდა გამოჩდეს. სიღრმეში ნელ-ნელა უნდა გამოიკვეთოს კოშკის კონტური. კოშკის პატარა სარკმელში სინათლე უნდა აინთოს. სცენაზე აქტიორები იქნებიან თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს; დეკორაციამ უნდა ითამაშოს. (შემდეგი სცენა შეიძლება დარჩეს ან ამოვარდეს).

მარჯვნიდან მარცხნივ სცენას მდუმარე დუნკანი გადაჭრის.

როგორც კი ერცჰერცოგი მარცხნივ მიიმალება, სცენაზე იგივე მიმართულებით ლედი დუნკანი გაივლის და ქრება.

ასევე უსიტყვოდ, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით, გაივლის მაკბეტიც.

მარჯვნიდან მარცხნივ ჩუმად გაივლიან ოფიცრები.

მარჯვნიდან მარცხნივ ჩუმად გაივლის ბანკოც.

საპირისპირო მიმართულებით სცენას გადაჭრის ვიღაც ქალი.

(ასე მგონია, ქალის გავლის სცენა აუცილებლად დასატოვებელია).

ერთხანს სცენა დაცარიელდება. სიღრმიდან ბანკო გამოდის).

ბანკო. ყველაფერი განზრახ მოაწყვეს. სიმართლე თქვა კუდიანმა? მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა? რომელ კარისკაცს შეეძლო ეთქვა? თანაც ასე სწრაფად! ნუთუ ზებუნებრივი ძალის ნიჭით არის დაჯილდოებული? ან სხვა რომელიმე ძალით? იქნებ, ის ზესისწრაფე აღმოაჩინა, რაზეც მითები გვაუწყებენ. მისი შემწეობით, თურმე შორ მანძილზეა შესაძლებელი დიალოგი. ან იქნებ, გამოიგონა სარკეთა სისტემა, რომელიც შორეულ გამოსახულებებსა და სახეებს აირეკლავს, და ისე ახლოს ვხედავთ, თითქოს აქვე, გვერდით არიან და ველაპარაკებითო. ან ისეთი სათვალე აქვს, საიდანაც ასეულ ათასობით მილზე ხედავს ირგვლივ ყველაფერს და ჩვენამდე აღწევს იმისი ცოცხალი გამოსახულება, რაც ხდება. ანდა ისეთ ხელსაწყოებს ფლობს, რომელიც სმენას ამახვილებს და წარმოუდგენელ სიფაქიზემდე დაჰყავს? სულ ახლახანს ერცჰერცოგის ერთმა ოფიცერმა გლამისის სიკვდილი და ჩემი შერისხვა მაუწყა. ეგებ, მაკბეტის მოწყობილი ინტრიგაა? იქნებ, ჩემი ერთგული მეგობარი და თანამგზავრი მხოლოდ პატარა ინტრიგანია? ნუთუ დუნკანი იმდენად უმადურია, რომ დაივიწყა რა საფრთხეში ვიგდებდი თავს, ის რომ დამეცვა და გადამერჩინა? ნუთუ არავის ნდობა შეიძლება და ძმისაც უნდა გეშინოდეს, ერთგული ძაღლისაც და თვით ღვინისაც? ჰაერისაც, რომელსაც ვსუნთქავ? ო, არა. მაკბეტს ძალიან ახლო ვიცნობ, მის პატიოსნებასა და სათნოებაში ეჭვი არ უნდა შემეპაროს. უდავოა, დუნკანმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და არავის შთაუგონებია. თვით ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს ამას. ალბათ, მაკბეტმა ჯერ არაფერი იცის. როცა გაიგებს – უარს იტყვის, ცხადია. (მარცხნივ მიდის, მერე ისევ სცენის შუაგულს უბრუნდება). ეს ეშმაკის ნაშიერნი სივრცეში ჭვრეტენ ყველაფერს. ნეტავ მომავლის კითხვა თუ შეუძლიათ? ხომ მიწინასწარმეტყველეს, ჩემგან წამოვა თურმე გრძელი სამეფო დინასტია. უცნაურია… უაზრობაა! უმჯობესი იქნებოდა, მეტი ეთქვათ. იქნებ, მართლა რაღაც იციან? კარგი იქნებოდა მენახა ისინი! მაგრამ აღარ არიან. ხომ იყვნენ. (მიდის მარცხნივ).

(მარჯვნიდან მაკბეტი გამოჩნდება. გამოჩენამდე ხმამაღლა იძახის):

მაკბეტის ხმა. ბანკო! ბანკო! (ხმა ახლოვდება. ძახილს აგრძელებს). ბანკო!

მაკბეტი. სად დაიკარგა ეს პირუტყვი? მითხრეს, სადღაც აქ არისო. მინდა, მოველაპარაკო. ერცჰერცოგის მოციქულმა სასახლეში გამომიძახა. ხელმწიფემ მითხრა, გლამისი მკვდარიაო და მისი ტიტული მე მიბოძა, მიწები კი – არა. კუდიანების წინასწარმეტყველება სრულდება. ვცადე დუნკანი დამერწმუნებინა, რომ ბანკოსთვის ტიტული არ წაერთმია. ვცადე შთამეგონებინა, რომ ბანკო ჩემი საუკეთესო მეგობარია, რისხვას არ იმსახურებს, თავისი ბატონის ერთგული მსახურია. მან კი მოსმენაც არ ისურვა. თუ ტიტულის მიღებას დავთანხმდები, მაშინ შეიძლება ჩემი ძვირფასი თანამებრძოლის – ბანკოს სიყვარული დავკარგო. თუ უარს ვიტყვი, მაშინ ერცჰერცოგის გულისწყრომას დავიმსახურებ. მაქვს კი უფლება, არ დავემორჩილო? როცა ომში მგზავნის, ხომ ვემორჩილები, უნდა დავემორჩილო მაშინაც, როცა მაჯილდოებს. უარის თქმით დავამცირებ. უნდა ავუხსნა ბანკოს… რომ, ბარონ გლამისობა მხოლოდ ტიტულია და არა სიმდიდრე, რადგან დუნკანი მთელ მიწებს თავად იტოვებს. სიმართლე რომ ითქვას, ბანკოს ნახვა კი მეჩქარება, მაგრამ უფრო მოცდა მჭირდება. ძნელ მდგომარეობაში ვარ. როგორ გაიგეს ამ კუდიანებმა ეს ყველაფერი? აღსრულდება კი სხვა წინასწარმეტყველებაც? ასე მგონია, შეუძლებელია. სასურველი კია, მათი წინასწარმეტყველების ლოგიკაში შეღწევა. როგორ ხსნიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რომელიც ტახტზე ამიყვანს? კარგი იქნებოდა მათი მოსმენა! თუნდაც იმიტომ, რომ დამეცინა. (მიდის მარცხნივ).

(რამდენიმე წუთი სცენა ცარიელია.

მარცხნიდან პეპლებზე მონადირე გამოჩნდება, ნათელი ფერის კოსტიუმი და ჩალის ქუდი (შლაპა) ახურავს, ხელში ჩოგანბადე უჭირავს. შავი ულვაში აქვს და ლორნეტი უკეთია. ორ პეპელას მისდევს, მესამეს ეწევა და მარჯვნივ გარბის.

მარჯვნიდან ბანკო გამოდის).

ბანკო. ეს კუდიანები სად დაიკარგნენ? გლამისის სიკვდილი მიწინასწარმეტყველეს და აღსრულდა. მიწინასწარმეტყველეს, ბარონ გლამისის ტიტულს წაგართმევენო, რომელიც სამართლიანად მე მეკუთვნის. ისიც მიწინასწარმეტყველეს, რომ ჩემგან წამოვიდოდა თავადთა და მეფეთა დინასტია. საიდან გაიგეს? აღსრულდება კი ჩემი ოჯახის მომავლის წინასწარმეტყველება? სასურველი კია მათი წინასწარმეტყველების ლოგიკაში შეღწევა. როგორ ხსნიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, რომელიც ტახტზე აიყვანს ჩემს შთამომავალთ? კარგი იქნებოდა მათი მოსმენა! თუნდაც იმიტომ, რომ დამეცინა. (მიდის მარცხნივ).

(სცენა ერთხანს ცარიელია. მარცხნიდან მაკბეტი გამოჩნდება. პირველი კუდიანი, რომლის გამოჩენაც შეუმჩნეველი უნდა დარჩეს, მარჯვნივ იმალება).

პირველი კუდიანი (მაკბეტს ხრინწიანი ხმით მიმართავს). მაკბეტ, ჩემი ნახვა გინდოდა. (პროჟექტორი კუდიანს ანათებს. ის კუდიანივითაა ჩაცმული. კუზიანია, ხმაც მკვახე აქვს, თავკაუჭა ჯოხს ეყრდნობა, ჭაღარა, ჭუჭყიანი, გაჩეჩილი თმა მოუჩანს). მოგესალმები, ო, მაკბეტ!

მაკბეტი (მოულოდნელობისგან შეკრთება და დაშნის ტარს სტაცებს ხელს). აქა ხარ, შეჩვენებულო?

პირველი კუდიანი. ხომ დამიძახე? აი, აქა ვარ.

მაკბეტი. ბრძოლის ველზე არ მშინებია. არ მშინებია ყველაზე მამაცი რაინდის. ისიც მომხდარა, გამივლია ცეცხლმოდებული ტყის შუაგულში. ერთხელ ჩასაძირად განწირული საფლაგმანო გემიდან ზღვაში გადავხტი და პირდაპირ ზვიგენების ხახაში აღმოვჩნდი. მახვილით ვხოცე და არ შემშინებია. მაგრამ ამ ქალის ჩრდილს დავინახავ ან ხმას გავიგებ თუ არა, თმა ყალყზე მიდგება. გოგირდის სუნი მცემს და მაშინვე დაშნას ვტაცებ ხოლმე ხელს. დაშნა ხომ უფრო მეტია, ვიდრე იარაღი, დაშნა – ჯვარია. (კუდიანს). გამოიცანი, შენი ნახვა მინდოდა.

(შემდეგი რეპლიკის დროს მეორე კუდიანიც უნდა გამოჩნდეს. მეორე პირველისგან ოდნავ მოშორებითაა, მათი გამოჩენის შორის რაღაც ინტერვალი უნდა იყოს. მეორე კუდიანი ნელა მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ და ბოლოს, პირველის გარშემო განათებულ ადგილამდე უნდა მივიდეს. პირველი კუდიანის გამოჩენა უეცრად უნდა მოხდეს – პროჟექტორის სინათლე მისკენ უნდა მიემართოს და ისე გამოჩნდეს.

მეორე კუდიანის ფიგურა ნელ-ნელა უნდა გამოიკვეთოს: ჯერ გამოჩნდება თავი, მერე მხრები, სხეული და თავკაუჭა ჯოხი. სინათლის სხივით გადიდებული მისი ჩრდილი უკანა დეკორაციაზე პროეცირდება).

პირველი კუდიანი (მაკბეტს). შენი ძახილი გავიგონე. ისევე კარგად მესმის აზრთა გაგება, როგორც მათი წაკითხვა. ვიცი, რას ფიქრობ და რაც შენთვისა თქვი. გინდა დაიჯერო, ვითომ იმიტომ მომიხმე, რათა დამცინო, თვითონვე გამოტყდი, რომ გეშინია. ეშმაკმა წაიღოს, გაბედულად, დიდო მხედართმთავარო! რისი გაგება გსურს?

მაკბეტი. შენი სიტყვებით თუ განვსჯით, თავადაც იცი ყველაფერი, ჩემზე უკეთაც.

პირველი კუდიანი. რაღაცა ვიცი, რაღაცა არა, ჩვენი ცოდნა შეზღუდულია. მაგრამ შენზე მკაფიოდ არის გამოხატული, რომ შენში მალე პატივმოყვარეობა გამოიღვიძებს. ჯერ ამას ვერ ხვდები, მაგრამ ეჭვი შენი სიცრუე და სიყალბეა.

მაკბეტი. ერთი რამე მსურს – ვემსახურო ჩემს ხელმწიფეს.

პირველი კუდიანი. სისულელეს ნუ ჩმახავ!

მაკბეტი. გინდა დამარწმუნო, რომ მე – მე არ ვარ? არაფერი გამოგივა!

პირველი კუდიანი. როცა მას აღარ დაჭირდები, შენს სიკვდილს მოითხოვს.

მაკბეტი. ჩემი სიცოცხლე მის ხელშია.

პირველი კუდიანი. შენ კი იარაღი ხარ მის ხელში. თავადაც გახსოვს, როგორ გაიძულა კანდორთან და გლამისთან ბრძოლა.

მაკბეტი. ის მართალი იყო. კანდორი და გლამისი კი მეამბოხენი იყვნენ.

პირველი კუდიანი. გლამისის მთელი მიწები მიითვისა და კანდორისაც – ნახევარი.

მაკბეტი. ყველაფერი მბრძანებელს ეკუთვნის. თავად ის და ყველაფერი, რაც მას აქვს, ჩვენ გვეკუთვნის. და ის ყველაფერს განაგებს.

პირველი კუდიანი. მისი მსახურები ყველაფერს ითვლიან.

მეორე კუდიანი. ჰი-ჰი-ჰი-ჰი!

მაკბეტი (მეორე კუდიანს შეამჩნევს). ეს საიდანღა გაჩნდა?

პირველი კუდიანი. დაშნის ხმარებაც კი არ იცის.

მაკბეტი. აბა, ამისი რა გაგეგება?

პირველი კუდიანი. ყველას ომში აგზავნის, თვითონ კი ბრძოლა არ შეუძლია.

მეორე კუდიანი. უბრალოდ, მშიშარაა, მორჩა და გათავდა.

პირველი კუდიანი. სამაგიეროდ, სხვისი ცოლების მისაკუთრება შეუძლია.

მეორე კუდიანი. ისინი საერთო საკუთრების ნაწილია, მაშასადამე, მისი საკუთრებაცაა.

პირველი კუდიანი. სამსახური მაგას არ შეუძლია, სამაგიეროდ, იცის, როგორ აიძულოს სხვები ემსახურონ.

მაკბეტი. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, თქვენი სიცრუე და ცილისწამება ვისმინო ცალკე.

პირველი კუდიანი. თუ ჩვენ სხვა რამე არ შეგვიძლია, რაღად მოგვიხმე?

მაკბეტი. თვითონ არ ვიცი, სულ დავიბენი.

პირველი კუდიანი. მაშინ წადი, მაკბეტ!

მეორე კუდიანი. თუ არ გაინტერესებს…

პირველი კუდიანი. ვხედავ, ყოყმანი დაიწყე უკვე. ვხედავ, არ წახვალ.

მეორე კუდიანი. თუ შენთვის ასე იოლია…

პირველი კუდიანი. თუ შენთვის ასე ადვილია…

მეორე კუდიანი. ჩვენ გავქრებით.

მაკბეტი. დარჩით, ეშმაკის ნაშიერნო. მსურს, ყველაფერი შევიტყო.

პირველი კუდიანი. თავს მოერიე. ამ წუთში თავს ვერ იკავებ.

მეორე კუდიანი. იარაღს, რომელიც აღარ სჭირდება განზე მოისვრის. შენ ხომ დიდებულად ემსახურე.

პირველი კუდიანი. ყველა სძულს, ვინც მისი ერთგულია.

მეორე კუდიანი. ლაჩრებად მიიჩნევს.

პირველი კუდიანი. ანდა რეგვნებად.

მეორე კუდიანი. მხოლოდ იმას სცემს პატივს, ვისაც შეუძლია საკადრისი პასუხი გასცეს.

მაკბეტი. და ამარცხებს. მან გაიმარჯვა ამბოხებულ გლამისსა და კანდორზე.

პირველი კუდიანი. მათზე მაკბეტმა გაიმარჯვა და არა იმან.

მეორე კუდიანი. შენამდე მისი ერთგული მსახურნი და მხედართმთავრები გლამისი და კანდორი იყვნენ.

პირველი კუდიანი. მას არ მოსწონდა მათი დამოუკიდებლობა.

მეორე კუდიანი. და ყველაფერი წაართვა, რაც მისცა…

პირველი კუდიანი. მშვენიერი მაგალითია დიდსულოვნების!

მეორე კუდიანი. ამაყი კაცები იყვნენ გლამისი და კანდორი.

პირველი კუდიანი. კეთილშობილნიც. დუნკანს არ შეეძლო ამის ატანა.

მეორე კუდიანი. და მამაცნიც.

მაკბეტი. მე არ გავხდები მეორე გლამისი, არც კანდორი მეორე. მათზე გასამარჯვებლად კი არ არსებობს მეორე მაკბეტი.

პირველი კუდიანი. რაღაცის მიხვედრას იწყებ.

მეორე კუდიანი. ჰი-ჰი-ჰი-ჰი!

პირველი კუდიანი. მაკბეტ, თუ რამეს არ იღონებ, ის ხელსაყრელ წუთს დაელოდება და სხვას იპოვნის.

მაკბეტი. საკუთარი ღირსებისთვის ჩირქი არ მომიცხია. მხოლოდ ხელმწიფეს ვემორჩილებოდი. ასეთი კანონი უფალმა მოგვცა.

მეორე კუდიანი. საკუთარ ღირსებას ჩირქი მოსცხე, რადგან თანასწორნი დახოცე შენნი.

პირველი კუდიანი. მათი სიკვდილი შენს სასიკეთოდ არა ყოფილა.

მეორე კუდიანი. დუნკანს შეეძლო მათთვის ეთხოვა დახმარება, რომ შენს წინააღმდეგ გამოელაშქრა.

პირველი კუდიანი. შენსა და ტახტს შორის წინააღმდეგობა აღარ არსებობს.

მეორე კუდიანი. გამოტყდი, ტახტზე ხომ ოცნებობ.

მაკბეტი. არა.

პირველი კუდიანი. საკუთარ თავს ნუ ატყუებ. ღირსი ხარ მეფობისა.

მეორე კუდიანი. ამისთვის ხარ დაბადებული. ვარსკვლავები ასე მეტყველებენ.

მაკბეტი. ცდუნების დამრეც გზაზე მიხმობთ. ვინა ხართ? რა მიზანი გაქვთ? ცოტას დარჩა, თქვენს ხაფანგში არ გავები, მაგრამ დროზე შევჩერდი. უკან დაიხიეთ!

(კუდიანები უკან გახტებიან).

პირველი კუდიანი. მოვედით, რათა თვალი აგიხილოთ.

მეორე კუდიანი. რომ დაგეხმაროთ.

პირველი კუდიანი. მხოლოდ სიკეთე გვინდა შენთვის.

მეორე კუდიანი. დაე, იზეიმოს სამართლიანობამ!

პირველი კუდიანი. ეს იქნება ჭეშმარიტი სამართლიანობა!

მაკბეტი. უფრო და უფრო უცნაური ხდება ეს საქმე.

მეორე კუდიანი. ჰი-ჰი-ჰი-ჰი!

მაკბეტი. მართლა სიკეთე გინდათ ჩემთვის? თანაც სამართლიანობაზე მელაპარაკებით? თქვენ, ბებერო მახინჯნო, უსინდისო, უზნეო კუდიანნო, მზად ხართ შესწიროთ ყველაფერი ჩემს ბედნიერებას? ჰა-ჰა-ჰა-ჰა!

მეორე კუდიანი. დიახ! ჰი-ჰი-ჰი-ჰი, ცხადია!

პირველი კუდიანი (ხმის შეცვლას იწყებს). ჩვენ ხომ გვიყვარხარ, მაკბეტ!

მეორე კუდიანი. ამას ხომ უყვარხარ. (ხმას იცვლის). ისევე ძლიერ უყვარხარ, როგორც სამშობლო, მართლმსაჯულება, ხალხთა აყვავება.

პირველი კუდიანი (მელოდიური ხმით). ღარიბებს დახმარება უნდათ, გაკოტრებულ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაა საჭირო.

მაკბეტი. მგონი, ეს ხმა მეცნობა.

პირველი კუდიანი. გვიცნობ, მაკბეტ.

მეორე კუდიანი. დაშნა ქარქაშში ჩააგე! (მაკბეტი ემორჩილება). ახლა კარგად შეხედე! თვალნი კარგად გაახილე და ყურნიც განახვნე!

(მეორე კუდიანი პირველის ირგვლივ ტრიალებს, თითქოს შელოცვის რიტუალს ასრულებსო. ჯერ ორჯერ თუ სამჯერ შეხტება, მერე ხტუნვა დახვეწილ ცეკვაში გადადის, გარეგნულადაც ორივე ნელ-ნელა იცვლება, ბოლოს ცეკვა ნელდება).

მეორე კუდიანი (ტრიალებს პირველის ირგვლივ). Quis, quid, ubi… quibus auxillis, cur, quomodo, quando, Felix qui portuit regni cognocere causas. Fiat lux hic et nunc et fiat voluntas tua. Ad augusta per augusta. (მეორე კუდიანი პირველის ჯოხს ხელს სტაცებს და შორს გადაუგდებს.) Alter ego surge, alter ego surge.(

__________________

1. ჯადოქრობის სცენაში კუდიანები ლათინურ სიტყვებს წარმოთქვამენ. დასაწყისში ამ სიტყვებს აზრი აქვს, ტექსტთან კავშირშია: “ბედნიერია ის, ვინც ფარულ აზრთა სამეუფეოში შეძლო შეღწევა”, “დაე, იყოს აზრი ამიერიდან და მარადიულად, დაე, აღსრულდეს ნება შენი”, “დიდი აღსასრულისკენ ეკლიანი გზებით.” “დაე, იყოს მეორე მე”. მერე მოდის უაზრო სიტყვები და სიტყვების ნაწყვეტები.

(აქამდე წელში მოხრილი პირველი კუდიანი გაიმართება. პირველი კუდიანის გარდასახვა სცენის შუაში ხდება, მის ფიგურას პროჟექტორი უნდა ანათებდეს. მეორე კუდიანი ტრიალით გადაკვეთს განათებულ ზონას და პირველს უახლოვდება; როცა შორდება, ჩაბნელებულ ზონაში გადადის. მაკბეტი ოდნავ მოშორებით, სიბნელეში ან ნახევარსიბნელეში დგას. ჩანს, ისიც ოდნავ ხტის, როცა მის წინ ჯადოსნობის სცენა თამაშდება. მეორე კუდიანი თავის თავკაუჭა ჯოხს ისე იყენებს, როგორც ჯადოსნურ ჯოხს – რამდენჯერაც კი შეახებს პირველ კუდიანს, იმდენჯერ რაღაც გარდაქმნა ხდება.

ცხადია, ჯადოქრობის ყოველი სცენა მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. სცენის დასაწყისში კარგი იქნება არათანაბარი, წყვეტილი მელოდია).

მეორე კუდიანი. Ante, apud, ad, adversus… (ჯოხით პირველ კუდიანს ეხება, რომელსაც ჩამოუვარდება ძველი მოსასხამი და კიდევ ერთი ძველი მოსასხამი გამოუჩნდება). Circum, cirea, citra, cis… (ისევ შეეხება პირველს, რომელსაც მეორე ძველი მოსასხამიც ჩამოუვარდება, გამოუჩნდება ძველი შალი, რომელშიც ყელიდან ტერფამდეა გახვეული). Contra, erga, extra, infra… (გასწორდება და ფერს იცვლის თავადაც). Inter, intra, juxta, ob… (აგრძელებს პირველის ირგვლივ ტრიალს, სათვალეს ჩამოხსნის). Penes, pone, post et praeter… (ძველ შალს ჩამოაგლეჯს. შალის ქვეშ აღმოჩნდება ძალიან ლამაზი, ოქროსფრად მოელვარე, კაშკაშა ქვებით დამშვენებული კაბა). Prope, propter, per, secundum… (მუსიკა უფრო მელოდიური ხდება. მეორე კუდიანი პირველს წვეტიან ნიკაპს ჩამოაგლეჯს). Supra, versus, ultra, trans… (პირველი კუდიანი ღიღინს იწყებს, რამდენიმე ნოტს იღებს და ტრელით მღერის. სინათლეზე სახე და ბაგე კარგად უჩანს. ჩერდება. ნახევარსიბნელეში პირველის უკან მდგარი მეორე კუდიანი თავკაუჭა ჯოხს გადააგდებს). Video meliora, deteriora sequor(.

______________________

1. “სიკეთეს ვხედავ, ბოროტებას კი ჩავდივარ” – მედეას სიტყვები ოვიდიუსის “მეტამორფოზებიდან”. რიტმის შესანარჩუნებლად ეს ნათქვამი შეკვეცილია. სრული სახით ასე ჟღერს: “სიკეთეს ვხედავ, მომწონს, მაგრამ ბოროტებას ჩავდივარ”.

მაკბეტი (გატაცებით, ტრანსში). Video meliora, deteriora sequor.

(მეორე კუდიანი პირველის ირგვლივ ტრიალებს).

პირველი კუდიანი და მაკბეტი (ერთად). Video meliora, deteriora sequor.

პირველი და მეორე კუდიანი. Video meliora, deteriora sequor.

პირველი კუდიანი, მეორე კუდიანი და მაკბეტი. Video meliora, deteriora sequor.

(მეორე კუდიანი პირველს ნიღაბის ნარჩენს ჩამოგლეჯს – წაგრძელებულ ცხვირს და იმასაც, რაც თმას უფარავს, აგრძელებს ტრიალს. პირველ კუდიანს ხელში სკიპტრას ჩასჩრის, თავზე გვირგვინს დაადგამს. პროჟექტორის შუქზე პირველი კუდიანი შარავანდედით მოსილი დგას. მეორე კუდიანი უკან გავლისას ნიღაბსა და ძველ ტანსაცმელს იშორებს. პირველი კუდიანი ლედი დუნკანი აღმოჩნდება, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და სილამაზით. მეორე კუდიანი კი – მისი მესაიდუმლე. ესეც ლამაზი და ახალგაზრდა ქალი).

მაკბეტი. თქვენო უდიდებულესობავ! (ფერხთით დაუვარდება).

(თუ არ გამოვა, რომ მესაიდუმლემ ლედი დუნკანს პატარა სკამი დაუდგას (ეს უკეთესი ვარიანტი იქნებოდა), მაშინ ლედი დუნკანმა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას მარჯვნივ, სადაც უკვე დგას პატარა სკამი, ოდნავ უკუსვლით ზედ ავიდეს და მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდეს.

მესაიდუმლეს მისი შლეიფი უნდა ეჭიროს. ლედი დუნკანი გარემოსილია ბრწყინვალებით. მაკბეტი დგება და ისევ ემხობა ლედი დუნკანის ფეხთან).

მაკბეტი. Mirabile visu.( ო, დედოფალო!

(მესაიდუმლე ერთი გაკვრით ჩამოგლეჯს ლედი დუნკანს ბრწყინვალე ტანსაცმელს. იგი ახლა კაშკაშა ბიკინებით დგას, წითელ-შავი მოსასხამი მხრებზე აქვს მოხურული, ხელში სკიპტრა უჭირავს და მესაიდუმლის მიწვდილი ხანჯალი).

მესაიდუმლე (ლედი დუნკანზე უჩვენებს). In naturalibus.(

_________________

1. რა სასწაულია (ლათ.).

2. მთელი თავისი ბუნებრიობით (ლათ.).

მაკბეტი. თქვენი მონა გავხდებოდი, სიამოვნებით.

ლედი დუნკანი (მაკბეტს ხანჯალს გაუწვდის). ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. გსურს ჩემი მონა იყო? აი, შენი პატივმოყვარეობისა და ამაღლების იარაღი (სირენის ხმა). თუ გსურს და გინდივარ, გაბედულად იმოქმედე და გამომართვი ეს იარაღი. საკუთარ თავს დაეხმარები და ჯოჯოხეთიც დაგეხმარება. საკუთარ თავში ჩაიხედე – შენში სურვილი იზრდება, უწინ ფარული პატივმოყვარეობა ცეცხლოვან ალად ფიცხდება. ამ ხანჯლით დუნკანი უნდა მოკლა. მაშინ მის ადგილს დაიკავებ ჩემს გვერდით. მე შენი სატრფო გავხდები, შენ კი ჩემი ბატონი. ამ ხანჯლის პირიდან სისხლის ლაქა არ წაიშლება – იგი მუდამ გაგახსენებს ამ გამარჯვებას და სხვა გმირობებს შთაგაგონებს, რასაც ორივე დიდი დიდების სახელით ჩავიდენთ. (აყენებს).

მაკბეტი. ო, დედოფალო…

ლედი დუნკანი. ისევ მერყეობ, მაკბეტ?

მესაიდუმლე (ლედი დუნკანს). გადაწყვიტოს! (მაკბეტს). გადაწყვიტე!

მაკბეტი. რაღაც სინდისი მქენჯნის, დედოფალო… ნუთუ შევძლებთ…

ლედი დუნკანი (მაკბეტს). ვიცი, მამაცი ხარ. მაგრამ უმამაცესნიც ზოგჯერ სისუსტეს ანდა მხდალობას იჩენენ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი სინდისი აქვთ. ეს კი სასიკვდილო ავადმყოფობაა! იმკურნალე! მაშინ არ გეშინოდა, როცა სხვისი ბრძანებით ხოცავდი. ახლა შეიძლება შიშმა გაგტეხოს. უკუაგდე იგი და მე გადმომეცი. მსურს, დაგამშვიდო და აღგითქვა: ქალისგან შობილი ვერც ერთი მამაკაცი შენთან შებმას ვერ შეძლებს, ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს შენს ჯარებს, თუკი შენზე ტყე არ წამოვა.

მესაიდუმლე. რაც სრულიად შეუძლებელია. (მაკბეტს). შთააგონე საკუთარ თავს, რომ ჩვენი მხარის გადარჩენა გსურს. ორივე ბედნიერ ახალ სამყაროს შექმნით და ადამიანებიც უკეთესნი გახდებიან.

(სცენაზე ნელ-ნელა სიბნელე ჩამოწვება. მაკბეტი ლედი დუნკანის ფეხებთან ემხობა. ახლა მხოლოდ ლედი დუნკანი ჩანს თავისი ელვარე სიშიშვლით. ისმის მესაიდუმლის ხმა).

მესაიდუმლე. Omnia vincit amor!(

(სცენაზე სრული სიბნელეა).

______________________

1. სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს! (ლათ.).

* * *

სასახლის დარბაზი. ოფიცერი და ბანკო.

ოფიცერი. მისი უგანათლებულესობა დაიღალა. მის უგანათლებულესობას თქვენი მიღება არ შეუძლია.

ბანკო. ხელმწიფემ იცის, რატომ მოვედი?

ოფიცერი. ავუხსენი, მაგრამ ამბობს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილიაო. ბარონ გლამისის ტიტული მაკბეტს უბოძა. და არ შეუძლია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. სიტყვის კაცია.

ბანკო. და მაინც…

ოფიცერი. ასეა გადაწყვეტილი.

ბანკო. იცის, რომ გლამისი დაიღუპა, დაიხრჩო?

ოფიცერი. დიახ, თვითონ მოვახსენე. თუმცა, თავადაც იცოდა უკვე. მსახურმა ქალმა ლედი დუნკანს უამბო, თურმე.

ბანკო. მაშ რაშია საქმე? უნდა მომცეს, რაც აღმითქვა. ტიტული ან მიწები. ან ერთიცა და მეორეც.

ოფიცერი. რის გაკეთებას მიბრძანებთ? მე ხომ არაფერი შემიძლია.

ბანკო (აენთება და ყვირის). შეუძლებელია! ვერ შეძლებს, ასე მომექცეს!

(მარჯვნიდან დუნკანი გამოჩნდება).

დუნკანი (ბანკოს). რა ხმაურია?

ბანკო. ხელმწიფევ…

დუნკანი. არ მიყვარს, როცა ხელს მიშლიან. კიდევ რა გნებავთ?

ბანკო. ჯილდო აღმითქვით, როგორც კი გლამისს დავიჭერდი, მკვდარსა თუ ცოცხალს.

დუნკანი. სად არის, აბა, – მკვდარი თუ ცოცხალი? ვერ ვხედავ.

ბანკო. ხომ იცით, რომ დაიხრჩო.

დუნკანი. ხმები დადის მხოლოდ. თქვენ დაამტკიცეთ.

ბანკო. სხეული გაებერა და წყალმა პატარა მდინარიდან დიდში გაიტაცა, მერე შორს – ოკეანეში.

დუნკანი. გაემგზავრეთ ნავით.

ბანკო. ზვიგენმა შესანსლა.

დუნკანი. დანა აიღეთ და მუცელი გაუფატრეთ.

ბანკო. რამდენიმე ზვიგენის ნადავლი გახდა.

დუნკანი. ყველას გაუჭერით მუცელი.

ბანკო. სიცოცხლე გავწირე, მეამბოხეებისგან რომ გადამერჩინეთ.

დუნკანი. მაგრამ სიცოცხლე არ დაგიკარგავთ.

ბანკო. ყველა თქვენი მტერი დავხოცე.

დუნკანი. დიახ, გქონდათ ეგ სიამოვნება.

ბანკო. შემეძლო უამისოდაც გამეძლო.

დუნკანი. მაგრამ ვერ გაძელით.

ბანკო. იცით, ხელმწიფევ…

დუნკანი. არაფერიც არ ვიცი. არც მსურს ვიცოდე. გლამისს ვერ ვხედავ. სად არის “corpus delictis”?(.

______________________

1. “დანაშაულის შედგენილობა” (ლათ.) – სიტყვათა თამაშია, სიტყვა “corpus” სხეულსაც ნიშნავს.

ბანკო. გლამისის სიკვდილის გარემოება ცნობილია. მისი ტიტული მაკბეტს მიეცით.

დუნკანი. განა ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ?

ბანკო. უსამართლობა მოხდა.

დუნკანი. ეს ჩემი განსასჯელია. სხვა მეამბოხეებიც გამოჩნდებიან, ქონებას წავართმევ და შენთვისაც რაღაც გამოიძებნება მომავალში.

ბანკო. უკვე აღარ მსურს დაგიჯეროთ, ხელმწიფევ.

დუნკანი. როგორ მიბედავთ?

ბანკო. ო, ღმერთო, ღმერთო! ეს უკვე მეტისმეტია!

დუნკანი (ოფიცერს). აქედან მიაბრძანეთ, ეს ვაჟბატონი!

ოფიცერი (თავი ისე მოაქვს თითქოს ბანკოს უნდა ეძგეროს და უხეშად ყვირის). აცხა!

დუნკანი (ოფიცერს). ხელს ნუ ჰკრავთ. ესეც ჩვენი მეგობარია. დღეს ინერვიულა, მაგრამ არა უშავს, გაუვლის. ოდესმე ამასაც გაუმართლებს.

ბანკო (მიდის). ეს უკვე მეტისმეტია.

დუნკანი (ოფიცერს). ვერ გამიგია, რა ბზიკმა უკბინა. განა არ აღვუთქვი ბარონის ტიტული? ამან კი მამულებიც მომინდომა. მამულები მე მეკუთვნის. აი, ასე. ფხიზლად უნდა ვიყოთ, ძალიან ფხიზლად – ის შეიძლება ძალიან სახიფათო გახდეს.

ოფიცერი (ხელს დაშნის ვადაზე დაიდებს). გასაგებია, ხელმწიფეო.

დუნკანი (ოფიცერს). არა, არა, აჩქარება რა საჭიროა. უცბად არა. მოგვიანებით. თუ საშიში გახდება… გინდა მისი სამფლობელოს ნახევარი და ტიტული?

ოფიცერი (მტკიცედ). დიახ, ხელმწიფევ! თქვენს ბრძანებას ვემორჩილები!

დუნკანი. შენც ხომ პატივმოყვარე ხარ. ცხადია, ისიც გინდა, მაკბეტს წავართვა ტიტული, სიმდიდრე და შენ მოგცე, თუნდაც ნაწილი.

ოფიცერი (ისევ ისე). დიახ, ხელმწიფევ! თქვენს ბრძანებას ვემორჩილები!

დუნკანი. მაკბეტიც საშიში გახდა, თანაც როგორი! იქნებ, ჩემი ტახტის დაკავებაც სურს? ასეთ ადამიანებთან სიფრთხილეა საჭირო. განგსტერები, გეუბნები, ნამდვილი განგსტერები არიან! მხოლოდ ხელისუფლებაზე, ფულზე და სიამოვნებაზე ოცნებობენ. არ გამიკვირდება თუ გავიგებ, რომ მაკბეტი ჩემი მეუღლის დაუფლების ჟინს შეუპყრია. შენ, შენ არ გინდა, ჩემი ცოლი გათხოვო?

ოფიცერი (მტკიცედ და შიშით). არა, ხელმწიფევ.

დუნკანი. შენი გემოვნებისა არ არის?

ოფიცერი. ძალზე ლამაზია, ხელმწიფევ, მაგრამ პირველია ღირსება, თქვენი ღირსება.

დუნკანი. გამბედავი ხარ. გმადლობ. ვალში არ დაგრჩები.

ოფიცერი. გისმენთ და გემორჩილებით, ხელმწიფევ.

დუნკანი. ხარბი მტრები და გაუმაძღარი მეგობრები გარს მახვევიან. უანგაროდ როდი იქცევიან. ხელისუფლებისა და ჩემი გაფურჩქვნა მათთვის ცოტაა! იდეალები არა აქვთ! ზუსტად ასეა. (ოფიცერს). ჩვენ თავის დაცვას შევძლებთ!

* * *

დაფდაფების ხმა და მუსიკა. ძველი სიმღერები.

ერცჰერცოგის სასახლის დარბაზი. სინათლე მხოლოდ ნახევარი წუთით ქრება. დეკორაცია სწრაფად იცვლება: რამდენიმე დასაჯდომი გამოჩნდება. იცვლება უკანა მხარეც.

მარჯვნიდან, მუსიკის თანხლებით, აღგზნებული დუნკანი შემოდის, მის უკან ლედი დუნკანი გამოჩნდება.

უცბად დუნკანი სცენის შუაში შეჩერდება და ლედი დუნკანს მიუბრუნდება.

დუნკანი. ნებას არ მოგცემთ, ქალბატონო!

ლედი დუნკანი. მით უარესი თქვენთვის!

დუნკანი. გეუბნებით, რომ ნებას არ მოგცემთ!

ლედი დუნკანი. რატომ, რატომ?

დუნკანი. ნება მომეცით, პირდაპირ აგიხსნათ, ჩემთვის ჩვეული პირდაპირობით.

ლედი დუნკანი. პირდაპირ თუ არა – განა სულ ერთი არ არის?

დუნკანი. როგორც ჩავთვლი საჭიროდ, იმაზეა დამოკიდებული!

ლედი დუნკანი. რადგან დაიწყეთ, გააგრძელეთ!

დუნკანი. თუ მოვისურვებ.

ლედი დუნკანი. მე? მე რაღა უნდა ვთქვა?

დუნკანი. რაც თავში მოგივათ.

ლედი დუნკანი. მე არ ვლაპარაკობ იმას, რაც თავში მომდის!

დუნკანი. თუ თავში სიტყვები არ მოგდით, მაშინ საიდან ღებულობთ მათ?

ლედი დუნკანი. თქვენ კი ხან ერთს ამბობთ, ხან მეორეს, ხვალ მესამეს იტყვით კიდევ.

დუნკანი. იმას ვაფასებ, რისი დაფასებაც საჭიროდ მიმაჩნია.

ლედი დუნკანი. მეც იმას ვაფასებ, რისი დაფასებაც საჭიროდ მიმაჩნია.

დუნკანი. კამათში ჭეშმარიტება არ იბადება!

ლედი დუნკანი. ყველაფერი ხვალ და ხვალამდე!

დუნკანი. თქვენ თავს დააბრალეთ!

ლედი დუნკანი. კიდევ სად იპოვით ასეთ ბაბილონის გოდოლს?

დუნკანი. ქალბატონო, ქალბატონო, ქალბატონო!

ლედი დუნკანი. რა ჯიუტი ხართ! ყველა მამაკაცი ეგოისტია.

დუნკანი. საქმესთან ახლოს!

ლედი დუნკანი. ამაოდ ჯავრობთ, მეც ხომ ვბრაზობ, მაგრამ მთავარი უკვე მოხდა. თქვენ რომ სამართლიანი ყოფილიყავით… მაგრამ თქვენ უსამართლო ბრძანდებით. გამოსავალი უკვე აღარ არის, თქვენ დამნაშავე ხართ.

დუნკანი. ქალბატონო, მაღალფარდოვან სიტყვებს შეეშვით და მდაბალი დავტოვოთ. კარგად იცინის ის, ვინც ახლა იცინის.

ლედი დუნკანი. ო, ღმერთო! ისევ დაიწყო ზღაპარი თეთრ ბოჩოლაზე.

დუნკანი. საკმარისია!

ლედი დუნკანი. ბატონო, თქვენ არ დაიწყეთ…

დუნკანი. ინანებთ!

ლედი დუნკანი. დავიდარაბა ხომ ერთად ავტეხეთ!

დუნკანი. ასეთი სიტყვებისთვის პასუხს აგებენ!

ლედი დუნკანი. მემუქრებით?

დუნკანი. ყოველმხრივ, ქალბატონო.

ლედი დუნკანი. მემუქრება კიდეც!

დუნკანი. ახლა გამოუსწორებელი მოხდება საქმე.

ლედი დუნკანი. მაინც მემუქრება!

დუნკანი. სრულიადაც არ გეთანხმებით. თავად დარწმუნდებით – ყველაფერი უწინდელივით დარჩა თუ არა. ახლავე ნახავთ, რას ვიტყვი და როგორც ვიტყვი.

(დუნკანი მიდის, ლედი დუნკანი უკან მიჰყვება და ლაპარაკს აგრძელებს).

ლედი დუნკანი. შეიძლება დაგასწროთ. როცა მიხვდებით, მეტისმეტად გვიან იქნება.

(დუნკანი, კვლავ აღგზნებული, მარცხნივ მიდის. ლედი დუნკანი უკან მიჰყვება, ბოლო სიტყვას უკვე სირბილში წარმოთქვამს. ეს სცენა ცოლ-ქმარს შორის უნდა გათამაშდეს, როგორც მძაფრი ჩხუბის სცენა. მარჯვნიდან მაკბეტი და ბანკო გამოჩნდებიან. მაკბეტი სერიოზული და შეწუხებულია).

მაკბეტი. გულწრფელად გეუბნებით, ლედი დუნკანი ოდნავ ქარაფშუტად მიმაჩნდა. შევცდი. მას ღრმა ვნებები აქვს. მკვირცხლი და ენერგიულია. დიახ, დიახ! ფილოსოფოსია. კაცობრიობის მომავალზე ფართო შეხედულებები აქვს, უტოპიურ ირეალიზმში არ ეფლობა.

ბანკო. სრულიად შესაძლებელია. მჯერა. ადამიანები გულახდილობას არც თუ მარტივად ამჟღავნებენ. მაგრამ, როგორც კი გულს გადაგიშლიან… (მაკბეტს ქამარზე უჩვენებს). რა მშვენიერი ხანჯალია!

მაკბეტი. იმან მაჩუქა. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ ლაპარაკს – ჩვენ ხომ ასე დიდხანს გავურბოდით ერთმანეთს, როგორც ძაღლი თავის კუდს ან ეშმაკი თავის ჩრდილს.

ბანკო. კარგი ნათქვამია.

მაკბეტი. ის ქორწინებით არც ისე ბედნიერია. დუნკანი მკაცრია და ცუდად ექცევა. ქალბატონი დარდობს. გული აქვს დაკოდილი! დუნკანი კი ბუზღუნა და პირქუშია. ლედი დუნკანი ჯერ კიდევ ბავშვია. მოსწონს თამაში, ცელქობა და მხიარულება… ცხადია, ეს ჩემი საქმე არ არის…

ბანკო. ალბათ!

მაკბეტი. არ მსურს ავი ვთქვა და ჭორებს ავყვე.

ბანკო. მესმის თქვენი.

მაკბეტი. ერცჰერცოგი ძალიან კეთილია, ძალიან სამართლიანი და ძალიან… გულუხვია. ხვდებით, ალბათ, როგორ მიყვარს.

ბანკო. მეც.

მაკბეტი. საერთოდ, სრულყოფილი მმართველია.

ბანკო. თითქმის.

მაკბეტი. რამდენადაც დედამიწაზეა შესაძლებელი სრულყოფილება. მაგრამ ამ სრულყოფილებაში, ეგებ ყველაფერი სრულყოფილი არ იყოს.

ბანკო. არასრულყოფილი სრულყოფილება – მაინც ხომ სრულყოფილებაა.

მაკბეტი. პირადად ვერაფერს ვუსაყვედურებ. საქმე მე არ მეხება ახლა. საქმე ჩვენს ძვირფას სამშობლოს ეხება. დიახ, ის ჩვენი კეთილი ხელმწიფეა. და მაინც კარგი იქნებოდა, ყური ეგდო ისეთი უანგარო მრჩეველისთვის, როგორიც თქვენ ხართ.

ბანკო. ანდა თქვენ.

მაკბეტი. როგორიც თქვენ და მე ვართ…

ბანკო. ცხადია.

მაკბეტი. ის… ცოტა თვითმპყრობელია.

ბანკო. მეტისმეტად თვითმპყრობელია.

მაკბეტი. თვითმპყრობელია, აბსოლუტური მონარქი. ჩვენს დროში კი აბსოლუტიზმი – მმართველობის უკეთესი ფორმა არ არის. ლედი დუნკანიც ასე მიიჩნევს. ის კი ძალიან ბავშვურია და ძალიან ჭკვიანიც. ჩვეულებრივ, ეს თვისებები ერთმანეთს არ ეთავსება, მაგრამ ის ათავსებს.

ბანკო. იშვიათობაა!

მაკბეტი. მას შეუძლია ხელმწიფეს სასარგებლო რჩევები მისცეს, ჩვენი მონარქი რომ ზოგიერთს მიხვდეს… მმართველობის ზოგიერთი მეთოდი, რომლებიც ლედი დუნკანმა უანგაროდ გადმოგვცა ჩვენ… თუმცა ჩვენ თვითონაც უანგარონი ვართ.

ბანკო. და მაინც ცხოვრება საჭიროა და მოპოვება პურისა ჩვენისა არსობისა.

მაკბეტი. დუნკანს ეს კარგად ესმის!

ბანკო. თქვენთან, ძვირფასო ჩემო, ძალზე გამგებიანია. წყალობით გავსებთ.

მაკბეტი. არაფერი მითხოვია. მადლობა გადამიხადა, კარგად გადამიხადა, მეტ-ნაკლებად კარგად გადამიხადა, არცთუ ცუდად გადამიხადა მადლობა, მისდამი გაწეული სამსახურისთვის, რომლის გაკეთებაც ჩემი მოვალეობა იყო, რადგან იგი ჩემი ხელმწიფეა.

ბანკო. მე კი საერთოდ არ გადამიხადა მადლობა… თავად მოგეხსენებათ. გლამისის მთელი სამფლობელი თვითონ მიისაკუთრა, მისი ტიტული კი თქვენ გიბოძათ.

მაკბეტი. ვიცი, რაზეც მელაპარაკებით ასე ქარაგმულად. დუნკანმა გამაოცა. გამაოცა არცთუ განსაკუთრებით. გამაოცა სულ ოდნავ. ხანდახან ცოტა დაბნეულია. მაგრამ გარწმუნებთ, მე ინტრიგანი არა ვარ.

ბანკო. დავუშვათ, ეს სიმართლეა. თქვენ დანაშაული არ მიგიძღვით.

მაკბეტი. მე დანაშაული არ მიმიძღვის. მისმინეთ, იქნებ შეიძლება თქვენთვის რამის გაკეთება? იქნებ… მე და ლედი დუნკანმა ვურჩიოთ… მრჩევლად აგიყვანოს?

ბანკო. ლედი დუნკანი საქმის კურსშია?

მაკბეტი. ის თქვენზე ფიქრობს. წუხს ერცჰერცოგის დაუდევრობას. სურს მდგომარეობა გამოასწოროს და ჯილდო გიბოძოს. შემიძლია გითხრათ, რომ მან უკვე თხოვა მის უგანათლებულესობას. ჩემი კარნახით. ჩვენ ორივენი ჩავერიეთ ამ საქმეში.

ბანკო. თქვენ უკვე სცადეთ დახმარება, მაგრამ ამაოდ. ხელახლა რატომღა უნდა ეცადოთ?

მაკბეტი. სხვა მიზეზს დავასახელებთ. უფრო მხიარულს! თუ არ გამოვა – კიდევ ვეცდებით.

ბანკო. დუნკანი ჯიუტია.

მაკბეტი. ძალიან ჯიუტი. ჯიუტი… (ირგვლივ იყურება). ჯორივით ჯიუტია. მაგრამ სიჯიუტის გატეხვა ძალით შეიძლება.

ბანკო. ძალით.

მაკბეტი. ცხადია, მიწები მომცა, მაგრამ ჩემს სამფლობელოებში ნადირობის უფლება დაიტოვა. მგონი, სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

ბანკო. მისი სიტყვებით…

მაკბეტი. … სახელმწიფო – ეს თვითონაა.

ბანკო. … ჩემი სამფლობელოებიდან კი, რომელიც არ გაუფართოებია, ყოველწლიურად ათი ათასი ქათამი და ამ ქათმების დადებული ყველა კვერცხი მიაქვს.

მაკბეტი. დაუშვებელია!

ბანკო. მისთვის საკუთარი ჯარებით ვიბრძოდი. მას კი სურს ისინი თავის ჯარებს შეუერთოს. და შეუძლია ჩემი საკუთარი ჯარისკაცები ჩემსავე წინააღმდეგ დაძრას.

მაკბეტი. ჩემს წინააღმდეგაც.

ბანკო. არასოდეს ეს არ ყოფილა.

მაკბეტი. არასოდეს, არასოდეს. ჩემს წინაპრებსაც არ ახსოვთ.

ბანკო. არც ჩემს წინაპრებს.

მაკბეტი. ისინი, ვინც ხეირის ძიებაში მის ირგვლივ ფუთფუთებენ…

ბანკო. ვინც იმით სუქდება, რითაც ჩვენ ვიოფლებით…

მაკბეტი. ჩვენი ქათმების ქონით.

ბანკო. ჩვენი ცხვრებით.

მაკბეტი. ჩვენი ღორებით.

ბანკო. თვითონაა ღორი.

მაკბეტი. ჩვენი პურით.

ბანკო. მისთვის დაღვრილი სისხლით!

მაკბეტი. იმ ხიფათით, თვითონ რომ გვიქმნის.

ბანკო. ათი ათასი ქათამი, ათი ათასი ცხენი, ათი ათასი ბიჭი… რად უნდა ამდენი? ყველაფერს ხომ ვერ შეჭამს. რაღაცა აყროლდება.

მაკბეტი. და ათასი გოგო!

ბანკო. ჩვენ ხომ ვიცით ეს გოგოები რაშიც სჭირდება.

მაკბეტი. ჩვენი ვალი აქვს!

ბანკო. უფრო მეტი, ვიდრე ვალია.

მაკბეტი. სხვა რომ აღარა ვთქვა რა…

ბანკო. ჩემი ღირსება…

მაკბეტი. ჩემი დიდება…

ბანკო. ჩემი მემკვიდრეობითი უფლება…

მაკბეტი. სამფლობელო.

ბანკო. და უფლება სიმდიდრეზე.

მაკბეტი. ავტონომიაზე.

ბანკო. ჩემთან მე მინდა ვიყო მეფე!

მაკბეტი. წაეთრიოს!

ბანკო. ჯანდაბისკენ გზა ჰქონია!

მაკბეტი. ჯანდაბისკენ გზა ჰქონია!

ბანკო. უნდა ჩამოვაგდოთ!

მაკბეტი. აი, ეს მინდოდა შემომეთავაზებინა. სამეფო ჩვენ გავიყოთ. ყოველი ჩვენგანი თავისას მიიღებს. მე ტახტზე ავალ. დიდი ხელმწიფე გავხდები. თქვენ ჩემს ვეზირად დაგნიშნავთ.

ბანკო. თქვენს შემდეგ პირველი ვიქნები.

მაკბეტი. მესამე. ყველაფერი ასე ადვილი ხომ არ არის. დახმარება დაგვჭირდება. ჩვენ შეთქმულებაში კიდევ ერთი პიროვნებაა – ლედი დუნკანი.

ბანკო. ვაჰ, საბედნიეროდ! თანახმა ვარ.

მაკბეტი. ის აუცილებელია.

(სიღრმიდან ლედი დუნკანი გამოდის).

ბანკო. დედოფალო! რა სიურპრიზია!

მაკბეტი (ბანკოს). ჩემი საცოლე.

ბანკო. მომავალი ლედი მაკბეტი? ოჰო… (ორივეს). გილოცავთ! (ლედი დუნკანს ხელზე კოცნის).

ლედი დუნკანი. სიცოცხლეშიც და სიკვდილშიაც.

(სამივე ხანჯალს ამოიღებს, მაღლა ასწევს და გადააჯვარედინებს).

ყველა ერთად. ვფიცავთ, მოვკლათ ტირანი!

მაკბეტი. უზურპატორი!

ბანკო. ძირს დიქტატორი!

ლედი დუნკანი. დესპოტი!

მაკბეტი. ცოდვილი!

ბანკო. კაციჭამია!

ლედი დუნკანი. ჯორი!

მაკბეტი. ინდაური!

ბანკო. ტილი!

ლედი დუნკანი. დავიფიცოთ, რომ გავანადგურებთ!

სამივე. ვფიცავთ, გავანადგურებთ!

(დაფდაფების ხმა. შეთქმულები სწრაფად ქრებიან მარცხნივ. მარჯვნიდან ერცჰერცოგი გამოჩნდება. ამ სცენაში, უკიდურეს შემთხვევაში, დასაწყისში მაინც, დუნკანი, ჭეშმარიტად, დიდებულია. სიღრმიდან ოფიცერი გამოდის).

ოფიცერი. ხელმწიფეო, როგორც ყოველი თვის პირველ რიცხვებში ხდება ხოლმე, ახლაც შეიკრიბნენ სნეულნი – საყმაწვილოიანნი, წყლულიანნი, ჭლექიანნი და ბნედიანნი. ელიან, რომ ღმერთისგან ბოძებული ძალით განკურნავთ.

(მარჯვნიდან ბერი შემოდის).

ბერი (თავს უკრავს). მოგესალმებით, ხელმწიფეო.

დუნკანი. სალამი, ბერო.

ბერი. თქვენთან არს უფალი.

დუნკანი. შენთან არს უფალი.

ბერი. უფალი გფარავდეთ. (ლოცავს თავდახრილ დუნკანს).

(ოფიცერს მოაქვს მეწამული მანტია, გვირგვინი და სამეფო კვერთხი, უახლოვდება ბერს. ბერი გვირგვინს ართმევს, წმინდა წყალს ასხურებს. დუნკანი დაიჩოქებს, ბერი თავზე გვირგვინს ადგამს).

ბერი. ყოვლისშემძლე უფლის სახელით შენს უზენაეს უფლებებში გამტკიცებ!

დუნკანი. ღმერთო, ღირსეულ მყავ.

(ოფიცერი ბერს მეწამულ მანტიას მიაწვდის, ის კი დუნკანს მოასხამს).

ბერი. დაე, უფალმა თავისი წყალობა არ მოგაკლოს, ყველა ნაღველი თავიდან აგაცილოს იქამდე, სადამდეც გასწვდება ეს მანტია.

(მარჯვნიდან მსახური შემოდის, ზიარების ჭურჭელი შემოაქვს და ბერს გადასცემს. ბერი დუნკანს პროსფორს აწვდის).

დუნკანი. Domine non sum dignus.(

ბერი. Corpus Christi.(

დუნკანი. Amen.(

(ბერი მსახურს ზიარების ჭურჭელს უბრუნებს. მსახური გადის. ოფიცერი ბერს სამეფო კვერთხს გადასცემს).

__________________________

1. ლოცვა: “უფალო, უღირს ვარ… (ლათ.).

2. ქრისტეს სხეული (ლათ.).

3. ამინ (ლათ.).

ბერი. განვაახლებ შენს ნიჭს მკურნალისას, რომელსაც უფალი ღმერთი, ჩემი მეშვეობით, აძლევს მის უღირს მსახურს. დაე, მაცხოვარმა განკურნოს ჩვენი სულები, როგორც კურნავს ჩვენს ხრწნად სხეულებს ავადმყოფობისგან. დაე, განგვკურნოს ბინძური ფიქრებისგან ხელისუფლებაზე. დაე, განგვკურნოს ეჭვისგან, სიამაყისგან და ავხორცობისგან. დაე, თვალნი აგვიხილოს ამა სამყაროს ამაო ფასეულობაზე.

დუნკანი. უფალო, გვისმინე.

ოფიცერი (მუხლს მოიყრის). უფალო, გვისმინე.

ბერი. უფალო, გვისმინე. დაე, ქარმა კვამლივით გაფანტოს ღვარძლი და სიძულვილი. დაე, ადამიანთა კანონებმა დაამხოს ბუნების კანონები, რომელშიც ტანჯვა და ყოვლის მნგრეველი სული მეფობს. დაე, სიყვარულსა და მშვიდობას ბორკილი შეეხსნას და ბოროტების ძალებს დაეცეს. ციური ნათელი გაცისკროვნდეს, სიხარულმა დაგვახრჩოს და მასში შეგვრიოს. დაე, ასე იყოს!

დუნკანი და ოფიცერი. დაე, ასე იყოს.

ბერი. გამომართვი შენი წმინდა სამეფო კვერთხი, რომელსაც ავადმყოფებს შეახებ.

(დუნკანი დგება. დგება ოფიცერიც. ახლა ბერი დაიჩოქებს დუნკანის წინ. დუნკანი საფეხურებით ტახტზე ადის და ჯდება. ოფიცერი დუნკანის მარცხნივ დგება. ეს სცენა ზეიმურად უნდა გათამაშდეს).

დუნკანი. შემოიყვანეთ სნეულნი.

(ბერი ადგება და დუნკანის მარჯვნივ დადგება. მარცხნივ, სიღრმიდან პირველი ავადმყოფი გამოდის, მოხრილია და ძლივს დადის, ყავარჯენს ეყრდნობა, კაპიუშონიანი გრძელი ლაბადა აცვია. კარგად უჩანს სახე – კეთროვანის ნიღაბი).

დუნკანი (პირველ ავადმყოფს). მომიახლოვდი. უფრო ახლო. ნუ გეშინია.

(პირველი ავადმყოფი უახლოვდება, ტახტის ბოლო საფეხურზე იჩოქებს. მაყურებლისკენ ზურგი აქვს შექცეული).

პირველი ავადმყოფი. შემიბრალე, ხელმწიფეო. შორიდან მოვედი. ოკეანის გაღმა ვცხოვრობ. იმას იქით კონტინენტია, მერე კიდევ შვიდი ქვეყანა, მერე ზღვა, მთები. მთებს იქით, ბნელ და ნესტიან ბარში ვსახლობ. ფუფხითა და ქეცით ვარ დაფარული. ჩირქი მდის მუწუკებიდან. მთელ სხეულზე აყროლებული ჭრილობები მაქვს. ცოლი და შვილები სახლიდან მაგდებენ. მიშველეთ, ხელმწიფევ, მომარჩინეთ.

დუნკანი. მოგარჩენ. გწამდეს. იმედი გქონდეს (სამეფო კვერთხით ეხება ავადმყოფის თავს). ყოვლადმოწყალე მაცხოვრის სახელით, ნიჭით და ძალით, რომელიც ამ დღეს ჩემზე გადმოვიდა, დანაშაულს გიტევებ, რომელმაც სული შენი და სხეული შენი ჩირქით აღავსო. დაე, იყოს სული შენი სუფთა, როგორც გამდინარე წყალი და როგორც ზეცა შექმნის პირველ დღეს.

(პირველი ავადმყოფი ადგება, გაიმართება, მაყურებლისკენ მობრუნდება, ყავარჯენს გადააგდებს და ცისკენ აღაპყრობს ხელებს. ხელები სუფთა აქვს, იღიმება, სიხარულით ყვირის და მარცხნივ გარბის. ტახტს მარჯვნიდან მეორე ავადმყოფი უახლოვდება).

დუნკანი. შენ რაღა გაწუხებს, რითი ხარ ავად?

მეორე ავადმყოფი. ხელმწიფევ, არც სიცოცხლე შემიძლია და არც სიკვდილი. ვზივარ, ვწევარ თუ ვდგავარ – უნდა ვიმოძრაო ან ვირბინო. თავიდან ფეხამდე ფუფხით ვარ დაფარული და მთელი სხეული მექავება. არც სახლში ყოფნა შემიძლია და არც ქუჩაში. მთელი სამყარო ჩემთვის ციხეა, ანდა კატორღა. მიმძიმს ქვეყნიერების ყურება. ჩრდილიც, სინათლეც ტკივილს მაყენებს. ადამიანების მეშინია, მაგრამ შიშის ზარსა მცემს მარტოობაც. თვალს ვარიდებ ხეებს, ცხვრებს, ძაღლებს, ბალახს, ვარსკვლავებს, ქვებსაც. განუწყვეტლივ ვიტანჯები. ნეტავ, ტირილი მესწავლა და სიხარული შემეგრძნო.

(საფეხურებით ტახტამდე ადის).

დუნკანი. დაივიწყე, რომ არსებობ. გახსოვდეს, რომ ხარ. (პაუზა. ავადმყოფი მაყურებლისკენ ზურგით დგას, მისი მხრების მოძრაობით ჩანს, რომ ამ რჩევის მიყოლა არ შეუძლია.) გიბრძანებ! დამემორჩილე!

(ავადმყოფი იძაბება, მხრებისა და ზურგის მოძრაობით ვხვდებით, რომ დუნდება, ნელა დგება, ხელებს შლის, შემობრუნდება. მაყურებელი ხედავს, დაძაბული სახე როგორ გაუსწორდა და გაუნათდა. მერე მსუბუქი ნაბიჯებით, ცეკვა-ცეკვით მარცხნივ გადის).

ოფიცერი. შემდეგი!

(დუნკანს მესამე ავადმყოფი უახლოვდება. იმასაც გამოაჯამრთელებს.

თამაში ჩქარდება. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… მეათე, მეთერთმეტე. ავადმყოფები მარჯვნიდან გამოჩნდებიან და მარცხნივ ქრებიან. გამოდიან მარჯვენა სიღრმიდან და გადიან მარცხენა სიღრმეში. ისინი მაშინვე გადიან, როგორც კი დუნკანი სამეფო კვერთხით შეეხება. ყოველი ავადმყოფის გამოჩენამდე ოფიცერი იძახის: “შემდეგი!” ზოგი ავადმყოფი ინვალიდის ეტლით შემოდის, ზოგი გამყოლით, ზოგი უგამყოლოდ. მთელი ეს შემოსვლა-გასვლა მიმდინარეობს რიტმულად, მუსიკის თანხლებით.

ამასობაში ბერი ჩაცუცქდება, თითქოს ნახტომისთვის ემზადებაო და ამ პოზაში გაქვავდება.

მეთერთმეტე ავადმყოფის შემდეგ მოქმედება ნელდება და მუსიკაც ნელა ქრება.

შემოდიან ბოლოს წინა და ბოლო ავადმყოფი – ერთი მარცხნიდან, მეორე მარჯვნიდან. მათ გრძელი ლაბადები აცვიათ და კაპიუშონები ჩამოუფხატავთ.

ოფიცერი ამბობს: “შემდეგი!” და ვერ ხედავს ბოლო ავადმყოფს, რომელიც ზურგიდან მიუახლოვდება.

უცბად მუსიკა წყდება. ამ დროს ბერი კაპიუშონსა თუ ნიღაბს იხსნის. ის ბანკო აღმოჩნდება, რომელიც გრძელ ხანჯალს დააძრობს).

დუნკანი (ბანკოს). ეს შენა ხარ?

(ამ დროს ლედი დუნკანი ლაბადას ჩამოიგლეჯს და ხანჯალს ზურგში ჩასცემს ოფიცერს. ოფიცერი ეცემა).

დუნკანი. ეს თქვენ ბრძანდებით, ქალბატონო? (ბოლოს წინა ავადმყოფი მაკბეტია. ისიც ხანჯალს ამოიღებს). მკვლელებო!

ბანკო (დუნკანს). მკვლელო!

მაკბეტი (დუნკანს). მკვლელო!

ლედი დუნკანი (დუნკანს). მკვლელო!

(დუნკანი ბანკოსკენ შებრუნდება და მაკბეტს შეეჯახება. ახლა მარცხნივ წავა, იქ გზას ლედი დუნკანი გადაუღობავს. ლედი დუნკანი ხელებს წინ გაიშვერს. ხელში ხანჯალი უბრწყინავს).

ლედი დუნკანი (დუნკანს). მკვლელო!

დუნკანი (ლედი დუნკანს). მკვლელო! (მარცხნივ გარბის და მაკბეტს ეჯახება).

მაკბეტი. მკვლელო!

დუნკანი. მკვლელო! (მარჯვნივ გარბის, ბანკო გზას გადაუღობავს).

ბანკო (დუნკანს). მკვლელო!

დუნკანი (ბანკოს). მკვლელო!

(დუნკანი უკან, ტახტისკენ იხევს, სამივე მკვლელი გარს შემოერტყმება. მისკენ ნელა მიიწევენ და წრეს ავიწროებენ).

დუნკანი (ყველას). მკვლელებო!

სამივე (დუნკანს). მკვლელო!

(როცა დუნკანი ტახტის პირველ საფეხურამდე მივა, ლედი დუნკანი მანტიას ჩამოჰგლეჯს. დუნკანი საფეხურებზე უკუსვლით ადის. ხელებით სხეულს იფარავს, თითქოს უმანტიოდ თავს შიშვლად და დაუცველად გრძნობსო; მდევრები ეწევიან. სამეფო კვერთხი ერთ მხარეს ეცემა, გვირგვინი მეორეზე, მაკბეტი დუნკანს მიათრევს და გადააყირავებს).

დუნკანი. მკვლელებო!

(დუნკანი ჩამოგორდება. ბანკო ხანჯალს ჩასცემს და თან უყვირის).

ბანკო. მკვლელო!

(ახლა მაკბეტი ურტყამს ხანჯალს ყვირილით).

მაკბეტი. მკვლელო!

ლედი დუნკანი (ხანჯალს ურტყამს და ყვირის). მკვლელო!

(სამივე გასწორდება. თავზე დაადგებიან გაშხლართულ დუნკანს).

დუნკანი. მკვლელებო! (სუსტად). მკვლელებო… (ოდნავ გასაგონად). მკვლელებო…

(სამივე მკვლელი ერთმანეთისგან უკან დაიხევს. ლედი დუნკანი მიცვალებულს უახლოვდება და დაჰყურებს).

ლედი დუნკანი. და მაინც ჩემი ქმარი იყო. მკვდარი მამაჩემსა ჰგავს. მამაჩემი არ მიყვარდა.

(სრული სიბნელე. შორიდან ბრბოს ყვირილი ისმის: “გაუმარჯოს მაკბეტს! გაუმარჯოს მის საცოლეს! გაუმარჯოს მაკბეტს! გაუმარჯოს მის საცოლეს!” სცენის სიღრმიდან ორი მსახური გამოდის, ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან. ისინი სცენის ცენტრში გაჩერდებიან, რამპასთან. მსახურები შეიძლება მამაკაცები იყვნენ, ან ქალი და კაცი, ან ორივე ქალი).

ორივე მსახური (ერთმანეთს უყურებენ). აი, ისინიც!

(მსახურები სიღრმეში იმალებიან, ამ დროს მარცხნიდან გამოჩნდება დუნკანის ქვრივი, მომავალი ლედი მაკბეტი, უკან მაკბეტი მოჰყვება. მათ ჯერ კიდევ არ ამკობთ სამეფო რეგალიები. ისმის შეძახილები: “ვაშა!” “გაუმარჯოს მაკბეტს და მის საცოლეს!” ყვირილი ძლიერდება, ბრბო ზეიმობს. ისინი მარცხენა გასასვლელით გადიან).

მაკბეტი. ქალბატონო!

დუნკანის ქვრივი. გმადლობთ, რომ ჩემს აპარტამენტამდე მომაცილეთ. ამდენი საზრუნავისა და შრომის შემდეგ დასვენება მჭირდება.

მაკბეტი. დაისვენეთ, ქალბატონო, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ხვალ, ათ საათზე მოვალ და ჯვრისწერის ცერემონიალზე წავალთ. ტახტზე ასვლა დღის თორმეტ საათზეა დანიშნული. ხუთ საათზე კი ზეიმი იწყება. ეს იქნება ქორწილი, ჩვენი ქორწილი.

დუნკანის ქვრივი (მაკბეტს ხელს გაუწვდის საკოცნელად). მაშ, ხვალამდე, მაკბეტ.

(დუნკანის ქვრივი გადის. მაკბეტი სცენას გადაჭრის და მარჯვნივ მიემართება. ისმის ყვირილი: “ვაშა!” დამალული მსახურები ისევ სცენის შუაში, რამპასთან გამოდიან).

პირველი მსახური. ცერემონიისა და ნადიმისთვის ყველაფერი მზად არის.

მეორე მსახური. იტალიური და სამოური ღვინო იქნება.

პირველი მსახური. ლუდის ბოთლებს კი დუჟინობით ეზიდებიან.

მეორე მსახური. ჯინსაც.

პირველი მსახური. საქონლის ხორციც მოიტანეს.

მეორე მსახური. ირმის ჯოგებს მოერეკებიან.

პირველი მსახური. თიკნებიც მოაქვთ შესაწვავად.

მეორე მსახური. საფრანგეთში, არდენის ტყეში დახოცეს.

პირველი მსახური. მეთევზეებმა კი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და ზვიგენები დაიჭირეს, ნადიმისთვის მათი ფარფლები რომ მოამზადონ.

მეორე მსახური. სალათებსა და ცივ საუზმეს ვეშაპის ცხიმით შეაზავებენ. ერთი ვეშაპის დაჭერა მოახერხეს.

პირველი მსახური. მარსელური ანისული იქნება სასმელად.

მეორე მსახური. ურალური არაყიც.

პირველი მსახური. ათას სამასი კვერცხისგან უზარმაზარ ერბოკვერცხს შეწვავენ.

მეორე მსახური. ჩინეთში ბლინები გამოგვიცხვეს.

პირველი მსახური. აფრიკიდან კი ესპანური ნესვები გამოგზავნეს.

მეორე მსახური. ასეთი ნადიმი არცა ყოფილა!

პირველი მსახური. ტკბილეული ვენიდან იქნება!

მეორე მსახური. ღვინო მდინარეებად წამოვა!

პირველი მსახური. ბოშათა ათეულობით ანსამბლი იმღერებს.

მეორე მსახური. მეჯლისი იქნება საუკეთესო, უკეთესიც კი, ვიდრე შობას იყო.

პირველი მსახური. ათასჯერ უკეთესი!

მეორე მსახური. ყოველი მოსახლე ორას ორთოცდაშვიდ ძეხვს მიიღებს.

პირველი მსახური. და კასრ მდოგვს.

მეორე მსახური. ფრანკფურტულ სოსისებსაც.

პირველი მსახური. კომბოსტოს მწნილსაც.

მეორე მსახური. ლუდსაც.

პირველი მსახური. ღვინოსაც.

მეორე მსახური. ჯინსაც.

პირველი მსახური. ამის გაფიქრებაზეც კი ითვრება კაცი.

მეორე მსახური. მე უკვე მუცელი მაგრა ამოვიყორე!

პირველი მსახური. მე კი ღვიძლი გამებერა!

(ერთმანეთს გადაეხვევიან და გადიან, თან მთვრალებივით ბარბაცებენ. ყვირიან).

ორივე მსახური. გაუმარჯოს მაკბეტს და მის სატრფოს!

(მარჯვნიდან სცენაზე ბანკო შემოდის, სცენის შუამდე მიდის და მაყურებლისკენ სახით დგება. სიღრმიდან, ოდნავ მარცხნივ, მაკბეტი გამოჩნდება).

მაკბეტი. დახე, ბანკო! აქ რისთვის არის? დავიმალოთ. მოვუსმინოთ, ერთი რას იტყვის. (ვითომ უჩინარ ფარდას გასწევს დასამალად).

ბანკო. მაშ, მაკბეტი იქნება მეფე. ის უკვე არის ბარონი კანდორი, ბარონი გლამისი, ხვალიდან კი – ყოვლისშემძლე მონარქი გახდება. კუდიანების წინასწარმეტყველება ერთიმეორის მიყოლებით სრულდება; იმავე რიგითაც, როგორც იწინასწარმეტყველეს. არ უწინასწარმეტყველიათ სიკვდილი დუნკანისა, რომლის მოკვლაში მეც მიდევს წილი. გახდებოდა კი მაკბეტი სახელმწიფოს მბრძანებელი, თუ დუნკანი არ მოკვდებოდა ან მის სასარგებლოდ ტახტიდან არ გადადგებოდა? ეს ხომ ჩვენი კანონებით შეუძლებელია? ტახტს ხომ ძალის დახმარებით იგდებენ ხელში. კუდიანებმა არც ის იწინასწარმეტყველეს, რომ ლედი დუნკანი ლედი მაკბეტი გახდებოდა. მაკბეტს ყველაფერი აქვს, მე კი არაფერი. რა საოცარი ამაღლებაა – სიმდიდრე, დიდება, ხელისუფლება, ცოლი! მაკბეტი დაჯილდოებულია. მე კი? დიახ, დუნკანი ხანჯლით განვგმირე, მაგრამ ამის მიზეზიც მქონდა. რა მომცა ამან? მართალია, მაკბეტმა რაღაც აღმითქვა, მითხრა, ჩემს ვეზირად გაგხდიო, მაგრამ დანაპირებს შეასრულებს? მეეჭვება. მან ხომ დუნკანს ერთგულება შეჰფიცა. და თვითონვე მოკლა. თქვენ იტყვით, რომ მეც დამნაშავე ვარ. არ უარვყოფ. ვერც დავივიწყებ. სინანული მღრღნის. მაკბეტისა არც დიდება მაქვს და არც წარმატება. რომ მქონოდა, სინანულის ჩახშობაში დამეხმარებოდა. კუდიანებმა მითხრეს, რომ არც ჰერცოგობა მეღირსება და არც მეფობა. მათი სიტყვებით, მე ვიქნები მრავალი თავადის, რესპუბლიკის პრეზიდენტის, დიქტატორების წინაპარი. ასეთია მათი წინასწარმეტყველება. უკვე დამტკიცდა, რაც თქვეს, აღსრულდა. მე სხვა სურვილი და იმედი არცა მქონია, გარდა ჩემი ხელმწიფის ერთგული სამსახურისა. ბედმა კი გრძნეულებს შემახვედრა და ჩემში ეჭვი და შური აგიზგიზდა. ბოთლიდან ხელისუფლების მოყვარე ჯინი გამოუშვეს. ხარბი, გაუმაძღარი, გადაულახავი ძალა მითრევს. ჩემგან წამოვა ათეულობით მბრძანებელი. მაგრამ არც ქალიშვილები მყავს და არც ვაჟები. ცოლიც კი არა მყავს. ვისზე დავქორწინდე? მგონი, ლედი დუნკანის მესაიდუმლე ჩემი სარგოა, შესაფერისი. ცოტა კუდიანს კი ჰგავს, მით უკეთესი. შეძლებს გამოიცნოს მომავალი უბედურებები და მათ ჩვენ თავიდან ავიცილებთ. გავხდები ქმარი და მამა, ვეზირიც გავხდები და ვეცდები, მაკბეტს ხელი შევუშალო თვითმპყრობელურად მართოს ქვეყანა. მაკბეტის ფარული მამოძრავებელი ძალა გავხდები. მერე ვნახოთ, იქნებ კუდიანებმა ყველაფერი ხელახლა გადაითამაშონ. იქნებ შევძლო და სიცოცხლეშივე ვიმბრძანებლო? (მარჯვნივ გადის).

მაკბეტი (რამპასთან მიდის). მოღალატევ, ყველაფერი გავიგე. ასე მიხდი მადლობას, სამთავროს პირველ ვეზირად გაგხდი-მეთქი? არც კი ვიცოდი, ჩემმა ცოლმა და მისმა მესაიდუმლემ დინასტიების მამამთავრობა თუ უწინასწარმეტყველეს. უცნაურია, რატომ არ მითხრეს, რად გაჩუმდნენ? ვისი დაცინვა მოინდომეს? ბანკოსი? ჩემი? რატომ? ბანკო დინასტიის ფუძემდებელი? მაშ, ხელმწიფე ბანკოს შთამომავლების გულისთვის მოვკალ? ბნელ საქმეში ჩამითრიეს. არ გამოუვათ! ვნახოთ, როგორ გაანგრევს საქმენი ჩემნი და ძალაუფლება ჩემი ეშმაკის მიერ ჩემ გზაზე აღმართულ წინააღმდეგობებს! ჩანასახშივე მოვსპობ ბანკოს შთამომავლებს, უფრო სწორად, თვით ბანკო მოვკლათ! (მარჯვნივ გადის. იძახის) ბანკო! ბანკო!

ბანკოს ხმა. აქა ვარ, მაკბეტ. აი, მოვედი!

(გამოჩნდება ბანკო).

ბანკო. რაში დაგჭირდი, მაკბეტ?

მაკბეტი. ფლიდო, ასე მიხდი მადლობას იმ წყალობისთვის, რომლითაც უნდა ამევსე? (ბანკოს გულში ჩასცემს ხანჯალს).

ბანკო (წაიქცევა). მომიტევე, უფალო ჩემო!

მაკბეტი. აბა, სადღა არიან ის მეფეები? მუცლის ჭიები შეჭამენ მათ შენსავე მუცელში. ისინი უკვე იყინებიან შენს თესლთან ერთად. ხვალ კი გვირგვინს მე დამადგამენ! (გადის).

* * *

უკუნი სიბნელე. ისმის შეძახილები: “გაუმარჯოს მაკბეტს! გაუმარჯოს ლედი მაკბეტს! გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ ხელმწიფეს! გაუმარჯოს ახალდქორწინებულებს!”

მარცხნიდან მაკბეტი და ლედი მაკბეტი შემოდიან, სამეფო ტანსაცმელი აცვიათ, თავზე გვირგვინები ახურავთ, მხრებიდან მეწამული წამოსასხამები ეშვება.

მაკბეტს სამეფო კვერთხი უჭირავს. ისინი სცენის შუაში ჩერდებიან, ვიდრე ბრბოს აღფრთოვანებული ყვირილი ისმის და ზარების მხიარული რეკვა, ორივე ზურგით დგას მაყურებლისკენ, მეფურად ესალმებიან უხილავ ხალხს, თავს უკრავენ მარჯვნივ და მარცხნივ.

ბრბო შმაგობს: “ვაშა! დიდება ერცჰერცოგს! დიდება ერცჰერცოგინიას!”

მაკბეტი და ლედი მაკბეტი დარბაზისკენ შემობრუნდებიან, მისალმების ნიშნად ხელს იქნევენ და კოცნას გზავნიან. მერე ერთმანეთისკენ შებრუნდებიან.

მაკბეტი. ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ ამ ამბავზე.

ლედი მაკბეტი (სრული სიმშვიდით). ყველაფერს აგიხსნით, ძვირფასო.

მაკბეტი. თქვენი წინასწარმეტყველების აღსრულება არამდე დავიყვანე. ძირშივე მოვახრჩვე. ჩემზე ძლიერი არა ხართ. ყველაფერი გავიგე და შედეგებს თავი ავარიდე.

ლედი მაკბეტი. არაფერს დავფარავ, საყვარელო. გეუბნები, აგიხსნი-მეთქი, ოღონდ პირისპირ როცა დავრჩებით.

მაკბეტი. კიდევ ვილაპარაკებთ!

(მაკბეტი ლედი მაკბეტს ხელს მოჰკიდებს, წარმოსახვით ბრბოს უღიმიან და ასე გადიან მარჯვნივ. ბრბო ხმაურს აგრძელებს. რამდენიმე წუთი სცენა ცარიელია. შემოდის ლედი მაკბეტი იმავე ტანსაცმლით და უკან მესაიდუმლე მოჰყვება).

მესაიდუმლე. ახალდაქორწინებულის როლში ძალიან კარგი იყავით. როგორ უკრავდა ბრბო ტაშს! რა ნატიფი ხართ! რა დიდებული! ისიც კარგად გამოიყურებოდა. გაახალგაზრდავდა. მშვენიერი წყვილი ხართ.

ლედი მაკბეტი. ახლა სძინავს. ეკლესიის შემდეგ დალია. მეტი მოუვიდა. ღამე კიდევ საქორწილო მეჯლისი გვაქვს! ვისარგებლოთ მისი ძილით. იჩქარე!

მესაიდუმლე. ახლავე (მარჯვენა კულისიდან ჩემოდანს იღებს და სცენაზე გამოაქვს).

ლედი მაკბეტი. ჯანდაბას ეს წმინდა გვირგვინი! (გვირგვინს აგდებს. მკერდიდან ჯვარს მოიგლეჯს). ეს ჯვარი მწვავს. მთელი მკერდი მტკივა. მას გადავეცი ბოროტი ჯადო. (ამასობაში მესაიდუმლე ჩემოდანს ხსნის, იქიდან კუდიანის ძონძები ამოაქვს და თავის ქალბატონს აცმევს). ამ ჯვარზე ორი ძალის ბრძოლაა – ზეცისა და ჯოჯოხეთის. რომელი გაიმარჯვებს? ასეთი პატარა ბრძოლის ველი და მსოფლიო ომს კი იტევს. მომეხმარე. ეს თეთრი კაბა, სასაცილო სიმბოლო უმანკოებისა, გამიხსენი. ჩქარა გამხადე – ესეც მწვავს. პროსფორიც გადმოვაფურთხო, საბედნიეროდ, ყელში გამეჩხირა, და ისე შიშინებს, როგორც გავარვარებული ნახშირი. შელოცვილი პილპილიანი არყის მათარა მომეცი! ოთხმოცდაათ გრადუსიანი სპირტი – ჩემთვის უკვდავების წყალია. ხატების წინ როცა ვიდექი, ორჯერ, ცოტას დარჩა, გული წამივიდა, მე კი უნდა მეცქირა და მათ შევხებოდი. გავუძელი. ერთს ვაკოცე კიდეც. თფუ, რა საზიზღრობაა! (მესაიდუმლე ტანსაცმელს ხდის). ხმაური ისმის – მოდი, ვიჩქაროთ!

მესაიდუმლე. ახლავე, ძვირფასო, ახლავე!

ლედი მაკბეტი, ანუ პირველი კუდიანი. მიდი! მიდი, მიდი! ძველმანები მომეცი! (მხოლოდ ჭუჭყიანი პერანგი აცვია). გაზინთული კაბა, დათხაპნილი წინსაფარი! დათხვრილი ფეხსაცმელი! მომაშორე ეს პარიკი! ჭაღარა და ჭუჭყიან ნაწნავს მივეჩვიე. ნიკაპი მომეცი! კბილები წაიღე! მომიკაუჭე ცხვირი! მოწამლულბუნიკიანი თავკაუჭა ჯოხიც მომაწოდე.

(მესაიდუმლე სცენაზე მდგარ ერთ მლოცველს არგანს ართმევს. იმისდა მიხედვით თუ რას თხოულობს პირველი კუდიანი ანუ ლედი მაკბეტი, მესაიდუმლე ასრულებს მის ყველა ბრძანებას, როგორც ტექსტშია ისე აცმევს, ამოიღებს და მაყურებელს აჩვენებს ყბას, ჩამოჰკიდებს მოკაუჭებულ ცხვირს).

პირველი კუდიანი. დაუჩქარე! ჩქარა!

მეორე კუდიანი. ახლავე, ახლავე, საყვარელო!

პირველი კუდიანი. სხვა ადგილას გველოდებიან.

(მეორე კუდიანი ჩემოდნიდან დიდ ძველ შალს იღებს, ერთი მოქნევით მოიხურავს, პარიკსაც ჩამოიჩაჩავს. მერე ორივე მოიკაკვება და ხითხითებს).

პირველი კუდიანი. ჩემს ძველმანებს უფრო ვარ ჩვეული.

მეორე კუდიანი. ჰი-ჰი-ჰი! (ჩემოდანს კეტავს. ორივე ზედ გადააჯდება).

პირველი კუდიანი. აქ აღარაფერი გვესაქმება!

მეორე კუდიანი. გვარიანად გამოვძვერით!

პირველი კუდიანი. ყველაფერი მოვაწყვეთ, ყველაფერი დავხლართეთ, ყველაფერი ავურ-დავურიეთ!

მეორე კუდიანი. ჰი-ჰი-ჰი-ჰი! მაკბეტს შავი დღე დაადგება!

პირველი კუდიანი. ჰოდა, ჩვენს პატრონს გაუხარდება!

მეორე კუდიანი. ყველაფერს ვუამბობთ!

პირველი კუდიანი. გველის. სხვა საქმე უნდა დაგვავალოს.

მეორე კუდიანი. დროა, დავიძრათ! გაფრინდი ჩემოდანო!

(პირველი კუდიანი წინ ზის და ისე იქცევა, თითქოს საჭეს ატრიალებსო. მოტორი ხმაურობს. მეორე კუდიანი ხელებს გაშლის, ვითომ ფრთებიაო. სცენაზე სიბნელეა. პროჟექტორი გაფრენილ ჩემოდანს ანათებს).

* * *

სასახლის დიდი დარბაზი. სიღრმეში ტახტია. მის პირდაპირ, ოდნავ მარცხნივ, მაგიდა და ტაბურეტებია, რომლებზეც ოთხი სტუმარი ზის. ოთხი თუ ხუთი დიდი თოჯინაც მისჯდომია სხვა მაგიდას – ესენიც, ვითომ, სტუმრები არიან. სიღრმეში სხვა მაგიდები და სხვა სტუმრები ჩანან – ეს მაგიდები ტახტის მარჯვნივ და მარცხნივაა და გამჭვირვალე ფარდის იქით მოჩანს. მარჯვნიდან მაკბეტი მოდის.

მაკბეტი. ნუ ადგებით, მეგობრებო!

პირველი სტუმარი. დიდება ერცჰერცოგს!

მეორე სტუმარი. დიდება ხელმწიფეს!

მესამე სტუმარი. დიდება მაკბეტს!

მეოთე სტუმარი. დიდება ჩვენს მბრძანებელს! დიდება დიდ მხედართმთავარს! დიდება მაკბეტს!

მაკბეტი. გმადლობთ, მეგობრებო.

პირველი სტუმარი. დიდება, ბედნიერება და ჯანმრთელობა ლედი მაკბეტს, ჩვენს საყვარელ დედოფალს!

მეოთხე სტუმარი. მშვენიერება და სიფაქიზე თქვენს ღირსეულ თანამეცხედრედ ხდის მას. გისურვებთ სიცოცხლეს და აყვავებას, რათა თქვენი ბრძნული მართვითა და ლედი მაკბეტის წყალობით, ჩვენი მხარე გაიფურჩქნოს.

მაკბეტი. მადლობას გიხდით ორივეს სახელით. თუმც ის უკვე აქ უნდა ყოფილიყო.

მეორე სტუმარი. მისი უგანათლებულესობა, დედოფალი, მუდამ ზუსტია.

მაკბეტი. ამ ცოტა ხნის წინ დავშორდით ერთმანეთს და ახლავე მოვა თავის მესაიდუმლესთან ერთად.

მესამე სტუმარი. შეუძლოდ ხომ არ შეიქმნა მისი უგანათლებულესობა? მე ექიმი გახლავართ.

მაკბეტი. თავის განსასვენებელში შებრძანდა, რომ ტუჩ-პირი გადაეღება, გაეპუდრა და ყელსაბამი გამოეცვალა. მის მობრძანებამდე კი დალიეთ! მეც თქვენთან ერთად დავლევ. (გამოჩნდება მსახური). ღვინო ცოტაა, მოიტანე!

მსახური. ახლავე მოგართმევთ, მბრძანებელო. (მიდის, მოაქვს ღვინო და იწყებს დასხმას).

მაკბეტი. კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო! თქვენთან ჯდომა მიხარია! თქვენი სიყვარული მათრობს. ნეტავ იცოდეთ, როგორ მჭირდება თქვენი მეგობრობა! ისე, მჭირდება, როგორც წყალი მცენარეს და ღვინო ადამიანს. ოჰ, ნეტავ იცოდეთ… თუმცა, კმარა. აღიარება სხვა დროისთვის გადავდოთ. რაღაცის გაკეთება მინდა და ვერ ვაკეთებ, გამომდის სულ სხვა, რისი გაკეთებაც არ მინდა. ისტორია ისეთი თავსატეხია! ყველაფერი ხელიდან სხლტება და უკვე აღარ შეგვიძლია ის საქმეები ვმართოთ, რომელთაც ჩვენ თვითონ მივეცით მსვლელობა. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ ტრიალდება. და ყველაფერი პირიქით ხდება. ბატონობა, ბატონობა! მოვლენები ბატონობენ ადამიანებზე და არა ადამიანი მათზე. ისე ბედნიერი ვიყავი, როცა დუნკანს ვემსახურებოდი. სევდა და დარდიც არ არსებობდა. (შემოდის მსახური. მაკბეტი მისკენ შებრუნდება). ჩქარა, წყურვილით ვკვდებით! (სურათს შეჰყურებს, რომელზეც მამაკაცის პორტრეტია გამოსახული. შეიძლება ცარიელი ჩარჩოც იყოს დაკიდებული). ჩემი პორტრეტის მაგივრად, დუნკანის პორტრეტი ვინ ჩამოკიდა? (უთითებს). ვის შეიძლება მოსვლოდა თავში, ასეთი ბოროტი ხუმრობა?

მსახური. არ ვიცი, მბრძანებელო. ვერ ვხედავ, მბრძანებელო.

მაკბეტი (მსახურს). უტიფარო! (მსახურს ყელში ხელს წაუჭერს, მერე გაუშვებს. თვითონ ჩამოხსნის პორტრეტს. პორტრეტი შეიძლება უხილავი იყოს ან მხოლოდ ცარიელი ჩარჩო).

პირველი სტუმარი. ეს ხომ თქვენი პორტრეტია, ჩემო ხელმწიფევ!

მეორე სტუმარი. დუნკანის პორტრეტი კი არ ჩამოჰკიდეს თქვენის მაგივრად, არამედ თქვენი ჩამოჰკიდეს დუნკანის პორტრეტის მაგივრად.

მაკბეტი. და მაინც იმას ჰგავს.

მესამე სტუმარი. ცუდი მხედველობა გაქვთ, ხელმწიფევ.

მეოთხე სტუმარი (პირველს). ხელისუფლებისკენ გზა სიბეცესთან მიდის?

პირველი სტუმარი (მეოთხეს). აუცილებელი არ არის.

მეორე სტუმარი. მაგრამ ეს იშვიათად როდი ხდება.

(როგორც კი მაკბეტი მსახურს გაუშვებს, მსახური მარჯვენა მხარეს გავარდება).

მაკბეტი. შეიძლება, ვცდები კიდეც. (სტუმრებს, რომლებიც მასთან ერთად წამოიშალნენ). დავსხდეთ, მეგობრებო! ტვინს გამისუფთავებს ღვინის ერთი ყლუპი. დუნკანია თუ მე ვარ, სურათი უნდა განადგურდეს. დაბრძანდით, დავლიოთ! (ჯდება და სვამს). ასე რატომ მიყურებთ? გეუბნებით, დაბრძანდით და დავლიოთ-მეთქი. (დგება და მაგიდაზე მუშტს ურტყამს). და-ბრძან-დით! (სტუმრები სხდებიან, მაკბეტიც). დავლიოთ, ბატონებო! დუნკანი ჩემზე უკეთესი მბრძანებელი არა ყოფილა.

მესამე სტუმარი. გეთანხმებით, ხელმწიფეო.

მაკბეტი. ქვეყანას ახალგაზრდა, ენერგიული და გამბედავი მბრძანებელი სჭირდებოდა. თქვენ არაფერი დაგიკარგავთ.

მეოთხე სტუმარი. ჩვენც ასე ვფიქრობთ, თქვენო უგანათლებულესობავ.

მაკბეტი. რას ფიქრობდით დუნკანზე, დუნკანის დროს? ეუბნებოდით, რასაც მასზე ფიქრობდით? ეუბნებოდით, რომ ყველაზე მამაცია? რომ ყველაზე ენერგიული მხედართმთავარია? თუ იმას ეუბნებოდით, მისი ადგილი სამართლიანად მე მეკუთვნოდა და ტახტი მე უფრო შემეფერებოდა და არა მას?

პირველი სტუმარი. ხელმწიფევ…

მაკბეტი. დიახ, მეც მეგონა, რომ ღირსეული იყო იგი. თქვენც ასე ფიქრობდით? თუ ასე არ ფიქრობდით?

მეორე სტუმარი. ხელმწიფევ…

მაკბეტი. ხელმწიფევ, ხელმწიფევ, ხელმწიფევ… მერე? მინდა ვიცოდე, რა მერე, ენა ჩაყლაპეთ? მას, ვისაც ჰგონია, რომ მე უკეთესი მონარქი არა ვარ წარსულის, ახლანდელის და მომავლის მონარქთა შორის, დაე, ადგეს და მითხრას! ვერ ბედავთ? (პაუზა). ვერ ბედავთ. ყველაზე სამართლიანი, ყველაზე დიდი? ეჰ, თქვე უბედურებო, თქვენა! იმღერეთ მაინც!

(სცენის სიღრმეში სინათლე ქრება. მაგიდები აღარ ჩანს, ადრე რომ სარკეებში ირეკლებოდა და გამჭვირვალე ფარდის იქით ჩანდა. უცბად ბანკო გამოჩნდება. ის კარში დგას, მარჯვნივ. ლაპარაკს იწყებს, მერე მიუახლოვდება მათ).

ბანკო. მე კი გავბედავ, მაკბეტ!

მაკბეტი. ბანკო!

ბანკო. გავბედავ გითხრა, რომ მოღალატე ხარ, არამზადა, მკვლელი.

მაკბეტი (უკან იხევს, ბანკო მისკენ მიიწევს). შენ ხომ მოკვდი! (ოთხივე სტუმარი დგება. მაკბეტი უკან იხევს). ბანკო (სანახევროდ ამოსწევს ხანჯალს.) ბანკო!

პირველი სტუმარი. ეს ბანკო არ არის, ხელმწიფევ.

მაკბეტი. როგორ არა, ბანკოა, გეფიცებით!

მეორე სტუმარი. მაშინ მისი უხორცო აჩრდილია!

მაკბეტი. აჩრდილი? (იცინის). მართლაცდა, მხოლოდ აჩრდილია. გამჭვირვალეა, ჩემი ხელი მასში გადის, არას ედება. მაშ ასე, შენ მკვდარი ხარ. შენი არ მეშინია. რომ შემეძლოს, მეორედ მოგკლავდი! შენი ადგილი აქ არ არის.

მესამე სტუმარი. ჯოჯოხეთიდან მოვიდა, ალბათ.

მაკბეტი. ჯოჯოხეთიდან მოხვედი, ხომ, უკან დაბრუნდი! დათხოვნის მოწმობა გააქვს? მოგცა ეშმაკის ადიუტანტმა? აბა, მაჩვენე! შუაღამემდე თავისუფალი ხარ? მაშ, საპატიო ადგილი დაიკავე ამ მაგიდასთან. საბრალოვ, ჭამა-სმა არ შეგიძლია? დაჯექ ჩემს მამაც ვაჟკაცებთან! (სტუმრები შიშით უკან დაიწევენ). ამისი როგორ გეშინიათ? ჩქარა, ირგვლივ შემოუსხედით! დაე, ეგონოს, რომ ცოცხალია. და უფრო მტკივნეული იქნება მისთვის იმ ბნელ სადგომში დაბრუნება, სადაც, ალბათ, ძალიან ცხელა ან მეტისმეტად ნესტიანია.

ბანკო. არამზადავ! დაწყევლა შენი შემიძლია მხოლოდ.

მაკბეტი. მაგრამ ჩემში სინანულის გამოწვევა არ შეგიძლია. რომ არ მომეკალ, შენ მომკლავდი, როგორც დუნკანი მოჰკალი. განა პირველმა არ დავარტყი გულში ხანჯალი? მე კი მინდოდა, დიდ ვეზირად გამეხადე, მაგრამ ოცნებას თავი მიეცი და ჩემი ადგილის დაკავება მოისურვე.

ბანკო. როგორც შენ დაიკავე ადგილი დუნკანისა, რომელმაც ორჯერ გიბოძა ბარონის ტიტული?

მაკბეტი. ეი, თქვენ, რას კანკალებთ? რა მოგივიდათ? წარმოგიდგენიათ – ეს რა მშიშარა მეომრები ამირჩევია ლაჩართა შორის!

ბანკო. დაგიჯერე და გამოგყევი. შენ და შენმა კუდიანებმა მომაჯადოვეთ.

მაკბეტი. შენი შთამომავლების შემოჩეჩება მოისურვე, ჩემების მაგივრად. რას მიაღწიე? ყველა შენი ვაჟი, შვილიშვილი თუ შვილიშვილების შვილები ვერც კი მოესწრნენ დაბადებას, ისე ამოწყდნენ შენსავე თესლში. არამზადა მიწოდე. მე მხოლოდ დაგასწარი.

ბანკო. ჯერ სად არის, ელდა წინ გელის. ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ დადგება დრო სამაგიეროს გადახდისა!

მაკბეტი. რა გამაცინე. აი, როგორი ხარ! ხარ-მეთქი ვამბობ, სინამდვილეში კი იმისგან, რაც იყო ადამიანი, მხოლოდ ნარჩენებია. ავტომატი.

(ბანკო ქრება. მაშინვე გამოჩნდება დუნკანი და ტახტზე ჯდება).

მეოთხე სტუმარი. ერცჰერცოგი! შეხედეთ – ერცჰერცოგი!

მეორე სტუმარი. ერცჰერცოგი!

მაკბეტი. ჩემს გარდა აქ სხვა ერცჰერცოგი არავინ არის. მე მომმართავთ და სადღაც სივრცეში კი იყურებით.

მესამე სტუმარი. ერცჰერცოგი (თითით უჩვენებს).

მაკბეტი. ყველას შეხვედრა აქ დაუნიშნავს.

(სტუმრები ფრთხილად მიდიან დუნკანთან და საპატიო მანძილზე ჩერდებიან. პირველი და მეორე სტუმარი ტახტის აქეთ-იქით ჩაიჩოქებს. ცოტა მოშორებით ორი სხვა სტუმარი მაკბეტს დაუდგება იქით-აქეთ საპატიო მანძილზე. ბოლო სამი სტუმარი მაყურებლისგან ზურგით დგას. დუნკანი ტახტზე ზის სახით მაყურებლისკენ).

პირველი და მეორე სტუმარი (ერცჰერცოგს). ხელმწიფევ…

მაკბეტი. არ დაიჯერეთ, რომ ბანკო გამოგვეცხადა. ახლა ისე იქცევით, თითქოს დუნკანია აქ და ტახტზე ზის. როგორ გავიგო? იქნებ მიეჩვიეთ და შიში მის წინაშე ქედს გადრეკინებთ? გეუბნებით, აჩრდილია-მეთქი. (დუნკანს). ხომ ასეა: წაგართვი ტახტი, წაგართვი ცოლი. და მაინც კარგად გემსახურებოდი, თუმცა ჩემი არა გჯეროდა და არც მენდობოდი. (სტუმრებს). ადგილებზე! (ხანჯალს ამოიღებს). ჩქარა, ადგილებზე-მეთქი. აქ მხოლოდ მე ვარ ერცჰერცოგი. ახლა ჩემს წინაშე მოიდრიკეთ ქედი. (სტუმრები შიშით იხევენ). და მბრძანებელი მიწოდეთ. ილაპარაკეთ…

ოთხივე სტუმარი (ერთად, თავს მდაბლად უკრავენ). თქვენი მორჩილნი ვართ, მბრძანებელო, ჩვენი ბედნიერებაც თქვენს მორჩილებაშია.

მეოთხე სტუმარი. ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება თქვენი მორჩილებაა.

მაკბეტი. ვხედავ, მიმიხვდით. (დუნკანს). არ დაბრუნდე, ვიდრე ის ათასობით ჯარისკაცი არ მოგიტევებს, შენი სახელით რომ დავხოცე, და ვიდრე მათ არ მიუტევებენ მათ მიერ გაუპატიურებული ქალები, მათ მიერ ჩახოცილი ათასობით ბავშვი და მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

დუნკანი. დიახ, ბრძანება მე გავეცი დაეხოცათ ათი ათასობით კაცი და ქალი, სამხედროები, სამოქალაქოები. ერთიანად გადავწვი ურიცხვი მშვიდობიანი ქოხი. მართალია. ყველაფერი მართალია. მართალი თქვი, ოღონდ რაღაცა ისე არ არის. შენ ჩემთვის ცოლი არ წაგირთმევია. (გესლიანად იცინის).

მაკბეტი. შენ რა, გაგიჟდი? (ოთხივე სტუმარს). მოკვდა და ჭკუა დაკარგა. ასე არ არის, ბატონებო?

სტუმრები (ერთი მეორის მიყოლებით). ასეა, მბრძანებელო.

მაკბეტი (დუნკანს). წადი, გაქრი, უთავო აჩრდილო!

(დუნკანი ტახტის უკან იმალება. მანამდე კი, ადგა და მზად იყო წასასვლელად).

მსახური გოგო. მბრძანებელო! მბრძანებელო, მისი მოწყალება გაქრა.

მაკბეტი. რა მოწყალება? ვინ მოწყალება?

მსახური გოგო. თქვენი უავგუსტესი მეუღლე – ლედი მაკბეტი.

მაკბეტი. გონს მოდი, რას ამბობ?

მსახური გოგო. მის საწოლ ოთახში შევედი და ცარიელი დამხვდა. დაიკარგა ნივთები. მესაიდუმლეც გაქრა სადღაცა.

მაკბეტი. წადი და აქ მომიყვანე. თავი ტკიოდა. ალბათ, პარკში მოისურვა სუფთა ჰაერზე გასეირნება, მერე კი მეჯლისზე მობრძანება.

მსახური გოგო. ვძებნეთ, ვეძახეთ, და მხოლოდ ექომ გვიპასუხა.

მაკბეტი (ოთხივე სტუმარს). გაჩხრიკეთ ტყე, არ დატოვოთ ველი, მინდორი. და აქ მომგვარეთ! (მსახურ გოგოს). შენ კი სხვენი გადააქოთე, ყველა კუნჭული, ყველა სარდაფი. იქნებ ჩაკეტილში ამყოფებენ. წადი ჩქარა, ნუღა აყოვნებ. (მსახური გოგო გადის). თქვენ, ნუღა ზოზინობთ, მაძებრები წაიყვანეთ, გადაჩხრიკეთ ყველა ქოხი, საზღვრები ჩაკეტეთ. საზღვაო პატრულმა ზღვა შეამოწმოს, სხვა წყლებშიც შეაღწიონ და მძლავრი პროჟექტორებით გაანათონ. დაზვერეთ მეზობელი სახელმწიფოები, იმათთან ხომ არ მოითხოვა თავშესაფარი. თუ რომელიმე ქვეყანამ მისი გადმოცემის შეთანხმებაზე ხელი არ მოგვიწერა, ომს გამოვუცხადებთ. საათში ოთხჯერ დეპეშა გამომიგზავნეთ, საქმის კურსში რომ ვიყო. გარყვნილთა და ავაზაკთა ბუნაგებიც გამოიკვლიეთ. და დაიჭირეთ კუდიანის მსგავსი ყველა ბებერი.

(სცენის სიღრმიდან მსახური გოგო გამოდის. მისი გამოჩენისას, ოთხივე სტუმარი, რომლებიც აშურმებს იკეთებენ და კედელზე ჩამოკიდებულ მახვილებს ხსნიან, თანაც სიჩქარეში ერთმანეთში რომ ებლანდებათ აშურმებიცა და მახვილებიც, გაშეშდებიან და მისკენ შებრუნდებიან).

მსახური გოგო. აი, ლედი მაკბეტიც.

(შემოდის ლედი მაკბეტი, უფრო სწორად, ლედი დუნკანი. იგი ოდნავ განსხვავდება ადრინდელი ლედი დუნკანისგან. გვირგვინი არ ახურავს. კაბა ოდნავ დაჭმუჭნული აქვს).

პირველი და მეორე სტუმარი (ერთად). ლედი მაკბეტი!

მესამე და მეოთხე სტუმარი (ერთად). ლედი მაკბეტი!

მეოთხე სტუმარი. ლედი მაკბეტი!

მაკბეტი. ქალბატონო, ძალიან დაგაგვიანდათ. მთელი ქვეყანა ამოძრავდა თქვენს მოსაძებნად. სად იყავით აქამდე? თუმცა, მერე ამიხსნით. (ოთხივე სტუმარს). დაბრძანდით ბატონებო, საქორწინო ლხინი იწყება. ვჭამოთ, ვსვათ! (ლედი მაკბეტს). დავივიწყოთ ეს პატარა გაუგებრობა. თქვენ მე მაპატიეთ, მე თქვენ გაპატიებთ. მთავარია, სულზე უტკბესო, რომ აქა ხართ. ვიდღესასწაულოთ, ვიმხიარულოთ. ჩვენთან იქნებიან თქვენი და ჩემი მოყვარული, ჩვენი ძვირფასი მეგობრები, რომლებიც გელოდნენ.

(სიღრმეში სცენა განათდება, სარკეები საზეიმო დარბაზის შთაბეჭდილებას ჰქმნის – სავსე მაგიდებს სტუმრები უსხედან).

პირველი და მეორე სტუმარი. გაუმარჯოს ლედი მაკბეტს!

მესამე და მეოთხე სტუმარი. გაუმარჯოს ლედი მაკბეტს!

მაკბეტი (ლედი მაკბეტს). საპატიო ადგილზე დაბრძანდით.

მეოთხე სტუმარი. გაუმარჯოს ლედი მაკბეტს, ჩვენს საყვარელ დედოფალს!

ლედი მაკბეტი ანუ ლედი დუნკანი. საყვარელი თუ არა – მე თქვენი ქალბატონი ვარ. მაგრამ ლედი მაკბეტი არა ვარ. ლედი დუნკანი ვარ, უბედური, ჩვენი კანონიერი მბრძანებელის, ერცჰერცოგ დუნკანის ერთგული ქვრივი.

მაკბეტი (ლედი დუნკანს). თქვენ რა, გაგიჟდით?

(სიმღერით, როგორც ოპერაში).

პირველი სტუმარი. გაგიჟდა.

მეორე სტუმარი. გაგიჟდა.

მესამე სტუმარი. შეიშალა.

მეოთხე სტუმარი. ყველაფერი დაავიწყდა.

(სიმღერა წყდება).

პირველი სტუმარი. ჩვენ ვიყავით ჯვრისწერაზე.

მაკბეტი (ლედი დუნკანს). ჩემი მეუღლე ხართ! კანონიერი. ნუთუ დაგავიწყდათ? ესენი ესწრებოდნენ ჩვენს ქორწინებას.

ლედი დუნკანი. თქვენ ესწრებოდით არა ჩემს ქორწინებას, არამედ მაკბეტის ქორწილს კუდიანთან, რომელმაც ჩემი სახე, ჩემი სხეული და ჩემი ხმა მიიღო. მანვე დამბორკა და სასახლის დილეგში ჩამკეტა. დღეს, რაღაც სასწაულით, ჯაჭვები შემეხსნა და ჩემ წინ კარი გაიღო. შენთან საქმე არა მაქვს რა, მაკბეტ. შენი თანამზრახველი არა ვარ, ჩემი მეუღლის და მეგობრების მკვლელო, შეჩვენებულო უზურპატორო და გაიძვერავ!

მაკბეტი. აბა, მაშ, საიდან იცით ის ყველაფერი, რაიც აქ მოხდა?

პირველი სტუმარი (მღერის). საიდან იცის?

მეორე სტუმარი (მღერის). დილეგში იყო და ვერ უნდა გაეგო.

მესამე სტუმარი (მღერის). ვერ უნდა გაეგო.

ოთხივე სტუმარი (მღერიან) ვერ უნდა გაეგო.

ლედი დუნკანი (ლაპარაკობს). მორზეს ანბანის მეშვეობით გავიგე ყველაფერი. მეზობლები მიკაკუნებდნენ კედელზე. პატიმართა კოდით ყველაფერი შევიტყვე. წადი, მოძებნე შენი ახალნაქორწინები ბებერი კუდიანი.

მაკბეტი (მღერის). ვაი, რომ; ვაი, რომ; ვაი, რომ; ამჯერად, აჩრდილი არა ხარ, არა ხარ, ამჯერად, (შეწყვეტს სიმღერას). ნეტავ მომაძებნინა ის ბებერი კუდიანი! თქვენი იერი, თქვენი სხეული მიიღო. და უფრო მშვენიერი გახდა. ხმაც მშვენიერი გაუხდა, ვიდრე თქვენა გაქვთ. და ეს ყველაფერი ჩემი გულისთვის მოხდა! სად ვიპოვო? ბურუსს შეერია, ჩვენ კი არა გვაქვს მფრინავი მანქანები და დისტანციური მართვის აპარატები.

ოთხივე სტუმარი (სიმღერით). ვივატ მაკბეტ! ძირს მაკბეტი! ვივატ მაკბეტ! ძირს მაკბეტი! დიდება ლედი დუნკანს! ძირს ლედი დუნკანი! დიდება ლედი დუნკანს! ძირს ლედი დუნკანი!

ლედი დუნკანი (მაკბეტს). აღარ სურს შენს კუდიანს, რომ დაგეხმაროს. მიგატოვა უბედურებაში.

მაკბეტი. რა უბედურება? განა უბედურებაა – მართო ქვეყანა? მართვაში არავის დახმარება მჭირდება. (სტუმრებს). გამშორდით. მონებო!

ლედი დუნკანი. უკან დასახევი გზა აღარა გაქვს. მართვაც აღარ გეღირსება. დუნკანის შვილი მაკოლი, კართაგენიდან გემებით, დიდი ჯარებით ჩამოვიდა. დასაყრდენი აღარა გაქვს. ყველამ ზურგი გაქცია, მაკბეტ.

(ისმის ყვირილი: “ძირს მაკბეტი! დიდება მაკოლს! ძირს მაკბეტი! დიდება მაკოლს!” ლედი დუნკანი ქრება).

მაკბეტი (დაშნიან ხელს მარჯვნივ, მყვირალა უჩინარი ხალხისკენ გაიშვერს). არავინ მჭირდება! (მარცხნივ). არავისი მეშინია. (დარბაზს). არავისი მეშინია! არავისი!

(დაფდაფების ხმა. სიღრმიდან მაკოლი გამოდის).

მაკოლი (მაკბეტს). აჰა, გიპოვე, უკანასკნელი არამზადაც! საზიზღარო, საძულველო, საძაგელო პირუტყვო! შემზარავო სალახანავ! გარეწარო! უტვინო იდიოტო! მყრალო ავაზაკო! მეჭეჭებიანო ქვეწარმავალო! გველო, ასპიტო! გომბეშო შხამიანო! სიფილისიანის ფაღარათო!

მაკბეტი. ვერ შემაშინებ, ცინგლიანო და შტერო, თავი შურისმაძიებლად რომ წარმოგიდგენია! უდღეური ხარ, სულით ავადმყოფი! გგონია გმირი ხარ; კრეტინო, საცოდავო კოხტაპრუწავ! ამყრალებულო სოსისო! მოლუსკთა ლორწოვ!

მაკოლი. ახლავე ბოლოს მოგიღებ, ბინძურო! და გასვრილ-ამყრალებულ დაშნას შორს მოვისვრი.

მაკბეტი. საცოდაო იდიოტო! წადი შენს გზაზე. შენი კრეტინი მამიკო კი მოვკალი, მაგრამ შენი მოკვლა არ მინდა. ვერას დამაკლებ, სიკვდილი არ მიწერია. წინასწარმეტყველება ლაპარაკობს, დედაკაცის ნაშობი ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეძლებს ჩემს მოკვდინებას.

მაკოლი. მოგატყუეს, მაკბეტ. (ლაპარაკობს ან მღერის). გაგაცურეს. დუნკანის ვაჟი არა ვარ მე, შვილობილი ვარ მხოლოდ. ბანკოსა და ჯეირანის შეერთებით დავიბადე, რომელიც ჯადოქრობის წყალობით ქალად იქცა. ბანკომაც არ იცოდა, რომ ვაჟი ჰყავდა. დავიბადე და ჯეირანმა ძველი სახე დაიბრუნა. ლედი დუნკანმა, საიდუმლოდ, სასახლე დროებით დატოვა, დაბრუნებისას ყველას რომ ჰგონებოდა დუნკანს მემკვიდრე შესძინა. (ლაპარაკობს). ისევ ბანკოს დამიძახებენ და ჩემგან წამოვა დინასტია, რომელიც იმეფებს მრავალი საუკუნის განმავლობაში. მე ბანკო II ვიქნები, აი, ჩემი შთამომავალნი: ბანკო III. (სცენაზე ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდებიან თავები -თეატრ Pieds-Nickeles (კოჭლების) პერსონაჟები. ჯერ ფოლიშარი, ბანკო მეოთხე (რიბულდენგის თავი), ბანკო მეხუთე (კროკინოლის თავი). ბანკო მეექვსე (ამ პიესის ავტორის თავი, ფართოდ დაღებული, მოცინარი პირით). ამას მოჰყვება ათეულობით კიდევ სხვა…

მაკბეტი. ოიდიპოსის დროიდან ბედს ასე მკაცრად არასოდეს დაუცინია ადამიანისთვის. ო, შეშლილო სამყაროვ, სადაც უკეთესნი ასჯერ უფრო უარესნი არიან ცუდებზე.

მაკოლი. შური უნდა ვიძიო საკუთარი მამის გამოც და მამობილისაც. (ამოიღებს დაშნას. მაკბეტს). დროა, ანგარიში გავასწოროთ. შენი გახრწნილი სუნთქვით სამყაროს მოწამლვა საკმარისია.

მაკბეტი. რადგან ასე გსურს, შენ მოკვდები, სულელო. ჩემი სიკვდილი კი მაშინ იქნების, როცა ტყე რიგებად დაწყობილი ამოძრავდება და ჩემსკენ წამოვა.

(სცენის შუაში, სადაც მაკბეტი და მაკოლი დგანან, შემოდიან ქალები და კაცები. ხელში ან ფანერის დაფები უჭირავთ, რომლებზეც ხეებია დახატული ან ტოტები. ასეთი სცენიური გადაწყვეტა იმ შემთხვევაში გამოდგება, თუ თეატრს არა აქვს ტექნიკური საშუალებები. უკეთესი იქნება თუ დეკორაცია დაიძვრება მაკბეტისკენ).

მაკოლი. შებრუნდი და ნახე – ტყე დაიძრა!

მაკბეტი (შებრუნდება). ოი, ეშმაკეულნო! დასწყევლოს ღმერთმა!

(მაკოლი მაკბეტს დაშნას ზურგში ჩასცემს. მაკბეტი ეცემა).

მაკოლი. გაიტანეთ ეს ლეში!

(უჩინარი ხალხი ყვირის: “დიდება მაკოლს! დიდება მაკოლს! ტირანი მოკვდა! გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ ხელმწიფე მაკოლს! დიდება მაკოლს!”)

მაკოლი. შემოიტანეთ ტახტი!

(ორ სტუმარს მაკბეტის გვამი გააქვს. იმავ წამს შემოაქვთ ტახტი).

სტუმარი. დაბრძანდით, მბრძანებელო.

(შემოდიან სხვა სტუმრები. ისინი აკრავენ ტრანსპარანტს წარწერით: “Macol is always right” – “მაკოლი მუდამ მართალია!”)

სტუმრები. გაუმარჯოს მაკოლს! დიდება ბანკოს დინასტიას! დიდება ჩვენს ხელმწიფეს!

(ზარების რეკვა. მაკოლი ტახტთან დგას. მარჯვნიდან ეპისკოპოსი ან ბერი შემოდის).

მაკოლი (ეპისკოპოსს). მეფედ კურთხევაა?

ეპისკოპოსი. დიახ, თქვენო უგანათლებულესობავ!

(მარცხნიდან გამოჩნდება უბრალო წარმოშობის ქალი).

ქალი. ბედნიერ მეფობას გისურვებთ!

მეორე ქალი (მარჯვნიდან შემოდის). ღარიბებისადმი მოწყალე იყავით!

მამაკაცი. დაე, გამეფდეს სამართლიანობა!

მეორე მამაკაცი. სიძულვილმა დაანგრია ჩვენი საცხოვრებელი! სიძულვილმა მოწამლა ჩვენი სულები!

მესამე მამაკაცი. დაე, მეფობდეთ მშვიდობით, თანხმობითა და სრული ჰარმონიით!

პირველი ქალი. დაე, სუფევდეს სიხარული!

ერთ-ერთი მამაკაცი. დაე, იზეიმოს სიყვარულმა!

სხვა მამაკაცი. ერთმანეთს გადავეხვიოთ, ძმებო!

ეპისკოპოსი. გადაეხვიეთ, გლოცავთ!

მაკოლი (ტახტის წინ დგას). გაჩუმდით!

პირველი ქალი. სიტყვას იტყვის.

პირველი მამაკაცი. ჩვენი ხელმწიფე სიტყვას ამბობს.

მეორე ქალი. მოვუსმინოთ, ერთი რას იტყვის.

მეორე მამაკაცი. ხელმწიფევ, გისმენთ, ხარბად ვიწოვთ თქვენს ნათქვამ სიტყვას.

სხვა მამაკაცი. ღმერთი გფარავდეთ!

ეპისკოპოსი. ღმერთი გფარავდეთ!

მაკოლი. გაჩუმდით-მეთქი! ხმა ჩაიწყვიტეთ! განცხადება უნდა გავაკეთო. გაშეშდით! ნუ სუნთქავთ! კარგად დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით: ჩვენი სამშობლო მძიმე უღელქვეშ გმინავს. ყოველ დღე და ჟამ თითო ტანჯვა ემატება იმის იარას. მე ტირანს თავი მოვკვეთე – აი, ხედავთ? ჩემს დაშნაზეა წამოგებული!

(შემოდის შუბიანი კაცი, შუბზე მაკბეტის თავია წამოგებული).

მესამე კაცი. დამსახურებისამებრ მიეზღო!

მეორე ქალი. დამსახურებისამებრ მიეზღო!

მეოთხე კაცი. ზეცა არ მიუტევებს მაგას!

პირველი ქალი. დაწყევლილ იყოს ad aeternum!(

______________________

1. უკუნითი უკუნისამდე (ლათ.).

პირველი კაცი. დაე, ჯოჯოხეთში დაიწვას!

მეორე კაცი. დაე, აწამონ!

მესამე კაცი. არ იცოდეს მოსვენება რა არის!

მეოთხე კაცი. ცეცხლში დაიწვას! უფალმა არ მიიღოს მისი მონანიება!

პირველი ქალი. ენა ამოგლიჯონ, ისევ ამოუვიდეს და ისევ ამოგლიჯონ, – და ასე განმეორდეს ასჯერ!

მეორე კაცი. გასვან ძელზე! დასვან შამფურზე! უყუროს ჩვენს სიხარულს და დაყრუვდეს ჩვენი სიცილით!

მეორე ქალი. გამომართვით ჩხირები და თვალნი დათხარეთ!

(შემოაქვთ პლაკატები).

მაკოლი. გაჩუმდით-მეთქი! ხმა ჩაიწყვიტეთ, თორემ ძაღლებს მოგიქსევთ და ჯარისკაცების პოლკს მოგაყენებთ. (სცენის სიღრმეში, როგორც პირველ სურათში იყო, გამოჩნდება უამრავი გილიოტინა) ახლა, როცა ტირანი მოკვდა და საკუთარ დედას წყევლის, რომ გააჩინა, ხმამაღლა ვაცხადებ: ჩემ საბრალო სამშობლოში დიდებული ყვავილებივით გაიშლება ბიწიერება. ჩემი მმართველობისას ისეთი ტანჯვის ატანა მოუწევს, რაიც აქამდე არ უნახავს. (ვიდრე მაკოლი ლაპარაკობს, მის ირგვლივ უკმაყოფილებისა და გულგატეხილობის ხმები ისმის. ყველა შეძრულია. ამ ტირადის ბოლოს მაკოლის ირგვლივ აღარავინ დარჩება). ვგრძნობ: თვით ჩემზევე ბიწიერება ისე განმტკიცდა, როს გაიხარებს, აყვავდება, თვით შავი მაკბეტი სპეტაკ თოვლს დაემსგავსება და შედარებით ჩემს უსაზღვრო ბოროტებასთან, ჩემი ბედკრული ქვეყანა მას უმწეო კრავად დასახავს. მაკბეტი სისხლის მოყვარე, ავხორცი, ხარბი, ცრუ, უხეში, ვერაგი იყო, და გაჟღენთილი ყოველგვარი ცოდვით, რაც კი შეიძლება თქვას ჩვენმა ენამ. მაგრამ საზღვარი არ ექნება ჩემს გარყვნილებას. თქვენი ცოლები, ქალიშვილები, დედები, დანნი, ჩემი გულისთქმის უძირო ჭურჭელს ვერ ამივსებენ. რაც უნდა მტკიცე ზღუდე დახვდეს, ეს ავხორცობა ძალით გაანგრევს, რომ მომიკლას გულის წადილი. ასეთის ყოლას ისევ მაკბეტი გერჩიათ მეფედ. სიავით სავსე ჩემს ბუნებას დასჩემებია უძღომელი სიხარბე და ისე მძლავრი, რომ მეფობის ხანაში ყველა დიდებულს ამოვჟლეტ სრულად: ზოგს თავისი მამულისთვის, ზოგს სასახლისთვის, სხვას ძვირფას თვალთა გამო, ყოველი ახალი საშოვარი მხოლოდ საკმაზი იქნება ჩემი მადისთვის და უარეს შიმშილს მომგვრის. მაშინ ავუტეხ დავიდარაბას უსამართლოს თვით ერთგულთ, კეთილთ, რომ მივიტაცო მათი ქონება და ჩემს სიმდიდრეს წამოვუმატო. ჩემთვის უცხოა სათნოება მეფეთა ფერი: თვით გულწრფელობა, ზომიერება, მტკიცე პირი, დიდსულოვნება, კეთილი გული, სიმართლე, მოთმინება, სიბრალული, მოწყალება, თავის სიმდაბლე, ღვთის სიყვარული, თავდადება, თავშეკავება არარა მაქვს მე. სამაგიეროდ, ავკაცობა სხვადასხვაგვარი გულს დამკვლევია და თავს შევიქცევ, როგორც შევძლებ. (ტახტთან მხოლოდ ეპისკოპოსი დარჩება. ისიც თავზარდაცემული მარცხნივ მიდის). ახლა, როცა მეფობა მაქვს, თანხმობის ნექტარს მივცემ ჯოჯოხეთს, ბოლოს მოვუღებ მშვიდ ცხოვრებას და ქვეყანაზე თვით ნიშანწყალს ერთობისას სრულიად მოვსპობ. ჯერ ერცჰერცოგის სამფლობელოს სამეფოდ ვაქცევ – მეფე გავხდები. მერე შევქმნი იმპერიას – და იმპერატორის დავიდგამ გვირგვინს. მე ვიქნები ზეაღმატებულება, იმპერატორი იმპერატორთა.

(გაქრება ბურუსში. ბურუსიც ქრება. სცენაზე გაივლის პეპლებზე მონადირე).

პიესის დასასრული

ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა

(c) ჟურნალი ” საგურამო ”
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2002 წელი.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s