თამაზ ბაძაღუა: “ღამე და თუთიყუში”


თამაზ ბაძაღუა  (1959_1987წწ.)

თამაზ ბაძაღუამ სულ ოცდარვა წელი იცხოვრა ამქვეყნად, ტრაგიკულმა შეთხვევამ უეცრად შეწყვიტა ახალი თაობის ერთ–ერთი უნიჭიერესი პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის სიცოცხლე… ქვემოთ გთავაზობთ მის მონოპიესას…

ღამე და თუთიყუში

ძველი, დაულაგებელი ოთახი. კედელთან ტახტი, მაგიდა და რამდენიმე მორყეული სკამი. ტახტის ქვეშ ცარიელი, დამტვერილი ბოთლები. კუთხეში პატარა მაცივარი. ოთახს ერთადერთი ნათურა ანათებს. ნათურის სუსტ შუქზე ბუნდოვნად მოჩანს გაფხეკილი შპალერი, მარჯვნივ, პატარა მაგიდაზე დგას გალია. გალიაში თუთიყუშია.

ისმის საკეტის გადაბრუნების ხმა. კაცი შუქს აანთებს. სახე უცნაურად უბრწყინავს. ღრმად ამოისუნთქავს, პერანგის ღილებს შეიხსნის.

კაცი: მე ის მოვკალი! (ხელებს გაშლის და დიდხანს დგას ასე, გაქვავებული სახით) მოვკალი! მეტი აღარ შემეძლო და მოვკალი…მე ახლა ბედნიერი ვარ…ჩჩუ, შენ არავისთან წამოგცდეს!(გალიასთან მიდის, თუთიყუშებს შეყურებს.)მე მკვლელი ვარ! რატომ არ გეშინია ჩემი?!(გულზე მიიდებს ხელს)აი, აქ დავარტყი და დიდხანს ვატრიალებდი შიგნით…

სანამ მთლად სისხლით არ შეიღება… როცა დაეცა, თვალები გაახილა და მე მის თვალებში შიში დავინახე…ო, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ…მე მის თვალებში პირველად დავინახე შიში…

(ჯიბიდან დანას ამოიღებს და აკოცებს.) დანა შარვალზე შევაწმინდე…(დანას ყნოსავს.)მაგრამ სუნი მაინც შერჩა. მისი სისხლის სუნი … მერე მდინარის პირას დავჯექი და დიდხანს ვწმენდდი, სუნი რომ მომეშორებია…წითელი ქვით ვხეხავდი..(მცირე პაუზა) რატომ უნდა გადამეგდო დანა… მე ვიცი, რომ მაინც მიპოვნიან..დამალვას რა აზრი აქვს… ამ დანას შევინახავ, აი აქ…(გალიას ასწევს და დანას ქვემოთ შეაცურებს.) სალუდეში რომ შევედი, ლუდის კათხასაც მისი სისხლის სუნი ასდიოდა, მე ის ლუდი სიამოვნებით დავლიე და მისი სისხლის სუნი მთელ სხეულში გამიჯდა…

(პაუზა)

ლანდამ ჯერ არ იცის…. ჯერ თავი ბედნიერი ჰგონია…ალბათ უკვე მიაქვთ: ზეწარგადაფარებული, სისხლიანი…ლანდას კი ჰგონია, რომ ბედნიერია…

(იცინის)

დიდხანს ვატრიალებდი შიგნით, სანამ ტარამდე არ ჩავიდა…ლანდა მაშინვე მიხვდება, ვინ მოკლა იგი…ცოტა ხანში ალბათ მოვლენ და წამიყვანენ… ო, რა სიამოვნებით შევხედავდი ლანდას, რა სიამოვნებით გავუღიმებდი… და ის მიხვდებოდა, რომ მე კიდევ მაქვს ძალა…

(პაუზა. თუთიყუშს მიმართავს)

შენ აქამდე მოგშივდებოდა… (მაგიდიდან პურის ნატეხს აიღებს, უფშვნის და გალიაში უყრის. (შენც დამავიწყდი… მე ხომ, რამდენი ხანია, იმის მოკვლაზე ვფიქრობდი… წყალიც მოგწყურდებოდა, მეც მომწყურდა წყალი…(ჭიქით წყალს შეუდგამს) ჩემი ჭიქიდან დალიე…(მცირე პაუზა. თუთიყუშს შეყურებს)სალუდეში რომ შევედი, მარლენმა მკითხა, რა დაგემართაო…არაყი დამისხა. მე უარი უთხარი…ალბათ მარლენსაც დაკითხავენ. მარლენი არ დაიჯერებს, არავინ არ დაიჯერებს. მარლენი მეუბნებოდა, ლანდა შენი ღირსი არ იყოო, არ უნდა მოგეყვანაო, ხომ გეუბნებოდიო…(პაუზა) როცა დაეცა, ხმა არ ამოუღია…(პაუზა) მის თვალებში მარტო შიში იდგა. მე მინდოდა ეყვირა: ,,დამნაშავე ვარ, მაპატიე!” მან კი…მგონი…გაიცინა… კარგად არ მახსოვს…დამცინა…სანამ დაეცემოდა…არ მოელოდა, რომ მე დანას ამოვიღებდი… ,,ეგ ჯაყვა უკან შეითხარეო”. მე კი ვიცოდი, რომ დავარტყამდი. კიდევ დამცინა, ხურდა ამოიღო და წადიო, ლუდი დალიეო…მერე ყველაფერი კარგად მახსოვს…(გალიის ქვემოდან დანას ამოიღებს) არა რატომ უნდა დავმალო. მაინც იპოვნიან. რა საჭიროა დამალვა. მე ვიტყვი, რომ აი, ამ დანით მოვკალი. დიდხანს ვატრიალებდი შიგნით სანამ ტარამდე არ ჩავიდა. მის თვალებში საშინელი შიში იდგა… და მე ბედნიერი ვიყავი…შენ რატომ გიკვირს, შენ ადამიანის არ გესმის… მე სადისტურად გავიცინე, სისხლის წითელი ფერით ვტკბებოდი, რომელიც უკვე ასფალტზე გუბდებოდა…მე არ გავქეულვარ…(მცირე პაუზა) დანა შარვალზე შევაწმინდე, დავკეცე, გულისჯიბეში ჩავიდე და მშვიდად წავედი სალუდისკენ. ჯიბეში ხურდა მეყარა…(ხანგრძლივი პაუზა) რა გინდა, რა…რას შემომჩერებიხარ თვალებში… (ყვირის, ხელებს უაზროდ იქნევს) მე ის მოვკალი. მოვლენ და წამიყვანენ… შენ მარტო დარჩები და მოკვდები, მოვკვდები… სკამზე დაეშვება, სიბნელიდან რეკავს კედლის საათი, ის წამოხტება) აა? მოდიან, ჩემს წასაყვანად მოდიან!…პერანგს შეიკრავს. შარვალს გაისწორებს) დიახ, მე მოვკალი. აი, ამ დანით… კი ბატონო, მე მზად ვარ!(წარმოსახულ პიროვნებას ელაპარაკება.) ეს გრძელი ისტორიაა…მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. რატომ? ამას სასამართლო დაადგენს, ბატონებო!…ერთი წუთით, მაპატიეთ… იქნებ ეს თუთიყუში მაინც წაიყვანოთ, აქ მარტო დარჩება და მოკვდება. გაწვრთნილი თუთიყუშია, ბევრი რამე იცის…(თუთიყუში მოულოდნელად გაიმეორებს: ,,მე ის მოვკალი, მე ის მოვკალი”…გაჩუმდი! (თუთიყუში იმეორებს:,,გაჩუმდი, გაჩუმდი”. პაუზა. ის უცებ ახარხარდება, ნერვიულად. ტახტზე დაეცემა და მუშტებს უშენს) არა,არა,არა…ჩემი ბრალია!…მივატოვე!…ჩემი ბრალია!…მე მას ვყვარდი, ვუყვარდი, ვიცი, რომ ვუყვარდი!…(მცირე პაუზა).სანამ წავიდოდა, აი, აქ იდგა, მუხლმოყრილი…ტიროდა…მე კი ვიცინოდი…(წამოდგება. ბაზავს წარმოსახულ სიტუაციას) საცსე ჭიქა მეჭირა და ვიცინოდი…,,არა, ძვირფასო, ეს ყველაფერისისულელეა, მომბეზრდ. აღარ შემიძლია… ადი, წადი, მე უშენოდაც გავძლებ… ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა…” მე მას ვეცოდებოდი…ეს მის თვალებში ჩანდა…(მცირე პაუზა). არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს სიტყვები…(გულისჯიბიდან დანას ამოიღებს და ისევ მაგიდის ქვეშ შეაცურებს) რატომ არ მოდიან აქამდე ნუთუ დროც გაჩერდა?!

(პაუზა)

დამალვას რა აზრი აქვს. მე მინდა რომ ყველამ გაიგოს, მარლენმაც, ბაგრატამაც…ყველა მიხვდეს რომ მე კიდევ დამრჩა ძალა…მეც ადამიანი ვარ…მეც უნდა დავიწყო ცხოვრება…ჰო…ჯერ ის უნდა მომეკლა, რომ ცხოვრება დამეწყო…აუცილებლად უნდა მომეკლა…მე ახლა განვწმინდე…მე ახლა არაფრის არ მეშინია…(სკამზე ჩამოჯდება. სახეს ხელებში ჩარგავს) მე ჯერ სიკვდილი არ მინდა!

(პაუზა, გალიასთან მიდის)

არც შენ გინდა სიკვდილი…სიკვდილის ყველას ეშინია…მე მთელი ღამე სიკვდილზე ვფიქრობ…შენ ხომ გესმის ჩემი!…იმიტომ რომ მარტო ვარ…როცა ლანდა ჩემთან იყო, მე არაფრის არაფრის არ მეშინოდა…

(მცირე პაუზა)

,,უშენოდაც გავძლებ!”…მაშინ მეგონა, რომ ლანდა არ მიყვარდა, მაშინ ცუდად ვიყავი. მთელი დღე ტახტზე ვიწექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა…მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა…არაფერს აღარ ჰქონდა აზრი…იყო მხოლოდ სიცარიელე და იმის შეგრძნება, რომ მე უკვალოდ გავქრებოდი, რომ მე ვარ მტვერი…ლანდამ ეს ვერ გაიგო, თუმცა რატომ უნდა გაეგო…ის ხომ ქალია…

(პაუზა)

მარლენმა გამახედა სარდაფიდან, აგერ, შენი ცოლიო…

(პაუზა)

მე დავინახე, რომ იმათი მკლავები ერთად მიდიოდნენ…

(პაუზა)

თავი მგიდაზე დავდე და ავტირდი… მარლენმა არაყი მომაწოდა…

(ხანგრძლივი პაუზა)

შუაღამისას რომ გამეღვიძა, საშინლად მწყუროდა…წყალი არ მოდიოდა…წარმოვიდგინე, რომ ისინი ერთად წვანან… იმას ლანდას მკერდზე აქვს დაწყობილი და სძინავს… ისე ცხადად ვხედავდი ყველაფერს…შემზარავად ვიყვირე და წამოვვარდი…არ მახსოვს, როგორ ვამტვრევდი მაგიდას, სკამებს, საწოლს…ყველაფერი ერთმანეთში აირია… მეჩვენებოდა, რომ ისინი ჩემს გვერდით იწვნენ და იმას ლანდას მკერდზე ეწყო დიდი, ბანჯგვლიანი ხელები… სანამ ჟენია არ ამოვარდა და მითხრა ხვალ დილით დაცალე ოთახი, აქ რო ლოთებს მოათრევდი, ის არ გეყოფოდაო…მე ჟენიას ვუყურებდი და ვტიროდი. იმასაც შევეცოდე, წყალი ამომიტანა, კარგა ხანს იჯდა ჩემთან და სიგარეტს აბოლებდა…მერე ჟენიამ მითხრა, რომ…

(თუთიყუში იმეორებს: ,,მე ის მოვკალი, მე ის მოვკალი!”)

გაჩუმდი!

(უთიყუში იმეორებს: ,,მე ის მოვკალი, მე ის მოვკალი!” პაუზა)

ჟენიამ ნახა, ჟენიამაც მითხრა, თავი დაანებეო, შენს თავს მიხედეო…აგარაკზე ყოფილან, ჟენიამ მითხრა, ვიცანიო, სხვებიც იყვნენო, ქეიფობდნენო, ქეიფობდნენო…

(გალიას გამოაღებს, ჭიქას გამოიტანს, წყლით აავსებს და უკანვე შედგამს)

შენ არაფერი იცი, ხმა ჩაიწყვიტე. გაიგე? მე რომ წამიყვანენ, ვინ მოგივლის. ჟენიამ მითხრა, მე მომეციო, შენ რათ გინდაო, რა იცის ჟენიამ, მიგიკვდებაო, მე მოუვლიო…

(პაუზა)

ეს ამბავი დილით მოხდა, მაგრამ ჯერ არავინ იცის… შუადღისას პარკში მეძინა. იქ ვერ მიპოვიდნენ…ალბათ უკვე იციან…

( პაუზა. ოთახში სიარულს იწყებს, მერე კარს აყურადებს…)

ჯერ არავინ ჩანს… მეც მოვემზადო. ასე ხომ არ დავხვდები…

წვერიც უნდა გავიპარსო, ტანსაცმელსაც გამოვიცვლი, თავი ღირსეულად უნდა მეჭიროს.” დიახ, მე მოვკალი!”… ისინიც უნდა მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო, ისინიც უნდა მიხვდნენ, რომ მეც კაცი ვარ…მე ძალიან ამაყი კაცი ვარ…არავის დავაჩაგვრინებ თავს…

(ყვირის)

არავის!!! თუ საჭირო იქნება, ყელს გამოვჭრი, არ დავინდობ… მე ძალიან ამაყი ვარ…რას მიყურებ, დალიე… მე უნდა მოვემზადო… ცოტა დასალლევი რომ იყოს, კარგია…დავმშვიდდებოდი.

(პაუზა)
საღამოს ბაგრატს თავისი კაცები ყავდა და სალუდედან გამომაგდო, გეყოფა, შინ წადიო…(იცინის)

ბაგრატმა მარტო ფულების თვლა იცის. დაგორავს კამეჩივით და ფულებს ითვლის…რამდენი წლისა ხარო, ბაგრატმა მკითხა: ოცდაჩვიდმეტის მეთქი. გაგიჟდა, ორმოცდაათის მეგონეო, მერე ერთი ლუდი ჩამომისხა… (ტახტს ააბრუნებს და შიგნიდან დაჭმუჭვნილ პერანგს ამოიღებს) ამას ჩავიცვამ, სუფთაა…(პაუზა. შემობრუნდება. პერანგს დაჰყურებს) იმას ლურჯი, გაქათქათებული პერანგი ეცვა…დანა რომ დავარტყი, აი აქ მსხვილი წითელი ზოლი ჩამოვიდა…

(პაუზა)

მე იმ წითელ ზოლს დავყურებდი…ამ დროს სადარბაზოდან ვირთხა გამოვარდა. მე შემეშინდა და განზე გავხტი ის კი იცინოდა, აი აქ მსხვილი წითელი ზოლი ჩამოსდიოდა…სადარბაზოში მკვდარი ვირთხა ეყარა, მთელი სადარბაზო მკვდარი ვირთხებით იყო სავსე…გულაღმა ამობრუნებული ნაცრისფერი ვირთხებით…(პაუზა)

როცა დავხედე, შემეცოდა… ხა-ხა-ხა… შემეცოდა, მართლა შემეცოდა. არ ვიცი, რატომ…მე ხომ ამდენი ხანი ვემზადებოდი მკვლელობისთვის. ამდენი ხანი გულმოდგინედ ვაპრიალებდი დანას, ვეძებდი შესაფერის მომენტს… (მცირე პაუზა. გალიასთან მიდის)

შენ რა მოგივიდა, რატომ გაჩუმდი…შემეცოდა-მეთქი, იმდენად, უმწეო იყო, რარაობა, ნაგავი, გაქათქათებულ ლურჯ პერანგში…მეგონა, დავხედავდი და რაღაც ტკბილი კმაყოფილება დამეუფლებოდა…არა, არ შევშინებულვარ, ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, ყველაფერი სულერთი იყო, იმწუთას ლანდას ვუყურებდი. ვუყურებდი იმ მკერდს, რომელსაც ლანდა ესვეოდა, იმ დიდ, ბანჯგვლიან ხელებს…თითქოს მკვდარი ვირთხებიც გაცოცხლდნენო, სათითაოდ დგებოდნენ და ჩემსკენ მიცოცავდნენ მსუქანი, ამობრუნებული მუცლებით…ხა-ხა-ხა…

(თუთიყუში იმეორებს:,,ხა-ხა-ხა!”) გაჩუმდი! (თუთიყუში იმეორებს ,,გაჩუმდი! გაჩუმდი!…პაუზა)

იქ არავინ იდგა…მე მინდოდა, ყველას დაენახა, ქვეყანას დაენახა, როგორ ჩამოსდიოსა სისხლი, როგორ ეცემოდა. ჩემს ფეხებთან, როგორ მიწვდიდა ხელებს…როგორ იფარებდა სახეზე, რომ კიდევ არ დამერტყა…მე კი ვიდექი…ძველებურად ამაყი, ხალისიანი… ვირთხები გარბოდნენ, ჭუჭყიან გუბეში ხტებოდნენ და იქიდან წყალს სვამდნენ…(მცირე პაუზა)

რატომ დავკარგე…როდის დაიწყო…როგორ დაიწყო…იქნებ აჯობებს, გავიქცე, დავიმალო, აღარასოდეს გამოვჩნდე ამ ქალაქში, ამ ოთახში…ეს პერანგი ლანდამ გარეცხა, იმის შემდეგ ასე აგდია…ღამით რომ მოვიდა, მე არაფერი მიკითხავს. ვიცოდი, ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა…მაინც არ მჯეროდა. ლანდასაც არაფერი უთქვამს. დაწვა და მთელი ღამე აე ეძინა. მეორე ღამით მე არ მოვსულვარ. მარლენთან დავლიე. მერე კოტესთან ავედით, საერთოდ საცხოვრებელში. ტაქსის ფულიც არ დაგვრჩა…

(პაუზა)

როგორ დაიწყო…(პაუზა)

იქნებ აჯობებს, გავიქცე…ლანდასთან მივალ, ვეტყვი, რომ მე მოვკალი. არ დაიჯერებს…სანამ საკუთარი თვალებით არ დაინახავს, არ დაიჯერებს…(შუა ოთახში დადგება, თითქოს ვიღაცას ელაპარაკება)

,,მე მოვკალი” თავი დამანებე, ხომ გითხარი, არ მოხვიდე თქო!” ,,მე შენ მიყვარხარ!” ,,გაეთრიე!” ,,მე უშენოდ არ შემიძლია!” ,,ცხოველო!” ,,ლანდა, მომისმინე” ,,ხომ გითხარი არ მოხვიდე მეთქი… მეზიზღები” (გალიას თავს მიადებს. სადღაც გაურკვევლად იყურება.)

მე უშენოდ არ შემიძლია, შენ ეს იცი. შენ არ გინდა ჩემთვის რაღაც დათმო. არ გინდა მომისმინო. მე შენ ბევრი რამე გაპატიე… შენ ეს იცი. მე ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალებს…იმიტომ რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ…მე არ შემიძლია, ყოველ საღამოს ვიარო თეტრში, წვეულებებზე, დაბადების დღეებზე, სადაც შენი დეგენერატი მეგობრები ყავას სვამენ, მკითხაობენ, სიგარეტს აბოლებენ და ცარიელი თვალებით შეყურებენ ერთმანეტს…მე ავადმყოფი ვარ… რაღაც მღრღნის…შიგნიდან…მე არ შემიძლია ვუყურო თქვენს სულიერ სიხარულს, როცა ირგვლივ…შმორის სუნი დგას…გახრწნილი ვირთხების სუნი დგას… როცა ვიცი, რომ მოვკვდები… მე ყველაფერი მაშინებს, ყველაფერი ნერვებზე მშლის…(იცინის)

,,მე ეს წიგნებში წამიკითხავს… მე ცხოვრება მინდა” (უფრო ხმამაღლა იცინის) ,,შენ მტერი ხარ! ” მე არ შემიძლია!…

(ხარხარებს)

,,შენ ავადმყოფი ხარ, მალე გაგიჟდები!”

(მცირე პაუზა)

მაგრამ ჩვენ ორივეს გვეშინია ვირთხების. ვირთხების შიში გვაკავშირებს ერთამანეთთან. სადარბაზოში რომ შემოვდივართ, მხოლოდ მაშინ ცეხუტებით ერთმანეთს. შენ ჩემზე უფრო გეშინია და ამიტომ უფრო მაგრად მეხუტები. მე მაშინ კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ უჩემოდ სადარბაზოში ვერ შემოხვალ. ვიცი, რომ მე მებღაუჭები. იმ წუთას დიდ პატივს ვცემ ვირთხებს. ისინი მაგრძნობინებენ, რომ გჭირდები. ოთახში რომ შევდივართ, კაბას ტახტზე მოისვრი და აბაზანაში შედიხარ, მე კი მაცივარს ვაღებ და საყინულეში ლუდის ნარჩენებს ვეძებ. შენ რომ აბაზანიდან გამოდიხარ!…

(პაუზა)

საინტერესოა, რას იზამს… მე თვითონ დაურეკავ…(ვითომ ტელეფონის ყურმილს იღბს) მე ის მოვკალი!…შენი კურო მოვკალი!…

(მცირე პაუზა)

როგარა ხარ…შური ვიძიე!…(ვითომ ყურმილს დადებს)

მე ხომ გითხარი, მოვკლავ-მეთქი…(ვითომ ისევ აირებს ყურმილს) შური ვიძიე, გესმის? შური ვიძიე!…

(პაუზა)

დიახ, დილით!…შენი ნაჩუქარი დანა დავარტყი!…რატომ? იმიტომ რომ…ხომ გითხარი, მოვკლავ-მეთქი…ნახვამდის!

(ვითომ ყურმილს დადებს. თუთიყუში იმეორებს: ,,ნახვამდის, ნახვამდის”. ის პერანგს მაგიდაზე გაშლის, დიდხანს დაჰყურებს)

ჩემგან არაფერი დარჩა…მარტო ეს პერანგი და კიდევ დანა, აი, ეს დანა…ჯერ კიდევ ასდის სისხლის სუნი…ლანდა რომ წავიდა, ვიფიქრე, გავუძლებ-მეთქი. სამსახურშიც დავდიოდი, ზოგჯერ…იმათ ყველაფერი იცოდნენ და მპატიობდნენ…ვიფიქრე, გავუძლებ-მეთქი…უფროსი და რომ ჩამოვიდა სოფლიდან, ჩვენთან წამოდიო, დაისვენეო, ჩვენთან დარჩიიო…ხომ დეუბნებოდიო, ვიცოდი, ასე დამთავრდებოდაო, ის გათახსირებული შენი ღირსი არ იყოო…ის გათახსირებულიო…ვიგრძენი, რომ რაღაც მეწყინა…რაღაცაში მეც ვიყავი დამნაშავე, მაინც არაფერი მითქვამს.

(პაუზა)

მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, დიახ, დიახ, მეგონა რომ დაბრუნდებოდა. (ხანგრძლივი პაუზა)

ოთხი წელი გავიდა. ჩემგან არაფერი დარჩა. მარლენმა მითხრა, შენ მაგარი კაცი ხარო, იმიტომ რომ არაყი დავალევინე. ისიც მითხრა, ამ თუთიყუშს რას დაათრევო. არ ვიცი-მეთქი. მეცოდება-მეთქი. ამას რა უჭირს, ჩვენა ვართ საცოდავებიო.

(პაუზა)

ნუთუ მართლა ბედნიერია? არ ვიცი, არ ვიცი…მირჩევნია, ჩემთვის ვიყოო, რასაც მინდა, იმას გავაკეთებო. არავისი საქმე არ არისო. ის თავის ცოლ-შვილთან არის, ეს კიდევ თავისთვის. მარლენმა მითხრა, სულ ერთად დადიანო, იმისმა ცოლმა იცისო, მაგრამ რა ქნასო.

(პაუზა)

კარები მოიჯახუნა, მივხვდი, ის პატარა ძაფიც გაწყდა. მივხვდი, რომ სულ მარტო დავრჩი…(ვითომ ყურმილს აიღებს. ისევ დადებს) რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაიგებს…

(პაუზა)

მერე ალბათ… ვერ დაივიწყებს. ვერა. დაიტანჯება. გაუბედურება. მე კი არ მივიღებ. მე ძალიან ამაყი ვარ. სხვასთან ვერ წავა. ისიც ჩემსავით დაეცემა, ჩემსავით ქუჩაში დადგება, იმასაც არავინ ყავს, ისიც მარტოა, არავინ მოხედავს, არავინ შეიყვარებს. არავინ მოეფერება. მარტო დარჩება. არა ვინ შეიყვარებს. არავინ…

(მცირე პაუზა)

მე კი გავიცინებ და ჩემს გზაზე წავალ. ის ამის ღირსია. იმიტომ რომ ასე მიმატოვა. მასხრად ამიგდო, ქვეყნის დასაცინი გამხადა. ვიღაც პიჟონს დაუწვა, ჩემი ცხოვრება დაანგრია. ჩემგან არაფერი დატოვა…

(ხანგრძლივი პაუზა. მაცივარს გამოაღებს. თითქმის ცარიელ ბოთლს გამოირებს. არყის ნარჩენს ჭიქაში ჩაცლის და ჭიქას მაგიდაზე დადგამს. თვითონ მაგიდას მიუჯდება და ჭიქას უყურებს. მერე აიღებს და გალიასთან მიდის. ჭიქას გალიაზე უჭახუნებს)

კარგად იყავი, ძვირფასო! დამთავრდა შენი ბედნიერება. მე შენ მიყვარხარ. ჩვენ ხომ ვირთხების გვეშინია. მოდი, უფრო ახლოს. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენ აწი ვერავინ დაგვაშორებს ერთმანეთს. ჩვენ სულ ერთად უნდა ვიქნებით…მე ის მოვკალი. ამ დანას უკანვე გიბრუნებ. ამ დანით მოვკალი. ღამით ბალიშქვეშ ამოიდე და მე დაგესიზმრები. სადაცაა მოვლენ, წამიყვანენ. მე, შეიძლება, იქ მოვკვდე. მარტო მარლენმა იცის, რატომ მოვკალი…ბედნიერი ვარ, ეს რომ შევძელი. გაგიმარჯოს! სხვანაირად ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. კარგად იყავი. ახლა მე ვიცი, ვინა ვარ, რატომა ვარ, (ჭიქას ტუცებზე მიიდებს) ახლა მეც ადამიანი ვარ. ახლა არც ბაგრატის შემრცხვება, არც მარლენის, არც კოტესი. სასამართლოზე ძალიან ამაყად ვიქნები. ისინი ალბათ მოვლენ და ჩემი შეეშინდებათ. ბაგრატი პატივისცემით ჩამომართმევს ხელს და მეტყვის: ,,აბა შენ იცი,” როგორც თავის გასიებულ ძმაკაცებს ეუბნება, დამლაგებელი ნინაც ხმადაბლა დამელაპარაკება, ნინაც მიხვდება, რომ მე სხვა კაცი ვარ. თავს არავის დავაჩაგვრინებ. (ოდნავ მოსვამს) კარგად იყავი! გახსოვს, რომ გკითხე: ,,გიყვარს-მეთქი?” ,,რა დროს ჩემი სიყვარულია”. ,,აბა რა გინდა-მეთქი”. ,,უნდა იცოდე რომ ქალი ვარო”, გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს! ნუ გეშინია. შენ ჟენია მოგივლის. ჩემს ჩამოსვლამდე თუ გასძელი, მერე მე ვიცი. ჩიტის რძეს არ მოგაკლებ…(პაუზა. პერანგს დაადებს ხელს. გადააბრუნებს, გადმოაბრუნებს)

ალბათ ათამდე მომისჯიან. მაქვს შემამსუბუქებელი გარემოებანი. სასამართლო ამას გაითვალისწინებს. ვექილს არ ავიყვან. რისთვის მწირდება. მე ხომ თავს არ ვიცავ. პირდაპირ ვიტყვი: ასე და ასე მოხდა, ასე დაასე მოვკალი, გამასამართლეთ-მეთქი. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ-მეთქი. ის ალბათ სასამართლოზე არ მოვა. მანამდე დაკითხავენ. ნეტა რას იტყვის, რით იმართლებს თავს. უნდა იცოდე, რომ ქალი ვარო. ვერ დავლევ. არ მინდა.

(ჭიქას მაგიდაზე დადგამს. ვითომ ისევ ყურმილს აიღებს. ისევ დადებს. მერე პერანგს ყნოსავს. სახეზე მიიდებს)

სანამ დავარტყამდი, ხურდა ამოიღო და წადი, ლუდი დალიეო. მე გუშინდელი ნასვამი ვიყავი და საშინლად მტკიოდა თავი. გულიც ხელით მეჭირა.

(მცირე პაუზა)

გუშინ კოტესთან ავედით. საერთო საცხოვრებელში. მარლენმა პატარა ფული იშოვა. გვიანი იყო. კარები ჩაკეტილი დახვდა. კოტემ ფანჯრიდან გადმოიხედა. ვიღაც ქალი ყავდა.ამას ახლავე გაუშვებო. სამი საატი იყო, ღამის. ცვენ წავალთო, მარლენმა დაიცემა. სად უნდა წავიდეთ-მეთქი. არაო, კოტემ მე უკვე მოვრჩიო, დალევა მინდაო, ეს აქვე ცხოვრობსო, ამის დედა ვატირეო, დალევა მინდაო. ის ქალი რომ ჩამოვიდა, სულელოვიტ გაგვიცინა და წინა კბილი გამოუჩნდა. კოტეს ვუთხარი, ამასთან რა გაწვენს-მეთქი. რა ვქნაო, უკეთესი არც მე ვარო. მე არაფერი მითქვამს. მაგრამ მივხვდი, რასაც გულისხმობდა. როცა არაყი გამოვწურეთ, ბოთლები უნდა დავამტვრიო-მეთქი. შენ ხომ არ გაგიჟდიო, მარლენმა. სამივეს გაგვყრიან აქედანო. კოტემ, რაც გინდა ის ქენიო. მე თავი ჩავღუნე და ავტირდი. ხმა არავის ამოუღია. ღამე იქ დავრჩით…

(მცირე პაუზა)

წადი, ლუდი დალიეო, ჩემგან რა გინდაო…(ხანგრძლივი პაუზა) წვერიც გასაპარსი მაქვს…ჩემგან რა გინდაო, გაიგე?!. ჩემგან რა გინდაო…წადი, ლუდი დალიეო…(იცინის) კაცად არ ჩამთვალა…მაგ პიჟონმა…

(პაუზა)

მაინც არ მჯეროდა… ორი კვირა შინ ჩავიკეტე და ველოდი… ადრეც წასულა, დამშვიდდება და მოვა-მეთქი…დილით მარლენი მომადგა, ლანდა სად არისო, გუშინ ვნახეო, ქალაქგარეთო…შენთვის არ მითქვამს, მაგრამ ეგენი ერთად მანამდე მინახავსო, მეგონა, შენც იცოდიო, ამიტომ არ გითხარიო, ეგ მაინც გასაგდები იყოოო… კოტემაც ეგრე მითხრა. კოტე ორი თვეა ციხიდან გამოვიდა. პატარა მაყუთი უნდა და გავასაღებო, ეგეთი ბიჭები მყავსო, ვერავინ გაიგებსო, შენ თუ შეგიძლიაო!…თვითონ მოვუვლი-მეთქი…კოტე ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ მე თვითონ მინდოდა…თვითონ…ლანდა მიხვდა, რომ მე ჯერ არ მოვმკვდარვარ. თუ გინდა, დღესვე ავიდეთო, დედას ვუტირებო. არა-მეთქი. მომენტს ვეძებ-მეთქი. ეგ რო ჩემთვის გაეკეთებინა, აქამდე ხუთჯერ გავასაღებდიო. მაგას პატარა მიწოლა უნდა და ეგრევე ჩაისვრიეო. მარლენმა-ეგ რა შუაშიაო, გაიგე?!.(თუთიყუში იმეორებს: გაიგე? გაიგე?” ის პერანგს აიღებს და ჩაიცვამს)

უნდა მოვემზადო. წვერი გასაპარსი მაქვს…ჟენიას დავუძახებ და ვეტყვი, მოვკალი მეთქი. ჟენია შეშინდება. ჟენიაც სხვანაირად შემომხედავს. ჟენია მიხვდება, რომ მე ძალიან ამაყი კაცი ვარ. ეს პერანგი ლანდამ გარეცხა. იმის შემდეგ ასე აგდია. ოთხი წელია არ ცამიცვამს.

(სახელოს ყნოსავს)

დაობებულა, მაგრამ არა უშავს. სუფთაა…ლანდამ ამ პერანგში უნდა დამინახოს. უნდა გაახსენდეს, როგორ მიყვარდა. რაში გეტყობა, რომ გიყვარვარო. შენ არავინ არ გიყვარსო, შენ არაფერი გაინტერესებსო…(ისევ ყნოსავს სახელოს)

მაინც უნდა მომეკლა…ჟენიამ კი მითხრა, აწი რა აზრი აქვსო, ქალი გყავს მოსაკლავიო. შური უნდა ვიძიო-მეთქი, შენ რა გგონია, ეგ მალე სხვას იშოვნისო. ეგეთი ქალია, უკაცოდ არ გაჩერდებაო…იმას რას ერჩიო. კაცია და აბა რა ვქნაო… დაგურეკავ და ვეტყვი, შენი ფეხსაცმელი წაიღე-მეთქი.

(ვითომ ყურმილს აიღებს)

მე არ მეშინია…ვეტყვი, შენი ცალი ფეხსაცმელი წაირე-მეთქი. იფიქრებს, დამცინისო. უკვე არ მჭირდება-მეთქი. ვეტყვი. მოვკალი და არ მწირდება-მეთქი. წასვლისას რომ მესროლე, ის ფეხსაცმელი წაიღე-მეთქი. ვეტყვი, არ გადამიგდია-მეთქი. ოთხი წელი ვინახავდი-მეთქი. ამ დღეს ველოდი-მეთქი.

(ნერვიულად იცინის. ვითომ ყურმილს დადებს. ტახტის ქვეშ შეძვრება. იქიდან ცალი ფეხსაცმელი გამოაქვს. სულს უბერავს, მტვერს აცლის)

შენგან მარტო ეს დამრჩა. სანამ ტახტის ქვეშ აგდია, მეჩვენება, რომ აქა ხარ, სარეცხს რეცხავ ან ეზოში ხარ ჩასული… მაგრამ აქა ხარ, ჩემს ირგვლივ ტრიალებ, მე რომ დასვრილი ფეხსაცმელით შემოვალ, მიყვირი: ,,მეტი აღარ შემიძლია, რა დავაშავე! მე კიდევ ვიცინი და გეუბნები: რა მოგივიდა, იყოს ან, რას აკლავ თავს…”

(ფეხსაცმელს მაგიდაზე დადებს.)

ვერც შენ იქნები ბედნიერი…მე შენ დაგტანჯავ, გაგაუბედურებ. მე შენ მიყვარხარ და ამიტომ არ შემიძლია, იყო ბედნიერი…

(უცებ გაიძრობს პერანგს)

არა, არა, არა… ამასაც შენი სუნი ასდის, არ შემიძლია…

(პერანგს ტახტზე მოისვრის)

ვეტყვი, გავგიჟდი-მეთქი, ერთად დავინახე და გავგიჟდი-მეთქი, იმის მერე ვაფრენ-მეთქი….

(მცირე პაუზა)

მე არ მოვკვდები. მე მინდა, ლანდას გვერდით ვიყო და მის ტანჯვას ვუცქირო. ციხეში არ წავალ, არა. მე იმათ თავს შევაცოდებ. მეშინია-მეთქი, ავადმყოფი ვარ-მეთქი, მარტო ვარ-მეთქი. დანას თვითონ წამოეგო-მეთქი. მაგრამ ლანდა ხომ მიხვდება. მე მეტი არაფერი მინდა.

თვითონ მოკლა-მეთქი. ასე ვეტყვი, ლანდამ მოკლა-მეთქი. ეს ლანდას განაა-მეთქი.

(სულს მოითქვამს, პერანგს აიღებს და ოფლს იწმენდს.) არ წავალ, არა…(თუთიყუში იმეორებს:,,არა,არა.)

მე იქ მეშინია. მე იქ ვერ გავძლებ. მე იქ მოვკვდები. ჩემი და ჩამოვა სოფლიდან და მარტო ის იტირებს. მარლენიც იტირებს, კოტე დათვრება და ცარიელ ბოთლს დაამსხვრევს… არ მინდა, არ მინდა… რატომ მოვკალი…

(მაგიდაზე დაემხობა)

ისინი სადაცაა მოვლენ. მე ვერსად დავიმალები. კარებს შემოამტვრევენ და მაინც მიპოვნიან.

(ცოტა ხნით გაჩუმდება, თითქოს რაღაცას აყურადებს. კარებთან მივა. ოდნავ გამოაღებს. მერე სწრაფად მიხურავს)

იფიქრებენ, შინ არ არისო, იფიქრებენ ვინმესთან დაიმალაო. მარლენს მიაკითხავენ, კოტესაც…

(პაუზა)

მეშინია…მე იქ მოვკვდები…

(ტახტს გამოსწევს და ცდილობს კარებთან მიაჩეჩოს)

არ გაუღებ. სანამ შემოამტვრევენ, არ გავურებ. მე არაფერი ვიცი-მეთქი, არ ვიცნობ-მეთქი.

(კარებზე ძლივძლივობით მიადგამს ტახტს და თვითონაც ზედ დაემხობა)

ჟენიამ მითხრა, რა აზრი აქვსო, დაგიჭერენ და ციხეში ჩაკვდებიო…რა აზრი აქვსო. შენს თავს მიხედეო.

(ხანგრძლივი პაუზა. წამოდგება, გალიასთან მივა, მიაშტერდება. მერე ჭიქა აიღებს, ისევ დადგამს)

… ყველაფერი უკვე მოხდა. მე მხოლოდ შევწყვიტე, დავამთავრე… მაგრამ ყველაფერი ხომ უკვე მოხდა. იმას ვერაფერი შეცვლის,ვერაფერი წასლის, ვერაფერი დამავიწყებს…რაც მოხდა…

(მაგიდიდან ფეხსაცმელს აიღებს, თითქოს ელაპარაკება)

შენ უკვე გეხვეოდა ის ბანჯგვლიანი ხელები, ეხვეოდა შენს ყელს, მკლავებს, მკერდს… შენ იმას უკვე გაუნაწილე სითბო, რომელიც მე მეკუთნოდა…მარტო მე! შენ უკვე იწექი იმასთან, კოცნიდი იმას.

(მცირე პაუზა)

როგორ ვიძიო შური, როგორ დაგიბრუნო ისეთი… ჩემი…ეს შეუძლებელია რაღა აზრი აქვს შურისძიებას? (სიბნელეში კედლის საათი რეკავს)

მე ვერ მიპოვნიან. ვერავინ გაიგებს, რომ მე მოვკალი. შენ დაიძინებ შენთვის, იმას თავისი ცოლ-შვილი იგლოვებს. შენ შავებსაც არ ჩაიცვამ, იმიტომ რომ შეგრცხვება. ან რატომ უნდა ჩაიცვა შავები, საყვარლის სიკვდილზე შავებს არ იცვამენ. ცოლს ვერ მოუარაო, ჩემზე იტყვიან, იმას რას ერჩოდაო…ვერ გავიგე, ვინ უნდა დაისაჯოს, ვისზე უნდა ვიძიო შური…შენ მინდა გული გატკინო, მაგრამ რატომ მინდა გული გატკინო? ნუთუ ამით დაგსჯი? ნუთუ ამით გამოვისყიდი ჩემს შეურაცყოფას? მაგრამ შენ ხომ უკვე იწექი იმასთან…მე ის მოვკალი, მაგრამ მაგრამ რა მოვიპოვე ამით? ცოტაოდენი შვება, ცოტაოდენი კმაყოფილება… მეტი არაფერი…წარსულს ვერ წაშლი, ვერ გადარეცხავ, ვერ დაივიწყებ…აი, ისინი მოვლენ, ხელს ჩამავლებენ, მაგრამ იმათაც ექნებათ რაღაც მორიდება, რაღაც პატივისცემა… და სულ ეს არის…ხელს ჩამავლებენ და წამიყვანენ, ღმერთმა იცის, სად…და მე ათი წელი იმიტომ უნდა ვიტანჯო, რომ შენ გული გეტკინოს, მარლენმა და კოტემ მორიდებითა და პატივისცემით შემომხედონ…

(ფეხსაცმელს აირებს და კედელზე მიახეთქებს) ესეც არ მჭირდება, არა…არაფერი აღარ მჭირდება…

(ფეხსაცმელი ტახტზე დავარდება. ის დაბნეული აყურებს.მერე მივა და აირება)

ზოგჯერ მეზიზღება…სიგიჟემდე… მინდა დავივიწყო, მინდა მოვიშორო…მაგრამ არა…ყოველღამე აქ შემოდიან, რაღაც სისინითა და ხარხარით, ორივე ცემს ლოგინში წვება. მე უკვე მზინავს და ვიტანჯები. ჩემს გვერდით წვანან და ერთმანეთს ეფერებიან, რაღაც სისინითა და ხარხარით…

(ხანგრძლივი პაუზა. თუთიყუშს უყვირის: ,,ილაპარაკე!…ილაპარაკე!” ,,თუთიყუში იმეორებს,,ილაპარაკე… ილაპარაკე” ხანგრძლივი პაუზა, თითქოს ჩურჩულებს)

მე ყოველი დილით გავდივარ და ვკლავ იმას, მაგრამ შუადღისას კვლავ ცოცხლდება, ხურდას მაწვდიდა მეუბნებოდა, წადი, ლუდი დალიეო…საღამოობით კი ორივე ჩემს ლოგინში მოძვრება და მაწამებს…დღესაც მოვკალი, მაგრამ ვიცი, ხვალ დილით ისევ შემეჩეხება, ისევ ამათვარიელებს, ლურჯი გაქათქათებული პერანგით, მე კი ჯიბეში დანას მოუჭერ ხელს…ის გაიცინებს და წავა..მერე ბაგრატი ლუდს დამალევინებს და მომეჩვენება, რომ მოვკალი, შური ვიძიე…მაგრამ რატომ…ვისი გულისთვის…მე ლანდა აარ მიყვარს…მძულს! მეზიზღება!…რატომ უნდა მოვკლა!…მე რას მიშველის!…

(თუთიყუშა მიუბრუნდება. საშინელი ხმით უყვირის)

ილაპარაკე, შენ მაინც რატომ გაჩუმდი, ილაპარაკე!…

(თუთიყუში იმეორებს: ,,ილაპარაკე!, ილაპარაკე.”)

ჰო…ასე….კარგია!…

ფ ა რ დ ა

***
თამაზ ბაძაღუას სხვა პიესები იხილეთ აქ.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s