ნუგზარ შატაიძე: “დაჭრილი წერო” (რადიოპიესა)


ნუგზარ შატაიძე

დაჭრილი წერო

გიორგი
თოვლის პაპა
ფიფქია
კაცის ხმა ტელეფონის აპარატიდან

ისმის ტელეფონის ზარის ხმა, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს გრძელდება. ყურმილს გვიან აიღებენ.

გიორგი: ჰო, გისმენთ!
– ალო!
გიორგი: გისმენთ, გისმენთ!
– ბატონი გიორგი ბრძანდებით?
გიორგი: რომელი ხარ?
– განმარჯობათ, ბატონი გიორგი!
გიორგი: რომელი ხარ – მეთქი?
– ბატონი გიორგი, ჩვენ შპს „ფიფქიადან“ დაწუხებთ…
გიორგი: რაო?
– შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოო „ფიფქიადან“!
გიორგი: მერე?
– თქვენთან ჩვენი ორი წარმომადგენელი მოვა, ხომ შინ დახვდებით?
გიორგი: (ყვირილით): კაცო, რა გინდათ ჩემგან, რა! ავეჯი წაიღეთ? – წაიღეთ. როიალი? – როიალიც. ტელევიზორი და მაცივარიც ხო წაიღეთ, არა? მეტი რაღა გინდათ, შვილო, გამანებეთ, რა, თავი…
– ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი!
გიორგი: კაცო, რა გინდათ ჩემგან… გითხარით, ბინას არ გავყიდი, ბინა ჩემ სახელზეა გაფორმებული!
– არაფერი ბატონი გიორგი, ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოება ვართ, მარტოხელა მოხუც პენსიონერებს ვეხმარებით…
გიორგი: მოიცა… ნიკუშა ხარ?
– არა.
გიორგი: ააა, გიო ხარ არა, შე მამაძაღლო!
– არა, შპს „ფიფქიადან“ გაწუხებთ…
გიორგი: სხვაგან მოხვდით, სხვაგან!
– უკაცრავად, ხომ ბატონი გიორგი ბრძანდებით?
გიორგი: ჰო. მერე?
– ესე იგი, დღეს შინიდან გასვლას არ აპირებთ…
გიორგი: არა, არა!
– მეც სწორედ მაგიტომ გირეკავთ, ჩვენები რომ მოვლენ, ხომ შინ დახვდებით?
გიორგი: ვინ თქვენები, კაცო, მე რა შუაში ვარ… წადით, ის ეძებეთ, ვისაც ფულები ჩაუთვალეთ!
– არა, ბატონო გიორგი, ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოება ვართ… მოვალთ, ახალ წელს მოგილოცავთ, საახალწლო საჩუქრებს მოგართმევთ…
გიორგი: რა გინდათ, შვილო, ჩემგან, ჩემი გაჭირვება არ მეყოფა? გამანებეთ, რა, თავი…
– აბა, ჯერჯერობით, ბატონო გიორგი… წინასწარ გილოცავთ ახალ წელს!
გიორგი: წადი, შენი!

ისმის წყვეტილი ზუმერის ხმა.

გიორგი: ვა, არ გააჭირეს საქმე?! – „ახალ წელს გილოცავ“, სულ ჩემი დარდი არა გაქვს? მოვლენ, იხედებიან აქეთ-იქით… რა გინდათ, რას მაგულებთ, ეს ოთხი კედელიღა დარჩა და აჰა, შეჭამეთ ბარემ ესეც!.. ოხ, ნიკუშ,ნიკუშ… (პაუზის შემდეგ) აი, რაღაცას ვეძებდი და დამავიწყდა… ამათ მე სულელი ვგონივარ, ხო იცი! გუშინ რომ კარი არ გავუღე, ეხლა ეს მოიგონეს – „შპს ვარ!“ შპს არა, ისა! სულელი მე ვარ თუ თქვენა?.. მგელ რო ცხვარი მიაბარო, რას იზამს? მუქთა ცხოვრება მოუნდათ… ჰო, როგორ არა, აგერ შენი პროცენტები… წადი, ეძებე! მე რას მერჩი, ძმაო, მე ჩამაბარე?! მთელი ცხოვრება ამ სახლის მოწყობას შევალიე… ის საწყალიც, აცხონოს ღმერთმა, აღარ გაძღა – ის გვინდა, ეს გვინდა… აჰა, სად არი ეხლა? ფა-ფუ, აღარ არი!.. ოხ, ნიკუშ, ნიკუშ (პაუზის შემდეგ) ისე, ახი არ იქნება, რო ავდგე და ეს სახლი მართლა გავყიდო? (იცინის) ახალი წელი მოვა, ვიყიდი კაი ინდაურს, გოჭს, ხიზილალას… ნეტა რა ღირს ეხლა ხიზილალა?.. ეჰ, გიოს რა ვუყო, გიოს, თორემ ნიკუშაზე ყველაფერი ახია! როდემდე იქნება ეს ცხოვრება არეული, ხო დაწყნარდება, არა? ბოლო-ბოლო ხო ჩამოვა, მერე? სანამ გიო ქალაქში იყო, იმისი შიშით ვინ მოვიდოდა, ეხლა იციან, რო აქ არა არი და – „შპს ვარ!“ – შპს-ს გაჩვენებდათ თქვენა!.. არა, კარგია, რო წავიდა, თორემ, აგერ, ბაჩო დაიჭირეს, ჩხირო დაიჭირეს… გიოსაც დაიჭერდნენ… ეჰ, თავში აუვარდათ: – მე რო იქ ვიბრძოდი და შენ რო აქ მაყუთს აკეთებდი, მაიტა ახლა ის მაყუთიო! იფ, რა კარგია!.. ჰო, მოგართმევენ, სულ კაპიკ-კაპიკ ჩაგითვლიან… სახლშიც წამოგყვებიან, არ გინდა?… კარგია, დენი გვაქვს, ცოტა გათბა აქაურობა… (პაუზის შემდეგ) ჰო, ნაბო ხო მოკლეს… საწყალი… საწყალი ნაბო…
ისმის ზარის ხმაც და მერე კაკუნუც.

გიორგი:რომელი ხარ!
თოვლის პაპა: ბატონო გიორგი, შინ ბრძანდებით?
გიორგი: რომელი ხარ-მეთქი!
თოვლის პაპა: გაგვიღეთ და ნახავთ…
გიორგი: კაცო, ნიკუშა ხარ?
თოვლის პაპა: არა, არა1
გიორგი: აბა, გიო ხარ?
თოვლის პაპა: არა, ბატონო გიორგი, თქვენ არ გვიცნობთ…
გიორგი: კაცო, თუ არ გიცნობ, რა გინდა ჩემგან, რა!
თოვლის პაპა: ბატონი გიორგი, ჩვენ შპს „ფიფქიადან“ ვართ, საახლწლო ძღვენი მოგართვით… თან ცოტა გაგრთობთ, ვიმღერებთ, ვიცეკვებთ…
გიორგი: ძღვენი? რა ძღვენი…
თოვლის პაპა: ჩვენ საქველმოქმედო საზოგადოებიდან ვართ…
გიორგი: რომელი, წეღან რო დარეკეს?
თოვლის პაპა: დიახ, დიახ!

ისმის საკეტის ჩხაკუნი და კარის გაღების ხმა.

ფიფქია: გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მრავალს დაესწარით!
თოვლის პაპა: გილოცავთ, გილოცავთ!
გიორგი: (იცინის): ვა, ეგ რეები ჩაგიცვამთ, კაცო… შენ ვითომ თოვლის პაპა ხარ, არა? შენ კიდევ – ფიფქია… თქვენ რას გეტყვით! ეგ გიტარა?!. მართლა უნდა იმღეროთ?
ფიფქია: აბა, რა! აი, ძღვენიც მოგართვით… (თოვლის პაპას) შემოიტანე, შეიძლება, ამ მაგიდაზე ამოვალაგოთ?
გიორგი: (დაბნეული): რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა…
ფიფქია: ეს ცივად მოხარშული ინდაური, ეს – გოჭი. ესეც ღვინო და ტკბილეული…
თოვლის პაპა: ჭიქები ხომ გაქვთ?
გიორგი: რა თქმა უნდა, რათქმა უნდა…

ისმის ჭურჭლის წკრიალი, სიცილი…

თოვლის პაპა (ჭიქებს შეავსებს): – დავილოცოთ და მერე საახალწლო კონცერტი გავმართოთ!..
გიორგი: დაბრძანდით, დაბრძანდით…
ფიფქია: (თოვლის პაპას): – შენ ახლა უნდა დალიო?!
თოვლის პაპა: არა, ბიჭო! ბატონი გიორგი… გიორგი, არა?
გიორგი: დიახ, დიახ!
თოვლის პაპა: გაგიმარჯოთ, დიდხანს იცოცხლეთ!
გიორგი: გმადლობთ, გენაცვალე, გმადლობთ… დაბრძანდით, ქალბატონო, ფეხზე რატო დგეხართ… მეც დავჯდები… მაგაზე არა, მორყეულია, აი, ამ სკამზე დაბრძამდით… კიდევ ყოფილა ქვეყანაზე ღვთისნიერი ხალხი… ეს რაღამ მოგაფიქრათ, თქვე დალოცვილებო…
ფიფქია: დღეს, თქვენს გარდა კიდევ ხუთ მარტოხელასთან უნდა მივიდეთ…
გიორგი: ღმერთი გადაგიხდით მაგ სიკეთისთვის, ღმერთი…
თოვლის პაპა (ფიფქიას): შენ რატომ არ სვამ?
ფიფქია: მე არ მინდა!
თოვლის პაპა: როგორ, ბატონი გიორგის სადღეგრძელოს არ დალევ?!
გიორგი: ნუ დააძალებთ, არ არის აუცილებელი…
ფიფქია: გაგომარჯოთ, ბატონი გიორგი…
გიორგი: დიდი მადლობა…
თოვლის პაპა (მხიარულად): ბოლომდე, ბოლომდე, აი, ეგრე, ყოჩაღ! ბატონი გიორგი, თქვეენ? თქვენ არ დალევთ?
გიორგი: მე ცოტა წნევის მეშინია… მაგრამ დავლევ, რატომაც არა!… გაგიმარჯოთ, ჩემო კარგებო… აღარც კი მეგონა, ასეთი ხალხი კიდევ თუ არსებობდა… იციცხლეთ, იდღეგრძელეთ…
თოვლის პაპა: ერთიც შევავსოდ!
ფიფქია: კარგი, რა, გეყოფა, იქაც ხო დალიე…
თოვლის პაპა: მორჩი, ეხლა!..
ფიფქია: შე უკვე მთვრალი ხარ…
თოვლის პაპა: ძალიანაც კარგი… ბატონო გიორგი, ამ ჭიქით ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
გიორგი: გაგომარჯოთ, კარგად იყავით… (სვამს).
თოვლის პაპა: – ბოლომდე, ბოლომდე!
ფიფქია: არ ვიმღეროთ?
თოვლის პაპა: ვიმღეროთ. მომეცი ეგ გიტარა!

ისმის გიტარის აწყობის ხმა.
გიორგი: შეიძლება, ეს გოჭი დავჭრა?
ფიფქია: რა თქმა უნდა!
გიორგი: სულ ცოტას მოვაჭრი…
თოვლის პაპა (მღერის):

მონადირისგან დაჭრილო წერო,
სხვის ბაღ-ბოსტანში სულს რომ ღაფავდი,
მე რა ვიცოდი, შენ თუ წერო ხარ,
მონადირისგან დაჭრილო წერო…

გიორგი: ჩემს გიოს უყვარდა ეს სიმღერა…
თოვლის პაპა: ვინ გიოს?
გიორგი: ჩემს შვილიშვილს.
თოვლის პაპა: ეხლა სად არის?
გიორგი: ვინა?
თოვლის პაპა: თქვენი შვილიშვილი.
გიორგი: გიო?
თოვლის პაპა: ჰო.
გიორგი (უკმეხად): მე რა ვიცი, სად არის!
თოვლის პაპა: როგორ, საკუთარი შვილიშვილი არ იცით, სად არის?!
გიორგი: მოიცა, მოიცა, თქვენ იქიდან ხო არა ხართ, ა?
თოვლის პაპა: სად იქიდან…
გიორგი: იქიდან, უშიშროებიდან.
ფიფქია: ჩვენ, ბატონო გიორგი, შპს „ფიფქიადა“ გახლავართ, მარტოხელა მოხუც პენსიონერებს ვახმარებით…
გიორგი: აბა, რა დაკითხვებს მიწყობთ აქა!
თოვლის პაპა (საიდუმლო ხმით): – პაბეგშია?
გიორგი (გაბრაზებული): ჰო, პაბეგშია, მერე?
თოვლის პაპა: არაფერი.
ფიფქია: და რა დააშავა?
გიორგი: ვინა?
ფიფქია: გიომ.
გიორგი: არაფერი, რა უნდა დაეშავებინა!
თოვლის პაპა: კარგი, ჰო, გასაგებია…
გიორგი: რა არი გასაგები, რა! თქვენ, მგონი, მართლა იქიდანა ხართ, აი! აბა, აიღეთ ეხლა ეს თქვენი ინდაირი და დაახვიეთ აქედან!
ფიფქია: ბატონო გიორგი, ბატონო გიორგი, როგორ გეკადრებათ, ხომ გითხარით, ჩვენ შპს „ფიფქიადან“ ვართ… „იქიდან“ რომ ვიყოთ, თქვენ კი არ გკითხავდით, ისედაც კარგად გვეცოდინებოდა ყველაფერი…
გიორგი: ჰო, რა ვიცი…
თოვლის პაპა: კარგი, კარგი…
გიორგი: რა ვქნა, ჩემი შვილისა და შვილიშვილის გადმკიდე სულ კაგებე და მილიცია მაგონდება…
ფიფქია: შვილიც გყავთ?
გიორგი: ჰო, ნიკუშა, გიოს მამა…
თოვლის პაპა: ისიც?
გიორგი: რა ისიც?
თოვლის პაპა: ისიც პაბეგშია?
გიორგი: ჰო…
თოვლის პაპა: რათა?
გიორგი (პაუზის შემდეგ): ხალხს დოლარებს ართმევდა, მერე გაიქცა…
თოვლის პაპა: ახი ყოფილა.
გიორგი: ვისზე?!
თოვლის პაპა: იმ ხალხზე.
გიორგი: ეხლა მოდიან, არ მასვენებენ… გუშინაც იყვნენ, მაგრამ კარი არ გავუღე… რეკავ და რეკავს ზარი…
ფიფქია: ხომ გეზმარებიან?
გიორგი: ვინა?
ფიფქია: გიო და ნიკუშა.
გიორგი: თავისთვის რა აქვთ, რო მე დამეზმარონ… ვინ იცის, მშივრები არიან…
ფიფქია: აბა, როგორ ცხოვრობთ?
გიორგი: რა ვიცი… ვცხოვრობ… წინათ ბიჭები მეხმარებოდნენ, გიოს ძმაკაცები… ეხლა, აბა… არა, სამათხოვროდ როგორ გავალ!… გიო რომ ჩამოვიდეს და ქუჩაში მნახოს, გაგიჟდება – ძალიან თავმოყვარე ბიჭია.
თოვლის პაპა(ბოღმიანად): კარგი, რა, თითოც დავლიოთ, გაშრა ყელი!

ჭიქებს შეავსებენ.

ფიფქია: გიოს და ნიკუშას გაუმარჯოს!
გიორგი: იცოცხლე, გენაცვალე… ვინ იცის სად არიან ეხლა… ამბობენ, გიო ამერიკაშიაო… რა ვიცი…
ფიფქია: ჩამოვლენ, ბატონო გიორგი, აუცილებლად ჩამოვლენ!
გიორგი: შენს პირს შაქარი…

თოვლის პაპა გიტარაზე რამდენიმე აკორდ იღებს…

გიორგი: წეროსი იმღერე… გიოს უყვარდა ეგ სიმღერა… მღეროდა, გიტარაზეც უკრავდა… ეჰ…
თოვლის პაპა: გიოს გაუმარჯოს… (სვამს).
გიორგი: რა გინდა, ბიჭო-მეთქი… შინ დაეტიე, სად მიდიხარ, რო მიდიხარ, რუსს შენ მოერევი-მეთქი?… არაო… წავიდა და წავიდა…
თოვლის პაპა: წასვლით კი წავედით, მაგრამ მერე?…
ფიფქია: კარგი, არ გინდა!
გიორგი: ერთ დილით ეაროპორტში წამიყვანეს – ბიჭები ჩამოასვენეს, იქნებ გიო ამოიცნოო… წავყევი, რას ვიზამდი… დღესაც არ გამომდის თვალებიდან ცელოფანში გახვეული დამწვარი, დასახიჩრებული გვამები… ერთი ცხედარი მაჩვენეს… სახე არ ეტყობოდა… ვიღაც ბიჭი ჩამაცივდა – ქამარს შეხედეო, ეგეთი ქამარი ხო ჰქონდა გიოსო!.. ქამარი მართლაც მეცნო, მაგრამ ისეთი ქამარი მარტო გიოს ხომ არ ექნებოდა?!
თოვლის პაპა (ჭიქებს ავსებს): კარგი თითოც დავთიოთ…
ფიფქია (გაწიწმატდა): გეყოფა, გაიგე?
თოვლის პაპა (ყვირილით): რა მეყოფა, შე ჩემა, რა მეყოფა!
ფიფქია: შენთვის გეუბნები… ხომ იცი, რომ დათვრები.
თოვლის პაპა: აბა, ფხიზელმა ვუყურო ამ ცხოვრებას? ბატონო გიორგი, განსხვავებული სასმისი არაფერი გაქვთ?
გიორგი: მქონდა, როგორ არა, კარგი ყანწები მქონდა, მაგრამ…
თოვლის პაპა: არა უშავს, წყვილი ჭიქით დავლიოთ!
ფიფქია: არ გინდა, გეხვეწები…
თოვლის პაპა: ჩვენ გაგვიმარჯოს… (სვავს).
გიორგი: – მაშინ არ მიმწონდა, რა სისულელეს მღერის-მეთქი… ეხლა ძალიან მომწონს… შენც კარგად მღერიხარ…
თოვლის პაპა: ალავერდი ბატონ გიორგისთათ!
გიორგი: მეც დავლიო?.. (იცინის) დავთვრები, კაცო… კარგი, ჩვენ გაგვიმარჯოს!
თოვლის პაპა: მეორეც, მეორე ჭიქაც!
ფიფქია: კარგი, დაწყნარდი!

თოვლის პაპა გიტარის სიმებს ხელს ჩამოუსვამს…

გიორგი: წეროსი იმღერე!
თოვლის პაპა: იყის წეროსი… (მღერის):

მონადირისგან დაჭრილო წერო,
სხვის ბაღ-ბოსტანში სულს რომ ღაფავდი,
მე რა ვიცოდი, შენ თუ წერო ხარ,
მონადირისგან დაჭრილო წერო…

გიორგი (სიმთვრალისაგან ენა ებმევა): მიცა, მოიცა… შენ მართლა თოვლის პაპა ხარ თუ… ჰა?
თოვლის პაპა: თოვლის პაპა ვარ, მა ვინა ვარ!
გიორგი: ეგა?
თოვლის პაპა: ეს ფიფქიაა, ვერა ხედავ?
გიორგი: შენ რა, მაგასთან ცხოვრობ?
თოვლის პაპა: ჰო, ტყეში… ზამთრის ცივ ტყეში…
გიორგი (საიდუმლო ხმით): ბიჭო, ყური მიგდე, გაიგე შენა? – წუ დაიჭირეს, ბაჩო დაიჭირეს, ჩხიროც დაიჭირეს… ნაბო მოკლეს, შვილო, გაიგე? – მოკლეს!
თოვლის პაპა: ვინ ნაბო, ვინ ჩხირო… ვინ არიან…
გიორგი: წეროები, ბიჭო, წეროები!
თოვლის პაპა: წეროები?!
გიორგი: ჰო, წეროები, დაჭრილი წეროები…
თოვლის პაპა (სინანულით): დათვრა…
გიორგი: არა, არ დავმთვრალვარ… ცოტა დავბერდი… დავბერდი, ბიჭო, გაიგე?… ძალიან დავბერდი… ესენი კიდევ მოდიან… ყოველდღე მაკითხავენ… რეკავენ და რეკავენ ამ ზარს… გამიმწარეს, ბიჭო, სიბერე… როგორია, იჯექი და უსმინე იმათი ზარის რეკვას… რა უნდათ, შვილო, რა უნდათ ჩემგან?!… ზამთრის ცივ ტყეშიო, არა?! რა ვქნათ, შვილო, ცოტა ხანს გავუძლოთ… გავუძლოთ, თორემ აგე, წუ დაიჭირეს, ბაჩო დაიჭირეს, ჩხიროც დაიჭირეს… ნაბი მოკლეს, ბიჭო, მოკლეს, გაიგე?… ოჰ, შენ რას გეტყვი… არ ამატირე ამ ხნის კაცი?…
ფიფქია (ნიშნის მოგებით): აი, ხომ გეუბნებოდი!
თოვლის პაპა: რას მეუბნებოდი, შე ახვარო, რას მეუბნებოდი!
ფიფქია: წესიერად მელაპარაკე!..
თოვლის პაპა: წესიერად, არა!..
ფიფქია: ვითომ კარგი სამე გააკეთე, არა? ამას მაიც რატომ ასმევდი?
თოვლის პაპა: ხოში იყო და იმიტომ, ეხლა?
ფიფქია: კარგი, კარგი…
თოვლის პაპა: – ხოდა მოკეტე!
გიორგი: არ იჩხუბოთ, არ იჩხუბოთ…
ფიფქია: მაიცდამაინც მთვრალი უნდა შეხვდეს ახალ წელს…
თოვლის პაპა (დამცინავად): რა ახალი წელი, ვის უნდა შენი ახალი წელი…
დამთავრდა ყველაფერი – ახალი წელიც და ყველაფერი… დამთავრდა…
გიორგი (თავისთვის): მუქთი კუბო მოუნდათ… პროცენტები… სად არ თქვენი პროცენტები… ვეუბნები, ბინას არ გავყიდი, ბინა ჩემ სახელზეა გაფორმებული-მეთქი… ერთი ჩემი გიო იყოს აქა, მაგათ აჩვენებდა ზარის რეკვას!
თოვლის პაპა: ქამარი მართლა გეცნო?
გიორგი (პაუზის შემდე): – მერე რა, ქამარს რა ჭკუა აქვს…
თოვლის პაპა: იქ ერთი ბიჭი ნაღმზე აგვიფეთქდა და ნაკოლკით ვიცანით…
გიორგი: ნაკოლკით?..
თოვლის პაპა: ჰო.
გიორგი: ნაკოლკა სხვაა… ნაკოლკა-ნაკოლკა…
თოვლის პაპა: ჰო, ნაკოლკა სხვაა…
გიორგი: გიო ამერიკაშია… გიო ამერიკაშია!
თოვლის პაპა: გავიგე. ამერიკაშია.
გიოგი: ქამარს რა ჭკუა აქვს… იცი რამდენია ასეთი ქამარი?
თოვლის პაპა: ჰო, ბევრი…
გიორგი: იქნებ შენც ისეთი ქმარი გიკეთია, მე რა ვიცი…
თოვლის პაპა: შეიძლება… შეიძლება მეც ისეთი ქამარი მიკეთია… (პაუზის შემდეგ) თავი ვერ ვიპოვნეთ…
გიორგი: ნაკოლკა სხვაა… ნაკოლკით ვისაც გინდა იმას იცნობ!
თოვლის პაპა: ყველაფერი ვიპოვნეთ – ტანი, ხელები, ფეხები… თავი ვერა… თავი ვერ ვიპოვნეთ…
ფიფქია (ალერსიანად): კარგი, დაწყნარდი…
თოვლის პაპა: ბევრი ვეძებეთ… ბუჩქებშიც ვეძებდით, ხევშიც, მაგრამ ვერ ვიპოვნეთ…

უეცრად, საშინელი, ჯოჯოხეთური სროლა ატყდება: ისვრიან პისტოლეტებიდან, ავტომატური იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდანაც კი ისვრიან…

თოვლის პაპა (შეძრწუნებული): ვაიმე!… (სკამს გადააბრუნებს, გიტარას ფეხს წმოსდებს) დაიწყო… ისევ დაიწყო…
გიორგი: არა, არაფერია ბიჭო, ნუ გეშინია… ახალი წელია… ახალი წელი მოვიდა, ისვრიან…
თოვლის პაპა: არა, რა ახალი წელი…
გიორგი: დამშვიდდი, ნუ გეშინია… მოდი ჩემთან, მოდი, ჩაგიხუტო… ია, ესე… ეხლა დამშვიდდი… ახალი წელი მოვიდა, გესმის? ახალი წელი!

სროლა თანდათანობით ჩაცხრება. ახლა „მრავალჟამიერი“ ისმის შორიდან.

თოვლის პაპა (გამოერკვევა): ახალი წელი?!
გიორგი (დაყვავებით): რა გქვია, ბიჭო, შენა… მითხარი, რა გქვია!
თოვლის პაპა: არაფერი…
გიორგი: როგორ თუ ააფერი… მითხარი რა გქვია…
თოვლის პაპა: წერო დამიძახე… დაჭრილი წერო დამიძახე…
ფიფქია (ტირის): ვაიმე, დედიკო…
გიორგი: ნუ ტირი, გოგო, ნუ ტირი… მოდი, შენც ჩაგიხუტო… მოდი… არ იტირო… კარგი ეხლა, კარგი… დაწყნარდით… აი, ახალი წელი მოვიდა… ცოტაც გავუძლოთ… სულ ციტაც გავუძლოთ… როდემდე იქნება ცხოვრება ესე არეული… ბოლო-ბოლო ხო დაწყნარდება… გავუძლოთ… ახალი წელი მოვიდა… ხო მოვიდა არა?… ჰო და გავუძლოთ… უნდა გავუძლოთ… ცოტაც, ცოტაც უნდა გავუძლოთ.

უკვე ძალიან კარგად ისმის „მრავალჟამიერი“.

(დასასრული)

🙂

გადმოტანილია აქედან.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s