სემუელ ბეკეტი: “თამაში” და “ნაცარი”


სემუელ ბეკეტი

სემუელ ბეკეტი

თამაში

მოქმედი პირები: I ქალი, II ქალი, კაცი.

ცენტრში, რამპასთან, ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით იარდის (91 სმ) სიმაღლის სამი ერთნაირი ნაცრისფერი ურნა დგას[1]. თითოეულიდან თავია ამოყოფილი, კისერი კი ურნის ყელში მჭიდროდაა მოთავსებული. მაყურებელთა დარბაზიდან ცქერისას მარცხნიდან მარჯვნივ II ქალს, კაცსა და I ქალს ვხედავთ. ისინი პიესის მსვლელობისას მხოლოდ წინ იყურებიან, თავებს არ ატრიალებენ. მათ სახეებზე გამომეტყველება და ასაკის ნიშნები იმდენად წაშლილია, რომ თავები ურნების ნაწილებს მიუგავთ. თუმცა ნიღბების გამოყენება დაუშვებელია.
ლაპარაკს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა პროჟექტორის შუქი სახეზე ხვდებათ[2].
შუქი სახიდან სახეზე სწრაფად გადადის. დაბნელება, ანუ პროლოგის სრულ სიბნელეში დაბრუნება, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა, არ ხდება. შუქზე რეაქცია იმავე წამს არ წარმოიქმნება – ყოველი რეპლიკის წინ წამიერი პაუზა უნდა იქნას დაცული, თუკი უფრო ხანგრძლივი პაუზა სპეციალურად არ არის აღნიშნული.
სახეები უმეტყველოა, ხმები – მონოტონური, გარდა ადგილებისა, სადაც გამოთქმა სპეციალურად არის მითითებული.
საუბრის ტემპი თავიდან ბოლომდე აჩქარებულია.

ფარდა ზემოთ ადის. სცენა თითქმის სრულ სიბნელეშია, თუმცა ურნების გარჩევა მაინც შეიძლება. 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი.
ლაპარაკობენ ერთდროულად. ხმები – ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.

I ქალი
უცნაურია, დიახ, წყვდიადი უკეთესია, რაც უფრო ბნელა, მით უარესია, სიჩუმე და უკუნეთი, განსაზღვრულ დრომდე კარგია, მაგრამ ეს განსაზღვრული დრო უკვე დგება, აი ისიც, თვითონ გაიგებ, წადი აქედან, ნუ მაწუხებ, მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ წყვდიადი, ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი აღმოიფხვრა…

II ქალი
იქნებ, დიახ, ჩრდილი წავიდა, მგონი, იტყვიან ასე, საწყალი ქალი, ჩრდილი წავიდა, უბრალოდ ჩრდილი, თავში… (იცინის.) ჰა-ჰა-ჰა, უბრალოდ ჩრდილი, ეჭვი მეპარება, ეჭვი მეპარება, ბოლომდე არა, როგორც შემიძლია, რაც შემიძლია…

კაცი
დიახ, სულში სიმშვიდეა, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა, მაგრამ დადგება… (ასლოკინებს.) პარდონ, აზრი არა აქვს, მე კი ვიცი, მიუხედავად ამისა სულში სიმშვიდეა, უბრალოდ კი არ გაიარა ყველაფერმა, თითქოს არც კი ყოფილა…

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. ძლიერი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ნორმალური სიძლიერით.

I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვთხოვე, მიატოვე-მეთქი…
II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . . . . ერთ დილას, როცა ფანჯარასთან…
კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ერთად სულაც არ…

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე პირველ ქალზე.

I ქალი
ვთხოვე, მიატოვე-მეთქი. დავაფიცე…

II ქალი
ერთ დილას, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და ვკერავდი, მისი ცოლი შემომივარდა. ჩემ ქმარს თავი დაანებეო, გაკიოდა. ფოტოებზე აშკარად უკეთესად გამოიყურება. მაშინ ვნახე პირველად, სინამდვილეში რაც არის. გასაგებია, რომ მისმა ქმარმა მე მარჩია.

კაცი
ჩვენ ერთად დიდხანს სულაც არ ვყოფილვართ, მან კი ყველაფერი იყნოსა. მიატოვე ეგ ბოზი, მითხრა, ან ყელს გამოვიჭრიო… (ასლოკინებს.) პარდონ, ღმერთი მიშველის. ვიცოდი, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს.

II ქალი
რაზე მელაპარაკებით, ვეკითხები, თან კერვას ვაგრძელებ. თავი დავანებო – ვის? სუნით ვხვდები, რომ ჩემი ქმარი ბოზთან დადისო, მიკივლა.

I ქალი
მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ქმარს კარგი მეთვალყურე მივუჩინე, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჩნდებოდა. იმის უარყოფაც არ შეიძლებოდა, რომ საწოლში ის ისეთივე… გულმოდგინე იყო, როგორიც ადრე. ამ მიზეზის გამო და იმიტომაც, რომ ვიცოდი, როგორ ვერ იტანს სუფთა პლატონიზმს, ხანდახან ვფიქრობდი, ტყუილად ხომ არ ვადანაშაულებ-მეთქი. დიახ.

კაცი
რა გაქვს საწუწუნო, ვკითხე. მე რა, შენ უგულებელგყოფ? როგორ შევძლებდით ერთად ყოფნას მე და შენ, როგორც ახლა, კიდევ ვიღაც რომ მყავდეს-მეთქი? მართლა ძალიან მიყვარდა და ცხადია, მებრალებოდა.

II ქალი
შემეშინდა, რომ ძალას იხმარდა და მეზობელს დავუძახე, რომელსაც შეუძლია დამემოწმოს, თუ ჯერ კიდევ დასეირნობს დედამიწის ზურგზე, როგორ დამემუქრა ალქაჯი წასვლისას, რომ ყოფას მიტირებს. არ დავმალავ, მე მაშინ ამან ძალიან შემაშფოთა.

კაცი
არ დამიჯერა. ეს მოსალოდნელიც იყო. მე მას სუნით ვგრძნობო, იმეორებდა. ძნელი იყო ასეთ რამეს შეპასუხებოდი. ამიტომ მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. უფრო მეტიც, ამაში საკუთარი თავიც დავარწმუნე. მას არ მოვუცილებივარ.

I ქალი
თავად განსაჯეთ, როგორ გავოცდი, როცა ერთ დილას ჩემი ქმარი საპირფარეშოში შემომეჭრა, მუხლებზე დაეშვა, სახე ჩემ კალთაში ჩარგო და… ყველაფერი აღიარა.

კაცი
ვიღაც იდიოტს ჩემი თვალთვალი დაავალა, მაგრამ მე ამ ვაჟბატონს ვუთხარი – ზედმეტი გასამრჯელო არ გაწყენს-მეთქი.

II ქალი
რატომ არ მიდიხარ სახლიდან, ვეკითხებოდი, როცა ის თავის აუტანელ ოჯახურ ცხოვრებაზე იწყებდა წუწუნს. შენ და შენ ცოლს შორის ხომ აღარაფერია? თუ არის?

I ქალი
ვაღიარებ, პირველი ჩემი გრძნობა განცვიფრება იყო. აი მამაკაცი!

სინათლე მამაკაცზე. ის პირს გააღებს, რომ რაღაც თქვას, მაგრამ სინათლე მე-2 ქალზე გადადის.

II ქალი
გულახდილად თქვი, ვინ გგონივარ – მექანიკური ხელსაწყო? მკითხა. აბა რატომ არ მიდიხარ-მეთქი? ხანდახან ვფიქრობდი, რომ ცოლთან ფულის გამოა.

კაცი
მერე მათ შორის სცენა მოხდა. არ შემიძლია, ვიღაც შემომივარდეს და დამემუქროსო, მითხრა. შემატყო, დიდი ყურადღებით არ ვუსმენდი. თუ ჩემი არ გჯერა, მეზობელს ჰკითხეო. ჩემი ცოლი იმუქრება, რომ თავს მოიკლავს-მეთქი. შენ არ მოგკლავსო? მკითხა. არა, მე არა-მეთქი. ამაზე ბევრი ვიცინეთ.

I ქალი
მერე მაინც ვაპატიე. სადამდე არ დაგამცირებს სიყვარული! შევთავაზე, რომ ჩვენი შერიგება სადმე მთაში ან ზღვაზე აღგვენიშნა. გაფითრებული იყო. ლოყებჩაცვივნული. სწორედ ახლა არის ეს შეუძლებელიო. საქმეების გამო.

II ქალი
მისი ცოლი ისევ მოვიდა. გზად შემოიარა. სულ თაფლად იღვრებოდა. საწყალი. მე ფანჯარასთან ვიჯექი და მანიკიურს ვიკეთებდი. მან ყველაფერი მიამბოო, გამომიცხადა. ვინ “მან,” – ვუპასუხე, თან ქლიბი ხელიდან არ გამიშვია, – და რა არის ეს “ყველაფერი?” მე მესმის, რა მტკივნეულია ეს თქვენთვისო. უბრალოდ შემოვიარე, რომ მეცნობებინა – გულში არაფერი ჩამიდიაო. მე მეზობელს დავუძახე.

კაცი
მერე შემეშინდა და ყველაფერი ვუამბე. სახეზე ფერი აღარ ედო. მოღალატეებო, მხედველობაში მიიღეთ, არ შეიძლება ადიულტერში გამოტყდომა.

I ქალი
როცა დავწყნარდი, და მეგონა ყველაფერი დასრულდა, ვიფიქრე ნიშნს მოვუგებდი. ჩვეულებრივი ბოზი. რა ნახა მასში, როცა მე ვყავდი…

II ქალი
როცა ჩემი კაცი ისევ მოვიდა, ყველაფერს შუქი მოვფინეთ. მე მკვდარივით ვიყავი. ის სულ მიხსნიდა, რატომ იყო საჭირო ცოლს გამოსტყდომოდა. მეტისმეტად სახიფათოაო და სხვა მისთანები. ეს იმას ნიშნავდა, რომ კვლავ ცოლთანაა. მასთან დაბრუნდა!

I ქალი
სქელი, მრგვალი სახე, ფერიმჭამელები, გადმობრუნებული ტუჩები, კისერი არა აქვს, მკერდი, როგორც…

II ქალი
ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ისმოდა, როგორ გააქვთ ნაგავი. მე ის გავაჩერე და ვუთხარი, როგორიც არ უნდა იყოს-მეთქი ჩემი გრძნობები, არც იმის სურვილი მაქვს, სულელურ მუქარებს მივმართო და არც იმისა, რომ შენი ცოლის ნასუფრალით ვიკვებო-მეთქი. ჩაფიქრდა.

I ქალი
ფეხები, როგორც… გალიფე.

კაცი
როცა მე ის კვლავ ვნახე, საშინლად… (ასლოკინებს.) გამოიყურებოდა. პარდონ. მენაგვეებს ნაგავი გაჰქონდათ. ხმაური, სუნი. მთავარი იყო დამერწმუნებინა, რომ არავითარი… განახლება ინტიმურობისა არ მოხდებოდა. არაფრის თავი აღარ მქონდა. ეს მოსალოდნელი იყო. მაშინ მე მას მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. მგონი, მართლა არ შემეძლო.

II ქალი
ერთადერთი გამოსავალი გამგზავრება იყო. შემპირდა, რომ ასეც მოვიქცევით, მაგრამ არა იმაზე ადრე, ვიდრე ის თავის საქმეებს მოაგვარებს. მანამდე კი ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. შეძლებისდაგვარად.

I ქალი
ამრიგად, ის კვლავ ჩემი იყო. მთლიანად. მე ბედნიერი ვიყავი. დავდიოდი და ვმღეროდი. სიმშვიდე…

კაცი
შინ – სიამტკბილობა, ახალი ფურცელი. როგორც ამბობენ, ვინც ძველი ახსენოსო… იმასთან შევიარე… შენს ბოზთან, მითხრა ერთხელ ღამით საწოლში. კარგია, რომ თავი დაანებეო. საკმაოდ უაზრო საქციელია, გავიფიქრე. აბა რა, ძვირფასო-მეთქი, აბა რა. მაგარი პარაზიტები არიან ეს ქალები. გმადლობ, ანგელოზო-მეთქი.

I ქალი
მერე მე კვლავ ვიგრძენი იმ ქალის არსებობა. დიახ.

II ქალი
როცა ჩემმა საყვარელმა ჩემთან სიარული შეწყვიტა, მე ამისათვის მზად ვიყავი. მეტად თუ ნაკლებად.

კაცი
ბოლოს უკვე აუტანელი გახდა. უბრალოდ, აღარ შემეძლო მეტი…

I ქალი
სანამ რამის გაკეთებას მოვასწრებდი, ჩემი ქმარი გაქრა. ესე იგი იმან გაიმარჯვა. იმ ბოზმა! ვერ ვიჯერებდი. სრულიად დამტვრეული ვეგდე მთელი დღეების განმავლობაში. შემდეგ მასთან წავედი. სახლი დაკეტილი დამხვდა, ფანჯრები აფიცრული. გზად შინისაკენ, მოლიპულ დაღმართზე…

კაცი
უბრალოდ, მეტი აღარ შემეძლო…

II ქალი
მოვაგროვე მისი ნივთები და დავწვი. ნოემბერი იყო, კოცონი დიდხანს იწვოდა. მთელი ღამე მცემდა დამწვრის სუნი.

დაბნელება 5 წამი. სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე, მაგრამ ორჯერ უფრო სუსტად. 3 წამი. ხმებიც, შესაბამისად, ჩუმად.

I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შემიბრალე, შემიბრალე…
II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . იმის თქმა, რომ…
კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თავიდან, როცა ყველაფერი…

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე მამაკაცზე.

კაცი
თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა, ღმერთს მადლობა მოვახსენე. ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ყველაფერმა გაიარა…

I ქალი
შემიბრალე, შემიბრალე, ენა კვლავ ითხოვს შებრალებას. შენ შემიბრალებ. ყველაფერს გაიგებ და შემიბრალებ.

II ქალი
იმის თქმა, რომ იმედი არ გამცრუებია, ნამდვილად არ შემიძლია. მეტს ველოდი. მეტ სიმშვიდეს.

I ქალი
ან ჩემგან დაიქანცები. წადი აქედან.

კაცი
ქვემოთ და ქვემოთ, წყვდიადში, სულში სიმშვიდე დაისადგურებს, ვფიქრობდი, ესეც ასე, როგორც იქნა, სწორი ვიყავი, ესეც ასე, მადლობა ღმერთს, თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა.

II ქალი
ნაკლები ბუნდოვანება. ნაკლები აბდაუბდა. ამასთან ერთად, ახლა უკეთესია, ვიდრე… მაშინ. აშკარად. დროდადრო გასაძლებიც კია.

კაცი
ვფიქრობდი მე.

II ქალი
როცა შენ ქრები, მე გამორთული ვარ. ოდესმე მოგწყინდები და წახვალ… სამუდამოდ.

I ქალი
ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

კაცი
დიახ, სიმშვიდე, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა.

II ქალი
მომშორდი, არ გამოგივიდა. წადი და სხვებს ეცი. თუმცა…

I ქალი
წადი აქედან! (მძვინვარედ) წადი აქედან!

კაცი
მაგრამ მშვიდობა დაისადგურებს. იმას, რაც იყო, მომავალი არ ჰქონდა.

II ქალი
თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო უარესი შეიძლება გახდეს, არის ამის საშიშროება.

კაცი
რა თქმა უნდა, მე კი ვიცი…

I ქალი
შეიძლება სიმართლეს არ ვამბობ, შეიძლება ოდესმე ვიტყვი და მერე ამ სიმართლის გამო სინათლე აღარ იქნება?

II ქალი
შეძლებდი ჩემზე გაბრაზებას იმის გამო, რომ მწუხარებისაგან გონება ამერია? შეძლებდი?

კაცი
ახლა კი ვიცი, რომ ის თამაში იყო. მაგრამ ეს? ეს როდის გახდება…

I ქალი
შესაძლებელია?

II ქალი
შეძლებდი?

კაცი
ეს როდის გახდება… უბრალოდ თამაში?

I ქალი
არაფრის გაკეთება არ შემიძლია… არავისთვის… მეტი… მადლობა ღმერთს. ესე იგი რაღაცის თქმაა საჭირო. რა დუნედ მუშაობს ტვინი!

II ქალი
საეჭვოა. ეს არ არის შენს სტილში. მაგრამ უნდა იცოდე, რომ მე თვითონაც ვცდილობ, როგორც შემიძლია. თუ არ იცი?

კაცი
შესაძლოა ისინი დამეგობრდნენ. შესაძლოა მწუხარებამ…

I ქალი
მაგრამ მე ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი, რის თქმაც მაცალეს. ყველაფერი, რაც…

კაცი
შესაძლოა მწუხარებამ ისინი გააერთიანა.

II ქალი
ეჭვი არ არის, მე იმავე შეცდომას ჩავდივარ, რასაც მზის შუქზეც ჩავდიოდი. ვეძებ აზრს იქ, სადაც შესაძლოა არავითარი აზრი არ არის.

კაცი
შეიძლება ისინი ერთმანეთს ხვდებიან და იმ მწვანე ჩაის მიირთმევენ, რომელიც ორივეს ასე უყვარდა, უშაქროდ, ურძეოდ, ლიმონის ნაჭრის გარეშე…

II ქალი
გესმის ჩემი? ვინმეს ესმის? ვინმე მიყურებს? ესაქმება ვინმეს ჩემთან რამე?

კაცი
ლიმონის ნაჭრის გარეშეც კი…

I ქალი
იქნებ დავიმანჭო და არა მხოლოდ ვილუღლუღო? ავტირდე?

II ქალი
აკრძალული მაქვს, თუ რა? საფრთხემ უკვე გაიარა. საწყალი ქალი, ახლაც ჩამესმის იმ საცოდავის ხმა…

I ქალი
ენა ამოვიგლიჯო და ჩავყლაპო? გადმოვაფურთხო? შენ გულს ამით მოვიგებ? რა დუნედ მუშაობს ტვინი!

კაცი
ხვდებიან ერთმანეთს, ხან ერთთან სხედან, ხან მეორესთან და ადარებენ… (ასლოკინებს.) პარდონ. ბედნიერ მოგონებებს.

I ქალი
ფიქრი მაინც შემეძლოს! აზრი არც ამას არა აქვს… არავითარი. არ შემიძლია.

II ქალი
იმ საცოდავს, შენ შეცდენას რომ ცდილობდა, რა დაემართა, როგორ გგონია? ახლაც ჩამესმის მისი ხმა. საწყალი.

კაცი
პირადად მე ყოველთვის “ლიპტონს” ვარჩევდი.

I ქალი
ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი განადგურდა, ძირფესვიანად, ცარიელ ადგილას. არავითარი კითხვები. მე არავინ არაფერს არ მეკითხება.

II ქალი
მათ, შესაძლოა, შევბრალებოდი კიდეც, ჩემი რომ გაეგოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც მე ისინი.

I ქალი
არ შემიძლია.

II ქალი
მათი ვნებიანი კოცნაობა.

კაცი
ყოველ შემთხვევაში, მე ისინი მებრალებიან, დიახ, ვადარებ ჩემს ბედს მათ ბედნიერ…

I ქალი
არ შემიძლია. გონება არ უშვებს. დაე, ასე წავიდეს. დიახ.

კაცი
მებრალებიან.

II ქალი
რას აკეთებ, როცა მიდიხარ? იფანტები?

კაცი
ვმალავ რამეს? დავკარგე?..

I ქალი
იმ ქალს, რასაკვირველია, ჰქონდა სახსრები, თუმცა ღორივით კი ცხოვრობდა.

II ქალი
თითქოს ნაგავი გაგაქვს პაპანაქება სიცხეში. თავს ძალას ატან… წარმოიქმნება ინერცია…

სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მე-2 ქალზე.

II ქალი
ქრება და კვლავ ძალას ატან…

კაცი
წამერთვა?.. რა გინდოდა? რატომ მიდიხარ? რატომ…

II ქალი
ალბათ შენც გეცოდები. ფიქრობ – საწყალი, მას სიმშვიდე სჭირდება.

I ქალი
მან ჩემი ქმარი ალბათ სადმე… მცხუნვარე მზის ქვეშ საცხოვრებლად წაიყვანა.

კაცი
რატომ ქრები? რატომ არ…

II ქალი
არ ვიცი.

I ქალი
ზის ალბათ სადმე ღია სარკმელთან, მუხლებზე ხელებდაწყობილი, და პალმებს მიღმა იყურება…

კაცი
რატომ არ მიყურებ განუწყვეტლივ? შესაძლოა ბოდვა დამეწყო და… (ასლოკინებს.) ყველაფერი დამეფქვა. პარ…

II ქალი
არა.

კაცი
პარდონ.

I ქალი
იყურება პალმებს მიღმა, ზღვისაკენ. ფიქრობს, რას შეეძლო მისი შეფერხება. სცივა. ჩრდილი ყველაფერს ფარავს. მიცოცავს. დიახ.

კაცი
წარმოგიდგენიათ, არასოდეს ვყოფილვართ ყველანი ერთად.

II ქალი
იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე?

I ქალი
საწყალი. საწყალი ქალი.

კაცი
არასოდეს გაგვიღვიძია ერთად, მაისის დილას, პირველი ვინც გაიღვიძებს, დანარჩენებს აღვიძებს. შემდეგ დიდი ნავით…

I ქალი
სინანული, დიახ. უარეს შემთხვევაში, შერიგება. უკვე შეურიგდა, მაგრამ რისთვის?

II ქალი
მისმინე, იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე? (იმედით) სულ ცოტათი მაინც, ა? (პაუზა.) ეჭვი მეპარება.

კაცი
დიდი ნავით…

I ქალი
სიჩუმე და უკუნეთი – აი ყველაფერი, რაც მინდოდა. და რა, ერთსაც და მეორესაც ცოტ-ცოტას ვღებულობ. ერთად. ალბათ ცოდვაა უფრო მეტის მოთხოვნა.

კაცი
დიდი ნავით, მდინარეზე, მე ნიჩბებთან, ისინი გასაბერ ბალიშებზე… იალქნები. მივექანებით. ასეთი ოცნებები.

I ქალი
ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

II ქალი
ჩრდილი წავიდა. თავში. უბრალოდ, ჩრდილი. ეჭვი მეპარება.

კაცი
ჩვენ არაცივილიზებულები ვართ.

I ქალი
მოკვდე, რათა უკუნეთში მოხვდე, და რაც უფრო ბნელა, მით უარესია. უცნაურია.

კაცი
ასეთი ოცნებები. მაშინ. ახლა კი…

II ქალი
მე ეჭვი მეპარება.

პაუზა. მე-2 ქალს ყრუ ხითხითი აუტყდება, რასაც პირველ ქალზე სინათლის გადანაცვლება შეწყვეტს.

I ქალი
დიახ და ყველაფერი ეს აქ, ყველაფერი აქ, სახეში გიყურებს. შენ გაიგებ. წადი აქედან. თორემ დაიღლები.

კაცი
ახლა კი, როცა შენ… მხოლოდ თვალი ხარ. უბრალოდ მიყურებ. სახეში. ერთიც და – არაფერი.

I ქალი
ჩემთან თამაშით დაიღლები. წადი აქედან. დიახ.

კაცი
რაღაცას ეძებ სახეში. სიმართლეს. თვალებში. ან სულაც…

სინათლე მამაკაციდან მე-2 ქალზე გადადის. სიცილი, როგორც ადრე. მე-2 ქალს კვლავ აწყვეტინებს მამაკაცზე სინათლის გადასვლა.

კაცი
მხოლოდ თვალი. მაგრამ არა გონება. იხილება და იხუჭება. განა მე…

სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მამაკაცზე.

კაცი
განა მე… ასე ვჩანვარ?

სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.

ყველაფერი თავიდან იწყება და ზუსტად მეორდება.

ინგლისურიდან თარგმნა კახა ბარამიძემ

[1] იმისათვის, რომ ურნები სიმაღლეში იარდს არ აღემატებოდეს, ლიუკების გაკეთებაა საჭირო, რაც მსახიობებს სცენის დონეზე დაბლა დადგომის საშუალებას მისცემს. სხვა შემთხვევაში მათ მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუხლმოყრილებს მოუწევთ ყოფნა.
თუ სცენაზე ლიუკები არ არის, ხოლო მსახიობებისათვის მუხლებზე დგომა მოუხერხებელია, მაშინ მათ ფეხზე შეუძლიათ დადგნენ, ოღონდ ურნები უნდა გადიდდეს და სიღრმეში გადავიდეს. ურნების ზომები ყველაზე მაღალი და მსუქანი მსახიობის მიხედვით უნდა იქნას შერჩეული.
დამჯდარი მდგომარეობა ურნების ფორმას სრულიად მიუღებელს გახდის, ამიტომ ამგვარი შესაძლებლობა არც კი უნდა განიხილებოდეს. (ავტორის შენიშვნა.)

[2] სინათლის წყარო მხოლოდ ერთი უნდა იყოს. მისი ოპტიმალური ადგილი რამპის ცენტრშია, საიდანაც მსხვერპლთა სახეები ახლოდან და ქვედა წერტილიდან განათდება.
როდესაც სამივე სახის ერთდროულად განათების აუცილებლობა გაჩნდება, საჭიროა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს სინათლის ერთი სხივი სამად გაიხლიჩა.
მითითებული ეპიზოდების გარდა მხოლოდ ერთი მოძრავი სინათლე უნდა იქნას გამოყენებული. ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადადიოდეს სახიდან სახეზე.
სრულიად მიუღებელია, ყოველ სახეს თავისი სინათლის წყარო ჰქონდეს მიმაგრებული – ასეთ დროს ერთადერთი შემკითხველის არსებობა გაცილებით ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ეს მოძრავი პროჟექტორის დახმარებითაა შესაძლებელი. (ავტორის შენიშვნა.)

სემუელ ბეკეტი

ნაცარი
(რადიოპიესა)

ზღვის ოდნავი ხმაური.

ჰენრის ფეხქვეშ კენჭები შხრიალებს. ჰენრი შეჩერდება.

ზღვის ხმაური მატულობს.

ჰენრი: წინ. (ზღვის ხმაური. ოდნავ ხმამაღლა.) წინ. (მიდის. კენჭები შხრიალებს.) შეჩერდი! (ჩერდება. ზღვის ხმაური ძლიერდება.) დაჯექი! (კენჭების შხრიალი. ჰენრი ჯდება. მთელ შემდგომ პაუზას ზღვის ხმაური ავსებს.) ვინ არის ახლა ჩემთან? (პაუზა.) მოხუცი, ჭკუასუსტი ბრმა მოხუცი. (პაუზა.) მკვდრეთით აღმდგარი მამაჩემი… უნდა ცოტა ხანს ჩემთან დაჰყოს. (პაუზა.) თითქოს არც მომკვდარა. (პაუზა.) არა, უნდა ამ უცნაურ ადგილას ცოტა ხანს ჩემთან დაჰყოს. (პაუზა.) ესმის ჩემი? (პაუზა.) ჰო, მგონი ესმის. (პაუზა.) მიპასუხებს? (პაუზა.) არა, არ მპასუხობს. (პაუზა.) უბრალოდ, ჩემს გვერდით იქნება. (პაუზა.) ხმა, რომელიც გესმის, ზღვის ხმაურია. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) გეუბნები, ხმა, რომელიც გესმის, ზღვის ხმაურია-მეთქი, ზღვის ნაპირას ვსხედვართ. (პაუზა.) მე ხომ ამას იმიტომ გიხსნი, ეს უცნაური ხმა ზღვის ხმაურს არა ჰგავს, თუ არ ხედავ, ვერ მიხვდები. (პაუზა.) ფლოქვების თქარუნი! (გზიდან ნალების წკრიალი ისმის. მალე ხმა მიწყდება). (პაუზა.) ისევ! (კვლავ ფლოქვების თქარუნი. პაუზა. აღელვებით.) კარგი იქნებოდა ცხენებისთვის ადგილზე ნაბიჯით სიარული გვესწავლებინა! დაგვეჭედა ფოლადის ნალებით, მიგვება ცხენსაბმელზე და ებაკუნებინა! (პაუზა.) გაგვეცოცხლებინა ათტონიანი მამონტი, დაგვეჭედა ფოლადის ნალებით და ებრახუნებინა, ეშმაკმაც წაიღოს, გადაექელა მთელი სამყარო! (პაუზა.) ახლა სინათლეს მიუგდე ყური, სინათლე ყოველთვის გიყვარდა, ისეთი, როცა ნაშუადღევს მთელი ეს ნაპირი ჩრდილში იყო გახვეული, მზით განათებული ზღვა კი კუნძულამდე ჩანდა. (პაუზა.) ზღვის უბის ამ მხარეს ცხოვრება არ გინდოდა – გამუდმებით მწუხრზე ბანაობებისათვის მზე გსურდა ზღვაზე განფენილი. მაგრამ, შენი ფული მივიღე თუ არა, მაშინვე აქეთ გადმოვბარგდი. შენ ეს შეიძლება იცი კიდევაც. (პაუზა.) შენი სხეული ვერ ვიპოვეთ. იცი, ანდერძის დამტკიცებაც ძალიან გაგვიჯანჯლდა, ასე გვეუბნებოდნენ – დამამტკიცებელი საბუთი სად არის, თქვენგან არ გაიქცა და ჯანმრთელი და საღ-სალამათი სხვისი სახელით ახლა სადმე არგენტინაში არ იმალებაო, დედა კი საშინლად იტანჯებოდა. (პაუზა.) შენ გგავარ, ზღვა თუ შორსაა, სული მეხუთება, თუმცა ზღვაში არასოდეს შევდივარ – უკანასკნელად ზღვაში მგონი შენთან ერთად ვიბანავე. (პაუზა.) მთავარია, ახლოს ვიყო. (პაუზა.) ზღვა დღეს წყნარია, მე კი მისი ხმა ყველგან მესმის, სახლშიაც და ზღვაზე ხეტიალის დროსაც. ჰოდა, ხმა რომ დავფარო, ლაპარაკს ვიწყებ. (პაუზა.) ჰო, ხმა რომ დავფარო, ლაპარაკს ვიწყებ, თუმცა ამას ვერავინ ხვდება. (პაუზა.) სადაც არ უნდა ვიყო, სულ ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ, ერთხელ შვეიცარიაშიც წავედი, რათა ამ წყევლას რაც შეიძლება შორს გავცლოდი. (პაუზა.) ადრე არავინ მჭირდებოდა, ჩემ თავს ველაპარაკებოდი, რა ამბებს აღარ ვუყვებოდი. ერთხელ ერთ მოხუცზე, რომელსაც სახელად ბულტონი ერქვა, საოცარი ამბავი მოვყევი. ის ამბავი ეგრევე დაუმთავრებელი დამრჩა. საერთოდაც ვერაფერს ვამთავრებ, ყველაფერი დაუსრულებლად გრძელდება. (პაუზა.) ბულტონი. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ბულტონი! (პაუზა.) როცა დარაბები… არა შტორები, ჰო, შტორები… როცა შტორები მაგრად არის მიწეული და სინათლეს არ უშვებს, სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქია… ის ცეცხლთან ზის… არა, ფარდაგზე დგას, ცეცხლთან, სიბნელეში, ბუხრის დაფას მიყრდნობილი, დგას ცეცხლთან სიბნელეში თავისი ძველი წითელი ხალათით და ელოდება, შინ ცეცხლის ტკაცატკუცის გარდა არაფერი ისმის. (პაუზა.) დგას თავისი წითელი ხალათით, რომელსაც ჰა და ჰა, საცაა ცეცხლი მოედება, როგორც ჩემს ბავშვობაში, ოდესღაც, თუმცა არა, მაშინ მას პიჟამო ეცვა. დგას სიბნელეში და უცდის, სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქი ანათებს. ის დგას. ის მოხუცია. ის განსაცდელშია. (პაუზა.) და აი, კარზე კვლავ ზარის ხმა გაისმის, იგი ფანჯარასთან მიდის, ფარდიდან იყურება, იქ კი – დიდებული ბიჭი, ჯანმაგარი ბერიკაცი, ზამთრის ნათელი ღამე და თოვლი, თოვლი… ყინვა მძვინვარებს, ყველაფერი გადათეთრებულია, კედრის ტოტები სიმძიმისაგან დაზნექილა. ხელი ისევ ზარისაკენ მიიწევს და იგი ჰოლოუეის იცნობს… (ხანგრძლივი პაუზა.) ჰო, ჰოლოუეია… ჰოლოუეის იცნობს, კართან მიდის და აღებს. (პაუზა.) გარედან ჩამიჩუმი არ ისმის, მხოლოდ ძაღლის საბმელი ჯაჭვი თუ დაიჟღრიალებს ან გამხმარი ტოტი მოითქვამს სულს, ისეც დიდხანს თუ გაუყუჩდები და ყურს მიუგდებ. ყველაფერი თეთრია, და ჰოლოუეი თავისი შავი ჩანთით. ჰო, ჩამიჩუმი არ ისმის, ყინავს, მთვარეა, მთვარეც თეთრია და პატარა. კიდევ ჰოლოუეის კალოშის მიხვეულ-მოხვეული ნაკვალევი და – ღია მწვანე ვეგა ლირას თანავარსკვლავედში. მერე საუბარი პარმაღზეა, არა, ოთახში – ახლა უკვე ოთახში. ჰოლოუეი: “ბოულტონ, მეგობარო, უკვე შუაღამე გადავიდა, მინდოდა…” და სიტყვას შუაზე წყვეტს. ბოულტონი: “გთხოვ, გთხოვ!” და – სამარისებური სიჩუმე. მხოლოდ ცეცხლის ტკაცატკუცი. ცეცხლი ჩაქრობაზეა, საცაა ჩაინავლება, ჰოლოუეი ფარდაგზე დგას და უკანალის გათბობას ცდილობს, ბოულტონი კი – ჰო, მართლა, ბოულტონი სადღაა? – სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქი ანათებს, ბოულტონი ფანჯარასთან, ფარდის უკან დგას, ფარდას ოდნავ სწევს და გარეთ იყურება. იქ კი ყველაფერი თეთრია, კოშკის შპილიც კი, ფლიგერიც კი, რაც იშვიათად ხდება. სახლში სიჩუმეა, მხოლოდ ცეცხლი ტკაცუნობს ბუხარში. მაგრამ, ეს უკვე ცეცხლი კი არა, ნაცარია. (პაუზა.) ნაცარი. ხმა შორეული, სუსტი, არეული, შემზარავი ხმა, და ჰოლოუეი – დიდებული ბიჭი, უზარმაზარი, მხნე, ძლიერი ჰოლოუეი ფარდაგზე დგას, ფეხები განზე აქვს გადგმული, ძველი პალტოს კალთებქვეშ ხელები ზურგს უკან დაუწყვია, ბოულტონი ფანჯარასთანაა, მოხუცია – ო, რა შესახედავია თავის ამ ძველ წითელ ხალათში! – იგი ფანჯარასთან დგას, ხელს სწევს, რათა ფარდა ოდნავ კიდევ გაწიოს, გარეთ იყურება – გარეთ სითეთრეა, გარეთ საფრთხეა, სიჩუმეა, და – ნაცარია, და საფრთხეა, და სითეთრეა და ჩამიჩუმი არ ისმის. (პაუზა.) არა, მოუსმინე! (პაუზა.) თვალები დახუჭე და მოუსმინე. ჰო, რას იტყვი, როგორ მოგწონს? (პაუზა. აღელვებით.) წვეთები! წვეთები! (წვეთების კაკუნი თანდათან ძლიერდება და უცებ წყდება.) ისევ! ისევ! (წვეთების ხმაური თანდათან მატულობს. პაუზა.) არა! (წვეთების კაკუნი წყდება. პაუზა.) მამა! (პაუზა. აღელვებით.) ამბები, ამბები, წლობით, წლობით ეს ამბები… და აი, ბოლოს მომინდა, ჩემთან ვინმე ყოფილიყო, სულერთია, ვინ, ოღონდ უცხო, მე კი მელაპარაკა, მელაპარაკა მის გასაგონად და, წარმომედგინა, ორმ მისმენს. ასე იყო წლობით… მერე კი იმასთან მომინდა ყოფნა, ვინც მიცნობდა, მიცნობდა ოდესღაც. მომინდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ესმინა, ისეთისთვის ესმინა, როგორიც ახლა ვარ. (პაუზა.) არა, ასე არა. (პაუზა.) არ გამომივიდა, ისევ არ გამომივიდა! (პაუზა.) თავიდან უნდა ვცადო. (პაუზა.)… ყველაფერი თეთრია, და სიჩუმეა. (პაუზა.) ჰოლოუეი (პაუზა.) ჰოლოუეი ამბობს, მივდივარო. ვითომ რა ეშმაკად უნდა იყურყუტოს მთელი ღამე ბუხრის შავი ცხაურის წინ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როგორ! კაცი ძალით მოიყვანო, ძველი მეგობარი, სუსხსა და წყვდიადში – ძალიან მჭირდებიო, ისიც მოლასლასდეს ჩანთით ხელში. და, არც ერთი სიტყვა, არავითარი ახსნა-განმარტება – არც სითბო, არც სინათლე. ბოულტონი: “გთხოვ, გთხოვ!” ჰოლოუეი: “არც ასვა, არც აჭამო, არც გაათბო… სიცივე ძვალსა და რბილში ისე ატანს, კაცმა აქ შეიძლება სიცივისგან სულიც გააფრთხობინოს, ამას ხომ ვერც კი წარმოიდგენ – ასე როგორ უნდა მოექცე ძველ მეგობარს!” მივდივარო, – ამბობს, მაგრამ ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სიჩუმეა. ჩამიჩუმიც არსაიდან ისმის. ცეცხლი ჩაქრობაზეა, ფანჯარაში თეთრი სხივი იჭრება, საშინელი სცენაა! ეჰ, ნეტავი რა უნდოდა, რას მოდიოდა! ასე არა, არა! ცეცხლი ინავლება, ყინავს, ყველაფერი თეთრია, სიჩუმეა. არა, ასე არა! არა, არ გამომივიდა. (პაუზა.) ისევ არ გამომივიდა. (პაუზა.) მომისმინე! (პაუზა.) შენ ახლა უკვე ვერ მიცნობდი, ინანებდი, ამქვეყნად რომ გამაჩინე. შენ ხომ ისედაც სულ ნანობდი. არარაობა. აი ის უკანასკნელი, რაც შენგან მოვისმინე – არარაობა! (პაუზა. მამის ხმით.) “წამოხვალ საბანაოდ?” – “არა.” – “რატომ არა, წამოდი, წამოდი.” – “არა.” ბრაზიანი გამოხედვა, მერე კარისკენ მიდიხარ, მერე შემობრუნდები და ისევ ბრაზიანი გამოხედვა: “არარაობა, აი ვინ ხარ შენ! არარაობა!” (კარის მძლავრი ჯახუნი. პაუზა.) ისევ! (კარის ჯახუნი. პაუზა.) კარგი იქნებოდა ცხოვრების კარსაც ასე გაიჯახუნებდე! (პაუზა.) არარაობა. (პაუზა.) აი მაშინ ადას რომ… ო, ღმერთო! (პაუზა.) შენ ხომ ადა არასოდეს გინახავს? ან იქნებ გინახავს კიდევაც? არ ვიცი, არ მახსოვს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მას სულერთია ვერავინ იცნობდა. (პაუზა.) როგორ გგონია, რატომ განეწყო ასე ჩემს წინააღმდეგ? იქნებ გოგონას გამო? იმ პატარა საძაგელი არსების გამო? ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, სულაც არ გაგვჩენოდა. მასთან ერთად მინდორში ვსეირნობდი. ო, რა საშინელება იყო, ღმერთო, იესო ქრისტევ! ჩამაფრინდება ხელში, მე კი ვეღარ ვლაპარაკობ და ჭკუიდან ვიშლები: “ახლა გაიქეცი, ადიკო, ცხვრები დაათვალიერე.” (ადიკოს ხმით.) “არა, მამა, არ მინდა.” – “წადი, წადი, გაიქეცი.” (ტირილით.) “არა, მამა, არა, არ მინდა”. (გაცოფებული.) “ვის ვეუბნები, წადი, ცხვრები დაათვალიერე!” (ადიკოს ხმამაღალი ტირილი. პაუზა.) ეს ადა ხომ… ნეტავი რას ველაპარაკები – ღმერთმა უწყის, რა არის – ეს ხომ ქვესკნელში საუბარივითაა, ლეთას ჩურჩულივით. ძველ კარგ დროზე, როცა ჩვენ ჯერ მხოლოდ ვოცნებობდით სიკვდილზე. (პაუზა.) ახლა კი… (საზეიმო აღშფოთებით.) მამა! მამა! (პაუზა.) დავიღალე შენთან ლაპარაკით. (პაუზა.) მუდამ ერთიდაიგივე, ადა, მუდამ ერთიდაიგივე – მე და შენ მთებში ვსეირნობთ, ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და, უცებ – დაღვრემილობა, დუმილი… ხმას არ იღებ, კრინტს არ სძრავ. მერე მთელი კვირაობით შინ მოღუშული და შუბლშეკრული დადიხარ, ხმას არ იღებ, მთელი კვირაობით კრინტს არ სძრავ. ჯობდა მომკვდარიყავი, ჰო, ჯობდა მომკვდარიყავი. (ხანგრძლივი პაუზა.) ადა. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ადა!
ადა: (ხმა მუდამ წყნარი, შორეული.) ჰო.
ჰენრი: დიდი ხანია აქ ხარ?
ადა: არა, დიდი ხანი არ არის. (პაუზა.) რატომ გაჩუმდი?.. ყურადღებას ნუ მომაქცევ. (პაუზა.) ხომ არ წავიდე? (პაუზა.) ადიკო სადღაა?
პაუზა.
ჰენრი: მუსიკის მასწავლებელთან. (პაუზა.) მიპასუხებ დღეს თუ არა?
ადა: ცივ კენჭებზე ნუ ზიხარ, სიმსივნეზე გავნებს. ადექი, შალს გაგიფენ. (პაუზა.) წარმოდგენილი მაქვს, როგორ გაიყინე. შალის საცვლები თუ ჩაიცვი? (პაუზა.) ჰენრი, შალის საცვლები თუ ჩაიცვი?
ჰენრი: იცი რა – ჩავიცვი, მერე გავიხადე, მერე ისევ ჩავიცვი, ისევ გავიხადე, ისევ ჩავიცვი, ისევ…
ადა: ახლა თუ გაცვია?
ჰენრი: არ ვიცი. (პაუზა.) ფლოქვების ბაკუნი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ფლოქვების ბაკუნი! გარედან ცხენის ფეხის ხმამაღალი ბაკა-ბუკი. (ბაკუნი უცებ წყდება.) ისევ!
ისევ ფლოქვების ბაკუნი. პაუზა.
ადა: გაიგე?
ჰენრი: კარგად არა.
ადა: ოთხით მოდის?
ჰენრი: არა. (პაუზა.) განა შეიძლება ცხენმა ადგილზე ნაბიჯით იაროს?
პაუზა.
ადა: რაღაც ვერ ვიგებ, რას მეუბნები.
ჰენრი: (გაღიზიანებული.) შეიძლება, ცხენს ასწავლო, ერთ ადგილზე წყნარად იდგეს და ოთხივე ფეხი მიწას ურტყას?
ადა: ო-ო! (პაუზა.) მე კი მეგონა, ეს ყველა ცხენს შეეძლო. (იცინის. პაუზა.) გაიცინე, რა, ჰენრი, მე ხომ ყოველდღე არ გამომდის ასეთი უგერგილო ხუმრობა. (პაუზა.) ჰენრი, გაიცინე, გაიცინე, რა, ჰენრი, ჩემი ხათრი თუ გაქვს.
ჰენრი: შენ გინდა მე, მე გავიცინო?
ადა: შენ ხომ ოდესღაც ასეთი განსაცვიფრებელი სიცილი იცოდი. მე ხომ წინათ ყველაზე მეტად სწორედ ამით ვიხიბლებოდი, შენი სიცილით, შენი ღიმილით. (პაუზა.) ჰო, მიდი, დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ძველად.
პაუზა. ჰენრი ცდილობს გადაიხარხაროს, მაგრამ ვერ ახერხებს.
ჰენრი: მოდი ღიმილით დავიწყებ. (პაუზა გაღიმებისათვის.) აბა, რას იტყვი, მოიხიბლე? (პაუზა.) კარგი, ერთხელაც ვცდი. (ხანგრძლივი, კოშმარული სიცილი.) აბა როგორია? ვარ ისევ ისეთი მომხიბვლელი?
ადა: ო, ღმერთო!
ჰენრი: არა, შენ მხოლოდ ყური უგდე! (პაუზა.) ზღვა გითრევს, ბრჭყალებში გიქცევს! (პაუზა.) გავიქცეთ! ზღვიდან შორს, პამპებში გავიქცეთ! ჰო, რას იტყვი?
ადა: დაწყნარდი.
პაუზა.
ჰენრი: მე ხომ ზედ მის ნაპირას ვცხოვრობ! მიზეზი რა არის? პროფესიული მოვალეობა? (უკმეხი ჩაცინება.) ჯანმრთელობაზე ზრუნვა? (სიცილი.) ოჯახური კავშირები? (ჩაცინება.) ქალი? (სიცილი. ადაც იცინის.) მშობლიური სამარე, რომლის მიტოვებაც არ ძალმიძს? (პაუზა.) აბა ყური უგდე! რას ამსგავსებ?
ადა: იმ ძველ ხმას, რომელიც უკვე გაგონილი მქონდა ოდესღაც. (პაუზა.) როგორც იმ სხვა დროს და იმ ადგილას. (პაუზა.) ზღვა მაშინ ბობოქრობდა, შხეფებს გვაყრიდა. (პაუზა.) ნეტავი რატომ ბობოქრობდა მაშინ ასე? (პაუზა.) ახლა კი წყნარია.
პაუზა.
ჰენრი: ავდგეთ, წავიდეთ?
ადა: წავიდეთ? სად? ადიკოს რაღა ვუყოთ? თუ მოვა და ნახავს, უჩემოდ წავიდაო, ეწყინება. (პაუზა.) როგორ გგონია, რატომ იგვიანებს?

პიანინოზე ცილინდრული სახაზავის ძლიერი დარტყმა, ადიკო გაუბედავად უკრავს ბემოლ მაჟორის აღმავალ და დაღმავალ გამებს. ჯერ ერთი მიმართულებით ორივე ხელით, მეორე ორივე მიმართულებით. პაუზა.
მუსიკის მასწავლებელი (იტალიური აქცენტით). სანტა ჩეჩილია!
პაუზა.
ადიკო: შეიძლება ახლა პიესა დავუკრა? შეიძლება?
მუსიკის მასწავლებელს სახაზავის კაკუნით ორი ტაქტი გამოჰყავს. ადიკო შოპენის ლა ბემოლ მაჟორული ვალსის შესავალ ტაქტებს უკრავს. მასწავლებელი ოდნავ ანელებს ტაქტს. მეხუთე ტაქტის ბანის პირველ აკორდში გოგონა ფა-ს ნაცვლად ლა-ს იღებს. სახაზავის მჭექარე დარტყმა. ადიკო დაკვრას წყვეტს.
მუსიკის მასწავლებელი: ფა!
ადიკო (ცრემლმორეული): რა?
მუსიკის მასწავლებელი (გაბრაზებით): ფა, ფა!
ადიკო (ტირილით): სად?
მუსიკის მასწავლებელი (გაბრაზებით): ფა! (კლავიშებს მთელი ძალით უბრახუნებს.) ფა!
პაუზა. ადიკო ისევ თავიდან იწყებს, მასწავლებელი სახაზავით ტაქტს ოდნავ ანელებს. იმ ადგილზე მისვლისას გოგონა ისევ უშვებს შეცდომას. სახაზავის გამაყრუებელი დარტყმა. ადიკო დაკვრას თავს ანებებს და სლუკუნს იწყებს.
მუსიკის მასწავლებელი (გაცოფებით). ფა! (კლავიშებს უბრახუნებს.) ფა! (კლავიშების გამაყრუებელი ბრახუნი. მასწავლებლის ყვირილი – “ფა!” ადიკო ხმამაღლა ქვითინებს და უცებ ჩუმდება. პაუზა.)
ადა: დღეს ძალიან სიტყვაძუნწი ხარ.
ჰენრი: არა, ამქვეყნად მისი მარტო მოთრევა არ კმაროდა, რას ბრძანებთ, ახლა პიანინოზეც უნდა დაუკრას!
ადა: უნდა ისწავლოს… და ისწავლის კიდევაც. იმასაც… ცხენზე ჯდომასაც.
ცხენების ფეხის თქარათქური.
ცხენზე ჯდომის მასწავლებელი: აბა, აბა, მის! იდაყვები მივიჭიროთ! მის, ხელები ჩამოვუშვათ! (ცხენი ჩორთზე გადადის.) აბა, აბა, მის! მუხლები, მუხლები მოვუჭიროთ! (ცხენის მსუბუქი ნავარდი.) აბა, მის!.. მუცელი, მუცელი შევწიოთ! ნიკაპი აწიე, მის! (ოთხით სვლა.) აბა, აბა, მის! წინ ვიყუროთ, მის! (ადიკო სლუკუნებს.) აბა, მის, აბა, აბა!
ჩლიქების ბაკუნი, შეძახილი – აბა, აბა, მის! გოგონა ხმამაღლა სლუკუნებს. უცებ ყოველგვარი ხმაური წყდება. პაუზა.
ადა: რაზე ფიქრობ? (პაუზა.) ჩემთვის არასოდეს არაფერი უსწავლებიათ. მერე კი უკვე გვიან იყო. მთელი ცხოვრება ვნანობდი.
ჰენრი: ჰო. თუმცა რაღაცაში ძლიერიც იყავი, ოღონდ დამავიწყდა – რაში?
ადა: ო-ო, ალბათ გეომეტრიაში. პლანიმეტრიასა და სტერეომეტრიაში. (პაუზა.) ჯერ პლანიმეტრიაში, მერე სტერეომეტრიაში. (ჰენრი დგება. კენჭები შხრიალებს.) რისთვის ადექი?
ჰენრი: ვიფიქრე, იქნებ წყალთან მივიდე-მეთქი. (პაუზა. ოხვრა.) და უკანვე წამოვიდე.
(პაუზა.) ბებერი ძვლები გავმართო.
პაუზა.
ადა: მერედა რა? (პაუზა.) რა აზრი აქვს, იდგე და მხოლოდ ამაზე იფიქრო. (პაუზა.) იდგე და უყურო?
ჰენრი ზღვისკენ მიდის. ფეხქვეშ კენჭები უშხრიალებს. ათიოდე ნაბიჯს გაივლის და წყლის პირას ჩერდება. პაუზა. ზღვის ოდნავ უფრო ხმამაღალი ხმაური. შორეული ხმა. არ გინდა, მაგ კარგ ფეხსაცმელს ნუ ისველებ.
პაუზა.
ჰენრი: არ გინდა, არ გინდა…
ზღვა ღელვას იწყებს.
ადა (ოცი წლის წინ. მუდარით): არ გინდა! არ გინდა!
ჰენრი (ოცი წლის წინ. დაჟინებით.): ძვირფასო!
ადა (ოცი წლის წინ უღონოდ): არ გინდა!
ჰენრი (ოცი წლის წინ. აღტაცებით): ძვირფასო!
ზღვა ბობოქრობს. ადა ყვირის. ყვირილი და ზღვის გრიალი თანდათან მატულობს და ბოლოს წყდება. მოგონებები დამთავრდა. პაუზა. ზღვა დამშვიდდა. ჰენრი ფერდობზე უკან მოჩანჩალებს, კენჭებზე ძლივს მოაბიჯებს. შეჩერდება. ისევ გზას განაგრძობს. ისევ შეჩერდება. პაუზა. დაწყნარებული ზღვა ოდნავ შრიალებს.
ადა: არ გინდა. ასე ბოძივით რატომ დგახარ, დაჯექი. (პაუზა. ჰენრი ჯდება. კენჭების შხრიალი.) აგერ დაჯექი, შალზე. (პაუზა.) შენ რა, გეშინია არ შემეხო? (პაუზა.) ჰენრი!
ჰენრი: ჰო.
ადა: ექიმთან უნდა მიხვიდე. ნახე – სულ ლაპარაკობ და ლაპარაკობ. უარესად და უარესად ხდები. აბა დაფიქრდი, როგორ შეიძლება ამან ადიკოზე იმოქმედოს? (პაუზა.) იცი ერთხელ რა მითხრა? მაშინ ჯერ სულ ერთი ციდა იყო – დედიკო, მამიკო ასე გამუდმებით რატომ ლაპარაკობსო? ფეხსადგილში ლაპარაკობდი… მე კი არ ვიცოდი, რა პასუხი გამეცა.
ჰენრი: მამიკო! ადიკო! (პაუზა.) გეთქვა, ლოცულობს-თქო – ხომ გითხარი. (პაუზა.) ღმერთსა და ყველა წმინდანს შესთხოვს-თქო.
ადა: ეს ძალზე საზიანოა ბავშვისათვის. (პაუზა.) სისულელეა თითქოს ამას იმიტომ აკეთებდე, ზღვის ხმაური არ გაიგო. რომც არ გესმოდეს, შენ ეს ვერაფერს გიშველის. კიდევაც რომ გიშველოს, მისი ხმა კიდევაც რომ არ გესმოდეს, სულერთია, თავში საქმე მაინც კარგად ვერ გაქვს.
პაუზა.
არა მჯერა, თითქოს მისი ხმა გესმოდეს… და თუ მაინც გესმის, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ ისეთი ნაზი ხმაა, ნანასავით, ასე რატომ გეჯავრება? (პაუზა.) არა, თავში შენ ნამდვილად რაღაც გჭირს, ჰოლოუეის უნდა ეჩვენო, ხომ ისევ ცოცხალია?
ჰენრი (გაცოფებული): დანარცხება… მინდა მოვუსმინო, როგორ ენარცხება! აი ასე! (ორ მოზრდილ ქვას იღებს და მუჭაში აჯანჯღარებს.) ქვა! (დანარცხება.) ქვა! (დანარცხება. ყვირილი – “ქვა!” ტალღების ხმაური მატულობს, მერე ყველაფერი ერთბაშად ჩუმდება. პაუზა. ჰენრი ერთ ქვას აგდებს. ისმის ქვა მიწას როგორ ენარცხება.) აი რა არის ცხოვრება! (მეორე ქვასაც აგდებს. ისმის დავარდნის ხმა.) და არა ის… (პაუზა.) შთანთქმა.
ადა: რატომ ცხოვრება? (პაუზა.) რატომ ცხოვრება, ჰენრი? არის აქ ვინმე?
ჰენრი: სულიერის ჭაჭანებაც არ არის.
ადა: ასეც ვიცოდი. (პაუზა.) როცა ჩვენ მარტო ყოფნაზე ვოცნებობდით, ჩვენს გვერდით ყოველთვის ვიღაც იყო. ახლა არ გვინდა და ა, ბატონო, არავინაა.
ჰენრი: ჰო, შენ მუდამ საშინლად გეშინოდა ჩვენი ნაზი საუბრისთვის ვინმეს არ წაესწრო. საკმარისია სადღაც რაღაც გაფაჩუნებულიყო, რომ უკვე კაბას ისწორებდი, თავს “მანჩესტერ გარდიანში” წაჰყოფდი. აი ღრმული კი ისევაა.
ადა: მიწაზე ღრმულების მეტი რა არის.
ჰენრი: ეს ის ადგილია, სადაც მე და შენ, ბოლოსა და ბოლოს, როგორც იქნა, გავბედეთ.
ადა: ა-ა, მგონი გამახსენდა. აქ ყველაფერი ისეა, როგორც იყო.
ჰენრი: არა, ისე არ არის. მე ხომ ვხედავ. (საიდუმლოდ.) თანდათან ყველაფერი შანდაკდება. (პაუზა.) გოგონა ახლა რამდენი წლის იქნებოდა?
ადა: ანგარიში ამერია, არ ვიცი.
ჰენრი: თორმეტის? ცამეტის? (პაუზა.) თოთხმეტის?
ადა: მე მართლა არ ვიცი, ჰენრი.
ჰენრი: ჩვენ ის მაშინვე არ გამოგვივიდა. (პაუზა.) წლობით ვწვალობდით. (პაუზა.) და აი ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ ჩვენსას. (პაუზა.) მოუსმინე იმას, მოუსმინე! (პაუზა.) ალბათ შინ რომ შეხვალ, ხმაური კლებულობს. (პაუზა.) იქნებ ჯობდა, სავაჭრო ფლოტში წავსულიყავი.
ადა: ეს ხომ მხოლოდ ზედაპირზეა. ქვევით სამარისებური სიჩუმეა, ჩამიჩუმი არ ისმის. არც დღე და არც ღამე ჩამიჩუმი არ ისმის.
პაუზა.
ჰენრი: მე ახლა გრამაფონით დავდივარ. აი დღეს კი დამავიწყდა.
ადა: არავითარი აზრი ამას არა აქვს. (პაუზა.) არავითარი აზრი მისი ჩახშობის მცდელობას არა აქვს. (პაუზა.) ჰოლოუეის გაესინჯე, ჰენრი, ჰოლოუეის.
პაუზა.
ჰენრი: წავიდეთ, ნავით გავისეირნოთ.
ადა: ნავით? მერედა ადიკო? რომ მოვიდეს და გნახოს, ნავით გასასეირნებლად უიმისოდ წახვედი, ძალიან ეწყინება. (პაუზა.) კი მაგრამ, ახლა სად იყავი? აი ვიდრე ლაპარაკს დამიწყებდი?
ჰენრი: მინდოდა ცოტა ხანს მამასთან ვყოფილიყავი.
ადა: ა-ა. (პაუზა.) ეგ ყოველთვის დიდი სიამოვნებით!
ჰენრი: მინდოდა ისე მოვქცეულიყავი, ცოტა ხანს ჩემთან დარჩენილიყო. (პაუზა.) დღეს შენ ჩვეულებრივზე უხეში ხარ, ადა. (პაუზა.) ზუსტად იმას ვეკითხებოდი, უნახიხარ როდისმე თუ არა, თვითონ ვერ ვიხსენებ.
ადა: მერე?
ჰენრი: ის უკვე აღარ მპასუხობს.
ადა: ალბათ სული ამოხადე. (პაუზა.) სიცოცხლეშიაც გულს უწყალებდი და მკვდარსაც გულს უწყალებ. (პაუზა.) დგება დრო, როცა ადამიანი შენთან ურთიერთობას ვეღარ შესძლებს. (პაუზა.) ჰო, დადგება დრო, როცა საერთოდ აღარავის შეეძლება შენთან ურთიერთობა, სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი. (პაუზა.) შენ მარტოდმარტო, პირისპირ დარჩები შენს ხმასთან, გარდა შენი საკუთარი ხმისა, მთელ ქვეყნიერებაზე ვერავის ხმას გაიგონებ. (პაუზა.) გესმის ჩემი?
პაუზა.
ჰენრი: ვერ ვიხსენებ, უნახიხარ თუ არა.
ადა: ვუნახივარ და ეს შენც იცი.
ჰენრი: არა, ადა, არ ვიცი, მაპატიე, ის, რაც შენთან არის დაკავშირებული, ყველაფერი დამავიწყდა.
ადა: შენ იქ არ იყავი, მხოლოდ დედაშენი და შენი და იყვნენ. შეთანხმებისამებრ შენ შემოგიარე, გვინდოდა ერთად წავსულიყავით საბანაოდ.
პაუზა.
ჰენრი (გაღიზიანებული): მერე, მერე? ეს რა წესი აქვთ ადამიანებს, სიტყვა მუდამ შუაზე უნდა გაწყვიტონ!
ადა: არ იცოდნენ, სად იყავი. შენი საწოლი ხელუხლებელი იყო. ყველანი ერთმანეთს უყვიროდნენ. შენი და გაჰყვიროდა, კლდიდან გადავვარდებიო. მამა ადგა და კარი გაიჯახუნა. მეც თითქმის მაშინვე წამოვედი, გვერდით ჩავუარე, მაგრამ ვერ დამინახა. ქვაზე იჯდა, ზღვას გასცქეროდა. მის პოზას ვერასოდეს დავივიწყებ. თუმცა კი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, ზოგჯერ შენც მჯდარხარ ასე. იქნებ მთელი ამბავი სწორედ მის ამ უმოძრაობაში იყო – გეგონებოდა ქვად იქცაო. მოკლედ, ვერაფერი გავარკვიე.
პაუზა.
ჰენრი: ილაპარაკე! ილაპარაკე! (ვედრებით.) ილაპარაკე, ადა, ილაპარაკე, ყოველი ბგერა მოგებული წამია.
ადა: ვშიშობ, სულ ესაა. (პაუზა.) შეგიძლია გააგრძელო მამაშენთან საუბარი, დაუბრუნდე ამბების გამოგონებას თუ რას საქმიანობდი კიდევ, არ ვიცი. მე კი ყურადღებას ნუ მომაქცევ.
ჰენრი: არ შემიძლია. (პაუზა.) მეტი აღარ შემიძლია!
ადა: ერთი წუთის წინ, ვიდრე მე დამელაპარაკებოდი, მშვენივრად შეგეძლო.
ჰენრი (გაბრაზებით): ახლა კი აღარ შემიძლია! (პაუზა.) ო, ღმერთო!
პაუზა.
ადა: კი, ბატონო, მაგრამ შენ თვითონაც ხომ იცი, მხედველობაში რა მაქვს: რომელიღაც პოზები, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, გონებაში გრჩება, ვთქვათ, მაგალითად, თავი ჰქონდა ჩაქინდრული, როცა თითქოს აწეული უნდა ჰქონოდა. ანდა ხელი, ვთქვათ, ჰაერში უსიცოცხლოდ იყო გადმოკიდებული. დაახლოებით რაღაც ამდაგვარი. იმ დღეს კი, მამაშენი ქვაზე რომ იჯდა, ამის მსგავსიც არაფერი ყოფილა, უმნიშვნელო წვრილმანიც კი, რაზეც თითს მიაშვერდი და – უცნაურიაო, – იტყოდი. მოკლედ, ვერაფერი გავუგე. ვამბობ, მიზეზი იქნებ მისი ის საოცარი უმოძრაობა იყო-მეთქი, ის ხომ თითქოს არ სუნთქავდა. (პაუზა.) რას იტყვი, ცოტა მაინც არ მოგეშვა ამ აბდაუბდის შემდეგ? (პაუზა.) თუ გინდა, შემიძლია კიდევ გამოვწურო ჩემგან რაღაც. (პაუზა.) არა? მაშინ წავალ.
ჰენრი: მოიცა! ხომ შეგიძლია არ ილაპარაკო. მხოლოდ მომისმინო. თუ გინდა, ნურც მომისმენ, ოღონდ ცოტა ხანს ჩემთან დარჩი. (პაუზა.) ადა! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ადა! (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) ფლოქვების თქარუნი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ფლოქვების თქარუნი! (პაუზა.) ღმერთო! (ხანგრძლივი პაუზა.) ადაც მაშინვე წამოვიდა, თითქმის გვერდით ჩაგიარა, მაგრამ, ვერ დაინახე, ზღვისკენ იყურებოდი… (პაუზა.) არა, ზღვისკენ არა, აბა ზღვას როგორ შეხედავდი! (პაუზა.) იქნებ სხვა მხრიდან შეხვედი. (პაუზა.) ალბათ კლდის მხრიდან, ხომ ასეა? (პაუზა.) მამა! (პაუზა.) ჰო, ალბათ ასე იყო. (პაუზა.) ადა დგას, გიყურებს, მერე ტრამვაისკენ ბილიკზე ეშვება, ტრამვაიში წინიდან შედის და ჯდება. (პაუზა.) ჰო, წინიდან ჯდება. (პაუზა.) უცებ ცუდ გუნებაზე დგება და ტრამვაიდან ჩამოდის “გადაიფიქრეთ, ქალიშვილო?” – ეუბნება კონდუქტორი. ადა ისევ ბილიკზე გადის, იქ კი შენი ალი-კვალიც აღარაა. (პაუზა.) დადარდიანებული და დაბნეული იმ ადგილს გარშემო უტრიალებს, დაბოდიალობს, მაგრამ, არა, არავინაა. ზღვიდან კი ყინულივით ცივი ქარი უბერავს. ბილიკით კვლავ ტრამვაისთან ბრუნდება, ტრამვაიში ჯდება და შინ მიდის. (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) “ბოულტონ, მეგობარო… (პაუზა.) ბოულტონ, თუ ნემსის გაკეთება გინდა, შარვალი ჩაიხადე, ახლავე გიჩხვლეტ, ცხრაზე საშვილოსნოს ოპერაცია მაქვს დანიშნული”. მხედველობაში მას რა თქმა უნდა, გამაყუჩებელი აქვს. (პაუზა.) ცეცხლი ჩაინავლა. ყინავს. და სითეთრეა, უბედურებაა, სიჩუმეა. (პაუზა.) ბოულტონი ფარდას უწყებს გაწევას, არა, შტორებს, ო, ამის აღწერა ძნელია. სწევს, არა, მუჭაში იქცევს, თავისკენ ექაჩება და ოთახში მთვარის შუქი იჭრება. მერე ფარდას ისევ ხელს უშვებს, ფარდა მძიმეა, ხავერდისა. და – ოთახში ისევ უკუნეთი ისადგურებს. მერე ფარდას ისევ თავისკენ სწევს და – თეთრია, შავია, თეთრია, შავია. ჰოლოუეი კი: “კმარა, ბოულტონ, ღვთის გულისათვის, კმარა! შენ რა, სული გინდა ამომხადო! (პაუზა.) თეთრია, შავია, თეთრია, შავია – კაცი შეიძლება ჭკუაზე შეიშალოს”. მერე უცებ ასანთს გაჰკრავს, ესე იგი, ბოულტონი გაჰკრავს ასანთს, სანთელს აანთებს, სანთლიან ხელს თავის ზევით სწევს, ჰოლოუეისთან მიდის და პირდაპირ თვალებში შეჰყურებს. (პაუზა.) ხმას არ იღებს, მხოლოდ ძალზე ჩამქრალ, უწამწამო, ცისფერ, ბებრულ თვალებში უყურებს, ყველაფერი ცურავს, თავს ზემოთ სანთელი ცახცახებს. (პაუზა.) ტირის? (პაუზა. ხანგრძლივი სიცილი.) არა, ღმერთო დიდებულო! რას ბრძანებთ, რის ტირილი! (პაუზა.) ხმას არ იღებს, მხოლოდ ბებრულ, ცისფერ თვალებში შეჰყურებს, ჰოლოუეი კი: “ნემსის გაკეთება გინდა? ჰოდა, გეთქვა და გაგეშვი აქედან ჯანდაბაში! (პაუზა.) ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, ბოულტონ, ნუ გამამეორებინებ”. (პაუზა.) ბოულტონი: “გთხოვ! (პაუზა.) გთხოვ! (პაუზა.) გთხოვ, ჰოლოუეი”. (პაუზა.) სანთელი თრთის, ყველაფერი სანთლითაა მოღვენთილი. სანთელი ახლა ქვევითაა – ჯანგაცლილი ხელი დაეღალა, სანთელი მეორე ხელში გადაიტანა, ისევ მაღლა, თავს ზევით აწია და ამით ყველაფერი დამთავრდა – ამით ყოველთვის ყველაფერი მთავრდება, ღამეც, გაციებული ნაცარიც, შენს ჯანგაცლილ ხელში კი სანთელი ისევ თრთის და შენ ამბობ: “გთხოვ!.. გთხოვ!” (პაუზა.) ისე ეღრიჯები, (პაუზა.) როგორც მათხოვარი. (პაუზა.) ადა! (პაუზა.) მამა! (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) სანთელს ისევ მაღლა სწევ, ყველაფერი ისეთი თავზარდამცემია, ისეთი აუტანელია, უყურებ, უყურებ ჰოლოუეის, თვალს თვალში უყრი, არა, თხოვნის სურვილი აღარა გაქვს, მხოლოდ უყურებ და ჰოლოუეი სახეზე ხელებს იფარებს, ხმას არ გცემს. ყველაფერი თეთრია, ყინვა მძვინვარებს, შემზარავი სცენაა, ორი ბერიკაცი, ორი ბერიკაცი და უბედურება, უბედურება… არა, ასე არა. (პაუზა.) ასე არა. (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა. დგება, კენჭები შხრიალებს. ზღვისკენ მიდის. პაუზა. ზღვის ხმაური მატულობს.) წინ. (პაუზა. მიდის. ფეხქვეშ ქვიშა ხრაშუნებს. წყლის პირას ჩერდება. პაუზა. ზღვის ხმაური მატულობს.) პატარა წიგნაკი. (პაუზა.) დღეს საღამოს… (პაუზა.) დღეს საღამოს არაფერი. (პაუზა.) ხვალ… ხვალ ცხრა საათზე წყალგამშვები… მერე… მერე არაფერი. (პაუზა. გაოცებული.) ცხრა საათზე წყალგამშვები… მერე… მერე არაფერი. (პაუზა. გაოცებული.) ცხრა საათზე წყალგამშვები?! (პაუზა.) ა-ა, ხვრელი… ფუ, რა სიტყვაა! (პაუზა.) შაბათი… არაფერი. კვირა… კვირა… კვირას მთელ დღეს არაფერი. (პაუზა.) არაფერი. მთელ დღეს არაფერი. (პაუზა.) მთელ დღეს, მთელ ღამეს – არაფერი. (პაუზა.) ჩამიჩუმი არ ისმის.

ზღვის ხმაური.

თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

© “არილი”

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s