რეზო შატაკიშვილი: ინტერვიუ ნინო კასრაძესთან


ნინო კასრაძე

რეზო შატაკიშვილი

ნინო კასრაძე: მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები…

მას სწყალობს ბედი და ის თვითონაც ჭედავს თავის ბედს. არასოდეს გამოჩენილა ყვითელი პრესის ფურცლებზე და არც არასოდეს გამოჩნდება – ეს მისი შეგნებული არჩევანია.

არ ცვლის წიგნს კომპიუტერზე და არ ფეთდება “ფეთზე”. არ საუბრობს თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც სულაც არ ნიშნავს ამ შეხედულებების თუ პოზიციის არქონას.

მისი ინტელექტის და განათლების პატრონს იოლად ვერ იპოვი არტისტულ ელიტაში, „პაპსავიკურს“ კი, ალბათ ნახვითაც არ უნახავთ იმდენი წიგნი, რაც მას წაუკითხავს – მოდით, ვიყოთ პირდაპირები! ის ნინო კასრაძეა, რუსთაველის თეატრის პრიმა. არტისტი ქალისთვის მართლაც საოცნებო რეპერტუარის მქონე.

– რა უყვარს ნინო კასრაძეს თეატრში, როგორც მაყურებელს და როგორც მსახიობს?

– ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან მიყვარს თეატრი, მერე და მერე, რომ გავიზარდე და თან თეატრში მოვხვდი, ძალიან შემიყვარდა… არის ნეტავ რამე განსხვავება, ბავშვობიდან გიყვარს თუ მერე შეგიყვარდება?

როგორც მაყურებელს, აი, ის მიყვარს რომ მიდიხარ თეატრში და არ იცი რა დაგხვდება. კინოში ყველანაირი სპეცეფექტები არსებობს იმისთვის რომ მოგწყვიტონ რეალობას, თეატრში მხოლოდ ადამიანების ფაქტორია, რეჟისორი, მსახიობები, კომპოზიტორი, ყველა, კაპელდინერიც კი.

მიყვარს როცა ეს ადამიანები ახდენენ სასწაულს და გავიწყებენ ყველაფერს. ეს მიყვარს როგორც მაყურებელს. როგორც მსახიობს კი ამ საოცრების ნაწილად ყოფნა მიყვარს. მაშინაც მიყვარს როგორც მაყურებელს როდესაც სცენაზე ვარ და მოწმე ვხდები პარტნიორების მოხდენილი სასწულისა. თამაშის დროს ზოგჯერ მივბრუნებულვარ და მიფიქრია, როგორ თამაშობს ამ სასწაულს…

– თეატრი გიყვართ, და როგორი თეატრი? თუ რაც კარგია, ყველა?

– ვინ იტყვის ცუდი თეატრი მიყვარსო? მეც კარგი თეატრი მიყვარს. ბევრნაირ თეატრს აქვს არსებობის უფლება. დაბალი დონისას, მაღალი დონისას… ყველას ვერ მოსთხოვ რომ ინტელქტუალური თეატრის მოტრფიალე იყოს, ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოს, თავისი სულის, თავისი ტკივილის, ხასიათის, განწყობის შესაბამისი.

როგორც მსახიობს, ეგოისტურად მინდა რომ თეატრი მსახიობზე იყოს ორიენტირებული, მე რომ შევძლო თამაში, ჩემი ოსტატობის გამოვლენა, კიდევ რომ დავეუფლო სიმაღლეებს. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გინდა, ამიტომ მე ყველანაირი თეატრი მომწონს რაც კარგია, გემოვნებიანია და რომელსაც სათქმელი აქვს და არაა უბრალოდ თავის ასატკივებლად და დროის გასაყვანად.

– როგორც მსახიობი სად უფრო კომფორტულად გრძობთ თავს?

– მე მიყვარს ფსიქოლოგიური თეატრი, თუმცა ძალიან რთული ჟანრია. თქვენ რას არქმევთ იმას რასაც ჩვენ ბოლო წლები ვთამაშობთ?

– ეს პოსტმოდერნია, სადაც ყველაფერი ერთადაა. გროტესკს ერწყმის ფსიქოლოგიზმი, შემოდის ბუფონადა, ბალაგანი, ყველაფერი ერთდაა და სინთეზშია. ფილიპ ჟანტზე თქვეს, ჟანტი თვითონ არის ჟანრი. იგივე შემიძლია გავიმეორო რობერტ სტურუაზე, სტურუა თავისთავადაა ჟანრი.

– მართალია სტურუა არის თავისთავად ჟანრი! სტურუას ჟანრში ძალიან მიყვარს თამაში! სტურუას ჟანრში ვითამაშე ლედი მაკბეტიც, სეჩუანელიც და ბაბეტაც და ყველაფერი. კარგი რამ მოძებნე, სტურუას ჟანრი! მაგრამ მიყვარს როდესაც სტურუას ჟანრში ფსიქოლოგიური ელემენტები უფრო მეტია და ეს არის გაზავებული ყველაფერთან. მარტო ღმერთმა დაგვიფაროს, ცვალებადობა არის არაჩევულებრივი.

– ყველამ თავისი თეატრი უნდა იპოვოსო და როგორ ფიქრობთ, იძლევა ამის საშუალებას დღევანდელი ქართული თეატრალური სივრცე?

– დიდი არჩევანი აქვს მდარე ხარისხის თეატრს, კარგი ხარისხის თეატრის შემთხვევაში ეს არჩევანი თითქმის არაა, ერთი ორი და მორჩა. კარგი იქნებოდა ერთმანეთს ბევრი თეატრი ეჯიბრებოდეს, სიკეთეში ეჯიბრებოდნენ, თავისკენ სწევდნენ მაყურებელს, ზევით და ზევით. რასაც მე ვერ ვხედავ დღეს, თუმცა მგონია რომ რაღაც გამოჩნდება.

– იმ ლოგიკით რომ ჩავარდნას ყოველთვის აღმასვლა მოსდევს?

– მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნა.

– ანუ ჯერ ჩავარდნა გვაქვს წინ?

– ჩავარდნაც წინ გვაქვს და ამოვარდნაც აუცილებლად. ეს ნორმალური მდგომარეობაა და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ.

– თავის დროზე ამბობდნენ რომ კინო, ტელევიზია მოინელებდა თეატრს, მაგრამ თეატრმა ორივეს შემოტევებს გაუძლო. ახლა ინტერნეტზე და ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ იგივეს. არადა, თეატრმა პირიქით, შესაძლოა სწორედ ამ „გამოვირტუალურებულ“ სივრცეში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ერთადერთი ადგილი იყოს სადაც ცოცხალ ადამიანებს და მათ ურთიერთობას ნახავ…

– იმიტომ რომ თეატრი არის ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი ურთიერთობა, ეს ისე მოენატრება ადამიანს, რომ შეიძლება, შენი თქმის არ იყოს, კიდევ უფრო აქტუალური გახდეს თეატრი. მე მაგალითად, სახლში შეგნებულად არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი. შეიძლება ცოტა ჩამორჩენილი არჩევანია, მაგრამ ჩემია.

თქვენ ინტერნეტში ყოველდღიურად ელაპარაკებით, სწერთ მეგობრებს, ნახვის აუცილებლობა აღარცაა, მე კიდევ, თუ ვერ ვნახე არც ვიცი რა ხდება მის თავს, მომენატრება, მომწყურდება მასთან ურთიერთობა და ვნახავ.

ჩემი თავი ისეთ პირობებში ჩავიყენე, იძულებული ვარ შევხვდე ჩემს მეგობრებს. ჩემი გოგო მეუბნება, რა არის „ფეთი“ არ უნდა გვყავდესო? ყველა დამცინის, არ ვიცი რა არის „ფეისბუკი“, „ფეთი“ და „იმეილიო“. არადა, რომ ამბობს, ესე იგი იცის…

მე როგორც კარგმა დედამ ავუხსენი, რომ დასაცინი ის იქნება, თუ არ გეცოდინება რა არის სიკეთე და ა.შ. გაჩერდა. ვნახოთ რამდენ ხანს გაუძლებს. არ მინდა ეს პროცესი ხელოვნური გახდეს და ბავშვი სახლიდან გარბოდეს და საიდანღაც ძვრებოდეს ინტერნეტში. მე თვითონ ძალიან ინტერესიანი ვარ და კომპიუტერი და ინტერნეტი რომ მქონდეს, მთელი დღეE ვიჯდებოდი და მაუსის ტრიალში ვიქნებოდი.

მე მირჩევნია ამ დროს ოქროყანაში, ჩემს ეზოში ვიტრიალო, წიგნთან მქონდეს ურთიერთობა. ძველებურად ვკითხულობ წიგნებს, ახლა წავიკითხე მარკესის ბოლო მოთხრობები და ერთი ხუთი წლის სიცოცხლე მომცა.

– ოქროყანაში საცხოვრებლად გადასვლაც შეგნებული ნაბიჯი იყო?

ნინო კასრაძე


– არა, ეს მართლა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ როგორც ახლა ვფიქრობ, ადამიანი ყველაზე სწორ და მნიშვნელოვან ნაბიჯს, გაუცნობიერებლად დგამს. პირველი შვილი ერთი წლის გვყავდა, ზაფხულში სახლი რომ ვიქირავეთ ოქროყანაში, მეორე წელსაც, როცა უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, ისევ ვიქირავეთ.

ჩვენს პირდაპირ მართლა სასაცილო ფასად იყიდებოდა სახლი და სააგარაკოდ ვიყიდეთ, მაგრამ მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა საერთოდ საცხოვრებლად გადავედით, იმიტომ რომ აქ, თბილისში ჩვენს ბინაში შეუძლებელი იყო ორი ბავშვის გაზრდა. თვითონ ვუთხარი ჩემს ქმარს, იქ წავიდეთ, სახლთანაც ახლოსაა, თეატრთანაც, თან ბავშვები სუფთა ჰაერზე გვეყოლება-მეთქი და დამთანხმდა.

წავედით, მაგრამ მერე მივხვდი რამხელა რაღაცაზე წამოვედი, არავის არ ვიცნობდი, ვერსად ჩავდიოდი, ვიყავი ორი ბავშვით, ერთი პატარა, მეორე მთლად თოთო, ძიძა ავიყვანე, ახალი სახლი, ახალი ბავშვი, ახალი ძიძა, რაღაც პერიოდი მეგონა რომ გავგიჟდებოდი, ისეთი რთული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა.

ოქროყანაში ოჯახები ინგრევა, ქმარს იქ ცხოვრება უნდა და ცოლი არ მისდევს, გადაულახავი პრობლემაა მათთვის ეს. მე როგორ გავაკეთე ეს? თან ჩემი ინიციატივით? ყველამ აგვიბა მხარი, ჩემმა მშობლებმა, ჩემი ქმრის მშობლებმა და დავიწყეთ იქ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მივხვდი რომ რომ ამან გადამარჩინა, აი იმ ოქროყანამ, იმ ჩემმა სახლმა, იმ ჩემმა ეზომ. გაუცნობიერებლად მოხდა სწორი ადგილის შერჩევა, სადაც არის ჩემი სახლი.

– უკან ისეთი რეპერტუარი გაქვთ მოტოვებული, აწი რაღამ უნდა გაგაკვირვოთ, მაგრამ მსოფლიო დრამატურგიის, პროზის კითხვისას თუ ეძებთ იმ გმირებს, რომელთაც განასახიერებდით?

– ადრე არა, სად მქონდა ამაზე ფიქრის დრო და თავი, სულ თავზე დამეყარა ყველაფერი კარგი და არაჩვეულებრივი. ახლა, დაუფარავად ვიტყვი რომ ანა კარენინა ძალიან მომწონს. ძალიან გვიან წავიკითხე, 32 თუ 33 წლის ვიყავი და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასაკში ჩემზე. ძალიან მომწონს ეს პერსონაჟი, მაგრამ რა სპექტაკლი უნდა იყოს რომ ანა კარენინა ვითამაშო, მეგა? სამდღიანი? რაღა უნდა ვითამაშო რეზო, ასაკი მემატება, რასაც მომცემენ ის უნდა ვითამაშო…

აბა, ჩამომითვალე ჩემი ასაკის ქალის როლი? გედა გაბლერი? არ მაინტერესებს, ვიცი რომ აქ არავინ არ დადგამს..

– რანევსკაია?

– არაჩვეულებრივი როლია, მაგრამ ჩეხოვსაც არ დადგამენ…

– კლეოპატრა?

– განყენებულად კლეოპატრა არაჩვეულებრივია, მაგრამ კარგი რა, დღეს ვის აინტერესებს? დღეს ისეთ რაღაცაში მინდა თამაში, რაც რაღაცას გათქმევინებს. მე არ მაინტერესებს კლეოპატრას ძალაუფლება და სიყვარული, მე მაინტერესებს ცუდის და კარგის ბრძოლა ადამიანში და მოცემულ კონტექსტში როგორ გადარჩეს ადამიანი და დარჩეს ადამიანად.

– ბოლო დროს, პროფესიონალი თეატრთმცოდნეები, კრიტიკოსები დუმილს ამჯობინებნ, ვინც წერს და რაც იწერება, განზე დგას პროფესიუული კრიტიკისგან…

– ჩვენს დროს მართლაც იწერებოდა, მაგრამ რაც ბავშვები გავაჩინე, ჩემზე თითქმის არავის არაფერი დაუწერია, მარტო მლანძღავენ და რატომღაც „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონაში“ მადანაშაულებენ.

ჩემი პატარა გამოცდილებით მახსოვს, როდესაც წერდნენ, შეიძლება ისიც არ იყო კრიტიკის ბრწყინვანე ნიმუშები, მაგრამ კარგად წერდნენ რუსეთშიც, ჩვენთანაც, სპექტაკლებს არჩევდნენ, დღევანდელივით სპექტაკლის სიუჟეტს კი არ ჰყვებოდნენ.

სიცილით ვკვდები, იმის მოყოლას რომ მიწყებენ რასაც ვთამაშობ. ეს იმას ჰგავს სკოლაში რომ გვასწავლიდნენ „თხრობით, ზეპირადო“. რად მინდა სპექტაკლის შინაარს რომ მიყვები, ეს ხომ აპრიორია რომ ნანახი გაქვს შენც – ვინც წერ, ჩვენც, ვისაც გვეხება და იმასაც, ვინც ჰკითხულობს და ინტერესდება ამ რეცენზიით.

უნდა მოხდეს რაღაცის შედარება, რაღაცის რევიზია, ახლის დანახვა, ძველი დანახვა, ეს არის წინ წადგმული ნაბიჯი თუ უკანდახეული. როცა წერდნენ, შინაარსს კი არ გვიყვებოდნენ, იმას ცდილობდნენ დაენახათ იმის მიღმა რა იყო, ხელოვნებაში მიმდინარე პროცესში ცდილობდნენ გამოეძებნათ შენი აქტისთვის ადგილი, დაედგინათ რა მიმდინარეობაა, რა გავლენა აქვს.

კრიტიკა ლანძღვა და მიწასთან გასწორება კი არაა, თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, უნდა გაერკვე ეს მარტო უნიჭობაა თუ იმ პროცესის ნაწილია, რასაც გემოვნების დაკნინება ჰქვია და ა.შ. ამერიკული გამოცემიდან, რამდენიმე სტატია მაქვს ჩემთვის თარგმნილი, ისე წერეენ… ისეთივე შედევრებია, როგორსაც სცენაზე ნახავ. იღებენ ერთ თემას და ავითარებენ, თან მარტივად და გასაგებად. და არა ისე რომ ვერაფერი გაიგო.

იყოს უარყოფითი შეფასება! შენიშვნა ბევრი მსმენია და გამითვალისწინებია კიდეც, თუმცა, ძალიან მკაცრი, უარყოფითი კრიტიკა არასოდეს მიმიღია. თუ არ ჩავთვლით ამ „მოქალაქეობრივი პოზიციის არქონას“, რაც არ მესმის რას ნიშნავს და კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის რაც „არქონა“ ჰგონია ამ აზრის ავტორს, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ეს ცოტა საფრთხილო თემაა და სცდება მსახიობობას, ხელოვნებას.

– სექტემბერში ნუცა მესხიშვილის ფილმმა „ბედნიერებამ!“, სპეციალური პრიზი მიიღო ვენეციის ფესტივალზე, ამ ფილმში თქვენც ხართ გადაღებული, რამდენად საინტერესო იყო ნუცასთან მუშაობა?

– არაჩვეულებრივად საინტერესო იყო მუშაობაც და სცენარიც. არა მგონია ამ ისტორიამ გულგრილი დატოვოს ნორმალური ადამიანი. როდესაც ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა. მე არ ვარ იმ კატეგორიის მსახიობი, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, სადაც კი თვითონ თამაშობს. ყველაფერს ვხედავ, ბევრჯერ მწარედაც გამიკრიტიკებია, შეიძლება საჯაროდ არ ვამბობ, იმიტომ რომ ეთიკაც არსებობს.. მე ეს ფილმი მომეწონებოდა ჩემს გარეშეც. ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული მატკინა და შემეხო. ამ ადამიანმა კიდევ უნდა გადაიღოს ფილმი და თუ აღარ გადაიღებს, იქნება საშინელება.

– ამ ეტაპზე გაქვთ რამე შემოთავაზება კინოდან?

– არაფერზე არ მეძახიან… სერიალებზე მე თვითონ ვთქვი უარი. არადა, არ მინდა რომ სულ გავქრე ამ სივრციდან. ბავშვები რომ მეყოლა, მე თავად ვთქვი უარი კინოზე, ტელევიზიაზე, ვერ მოვასწრებდი. თეატრი და ბავშვები, ასეთი იყო ჩემი პრიორიტეტი. გარკვეული პერიოდი ეს კარგად მუშაობდა, თეატრი მყოფნიდა, მაგრამ ახლა.. მარტო თეატრით ვერ გაგიცნობს მაყურებელი, დაავიწყდები.

– ადრე ეს პოპულარობის პრობლემა საერთოდ არ გადარდებდათ…

– ეგ რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მითუმეტეს რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი. უბრალოდ, როდესაც პოპულარობას ჰკარგავ, კინოში აღარ გეძახიან. ავიწყდები კინოსამყაროს. ამას მართლა განვიცდი, სხვა მხრივ მართლა ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი ჩემს მიღმააა.

მირჩევნია ასე იყოს, ეს არის ჩემი უშეგნებულესი არჩევანი. კინომ რომ მომაქციოს ყურადღება, ამიტომ მინდა ცოტა პოპულარობა. კინოში მინდა მუშაობა. კინო სხვანაირად ხვეწს მსახიობს, მე ძალიან პატარა გამოცდილება მაქვს კინოში… იქნებ კიდევ რაღაც შევძლო, სულ რომ გავქრი ამ თვალსაწიერიდან.

ადრე ყველაფერი სპონტანურად ხდებოდა, ადრე ეს არ მადარდებდა, ავტომატურად, თავისით მოდიოდა, ახლა გახდა ჩემი პროფესია ყველაზე მეტად საინტერესო ჩემთვის, მინდა რომ ეს გაგრძელდეს სცენაზეც და კინოშიც.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s