კობა ცხაკაია: მზის ჯარიკაცები


Two soldiers by Vijay B.Raibole

ცხაკაია კობა

მზის ჯარისკაცები

(კლოუნადა)

მოქმედი პირნი:

პიპინია – ხანშიშესული გამხდარი ჯარისკაცი
ბრიყვა – ახალგაზრდა წვერგაუპარსავი ჯარისკაცი

მოქმედება მიმდინარეობს ორკაციან სათვალთვალო სანგარში. ზაფხულის ღამეა. ცაზე ანათებს სავსე მთვარე. “ბრიყვა” გამხმარი პურის ნატეხს ლოღნის. პიპინია წამოწოლილია ბორცვზე და ტოტით კოღოებს ინიავებს. სცენის მარცხენა წინა კუთხეში დგას მაგიდა ყავის სერვიზით.

პიპინია – სიჩუმეა!… გესმის, როგორი სიჩუმეა?
ბიყვა – მმმ!
პ – სიჩუმეც კი სავსეა სიტყვებითა და თხოვნებით!… აქ შეიძლება დაკარგო და… შვება იპოვო!
ბ – აქ ცხოვრობდა ის ქალი?
პ – ჰო აქ ცხოვრობდა!… აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ!… შენი თვალები ორი მტერედია შენი პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი – საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
ბრიყვა ანებებს თავს ჭამას და გაკვირვებული უყურებს პიპინიას.
პ – შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი, შროშანთა შორის. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და… უბიწო!
ბ – ეგ ქალი მართლა აქ ცხოვრობდა?
პ – ჰო! აბა, რატომ მოგიყვებოდი ამ ამბავს… აქაურობამ გამახსენა და იმიტომ.
ბ – მეგონა, ეგ იმ ამბის გაგრძელება იყო, არმავირში რომ მოგივიდა.
პ – არმავირში კი არა, ასტრახანში!… სად არმავირი და სად ასტრახანი?
ბ – პიპინია, “ღაწვები” კულტურული სიტყვაა?
პიპინია დიდხანს უყურებს ბრიყვას, ბოლოს ხელს ჩაიქნევს და ისევ ბორცვზე წამოწვება.
პ – ყველაფერს ჯობია ქალაქობანა ვითამაშოთ!
ბ – კარგი ბატონო!
პ – ა-ბ-გ-დ-ე-ვ-ზ-თ!
ბ – სტოპ!
პ – ესე იგი – თ! თელ-ავივი!
ბ – მე რომელ ასოზე უნდა ვთქვა?
პ – ბოლოდან მეორეზე – ვ-ზე!
ბ – ვაშინგტონი!
პ – ნალჩიკი!
ბ – … კუტაისი!
პ – კუტაისი რუსულადაა, ქართულად ქუთაისია… დროზე მოიფიქრე ქალაქი, თორემ წააგებ!
ბ – წავაგებ თორემ, პაპაჩემის ქონება არ წავაგო!… კარაკასი!
პ – სარდინია!
ბ – ნიგერია!
პ – ნიგერია სახელმწიფოა!
ბ – აბა სარდინია რა ჩემი ფეხებია!
პ – შევცდი, ბატონო!… ამებნა გონება! საარ-ბრუკენი!
ბ – მაშინ ნიუ-იორკი!
პ – კ-ზე!… კალკუტა!
ბ – ტალინი!
პ – ნიუ-კასლი!
პ – ლამბოეჯინი!
პ – ლამბოეჯინი – ლამბადა!
ბ – მაშინ!… ლაცკანი!
პ – ნუ ახურებ საქმეს… თუ არ გინდა თამაში, მითხარი!
ბ – ლუსტრაცია!
პ – ვიწყებ თვლას!… ერთი… ორი!
ბ – ლუი დე ფიუნესი!
პ – სულ ნუ გამოქლიავდები! სამი!
ბ – ლილო!
პ – ნავთლუღი! ოთხი… ხუთი!
ბ – ლუქსი!
პ – რა ლუქსი?
ბ – ლუქს-ემ-ბურგი!
პ – კიდევ კარგი!… გორი!
ბ – … აღარ მინდა თამაში, გავათავე ლავაში!
პ – აბა რა ვითამაშოთ?
ბ – არაფერი!
პ – როცა არაფერი ხდება, მაშინ გინდება ყველაფერი!
ბ _ იმ ქალზე კიდე მომიყევი, რა?!
პ – რომელ ქალზე?
ბ _ აი, თხებივით ძუძუები რომ ჰქონდა!
პ – თხებივით კი არა – ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი, შროშანთა შორის!
ბ _ ო! ზუსტად მაგაზე გეუბნებოდი!… მაინც რატომ არ არის ღაწვები უზრდელური სიტყვა!… ისე უზრდელურად კი ჟღერს – ღა-წვები! ღა-წვები! ღა-წვები!
პ – ეეჰ, რა გესმის შენ “რაიმესი”?!
ბ _ “რაიმესი” შეიძლება არ მესმის, მაგრამ ომში შენზე ადრე მოვხვდი და შენზე მეტიც ვიცი!
პ – არ დაგეკარგოს არსად!
ბ – გეწყინა?… გეწყ-ინა-ა – გეწყინაა!… ნეკაზე ხომ არ მიკბენ?… ძალიან კარგი!.. მე შეიძლება “ღა-წვებში” რძე არ შემშრობია, მაგრამ შენ… ომში არ შეგშრობია!… ზღაპრების მოყოლის მეტი არაფერი იცი.
პ – დედა, ბიჭო! მე ეს ამბავი აღარ მაინტერესებს… შეგეხვეწე, მოგიყვები მეთქი თუ რა?.. შენ თვითონ არ შემეხვეწე! მე კი ვიცი ეს ამბავი რითაც დამთავრდა… შენ კი იჯექი ასე, მუდოსავით და ღეჭე შარშანდელი პური…. “ტოჟე მნე ვეტერან”!
ბ – მაინტერესებს არა ის…. გინდა მოყოლა, მომიყევი! არ გინდა და თავში ქვა გიხლია, მუცელში სამართებელი… მგონი, მე კი არ მიყვები ამ ამბავს, შენ თავს უყვები… ვითომ უფრო კაი ტიპი რომ იყო!…
პ – ვა-ვა-ვა!… შეხედე, როგორი “დასტოინი” და სერიოზული “მასტია”!… შენა ხარ ჩვენი ხვალინდელი დღე?… შენა ხარ!
ბ – ძალიან სასიამოვნოა, დიახაც მე ვარ!… – თქვენ ვინ ტაკარაცუპა ბრძანდებით?
პ – ბიჭო, მამისტოლა კაცს როგორ ელაპარაკები… არ მომიყვანო მანდ, თორემ!
ბ – მოგიყვანო თორემ… შენც ასი კილომეტრი გაქვს გასავლელი!… მოდი-მოდი! აგერ არა ვარ!
პ – გაჩერდი, თორემ მივწერ ჩემს შვილებს, ჩამოვლენ და იმდენს გირაჯგუნებენ იმდენს, სანამ გაჭყლეტილ ბიდონს არ დაგამსგავსებენ!
ბ – მიწერე-მიწერე!… მეც მივწერ!… ყველაფერს მივწერ! როგორ რყვნი უმანკო, გონება დაუბინძურებულ ახალგაზრდა თაობას აღვირახსნილი სექსუალური ისტორიებით! თხის ძუძუები, ღა-წვები!… ვითომ საკუთარ თავზე გადაგხდა!… ყველაფერს მოვუყვები და მერე ვნახოთ, ვინ ვის დაჩეჯგვავს!
პ – აა, ენდე ამის მერე ახალგაზრდობას!… ბიჭო, მე სიყვარულით, სითბოთი და ალალი გულით გიყვებოდი ყველაფერს… მეგონა მეგობარს, თანამებრძოლს და მომავალ თანამოაზრეს ვუმხელ მეთქი ჩემს საიდუმლოებებს!… ვუჩვენებ ჩემი სულის ყოველ კუნჭულს მეთქი!… მეგონა, ამ მონაყოლით გამოცდილებას გადმოგცემდი… ვფიქრობდი, ჩემი ამბები შენს მამაკაცურ პოტენციალს გააჯანსაღებს და გაზრდის მეთქი!… მეგონა, ჩემს შემცვლელად გზრდიდი!… როგორ არ გაიხსნა ცა, არ დამეცა მეხი?… როგორ არ გაიპო მიწა და არ მშთანთქა ჯურღმულის ცეცხლმა!… გველი! გველის წიწილი გამიზრდია უბეში!…
ბრიყვა უცებ დაიძაბება და მაყურებლისაკენ მიბრუნდება.
ბ – ჩუმად, პიპინია!
პ – რა იყო?
ბ – ვერ გრძნობ, ვიღაც გვითვალთვალებს!..
პ – რაღაც ასეთი შეგრძნება ახლა მეც გამიჩნდა!
ბ – დილიდან რაღაც ცუდი შეგრძნება მეც მქონდა!…
პ -უცებ რომ წამოვიდნენ, რა ვქნათ მაშინ!
ბ – ჯერ ხომ არ წამოსულან!…
პ – რა ვქნათ, ტყვიები რომ არა გვაქვს?
ბ – რა ვქნათ და… ვიფანტაზიოროთ!
პ – არც იარაღი გვაქვს, და…
ბრიყვა ხელით აკეთებს “პისტოლეტს”.
ბ – აი, ნახე!…. ამას ტყვიები არ გამოელევა!
პ – მანახე!… აი, მეც მქონია!… ბრიყვა, ორი ცალი მქონია!
ბ – იქით გაწიე, მე არ მომარტყა!…
პ – შენ როგორ შეიძლება მოგხვდეს!… ეს ხომ მეგობრის ხელებია!
ბ – მეგობრის ხელსაც შეუძლია წელიწადში ერთხელ მეგობარს ესროლოს!
პ – ადამიანის შესაძლებლობები მართლაც რომ ამოუწურავია.
აკვირდება თავის “იარაღს”.
პ – ასეთ იარაღს პირველად ვხედავ!… მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია!…
ბ – ჰო, მართლაც!… ომში ყოველთვის ხელოვნება კარნახობს, ლოგიკა კი ამტკიცებს!
ორივე ისევ იძაბება, “იარაღმომარჯვებულები” მაყურებელთა დარბაზს უთვალთვალებენ.
პ – რა ვქნათ!
ბ – ხედავ, აი იქ, რაღაც რომ დგას (უჩვენებს მაგიდაზე) მე იქ მივხოხდები! იქიდან მთელი სამყარო “კაკ ნა” ხელისგული, ისე მოჩანს!… შენ აქედან უთვალთვალე!… იცოდე, იარაღი ჩემსკენ არ გამოიშვირო, თორემ… ძალიან მეწყინება!
პ – კარგი, კარგი! ნუ გეშინია!
ბრიყვა სანგრიდან ამოძვრება.
ბ – ჰო, მართლა, პიპინია!… სულ დამავიწყდა! შენ ილაპარაკე, ნუ გაჩერდები!… ისე ილაპარაკე, თითქოს ვიღაცას ელაპარაკები!… თითქოს მე კი არ წავსულვარ, არამედ ისევ შენთან ვარ! გაიგე!
პ – გიჟი ვარ, მარტო ვილაპარაკო!
ბ – პაუზას დიდხანს ნუ გააჩერებ!… ომს არ უხდება დიდხანს რომ არის სიჩუმე! გაიგე… მოსაწყენია!… დამიჯერე, რასაც გეუბნები!… გამოცდილი ვარ ასეთ ამბავში!
პ – კარგი-კარგი!… ფრთხილად იყავი, შენც რამე არ გააფუჭო!
ბ – კარგი, კარგი!
ბრიყვა მიხოხდება მაგიდასთან, დაისხამს ყავას და სვამს.
პ – (ფიქრობს) კარგი-კარგი!… რაზე ვილაპარაკო?… ვაი, შე მართლა პიპინია?! შე, მართლა პიპინია!… ოო, როგორა ხარ ბიჭო?… რა ვიცი, ვარ, რა! შენ, როგორა ხარ? როგორც მკითხულობ, ისე!… ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდი!… ბავშვობიდან აქა ვზივარ!… არა, მაინც!… ხა-ხა-ხა! ომი შენ გაუგებრობა გგონია!… ომი ტკივილია! ჰო, ტკივილი და ასწლიანი ტკივილი მერე, ათასწლიან სიმშვიდეს უზრუნველყოფს!… შენ არ შეცვლილხარ! ადამიანი არ იცვლება, ის მხოლოდ ბედს ებრძვის!… ისევ ომი?… ჰო, ომი! ქალებს დროშები არც აქვთ და არც სჭირდებათ!… იცი, ქალაქში ომში დახოცილ ბიჭებზე ნეკროლოგების კითხვის შემდეგ, ტურისტულ ტურებზე ეპატიჟებიან ხალხს?! იქ, ქალაქში, ომის სუნიც კი არ ტრიალებს!… ომს რა სუნი უნდა ჰქონდეს?!.. ჩვენ ქართველები ვართ და სულ ტირილი არ შეგვიძლია! არაკაცურია ეგ! ამიტომაც ვეპატიჟებით ხალხს, ტურისტულ ტურებში! თანაც მტერს ვაბნევთ, ასეთი მოქცევით!… იმ ფულით ტყვია-წამალი და ტანსაცმელი ეყიდათ თქვენთვის, უკეთესი არ იქნებოდა?… ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო! ხომ გაგიგონია! ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა ადამიანი აღარ რისკავს!… ბევრი დრო უნდა ომში ამას რომ მიხვდე, მაგრამ უფრო ბევრი მოთმინება, რომ ომიდან დაბრუნდე!… მოქალაქევ, იდეების ტყვეობაში ხარ!… იცი, რას გეტყვი, მე ომში ვარ! გაიგე, ომში!… შეიძლება უკვე მკვდარიცა ვარ, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხვდები!… ამიტომ ცოცხლებზე ცუდს ნუ მათქმევინებ!… ისინი ცოდვები არიან!… ერთი ვიცი, რომ ერთგული უნდა იყო!… ერთგულება არასოდეს არაა საკმარისი!… ვიცი და კარგად იყავი!… კარგად იყავი!
ისმის კარების დაკეტვის ხმა. ამ მონოლოგის დროს ბრიყვა ამთავრება ყავის სმას და ბრუნდება სანგარში.
ბ – ოპლა!
პ – იყო რამე?
ბ – რაღაც გაბრაზებული მეჩვენები!
პ – ჰო!… გამიხურეს რა, საქმე!…
ბ – ნუ მიაქცევ ყურადღებას. მაგათ ყველას გიჟები ვგონივართ… რაკი მათ არა ვგავართ, გიჟებად ჩაგვთვალეს… გიჟები თვითონ არიან!… აბა შეხედე, ომის დროს როგორ იქცევიან
პიპინია აკვირდება და იწყებს სიცილს. იმას ბრიყვაც აჰყვება. ცოტა ხანში ორივე ჩერდება.
პ – ბრიყვა, კაცი თუ მოგიკლავს?
ბ – მე მკვლელი არა ვარ!… მკვლელები შენს რეპერტუარში მოიკითხე, აქ რომ ფრთაშესხმულ ანგელოზს თამაშობ!
პ – ერთხელ გულში მეც გამკრა – “მოკვლამ”!… ერთი ბიჭის მოკვლა მინდოდა!
ბ – ხოხ! მალადეც, პიპინია, შენ ისე ალაპარაკდი, შეიძლება ომის დამთავრებასაც კი მოესწრო!
პიპინია ამოძვრება სანგრიდან, მოდის მაგიდასთან და ისხამს ყავას. ჭიქით ხელში ბრუნდება სანგარში.
პ – კვირას ვთამაშობდით ერთ სპექტაკლს! სკოლის მოსწავლეებისთვის! რატომღაც თავიდანვე შემზიზღდა ეს სპექტაკლი! არანაირად არ მინდოდა თამაში. ვერ ვიტანდი ჩემს როლს, სხვა როლებსაც… მაგრამ ხომ იცი, მსახიობობა რა მონური სამსახურია. ხორავას შვილი ეწვინა კუბოში, მაგრამ სპექტაკლი მაინც ათამაშეს!… ეეჰ!
ბ – ნუ წუწუნებ! სადაა შენს ახალგაზრდულ თვალებში მხეცური ნაპერწკალი, აა?
პ – ბრიყვა, ნუ მაბნევ!… უკვე მესამეჯერ ვთამაშობდით იმ დღეს და აღარ შემეძლო! “ბიჩოკივით” ვიყავი!… თანაც ჩემი უფროსი ბიჭის დაბადების დღე იყო! პირველი დაბადების დღე… ცუდ ხასიათზე ვიყავი, ძალიან ვჩქარობდი, ყველა მეზიზღებოდა… მოკლედ, მშვენიერ გუნებაზე ვიყავი… ერთ-ერთ სცენაში ზურგით უნდა ვმდგარიყავი მაყურებლისაგან. რეჟისორს ასე ჰქონდა ჩაფიქრებული… სცენა მიდის რიხინ-რიხინით. მე ვდგავარ, ასე ვთქვათ, და ზურგით გამოვხატავ ჩემს შინაგან მონოლოგს და… უცებ, შინაგანი ხმა მეუბნება “მობრუნდი, სანამ დროა, მობრუნდი!” მოვბრუნდი და რას ვხედავ. ლამის ჩემს ცხვირ წინ, მეამე რიგში ზის ლამაზი, კოხტადშეკრეჭილთმიანი ბიჭუნა! შენნაირი თაფლისფერი თვალები ჰქონდა!… იღიმება და ტირის პისტოლეტს არ მიმიზნებს!.. სცენაზე უნდა დამხვრიტონ პერსონაჟებმა! დარბაზიდან კი ეს ლაწირაკი არ მესვრის!
ბ – “ეტო ოჩენ ინტერესნო!”
პ – სად იბრიდები, შე შობელძაღლო-მეთქი, გავიფიქრე! თვალებით ვეხვეწები ბიჭს, – ბიჭო, არ მესროლო! ან-გე-ლო-ზო, არ დააჭირო ჩახმახს თითი!.. შენხელა შვილი მყავს! უმამოდ ნუ დატოვებ-თქო!… ვეუბნები თვალებით და თან ვაკვირდები!… ჩემი რეპლიკაც მიდის, კაცო. მერე არ გაინტერესებს, რა რეპლიკაა. რეპლიკის უნახავს გაგხდის. ცეცხლზე ნავთს ასხამს პირდაპირ! – თქვენი თოფებით, თქვენი ტყვიებით მე ვერ შემაშინებთ! – ჰა, როგორია, მერე უსმინე – რამ გაგახევათ!… მიმიზნებთ და ვეღარ მესვრით! ვაჟკაცობა არ გყოფნით! – ლამის ავტირდე, ისე ვეხვეწები ამ ვირიშვილს, არ მესროლო მეთქი. – იცოდეთ! თქვენ, ტყვიას თქვენსავე სილაჩრეს ესვრით და არა მე მეთქი! – ვბღავივარ, ვგრძნობ, დარბაზი ავიყვანე, პარტნიორები აღფრთოვანებულები არიან ჩემი თამაშით!… ეს ვირიშვილი კი მაინც მიმიზნებს!… აქ ცოტა პაუზა უნდა იყოს, სანამ ჩემი ჯალათები აზრზე მოვლენ და მესვრიან. მე, ამ დროს, თვალებს ვხუჭავ და… მომხვდა, მაგრამ რა მომხვდა! ააა-უუ! იმხელაზე ვიბღავლე თურმე, მთავარი რეჟისორი გავაღვიძე თავის კაბინეტში!…
ბ – მერე?
პ – მერე, გავიშხლართე მოუხვეტავ სცენაზე და სანამ ფარდა არ დაუშვეს, მანამდე ვეგდე ასე გულწასული!
ბ – სად მოგხვდა?
პ – სად მომხვდა და… ღმერთმა ნუ მოგახვედროს – იმ ადგილას!
ბ – ააა?!… მაგ ამბის მერე, შვილები კიდე გეყოლათ?
პ _ იცი რას გეტყვი?… ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!
ბ – უი, გამახსენდა ეგ სპექტაკლი!… შენ ქვეშაფსია პარტიზანს თამაშობდი!
პ – ქვეშაფსიას კი არა – ფრთხილს, ოიდიპოსის კომპლექსებით დატანჯულ, არარეალიზებულ პიროვნებას, რომელმაც მხოლოდ ბოლო მომენტში შეძლო თავისი ნამდვილი “მე”-ს პოვნა.
ბ – “კაროჩე გავარია” მშიშარას!
პ – ესეთი ინტერპრეტაცია უფრო ახლოა არსთან!… ისე, ამ შემთხვევის მერე გავუგე ამ როლს!.. მერე რაღაც პრემიაც ავიღე!
ბ – შიშის გრძნობა არც ახლა დაკარგო, თორემ მოკვდები!
პ – მაგას რატომ ამბობ?
ბ – იმიტომ!
ბრიყვა ამოძვრება სანგრიდან, მიდიდის მაგიდასთან, იღებს ყავადანს, ჭიქას და ბრუნდება პიპინიასთან. ჯდება სცენაზე. ისხამს ყავას.
ბ – გინდა კიდევ ყავა?
პ – მინდა!
ბ – მეც მქონდა ერთი შემთხვევა!
პ – შენც გესროლეს?
ბ – ჰო, რა, ეგრე გამოვიდა!… გოგო იყო ერთი! მშვენიერი “ღაწვები” ჰქონდა!… მკერდი იმხელა, მუცელზე ვერ წვებოდა! თვალები, რაღაც მომწვანო-მოლურჯო!
პ – გიყვარდა?
ბ – არ ვიცი!… რაღაცნაირი ქალი იყო!…. არ რცხვენოდა!
პ – რისი?
ბ – აი ერთხელ საბანაოდ ვიყავით წასულები! მთელი ჯგუფი, რა! იმანაც იბანავა! მაგრამ ისეთი მკერდი ჰქონდა! (იცინის) რაღაცნაირად აწყდა, რა, “საცურაო კოსტუმის” ლიფი და დაეკარგა!… ისე დაეკარგა, რომ ვერც კი შეამჩნია. ნაპირზე როცა გამოვიდა, მაშინ დაინახა, რომ შიშველი იყო!…
პ – მერე?
ბ – არაფერი! არც შერცხვა! არც დაიბნა! ნელა მივიდა თავის ტანსაცმელთან! ჩანთიდან მშვიდად ამოიღო პირსახოცი და შე-მო-იხ-ვია!… ეს ყველაფერი ძალიან “ამაყად გააკეთა”… ისე გააკეთა, რომ ჩვენ შეგვრცხვა, მის მაგივრად!… გაიგე, ჩვენ უფრო შეგვრცხვა!… წყალში ვეძებე ის ლიფი და ძლივს ვიპოვნე! როცა მივუტანე, რაზე შეწუხდიო, ეს აწი აღარ ივარგებსო – თქვა და გადააგდო!
პ – ლიფის გადაგდების გულისთვის ქალს არ კლავენ!
ბ – ვინ გითხრა!… იმის მერე სულ კუდში დავდევდი! ყოველთვის მასთან მინდოდა ყოფნა!… ეხლა რომ მახსენდება, ჩემი თავის მრცხვენია!… შემეძლო მისი გადაფურთხებულიც კი ამელოკა!
პ – ოო, ეგ სერიოზული არგუმენტია!
ბ – ახლა რომ მახსენდება, მართლა მაგრა მრცხვენია!… უფრო იცი რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში არ მიყვარდა! უბრალოდ ვერ ვცილდებოდი, დებილივით დავყვებოდი!… ერთხელაც, იმ გოგომ მკითხა – “ბრიყვა”, რა გინდა, გამაგებინე, ბოლოს და ბოლოსო?… მეც არც ვაციე და არც ვაცხელე, ავდექი და ეგრევე ვაჯახე – მომეცი მეთქი?!
პ – ვაა! იმან რა გითხრა?
ბ – არა მაქვსო!
პ – არა მაქვსო?!… რა არა მაქვსო?
ბ – მეც მაგაზე არ ვიმტვრევ თავს!… ვერაფრით მივხვდი, რაზე მითხრა, არა მაქვსო?!
პ – მაიცა, “ვაფშე” არა მაქვსო, თუ ცოტა მაქვსო და ამიტომ ვერაო?
ბ – რა ვიცი, არა მაქვსო და… იმ მომენტში ძალიან დავიბენი! მერე კი ისე გავბრაზდი, ისე მომინდა მისი მოკვლა, რომ… როცა ვხვდებოდი, ვემალებოდი… ვე-მა-ლე-ბო-დი!
პ – საერთოდ არა მაქვსო, თუ ცოტა ხანში გამომიარე და მერე მექნებაო?… იმედიც არ მოუცია!
ბ – იმედი ბინძური სიტყვაა!…
პ – იქნება ვინმეს ვათხოვე და მერე დამიბრუნებსო!
ბ – პიპინია, ნუ გამიხურე საქმე!…
პ – მაპატიე, მაგრამ მეცინება!
ბ – რატომ?
პ – იმიტომ რომ ადამიანი ვარ!
ძლივს იკავება სიცილს.
ბ – ამ ამბის მოყოლამ რაღაცნაირად… ცუდად გამხადა!
უკიდებს სიგარეტს.
პ – თუკი ამით რაიმე გეშველება, შემიძლია გითხრა, რომ მეც ცუდად გამხადა მაგ ამბავმა!
ბ – … არ მეშველა!
პიპინიაც ეწევა. ცოტა ხანს ჩუმად არიან.
პ – ვაა, მაინც რაზე თქვა, არა მაქვსო?..
ბ – პიპინია, იმ ბიჭს, შენ რომ პისტოლეტი გესროლა, თმა შუაზე ხომ არ ჰქონდა გაყოფილი?
პ – მგონი!
ბ – წითელი პერანგი ეცვა და თეთრი “ბაბოჩკა” ეკეთა, არა?
პ – შენ საიდან იცი?
ბ – თვითონ არ მოყევი, დაგავიწყდა?!
პ – არ მახსოვს!
ბრიყვას ფინჯნები და ყავადანი მაგიდასთან მიაქვს.
ბ – აბა მე საიდან მოვიგონებდი.
პიპინია ყურადღებით უყურებს ბრიყვას, და ფიქრობს რაღაცას.
პ – მე მოგიყევი?… ჰო, შეიძლება მე მოგიყევი.
ისმის გასროლის ხმა, ორივე სანგარში ძვრება. სიჩუმეა. ისინი ფრთხილად ამოყოფენ თავებს, “იარაღმომარჯვებულები” აქეთ-იქით იხედებიან.
ბ – ნეტა საიდან ისროლეს?
პ – არ ვიცი!… რაც მთავარია, არ მოგვხვედრია.
ბ – ვინ იცის.
პ – ნეტა ვინ იყო?… კაცი, ქალი თუ პატარა ბიჭი?
ბ – რაში გაინტერესებს?… რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოგკლავს?
პ – როგორ არ აქვს მნიშვნელობა! როგორ არ აქვს მნიშვნელობა!
ბ – მტერი თუ გინახავს ოდესმე?
პ – მტერი?… მტრის ნახვა არც ისე ადვილია, ზოგ-ზოგიერთებს რომ ჰგონიათ.
ბ – რატომ?
პ – იმიტომ, რომ მტერს სახე არა აქვს!… ისინი ვინც გვესვრის, ან ვისაც ჩვენ ვესვრით… ეს ერთიდაიგივე არ გეგონოს… აქ მარტო ზმნებში არაა განსხვავება! სისხლი და სული!.. თუმცა ამაზე მერე უნდა ვილაპარაკოთ, მერე… ის რაც სისხლს და სულს შეეხება, მერე!.. ისინი კი არ არიან მტრები. ისინი მტრის ჯარისკაცები არიან! როგორც ჩვენ ვართ მათთვის მტრის ჯარისკაცები! მტრის სახესა და იმათ შორის, ვისაც თავისი სურვილებისათვის იყენებს მტერი, დიდი განსხვავებაა… ხვდები სხვაობას – მტვრის! მტრის!
ბ – (იცინის) ეჰ, პიპინია, შენ ისიც გეცოდინება, მკვდრები ვართ ახლა თუ ცოცხლები?
პ – ეგ რომ ვიცოდეთ, მაშინ ადამიანები კი არ ვიქნებოდით, ანგელოზები ვიქნებოდით.
ბ – მტერი-მწერი-მწველი-მთელი-მჭრელი…. მმმ
პ – მთქმელი!
ბ – მადლობთ! მთქმელი-მკვლელი!.. მთხრელი!
პ – მბერი-მრევლი-მმ… მტვერი!
ბ – მტერი-მტვერი!…. კარგია… იცი, პიპინია, მიწის ჭიაყელას თავისი სურვილით შეუძლია მტვრად იქცეს და ამ მდგომარეობაში ას ოცი წელი გაატაროს…. მერე კი, ისევ თავისი სურვილისამებრ ჭიაყელად მოევლინოს ქვეყანას. მტვერი-მტერი!
პ – შენ საიდან იცი!
ბრიყვა კამფეტის ქაღალდს უჩვენებს.
ბ – “ტოფიტას” ქაღალდზე ეწერა!…
პ – მანახე! (კითხულობს)
ბ – (ამთქნარებს) ნეტა როდის ამოვა მზე?
პ – გცივა?
ბ – არა, მე-ნატ-რე-ბა!… ისე ნელა გადის დრო, მეჩვენება თითქოს ვინმემ გაკვანძა და დააბა ეს… გაუთავებელი დრო!
პ – დრო!… მაგარი რამეა დრო!… დროს ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ბილიკით მივყავართ!… სხვადასხვა ბილიკზე სხვადასხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ!… ამ ბილიკზე მე და შენ ერთ სანგარში ვზივართ!… ამ ბილიკზე შენ (მაყურებლისკენ იშვერს ხელს) იქ ზიხარ და მე მიყურებ!… იმ ბილიკზე მე იქ ვზივარ და შენ თოფს გიმიზნებ, იმ ბილიკზე მე და შენ მტრები ვართ!… ერთ-ერთ ბილიკზე კი მე და შენ უკვე მოჩვენებები ვართ!… სხვაზე კი… ჯერ არც დავბადებულვართ, ან უკვე აღარ ვარსებობთ!… საჭირო დროს, და საჭირო მომენტში, დრო გვაგდებს იქ, სადაც მას ცხოვრების უფრო მეტად დახლართვა სჭირდება!
ბ – შენ რა გინდა ომში?… ამდენ უბედურებაში და საშინელებაში რატომ ჩაიგდე თავი, პიპინია?… ისე არ გინდა, სოკრატე იყო და მკვდარი იყო?
პ – რა უნდა გელაპარაკოს შენ კაცმა?
ბ – რამე რო იყოს, რას აირჩევდი ქურდებში “კაზიოლობას” თუ “კაზიოლებში” ქურდობას?
პ – მილიონზე მეტი კაცი კვდება დღეში!.. გამაგებინე, შენ რატომ არა ხარ მათ შორის?!
ბ – მეც მაგის კითხვა მინდოდა შენთვის!
ცოტა ხანს ჩუმად არიან.
ბ – ეეჰ!… ერთხელ, კაი ხნის წინათ…. მე და ჩემი ძმაკაცი პარკში ვისხედით და… უბრალოდ ვისხედით, რა!.. უცებ ორი მაგარი გოგო გამოჩნდა, შოლტივით ქალები იყვნენ!… აქაურებს არ ჰგავდნენ!…. ფოტოაპარატები ეკიდათ და ბოთლიდან სვამდნენ!
პ – პინკერტონი ხარ, რა!
ბ – “პივას” კი არ სვამდნენ! ნაღდ წითელ ღვინოს!
პ – სადღეგრძელოებსაც ხომ არ ამბობდნენ?
ბ – მაგარი ქალები იყვნენ რა!… მივედი და შებმა დავუწყეთ!… აქამდე არასდროს შეგვიბია ქალები… პატარა ქალაქში როცა ცხოვრობ, შესაბმელი არავინაა!.. თუ ბოზია, იმას შებმა რად უნდა. თუ არაა ბოზი და… იმას მითუმეტეს!…. მაგრა შევაბით, რა!… ჩვენ თვითონ გაგვიკვირდა!… რაც სიტყვები, წინადა¬დებები, ანდაზები, ლექსები…. მძიმეები, პაუზები, მრავალწერტილები, კითხვა-პასუხები ვიცოდით, ყველაფერი გამოვიყენეთ, სალაპარაკო აღარაფერი დაგვრჩა. მერე… მერე მივდიოდით ქუჩაში და ვიცინოდით!… შევხედავდით ერთმანეთს და დებილებივით დავიწყებდით სიცილს!… იცი პიპინია, ქალთან ურთიერთობა ლაქლაქის მერე იწყება!… რაღაც მომენტი დგება, როცა ენა უნდა მოიჭრა და რაღაც შინაგანით უნდა ელაპარაკო!… იცი, რა სასაცილოა, როცა ქუჩაში დაგდებულ ქვას ფეხს დაარტყამ! ან როცა ჯიბეში ხელებს ჩაიწყობ!…. ან როცა გოგო ჩამოშლილ თმას უკან გადაიწევს!… ანდა შემთხვევით თითს რომ შეახებ მის ხელს!… შეიძლება გასკდე სიცილით! გაირღვე ნაკერავზე, იმდენი იცინო! ჩაბჟირდე! ტვინში შეიძლება სისხლი ჩაგექცეს!… კრუნჩხვები დაგეწყოს!
პ – მერე რა ქენით?
ბ – წვიმას არ ჰქონდა, იმ გოგოსავით პატარა და ნაზი ხელები!
პ – მერე რა ქენით, დაახურდავეთ!
ბ – კარგი სიტყვაა, დახურდავება! (იცინის) ვერ გამიგია, რა სტილის კაცი ხარ!
პ – სტილი სიკვდილის მერე იქნება!… მოყევი მერე, რა მოხდა!
ბ – მოყვე ბოლომდე, ნიშნავს მოკლა ამბავი!
ჩუმად არიან
პ – ორის მარტოობა ერთად!… ორის მარტოობა ერთად!
ბ – (ღიღინებს) წვიმაზე პატარა ხელები ჰქონდა!
პ – გიყვარს?
ბ – რას ნიშნავს მიყვარს?!… “მიყვარს”-ზე უფრო მაგარი სიტყვები არსებობს – მინდა! მწყურია! მშია! სიყვარული – მიყვარს! – ეს ძალიან სუსტი სიტყვებია!
პ – მე თვითონ ვიყავი მასეთი, სანამ თავი იდიოტად არ ვიგრძენი!
ბ – პირველად ვთქვი ამ ხნის მანძილზე, რისი თქმაც მინდოდა და… ცუდად ვარ!… მიშველე, პიპინიაჯან, ვი-ბრი-დე-ბი!
ისმის ლაპარაკის ხმა.
პ – გესმის?
ბ – მოგეჩვენა!
პ – არა, მართლაც გავიგონე ორი ადამიანი ლაპარაკობდა! ერთმა თქვა – იქ სადაც მართავს სიგიჟე, შორს არ არის აბსურდამდეო! მეორემ გაიცინა და უპასუხა – მხიარული უბედურება!… კიდევ გაიცინა და გაიმეორა – “მხიარული უბედურებაო!’
ბ – ნუ გეშინია, პიპინია, მე შენზე უფრო მეტად მეშინია!
პ – ვისროლოთ!
პიპინია “იარაღებს” იმარჯვებს.
ბ – რატომ უნდა ვისროლოთ?
პ – სროლა დაგვიბრუნებს რწმენას საკუთარ თავში! (აქეთ-იქით იხედება) აი, ისევ… რა კარგია ქვეყნისთვის, როცა ხალხი არ ფიქრობს!… გაოგნება და ცინიზმი, ეს ორი გრძნობა ავსებს ერთმანეთს, ასეთ ქვეყანაშიო!
ცოტა ხანს ჩუმად არიან.
პ – მგონი წავიდნენ!… ჰო, მართლა წავიდნენ!
ბ – ძალიანაც კარგი, თუ წავიდნენ! (ამთქნარებს) მშია, მეძინება, მწყურია!
პიპინია პირჯვარს გადაიწერს და ისევ ბორცვზე გადაწვება. ბრიყვა მიდის მაგიდასთან. ასხამს ყავას ორივესთვის და მოაქვს. აძლევს პიპინიას ერთ ფინჯანს. ორივე რამდენიმე ყლუპს მოსვამენ და მთვარეს ახედავენ.
ერთდროულად – ნეტა როდის ამოვა მზე?
ერთად რომ თქვეს, ამაზე გაეცინებათ. ბრიყვა ბორცვზე ჩამოჯდება.
პ – ბრიყვა, იცი, ადამიანს მხოლოდ მაშინ ეძინება, როცა მისი ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე მაღალია! ამიტომ ძინავს ღამით!… სიზმრებს კი მხოლოდ მაშინ ხედავს, როცა მისი ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზე დაბალია! ესე იგი, განთიადისას!
ბ – ესე იგი, როცა მკვდარია!
პ – ესე იგი, როცა მზე იწყებს ამოსვლას!
ბ – ჩემს მეზობლად ერთი ბრმა ცხოვრობდა… რაღაცნაირად მაინც ხედავდა, უთვალებოდ… როცა კარგი ქალი ჩაუვლიდა გვერდით, იტყოდა – ამ ქალს კოხტა ტანი აქვსო!… თუ ბავშვის ხმას გაიგონებდა – ამ ბავშვს ლამაზი სახე აქვსო!… ერთხელ სპეციალურად მივუყვანე ერთი ქალი, კოჭლი იყო, მაგრამ კარგი ხმა ჰქონდა. მისი ხმა რომ გაიგონა, ასე თქვა – იმისათვის, რომ ცხოველებმა დაარღვიეს კანონი, გადაიქცნენ ადამიანებადო!… ამაზე ის ქალი ატირდა და გაიქცა. ასეთი რა უთხარი, რომ გადარიე ის ქალი-მეთქი!… ყური ამიწია და მითხრა – იცოდე, მე ყველაფერს ვხედავო!… ხმა სილამაზის ფერიაო!… სამყაროს კი არ უნდა უთვალთვალო, არამედ უნდა უყუროო!… როცა უყურებ, მაშინ გრძნობ ნამდვილ სილამაზეს და სიამოვნებასო!
პ – (თავისთვის) უფრო ძნელია გიყვარდეს ის, რაც უკვე გაქვს, ვიდრე ის, რაც არასოდეს გექნება!
ბ – რა თქვი?
პ – ვარსკვლავების მტვერი!… ვარსკვლავების მტვრისაგანაა მოზელილი ყოველი ადამიანი!
ბ – პიპინია, მითხარი! თუ ღმერთი ჩვენთანაა, მაშინ ვინაა ჩვენს მტრებთან?… თუ ღმერთი მათიანია, მაშინ ვინაა ჩვენიანი?… მითხარი, პიპინია, მითხარი!
პ – ეგ საიდუმლოა, ბრიყვა!… საიდუმლოს კი, სამწუხაროდ არა აქვს ლოგიკა!
ქარი დაუბერავს.
პ – ქარმა დაუბერა!… შეხედე, ფოთლებს თითქოს სადღაც ეჩქარებათ!
ბ – ნეტა როდის ამოვა მზე?
პ – რა იყო, ხომ არ შეგცივდა?
ბ – მომწყურდა! მომინდა! მომშივდა…
პ – მხიარული უბედურება!… მხიარული უბედურება! ადამიანები ცხოველებზე მაღლა მხოლოდ ომის ორგანიზებით დგანან!
ბ – ცხოველებმა დაარღვიეს კანონი და გადაიქცნენ ადამიანებად!
პ – მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ… ან ვითამაშოთ!
ბ – მოდი სხვა რამეზე ვილაპარაკოთ და ვითამაშოთ!
ორივე ცოტა ხანს ჩუმად არიან.
პ – იცი, ელვის პრესლის სახლში ორმოცი ტელევიზორი ედგა. “გარაჟში” ორმოცდაათი მანქანა ეყენა. ბანკში მილიონობით ფული ჰქონდა… მთელი მსოფლიო იცნობდა და… მაინც მარტოობაში მოკვდა!
ბ – მე ელტონ ჯონი უფრო მიყვარს!
პ – ელტონ ჯონი პედერასტია!
ბ – ელტონ ჯონია პედერასტი? … შენ უკაცრავად, უკან რამე ხომ არ გაწუხებს? აბა ხელი მოისვი!
პ – დამიჯერე რა, რომ გეუბნები…. გათხოვებას აპირებს!
ბ – აუ! დაიწო ამან ეხლა! ელტონ ჯონი იცი, რა კაცია!… ფეხბურთის გუნდი ჰყავს თავისი, მეორე ლიგაში, ათამაშებს!
პ – არ შეიძლება ფეხბურთი უყვარდეს კაცს და პედერასტი იყოს?!
ბ – შეიძლება! მაგრამ ელტონ ჯონი ისეთი კაცია, შენ რომ იცოდე, მაგას “ვაბშე ვჟიზნი” არ იტყოდი!
პ – რატომ ვითომ?
ბ – პიპინია, თუ ცხოვრებაში ვერაფერს ხედავ, მაშინ სათვალეები უნდა იყიდო!… ასეთ სიმღერებს პედერასტი არ იმღერებს!
პ – იქნება მითხრა, ჯორჯ მაიკლი და ფრედი მერკური პედერასტები არ არიანო!
ბ – კაცი ხარ შენ?… მკვდრებზე რეებს ლაპარაკობ!
პ – ვინაა მკვდარი?
ბ – ფრედი, ბიჭო! ფრედი!… რა გითხარი ეხლა ეგეთი საწყენი! არ მომწონს შენი ელვის პრესლი და რა ვქნა! ამის გამო შეიძლება ყველა დანარჩენი გააპიდერასტო?!
პ – ყველა-ყველა და ჯორჯ მაიკლი ხომ ნაღდად “გალუბოია”, გამოტყდი ახლა!
ბ – კი არის! მაგრამ თავისი ნებით არ გამხდარა!
პ – როგორ თუ არ გამხდარა?
ბ – შეაცდინეს!… კოკაინით “დატრუპეს” და… გააუ-პა-ტი-უ-რეს!… დამიჯერე რა! იმიტომაც გაპედერასტდა.
პ – რას ჰქვია შეაცდინეს!… მამაძაღლი, ვარდენის ქალიშვილი ხომ არ იყო!… ჰო კარგი, თუნდაც შეაცდინეს! მერე შეცდენა ხომ მარტო ერთხელ შეიძლება? დანარჩენჯერ?… მეორეჯერ, მეხუთეჯერ, მერვეჯერ?… როდის მთავრდება შეცდენა და როდის იწყება პედერასტობა?
ბ – იცი რას გეტყვი, შენი ელვის პრესლიც არ მოიქცა კაცურად!… ბითლზები ფე-ბე-ერ-თან რომ ჩაუშვა!
პ – არავინაც არ ჩაუშვია!
ბ – მაშინ, რატომ იყო პოლ მაკარტნი მაგაზე ნაწყენი?… როცა არც იცი, გაჩერდი!… მერე ცოლი გაექცა, ვერ აიტანა ქმარი რომ ჩამშვები ჰყავდა და გაექცა!… ესეც მაგრა შეჯდა წამალზე!
პ – წამალზე შეჯდომა და იმაზე შეჯდომა ერთი და იგივეა! არ გადამრიო…
ბ – კარგი რა, შენ სულ ეგრე იცი! ელტონ ჯონი პედერასტია! ბრუს ლი მოკლეს! პიკასო არაკაცი იყო! გალაკტიონი ლოთი იყო! ლადო ასათიანს ჭლექი ჰქონდა! ბოდლერს სიფილისი აწუხებდა! ბაირონი თავის დას ხმარობდა! ყველა გამიბაიბურე, რა!
პ – ბრუს ლი მოკლეს მეთქი არ მითქვამს!
ბ – თქვი!
პ – არ მითქვამს!
ბ – თქვი!
პ – ღმერთი, ხატი, რჯული! არ-მი-თქვამს, რომ ბრუს ლი მოკლეს მეთქი!
ბ – არ დამაგინებინო!
პ – დაიგინე მერე, რას მაშინებ!
ბ – ბრუს ლის სიკვდილზე დედა როგორ დავიგინო!… არ გრცხვენია, მამის ტოლა კაცი ხარ და დედას რაზე მაგინებინებ?
პ – წლოვანება რა შუაშია!
ბ – მოიცა, რა!
პ – შენ გგონია, რომ ელტონ ჯონი პრესლის რამეში აჯობებს?… არც დაიკვეხნო არსად! თუმცა კაცი, რომელიც იტყვის ღომზე – კარგია სიგარეტის ჩასაქრობადო, იმას საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო?!…
ბ – დაიწყო ამან ისევ თავისი სეპარატისტული გამოხდომები!… ეგ ხომ გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი!
პ – რა გადატანითი მნიშვნელობა შეიძლება ჩაიდოს ღომში, რომელიც საჭმელად კი არაა თურმე კარგი, არამედ სიგარეტის ჩასაქრობად!… რაა ღომი, რის ალეგორიას იწვევს?… სიგარეტი რისას?… მითხარი, მითხარი! ამიხსენი ერთი რითია ღომი ჯანჯუხზე, ხაშლამაზე, გუდის ყველზე ან კიტრის მწნილზე ნაკლები?
ბ – იმ ამბის არ იყოს, ისევ შენებურად აურიე, რა!
პ – რომელი ამბის?
ბ – აი, იმ ამბის! დავით სოსლანი ოსია თუ არაო!
პ – რაა! დაამტკიცე მერე, რომ ქართველი იყო?!
ბ – ესე იგი შენ გინდა თქვა, რომ საქართველოს ყველაზე ლამაზ, ყველაზე ჭკვიან, ყველაზე კარგ დედოფალს არაქართველი… “იმას უშვებოდა!”
პ – მე ვთქვი, რომ… ამას სხვები ლაპარაკობდნენ და არა მე!… და თანაც – “იმას უშვებოდა მეთქი” არ მითქვია!
ბ – არ გითქვია!… აბა ცოლ-ქმარი თუ იყვნენ, ღამ-ღამობით რას შვებოდნენ?…
პ – ღმერთო ჩემო, ყველაფერი სექსის დონეზე ხომ არ უნდა დაიყვანო!
ბ – აბა ამიხსენი, სექსის გარეშე საიდან და როგორ გაჩნდა ლაშა-გიორგი?!
პ – მეე!… შენ!… ვერ დამიმტკიცე, რომ დავით სოსლანი იყო ქართველი!
ბ – შე ჭკუის კოლოფო!… იმდენი რაღაცეები თუ გაქვს წაკითხული, სადაც დავით სოსლანი არაქართველად არის მოხსენიებული!… რაც მე არ მჯერა!… იქნება იმდენიც წაიკითხო, სადაც ეგ მამაცხონებული ქართველადაა მოხსენიებული!… და მეც დამიმტკიცო, ამიხსნა, ჩამიდო თავში, რომ ის ქართველი იყო! გაიგე!… ჩემსკენ უნდა იყო ტყუილშიც და მართალშიც!
პ – თუ არ იყო ქართველი, მე საიდან უნდა დაგიმტკიცო!
ბ – იყო!… ჯიგარით ვგრძნობ, რომ იყო!… იმიტომ რომ უყვარდა ქართველები და საქართველო!
პ – მაშინ ყველას უყვარდა საქართველო!… ქართველებსაც და არაქართველებსაც! ახლა ქართველებსაც არ უყვართ და მე რა შუაში ვარ!
ბ – პიპინია!… გეუბნები! ნუ მეკამათები! ქართველი იყო და მორჩა!
პ – მე შენ…
ბ – (აწყვეტინება) დავით სოსლანი ქართველი იყო!
პ – მათქმევინე!
ბ – თამარ მეფეს ჰყავდა ქართველი ქმარი! ჯიგარი, კაი მსმელი, კაი დამრტყმელი, რომელსაც ერქვა დავით სოსლანი!
პ – მე შენთან ვკამათობ, თორემ იმათთან კი არა!
ბ – აა, ჩემთან კამათობ! ჩემთანა გაქვს დიდი გული!… პიპინია, ხანდახან იმდენად ვერ გიტან, რომ აი ეს მუშტი მინდა სიფათში გაჭედო!
პ – მაჭედო?!… მე შენ ვინ გგონივარ! “დააჩმორე” ის, ვისაც სარკეში დაინახავ!… ამდენს რომ გითმობ, ხომ არ გონია, შენი მეშინია!
ბრიყვა პიპინიას საყელოში ავლებს ხელს.
ბ – გაჩერდი, პიპინია, თორემ დაგარტყამ!
პ – ვის დაარტყამ, ბიჭო, შენ! ყველა ბაცანას თავს რომ გაუყადრებ, ასე დაგემართება!
ბ – გაჩერდი, თორემ დაგქოთავ!
პ – რო ტრუხუნებ აქ, შენ იცი მე ვინა ვარ! შენი წონა სისხლი მაქვს დალეული!
ბ – მამალივით ნუ წაიყინწილებ მაგ კისერს, თორემ ყანყრატოს ამოგგლეჯ!
პ – ჭყვინტლების მოწმენდა ხომ არ გინდა, ბრიყვა, აა!
ბ – ნუ ჟღავ-ჟღავებ!
ისე ურტყამენ ერთმანეთს, როგორც ბაზრის ძველ თეატრალურ წარ¬მოდგენებში.
პ – შე წანწრაკა!
ბ – მე ვარ წანწრაკა! სე ხეჭეჭორა, შენა!
პ – შე მართლა ღვაჭიჭა!
ბ – შე მართლა პელენწუკა!
პ – დადექი წესიერად, რას კორწიალობ!
ბ – შე მართლა გაჟღამპარებულო!
პ – შე მართლა გადაფიჩინებულო!
ბ – შე ბაჭაჭკუნა, შენა!
პ – შე აჯუჯ-მაჯუჯო შენა!
ბ – ეს გამოთრაქული, ესა!
პ – შე დოღლოჩინა, შენა!
ბ – ზმუკუნებს აქ!
პ – არა გრცხვენია, შე უკვირმაკვირვო?
ბ – რა უნდა გელაპარაკო, ქირსლი ხარ, რა!
პ – შენნაირ ხაზმიზიანთან ლაპარაკიც არ ღირს!
ბ – ხიმსლი!
პ – აუგი!
ბ – გაფრეწა!
პ – დგვიფინა!
ბ – ქონდაქარი!
პ – თანთანა!
ბ – წანწრაკა!
პ – ეგ მე ვთქვი, შე მართლა ხადილო!
ბ – მაშინ… პელენწუკა!
პ – ეგეც იყო… კვიჭო!
ბ – პარაშურამო!
პ – ეგეთი ქართული კილო-თქმა არ არსებობს! თუ ბიჭი ხარ, ქართულად მლანძღე! შე ჩაქშერებულო!
ბ – ლიტონო!
პ – ღუნწკი!
ბ – ქიჩმაჩი!
პ – სხინჭლი!
ბ – იფქლი!
პ – ღაღადი!
ბ – ტიპიკონი!
პ – როკვა!
ბ – ლიტონიობა!
პ – ჟამნი!
ბ – ელოი! ელოი!
პ – ელოი! ელოი!
ბ – ლამა საბაქთანი?
პ – ლამა საბაქთანი?
პაუზა
ბ – არტაშანი!
პ – ნაზარეთი!
ბ – თვირათენი!
პ – ნოაგი!
ბ – გაგრა!
პ – გუდაუთა!
ბ – ლესელიძე!
პ – სოხუმი!
ბ – ახალი ათონი!
პ – გალი!
ბ – სოჭი!
პ – ცხინვალი!
ბ – სამურზაყანო!
პ – ტაო-კლარჯეთი!
ბ – ჰერეთი!
პ – აფხაზეთი!
ბ – სამაჩაბლო!
ორივე ეხუტებიან ერთმანეთს. ცოტა ხანს ჩუმად არიან.
პ – იცი, რატომ ვჩხუბობთ მე და შენ ყოველთვის?
ბ – (იღიმება) იმიტომ რომ გვიყვარს ერთმანეთი!
პ – რა მაგრები ვართ, არა?!
ბ – მაგრები ვართ!
პ – ქართველები ყველა მაგრები ვართ!
ბ – ქართველი ქართველებიც მაგრები ვართ და არაქართველი ქართველებიც!
პ – შე მართლა ბრიყვა, შენა!
ბ – პიპინია, შე ძველო!
ძველი ქართული წესით ესალმებიან ერთიმეორეს (ხელს ართმევენ ერთმანეთს, მერე ხელაუშვებლად ხელის მტევნის ზურგზე კოცნიან ერთიმეორეს, შემდეგ მარცხენა ბეჭზე კოცნიან ერთმანეთს, ბოლოს კი მარჯვენა ბეჭზე). პაუზა.
ბ – ნეტა რომელი საათია?
პ – სამი საათია!
ბ – აა, სამია!… სინამდვილეში რომელი საათია?
პ – სინამდვილეში სამს აკლია შვიდი წუთი!
ბ – რამდენი ვილაპარაკეთ. რამდენი სიტყვა ვთქვით, მხოლოდ და მხოლოდ დროის გასაყვანად!
პ – რა უცნაური თაობა მოდიხართ… თუმცა არც ჩვენ ვიყავით უკეთესები!… სიყვარული სექსამდე მიგვყავს. ბედნიერება ფულამდე! წყენა სიკვდილამდე! თავისუფლება ომამდე! გრძნობა სასჯელამდე! სიკეთე ამპარტავნობამდე! რწმენა სექტამდე!… ნუთუ რაიმე ამაღლებული არ გაგვაჩნია?
ბ – როგორ არ გაგვაჩნია!
პ – რა?
ბ – დრო!
პ – დრო… დრო! სამს უკლია სამი წუთი!… კაცს როცა კლავ, ნეტა რაზე უნდა იფიქრო?
ბ – ჭკვიანი გამოუვალ მდგომარეობიდან ყოველთვის იპოვნის გამოსავალს!… ბრძენი კი არასოდეს არ ჩაიგდებს ასეთ მდგომარეობაში თავს!…
პ – ერთხელ გარეჯობაზე ვიყავით და იქ წირვაზე ერთმა ბერმა თქვა, რომ მონასტერი არის საგუშაგო ადამიანებსა და ბოროტ ძალებს შორის არსებულ საზღვარზეო!… ჩვენ კიდე “ქრისტეს ჯარისკაცები” ვართო!… ჯარისკაცნო ქრისტესანო! ასე მოგვმართა ყველას, ვინც იქ ვიყავით!… აქ, სადარაჯოზე მუდმივი ომიაო! მარადიული ომიო!… ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ადამიანებო, იყავით ფხიზლადო!…
ბ – როგორ ფიქრობ, ქრისტე კარგი ჯარისკაცი იქნებოდა?
პ – ბავშვობაში კოსმონავტობა არ მოგდომებია?
ბ – გონების განვითარების ეგ ფაზა გამოტოვებული მაქვს!
ცოტა ხანს ჩუმად არიან. ბრიყვა უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. პიპინია თავს ჩაქინდრავს. ბრიყვა შეხედავს ჩაძინებულ პიპინიას.
ბ – დასაძინებლად ხარ მოსული?
პიპინია გამოიღვიძებს.
პ – არა, რაღაც ავნერვიულდი და დავიღალე!
ბ – ორი დღის სიცოცხლე გაქვს დარჩენილი და კიდე ნერვიულობ!
პ – რა გინდა?
ბ – არაფერი!… (მაღალფარდოვნად) დამიხატე ცა, არა ისეთი, როგორიც არის, არამედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს!
პ – კვახი ნიორწყალში ხომ არ გინდა?
ისმის სიმის გაწყვეტის ხმა. ორივე იძაბება.
პ – გაიგონე, რა თქვეს?
ბ – გავიგონე, რაც თქვეს!
პ და ბ ერთად – მხოლოდ ჩემს ნებას აქვს მნიშვნელობა!… ის რომ თქვენ მე ამირჩიეთ მილიონ ხალხში, ეს თქვენი კეთილი ნება იყო!… და ის რომ მე აგირჩიეთ თქვენ, ეს მართლაც ჩემი ნების შედეგია! ოჯახურ პროზას შეგიცვლით, საზოგადოებრივი პოეზიით!… იცოდეთ, კარები გააღეს და მას უკვე ვეღარავინ დაკეტავს!… ლეგიონი ვარ მე! მე-ვარ ქვეყანა! ქვეყანაა ჩემი გამარჯვება! ჩემი გამარჯვება ეს ქვეყანაა! (აქ უნდა ისმოდეს უამრავი ხალხის მისალმების ხმა).
სიჩუმე ჩამოვარდება. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ირგვლივ ყველაფერს. მერე ერთმანეთს ხმადაბლა ეჩურჩულებიან რაღაცას. ცოტა ხნის მერე ბრიყვა ხმას უწევს.
ბ – მერე ვიღაცამ რომ გვესროლოს!
პ – საიდან უნდა გვესროლოს?
ბ – (დარბაზისაკენ იშვერს ხელს) აი იქიდან!
პ – მაგათ ხომ ძინავთ!
ბ – ძინავთ!.. როგორ თუ ძინავთ!
პ – ვერაფერს ხედავენ! შეხედე, შეხედე! ძინავთ! სულ ძინავთ!
ბ – ეეე, მართლა ძინავთ!… ასე ხომ შეიძლება გაგიჟდე, როცა სულ გძინავს!
პ – მერე გიჟები არ არიან?!.. მათ ირგვლივ ომია, ესენი კი რას აკეთებენ?… განა ნორმალური ომის დროს ასე მოიქცევა?
ბ – როგორ ასე?
პ – მხიარული უბედურება!
ბ – მხიარული უბედურება?
პ – მხიარული უბედურება!… როცა სულს გძინავს, დგება მხიარული უბედურების დრო!
ბ – როცა სულს გძინავს, დგება მხიარული უბედურების დრო!
პ – რაღაცა უნდა ვქნათ!… რაღაცა უნდა ვქნათ!
პიპინია ამოდის სანგრიდან. მიდის მთვარესთან, ხტება, უნდა მისწვდეს ხელით, მაგრამ ვერ წვდება. მოდის მაგიდასთან და მიაჩოჩებს მთვარესთან ახლოს, ამ დროს შეუწყვეტლივ მიდის მისი დიალოგი.
პ – პტოლიმეიმ – ძველმა მეცნიერმა დაადგინა სამყაროს საზღვრები. ადამიანმა შემოსაზღვრა, ღმერთის შექმნილი სამყარო! არ არსებობს სისულელე, რომელიც რომელიმე ადამიანს არ გაეკეთებინოს!
ბ – შენ საიდან იცი?
პ – ჰიპოკრატე სულს ტვინში ათავსებდა! არისტოტელე მთელ სხეულში! ეპიკურე მას კუჭში პოულობდა! ემპიდიკლემ ის სისხლით გააზავა! გალენი თვლიდა, რომ სხეულის ყოველ ნაწილს აქვს თავისი სული!… სტრობანი კი მას წარბებს შორის ათავსებდა!
ბ – მეც მინდა ვთქვა რაღაც, თორემ ძალიან ცოტა ტექსტი გამომდის!
პ – თქვი მერე, სანამ მზე ამოსულა!…
ბ – ტკივილის გრძნობა განადგურებს! ნეტარების გრძნობა კი გსპობს!
პ – ჩვენ ერთადერთნი ვართ ამ სამყაროში, რომლებსაც უხდებათ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად დამალვა!
ბ – გვიყვარდეს ერთმანეთი, ეს არ ნიშნავს ერთმანეთს ვუყურებდეთ!… ეს ნიშნავს, ერთი მიმართულებით ვიყურებოდეთ!
პიპინია ხსნის მთვარეს და აწოდებს ბრიყვას.
პ – ადამიანის გარდა, ყველა გრძნობს თავისი ძალებისა და ნიჭის საზღვრებს!
ბ – ნუ გეცოდებათ ბოლო დღე. ნუ ინახავთ მას!
პ – ცხოველებს გააჩნია ერთი მთავარი თვისება, ისინი სულმოკლეობით არასოდეს გახდებიან ერთმანეთის მონები!
ბ – მხოლოდ ჭამის ნიჭი არ საჭიროებს სწავლას!… მადის სიდიდით არ განისაზღვრება ადამიანობა!
პ – ადამიანისთვის დღეში ერთი ზეთის ხილიც საკმარისია!… ოღონდ, მხოლოდ ადა-მი-ან-ის-თვის!
ბ – ზოგიერთი ადამიანი უფრო განსხვავდება მეორე ადამიანისაგან, ვიდრე ცხოველისაგან!
პ – ნუ გეცოდებათ ბოლო დღე. ნუ ინახავთ მას!
შორს ნელ-ნელა იწყებს მზე ამოსვლას. ეს განთიადის პირველი წამებია. ორივე პერსონაჟი დგამს მაგიდას თავის ადგილზე, მთვარე მიაქვთ სანგართან და ახურავენ მას ზევიდან (მთვარე შიგნიდან უნდა ანათებდეს). ისინი ზურგით ეყრდნობიან მთვარეს. სიჩუმეა.
პ – სიჩუმეა!… გესმის რა სიჩუმეა!
ბ – მმმ!
პ – სიჩუმეც კი სავსეა სიტყვებითა და თხოვნებით… აქ შეიძლება დაკარგო და შემდეგ იპოვო შვება!
ბ – პიპინია, იცი, ჭიანჭველას არასოდეს არ ძინავს! ლომებს კი ღვიძავთ მარტო ოთხი საათი… ნეტა რა სჯობია, იყო ჭიანჭველა, თუ ლომი?
პ – რაც არ უნდა იყო, ყოველთვის დაგრჩება დაუმთავრებელი საქმეები!

ფ ა რ დ ა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s