მანანა დოიაშვილი: აი, ხე!


მანანა დოიაშვილი "პიესები", გამომცემლობა "ლაშარი", თბილისი, 2000

მანანა დოიაშვილი

აი, ხე!

(პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

პროფესორი – 55 წლის კაცი
სტუდენტი – 30 წლის
თეჯი – 27 წლის
საიგა – თეჯის ქმარი – 27 წლის
გერა – საიგას დედა – 45 წლის
დაჩი – 27 წლის
დალილა – დაჩის დედა – 45 წლის
გიომ – ექიმი – 40 წლის კაცი
რეზი – თეჯის ძმა -15 წლის – მუნჯი
(ყველა ასაკი მიახლოებითია).

I

(მოქმედება ხდება ერთ მშვენიერ ბორცვზე. შემოდგომაა. პროფესორი ზის სავარძელში. შემოდის სტუდენტი).
სტუდენტი – ბორცვზე ცისარტყელა გადაწვა, პროფესორო!
პროფესორი – ჰო? ეს კარგის ნიშანია!
სტუდენტი – კარგის? მაინც, რა მოხდება?
პროფესორი – მოსახდენი მოხდება! გიკვირს?
სტუდენტი – მიკვირს? ჰო! იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს უამრავი საკვირველი რამ ხდება…
პროფესორი – მაინც, მაინც რა ხდება? მართალია, თვალში სინათლე დამაკლდა, მაგრამ ჯერ არ დავბრმავებულვარ.
სტუდენტი – გუშინ მეხუთე სახლიდან ერთი კაცი ხის მოსარწყავად არ გამოვიდა, სწორედ ჩემი მორიგეობის დროს…
პროფესორი – საკვირველია! მერე არ სეახსენე, რომ მისი ეს ცოდვა ყველაზე გადადის, მთელი ბორცვის მოსახლეობაზე? ვინ იყო ეს კაცი?
სტუდენტი – რა თქმა უნდა, ექიმი, ბატონო პროფესორო!
პროფესორი – ბოლო ათი წლის მანძილზე ასეთი რამ არ მომხდარა… მახსოვს, ერთი მარტოხელა, ლამაზი ქვრივი არ მოვიდა ხის მოსარწყავად, ჩამეძინაო _ თავი იმართლა!.. მეორე დღეს ფეხები წაერთვა და ლოგინად ჩავარდა. სწორედ ერთი წლის თავზე მიიცვალა კიდეც.
სტუდენტი – რა საოცარია! მე სულ დავდივარ თქვენს ლექციებზე! ალბათ ის ქალი არ გესწრებოდათ!
პროფესორი – ერთხელაც არ გაუცდენია! სიკვდილის წინ მითხრა, თქვენ მიყვარდით და ამიტომ დავდიოდიო, ხესაც თქვენი ხათრით ვრწყავდი და არა ჩვენი უცილობელი წესის გამოო – თქვა და მოკვდა კიდეც… ლოგიკური ფინალია!.. ექიმი რა მიზეზით არ გამოვიდა?
სტუდენტი – მთვრალი იყო, ბატონო! იცით, რა მითხრა? – გუშინ ქვევით ვიყავი და ეს ჩვენი ბორცვი, შორიდან რომ შევხედე, სამლოცველოს გავდა, ახლოს რომ მივედი – ფალოსსო, თან ხარხარებდა.
პროფესორი – რაო, რა თქვა?
სტუდენტი – ჰო, პროფესორო! და კიდევ ასე მითხრა – გუშინ მე და ჩემმა ძაღლმა იმ თქვენს ხეს მივაფსითო.
პროფესორი – გონებიდან გადასულა უბედური! ბედთან თამაში თავის ძაღლთან თამაში ხომ არ ჰგონია, სულელს?!
სტუდენტი – არა, უკვე გამოფხიზლებულა და ავის მოლოდინით სულ კანკალებს და ძალიან ნანობსო. მივალ და დავაწყნარებ, – მთავარია, შენს შეცდომას მიხვდე-თქო!..
პროფესორი – ჰო, ასე აჯობებს! საიგას ცოლი და დაჩი კიდევ ხვდებიან ერთმანეთს ხესთან?
სტუდენტი – დიახ, ბატონო!
პროფესორი – რაღაც უნდა მოვიფიქროთ! ეს რომ ხალხში გახმარუდეს, ზოგი მოიწონებს და მიბაძავს, ჰოდა, დაინგრევა ეს კეთილი ადგილი.
სტუდენტი – იქნებ ქმარს გავაგებინოთ, პროფესორო?!
პროფესორი – ყოჩაღ! შენ შემთხვევით უნდა ჩაატარო ხესთან საიგა ისე, რომ…
სტუდენტი – მივხვდი, ყველაფერს მივხვდი!
პროფესორი – რაკიღა მიხვდი, მაშინ… მეშინია ამ შემოდგომის…
სტუდენტი – რატომ, ბატონო?
პროფესორი – აქ ხომ შემოდგომა საუკუნეში ერთხელ დგება.
სტუდენტი – კი, ბატონო, მაგრამ მერე?
პროფესორი – მერე ის, რომ საუკუნის ბოლოა და… (ისმის კედლის საათის ხმა) და ჩემი ლექციაზე წასვლის დროა! დანარჩენი შემდეგისთვის! შენ დღეს განთავისუფლდები, სხვა საქმეები გაქვს მოსაგვარებელი!
სტუდენტი – გემორჩილებით, ბატონო პროფესორო! დღეს ალბათ ექვსი წლის ბავშვებს მოგიყვანენ.
პროფესორი – დიახ, უნდა ავუხსნა ყველაფერი, თორემ ბავშვი ბავშვია, თანაც ექვსი წლისა უკვე მიწვდება თავის წილ ფოთოლს! თუ მოწყვიტა… დღეს დიდი შრომა მელის!..
სტუდენტი _ ნეტა მართალია ეს?..
პროფესორი (ბრაზით) – რა არის მართალია?! ექვსი წლის ბავშვი რომ უკვე მაღალია თუ, რომ მოწყვიტოს თავისი ფოთოლი – მოკვდება!
სტუდენტი – არა, ბატონო, მე უბრალოდ, საათზე ვიკითხე! ჯერ მზე არ გადახრილა და უკვე ოთხია!..
პროფესორი – დროს და ბუნებას, ჩემო კარგო, ჩვენ ნუ შევამოწმებთ!.. ახლა კი, წავიდეთ!
(გადიან)

II

(ექიმი გიომ და დალილა)
ექიმი – მეშინია… მეშინია..!
დალილა – იცი, სასაცილოა! მე, ვითომ ქალი, სულ შენ გაწყნარებ! შენ, რომელსაც სულ რაღაცის გეშინია, სულ რაღაცას გაურბიხარ! მიკვირს, ოპერაციებს როგორ აკეთებს?!
ექიმი – მე… მე ნამდვილის არ მეშინია, ნამდვილი წითელი სისხლის!.. მეშინია ტყუილის, სტუდენტისაც მეშინია, ღამე მარტო დარჩენის და ღამის პეპლების!.. შენი მეშინია!..
დალილა – ჩემი? ჩემი რატომ გეშინია?
ექიმი – იმიტომ, რომ არ მიმატოვო, იმიტომ, რომ არ მომატყუო, იმიტომ, რომ ერთ დილას შენი ფოთოლი ჩამოვარდნილი არ დამხვდეს და ამიტომაც ვწყევლი იმ ხეს! მეზიზღება და მეშინია მისი – ამის გამო კი ჩემს თავს ვერ ვიტან.
დალილა – დამშვიდდი, გიომ! ოდესმე ეს ხე გაშიშვლდება და ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით.
ექიმი – ერთად ვიქნებით? რას ეძახი შენ ერთად ყოფნას?! იმას, რომ ათასში ერთხელ ამ პატარა სოროში შემოვძრებით ხოლმე იმის შიშით, ვინმემ არ დაგვინახოს. მაგრამ, ალბათ, ჩემი ბედია – სიყვარულის ხმამაღლა თქმისაც უნდა მეშინოდეს. ხედავ ვჩურჩულებ, რატომ? აქ, ახლომახლოს ხომ არავინაა. ცოტა ხმამაღლა, გიომ! მაგრამ, არა! ნურას უკაცრავად! მერე პროფესორიც გაიგებს! ბორცვი განგსჯის! შენ…
დალილა – საოცარი კაცია პროფესორი!
ექიმი – კაცია? კაცი არ არის, ეგ პროფესორია, პრო-ფე-სო-რი! გაიგე?
დალილა – რატომ ხარ გაღიზიანებული? რა დაგემართა?
ექიმი – იმიტომ, რომ პატარა ვარ, პატარა! შენც პატარა ხარ, დაჩიც, ჩემი ძაღლიც, პროფესორიც! ყველაზე დიდი ხეა! ხე და მასზე კიდია ჩვენი სიცოცხლე!
დალილა – ეს ყველამ იცის…
ექიმი – და ამიტომაც, ყველა, ყოველ ღამე, ჩუმად მიძვრება ხესთან, რომ ნახოს, თავისი წილი ფოთოლი ადგილზეა თუ არა! შენც, შენც მიიპარები შუაღამისას, რადგან გარიჟრაჟამდე ვერ ითმენ – მორწყვის დროს რომ აღარ დაგხვდეს?..
დალილა – გაჩუმდი! გაჩუმდი-მეთქი! მე, მე შვილი მყავას და თავს ვუფრთხილდები, იმიტომ, რომ მას ვჭირდები, გესმის, ვჭირდები!
ექიმი – შენ შვილს დიდი ხანია აღარ სჭირდები, დალილა!
დალილა – შენ კიდევ ყველაფრის გეშინია, გაიგე! მაგრამ მე ხომ ექიმი არ ვარ, თანაც ასე მხდალი…
ექიმი – ნუთუ ჩემი ბრალია, რომ ჩვენი ფოთლები ერთ ტოტზე არ ჰკიდია. შენი უფრო მაღლაა, ჩემი ქვემოთ და თუ ოდესმე ჩრდილოეთის ქარმა დაბერა, ჯერ შენ წახვალ და მერე მე. ესეც კი წინასწარ ვიცით!..
დალილა – ასეც უნდა იყოს: ქალს კაცი აცილებს!..
ექიმი – შენ ხუმრობ, დალილა, ხუბრობ! იმიტომ, რომ დაბერდი, მე კი ჯერ ყიფლიბანდიც არ გამმაგრებია. აი, მოკიდე ხელი! (დალილა თავზე უსვამს ხელს. ეხვევიან ერთმანეთს… რეკავს კედლის საათი). აი, დროც ჩემს წინააღმდეგაა! ოპერაციაზე უნდა წავიდე. ნუთუ უკვე ოთხი საათია, ჯერ დილა მეგონა!
დალილა – დროს და ბუნებას, ჩემო კარგო, ჩვენ ნუ შევამოწმებთ!
ექიმი – ნუ შევამოწმებთ? აი, ამის მეშინია, გესმის?! მაგრამ შენ ვერაფერს ხვდები! ვერც იმას ხედავ, რომ ჩვენი ფოთლები უკვე გაყვითლდა.
დალილა – ბევრს ეწევი!
ექიმი – მეშინია, დალილა, მეშინია! იმისიც კი მეშინია, რომ ოპერაციაზე არ დამაგვიანდეს.
დალილა – ჰოდა, რაღაც უყურებ – გაიქეცი! გაიქეცი!! გაიქეცი!!!

III

(ოთახშია საიგა. მეორე ოთახიდან ისმის საბეჭდი მანქანის ხმა. თეჯი ბეჭდავს).
საიგა – თეჯი! (ბეჭდვის ხმა ისმის მთელი საუბრის მანძილზე) თეჯი! თეჯი! არ გესმის?!
თეჯი – ბატონო-მეთქი!
საიგა – რატომ არ გესმის ჩემი?
თეჯი – მე ყველაფერი მესმის!
საიგა – მაშინ, რატომ არ მპასუხობ?
თეჯი – პასუხს კითხვა სჭირდება, საი!
საიგა – რამენი ხანია, ჩემთვის საი არ დაგიძახია.
თეჯი – ეს კითხვა არ არის!
საიგა – შემოდგომაა, თეჯი!
თეჯი – ნუთუ ესეც ჩემი ბრალია?!
საიგა – პირველი შემოდგომა ჩვენს ცხოვრებაში.
თეჯი – საქმე მაქვს, ძალიან გთხოვ!
საიგა – ჩვენი შვილის კვირტი კი ჯერაც არ გამოსულა ხეზე.
(ისმის საათის რეკვის ხმა)
თეჯი – ყველაფერს თავისი დრო აქვს, საი!
საიგა – ჰო, საათსაც თავისი დრო აქვს, დროსაც _ თავისი…
თეჯი – დროს და ბუნებას ჩვენ ნუ შევეწინააღმდეგებით, საი!
საიგა – ამის მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?!
თეჯი – რა თქვი? ვაიმე, შემეშალა! თავი დამანებე! ხომ ხედავ, საქმე მაქვს!
(შემოდის გერა)
საიგა – ბავშვებო, სად ხართ? დაგავიწყდათ, დღეს რა დღეა? ასე არ შეიძლება!
თეჯი – ბოდიში, გერა, ვმუშაობ!
საიგა – დედა, თეჯის შესცივდება, იქნება პლედი მოგეტანა!
თეჯი – ახლავე! მაგრამ დღეს მამას გარდაცვალების ოცი წლისთავია.
საიგა – დაჩის მამისაც!
თეჯი – პროფესორიც ხომ სწორედ იმ წელს გახდა პროფესორი?!
გერა – თეჯი მართალია, შვილო!
საიგა – დედა, ჩვენ რას აღვნიშნავთ, მამის გარდაცვალების ოცი წლისთავს თუ პროფესორის გაპროფესორებას?
თეჯი – ორივეს, საი, ო-რი-ვეს!
გერა – თეჯი მართალია შვილო!
საიგა (ყვირის) – მაგის მეტი არაფერი იცი, დედა?!!
გერა – დაწყნარდი, გთხოვ! როცა შენ გეძახი “შვილოს”, მაშინ თეჯი ყველაფერში მართალი უნდა იყოს! – ასეთი წესია! იქნებ გვესადილა…
თეჯი – მე უნდა დავამთავრო, გერა! თქვენ ისადილეთ!
საიგა – მაპატიე, დედა, ყველაფერი ამ შემოდგომის ბრალია!
(შემოდის დაჩი)
გერა – მოდი, დაჩი! სწორედ ახლა გახსენებდით…
დაჩი – მე თუ მამაჩემს?! თეჯი სად არის?
გერა – მოუსმინე! (ისმის ბეჭდვის ხმა. დაჩი ოთახში შედის. ბეჭდვის ხმა წყდება). თეჯი მართალია, შვილო!
(გამოდის დაჩი თაბახებით ხელში)
დაჩი – დიდი მადლობა, თეჯი! კარგად იყავით!
საიგა – ხომ არ შემოგვიერთდები, დაჩი?!
გერა – იქნებ ჩვენთან ერთად გესადილა?
დაჩი – სხვა დროს იყოს, გმადლობთ! დღეს ხესთან მორიგე ვარ, მეჩქარება! (გადის. თეჯი გამოდის ოთახიდან ფარნით ხელში. ოთახი ბნელდება).

IV

(ხესთან დაჩი მორიგეობს. ფრთხილად უახლოვდება მას თეჯი ფარნით ხელში).
დაჩი – ხომ მშვიდობაა?!
თეჯი – ჰო, ჩუ! ვერც კი დაგელაპარაკე!
დაჩი – რამე გინდოდა გეთქვა?
თეჯი – ჰო… არა… ისე… დედაშენი როგორ არის?
დაჩი – მშვენივრად! ისევ მარტოა!
თეჯი – ჩვენთან რატომ აღარ მოდის?
დაჩი – ამ ბოლო დროს სულ რაღაცის ეშინია!..
თეჯი – გადამდებია!..
დაჩი – რა?
თეჯი – შიში!
დაჩი – ნუ გეშინია! შენი ფოთოლი უკვე ვნახე, მშვიდად კიდია.
თეჯი – რა მნიშვნელობა აქვს?
დაჩი – აბა, რასა აქვს მნიშვნელობა?
თეჯი – მომენატრე! შენ კი…
დაჩი – …ბავშვობაში მიყვარდა ტკბილი. ახლა ვჭამ მლაშეს და თან ბევრ წყალს ვაყოლებ. იცი, რატომ? გავიზარდე და გემოვნება შემეცვალა…
თეჯი – დაჩი!
დაჩი – ამ ბოლო დროს ჩემს თავს სარკეში ვეღარ ვცნობ! იცი, რატომ? იმიტომ,რომ თმა მარჯვნიდან მარცხნივ გადავივარცხნე…
თეჯი – დაჩი! (უახლოვდება)
დაჩი – …მომენატრა ჩემი საწოლის დალაგება! იმიტომ, რომ ეს ბოლო კვირა ლოგინიდან თითქმის არ ავმდგარვარ… (უკან-უკან იწევს).
თეჯი – მომეცი ხელი!
დაჩი – რამე სანთელს ყოველთვის ვაქრობ იმიტომ, რომ თვალებს მჭრის და კედლებზე ლანდებს აჩენს. ხან საერთოდაც არ ვანთებ. (თეჯი ხელს წაავლებს. დაჩი ყვირის) – არ მომეკარო! არ მომეკარო-მეთქი!
თეჯი – ჩუმად!გაიგებენ! გთხოვ! რა დაგემართა?
(ეხვევა)
დაჩი – გაიწი! წადი! მომშორდი!..
თეჯი – არსა არ წავალ! მე შენთან მინდა! შენთან!
(ტირის)
დაჩი – ჰო, მეც მიყვარხარ! სულ ჩემზე ფიქრობ?
თეჯი – ხო, სულელო! სულ შენზე ვფიქრობ!.. სახლში, როცა შენს ნაწერებს ვბეჭდავ, მარტო მაშინ ვარ კარგად. ჩემი ქმარიც კი ბედნიერია იმიტომ, რომ მხოლოდ ბეჭდვის დროს ველაპარაკები, ამიტომაც არ მიშლის მუშაობას.
დაჩი – მძულს შენი ქმარი და შენი სახლი!
თეჯი – უნდა გიყვარდეს?
დაჩი – ბავშვობიდან მძულდა, თითქოს ვხვდებოდი, რომ ჩემი სიზმარი, საყვარელი სიზმარი – იქ ახდებოდა.
თეჯი – მასაც სძულხარ!
დაჩი – იქნებ რაიმეს ხვდება?
თეჯი – მანამდეც სძულდი!
დაჩი – დამცინი?!
თეჯი – არა, მენატრები! (ისევ ეხვევა. ისმის ყმუილის მსგავსი ხმა). მგონი ვიღაც მოდის! გავიქეცი, დაჩი! დამესიზმრე, კარგი?!
დაჩი – მგონი ორნი არიან! თეჯი, ჩააქრე ფარანი! ჩუ! ჩუ!
(თეჯი აქრობს ფარანს. სცენა ბნელდება).

V

(პროფესორი ზის სავარძელში. შემოდის სტუდენტი)
პროფესორი – საოცარი სიზმარი ვნახე!
სტუდენტი – შემოდგომა იწურება, პროფესორო!
პროფესორი – ჰო, ეს კარგის ნიშანია!
სტუდენტი – კარგის? მაინც რა მოხდება?
პროფესორი – მოსახდენი მოხდება! გიკვირს?
სტუდენტი – მიკვირს? ჰო! იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს უამრავი საკვირველი რამ ხდება!..
პროფესორი – მაინც, მაინც რა ხდება? მართალია, მე თვალში დამაკლდა, ამგრამ ჯერ არ დავბრმავებულვარ.
სტუდენტი – თქვენ არ იცით, პროფესორო…
პროფესორი – რომ ექიმი და დალილა ერთად არიან…
სტუდენტი – არა, ეგ არა!
პროფესორი _ აბა, მოსარწყავად ყველა იყო?
სტუდენტი _ დიახ, მაგრამ…
პროფესორი – რა, მაგრამ?
სტუდენტი – (აცემინებს)
პროფესორი – სიცოცხლე! (სტუდენტი ისევ აცემინებს) – სიცოცხლე! (აცემინებს) – სიცოცხლე-მეთქი!
სტუდენტი – გვიანია!
პროფესორი – რა არის გვიანი? აღარ იტყვი?
სტუდენტი – მოკვდა!..
პროფესორი – მოკვდა! ვინ, ვინ მოკვდა? რას ამბობ?
სტუდენტი – თეჯი!
პროფესორი – თქვი! თქვი ჩქარა!
სტუდენტი – გუშინ, საღამოს… იცით…
პროფესორი – ჰო, არ? – გუშინ საღამოს?
სტუდენტი – როგორც მოვილაპარაკეთ, სწორედ იმ დროს, როცა თეჯი და დაჩი შეხვდნენ ერთმანეთს, საიგა ჩავატარე მოშორებით…
პროფესორი – მერე? მერე რა იყო?
სტუდენტი – თეჯიმ, მგონი, ვერ დაგივნახა, საიგამ კი ჯერ ორ სილუეტს მოჰკრა თვალი – ჩახვეულები იდგნენ. თეჯის ფარანი ჰქონდათ თან. საიგამ იცნო. ჯერ თავისთვის თქვა – არა! არა! შემდეგ… შემდეგ…
პროფესორი – მერე! გაარგძელე!
სტუდენტი – შემდეგ არაადამიანური ხმით დაიღრიალა, უცბად დაიხარა, ამოაძრო მიწიდან ბელტი და, მგონი, შეჭამა… მივვარდი, რომ შემეჩერებინა, ამგრამ ხელი მკრა და გაიქცა. ამასობაში ფარანიც ჩაქრა. ალბათ შეგვნიშნეს.
პროფესორი – ჩემი სიზმარი!.. კმარა! ახლა მე დავამთავრებ! …დილით, როცა თეჯი მოსარწყავად გავიდა, საიგა ხესთან დახვდა. იქ კი ასეთი დიალოგი გაიმართა: ჩუ! ჩუ!
თეჯი – სად იყავი მთელი ღამე?
საიგა – უნდა მაპატიო.
თეჯი – რადგან არ მოხვედი, ესე იგი…
საიგა – გთხოვ, შემინდე!
თეჯი – მე რა უნდა შეგინდო?
საიგა – მარტო შენ შეგიძლია…
თეჯი – დილით სადილი გამიფუჭდა: დავდგი ქვაბით და დამეწვა.
საიგა – მაპატიე, თეჯი, მაპატიე!
თეჯი – აღარ იტყვი, ბოლოს და ბოლოს, რა უნდა გაპატიო?
საიგა – მაპატიე ჩემი დიდი სიყვარული! …და მოწყვიტა თეჯის ფოთოლი… გოგონამ – ბავშვიო! – ამოიკვნესა და იქვე ჩაიკეცა…
სტუდენტი – პროფესორო, თქვენც იქ იყავით?
პროფესორი – ჩემი სიზმარი! (სიმის საათის რეკვის ხმა) – წესის აგების დროა!
სტუდენტი – ასე მალე? ეს ხომ არ დილით მოხდა?!
პროფესორი – ვიღაცა თავისი სიკვდილით კვდება, ვიღაცას კლავენ, ვიღაც დილით კვდება, ვიღაც – ღამე, ვიღაცა შემოდგომით კვდება, ვიღაც გაზაფხულზე, ადრე… დროს და ბუნებას ჩვენ ნუ შევამოწმებთ! წესია ასეთი!
სტუდენტი _ ეს ბორცვის ყველა მოსახლის საყვარელი გამონათQვამია!
პროფესორი – არც მასე ყოფილა საქმე! (შემორბის რეზი და რაღაცას ანიშნებს მათ ხელებით) – საბრალო რეზი!
სტუდენტი – პროფესორო, ბიჭი ამბობს, რომ თეჯი აღარ არის.
პროფესორი – სამწუხაროა, ჩემო ბიჭო!
სტუდენტი – არა, პროფესორო, თეჯი იქ აღარ არის!
პროფესორი – სად, იქ?
სტუდენტი – ასდ იქ, რეზი? (რეზი ისევ ანიშნებს რაღაცას) – რეზი ამბობს, რომ ადგა, ყველას გაუღიმა და წავიდა…
პროფესორი – ალბათ, მოეჩვენა! არა, ჩემო კარგო?!
სტუდენტი – იხვეწება, წამოდით და თქვენი თვალით ნახავთო. იქნებ წავსულიყავით…
პროფესორი – ჰო! წადი! შენ წადი! მე ცოტა ხანი ვიფიქრებ! ათასი აზრი მიტრიალებს თავში და მალე მოვალ!
სტუდენტი – კარგით, პროფესორო! რეზი, წავედით!
პროფესორი – შუქიც ჩააქრე!
(სტუდენტი აქრობს შუქს. გადიან. სცენა ბნელდება).

VI

(ოთახშია ექიმი. ჩაის ასხამს. შემოდის დალილა)
ექიმი – დაიგვიანე!
დალილა (კანკალებს)
ექიმი – გცივა! ჩაი დალიე! (აწვდის ჭიქას. თვითონ იჩოქებს და მუხლებზე ეხვევა).
დალილა – მეშინია!..
ექიმი – შენც გეშინია?
დალილა – ერთი გზა დამრჩა – აქამდე…
ექიმი – ლექციები?
დალილა – ლექციები!.. ჰმ, ზეპირად ვიცი!..
ექიმი – მაშინ ყველაფერი ამინდის ბრალია!..
დალილა – ამინდის? იცი, არცკი ვიცი, რატომ გავიღვიძე, საუზმე რისთვის მოვიმზადე, დავიბანე, ჩავიცვი, ვჭამე… არა, არც მიჭამია… მერე გამახსენდი… მოვედი… აქედან უნდა წავიდე ჩუმად… რატომ… ვისთან?
ექიმი – რა დაგემართა, დალილა?
დალილა – შენ იცი, რა არის ქალი? ქალი, მხოლოდ იმით ბედნიერი, რომ შვილი ჰყავს?!.. იცი?
ექიმი – კი!.. არა!.. უბრალოდ, ვგრძნობ.
დალილა – შენ ვერაფერს ვერ გრძნობ იმიტომ, რომ…
ექიმი – მთავარია, დაჩიმ იგრძნოს…
დალილა – დაჩი აღარ არის, გიომ!
ექიმი – რას ამბობ, დალილა?!
დალილა – …გუშინ ნავახშმევს ლამაზად ლამაზად ჩაიცვა, მერე ქვემოდან დამიძახა – თეჯისთან მივდივარო… ყურადღება არ მიმიქცევია, თეჯის სიკვდილი ახლაც არ მჯერა… გათენებამდე ხესთან ნახეს ჩაჩოქილი, თავისი ფოთლით ხელში. (უნებურად ცხელ ჩაის გადაასხამს ექიმს. ექიმი ყვირის).
ექიმი – ა, ა, ა, ა!..
დალილა – მაპატიე, გიომ!
ექიმი – რა?
დალილა – ჩემი შვილის სიკვდილის მახარობლად რომ მოვედი… ტირილიც არ შეიძლება!
ექიმი – ჰო, ასეთი წესია!
დალილა – წვიმა ყოფილა ჩვენი ცრემლები – ასე ამბობს პროფესორი. დილიდან წვიმს… როცა გადაიღო, იცი, საოცარი რაღაც მოხდა – ჩემთან მოვიდა თეჯი და მაკრატელი მთხოვა. შემოდი-მეთქი, ვუთხარი. არა, მეჩქარებაო, თმის ნაწილი მოიჭრა, დამიტოვა და წავიდა… ზღაპრული ხილვა იყო, მაგრამ ხელში თმა მეჭირა, ნამდვილი თმა…
ექიმი – ჰმ, ხილვა, თანაც ზღაპრული!.. არა, დალილა, ეს ხილვა არ იყო!
დალილა – რას ბოდავ, გიომ?!
ექიმი – მაშინ, სად არის გვამი?! არ არის! პირველ რიგში, ჩემთან უნდა მოეტანათ!
დალილა – ჰო, გვამი გაქრა!..
ექიმი – დაჩი? დაცის ცხედარი?!
დალილა – ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და წესის მიხედვით არ ასაფლავებენ…
ექიმი – იქ აღარ იქნება შენი შვილი, ხესთან…
დალილა – გეყოფა, გიომ!
ექიმი – დაჩი წავა თეჯისთან, მათ ხომ ერთმანეთი უყვაააართ!
დალილა – შენ, მგონი დამცინი, ან ბოდავ, ან ავად ხარ!..
ექიმი – ავად ვარ?.. მკვდარი ვარ მე… დიდი ხნის მკვდარი!.. დიდი ხნის მკვდარი! გესმის? აი, ჩემი ფოთოლი, შეხედე! გახმა! მეშინია, დალილა, მეშინია! უკვდავების მეშინია! აქამდე სიკვდილის შიში მქონდა, ახლა სიცოცხლის, დაუსრულებელი სიცოცხლის! მე ცოცხალი მკვდარი ვარ, გესმის? ცოცხალი მკვდარი! მეც, თეჯიც, დაჩიც!..
დალილა (ჩუმად) – შენი ბრალია! ყველაფერი შენი ბრალია! (უწევს ხმას) რატომ გააკეთე, გიომ? (ყვირის) შენმა ცოდვებმა უწია ჩვენს შვილებს…
ექიმი – ცოდვა ყველას თავისი ეყოფა… მე ექიმი ვარ, ექიმი! გაიგე! მე არ მჯერა ცოდვების, მე არ მჯერა წესების, აჩრდილების, ზღაპრების… (ისმის საათის რეკვის ხმა) დროს და ბუნეაბს კი შემოწმება სჭირდება! წამოდი ჩვენთან, დალილა! ჩვენ ბედნიერები ვიქნებით! ჩვენთან არ არსებობს ხე თავისი წყეული ფოთლებით, პროფესორი თავისი ლექციებით, მაგრამ, ჩუ! ჩუ! ჯერ არავინ იცის, რომ მკვდარი ვარ! (უშლის თმას დალილას და კაბას უხსნის) უპრეცედენტო შემთხვევა – მკვდარი ეფერება საყვარელ ქალს…
(იცინის. აქრობს შუქს)

VII

გერა – ეს დღეები სულ წვიმს. წვიმა იმედს მაძლევს! შენ?
საიგა – ჰო!..
გერა – რა, ჰო?!
საიგა – ჰო, მეც!
გერა – გინდა რაიმე დაგიკრა?
საიგა – არა, არ მინდა!
გერა – რატომ, შვილო? ბავშვობას გაიხსენებ.
საიგა – იმიტომ, რომ ისედაც მახსოვს!
გერა – იცი, რა ჩუმი იყავი?!
საიგა – ახლა ბევრს ვლაპარაკობ?
გერა – მე ეგ არ მითქვამს!.. თუ გინდა, ერბოკვერცხს შეგიწვავ?!
საიგა – რას მეკითხებით? ხომ უკვე აკეთებ?!
გერა – იცი, ხვალ ბორცვის შეკრებაა – შენს გამო – ნეტა რა იქნება, შვილო?
საიგა – ვერ გაიგე, დედა – სულერთია!
გერა – გაივლის ნელ-ნელა, საყვარელო!
(შლის სუფრას)
საიგა – სუნია! მგონი იწვის… (გერა გადის და შემოაქვს ტაფამწვარი. ისმის მეორე ოთახიდან ბეჭდვის ხმა. საიგა და გერა ერთმანეთს უყურებენ). დედა, გესმის, დედა?
გერა – არა, შვილო, არაფერიც არ მესმის!
საიგა – როგორ არ გესმის, დედა?!
გერა – რა უნდა მესმოდეს, საი?
საიგა – რა და ბეჭდვის ხმა!!!
გერა – ეგ მესმის, შვილო!
საიგა – მერე? მერე ვინ არის იმ ოთახში, დედა?
(შემოდის თეჯი გვერდითა ოთახიდან)
თეჯი – გამარჯობა, საი! გამარჯობა, გერა! ეს მე ვარ! რაღაც მქონდა დასამთავრებელი და მოვედი. ერბოკვერცხი? მეც მინდა! ერთად ვისადილოთ, კარგი?!
(ყველანი ძალაუბნებურად სხდებიან მაგიდასთან)
გერა- მოლანდებაა, შვილო, ყურადღებას ნუ მიაქცევ!
საიგა – თეჯი!.. (ხელს კიდებს ხელზე. თეჯი აცლის ხელს და საიგას უჭირავს ქორწინების ბეჭედი).
თეჯი – ჰო, საი, აიღე შენი ბეჭედი! ის მე დიდი ხანია არ მეკუთვნის…
გერა – მოჩვენებაა, შვილო, მოჩვენება!.. აჰა, გადაიღე!..
თეჯი – არა, გერა! მე თეჯი ვარ, შენი რძალი, მხოლოდ ხანდახან მშია.
საიგა – თეჯი… მე თვითონ გაჭმევ, თეჯი, გთხოვ! ჩემი ხელით!.. (საიგა აჭმევს თვითონ. თეჯი თან საუბრობს).
თეჯი – გახსოვს, ხესთან პატიებას რომ მთხოვდი, საი? მე არა მარტო გაპატიე, მადლობელიც ვარ შენი! იმიტომ, რომ ახალი ცხოვრება მაჩუქე. მე შენ გატყუებდი, საი! ახლა კი მკვდარი ვარ და ყველაფერი მეპატიება. ძალიან გემრიელია!.. ისე, მე თვითონაც ვერ ვხვდები, მკვდარი ვარ თუ ცოცხალი. მალე დაჩი მოვა და ჩვენ წავალთ…
(შემოდის დაჩი)
დაჩი – დილა მშვიდობის, საიგა! გამარჯობა, გერა! წავედით, თეჯი?
თეჯი – ჰო, ახლავე, ნაბეჭდს გამოვიტან! (გადის)
საიგა – რა ხდება, დედა, რა ხდება ჩვენს სახლში?
გერა – არაფერია, შვილო, ასე სცოდნიათ სულებს! მოიცა, ნახე, ახლა გაქრებიან!..
(შემოდის თეჯი თაბახებით ხელში. დაცი ხელს ხვევს და გადიან)
თეჯი – ხშირად გინახულებთ!
საიგა – არ გამქრალან, წავიდნენ! ერთად წავიდნენ, გესმის?
გერა – დამიჯერე, შვილო! გუშინ, ლექციაზე, პროფესორმა თქვა, რომ ეს მათი აჩრდილებია მხოლოდ, რომლებიც იმათ ეჩვენებათ, რომელთ ნაკლები რწმენა აქვთო. ყურადღებას ნუ მიაქცევ, შუქი ჩააქრეთ და გაქრებიანო!
საიგა – აი, ბეჭედი! ბეჭედი ნახე, დედა!! შეხედე! შეხედე, დედა!! (გერა შუქს აქრობს. სცენა ბნელდება) ვაიმე, დედა, ვეღარაფერს ვხედავ!
გერა – შუქი ჩავაქრე, რაღას დაინახავ?! მოდი, დაწექი, დაწექი, შვილო!..

VIII

(თეჯი წევს მიწაზე. იქვეა დაჩი)
თეჯი _ …მერე ავდექი, აი, ასე გავუღიმე ყველას და წავედი… თავიდან თითქოს მოვკვდი კიდეც, მაგრამ როცა გრძნობ, რომ შეიძლება მკვდარი იყო, თურმე ცოცხალი ხარ… რამდენიმე ხანს ვიწექი – არაფერი მახსოვს. მერე შემცივდა და თვალი გავახილე – თითქმის ყველა აქ იყო… ჯერ სიზმარი მეგონა, ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. მერე, მერე საოცარი სეგრძნება მოვიდა იმისა, რომ ცოცხალი ვარ და, რაც მთავარია, თავისუფალი! ეს ყვეალეფრი წუთებში მოხდა! არა, წამებში!.. დანარჩენი უკვე თამაში იყო, ნაღვლიანი თამაში – ჩემი იმათგან წასვლა. ნელა მივდიოდი, ჩვეულებრივზე ნელა, მერე ნაბიჯს ავუჩქარე, გავიქეცი, შევვარდი ხეივანში… ვყვიროდი, მთელი ხმით ვყვიროდი – სიხარულისგან რომ არ გავგიჟებულიყავი უცბად, ყველა გამახსენდა! მარტო შენ კი არა, ყველა, ხო, ყველა და ცოტა გულის დაწყვეტა ვიგრძენი, რომ ვყელაფერი ისევ ისე აღარ იყო…
დაჩი – მარტო დარჩენის არ შეგეშინდა?
თეჯი – იცი, არა!.. ვიცოდი, რომ ვიღაც მოვიდოდა, თანაც ძალიან მალე!..
დაჩი – …საღამოს ხესთან გამოვედი. ჩამოვჯექი და გიხსენებდი. თითქოს შენი ფეხის ხმაც მომესმა… ექიმი მორიგე იყო და როგორც ყოველთვის, მთვრალს ეძინა ხესთან. თავში მიტრიალებდა აზრი – მოწყვიტე საიგას ფოთოლი! მოწყვიტე და – დაისვენებ! ამ დროს ჩამესმა შენი ხმა – წამოდი ჩემთან, დაჩი! წამოდი ჩემთან!.. გონება გამინათდა: მოვწყვიტე ჩემი ფოთოლი და მზეც ამოვიდა. მერე არაფერი მახსოვს… როგორ ავდექი, წამოვედი… აქ გამოვფხიზლდი, ხეივანში… შენ მუხლზე მეფერებოდი…
თეჯი – ბავშვი რომ მყოლოდა, დაჩი?
დაჩი – მაშინ საიგას მოვკლავდი და ბავშვს მე გავზრდიდი!..
თეჯი – გერა არ მოგცემდა!
დაჩი – გერასაც მოვკლავდი!
თეჯი – ჩემი ბოროტმოქმედი! ჩემი პატარა მკვლელი!
დაჩი – იცი, სიგა მეცოდება!
თეჯი – ეგ გამარჯვებულის შეცოდებაა!.. მაშინ კი გძულდა?!
დაჩი – მაშინ ვსუნთქავდი!
თეჯი – ახლა?
დაჩი – ახლა უფრო რრმად ვსუნთქავ!!
თეჯი – დალილა არ გეცოდება?
დაჩი – დალილას გიომი ჰყავს!
თეჯი – ნუთუ შენ ყველაფერი იცი?
დაჩი – ჰო! ცოდვილი დედა-შვილი!..
თეჯი – გიომი მამასავით მიყვარს!
დაჩი – იმიტომ, რომ დედაშენთა არ წოლილა!
თეჯი – ჩემი ძმაც მოვა!
დაჩი – რეზი პატარაა!
თეჯი – იქ აღარავინ დარჩა, ვერ გაზლებს უჩემოდ!..
დაჩი – სული ტკბილია, თეჯი!
თეჯი – ნეტა, რა იქნება?
დაჩი – ვიქნებით, ჩვენ უსასრულოდ…
თეჯი – რომ დავიღალოთ?
დაჩი – დავისვენებთ!
თეჯი – რომ მოგვშივდება?
დაჩი – სახლში შევჭამთ!
თეჯი – რა მოხდა, დაჩი, დაბნეული ვარ…
დაჩი – მეც არაფერი მესმის! მართალი გითხრა, ახლა სულერთია!
თეჯი – ესე იგი, რასაც პროფესორი გვასწავლიდა, ტყუილი აღმოჩნდა, დიდი ტყუილი… საოცარია!.. ნუთუ არ გიკვირს, რომ ჩვენ ყველანი მაინც ერთად ვართ! ჰო, ისინიც და ჩვენც! ჩვენც თავგზააბნეულნი და ისინიც. მათ ჩვენ მოჩვენებანი ვგონივართ, ჩვენ კი მართლა ვარსებობთ! ჩვენ იმათ ცოცხლებს ვეძახით და ჩვენც ცოცხლები ვართ.
დაჩი – შემოდგომაა, თეჯი! პირველი შემოდგომა ბორცვზე!
თეჯი – ნახე, მზეც ჩადის!..
(ნელ-ნელა ბნელდება)
დაჩი – წავიდეთ სახლში!..
თეჯი – სად? რომელ სახლში?
დაჩი – ჩემთან, ჩემს სახლში!
თეჯი – მერე დალილა? ხალხი რას იტყვის?
დაჩი – ჩვენ ხომ მკვდრები ვართ, თეჯი!
თეჯი – სულ დამავიწყდა! მაგრამ ჯერ ახალი ვარ, მეპატიება.
დაჩი – წამო, წავიდეთ, თორემ დაღამდა!..
(სცენა ბნელდება).

IX

(ოთახში მხოლოდ პროფესორია)
პროფესორი (თავისთვის) – დროს და ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები, ასეთი წესია!
(შემოდის სტუდენტი)
სტუდენტი – მოსახდენი მოხდა, პროფესორო!
პროფესორი – მერე რა, გიკვირს?
სტუდენტი – მე არაფერი აღარ მიკვირს.
პროფესორი – ახალი?
სტუდენტი – ისეთი არაფერი!.. თეჯი და დაჩი დგებიან დილით, სახლში საუზმობენ, მერე მდინარეში ბანაობენ, აგდიან ხეივანში, საღამოს ბორცვზე სეირნობენ, ღამე – სახლში იძინებენ – დაჩის სახლში!
პროფესორი – დღეს შემოდგომის ბოლო დღეა! ხვალიდან ყველაფერი თავის ადგილას დადგება…
სტუდენტი – თქვენ ასე ფიქრობთ?
პროფესორი – ასეც იქნება! ოღონდ ჩქარა დაღამდეს! ხალხი რას ამბობს?
სტუდენტი – ხალხი მიეჩვია ამ წყვილის გამოჩენას, მაგრამ როდემდე…
პროფესორი – რა, როდემდე?
სტუდენტი – როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?! ისინი ყველგან არიან, თითქოს დაგვცინიან. ჩვენ – დაზარალებულები, ისინი კი სიცოცხლით სავსენი. ჩვენ – დაბნეულები, ისინი გაცისკროვნებულები, ჩვენ შეშინებულები, ისინი –
პროფესორი – რა დაგემართათ, ურწმუნონო! შემომხედეთ! შემომხედეთ მე!
სტუდენტი – და თქვენ გგონიათ, ჩვენზე უკეთ გამოიყურებით?
პროფესორი – დღეს შემოდგომის ბოლო დღეა!..
სტუდენტი – და საიგას გასამართლების დღეც!
პროფესორი – გასამართლება? არა, ეს არ იქნება სასამართლო! ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმე გავასამართლოთ, რადგან ყველას თავის წილი მიეგება?
სტუდენტი _- აბა, რისთვის ვიკრიბებით ხესთან?
პროფესორი – მინდა ყველას შევხედო თვალებში, გავამხნევო და კიდევ ერთხელ შევახსენო ბორცვის წესები…
სტუდენტი – ბორცვის წესები? ეგ ხომ ყველამ ზეპირად ვიცით…
პროფესორი – ზეპირად ცოდნა არაფერს ნიშნავს. მთავარია, მარტო შენს თავზე არ იფიქრო! უნდა შეიგნო, რომ შენი ცოდვა მარტო შენს შთამომავლობაზე კი არა, მთელი ბორცვის მოსახლეობაზე გადადის…
სტუდენტი – დღეს დილით რეზი არ გამოვიდა ხის მოსარწყავად.
პროფესორი – ეგ არაფერი! რეზი 15 წლისაა და 16 წლამდე ყველაფერი ეპატიება.
სტუდენტი – ნეტა მეც მაგხელა ვიყო!
პროფესორი – რამდენჯერ მითქვამს – დროს და ბუნებას ნუ ეწინააღმდეგები!
სტუდენტი – არა, თქვენ აქამდე ამბობდით, ნუ შეამოწმებო!
პროფესორი – ეს ყველაფერი იგულისხმება, ჩემო აკრგო! (ისმის საათის რეკვის ხმა) – აი, გესმის? დროულად დარეკა!
სტუდენტი – მალე ხალხიც შეგროვდება, პროფესორო!
პროფესორი – ჰო, უკვე წასვლის დროა!
სტუდენტი – მაპატიე! ჩემი შეხსენება უადგილო იყო…
პროფესორი – მთავარია, უდროო არ იყოს!
სტუდენტი (იცინის) – აბა, დროებით, პროფესორო!
პროფესორი – არ მელოდები?
სტუდენტი – დრო არ ითმენს, ერთ ადგიალს უნდა გავიარო!
პროფესორი – ჰმ, თითქოს თავბრუ მესხმის… მგონი გულს მაზიდებს!
სტუდენტი – არა უშავს, გაივლის, პროფესორო! დრო ყველაფერის მკურნალია…
(სტუდენტი გადის)
პროფესორი – ახალგაზრდობაც დროებითია, ჩემო კარგო!
(ქოქავს კედლის საათს. აქრობს შუქს. სცენა ბნელდება)

X

(ხესთან არიან გერა, ექიმი, დალილა, რეზი, საიგა. ერთი მხრიდან შემოდის პროფესორი, მეორე მხრიდან _ სტუდენტი).

პროფესორი – დღეს პირველი სემოდგომის ბოლო დღეა! ჩვენ აქ თავი მოვიყარეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვუსურვოთ ერთმანეთს დილა მშვიდობისა და დაშლის წინ – ტკბილი ძილი! და არა იმიტომ, რომ სსაიგა გავასამართლოთ… ჩვენ არ ვართ უფლებამოსილნი, ვინმე განვსაჯოთ, როცა არსეობბს დრო და ბუნება! საიგა მკვლელი არ არის, ჩემო კარგებო! თეჯიმ თვითონ გამოუტანა თავის თავს განაჩენი საკუთარი საქციელით. მოდით, ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც ყველამ კარგად ვიცით. ბორცვი პატარაა და არაფერი იმალება. დასამალი არც არის, რა თქმა უნდა, თუ კეთილია!
(შემოდიან მეორე მხრიდან თეჯი და დაჩი).
პროფესორი – ეს აჩრდილებია, ჩემო აკრგებო, ყურადღეაბს ნუ მიაქცევთ! გთხოვთ უმორჩილესად, დაწყნარდეთ!
(სცენა ბნელდება. განათებულნი არიან მხოლოდ საიგა და თეჯი)
საიგა – თეჯი! თეჯი! წავიდეთ სახლში!
თეჯი – საღამოთი შემოვივლი, საი.
საიგა – არ მატყუებ?
თეჯი – არა, საი, თან სათქმელი მაქვს რაღაც…
საიგა – ახლავე მითხარი, საყვარელო!..
თეჯი – ახლა? უხერხულია!
საიგა – ნურავის მიაქცევ ყურადღებას!..
თეჯი – მე შენთვის ვამბობ! დიდი ხანია აღარავის ვაქცევ ყურადღებას…
საიგა – ხოდა, მითხარი!
თეჯი – ფეხმძიმედ ვარ, საი!
საიგა – მაპატიე, თეჯი…
თეჯი – კიდევ რა უნდა გაპატიო?
საიგა – მაპატიე, მაგრამ, შვილი… ჩემია?
თეჯი – ვერაფერს გეტყვი, საი, არ ვიცი!
საიგა – თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს! სულელი ვარ, მაპატიე!
თეჯი – ჩვენთან წამოდი, საი!
საიგა – ახლავე! შუქი! (შუქი ინთება) ჩემს თავს მე თვითონ გამოვუტანე განაჩენი!.. (მიდის ხესთან. წყვეტს ფოთოლს. აგდებს ძირს, ყველა გაოგნებული მისჩერებია. თვითონ ჯდება თეჯისთან და დაჩისთან ერთად).
გერა – ვაიმე, შვილო!
პროფესორი – ეს რა ქენი, ბიჭო! ხალხო, რა მოგდით?! ეს დღეც ჩამთავრდეს! ხვალ…
გერა – მე თქვენ მიყვარდით, პროფესორო! თქვენს ლექციებზეც ამიტომ დავდიოდი. ხესაც თქვენი ხათრით ვრწყავდი და არა ჩვენი უცილობელი წესის გამო. მაგრამ საის ახლა მოვლა სჭირდება, მალე შვილი ეყოლება, ბავშვს ბებია უნდა; იქნებ არც არის ჩემი შვილიშვილი, მაგრამ თქვენმა სიყვარულმა მე არაფერი არ მომცა, პროფესორო, შვილიც დამაკარგვინა. ახლა მას უჭირს! მაპატიეთ, მაგრამ… მე უნდა წავიდე!
(გერა მიდის ხესთან, წყვეტს ფოთოლს და ძირს აგდებს. შემეგ მკვდრებს უერთდება)
პროფესორი – ხალხო, რას აკეთებთ! გონს მოდით! თავს იღუპავთ! ბორცვს ვის უტოვებთ?! თავბრუ მესხმის… ჭიქა წყალი…
სტუდენტი (აწვდის წყალს) – აკი, დროს და ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგებიო, პროფესორო?
პროფესორი _ ეს ასეც არის! რა იყო, გიკვირთ? ნახეთ, დალილა! ისიც დედაა! მასაც მოუკვდა ერთადერთი ვაჟი, მაგრამ მხნედ არის.
დალილა – ჰო, მხნედ ვარ! იმიტომ, რომ ვიცი, მალე ვნახავ ჩემს დაჩის. აი, პლედიც წამოვუღე. შეხედეთ, რა მობუზული ზის, ალბათ სცივა… ახლავე, დედა, აქ ორპირია…
მიდის და წყვეტს ფოთოლს. ახვევს დაჩის პლედს).
სტუდენტი – დალილა!
პროფესორი – უგუნურებო! რას სჩადით! ხალხს წამლავთ! თავებს იხოცავთ! გეყოფათ! კმარა! ესენი ხომ სულები არიან! გარდაცვლილთა სულები! მკრეხელებო! ცოდვიანებო! შთამომავლობაც აღარ დაგრჩებათ, მაწყევარი შთამომავლობა!.. თავბრუ მეხვევა!.. შვილებო! ჩემო აკრგებო!.. იფიქრეთ მათზე, ვინც აქ ვრჩებით! დამეხმარეთ…
(ხმა უწყდება)
სტუდენტი – მგონი გავგიჟდით! რა გვემართება?! ვაცადოთ ამ დღეს დაღამება! ხვალ უკეთესი დილა იქნება? რა თქმა უნდა, უფრო შეგვცივა, მაგრამ… გავთბებით ძველი სიკეთით! (რეზი ანიშნებს რაღაცას ხელებით) რა გინდა, რეზი? შენს დასთან გინდა? წადი, ბატონო, შენ ყველაფერი გეპატიება, იმიტომ რომ უასაკო ხარ…
პროფესორი (ლუღლუღებს) – არ გაუშვათ! გააჩერეთ! მაგას არ ესმის! ჯერ პატარაა! შეიბრალეთ!
(მირბის რეზი. წყვეტს ფოთოლს და თეჯის ეხვევა).
რეზი – გვეშინია?
თეჯი – რეზი! ნუთუ მომესმა?
რეზი – ჩემო საყვარელო დაიკო! გვეშინია?
თეჯი – შენი ხმა მესმის! ჩემო პატარა, იქნებ გავგიჟდი?! კიდევ მითხარი რამე! ჩქარა, მითხარი!
დაჩი – რეზი?!
საიგა – თეჯი?!
თეჯი – ჩუ! ჩუმად! ათქმევინეთ, ლაპარაკეთ, ხმა გამაგონეთ! (კოცნის რეზის, ეფერება) აქ ჩვენ სულ ერთად ვიქნებით, რეზი! დედა, რა ბედნიერი ვარ! ყველა აქ მყავს, ვინც მიყვარს, შენს გარდა, დედა! ნეტა დაგანახა შენი ბიჭი! ისინი კი… ნახეთ, რა ხდება – ექიმიც ადგა!
სტუდენტი _ შენც იქით, გიომ?!
ექიმი – მე ხომ დიდი ხნის მკვდარი ვარ, რა ვქნა! (იღებს ფოთოლს ჯიბიდან და უერთდება მკვდრებს)
სტუდენტი – მასწავლებელო, ჩვენ რაღა ვქნათ? აქ რაღა დაგვრჩენია?! მოდით, წავიდეთ! სადაც ყველაა, ჩვენც იქ მივიდეთ!
პროფესორი – არ დამტოვო!.. გემუდარები!.. გული მერევა! მეშინია!..
(ისმის ნელ-ნელა ამოვარდნილი ქარისხმა)
სტუდენტი – მე გელოდებით!.. იქნებ მოიფიქროთ! მალე გრიგალი ამოვარდება, წვიმაც წამოვა! ჩვენ მარტო დავრჩით! თუ გადავრჩით, რა გავაკეთოთ? თქვენ ვისთვისღა წაიკითხავთ ლექციებს? ან მე რა მინდა ცარიელ ბორცვზე?!
პროფესორი – გთხოვ! არ წახვიდე! ჯერ ადრეა!1 ადრეა-მეთქი!
სტუდენტი (ისიც მკვდრებთან მიდის) – დროს და ბუნებას ნუ ეწინააღმდეგებით, პროფესოროოოოო!
(იელვებს. წამით ბნელდება, ისევ ნათდება და ჩანს თმაგაჩეჩილი და გაწუწული პროფესორი. წვიმს და ქარია).

XI

პროფესორი – დღეს შემოდგომის ბოლო დღეა… რატომ ვარ ცუდად… იქნებ გვიან არის?.. არა! არა! ეჯრ დრო არ არის!.. როგორ წვიიიიმს? ცივვაა! ნუთუ ყველას სძინავს?.. სიჩუმეა!.. თუმცა, მოსაღამოვდა… მოვიდა წვიმა… ზღვებიც აქაფდა… შრიალებს ქარი… მთვარე არსად ჩანს… მთვარე არსად ჩანს… და, თუ არსად ჩანს, რა ვუყოთ მერე? სხვები სადღა არიან?.. ეჰეჰეე!!!.. ეს მე ვარ! პატარა რეზიი!.. ცოცხლები ხართ?.. მაშინ რატომ არ მპასუხობთ? თუმცა რა უნდა გესმოდეთ, თქვენ ხომ აღარ ხართ!.. აღარა ხართ! არა!!! რატომ ვარ ცუდად… ნუთუ დავბრმავდი? არა! აი, ჩემი ფოთოლი კიდია… ჰო, ჯერ ისევ ვხედავ… როგორ დამტოვეთ ასე მარტო… როგორ გამწირეთ… თუმცა, სივკდილიც გაუფასურდა დაწყველილ ბორცვზე!..
(ისმის საათის რეკვის ხმა)
აი, დრო მოვიდა! დრო! მაგრამ რისი? უკვე აღარ მახსოვს… მგონი… სიკვდილის… აჰა, დარწმუნდით!

(წყვეტს ფოთოლს. იელვებს. წამით სიბნელე. ნათდება. უკვე სიწყნარეა. ყველა ეხვევა პროფესორს, რომელიც ხის ქვეშ წევს მკვდარი)

XII

სტუდენტი – მაჯა გაუჩერდა!
დაჩი – აღარც სუნთქავს!
თეჯი – სულ გაცივდა!
საიგა – ნახეთ, რა თეთრია?!
დალილა – რაიმე მოვიფიქროთ!
რეზი – გვეშინია!..
ექიმი – მოკვდა!
გერა – არააა!..

(უცბად ამოვარდება ქარი. დანარჩენი ხეებიდანაც ცვივა ფოთლები და ქარში იფანტება. პერსონაჟები ნელ-ნელა ირევიან ერთმანეთში).

დაჩი – დედა, რა ხდებაა?..
თეჯი – დაჩი, სადა ვააართ?..
გერა – მე ცოცხალი ვარ! ის კი – მოკვდა…
სტუდენტი – ნუთუ ცოცხლები ვართ?..
დალილა – ან უკვდავებიიი…
რეზი – გვეშინიაა!
საიგა – თეჯიიი, სადა ხააარ?..

(ისევ მოდის წვიმა)

თეჯი – წვიამ დაიწყო, წვიმაა!..
სტუდენტი – იქაც ხომ წვიმდაა…
რეზი – მე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ…
დალილა – გიომ, მიყვარხააარ!..
საიგა – როდემდე ვიყოთ ასე, გავიყინებით!..
გერა – ვერავის გხედავთ!..
დაჩი – ისევ დაბნელდაა!..
სტუდენტი – პროფესორო!.. გვიშველე, პროფესოროო!..
(ისმის საათის რეკვის ხმა საუბრის ბოლომდე)
დაჩი – დრო მოვიდა, დროო!..
სტუდენტი – შემოდგომის ბოლო დღეაა…
თეჯი – პირველი შემოდგომიიის…
გერა – ალბათ რაიმე შეიცვლება…
დალილა – გიომ, ამოიღე ხმაა…
რეზი – ისევ გვეშინიაა…
საიგა – წვიმა ნელდება…
სტუდენტი – ქარი დგება…
(წყდება საათის ხმა. წვიმა და ქარი დგება. გაჩერებული კადრი და იწყება ბარდნა. ყველანი ისევ ხის ირგვლივ სხდებიან და სიცივისაგან კანკალებენ).
თეჯი – თოვს და როგორ მშობლიურად…
დაჩი – ჩვენი სახლები ქარმა დალეწა…
დალილა – რაც დარჩა, აგერ, წვიმამ ჩარეცხა…
სტუდენტი – ასე რომ, აღმოვჩნდით ტრიალ მინდორში…
საიგა – ყველაფერი უნდა დავიწყო თავიდან…
რეზი – ან… ბან… გან… დონ… ენ… ვინ… ზენ… თან…
გერა – რა მოხდა, გიომ?
ექიმი – ზამთარი დაიწყო! …იყო შემოდგომა… ხეებს ფოთლები გაუყვითლდათ და ჩამოსცვივდათ… ჩვენ – ცოცხლები ვართ… პროფესორი კი… გარდაიცვალა – გულის დამბლით.
საიგა – აღარაფერი დაგვრჩა!..
გერა – რა უნდა ვქნათ?
თეჯი – დილამდე გავიყინებით…
დაჩი – რითი თბებოდნენ ჩვენი წინაპრები?
დალილა – მოდით, ცეცხლი დავანთოთ!
სტუდენტი – შეშა არა გვაქვს!
ექიმი – აი, ხე!
რეზი – გვეშინია? მაშინ, დავიწყოთ!
(წამოაქცევენ ხეს და იწყებენ ჩეხვას. შორს, ჰორიზონტზე მოჩანს კოცონი. რეზი დგება და ისევ მუნჯურად იწყებს ხელებით რაღაცის ნიშნებას. ყველა შეჰყურებს გაოგნებული).
სტუდენტი – არაფერია! ტენდებაო – უნდოდა ეთქვა!..
(სცენა ბნელდება. მხოლოდ კოცონი ბრდღვიალებს შორს)

დასასრული

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია, პიესების წიგნები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s