მანანა დოიაშვილი: თამაში რემარკის გარეშე


მანანა დოიაშვილი

მანანა დოიაშვილი

დაიბადა 1970 წელს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დრამატურგიის განხრით (თამაზ ჭილაძის სახელოსნო). 1994 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, 2000 წელს მისი პიესები გამოიცა ცალკე წიგნად. მისი პიესა ,”აი, ხე” დაიდგა დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, ხოლო “სამს + სამი” მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საქართველოს რადიომ განახორციელა რადიოდადგმა პიესისა “თავფარავნელი ჭაბუკი”. ამავე პიესის მიხედვით ჰოლანდიის კინოაკადემიამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ამჟამად ჰოლანდიის ტელევიზიის დაკვეთით მუშაობს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარზე.

თამაში რემარკის გარეშე

ბებია
ადგომილი ძალისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოსთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, შენ ღმერთო, ღვთისმშობლისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: შეგვიწყალე ჩვენ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
რადიოს ხმა
– დილა მშვიდობის, ძვირფასო რადიომსმენელებო! თბილისის დროით რვა საათია! ვიწყებთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშს!..
ბებია
– ადექი, ბებო შემოგევლოს! რამ დაგიფრთხო ანგელოზები, შენს ტანს ვენაცვალე?! დღეს ხომ კვირაა, ცოტა დიდხანს დაგეძინა, როგორც წინეთ. აბა, ვარჯიშით რო იწყებ დილას, ლოცვა ვიღამ უნდა თქვას შენს მაგივრად!
ბიჭი
– …შვიდი, რვა, გეხვეწები, ბებო, მაცალე! ხომ იცი, ძლივს გავხდი პიონერი… ასე მითხრეს, კვირა და ორშაბათი შენთვის აღარ არსებობს, სულ უნდა იშრომოო! ერთი, ორი, სამი, ლოცვა კიდევ – ლოგინში ვთქვი. ეხლა ვისაუზმებ და მერე წუთს ვერ დავკარგავ, უნდა გავიქცე… ხომ გახსოვს: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?!” ხუთი… ექვსი… შვიდი… რვა…
ბებია
– ჰო, შვილო, მახსოვს, მაგრამ ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია, თან ვბრმავდები და ერთი დარდი არ მაძლევს მოსვენებას…
ბიჭი
– რა, ბებიკო, რა დარდი გაქვს?
ბებია
– რა და, როდისღა დავამთავროთ ,,ვეფხისტყაოსანი”… რაც პიონერი გახდი, გულს ვეღარ უდებ… ჩაი არ გააციო, ბებო!..
ბიჭი
– რას ამბობ, ბებუკა, ეხლაც ძალიან მაინტერესებს! ნუ ნაღვლობ, მაგრამ საქვეყნო საქმე დამავალა სამშობლომ და…
ბებია
– სამშობლომ? სამშობლო!.. აბა, მაგათ რა იციან სამშობლო?! ერთი შენმა მშობლებმა იციან… წავიდნენ სხვათა ქვეყანაში და უკან აღარც იხედებიან! შემატოვეს ეს თითისტოლა ბავშვი და, ღმერთმა გამიზარდოს, მეტს რას ვნატრობ! მეცოდებით ყველანი, მეცოდებით… სამშობლო!.. ბაბუაშენს რომ არ შესჩენოდა ეშმაკი და ამ ტიალ ქალაქში არ წამოვეყვანე! ეჰ!!! იცი, როგორი სახლი გვქონდა? შემაღლებულ ადგილზე, ხეხილით, ტყიან ღელეს დაჰყურებდა. ეჰ!!! დილით, მზეზე ადრიანად წამოვდგებოდი და ღმერთს მადლობას ვსწირავდი, აქ რომ გამაჩინა…
ბიჭი
– ბებიკო, ეგ ხომ ვიცი. ერთი შენ ის მითხარი, დედაჩემი უფრო გიყვარს თუ მამაჩემი?
ბებია
– აბა, ეგ რა საკითხავია!.. დედაშენი ისეთი ქალი იყო… ფუი!.. იყო კი არა და ,არის!.. არა ამპარტავნობა, არა მედიდურობა!.. მუქი თვალ-წარბი , შაქრისფერი სახე, გადაშლილი შუბლი, სწორი ცხვირი… პური მიატანე, ბებო!
ბიჭი
– თმა, ბებიკო, თმაც ლამაზი აქვს?
ბებია
– ჰო, შვილო, თმა ყორნის ბოლოსავით შავი…
ბიჭი
– მაგიტომაც მიყვარს ყორანი…
ბებია
– დასწყევლოს ღმერთმა! ყორანი რა საყვარელია, ბიჭო?!
ბიჭი
– მაშინ- ყორნის ბოლო! მამაჩემი, მამაჩემი, ბებო?!
ბებია
– აბა, რამდენჯერ უნდა გიამბო… კარგი ჯეელია, მაგრამ ჩემი შვილია და მაგისი ქება ჩემგან არ იქნება! გულმავიწყი ნუ ხარ, შვილო!
ბიჭი
– ბოდიში, ბებიკო, ეხლავე!… გმადლობ, შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან. ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველს, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მოხვედ და მშვიდობა მიმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ! ბებო, როცა ჩუმად, ჩემთვის ვლოცულობ, ბავშვები დამცინიან!..
ბებია
– არა უჭირს რა, გენაცვალე, იმათ არა ესმით და შენც დარდსა და ბოღმას გულში ნუ ჩაიდებ! ვაჟკაცი და ლაღი უნდა გაიზარდო! ჩამომავლობა კარგი გაქვს და არ დაივიწყო: თუ მშვიდობაა, სახარება იკითხე; თუ ომია, თოფი აიღე ხელში; თუ შიმშილია – შენც იშიმშილე; თუ მაძღრობაა – მაინც იშიმშილე; თუ სტომაქი ხერხემლიდან ცოტა წინ გამოგვარდა, გაიხსენე, ვის რა წაართვი; არაფერი შეგშურდეს და ხშირად ჩავარდი სინანულში! შეჯიბრით კი მხოლოდ მეფეებს შეეჯიბრე! შენ მარტო მაგათთან შეჯიბრი გეკადრება!
ბიჭი
– იცი, რაზე ვოცნებობ, ბებო! აი, მეფე დავითი მინდა ვიყო , აღმაშენებელი და ჩვენი ქვეყანა მთლიანი იყოს… ვიჯდე საფიხვნოს თავში… ხალხიც იქვე, ირგვლივ მიმსხდარი მისმენდეს გაფაციცებით, დღედაღამე… მე კიდევ ვკითხულობდე და ვკითხულობდე “ვეფხისტყაოსანს”, “მირიანს”, “ამირან-დარეჯანიანს”, “ვისრამიანს”, “ბეჟანიანს”,”დავრიშიანს” ,“სირინოზიანს”, “დავითიანს”…
ბებია
– ეგრე, ბებო შემოგევლოს, გამახარე!.. ჰა, ნუ მომაგლიჯე სახე, ახლა სადღა მიდიხარ?
ბიჭი
– მეჩქარება, ბებიკო, ჯართი უნდა შევაგროვოთ! მინდა, ყველაზე მეტი მივიტანო. ხოზეც იქ მელოდება, შენ რომ გიყვარს… მზე რომ შუბის წვერზე დადგება, შინ ვიქნები!..
ბებია
– ჯართი დავადე გულზე მაგ მწვალებლებს! მაპატიე, ღმერთო, ჩემი ცოდვები და თითისტოლა ბიჭის მოტყუება… გევედრები, მოიხსენიე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა, ჩემი შვილების, ჩემი უმანკო ბიჭის მშობელთა სახელები…მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება. უფალო, შეგვიწყალენ!..

* * *

კაცი
– ვა, კარის დაკეტვა ვერ გასწავლე!
მეგობარი
– აუუ, რა კაცი ხარ, რო მოხვედი?!
კაცი
– ჰა, ეხლა, ჩემი დანახვა გაგიხარდა , თუ რაიმეს მაგულებ და…
მეგობარი
– შენი დანახვაც გამიხარდა და რამესაც გაგულებ… მოიტანე?
კაცი
– აჰა! ერთი-ორი კვირა გეყოფა…!
მეგობარი
– ეე, გარეთ არ გავდივარ, თორე, ყოველდღე სანთელს დაგინთებდი.
კაცი
– სახლში დამინთე! თუ გული გულობს…
მეგობარი
– ჯერ ერთი – ქადა არ მევასება! მეორეც – იეღოველი კი არა ვარ! მაიტა, რა!..
კაცი
– ჰა, კარგი, ნუ გაგიჟდი?!
მეგობარი
– კარი ჩაკეტე?
კაცი
– აბა, რა ვქენი! კონიაკი დაგრჩა?
მეგობარი
– კარი ჩაკეტე რა!
კაცი
– დაგრჩა კონიაკი?!
მეგობარი
– ჰა ?კონიაკი? მიდი, მაცივარშია… ისე, სახლში როგორ ხართ, ბიჭისგან რა ისმის?!
კაცი
– ვა, მოხვედი აზრზე?!
მეგობარი
– აქამდე, რა…
კაცი
– ხმა შეგეცვალა: თვალები დაგეწმინდა, გალამაზდი…
მეგობარი
– ჰა, რა იყო, ხო არ გევასები?
კაცი
– მევასები-რა?! მიყვარხარ!
მეგობარი
– მეც მიყვარხარ, ძმა!…
კაცი
– რას გაჩუმდი?!
მეგობარი
– რა გინდა!
კაცი
– თქვი რამე!
მეგობარი
– …მძვინვარებს კორუფცია!
კაცი
– მერე?

მეგობარი
– ოლიგარქიული ნომენკლატურა ცდილობს მთლიანად ხელში ჩაიგდოს ქვეყანა…!
კაცი
– მერე?
მეგობარი
– რა მერე?!
კაცი
– მერე, შენ რას ფიქრობ?
მეგობარი
– ვერავინ და ვერაფერი დაგვაკარგვინებს ჩვენ ჩვენი შებოლილი ხალხის რწმენას…
კაცი
– უყურე?!
მეგობარი
– არ მეტყობა?!
კაცი
– ჰმ, ბევრი მიპირისპირდება!..
მეგობარი
– გი-პი-რის-პი-რდე-ბიან?! იმიტომ რომ, შენი გოიმი გუნდი ამტკიცებს, რომ არსებობენ ქაჯები, რომლებსაც ზეპატიოსნად შეუძლიათ ემსახურონ თავისი სამშობლოს ჩონჩხს!..
კაცი
– ჰა, ეხლა, ნუ დაიწყე!
მეგობარი
– დავიწყე! მაგიტო არ მოხვედი? აბა, რა გითხრა?! ქვეძანას მოატყუებ! მეც ორ გრამად თავს მოვიტყუებ! მაგრამ შენნაირი ახვარი ცოტაა და ის თავს ვეღარ მოიტყუებს…
კაცი
– ჰა, ჰა, ჰა!..
მეგობარი
– რა იყო?!
კაცი
– რა და, კომედიაა ეს ყველაფერი…
მეგობარი
– ჩუ! გეშლება, ძმა! კომედიაში მთავარია არა მოქმედების, ნააბაროტ, ხასიათის მხარეები. ეგ შენი ყველაფერი კიდევ, ექსცენტრიულ და ბუფონადურ გამოსვლას გავს, გაიგე?ესე იგი, რა არის! ჰა, შენი პირით მითხარი! რახან არ ამბობ, მე გეტყვი – კლო-უ-ნა-და! აი, ამეებს ერთმანეთში ნუ აურევ! მიდი, გააგრძელე…
კაცი
– შენ ვინა ხარ?! ჩემი შუბლის ძარღვი, სინდისის ქენჯნა თუ პატიოსნების მარცვალი?
მეგობარი
– ჰმ! შენი მონა ვარ ყურმოჭრილი, აქამდე არ იცოდი?.. ეს შემთხვევითი თამაშია შუქ-ჩრდილებისა!..
კაცი
– ფარდას გადავწევ!
მეგობარი
– თუ გინდა, ჩამოგლიჯე!
კაცი
– რატომ ხარ ჩემი მონა?! რას მიედ-მოედები?!

მეგობარი
– იმიტომ, რომ ზედმეტად თავაზიანი ვარ შენთან!
კაცი
– …მე… მარტო შენ გენდობი!..
მეგობარი
– ჰოდა, კაკრას, ეგ გაძლევს უფლებას, იბატონო ჩემზე!..
კაცი
– დავიღალე!..
მეგობარი
– დარჩი აქ და მაგრად გამოიძინე!
კაცი
– რა დავრჩე..! ქვეყნის საქმე მაქვს!
მეგობარი
– ეეე, რა მაგარი ბავშვი იყავი?! რას წარმოვიდგენდი, შენგან თუ ასეთი დიდებული ადამიანი დადგებოდა, მძლავრი საქმეებით და სათნო მოღვაწეობით.
კაცი
– აუუ, თავს მიხედე, რა!
მეგობარი
– ეგ შემეძლოს, შე ჩემა, შენნაირს სახლში შემოვუშვებდი? ხო იცი, შენი დიდი სიკეთე შენს პააატარა ანგარებას ყურებზე ხახვსაც ვერ აჭრის…
კაცი
– მიდი, იანგლე, მიდი! და დარჩები მალე შენს სოროში პირშიჩალაგამოვლებული…
მეგობარი
– შენ კიდე – შენს მამულში! ისე, მამულში ჯობია პირშიჩალაგამოვლებული ყოფნა, თუ სოროში?
კაცი
– შენ არ გეცოდები და სხვა ვიღა შემიცოდებს?!
მეგობარი
– ერი, ერი შეგიცოდებს, მამაო, შენი ერი!
კაცი
– წადი შენი…
მეგობარი
– მობილი წაიღე, არ დაგრჩეს!..
კაცი
– შენი იყოს…
მეგობარი
– ე, ბიჭო, გირეკავენ, მობრუნდი! ალო… არა, ვის… ეგ კაცი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან… მე! მე მაგის ავტოატვეჩიკი ვარ, მაგის ნაღველი ვარ, მაგის პარიკი ვარ, მაგის ჟესტი ვარ, მაგის ნაღარა ვარ, მაგის რეფრენი ვარ, მაგის სუიტა ვარ, მაგის ფიასკო ვარ, მაგის ქვეტექსტი ვარ, მაგის ჰანგი ვარ, მაგის ბუტაფორია ვარ, მაგის იარუსი ვარ, მაგის ევფონია ვარ, მაგის კანტატა ვარ, მაგის შარჟი ვარ, მე მაგის დედა ვატირე!..

* * *
ექიმი
– მობრძანდით!
ქალი
– შეიძლება?
ექიმი
– შეიძლება, შეიძლება!

ქალი
– გამარჯობათ!
ექიმი
– ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ!
ქალი
– ჩამოვჯდე, თუ…
ექიმი
– ოოო, ქალბატონო ნესტან, მობძანდით, დაბრძანდით! უკვე აღარ გელოდით, მაპატიეთ!
ქალი
– პირიქით, ბოდიშს გიხდით, რომ გალოდინეთ, მაგრამ…
ექიმი
– როგორ გეკადრებათ! თქვენს მეუღლეს იმდენი პატივი უცია ჩემთვის, რომ Я готов ждать вас целую вечность!.. ნიუდობნი ჯოუკი გამომივიდა…
ქალი
– ძალიან ვნერვიულობ!..
ექიმი
– დაწყნარდით, ქალბატონო ნესტან, მოეშვით!
ქალი
– გთხოვთ, ნენე დამიძახოთ, უფრო შინაურულად ვიგრძნობ თავს…
ექიმი
– გისმენთ და გემორჩილებით, ქალბატონო ნენე!
ქალი
– საიდან დავიწყო, არც ვიცი…
ექიმი
– თავიდან, თავიდან!
ქალი
– ძალიან მტკივა, ექიმო…
ექიმი
– რა გტკივათ!
ქალი
– სული, სული მტკივა…
ექიმი
– მოვუვლით!
ქალი
– იცით, გული მერევა…
ექიმი
– გავაჩერებთ!
ქალი
– თავიც მეზიზღება!
ექიმი
– Это опасно! ბორჯომს ინებებთ?
ქალი
– ნავთს!
ექიმი
– ეგეც სამკურნალოა! პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ…
ქალი
– ჩემი ქმარი…

ექიმი
– არაჩვეულებრივი კაცია! დიდი კაცია! ძალიან გვეხმარება: უზარმაზარი თანხა გადმოურიცხა საავადმყოფოებს…

ქალი
– მე ქმარი…
ექიმი
– …ქვეყანას უვლის! პატრონობს! მერე რა გამოსვლები, ცოდნა, ინტელექტი, ამდენი ქველმოქმედება, ასეთი ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი… თქვენ…
ქალი
– მე ქმარი დიდი ხანია არ მყავს!..
ექიმი
– რატომ? გაშორდით?
ქალი
– არა, ბატონო, ერთად ვართ, თუ ამას ერთად ყოფნა ქვია?!
ექიმი
– ყველაფერი გასაგებია! და რამდენი ხანია, ასეა!
ქალი
– ვგონებ, დღიდან მოყვანისა…
ექიმი
– Ну что вы! ისე, ერთიც არის: ის უკვე ასაკშია, იქნებ…
ქალი
– მე უკეთ ვიცი, ბატონო ჩემო!
ექიმი
– რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! კონკრეტულად, რითი შემიძლია გემსახუროთ!
ქალი
– ოპერაციის გაკეთება მინდა!
ექიმი
– ოპერაციის! რისი, ქალბატონო ნენე?
ქალი
– თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით?
ექიმი
– მე! გინეკოლოგი ვარ! шутите?
ქალი
– ჰოდა, ბატონო გინეკოლოგო, დამივიწროვეთ ყელი, თუ შესაძლებელია, გამიძლიერეთ ყველა ფუნქცია…
ექიმი
– 0го, все понятно! ვაგინალური პლასტიკური ოპერაცია!.. ასე გეთქვათ! ბატონი ბრძანდებით! წამოდით შირმის იქით, გაგსინჯავთ!..
ქალი
– დამაძინებთ!
ექიმი
– რა თქმა უნდა, ვერაფერს იგრძნობთ!..
ქალი
– რამდენი ხანი გრძელდება?
ექიმი
– თქვენ, ალბათ, ორი საათი დაგჭირდებათ! მერე კი, თვენახევარი ქმარი არ უნდა მიიკაროთ!..
ქალი
– ჰმ… თვენახევარი!..
ექიმი
– 0й, ой, . ой, Ты что, никогда не кончала, деточка?
ქალი
– როგორც ხედავთ…

ექიმი
– ნწ, ნწ, ნწ… это не его вина! ნუ ნერვიულობთ! ისე ავაწყობ და ისეთს გავხდი, თქვენი ქმარი თითებს ჩაატანს!.. აი, მერე იტყვით, თავიდან დავიბადეო?!
ქალი
– ძალიან მრცხვენია!
ექიმი
– გრცხვენიათ! რისი?! ეს ჩვეულებრივი, ცივილური მეთოდია! ცუდს რას სჩადიხართ! თქვენი ოჯახის გადარჩენა და გამყარება გსურთ! ეს არის და ეს?! ჩემთან ისეთი ხალხის ცოლები მოდიან ზუსტად ამისთვის, პირდაპირ გაგიჟდებით! ოღონდ, სახელებს ნუ მკითხავთ?!
ქალი
– ჰმ, სახელები რად მინდა?! სახელები დროებითია!..
ექიმი
– რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! რა გადაწყვიტეთ!
ქალი
– ეხლავე დავიწყოთ!
ექიმი
– Ну и умница?!

* * *
ქალი
– შუქი არ ავანთო? შენ ხომ გიყვარს…
კაცი
– არ გვინდა! მოდი! მოდი! ჩქარა!…
ქალი
– ახლავე, საყვარელო! რა გასხია, შისეიდო?
კაცი
– ჰო! შენ კიდევ მწვადის სუნი გიდის!
ქალი
– გშია, ცაწკალო? არ გაჭმევენ?
კაცი
– ხომ იცი, თოთო ბატკანი და ხბო მიყვარს! ბებერი ძროხის და ცხვრის ტრფიალი არ ვარ!… ეგეც გაიხადე!
ქალი
– მაცალე, ჯერ შენ გაგაძრო ტყავი!
კაცი
– ფრთხილად, პადკოჟა არ შეგრჩეს ხელში!..
ქალი
– ეგეც ხეირია!..
კაცი
– ..ბეჭებზე, ცოტა ზემოთ… ჰო, კარგია!..
ქალი
– ისევ ვარჯიშობ?
კაცი
– გამოიცანი!
ქალი
– ისეთი კანი გაქვს და კუნთები…

კაცი
– შენხელა ბიჭს შეშურდება, არა?!
ქალი
– მაგის თქმა არ მინდოდა!

კაცი
– მოდი, მაგდა! მოდი აქ!..
ქალი
– …რა საყვარელი ხარ და მამაცი…
კაცი
– კიდევ?
ქალი
– …ლამაზი და ამპარტავანი…
კაცი
– კიდევ!.. კიდევ!..
ქალი
– თბილი და უებრო…
კაცი
– მერე!.. მერე!..
ქალი
– …გულუბრყვილო… გულზვიადი… გულკეთილი!..
კაცი
– კარგია!.. კარგია!.. მიდი…!
ქალი
– …ვაჟკაცი და უბადლო…
კაცი
– ჰო!.. ჰო!..
ქალი
– ..ჭკვიანი და უშურველი…
კაცი
– მიდი!.. მიდი!.. კარგი ხარ! მთავარზე გადადი!..
ქალი
– …მაღალი, უხვი, მდაბალი…
კაცი
– გააგრძელე!.. კარგია!.. კარგია!..
ქალი
– …მრავალყ … ბოდიში, ლაშქარმრავალი, ყმიანი…
კაცი
– ეგრე!.. ეგრე , საყვარელო!.. ცოტა ქვემოთ და ხმადაბლა…
ქალი
– … მოსამართლე და მოწყალე…
კაცი
– აუუჰ!
ქალი
– …მორჭმული, განგებიანი!.. შენ ხარ!.. სულ შენ ხარ!..
კაცი
– …ვარ! ვარ!.. ასე!.. კარგია!.. აუუუ…
ქალი
– ერთ ძუძუში კარაქი გაქვს, მეორეში თაფლი…

კაცი
– …ჰო!… მაგდა!.. ჰო!.. ჩუ!.. გესმის!.. კარგია!.. ეხლა მე გეტყვი!.. ჩუ!.. ვიღაც დგას ფარდის უკან… იქიდან გვითვალთვალებს… იმას მოსწონს შენი თეთრი ზურგი… და… უნდა… საშინლად უნდა…
ქალი
– … ჰო!.. უნდა!… მერე!..
კაცი
– … ის იხსნის შარვალს და გვიახლოვდება… ხერხემალზე ხელს გისვამს…
ქალი
– … ჰო!.. კარგია!..
კაცი
– … მე თვალებში მიყურებს.. შურს, შურს ჩემი… მე… მე ის ვიცანი!… ვიცანი!… მაშინვე ვიცანი!.. ეს ის არის… ეგრე… ეგრე… ის არის… ჩვენი პრეზიდენტი!.. ჩვენი პრეზიდენტი?!. ჩვენი პრეზიდ?!! აუუუ!.. როგორ ვიცანი!.. რა კარგია!…
ქალი
– ხო, კარგია!.. კარგია, რომ იცანი!… მაგიტომ მიყვარხარ!
კაცი
– მეც!.. შუქი არ ავანთო?
ქალი
– არ მინდა! ასედაც მომწონს აქაურობა! თან, შენც აქვე მყავხარ! ვინ მოგვერევა!
კაცი
– ვერც ვერავინ!
ქალის
– შენი ცოლი?!
კაცი
– აცალე, რა!..
ქალი
– კარგი რა, მამაო, ხო იცი, როგორ მომწონს?!
კაცი
– იმასაც!… შარვალი მომაწოდე!
ქალი
– უკვე მიდიხარ? ხო შემპირდი…
კაცი
– ქვეყნის საქმე მაქვს, მაგდა…
ქალი
– სულ საქვეყნო საქმეს არ აკეთებ?
კაცი
– დამცინი?
ქალი
– ჯვარი არ დაგრჩეს, მამაო!
კაცი
– ჰო! არ გამაცილებ?
ქალი
– არა! იმიტომ რომ ისევ თბილი დაგახვედრო ლო-გი-ნი!
კაცი
– წმიდაო ანგელოსო უფლისა ჩვენისა, შემინდევ და დამიფარე ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არ განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი!..
ქალი
– ეგრე, ეგრე, საყვარელო!.. კარები ფრთხილად გაიხურე!.. ჩუმად! ჩუმად! არვინ გაგვიგოს!..

* * *
ბიჭი
– მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად –
წერას, კითხვას და ლაპარაკს!
ბებია
– დაილოცოს, ბებო, მაგის დამწერი! ეგ ლექსი მომწონს, გულზე მეფონება.
ბიჭი
– რა, მასხრად მიგდებ, ბებუკა? ეს წიგნი ხოზემ მომცა!
ბებია
– არა, შემოგევლე! წირვა-ლოცვის მადლს გეფიცები!..
ბიჭი
– აბა, ჩემი საზეიმო ლექსები არ მოგეწონა და…
ბებია
– ღმერთი უშველის ხოზეს! აბა, იმ ლექსებს მოსაწონი რა სჭირდათ, ფუი, ეშმაკს!..
ბიჭი
– ბებო, პატარა რომ ვიყავი, ბევრი ლექსი ვიცოდი?
ბებია
– ბევრი, შვილო…
ბიჭი
– ისე, სიარული როდის დავიწყე?
ბებია
– ადრე, ერთი წლისამ!
ბიჭი
– ლაპარაკი?
ბებია
– გვიანა, შვილო, ორი წლისამ!
ბიჭი
– … დედას გაუხარდა?
ბებია
– ჰო, შვილო, სიხარულით აღარ იყო!..
ბიჭი
– კითხვა?
ბებია
– კითხვა! მგონი ოთხი წლისამ!..
ბიჭი
– მერე, მამამ რა თქვა?
ბებია
– … მამაშენს ჯერ არა სჯეროდა და რო დარწმუნდა… მერე შემოჰკრა ცხენს ქუსლი და გააგელვა…
ბიჭი
– რას ამბობ, ბებო?! რა ცხენს, სად შემოჰკრა!
ბებია
– ჰო, შვილო, ისეთი მარჯვე იყო, ბაბუაშენივით…
ბიჭი
– რა იყო, ბებუკა, რატომ ტირი?
ბებია
– ვტირი, შვილო? ჩემი ცრემლი ჯერ არაკაცს უნახავს…
ბიჭი
– ჰო, ბებო, ჰო! არ იტირო, გეხვეწები!..
ბებია
– მე კი ვერა ვხედამ და…
ბიჭი
– აკი, ყველაფერს ვხედავო?!
ბებია
– არც ეგეთი ცუდი ყოფილა სიბერე!.. ხო, იცი… საჭმელსაც ვაკეთებ ძველებურად, ვკემსავ, ლოგინს ვასწორებ… იმასაც კი ვხედავ, შემოგევლე, ლოყები რო ჩაგიცვივდა და მიტკლის ფერი გადევს!.. იქ კიდევ, ქვემო ალაგას, ჩემი წიგნები აწყვია… მაგაზე კი გული მეწვის, რო ვეღარა ვკითხულობ…
ბიჭი
– რას ამბობ, ბებო, სულ ზეპირად იცი და… მე ხომ უკვე ჩემითაც მშვენივრად ვკითხულობ, ცოტაც მაცალე და ნახავ, რომ გავიზრდები, როგორ მოგივლი: ოქროს ტახტს გიყიდი და აქეთ-იქიდან ჩემს შვილებს მოგისხავ…
ბებია
– შავ ქალს ნუ მოიყვან, ბებო, ცოლად!
ბიჭი
– კარგი!.. გპირდები!..
ბებია
– გულიც შავი ექნება!…
ბიჭი
– მართლა მარტო შავ ფერს ხედავ, ბებია?
ბებია
– აბა, რამდენი ხანია დაღამდა და რას დავინახავ ამ დავსილი თვალებით…
ბიჭი
– დაწექი, გეხვეწები!
ბებია
– იქით მიდექ!.. მე წამოვიწევ ასადგომად და დაწოლითაც თვითონ დავწვები… შენი ტოლები კიდე დაგცინიან, ბებო?
ბიჭი
– ჰო, კიდე!.. თან მეტსახელიც შემარქვეს… ბებო, მარჯვნივ!..
ბებია
– ოჰო! თითქოს ვერ ვხედავდე! ჩემს სიცოცხლეში მარცხნივ არ წავსულვარ!
ბიჭი
– უფალო ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელს ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით…
ბებია
– …მე რაც მიყვარდა და ვიცოდი, სუულ მოძველებულა…
ბიჭი
– …ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევე მე…
ბებია
– ყოველი დღე ჩემს თავს მაცილებს და მაკარგვინებს, მაგრამ, მაინც არა ვარ ბებერი!..
ბიჭი
– მშვიდობის ძილი და უშფოთველობა მოგვანიჭე ჩვენ…
ბებია
– ბებერს აღარაფერი უკვირს!..
ბიჭი
– …ანგელოსო, შენი მფარველი მომივლინე, დამცველი ჩვენი ყოვლისაგან ბოროტისა…
ბებია
– … მე კიდე თქვენი მიკვირს, ამ ახალი და უსახური ცხოვრებისა!..

ბიჭი
– რამეთუ, შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებას აღვავლენდეთ უკუნითი უკუნისამდე…
ბებია
– ჰოდა, კიდეც გეტყვით – ბედნიერი ვარ!
ბიჭი
– ამინ!..

ბებია
– ბედნიერი ვარ – ჯერეთ თავი არა მძულს!..

* * *
ნენე
– მშვენიერი დასაწყისია!
მაგდა
– თქვენსასაც არა უშავს!
ნენე
– შენი სჯობდა! ბორჯომი ხომ არ დაგისხა?
მაგდა
– არა! დუ-ბარა! გმადლობთ!..
ნენე
– ჯანდაბა! აქაც არ მიმართლებს!..
მაგდა
– ბევრს ეწევით, ქალბატონო ნენე…
ნენე
– ჰოო! მე მიკვირს, შენ რომ არ ეწევი…
მაგდა
– ბეშ-ოთხი! რატომ?
ნენე
– რა ვიცი! იაგანი! შენხელა ყველა ეწევა!
მაგდა
– ახლახანს დავანებე! ზედ არის!
ნენე
– შაში მინდა! მერე, არ მოიმატე წონაში?
მაგდა
– ესეც მეორე მოვკალი! მუდმივად დიეტაზე გახლავართ!..
ნენე
– შაში იაქე! ბავშვი არ დაგრჩა წინა ქორწინებიდან? ორივე გავაცოცხლე…
მაგდა
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა!
ნენე
– ჩემი ბიჭი… ესეც დორიჩარი!..
მაგდა
– თქვენი ბიჭი რაზე სწავლობს?
ნენე
– კარგია! იურიდიულზე!..
მაგდა
– იაგანი! ალბათ, ინგლისურად?!
ნენე
– ისევ გამეხსნა კარი! რა თქმა უნდა! იმედი მაქვს, აგვისტოში ჩამოვა ცოტა ხნით…

მაგდა
– ბედნიერი ქალი ხართ! აი, მოგიკალით!
ნენე
– ალბათ!
მაგდა
– კიდევ მოგიკალით!
ნენე
– ჯუთ – სე მინდა, მაგრამ… საღამოობით ჩვენ შეგვიძლია ნარდის სეანსები მოვაწყოთ!..
მაგდა
– სიამოვნებით! ჩემთანაც შეიძლება…
ნენე
– რა თქმა უნდა! თუ გავაცოცხლე ერთი მაინც… ძვირი მიეცი შენს ბინაში?
მაგდა
– აი, გაგიხსენით კარი! საკმაოდ ძვირი, მაგრამ სასიამოვნოა თქვენნაირი კარის მეზობელი!
ნენე
– გმადლობ! მგონი ისევ ვაგებ…
მაგდა
– ასე სწრაფად ყრით ფარ-ხმალს?
ნენე
– ნერვები, ჩემო კარგო, ნერ-ვე-ბი?!
მაგდა
– ვერც წარმომიდგენია, რაზე ნერვიულობთ?! აი, ერთი გააცოცხლეთ!.. არაჩვეულებრივი ბიჭი გყავთ… კარგი ქმარი, მშვენიერი სახლი, .. ახალგაზრდა ხართ, ლამაზი… მეტი რა უნდა ინატროს ქალმა?!..
ნენე
– იცი, მე ამაზე არ მიოცნებია!.. ჰმ, ისევ ჩარი დუ!.. მშვენიერი სახლი შენც გაქვს, კიდეც გათხოვდები და შვილიც გეყოლება!..
მაგდა
– მე შვილი არ მეყოლება, ქალბატონო ნენე!..
ნენე
– ო, ეს კარგია! მაწყობდა!..
მაგდა
– ბატონო?!
ნენე
– არ ვიცოდი!.. მაპატიე! აი, კამათელიც გადამივარდა…
მაგდა
– ეხლავე!.. თქვენი თუთიყუში ასეთი ჩუმია და მოწყენილი? ერთი დუ-ბეში მინდა და…
ნენე
– ესა! ჩემმა ქმარმა მომიყვანა ამას წინათ!.. რა ვიცი, სულ იბუზება და იბღვირება!.. ალბათ, მარტოა!.. მირჩიეს, მეორეც მოვუყვანოთ…
მაგდა
– ჩარი სე!.. მეც მყავდა ბავშვობაში… ფანჯარაში შემოგვიფრინდა, შემთხვევით… ვუყიდე გალია და სიამოვნებით ვუვლიდი, მაგრამ იმანაც მალე მოიწყინა… ესეც დუ-ბეში! ახლა შეგიძლიათ ყავაც მიირთვათ…
ნენე
– ასეც ვიცოდი! შემდეგ!
მაგდა
– მერე, ბაზარში, ვიყიდე ასეთივე მეორე და შევუსვი გალიაში, რომ არ ედარდა!… დუ-შაში!.. მშვენიერია!
ნენე
– და გახალისდა?!
მაგდა
– გახალისდა? მეორე დილით ორივე მკვდარი დამხვდა გალიაში…
ნენე
– რას მეუბნები?!
მაგდა
– ერთმანეთისთვის თვალები ამოეკორტნათ!.. ვიფიქრე, ალბათ გალია პატარა იყო და ვერ დაეტივნენ…
ნენე
– რა საშინელებაა!..
მაგდა
– ისევ დუ-შაში! მერე, გაირკვა, ქალბატონო ნენე, რომ შემოფრენილიც და ჩემი ნაყიდი თუთიყუშიც – ორივე ქალი აღმოჩნდა!.. თქვენ მგონი მარსს აგებთ!..
ნენე
– უჰ, გამაჟრიალა!.. მარსი! ასე გამოდის… ბოდიში, კარს გავაღებ…
მაგდა, ეს ჩემი მეუღლეა, გაიცანი! ესეც ჩვენი ახალი კარის მეზობელი!… რა იყო, დაღლილი ხარ! გამარჯობა მაინც გვითხარი!..
კაცი
– უკაცრავად, გამარჯობა!
მაგდა
– არა უშავს!.. მეც უნდა გავიდე!.. ღამე მშვიდობის!.. მეწვიეთ!..
კაცი
– მაგას რა ქვია?!
ნენე
– დაგავიწყდა? მაგდალინა!..
კაცი
– უცნაურია!..
ნენე
– რა არის უცნაური?
კაცი
– … რომ სულაც არ მშია!..
ნენე
– უცებ დაკარგე მადა? ავად ხომ არ ხარ?!
კაცი
– ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, ძვირფასო!
ნენე
– ღმერთმა ქნას!
კაცი
– არა!..
ნენე
– რა არა?!
კაცი
– არა, მაინც ვერ გავიგე, რას შემოიჩვიე ეს გოგო?!
ნენე
– იცი რა, მთელი დღე მარტო ვიყო, ეშმაკი ხომ არ ვარ! თანაც, ჩემს მანქანას ,,კარობკა” ჩაეშალა!..
კაცი
– მარტო! ვის იტან რო! შენი ბავშვობის მეგობარი ჯერ მოსამსახურედ დაისვი, მერე სახლიდან გააგდე!.. მაშინაც ასე ამბობდი…
ნენე
– რას ბოდავ?! მინდოდა დავხმარებოდი და მერე…
კაცი
– და მერე რა?! მერე ის გროშებიც დაგენანა, რასაც უხდიდი!.. ძუნწი ხარ და…
ნენე
– გააგრძელე!..
კაცი
– მუქთახორა!
ნენე
– მე!.. მე!.. კარგი, კარგი!… მაგრამ ვისი ცოლი ვარ მე- ძუნწი, მუქთახორა, არარაობა?! შენი!!! შენ – საამაყო, სიმპათიური, ჭკვიანი, აღიარებული, მესამე თუ არა, მეოთხე კაცი ქვეყანაში, რეპრესირებული ოჯახისშვილი, თავადის ჩამომავალი, ქველმოქმედი, პრინციპული, უბრალო და თანაც- გენიალური…
კაცი
– მშვენიერია!!! ეს შენი აზრია?
ნენე
– ჩემი! არა!!! ერის! ჩემი აზრიც გაინტერესებს ჩემს შეუფასებელ მეუღლეზე?
კაცი
– აბა, აბა! ოღონდ, ჩქარა ჩამოფქვი!
ნენე
– მე- ძუნწი, მუქთახორა, არარაობა, გლეხი – ვარ ცოლი ერთი ბავშვობაგამწარებული, კომპლექსიანი, ამბიციური, თვითდაჯერებული, ფლიდი, უზნეო, გარეწარი ტაკიმასხარის, რომელიც თავის ზემოჩამოთვლილ ნაკლს ისე მარჯვედ იყენებს, რომ სხვის ყველა ღირსებებზე უკეთესი ჩანს! რომელიც ერთი ბეწო და ჩიაა თავის თავზე აღებულ პასუხისმგებლობასა და თანამდებობასთან შედარებით! რომელსაც ლოგინში, თავის ფანტაზიებშიც კი – პირველკაცობა ელანდება! რომელსაც ერთადერთი, ნარკომანი მეგობარი ჰყავს, ვისთანაც გულს, შხამს, სირცხვილს, გათახსირებას და რამდენიმე ათასის წამალს ტოვებს! იცი, რატომ?! იმიტომ რომ მღვდელთან ვერ მიდის! აღსარების ეშინია – იცნობენ! გააბითურებენ და ბოლოს… დაიჭერენ!!! რას გაშეშებულხარ?! დამარტყი! გეშინია, რამე არ დამაჩნდეს! ხვალ პრემიერთან ვახშამზე ხარ წასასვლელი არა შენს ბედნიერ ცოლთან ერთად?..
კაცი
– ს ს ს ს ს ს ს ს ს ს… მიდი, მიდი, ისისინე! იმიტომაც არ მიდგება შენზე, შე ნაბოზარო?!
ნენე
– ახლა გავხდი ნაბოზარი! რატომ წამომიყვანე, რას მერჩოდი!
კაცი
– საიდან წამოგიყვანე!
ნენე
– საიდან! ჩემი ქმრისაგან!
კაცი
– მე! მე წამოგიყვანე? შენ თვითონ წამოცუნცულდი!..
ნენე
– ჰო! ახია ჩემზე! დორბლი მოგდიოდა და ღრიალებდი – შენს გამო მეტროში მატარებელს ჩავუვარდებიო, და… სინამდვილეში, სახლში ტაქსით მიბრძანდი!… მაშინ უნდა მი ვმხვდარიყავი…!
კაცი
– ჰა, ჰა, ჰა, შეგეცოდე, არა?! შავ პურს ჭამდი და კარაქი გენატრებოდა! მაგრამ ვერ გაგაძღე ვერაფრით! ჩემი დედა ვატირე – არ უნდა მომეყვანა შავი ქალი, არ უნდა მომეყვანა!

ნენე
– მერე! მერე, მიდი, გამშორდი, გამეყარე! მაგრამ… რას იტყვის შენი ამომრჩეველი?! ან იქნებ, გაწინაურებენ?! თეთრები აქვე მოძებნე, ახლო – მახლოს!..
კაცი
– ჰო!.. მე ახლო-მახლო გამიშვი! შვილი – იმ სიშორეს გადაკარგე!.. რა გინდა, რა?!
ნენე
– რა მინდა! აი, ეს დიდი ოთახი მინდა სულ დაცლილი იყოს!.. კუთხეებში სკამები იდგას!.. სარკეზე – თეთრი ზეწარი!… მე ვიჯდე ცენტრში, შავებში, წითელი პომადით და დაწებებული წამწამებით!.. წინ ბრწყინვალე კუბო მედოს! შიგ – უფრო ბრწყინვალე შენი სხეული!.. გულზე მობილური გესვენოს!.. ირგვლივ შენი პარტიის წევრები იგლეჯდნენ წვერებს და იხოკავდნენ ლოყებს!.. მღვდელი კი შენს წინასაარჩევნო დაპირებებს კითხულობდეს! … რა გინდა! რას აკეთებ! გამიშვი ხელი!.. მახრჩობ არა?!
კაცი
– არა, გენაცვალე! ხვალე ახალი მარგალიტის მძივი უნდა გიყიდო და ყელზე ზომას გიღებდი!.. შენი!…
ნენე
– მოიცა! სად მიდიხარ?! ჯერ არ დამიმთავრებია!.. მათქმევინე!.. მეშვიდე დღეს მოვალ შენს ლამინირებულ საფლავზე და ზედ კუჭში გავალ!.. გაიგე, ძვირფასო?!.. კისერიც გიმტვრევია!…

* * *
კაცი
-…იდიოტი ვარ!… ბებერი ტუტუცი!.. ღმერთო, რა დავაშავე?! სად წავიდე…
ბიჭი
– დედამიწა მრგვალია, ბიძია!..
კაცი
– ვინა ხარ?
ბიჭი
-გამარჯობა!
კაცი
– ამ ბნელ სადარბაზოში რას აკეთებ?
ბიჭი
– ვზივარ და ველოდები წვიმის გადაღებას…
კაცი
– რას მეუბნებოდი?
ბიჭი
– მრგვალია მეთქი, დედამიწა!..
კაცი
– მრგვალია?
ბიჭი
– ჰო! არ გჯერათ?
კაცი
– არა?!
ბიჭი
– როგორ არა!.. პლატონიც მაგას ამბობდა!..
კაცი
– პლატონი? ერთი მითხარი, ეგ ვინღაა?
ბიჭი
– ბებერი ფილოსოფოსი!
კაცი
– ოჰო! რაო, შვილო, რას ამბობდა?
ბიჭი
– დედამიწა მრგვალია და სხვა ადგილი უკავია სამყაროშიო… შუა და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კი უფრო სრულყოფილ ციურ სხეულს ეკუთვნისო…!
კაცი
– ეგ ვინ გითხრა!…
ბიჭი
– არავინ!… წამიკითხავს!..
კაცი
– კიდევ რა წაგიკითხავს?

ბიჭი
– ეხლა “გილგამეშს” ვკითხულობ…
კაცი
– აუჰ! ეს რა შორს წასულხარ – შუმერების ეპოქაში?!
ბიჭი
– დიახ! თქვენც იცით, ბიძია?
კაცი
– არა, კარგია რომ ბევრს კითხულობ, მაგრამ თუ გესმის , რასაც წერენ?
ბიჭი
– მართალი გითხრათ?
კაცი
– რა თქმა უნდა!
ბიჭი
– ნწ, ყველაფერი არ მესმის…
კაცი
– და მაინც კითხულობ?!
ბიჭი
– ჰო!.. ბებია მეუბნება, კითხვას მაინც ისწავლიო…
კაცი
– ბებია მართალია!.. რა გქვია!
ბიჭი
– მამაოს მეძახიან!..
კაცი
– რაო?…
ბიჭი
– მამაოს მეძახიან მეგობრები, ისე…
კაცი
– მამაოს?
ბიჭი
– სასაცილოა, ხო?
კაცი
– არა, არა!.. სასწაულია!..
ბიჭი
– რა არის სასწაული?
კაცი
– ის, რომ… ჩვენ სეხნიები ვყოფილვართ!
ბიჭი
– როგორ! რანაირად!
კაცი
– მეც მამაოს მეძახიან!
ბიჭი
– …ვინ?
კაცი
– შენი არ იყოს, სკოლაში შემარქვეს და დღემდე შემომრჩა…
ბიჭი
– მაშინ თქვენ დიდი მამაო ხართ?!
კაცი
– ასე გამოდის!.. ლოცვები თუ იცი!
ბიჭი
– როგორ არა! მაგიტომაც შემარქვეს მამაო, სულ რომ ვლოცულობ, ჩემთვის, ჩუმად… მაგრამ, მაინც ესმით… და დამცინიან…

კაცი
– ღმერთო დიდებულო!
ბიჭი
– …გულში ლოცვა კი ვერ ვისწავლე!.. ბებია მეუბნება, სასირცხვილო არაფერი არ არისო, ისინი კი… ვერ გავიგე…
კაცი
– ბებიასთან ცხოვრობ!
ბიჭი
– დიახ, მამაო!
კაცი
– …მერე, ვინმე გეხმარებათ?
ბიჭი
– არავინ!.. ჩვენ თვითონ – ცოტა ბებია და ცოტა…
კაცი
– ცოტაც ვინ!
ბიჭი
-… მე! მე თვითონ!
კაცი
– შეენ! როგორ!
ბიჭი
– …როგორც შემიძლია…
კაცი
– რა შეგიძლია, აბა, მითხარი?!
ბიჭი
– …იცით, აი… ქუჩაში… ვერ გეტყვით!..
კაცი
– აბა, ცრემლები არ დამანახო, შენ ხომ ვაჟკაცი ხარ?!
ბიჭი
– …ვმათხოვრობ, მამაო!..
კაცი
– ჰო!.. ჰო!.. ბებიამ იცის!
ბიჭი
– არა! არა! რას ამბობთ?!!
კაცი
– აბა, რას ეუბნები, ფული საიდან მაქვსო!
ბიჭი
– პურს და წამლებს ვყიდულობ!.. ფული არ მიმაქვს…
კაცი
– მერე!

ბიჭი
– მერე… ხან ერთ მეზობელს ვაბრალებ, ხან მეორეს…
კაცი
– რომ იკითხოს მეზობლებში?
ბიჭი
– ვერ იკითხავს…
კაცი
– რატომ, რატომ გგონია?
ბიჭი
– … ის ხომ ბრმაა და ვერსად დადის… არ შეუძლია… ისე კი მთელი დღეები მათ ლოცვაშია…
კაცი
– წამოხვალ ჩემთან?
ბიჭი
– როგორ, მამაო?
კაცი
– სულ!.. საცხოვრებლად!.. მე ბევრი წიგნი მაქვს!.. მერე… მერე მათხოვრობაც აღარ მოგიწევს!..
ბიჭი
– მართლა? არ მეხუმრებით?
კაცი
– რა თქმა უნდა! მართლა!
ბიჭი
– აუუუ!.. არ გამოვა!
კაცი
– რა! რატომ არ გამოვა?
ბიჭი
– ბებოს ვერ დავტოვებ!
კაცი
– იმასაც დავეხმაროთ!.. საჭმელიც მივუტანოთ, ფულიც, წამალიც…
ბიჭი
– …მე თუ არ ვიქენი მასთან, ბებიას ეგენი აღარ დასჭირდება!..
კაცი
– გინდა, მე ვნახავ, დაველაპარაკები, ავუხსნი!
ბიჭი
– არც გაბედოთ! აი, წვიმასაც გადაუღია!.. მე გავიქეცი!..
კაცი
– მოიცა! სად გარბიხარ! დამელოდე!.. სად გაქრი?!.. მამაო!.. მა-მა-ო!.. მამაოოო!.. სადა ხარ? დამენახეე!..
ნენე
– შენ რა, სულ გაგიჟდი? უკვე საკუთარ თავს ეძახი ხულიგანივით?! ამოდი სახლში!.. შენი მემკვიდრე რეკავს!.. მობრუნდი!.. გამეთიშება…

* * *
მეგობარი
– ეეე!.. ნუ ჩამოიღე კარები!.. მოვდივარ!.. რა იყო?.. რა მოგივიდა?.. მოხდა რამე?.. რამ მოგიყვანა ამ შუაღამისას?..
კაცი
– …ქუჩაში, მტვერში…
მეგობარი
– სულ სველი ხარ!..

კაცი
– … წაიქცა ბავშვი… ნუკრის თვალებით…
მეგობარი
– მთვრალი ხარ!
კაცი
– …თმით მიმოზებით და მწუხარების მალენიავში…
მეგობარი
– ჰა, უკვე მოფრინდნენ ლურჯი ანგელოსები! მოდი, გამოიცვალე! გაცივდები!..
კაცი
– … შეშლილი სახით კიოდა ქუჩა…
მეგობარი
– კარგი რა!.. აჰა, მე ჩაგირთავ მაგ დების სიმღერას!.. დაწყნარდი?! მიდი, გამოიცვალე!
კაცი
– გამოვიცვალე! გავდიდგულდი , ცოტაც შავქანდი!..
მეგობარი
– ცოტა!.. შენ რა, სახლში იჩხუბე!
კაცი
– ჰო!
მეგობარი
– ბიჭი ხომ კარგად არის?! დარეკა?
კაცი
– ჰო!
მეგობარი
– მერე, რაო?!
კაცი
– არ ვიცი!.. მე წამოვედი…
მეგობარი
– სად წამოხვედი?
კაცი
– ჰო!
მეგობარი
– რა – ჰო?!
კაცი
– შენთან! რა იყო, სველი კაცი არ გინახავს?
მეგობარი
– ჩემმა მზემ – არა!
კაცი
– აბა, რა გინახავს, რა?!..
მეგობარი
– ეხლავე გეტყვი! რა მინახია და… ცისფერი ბავშვობა!.. გახსოვს?.. შავი – ახალგაზრდობა!.. წითელი მთავრობაც!.. ჭრელი – ხალხი!.. გავაგრძელო?.. უთვალავი – მიტინგი!.. ნამდვილი – სისხლი!.. ნაცრისფერი – ომი!.. მერე! მერე – შენი მთავრობა და ყვითელი პრესა… საკმარისია?
კაცი
– …იცი, მე რა ვნახე?
მეგობარი
– ჩამოყარე!
კაცი
– ბავშვი!..
მეგობარი
– აუუ!.. ეს რა მითხარი?!
კაცი
– ბიჭი!..
მეგობარი
– უკეთესია!
კაცი
– …მათხოვარი!..
მეგობარი
– შეგეცოდა?!
კაცი
– მისმინე, თუ ძმა ხარ!
მეგობარი
– გისმენ! ღამის სამ საათზე, თავსხმა წვიმაში და მშობლიურ კერაში, დაბოლილი, გისმენ, მეტი რა ვქნა?!.. მაგრად გაგწეწა?
კაცი
– არაფერი უთხოვია!
მეგობარი
– აბა, გზააბნეული ბავშვი გინახავს, მათხოვარი კი არა!
კაცი
– …ეს ჩვეულებრივი მაწანწალა არ იყო!..
მეგობარი
– აბა, კანტი ჰქონდა წაკითხული?
კაცი
– შენ წარმოიდგინე, ჰქონდა!
მეგობარი
– სიზმარი გინახავს და ვერ გაგიგია…
კაცი
– წაყვანა მინდოდა!…
მეგობარი
– სად?
კაცი
– სახლში!.. მინდოდა მეშვილებინა, მაგრამ…
მეგობარი
– ეს შენზე დიდი გარეწარი, სად იპოვე?
კაცი
– …მაგრამ არ წამომყვა, გამექცა…
მეგობარი
– როგორ! რას მეუბნები! განა ვინმემ შენს შვილობაზე უარი თქვა, მამაო?
კაცი
– …იმასაც მამაო ჰრქმევია!..
მეგობარი
– ყველაფერი გასაგებია!
კაცი
– რა არის გასაგები?! იმასაც ბებია ზრდის, გესმის, ბებია! ისიც ღამე შოულობს წამლის ფულს!… იმანაც ვერ დატოვა თავისი ბრმა ბებია და გამექცა შეშინებული…
მეგობარი
– ნწ, ნწ, ნწ! ასე ზუსტად სად ამოიკითხა შენი ბიოგრაფია!
კაცი
– რა ბიოგრაფია! რის ბიოგრაფია!.. გილგამეშს რომ ვკითხულობდი და ნახევარი არ მესმოდა – ესეც სადმე გაიგო? მეზობლები გვეხმარებიან-თქო – ბებიაჩემს რომ ვატყუებდი, ესეც ამოიკითხა?

მეგობარი
– …ოოო! მაშინ იმ იგავს გაგახსენებ, მაიმუნმა რომ სარკეში ჩაიხედა!..
კაცი
– … გამიკეთე რა!
მეგობარი
– რა, იგავი?
კაცი
– კაცურად გთხოვ, გამიკეთე!.. ერთხელ მეც მინდა…
მეგობარი
– სულ გამოთაყვანდი, შე ჩემა!.. გინდა დამეწიო? შემეშვი! არ გამოვა!
კაცი
– მაშინ წავალ და მე თვითონ… იცი! მაგის შოვნა არ გამიჭირდება…
მეგობარი
– მოიცა! სად მიდიხარ!.. ჩემი ძმა… ჩემი ხელით მოვკალი… შენღა დამრჩი!.. ნუ დამღუპავ, ბიჭო?!..
კაცი
– ცოტა, ხოზე, სულ ცოტა!.. გესმის!.. მარტო ეს ერთხელ…
მეგობარი
– შენ ცოტა არ გეყოფა!..
კაცი
– მეყოფა! მეყოფა!
მეგობარი
– ღორი ხარ!
კაცი
– წავედი!..
მეგობარი
– მოიხსენი ეგ ხმალივით გალსტუკი და გაიხადე შენი დამპალი “არმანის” ჩოხა-ახალუხი!..
კაცი
– ეგრე რა!.. შენთან დავრჩები, ხოზე!
მეგობარი
– დარჩები, აბა?! ამ წვიმაში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ… სანამ შევა ¬¬¬- ჩაიფიქრე…
კაცი
– მე მინდა… ვიაზროვნო როგორც ღმერთმა და ვიცხოვრო როგორც ფრანგმა ბურჟუამ!..
მეგობარი
– ბალზაკი?!
კაცი
– ჰა, მიდი ეხლა!
მეგობარი
– ახლავე, კარმენ!

* * *
მაგდა
– ჰაი! გამიხსენით ბლეკ ჯეკის მაგიდა!
კრუპიე
– ნამდვილად პრივატი გინდათ?
მაგდა
– ოცნებას ვისრულებ!.. ნამდვილად!.. ახალი ხარ?
კრუპიე
– დიახ! თქვენ ალბათ…
მაგდა
– ჰო! ბევრი მაქვს და რაც მთავარია – მუღამი…
კრუპიე
– მუღამი?!
მაგდა
– შენს ადგილას რომ ვმუშაობდი, ყოველღამე ვოცნებობდი, დიდი ქუშით შემოვსულიყავი და დილამდე მეთამაშა აქ… მაინცდამაინც აქ!..
კრუპიე
– მზად არის! დავიწყოთ!
მაგდა
– ისევ გაქვთ ხუთასიანი ფიშკები!
კრუპიე
– დიახ!
მაგდა
– ჩეინჯ! ასიანები მომეცი!.. გმადლობთ, დაარიგე!
კრუპიე
– თოთხმეტი!
მაგდა
– კარტი მომეცი!
კრუპიე
– ოცდაერთი!
მაგდა
– სთეი!
კრუპიე
– თორმეტი… ოცდაორი… გილოცავთ!.. თქვენი ფსონი!
მაგდა
– ისევ ერთ ბოქსზე!..
კრუპიე
– თერთმეტი დაბლ!
მაგდა
– გააორმაგე!
კრუპიე
– თორმეტი!
მაგდა
– ფუ შენი!..
კრუპიე
– რვა… თერთმეტი… ოცდაერთი!
მაგდა
– მაგარი ხარ! მებრძვი?
კრუპიე
– როგორ გეკადრებათ?! თქვენი ფსონი!
მაგდა
– ისევ ერთზე!..
კრუპიე
– თექვსმეტი!
მაგდა
– სარენდა! ამის დედაც ვატირე!..
კრუპიე
– იქნებ შეწყვიტოთ!.. ხომ ხედავთ, არ გიმართლებთ ერთ ბოქსზე?!
მაგდა
– …მაშინ სამზე ვსინჯავ!

კრუპიე
– თქვენი ფსონები!.. ათი დაბლ!
მაგდა
– აჰა!
კრუპიე
– თვრამეტი!
მაგდა
– თარსი ხარ!.. ხუთში მომეცი კარტი!
კრუპიე
– ხუთი… ცხრა…
მაგდა
– კიდე!
კრუპიე
– ცხრამეტი!
მაგდა
– სთეი!
კრუპიე
– ცხრა-ცხრამეტში, რას შვრებით?
მაგდა
– მანდაც – სთეი!
კრუპიე
– ექვსი… თვრამეტი… ოცდაერთი!..
მაგდა
– მიგებ, არა?!
კრუპიე
– დღეს, აშკარად, თქვენი დღე არ არის!..
მაგდა
– …შვიდივეზე დაარიგე! ჩეინჯ! ასიანები არ მინდა, ხუთასიანები მომეცი!
რას გაშტერდი! არ გესმის?
კრუპიე
– თქვენი ფსონები!
მაგდა
– აი, ექვსიანი გიდევს! ეხლაც არ ჩაწვები? ოლ სთეი!
კრუპიე
– ათი… თორმეტი…
მაგდა
– მაღალი! ნახატი!
კრუპიე
– ოცი!
მაგდა
– რვაჯერ შენი დედა ვატირე! რაღა დამრჩა?! აჰა, დაარიგე! სულ ერთზე დავდებ!..
კრუპიე
– ოცი!
მაგდა
– შენთვის, სთეი!
კრუპიე
– ბლექ ჯეკი!.. მაპატიეთ… დავამთავრეთ?
მაგდა
– არა! ასე არ გამოვა! შენი უფროსი სად არის?
კრუპიე
– ადგილზეა!

მაგდა
– კრედიტი მჭირდება!..
კრუპიე
– მაპატიეთ, მაგრამ არ ღირს! არ მოგცემთ!
მაგდა
– მე არ მომცემს? კარგი! მე – არ მომცემს… მამაოს იცნობ? ან გაგიგია?
კრუპიე
– ბატონ მამაოს ვინ არ იცნობს?!
მაგდა
– იმას მისცემს?
კრუპიე
– იმას, ჰმ, ყველაფერს მისცემს!..
მაგდა
– ჰოდა, შემიყვანე! რას მიყურებ!.. და გავაგრძელოთ…

* * *
კაცი
– გაიყინე?
მაგდა
– დავიგვიანე?!
კაცი
– რატომ, მოხდა რამე?
მაგდა
– არც არაფერი!..
კაცი
– მიზეზს არ მეტყვი?
მაგდა
– უბრალოდ, დამაგვიანდა!..
კაცი
– ესე, უბრალოდ?…
მაგდა
– მოგატყუო?
კაცი
– იცი, ძალიან ძნელია გაუგო შენხელა გოგოს!..
მაგდა
– რას გულისხმობ?
კაცი
– შენს გემოვნებას!
მაგდა
– ცუდად მაცვია?
კაცი
– ცივა!
მაგდა
– დილით მეგობართან ვიყავი…
კაცი
– შენ ვინ გგონივარ!
მაგდა
– სტამბოლიდან ჩამოვიდა და…
კაცი
– შენი ცხენი!
მაგდა
– …უამრავი შმოტკა ჩამომიტანა გასაყიდად!..
კაცი
– რომელსაც ლაგამს ამოსდებ და…
მაგდა
– ჰოდა, ახლები მაცვია!..
კაცი
– …და საითაც გინდა, გააჭენებ!..
მაგდა
– თუ არ მოგწონს?
კაცი
– …არა, გაგიჭირდა ჩემი გახედნვა?
მაგდა
– სრულებითაც არა!..
კაცი
– რაც უფრო მეტს მთხოვ, მით უფრო მოკრძალებული ვხდები, არა?
მაგდა
– მგონი, ცდები!..
კაცი
– შენ გგონია, სულ შიშში ვარ – არ მიმატოვოს-თქო?
მაგდა
– გული მერევა!.. მოგწონს ჩემი გულსაკიდი?
კაცი
– …გგონია უბედნიერესი ვარ, რომ მიტან?.. რომ მაინცდამაინც მე ამარჩიე?
მაგდა
– ეს ყველაფერი მე შევარჩიე და კმაყოფილი ვარ!..
კაცი
– გგონია, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამ ასაკშიც მოწყალებას არ მაკლებს?
მაგდა
– ეჭვიანობ?
კაცი
– მერე!
მაგდა
– არ მენდობი?! ხომ იცი, რომ… მე… შენ…
კაცი
– ოო, კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი! განა შეიძლება არ დაგიჯერო? სხვა რა უნდა იყოს ჩემთვის ამის მოსმენაზე საამო და სანეტარო!.. მე ხომ ბებერი სახედარი ვარ?! თუმცა… ჩოჩორიც ხშირად გავუბითურებივართ…
მაგდა
– კარგი! გეყოფა!.. დავიღალე…
კაცი
– …მაშინ, მაშინ ხომ იცი, რა უნდა ქნა! შაქრის ნატეხი მომეცი, აგერ, პირში და შენც მოგისმენ…
მაგდა
– … არ ვიცი, როგორ გითხრა, მამაო…
კაცი
– როგორ! როგორც აქამდე, შვილო ჩემო!..
მაგდა
– არა! – შენ ვერ გაიგე…
კაცი
– ჰო!.. მე ხომ დიდი ყურები მაქვს და წიხლებს ვისვრი!.. მაგრამ ჯიუტი არ ვარ!.. ყველაფერი სუსტი ნებისყოფის ბრალია!..
მაგდა
– …იქ, ჩემთან, კაზინოში ვიყავი… წავაგე… იქ…
კაცი
– დიდი საპალნე ამკიდე ზურგზე?
მაგდა
– ძალიან, მამაო, ძალიან დიდი!..
კაცი
– ეხლაც მატყუებ?
მაგდა
– არა!.. არა…
კაცი
– თქვი, რომ მატყუებ!.. გამოტყდი!.. მიდი…
მაგდა
– არა!.. მომისმინე… გთხოვ…
კაცი
– წადი! წადი!.. და უკან არ მოიხედო!..
მაგდა
– გემუდარები! მათქმევინე!..
კაცი
– ჩუ! შენნაირებთან რა საქმე მაქვს!.. იქნებ ესეც ამბიციაა?!.. “იქნებ ტყუილი ურჩევნიათ კიდეც სიმართლეს! ამით ნაკლებად იტანჯებიან და მეტად ერთობიან… საკუთარ სივაგლახეს ვეღარ ხედავენ!.. სასაცილოდ რომ გამოიყურები, ხშირად მისთვის ნაკლები უბედურებაა, ვიდრე გამთანგველი ცხოვრების სიუბადრუკე და არარაობა”… ესეც მე ვარ!

* * *
ნენე
– გმადლობ!
მაგდა
– რისთვის?!
ნენე
– რომ მოხვედი!..
მაგდა
– რა თქმა უნდა – მოვიდოდი?!
ნენე
– მე – არა!
მაგდა
– რა – არა!
ნენე
– მე, შენს ადგილას, არ მოვიდოდი!..
მაგდა
– თქვენ ჩემს ადგილას არც არასდროს იქნებოდით!..
ნენე
– რატომ! ასეთი უნიჭო ვარ?
მაგდა
– ფიქრობთ, ამას ნიჭი სჭირდება?
ნენე
– ნიჭიც!.. და თანდაყოლილი სიყალბეც!
მაგდა
– თქვენს თავზე საუბრობთ?
ნენე
– როგორ გგონია?!
მაგდა
– აბა, რასაც ხედავთ, სულ ესა ვარ!
ნენე
– პატარა ხარ! თითქმის ბავშვი…
მაგდა
– გავიწყდებათ, ქალბატონო ნენე, მე ხომ საათობით ვიზრდები?!
ნენე
– მეტისმეტი მოგდის!
მაგდა
– აი, ეგ უკვე – ჩემი პრობლემაა!!!
ნენე
– შენი! მხოლოდ შენი?.. რაიმე გწამს ამ ქვეყანაზე?
მაგდა
– …გეტყვით!.. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავიპარე, ჯერ კიდევ სკოლაში… დედამ და ძმამ ზურგი მაქციეს… ჩემი პირველი ფეხმძიმობა უკანასკნელი აღმოჩნდა… ქმარი ომში დამეღუპა, აი, იმ ომში, ცოცხლად დარჩენილებიც რომ დაალპო და გახრწნა… ამ დროს თქვენნაირები გამდიდრდნენ!..
ნენე
– როგორ ბედავ?
მაგდა
– თქვენ დარჩენილხართ როდესმე ჩემსავით მარტო?
ნენე
– ჰმ, სულ მარტო არ ვარ?!
მაგდა
– როგორ! დაგავიწყდათ თქვენი ქმარი – ჩვენი ბელადი!.. თქვენი პირმშვენიერი ბიჭი, რომელიც საუცხოო ქვეყანაში იურისპრუდენციას ეუფლება?..
ნენე
– თფუ! თფუ! თფუ!
მაგდა
– თქვენ მდგარხართ, დებილივით, პურის საყიდლად სამი საათი? იცით, რომ ზოგ მაღაზიაში შაქარი ათი კაპიკით იაფი ღირს? რომ ბაზრის ბოლოში, გლეხებს, მესამედ ფასში ჩამოაქვთ ის ხორცი, თქვენ რომ ასე ძალიან გიყვართ?! თქვენ იცით, რა არის საბერძნეთში ხელით მუშაობა და ყოველღამე ყველაზე სანუკვარი ოცნება – იქ, ერთხელ მაინც, თქვენსავით გასეირნება! თქვენ იცით, რის ფასად დამიჯდა დედის და ძმის შემორიგება? ამ ბინის ყიდვა? თავის მოვლა? მუცლის ამოყორვა? – ეშმაკს მივყიდე სული, ქალბატონო ნესტან!.. სატანას შევეკარი!.. გაინტერესებთ მისი სახელი?
ნენე
– მაგდა!..
მაგდა
– არც გაინტერესებთ და არც გეტყვით, იმიტომ რომ ამით არაფერი შეიცვლება!..
ნენე
-…ეს ყველაფერი ფრიად გულის ამაჩუყებელია!
მაგდა
– ჰო!.. მსუყეა!.. მაგრამ, აი, კოკტეილი მიაყოლეთ!
ნენე
– კუჭის წყლული მაქვს!
მაგდა
– აი, ეგეც კი გქონიათ! მე წყლულიც არ მაქვს! და საერთოდ, ხარივით ჯანმრთელი ვარ! ლომს მოვერეოდი და ტახს დავკოდავდი, საშვილოსნოც რომ მქონოდა!.. თუნდაც თქვენისთანა – სულ თაზა!!!
ნენე
– რამდენი გინდა?!
მაგდა
– არა!.. ერთი, ძველი და საკუთარიც მეყოფა!
ნენე
– არ მეცინება!
მაგდა
– ნუ-თუ?!
ნენე
– რამდენი გინდა?
მაგდა
– ბევრი!
ნენე
– დაასახელე!
მაგდა
– … თქვენი პირობები?!
ნენე
– აქედან უნდა წახვიდე!..
მაგდა
– სად?
ნენე
– გადაიკარგო!
მაგდა
– სულ?
ნენე
– ჰო!
მაგდა
– ეგ უფრო ძვირი დაგიჯდებათ!.. თანაც ბევრი წავაგე…
ნენე
– დაასახელე!
მაგდა
– ვერ ვიტყვი! მრცხვენია!
ნენე
– მაშინ, აქ დამიწერე – ციფრი!
მაგდა
– ინებეთ!
ნენე
– ღმერთო ჩემო, ამდენი ღირხარ?
მაგდა
– თქვენთვის კი! მე ჩემი წილით გავდივარ!..
ნენე
– ნელ-ნელა გადაგიხდი!
მაგდა
– თავიდან მიშორებთ! აქედან მაგდებთ და თანაც- განვადებით?
ნენე
– დასანანია! ჩვენ შეგვეძლო მეგობრებიც ვყოფილიყავით?!..
მაგდა
– ვთქვათ, ჩიტს და თევზს შეუყვარდათ ერთმანეთი! ძალიან შეუყვარდათ!.. მაგრამ სად უნდა იცხოვრონ ერთად – ცაში თუ წყალში? გეცინებათ? ჰო, ხანდახან თქვენც გიწევთ ეშმაკთან ერთად ხარხარი…
ნენე
– შენ არც ისეთი ცუდი ხარ, როგორადაც თავს მაჩვენებ!

მაგდა
– შენ გიფრთხილდები, ნენე – გული რომ არ დაგწყდეს და გეტკინოს! ამას იქით, ქალბატონს აღარ დაგიძახებ! უკვე პადელნიკები ვართ და თანაც, მალე თქვენზე მდიდარი ვიქნები!.. ერთს მაინც გეტყვი: მე ის შენზე მეტად მიყვარს, იმიტომ რომ ის ჩემთვის ჰაერი და წყალია, შენთვის კი – საღამოს მაკიაჟი! ნუ გამაცილებ!.. მე თვითონ გავიკვლევ ჩემს მავთულხლართიან გზას!.. მაგრამ, პირობას გაძლევ, ძალიან მალე ასფალტს დავაგებ და დაგპატიჟებ!.. ნახვამდის!…

* * *
კაცი
– …დამაძინე, რა!.. ამსხვრევ თუ ხელიდან გივარდება?

ნენე
– მთელი დღე გძინავს!..
კაცი
– ერთი დღე შემარგე, რა?!
ნენე
– დღეს ბზობაა! იქნებ არ იყვირო?!
კაცი
– კარგი, მაპატიე! როგორ ხარ?
ნენე
– მე? არა მიშავს, უკეთ!
კაცი
– აღარ გტკივა?
ნენე
– ყრუდ, შიგადაშიგ!..
კაცი
– როდიდან შეიძლება?
ნენე
– თვენახევრის მერე!
კაცი
– რამდენი დარჩა?
ნენე
– რა იყო, დღეებს ითვლი?
კაცი
– რატომ ბრაზობ?
ნენე
– არ ვბრაზობ!
კაცი
– გინდა, ეკლესიაში ერთად წავიდეთ?!
ნენე
– ჰო, მინდა!
კაცი
– არა, მე არ გაძალებ!
ნენე
– ვიცი!
კაცი
– არა, ნურც ხათრით წამოხვალ!
ნენე
– გასაგებია!
კაცი
– მოკლედ, შენ როგორც გინდა!
ნენე
– არ მინდა! დაწყნარდი!
კაცი
– რა მოგივიდა?! მარცხენა ფეხზე ადექი?
ნენე
– ჰო! და მას მერე დავხტივარ ასკინკილა და ვამსხვრევ ყველაფერს!..
კაცი
– დალოცვილო, ჩამოწიე მერე მარჯვენა ფეხი! ვინ გიშლის?
ნენე
– ვინ! ვინ და შენ! შენ მიშლი!
კაცი
– აუუუ! ხომ არ გაგიჟდი?!
ნენე
– მეე! შენსკენ მოიკითხე, შენს გვარში გიჟები და…
კაცი
– გიჟები და – ვიინ! თქვი! დაამთავრე!
ნენე
– თავი დამანებე!
კაცი
– მეტი როგორ დაგანებო! სახლშიც არ მოვიდე?
ნენე
– გინდა – მოდი, გინდა – წადი! რა მნიშვნელობა აქვს?!
კაცი
– რისი თქმა გინდა? მითხარი პირდაპირ!.. რა, ჰაერი ვარ, ვიქნები თუ არ ვიქნები , სულ ერთია?! არა! გამაგებინე ერთი!
ნენე
– ჰა, ჰა, ჰა!.. ჰაერი კი არა, უბედური ხარ!
კაცი
– უბედური ვარ?!
ნენე
– ხო, უბედური ხარ! და… მეცოდები!
კაცი
– ა, ა, ა… და კიდეც გეცოდები, შენ – მე! შენ…
ნენე
– მე! მე!… იმიტომ, რომ მეც უბედური ვარ, შენნაირად!..
კაცი
– რა დაგემართა! მეგონა დავწყნარდით, მოვილაპარაკეთ! ვიფიქრე, თავიდან დავიწყებთ ყველაფერს-მეთქი! დავიბენი, აღარ ვიცი, რა გავაკეთო?! მითხრი, რა, რა გჭირს?
ნენე
– არაფერი!.. სულ არაფერი!
კაცი
– მიმალავ რამეს? იქნებ…
ნენე
– არა!
კაცი
– მაშინ, რა ხდება!!!
ნენე
– მოისმინე!..
კაცი
– რა, ისევ შენი ვრცელი ტირადა ჩემს…

ნენე
– არა! ავტოატვეჩიკი!
კაცი
– ეგ რა არის?
ნენე
– მიდი, ჩართე!
ხმა ბიჭის:
– დედა, მამა! ძალიან მენატრებით და მიყვარხართ! კარგია, რომ არცერთი შინ არ დამხვდით… ისე, ალბათ, ვერაფერს გეტყოდით!.. მაგრამ ვერც მოგატყუებთ და დაგიმალავთ ჩემი დიდი სიხარულის მიზეზს. თქვენ, ალბათ, რაღაცა დროის შემდეგ გამიგებთ და მაპატიებთ. მე გავბედნიერდი! გავთხოვდი!..
კაცი
– ეს რა, გვეღადავება?…
ხმა ბიჭის:
– ჩემი ქმარი ძალიან კარგი ბიჭია! გუშინ მოვაწერეთ ხელი… მგონი, უკეთესად არსად და არასოდეს ვყოფილვარ… შემინდეთ… არც თქვენ გიცხოვრიათ წესებით!.. მეტს ვერაფერს გეტყვით… ჩემს ნომერზე ნუ დარეკავთ, რადგან ჩემს ქმართან გადავედი საცხოვრებლად… ტუ, ტუ, ტუ…
კაცი
– რაო, ნენე?!
ნენე
– ხო!
კაცი
– რა ხო!
ნენე
– ხო, ეგრეა!.. მოიცა!.. იარაღი რად გინდა?.. რას აკეთებ..
კაცი
– მაგის პიდარასტი დედა ვატირე!.. აქ რა მინდა! შენ ვინ ხარ! შენ! შენ მოგკლავ!!! მე… მე… დავით აღმაშენებელზე ვოცნებობდი და რა – შვილი… ბიჭი… ვაჟკაცი გამითხოვდა?.. ჰა… ჰა… ჰა… ჰა…
ნენე
– არ წახვიდე! გემუდარები! რაღაცა ცუდს აუტეხავ შენს თავს და დავიღუპებით!.. გესმის?!.. ყოვლად დიდებულო, დედაო ღვთისაო!.. შეგვეწიე ჩვენ, ჩემს ოჯახს – ქმარს და შვილს, ჩემსას, ყოვლად წმინდა ქალწულო, ღვთისმშობელო და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ!…

* * *
ბიჭი
– ერთი წუთით!.. სად გარბიხართ?!.. შეიცადეთ!..
კაცი
– შენ ვინღა ხარ?
ბიჭი
– ვერ მიცანით! თქვენი სეხნია – პატარა მამაო!
კაცი
– მამაო? მერე, აქ რას აკეთებ?
ბიჭი
– თქვენ გელოდებით, რამდენი ხანია!
კაცი
– აჰა, შენ, ეს! ცოტა ხანი გეყოფა…
ბიჭი
– მე… ეს… არა! არ მჭირდება!..

კაცი
– აბა, რა გინდა, რისთვის მელოდები? რას დაყუდებულხარ აქ?
ბიჭი
– უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ…
კაცი
– ჰა, აღარ იტყვი?
ბიჭი
– …ბებია…
კაცი
– რა ბებია?
ბიჭი
– … მოკვდა! წუხელის, გამთენიისას…
კაცი
– მოკვდა? ბებია მოკვდა? წუხელის, გამთენიისას?.. ცისკრის ლოცვას კითხულობდა ღია ფანჯარასთან?..
ბიჭი
– დიახ!.. სწორედ ასე იყო!
კაცი
– …თეთრ ჩითის პერანგში და თეთრ გაშლილ თმებში…
ბიჭი
– ჰო, ჰო!.. თქვენ საიდან იცით?
კაცი
– … მთელი ღამე მურაბას ხარშავდა… ამბობდა, ამას მაინც მოგისწრებო… ორივე ხელი დაიწვა!.. არა მტკივაო, ჩურჩულებდა…
ბიჭი
– ჰო!.. იცით, როგორ ეწვოდა! სულ ალმური ასდიოდა…
კაცი
– … ფეხზე მოკვდა… ცოცხალივით იდგა ფანჯარასთან და ამ ქვეყანას ავედრებდა იქ, ცაში…
ბიჭი
– მე… მე იქვე ვიჯექი კუთხეში, ჩუმად… ბებია ვერ მხედავდა…
კაცი
– გატრუნული, შიშით შესცქეროდი – გეგონა თითის წვერებზე აიწევდა და გაქრებოდა… გინდოდა უკნიდან მისულიყავი და მოხვეოდი, მაგრამ… ხელი არ შეუშალე!.. მას ხომ მარტო უნდოდა ყოფნა…
ბიჭი
– … მარტო კი – მე დავრჩი!… ეს, მართალი ამბავია?
კაცი
– მართალია, მამაო, მართალი!
ბიჭი
– თქვენ რა იცით?
კაცი
– მართალი – ყველამ იცის!
ბიჭი
– ყველამ?
კაცი
– სულ-ყველამ!
ბიჭი
– …მე გადავწყვიტე!..

კაცი
– რაა?
ბიჭი
– თქვენთან წამოვალ!..
კაცი
– სად ჩემთან?! მე შინ არ მივდივარ…
ბიჭი
– სადაც წახვალთ, წამოგყვებით…
კაცი
– ეგ როგორ?
ბიჭი
– თქვენ ხომ მითხარით, მამაო…
კაცი
– რა გითხარი?
ბიჭი
– თქვენ… აუ, სულ დამავიწყდა, მომელოცა…
კაცი
– რა მოგელოცა?
ბიჭი
– დღევანდელი დღე!
კაცი
– შენ რა, დამცინი, ძაღლიშვილო?..
ბიჭი
– არა!.. არა!.. გულით გილოცავთ…
კაცი
– მოდი აქ, შენი!…
ბიჭი
– მამაო!!!
კაცი
– რაო? ეს რა იყო? რა ხმა იყო? რა მოხდა? ეს ჩემი იარაღია?.. მე! მე!.. მე ვისროლე?.. შენ გესროლე?.. მეე, ბიჭო? ცოცხალი ხარ?.. მოიხედე!.. ხმა გამეცი!.. ეს რა გიჭირავს?.. მითხარი რამე, გემუდარები!..
ბიჭი
– … ბზობას გილოცავ, მამაო!..
კაცი
– ბიჭო! გენაცვალე! არ დამღუპო! რა ვქნა? როგორ ვიცხოვრო უშენოდ?!.. მე დამწვოდა ეს ხელები!.. გესმის?!.. ბოდიში, მამაო, ეს ერთხელ მაპატიე, ერთხელ!.. მიდი, მამაო, შენი ჭირიმე, ილოცე!.. ილოცე!.. ილოცე, მა-მა-ო!.. ხმამაღლა ილოცე!.. უფრო ხმამაღლა! ისე, რომ ცა ჩამოიქცეს და ქვეშ მომიტანოს!.. მიწა გაიპოს და შიგ ჩამიტანოს!.. ცეცხლმა დამდაგოს და შენ, ოღონდ შენ კარგად მყავდე, ბიჭო!.. ილოცე, მამაო! ჩუმად, შენთვის… თორემ თუ ვინმემ გაიგო, დაგცინებს!.. გესმის!.. გულში ილოცე… იჩურჩულე… ჩაეძინა… ძლივს!.. ჩუ! ჩუ!.. არ გააღვიძო… ეს, მართალი ამბავია?…

* * *
მამაო
– …98… 99… 100… 101… 102… უჰ, შენი… ვეღარ ავედი სამასამდე!.. რა სამასი ამოვიჩემე, ყვავი ხომ არ ვარ?! ყვავი…ყორანი… თმა… დედა!.. დედა, კუნთი დამეჭიმა, დედა! ხო, როგორ დავიწყებ!.. რაღაცა მოვეშვი, ფორმაში აღარ ვარ!.. სჯობს არ დაპირდე და გააკეთო, ვიდრე დაპირდე და არ გააკეთო! მშვენიერი დასაწყისია! 24… 25… 26… კარგი ვქენი, ეს დარბაზი რომ გავიკეთე!.. 29… 30… ეს ტრენაჟორი თან წნევასაც რომ ზომავდეს, საერთოდ! ხო, მერე… მე გავიხსენებ დიდი მწერლის სიტყვებს: როდესაც სახელმწიფოს მოშლია ჩარხი მმართველობისა, ძნელი ყოფილა ამ ჩარხის მომართვა, თუ ის მთლად საძირკვლიანად არ შეიცვალა და არ დაიბადა ის წესი… აუ, დამავიწყდა!.. არა!… რომელიც სრულებით სხვაგვარად წარმართავს საქმესა და მისცემს სულ სხვა მიმართულებას!.. კარგია!.. თავი მუშაობს!.. 69… 70… 71… ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, რომელსაც დაწვრილებით გაგაცნობთ და თანაც… ჰა, ეხლა, ქოშინი არ აგივარდეს 79… 80… მერე!.. და თანაც მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავაარსეთ პენსიონერთა, ვეტერანთა, ინვალიდთა დახმარების ფონდები!.. ავაშენეთ ეკლესიები, საავადმყოფოები!.. ხო… ვცდილობთ დავასაქმოთ… 89… 90… ახალგაზრდობა!.. ვეხმარებით ბიბლიოთეკებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს!.. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში სამართლიანობის, თავისუფალი სიტყვისა და აზრის გაბატონებისთვის!.. არა!.. გაბატონებისთვის – არ ვარგა!.. აქ რაღაც სხვა უნდა… 112… 113… 114… რამე არ გამომრჩეს… ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც იქნება ეროვნული, არაკორუფციული და შესაბამისი მსოფლიო სტანდარტებისა!.. ჩვენ ვიბრძოლებთ უშუქობის, უგაზობის, უმუშევრობის, უუფლებობის, უუნარობის მოსასპობად!.. ჰმ… ნელ-ნელა მეც მომწონს!… ჩემო საყვარელო ხალხო!.. გპირდებით მაღალი ხარისხის კომუნალურ მომსახურებას და დაბალ ფასებს!.. სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს… 136… 137… 138… ხო, რომელიც დაეყრდნობა სამოქალაქო სამართლის ისტორიულ გამოცდილებას და თანამედროვე ცივილიზაციის უახლეს მიღწევებს!.. 162… 163… 164… 165… ჩვენ ვიბრძოლებთ ოჯახური კლანების, ოლიგარქების, პოლიციის დიქტატის გადასაგდებად, რათა გავაფართოვოთ საშემოსავლო ბაზა და კვარტალური გეგმები ასპროცენტიანად შესრულდეს… 208… 209… 210… ჩვენ შევაჩერებთ ქვეყანაში პროგრესირებად პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, რის გამოც ჩვენმა სამშობლომ არშემდგარი სახელმწიფოების რიგში გადაინაცვლა!.. ჩვენ… 248… 249… ჩვენ დავეხმარებით ნიჭიერ, ბეჯით ახალგაზრდებს, მიიღონ ცოდნა წარმატებულ ქვეყნებში, რათა დაბრუნდნენ პროფესიონალები და ჩაებან აღმშენებლობაში!.. ჩვენ დავცლით მთავრობას ეკლექტური ჩინოვნიკებისაგან და მხარს დავუჭერთ ცოდნას, სინდისს, გამოცდილებას… ჰა! მეტისმეტი ხომ არ მომდის?! 274… 275… 276… არა!… მაგარია!… ეგრე!.. 283… ხო! არ დამავიწყსდეს კონსტიტუციური პრინციპი – კანონის უზენაესობა!.. 291… 292… 293… ღმერთო, ამის ნახევარი გამაკეთებინე… 298… 299… ხვალ ორშაბათია!.. საფლავზე უნდა გავიდე! ესეც 300!!…ყვავი ხომ არა ვარ! …ჰა?! სასაფლაოზე უნდა გავიდე!… მამაოს საფლავზე!…

თბილისი – 2003

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s