ირაკლი სამსონაძე: კლინიკური ქორწინება


ირაკლი სამსონაძე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსზე „ახალი ქართული პიესა“  ირაკლი სამსონაძის ორმოქმედებიანმა ტრაგი–ფარსმა „კლინიკური ქორწინება“ პირველი პრემია დაიმსახურა.

კლინიკური ქორწინება

კლინიკური ქორწინება
(ტრაგი–ფარსი ორ მოქმედებად)

მოქმედი პირნი:

ნოდარი – გნებავთ ნოდარა
თამრი – მისი ცოლი
ლიზა გრიგორევნა – თამრის დედა
ზუკა – ნოდარის და თამრის სიძე
ვალტერ ჩიჩუა – შუახნის, ბლანჟიანი კაცი, ტრამვატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი
ლილი – ვალეტრ ჩიჩუას ხელქვეითი
ელ-გუჯა – ლილის მეუღლე, პატრული
ასმათი – ამ ქალს ესმის ყველასი და ესმის ყველაფერი
ტარიელი – ეს კაცი უსმენს ასმათს, რეგიონალური საკრებულოს რიგითი წევრი.

პირველი მოქმედება

სცენის ცენტრში, სიღმისკენ ლიფტის კარი, სცენის მარცხენა კუთხეში კეთილმოწყობილი პალატაა, რომელსაც ჩამოშვებული ჟალუჟზები ფარავს მაყურებლისგან. დარჩენილი სივრცე კლინიკის კომფორტულ დერეფანს წარმაოდგენს. რბილი სავარძლები, ტახტი, ქოთანში პალმა, დაბალი მაგიდა, კედელზე სარკეები, მომცრო აუზი შადრევნითა და მშვილდმომარჯვებული ამურებით. სცენის მარჯვენა კუთხიდან ტარიელი და ასმათი გამოჩნდებიან, ტარიელი ყავარჯნებით მოხტუნავს, ასმათს გიფსში ჩასმული ხელი გაუწვდია.

ტარიელი – რა უცნაურია, ასმათ, მაშინ შენ გქონდა ფეხი მოტეხილი, მე კი ხელი. ახლა პირუქუ პროცესში ვართ, რამეთუ…
ასმათი – რამეთუ, ახლა მე მაქვს ხელი მოტეხილი, შენ კი ფეხი, ამის თქმა გინდოდა, არა?
ტარიელი – ჰო, ძალიან უცნაურია, თავში ისევ მიყანყალებს რაღაც.
ასმათი- ეგ არაფერი, მთავარია, რომ ჯერ კიდევ გიყანყალებს რაღაც, ტარიელ…
ტარიელი- რამე კოდი მომაწოდე? შიფრია? რამეთუ ჩავინიშნო?
ასმათი – არა, ეს უფრო ხალხური ზეპირსიტყვიერებიდანაა…
ტარიელი – აჰა, მივხვდი, თუმცა შენგან წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა რაღაცნაირად მესმის, ასმათ.. ვინაიდან, მგონია, რომ შიფრია, ანუ ნათელხილვა ერთგვარი.
ასმათი – რაც უფრო არეულია ქვეყანა, მით უფრო მეტი მოთხოვნაა ნათელმხილველებზე, ტარიელ, ახლა კი გლობალური მასშტაბით აირია ყველაფერი-ძალიან აირია, ძალიან, მეტი რომ არ იქნება, ისე აირია, და მე ამას რაღაცნაირად ვგრძნობდი, თითქოს ხმა ჩამესმოდა..
ტარიელი- რა ხმაა ის ხმა, ასმათ, პირდაპირ გელაპარაკება?
ასმათი- პირდაპირ ვინ გელაპარაკება, ის რომ დაგელაპარაკოს, მაგრამ ინტუიცია გიმძაფრთება, გეგონება წაკითხული წიგნიაო, ისე ხვდები ერთ ამბავს, რა ამბავი მოჰყვება მომავალში.
ტარიელი – მომავალში კი არა, ასმათ, მე იმ ამბის მოყოლაც გამიჭირდება, რომელიც აქ გადახვდა ახლო წარსულში, რამეთუ რთულია ძალიან ამბის მოყოლა. განსაკუთრებით კი, ამბის დასაწყისია რთული, არ იცი საიდან მოყვე. შენ როგორ დაიწყებდი ამ ამბავს, ასმათ, საიდან დაიწყებდი კერძოდ, ვინაიდან რაც გადაგვხვდა ბოდვას გავს.
ასმათი – გაინეტერესებს საიდან დავიწყებდი ამ ამბავს?
ტარიელი – ჰო, ძალიან,
ასმათი – ამ ამბავს დავიწყებდი იმ დღიდან, როცა პატრული ელ-გუჯა მოვიდა კლინიკაში, ფეხები განზე გაზიდა და ერთობ სახიფათო სიზანტით შემოჰკრა მარჯვენა ხელში მოქცეული ხელჯოხი, თავის მარცხენა ხელისგულს..

/ასმათი და ტარიელი სცენის მარცხენა კუთხეში გაუჩინარდებიან, გამონათდება პატრული ელ-გუჯა, ფეხები გაუზიდავს და ხელჯოხს ათამაშებს ზანტად/.

ელ-გუჯა – ლილი!

/ელ-გუჯას შეძახილისთანავე აიწევა ჟალუზები. ვალეტრ ჩიჩუა და ლილი ერთმანეთს გაერიდებიან. კაცი რენდგენის ფურცელს მისწვდება, ქალი საწოლს ასწორებს/

ვალტერ ჩიჩუა – მდა.. მრავლობითი დაბეჯილობები, მაგრამ თავის ტვინი არაა დაზიანებული, სხვათაშორის, არც ზურგის ტვინია დაზიანებული…
ლილი – ბელგიურ პრეპარატს, ნამდვილად არ ექნება ალკოჰოლზე უკუჩვენება, ბატონო ვალტერ?!
ვალტერ ჩიჩუა – არავითარი, ეს სრულიად ახალი სიტყვაა ფარმაკოლოგიაში.
ელ-გუჯა – ლი-ლი!!!
ლილი – ელ?! აქ საიდან?! ბატონო ვალტერ, გპირდებოდით, მეუღლეს გაგაცნობთ – მეთქი და აი ისიც, ელ-გუჯა, თუმცა მე ელ-ს ვეძახი შემოკლებით, გუჯა იქით იყოს..
ვალტერ ჩიჩუა – /ხელს გაუწვდის პატრულს/ რა ახოვანი მეუღლე გყოლიათ, ლილი……
ელ-გუჯა /თვალგაციებული/ – ამბავი მომივიდა ლილი, ახლა დამატებით ინფორმაციას ველოდები და თუ..
ლილი – ბატონმა ვალტერმა ხელი გამოგიწოდა, შენი მოვალეობაა იყო ზრდილოაბიანი ელ!
ელ-გუჯა – /თვალგაციებული/ ვინ არის ბატონო ვალტერი?!
ლილი – ვალტერ ჩიჩუა, კლინიკის მთავარი ექიმი, ჩემი უფროსი!
ელ-გუჯა – ააა, /ვალტერ ჩიჩუას გამოხედავს/ მეთაური ესე იგი, /ხელს ჩამოართმევს/ სასიამოვნოა. /ისევ გაეყინება მზერა/
ვალტერ ჩიჩუა – ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, გეთაყვა, უნდა დაგტოვოთ, მოგეხსენებათ ავადმყოფები.. უკაცრავად! კონსილიუმი, ბოდიში! რეანიმაცია, მომიტევეთ! /შორი-ახლოს ამოეფარება კედელს, იქედან ადევნებს თვალს ცოლ-ქმარს/
ლილი – რა მზერა გაქვს, ელ?! აი, ახლა გავხარ ჭეშმარიტ გუჯას!
ელ-გუჯა – რას აკეთებდი იქ?
ლილი – სად, იქ?
ელ-გუჯა – ცარიელ პალატაში, ერთად..
ლილი – ოოო, მონ დიე! რა ეჭვიანია ეს გუჯა, მე საწოლს ვასწორებდი ახალი პაციენტისთვის, ბატონი ვალტერი რენტგენს ათვალიერებდა, ეს გამორიცხულია, ელ, რასაც ახლა ფიქრობ, ბატონ ვალტერთან გამორიცხულია.
ელ-გუჯა – /მოცრემლილი თვალებით/ მართლა?
ლილი – შენ წარმოიდგინე, მართლა!
ელ-გუჯა – /მზერას აარიდებს, პაუხის შემდეგ/ – რომელ რენტგენს ათვალიერებდა?
ლილი – ახალი პაციენტის ახალგადაღებულ რენტგენს.
ელ-გუჯა – სად არის ის პაციენტი?
ლილი – საპატრულოში..
ელ-გუჯა – /გამოხედავს/ რომელ საპატრულოში?
ლილი – რა უნდა პაციენტს საპატრულოში?! რეანიმაციაშია! დაურტყამს მანქანას, მიტოვებია ქუჩაში, შემთხვევით გამოიარა სასწრაფომ, წამოაყოლეს ხელს და მოიყვანეს ჩვენთან, რა დაკითხვას მიწყობ, არ მესმის. გასაგებია, რომ გუჯაც ხარ, მაგრამ უფლებებს აჭარბებ!…
ელ-გუჯა – რას ნიშნავს ხელს წამოაყოლეს?
ლილი – /მიუახლოვდება, უბეში ჩაუყოფს ხელს/ რას ნიშნავს და.. აი, ასე.. დაინახეს დაგდებული და წამოაყოლეს.. წამოაყოლეს.. წამოაყოლეს.. მერე ბატონი ვალტერი ადგა და..
ელ-გუჯა – ბატონი ვალტერი ადგა?!
ლილი- ჰო, ბატონი ვალტერი ადგა და..
ელ-გუჯა –ლილიი, ჩვენ თითქმის ვეღარ ვხვდებით ერთმანეთს, როცა შენ მორიგეობ, მე ვისვენებ, როცა შენ ისვენებ, მე ვმორ.. /ჟინით მიეტანება/ მოდი აქვე, ცარიელ პალატაში ლილიი, გთხოვ!
ლილი – ელ, გაგიჟდი?! ელ!
ელ-გუჯა – აღარ შემიძლია, აღარ.. წამო!
ლილი – ელ – მეთქი! არ შეიძლება, დაოკდი ეხლა!
ელ-გუჯა – სად აქვს დაზარალებულს დაბეჟილობები, სად?! სად, ააქ? ააქ? ზუსტად უნდა აღვწერო, ვალდებული ვარ!…
ლილი – იდიოტო, გუჯამ მოგიარა, გუჯამ? მხეცო! /ყოყმანის შემდეგ ვალტერ ჩიჩუა თავს გამორგავს/
ვალტერ ჩიჩუა – უკაცრავად, რა ხდება?
ლილი /თავს იწესრიგებს/ _ ისეთი არაფერი, ბატონო ვალტერ, ჩემს მეუღლეს დაბეჟილობები აინტერესებდა…
ვალტერ ჩიჩუა – დაბეჟილობები? რომელი დაბეჟილობები?
ელ-გუჯა – ეს საგზაო შემთხვევა ყოფილა, ყველაფერი ოქმში უნდა აღვწერო, დაზარალებულიც უნდა დავკითხო!
ვალტერ ჩიჩუა – დღეს ვერა, გეთაყვა! ძლიერმომქმედი ანესთეზია შევუყვანეთ, ხვალისთვის გადავდოთ, ოჯახს თუ გააგებინეთ, ლილი?!
ლილი – დიახ, ბატონო ვალტერ, სადაცაა მოვლენ.
ვალტერ ჩიჩუა – კეთილი, ამოიყვანეთ პაციენტი, დღეს დავიტოვოთ ყოველი შემთხვევისთვის, ხვალ, ალბათ გავწერთ.
ლილი – მესმის, ბატონო ვალტერ, ახლავე ამოვიყვან /მიდის/.
ელ-გუჯა – /აედევნება ლილის/ ლი-ლიი, მე მაინტერესებს დაბეჟილობები, ლილიი!
/ვალტერ ჩიჩუა თვალს გააყოლებს ცოლ-ქმარს, გამოჩნდება ტარიელი, რომელსაც პირველი სცენისაგან განსხვავებით, ამჯერად ხელი აქვს გადაბინტული/
ტარიელი – ბატონო ვალტერ, /თითებს ათამაშებს/ მიაქციეთ ყურადღება ჩემს თითებს, კარგად ვამოძრავებ, ვინაიდან.. რამეთუ, არ მტკივა სრულებით!
ვალტერ ჩიჩუა /უყურადღებოდ/ _ დიახ, დიახ, ბატონო ტარას, ხვალ თაბაშირსაც მოვხსნით!
ტარიელი – მე ტარიელი მქვია ბატონო ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა – /გამოხედავს/ აი, რას ნიშნავს ქვეცნობიერი, სამი წელი ლვოვში ვცხოვრობდი, შევჩენკოს ქუჩაზე.
ტარიელი – ანუ?! რამეთუ?!
ვალტერ ჩიჩუა – რამეთუ, შევჩენკოს ერქვა ტარასი, ახლა გამიგეთ?!

/გამოჩნდება ასმათი, იგი ამჟამად ყავარჯნებით მოხტუნავს, შეჩერდება, ყურს მიუგდებს,/

ტარიელი – აჰა, შევჩენკოს ესე იგი, დავიმახსოვრებ, უნდა გითხრათ, ბატონო ვალტერ, რომ…
ვალტერ ჩიჩუა – ვიცი, ვიცი… მიდიოდით კუთვნილი საგზურის მისაღებად თქვენს საკრებულოში, მაგრამ კიბიდან დაგორდით…
ტარიელი – დიახ, ფონდი გვაქვს საკრებულოში, თვალსაწიერი გაიფართოვეთო თავჯდომარემ და საგზურებს გვირიგებს საკრებულოს წევრებს, პრაღაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, აი! /თითებს ათამაშებს/ თუმცა მაინც ევროპაში მოვხვდი თითქოს, სარკეებში პრაქტიკულად…
ვალტერ ჩიჩუა – ხვალ თქვენც თავისუფალი იქნებით, ქალბატონიც მეხუთე პალატიდან, ჩვენც… მხოლოდ გადმორიცხვის ამბავი გაარკვიეთ ლილისთან, გეთაყვა. მე ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი…
ტარიელი – ახლახან ველაპარაკე და გადმორიცხეს უკვე თანხა, ბატონო ვალტერ, ტრაქტორების საკითხზე იყო გადაწყვეტილება მისაღები და ამით გაერთდნენ მეგობრები. ეს მათ გამომიშვეს აქეთ, მეგობრებმა საკრებულოდან, რადგან პრაღაში ვერაო, კარგ კლინიკაში მაინც წადი და იმოგზაურე გემოზეო..
ვალტერ ჩიჩუა – ჰოდა, თქვენც იმოგზაურეთ, ნუ მოგერიდებათ. /გასვლას აპირებს/
ასმათი – ბატონო ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა – /მზადყოფნით/ დიახ, გისმენთ!
ასმათი – მეც ხვალ მიპირებთ გაწერას?
ვალტერ ჩიჩუა – კი, კი, თქვენ ერთად გაეწერებით.
ასმათი – ამ კლინიკიდან მხოლოდ კარგ მოგონებებს გავიყოლებ, ბატონო ვალტერ, აქ სხვა დონეა, თანაც ტარიელი გავიცანი, ჩვენ დავმეგობრდით, პლატონურად, რა თქმა უნდა..
ტარიელი – ჰმ, დიახ, მართლაც…
ვალტერ ჩიჩუა – იმეგობრეთ, გეთაყვა, იმეგობრეთ და იმოგზაურეთ, მე კი, თქვენის ნებართვით, პაცინეტს უნდა მივხედო.. უკაცრავად! /მიდის/
ტარიელი – მადლობთ! /ასმათს გადმოხედავს/ დიდებული ადამიანია! Iსე, აქ მართალაც სხვა დონეა: აუზი, ტიტლიკანა ანგელოზები, სისუფთავე, მოსაწევი კუთხე, თან მკურნალობ, თანაც ისვენებ ადამიანი.
ასმათი – ჰოლში ხომ არ გაგვესეირნა?
ტარიელი _ სიამოვნებით, მოწევასაც ვაპირებდი.
ასმათი – ნეტა კი, თქვენ გადააგდებთ სიგარეტს, ტარიელ!
ტარიელი – მეც მინდა, ასმათ, მაგრამ მივეჩვიე ბავშვობიდან…
ასმათი – დიახ, მესმის.. მძიმე ბავშვობა..
ტარიელი – ეჰ, ნუ იტყვით…
ასმათი – მომიყევით, ტარიელ, მე ყველაფერი მაინტერესებს თქვენზე. ღაო, გადაწყდა ტრაქტორების საკითხი თქვენს საკრებულოში?
ტარიელი- ესეც გაინტერესებთ?
ასმათი – რა თქმა უნდა, მიიღეთ ტრაქტორები?
ტარიელი – არა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ პარლამენტის საფინანსო განყოფილებას, საფინანსო განყოფილებამ მოგვთხოვა დასაბუთება და ხარჯთაღრიცხვა, /გადმოხედავს/ ნუთუ მართლა გაინტერესებთ?
ასმათი – ოჰ, ძალიან, ძალიან, მერწმუნეთ!
ტარიელი – ჰო, მერე ჩვენ გადავუგზავნეთ დასაბუთებაც და ხარჯთაღრიცხვაც, ახლა პასუხს ველოდეებით დღე-დღეზე, დიახ…
ასმათი – რა საინტერესოა… /ასმათი ყავარჯნებით მიხტუნავდა, ტარიელი ფეხის შეწყობას ცდილობდა.

/სცენიდან გავლენ, იღება ლიფტის კარი, გამოჩნდებიან თამრი და ზუკა, თამრი რამდენიმე ხელჩანთითაა/.

ზუკა – /მიმოიხედავს/ ლაპლაპებს..
თამრი – /მიმოიხედავს/ რაო, ზუკა?!
ზუკა – აქაურობა.. ძალიან… /თამრის გამოხედავს/ პოლისი ააქვს?
თამრი /დაბალ მაგიდაზე შემოდებს ჩანთებს, ხელჩანთა კი იღლიაში ამოუჩრია/ _ ნოდარის პოლისი… /ეძებს ერთ-ერთ ჩანთაში/ ნოდარიკოს პოლისი, წამოვიღე თითქოს, /რამდენიმე ქილას ამოიღებს/, მურაბებიც წამოვიღე.. ღოღნაშოსი უყვარს რატომღაც, ეს მარწყვის, ეს…
ზუკა – თქვენ პოლისს ეძებდით!
თამრი /მურაბებს ჩანთაში აწყობს/ _ ჰო, პოლისი! /პაუზა/ დავიღუპე, დამრჩა..
ზუკა – ხელჩანთაში ნახეთ.
თამრი /იღლიიდან ხელჩანთას გამოიძრობს, ხსნის და იქექება/ _ მაკრატელი დასჭირდება, სავარცხელი, სახლის გასაღები არ გვინდა, ფული გვინდა, აი, პოლისი! კი, გადავრჩი… /პოლისს ზუკას გაუწვდის, მაგიდაზე ჩამოჯდება, თვალს მოიცრემლავს/ ის თუ გადამირჩება, ჩემი ნოდარიკო…
ზუკა /პოლისს ჩააცქერდება/ _ კარგია, რომ გქონიათ! თორემ.. /მიმოიხედავს/ ლაპლაპებს…
თამრი /პოლისზე ანიშნებს/ _ შენ მიეცი ზუკა, არაფრის თავი არა მაქვს, მოვწყდი საერთოდ..
ზუკა /პოლისს ჯიბეში ინახავს/ _ და მანანას აქვს პოლისი?
თამრი – ჩემს მანანას? კი, კი, პოლისები გავქვს.. /პაუზა/ რა დღეში, ჩავვარდი კაცო, ჩემი მანანა სამ ტყუპს ელოდება პირველივე მშობიარობაზე…
ზუკა – და თანაც, სამივე გოგოაო, ექოზე გვითხრეს…
თამრი – მაცალე ზუკა, გავიაზრო რა დღეშიც ვარ! ესე იგი, მანანა სამ ტყუპს, ამ დროს დედაჩემი ჩამოდის ერევანიდან სამი დღით…
ზუკა – უცნაური დამთხვევაა, სამ ტყუპს, სამი დღით.. იქნებ დედათქვენს კითხოთ, თორემ ჩვენს გვარში არავის ჰყოლია სამი ტყუპი!
თამრი – რა უნდა ვკითხო დედაჩემს, ზუკა, მოეკითხება დედაჩემს რამე?
ზუკა – არ ვიცი, უფროსი ადამიანია მაინც.. აბა საიდან?!
თამრი – ყურადღებას ნუ მიფანტავ, გავიაზრო, ჩამოვიდა ესე იგი დედაჩემი, და წავიდა სახლიდან ნოდარიკო…
ზუკა – დალია ალბათ დარდიან გულზე…
თამრი – ჰო, დალევდა. დააჯახა ვიღაცა უსინდისომ მანქანა, მიატოვა ქუჩაში, ახლა ჩემს სიძესთან ერთად ვარ ტრავმატოლოგიურში, იქეთ მანანა, აქეთ ნოდარიკო, სიძე უმუშევარი, დედა ერევანიდან…
ზუკა – რაც შეეხება ჩემს სამსახურს, იმედი გაჩნდა ქალბატონო თამარ, ან გაზეთში კორესპოდენტად, ან სარეცხის საშუალებების ფირმაში დისტრიბუტორად, პრინციპში სულერთია…
თამრი- უიმე, შენ ვინ რას გაყვედრის შვილო, ოღონდ ჩემი მანანა მყავდეს კარგად და..
ზუკა – ჩემი მშობლები მეუბნებიან, ჩვენთან იცხოვრეთო, მაგრამ იქ უფრო ისეა, სივიწროვეა უფრო.. დახმარებას დამპირდნენ.. დედა პატარებს წინდებს უქსოვს, ვარდისფერებს…
თამრი – მომიკვდეს თავი, თავი მომიკვდეს მე, თავი, ეს რა მითხარი!
ზუკა /დამფრთხალი/ _ რა?!
თამრი – წინდები ეცვა, მგონი, დაუკემსავი..
ზუკა – ვის?
თამრი – ჩემს ნოდარიკოს, კი.. სირცხვილო და თავის მოჭრავ ჩემო.. გახდიდნენ ფეხზე?
ზუკა – რა ვიცი, ალბათ…
თამრი /ჩანთებში იქექება/ _ სირცხვილო, სირცხვილო.., გასაღები, ფული, /ზუკას ამოხედავს/ ნორამ მასესხა, /ისევ ჩანთაში/ ლიმონი, ლიმონს აქ რა უნდა?
ზუკა – თქვენ წინდებს ეძებდით.
თამრი /სხვა ჩანთაში მოიძიებს/ _ ჰო. წინდები, აქ არის! ტრუსებიც, სამი..
ზუკა /სარკეში იცქირება/ _ ესეც სამი?!

/იღება ლიფტის კარი, ძალიან ენერგიულად გამოაბიჯებს ლიზა გრიგორიევნა/
ლიზა გრიგორიევნა –Тамара, детка! მე ყველაფერი დავადგინე, შენი ქმარი ყოფილა მთვრალი და ის ალბათ თვითონ დაეჯახა მანქანას!!!..
თამრი – დედა, მანანასთან არ დაგტოვე? აქ საიდან?
ლიზა გრიგორიევნა – რას ქვია საიდან? როცა შენ ასე გიჭირს, შვილო, საიდან და ერევანიდან აქ, მაშ!

/სცენის სიღრმიდან გამოჩნდება ლილი, რომელსაც საკაცით მოჰყავს ნოდარი/.

ლილი – თუ შეიძლება გამატარეთ, პაციენტი მომყავს!
ლიზა გრიგორიევნა – Ах, этот урод!
თამრი – ნოდარიკო, ხმა გამეცი, ნოდარ!
ნოდარი – უუ…
თამრი /ლილის/ _ რატომ ამბობს უუო?
ლილი – ნუ აღელდებით, ძლიერმოქმედი ბელგიური ანესთეზია შევუყვანეთ ქალბატონო!
ლიზა გრიგორიევნა – როცა პირველად გავიცანი, მან შემომხედა და მაშინაც თქვა უუუ, вазможно, это его любимое восклецание!
თამრი – /კბილებში გამოსცრის/ დედა, გთხოვ!
ლილი – პალატაში გადავიყვანოთ, მალე პირადად ბატონი ვალტერი დახედავს.
ლიზა გრიგორიევნა – ბატონი ვალტერი? ეს რომელი ვალტერი?
ლილი – ჩიჩუა, მთავარი ექიმი
ლიზა გრიგორიევნა – ახ, მთავარი?
ლილი – დიახ, /თამრის და ზუკას გასაგონად/ თუ შეიძლება არ დამეხმაროთ, მე ვარ ექიმი, ექთანი, სანიტარი, და ყველაფერი ის, რაც ვალტერ ჩიჩუას ექვემდებარება ამ კლინიკაში, ძალიან გთხოვთ, არ არის დახმარება საჭირო. მე თვითონ…
/ზუკა და თამრი შეფუცხუნდებიან, ლილის ეხმარებიან, ნოდარი პალატაში გადაჰყავთ, დერეფანში ლიზა გრიგორიევნა რჩება, შემოდის ვალტერ ჩიჩუა/

ვალტერ ჩიჩუა /მიიხედ-მოიხედავს/ _ უკაცრავად, აქ პატრულს ხომ არ ჩაუვლია?
ლიზა გრიგორიევნა – პატრულს? Значит მოხდა რამე?!
ვალტერ ჩიჩუა – განსაკუთრებული არაფერი, თქვენ ვინ გნებავთ?
ლიზა გრიგორიევნა – მე მინდოდა გავცნობოდი ვინმე ვალტერ ჩიჩუას, ის აქ მთავარიაო, так доложили!
ვალტერი – მე გახლავართ, ქალბატონო, გისმენთ!
ლიზა გრიგორიევნა – Ах, это вы? Лизавета Григориевна, урожденная Такошидзе, из старого, древнего рода советской однопартинной элиты, во втором браке за……თქვენს კოლეგაზე გათხოვილი მეორედ, ანუ… ატოფიანი არტურ გარიკოვიჩი, არ გსმენიათ?
ვალტერ ჩიჩუა – ტრავმატოლოგია?
ლიზა გრიგორიევნა – Ой, нет, нет!
ვალტერ ჩიჩუა – აჰა, ყბა-სახის ქირურგი ალბათ!
ლიზა გრიგორიევნა – Да нет же, увольте, он проктолог! и довольно известный, к стати… იცით მე მქონდა გარკვეული სახის პრობლემა, ну, это неважно, და აი, არტურ გარიკოვიჩი ბედად იყო მაშინ თბილისსა.
ვალტერ ჩიჩუა – ბოდიში, სად ბრძანდებოდა?
ლიზა გრიგორიევნა – თბილისსა, თბილისსა, и меня представили, и вот он сразу как то так, пристально посмотрел на оваль моей задницы.…
ვალტერ ჩიჩუა – Да?!
ლიზა გრიგორევნა – Вы знайте, да… и пошло и пошдо… /ძალიან სევდიანად/ Я в жизни встретила большую любовь, поверьте мне ბატონო ვალტერი!
ვალტერ ჩიჩუა – მდა.. და ჩემთან რამ მოგიყვანათ, ჩემო კეთილო ქალბატონო?
ლიზა გრიგორიევნა – ახ, თქვენთან? Я отвлеклась, извените! თქვენთან მართლაც რამ მომიყვანა, აქ ჩემი так называемый სიძე დააწვინეს პალატასა.
ვალტერ ჩიჩუა – უკაცრავად, სად დააწვინეს?
ლიზა გრიგორიევნა – პალატასა, პალატასა, ეს так называемый სიძე от первого брака, პირველად რომ გავთხოვდი მე ვიყავ, совсем юнная, юнная, სულელი, სულელი. ჩემი პირველი ქმარი მსახურობდა “მამიჩემთან” “შოფიორად” ქოჩოკაშვილი ანზორი ათანასევოვიჩი, მერე ინფარქტით გარდაიცვალა საწყალი, თუმცა არ იცნობდით, ალბათ არა? ის უბრალო კაცი იყო.
ვალტერ ჩიჩუა – სამწუხაროდ არ ვიცნობდი..
ლიზა გრიგორიევნა /ხელმკლავს გამოსდებს, მიდიან/ _ так вот, მისგან შემეძინა ქალიშვილი ტამარა, у которой муж все время гудит ууу да ууу……
ვალტერი – აჰა, ჩვენი ახალი პაციენტი?
ლიზა გრიგორიევნა – Тот самый урод, да! წარმოაიდგინეთ, ინჟინერი კაცი სადგურის ბაზრობაზე ყიდის игрушки эти дурацкие, ну в общем….…
ვალტერ ჩიჩუა – გასაგებია…
ლიზა გრიგორიევნა – Так вот, მერე მე ქმარი გარდამეცვალა, დავქვრივდი მე ძალიან.. მერე я встретила большую любовь.
ვალტერ ჩიჩუა – Это, который проктолог да?..
ლიზა გრიგორიევნა – Вот именно, Артур Гарикович! И я пошла за ним в Ереван! გოგონა კი დარჩა აქ, თავის პაპა-ბაბოსთანა.. Тоже простые люди, ничего интересного, ხომ არ იცნობდით შემთხვევით ათანასე და მარო… ქოჩოკაშვილები?
ვალტერ ჩიჩუა – არა, გეთაყვა.
ლიზა გრიგორიევნა – არ მიკვირს, არა. Hჰოდა, წავედით ერევანსა, გოგონა კი დარჩა აქ, და მე სინდისი სულ მაწუხებდა და მაწუხებდა, как мурашки по коже!… გახსენებაც არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვნახულობდი ტამარაჩკასა, მაგრამ მერე რომ გათხოვდა, я вырвалась с Еревана, и вижу кого?! ეს იდიოტი, ეგრეთწოდებული სიძე დგას, მიყურებს პირდაღებული და თანაც ამბობს უუუ! предстовляйте, ბატონო ვალტერი? А я очень чувствительная натура, ведь моя бедная мама превратилась…… დიდ წითელ ბუშტად გადაიქცა დედიჩემი, წარმოგიდგენიათ ბატონო ვალტერი?
ვალტერ ჩიჩუა – მდააა… /სცენიდან გავლენ/

/გამოჩნდებიან ასმათი და ტარიელი/

ასმათი – ჩემი ცხონებული ქმარი, ტარიელ, სხვა გაგების კაცი იყო და იმ გაგებამ შეიწირა კიდეც ის უბედური, მაგრამ მე უსაზღვროდ მესმოდა მისი. მე მისი მაშინაც მესმოდა, ტარიელ, დედას რომ მაგინებდა საწოლიდან! ის ისე საყვარლად იგინებოდა დედას პირდაპირ საწოლიდან, ისე საყვარლად, რომ.. /შეყოვნდება ცხვირსახოცს მოიძიებს, ცრემლს შეიშრობს, ტარიელს გამოხედავს/ და მე მესმოდა… მე როგორღაც ყველასი მესმის ტარიელ, მე იმ მთვრალ ბიზნესმენსაც კი გავუგე, ვინც ფეხი დამიზიანა, თავისი სველ-სველი, უსველეს ასფალტის ფერი ბეენვეთი, მერე და რა მეთქი, იყოს მეთქი, ნუ შეწუხდებით, მივმართე ასე, და მან უმალ გადმორიცხა ჩემს ანგარიშზე ათი ათასი აშშ დოლარი. არ დაგავიწყდეთ, რომ მკურნალობის ხარჯიც მანვე იკისრა, ტარიელ! დედამ დაგარქვათ ეს სახელი თუ მამამ, ტარიელ?
ტარიელი – მამამ! Aანუ, უბედური შემთხვევა ბედნიერი დასასრულით, ასე გამოვიდა.
ასმათი –დიახ, ჩემთან რატომღაც სულ ასე ხდება. შეიძლება ეს იმის დამსახურებაა, რომ უსაზღვროდ მწამს ღმერთის. ამიტომაც არ ვუცქერ მოვლენებს ცალმხრივად, ავიღოთ თუნდაც თქვენი შემთხვევა. მიდიოდით პრაღაში, მაგარამ დაგორდით კიბეზე და აღმოჩნდით აქ. ძალიან სამწუხაროა ერთის მხრივ, მაგრამ შევხედოთ ამ მოვლენას სხვა კუთხიდანაც…
ტარიელი – რომელი კუთხიდან?…
ასმათი – აბა, თუ მიხვდებით?!
ტარიელი – აქ ჩვენ გავიცანით ერთმანეთი.
ასმათი – ყოჩაღ ტარიელ, გამოიცანით!
ტარიელი – მართლაც, ასმათ, რაღაცნაირად შეგეჩვიეთ… საერთოდ მიჭირს ქალებთან ურთიერთობა; არა, იმ გაგებით კი არ მიჭირს, როგორ გითხრათ…
ასმათი – რო, არ შეგიძლიათ?
ტარიელი – არა, როგორ არ შემიძლია, ყველაფერი შემიძლია, მაგრამ.. როგორ ვთქვა..
ასმათი – თქვენ თავისუფლად გრძნობთ ჩემთან თავს, გამოვიცანი?
ტარიელი – ზუსტად.. ათიანში! და იმის თქმაც მინდოდა, რომ…
ასმათი – რომ რაღაც ძალაინ მნიშვნელოვანი უნდა მითხრათ, არა!…
ტარიელი – რაღაც მნიშვნელოვანი, რა გაგებით?
ასმათი – თუნდაც იმ გაგებით, რომ ხვალ თაბაშირს აგვხსნიან და წავალთ ჩვენ-ჩვენ გზაზე ორი მარტოსული ადამიანი.. სევდიანი ამბავია..
ტარიელი – მართლაც რაღაცნაირად აყალიბებთ აზრს… საინტერსოდ…
ასმათი – ეს ნიჭი უფლისგან მებოძა, ტარიელ! სხვა ნიჭიც – არ მინდა, ნათელმხილველობა დავიბრალო, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი მოლოდინი ტრაქტორებთან დაკავშირებით ფუჭია.
ტარიელი – რას ბრძანებთ, მართლა?
ასმათი – უეჭველად, ეს საქმე ჩაიშლება, დაიმახსოვრეთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ოღონდ არ გეწყინოთ!…
ტარიელი – რა სამწუხაროა…
ასმათი – თუმცა, სხვა საქმეს უწერია აღსრულება…
ტარიელი – რომელ საქმეს?
ასმათი – ამაზე იფიქრეთ კარგად, ტარიელ, გულდასმით იფიქრეთ, გულდასმით, ბედს ნუ შეაქცევთ ზურგს, ახლა კი ძილის დროა, ბაი-ბაი, ტარიელ!..
ტარიელი – ბაი, ბაი! /გაუღიმებს, თვალს გააყოლებს, შემდეგ სარკეში ცაიხედავს, თმას შეისწორებს, ამ დროს მობილური რეკავს, ტარიელი პასუხობს/
ტარიელი – გისმენთ! კარგად ვარ, ხვალ გამოვეწერები! Kი, ევროპაში ვარ პრაქტიკულად, სარკეებში! რას ამბობ? მართლა ჩაიშალა? ჰმ, უცნაურია, აქ ერთი ქალბატონია, იმან მითხრა ჩაიშლება ეგ საქმეო, საიდან უნდა სცოდნოდა? კარაგად, კარაგად.. /ისევ შეითვალიერებს თავს სარკეში და სცენიდან გავა. თანდათან აიწევა ჟალუზები. ნოდარი საწოლზე წევს, იქვე, სავარძელში თამრის ჩასძინებია, ნოდარის გატოკებაზე თვალს ახელს/

თამრი – /ძალიან მზურნველად/ ნოდარიკო, წყალი გინდა, გენაცვალე? /ნოდარი უარის ნიშნად ხელს გააქნევს, წამოიწევა. თამრი ხელს შეაშველებს/ ტუალეტში გინდა? /წამოაყენებს/
ნოდარი – ის ქალი სად არი?
თამრი – ნოდარ, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ დედაა ჩემი, უარი როგორ ვთქვა დედაზე, ნოდარიკო!….
ნოდარი – აქ არის?
თამრი – არა, შინ წავიდნენ ეგ და ზუკა, ჩემი მანანა, მოუკვდეს დედა, სამ..
ნოდარი – /აწყვეტინებს/ უუუუუ /ხელს შეაშვებინებს, სავარაუდო ტუალეტში გაუჩინარდება/.
თამრი – /პალატას ალაგებს/ რა უუუ, ნოდარიკო, რა უუუ, მესმის, რომ დაიღალე, მესმის რომ თავმოყვარეობა შეგელახა, მაგრამ რას იზამ ნოდარიკო, თვითონ ცხოვრებამ მოიტანა ასე. რა ვქნათ ახლა. ვიძახოთ და ვიძახოთო უუუუ? რა-მერე, არც არაფერი! ისევ ჩვენ დაგვცინებს ვინმე ოხერი, ანდა, ნოდარიკო, მეც შენთან ერთად არ დავამთავრე ავტოსაინჟინრო? ახლა უბნის მაღაზიაში ვარ უბრალო გამყიდველი, დღეში სულ რაღაც 7 ლარად. ის მეხმარება კიდე რომ დახლს ქვემოდან ვყიდი სიგარეტს, თორემ აზრიც არ ექნებოდა მუშაობას. ხომ არ არის კარგი? კარგი კი არა ცუდია, საშინელებაა, ცოდვაა ბოლოსდაბოლოს, მაგრამ რას გახდები? ვერც ვერაფერს გახდები, ნოდარიკო.. ამიტომ ნუ მეუბნები, უუუუ-ო!
ნოდარი – /გამოჩენისთანავე/ ის ქალი არ დამანახო, ვცოფდები!
თამრი – რა ვქნა, გავაგდო? სამი დღით ჩამოვიდა ქალი, ხელი ვკრა? /დაფიქრდება/ მაღაზიაში სამი ბლოკი სიგარეტი ავიღე ჩემთვის, მანანიკოც სამ ტყუპს ელის, სამი ტრუსი წამომიღია შენთვის, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
ნოდარი – არ მაინტერესებს, ის არ დამანახო, ტვინი მერევა!
თამრი – და მიდიხარ მერე, ნოდარიკო, და ილეწები შენს ვაი მეგობრებთან და მობოდიალობ ქუჩაში მთვრალი, დაუკემსავი წინდებით ნოდარიკო, და..
ნოდარი – რომელ სართულზე ვართ?!
თამრი – ჰა? რა შუაშია?!
ნოდარი – გეკითხები!
თამრი – მეხუთეზე, რა მოხდა?
ნოდარი _ აქ არ მოვიდეს თორე, გადავაგდებ ფანჯრიდან, სადაური დედა ქვია მაგას, შენი, შენი დედა რომ მოვ..
თამრი _ კარგი, რა ნოდარიკო, ესეც ხო სახლი არაა, სირცხვილია…
/გამოჩნდება ელ-გუჯა, მალულად უახლოვდება პალატას. მას ვალტერ ჩიჩუა უთვალთვალებს/

ნოდარი – გაჩუმდი თორე შენც გისვრი მეხუთედან /ფერდზე მიიდებს ხელს/ უუუ…
თამრი – ძალიან გტკივა? Mოდი, მოგეფერები ნოდარიკო, /გვერდით მიუჯდება, ეფერება/. ჩემი საბრალო, საყვარელი ნოდარ..
ელ-გუჯა – /ხელკეტს შემართავს/ განახებთ გუჯას!!!
თამრი – ვაი!
ნოდარი – უუუ!
ელ-გუჯა – ბბ_ოდიში! /ძალიან სასოწარკვეთილი/ ამ კაცს ბლანჟე არა აქვს, არც ეს ქალია ჩემი ლილი.

/ვალტერ ჩიჩუა ბლანჟეზე ხელს მიიფარებს და გაპარვა სურს/

ელ-გუჯა – /პალატიდან გამოვა/ ბატონო ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა _ /ძალიან შეშინებული/ მოგეხსენებათ ავადმყოფები, მეჩქარ…
ელ-გუჯა – ჩემი ლილი, მართლა მორიგეობდა გუშინწინ?
ვალტერ ჩაჩუა _ ერთი წუთით, გავიხსენო გეთაყვა, კი, კი მორიგეობდა, აი
გამახსენდა!
ელ-გუჯა – მართლა? მე თქვენ გენდობით, ბატონო ვალტერ, მაგრამ ეჭვიც მიღრნის გულს!
ვალტერ ჩიჩუა – გულს მოფრთხილება უნდა, გულთან ხუმრობა არ შეიძლება, ჩემო კეთილო!…
ელ-გუჯა – ის თეთრი მერსედესი ვისია `555 გგგ”.
ვალტერი – ჩემია ბატონო, და რაა?
ელ-გუჯა – ააა, თქვენია?
ვალტერ ჩიჩუა – არ უნდა იყოს ჩემი?
ელ-გუჯა – არა, თქვენი თუა, გამორიცხულია.
ვალტერ ჩიჩუა – დიახ, დიახ, ჩემთან ყველაფერი გამორიცხულია.
ელ-გუჯა – ბამპერი რატომ შეღუნვია თქვენს მერსედესს?
ვალტერ ჩიჩუა – ეგ არაფერი, ისე გაგიკეთებ, ვერც შეამჩნევო ხელოსანმა და რატომ ასეთი ცხოველი ინტერესი?
ელ-გუჯა – მე ვეძებ ბლანჟიან კაცს, თეთრი მერსედესით. თუმცა, თქვენ გამორიცხული ხართ…
ვალტერ ჩიჩუა – მე, რა თქმა უნდა გამორიცხული ვარ, მაგრამ მაინც რატომ ეძებთ?
ელ-გუჯა – ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ჩემი ლილი ღამის კლუბში უნახავთ ბლანჟიან, თეთრ მერსედესიან კაცთანო!
ვალტერ ჩიჩუა – გუშინწინო?
ელ-გუჯა – დიახ, გუშინწინო.
ვალტერ ჩიჩუა – გამორიცხულია, გეთაყვა, თქვენი ლილი თავდადებული მუშაკია, მენდეთ!
ელ-გუჯა – მე თითონ მაშინებს ჩემი ფიქრები, ბატონო ვალტერ, მე შემიძლია კაციც მოვკლა ეჭვიანობის ნიადაგზე, ის კი არა, საგაზეთო სტატიებსაც კი ვხედავ სათაურით: `პატრულის შურისძიება” ანდა `მკვლელი პატრული~, ანდა..
ვალტერ ჩიჩუა – ნუ აჰყვებით ყვითელ პრესას, ჩემო მეგობარო. Uმჯობესია, მეუღლეს გაესაუბროთ.
ელ-გუჯა – და სად არის მერე, სად? რა ხანია ვეძებ!
ვალტერ ჩიჩუა – სადღაც აქ იყო, ლილიი! ლილი, მიხედეთ მეუღლეს!!!

/გამოჩნდება ლილი/

ლილი – დიახ ბატონო ვალტერ, კონკრეტულად როგორ მივხედო?
ვალტერ ჩიჩუა – ნუ, რა გითხრათ, ანახეთ მას რაიმე სახით სამართალდარღვევა, იქნებ დამშვიდდეს.
ლილი – სამართალდარღვევა, კერძოდ რა ტიპის ბატონო ვალტერ?
ელ-გუჯა – დაბეჟილობები!…
ვალტერ ჩიჩუა – დიახ, დიახ, თუნდაც დაბეჟილობები….
ლილი – გასაგებია, ბატონო ვალტერ, მყისიერად ვანახო?
ვალტერ ჩიჩუა – რაც შეიძლება მყისიერად, თორემ ფრიად ღელავს…
ლილი – კეთილი ბატონო ვალტერ, ელ, წამოდი ჩემთან, და გუჯაც გამოიყოლე.
ელ-გუჯა – /მიყვება/ ლილიი, აი ბატონი ვალტერი რომ ადგეს და ჩვენი გრაფიკი დაამთხვიოს, ლილიი..
ლილი – ადგება ბატონი ვალტერი, ელ, აუცილებლად ადგება, შენ წამოდი…
ელ-გუჯა – ლილიი!… /გავლენ სცენიდან/.

ვალტერ ჩიჩუა /ბლანჟეზე შეივლებს ხელს/ _ მდაა… მგონი არ ღირს ვარცხნილობის შეცვლა, /სევდიანი მზერით გააცილებს ცოლ-ქმარს, ახლა თავს გამოიყოჩაღებს, პალატისკენ გამოემართება,/ აბა, ჩემო კარგო, თავს როგორ გრძნობთ?
ნოდარი – /ფეხზე შეივლებს ხელს/ აი, აქ, ექიმო! აი, აქ მტკივა, აი!
ვალტერ ჩიჩუა – ნუ, ეგ არაფერი სახიფათო, აქაც გტკივათ?
ნოდარი – მანდ – არა..
ვალტერ ჩიჩუა – და აქ?
ნოდარი – არც მანდ, აი, აქ!
ვალტერ ჩიჩუა – შესანიშნავია, შამპანური თქვენზეა გეთაყვა, ძალიან იოლად გამოძვერით!
თამრი – უიმე, ეგ მყავდეს კარგად და..
ვალტერი – ვხუმრობ, ქალბატონო.. /გადმოხედავს თამრის/ შამპანური იქით იყოს და, ის მანდილოსანი დედათქვენია, არა?
ნოდარი – უუუ!…
ვალტერ ჩიჩუა – რა უუ? /ნოდარის მიაცქერდება/ სად?
ნოდარი – იმ ქალზე ლაპარაკი არაა საჭირო, გთხოვთ!
ვალტერ ჩიჩუა – აჰა, მივხვდი.. მხოლოდ ის მაინტერესებდა, წავიდა ერევანში?
თამრი – ხვალ მიდის…
ვალეტრ ჩიჩუა – მდაა, ნუ ერთი დღე არაფერი.. მაშ ასე, შეგიძლიათ შინ წაბრძანდეთ, ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი, /რეცეპტს გაუწვდის/ აი, ეს წამლები მიიღეთ და ეკლესიაში სანთელი დაანთეთ, ესაა და ეს!
ნოდარი – ჩემს ბინაში ახლა ის ქალია, ექიმო.. ფარდულში ვიცხოვრებდი, ბაზრობაზე, მაგრამ ცივა უკვე..
თამრი – გრცხვენოდეს ნოდარ!
ნოდარი – /ყურადღებას არ აქცევს თამრის/ ხვალამდე რომ გავჩერდე ძალიან ძვირი დამიჯდება?!
ვალტერ ჩიჩუა – ფინანსური საკითხები ლილისთან, გეთაყვა, ლილიი! /ხალათის ნაჩქარევი სწორებით შემოდის ლილი, ხელში ოფიციანტის ლანგარი უჭირავს, მეორეში ქვითარი, რომელსაც მოხდენილად შემოდებს ლანგარზე, სცენის კუთხიდან ელ-გუჯა გამორგავს თავს/
ელ-გუჯა – უფლება არა გაქვს, ასეთ დროს მიმატოვო, ლილიი!!!
ვალტერ ჩიჩუა – სულ ორი წუთით მოითმინეთ თუ შეიძლება, ორი წუთით…
ელ-გუჯა – გეხვეწები! /გაუჩინარდება/
ლილი – უკვე შევადგინე ანგარიში, ბატონო ვალტერ, /თამრის გაუწვდის ქვითარს/ აი, ინებეთ..
ვალტერ ჩიჩუა – /ლილის/ შესანიშნავად მუშაობთ, გმადლობთ.. /ნოდარის გამოხედავს/ აი, ასე, გისურვებთ აღარასოდეს მოხვედრილიყავით ჩვენთან, სადმე სხვაგან შევხვედრილიყავით, რესტორანში მაგალითად, თეატრში, ზღვაზე.. /ლილის შეაცქერდება/ ძალიან სასიამოვნოა ზღვაზე დასვენება საყვარელ არსებასთან ერთად..
თამრი – /ანგარიშის ქაღალდს ჩაცქერილი, ძალიან ხმამაღლა/ არა! ეს შეუძლებელია, არავითარ შემთხვევაში! არა!!!
ვალტერ ჩიჩუა – /თამრის/ რა არავითარ შემთხვევაში, ქალბატონო, ვერ გაგიგეთ?!
თამრი – აქ რამდენი ნოლი წერია, აქ?
ვალტერ ჩიჩუა – რამდენი ნოლი წერია, ლილი? /თამრის/ იცით, მე ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი…
ლილი – რამდენი უნდა ეწეროს, ბატონო ვალტერ? ნოლი წერია ოთხი ცალი, თანაც წინ ერთიანია მიწერილი, ისეთი არაფერი..
ვალტერ ჩიჩუა – /თამრის/ დამშვიდდით ქალბატონო, ისეთი არაფერიაო, ლილი ამბობს..
თამრი – მე პოლისი გამოვატანე ჩემს სიძეს! მე მაქვს პოლისი! მე ძალიან კარგი პოლისი მაქვს! ქვას რომ გახეთქავს ისეთი პოლისი მაქვს მე!
ლილი – პოლისს პატივს ვცემთ მე და ბატონი ვალტერი, მაგრამ ეს კერძო კლინიკაა, ამიტომ თქვენი პოლისი აქ.. როგორ აგიხსნათ..
ვალტერ ჩიჩუა – გაბონებულია, ასეთ ვთქვათ, არა, ლილი?!
ლილი – დიახ, არ ჭრის აქ თქვენი პოლისი, ქალბატონო, ეხლა დავთვალოთ, უიშვიათესი ბელგიური ანესთეზია შევუყვანეთ.
ვალტერ ჩიჩუა – ეს პრეპარატი ფარმაკოლოგიის უკანსკნელი სიტყვაა, მენდეთ..
ლილი – შემდეგ, სურათის გადაღება თავის ტვინზე უახლესი აპარატურით, სურათის გადაღება ზურგის ტვინზე, ისიც უახლესი აპარატურით.. მომსახ…
თამრი – მერედა, მე გთხოვეთ უახლესი აპარატურით გადაუღეთ მეთქი? გთხოვეთ მე საერთოდ რამე? გთხოვეთ თუ არა? მე არც ის ბელგიური პრეპარატი მითხოვია, კაცი მთელი ღამე ღმუოდა _ უუუ-ო!

/იღება ლიფტის კარი და ლიზა გრიგორევნა შემოიჭრება სცენაზე/

ლიზა გრიგორიევნა – Он что, опять гудит, да? თამარა, შენ ახლა გიჭირს, შვილო, მე ვთხოვე არტურ გარიკოვიჩს და თვის ბოლომდე დავრჩები შენსა, გენაცვალე, შვილო შენა!
ნოდარი – უუუ!
თამრი – მაცალე, დედა!
ლიზა გრიგორიევნა – გაცალო?! რას ქვია გაცალო?! /თვალი გაექცევა სცენის კუთხისკენ/ а в прочем…… რა ხდება კაცო აქ?! აი, იქა ვიღაც ამერიკელი მილიციანერი დგას ტრუსიკში, и так пристально смотрит на оваль……
ნოდარი – ვყიდი ყველაფერს! რაც გამაჩნია ყველაფერს ვყიდი და ვრჩები აქ, არ მინდა ჩემს ბინაში!!!
ლიზა გრიგორიევნა /წამისმიერ რეაქციას აძლევს/ _ რასა ყიდის ესა? У него появились деньги?
თამრი – დედა, გადი! Gგადი, დედა!
ლიზა გრიგორიევნა – რას ამბობ, შვილო შენა, я должна быть в гуще событий, тут интересно და საერთოდ, სულ აქეთ გამოვცხოვრდები, თუ კი ასე საინტერესო იქნება აქ, არტურჩიკ, поймет меня!
თამრი /ისტერიულად/ _ წადი, ქალო!
ლიზა გრიგორიევნა – /შეურაცხყოფილი/ Вот что значит дурное воспитание! ეს სულ იმ პაპა-ბაბოს ბრალია, ქოჩიკაშვილები…
თამრი – /გაცეცხლებული გაიწევს დედამისისკენ/ პაპა-ბაბოს მოეშვი!…
ლიზა – /სცენიდან მიდის შეფუცხუნებული/ Я тоже, как то, виновато себя чувствую,… /გაუჩინარდება/ გიჟი არი ესა.
ვალტერ ჩიჩუა – /ამოიხვნეშებს/ მგონი წავიდა..
თამრი – /ვალტერ ჩიჩუას მიუბრუნდება იგივე კვესით თავლებში/ მე ვერც კი წარმომიდგენია ამდენი ფული თუ შეიძლება ჰქონდეს ვინმეს! მე.. მე.. მე უბრალო გამყიდველი ვარ უბნის მაღაზიაში, დღეში სულ რაღაც შვიდ ლარად!
ლილი – ქალბატონო, შეგიძლიათ სასამართლოში იჩივლოთ, თუმცა გარწმუნებთ, წააგებთ საქმეს, რადგან კლინიკამ გადაუდებელი დახმარება გაუწია თქვენს მეუღლეს.
თამრი – მე არც გადაუდებელი დახმარება არ მითხოვია., გასაგიჟებელია პირდაპირ, მე საერთოდ არავისთვის არაფერი მითხოვია, მე მხოლოდ ფაქტის წინაშე დამაყენეს.. ეს აღმაშფოთებელია! ეს.. მე მართლაც ვიჩივლებ!
ლილი – მოითმინეთ, მოითმინეთ! ჩვენ რომ გადაუდებელი დახმარება არ გაგვეწია, მაშინ კი გქონდათ ჩივილის უფლება, ქალბატონო, გარდა ექიმობისა, ექთნობისა, სანისტრობისა და ბუღალტრობისა, მე ექსპერტ-იურისტიც გახლავართ, ანუ ყველაფერი ის, რაც ვალტერ ჩიჩუას ექვემდებარება ამ კლინიკაში, ზუსტად 36 მსგავსი საქმე მაქვს მოგებული და გარწმუნებთ, ეს ოცდამეჩვიდმეტე საქმე იქნება, თქვენ კი სასამრთლოს ხარჯებსი დაფარვაც მოგიწევთ…
თამრი – .. მართლა?
ლილი – დიახ, მართლა!
თამრი – დაიტოვეთ.
ლილი – ბატონო?
თამრი – დაიტოვეთ მაშინ..
ვალტერ ჩიჩუა – ეს როგორ, დავიტოვოთ?!
თამრი – როგორ და ასე.. დაიტოვეთ, როცა ჩემს მაღაზიაში კლიენტი ძველ, მაპატიეთ ამ გამოთქმისათვის, სუნასულ ძეხვს მიბრუნებს, მე იმ ძეხვს ვიტოვებ! ჰოდა, დაიტოვეთ თქვენი იყოს!
ნოდარი – რას ამბობ, ქალო? რომელ ძეხვს მადარებ, მე ნოდარა ვარ!!!
თამრი – დავიღალე შენგან, ზუსტად მაგიტომ დავიღალე, ნოდარა რომ ხარ!!! რა მინახავს ამისგან კარგი, რა?! ჯერ კიდევ იქედან მოყოლებული მტანჯავს ავტო საინჟინროზე რომ ვსწავლობდით. სტიპენდია არ შეურჩენია, ერთი უბრალო თმის სარჭი რომ შემეძინა ჩემთვის, სანაპიროზე, ლუდის ბარის ამყრალებულ ტვალეტში შარდის მჩქეფარე მდინარეებად მიედინებოდა ჩემი სტიპენდია! მერე იყო და მითხოვა დამადლებულად.. არიქა, მეშველა, გავთხოვდი მეთქი და რაა?! რაა?! სარეცხი, ბაზარი, სადილი, ბავშვის აღზრდა და ამის მოკრძალებული საოხრე, ესაა და ეს, რაც ცხოვრებამ გამოიმეტა ჩემთვის!!!
ნოდარა – ქალო, შენი დედ..
თამრი – და ქალოს ძახილი და დედის გინება ოცდაოთხ საათში 204-ჯერ, როგორც ჭეშმარიტ ~გპი~-ნიკ მამაკაცებს სჩვევიათ! დაიტოვეთ, აღარ მიმყავს! ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ! Aაი, ეს მურაბები ჩემგან შენ, ნოდარიკო! Eსეც, მოხუფული ბადრიჯანი, ვიცი _ გიყვარს.. /ვალტერს და ლილის/ ხვრინავს, არ დაგავიწყდეთ! წავალ, ფეხმძიმე შვილს მივხედავ, სამ ტუყპს ელოდება ბავშვი, თანაც სამი ბლოკი სიგარეტი დამრჩა დახლსქვემოდან გასაყიდი! მე პრაქტიკული, ოჯახზე გადადებული ქალი ვარ, როგორც ჭეშმარიტ `გეპეიშნიკ~ ქალს ეკადრება, /მოცრემლილი მზერით გადახედავს ნოდარს/ მე უბედური, მე.. ხომ იცი, როგორ მიყვარდი, არც ესაა იოლი გადაწყვეტილება ჩემთვის, მაგრამ.. ეჰ.. /მიდის/

/შარვლის სწორებით შემოდის ელ-გუჯა, მას ლიზა გრიგორიევნა მოჰყვება, ელ-გუჯა შიშით გამოხედავს/
Eელ-გუჯა – ლილიი!
ლიზა – Ну, этот ковбой, так сказать……
თამრი – წავედით, დედა!
ლიზა – სად, ტამარაჩკა, სად წავედით, შვილო?
თამრი – შინ წავიდეთ, დედა, მე ვტოვებ ჩემს ნოდარიკოს!
ლიზა – /წამით გაყუჩდება/ Да ты.. ეს აქა, ჩვენა იქა?! /გაიაზრებს, შემდეგ მოძალებული ემოციით/ ახ, ცავატანემ, შვილო, შენა!!! Давно пора была, детка, пойдем милая, куколка моя, этот урод обидел тебя, да?! /ხელს მოხვევს თამრის, თანაგრძნობით ჩასცქერის, გავლენ/

/ელ-გუჯა კალთაზე ექაჩება ლილის/

ლილი – /ქმრის ხელს მოიცილებს/ _ მოითმინე ეხლა, მაცალე, საქმე მაქვს!

/ყველა ნოდარს მიაცქერდება/
ნოდარი – /ხანგრძლივი, უხერხული პაუზის შემდეგ/ არც ისე მოკრძალებულია! /პაუზა/ იცის ხოლმე ასე ხანდახან.. /პაუზა/ იშვიათად.. /პაუზა/ ჩემს ცოლზე ვამბობ… /პაუზა, ლილის მიაცქერდება/ იცით, თქვენ თითქოს რაღაც მელოდია დაგყვებათ, შტრაუსის ვალსივით მსუბუქი…
ლილი – მელოდია, ესე იგი?
ნოდარი – დიახ, მსუბუქი ძალიან..
ლილი – რამდენადაც ვიცი ფარდულში ვაჭრობთ?
ნოდარი – კი, სათამაშოებით.
ლილი – იმედია, ფარდულის მეპატრონე თქვენ ბრძანდებით?!
ნოდარი – არა, ფარდული ვიქირავე, საქონელია ჩემი.
ლილი – აჰა, ის საქონელი რა ღირს?
ნოდარი – ასე, სამი-ოთხი ათასი.. /პაუზა/ რატომ?! რა?!

/ვალტერი და ლილი ერთმანეთს გადახედავენ/

ლილი – /ნოდარს/ მანქანას ფლობთ?
ნოდარი – არა, არ ვფლობ, /ნერწყვს გადაყლაპავს/ მანქანას.. /პაუზა/ ვფლობდი.. გავყიდე.. /ისევ ხმაურით გადაყლაპავს ნერწყვს/ რა?!
ლილი – ბინა ვისზეა გაფორმებული?
ნოდარი – ვისი ბინა?
ლილი – თქვენი ბინა
ნოდარი – ჩვენი ბინა? /პაუზა/ ჩვენზე!
ლილი – ვინ თქვენზე?
ნოდარი – ჩემზე, თამრიზე, მანანაზე… ზუკაზე არა, მაგრამ მაინც ჩვენთან ცხოვრობს.. რატომ? რა?! რა შუაშია?! რატომ?!
ვალტერი – ნუ, მე არ ვიცი, ლილი! თქვენ მიხედეთ ამ საქმეს!
ლილი – აუციელბლად მივხედავ ბატონო ვალტერ!
ნოდარი – რას მიხედავთ?! რა?! რომელი?!
ლილი – /ნოდარს მიცქერილი/ ბატონო ვალტერ, იქნებ კიდევ ერთხელ გენახათ ამ სუბიექტის თავის ტვინზე გადაღებული სურათი?!

/ლილი ელ-გუჯას ხელს მოიშორებს და თვალს არ აშორებს ნოდარს/

ლილი – დავიჯერო, ყველაფერი რიგზე აქვს ტვინში?
ნოდარი – რა? რა?! ვერ აგვიგე?! რომელი?! რა?!

/შემოიჭრება ლიზა/

ლიზა გრიგორიევნა – /უკიდურესი აგრესიით ნოდართან/ შენ, შე უჯიშო, ვირიშვილო-მაიმუნო, დამპალო-გათახსირებულო, რეგვენო კაცო შენა! ჩემი ტამარა შენა რა დღეში ჩააგდე, შე დაუნო, დეგენერატო, მასტრუბატო, ლოთო, ლოთო, ლოთო, პიანიცა-მარაზმატიკო, შენა!!! შენა გგონია, ჩემს ტამარაჩკას მივატოვებ? შენა?! მე საერთოდ აქ დავრჩები, არტურ გარიკოვიჩიც აქ ჩამოვა, ჩვენსა და შენი ფეხი არ ვნახო ტამარას გვერდით, თორე გაგპუტავ, როგორც მამიჩემის `კუხარკა”, პროსკოვია სემიონოვნა, ახუ.. ახუხულინა.. პუტამდა “ჩვენს კუხნიაში”, ფერმის დიდრონ-დიდრონ თეთრ-თეთრ ქათმებსა. /ვალტერ ჩიჩუასკენ იქცევს პირს/ извените, я не знаю Вашего отчества ბატონო ვალტერი, но я нуждаюсь в сочувствие, там моя бедная девочка плачет!

ვალტერ ჩიჩუა – მე?! მე საერთოდ რა შუაში ვარ, ჩემო კეთილო ქალბატონო?!..
ლიზა გრიგორიევნა – /ელ-გუჯას მიუბრუნდება/ მაშინ იქნებ თქვენა, თქვენ მომაქციოთ ყურადღება მე საწყალსა, შვილატირებულ ქალსა?!
ელ-გუჯა – /შეშინებული/ ლილიი!…
ლიზა გრიგორიევნა – რა, არც თქვენ გამოიჩენთ გულისხმიერებასა?
ვალტერ ჩიჩუა – აი, ლილი მოგხედავთ, ქალბატონო! Lლილი, ძალიან გთხოვთ!
ლილი – /მზადყოფნით/ მესმის ბატონო ვალტერ, /ლიზას მიუახლოვდება/ ქალბატონო, მე ვარ ექიმი, ექთანი, სანიტარ-ბუღალტერი, ექსპერტ-იურისტი და ბატონი ვალტერ ჩიჩუას ნდობით აღჭურვილი პირი ამ კლინიკაში, გთხოვთ, ჩემთან იქონიოთ საქმე!
ლიზა გრიგორიევნა – /ინტერესით მიაცქერდება/ Даа? Как интересно…… Так вот, моя милая, მე რომ არტურ გარიკოვიჩსა გავყევ ერევანსა, ჩემი პატარა გოგო დავტოვ იმ პაპა-ბაბოსთანა, /წაუტირებს/ მე იმას, `კასიჩკებზე~ წითელ “ბანტიკებს” ვუკეთებდი. მართლა, თქვენ იცით დედაჩემს რა დაემართა?!
ლილი –აქეთ ქალბატონო, აქეთ გავიდეთ!
ლიზა გრიგორიევნა – ახ, იქით? და არც ქოჩოკაშვილებს იცნობდით, ათანასე და მაროა?!
ლილი – არა, ქალბატონო!
ლიზა გრიგორიევნა – ნუ მე არ მიკვირს, მაგრამ ეს ქოჩოკაშვილები такие уроды…… Вы представить себе не можете /გადიან/
ნოდარი – /გაბმულად/ უუუ!
ვალტერი – /გამოხედავს ნოდარს/ მდაა, მე მესმის თქვენი..
ნოდარი – /უღონოდ/ უ…
ვალტერ ჩიჩუა – ესეც გავიგე, მაგრამ თქვენც უნდა გაგვიგოთ, ჩემო კეთილო, თუკი პაციენტი ფულს არ გადაგვიხდის, ჩვენ დავიხურებით, ასე ვთქვათ.. ხომ გესმით?
ნოდარი – იმ ქალთან ერთად არ მინდა, არ წავალ იქ, არა!
ვალტერ ჩიჩუა – მე ჯერჯერობით ანაზღაურებაზე მაქვს ლაპარაკი, თორემ რა თქმა უნდა, წაბრძანდებით, ეს თავშესაფარი არაა, აქ კლინიკაა..
ნოდარი – /თავს გაქნევს/ არა. ვერა! ვერ წავალ! ვერა!
ვალტერ ჩიჩუა – გეთაყვა, გულწრფელად რომ გითხრათ, ვერც გრძელვადიან და მით უმეტს, ვერც მოკლევადიან პერსპექტივაში მე აქ თქვენს ადგილს ვერ ვხედავ!
ნოდარი – /თვალაცრემლებული/ პერსპექტივაში იცით რა მელის? სამი ტყუპი გოგო, ჩასიძებული სიძე და ის ქალი, პროკტოლოგ ქმართან ერთად, თავს მოვიკლავ, შეიძლება?!
ვალტერ ჩიჩუა – კი, ბატონო, მოიკალით თავი, ამის უფლებას ვერ შეგიზღუდავთ, მაგრამ აქ პრობლემას ნუ შეგვიქმნით, ძალიან გთხოვთ, /ელ-გუჯას ახედავს/ უთხარით რამე ისეთი, სამართალს რომ იცავს! ეს კერძო საკუთრების ხელყოფაა!
Eელ-გუჯა – მე აქ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ბლანჟიან კაცს ვეძებ, თეთრი მერსედესით…
ნოდარი – /ჯერ ელ-გუჯას მიაცქერდება, შემდეგ ვალტერ ჩიჩუას/ ნახე, რა კუნთები აქვს!
ვალტერ ჩიჩუა – საქმეს დავუბრუნდეთ, გეთაყვა….
ნოდარი – /ელგუჯას გადახედავს/ მაგარ ჯანზე ხართ.. ბევრს გავარჯიშებენ, ეტყობა!
ელგუჯა – ინდივუდუალურ მომზადების პროგრამაში ჩამრთეს, ახალი ვარჯიშებია, სპეცმომზადებას საჭიროებს…
ნოდარი – ვერ მანახებ ორიოდე ვარჯიშს?
Eელ-გუჯა – კი, თავისუფალად! /წამოდგება და რამდენიმე სამხედრო ვარჯიშს ატარებს სცენაზე/
ნოდარი – /ვალტერ ჩიჩუას გამოხედავს/ მაგარია!
ვალტერ ჩიჩუა – ძალიან გთხოვთ, ჩემი დრო რამედ მიღირს, ბატონო ჩემო!
ნოდარი – მეც, ამიტომ აქვე ვწერ ჩვენებას და საერთოდ, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდი, ვატყობ, გაბოზება ალალია..
ვალტერ ჩიჩუა – ბატონო?!

/ნოდარი ფურცელს და კალამს მისწვდება, თან ხმამღლა კითხულობს დაწერილს/

ნოდარი – გუშინწინ ათონელის ქუჩაზე ვსვამდი მეგობრებთან ერთად, /ამოხედავს/ კარგი დუქანია იქ, /ისევ ფურცელს მიუბრუნდება/ მერე მიშამ გადაგვიპატიჟა, კელენჯერიძემ – იქაც დავლიეთ, გამთენიისას წავედი ჩემი ფარდულისკენ, გამოსაძინებლად. ამ დროს გამოჩნდა თეთრი მერსედესი, წინა საჯდომზე ლამაზი ქალი შევნიშნე, მანქანას კი ბლანჟიანი კაცი მართავდა…
ელ-გუჯა – /მორიგი ბრუნი გააკეთა/ ნომერი, მანქანის ნომერი!!!
ვალტერ ჩიჩუა /ქაღალდს მისწვდება, ღეჭავს/ _ დარჩით ჩვენთან ბატონო ნოდარ, ძალიან გთხოვთ, სულით და გულით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე!
ელგუჯა – ნომერი მეთქი, მანქანის, ნომერი! თუნდაც ერთი ციფრი!
ნოდარი – როგორ დავიღალე.. ტრამვის ბრალია ალბათ, არა ექიმო?! /მიწვება/

ვალტერ ჩიჩუა – /ელგუჯას დაებღაუჯება/ გთხოვთ, დაიცავით პაციენტის უფლებები! მან უნდა დაისვენოს, მიბრძანდით აქედან, მიბრძანდით!
ელ-გუჯა – მე საქმეს ვაკეთებ აქ! ანდა რატომ ღეჭავთ დაზარალებულის ჩვენებას, ეს ოქმში უნდა შესულიყო!
ვალტერ ჩიჩუა – დაზარალებულის ჩვენებას ვღეჭავ იმიტომ, რომ ცარცის ნაკლებობა მაქვს ორგანიზმში! ლილიი, ლილიიი!!! სასწრაფოდ გამოცხადდით და ანახეთ მეუღლეს რაიმე ტიპის სამართალდარღვევა! აქ, არაადეკვატური ვითარებაა!

/სახეარეული ლილი შემოვა, თმას ისწორებს/

ლილი – იქ.. ის ქალი.. გიჟი.. მე ის გავისტუმრე.. ძლივს, ბატონო ვალტერ, მაგრამ არ მიხსნეოთ დაბეჟილობები, ახლა ვერ ვარ ფორმაში!
ვალტერი – მაშინ, ხანძარსაწინააღმდეგო კომუნიკაცია ანახეთ, იქ ვერაა ყველაფერი რიგზე, დაე, გამოწეროს ჯარიმა!
ლილი – გასაგებია, ბატონო ვალტერ, /ფეხაკრებით უახლოვდება ელ-გუჯას/ მე ვარ ხანძარსაწინააღმდეგო კომუნიკაციის მომშლელი და.. ო მონ დიე! სულ ავირიე… ელ, წამოდი ჩემთან, ჯარიმა გამოვწეროთ, ელ!
ელ-გუჯა – რა ხდება გამაგებინეთ, რატომ დაღეჭა შენმა მეთაურმა ჩვენება, ვალდებული ვიყავი, ჩვენი მეთაურისთვის მიმეტანა ოქმი! მე სამართალდარღვევის ცხელ კვალს დავადექი აქ!
ლილი – /ჩაებღაუჭება/ სამართალდარღვევის კვალი, იქ, იქ, ელ!…
ელ-გუჯა – სად იქ, როცა აქაა კვალი, აქ!
ლილი – ნუ გაჯიუტდი, ნუ გახდი გუჯა, დამიჯერე, იქ მეთქი, იქ, ხანძარსაწინააღმდეგოში, იქ!
ელ-გუჯა- რა მინდა ხანძარსაწინააღმდეგოში, როცა ჩვენება შემიჭამეს აქ!
ლილი – ახალ ჩვენებას დავწერთ იქ, იქ. იქაა მთავარი სამართალდარღვევა, იქ იმ ქალმა ტვინი ამხადა, იქ მელაპარაკა დედამისზე, რომელიც წითელ ბუშტად გადიქცა თურმე, იქ, მეთქი, გუჯა, იქ!
ელ-გუჯა – სად, იქ? არ მესმის, რატომ იქ! რა მინდა იქ, როცა აქ..
ლილი – /ჩაებღაუჭება, ძალით გაჰყავს/ იმიტომ, რომ იქ შევქმნით ოქმს, იქ!

/ნოდარი საწოლზე მიწვება, პაუზის მერე/

ნოდარი – განსაკუთრებული გემოვნებით არ გამოვირჩევი… შემოდგომით ჩანახი მიყვარს, გაზაფხულზე ჩაქაფული, ღვინო კახური მირჩევნია.. გლეხური..

/ვალტერ ჩიჩუა მუხლებზე დაემხობა, ასე წამოჩოჩდება ნოდარისკენ/

ვალტერ ჩიჩუა – .. გემუდარებით, გე-მუ-და-რე-ბით.. მე მკვლელი არ ვარ, არამედ პირიქითაც, შეიძლება ითქვას! როგორც კი შემთხვევით გაგკარით ბამპერი, გეფიცებით, ცოლს გეფიცებით, იმ წამს შევატყობინე სასწრაფოს და თქვენ, ჩვენს კლინიკაში მოგაბრძანეს, კაცურად გამიგეთ, მეგობარო! მე ქალთან ერთად ვიყავი, ხომ გესმით.. მას პატრული ქმარი ყავს, მე კი ფრიად ეჭვიანი ცოლი, რა ხანია არ შემხმიანებია და მე ესეც კი მაშფოთებს, /მობილურის ზარი/ აი, ბატონო, ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო.. /მობილურზე ლაპარაკობს/ ჰო, ფისო, არ დამაგვიანდება, დღეს უეჭველად ერთად ვივახშმევთ, გკოცნი ფისო.. /მობილურს შეინახავს უბეში/ აი, აი, ხომ გესმით! ნუ ისარგებლებთ ჩემი ფაქიზი ნერვიული სისტემით..
ნოდარი – წამოდექი!
ვალტერ ჩიჩუა – იყოს, გეთაყვა, იყოს, მე ვიმსახურებ..
ნოდარი – ფეხზე!
ვალტერ ჩიჩუა – /წამოდგება/ დიახ, გისმენთ!
ნოდარი – ესე იგი, ნაღდად შენ იყავი.. მე მოვსინჯე..
ვალტერ ჩიჩუა – გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუთუ ვერ ამჩნევთ, როგორ ვთრთი და როგორ ვკანკალებ, იქონიეთ გულმოწყალება, მე მატერიალურადაც და მორალურადაც მზად ვარ, ასე ვთქვათ, ზომიერების ფარგლებში..
ნოდარი – მომისმინე! დამტოვეს..
ვალტერ ჩიჩუა – ძალიან უსინდისოდ მოიქცნენ, ძალიან..
ნოდარი – დაიცა, გავიაზრო! ესე იგი დამტოვეს უსარგებლო ნივთივით აქ..
ვალტერ ჩიჩუა – დიახ, აქ..
ნოდარი /თვალს მოავლებს იქაურობას/ _ აქ დამტოვეს და აქ კარგია.. ტელევიზორი, სავარძლები, სისუფთავე, აუზი..
ვალტერ ჩიჩუა – ჩვენ ევროპული სტანდარტების სრული დაცვით შევქმენით ეს სასიამოვნო გარემო..
ნოდარი – ასე მგონია, ოდესღაც მქონდა მეთქი ასეთი ცხოვრება, მაგარამ აღარ მახსოვს როდის მქონდა და აი, თითქოს დავბრუნდი.. გესმის, რას ვგრძნობ?
ვალტერ ჩიჩუა – დაახლოებით.. მაგრამ როგორც თქვენ იტყვით…
ნოდარი – ურჩხული არ ვარ..
ვალტერ ჩიჩუა – როგორ გეკადრებათ, ძალიან სიმპატიური, მიმტევებელი, ოჯახში გაზრდილი.. ნამდვილი მეგობარი.. და ასე შემდეგ..
ნოდარი – ვიცხოვრებ ცოტა ხანი ადამაინურად, მერე წავალ.. გამიგე?!
ვალტერ ჩიჩუა – სად იცხოვრებთ?!
ნოდარი – აქ!
ვალტერი – მომიტევეთ, მაგრამ ეს პალატაა, აქ ავადმყოფები მიდი-მოდიან.. მე შემიძლია..
ნოდარი – მე აქ მომწონს, /ჟალუჟებს ჩამოუშვებს/
ვალტერ ჩიჩუა – დიახ, როგორც იტყვით.. ვაი.. /ჩამოშვებულ ჟალუზებს მიცქერილი/

/გამოჩნდება ტარიელი/

ტარიელი – ბატონო ვალტერ, მე მზად ვარ! ავხსნათ გიფსი?…
ვალტერ ჩიჩუა /დაბნეული/ _ აჰა, გიფსი.. აუცილებლად, მხოლოდ ჯერ კუჭის გამორეცხვა ჩაიტარეთ, გიფსი-მერე..
ტარიელი – კუჭის გამორეცხვა? რა შუაშია ბატონო ვალტერ?!
ვალტერი – ისე, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემო კეთილო ტარას!
ტარიელი – ტარასი შევჩენკოს ერქვა, ბატონო ვალტერ, მე ტარიელი მქვია.

/გამოჩნდება ასმათი/

ასმათი – სხვათაშორის ბულბასაც!
ტარიელი – რას ნიშნავს ბულბა ასმათ, ვერ გავიგე?!
ასმათი – ბულბასაც ტარასი ერქვა, არა ბატონო ვალტერ?
ვალტერ ჩიჩუა – კი, ერქვა.. და რა, მერე?
ასმათი – ამ გადმოსახედიდან ტარას ბულბას მე ვხედავ თეთრ-თეთრ, უთეთრეს ცხენზე ამხედრებულს, თქვენი ბამპერ შეღუნული მერსედესისა არ იყოს, ბატონო ვალტერ, რომლის სახელმწიფო ნომერიცაა, თუ არ ვცდები 555 GGG!
ვალტერი – არ არის აუცილებლი დეტალებში წვდომა, ქალბატონო ასმათ, კლინიკა გიბრუნებთ სველ-სველ, უსველეს ასფალტისფერი BMჭ-ს პატრონის მიერ გადმორიცხულ თანხას..
ასმათი – და მე რომ ვერ მივიღებ ამ საჩუქარს იცით?
ვალტერ ჩიჩუა – რატომ ვითომ, ქალბატონო ასმათ, გეცოტავებათ?!
ასმათი – რას ბრძანებთ, ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ, რომ ვთხოვდები..
ტარიელი – თხოვდებით?
ასმათი – დიახ, ვთხოვდები!..
ვალტერ ჩიჩუა – ჩათვალეთ, რომ საქორწინო საჩუქარია ჩემგან, ბატონო…
ასმათი – ჩავთვლიდი, როგორ არ ჩავთვლიდი, მაგრამ ბოროტი ენებისა მეშინია, იტყვიან პატარძალს მიართვეს საჩუქარი, სიძეს კი არაო, რაშია ნეტა საქმეო…
ვალტერი – სიძე ვინ ბრძანდება, თუ უკაცრავად არ ვიყო ამ კითხვისთვის?
ასმათი –სიძე?! ტარიელ, ხომ გინდოდა ხელი გეთხოვა ჩემთვის, მაგრამ მორიდებული ხარ და ვერ მთხოვე ხელი და.. მე თანახმა ვარ..
ტარიელი – მეც.. რამეთუ.. რა ხდება?!
ვალტერი – ხდება ის, ბატონო ტარიელ, რომ ჩვენი კლინიკა თქვენც გიბრუნებთ საკრებულოდან ახლახანს გადმორიცხულ თანხას და საერთოდ, ქველმოქმედებაზე გადავდივართ, როგორც ვატყობ.. /ტელეფონის ზარი, მობილურში ჩასძახებს, / ფისოო!!! დამანებე ცოტა ხანს თავი, აქ კრიზისია, ფისო!!! /ნერვიული ტიკით/
ტარიელი – უნდა გითხრათ, რომ პირდაპირ გაოგნებული ვარ, პირდაპირ…
ასმათი – პირდაპირ საქორწილო მოგზაურობა გველის, ძვირფასო, აი გამოვალთ კლინიკიდან და წავალ პირდაპირ იქ…
ტარიელი – პრაღაში?
ასმათი – არ ვიცი, სადმე კარგ ადგილას და იქ დავხარჯავთ კლინიკაში დაზოგილ თანხას!
ვალტერ ჩიჩუა – /ნიშნის მოგებით/ იმოგზაურეთ გეთაყვა, იქორწინეთ და იმოგზაურეთ..

/აიწევა ჟალუზები, ნოდარი გამოჩნდება/

ნოდარი /მთელი ხმით/ _ ვალტერ, ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა – ჩუუ, ნუ ყვირით, მე აქ ვარ..
ნოდარი – პირის საპარსი გექნება, დავიწყებია იმ სულელ ქალს /ასმათისკენ/ ბოდიში, ქალბატონო ცოლზე ვამბობ..
ვალტერ ჩიჩუა – ვეტყვი ლილის, ჯილეტს მოგართმევთ, თუ კი იკადრებთ, რა თქმა უნდა…
ნოდარი – კი, კაცო.. და საჭმელი რამე რა, მშია! /ჟალუზებს ჩამოსწევს/.
ვალტერ ჩიჩუა – /ტარიელს გამოხედავს/ თავს მოვიკლავ, შეიძლება?
ტარიელი – რას ბრძანებთ, ბატონო ვალტერ, ჯვარი გწერიათ..
ვალტერ ჩიჩუა – ოოო, მაინ გოთ! ლილიი, ლილიი! /მიდის/
ტარიელი – /ასმათს გადმოხედავს/ რა დაემართა?
ასმათი – ოჰ, მე მესმის მისი, მე ისე მესმის ყველასი, ტარიელ, მე ისე მესმის ყველაფერი, ტარიელ…
ტარიელი – ხმებიც გესმის?
ასმათი – შეიძლება ასეც ითქვას..
ტარიელი – რა იშვიათი ნიჭი გებოძა, ასმათ! ტრაქტორებზე რომ თქვი, გამართლდა, ხო იცი..
ასმათი – ოჰ, ეგ არ იყო ძნელი გამოსაცნობი, დამიჯერე! მე ის უფრო მაინტერესებს, აქ როგორ განვითარდება ამბავი.
ტარიელი – რა ამბავი, ვერ გავიგე? შიფრია რამე..
ასმათი – /ჩამოწეული ჟალუზებისკენ უთითებს/ აი, ის!…
ტარიელი – ახალ პაციენტზე მეუბნები?
ასმათი – მე მას უფრო ბინადარს დავარქმევდი! Hო, ბინადარი, კლინიკის ბინადარი…
ტარიელი – და რა მერე, რა ბინადარი?
ასმათი – მას აუცილებლად ექნება კონფლიქტი თავის წარსულთან, ტარიელ, ანდა კონფლიქტი ცოლის წარსულთან, რაც ერთი და იგივეა, რადგან ცოლის წარსულიც, შენი წარსულია ბოლოს და ბოლოს, ტარიელ!
ტარიელი – რაღაც ბრძნულ ნათქვამს გავს, ჩავიწერო?
ასმათი – ჰო, ჩაიწერე, როგორც აფორიზმი, მაგრამ ჯერ გიფსი აგვხსნან ხელზე.
ტარიელი – მართლაც, გიფსი…
ასმათი – აქ შეიძლება მკვლელობაც მოხდეს…
ტარიელი – მკვლელობა? რას ამბობ?
ასმათი – ვამბობ იმას, რასაც გუმანი მკარნახობს; ან მკვლელობები… ჩამოვალთ თუ არა საქორწილო ტურნედან, აუცილებლად მოვიკითხავთ ბატონ ვალტერს, ამჯერად კი, მე იმ ბინადარს დაცვარული ოცლიტრიანით ვხედავ.
ტარიელი – ანუ? რამეთუ?!
ასმათი – რამეთუ გავისეირნოთ, ძვირფასო. გავისეირნოთ, სანამ ისევ დავბრუნდებოდეთ..
ტარიელი – გავისეირნოთ, /თვალს შეავლებს აუზს/ ჰმ, ტიტლიკანა ანგელოზები… /მიდიან, აუზს ჩაუვლიან და სცენიდან გავლენ/

მეორე მოქმედება

/სამი კვირის შემდეგ. იგივე გარემო. ლიზა გრიგორიევნა დერეფანში, ტახტზე ზის, ნერვიულად აკაკუნებს სახელურზე თითებს. გაისუსება, ლიფტის ხმას მიაყურადებს. იღება ლიფტის კარი. ნოდარი ოცლიტრიანს მოათრევს პალატისკენ. ჟალუზებს ფეხის ერთი აკვრით ასწევს, ოცლიტრიანს მაგიდაზე შემოდგამს, ხელებს დაიფერთხავს, სიგარეტს მოუკიდებს, მობილურზე რეკავს./

ნოდარი – თოვს, ძალიან.. ამოდით.. ოღონდ მეორე მხრიდან, მეზობლები არ შემიწუხოთ. არა, არა, ღრეობა არ გამაგონოთ, მარხვაზე ვარ, ოღონდ ღვინით.. /გაიღიმებს/ ჰო, თოვს..
ლიზა გრიგორიევნა – Нет, Вы слышали, да?! Оказывается пост держит этот регвен! სამი კვირა რომ წათრეულხარ და წათრეულხარ, სახლში რატომ აღარასოდეს მოთრეულხარ, შენა, ჰა?!
ნოდარი – ჰა? /ახლაღა შენიშნა/ რა გინდა?
ლიზა გრიგორიევნა –Нажрутся, напьются, მემრე სიმღერის იშტაზეც მოვლენ, პირველი მითხარი, მეორეს გეტყვი, მესამე საიდანღაც ზუზუნებს, ნეხვის ბუზივითა; უნდა გაგწყვიტოთ ადამიანმა ბუზის საკლავი ჯოხითა, რომ მოისვენოს თქვენგან ყურმაცა, გულმაცა და სულმაცა! შენა, იცი შენა, რო ჩემმა ტამარჩკამ მითხრა: – დედი, დედი, წახვიდოდე ერევანსა, რო ჩემი ნოდარჩიკა დაბრუნდებოდეს შინაო?! მე რას გიშლი, შენა, რასა?! წამკიდე შვილსა, შე დედა-შვილს შორის `ჩორტის~ ჩამამგდებო, შენა!
ნოდარი – რა გინდა, საიდან გაჩნდი! `ჩორტს~ შენ მიხსენებ კიდე, ქალო?!
ლიზა გრიგორიევნა – ემანდ კულტურულ ბაას ისწავლიდე, რო ისიც არ იცი, ქალო არ უნდა მითხრა შენა!.. `ჩორტის~ ჩამამგდები ხარ და თვითონაც ერთი დიდი, ჯიუტი `ჩორტი~ ბრძანდები შენა, რო ტამარაჩკა ეგრე მოგტირის და მოგტირის შენა! გაგიმარჯვნია, გაგიმარჯვნია, მივდივარ ერევანსა, მაგრამ მინამ მივდივარ, გეკითხები მე შენა: – შენა ოჯახის ღირსი ხარ, შენა?! შენ რა ოჯახის ღირსი იყავ, რო სამი კვირა წათრეულხარ და აღარასოდეს მოთრეულხარ! ამბავი მაინც გეკითხა, რო რასა სჭამენ, რასა სვამენო! მაგრამ – არა! მარტო იმაზედ ნერვიულობ, `ლიჩნად~ რა ჩახეთქო, შენა, შენა!..
ნოდარი – თვითონ შენმა ტამარაჩკამ არ დამტოვა, თვითონ?.. მერე, რომ დამტოვა და აქედან, რომ გაცუხცუხდით, შენ არ ჩასძახე ყურში: `ცავატანემო~?! რაღა გინდა ახლა, აქ ვცხოვრობ, აქ ვარ და საერთოდ აქ ვაპირებ ჩაწერას! ვისი რა საქმეა, ვისი?!
ლიზა გრიგორიევნა – უი, უი, უი, რა შტერია ეს `ბალვანი~! ის ვალტერ ჩიჩუა ჩაგწერს შენა?! ისემც…
ნოდარი – დიახაც, ჩამწერს! თუ არ ჩამწერს, დაუყვედრებლად მაინც მაცხოვრებს! გაიგე!!! Gგრიგორიევნა, წადი! წადი ერევანსა, წადი, გრიგორიევნა, მარხული ვარ, ცოდვა არ ჩამადენინო, წადი..
ლიზა გრიგორიევნა – შენ მე როგორ უნდა მითხრა – წადი, შენა!!! შენ იცი მამიჩემი ვინ იყო?! ეს იყო!.. Его почетали и боготворили, можно сказать, от Урала до самого Кавказского хребта! ხოლო ჩვენი `კუხარკა~ პროსკოვია სემიონოვნა ახუ.. ახუ.. ო, როგორ ვნერვიულობ ამის დანახვაზედ, კაცო! პროსკოვია სემიონოვნა ახუხულინა ლეგენდებსა სთხზავდა მამიჩემზე, როცა ჩვენს `კუხნიაში~ ფერმის დიდრონ-დიდრონ, თეთრ-თეთრ ქათმებს პუტამდა, მაშინა! შენ ხო არა გგონია, რომ უბრალო `კუხარკა~ გვყავდა ჩვენა! ეგ იყო დიდი მკითხავი, ქათმის კლანჭებითა და ჩიჩაყვ- ბუმბულით ჯადოქრობდა ეგა, მაგრამ შენ რა იცი, შენა!..
ნოდარი – მე ის ვიცი, რო ბიოლოგიური შეუთავსებლობა მაქვს შენთან! ამიტომ წადი, რა! წაბრძანდი ერევანსა, მერე თვითონ დალაგდება ყველაფერი, შენ ოღონდ წადი!
ლიზა გრიგორიევნა – Ах, какой ты все таки подлец, этокий! შენა არა სცნობ ჩემს სიდედრობასა, ამით მიბუნტებ ტამარაჩკასა და მემრე ტამარაჩკა მეუბნება: – დედი, დედი, წახვიდოდე ერევანსა, რო ნოდარჩიკა დაბრუნდებოდეს შინაო! მითხარი ახლა, რად არა სცნობ ჩემს სიდედრობასა, რას გიშლის, რასა ჩემი სიდედრობა შენა, რასა?! რად მებრძვი მე, გულგამწარებულსა ქალსა შენა, ჰა?!
ნოდარი – რომელ სიდედრობას ჩემულობ, ბოლოს და ბოლოს! შვილი მიაგდე და ახლა მოგინდა სიდედრობა?! რა უფლებით! რატომ!!! სიდედრი კი არა ცოლიც აღარა მყავს და სიდედრი საიდან მეყოლება! ის ტამარაჩკაც შენი ჯიშისაა, შენ თუ შვილი მიაგდე, იმან ტრავმირებული ქმარი მიატოვა კლინიკაში! მორჩა, გავეყარე, აღარა მყავს ცოლი, წადი ახლა აქედან, წადი!!!
ლიზა გრიგორიევნა – Поверьте мне, люди добрые, у этого регвена, черствейший характер на всем евроазиатском пространстве! შენა იცი როგორ ვიტანჯებოდი? არ იცი, არა! Я трагичная натура, я безмерно страдала, Артур Гарикович утешал меня, მაგრამ მე სულ მახსენდებოდა და მახსენდებოდა, როგორ ვუკეთებდი ლამაზ `კასიჩკებზე~ ლამაზ `ბანტიკებს~ ჩემს ტამარაჩკასა, და ის პაპა-ბაბო ქოჩოკაშვილებიც მახსენდებოდა და ვსტიროდი ცხარე ცრემლითა; Я рыдала, я заливаласт слезами, я таяла на глазах Артура Гариковича…
ნოდარი – ჰოდა, გელოდება გარიკოვიჩი! გელოდება ისა! ძალაინ გელოდება! პროქტოლოგი! წადი!
ლიზა გრიგორიევნა – არტურ გარიკოვიჩის სახელი არ ახსენო შენა! ის კაცია, იმას ქალის სიტყვა ესმის! აბა, არტურ გარიკოვიჩი წაეთრეოდა და სამი კვირა აღარასოდეს მოეთრეოდა შინა?! Aნდა, რითი სჯობიხარ არტურ გარიკოვიჩსა, რო იმას ჩემი სიტყვა ესმის და შენ ჩემი სიტყვა სულ მუდამ არ გესმის!
ნოდარი – უ! უ!
ლიზა გრიგორიევნა – Что гудишь, как труба заводская! უუუ, შენა და ერთი დიდრონი ზიბზიბელა ენაზე შენა! შე უჯიშო, უჯიშო, `პიანიცა~, მაიმუნ-ვირიშვილო, გათახსირებულო, ლოთო კაცო შენა! вот я высказалась, ბოლომდისა და ახლა წავალ ერევანსა დამშვიდებულის გულითა რო პირში გითხარ სათქმელი, შე.. უი, უი, ტფუი, შენა! /წამოდგება, ენერგიულად გასწევს ლიფტისკენ/.
ნოდარი /თვალს გააყოლებს, შემდეგ შვებით/- უჰ..
ლიზა გრიგორიევნა /მიუახლოვდება ლიფტს, მაგრამ მკვეთრად შემოტრიალდება/ – არა, არა, ჩემი გული მინამ არ დამშვიდდება, სანამ სილას არა გტკუცამ, შე დედა-შვილს შორის `ჩორტის~ ჩამამგდებო, შენა! Я просто обязанна дать Вам пошечину, подлец Вы этакий!.. მაიტა ეგ გაბურძგვნილ- ჯაგრიანი ლოყა, რო სილა გტკუ..
ნოდარი – მოკვდი, შენი! მოკვდი!!! /ყელზე მიეტანება ქალს/
ლიზა გრიგორიევნა – ნო.. დდ.. დდ..
ნოდარი – დაგმარხავ ლიფტის შახტაში! დაგმარხავ! იქა! შახტაში..
ლიზა გრიგორიევნა – Нодар! Вы… меня… дд… ддушите!..
ნოდარი – მოკვდი, მოკვდი ერთხელ და სამუდამოდ, მოკვდი, რო დავისვენო შენგან!!!
ლიზა გრიგორიევნა – ხვა.. ა.. ა.. უ..
ნოდარი /ხელს შეუშვებს ლიზა გრიგორიევნას, რომელიც სცენაზე ჩაიკეცება/ –აი, ხო დავისვენე, დავისვენე მე! /დახედავს/ კი, დავისვენე! /დაიჩოქებს, ყურს დაადებს გულზე, ხელს მიუტანს ცხვირთან/ დავისვენე.. /პაუზა/ და დავიღუპე? /მიხედ-მოიხედავს. წამოდგება. ამ დროს ლიფტის კარი თავისით იღება. შეშინებული ნოდარი ლიფტისკენ შეტრიალდება და სცენაზე გართხმულ სიდედრს აეფარება, ლიფტის კარი თავისით დაიხურება, შემდეგ ისევ გაიღება, ნოდარი პირჯვარს გადაიწრეს და ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს, ცხედარს მიუბრუნდება, იღლიებში მიეტანება, ლიფტისკენ გაათრევს/ წასულიყავ სადაც მიდიოდი, შე უბედურო ქალო; აბა, ლიფტის შახტაში გინდოდა?! /მიათრევს/ მოგიკითხოს ახლა გარიკოვიჩმა, მაგრამ რომელი სულელი მოგიკითხავს! /უკვე ლიფტის კართან არის/ რამხელა ცოდვაში გამხვიე, შე თვითონ ცოდვიანო! /თავისით იღება ლიფტის კარი/ აი, რატომ გვქონია ქართველებს სიტყვა შემომაკვდა, აი!!! /ლიფტში შეათრევს, სიგარეტს სცენის მიღმა მოისვრის, ლიფტის კარი იხურება/

/გამოჩნდება ვალტერ ჩიჩუა/

ვალტერ ჩიჩუა – ლილი! ლი-ლი!!! /მხრების აჩეჩვით/ ლილი დავკარგეთ..
პაციენტებიც დავკარგეთ.. მოკლედ, დაგვენ.. /მიხედ-მოიხედავს, შემდეგ ჟალუზებჩამოშვებულ პალატას მიუახლოვდება/ ბატონო ნოდარ! აი, უკვე მთელი სამი კვირაა, რაც პატივი დაგვდეთ, ასე ვთქვათ, და გვსტუმრობთ, ბატონო! თქვენ უდავოდ კულტურული ოჯახიდან ბრძანდებით და ალბათ, გაგებით მოეკიდებით ჩემს თხოვნას.. ბატონო ნოდარ, ჩემო კეთილო, ძვირფასო ადამიანო, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ აძალებთ პაციენტებს ღვინოს! თუმცა, პაციენტები, თქვენის წყალობით, შემოგვეფანტნენ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მაგრამ.. თუ ვინიცობაა, ღვთის წყალობით, რომელიმე ფეხ, ხელ, ყბა-სახე თუ კისერმოტეხილი პაციენტი გვეღირსა, გაფიცებთ ადამიანობას, ნუ შეხვალთ მასთან ახლო კონტაქტში! /ხანმოკლე პაუზა/ და ნურც პაციენტის ნათესავ-მოკეთესთან, გთხოვთ ძალიან! /ხანმოკლე პაუზა/ .. და თანაც მენდეთ, ბატონო ნოდარ, მენდეთ, როგორც ტრავმატოლოგიის გამოცდილ სპეციალისტს, თქვენი შეხედულება, თითქოსდა ტანინიანი ღვინო ძვალს ამაგრებს, სრულიად მცდარია! დიახ, თქვენ კი რაღაც ენითაუწერელი დაჟინებით ამკვიდრებთ ამ აზრს! მე გეთანხმებით იმაში, რომ ხაში ერთგვარად ხელს უწყობს ძვლის გამთელების პროცესს, მაგრამ ხაში არყის გარეშე, ბატონო ნოდარ! დიახ, არყის გარეშე!!! ხოლო, რაც შეეხება ტანინიან ღვინოს, ნურას უკაცრავად, არამედ პირიქითაც!!! რადგან ფეხმოტეხილმა პაციენტმა მეორე პალატიდან მიირთვა თქვენთან ერთად ზემოთნახსენები სითხე და მეორე ფეხიც მიიტეხა ცხვირ-პირთან ერთად! მერე გვაგინეს, პაციენტი წაიყვანეს და კომპენსაციაც გადაგვახდევინეს! /ვალტერ ჩიჩუა ცხვირს შეიჭმუხნის, ჰაერს შეისუნთქავს, მიიხედ-მოიხედავს, კვამლს შენიშნავს, გარბის, ნამწვს აქრობს/ და გთხოვთ კი არა, მოვითხოვ უმკაცრესად, ნუ აგდებთ ჩაუქრობელ სიგარეტს ურნაში, ურნა არაა კალათბურთის კალათა, ხოლო სიგარეტი არაა კალთბურთის ბურთი, და თანაც პლასტმასი იწვის, ბატონო ნოდარ!, აქ ყველაფერი იოლად აალებადია, აქ შეიძლება დიდი ხანძარი გაჩნდეს!

/იღება ლიფტის კარი. შემოდის ნოდარი/
ნოდარი – რა ხანძარიო, ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა /კვამლს ფანტავს ხელით/_ რა და ხანძარი!!! აქ.. იწვის, ბატონო, თქვენის წყალობით და ძალიან გთხოვთ, მოეშვით ამ ფამილარულ ვალტერს, მე ბატონოთი მოგმართავთ, მგონი..
ნოდარი – . ხანძარი ახლა ჩემს სულშია, ვალტერ, მე ჯოჯოხეთის გეენა მელის.. მაგრამ წარსული უნდა დაიწვას, უნდა მოიკვეთოს! და იცი რა, ვალტერ? მე მივხვდი, რომ თურმე ცოლის წარსულიც შენი წარსულია! ისიც უნდა დაიწვას!
ვალტერ ჩიჩუა – ამ კლინიკას არ დაგაწვევინებთ, არა! წაბრძანდით საკუთარ ოჯახში და იქ დაწვით, რაც თქვენს სულსა და გულს მოესურვება! ჩვენი კონტრაქტი ანულირებულია! მორჩა, მე ჩემი ვზღე! საკმარისია! მეც ადამიანი ვარ და მაქვს უფლება ვიკითხო, როდემდე, ბატონო, რო-დე-მდე!!! რა დღეში ვარ იცით?! იცით?! ასეთ ყოფას შახტაში მუშაობა მიჯობს, ბნელ შახტაში!
ნოდარი – /მკვეთრად გამოხედავს/ ვინ გითხრა, რომ შახტაში ვიყავი?! რა მინდოდა მე შახტაში?!
ვალტერ ჩიჩუა – რომელ შახტაში, ვერ გავიგე?!
ნოდარი – შახტაში იყავიო, არ დამაბრალე? რა მესაქმებოდა მე ლიფტის შახტაში, რა?!
ვალტერ ჩიჩუა – /დაბნეული/ .. არაფერი.
ნოდარი – პატარა ბავშვი ხო არა ვარ, ლიფტის შახტაში ვითამაშო.. არავითარ შახტაში არ ვყოფილვარ, ლიფტით ვიკატავე უბრალოდ, არ შეიძლება?!
ვალტერ ჩიჩუა – /უაღრესად დაბნეული/ კი.. შეიძლება………
ნოდარი – აბა, ნუ მაბრალებ შახტაში იყავიო.. არავითარი ლიფტის შახტა არ ვიცი მე!
ვალტერ ჩიჩუა – /თანდათან ღიზიანდება/ თქვენ.. თქვენ.. თქვეთქვეთქვე… დამცინით კიდეც?! მიბრძანდით ახლავე აქედან!!! არაფრად არ მიღირს ეს შეურაცყოფა და დაცინვა! მიბრძანდით, მიბრძანდით!!!

/ვარჯიშით შემოქანდება ელ-გუჯა, რამდენიმე ბრუნს აკეთებს/

ვალტერ ჩიჩუა /ელ-გუჯას მიაცქერდება, შემდეგ ნოდარს გამოხედავს/ ._ ანდა დარჩით! მაგრამ, ოოო… მაგრამ, ნუ გაგვიჩენთ ხანძარს, აქ კლინიკაა, ჩვენ წითელი ჯვრისა და ყვითელი ნახევარმთვარის ჰუმანიტარულ მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, ჩვენ კეთილი საქმეები გვიკეთებია, ჩვენ დიპლომიც გვაქვს!
ელ-გუჯა /თან ვარჯიშობს/_ რაო, ხანძარიო? ვისზე გამოვწერო ჯარიმა!
ვალეტრ ჩიჩუა – გამოწერეთ ჯარიმა ჩემზე.. დაე! ვიმსახურებ, ყოველმხრივ ვიმსახურებ, რადგან ასეთი იდიოტი გამოვდექი, გამოწერეთ ჯარიმა, გამანთავსიუფლეთ ფულადი სახსრებიდან, მე ვიმსახურებ ამას..
ნოდარი – მეც!
ელ-გუჯა /ვარჯიშობს/ _ თქვენზეც გამოვწერო ჯარიმა?!
ნოდარი – მეც ვიმსახურებ.. თავისუფლებას ვიმსახურებ.. განთავისუფლებას ვიმსახურებ.. ვიმსახურებ და დავიმსახურე კიდეც და ახლა ძალიან თავისუფალი ვარ! /ელ-გუჯა და ვალტერ ჩიჩუა ნოდარს მიაცქერდებიან/ მე ვარ უაღრესად ზეთავისუფალი, მაგრამ ცოდვილი ადამინი! მეტსაც გეტყვით, მეგობრებო, მე ცოდვის ფასად მივაღწიე თავისუფლებას! დიახ! მაგრამ მხრუვალე ლოცვით გამოვისყიდი ცოდვას და საბოლოოდ ჩამოვყალიბდები, როგორც ცოდვაგამოსყიდული, ჭეშმარიტებას ნაზიარები, ძალიან თავისუფალი, დადებითი ადამიანი! თეთრი ხელთათმანებით თავისუფლებას ვერ მოიპოვებ, ვერა!!! მე იძულებული გამხადეს! კი! სწორედაც!!! /პირდაღებულ პატრულსა და ექიმს მიაცქერდება/ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მოვეჭიდე ახლა.. წავიდეთ ჩემთან, ოთახში, ბევრს ნუ დავლევთ, მარხული ვარ, თითო ჭიქით ავღნიშნოთ! თანაც ისე თოვს.. ჰა?!
ვალტერ ჩიჩუა – ვერა, გეთაყვა, მე ზარალი მაქვს დასათვლელი…
ელ-გუჯა – ვერც მე.. ვვარჯიშობ, აი!
ნოდარი – გთხოვთ, რა, მეგობრებიც შემოგვესწრებიან..
ვალტერ ჩიჩუა – ვერა ბატონო, ვერა, თქვენ ისიამოვნეთ მეგობრებთან, მე ზარალს დავითვლი ჩემთვის..
ნოდარი – გაფიცებთ!
ელ-გუჯა – მე დამაფიცა უკვე… მეთაურმა..
ვალტერ ჩიჩუა – მეც.. ჰიპოკრატემ.. მხოლოდ მეგობრები მეორე შესასვლელიდან შეიყვანეთ, კლინიკაა ჯერ კიდევ..
ნოდარი – გავაფრთხილე უკვე, მეზობლები არ შემიწუხოთ მეთქი.
ვალტერ ჩიჩუა – . მადლობთ!
ნოდარი /პალატს მიუახლოვდება/ _ თქვენ რომ იცოდეთ, თოვლი რა თეთრია, მე კი რა ცოდვილი.. /ერთხელაც გამოხედავს მუდარით/ გაფიცებთ! /ხელს ჩაიქნევს/ ეე.. /ჟალუზებს ასწევს, გამოხედავს/ ისე, აქ ვარ, რამე რომ იყოს.. /ჟალუზებს ჩამოსწევს/
ვალტერ ჩიჩუა – გაიგეთ, ელ, გაიგეთ! მეზობელიც გავხდი თურმე ამისი!!! ეს.. ეს.. ესესესეს… ბინადარი ეს, მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ელ! თავად ლილაც კი..
ელ-გუჯა – ლილი დააყენა თავდაყირა?! როგორ?!
ვალტერ ჩიჩუა – როგორ და, აი, ასე, ელ, ასე! ადრე, იმ კარგ დროებაში, როცა საათივით იყო აწყობილი საქმე, საკმარისია ერთხელ მომეხმო ის, ისისის.. ნაზი, ნაზი, ცქაფი, სალუქი, მწყაზარი და ლილიც უმალ ჩემთან გაჩნდებოდა ხოლმე..
ელ-გუჯა – ჩემს ცოლზე ამბობთ?
ვალტერ ჩიჩუა – რას ვამბობ თქვენს ცოლზე?! ა, ხო! ის თავდადებული მუშაკი, გამრჯე, ბეჯითი, ჭკვიანი, უმალ საქმისთვის იყო მომართული.. ახლა კი რაა, ელ, რაა, თავად იხილეთ რა სავალალო დღეში ჩავვარდით.. /პირთან მიიტანს ხელს/ ლილიი! ლი-ლი!!! /გამოხედავს/ აღარ რეაგირებს, წარმოგიდგენიათ?!
ელ-გუჯა – ლილი! ლილი!
ვალტერ ჩიჩუა – სულ ტყუილია, ელ, დავკარგეთ ლილი..
/აიწევა ჟალუზები, ნოდარი გამოჩნდება/.
ნოდარი – და ის არ დამეწვევა?
ვალტერ ჩიჩუა – ვინ ის?!
ნოდარი – ის.. ჩვენი, კაცო! ლილი..

/გამოჩნდება ლილი, თეთრი ხალათი აცვია, თითქოს ფეხის წვერებზე შემდგარა/

ლილი /ნოდარს მიცქერილი/ _ ვიღაც მიხმობდა თითქოს, ვიღაც! ვიღაც ისეთი ჟინით მიხმობდა თითქოს..
ნოდარი /ლილის მიცქერილი/ _ რატომ?! რატომ, რატომ, რატომ დაჰყვება აი, ამ ლილის შტარუსის ვალსი!

/საიდანღაც მართლაც მოატანს შტარუსის მსუბუქი მელოდია: – ტარამ, ტარამ,ტარამ, ტამ, ტამ! ტარამ, ტარამ, ტარამ, ტამ, ტამ! ელ-გუჯა და ვალტერ ჩიჩუა დაწყვილდებიან, ნოდარსა და ლილის შეჰყურებენ და მელოდიას აყოლებენ ფეხს, ნოდარი და ლილი კი შორიდან შესცქერიან ერთმანეთს/

ნოდარი – რად?! რად დასხდომიან სათუთ მხრებზე მოლაღურა ჩიტები, და რად, რად სტვენენ ასე წარმტაცი, მიამიტი თავდავიწყებით..
ლილი – ის ის სულ ცოტათი პოეტი ჩანს, და მე ეს მაკრთობს.. ტარამ, ტარამ, ტარამ
ნოდარი – ტამ, ტამ.. ტარამ.. ასე მგონია, ეს მოსარკმული დარბაზები ოდესღაც მქონდა! უცნაურია, ისევ აქ ვარ.. ლილი!
ლილი – ნოდარ, მე მზად ვარ..
ნოდარი – მეც, ლილი! მზად..
ელ-გუჯა – /შეწყვიტეს ცეკვა/ რაო?! მზად რისთვის?!
ვალტერ ჩიჩუა – სამწუხაროდ, ელ, ალბათ აცრისთვის..
ელ-გუჯა – კარანტინი გაქვთ კლინიკაში, ბატონო ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა – /ელ-გუჯას მიაცქერდება/ .. მდა! უშეღავათო მდგომარეობაა.. ფრიად!

/იღება ლიფტის კარი, გამოჩნდება ზუკა/

ზუკა – დავალებული მაქვს, ურთიერთობას მოვერიდო და მხოლოდ წერილის შინაარსი გაგაცნოთ, ბატონო ნოდარ!
ნოდარი – რა წერილის, ზუკა, რომელი წერილის?! რა უნდათ, ვალტერ, ჩემგან, რად მთავაზობენ მოსაწყენ ეპისტოლარულ ჟანრს, როცა მეე.. მე ასე ვიწვი!
ვალტერ ჩიჩუა – დაწვა და ხანძარი იქ, საკუთარ ოჯახში, ბატონო ნოდარ, იქ თქვენ მოენატრეთ, აი, წერილიც გამოუგზავნიათ. წაგვიკითხეთ, ყმაწვილო, წაგვიკითხეთ!
ზუკა /კონვერტს გახსნის, ჩაახველებს/ _ წერილი ქალბატონ თამარისგან: ნოდარ, ნოდარიკო, ნოდარ!!! /ამოიხედავს/ ძახილის ნიშანი.. სამი.. ვაგრძელებ კითხვას: ის წავიდა, ნოდარიკო, მე ვაიძულე! დაგვიბრუნდი, შენ ჩვენ გვჭირდები, როგორც ჩვენ გჭირდებით შენ! ანდა, ნოდარიკო, თუკი ფუფუნებასა და განცხრომაში ხარ, ჩვენ რატომ არ წაგვიყვან, სადაც თავად ბრძანდები! მოკლედ, ნოდარიკო, ან აქ მოდი, ან ოჯახი აცხოვრე შენს გვერდით!!! /ზუკა ამოიხედავს/ ისევ ძახილის ნიშანი და ისევ სამი. სტილი დაცულია. მერე პ.ს. შე, უსინდისო ნოდარიკო… /ამოიხედავს/ და სამი წერტილი. მეც სამ ტყუპს ველოდები, სამივე გოგოაო ექოზე მითხრეს, რას უნდა ნიშნავდეს?
ვალტერ ჩიჩუა – იქ ენატრებით, იქ. აქ არავითარ შემთხვევაში, ბატონო ნოდარ, იქაა ბედნიერება და ჰარმონია, მენდეთ..
ლილი – არა, არა, მისი სრულებით არ ესმით! რა ვულგარული ტონი იგრძნობა წერილიდან, ღმერთო ჩემო! /მიდის, ცხვრისახოცს იფარებს თვალებზე/
ელ-გუჯა – ლილიი, რატომ აღელდი, ლილი, მე არ მესმის! /მიყვება/
ნოდარი /ძალიან ენერგიულად/ აიიი! აიიი!!! ლილის ესმის ჩემი, აიიი! გმადლობთ, ლილი, გმადლობთ, შენ ჩემო დაკარგულო და ხელახლა აღმოჩენილო ცხოვრებავ, გმადლობთ, აიი! თვითონ არ დამტოვეს, ვალტერ, ძმაო, თვითოონ! თვითონ თამრიმ არ წაიყოლა ის ნაბოზარი დედამისი?… /პირჯვარს იწერს/ ღმერთო, მაპატიე, მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, მაგრამ ხომ თვითონ წაიყოლა ჩემს ბინაში, მე კი დამტოვა აქ, აქ მიმაგდო, და მოწმენი ხართ თქვენ, ყველანი, როგორ მიმაგდეს, მიმატოვეს, და როგორ აღვსდექ! მე აქ აღვსდექ, მე აქ განვახლდი, ააქ! აქ, სადაც ასე შვებით ვსუნთქავ და ამას დავთმობ, ამას, ვალტერ!!!
ვალტერ ჩიჩუა – მე ექიმი ვარ, ბატონო ნოდარ, და კარაგდ ვგრძნობ ადამიანის ფსიქოტიპს, ასე ვთქვათ.. თქვენ თავადაც ვერ ხვდებით, როგორ გენატრებათ ოჯახი! მეტიც, თქვენ გენატრებათ ნაცნობი ატმოსფერო, თქვენი ჟანგბადი იქაა, აქ – არა, იქ!
ნოდარი – რაა იქ, ვალტერ ჩემო, რა?! რა მენატრება, ამიხსენი, ბაზრობათა ჯგლეთა – ყაყნი მენატრება?! წამიყვანეთ ლილოში, წამიყვანეთ, ხელს წამაყოლეთ ლილოში, რომ შევიძინო ფისუნიები, ამუნიები, ნაირფერი ბუშტები და მატარებლები; და დავიტვირთო იაფფასიან ხლამ-ნაგავით და ისევ ვთხოვდე ვინმე ჯუმბერს, ანზორს, ენვერას, წამომიყვანეთ, წამომაყოლეთ ხელს ლილოდანაც, რომ დავზოგო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორი შაური, რადგან მანქანა მივაყიდე და ამას ვნანობ!
ვალტერ ჩიჩუა – მდა.. რთული ცხოვრება დაგვიდგა, ძალიან რთული!
ნოდარი – /ზუკას მიუბრუნდება/ წადი!
ზუკა – დავალებული მაქვს გადმოგცეთ, თუკი არ დაბრუნდებით, ის თვითონ მოვა!
ნოდარი – თამრი მოვა?! რა პირით მოვა! და თუ მოვა.. ეგ მე ვიცი..
ზუკა – გამორიცხული არ არის, ლიზა გრიგორიევნა ჩამობრძანდეს ერევანიდან, ამას მე თვითონ ვვარაუდობ..
ნოდარი – სულ ტყუილად ვარაუდობ მაგას, ზუკა! რადგან, ისეთ ადგილას გაემგზავრა გრიგორიევნა, საიდანაც აღარასოდეს დაბრუნდება გრიგორიევნა! ახლა კი წადი! წადი, გამშორდი, ზუკა, წადი მეთქი, ანდა მოდი! /ვალტერ ჩიჩუას ჩაულაპარაკებს რაღაცას, ექიმი უკმაყოფილოდ გამოხედავს ნოდარს, თუმცა მაინც აძლევს ფულს, შემდეგ კი უბის წიგნაკში ჩაწერს გაღებული თანხის ოდენობას/ ეს შენი სახელით შეიტანე ოჯახში. /ფულს გაუწვდის/ მე არაფერ შუაში ვარ, იცოდე! წამოვედი მე ოჯახიდან.. თავისუფალი ადამიანი ვარ ახლა მე! /ერთ ბანკნოტსაც გაუწვდის/ ეს შენთვის გქონდეს, სიგარეტის ფულად..
ზუკა – სიგარეტს არ ვეწევი, ღვინოს არ ვსვამ, წამალს არ ვიკეთებ, არც ტოტალიზატორში ვთამაშობ და არც საუნაში დავდივარ, მაგრამ მაინც ვერ დავიწყე მუშაობა, უცნაური არაა?!
ნოდარი – კარგი ახლა, ზუკა, ნუ ამატირებ! მაინც გედოს ჯიბეში, კაცი ხარ…
ზუკა – მადლობთ. /მიდის/
ნოდარი /ნერწყვს გადაყლაპავს, თვალი მოეცრემლება../_ არაფრის. /შემდეგ ვალტერ ჩიჩუას გამოხედავს/ რა ქნას ამ ბიჭმა, რა?!
ზუკა /თითქმის ლიფტის კართან არის მისული, მოტრიალდება/_ კი მპირდებოდნენ სამსახურს, კომპიუტერულ ფირმაში პროგრამისტად, ანდა მაუდ -კამვოლის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად, მაგრამ ჩაიშალა, რატომღაც, ორივე.. აქ რამე სამუშაო არაა, ჰა?!
ნოდარი – წადი, ზუკა, წადი, არაა აქ არაფერი, წადი ოჯახში!
ზუკა – ბოდიში.. /ლიფტში შევა, დაიხურება კარი/.
ვალტერ ჩიჩუა – მაუდ-კამვოლის ქარხანა კიდევ არსებობს? რა უცნაურია..
ნოდარი /თავის პალატს მიუახლოვდა, სანამ ჟალუზებს აჰკრავდეს ფეხს/ .. კარგი რა, ვალტერ, ისედაც მომეშხამა ხასიათი, ამის.. /ფეხს აკრავს ჟალუზებს, როგორც კი რკინის ფარდა აიწევა, ოთახიდან სუფრის სიმღერა მოატანს, შემდეგ ჟალუზებიც ჩამოეშვება/
ვალტერ ჩიჩუა /ერთხანს ყური მიუგდო სიმღერას/ _ კარგდ მღერიან, კი.. მარხულობენ, ბატონო, ოღონდ ღვინით.. მდაა…

/იღება ლიფტის კარი. სახეგაბადრული ასმათი და ტარიელი გამოჩნდებიან. ტარიელს ერთი ბოთლი შამპანური და ბონბონიერკა დაუიღლიავებია/

ასმათი – ძვირფასო, ბატონო ვალტერ, აი, ჩვენც დავბრუნდით!
ვალტერ ჩიჩუა – ახ, ნურ დი ნიშთ! ოღონდ ესენი არა ღმერთო!
ტარიელი – რა ბრძანეთ, ბატონო ვალტერ?
ვალტერ ჩიჩუა – რამდენს უნდა გაუძლოს ინტელიგენტმა ადამიანმა მეთქი, აი, რაც ვბრძანე!
ტარეილი – ანუ? რამეთუ?!
ასმათი – მე მესმის ბატონი ვალტერის, ტარიელ! მე ისე მესმის მისი..
ტარიელი – გახსოვთ სახელი რომ გეშლებოდათ ჩემი.. ტარასს მეძახდით, გახსოვთ, ბატონო ვალტერ! რა სასაცილო იყო – ხა, ხა, ხა!
ვალტერ ჩიჩუა – რა დამავიწყებს ტარას ბულბას, ბატონო! რაო, მოიხილეთ პრაღა, ქალბატონო ასმათ, იქორწინეთ და იმოგზაურეთ ცენტრალურ ევროპაში?!
ასმათი – ვენაში გახლდით, ჟენევაშიც, მერე ბუდაპეშტი, ვარშავა, კიევი და მერე აქეთ, ფული შემოგევლია…
ტარიელი – ისეთი მადლობელი ვარ ქველმოქმედებისთვის, მეტი რო არ იქნება, რამეთუ, ძალიან გავიფართოვე თვალსაწიერი; წარმოაგიდგენიათ, ბატონო ვალტერ, ვარშავაში დავტოვეთ მზიანი ამინდი, თბილისში კი რა ხვავრიელად თოვს, აირია ბუნება თუ რაა, ვერ გავიგე..
ასმათი – აირია, კი, ძალიან აირია ყველაფერი, ტარიელ!… რა უნდა მეკითხა, ბატონო ვალტერ, რაღაც სიხალვათეა თქვენთან, არც პაციენტები, არც მედპერსონალი, რა ხდება?!
ვალტერ ჩიჩუა – რა ხდება და გვენძ.. ქალბატონო, ნუ მათქმევინებთ ყველაფერს, მეუხერხულება…
ასმათი – აა, მე მესმის.. ამას წინასწარ ვგრძნობდი კიდეც, რომ დაგენძ.. უი, ბოდიში.. ის როგორ არის? ბინადარი?!
ვალტერ ჩიჩუა – ბინადარიო? რა უცნაურია, მეც ბინადარი შევარქვი…
ტარიელი – უჰ, ასმათს ისეთი ნიჭი აქვს.. მართლა როგორ არის?
ვალტერ ჩიჩუა – რა უჭირს, მარხულობს, მხოლოდ ღვინით, შინაურ კაცად იქცა, მადლობა მოკითხვისთვის..
ასმათი – ბატონო ვალტერ, აქ ისეთი სიხალვათეა, იქნებ ერთი ღამე ჩვენც გაგვათევინოთ, ამ თოვლში გზები ჩაუხერგავთ…
ვალტერ ჩიჩუა – თქვენ უარს როგორ გეტყვით, ქალბატონო, გადაიზამთრეთ, გეთაყვა, გადაიზამთრეთ! /გასძახებს/ ელ! თქვენც გადაიზამთრეთ, არ მოგერიდოთ! /ნოდარის პალატას გახედავს/ ის ხომ იზამთრებს და იზამთრებს, და საერთოდ, მგონი უსახლკაროთა თავშესაფარად უნდა ვაქციო ეს კლინიკა! გადაიზამთრეთ, გეთაყვა, ვისაც არ გეზარებათ, ყველამ გადაიზამთრეთ! /მიდის/
ტარიელი – ბატონო ვალტერ, შამპანური მოგართვით!
ასმათი – ბონბონიერკითაც მოგიკითხეთ, ბატონო ვალტერ! გერმანულია, ნახეთ!

/მიყვებიან ვალტერ ჩიჩუას. მათი გასვლისთანავე ჩამობნელდება. შემდეგ, სადღაც სცენის სიღრმიდან გამონათდება ჯიბის ფანარი, სიბნელეს გაკვეთს, ჟალუზებჩამოფარებულ პალატას დაადგება. თითქოს მისტიკური ძალის ზემოქმედებითო თანდათან აიწევა ჟალუზები. მაგიდაზე თითქმის დაცლილი ოცლიტრიანი, ჭიქები, თეფშები და საფერფლე მოჩანს. ნოდარს გაუხდელად ჩასძინებია საწოლზე, თანაც ხვრინავს. ფანარი ჩაქრება. ნოდარს თამრი უახლოვდება/

თამრი /საწოლის კიდეზე ჩამოჯდება/_ ჩაიჩოჩე, ჩაიჩოჩე, ნოდარიკო, ცოტა ჩაიჩოჩე, გენაცვალე, ჩემო ნოდარიკო, მეც წამოვწვები, თორემ ძალიან გავიტანჯე ღამეებით, რომელსაც თეთრად ვათენებ, იმდენად მშვიდია უშენოდ, ნოდარიკო; და მომენტრა ის დრო, როცა გვერდი-გვერდ ვიწექით და შენი ხვრინვა-ხროტინი ძილს მიფრთხობდა და ძალ-ღვიძილში ვფიქრობდი, არ დაიხრჩოს, არ გაიგუდოს მეთქი ეს შეჩვენებული და თანაც მეღვიძა და თანაც მეძინა და ის შფოთიანად უშფოთველი ძილი მომანტრა, ნოდარიკო, ჩაიჩოჩე, გენაცვალე, ცოტა ჩაიჩოჩე, მეც მივდო თავი სასთუმალზე, ასე, ჩემო ნოდარიკო, ჩაიჩოჩე, ჩაიჩოჩე.. /თამრი ნოდარის გვერდით მიწვება და თვალებს მილულავს/
ნოდარი /ხელს გადახვევს თამრის/ – .. ლილი!
თამრი /თვალებს დააჭყეტს/_ ლილი?! ვინ ლილი?!
ნოდარი /ხელს კრავს, საწოლიდან გადმოაგდებს თამრის/_ უხ, შენი დედა..
თამრი /ძალიან მონდომებულად, მთელი გულით/ _ შემაგინე, შემაგინე, ჩემო ნოდარიკო, შემაგინე, რაც შეიძლება მძაფრად შემაგინე, გენაცვალე! ეს ცხოვრება ისეთი ნაცრისფერია შენი ძარღვიანი გინების გარეშე, რომელიც მამა-პაპაური წიაღიდან მოედინება და ასე მაცოცხლებლად ეხლება ჩემს მიმკვდარებულ წიაღს, ნოდარიკო, რომ ახლა მივხვდი, ახლა, ახლა გავიგე, ამ გინების გარეშე მე ბერწი ვარ, მე არ ვარსებობ, ჰოდა, შემაგინე, ნოდარიკო, ისე ძალიან შემაგინე, რომ მეც გამიჩნდეს სურვილი და მეც შეგაგინო და ვაგინოთ ერთმანეთს და ვიცხოვროთ ტკბილად, ნოდარიკო, ნუ დავანგრევთ ოჯახს, გენაცვალე!!!
ნოდარი – ახლა მეუბნები, ახლა?! აქ ვინ დამტოვა, ვინ?!
თამრი –ეს სტრატეგიული უკანდახევა იყო, ნოდარიკო! არ გვქონდა ფული, რა უნდა მექნა, საიდან მეშოვნა, მე ისევ ოჯახისთვის მოვიქეცი ასე, დიახ, ოჯახისთვის! ვიფიქრე, მობეზრდებათ ნოდარიკო და გამოუშვებენ მეთქი სახლში!
ნოდარი – მე აღარ მოვდივარ, თვითონ მე! მორჩა, დამთავრდა ის ცხოვრება.. მე სულით პოეტი ვიყავი მუდამ და შენ არ გესმოდა ჩემი..
თამრი – მე არ მესმოდა შენი? რას ამბობ, ნოდარ, ნოდარიკო, ნოდარ, მე თუ შენი არ მესმის, იმ ვიღაც ლილის ესმის შენი?!
ნოდარი – ლილის მოეშვი, უმჯობესია გაიხსენე, აქედან როგორ გაცუხცუხდით! ახლაც მზარავს ის `ცავატანემ~ დედაშენმა რომ ჩაგძახა ყურში!
თამრი – დედაჩემში არ არის საქმე! დედაჩემი გავისტუმრე, საქმე იმ ვიღაც ბოზ ლილიშია, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ.. მაგრამ, მე გაპატიებ, ნოდარიკო, კაცი ხარ, მესმის! წავიდეთ შინ, დავივიწყოთ……
ნოდარი – არის რაღაც, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ, ვერა…
თამრი – რას, ნოდარიკო, `ცავატანემს~?
ნოდარი /გამოხედავს/ _ მე შენ დედა მოგიკალ, თამრი…
თამრი – ეს რა, ახალი გინებაა? დედა მოგიკალ.. ადექი, ადე, ნოდარიკო, შინ წავიდეთ, ვიღაც ბოზები არ მანაღვლებს, მე ცოლი ვარ!!!
ნოდარი – ის ბოზი არაა, თამრი..
თამრი – რას მელაპარაკები, აბა, ვინაა?!
ნოდარი /ამოხედავს/ _ არაა ბოზი, არა.. მას შტრაუსის მსუბუქი ვალსი დაჰყვება თან, სათუთ მხრებზე კი მოლაღური ჩიტები ასხედან და სტვენენ.. სტვენენ, სტვენენ ჩიტები..
თამრი – .. ჩიტები სტვენენ?!
ნოდარი – ხო, ჩიტები.. რაღაც წარმტაცი, მიამიტი თავდავიწყებით..
თამრი /პაუზის შემდეგ/_ ყველაფერს გაპატიებდი, ნოდარიკო, ყველაფერს, ამას კი ვერა.. /გაეცლება, ლიფტისკენ მიდის, შემოტრიალდება/ შენ გგონია, ამდენ რეცხვა-ხეხვა-გარჯაში შურისძიების გრძნობა აღარ შემრჩა, ნოდარიკო?! შხამს და სამსალას შეგასმევ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, ნოდარიკო!
ნოდარი – .. მართლა მკვლელი ვარ, თამრი, არ გატყუებ!
თამრი – ჰო, მკვლელი ხარ! ახლა მომკალი საბოლოოდ!
ნოდარი – დამიჯერე, დედა მოგიკალ, მე ცოდვილმა..
თამრი – ეგ გინება აღარ მაღელვებს.. მხოლდო მე მკლავდი, თორემ, შენ ვინ ხარ, ჩემზე უკეთ იცის კი ვინმემ?! /პაუზა/ შე საზიზღარო ნოდარიკო, ახლა მიფრთხილდი!

/იღება ლიფტის კარი, თამრი შევა, კარი იხურება/

ნოდარი /ლიფტს მიუახლოვდება, ხელს შეახებს კარს/_ არ სჯერა, არა, ამ უტვინოს.. აი, სამარე დედაშენის, ლიფტის შახტა… ოხ, როგორ ბრწკენს გულს ეს ცოდვა… ლილი, მიშველე!

/გამოჩნდება ლილი,/

ლილი – მეძახდით, ნოდარ? შემომესმა თუ მართალია?!
ნოდარი /ლილის მიცქერილი/_ რატომ?! რატომ, რატომ დაჰყვება, აი, ამ ლილის..
ლილი – გულს უჩივით?!
ნოდარი – ჰო, გულს ვუჩივი.. მიშველე, ლილი, ჰუმანიტარულ მისიათა თეთრო ფერიავ!
ლილი – ასე მგონია, რომ ეს სტრიქონი წამიკითხავს… უილიამთან?!
ნოდარი – შექსპირს გულისხმობთ?!
ლილი – ნუთუ იცნობდით, ნოდარ?!
ნოდარი – არა, არა, პირადად არა..
ლილი – და შარლს?
ნოდარი – ბოდლერს?! ისე, შორიდან, მხოლოდ სალმით.. მე გული მტკივა…
ლილი – ძალიან გჩხვლეტთ?
ნოდარი – დიახ, ძალიან.. აი, აქ, შიგ გულში მტკივა გული.. წამოდით ჩემთან!
ლილი –ოჰ, იქ, თქვენთან..
ნოდარი – ჰო, ჰო, ჩემთან.. იქ ჩვენ დაგვხვდება..
ლილი – .. იქ ჩვენ დაგვხვდება თითქმის დაცლილი ოცლიტრიანი..
ნოდარი – მგელაძის ჭიქა ხუთიოდე..
ლილი – ორიოდე განსხვავებულიც, და ეგზოტიკა, რომელსაც მუდამ ასე ველტვოდი, გამაყუჩებელს გაგიკეთებთ..
ნოდარი – გამაყუჩებელს გამიკეთებთ?!
ლილი – დიახ, შიგ გულში..
ნოდარი – ოჰ, როგორ სტვენენ მოლაღურები..

/პალატაში შეაბიჯებენ, ნოდარი ჟალუზებს ჩამოუშვებს, გამოჩნდება ვალტერ ჩიჩუა თოკით ხელში. სკამზე შედგება, თოკის ბოლოს ჭაღზე გამონასკვავს, მეორე ბოლოდან ყულფს გააკეთებს, თავს შერგავს ყულფში. მობილურის ზარი./

ვალტერ ჩიჩუა – ფისო, მშვიდობით, ბუღალტერიას გადავხედე და ამ კრახს სიკვდილი მიჯობს, ფისო! /პაუზა/ როგორ არ მესმის ბუღალტერია, ფისო, ბუღალტერია მესმის თუ მესმის.. /პაუზა/ ქალო, გესმის შენ, თავს ვიკლავ ახლა, თავს! /მობილურს გვერდზე გასწევს, თუმც არ გამორთავს./

/შემოდის ელ-გუჯა/
ელ-გუჯა – სად დამეკარგა ეს ლილი, ხომ არ გინახავთ?!
ვალტერ ჩიჩუა /მობილურზე უთითებს/ _ აი, მაგინებს!
ელ-გუჯა – ლილი?!
ვალტერ ჩიჩუა – ფისო, ჩემი ცოლი..
ელ-გუჯა – თქვენს მეუღლეს ფისო ქვია?
ვალტერ – ფისოს ვეძახი, ისე ანგელა ქვია..
ელ-გუჯა – ანგელა თუ ანჟელა?
ვალტერ ჩიჩუა /მოწყენილად/_ ვისთვის ანჟელა, ვისთვის ანგელა..
ელ-გუჯა – მერკელი?!
ვალტერ ჩიჩუა – არა, ბატონო, პოლიტიკისგან და შფოთისგან მუდამ განზე ვიდექი!
ელ-გუჯა – და მანდ რას აკეთებთ?
ვალტერ ჩიჩუა – თავს ვიკლავდი, მაგრამ მაგინებს, როგორ მოვიკლა ახლა თავი, აი მოუსმინეთ!.. /მობილურს მიუახლოვებს/.
ელ-გუჯა /ამოხედავს/_ `შვაინო~ – ხშირ-ხშირა იმეორებს..
ვალტერ ჩიჩუა /მობილურს გამორთავს/ _ არა, არა, იმის მაგივრად, მთხოვდეს, ვალტერ, ვალტერ, ეგ არ ჰქნა, საფლავში გამოგყვებიო, მაგინებს. /მობილურს შეინახავს. ელგუჯას გევრდით ჩამოჯდება/ იცით, ელ, მე გულის სიღრმეში რომანტიკოსი ვარ მაინც.. საფლავი სევდიან ფიქრებს უნდა აღძრავდეს ადამიანში.. სად მივექანებით, სად?! ცივ, გულქვა, ანრიშიან პოსტმოდერნში მივექანებით, რაღაც ფსიქოზური აღტკინებით, არ გიფიქრიათ ამაზე, ელ?!
ელ-გუჯა _ ისე რა.. ჩვენ ახლახანს მოქალაქეებთან მოქცევის წესები დაგვირიგეს, პატარა ბუკლეტია, ზრდილობიანები უნდა იყვნენ პატრულებიო, ძირითადად ეს წერია..
ვალტერ ჩიჩუა – აი, ჩვენი ყოფიერების იდიოტური მისწრფება, ყველაფერი ჩარჩოში მოაქციოს, დაშტამპოს, სასაქონლე სახე მისცეს და გაყიდოს.. გესმით, რა დროს მოგვიწია ცხოვრება? საშინელებაა, ელ, ჩვენ მაქსიმალურად დავშორდით ღმერთს და მაქსიმალურად მივუახლოვდით უფსკრულს, რომლის ფსკერზეც უსისცოცხლოდ განისვენებენ კომპიუტერები, ტელევიზორები, მაცივრები, სხვადასხვა თაობის მობილურები და კიდევ ბევრი სხვა რამ, მათ შორის, თქვენი ბუკლეტიც.. აი, ესაა პოსტმოდრენული სასფლაო და მე იქ არ მინდა; მე მინდა მქონდეს პატარა, მყუდრო საფლავი, სადაც იშრიალებს ტირიფი, რკინის რიკულებზე შემომსხდარი ჩიტებით, ელ..

/უეცრად ჩიტების სტვენა-გალობა მოატანს საიდანღაც/

ელ-გუჯა – აი, ჩიტები..
ვალტერ ჩიჩუა /სევდიან ფიქრებს მიცემული/ _ კარგად გალობენ..
ელ-გუჯა – დიახ, კარგად..
ვალტერ ჩიჩუა – მოუსმინეთ, მოუსმინეთ, აი, ის ტოროლა უნდა იყოს
ელ-გუჯა – ვითომ?
ვალტერ ჩიჩუა – კი, აშკარად ტოროლაა.. კარაგდ უსტვენს..
ელ-გუჯა – დიახ, ძალიან კარგად…
ვალტერ ჩიჩუა /გაღიმებული/ _ ტოროლა.. /პაუზა/ და აგრეთვე მოლაღურა.. /სახე შეეცვლება/ ჩი-ტე-ბი..
ელ-გუჯა – მოლაღურიც უსტვენს? ამ თოვლიან ღამეში, საიდან?!
ვალტერ ჩიჩუა /პალატას გახედავს/ _ ესესესეს აღმაშფოთებელია! /წამოდგება/

/-ახ! – მოატანს პალატიდან ლილის ამოკვნესა/

ვალტერ ჩიჩუა /სასოწარკვეთილი სახით დაემხობა სკამზე/ _ აი, აიცრა!
ელ-გუჯა – ა, მივხვდი, ლილი ხო ექთანიცაა!
ვალტერ ჩიჩუა /ელ-გუჯას გამოხედავს გაცეცხლებული/ _ ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გაიღვიძოს თქვენში გუჯამ!!! მე თავს ვიკლავ, მაგის დედაც.. /ისევ შედგება სკამზე, ყულფში გაყოფს თავს/
ელ-გუჯა – რატომ ღელავთ ასე, ბატონო ვალტერ! ლილის ჩემში სწორე ელი უყვარს, გუჯა არა.
ვალტერ ჩიჩუა – ელი უყვარს არა?! ეყვარება კი.. რატომ არ ეყვარება..
ელ-გუჯა – ჰო, ელი.Hჰო! ელი ისეთი სანიმუშოაო, მეუბნება ლილი, ელს თავის მოვალეობები აქვსო, გუჯას კი მხოლოდ უფლებებიო..
ვალტერ ჩიჩუა – გასაგებია ყველაფერი, ქალი რის ქალია, თუ დემოკრატიაც კაბასავით არ მოირგო ტანზე! მშვიდობით, ელ, კაცობრიობამ ამოსწურა ყველა იდეა, სიცოცხლე არ ღირს!!!

/აიწევა ჟალუზები, იქიდან ლილი გამოდის, ვალტერ ჩიჩუა ხელზე იკბენს, გასაწყლებული შესცქერის ლილის/

ელ-გუჯა – როგორ ჩაიარა აცრამ, ლილი?!
ლილი – აცრამ? აცრამ ჩაირა ძალიან, ძალიან..
ვალტერ ჩიჩუა – /სასოწარკვეთილი/ ძალიან?!
ლილი – ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან..
ვალტერ ჩიჩუა – ჰო, ამოსთქვი, თვითმკვლელობამდე გულს ნუ მიხეთქავ!!!
ლილი – ძალიან… /პაუზა/ ტრადიციულად, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე, როგორც ნაბახუსევზე იცის ხოლმე…
ვალტერ ჩიჩუა /იმედით/ _ მაშ, ფანტაზიის გარეშე? ლილი..
ლილი – ეგ კაცი ცოტა ვერ არის.. ანდა, არა, ვიცი რაც სჭირს! მას ალკოჰოლური მოწამვლის ყველა ნიშანი აღენიშნება.. კუკუდამალობანა ვითამაშოთო, შემომთავაზა, წარმოგიდგენიათ?
ელ-გუჯა- ასეთი მძიმე აცრა იყო?
ლილი – შეიძლება ითქვას, ჰო.. მძიმე.. შეცდომა.. /ახედავს ვალტერ ჩიჩუას/ მოკლედ, ეს ბინადარი კლინიკიდან უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალე, ბატონო ვალტერ..
ვალტერ ჩიჩუა – ლილი, თქვენ მე სიცოხლე დამიბრუნეთ, თქვენ, ლილი, ახლა ისეთი ძალა მომანიჭეთ, რომ ამ ბინადარს ჩემი ხელით მოვაშთობ.. /ყულფიდან გამოიძვრენს თავს/

/იღება ლიფტის კარი, გამოჩნდება ლიზა გრიგორიევნა/

ლიზა გრიგორიევნა /სახეგამკაცრებული/ _ Я оскорблена! Я смертелно оскорблена, წარმოგიდგენიათ თქვენა, ვახელ თვალსა, ბნელა, крисы пещчат და ის რო ქვიათ, რო იკბინებიან, კაცო, ბაღლინჯოები არიან ჩემზედა, ხოლო მაღლიდანა ლიფტი ადის და ჩადის, ადის და ჩადის! სად ვარ-ვკითხულობ, სად?! И я заридала, и я вдруг слышу: დედი, დედი, მე შენ ერევანს მეგონე დედი! /მიიხედ-მოიხედავს/ Где этот урод, я должна отомстит!
ვალტერ ჩიჩუა – ეს როგორ გავიგოთ, ქალბატონო, ნოდარს კითხულობთ?
ლიზა გრიგორიევნა – А ково-же еще?
ვალტერ ჩიჩუა – თქვენ ლიზა გრიგორიევნა ბრძანდებით, არა?
ლიზა გრიგორიევნა – Да, урожденная Такошидзе, во втором браке за…
ვალტერ ჩიჩუა /გახარებული/ – ვიცი, ვიცი, ძვირფასო ქალბატონო, из старого древного рода, советской однопартиной элиты…
ლიზა გრიგორიევნა – Вот имено!
ვალტერ ჩიჩუა – და თქვენ იმ გაიძვერამ შეურაცხგყოთ, როგორც გავიგე!
ლიზა გრიგორიევნა – შეურაცხმყო – Ни то слово, он превратился ветого мавра-Отело, а я как белоснежная Дездемона стонала, а он душил меня! გესმით თქვენა, რა კოშმარში ვიყავ? უნდა მოვკითხო მე მაგასა, და მოვჰკლავდი კიდეც დიდი სიამოვნებითა, რომ აი, ის მილიციანერი არ გამიწყრებოდეს!
ვალტერ ჩიჩუა – ვინა? ელ-გუჯა? რას ბრძანებთ, ქალბატონო, ელ-გუჯას მხოლოდ ლილი აინტერსებს. ლილი, გაიხმეთ, რაც შეიძლება მყისიერად მეუღლე, თუნდაც დაბეჟილობების ჩვენების ფასად! ეს მშვენიერი ქალბატონი ჩვენს პრობლემას მოაგვარებს.
ლილი – მესმის, ბატონო ვალტერ! ელ, წამოდი, ახალი სამართალდარღვევის ფაქტია, მრავლობითი დაბეჟილობებით. /მიდის/
ელ-გუჯა – დაბეჟილობები? მე მაინტერსებს დაბეჟილობები, ლილი. /მიჰყვება/
ვალტერ ჩიჩუა /თავლს გააყოლებს მათ/ – აფერუმ, ქალბატონო, მგონი ძველი დრო ბრუნდება..
ლიზა გრიგორიევნა /ვალტერ ჩიჩუას მიაცქერდება/- იცით ეს სიმღერა?
ვალტერ ჩიჩუა /დაბნეული გამოხედავს/ _ რა სიმღერა?
ლიზა გრიგორიევნა – `ახ სირუმ~ არ ახსენეთ?
ვალტერ ჩიჩუა – მე გითხარით აფერუმ!
ლიზა გრიგორიევნა – Аа… там так гудела! ყურში ახლაც გუგუნობს და გუგუნობს..
ვალტერ ჩიჩუა – არსებით საკითხს დავუბრუნდეთ, ჩემო კეთილო ქალბატონო, იარაღის რა მოგახსენოთ, მაგრამ /მიიხედ-მოიხედავს/ საწამლავს გაგიხერხებთ როგორმე, გნებავთ?
ლიზა გრიგორიევნა – რა მნებავს?!
ვალტერ ჩიჩუა /დადაბლებული ხმით/ – საწამლავი…
ლიზა გრიგორიევნა – ნოდარჩიკასთვის? Да что вы? ბატონო ვალტერი, თქვენა იცით, ჩვენი კუხარკა ვინ იყო?
ვალტერ ჩიჩუა – ახუ.. /ნერწყვს გადაყლაპავს/
ლიზა გრიგორიევნა – დიახ, ახუხუხლინა პროსკოვია სემიონოვნა.. მაგან უთხრა მამიჩემსა, როცა დედიჩემი ჩემზედ ფეხმძიმედ იყო: გრიგორი, გრიგორი, ეგ შენი ცოლი დიდ, წითელ ბუშტად გადაიქცევა, გრიგორი.. და მართლაც რო გადაიქცა დიდ წითელ ბუშტადა! მე პროსკოვიას გაზრდილი ვარ, ბატონო ვალტერი, რად მინდა მე საწამლავი..
ვალტერ ჩიჩუა – მისტიფიკაციისკენ ნაკლებად ვიდრიკები, ქალბატონო, აი, წამოდგა საწოლიდან, ახლა თქვენ იცით, მე აქ აღარ ვარ! /მიდის/

ლიზა გრიგორიევნა – ვიცი, канечно ვიცი.. тоже мне.. /მიიხედ-მოიხედავს, აუზის კიდეზე ჩამოჯდება/ Ах, какие амурчики…

/ოთახიდან თვალახვეული ნოდარი გამოდის/

ნოდარი – კუკუ!
ლიზა გრიგორიევნა /გამოხედავს/ – კუკუ!

/სცენის სიღრმიდან ერთიანად შავებში ჩაცმული თამრი გამოჩნდება/

ნოდარი /ხელის ცეცებით გაემართება აუზისკენ/ _ .. შენ ალბათ ფიქრობ, რამ გააბავშვა ამხელა კაციო, არა, ლილი! მე, ახლა მართლაც ბავშვი ვარ, დამიჯერე, ძვირფასო! Mმე, ლილიი, ახლიდან ვსწავლობ სიარულს, მეე, ლილიი, პირველაღმომჩენის სიმძაფრით განვიცდი თოვლს, შენი კეფიდან აყოლილ თბილ სურნელს და შეჭირხლულ მინას, რომელსაც დავვორთქლავ, დავვორთქლავ, დავვორთქვლავ, შენგან ნაკოცნი ბაგეებით, დავვორთქლავ და დაორთქლილ მინაზე მხოლოდ ერთ სახელს დავწერ-ლილი, ლილი, ლილი…

თამრი /სცენის სხვა კუთხიდან/ _ კუკუ!
ნოდარი /მკვეთრად შეტრიალდება, საიდანც ხმა შემოესმა/ _ კუკუ, ჩემო სიცოხლევ, კუკუ! რატომ მეგონა, როს პირველად ვიხილე ლოლო, რომ იყო იგი ტკბილზე ტკბილი შაქარ-ყინული! იცი, როგორ მახსოვს ეს ბუნების ნაჯადოქრალი, ჩემი ბავშვობის სარკმლიდან ჩამოზრდილი ლოლო, რომელსაც შევცქეროდი გაოცებისგან ანთებული, ბოდვიანი თვალებით, ლილი! აი, ის ხარ, ის, პირველად დანახული, ლოლო, ლილი! სადღაც ერთი ხელის გაწვდენაზე, მაგრამ ვერა, ვერ გეხები, მხოლოდღა გიცქერ მოხიბლული და რეტდასხმული..
ლიზა გრიგორიევნა – კუკუ!
ნოდარი /ახლა აქეთ, აუზისკენ მიტრიალდება მკვეთრად/ _ მადლობთ, კუკუ! ოჰ.. მადლობთ, მადლობთ, შენ მე სიცოცხლესთან დამაბრუნე, ლილი! ათასგვარ იდიოტურ იდეებსა და ბაზრობათა ჯგლეთა-ყაყანს გამარიდე შორს, შორს.. და ბავშვობის ნანი-ნანატრ ნეტარებაში გასუსულს ბუსუსები მიშლიან კანს და ვკითხულობ, ლილი, მე ვკითხულობ, რას ვუშვრებით ჩვენს სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვებოძა! რას?! რატომ?! რისთვის?!
თამრი – კუკუ!
ნოდარი /კვლავ მიტრიალდება მკვეთრად თამრისკენ/ _ რისთვის გვინდა ეს ყველაფერი, თუ სიყვარულით არ გვიძგრეს გული, თუ..
ლიზა გრიგორიევნა – კუკუ!
ნოდარი /ახლა აუზისკენ მიტრიალდება/ _ თუ ყოველ დილით არ გვაოცებს ბოძებული ესე სიცოცხლე, თუ..
თამრი – კუკუ !
ნოდარი /მოტრიალდება/ _ თუ არ გვაყრის ბუსუსებს კანზე, თუ..
ლიზა გრიგორიევნა – კუკუ!
ნოდარი /მიტრიალდება/ _ თუ არ..
თამრი – კუკუ!
ნოდარი /მიტრიალდება/ _ თუ..
ლიზა გრიგორიევნა – კუკუ!
ნოდარი /გაისუსება/ _ გაორდი?! /სახვევს ჩამოიხსნის თვალებიდან, პაუხის შემდეგ/ გამარჯობა.. თ..
თამრი – გამარჯობა!
ლიზა გრიგორიევნა- პრივეტ! /შემდეგ აუზიდან წყალს შეასხურებს ამურებს/ Прелест
ნოდარი – ბრრრრ..
ლიზა – გიჩქმიტო?
ნოდარი – არა, შეუძლებელია, არა!!!
ლიზა გრიგორიევნა – კი!
ნოდარი – არა, არა!!!
ლიზა – კი, კი, კი!
ნოდარი – უ..
ლიზა გრიგორიევნა – Вот опять начел…
ნოდარი – არა, ეს არა!…
თამრი – კი, ნოდარ, კი..
ნოდარი – ჰა? რა კი, თამრი! მე ის მოვკალი.. გაცოცხლდა? თამრი!
თამრი – კი არ მოკალი, ნოდარ… კი არ მოკალი.. თავი შეაყვარე..
ნოდარი – ვის?
თამრი – დედაჩემს…
ნოდარი – ვინ?
თამრი – შენ.
ნოდარი – როდის?
თამრი – როგორც ჩვენს საუბარში გაირკვა, პირველივე დანახვისთანავე..
ნოდარი – არა!
ლიზა გრიგორიევნა /ისევ შეასხურებს ამურებს წყალს/ –კი..
ნოდარი – გთხოვთ! არა..
თამრი – რას მთხოვ, ნოდარ!
ნოდარი – არა, არა, არა!
ლიზა – Да, Нодарчик, да, я сразу втурилас в тебя… მხოლოდ მეცქირნა მინდოდა, მაგრამ შენ არა სცნობდი ჩემს სიდედრობასა და ბოლოს იქამდინაც მიხველ, რომ მახრჩობდი, როგორც მავრი-ოტელო ახრჩობდა საბრალო დაზდემონასა; და მანდ ხო შემიყვარდი და შემიყვარდი, მემრე ჩამაგდე იქ, სადაც ჩამაგდე, ჩემი მოთქმა გაიგონა ტამარაჩკამა, გამამიხსნა ლიფტის შახტიდანა, патом разговарилис и вот, მე ვუთრხარ ყველაფერი და ის დამეთანხმა..
ნოდარი – ვინ დაგეთანხმა?
ლიზა გრიგორიევნა – ტამარაჩკა..
ნოდარი – რაში დაგეთანხმა?!
ლიზა გრიგორიევნა – მიდი, დედი, მიდიო, ეგ კაცი აღარფრად მიღირსო, შენ მიდიო.. /პაუზა/ დედიო..
ნოდარი _ სად მიდიო?!
ლიზა გრიგორიევნა – ნოდარჩიკასთანო..
ნოდარი – რატომო?!
ლიზა გრიგორიევნა – ტამარჩკა, он что, деистветельно регвен, или прикидевается?!
თამრი – არა, დედა, ის პოეტია, მოლაღურა ჩიტებს უსმენს.. მშვიდობით, ნოდარ!
ნოდარი – ეე, ე! სად მიდიხარ, შენი!…
თამრი /ძალიან მკაცრად/ _ ხმა!
ნოდარი – ჰა?! თამრი… ამასთან არ დამტოვო..
თამრი – ხმა!!! ამიერიდან თამრი აღარ ვარ შენთვის… მე ვარ ტამარა ანზოროვნა… თუ მიხილავ, მხოლოდ სიდედრის რანგში! მშვიდობით.. /მიდის/
ნოდარი – რა სიდედრი, დაუფშტვინეთ თქვენა!.. რა.. რომელი.. რა…
ლიზა გრიგორიევნა – Нет, она перехватила слегка… სიდედრი არა, მაგრამ გერი გამოდის..
ნოდარი – ვინ გამოდის, ქალო, გერი, ვინ?! თამრი გამოდის გერი?!
ლიზა გრიგორიევნა – ხო.. ახლა მე და შენ თუ ამურჩიკი ისრით დაგვჭრიდეს, მემრე შენ მომიყვანდე ცოლადა, ტამარჩიკა კი გამოვიდეს бывшая жена, ახლანდელი გერი.. к стате, Нодар, Прасковия Семионавна Ахахулина-მ ეგ მიმკითხავა მე /მდგომარეობას შეიცვლის/ ты, Лизавета, трижды выдишь замуж… და მესამე ქორწინება ყველაზე უცნაური იქნება…
ნოდარი – გერი ესე იგი?
ლიზა გრიგორიევნა – დიახ,
ნოდარი – თამრი გერი?!
ლიზა გრიგორიევნა – კი, კი..
ნოდარი – გარიკოვიჩს რას უშვები?
ლიზა გრიგორიევნა – Ах, он надоел… მაგრამ იმას ჩემი სიტყვა ესმის, к стати, რა გამოდის ჩვენთვინ, არტურჩიკა, ჰა, ნოდარ?!
ნოდარი – რა გამოდის არტურჩიკა..
ლიზა გრიგორიევნა – ნუ, დავარქვათ, მოყვარე-მამობილი, დიახ, კარგი მოყვარე, იმიტომ, რომ არტურჩიკა მზითევში გამამატანს ლუდოვიკოს სპალნასა.. значит Артурчик как მამობილი, ტამარაჩკა იყოს გერიცა და სიდედრიცა… აა, მანანაჩკა ერთდროულად იქნება შვილიცა და შვილიშვილიცა…
ნოდარი – აჰა, შვილიცა და შვილიშვილიცა…
ლიზა გრიგორიევნა – Да, да. Вот именно…
ნოდარი – კარგია,
ლიზა გრიგორიევნა – ნოდარ, მაგრამ როგორი შენ იყავ ოტელო, а, я еще в соку, ты не думаи…
ნოდარი – აიიი!..
ლიზა გრიგორიევნა – რა, ნოდარ!
ნოდარი – აიიიიი!!!
ლიზა გრიგორიევნა – რა აიიი?
ნოდარი – აი, რას ნიშნავს, როცა გაუგებარი წარსული პატარძლად დაგიჯდება, აიიიი!!!
ლიზა გრიგორიევნა – Нодар, не приувеличиваи…
ნოდარი – თოვს..
ლიზა გრიგორიევნა – Да, ты поет, оказивается, მე მიყვარს პოეზია..
ნოდარი – ესე იგი, კარგად გავიაზრო.. შენ ყოფილი სიდედრი და ახლანდელი ცოლი, თამრი ყოფილი ცოლი და ახლანდელი გერიცა და სიდედრიცა ერთდროულად, მანანა ყოფილი შვილი და ახლანდელი შვილიცა და შვილიშვილიცა, ხოლო არტურ გარიკოვიჩი- მოყვარე-მამობილი, რომელიც ლუდოვიკოს `სპალნას~ გამოგაყოლებს მზითევში და ალბათ მამასავით შემოგიძღვება ეკლესიაში?!
ლიზა გრიგორიევნა – Да, რაღაც მსგავსი წავიკითხე მე მარკ ტვენთანა.. ეს არ არის ახალი, ნოდარ, ეგეთები ხდება, გენაცვალე შენა! მთავარია, что это деистветельно большая любовь…
ნოდარი – ძალიან თოვს, ძალიან! თოვლი თეთრია..
ლიზა გრიგორიევნა – Я тоже люблю.
ნოდარი – წამო, გადავხედოთ, არ გინდა?!
ლიზა გრიგორიევნა /ხელმკლავს გამოსდებს/ _ იქ ჩვენ ლექსებს წავიკითხავთ, თუ?! Шалун, ახ, шалун ты, етакой!….
ნოდარი /პალატაში შეუძღვება/ _ გთხოვთ!
ლიზა გრიგორიევნა – შენ შეგიძლია იყო `ლუბეზნი~, это хорошо… /ცხვირსახოცს წაკრავს ცხვირზე/
ნოდარი – უ..
ლიზა გრიგორიევნა –Толко без უ..
ნოდარი – გამოვაღებ ფანჯარას, ცხელა! /ფანჯარას გამოაღებს/ ნახე, რამხელა ფანტელებია! აი, შენთვის დავიჭირე, მოდი…
ლიზა გრიგორიევნა /მიუახლოვდება/ _ ჩემთვის?
ნოდარი /როგორც კი ახლოს დაიგულებს/ _ წადი, შენი დედაც!..
ლიზა გრიგორიევნა –Ааа! Тут высоко! Спасите! Помогите! ისროლინება ეს რეგვენი, ესა!..
ნოდარი – ვისროლინები, ჰო, ვისროლინები, კუდიანებით ვისროლინები, აი, ასე!!! /ფანჯრიდან გადაგდებს/

/ააა!- მოატანს ლიზა გრიგორიევნას ხმა, შემდეგ ყევლაფერი მიჩუმდება. ნოდარი ღრმად სუნთქავს, გულზე მიუჭერია ხელი. შემორბიან ტარიელი და ასმათი/.

ტარიელი – ანუ? რამეთუ, მეხუთედან, კაცო?! /ფანჯარაში გადაიხედავს/ აუჰ, საწყალი!..
ასმათი – გადამახედე, გადამახედე! ოჰ, მე მესმის მისი.. /ნოდარს გადმოხედავს/ მე თქვენიც მესმის.. დამიჯერეთ!

/შემორბის ვალტერ ჩიჩუა/
ვალტერ ჩიჩუა– პატრული! პატრული! აქ მკვლელობა მოხდა, ამის პატიება არ შეიძლება!.. /ფანჯარაში გადაიხედავს/ ოოჰ, საბრალო ქალი! ამას რა აკრეფს! პატრული! პატრული, ჩქარა, სანამ დამნაშავე მკვლელი გაიქცა ესესესესესეეესს..

/შემორბის ელ-გუჯა/

ელ-გუჯა – რა ხდება, რა?!
ვალტერ ჩიჩუა – მკვლელობა, მკვლელობა! აი, მკვლელი!!!
ნოდარი – აქ! აქაქაქ..
ელ-გუჯა /ნოდარისკენ მიდის/ _ მაინც დაგიჭერ!
ნოდარი – აქ გავაკეთოთ საკანი, აქ! არ მინდა იმ ციხეში, იქ; მინდა-აქ!..
ვალტერ ჩიჩუა – მკვლელს აქ რა უნდა, რა?! ეს კლინიკაა, ციხე კი არა, რაღას უყურებთ ელლ!
ელ-გუჯა /ხელს ჩაავლებს ნოდარს/ _ მოდი აქა!
ნოდარი /განწირული ხმით, თანაც ორივე ხელით დაებღაუჭება კედლის კუთხეს/ _ უმკაცრესი საკანი გამიკეთეთ, ოღონდ, აქ! აქ! არ მინდა-იქ!
ვალტერ ჩიჩუა – არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ, ელ! ახლავე გააბრძანეთ იქ! რა უნდა ამას – აქ! იქ, იქ, მხოლოდ-იქ!
ნოდარი – აქ მინდა-აქ! უმკაცრესში, მაგრამ-აქ!!!
ვალტერ ჩიჩუა – გავწმინდოთ აქაურობა მკვლელებისგან, ელ, და გავისტუმროთ მკვლელები იქ! იქაა მათი ადგილი, – იქ!
ნოდარი /უძალიანდება ელ-გუჯას/ _ მიშველეთ! მიშველეთ! არ მინდა-იქ! მინდა – აქ!
ვალტერ ჩიჩუა – ელ, გამოუშვით გუჯა, გამოუშვით, გააქანოს ეს გარეწარი მკვლელი იქ, იქ!!!
ნოდარი – გეხვეწებით, მეგობრებო, აქ გავიკეთებ საკანს, აქ! ჩემი ადგილი, თუნდაც საკანში, მხოლოდ აქაა, აქ!!!
ვალტერ ჩიჩუა – მისი ადგილი არის-იქ, იქ! მხოლოდ იქ!!!
ნოდარი – აქ! მიშველეთ, აქ!!!
ვალტერ ჩიჩუა – არ დაუჯეროთ-იქ!!!
ტარიელი /ფანჯარასთან ახლოს/ _ წა- მო- დგა! ქალი წა-მოდ-გა!!! მოკლული ქალი გაცოცხლდა და მოდის აქ!!! აიი!!!
ასმათი – გადამახედე, გადამახედე!.. /ლოყაზე შემოიკრავს/ დედაა! ამას მეც კი ვერ ვიფიქრებდი… მოდის.. მკვდარი მოდის!

/საერთო ამოსუნთქვა: -ჰაა! შემდეგ ფანჯარას მიეჭრებიან/

ვალტერ ჩიჩუა – ესესესეს, წარმოუდგენელია! დაშლილი იყო ერთიანად და.. უკვდავია?!
ნოდარი /მარტო იყო დარჩენილი, გაიხედ-გამოიხედავს, ჭაღზე ჩამოკიდებულ თოკს მიაცქერდება/ _ ვინ მომიქსია ეს კუდიანი დედაბერი, ვინ დამწყევლა?! /სკამზე შედგება, ყულფში გაუყრის თავს/ გიბარებთ თქვენ და შთამომავლობას!..

/ყველა ნოდარს აქცევს ყურადღებას/

ტარიელი – ანუ, თავს იკლავს?!
ელ-გუჯა – მე ის ციხეში უნდა გავისტუმრო, იქ!
ვალტერ ჩიჩუა – იყოს, იყოს, ეს მისი უფლებაა, კაცმა რომ თქვას, მაგის ადგილას მეც.. ჰმ..
ნოდარი – დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ყველაფერს თავის სახელი დაარქვით, თავის სახელი დაარქვით ყველაფერს, თუკი არ გინდათ სიდედრი ცოლად, აჭრილი დრო და ყულფი კისერზე!…

/ტარამ, ტარამ, ტარამ ტამ, ტამ! მოატანს საიდანღაც მსუბუქი მელოდია, რომელიც მალე ჩაქრება/

ნოდარი _- .. მე მეტირება! გესმით ჩემი, თუნდ ერთ სულიერს, ვინმეს, წამლად ესმის კი ჩემი?!
ასმათი /ნაჩქარევად/ _ დიახ, მესმის, მესმის.. ძალიან მესმის /პაუზა/ თქვენი..

/და ისევ მელოდია- ტარამ, ტარამ, ტარამ ტამ, ტამ, – ცეკვით შემოდის ლილი/

ლილი – გთხოვთ, გთხოვთ, ნუ შეუშლით ხელს, ის თვითონ დახმარების გარეშეც შესანიშნავად ჩამოიხრჩობს თავს…
ვალტერ ჩიჩუა– დიახ, ლილი, მეც ამ აზრის ვარ! გთხოვთ, მაესტრო! სანამ ის ქალი მოსულა, ბარემ აქვე, ჩვენს თვალწინ…
ნოდარი /ლილის უცქერს/ _ შენ არ ხარ ასეთი, ლილი!
ლილი – კი, კი, ასეთი ვარ! ის წამიერი სისუსტე იყო.. დაივიწყეთ, რა!..
ნოდარი – არ ხარ ასეთი! /ყულფიდან გამოიძვრენს თავს, სკამიდან /გადმოაბიჯებს/ არა, არ ხარ ასეთი! შეუძლებელია ასეთი იყო! წამოდი ჩემთან, /ხელს ჩაავლებს/ სადმე, სხვაგან, არც აქ, არც იქ, არამედ სხვაგან, სადაც სტვენენ მოლაღურები!..
ვალტერ ჩიჩუა – ხელი, ხელიი! სად მიგყავთ ლილი, ის ჩემი ასისტენტია, ის ჩემია!!! /მეორე ხელზე ჩაეჭიდება ლილის/
ნოდარი – ხელი გაუშვი, ლილი ჩემთან წამოვა, გაუშვი!
ვალტერ ჩიჩუა – თვითონ გაუშვით ლილის ხელი! ეს რა გამოვიდა, თქვენ თავს იკლავდით; ჰოდა, მოიკალით თავი! ახლავე, აქვე! ლილი ჩემია!..
ნოდარი – ხელი, ვალტერ, შენ ცოლი გყავს, იმას მიხედე!
ვალტერ ჩიჩუა – თუ კარგია, ცოლი თქვენც გყავთ! Lლილი, მოეშვით ამ სუბიექტს!..
ლილი – და არ მიშვებს და! ელ! მგონი დროა, შენი უფლება გამოიყენო, თორემ გამხლიჩეს, გუჯაააა!
ელ-გუჯა – გუჯა მოგინდათ?! აი, გუჯა!!! /ხელკეტს მოიმარჯვებს, ყველას დაერევა/
ტარიელი – ვაი, ვაი, ფეხი! ვაი, თავი, რა შუაში ვარ?! ააა! ფეხი მომტეხა, ფეხი!!!
ასმათი /საიდანღაც დანას გააძრობს/ _ არ მომეკარო.. ციხეში ვარ ნაჯდომი,Aთაღლითობაზე! ის ხო არ გგონივარ, დაგბრიდავ შენი! ვაი! ააა! ხელი, ხელი, ხელი!!!
ვალტერ ჩიჩუა – აა, ლავიწი! ლავიწი! ოჰ, მენჯის ძვალი, მენჯის!
ნოდარი – კისერი! ვაი! აა! უუუ! კისერი!

/ელ-გუჯა ლილის გაანთავისუფლებს. ლილი ხელზე ჩამოეკიდება მეუღლეს და სიყვარულით დააცქერდება/

ლილი – მგონი, ძალიან გუჯა მოგივიდა, ანუ ძალიან მრავლობითი დაბეჯილობებით..
ელ-გუჯა /ძალიან შეცვლილი/ _ ხდება ხოლმე..
ლილი – როგორ უხდება მამაკაცს სამხედრო ფორმა, გინდა განახო რამე ისეთი?!
ელ-გუჯა _ თვითონ ვნახავ.. /ხელში აიტაცებს ლილის, გაჰყავს/
ლილი /იცინის/ _ ფრთხილად, მხეცო!

/მათი გასვლისთანავე გამონათდება სცენა. მხოლოდ ნოდარს ვხედავთ, რომელიც თავის პალატის სიახლოვეს გართხმულა და ჩუმად კვნესის, იღება ლიფტის კარი. შემოდიან ლიზა გრიგორიევნა და თამრი/

ლიზა გრიგორიევნა /გამოჩენისთანავე/ _ К бариеру! К бариеру! Кидатся людмы с пятого этажа? Л бариеру немедлено!
თამრი – ისედაც კვდება ეს პოეტი, დედა..
ლიზა გრიგორიევნა – რას ქვია კვდება, მამიმისი უცხონდა კვდება, ჯერ ქორწილი გადავიხადოთ, რო პროსკოვია სემიონოვნა ახუხულინას სიტყვა გამართლდეს და მემრე ძაღლიც მიკვდომია სულში და გულში! ამას ეგონა, ეგრე იოლია, ჩვენი `კუხარკას~ გაზრდილთანა ჭიდაობანი?! პროსკოვიამ მამცა მე სამი სიცოცხლე მაშინა, როცა დედიჩემი გასკდა ბუშტივითა და დაგვტოვა სამნი გოგონი ტყუპები, მაშ! შეგვხედა პროსკოვიამა, შეგვხედა თურმე, სამნივენი სუსტები ვართ, ვკვდებით მის თვალწინა და მაშინ უთხრა მამიჩემსა: გრიგორი, გრიგორი, გრიგორი, ამ სამიდან ერთს დავტოვებ, ორს მსხვერპალად შევსწირავ, და ის ერთი იცოცხლებს სამგზის სიცოცხლითა და გათხოვდება სამჯერა და მისი მესამე ქორწინება იქნება ყველაზედ снохшебателны – და უთხრა მამიჩემმა გრიგორიმ: მიდი, მიდი, პროსკოვია, სამში ერთი მაინც დამიტოვე ცოცხალი და იმანაც აიღო დიდი დანა, რითიც ფერმის დიდრონ… დიდრონ, თეთრ, თეთრ..
ნოდარი – გულიი, შიგ გულში მტკივა გულიი, ლილიიიი!
ლიზა გრიგორიევნა – წავიდა ლილი, მე ვარ აქა, ტამარჩკა, მომეხმარე შენა!
ნოდარი – წააადით, წაადით!
ლიზა გრიგორიევნა – Не слушай, კაცი რო გეუბნება წადი, წადი, მაშინ უნდა მიხვიდე შენა, მაშ!..

/ლიზა გრიგორიევნა და თამრი ნოდართან ჩაიხრებაინ. შემდეგ სიბნელეში დაიკარგებიან; შემდეგ სცენის მარცხენა კუთხიდან, ისე როგორც პირველი მოქმედების პირველ სცენაში, გამოჩნდებიან ხელმოტეხილი ასმათი და ყავარჯნიანი ტარიელი/

ასმათი – ასე და ამგვარად, ჩემო ტარიელ, ვინ იტყვის, რომ მართლაც
გლობალური მაშტაბით არ აირია ყველაფერი? აირია, ჰო, ძალიან აირია,
ერთობ აირია, კი…
ტარიელი – აკი, ვამბობდი, ბოდვას გავს მეთქი! თუმცა, მე ასე მაინც ვერ მოვყვებოდი ასმათ! თავში ათასი ფიქრი მაქვს, თავი ყანყალებს…
ასმათი – ეგ იმიტომ, რომ კეტი მოგხვდა!
ტარიელი – ჰო, კეტიც მომხვდა და ისედაც.. რა გამოვიდა, ესე იგი?!
ასმათი – თუ ჟანრი გაინტერესებს… ფარსი.. ტრაგი-ფარსი.. ტრაგიკომიკური ფარსი.. თუ არადა, კრიმინალური კომედია მისტიკურ სოუსში..
ტარიელი – სოუსში?! მშია, იცი?!
ასმათი – გვაჭმევენ, ალბათ.. ხომ დაგვპატიჟეს ამ ქორწილში, ამ კლინიკაში.. კლინიკური ქორწინება.. გაგიგია მსგავსი რამ?!
ტარიელი –არა, მე გამიგია კლინკური შემთხვევა და კლინიკური სიკვდილი, მაგრამ კლინიკური ქორწინება ნამდვილად არ გამიგია..
ასმათი – ჰოდა, ამასაც ვნახავთ..

/იღება ლიფტის კარი, გამოჩნდება ზუკა დიდი, ცისფერი ბუშტით/

ზუკა – გამარჯობათ! ხომ არ გამოჩენილან?
ასმათი – ჩვენც ველოდებით! ბუშტი, საჩუქრად?!
ზუკა – ეს ბუშტი არაა!
ასმათი – მართლა? აბა-რაა?!
ზუკა – ეს მანანაა.. ამ დილით ბუშტად გადაიქცა!
ტარიელი – ღმერთო, ნუ შემშლი, რამეთუ..
ზუკა – არადა, სწორედ დღეს უნდა მეხარებინა, რომ სამუშაო ვიშოვნე, ალბათ, მაინც გაიგებს, ის ხომ მანანაა!
ასმათი – კი, კი, გაგიგებს, და სად დაიწყეთ მუშაობა?!
ზუკა – პარტიაში..
ასმათი – პარტიაში მუშაობთ?! რად?!
ზუკა – აქტივისტად.. ესაა სრულიად ახალი პარტია.. იგი ქადაგებს ლიბერალური ფასეულობების დიქტატურას!!! დიახ.. ხო არ შემოხვალთ, ძალიან პერსპექტიული პარტიაა..
ტარიელი – ასმათ, შევიდე?!
ასმათი – რა გითხრა, ტარიელ, ჩვენთან ძირითადად დიქტატურა ჭრის ხოლმე, და თუ ლიბერალური დიქტატურაც ურევია, შედი..
ზუკა – მადლობთ.. საქმეში ჩამეთვლება.
ასმათი – ხომ ვამბობდი, ძალიან აირია მეთქი.. კი, აირია, ძალიან აირია, კი.. მეტი რო არ იქნება.. ისე აირია…

/იღება ლიფტის კარი, საინვალიდო სავარძლეში კისერგადაბინტული ნოდარი ზის, მის უკან ფატაში გამოწყობილი ლიზა გრიგორიევნა და შავებით შემოსილი თამრი დგანან. სცენის მარცხენა კუთხიდან გამოჩნდება მენჯამოვარდნილი ვალტერ ჩიჩუა, სცენის მარჯვენა კუთხიდან შემოდიან ლილი და ელ-გუჯა/

ლიზა გრიგორიევნა – მოხარულნი ვართ თქვენი ხილვისა, ჩვენო ძვირფასო პაციენტებო და სტუმრებო ჩვენო, это самий счастливый день моей жизны! ნოდარჩიკ, ეტყვი რასმეს სტუმრებსა?!
ნოდარი /კისერგაშეშებული იდიოტობამდე სახეგაბადრული, თითის აწევით/ _ უუუ! უუუუ!
ლილი – მე შემომესმა რომ ბატონმა ნოდარმა მოგვილოცა ახალი, მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ფსიქონერვოტრამვატოლოგიური კლინიკის გახსნა. რა ბედნიერებაა, რომ ქორწინება დაემთხვა ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას, რას იტყვი, ელ?!
ელ-გუჯა – ჩემი აზრით, მან აღნიშნა, რომ კლინიკაში სანიმუშო წესრიგი უნდა სუფევდეს, მე ასე გავიგე, თქვენ რას იტყვით, ბატონო ვალტერ!
ვალტერ ჩიჩუა – მე მომეჩვენა, რომ ეს – უუუ! ძალიან მრავლისმთქმელი უუუ იყო, და ეხებოდა ჩემს სტატუსს კლინიკაში. მოგეხსენბათ, მსოფლიოში ერთადერთი ფსიქონერვოტრავმატოლოგიური კლნიკის მთავარი ექიმიც ვარ და პაციენტიც ამავდროულად. აი, ესაა საგულისხმო, მადლობთ, ბატონო ნოდარ, დიდი მადლობა!
ნოდარი –უუუ!
ვალტერ ჩიჩუა – აი, არაფრისო! ამისთვისაც მადლობთ!
თამრი – არა, არა თქვენ არ გესმით, ბატონო ვალტერ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, ვისთვისაც ახლა გერიც ვარ და სიდედრიც, აღნიშნა, რომ ძალიან უხარია ჩვენი შვილის, მანანას მობრძანება ამ ქორწილში, რომელიც ამჟამად მისთვის შვილიცაა და შვილიშვილიც-ასევე ნოდარიკო მიესალმა ჩვენს სიძეს, მან სამსახური იშოვნა და მე მჯერა, რომ ზუკა დიდ წარმატებას მიაღწევს პოლიტიკურ ასპარეზზე…
ზუკა – ხოლო მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ნოდარმა, ჩვენს პარტიაში შემოსვლა ისურვა, რადგან ლიბერალიზმის დიქტატურა, მმართველობის ყველაზე ეფექტური ფორმაა, რაც კი კაცობრიობას აქამდე შეუქმნია!
ტარიელი – ასმათ! როგორ მომწონს სიტყვა `კაცობრიობა~! სიტყვას წონა უნდა ჰქონდესო, აი რას უნდა ნიშნავს უუუ… ჩვენს საკრებულოში რომ ვიტყვი ხოლმე რამეთუ, მეთქი! ყველა გაისუსება, ვინაიდან კაცს წონიანი სიტყვა უნდა მოუდიოდეს, არა, ასმათ, შენ რას იტყვი?!
ასმათი – მე ვიტყვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო მაინც კეთილი უნდა იყოს, წესით, რადგან მოვლენებს არ ვუცქერ ცალმხრივად.. თუმცა, ამ ყველაფერს რა კუთხიდანაც არ ვუცქერ, ყველა კუთხიდან გვენძ.. უი, ბოდიში, არ მინდოდა, გამოჩნდება, ალბათ, რაღაც კუთხე, საიდანაც ეღირება შეხედვა, კი, კი გამოჩნდება..
ლიზა გრიგორევნა – Да нет-же, дорогие гости, ნოდარჩიკა ძალიან ნაღვლობს, რომ არტურ გარიკოვიჩი ვერ გვესტუმრა ჩვენსა; საწყალი ისა, გაგიჟებულა და ერევნის ფსიქიატრიულში დაუწვენიათ, მაშ.. ახლახან წერილი მამწერა, извеняется, сожалеет, რომ აქ არ არის, ჩვენთანა, არა, ნოდარჩიკ!
ნოდარი /დიდი ძალისხმევით/ _ უუუ.. უუ.. უ..
ლიზა გრიგორევნა – ჩტო, ნოდარ, к амурчикам გინდა მიგიყვან!…
ნოდარი – უუუ… ჰჰ… უ… ტანინიანი ღვინო დალიეთ, ტანინიანი, ძვალს ამაგრებს, ძვალს!!! /ბედნიერი ღიმილი გადაეფინება სახეზე, თითქოს შვება იგრძნოო./

/ჰა?! – გაისმება აქეთ-იქედან, ყველა ნოდარს შესცქერის, სტატიკა/.

ფარდა

დიდი მადლობა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ამ პიესის გამოგზავნისათვის.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s