ზურაბ კანდელაკი: კურდღლები


Giant rabbit

ზურაბ კანდელაკი

კურდღლები

(რადიოპიესა)

1997 წელს ეს რადიოპიესა გადაიცა სლოვაკეთის რადიოთი, საქართველოს რადიოთი კი 1996 წელს.

მონაწილეობდნენ: ნ ზურაბ ყიფშიძე, დარეჯან ხარშილაძე, გია ლეჟავა.

რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი.

ხმის რეჟისორი – რომეო ტერ-გრიგორიანი.

მუსიკალური გამფორმებელი – ლალი სეთურიძე.

ხმები:

კაცი

ანა

სხვა კაცი

აგრეთვე: ქალი, გამვლელები, ექიმები, ავადმყოფები, მათხოვრები

გამაბეზრებელი მუსიკალური ბგერები. ამ ბგერებში ხანდახან კრთება და უმალ იკარგება, ბავშვის გაუწაფავი ხელით შესრულებული, რომელიმე ცნობილი საფორტეპიანო პიესის მცირე ფრაგმენტი. თანდათანობით ეს გამაბეზრებელი ბგერები ძლიერდება, თანაც ზედ ერთვის თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი ხმაური და ეს გამაყრუებელი ქაოსი მთელ აკუსტიკურ სივრცეს იპყრობს. სადღაც, უკვე ძალიან შორს კიდევ ერთხელ გაიელვებს როიალზე შესრულებული მელოდია და იმწამსვე ისმის მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების და შეჯახების ხმა. გამვლელი ქალის სასოწარკვეთილი კივილი. პ ა უ ზ ა. იცვლება აკუსტიკური ფონი. გვირაბი. ნაბიჯები. ნაბიჯების ხმა თანდათან ძლიერდება. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ვიღაცა გვირაბის დახშული სივრციდან თავის დაღწევას ცდილობს.

ქალის ხმა: გადარჩება?!. გადარჩება?!.

კითხვა უპასუხოდ რჩება.

_ გადარჩება?!. გადარჩება?!.

ბზრიალებს, კედელსა აწყდება, ეხეთქება უპასუხო კითხვა. შორიდან ისმის, თითქოს ბურუსში ჩაძირული გალობა, ახლოდან კი, სხვა კაცი ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარშის მელოდიას ღიღინებს. ვიღაცა იცინის, ვიღაცა ქირქილებს, ვიღაცეები გაურკვეველ ბგერებს წარმოთქვამენ. ყოველივე ამის ფონზე ისმის ექიმების რეპლიკები და საოპერაციოსათვის დამახასიათებელი სპეციფიური ხმები. ერთ-ერთი მონოტონურად ითვლის.

ხმები: – ავადმყოფი ნარკოზშია!

– სკალპელი!

შორიდან კვლავ ისმის როიალის ხმა, ამჯერად უფრო დასრულებული ფრაგმენტი, მაგრამ მელოდიას კვლავ ნთქავს გაურკვეველი ბგერები. კაცი ცდილობს მელოდიის გამეორებას, მაგრამ არაფერი გამოსდის, თანაც აშკარად უშლის ხელს სხვა კაცის ხმა, რომელიც ხმამაღლა მღერის სამგლოვიარო მარშს.

კაცი: ტრა… ტრა-რა-რააა… რა-რა… ტამ-ტამ… რატომ ვერ ვიხსენებ?.. რატომ?.. ნეტა, ვინ არის ეს კაცი?.. საიდან გაჩნდა?.. დასასრული!.. უნდა დავამთავრო… ნეგრესკო-ნიცა… ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო… ნიცა… რატომ გამახსენდა?.. ჰო… ნეგრესკო-ნიცა… არ დაწერილა… ზღვა… (სხვა კაცი კვდავ ბუბუნებს სამგლოვიარო მარშს) ტრა-რა-რა… ტამ-ტამ… (თავისდაუნებურად ისიც სამგლოვიარო მარშის მელოდიას იმეორებს) ტრამ-ტა-რამ… ტრამ-ტა-რა…

სხვა კაცი: (იცინის, შემდეგ თითქოს პაროლს წარმოთქვამს, ჩურჩულით) სტე-ფა-ნე!..

კაცი: სტეფანეო?!. სტეფანეო, სტეფანეო!.. რა იცის?!. საიდან გაიგო?!. რა კარგია, რომ მოხვედიო!.. სულ შენ გახსენებს, შენზე ფიქრობს!.. შენი იმედი აქვსო!.. შენი იმედი აქვთო!.. ვის?.. ნუთუ?.. არა, ჩემი არა!.. სტეფანესი! სტეფანესი!.. ნეტა, სტეფანე აქ ყოფილიყო!.. ღმერთოя გამახსენე!.. ტრა-რა-რა… ტრა-ლა-ლა… (კვლავ არაფერი გამოსდის) ზღვა… ნეგრესკო-ნიცა… ზღვა… ხმელთაშუა ზღვა?.. არა!.. ჩემი!.. ჩემი ზღვა!.. ზღვა… ანა… ანა და ზღვა!.. ანა და ზღვა!..

კაცის ხმა ზღვის დგაფუნსა და თოლიების წივილში იკარგება.

ანა: ზღვა… წყნარი, ბროლივით გამჭვირვალე… ფეხდაუკარებელი თოვლივით სუფთა!..

კაცი: (კვლავ ეძებს დაკარგულ მელოდიას) ტრა-რა-რა… ტრა-რა-რა…

ანა: დიდი, ვებერთელა მედუზები… ქოლგის მსგავსი მედუზები… ღმერთო, რა ფერები იყო… რა ფერები! ნეტა, მართლა სუფთა იყო?.. მართლა გამჭვირვალე?.. მითხარი, სტეფანე, მითხარი! იყო?!. იყო?!.

კაცი: რატომ მეძახი სტეფანეს?!.

ანა: რატომ არ მპასუხობ, სტეფანე?.. იყო?!. იყო?!.

კაცი: იმანაც, იმ ვიღაცამ, სტეფანეო…

ანა: (გამოჯავრებით, თითქოს ბავშვს ბაძავს) სტეფანე!.. სტეფანე!.. (პაუზა) ,,და გაიყვანეს, სტეფანე ქალაქგარეთ და ქვები დაუშინეს… ხოლო მოწმეებმა თავიანთი სამოსი ფეხთით დაუწყეს ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე… და ქვებს უშენედნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიღე ჩემი სული…” მიიღე ჩემი სული… მიიღე… მიიღე ჩემი სული!..

კაცი: (კვლავ ცდილობს მელოდიის გახსენებას) ანა: გამახსენე, გეხვეწები გამახსენე, ხომ ხედავ როგორ ვწვალობ!

ანა: ,,და მოიყარა მუხლი და ხმამაღლა შეღაღადა: – უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვადя ესეც თქვა და მიიძინა.”

კაცი: ანა, ვიტანჯები, ხომ იცი რა ძნელია, რაღაცის გახსენება რომ გინდა და ვერ იხსენებ… მითხარი, ხომ გამახსენებ?..

შორიდან ისმის კარუზოსადმი მიძღვნილი სიმღერა ლუჩანო პავაროტის შესრულებით.

ანა: იმ დღესя უკანასკნელად გამოვედით ერთად ქალაქში… დასაფლავებაზე ვიყავით…

იცვლება აკუსტიკური გარემო. სიმღერა უფრო ახლოდან ისმის, ფონად კი მიჰყვება ყრუ ნაბიჯები და თითქმის ჩურჩულით ნათქვამი: ,,ვიზიარებთ, თქვენს მწუხარებას…” ,,დიდი მადლობა…” და ა.შ.

ჭირისუფლებს ხელი რომ ჩამოვართვი, ორი-სამი ნაბიჯი გადავდგი და გაშტერებული გავჩერდი… ასეთი რამ, პანაშვიდზე არასოდეს მომესმინა… სული გამეყინა… შენ უკან მომყვებოდი, შენც შეჩერდი, ეტყობა უკან მომავალი ხალხიც… არ ვიცი, დიდხანს ვიყავი თუ არა გაჩერებული… იქნებ, რაღაც წამები… იქნებ წუთი, იქნებ ორი, ან იქნებ მეტი… როცა გამოვედით, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდიя დაჭიმული, ისე ნირწამხდარი იყავი, მეგონა შიშველი მოგყვებოდი!.. მერე, რაღაც თქვი, უკვე ქუჩაში… მე აღარაფერი მესმოდა… მძულდი, მეზიზღებოდი და არც კი ვიცი რატომ?!. ისე, კაცმა რომ თქვას, არაფერი დაგიშავებია, საყვედურიც კი არ გითქვამს… მაგრამ თვალებს კურდღელივით აცეცებდი… კურდღელი კი მას შემდეგ მეზიზღებოდა, გაფარჩხულ-დახრაკული რომ ვნვხე მაღაზიის დახლზე!.. ჰო, კურდღელს მიგამსგავსე, ოღონდ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ვერაფრით გავიხსენე როგორი იყო კურდღელი, სულ შენი ნირწამხდარი სახე მედგა თვალწინ!.. სამხეცის პირდაპირ, პატარა სკვერში, გადაჭრილ ხეზე ჩამოვჯექი, ძალიან დავიღალე… თანაც მინდოდა გამეხსენებინა როგორი იყო კურდღელი… მხოლოდ ის გავიხსენე, პატარა რომ იყო, და კიდევ, გრძელი ყურები რომ ჰქონდა… სხვა ვერაფერი… მერე სამხეცეში შესვლა გთხოვე, უარი მითხარი… ამ სიცივეში, რა დროს სამხეცეაო!.. მე კი, ძალიან მინდოდა მენახა კურდღელი… გეხვეწებოდი, გემუდარებოდი… არაო!.. ამ დროს ცარიელი ტაქსიც გამოჩნდა, სასწრაფოდ ხელი დაუქნიე და ლამის ძალით ჩამტენე მანქანაში… დიდხანს ვწვალობდი… ვერაფრით ვერ ვიხსენებდი როგორი იყო კურდღელი!

კვლავ ჟღერს კარუზოსადმი მიძღვნილი სიმღერა და მას ნელ-ნელა ფარავს ზღვის შრიალი.

ღმერთო, ნეტა როგორია კურდღელი… ვიცი, გრძელი ყურები აქვს, პატარაა… სტაფილო უყვარს… ძალიან უყვარს სტაფილო…

სხვა კაცი: დათვრა ერთხელ კურდღელი და დაიტრაბახა, მელა უნდა გავაუპატიუროო… იცითя არა?.. არა!.. მაშინ, მოდი აქ, სტეფანე, ყურში გეტყვი… ანასთან უხერხულია. (რაღაცას ჩურჩულებს და თავისივე ნათქვამზე თვითონვე იცინის) აბა, კაცო!.. დაიხსომე, კურდღელი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებსო!.. სიტყვის პატრონიაო!.. კურდღლები ჰაი-ჰარად არაფერს ამბობენო! (იცინის)

ზღვის ხმა უფრო მკვეთრად ისმის, თან გამჭვირვალე, ლამაზი მელოდია ერთვის.

ანა: ვეღარასოდეს!.. ვეღარასოდეს!.. ჩემი ლამაზი ქალაქი… თეთრი, ქათქათა ქალაქი და მწვანე პალმა… თეთრი სახლი და მწვანე პალმა… რა კარგი იყავი მაშინ!.. რა კარგი… მზეზე ბრწყინავდა შენი გარუჯული სხეული… მეგონა რომ… შენი სული წამყვეს თანა და მიმღეროს სულთათანა… კამკამა ზღვა და მწვანე პალმა… სხვა არაფერი… პალმა… პალმა… მწვანე პალმა… პალმა… ნაპალმი… პალმა… ნაპალმი… (შორიდან ისმის თვითმფრინავის ხმა) არა! აღარასოდეს იქნება ზღვა ასეთი კამკამა!.. არასოდეს!.. სიყვარული… სიძულვილი… სიძულვილი… სიყვარული… სიცოცხლე… სიკვდილი… ლომი… კურდღელი… (აფეთქების და სროლის ხმები) კურდღლები!.. კურდღლები!.. კურდღლები!…

კაცი: (ყვირის) ანა! შეჩერდიя ანა! არ შეხვიდე ზღვაში, არ შეხვიდე! იქ გვამები დაცურავენ, უპატრონო გვამები!.. ანა!..

“ანა!.. ანა!..“ რამდენჯერმე მეორდება და ძახილი ზღვის ტალღებში იკარგება.

საოპერაციო.

– მაჯა!

– ას ოცი!

– დამიშრეთ!.. საფენი მომჭერზე!

– სკალპელი!..

სხვა აკუსტიკური გარემო. ანა ჯიუტად უკრავს როიალზე ერთსა და იმავე ბგერას.

კაცი: ანა, რად გინდოდა ამდენი სტაფილო?.. (ანა არ პასუხობს და კვლავ იმავე ბგერას უკაკუნებს) მთელ ბატალიონს ეყოფა… რატომ არ მპასუხობ?!. რამდენი დახარჯე? (ანა ახლა სხვა ბგერას იღებს, ისევ მონოტონურად, უაზროდ უკაკუნებს) გაიგე, ფული არ არის მთავარი… უხერხულია, ხალხს პური ენატრება… დალპება ამდენი სტაფილო, დალპება! (ანა ბგერას ცვლის) რატომ არ მელაპარაკები?.. რატომ ხარ გაჩუმებული?.. ანა!.. (პაუზა) იცი რა გამახსენდა?.. (კვლავ იცვლება ბგერა) მაშინ მგონი მეორე კლასში ვიყავი… იქნებ მესამეშიც… შეყვარებული ვიყავი… ჩემი მუსიკის მასწავლებელი მიყვარდა… ჰოდა, სახლში, პიანინოს რომ მივუჯდებოდი, ერთი-ორი სავარჯიშოს დაკვრის შემდეგ ვლენჩდებოდი, აი ასე, შენსავით ერთსა და იმავე ბგერას ვუკაკუნებდი და მასზე ვფიქრობდი… უამრავი ვარდი ხარობდა მის ეზოში, ბამბუკის ღობე ჰქონდა შემოვლებული. ყველამ იცოდა ბამბუკისღობიანი ეზო… მამამისი ყველას უფასოდ აძლევდა ვარდებს… იმდენი იყო, იმდენი რომ… ღია გაკვეთილი უნდა გვქონოდა, შენი იმედი მაქვსო, ღიმილით მეუბნებოდა… ღმერთო, რა ერქვა?.. როგორ დამავიწყდა… რა ერქვა?.. ბერძენი იყო… ბერძნული სახელი ერქვა… უცნაური… ადრე შენთვის ეს ამბავი არ მომიყოლია?.. მოგიყვებოდი, აუცილებლად მოგიყვებოდი! იქნებ, შენ გახსოვს, რა ერქვა?.. (ანა მცირე ხნით შეწყვეტილ კაკუნს ანახლებს) ღმერთო, რა ერქვა… მართლა ლამაზი იყო, შავგვრემანი და ცისფერთვალება… შეიძლება, დედა ჰყავდა რუსი… დედამისი არასოდეს დამინახავს, მამამისს კი ხშირად ვხედავდი… სულ თავის ვარდებთან ფუსფუსებდა… გეხვეწები, მომისმინე, ეს არ არის მთავარი, მთავარი სხვაა… მოუთმენლად ველოდი ღია გაკვეთილს, წინადღით დედამ თეთრი პერანგი და შავი ბაფთა გამიმზადა… პიანინოს არ ვშორდებოდი, ძალით ამაგდო დედამ, დაიძინე, თუ არ გამოიძინებ, ხვალ გამოლენჩებული იქნებიო… გამოლენჩებული… დილით მასწავლებელთან უნდა მივსულიყავი, დამიბარა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთო… გათენდა თუ არა, მისი სახლისკენ გავემართე… რაღაც მოღუშული დამხვდა ის ქუჩა, კაცის ჭაჭანება არ იყო, არადა, სხვა დროს, ყოველთვის უამრავი ხალხი მიდიმოდიოდა… ის ჭიშკარიც, სულ ღია რომ იყო, დაკეტილი დამხვდა, დარაბები მიხურული… ზარი დავრეკე, ერთხელ, ორჯერ… არავინ მიპასუხა, მერე გამბედაობა მოვიკრიბე და დავუძახე… მასწავლებელო… ფუი, ნეტა რა ერქვა?.. მართლა გამოვლენჩდი!.. კიდევ დავრეკე… ამ დროს, მოპირდაპირე მხრიდან ვიღაცამ გამოიხედა, მოეშვი მაგ კარს, ლუქი არ გააფუჭო, თორემ ჩვენ დაგვაბრალებენო… რა ლუქი?.. ვერაფერს მივხვდი… წადი, წადი, წუხელ ბერძნები გაასახლეს, მოუსვი აქედანო!.. მაინც, ვერაფერი გავიგე, გულამოვარდნილი მივვარდი სახლში, დედამ ამიხსნა, რომ ბერძნები სხვაგან იცხოვრებენ, შორს, რომ ჩვენს ქალაქში მათი ადგილი არ არის… რომ ისინი… არა, ყველანი არა, მაგრამ ბევრი ხალხის მტერია მათშიო… ახლა კი, გარჩევის დრო არ არისო!.. მერე სკოლაში დარეკა, გასაგებად, ჩატარდებოდა თუ არა კონცერტი. ჩატარდება, აუცილებლად ჩატარდება, თანაც ქალაქის ხელმძღვანელობა უნდა დაგვესწროსო!.. (პაუზა) მე გადავწყვიტე არ დამეკრა… თუ ჩემი მასწავლებელი არ იქნებოდა… ძალით ჩამაცვეს, ბაფთა გამიკეთეს და წამიყვანეს… სკოლის პატარა დარბაზი ხალხით გაივსო… ჯერ სხვები უკრავდნენ… მერე გამოაცხადეს ჩემი გვარი… (პაუზა) არ გავედი სცენაზე… (პაუზა) არ დავუკარი… (პაუზა) კარგი! კარგი! გეყოფა!.. შენ რა, ჩემი გაგიჟება გინდა?!. ჰო,ჰო, არ დავუკარი!.. არა! გაიგე, არ დავუკარი!

კვლავ მონოტონურად ჟღერს ერთი და იგივე ბგერა. შემდეგ ზღვის ხმა.

კაცი: (თავისთვის) ღმერთო, რა ერქვა?.. რა მემართება…ვერაფერს ვიხსენებ… ვინ? მე თუ სტეფანე?.. სტეფანე!.. რას ამოვიჩემე ეს სტეფანე!.. ქვები! ქვების გროვა… სავლე!.. ფეხთით დაყრილი სამოსელი… დრო… დრო მიდის… დედამ მითხრა, თუ არ დაუკრავ, მამას დაიჭერენო… მე თუ სტეფანეს?.. ქვა არა!.. რა დროს ქვებია?!. ან იქნებ… ან იქნებ ნიცა… ნეგრესკო-ნიცა… ქვების გროვაში, თავგაჩეჩქილი უსულო სხეული… ან აბაზანა… თეთრი, გაქათქათებული აბაზანა… სტეფანე, მარმარილოს აბაზანაში… ნეტა რა ერქვა ბერძნის ქალს?.. უნდა მოვიგონო… კარგი, ლამაზი სახელი… ელენე… მშვენიერი ელენე!.. შესანიშნავია!.. ის და სტეფანე… აბაზანა… ფართო საწოლი… რა ეშველება მაშინ სავლეს, თუ სტეფანე… ტრა-რა-რა… ტრა-ლა-ლა… ღმერთო, გამახსენე!.. ნეტა რა ერქვა მუსიკის მასწავლებელს?.. მამას დაიჭერენო!.. დაიჭერენო!..

ზღვის ხმა და თოლიების წივილი.

ანა: (თავისთვის) წყალი ცივია… ყინულივით!.. ცივათ იქ!..

კაცი: ანა, რატომ შეხვედი ზღვაში?.. ხომ გაგაფრთხილე? რატომ?!

ანა: (კვლავ თავისთვის) რატომ… რატომ… (პაუზა) მოცვივდნენ ჯანღონით სავსე მუტრუკები და თვითმფრინავიდან დაჭრილები ჩამოყარეს… საკაცეებიანად გადმოყარეს!.. ვისაც კი ოდნავი ძალა გააჩნდა, არ დაემორჩილა… სკამებს ჩაებღაუჭნენ… აქვე დაგვხოცეთო!.. აფრინდა თვითმფრინავი თუ არა, მაშინვე ჩამოაგდეს… და თევზებმა შესანსლეს მუტრუკები… დაჭრილები კი… დაჭრილები ზღვაში დაცურავენ… თევზები უვლიან… დაცურავენ ზღვაში და შველას ელიან… ღმერთო, რა ბიჭები, ერთმანეთზე უკეთესები… იხსენით ჩვენი სულებიო!.. ზღვა ყინულივით ცივია… მზეს სთხოვეო, მზეს!.. გაგვათბობსო!.. მზეო, ამოდი, ამოდი!..

კაცი: ბამბუკისღობიან სახლში სხვები შეასახლეს… სხვა სახლებშიც…

ანა: მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა…

კაცი: ბამბუკის ღობე გაჩეხეს, ვარდები ამოძირკვეს…

ანა: სიცივეს კაცი მოუკლავს… სიცივეს, სტეფანე!

კაცი: შენ, ჩემი სახელი აღარ გახსოვს?..

ანა: რატომ, სტეფანე, რატომ?..

კაცი: დავუკარი მაშინ, დავუკარი, ანა!.. დედამ მითხრა, მამას დაიჭერენო… რა მექნა?!. სტეფანე არ დაუკრავდა… არა, არ უნდა დაუკრას, ამიტომაც აქვთ სტეფანეს იმედი… სტეფანე, რომ აქ ყოფილიყო…

ანა: ,,ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას…”

კაცი: დღეს, ყველა ყველაფერს ივიწყებს, მე კი ვერ ვივიწყებ. მე რა, დავიწყების უფლება არა მაქვს?!. მუსიკის მასწავლებლის სახელიც მახსოვს… ელექტრა ერქვა… გააბოზეს საწყალი ელექტრა, ყაზახეთის სტეპებში ვის სჭირდებოდა შენი მუსიკა… ცივ, ქონმიყინულ ფლავს აძლევდნენ სანაცვლოდ… მამასთან მიჰქონდა, მაგრამ პირს ვერ აკარებდა ქონში აზელილ ტურტლიან ფლავს ვარდის სურნელს შეჩვეული მოხუცი… მშვენიერ ელექტრასაც, კაცისა და ცხვრისქონის ერთმანეთში ათქვეფილი სუნი ასდიოდა… შიმშილით მოკვდა ვარდების მოტრფიალე ბერძენი… მერე კი, როცა ბერძნები დაბრუნდნენ, თითით საჩვენებელი იყო ელექტრა… ხელიდან ხელში გადადიოდა!.. უამრავ ფერ-უმარილს ისვამდა და უზომოდ ისხამდა იაფფასიან ოდეკოლონს… ეტყობა იმ სუნის დავიწყებას ლამობდა… ქუჩაში შემხვდა, დიდი ხნის შემდეგაც მიცნო… თვალები გაუბრწყინდა, ხომ არ შემარცხვინე მაშინ, ჩემო ბიჭო, ხომ კარგად დაუკარი, ხომ მასახელეო!.. ბიჭებთან ვიყავი, სიცილი დამაყარეს და მე შემრცხვა, ისეთი სახე მივიღე, ვითომ მე არ მეხებოდა, ვითომ სხვა ვიყავი და მეც, სიცილში ავყევი ბიჭებს… ახლაც ყურში მიდგას, ხომ არ შემარცხვინე მაშინ, ჩემო ბიჭოო… ხომ მასახელეო!.. ვერ ვივიწყებ… ვერ ვივიწყებ!.. ალბათ, ამიტომაც ვერ ვიხსენებ იმ მელოდიას… მაშინ ხომ ის ნაწარმოები დავუკარი!.. ეჰ, სტეფანე რომ ყოფილიყო!

სხვა კაცი: დათვრა ისევ კურდღელი და დაიტრაბახა, ახლა მგელი უნდა გავაუპატუროო, ჰოდა… იცით, არა?.. არა!.. მაშინ, მოდი აქ, სტეფანე, ყურში გეტყვი… ანასთან უხერხულია. (რაღაცას ჩურჩულებს და თავისივე ნათქვამზე თვითონვე იცინის) აბა, კაცო!.. დაიხსომე, კურდღელი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებსო!.. სიტყვის პატრონიაო!.. კურდღლები ჰაი-ჰარად არაფერს ამბობენო! (იცინის)

ანა: ღმერთო ჩემო, ნეტა როგორია კურდღელი?!.

კვლავ ზღვის ხმა. შემდეგ საოპერაციო.

– მაჯა…

– წნევა ეცემა!..

– კავები!.. ჩქარა დამიშრეთ!..

– მომჭერი…

წვეთები… წვეთები… გაუგებარი, ერთმანეთში ათქვეფილი ხმები.

კაცი: ანა, კიდევ სტაფილო მოიტანე?

ანა: აბა, მშიერი ხომ არ იქნები?

კაცი: მშიერი არა, მაგრამ…

ანა: მაშინ კომბოსტოს მოგიტან!

კაცი: ანა, რა გემართება?.. რა მოგდის?!.

ანა: (თავისთვის) კურდღლები კომბოსტოსაც ჭამენ, მაგრამ ამბობენ, სტაფილო უფრო უყვართო…

კაცი: იცი, მე სულაც არ მწყინს… ამ გაჭირვებაში, სტაფილოსაც გემრიელად შევექცევი… თანაც სასარგებლოა… ვიტამინების თაიგულიაო. შენც ჭამე, მარტო მე რას მოვერევი.

ანა: რატომ არ შემიყვანე მაშინ სამხეცეში?!. კურდღლებს ვნახავდი… (შორიდან ისმის პავაროტის სიმღერა) გესმის? ნუთუ, არაფერი გესმის?!. ახლაც მეყინება სულიя მომნუსხა, მომაჯადოვა ამ სიმღერამ… მოულოდნელიც იყო… ყველაფერი დამავიწყდა… მართლა არ ვიცოდი სად ვიყავი… სადღაც გავფრინდი… უსასრულობაში, უწონადობაში… ვიფიქრე, რომ შენც… იცი, მართლა კურდღელს ჰგავდი! ეტყობა, მართლა შეგრცხვა… მეგონა შიშველი ვიყავი… (პაუზა) ღმერთო, ნუთუ არაფერი გესმის?.. ჰო, მივფრინავდი… ოღონდ ზღვა მელანდებოდა… არა, ზღვაში მივფრინავდი! ზღვაში გაფრენა! ზღვაში… (მკვეთრად განსხვავებულად) შუა ბაზარში ჩამოვარდა ბომბი! ყველა დაფლითა! მე გადავრჩი მხოლოდ!.. აქეთ-იქით ეყარა მოგლეჯილი ხელები და ფეხები!.. თავი… თავი ცალკე ეგდო!.. სისხლით მოთხვრილი, ძროხის მოჭრილი თავივით იდო!.. სისხლი! სისხლი!..

კაცი: რას ამბობя ანა, აქ რა უნდა ბომბებს!

ანა: ჩქარა გაიქეცი! დაიმალე, თავს უშველე! ჩქარა!.. ჩქარა! შეჩერდით! შეჩერდით!..

კაცი: ანა, დაწყნარდი, დამშვიდდი!.. ჰო, კარგი, კარგი… (წყლის დასხმის ხმა) დალიე!.. ასე… დამშიდდი… ნუ უყურებ ტელევიზორს, ხომ ხედავ როგორ მოქმედებს შენზე!..

ანა: ანა, ნუ უყურებ ტელევიზორს, ნუ უსმენ რადიოს, ნუ კითხულობ! ანა, ნუ ყიდულობ სტაფილოს! ანა!.. ანა! რა გინდა ჩემგან, რა?!. ხომ არ შეიძლება სულ ტყუილებით ცხოვრება!.. სისხლს უნდა მიეჩვიო, გული არ უნდა შეგიწუხდეს სისხლის დანახვაზე… ბაზარში უნდა იარო ხშირად… უყურო ძროხის მოჭრილ თავს… ანდა, უკეთესია, შეგირდად დაუდგე ყასაბს!..

კაცი: ანა!

პაუზა.

ანა: გეხვეწებიя გემუდარები არ წამიყვანო იქ… არ ჩამკეტო, არ გამომამწყვდიო! (პაუზა) ხომ არ წამიყვან?!.

კაცი: არა, ანა!.. არა!

ანა: დაიფიცე!..

კაცი: გეფიცები.

ანა: გმადლობ… (მუსიკა. გამჭვირვალეя ლამაზი მელოდია) შენი ცრემლი გამყვეს თანა და მიმღეროს სულთათანა… ღმერთო, რატომ მესმის ზღვის ხმა ასე გამუდმებით, რატომ?.. რატომ იყო მაშინ ასეთი კამკამა ზღვა?.. რა მოხდა?.. ნუთუ მართლა მოხდა რამე?.. ნუთუ ეს სიზმარი არაა?.. ნუთუ სამუდამოდ გაქრა კამკამა, უმანკო, ფეხდაუკარებელი თოვლივით უმანკო ზღვა?!. ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს ზღაპარი?.. ნუთუ?..

კაცი: სატრფომ მითხრა, წითელ ვარდებს თუ მომიტანთ, თქვენთან ვიცეკვებო!

ანა: შენი ცრემლი წამყვეს თანა და მიმღეროს სულთათანა…

კაცი: მაგრამ ჩემს ბაღში არცერთი წითელი ვარდი არ არის…

ანა: რატომ მესმის ზღვის ხმა ასე გამუდმებით?.. ის განუწყვეტლივ ეალერსება ქვიშას, კენჭებს… აკვანივით არწევს, ნანას უმღერის უპატრონო გვამებს!..

კაცი: ანა!

ანა: ჩჩჩ!.. აიშალა ეს ქვეყანაя აირია, მრავალი ჯურღმული გაჩნდა, მრავალი ხვრელი!.. არა! არა! აშლილი იყოя არეულიя ჯურღმულებით და ხვრელებით სავსე!.. უამრავი ცოდვის მონა ცხოვრობდა და მართალი არ ყოფილა არავინ!.. არავინ! არავინ, გესმის, არავინ!

კაცი: ასეა, ასე!.. ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი!..

კვლავ წვეთები… წვეთები ექოს გამოსცემენ და სივრცეში იკარგებიან. ერთმანეთში ათქვეფილი ხმები: ьიყიდება!.. იყიდება ბატონებო!” ,,იყიდება!” ьიყიდება!”. შემდეგя ნელ-ნელა, საერთო ფონზე იკვეთება ბავშვის ხმა.

ბავშვის ხმა: დამეხმარეთ!.. დედა მყავს ავად! მამა დამეღუპა!.. ძია, დამეხმარე! გინდა გიმღერებ… გიმღერებ რა…(მღერის ,,დარი-დურის”, სიმღერას, რომელსაც ხშირად მღერიან მათხოვარი ბავშვები)

გაბრაზებული ხმა: ეს გინდოდა?!. ეს გინდოდათ?!. ახლა მაინც მიხვდი?!. მიხვდით?!

კაცი: მე, ჩემი სინდისის წინაშე…

გაბრაზებული ხმა: გავკარი შენ სინდისს!.. კედელთან უნდა დაგაყენოთ ყველა, კედელთან! იმ დროს სად იყო შენი სინდისი, ზარბაზნები რომ მოათრიეს, ეძინა?!. პირდაპირ უნდა დაუმიზნონ, პირდაპირო! რაღას უყურებენ, ყველა უნდა ჩახოცონ, ნანგრევებში ჩამარხონო! ეძინა?! ეძინა?!.

მათხოვარი ბავშვის სიმღერას ენაცვლება ზღვის ხმა.

კაცი: (თავისთვის) ეძინა… ეძინა… (კვლავ ცდილობს მელოდიის გახსენებას) ტრა-ლა-ლა… ტრა-ლა-ლა…

ანა: (თავისთვის) ზარ-ზეიმით შემხვდნენ!.. იქ უკვე იცოდნენ ჩემი ამბავი… ჩემი და კურდღლის რომანი!.. სტაფილო დამახვედრეს, ჩვენც კურდღლები ვართო!.. მაგრამ მერე შეეშინდათ, ვაითუ დაგვხრაკონო და გაფარჩხულები მაღაზიის თაროზე შემოგვაწყონო… სტაფილო ჭამეთ, კარგად მოიქეცით და არ დაგხრაკავთო!.. სავლემ სთქვა… სავლემ კი მოიწონა მისი სიკვდილი… მაგრამ ვინ მოგვიტანდა ამდენ სტაფილოს… თუმცა ისინი ნამდვილი კურდღლები ხომ არ არიან…

ზღვის ხმა გადადის არეულ მუსიკალურ ბგერებში.

კაცი: ანა…

ანა: ჩჩჩ!.. ჩჩჩ!.. ხმა!.. კრინტი!.. ცეცხლი ჩაქრა… თეთრი ქვეყანა… სიცარიელე… სიცარიელე!.. ის ოცნებობდა ხვალინდელ დღეზე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ მას უარყოფდა… სტაფილო ძვირი ღირს, ვის მოაქვს ახლა შენთვის სტაფილო?.. თუმცა, კიდევ გექნებაя აუცილებლად მაცივარში შეინახე, აუცილებლად!.. შენ უთხარი არაя სტაფილოზე?.. მერე, არა გრცხვენია, ასე უნდა საიდუმლოს შენახვა?.. რატომ მომატყუე?.. რატომ?.. ხომ დაიფიცე! ხომ მითხარიя არ გამოვამწყვდევინებ შენს თავსო… ფიცი რატომ გატეხე?!. მე კი, დავიჯერე… გემუდარები, ხმა არ ამოიღო… მეგონა ზღვაზე წამიყვანდი… ისევ ვნახავდი მწვანე პალმას… გეხვეწები, წამიყვანე აქედან… თუ, სავლესი გეშინია… იმ სავლესი კი არა, ჩვენი სავლესი, ჩვენი დარაჯის გეშინია… თავს აჯერებ, გგონია სავლე უკვე პავლეა, მაგრამ მაინც გეშინია… დადიხარ ბაზარში? ეჩვევი სისხლს?.. თუმცა, რად გინდა შეჩვევა, ისედაც ხომ ყველგან სისხლია!.. ყველგან! შენ კი, ვერ ხედავя არ გინდა დაინახო, არ გინდა! ვითომ არ არის… ანა, ნუ უყურებ ტელევიზორს, ხომ ხედავ რომ შენზე ცუდად მოქმედებს, ანაя ყურებში ბამბა გაიკეთე! ანა, რად გინდა ამდენი სტაფილო… ანა! ანა!.. ჰოя ანა დედოფლად აკურთხესს… დედოფლად მაკურთხეს, კურდღლების დედოფლად!.. (იცინის) კურდღლების დედოფალი კი ვარ, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებ როგორია კურდღელი… სიცარიელე მტკივა, სიცარიელე!.. ღმერთო, რატომ მესმის ზღვის ხმა ასე გამუდმებით, რატომ?!. მე თუ დედოფალი ვარ, მაშინ შენ მეფე გამოდიხარ, ასეა, არა? მეფე! კურდღლების მეფე!.. აბა, კურდღლებო, მოდით, თაყვანი ეცით თქვენს მეფეს და სთხოვეთ რაცა გსურთ, ნუ მოერიდებით!.. მე გიჩვენებთ მაგალითს, მართალია დედოფალი ვარ, მაგრამ მაინც… გაიღეთ მოწყალება!.. დამეხმარეთ… დამეხმარეთ რა… გინდა, გიმღერებ?.. (მღერის) დარი-დური, დარი-დური, დარიდურიდა…

I ქალი: ჩემო ძამიკო, ძალიან მცივა, გამათბე რა, გეხვეწებიя გამათბე!

II ქალი: პური მომიტანე!.. საჭმელიც, სულ ერთია, რა იქნება, ოღონდ ცხელი იყოს… ცხელი საჭმელი მენატრება, ცხელი!..

III ქალი: შენ ვინა ხარ?.. ვინ?!. (იცინის) მართლა მეფე კი არა ხარ!..

IV ქალი: ჯუნა მომარჩენს, უთხარი ჩემებს, გიო იკითხე, გიოს ყველა იცნობს, უთხარი გაფრინდეს მოსკოვში და ჯუნა ჩამომიყვანოს!..

V ქალი: ვიცი, შენ ტურფა გელოდება… მე კი, კაცი მინდა… ძალიან მინდა… მოდი ჩემთან… მოდი და ბევრ კურდღლებს გაგიჩენ… პატარა ბაჭიებს!

ანა: სთხოვეთя სთხოვეთ, ნუ გერიდებათ! გაიღეთ მოწყალება!.. აბა, ახლა კი ცეკვა! მეფეს უყვარს ცეკვა! აბა, მიდით, გინდა ქართული, გინდა ბოშური, სულ ერთია! ოღონდ იცეკვეთ! მიდით, აბა, ჰე! აბა, ჰო! იმღერეთ, იცეკვეთя მიდით!

სიმღერა, ცეკვა, სიცილი, ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ამ ორომტრიალში დისონანსად ჟღერს ერთ-ერთი ქალის ქვითინი. მცირე ხნის შემდეგ კი, ყოველივე ამას ფარავს ზღვის დგაფუნი.

სხვა კაცი: დათვრა ახლა სხვა კურდღელი და იმანაც დაიტრაბახა, ოღონდ დათვიო… (იცინის) თუმცა ეს იგივეა… ისევ ისე… როგორც სხვებმა… გაიქცა და… აღარც მე მეცინება… სხვა ანეკდოტს მოგიყვები, სტეფანე!

კაცი: რას ჩამაცივდიя გაიგე, არა ვარ სტეფანე! არა!

სხვა კაცი: აი, ეს უკვე სხვა საქმეა!.. მომწონს!.. ახლა, უკვე ნამდვილი ამბავის მოყოლა დაიმსახურე!.. მაშ, ყური მიგდე… ნამდვილი, ჭეშმარიტად ნამდვილი ამბავი კურდღლების ცხოვრებიდან… დაიჯერეს კურდღლებმა რომ ყველაფრის უნარი აქვთ, ყველაფერი შეუძლიათ…

კაცი: არ გინდა!.. ვიცი!.. ჩემზე კარგად არ გეცოდინება! შენ თვითონ დამიგდე ყური!.. (პაუზა) თეთრი პერანგი და შავი ბაფთა… ბაფთა პეპელა… გახამებული თეთრი პერანგი ჩამაცვეს, ვიფიქრე გავაჭუჭყიანებ, დავჭმუჭნი, ბაფთასაც გადავაგდებ და იქნებ აღარ წამიყვანონ-მეთქი. ასეც მოხდებოდა… მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გავაკეთე… რატომ?.. აი, ეს უკვე სხვა საკითხია… მერე ტაში… ტაში დამიკრეს, ტაში! მომეწონა… მე არა… ჩემში ჩასახულ, პატარა, პაწაწკუნტელა კურდღელს მოეწონა… სტაფილოს მაგივრობა გასწია… შეახრამუნა პაწაწუნა სტაფილოя შეირგო… კიდევ მოუნდა, მოუნდა და მიიღო… იზრდებოდა, სუქდებოდა… მამას დაიჭერენო!.. იჭერდნენ, ბევრს იჭერდნენ… ხვრეტდნენ, ასახლებდნენ!.. ბერძნებსაც, სხვებსაც, ყველას!.. ყველას, ვინც არ მოსწონდათ, ვინც აზროვნებდა, ვინც ხედავდა, ესმოდა… ის კურდღელი კი, იზრდებოდა, სუქდებოდა… სუქდებოდა… ღმერთო, მართლა არ მინდოდა მაშინ დაკვრა, მართლა მინდოდა გამეჭუჭყიანებინა თეთრი პერანგი, ბაფთა გადამეგდო… მაგრამ მანამ დედა მეტყოდა მამას დაიჭერენო, ის კურდღელი უკვე იჯდა ჩემში… იმ მოღუშულ ქუჩაზე, დალუქულ ჭიშკართან ჩაიბუდა ჩემში, იმ შეშინებულმა ხმამ გაუღო კარი, ლუქი არ გააფუჭო, თორემ ჩვენ დაგვაბრალებენო!.. ღმერთო, რა ძნელია იმის აღიარება, რომ კურდღელი ხარя რა ძნელია!.. ანამ კი დაინახა, მიხვდა… მე კი… მე ჩავთვალე რომ ის… ის ვერაფრით ვერ იხსენებდა, როგორი იყო ნამდვილი კურდღელი, წვალობდა, ან როგორ გაიხსენებდა როდესაც ირგვლივ უამრავი ორფეხა კურდღელი დაცანცარებს!.. თვინიერები, დახრაკვას ელოდებიან… თავის ქიცინით იღებენ ნაწყალობევ სტაფილოს, კმაყოფილები არიან… სადღეგრძელოებსაც ამბობენ, კურდღლის ჯიშის სადღეგრძელოს, სიბრძნეა კურდღლის ცხოვრება, დიდი სიბრძნეო, თავი გადაირჩინეს, უსურიის ვეფხვი წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენება ელოდებაო, თითო-ოროლა კურდღელს თუ ვინმე შესანსლავს, რა მოხდა მერე, სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდებაო!.. და ასე… ასე!.. უყვართ კურდღლებს ტაში… ტაშის დაკვრაც ეხერხებათ, მიმალვაც, ბუჩქებში შეძრომა, გრძელი ფეხების იმედი აქვთ, მაგრამ განსაკუთრებით თამაში უყვართ, თამაშობენ მამაცებს, კეთილშობილებს, გმირებს, მეამბოხეებს!.. მეამბოხე კურდღლები… ღმერთო, რა საშინელებაა, რა საშინელება!.. მძინარე სინდისს ამოფარებული მეამბოხე კურდღელი! უფრო მეტიც, უღმერთოები პირჯვარს იწერენ, სანთელს ანთებენ, სახელს იცვლიან!.. დაინახე ისინი, ანა, დაინახე და აღარ დაიტანჯები, გაგახსენდება როგორია კურდღელი!

წვეთები… წვეთები… გაურკვეველი ბგერები. შორს ისევ გაიელვებს როიალის ხმა.

კაცი: ტრა-რა-რა… ლა-ლა… ტრა-რა… (თითქოს აგნებს მელოდიას, მაგრამ კვლავ რაღაც აკლია) ტრა-ლა-ლა! არა! არა!.. რა მემართება, რატომ ვერ ვიხსენებ?.. რატომ?.. დასასრული?.. თუ დასაწყისი?.. ზღვა… სტეფანე… სავლე… ის, სხვა კაცი… სტეფანეო!.. ანა… იმანაც… ზღვა… ანა და ზღვა…

ზღვის ხმა.

ანა: ზღვა… ბროლივით გამჭვირვვალე… ფეხდაუკარებელი თოვლივით სუფთა…

კაცი: მაპატიეя ანა!

ანა: ნეტა, მართლა სუფთა იყო?.. მართლა გამჭვირვალე?.. მითხარი, სტეფანეя მითხარი! იყო?!. იყო?!.

კაცი: მე სტეფანე არა ვარ, ანა!

ანა: ,,და ქვებს უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ლოცულობდა და ამბობდა: უფალო იესოя მიიღე ჩემი სული…“

კაცი: არაя ანა, სტეფანეს არ ჩაქოლავენ… შეიძლება მანქანა დააჯახონ, შეიძლება ტყვია ესროლონя მიპარვით, უკნიდან… შეიძლება, ავტომატის მთელი ჯერი დააცალონ, შეიძლება ააფეთქონ… შეიძლება ქურდობაც კი დააბრალონ და ციხეში ჩააგდონ… იქნებ სულაც… იქნებ ნეგრესკო-ნიცაც… იქ გაუშვან… ოღონდ არ ჩაქოლავენ, არ გააკეთებენ ამას… არა!.. სავლე…

ანა: ,,ხოლო სავლე არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, გამოათრევდა კაცებს და ქალებს და საპყრობილეში ყრიდა…“

კაცი: მე მეშინია ანა!

ანა: ვეღარასოდეს!.. ვეღარასოდეს!.. ჩემი ლამაზი ქალაქი… თეთრი, ქათქათა ქალაქი და მწვანე პალმა… ეჰ, რა კარგი იყავი მაშინ!.. რა კარგი!.. მეგონა რომ… მზეზე ბრწყინავდა შენი გარუჯული სხეული… შენი სული წამყვეს თანა და მიმღეროს სულთათანა… კამკამა ზღვა და მწვანე პალმა… სხვა არაფერი… არა!.. აღარასოდეს იქნება ზღვა ასეთი კამკამა, არასოდეს…

კაცი: ანა, არ შეხვიდე ზღვაში!.. ხომ გითხარი, იქ…

ანა: მზეო, ამოდი, ამოდი!.. ცივათ იქ!.. ყინულივით ცივია ზღვა!.. მზეს სთხოვეო… ღმერთო, რა ბიჭები, ერთმანეთზე უკეთესები!..

კაცი: ნეტა, სტეფანე აქ ყოფილიყოო…

ანა: მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა…

კაცი: ტრა-ლა-ლა… ტრა-ლა-ლა… ღმერთო, გამახსენე…

ანა: სიცივეს კაცი მოუკლავს… სიცივეს… სიცივეს…

კაცი: მაპატიე, ანა… მე… მე…

ანა: იხსენით ჩვენი სულებიო… იხსენით ჩვენი სულებიო…

კაცი: ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას ვერ გაექცევი…

ანა: იხსენით… იხსენით… იხსენით…

კაცი: ანა!.. ანა!..

საოპერაციო ინსტრუმენტის ვარდნის მკვეთრი ხმა.

ქალის ხმა: გადარჩება?!. გადარჩება?!.

კითხვა უპასუხოდ რჩება. შორიდან ისმის როიალზე შესრულებული ის მელოდია, რომლის გახსენებასაც ამაოდ ცდილობდა კაცი. თანდათანობით ეს ხმა ახლოვდება და სრულიად სხვა აკუსტიკურ გარემოში ჟღერს. ეტყობა მას რომელიმე სხვა ბავშვი ასრულებს.

1996 წელი.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s