მიხო მოსულიშვილი: თეატრი სივრცეში, ანუ ვიღაცა ლაბირინთიდან თავის დაღწევას ლამობს


Zurab kandelaki

მიხო მოსულიშვილი

თეატრი სივრცეში, ანუ ვიღაცა ლაბირინთიდან თავის დაღწევას ლამობს

14.04.2009 – რადიო 1

რადიოდადგმა ორიგინალური, თავისებური თეატრალური ჟანრია. ალბათ, არ დარჩენილა თანამედროვე მსოფლიოში რომელიმე მნიშვნელოვანი მწერალი – სემუელ ბეკეტი თუ ეჟენ იონესკუ, ფრიდრიხ დიურენმატი თუ მაქს ფრიში, ჰაინრიხ ბიოლი თუ იურგენ ბეკერი, არტურ მილერი თუ რეი ბრედბერი, ინგებორგ ბახმანი თუ ინგმარ ბერგმანი (და კიდევ მრავალი სხვაც) – რადიოპიესა რომ არ დაეწეროს…

რამ განაპირობა ასეთი დიდი ინტერესი? ჯერ ერთი, ცნობილ ამერიკელ მკვლევარ ე. ბარნოუს წიგნში “რადიომწერლის ცნობარი” არის განსაზღვრება დრამატურგიის ამ ჟანრისათვის – Streem of consciusness (ცნობიერების ნაკადი); იქ აგრეთვე აღნიშნულია, რომ ადამიანის ცნობიერების ზიგზაგებმა, მისმა თითქოს ქაოსურმა და იმავდროულად სუბიექტურად ორგანიზებულმა მოძრაობამ თავისებური ასახვა პოვა რადიოდრამატურგიაში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, აზრის დრამაა, იგივ გრძნობათა და განცდათა სიტყვიერი რენტგენოგრამა. ამგვარი პიესის მოქმედება დაფუძნებულია არა მოვლენათა მიზეზშედეგობრივ კავშირზე, არამედ სიტყვაში გაცხადებული პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობების ცვალებადობებზე. სწორედ ასეთნაირ ლოგიკაზეა აგებული მისი ფიქრები, განწყობილებები, მოგონებები. ისიც აღსანიშნავია, რომ რადიოში ბუნებრივი მოსასმენია ის, რაც თხრობით ლიტერატურაში გადმოიცემა როგორც შინაგანი მონოლოგი ანდა სულაც თეატრის დრამატურგიაში ქვეტექსტი – პერსონაჟის ფსიქიკური მდგომარეობა, სიტყვებით რომ არ არის ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, სიტყვის სპეციფიკური გამოყენება რადიოდრამაში, სადაც სიტყვა უბრალო დიალოგს ან მონოლოგს კი არ ასახავს, არამედ წარმოაჩენს პერსონაჟის ფიქრს, განცდას, მოგონებას… ერთი სიტყვით, მის შინაგან მდგომარეობას.

თავის დროზე, სცენისა და დარბაზის კონტაქტზე რომ ლაპარაკობდა, კონსტანტინ სტანისლავსკიმ გამოიყენა გამოთქმა “სულიერი აკუსტიკა”. ვგონებ, ეს ნათქვამი რადიოთეატრსაც მოუხდებოდა, რაღაი ლირიკული აღსარება, პირდაპირი კავშირი მსმენელთან, უმოკლესი, მალე აღმოფხვრადი მანძილი მსმენელსა და პერსონაჟს შორის უფრორე ამძაფრებს ამ “სულიერ აკუსტიკას”.

და მეორეც, თეატრალური დადგმისაგან განსხვავებით, რადიოსპექტაკლში მხოლოდღა სიტყვა, მუსიკა და ხმაურია დარჩენილი. ასე აღწევს იგი მსმენელამდე, რომელმაც თავის წარმოსახვაში უნდა “დაასრულოს”, “სრულყოს” თეატრი – წარმოიდგინოს პერსონაჟი, შესაბამისი კოსტიუმები ჩააცვას მათ, ააგოს დეკორაცია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც, ვთქვათ, იაპონელი ან ჩინელი მხატვარი რომ გაავლებს რამდენიმე კონტურს და დანარჩენი მნახველმა უნდა დაასრულოს თავის წარმოსახვაში. ასეთივეა მათი პოეზიაც და პროზაც… და ამგვარ ნაწარმოებთა “შექმნაში” მსმენელი თუ მხილველიც აქტიური მონაწილეა.

ეს მცირე თეორიული ექსკურსი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამჯერად მკითხველს უნდა ვესაუბროთ ზურაბ კანდელაკის ორიგინალურ რადიოპიესაზე “კურდღლები”, როგორც რადიოდრამის ერთ-ერთ საინტერესო და საყურადღებო ნიმუშთაგანზე; ნაწარმოებზე, სადაც ზედმიწევნითაა დაცული ამ დრამატურგიის ზემოთ მოხმობილი, სპეციფიკური კანონები – სიტყვის თავისებური გამოყენება და სუბიექტური სივრცის ორგანიზება…

ლიტერატურის მოყვარულთათვის ზურაბ კანდელაკის სახელი უცხო არ არის. მისი ვრცელი მოთხრობები – “უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს” და “ბევრი რამ ხდება, ჰორაციო…” ოთხმოციან წლებში დაიბეჭდა ჟურნალ “ცისკარში” და მკითხველის ინტერესი გამოიწვია.

1991 წელს გამოცემული ზემოთ დასახელებული მოთხრობების კრებულის ბოლოსიტყვაობაში კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია წერს:

“ზურაბ კანდელაკისათვის მთავარია ფიქრის ანატომია, მისი აღნაგობა, ოღონდ დინამიკაში – სწრაფად ცვალებადია მიმართულებები ფიქრისა! მაგრამ მისი ფიქრი არ არის სრულქმნილი, გალაღებული ადამიანის ფიქრი. ნატანჯი, ნაწამები ადამიანის ფიქრი მოძრაობს, აწყდება სინამდვილის გაზინთულ კედლებს და უბრუნდება წარმომშობ სიღრმეებს”.

გამოცდილი კრიტიკოსის ეს დაკვირვება, ზ. კანდელაკის პროზას რომ მიესადაგება, არც მისი რადიოდრამატურგიისათვის გახლავთ უცხო და შორეული; ვგულისხმობ როგორც განსახილველ “კურდღლებს”, ასევე “რეპეტიციას” – მის მეორე რადიოდრამას.

მაშ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა შეიძლება ვთქვათ რადიოპიესაზე “კურდღლები”?

უკიდურეს, სასაზღვრო სიტუაციაში ჩავარდნილი, სიკვდილის პირას მდგარი “კაცის” (სტეფანეს) შინაგანი მონოლოგი, რომელიც დროდადრო გადაიზრდება ხოლმე ფიქრის დიალოგში მეუღლესთან, ანასთან თუ “სხვა კაცთან” (სავლესთან), ამ რადიოპიესის სტრუქტურის საფუძველია.

სასიკვდილო აგონიაში მყოფი გმირი მოჩხრეკს თავის წარსულს, რომელსაც ვერ გაქცევია და კვლავ მის ცნობიერებაში აგრძელებს არსებობას. გაიხსენებს ზღვისპირა ქალაქს, ბერძენ მუსიკის მასწავლებელს (მომდევნო სცენაში მოიგონებს მის სახელსაც, ელექტრას), რომელიც როგორც “ხალხის მტერი” გადაასახლეს შუა აზიაში. რადგან მაშინ – “იჭერდნენ, ბევრს იჭერდნენ… ხვრეტდნენ, ასახლებდნენ!.. ბერძნებსაც, სხვებსაც… ყველას!.. ყველას, ვინც არ მოსწონდათ, ვინც აზროვნებდა, ვინც ხედავდა, ესმოდა…” მაშინ გმირს არ უნდოდა ღია გაკვეთილზე დაეკრა, იფიქრა, გახამებულ თეთრ პერანგს დავჭმუჭნი, გავაჭუჭყიანებ, ბაფთასაც გადავაგდებო; მაგრამ შეაშინა დედის ნათქვამმა – მამას დაიჭერენო! უკვე კურდღელს ჩაებუდებინა მასში, მშიშარა კურდღელს. და კურდღელი მხოლოდ თვითონ კი არაა, – “ირგვლივ უამრავი ოთხფეხა კურდღელი დაცანცარებს!.. თვინიერები, დახრაკვას ელოდებიან… თავის ქიცინით იღებენ ნაწყალობევ სტაფილოს, კმაყოფილები არიან… სადღეგრძელოებსაც ამბობენ, კურდღლის ჯიშის სადღეგრძელოებს; სიბრძნეა კურდღლის ცხოვრება, დიდი სიბრძნე… თავი გადაირჩინეს. უსურიის ვეფხვი წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენება ელოდებაო, თითო-ოროლა კურდღელს თუ ვინმე შესანსლავს, რა მოხდა მერე, სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდებაო!..”

უღონო სიკეთისა თუ შეფარული ირონიის გამოვლინებად აღიქმება წლების შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებული, ხელიდან ხელში გარდამავალი, გამეძავებული ელექტრა რომ იცნობს “კაცს” და “რა კარგად დაუკარი, მასახელეო!” – შეაქებს…

“კაცის” მეხსიერებაშივე გამოჩნდება ანა, ტრაგიკული, ფსიქიკურ შეშლილობამდე მისული მეუღლე – თავისი ზღვისებრ კამკამა სიწმინდით, უჩვეულო ხედვით – “კაცს” სტეფანეს ადარებს, თავისი რწმენისათვის რომ ჩაქოლეს, კურდღელსაც, რაღაი “კაცისეული” ნირწამხდარი ღიმილი ვერ მოუშორებია მეხსიერებიდან და თან სტაფილოთი ამარაგებს. “არ ჩამკეტო, არ გამომამწყვდიო!” – ემუდარება ანა “კაცს”, მაგრამ მაინც მოხვდება საგიჟეთში. “გეხვეწები, წამიყვანე აქედან!” – ახლა ამას ეხვეწება, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია; შეუძლებელია ზღვაში, კამკამა, თოვლივით სპეტაკ ზღვაში გაფრინდეს ანა, რადგან ზღვაში უპატრონო გვამები ტივტივებენ…

ამ რადიოპიესის პერსონაჟები ყოფიერების ლაბირინთში მიმოიქცევიან (რაკი დერეფნის ბოლოს გასული პერსონაჟი – კვლავ ლაბირინთშია!), აქედან თავდასაღწევ გზას ეძებენ; გზას, რომლის პოვნასაც ვერ შეძლებენ. ეს ძიება მარცხისთვისაა განწირული. თუმცა არ დრკებიან, არ ჩერდებიან, ჯიუტად ლამობენ აქედან გასვლას.

ანას ოცნება – “კამკამა ზღვა და მწვანე პალმა” – ოცნებადვე დარჩება, იქ ვერ მიბრუნდება. თუკი “კაცი” სტეფანეს მოაგონებს ამ წმინდანივით ქალს, “სხვა კაცი” კი სავლეა მისთვის; და თუ სტეფანე რწმენისათვის ჩაქოლეს, სავლე ხომ ის კაცია, ეკლესიას რომ არბევდა, სახლებში იჭრებოდა, გამოათრევდა კაცებს და ქალებს და საპყრობილეში ყრიდა… ხოლო აქ კი, პიესაში, ცინიკურად, დაუსრულებელ ანეკდოტს ჰყვება ლოთ კურდღელზე…

ამ რადიოდადგმაში საქმე გვაქვს იმ პერსონაჟებსა და შინაგან სულიერ მდგომარეობებთან, რომლებიც ცოდვილთა ქვეყნიდან არიან და რადგან
“ცოდვილების ქვეყანაში ცოდვას ვერ გაქცევი”, ვერც ისინი გაურბიან…

კრიტიკაში გამოთქმული აზრი, პერსონაჟები ამ მდგომარეობაში იმიტომ არიან, რომ უზნეო, ტირანულ ქვეყანაში ცხოვრობენო, მცდარი მგონია. ყოფიერების ისეთივე ლაბირინთს გადააწყდებოდა ავტორი, თუნდაც არატოტალიტარულ, ეგრეთ წოდებულ “დემოკრატიულ” ქვეყანაში ეცხოვრა, რადგან მისი ტკივილი ყველას ტკივილიცაა; მისი სურვილი, თავი დააღწიოს ყოფიერების ლაბირინთს, საერთოცაა და ამიტომაც ყველას შეიძლება წამოგვცდეს სიმწრით: “უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს!”

ასე და ამგვარად, სასაზღვრო სიტუაციაში (სასიკვდილო აგონიაში) მყოფი “კაცი” მოგზაურობს იმ ქვეყანაში, მეხსიერების ნანგრევებით რომაა აგებული და მერე ჩამოშლილ-ჩამონგრეული. ერთმანეთში თითქოსდა ქაოსურად, თუმცა შინაგანი მოწესრიგებულობით (რაც ფსიქოლოგიური სიუჟეტისთვისაა დამახასიათებელი) აირევა მტანჯველი წარსული და დღევანდელობა (მათხოვრების ხმები, მათხოვარი ბავშვები, “დარიდურის” რომ მღერიან, ხმები ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, დახმარებას რომ ითხოვენ), ყოფიერების რეალურობა და ხილვათა რთული, წარმოსახვაში გაჩენილი სიმბოლიკა (“ფრენა ზღვაში”, “კამკამა ზღვა და მწვანე პალმა”, “უპატრონო მკვდრები ზღვაში”, “სტეფანე და სავლე”) და ეს ერთგვარი მორევი ცნობიერებისა აჩქარებული ტემპით გასწევს ფინალისაკენ, სადაც ანამ უნდა წამოიძახოს: “იხსენით ჩვენი სულები! იხსენით! იხსენით!” – კიდევ და კიდევ უნდა გახმიანდეს რამდენჯერმე, რათა მწარედ ჩაგვაფიქროს, შეგვცვალოს და თუ მთლად არ გამოვცარიელებულვართ, სულ პატარა სიკეთე მაინც ჩაგვადენინოს… ავტორის სურვილიც ხომ ეს იყო, ალბათ.

და ბოლოს, მართალია, ზურაბ კანდელაკს დადგმული აქვს სპექტაკლები ტელევიზიაშიც (,,გამარჯობა, ჩვენო მამებო”, ,,ეს არ უნდა მომხდარიყო”, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”, ,,დავიწყებული ამბავი”, ,,ენერგიული ადამიანები” და სხვ.), მაგრამ გვინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნოთ რადიოპიესა “კურდღლების” ავტორის ღვაწლნი და დამსახურებანი რადიოპიესის პოპულარიზაციის საქმეში:

ზურაბ კანდელაკი რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია 1967 წლიდან, განხორციელებული აქვს ოთხასამდე ქართული პროზაული ნაწარმოების ინსცენირება.

ზურაბ კანდელაკის რადიოპიესამ ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო…” მოიპოვა მთავარი პრიზი პირველ საკავშირო რადიოფესტივალზე (1990წ.).

1994 წელს მისმა რადიოპიესამ ,,რეპეტიცია” დაიმსახურა გრან-პრი რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს პიესა იმავე წელს დაიდგა სლოვენიაში, 1995 წელს – გერმანიაში (WDR), 1997 წელს კი თავის მსმენელებს გააცნო ,,დოიჩლანდ რადიომ”. სწორედ ამის შემდეგ გერმანიის სამხარეო რადიოსადგურ WDR-ის მესვეურებს გაუჩნდათ იდეა, ჩაეტარებინათ ერთობლივი კონკურსი საქართველოს რადიოსთან ერთად. ქართული ჟიური შეარჩევდა ხუთ რადიოპიესას, რომელთა გერმანულად თარგმნას აფინანსებდა იმათი მხარე. მათვე უნდა აერჩიათ გამარჯვებული ნაწარმოებები, რომლებსაც შეისყიდდნენ და დადგამდნენ კიდევაც. ასე გაიმარჯვა თამაზ ჭილაძის რადიოპიესამ “სამოთხის კვარტეტი”, რომელიც მერე დაიდგა კიდეც გერმანიის რადიოში.

1996 წელს ,,რეპეტიცია” და ,,კურდღლები” დაიდგა სლოვაკეთში, 2002 წელს კი – ,,დაუმთავრებელი პიესა” იუგოსლავიაში.

1998 წელს ,,გამარჯობა, სენიორ პირანდელო” შევიდა ,,PRIX EUROPA”-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში და იმავე წელს დაიდგა ისლანდიაში. ასევე მოხვდა ,,PRIX EUROPA”-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში ,,მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი” (2002წ.), 2003 წელს კი ეს რადიოპიესა თვითონვე დადგა პოლონეთში.

2005 წელს ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი ,,კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო” აღინიშნა ,,PRIX EUROPA”-ს ჟიურის სპეციალური პრიზით.

სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.

1995 წელს გერმანიაში, ქ. ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში, მოეწყო პიესის ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო…” განხილვა. იმავე წელს ცნობილ გერმანელ მწერლებსა და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში.

იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია).

რადიოსპექტაკლი ,,გამარჯობა, სენიორ პირანდელო” აღინიშნა გამომცემლობა ,,ლომისის” პრემიით.

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.

მინაწერი:

ბერლინის 2008 წლის ფესტივალზე შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა ზურაბ კანდელაკის ახალმა რადიოდადგმამ “კალეიდოსკოპი” (რომელიც დაფუძნებულია მისივე პიესა “კურდღლების” მოტივებზე) და ფინალისტებში მოხვდა, რაც შემთხვევითი სულაც არ არის. ჰოდა, წარმატება ვუსურვოთ ბატონ ზურაბს ამ პრესტიჟულ ფესტივალზე…

2009

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s