ირაკლი სამსონაძე: ციცქნა გოლიათი, ჩვენი


ირაკლი სამსონაძის წიგნის "ტრიპტიქი" უკანა ყდა

ირაკლი სამსონაძე

ციცქნა გოლიათი, ჩვენი
(არცთუ სასაცილო კომედია)

მოქმედი პირები:

კაცი

ქალი

2007 წლის შემოდგომა. თბილისი. სამოთახიანი ბინის მისაღები: ორი სავარძელი, ტორშერი, კედელზე წიგნების თარო, რამდენიმე სკამი, მაგიდა.
ერთი კარი ბავშვის ოთახში გადის, მეორე ცოლ-ქმრის საძინებელში.
გამოჩნდებიან კაცი და ქალი, იგრძნობა, რომ ახლახან შემოაბიჯეს ქუჩიდან. კაცი ფრთხილად დებს საკვოიაჟს მაგიდაზე, შემდეგ სავარაუდო ფანჯარას უახლოვდება და ფარდის კუთხიდან იცქირება.

ქალი /კაცს მიუახლოვდება, ბეჭებზე მიადებს თავს/ _ როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე,
როგორ, როგორ… საქმიდან მობრუნებული მტაცებლის ელასტიური ნაბიჯით
უახლოვდები ფანჯარას, მერე გამჭოლი მზერით აკვირდები ღამის ქუჩას…
კაცი /თვალს არ სწყვეტს ქუჩას/ _ ვინმე, შემთხვევითი მოწმე და… ჩემი თავი ჯანდაბას…
ბავშვი… / პაუზა/ სძინავს?
ქალი /იგივე მდგომარეობაში./ _ მას სულ სძინავს, ძვირფასო, მას ისე ერთგულად
სძინავს… სძინავს და ტუჩებს აცმაცუნებს, სწორედ შენსავით…
კაცი /ქუჩას მიცქერილი/ _ ჩემსავით?…
ქალი /თვალმილულული/ _ ჰო, შენსავით…არ დახედავ?
კაცი /ქუჩას მიცქერილი/ _ მერე…იქნებ კუდი აგვყვა…
ქალი /კაცს მიხუტებული/ _ შეუძლებელია… ჩვენ გეგმის მიხედვით ვიმოქმედეთ…
კაცი _ სიფრთხილეც გეგმის ნაწილია… ყურადღებას მოადუნებ და დაისჯები კიდეც…
მე ვიცი… /პაუზის შემდეგ/ პატრულის მანქანამ ჩაიარა.
ქალი /იგივე მდგომარეობაში/ _ მერედა რა, რომ ჩაიარა…
კაცი /იგივე მდგომარეობაში/ _ ჩაიარა და თვალს მიეფარა…
ქალი _ ჩაიარა და ჩაიაროს, ჩაიარა და ჩაიაროს; ჩვენ ყველაფერი სუფთად ჩავატარეთ,
ხუთიანზე.
კაცი /ქუჩას მიცქერილი/ _ ნიღბები და სამოსი დაწვი…
ქალი /კაცს მიხუტებული, თვალდახუჭული/ _ ესეც რიტუალად იქცა…საქმის შემდეგ
ნიღბებსა და ძველმანებში შეძენილ სამოსს ვწვავთ…
კაცი /ქუჩას მიცქერილი/ _ … კვალი უნდა მოისპოს.
ქალი _ როგორც ინგლისელები იტყვიან: თუ ჰაიდ თრეიზ.( ტო ჰიდე ტრაცე )
კაცი _ რუსები ამაზე ამბობენ: ზამესტი სლედ.(замести следы )
ქალი _ ფრანგები: ეფფასე ლა პისტ.( ცაცჰერ ლა ტრაცე)
კაცი _ საკმარისია, საქმე!
ქალი /გაშორდება კაცს, მოსიყვარულე თვალებით გამოხედავს/ _ და სიმტკიცის სიმი
შენს ხმაში… როგორც მომართული ზამბარა… როგორც… /მოსასხამს გაიხდის/
სამი სახლი სამ ქუჩაზე, მინიმალური მსხვერპლით… იცი, რომ გენიოსი ხარ?
კაცი /ფანჯარაში იცქირება/ _ გენიოსი რომ ვყოფილიყავი, მსხვერპლი საერთოდ
არ იქნებოდა… საბრალო მძღოლი, მას ალბათ ცოლ-შვილი ჰყავდა,
შვილიშვილებიც… ალბათ… რამდენის იქნებოდა?
ქალი /იხდის ქვედატანს/ _იქნებ სულაც არ იყო დაცოლშვილებული…
კაცი /ფანჯარაში გაცქერილი/ _რა თანხვედრაშია ადამიანი ბუნებასთან… სწორედ
შემოდგომაზე მაშფოთებს მომავალი საპენსიო ასაკი, სავარაუდო სიმსივნე,
რომელსაც ჯერ არ უჩენია თავი, საავადყოფოს სასოწარკვეთაში წვეული
ხილვები, სიკვდილის გარდუვალობა…
ქალი /პერანგის ამარა/ _ ნუთუ აუცილებლად უნდა დაიწვას? /მოსახამს დასცქერის/
არ მოგწონს?! სუფთა აბრეშუმია.
კაცი /ქალს გამოხედავს, ხანმოკლე პაუზის შემდეგ მოჭრით/ _ დაწვი!… /ისევ ფანჯარას
მიუბრუნდება/ ქურაში ნაცრის ნასახიც არ უნდა დარჩეს… ნაცრიდანაც შეიძლება
კვამლს წააწყდნენ, არ დაგავიწყდეს…
ქალი _ ჰო, საყვარელო, ჰო, ახლავე, მაგრამ შენ კი არ დაგავიწყდა?
კაცი /შემკრთალი გამოხედავს/ _ ჩემი სამოსი… ისიც უნდა დაიწვას… /ჯიბიდან
იარაღს ამოიღებს, იხდის პიჯაკს, პერანგს, შარვალსაც/ _ ისე გულმოდგინედ
ვშლით კვალს, რომ მეხსიერებაც გვეშლება თანდათან… არ გეჩვენება?
ქალი /ღიმილით/ _ კი, მეჩვენება, რადგან შენ შემოდგომის ის დღე დაგავიწყდა… შენ
მხოლოდ ნაღვლიან ფიქრებს აჰყოლიხარ ამ შემოდგომაზე…
კაცი _ რომელი დღე?
ქალი _ ის…ჭადრის ხის ქვეშ რომ იდექი…
კაცი /თითქმის გატანჯულად/ _ რა უნდა გამახსენდეს, გამახსენე!…
ქალი /გაღიმებული/ _ ჩვენი პაწია… სწორედ შენსავით აცმაცუნებს ტუჩებს…
კაცი /მხოლოდ მაისურითა და ტრუსებით, ხელში იარაღით/ _ აქამდე არ გითქვამს,
ტუჩებს თუ ვაცმაცუნებ ძილში…
ქალი /ღიმილით/ _ გითხარი, არა ერთხელ… შენ ესეც დაგავიწყდა, ძვირფასო… ისეთი
საყვარელი ხარ ამ დროს… ისეთი უშუალო… დაუცველი… ჩვენი ციცქნა
გოლიათივით… ვერც ახლა იხსენებ, რა დღეა?
/კაცი დაკვირვებით მიაჩერდება ქალს, ხანგრძლივი პაუზა/
ქალი _ … მომეჩვენა თუ შენს თვალებში მართლაც გაკრთა ნაპერწკალი… ის…
ნაცნობი… მონატრებული…
კაცი /იატაკზე მიყრილ სამოსს გაეცლება, ისევ ფანჯარას მიუბრუნდება, ქალს
თვალს აარიდებს, ქუჩაში გაცქერილი/ _ … მოგეჩვენა.
/ქალი კაცს მიუახლოვდება, ფანჯარას გამოარიდებს, სკამზე ჩამოსვამს, კალთაში
ჩაუჯდება/.
ქალი _ მოეშვი ფანჯარას, გთხოვ! საფრთხე აღარ არსებობს, შენც ხომ იცი…
/კაცის კალთაში/ საერთოდ, რაც უფრო დიდია საფრთხე, უფრო იწევს
ადრენალინი… არ მეთანხმები?
კაცი /ხელში იარაღით, ძალიან ნაღვლიანად/ _ …ადრენალინი. იქნებ ჩემთვის
განკუთვნილი ადრენალინის მარაგი ამოიწურა უკვე. /თითქმის ცრემლმომდგარი/
იქნებ გაძარცვული, გახრიოკებული საბადოსავით დავრჩი ახლა… არადა, ისეთი
მომხიბლავი ხარ, ისეთი მაცდური… /თვალს არიდებს ქალს/ მაპატიე, გთხოვ…
ქალი /მკერდზე მიიკრავს მის თავს/ _შენს თვალზე ცრემლი?! რას ამბობ ძვირფასო…
კაცი _ … ტროტილი. ეს ისე სახიფათოა… ხომ გესმის.
ქალი _ ჰო, ჰო, რა თქმაუნდა!…
კაცი _ ჩვენი მტრები… ისინი რეალურად არსებობენ, ისინი დაძრწიან, მოქმედებენ…
ქალი _ მოქმედებენ და იმოქმედონ… არაფრის მეშინია შენთან.
კაცი /თავს გაინთავისუფლებს, წამოდგება/ _ მძღოლი… რამდენი ასეთი მძღოლი იყო,
რამდენი დარაჯი… მე განვიცდი… მე… და ეს არ არის ნიანგის ცრემლები…
მერწმუნე…
ქალი /სკამზე ზის/ _ ნუ დავამძიმებთ ამ საღამოს… /პაუზა/ უნაკლო სხეული გაქვს, იცი?! არცერთი გრამი ზედმეტი…
კაცი /ბოლთას სცემს ოთახში/ _ ბავშვი… ჩვენი პაწია… იგი მარტო რჩება, სრულიად
მარტო! ჩვენ საქმეზე მივდივართ, ის კი აქ, მარტო… დაუცველი…
ქალი _ ეგ ნუ გაღელვებს, სიყვარულო, მას ხომ სძინავს…
კაცი /აწყვეტინებს/ _ შენზეც ვფიქრობ… რაღაც რომ ვერ გავთვალო ბოლომდე…
ქალი _ ოჰ, მოეშვი ფიქრს; მოდი, გვიყვარდეს ერთმანეთი!…
კაცი /ნერვიულად/ _ რატომ მთრგუნავს ასე, შენი სილამაზე… ადრენალინის ნაკლებობა…
ლამის მანქანად ვიქცე… მექანიზმად… შენ კი ისეთი ლამაზი ხარ…
ქალი _ ჩემი სილამაზე, ჩემი არსება, შენ გეკუთვნის… სრულად… ბოლომდე… მაპატიე,
თუ სწორედ ვერ გაგიგე… გაიხადე და ამან მაფიქრა, იქნებ…
კაცი /ერთგვარი სასოწარკვეთით აწყვეტინებს/ _ გავიხადე, რათა კვალი მოვსპო…
მხოლოდ ამ ფიქრით ვარ შეპყრობილი და თანდათან გკარგავთ შენც, პაწიასაც…
ეს თქვენ უნდა მაპატიოთ, მე, იდიოტს…
ქალი _ სისულელეა… უბრალოდ, იქამდე ვერ ისვენებ, სანამ ნივთმტკიცებას არ
გააქრობ… შენ ხომ ნამდვილი პროფესიონალი ხარ…
კაცი _ წავიდეთ სადმე… მე, შენ და ჩვენი პაწია… დავისვენოთ… დღესვე წავიდეთ… საქმე
მოვილიოთ, კვალი გავანადგუროთ და წავიდეთ…
ქალი _ ჰო, ძვირფასო, დასვენება მართლაც გვჭირდება…
კაცი _ მე მთრგუნავს წარსული, რომელსაც ბოლომდე ვერ ვივიწყებ, მთრგუნავს
ხიფათიანი მყოფადი და გაურკვეველი მომავალი… ძლიერ დამიმძიმდა ტვირთი…
სულმა თითქოს უარი სთქვა ტვირთის თრევაზე და სხეულს გაერიდა და აი,
ახლა, სული ჩემი .და სხეული ჩემი ცალ-ცალკე დგანან და ერთმანეთი
ეუცხოებათ…
ქალი /დაეჭვებით/ _ შექსპირი?
კაცი _ არ ვიცი… ასეა მომეთქვა… იქნებ ეჟენიც.
ქალი _ იონესკო? არა მგონია.
კაცი _ არც მე. თუმცა, ის კი კარგად მახსოვს, რა თქვა ჩეხოვმა…
ქალი /ინტერესით/ _ რა თქვა ჩეხოვმა?
კაცი /იარაღს გაუწვდის/ _ თუკი პირველ აქტში თოფი გამოჩნდა, ამ თოფმა მესამე
აქტში აუცილებლად უნდა გაისროლოსო… გასროლა შედგა. მძღოლი მკვდარია,
ესე იგი მეოთხე აქტში ვყოფილვართ. იარაღი საერთოდ უნდა გაქრეს…
ქალი _ რომელ სამალავში გადავმალო?
კაცი _ სადაც საჭიროთ ჩათვლი… მხოლოდ ჯერ კარგად გაზეთე…
ქალი _ ჰო, რა თქმა უნდა… /იარაღს ჩამოართმევს/ დარწმუნებული ხარ, რომ ჩეხოვმა
თქვა ეს?
კაცი _ რა?
ქალი _ აი, ეს… რაც წეღან თქვი…
კაცი _ რა ვთქვი წეღან…
ქალი _ ჩეხოვიო…
კაცი _ ნუ მაბნევ…უბრალოდ ფლოსტები მომიტანე. რატომღაც მეჩვენება, რომ ფეხზე
ფლოსტებწამოცმული მეხსიერებასაც აღვიდგენ… მომიტან ფლოსტებს?
ქალი _ ჰო, ჰო, ახლავე… /კაცის სამოსს წამოკრეფს, იარაღთან ერთად მიაქვს, გზად
შეყოვნდება, კაცს გამოხედავს/ და ის სულაც არ არის მთავარი…
კაცი _ რა?
ქალი _ ხომ გესმის… ისედაც მეყვარები… ყოველთვის… ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი
რამ გვაერთიანებს, ვიდრე ბანალური სექსი…
კაცი _ სექსი… ოდესღაც იყო სექსი… შორს… ალბათ იყო… /ქალს გამოხედავს/ საქმეც
ისაა, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები მავიწყდება…/დააცემინებს/
თანაც გავცივდი, მგონი…
ქალი _ ცხელი შხაპი მოგიხდება… გავაცხელო აბაზანა?
კაცი _ არ ვიცი, როგორც გინდა… /პაუზა/ მაღვიძარა მომართე, ადრიანად უნდა ავდგე…
ქალი _ რატომ უნდა ადგე ადრიანად?…
კაცი /თითქმის განწირული/ _ ეს კი არ მახსოვს… არც ის მახსოვს, როგორ უნდა
მოვმართო მაღვიძარა… /ქალს გამოხედავს, თვალმოცრემლილი/ “უნდა” კი
მახსოვს… ასე მგონია, მთელი ცხოვრება “უნდას” მივსდევ, ვერ დავეწიე…
ქალი _ ნერვიული სტრესი… ბუნებრივიცაა… რკინისანი ხომ არ ვართ… /შემოსასვლელში
გაუჩინარდება/
/კაცი ერთხანს უძრავად იდგა. ოთახში გაივლის, ისევ ფანჯარას მიუახლოვდება,
ღრმად შეისუნთქავს ჰაერს/.
კაცი _ დამწვრის სუნი…
/შემოდის ხალათმოსხმული ქალი, კაცისთვისაც მოაქვს ხალათი, გაუწვდის და
მტვერსასრუტს მიეტანება./
ქალი /როგორც კი გამოჩნდება/ _ რა თქვი, ძვირფასო?
კაცი _ დამწვრის სუნი ბაბუას მაგონებს… /ხალათს მოისხამს/.
ქალი _ ტანისამოსს შევუძახე ქურაში… ხომ დამავალე!
კაცი _ იარაღი?
ქალი _ გადავმალე… თუმცა სანამ გადავმალავდი, იქამდე გავზეთე, მაღვიძარა მოვმართე,
მერე ბავშვს ფაფა გავუკეთე… შვრიისა და ბრინჯის… მერე აბაზანაში ვიყავი,
შხაპი გადავივლე, მაკიაჟი გავიკეთე, ახლა ამ ოთახს მივხედავ და მერე
დავისვენებ… რაღაც გამომრჩა… /დაფიქრდება/ ჰო, ფლოსტები დაგიწყვე
აბაზანაში…
კაცი _ როგორ მოასწარი ამდენი?
ქალი /გაღიმებული/ _როცა გიყვარს, ყველაფერი იოლად გამოგდის ხელიდან… მე
მიყვარს ჩვენი მყუდრო ბინა… მიყვარხარ შენ… მიყვარს ჩვენი ციცქნა გოლიათი,
/თავადაც შეისუნთქავს ჰაერს/ ოთახი უნდა გავანიავო შემდეგ, გამახსენებ?
კაცი /ფანჯარაში გაცქერილი/ _ჰო, თუ თავად არ დამავიწყდა… /ამ მონოლოგის დროს
ქალი საქმიანობს, შემოსასვლელში უჩინარდება, ისევ გამოჩნდება და მალევე
გადის; ბოლო შემოსვლისას მომცრო ბოთლი მოაქვს, რომელშიც ფაფა ასხია/.
… იმ ზამთარში მშობლებმა ჩვენს ჭაობიან მხარეს გამარიდეს და
ბაბუასთან გამისტუმრეს სოფელში. მოსაღამოვდებოდა თუ არა, მგლები
აყმუვლდებოდნენ ხოლმე… მეზობლები ყვებოდნენ, რომ მახლობელ სოფელში
დათვმა რამდენიმე კაცი დატორა. მე, ბებია და ბაბუა ბუხართან ვისხედით, ბაბუა
ყალიონს აბოლებდა და მიყვებოდა უცნაურ ამბებს მხეცებზე, ადამიანებზე და მთის
ფრინველებზე. ბაბუა მონადირე იყო. მშვიდი, დამაჯერებელი ხმა ჰქონდა და მე ის
მიყვარდა, ჩემი ბაბუა. მერე ძალიან დიდი თოვლი ჩამოწვა. შინიდან ფეხს ვერ
ვდგამდით. ღამით ძლიერ ყინავდა, რიჟრაჟიდან მოყოლებული კი სულ თოვდა და
თოვდა… დავწვით შეშა, დავწვით ყველაფერი, რისი დაწვაც შეიძლებოდა, შემდეგ
ბაბუამ თქვა: _ როგორც ჩანს, ჩემი ჯერი დადგა, ახლა მე დამწვით, მითუმეტეს ,
რომ მოსაყოლი აღარაფერი დამრჩა… არა, _ შეეპასუხა ბებია, _ შენ კიდევ დაგრჩა
მოსაყოლი, თუნდაც ის, როგორ გავუძელით ერთმანეთს… და თანაც, არ დაგავიწყდეს
ყალიონი, მისი დაწვაც შეგვიძლია… ეჰ, _ თქვა ბაბუამ, _ ყალიონი ჩემთან ერთად
დაიწვება, _ეს თქვა და მოკვდა… ეჰ, _ თქვა ბებიამ, – ჩემი კაცი მოკვდა, რაღა
მაცოცხლებს… და ისიც მოკვდა. დავრჩი მარტო ორ ცხედართან, ყალიონთან და
ორლულიან თოფთან, რომლითაც ბაბუა მგლებსა და დათვებს ხოცავდა. მე ბაბუა
უფრო მიყვარდა, ამიტომ ჯერ ბებია დავწვი _ მერე ბაბუაც… ბოლოს ყალიონი…
უცნაურია, როგორც კი ყალიონი ჩაიფერფლა, მამაჩემის ხმა შემომესმა. გავიხედე
ფანჯარაში. დღე იყო. აღარ თოვდა. მამა ნიჩბით კვალავდა ბილიკს და ჩვენს
სახელებს გაიძახოდა დროდადრო. მამა შეშლილივით იქცეოდა. _ შვილო, შვილო,
ჩემო შვილო, იმეორებდა მამა და გულში მიკრავდა, _ ხმა გამაგონე შენი, ჩემო
შვილო… მაშინ ვუთხარი მამას: _ არასოდეს გამახსენო წარსული, თორემ მოგკლავ.
მამა იმწამსვე დადუმდა. ის დიდხანს მიცქერდა, დიდხანს, იქამდე, სანამ თავად არ
ამარიდა თვალი. მერე ერთად გავუდექით გაკვალულ ბილიკს. სიტყვა არ დაგვიძრავს.
მხოლოდ ესაა, მამაჩემი დროდადრო აცემინებდა ხოლმე… საშინელი ცემინება იცოდა…
მუდამ მაღიზიანებდა მისი ცემინება…
/გამოჩნდება ქალი/
ქალი _ ისევ გაცემინებს?
კაცი /ქალს გამოხედავს, თვალებმოცრემლილი/ _ მემკვიდრეობითობა, _ ის, სადღაც,
ჩემი ბავშვობის გარიჟრაჟზე გაითოშა…
ქალი _ ცხელ აბზანაში ჩაწვები თუ არა, ყველაფერი დაგავიწყდება…
კაცი _ დაწვრის სუნი ჩემს მოსიყვარულე ბაბუას მახსენებს…როგორ დავივიწყო?!
ქალი /ძალიან ჩაფიქრებული, თავისთვის/ _ ბინა გამოვგავე, მტვერი ავწმინდე,
სამზარეულოში ლურსმანი მივაჭედე, რომელზეც წითელი წიწაკების აცმა
ჩამოვკიდე… ახლა თავისუფლად შემიძლია ცხელ ქურაში შევყო ხელი, ჯერ
კიდევ დაუწვავი ტანისამოსი გამოვიღო და სანაგვეში გადავუძახო… გინდა,
ასე მოვიქცე?
კაცი _ რატომ უნდა მოიქცე ასე… ხელი დაგეწვება…
ქალი _ ეგ არაფერი, ძვირფასო! მთავარია, შენ არ შეგაწუხონ მტანჯველმა მოგონებებმა..
კაცი /მტკიცედ/ _ არა… სამხილი ქურაში უნდა დაიწვას… ასე უფრი მშვიდათ ვიგრძნობ
თავს… თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ დამწვრის სუნმა შესაძლებელია ჩვენი
პაწია შეაწუხოს… ცუდი მამა ვარ…
ქალი _ ოჰ, არა, არა, მთავარია, არ შიოდეს… ისეთი უპრობლემოა, ციცქნა გოლიათი,
ჩვენი… შემთხვევით, ხომ არ გახსოვს, რა ტემპერატურა უნდა ჰქონდეს ფაფას?
კაცი /ფანჯარაში იცქირება/ _ არა, არ მახსოვს; ალბათ ოცდაოთხი გრადუსი…
ქალი _ ოცდაოთხი? მგონი მეტისმეტია… თუ არ ვცდები თვრამეტი…
კაცი _ ძიძას დაურეკე, გეტყვის.
ქალი /ბავშვის ოთახისკენ გაემართება/ _ ჰო, ჰო, ჩვენი მზრუნველი, კეთილი ძიძა…
/ქალი ბავშვის ოთახში შედის, კაცი ფანჯარაში იცქირება. ძალიან მალე ქალი
თავს გამორგავს ოთახიდან./
ქალი _ ნომერი დამავიწყდა!…
კაცი /ფანჯარაში გაცქერილი/ _რა ნომერი?
ქალი _ ძიძის ტელეფონის ნომერი…
კაცი _ მობილურში მოძებნე. კარგად მახსოვს, ასე ჩავწერეთ: _ დზიდზა.
ქალი _ ესე იგი დ-ზე ვნახო?
კაცი _ ჰო, ალბათ…
ქალი _ და სახელი? ძიძას რა ჰქვია?
კაცი _ ძიძას? არ არის აუცილებელი, მიმართე ასევე _ ძიძავ…
ქალი – მგონი უხერხულია, იცი!…
კაცი _ რატომ?
ქალი _იგრძნობს, რომ მისი სახელი დამავიწყდა, ეწყინება და ჩვენს პირმშოს
ყურადღებას მოაკლებს…
კაცი _ თუკი უყურადღებობას შევამჩნევ, აუცილებლად დავითხოვ…
ქალი _ ეჰ, სად იშოვნი ახლა კარგ ძიძას… ყველა უცხოეთში გაიკრიფა. ეს ერთიღა
დარჩა, ისიც ელამი.
კაცი – ელამი?! მე კოჭლი მახსოვდა…
ქალი _ ვინ?
კაცი _ ჩვენი ძიძა…
ქალი _ რა უცნაურია…
კაცი _ კი, კოჭლი… შეიძლება ცოტა ელამიც… თუმცა ეს არ მახსოვს… თავს ვერ
დავდებ…
ქალი _ არა, ძვირფასო, მერწმუნე, მხოლოდ ელამია… სიელმით დაიწუნეს, თორემ ისიც
უცხოეთში აპირებდა დამკვიდრებას.
კაცი _ მართლაც უცნაურია, რატომ უნდა მხსომებოდა, რომ ელამი ძიძა კოჭლიც არის…
ბავშვი არ გაგვითვალოს…
ქალი _ რა ცრუმორწმუნე ხარ!… ჩვენი ძიძა ისეთი კეთილია… იცი რა, ჩვენო კეთილო
ძიძავ მეთქი, ასე ვეტყვი, შინაურულად… რას მირჩევ?!
კაცი _ არ ვიცი, როგორც გინდა ისე მიმართე…
ქალი _ თუმცა, გამორიცხული არაა, ქედმაღლობად ჩამითვალოს… არის ამგვარ
მიმართვაში, რაღაც პატრონყმული, არა? იქნებ ქალბატონო ძიძავ მეთქი,
ვუთხრა?… არა, არ ვარგა… ბუნებრიობა აკლია… ჩვენი გოგონა, რა თავსატეხი
გამიჩინა…
კაცი _ ვერ გავიგე?!
ქალი _ რა ვერ გაიგე, ძვირფასო, ვარჩევ როგორ მივმართო ჩვენი შვილის ძიძას, მგონი
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვს, პრაქტიკულად, ის ზრდის…
კაცი _ გოგონა?!
ქალი /დაკვირვებით მიცქერილი კაცს/ _ ჰო, გოგონა… რა დაგემართა?!
კაცი /დაკვირვებით მიცქერილი ქალს/ _ ის ვაჟი იყო… ოდესღაც…
ქალი _ როგორ თუ ვაჟი?
კაცი _ თქვენ თავს გეფიცებით… ასე მახსოვს…
ქალი _ შეუძლებელია…
კაცი _ კი, ასე იყო… სწორედაც…
ქალი _ რუსები ამაზე იტყოდნენ: _ შოკირუიუშაია ნოვოსტ.( шокирующая новость )
კაცი /დაბნეულად/ _ ინგლისელები იტყოდნენ: _ ზი შოქინგ ნიუს(თჰე სჰოცკინგ ნეწს )
ქალი _ გერმანელები:- დი შოკაიღენდენ ნაჰ ჰიჰტენ (დიე სცჰოცკიერენდენ Nაცჰრიცჰტენ )
კაცი _ საკმარისია! ციცქნა გოლიათიო, მუდამ ასე ეფერებოდი?! განა გოგონაზე ითქმება
გოლიათიო… ძვირფასო, დაფიქრდი…
ქალი _ ძალიან დაფიქრებული ვარ… ძალიანაც… /პაუზა/ მაგრამ მე ხომ ციცქნასაც
ვაყოლებდი… ანუ, პაწია მეთქი, მინიატურული… რაც შეეხება გოლიათს,
ფეხხორციანი მეთქი, ანუ ჯანმრთელი მეთქი, ამას ვგულისხმობდი… სხვათაშორის
გოგონები უფრო ტანსრულები არიან ბავშვობაში… მეც ასე ვიყავი, თურმე… ეს
მერე გავხდი, გარდატეხის წლებში, როცა დიეტას მივეძალე… რა თვითგვემაა,
ღმერთო ჩემო, მას მერე დიეტაზე ვარ…
კაცი _ შეენ? დიეტაზე?!
ქალი – რა, არა?!
კაცი _ რაღაც არ მახსოვს…
ქალი _ აბა, რატომ ვარ გამხდარი, მიპასუხე!
კაცი _ გამხდარი ბუნებრივად ხარ… კომპლექცია გაქვს ასეთი… ანატომიური სტატუსი…
ქალი _ ნუთუ?!
კაცი _ დიახ!
ქალი _ ეს უკვე მეტისმეტია! ამდენი ტანჯვა, ნებისყოფის ამგვარი გამოცდა და რისთვის,
ვისთვის?! შენ… შენ დაუნახავი ხარ! ნებიერად მიირთმევ ნაირნაირ ნუგბარს, მე
კი უნდა ვითმინო, საცოდავად ვყლაპო ნერწყვი, მუცლის არედან დაძრული
სპაზმები გადავიტანო “სტოიკურად” და ამასაც ვერ ამჩნევ?! შენ არც კი
შემხებიხარ რა ხანია… მე ვუძლებ…. გახსოვს, საერთოდ, როგორი სხეული მაქვს?
მოდი, შემავლე ხელი, იქნებ გავსუქდი, მოვიმატე, არ გაინტერესებს?!
/კაცი საკმაოდ დაბნეული იერით, თითქოს მთვარეულიაო, ქალს მიუახლოვდება,
წელზე შეავლებს ხელს, თეძოებზე, ისევ წელზე, შემდეგ მიაცქერდება./
კაცი _ თითქოს მართლაც მოგისხამს ხორცი… აქ… წელთან…
ქალი _წელთან?
კაცი _ ჰო…
ქალი _ ხორცი მომისხამს?
კაცი _ ჰო.
/ქალი სილას გააწნის კაცს/.
ქალი _ აი, პასუხი ჩემგან და პასუხი ყველა ქალისაგან!
კაცი /დაბნეული გამომეტყველებით/ _ ჰო, მაგრამ მე მსიამოვნებს…
ქალი _ რა გსიამოვნებს, ჩემი სილა?!
კაცი _ ხორცი რომ მოგისხამს… /პაუზა/ სილა…. /პაუზა/ ქიც…. /პაუზა/ მოდი ჩემთან!
ქალი _ ნაპერწკალი შენს თვალებში…. ცხადად შევნიშნე?!
კაცი _ …. მოდი!
/კხაა, კხაა, _ გაისმება ბავშვის ოთახიდან. ცოლ-ქმარი ჯერ ოთახისკენ იქცევს
პირს, შემდეგ ერთმანეთს შეაცქერდებიან. კხაა,_ერთხელაც მოატანს მათ
ყურამდე/
კაცი /თითქმის შეძრული/ _მისი ხმაა?!
ქალი /დანეული/ _ ჩვენი პატარა… ახველებს?… კი, ახველებს, გილოცავ!…
კაცი /დაბნეული/ _ მადლობთ… /პაუზა/ რა უნდა?
ქალი _ რა უნდა უნდოდეს, სიყვარულო, მას შესანიშნავი ფილტვები აღმოაჩნდა, რადგან
ხველებაში ხრინწის ნასახიც ვერ მოვიხელთე…
კაცი _ ჰო, მაგრამ… /პაუზა/ აშკარად აწუხებს რაღაც.
ქალი _ ასე გგონია..
კაცი _ დარწმუნებული ვარ.
ქალი _ ღმერთო ჩემო,რა უნდა აწუხებდეს? ფილტვები, ქურა, კვამლი!…. ციცქნა
გოლიათი, ჩვენი, კვამლში იგუდება! ჩქარა!!!
კაცი _ მე დავიხსნი ჩვენს პირმშოს!!! მე მას დავიხსნი!!! /ოთახისკენ გარბის/
ქალი /კაცს მიჰყვება/ _ შვილო, შვილო, ჩემო პაწიავ!….
/ ბავშვის ოთახში შექანდებიან. გამოღებულ კარს კვამლი გამოჰყვება… ცოტა
ხანში კაცს აკვანი გამოაქვს/.
ქალი _ გადარჩა?! თქვი, ხომ გადარჩა, თქვი, ხომ სუნთქავს…
კაცი /დაბნეული, გაუცხოებული მზერით/ _ კვამლის სუნი მუდამ ბაბუას მაგონებს…
ქალი /გაწიწმატებული/ _ რა დროს წარსულია, ჩვენი მომავალი იყო საფრთხეში!
შენი ბრალია, შენი. კვალის დაფარვაო, დაიჟინე, კინაღამ ბავშვი გამოვახრჩვეთ
ამ მყოფადში…
კაცი /საკმაოდ ბრიყვული იერით/ _ მერედა რა არის მყოფადი, თუ არა, წარსულის
კვალის დაფარვა მომავლისთვის….
ქალი _ ძალიან საინტერესო სენტენციაა, გენაცვალე, მაგრამ მითხარი, რომ თვალი არ
მატყუებს, მითხარი. რომ სუნთქავს…
კაცი /აკვანს დაცქერილი/ _ სუნთქავს, მაგრამ აღარ ახველებს… ეს უეჭველია…
ქალი _ მოუკვდეს დედა, დედა მოუკვდეს მაგას, დედა, დაბადებიდან ხუთი წლისთავზე
რა ხიფათში ჩავაგდეთ ბავშვი… დღეს ხომ მისი დაბადების დღეა, შენ ესეც
დაგავიწყდა!….
კაცი _ ჰო, ჰო,… მართლაც რა იდიოტი ვარ, რა უგულო… დაახლოებით ეს დრო იყო,
შემოდგომა.
ქალი _ დაახლოებით კი არა, ზუსტად ამ დღეს დაიბადა… ოღონდ ხუთი წლის წინ. შენ
სამშობიაროს ეზოში იდექი, ჭადრის ხის ძირში, ნაწვიმარ ქუჩაზე
შეყვითლებული[ ფოთლები ეფინა…
კაცი _ ჭადარიც გამახსენდა… გამახსენდა, როგორ იდექი სარკმელთან , სამშობიაროს
მესამე სართულზე… მე ჰაეროვან კოცნას გიგზავნიდით ეზოდან… შენც
მიგზავნიდი კოცნას… ბედნიერები ვიყავით… მაგრამ…
ქალი _ რა, მაგრამ?…
კაცი /ცოტა დამფრთხალი/ _ ნუთუ ამდენი დრო გავიდა? ხუთი წელი?
ქალი /ნიშნისმოგებით/ _ დიახ, ხუთი! დრო უცებ გადის…კატასტროფიული სისწრაფით
მიექანება.
კაცი /დაეჭვებით/ _ დარწმუნებული ხარ?!
ქალი /გამწყრალი/ _ შენ რა, შეგნებულად მიშლი ნერვებს?!
კაცი _ არა, რატომ?…
ქალი – გეუბნები! დღეს, რატომღაც, ნეგატიურად მოქმედებ ჩემზე…
კაცი _ კი, ბატონო, იყოს ხუთი წლის, მაგრამ…
ქალი – ისევ ეს მაგრამ…
კაცი _ უბრალოდ, საიდან მეთქი ასეთი თავდაჯერება…
ქალი _ როგორ თუ საიდან თავდაჯერება?! რას ჰქვია _ საიდან?! იგი მე ვშობე! მე
მქონდა სულისშემხუთავი ჭინთვები! მე გადავიტანე ენითაუწერელი ტკივილი!…
ჩვენი ძიძა კი იქ მუშაობდა, სამშობიაროში და როცა ნაკერებდადებული,
მასტიტით გათანგული ვეგდე რკინის ჭრაჭუნა საწოლზე, როცა მაწუხებდა
პალატის მონაცისფრო_მოცისფრო სიბინძურე, მაღალი სიცხე და ჩემი სხეულის
სრული დემორალიზაცია, როცა ჩვენი პაწია უარს ამბობდა რძეზე, რომელიც
ასეთი შხამიანი სიმწვავით აწვებოდა ჩემს ძუძუებს, ძიძავ მეთქი, ვკიოდი, ძიძავ,
ძიძავ, სად არის მეთქი, ეს ოხერი ძიძა, ვინმემ გამომირწყით მეთქი რძე, როგორც
ჩირქი რამ, შემიბრალეთ მეთქი, შემიბრალეთ მე უბედური, და, აი, ისიც
გამოჩნდა, სახეაწითლებული ჩვენი კეთილი, ელამი ძიძა და სად იყავ მეთქი,
ქალო, სად ჯანდაბაში ეგდე მეთქი, შე სასიკვდილევ და სწვდა ჩემს ძუძუებს და
თან ექაჩებოდა მათ, თანაც მებოდიშებოდა მალიმალ, რამეთუ იქ ვიყავო,
მიტინგზედაო, სადაც ძალუმად აშრიალებდნენ დროშებს და სადაც ომახიანად
ისმოდა ხალხურ-პატრიოტული სიმღერები, მაგრამ მოთხოვნები კი სოციალური
ჟღერადობისა იყოო და ჰე მეთქი, ძიძავ, გამოქაჩე, გამოქაჩე ეგ ჩირქიანი რძე
მეთქი, ვთხოვდი და ისიც ზელდა ჩემს ძუძუებს და თანაც სახეაღტკინებული
მღეროდა ინტერნაციონალს… ეს ამბავი სწორედ ხუთი წლის წინ მოხდა,
რა დამავიწყებს!…
კაცი _ ჰო, გასაგებია, შენ მართლაც დიდი გამოცდის წინაშე იდექი, ბევრიც გადაიტანე,
მაგრამ…
ქალი _ არ მითხრა…”მაგრამ”, არავითარ შემთხვევაში არ მითხრა, “მაგრამ”…
კაცი _ ეს ორი თვის წინ იყო… ჩვენი პაწია… ან კი, დააკვირდი, ნუთუ ხუთი წლის
შეიძლება იყოს ასეთი ციცქნა?…
ქალი _ მე რასაც გინდა ავიტან, ბავშვზე ცუდი არ თქვა… არ თქვა ცუდი, იცოდე!
/ისტერიულად/ არ თქვა!!!
კაცი /შემრიგებლურად/ – ორი თვისაა, დამიჯერე…
ქალი _ იდიოტო!!! ორი თვის წინ სულ სხვა მიტინგი იყო!!! არა ასეთი რევოლუციური!
არა ასეთი ცხელი და მძაფრი, როგორც ძუძუებს მოწოლილი ჩირქიანი რძეა,
არამედ ყოველდღიური, უმნიშვნელო, სასაცილოც კი…
კაცი _ კარგად დააკვირდი, გთხოვ, ბავშვი აკვანშია…
ქალი – აკვანში იმიტომაა, რომ ეროვნულ გარემოში იგრძნოს თავი და პატრიოტად
გაიზარდოს… სხვათაშორის, ამასაც ძიძას უნდა ვუმადლოდეთ… თავისი მწირი
ანაზღაურებიდან, ის, ჩვენი კეთილი, ელამი ძიძა, ყოველწლიურად ყიდულობს
ახალ აკვანს. პირველი აკვანი რომ შეადარო მეხუთეს, თვალნათლივ იგრძნობ
განსხვავებას… ახლაც იტყვი ორი თვისააო…
კაცი _ კარგი, ოთხის…
ქალი _ რა, ოთხის?
კაცი _ თვის… ოთხი თვის იყოს… პატარაა ხუთი წლისთვის… ერთობ…
ქალი _ ღმერთო, ნუ შემშლი! ოთხი თვის როგორ იქნება, როცა შემოდგომაზე დაიბადა…
დაფიქრდი ცოტა, სანამ იტყვი…
კაცი _ ოო… ეს…
ქალი _ რა, ეს?!
კაცი _ ეს მართლაც დამაჯერებელი არგუმენტია… ერთის ყოფილა… წლის… შარშან
დაბადებულა, ზუსტად ამ დღეს… შემოდგომაზე…
ქალი _ შვილო, შვილო, უთხარი უბედურ მამაშენს, რამდენის ხარ, შვილო!!!
კაცი _ ის ვერ ლაპარაკობს, ძვირფასო, ვერა; რაც თავისთავად ცხადია, ჩემი აზრის
სასარგებლოდ მეტყველებს…
ქალი _ მართალია!… ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ექიმმა დაგვამშვიდა, შვიდი, რვა, ათი
წლის ბავშვებსაც ამოუდგამთ ენაო… არც ეს გახსოვს?!
კაცი _ კი, როგორ არა… /პაუზა/ როდის?
ქალი _ აი! სამი თვის წინ გვყავდა ექიმთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ
ბავშვი ვერანაირად ვერ იქნება ორი თვისა!
კაცი _ თუმცა, იმასაც ვერ ამტკიცებს, რომ ბავშვი სწორედ ხუთი წლისაა! ლაპარაკს
თავი დავანებოთ, მას მხოლოდ სძინავს…
ქალი _ ეს დემაგოგიაა! წმინდა წყლის! ძალიან გთხოვ! სწორედ ახლახანს ბავშვმა
სამჯერ წამოახველა: – კხა, კხა, კხა, აი, ასე! თუმცა, რა უნდა გელაპარაკო,
ისიც კი არ გახსოვს , ბიჭი გვყავს თუ გოგონა?…
კაცი _ ვნახოთ…
ქალი _ ჰა?!
კაცი _ ვნახოთ მეთქი, მარტივად…
ქალი – ვნახოთ? კი, ბატონო, ვნახოთ…
/აკვანთან დაიხრებიან. ქალი მოუქნელად ირჯება. კაცი ხელს შეაშველებს/
ქალი _ თავი დამანებე! შენ არ იცი…
კაცი /განაწყენებული/ _ შენ კი იცი?!
ქალი _ მე ვიცი…
კაცი _ ჰმ…
ქალი _ მხეცო! არასოდეს არ მიყვარდა ასეთი ვირი კაცები!
კაცი /გაერიდება/ _ მას სრულიად ატროფირებული აქვს პროტესტის გრძნობა, ააა-საც
არ ამბობს…
ქალი /მკაცრად/ _ მოკეტე!…
/ქალი ბოლოს და ბოლოს გახსნის საფენს. კაცი ცალი თვალით ჩახედავს აკვანს./
კაცი /სახეგაბადრული/ _ ჩემი ვაჟკაცი…
ქალი /თავზარდაცემული/ _ შეუძლებელია…
კაცი _ მე მკაფიოდ მახსოვდა, ანკი, როგორ შეიძლება, არ მხსომებოდა!…
ქალი /აწყვეტინებს/ _ ერთი წუთით… /პაუზის შემდეგ/ რას გეუბნებოდი, გოგოცაა…
კაცო /თავზარდაცემული/ _ რა გულისშემძვრელი კონსესუსია… საბრალო ბავშვი…
ქალი /ნიშნისმოგებით, დოინჯშემოყრილი/ _ არა, გეუბნებოდი თუ არა, ხომ
გეუბნებოდი, გოგოა მეთქი… ნაწილობრივ მაინც…
კაცი /აღშფოთებული/ _ და შენ დედა გქვია?… დედა?! ხუთი წლის ბავშვის სქესობრივი
წარმომავლობაც კი არაა გარკვეული და ნიშნისმოგებისთვის იცლი?!
ქალი _ აკი ორი თვისააო?!!
კაცი _ ეს არაა ამჯერად არსებითი! არსებითია, რით ვუშველოთ ჩვენს პირმშოს! აი, რა
არის არსებითი! /მიდი-მოდის/ მე კი, მე, მე, იდიოტი მე, საქმეს შეწირული
დეგენერატე, მე!… მე ყურადღება მოვაკელი მას… ჩემს სისხლსა და ხორცს…
ჩემს იმედს… ჩემი ცხოვრების გამართლებას… მაგრამ არა! განგება არ გაწირავს…
ექიმებს დავახვევ თავზე… არანაირ ხარჯს არ მოვერიდები… ოპერაციას გავუკეთებ
აქ, ან იქ, უცხოეთში…მე მას შევუქმნი ნათელ მომავალს პასტელის ფერებში…
/ქალს მიუბრუნდება/ სახელი! სახელი მაინც ვერ შევურჩიეთ ისეთი, რომ
თავიდანვე გაგვერკვია ვინ იყო? ამაზე რატომ არ იფიქრე, რომ დაგვიანდეს, უკვე
დამახინჯებული რომ ჰქონდეს ფსიქიკა!!!
ქალი _ ჩვენ მას შევურჩიეთ სახელი, როგორც მახსოვს…
კაცი _ როგორც გახსოვს? აბა, რა გახსოვს, როგორ მივმართო ბავშვს, რა დავუძახო,
მიპასუხე!…
ქალი _ რაღაც ნეიტრალური…
კაცი _ ნეიტრალური?
ქალი _ ჰო, ნეიტრალური… სოლიკო… მაგალითად… ან ნუკრი… მგონი, ნუკრი სჯობს…
კაცი _ რატომ სოლიკო, რატომ ნუკრი, რატომ მაინცდამაინც ნეიტრლური…
ქალი _ ეს აღარ ვიცი… თუმცა, ასე რომ შევთნხმდით კარგად მახსოვს… მაშინ…
ხუთი წლის წინ… შემოდგომის იმ ნესტიან დღეს…
კაცი _ მომეცი იარაღი! ჩქარა! სად არის ჩემი იარაღი!
ქალი _ იარაღი ჩეხოვმა წაიღო.
კაცი – ვინ არის ჩეხოვი, რა შუაშია ჩეხოვი?!
ქალი _ ანუ, მეოთხე მოქმედებაშია იარაღი… სამალავში განისვენებს, კერძოდ
რომელში კი, ნამდვილად დამავიწყდა… გადამალეო შენ არ დამავალე?
კაცი _ სასწრაფოდ მოძებნე იარაღი, ჯერ იმ კოჭლ ძიძას მოვკვლავ!…
ქალი _ ძიძა ელამია, შენ კი უმადური!…
კაცი _ ეს არაა ამჟამად არსებითი, არსებითია, რომ უეჭველად მოვკლავ…
ქალი /ძალიან დამწუხრებული სახით/ _ არსებითი სულ სხვა რამაა, ძვირფასო!
არსებითი ისაა, რომBბავშვმა სამჯერ დაახველა და ჩვენ წავიჩხუბეთ!…
კაცი /გაოგნებული/ _ ჰა?!
ქალი _ … უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ცუდათ ზემოქმედებს ჩვენზე. აი, რა არის
არსებითი! მე… შენზე შეწირული ქალი, ყველა საქმეში შენი მხლებელი,
თანამოაზრე, მეწყვილე შენი, შენით ეგოდენ მოხიბლული, რადგან საქმეში
მართლაც შეუდარებელი ხარ, დიდოსტატი, მაესტრო, მეფე, გულზე ხელს ვიდებ
და ვკითხულობ, იქნება გაქრა სიყვარული, იქნებ, არც იყო… რადგან… საკმარისი
აღმოჩნდა სამჯერ წამოეხველებინა და ჩვენ ლამის დანასისხლად წავეკიდეთ
ერთმანეთს… თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, სიახლე მართლაც
შოკისმომგვრელი აღმოჩნდა… ლას ნოტიციას ესპანტოსას, როგორც ესპანელები
იტყვიან.(
კაცი /ქალს მიცქერილი/ _ ას ნოტიციას შოკანტეს…(
ქალი /გამოხედავს/ – ვერ გავიგე?!
კაცი _ პორტუგალიელები ამბობენ ასე…
ქალი _ აჰ, მართლაც… გამახსენე, რა ენაზე ლაპარაკობენ ჩილეში?
კაცი _ ესპანურად… იქ, ლათინურ ამერიკაში, საერთოდ, ესპანურად ლაპარაკობენ…
მხოლოდ ბრაზილიაში ლაპარაკობენ პორტუგალიურად.
ქალი _ რა საინტერესოა… პორტუგალიური და ესპანური გავს ერთმანეთს…
/უცქერის კაცს/ მე შენ მიყვარხარ…
კაცი _ მეც… ძალიან…
ქალი _ მაპატიე, გთხოვ…
კაცი _ პირიქით, მე მაპატიე… გადავიღალე, როგორც ჩანს…
ქალი _ ჰო, ჰო, აშკარად გვჭირდება დასვენება… სადმე… ლიკანში… ან ზღვისპირეთში…
უბრალოდ აუცილებელია… თუნდაც საქმისთვის…
კაცი _ ოღონდ მხოლოდ მე და შენ… ეს აქ იყოს… ძიძასთან… ჩამოსვლისთანავე
კი ამ პრობლემას მივხედავთ… დასვენებულზე…
ქალი _ ჩავიცვა?
კაცი _ ჰო, ჩაიცვი! მეც ვიცვამ… და მივდივართ… უკანმოუხედავად მივდივართ…
/ცოლ-ქმარი იცვამს/.
ქალი _ აბაზანაში არ შეხვალ?
კაცი – იყოს… სასტუმროში გადავივლებ ცხელ შხაპს… ან იქნებ მექისე დავიქირავო
და სიმძიმეც ჩამოვირეცხო ჭუჭყთან ერთად…
ქალი _ არასოდეს ვყოფილვარ მექისესთან…კარგი გრძნობაა?
კაცი _ უცნაური…
ქალი _ რას ნიშნავს უცნაური, იქნებ ამიხსნა რა გრძნობა გეუფლება მექისესთან?
კაცი _ გაუცხოების მწვავე სიმსუბუქე… ეს შენ ხარ და ამავე დროს შენ არცა ხარ…
ვიღაცაა შენი მეხსიერებით, მაგრამ ის მეხსიერება არ გაწუხებს, მეხსიერება
კეთილად თვლემს. თუმცა სადღაც ქვეცნობიერში მაინც იცი, რომ ეს შენ
ხარ და….
ქალი _ რა რთულია…
კაცი _ იქნებ იქაა გასაღები…
ქალი _ სად, ძვირფასო?
კაცი _ მემკვიდრეობითობაში, რომელიც სადღაც გამეთოშა…
ქალი _ რატომ გაგეთოშა, შენ ცოცხალი ხარ.
კაცი _ ბაბუას და ბებიის ხარჯზე… მე ხომ დავხოცე ისინი… და ეს მახსოვს…
/თითქმის ჩაიცვეს. იქნებ ამ დროს კაცი ჰალსტუხს იკეთებს, ქალი კი ჯიბის
სარკეში იცქირება და პომადას ისვამს/.
ქალი _ შენ ისინი დაწვი, სიყვარულო, და სიცოცხლე შეინარჩუნე…
კაცი _ სანამ დავწვავდი, დავხოცე… ჯერ ბაბუა, რადგან ბაბუა უფრო მიყვარდა…
ორლულიანი თოფის ცალი ლულიდან… მერე ბებია, მეორე ლულიდან…
მერე დავწვი… ბოლოს ყალიონიც დავწვი… ტაქსს გამოუძახებ?
ქალი _ მანქანით წავიდეთ… საჭესთან მე დავჯდები… თოფი არ დაიწვა?
კაცი _ თოფი სახსოვრად შევინახე, ბაბუა მგლებს და დათვებს ხოცავდა იმ თოფით…
მერე იქ… ჩვენს ჭაობიან მხარეში მამა მოვკალი…
ქალი _ იგივე თოფით?
კაცი _ ჰო… ორი ტყვიით ორივე ლულიდან…
ქალი _ რატომ, დათვივით მოგექცა?
კაცი _ დააცემინა… ყოველთვის მაღიზიანებდა მისი ცემინება… მამა საზიზღრად
აცემინებდა… გაწელილად… ლოთურად… თანაც გაფრთხილებული მყავდა,
წარსული არ გამახსენო მეთქი; მან კი, ყალიონი მაინც შეგენახა სახსოვრადო,
მითხრა… მერე დააცემინა და მერე მოვკალი… ორივე ლულიდან…
ქალი _ დედა?
კაცი _ რა, დედა?
ქალი – დედაც მოკალი?
კაცი _ არა, მანდ ბრალი არ მაქვს… დედა მამაჩემის სიკვდილს გადაყვა… მე ისინი
იქ დავმარხე, ჩვენს ჭაობინ მხარეში. მერე ქალაქში წამოვედი.
ქალი _ უცნაურია, დედაჩემიც მამაჩემის სიკვდილს გადაყვა, და-ძმა ხომ არ ვართ
შემთხვევით?
კაცი _ რას ქვია შემთხვევით?! და არ მყოლია… ნამდვილად…
ქალი _ არც მე მახსოვს ძმა… კიდევ კარგი, ინცესტი ცუდია…
კაცი _ ჰო, ინცესტი მართლაც ცუდია… საშინელებაა ინცესტი… რატომ დავიღალე
ასე… /ქალს გამოხედავს/ შენს კალთაში მინდა…
ქალი – მოდი, ძვირფასო, მოდი, რამე უფრო სასიამოვნო გავიხსენოთ, ნუ დავამძიმებთ
ამ საღამოს… /კაცი ქალის კალთაში მიასვენებს თავს, ქალი თმებში შეუცურებს
ხელს; სადღაც, ერთ წერტილში თვალგაყინული ეფერება/. თანაც, სიყვარულო,
დარწმუნებული ვარ, ცხოვრება მხოლოდ ცუდი მოგონებებისაგან არ არის
ნაგები… სადღაც რაღაც კარგიც იყო, აუცილებლად იყო, შეუძლებელია არ
ყოფილიყო…
კაცი _… იყო. გოგონა ბაფთიანი. ასეთი გოგონები ხვდებიან ხოლმე სკოლაში სტუმრად
წვეულ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და გენერალურ მდივნებს. ისინი
გამოთქმით კითხულობენ ყოჩაღ ლექსებს. ისინი ყოველმხრივ სანიმუშონი არიან.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები ასეთ გოგონებს უწერენ
ტექსტებს, რომელსაც, შემდეგ, ეს გოგონები უკითხავენ იგივე პრეზიდენტებს,
პრემიერ-მინისტრებსა და გენერალურ მდივნებს.
ქალი /თვალმოცრემლილი/ _ რა კეთილი ხარ… ის გოგონა ხომ მე ვიყავი და შენ ეს
გახსოვს…
კაცი /თვალმილულული/ _ დარწმუნებული ხარ, რომ შენ იყავი?
ქალი /თვალმოცრემლილი/ _ასი პროცენტით…
კაცი /თვალმილული/ _ რა კარგია ნაცნობ კალთაში…
/ააა, _ ისმის ბავშვის ხმა, ააა, _ ისევ; შემდეგ სიჩუმე/.
კაცი _ ამ საღამოს ერთობ აქტიურია… რატომღაც…
ქალი /სახეგამკაცრებული/ _ … ასეც არ შეიძლება!
კაცი /წამოიწევა/ – როგორ?!
ქალი /სახეგამკაცრებული/ _ თითქმის ალაპარაკდა ბავშვი, შენ კი…
კაცი _ ჰო, მაგრამ არ მესმის რას ლაპარაკობს… შენ?
ქალი _ არც მე მესმის, მაგრამ შენგან განსხვავებით, მოხიბლული ვარ მისი ხმის
ტემბრალური შესაძლებლობებით…
კაცი _ ეს რას ნიშნავს?!
ქალი /თითქმის ტირილით / _ ეს იმას ნიშნავს, რომ დედა ვარ, რომ მიყვარს, რომ
აღფრთოვანებული ვარ ჩემი შვილის სუფთა, დაწმენდილი, იმედისმომცემი
ხმით…
კაცი _ არ ვიცი, დააკვირდი თუ არა, მაგრამ როცა მე და შენ გარკვეულ სითბოს
ვამჟღავნებთ ერთმანეთის მიმართ, სწორედ მაშინ მოუნდება ხოლმე…
ქალი _ მოეშვი ჩვენზე ლაპარაკს, როცა ბავშვის ბედი წყდება!.. რა ეგოიზმია მართლა
და მართლა… /წამოდგება, აკვანს მიუახლოვდება/, იშმუშნება, ნახე, როგორ
ძალუმად იშმუშნება…
კაცი /აკვანს მიუახლოვდება, დააცქერდება/ _ მართლაც იშმუშნება…
ქალი /ღიმილით დაცქერილი/ _აღუ, პატარავ, აღუუ!…
კაცი /აკვანს დაცქერილი/ _ჰმ… /ქალს ამოხედავს/ რატომ იშმუშნება ასე?
ქალი /იგივე ღიმილით/ _ ალბათ იზრდება… აღუუ…
კაცი _ იქნებ გაზები აწუხებს? როგორც მახსოვს, კამის ნაყენს ასმევენ…
ქალი /ბავშვს დაცქერილი/ _ კარგი მეხსიერება გაქვს, აღუუ, ჩიორავ, აღუუ; სადღაც
გვქონდა კამის ნაყენი, მაგრამ ძველია ალბათ, ხუთი წლის წინანადელი…
კაცი _ ხუთი წლის წინანდელი სახიფათოა… აფთიაქში ჩავალ, არ მეზარება.
ქალი _ ჩვენ კამა გვაქვს, ძვირფასო, აღუუ…
კაცი _ კამა? საიდან კამა?!
ქალი /ბავშვს დაცქერილი, ღიმილით/ _ შენ მოიტანე ბაზრიდან…
კაცი /დაბნეული/ _ ბაზარშიც დავდივარ?
ქალი /აკვანს დაცქერილი/ _ დროდადრო. ნახე, როგორ მანჭავს ტუჩებს, სასაცილო
ბავშვი ეს…
კაცი _ როგორ გვისხლტება ხელიდან მყოფადი, რა მალე ქრება მისი კვალი წარსულის
თვალუწვდენელ სივრცეებში…
ქალი /ბავშვს დაცქერილი/ _ ახლა თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, ჩვენ მომავლითაც
ვცხოვრობთ. მან თქვა: – ააა, ხომ ვერ მეტყვი, რას ნიშნავს: – ააა, თუნდაც
რომელიმე ჩვენთვის ნაცნობ ენაზე?
კაცი _ ააა, ძირითადათ: – ააა-ს უნდა ნიშნავდეს წესით, მაგრამ იო-ც რომ დაემტებინა,
ვიფიქრებდი, იაპონურად ამეტყველდა მეთქი…
ქალი /ბედნიერი ღიმილით დაცქერილი ბავშვს/ _ შესანიშნავი ენაა იაპონური, იაპონია
კი მაღალგანვითარებული, წარმატებული ქვეყანა…
კაცი /თითქმის მექანიკურად/ _ იაპონიაში პატივს მიაგებენ ტრადიციას და
განსაკუთრებით უყვართ ბავშვები,
ქალი /ღიმილით დაცქერილი აკვანს/ _ბავშვები ჩვენც გვიყვარს… აღუუ, გუ, გუ, ციცქნა
გოლიათი, ჩვენი… კიჭებიც ამოსვლია… იქნებ კამიანი კარტოფილი ვაჭამოთ?…
კაცი _ ნუ გავრისკავთ, პირმშოა ჩვენი… ძიძას დაველოდოთ, ყოველი შემთხვევისთვის…
ქალი /ალერიანი ნიშნისმოგებით/ _შენ კი ძიძაზე, ისაო და ესაო, რა არ დასწამე…
კეთილი, სათნო ადამიანი… ბოლოს და ბოლოს ძიძა ჩვენი ალიბიცაა ერთგვარი…
საჭიროების შემთხვევაში იგი დამაჯერებლად დაგვიდასტურებს, რომ შინ ვიყავით,
ასე არაა?!
კაცი /ღრმად ჩაფიქრებული/ _ ძიძა… ალიბი… ტროტილი… დრო! რა დროა ახლა, ბავშვის
ალერსმა საქმე მიმავიწყა!…
ქალი /გამოხედავს/ _ დრო?! შემოდგომის განთიადი, თუ არ ვცდები…
/შორიდან აფეთქების ხმა მოატანს/
კაცი _ დამასწრეს! მე დამასწრეს! ვიღაც შარაგზის ტერორისტებმა დამასწრეს!
დავიღუპე!….
ქალი /შეშფოთებული/ _ ოჰ, ნუ განიცდი ასე, ჩვენც ჩავერთვებით ახლა!…
კაცი /უკიდურესი გაღიზიანებით/ _ ახლა ჩავერთვებით! ახლა?! საქმეში გულმოდგინება,
კერძო ინიციატივა, აი, რა მოეთხოვება უპირველეს ყოვლისა ჩემი რანგის მოხელეს!
სხვათაშორის, სახელმწიფო ჩემნაირებზე დგას, როგორც არმია დგას სერჟანტის
ინსტიტუტზე… მე ახლა სახელმწიფოს ვუღალატე ხორცის ამ ციცქნა ნაჭრის გამო;
გესმის თუ არა?
ქალი _ არა, ოღონდ ეგ არა, შენ მოღალატე არ ხარ, მე ხომ ვიცი…
კაცი _ ეს შენ იცი!.. შენ! ჩემი უფროსები კი ჩათვლიან, რომ მე ოჯახურ პრობლემებს
ვანაცვალე საქვეყნო საქმე… ისინი ამითვალწუნებენ… ისინი… ოო, ჩემი საბრალო
კარიერა, ოო, ჩემი გასაცოდავებული თვითრეალიზაცია!… /აკვნისკენ
თითგაშვერილი/ ამის ბრალია!…
ქალი _ ნუ იტყვი ასე! ის ცოდოა…
კაცი _ ცოდო მე ვარ!!! განა არ იცი, რას ნიშნავს იყო “ჩინოვნიკი”?! მოხელე ვინმე,
ვისაც მაღლიდან წარბშეკრული ეჭვით უცქერენ, ხოლო ქვემოდან შურის
თვალით… მუდამ წკიპზე ხარ, მუდამ საფრთხის ქვეშ, რათა არ მოგისროლონ,
როგორც არარაობა, როგორც პრეზერვატივი ამოწურული შესაძლებლობებით…
ამას მოეშვი, არც ისაა გამორიცხული შენი პირადი არქივით დაინტერესდნენ,
მოგიგზავნონ ეგრეთწოდებული რევიზორები და ამ დროს… ღმერთო მაღალო,
ამ დროს კანცელარიის დერეფანში გამოფენილი წვრილფეხობა… ისინი, ვითომ
სიგარეტს ეწევიან, ვითომ საქმე აქვთ გადაუდებელი, და დაძრწიან,
დასუნსულობენ, რათა თვალი გკიდონ, შენ, შენ, რევიზორებთან აწურულს,
ერთიანად გამოხრულს, ციხის საკნისთვის გამზადებულს…
ქალი /ძალიან შეშინებული/ _ ისტერიკის დრო არ არის!!!
კაცი _ ხელები, ჩემი ხელები, ისინი კანკალებენ, ჩემი ხელები…
ქალი _ და შენ არა ხარ სერჟანტი1 შენ უფრო ლეიტენანტი გეთქმის… თანაც უფროსი
ლეიტენანტი!
კაცი /ხელებს დასცქერის/ _ ხომ შეიძლება ასე საკუთარი ტროტილის ალშიც გაეხვიო…
ქალი _ დისტანციური მართვის პულტი! თითს მე დავაჭერ! ბოლოს და ბოლოს მეც შენს
განყოფილებაში ვმუშაობ…
/ქალი საკვოიაჟს ხსნის, დისტანციური მართვის პულტი მოაქვს კაცისკენ/.
კაცი _ ფრთხილად! გთხოვ!
ქალი _ სად დავაჭირო თითი?! ჩქარა!
კაცი _ მტარვალი ბავშვი, სწორედ ამ საღამოს მომიწყო დებოში! იმას დააწინაურებენ,
იმას, იმ გულმოდგინე ჩინოვნიკს, ის გახდება განყოფილების უფროსი, ხოლო
მისი ცოლი განყოფილების წამყვანი თანამშრომელი და განყოფილების უფროსის
უფროსის პირადი მდივანი!
ქალი /მტკიცედ/ _ მე ვაჭერ!…
/ხანმოკლე პაუზის შემდეგ აფეთქების ხმა/
ქალი /კაცს გამოხედავს/ _ რა ენითუთქმელი ნეტარებაა, თითს ვაჭერთ აქ, იქ კი
ფეთქდება, მეხთამტყორცნელი ზევსივით ვგრძნობ თავს…
კაცი /ქალს გამოხედავს/ _ თითქოს ჩვენი აფეთქება უფრო მძლავრად ჟღერდა… უფრო
ის იყო… დამაჯერებელი… არ მოგეჩვენა?!
ქალი _ ჰო, უფრო მტკიცე… აშკარად…
კაცი _ მე შევადგენ ხარჯთაღრიცხვას, სადაც დეტალურად აღვნუსხავ რა ეკონომიური
ეფექტი ექნებოდა ამგვარ აგურთცვენას…
ქალი /თვალგაბრწყინებული/ – ისევ ვაჭერ! /აფეთქების ხმა, პაუზის შემდეგ/ აჰ, როგორ
მესმის ტერორისტების!…
კაცი _ არ გათანხმები… მოწინავე კაცობრიობამ დაგმო ის…
ქალი /თვალმიბნედილი გამოხედავს/ _ ვინ დაგმო მოწინავე კაცობრიობამ, ძვირფასო!
კაცი _ … ტერორიზმი. ჩვენ მხოლოდ ჭაობიან წარსულს ვაფეთქებთ და მერწმუნე, ის
ამას იმსახურებს… /ქალს უცქერის/ მომეცი დისტანციური მართვის პულტი!…

ქალი /მოხიბლული/ _ და ეს სიმი შენს ხმაში… როგორც მომართული ზამბარა…
როგორც… /პულტს გაუწვდის/
ააა, _ ბავშვის ხმა; ისევ _ ააა!…
კაცი /აკვანს გახედავს/ _ გააჩუმე!
ქალი _ ის ანცობს, ძვირფასო! ის ბავშვია…
კაცი /სახეგამკაცრებული/ – გასაგებია, დედა ხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ, არ დაივიწყო,
შენ ცოლიც ხარ… საქმეში მიშლის ხელს… თანაც, არ გესმის რას აცხადებს ეს
ოდიოზური არსება?
ქალი _ ოდიოზური? რა უცნაურია… ააა-ო, ამბობს…
კაცი _ შეფარვით ამბობს _ აააო! სინამდვილეში?!
ქალი _ რაო, რას ამბობს სინამდვილეში?
კაცი _ ის აცხადებს, რომ არ ეშინია…
ქალი _ რისი, ძვირფასო?! რისი არ ეშინია?!
კაცი _ უბრალოდ, არაფრის არ ეშინია… მეტსაც გეტყვი, იგი ჩვენ გვადანაშაულებს…
პირდაპირ,… თითის დადებით… საკუთარ მშობლებს…
ქალი _ ნუთუ?! რა უხამსობაა… ოღონდ, რაში გვადანაშაულებს?…
კაცი / მიიხედ-მოიხედავს, მოჭრით/ _ სახელმწიფო ტერორიზმში… შენ გესმის?!
ქალი _ იცი, აჭარბებ, მგონი…
კაცი _ მენდე… /პაუზის შემდეგ/ მეამბოხეა… იქნებ ჯაშუშიც… მე ვიცი… თანაც
ეგოცენტრიკია და ძალიან ოდიოზური…
ქალი _ ოღონდ ოდიოზური ნუ იქნება და… რა უპრობლემო ბავშვი იყო…
/ააა, _ ისმის აკვნიდან/.
კაცი /ნიშნისმოგებით/ _ აი!
ქალი /გამყინავი ხმით, აკვნისკენ მიტრიალებული/ _ ხმა ჩაიწყვიტე, როცა უფროსები
ლაპარაკობენ!
კაცი _ ერთხელაც ჩემი ცემინება გააღიზიანებს და… პერსპექტიული მკვლელი! მე კი
თურმე ბაზარშიც დავდიოდი მისთვის… ჩემი ხელით მომქონდა კამა და სხვადასხვა
მწვანილეული… არა, ქამრით უნდა ავაჭრელო, ახლავე უნდა ვასწავლო ჭკუა,
სანანებელი რომ არ გაგვიხდეს…
ქალი _ არა, არა, გემუდარები, არაპედაგოგიურია!
კაცი _ დათვურ სამსახურს უწევ, დამიჯერე! განა შენ არ შენიშნე, რომ იგი
ცუდად მოქმედებს ჩვენზე! ასე არ იყო?! კინაღამ დანასისხლად წაგვკიდა
მოსიყვარულე წყვილი…
ქალი _ ოჰ, ჩვენ ისევ ერთად ვართ… ისიც გამოსწორდება… მჯერა…
კაცი _ გჯერა? მე კი სრულებით ვერ ვიჯერებ, რადგან პირველივე დახველებაზე
მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე… ამისთანები იმ სახლში უნდა გაამწესო
დარაჯებად, რომელსაც ახლა ასე ავაფეთქებ, აი! /დისტანციური მართვის
პულტს აჭერს თითს/
/ სიჩუმე/
კაცი /ისევ აჭერს თითს? _ აი!…
/სიჩუმე/
კაცი /ქალს გამოხედავს/ _გეგმიური კრახი… ეს კატასტროფაა!…
ქალი /ყურებდაცული/ _ აჰ, ასე ჩუმად აფეთქდა?!
კაცი /სკამზე ჩამოჯდება, უღონოდ ჩამოყრის ხელებს/ _ საერთოდ არ აფეთქდა… ჩემი
ვერგანხორციელებული ტროტილი… /ამოხედავს/ ამას კი არ მაპატიებენ…
რატომ? რატომ?!
ქალი _ მათხოვე პულტი, მე კარგად ვახერხებდი… /პულტს ჩამოართმევს, რამდენჯერმე
აჭერს თითს, აფეთქების ხმა/ აფეთქდა! თანაც როგორ, რა ზრიალით, რა
ერთმნიშვნელოვნად აფეთქდა, გაიგე!…
კაცი /უიმედოდ/ _ ერთმნიშვნელოვნად ახლა დავიღუპე!… სხვა სახლი აფეთქდა, სხვა
ქუჩაზე! სხვები აფეთქებენ… ჩვენი ტროტილი მიიცვალა…
/ რამდენიმე აფეთქების ხმა. კაცი სრულ სასოწარკვეთაში გაქვავდება/.
ქალი /ერთ-ერთი აფეთქები შემდეგ/ _ მართლაც რა ამაზრზენი გულმოდგინებაა,
ღმერთო ჩემო, სრულიად ქალაქი ასწიეს ცაში… /კაცს გამოხედავს. სიჩუმეს :;;;;;;;;;;;;;;;მიაყურადებს/ აი, მიჩუმდნენ… აი!…
კაცი /უიმედოდ, ცოტა პათეთიკურად/ _ მათ უკვე გააკეთეს თავისი საქმე.
ქალი/ძალინ გულუბრყვილოდ/ _ ჩვენს გარეშე?…
კაცი /ამოხედავს/ _ ჩვენი ტროტილი არ აფეთქდა… ძალიან მალე მყოფადიდან
წარსულში გადავინაცვლებთ… თუმცა, არა… “ თ” _ ზედმეტია… შენ ლამაზი
ხარ… სასურველი… შენ… რომელიმე მობილურ ჯგუფს შეუერთდები…
სიამოვნებით მიგიღებენ… დამიჯერე… ჩემზე კი ნუ იფიქრებ… დაე, მოხდეს
მოსახდენი… დაე… გამრიყონ… დაე, წვრილფეხობის სიცილ-ქირქილით
სულდამძიმებულს ამომხდეს სული… მარტოობაში მივიცვლები და… რა უბადრუკი
არსებაა ადამიანი…
ქალი /კაცს ჩაიკრავს/ _ როგორ იფიქრე, როგორ, როგორ… მე მიგატოვებ? ასე გგონია?!
ოჰ, ვერა, არა… შენ ხომ გიყვარდა ბაფთიანი გოგონა, რომელიც ყოჩაღად
კითხულობდა ყოჩაღ ლექსებს პრეზიდენტებისთვის, პრემიერ-მინისტრებისთვის
და გენერალური მდივნებისთვის… მასაც უყვარდი… მუდამ… ჩვენ ერთი წარსული
გვაქვს და ამიტომაც მოვაღწიეთ ამგვარ აწმყომდე… ჩვენ… ჩვენ… არავის, სრულიად
არავის ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს, ჩემო ძვირფასო… საყვარელო, დამიჯერე,
თავსაც ვიმართლებთ… ასეთი რამ ხდება ხოლმე… მთავარია, არ გავჩუმდეთ,
მთავარია, რაღაც მოვიფიქროთ… ისეთი… მნიშვნელოვანი… ტროტილი იყო
ნესტიანი-თქო… მტრებმა ჩაგვიწყვეს-თქო… ან რამე… მსგავსი…
კაცი _ მე ვიცი!…
ქალი _ იცი?! უკვე იცი?! რა ჭკვიანი ხარ, გამჭრიახი, სხარტი გონების…
კაცი /თვალგაყინული/ _ შვილი მოგვიკვდა, სწორედ მაშინ….
/პაუზა/
ქალი /დაბნეული/ _ რომელი შვილი?
კაცი /თვალგაყინული/ _ ჩვენი შვილი.
ქალი _ როდის?
კაცი _ როცა მესამე სახლი უნდა აგვეფეთქებინა, ბავშვს უეცარი ხუთვა დაეწყო და…
/პაუზა/ ის გაიგუდა…
ქალი _ როგორ თუ გაიგუდა?
კაცი _ ჩვეულებრივად… გაიგუდა… /აკვანს გახედავს/ გაიგუდება… /პირზე ხელაფარებულ
ქალს გამოხედავს/ ამას გამიგებენ… ადამიანურად… მხეცები ხომ არ არიან
ბოლოს და ბოლოს… ერთადერთი შვილი მომიკვდა…
/დიდხანს შესცქერიან ერთმანეთს/
ქალი /თვალგაყინული/ _ ჰო, მიდი…
კაცი /თვალგაყინული/ _ ასე არა… ბალიში ერთად უნდა გვეჭიროს…
ქალი /თვალგაყინული/ _ მეტისმეტია… შენ…
კაცი /თვალგაყინული/ _ მხოლოდ ერთად!
ქალი _ მე ვერა… /პაუზა/ მგონი ვერა… /პაუზა/ ნამდვილად ვერა…
კაცი – ასეთ ბავშვებს სპარტაში დაბადებისთანავე კლავდნენ… კიდევ გვეყოლება…
უკეთესი…
ქალი _ სპარტა როდის იყო… ცივილიზაციამ ადამიანს სული გაუფაქიზა…
კაცი /ქალზე თვალმიბჯენილი/ – შენ ასე ფიქრობ?!
ქალი – არ ვიცი… კომფორტმა… /პაუზა/ არა?!
კაცი – არა….
ქალი /ხელის გასავსავებით/ – არა, არა, ძვირფასო, მე ვერა…
კაცი _ ციცქნა მტარვალი… ის ვერ შედგა, როგორც ბავშვი… დაგვადანაშაულა,
გაიხსენე!… /პაუზა, უცქერს/ ტერორიზმში… /უცქერს/ მეამბოხედ იზრდება…
ჩვენს სირცხვილად იზრდება… სულ ერთი წუთი დასჭირდება, ის ციცქნაა…
ქალი _ სწორედ მაგიტომ, ციცქნა როა…
კაცი /ნიშნისმოგებით/ _ციცქნაა და შენც გებრალება, არა? შეგამჩნიე რა სიყვარულით
დასცქეროდი, მე კი ამ დროს მაცემინებდა, მე სიცხეც მქონდა ალბათ, 38,2 ხაზი,
წამალიც კი არ შემოგითავაზებია, არც ცხელი ჩაი, მურაბით… ის ჩვენ
გვაშორებს… ის საფრთხეა… ყველაზე დიდი საფრთხეც იქნებ….
ქალი _ ჰო, მაგრამ, რომ დადუმდა?! ძველებურად მიჩუმათდა… ის ჩუმადაა…
კაცი _ ძლიერ ხმამაღლა ლაპარაკობს მისი სიჩუმე…. /პაუზა/ ჩვენ ეს გვჭირდება,
გადაწყვიტე!
/პაუზა/
ქალი _ ჰო.
კაცი _ ჰო, ერთად?!
ქალი _ ჰო.
/სავარძელს რბილ საზურგეს გამოაცლიან. ერთად მოეჭიდებიან ბალიშს და ნელი
ნაბიჯით გაემართებიან აკვნისკენ. აფეთქების ხმა. ოთახი შეზანზარდება.
თაროებიდან წიგნები ცვივა. ეცემა ტორშერი. ჭერი სანახევროდ ჩამოწვება. ქალი
და კაცი იატაკზე გაწვებიან.
ქალი /თავზე ხელწაფარებული/ _ ცოცხალი ვარ?
კაცი /თავზე ხელწაფარებული/ _ თითქოს.
ქალი /თავზე ხელწაფერებული/ – შენ?
კაცი /თავზე ხელწაფარებული/ _ … თითქოს, მეც…
ქალი /ამოიხედავს, წამოჯდება/ _ ეს რა იყო?
კაცი /წამოჯდება, მიხედ-მოიხედავს, გაიღიმებს/ _ ჩვენ აგვაფეთქეს…
ქალი _ რატომ? რას გვერჩოდნენ?!
კაცი _ ძალიან კარგი, თუ აგვაფეთქეს…
ქალი – რა სისულელეა! ჩვენი მყუდრო ბინა… შეხედე!..
კაცი _ შეცდომა დაუშვეს… ეს სახლი არ იყო გეგმაში… სალაპარაკო მომეცა…
ქალი – დარწმუნებული ხარ? /გამოხედავს/ იქნებ ჩვენ თვითონ დავნაღმეთ ჩვენი სახლი?!
კაცი /მტკიცედ/ _ არა… მათი შეცდომაა…
ქალი _ რა სიმხეცეა, ამას კერძო საკუთრების ხელყოფა ჰქვია ცივილურ ენაზე!
კაცი _ ჩვენ გავიმარჯვებთ, ამის გარანტიას გაძლევ…
ქალი _ იდიოტები!…
კაცი /გაღიმებული/ _ სწორედაც რომ იდიოტები… ელემენტარული დაგეგმარების
წაკითხვა არ შეუძლით… შარაგზის ტერორისტები ესენი… აბა,
დათვალე, როგორ აზარალეს სახელმწიფო…
ქალი _ მავნებლები…
კაცი _ მავნებლობას თავი დაანებე, ეს ხომ სიცოცხლის ხელყოფაცაა!… აქ ბავშვს
ეძინა…
ქალი _ საბრალო ბავშვი ამათ ხელში…
კაცი /გაღიმებული/ _ და თანაც… მათ ხელი შეგვიშალეს საქმეში… როცა გეგმით
გათვალისწინებული მესამე სახლი უნდა აგვეფეთქებინა, ჩვენ თვითონ აგვაფეთქეს!
გესმის რამდენი კოზირი მიჭირავს ხელში…
ქალი _ როგორ ვუვლიდი ამ ჩემს ბინას, როგორ, როგორ დავკანკალებდი თითოეულ
კუთხე-კუნჭულს… /კაცს გამოხედავს/ მაშ, ის აღარ გაიგუდება?
კაცი _ ამის აუცილებლობას ამჟამად ვერ ვხედავ…/წამოდგება/
ქალი /წამოდგება/ _ რა ბედნიერებაა, ჩვენ აგვაფეთქეს…
კაცი /მკაცრად/ _ მხოლოდ ჩუმად უნდა იყოს… მე მოვითხოვ…
ქალი _ ჩუმად იქნება, დამიჯერე, გასუსული იქნება; ის შეგნებული ბავშვი ჩანს, ჩემო
ძვირფასო, აშკარად უკეთ ესმის, ვიდრე ლაპარაკობს… / მაღვიძარას წკრიალი/
ნუთუ გათენდა?
კაცი /საქმიანად/ _ გათენებულა, სამსახურში წასვლის დროა.
ქალი _ აკი დასასვენებლად წავიდეთო?
კაცი _ დასასვენებლად მერე… როცა კუთვნილ შვებულებაში გავალთ…
ქალი _ ეჰ, რა შორია კუთვნილი შვებულებამდე…
კაცი _ უფროსის კაბინეტში მოხსენებით ბარათს პირველად მე დავდებ…სული მეკვრება,
ყმაწვილივით მედება ჟინი… ჰალსტუხი კარგად მაქვს გაკვანძული?
ქალი _ ერთი წუთით… /ჰალსტუხს გაუსწორებს/ შტატებს ამცირებენო, მართალია?
კაცი /მომხიბვლელი ღიმილით/ _ ჰო, მაგრამ შენ ეს ნაკლებად უნდა გადარდებდეს…
ქალი _ ჩემო ჭკვიანო… პომადა ხომ არ გამედღაბნა?
კაცი _ მადისაღმძვრელად გამოიყურები… სამწუხაროა, დრო არა გვაქვს…
ქალი /კეკლუცად/ _ სულელი…
კაცი _ წავედით, დროზე!
ქალი _ ახლავე, ბავშვს დავხედავ და… /აკვანს უახლოვდება/
კაცი _ მაგვიანებ… ბავშვს ძიძა მიხედავს… /საათზე დაიხედავს/ დროა!
ქალი /აკვანთან/ _ არც კი წაგვიხემსია…
კაცი _ იქ წავიხემსებთ, შესვენებაზე, /მოუთმენლად/ ოოო…
ქალი /ფაციფუცით გამორბის; ხელმკლავს გაუკეთებს კაცს/ _ ციცქნა გოლიათი, ჩვენი,
მას ისე ერთგულად სძინავს… წარმოგიდგენია, მას სულ სძინავს და სძინავს….
/ბინას ტოვებენ/.

ფ ა რ დ ა.

29/09. 2007.

მადლობა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ამ პიესის მოწვდისთვის.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s