თამაზ მეტრეველი: შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი!


თამაზ მეტრეველი

თამაზ მეტრეველი

შეშლილი, შეშლილი… ახალი წელი!
(კომედია ორ მოქმედებად)

პერსონაჟები:

სალომე
რამაზი
თიკო
ზაზა
ეკა
ბუჟუ
ლილი
ექიმი
ცირა
ლევანი

ათასცხრაასოთხმოცდაცხრამეტი წლის ოცდათერთმეტი დეკემბრის დილა. კილაძეების ოჯახში ჯერ კიდევ სიმშვიდეა. სალომე, ორმოციოდე წლის ლამაზი ქალი, ღამის პერანგის ამარა სარწეველა სავარძელში მოკალათებულა, მუჭი ტუჩთან მიუტანია და ჩაფიქრებულა. ოთახში სანოვაგით დატვირთული რამაზი შემოდის, რომელიც, პარკებს შემოსასვლელში ტოვებს და ფეხაკრეფით მიიპარება სალომესკენ.

სალომე. სიყვარულო, სიყვარულო, როგორ სტანჯავ ადამიანს, როგორ უფლეთ სულს. (უაკანმიუხედავად). რამაზ, რატომ მოიპარები ფეხისწვერებზე?
რამაზი:Kკარგი რა, სალომე, ღმერთი არა გწამს? ასე სულ ერთსა და იმავეზე რომ ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ… ასე შენ არა, მაგრამ მე კი ნამდვილად გავგიჟდები, ნამდვილად. მოიხედე აქეთ, აი, ნახე, ინდაურიც ვიყიდე, გოჭიც, დედალიც…
სალომე: ღმერთო ჩემო, რა არის, მორგია?
რამაზი: მორგი? შენ იცი, იაპონიაში როგორ კლავდნენ სიკვდილმისჯილს? მიაბამდნენ ხის ძირზე და ზემოდან წვეთ-წვეთობით აწვეთებდნენ კეფაზე წყალს. ჰოდა, ბოლო-ბოლო, გაუხვრეტავდა ეს ერთი წვეთი წყალი ამ კაცს თავის ქალას, გაატანდა ტვინამდე და კლავდა. Eერთი წვეთი, გესმის, ერთი წვეთი წყალი კლავდა კაცს.
სალომე. მერე?
რამაზი. ვერ მიხვდი ხომ? Yყოველ წუთს, ყოველ წამს ერთსა და იმავეს რომ მეკითხები, ან მოვკვდები ან გავგიჟდები, ამ ორიდან ერთ-ერთი ნამდვილად არ ამცდება.
საწოლი ოთახიდან ნახევრად მძინარე თიკო გამოიხედავს.
თიკო. მამიკო, შენ არც გაგიჟდები, არც მოკვდები, შენ, უბრალოდ დაგიჭერენ (ისევ მიიმალება).
სალომე (აკივლდება). როგორ ელაპარაკები მამას, როგორ ელაპარაკები მამას, როგორ?
რამაზი. თიკო მართალია, თუ ასე გაგრძელდა, მე მართლაც დამიჭერენ.
სალომე. დაგიჭერენ?
რამაზი. მორჩა, ხმას აღარ ამოვიღებ, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.
სალომე. ახალ ცხოვრებას?Dდღეს რა, ორშაბათია?
რამაზი. ორშაბათი კი არა, ახალი წელია, ახალი და, როგორც არასდროს, ისე უნდა შევხვდეთ, გესმის? ყველაფერი ვიყიდე, ყველაფერი მოვიტანე. მოკლედ, რაც არის, არის, დღეს ხომ საუკუნის ბოლო დღეა, ხვალიდან ახალი ათასწლეული იწყება და მინდა, რომ ერთი ძველებურად მოვილხინოთ.
სალომე. როგორ, დღეს ოცდათერთმეტი დეკემბერია?
რამაზი. ოცდათერთმეტია, ოცდათერთმეტი… დღეს კაცობრიობა კიდევ ერთ ათასწლეულს დაემშვიდობება და ხვალიდან…
თიკო (შემოხტება, პიჟამოში, განერვიულებული). კარგი რა, მამა, ამ დილაადრიან სიტყვაში რომ გამოდიხარ, ცოტა გვიან, თორმეტი საათიდან მაინც დაიწყეთ ახალი ცხოვრება… სულ არ გებრალებით? სიცხე მაინც არ მქონდეს. დღეში ცხრაჯერ მაინც იწყებთ ამ თქვენს ახალ ცხოვრებას, მაგრამ საშველი ვეღარ დააყენეთ. მთელი ღამე მღვიძავს, ოფლში ვიწურები… ეს კიდევ (სალომეზე) ოხრავს, კვნესის, ბოდავს, არ მასვენებს. იცოდეთ, ამაღამ ახალი წელია, შერიგდებით და ისევ ერთად გაიყოფთ ცოლ-ქმრულ სარეცელს. Dდედა, შენ რომ დღესაც ჩემს ოთახში დაწვე, იცოდე გავაფრენ! (უკან შებრუნდება).
სალომე. შვილი ჰქვია ამას, რამაზ?
რამაზი. როგორიც გაზარდე, ზუსტად ისეთია.
სალომე. მომისმინე!
რამაზი. გისმენ.
სალომე. ამიხსენი, მართლაც იმისი ცოლი იყო?
რამაზი (გადაირევა). ვაიმე, ღმერთო, ისევ ერთი და იგივე, ხომ არ შეიძლება, მთელი წლის განმავლობაში, დილას ამით იწყებდეს ადამიანი და საღამოს ამით ამთავრებდეს… სხვა რამეზე იფიქრე. აგერ თიკო მთელი კვირაა ავად არის, ამაღამ ახალი წელია, მირიანმა მანქანა დაამტვრია და ფეხი მოიტეხა…
სალომე. გითხარი,Mმე ეს მაინტერესებს, ეს, და სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია. როგორ გგონია, ვითომ ჩემი ადგილის გამო სურთ, ჩემი თავიდან მოცილება?
რამაზი. არა მგონია (დაარტყამს მუშტს მაგიდას)!
სალომე. მაშ რატომ მირეკავენ, ან ვინ იყო ის ხალხი, იმ დღეს რომ მოგვიკაკუნეს?
რამაზი. მართალია, შენი ადგილი უნდათ!
სალომე (უკვირს). მაშინ სიყვარულს რაღას მიხსნიდა, ან ცრემლებს რატომ ღვრიდა? შეიძლება, რომ კაცს არ უყვარდე და ცრემლი ღვაროს?
რამაზი (ყვირის). შეიძლება, შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, თუკი კაცს ქალის შეცდენა სურს, შეიძლება მდუღარეშიც იბანაოს, ადუღებული ფისიც ჩაისხას ხახაში, ნაკვერჩხლებზეც კი გაიაროს შიშველ-ტიტველმა და რა ვიცი, რა გითხრა… პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთოს…
თიკო (ყვირილით). გაჩუმდით, გაჩუმდით, არ გეცოდებით?
სალომე. თუ ვუყვარვარ, ტელეფონზე რაღას არეკინებს?
რამაზი. დაიწყო ისევ თავიდან. კარგად მომისმინე და დამიჯერე რა, დამიჯერე. ეს ყველაფერი კარგად ჩაწყობილი შანტაჟია და მეტი არაფერი.
სალომე. მაშინ გივის ცოლს ჩვენთან რა უნდოდა, რისთვის იყო მოსული?
რამაზი. როგორ მიხვდი, რომ გივის ცოლი იყო, რანაირად? შენ ხომ არ გინახავს, არა, ის ქალი თვალით…
სალომე. მე თუ არ მინახავს, თიკომ ხომ ნახა… ცისფერი თვალები ჰქონდა და მონგრეული ტანიო. ზუსტად ასეთი ცოლი ჰყავს გივის.
რამაზი. კარგი, ვთქვათ, რომ მართლაც გივის ცოლი იყო… ახლა ეს მითხარი, შენ ჩემთვის არ გიღალატია, ხომ ასეა? იმ კაცთან არ წოლილხარ, არა? თუ იწექი და მიღალატე, მაშინ მითხარი!
სალომე. რამაზ, რომ მეღალატა, პირველად ხომ შენ გეტყოდი, არა? მხოლოდ ის იყო, რომ მითხრა მიყვარხარო და ცრემლიანი თვალები მოიწმინდა…
რამაზი. მეტი არაფერი ხომ…
სალომე. არა, არაფერი. რანაირად დაგარწმუნო?
რამაზი. ჰოდა, რას გეტყვი, იცი? რომც გეღალატა, რომც ყველაფერი მომხდარიყო თქვენს შორის, მაინც გაპატიებდი, ხმას არ ამოვიღებდი, ოღონდ მორჩეს ეს ყველაფერი, მორჩეს!
სალომე. რა გაყვირებს, ეს ამბავი ისეა ჩახლართული, რომ მე უბრალოდ, მინდა გავარკვიო და მაინტერესებს…. თანაც მე მეხება, არა? მე!
რამაზი. მე უკვე მეეჭვება, რომ შენ არა… (ვერ უთქვამს) რომ შენ ნორმალურ ჭკუაზე ხარ. მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ამ აბდაუბდას ვერაფერს გავუგებთ… ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სამუდამოდ დავივიწყოთ. არ ამბობს ის კაცი, არ ამბობს ეს ქალი, კაციშვილი ხმას არ იღებს და რანაირად გინდა რომ გაიგო! ჩვენთვის, მთავარია, რომ შენ არ გიღალატია და ისევ გადარჩი.
სალომე. თუ მასეა, რატომ დამიმალეს გასაღები?
რამაზი. ხომ შეიძლება, რომ შემთხვევით დაკარგეს და შენ კი ისევ შენს ეჭვებს გადააბრალე?
სალომე. ისიც შემთხვევითაა, მე სკამს აქედან რომ მივადგამ და მეორე დღეს სულ სხვა მხრიდან მხვდება მიდგმული? ან ფარდები? ან ტელეფონი? თუნდაც, ეს ტელეფონი. გამუდმებით ფუ-ფუს რომ ამბობს.…რომელი ერთი ჩამოვთვალო? (ტელეფონის ზარი) აი, აი, ისევ წკრიალებს, წკრიალებს… (იღებს ყურმილს) ალო, ალო, გისმენთ, გისმენთ! აი, ისევ ფუ-ფუ… (შეშინებული აწვდის ყურმილს რამაზს).
რამაზი. დადე ყურმილი დადე! მომეცი აქ! (გამოგლეჯს ხელიდან) ალო, გისმენთ! ამოიღე ხმა, შენი…
სალომე. დაკიდეს. ხედავ? შენი ხმა რომ გაიგეს, დაკიდეს!
რამაზი. როგორ დაგარწმუნო, დაიჯერე, ბოლოს და ბოლოს, რომ არ შეიძლება, რაც არ უნდა გულით სურდეთ შენი მოცილება, ამდენი რამე მოიფიქრონ. Aარა! ეს შენა გაქვს ტვინი უკუღმა მოწყობილი, შენ! (და დაყვავებით) ჩაიცვი ერთხელ და წავიდეთ ექიმთან. მოგვისმენს, გაარკვევს, სად სიმართლეა და სად ტყუილი, თორემ მეც შენს დღეში ვარ უკვე, მეც სულ ამ სისულელეებზე ვფიქრობ…
სალომე (აღშფოთდება). არავითარ შემთხვევაში. Eექიმი რომ მეორედ მიხსენო, იცოდე, თავს ჩამოვიხრჩობ. ვიცი, რისთვისაც გჭირდება შენ ეგ ექიმი, ვიცი…Eექიმებმა შეიძლება მართლაც გამაგიჟონ და შენც ეგ გინდა…
რამაზი. ჰო, მინდა, მინდა… ფსიქიატრიულში, შიზოიდებთან წანწალიღა მაკლია და იქაური ექიმებისგან ძარცვა.
სალომე. მე კი მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი გივის ჩაწყობილია.
რამაზი. ვისი?
სალომე. Dდამნაშავე კი მაინც შენა ხარ!
რამაზი. მე?
სალომე. დიახ, დიახ, შენ! შენ რომ სხვანაირად მოქცეულიყავ, მე დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. ქალი ორ-სამ თვეში ზეზეულად ჩამოვდნი… ვერ ხედავ, რას დავემსგავსე?
რამაზი. მე რა შუაში ვარ, მე რა უნდა მექნა? მე ხომ არ შემიყვარდა, შენ შეგიყვარდა, არა, ის კაცი?! გაიგე, ხვალიდან მესამე ათასწლეული იწყება, ვინღა გიჟდება სიყვარულის გამო, ვინ? იქამდე მივედი, რომ ფეხისწვერზე დავდივარ, გეფერები, გელოლიავები… მაგრამ მოდის ვიღაც გივი და ერთი ხელის მოსმით ანგრევს რის ვაივაგლახით შეკოწიწებულსა და გამთლიანებულ ოჯახს… მოვიარე მთელი ქალაქი, მოვიტანე რაც მოსატანი იყო, მინდა ერთხელ მაინც შევხვდე ახალ წელს ნორმალურად, შემოვდივარ შინ და… ერთი ჩამჩიჩინებს ციხეში წახვალო… მეორე… (პაუზა) მეორეს ჰალუცინაციები სჭირს სიყვარულის გამო…
სალომე. ჰალუცინაციები… თანამშრომლებმა რომ ჩემს სახელზე საჩივარი დაწერეს ისიც მეჩვენება? Yყველა, ყველა ერთად ამიმხედრა იმ ვერაგმა.
რამაზი. ახლა მე წავალ და მოვკლავ იმ შენს გივის.
სალომე. რა?
რამაზი. ჰოდა, ამით დამთავრდება ყველაფერი…
რამაზი დინჯად ემზადება და გასვლას აპირებს.
სალომე. გაჩერდი, სად მიდიხარ! Mმართლა მოკვლას უპირებ? იქნებ მისი ბრალი არცაა… გაჩერდი!
რამაზი. ვისი ბრალია, მაგას აღარა აქვს მნიშვნელობა. Mმეყო ბოლოს და ბოლოს, მეყო! აღარა ვარ მე კაცი, აღარ! მე ახლა გიჟი ვარ, გიჟი, შენზე უარესი!.. (დაავლებს პიჯაკს ხელს და გარბის) ვნახოთ, ვინ ვის!
სალომე (მისდევს). რამაზ, რამაზიკო, სად გარბიხარ, დაბრუნდი, უკან დაბრუნდი! (ვერაფერს გააწყობს და მოტრიალდება) თიკო, თიკო, სადა ხარ, მამაშენი იმ კაცის მოსაკლავად გაიქცა…
თიკო (რომელიც წამომდგარა და გაზქურასთან მისულა). ეს წყალი რომ დაგიდგამთ ამ გაზზე და მთლად დამშრალა, სტვენა მაინც არ გესმით?
სალომე. ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება მართლაც მოკლას?
თიკო. მოკლავს და მოკლას…
სალომე. რას ამბობ, თიკაკო, თუ ასეა მაშინ ხომ მეც მოვიკლავ თავს?
თიკო. ღმერთო, რა ბედნიერება იქნებოდა… მამა ციხეში, დედა საფლავში, შვილი კი ლოგინში და იძინებდა და იძინებდა…
სალომე. ღმერთო, რა დაუნდობელი თაობა მოდის, რა დაუნდობელი…
თიკო. დედა ნახე, მამა ნახე…
სალომე. თიკო, რა ეცვა იმ ქალს, ჯინსის ქვედატანი, ხომ?
თიკო. ვაიმე, დედა, ცუდადა ვარ, გაიგე, ცუდად!
სალომე. აბა, ერთი, მოდებზე და იმ შენს ტუტუც მსახიობებზე დაგელაპარაკო, მაშინაც ცუდად გახდები?
თიკო. დედა, აღარ შემიძლია, ახლა მეც გავიქცევი, იცოდე, იმ კაცის მოსაკლავად.
სალომე. შენ რომ თავში ჭკუა გქონდეს, ლევანს გაჰყვებოდი ცოლად. მთელი ექვსი თვეა კაცს სახლში, თავის ლოგინში არ სძინებია… შენი სახლის წინ ათენებს და აღამებს ეგ საცოდავი… ნეტავ, როგორ სძინავს იმ ერთი ბეწო მანქანაში ოთხად მოკრუნჩხულს?
თიკო. ვერ გავყვები მაგ კაცს, ვერა! გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ და შეიგნეთ! კაცი რომ ექვსი თვე შინ არ მივა დასაძინებლად, სულ კუდში დამდევს და ერთი სიტყვა ვერ უთქვამს, ერთი… რა ბევრი ფულიც უნდა ჰქონდეს, როგორ შეიძლება, რომ ის კაცი ნორმალური იყოს, რანაირად?
სალომე. მე რომ ვინმეს ასე ვყვარებოდი…
თიკო. ვიცი, ვიცი. აგერ კაცმა ნიანგის ცრემლი გადმოაღვარღვარა და ეს ორმოცი წლის ქალი, ლამის ფსიქიატრიულში მოხვდე.
სალომე. ოცდათვრამეტის?
ამ დროს ოთახში ტახტი შემოგრიალდება, რომელსაც ეკა და ზაზა აწვებიან. ეკა ფეხმძიმედაა.
ზაზა. ნელა, ეკა, თორემ ასე კედელს გავანგრევთ… დაამუხრუჭე!
ეკა. ხელი, ხელი მომყვა.
ზაზა და ეკა ტახტს შუა ოთახში დაახეთქებენ.
ზაზა. გამარჯობათ, ქალბატონო, თუ დაგვეხმარებით, კარგს იზამთ…
სალომე. დაგეხმარებით?
თიკო. რა ხდება, ვისია, ეს რა შემოათრიეთ?
სალომე. ვინა ხართ, ეს რა ხდება, რა ამბავია?
ზაზა. მოითმინეთ, სულ ერთი წუთით, გვაცალეთ! საჩუქარია. (იხდის კურტკას).
სალომე. საჩუქარი? რა საჩუქარია ასეთი?
ზაზა. მოითმინეთ, ქალბატონო, ვერ ხედავთ, საახალწლო ნობათი რომ მოგართვით?
სალომე. საახალწლო ნობათი? ვისგან ასეთი უშველებელი? ჩვენია ნამდვილად?
ეკა. დიახ, დიახ, თქვენია, თქვენი მეუღლისგანაა.
სალომე. რამაზისგან? ნამდვილად? რა კარგია, რა უნდა იყოს?
ზაზა. მაშინ გარეთ კიდევ გვაქვს რაღაც, ისიც შემოვიტანოთ?
სალომე. რა თქმა უნდა, შემოიტანეთ, აბა რა, რაღას უყურებთ?
ზაზა და ეკა გავლენ. სალომე და თიკო ტახტს თავს სულწასულები ახდიან და განცვიფრდებიან. შიგ რაღაც ძველმანები დახვდებათ.
ზაზა და ეკა ახლა რაღაც უშველებელ სკივრს შემოათრევენ.
სალომე. ესეც ჩვენია? ძველებურია? (ახდის თავს სკივრს) ფუჰ, ნაფტალინითაა სავსე.
თიკო. ნაფტალინით?
ამასობაში ეკა ოთახში თოკს გააბამს. ზაზა ტახტიდან ტანსაცმელს იღებს და აწვდის. ეკა ამ ყოველივეს აქეთ-იქით ჰფენს. სალომე გაკვირვებულია. შემდეგ კი აკივლდება.
სალომე. რა ხდება, გამაგებინეთ! ეს რა ხდება ჩემს სახლში? გაეთრიეთ ახლავე აქედან!
ზაზა. რა? როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, თქვენ ალბათ იცით, რასაც საქმიანობს თქვენი ქმარი.
სალომე (ამაყად). დიახ, მშენებელია.
ზაზა. ჰოდა, ბინას დაგვპირდა, ფული წინასწარ გამოგვართვა…
ეკა. შარშან ბინა თუ არ გვქონდა, ფული მაინც გვქონდა.
ზაზა. დღეს აღარც ერთი გვაქვს და აღარც მეორე.
ეკა. ბინას ვინღა ჩივის, იმის იმედიც აღარა გვაქვს, რომ ფულს დაგვიბრუნებს.
ზაზა. ჩვენ აღარსად წამსვლელები არა ვართ, ამაღამ აქ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და, საერთოდ, აბა გაგვაგდეთ!
სალომე. სანამ თქვენი კორპუსი აშენდება?
ეკა. აშენდება რომ?
ზაზა. აქ მალე ისეთი ამბები დატრიალდება? დედა შვილს არ აიყვანს!
ეკა. თითო ბინა სამი და ოთხი ოჯახისთვის მიუყიდია თურმე, იცით თქვენ?
ზაზა. მეტისთვისაც… ცოტასაც ვაცლი და… ან ამ ბინას დამიმტკიცებს, ან ფულს დამიბრუნებს, ან მოვკლავ, გამოვშიგნავ (დანას დააძრობს)!
ეკა. ჰო, ჰო, რა დაგემართათ, ბოლო-ბოლო, ჩემს ბინას დაგიმტკიცებთო, გვპირდებოდა…
ზაზა. ჰოდა, ჩვენც გადმოვბარგდით…
სალომე. მოიცათ, მოიცათ. ამ ერთი თვის წინ თქვენ ხომ არ იყავით ჩვენთან? (ეკაზე უთითებს) ვიცანი. ფუ, ფუ… ხმაზე ვიცანი, თიკო! ისაა, ტელეფონზე რომ რეკავს, ფუ, ფუ…
ეკა. რა ფუფუ, ქალბატონო?
თიკო. დედა, დე-და!
სალომე. თუმცა თქვენ არც ცისფერი თვალები გაქვთ და ფეხებიც არა გაქვთ მონგრეული.
თიკო. დედა, შენ ისევ იქ წახვედი? აქ ამხელა გაუგებრობა თუ დანაშაული ხდება და შენ მაინც შენსას ერეკები? ეს რომ ის ყოფილიყო, მე ხომ ვიცნობდი, როგორც კი დავინახავდი, დედა!
სალომე. მაშ ვინ იყო?
თიკო. დედა, დედა, დაანებე მაგაზე ფიქრს თავი, დაანებე!
სალომე. ნამდვილად გივის ცოლი იყო, ის იქნებოდა…
ზაზა. ასე რომ უნდა გვაპატიოთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ოთახს დავიკავებთ.
სალომე. რომელ ოთახს დაიკავებთ, თქვენ რა?
ზაზა. ქალბატონო! მკვდარს თუ გამიტანთ აქედან, თორემ… ცოტა კი არა გვაქვს მიცემული…
ეკა. თორმეტი ათასი.
სალომე. მერედა, ვის აძლევდით, რას აძლევდით, არ უნდა იკითხოთ? გიჟი ფანტავდა და ჭკვიანი კრეფავდაო…
ზაზა. ქალბატონო!
სალომე. კარგი, თქვენ გამოუცდელები ხართ, ახალგაზრდები… პატრონი არა გყავთ ვინმე? უპატრონოები ხართ?
ზაზა. ეგ რა შუაშია. პირდაპირ ყელში წაგვიჭირა. დღესვე თუ არ შემოიტანეთ ფული, მილიონი ხალხი მესევაო…
იამზე. კი მაგრამ, მოსულიყავით ჩვენთან, ან ოჯახში გეკითხათ, ან მეზობლებში, ან სხვა გადამთიელთან… იქნებ აფერისტი იყო ეს კაცი?
ზაზა. ქალბატონო, ვინ გვაცალა ან კითხვა, ან რაიმეს გარკვევა.
ეკა. ისეთმა კაცმა გაგვაცნო, ისეთმა ახლობელმა.
ზაზა. თვითონ ის კაცი ისეთი პატიოსანია, ეჭვი როგორ უნდა შეგვეტანა.
თიკო. ჰოდა, იქნებ გიშენებთ მამიკო ბინას?
ზაზა. კი, დაპირებები გიყვარდეს. ოქროს კოშკებს გვიშენებს. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ და ლამის ორი ზამთარი გაგვიყვანა…
ეკა. დიახ, ხელზე დაგვიხვია. ჰოდა, რომ არ გაჭრა არაფერმა, რა უნდა გვექნა…
სალომე. ჩემთან მაინც მოსულიყავით, გეთქვათ, გეკითხათ…
ზაზა. თქვენთან? თქვენთან ჩვენ გუშინ ვიყავით და აქ, მეზობლებში, გავიკითხეთ…
სალომე. მერე?
ზაზა. რა დაგკარგვიათ, რას ეძებთო?
ეკა. ჰო, ჰო, მაგ თქვენს ფულს დაემშვიდობეთო…
ზაზა. აფერისტიაო… თქვენისთანა მილიონი სხვაც დასდევს და ვერაფერს გამხდარანო.
ეკა. ჩვენც გადავწყვიტეთ, სანამ სხვები დაგვასწრებენ, თქვენთან შემოვსახლდეთ. იქნებ ეს ბინა მაინც დაგვრჩეს?
სალომე. რა? ჩვენი ბინა? რა სისულელეებს ბოდავთ. ჩვენ რას გვიპირებთ მერე, გასახლებას? პირველი შეცდომა, რომ აიღეთ და ვიღაც აფერისტს ფული ჩაუჩხრიალეთ. მეორე _ კიდევ უარესი, სხვისი ფართის მიტაცებას აპირებთ. ერთიც სისხლის სამართლის დანაშაულია და მეორეც!
თიკო. საბუთი გაქვთ რაიმე?
სალომე. ჰო, მართლა, საბუთი ან ხელწერილი გაქვთ? ნოტარიუსით დამტკიცებული?
ზაზა. აბა რა? ხელშეკრულება გვაქვს ოფიციალური, ხელმოწერილიც და ბეჭედდასმულიც… მაგრამ სხვებსაცა აქვთ, ყველას… დარბიან ახლა, ათასნაირ ინსტანციებში და დააფრიალებენ…
სალომე. სად?
ზაზა. პოლიციაში, პროკურატურაში, რა ვიცი… იცით რამდენნი არიან?
სალომე. მერე, რამაზი?
ეკა. გვემალება. აი რატომ არ არის სახლში? დღეს ხომ ახალი წელია?
სალომე. აქ იყო. ეს წუთია გავიდა.
ეკა. სად?
სალომე. საქმეზე. სხვათაშორის, ბევრად სერიოზულზე, ვიდრე ეს თქვენი ბინათმშენებლობის ამხანაგობაა თუ რაღაც…
ეკა და ზაზა. თუ რაღაც?
სალომე. ჰო, ჰო, აიკრიფეთ ახლავე თქვენი გუდა-ნაბადი და მოუსვით აქედან, დროზე! ჩვენ რა შუაში ვართ, ვერ გავიგე, ვისთვისაც ფული მიგიციათ, პასუხიც იმას მოსთხოვეთ (აუფრიალებს თავიანთ სამოსს, აქეთ-იქით მიფენილს)!
ზაზა. ქალბატონო, თავი ხელში აიყვანეთ, ან მოგვეცით ჩვენი ფული და გაგვათავისუფლეთ, ან ისეთი გინება ვიცი, ისეთი…
თიკო. გვემუქრებით კიდეც?
სალომე. რა კულტურაა, არ მესმის!
ზაზა. აბა, ბოდიშები გიხადოთ?
თიკო. გადარევა შეიძლება… ეე, დღისით, მზისით, საკუთარ სახლში შემოგისახლდნენ, გაბრტყელდნენ… ის კი არა, შუა ოთახში სარეცხიც კი გაგვიფინეს და მადლობა უნდა თქვათ, რომ დედას არ გაგინებთ და არ გირტყავთო, გესმის?
სალომე. თიკო, გაჩუმდი!
თიკო. დედა, მე გავჩუმდე კიდევ?
ზაზა. აი, მესმის ზრდილობა.
სალომე. რა თქვენი საქმეა, ბოლოს და ბოლოს… რომელ ზრდილობაზე გვითითებთ… ვინ მოგცათ ამდენის უფლება?
ზაზა. თქვენმა მეუღლემ.
თიკო. ამათ თუ ასე გააგრძელეს, მალე ალბათ მოახლეებადაც გვაქცევენ.
სალომე. მოახლეებად? ვის, ჩვენ? (აკივლდება) ახლავე წაეთრიეთ აქედან, ახლავე! თიკო, ჩქარა დარეკე პოლიციაში, დარეკე!
ეკა. პოლიციაში? ზაზა, გაიხადე!
ეკა ჯემპრს გადაიძრობს და ზაზას პერანგის ღილებს შეხსნის. ზაზა მიუხვდება და ისიც სწრაფად იწყებს გახდას. ეკა თავიანთ შემოტანილ ტახტზე წვება.
თიკო. ეე, რას შვრებიან?
ეკა. ქალბატონო, ჩვენ რვა თვეა ერთად არა ვწოლილვართ, რვა თვე. მოდი, ზაზა!
ზაზა შარვლის ქამარს შეიხსნის და ეკას დაემხობა.
სალომე. ვაიმე, ღმერთო ჩემო! თიკაკო, გადი! (თვალებზე ხელს აფარებს) გადი აქედან, ჩქარა! გადი მეორე ოთახში. დახუჭე თვალები, დახუჭე, ჩქარა! გადი, გადი!
სალომე თიკოს გაათრევს. ეკა და ზაზა მარტონი რჩებიან.
ეკა. მეშინია.
ზაზა. შენ რატომ გეშინია, ჩვენ ხომ არ დავაწერეთ, მაგათ დაგვაწერეს არა ჩვენი ფული, ჰოდა, მაგათ ეშინოდეთ…
ეკა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარია და მინდა გავიღვიძო. ვწვალობ, ვცდილობ, მაგრამ ვერ ვიღვიძებ. (ბაძავს) ან ეს ბინა უნდა დაგვიმტკიცოთ… ვინ დაგიმტკიცებს ამ ბინას, ვინ?
ზაზა. რაღაცით ხომ უნდა შეაშინო. ხომ ხედავ, არ იძლევა ეს კაცი უკან ფულს. არაფერმა გაჭრა. არც ცემამ, არც მუქარამ…
ეკა. მე საშინლად მომშივდა.
ზაზა. მეც ნოლს მიჩვენებს, რა ვქნათ?
ეკა. არ ვიცი.
ზაზა. წამოდი სამზარეულოში. ვითომც შინა ვართ, წამოდი!
გადიან სამზარეულოში.
სალომე (ჩუმად იჭვრიტება). ახლავე წაეთრიეთ აქედან, ახლავე! (რომ ვერავის დაინახავს, შემოვა. მიხვდება, რომ სამზარეულოში არიან) თიკო, თიკო! (ჩურჩულით).
თიკო (შემოვა). სად წავიდნენ?
სალომე. რა გვეშველება, სამზარეულოს ჩხრეკენ.
თიკო. რა?
სალომე. თიკო, რა ხდება ჩვენს თავს? ხომ ვერ ამიხსნი? შენ რას ფიქრობ, მისი მოგზავნილები უნდა იყვნენ, ხომ?
თიკო. დედა, შენ გესმის, რას ამბობ?
სალომე. თიკაკო, დამიჯერე, იმის მოგზავნილები არიან, იმისი…
თიკო. დედა, შენ მთლად გარეკე უკვე? აბა რა სისულელეებს ამბობ! ვითომც არ იცოდე, რომ არ არსებობს რაიმე გარეწრობა, შენს ქმარს რომ არ ჩაედინოს. ატყუებს ამ ბავშვებს, დედა, გესმის, ატყუებს.
სალომე. თიკო, არ დაიჯერო, მასეთ საქმეებზე მაგან დიდი ხანია ხელი აიღო. ეს იმის ამბავია. ის ისეთი კაცია, ყველგან ნაცნობები ჰყავს, ყველგან.
თიკო. დედა, დაფიქრდი, შენ უკვე… დედა, შენ არანორმალურად აზროვნებ. როგორ გითხრა… შენ ალბათ დასვენება გჭირდება. ყველა წყალს წაუღია. შენი გივიც, ეგენიც, მამაჩემიც… დაანებე ყველაფერს თავი. დედა, გთხოვ, დედა, მე მისმინე, ისევ ფიქრებში წახვედი, დედა? რაღა დროს შენი სიყვარულია. ჩამოდი, ბოლოს და ბოლოს, მიწაზე, ჩამოდი!
სალომე. შენ მე ნუ მასწავლი, გესმის?
ზაზა (სამზარეულოდან გამოვა). ქალბატონო, გოჭი, ინდაური, დედალი, ყველაფერი გასამზადებელია. ხომ არ გეწყინებათ, რომ ცოტა ხელი წაგაშველოთ? აი, ეკა, მშვენიერი კულინარია, თითებს ჩაიკვნეტთ.
სალომე. ისე მოიქეცით, როგორც საკუთარ ოჯახში… ღმერთო, რა ბედნიერებაა, როცა ქალს საოჯახო საქმეები ეხერხება.
თიკო. გადავირიე, თითქოს მართლაც საკუთარ ოჯახში იყვნენ.
ზაზა. ხმელი სუნელი არ გექნებათო?
სალომე. ვერცხლის თასშია სუნელები, კარადის ზედა თაროზე, მარჯვნივ.
ზაზა. ძალიან კარგით!
ზაზა გაუჩინარდება. თიკო მხრებს აიჩეჩს. კარის ზღურბლზე კი ვიღაც მანდილოსნები გამოჩნდებიან. ეს ბუჟუ და ლილია.
ბუჟუ. რამაზი აქ ცხოვრობს კილაძე, კილაძე?
ბუჟუ ენას უკიდებს და ამიტომ ლილის ხშირად თარჯიმანივით უწევს მისი ნათქვამის გამეორება.
სალომე. რა?
ლილი (დამარცვლით). რამაზი აქ ცხოვრობსო კილაძე, კილაძე?
სალომე. დიახ.
ბუჟუ. თუ შეიძლება, სთხოვეთ ერთი წუთით, სთხოვეთ?!
სალომე. რა?
ლილი. სთხოვეთო, ერთი წუთით.
სალომე. შინ რომ არ გახლავთ.
ბუჟუ. შინ არ არის? სადაა, მალე მოვა, მალე?
სალომე. რა?
ლილი. სად არისო, მალე თუ მოვაო?
სალომე. ვერ გეტყვით, გავიდა რაღაც საქმეზე და…
ბუჟუ (ლილის). რა ვქნათ?
ლილი. აბა, რა ვიცი.
ბუჟუ (სალომეს). იცით რა? დაველოდებით, თუ არ შეწუხდებით, გადაუდებელი საქმე გვაქვს, გადაუდებელი.
ლილი. ისეთი საქმე გვაქვს, გადაუდებელიო.
სალომე. დაელოდეთ, კი ბატონო…
ბუჟუ და ლილი სკივრზე ჩამოსხდებიან. თიკო მივა და გვერდით მიუსკუპდებათ.
თიკო. თქვენ მამას უნდა დაელოდოთ?
ბუჟუ (ნერვიულად). დიახ, დიახ, დიახ!
თიკო. მამა…
ბუჟუ. რა მამა, რა… არ მოვა? (იღებს ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს. ღერებს ლილი და თიკოც ამოაძრობენ. სამივე გააბოლებს).
თიკო. ვერ გეტყვით. იქნებ არც მოვიდეს…
ბუჟუ. როგორ, ახალ წელს ყველა თავის ოჯახში ხვდება და რამაზია გამონაკლისი?
თიკო. რა?
ლილი. რამაზია გამონაკლისიო?
თიკო. აუცილებელია, რომ პირადად ინახულოთ? ჩვენ ხომ ვერ გადავცემთ?
ბუჟუ. ვერა, ვერა, ვერა… ვერ გენდობით, ვერ გენდობით.
თიკო. თქვენ ალბათ მისი სამსახურიდან ხართ.
ბუჟუ. არა, არა, არა!
თიკო (ლილის). არც თქვენ?
ლილი. არა!
თიკო. აბა საიდან?
ბუჟუ. არსაიდან, არსაიდან… უბრალოდ, საქმე გვაქვს, საქმე..
თიკო. ჩვენ ვერ გვეტყვით? საიდუმლოა?
ბუჟუ. დიახ, დიახ, საიდუმლოა, წამოდი, ლილი!
ბუჟუ და ლილი წამოდგებიან და გასვლას დააპირებენ.
სალომე. მიდიხართ?
ბუჟუ. თხუთმეტ წუთში ამოვალთ, მანქანას გავუშვებთ, მანქანას…
სალომე. ვერ გავიგე?
ლილი. თხუტმეტ წუთში ამოვალთო, მანქანას გავუშვებთო.
ბუჟუ და ლილი გავლენ. სალომე თიკოს მივარდება.
სალომე. თიკო, ისინი არიან, ხომ? მაშინ რომ იყვნენ?
თიკო. სწორედ ისინი ბრძანდებიან, შენი საქმე წასულია.
სალომე. რაო?
თიკო. რაო, რაო… ხომ დარწმუნდი, რომ მამას სამსახურიდან არ არიან. თანაც ენაზე კბილს ისე აჭერენ, ვერაფერს ათქმევინებ.
სალომე. რამაზი თუ მოვა, შინ არ უნდა შემოვუშვათ.
თიკო. რას ამბობ, დედა, პირიქით, მამამ ისედაც ყველაფერი იცის…
სალომე. რა ყველაფერი, თიკო?
თიკო. აბა, მოატყუე? უღალატე?
სალომე. თიკაკო, კაცია მაინც. ამათ რომ ახლა თავისებურად გაუფორმონ… რა იცი, რას ეტყვიან, რაღა დღეს?
თიკო. იქნებ სულაც სხვები არიან, ჯერ გაგვეგო, გვეკითხა.
სალომე. რომ მოგვატყუონ?
ზაზა (სამზარეულოდან გამოიხედავს). ტყლაპი არა გაქვთ? (თან ხელში ფილთაქვა უჭირავს და ნიორს ნაყავს).
სალომე. ტყლაპი? (დაიმანჭება) თიკო, ტყლაპი გვააქვს?
თიკო. ტყლაპი არა…
სალომე რაღაცას მოიფიქრებს, ზაზასთან მივა და ხელს მეგობრულად მოკიდებს.
სალომე. ზაზუნი, მომისმინე! შენ უნდა გამიგო ვინ არიან, საიდან არიან, და, საერთოდ, რა უნდათ?
ზაზა (მიმოიხედავს). ვისზე ამბობთ?
სალომე. ახლა რომ ამოვლენ. უნდა გამირკვიო ვინ არიან, საიდან არიან და, საერთოდ, რა უნდათ?
ზაზა. ნიგოზი რომ ვერ ვნახეთ?
სალომე. რა დროს ნიგოზია, ზაზა, იცი, რა ღირს ნიგოზი?
ზაზა. ვინ უნდა იყვნენ მაინც, რა გვინდაო, არ თქვეს?
სალომე. არა, ჩვენ არ გვითხრეს, რამაზს ელოდებიან.
ზაზა. აუჰ, თუ მაგასათ ფული უნდათ?
სალომე. ფული? ეგაც გაარკვიე.
ზაზა. როგორ უნდა ვკითხო?
სალომე. რა? თუ ყველაფერი მე უნდა გიკარნახო, შენ რაღად მინდიხარ, ზაზა?
თიკო. ზაზა, იცოდე, დედაჩემს ყველაფერი ეჩვენება.
სალომე. მეჩვენება? ღმერთო, ეს რა დაუნდობელი თაობა მოდის. ზაზა, დაჯექი აქ. კარგად მომისმინე. ერთი ჩემი მეგობარი ქალი… პატიოსანი… ძალიან პატიოსანი… შეიყვარა მისმა დირექტორმა… მე, რა თქმა უნდა, მოკრძალებით ვუთხარი უარი გივის… მე კი არა, ჩემმა მეგობარმა. ჰოდა, ახლა, ამ ორიდან, ერთი, მე მგონი, სწორედ იმ ჩემი დირექტორის ცოლი უნდა იყოს.
ზაზა. აა, გავაგდო?
სალომე. არა, კი არ უნდა გააგდო. პირიქით, უნდა გამიგო, მართლაც ის არის, თუ სულ სხვა ვინმეა, ხომ გესმის?
ზაზა. ააა.
ბუჟუ და ლილი დაღლილი სახეებით შემოდიან და ისევ ტახტზე ჩამოსხდებიან.
ზაზა. თქვენ, ალბათ, კარტის გაშლა გეცოდინებათ, არა?
ლილი. მე არ ვიცი.
ზაზა (ბუჟუს). თქვენ?
ბუჟუ. არა, არა, არა, არ ვიცი, არ ვიცი… ეგ, ალბათ, თქვენ უფრო გეხერხებათ.
ზაზა. გინდათ გაგიშალოთ?
ბუჟუ. არა, არა, არა!
ზაზა. თიკო, კარტი.
თიკო (გაკვირდება). საიდან იცის ამ კაცმა ჩემი სახელი?
სალომე. რამაზი ეტყოდა.
თიკო (ეძებს კარტს). დედა, სამზარეულოში მაინც გადი, დახედე, რა იწვება, რა იხრაკება, არ უნდა შეამოწმო?
სალომე. შენზე და ჩემზე კარგად, კიდევ, მოუვლიან როგორმე.
სალომე სამზარეულოში გადის. თიკო კი კარტს მისცემს ზაზას, რომელიც ბუჟუს მიუჯდება. სალომე სამზარეულოდან ფეხაკრეფით გამოვა და იქვე გაჩერდება.
ზაზა. თქვენი სახელი?
ლილი. ლილი.
ზაზა (ბუჟუს). თქვენი?
ბუჟუ. თქვენი, თქვენი?
ზაზა. ჩემი ზაზა. თქვენი?
ბუჟუ. დავუშვათ ბუჟუ, დავუშვათ…
ზაზა. სასიამოვნოა.
ბუჟუ. სასიამოვნო? რატომ, რა შემატყეთ ამისთანა, რა შემატყეთ?
ზაზა. არაფერი, გენაცვალე, კარტი მინდა გაგიშალო (აჭრის კარტს).
ბუჟუ. შეხედე, რა სწრაფად ჭრის. კაზინოში მუშაობს ნამდვილად.
ზაზა. თქვენ გათხოვილი ხართ?
ბუჟუ. დიახ, დიახ, დიახ… მჭირს ეს ბედნიერება, მჭირს…
ზაზა. გულის დამა? ოჰ, შეხვედრა გაქვთ ვიღაც კაცთან…
ბუჟუ. ისევ რამაზთან ალბათ, რამაზთან… რა ვიცი, რა ვიცი… ვეღარ კი ვეღირსე, ვეღარ…
ზაზა. რაღაც ფულზეა საუბარი…
ბუჟუ. ალბათ, ალბათ, ალბათ…
ზაზა. გზა გაქვთ ღამის… მგზავრობა… რაღაც ცუდ ამბავს გაიგებთ შორიდან.
ბუჟუ. ძალიან შორიდან, ძალიან?
ზაზა. ჰო, ძალიან შორიდან.
ბუჟუ. ვაიმე, ლილი, მიშველე!
ლილი. ამისი ქმარია წათრეული კაი ხნის…
ბუჟუ. გაიანაშია გადაკარგული, გაიანაში.
სალომე. გაიანაში?
ლილი. ჰო, ქვეყანაა ასეთი… ლათინურ ამერიკაში… უკვე ორი წელიც იქნება.
ბუჟუ. ორ თებერვალს გახდება, ორ თებერვალს.
სალომე (გახარებული). მართლა?
ლილი. ასე რატომ გაგიხარდათ?
ზაზა. ჯვრის ვალეტი და პიკის დამა. (ლილის) აი, თქვენ კი, Qქმარი გღალატობთ.
ლილი (გადაიხარხარებს და უცებ გაჩუმდება). მყოლოდა და ეღალატა, თუნდაც ყველა მეორესთან. ვაიმე, ბუჟუ, ანზორი! (საათზე დაიხედავს) ვიღუპები, ისევ ვერ შევხვდები ანზორს. ნახე, რომელი საათია (საათზე დაახედებს).
ბუჟუ. შეხვდები, აბა სად წავა, სად?
ზაზა. არა, იცით თქვენ ფულს კარგავთ, ძალიან ბევრ ფულს.
ბუჟუ. ნუთუ მართლა, ნუთუ?
ლილი. ფულს არ ვიცი, არა, მაგრამ ანზორს კი მგონი მართლაც ვკარგავ. ექვსზე უნდა შევხვედროდი და ნახეთ რომელი საათია.
ზაზა. ანზორი ვინ არის?
ბუჟუ. ძალიან ცნობისმოყვარე ყოფილხართ, ძალიან… იქნებ საყვარელია მისი, საყვარელი? რატომ უნდა მოგახსენოთ, რატომ? რატომ? რატომ?
ზაზა (წამოხტება). კისერიც გიმტვრევიათ! კისერიც, კისერიც! ქალბატონო სალომე, დამანებეთ რაა თავი, თქვენ თითონ გაარკვიეთ, რაც გაინტერესებთ!
ბუჟუ. კი მაგრამ, თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით, თვითონ? რად ეკუთვნით თქვენ ნუგზარს, რად?
ზაზა. ღვიძლი ბიძაშვილი ვარ, ალალი.
ბუჟუ. ადექი, ლილი, წავიდეთ! (ზაზას) უკბილო ხუმრობა გცოდნიათ, უკბილო…
ლილი. სად წავიდე, სად? ათი ათასს ვკარგავ, გესმის, შენ!? ბინა დავკარგე, ფული დავკარგე, ახლა ანზორიც დავკარგო?
ბუჟუ. ქალბატონო, არ მოვა, ბოლოს და ბოლოს, რამაზი, არ მოვა?
სალომე. რა?
ლილი. მოვაო რამაზი, ბოლოს და ბოლოს, მოვაო?
სალომე. თქვენც ხომ არ მიეცით რამაზს ფული?
ლილი. დიახ, მივეცი, ბინას დამპირდა…
ზაზა (შუბლზე მიირტყამს ხელს). ეჰეე.
ბუჟუ. ჰოდა, არ უნდა მიგეცა წინასწარ, არა! ჯერ ბინა, მერე ფული. არა, მეც კი მოვუტანე, მაგრამ აღარ მივცემ… მთელი დღე შინ ვიქნებიო, შინ… მოდი და ენდე ამისთანებს, ენდე! (წამოდგებიან და ორივენი ჩქარი ნაბიჯით გაემართებიან კარისაკენ. ბუჟუს ჩანთა დარჩება ტახტზე, რომელსაც ჯემალი სტაცებს ხელს).
ზაზა. ქალბატონო, ჩანთა დაგრჩათ, ჩანთა!
ბუჟუ. ვაიმე, ლილი, ფული!
ლილი. ფული?
ორივე ზაზას მივარდება. ჩანთას გამოსტაცებენ და ურტყამენ.
ბუჟუ. ქალაჩუნა.
ლილი. ლაჩარი!
ზაზა. მე რას მემართლებით, ქალბატონო, მე გამოგართვით ფული?
ბუჟუ. როგორ, ჩანთა არ დამიმალეთ ამ წუთას, ჩანთა?
ზაზა. ჩანთა არა პარახოდი, შარი მინდა მე კიდევ?
ბუჟუ. არც მე, არც მე… სად მომიყვანე, ლილი, აქ?! ვისთან მომიყვანე? წამოდი! წამოდი!
ლილი. სად წამოვიდე, სად?! და ათი ათასი წყალში გადავყარო? არა, გენაცვალე, მორჩა. ქუდიც რომ გადამიგდონ, აქედან ფეხს, არსადაც არ გავადგამ. დიახ… აი, აქ დავეთხლიშები და მუმიასავით ვიჯდები. სანამ ბინას არ მომცემენ, ან ფულს არ დამიბრუნებენ უკან.
ეკა (სამზარეულოდან გამოვა). ზაზა, რა ხდება?
ბუჟუ (ეკას). მოითმინეთ, მოითმინეთ! თქვენ ვინღა ბრძანდებით, ვინ?
ეკა. მე? თქვენ?
ბუჟუ. მე? რა თქვენი საქმეა? ხედავ, რა თავხედია, ლილი, ხედავ?
ეკა. ჩემზე ამბობს?
ლილი (უთითებს ეკას მუცელზე). რომელ თვეში ხარ, გენაცვალე?
ეკა დაიბნევა. ზაზა პასუხობს.
ზაზა. დაახლოებით მეშვიდეში ანუ მეშვიდე-მერვეში.
ბუჟუ. რატომ დაამატეთ, შვიდი გეცოტავათ, არა, გეცოტავათ?
ამ დროს შემოსასვლელში ორმოციოდე წლის მამაკაცი გამოჩნდება, ექიმი ნევროპათოლოგი, რომელსაც ცალ ხელში საექიმო ჩანთა უჭირავს, მეორეში კი პირადობის მოწმობა. ყველა მისკენ მიიხედავს.
ბუჟუ (ლილის). რამაზი?
ლილი. არა?
თიკო. ვინ ბრძანდებით?
ექიმი. ახალი წელი მინდა მოგილოცოთ.
სალომე. როგორ უკვე ახალი წელია?
ექიმი. დამდეგი. წინასწარ გილოცავთ.
სალომე. წინასწარ?
ექიმი. შეფმა მითხრა, თუ დღეს საღამოს ანგარიშს არ ჩამაბარებ, სამსახურიდან მოგხსნიო.
სალომე. ანგარიშს?
ექიმი. დიახ.
სალომე. როგორ, თქვენი ვალიც აქვს რამაზს?
ექიმი ბინის თვალიერებით შუა ოთახისაკენ მიდის. სალომეც მისდევს. ლილი და ბუჟუ ტახტიდან დგებიან და ცდილობენ გაერიდონ უცნობს, რომელსაც ხელში საბუთი უჭირავს. ბუჟუ ფულიან ჩანთას სპეციალურად ტოვებს ტახტზე.
ლილი. დავიღუპე, ბუჟუ.
ბუჟუ. ჩუმად!
ექიმი. არა, მე ექიმი ვარ, ექიმი გივი გაგნიძე.
თიკო. დედა, გივიკო?
სალომე (დაიმანჭება). აჰ, არა?
ზაზა. ექიმს, რა, აწყენს ბინა?
სალომე. მივხვდი, მივხვდი. თქვენ, ალბათ, საახალწლოდ გვესტუმრეთ, არა? ჩვენთან ერთად გინდათ შეხვდეთ ახალ წელს. დარჩით, დარჩით!
ექიმი. გმადლობთ, ქალბატონო, ვეცდები, საღამოს სიდედრთან ერთად გესტუმროთ…
ლილი. ბუჟუ, ანზორიც ხომ არ დაგვეპატიჟა? ქალბატონო, შეიძლება ანზორიც დავპატიჟოთ?
სალომე. ანზორი? კი, ბატონო, დაპატიჟეთ.
ექიმი. ახლა კი, გთხოვთ, ყველას, ცოტა მოწესრიგდეთ, იმიტომ, რომ უნდა გაგსინჯოთ! კი, კი… კინაღამ გადამავიწყდა… მე უნდა თქვენ ყველანი სათითაოდ გაგსინჯოთ, სათითაოდ… (ჩანთიდან სასმენ აპარატს ამოიღებს).
ყველა. გაგვსინჯოთ? (შეშინებული მიმოიფანტებიან)
ექიმი. თქვენით დავიწყოთ. თქვენ, ალბათ, დიასახლისი ბრძანდებით, არა?
სალომე. ჩემით? არა, როგორ გეკადრებათ, ვინ გითხრათ, რომ დიასახლისი ვარ? მე შინ თითსაც არ ვატოკებ. მე, სხვათა შორის, ძალზე პრესტიჟული სამსახური მაქვს. თანაც სრულიად ჯანმრთელი ვარ. მე არაფერი მჭირს გასასინჯი?
ექიმი. მითუმეტეს… ნევროპათოლოგისთვის, ესე იგი, ჩემთვის, თქვენ ძალიან საინტერესო პაციენტი ჩანხართ…
სალომე. ვაიმე, ბუჟუ, ლილი, მიშველეთ! (გაიქცევა და შუაში ჩაუდგებათ).
ორივე. ნუ გეშინიათ, აქა ვართ!
ექიმი. არა, არა, არა… თქვენ ვერ გამიგეთ, ვერ გამიგეთ… რა იყოთ, განა რა ვთქვი ასეთი, ასე რომ დაფეთდით? აბა დაბრუნდით ისევ საწყის მდგომარეობაში, დაბრუნდით! ახლავე აგიხსნით, ახლავე, კი, კი, კი… (ჩამოსხდებიან. ექიმი განაგრძობს) თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ამ ბოლო დროს, რამდენი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა და გაიხსნა ჩვენში…
სალომე. დიახ, მაგალითად, ჩვენს გვერდით საფრანგეთის საელჩო გახსნეს.
ბუჟუ. დიახ, დიახ, დიახ…
ეკა. ბავშვთა დაცვის ფონდი. მე ხომ შვილს ველოდები.
ზაზა. ჩვენთან აიეს თელასი გაიხსნა.
ეკა. ჩვენთან შადრევანი.
სალომე. ჩვენთან ამერიკის საელჩო და გაერო.
ბუჟუ. თქვენ, თქვენ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებით და რა ღონისძიებებს ატარებთ?
ექიმი. რა ბრძანეთ?
ლილი. თქვენ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებით და რა ღონისძიებებს ატარებთო?
თიკო. იცით, მამაჩემი, მაგალითად, კომუნისტების დროს, წყალწაღებულთა საზოგადოების პრეზიდენტი ყოფილა.
ბუჟუ. ოჰ, ვინ უშველის ამდენ წყალწაღებულს, თორემ კი!
ეკა. თქვენ, თქვენ რა ღონისძიებებს ატარებთ მაინც?
სალომე (აკივლდება). გამაგებინეთ, რა ხდება, აქ! რა შუაშია, ჩემს ბინაში, ან წყალწაღებულები, ან გაერო, ან თქვენ ვინა ხართ ყველანი? (ყველა დაფეთდება, ბუჟუც დაიბნევა) უკაცრავად, უკაცრავად… (ექიმს) თქვენ განაგრძეთ, განაგრძეთ!
ექიმი. ამჟამად, მე, ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ემჯეეს თანამშრომელი გახლავართ, სამედიცინო განხრით, რა თქმა უნდა… გვაინტერესებს, მიახლოებით, რამდენ აბორტს იკეთებს ცხოვრებაში, კდემამოსილი ქართველი ქალი და ხმარობს თუ არა, საერთოდ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. აი, მშვენიერი მაგალითიც… (უთითებს ეკას მუცელზე).
ზაზა. როგორ გეკადრებათ, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს, არა, ერის გადარჩენაზეც?
ბუჟუ. არა, არა, არა… ეგ საკითხი ჩვენს ემჯეეს არ ეხება! აი, ეს ანკეტები, უნდა შემივსოთ, მეტი არაფერი (ჩამოურიგებს ფურცლებს).
ზაზა. მეც უნდა შევავსო?
ექიმი. ყველამ, ყველამ!
თიკო. მე არ შევავსებ, მე ქალიშვილი ვარ.
ექიმი. მართლა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. ჩაწერ რომ ქალიშვილი ხარ, უცხოელებს ყველაფერი აინტერესებთ ჩვენზე, ყველაფერი… გვარი, სახელი, დაბადების წელი… შეავსეთ, შეავსეთ!
სალომე. თქვენ, თქვენ, ალბათ, ჩვენი უბნის ფსიქიატრი ბრძანდებით, ხომ?
ექიმი. არა, როგორ გეკადრებათ, ტყუილად ვერ დავიბრალებ. მე, უბრალოდ, ნევროპათოლოგი გახლავართ და სხვა არაფერი.
სალომე. მაშინ, ძალიან გთხოვთ, კარგად დამიგდოთ ყური.
ექიმი. გისმენთ.
სალომე. ერთი ჩემი მეგობარი ქალი, საოცრად სუფთა და პატიოსანი, შეიყვარა მისმა დირექტორმა…
ბუჟუ. სიყვარული… რა იშვიათობაა.
ექიმი. მერე, მერე?
სალომე. თიკაკო, თიკაკო, მოდი ერთი წუთით!
თიკო. არ დამასვენო ერთი, რა გინდა, რა არის?
სალომე. თიკაკო, ბატონი გივი ჩვენი უბნის ფსიქიატრია.
ექიმი. ნევროპათოლოგი, ხომ გითხარით?..
სალომე. თიკო, მოუყევი, დაწვრილებით უამბე ყველაფერი.
ექიმი. ქალბატონო, თქვენი სახელი?
სალომე. სალომე…
ექიმი. ჰოდა, ამ ანკეტების გამო, რომ იცოდეთ, სამი ღამეა არ მძინებია.
სალომე. ცოტახანს დაგვიგდეთ ყური და მიგაძინებთ სადმე, რა პრობლემაა.
ექიმი. არა, ძილი კი არა. მშია, მშია. ხმელი პური იყოს, თუნდაც, არ გექნებათ?
სალომე. ეკა, ზაზა! გავუმასპინძლდეთ სტუმარს, ვაჭამოთ რამე! თიკო, შენ მოყევი.
თიკო. როგორ დაიწყო? (ჩაფიქრდება) ერთ დღეს დედა მოვიდა და მითხრა…
ექიმი. საიდან მოვიდა?
ეკა საჭმელს გამოუტანს ექიმს.
ექიმი (გაკვირვებული). ყველი? (ღეჭავს და ისმენს. ზაზაც იქვე დგას).
თიკო. სამსახურიდან. საპროექტოში მუშაობს. ჰოდა, ერთ დღეს სამსახურიდან ძალზე განერვიულებული დაბრუნდა. ჯერ ფეხსაცმელი გაიძრო და მაცივარში შეინახა. მერე, გარეცხილი, გამშრალი სარეცხი ჩამოხსნა თოკიდან და თავიდან დაუწყო რეცხვა. ჩავაცივდი, რა მოხდა-მეთქი მითხარი, და, იცით, რა მითხრა?
ექიმი. არა.
სალომე. ნახაზზე წამიწერეს გ პლიუს ს-ს უდრის სიყვარულსო.
ამ დროს ექიმს ლუკმა ყელში გადასცდება და ლამის დაიხრჩოს. ზაზა ბეჭებზე დაჰკრავს ხელს.
თიკო. ჰოდა აქედან დაიწყო. მეორე დღეს გასაღები დაუმალეს და თავის ოთახში ვეღარ შევიდა. მესამე დღეს ტელეფონზე დაურეკეს. მერე სკამი დაუმალეს. მერე ვითომ იბარებდნენ აქა-იქ და უარს ეუბნებოდნენ, არ დაგვიბარებიხარო. მერე კაბა დაკარგა ვითომ სახლიდან და რა ვიცი… ისე, ნორმალურია სხვა მხრივ…
ექიმი. როგორ გეკადრებათ, გენაცვალე! ნორმალური. მასე გეგონოთ! მაგას სერიოზული მკურნალობა სჭირდება, დიახ, მკურნალობა. აუცილებელია. მაგ დაავადებას სიმბოლიზმი ჰქვია. ავადმყოფი რაიმე საგანს სულ სხვა დანიშნულებას მიაწერს, სულ სხვა…
სალომე. სიმბოლიზმი?
ექიმი. ახლავე აგიხსნით, ახლავე. აი, აი, მაგალითად, სადარბაზოში დამხრჩვალი კატა რომ ნახოს, იმ წამსვე ეჭვი გაჰკრავს, ეს კატა, ყველა ვარიანტში, ჩემს შესაშინებლად დაახრჩესო. ჰო, ჰო, ყველაფერში თავის მტრებს დაადანაშაულებს… ფეხსაცმელზე ქუსლი რომ ასძვრეს…
ბუჟუ. კაბაზე ყავა რომ გადაისხას, ყავა…
ლილი. ან ქვაბიდან რძე რომ გადმოუვიდეს…
ბუჟუ. ქმარს რომ საყვარელთან შეუსწროს, შეუსწროს…
სალომე. ააა, აი, თურმე რატომ გაიქცა…
ლილი. ვინ? რამაზი?
ამ დროს ექიმი ხვრინვას ამოუშვებს და ყველა მას მიუბრუნდება.
ზაზა. ჩაეძინა.
სალომე. თქვენ, რა, ეს ქონდრისკაცი, მართლაც, ექიმი გგონიათ? არ დაიჯერო, თიკო, არ არსებობს… მოგზავნილია, გეფიცები… სახეზე ეტყობა, ჰო, ჰო, ტყუის. ხომ გითხარი, რაც ჩემმა პროექტმა ტენდერში გაიმარჯვა, მას მერე მთელი თანამშრომლები გადამეკიდნენ. რა, არ გჯერათ? ისიც კი შურთ, ჩვენს დირექტორს მე რომ მოვწონვარ.
თიკო. დედა!
სალომე. გეფიცები.
თიკო. რას ლაპარაკობ, დედა, რას? ყველა უჯრედი ერთად გადაგეწვა, ქალო?
ბუჟუ (ექიმზე). ეს კაცი სადღაც მინახავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
სალომე. აი, ხომ ხედავ? ესეც მე ვარ? ბუჟუსაც უნახავს სადღაც.
ზაზა (გამოიხედავს სამზარეულოდან). ქალბატონო სალომე, საცაა ახალი წელი მოვა და მარტო ჩემი ცოლი როგორ აუვა ამდენ რამეს?
სალომე. მერე, მე რა შუაში ვარ, ზაზა? მე ჯერ ცხოვრებაში ხელი არ…
ბუჟუ (წამოხტება). მე დავეხმარები, მე… რა არის გასაკეთებელი, რა, რა, რა?
ზაზა. რა ვიცი… საცივი, ღომი, გოზინაყი, ყველაფერიც გასაკეთებელია.
ბუჟუ. გოზინაყის გაკეთება მე ვიცი, მე ვიცი… გავაკეთო, გავაკეთო?
სალომე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
ლილი. იცით, მეც მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. მეც მივეხმარები?
ბუჟუ და ზაზა სამზარეულოში შედიან. სალომე კი თიკოს მიუბრუნდება.
სალომე. კაცი რომ ვიყო? მამაშენს ისე გადავუშვებდი მეშვიდე სართულიდან, თვალსაც არ დავახამხამებდი. ფსიქიატრიულში მიპირებს გასტუმრებას. არ კმარა, შინ რომ რეციდივისტებს მიგზავნის და მათ დანახვაზე ციებიანივით მაჟრიალებს? (უთითებს სამზარეულოსკენ). ასე გაგრძელება შეიძლება, თიკო?
თიკო. მართალია, უნდა იმკურნალო, ასე თქვა, ხომ, ექიმმა.
სალომე. სად?
თიკო. სად და საავადმყოფოში, სად მკურნალობენ ავადმყოფებს?
სალომე. მე ვარ ავად?
თიკო. დედა, ავად რომ არ იყო… რაღა დროს შენი სიყვარულია?
სალომე. კარგი, კარგი, გაჩუმდი, საიდან მოიტანე, ეგ სისულელე. მიყვარს, ჰო… საჭმელში ჯადოსნური ბალახი ჩამიყარა, შევჭამე და შემიყვარდა, არა? (ტელეფონის ზარი) თიკო, არ მიეკარო!
თიკო (ყურმილს იღებს). გისმენთ. სალომე? (აწვდის) გთხოვთ!
სალომე თმებს გაისწორებს, წელში გაიმართება და ყურმილს ჩამოართმევს.
სალომე. გისმენთ. დიახ, ბატონო გივი, მე ვარ, სალომე ვარ… თქვენთან? პროექტებით და ნახაზებით? მესმის… გენგეგმაც უნდა წამოვაყოლო? ახლავე? ინდივიდუალური პროექტი ტიპიურად უნდა გადაკეთდეს? მოვალ. დიახ, მესმის… არ დამავიწყდება… რა დამავიწყებს… წამოვიღებ, ყველაფერს გამოვაყოლებ. (დადებს ყურმილს) ღმერთო, რა მშვენიერი, რა დიდებული რამ მოხდა ჩვენს რესპუბლიკაში. მიწას ჭაბურღილი დაარტყეს და ცხელმა წყალმა ამოხეთქა. მერე, რამდენი რამე გაკეთდება. სათბურები, აბანოები, კურორტები…
თიკო. დედა, შენ დარწმუნებული ხარ, რომ მაგის გამო გიბარებს?
სალომე. აბა?
თიკო. იქნებ საახალწლოდ უნდა დაგასაჩუქროს?
სალომე. დამასაჩუქროს? ვინ, გივიმ?
თიკო. დიახ, დიახ, გივიმ.
სალომე. ოჰ, კაი, ერთი… რა ვქნა?
თიკო. შენ რა, მართლა აპირებ წასვლას? შენ რა, ვერ ხვდები, რატომ გიბარებს ოცდათერთმეტში?
სალომე. ოცდათერთმეტი სამუშაო დღეა.
თიკო. ვაიმე, დედა, რა მიამიტი ხარ, რა მიამიტი.
სალომე. არა, არა, უნდა წავიდე. აუცილებლად უნდა წავიდე, თორემ, ხომ შეიძლება მომხსნას? რა, ჭკუა დაუშლის თუ რა?
თიკო. მაშინ მეც წამოვალ… დედა, გონს მოდი, რაღა დროს შენი სიყვარულია, დედა!
სალომე. ეგღა მაკლია, შენ მიკარნახო, როგორ მოვიქცე, სად წავიდე და რა ვილაპარაკო. ბინას ვის უტოვებ, ამ რეციდივისტებს?
სამზარეულოდან ეკა გამოდის, ტაფით ხელში.
ეკა. წყალი დაწყდა.
სალომე. კი არ დაწყდა, შეწყდა. შეწყდა და შეწყდეს…
ეკა. არცერთი წვეთი არ გვიდგას არაფერში.
ზაზა (გამოვა სამზარეულოდან). ოცდათერთმეტში რომ წყალს გადაგიკეტავენ…
ბუჟუ (გამოვა სამზარეულოდან). მაშ ეს მთავრობაა, მთავრობა?
ლილი. ეგენი წყალს, ალბათ, არც ხმარობენ.
ზაზა. ჰო, შამპანურში რეცხავენ სარეცხს.
სალომე. ზაზა, ჭურჭელს აიღებ და ჩახვალ. ეზოში წყალი არ წყდება. მოდი, დაგანახვო! (ზაზას ფანჯარაში გადაახედებს) იმ ხალხს ხედავ?
ზაზა. უკვე ამხელა რიგი დადგა?
სალომე. ჰო.
ზაზა. ეგ, ერთი, სამსაათიანი მაინცაა.
სალომე. მეტიც…
ზაზა. მერე, ახალ წელს წყლის რიგში შევხვდე?
თიკო. დიდი რამე. ზოგი სულაც ციხეში ხვდება ახალ წელს… ზოგიც, საიქიოში, ალბათ, ახლობლებთან.
ბუჟუ. კი, კი… ამ ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც შეიძლება მოუწიოს ან ერთგან ან მეორეგან მოხვედრა… ციხეში ან საიქიოში.
ზაზა. ჩავალ, თორემ ხალხი ემატება.
ლილი. წამო, წამო, ბუჟუ, ჩვენც ჩავყვეთ, მივეხმაროთ!
ლილი. კარგი, ჩავიდეთ! (გადიან სამზარეულოში ჭურჭლისთვის).
სალომე. თიკო, გაცვდება, გაცვდება ეგ სარკე შიგ ამდენი ცქერით. თვალები არ გიელმდება?
თიკო. კი, აი! (დააელმებს თვალებს).
სალომე. როგორ მეზარება, რომ იცოდე, სამსახურში წასვლა.
თიკო. თუ გეზარება, რაღას მირბიხარ?
სალომე. შენ რა გგონია, თიკო… არ დაიჯერებ, მაგრამ თუ გინდა სიმართლე, გივის დანახვაზე ალერგია მემართება.
თიკო. მაშინ, რატომ ემზადები, ასეთი სისწრაფით? დაგავიწყდა ექიმმა რა თქვა? თუმცა, სიყვარულს წამლები არ შველის.
სალომე. შენ კარგად ერკვევი თიკო სიყვარულში.
ამ დროს ოთახში გაქვავებული სახით შემოდის ცირა, სამოციოდე წლის ქალი.
სალომე. ცირა, რა დაგემართა, ცირა, როგორა ხარ?
ცირა. კარგად.
სალომე (განცვიფრებული). კარგად?
ზაზა, ლილი და ბუჟუ, წყლის ჭურჭლით ხელში, ხმაურით გამოდიან სამზარეულოდან და გადიან. ცირა გაკვირვებული გააყოლებს თვალს.
სალომე. რამაზს ჩამოუვიდნენ ნათესავები სოფლიდან.
ცირა. თიკო რას შვრება, კიდევ ახველებს?
სალომე. უკეთაა. დღეს უკვე ადგა. თიკო, მიესალმე!
ცირა. გამარჯობა, თიკო.
თიკო (ცივად). გაგიმარჯოთ!
ცირა. მომილოცავს გამოჯანმრთელება.
თიკო. გმადლობთ.
ცირა. ეს ჩემგან. (ჩანთიდან პატარა კოლოფს ამოიღებს და მიაწვდის. თიკო გამოართმევს, გახსნის და იქიდან ოქროს ძეწკვს ამოიღებს) ძეწკვია ოქროსი. (თიკო ძეწკვს უკანვე ჩადებს და კოლოფს მოისვრის).
თიკო. რა გინდათ, ცირა დეიდა, ჩემგან, რა? ცდებს ატარებთ ჩემზე? ხომ იცით, არ დავიკიდებ მაგას გულზე, არა?
სალომე. თიკო, ჭკუას მოუხმე!
თიკო. რა ვქნა, ცირა დეიდა. არ მიყვარს, არა, არ შემიძლია.
ცირა. მე დედა ვარ, თიკო!
თიკო. რა ვქნა, ცირა დეიდა. ვიცი, რაც უნდა მითხრათ, ყველაფერი ვიცი. ვიცი, რომ ერთადერთი შვილი გყავთ. ვიცი, რომ მამის სიკვდილის შემდეგ, მთლად გადაირია. ვიცი, რომ შინ არ ათევს ღამეს. რომ მხოლოდ მე შემიძლია მისი გადარჩენა. უკვე მილიონჯერ მაინც მაქვს ეს ყველაფერი თქვენგან მოსმენილი. არ მიყვარს მე ეგ დასტვენილი, არა! ვიცი, რომ დედის ერთაა, ვიცი, რომ ოქროში ჩამსვამს, ვიცი, რომ მუთაქები ფულითა გაქვთ დატენილი… რომ მამამისის მთელი ქონება მაგ იდიოტს ერგო. ვიცი, ვიცი, ვიცი! მაგრამ, რა ვქნა, არ მიყვარს, არა. მეც ადამიანი ვარ და, ოლოს და ბოლოს, სხვა მიყვარს.
ცირა. ვიცი, თიკო, ვიცი, რომ სხვა გიყვარს, მაგრამ, რომ არ გინახავს ჯერაც ის კაცი, გენაცვალე. ხომ შეიძლება შეხვდე და არ მოგეწონოს?
თიკო. არ შეიძლება, რანაირად შეიძლება. მე ის უკვე მიყვარს. ის ჩემი იდეალია. მისი ყოველი სიტყვა ჩაწერილი მაქვს. მოგიტანოთ დღიურები, წაგაკითხოთ? მე ის ბრწყინვალე ლექსებს მიგზავნის. თქვენ ამას ვერ გაიგებთ… სულ არ გავთხოვდები, მაგრამ სხვას არ წავყვები, გესმის? არა, არა, არა!
სალომე. ცირა, უნდა მაპატიო. სამსახურში მაგვიანდება.
ცირა. სამსახურში? დღეს?
სალომე. დიახ, გენაცვალე, დღეს სამუშაო დღეა. (თიკოს მკაცრად) თიკო! (და ცირას) რას იზამ, ცირა, ნახვამდის… ბედნიერი ახალი წელი… (გადის).
ცირა. მაინც რა ლექსები გამოგიგზავნა იმ შენმა უჩინ-მაჩინმა, მე რატომ არ წამიკითხავ, ერთხელ მაინც?
თიკო. გაინტერესებთ? აი, თქვენ თვითონ წაიკითხეთ! (უბიდან ქაღალდის ნაგლეჯს ამოიღებს და გაუწვდის).
ცირა. ოჰო, გულითაც ატარებ?
თიკო. დიახთ!
ცირა. საინტერესოა. (ფურცელს თვალს გადაავლებს და კითხულობს. პათეტიკურად) შენ, ალბათ, შიშით გული გისკდება, როდესაც ჩემთან შეხვედრას ფიქრობ, ძნელია ჩემი გადავიწყება, მეც ვითვლი წამებს, სულ თითო-თითოდ. არა ტანადი, არა რჩეული, არა ძარღვებში ჯამრთელი სისხლით, არამედ ლოთი და არეული, შემოვალ როგორც დანიის პრინცი. (პაუზა).
თიკო. როგორია?
ცირა. გარეკილი აქვს, აშკარად. თანაც, ლოთიც ჩანს. მერე, შენ, იცი, მგოსნის ცოლობა რა ძნელია, თიკო?
თიკო. ცირა დეიდა, როგორ ფიქრობთ, დედაჩემი დაბრუნდება?
ცირა. რა?
თიკო. რა და, დედაჩემი აღარ დაბრუნდება, წავიდა, გათხოვდა.
ცირა. გათხოვდა? სალომე?
თიკო. თქვენ კი, რა, არ გაიქცეოდით? უსიყვარულოდ რომ გათხოვილიყავით, ოცი წელი შინ რომ საგიჟეთი გქონოდათ. მერე შეგხვედროდათ ერთადერთი ნამდვილი მამაკაცი…
ცირა. მთლად აირია მონასტერი…
თიკო. თქვეენ? თქვენ ახლაც გათხოვდებოდით, ალბათ.
ნელი და ბუჟუ ცარიელი ჭურჭლით ბრუნდებიან.
ბუჟუ. მთელს უბანში წყალი არ მოდის, გაგონილა, გაგონილა?
ცირა. შენ საშიში ქალი ყოფილხარ, ჩემო თიკო! (წამოდგება) უნდა, წავიდე, ახალი წელი მოდის. (ძეწკვის კოლოფს იატაკიდან იღებს და მაგიდაზე დებს) ეს იყოს მაინც, გქონდეს ჩემგან!
თიკო. იყოს, ძვირდებაო ოქრო…
ცირა. მესმის, განა არ მესმის. ეს დღიურები, ლექსები… დაიმახსოვრე, სასტიკი დრო მოდის, მერე მწარედ ინანებ.
თიკო. რატომ? ზოგი სამჯერ და ოთხჯერაც კი თხოვდება…
ნელი და ბუჟუ მხრებს აიჩეჩენ და სამზარეულოში გავლენ.
ცირა. ჰოო, არა? სწორედ მასეთ რძალზე ვნატრობ… ასე ხომ? მაშინ, როგორც შენ მე მექცევი, მეც სწორედ ასე მოგექცევი. დავჯდები ამ სკამზე (ჯდება) და ფეხს არ მოვიცვლი აქედან, სანამ თანხმობას არ მეტყვი. ვიჯდები, აქ, ერთი წელი, ორი წელი, სამი… ეჰ, ლევანიკო, ლევანიკო, შე საცოდავო!
ამ დროს ოთახში თავიდან-ფეხამდე გალუმპული ზაზა შემოვარდება.
ზაზა. მიშველეთ, გავიყინე…
ბუჟუ, ლილი და ეკა სამზარეულოდან გამოცვივდებიან.
ეკა. რას დამდგარხარ, ნუ მოწუწე აქაურობა, ჩქარა, სააბაზანოში!
ზაზა. სააბაზანოში? მოვიდა წყალი?
თიკო. ჰო, დაგიხატავენ.
ზაზა. და ტანისამოსი ხომ მინდა რამე?
თიკო. წამოდი, წამოდი, რაიმეს მოგინახავ.
ზაზა (განცვიფრებულ ცირას). რას მომჩერებიხართ, ქალბატონო, კაცი არ გინახავთ?
თიკო, ზაზა და ეკა გადიან. ნელი და ბუჟუ ტახტზე ჩამოსხდებიან.
ცირა. ვინ იყო, ეს შიშველი კაცი?
ბუჟუ. თიკოს მეგობარია, თიკუნასი.
ცირა. თიკოსი? თქვენ, თქვენ ვინა ხართ?
ბუჟუ. მე? მე ლილის მეგობარი გახლავართ, ლილისი.
ცირა. ვისი?
ლილი. ჩემი.
ცირა. თქვენ?
ლილი. მე? მე ანზორის მეგობარი ვარ.
ამ დროს სკამზე ჩაძინებული ექიმი გამოიღვიძებს და ხველა აუტყდება.
ცირა. ეს? ეს ვინღაა?
ლილი. ეს? ეს ოჯახის მეგობარია.
ექიმი (ცირას). შეავსეთ ანკეტა?
ცირა. რა?
ექიმი (წამოხტება). აუ, რომელი საათია?
ლილი. ღამდება.
ექიმი. აუ, დამაგვინდა. თორმეტზე აქ გავჩნდები. შემივსეთ, რა, გეხვეწებით, ანკეტები? გავვარდი. (გარბის).
ცირა. რა უნდოდა ჩემგან, რა ანკეტა, გიჟია?
თიკოს და ეკას ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ზაზა შემოჰყავთ.
ზაზა. აბა, როგორ მოგწონთ, მიხდება?
ლილი. აუ, როგორ უხდება?
თიკო. მართლა? ბაბუაჩემის დროინდელია. ოჯახის რელიქვიაა.
ზაზა. ბედი არ გინდა? იმხელა რიგში, ვიღაც რუსის მატროშკამ მაინდამაინც მე ჩამომაქცია მთელი ვედრო წყალი თავზე.
თიკო. რატომ?
ზაზა. ურიგოდ რატომ ეტენებიო. ჩემს მიწა-წყალზე, ჩემს ქალაქში, ჩემს ეზოში, მე ვარ ურიგო და ის რიგიანი, ხალხო? გამაგებინეთ!
ბუჟუ. მეტის ღირსნი ვართ, მეტის…
ზაზა. მაინც რა ბედი მაქვს, მე ამის… გუშინ თემქაში მეძინა, დღეს სოლოლაკში ვათევ, ხვალ სად გადამაგდებს ბედი, ვინ იცის… თანაც ისე ვარ ჩაყუდებული ამ პაპიჩემისდროინდელ ჩოხა-ახალუხში, კაცი იფიქრებს, არსენა მარაბდელიაო.
ბუჟუ. შენ დაუკა!
ბუჟუ სკამზე დასცხებს. ზაზა დავლურს დაუვლის. მას სხვებიც აჰყვებიან. რეკავს ტელეფონი. ყველა შეკრთება და მონუსხული მიაჩერდებიან ტელეფონს.
ზაზა (უთითებს იატაკზე დადებულ ტელეფონზე). აი, აი, ფუ, ფუ!
ყურმილს ბუჟუ აიღებს.
ბუჟუ. გისმენთ. ალო, ალო… კი, კი, აქაა.
ლილი. ანზორია?
ბუჟუ. სალომეა, სალომე… აჰაა, უპასუხე, უპასუხე! (აწვდის ყურმილს თიკოს).
თიკო. გისმენთ. დედა, დედიკო… გაპატიო? (განცვიფრებული) დედა, დედა, შენ მართალს ამბობ? (თიკოს ყურმილი დაუკიდეს. ის ყველას სათითაოდ გადაავლებს თვალს) მომილოცეთ, დედაჩემი მართლაც გათხოვდა.

ფ ა რ დ ა

II მოქმედება

გვიანი საღამოა. კილაძეების ოჯახში საახალწლო სუფრაა გაშლილი. რომელსაც ზაზა, ეკა, ბუჟუ, ლილი, თიკო და ექიმი მისხდომიან.

ზაზა. აბა, შევავსოთ სასმისები! ასე… მომისმინეთ! მართალია, ახლი წელია, მაგრამ მე მინდა ამ პირველი ჭიქით, ამ ქვეყნად, ყველა უბინაოს გაუმარჯოს, ყველა უპატრონოს, ყველა გაჭირვებულს, ყველა მათხოვარს…
ლილი. ეტყობა საქართველოს სადღეგრძელოს ამბობს.
ბუჟუ. მაგრამ შორიდან უვლის, შორიდან!
ზაზა. გაჭირვებული ვთქვი, უბინაო ვთქვი, უპატრონო ვთქვი…
ლილი. კაი, კაი, აღარ თქვა, აღარ გააგრძელო, გასკდა გული, გასკდა!
ზაზა. აბა, რა ვთქვა?
ბუჟუ. აი, თიკოს სადღეგრძელო, თუნდაც…
ზაზა. კარგი. მეგობრებო, ამ პირველი ჭიქით, მე მსურს თიკოს სადღეგრძელო შემოგთავაზოთ.
ბუჟუ. რით? რით?
ზაზა. ჭიქით?
ბუჟუ. თიკოს სადღეგრძელო ჭიქით? მოკიდე ყანწს ხელი, მოკიდე! ეკა, მიაწოდე რა, ყანწი, მიაწოდე!
ეკა (აწვდის ზაზას ყანწს). აბა დაიჭი!
ზაზა. ყანწით მაშინებთ? კი ბატონო. (შეივსებს) მოკლედ, მე მინდა თიკოს სადღეგრძელო დავლიო. მომავალი ქართველი ქალისა…
ლილი. რომლის დედაც სახლიდან გავარდა, ვიღაც უჯიშოს გაჰყვა და მამა კი არავინ იცის სად დაძრწის…
ბუჟუ. ჯიბიდან გავარდნილი, ჯიბიდან… სჯობს, საერთოდ, აღარ დაბრუნდეს შინ, აღარ…
ზაზა. სწორედ მაგიტომაც მინდა შევსვა ეს ყანწი, რომ ასეთ უჯიშო მშობლებს ასეთი ანგელოზი შვილი ჰყავთ. გაგიმარჯოს თიკო! გაიღიმე რა. რას ჩამოგტირის ეგ ცხვირ-პირი? იცი, როგორ გიხდება ღიმილი?
დაცლის ყანწს და ექიმს გადააწვდის.
ექიმი. როგორ გეკადრებათ. მე ღვინო აკრძალული მაქვს. მე ხომ დიაბეტი მაქვს.
ლილი. ნერვოზი და დიაბეტი ჩვენც ყველას გვჭირს, მოკიდე ყანწს ხელი, მოკიდე!
ექიმი. ვერა, პირსაც ვერ დავაკარებ, ბოტკინი მაქვს გადატანილი, თანაც ცე…
ზაზა. მიდი, მიდი, გამოცალე! ბოტკინი არა ბრუცელოზი… აუწი, აუწი, არა უშავს, არ მოგკლავს ერთი ყანწი.
ეკა. შენ ნუ დარდობ, რაა თიკო. ზოგს, საერთოდ, არა ჰყავს მშობლები.
ბუჟუ. კი, კი, კი… ხომ ჩნდებიან, არა, კლონირებით, კლონირებით?
ეკა. ის კი არა, სჯობს კიდეც ასე… დამოუკიდებელი ხარ, რასაც გინდა იმას იზამ…
ბუჟუ. შენ რა, ეჭვიანობ, ლამაზო, ეჭვიანობ?
ეკა. მე?
ბუჟუ. შენ, მაშ მე, მე? ჩემმა ქმარმა გაიანას ლამაზმანებს სულ ტრაქტორივითაც რომ გადაუაროს, გავიგებ მე აქ რამეს, გავიგებ?
ზაზა. თიკო, შენ გული არ გაიტეხო, შენც ადექი და გათხოვდი. მართლაც… ჰო, ჰო, ყველაფერი ჩაივლის, დამიჯერე, ხომ გახსოვს, ეგვიპტის ფარაონს რა ეწერა ხელზე. ესეც ჩაივლის.
ეკა. ჰო, ჰო… ჩაივლის, ჩაივ…
თიკო მდუმარედ დგება და მეორე ოთახში გადის. ყველა თვალს აყოლებს.
ლილი. ნამდვილად თავის მოკვლას აპირებს, არაა, ექიმო?
ექიმი (ყანწით ხელში). წინ! (და ყველანი თიკოს ხმაურით მიჰყვებიან უკან. ოთახი ცარიელდება).
ამ დროს თაიგულით ხელში, სახეგაბრწყინებული რამაზი შემორბის.
რამაზი. სალომე, სალომე, სადა ხარ, მომილოცავს, მომილოცავს ახალი წელი! მორჩა, ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ!
ტახტის, სკივრისა და გაწყობილი სუფრის დანახვაზე გაოცდება. შემდეგ ხმაურსაც გაიგონებს და შეშინდება. არ იცის რა ქნას. ბოლოს, ახდის ტახტს და შიგ იმალება. სტუმრები სამზარეულოდან ყაყანით გამოვლენ და სუფრას მიუსხდებიან.
თიკო. დამისხით! (ყანწს შეუვსებენ) მე მინდა დედაჩემის, სალომეს სადღეგრძელო შემოგთავაზოთ.
ბუჟუ. არა, არა, არავითარ შემთხვევაში… მე არ დავლევ, არ დავლევ… ქალი რომ ასეთ უმანკო ბავშვს მიატოვებს, უმანკო, და ვიღაც გადამთიელს გაჰყვება, გადამთიელს… არ დავლევ, არ დავლევ, არავითარ შემთხვევაში.
თიკო. რაო, რა თქვა? ვერ გავიგე.
ლილი. რაო და, სალომეს, არავითარ შემთხვევაში, არ ვადღეგრძელებო.
ბუჟუ. იმიტომ, იმიტომ, რომ ქალს არა აქვს უფლება ასე უპრაკუნოდ, უპრაკუნოდ მიატოვოს ქმარ-შვილი, და ახალ მხეცზე გათხოვდეს, ახალ მხეცზე.
ლილი. ახალ მხეცზე რატომ გათხოვდაო.
ეკა. საყვარელი რომ იყოლიოს?
ბუჟუ. თუ კი ვერავინ გაიგებს, ვერავინ, რა უშლის ხელს, რა? არა, არა, მე სალომეს სადღეგრძელოს არ დავლევ, არ დავლევ.
თიკო. მე კი დავლევ. დიახ, მართალია, დედაჩემი გათხოვდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ახსნა აქვს… ჩვენ ხომ არ ვიცით არა, მიზეზი. იქნებ, რა მიზეზი ჰქონდა. მოკლედ, გაუმარჯოს ჩემს დედას, სალომეს.
რამაზი (ტახტის თავს ახდის და ამოხტება). რაო, რაო, ვინ გათხოვდაო?
წამოძახილები. ყველანი წამოიშლებიან და რამაზს მიაჩერდებიან.
ზაზა. შენ რა? მთელი დღე ვირთხასავით ჩემს ტახტში იყავი დამალული?
ბუჟუ. სალომე გათხოვდა, სალომე!
რამაზი. სალომე? თიკო, მართალს ამბობს ეს ქალბატონი?
თიკო. ჰო, გათხოვდა, გივის გაჰყვა, თავის დირექტორს.
ბუჟუ. ფულის ტომარას, ფულის.
რამაზი. ყანწი, ჩქარა, ყანწი! ბოლომდე შემივსეთ!
ეკა. ყანწიო?
რამაზს ყანწს მიაწვდიან.
რამაზი. მეგობრებო, მე მინდა ჩემი მშვენიერი მეუღლის, ახლა უკვე ყოფილი მშვენიერი მეუღლის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. ნუ გაგიკვირდებათ, განა ცოტაა ისეთი ოჯახები, ცოლ-ქმარი რომ ერთმანეთს ღალატობს და მაინც ერთად ცხოვრობს? ეს ხომ ყოვლად დაუშვებელი უმსგავსობაა. აი, ამიტომ, მე ვსვამ სალომეს სადღეგრძელოს. ქალისას, რომელმაც სპეტაკ სიყვარულს ანაცვალა საკუთარი ოჯახი, უზრუნველი ცხოვრება…
ბუჟუ. ქმარი, შვილი, ნათესაობა, ბინა…
ლილი. აი, ქართველი, აი ვაჟკაცი!
ზაზა. მოიცა, მოიცა… ბინა?
რამაზი. დიახ, ბინაც… ოჰო, გამდიდრდები, ეტყობა, კი ვარ გიცანი, უცბად.
ეკა. თუკი თქვენისთანებს გადაეყრება, გამდიდრდება, აბა რა!
რამაზი. ოჰო, ეს რა ძვირფასი სტუმრები მწვევიან, მე კი… (თითქოს ახლაღა დაინახაო ყველა) აი, ეს მესმის. გულით რომ მდომოდა, ასე ერთად ვერც მოგიყრიდით თავს. ყოჩაღ, სალომე! ეს რა მშვენიერი სუფრა გაუწყვია… არა, მაინც რამ შეგაწუხათ?
ზაზა. დაიწყო არა, ისევ ძველებურად?!
რამაზი. შენი საქმე გაჩარხულია, შენ რა გაქვს სანერვიულო?
ზაზა. გაჩარხული? რომელი მოიტანე მაინც, ფული თუ რეესტრი?
ბუჟუ. კი მაგრამ, მე თუ მივიღებ ბინას, მე?
რამაზი. ნუ ღელავთ, ერთიც იქნება და მეორეც, ყველაფერი მოგვარდება.
ზაზა. როგორ თუ ერთიც იქნება და მეორეც… ფულსაც დაგვიბრუნებ და ბინასაც მივიღებთ? ავშენებულვართ და ეგაა!
რამაზი. ერთ კვირაში დაგიძახებენ, მოწმობები ხომ გაქვთ, მე ვფიქრობ, რომ მეტი არაფერი დაგჭირდებათ.
ზაზა. თვითონ დაგვიძახებენ? მერე?
რამაზი. რა მერე, მოგცემენ ბინის საბუთებს და ის იქნება.
ზაზა. რომელ საბუთებს, ხელშეკრულებას? შენ რომ მოგვეცი, არა, ცხრა-ცხრა ეგზემპლიარად. მეც და კიდევ სხვას, ცხრამეტს ჩემისთანას, ხომ?
ბუჟუ. აღარ დაელია ამ კაცს ეს ერთი კვირა, ერთი კვირა. რამდენი კვირა გაქვს წელიწადში, რამდენი?!
ეკა. ჯერ სახლი არ აშენებულა და საბუთებს როგორ მოგვცემენ?
რამაზი. ხომ აშენდება, არა? დამიჯეროთ უნდა, ყველაფერს გეფიცებით, დამიჯეროთ!
ზაზა. სად წაიღე, რას უშვრები ამდენ ფულს, თუ თითო ბინა ცხრაჯერ გაყიდე, სად წაიღე, სად??
ბუჟუ. ჭამს, ჭამს, ნამდვილად ჭამს. დაჭმუჭნის, ჩაიდებს პირში, ღეჭავს ასე, ასე და ყლაპავს, ყლაპავს, ყლაპავს…
რამაზი. მეც ჩემი კომპანიონები მყავს, მარტო მე ერთი კი არ ვწყვეტ სულყველაფერს.
ბუჟუ. მითხარი მაშინ, ვინ წყვეტს ჩემს ბედს, ვინ, ვინ, ვინ?
რამაზი. გაგირკვევთ, ამ წუთას ყველაფერს გაგირკვევთ, ოღონდ ორი წუთი მაცალეთ!
ზაზა. ორი წუთი? მთელი წელია მალოდინებ და ახლა სულ ორი წუთი გჭირდება, მეტი არა?
ეკა. როგორ, თქვენ ფულს იჯიბავთ და სხვები წყვეტენ? ეგ სადაური წესია?
ბუჟუ. სადაური და ჩვენებური, ჩვენებური. რა არის აქ გაუგებარი, რა?
ზაზა. კაცო, შენზე არც მუქარამ გაჭრა, არც ცემამ? ეს ტახტი და კარადა შენი გგონია? ჩემია და სანამ ფულს არ დამიბრუნებ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი იცოდე!
ბუჟუ. არც მე… არც მე მოვიცვლი ფეხს. სად წაიღე ჩემი ფული, სად? რა უყავი, რა უყავი? რატომ გამიყიდე ბინა ცხრაჯერ, რატომ?
რამაზი. ნახევარი აქვს მოტანილი და რანდენს ყიყინებს.
ზაზა. არ გვიბრუნებ ფულს, ხომ? აი, რაც ამ ოთახში ნივთებს ხედავ, ავეჯიანად. აი, ეს ტყავის სამეული, მოკლედ, დივანი, თავის ორი სავარძლით. აი, ეს ძველებური სერვანდი და ეს კამოდიც, ჩემია იცოდე, ჩემი გახდება.
ბუჟუ. მერე მე, მე? მე ცარიელზე მტოვებთ, ცარიელზე? მე რა წავიღო, რა? ჩემი ფეხები?
ეკა. თქვენ? თქვენი რაც კედლებზე და ჭერზე ჰკიდია, ის იყოს.
ბუჟუ. გეკადრებათ?! გეკადრებათ?! რა ჰკიდია აბა ჭერზე და კედლებზე, რა? ეს, ეს ადამისდროინდელი ფლაკონებჩამსხვრეული ჭაღი, ჭაღი და ეს ორი გამოსირებული ბებერი, ბებერი? (უთითებს სურათზე).
რამაზი. აბა, აბა, რატომ კადრულობთ შეურაცყოფებს? ეგენი ერთი ბებიაჩემია და მეორე ბაბუაჩემი, ნიკოლოზის ორდენის კავალერი.
ბუჟუ. ჰოდა, დაიკიდე მაშინ უკანალზე, უკანალზე და ატარე წინ და უკან, წინ და უკან! მჭირდება, ვიღაც გამოყრუებული ბებრების პორტრეტები? მე რატომ არ მეკითხებით, რატომ? რომც მაჩუქოთ და მისახსოვროთ, მაინც არ მინდა, არ მინდა. აი, მეც ეს კამოდი და სამეული მომწონს, აი ეს კამოდი.
ეკა. ეს სარკე? სარკე არ მოგწონთ?
რამაზი. მაგ სარკეს თავი დაანებეთ რა? პირველი ცოლისგან ერთი ეგღა შემომრჩა, სამახსოვროდ.
ბუჟუ. ბროლია შუშა, ბროლი?
რამაზი. რა?
ლილი. ბროლისააო შუშა, სარკის შუშა.
ბუჟუ. ანტიკურია, ანტიკური?
რამაზი. აბა რა ვიცი, რომელი მევახშე მე ვარ, მაგაში რომ ვერკვეოდე, სახსოვარია-მეთქი, ხომ გითხარით.
ბუჟუ. მევეხშეზე ბევრად უარესი ხარ, ბევრად უარესი!
ეკა. მოკიდე, ზაზა, ხელი! რაც ჩვენია, აი, ამ კუთხეში მივალაგოთ. მოაწექი, რაღა, ეს კამოდი ხომ ჩვენია.
ლილი. მე? მე მთლად ცარიელზე მტოვებთ, ხალხო? ჩემი სულ არაფერია? არც რაც იატაკზე დგას და არც რაც კედლებზე და ჭერზე ჰკიდია?
აპირებენ კამოდის კუთხეში მიდგმას. მაგრამ ბუჟუ გავარდება და მეორე მხრიდან დაუდგებათ.
ბუჟუ. რატომ არის თქვენი, რატომ? გაუშვით ხელი, გაუშვით, მე გეუბნებით!
ლილი (ბუჟუს ამოუდგება გვერდში). არ დაუთმო, არ დაუთმო!
ზაზა. კი მაგრამ, ხომ შევთანხმდით. რაც იატაკზეა ჩვენია და რაც ჭერში და კედლებზე თქვენი…
ბუჟუ. შეთანხმდით კი, კი… ცოლი და ქმარი… ცოლი და ქმარი. მე, შემითანხმდით, რომ, მე?
ლილი. ახლავე ანზორს ამოვიყვან და როგორ წაიღებთ, თუნდაც ერთ კოვზს, თუნდაც, მაგასაც ვნახავთ, მაგასაც…
ზაზა. ვინ ანზორი, რა ანზორი? გაიწი იქით, არ გამაგიჟოთ ახლა, მართლა და მართლაც!
ლილი. ვინაა და ჩემი საყვარელი. ჩემი ბოი-ფრენდი… თორე, არ გაგიგია, პირველად გესმის. რომ ამოვა, არც მაშინ დარწმუნდები?
ზაზა. დავრწმუნდები კი არა… გაიწი იქით! ეკა, მოკიდე ამ სავარძელს ხელი, დროზე!
ბუჟუ. ვერ მოკიდებ-მეთქი, ვერა, ვერა, ვერა! მოვიდეს ანზორი!
ზაზა. მიდი, მოაწექი, ეკა! ესენი საიდანღა გამოტყვრნენ, ბიჭოს! არ წაიღეს ტვინი ამ თავიანთი ანზორით?
მიაწვებიან მთელი ძალით, და ბუჟუს და ლილის კუთხეში მიამწყვდევენ.
ბუჟუ. ხელი, ხელი… ხელი, ხელი, ხელი, ხელი! მოგვერიეთ, არა? მოგვერიეთ! არ მინდა, არ მინდა, თქვენი იყოს, თქვენი, თქვენი, თქვენი! (თავს გამოითავისუფლებს და ნატკენი ხელით სავარძელში ჩაეშვება).
ლილი (მივარდება ზაზას და ურტყამს). მოკლეს ქალი, მოკლეს! მხეცები, მხეცები…
ზაზა (დანას დააძრობს და გაუხსნის). არ მომეკაროთ, ახლოს, არ მომეკაროთ! (ყველანი მიმოიფანტებიან).
ეკა. ზაზა, ჩადი ახლავე და მოაყენე მანქანა. შევყაროთ რაც ჩვენია ზედ და მოვრჩეთ ამ მაიმუნობას.
თიკო. აუ, რა ხდება? ვის ქონებას ეპატრონებით? ბოლო-ბოლო, ჩვენ არაფერს გვეკითხებით? მამა, რატომ ხმას არ ამოიღებ, რას გაჩუმებულხარ, ენა ხომ არ გადაგეყლაპა? დედასთან რიხიანი ხმა გაქვს!
რამაზი. ცოტა ფრთხილად რა, ჭურჭელი არ დალეწოთ!
ბუჟუ. ჭურჭელი ჩემია. ჩემი, ჩემი, ჩემი!
ეკა. ვინ მოგახსენათ?! ჭურჭელს შუაზე გავიყოფთ.
რამაზი. სად მიგაქვთ, რას დაათრევთ ამ ავეჯს აქეთ-იქით, აკი ბინა არა გვაქვსო?
ზაზა. ჰო, არა გვაქვს, არა! ვისი ბრალია, მერე, ვისი? ჩვენი თუ შენი?! რა ჯანდაბად მინდა ეს შენი ხარახურა. მომეცი ჩემი ფული, მომეცი, თორემ დაგახრჩობ, შენი, დაგახრჩობ! დაგკლავ!
ზაზა ყელში სწვდება რამაზს, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს. ბუჟუ კი ჩანთას ურტყამს რამაზს.
ბუჟუ. დაგვცინი არა? დაგვცინი, დაგვცინი, ხომ?
ლილი. ოჰ, სად არის ახლა ანზორი, რომ გაგიხეთქოს ეგ თავი, გაგიხეთქოს!
ეკა. ზაზა, ზაზა, გაუშვი ხელი, გაუშვი, ვის გამო იღუპავ თავს, ვის გამო?
რამაზი (თავს გაითავისუფლებს). კაი, კაი, დაწყნარდით, დამშვიდდით, გაჩუმდით! მაცალეთ ერთი წუთით, მოვიფიქრო!
ზაზა. რა არის მოსაფიქრებელი, რა? ან ფულს დამიბრუნებ დღესვე, ან არა და, დაგკლავ, გამოგჭრი ღორივით ყელს, შენი!..
ეკა. შარშან ბინა თუ არ გვქონდა, ფული მაინც ხომ გვქონდა. ახლა აღარც ფული გვაქვს და აღარც ბინა… თანაც იმედიც აღარ გვაქვს, რომ დაგვიბრუნებ. ბავშვი მინდა გავაჩინო, ბავშვი მინდა, გესმით, ბავშვი… (იწყებს სირბილს, მაგიდის გარშემო. ზაზა ცდილობს მის გაჩერებას) ესაა ბუნებრივი მოთხოვნილება. ბავშვი ვერ გამიჩენია, სახლი არა მაქვს, კარი არა მაქვს… ბავშვი მინდა გავაჩინო, ბავშვი მინდა მყავდეს…
რამაზი ვეღარ გაუძლებს და სილას გააწნავს ეკას.
ზაზა. ვის გააწანი სილა, შე ნაგავო, შენა! დაგახურავ უნიტაზს, შენი…
ატყდება ისევ აყალ-მაყალი, ზაზა დანიან ხელს იქნევს, მაგრამ ქალები მაინც გააკავებენ.
რამაზი. ბინა გინდათ, ხომ? მოდით აქ! (უთითებს ერთ-ერთი ოთახის კარზე) აი, ბინა, შედით და იცხოვრეთ! არც თქვენიQქირა მინდა, არც ფული.
ეკა. მე ჩემი ბინა მინდა, გესმის? ჩემი საკუთარი ბინა მინდა, საკუთარი.
რამაზი. გექნებათ, საკუთარიც გექნებათ. ბოლოს და ბოლოს, ამ ოთახს სულაც თქვენ გადმოგიმტკიცებთ. სალომე ხომ აღარ დაბრუნდება არა? წავიდა, გათხოვდა… რომც დაბრუნდეს, მე აქ აღარ გავაჩერებ, შედით, რაღა!
თიკო. მართალია. სალომესი იყო? ახლა თქვენი იქნება.
ზაზა (ზაზა და ეკა გარედან შეიხედავენ სალომეს ოთახში). ხურდა რომ გვერგება, ჩვენ ოროთახიანისა გვაქვს გადახდილი.
რამაზი. ჰო, კარგი, კარგი, ვნახოთ! (რამაზი ხელისკვრით შეყრის ორივეს შიგნით, კარს გამოკეტავს და ბუჟუს და ლილის მიუტრიალდება. ლილის) ახლა შენ წამოდი!
ლილი. სად? ან ფულს დამიბრუნებ დღესვე, ან არადა, შენ თავს დააბრალე! შეიძლება ასე ატანცაო ხალხი?
რამაზი. კაი რა, ერთი ალილუი ღვდელსაც შეეშლებაო, არ გაგიგონია?
ბუჟუ. ერთი ალილუი? ერთი თუ ასი ალილუი, ასი?
რამაზი. ეს ვინ არის, საერთოდ? პირველად ვხედავ, დედას ვფიცავ? შენიც მმართებს, რამე?
ლილი. ჩემი მეგობარია და გული შესტკივა ჩემზე.
რამაზი. გული შესტკივა? მამელუქივით იბრძვის. წამოდი, წამოდი ჩემთან! (მოკიდებს ხელს ლილის და სხვა ოთახის კართან მიიყვანს) ბინა გინდა ხომ? აი, ბინა. ეს ოთახი ჩემი იყო, მე აღარა მჭირდება, შედი და იცხოვრე!
ბუჟუ. შენ, შენ სად დაიძინებ მერე, სად?
რამაზი. ეგ მე ვიცი.
ლილი. დავიჯერო უნდა, რომ ბინას ვეღირსე?
თიკო. იპრანჭება კიდეც, ეე. შედი, თორემ სხვა აგახევს, ვერ ხედავ, რა ხდება?
ბუჟუ. მოდი, მოდი, დავათვალიეროთ, დავათვალიეროთ! (პირჯვრის წერით შედიან ახალ ბინაში).
რეკავს ტელეფონი. რამაზი ყურმილს აიღებს.
რამაზი. ვინ? ვინ ლილი, რა ლილი… სად რეკავთ? ვინ ბუაძე, რა ბუაძე?
ლილი (გამოვარდება და ყურმილს გამოსტაცებს) მე ვარ ბუაძე ლილი, მე. ალო, ალო, გისმენ… ანზორ, მე ვარ, მე… იცი, ანზორ, ბინა მივიღე, მაგრამ არ მომწონს… რატომ? რატომ და იტალიურ ეზოშია. სამზარეულო და ტუალეტი საერთო აქვს… თანაც დაბალჭერიანია… ხომ მოხვალ, სანახავად, მოხვალ? მოდი, თორემ, ამათ მე უპატრონო ვგონივარ. ხომ მოხვალ, ანზორ? აქ შევხვდეთ, ჰო? მოდი, რაა, მოდი? უთხარით რა, მოვიდეს. თქვენც უთხარით, რა?
რამაზი. სად, აქ?
ლილი. ჰო, ჰო…
რამაზი (ყურმილს გამოართმევს). ანზორ, მაგრად გვეწყინება, თუ არ მოხვალ. კი ბატონო, წამოიყვანე… გელოდებით, ჰო, ჰო, მოუთმენლად… აქ შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენთან… პეკინის ოცდაშვიდი. კილაძე. მეშვიდეზე… (დადებს ყურმილს).
ლილი. ვის მოყვანას აპირებს, ნეტა?
ბუჟუ. ტასიკო მოჰყავს, ალბათ, ის თავის კახპა.
ლილი. სად დავაძინო მერე, გაგიჟდა?
რამაზი. არ ვიცი, არ ვიცი… მოვრჩეთ ახლა ამ ყველაფერს, მოვრჩეთ და დავსხდეთ სუფრასთან. ეკა, ზაზა, (გამოდიან) თიკო, ბუჟუ, მოდით, მოდით, ახლა დროზე, სუფრასთან! მოპატიჟება თქვენ არ გჭირდებათ და მოსაწვევი…
ექიმი (რომელიც აქამდე ჩუმად იყო). მოითმინეთ! ერთი წუთით! აქეთ მოიხედეთ, აქეთ! მეცა მაქვს თქვენთან პატარა საქმე. ახლა, მეც დამიგდეთ ყური!
რამაზი. ეს ვიღაა?
ეკა. ანკეტები უნდა შეგვავსებინოს, ალბათ, ისევ.
ყველა. რა ანკეტები, რის ანკეტები, რა დროს ანკეტებია, არავითარ შემთხვევაში…
ექიმი ჯიბიდან პირადობის მოწმობას ამოიღებს და იქ მყოფთ დემონსტრაციულად გადაუშლის. ყველა შეშინდება და გაისუსება. რამაზი მიუახლოვდება და კითხულობს.
რამაზი. ს. ო. დ. სოდი?
ლილი. როგორ იშიფრება?
ექიმი (მკაცრად). სახელმწიფო დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფი! ყოფილი უშიშროება.
ეკა. ესენი დღესაც არსებობენ?
ლილი. და, რა დავუშავეთ ჩვენ სახელმწიფოს?
ზაზა. ყალბია ეგ საბუთი?
ექიმი. ყალბები თქვენა ხართ, ვინც ხართ, აქ, ყველა. ვინც ამ მაქინაციებში მონაწილეობთ.
ბუჟუ. აკი, ექიმი ვარო, ექიმი?
ეკა. გამოდი აქეთ, ზაზა, შეეშვი, ჩვენ მაინც ფეხებს ვერ მოგვჭამენ, ჩვენ დაზარალებულები ვართ.
ლილი. აი თურმე რისთვის სჭირდებოდა ანკეტები.
ექიმი. დიახ, ყველანი პროკურატურაში გამოცხადდებით. დაზარალებულებიც და ეჭვმიტანილებიც.
ბუჟუ. მოწმეებთან ერთად, მოწმეებთან?
ზაზა. და რას აპირებ მერე. უნდა დააჭერინო ეს კაცი?
ბუჟუ. არ არის დასაჭერი, არ არის? ოჰ, კაცი ვიყო, მე, კაცი?!. ხომ დავკიდებდი ამას ამ ჩემ ჭაღზე თავის კვერცხებით, კვერცხებით…
ეკა. რა კვერცხებით, რომელი კვერცხებით?
ბუჟუ. გინდა, რომ გვაჩვენოს, გვაჩვენოს?
ეკა. კაი, მაგრამ ეს რომ დაიჭირონ, ვინღა მოგვაშავებს ჩვენ ან ფულს ან ბინას? ასე ხომ ყველაფერს დავკარგავთ?
ექიმი. რა თქმა უნდა. ასე რომ, ჩემი მისია ამოწურულია. ორში დასვენების დღეა. სამში, ვაკის პროკურატურაში გელოდებით!
რამაზი. მოიცა, თუ კაცი ხარ, ერთი წუთით! მოდი, შემოდი, რაა, აქეთ! (ხელკავს გაუკეთებს და გაიყვანს)
ბუჟუ. მოისყიდოს, ალბათ, უნდა, მოისყიდოს!
ლილი. რით?
ბუჟუ. გამოჩხრეკავს მაგისთვის, გამოჩხრეკავს!
რამაზი გამოვა იმ ოთახიდან სადაც ექიმი შეიყვანა და ხალხს დაეძგერება.
რამაზი. ხალხო, უნდა მიშველოთ რამე, ყელი არ გამომჭრათ!
ბუჟუ თავის ჩანთას გულზე მიიკრავს.
ბუჟუ. არა, არა, მე ვერ მოგცემ, ვერა, ვერცერთ თეთრს.
რამაზი (ლილის). აკი გული შესტკივაო? სამს ითხოვს, მარტო, ორშიც გამოვიყვან, ოღონდ, ფული მინდა ახლავე! რას მომჩერებიხარ, დამიყადაღებს ამ სახლს და დამრჩებით ყველანი უბინაოდ.
ბუჟუ. მე რომ ვრჩები უფულოდ, უფულოდ?
რამაზი. არ დარჩები, არა! ბოლო-ბოლო, ბინას გაგიშანსავ! აი, თუნდაც, ეს მისაღები, ჯერ მაინც არავისია.
ბუჟუ (ლილის). ვენდოთ?
ლილი. მეტი რა გზაა?
რამაზი (ლილის). თუ არადა, შენც დაგიჭერენ.
ზაზა. და ანზორსაც.
რამაზი. დღეს მიმცემიც ისჯება და ამღებიც.
ლილი (ბუჟუს) ორი მიეცი, მეტი არა!
ბუჟუ. კარგი. (ამოიღებს ჩანთიდან ორი ათას დოლარს და მისცემს).
ლილი. იცოდე, ეს ოთახი ბუჟუსია. სიტყვას არ გადახვიდე!
რამაზი. კაი, კაი! (შეუტანს ფულს ექიმს).
ეკა. რომ ეცოტავოს?
ზაზა. ეცოტავოს კი არა!..
ექიმი ფულით ხელში გამოდის, ჯიბეში იტენის, თან ემშვიდობება.
ექიმი. აბა, კარგად მეყოლეთ! ბედნიერი ახალი წელი! (კმაყოფილი გადის).
ზაზა. ახვარი! არადა, არაფერი ეტყობოდა, მართლა ექიმს ჰგავდა.
რამაზი. რაც იყო, იყო, მოდით, დავლიოთ თითო ჭიქა, თორემ გასკდა გული! არადა, მინდა რა, მეც ამ მესამე ათასწლეულში შევაბიჯო.
ლილი. დამისხით, რა, მეც!
ზაზა. ანზორი უნდა ადღეგრძელო?
ბუჟუ. ვაიმე, ანზორი. რომ ვერ მოგვაგნოს. შარშანდელივით ისევ ქუჩაში უნდა შეხვდეს? ისევ ქუჩა-ქუჩა წანწალი უნდა დაეკვებოს?
რამაზი (ჭიქით ხელში). ხალხო, მე მინდა მესამე ათასწლეულის შემობრძანება დავლოცო.
ბუჟუ. მესამეა გადამწყვეტი, გადამწყვეტი?
რამაზი. კი, ალბათ…
ამ დროს ოთახში დაღლილ-დაქანცული სალომე შემოდის. პალტოს, რომელსაც ხელით მოათრევს, იქვე მიაგდებს და სკამზე მიესვენება. რამაზს ჭიქა ხელში შეეყინება. ყველა შეცბუნდება და გაოცდება.
ბუჟუ. რამაზ, თუ გიყვარვარ, ემოციების გარეშე, ემოციების!
სალომე. რამაზ, უნდა მაპატიო, შემეშალა, არ გამოვიდა. ყველაფერი დამთავრდა.
რამაზი. არა მართლა!
სალომე. თიკო, ნუ მიყურებ ასეთი გამგმირავი თვალებით.
ეკა. დამთავრდა? მერე ჩვენ სად წავიდეთ, სალომეს ოთახი ხომ ჩვენ გვერგო?
ბუჟუ. რამაზ, რამაზ, რა დამთავრდა ან რა იწყება, ამიხსენი რა, ამიხსენი?
რამაზი. ძალიან გთხოვთ, ნუ ღელავთ! ჩვენთვის კი არა, ეს, ამისთვის დამთავრდა ველაფერი.
ბუჟუ. ჩვენთვის იწყება, იწყება?
რამაზი. კი, კი, დამშვიდდი, დამშვიდდი! ჩვენი მორიგება ისევ ძალაშია, ძალაში.
ლილი. ისევ ქუჩაში გვყრი, ხომ? ანზორი გადაირევა, გაგიჟდება.
სალომე. რამაზ, მერწმუნე. ეს მხოლოდ წუთიერი გატაცება იყო, მეტი არაფერი…
ეკა. წუთიერიო? აღარც სახლი, აღარც კარი. ბავშვი მინდა გავაჩინო, გესმით,
ბავშვი. მითხარით, ქუჩაში ხომ ვერ გავაჩენ, არა?
ბუჟუ. რა უშავს, რა უშავს… ქუჩუს დავარქმევთ, ქუჩუს…
ზაზა. ქუჩუს ქუჩაში ნაპოვნებს არქმევენ, ეს კი თვითონ აჩენს…
ბუჟუ. რას მეჩხუბები მერე, მე დავამაკე? ხუთი ტყუპი დაუგდია თუნდაც, ხუთი ტყუპი… ა, ამაზეც ამბობდნენ შეყვარებულიაო, მაგრამ უკან მობრუნდა.
რამაზი (სალომეზე). ნუ უსმენთ რა, ამას. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერეთ!
ბუჟუ. ეს რომ სხვას ამბობს, სხვას?
რამაზი. ეს მთელი ცხოვრება ასეა. კაი ხანია ასე აბოდებს. ეს სულ ცაში დაფრინავს, ცაში. სალომე, სიმართლე მითხარი, რა მოხდა მაინც, იჩხუბეთ?
სალომე. არა, კი არ ვიჩხუბეთ, თქვენ წარმოგიდგენიათ? ისე მიმიღო, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი თანამშრომელი.
რამაზი. ასეც ვიცოდი, გული მიგრძნობდა. მერე შენ რატომ არ აუხსენი, განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი და არანორმალური რომ ხარ?
სალომე. მაცალა რომ? ისე შეიფერა ყველაფერი, როგორც საახალწლო საჩუქარი.
რამაზი. რა? რა შეიფერა მაინც საახალწლო საჩუქარივით, რა?
სალომე. ხომ გითხარი ყველაფერი-მეთქი?
რამაზი. რა ყველაფერი, ამიხსენი, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან. დაალაგე ცოტა აზრები, დაალაგე!
სალომე. რა დალაგება უნდა, რამაზ, ჩვენი შეხვედრა, რა ვიცი, კოცნა…
ბუჟუ. კოცნა?
სალომე. ჰო, რა მოხდა? ჩვეულებრივი შეხვედრა, გადახვევა, კოცნა… იმან კიდევ, აიბზუა ეს თავისი კეხიანი ცხვირი, ლამის ცას მიარტყა…
რამაზი. შენც წამოხტი და გამოვარდი, არა? ვერ აცალე ცოტა, ეგებ ჭკუაზე მოსულიყო ის დალოცვილი?
სალომე. ოჰ, არა, პირიქით, მთლად გადაირია.
რამაზი. იცი რას გეტყვი? ადგები ახლავე, ამ წუთას და უკან დაბრუნდები! როგორ შეიძლება ამხელა კაცის ასე აბუჩად აგდება… გაგიჟდი?
სალომე. დავბრუნდე? არა, არასოდეს. ეს ჩემს ძალას აღემატება, დამიჯერე!
რამაზი. რას ამბობ, შენ გესმის, რას ლაპარაკობ? ვინ იცის, იმ კაცმა იქნებ თავიც კი ჩამოიხრჩო.
სალომე. როგორ გეკადრება, მასეთები მაგაზე არ მიდიან.
რამაზი. შენ რა იცი, როგორები მიდიან მაგაზე და როგორები არა?
ლილი. თიკო, ესენი ცოლ-ქმარი არიან, ხომ?
თიკო. კი, ჩემი მშობლები არიან.
ბუჟუ. ეჰ, ანზორ, ანზორ, შე აზიატო!
სალომე. რამაზ, მე შევალ, გამოვიცვლი.
აპირებს საწოლ ოთახში შესვლას. რამაზი ხელს სტაცებს და უკან დააბრუნებს.
რამაზი. სად გარბიხარ, სად? მოიცა, მეც მათქმევინე ჩემი სათქმელი. შენ რა გგონია, რა? მე კი არა მაქვს ჩემი თავმოყვარეობა, ჩემი იმიჯი? რომელიც შენ ფეხით გასთელე? რა უნდა თქვან მეზობლებმა, ხალხმა? წავიდა, დრო ატარა და ისევ უკან დაბრუნდაო, არა? ცხვირი ვეღარ გამიყვია გარეთ, ცხვირი. ნაცნობებს რომ ვხვდები, სახეზე ხელს ვიფარებ და ვიმალები. მოკლედ, არ ვიცი მე, ან ამ წუთას დაბრუნდები უკან, ან ამ მილეთი ხალხის თვალწინ კატასავით მიგახრჩობ!
სალომე. ჰოდა, მაგას სიკვდილი მირჩევია. მომკალი თუ გინდა და მაგას კი ნუღარა მთხოვ, გემუდარები!
რამაზი. რა? გეყოფა ახლა, თავს ნუ იკატუნებ! უნდა დაბრუნდე და მორჩა. ახლავე ამ წუთას, ადგები და წახვალ!
სალომე. შენ მართალი ხარ, მე უნდა წავიდე. (აიღებს პალტოს და კარისაკენ წავა).
ეკა. ნუ წახვალთ, სალომე დეიდა, ნუ! დარჩით! სულაც ჩვენს ოთახში იცხოვრეთ, ჩვენთან დაიძინეთ!
სალომე. დეიდა? (მხოლოდ ახლა შენიშნავს სტუმრებს) როგორ, ეს ოკუპანტები ისევ აქ არიან? რამაზ, ამ წუთას, ახლავე, ამ უპატრონოებს თუ არ გაისტუმრებ…
რამაზი. რაო, რაო? შენ რა ულტიმატუმებით მელაპარაკები. ესენი უნდა გავისტუმრო და თქვენთან დავრჩე, არა? შენთან და თიკოსთან? არა, ამათ მე ვეღარსად ვერ გავუშვებ. ეს შენ წახვალ აქედან, შენ გადასახლდები. ესენი კი აქ იცხოვრებენ, გაიგე? დიახ, დიახ… არავითარი სურვილი არა მაქვს დატოტვილი რქებით ვიარო ამ ჭორიკანა ქალაქში.
სალომე. ჰო, კარგი, კარგი, მივდივარ.
სალომე ფეხათრევით გავა და ყველას ხასიათი გაუფუჭდება.
რამაზი. ამან თუ არ ჩამაშხამა, ისე ხომ არ იქნება. იცით რა? მოდით, რა, გადავდოთ ეს ახალი წელი.
ლილი. გადავდოთ?
ბუჟუ. ორიათასი რომ სრულდება, ორიათასი?
ლილი. ანზორიც რომ მოსასვლელია?
რამაზი. ჰოდა, თოთხმეტში ვიზეიმოთ, ძველი სტილით.
ეკა. მართლაც, ვისაც ექეიფება, იმათ იქეიფონ. რა აუცილებელია, ჩაიხრჩოთ თავი ღვინოში და ხვალ ათტონიანები გებათ?
ბუჟუ. რა უნდა ებათ ათტონიანები, რა?
ზაზა (ეკას). უპასუხე, აბა, უპასუხე!
ბუჟუ. ბოდიში, ბოდიში!
ეკა. არა, გავგიჟდები მე ახლა, ნამდვილად გავგიჟდები!
ლილი. ეეჰ, წავიდეთ მაშინ, დავიძინოთ.
სტუმრები უხალისოდ გაიფანტებიან, ახლა უკვე საკუთარ ოთახებში. რამაზი ტუალეტში შევა. ბუჟუ ლილის მიუკაკუნებს.
ბუჟუ. ლილი, გამიღე კარი, ბუჟუ ვარ.
ლილი (გამოიხედავს). ბუჟუ, რა გიყო, უნდა მაპატიო. ხომ იცი, ანზორს ველოდები და გვერდით ხომ ვერ მოგიწვენ, არა?
ბუჟუ. ლილი, რას მეუბნები, რა გამიყვანს ახლა თემქაში, რა გამიყვანს?
ლილი. თიკო, ეგებ, შენთან დააძინო? რა გაიყვანს მართლაც თემქაში?
თიკო. წამობრძანდით! (შეუღებს თავისი ოთახის კარს. ბუჟუ შევა).
რამაზი ტუალეტიდან გამოდის. ჯერ ლილის შეუღებს კარს. ლილი იკივლებს. შემდეგ თიკოს ოთახის კარს შეაღებს, სადაც ბუჟუ დახვდება.
ბუჟუ. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!
რამაზი სალომეს ოთახისკენ მიდის.
თიკო. ეგაც დაკავებულია, მამა, სამზარეულოში მოგიწევს.
რამაზი ხელს ჩაიქნევს და სამზარეულოში შედის.
ზაზა თავისი ოთახიდან გამოვა და ტუალეტში აპირებს შესვლას.
ზაზა. თიკო, შენ რა, არ აპირებ დაწოლას?
თიკო. ზაზა, მოდი, რა, დავლიოთ?
ზაზა. მე და შენ? თუ ელოდები კიდევ ვინმეს?
თიკო. არავისაც არ ველოდები.
თიკო ორ ჭიქას შეავსებს, ერთს ზაზას მიაწვდის.
თიკო. ვახტანგურად.
ზაზა. ვახტანგურად?
თიკო. ჰო, რა იყო, შენ გაგიმარჯოს!
ზაზა. მე?
თიკო. შენ, შენ. (მკლავს გადააჭდობს) სიყვარულო, სიყვარულო, როგორ ტანჯავ ადამიანს, როგორ უფლეთ სულს.
ჭიქებს გამოცლიან. თიკო ზაზას კოცნას დაუპირებს. შეცბუნებული ზაზა უკან გადგება.
ზაზა. თიკო, რატომ არ გაჰყვები ლევანს ცოლად?
თიკო. შენ რა, დამცინი?
ზაზა. რატომ?
თიკო (უბიდან ფურცელს ამოიღებს. კითხულობს). შენ ალბათ შიშით გული გისკდება, როდესაც ჩემთან შეხვედრას ფიქრობ, ძნელია ჩემი გადავიწყება, მეც ვითვლი წამებს, სულ თითო-თითოდ. არა ტანადი, არა რჩეული, არა ძარღვებში ჯამრთელი სისხლით, არამედ ლოთი და არეული, შემოვალ როგორც დანიის პრინცი.
ზაზა ტაშს უკრავს.
თიკო. ჰო, რა იყო, ძალიან გიყვარს შენი ცოლი?
ზაზა. მიყვარს.
თიკო. მჯერა. აი, მე კი არავინაც არ მიყვარს.
ზაზა. არც ის, ვინც მაგ ლექსებს გიწერს და გიგზავნის? მაშ რატომ ატარებ გულით?
თიკო. გინდა სიმართლე გაიგო? ამ ლექსებს მე თითონ ვუგზავნი საკუთარ თავს.
ზაზა. ეგ როგორ?
თიკო. როგორ და კარგად. დავწერ, ჩავდებ კონვერტში, დავაწერ მისამართს და მომდის. ვითომ სხვა მიგზავნის. ჰო მაგარია?
ზაზა. ეტყობა, შენც სიმბოლიზმი გჭირს.
თიკო. არა, ისე, ვერთობი… ზაზა, მოდი რა, მაკოცე. იცი, ჯერ ჩემთვის არავის უკოცნია.
თიკო ზაზას უახლოვდება. ზაზა უკან იხევს.
ზაზა. თიკო, შენ მთვრალი ხარ, წადი დაიძინე.
თიკო ზაზას მოეხვევა და კოცნის. ამ დროს გამოდის ეკა და გაკვირვებული შეჰყურებს ჩახვეულებს. ზაზა შეამჩნევს, რომ ეკა უმზერთ და ცივად უშვებს ხელს თიკოს. თუმცა უკვე გვიანია.
ზაზა (ეკას). თიკო!
ეკა. ეკა.
ზაზა. ფუჰ, ეკა, შენ არ გეგონოს… ჩვენ ვთამაშობდით…
ეკა. რა სულელი ვარ, რა სულელი. აი, თურმე რა ეწეოდა აქეთ.
ზაზა. დედას გეფიცები, და-ძმურად ვკოცნიდით ერთმანეთს.
ეკა. გამეცალე! წაიღე ეს შენი ჭუჭყიანი ხელი, წაიღე!
ეკა სალომეს ოთახში შერბის, იქიდან ჩემოდანი გამოაქვს და წასვლას აპირებს. ზაზა აფორიაქდება. აბრახუნებს ლილისთან.
ზაზა. რამაზ, სადა ხარ, რამაზ, მიშველე!
ბუჟუ (ოთახიდან). ანზორ, ანზორ, შენა ხარ?
ზაზა. ანზორი არა, ის…
ზაზა დარბის და ყველა კარზე აბრახუნებს. ყველანი გამოცვივდებიან. ზოგი ღამის პერანგში ან პიჟამოში, ზოგიც ჩაცმული.
რამაზი. რა მოხდა, რა ზრიალია, ისევ მიწისძვრაა?
ზაზა. რამაზ, მიშველე, ეკა სახლიდან გარბის.
რამაზი. რა? კი მაგრამ, სად გარბიხარ? ბინა ხომ მოგეცი, იცხოვრე და აჩინე ბავშვები, სხვა რა გინდა?
ეკა. მე ჩემი ბინა მინდა მქონდეს, ჩემი. აღარ ვაჩენ ამ შვილს, არა. აღარა მჭირდება ბავშვი! (კაბის ქვემოდან, ფეხმძიმობის დასამტკიცებლად ჩადებულ ყურთბალიშს გამოიძრობს და რამაზს მიაგდებს) ეს ბინაც უნდა გადავცვალო, ან სულაც გავყიდო.
ბუჟუ. გააქირავე, გააქირავე! პურის ფულს მაინც გაიჩენ, პურის ფულს.
რამაზი (ეკას). რა დაგემართა მაინც, აღარ იტყვი?
ეკა. ჩემი ზაზა სხვას კოცნიდა, სხვას…
რამაზი დაეჭვებული მიმოიხედავს და იქვე ახლოს მდგომი ბუჟუ შერჩება ხელში, რომელსაც თითით დაემუქრება.
რამაზი. ბუჟუ?!
ბუჟუ. როგორ გეკადრება! როგორ გეკადრება! გარყვნილი, გარყვნილი!
რამაზი (გაკვირვებული). მაშ ვისა კოცნიდა, ლილის?
ეკა. თიკოს.
რამაზი. თიკოს? მართალს ამბობს, თიკო?
თიკო. დიახ, მე ზაზა მიყვარს. რა, პირველად კი არ მაკოცა.
ზაზა. თიკო, რას ლაპარაკობ, შენ რა, გაგიჟდი?
ეკა. მე წავედი. (გულდათუთქული ჩემოდანზე ჩამოჯდება).
ზაზა. სად წახვედი, სად, ვის უჯერებ? (თიკოს) აკი ვიღაც პოეტი მიყვარსო?
თიკო. პოეტი არა, აშუღი…
შემოდის ცირა. რომელიც ხელით მოათრევს მორცხვად აწურულ ლევანს.
ცირა. შვილო ლევან, გადმოადგი ფეხი, ნუ გრცხვენია. როდემდე შეიძლება იყო ასეთი მორცხვი, როდემდე?
ლევანი. დედა!
თიკო. მე თანახმა ვარ, ცირა დეიდა, თანახმა. წამიყვანეთ აქედან.
ცირა. თანახმა ხარ? რომ იცოდე, თიკო, რა ლოდი მომწყდა გულიდან…
ზაზა. არ დაიჯეროთ, ქალბატონო, ეს ბავშვი (თიკოზე), უბრალოდ, აფექტის მდგომარეობაშია და თვითონაც არ იცის, რას ამბობს.
ცირა. რამაზ, ვინაა ეს ახალგაზრდა, რა უნდა, აკი მამიდაშვილიაო.
ლევანი. ის იქნება, პოეტი.
ზაზა. ვინ არის პოეტი, შენი… (გაიწევს ლევანზე).
ეკა. მე აქ მეტს ვეღარ გავჩერდები, მე მივდივარ…
ზაზა. მოიცა, მაშინ მეც მოვდივარ, ჰო, კარგი, მოვდივარ.
რამაზი. სად მიდიხართ, სად? მერე მე ვის ხელში მტოვებთ, მღუპავთ?
ეკა. რა უნდა ზაზას თიკოსგან, რა?
რამაზი. მართლაც… რა დაგემართა, ზაზა, ბოლოს და ბოლოს, ყველასა გვყავს აქ, ცოლიც, შვილიც, საყვარლებიც და რა ვიცი, კიდევ…
ცირა. თიკოს მე ვეღარავინ წამართმევს, (ზაზას) შენ კი არა, ქრისტე-ღმერთი რომ ჩამოვიდეს ციდან. ჩემი ბავშვი ორი ათეული წელია იცდის, ლამის ზეზეულად ჩამოხმა და ჩამოდნა… (თიკოს ხელს მოკიდებს) წავიდეთ, თიკო!
თიკო. ახლავე? ასე?
ცირა. აბა, რას ველოდოთ?
თიკო. როგორც ვარ, ასევე?
ცირა. ჰო, ჰო. შენც, რა, ქვეყნის მზითევი გექნება წამოსაღები? რამოდენიმე ჯინსი და ორი-სამი ტოპიკი კიდევ, სხვა რა?
ზაზა. თიკო… შენ მაინც უთხარ რამე, რამაზ, ვერ ხედავ ვის მიჰყვება შენი შვილი?
ლევანი. ჩემზე თქვა?
რამაზი. ვხედავ? (ირონიით) ვხედავ კი არა, ჩემზე ბედნიერი კაცი არაა ამ ქვეყნად.
თიკო. მე, რომ იცოდე, სრულწლოვანი ვარ და სრული უფლება მაქვს ვისაც მინდა იმას გავყვე.
ცირა. მართალია.
თიკო. ცირა დეიდა, დასხედით, ცოტახანს დამელოდეთ და ახლავე გამოვალ. (შედის თავის ოთახში).
ზაზა. ვერაფერი გავიგე.
ლევანი. დედა, ქორწილს როდის გადავიხდით?
ცირა. გაჩუმდი, რა დროს ქორწილია. იჯექი მასე და ნუ გატოკდები სანამ მე არ გეტყვი, დაველოდოთ!
ლევანი. რატომ?
ცირა. ვაიმე, ღმერთო!
რამაზი. რა ოჯახი მენგრევა თავზე, რა საათივით აწყობილი?
ცირა. ლევან, სანამ თიკოს არ გაგვატანენ, აქედან ფეხს არ მოვიცვლით არცერთი, გაიგე?
ლილი. ეს ერთიღა აკლდა აქაურობას და ესეც მოგვიყვანეს.
ბუჟუ. კი, კი, ახლავე შეგვიძლია გავხსნათ ფსიქიატრიული, ახლავე!
ოთახში დაღლილი სახით შემოდის სალომე.
რამაზი. აი კიდევ ერთი სიყვარულის მაძიებელი.
ბუჟუ. დახეთ, ეს ისევ მობრუნდა, მობრუნდა…
სალომე. რამაზ, თუ შეგიძლია, უნდა მაპატიო…
თიკო. აუ, დედა, რა ხდება, ამიხსენი, რა? გარბიხარ-მორბიხარ, გარბიხარ მორბიხარ… ხვალ ხომ მთელი ქალაქი ჩვენზე იჭორავებს. ყველას ჩვენი სახელები უნდა ეკეროს პირზე? მამა თუ გაპატიებს, მე არ გაპატიებ, არა! ვეღარ შემოადგამ ფეხს ამ სახლში, გესმის? ვეღარ!
სალომე. რას ამბობ, თიკო, გადაირიე? ქუჩაში მიშვებ ამ ყინვაში?
თიკო. ყინვაში? საიდანაც მობრძანდი, ისევ იქ წაბრძანდი, იმ შენს დირექტორთან.
სალომე. ჩემს დირექტორთან? შენ იცი იქ რა ამბები დატრიალდა? რა კივილი მორთო მისმა კნეინამ?
თიკო. არა?
სალომე. ჰოდა თუ არ იცი, უნდა გაჩუმდე.
თიკო. როგორ გავჩუმდე, პირში წყალი ჩავიგუბო თევზივით?
რამაზი. კაი, ვთქვათ, თიკო გაჩუმდა. მეც უნდა გავჩუმდე?
სალომე. შენ მითუმეტეს… შენ რა გაქვს სალაპარაკო, რამაზ? ვის გამო მჭირს ეს ყოველივე, რაც მჭირს?
რამაზი. რა გჭირს, რა?
სალომე. სიმბოლიზმი? შენ, იცი, სად ცხოვრობს ჩემი დირექტორი, იცი?
ბუჟუ. სად? სად?
სალომე. სადღაც მოუსავლეთში, ქალაქგარეთ… რის ვაივაგლახით მივაღწიე იქამდე…
რამაზი. მოკლედ, მოკლედ მოყევი ცოტა, შეამოკლე! შეამოკლე!
სალომე. როგორ შევამოკლო, რამაზ, რანაირად? იცი რამხელა გზა გავიარე?
რამაზი. საიდან უნდა ვიცოდე, მაინტერესებს სად ჯანდაბაში ცხოვრობს შენი კრეტინი დირექტორი?
სალომე. სხვა, შენს ადგილზე, დაინტერესდებოდა, ცოტათი მაინც, და ძალიან გთხოვ, შეურაცყოფას ნუ აყენებ, მას შენთვის არაფერი დაუშავებია.
რამაზი. რა კაია. დღისით, მზისით, მთელი Qქვეყნის თვალწინ ცოლი ამახია და არაფერი დაუშავებია?
სალომე. პირიქით, პირიქით…
რამაზი. პირიქით? როგორ, მე წავართვი იმას ცოლი?
სალომე. რას ფეთქდები, დამაცადე, ჰო, მათქმევინე!
ცირა. ჰო, რამაზ, დააცადე, ათქმევინე! ბოლოს და ბოლოს, ქალია, სხვა თუ არაფერი.
ბუჟუ. აცალე ჰო, აცალე! ათქმევინე რა, ათქმევინე?!
სალომე. ბუჟუ, გეფიცები, შენ მაინც მომისმინე!
ბუჟუ. ჰო, ჰო, ჰო, ჰო…
სალომე. ჩემი დირექტორი არაფერ შუაშია. ყველაფერი მისი აფთარი ცოლის ბრალია, ცოლის…
რამაზი. როგორ, ცოლმაც იცის?
სალომე. რა თქმა უნდა, რამაზ! რატომ უნდა დამემალა? ავდექი და პირდაპირ გამოვუცხადე ყველაფერი.
ეკა. რა, რა გამოუცხადეთ, სალომე დეიდა?
სალომე. ისევ ეს დეიდა. რას გამოვუცხადებდი, ავდექი და მოვახსენე, რომ მე და გივის ერთმანეთი გვიყვარს.
ზაზა (გაოცებული). ცოლს?
ბუჟუ. მერე, მერე?
სალომე. როგორც ჩანს, ეჭვიანობდა…
ბუჟუ. ოტელო, ოტელო, ოტელო…
სალომე. ჰოდა, რომ მოკიდა ამ გაშმაგებულმა ქალმა ამ საახალწლო სუფრას ხელი და რომ არ მოიფრიალა ეს სავსე პურ-მარილი? სულ აესე აიზილა, აი, ერთმანეთში ყველაფერი. მერე მოკიდა ბავშვებს ხელი, ჩაალაგა ჩემოდანი, დაკრა ფეხი და მოუსვა.
ბუჟუ. მეგონა დახოცავდა, დახოცავდა, მედეასავით, მედეასავით…
რამაზი. მერე? მერე?
სალომე. გივის ვკითხე, სად მამაჩემთან გარბის-მეთქი და სიდედრთანო, მიპასუხა.
რამაზი. და შენ და შენი დირექტორი მარტონი დარჩით იმ აზელილ სუფრასთან?
სალომე. რა ყრია, მერე, რამაზ, რა? რომ მოხსნა პირი, არა? ვინ გითხრა ან საიდან მოიტანე, რომ მომწონხარო? ერთადერთხელ შემოგხედე სხვანაირად და შენ კი მთელი სამსახური შემიყარეო. დილიდან საღამომდე ყველა ამ ამბავზე ლაქლაქებსო, მინისტრის ყურამდეც კი მისულაო. გესმით? ჩემი დარდი კი არა აქვს, თავისი კორუმპირებული მინისტრის დარდი ჰკლავს თურმე…
ბუჟუ. ვიგინდარა, ვიგინდარა…
სალომე. მე შენ გაფასებ, როგორც კარგ სპეციალისტს, შენი საქმის ღრმად და საფუძვლიანად მცოდნეს, კარგად მესმის, როგორ ჭირს ჩვენში შენისთანა სპეციალისტებიო…
რამაზი. კი, კი, მაგ საქმის სპეციალისტთა ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა…
სალომე. მოკლედ, ერთი ამბავი ამიტეხა, მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი და მეტი არავინ, ჩემთვის ერთი ქალიც სრულიად საკმარისიაო…
ბუჟუ. ეგ ერთიც ზედმეტი ყოფილა, ზედმეტი…
სალომე. მე საქმეზე გირეკავ, კონტროლის პალატა მიზის სამსახურში და შენ კი მოდიხარ და უტიფრად მიცხადებ, შენს გამო, ოჯახი მივატოვეო.
რამაზი. ბედი არ გინდა? მეგონა მეშველა და ყველაფერი თავიდან იწყება თურმე.
ეკა. მერე, მერე, სალომე დეიდა, გააგრძელეთ რა, გააგრძელეთ?
სალომე. რაღა უნდა გავაგრძელო, აიღო, გამოიტანა ჩემ თვალწინ ჰალსტუხები, გადააბა ერთმანეთს, გამონასკვა ყულფი და ჭაღზე მიამაგრა…
ზაზა. თავი ჩამოიხრჩო?
ბუჟუ. კაცი, რომ ამისთანა ქალზე უარს იტყვის, ამისთანა ანგელოზზე. ისმარტო ჩამოსახრჩობი კი არა, ჩასაქოლიცაა, ჩასაქოლი.
რამაზი. სალომე, გაყო, ბოლო-ბოლო, იმ კაცმა იმ ყულფში თავი თუ არ გაყო, აღარ იტყვი?
სალომე. აბა მე რა ვიცი. მე ისე შემეშინდა, გიჟივით გამოვვარდი გარეთ და გამოვიქეცი.
ბუჟუ. ძალიან კარგი. ერთით ნაკლები იქნებიან, ერთით… კაცები? გაწყდა, გაწყდა მაგათი სინსილა, სინსილა…
სალომე. არადა, რაღა მაშინ. როცა მე ყველაფერს წერტილი დავუსვი: ქმარს, შვილს, დედას, დას, ძმას, ნათესავს, მეგობარს, მეზობელსაც კი…
რამაზი. მოიცა, მოიცა! უნდა დავრეკო და ყველაფერი გავარკვიო. უნდა დავრეკო. მიკარნახე ნომერი!
სალომე. ვისი?
რამაზი. ვისი და გივისი.
სალომე. გივისთან უნდა დარეკო?
რამაზი. ჰო, ჰო, რა მოხდა? შენ ნატურალურად ეახელ და მე რომ ტელეფონზე გავესაუბრო, დაიქცევა ქვეყანა?
სალომე. დარეკე! სამოცდაორი, ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი.
რამაზი. როგორ?
ბუჟუ. სამოცდაორი, ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი!
რამაზი (კრეფს ნომერს). გივი ბრძანდებით? მე სალომეს მეუღლე გახლავართ, რამაზ კილაძე. დიახ, დიახ… რა ხდება, ბატონო გივი, გოჭი შეჭამეთ და კუდზე უარს ამბობთ?.. როგორ, ამდენხანს შეყვარებული იყავით და როცა საქმე-საქმეზე მიდგა, ქვეშიდან გამოდიხართ? თქვენ ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით? არავითარ შემთხვევაში, ვერც ვაპატიებ და ვერც უკან მივიღებ… მთელმა ქვეყანამ გაიგო ეს ამბავი… მეც, მეც გთხოვთ, რომ თქვენც შეეშვათ ტაკიმასხარობას… რა შანტაჟი, რა შუაშია შანტაჟი? მე ხომ არ გართმევთ, არა, ცოლს? პირიქით, გითმობთ… (ყურმილს დაახეთქებს) დამიკიდა. ერთ ქალს რით ვერ უნდა მოუაროო? თუ კიდევ დარეკავ, პოლიციას შევატყობინებო…
ბუჟუ. უყურე შენ! სტუკაჩი, სტუკაჩი!
სალომე. როგორც ჩანს, ჩვენს დროში, სიყვარული აკრძალულია…
ბუჟუ. კი, კი, ასეა, ასეა… საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მართლა, მართლა…
სალომე. ნუ მიყურებ, მასეთი თვალებით, თიკო. მე, ალბათ, მართლაც ავადა ვარ. მე ექიმის დახმარება მჭირდება, ექიმის. (სალომე ავანსცენისკენ მოდის. ბარბაცებს. რამაზი მივა, ხელს შეაშველებს და სავარძელში ჩასვამს). მე, ალბათ, ნამდვილად ავადა ვარ. მე, ეტყობა, მართლაც მჭირს სიმბოლიზმი. რამაზ, აუხსენი რა, შენს ქალიშვილს…
თიკო. რა უნდა ამიხსნას, დედა, რა? შენ თუ ასე გააგრძელე, მართლაც გაგიჟდები… მამას, დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუცილებლად დაიჭერენ და…
ბუჟუ. მაგიტომ უნდა, მაგიტომ… პატრონს უნდა რომ ჩააბაროს ცოლი, პატრონს…
რამაზი. სალომე, უნდა მაპატიო თუ შეგიძლია. ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, მე… აი, ნახავ, ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება, ხვალიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებთ…
სალომე. არა, რამაზ, შენ რა შუაში ხარ, ჩემი ბრალია, ყველაფერი, ჩემი. ჰო, ჰო, მე, ალბათ, ნამდვილად გიჟი ვარ, გიჟი…
უეცრად ქალაქში თოფებისQჭექა-ქუხილი ატყდება. პირველად ყველა გაოგნდება. მაგრამ მიხვდებიან, რომ ახალი წელი დადგა და მხიარული შეძახილებით მისცვივდებიან სუფრას.
შეძახილები. ახალი წელია, ახალი წელი. გილოცავთ! თიკო! რამაზ! ეკა!! ბუჟუ! ლილი! სალომე დეიდა! დაიწყო, დაიწყო, ახალი ათასწლეული დაიწყო!
ყველანი ერთმანეთს ულოცავენ, ეხვევიან, კოცნიან.
სალომე (შამპანურით სავსე ჭიქით ხელში ავანსცენიდან მაყურებელს მიმართავს). ჩემო მეგობრებო, არა მგონია, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს… მაგრამ დღეს, ახალი ათასწლეულის ამ პირველ ღამეს, როცა დედამიწა კვლავ აგრძელებს თავის უსასრულო სვლას მცხუნვარე მზის გარშემო, მინდა რომ გვიყვარდეს ერთმანეთი… დიახ, ზოგჯერ მაინც აღვუდგეთ წინ ბოროტებას, თუნდაც, წელიწადში ერთხელ… გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს!!!

ფ ა რ დ ა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s