სლავომირ მროჟეკი: პოლიცია


სლავომირ მროჟეკი

პოლიცია
(ჟანდარმერიის ცხოვრებიდან)

მოქმედი პირები:

პოლიციის უფროსი.
პატიმარი, ყოფილი მეამბოხე, შემდგომში გენერლის ადიუტანტი.
პოილიციის სერჟანტი, პროვოკატორი, შემდგომში პატიმარი.
სერჟანტის მეუღლე.
გენერალი.
პოლიციელი.

მოქმედება პირველი

პოლიციის უფროსის კაბინეტი. აუცილებელი რეკვიზიტები: ბიურო, ორი სავარძელი. შესასვლელიდან კარგად მოჩანს ყოველივე. კედელზე ორი სურათია: ინფანტი _ (ძუძუთა ბავშვისა საბავშვო ეტლში ან XIX საუკუნის მეშჩანის ბავშვის სურათი), მეორე _ რეგენტის, (ულვაშიანი საშინელი მოხუცის სურათი). ყველას, ვინც კი დაკავშირებულია პოლიციასთან, დიდი ულვაშები აქვს, პატიმარ კონსპირატორს კი _ წვეტიანი წვერი. XIX საუკუნის მოდისა. ყველა პოლიციელს ყელიანი ჩექმა აცვია და ხმალი უკეთია. მაღალსაყელოიანი სამოსი. პროვოკატორს სამოქალაქო პიჯაკი მოკლე და კარგად მორგებული. მუნდირის რკინის ღილები საუცხოოდ ბრჭყვიალა. მუნდირი მუქი ბროწეულის ფერი.

პოლიციის უფროსი _ (ბიუროსათან დგას და რაღაც დეკლარაციის კითხვას ამთავრებს)… მეტი არაფერი. მე ხელი ავიღე დანაშაულებრივ მოღვაწეობაზე, ამის შემდეგ ვემსახურები მთავრობას არაჩვეულებრივი გულმოდგინებით, არ დავზოგავ ჩემხ ძალებს, სიყვარულითა და დიდი სურვილით ვესწრაფვი… (ჯდება, წერილს დაკეცავს და უნდა რომ შეინახოს).
პატიმარი _ ნუ ინახავთ, უფროსო, ხელს მოვაწერ.
პოლიციის უფროსი _ როგორ?
პატიმარი _ უბრალოდ. ხელს მოვაწერ.
პოლიციის უფროსი _ რატომ?
პატიმარი _ რატომ? 10 წლის განმავლობაში, ყოველი დღე, დამკითხავ-ხოლმე, მაძალებთ, რომ ამ დეკლარაციას ხელი მოვაწერო, მკაცრ პირობებში მამყოფებთ და სულ მაშინებთ რაღაც-რაღაცეებით. ახლა, როცა მზად ვარ რომ მას ხელი მოვაწერო, რათა განვთავისუფლდე პატიმრობისაგან და საზოგადოების საპატიო წევრი გავხდე, თქვენ ეს გიკვირთ და მეუბნებით: “რატომ უნდა მოვაწერო”?
პოლიციის უფროსი _ რა ვიცი, ასე მოულოდნელად…
პატიმარი _ გარდატეხის ხანა დამიდგა, უფროსო.
პოლიციის უფროსი _ როგორი ხანა?
პატიმარი _ შინაგანი… აღარ მინდა მთავრობას ვებრძოლო.
პოლიციის უფროსი _ როგორ თუ აღარ გინდათ?
პატიმარი _ დავიღალე. ახლა სხვამ იბრძოლოს. იქნება საზღვარეგარეთის აგენტმა, არ ვიცი. მე აღარ მინდა. მე ჩემი საქმე უკვე გავაკეთე.
პოლიციის უფროსი _ (მოწყენილი სახით) _ შენგან ამას არ ველოდი… ქვეყანაში ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი ამბობს ამას?
პატიმარი _ დიახ, ბატონო უფროსო. მითხარით, მართალია, რომ მე უკანასკნელი პატიმარი ვარ ქვეყანაში?
პოლიციის უფროსი _ (ყოყმანის შემდეგ) უკანასკნელი…
პატიმარი _ ხედავთ, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ყველას სჯობს. ყველა ჩემმა ამხანაგმა და კოლეგამ მოინანია და სახლში წავიდა. დასაპატიმრებელი არავინ დარჩა. მე უკანასკნელი მეამბოხე ვარ, მაგრამ თითქმის უკვე ფილატელისტი.
პოლიციის უფროსი _ ხედავ, როგორ აჭიკჭიკდი? მაშ ის ვინ იყო, ბომბა რომ ესროლა გენერალს?
პატიმარი _ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, უფროსო, გარდა ამისა, ბომბა ხომ არ აფეთქდა? ღირს ამის გახსენება?
პოლიციის უფროსი _ ვეღარა გცნობთ. მთელი ათი წელი უარს ამბობდით ჩვენებაზე. მთელი ათი წელი კაცურად და შესანიშნავად
გეჭირათ თავი. ათი წლის განმავლობაში აფურთხებდით ჩვენს (ფეხზე დგება და სამხედრო სალამს იძელვა) _ ინფანტსა და მის რეგენტ ბიძის სურათებს. ათი წლის განმავლობაში თავი კაცურად გეჭირა და ახლა, უცებ…
პატიმარი _ მე მივხვდი, რომ ყოველივე ამას აზრი აღა ჰქონდა. იქნებ გამეგრძელებინა კიდეც ბრძოლა, ასე მარტო-სული რომ არ ვყოფილიყავი, მაგრამ საკმარისია დავფიქრდე, იმაზე, რომ ჩვენი მშვენიერი, ბარაქიანი ქვეყანა, დიდი ხანია უკვე, როგორც ერთი, ისე ყველა დიდების ჰიმნს უმღერს (სამხედრო სალამს იძლევა) ჩვენს ინფანტსა და მის ბიძას რეგენტს, მისთვის, რომ ციხეები დაცარიელდა, მხოლოდ მე… არა, ბატონო უფროსო, უკვე მთელი ხალხი მთავრობას უჭერს მხარს, ერთიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შესანიშნავი მთავრობა გვყავს. ესაა და ეს!
პოლიციის უფროსი _ ჰმმმმ… ჰმმმმ… ჰმმმმ…
პატიმარი _ გისმენთ!
პოლიციის უფროსი _ (დგება და ოფიციალური სახით) _ კარგი, სიამოვნებით ვიღებ აღიარებას ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან. კარგი, მე დავინახე შენი გარდატეხა, რომელიც ჩვენი ციხის გავლენითაა გამოწვეული, მაგრამ მე მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ ეს გარდაქმნები მართლაც სიღრმისეულია. (ჯდება; გულში ჩამწვდომად) რატომ, მაინც რატომ ასე უცბად მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მთავრობა შესანიშნავია?
პატიმარი _ ნუთუ ვერ ხედავთ, ბატონო უფროსო. ჩვენს ქვეყანას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ასეთ წარმატებისთვის არ მიურწევია! ჩემი საკნის ფანჯრიდან შესანიშნავი მდელო მოსჩანს, რომელიც ყოველ გაზაფხულზე ჰყვავის. ზაფხულში იქ გლეხები თიბავენ ბედნიერი სახეებით, რასაც მე მთელი ათი წლის განმავლობაში ვაკვირდები. რაც წლიდან წლამდე უფრო კარგად ჩანს.
პოლიციის უფროსი _ ფანჯრიდან ცქერა აკრძალულია კანონით.
პატიმარი _ კი, მაგრამ, მე ხომ იდეურ-ამღზრდელობითი მუშაობის მიზნით… და, ეს კიდევ არაფერი, ბატონო უფროსო. მდელოს იქით _ ტყეა, ტყის იქით, სულ ახლახანს ქარხანა ააშენეს. მის მილს ვხედავ, რომელიც ხშირად ბოლავს ხოლმე.
პოლიციის უფროსი _ ეს კრემატორიუმია.
პატიმარი _ მერე რა? თქვენის აზრით, მიცვალებულები უნდა მიწას მივაბაროთ, როგორც ადრე, ასი წლის წინ ვაკეთებდით? არა, ყველა, მორწმუნეს თუ ათეისტს აქვს უფლება თავისი სხეული ისე მოიხმაროს, როგორც მას სურს. რასაც თქვენ ამბობთ ეს მხოლოდ იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის სინდისის ფართე თავისუფლებაა. ასევეა რელიგიის სფეროშიც.
პოლიციის უფროსი _ დიახ…
პატიმარი _ თუნდაც, კულტურა და ხელოვნება ავიღოთ, ისინი მარად ფართოვდება და ღრმავდება. მათი მიღწევები კარგად შესამჩნევია, და ენთუზიაზმს გვინერგავენ.
პოლიციის უფროსი _ დიახ, მართალია. ამის ურაყოფა არ შეიძლება.
პატიმარი _ ხომ ხედავთ?
პოლიციის უფროსი _ სამსახურში ვარ და ჩემი საქმეები ვერ მომიგვარებია, იმის თქმა მსურს, რომ შენი გარდატეხა იქნებ მოუფიქრებელია? იქნებ სამყაროს ვარდისფერი თვალებით უყურებთ? იქნებ კიდევ რაიმე გაეჭვებთ, იქნებ ყოყომანობთ? ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება მრავალმხრივია… ავიღოთ თუნდაც ჩვენი რიკინიგზა…
პატიმარი _ არავის, თუნდაც ჩვენს ბოროტ მტერსაც არ შეუძლია იმის თქმა, რომ ჩვენთან, მატარებელი, როგორც მოვლენა არ არსებობდეს!
(პაუზა. პოლიციის უფროსი და პატიმარი ერთმანეთს თვალებში უყურებენ. პოლიციის უფროსი დგება და მაგიდის წინ დუმილით ბოლთას ცემს. შეჩერდება. ერთ წამს ინფანტისა და მისი ბიძის _ რეგენტის სურათებს შესცქერის. პატიმარიც მას მიბაძავს, თითქოს პინგ-პონგის ბურთს ადევნებსო თვალს.)
პოლიციის უფროსი _ Aაბა ახლა… (ხელით მიანიშნებს სურათებზე) ამათზე რაღას იტყვით, ამის შესახებ (მოუთმენლად), აბა, თქვენი აზრი…
პატიმარი _ მე თქვენი არ მესმის, ბატონო უფროსო!
პოლიციის უფროსი _ (გაღიზიანებული) _ თურმე რაშია საქმე! მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გენერლისათვის ბომბი კი არა, ფუნთუშა გისვრიათ, მითხარით, არასდროს გიფიქრიათ, რომ (დგება, მხედრული სალმით)… რეგენტი, ჩვენი ინფანტის ბიძა, (ყურადღებით) კრეტინია?
პატიმარი _ (ნაწყენი, წამოდგება) _ ბატონო უფროსო!
პოლიციის უფროსი _ (თავშეკავებით) _ კეთილი, რა თქმა უნდა, კრეტინი არ არის! რა თქმა უნდა. არა, (დადის, ბოლთას ცემს) ეს კი რაც შეეხება მის აზრებს… მაგრამ გამოტყდით, ჭკვიანსაც აქვს თავისი სისუსტე. ასე ხდება. (შეჩერდება. მიაჩერდება პატიმარს. თვალს ჩაუკრავს. პატიმარი არ რეაგირებს. პოლიციის უფროსი ახლოს მიდის და კიდევ ჩაუკრავს თვალს ძალიან შესამჩნევად და მნიშვნელოვნად. თავსაც კი დაუქნევს, თითქოს უნდა, რომ თვალებით შეჭამოს. პატიმარი გვერდზე გაიხედავს, თითქოს და ეს თვალის ჩაკვრა სხვას ეხებოდა და არა მას. პაუზა.)
პატიმარი _ რატომ ჩამიკარი თვალი, ბატონო უფროსო?
პოლიციის უფროსი _ (თვაშეკავებულად) _ სირცხვილი შენი?! ძველი კონსპირატორი არა ხარ, რა შეკითხვებს მაძლევ?!
პატიმარი _ დიახ, სწორედ გამახსენეთ, მაგრამ, ღმერთო ჩემო, მართალს ვამბობ, რომ აღარ მახსოვს თვალის ჩაკვრა რას ნიშნავს. თუმცა რაღაცას კი მახსენებს, მგონი ჩვენს ინფანტსა და მის ბიძას ეხება. მაგრამ.. თუ ღმერთი გწამთ, გამახსენეთ რა!
პოლიციის უფროსი _ ხომ არ ფიქრობ, რომ ჩვენი რეგენტი _ ბებერი მახინჯია?
პატიმარი _ ის… კეთილშობილურო მოხუცი?!
პოლიციის უფროსი _ (ისევ ბოლთას ცემს ოთახში) _ კარგი, კარგი… (შეჩერდება) _ პოლიციის მთავარი შტაბბინის სახელით (ხელს გაუწვდის, პატიმარიც შეაგებებს ხელს) _ გარდატეხას გილოცავთ! მაგრამ სრულიადაც არ გვიხარია ეს ამბავი. ახლა შემიძლია სრულიად გენდოთ, როგორც მე, ისე სხვაც. თქვენ ამბობთ, რომ ისე არ ფიქრობთ რეგენტზე? მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ფიქრობს რომ ესე არ ფიქრობს, როგორც ფიქრობს, სინამდვილეში, რას იტყვით, ა?
პატიმარი _ დიახ, მართალი ხართ, ბატონო უფროსო, ხანდახან მგონია რომ ჩვენ ესე არ ვფიქრობთ, როგორც ვფიქრობთ, სინამდვილეში. აზრი ეს ძალაა, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ (საეჭვოდ, ცივად, ეჭვის თვალით და ცნობისმოყვარედ) _ მხოლოდ მაშინ, თუ ის ადამიანის სამსახურშია.
პატიმარი _ სწორედ ასეა!
პოლიციის უფროსი _ (უგულოდ) _ კარგი, ახლა ჩვენს ინფანტს შეხედეთ, რა პატარაა, არა?
პატიმარი _ როგორც ყველა ბავშვი.
პოლიციის უფროსი _ იქნებ იმის თქმა გსურთ, რომ ის ნაგავია ა? არაფრის მაქნისი?
პატიმარი _ დამიჯერეთ, მე მოვიცილე ჩემი ანტიხალხური შეხედულებანი. ასე შეიძლება?! არა, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინფანტი _ აღგვაფრთოვანებს. (დაღლილი პოლიციის უფროსი ჯდება. პატიმარი ინიციატივას ხელში იღებს, მიჩოჩდება სკამით მაგიდასთან, ტონი უფრო ფამილარულია) _ დამიჯერეთ, ბატონო უფროსო, მე მთლიანად და საფუძვლიანად ხელი ავიღე ანტისახელმწიფოებრივ შეხედულებებზე. ორი მიზეზია: შინაგანი და გაერგანი. გარეგან თვისებაზე უკვე გელაპარაკეთ, ქვეყანაში არაჩვეულებრივი გაფურჩქვნა და საყოველთაო სეკეთე ჩვენი. გადაშალეთ რომელი გაზეთიც გსურთ, ირგვლივ მიმოიხედეთ, რას დაინახავთ?! კოლოსალური მიღწევებია ყველა სფეროში. ნუთუ ჩვენ ცუდად ვცხოვრობთ?! აი, მაგალითად, ავიღოთ თქვენი ხელფასი, აბა? განა ეს მიღწევა არ არის?! გეფიცებით, ენთუზიაზტი გავხდი. მაგრამ, ჩემი გარდატეხის მთავარი მიზეზები მაინც შინაგანია. ბავშვობიდან არ ვიცოდი რა იყო დისციპლინა და წესრიგი, მარტო თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება. რაც თავი მახსოვს, ჩემთვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა წინააღმდეგობა ყველაფრისა და ყველა ავტორიტეტის მიმართ, მაგრამ თანდათან, გაზრდასთან ერთად, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არსებითად, შეზღუდული ადამიანი გახლავართ. მე თავისუფალ მეამბოხესა და თავგამოდებულ მტკიცე კონსპირატორს, მიჩნდება კითხვები საკუთარ თავთან, რატომ ჩემმა მჭვრეტელობამ _ მომისპო ის სიხარული, რომელსაც ყველა ნორმალური ადამიანი გრძნობს. ემორჩილებიან რა ბრძანებეს, ლოიალური დამოკიდებულება გააჩნიათ მთავრობასთან და საიმ-ტკბილობაში არიან ერთმანეთში. ჰოდა, მე მივხვდი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ მაქვს დაკარგული. ახლა ვიცი, რომ ჩვენი ინფანტის და მისი ბიძის რეგენტის მთავრობა (ორივე იჭიმება მხედრული სალმის მდგომარეობაში) ისეთივე ბრძენია, როგორც მე და შენ ვართ. ეს მე ღრმა კმაყოფილების გრძნობით მავსებს. მე _ უკანასკნელი ჭუჭყიანი ლაქა ვარ ჩემი აყვავებულ სამშობლოს ლაჟვარდოვან ცაზე. ჩემს გამოა, რომ მთელი პოლიციის შტატს ინახავენ და არ შეუძლიათ ასეთი შესანიშნავი პოლიციელები დაითხოვონ და სახლებში გაუშვან, და ყველა ციხე საბავშვო ბაღებად გადააკეთონ. აი, თქვენც, ბატონო უფროსო, ჩემს გამოა, რომ იტანთ ამ დახუთულ დაწესებულებაში ყოფნას, გაიხადეთ მუნდირი და წადით მინდორში, ტყეში სანადიროდ ან სათევზაოდ! ვაღიარებ: თქვენ გაიმარჯვეთ! ქვეყნის მთავრობის უკანასკნელი მოწინააღმდეგე ფარ-ხმალს ჰყრის. დღეს თქვენი გამარჯვების დღეა, დაიმსახურეთ გვირგვინი იმ საქმისათვის, რომელსაც მთელი თქვენი ცხოვრება ემსახურეთ. დღეს გავნთავისუფლდები და ღია წერილს გავუგზავნი ინფანტსა და მის ბიძას რეგენტს. ყველაზე დიდი ნდობისა და სიყვარულის წერილს, რომელიც კი მას ოდესმე მიუღია.
პოლიციის უფროსი _ თქვენ თქვით, რომ აქ, ჩვენთან გახდით მგზნებარე ფილატელიისტი…
პატიმარი _ არ ღირს ამაზე ლაპარაკი.
პოლიციის უფროსი _ კარგად აწონ-დაწონეთ. მართლა გინდათ, რომ მიგვატოვოთ? ჩვენ კი შეგვიძლია უცბად ყელამდე აგავსოთ საფოსტო მარკებით. ჩვენი აგენტები ბევრ ეგზოტიკურ ქვეყანაში მუშაობენ _ ისენი ჩვენ თავიანთ სამუშაოს გვიგზავნიან. ჩვენ შეგვიძლია კონვერტებს მოვაძროთ მარკები და თქვენ მოგცეთ. თავისუფლებაში თქვენ ასეთი პირობები რომ გქონდეთ ძალიან ეჭვი მეპარება (შემოდის პოლიციელი).
პოლიციელი _ სერჟანტი დაბრუნდა.
პოლიციის უფროსი _ შემოვიდეს. (პოლიციელი გადის. შემოდის სერჟანტი, რომელსაც აცვია საწვიმარი და მწვანე შლიაპა ახურავს. ფეხზე ძლივს დგას. ერთი თვალი ჩალურჯებული აქვს. სერჟანტს მიმართავს) _ გტკივათ? (სერჟანტი დასტურის ნიშნად თავს უქნევს და ჩალურჯებულ თვალზე ცხვირსახოცს იფარებს) _ მომახსენეთ!
სერჟანტი _ ხალხმა მცემა, როცა ვცდილობდი, რომ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები გამევრცელებინა.
პოლიციის უფროსი _ კონკრეტულად ვინ იყო, ვინ გცემა?
სერჟანტი _ ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის მიმართ ლოიალურად განწყობილმა პირებმა (ქვეშევრდომებმა).
პატიმარი _ ხომ ხედავთ, მართალი ვიყავი, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ გთხოვთ, ხელს ნუ გვიშლით? სერჟანტო, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგვახსენეთ.
სერჟანტი _ თქვენი დავალების მიღებისთანავე, უმალვე შევუდექი მის აღსრულებას. სამოქალაქო ტანსაცმელი ჩავიცვი, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვერ ვიტან სამოქალაქო ტანსაცმელს, შემდეგ გავედი ქუჩაში და გამომწვევად ვიქცეოდი. ვყვიროდი ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგებს, მაგრამ მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. შემდეგ მოედანზე გავედი და ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის მონუმენტებთან ღრეჯა დავიწყე (წამოდგება, წელში სწორდება, მხედრულ სალამს იძლევა, შემდეგ ისევ ჯდება), არც მაშინ მომაქცია ვინმემ ყურადღება, ვერც შემნიშნეს. მაშინ კარვის წინ ლუდის რიგში ჩავდექი. ჩვენი უბრალო ადამიანები მეხვია ირგვლივ. სულ იმის ცდაში ვიყავი როგორ წამომეწყო საუბარი, და ბოლოს მივხვდი. როცა ჩემი რიგი მოვიდა, გამყიდველს ვუთხარი: “ორი კათხა ლუდი მინდა, ერთდროულად”. მან მიპასუხა: “რომელი, მუქი თუ ღია”? აი, მაშინ კი დრო ვიხელთე და მივუგე: “ჩემთვის სულერთია, ისედაც ჩვენი სოფლის მეურნეობა კატასტროფის წინაშე დგას, უფსკრულში მიექანება, ამიტომ, ვინც ვერ იპარავს, შიმშილით სული სძვრება”! მაშინ, ჩემს უკან მდგომი ხალხიდან სამი პიროვნება მომიახლოვდა და მკითხა, ხომ არ შეიშალე, თუ გესმის, რასაც ამბობო, მე ვუპასუხე, ძალიან კარგად მესმის და არც შეშლილი ვარ-მეთქი, მაშინ ერთ-ერთმა მათგანმა ხელი მკერდზე ჩამჭიდა და მითხრა, მე სახელმწიფო მოხელე ვარო და არავის მისცემდა ინფანტისა და მისი ბიძისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. მაშინ მე ჩვენი საგარეო ვაჭრობისა და საერთოდ, პოლიციის შესახებ მოვახსენე, განსაკუთრებით კი საიუდუმლო პოლიციის შესახებ გავამახვილე ყურადღება, მაშინ კი ვიღაც ლაწირაკი მეძგერა, ყურში მთხლიშა და დაიყვირა: “ეი, შენ, გარეწარო, შენ თუ ასე ლაპარაკობ პოლიციის შესახებ, მაშინ ჩვენს არმიაზე რაღას იტყვი, ამას კი ვეღარ მოვითმენ, შემოდგომით ჯარისკაცად უნდა გაგამწესო”! ამ დროს ვიღაც მოხუცმაც დამიყვირა. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო, და გადავწყვიტე ბოლომდე მიმეყვანა საქმე, თქვენ კარგად მიცნობთ, ბატონო უფროსო, როცა საქმე სამსახურის საქმეს ეხება, უკან არაფრის დიდებით არ დავიხევ. დავიწყე ჩვენი გადასახადების შესახებ ლაპარაკი, ჩვენი მედიცინის შესახებ, და, ბოლოს, პირადად ინფანტსა და მის ბიძას რეგენტს გადავწვდი. აი, მაშინ მოხდა, რაც მოხდა!!! “ო, შენი… (ძაღლის შვილო)! _ ერთხმად იყვირეს, შენ გიჩვენებთ, როგორ უნდა ჩვენი საყვარელი ბელადების გინება”! და ყველა ერთად დამესია…
პატიმარი _ ბრავო! აი, რას ნიშნავს აქტიური ადამიანები!
სერჟანტი _ როცა მირტყამდნენ, ორ რამეს განვიცდიდი. გრძნობა მქონდა: ჯერ ერთი მწყინდა, რომ დღეს კიდევ ვერ შევძელი პროვოკაციაზე წამომეგო ვინმე, მეორე კი _ ძალიან მეამაყებოდა რომ ჩვენი მთავრობა ხალხს ასე უყვარდა.
პატიმარი _ შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი ხალხია!
პოლიციის უფროსი _ (სერჟანტს) _ თქვენ მჟავე კომბოსტოს წვენი უნდა დალიოთ.
პატიმარი _ ბატონო უფროსო, სერჟანტის მონაყოლმა ბევრ რამეში სრულიად დამარწმუნა. სურვილი მკლავს, სწრაფად მოვაწერო ხელი დეკლარაციას. აბა, სად არის?! სწრაფად, მომეცი კალამი და მელანი!
პოლიციის უფროსი _ თქვენი გადაწყვეტილება საბოლოოა?
პატიმარი _ ვერაფერი დამაკავებს ამ ნაბიჯის გადადგმაში! მე ხელს ვაწერ.
პოლიციის უფროსი _ მაშ, მარკებზე უარს ამბობ, არა? შენც ფილატელისტი გქვია, რა!
პატიმარი _ რად მინდა მარკები, როცა მე ნამდვილი თავისუფლება და (მხედრული სალამი) _ ჩვენი ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტისა წინაშე თავდადებული სამსახურის სიხარული მელოდება წინ.
პოლიციის უფროსი _ კარგი, მე ძალას არ დაგატან. მოაწერეთ ხელი (პატიმრის წინ სამელნეს დგამს, მერე კალამსა და დეკლარაციას აძლევს ხელში). ბოლოს და ბოლოს, თავად თქვენ მოინდომეთ…
პატიმარი _ (დეკლარაციას ხელს აწერს) _ მორჩა! (პოლიციის უფროსი ზარს რეკავს. შემოდის პოლიციელი).
პოლიციის უფროსი _ (პოლიციელს) _ ყოფილი პატიმრის ნივთები მოიტანეთ.
პოლიციელი _ გისმენთ! (გადის).
პოლიციის უფროსი _ (პატიმარს) _ ოი, როგორ გამაწბილეთ. უფრო ძლიერი მეგონეთ. (შემოდის პოლიციელი და პატიმრის ნივთები შემოაქვს: საწვიმარი, ნიღაბი, ხელყუმბარა) _ ჩვენ უნდა დაგიბრუნოთ თქვენი ნივთები, დაპატიმრების დროს რომ ჩამოგართვით.
პატიმარი _ ოი, ჩემი ძველი ილუზიები! (იღებს საწვიმარსა და ნიღაბს. პოლიციის უფროსი ხელყუმბარასაც გაუწვდის) _ არა, არა, ეს აღარ მჭირდება! ამაზე სამუდამოდ ხელი ავიღე! ბატონო უფროსო, ეს ჩემგან გქონდეთ, სუვენირის ნაცვლად, ჩვენი ერთად გატარებული დღეების სანაცვლოდ, ნიღაბიც აიღეთ.
პოლიციის უფროსი _ (ცივად) _ როგორც გენებოთ. (პატიმარს ჩამოართმევს ნიღაბსა და ხელყუმბარას და ბიუროს უჯრაში ინახავს).
პატიმარი _ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო უფროსო. სწორედ ახლა, თქვენს თვალწინ გარდაიცვალა უკანასკნელი პატიმარი და დაიბადა ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის ერთგული ქვეშევრდომი. მშვიდობით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
პოლიციის უფროსი _ არაფრის! (პატიმარი ორივეს ხელს ართმევს და გადის).
პატიმრის ხმა _ (ქუჩიდან) _გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას ინფანტსა და მის ბიძა რეგენტს!!!
პოლიციის უფროსი _ (სახეს ხელებში მალავს) _ ღმერთო ჩემო… ღმერთო ჩემო…
სერჟანტი _ ბატონო უფროსო, იქნება მისი პროვოცირება მოგვეხდინა, იქნებ პროვოკაციაზე წამოგვეგო?
პოლიციის უფროსი _ აზრი არ აქვს! არაფერი გამოვა!

მოქმედება მეორე

პროვაკატორის სახლი. კედელზე ნაცნობი სურათები: ინფანტი და მისი ბიძა. აგრეთვე ქორწინების სურათი სერჟანტისა და მისი ცოლისა. კარი და ფანჯარა (კარგად ჩანს), სკამი და ორი სავარძელი. მანეკენი, რომელსაც წამოსხმული აქვს სერჟანტის მუნდირი ორდენებით. იქვე შირმა, მასთან აწყვია ყელიანი ჩექმა. ფიკუსი, პალმაც შეიძლება. პატარა მაგიდა, რომელზედაც სავარჯიშო ჰანტელები აწყვია. პროვაკატორის მეუღლე. პოლიციის უფროსი, რომელიც პირველ აქტშია. მაგრამ შენიღბული _ მუნდირზე საწვიმარი გადაუცვამს ქუდით. ხმალი ჰკიდია.
პოლიციის უფროსი _ დილა მშვიდობისა, თქვენი ქმარი სახლშია?
სერჟანტის მეუღლე _ გამარჯობათ. არა, ის სამსახურიდან არ დაბრუნებულა.
პოლიციის უფროსი _ როგორც მე ვიცი, ის დღეს ისვენებს.
სერჟანტის მეუღლე _ მას დასვენების დღეები არ უყვარს. თქვენ საქმეზე მობრძანდით თუ… (პოლიციის უფროსი ქუდს მოიხდის) ბატონო უფროსო?!
პოლიციის უფროსი _ ჩუუ… ჩუმათ. არ უთქვამს, როდის დაბრუნდება?
სერჟანტის მეუღლე _ ის ქალაქში წავიდა, სამუშაოდ… თავისი სურვილით.
პოლიციის უფროსი _ ბოდიში, იქნებ ხელს გიშლით. მე ვხედავ, რომ თქვენ კერავთ.
სერჟანტის მეუღლე _ არა, არა, მე მხოლოდ ვაკერებ ჩემი ქმრის ქევდა საცვლებს. სამოქალაქო ტანსაცმელში თავს ძალიან ცუდად გრძნობს (უცბად ატირდება).
პოლიციის უფროსი _ რა მოგდით?
სერჟანტის მეუღლე _ ბატონო უფროსო, გაანთავისუფლეთ, რა, თუ შეიძლება იგი ამ სამუშაოდან? რაღაც სხვა საქმე დაავალეთ. აღარ წავიდეს სამოქალაქო ტანსაცმლით ხალხის პროვაცირებისთვის…
პოლიციის უფროსი _ რატომ არ უნდა წავიდეს?..
სერჟანტის მეუღლე _ მუნდირის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, კვდება უმაგისოდ…
პოლიციის უფროსი _ მესმის მისი, მაგრამ ყველა პროვაკატორი სამოქალაქო ტანსაცმლით მუშაობს, უბრალოდ, წესი ასეთია.
სერჟანტის მეუღლე _ არ შეიძლება, თუნდაც ქუდი დაიხუროს?
პოლიციის უფროსი _ არა, არა. ეს ყველას თვალში ეცემა.
სერჟანტის მეუღლე _ (ამოიოხრებს) დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან წვალობს, საწყალი. არავისი დაჭერა აღარ შეიძლება _ ყველა ლიოალურია! თქვენ იგი ალბათ არაფერს გეუბნებათ, მაგრამ სახლში!.. ერთი ვინმე რომ დააპატიმროს, ერთი ვინმე, თუნდაც ერთი, მასში სიცოცხლე გაიღვიძებს!
პოლიციის უფროსი _ ვინმე რომ დაიჭირო პროვოკაციაზე უნდა წამოაგო.
სერჯანტის მეუღლე _ ეჰ, მე უკვე აღარაფერი მწამს.
პოლიციის უფროსი _ იქნებ ისეთ ვინმეს იცნობთ, პროვოკაციაზე რომ წამოეგოს?
სერჯანტის მეუღლე _ (ხელს ჩაიქნევს) _ სადღაა! ირგვლივ ისეთი ლოიალური ხალხია, რომ!.. ერთი ვინმე რომ ვიცოდე, სადმე ყური მოვკრა, მაშინვე ქმარს გამოვაცოცხლებდი!
პოლიციის უფროსი _ მეზობლები?.. ან, შეიძლება შორეული ნათესავი რომ იყოს?..
სერჟანტის მეუღლე _ არა, ჩვენს ირგვლივ, ყველა ნორმალურია. მართლაც იყო ერთი მოხუცი, რომელიც რაღაცეებს ბლანდავდა ხოლმე, მაგრამ ისიც მოკვდა.
პოლიციის უფროსი _ ეჰ, ირგვლივ ყოველივე წესრიგში ყოფილა… თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
სერჟანტის მეუღლე _ ეს დიდი ხნის წინ იყო, ბატონო უფროსო. მახსოვს იგი სულ მაბეზღებდა, მეც ვაბეზღებდი, ასე ერთმანეთს ვაბეზღებდით. ერთხელაც სამუდამოდ გავივანით ერთმანეთი.
პოლიციის უფროსი _ შვილები? გყავთ შვილები?
სერჟანტის მეუღლე _ ორი, მაგრამ კარჩაკეტილში გვყავს… გამოუშვათ?..
პოლიციის უფროსი _ არა, არა, საჭირო არ არის. არ მინდა აღზრდის პროცესში ჩაგერიოთ. მე მხოლოდ თქვენს მეუღლესთან მინდა შეხვედრა.
სერჟანტის მეუღლე _ იქნებ იგი უკვე მოვიდა კიდეც, კიბეზეა, გვისმენს? წავალ, შევამოწმებ. (გადის. ამ დროს ფანჯრიდან გადმოძვრება სერჟანტი).
სერჟანტი _ ბატონო უფროსო, თქვენ ჩემთან ხართ?! ეს ჩემთვის დიდი პატივია!
პოლიციის უფროსი _ ჩუუ… აქ, მე არაოფიციალურად ვარ. თუმცა. საქმეზე მერე… ფანჯრიდან რატომ გადმოხვედი?
სერჟანტი _ სახურავის ფანჯრიდან ჩამოვედი, გადავწყვიტე შემემოწმებინა წესრიგში იყო იქ ყველაფერი თუ არა.
პოლიციის უფროსი _ მერე?..
სერჟანტი _ არაფერი საეჭვო არ არის, ბატონო უფროსო. იქ მარტო მტრედები არიან. ჩემი ცოლი სახლშია?
პოლიციის უფროსი _ სახლშია, ახლა გავიდა, უნდოდა ენახა კიბეზე ხომ არ იდექი.
სერჟანტი _ ჰო, გასაგებია. ის ყოველთვის კიბეზე გვიგდებს ხოლმე ყურს. ნება მომეცით ტანსაცმელი გამოვიცვალო, ბატონო უფროსო, მუნდირის გარეშე ტიტველი მგონია თავი (შირმას ეფარება).
პოლიციის უფროსი _ ყველა პოლიციელი ასე მუყაითად რომ ასრულებდეს თავის საქმეს, მაშინ ჩვენი პოლიცია იდეალური იქნებოდა. უნდა დაგაწინაუროთ.
სერჟანტი _ საჭირო არ არის, ბატონო უფროსო. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ისე, უბრალოდ გასეირნება ქალაქში და ხალხის პროვოკაციაზე წამოგება. (შირმიდამ გამოდის) იფ, რა კარგია, აი, ახლა თავს ვგრძნობ შინაურულად. რა ბედნიერებაა დაბრუნდე სახლში და გადაიცვა. ბოდიშს გიხდით, გრძნობები მომეძალა, ბატონო უფროსო, სულ სამოქალაქოებთან რომ მაქვს საქმე, ჰოდა მეც, მოვეშვი.
პოლიციის უფროსი _ სისულელეა. მე შენთან უფრო სერიოზული საქმე მაქვს. იცით რა, თქვენი ცოლი სადმე გაუშვით, ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.
სერჟანტი _ არის, ამხანაგო უფროსო! (გადის და ისევ მალე ბრუნდება) წებოს საყიდლად გავუშვი.
პოლიციის უფროსი _ ძალიან უცნაური მიზეზია.
სერჟანტი _ ეს მიზეზი არ არის, ბატონო უფროსო, ბოლო დროს სამუშაოზე არა მარტო დამბეგვეს, საწვიმარიც დამიხიეს.
პოლიციის უფროსი _ გასაგებია. შორს არის ის მაღაზია?
სერჟანტი _ ორმოცი წუთი მაინცაა საჭირო.
პოლიციის უფროსი _ კეთილი. აბა, ახლა მითხარით, გიკვირთ არა ჩემი ნახვა?
სერჟანტი _ როგორც ბრძანებთ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ ნუ გრცხვენიათ, პირდაპირ მითხარით, გიკვირთ თუ არა?
სერჟანტი _ დიახ, ძალიან მიკვირს! თავად პოლიციის უფროსმა ინება ჩემთან მოსვლა. რევოლუციას უფრო ველოდი!..
პოლიციის უფროსი _ ნამდვილი მუშაკი რევოლუციისათვისაც მუდამ მზად უნდა იყოს! არა, ეს თქვენ არ გეხებათ, თქვენ ყველაზე საუკეთესო ხართ, მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ.
სერჟანტი _ (მხედრული სალამი) _ თითოეულ ჩვენთაგანში უფრო დიდი რამ უნდა იყოს, ვიდრე უბრალო წესიერებაა.
პოლიციის უფროსი _ კარგი, კარგი. დაბრძანდით!
სერჟანტი _ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ცოტას წავივარჯიშებ.
პოლიციის უფროსი _ რაში ივარჯიშებთ?
სერჟანტი _ ფიზმომზადებაში, ბატონო უფროსო. კარგ პოლიციელს კარგი მუსკულები სჭირდება. ჰოდა, მეც თითოეულ თავისუფალ წუთს უქმად არ ვკარგავ, რათა ჰანტელებითა და ზამბარებით ვივარჯიშო. მე უკვე გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე (მკლავს დაჭიმავს), გსურთ, ჩემი ბიცებსები გასინჯოთ?
პოლიციის უფროსი _ არა, არა! აქედანაც კარგად ვხედავ. ივარჯიშეთ სერჟანტო, ივარჯიშეთ. (სერჟანტი ჰანტელებით ვარჯიშობს) _ იცით, სერჟანტო, მე თქვენში არაჩვეულებრივი რამ აღმოვაჩინე.
სერჟანტი _ მზად ვარ გემსახუროთ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ მე მივხვდი თქვენ იდეური ადამიანი ხართ.
სერჟანტი _ დიახ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ მაგალითად, თქვენ უყოყმანოდ იცვამთ სამოქალაქო ტანსაცმელს, თუ ამას სამსახურეობრივი მოვალეობა ითხოვს, თუმცა სამოქალაქო სამოსში იტანჯებით.
სერჟანტი _ დიახ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ მაგრამ ჯერ არ დამისრულებია. დიდი ხანია რაც შევნიშნე, რომ თქვენ უფროსობის ყვლა დავალებას არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით, სურვილით და გულმოდგინებით ასრულებთ. ეს ნამდვილად ასეა! თუმცა ბრძანებები სრულიადაც არ არის ადვილი.
სერჟანტი _ მზად ვარ გემსახუროთ, ბატონო უფროსო!
პოლიციის უფროსი _ თქვენ სულიერი ძალები გაქვთ. თქვენ გლობალური იდეებითა და საერთო დისციპლინით ხართ შთაგონებული. თქვენ ზეშთაგონებული პოლიციელი ხართ, თუ გნებავთ, წმინდანი, მაგრამ შევნიშნე, ამ ბოლო დროს, თქვენ ცუდად გამოიყურებით. რაშია საქმე, სერჟანტო?
სერჟანტი _ ძალიან ცოტა მძინავს, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ ეს გასაგებია, მითხარით, გეთაყვა, სიზმრებს ხედავთ?
სერჟანტი _ დიახ, ბატონო უფროსო, ხანდახან სულელურ სიზმრებს ვხედავ.
პოლიციის უფროსი _ მომიყევით.
სერჟანტი _ თავადაც არ ვიცი, როგორ ხდება… ხანდახან სიზმარში გაორებული ადამიანი ვარ: ჩემში ორი სხვადასხვა კაცი ზის…
პოლიციის უფროსი _ თამამად, თამამად.
სერჟანტი _ (ვარჯიშს წყვეტს) ორი ადამიანი: ერთს მუნდირი აცვია, მეორეს _ სამოქალაქო ტანსაცმელი. ჰოდა, მივდივარ დიდ მინდორზე, თბილა და ჩიტები ჟრურტულებენ… უცბად სულში, ანუ ჩვენ ორივეს სულში, რაღაც სასიამოვნო ისადგურებს… ისეთი სასიამოვნოა… სულში ნათელი ისადგურებს… ალბათ, ჩემი გესმით, არა? სადღაც, შორს, ძალიან შორს რაღაც უმშვენიერესი ციმციმებს… ბალახის სუნი ცხვირში მიღიტინებს, გაზაფხულზე რომ იცის… გესმით, ბატონო უფროსო? ამ დროს მიპყრობს, ანუ ორივეს აგვიტაცებს სურვილი; ეჰ, ერთი დამაჭერინა ვინმე! თუნდაც კურდღელი, თუნდაც ჩიტი! ირგვლივ ვიხედებით, დაძაბული გვაქვს თვალები _ არავინ ჩანს! თუნდაც მიწას თავი ახალე, კბილებით მოთხარე, ცრემლებით მორწყე იქაურობა _ არავინაა! მაშინ სიზმრად ვხედავ ხოლმე რაღაც უაზრობას…
პოლიციის უფროსი _ ჰო, მიდი, თქვი, თქვი!
სერჟანტი _ მესიზმრება ხოლმე, ვითომ სამოქალაქო ტანსაცმელში საკუთარ თავს ვაპატიმრებ ხოლმე. ცივ ოფლში გაწუწული მეღვიძება!
პოლიციის უფროსი _ ძალიან საინტერესო ამბავია. მითხარით, სერჟანტო, უკანასკნელ ხანს ვინმე თუ დაგიპატიმრებიათ?
სერჟანტი _ სჯობს არ გამახსენოთ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ ახლა ყურადღებით მომისმინე. რაღაც უნდა გითხრა.
სერჟანტი _ მთელი ყურადღებით გისმენთ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ აწი ჩვენ ვერავის ვერასოდეს ვეღარ დავაპატიმრებთ.
სერჟანტი _ რას ამბობთ, ბატონო უფროსო? რატომ ვერ დავაპატიმრებთ?
პოლიციის უფროსი _ უფრო მეტიც, არც ჩვენი შვილი, არც ჩვენი შვილიშვილი, არც ჩვენი შვილთაშვილის შვილი, ვერასდროს ვერავის დაპატიმრებას ვეღარ შეძლებს. პოლიცია კატასტროფის წინაშე დგას. საერთოდ ის იმისთვის არსებობს, რომ დააპატიმროს წესრიგის დადგენილი ტრადიციების დამრღვევნი. თუ ასეთები აღარ არიან?! თუ ჩვენი ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის სიყვარულმა მთელს ქვეყანაში სამუდამოდ იზეიმა?! რაღა რჩება პოლიციას? თქვენ იცით, ჩვენ ვეცადეთ ხალხი პროვოკაციაზე წამოგვეგო, მაგრამ გამოვიდა რამე? არაფერიც, არ გამოვიდა. არამცთუ ჩვენს ანკესზე წამოეგო ვინმე, არამედ კარგადაც გცემეს კიდეც: ბევრს ვეცადეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ.
სერჟანტი _ ეს არაფერია, ბატონო უფროსო, დალილავებული ადგილები უკვე მომირჩა, ძვლებიც შემიხორცდა…
პოლიციის უფროსი _ საქმე ამაში როდია. მე უფრო სერიოზულ საქმეზე ვლაპარაკობ. ჩვენმა უკანასკნელმა პოლიტიკურმა პატიმარმა ერთგულ ქვეშევრდომის დეკლარაციაზე ზელი მოაწერა და გათავისუფლდა პატიმრობისაგან. ბევრს ვეცადე, ამ საქმეზე ხელი ამეღებინებინა _ გეკადრებათ!.. აი, ახლა რა გვაქვს ხელთ: შესანიშნავი ციხე გვაქვს, შესანიშნავად განსწავლული, მომზადებული და წესრიგის დამცველ იდეისათვის თავდადებული ხალხი. გვაქვს შესანიშნავი სასამართლო და კარტოთეკა. მაგრამ, სამაგიეროდ, არც ერთი პატიმარი არ გვაყავს. … პატიმარი კი არა და, ეჭვმიტანილიც კი არა გვყავს. გამხეცდა ხალხი!
სერჟანტი _ ნამდვილად, ბატონო უფროსო, მე მაგათ…
პოლიციის უფროსი _ და მოახლოვდა ის დრო, როცა პოლიციელები უნდა დავითხოვოთ. თქვენ სამუდამოდ უნდა გაიხადოთ მუნდირი, ჩემო მეგობარო! ღამღამობით აღმუვლდებით და ვერც საცვლებზე დაკერებული ლამპასები გიშველით: თქვენ ახლა ცუდად გძინავთ, მერე რა მოგივათ?
სერჟანტი _ არა, არა, ეგ არ იქნება!
პოლიციის უფროსი _ იქნება! იქნება! იქნება! სამუდამოდ ჩამოგართმევენ მუნდირს, ჩაგაცმევენ რაღაც სპორტულ ქურთუკს, ჩამოგაფხატავენ კეპს თავზე და ოთხივ კუთხით გაგაგდებენ. იხეტიალებთ მინდვრებში, წვრილფეხა ნადირზე ინადირებთ, მთელ დღეებს გაატარებთ მდინარის ნაპირას ანკესით ხელში, გექნებათ უამრავი თავისუფალი დრო, რათა დაიჭიროთ კურდღელი ან ჩიტი.
სერჟანტი _ ნუთუ არავითარი გამოსავალი არ არსებობს, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ (მშვიდად და დიდი სითბოთი) მე თქვენთან მოვედი არა როგორც პოლიციის შეფი, არამედ როგორც თანამბრძოლი. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ თქვენთან ვართ _ უბრალო პოლიციელები, წესრიგის ჯარისკაცები _ უნდა ერთ მუშტად შევიკრათ გარდაუვალი სიკვდილის პირს მისულნი. ხელი-ხელს ჩავკიდოთ, რათა გადავრჩეთ და ჩვენი საქმეც გადავრჩინოთ (სერჟანტს ხელს მოკიდებს). ახლა ყურადღებით მისმინე. ადამიანი რომელსაც ყველაფრის გადარჩენა შეუძლია, ეს თქვენ ხართ.
სერჟანტი _ მე?!!!
პოლიციის უფროსი _ დიახ, თქვენ! ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვინდა ვინმე, რომელსაც დავაპატიმრებთ და რამოდენიმე ხნით ციხეში ჩავსვამთ, ძალიან მიზეზით, მაგრამ აუცილებლად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო. ჯერჯერობით ასეთი ვინმეს მონახვა ვერ შევძელით. მაგრამ, ყოველივე ამის მიუხედავთ უნდა მოინახოს. ჩემი არჩევანი თქვენზე შეჩერდა.
სერჟანტი _ არ მესმის, მე რა უნდა ვქნა?
პოლიციის უფროსი _ სინამდვილეში, არაფერი ისეთი ახალი. თქვენ ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგებს იყვირებთ, ახალი ის იქნება, რომ ჩვენ ამას მშვიდად არ შევხვდებით და უმალვე დაგაპატიმრებთ.
სერჟანტი _ მე?!
პოლიციის უფროსი _ დიახ, თქვენ. პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით ეს ძნელი რამ არის, მაგრამ ეს ამაღლებული მისიაა. ამ მისიას სპეციფიური პოეზია გააჩნია, თავისი განსაკუთრებული პოლიტიკურუ სიბრძნე. თუ გინდათ საკუთარი _ მამოძრავებელი უწოდეთ… და ყოველივე ამის გაგება შეუძლია მხოლოდ რჩეულ პოლიციელს. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში, როცა ვთქვი, რომ თქვენ შთაგონებული პოლიციელი ხართ. თქვენში პოლიციელის ცეცხლი გიზგიზებს, თქვენში ისეთი რამ ანთია, რომელიც გამოსავალს ეძებს. თქვენს ვნებებს მიეცით ნება ამოიფრქვეს და ჩვენთვის ყველასთვის გახდით მხსნელი სერჟანტი.
სერჟანტი _ ყოველთვის მზად ვარ, ბატონო უფროსო! მთელი ჩემი ძალები მინდა მოვიხმარო… მაგრამ დაბნეული ვარ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ არა უშავს, ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის. ტანსაცმელი გამოიცვალეთ.
სერჟანტი _ ისევ გამოვიცვალო? მაგრამ რატომ?
პოლიციის უფროსი _ აბა, საკუთარ თავს როგორ წამოაგებთ პროვოკაციაზე?.. მუნდირში?
სერჟანტი _ ო, დიახ, რა თქმა უნდა, როდის დავიწყო, ახლავე?
პოლიციის უფროსი _ ჩვენ დრო არა გვაქვს. სწრაფად გამოიცვალეთ სამოსი, მერე ფანჯრებს ფართედ გავაღებთ და თქვენ მთელი ხმით გალანძღავთ ჩვენს საყვარელ ინფანტსა და მის ბიძა რეგენტს. შემდეგ, მე ხმალამოღებული მოვალ თქვენთან და დაგაპატიმრებთ. სულ ეს არის.
სერჟანტი _ ღმერთო ჩემო! მე ხომ პოლიციაში ვმსახურობ, პოლიციელი არა ვარ?!
პოლიციის უფროსი _ ო, დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი პოლიციელი ხართ, ვიდრე ვინმე სხვა. მაგრამ თქვენ უფლება არა გაქვთ ეს ამბავი ვინმემ შეგატყოთ. ეს თქვენთვის ძალზედ მძიმე იქნება, მაგრამ, თქვენი მისია ამაღლებულია: თქვენ მშვენიერი ხართ, რადგან პოლიციაში მსახურობთ, მაგრამ დარჩით ისეთივე მშვენიერი პოლიციის მუნდირის გარეშეც. (სერჟანტი შირმას მიეფარება და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყობა) მე კი, ახლავე, დაუყოვნებლივ, გენერალს რაპორტს (მოხსენებას) გავუგზავნი. იგი ხვალვე მოახსენებს ჩვენს ინფანტსა და მის ბიძა რეგენტს. და ჩვენ გადავრჩებით! ჩვენ კვლავაც გვეყოლება პოლიტიკური პატიმარი! ჩვენ მოწინააღმდეგე გვეყოლება, ეშმაკსაც წაუღია!
სერჟანტი _ (შირმიდან გამოდის, შარვლის ღილებს იკრავს) _ რა უნდა ვიყვირო?
პოლიციის უფროსი _ რა გითხრა, … რახან ასეთი შემთხვევაა, იქნებ ძველი ლოზუნგებიდან გვესარგებლა, ჰა, რას იტყვი?
სერჟანტი _ შემიძლია ვიყვირო, რომ ჩვენი რეგენტი გარეწარია.
პოლიციის უფროსი _ არა, არა, ამ ლოზუნგს სიცხადე აკლია, აქ რაღაც ისეთი… უფრო ძლიერი, მახვილი, არაორაზროვანი…
სერჟანტი _ მაშინ ეს: “ჩვენი რეგენტი _ ბებერი გარეწარია”.
პოლიციის უფროსი _ ო, ეს უფრო კარგი, ნამდვილად უკეთესია. აბა, ახლა ფანჯარა გამოაღეთ აბა… ერთი, ორი და სამი!
სერჟანტი _ (ყვირის რაც ძალა და ღონე შესწევს) _ ჩვენი ძვირფასი რეგენტი ჩვენი ძვირფასი ინფანტის ბიძა _ ბებერი გარეწარია!
პოლიციის უფროსი _ (ქარქაშიდან ხმალს ამოიღებს) _ ჩვენი ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის სახელით _ თქვენ დაპატიმრებული ხართ!
(შემოდის სერჟანტის ცოლი, ხელში ნავაჭრი უჭირავს.)
სერჟანტის მეუღლე _ ღმერთო ჩემო! კვლავაც პროვოკაციას უწყობს ხალხს! სახლში მაინც დაისვენე, ღმერთო ჩემო!
პოლიციის უფროსი _ გთხოვთ გაჩუმდეთ! თქვენს ქმარს დღეს განსაკუთრებული დღე აქვს. მან პროვოკაცია წარმატებით დააგვირგვინა! მან გაიმარჯვა!

მოქმედება მესამე

პოლიციის უფროსის კაბინეტი. პოლიციელი სახელმწიფო დაწესებულებას გრილიანდებითა და ქაღალდის ყვავილებით რთავს გენერლის შესახვედრად. პოლიციის უფროსი და სერჟანტი პირისპირ დგანან. სერჟანტს პატიმრის სამოსი აცვია და წვერიც აქვს, ზუსტად ისეთი როგორიც ჰქონდა პატიმარს პირველი მოქმედებიდან.
პოლიციის უფროსი _ თქვენ ერთხელ კიდევ სცადეთ გადაგეხერხათ გისოსი და მუშტებით მიუხტით მეთვალყურეს. ეს უკვე მეორედ.
სერჟანტი _ მეც არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ თქვენ გესაჭიროებათ რამე?
სერჟანტი _ გმადლობთ, არაფერი არ მინდა.
პოლიციის უფროსი _ უცნაურია, აბა ისე გამოიყურებით, თითქოს რაღაც გაკლიათ. ასეთი ფერმკრთალი და დამუნჯებული რატომ ხართ?
სერჟანტი _ ეს ციხის გამოა, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ მე ყოველდღე რაპორტს ვუგზავნი გენერალს. შენის წყალობით ჩვენ ციხის გაფართოების საშუალება მოვიპოვეთ. შტატებიც გაგვიზარდეს. გენერალი თქვენით ძალიან დაინტერესდა. ის ამბობს, რომ თქვენ ძალიან საშიში ვინმე ხართ, და ეს დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის… ერთი სიტყვით, გესმით, ალბათ, ძალიან ვღელავ: ვინმეს ეგონება, რომ ჩვენთან ცუდად გრძნობთ თავს… გენერალი კი შეგვპირდა, რომ დაკითხვას პირადად დაესწრება. ხომ გესმით?
სერჟანტი _ ოჰ, – ოჰ – ოჰ – ოჰ!..
პოლიციის უფროსი _ იქნებ ავად ხართ?
სერჟანტი _ ჯანმრთელად ვარ.
პოლიციის უფროსი _ იქნებ ცუდად გძინავთ?
სერჟანტი _ დიახ, ასეა.
პოლიციის უფროსი _ კოშმარულ სიზმრებს ხედავთ?
სერჟანტი _ არც ისე კოშმარული, მაგრამ…
პოლიციის უფროსი _ რა გესიზმრებათ, მოგვიყევით!
სერჟანტი _ ვითომ მინდორში ვარ…
პოლიციის უფროსი _ ჩიტები ჟღურტულებენ, არა?
სერჟანტი _ დიახ, თქვენ საიდან იცით, ბატონო უფროსო?
პოლიციის უფროსი _ მუნდირი გაცვიათ თუ სამოქალაქო ტანსაცმელი?
სერჟანტი _ სამოქალაქო…
პოლიციის უფროსი _ ჰო, აბა, შემდეგ?..
სერჟანტი _ მოვდივარ და რას ვხედავ, ხეა, ხის ტოტზე კი თქვენ ზიხართ, ბატონო უფროსო და ყველს ჭამთ.
პოლიციის უფროსი _ მე ტოტზე ვზივარ და ყველს ვჭამ?
სერჟანტი _ დიახ… მე მოვდივარ და ხის ქვეშ ვჩერდები, ბატონო უფროსო, პირს აღებთ, რათა იყვიროთ, რომ მე დაპატიმრებული ვარ, მაშინ ყველი გივარდებათ პირიდან…
პოლიციის უფროსი _ თქვენ კი ძირიდან იღებთ და…
სერჟანტი _ არა, ბატონო უფროსო, მე ყველი არ მიყვარს.
პოლიციის უფროსი _ სულელური სიზმარია.
სერჟანტი _ რასაც ვნახულობ, იმას ვამბობ, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ რამეს ხომ არ დალევთ?
(პასუხს არ ელოდება, ისე ბიუროდან იღებს ერთ ბოთლ ლუდს და ორ ჭიქას და ასხამს).
სერჟანტი _ გმადლობთ. (ჭიქას პირთან მიიტანს, მაგრამ უცბად ბიუროზე დგამს) მე უფლება არა მაქვს თქვენთან ერთად რომ დავლიო, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ რატომ?
სერჟანტი _ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი უბრალო… ბატონო უფროსო, ვინ ვარ ახლა მე არსებითად …?
პოლიციის უფროსი _ ეს რა შეკითხვაა? თქვენ ახლა პიროვნება ხართ!
სერჟანტი _ პიროვნება? რას ნიშნავს _ პიროვნება? თქვენ მე მითხარით ვინ ვარ ახლა: პოლიციელი თუ პატიმარი? თუ მე პოლიციელი ვარ, მაშინ შემიძლია, რომ ვიყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ თუ პატიმარი ვარ, მაშინ შემიძლია, რომ ვიყო პოლიციელი? მაგრამ თუ ამასთან ერთად პიროვნება ვარ, მაშინ შემიძლია პოლიციელიც ვიყო და პატიმარიც?
პოლიციის უფროსი _ მე რომ ყველაფერი წინასწარ აგიხსენი, დაჭერამდე, გამოდის, რომ ვერაფერი გაგიგია.
სერჟანტი _ კი, მაშინ ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის, მაგრამ მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ჩემი ორაზროვანი ცხოვრება უფრო ადრე დაიწყო, როდესაც გადავიცვი სამოქალაქო სამოსი და წავედი ხალხის პროვოკაციაზე წამოსაგებად. ტყუილად არ მტანჯავდა სამოქალაქო ტანსაცმელი! არა, ნამდვილმა პოლიციელმა არასოდეს არ უნდა გაიხადოს თავისი მუნდირი, არასოდეს!
პოლიციის უფროსი _ მაგრამ ადრე რომ არ ყოყმანობდი ხოლმე, აბა გაიხსენე, შენ დასვენების დღეებშიც კი მუშაობდი.
სერჟანტი _ მაშინ ყოველივე ეს არ მესმოდა, ბატონო უფროსო. იმ დღესაც კი, როდესაც თქვენ მე თვალი ამიხილეთ ჩვენს უპერსპექტივო მომავალზე… მაშინ მხოლოდ მარტო ის ვიცოდი, რომ მე ნამდვილი სამაგალითო პოლიციელი ვიყავი. მაგრამ აქ ჯდომის დროს ფიქრი დავიწყე და პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავთან დამებადა იყო ეს: ბოლოს და ბოლოს არსებითად ვინ ჩასვეს ციხეში? გაურკვევლობა კი ადამიანს შეშლის. დავიტანჯე, ბატონო უფროსო.
პოლიციის უფროსი _ გარკვევით ილაპარაკეთ.
სერჟანტი _ დასაწყისი ჯერ კიდევ მესმოდა, მაშინ რაც ამიხსენით, მაგრამ შემდეგში გონება დამიბნელდა, ეჭვებმა შემომიტიეს, და მე მუდამ შეუწყვეტლივ ვიმეორებდი, ჩემთვის: მე საიდუმლო პოლიციის სერჟანტი ვარ, მე საიდუმლო პოლიციის აგენტი ვარ, მე საიდუმლო…
პოლიციის უფროსი _ მერე, რა მოხდა მერე?
სერჟანტი _ შემდეგ ეს ამბები შევწყვიტე, რადგან ამ სიტყვების მნიშვნელობის აზრი აღარ მესმოდა. რატომ? იმიტომ, რომ მე ხომ უბრალო…
პოლიციის უფროსი _ რა?
სერჟანტი _ უბრალო პოლიციელი, უბრალო პატიმარი, ან უბრალო… ერთი სიტყვით, რაღაც უბრალო…
პოლიციის უფროსი _ ესე პრიმიტიულად ხომ არ შეიძლება ამ სიტუაციის შეფასება? ყოველი ინტელიგენტი, თქვენს ადგილას…
სერჟანტი _ მე ძალიან კარგად ვიცი მხოლოდ ერთი რამ: მე არ მაქვს უფლება თქვენთან დავლიო, ბატონო უფროსო. თუ მე პოლიციელი ვარ, არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი პატიმარს იმის უფლებას, რომ პოლიციის უფროსთან ერთად დაელია. ხოლო თუ პატიმარი კონსპირატორი ვარ, მითუმეტეს არ შემიძლია თქვენთან დალევა.
პოლიციის უფროსი _ რატომ?
სერჟანტი _ ეს კონპირაციულ მორალს ეწინააღმდეგება.
პოლიციის უფროსი _ ჭკუაზე ხომ არ შეიშალეთ?
სერჟანტი _ ეს ჩემს ძალებს აღემატება, ბატონო უფროსო. მესმის, რომ თქვენ ახლა არ შეგიძლიათ ციხიდან გამანთავისუფლოთ. კამერაში მომიწევს ჯერ კიდევ ჯდომა, ხოლო ციხის გარემო ჩემზე სულ უფრო და უფრო ძლიერად მოქმედებს.
პოლიციის უფროსი _ თქვენ ნამდვილად ავად ხართ. ფილტვები როგორ გაქვთ?
სერჟანტი _ ფილტვები რა შუაშია, ბატონო უფროსო? მე ხარივით ჯანმრთელი ვარ, ხომ ნახეთ, ჰანტელებით როგორ ვვარჯიშობდი, საქმე ამაში როდია. იმ დროიდან, რაც თქვენ ციხეში ჩამკეტეთ, ჩემში ახალმა აზრებმა გაიღვიძა.
პოლიციის უფროსი _ თავი შეიკავეთ!
სერჟანტი _ დიახ, ბატონო უფროსო, დიახ! მაგალითად, ადრე მე ხშირად დავდიოდი მატარებლით და არასოდეს ამაზე არ დავფიქრებულვარ, ახლა აქ მდგომმა ბევრი ვიფიქრე და რა დასკვნამდე მივედი?
პოლიციის უფროსი _ საიდან მეცოდინება?
სერჟანტი _ ჩვენ საშინელი მატარებლები გვაქვს, ბინძური და მაგარი.
პოლიციის უფროსი _ გესმით რას ამბობთ? მე ახლა პროტოკოლს შევადგენ!
სერჟანტი _ მიდი დაწერე. როცა ადამიანს ამდენი რამ გულში დაუგროვდება, ვეღარ მოითმენს. მაგალითისათვის, აიღეთ ჩვენი კულტურა ანდა ხელოვნება. რა საჭირო იყო ჩვენი საწყალი მსახიობების დევნა და გაწამება?!
პოლიციის უფროსი _ (სწრაფად იწერს) _ ნუ იჩქარებთ, თუ შეიძლება, ბოლო სიტყვები გაიმეოროთ?
სერჟანტი _ მე ვთქვი, რომ ძალიან მეცოდებიან ჩვენი საწყალი მსახიობები.
პოლიციის უფროსი _ კეთილი. (პროტოკოლის ფურცელს გვერდზე გადასდებს) მოდი შენი ძველი უმწიკვლო სამსახურის შესახებ გულახდილად ვილაპარაკოთ. ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ? ჩვენი ქვეყანა მართლა ასეთი ცუდია? მოდი სამართლიანად განვსაჯოთ.
სერჟანტი _ მე რატომ განვსაჯო? საკნის სარკმლიდან მე ვხედავ მინდორს. სათიბად იქ გლეხები მოდიან ხოლმე. მათ სახეებს კარგად ვხედავ. რა საშინლად დაღვრემილი სახეებია, რა დიდი უკმაყოფილება აღბეჭდილა მათ გამოხედვაში.
პოლიციის უფროსი _ ეს ხომ წმინდა წყლის სუბიექტივიზმია, და როგორც მეთოდი, არ გამოგვადგება ჩვენს პროგრამაში. გარდა ამისა, სარკმელში ყურება წესით აკრძალულია.
სერჟანტი _ თავისუფლებისათვის მებრძოლს მიუფურთხებია თქვენი წესიერებისათვის. ახლა კრემატორიუმზეც მოგახსენებთ…
პოლიციის უფროსი _ თქვენ გინდათ, რომ ათეისტ მიცვალებულებს დამარხვის ხერხის არჩევანის უფლება მოუსპოთ? თქვენ სინდისის თავისუფლების წინააღმდეგი ხართ.
სერჟანტი _ საქმე მიცვალებულებს არ ეხებათ, ბატონო უფროსო, და, საერთოდ, მოვეშვათ სარკმელს. რას იტყოდით საკნის კედლების წარწერებზე? როცა ადამიანს სხვა საქმე არა აქვს, ის კითხვას იწყებს. შემდეგ წაკითხულს ჩაუფიქრდება. იცით, ის სულაც არ არის სულელური ლოზუნგები.
პოლიციის უფროსი _ მაგალითად, რომელი?
სერჟანტი _ მაგალითად, “ძირს ტირანები”!
პოლიციის უფროსი _ კმარა! ა, შენ აი, თურმე როგორი ყოფილხარ? სადამდე მიხვედი! იქნებ ჩვენი რეგენტი ჩვენი ინფანტის ბიძა, კრეტინია?
სერჟანტი _ დიახ, ასეა! ბატონო უფროსო!
პოლიციის უფროსი _ ჩვენი ინფანტი _ ძუძუმწოვარაა.
სერჟანტი _ დიახ, ასეა! ბატონო უფროსო!
პოლიციის უფროსი _ ოჰო! (მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიციელი ოთახში დადის და კიდებს გრილიანდებს. ისმის რაღაც ხმაური. პოლიციელი გარბის და უკან ბრუნდება).
პოლიციელი _ ბატონი გენერალი მობრძანადა.
(პოლიციის უფროსი სწრაფად მალავს ბოთლსა და ჭიქებს, მუნდირს ისწორებს. სრაფად შემოდის გენერლის ადიუტანტი. ეს ყოფილი პატიმარია, რომელიც ჩვენ პირველ მოქმედებაში ვნახეთ. ახლა წვერის გარდა, ულვაშებიც აქვს.)
გენერლის ადიუტანტი _ (მხედრული სალამი) _ ბატონებო! (მხედრული სალამი. აჩრდილივით გამოჩნდება გენერალი).
გენერალი _ (სერჟანტს მიეჭრება) _ ეს არის?
პოლიციის უფროსი _ დიახ, ბატონო გენერალო.
გენერალი _ ტიპიური ბელადია! მისი ხალხი იპოვნეთ?
პოლიციის უფროსი _ ჯერ არა, ბატონო გენერალო, დაკითხვებს მუდმივად ვაწამოებთ.
გენერალი _ ძალიან საშიში დამნაშავეა. დაპატიმრების დროს ყუმბარა აღმოუჩინეთ?
პოლიციის უფროსი _ არა, ბატონო გენერალო, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ.
გენერალი _ (უსტვენს) _ ის უფრო საშიშია, ვიდრე მეგონა. ვიტყოდი, გაიძვერაც არის. ყველა ნამდვილ კონსპირატორს, რამოდენიმე კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გააჩნია, მაგას კი _ არც ერთი გრამი, არა? (ადიუტანტს) რას იტყოდით, ბატონო პორუჩიკო?
გენერლის ადიუტანტი _ დიახ, ბატონო გენერალო, თუ დაპატიმრებისას ვერაფერი ვერ უპოვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის არსი უფრო ღრმად არის ჩამალული.
გენერალი _ ბატონო პოლიციის უფროსო, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ადიუტანტი. ახლახანს დაიწყო სამსახური, ტერორისტ-კონსპირატორებთან ბრძოლის წინააღმდეგ საქმიანობის სპეციალისტია. ანტისახელმწიფოებრივ მოქმედების სფეროს დიდი მცოდნე.
პოლიციის უფროსი _ ეს შეუძლებელია, ბატონო გენერალო.
გენერალი _ რაშია საქმე?
პოლიციის უფროსი _ მაპატიეთ, ბატონო გენერალო, თავს ნებას მივცემ… თქვენი არჩევანი მცდარია…
გენერალი _ გარკვევით ილაპარაკეთ.
პოლიციის უფროსი _ მან ყუმბარა გესროლათ!
გენერალი _ ვინ?
პოლიციის უფროსი _ თქვენმა ახალმა ადიუტანტმა, ის ჩემი ყოფილი პატიმარია.
გენერალი _ განაგრძეთ, ბატონო პოლიციის უფროსო.
პოლიციის უფროსი _ მას შესანიშნავად ვიცნობ, ბატონო გენერალო. ჩემთან ეგ კაცი ათი წელი იჯდა. შეუძლებელია ის თქვენი ადიუტანტი იყოს!
გენერალი _ ამაზე რას იტყოდით, პარუჩიკო?
გენერლის ადიუტანტი _ ბატონი პოლიციის უფროსი მართალია. მე ყოფილი პატიმარი ვარ. მან მუნდირშიც კი მიცნო. აი, რას ნიშნავს კვალიფიკაცია!
პოლიციის უფროსი _ გთხოვთ, ნუ შეურაცხმყოფთ!
გენერლის ადიუტანტი _ დიახ, ციხეში ვიჯექი, ბატონო უფროსო, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ლოიალურობის დეკლარაციას ხელი მოვაწერე და განვთავისუფლდი. (გენერალს მიმართავს) თქვენ ამის შესახებ ინფორმირებული ბრძანდებით.
გენერალი _ დამშვიდდით, ბატონო პოლიციის უფროსო, მე თავად წარმოგიდგინეთ, პორუჩიკი, როგორც ამფეთქებელ სამუშაოთა სპეციალისტი.
პოლიციის უფროსი _ მაგრამ ბომბა _ ეს ბომბა!.. ეს ბომბა მაგიდის უჯრაში მიდევს დღემდე.
გენერალი _ ჩემო ძვირფასო! ყოველმა მოაზროვნე ადამიანმა, ოდესღაც უნდა ესროლოს თავის გენერალს. ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თუ გინდათ რომ იცოდეთ. ჰოდა, რაც უფრო ადრე ესვრის მით უფრო კარგია. ჩემმა ადიუტანტმა ეს გზა უკვე გაიარა. იგი გამოფხიზლდა და დაწყნარდა, მაგრამ რამდენი ადამიანია ქვეყნად, რომელთაც არ დაუკმაყოფილებია თავისი ეს მოთხოვნილება? აი, თქვენ, მაგალითად, როდისმე გისვრიათ ბომბა გენერლისთვის?
პოლიციის უფროსი _ თქვენო კეთილშობილებავ!
გენერალი _ მაშ, დაფიქრდით, მინდა ჩემს ნათქვამს მიაქციოთ ყურადღება. (პოლიციის უფროსი მავთულივით გაიჭიმება) _ მინდა ჩემი პორუჩიკის შესახებ გითხრათ უფრო მეტი. იგი სულ ახლახანს მივიღეთ სამსახურში, და უკვე ოფიცრის ჩინი დაიმსახურა. ცეცხლია, ცეცხლი! ჩვენ თქვენთან ვართ, ბატონო პოლიციის უფროსო, ძველი გვარდია, ჩვენ სამსახურეობრივი მოვალეობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. მთვარობისათვის მისი სიყვარული კი სუფთა და აშკარაა. ამის გარდა, მან ზეპირად იცის ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ყველა ნიუანსი და მუშაობს შესანიშნავად. ახალგაზრდა სპეციალისტებისა უნდა გვჯეროდეს და არ უნდა ვამცირებდეთ მათ დაუმსახურებელი საყვედურებით.
პოლიციის უფროსი _ მე გიცხადებთ, ბატონო გენერალო, რომ…
გენერალი _ კარგი, კარგი! მე სპეციალურად წამოვიყოლე აქ, რადგან ვიცოდი, რომ აქ ძნელი სამუშაო გველოდა. როგორც ვიცი, ბატონო პოლიციის უფროსო, თქვენ ვერაფერი ვერ ათქმევინეთ ამ ჩვენს სახელმწიფოს მტერს. ასე არ არის? (პოლიციის უფროსი მწუხარებით გაასავსავებს ხელებს) კარგით, მაშინ ჩვენ ვცდით. დაიწყეთ, ბატონო პორუჩიკო.
პოლიციის უფროსი _ ნება მომეცით, შევნიშნო, ბატონო გენერალო…
გენერალი _ თქვენ ისევ თქვენსას გაიძახით?! როგორ არ გრცხვენიათ! თქვენი უნდობლობა ახალგაზრდა სპეციალისტების მიმართ, მე უკვე საეჭვოდ მეჩვენება.
გენერლის ადიუტანტი _ ბატონო გენერალო, ჩვენს წინაშეა, გადაუდებელი ამოცანა. ვშიშობ, რომ ბატონ პოლიციის უფროსთან საკამათო დრო არ გაგვაჩნია. ისედაც ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
პოლიციის უფროსი _ როგორ?
გენერალი _ რა არის ნათელი, პორუჩიკო, ერთად ერთი, რაც ჩვენ დამნაშავის შესახებ ვიცით, მისი საშინელი გამონათქვამებია ჩვენი ძვირფასი რეგენტის მიმართ და მეტი არაფერი. ჩვენ კი არავითარი ნივთმტკიცება არ გაგვაჩნია.
გენერლის ადიუტანტი _ დამნაშავის მოქმედების შესახებ თქვენი მსჯელობა ზედაპირულია, ბატონო გენერალო. მე მიმაჩნია, რომ დამნაშავის მთელი ცხოვრება უნდა განვიხილოთ და შევუსაბამოთ ერთი მეორეს, მის გამონათქვამებს და მოქმედებას და მისი პირადი ცხოვრების ყოველ სფეროს. ყოველი ადამიანის ცხოვრება წარსულიდან, აწმყოსა და მომავლისაგან შესდგება. აი, ეს უნდა შევისწავლოთ, შევუფარდოთ ერთმანეთს და დასკვნები გავაკეთოთ.
პოლიციის უფროსი _ ნება მომეცით მეც გითხრათ ორიოდე სიტყვა.
გენერალი _ ბრძანეთ.
პოლიციის უფროსი _ მე არ უარვყოფ, რომ საქმე გვაქვს საშინელ ბოროტმოქმედთან. მაგრამ, მიუხედავად ძვირფასი სიტყვებისა, რომელიც მოგვახსენა ჩვენმა კოლეგა-პორუჩიკმა, აქ საქმე არც ისე იოლადაა. ვშიშობ, რომ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ზედმეტად არის დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში, რომელიც ყველა ადიუტანტის თვისებაა.
გენერალი _ მე ხომ გთხოვეთ.
გენერლის ადიუტანტი _ როგორც ვიცი, დამნაშავემ თავის დამანგრეველურ საქმიანობას მიჰყო ხელი, თუმცა ძალიან დიდხანს, გულითადად ემსახურა ჩვენს მთავრობას.
პოლიციის უფროსი _ ჩვენს წინაშე განსაკუთრებული შემთხვევაა. მის შესანიშნავ წარსულს შეიძლება ებიძგა ამ პიროვნებისათვის მკაცრი მოქმედებისაკენ. მისთვის დღემდე არ იყო ცნობილი ის შესანიშნავი რამ, რომელსაც დევნილობის გრძნობა ჰქვია. ეს გრძნობა კი ბრბოზე უპირატესობის გრძნობას წარმოშობს.
პოლიციის უფროსი _ ვაპროტესტებ. რა თქმა უნდა, ვიცი რომ დამნაშავე ზალზედ საზიზღარი ბოროტმოქმედია, მაგრამ ის არაფრით მეტი არ არის იმ ადამიანებზე… რომლებიც ბომბას ესვრიან გენერლებს.
გენერალი _ რას ჩააცივდით ამ ბომბას!
გენერლის ადიუტანტი _ მე ვეთანხმები აზრს, რომ ამ ტიპს შეუძლია სამ გენერალსაც ესროლოს ბომბი, ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს.
პოლიციის უფროსი _ (სერჟანტს, მკვეთრად) _ სწორდით! მიპასუხეთ სწრაფად, თქვენ შეგიძლიათ გენერალს ესროლოთ ბომბა?
სერჟანტი _ არასოდეს, ამას მე არასოდეს გავაკეთებ, ბატონო უფროსო. რა თქმა უნდა, მე შეიძლება ათას რამეს ვფიქრობდე… რკინიგზაზე, სოფლის მეუნეობის შესახებ და სხვა რამეზე… მაგრამ ბომბა ვესროლო გენერალს?..
პოლიციის უფროსი _ აი, ხომ ხედავთ, ბატონებო?!
გენერლის ადიუტანტი _ (სერჟანტს გამჭოლად) _ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ქალაქში სეირნობთ კვირა დღეს, სადილის შემდეგ, და ჯიბეში ბომბი გიდევთ. თქვენ ის სხვათაშორის წამოიღეთ, არც კი იცით, რისთვის… ამ დროს თქვენ ხედავთ გენერალს.
სერჟანტი _ ნამდვილ გენერალს?
პოლიციის უფროსი _ (გენერლის ადიუტანტს მკაცრად) _ გთხოვთ, წესრიგი დაიცვათ და სუბორდინაცია!
გენერლის ადიუტანტი _ (ყურადღებას არ აქცევს პოლიციის უფროსის სიტყვებს) _ რა თქმა უნდა, ნამდვილს, მისი ორდენები მზეზე ბრწყინავენ, ჩექმები გამომწვევად კრიალებენ. თქვენ გრძნობთ, რომ ახლა მან უნდა პასუხი აგოს ყველაფერზე, იმასაც გრძნობთ, რომ ეს თქვეი უკანასკნელი შანსია, მეორედ ასეთი შემთხვევა აღარ გექნებათ.
სერჟანტი _ ო, შენი… ძაღლიშვილო!..
პოლიციის უფროსი _ მე უკანასკნელად…
გენერლის ადიუტანტი _ ჰო, ჰო, მერე?..
(პაუზა, სერჟანტი თავს ებრძვის)
პოლიციის უფროსი _ იქნებ საკმარისია, ბატონო გენერალო?
გენერალი _ არ მესმის, ბატონო პოლიციის უფროსო, დაკითხვას ხელს რად უშლით? ეს ძალიან მიკვირს.
პოლიციის უფროსი _ მე ვუშლი დაკითხვას ხელს? მე?!
გენერალი _ დიახ, მე ასეთი შტაბეჭდილება მრჩება. ბოლოს და ბოლოს, არ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ეს პიროვნება? თავადაც ხომ გინდათ იცოდეთ? მე მგონია, რომ არა…
პოლიციის უფროსი _ პროტესტს ვაცხადებ.
გენერალი _ თქვენ ჯიუტად ხელს უშლით ჩემს ადიუტანტს, გამოარკვიოს ნამდვილი სახე დამნაშავისა. მე იძულებული ვიქნები თქვენს შესახებ ძვირფას რეგენტს მოვახსენო.
პოლიციის უფროსი _ როგორც პოლიციის შეფი, მე ჩემი უფლებები გამაჩნია და ამიტომ მე ვიცავ ჩემს უფლებებს და კვლავაც კატეგორიულად ვაცხადებ, ასე დაკითხვა დაუშვებელია. თქვენ ამაზე პასუხს აგებთ.
გენერალი _ მემუქრებით კიდეც?
პოლიციის უფროსი _ არავითარ შემთხვევაში, ბატონო გენერალო! ამას ვერასდროს გავბედავდი. მე იმის თქმა მინდა, რომ ხელი დამიბანია და ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი.
გენერალი _ ძალიან კარგი. მაშ, გავაგრძელოთ დაკითხვა.
გენერლის ადიუტანტი _ გთხოვთ, რამოდენიმე ხნით პატიმარი გაიყვანოთ.
გენერალი _ რა თქმა უნდა, ბატონო პოლიციის უფროსო, გთხოვთ!
(პოლიციის უფროსი ზარს დარეკავს. შემოდის პოლიციელი)
პოლიციის უფროსი _ (პოლიციელს) _ პატიმარი დერეფანში გაიყვანეთ და შემოიყვანეთ, როცა ზარს დავრეკავ.
პოლიციელი _ არის!
(პოლიციელს გაჰყავს სერჟანტი)
გენერლის ადიუტანტი _ ერთი გეგმა მაქვს. ჩვენს პატიმარს ბრალად უნდა დავდოთ გენერალზე თავდასხმა.
გენერალი _ სიამოვნებით მოგისმენთ, რა გეგმა გაქვთ?
გენერლის ადიუტანტი _ პოლიციის უფროსის მაგიდის უჯრაში ბომბი დევს, რომელიც ოდესღაც ვესროლე გენერალს. ბომბი წუნდებულია, მაგრამ ჩვენ გამოგვადგება, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია პატიმარი პროვოკაციაზე წამოვაგოთ და ვუბიძგოთ გენერალს თავს დაესხას. ჩვენ მას ბომბას მივცემთ, გამოვაღებთ კარს, ბატონ გენერალს ვთხოვთ დერეფანში გავიდეს და თავი მომჭერით, როცა ბომბიანი დამნაშავე გენერალს დაინახავს, მას ბუნებრივი ძალა შეიპყრობს და მასში თავისეფლების ინსტიქტი გაიღვიძებს. იგი ორჭოფობას აღარ დაიწყებს და ბომბს გესვრით, ბატონო გენერალო და ამით თავის თავს თავად გამოამჟღავნებს, რაც უეჭველ დანაშაულებრიობას დაამტკიცებს.
გენერალი _ ხომ არ შეიშალეთ?! რას იტყოდით, ბატონო პოლიციის უფროსო, ეს ხომ აფსურდია?
პოლიციის უფროსი _ მე ვფიქრობ, რომ პორუჩიკს, როგორც დიდი მომავლის მქონეს, შენს ადიუტანტსა და ოფიცერს, უფლება აქვს… გარდა ამისა დაკითხვას ხელი არ უნდა შეუშალოთ, როგორც სრულიად სამართლიანადაც თქვენ შენიშნეთ, ბატონო გენერალო. ჩვენ ვალდებულიც ვართ, ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ.
გენერლის ადიუტანტი _ ვიმეორებ, ბომბი უმოქმედოა. დეტონატორი ასაფეთქებელს არ ეხება.
გენერალი _ და თქვენ, პორუჩიკო, ფიქრობთ, რომ…
გენერლის ადიუტანტი _ მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ბატონო გენერალო. მე მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ გავხსნათ ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება, ჩვენი ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის სახელით.
გენერალი _ თქვენ ძალიან ნიჭიერი ხართ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო.
პოლიციის უფროსი _ მე იმავე აზრისა ვარ, როგორც ჩვენი ახლაგაზრდა მეგობარი, ბატონო გენერალო. დაყოვნება – სიკვდილის ტოლფასია! ჩვენი ინფანტისა და მისი ბიძის რეგენტის სახელზე გაგზავნილ ჩემს საიდუმლო მოხსენებაში საგანგებოდ ავღნიშნავ თქვენს თავგანწირვას დამნაშავის დაკითხვის დროს.
გენერალი _ (დათრგუნული) _ მაჩვენეთ ეს ბომბი, მე მოვიფიქრებ.
(პოლიციის უფროსი უჯრიდან ამოიღებს ბომბას და მიაწვდის გენერალს)
გენერლის ადიუტანტი _ დიახ, ეს არის.
გენერალი _ ნამდვილად?
გენერლის ადიუტანტი _ ეჭვგარეშეა.
პოლიციის უფროსი _ აბა, ახლა, უარს ხომ არ ამბობთ ექსპერიმენტზე, ბატონო გენერალო?
გენერალი _ როგორ ბედავთ, სულმოკლეობა დამწამოთ?! შემოიყვანეთ დამნაშავე! (პოლიციის უფროსი ზარს დარეკავს, პოლიციელს სერჟანტი შემოჰყავს)
პოლიციის უფროსი _ (პოლიციელს) _ თქვენ თავისუფალი ხართ. (პოლიციელი გადის. სერჟანტს მიმართავს) _ თქვენ კი ბომბი უნდა ესროლოთ გენერალს.
სერჟანტი _ ახლავე? მაგრამ რატომ?
პოლიციის უფროსი _ ბატონი გენერალი დერეფანში იქნება, თქვენ კი _ აქ.
გენერალი _ იქნებ ეს ექსპერიმენტი ხვალისთვის გადაგვედო, ა?
პოლიციის უფროსი _ როგორც გენებოთ, ბატონო გენერალო, მაგრამ ხვალ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
გენერალი _ არა, არა, არავითარ შემთხვევაში, კეთილი, ახლავე!.. (გენერალი გადის და კარს მიიხურავს. პოლიციის უფროსს სერჟანტი მიჰყავს კაბინეტის შორეულ კუთხეში და ხელში აძლევს ბომბს. გენერლის ადიუტანტი სერჟანტს უხსნის გამოყენების ტექნიკას).
გენერლის ადიუტანტი _ (გენერალს უყვირის) _ ერთი წუთით, ბატონო გენერალო!
გენერალი _ (კარს შემოაღებს) _ რაშია საქმე?
გენერლის ადიუტანტი _ თქვენ კარი ღია უნდა დატოვოთ, ისე ბომბს ვერ გესვრით!
გენერალი _ დიახ, დიახ, მართალია. (კარს ღია სტოვებს და თავად დერეფანში გადის)
გენერლის ადიუტანტი _ (პოლიციის უფროსს) _ მას ჩემი ნიღაბი უნდა გავუკეთოთ, დანაშაული სრულფასოვანი უნდა იყოს!
პოლიციის უფროსი _ გთხოვთ, ბატონო პორუჩიკო, ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით.
გენერლის ადიუტანტი _ (სერჟანტს ნიღაბს გაუკეთებს) _ ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ქალაქში დადიხართ, აი, იქ, ბატონო უფროსო, სადაც ლამაზი გოგოები სეირნობენ, მზე ანათებს, აქ ჩიტები ჭიკჭიკებენ, აი, იქ კი (ხელით ანიშნებს დერეფანს)… იქ _ გენერალია! მისი ორდენები თვალის დამაბრმავებლად ბზინავენ, ჩექმები გამომწვევად ბრწყინავენ. თქვენ კი ფიქრობთ: მან უნდა მიზღოს დღესვე ყოველივე… ის ვალდებულია… საშინელმა გენერალმა!.. (სერჟანტი ბომბს დერეფანში ისვრის, ნათდება, ისმის აფეთქების ხმა, შემდეგ სრული წყვდიადი ისადგურებს, შემდეგ კი ინთება სინათლე. გენერლის ადიუტანტი და პოლიციის უფროსი ერთმანეთის პირისპირ დგანან და სდუმან. ხანგრძლივი პაუზაა.)
პოლიციის უფროსი _ მე მეგონა, რომ თქვენ გიყვარდათ გენერალი. ის თქვენს მიმართ ხომ ძალიან კარგად იყო განწყობილი.
გენერლის ადიუტანტი _ არა, თქვენ უფრო უყვარდით, თქვენ მაინც პოლიციის შეფი ბრძანდებით, თუმცა მსმენია, რომ მათაც ხანდახან უშვებენ ხოლმე პენსიაზე.
პოლიციის უფროსი _ ჩემო მეგობარო, რას იტყოდი ახლა რომ დაგაპატიმროთ? დამეთანხმებით, ბომბთან დაკავშირებული ისტორია და გენერალზე თავდასხმა ეს ორაზროვნებაზე უფრო მეტს ნიშნავს, არა?
გენერლის ადიუტანტი _ სიამოვნებით დაგეთანხმებით, ეს ისტორია არა მარტო ორაზროვანია, არამედ ბნელიც არის, რადგან ძალიან კარგად უნა გამოიძიოს პოლიციის შეფის როლი ამ საქმეში. მე ვფიქრობ, რომ ჩემზე არანაკლებად, თქვენც დაპატიმრებას იმსახურებთ.
პოლიციის უფროსი _ ზედმეტი მოგდით! მე თქვენ დაგაპატიმრებთ!
გენერლის ადიუტანტი _ შესანიშნავია, მაგრამ ვშიშობ, ბატონო პოლიციის უფროსო, რომ თქვენს უფლება-მოვალეობას აჭარბებთ. დამეთანხმეთ, რომ დამნაშავესა და ბომბთან დაკავშირებული ეს სულელური ექსპერიმენტი მთლიანად თქვენს სინდისზეა.
პოლიციის უფროსი _ რა გაგებით, ჩემო ბიჭუნი?
გენერლის ადიუტანტი _ პიდაპირი გაგებით, მამიკო, მე თქვენთან ციხეში ვიჯექი, როგორც მთავრობის მტერი. გეკითხებით: სად გქონდათ თვალები, როცა (შეწყალების) დეკლარაციაზე ხელი მოვაწერე? რატომ გამათავისუფლეთ? თქვენ რაღა პოლიციის უფროსი ხართ, თუ ყოველ პატიმარს შეუძლია გაგცუროს? დაუშვათ, და თქვით, რომ ოო, მისი გარდატეხა ძალიან გულწრფელი იყო! მერე რა? დიახ, ის გულწრფელი იყო. მე საერთოდ, ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ. ამასთან ერთად, სიგიჟემდე თავდადებული მთავრობის მიმართ. ვინ უნდა მიხედოს სულელს, ჰა, ბატონო უფროსო? თუ თქვენ ამას, ყოველთვის უარყოფთ, საცოდავი ინტრიგანის მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუმცა, მოდი საქმეს მივხედოთ. რას იტყოდით, მე რომ დამეპატიმრებინეთ, ჰა?
პოლიციის უფროსი _ დაპატიმრება, ეს ძალზე სერიოზული რამ არის. ზოგს მართლაც ჰგონია, რომ პოლიცია აპატიმრებს ხალხს. არა, ბატონებო, არა! დაპატიმრება ეს პოლიციაზე მაღლა მდგომი რამ არის! იგი ყოვლის შემძლეა! მე _ ძველი პოლიციელი ვარ და ჩემთვის ეს წმინდათა წმინდაა. ამიტომ, გთხოვთ ჩემი დაპატიმრების მიზეზი ამიხსნათ.
გენერლის ადიუტანტი _ სიამოვნებით. პოლიციის შეფის ელემენტარული დანიშნულებაა, რომ გენერალი დაიცვას ტერორისტებისგან. თქვენ ეს გააკეთეთ? თავად თქვენ მიეცით ბომბა ხელში დამნაშავეს, თქვენი ხელი ურევია ამ საქმეში, შეიძლება ისიც ითქვას, მისი ხელით ესროლეთ ბომბი გენერალს, ეს ხომ საშინელებაა?!
პოლიციის უფროსი _ ხომ არ შეიშალეთ? ეს ექსპერიმენტი თავიდან ბოლომდე თქვენ გამოიგონეთ.
გენერლის ადიუტანტი _ მერედა ვინ მიჭერდა ასე აქტიურად მხარს?
პოლიციის უფროსი _ მე დამნაშავე არა ვარ! თქვენ მაიძულეთ! დამნაშავე მხოლოდ თქვენა ხართ!
გენერლის ადიუტანტი _ მაგრამ პოლიციის შეფი თქვენ ხართ და არა მე და გენერლის დაცვა თქვენ გევალებათ, მე _ არა!
პოლიციის უფროსი _ კაი, მაგრამ თქვენ ხომ თქვით, რომ ბომბი არ აფეთქდებაო?
გენერლის ადიუტანტი _ რატომ დამიჯერეთ?
პოლიციის უფროსი _ ო, თქვენ ისე გულწრფელად დაგვარწმუნეთ ყველა, იმაში, რომ მთელი არსებით მთავრობის მხარეზე გადმოხვედით?
გენერლის ადიუტანტი _ დავუშვათ, რომ ასე იყო. მაგრამ პოლიციის შეფი ვალდებულია, რეალურად შეაფასოს მდგომარეობა. ქვეყნად ყველაფერს ორი მხარე გააჩნია, ხშირად, უფრო მეტიც და რომელი მხარე, რა დროს გამოავლენს თავს, მოცემულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
პოლიციის უფროსი _ კეთილი. მაშ მოდით, ვიდრე საქმე გაირკვევა, ერთმანეთი დავაპატიმროთ. (ორივე იღებს ხელბორკილებს და ერთმანეთს მაჯებზე უკეთებენ. შემოდის გენერალი _ ბატონო გენერალო) _ ბატონო გენერალო, თქვენ ცოცხალი ხართ?!
გენერალი _ საპირფარეშოს შევაფარე თავი. სულელი გეგონეთ?
გენერლის ადიუტანტი _ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, პოლიციის უფროსის განცხადებას. იგი ამ საქმის სხვაგვარ დასასრულს ელოდა.
გენერალი _ (ჯიბიდან ხელბორკილს ამოიღებს) _ ბატონებო, მე იძულებული ვარ, დაგაპატიმროთ. აქ შესაძლებელია მხოლოდ ორი ვარიანტი: ან შემთხვევით მოხდა ყოველივე, ან, ვიღაცამ სპეციალურად მომართა ბომბი ასაფეთქებლად. შემთხვევითობის დაპატიმრება მე არ შემიძლია, ამიტომ თქვენ უნდა დაგაპატიმროთ და სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარგადგინოთ. თუმცა ვხედავ, რომ თქვენ ორივე დაპატიმრებული ხართ.
პოლიციის უფროსი _ დიახ, ჩვენ დაპატიმრებულები ვართ და ტრიბუნალის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით და მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პორუჩიკის წარსული ტრიბუნალს სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს.
გენერლის ადიუტანტი _ არ დაგავიწყდეთ, ბატონებო, პროცესი გახმაურებული იქნება, და იქ მე არ გავჩუმდები!
პოლიციის უფროსი _ (უცბად გენერალს წაართმევს ხელბორკილს და მაჯაზე ჩამოაცმევს) _ სამწუხაროდ, თქვენც უნდა დაგაპატიმროთ, ბატონო გენერალო!
გენერალი _ მეც? რატომ, რისთვის?
პოლიციის უფროსი _ პოლიტიკური გამოძიებისადმი არასერიოზეული მიდგომის, სახელმწიფო დამნაშავეთა მიმართ კეთილგანწყობისა და ტერორისტული აქტის წაქეზების გამო.
გენერლის ადიუტანტი _ დამაცადეთ. შეიძლება, რომ პოლიციელმა დააპატიმროს ვინმე, როცა იგი თავად იმყოფება პატიმრობაში? ვფიქრობ, რომ არ შეუძლია. თქვენ რას იტყოდით?
პოლიციის უფროსი _ იმას ვიტყოდი, რომ პატიმარს ხმის ამოღების უფლებაც არა აქვს.
გენერლის ადიუტანტი _ ამ შემთხვევაში ეს თქვენც გეხებათ, ბატონო პოლიციის უფროსო.
გენერალი _ (დაბნეული) _ ბატონებო, მგონია, რომ პოლიცია ძალზედ დატვირთულია საქმეებით.
სერჟანტი _ (ნიღაბს მოიძრობს) _ ხმა ხმა გაიკმინდეთ! პატიმრებო! ყველანი გაჩუმდით! (კედლიდან ჩამოხსნის გირლიანდს და მისი საშუალებით შეკრავს გენერალს, მის ადიუტანტსა და პოლიციის უფროსს. ზარს დარეკავს. შემოდის პოლიციელი) _ ყველანი საკანში დაამწყვდიეთ!
პოლიციელი _ (ქუსლებს შემოჰკრავს) _ არის! (პატიმრები გაჰყავს)
სერჟანტი _ (კედლიდან ჩამოხევს ინფანტისა და რეგენტის სურათებს და ფეხით სთელავს) _ გაუმარჯოს თავისუფლებას! ჩევენ გავიმარჯვეთ!

ფ ა რ დ ა

პოლონურიდან თარგმნა ჯემალ ჭელიძემ

მადლობა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ამ პიესის მოწვდისათვის.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s