ბასა ჯანიკაშვილი: დიქტატურა


Vasil Bassa Janikashvili

სოფო კილასონია

შიში, როგორც კათარზისი, ანუ დიქტატურის სიმპტომები

ბასა ჯანიკაშვილის პიესა BBC-ის რადიოს რჩეულთა შორის

24 საათი, 25.09.09

პროკურორი, მოსამართლე, ჟურნალისტი, ლამარა და ბუზი – ეს იმ არდასახელებული ქვეყნის ერთდროულად უბედური და ბედნიერი პერსონაჟები არიან, რომლის დატევაც ბასა ჯანიკაშვილმა ერთი რიგითი და “კანონმორჩილი” პროკურორის კაბინეტში მოახერხა. ამ კაბინეტში დიდი ამბები ხდება: უცოდველობისგან დამძიმებული ადამიანების კათარზისი, შიშის ზეობა და ჯერ არ დაშვებული დანაშაულებისთვის თვითგვემა. მკაცრი მსაჯული კი თავადაა ბრალმდებული. ამ სივრცეში უბედურების განცდაც დანაშაულია და ტოტალური ბედნიერება – აუცილებლობა. ისინი შიშისგან იტანჯებიან და ერთადერთ გამოსავალს დანაშაულის გრძნობაში, ერთგვარ თვითიძულებით კატარზისში ხედავენ. კათარზისი ჯერ მაინც მისაღწევია და ამ მიზანს მოქმედი პირები თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვაში ხედავენ. პიესა სახელწოდებით “დიქტატურა” ორი დღის წინ BBC-ის რადიო პიესათა კონკურსის რჩეულთა შორის აღმოვაჩინეთ.

საკმაოდ პრესტიჯული და პერსპექტიული კონკურსის მთავარი პრემია, რომელიც 2500 ფუნტ სტერლინგს წარმოადგენს და ორი მიმართულებით გაიცემა (ინგლისურენოვანი და უცხოენოვანი ავტორი) ერგოთ ერინ ბოუნს აშშ-დან და ეფო კოდჯო მაუგბეს განიდან. ამ პრემიის გარდა BBC-ის რადიოს ჟიურიმ ტრადიციულად გამოავლინა კიდევ 4 გამარჯვებული ავტორი რეგიონების მიხედვით: რუსეთი და კავკასია, როგორც ერთი რეგიონი; აზია – წყნარი ოკეანეს რეგიონი; სამხრეთ აზია და მეოთხე – ევროპა. ამ ოთხ გამარჯვებულს შორის არის ქართველი ბასა ჯანიკაშვილი პიესით “დიქტატურა”, რომელიც ინგლისურ ენაზე მაია კიასაშვილმა თარგმნა და სახელწოდებაც შეუცვალა – On the Latch. სწორედ ქართველი ავტორი და აღნიშნული ტექსტი შეარჩიეს მთელი რუსეთისა და კავკასიის რეგიონიდან გაგზავნილ სხვა პიესებს შორის.

“ჩემში შიშმა დაისადგურა. მინდა აგიხსნათ, თუ მომისმენთ. იცით, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. პატიოსანი, წესიერი, ჩემს ცხოვრებაში ბუზი არ მომიკლავს. მაგრამ, ამ ბოლო დროს, ისეთი განცდა მეუფლება, რომ დამიჭერენ. ეს შიში მუდამ ჩემთანაა და ტელეფონი რეკავს, თუ სტუმრადაა ვინმე მოსული, ეს აზრი არ მასვენებს. ბოლოს დავფიქრდი, იქნებ, მართლაც დამნაშავე ვარ და არ ვიცი? გადავწყვიტე, გამოცდილ ადამიანთან მივიდე და აზრი ვკითხო. იქნებ, მე რომ მიმაჩნია, წესიერი ვარო, არ ვარ მთლად სამაგალითო? იქნებ, რაღაცას ვაშავებ და არ ვიცი? იქნებ, ფუნთუშების მოპარვით დავიწყებ და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალებით დავამთავრებ? იქნებ, ჩემი შვილები არასწორად აღვზარდე და ჩემი მეუღლე ტერორისტია? რა ვიცი?! ჰოდა მოვედი, რომ თავი დავიზღვიო და ხმამაღლა განვაცხადო: მე დამნაშავე ვარ, მხოლოდ არ ვიცი რაში.

პროკურორი – ფისი მინდა.

მოქალაქე – დამკითხეთ! დამკითხეთ და დამიმტკიცეთ, რომ დამნაშავე ვარ, რომ საზოგადოებისათვის საშიში ვარ, რომ უდიდესი დანაშაული მიმიძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე! დამკითხეთ დაუნდობლად, სასტიკად დამკითხეთ! ისე დამკითხეთ, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, რომ ცხრაჯერ გულში ლახვარივით მესობოდეს! არ დამინდოთ, არ დამზოგოთ!

პროკურორი – გაეთრიეთ აქიდან!

მოქალაქე – არ გამაგდოთ, არ გამიშვათ, მე დამნაშავე ვარ! განა, საჭიროა ადამიანის დაკავება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე უტყუარი ოპერატიული მასალა მოგეპოვება? განა, შინაგანი შეგრძნება არ კმარა? განა, შიში რომლითაც ჩემი გონებაა შეპყრობილი, არ არის საკმარისი სამხილი ჩემი დაკავებისათვის? როდიდან აღარ აინტერესებს ჩვენს სახელმწიფოს ადამიანის განწყობა?! ამიხსენით, გამაგებინეთ!..”

ამ განწყობით ამ კაბინეტში მხოლოდ სუსტი ნებისყოფის რიგითი მოქალაქე როდი გამაგრდება. იგივე სურვილებითა და ფობიებით შეპყრობილი კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოაღებს კარს – ჯერ მოსამართლე, რომელიც ერთისთვის სამაგალითოა, მეორესთვის არა. მოსამართლე, რომელსაც თავად არ სჯერა საკუთარი “სიმართლისა”, მოსამართლე, რომელიც კანონებსა და ამ “კაბინეტში” დაშვებულ და დაუშვებელ სტანდარტებში გაიხლართა. შემდეგ კარს გააღებს და შეშინებულთ შეუერთდება ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც საკუთარი ხმამაღალი ტექსტების გამო სინდისი აწუხებს. იმისთვისაც იტანჯება რა სიმართლეც უთქვამს და იმ ტყუილისთვისაც, რომელიც დამალა. საბოლოოდ პროკურორიც ხვდება, რომ შიშია სწორედ გადარჩენა და ამ ტიპის მოწამეობრივი აღსასრული მხოლოდ რჩეულთა, ანუ მათი ხვედრია. ამიტომაც არის რომ კარს ჩაკეტავენ და ამ ბედნიერების გაზიარება სხვა დანარჩენებთან არ სურთ.

“დიქტატურა”, რომელსაც ჯანიკაშვილი აღწერს ალბათ ბევრისთვის მაინც აბსურდია. ამ აბსურდულობას ალბათ კიდევ ერთი მოქმედი პირი – ბუზი ამძაფრებს. ბუზი, რომელიც მთელს ამ ისტერიკაში ერთადერთი საღად და რეალისტურად მოაზროვნე არსებად რჩება. ბუზი – ბევრად ადამიანური განცდებითა და ლოგიკით. მაგრამ ეს ხომ ის კაბინეტია, სადაც სუნთქვა ბუზებსაც გაუჭირდებათ… სხვათაშორის, ბუზი ერთადერთია, ვინც ხვდება რომ კაბინეტს თავი უნდა დააღწიოს და აქედან გასვლას ლამობს. თუმცა მგონი ამაოდ…

“დიქტატურა” რამდენიმე თვის წინ (ზუსტად არ მახსოვს როდის) რუსთაველის თეატრის ტრადიციულ პიესათა კითხვებზეც მოვისმინე. პიესას რუსთაველის თეატრის მსახიობები სანახევროდ თამაშობდნენ. მაშინ მაყურებელს, რომელსაც აპლოდისმენტები არ დაუშურია ავტორისთვის, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ბუზის მონოლოგები გაწელილი გახლდათ. მე კი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბუზის შემსრულებელი ვერ მოერია ამ მონოლოგებს. ეს უკვე მეორეხარისხოვანი დეტალებია. ამ შემთხვევაში. მთავარი და კარგი ის იქნება, თუ ამ პიესას რომელიმე სცენაზე დადგამენ. თუ, რა თქმა უნდა, თვითცენზურა არ შეაწუხებთ ქართველ რეჟისორებს. ის, რაც ასე რიგად ახლობელია მათთვის. მათ საყურადღებოდ შეიძლება ითქვას, რომ “დიქტატურას” ეროვნება არ აქვს და ის ძალიან იოლად განსაზოგადებელი რამაა. თანაც განზოგადება არც პიესას აკლია.

ის, რაზეც ბასა ჯანიკაშვილმა დაწერა, ვფიქრობ მისთვის მეტად კონკრეტული მიზეზებისა და მოტივაციით გახლდათ განპირობებული, თუმცა, ბასას სათქმელი ყველა დროის, ყველა კაბინეტისა და ქვეყნისათვის შეიძლება იქცეს პრობლემად, ყველაგან სადაც დაუშვებენ ალბათობას იმისა, რომ დემოკრატიას დიქტატურა ჩაენაცვლება. სწორედ ამიტომაც, პიესის წაკითხვისთანავე ჩემსავით ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს პიესა არა მხოლოდ კარგია, არამედ მას აქვს პოტენცია გახდეს რჩეული ყველა ერისა და პოლიტიკური ორიენტაციის საზოგადოებისთვის. და კიდევ, პიესა, რომელიც კარგად “გაიყიდება”, როგორც ჩვენს სცენაზე, ისე საზღვარგარეთ, თუნდაც დასავლელი მაყურებლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ “დიქტატურა” რადიოსთვისაა ჩაფიქრებული, მთელი მისი მოქმედება და განსაკუთრებით ბოლო ნაწილი ათას ვიზუალურ კადრს წარმოგვადგენინებს. სხვათა შორის, ვფიქრობ, მკითხველს დიდხანს გასტანჯავს კითხვა, – მაინც სად ნახა იგივე და სად ამოიკითხა მსგავსი? პირადად მე ვერ მოვიგონე ამ სიუჟეტთან ძალიან ახლოს მყოფი სხვა ვერც ერთი პიესა, კინოსცენარი ან ამბავი… (ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი არაფერი დაწერილა), თუმცაღა ჯერ ისევ ვიტანჯები ძიებით…

BBC-ს რადიოს ზუსტად იგივე პრემია შარშან წინ ლაშა ბუღაძემ დაიმსახურა, პიესისთვის “როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს”. მაშინაც, ისე როგორც წელს, ქართველმა ავტორმა აჯობა კავკასიის რეგიონისა და რუსეთის ავტორებს. ასე რომ, ხანდახან ღირს დაფიქრება, იქნებ ქართველი რეჟისორებისა და თეატრალების პრეტენზიები თანამედროვე ქართული დრამატურგიის მიმართ არ არის საფუძვლიანი? იქნებ, პრობლემა არა დრამატურგიაშია, არამედ ერთხელ მიღებულსა და შეთვისებულ თეატრალურ ფორმებში, რომელსაც ქართული რეჟისურა ვეღარ გასცდა?

რაც შეეხება ისევ ბასა ჯანიკაშვილს, როგორც ტავად გვითხრა “დიქტატურა” საქართველოში დამოუკიდებელ წიგნად გამოიცემა. ამის შემდეგ მას აშკარად ექნება უფლება მომავალი “საბასთვის” (დრამატურგიის ნომინაციის ფარგლებში) იბრძოლოს და დაიმსახუროს კიდეც. მკითხველს შევახსენებ, რომ 2009 წლის ლიტერატურული პრემიის “საბა” დრამატურგიის ნომინაციაში ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ბასა ჯანიკაშვილი (“სულიკო”), ლაშა ბუღაძე (“ნაფტალინი”) და ირაკლი სამსონაძე (“ყოფილების სარეცელი”). ურიგო ნამდვილად არც ერთი ტექსტი არ გახლავთ, თუმცა “ნაფტალინის” უპირატესობა იმ ცოტათაგან, ვისაც სამივე წაკითხული გვქონდა, ალბათ ცხადი გახლდათ. მაგრამ ეს იყო უკვე შარშან. 2010 წლის “საბას” მოსაპოვებლად ჯანიკაშვილს პრაქტიკულად უკვე ძლიერი სვლა აქვს განხორციელებული. თუმცა, “დიქტატურა” მაინც ორ პირობაზე იქნება დამოკიდებული: პირველი იმაზე, თუ რას დაწერენ და წარადგენენ კოლეგები და კიდევ იმაზე და ბევრად მნიშვნელოვანზე, თუ რამდენად თავისუფალი აღმოჩნდება “საბას” ახალი ჟიური. თავისუფალი ისევ და ისევ მარტივი, მაგრამ ბევრის განმსაზღვრელი თვითცენზურისგან. თავისუფალი იმ აბსურდული შიშისგან, რომელიც ჯანიკაშვილის ინსპირაციის წყარო გახდა. აღარაფერს ვიტყვით საქართველოში არსებულთა შორის მეორე ლიტერატურულ პრემიაზე, რომელიც თბილისის საკრებულოს ინიციატივაა და მის საპრიზო ფონდსაც ქალაქის ხელმძღვანელობა ქმნის.

Highly commended and commended plays

19 august, 2009 – 17:17 GMT

Winners

Prizewinner of English as a first language

Erin Browne for Trying – USA

Prizewinner of English as a second language

Efo Kodjo Mawugbe for The Prison Graduates – Ghana

Regional Winners

Russia and the Caucuses

Vasil Bassa Janikashvili for On the Latch – Georgia

Asia Pacific

Anna Bennetts for Shift – Australia

South Asia

Meher Pestonji for Feeding Crows – India

Europe

Csaba Székely for Do you like Banana, Comrades? – Romania

გამომცემლობა "სიესტა", 2009

დიქტატურა

(პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირნი:

პროკურორი
მოქალაქე
მოსამართლე
ჟურნალისტი
ლამარა – დამლაგებელი
ბუზი

პიესის განმავლობაში ადგილი უცვლელია. ეს პროკურორის სამუშაო ოთახია.
ოთახში ხის დიდი მაგიდა, ძველისძველი კარადა და რამდენიმე სკამი დგას.
როგორც ასეთ შენობებში იციან, ფანჯარა იმაზე მაღლაა გამოჭრილი ვიდრე
ჩვეულებრივ დაწესებულებებში. ესეც საყურადღებოა, იმიტომ, რომ იქ ბუზია.
მაგიდა ქაღალდებითაა სავსე. კედელზე მაღალჩინოსანის სურათი ჰკიდია. მის
გვერდით სალოცავი კუთხეა მოწყობილი: რამდენიმე ხატით და ჯვრით.
რეჟისორმა გადაწყვიტოს მაღალჩინოსანის პორტრეტი რეალური პერსონაჟი
იქნება თუ აბსტრაქტული ხელისუფალის განსახიერება.

ახლა პროკურორს დავაკვირდეთ. იგი მაგიდასთან ზის და `საქმეებში~
თავჩარგული მუშაობს. რა არის პროკურორის მუშაობა? კითხვა, კითხვა და
კიდევ საბრალდებო დასკვნების წერა.

ისეთი სიჩუმეა ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ და ის მართლაც გვესმის.
ბუზი ფანჯრის მინის გამსხვრევას საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე აპირებს.
თავით მინას ეხეთქება: ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!!
პროკურორის ოთახში შემოსასვლელი მძიმე ხის კარი ჭრიალით იღება.
გამოჩნდება მოქალაქე.

მოქალაქე – (ოთახში მხოლოდ თავს შემოჰყოფს) ბატონო პროკურორო, მოვედი…

(პროკურორი არ პასუხობს. მუშაობას განაგრძობს)

მოქალაქე – (ჩაახველებს) ხმმ… უკაცრავად, მე მოვედი…
პროკურორი – დიახ?!
მოქალაქე – მე, ერთი უბრალო მოქალაქე ვარ. ამ ქვეყნის უბედური შვილი, არა, უფრო სწორად, ბედნიერი შვილი. ჰმმ… რა სისულელეს მივედ-მოვედები.
პროკურორი – რა გნებავთ?!
მოქალაქე – ბევრი არაფერი. მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩემი ნებით, ასე ვთქვათ, საკუთარი ხედვით გეახელით.
პროკურორი – თქვენთვის არ მცალია, მოქალაქე. მოხურეთ კარი!
მოქალაქე – კი ბატონო.

(ხის მძიმე კარი ჭრიალით იკეტება. ორიოდე წამი პროკურორის გონებიდან
ფურცელზე კალმით გადატანილი აზრების შრიალით უნდა დავტკბეთ, მაგრამ
ამის ნაცვლად, კვლავ ბუზის ხმა გვესმის. ის თავით მინას ეხეთქება: ბზზზ…
ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! მოულოდნელად მძიმე ხის კარი კვლავ იღება და
მოქალაქე გამოჩნდება)

პროკურორი – (მხოლოდ ახლა შეხედავს მოქალაქეს) ხომ გითხარით, მოქალაქე, თქვენთვის არ მცალია, მოხურეთ კარი!
მოქალაქე – ახლა კარი რომ მოვხურო, იცოდეთ, ვეღარასდროს შევძლებ მის გაღებას.
პროკურორი – რას გულისხმობთ?
მოქალაქე – ისედაც, ძალიან მიმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ძლივს მოვედი თქვენამდე, ახლა კი, მეუბნებით, წადიო.
პროკურორი – თქვენი მძიმე გადაწყვეტილებებისათვის თავად უნდა მიგეხედათ, მოქალაქე.
მოქალაქე – კი მაგრამ, არ გაინტერესებთ, რა საქმეზე ვარ მოსული?
პროკურორი – არა!
მოქალაქე – კი, მაგრამ…
პროკურორი – (ყვირილით, რომელსაც მაგიდაზე ხელის დარტყმა მოსდევს) გაეთრიეთ აქიდან!
მოქალაქე – მე არ შემოვსულვარ, მხოლოდ თავი მაქვს შემოყოფილი.
პროკურორი – ხუმრობის ხასიათზე ვართ?!
მოქალაქე – რას მიყვირით, ნეტავ ვიცოდე? ამ ქვეყნის მოქალაქეს აღიარებითი ჩვენების მიცემა რომ უნდოდეს, პროკურორმა არ უნდა მოუსმინოს?
პროკურორი – რა უნდა აღიაროს, თქვენი გარეგნობის პატრონმა?!
მოქალაქე – არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ დანაშაული მიმიძღვის.
პროკურორი – მოხურეთ კარი, უკანასკნელად გაფრთხილებთ!
მოქალაქე – კი ბატონო, მაგრამ იცოდეთ, თქვენს კისერზე იქნება ჩემი ქვეყნის ბედი.

(მოქალაქე კარის უკან უჩინარდება. პროკურორი სწრაფად დგება და მოქალაქეს
გამოუდგება)

პროკურორი – მოქალაქე, შეჩერდით, დამელოდეთ, მოქალაქე, არ წახვიდეთ. (ოთახიდან გადის. ხმა დერეფნიდან) თქვენ ვერ გამიგეთ, შეჩერდით, ნუ მირბიხართ… (ნელ-ნელა მისი სიტყვები უფრო შორიდან გვესმის)

(ფანჯარასთან მებრძოლი ბუზი უმოწყალოდ ცდილობს შუშის გატეხვას და
პროკურორის ოთახიდან თავის დაღწევას. ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!!
რამდენიმე წამში პროკურორი და მოქალაქე ოთახში ბრუნდებიან)

პროკურორი – (აქოშინებული) მობრძანდით, მოქალაქე, მობრძანდით, აი, აი, აქ დაბრძანდით. (მოქალაქეს სკამს დაუდგამს) დაბრძანდით, დაბრძანდით, ასე ვთქვათ, მოკალათდით. ჩვენში იციან ასე თქმა…
მოქალაქე – (ჯდება) გმადლობთ, გმადლობთ…
პროკურორი – რატომ თავიდანვე არ მითხარით, ასეთ საქმეს თუ აპირებდით?
მოქალაქე – აკი გითხარით, შემოვალ მეთქი?
პროკურორი – ეტყობა, ვერ გავიგე.
მოქალაქე – როგორ თუ ვერ გაიგეთ? მე გარკვევით მოგახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი და მინდოდა ყველაფერი დაწვრილებით მომეხსენებინა.
პროკურორი – დავივიწყოთ გაუგებრობანი, ხდება ხოლმე… იმდენი სამუშაო მაქვს, ხომ ხედავთ, სულ ფურცლებში ვარ ჩაფლული. არადა, პროკურორი რომ ვხდებოდი, მეგონა, საქმეებს გამოვიძიებდი, აი, როგორც შერლოკ ჰოლმსი, ან ვინ გითხრათ, აი, კონოებში რომაა, ცნობილი დეტექტივები გამოძიებას რომ ატარებენ, ხელში დიდი გამადიდებელი შუშით და სამხილეების მოძიებით… აქ, კი, ხედავთ თქვენ თვითონ, თავზე რამდენი საქმე მაყრია. თითქოს, ამ ოქმებში იყოს ჩამალული დანაშაულის კვალი.
მოქალაქე – მე ვთვლიდი, რომ პროკურორის საქმე ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
პროკურორი – კარგით რა? აბა შეხედეთ. აი, ამ საქმეებს დააკვირდით, ათეული, ასეული ტომი და რად გინდა? სიტყვები, სიტყვები, სიტყვები… როგორც შექსპირი იტყოდა. მე კი, ასე მიყვარს თქმა: ტომები, ტომები, ტომები…
მოქალაქე – არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
პროკურორი – აბა რას ბრძანებთ, ეგ რა მოსატანია.
მოქალაქე – საიდან დავიწყო?
პროკურორი – მაშასადამე, თქვენ პრეზიდენტის მოკვლას აპირებდით?
მოქალაქე – მე?! საიდან მოიტანეთ? ეგ არც მიფიქრია.
პროკურორი – თქვენ თვითონ არა სთქვით, პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშიაო?
მოქალაქე – მართლა ასე ვთქვი?
პროკურორი – ნამდვილად.
მოქალაქე – რატომ არ მახსოვს?
პროკურორი – კარგით, დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ. სიგარეტს მოწევთ?
მოქალაქე – სიამოვნებით.
პროკურორი – ინებეთ.
მოქალაქე – დიდი მადლობა.
მოქალაქე – (ღრმა ნაფაზს ურტყამს) ფუუ… რა სიგარეტია?
პროკურორი – საქმეზე გადავიდეთ…
მოქალაქე – ნუ მაჩქარებთ. (ღრმა ნაფაზს ურტყამს) ფუუ… მინდა ცოტა რამ ჩემს თავზე მოგიყვეთ.
პროკურორი – საინტერესოა, საინტერესოა, მაგრამ მოკლედ თუ შეიძლება.
მოქალაქე – შევეცდები. ისე, თავზე თუ არ დამადგებით და დაჯდებით, უკეთესი იქნება. თორემ, ისე მგონია, რომ მაჩქარებთ. სიჩქარეში, კი აზრების მოკრება მიჭირს და შეიძლება…
პროკურორი – კი ბატონი, გისმენთ გაფაციცებით.
მოქალაქე – მე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვარ. ამ ქვეყნის უბედური შვილი.
პროკურორი – თქვენ ეს უკვე თქვით.
მოქალაქე – მართლა? ყურადღება არ მიმიქცევია. (ღრმა ნაფაზს ურტყამს) ფუუ… ამ ბოლო დროს, იშვიათად, სადმე თუ შეგხვდება კარგი, ნამდვილი ამერიკული თამბაქო…
პროკურორი – (აწყვეტინებს) გთხოვთ, საქმეს დაუბრუნდით.
მოქალაქე – აკი გითხარით, ჩემისთანა ამ ქვეყანაში უამრავია. ის, ვინც ყოველდღიურ სარჩოზე ზრუნავს, ოჯახის შენახვას ცდილობს და მოჩვენებითი სტაბილურობით თავს იქცევს.
პროკურორი – ეს ყველაფერი პრეზიდენტის მკვლელობასთან რა შუაშია?
მოქალაქე – ეგ რამ გაფიქრებინათ?
პროკურორი – უკაცრავად, განაგრძეთ, განაგრძეთ…
მოქალაქე – ვმუშაობ. (ღრმა ნაფაზს ურტყამს) ფუუ…
პროკურორი – საეჭვოდ დიდხანს ეწევით სიგარეტს?
მოქალაქე – ინჟინერი ვარ პროფესიით, ისე, საცხობში ვმუშაობ, მტვირთავად. რომ გითხრათ, ჩემი სამსახურით აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ოჯახს ხომ უნდა რჩენა?
პროკურორი – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა…
მოქალაქე – მყავს მეუღლე და ორი შვილი
პროკურორი – რა თქმა უნდა!
მოქალაქე – მიყვარს ჩემი სამშობლო. ვარ გულანთებული პატრიოტი და ასე შემდეგ. გაინტერესებთ, აქ რატომ მოვედი?
პროკურორი – სიგარეტს ხომ არ ინებებთ კიდევ?!
მოქალაქე – ხუმრობთ ალბათ.
პროკურორი – რა დროს ხუმრობაა! მოწიეთ, მოწიეთ.
მოქალაქე – მინდა გული გადაგიშალოთ და აღიარებითი ჩვენება მოგახსენოთ.
პროკურორი – სიამოვნებით მოვისმენ.
მოქალაქე – საქმე ისაა, რომ დანაშაული ჯერ არ ჩამიდენია და არც ვაპირებ რაიმე უკანონო მოვიმოქმედო, მაგრამ…
პროკურორი – …მაგრამ პრეზიდენტის მკვლელობა მაინც ჩაიფიქრეთ?
მოქალაქე – და რას გადაეკიდეთ, პრეზიდენტის მკვლელობას?
პროკურორი – აბა, რა ჯანდაბას აკეთებთ აქ?
მოქალაქე – მეშინია!
პროკურორი – რისი გეშინიათ?!!
მოქალაქე – მეშინია, იქნებ რამე დანაშაული მაქვს ჩადენილი და არ ვიცი?
პროკურორი – ერთი წუთით, ერთი წუთით?!
მოქალაქე – ამ ქვეყანაში ყველას იჭერენ, აპატიმრებენ, ადანაშაულებენ, მე კიდევ, ჩემი ფეხით მოვედი, რომ დამაკავოთ, დამკითხოთ, იქნებ, რაიმე დანაშაული მიმიძღვის ქვეყნისა და ერის წინაშე?
პროკურორი – და თქვენ, როგორ გრძნობთ, დამნაშავე ხართ?
მოქალაქე – რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ! აბა, რატომ გეახელით?! მხოლოდ, არ ვიცი რატომ. ვიფიქრე, სანამ თვითონ წამიყვანენ, ჩემი ფეხით მივალ, გამოვცხადდები, იქნებ, დამკითხონ და მივხვდე, რაში ვარ დამნაშავე-მეთქი.
პროკურორი – ეგებ, გაიხსენოთ, რამე უკანონო ხომ არ ჩაგიდენიათ?
მოქალაქე – თუ არ ჩავთვლით, რომ დღის ბოლოს, მონარჩენი ფუნთუშები შინ მიმაქვს და ნაგვის ურნაში არ ვყრი.
პროკურორი – და რატომ მეგონა, რომ მკვლელობა გქონდათ ჩაფიქრებული?
მოქალაქე – თქვენ თვითონ ჩააცივდით. მე გითხარით, აღიარებითი ჩვენება მინდა ჩაგაბაროთ-მეთქი. ეს, ქვეყნის მომავალს ეხება-თქო.
პროკურორი – მგონი, ზედმეტად ნერვიულობთ.
მოქალაქე – იმიტომ, რომ ჩემში შიშმა დაისადგურა. მინდა აგიხსნათ, თუ მომისმენთ. იცით, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. პატიოსანი, წესიერი, ჩემს ცხოვრებაში ბუზი არ მომიკლავს. მაგრამ, ამ ბოლო დროს, ისეთი განცდა მეუფლება, რომ დამიჭერენ. ეს შიში მუდამ ჩემთანაა და ტელეფონი რეკავს, თუ სტუმრადაა ვინმე მოსული, ეს აზრი არ მასვენებს. ბოლოს დავფიქრდი, იქნებ, მართლაც დამნაშავე ვარ და არ ვიცი? გადავწყვიტე, გამოცდილ ადამიანთან მივიდე და აზრი ვკითხო. იქნებ, მე რომ მიმაჩნია, წესიერი ვარო, არ ვარ მთლად სამაგალითო? იქნებ, რაღაცას ვაშავებ და არ ვიცი? იქნებ, ფუნთუშების მოპარვით დავიწყებ და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალებით დავამთავრებ? იქნებ, ჩემი შვილები არასწორად აღვზარდე და ჩემი მეუღლე ტერორისტია? რა ვიცი?! ჰოდა მოვედი, რომ თავი დავიზღვიო და ხმამაღლა განვაცხადო: მე დამნაშავე ვარ, მხოლოდ არ ვიცი რაში.
პროკურორი – ფისი მინდა.
მოქალაქე – დამკითხეთ! დამკითხეთ და დამიმტკიცეთ, რომ დამნაშავე ვარ, რომ საზოგადოებისათვის საშიში ვარ, რომ უდიდესი დანაშაული მიმიძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე! დამკითხეთ დაუნდობლად, სასტიკად დამკითხეთ! ისე დამკითხეთ, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, რომ ცხრაჯერ გულში ლახვარივით მესობოდეს! არ დამინდოთ, არ დამზოგოთ!
პროკურორი – გაეთრიეთ აქიდან!
მოქალაქე – არ გამაგდოთ, არ გამიშვათ, მე დამნაშავე ვარ! განა, საჭიროა ადამიანის დაკავება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე უტყუარი ოპერატიული მასალა მოგეპოვება? განა, შინაგანი შეგრძნება არ კმარა? განა, შიში რომლითაც ჩემი გონაბაა შეპყრობილი, არ არის საკმარისი სამხილი ჩემი დაკავებისათვის? როდიდან აღარ აინტერესებს ჩვენს სახელმწიფოს ადამიანის განწყობა?! ამიხსენით, გამაგებინეთ!

(ხის მძიმე კარზე კაკუნის ხმა ისმის. ოთახში ჩხუბი წყდება. კაკუნი მეორდება.
ხის მძიმე კარი ჭრიალით იღება. შემოდის მოსამართლე)

მოსამართლე – ადრე, ჩემთვის ყველა კარი თავისით იღებოდა.
პროკურორი – ახლა სხვა დროა.
მოსამართლე – მე მოსამართლე ვარ. გითხრათ ჩემი კრედო? ეს არის ჭეშმარიტების ძიება, ავტორიტეტებისადმი ქედმოუხრელობა, `პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…~ სიყვარული და ერთგულება არჩეული პროფესიისადმი. ჩემი დევიზი? სწავლებით ვსწავლობთ, გასამართლებით ვსამართლდებით. ჩემი ინტერესების სფეროა შუამდინარული კულტურა, ქართული დრამატურგია, ფოლკლორი, მითოლოგია, რელიგიის ისტორია, ბიბლეისტიკა, სამართალის არსი. შეიძლება შემოვიდე? (ხის მძიმე კარს კეტავს) უცაბედად, თქვენი საუბრის შეწყვეტა გამოვიწვიე, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. მე პროკურორს ვეძებ.
პროკურორი – თქვენ ის ცნობილი მოსამართლე არა ხართ, ვინც შიშის ზარს ცემს დამნაშავეთა სამყაროს? ვინც სპეტაკია როგორც თეთრი ფურცელი, მოუსყიდავია ვით უზენაესი და ბრძენია როგორც სოკრატე? მობრძანდით…
მოსამართლე – ასე უცაბედად, გაუფრთხილებლად მოვედი. მომიტევეთ ჩემი თავხედობა.
პროკურორი – რას ბრძანებთ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, ამ პატარა სოროში.
მოსამართლე – სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ ვგონებ, ხელი შეგიშალეთ.
პროკურორი – ეს მოქალაქე პირად საქმეზეა მოსული.
მოსამართლე – მათი პირადი საქმე – ჩვენი საზრუნავია.
პროკურორი – რა თქმა უნდა, თუ იცი რა არის საქმე.
მოსამართლე – ასე გართულდა პროკურორად მუშაობა?
პროკურორი – მოგეხსენებათ, დიქტატურის პირობებში, პირველი ვისაც ენდობა ხელისუფალი ეს ძალოვანი სტუქტურებია. პოლიცია, პროკურატურა.
მოსამართლე – სამწუხაროდ, სასამართლო ისეთივე ზედმეტია, როგორც აი, ეს მოქალაქე.
პროკურორი – მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ დამნაშავესა და პატიოსან მოქალაქეს შორის ზღვარი გავავლოთ.
მოსამართლე – მაგრამ, თქვენს ეჭვებს სასამართლო უნდა ამტკიცებდეს ან აბათილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი, როგორც მოსამართლის ფუნქცია ზედმეტ ტვირთად დააწვება სახელმწიფოს.
პროკურორი – მართალს ბრძანებთ, ბატონო მოსამართლე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეშმაკს ადვოკატი არ სჭირდება.
მოსამართლე – ისევე როგორც წმინდანს.

(წმინდანის ხსენებაზე სამივე უნებლიეთ მაღლა აიხედავს. დაღლილი ბუზი
ფანჯრის რაფაზე სულის მოსათქმელად ჩამოჯდება)

ბუზი – მე ბუზი ვარ. უბრალო ბუზი. შემთხვევით, დამლაგებლის ჭუჭყიან ცოცხს შემოვყევი და აგერ უკვე რა ხანია, გაღწევას ვცდილობ. ო-ო, საშინელი ყოფილა პროკურატურის ბინძური ცოცხი. რა არ მინახავს, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ, ასეთ ანტისანიტარიას არსად შევხვედრილვარ. გესმით ალბათ, ეს განწირული სულისკვეთება. აი, მომისმინეთ… (ფანჯარას თავით ეხეთქება) ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ჩემი გამოლაყებული ჩალის თავი, აი, ამ მინას ეხეთქება და ვერავინ მოიფიქრა, ფანჯარა გამიღოს. არადა, რა უნდა ამას? მაგრამ, რაში ენაღველბათ, ერთი უბრალო ბუზის ბედი? არა, ამ ქვეყანაში მართლაც არ ღირს ცხოვრება. სადმე უნდა წავიდე, მოვშორდე. მაგრამ, სად წავიდე? რომელ ქვეყანაში? ვის ვჭირდები იქ, იმ უცხო ბუზებში? ჭურჭლის მრეცხავად ხომ არ ვიმუშავებ, ან დამლაგებლად? აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ყველაფერი მივატოვო და გადავიკარგო. არა და, რა უნდა? აეროპორტამდე მიმაღწევინა და მერე, მე ვიცი, მესაზღვრეებს თავი როგორ დავაღწიო. ამბობენ, იქაური საპასპორტო ძალიან მკაცრიაო. შეიძლება, არც შეგიშვან და უკან იმავე თვითმფრინავს გამოგაყოლონო. არადა, აქ ოჯახის მიტოვება მიჭირს. რა უნდა უთხრა, ჩემს პატარა ბუზუკებს? აქაური ნეხვის ჭამა მომბეზრდა და კაპიტალისტური მინდა-თქო? ხომ მეტყვიან, ჩვენც გვინდაო? ხომ მეტყვიან?! რა პასუხი გავცე? ძალიან ძნელია, ჩემი ასაკის ბუზმა ოჯახი მიატოვოს და უცხო ქვეყანაში გადაბარგდეს. არადა, საქმე იქამდე მიდის, რომ მომიწევს. აბა, იქ რომ ვიყო, მაგალითად, ინგლისში… წარმოიდგინეთ… უჰ, რა იქნება? შესანიშნავი! მე ვიტყოდი – არაჩვეულებრივი! აბა, რომელი ინგლისელი ვერ მოიფიქრებდა იმას, რომ ფანჯარა გაეღო და გარეთ გავეშვი? სად ინგლისელი პროკურორი და სად ჩვენებური? არა, არა, უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, თავს უნდა ვუშველო. არც გამემტყუნება. აბა, ერთი შეხედეთ ამათ. ერთი პროკურორი, ერთი ვიგინდარა მოქალაქე და ერთი ვითომ მოსამართლე. გადაყრილი ფუნთუშების გარდა არაფერი მომიპარავსო. ამას შეხედეთ, არა, მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ იტყუება. დარწმუნებული ვარ, ყოფილი სამსახურიდანაც იმიტომ გამოაგდეს, რამეს მოიპარავდა. ან ნათურას, ან სახაზავს, ან სულაც ფანქარს. ეს ხომ საბჭოთა ხალხის მოთხოვნილებაა, სამსახურიდან ჩუმათ წამოიღოს რამე. იმიტომაც გამოაგდებდნენ. დარჩა უმუშევარი და მადლობა თქვას, ფუნთუშების მტვირთავი რომ გახდა. თორემ, მისნაირები უმუშევრად ყრიან ქუჩაში. რამდენი მინახავს ასეთი. შეფრინდები სახლში და რას ნახავ? ცარიელ თაროებს, გამოფხეკილ ნაგვის ურნას და მშრალ ჭურჭლის სარეცხს. არაფერი მაგათ სამზარეულოში არ ყრია. ამას კიდევ, ფუნთუშების ზიდვა დაუწყია და მაინც იპარავს. აი, ნამდვილი საბჭოთა მოქალაქე! არა, აქაც იმიტომ მოვიდა, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაული გადაფაროს. თორემ, იმ დიქტატურას რა ვუთხარი, ამისთანებს რომ დაიჭერენ. ვის უნდა ამის გამოლაყებული თავი? რამე მაინც ეყაროს შიგნით. მე თუ მკითხავთ, დიქტატურა სწორედ ის არის, რომ კანონი კანონობდეს და დამნაშავე დაისაჯოს, თორემ რა გამოვა? ნემსის ქურდი გავუშვათ და აქლემისა დავიჭიროთ? ნურას უკაცრავად! კანონი უნდა კანონობდეს! ერთი აქიდან გამაღწევინა და მაღალ ღმერთს ვფიცავ, თუ ოდესმე მოვფრინდე პროკურატურაში. არა, რა მინდოდა ლამარას ამორალურ ცოცხში? მეტის ღირსი ვარ. (ფანჯარას თავით ეხეთქება) ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!!

(პროკურორი, მოქალაქე და მოსამართლე ქვევით ჩამოიხედავენ. ბუზის გარდა
ვერაფერი შენიშნეს)

პროკურორი – ეს-ეს არის, კიდევ ერთი იმედი გამიცრუვდა. ვიფიქრე, დიდ საქმეს გავხსნი-მეთქი და აი, რას ხედავთ? ერთი რიგითი ქვეყნის უბედური შვილი, რომელიც დიქტატურას ისე დაუშინებია, ყველგან დანაშაული ელანდება. რა იქნებოდა, რომ ეთქვა, პრეზიდენტის მოკვლას ვაპირებო, ან სახელმწიფო გადატრიალებას ვამზადებო, ან ვითომ, პატარა ტერაქტს ვგეგმავდეო, რა მოხდა მერე? თქვენთვის სულ ერთი არ არის, რა მუხლით დაგაკავებდით? მაინც გეშინიათ! იქნებ, იქნებ, რამე მძიმე დანაშაული აიღოთ თქვენს თავზე და ორივენი ვიხეირებთ? იქნებ…
მოქალაქე – (პროკურორს) თქვენ ვერ გამიგეთ, მე არაფერი დამიშავებია და არც ვაპირებ. უბრალოდ, მეშინია, იქნებ რაიმე დავაშავე და არ ვიცი?
პროკურორი – ხედავთ, ბატონო მოსამართლე? თქვენ კიდევ ამბობთ, რომ სასამართლო საჭიროაო. იცით, რა არის დიქტატურის დადებითი მხარე? მტყვანსაც და მართალსაც კანონის მორჩილებას აჩვევს. თქვენ ფიქრობთ, პროკურატურაში არ იციან, რომ სამართალი საჭიროა? მაგრამ, ისეთ ქვეყანაში როგორიც ჩვენია, სამართალს თავისუფლებით ვერ დაამყარებ. ჯერ შიშია საჭირო და შემდეგ სამართალი.
მოსამართლე – გეთანხმებით.
პროკურორი – მაგრამ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია! არა, ხომ შეიძლება, რომ თქვას – არ მახსოვს, ან, მგონი დავაშავე, ან, არ ვარ დარწმუნებული, ან, არ მეგონა, ან, რას ვიფიქრებდი, ან ჯანდაბას ჩემი თავი, ან, რა ჩემი ბრალია, არა! არაფერი მსგავსი, რომ ხელმოსაკიდი მქონდეს. არც ნარკომანს გავს და არც კრიმინალს. შესანიშნავი მასალაა დეტექტიური წიგნისათვის. შეხედეთ, შეხედეთ რასა ჰგავს!
მოქალაქე – შეიძლება, კიდევ ერთი ღერი მოვწიო? გადავწყიტე სიგარეტი აღარ ვიყიდო. გმადლობთ. (სიგარეტს მოუკიდებს. ღრმა ნაფაზს დაარტყამს) ფუუ… დღეს მეორე ღერია. მაგრამ, არაჩვეულებრივია ეს მეორე ღერი, (ღრმა ნაფაზს დაარტყამს) ფუუ… იცით, ერთხელ უკვე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, მთელი ექვსი თვე არ ვეწეოდი და აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა?
პროკურორი – როგორც ვხედავ, მოწევა დაგიწყიათ.
მოქალაქე – იმიტომ, რომ მივხვდი, რომ სიგარეტის დანებება ადვილი ყოფილა. (ღრმა ნაფაზს დაარტყამს) ფუუ… აი სწორედ ასე, როგორც ახლა ვეწევი, ზუსტად ასე, შემიძლია აღარ მოვწიო.
პროკურორი – მით უმეტეს მაშინ, როდესაც კოლოფი უკვე თითქმის ცარიელია და აქ დიდხანს მომიწევს ყოფნა.
მოქალაქე – თქვენ, ბატონო მოსამართლე, არ გიფიქრიათ, უფრო სწორად, თავი თუ დაგინებებიათ სიგარეტისათვის?
პროკურორი – (მოსამართლეს) ხედავთ, რა თავხედია?
მოსამართლე – (პროკურორს) ასეთი ძალაუფლების პატრონი, როგორც თქვენ ხართ, მისი გაპანღურება, არ უნდა გაგჭირვებოდათ.
პროკურორი – ან დაჭერა.
მოქალაქე – კიდევ კარგი, ბატონო მოსამართლე, თქვენ რომ არა, არ მიჭერდა. დიდი მადლობა დახმარებისათვის. იმედია სასამართლოზე რომ წარვსდგები, ჩემი ნებაყოფლობით ჩაბარების სურვილს არ დაივიწყებთ.
პროკურორი – (მოსამართლეს) მგონი, უკვე თქვენც გაშაყირებთ.
მოსამართლე – (მოქალაქეს) მე ჩემო ბატონო, ვერაფრით დაგეხმარებით. ახლა პროკურატურის ხელშია თქვენი ბედიც და უბედობაც.
მოქალაქე – (მოსამართლეს) რატომ ვითომ?
მოსამართლე – იმიტომ, რომ ქვეყანაში დიქტატურაა.
მოქალაქე – მერე რა, რომ დიქტატურაა? მერე რა, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? მე, არ უნდა მქონდეს იმის უფლება, რომ დამიჭირონ? ვერ გავიგე, ეგ სადაური დიქტატურაა.
პროკურორი – (მოსამართლეს) სადაური და აქაური დიქტატურაა. ვისაც მინდა იმას დავიჭერ. (მოქალაქეს) აი, თქვენი დაჭერა არ მინდა და ვერც ძალით დამაჭერინებთ თავს.
მოქალაქე – მე თქვენ აღარ გელაპარაკებით. მე მოსამართლეს მივმართავ და გთხოვთ, ჩვენს საუბარში ნუ ერევით.
პროკურორი – აი, რომ არ დაგიჭერთ და ქუჩაში მიგაბრძანებთ, მერე ვნახავთ, ვის საუბარში ჩავერევი და ვისაში არა!
მოქალაქე – ტონს ნუ უწევთ! ბატონო მოსამართლე, უთხარით რამე, თორემ ამდენი უსამართლობით ლამისაა გამისკდეს გული.
პროკურორი – შეხედეთ, შეხედეთ, ჯერ იყო და მორიდებით შემოვიდა, აქაოდა 2 წუთითო და ახლა, უკვე ჩემს ოთახში, მე მაძლევს ბრძანებებს. არ დაგაპატიმრებთ!
მოქალაქე – დამაპატიმრებთ!
პროკურორი – არა, არ დაგაპატიმრებთ!
მოქალაქე – დიახაც, დამაპატიმრებთ!
პროკურორი – ფეხებსაც ვერ მოგჭამ!
მოქალაქე – მომჭამ, ფეხებსაც მომჭამ და დამაპატიმრებ კიდეც!
პროკურორი – არა, არა მეთქი, არ დაგაპატიმრებ! მე შენს გამო თავს მასხრად არ ავიგდებ!
მოქალაქე – (მოსამართლეს) ხედავთ, ხედავთ თურმე, საკუთარ სახელზე ზრუნავს და ქვეყნის უსაფრთხოება არაფრად მიაჩნია.
პროკურორი –(მოსამართლეს) რა უნდა უთხრა ჩემს უფროსებს, ეს მასხარა დავიჭირე-თქო? არ მკითხავენ, რა დააშავაო და რა ვუპასუხო? არ ვიცი და არც იმან არ იცის-მეთქი? მხოლოდ იმიტომ ხომ არ დავიჭერ, რომ დაჭერის ეშინია?
მოქალაქე – (მოსამართლეს) და როდის აქიდან დაიწყო პროკურატურამ არდაჭერები?
პროკურორი – (მოსამართლეს) უთხარით, რომ დღეიდან, ამ წუთიდან!
მოქალაქე – (მოსამართლეს) და ადრე რომ იჭერდნენ ხალხს და არ ეუბნებოდნენ რატომ, ის როგორ იყო?! კითხეთ ერთი!?
პროკურორი – (მოსამართლეს) ეს ჩვენ ვიჭერდით, თავად კი არ გვბარდებოდნენ! გადაეცით!
მოქალაქე – (მოსამართლეს) უნდა ველოდოთ, სანამ რაიმეს დავაშავებთ?! ვერ მოვართვი!
პროკურორი – (მოსამართლეს) დამეხმარეთ, იქნებ, თქვენ მაინც დაგიჯეროთ.
მოსამართლე – სწორედ ამ თემით ვარ მოსული. ბატონო პროკურორო, მოგეხსენებათ, ჩვენი, მოსამართლეების მთავარი ფუნქცია სიმართლის დადგენაა და მე მუდამ ამას ვემსახურებოდი, მაგრამ, მეც ისეთი განცდა მეუფლება, რომ ვაშავებ და არ ვიცი რას.
პროკურორი – მოსამართლემ რა უნდა დააშაოს?
მოსამართლე – აი, მაგალითად, ვცდილობ გამადიდებელი შუშით დავაკვირდე იმ ადამიანებს, ვისაც სასამართლოზე უწევთ გამოცხადება. ასე ვთქვათ, განვარჩიო, კეთილი ბოროტისაგან. ეს, არც ისე რთული საქმეა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის კრიმინალურ მენტალიტეტს, დანაშაულის ზრდას, სისასტიკის ფორმების უკიდურეს გამომჟღავნებას, ადვილი წარმოსადგენია, რა რთულ პირობებში მიწევს მუშაობა.
პროკურორი – (მოქალაქეს) დღეს, მართლაც იღბლიანი დღე გამითენდა…
მოსამართლე – მაგრამ, წინასწარ გაფრთხილებთ, ჩემი აღსარებით დაწინაურების იმედი არ გქონდეთ. მართალია, ახლა პროკურატურაში ვიმყოფები და თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მაინც… ახლა, ისეთი დრო დადგა, მე თვითონ არ ვიცი, რისთვის ვუშვებ ხალხს ციხეში. აი, მაგალითა: ამასწინათ, ერთი სოფლის ბიჭი გავასამართლე, მეზობლისთვის ქათამი მოუპარავს. ოთხი წელი მოვუსაჯე. გასაგებია, შიოდა, ამიტომაც, ოთხი წელი მივუსაჯე და არა შვიდი. ამასობაში, მთავრობის ზოგიერთი წევრი…
პროკურორი – განაგრძეთ, განაგრძეთ…
მოსამართლე – თქვენ, მთავარია დამიჭიროთ, ამ ოთახიდან არ გამიშვათ და საკანში კარგად ჩამკეტოთ, თორემ, ისეთი ეჭვი მაქვს, კიდევ უარესს დავაშავებ და შემდეგ, სამუდამო პატიმრობას ვერ გადავურჩები.
პროკურორი – თქვენ? ასეთი ავტორიტეტით სარგებლობთ, თქვენ ვინ უნდა დაგიჭიროთ?
მოსამართლე – მე დამნაშავე ვარ.
პროკურორი – და აღარ იტყვით, რა დააშავეთ?
მოსამართლე – არ ვიცი, ღმერთს გეფიცებით არ ვიცი. ასეთი განცდა მაქვს.
მოქალაქე – (პროკურორს) ხომ გეუბნებოდით?!
მოსამართლე – (მოქალაქეს) მე კი მეგონა, რომ ასეთი განცდა მხოლოდ მე მქონდა…
მოქალაქე – (პროკურორს) ხედავთ, ხედავთ თუ არა?! ესეც მე ვარ?!
პროკურორი – (მოსამართლეს) როგორ, როდესაც თქვენ თვითონ არ იცით რა დააშავეთ?! რას მეტყვიან იქ, ზემოთ?!
მოსამართლე – ამ ბოლო დროს, ჩემი სიმპათიები დამნაშავის მხარეს იხრება. თითქოს, გამომცვალესო. რატომღაც, კრიმინალებისადმი ზედმეტი თანაგრძნობით ვიმსჭვალები.
მოქალაქე – ეგ ალბათ, თქვენი რეპუტაციის ბრალია.
მოსამართლე – ჩემი რეპუტაციის? როგორია ის?
მოქალაქე – სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ საეჭვო. თქვენზე ამბობენ, მთავრობის ყველა დავალებას ასრულებსო, კიდევ…
პროკურორი – ყური არ ათხოვოთ, ბატონო მოსამართლე, გიჟია.
მოსამართლე – არა, არა, მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე უბრალო ხალხი.
მოქალაქე – თქვენზე ამბობენ, უდანაშაულო ხალხს უშვებს ციხეშიო. კიდევ, იმასაც ამბობენ, ასე რომ არ გააკეთოს, მასაც დაიჭერენო.
მოსამართლე – სამწუხაროდ, ხალხი არ ცდება.
პროკურორი – ეს კაცი, მართლა დასაჭერია. მოსამართლეს შეურაცყოფა მიაყენა.
მოქალაქე – მე მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ხალხი ლაპარაკობს.
მოსამართლე – ვიცი, ყველაფერი ვიცი. ამიტომაც, ჩემი ფეხით მოვედი. დავასწარი…
მოქალაქე – ყოჩაღ, ბატონო მოსამართლე. სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა იყოს პატიოსანი კაცის სახელზე ძვირფასი?
პროკურორი – (მოქალაქეს) მგონი, უკვე ზედმეტი მოგდით. ხომ არ დაგავიწყდათ სად იმყოფებით? ეს პროკურატურაა, საგიჟეთი კი არა!
მოსამართლე – (პროკურორს) დიახ, ამიტომაც მოვედი.
მოქალაქე – (პროკურორს) მე მოვითხოვ, დაწეროთ ოქმი, რომ ჩვენ თვითონ გამოვცხადდით და თავს დამნაშავეებად ვგრძნობთ. ახლავე დაწერეთ და წაგვაკითხეთ. მე თქვენ არ გენდობით. (მოსამართლეს) ახლავე უნდა დავაწერინოთ, თორემ ვინ იცის, შემდეგ რას ჩაწერენ მაგ ოქმში.
მოსამართლე – გთხოვთ დაიწყოთ ოქმის შედგენა!
პროკურორი – თქვენ რა, დამცინით?!
მოქალაქე – მე ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ! მოვითხოვ ოქმს და ადვოკატს.
პროკურორი – ახლავე გაეთრიეთ ჩემი ოთახიდან!
მოსამართლე – ნუ უყვირით უბრალო ადამიანებს! ის დამნაშავეა, ვინმე სხვა კი არა? შეასრულეთ რასაც ვითხოვთ.
პროკურორი – თქვენ, მგონი სულ გაგიჟდით!
მოსამართლე – ეს ჩვენ კი არა, თქვენ ხართ გიჟი! რა არის აქ დაუჯერებელი? ადამიანი საკუთარ დანაშაულს რომ აღიარებს?
პროკურორი – და რა დააშავეთ, არ უნდა მითხრათ?!
მოქალაქე – მაგას რა ნიშვნელობა აქვს!
მოსამართლე – არ გსმენიათ ბრალის აღიარების შესახებ?
პროკურორი – და თქვენ, არ გაგიგიათ უდანაშაულობის პრეზუმცია?! მასხრად მიგდებთ?!

(კარზე კაკუნის ხმა ისმის. ხის მძიმე კარი ნელა იღება. შემოდის დამლაგებელი
ლამარა ცოცხითა და სათლით ხელში)

პროკურორი – შენ ხარ ლამარა? რა გინდა?!
ლამარა – დავალაგო ოთახი? წავიდა ყველა, გვიანია უკვე.
პროკურორი – ლამარა, თუ ქალი ხარ, დამანებე თავი.
ლამარა – არ დავალაგო? (იწყებს ცოცხით მოხვეტას)
პროკურორი – დამანებე თავი, ლამარა!
ლამარა – კი მარა, ხო მეუბნები, დილით ნუ ალაგებ, საღამოს დამილაგე ოთახიო?
პროკურორი – ლამარა, ხომ ხედავ, ახლა დალაგებისათვის არ მცალია.
ლამარა – შენ სულ არ გცალია, მასე! რა ვქნა, არ დავალაგო?
პროკურორი – ლამარა, გადი ოთახიდან, თორე, დალაგებას გაჩვენებ მე შენ!
ლამარა – აბა, იყავი ამ ჭუჭყში!
პროკურორი – არავინ გეკითხება შენ, მე ჭუჭყში ვიქნები თუ სად ვიქნები, გელაპარაკები მე შენ!
ლამარა – აბა, აქამდე მეკითხებოდა და რა მოხდა ახლა ისეთი?
პროკურორი – ლამარა, ცოტა ხანში მოდი და დღეის იქით, სულ გვიან მოდი ხოლმე.
ლამარა – კი მარა, შენ თვითონ არ თქვი, საღამოს დამილაგეო?
პროკურორი – ახლა ასე მინდა. გვიან ღამით იყოს.
ლამარა – მასე რო გინდა, სადაა მასე! მე ჩემი ამბები მაქ, შენსავით კი არა ვარ, მთელი დღე ამ სოროში.
პროკურორი – ლამარა, მოხურე კარი!
ლამარა – (დალაგებს წყვეტს) იცი რას გეტყვით? წადით სახლებში და ხვალ გააგრძელეთ. გადით ახლა. დავალაგებ მე.
პროკურორი – (ბუდიდან იარაღს ამოიღებს) ლამარა, იცოდე!…

(ლამარა შეშინებული გარბის. მძიმე ხის კარი სწარაფად იხურება)

ბუზი – მე ბუზი ვარ. უბრალო ბუზი. (ფანჯარას თავით ეხეთქება) ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! ბზზზ… ზ!!! გესმით? გაგიჟდები ბუზი პირდაპირ. არავინ არ მიღებს ფანჯარას. აი, ეს ის ლამარაა, ვის დამპალ ცოცხშიც დავიმალე. ვიფიქრე, ამხელა პროკურატურაში ერთი ნორმალური ოთახი როგორ არ უნდა შემხვდეს-მეთქი და აი, შედეგი. გამისკდა თავი უკვე. ყველა ფიქრობს, ბუზი იმდენად სულელია, ვერ ხვდება, რომ ფანჯარაში მინაა. არადა, ამის მიხვედრას რა უნდა? იქ მინაა, მინა კი ჰაერი არ არის, თავისუფლად რომ იფრინო. ვიცით, ბატონებო, ვიცით, მაგრამ ჩვენ, ბუზები ამით, თქვენი ყურადღების მიქცევას ვცდილობთ. იქნებ, როგორმე დავიდეს თქვენს ადამიანურ ტვინამდე, რომ ფანჯარა გაგვიღოთ და გარეთ გაგვიშვათ. როგორმე რა! მიხვდით, ერთხელ და სამუდამოდ, რომ ციხეს არ უნდა რკინის კარი. შუშაბანდებიც საკმარისია. გაინტერესებთ, რითი განვსხვავდები ამ ცინგლიან ოთახში თავმოყრილი, თუნდაც, ვითომ პატიოსანი მოსამართლისგან? აი, საზოგადოება ითხოვს თავისუფალ სასამართლოს. ტელევიზორით სულ ამას ქადაგებენ. სადაც არ მიფრინდები, ერთი და იგივე გესმის. მე თუ მკითხავთ, საქმე სხვაგვარადაა. ადრე, ყველას შეეძლო მოსამართლის მოსყიდვა. ქურდსაც და მკვლელსაც. ახლა, ამ მოსყიდვის საშუალება აღარავის აქვს. აი, სინამდვილეში ხალხი ამაზეა გაბრაზებული. დანარჩენი კი, ლირიკაა. მართალია, ჭეშმარიტ სამართლამდე ჯერ შორია, მაგრამ, როდის ყოფილა ჩვენისთანა ქვეყანაში ჭეშმარიტად სამართლიანი სასამართლო? არა, მიპასუხეთ! არასდროს. ახლა კი, დიქტატურის პირობებში, ქრთამი აღარ ჭრის, დამნაშავე ციხეში ხვდება. რა თქმა უნდა, ხალხი უკმაყოფილოა. მოდი, არ დააშავო და არავინ დაგიჭერს. ჩემი თვალით რომ არ მენახა, რაც ამ ოთახში ხდება, კიდევ არ დავიჯერებდი, მაგრამ ხომ ნათელია, რომ უდანაშაულოს არ იჭერენ? თქვენ თვითონ ხომ გესმოდათ? მაგრამ, მე რა დავაშავე? ლამარა გავიდა. მისთვის სულ ერთია. ზოგადად, ლამარასნაირი ხალხისათვის დემოკრატია იქნება თუ დიქტატურა მნიშვნელობა არა აქვს. მისი ცოცხი ორივეს სჭირდება – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. მართალია, ამჯერად, ოპოზიცია ციხეშია, მაგრამ ციხესაც უნდა დალაგება. სისუფთავე საჭიროა. ლამარას გარდა ამაზე არავინ ზრუნავს. რა მკითხეთ? მე? მე არ მიყვარს სიბინძურე. ნუ ფიქრობთ ასე. უბრალოდ, რაც თქვენთვის, ადამიანებისათვის ჭუჭყია, იქ მე საჭმელს ვპოულობ, რომ ჩემი საწყალი შვილები გამოვკვებო. თქვენ რა, ასე არა ხართ? თქვენ ფიქრობთ, რომ აი, ამ პროკურორს მოსწონს ხალხის დაჭერა? მათი ფარული ზრახვების ძიება, ბინძურ საცვლებში ძრომიალი? მაგრამ რა ჰქნას? მასაც ყავს შვილები, მშიერი შვილები, ვისაც დაპურება უნდა. ამიტომ, ისიც იძულებულია ადამიანებში ეჭვი შეიტანოს, მათი ფარული გრძნობები გამოქექოს და ზედაპირზე ამოატივტივოს. შემდეგ, ამაში ჯილდოს მისცემენ, დააწინაურებენ და ისიც, ფულს შინ მიიტანს, მშიერ ცოლშვილთან. საღამოს, მთელი ოჯახი მაგიდას მიუსხდება, გემრიელად ისადილებს და დესერტად ვაშლის ნამცხვარს მიირთმევს. მაგრამ, აბა, ვინ დაეკითხება პროკურორს, რა დევს მის გულში? რა ნერვების ფასად დაუჯდა მას ეს სადილი? არავინ! ყველა თავისაკენ ექაჩება. ბავშვებს სათამაშოები უნდათ, მეუღლეს ტანსაცმელი, მოხუც მშობლებს წამლები. ასეა… მომდევნო დღეს, საწყალი პროკურორი ისევ წავა სამსახურში, დახვდება ლამარას მიერ დალაგებული ოთახი და კვლავ დაიწყებს ადამიანათა ბინძურ სულებში ხელის ფათურს. აი, ამაშია საქმე.

(მძიმე ხის კარი ჭრიალით იღება. შემოდის ჟურნალისტი)

ჟურნალისტი – გამარჯობა, ბატონო პროკურორო. მიცანით ხომ? ჟურნალისტი ვარ. ჩვენ ბევრჯერ შევხვედრილვართ.
ბუზი – აი, კიდევ ერთი. ცნობილი ჟურნალისტი. ამასაც ვიცნობ. სულ ტელევიზორში ჩანს. მისი სახე ხან ავტობუსზეა, ხან მეტროს ვაგონზე, ხანაც ქუჩის რეკლამიდან მიღიმის. თითქოს, ის არ მყოფნიდეს, სადაც მიფრინდები ამის ფიზიონომია რომ გხვდება. ეჰ… (განაგრძობს თავით მინის გამტვრევის განწირულ მცდელობას) ბზზ…ზ! ბზზ…ზ! ბზზ…ზ!
პროკურორი – გიცანით, გიცანით და თუ თქვენც იმავე თემაზე ხართ მოსული, გთხოვთ, შესავლით თავს ნუ შეიწუხებთ. წინასწარ ვიცი, რას მეტყვით. აი, ეს მოქალაქე და მოსამართლეც ამ იდეამ შეაწუხა. საყოველთაო დევნისა და შიშის განცდამ.
ჟურნალისტი – მაგრამ, მე მინდა მოგიყვეთ, როგორ მივედი აქამდე…
პროკურორი – არ არის საჭირო! მადლობთ, ბატონებო. ახლა კი ვითხოვ, ყველამ დატოვოთ ჩემი ოთახი, თავად ატყობთ, დასალაგებელია და…
ჟურნალისტი – მაგრამ მე…
პროკურორი – გთხოვთ გაბრძანდეთ! ჩვენ, უდანაშაულო მოქალაქეებს არ ვიჭერთ. თუმცა კი, მომავლისათვის გავითვალისწინებთ თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებას არსებული რეჟიმის მიმართ. მერწმუნეთ, ჩვენ თვითონ მოგაკითხავთ.
მოქალაქე – მე ფეხსაც არ მოვიცვლი!
მოსამართლე – არც მე! და თუ `გათვალსიწინება~ გინდათ, დაე აღასრულეთ! მე მეტის მოთმენა არ შემიძლია. ამდენს ჩემი მოხუცი გული ვერ გაუძლებს. მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდი და ასე, როგორც ახლა, მაშინაც კი არ მეშინოდა, ფრონტის წინა ხაზზე! ფაშისტების პირისპირ! ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს ასეთი, რომ გვაშინებთ?
ჟურნალისტი – სანამ აქ შემოვიდოდი… თქვენი ხმამაღალი საუბარი დერეფნის ბოლოში ისმოდა. თქვენი თანამშომლები, დიახ, დიახ ბატონო პროკურორო, თქვენი თანამშრომლები კარს არიან მოყურადებულნი და გისმენენ.
პროკურორი – კი მაგრამ, რატომ უნდა გვისმენდნენ? მე კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ. ვითომ, ვითომ უნდა დაგიჯეროთ? მე კარგი რეპუტაციით ვსარგებლობ, მთავრობის ყველა დავალებას ვასრულებ. სუფთასაც და ბინძურსაც. მე, მე… რატომ უნდა მისმენდნენ? ცნობილი ჟურნალისტი კი ბრძანდებით და თქვენს სიტყვას მილიონობით ადამიანი ისმენს, მაგრამ მომიტევეთ, მე არ მჯერა.
ჟურნალისტი – მე პლაკატი ვარ! სამთავრობო პლაკატი! თქვენ გჯერათ ჩემი, იმიტომ, რომ ჩემი სიტყვები თქვენს ძალადობას ამართლებს, თქვენ ჩემს რეპორტაჟებში საკუთარი დანაშაულის გამართლებას ცდილობთ. აბა, აბა ამათ კითხეთ, თუ დამრჩა კიდევ ოდნავ მაინც პატივიცემა. ხედავთ, სდუმან, ჩუმად არიან, იმიტომ, რომ მე პლაკატი ვარ, რუპორი, აგიტაცია! მე ჟურნალისტი კი არა, დიქტატურის პროპაგანტისტი და აპოლოგეტიც კი ვარ! აი ვინ ვარ მე. აი, რატომ მოვედი აქ, იმიტომ, რომ ერთად-ერთი შანსი საკუთარი სინდისის და კარიერის გადარჩენისათვის, ეს აღიარებაა!
მოსამართლე – (პროკურორს) რას ნიშნავს მაინც, ჟურნალისტი რომაა…
მოქალაქე – (პროკურორს) აბა, რა ეგონა პოლიტიკური პასკვილებით რომ იყო გაკავებული? რას ფიქრობდა მაშინ, როდესაც დიქტატურის დამკვიდრებას ემხრობოდა და ხელისუფალს ხოტბას ასხამდა?
მოსამართლე – (მოქალაქეს) შეუნდეთ, ჩვენ ყველა ერთ დღეში ვართ.
პროკურორი – ახლა მთელმა სამინისტრომ იცის, რომ ჩემს ოთახში სამნი არიან: ერთი მოქალაქე, რომლის დანაშაული ნაგავში გადაყრილი ფუნთუშების ჭამაა, მოსამართლე, რომელიც დამნაშავეს თანაუგრძნობს და ცნობილი ჟურნალისტი, ვისაც თავი პლაკატი გონია.
ჟურნალისტი – ყოველთვის მქონდა პროკურატურის იმედი.
პროკურორი – დაზუსტებისათვის… თქვენც, ბატონო ჟურნალისტო, ამ ორი სუბიექტივით დაუყონებლივ დაპატიმრებას ითხოვთ?
ჟურნალისტი – ამას კითხვა უნდა?!
პროკურორი – და რას მიბრძანებთ, რა ჩავწერო ბრალდებაში?
ჟურნალისტი – რომ აღარ სურს ხელისუფლების შეკვეთების დამზადება, რომ ჩემი დანაშაული თავისუფალი სიტყვის დაცვაა.
პროკურორი – დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამას ვერ ჩავწერ. თქვენც, ცოტათი მაინც ხომ უნდა გამიგოთ? ჩვენი სახელმწიფო სიტყვის თავისუფლებას აღიარებს, სხვა საკითხია რამდენად არის ის დაცული. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთმა იცის, რომ დემოკრატიისაკენ მივდივართ.
მოქალაქე – (პროკურორს) თქვენმა დასავლეთმა არ იცის, რომ მოქალაქეებს სიმართლის თქმის ეშინიათ?
პროკურორი – (ჟურნალისტს) მომისმინეთ, აქ სახელმწიფო ინტერესები ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ დიდი პოლიტიკის ნაწილი ვართ და ერთი-ორი შემთხვევითი მსხვერპლი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რა თქმა უნდა, დასაშვებია. ევროკავშირი, ნატო, აი ჩვენი პრიორიტეტები, თქვენ კი მთხოვთ, ჩავწერო, რომ აქ ადამიანის უფლებები ირღვევა? თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? ჩემს საბრალდებო დასკვნას მხოლოდ მოსამართლე კი არ კითხულობს. ამას, საერთაშორისო ორგანიზაციებიც სწავლობენ და მათი დასკვნები ჩვენი სახელმწიფოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანია! როგორ არ გესმით, რომ ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ, აქამდე, ის ჩვენ არ გვქონდა, ის, უბრალოდ არ არსებობდა. გაიგეთ, რომ სახელმწიფოა მთავარი და არა ხალხი. პირველ ეტაპზე ასეა საჭირო. ხალხი წესრიგს უნდა მიაჩვიო. წლების მანძილზე განუკითხაობა და უიმედობა იყო. ჩვენ ეს მსხვერპლი დიადი მიზნებისათვის უნდა გავიღოთ, რომ ჩვენს შვილებს ძლიერი, სტაბილური სახელმწიფო დავუტოვოთ!
მოსამართლე – იცოდეთ, ბატონო პროკურორო, რომ თქვენი დროც მალე მოვა. თქვენც ისევე გაგასამართლებენ, როგორც ათასობით უდანაშაულო ადამიანს. დიქტატურამ საკუთარი და სხვისი არ იცის.
მოქალაქე – მით უმეტეს, რომ გარშემო ყველა საქმის კურსში ყოფილა.
ჟურნალისტი – წაგვიყენეთ ბრალდება!
პროკურორი – ჩემს თავს სამი შეკითხვა მინდა დავუსვა. მაქვს მე ამის
უფლება? (ოთახში ბოლთას ცემს. მცირე პაუზის შემდეგ) შეკითხვა
პირველი: ვინ ვარ მე. არა, არა, პასუხს არ ვითხოვ. შეკითხვა მეორე:
სად არის ჩემი კრედო? და შეკითხვა მესამე: რა ხდება? (მცირე პაუზა)
და რადგან არც ერთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, გამოდის,
რომ მდგომარეობა კრიტიკულია… ნუთუ, მეც მისმენენ?
მოსამართლე – მეტსაც გეტყვით – გითვალთვალებენ.
პროკურორი – თუ მისმენენ და მითვალთვალებენ, შესაძლოა, დამნაშავის სკამზე
მეც აღმოვჩნდე?
ჟურნალისტი – თქვენ რა, არ გინახავთ დაჭერილი პროკურორები? ციხეში იმ
პატიმრების გვერდით სვამენ, ვინც თვითონ დააპატიმრა.
პროკურორი – კი მაგრამ, მე ხომ მათ დავალებებს ვასრულებ?
მოსამართლე – ყველანი მათ დავალებებს ვასრულებდით.
პროკურორი – რას მთავაზობთ?
მოქალაქე – იმას, რითიც დავიწყეთ. დაგვაპატიმრეთ!
ჟურნალისტი – სასწრაფოდ, დაუყონებლივ დაგვიჭირეთ.
მოსამართლე – თქვენ ამის უფლება გაქვთ.
პროკურორი – კი მაგრამ, ასე ცხოვრება შეუძლებელია. მუდმივი შიშის ქვეშ, მე ვერ გავძლებ! ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. რა ვქნა? მე რომ თქვენ დაგიჭიროთ, მე ვინღა დამიჭერს?
მოქალაქე – თქვენ სხვა პროკურორთან მიდით, აუხსენით საქმის ვითარება, უთხარით, რომ გეშინიათ, უთხარით, რომ ადრე თუ გვიან დაგიჭერენ და საკუთარი ფეხით გამოცხადდით, რომ ამ შიშს ბოლო მოუღოთ.
მოსამართლე – მერწმუნეთ, ასე აჯობებს.
პროკურორი – კი მაგრამ, ხომ შეიძლება იმ პროკურორმა, მე ვისთანაც აღიარებითი ჩვენებით მივალ, მანაც მოისურვოს საკუთარი თავის დაჭერა?
მოქალაქე – დარწმუნებული იყავით.
პროკურორი – და ვურჩიო, რომ სხვა პროკურორთან წავიდეს, რომ ისიც დაიჭირონ?
მოსამართლე – მაგრამ, მთავარია, ჯერ თქვენი თავი დააჭერიოთ.
პროკურორი – და თუ ლოგიკურად ვიაზროვნებთ, ხომ შეიძლება, პროკურატურა შიშმა მოიცვას და ყველას მოუნდეს ამ შიშისაგან გათავისუფლება?
მოქალაქე – ისედაც ყველას ეშინია. თქვენ მაგის შიში ნუ გაქვთ.
პროკურორი – (მოსამართლეს) და ხომ შეიძლება, ციხეები უდანაშაულო პატიმრებით აივსოს და უბრალოდ, ყველასათვის ადგილი არ დარჩეს?
მოსამართლე – მე მეკითხებით ამას?!

(მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა ისმის)

პროკურორი – მოდით, ოთახში ჩავიკეტოთ. კარი არავის გავუღოთ, ჩვენ თვითონ მოვიწყოთ ჩვენი ციხე.
ჟურნალისტი – არასდროს მეგონა, რომ ციხეში უფრო თავისუფალი ვიქნებოდი, ვიდრე მის მიღმა.
მოქალაქე – კარი ჩაკეტეთ! ახლა, ალბათ შემოცვივდებიან და გაგვათავისუფლებენ.
პროკურორი – მაგიდები და სკამები მივადგათ, რომ ბუზიც ვერ შემოფრინდეს და გაფრინდეს.
მოსამართლე – სწრაფად, სწარაფად!
ჟურნალისტი – მოვასწროთ, სწრაფად, მაგიდა მივადგათ!
მოსამართლე – აი, აი სკამი გამომართვით, კარს ჩაუდგით!

(ხის მაგიდას კარებს მიადგამენ. ზედ სკამებს დააწყობენ)

ლამარა – (კარზე კაკუნის ხმა მეორდება. მისი ხმა ყრუდ, კარს მიღმა ისმის) გამიღეთ, კარი, უნდა დავალაგო.
პროკურორი – ჩუმად!

(ოთახში ფუსფუსი სწრაფად წყდება. სიჩუმეა)

ლამარა – (ხმა კარს მიღმა) გამიღეთ კარი, გვიანია უკვე, სახლში მინდა წასვლა. ასე სიბინძურეში ხო არ დაგტოვებთ?
პროკურორი – ჩემი დამლაგებელია, ლამარა.
მოსამართლე – პროვოკაციაა.
მოქალაქე – შემოგვიგზავნეს.
ჟურნალისტი – ფიქრობენ, რომ მოვტყუვდებით.
პროკურორი – ხმა არ გავცეთ. აბა, კარადა, კარადა მივადგათ.

(გაწამაწია ისევე სწრაფად გრძელდება, როგორც შეწყდა. პროკურორის
კარადას კარებს მიაყუდებენ)

მოსამართლე – აქ დავრჩეთ, კარი არავის გავუღოთ!
მოქალაქე – (სიხარულით) ჩვენ ციხეში ვართ!
ჟურნალისტი – (სიხარულით) და ჩვენ დაჭერილები ვართ!
პროკურორი – ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი!
ლამარა – (ხმა კარს მიღმა) რა ჯანდაბა დაგემართათ? გამიღეთ კარი, თორემ წავალ იცოდე და იჯდებით მაგ ძღნერში!

(პასუხს არავინ ცემს. ოთხი ნებაყოფლობით დაპატიმრებული შტურმის
მოლოდინშია)

ლამარა – (ხმა კარს მიღმა) აჰ, ასე არა?! კაი აბა, ჩემი ფეხი არ იქნება აწი მანდ!
პროკურორი – ახლა შტურმით წამოვლენ. კარი მაგარია, ძველებური, ვერ გაამტვრევენ.
მოქალაქე – აწი, არაფრის მეშინია!
ჟურნალისტი – აბა, ერთი შემოვიდნენ!

(მათი შემყურე ბუზიც ნერვიულობას იწყებს და გაორმაგებული სიმწარით
აწყდება ფანჯრის მინას)

ბუზი – გამიღეთ ფაჯარა, მე მაინც გამიშვით, ცოდო ვარ, შინ შვილები მეოლოდება, გამიშვით და პირობას ვდებ, სამუდამოდ მოვცილდები აქაურობას. მოვკიდებ ჩემს ცოლ-შვილს ფრთებს და გადავალ სხვაგან! ჯანდაბაში წავალ, ოღონდ გამიღეთ ფანჯარა. (მთელი ძალ ღონით ფანჯრის მინას ეხეთქება) ბზზ…ზ! ბზზ…ზ! ბზზ…ზ!

სცენა ბნელდება.

დასასრული

2008

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია, თეატრალური და კინო პორტრეტები, პიესების წიგნები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s