გივი ბერიკაშვილი


Givi Berikashvili

სალომე სორდია
სოფიო ნავდარაშვილი

ყველაზე სასურველი მეკვლე 77 წლისაა
ინტერვიუ გივი ბერეკაშვილთან

გაზეთი “ახალი შვიდი დღე”, 14-05-2010, 22:15

„– რატომ ჩააბარე თეატრალურ ინსტიტუტში?

– ვერაზე ვცხოვრობ, ფილარმონისს წინ, ბატონო აკაკი.

– მერე, ეგ რა შუაშია?

– როგორ თუ რა შუაშია, სახლიდან გამოსვლისას ქვემოთ რომ ჩავუყვები, ჯერ ზოოპარკია, მერე ცირკი, ხიდს გადახვალ – მუსკომედიის თეატრი, სტადიონი… ზემოთ, რუსთაველისკენ, რომ ავუყვები, მოზარდმაყურებელთა თეატრია, ოპერა, არც ერთგან ტრანსპორტი არ მჭირდება. მარჯანიშვილის თეატრი კი სულ სამი წუთის სავალზეა. ამ გარემოცვაში კი, რა საკვირველია, ეს რომ ავირჩიე, მითუმეტეს, თქვენს შემხედვარეს რაღა გამაჩერებდა.“

ეს დიალოგი წლების წინ აკაკი ხორავასა და და გივი ბერიკაშვილს შორის შედგა… არ გაჩერდა მსახიობობაზე მეოცნებე შეგირდი და ქართულ კინოს დაუვიწყარი როლები უსახსოვრა…

15 მაისს გივი ბერიკაშვილი 77 წლის ხდება. ის დაბადების დღეების აღნიშვნით არასდროს ყოფილა განებივრებული და ამ თარიღს განსაკუთრებულ დღესასწაულად არ მიიჩნევს. ბატონ გივის მარჯანიშვილის თეატრის საგრიმიოროში შევხდით, იუბილე მივულოცეთ და ტრადიციულად იუმორის ხასიათზე მყოფ მსახიობს გავესაუბრეთ.

– უნდა დავჯდე და ვიტირო, რატომ გამაჩინა დედამ… (იცინის) ჩემი ბავშვობა ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დაბადების დღის გადახდის ბედნიერება არ მქონია. მერე იყვნენ შვილები, შვილიშვილები ყველას მიყოლებით აპრილ–მაისში აქვს დაბადების დღე და თხუთმეტამდე სიქაგამძვრალი მივდივარ. იუბილეს ჩემი ინიციატივით არასდროს აღვნიშნავ ალბათ, ამიტომაც პირველად 50 წლისამ აღვნიშნე, მერე 65 წლის იუბილე – ფილარმონიაში, 70 წელი – პატარკაციშვილის ინიციატივით, ბოლო კი 75 წელი – ჩემივე სახელობის ვარსკვლავის გახსნა.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ვარსკვლავი?

– მსგავს ჯილდოებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. როცა ღირსების ორდენზე წარმადგინეს, მაშინაც გავბრაზდი, აქამდე უღირსი ვიყავი? საერთოდაც, ეს სათაურები არ მომწონს, შეუსაბამოდ მეჩვენება. სახალხო არტისტის წოდება კარგია, არტისტს ხალხი ირჩევს. დღეს როგორ ხდება? „ბრწყინვალების ორდენი“ – ვერ ვხვდები, რატომ ჰქვია ბრწყინვალების? არასდროს მიამაყია არც ერთი ჯილდოთი, ერთადერთი, რომლითაც შემიძლია ვიამაყო, ხალხის სიყვარულია. გამოკითხვის მიხედვით ყველაზე სასურველი მეკვლე ვიყავი სამი წლის განმავლობაში, ეს კი დიდი დაფასება და სიყვარულია იმ ხალხისა, რომელიც მეც სიგიჟემდე მიყვარს.

– ვის უხსნიან ვარსკვლავებს და რამდენი ნამდვილი ვარსკვლავი აკლია მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელს?

– მარჯანიშვილის თეატრს უამრავი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ ამ ვარსკვლავს მხოლოდ ცოცხლებს უხსნიან. მე, პირადად, ამ ვარსვლავის ადგილმდებარეობა არ მომწონს, რადგან მას ან ზედ უნდა გადაუაროს კაცმა, ან ააცილოს და მანქანამ გადაუაროს. ჩემი აზრით, ვარსკვლავი ან კედელზე უნდა გაკეთებულიყო, ან შიგნით ფოიეში. ვარსკვლავი იმათია, ვინც თეატრში შემოდის.

– როგორ ფიქრობთ, ეს ვარსკვლავი, სიმბოლურია თუ მის უკან დგას სახელმწიფოს ზრუნვა ვარსკვლავებზე?

– არა, ეს უფრო სიმბოლურია, ვიდრე ხელოვნებაზე ზრუნვა. მე პირადად არც ერთი ფულადი პრემია არ მიმიღია, ალბათ, არ დარჩათ. მართალია, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ეს ხაზს უსვამს იმას, რომ სახელწიფოს მხრიდან ხელოვანებზე ზრუნვა მეორეხარისხოვანია.

– თქვენ დიდი მსახიობი ხართ. დიდი სცენისა და დიდი კინოს პერსონაჟი. რა დაგხვდათ ამ სცენაზე?

– ის, რაც მე დამხვდა, ალბათ, ყველა თაობის მსახიობმა უნდა ინატროს. როცა მარჯანიშვილის თეატრში მოვედი, ვთქვი: ნეტა ამ სამხეცეში რა უნდა გავაკეთო–მეთქი. ვერიკომ მკითხა : შენ რა მხეცებს გვეძახიი? – კი–მეთქი სულ ლომებითა და ვეფხვებითაა სავსე თეატრი და მე , ერთმა ტურამ, რა უნდა გავაკეთო–მეთქი. ნუ გეშინია, ყველაფერი გამოგივაო, – მითხრა ვერიკომ. თეატრი იყო ჩემი ყველაზე დიდი სკოლა. გოძიაშვილს მძღოლის აყვანის საშუალება რომ არ ჰქონდა , მე ვიყავი მისი მძღოლი –ეს უდიდესი ბედნიერება იყო, გენიალური არტისტების გვერდით ვიდექი. ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, სესილია თაყვაიშვილი… ოთხი წელი აკაკი ხორავას არ მოვშორებივარ და მეტი რაღა უნდა მესწავლა. იპოლიტე ხვიჩიას რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ასეთი კომიკოსები ხომ მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს. სცენაზე რომ დგახარ, ცამდე მართალი უნდა იყო, რადგან იქიდან ვერავის მოატყუებ.

– რას ფიქრობთ, თანამედროვე ქართულ ფილმებზე, რომლებიც ცნობილი მხოლოდ კრიტიკით ხდებიან?

– საზოგადოების მხრიდან კრიტიკას, ვფიქრობ, არაფერი იმსახურებს. ვინაა კრიტიკული? გეტყვიან, თუ არ გინდა, გადართე . ეს ალბათ დრომ მოგვიტანა. დღევანდელი ფილმები იმდენად უცენზუროა, რომ ბავშვთან ერთად კინოში ვერ შევსულვარ. გინება მეც ვიცი, მაგრამ ეს კინოსა და თეატრში არ მისწავლია. ტინგიცობა ყველგან ადვილია, შეიძლება, მე ვარ ჩამორჩენილი, მაგრამ სცენარს, რომელიც ჩემამდე მოდის, კატეგორიულად არ ვკითხულობ, თუ მასში ერთი უცენზურო სიტყვა მაინცაა.

– რა მანძილია „ლონდრედან“ „იუმორინამდე“?

– ეს ცოტა სხვა რამეა, იუმორინაში მოსვლა მე და კახის ერთდროულად შემოგვთავაზეს და, მართალი გითხრათ, უცხო ატმოსფეროში თავიდან ვღელავდი კიდეც, თუმცა, უკვე 20 წელია არსებობს და მაყურებელი დღემდე არ აკლია. ეს ჩემთვისაც სასიამოვნო ფაქტია, უფალმა მომცა სცენაზე დგომის ძალა და მეც ამ საქმეს დაუღალავად ვემსახურები. ხვალაც ჩვეულებრივ სამსახურში წამოვალ და სპექტაკლში ვითამაშებ, ესაა ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი და მეც სიამოვნებით მივყვები მას.

– ახლა თუ მუშაობთ სადმე თეატრის გარდა?

– ახლა აზერბაიჯანული პროექტით ვარ დაკავებული. ნახევრად სარეკლამო ფილმია, თუმცა სამომავლოდ ფილმის გაკეთებას ვფიქრობ, გოდერძი ჩოხელმა დამიტოვა სცენარი, „ვარდისფერი კაცი“ ჰქვია და ერთ მხატვარზეა, ამ ეტაპზე რეჟისორს ვეძებ, რომ ერთად გადავიღოთ. ეს სცენარი გოდერძიმ ჩემთვის დაწერა, მითხრა, შენ გადაიღე და ზურიკო ათამაშეო.

დასასრული

დიმიტრი ხვთისიაშვილი – "გივი ბერიკაშვილი" (წიგნის ყდა)

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s