მაქს ფრიშის “ბიოგრაფია” თეატრ “ვერიკოში”


Biografie: Ein Spiel von Max Frisch - Plakat

მარი ოთარაშვილი

მაქს ფრიშის “ბიოგრაფია” თეატრ “ვერიკოში”

გაზეთი “რეზონანსი”, (17.05.2010)

“ცხოვრება ისე ცუდად არის მოწყობილი, შეუძლებელია, ეს ყველაფერი ამით მთავრდებოდეს”, – ამბობდა გერმანელი პროზაიკოსი ერიხ მარია რემარკი და ამით თითქოს ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ თუკი ცხოვრებისეული ტკივილით ბევრი ტანჯვა-წამება გამოიარე, ნუ ინაღვლებ, რადგან შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ამ მოსაზრების წინააღმდეგ ილაშქრებს გერმანელივე მწერალი მაქს ფრიში თავისი პიესით “ბიოგრაფია”, რომლის პერსონაჟიც ცდილობს ცხოვრების შეცვლას სასურველი შდეგებისთვის, თუმცა ამაოდ… სწორედ აღნიშნული სპექტაკლი დადგეს ნიკუშა შენგელაიამ და ანდრო ჭიაურელმა თეატრ “ვერიკოში”, რომლის პრემიერაც წარმატებით შედგა.
მსახობები – ნინო ბურდული, ზურა ინგოროყვა (რუსთაველის თეატრის მსახიობი) და აჩიკო სოლოღაშვილი… ეს უკანასკნელი ეკარნიდან თამაშობს.
სცენა სავსეა თაბახის ფურცლებით. ზოგი კედელზეა გაკრული თანმიმდევრულად, ზოგიც ჭერზეა ჩამოკიდული. თითოეულ მათგანზე პიესის მთავარი პერსონაჟის ბიოგრაფის ცალკეული ეპიზოდებია. სცენის შუაგულში დიდი ტელეეკრანია განთავსებული, სადაც ბიოგრაფიის ავტორის მეორე “მე” ჩნდება ხოლმე და ეს მხოლოდ მისთვის არის ხილული. ეს უკანასკნელი მთავარ პერსონაჟს, რომელიც საკუთარი ცხოვრების ბიოგრაფიით უკმაყოფილოა, ზოგიერთი დეტალის შეცვლას სთავაზობს.
მისი ბიოგრაფია კი ერთობ დრამატული და ტრაგიკულია: ბავშვობაში ლოთი მამით იყო გაბეზრებული. შემდეგ ისწავლა, დაქორწინდა, შვილიც შეეძინა, მაგრამ მეუღლეს ვერ შეეწყო და გაშორდა. შემდეგ სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში. ამასობაში ფსიქოლოგიის მეცნიერებას ეუფლება და სათანადო წარმატებებსაც აღწევს. თუმცა მოვლენები მის ცხოვრებაში ისე განვითარდება, რომ ახალშერთულ მეუღლეს, რომელიც ძალიან უყვარს, მერვე გასროლით კლავს და შემდეგ მძიმე სენით ავადდება…
“ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ზუსტად მეცოდინებოდა, როგორ ვიცხოვრო”, – ამბობს პიესის მთავარი პერსონაჟი და თავის ალტერეგოს სთხოვს, მისი ცხორება რამდენიმე წლით უკან დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სურვილი და მისი განხორციელებაც რამდენჯერმე მეორდება, მისი ცხოვრება სხვადასხვა გზებით მაინც ერთ ფინალამდე მიდის.
“არ ვიცი, ამას ბედისწერა უნდა ვუწოდოთ თუ სხვა რამე, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ადამიანის ბიოგრაფია – ეს თავად ადამიანია, ანუ რა ადამიანიც ხარ, ისეთი ცხოვრება გაქვს. თუ გინდა, შენი ცხოვრება შეცვალო, მაშინ სხვა ადამიანი უნდა იყო. აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ადამიანი სხვა ცხოვრებით, მე მგონია, რომ ვერ იცხოვრებს. აქ, სპექტაკლში, სწორედ ამაზე მიდის ანალიზი, ოღონდ აღმოჩნდება, რომ არსებობს ერთი რაღაცა, რის გამოც შეიძლება ადამიანმა რაღაცა სასოწარკვეთილი ნახტომი გააკეთოს, რაც ამ ქალმა გააკეთა იმის გამო, რომ მისი საყვარელი ადამიანი, რომელთანაც კონფლიქტი აქვს და რომელიც ცდილობს, ეს ქალი თავის ცხოვრებაში აღარ შეუშვას, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ქალს კი ეს კარგად გამოსდის, რადგან მან დაინახა, რომ ამ ბიოგრაფიამ და ამ ცხოვრებამ კაცი სასიკვდილო ავადმყოფობამდე მიიყვნა. ამის გამო ქალს ურჩევნია, არ იყოს მის ცხოვრებაში, ვიდრე ამ ავადმყოფობამდე მივიდეს. მაგრამ ეს უფრო ჰიპოტეტური დრამატული სვლა უფროა, ვიდრე რეალური, რადგან ის ირონია, რომ ეს შეუძლებელია, თვითონ ნაწარმოებშიც დევს. ანუ ფინალში მიდის ეს ქალი კაცის ცხოვრებიდან, მაგრამ მთელი ლაიტმოტივი მაინც იმაზეა, რომ ეს რეალურად შეუძლებელია”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას მსახიობი ნინო ბურდული, რომელიც სპექტაკლში მთავარი პერსონაჟის საყვარელ ქალს განასახიერებს.
მსახიობი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ ამ სპექტაკლში არა მარტო თამაში, თვითონ სპექტაკლის მომზადება იყო რთული.
ნინო ბურდული: “საკმაოდ უცნაური სპექტაკლია. პროცესი იყო ასეთი: ჯერ გავდიოდით რეპეტიციებს. შემდეგ ვიდეოზე არსებული პერსონაჟი გადაიღო რეჟისორმა, მერე კი ჩვენ ორნი გავდიოდით მასთან ერთად რეპეტიციებს, ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, წამი-წამში უნდა ჩავტეულიყავით ვიდეოში გამოსახული “ადამიანის” რეაქციაში, მის შეფასებაში, მასთან დიალოგში. განსაკუთრებით ზურას პერსონაჟი უნდა ყოფილიყო დაძაბული, რადგან გამუდმებით დიალოგში შედის თავის მეორე “მე”-სთან. ამიტომაც ეს ყველაფერი ტექნიკურად იყო ძალიან რთული, თუმცა, ამავე დროს სასიამოვნოც, რადგან ჩემთვის საკმაოდ ახალი იყო. უბრალოდ, ტექნიკური სამუშაო იყო ბევრი, სხვა სირთულე კი მართლაც არ ყოფილა. აქ ყველა მიზანსცენა ბალეტივით გვქონდა გაზომილი. თვითონ ეს მწერალი, მაქს ფრიში ძალიან მიყვარს. ჩემს ახალგაზრდობაში პოპულარული იყო მისი “ჰომო ფაბერი”; პოპულარული იყო, ასევე, მისი “განტენბაინი”, რომელიც მაშინ “ინასტრანკაში” იბეჭდებოდა ხოლმე. “განტენბაინს” და “ჰომო ფაბერს” ეს პიესა, რომლის პორემიერაც დღეს შედგა, ძალიან ჰგავს. მხოლოდ ის არის განსხვავება, რომ ეს პიესაა და ის 2 კი – რომანი. ეს პიესაც ახალგაზრდობაში წავიკითხე და ძალიან მიყვარდა. საერთოდ, ვთვლი, რომ მაქს ფრიში საკმაოდ კარგი, შეიძლება, ითქვას, მაღალი კატეგორიის მწერალია, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ადამიანის ფსიქოლოგია”.
სპექტაკლის შესახებ “მთელი კვირა” მის ერთ-ერთ რეჟისორს, “ერთი მსახიობის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელს, ნიკუშა შენგელაის ესაუბრა.
ნიკუშა შენგელაია: “ეს უკვე მეორე სპექტაკლის პრემიერაა ჩვენს თეატრში. ძალიან მოგვეწონა მე და ჩემს ბიძაშვილს, ანდრო ჭიაურელს მაქს ფრიშის “ბიოგრაფია” და ამიტომაც დავდგით. მე სცენური მხარე დავამუშავე, მსახიობებთან ძირითადად ანდრო მუშაობდა. პიესა ძალიან საინტერესოა. მოგეხსნებათ, ყველა ადამიანს რაღაცა მომენტში უკმაყოფილების გამო თავისი ცხოვრების შეცვლა უნდა, მაგრამ ცხოვრების ეპიზოდები ერთმანეთთან იმდენად არის ჯაჭვურად გადაბმულ-დაკავშირებული, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მისი შეცვლა. შესაძლებელია, რაღაცა დაგეგმო და შენს პროფესიაში წარმატებასაც მიაღწიო, მაგრამ განვლილ ცხოვრებას მაინც ძალიან რთულად თუ შეცვლი იმიტომ, რომ რაღაცა ერთის შეცვლა თუ გინდა, მასთან ისეა მიბმული სხვა ეპიზოდი, რომლის შეცვლაც არ გსურს. ამიტომაც ცხოვრების შეცლაც არ გამოდის. მესამე პერსონაჟი, რომელიც ეკრანზე ჩანს, გინდ მეფისტოფელი დაარქვით, გინდ პერსონაჟის მეორე “მე”, ან შინაგანი ხმა, ზუსტად ამაზე ელაპარაკება და პროვოკაციებს უწყობს მას, მაგრამ ყველაფერი მაინც იმავე წერტილამდე მიდის, სადაც ადრე იყო მისული… სპექტაკლი არის იმის მცდელობა, რომ გააერთიანოს სცენისა და ეკრანის მოქმედებები. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა რთულია, მაგრამ ძალიან საინტერესოც”.
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურდულმა “ერთი მსახიობის თეატრის” სცენაზე უკვე არაერთხელ ითამაშა, აღნიშნულ თეატრში სპექტაკლის დადგმა-თამაშის სირთულეზე ისიც ხაზგასმით საუბრობს.
ნინო ბურდული: “მაშინ, როცა მაყურებელი ასე ახლო ზის სცენასთან, ძალიან რთულია ამ სცენაზე თამაში, რადგან ადვილად ექცევი მაყურებლის ზეგავლენის ქვეშ, ყოველ მის ამოსუნთქვას გრძნობ და, აქედან გამომდინარე, მაყურებლის ყოველი ემოცია შენთვის გაასმაგებულია. ეს არ არის ტიპური თეატრალური სცენა და ამიტომაც თავისებური, სპეციფიკური ნაწარმოებები სჭირდება დასადგმელად. აქედან გამოდინარე, რასაკვირველია, ამ სცენაზე ყველაფერს ვერ დადგამ. ეს ერთი მსახიობის თეატრია და, შესაბამისად, მის სცენაზე 1, მაქსიმუმ 2 მსახიობი თამაშობს ხოლმე. დღევანდელ სპექტაკლში 2 ადამიანი ვთამაშობთ, მესამეც – ვიდეოში. აქცენტიც ამ 2 ადამიანზეა”.
ცნობისათვის: ერთი მსახიობის თეატრი “ვერიკო”, რომელიც სოფიკო ჭიაურელმა და კოტე მახარაძემ დაარსეს, სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ ზის. მას ცალკეულ სპექტაკლებს პროექტის სახით მერია უფინანსებს.
“ამ პროექტებს “თავისუფალი პროექტები” ჰქვია. თეატრს თვითონ დაფინანსება არ აქვს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ ზის. მას მხოლოდ ცალკეული პროექტები, სპეტაკლები უფინანსდება. ეს თეატრისთვის, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, რადგან ვეღარ აგვყავს მსახიობები, ხელფასს ვეღარ ვუხდით. წარვადგენთ ხოლმე პროექტს მერიაში, რომელშიც სხვა ყველაფერთან მსახიობის ხელფასიც არის გაწერილი. პროექტის დამტკიცების შემდეგ ავიყვანთ 2 თვით მსახიობს და გამოყოფილი დაფინანსებიდან გადავუხდით ხოლმე ანაზღაურებას. მაგრამ ძალიან რთული და არასახარბიელო პროცესია. პროექტი ან გაიმარჯვებს და ან – არა, შესაბამისად, დაფინანსებაც ან გვექნება, ან არა. თეატრის არსებობისთვის კი საჭიროა სერიოზული დაფინანსება, რაც, სამწუხაროდ, აღარ გვაქვს”, – აცხადებს ნიკუშა შენგელაია.

Max Rudolf Frisch (May 15, 1911 – April 4, 1991) was a Swiss architect, playwright and novelist

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in სპექტაკლები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s