კობა ცხაკაია: ნათხოვარი იმედები


Koba Tskhakaia

კობა ცხაკაია

ნათხოვარი იმედები
(ერთაქტიანი სცენა)

მოქმედი გმირები:
ა – ოცდაათს გადაცილებული, სათვალიანი
გაუპარსავი კაცი.
ბ – “ა”-ს ბავშვობის მეგობარი, წვერებიანი კაცი.
(ორივე წინადღის ნამთვრალევია).

მოქმედება მიმდინარეობს გასარემონტებელ ბინაში, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს კედლებდანგრეულ ერთ დიდ ოთახს, რომლის ერთ-ერთ კუთხეში დგას მაცივარი (რომელიც არ მუშაობს) და ნავთქურა. ფანჯარა დარბაზს გადაჰყურებს. ორივე აწყობს სუფრას, მაგიდა ოთახის ცენტრში დგას. შემოდგომის თბილი დღეა. კარებთან უყურადღებოდ მუშაობს ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი.
ა – ხახვიც აქ არის! კიტრის მწნილი, ნიორი!.. გუდის ყველი!.. სად არის გუდის ყველი?
ბ _ აუ რა “სუშნიაკი” მაქვს! რა დროს გუდის ყველია, მაგის მჭამელი მაინც არავინაა! მარტო სუნისათვის თუ გინდა, გავიხდი “ნასკებს” და “გალსტუკის” მაგივრად გაიკეთე!
ა – რა “ოსტრი” ხარ, რამე რო იყოს, წვერს ხომ არ გამპარსავდი?
ბ _ მე ენის ქნევა მაინც შემიძლია!
ა – ენა რომ არ გქონდეს მუნჯი იქნებოდი!… (თავზე იკიდებს ხელს) არ უნდა აგვერია, გამისკდა თავი!
ბ _ ნორმალური კაცი ამ გაღლეტილი ცხოვრების შემხედვარე რემონტს დაიწყებდა ახლა?!
ა – რემონტი არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა! ამიტომ სახლს კი არა, მე მიყურე! ბორჯომი გინდა?
ბ _ შეისხი უკან!
ა – (იცინის) იცი, თურქი ქართველები ერთმანეთს დედას როგორ აგინებენ?
ბ _ კი ვიცი!… ბიჭო, მამა ვარ შენი!
ა _ მამა კი არა!… ასე ამბობენ – შე დედაგაღლეტილო!
საათი რეკავს, ორივე კარებისაკენ იხედება.
ა – აუ! წვერს გავიპარსავ! ნადირივით ხომ არ დავხვდები!
ბ _ კიდე გაქვს რაიმეს თავი!
ა – თავი არა მაქვს, მაგრამ დრო ხომ მაქვს! (გადის)
ბ _ ეეჰ! არაფერი გაგვაჩნია დროის მეტი!
სიგარეტს უკიდებს და ფანჯარასთან მიდის. ისმის მუსიკა. ცოტახანში შემოდის წვერგაპარსული. “ა”, გახალისებულია.
ა – როგორა ხარ ბიჭო? შენ გეხვანხვალე! როგორ გამოცვლილხარ?!
ბ _ (აჰყვება) გამოვიცვალე!… მაგრამ არც შენ ხარ მთლად ის ცქრიალა ბიჭი, მაშინ რომ იყავი!
ა – ოო, რა ბიჭი ვიყავი?! რა მუშტისხელა თვალები მქონდა! რა ტანი! რა ხელები! რა თმები! ოხ-ოხ-ხო! რა ყურის ბიბილოები!… (ხელს ჩაიქნევს) ეეჰ! ყველაფერი ამ სამიწე წლებმა მომპარეს! … ისე შენც დიდ იმედებს იძლეოდი თავის დროზე, არა?
ბ _ რა ვქნა, ბატონო, ყოველი ადამიანი თავის დროზე დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ… ხომ იცი რა მურდალია …
ა – (აწყვეტინებს) აუხ! სანამ ცოცხალი ხარ, სიკვდილი არ გაბედო, თუ არა…
ბ _ რა ვქნა, ბატონო, გამომელია ყველაფერი! აღარა ვარ ის ბიჭუნა ადრე რომ ვიყავი… მარტო მე კი არა, შენც გამოგელია და რას ვეკურკურებით ახლა ერთმანეთს, ვერ გამიგია!… სიმართლე რომ გითხრა, სულ არა მაქვს სურვილი გიცნობდე!
ა – არც მე არა მაქვს ბატონო!… მომკალი და არ მომწონს შენი ცომივით მუცელი, გაქუცული თავი და დაგლეჯილი ფეხსაცმელები!
ბ _ ჩემსას რომ ხედავ შენიც დაინახე! პერანგზე ლაქა, მერე იღლიებში სუნი! აუჰ, აგდის მარა რა აგდის… დეზადორი, მე მგონი, არც გიხმარია!… ცოლი არა გყავს, ძმაო, რაიმე რომ გითხრას!
“ბ” ჩერდება, მიხვდა ზედმეტი თქვა. “ა” მშრალად იღიმება, ცდილობს რაღაცა თქვას.
ა – ისა! ხა-ხა! ცოლი?… კატა მყავს მარტო! ჰო, კატა!… მეოთხე! რომელსაც მორალურად ვერ ვიტან!
ბ _ რატომ ვერ იტან შე… ცხოვრებისათვის შეუფერებელო, გენეტიკურად აუწყობელო და გონებრივად დაჩლუნგებულო არსებავ?
თამაშის ხალისი კვდება. ორივე ცდილობს, როგორმე წერტილი დასვას.
ა – ალერგია მაქვს კატებზე! მეშინია და მეზიზღება კატები!… პირველი სამი ამ ცოტა ხნის წინ დავახრჩე! დღე-დღეზე მეოთხეს ჯერიც დადგება! (უახლოვდება “ბ”-ს) პატიოსან სიტყვას გაძლევ! ამ ფაფუკი, ნაზი თითებით ვწვდები, მის უმანკო კისერს და და-ვახრ-ჩობ!…
ავლებს კისერში ხელს. “ბ” ვითომ ეწინააღმდეგება.
ბ _ მე რა შუაში ვარ!… ენდე ამის მერე პატიოსან ხალხს!?
საათი ხუთჯერ დარეკავს.
ბ _ რომ არ მოვიდეს?
ა – რას ჰქვია, არ მოვიდეს! შენ ხომ არ გაგიჟდი?!
ბ _ არა, მაინც!
ა – ეჭვებმა დაგღუპეს შენ და… ახლაც გინდა კიდევ…
ბ _ არაფერიც არ მინდა, ასი გრამი არაყის მეტი!
ა – მეც მინდა, მაგრამ მოდი კაცურად დავხვდეთ და არა ჩვენებურად!
ბ – (იცინის) გზაზე მიდის ორი ლოთი! რათა ორი? მაშ რამდენი…
ა – ყველაფრის ფეხებზე დაკიდებამ და ეჭვებმა დაგიღუპეს ცხოვრება!
ბ _ ვინ დამღუპა? რა, ეჭვებმა? შენი ცოლი ხომ არ გგონივარ!
ა – თურქეთში იმის დედა ვატირე და აქ… ჩემი!
ცოტახანს “ა” ტელევიზორს უყურებს უაზროდ.
ა – ვირთხას დავემსგავსე! სადამდე შეიძლება ქალმა ოჯახი მიატოვო? როდემდე?… ვზივარ და იმის ტელეფონის ზარს ველოდები! ველოდები და ველოდები! და დაველოდები?!… ბზინ-ბზინ-ბზინ! მალე ჩამოვალ, მენატრები, მჭირდები, მწყურიხარ! ტუ-ტუ-ტუ!… ბზინ-ბზინ-ბზინ! სულ დამავიწყდა პალტო გიყიდე, შენი თვალების ფერი! გკოცნი ასიათასჯერ, უშენოდ არ შემიძლია! ტუ-ტუტუ!… ზიხარ ამ სოროში და ხმად ქცეულ ქალს ელოდები!
“ბ” მიდის ნავთქურასთან და სიგარეტს უკიდებს.
ა – არა, მართლა რომ არ მოვიდეს?!
ბ _ მე ხომ ასპროცენტიანი არ ვამბობ… აი დავუშვათ, რომ არ მოვიდეს, ხომ შეიძლება?
ა – შეიძლება, შეიძლება,… მაგრამ უნდა მოვიდეს! რომ მოკვდეს, მაინც უნდა მოვიდეს!
ბ _ რა ვიცი, ვნახოთ!… ისე მეც ძალიან მინდა!
“ბ” მიდის ფანჯარასთან და აღებს.
ა – დაკეტე ფანჯარა, გაციებული ვარ!
ბ _ გაცხელებული როდისა ხარ, ერთი გამაგებინა!
ა – ზაფხულში!
ბ _ რა ვიცი, პალტოთი კი დადიოდი ამ ზაფხულს, კინაღამ გადამრიე!
ა – მომეცა საშუალება და არ მეარა?!
ბ _ ახლა რატომ დადიხარ სეზონის გიჟივით! ყველა შენ გიყურებს!
ა – მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა!… სიგარეტი მინდა!
ბ _ მოდი და აიღე!
ა – აუ, ისევ ამტკივდა!
ბ _ მაგ კბილმა გუშინ მაგრა გვაქეიფა!… “პახმელიაზეა” ალბათ ახლა და თავი სტკივა!
ა – ფეთქავს რა!
ბ _ მერე რატომ არ ღეჭავ საღეჭ რეზინ “დიროლს”?! აქსილიტით, კარბონატის გარეშე? დილიდან საღამომდე! ის ხომ აღადგენს კბილების ემალს და სპობს ჭამის გამო გამოწვეულ კარიესს!
“ა” ვიღაცას ამჩნევს ფანჯრიდან.
ა – როგორ ბრძანდებით ქალბატონო?… მეე! კბილი მტკივა!
ბ _ (ა-ს) ძალიან აინტერესებს შენი ამბავი! (ქალს) გამარჯობათ!
ა – (ბ-ს) მე ხომ ღამეები არ მძინავს მაგაზე ფიქრით!… (ქალს) აუჰ, რას მეუბნებით, მართლა!
ბ _ (ა-ს) აღარ გაჩერდება?!… (ქალს) უკვე პოცდამშია! მაგარი ჭკვიანი გამოდგა!
ა – რას მელაპარაკებით! გაგიჭირდათ?! აფსუს, რა დრო დადგა!… არა, ჯერ არ ჩამოსულა!… (თავისთვის) შენღა მაკლიხარ, რა, ახლა!
ბ _ (ა-ს) მაგას რომ ვხედავ, გული მერევა!… (ქალს) კარგად ბრძანდებოდეთ! კარგად გიყავით!
ა – კარგად! კარგად!… (ბ-ს) მაინც მაგარი დამა-ქალია!
ბ _ ვერ ვიტან! ბებიაჩემის ტოლა ქალია და ამოუყრია ძუძუები! თფუ!
ა – რას იფურთხები! ვერ ხედავ ქუჩაში ხალხი დადის!
ბ _ ვერ დაჯდებიან მერე სახლში!
ა – “ის” რომ არ მოდიოდეს, შენც გარეთ ეგდებოდი “კირკიტას” ავტობუსივით!
ბ _ ნახე რა ქალები მოდიან!
ა – ქალები კი არა ბავშვები არიან!
ბ _ ბავშვები?… ვირს დააყროყინებენ ეგეთი ბავშვები!
ა – მაგარი ლამაზები არიან!
ბ _ დავუძახო?…
ა – მოიცა რა!
ბ _ ეეეი! უკაცრავად!… ჰო შენ გეუბნები!
ა – მოიცა რა!
ბ _ მამაშენი სახლშია?… რაა, ვერ მიცანი! ჰო-ჰო ისა ვარ!… არა! მე თვითონ ვნახავ! რაღაც საქმე მქონდა, ჰო კარგი, კარგად იყავი!
ა – (გაკვირვებულია) იცნობ ამ ბავშვებს!
ბ _ მერე რა!
ა – იცნობ და ეგეთ რამეებს ლაპარაკობ?!… არ გრცხვენია!
ბ _ მოიცა რა! მამამისს არ რცხვენია ასე რომ უშვებს ქუჩაში და მე რისი უნდა მრცხვენოდეს! (მღერის) ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია!… აუ, რა ქალები მყავდა! ფეხები ყურებიდან ეწყებოდათ! მეტრიანი მეკავა რა, ჩემი ეტალონი მქონდა – მეტრა ოცი! თუ მეტი ჰქონდა ფეხები – გამარჯობათ, მიბრძანდით, დაბრძანდით! თუ ნაკლები – წადი შენი! რა ფულებს ვხარჯავდი, რა დროს ვატარებდი!… რა ჩემს ფეხებად გვინდოდა გამოყოფა! გამოვეყოთ, გამოვეყოთ და ხო დავრჩით გამოყოფილები!… მონა! ვინ ვისი მონა იყო? მათი ცოლებიც ჩვენი იყო, მათი რესტორნებიც! ვინ ვისი მონა იყო, ჯერ კიდევ საკითხავია!
ა – ჩვენ ვიყავით მათი ცოლების და მათი რესტორნების მონები!
ბ _ ბლა-ბლა-ბლა! ერთხელ მაინც რატომ არ წამომყევი! იცი რა დროს გავატარებდით!
ა – არ მეცალა!
ბ _ სულ იმას იძახოდი – მომავალ წელს წამოვალ! მომავალ წელს წამოვალ!… იმათ მაგარი ჭკვიანური სიტყვები აქვთ ნათქვამი – ნე ოტკლადივაი დელა ნა ზავტრა, ა ლიუბოვ ნა სტაროსტ! სანამ დრო და შნო გაქვს, უნდა “იგულავო”! აი ეხლა ხო მაგარ “ტრუბაში” ვარ გამძვრალი არა, მაგრამ მაინც კაცი ვარ რა! იმიტომ რომ, ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრე კაცურად! ქალებსაც ვხმარობდი და რესტორნებსაც ვკეტავდი!… ეხლა რომ მოვკვდე ამ საღორეში! არ მენანება! იმიტომ, რომ სიკვდილის წინ რაღაცას მაინც გავიხსენებ კარგს! (მღერის) ვაიმე ჩემო ტანიავ და ვაიმე ჩემო გალიავ! უთქვენობით ტრა-რირა, ტრა-რა, ტრა-რა რარირა!
ა – მაგას უძახი შენ კაცურ ცხოვრებას?
ბ _ აბა შენ ცხოვრობ კაცურად!… რა უნდა ქალს თურქეთში ამდენ ხანს, ქალი სახლში უნდა გყავდეს!
ცოტა ხანს ორივე ჩუმად უყურებენ ერთმანეთს.
ა – მე, შენი აზრი ჩემს ცხოვრებაზე, არ მაინტერერსებს!
ბ _ უკაცრავად, თქვენში მოცისფრო ელემენტი ხომ არ სჭარბობს?
ა – წადი შენი! (აქცევს ზურგს)
ბ _ მოდი რა დავლიოთ! რას ვბურტყუნებ, აღარ ვიცი! მაპატიე რა… აუ, თუ არ დავლიე გავაფრენ!
ა – მოიცა რა!
ბ _ რატომ კაცო! ჰომოსექსუალისტები თავისი სიამოვნების გულისთვის რაღაცას აძლევენ! მე ჩემი სიამოვნების გულისთვის ცოტა თუ დავლიე, ამით რა დაშავდება!?
ა – მოდი რა, “იმას” დაველოდოთ!
ბ _ ხომ შეიძლება ახლაც დავლიოთ და “ის” რომ მოვა, მაშინ დავლიოთ და დავლიოთ!
“ა” დიდხანს უყურებს “ბ”-ს.
ა – მაშინ, რატომ არ ვსვამთ?
ბ _ (მხრებს იჩეჩავს) შენ იცი!
ა – (დამცინავად) შენ იცი!… მე ვიცი, რაც იცი, რომ ვიცი!
ბ _ მაშინ დავლიოთ!
“ა” ხსნის არაყს და ორ ჭიქაში ასხამს.
ბ _ ჩვენ ხვალინდელ დღეს გაუმარჯოს!
ა – არც გვაციოს და არც გვაცხელოს!
“ბ” ისევ ასხამს.
ბ _ აი, რომელი დღეა შენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?
დგამს ბოთლს.
ბ _ არაყი ყველამ თვითონ უნდა დაისხას, რამდენიც უნდა იმდენი!
“ა” ისხამს.
ა – ჯერჯერობით არცერთი დღე არაა მთავარი!… იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! (სვამს)
ბ _ იმედის მომცემი კაცის დედა ვატირე მე! (სვამს)
ა – რატომ?
ბ _ იმედს მარტო არაკაცები გაძლევენ!… მაგენის წარამარა იმედის მომცემი დედა ვატირე!
ა – აბა ვისი იმედი უნდა მქონდეს?
ბ _ არავისი! იმედი გასირებს, რაღაცეებზე ოცნებებს იწყებ! ყველა გიყვარს!… ოცნებები, ძმაო, არასოდეს არ ახდება!
ა – (იცინის) ცხოვრებაში ვერ ვცხოვრობ ადამიანურად და ეხლა არც ოცნებებში არ ვიცხოვრო!… კარგი, ბატონო, თუ არავინ მაძლევს იმედს, ან თუ არავინ არ უნდა მომცეს… ცოტა ხანს მათხოვოს მაინც!… ხომ შეიძლება ვინათხოვრო ცოტა ხნით ეს დაწყევლილი იმედი!… ხომ შეიძლება, ცოტა ხანს ვუყურო, კინოსავით მაგ შობელძაღლს!… თორემ შეიძლება… მოკლა კაცი!… გადიხარ ქუჩაში და უყურებ ამ სიფათებს! მაძღარი, მშიერი, უაზრო! მაძღარი, მშიერი, უაზრო! და არც ერთი ნათელი!… მინდა მივაკლა ვიღაცა! არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი!… არ ვიცი რატომ!… მინდა დავავლო ამ დანას ხელი, გავვარდე ქუჩაში და ყელი გამოვღადრო!… ანდა, ზიხარ და უყურებ ამ სერიალებს!… “თუ არ შეგიძლიათ იყოთ მილიონერი, უყურეთ მაინც, როგორ ცხოვრობენ ისინი”… უყურებ და მეტი არაფერი არ ხდება შენს ცხოვრებაში ახალი, ტელევიზორისა და ძილის გარდა!
ბ _ ადამიანებს უყვართ, რაღაცა რომ ხდება მათ ცხოვრებაში!
“ა” ასხამს ორივესთვის არაყს.
ა – გაგვიმარჯოს მე და შენ!
ბ _ გაგვიმარჯოს მე და შენ!
სვამენ.
ა – მაინც რამდენი ხანია არ გვინახია?… თვრამეტი წელია! თორმეტი წლის არ ვიყავით, ჩვენგან რომ წავიდა!
ბ _ შეიძლება!
ა – შეიძლება კი არა, ნამდვილად!… მჟავე კიტრს მოვიტან!
“ა” მიდის მაცივართან. “ბ” უაზროდ უყურებს ჭერს.
ბ _ თოფმა ერთხელ მაინც უნდა ისროლოს! ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა შესცოდოს! ღმერთმა ერთხელ მაინც უნდა გაპატიოს!
“ა” მოდის ქილით ხელში და დგამს მაგიდაზე!
ა – ნეტა რას აკეთებდა ამ ხნის მანძილზე?… სულ ვიღაც-ვიღაცეები ჰყვებიან რაღაც-რაღაცეებს! იქ ისა თქვაო, აქ ეს გააკეთაო! იქ იმას გაუკეთაო, აქ ამასაო! ისაო და ესო! ამასო და იმასო! (იცინის) მაინც როგორ ასწრებს ამდენს!… იმდენი კარგი გამიგია მასზე, რომ მეეჭვება, იქნება არც კი არსებობს!
ბ _ მეც ეგრე მგონია!
“ბ” ასხამს არაყს. ბოთლი ცარიელია უკვე.
ა – ადამიანის არსებობა რომ დაიჯერო, რაღაცა ცუდი უნდა ჰქონდეს გაკეთებული!… ბოლოს და ბოლოს, ღმერთი ხომ არ არის ის მამაცხონებული, ერთი ციცქნა ცუდიც რომ არა აქვს ჩადენილი!… შეიძლება კაცზე ყველა კარგს ლაპარაკობდეს?… მითხარი, არ არის ეს საეჭვო?
“ბ” იცინის.
ბ _ გახსოვს ფიზკულტურაზე “ქიშმიშას” რომ გაარტყი! რა თვალები გქონდა! ზუსტად ისე იყურები ახლაც!
ა – (იცინის) აუ, იმ დეგენერატს, არა?!
ბ _ როგორ ატეხა ტირილი! ცრემლებს სულ “წჟიჟ” ასე ასხამდა!
ა – აბა რა ეგონა, არ მინდოდა სირბილი და რატომ უნდა მერბინა!
ბ _ (იცინის) ისე მაგრა კი აგიკანკალდა ფეხები!
ა – ჰო რა, ცოტა პატარა ვიყავი და იმიტომ!… ისე ის ოცდახუთი მეტრი რომ გამერბინა, ნეტა შეიცვლებოდა რაიმე ჩემს ცხოვრებაში, ჰა?… ხანდახან მესიზმრება, რომ გავრბივარ!
ბ _ დაგიგროვდა ოცდახუთი მეტრი, ბიჭო?
ა – რაზე ამბობ!
ბ _ სულ მთლიანად დაგიგროვდა ოცდახუთი მეტრი!… დაგროვდა ბოღმასავით! ჯერ ერთი არ გაირბინე, მერე ორი, მერე ოთხი! ბოლოს ერთად ოცდახუთი გამოვიდა!… შენთვის კარგია, ასე მოკლე დისტანციაზე, რომ გაარკვიე შენი ცხოვრება!… ზოგიერთებს ეს დისტანცია ასობით კილომეტრი უგროვდება და გარბენის დროს იღუპებიან!…
ა – შენ თუ გაგირბენია?
ბ _ მე ჯდომა მიყვარს, დარბიან ისინი, ვისაც მეტი უნდა! ვზივარ და ვუყურებ! გაიქცევა ერთი, ტკაც და გაგორდება! გაიქცევა მეორე, ტკაც და გაგორდება!
ა – შენ თუ იცი, რატომ არიან ბუზები ბოროტები?
“ბ” მხრებს იჩეჩავს.
ა – მათ დედა არა ჰყავთ და იმიტომ!
ბ _ დედებს გაუმარჯოთ, მაშინ, დედებს! უგზო-უკვლოდ დაკარგული დედაჩემის თამადობით!
ა – გაუმარჯოთ!… დედაშენსაც გაუმარჯოს!
სვამენ.
ბ _ მე თუ მკითხავ, არც კი ვიცი რატომ ველოდებით… რომელზე უნდა მოსულიყო? – ხუთზე! ეხლა ექვსია!
რეკავს საათი.
ბ _ (საათს) უღრმესი მადლობა!… ამდენი ლოდინი, მე თუ მკითხავ, სირცხვილია! მოდი ჩვენ დავიწყოთ, თუ მოვა-მოვა! თუ არ მოვა და თავში ქვა უხლია, მუცელში სამართებელი!… ერთი გამაგებინა, ვინ ჩემი ფეხებია!… რა უნდა გვითხრას ახალი! ბავშვობის მოგონებაა და მეტი არაფერი!… ისე კარგი მოგონება კი იყო, მაგრამ მოგონება, მოგონებაა რა, დრო კი მიდის!… მოდი დავიწყოთ რა!
ა – რა უნდა მითხრა შენ მე ახალი, რა… შენთან ერთად რომ ღირდეს რაიმეს დაწყება!? მითხარი!
ბ _ მე საინფორმაციო პროგრამა კი არა ვარ, ახალი რომ გითხრა! მე შენი მეგობარი ვარ, ბავშვობის. და მეგობრები არ იცვლებიან!
ა – ვითომ?!
ბ _ რაა, ვითომ?
ა – რა და არაფერი!
ბ _ შენ თუ კაცი ხარ, მითხარი, რა დევს მაგ შენი “ვითომ”-ის უკან?
ა – არაფერი!
ბ _ აბა, მე იმ კაცის… … გავღლიტე! რომელიც სიტყვას იტყვის და იმ სიტყვის უკან არაფერს დებს! (დგება)
ა – შენი გავღლიტე და გამოვღლიტე კიდეც! (დგება)
“ბ” ცოტა ხანს უყურებს “ა”-ს. ორივე სიმთვრალისაგან ქანაობენ. “ბ” ჯდება და ხსნის მეორე ბოთლს.
ბ _ ხოხ! არ გადამრიო! მართლა?1… ვიყოთ ახლა ორივე, ასე გაღლეტილები!
“ბ” ასხამს ორივე ჭიქაში. “ა” ცოტა ხანს დგას, მერე ნელა ჯდება.
ბ _ მაგარი უცნაური იყო, არა!… გახსოვს, პატარა კოლოფს დაატარებდა! სულ!
ა – მახსოვს!… ამ კოლოფში “შიშებს” ვაგროვებო! ადამიანების შიშებსო!
ბ _ ნეტა რა ჩხრიალებდა იმ კოლოფში, თუ იცი?
ა – ვიცი!… ბატკნის კოჭი!
ბ _ ბატკნის კოჭი?!… გაუმარჯოს ბავშვებს და… პატარა ბავშვებს! (სვამს)
ა – გაუმარჯოს!… (სვამს) მე ვარ ძალიან ნაწყენი შენზე!… სამი ძმაკაცი მყავს ამ ქვეყანაზე – შენ, “ის” და მე!… და როგორ მატკენ ხოლმე გულს!… ხანდახან ისე ძალიან მძულხარ, ლამის არის მოგკლა!…
ბ _ მეც!
ა – აი ხომ ხედავ!… მარტო “ის” დარჩა, რომელიც ჯერ არ შემძულებია!
ბ _ მეც!… გახსოვს როგორი ღიმილი ჰქონდა?
ა – მახსოვს! (ცდილობს გაიღიმოს, მაგრამ არაფერი გამოსდის) არ გამომდის!
ბ _ დიდებს არასოდეს არ გამოგვდის ბავშვური ღიმილი!
“ა” თავს უქნევს.
ა – მოთხრობა თუ გახსოვს ბეჰემოტზე რომ დაწერა?
ბ _ ა კაკჟე!
“ა” აღებს მაგიდის უჯრას და იქიდან იღებს პატარა რვეულს.
ა – ის მოთხრობა მე მაჩუქა! აქა მაქვს! სიურპრიზს ვუმზადებდი!
ბ _ მაჩვენე! (ართმევს რვეულს)
ა – ხედავ ბეჰემოტი დაუხატია! როგორ ჰგავს ადამიანს! მაგარი ნახატია! ხანდახან ვუყურებ და თვალს ვერ ვაცილებ… რაღაცნაირად სულს მიტკიებს!
ბ _ წავიკითხავ!
ა – წაიკითხე, აბა რა, მაგისთვის ამოვიღე!
“ბ” უკიდებს სიგარეტს და იწყებს კითხვას.
ბ _ ბეჰემოტი მოკლეს!… ბეჰემოტი მოკლეს!
ა _ ორჯერ წერია!
ბ _ ბეჰემოტი მოკლეს!… მე ძალიან მიყვარდა ბეჰემოტი! მასაც ვუყვარდით, მარტო მე კი არა, ყველა, ვინც კი მის სანახავად მიდიოდა!… ბეჰემოტს ჰქონდა სქელი კანი, ზონზროხა მუცელი, პატარა ცრემლიანი თვალები და……დიდი პირი. ის ყოველთვის თავის პატარა აუზთან იდგა და ადამიანების მოსვლას ელოდა!… დაგვინახავდა თუ არა, დააღებდა უზარმაზარ პირს და კუდს მხიარულად აქიცინებდა!… მე ძალიან მიყვარდა ბეჰემოტი!… მას მეორე სახელიც ერქვა – “ჰიპოპოტამი”. მაგრამ ასე მხოლოდ გუნებაში ვეძახოდი, ან, როცა მარტონი ვიყავით მაშინ… ბეჰემოტი ყველას უყვარდა, მაგრამ მაინც მოკლეს! პირში ვიღაცამ შუშის ნამტვრევები ჩაუყარა! მას ძალიან ეტკინა, მაგრამ მაინც გადაყლაპა?!… ბეჰემოტს შეეძლო გადმოეფურთხებინა, ადრე როგორც აკეთებდა ისე… როცა დამპალი ვაშლი ან გაფუჭებული ტორტის ნაჭერი მოხვდებოდა პირში, მაგრამ არ გადმოაფურთხა… ალბათ ძალიან უყვარდა ის, ვინც ეს გაუკეთა!… ძალიან უყვარდა!… ორი დღის მერე გარდაიცვალა ჩემი ბეჰემოტი!… ჩემი ჰიპოპოტამი…
ორივე უხმოდ ეწევა სიგარეტს. “ბ” ბოლომდე ავსებს ჭიქებს. სულმოუთქმელად სვამენ. ცოტა ხანს ისევ ჩუმად არიან.
ა _ შენც იმას ფიქრობ, რასაც მე…
ბ _ ჰო… არ მოვა!
ა _ მეც ასე მგონია, მაგრამ მაინც დაველოდოთ!
ბ _ მალე შუქი ჩაქრება!
“ა” მაგიდის უჯრიდან იღებს სანთელს და შანდალს და სუფრის ცენტრში დგამს. ანთებს.
ბ _ ანთებული ჯობია! გარედან ფანჯარაში შუქს რომ ვერ დაინახავს, იფიქრებს, სახლში არ არიანო და წავა!… ფანჯარასთან ხომ არ დაგვედგა?
ა _ სწორია!… დავდგათ ფანჯარასთან!
“ა”-ს მიაქვს სანთელი და დგამს ფანჯრის რაფაზე. უკან ბრუნდება. რეკავს საათი.
ბ _ გააჩერე ეგ საათი! აღარ შემიძლია მაგის მოსმენა!
“ა” უყურებს არყის ბოთლს.
ა _ თხევადი სამყარო! ჩვენ არ შეგვიძლია სუფთა ჰაერზე ცხოვრება! უნდა ვიცხოვროთ არყის მდინარეში!
“ა” ასხამს ჭიქებში. ფეხზე დგება, “ბ” ქეჩოში ავლებს ხელს და აყენებს.
ა _ ლოთი თუ მთვრალი არ არს, კაპიკია მისი ფასი!
სვამენ. “ბ” მხრებში კიდებს “ა”-ს ხელებს.
ბ _ როდემდე უნდა ველოდოთ?!… როდემდე უნდა ველოდოთ იმას, ვისაც შეიძლება აღარ ვუნდივართ? როდემდე შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც შეიძლება უკვე ფეხებზე ვკიდივართ!… უხ, ჩემი დედა ვატირე!…
“ა” ცდილობს განთავისუფლდეს. მათი უაზრო მოძრაობა, ჭიდაობას და ცეკვას ჰგავს ერთდროულად.
ა _ ნუ გამოშტერდი?!
ორივე ეცემა იატაკზე. ცოტა ხანს წვანან გაუნძრევლად.
ა _ წამაქციე, შე კიტრო!
ბ _ ნეტა მოვიდეს და სულ არ ავდგები! აქედან გამასვენეთ!
“ა” ნელ-ნელა დგება.
ა _ ეხლავე წამოგახტუნებ!… გინდა?… იცოდე ის არ მოვა!
ბ _ (იცინის) გინდა ლიმონათი გათქმევინო! დათვალე ლიმონ ერთი, ლიმონ ორი…
ა _ ლიმონ-ათი! არ მოვა!
ბ _ (დგება) მოდი დავუთმოთ ერთმანეთს!… დააგვიანდება, ან ვერ მოვა!
ა _ რისი დათმობაც შემიძლია ახლა, ეს არის ჩემი სინდისი!
ბ _ ვის რაში სჭირდება შენი გაქუცული სინდისი!
ა _ უსინდისოების გარდა – არავის! თუ გინდა იცხოვრო მაგრად, ფეხებზე! ფეხებზე უნდა დაიკიდო!… ძნელია? – ძალიან ძნელია! მაგრამ ვერანაირი სიყვარული, ან მეგობრობა ვერ გაუძლებს სიღატაკის გამოცდას!… ღმერთი? პატივს ვცემ!… (იცინის) მე თუ მიწაზე არ ვიქენი კარგად, რა ჩემ ფეხებად მინდა ცაში კარგად ყოფნა?!
ბ _ ცაში რომ არ გინდა კარგად ყოფნა, იმიტომ ხარ მიწაზე ცუდად!…
ა _ ჩშშ!… ჩუმად! შენ გგონია დოლარის კურსმა დამინგრია ოჯახი?… (მწარედ იცინის) მე მგონია!
“ა” ჯდება და ქვითინებს. “ბ” თავზე კოცნის.
ბ _ იცი, სულ-სულ პირველ თვითმფრინავებს რა ეწერათ ფრთებზე?
“ა” არ სცემს ხმას. “ბ” ასხამს ჭიქებში არაყს.
ბ _ ფრთებზე ეწერათ – “ღმერთო მიშველე”! (ყვირის) ღმერთო მიშველე! გვიშველე, ღმერთო!
“ბ” სვამს. “ა” თავს წამოსწევს.
ა _ ის მაინც არ მოვა!
ბ _ კარგი რა, ამომგლიჯე ბარემ გული და შეჭამე!
“ა” ცინიკურ განწყობაზე დგება.
ა _ გუშინ რომ დარეკა, მე სად ვიყავი?
ბ _ არაყზე იყავი წასული!… მე აქ არ გელოდებოდი, დაგავიწყდა?
ა _ საიდან იცოდა ჩემი ტელეფონი! “ის” როცა წავიდა ჩვენგან, მაშინ მე ტელეფონი საერთოდ არ მქონდა! საიდან?
ბ _ გაიარ-გამოიარა და გაიგო!
ა _ თვრამეტი წელი გავიდა, შე გამოქლიავებულო! თვრამეტი! იმას ყველა იცნობს, ჩვენ კი ნაგავი ვართ!… გაიგე, ის აქ არ მოვა!
ბ _ რატომ, ხომ დაგვპირდა!
ა _ ვინ რას დაგპირდა!… (იცინის) როდემდე ვერ უნდა იცნო ჩემი ხმა ტელეფონში! როდემდე?
ბ _ მატყუებ და დამცინი ხომ?
ა _ დაგცინი, აბა რას ვშვები!… მე თუ დამცინიან, რატომ არ უნდა დავცინოდე მე სხვებს!
ბ _ მე დამცინი, არა! არა გცხვენია?
ა _ არა უშავს, ზვინის ქვეშ თაგვი არ გაიჭყლიტება! (სვამს) არც მე გავიჭყლიტები! არც შენ!
“ბ” ცდილობს ადგეს.
ა _ ხომ იყავი ცოტა ხანს ბედნიერი? ცუდი დრო გაატარე, მითხარი?… ცხოვრებაში არავის ელოდებოდი და აგერ ხომ გალოდინე!… ხომ გათხოვე ძმაო, ცოტა ხანს იმედი? აა, ცუდი იყო?! მართალია მკვდარი იყო ეს იმედი, მაგრამ მაინც ხომ იყო!… ცოტა ხანს ხომ ვიყავით ბედნიერები?.. (ხმამაღლა იცი¬¬¬¬ნის) ბედნიერები თუ არა ვართ, უბედურებას ხომ ვატყუილებთ ხანდახან, აა?
“ბ” დგას და “ა”-ს უყურებს თვალებში.
ბ _ მე იმ კაცის დედა ვატირე, ვინც იმედს იძლევა!
“ბ” მთელი ძალით არტყამს ხელს სახეში “ა”-ს. “ა” შებარბაცდება, მაგიდის გადასაფარებელს ავლებს ხელს და ეცემა; “ბ” წიხლებს ურტყამს. “ა” მაინც შეძლებს ადგომას. მას ხელში დანა უჭირავს.
ა _ აი, ეხლა ვნახავ შენი ყელიდან რა ფერის სისხლი მოდის!
“ბ” ხელში წვდება. ისმის კაკუნის ხმა. ისინი ცოტა ხანს ჭიდაობენ. ისევ ისმის კაკუნი. ქრება შუქი.
ბ _ მოვიდა გონია?
ა _ მოვიდა?
ორივე გარბის კარებისაკენ. ისმის ნაზი მელოდია. ფანჯარაზე ანთია სანთელი.

ფ ა რ დ ა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s