კობა ცხაკაია: საქონდაქრე


კობა ცხაკაია

საქონდაქრე
(ერთაქტიანი სცენა)

(სიუჟეტი აგებულია რეალურ ისტორიაზე)

მოქმედი გმირები:
პაპა _ ორმოცდაათი წლის კაცი.
ბებია _ ორმოცდაათს მიტანებული ქალი.
მამა _ მათი შვილი, ოცდაათამდე წლის.
დედა _ მისი მეუღლე, ოცდაათს მიტანებული ქალი.
ძმა _ ოცი წლის ბიჭი. კოჭლია.
ბავშვი _ რომელიც შეიძლება საერთოდ არ მონაწილეობდეს.
ვიღაცა _ გაურკვეველი ვინმე, რომელიც შეიძლება რემარკების გარეშეც
ჩნდებოდეს სცენაზე.
ზღაპრები შეიძლება შესრულებული იქნეს რეჩიტატივის ფორმით.

(სცენა გაყოფილია ორ ნაწილად. ერთ მხარეს არის სამუშაო და ამასთანავე პაპის, ბებიის და ძმის საძილე ოთახი. მეორე მხარეს კი დედა, მამა და ბავშვის ოთახი. როცა მოქმედება იწყება, ყველანი, ძმისა და დედის გარდა, სამუშაო ოთახში არიან. დედა ბავშვის ოთახშია. `ვიღაცა~ იატაკზე დაყრილ ფოთლებს იღებს და ნელ-ნელა გადის სცენიდან. მის გასვლასთან ერთად იწყება დიალოგი).

პაპა _ ხედავ, კაცო?!… მარტო ამ ქალაქში თვითმკვლელობის სამასი შემთხვევაა დაფიქ-სი¬რე¬ბული… ეს მარტო შარშან… წელს კიდე, ექვს თვეში უკვე ორას კაცს მოუკლია თავი.
მამა _ ბუნებრივი გადარჩევის წესია… სიცოცხლეს მარტო ძლიერები ინარჩუნებენ.
პ _ რა ბულდოზერივით ჭკვიანი ხარ?!
მ _ შენ გგავარ! მაგითი შენ გგავარ!
პ _ დანარჩენით არა?
მ _ არა!… ყურები დედაჩემისა მაქვს, ფეხები ბაბუჩემის… ხელები კი…
პ _ ორანგუტანგის!
მ _ მაგ წინაპართან შენ უფრო ახლო ხარ, ვიდრე მე!
ბ _ კაცებო, ნუ ჩხუბობთ!
მ _ დედა, რა ვთქვი ახლა ისეთი, რომ…
პ _ რა თქვი და ბოროტი კაცი ხარ!
მ _ დედა, უთხარი რამე, უთხარი!
ბ _ რას კბენთ ერთმანეთს… საქმე მეტი არაფერი გაქვთ?
პ _ საქმე?… საქმის მეტი რა გვაქვს… აგერ კროსვორდები მაქვს შესავსები, მერე ფანჯარასთან უნდა დავდგე და სამი სიგარეტი მოვწიო, ფერფლი კი ქუჩაში გადავყარო… მერე ჩაი უნდა დავლიო… მერე კბილის პროტეზები უნდა გავრეცხო… იმ კბილის ჯაგრისით, შენ რომ მიყიდე შარშან-წინის-წინის-წინის-წინ… მერე პირჯვარი უნდა გადავიწერო და დავიძინო… დავიძინო იმიტომ რომ, თქვენი ყურებით დავიღალე!
მ _ დედა, უთხარი რამე, უთხარი!
ბ _ რატომ ჩხუბობთ?… რა გაქვთ გასაყოფი, რა?…
მ _ მე არ ვჩუბობ, დედა, … ყოველთვის ეს ეძებს მიზეზს, რომ მიკბინოს… ხელი მკრას… მიჯიკოს… რაღაც ცუდი გამიკეთოს… არ შეიძლება, როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენც ისე ვიცხოვროთ!
პ _ სხვა ადამიანებიც მაიმუნებისგან გაჩნდნენ?
მ _ დედა, უთხარი რამე, თორემ… არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ!
ბ _ ვაიმე!… დედა ჩემი სიკვდილი!… ეს რა მომსვლია! ეს რა მომსვლია?
მ-პ _ რა იყო, რა მოხდა?
ბ _ საშლელი… საშლელის ყიდვა დაგვავიწყდა!
პ _ რას გაგვიხეთქე გულები… მეც არ ვიფიქრე… ისა!… ისა, არ ვიფიქრე კინაღამ!
მ _ კაი დროსია… საშლელი როგორ დაგავიწყდა ამხელა ქალს!… რა უნდა გელაპარაკო ამის მერე, რა!… რაღაცნაირი ხარ, რა! აი, ძალიან რაღაცნაირი!
ბ _ მე თუ დამავიწყდა,… თქვენ რატომ არ გაგახსენდათ?
პ _ სახლში საშლელი შეუძლებელია, რომ არ გვქონდეს!… თუ არა გაქვს და… ინათხოვრებს ის დალოცვილი ბოლოს და ბოლოს!
მ _ რა მაგარი ხარ! ინათხოვრებს! ინათხოვრებს!
ბ _ ჩემი შვილიშვილი სკოლაში სამათხოვროდ კი არა, სასწავლებლად მიდის!
პ _ მე მაგ გაგებით არ მითქვია!…
მ _ აბა, რა გაგებით თქვი?
ბ _ ჰო, მეც ძალიან მაინტერესებს, რა გაგებით თქვი!
პ _ ესე რომ მიყურებთ… საერთოდ არაფერს არ ვიტყვი…
ბ _ აბა, როგორ გიყუროთ!
პ _ საერთოდ არ უნდა მიყუროთ!… საერთოდ!… მე ხომ თქვენი მხრიდან ყურების ღირსიც კი არ ვარ!… თქვენ ხომ ყველა `სვეტსკი ობშესტვოდან~ ხართ… მე კიდე კამეჩი ვარ!… ტალახში მიყვარს წოლა და კუდით ბუზების მოგერიება!… არ დამიბრიყვეს ყველამ?!…
მ _ გამაგებინა ერთი რას ჩხუბობს! რა საინტერესოა არა, დედი?… რამ გიკბინა დღეს?… სულ რომ იკბინები და იკბინები… იმხელაზე ყვირიხარ, რომ ქუჩაში მოძრაობაც კი გაჩერდა!..
პ _ თქვენღა მაკლიხართ!… იქ ხომ გადამიარეს! ახლა აქ თქვენ გინდათ, რომ გადამიაროთ!… რა გგონიათ, მე არ მინდა ადამიანური ცხოვრება?… დედას გეფიცები, მინდა!… მინდა!… მინდა!… მაგრამ არ მინდა ზოოპარკში ვცხოვრობდე… მაშინ როცა არა მაქვს ამის სურვილი!… ფული არ უნდა გიჯიკავებდესო, თორემ ქაღალდად იქცევაო!… ტუალეტის ქაღალდადო!… უხ, შენი და უხ თქვენი!… რატომ მაგინებო? _ მოდი აქ მეთქი და ჩემს გულში ჩაიხედე, რა ხდება მეთქი!… როცა სახლში მიდიხარ და შენი შვილები გიყვირიან? მშიაო-მშიაო!… როცა გეხვეწებიან სათამაშო მინდაო, საშლელი მინდაო… რა უნდა ქნა მაშინ მეთქი?… ასე უნდა უთხრაო, რომ ფეხებზე მკიდიხართ-თქო!… წადი შენი დამსმელი დედაც ვატირეო!… მირჩევნია კაცურ კაცად მოვკვდე და… შენი წარაკუა სურვილები არც მაინტერესებს მეთქი!… ვეტყვი!… ვეტყვი მაგას მეთქი!… მაგრამ ისინი, იცი, რას მიპასუხებენ?… – ისინი მაინც მეტყვიან, მამიკო – პაპიკო გვიყვარხარ!… მითხარი, რა ვუყო ამ სიყვარულს, რომელიც მახრჩობს მეთქი?… …იცი რა მითხრა!… გადახტი ფანჯრიდანო!
მ _ ნეტა რატომაა, ყველა მსხვერპლი,… როცა დამნაშავეს ვერაფრით ვპოულობთ!
(შემოდის დედა)
დედა _ რას ყვირიხართ, რაშია საქმე?
პ _ საშლელის ყიდვა დაგვავიწყდა.
დ _ აუ, მართლა?… ვიცოდი რა, ვიცოდი, რომ დღეს რაღაცა უნდა მწყენოდა,… კუჭიც მტკიოდა, ფეხსაცმელზე ქუსლიც ამძვრა და… მეზობელსაც ისევ ვეჩხუბე!…
მ _ ისევ ეჩხუბე?
დ _ ჰო!… ვგრძნობდი, რომ რაღაცა უნდა მწყენოდა… ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა!.. ახლა მივხვდი და დამავიწყდა! რაზე ყვიროდით?
პ _ ხუმრობ?.. ხუმრობს!…… საშლელის ყიდვა დაგვავიწყდა და ეს… ასე ვთქვათ, ეს ხუმრობს!
დ _ ჩემო იმანო…… ვხუმრობ, აბა რა!…… ისეთი მხიარული ცხოვრება დაგვიდგა, რომ თუ არ ვიხუმრეთ, შეიძლება ვერ გაგვიგონ ისე, როგორც საჭიროა და… ვინც ხუმრობს… მხიარული კვდება!
მ _ ყველაფერი კარგი რაც ცხოვრებაში მინახია _ შენგან მახსოვს!
დ _ მართლა?!… ყველაფერი ცუდი, რაც ცხოვრებაში მინახია _ შენგან მახსოვს!
მ _ ხუმრობ?… ხუმრობს! ხუმრობს?!
ბ _ ცოტა ხმადაბლა!… სირცხვილია!
მ _ შენ გეუბნები რაიმეს?… გეუბნები?… მაცალე რა, ჩემს მეუღლეს ვემუსაიფ-ვეჭუკჭუკო!
დ _ მაცალეთ, რა, თუ შეიძლება… ბავშვი უნდა დავაძინო… მერე მოვალ და მერე! მერე ხომ იცი? (ჰაეროვან კოცნას უგზავნის).
მ _ ქაქაია ვი, ქაქაია?!
ბ _ ამ წუთებში… ესეთ წუთებში, ვერცერთს ვერ გიტანთ!
დ _ საშლელის გულისთვის შეიძლება ესეთი ამბის ატეხვა?
ბ _ მე თქვენსავით ყველაფერს ვერ ვიკიდებ ფეხებზე და რა ვქნა?… ფეხები მტკივა… დამისივდა!… იმდენი რამე მაქვს უკვე დაკიდებული, რომ ძლივს დავბობღავ, ხომ ხედავთ!
პ _ ბებერო?!
დ _ თუ არ დაიკიდებთ, თქვენს თავს დააბრალეთ!… მაინც რატომ არ იკიდებთ, რატომ?
ბ _ მეზარება!
მ _ დედა?!… მოიხსენი მერე ეგ ზარები და… მორჩება ყველაფერი!
ბ _ კი მაგრამ, საშლელი… საშლელი მაინც ხომ საჭიროა! სულ ვფიქრობდი, რა გვავიწყდება მეთქი და… თურმე საშლელი არ გვავიწყდება!…
დ _ კუზიანს სამარე გაასწორებსო!… ბავშვს ვაძინებ, და თუ შეიძლება ხმა ჩაიწყვიტეთ რა!… გაიგეთ!
(დედა გადის).
ბ _ ღმერთო ჩემო, საშლელი! საშლელი როგორ დაგვავიწყდა!
პ _ იქნება ყველა თავს არ იკლავს… ზოგს კლავენ!..
მ _ დედა! მამა!… ნუ, რა არის ეს, რა?
ვიღაცა _ მიეცი ლუდი გაუბედურებულს, და ღვინო სულგამწარებულს, შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს!
(სამუშაო ოთახი ბნელდება. ნათდება საძილე. დედა ზის საწოლზე და მანიკურებს ისვამს ფრჩხილებზე).
დედა _ დახუჭე თვალები, თორემ არაფერს არ მოგიყვები!… ნუ იცინი!… კარგი რა დედა?… შეიძლება ასე?… იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, იმდენი!… უნდა დაგიუთოო!… უნდა დაგისუფთაო… უნდა გამოგწკიპო_გაგალამაზო!… ამდენ რამეს რომ გავაკეთებ,… მერე ბრაზიან ოჯახის წევრებს უნდა მივხედო!… იცი, რა ძნელი მისახედია!… ღმერთო ჩემო, რა კარგი იყო მანამ, სანამ გავთხოვდებოდი… ვიყავი ჩემთვის მინდვრის თაგვივით და… ვიყავი, ნეტარად ბედნიერი!… სულ არ მიჯერებ!. არ გეცოდები?… არ გეცოდება დედიკო?… რომ მოვკვდები, აღარ გეყოლები, მერე ვნახოთ, რას იზამ!… მერე ვნახოთ, რას იზამ!… მოგიყვანენ ბოროტ დედინაცვალს. გამიხსენებ მერე, მაგრამ გვიან იქნება… რადგან შენი დედიკო ცაში იქნება ღრუბლებს შორის!… ეეჰ!… ჩემო ბიჭო! მშვენიერო! ეხლა ნეტა ჩვენს სახლში ვიყოთ!… იცი რა სახლი გვქონდა, იქ, ზღვაზე!… რა მაგარი სახლი!… თეთრი, ქათქათა!… მარმარილოს კიბეებით!… მოაჯირები?… ვაიმე რა მოაჯირები იყო… ფოთლები! ყურძნები! ტოტები ისე ლამაზად იყო გამოჭედილი ამ მოაჯირზე… რომ შურზე გასკდებოდი კაცი!… მერე ოთახები!… მუხის პარკეტი, ლაქწასმული!… ყველა ოთახში ფერადი ტელევიზორი!… ჭაღები, ჩეხური ბროლი! მოოქროვილი ჭურჭელი!… ვენეციური სარკეები!… ავეჯი! წითელი, შავი ხე!… კაკლის თაროები!… რამდენი წიგნები გვქონდა… ენციკლოპედიები, რომანები,… ძალიან ლამაზ ყდებში! ისეთი ლამაზი წიგნები იყო, გამოღებაც კი არ გინდოდა!… ოთხი მანქანა გვყავდა. “ბასეინი” ოქროს თევზებით… არაფერზე არ მწყდება ისე გული, როგორც ჩემს საქორწილო კაბაზე!… იცი რა ლამაზი ვიყავი იმ კაბაში!… შურისაგან შეიძლება გული გაგსკდომოდა!… ფუჩეჩები, ფუჩეჩები, ფუჩეჩები!… მარგალიტებით ნაქარგი გრძელი სახელოები… აქ, `ზაპონკების~ მაგივრად ზურმუხტისთვლებიანი ღილები!… ვაიმე!… ზღაპარი იყო! ზღაპარი! …რა ვქნა, ზღაპარი მოგიყვე?… ზღვაზე, მოგიყვე ზღაპარი?… მეტი რაღა ზღაპარი გინდა?… მაშინ ზღვაზე ვცხოვრობდით, ეხლა ნაპირზეც კი არა ვართ!… ეეჰ, კაი ცხოვრებას ყოველთვის მათხოვრული ბოლო აქვს!… იყო და არა იყო რა, იყო ერთი მოწყვეტილი ფოთოლი, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდებოდა, როცა ქარი დაუბერავდა. თორემ ისე, იდო სხვა ფოთლებთან ერთად მტვრიან გზაზე და აქეთ-იქით მოსიარულე ფეხსაცმელების კაკუნ-ბაკუნზე თუ შეირხეოდა… ფოთოლს – მოწყვეტილი ფოთოლი ერქვა!… მოწყვეტილ ფოთლებს სხვა სახელებს არ არქმევენ!… ფოთოლი ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, ახალი ჩაძინებული იყო, როცა თავზე რაღაც სრიალა, ცივი და სველი დაეცა… ის ვერ იტანდა წვიმას, წყალს და ყველაფერს იმას, რაც ნესტთან იყო დაკავშირებული. _ `ნესტი მოდიდანაა გამოსულიო!… ის დრო, როცა სველი, მსუყე ფოთლები იყო მოდაში, დიდი ხანია გავიდაო… ახლა მშრალი და ტყავიანი ფოთლების ერა დაგვიდგაო~ _ ამიტომაც ფოთოლი შეცბა და თვალი გაახილა… მან დაინახა, რომ მის გულთან, სადაც ძარღვები ერთმანეთს ეჯვარედინებოდნენ, წყლის ერთი წვეთი, შეშინებული ცახცახებდა… _ შენ ვინა ხარ?… _ იკითხა ფოთოლმა, და უნდოდა ახლოს ჩაქროლილი ნიავის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ ვერ მოასწრო და ამაზე ძალიან გაბრაზდა… _ მეე! _ ჩაიჩურჩულა წვეთმა _ მეე, ცრემლი ვარ!… ცრემლი? _ ეჭვის თვალით შეხედა ფოთოლმა, მას ესეთი ცნება წყლიანების შესახებ, არც კი გაეგონა, _ ცრემლი რისი მაქნისია?… _ რისი მაქნისია ცრემლი? _ ჩაფიქრდა ცრემლი, _ არ ვიცი!… შენ თვითონ რისი მაქნისი ხარ?… მეე! _ ამაყად გააქნია მოწითალო ღერო ფოთოლმა, _ მე ვშრიალებ!… _ შრიალებ?!… _ გაუხარდა ცრემლს, რადგან ეს სიტყვა რაღაც სასიამოვნოდ მოეჩვენა _ მე კი ვტირივარ!… _ ტირილი რა არის? – გაუკვირდა ფოთოლს… ტირილი?… არ ვიცი, მაგრამ, რატომ იწყება ტირილი, ვიცი!… რატომ იწყება?… იმიტომ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას უნდა!… _ ვის მას? _ აქეთ-იქით მიიხედა ფოთოლმა, მაგრამ ვერავინ ვერ დაინახა… მას! ვისაც ყველაფერი ისე კი არ უნდა, როგორც არის, არამედ ისე, როგორც არ არის! _ აუხსნა ცრემლმა… _ ხა-ხა! _ გაეცინა ფოთოლს, ეგ სულელი ყოფილა!… – ხი-ხი! – გაიცინა ცრემლმა, მაგრამ თვითონ ვერ მიხვდა რატომ,… _ მოდი ვიმეგობროთ! უთხრა ფოთოლმა… _ მოდი, მაგრამ… მე მალე გავშრები! _ ამოიხვნეშა ცრემლმა. _ ეეჰ! მეც მალე დავლპები! _ გაეცინა ფოთოლსაც,… _ მაგრამ თუ მე და შენ ვიმეგობრებთ, მაშინ შეიძლება არაფერი არ მოგვივიდესო… _ ეგ როგორო? _ გაუკვირდა ცრემლს… როგორ და, თუ ქარი დაუბერავს, ქარს გავყვეთ, თუ წვიმა წამოვა და ნაკადულებს გააჩენს, ნაკადულებს გავყეთ, თუ ვინმეს მივეკრობით რამეზე, იმასაც გავყვეთ და ასე ვიქნებით… მერე კი მოვკვდებით, აბა რა იქნება!… მოვკვდებით, აბა რა იქნებაო!… _ გაიმეორა ცრემლმა და რაღაცა გაახსენდა, _ უიმე, ეგეთებს ხომ ლტოლვილებს ეძახიანო!… _ ლტოლ-ვილი! _ რა სასიამოვნო სიტყვაა!… ლტო-ლვი-ლი! ლტო-ლვი-ლი! _ გაუხარდა ფოთოლს… _ ლტოლვილი, შეიძლება ჩვენთვის კარგი სიტყვაა, მაგრამ იმისთვის ვინც გადმომაგდო, არც მთლად კარგია! რადგან სულ ამ სიტყვას იძახოდა, როცა მე ვიბადებოდიო! _ თქვა ცრემლმა… ხა-ხა-ხა! _ გაიცინა ფოთოლმა… ხიხიხი! _ ექოსავით აყვა მას ცრემლი… _ ჩვენ მაინც ცოცხლები ვართ!… ჰო, ჩვენ ცოცხლები ვართ!… ჩასჩურჩულეს ერთმანეთს და იქვე საიდანღაც გაჩენილ ნაკადულს გაჰყვნენ… მიჰყვებოდნენ წყალს და მღეროდნენ _ `წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა, ალვის ხის ჩამონათალი!~… დარი-დირი-დარი-დირი, დარი-რირი-რირი-რო!… დიდხანს მოყვებოდნენ ამ ნაკადულს, რომელიც ჯერ ჩქარ მდინარეში, შემდეგ კი ფიქრებში ჩაღრმავებულ არხში გადაიზარდა… მერე კი დინებამ ისინი ზღვისაკენ გააქანა… ფოთოლიცა და ცრემლიც გაკვირვებულები უყურებდნენ ლტოლვილების ცრემლებივით უამრავ მარილიან წყალს და გული ბაგა-ბუგით უცემდათ _ ეჰეჰეი! _ ყვიროდნენ ისინი… ოჰოჰო! _ პასუხობდა მათ ღელვას აყოლილი ზღვა… ოჰოჰო! _ სიხარულით იძირებოდნენ მის ბრძენ ტალღებში ფოთოლი და ცრემლი, _ არ დამეკარგო, ჩემო ცრემლუკა! _ ტანზე ეხვეოდა მას ფოთოლი!… არ დამეკარგო ფოთლუკა! _ სველ ტყავზე ეფერებოდა ცრემლი… ასე და ამრიგად მილიონი წლის მერე ვიღაც მებადურმა იპოვნა მარილისაგან გამაგრებული ფოთოლი, გაკვირვებულმა გახსნა და იცი რა დაინახა _ ცრემლი გაქვავებულიყო და მარგალიტად ქცეულიყო!… ლამაზ, სინაზითა და სითბოთი სავსე მარგალიტად!… ასე გაჩნდნენ მარგალიტები ამ ქვეყანაზე… მოწყვეტილი ფოთლებისა და ადამიანთა ცრემლებისაგან!… დედა, რომელი საათი ყოფილა… დაიძინე ახლავე, თორემ ძალიან მეწყინება!…. დახუჭე თვალები!… ვაიმე ღმერთო ჩემო, რამდენი საქმე მაქვს!… (უყვირის) დახუჭე თვალები, თორემ დაგახრჩობ იცოდე!…
(დგება და გასვლას აპირებს)
დ _ (კბილებში გამოსცრის) დაიძინე ახლავე!
(გადის. საძილე ოთახში ბნელდება, ნათდება მეორე ოთახი)
მამა _ მე კაპიკს ვაკეთებ დღეშიო!… მე ხუთ კაპიკს ვაკეთებ მეთქი!… შენ ჩემზე მდიდარი ყოფილხარო!… უხ, როგორ ვერ ვიტან ამ მყიდველებს! რომ ვუყურებ, გული მერევა!… სულ იმას ფიქრობენ, როგორ დაგაკლებინონ ფასი! ხან აქედან მოგიდგებიან, ხან იქიდან… ხან სამშობლოს გაიხსენებენ, ხან ალთა-ბალთას!… არც კი მგონია, რომ ადამიანები არიან!
პაპა _ დიპლომატობენ, რა!
მ _ დიპლომატობენ კი არა, დამპლომატობენ!… ნუთუ ჩვენც ვიყავით ოდესღაც მყიდვე-ლები!… არც კი მჯერა! გული მერევა! ვეეე!… ერთმა მითხრა, ძმურად მითხარიო, აი ეს საქონელი ნაღდია თუ არაო… ხომ იცი, მაინც ავიღებო!… პატიოსან სიტყვას გაძლევო! მეც დედიჩემის ვჭამე რა და ვუთხარი!
პ _ მერე!
მ _ რა მერე… მომიგდო საქონელი და ფურთხებ-ფურთხებით წავიდა!…
პ _ ენდე ამის მერე პატიოსან ხალხს.
მ _ რა დაკარგეთ ისეთი, რომ მაიმუნებად გადაიქეცითო!.. სულები გაგეყინათო! (იცინის) ხა-ხა-ხა!
ბ _ პატიოსნებაზე თუ ლაპარაკობს, მაგარი მთვრალი ყოფილა!… ფხიზელს შერცხვებოდა!
პ _ შერცხვებოდა აბა რა!… სირცხვილი არ არის, კაცო, პატიოსნებაზე ქუჩაში ლაპარაკი!
მ _ სახლში შეიძლება?
პ _ სახლში შეიძლება, თუ არავინ არ გისმენს, მაგრამ თუ არავინ არ გისმენს და მაინც ლაპარაკობ, დებილი ხარ, აბა რა ხარ!
(იცინიან)
მ _ მეც აღარ გავეცი ხმა!… გიჟი თავისუფალია! ხო თავისუფალია, მამი?
პ _ თავისუფალია, აბა რა! მაგენის მორჯულებას არ დაადგა საშველი, თორემ ჩვენ რა… ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ! ხომ ვართ?
ბ _ ვართ აბა არ ვართ! ისეთ რამეს იტყვი ხანდახან, დავეჭვდები… ეს კაცი ჩემი ქმარია თუ არა მეთქი!
მ _ მეც მინდა ნორმალური ვიყო! ხომ ვარ?
(პაპა და ბებია ინტერესით უყურებენ მამას, მერე კი ზანტად უქნევენ თავს. შემოდის დედა).
დ _ ღმერთო ჩემო, როგორ მომბეზრდა ეს ჯოჯოხეთი!… როგორ მომბეზრდა…
მ _ დაიძინა?
დ _ არ ვიცი… არაფერი არ ვიცი! შედით რა ვინმე, იქნება თქვენ მაინც დააძინოთ?
ბ _ ხვალ მართლა რომ დასჭირდეს საშლელი, მერე რა ვქნათ?
პ _ სხვა რამეზე იდარდე რა, გეხვეწები?
ბ _ მაგალითად რაზე?
პ _ არ ვიცი, რაზე… რაიმე აბსტრაქტულზე!… მაგალითად ღმერთზე!…
ბ _ ღმერთო ჩემო!… ახლა უცებ გამახსენდა ჩემი თავი, როგორი ვიყავი მაშინ… და ახლა როგორი ვარ!… ხომ შეიძლება ადამიანს გაგისკდეს გული… ტვინში სისხლი ჩაგექცეს… ან, ან რაღაც საშინელი უჯმაჯურობა დაგემართოს… ღმერთო თუ ხარ სადმე მითხარი, რატომ გვაცოცხლებ ჩვენ, ან იმათ, ვინც ასეთ დღეში ჩაგვაგდო?
დ _ ღმერთს სისულელეებზე ნუ აწუხებთ!… ან რას ნიშნავს ასეთ დღეში ჩაგვაგდო!… დღე რა ორმოა? თუ უფსკრულია?… დღე დღეა და ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი მდგომარეობაა!
ბ _ საშლელი?… საშლელი რომ დაჭირდეს ხვალ, ხომ მოგვეჭრა თავი?!
პ _ ახლა ამას რაღაცით გავუხეთქავ თავს!
ვიღაცის ხმა _ კარგი ადამიანები ყოველთვის ბოლოს მიდიან!… კარგი ადამიანები ყოველთვის ბოლოს მიდიან!… კარგი ადამიანები…
(შემოდის `ვიღაცა~, მის დანახვაზე ყველა იბნევა. ის მათ ნელა აუვლის გვერდს და უჩინარდება. მოქმედი გმირები მას თვალს გააყოლებენ და ერთმანეთს გადახედავენ).
დ _ შავი შარვალი დაუუთოვეთ?
ბ _ შავი?… აბა ლურჯიო!
დ _ როდის გითხარით, ლურჯი… მე გითხარით შავი!
მ _ ისე არც შავი გითქვია და არც ლურჯი, თქვი მუქი შარვალი დაუუთოვეო!
დ _ მედავებით?. ისევ მედავებით!…
მ _ რა ვიცი, მე ესე მომესმა და?
პ _ მეც!
ბ _ მე არაფერი გამიგონია, მაგრამ იცით რაზე ვფიქრობ… იცით რაზე ვფიქრობ…
პ _ ის არ თქვა ახლა, რაზეც ყველა ვფიქრობთო, თორემ…
დ _ თქვენ ვინ გელაპარაკებათ საერთოდ? თუ შეიძლება, გაჩუმდით!
პ _ გავჩუმდე?… ბებია გიჭყავის!
მ _ ბებია უჭყავის?… მე მგონი მართლა ჭყავის… ჩშშშ!
ბ _ სსს! სსს!
(ყველა ჩუმადაა)
მ _ უცნაურია, არავინ არ ჭყავის… არავითარი ბებია არ ჭყავის!
დ _ ეგეც მე დამაბრალეთ! ეგეც მე!… ვინა ხართ, რა ხალხი ხართ ასეთი?… საიდან მოხვედით!… ვერაფერს ხედავთ, არაფერი გესმით და მეც არ მიჯერებთ! მაინც თქვენებურად აკეთებთ!
ბ _ ვაკეთებთ, დიახაც ვაკეთებთ!…
დ _აღარ შემიძლია მეტი, აღარ!… აქ მე ვკვდები! ყოველ საღამოს ვიძინებ და ვგრძნობ, როგორ ვპატარავდები!… სიკვდილი მენატრება!
მ _ ხა-ხა-ხა! კომედია ხარ, სუფთა კომედია!… როგორ თქვა? სიკვდილი მენატრებაო!… კომედი ფრანსეზო?!
პ _ მე მაგალითად… გამაჩნია ნატვრის გრძნობა!… მეც მენატრება!… შემიძლია ვთქვა, რომ მენატრება!… მაგრამ რა მენატრება, ვერაფრით ვიხსენებ!… არის მომენტები, რომ დავჯდები და… მყიდველებს აღარც კი ვაქცევ ყურადღებას, მხოლოდ თუ ძალიან შემაწუხებენ, ბუზების საკლავით ვიგერიებ!… ამ მომენტში, ასე ვთქვათ მოგერიების მომენტში, ძალიან მენატრება, ისე ძალიან, რომ იძულებული ვარ ვიტირო, მაგრამ ცრემლების მაგივრად ოფლი მომდის და ამიტომ ვცდილობ არაფერი აღარ მომენატროს!
ბ _ მე კი ამ ბოლო დროს ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება… თითქოს ვდგევარ ჩემი სამსარ¬თულიანი სახლის აივანზე, მაცვია `კრემჟორჟეტის~ ფერის პერანგი… ირგვლივ არავინაა… თენდება… აივანი გრილია… ისეთი გრილია… ისეთი, რომ მეშინია მენინგიტი არ დამემართოს… ფეხებზე საშინლად მცივა… შრიალებენ ფოთლები… ძალიან სუსტი სიო უბერავს… და აი, ჩვენი მანდარინის ხეებთან ვიღაც დგას და ჰორიზონტს უყურებს… უცხო, ვიღაც სხვა… მაგრამ ვგრძნობ, რომ მისთვის ჩემი სახლი ისევე ახლოა, როგორც ჩემთვის… დგას და უყურებს ხედს… ორ მწვანე ბორცვს შორის გაჭედილ, ზღვის ვიწრო ზოლს… უყურებს და ღრმად სუნთქავს! აი ასე! (ღრმად სუნთქავს).
მ _ ხა-ხა-ხა! კომედია ხარ, სუფთა კომედია! როგორ თქვი, ღრმად სუნთქავსო?!… კომედი ფრანსეზო?!
ბ _ ისიც ჩემსავით ფეხშიშველია! სხვათა შორის ფეხებზე გრძელი კოპწია თითები აქვს… სუფთა და აკურატულია, ფეხებზე ეტყობა!… მიწაზე დგას და რაღაცას ჩურჩულებს!… ბრრრ! მეშინია, ძალიან მეშინია!… ხელს ზევით ვწევ, თითქოს ვიღაცას ვუქნევ! ვემშვიდობები!… და ამ დროს ყურში მისი ჩურჩული ჩამესმის!… მიწა სისხლივით თბილია! მიწა სისხლივით თბილია! მიწა სისხლივით თბილიაო!
პ _ (თავისთვის) რატომ მოგიყევი! რატომ!… მეტის ღირსი ვარ შენგან, შპიონო, სტუკაჩო… ჩამშვებო!
მ _ რა ენაზე ამბობდა ქართულ-აფხაზურად, რუსულ-სომხურად, თუ თურქულ-ჩეჩნურად?
ბ _ ადამიანურად ამბობდა! ადამიანურად!… ხანდახან ასე მგონია, იმ ვიღაცას რომ დავუძახო _ მობრუნდება და სიზმარში კი აღარ დავრჩები, არამედ იქ მოვხვდები ჩემს სახლში!… (იცინის) ისეთი საინტერესო მამაკაცია!… `მეშკავინის~ გრძელი პერანგი აცვია ლამის კოჭებამდე წვდება!… ისეთი გრძელი, მუქი წაბლისფერი ხუჭუჭა წვერები და თმები აქვს!… ვუყურებ და მრცხვენია!… ძალიან მრცხვენია!… არ ვიცნობ, მაგრამ ასე მგონია, ვიცნობ და თანაც ძალიან კარგად, მაგრამ მგონია, რომ ის უფრო კარგად მიცნობს… ვხვდები, რომ, ისეთი აღარა ვარ, ადრე რომ ვიყავი!… სხვანაირი გავხდი!…
მ _ მერე?
ბ _ რა მერე?
მ _ სულ ეგ იყო!… ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!… მაგრამ ფინალი რომ არა აქვს, საინტერესოც არ არის!
დ _ ღმერთო… ჩვენ ვართ ნორმალური ხალხი, არანორმალურ სიტუაციაში!
ბ _ არა, არანორმალური ხალხი ვართ, ნორმალურ სიტუაციაში!
პ _ (ბებიას) მე შენგან ამას არ მოველოდი! არ მოველოდი!… ჩემი საიდუმლო გაგანდე, შენ კი… შენ კი! მართალი უთქვამს, ვისაც უთქვამს _ ორმა იცისო, ღორმა იცისო!
მ _ მამა რა იყო? დედა, რა უნდა, რატომ გეჩხუბება?
ბ _ ვაიმე! ვაიმეე!… (პაპას ეჩურჩულება) ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო! მე არავისთვის არაფერი არ მომიყოლია!
პ _ ვითომ! აბა თვალებში შემომხედე?
ბ _ აჰა!
(უყურებენ ერთმანეთს).
პ _ წირპლები ამოიწმინდე და იცოდე! ი-ცო-დე!
ბ _ მე შენი ვარ და შენი ვიქნები! მუდამ!
მ _ სიზმრები-სიზმრები-სიზმრები!… მე კი არაფერი მესიზმრება!
დ _ ღამღამობით კი ლაპარაკობთ და…
მ _ მე არ ვლაპარაკობ!
დ _ აბა კი!… გუშინ ღამით თუ იცი, რას იძახოდი?
მ _ გუშინ ღამით რას ვიძახოდი?!
დ _ პ _ ბ _ კრივოშიპნო-შატუნნი მექანიზმ! კრივოშიპნო-შატუნნი მექანიზმ! რაზვადნოი კლიუჩ! სალნიკი-პორშნი-პერედოკ! სცეპლენიე-ტორმუზ-სტოპსიგნალ!
მ _ ეეჰ! რატომ არ შეიძლება, ადამიანები მანქანებივით რომ იყვნენ… რამდენი გაუფუჭდებოდა, ან არ მოგეწონებოდა დეტალი, გამოუცვლიდი და ისიც უკეთესად, ახალივით იმუშავებდა… ღმერთო, რატომ არ შეიძლება ადამიანიც ესეთი რომ იყოს… არ მოგწონს მისი ძრავი, ფერი, ნომერი?… აიღე და გამოცვალე… ეჰ, რა შვება იქნებოდა მაშინ, რა შვება.
(ოთხივე ნეტარებით იღიმება).
დ _ ისეთი ჭკვიანია, მანქანის ნაწილებიც იცის!… მექანიზმებზე გიჟდება!… ტვინი დუღს-გადმოდუღს!
მ _ იცი, მეც როგორ მიყვარხარ!… აი, რაღაცნაირად მიყვარხარ! ძაან რაღაცნაირად!
დ _ ჩემო საყვარელო იმანო!.. ჩემო კეთილო იმანო!
(მამა უახლოვდება დედას)
მ _ უკაცრავად, თქვენ გათხოვილი ხართ?
დ _ დიახაც, გათხოვილი ვარ!
მ _ მერე ვინ არის თქვენი მეუღლე?
დ _ ჩემი მეუღლეა ერთი უჭკუოუტვინოცანცარა ბიჭი!
მ _ მერე ასეთი ქალი უჭკუოუტვინოცანცარა ბიჭს როგორ გაჰყევით, თუ თქვენ თვითონ არა ხართ უჭკუოუტვინოცანცარა გოგო?… ხომ მაგრა ვკითხე? ხო მაგარი ვარ?… `ვოლკი~ ვარ, `ვოლკი~!
დ _ ბრმა ვიყავი!
პ _ სხვა რამეზე ილაპარაკეთ რა,… აღარაა საინტერესო ეგ საუბრები!
მ _ ბრმა თუ ხართ, მაშინ საერთოდ როგორ ხედავთ?
დ _ ქალური ინსტიქტით!
ბ _ მაგ ინსტიქტებმა დამღუპეს თავის დროზე!
პ _ ესე იგი, უკვე ვიცი რა, რაც უნდა მოხდეს… ეს ოჯახური სერიალები გაჭრილი კიტრივით გვანან ერთმანეთს!
ბ _ აუწიე, რა ცოტა… თორემ არ მესმის, რას ლაპარაკობენ!
პ _ შენ თვითონ აუწიე!
(ბებია უხილავ პულტს იშვერს მამა-დედისაკენ. ისინი იწყებენ ყვირილს).
მ _ სად არის მერე მაგ ქალური ინსტიქტის გასაღები?… სად ინახება?
დ _ თავის ადგილას!… ამას უტვინოუჭკუოცანცარა ვერ მიხვდება!
მ _ ესე იგი ვერ მიხვდება?
ბ _ საშლელი როგორ დაგვავიწყდა… დედა, როგორ დაგვავიწყდა?
დ _ ვერ მიხვდება, ვერა!
მ _ იცოდე!…
პ _ ძალიან ხმამაღლა ხომ არ არის… იქნებ ცოტა დაგეწია!
დ _ ვიცი!… აქ სხვა სამყაროა, სხვა ჰაერია!… აქ მე სხვისი ცოლი ვარ!… ოო, სხვისი, სხვისი ცოლი!
მ _ ჰო!… აქ შენ სხვისი ცოლი ხარ!… აქ მე არ ვიცი ვინ ვარ!
პ _ საინტერესოა!… ესენი მე ცოლ-ქმარი მეგონა!
ბ _ მეც!… რას გაუგებ ამ იდიოტურ სერიალებს, არაფერი არაა თავის ადგილას!
დ _ რა ადვილია, შენთვის ყველაფერი… ან _ `ხო~ და ან _ `არა~!.
მ _ ჰო, მე საერთოდ ადვილი კაცი ვარ!
დ _ ადვილთან ადვილია ცხოვრება!
ბ _ სად წავიდა ეს ბიჭი?… სად დაეთრევა ამდენ ხანს!
პ _ ნახე კოცნიან ერთმანეთს!… დედა, რა მაგრა კოცნიან!
ბ _ აღარ მინდა! გადავრთო?
პ _ გადართე!… შენ ხარ ბავშვი… რომელიც კი არ იზრდება, არამედ ბერდება!
ბ _ შენც!
ბებია უხილავი პულტით `რთავს~ სხვა არხზე).
მ _ (ყვირის) ჰოო… აბა ინერვიულე! დაიფხაჭნე სახე, აბაკუნე ფეხები, იწივლე, იკივლე!
დ _ (ყვირის) რა გაყვირებს, რა?
მ _ მე არ ვყვირივარ! მე ვბღავივარ! ააა! ააა!
ბ _ დედა-დედა-დედა!… რამ გადარია ეს ხალხი, სულ ჩხუბობენ!
პ _ არა, ხანდახან კოცნაობენ კიდეც!
მ _ შენ რა ფრთები ამოგდის!… დაეშვი მიწაზე!… შეხედე ირგვლივ რა ხდება!.. ფეხებზე ვკიდევართ ყველას!
დ _ ეს შენ გინდა, რომ ვეკიდოთ ფეხებზე!
მ _ მინდა……მე იცი რა მინდა… იცი, რა მინდა!
დ _ გაწიე ხელი, უხეშო!
პ _ დადადადა… ხედავ რა ხდება! არ აძლევს!
ბ _ ნუ იცი რა, ეგეთი ლაპარაკი!
პ _ გადაირია, გადაირია, ნახე!
მ _ თქვენნაირებმა მომსპეს მე! _ თქვენ ხომ მარტო საწოლისთვის ვარგიხართ… ცხოვრებაში კი მხოლოდ კბენა და სისინი გეხერხებათ… ლაქარდიანი ენა გაქვთ ყველას!
დ _ შენ არც საწოლში ვარგიხარ!… უნდა გრცხვენოდეს… მე შენ ადამიანად გაქციე!… წუმპედან ამოგათრიე, დაგფერთხე და მარმარილოს ოთახებში დაგსვი!
მ _ (იცინის) ხა-ხა-ხა!… შეგეძლო მაგის კეთების დროს უფრო ზრდილობიანი ყოფილიყავი!
დ _ ნუ ყვირიხარ!
მ _ ვბღავივარ!… ვბღავივარ!… თქვენ… ყველას გაუგებთ, ყველას… ქუჩაში, პირველად ნახულ მათხოვარსაც კი, მაგრამ მე, თქვენს გვერდით მყოფს _ ვერასოდეს!… ვერასოდეს ვერ გამიგებთ! და იცით რატომ!…
დ _ არ მაინტერესებს!… იცი რატომ?. არ შემიძლია ვიდარდო იმ ერთადერთისთვის, რომელიც ყველასათვის იბრძვის!
მ _ ხა-ხა-ხა!… მართალი უთქვამთ, რევოლუციას იდეალისტები იგონებენო!… ახორციელებენო ფანატიკოსებიო და სარგებლობენო მისი ნაყოფით _ არამზადებიო!… შენ იცი, ვინა ხარ?
დ _ შენ ხარ ბავშვი, რომელიც ბერდება!
(მამა იღებს ჯიბიდან `უხილავ~ პისტოლეტს და უმიზნებს დედას).
პ _ ვითომ ესვრის?
ბ _ ესვრის აბა რა… ეგ ისეთი ჩათლახია, ნამდვილად ესვრის!
დ _ მომწყინდა შენი ყურება!
მ _ მეც მომწყინდა!… ჯოჯოხეთში შეხვედრამდე! (ესვრის) ბდგში!
დ _ ქალაჩუნები ყოველთვის ქალებს კლავენ!… წყეულიმც იყავ, აწ და მარადის და უკუნითი… უკუნისამდე!
მ _ ბდგში! ბდგში!
(დედა ეცემა სავარძელზე და თვალებს ხუჭავს. მამა მიდის ფანჯარასთან და თავს ჩაქინდრავს).
მ _ ადამიანის ბედნიერება იმაში კი არაა, რომ ბედნიერი მოკვდე, არამედ იმაში, რომ ბედნიერად იცოცხლო!.. (მღერის ბითლზების სიმღერას `გოგონები~).
(დედა ამთქნარებს)
დ _ ვაიმე, ჩამძინებია! რომელი საათია?!..
ბ _ ნახევარი საათია გძინავს!
დ _ ვაიმე!… რამდენი საქმე მაქვს თან გასაკეთებელი!… (პაპას) შედით რა, დახედეთ, ხომ არ გადაიძრო?
პ _ (დგება) ეჰ-ეჰ-ეჰ! თუ არ ძინავს, რა ვქნა მაშინ?
მ _ ზღაპარი მოუყევი და დაიძინებს…
პ _ ზღაპარი… ადვილი სათქმელია ზღაპარი!… ვინ იცის, რა არის ზღაპარი? არა-ვინ!
(პაპა გადის. ოთახი ნელ-ნელა ბნელდება, ნათდება საძილე).
მ _ თქვა მან და ტოტიდან ტოტზე გადასკუპდა!
(პაპა შედის საძილე ოთახში და საწოლთან ჩერდება)
პ _ ხმა არ გავიგონო თქვენი, გუდაბრახუნა ეშმაკებო, თორემ… დაგაჭრით ყველას ყურებს და მერე ნახავთ… რა მკითხე?… ვინ ყვიროდნენ?… დაღლილი ანგელოზები. დაღლილი ანგელოზები ყვიროდნენ… სად დაიღალენ?… შენს ძიებაში დაიღალენ და ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან… ჩხუბობენ, ანგელოზებმა ისეთი ჩხუბები იციან, რომ მტრისას… მაგრამ კეთილად ჩხუბობენ… ჩხუბობენ, აბა მაგის მეტი რა აქვთ საკეთებელი… მერე რიგდებიან და შენნაირი კარგი ბავშვების ანგელოზები ხდებიან!… ეჰ, რომ იცოდე შენს ირგვლივ რამდენი კეთილი ანგელოზი დაფრინავს! მთელი ბატალიონი! როტა! დივიზია! ჩემს ირგვლივ?… ეჰ, რა ვიცი, შეიძლება კი დაფრინავენ, მაგრამ გაბუტულები არიან ჩემზე… იმიტომაა გაბუტული, რომ ხანდახან ცუდად ვიქცეოდი… ძალიან ცუდად!… ანგელოზები ისეთი სათუთი ვინმეები არიან, რომ ერთი ცუდი საქციელითაც კი შეიძლება ყველა ეშმაკებად აქციო!.. ეშმაკები ვინ არიან და მოტყუებული ანგელოზები!… შენხელა რომ ვიყავი, სადაც არ გავიხედავდი, სულ მუდამ კეთილ ანგელოზებს ვხედავდი… მერე გავიზარდე, დავმძიმდი და ანგელოზებიც გამიეშმაკდნენ!.. არა, არა, ყველა დიდს ანგელოზები არ უეშმაკდებათ… მხოლოდ ზოგიერთებს… ეშმაკებიდან ანგელოზებად ვერ იქცევიან… რატომ, იმიტომ რომ ანგელოზებს ერთხელ მაინც თუ დაეკარგათ ნდობა, იმას ვეღარასოდეს დაიბრუნებს… ნდობა _ ეს იცი რა არის?… ნდობა ეს ისეთი რამეა… ნდობა ანგელოზებზე ფაქიზი რამეა, ამიტომ მისი დაკარგვა, დახევა, ან დაწვა ძალიან ადვილად შეიძლება.. მერე ვითომ მოიგონეს მისი შემცვლელი რაღაცეები _ გარიგებები, შეთანხმებები, დადგენილებები, მაგრამ ნდობასთან ისინი მაინც ვერ მოვლენ… რატომ ფუჭდება ასე ადვილად ყველაფერი, რაც ძვირფასია?… (ჩაფიქრდება) ეეჰ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემცვლელი მოვიგონეთ… როცა არ არსებობდნენ შემცვლელები, `ძვირფასებიც~ ძალიან გამძლე და მაგრები იყვნენ… ისეთი მაგრები, რომ ვერც ხმალი და ვერც სიკვდილი ვერაფერს უშავებდათ… ცუდები გავხდით, ძალიან ცუდები… იქნება თქვენ მაინც იკარგოთ… (რაღაც გაახსენდა) სისხლივით თბილია მიწა!… სისხლივით თბილია მიწა!.. რა თქვი!… არაფერი, არაფერი!… გაეშმაკებულმა ანგელოზებმა რაღაცა გამახსენეს და… მეც გავიხსენე!… (ადგება) მე უნდა გავიდე, ბებიასთან რაღაც საქმე მაქვს… შენ დაიძინე! დაიძინე!
(პაპა გადის ოთახიდან. შედის მეორე ოთახში; იქ მამა დგას ფანჯარასთან, ქალები სხედან.)
მ _ ხალხს გონია, რომ ქალაქი მათი ცხოვრებით ცხოვრობს!… დგებიან დილით, ჭამენ, ლოცულობენ. მერე მიდიან საშოვარზე. მთელი დღე რაღაცას ჩალიჩობენ. ბრუნდებიან საღამოს სახლში და დაღლილ-დაქანცულები ბოღმისაგან სკდებიან თავიანთი დამპალი ცხოვრების შემხედვარე… მათ ჰგონიათ, რომ ქალაქი მათსავით ცხოვრობს!… ამ გრძნობით წყნარდებიან, ეფერებიან ერთმანეთს და ტკბილად იძინებენ!… ისინი ვერ ხვდებიან იმას, რომ ქალაქი დიდი ხანია გაიქცა… სადღაც სხვა განზომილებაში გადავიდა… აქ კი ნაგავი და მტვერი დატოვა!
დ _ შენი სიტყვები არ არის… ყველა ახალი ცივილიზაცია ძველის ნაგავზე და მტვერზე იზრდებაო!… ჰოდა, იზრდება!
მ _ ბევრი რამე მითქვამს… ბევრი რამე, რაც არ ვიცი!… ადამიანები ყოველთვის იმაზე საუბრობენ, რაც არ იციან… იმას კი, რაც იციან, ივიწყებენ!
პ _ რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო უნდა გაუფრთხილდე ჯანმრთელობას!… (ბებიას) მოდი აქ, საქმე მაქვს შენთან!
(ბებია მიდის მასთან)
პ _ შენ ხომ იცი?
ბ _ რა ვიცი?
პ _ რაც იცი, და რაც არ უნდა იცოდე!
ბ _ მე ვიცი ის, რაც ვიცი!
პ _ შენ იცი, რაც იცი, რომ არ უნდა იცოდე!
ბ _ ააა, ვიცი-ვიცი!… მე ვიცი, რაც ვიცი, რომ ვიცი!
პ _ შენ ხომ მიხვდი იმას, რაც იცი?
ბ _ მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი!
პ _ ძალიან კარგი… როცა იცი, რაც იცი, რომ იცი და როცა იცი, რომ არაფერი არ იცი!
(შემოდის ძმა, ის საკმაოდ მთვრალია. კოჭლობს. პაპა ჯდება სავარძელში. შემოდის ვიღაცა)
ვიღაცა _ თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში, ტანისამოსზე წაუკიდებლად? თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში, ტანისამოსზე წაუკიდებლად? (გადის).
ძმა _ მოვედი!
ბ _ ადრე მოხვედი!
(ძმა იბნევა და გაკვირვებული უყურებს საათს)
ძ _ (დაბნეული) წავალ მაშინ და… მერე მოვალ!
ბ _ რატომ?
პ _ დაჯექი, როცა გელაპარაკებიან!… დაჯექი… ფეხზე დგომამ, ომი იცის!… არ გახსოვს ის ფრაზა _ ხალხი ფეხზე დადგა! ქუდზე კაცი გამოვიდაო და ხალხი ფეხზე დადგაო!… მაინც როგორ უნდა გამოიყვანო ქუდზე კაცი?… სასწაული ენაა რა!…
ბ _ ჰოდა დაჯექი!
ძ _ დავჯდე?… რატომ დავჯდე, მე თუ ფეხზე დგომა მინდა, რატომ დავჯდე!… იცით თქვენ, რომ სპილო შეიძლება ფეხზე იდგეს და მაინც მკვდარი იყოს!
პ _ მაშინ იდექი!
ძ _ ვიცი მე, რა გინდათ თქვენ!… ვიდგე, არა, და თქვენ იჯდეთ?… არა, დავჯდები… მითუმეტეს დავჯდები, რადგან უკვე ქანცი გამძვრა!
მ _ (იცინის) აი კიდევ ხედავთ, რა თქვა?… ხედავთ, ქანცი გამძვრაო!… თუ კარგია, მითხარი, სად გაგძვრა?… სად?…
ძ _ მაგარი გათიშული ვარ და დამანებე თავი!
დ _ (იცინის) ახლა გათიშული თქვა! გა-თი-შუ-ლი!… აღარ შემიძლია ეს ფოლკლორი! გათიშული რა, ნათურა ხარ?…
მ _ ეს ფოლკლორი კი არა სლენგია!
ძ _ ძალიან ბევრი დავლიე… რაც იყო, ყველაფერი დავლიე!… თანაც რა ქალებში ვიყავი!. გავიდა ჰეე! ეს ცხოვრება აღარ არის!… მთვრალი ვარ და თანაც გახურების მუღამზე ვარ!
დედა და მამა _ (იცინიან) მუღამი _ გახურება!… ბუხარი გახურდა!… ქეიფი გახურდა!… აგური გახურდა!
ბ _ ბოროტი ღვინო დალიე?
ძ _ არ ვიცი!.. მაგარი გახურების ხასიათზე კი დავდექი!… ბოიშვილი ვიყო!
ბ _ დედა, რეებს ლაპარაკობს?! (პაპას) შეხედე შენი შვილი რეებს ლაპარაკობს!
(პაპას ეღვიძება, დაბნეული აქეთ-იქით იხედება)
პ _ რაშია საქმე?… დამესიზმრა, თითქოს ჩემი შვილი მთვრალი მოვიდა!
ძ _ მაპატიეთ რა… სულ რომ ვთვრები, მაპატიეთ, თორემ ამოგხოცავთ ყველას!… არაფერს შეგარჩენთ!
პ _ რაკი არ შეგვარჩენ, რა გაეწყობა, გაპატიებ!
ბ _ იძულებული ვარ გაპატიო,… მაგრამ უფლება მაქვს ჩემი აზრი გამოვთქვა მიმდინარე ვითარების მიმართ!… ამით შენ არღვევ ადამიანის უფლებებს! ჟენევისა და ჰელსინკის კონცეფციების თანახმად… ჩვენ გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება, შენი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის მიმართ… მაგრამ, თავს ზევით ძალა არაა და ამიტომ… იძულებული ვარ, გაპატიო!
ძ _ თქვენც მაპატიეთ!
დ _ გაპატიებთ, აბა რას ვიზამთ!… ჩვენ შენსკენ ვიყავით… ოღონდ გვრცხვენოდა ამის ხმამაღლა თქმა!… რადგან, რადგან,… არ ვიცით, რატომ `რადგან~!
ძ _ გზაში მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ… ვფიქრობდი და მივხვდი, რომ მე ვარ!… მე, მე ვარ!… ამ დროს როგორ მინდოდა ვყოფილიყავი… თუნდაც დონ კიხოტის ცხენი… როსინანტი!…
ბ _ დედა?!… ეგ ცხენი ხომ დაკოდილი იყო!
ძ _ მაგას რა მნიშვნელობა აქვს!… მინდოდა!… მინდოდა!… მაგრამ მე მხოლოდ მე ვარრრ… ეს ისე ადვილია, იყო ის, ვინც ხარ… ღმერთო ჩემო, როგორი ადვილია იყო მტვერი… როცა ხარ ტალახი!… ფრთები არასოდეს არ უნდა აწიო ცაში მარტომ!… თორემ ინფარქტი დაგარტყამს!
პ _ ცოტა ხმადაბლა, თუ შეიძლება!
ძ _ ეხლა ხმასაც დავუწიო?… დამაჯექით არა, სუყველა თავზე!
ბ _ დაგაჯექით კი არა ის!… წადი დაეგდე და დაიძინე!
ძ _ დავეგდო რა, ძაღლი ვარ?
ბ _ ვის ებლატავები, ბიჭო შენ… ხომ არ გინდა რქები წაგამტვრიო!
ძ _ წყნარად მელაპარაკე, თორემ განანებ ქვეყანაზე რომ გაჩნდი!
პ _ რა ბაზარია, ეს რა არის!… აქ საბლატაოდ ხართ შეკრებილი… თუ საქმის გასარჩევად!…
დ _ თუ ბაზარია, ბაზარი იყოს!… თუ შუხური გინდათ ვინმეს, ჩემდათავად უკან დამხევის დედაც ვატირე!
ძ _ რას იგინები… შენი!
(ძმა იღებს ჯიბიდან ხელისთითებით გაკეთებულ `პისტოლეტს~).
ძ _ თქვენი აშარაშკა! (ისვრის) ბდგში!
პ _ ორანგუტანგს გევხარ, რა!
ძ _ ბდგში მეთქი! (ისვრის).
პ _ დასიებია თვალები! ორმოცი წლის კაცს გევხარ!
დ _ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, ყველამ!… ყველამ!
ძ _ (ისვრის) ბდგში! ბდგში! ბდგში!
პ _ გაგაბდგშებ თუ მოვედი მანდ!
ძ _ ვაა… რა მაგრები ხართ?! ტყვიასაც კი ისხლიტავთ!
მ _ ვაიმე დედა! (ამთქნარებს) ფეხზე დამდგარს ჩამძინებია! (იცინის) სუფთა გიჟების ოჯახი დამესიზმრა რა!… რატომ ყვირიხართ, რაშია საქმე?
ძ _ სადაა ჩემი ძმაკაცი, რატომ არ მხვდება?… სადაა მეთქი?
დ _ ვაძინებთ!
ძ _ რა დროს ძილია!… მე და მაგან ახლა უნდა დავიწყოთ ცხოვრება!… მომიყვანეთ ჩემი ძმაკაცი!
დ _ ნუ ყვირიხარ!… ნუ!
ძ _ ვყვირივარ კი არა, ხმამაღლა ვლაპარაკობ!
ბ _ დაგავიწყდა, გუშინწინ რა მოხდა?
ძ _ მე არაფერი არ მავიწყდება!… საერთოდ არაფერი!… იცით რატომ?… იმიტომ, რომ ბოროტი კაცი ვარ და ასეთი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება!… შეგჭამთ ყველას… ისე როგორც მე მჭამთ სიმთვრალეში!… სადაა მეთქი ჩემი ძმაკაცი… მომიყვანეთ აქ, თორემ გაგიხვრიტავთ ყველას შუბლებს!
ბ _ ჩუმად, ხომ გითხარი იძინებს მეთქი!
ძ _ რატომ აძინებთ ბავშვს ამ დროს?
დ _ დაგავიწყდა?
ძ _ მე არაფერი არ მავიწყდება!… არაფერი!… რა უნდა დამვიწყებოდა?
მ _ ხვალ სკოლაში მიდის!
ძ _ აუჰ! მართლა?… მერე თქვე უნამუსოებო, მე უნდა მიხურებდეთ?… იცით დღეს რატომ დავთვერი?… იმიტომ, რომ ჩემი პირველი ძმაკაცი, ხვალ პირველად მიდის სკოლაში… ასეთ დროს თქვენ უნდა მეჩხუბებოდეთ?… დედა, დედიკო, რატომ ხარ ასეთი გულქვა… რატომ არ გიყვარს შენი უმცროსი ხეიბარი ვაჟი?… მითხარი, ჩემო დედიკო, აა?
ბ _ ამას დაავიწყდა, რაც გუშინწინ მოხდა!… გაიწიე! ფუჰ, პირიდან საშინელი სუნი ამოგდის!
ძ _ მე ეს სუნი ბავშვობიდან ამომდის, ბოიშვილი ვიყო!… რომ დავიბადე, უკვე ეს სუნი ამდიოდა… ეს სუნია ჩემი სპეციფიკ… სპეციფიკური სუნი! ბოიშვილი ვიყო!… ზოგს სუნამოს სუნი ასდის… ზოგს ყყყ…ველის… ზოგს ნივრის… მე ამდის ღვინის სუნი და იცოდეთ, ეს ყველამ!… ესაა ჩემი `რადნოი~ სუნი… ბოიშვილი ვიყო!
(მარჯვენა კუთხიდან გამოჩნდება `ვიღაცა~, ის სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდება ძმას და სილას აწნის)
ვიღაცა _ ჩათლახის ერთო!… ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმენდს მის შიგანს!…
(`ვიღაცა~ ისევე სწრაფად გადის, როგორც შემოდის, მას ვერავინ ამჩნევს ძმის მეტი)
ძმა _ რატომ დამარტყი ხელი!… რატომ?… (ბებიას) რატომ დამარტყი ხელი?… შენ ჩემი ერთადერთი დედიკო ხარ და რატომ მირტყამ, რატომ?… ბოიშვილი ვიყო?
ბ _ შენ ხომ არ გააფრინე, ჰა?… გუშინწინაც იგივეს არ აკეთებდა?!
ძ _ დედა, ნუ მაგიჟებ! იცოდე მე თქვენი არ მეშინია, კიდე დამარტყამ ხელს და არ ვიცი, რას ვიზამ! ბოიშვილი ვიყო, ამოგხოცავთ ყველას!
პ _ ვაიმე დედა?!
(შემოდის `ვიღაცა~, უახლოვდება ძმას და მის პერანგზე ცხვირს იწმენდავს. შემდეგ სიცილით გადის).
ვიღაცა _ არის გზა, კაცს რომ სწორი ჰგონია, მაგრამ მის ბოლოში მაინც სიკვდილია!
ძ _ გავაფრენ, ბოიშვილი ვიყო, გავაფრენ!
ბ _ სად ისწავლე ეგ სიტყვა, ყოველ წამს რომ ამოარწყევ პირიდან!
(ძმა გაოგნებული ჯერ ოთახის ერთ მხარეს აკვირდება, მერე მეორეს. ბოლოს დედასთან მიდის).
ძ _ დედა… დედიკო!. ჩემო ერთადერთო დედიკო!… მიდი რა, სიგარეტი მომიტანე?… ნუ მიყურებ ასე, დედიკო, ძალიან მეშინია… მიდი, რა მომიტანე, ხომ ვიცი, რომ გაქვს?
ბ _ შენ მომიტანე რაიმე, მე რომ მოგიტანო?
ძ _ თქვენ ხომ არ იცით!… დედა, როცა მე სხვაგან ვარ… იცოდე რა, რომ მე ძაან სხვაგანა ვარ, რა?…(ჩურჩულით) სადაა ჩემი ძმაკაცი, სად?
დ _ ხომ გითხრეს აძინებენ! აძ-ინ-ებ-ენ!
ძ _ რატომ აძინებენ?
ბ _ იმიტომ რომ სკოლაში მიყავთ!
ძ _ (იცინის) აძინებენ იმიტომ, რომ ხვალ სკოლაში მიყავთ!… აძინებენ იმიტომ, რომ მიყავთ!… ჩვენ როცა გვაძინებენ, სად მივყავართ, სად?
ბ _ სიკვდილში და არგადარჩენაში!
ძ _ თქვენ ხომ აზრზე არა ხართ რა ქალებში ვიყავი?!… აუ, გაგიჟდებოდით, რა, ბოიშვილი ვიყო!… დედიკო, მიდი რა, მომეცი სიგარეტი?
ბ _ არა მაქვს! არა მაქვს! არა მაქვს!
ძ _ დედა ძალიან გთხოვ, ნუ მიყვირიხარ, რა?!… მე სუსტი ნერვები და ოფლიანი იღლიები მაქვს!… ქერტლიც და კარიესიც მაქვს!… გეხვეწები, ნუ მიყვირიხარ… თორემ ისეთს გიყვირებ! მომაწევინეთ სიგარეტი?
ბ _ კი მოგაწევინებ, მაგრამ ხვალ?… ხვალ რაღას მოწევ, როცა აღარაფერი გექნება!
ძ _ ხვაალ?… ვინ გითხრა, რომ ხვალ არსებობს, არსებობს მხოლოდ გუშინ და დღეს!… `ხვალ~ _ ეს წმინდანების ხვედრია! ეს `ხვალე~ რომ არსებობდეს?… რო არსებობდეს, დედას გეფიცები, მე შევძლებდი შეუძლებელს… ბოიშვილი ვიყო, შეუძლებელს შევძლებდი!
ბ _ ვიცი, რომ შეძლებდი… შენ ჩემს დახრჩობასაც შეძლებდი!
ძ _ (იცინის) დედიკო, არც ისე ადვილია საქმის ბოლომდე მიყვანა!… დაწყნარდით ხალხო… იცოდეთ, რომ მე თქვენ ხანდახან კი არა, სულ მეზიზღებით!… მუდამ!… ღმერთო ჩემო!. ვბოდავ მაშინ, როცა სიმართლის თქმა მინდა და როცა სიცრუეს ვლაპარაკობ, ლოგიკურად ვმსჯელობ!… დედა, იცი რამდენი თვალი აქვს ობობას?… ოცდაოთხი თვალი!. ოცდაოთხი თვალი აქვს იმ დალოცვილს და მსხვერპლის მეტს ვერაფერს ხედავს… ჩვენ ორი თვალით რა უნდა დავინახოთ?…
(შემოდის `ვიღაცა~. ის ნელა მიაბიჯებს სცენაზე)
ვიღაცა _ ცა და მიწა გაყოფილია, მაგრამ ორივე ერთ საქმეს აკეთებს!… ცა და მიწა გაყოფილია, მაგრამ ორივე ერთ საქმეს აკეთებს! (გადის).
ძ _ დედა-დედიკო… გახსოვს რამხელა ხელები გქონდა… ხელები კი არა ხორცის და სითბოს ორი დიდ ფარდა… როცა შემომხვევდი მათ. ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მყუდრო და უსაფრთხო ადგილი!… სად გაქრა დედიკო შენი ხელები?… სად?
ბ _ ნუ გეშინია, მე არ მომკვდარვარ… უფრო ძლიერი გავხდი!
ძ _ დედა, ხანდახან მგონია, რომ არასოდეს გამეღვიძება!… მძინავს და რაღაც სისულელეებს ვხედავ!
ბ _ პატარა როცა იყავი… ყველაფერს კიდებდი ხელს… ერთხელ ქუჩაში დაგდებული ფული იპოვნე, აიღე და ჩემთან გამოიქეცი!… მე ძალიან გაგიჯავრდი, გიყვირე _ ხომ გითხარი, ფულს ხელი არ მოკიდო მეთქი?… ფული ჭუჭყიანია მეთქი?… შენ კი ტიროდი და მეუბნებოდი _ დედა, დედიკო… ფული თუ ჭუჭყიანია, მაშინ რატომაა, რომ ადამიანები მის გარეშე ვერ ცხოვრობენო?… გახსოვს?!
ძ _ მახსოვს!… გახსოვს, შენ რა მითხარი?
ბ _ არა!
ძ _ ფულით ადამიანები საზრდოს ყიდულობენო!… საზრდოს გარეშე კი ბავშვები არ იზრდებიანო!… დედა, როგორ ფიქრობ, იმის მერე ჩვენ გავიზარდეთ?
ბ _ არ ვიცი!
ძ _ ადამიანები ბედნიერები არიან იმიტომ, რომ არაფერი არ იციან!
ბ _ (თავისთვის) საზრდოს გარეშე კი ბავშვები არ იზრდებიან!
ძ _ უცებ რაღაცა მოხდა ჩვენთან… ჩვენში!.. რა მოხდა? მითხარი, რა მოხდა ისეთი?
ბ _ საშლელის ყიდვა დაგვავიწყდა!… როცა ადამიანი იხედება უფსკრულში… მას ეშინია სიმაღლის და ის თავს არ იკლავს!
ძ _ ვიცი! ვიცი!
ბ _ კარგია, როცა იცი… უკეთესი იქნება, როცა იგრძნობ!
(ცოტა ხანს პაუზაა)
ძ _ (იცინის) ეჰ დედა-დედა… ფეხებზე დაიკიდე და გულზე მოგეშვება!… არ მეცოდებიან მკვდრები, მე მათი მშურს!… მეცოდებიან მომაკვდავები!… თქვა მან და ცაში კამარა შეჰჰჰკრა!
ბ _ როგორ გძულს ყველა!
მ _ რა მოხდა?
ძ _ დღეს როცა ვსვამდით…
მ _ აბა ქალებში ვიყავიო!
ძ _ ქალებში მანამდე ვიყავი…
მ _ აა, მანამდე… გასაგებია!
ძ _ როცა ვსვამდით… ერთი ტიპი წამოდგა და თქვა (თამაშობს) ხუთ წელზე მეტია ვეძებდით უკან დასაბრუნებელ გზას, ახლა კი აღარც გვახსოვს, საიდან მოვედით!… მოდი ჩვენს დეიდა სამშობლოს გაუმარჯოსო… რომელსაც ისე ვეკაიფებით, როგორც ვიმსახურებთო!… ჩვენს სამშობლოში ჯარისკაცები არავის სჭირდება, მშობლების გარდაო… მაგრა ვიცინეთ რა, ძალიან მაგრა!.. ლამის ჩავბჟირდით!
მ _ მერე?
ძ _ გაიგე… მე არა ვარ ის კაცი, ვისი კანიც მაცვია!… მე სხვა ვარ! სხვა!
მ _ ვინ სხვა?
ძ _ (ყვირის) ჰუმანოიდი ვარ! ჰომანოიდი! ჰუ-მან-ო-ი-დი!.. ხომ მიმიხვდი, რისი თქმაც მინდა?
მ _ ვერა!… ვერაფერს მიგიხვდი!
დ _ გაჩერდით ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდით!…
ბ _ ფული საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანებმა საზრდო მიიღონ!
ძ _ არანორმალური დროა!… ხანდახან მგონია, რომ დროს კიბო დაემართა და კვდება!… დედა, სიგარეტი მინდა!
პ _ ისევ დაიწყო!… ისევ დაიწყო! გული მაქვს ცუდად!
მ _ არ არსებობს სიბრძნე… არ არსებობს ცოდნა… არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ… კბილებამდე შეიარაღებულიც რომ იყო… შველა მაინც უფლისგან მოდის!
ბ _ არა, არა, არა!… არ მინდა არაფერი!
პ _ არა, არა, არა! მიშველეთ ხალხო… გული გამიხდა ისევ ცუდად!…`არა~ – ეს ყველაზე გრძელი სიტყვაა… `ჰო~-ზე გრძელია!
მ _ წყალი!… წყალი მოიტანეთ… ჭკვიანი ეძებს იქ, სადაც არის… სულელი – იქ, სადაც იყო!
დ _ საფეთქლები დაუზილეთ!… ღმერთო ჩემო!
ბ _ ვალიდოლი!… ვალიდოლი!… ჩვენ ვკლავთ ერთმანეთს იმიტომ, რომ ეს გვასწავლეს… ყველა გვკლავს და ყველას ვკლავთ!
პ _ ვინ ლაპარაკობს სიკვდილზე?… მე არ მომკვდარვარ!… მე უფრო ძლიერი გავხდი!
ძ _ სასწრაფის ხომ არ გამოვუძახო?… სასწრაფოს?… სულელურად ჯიუტი, ჯიუტად სულელი!…
(ძმა გადის ოთახიდან.)
პ _ (ღიღინებს) თქვენი იყოს, წაიღეთ, სამოთხეც და ედემიც!.. მთვრალი, თუნდაც, ჯოჯოხეთში წავალ!… თქვენი იყოს, წაიღეთ, სამოთხეც და ედემიც…
დ _ რას ამბობს?
ბ _ მღერის!… მღერის!… ღმერთო ჩემო, როგორ შეგვაშინე!.. როგორ!
პ _ შიში კარგი გრძნობაა… შიში სასწორივითაა, მასზე იწონება ჩვენი გრძნობები!
მ _ ჩემი ძმა სად გაქრა?
დ _ (გაბრაზებული) შენ არ შეუშვი შენს შვილთან?..
მ _ ჰო, სულ ამომივარდა თავიდან!… (პაპას) აწი ასე ნუ იზამ!
პ _ ჰო, აღარ ვიზამ!.. ძალიან კი მომაწვა!… რაღაცას ვფიქრობდი ჩემთვის და… უცებ, აი აქ, ყელში გამეჭედა… სუნთქვაც კი აღარ შემეძლო!
ბ _ დალიე ალბათ დღეს?
პ _ არაფერი დამილევია… ორ ცალი `პონჩიკი~ ვჭამე და ერთი ბოთლი `პივა~ დავაყოლე… ეს იყო და ეს!
დ _ სიგარეტი?
პ _ `სიგარეტა ეტა ვრედა~… რა ვქნა, რომ არ მოვწიო, იქ ბაზარში გამისკდება გული… ვეწევი და სახლში მისკდება!
მ _ რას ნერვიულობ შენც!… დაიკიდე ფეხებზე…
პ _ უსინდისო ვიყო?!
მ _ რატომ უსინდისო?.. არ უნდა იყო უსინდისო!… მაგრამ ფეხებზე უნდა გეკიდოს ყველაფერი!.. ყველა ასე აკეთებს ახლა!
პ _ ყველა მასე რომ აკეთებს, იმიტომაა, რომ _ ჯერ ამდენი ხანი ვეძებეთ უკან დასაბრუნებელი გზა და ახლა აღარც კი გვახსოვს, საიდან მოვედით!…
ბ _ (მამას) აცალე, კაცო, კაცს!… ძლივს საიქიოდან მოვაბრუნეთ და შენი ნერვების აშლა უნდა ახლა?!
მ _ ოო, დაიწყებთ ისევ თქვენებურს!
ბ _ (თავისთვის) ჯიუტად სულელი _ ან სულელურად ჯიუტი ხარ!
(ოთახი ბნელდება, ნათდება საძინებელი, სადაც ძმა იატაკზე წევს.)
ძმა _ `ბრატიშკა~, ხომ არ გძინავს?.. არა?… მიდიხარ არა ხვალ სკოლაში?… `იასნია! მიდიხარ!… მე წამოგყვე?… არა, მე ვერ წამოგყვები, მაგრამ აუცილებლად შენთან გავჩნდები, თუ რაიმე გაგიჭირდა… ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!… ზღაპარი მოგიყვე?… ზღაპარი ჯიბეში მედო… თუ ვიპოვნე, აუცილებლად მოგიყვები… უი, აგერ არ ყოფილა!… მითხარი ერთი, უკვე დიდი კაცი ხარ, დღეს თუ ხვალ `ნაშებში~ უნდა წაგიყვანო და… არ გრცხვენია, ზღაპრებს რომ მაყოლებ?… `ნაშებში~ რა უნდა გააკეთო?… რა ვიცი, უნდა დაჯდეთ ერთად და იცინოთ!… ახლოს მოვიდე?… იცი როგორი აყროლებული ვარ ღვინით… ახლოს ვერ მოვალ, მრცხვენია!… ვერ მოვიწევი, იმიტომ რომ აგაყროლებ!… ჰო, ვინც უყვართ, იმას არ აყროლებენ!… იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი… ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ადამიანმა ამ დროის თვლა თუ დაიწყო, წელში მოიკაკვება დაღლილობისაგან და ტუჩებით თავისი ჩრდილის ყურს შეეხება… იმიტომ შეეხება, რომ თავისი ცხოვრების ზღაპარი მოუყვეს!… ცხოვრობდა იმ დროში ერთი კაცი, რომელსაც დიდი თავი და ზედმეტი ტვინი ჰქონდა… უყვარდა ამ კაცს ხის ძირში წოლა და ფიქრი. ფიქრით კი ძალიან ბევრს ფიქრობდა, ოღონდ მხოლოდ ერთ რამეზე _ თუ სად და როგორ წაეღო ამდენი ტვინი, ისე რომ ის ყველგან, მთელს სხეულში თანაბრად განაწილებულიყო. რადგან ამ კაცს ტვინი მარტო თავში ჰქონდა, სიარულის დროს სუსტი კისერი ძალიან ტკიოდა… იმ დროს ადამიანებს ყველგან ტვინი თანაბრად ჰქონდათ განაწილებული _ ზურგშიც, ძვლებშიც, ხელ-ფეხშიც, გულშიც… და შენ წარმოიდგინე _ კუჭშიც კი… ამის გამო, იმ დროს ადამიანები არც მსუქნები იყვნენ და არც გამხდრები, არც კუნთა გოიმები… და არც ქალაჩუნები, არც უტვინოები და არც გადატვინებულები. მაშინ ადამიანები ნორმალური, კეთილშობილი და თავმდაბალი არსებები იყვნენ… ამ კაცს კი ტვინი მარტო თავში ჰქონდა _ ამის გამო _ უმადობაც აწუხებდა, უღონობაც, უგულობაც, უსისხლობაც და უჯიგრობაც,… რის გამოც ის ძალიან გულჩათხრობილი დადიოდა… ჰოდა, ჩემო ბატონო, იწვა ის კაცი მიჩურინისეული ვაშლის ძირში და ფიქრობდა-ფიქრობდა-ფიქრობდა… ამ ფიქრში დრო გადიოდა… და მასაც ჩაეძინა… ძინავს ამ `მასტს~ და ხედავს მწვანე სიზმარს… ისეთს რა, გულჩათხრობილები რომ ხედავენ _ ნაღველისფერს… ცუდ სიზმარს ხედავს, რა… თითქოს ჯორია და ტლინკებს იქნევს… ამ დროს _ ბა-ბახ!… არ მოხვდა ამ კაცს თავში უზარმაზარი ვაშლი?!… აი, ამხელა, ვაშლისხიდან ჩამოვარდა და ზედ თავზე დაეცა!… ესეც მოულოდნელობისაგან ელდანაკრავივით წამოვარდა და ისეთი იბღავლა, რომ დანაჩენი ვაშლებიც ჩამოცვივდნენ ხიდან… ეს `ჩემისა~ ისე სწრაფად წამოხტა, რომ მთელი ტვინი, რომელიც მარტო თავში ჰქონდა დაგროვებული… მკვეთრი მოძრაობისაგან… ანუ შიშისაგან, აქედან… ტაკოში ჩაუსრიალდა!… აბა!… თავი უცებ დაუპატარავდა, ტაკო კი გაუფართოვდა!… კისერი კი აღარ ტკიოდა, მაგრამ ამის მერე ფეხები ეკეცებოდა!… რა უნდა ექნა?… დაიწყო ამ `მასტმა~ ამის მერე ტაკოთი ფიქრი!… ძალიან ბრაზიანი და გულჩათხრობილი გახდა!… მოკლედ, ძალიან ამჟავდა!… აბა წარმოიდგინე, ადრე როცა ტვინი მხოლოდ თავში ჰქონდა, ყველა დიდთავას ეძახოდა, ეხლა კი როცა თავში არაფერი, ხოლო ტაკოში ყველაფერი ჰქონდა, რას დაუძახებდნენ… აბა! დღისით-მზისით აყენებდნენ შეურაცხყოფას!… მორალურსაც და ფიზიკურსაც!… ხომ იცი, დღისით ყოველთვის ძნელია შეურაცხყოფის ატანა… ღამით კიდე არა უშავს, ღამით დღეს ძინავს, ამიტომ… დღისით ყველაფერს ყველაფერი ესმის!… აბა?!… ჰოდა დადიოდა, ეს ასე ვთქვათ… დაბოღმილი და აკუ-აცუებდა!… ანუ ფიქრობდა!… იმიტომ, რომ როცა თავით ფიქრობ, გეფხანება, როცა პირით ფიქრობ – ნერწყვი მოგდის. როცა კუნთებით ფიქრობ – ოფლი მოგდის… ჰოდა, როცა ტრაკით ფიქრობ – იძულებული ხარ აკუ-აცუო!… ფიქრობდა ეს ბედოვლათი, ფიქრობდა, ფიქრობდა – სულ იმ ვაშლის დაცემაზე ფიქრობდა… და ბოლოს მოიფიქრა, რომ ყველაფერი, განსაკუთრებით კი ადამიანები, რა სიმაღლიდანაც არ უნდა ჩამოვარდნენ, აუცილებლად დაეცემიან მიწაზე… და თანაც ძალიან მტკივნეულად… ისე მტკივნეულად, რომ თუ არ მოკვდნენ… აუცილებლად დასახიჩრდებიან მაინც!… ადამიანებმა კი მას არ დაუჯერეს და დაცინვა დაუწყეს… რადგან იმ დროს ისინი, რანაირი სიმაღლიდანაც არ უნდა გადმოვარდნილიყვნენ, აუცილებლად ჩავარდებოდნენ მეგობრის ხელებში თუ არა, ვინმე უცხო, კეთილის¬მსურველის მკლავებში მაინც!… რომელიც აუცილებლად წამოაყენებდა, გაასუფთავებდა, მოეფერებოდა, ხელს გაუმართავდა და სწორ გზაზეც დააყენებდა!… იმ დროს, ორმოში, ტალახში, უფსკრულში და ციხეში არავინ არ ვარდებოდა… გაიგე `ბრატიშკა~… ესეთი კარგი ხალხი ცხოვრობდა მაშინ, სანამ ის დიდ-იმისთანა `გაიჩითებოდა~!… ჰოდა… რას გიყვებოდი?… ჰო! ეს ისეთი `ნასტირნი~ ვინმე გამოდგა, ისეთი `ნასტირნი!, რომ რამდენიმე ადამიანი მაინც დაარწმუნა და დაიყოლია ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად… ესენიც მაგარი უცნაური ტიპები გახდნენ… როგორც კი აყვნენ ამ დიდტრაკას, ერთი – ცივთვალებად იქცა, მეორე _ ფეხმრუდად, მესამე კი _ ორგულად… იმ დროს, როგორც გითხარი, ისეთი სიტყვები _ დაცემა, დახეთქება, დავარდნა არ არსებობდა… მაშინ ყველაფერზე `ფრენას~ ამბობდნენ _ მე გავფრინდი მასთან!… ისინი ერთად დაფრინავენ!… ის ამოფრინდა ჩემთან!… მე უცაბედად ჩავფრინდი დაბლა!… ის ჩამიფრინდა ხელებში!… სულ ასე ფრენა-ფრენით ცხოვრობდნენ… ეს სამი ტიპი, უნდა ასულიყვნენ მთაზე და იქიდან გადმოფრენილიყვნენ… ავიდნენ და გადმოფრინდნენ კიდეც!… ამ დიდ-იმისთანამ კი დაბლა მდგომები დაარწმუნა, რომ არავის არ შეეშვირა მათთვის ხელები, _ ამას მე თვითონაც კარგად გავაკეთებო!… ხალხმაც თქვა _ კარგიო! და საყურებლად დაჯდა… ჰოდა `ბრატიშკა~ _ ამ ცივთვალებამ, ფეხმრუდამ და ორგულმა ჩაჭიდეს ერთმანეთს ხელი და უფსკრულში გადაეშვნენ… მიწაზე დაეხეთქნენ და ეგრევე `დაიბრიდნენ!~… მათ ხელი ვერავინ შეაშველა და იმიტომ… დიდ-იმისთანიანს კი, რადგან ტვინი არც ხელებში, არც ფეხებში და არც გულში არ ჰქონდა, იმას ხომ არ შეუშვერდა, რაშიც ჰქონდა!… ის ძალიან უფრთხილდებოდა თავის იმას!… რაშიც ტვინი გაქვს, იმას აშველებ გაჭირვებულს და თუ არ გაქვს, რას შეაშველებ. ვინმეს რამე რომ შეაშველო, სურვილი უნდა გქონდეს, სურვილს კი ცოტა ჭკუაც ჭირდება და არა მარტო ერთ ადგილას!… ადამიანმა _ ადამიანს რომ დაეხმარო, ტვინი ყველგან ნორმალურად უნდა გქონდეს განაწილებული… ტვინს და ჭკუას კი თანაბრად მარტო სიყვარული ანაწილებს… სიყვარულის გარეშე კი… ან დიდთავა ხარ, ან დიდტრაკა… გაიგე ძმაო!… ჰოდა ამიტომ ხვალ სკოლაში რომ წახვალ, მარტო თავის, ან ტაკოს იმედი ნუ გექნება!… ვის რა მოუვიდა?… აა, იმ დიდიმისთანას?… რა უნდა მოსვლოდა, მისი შვილები ეხლა ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ… ამიტომ სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, კარგად დაუკვირდი, ვინ არის… როგორ უნდა გაიგო და… უნდა გაუზომო! მაგის საზომი მე მაქვს!… ცოტა რომ გაიზრდები, შენც გექნება დიდი თავების და დიდი ტაკოების საზომი!… არა, ყველას არა აქვს ასეთი საზომი, ზოგმა დაკარგა, ზოგმა კი გადააგდო! რატომ?… ეეეჰ, ცოტა მძიმე შესანახია ეგ დალოცვილი… მაგ საზომით ცხოვრება უფრო ძნელია, ვიდრე უსაზომოდ… (ამთქნარებს) დაიძინე ახლა!… მე უნდა გავიდე!… არა, ვერ გაკოცებ… არ მინდა აგაყროლო!… ჰო, ვინც უყვართ, იმათ არ აყროლებენ!… (უგზავნის ჰაეროვან კოცნას) კეთილი ანგელოზები!
(ძმა გამოდის საძილედან და შედის მეორე ოთახში)
პაპა _ როცა სული მშვიდად გაქვს, არ იცი ირგვლივ რა ხდება!
მ _ ყველაფერი აფსურდია, იმის გარდა, რაც ჩვენს სულში ხდება!
პ _ ცხელ ქვაბში არაა ცივი ადგილი!
დ _ ნუ წუწუნებთ!.. ცოცხლები დავრჩით და ესე იგი გვაქვს არჩევანის საშუალება… მკვდრებმა იკითხონ, თორემ ჩვენ რაღაც მაინც გვეშველება!..
პ _ (თავისთვის) თქვენთვის ადვილია მაგის თქმა!
მ _ შენთვის რატომ არაა ადვილი?
ბ _ მოდით რა, სხვა თემაზე ვილაპარაკოთ!
დ _ ჰო, მართლა! ჯობია… თორემ დაიწყება, მე ის გავაკეთე.. შენ ეს!.. წაგებული ომის მერე გმირობაზე ნუ იტრაბახებთ, არავინ დაგიფასებთ.
პ _ (იღიმება) გმირობა?!.. ვინ იცის, რა არის ნამდვილი გმირობა!
ძ _ იცით რა მომწონს თქვენს ლაპარაკებში? ის რომ ეს ლა-პა-რა-კე-ბი არასოდეს არ მეორდება, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე თემის გარშემო ტრიალებს, ბურღივით!.. სადაცაა დავალთ იმ ძარღვამდე, რომელიც სიმართლეზე აგვაბღავლებინებს!..
დ _ დაიძინა?
ძ _ ალბათ!.. დარწმუნებული ხარ, რომ შენ არ გძინავს?
დ _ სქელი ნისლი ვერ დაფარავს ყვავილების სურნელს!.. გაიგე?..
მ _ მაინც შევალ!.. მეც მინდა დავხედო!
ძ _ მშია?!.. ვერსად ვერ გავძეხი!.. ძალიან მშია!
დ _ რატომ?.. სადაც გაჭმევდნენ იქ ცუდად ჭამე, თუ აღარ გაჭამეს?
ძ _ გაჩერდი, თორემ გიკბენ!
ბ _ სად გახდი ასეთი მადიანი?
ძ _ მოკლედ ჭამადა ვარ გადაქცეული!.. ეხლა ჩემი სახელოცა ჭამს, ისეთ ასაკში ვარ!.. ისე მიხარია სახლში მოსვლა,.. თქვენ აქ მხვდებით… ისე მიხარია, რომ ამ სიამოვნების გულისათვის თანახმა ვარ… ყელამდე ნეხვში ვცურავდე და თანაც პირდაღებული _ ოღონდ ვიცოდე, რომ საღამოს ამოვძვრები ამ მყრალი ორმოდან, მოვალ აქ, ამ ოჯახური სიმყუდროვის ტაძარში… ჩვენებთან!.. სადაც დამხვდება გადაშლილი გულები, თბილი ურთიერთობები და გაცისკროვნებული სახეები… ღმერთო ჩემო, თქვენ ხომ არ იცით, მე რას ვაკეთებ სინამდვილეში?
პ _ რას აკეთებ ისეთს, რასაც ყოველი ადამიანი არ აკეთებს?
ძ _ არსებობს ასეთი ამაზრზენი სიტყვა _ ყვე-ლაფ-ე-რი!.. გაგიგიათ ალბათ… ან ლექსიკონებში შეგხვედრიათ… რაც უნდა მეზიზღებოდეს, ყველაფერს ვაკეთებ!.. ისეთი ენთუზიაზმით ვაკეთებ, რომ..
პ _ შენ ალბათ სხვა ცხოვრება გინდოდა! _ ათასი დოლარი ჯიბეში _ ყოველდღე!.. დაბინდულმინებიანი `პიპია~!.. კარგი `ზმანები~.. მაპატიე, შვილო, რომ ვერ შეგიქმენი ესეთი ნათელი მომავალი!.. როგორ მეცოდები, როგორ!.. ღმერთო ჩემო, გიყურებ და ვხედავ ჩემს დანაშაულს, როგორ დაგჩაგრა ცხოვრებამ… არავინ გყავს, რომ ფეხის ფრჩხილები მოგიქნას?.. არავინ გყავს, რომ თვალებიდან წვინტლები ამოგწმინდოს… არავინ გყავს, რომ მოსასაქმებლად გადაგაყენოს!
ძ _ დიახაც, არავინ მყავს!.. შენ თუ გგონია, ყოველ მაგ მადლს არ ვიმსახურებ, ძალიანაც ცდები!
ბ _ თავი შეიკავეთ, ძალიან გთხოვთ!
პ _ თავი შევიკავოთ?.. აჰა, მიკავია თავი!.. ორივე ხელით მიკავია!
ბ _ ყური დამიგდეთ!
ძ _ ვერა, დედა, ყურს ნამდვილად ვერ დაგიგდებ! ორი ყური მაქვს და ნახევარი მაინც რომ დაგიგდო… დავმახინჯდები!…
პ _ მონას სიტყვებით ვერ გაწვრთნი… რადგან გისმენს, მაგრამ არ გიჯერებს!
ბ _ ადამიანო!
ძ _ ადამიანს არა აქვს სქესი!… სქესი აქვს ქალს და კაცს!… მე კაცი ვარ!
პ _ კახპებთან წოწიალით ამტკიცებ შენს კაცობას?
ძ _ ოო! მამა, აი თურმე რა გაწუხებს… გინდა შენც წაგიყვან!… ერთად გავგულავდეთ! ერთად!
ბ _ (პაპას) ხომ შემპირდი, რომ აღარ ვეჩხუბებიო, ხომ შემპირდი… ჩემი სიკვდილი გინდა?
პ _ მე მინდა?… მე მინდა?… ხომ გითხარი არავინ გვაპატიებს მეთქი, ხომ გითხარი!… არც ისინი, ვინც გაიგებს, და არც ისინი, ვინც ვერ გაიგებს მეთქი!… შენი ბრალია ყველაფერი!… მე კი არ მოგკალი!… თქვენ ყველამ მე მომკალით! მეე!
ძ _ მაინც რაზეა ბაზარი?… რის გაგება-პატიებაზეა ბაზარი?…
დ _ ხვალ რაღაც კარგი უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში… ამდენი ხანია არაფერი კარგი არ მომხდარა და მეგონა, რომ არც მოხდებოდა!… და… როგორმე ამოთხვარეთ, გააბინძურეთ, დაანერწყვეთ ზედ! თქვენ ხომ მეტი არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ!… მეტი არაფრის! მაინც რითი ხართ გაჟღენთილი, რითი?
პ _ რითი და სისხლით!… იცი რა არის სისხლი?
ბ _ გაჩერდი!… გაჩერდი, არ დამღუპო! გაჩერდი, მუხლებზე დაგიჩოქებ, ოღონდ გაჩერდი!
(ჩამოვარდება სიჩუმე. ყველა პაპას და ბებიას უყურებს.)
ძ _ რა ამაზრზენები ვართ ყველა! ამაზრზენები… მაგრამ მაინც მიყვარხართ! ძალიან მიყვარხართ!… ძალიან, ძალიან, ძალიან!… ჩემი ძალიან ქართველი დედა ვატირე!
პ _ (ძმას) ადექი, დამსვი!
ძ _ რატომ უნდა დაგსვა… რა, მე ცუდად ვზივარ?!… წადი რა, სხვაგან დაჯექი!
პ _ დამსვი რომ გეუბნები, ხომ იცი მანდ მიყვარს ჯდომა!… დამსვი!
ძ _ ვისი საჯდომია ეეს?… ვისია?… ვაა, ჩემი ყოფილა!… ჰოდა, ეს საჯდომი თუ ჩემია, მაშინ ეს ადგილიც სადაც ეს საჯდომი დევს, ჩემი იქნება!… და ძალიან გთხოვთ, გაიწიეთ… პერსპექტივას ნუ მიფარავთ!
პ _ მე მგონი ვერ არის თავის “მოტორზე?”
ძ _ ჰო, ვერა ვარ… თანაც “აკუმულატორი” დამიჯდა!
(ისინი ეჭიდავებიან ერთმანეთს. ბოლოს პაპა წამოაგდებს ძმას და თვითონ დაჯდება).
პ _ ბებერი ხარის რქაც ხნავსო!
ძ _ გემრიელი კაცი ხარ, მამა, რომ გიყურებ, ნერწყვი მომდის!… ჩემი ძალიან ქართველი დედა ვატირე!
პ _ ამ ადგილისათვის მე იმდენი რამე ვჭამე!… შენსავით კი არ ვწუწუნებ! წუნაწრუწუნა!
ძ _ ასი წელი!… კიდევ ასი წელი იცოცხლე და იჯექი მაგ ნაჭამ ადგილას!
პ _ გაჩუმდი, თორემ მოგხვდება!
ძ _ ექვსი წლის რომ ვიყო, ძალიან შემეშინდებოდა შენი!…
პ _ შენ არა ხარ ჩემი შვილი!…
ძ _ არა!… ეს შენ არა ხარ მამაჩემი!
პ _ დაჭრილი ბიჭი გადაიქეცი ბოროტ კაცად!… საიდანა გაქვს ამდენი სიძულვილი?
ძ _ (იცინის) მე მაქვს!… მეე!.. თქვენ თვითონ ვერ პატიობთ რაღაცას საკუთარ თავს და ჩვენზე ანთხევთ!… და მე მაქვს სიძულვილი!..
პ _ რომ იცოდე, შვილო, სიძულვილი რა ტკბილი გრძნობაა!
(ოთახი ბნელდება, ნათდება საძილე, სადაც მამა მუხლებზე დამდგარი დგას და ლოცულობს)
მ _ `უფალმან მმწყესოს მე და მე არაი მაკლდეს. ადგილსა მწუანილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემთანა ხარ, კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან – ამათ ნუგეშანის მცეს მე! განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი, წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთით თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. წყალობაი შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა… ამინ.
(ნათდება ოთახი. საძილედან მამა გამოდის.)
ბ _ დაჭრილი ბიჭი გადაიქეცი ბოროტ კაცად!… საიდანა გაქვს ამდენი სიძულვილი?
ძ _ რომ იცოდე, დედა, სიძულვილი როგორი ტკბილი გრძნობაა!
ბ _ ვინ გძულს მაინც, თუ იცი?
ძ _ (იცინის) რაიმე ადვილი შეკითხვა მომეცი!
პ _ რატომ, ადვილთან ერთად ადვილია ცხოვრება?
ძ _ დედა, რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად დაფიქრდი სიკვდილზე?
(შემოდის მამა)
მ _ ძინავს!… ისე საყვარლად ძინავს!
დ _ კარგი იქნება, რამე თუ არ გააღვიძებს!
მ _ რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, ბავშვები მაინც ყოველთვის ბედნიერები არიან!
პ _ ჩვენც ხომ ვიყავით ბავშვები… ჩვენ რატომ არა ვართ ბედნიერები?
(ცოტა ხანს ყველა ჩუმადაა.)
ძ _ სიჩუმეა!… სიჩუმეში იბადებიან არასასურველი ადამიანები!… მამა, მოდი რა, სანადიროდ წავიდეთ?
პ _ იქიდან წამოსვლის მერე მე სანადიროდ არ დავდივარ!
ძ _ გახსოვს, რამდენს მიყვებოდი ნადირობაზე!.. თექვსმეტი წლის გახდებიო და წაგიყვანო… გავხდი და რატომ აღარ წამიყვანე?
პ _ ომი იყო და იმიტომ!… იქით ნადირობდნენ ჩვენზე!…
დ _ მართლაც რა მალე გარბის დრო… რამდენი წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ… რამდენი წელი…
მ _ წლები კურდღლებივით გარბიან!… კურდღლები მაგრები არ არიან, და თავიანთ სახლებს კლდეზე დგამენ… კალიებს მეფე არ ჰყავთ და მწყობრად დადიან…
ძ _ ნადირობა იცი, რატომაა კარგი… იმიტომ რომ ნადირი საპასუხოდ ვერ გესვრის… ნადირი ადამიანზე უფრო ჰუმანურია, ასე გვასწავლეს ჩვენ ჰუმანოიდებს!… ისე, მამა, ნადირობა ძალიან გავს დახვრეტას!…
პ _ დახვრეტას?… ჰო, ძალიან გავს!
(ბებია ცდილობს ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანოს)
ბ _ რა სწრაფად გაირბინა დრომ!… ასე მგონია, მილიონი წელი გავიდა ომის შემდეგ!… ნეტა როდის უფრო მალე გარბის დრო, ომის თუ მშვიდობის დროს!… მე მგონი, მშვიდობის დროს!
ძ _ ამ წყნარ ლპობას შენ მშვიდობას ეძახი?… დედა-დედა!… ლამის გული ამერიოს შენი სენტიმენტალურობით!… მათხოვრებივით გამოვიქეცით, მათხოვრებივით ვცხოვრობთ, და მათხოვრებივით მოვკ…
პ _ არავინაა დამნაშავე იმაში, რაც შენ მოგივიდა!… ომში ბევრი რამე ხდება… შენ რაც მოგივიდა, ისიც!
ძ _ რაც შენ მოგივიდა ისიც?
პ _ შენ რა იცი, მე რა მომივიდა, რა?… მიპასუხე… რომ გეუბნები, მიპასუხე! ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
ძ _ მოიცა! რას ჩქარობ… ცხოვრება ძალიან მოკლეა, იმისათვის რომ იჩქარო!
პ _ გაფრთხილებ!
ძ _ რას მაფრთხილებ! რას?
პ _ მორჩი!… გეყოფა! მორჩი! მორჩი, თორემ…
ძ _ შენ სულ მპირდები და მპირდები!… ყველაფერი კი ნორმალური ტყუილით მთავრდება!
მ _ გამაგებინეთ, რატომ არ შეგიძლიათ ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა, რატომ?
ძ _ გამაგებინე, შენ რას ეძახი ურთიერთობას… რას ნიშნავს ეგ ჩინური სიტყვა!… გული მერევა… გული მერევა!
მ _ ორსულად ხომ არ ხარ?
პ _ დალიე, შეირგე რა!… არ შეგიძლია? ნუ სვამ!… არ შეგიძლია რომ არ დალიო… მაშინ წაეთრიე სადმე სხვაგან, სადაც შენს ლაქლაქს აიტანენ!… აქ ცდილობენ ნორმალურად იცხოვრონ!… უნდათ იცხოვრონ!… გინდა აქ ცხოვრება?… იცხოვრე, ოღონდ ამოიგლიჯე ეგ ენა… ვერ იგლეჯ… მაშინ სადაც გაგიხარდება, იქ წადი… ფეხებზე მკიდია… ფეხებზე!
ძ _ ვაიმე, რა სათნო ხარ?!
მ _ სადამდე შეიძლება ასე, სადამდე?
ბ _ არაფერზე არ მინდა ფიქრი საშლელის გარდა!
ძ _ სამშობლოსათვის ზოგი შვილია და ზოგი ნაბიჭვარი… ღმერთო, გამაგებინე ჩვენ ვინ ვართ! ვინ?
პ _ `დლია ტოგო ჩტობი ბიტ მილოსერდნიმ, ია დოლჟენ ბიტ ჟესტოკიმ!~
ძ _ ეგ იქ გასწავლეს?… მაშინ?
პ _ თავს მომაკვლევინებ, იცოდე?!
ძ _ ჯობია ამ ცხოვრებიდან ორი წლით ადრე წახვიდე, ვიდრე ერთი დღით გვიან!…
მ _ წერასა ხართ ატანილები?!
დ _ თუ ხოცავთ, დახოცეთ ბარემ ერთმანეთი და მორჩება ყველაფერი დამთავრდება!
ძ _ მომბეზრდა ყველაფერი!
მ _ როცა ბეზრდებათ, ამდენს არ ყიყინებენ!
ბ _ ღმერთო ჩემო, საშლელი რომ მეყიდა, შეიძლება ეს ამბავი არც კი მომხდარიყო!
ძ _ აბა რას შვებიან?
მ _ თუნდაც ფანჯრიდან ხტებიან!
ძ _ (იცინის) ჰა-ჰა-ჰა!… შენ გგონია, მე არ შემიძლია ფანჯრიდან გადახტომა?… თქვენ გგონიათ მე არ შემიძლია?
პ _ გადახტი, მაგრამ ნუ დაბრუნდები იქიდან ფრთებდამტვრეული!
ძ _ გაჩუმდით ყველა!… გაჩუმდით!
(ძმა ფეხბურთის მარშის ღიღინით უახლოვდება ფანჯარას.)
ბ _ გამოდი ფანჯრიდან!.. გეუბნები გამოდი მეთქი!
ძ _ მორჩი რა, დედა!
პ _ დაანებე თავი!
ბ _ ვინ ხარ შენ?.. ვინ ხართ თქვენ?.. ვინ?.. დამდგარხართ აქ და ყველაფერს ამბობთ, რაც ენაზე მოგადგებათ!.. ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ყველაფერი უთხრათ ერთმანეთს?.. ვინ?.. რა ვქნა? ყური აგიწიოთ?.. თმები დაგიწიწკნოთ?.. გიკბინოთ, თუ ქამარი გირტყათ!.. რა გიქნათ, რა?.. რომ ის გადაბრუნებული ნაწილი თქვენს ტვინში გა-დმო-გიბ-რუ-ნოთ?.. რისთვის დაიგროვეთ ამდენი ღვარძლი?.. რისთვის?.. (პაპას) შენ ვიღაცა შემთხვევით ზედმეტ ხურდას რომ გაძლევდა… უკან უბრუნებდი და ეუბნებოდი _ შეცდიო, მეორეჯერ არ მოგივიდესო! _ (ძმას) შენ პატარა როცა იყავი ყვავილებს არ მაწყვეტინებდი… ეტკინებათო!.. (მამას) შენ კი… შენ ეკლესიაში დადიოდი და მღვდლობა გინდოდა… ვინმე რომ გიყვირებდა ლოცვას იწყებდი… ლოცვას!… რა მოხდა?.. აღარ გაძლევენ შეცდომით ზედმეტ ფულს?.. აღარ ხარობს ყვავილები?.. თუ აღარ გახსოვთ ლოცვა?.. ადამიანები ვართ თუ არა, გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს?!
ძ _ ყველაფერი შენც თვითონ კარგად იცი!
მ _ დედა, აღარაა ეგ სალაპარაკო, აღარაა! დიდი ხანია ყველამ ყველაფერი დაივიწყა!
დ _ ვინ ყველამ… ვინ ყველამ?… უთოს რომ ვრთავ, ასე მგონია ისიც ყვება იმ ამბავს!
ძ _ რა ამბავს?
დ _ თქვით ყველაფერი ბოლოს და ბოლოს!.. ამანაც ხომ უნდა იცოდეს!.. და იქნებ მერე მაინც ჩაწყნარდება ყველაფერი!
ძ _ რა უნდა ვიცოდე!
პ _ მე… (შეხედავს ბებიას) მე, არაფერი მაქვს სათქმელი!..
დ _ ხა-ხა-ხა!
მ _ გაჩუმდით! გაჩუმდით!
ბ _ ღმერთო ჩემო, დარჩა ვინმე ამ სახლში ძლიერი?
ძ _ რა საიდუმლოა ამ ოჯახში ისეთი, რომ… არ ითქმის?
დ _ საიდუმლო კი არა, პარადოქსია!… ცხოვრების აქსიომაა!
ძ _ დასაწყისი მაინც მითხარით… ზღაპრის დასაწყისივით!… იყო და არა იყო რა… იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი… თუ არ იყო. ჰა?… ცოტა მაინც გამიმხილეთ…
დ _ (თამაშობს) არც ცოტა და არც ბევრი არ ნიშნავს უკეთესს. თანაგრძნობა ნიშნავს უკეთესს… რომელიც ან არის, ან არ არის!
ბ _ მამათქვენზე არავინ არ იცის იმდენი, რამდენიც მე ვიცი!.. Nნურავინ დაიკვეხნით ამას, ნურავინ!.. როცა მასთან ერთად გძინავს, ათასი ღამე… როცა აგდის მისი ნერვების სუნი… იცი, იმაზე უფრო მეტი ვიდრე გგონია!.. (ძმას) რა განგიცდია შენ ისეთი, ჩვენ რომ გვაიძულებ გული გადაგიშალოთ, რა? გული გერევა? გული?.. იცი კი, რა არის ეგ? ცხელი დაუღეჭავი სითხე ხელებში როცა გეღვრება… როცა გეზიზღება ყველაფერი!.. მაგრამ მაინც აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო!.. რასაც შენი შვილი შენთვის არასოდეს არ გააკეთებს… მაგრამ მაინც აკეთებ ყველაფერს… აკეთებ, იმიტომ, რომ გაიღვიძებ ხვალ და იცი, რომ ყველას ეყვარები, ყველას დასჭირდები… რადგან გგონია, რომ ირგვლივ სიყვარულით სავსე ადამიანები ცხოვრობენ და შენც ზრდი სიყვარულით სავსე ადამიანებს!.. რადგან გგონია, რომ საკუთარი სულიც კი რომ გაყიდო, საკუთარი შვილებისათვის… ისინი გაგიგებენ!.. გა-გი-გე-ბენ!.. გგონია, რომ გაგიგებენ!.. რა გინდათ?.. რისი გაგება გინდათ?.. მე გაგცემთ პასუხს, მე!.. მაგრამ ნურავის დაგავიწყდებათ, რომ შენ თხუთმეტი წლის ღლაპი იყავი… შენ, შენი ორსული ცოლის მეტს ვერავის ხედავდი და… კითხულობდი, სულ ფსალმუნებს კითხულობდი!.. ეს კიდე იჯდა და ტიროდა, ტიროდა გაუთავებლად… გგონიათ ამისმა ფსალმუნების კითხვამ გადაგვარჩინა?.. მე რას ვაკეთებდი, არ გაინტერესებთ?.. აა!
მ _ არ გინდა, დედა!
ბ _ გვინდა დედა, გვინდა!.. მე ცოდვილი ვარ, მაგრამ არა თქვენთან და მინდა ეს იცოდეთ!.. მე ასე სახელოზე ვეკიდე მამათქვენს და ვეხვეწებოდი _ გვიშველე, გვიშველე, გვიშველე მეთქი!.. ოღონდ ცოცხლები გადავრჩეთ და… მერე გაგვიგებენ ყველაფერს მეთქი!.. ჩვენი შვილები არიან და აბა როგორ ვერ გაგვიგებენ მეთქი!..
პ _ გაჩუმდი!.. გეხვეწები გაჩუმდი?!
ბ _ რატომ გავჩუმდე?.. რატომ?.. ვერ ხედავ რა გვიქნა ამ დამალულმა შიშმა და ტკივილებმა?.. მაგრამ იცოდე, ის რაც გააკეთე, რომ არ გაგეკეთებინა, ხომ არ გვექნებოდა ამდენი პრობლემა?.. გვექნებოდა სამი კოხტა საფლავი რძლის და ორი შვილის… ვივლიდით მათთან… ვიხვნეშებდით, ვიოხრებდით… და ვიქნებოდით… ფანტასტიურად! ფან-ტა-სტი-უ-რად! მშვიდად!.. ესეთი პირობა არ იყო, ან უნდა გაგვეკეთებინა და ყველას ცოცხლებს გაგვიშვებდნენ ან არა და… ცოცხლებს მარტო მე და შენ დაგვტოვებდნენ!.. ორივე შემთხვევაში ჩვენ გა-დავ-რჩე-ბო-დით!.. რა ქნა სულელმა მამათქვენმა, სულელი დედათქვენის ხვეწნა-მუდარის მერე?.. რა ქნა ისეთი, რა?.. ერთი ისროლა, მხოლოდ ერთი… ჩათვალეთ, რომ თავის თავს ესროლა, თავის ღმერთს, თავის სიცოცხლეს ესროლა… ჩახმახს ხომ მაინც ჩვენ გამოვკარით თითი!.. თუ რაიმე გინდათ, მე მითხარით!.. მე!.. აღარ შემიძლია ამ მახინჯი ცხოვრების ატანა!
ძ _ მახინჯი?.. მახინჯი მეგრულად ქურდს ნიშნავს!.. ჩვენ მახინჯი ცხოვრებით ვცხოვრობთ!.. ჩვენ მოპარული ცხოვრებით ვცხოვრობთ!
(სიჩუმეა)
პ _ არავინ განძრეულა!.. ა-რა-ვინ!.. დაგვაყენეს ერთ რიგში და გვითხრეს _ გააკეთებთ?.. ყველა წახვალთ. არ გააკეთებთ? _ მარტო თქვენ წახვალთ!… არავინ არ განძრეულა. ვერც გაინძრეოდი. ვინც იქ ვიდექით, უკვე ვიცოდით, რატომ ვიდექით!.. როცა პირველი ხარ, ადვილია თქვა – `არა~… მაგრამ, როცა მესამე ხარ და დაინახე, რა მოხდა, როცა პირველმა ორმა თქვა – `არა~… ცხელოდა… არა, ძალიან ციოდა, მაგრამ სულ სველი ვიყავი ოფლისგან… ღმერთო, ნუ ამატირებ და ყველაფერს გავუძლებ მეთქი. _ ის კი იდგა და იღიმებოდა. შეიძლება მეჩვენებოდა, რომ იღიმებოდა. რაღაც უცნაური ბოხი ხმა ჰქონდა _ ძმებო, ეს ჩემი შემოდგომაა, იცოდეთ!.. მე კიდე მაქვს დრო და მე თქვენ მიყვარხართ!.. ნუ გეშინიათ, თქვენ მომკალით ძმებო, თორემ ესენი ოჯახებს ამოგიწყვეტენო!.. თქვენ ცოდვას ჩემს თავზე ვიღებო!.. მაპატიეთ, ასეთ დღეში რომ ჩაგაგდეთო!.. ტყვედ არ უნდა ჩავვარდნოდიო!.. იცოდეთ, ჩვენი მიწა სისხლივით თბილიაო!.. რაც უფრო მეტ მუშტს დაანახებთ ჩვენს მტრებს, მით უფრო კარგი იქნებაო!.. იცოდეთ, ჩვენი მიწა სისხლივით თბილიაო!.. მერე ყველაფერი უცებ დამთავრდა!.. ხმადაბლა ლაპარაკობდა, ემოციების გარეშე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ!.. თუმცა ეხლა… ჰო!.. ყველაფერი უცებ დამთავრდა!..
ძ _ მერე სად არის?
პ _ რა?
ძ _ ის მუშტები, ჩვენს მტერს რომ უნდა დავანახოთ!
პ _ ბაზარში ვუღერებთ ერთმანეთს!
მ _ ტრაგიკული ისტორიის ბედნიერი დასასრული.
ბ _ თუ ვინმეს რამის გაკეთება გინდოდათ, ყველა იქ იყავით!
ძ _ ჩვენ ახლაც იქ ვართ! საკუთარი თავისთვის თავადა ვართ, წყვდიადზე მძიმენი!
დ _ მდაა!… ცხოვებაში – დრეკადი, ყველაზე მყარი საფუძველია.
(რეკავს საათი)
ბ _ ღმერთო ჩემო, ერთი საათი გავიდა… მხოლოდ ერთი საათი და ჩვენ კი, ჩვენი ცხოვრება რამდენჯერ დავანგრიეთ?
ძ _ ცხოვრებაში დგება ისეთი წუთები, როცა ყველაფრს რამდენიმე საათი წყვეტს! შურსუმ ჩორდა!… ასე მგონია, რომ ჩვენს დასამარხად ცოცხლებიც კი არ იქნება საკმარისი!
ბ _ შურსუმ ჩორდა – ამაღლებისკენ ესწრაფე გულო!
ძ _ რა დიდი ხნის წინ იყო – შურსუმ ჩორდა! შურსუმ ჩორდა!
(ძმა გარბის და ფანჯრიდან ხტება. ყველა დაძაბული იყურება ფანჯრისკენ. სამარისებული სიჩუმეა. შემდეგ ისინი ნელ-ნელა ბრუნდებიან ერთმანეთისკენ და იცინიან. ჯერ ხმადაბლა, მერე უფრო და უფრო ხმამაღლა. როცა სიცილი ნელდება, კარებიდან შემოდის ძმა. დასვრილი და დასისხლიანებული. თვითონაც იცინის.)
ძმა _ რა იყო?.. არ შეგეშინდათ ხომ?.. პირველ სართულზე რომ ვცხოვრობთ და არა მეასეზე, იმიტომ არ შეგეშინდათ არა?.. ეეჰ, ვინ იცის, თქვენ რა ხალხი ხართ!
მ _ პატარა ადამიანებს, პატარა სიმაღლეები შემორჩათ!.. დიდი სიმაღლეები აღარ არსებობენ!.. იმიტომ, რომ ღმერთი აღარ გვწამს… ნეტა რატომ აღარ გვწამს ღმერთი?
დ _ იმიტომ რომ გვშია!
ძ _ სადღაც ამოვიკითხე, რომ… მეცნიერებას შეუძლია სიცოცხლის გაგრძელება, მაგრამ სიკვდილს ის ვერ მოსპობსო… მხოლოდ თეატრს შესწევს ძალა მოატყუოს სიკვდილიო!
ბ _ ბოლომდე მაინც არავინ კვდება!.. ამის ნათელი მაგალითი შენ ხარ, შენ!
ძ _ ხანდახან მგონია, რომ ჯერ არც კი დავბადებულვართ… მაგრამ როცა დავიბადებით, გეშინოდეთ ჩვენი… ჩვენ ვიქნებით ის სირცხვილი, რომელსაც ვერსად ვერ დაემალებით!
პ _ დღეს ხომ ჩვენ მაინც ცოცხლები ვართ… ცოცხლები!
ბ _ ფინალი დაგვავიწყდა!
დ _ რა კარგია კარგი ფინალი?!
პ _ ჰო, ფინალი დაგვრჩა!
ძ _ `ფინალი ეტო სავსემ კაკ სიგნალი!~
ძ _ შურსუმ ჩორდა! ამაღლებისკენ ესწრაფე გულო!
პ _ შურსუმ ჩორდა!
ყველანი იმეორებენ ამ სიტყვებს. შემოდის `ვიღაცა!… ის ჯდება ავანსცენაზე დოლით ხელში და ამბობს _ ძალა არაა ღონე!.. ძალა არაა ბევრი!.. _ ძალა არაა ძალა! _ და იწყებს დაკვრას. დოლის გამალებულ დაკვრასთან ერთად შემოდის ზღვის ღელვის ხმები. დოლის დაკვრა და ზღვის ხმა დიდხანს უნდა გრძელ¬დებოდეს. კარგი იქნება, თუ `ვიღაცას~ მოქმედი გმირებიც აყვებიან დაკვრაში სხვა¬დასხვა ქართული ხალხური საკრავებით და შეასრულებენ ძველ ქართულ სიმღერას.
ფარდა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s