კობა ცხაკაია: ქვიშის ცნობიერების საწყისები…


კობა ცხაკაია

ქვიშის ცნობიერების საწყისები…
(აბსურდულ-ფილოსოფიური რეალიზმის ნაზავი)

პერსონაჟები:

კახა – ისტორიების მოყვარული.
გიჟუა – დრო და დრო იფშვნება.

კახა – (მაგრაა დაქოქილი) თქვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ სიმკვრივეზე. ზედმეტად ბევრს. იმდენს ლაპარაკობთ ამ თემაზე, რომ ნელ-ნელა ეჭვი გვეპარება საერთოდ რატომ აიკვიატეთ ეს აზრი? რა გინდათ?… გეკითხებით რა იცით სიმკვრივის შესახებ? რატომ გინდათ მის შესახებ სხვისი აზრის გაგება?…
გიჟუა – (სევდანარევი ღიმილით) მმმ!
კახა – (რომანტიული ინტონაციით) წევხარ აქ, ტრიალებ, ცდილობ დაიძინო, ფანჯარაში მთვარე ანათებს, და უეცრად სიმკვრივეს ჰგრძნობთ… საშინელი სიმკვრივეა ირგვლივ… ხელს აფათურებ და გსურს, რომ შენს გვერდით თხევადი, ან შლადი იგრძნო, მაგრამ… ირგვლივ არავინ არ არის…
გიჟუა – (მკერდში მჯიღს იკრავს და ოხრავს) მმმ! მმმ! მმმ!
კახა – თქვენი შიში ძალიან ჰგავს თაგვის ინსტიქტურ შიშს. თქვენ უბრალოდ ვირთხა ხართ… რომელმაც არ იცის, როგორ იცხოვროს… ვირთხა, რომელიც მოკვდება, თუ არ შეეხო კბილებით რაიმე სიმკვრივეს… თუ რაიმე არ გამოხრა… ბოლოს და ბოლოს თქვენ, ხომ ადამიანი ხართ, ან იყავით… და დამოუკიდებლობის უსაზღვრო და ძვირფას განძს უფრთხილდებოდით… დაიმახსოვრეთ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისადმი შიში უნდა ახასიათებდეს სულელს, დეგენერატს, არამზადას და არა ჭკვიან, კეთილშობილ, ვაჟკაც ადამიანს…
გიჟუა – (ღმუის) მე რად მინდა მკერდში გულიიი?!
კახა – (პირზე ხელს აფარებს) ეხლა მოგიყვებით ისეთი სიმკვრივის შესახებ, რომელიც არც კი განგიცდიათ… ეს მდგრადობის განსაკუთრებული ფორმაა. ეს არაა შეშინებული კაცის სიმკრივე, რომელიც მოსალოდნელი შიშის გამო მოიბუზა… ეს სულ სხვა სიღმეებისა და სიმაღლეების სიმკვრივეა. ფიზიკური და რეალური… (მცირე პაუზა) კატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე, ან მიუვალ მწვერვალზე მოხვედრილი ადამიანი სულ სხვანაირად იწყებს აზრონვებას… ის, სხვაგვარად უყურებს შენარჩუნებულ სიცოცხლეს და სამყაროს… მისი გაერთიანებული და გაკაჟებული სხეული-სული ახალი მინაერთებით ივსება და მძლავრდება… ასეთ მდგომარეობაში ყველანაირად გაკვრივებული მარტოსულები, რომლებიც რეალური ხალხით გადაჭედილ სამყაროში, ჯამური განზომილებით – მაცხოვრის ერთეულს წარმოადგენენ, ახალ სიმაღლეებსა და ახალ სიღრმეებს ჰქმნიან, მატერიალური და სულიერი სამყაროები ჰარმონიზაციისათვის…
გიჟუა – (უნდობლად იღიმება) მარტოდ დარჩენილი მკვრივი ადამიანი, ყოველთვის ეცემა ძირს… ჯერ ფოთოლივით ეშვება და ლამაზ, ნარნარ მონახაზებს აკეთებს ჰაერში, მაგრამ შემდეგ… რაღაც მომენტში ქვასავით მიექანება და ენარცხება ტალახში… ეხეთქება მიწაზე, ან შეიჭრება ქვიშაში… თან ყოველთვის ან გულაღმა, ან გულდაღმა… არასოდეს გვერდზე…
კახა – (უახლოვდება გიჟუას, და თვალებში უყურებს. ის აღფრთოვანებულია მოსაუბრით) გიჟუა რა მაგარი ხარ. გიჟუა, თან ძაან მაგარი სახელი გქვია… გიჟუას შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში მსმენია… ესაა უამრავი-ფანტასმაგონიური ლეგენდა, ქვასავით მაგარი შეუდრეკელი კაცისა… ის, ციხის მეცხრე სართულიდან გადმოხტა ქვიშით დატვირთულ მანქანაზე და ასე გაექცა ხანგრძლივ და აუტანელ ტუსაღობას… გიჟუა სამყაროში ერთადერთია, ყველაზე რისკიანი თავისუფლების მოყვარული ადამიანთა შორის, რომელიც პირადად მინახავს და შემხვედრია… ის, ვაჟკაცია… და ყოველთვის უდრეკი, გრანიტად ქცეული გმირი იყო ყველასათვის…
გიჟუა – (მკერდში მჯიღს იკრავს) მმმ! მმმ! მმმ!
კახა – მაგრამ არავინ იცის ეშინოდა თუ არა მას მაშინ… და გაიმეორებდა თუ არა იგი დღეს იგივეს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად… გმირი ერთი და იგივე გმირობას ვეღარ სჩადის, რადგან ის ან კვდება, ან… ეს, სამყაროს არამზადული კანონია… თუმცა მოდით თავიდან დავიწყოთ. ვინ იყო, ანუ ვინაა იგი – გიჟუა?
გიჟუა – (სევდანარევი ღიმილით) მმმ!
კახა – ის ქურდია და თანაც კანონიერი… რამკიანი. პროფესიონალია, პოლიციელებისა და ფრაერების რისხვა… მან არაერთხელ მოახდინა სასწაული…
გიჟუა – (სევდანარევი ღიმილით) მმმ!
კახა – რამდენჯერმე საკნის კარიც კი მოუგლეჯია და მიუტანია სატუსაღოს უფროსთან – უამისოდაც კარგად გავძლებო… შემდეგ კი ამაყი, განუმეორებელი ნაბიჯით შეულაჯებია კამერაში… თუმცა უფრო მაგარი სასწაულებიც ჩაუდენია, განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს უკანასკნელი, რომელიც…
გიჟუა – აღდგომიდან მეორე დღეს. ორშაბათს მოხდა.
კახა – ის დაეცა ქვიშით სავსე მანქანაზე, რომელიც მიდიოდა… სად მიდიოდა?
გიჟუა – (მხრემს იჩეჩავს და უხერხულად იღიმება) მმმ! მმმ! მმმ!
კახა – რაღაცის ამოსავსებად… გიჟუა ისე ძლიერად დაენარცხა და ისე ღრმად ჩაეფლო ქვიშაში, რომ მას ვერავინ ხედავდა… თუმცა ისიც ვერავის ხედავდა, რადგან ყველაფერთან ერთად მან გონებაც დაჰკარგა…
გიჟუა – (ის იწყებს ნელა და მძიმედ მოყოლას) ქვიშა, შავი უნდა ყოფილიყო, ის კი Yყვითელი გამოდგა, თანაც გაუცრელი… თანაც სველი… შავი ქვიშა უფრო რბილია და უფრო ნაზი… ხოლო ყვითელი მკვრივი და უხეში… პირქვე დავეცი და გონება დავკარგე… ვარდნა მიუხედავად ქვიშის არც თუ ისეთი მაგარი სიმკვრივისა, საკმაოდ ძლიერი გამოდგა… თუმცა, ჩემდაუნებურად დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე ჩავეფალი… როცა გონს მოვედი, ირგვლივ ყველაფერი ყვითელი იყო… უფრო ჩირქისფერი… თავი ჯერ სამოთხეში მეგონა (იცინის) მაგრამ შევცდი… ეს იყო ქვიშის დიდი მასსა… ყვითელი მკვრივი ნისლი… ნაღველისფერი, ბოტკინისფერი ნისლი… (იძაბება) ნუთუ ასეთი ფერისაა თავისუფლება მეთქი?…
კახა – ორიოდე საათში ქვიშა დაიძრა და მაგარ ადგილას დაეშვა… შემდეგ ის მთელს სიგრძე-სიგანეზე გაშალეს და გიჟუა მიხვდა, რომ ქვიშად ქცეულიყო.
გიჟუა – (უხერხულად იღიმება) დარტყმისაგან ნაწილებად დავიშალე… (ჯიბიდან იღებს ქაღალდის ნაგლეჯს და კითხულობს) როგორც კახაბერმა დამიწერა – როცა ნაწილაკი მიისწრაფის განთავისუფლებისაკენ და ძლიერი ნების გამოვლინების შემდეგ წყდება, განგებით ბოძებულ ადგილს, რის შედეგადაც ეჯახება მეორე ზედაპირს, რომელსაც არ სურდა მისი გათავისება. ნაწილაკი ამ ზედაპირს შეერწყმის და მის ცენტრალურ სივრცედ იქცევა. (მალავს ქაღალდს) ასეთი ყოფილა ფიზიკის ძირითადი კანონი… არ ვიცოდი.
კახა – დიახ. ის ქვიშის სივრცედ იქცა… და სად? პოლიციის აკადემიის ეზოში, სადაც კურსანტები მარშირებას გადიოდნენ… ფეხბურთს თამაშობდნენ, დამნაშავის დაჭერაში ვარჯიშობდნენ და თავისუფლად მოპარპაშე ყველა ქურდის დატუსაღების ფიცს დებდნენ…
გიჟუა – (მხრებს იჩეჩავს, ცდილობს უდრტვინველი სახე მიიღოს) ქვიშაში მარტო არ ვიყავი… ამას ვგრძნობდი… იქ იყო ციხის უფროსის და მთავარი ზედამხედვლის რაღაც ნაწილები – მათ სხვა და სხვა დროს ფანჯრიდან გადმოაფურთხეს ქვიშით სავსე მანქანაზე… ასევე ერთ-ერთი ადვოკატის დაცემონებისას ცხვირიდან გადმოსროლილი ლორწოვანი შხეფებიც იყო…
კახა – მმმ!
გიჟუა – უპატრონო ძაღლის უმნიშვნელო ნაწილები და ნაწილაკები… მარტო მე ვიყავი მთლიანად განთავსებული ამ ყვითელ გროვაში… (ამოიოხრებს, მაგრამ თავს ხელში აიყვანს და აგრძელებს) ფაქტიურად შეიძლება ითქვას – დილამდე არ ვიცოდი სად მოვხვდი… მანქანიდან ჩემი გადმოღების შემდეგ მხოლოდ ზევით ყურება შემეძლო. მოჩანდა ვარსკვლავები და დროშა… (ხმა უკანკალდება, ლამის ტირილს იწყებს) ვარსკვლავები და დროშა. მთვარე არ დამინახავს.
კახა – (აღგზნებულია) პირველმა მე დავინახე, რომ იქ, აკადემიის ეზოში ქვიშად გაბნეული ადამიანი იყო. ცოცხალი, მაგრამ უძრავი და სევდიანი… თვალებს არ დავუჯერე, ადამიანი-ყვითელი ქვიშა! როგორ შეძლო მან ამის გაკეთება? ან როგორ მოხვდა ის, აქ? ან, რამ გარდასახა ის ისეთად?
გიჟუა – (ისიც აღგზნებულია) დავინახე ნახევრად შიშველი ადამიანი, რომელიც მიყურებდა როგორც ადამიანს და არა როგორც…
კახა – (აწყვეტინებს) არ გინდათ დეტალები… მარტო არ ვიყავი. სხვათა შორის აკადემიაში არა მარტო კაცები სწავლობენ.
გიჟუა – ირგვლივ სხვა არავინ ჩანდა…(ეშმაკურად) თუმცა გოგონას ვნებიანი ხმა კი ნამდვილად მესმოდა… აა-აა-აა! მერე კი უუ-უუ-უუ! შუალედებში კი – ვვ-ვვ-ვვ! და კიდე…
კახა – (აწყვეტინებს) მაგრამ უეცრად დაუბერა ქარმა და გიჟუას `გაქვიშებული~ სხეული ეზოს გარეთ, ღობის იქით გა-და-ხვე-ტა… ამის გამო ჩემს აღმოჩენაში ეჭვიც კი შემეპარა… კიდევ ვცადე ამ უცნაური ხილვის გადამოწმება და ღობის გისოსებს მივუახლოვდი… გიჟუას, თავი და მარცხენა კიდური, ბაბუაწვერებს შორის მოქცეულიყვნენ და ისინი ახლა, მხოლოდ ზოგადად თუ ჰგავდნენ ადამიანის სხეულის ნაწილებს… ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ქვიშა კვნესოდა.
გიჟუა – (იწყებს ენერგიულ ჟესტიკულიაციას) როცა ღობის იქით მოვხვდი, ბალახებსა და ფოთლებს შორის ნესტი აღმოჩნდა… დავსველდი და რადიკულიტმა შემაწუხა… ეს იყო და ეს… (აგრსიულად) არანაირი კვნესა არ ყოფილა… ქვიშა არ კვნესის… ის, მხოლოდ იფანტება.
კახა – გიჟუა ქვიშა იყო, მაგრამ გიჟუასავით მშფოთვარე.
გიჟუა – მეე… ბაგეებით ვეხებოდი მცენარეების ღეროებს, მაგრამ ისინი სულ სხვანაირად იქცეოდნენ… ისინი მცირე ზომის შეკრულები, მკვრივები და ერთიანები იყვნენ… მე კი, ბევრი, ვრცელი და შლადი ვიყავი…
კახა – მმმ! მმმ! მმმ!
გიჟუა – ძალიან ბევრი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი – მცენარეები პატივისცემის ღირსადაც კი არ მთვლიდნენ… მათ ჰქონდათ ფესვები, ღეროები, ბუტკოები… მე კი მრავალრიცხოვანი, ყვითელი ქვის ნაწილაკები ვიყავი…
კახა – (მკერდში მჯიღს იკრავს) მმმ! მმმ! მმმ!
გიჟუა – შეიძლება, ეს არც მათი მშობლიური მიწა იყო და მცენარეებიც ქარმა აქ ცხრა მთას იქიდან მოიტანა პატარ-პატარა მარცვლების სახით, მარგამ ჩემთან შედარებით ისინი ქვიშა არ იყვნენ… მათ უკვე ფესვები გაედგათ, ფორმა და ინდივიდუალური სიმკვრივე მოეპოვებინათ… გავბრაზდი, მაგრამ… რას ვიზამდი შეკრულთან და მკვრივთან? მით უმეტეს როცა ქარი უბერავდა…
კახა – (მაყურებელს) თქვენ ალბათ იცით ამას ცემენტი, ან თიხა როგორ აკეთებს?…
გიჟუა – (აწყვეტინებს. ცდილობს თავისი გაიტანოს და ისევ ძველ გიჟუად იქცეს) ყვითელი ქვიშა ძალიან მაგარია, მხოლოდ მას კარგი დამუშავება უნდა და გამოცდილი ხელი სჭირდება… მისგან ამზადებენ ფანჯრის მინებს, ტელევიზორების ეკრანებს, ბოთლებს…და კიდევ უამრავ რაიმეს… მართალია მანამდე მასში რაღაც-ღარაცეების უნდა შეურიო და დიდხანს ადნო…
კახა – მმმ!
გიჟუა – თუმცა ეს ყველაფერი მტვრევადია, მაგრამ ლამაზი და ათასფერა… (გაახსენდა) ახლა ტყვიაგაუმტარ მინებსაც ამზადებენ…
კახა – (აწყვეტინებს.) ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა და მისი გაფანტული სხეული გზაზე გადაიტანა… პოლიციის აკადემიის გვერდით მდებარეობს ტრასა, რომელიც მიდის მეორე აკადემიისაკენ – ოღონდ უშიშროების აკადემიისაკენ, შემდეგ ქალაქგარეთ განთავსებულ საგიჟემდე და ბოლოს იდუმალი მიმართულებით მთებსა და ბორცვებს შორის იკარგება… როგორც იქიდან მოსულები ამბობდნენ… იქ, არაფერი არ არისო…
გიჟუა – (ადასტურებს) იქ, არაფერი არ არის…
კახა – ქარმა ელვისებური სისწრაფით აიტაცა გიჟუას ნაწილაკები, დაატრიალა და გზის ორივე მხარეს მიმოატარა-მიმოხვეტა-მიმოასეირნა-მიმოაქროლა… მას შეუერთდა… ბაბუაწვერას ბუსუსები… მტვერი და ნაგავი… შემდეგ კი ეს დამძიმებული მასსა, ადრეული შემოდგომის ტალახიანი ცისკენ ერთიანად ასტყორცნა, ლამპიონების თავზე მოაქცია, გადაატარა სარეველათი გავსებულ მდელოს, გადაავლო აკადემიის ღობეს და ძველ ადგილას დააბრუნა… გიჟუას ამდენი ბზრიალ-ტრიალისაგან გონება ჰქონდა დაბინდული, დაბრუებული, დარეტიანებული და დანესტიანებული. ის ასფალტის საფარში გაჩენილ უსწორმასწორო ორმოებში მცირე ზომის გორგოლებად ქცეული დაეყარა და მძიმედ აქოშინდა…
გიჟუა – (აწყვეტინებს.) როცა სული მოვითქვი და აზზე მოვედი უკვე გათენებულიყო. მზე მაგრად აცხუნებდა… ირგვლივ ისმოდა სამხედრო მარშები. ჟრიამული. პოლიციელთა ფეხსაცმელები მწყობრი და ენერგიული ნაბიჯით ჩემს გაფანტულ-გაქიაქებულ სხეულზე დააბიჯებდნენ. მე კი, ყვითლად ვიყავი განფენილი ამ სავარჯიშო მოედნის მთელს პერიმეტრზე…(ოხრავს)
კახა – (ჩვეულებრივი მშვიდი და უბრალო ინტონაციით) მთელს პერიმეტრზე?
გიჟუა – მაშინ დავფიქრდი პირველად იმაზე თუ რა არის ნამდვილი თავისუფლება – როცა შენ ხარ, მაგრამ ვერავინ გამჩნევს, თუ როცა ყველა გხედავს და ადვილი დასაჭერი ხარ?
კახა – (მხრემს იჩეჩავს და უხერხულად იღიმება) მმმ! მმმ! მმმ!
გიჟუა – (თითქოს არ ესმის) ამაში არაფერია გასაოგნებელი… როცა გინდა თავისუფლება, მაგრამ არ შეგიძლია მისი თავისუფლად მოპოვება – “ქვიშობა”-“გაქვიშავება”-“ქვიშნარობა”, ნორმალური მდგომარეობაა… ქვიშა, ეს ისტორიული აუცილებლობითა და რეალური გარდუვალობით გამოწვეული აქსიომების ნაზავია.
კახა – მმმ!
გიჟუა – (ტირის, ცდილობს კიდევ მოიყვანოს არგუმენტები) სხვანაირად აზრი არაა აქვს ჩემს მოპარულ თავისუფლებას… ესაა – სიბრძნის და სიცოცხლის, მუჟიკისა და ძაღლის, შარაგზის მტვრისა და ნაგვის, აბეზარი ქარისა და ფესვგადგმული მცენარეების თესლებისაგან თავდასაცავი უებარი საშუალება… ეს, ერთ დროს მაგარი ვაჟკაცის, მაგრამ ახლა ტყვეობიდან გა-პა-რუ-ლი სულის არსია…
კახა – მმმ!
გიჟუა – საერთოდ რა არის თავისუფლება? ესაა, გადაადგილების ყოველნაირი და შეუზღუდავი არჩევანი… ანუ – სადაც მინდა იქ წავალ და როდესაც მინდა მაშინ წავალ… დამიჯერეთ, გამოცდილ ადამიანს, რომელმაც თავისუფლების პარვაში უამრავი ციხე მოიარა და თითქმის ყველანაირ საპატიმროს კერძს-ბალანდას გაუსინჯა გემო… თავისუფლებას, ქვიშაზე უკეთესად ვერავინ გიბოძებს…
კახა – მმმ!
გიჟუა – ესაა ქვიშაზე დამყარებულ-აგებული-აშენებულ-აღმართული “გადარჩენის” ფილოსოფია…
კახა – ქვიშა, ქვის წვრილი ნამსხვრევები, წყლის მიერ ფხვიერ მასად ქცეული… ქვიშა-სილა, ლამი, შლამი.
გიჟუა – ქვიშა – არა მარტო ქვის ნამსხვრევებია, არამედ გრანიტის, მარმარილოს, კაჟის…
კახა – ქვიშა – არა მარტო ქვის ნასხვრევებია, არამედ სახლების, ქუჩების, სოფლების, სასახლეების, ქალაქების, ქვეყნების, ცივილიზაციების… (მაყურებელს) და რაც მთავარია დამარცხებული სულების ნასხვრევები…
გიჟუა – თავისუფლებას, ქვიშაზე უკეთესად ვერავინ გვიბოძებს…
უბერავს ქარი და კახას მოგონებებით შეკრებილი გიჯუას სხეული ქვიშად იქცევა და კულისებისაკენ მიეხვეტება.
კახა – გიჟუა, თავისუფალია… ის, ქვის წვრილ ნასხვრევებად იქცა… და ქარი მთელს სამყაროში “და-ეხ-ვეტ-ება”… მაგრამ მას სამი რამ არ აძლევს მოსვენებას – ერთი ის, რომ ქარი არ გააჩერებს იქ, სადაც ყველაზე ძალიან მოეწონება… მეორე ის, რომ შეიძლება ვინმემ ხელში ჩაიგდოს, გადაადნოს და ღამის ქოთნად აქციოს… და მესამე ის, რომ ქვიშაზე აგებული – ყველაფერი უსაფუძვლოა, უფესვოა… და მალე ინგრევა.
გიჟუა – (ექოსავით) მმმ! მმმ! მმმ!

ვისთვის დასასრული, ვისთვის დასაწყისი.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s