კობა ცხაკაია: ცხოვრება – საწვავის გარეშე


კობა ცხაკაია

÷ცხოვრება – საწვავის გარეშე÷

მოქმედი გმირები:

კაცი
ორივენი შეზარხოშებულები არიან
ქალი

მოქმედება მიმდინარეობს ძველი მანქანის სალონში, შემოდგომის ერთ-ერთ წვიმიან საღამოს.
ქალი – ისევ?… ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! ისევ?!
კაცი – რა მოხდა ასეთი!… ეგრევე ისტერიკაში რომ ჩავარდი! მანქანაა ბოლოს და ბოლოს, ადამიანი ხომ არ არის!
ქალი – არაფერი არ მოხდა, არაფერი! უბრალოდ ის მანქანა, რომელშიც ვზივარ, გაფუჭდა! (იცინის) ხა-ხა-ხა! არაფერი არ მოხდა!
კაცი მანქანას ქოქავს, მაგრამ ძრავი რამდენიმე ბრუნის შემდეგ ისევ ქრება.
კაცი – ორშაბათი საშინელი დღეა! ორშაბათს ყოველთვის რაღაც უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში!… მანქანა ორშაბათს გავაკეთე! ორშაბათს მაცივარი გადაგვეწვა… რაც მთავარია ორშაბათს გაგიცანი შენ!… ოჰ, მაპატიეთ ქალბატონო! ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით!
ქალი – მერე რა რომ ვიცით?… მაგ დღეს არს ჩემთვის მოუტანია დიდი ბედნიერება!
კაცი – ძალიანაც კარგი! ძალიან კარგი!
უკიდებს სიგარეტს.
კაცი – არავისგან არა ვართ გამორჩეულები, ამიტომ პატარა გაუგებრობებში ყოველთვის მოვხვდებით! ჩვეულებრივები ვართ!… გაიხედე! ეგერ ხედავ წვიმაში ხალხი დგას და ელოდება ავტობუსს, ან ტროლეიბუსს სახლში რომ მივიდეს! გარეთ წვიმს. ისინი დგანან, დიდი ხანია იცდიან. მათ ცივათ, სველდებიან! მე და შენ კი ვზივართ სითბოში, რბილ სკამებზე და ვუყურებთ მათ ტანჯვას…
ქალი – რა ბედნიერები ვართ?!
კაცი – არა მთლად ბედნიერები არა ვართ, მაგრამ მათზე უკეთეს მდგომარეობაში ხომ ვართ! მიხვდი?… ამის თქმა მინდოდა მხოლოდ!
ქალი – მერე?
კაცი – ასე უფრო ადვილია ცხოვრება!
ქალი დიდხანს უყურებს კაცს, რომელიც სიამოვნებით ეწევა სიგარეტს.
ქალი – …შეხედე! ერთმა იმპორტულმა მანქანამ გაიარა, ნახე-ნახე რა კომფორტულია
შიგნიდან! აგერ, მეორეს შეხედე, პატრონს თან მიჰყავს მანქანა, თანაც ტელეფონით ლაპარაკობს! კარგია არა?… მალე სახლში მივა და ფანჯრიდან დაუწყებს ყურებას ამ… წვიმას! ეგერ შეხედე, იმ სახლში ვიღაცამ ფარდა გადასწია! სიგარეტს მოუკიდა, მგონი ჩვენ გვიყურებს! ნახე რა კმაყოფილია, მე მგონი დაამთქნარა კიდეც! (თვითონაც ამთქნარებს) ჩვენ კი ვზივართ მანქანაში, ვუყურებთ იმათ ვინც სველდება და გვიხარია! ეეჰ, რა კარგია ბედნიერება!
კაცი – მე სულაც არ მინდოდა წამოსვლა!… დავრჩენილიყავით სახლში. არც საჩუქარი გვექნებოდა საყიდელი და არც…
ქალი – (აწყვეტინებს) რა?
კაცი – არაფერი!
ქალი – კიდევ რა? დაამთავრე, ჰო დაამთავრე!
კაცი ისევ უკიდებს სიგარეტს.
კაცი – ვუყიდიდი ÷ბაჩუჩას÷ იმ სათამაშოს, ათი დღეა რომ მეხვეწება! აი რა?!
ქალი – მომეცი სიგარეტი!
კაცი აწვდის თავის სიგარეტს, თვითონ ახალს უკიდებს. ორივენი უხმოდ ეწევიან.
ქალი – მეგონა გაეხერდებოდათ ჩვენი საჩუქარი! კი არ გაუხარდათ, გაუკვირდათ?!
კაცი – (ამოიოხრებს) რა ვქნათ მერე!… ჩვენნაირებს ცოტა მაგარი კანი სჭირდებათ!
ქალი – ოო, შენ მაგარი ხარ! ძალიან მაგარი! დაჯდა პროკურორივით! იბღვირება, იღრინება! რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, ბაგე სულ მცირედად რომ გახსნას ამ ვაჟბატონმა და თავისი ნაცოდვილარი ღიმილით გარშემომყოფები დაასაჩუქროს!
კაცი – მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ! არ ვთამაშობ! სხვანაირადაც არ შემიძლია!
ქალი – (დასცინის) მე ისეთი ვარ როგორიც ვარ!… ვირი ხარ და მეტი არაფერი! გადაგყვნენ თან! ხან რას გაწვდიდნენ და ხან რას! შენ ერთი გრამი სითბოც კი არ მიეცი იმ ხალხს, რატომ! გამაგებინე, რატომ?
კაცი – შენ რომ გისმინოს ვინმემ, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე! სანამ შენიანებს შეხვდებოდი, ჩემსკენ იყავი, ჩემსავით ფიქრობდი, მიხვედი იმათთან, თავზე ხელი გადაგისვეს, მერე ერთი თეფში ტკბილეულით გამოგიტენეს პირი და მორჩა… სადღაა ჩემი ცოლი? ფშუტ! გაქრა!… ჩემი მოსამართლე ხარ? თუ ჩემი ჯალათი ხარ?… ადექით თქვენი… სასამართლო მობრძანდება!
ქალი – უყურეთ ამ თავხედს, უმადურს! ეს არის შენი მადლიერების გრძნობა? ეს არის?!… მოიცა როგორ ამბობდი სადღეგრძელოში – თქვენ არ იცით, მე როგორ მიყვარხართ! თქვენ არ იცით, რა ხართ ჩემთვის!… შენ გგონია ვერავინ ვერ ხვდება ვერაფერს? შენ გგონია არავინ იცის რა ბოღმა ხარ გულში!… თვალთმაქცო!
კაცი – მე არაფერი მითვალთმაქცია!
ქალი – კარგი რა?!
კაცი – მე მართლა მიყვარს ისინი! შენ ნუ გგონია… მე ისინი ძალიან მიყვარს! ჩემთვის შენები ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავენ იმას, რომ მე დავდგები და მაიმუნივით ÷ვიტინგიცებ÷ მათ წინაშე! მე ÷რიჟიკა÷ არა ვარ, მე კაცი ვარ! ცუდი თუ კარგი, მაგრამ ვარ!… დიახ ვარ და მინდა, რომ მცენ სათანადო პატივი!
ქალი – დედე-დედა-დედა! რომ გიყურებ მრცხვენია! გადმოგიკარკლავს თვალები! დორბლებს ყრი!…
კაცი – წადი შენი…!
ქალი – წადი შენი და…!
კაცი – შენი დედა ვატირე! შე-ნი დედა, ვატირე! შენი დე-და ვატირე! შენი დედა ვა-ტი-რე! ვატირე შენი დედა! დედა, შენი ვატირე! დედა ვატირე შენი!
ქალი – გრცხვენოდეს დედაჩემს რომ აგინებ! გრცხვენოდეს!
კაცი – მე დედაშენს კი არა, შენ გაგინებ! ვატირე დედა შენი!
ქალი – დედაჩემს აგინებ, შე უზრდელო!
კაცი – ჰო, დედაშენს ვაგინებ შენი გაზრდისათვის! დედაშენის დედაც ვატირე! იმისი დედაც და იმისი დედაც, რომელიც ალბათ, იმისმა დედამ ხეზე გააჩინა! თქვენი დედა ვატირე ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც!… არ გადამრია კაცი!
ქალი – გადარეული ისედაც იყავი და მე რაზე გადაგრევდი!
კაცი – ეხლა გაჩერდი, სანამ გავგიჟებულვარ!
ქალი – შენ იცი…
კაცი – (აწყვეტინებს) გაჩუმდი მეთქი!
ქალი – იცი შენ…
კაცი – გაჩუმდი ქალო, თორემ… შეგჭამ იცოდე!
ქალი ჩუმდება და ფანჯრისკენ იხედება, კაცი თვალებს ხუჭავს. ისმის ავტომობილის დამუხრუჭების ხმა.
ქალი – აღარ გიყვარვარ და ყველაფერი ამის ბრალია!
კაცი თავს ხრის და საჭეს ეყრდნობა.
ქალი – ადრე სულ ვგრძნობდი შენს სითბოს!.. გავიხედავდი მარცხნივ და შენი ხელები მეფერებოდნენ, მარჯვნივ გავიხედავდი და შენს თვალებში იმხელა სიყვარულს ვგრძნობდი! დაგიგდებდი ყურს და სულ იმას მეუბნებოდი – უნდა ჩაგეხუტო, უნდა ჩაგეკონო!… რა კარგი იყავი, როგორ გვიხაროდა ერთად ყოფნა! სამსახურიდან ყოველ საათში მირეკავდი და მეკითხებოდი – როგორ ხარ ჩემო?.. რას შვები, ჩემო?… სად არ დავდიოდით… ყოველდღე მეფერებოდი!.. ეხლა სად წავიდა ეს ყველაფერი, სად?… მითხარი თუ აღარ გიყვარვარ, მეცოდინება მაინც და აღარ მექნება ამდენი პრეტენზიები შენს მიმართ! რამდენი ცოლქმარი ცხოვრობს ჩვენს ირგვლივ რომ არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ოჯახს ინარჩუნებენ! ოჯახი, აუცილებელი ხომ არ არის სიყვარულს ნიშნავდეს!… მეცოდინება, რომ აღარ გიყვარვარ და მორჩა!
კაცი თავს აქნევს, ცოტახანს რაღაცას ფიქრობს, მერე რადიოს რთავს. ისმის მუსიკა. ორივენი ჩუმად არიან.
კაცი – შეხედე! დაინახე?
ქალი – რა?
კაცი – აი იმ ყვითელ ლაბადიანის უკან ბებერი კაცი იდგა, ომის ვეტერანის ორდენით მკერდზე! და იცი რა ქნა?!
ქალი – ხო (უინტერესოდ), რა?
კაცი – იმ ყვითლიანს ჩანთიდან საფულე ამოუღო და გაიპარა!
ქალი – (მწარედ) ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა!…
კაცი – ამ დროს ადამიანები ვქმნით!
ქალი თავს აქნევს. კაცი ცდილობს დაქოქოს მანქანა, მაგრამ ვე ახერხებს.
კაცი – აკუმულიატორი ვერ იღებს! დაჯდა!… გამოსაცვლელია!
ქალი – დროზე გამოგეცვალა მერე! ეხლა აქ ხომ არ ვიჯდებოდით!
კაცი – (დამცინავად) გამოგეცვალა მერე!… რითი გამომეცვალა ბაბა?… სადა გვაქვს ამის ფული, ეს რომ გამოვცვალო? სად?
ქალი – კარგი რა, წინა კვირას ხომ აიღე! თვენახევარია მაგ დასაწვავ აკუმულიატორზე ლაპარაკობ! აგეღო და გამოგეცვალა!
კაცი – როგორ?
ქალი – როგორ და გეყიდა ახალი! ძველი ამოგეღო, გადაგეგდო და მის მაგივრად ახალი ჩაგედგა!
კაცი – ადამიანმა შენ რომ მოგისმინოს ცხოვრება ისეთი ადვილი ჩანს, ისეთი ადვილი,… რომ ლამის არის თავი ჩამოვიხრჩო სიხარულისაგან!… ხედავ კაცო შენ, რა შტერი ვყოფილვარ? უნდა ამეღო ის დასაწვავი ფული და მეყიდა ახალი აკუმულიატორი, ეს ძველი კი უნდა გამეშვა, ნა ხ…ზე. მის მაგივრად კი ახალი დამეყენებინა?
ქალი – ისევ თავიდან იწყებს! აღარ შემიძლია მეტი! (აღებს კარებს) ფეხით წავალ, ამომივიდა ყელში შენთან ლაპარაკი!
კაცი ძალით უკეტავს კარებს.
კაცი – დაეტიე შენს ადგილზე, თორემ მე ვიცი რასაც გიზამ!
ქალი უძალიანდება, ბოლოს კი ნებდება, სახეს შარფში მალავს. სიჩუმეა. ცოტახანში ისმის ქალის სლუკუნი.
კაცი – ნუ დაიწყებ ახლა ისევ შენებურად!…უუხ, რა იცით ეს ქალებმა!… მართალი ხარ, თუ მტყუანი ხარ! ატეხენ ტირილს!… სულ ბღავიან და ბღავიან!
ქალი – თუ კარგია შენ ბღავიხარ, ცხოველო!
კაცი – ჰო! მეტი მეკუთვნის შენგან! დღედაღამე სულ იმაზე ვფიქრობ, რა ვჭამოთ? იქნებ სადმე ორმა კაპიკმა მაინც გაიჩხარუნოს, რომ ვიშოვო როგორმე! ქუდი, კაბა, ჩანთა… დედას გეფიცები ჩემთვის რაიმე თუ მინდოდეს! აი ნახე… (იხდის ფეხსაცმელს) ხომ ხედავ გახვრეტილია! ერთხელ მაინც თუ დამიწუწუნია შენთან, – ფეხსაცმელი გამიფუჭდა მეთქი? მითხარი დამიწუწუნია?… ამას ჩუმად ვიხდი და ყოველთვის სადმე კუთხეში ვატენი, რომ არ შეამჩნიო და არ დამიწყო – იყიდე ფეხსაცმელი, იყიდე ფეხსაცმელი!… შენ გგონია მე არ ვიცი, რა უნდა ვიყიდო? შენ გგონია არ ვიცი, რომ აკუმულიატორი უნდა ვიყიდო… მაგრამ მერე რა ვქნათ, ამას ყველაფერს როცა ვიყიდი!… რითი ვიცხოვროთ?… ერთი კვირის წინ ÷ბაჩუჩასთან÷ ერთად ვიყავი ზოოპარკში, ხო გახსოვს?… იმ საღამოს მე და შენ ვიჩხუბეთ, და ის ძველი ვაზა შემომემტვრა?…
ქალი – დაამტვრიე!
კაცი – ჰო, კარგი, დავამტვრიე! მივდივართ ზოოპარკში და ÷ბაჩუჩამ÷ ჯიხურთან სათამაშო დაინახა! არაფერი ისეთი, გაბერილი სპილო იყო! ჯიბეში მაქვს მარტო ბილეთების და მგზავრობის ფული. ბავშვი მეუბნება – მოდი, მამიკო, ვიყიდოთ სათამაშოო! გამოვარდა ის შობელძაღლი გამყიდველი – უყიდეთ ბავშვს სპილო! უყიდეთ ბავშვს სპილო! არ ვიცი, რა ვქნა, სად წავიდე. ÷ბაჩუჩა÷ ბოლოს მიხვდა რაღაცას! ძალიან მაგარი ბავშვია!… იცი, რა უთხრა იმ… გამყიდველს? – თუ ასე მოგწონს, შენს შვილს წაუღეო!… მერე ცოტა გავცდით იმ დასაწვავ ადგილს და ყურში ჩამჩურჩულა – მამიკო, ფულს რომ აიღებო, აი ძალიან ბევრ ფულსო, იმდენს ჩემთვისაც რომ არ დაგენანებაო, ხომ მიყიდი იმ სათამაშოსო?… იცი რა დამემართა, იცი რა დამემართა?… შენ კი ამბობ აკუმულატორიო?… რა აკუმულატორი?!… რის აკუმულატორი?!
კაცი აღებს ფანჯარას და აგდებს სიგარეტს. ისმის მუსიკის ხმა.
ქალი – ÷ბაჩუჩა!÷ ჩემი ÷ბაჩუჩა!÷… ნეტა რას შვრება ახლა! ალბათ ისევ ეზოშია!… ღმერთო ჩემო, რა კარგია, რომ სოფელი მაინც გვაქვს!
კაცი – კი, ძალიან კარგია!… საერთოდ ყველა ბავშვი სოფელში უნდა იზრდებოდეს! ასე უფრო ალალები იქნებიან!
ქალი – კარგი რა, ვის რად უნდა ახლა, შენი სიალალე!
თავს ადებს კაცს მხარზე. კაცი თავზე უოცნის. ცოტახანს ჩუმად არიან.
ქალი – იცი რა გამახსენდა?
კაცი – რა?
ქალი – გახსოვს ავტობუსში, ჩემი ხელის მაგივრად, სხვის ხელს რომ ეფერებოდი? (იცინის)
კაცი – კარგი რა! შენც იხსენებ ათას სისულელეს?
ქალი – (იცინის) იმწუთასვე მივხვდი, რომ შეგეშალა, მაგრამ არაფერი გითხარი!
კაციც აჰყვება სიცილში.
კაცი – ვიყურები შენს უკან! ვიღაც ბიჭი, ჯერ გაწითლდა, მერე გაყვითლდა! მერე თვალები გადმოკარკლა! ვფიქრობ ან ნაცნობია, ან გიჟი!
ქალი – ახლა მითხარი! როგორ ვერ გაარჩიე ჩემი ხელი და იმ ბიჭის ხელი ერთმანეთისაგან?
კაცი – აბა რა ვიცი! ქალივით ხელი კი ჰქონდა!… თუმცა კარგად მახსოვს, შენც ცივი გქონდა და იმასაც. ამან შემაცდინა!
ქალი – როგორ ჰკითხე? – მეგობარო, რაიმე პრობლემა ხომ არა გაქვსო?
კაცი – არა ეგრე კი არა – ძმაო, რაიმე ხომ არ გაწუხებს-მეთქი?
ქალი – (თამაშობს) არა მე არ მაწუხებს არაფერი, მაგრამ მე მგონი თქვენ გაწუხებთო?… როგორ დაამატა – თავხედო!
კაცი – არა! ასე აიქნია ხელი და მერე თქვა – ÷თავხედო!÷… აუ, რა დამემართა?!
ქალი – მე კინაღამ ავფეთქდი სიცილისაგან!
კაცი – შენ კი, მაგრამ მე! ჯერ გავშრი, მერე დავიდა ჩემამდე რაშიც იყო საქმე…(იცინის) აუ, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე?!
ორივენი გულიანად იცინიან, მერე ჩერდებიან და ერთმანეთს უყურებენ თვალებში.
ქალი – იცი როგორ მიყვარხარ?
კაცი მხრებს იჩეჩავს.
ქალი – შენ გიყვარვარ?
კაცი – ნუ მეკითხები რა, სისულელეებს!
ქალი – არა, მითხარი გიყვარვარ თუ არა!
კაცი – ჰო!
ქალი – არა! მითხარი ასე – მიყვარხარ!
კაცი – მე შენ გეუბნები – მიყ-ვარ-ხარ!
ქალი – როგორ გიყვარვარ?
კაცი – (თავს აქნევს) ოოო!
ისინი კოცნიან ერთმანეთს. კოცნა ხანმოკლეა. ბოლოს ორივე გაიცინებს და ასე ჩახუტებულები უყურებენ ქუჩას.
ქალი – რაღაცა უნდა გითხრა და არ გეწყინოს!
კაცი – რა?
ქალი – ჯერ მითხარი, რომ არ გეწყინება და მერე გეტყვი!
კაცი – როგორ შეიძლება, წინასწარ თქვა რამეზე, რომ არ გეწყინება, როცა არ იცი, რა არ უნდა გეწყინოს!
ქალი – კარგი, მაშინ არ გეტყვი!
კაცი – რატომ არ მეტყვი, მითხარი!
ქალი – ახლა რაც არ უნდა მითხრა, მაინც არ გეტყვი!
კაცი – ისევ დაიწყე შენებურად! სულ არ მაინტერესებს , რა უნდა გეთქვა!
ქალი – მითუმეტეს!
კაცი – თუ მითუმეტეს, მაშინ მეც მითუმეტეს!… თუნდაც!
ორივენი სხვადასხვა მხარეს იხედება.
ქალი – რა ბოროტო ხარ, რომ იცოდე?!
კაცი – ახალი ამბავი! მაინც რაში გამოიხატება ჩემი ბოროტება, რაში?
ქალი – იმაში, რომ ახლობლების სიყვარული უნდა დაიმსახურო და არა მოითხოვო!
კაცი – რა ლოგიკაა შენს ლაპარაკში, ვერ ვხვდები! ესე იგი რაკი ვერ ვიმსახურებ, ვარ ბოროტი, არა?… არა?… სახეს რატომ აბრუნებ, როცა გელაპარაკები, ნება იბოძე და თვალებში მიყურე… (ყვირის) ბოლოს და ბოლოს შემომხედავ თუ არა?
ქალი – რომ შემოგხედო, ამითი რამე შეიცვლება?
კაცი – არაფერი! შეიძლება საერთოდ რაიმე შეიცვალოს მაშინ, როცა ცოლი ქმარს უყურების თვალებში!… არაფერი!
ცოტა ხანს ჩუმად არიან.
კაცი – ბოროტი ხარ! ბო-რო-ტი ხარ! ბოროტი ხაარ! რატომ ვარ ბოროტი? ღმერთო ჩემო, მაინც ვერ გავიგე, რატომ ვარ ბოროტი? რატომ? ამიხსენი, რატომ!… ყოველთვის ცდილობ, – დამამცირო! მომსპო! რატომ გადააქციე, შე კაიდედმამიშვილო, ის ადამიანი! ჩვენ რომ ვიცით, ეტალონად! ის არ არის ეტალონი! გაიგე ერთხელ და სამუდამოდ. არ არის!
ქალი – აი სწორედ მაგიტომაც ხარ ბოროტი! რამდენ კარგს გიკეთებს! ერთი მითხარი, ვისი შარვალი გაცვია? ვისი ქურთუკი? მითხარი ვისი?…
კაცი – რა შუაშია აქ ეს! მე უბრალოდ მინდა გითხრა, რომ ჩემთვის ის თუ არ არის ეტალონი, ეს არ ნიშნავს, რომ მე ის არ მიყვარს!… ბოლოს და ბოლოს, რა შუაშია აქ სიყვარული?… რატომ უნდა მიყვარდეს?… მე მას პატივს უნდა ვცემდე და ვცემ!… ნუ იცინი!!! დიახაც ვცემ, იმდენს, რამდენიც შემიძლია!
ქალი – სცემს! საოცარია, როდემდე შეიძლება იყო ასეთი დემაგოგი! პატივისცემას რას ეძახი შენ? იმას, როცა გჭირდება, მაშინ რომ მიაკითხავ!
კაცი – მე როცა მჭირდება, მაშინ მაინც ვურეკავ და ვაკითხავ! იმას რამდენჯერ დაურეკია, მითხარი, რამდენჯერ?
ქალი – არ ჭირდები და რატომ დაგირეკავს!
კაცი – დიდი მადლოობა! უღრმესი მადლობა! რაკი მას არ ვჭირდები, ესე იგი ყურადღების ღირსიც არა ვარ!
ქალი – არავინ არ ამბობს ამას! მას შენ ძალიან უყვარხარ! ბავშვზეც გადაყოლილია!
კაცი – მეც ძალიან მიყვარს! გეფიცები! (პირჯვარს იწერს) როცა გავიგე ხერხემალზე რაღაც მოუვიდა, ადგილს ვერ ვპოულობდი! არ ვიცოდი, რა მექნა, რით დავხმარებოდი! ეკლესიაში წავედი და ჯანმრთელობის პარაკლისი გადავახდევინე! მეც მიყვარს! ხომ ხედავ, ახლა პირველად გიყვები ამ ამბავს! რამდენი ხანი გავიდა და ახლა გაგიმხილე! მე არ შემიძლია მას-ავით ყველაფერს აფიშირება გავუკეთო! მე ვერ ვყვირი გრძნობებს! მე შემიძლია, მხოლოდ ვიჩურჩულო!… მიყვარს! პატივსაც ვცემ, მაგრამ… იგნორირებას, უყურადღებობას არავის ვაპატიებ! მეც კაცი ვარ! მე კაცი ვიყავი, სანამ შენ გაგიცნობდი და ეხლაც ვარ! ის კი მხოლოდ მაშინ მომიგდებს თავის ყურადღებას, როცა ორივე შენი მზერის არეალში ვხვდებით, …უკაცრავად, მე, მისი ნახმარი პიჯაკი მაცვია! უკაცრავად, მე ჯიბეში, ანუ მის ნახმარ შარვლის ჯიბეში ხანდახან ნასესხები გროშები მიყრია, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ! ადამიანი პირველ რიგში ყურადღებაა!… მეც მტკივა! განვიცდი! მაგრამ ხომ ხედავ ვიბრძვი, არ ვზივარ ხელდაკრეფილი! არა ვარ მათხოვარი! რასაც ვშოულობ, ყველაფერს თქვენ გახარჯავთ!… მერე რა რომ ეს პიჯაკი ორასი დოლარი ღირს! ეს შარვალი ასი!… ეს მაინც არ არის ჩემი!
ქალი – აბა ვისია!
კაცი – სხვისია!… რამხელა სიამოვნებაა იმაში, როცა რაღაცა მოგეწონება, ჩაიყოფ შენს ჯიბეში ხელს, ამოიღებ შენს ფულს და იყიდი!… გამიგე რა, მეც ხომ შენი ნაწილი ვარ! შენი ნაწილი!… ერთ ფერ და ერთ ხორცი! ღმერთო ჩემო, რა სისულეებზე ვჩხუბობთ! ესე შეიძლება გავაფრინოთ კიდევაც!… გამიგე რა?!…
ისინი ცოტახანს ჩუმად არიან. შემდეგ ქალი შუბლზე ნაზად უსვამს ხელს კაცს.
ქალი – ასე გგავდეს შვილი ყველაფერში?! არ ვიცი რა… სხვას რომ ეთქვა, შეიძლება არც დამეჯერებინა, მაგრამ, ბოლოს რომ შემომხედე, ისეთი თვალები გქონდა, როგორც ÷ბაჩუჩას÷ აქვს!
კაცი – იმას აქვს ჩემი თვალები!
ქალი – თვალები კი არა – ტანიც! როგორ ძინავს… ღამით ორივეს რომ დაგხედავთ, მეშინია! ისეთი მსგავსებაა. ერთნაირ პოზაში გიყვართ ძილი!
კაცი – ძალიან მომენატრა ბავშვი! დედაჩემიც მეცოდება! როცა მომყავს სოფლიდან, ისეთი თვალებით მაცილებს, სირცხვილით არც კი ვიცი, სად წავიდე! რომ შემეძლოს, სულ დავუტოვებდი…
ქალი – სულ ÷ბაჩუჩაზე÷ მელაპარაკება! საკმარისია, სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი, ინტერესს კარგავს და სადღაც გარბის. ბებიას ასე უყვარდეს შვილიშვილი, არ ვიცი?!
კაცი – რა მინდა იცი! ყველას უნდა გვქონდეს ერთი დიდი სახლი და მასში უნდა ვცხოვრობდეთ! ჩემებიც და შენებიც! ჩვენც!… წარმოიდგინე, დიდი მაგიდა, ყველანი ვსხედვართ! ვღებულობთ საზრდოს და თან ერთმანეთს ვხედავთ! ბებიები, ბაბუები, მამები, დედები და შვილები?!… ეჰ, კარგია, ეს წესი მაინც რომ შემოგვრჩა!
ქალი – რა წესი?
კაცი – რაიმე დღესასწაულზე ყველანი რომ ვიკრიბებით! რანაირი გულდაწყვეტილი ან იმედგაცრუებულიც არ უნდა იყო, ამდენი ხალხის შემხედვარე, ამდენი შენიანის შემხედვარე, ყველანაირ გასაჭირს ფეხებზე იკიდებ?! ხვდები – ყველაფერს მოერევი! თუ არ მოერევი და, ფეხებზე მაინც დაიკიდებ!… ეეჰ! სისულელეა… (ჩაფიქრდება) მეტკინა, თუ არ მეტკინა პატარ-პატარა რაღაცეები, მაინც კარგი დრო გავატარეთ! არა?
ქალი – რა ვიცი, არ გინდოდა წამოსვლა და…
კაცი – ეეჰ! მე არ მინ-დო-და?! ძალიან ცდები!… იცი რას ვერ ვიტან! ყველაფერი რომ დამთავრდება და მერე იწყებ ჩემს საქციელზე ნიშნების წერას! ეს ასე რატომ გააკეთე, ის ასე რატომ გააკეთე! პატარა ბავშვი ხომ არა ვარ!
ქალი – პატარა ხარ, აბა რა! მე ყველას ვეუბნები, რომ მყავს ორი შვილი! ერთი დიდი და მეორე პატარა!
კაცი – შენ ხან ხუმრობის ხასიათზე ხარ, ხან კბენის!… ცოტათი მაინც გადაიღოს ამ წვიმამ, ძრავას შევამოწმებდი! ბილა ნე ბილა!… (მღერის) კიდევ ერთხელაც ვცადოთ, სანამ არ არის გვიან!
ქოქავს, შემდეგ სალონში შუქი ქრება.
ქალი – რა მოხდა!
კაცი – არაფერი, გასაღები გადავატრიალე, კონტაქტებში მოკლე ჩართვა ხომ არა აქვს-მეთქი!… შენ წარმოიდგინე, დამცველები ნორმაშია!
ინთება შუქი.
კაცი – ესეც ასე! ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მანქანა მაინც არ მიდის!
ქალი – როგორ ცივა!?… ეეჰ, რა მალე გავიდა ზაფხული!
კაცი – კარგი დრო ყოველთვის მალე გარბის!…
ქალი – ამას აქ რა უნდა?
კაცი – ვის?
ქალი – აი, ხედავ იმ გოგოს?
კაცი – აბა რომელს?
ქალი – აი იქ დგას ქოლგით ხელში, მეორე ბოძთან.
კაცი – ვინ არის?
ქალი – ჩვენს ქვემოთ, მოჭიდავე რომ მოდის ხანდახან. ერთოთახიანში. ცარიელში! იმის საყვარელია! კოჭლია საწყალი!… ალბათ აქ მუშაობს სადმე!
კაცი – შენ რა იცი ვისი საყვარელია, სანთლით ედექი თუ რა?
ქალი – რა უხეში ხარ! საიდან ვიცი და იქიდან! ამ გოგოს ყოველთვის გაჩერებაზე ტოვებს, თვითონ კი მანქანით ამოგრიალდება, ვითომ არ იცნობს! ეს საცოდავი კი ნელ-ნელა, კოჭლობით მიჩაქჩაქებს სახლამდე! მერე, ასევე რიგრიგობით გადიან!
კაცი – რის მერე?
ქალი – დებილი ხარ რა! ვითომ არ იცი რის მერე!
კაცი – იქნებ დაა, ან ცოლის და!
ქალი – ნუ მიშლი ნერვებს! დას გაჩერებაზე დატოვებს, სახლიდან ოც მეტრში და თვითონ მანქანით ამოვა?… ან ცალ-ცალკე რატომ მიდიან?
კაცი – მეტი საქმე არაფერი გაქვს?… იქნება ვარჯიშობს ამ კაცთან ერთად! ხომ გაიხსნა ახლახან ქალთა ძიუდოს სკოლები!
ქალი – ხა-ხა-ხა! რა ხუმარა ხარ?! (კახურად უქცევს) რამდენ სასაცილო რაღაც-რაღაცეებსა ჰყვები!
კაცი – (კახურად უქცევს) აბა გამახსენე ქაა, სად ან როდის რა მავჰყევი?
ქალი – როდისა და დღესა, განა დაგავიწყდაა? ჰაა?
კაცი – ააა! აი თურმე რაში ყოფილა! აი თურმე რა არ უნდა მწყენოდა, მაშინ რომ მითხარი! მეც არ ვიფიქრე, რას მივლის ეს ქალი ხან აქედან და ხან იქიდან მეთქი?
ქალი – შენთან სხვანაირი ლაპარაკი არც შეიძლება, იმწუთასვე ღრიალზე გადადიხარ!
კაცი – გადავდივარ! ხომ იცი, რომ გადავდივარ! მერე რატომ მიწყობ ამაში ხელს? ხომ შეიძლება ცოტა თბილად, ან ადამიანურად მითხრა ეგ შენი სათქმელი და არ მეცე გველივით! ასპიტივით არ მიკბინო! ხომ შეგიძლია?
ქალი – რა უნდა გიკბინო, შე სქელკანიანო! რა უნდა გიკბინო! შენ თვითონ დადიხარ და დასისინებ, ბოღმისაგან უკვე აღარ იცი სად წაიღო ეგ შენი შხამი! ვის დაანთხიო თავზე!
კაცი – ხო, კიდევ რას მეტყვი ჩემო ან-გე-ლო-ზო! მიდი, გენაცვა, მიაწექ, აჩუ!
ქალი – თუ მართალი ხარ, რატომ იშლები ნერვებზე?
კაცი – ნერვები ჩემია, მინდა ავიშლი, მინდა დავიშლი, მინდა გიტარასავით დავუკრავ! ერთი მითხარი, რა ვთქვი ისეთი, რომ შენი ვნებათა ღელვა გამოვიწვიე?
ქალი – რა გამოცანებით ელაპარაკები ჩემებს, შენი თავი ეზოპე ხომ არ გგონია! (თამაშობს) სამი კატეგორია ქართველები ცხოვრობენ დღეს, – კარგი ქართველები, ძალიან კარგი ქართველები, და ნამდვილი ქართველები!… დედა, რა ჭკვიანური აზრია?! ტაში!
კაცი – მერე ეგ არის სისულელე, ქალო? ამიხსენი, ეგ არის?!
ქალი – ქალს მოგცემ შენა! ერთი თუ გაგარტყი, შე სოფლელო ტეტია! ვინ არის შენი ქალი!
კაცი – ვინა და შენა ხარ, შენი დედა მიტყლაშუნობდა ტყლაპოში!
ქალი – მიდი იგინე, იგინე! მე კი არ მაგინებ, შენ თავს აგინებ!
კაცი – შენ გაგინებ, დილაა თუ ბინდია!
ქალი – შენ გგონია, მე მაკლდება, მე კი არა შენ გაკლდება! შენ! შე დებილო!
კაცი – რამდენიც შენ გაკლდება, იმდენივე მაკლდება მეც!
ქალი – უ, რა ჭკვიანი ხარ! ჩემმა მზემ და შენმა მზემ!
კაცს უნდა რაღაცა თქვას, მაგრამ ხელს ჩაიქნევს და ისევ მანქანას დაუწყებს უშედეგოდ ქოქვას.
კაცი – არაფრის თქმა არ მინდოდა! ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით ყველა! – მაგრამ ხომ შეიძლება ერთი რაღაცა არ მომეწონის?… ხომ მაქვს უფლება ჩემებურად გამოვთქვა აზრი, იმის შესახებ, რაც არ მომწონს?
ქალი – გააჩნია, სად და როდის!
კაცი – ზუსტად იქ და იმ დროს იყო საჭირო! თუ გიყვარვარ გამიგებ!
ქალი – ვერ გიგებ! თუ შეიძლება ამიხსენი ღრიალის გარეშე! რატომ?
კაცი – კარგი!
კაცმა ღრმად ჩაისუნთქა და პირჯვარი გადაიწერა.
კაცი – რატომ მადღეგრძელა თავისი მძღოლი და მე ერთად? ამიხსენი! ძალიან მაინტერესებს შენი აზრი!
ქალი – (დაფიქრდა) მშვენიერი ბიჭია, ამიხსენი, რატომ არ მოგწონს მისი მძღოლი?
კაცი – კარგი რა, განა მე არ ვიცი, რომ კარგი ბიჭია! განა მე არ ვიცი, რომ ჯიგარია! ალბათ დიდი ხანი რომ ვიცნობდე, შეიძლება მეგობრებიც ვყოფილიყავით! მე არც მის კაცობაზე და არც მის ადამიანობაზე მაქვს პრეტენზია! მე გეკითხები შენ, რას ნიშნავს ფრაზა, რომელიც მან წარმოთქვა – ÷ამ სასმისით ჩემს მძღოლსა და სიძეს გაუმარჯოს!÷… მხოლოდ ეს ამიხსენი!
ქალი – იხუმრა!
კაცი – რა ქნა?… ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ თქვი?
ქალი – რა ქნა და… შენ ხომ ქრისტიანი კაცი ხარ, ეკლესიაში დადიხარ, ეზიარები! რატომ გახდი ასეთი ამპარტავანი? მითხარი?
კაცი – არა, შენ ამიხსენი, რას ნიშნავს მისთვის მძღოლი?
ქალი – პროფესიას!
კაცი – ააა პროფესია?!… იცოდე, მე არა ვარ მისი ლაქია! არც მისი მძღოლი არ არის ლაქია! არავინ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე ლაქია! ძალიან გთხოვთ დაიწეროთ ეს ყველამ ენაზე, შუბლზე და თუ გინდათ იქაც!… კურტუმოზე!
ქალი – მას ეს არც კი უფიქრია, მას უბრალოდ უნდოდა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ შენ მისთვის ისეთივე ძვირფასი ხარ, როგორც …
კაცი – მძღოლი! ეი! ფშუტ, მოდი აქ! ფშუტ, წადი იქ! აბა ერთი ენა გამოყავი, ხორცის ნაგლეჯი დაგიგდო!
ქალი – ის არ არის კარგი, მაგრამ არც შენ ხარ ნაკლები!
კაცი – მეც მაგის თქმა მინდოდა, რომ არა ვარ არავიზე ნაკლები! მითხარი ამით რაიმე დავაშავე?
ქალი – შენი სადღეგრძელოს შემდეგ, სუფრა გაცივდა!
კაცი – გაცივდა და ამ ჩემს ….!
ქალი – ცოტა წყნარად, არ შიძლება!
კაცი – რატომ აბრუნებ ჩემგან სახეს?
ქალი – საშინელი ღვინის სუნი ამოგდის! გული მერევა!
კაცი – მეც მერევა! ბევრი რამისაგან მერევა, მაგრამ იძულებული ვარ ვყლაპო! იმიტომ რომ მინდა თქვენ გიყურებდეთ და ვიცოდე, რომ მშივრები არა ხართ! რომ არ გცივათ! რომ ცოტა მაინც გიყვარვარ!
ქალი – ძალიან გთხოვ თავს პავლე მოციქულად ნუ მიჩვენებ!
კაცი – (მწარედ იცინის) მე არა ვარ პავლე მოციქული! არც იუდა ისკარიოტელი ვარ! და არც დემეტრე თავდადებული! მე ცოცხალი ადამიანი ვარ, რომელსაც არსებობა არ სურს! ადამიანი ვარ!
აგდებს ჩამქრალ სიგარეტს.
ქალი – ხვალ ან ზეგ მეც წავალ!
კაცი – სად წახვალ?
ქალი – ბავშვთან! როცა მოგენატრებით, ჩამოდი და წაგვიყვანე!
კაცი – მორჩი რა ამ თეატრალურობას! როცა მოგენატრები, ჩამოდი და წაგვიყვანე! შენ გგონია, ახლა არ მენატრები!… რა მოგვივიდა?! რას დავემსგავსეთ?!… ერთმანეთის მხოლოდ მაშინ გვჯერა, როცა ვჩხუბობთ!
ქალი – ეეჰ!
ქალი ცდილობს გამორთოს რადიო, მაგრამ შემთხვევით რაღაც ტალღას იჭერს, რომელზეც ისმის ტანგოს მუსიკა. ქალი ხმადაბლა აჰყვება ტანგოს მელოდიას.
კაცი – გახსოვს?
ქალი – რა საშინელებაა, როცა მანქანაზე ხარ დამოკიდებული! საკმარისია ის გაფუჭდეს და ბავშვივით უსუსური ხდები!
კაცი ხელს ადებს ქალს კისერზე.
კაცი – გახსოვს?
ქალი თავს უქნევს, და ორივენი იწყებენ ტანგოს ტაქტში ხელებისა და ტანის მოძრაობას, მთელი არსებით ცეკვავენ, ადგილიდან მოუცვლელად. ცეკვის ბოლოს ორივე მიესვენება სკამების საზურგეებზე – კაცი იღებს ორ სიგარეტს, ორივეს უკიდებს. ერთს ქალს აწვდის, ორივე ეწევა და სადღაც ოცნებებში დაფრინავენ.
ქალი – გაჩერებაზე ალბათ გიჟები ვგონივართ!
კაცი – განა არა ვართ?
ქალი – სკოლაში გოგონებმა მოვიგონეთ ესეთი თამაში! ვითომ ჩვენ ვიყავით ნორმალურები…
კაცი – ვითომ თქვენ იყავით ნორმალურები?
ქალი – მოიცა ჩემო… (ხელზე ეფერება) შემეშალა! ვითომ ჩვენ ვიყავით მეთვალყურეები და უნდა გვეპოვა საგიჟეთიდან გაქცეული ავადმყოფი!…
კაცი – გიჟი?
ქალი – ჰო, გიჟი! იცი დიდხანს რომ აკვირდები ადამიანს, და თან ფიქრობ, რომ ის გიჟია, იცი, ის მართლაც იწყებს გიჟივით მოქცევას!
კაცი – ესე იგი გიჟდება?
ქალი – ჰო! გიჟივით იწყებს რაღაც-რაღაცეების კეთებას!
კაცი – ესე იგი თქვენ აგიჟებდით ამდენ ხალხს? (კოცნის) და მათ შორის მეც!
ქალი – მათ შორის შენც!
კაცი – მე ყველაზე მეტად!
ქალი – შენ ყველაზე მეტად!
ნაზად კოცნიან ერთმანეთს.
კაცი – (ხმადაბლა) გიყვარვარ?
ქალი იცინის.
კაცი – ძალიან სერიზული პასუხია!
ქალი – შენ!
კაცი კოცნის.
კაცი – მე უფრო პრაქტიკა მეხერხება, ვიდრე თეორია!
ქალი – მე მგონი ორივეში კარგი ხარ!
კაცი – თუ არ წავედით, შეიძლება აქ რაღაცა მოხდეს!
ქალი მიეყრდნობა კარების მინას, და თითქოს ხალხს გასძახის.
ქალი – ეი, ხალხო! ჩვენ თუ არ წავედით, აქ შეიძლება რაღაცა მოხდეს!
კაცი ქოქავს მანქანას, მანქანა თითქოს აჰყვა მის ნებას, მაგრამ რამდენიმე ბრუნვის შემდეგ ჩერდება.
კაცი – ცოტას მაინც გადაიღებდეს, ფეხით წავიდოდით!
ქალი – ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა!… იცი რა მინდა! ერთი ნორმალური სახლი, სადაც არ დავეჯახებით ყოველ გავლა გამოვლაზე! და ცოტა ფული იმისათვის, რომ როცა მოგვინდება, ერთმანეთს ვუყიდოთ საჩუქრები და ვაჩუქოთ! მითხარი ეს ღორობაა თუ ნორმალური, ადამიანური სურვილი?
კაცი – ყველაფერი გვექნება! აუცილებლად გვექნება!
კაცი აქეთ-იქით იხედება.
კაცი – რაიმე სატვირთო ან სამარშრუტო მაინც ჩამოივლიდეს, ÷ბუქსირზე÷ წავაყვანინებდი თავს!
ქალი – დღეს იმდენი იწუწუნეს! ფული არ გვყოფნისო, ლამის შიმშილით ამოვწყდეთო…
კაცი – ყოველთვის წუწუნებს ის, ვისაც საკმაო ფული აქვს… არ წუწუნებენ, მხოლოდ უფულოები და ძალიან ბევრფულიანები.
ქალი – მეც უნდა დავიწყო წუწუნი!
კაცი – კარგი რა!…
ქალი იღებს ჩანთიდან სარკეს და თმებს ისწორებს.
ქალი – გავხდი?
კაცი – გახდი?… დამცინი?!
ქალი – არა, სერიოზულად გეკითხები!
კაცი – რას მეკითხები, შენ თვითონ არ იცი, რომ გასუქდი!
ქალი – ყველა იმას მეუბნება, რომ ძალიან გავხდი და მეათეკლასელის ტანი გამიხდა!
კაცი – ბოროტი ენებია!
ქალი – ფუ! შენა ხარ ბოროტი!
კაცი ღრმა ნაფაზს არტყამს. ქალი მიეყრდნობა კარებს და თვალებს ხუჭავს.
კაცი – იძინებს! თითქოს არაფერი მომხდარა!
ქალი – (კეკლუცად) გაჩერდი, თორემ მოძღვარს ვეტყვი, რის გაკეთებას აპირებდი ავტობუსის გაჩერებასთან.
კაცი – უჰ, შემაშინა! ყველაფერი უნდა უთხრა, აბა რა უნდა ქნა! მე მაშინებს აქ, ბიჯოს!… საერთოდ ეკლესიაში უნდა მოუხშირო სიარულს!
ქალი – შენ ხომ ლამის ფრთები ამოგივიდეს იქ სიარულით!
კაცი – ჩემი ეკლესიაში სიარული არ არის შენი ასაწონი!… შენც რომ დადიოდე, მაშინ ჩვენი ცხოვრება ასეთი კი არ იქნებოდა…
ქალი – როგორი ასეთი?
კაცი – როგორი და ჩხუბიდან-ჩხუბამდე! სხვანაირი იქნებოდა!
ქალი – მაინც როგორი?
კაცი – მაგალითად… იქნებოდა… მე მგონი ძალიან კარგი!
ქალი – ყველაფერი გასაგებია!… (მღერის) პარარამ-პამ-რამ-პამ! მე ეხლაც კმაყოფილი ვარ ჩვენი ცხოვრებით!
კაცი – რაა?… შენ მე გადამრევ! ჯერ ლამის არის გაგიჟდე და გამაგიჟო… მერე უცებ, მშვენიერ ხასიათზე დგები!
ქალი – ყველანაირ ჩხუბში უნდა იყოს რაღაც ამაღლებული! კარგი!
კაცი – შენი კარგი… შენი კარგი, რა არის თუ შეიძლება ამიხსენი?
ქალი – არ აგიხსნი!
კაცი – რატომ?
ქალი – შენ ჯერ ამისათვის არა ხარ მზად!
კაცი – ესე იგი მე ვარ არამზადა?
ქალი – შენ… იცი რა მინდა?
კაცი – რა?
ქალი – რაღაც რაღაცეებს რომ მეკითხებოდე! ადრე ყოველთვის მეკითხებოდი!
კაცი – შენ რატომ არ მეკითხები არაფერს?
ქალი – არ ვიცი!… ერთადაც აღარ ვზივართ, მანქანაში თუ მოვხვდებით ხანდახან ერთად! ტელევიზორთანაც კი, რასაც მე ვუყურებ, შენ არ უყურებ!
კაცი – კარგი რა… იმ… რა მაყურებინებს!
ქალი – მე ხომ არ გეუბნები უყურე მეთქი, ჩემ გვერდით იყავი!
კაცი – მე რომ არამზადა ვარ!
ქალი – შენ ხარ არა მზად!
ისინი დიდხანს უყურებენ ერთმანეთს. ისმის ნაზი მელოდია.
კაცი – მე მგონი საწვავი გაგვითავდა! რას ვმომჭირნეობდი, ჩამესხა რა ცოტა!
ქალი – შენი მომჭირნეობა ყოველთვის ძვირად გვიჯდება!
კაცი – გაგეხსნა ფრთოსანი ფრაზების არხი!
ქალი – გუშინ ტელევიზორში ერთმა ქალმა ასეთი შეკითხვა დასვა – რა არის უკეთესი, ადამიანი გიყვარდეს ქორწინებამდე და მერე უთმენდე, თუ ჯერ უთმენდე და მერე გიყვარდესო?!
კაცი – მაგითი რისი თქმა გინდა?
ქალი – არაფრის!
ორივენი წინ იყურებიან.
კაცი – მოდი მანქანას აქ დავტოვებ, ჩვენ კი ფეხით წავიდეთ სახლში!
ქალი – მერე გარეთ რომ წვიმს!
კაცი – მარილისაგან ხომ არა ვართ გაკეთებულები, წვიმა დაგვადნობს?!
ქალი – რა ვიცი?!… კარგი წავიდეთ!
ისინი კოცნიან ერთმანეთს. კაცი თიშავს რადიოს. ორივე გადმოდიან. კეტავენ მანქანას და ჩახუტებულები შედიან სიბნელეში. უცებ მანქანაში ირთვება რადიო და გაისმის ÷არგენტინული ტანგოს÷ მელოდია. სცენა ნელნელა ბნელდება. მელოდიასთან ერთად მატულობს წვიმისა და ქუჩის ხმაური.

ფ ა რ დ ა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s