პიტერ შეფერი: შრაივინგსი


Sir Peter Levin Shaffer

‘Shrivings’ by Peter Shaffer

პიტერ შეფერი

შრაივინგსი
(პიესა სამ მოქმედებად)

გიდეონ პეტრი – ფილოსოფოსი და მსოფლიოს მშვიდობის ლიგის პრეზიდენტი
ლუის ნილი – მისი მდივანი
მარკ ასკელონი – პოეტი და გიდეონის ყოფილი მოწაფე
დევიდ ასკელონი – მისი შვილი

მოქმედება ხდება “შრაივინსგში”, სერ გიდეონ პეტრის სახლში. დრო 1970.

პირველი მოქმედება
სცენა 1 პარასკევი საღამო
სცენა 2 პარასკევი ღამე

მეორე მოქმედება
სცენა 1 შაბათი ღამე
სცენა 2 კვირა დილა

მესამე მოქმედება
კვირა დილა

დეკორაცია
(ყველა მითითება მოცემულია მაყურებლის თვალთახედვიდან)

შუა საუკუნეებში “შრაივინგსი” სათნოების სახლი იყო. ახლა ის ფართო, სადა, სინათლით სავსე ინტერიერია თეთრად შეღებილი კედლებით და კუსტარულად დამუშავებული ხის დეტალებით, რომელიც გაყოფილია ორ დონედ.
ქვევით: სახლის მთავარი საცხოვრებელი სივრცე. ორი დიდი თაღი, მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხენა გიდეონის კაბინეტში შემავალი კარის ჩარჩოს წარმოადგენს; მარჯვენა – ზევით ასასვლელი კიბისას. ოთახი მათ შორის ვრცელდება უკან, მარკის საძინებელის ქვეშ, სახლის უკანა კედლისაკენ, რომელშიც არის გაჭრილი ფანჯარა. იგულისხმება, რომ სახლში შემოსასვლელი კარი არის სცენის უკან, მარჯვენა კედელში.
ორი კარი ქვევით, მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხენა გადის ბაღში; მარჯვენა – სამზარეულოში.
ორი მაგიდა, მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხენა – მაყურებლისაკენ დიაგონალურად – საწერი მაგიდაა: უკან სკამი უდგას; ორი უზურგო სკამი წინ, ზედ დგას ტელეფონი და ნახევრად გაუხსნელი წერილების დასტა. მარჯვნივ გრძელი სატრაპეზო მაგიდა გრძელი სკამით.
მთელი ავეჯი დევიდის გაკეთებულია, რაც სივრცეს ორიგინალურ შესახედაობას აძლევს: წყნარსა და ლამაზს.
კიბის თავზე შეიძლება ორ მხარეს წახვიდე, ან მარჯვნივ, სხვა საძინებლებისაკენ, ან მარცხნივ, მარკის საძინებელში..
ზევით: ეს ოთახი ქვევით სამოქმედო სივრცის თავზე ჰკიდია, შემოსაზღვრული ორი დიდი თაღის ზევითა ნაწილებით. იქ დგას საწოლი და მაგიდა. ფანჯარა იგულისხმება წინ. სააბაზანო მარცხნივ, სცენის გარეთ არის. აქ ატმოსფერო წყნარია, გულმოდგინედ მოწყობილი.

პირველი მოქმედება
სცენა 1
პარასკევი საღამო

ხუთი საათია. დევიდი, ცხრამეტი წლის ბიჭი, ზის შუა ოთახში და პატარა ხის მაგიდის ფეხს აშალაშინებს, მაგიდა აყირავებული დევს იატაკზე. გაცვეთილი ლურჯი პერანგი და ასეთივე გაცვეთილი ლურჯი ჯინსი აცვია. გრძელი თმა ბურბუშელით აქვს სავსე. ის გულმოდგინედ აკეთებს თავის საქმეს.
ტელეფონი რეკავს. ის ყურადღებას არ აქცევს. ბოლოს შემოდის ლუისი წყნარად, ჩაის ჭიქით ხელში. ის 25 წლის მომხიბვლელი ამერიკელი გოგონაა, მოწესრიგებული, საქმიანი და ხალისიანი. მასაც გრძელი თმა აქვს და მოხერხებულად არის ჩაცმული.
ლუისი: (ყურმილს იღებს) ბატონ გიდეონ პეტრის მდივანი.. უკაცრავად, მაგრამ ის ჩაის მერე ერთ საათს თავის ოთახში მარტო ატარებს. უკაცრავად? დიახ, ბატონო; მჯდომარე აქცია ზუსტად გამოცხადებულ დროს დაიწყება. ბატონი გიდეონი პარლამენტის მოედანზე ორი საათიდან რვა საათამდე იჯდება, ხვალ და კვირას. მივესალმებით ყველას, ვისაც მოუნდება მას შეუერთდეს. მშვიდობით.
(ის კიდებს ყურმილს და მაგიდას მიუჯდება, წერილებს ხსნის)
რატომ არ აიღე ყურმილი?
დევიდი: საინტერესო ზარს არ გავდა. ძალიან ოფიციალურად რეკავდა, თითქოს ამბობდა “მსოფლიო ორგანიზაცია” ვარო.
ლუისი: ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ნევროტიკული სიმპტომია, როდესაც არა გაქვს უნარი იცხოვრო რეალურ სამყაროში
დევიდი: ეგ სად არის?
ლუისი: კარგი ერთი…
დევიდი: არა, სად არის ეგ?
ლუისი: (მაგიდაზე მიუთითებს) ეს არის რეალური სამყარო, დევიდ.
დევიდი: წერილები?
ლუისი: დიახ, ეს წერილები.
დევიდი: ეს არის რეალური სამყარო. აქ. (ის ბურბუშელას ისვრის ზევით)
ლუისი: ჰა, ჰა, ჰა. (მაგიდისაკენ მიტრიალდება)
დევიდი: ჰეი!
ლუისი: (მოუთმენლად) რა?
დევიდი: ჰეი!
ლუისი: ჰეი და თივა ცხენებისათვის შეინახე. (ტელეფონი რეკავს, ის ყურმილს იღებს) გიდეონ პეტრის მდივანი. უკაცრავად? არა, ბატონო, აქ არავითარი კონფლიქტი არ არის. მჯდომარე აქცია დამთავრდება კვირას საღამოს. ჯილდოების გადაცემა შედგება ორშაბათ დილას. ბატონი გიდეონი ჯილდოვდება თავისი ოცდამეხუთე წიგნისათვის “გამოკვლევები”, და ბატონი ასკელონი მისი ლექსების კრებულის გამოქვეყნების გამო. ვფიქრობ, ცნობილი ჯილდოს ორი ცნობილი პიროვნებისათვის გადაცემა საკმაო ჰუმანიტარულ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. არა, ვწუხვარ, “შრაივინგსი” მშვიდობიანი და წყნარი ადგილია და ჩვენ გვინდა ის ასეთად შევინარჩუნოთ. მშვიდობით. (ის ნაზად დებს ყურმილს)
დევიდი: რა ლამაზი ხარ.
ლუისი: მე?
დევიდი: შენ ისეთი მაგარი და მყარი ხარ. ეს მშვენიერია, ასეთი მყარი რომ ხარ.
ლუისი: საშინლად ჟღერს. “მყარი” საზიზღარი სიტყვაა გოგოსათვის.
დევიდი: ძალიანაც მშვენიერია, როდესაც მკერდზე ლაპარაკობ, და კიდევ უკეთესი, როდესაც მორალურ სახეს ეხება. ეს ის არის, რაც შენ გაქვს – მორალური სახე
ლუისი: (გახალისებული) ჰო, რატომ არ აალაგებ ამ ყველაფერს ახლა, სანამ მამაშენი ჩამოვა?
დევიდი: რატომ? ეს შრომისმოყვარეობის და თავდადების შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლუისი: ეს დომხალის შთაბეჭდილებას ტოვებს.
დევიდი: რა მშვენიერი სიტყვაა!
ლუისი: იცი, ნამდვილად არა მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს შევხვდები. დიდ მარკ ასკელონს! როგორ გგონია, უნდა ვუთხრა, რომ შეყვარებული ვარ მას მერე, რაც “სასიკვდილო კვერები” წავიკითხე „დაბლდეის“ წიგნის მაღაზიაში, ნიუ-იორკში ჩასვლის პირველსავე დღეს?
დევიდი: “დომხალი”! იდეალურია!
ლუისი: ის ისე წერს კათოლიციზმზე, თითქოს ეს სენი იყოს. მამაჩემს რომ წაეკითხა, იმ დღესვე საავადმყოფოში წასაყვანი გახდებოდა… და დედაშენი? ალბათ ეჯავრებოდა.
დევიდი: ნაძლევს დავდებ, მხოლოდ იცინოდა.
ლუისი: მაგრამ ის ხომ მორწმუნე იყო?
დევიდი: ჯულია ყველაფერზე იცინოდა,
ლუისი: ასე რატომ ეძახი?
დევიდი: და რატომაც არა?
ლუისი: ის დედაშენი იყო.
დევიდი: ოდესღაც. მერე მამაჩემმა უკვდავჰყო თავის პოეზიაში. ახლა ის მთლიანად “პინგვინის” გამომცემლობის საკუთრებაა.
ლუისი: ის ალბათ საოცარი ადამიანი იყო. დიდ პოეტს რევოლუციურ ლექსებზე ხელი რომ ააღებინა და სასიყვარულო პოეზიაზე გადაიყვანა.
დევიდი: ეს ცუდია?
ლუისი: რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ შეუსაბამოა. შენ იცი, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი სულ უფრო და უფრო ღატაკდება. როდესაც ამისთანა ფაქტებს აწყდები, ადამიანების სექსუალური ცხოვრება ცოტა არ იყოს, ტრივიალურად გამოიყურება, არა?
დევიდი: აბსოლუტურად
(ის ლუისის კოცნას აპირებს. ლუისი გულგრილად არიდებს სახეს, მორიგი წერილის გასახსნელად ტრიალდება. დევიდი მხრებს იჩეჩავს.)
კარი იღება, შემოდის სერ გიდეონ პეტრი. ის რბილი, კეთილშობილური გარეგნობის, სამოცს გადაცილებული კაცია. მასში ინტელექტუალური და ფიზიკური ძლიერება იგრძნობა. მის მანერებში არის შარმი, რომელიც შედგება ზრდილობისა და სულის სიხალისისაგან, თითქოს თან სდევს ხალისიანი სიმშვიდე: დელიკატური პატიოსნება, რომლის მიღმა სჩანს ღრმა და ვნებიანი ინტერესი. ის სიყვარულით უყურებს ახალგაზრდებს.
გიდეონი: დღე მშვიდობისა, ჩემო ჩიტებო.
ლუისი: დღე მშვიდობისა, გიდი.
დევიდი: დღე მშვიდობისა, გიდი.
ლუისი: ადრე გამოხვედი. ჯერ ექვსიც არ არის.
გიდეონი: ძალიან აღელვებული ვარ და ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, როდესაც ვფიქრობ, რომ ის ნებისმიერ წუთში შეიძლება აქ იყოს! ღმერთო ჩემო! (დევიდს) მზადა ხარ ამისათვის?
დევიდი: არა.
გიდეონი: არც მე. მამაშენი ისეთი დონის პოეტია, ყველაფერი ასეთივე ღირშესანიშნავი უნდა იყოს.
დევიდი: დიახ.
გიდეონი: როგორია შუადღის ფოსტა?
ლუისი: გავხსენი და დავახარისხე. (წერილების დასტაზე მიუთითებს) ერთნი სიტყვით გამოსვლას გთხოვენ, მეორენი დაწერას.
გიდეონი: დიახ, თანხმობა, თანხმობა ყველა თხოვნაზე. ვერავის ვეტყვი უარს იმ დღეს, როდესაც მარკ ასკელონი ჩამოდის პირველად “შრაივინგსში”. როგორ გგონიათ, სწორი ვქენით, რომ დავიკეტეთ ამ შაბათ-კვირას? ეს ცოტა მაწუხებს.
ლუისი: რატომაც არა? ჩვენ ყველა ეგოისტები უნდა ვიყოთ ხანდახან.
გიდეონი: უნდა ვიყოთ?
ლუისი: ძალიან მკაცრი ხარ საკუთარი თავის მიმართ, გიდი!
გიდეონი: იცით, სულ არ მიმუშავია იქ. უბრალოდ ვიწექი საწოლზე და მას ვიხსენებდი. თვალწინ მედგა თავის ტერასაზე მზის ქვეშ. ბრძენი კორფუდან. ხვიარა ვაზის ქვეშ. როგორც მიწაზე ჩამოსული რომაელი მებრძოლი.
ლუისი: გინდა თქვათ მსუქანი?
გიდეონი: აბა რა!
ლუისი: არა!
გიდეონი: ის ყოველთვის მთასავით იყო, წმინდა მთასავით, რა თქმა უნდა. ყველა მოდიოდა მის კალთებზე დასაჯდომად და მის მოსასმენად.
(ლუისი იცინის) და რა მშვენიერი საუბრები იყო, ღმერთო ჩემო!
ლუისი: როგორი საუბრები?
გიდეონი: ბოლო საკითხი, რასაც განიხილავდა, როგორც მახსოვს, ეს თერთმეტი წლის წინათ იყო, წარმოგიდგენია, ასე ჟღერდა – იყო თუ არა გულის სისხლი, რომელიც ფურიებმა დაღვარეს ათენში “ორესტეაში” სინამდვილეში მათი მენსტრუალური სითხე.
ლუისი: (ცოტა არ იყოს შოკირებული. ცდილობს ეს არ აჩვენოს) ვაა, უჰ, კარგი რა.
დევიდი: ნამდვილად მოგაჯადოვა არა?
გიდეონი: (წერილებს ავლებს თვალს, ზოგიერთს ნიშნავს) პირველი დღიდან, როცა ჩემი სტუდენტი გახდა კემბრიჯში! იცი, იმ ზაფხულს, ერთმანეთს რომ შევხვდით, პირველად წავედით ფეხით სასეირნოდ. მაშინაც ისე დადიოდა ხმელთაშუა ზღვის პირას, თითქოს მისი მფლობელი იყო.
დევიდი: ჯულიაც გინახავს იქ, ვაზის ხეივანში?
გიდეონი: როცა არ უნდა წარმოვიდგინო დედაშენი, ეს ყოველთვის მოძრაობაა.
დევიდი: მეც. ცეკვით მაძინებდა, ისე, როგორც სხვა დედები სიმღერით. სანთელს ანთებდა და მე მის ჩრდილს ვუცქერდი კედელზე, მაღლა და დაბლა, მაღლა და დაბლა, სანამ ჩამეძინებოდა.
გიდეონი: რა მშვენიერია.
ლუისი: გინდა გითხრა, მე რას ვხედავდი ბოლოს ღამე, სანამ დავიძინებდი, პატარა რომ ვიყავი? ლამაზ პლასტმასის იესოს, ისეთს, ტაქსებში რომ აქვთ, ავარიისაგან დასაცავად, ოღონდ უფრო დიდს. დიდი წითელი შუშის ცრემლები ჰქონდა სახეზე, ვლოცულობდი სანამ სინათლეს ჩავაქრობდი: “უფალო, მაქციე კარგი კათოლიკედ და კარგ ამერიკელად. ამინ!” მე ვფიქრობ ჩვენ ყველას განსხვავებული წარმოშობა გვაქვს.
გიდეონი: (იცინის) შენ შენმა წარმოშობამ დაუნდობელ მიმინოდ გაქცია.
ლუისი: (იღიმება) რა თქმა უნდა. (წერილებს იღებს) ახლა ვუპასუხებ. სანამ ენერგია მაქვს. (სიყვარულით უყურებს გიდეონს) არაჩვეულებრივად გამოიყურები.
გიდეონი: არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. გმადლობთ. შენც ასევე, მინდა გითხრა.
ლუისი; მართლა?
გიდეონი: ყოველდღიურად სულ უფრო მომხიბვლელი ხდები.
ლუისი: (ნასიამოვნები) ჰა ჰა ჰა! (ღიმილით მიაქვს წერილები გიდეონის კაბინეტში. კარს გაიხურავს)
გიდეონი: იცი, თქვენ ორნი აბსოლუტურად ავსებთ ერთმანეთს, მიმინო და ბუ. მას შეუძლია მოგცეს დღის სიმდიდრე, შენ შეგიძლია მისცე ღამის განძი.
დევიდი: ეჰ, გიდი.
გიდეონი: რა, ჩემო ძვირფასო?
დევიდი: მე ვერავის ვერაფერს მივცემ. ხანდახან მგონია, მთელი ეს წინააღმდეგობრივი გრძნობები უბრალოდ წამშლის და უჩინარს გამხდის. და ყველა ფერი გათეთრდება.
გიდეონი: მამაშენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენ.
დევიდი: რატომაც არა? მე ძალიან შთამბეჭდავი ვარ. ყველას კი არ შეუძლია ორი სკოლიდან და კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოვარდნა სულ რაღაც ხუთი წლის განმავლობაში.
გიდეონი: შენ გგონია მარკს ცოტათი მაინც აღელვებს აკადემიური განათლება?
დევიდი: რა ვიცი, მე ისიც კი არ ვიცი, ჩემს აქ ყოფნაზე რას ფიქრობს.
გიდეონი: მე რომ ვაჟი მყავდეს, სხვაგან ვერსად წარმოვიდგენდი, თუ არა მამაშენის ვილაზე.
დევიდი: ექვსწლიანი დუმილი, გაყოფილი სასვენი ნიშნებივით დეპეშებით “ვწუხვარ, შენი ჩამოსვლა ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი. მამა”
გიდეონი: ჩვენ ბევრი გვილაპარაკია ამაზე, ძვირფასო. იქნებ არ შეეძლო წერილის მოწერა. ეს ხდება ხოლმე.
დევიდი: მაშინ ახლა რატომ ჩამოდის? პრიზის ასაღებად ხომ არა! მისთვის ბევრი შეუთავაზებიათ, მაგრამ ყველაზე უარი თქვა.
გიდეონი: იქნებ ჩვენ ვჭირდებით. ამაზე არ გიფიქრია?
დევიდი: (გაოგნებული) ვჭირდებით?
გიდეონი: დიახ.
(უცებ დევიდი მკვეთრად შექანდება) დევიდ, რა მოგივიდა?
დევიდი: არაფერი.
გიდეონი: როგორ არაფერი. მითხარი.
დევიდი: არაფერი. რატომ მისმენ? სისულელეა ყველაფერი.
გიდეონი: მაშინ მე მომისმინე. ამ ბოლო წლებში მამაშენისათვის ცხოვრება ადვილი არ იყო. ხალხი ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობდა მასზე. ვიცი, რა უგულოდ მიგაჩნდა, სახლში ჩასვლას რომ გიკრძალავდა როცა დედაშენი ასე ავად იყო. მაგრამ იქნებ არ უნდოდა, რომ შენ დედის სიკვდილისათვის გეცქირა, დამბლისათვის, რომელიც მას ყოველდღიურად აქრობდა?
დევიდი: მერე? როცა ის იქ სულ მარტო დარჩა?
გიდეონი: დედაშენის სიკვდილი მარკისათვის სამყაროს დასასრული იყო. ძნელი წარმოსადგენია სამყაროს დასასრული, შენთვისაც კი. (თბილად) ჩემო ძვირფასო, მოდი შევთავაზოთ რომ ეს სახლი ამ რამდენიმე დღით მისი სახლიც გახდეს, მოდი შევთავაზოთ, “შრაივინგსი” მთელი თავისი მშვიდობიანობის ტრადიციით. რას იტყვი? ღმერთო ჩემო, რა მშვენიერი ნამუშევარია!
დევიდი: (მოულოდნელად) ამას ისევ თავლაში წავიღებ. (მაგიდას იღებს)
გიდეონი: რისი თქმა გინდა?
(პაუზა. მერე ბიჭი მხრებს იჩეჩავს. ლუისი შემოდის)
ლუისი: ორი დავბეჭდე. შენი ხელის მოწერა ჭირდება.
გიდეონი: მოვაწერ. (კაბინეტში შედის, თან დევიდს უყურებს)
ლუისი: (თავი წესრიგში მოჰყავს) სადილი რვაზეა. გადავწყვიტე რომაული კვერცხები გავაკეთო მამაშენის პატივსაცემად. როგორ ფიქრობ, დააფასებს ჩემს მონდომებას?
დევიდი: არ ვიცი.
(ბაღში გააქვს დაუმთავრებელი მაგიდა. ლუისი თვალს გააყოლებს, მერე მაგიდას მიუჯდება და ქაღალდებს ახარისხებს.
პაუზა. ისმის ძახილი)
მარკი: (სცენის გარეთ) გიდეონ!.. გიდეონ!..
(ლუისი ამოიხედავს. მარკი შემოდის, თან აქვს შეკრული ტომარა და პატარა ყავისფერი ქაღალდის პაკეტი. ის ორმოცდაათს გადაცილებული გოლიათი ადამიანების რელიქტია. მასიურ თავზე ბღუჯა ბღუჯა თმა ჰკიდია, გამჭოლი თვალები გარუჯულ სახეზე. ბერძენი მწყემსების ლაბადა აცვია და ასეთივე ქუდი ახურავს. მისი ხმა ჯერ კიდევ მჭექარეა)
ლუისი: მშვიდობა!
მარკი: ბატონო?
ლუისი: მშვიდობა.
მარკი: თუ ეს შესაძლებელია. (ოთახში შემოდის, ირგვლივ იცქირება) მაგარია! დიდებულია!
ლუისი: რით შემიძლია დაგეხმაროთ?
მარკი: ის “ლისოპ რიჯია”, სახლის უკან?
ლუისი: ვშიშობ, არ ვიცი.
მარკი: ეს ტყეები ისეა შეფენილი ფერდობზე, როგორც ვერცხლისფერი მელა ზანგის მხარზე.
ლუისი: შეიძლება გკითხოთ, ვინ ბრძანდებით?
მარკი: მწყემსი, როგორც ამას ჩემი მოსასხამი ამტკიცებს. მაგრამ სამწყსოს გარეშე. სახელად მარკი.
ლუისი: (გახარებული) არა.. მარკ.. ასკელონი?
მარკი: სწორედ ასეა.
ლუისი: როგორ მოაღწიეთ აქამდე?
მარკი: დაქირავებული მანქანით. ახლახანს გაბრუნდა უკან.
ლუისი: (აღელვებული) უუჰ! არ ველოდი, რომ თქვენ… ნუ,.. რომ ასე გამოიყურებით! არ ვიცოდი ცხოვრებაში როგორ გამოიყურებით!.. სად არის თქვენი ბარგი?
მარკი: შემოსასვლელში. მსახურს შეუძლია მოგვიანებით შემოიტანოს.
ლუისი: “შრაივინგსში” მსახურები არა გვყავს. გიდეონს ეს არ მოსწონს. აქ ყველა თვითონ უვლის თავის ოთახს. მე ვუვლი ამას და სამზარეულოს. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს არ გააკეთოთ. – მე მოვუვლი თქვენსას.
მარკი: რამდენი კაცი ცხოვრობს აქ?
ლუისი: ოტელივითაა. ჩვენ გვაქვს თხუთმეტი საძინებელი და თითქმის ყველა ივსება ყოველ ღამე. უმთავრესად ბავშვებით, რომლებიც სადმე მიემგზავრებიან. ჩვენ ვცდილობთ, არავინ გავისტუმროთ უკან, ვისაც ღამის გასათევი ადგილი სჭირდება.
მარკი: ესე იგი, ეს ტრანზიტული მგზავრების კომუნაა?
ლუისი: (იცინის) ოჰ, ნუ გეშინიათ! ამ შაბათ კვირას არავინ მოვა. გიდიმ მთხოვა, არავინ მივიღო ამ სამ დღეს, სანამ თქვენ აქ იქნებით. ის თვლის, რომ ცოტა სიმშვიდე გჭირდებათ.
მარკი: და ყველაფერ ამას თქვენ უვლით?
ლუისი: რა თქმა უნდა! გიდი გენერალ ფაქტოტას მეძახის… ჩემი ნამდვილი სახელი ლუისია, ლუის ნილი… თქვენს ჩემოდანს მოვიტან. (გარბის და გაცვეთილი ძველი ჩემოდნით ბრუნდება)
მარკი: სად გიპოვათ?
ლუისი: (ამაყად) ციხეში, სამშვიდობო მარშის შემდეგ! ორი წლის წინათ. მთელი ღამე ვისაუბრეთ. დილით შემომთავაზა მასთან მემუშავა. საშინლად მეამაყებოდა. ცოტა ბეჭდვა ვიცოდი, მაგრამ სტენოგრაფიისა არაფერი გამეგებოდა. ჩქარი ბეჭდვის კურსი გავიარე მდივანი გოგონებისათვის. იცით, ოთხი კვირის შემდეგ წუთში ასი სიტყვის დაფიქსირება შემეძლო.
მარკი: მაგრამ აქ ალბათ უკვე იყო მდივანი?
ლუისი: ოჰ, აქ იყო ერთი მოუწესრიგებელი ხანშიშესული ქალი, მის კროუფორდი. 1910–იანი წლების ფემინისტს ჰგავდა. ხომ იცით, თეთრი მანჟეტებით და დაჩამიჩებული ძუძუებით. ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა წასვლას. ერთი შემომხედა და გაიქცა.
მარკი: აბა რას იზამდა.
ლუისი: ვფიქრობ, გიდის გაუხარდა კიდეც, რომ წავიდა – მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ხმამაღლა არასოდეს უთქვამს.
მარკი: თქვენ ის ძალიან მოგწონთ, არა?
ლუისი: ის წმინდანია. (პაუზა) მაშ კარგი, თქვენს ოთახს გაჩვენებთ. (შეტრიალდება და მარკის ფუთას იღებს)
მარკი: (ცოტა მკვეთრად) მომეცით, ამას მე წავიღებ.
ლუისი: (ნასიამოვნები) კარგი.
(ტომრის ნაცვლად ჩემოდანს იღებს და ზევით მიემართება. მარკი თან მიჰყვება, ქაღალდის პაკეტი მაგიდაზე რჩება. ისინი ზევით საძინებელში შედიან)
აი აქ.
მარკი: გმადლობთ.
(თავის ფუთას მაგიდაზე დებს)
ლუისი: კარგი ოთახია, არა?
მარკი: ჩინებული.
(ლაბადას იხდის. შიგნით ძველი მომჩვარული პიჯაკი და იაფი ბამბის პერანგი აცვია)
ლუისი: ტუალეტი იქ არის. იმედია ლიმნის საპონი მოგეწონებათ. დიდი ნაჭერი დავდე.
(მარკი ლაბადას საწოლზე აგდებს)
მარკი: რას ნიშნავს წმინდანი?
ლუისი: კაცი, რომელმაც არ იცის, როგორ უთხრას უარი ადამიანებს.
მარკი: და გიდეონი სწორედ ასეთია?
ლუისი: ის ამქვეყნად არავის ემტერება.
მარკი: თქვენ მართლა გჯერათ ამისი?
ლუისი: აბსოლუტურად. მან დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია.
მარკი: ამერიკული თვალები გაქვთ.
ლუისი: ეს კარგია?
მარკი: თვალებს შთამომავლობით ვიღებთ. თქვენ თქვენი ვინ დაგიტოვათ?
ლუისი: ალბათ მამაჩემმა. ექიმია ჩიკაგოში.
მარკი: მოსწონს მსოფლიო მშვიდობის ლიგის პრეზიდენტთან რომ მუშაობთ?
ლუისი: ღმერთო, არა! ერთადერთი, რაზეც ფიქრობს – როგორ დამაბრუნოს სახლში, შორს ამერიკული ცხოვრების წესის მტრებისაგან. (მხიარულად) რა მაგარია, აქ რომ ხართ! განსაკუთრებულ ვახშამს ვამზადებ თქვენს პატივსაცემად. იცით, ჩვენ აქ ვეგეტარიანელები ვართ.
მარკი: ჩვენ?
ლუისი: მართალი გითხრათ, ვშიშობ – მე ვარ. მე ჯანსაღი კვების გიჟი ვარ. მას შემდეგ, რაც აქ დავსახლდი, “შრაივინგსი” უხორცოდ ცხოვრობს. შემიძლია ვთქვა, რომ გიდი მთლიანად უჭერს მხარს ამას, იმედია თქვენც არ შეწუხდებით. ეს უკეთესია თქვენთვის… ხაჭოს სუფლეს გაკეთებას ვაპირებ დესერტად. საერთოდ უგემრიელესია, მაგრამ საშინლად ძნელია ისე დაამზადო, როგორც წესია.
მარკი: აქ საჭმელს სულ თქვენ ამზადებთ?
ლუისი: რა თქმა უნდა. და ეს ძალიან მომწონს.
მარკი: ვინც ჭამს, იმასაც?
ლუისი: (იცინის) ამბობენ, რომ მოსწონთ.
(გიდეონი გამოდის კაბინეტიდან და კიბისაკენ მიდის)
გიდი ამბობს რომ ჩემი რეცეპტების კრებული უნდა გამოვცე სათაურით “პროტესტანტის სამზარეულო წიგნი”, ცოტა პომპეზურად ჟღერს, არა?
გიდეონი: (ასძახებს) მარკ?
(მარკი გამოდის ოთახიდან. ქვევით ჩამოიხედავს, ხედავს გიდეონს, ჩამოდის)
მარკი: გიდეონ!
(ერთმანეთს გადაეხვევიან)
გიდეონი: ძვირფასო, მშვენივრად გამოიყურები.
მარკი: (ოთახში შემოდის) შენ გინდა თქვა, რომ გავხდი? მართალია. ღმერთმა უწყის, როგორ, ჩემი ალკოჰოლიკური აგებულებით. უყურეთ! (ოთახს ტრიალით გადაკვეთს) კაცი-ლერწამი! მაგრამ მსმელი ლერწამი!
(გიდეონი აღფრთოვანებული იცინის. ლუისიც ჩამოდის ქვევით)
აი შენ კი სულ არ გამოცვლილხარ. იოტისოდენადაც, მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გნახე კორფუს ყურეში.
გიდეონი: ნეტა ეგ სიმართლე იყოს. ეჰ, ძვირფასო, ჩემს ასაკში უკანასკნელი თმა უფრო სწრაფად ცვივა, ვიდრე უკანასკნელი ილუზიები. ვხედავ, მის ნილი უკვე გაიცანი. ის მდივანზე მეტია, ის თვით სინდისია.
ლუისი: რა სისულელეა, გიდი.
მარკი: ჰო, ეს უცებ ვიგრძენი. ჩემმა ველურმა ბარომეტრმა იმ წამს ზუსტად მასზე მიუთითა.
გიდეონი: (ლუისის მაგივრად შეწუხებული) იმედია, კარგად იფრინე?
მარკი: კარგად? ჩვენ გადავსერეთ აპენინები, ალპები და დარდანელები სამ საათზე ნაკლებში. კარგია ეს?.. ვის ადარდებს… ეს ადგილი ყველაფერს დამავიწყებს.
გიდეონი: ადრე სათნოების სახლი იყო, აღსარების ადგილი.
მარკი: სააღსარებო, მართლა? ამას არ ნიშნავს “შრაივინგსი” ინგლისურად? აღსარებას და მონანიებას?
გიდეონი: უჰ, კარგი რა, იმედი მაქვს ნამეტანი მიუღებელი არ იქნება გამოუსწორებელი ათეისტისათვის.
მარკი: გავბედავ და ვიტყვი, რომ გამოუსწორებელმა რაციონალისტმა საკმაო გავლენა იქონია მის სულზე. (ისინი თავს უკრავენ ერთმანეთს) ეს აღმართი შენ სახლამდე დაუვიწყარია, გრძელი ვერხვების გვირაბი, და ბოლოში დიდი ქვის კარიბჭე, რომელიც თითქოს გეძახის “სდექ!”
გიდეონი: რომელიც გეუბნება: “მოდი”, ძვირფასო, “მოდი”.
მარკი: ჰო? (პატარა პაუზა. მერე უცებ ქაღალდის პაკეტზე აჩერებს მზერას)
გახსენი. ეს ჩემი საჩუქარია.
გიდეონი: ღმერთო ჩემო! რა უნდა იყოს?
მარკი: (ლუისს) ღვინო გაქვთ?
ლუისი: ცოტა მაქვს საჭმლის დასამზადებლად. ძალიან კარგი არ უნდა იყოს.
მარკი: მით უკეთესი. სახლის ღმერთები ეტრფიან უფერულობას.
ლუისი: მშვენიერია!
მარკი: თუ შეიძლება, მოიტანეთ.
ლუისი: ახლავე.
(ის სწრაფად გავარდება სამზარეულოსაკენ. გიდეონი ქაღალდის პაკეტიდან თიხის ანტიკურ ბერძნულ სასმისს იღებს)
გიდეონი: ოჰ, ძვირფასო! რა შესანიშნავია!
მარკი: სასმისი, მეექვსე საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
გიდეონი: შეძრული ვარ.
მარკი: ამაში ღვინოს ღმერთების სადღეგრძელებლად ასხამდნენ.
გიდეონი: დიდი ხანია ღვინო არ დამილევია.
მარკი: რაში გჭირდება? შენი სულია თვით ღვინო, შენს შემდეგ ყველაფერი ძმარია!.. ამას ჩემს სიტყვაში ჩავსვამ.
გიდეონი: სიტყვაში?
მარკი: ჯილდოს გადაცემისას. ვფიქრობ, შენც ამზადებ სიტყვას ჩემს შესახებ.
გიდეონი: არა, ერთმანეთის ხოტბა-დიდება ნამდვილად არ არის ცერემონიის ნაწილი.
მარკი: თუ არ არის, მე გავაკეთებ, რომ იყოს.
გიდეონი: ოჰ, ღმერთო ჩემო, იმედი მაქვს _ არა.
(ლუისი ბრუნდება გახსნილი ღვინის ბოთლით)
ლუისი: აი!
მარკი: შესანიშნავია! გიდი, ჩამოასხი. (თასს უწვდის) გაავსე ბოლომდე.
გიდეონი: ძალიან კარგი, ძვირფასო. (ბოთლს იღებს). ყოველთვის შენი იმედი მექნება, თუ რაიმე ლამაზ ცერემონიად მომინდება ვაქციო. (თასში ღვინოს ასხამს).
მარკი: აი ასე. გმადლობთ. თუ შეიძლება, ყურადღება, (თასს აღმართავს) მრავალგზის კურთხეულ თასს აღვმართავ და შენი სახლის სადღეგრძელოს ვსვამ.
ლუისი: აუფ!
მარკი: გაუმარჯოს “შრაივინგსს”, რომლის გრილ საკნებში მერყევი სული შეება აღსარების ხეივანს და ყვავილობის გზას დაადგა.
(დევიდი შემოდის ბაღიდან, ხელში თეთრ ზეწარში შეხვეული დიდი ნივთი უჭირავს) აქ იყო ქარქაში ხმლების ხანაში, სიჩუმე მუშკეტების ხანაში, და ახლა, ბომბების ხანაში _
დევიდი: მშვიდობა აქა.
(ყველა მას უყურებს. პაუზა. ის თავის ტვირთს ძირს დებს. მერე უცებ მარკი მიუტრიალდება გიდეონს და თასს უწვდის)
მარკი: შესვი სადღეგრძელო!
გიდეონი: არ შემიძლია, ძვირფასო, მეშინია, ტვინს ამირევს.
მარკი: უნდა შესვა, თორემ ამ სახლში გადაადგილებები მოხდება.
დევიდი: მე დავლევ მის მაგივრად.
(მარკი დაფიქრებული უყურებს მას, მერე თასს აძლევს. დევიდი სვამს, თან იმანჭება)
ლუისი: მგონი რამდენიმე დღე გახსნილი იდგა.
მარკი: ჩვენც ასე არა ვართ? ის არა, ალბათ… კარგი, არ მეგონა რომ ასე მალე შეგხვდებოდი. რა შესანიშნავია რომ ამხელა გზაზე ჩამოხვედი კემბრიჯიდან.
დევიდი: (თვალს არიდებს) მე… აქ ვცხოვრობ.
მარკი: ცხოვრობ?
დევიდი: მე მოგწერე ამის შესახებ.
მარკი: წერილებს არ ვკითხულობ.
დევიდი: (ნირწამხდარი) კემბრიჯს თავი დავანებე. მერე გიდიმ – გიდეონმა – შემომთავაზა აქ გადმოსვლა. ჰოდა მეც ჩამოვედი. ნოემბრიდან აქ ვცხოვრობ.
მარკი: თავი დაანებე?
დევიდი: უფრო სწორად, მან დამანება თავი. მე პირველ სემესტრში…
გიდეონი: ფილოსოფია დევიდის მოწოდება არ არის. მას ამჟამად ურჩევნია ავეჯი დაამზადოს ფილოსოფოსებისათვის. მე ამ გადაწყვეტილებას ეგოისტურად ვაქეზებ.
მარკი: არ მესმის…
გიდეონი: ამ ოთახში მთელი ავეჯი დევიდის გაკეთებულია.
(პაუზა. მარკი აქეთ-იქით იხედება. უჭირს ამ ახალი ამბის გადახარშვა).
მარკი: არაჩვეულებრივია. სად ისწავლე?
დევიდი: (ჩუმ-ჩუმად აპარებს მზერებს მამამისისაკენ, თვალს ვერ უსწორებს) სკოლაში გვქონდა დურგლობის გაკვეთილები. მერე, გიდის აქვს ძველი სახელოსნო, ვიგრძენი, რომ მინდოდა…
მარკი: რა?
დევიდი: საკუთარი ხელით გამეკეთებინა რამე.
მარკი: კარგი, რატომაც არა?.. დურგლობა ღირსეული პროფესიაა. ერთადერთი, რომელსაც თავისი საკუთარი მფარველი წმინდანი ჰყავს.
(დევიდი იცინის)
რა გაქვს აქ? რამე ჩემი ჩამოსვლისათვის?
გიდეონი: (თითქოს საიდუმლოდ, მარკს) დარწმუნებული ვარ, რაღაც განსაკუთრებულია. ბოლო დროს სულ რაღაცას გვიმალავს. გვიჩვენებ?
დევიდი: (შემცბარი) ახლა არა.
გიდეონი: ახლა, აბა რა! რატომ არა?
დევიდი: მოგვიანებით. ხვალ. უკან წავიღებ. (მიდის, რომ აიღოს ის, რაც შემოიტანა და გაიტანოს).
გიდეონი: (ძალზე გაკვირვებული) დევიდ!.. გვაჩვენე, თუ შეიძლება. ჩვენ ყველანი ცნობისმოყვარეობით ვკვდებით.
(დევიდი დგას და იატაკს მისჩერებია)
ლუისი: მიდი, დევიდ, ნუ გაშტერდი!
(დევიდი ისევ ჩუმად დგას)
კარგი, მე გავხსნი.
დევიდი: არა! (გიდეონს) შენ! (უღიმის)
გიდეონი: (უღიმის პასუხად) მე? დიდი პატივია!
(გიდეონი მიდის შეფუთულ საგანთან) ჰეი, პრესტო, ერთი, ორი, სამი!
(ზეწარს გადახდის. მის ქვეშ დგას ულამაზესი სისადავით შესრულებული ტახტი-სავარძელი. პაუზა.)
გიდეონი: რა ლამაზია! ოჰ, რა ლამაზია, დევიდ! ეს ყველაფერზე ლამაზია, რაც აქამდე გაგიკეთებია.
დევიდი: (ნასიამოვნები) მართლა?
ლუისი: ვაუ!
დევიდი: (მოუთმენლად ლუისს) მოგწონს?
ლუისი: წარმოუდგენელია, თვალისმომჭრელია, მართლა!
გიდეონი: რას იტყვი, მარკ? მშვენიერია, არა?
მარკი: მე ვიტყვი, რომ ვულოცავ ჩემს შვილს, საგნების ასეთი შეგრძნება რომ შეუძლია. აშკარად ხედავს, რა აკლია აქაურობას. ჭეშმარიტ კათედრალს აკლია ჭეშმარიტი კათედრა.
ლუისი: კათედრალს?
მარკი: განა კათედრალში არ ვიმყოფებით? “შრაივინგსი” – ჰუმანიზმის კათედრალი.
გიდეონი: ნუ მაიმუნობ, მარკ.
მარკი: (დევიდს) მართალი ვარ, არა? ეს ტახტია?!
დევიდი: (ჩუმად) დიახ
მარკი: გიდეონისთვის, ჰო?
დევიდი: დიახ.
მარკი: (გიდეონს) ზუსტად ასეა! Yყველაფერი შენთვის. მამობრივი სიბრძნის სკამი. იმედი მაქვს, მეც დავიმსახურებ ასეთს დროთა განმავლობაში. ასეთი ნივთები უნდა დაიმსახურო, არა, დევიდ?
(დევიდი მხრებს იჩეჩავს უმწეოდ)
გიდეონი: დაჯექი. ეს შენ უფრო მოგიხდება.
მარკი: შეიძლება, მაგრამ ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ! ჩვენ აქ ვართ, რომ შენს კორონაციას დავესწროთ. ასე რომ, გეთაყვა, მიდი და ჩაჯექი, ისე შთამბეჭდავად, როგორც ეს შენ შეგიძლია.
გიდეონი: (მორცხვად იმანჭება) ძალიან კარგი. გმადლობთ დევიდ. (სავარძელში ჯდება)
(მარკი ტაშს უკრავს)
მარკი: ვაშა გიდეონს, გონიერების პირველ პაპს! ვაშა!
გიდეონი: გეყოფა მარკ, შეწყვიტე ახლავე!
ლუისი: ვაშა გიდის! ვაშა გიდის! ვაშა გიდის!
გიდეონი: შეწყვიტეთ ახლავე, ახლავე, მართლა.
ლუისი: გადასარევად გამოიყურები მანდ! არა, ბატონო ასკელონ?
მარკი: ზუსტად თავის ადგილზე!
გიდეონი: იქნებ მჯდომარე აქციაზე წავიღო. დავდგა პარლამენტის სკვერში. უდიერ შედარებებს გამოიწვევს იმასთან, ვესტმინსტერის სააბატოში რომ ზის.
მარკი: მჯდომარე აქცია? რა მჯდომარე აქცია?
ლუისი: ჩვენ ყველა ვსხდებით, ხვალ და კვირას ნაშუადღევს.
მარკი: (შეშფოთებული) დემონსტრაციას გულისხმობთ?
ლუისი: დიახ, ეს ყველა გაზეთში იყო.
მარკი: მე გაზეთებს არ ვკითხულობ. ჩემი აზრით, _ “ახალი ამბები” _ ერთადერთი ნამდვილად უწმაწური გამოთქმაა!
ლუისი: იმედი გვაქვს, სულ ცოტა ათი ათასი კაცი შემოგვიერთდება. იქნებ თქვენც წამოსულიყავით? ეს საქმეს ყველაზე მეტად წაადგებოდა!
გიდეონი: მართალია. მე მიცნობენ, როგორც შერეკილს, შენ კი ნამდვილად კარგი სატყუარა იქნებოდი.
მარკი: არა, არა, არა მგონია.
ლუისი: რატომ არა, ბატონო ასკელონ? რა მაგარი იქნებოდა, თქვენ რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყავით!
მარკი: (მსუბუქად) მოდი, ასე ვთქვათ – ვერ ვიტან, როცა ჩამორჩენილად გამოვიყურები.
ლუისი: ჩამორჩენილად?
მარკი: მშვიდობიანი პროტესტი მოძველდა, ჩემო ძვირფასო. ჭეშმარიტად თანამედროვე ახალგაზრდობამ უარი თქვა მჯდომარე აქციებზე, განსაკუთრებით თქვენს მშვენიერ სამშობლოში.
გიდეონი: ამიტომაც წამოვიდა თავისი ქვეყნიდან, დროებით, სანამ იქ ნამდვილი მშვიდობიანი მოძრაობა დაიწყება, და არა ეს ახალგაზრდული ძალადობა, რომელსაც ბებრებიც შეუერთდნენ.
ლუისი: რაც არასდროს მოხდება.
გიდეონი: კარგი ახლა. ყველა რევოლუციონერი აიდეალებდა თავის მოძრაობას დასაწყისში. ნუ გაებმები იმავე მახეში. ჰიპები, რომლებსაც “ყვავილების შვილებს” ეძახდნენ, ამბობდნენ რამდენიმე მარტივ ჭეშმარიტებას. სახლი უნდა იპოვო: ეს ის ადგილი არ არის, სადაც დაიბადე. ქვეყანა შეიძლება გონებრივი ციხე გახდეს, და პატრიოტიზმი _ მაიმუნების ადრენალინი. გგონია ეს დავიწყებას მიეცემა?
ლუისი: (თბილად) არა, როდესაც შენ ლაპარაკობ, არა.
მარკი: (ირონიულად) და რას ყვიროდნენ “ყვავილები”?
ლუისი: უკაცრავად?
მარკი: იმ ნარცისებს ლაპარაკი რომ შეძლებოდათ, იმათ, მეყვავილე ჰიპი ბიჭები რომ უწვდიდნენ პოლიციელებს, მათ რომ შეძლებოდათ გაზაფხულის გაყინულ ნიადაგში თავის დაბადების შესახებ მოეთხროთ, იცით რას იტყოდნენ? ისინი გახსნიდნენ თავის ყვითელ პირებს და დაიყვირებდნენ “ძალადობა! ძალადობა!”.
ლუისი: (იცინის) არა, ამას არ იზამდნენ! ისინი იყვირებდნენ “ძალისხმევა!” ეს ერთი და იგივე სულაც არ არის.
გიდეონი: კარგი ნათქვამია, ლუის!
მარკი: ტუშე! … რა უნდა ვაკეთო თქვენს მჯდომარე აქციაზე? ვიჯდე თემთა პალატის წინ და ვიმღერო “ძირს ბომბები”?
ლუისი: ჩვენ გვინდა აიკრძალოს ყოველგვარი იარაღი, არა მარტო ბომბები.
მარკი: (მხიარულად) ფანქრის სათლელი დანებიც?
ლუისი: უკაცრავად?
მარკი: ბოსტნეულის საჭრელი დანებიც? ის მოხერხებული პატარა დანები, სტაფილოს რომ ჭრიან თქვენი სახალისო სალათებისათვის?
ლუისი: ეს საშიში იდეა იქნებოდა!
მარკი: და საერთოდ რა არის იარაღი? ენაც შეიძლება საშიში იარაღი იყოს. მაშ ამოვაჭრათ ყველას?
ლუისი: (ცოტა იბნევა) მე მინდა ვთქვა, აქ, “შრაივინგსში” ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია.
მარკი: ყველა შემთხვევაში?
ლუისი: ყველა შემთხვევაში.
(ის გიდეონს გახედავს, გამხნევებისათვის)
მარკი: ჰიტლერთანაც?
ლუისი: კარგი, ვაღიარებ, რომ ამ განსაკუთრებულ შემთხვევას ძნელად მიესადაგება. მაგრამ როგორც კი ბრძოლას იწყებ, ისეთივე დამნაშავე ხდები, როგორც შენი მოწინააღმდეგე.
მარკი: თქვენ გინდათ თქვათ, რომ ადამიანები, რომლებმაც მაიდანეკი და დაჰაუ გაათავისუფლეს, ისეთივე დამნაშავეები იყვნენ, როგორც ადამიანები, რომლებმაც ისინი შექმნეს?
ლუისი: არა, რა თქმა უნდა არა.
მარკი: მაშინ რა? ბოროტებას, რომელსაც არ ებრძვი, აძლიერებ.
გიდეონი: (რბილად) არა, ძვირფასო, აძლიერებ ბოროტებას, რომელსაც ებრძვი. ეს არის მთავარი. შენ იარაღდები, რომ დაანგრიო გაზის კამერები პოლონეთში. ხუთი წლის შემდეგ კი თვალებს უთხრი მეთევზეებს ყვითელ ზღვაში. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის. უშედეგოდ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვცდილობდით შეგვეზღუდა საპასუხო დარტყმები: ვომობდით დაქირავებული ჯარებით, საშობაო ზავებით. ესეც უშედეგოდ. სანამ ბიჭები ცეცხლის ჭავლს მიუშვერენ ერთმანეთს შობის მეორე დღეს, საშობაო ზავი მათი თვალების ასახვევად სამოწყალოდ მიგდებული უხამსობა იქნება.
(პაუზა. გამამხნევებლად უჭერს ხელს ლუისს ხელზე)
მარკი: (მკვახედ) ვთქვათ, ამ ოთახში შეიარაღებული ავაზაკი შემოვარდა და მის ნილის მოკვლა დააპირა, იარაღი რომ გქონდეს, იხმარდი მის წინააღმდეგ?
გიდეონი: არა.
მარკი: მოაკვლევინებდი?
გიდეონი: სხვა არჩევანი არა მაქვს, თუ არ მინდა რომ თავად იმ ავაზაკად ვიქცე.
მარკი: (ლუისს) იგივე სიტუაცია. გიდის მოკვლის საშუალებას მისცემდით?
ლუისი: დიახ.
მარკი: გულისამაჩუყებელად ერთგულები ხართ აქ, “შრაივინგსში”.
ლუისი: დიახ, ვართ!
მარკი: როგორც ჩანს.
ლუისი: “შრაივინგსი” არის თვით ერთგულება.
მარკი: (დევიდს) შენ რას იზამდი, შვილო?
(პაუზა)
დევიდი: ავაზაკი ქალია თუ კაცი?
ლუისი: მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
დევიდი: ვფიქრობ, იარაღს ვიხმარდი.
მარკი: რატომ?
დევიდი; იმიტომ რომ, მირჩევნია, ლუისი იყოს ცოცხალი, ვიდრე ვიღაც უცნობი.
მარკი: უგუნურია, ყმაწვილო! ის ნასიამოვნებიც კი არ არის, ხომ არა ხარ?
ლუისი: (დევიდს) როგორ შეგიძლია ასეთი სუბიექტური იყო ყველაფრის მიმართ? რატომ არ შეგიძლია აღიქვა უმარტივესი აბსტრაქტული იდეა!
მარკი: ნუ განსჯით ძალიან მკაცრად, მის ნილ, სილამაზე, ბოლოს და ბოლოს, ჩვენს შორის საუკეთესოებსაც აბნევს.
ლუისი: ოჰ, კარგი რა, ღმერთო!..
მარკი: ვაღიარებ, რომ მეც გამიჭირდებოდა თქვენი ბედის ანაბარა მიტოვება, იმ ავაზაკის პირისპირ რომ მენახეთ.
ლუისი: გმადლობთ.
მარკი: მაგრამ მომიხდებოდა, რა თქმა უნდა, თქვენი პრინციპების პატივსაცემად.
ლუისი: (ნერვიულად) ოჰ, რა თქმა უნდა!
მარკი: მე, უდიდესი მწუხარებით, მის იარაღთან პირისპირ დაგტოვებდით. ან მის დანასთან. ანდა ინკვიზიციის საპყრობილეში. ან ჩან კაი შის ლოკომოტივთან, ის თავის ტყვეებს ღუმელებში ყრიდა, საწვავის მაგივრად. ან სულაც ნიუ-იორკელ მშენებლებთან. (უცებ ჩერდება)
გიდეონი: (გაოგნებული) მარკ?
მარკი: (მისი ტონი სრულიად შეიცვალა) გინახავთ ავაზაკი მოქმედებაში? პირისპირ გინახავთ? გინახავს, გიდი? შენ აქ ისე წყნარად ზიხარ… გინახავს სკალპახდილი ბიჭი? მე მინახავს. შარშან, ცივილიზებულ მანჰეტენზე… (პაუზა) იქ ჯულიას სიკვდილის შემდეგ წავედი, როგორც იტყვიან, თავი რომ რამით დამეკავებინა.
გიდეონი: ჰო, მე გავიგე, რომ წახვედი.
მარკი: წავედი რომ კოლეჯის სტუდენტებისათვის ის ლექსები წამეკითხა, მათ დაბადებამდე ოცი წლით ადრე რომ იყო დაწერილი… ისინი მთელ ქალაქს იყვნენ მოდებულები მე როცა ჩავედი: კიდევ ერთხელ უცხადებდნენ პროტესტს ვიეტნამის ომს – ამჯერად კამბოჯის ანექსიას. განა შესანიშნავი არ არის, როგორ არ თმობენ თავისას ახალგაზრდები? სულ ყველგან იყვნენ თავის ველვეტის შარვლებში და ელვაშესაკრავიან ფეხსაცმელებში. თავები თავისუფლების ზარებს უგავდათ. პამფლეტებით, ხმამაღალი მოწოდებებით “შეწყვიტეთ მკვლელობა”, განწირული პატარა ხმებით. მეორე დღეს კი უფროსებმა – თითქოს იმ კვირაში ოთხი ბავშვის მკვლელობა ოჰაიოში საკმარისი არ იყო – გადაწყვიტეს დაესაჯათ თავხედები ნიუ იორკში. (პაუზა) მე ჩემს ადვოკატთან ვიჯექი ოფისში უოლ სტრიტზე. შუადღე იყო. უცებ გარედან გუგუნი მოგვესმა – თითქოს ზღვაზე გრიგალი იწყებოდა. ფანჯარასთან მივედით. ოთხი სართულით ქვევით შეშინებული ახალგაზრდების ჯგუფი იდგა თითქმის გაუნძრევლად. ორივე მხრიდან მწკრივად მუშები სამშენებლო პროფკავშირიდან – ადამიანები, რომლებსაც იმჟამინდელმა შეძლებამ, როგორც ჩანს, მემარჯვენეობისკენ უბიძგა. შიშის მომგვრელი აყლაყუდები უხეშ ყვითელ ქუდებში, სახეები უზარმაზარ სტეიკებს უგავდათ. მერე ჩვენ მათ პროტესტს ვუყურეთ: მათ განაცხადს ადამიანურ ღირსებაზე. ისინი თხუთმეტი წუთი ურტყამდნენ ბავშვებს ისე, რომ ცოცხალი ადგილი არ დაუტოვებიათ. ურტყამდნენ მუშტებს, რკინის კეტებს მუცელში და მკერდში, ლოყებს აგლეჯდნენ სახიდან, ცეკვავდნენ გულარეულ გოგონებზე. მერე მოხვეტეს ყვირილით “ამერიკა! ამერიკა!” _ და უახლოეს კუთხეს მოეფარნენ შემდეგი დაკა-დაკისათვის. მთელი ამ დროის განმავლობაში, იქვე, გაუნძრევლად, იდგნენ პოლიციელები – მათი ირლანდიული კარტოფილის სახეები ძლივს იკავებდნენ ღიმილს. (პაუზა) ჩემი ადვოკატი, უსაზღვრო სოციალური სინდისის მქონე ადამიანი, ქუჩაში გავარდა და მარტო დამტოვა. უცებ გარშემო ყველაფერი ისევ ჩაწყნარდა, მხოლოდ ერთი ფიგურა ჩანდა. ბიჭი იჯდა ტროტუარზე უძრავად, გაშეშებული. თავიდან თითქმის მთელი თმა ჰქონდა მოგლეჯილი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ძალა სჭირდებოდა ამის გაკეთებას? ის კვნესოდა გამოუთქმელი ტკივილისაგან. მაგრამ რაღაც ქალაქის სისუფთავის დაცვის ინსტინქტის გამო გულმოდგინედ აწვეთებდა სისხლს კანალიზაციის ორმოში. ფანჯარასთან ვიდექი მშრალი მარტინით ხელში და ვუყურებდი. აპრილის დღე იყო. ხეების მტვრის ღრუბლები მიედინებოდა ქუჩის გასწვრივ ჩვენს შორის. ოქროს მტვერი თრთოდა ჰაერში, თითქოს მის თავზე ეშვებოდა, როგორც ქერტლი… მერე თავი ასწია და შემომხედა…
ლუისი: თქვენ რა გააკეთეთ?
მარკი: (უხეშად) ჭიქა ავწიე.
ლუისი: (შემცბარი) მაგრამ,.. არ შეგეძლოთ?..
მარკი: რა?
ლუისი: სასწრაფო გამოგეძახათ?
მარკი: შემეძლო. მაგრამ მე კიდევ ერთის დალევა მინდოდა.
(შოკირებული პაუზა.
მოულოდნელად ის ადის ზევით, თავის საწოლ ოთახში და კარს იჯახუნებს. გიდეონი მიჰყვება, მაგრამ უცებ კარი ხმამაღლა იკეტება გასაღებით შიგნიდან. მარკი საწოლზე ზის. თავი ხელებში აქვს ჩარგული)
ლუისი: გიჟია! ნამდვილად გიჟია!
გიდეონი: ლუის, გთხოვ.
ლუისი: რა იყო ეს? რაზე ლაპარაკობდა?
გიდეონი: მას ყოველთვის უყვარდა დრამატიზირება.
ლუისი: დრამატიზირება?
გიდეონი: იქნებ სადილის სამზადისი დაგეწყო?
ლუისი: ღმერთო! … (მერე თავს ხელში იყვანს) კარგი!
(სამზარეულოში გადის. დევიდი გაუნძრევლად დგას და კიბეს მიშტერებია)
გიდეონი: ეს უბრალოდ გადაღლილობაა. ესაა და ეს. სადილისთვის ჩამოვა… მოდი ბაღში გავისეირნოთ, რას იტყვი? … დევიდ… ის უბრალოდ გადაღლილია.
(დევიდი ტრიალდება და სწრაფად გადის ბაღში. გაოგნებული გიდეონი თან მიჰყვება. ზევით მარკი საწოლიდან წამოხტება. ჩემოდანს ხსნის, ორ ბოთლ ბრენდის ამოიღებს და თაროზე დებს. მერე ბრუნდება და კიდევ ორს იღებს, მათაც თაროზე აწყობს. მერე ამოიღებს ერთ პერანგს, ჩემოდანს ხურავს და საწოლის ქვეშ აგდებს ფეხით. მიდის ფუთისაკენ, იღებს და მაგიდაზე დებს. ხელებს ადებს)
მარკი: Pროტეგგიმი. Pროტეგგიმი. Pროტეგგიმი. – და ისიც, ჩემგან დაიფარე. შენი ტოტებით დაიფარე, გევედრები. შენი მოკლული ტოტებით, დაიფარე ჩემგან: გიდეონი, დევიდი – ჩვენი შვილი, ის სულელი გოგო.
(ზონარს ხსნის და ჯიბეში იჩურთავს, მერე ჩამოხსნის ნაჭერს და გამოაჩენს კარიან შავი ხის ყუთს, რომელსაც თავზე ვარდისფერი ხის პატარა ფრონტონი აქვს, ფრთხილად გადმოდგამს)
ჩემი ცოლი. ჩემი ნამდვილი ცოლი. შანტისსიმა, Bეატისსიმა ჯულია!
(ყუთს უკან დგას, კარს აღებს რომ გამოაჩინოს სახით ჩვენკენ, ახალგაზრდა ქალის თავის მოდელი, პრიმიტიულ სტილში შესრულებული. მთლიანად “სალოცავი” შეღებილია კუსტარულად დამუშავებული ფერებით: კარის შიდა ფრთებზე გამოსახულია კაშკაშა მოოქროვილი პატარა წმინდანები. მარკი შემოუვლის და მის წინაშე მუხლებზე დგება. მოწიწებით)
მარკი: ქვევით აღარ ჩავალ. აქ დავრჩები ჯილდოების გადაცემამდე. მერე პირდაპირ კორფუზე – რომ არავის ვავნო რამე, ვფიცავ, ძვირფასო. თე ლო ჯურო! თე ლო ჯურო, მია მოგლიე! შანტა ჟიულია Pარალიტიცა!

ნელი ჩაბნელება

სცენა 2

პარასკევი ღამე.
თერთმეტის ნახევარია. როდესაც სინათლე ინთება ლუისი სადილის მაგიდას ალაგებს. დევიდი იატაკზე ზის ფეხმორთხმული და მოსაწევს ახვევს.. ზევით მარკი წევს საწოლზე. ცალ ხელში ნახევრად დაცლილი ბოთლი უჭირავს.

დევიდი: საბრძოლო მანქანა ვნახე დღეს.
ლუისი: რა?
დევიდი: სოფელში, სადილის წინ. ეს ის ერთ-ერთი გადაკეთებული საბრძოლო მანქანა იყო. თავიდან მომეჩვენა, ქრიზანტემებით იყო სავსე. მერე, როცა ახლოს ჩამიარა, ისინი გაიყო და ოთხი გაბურძგნული კაცის და ოთხი გაბურძგნული ქალის თავებად გადაიქცა, ყველა ერთნაირად გარუჯული. სხვა ქუჩა რომ ამერჩია, იქ მანქანა აღარ იქნებოდა, სხვა კუთხესთან რომ შევხვედროდი, ისინი უკვე ცალ-ცალკე იქნებოდნენ.
ლუისი: შენ რა, კაიფში ხარ?
(დევიდი არ პასუხობს. ლუისი გაკვირვებული უყურებს და სამზარეულოში გადის ლანგარით. დევიდი მოსაწევს უკიდებს. მარკი ამოძრავდება საწოლზე)
მარკი: ბრწყინვალეა! აბსოლუტურად შესანიშნავი! ათი წუთიც არ გავა სახლში ასე – ბახ! ზუსტად ერთი პრეტენზიული ამერიკელი ტუტუცისათვის.
(წამოჯდება და სალოცავს უყურებს) არა, ეს იმის ბრალი იყო, ბიჭის. ასეთნაირად დაბრუნება – შენი თვალებით სახეზე!.. ვინ იცოდა რომ აქ იქნებოდა?.. რომელიღაც შუა საუკუნეების დროინდელი დებილი, ბურბუშელით და ნახერხით თმაში. ვინ ჯანდაბაა? გიდეონ პეტრის ოსტატი დურგალი. ამისათვის გავაგზავნე ინგლისში? იმისი ტახტის გამოსათლელად! “ვაშა ჩემ ახალ მამიკოს – ოცდახუთი წიგნის დამწერს. ჩემმა ძველმა მამიკომ მხოლოდ ოთხი დაწერა, და ისიც, სულ ლექსები! ეს არ ითვლება”
(ლუისი ბრუნდება თასით, რომელშიც ოთხი მწვანე ვაშლი დევს. ის დარჩენილ თეფშებს ლანგარზე აწყობს. დევიდი მას უყურებს)
და რას იტყვი იმის თვალებზე? გიდეონის თვალებზე? დაინახე ეს თეთრი გამონადენი თვალის კუთხეებში? ღმერთო ჩემო, როგორ დაბერდა!
(ბოთლი ტუჩთან მიაქვს და სვამს)
დევიდი: დაამსხვრიე ერთი.
ლუისი: ჰა?
დევიდი: თქვი, დაე ეს თეფში მამა იყოს, და დაამსხვრიე. განდევნე შემბოჭავი ავი სული.
ლუისი: არ უშველის.
(თეფშების ალაგებას აგრძელებს)
მარკი: (ნახევრად თავისთვის) “მშვიდობა”, “მშვიდობით!” რას ნიშნავს?
შენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებ _ (გამომწვევად) “მე გიდის ბიჭი ვარ ახლა, ნუ შეგეშლებათ, “შრაივინგსის” მემკვიდრე”, საბრალო იესო!
დევიდი: (თბილად) მაპატიე
ლუისი: უნდა გეთქვა. უნდა წინასწარ გაგეფრთხილებინე. უნდა გეთქვა ჩემთვის: თუ შეიძლება, არ მიაქციო ყურადღება მამაჩემის ქცევას, იმიტომ, რომ ის კლინიკური ავადმყოფია. მოვემზადებოდი.
დევიდი: არ არის კლინიკური ავადმყოფი.
ლუისი: მაშინ რას აკეთებს ახლა ზევით, მთელი საღამო თავის ოთახში ჩაკეტილი? არც სადილი, არც არაფერი.
დევიდი: იდაყვები დაგეღლება.
ლუისი: რა?
დევიდი: მხრებამდე გაქვს აწეული.
ლუისი: ჰა.ჰა.ჰა. (სავსე ლანგარს აწევს)
დევიდი: ჰეი.
ლუისი: ჰეი და თივა ცხენებისათვის შეინახე. (სამზარეულოში გადის)
მარკი: (სალოცავს) კარგი, იცეკვე მისთვის. იცეკვე მისთვის. (დგება საწოლიდან და სალოცავს მიაშტერდება) წადი იქ და უცეკვე რომ დაიძინოს, ახლავე! სცადე, რატომ არ გინდა? ადექი საწოლიდან და სცადე!..
(იწყებს მთვრალ პაროდიას ცეკვაზე, თან ღიღინებს. დევიდი ზევით იყურება. ცეკვა წყდება.
მარკი უყვირის სალოცავს) კარგი, მორჩი, გეყოფა! მოაშორე ეგ ნაღვლიანი მზერა! საყვედური… კარგი რა, კარგი რა, ტირილი მაინც არ შეგიძლია? არ შეგიძლია შემებრძოლო როგორც ქალი და არა როგორც წყეული წმინდანი?…
(ბოლთას სცემს ოთახში. დევიდი დგება ფეხზე მოუთმენლად)
ის წყეული წიგნი. მუდამ ის ლოცვების წიგნი! ვერ ხედავ, რომ ამაზრზენია? ბინძური ფერადი სურათები – ქრისტე მწყემსი! სულ არა გაქვს ღირსება, წვეროსან ქალზე რომ ლოცულობ? შიგნორა ჟესუ, სულების კუკუდამალობანა!
(სიცილს იწყებს. სწვდება დიდ თეთრ პირსახოცს და აბაზანაში გავარდება.
ქვევით დევიდი შეკრთება.
ლუისი შემოდის მაგიდის გადასაწმენდი ჩვრით)
ლუისი: რა მოგივიდა?
დევიდი: (არ უყურებს) ტერასაზე.
ლუისი: რა?
დევიდი: საათობით იჯდა და მიყურებდა. ჩალის ქუდში, თვალებით…
ლუისი: რაზე ლაპარაკობ?
დევიდი: როცა ვთამაშობდი… მე ვიწყებდი ლა-ლა-ლა, ვითომ ვმღეროდი.
ლუისი: მეგონა, ეთაყვანები. მგონი, თქვი… (დევიდი მოტრიალდება და მხრებს იჩეჩავს უმწეოდ) მისმინე, იქნებ ახლა ზევით ახვიდე? სწორედ ეს უნდა.
დევიდი: არა.
ლუისი: რა იცი.
(დევიდი ისევ მხრებს იჩეჩავს)
კარგი, მაშ რა უნდა?
დევიდი: ჩუმად გეტყვი. მოდი.
(ლუისი მასთან მიდის, დაინტერესებული. დევიდი მოულოდნელად კოცნის. ლუისი არ უძალიანდება, მაგრამ გულგრილი რჩება) მადლობა.
ლუისი: არაფრის.
დევიდი: იცი რა? შენ ისეთი შებოჭილი ხარ… ხუმრობაა.
ლუისი: არა ვარ შებოჭილი, ძვირფასო, უბრალოდ მოხდა ისე, რომ მე ეს არ მინდოდა.
დევიდი: მე ვფიქრობ, ხარ, ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, რაც ხარ.
ლუისი: (ნაზად) ან, უბრალოდ, პატივს ვცემ სხვის აზრს. ვიცი, მე ისევ პათეტიური ვარ, კარგი, მაგრამ ჩვენ ამაზე ასი ათასჯერ მაინც გვილაპარაკია. ეს გიდის სახლია. მთელი მისი არსით. გესმის, ეს ის არის, რაც მან შექმნა, შეიძლება სულაც აი ამ ოთახში.
დევიდი: (სარკასტულად) ვაუ!..
ლუისი: გგონია, ადვილი იყო ნორმალური მამაკაცისათვის თავის ორმოცდამეხუთე დაბადების დღეს ცოლთან მისულიყო და ეთქვა, რომ სექსი აღარ უნდოდა აღარასოდეს?
დევიდი: ეს ნამდვილად არ იქნებოდა იოლი ქალისათვის, არა? გაიქცა, და ალბათ მეც ასე უნდა მოვიქცე.
ლუისი: (შეშფოთებული) რას გულისხმობ?
დევიდი: გავბრაზდე, აი, რას ვგულისხმობ. მორჩა. ეს გინდა? მიდი, მითხარი. ეს გინდა _ წავიდე, როგორც ის ქალი?
ლუისი: ნუ ხარ სულელი. შენ იცი, რომ ამას ვერ ავიტანდი.
დევიდი: (თბილად) ჰო?
ლუისი: მე უბრალოდ გთხოვ პატივი სცე დიდი კაცის სულს მის საკუთარ სახლში, ეს არის და ეს.
დევიდი: (თამაშით) და რახან ის ვეგეტარიანელია, ჩვენც ვეგეტარიანელები უნდა ვიყოთ?
ლუისი: დიახ.
დევიდი: მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ ადარდებს?
ლუისი: დიახ. იმიტომ რომ მე მადარდებს, მის მაგივრად.
დევიდი: იცი ვინა ხარ? შენ ხარ მოციქული.
ლუისი: და ვამაყობ ამით.
დევიდი: არ ვიცი სხვა სიტყვა, ამდენ მოსაწყენ რამეს რომ ნიშნავდეს.
ლუისი: ჰო, მე მოსაწყენი ვარ. ვიცი. ახალს არაფერს ამბობ.
დევიდი: მე მაგის თქმა არ მინდოდა.
ლუისი: ეგ არაფერს ნიშნავს.
დევიდი: არ ვიცი, რისი თქმა მინდა. ჯერ ერთს ვამბობ, მერე მეორეს, არ ვიცი!
ლუისი: თუ ოდესმე შეძლებ რამე გულთან მიიტანო, შეიძლება მიხვდე. იქამდე აჩრდილი ხარ, ფანჯარაზე რომ აკაკუნებს.
(დევიდი აჩრდილის სახეებს უმანჭავს ლუისს)
სერიოზულად გეუბნები, დევიდ. (სიცილი წასკდება) ოო, მორჩი!
(ლუისი დევიდის მანჭვას “პასუხობს”. ორივენი თამაშობენ, როდესაც გიდეონი გამოდის თავისი კაბინეტიდან)
გიდეონი: მარკი არ ჩამოსულა?
ლუისი: მისი კვალიც არა ჩანს.
გიდეონი: მაშინ სჯობს, მე ავიდე.
დევიდი: გგონია, ღირს?
გიდეონი: ჩვენ ხვალ მშვიდობის აქციას ვიწყებთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება სახლში საგანგაშო მდგომარეობა დავტოვოთ… მოდიხარ ჩვენთან ერთად?
ლუისი: რა თქმა უნდა მოდის! ოჰ, გიდი, რა მაგარი იქნება! რადიოში მოვისმინე, ოცდახუთ ათას კაცს ელოდებიან. სიგიჟე არ არის? სიტყვით უნდა მიმართო!
გიდეონი: საჭიროა?
ლუისი: აბა რა. მთელი ქვეყნის მზერა შენკენ იქნება მომართული!
გიდეონი: ოჰ, ღმერთო ჩემო.
ლუისი: უნდა თქვა რამე გონებამახვილური და ღრმა.
დევიდი: და ძალიან ხმამაღალი – ღია ცის ქვეშ.
გიდეონი: ძალიან კარგი. მე ვიტყვი: “წადით სახლებში, თქვენ მრავალნო! რა ჯანდაბას აკეთებთ აქ, გამოპრანჭულხართ, ქუჩაში გამოფენილხართ და აწუხებთ პოლიციელებს, რომლებსაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ გასაკეთებელი, ვიდრე თქვენი დევნა!”
(ორივე ახალგაზრდა იცინის. გიდეონი ჯდება თავის “ტახტზე”)
“რა გინდათ? ჩვენ მოგეცით განათლება თითქმის უფასოდ, გაგიზიარეთ მთელი სიბრძნე, რომელიც თავად გაგვაჩნდა. თქვენ გაიარეთ კურსები ყველა საჭირო საკითხში ძღომიზმი – ანუ ოჯახის თაყვანისცემა, დროშიზმი – ანუ თემის თაყვანისცემა, ნივთიზმი – ანუ ფულის თაყვანისცემა. ჩვენს თეატრებში და ჩვენი ეკრანებიდან გასწავლიდით, როგორ უნდა მოგეკლათ და დაგემცირებინათ ადამიანი ხალისიანად. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ეკლესიაში და თაყვანი სცეთ გაყინულ გონებას, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ომის მემორიალებზე და თაყვანი სცეთ გაყინულ სხეულს. მეტი რაღა გინდათ?
(ორივე ახალგაზრდა იცინის და ტაშს უკრავს)
ლუისი: ო, გიდი, ეს არაჩვეულებრივია! ეს აუცილებლად უნდა თქვა – ზუსტად ასე!
გიდეონი: და მერე, ალბათ, მე ვკითხავ მათ, რა უნდათ სინამდვილეში. თუ გულწრფელნი იქნებიან, მიპასუხებენ “ჩვენი ცხოვრების აზრი, ცხოვრების მნიშვნელობა”. “მაშ, ძალიან კარგი”, ვიტყვი მე: “ჰკითხეთ თქვენს თავს, ვინა ხართ. შეხედეთ ერთმანეთს. რას ხედავთ? უცნაური არსებების ბრბოს, ნახევრად ბუნების შვილებს. ძალაუფლების სურვილით შეპყრობილ ცხოველებს, რომლებიც ბოლომდე მხეცებიც კი არ არიან, რადგან სიმბოლირების, აბსტრაგირების და საკუთარი თავის დაცინვის უნარი აქვთ. რა არის ეს უნარი, თუ არა ინსტრუმენტი, რომელიც გიშველით გათავისუფლდეთ ძალადობისაგან, ყველგან რომ ბრუნავს და გარშემო ცხოვრებაში დომინირებს?
(ჯდება). მეცნიერები გარს უვლიან მთელ მსოფლიოს და დაკარგულ მაკავშირებელ რგოლს ეძებენ. ის კი ცხვირწინ უდევთ. (დევიდზე მიუთითებს) შენა ხარ მაკავშირებელი რგოლი. (ლუისზე მიუთითებს) შენა ხარ მაკავშირებელი რგოლი ცხოველსა და იმას შორის, რაც უნდა გავხდეთ, თუ ისევ განადგურების მორევში ჩათრევა არ გვიწერია. გახსოვდეთ, როვ ვერც ცხოველებად ვივარგებთ და ვერც აგრესიულ არსებებად. ჩვენ ახლებურად უნდა დავინახოთ ეგო – მარცვალი, რომელიც დასაბამიდან ჩვენს დასაცავად ვითარდებოდა, მაგრამ ახლა საპყრობილედ გადაგვექცა. თუ ჩვენ სულ მთლად არ გავიგუდეთ იმ საპყრობილეში, უნდა გავანგრიოთ კარი და გარეთ გავიდეთ.
ლუისი: ვაუ!
გიდეონი: ჩვენ სულ უფრო მეტი და მეტი ვიცით საკუთარი აგრესიის შესახებ. იმედიც ნუ გვექნება, რომ მას მხოლოდ გონების ძალით მოვსპობთ; მაგრამ თუ არ შევეცდებით ამ აგრესიის რაიმე ობიექტზე კონცენტრირებას კი არა, არამედ მისი შიმშილით მოკვლას, ჩვენ დავიღუპებით.
მოდი, გავამარტივებ ამას და გიჟურ მოწოდებამდე დავიყვან, დღევანდელი ნარკომანი ბავშვები ყვირიან “შეუერთდით ბუნებას”
მე ვამბობ: “გაუძალიანდით, უარი თქვით მასზე, მიაფურთხეთ თქვენი მამების სპერმის რისხვას! თქვენი დედების რძიდან გადმონადენ ნაღველს. რაც უფრო აშიმშილებთ აგრესიას, მით უფრო შეიცნობთ საკუთარ თავს”.
ლუისი: ოჰ, ეს მშვენიერია!
გიდეონი: ებრძოლეთ თქვენს ინსტინქტურ ანტიპატიას სხვა ადამიანებისადმი, ებრძოლეთ ძალაუფლების სურვილს, ებრძოლეთ მტრების შექმნის სურვილს. თუ თქვენ ბრძოლები გინდათ, მე ისინი მრავლადა მაქვს თქვენთვის! მე გეუბნებით, თქვენ უნდა ებრძოლოთ ყველა დამცველ მექანიზმს, რომელიც ევოლუციამ მემკვიდრეობით დაგიტოვათ. მხოლოდ ასე შეიძლება აღასრულოთ თქვენი მისია. მეჯავრება ეს სიტყვა. ფაშისტურია, ზიგფრიდული და ცოტა ტვინის ამრევი. მაგრამ სხვას ვერ ვიგონებ. ადამიანს აქვს მისია: იყოს მოსიყვარულე შემოქმედი, ან მკვდარი ბატი!” – ამაზე რას იტყვით?
დევიდი: (სიცილით) შენ გიჟი ბებერი მატრაკვეცა ხარ.
ლუისი: დევიდ!
გიდეონი: ძალიან გიჟი არა, იმედია.
დევიდი: არ ვიცი.
გიდეონი: ყოველ შემთხვევაში უდიდესი გადაწყვეტილება მივიღე. მე ვაპირებ მთელი ეს შაბათ-კვირა ვიშიმშილო!
ლუისი: იშიმშილო? რისთვის?
გიდეონი: ვფიქრობდი იმაზე, რაც მამამისმა თქვა: როგორ მოძველდა აქციები და პროტესტები. კეთილი, ამას ვერაფრით ვუშველი, რადგან ომი და ძალადობა კიდევ უფრო მოძველებულია. მაგრამ ყველაზე მცირე, რაც შემიძლია გავაკეთო – ოდნავ მაინც გამოვაცოცხლო ცხოვრება, პატარა შოუბიზნესის ინიექცია გავუკეთო იმას, რაც გარშემო ხდება. აქედან – შიმშილობა. გული რომ წამივიდეს შიმშილისაგან ქუჩაში, ეფექტი სენსაციური იქნება.
დევიდი: მე ეს არ მომწონს.
გიდეონი: კარგი რა. პათოსი ჯერ კიდევ რჩება საშუალო კლასებზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალებად.
ლუისი: მე ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. ხომ არ მოვთხოვოთ ყველას, ვინც მოვა, იშიმშილოს?
დევიდი: და ყველა ერთდროულად განერთხას ასფალტზე! შეგიძლია ნიშანი მისცე ცხვირის მოხოცვით, და ოცდახუთი ათასი კაცი მუცელზე ხელს მოიკიდებს და გაწვება.
ლუისი: ჰა,ჰა, ჰა!
გიდეონი: არა, ეს კარგი იდეაა, დევიდ. (ლუისს) რედაქციებში ხომ არ დარეკავ? თუ ვიჩქარებთ შეიძლება დილის გაზეთებშიც მოვხვდეთ. უთხარი, რომ მე ვაცხადებ ორდღიან მოშიმშილე პროტესტს და მინდა ყველამ იშიმშილოს, ვინც ხვალ იქ მოვა. პრესას ეს მოეწონება, ეს ისე მომხიბვლელად ვულგარულია.
ლუისი: (დგება) მაგარია!
გიდეონი: სულ ლაპარაკობენ, რომ მე ღრუბლებში დავფრინავ. ახლა იძულებულები გახდებიან აღიარონ რომ მაგარი ვარ.
ლუისი: ახლავე დავიწყებ. თქვენ ორნი კი წადით, დაისვენეთ და ძალა მოიკრიფეთ. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს. ახლავე, ორივე. (ლუისი კაბინეტში გადის)
გიდეონი: რა ხდება?
(პაუზა)
დევიდი: მოშიმშილე ხალხი დაუცველია.
გიდეონი: (ინტერესით) დაუცველი? რისგან?… რისგან უნდა დავიცვა თავი?
(პაუზა. დევიდი მხრებს იჩეჩავს, თან დაბლა იყურება)
გიდეონი: ისევ გაჭირვეულდი?… წავალ, მამაშენს ვნახავ. შენ წადი, დაიძინე. დილას ყველაფერი უკეთესად მოგეჩვენება.
(გიდეონი კიბისაკენ მიდის. დევიდი დგება მოუთმენლად. ამით შეშფოთებული გიდეონი მოტრიალდება მისკენ)
(გასახალისაბლად) მე მგონი მარიხუანის მოწევა დაშვებულია შიმშილობის დროს, არა? ახლა კმაყოფილი ხარ?
დევიდი: მშვიდობით.
(ბიჭი სწრაფად აუვლის გვერდს, კიბეებზე არბის და უჩინარდება
გიდეონი ადის კიბეზე და მარკის კარზე აკაკუნებს)
გიდეონი: მარკ!… მარკ!…
(მარკი ნელა გამოდის სააბაზანოდან)
გამიღე, გთხოვ. სულ ერთი წუთით.
(მარკი ოთახში შემოდის, არ პასუხობს)
გემუდარები, თუ შეიძლება შემომიშვი.
(მარკი სალოცავის წინ დგას)
მარკ…
მარკი: (სალოცავს უჩურჩულებს) შე ვიენე, ნონ ნე სონო რესპონსაბილე!
გიდეონი: ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ გნახავ. მთელი ღამე აქ დავრჩები. ეს ჩემი აქციის დასაწყისი იქნება.
(მარკი ხმამაღლა იცინის)
მოდი რა ახლა! შემომიშვი. (კარის სახელურს ეჯაჯგურება)
მარკი: Nონ ნე სონო.
(ის მიდის, სალოცავის კარს ხურავს. მერე ჩერდება და ისევ აღებს ცელქად. მიდის კართან, გასაღებს გადაატრიალებს და საწოლისაკენ იხევს. ჯდება. გიდეონი შემოდის)
გიდეონი: აქა მშვიდობა.
მარკი: მიკვირს.
გიდეონი: რა?
მარკი: საკეტები რომ ვნახე “შრაივინგსში”.
გიდეონი: ადამიანებს ზოგჯერ განმარტოება სჭირდებათ.
მარკი: შენ გინდა თქვა, სიყვარულისათვის?
გიდეონი: ამისთვისაც, სხვათა შორის.
მარკი: და ვინ ეძლევა სიყვარულს აქ?
გიდეონი: ახალგაზდრები ჩერდებიან აქ ყოველ ღამე, ვგონებ, სულ ამით არიან დაკავებული.
მარკი: როგორ იტანს ამას მის ნილი? აღფრთოვანებულია მთელი ამ ჰიპების შეჯვარებით?
გიდეონი: (ღიმილით) ვფიქრობ, ის ამაზე თვალს ხუჭავს.
მარკი: ჰო, მე ვნახე ეს დახუჭული თვალი. დიდებულია. დიდი წინსვლაა შენი ყოფილი ცოლის შემდეგ, მართალი რომ ვთქვა.
გიდეონი: მართლა?
მარკი: ენიდის თვალები ორ კენჭს გავდა გაყინულ მდინარეში. ახლაც თვალწინ მიდგას.
გიდეონი: სულ არ დაგიკარგავს ხუმრობის უნარი, ძვირფასო! (მიტრიალდება და სალოცავს დაინახავს)
მარკი: ჯულიას თვალები, რა თქმა უნდა, გახსოვს. მათ გარშემო შარავანდედი ერტყა, ამ ფიტულზე უხილავი, რა თქმა უნდა. მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი დევიდზე.
გიდეონი: ჰო.
მარკი: ხელოსანს გავაკეთებინე კორფუზე, ძველი ფოტოგრაფიიდან. როგორც სუვენირი კარგია. როგორც რელიქვიაც.
გიდეონი: რელიქვია?
მარკი: მისი ფერფლისათვის.
(პაუზა)
გიდეონი: რა ლამაზია.
მარკი: ჰო კარგი. მაშ ასე, ორი ბებერი კაცი, ორი მკვდარი ცოლით.
გიდეონი: პედანტურები თუ ვიქნებით – შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ენიდი ჯერ კიდევ ცოცხალია.
მარკი: ვიღაც ბუღალტერზე გათხოვილი, როგორც ვიცი.
გიდეონი: ჰო, ბერკშირში.
მარკი: განა ეს სიკვდილი არ არის?
გიდეონი: (სიცილით) შენ ნამდვილად აღმაშფოთებელი ხარ!
მარკი: გენატრება?
გიდეონი: ძალიან.
მარკი: ახლაც?
გიდეონი: ჰო.
მარკი: მე ხვალ მივდივარ.
გიდეონი: მიდიხარ?
მარკი: კორფუზე.
გიდეონი: გაგონებაც არ მინდა. რატომ?
მარკი: გადავეჩვიე სტუმრად ყოფნას.
გიდეონი: (რბილად) “შრაივინგსში” არ არიან სტუმრები. შენ ოჯახის წევრი ხარ.
მარკი: ჩემი შვილიც ამ ოჯახის წევრია?
გიდეონი: ყველა, ვინც აქ ცხოვრობს.
მარკი: ის კი აქ ექვსი თვე ცხოვრობს. ალბათ მოსწონს. აბა რა, რაც უფრო არარეალურია ადგილი, დევიდი მით უფრო იფურჩქნება.
გიდეონი: არარეალური?
მარკი: ჩვენ ადგილის ხალხი არა ვართ, არც დევიდი, არც მე. მამაჩემის გვარი ასკელონი კი არ იყო. არამედ აშკენაზი. ისრაელელი აშკენაზი, გეტოს სახე. მან არ დამიტოვა სახლი ამ მიწაზე, მხოლოდ შური სხვისი სახლების მიმართ. ეგ ბიჭი ვერასოეს გაივლის Dორსეტ Lანე-ზე როგორც ინგლისელი, ღოცკ ოფ Vერმონტ Pორცჰ-ზე როგორც ამერიკელი და ვერასოდეს ჩათვლემს კორფუს კვიპაროსების ჩრდილში როგორც ბერძენი. ის ნაჯვარია. რუს-ებრაელ-ინგლისელ-ნეაპოლიტანელის ჰიბრიდი! დაბადებული ერთ კუნძულზე და ძუძუს მოგლეჯილი მეორეზე.
გიდეონი: (ენერგიულად) იღბლიანი ყოფილა! ყოველ შემთხვევაში მას შანსი არა აქვს თავი ილუზიებით ამოივსოს! ჩვენ ყველა ჰიბრიდები ვართ, მარკ. ნუ ეძებ სახლს საკუთარ სისხლში! სახლი ნების აქტია.
მარკი: ნუთუ?
გიდეონი: ნუ დაუშვებ შეცდომას: “შრაივინგსი” რეალურია. ის მაშინაც კი რეალური იქნებოდა, ნაჭრის ქოხი რომ იყოს. ჰკითხე ხალხს, აქ რომ მოდის, იმედით სავსე ახალგაზრდებს, აქაურობას რომ ავსებენ ყოველ საღამოს. ეს არ არის ის ოჯახი, რომელიც აქამდე იყო ცნობილი – გაუსაძლისი მოწყენილობა ქალისა და კაცისათვის და წამების საკანი ბავშვებისათვის. ოჯახის ეს იდეა მოძველდა – საცოდავი პატარა ჯგუფი, გამოყოფილი ბრტყელი კარით ან ბაღის მესერით!.. (ვნებიანად) არა, ძვირფასო. აქ არის სიყვარულის ახალი კერა. დარჩი ჩვენთან, და არა მარტო ორშაბათამდე, შენ თვითონ ნახე… ერთ შაბათ-კვირას, შენი გულისათვის მე ყველა წესი დავარღვიე და “შრაივინგსი” დავხურე – მხოლოდ იმისთვის, მარტო რომ დავრჩენილიყავით. მგონი, შევცდი.
(ხელს გაიშვერს მარკისაკენ)
მარკი: (ცივად) მე ხვალ მივდივარ. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
გიდეონი: (ძალიან რბილად) ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ.
მარკი: თუ შეიძლება წადი.
გიდეონი: არა მჯერა, რომ ამას გულით ამბობ.
მარკი: წადი!
(პაუზა)
გიდეონი: მშვიდობით.
(გიდეონი გადის ოთახიდან. მარკი ზის ერთი წამი, ერთხელ კიდევ მოიყუდებს ბოთლს – მერე უეცრად მისდევს ქვევით. შეშფოთებული გიდეონი შემოტრიალდება)
მარკი: (ამოხეთქავს) კარგი! გადამარჩინე!
(პაუზა.
ლუისი გამოდის კაბინეტიდან. მარკი დაუყოვნებლივ გატრიალდება)
ლუისი: ოჰ, უკაცრავად.
გიდეონი: არა უშავს, ძვირფასო.
ლუისი: ექვს გაზეთს ველაპარაკე. ყველა დაწერს რამეს დილის გამოშვებაში.
გიდეონი: კარგი გოგო ხარ. (ის ჩუმად ანიშნებს ლუისს, რომ წავიდეს)
ლუისი: ძალიან გვიანობამდე ნუ დარჩები. ღამე მშვიდობისა, ბატონო ასკელონ. (ნაზად) მშვიდობით.
(მარკი თავს უქნევს. ლუისი ზევით მიდის. პაუზა)
გიდეონი: რისგან გადაგარჩინო?
მარკი: მტვრისაგან.
გიდეონი: მტვრისაგან?
მარკი: ჰო, ხეების მტვრისაგან.
გიდეონი: დილით ლაპარაკობდი ამაზე. ნიუ იორკში. არეულობა ნიუ იორკში.
მარკი: ჰო?
გიდეონი: ქუჩებში ხეების მტვერი დაფრინავდა.
მარკი: ჰო.
გიდეონი: მერე?
მარკი: ძნელია.
გიდეონი: ჰო?
(გრძელი პაუზა)
მარკი: ის იქ იყო, ჩვენს შორის, ჩემსა და იმ სტუდენტს შორის. ჩვენს შორის, გრძელ ნაკადში. მე დავრჩი ჩემი ადვოკატის ფანჯარასთან და ვუყურებდი. ის იჯდა ტროტუარზე და მიყურებდა, ამ მტვრის ფარდის მიღმა. უსასრულოდ. მინდა ვთქვა ხუთი წუთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხუთი საუკუნე, სანამ არ დავინახე, როგორ გადავიდა ძველ დროში, სულ ცოტა 500 წლით უკან, როცა უოლ სტრიტი ჯერ კიდევ გრანიტის კლდე იყო, წითელკანიანთა ფეხებით ატალახებული, და ის კი სულ სხვა არსება, რომელსაც თავისი სისხლიანი სკალპი ეჭირა ხელში… ხუთასი წელი და არავითარი ცვლილება. ხუთი ათასი, და მაინც ისევ ის საშინელება. მგლეჯელები და დაგლეჯილები. ბრძანების გამცემები, მწვალებლები, უსიხარულონი, რომლებიც ბრუნდებიან და ბრუნდებიან ისევ, გაზაფხულივით – უცვლელად… იცი როგორი გემო აქვს უცვლელობას? ის ბიჭი იჯდა, მიწას მიწებებული, მის წითელ თავს ზედ მტვერი დასტრიალებდა, მოციმციმე მტვრის ღრუბლები – ისევ და ისევ სისხლის ლაქის გარშემო, როგორც ბუზები… გარეთ გადავყავი თავი და ის პირში შემიფრინდა, ვისუნთქავდი. ვღეჭავდი – მუცელში ჩამივიდა, როგორც დაფქვილი ნარკოტიკი: მკვდარი გაზაფხული – მრგვალი, მკვდარი, უცვლელი გაზაფხული თავისი უაზრო გამონათებებით. ვუყურებდით და ვუყურებდით ერთმანეთს, დაუსრულებლად წვეთავდა მისი სისხლი კანალიზაციის ორმოში, მტვერი ტრიალებდა ჩემს შიგნით, ყურებში მეჭედებოდა, სანამ ცუდად არ გავხდი. გული ამერია და იმ მშვენიერი შენობის კედელზე ამოვარწყიე. მე ვხედავდი ჩემს ნარწყევს შუშის კედლებზე რომ მიედინებოდა, და ბიჭმა სიცილი დაიწყო.
გიდეონი: ოჰ, ჩემო ძვირფასო მარკ! ჩემო საბრალო!
მარკი: იჯდა იქ – ქერა თოჯინა, თავის კომბინეზონში! იჯდა იქ, ტროტუარზე – ჩემი ცოლი, თავის ტილოს ჟაკეტში, და მე მომჩერებოდა, ეს გაშეშებული თვალები, Gესუ! Gესუ!
გიდეონი: შენი ცოლი?
მარკი: ჰო!.. ჰო!..
(პაუზა)
საჯარო მკვლელობა თუ კერძო, ეს ერთი და იგივეა.
გიდეონი: (შეშფოთებული) მკვლელობა?
მარკი: მოგლიჯო თმა – მოგლიჯო სიცოცხლე. ეს ერთი და იგივეა. მეორეს უფრო დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ერთი და იგივეა.
გიდეონი: რას გულისხმობ, მარკ? მკვლელობა?
მარკი: (მშრალად) მოკვლა. სიცოცხლის წართმევა.
გიდეონი: რას ამბობ?
მარკი: მე ვამბობ, რომ მე მოვკალი ჩემი ცოლი. ძნელი მისახვედრია?
გიდეონი: ოჰ, მისმინე – ძვირფასო…
მარკი: ჰო?
გიდეონი:E ეს სულ ჩემი ბრალია. არ უნდა მიმეტოვებინე მარტო იმ ვილაზე! მე თვითონ უნდა ჩამოვსულიყავი და აქ წამომეყვანე. გთხოვ, მაპატიე ჩემი ეგოისტობა… ხანდახან უსაშინლეს შეცდომებს ჩავდივართ; მხოლოდ იმის შიშით, რომ სხვის მწუხარებას ხელი არ შევუშალოთ.
მარკი: მწუხარება? მხოლოდ ეს არის, რასაც ხედავ? მწუხარება?
გიდეონი: ეს ყველაზე გამხრწნელი გრძნობაა ამქვეყნად.
მარკი: დიდი პოეტი, რომელიც თავის სიყვარულს გლოვობს! მოწყალე იესო!… შეხედე შენს თავს. რას ხედავ? (ბოროტად) წირპლიან შეწუხებულ ბებერ თვალებს. რისი დანახვა შეგიძლია ნამდვილად გიდი, მთელი ამ თეთრი ლორწოს მიღმა?
(პაუზა)
გიდეონი: (შეუცვლელი ხმით) მე მირჩევნია ვიფიქრო, რომ ეს სულის გამონადენია.
(პაუზა)
მარკი: (უფრო ჩუმად) შენ თორმეტი წლის წინათაც ვერ ხედავდი. კორფუზე რომ იყავი უკვე მაშინ მქონდა დაწყებული მისი მოკვლა. შენ ამის დანახვა არ შეგეძლო.
გიდეონი: (შეწუხებული) ჩემო ძვირფასო – ჩემო ძვირფასო, ძვირფასო ადამიანო…
მარკი: ყველა დეტალი რომ გიამბო, რომ აგიღწერო ზუსტად, როგორ მივიყვანე აღსასრულამდე – რა ვუქენი მის უკანასკნელ ღამეს ამ ქვეყანაზე… მაინც არ დამიჯერებ. მე ხომ შენი რჩეული ვარ, შენი პირველი ჩიტი.
გიდეონი: რა თქმა უნდა, ხარ.
მარკი: შენი არწივი.
გიდეონი: დიახ.
მარკი: არა, გიდი.
გიდეონი: (ვნებიანად) დიახ, ჩემი არწივი! ყველაზე საოცარი მოსწავლე, რომელიც ოდესმე მყოლია. ყველაზე შესანიშნავი მეგობარი!
მარკი: (წყნარად) გეყოფა.
გიდეონი: ამის დაჯერება შენ არასოდეს შეგეძლო, ყველაფერი, რასაც აკეთებდი, ჩემთვის საოცრება იყო.
მარკი: გთხოვ, გეყოფა, გიდი.
გიდეონი: ახლა, როცა ისევ გიპოვე, ვერ გაგიშვებ სანამ მოტეხილ ფრთებს არ მოგირჩენ და ისევ ცაში არ გაგიშვებ – შენს სტიქიაში – შენს კუთვნილ ადგილას!
მარკი: გეყოფა! შეწყვიტე, გეყოფა!
(პაუზა.
მარკი გიდეონის თავს თავისკან მოწევს ფრთხილად და სახეში ჩახედავს. რბილად)
დამიჯერე, ბებერო მასწავლებელო, მე შემიძლია ამოგაგლიჯო რწმენა თავიდან ისევე ადვილად, როგორც იმათ მოაგლიჯეს თმა იმ ბიჭს.
გიდეონი: (თანაბრად) ღმერთო ჩემო.
(გიდეონი იღიმება. უძრავად დგანან, ძალიან ახლოს, ერთმანეთს მიშტერებიან)
მარკი: საბრალო მარკი, მწუხარებამ სულ გამოაშტერა, არა?
გიდეონი: ცოტა უსამართლო გახადა თავის თავისადმი, მე მგონი.
მარკი: (წყნარად) ვერაფრით დაგარწმუნებ, რომ საფრთხე გელის?
გიდეონი: შენგან?…
მარკი: ეს მწუხარება არ არის, გიდი! გაფრთხილდი.
გიდეონი: მაშ რა არის, ძვირფასო?
მარკი: მტვერი. ის ცვლილებებს ეძებს… იცი რამდენი დრო დამჭირდა, რომ საბოლოოდ დამეღწია თავი შენი რწმენისაგან? დრო, რომელიც სჭირდება, რომ დაარწყიო ზევიდან კედელზე. ახლა მე ვიცი – და უნდა სხვებსაც გავაგებინო.
გიდეონი: რა იცი?
მარკი: რომ წმინდა გიდეონის სახარება სიცრუეა. რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, ვერ შევიცვლებით უკეთესისაკენ, ვერავითარ შემთხვევაში. რომ ჩვენ სრულიად და სამუდამოდ გამოუსწორებლები ვართ.
გიდეონი: არა.
მარკი: ჩვენ ყოველთვის მოვკლავთ, ჩვენ ვაწამებთ ყოველთვის, ჩვენ დავატეხთ ჩვენს ავხორც ვნებებს თავზე მტრებს, რომლებსაც ამ მიზნით ძალით შევქმნით.
გიდეონი: არა.
მარკი: დამიმტკიცე.
გიდეონი: შეუძლებელია. ეს რწმენაა, როგორც სხვა მრავალი.
მარკი: (ირონიულად) რწმენა! წმინდა გიდეონ პეტრი თავის გონიერების ყეყეჩ ტახტზე, სიჭაბუკის შარავანდედით გარშემორტყმული! იცი, რას ამბობენ შენზე? შენ სწავლებას შეუძლია მარტომ იხსნას მსოფლიო – იმიტომ რომ შენ ჩააჭკნე შენში სიძულვილის ფესვები. შესაძლებელია ეს? (ეშმაკურად) რა მოხდება, რომ დავანახო მათ მათი შეცდომა – მის ნილს და ჩემ უძვირფასეს შვილს?.. “დარჩი ჩვენთან” ამბობ შენ “ამ სიყვარულის კომუნაში”. მე გეუბნები, თუ მე დაგთანხმდები, ისინი ნახავენ, როგორ გამაგდებ აქედან სიძულვილით.
გიდეონი: არასოდეს.
მარკი: ერთ კვირაში.
გიდეონი: არასოდეს.
მარკი: ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში.
გიდეონი: (უდრტვინველად) არასოდეს. არასოდეს. არასოდეს.
(პაუზა)
მარკი: (მტკიცედ) ძალიან კარგი. ვნახოთ?.. მე გთავაზობ ბრძოლას. ახლა პარასკევი ღამეა. მე ვამბობ ორშაბათ დილამდე – ჰუმანური მწერლობისათვის ჩვენი საერთო დაჯილდოების დღემდე – შენ მე გამაგდებ “შრაივინგსიდან”. რას იტყვი ამაზე?
გიდეონი: წააგებ.
მარკი: მე მინდა წაგება! რადგან თუ შენ წააგებ, ეს ორივესათვის აღსასრული იქნება… თუ შენ შეძლებ მთელი შენი სიკეთით ცოცხალი გადამარჩინო, მე დავრჩები და ვიღვაწებ, როგორც შენი მოციქული. მაგრამ შენ დასთმობ – მიბრძანებ რომ წავიდე, და ვეღარასოდეს შეძლებ უკეთესობისაკენ სწრაფვის ქადაგებას. მე კი ჩავბარბაცდები ამ ვერხვების ხეივანში და პირდაპირ დედა ეკლესიის მკლავებში ამოვყოფ თავს. რომაულის თუ ბერძნულის – ეს მოგვიანებით გადაწყდება. აი ასე. მე შენ “შრაივინგსის” ომში გიწვევ. (სვამს)
გიდეონი: იცი, ჩემო ძვირფასო, ნამდვილად ყველაზე ხუმარა ადამიანი ხარ ამქვეყნად.
მარკი: ხომ ვარ?
გიდეონი: ვფიქრობ, შენ ნებისმიერ რამეს იტყვი, ოღონდ დრამატული იყოს!
მარკი: მე მტვრიდან გამოვედი. ადამიანების ტაძარში. შევუერთდები თუ ძირს დავეცემი?.. შენ მართალი ხარ. მე სასაცილო ვარ. ნახვამდის. (ის კარისაკენ მიემართება)
გიდეონი: მარკ!
(მარკი ჩერდება, შემოტრიალდება)
დარჩი ამ სახლში, რამდენიც გინდა. “შრაივინგსი” არასოდეს გაგაგდებს.
მარკი: ასე იყოს.
გიდეონი: ახლა ძალიან გვიან არის. ჩვენ შეგვიძლია ეს ხვალ დავასრულოთ, კარგი?
მარკი: შენ ახლა სხვა არჩევანი არა გაქვს.
გიდეონი: (ხალისით) ოჰ, ღმერთო ჩემო.
(მარკი მიდის კიბისაკენ, მერე მოტრიალდება)
მარკი: იცი მე ვინა ვარ?
გიდეონი: ვინ?
მარკი: ის ავაზაკი იარაღით. მესროლე, და შენ მკვდარი ხარ.
გიდეონი: M მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ჩემო მეგობარო.
მარკი: შეუძლებელია. ომი დაიწყო.
(ის ზევით ადის. გიდეონი უყურებს, მერე მიდის თავის საძინებელში. სინათლე ნელა ქრება)

ფარდა

მეორე მოქმედება

სცენა 1
შაბათი ღამე.

თერთმეტი საათია. მარკი მარტო ზის მაგიდასთან და დიდ რადიო ტრანზისტორს უსმენს.
დიქტორი: დებატებში, რომელიც ამას მოჰყვა, ბატონმა Lლუკას ბრანგვინმა, ბლუმსბერის რაიონის დეპუტატმა, დევონშირის მოედნის დანგრევას ‘სხვა არაფერი თუ არა ნაციონალური სკანდალი’ უწოდა. ამის საპასუხოდ მშენებლობის მინისტრმა თქვა, რომ არავინ დარდობს ძველი ლონდონის განადგურებას მასზე მეტად, მაგრამ მას გულწრფელად ჯერა, რომ ემოციებს ადგილი არ უნდა ქონდეს იქ, სადაც საბოლოოდ ბრიტანელი ხალხის ინტერესები წყდება.
(პაუზა)
დღეს ნაშუადღევს ორ საათზე, სერ გიდეონ პეტრი დაჯდა პარლამენტის მოედანზე ვესტმინსტერში, თემთა პალატის შენობის წინ და დაიწყო პირველი, თავისი ორი ექვსსაათიანი მჯდომარე საპროტესტო აქციებიდან, ბრიტანეთში ყველანაირი იარაღის დამზადების აკრძალვის მოთხოვნით. მას თან ახლდნენ მსოფლიოს მშვიდობის ლიგის წევრები, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ ბატონი გიდეონი, და მრავალი სტუდენტი და თანამოაზრე. მცირე ძალადობის შემთხვევებს ქონდა ადგილი, როდესაც იმპერიის ლოიალისტების ლიგის წარმომადგენლების ჯგუფმა ნაგვით სავსე პარკები ესროლა მჯდომარე ხალხს. ისინი გაყვანილი იქნენ პოლიციის მიერ.
(მარკი იღიმება)
ბატონი გიდეონი, რომელსაც აგრეთვე ორდღიანი შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თავშეკავებული ჩანდა და იღიმებოდა.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ გაბატონებული აღმოსავლეთის ქარები შესუსტდება და ხვალ დათბება, თუმცა მოსალოდნელია ძლიერი წვიმა_
(მარკს სხვა ტალღაზე გადაჰყავს. ხმამაღალი როკ-მუსიკა ისმის რადიოდან, მარკი ზიზღით გამორთავს. შემოსასვლელი კარის ჯახუნი ისმის. დაბრუნებული დემონსტრანტების ხმები ისმის, მარკი დგება და ფეხაკრეფით გადის სამზარეულოში.ოთახში აღელვებული და აწითლებული გიდეონი, ლუისი და დევიდი შემოდიან, და პალტოებს იხდიან. ლაპარაკ-ლაპარაკით იხდიან ფეხსაცმელებს და იძრობენ შარფებს. დევიდი პალტოს და ბერეტს ართმევს გიდეონს და ბაღის კართან საკიდზე კიდებს.)
ლუისი: ჰო, მაგარი იყო! ეს ყველაზე მაგარი იყო!
დევიდი: არა, მოხუცი კაცი შლაპაში იყო ყველაზე მაგარი!
ლუისი: ჰო, და ნახე ის მოხუცი ქალი ქურქში, ჰარი კრიშნას რომ ცეკვავდა იმ ბავშვებთან ერთად? თავი მოვისულელე და ვკითხე, რას აკეთებდა. იცი, რა მითხრა? (ქალის კილოს აჯავრებს) “რა ვიცი, გენაცვა? ახალი რელიგიაა. მოაჯექი ქრისტიანს.”
გიდეონი: (იცინის) მშვენიერია. ნეტა მეც შევსწრებოდი.
ლუისი: მაგარია, არა?
დევიდი: იცი, მე ვინ მომეწონა ყველაზე ძალიან? შენ შეიძლება ვერც შეამჩნიე, დაბალი მსუქანი კაცი, ხელში ღორის ხორცის ღვეზელი ეჭირა, შიგ ჩარჭობილი დროშით: “მშვიდობა ყველა ღორს!”, გამოირკვა, რომ ვეგეტარიანელების საზოგადოებიდან იყო.
(ლუისი იცინის)
გიდეონი: ოჰ, ეს მშვენიერია! ეს მართლაც ყველას ჯობდა!
ლუისი: ყველა შიმშილობდა, იცი, ყველა, ვინც მოედანზე იყო, გეფიცები.
დევიდი: ის გოგო მინიკაბაში ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი თვე იშიმშილა.
ლუისი: რა სუნია?
(პაუზა. ისინი ყნოსავენ)
დევიდი: სამზარეულოდან მოდის.
ლუისი: შეუძლებელია.
გიდეონი: ოჰ, ძალიანაც შესაძლებელია. (პატარა პაუზა. იძახის) მარკ!
(მარკი შემოდის სამზარეულოდან, წინსაფარში, თავზე გაზეთის “მზარეულის ქუდით”, ხელში დიდი დანა უჭირავს)
მარკი: მე მეძახდით, ბატონო?
გიდეონი: აქა მშვიდობა.
მარკი: როგორა ხართ? გავიგე, ხალხმა რაღაცეები გესროლათ.
გიდეონი: (წყნარად) სულ ცოტა. პირველად არ არის, როდესაც იმპერიის ლოიალისტების ლიგა თავის ნაგავს ბრიტანეთის საზოგადოების თავზე ცლის. ამასთან მე სანდო ხელებში ვიყავი. ეს ორნი ისე მივლიდნენ მთელი დღე, როგორც მამაცი მფრინავები. არიან კიდეც!
ლუისი: არაფერიც, გიდი. ის მართლაც მაგარი იყო, ბატონო ასკელონ! უნდა გენახათ! მისი თავი მთელი იმ უზარმაზარი ბრბოს მყარი ცენტრი იყო!
გიდეონი: თუმცა ის ვერც ძალიან მყარად გრძნობდა თავს, და ვერც მაინც და მაინც ცენტრში, მართალი რომ გითხრათ!
მარკი: რატომ? ზედმეტი ხომ არ მოგივიდა შიმშილი?
გიდეონი: სულაც არა. პარლამენტის ორი წევრი დავინახე, აშკარად თემთა პალატის სასადილოდან მოდიოდნენ. შურით მიყურებდნენ.
ლუისი: ცხელი აბაზანა უნდა მიიღო და მერე პირდაპირ ლოგინში. მე მოგიმზადებ.
გიდეონი: (მარკს მისჩერებია) ახლავე. შენ მგონი რაღაცას ამზადებ.
მარკი: დიახ. მე სუსტი ძმა ვარ, ვწუხვარ, უნდა ვაღიარო. მთელი დღე ვითმინე, სოლიდარობის გამო. მაგრამ ზუსტად თხუთმეტი წუთის წინ გავტყდი. პატარა კერძის დამზადება დავიწყე. რა თქმა უნდა, ისე შევჭამ, თქვენ რომ არ დაგანახოთ, იქ.
(სამზარეულოში გასვლას აპირებს)
გიდეონი: მარკ.
მარკი: დიახ?
გიდეონი: მოიტანე შენი პატარა კერძი აქ. გთხოვ.
მარკი: (გაბადრული) რა თქმა უნდა.
(ის გადის. ყველა სამზარეულოსაკენ იყურება. დევიდი იატაკზე ჩაიცუცქებს. მარკი გამოდის ქუდისა და წინსაფრის გარეშე. ხელში სავსე ლანგარი უჭირავს) აი ჩვენც მოვედით. (მაგიდას მიუჯდება, ნაჭრის თეთრ ხელსახოცს შლის და ნიკაპთან იმაგრებს) ერთი-ორი ცხვრის კატლეტი, რა მოგამაგრებს ამაზე უკეთ?
ლუისი: (შოკირებული) ცხვრის კატლეტი?
მარკი: სოფელში ვიყიდე ნაშუადღევს! (ლანგარს სახურავს ახდის) შეხედეთ ერთი – ინგლისურ ყაიდაზე ლამაზად შებრაწული. ცოტა ფრანგული სალათი, ცოტა სურნელოვანი კარაქი, პირში რომ დნება. ერთი ბოთლი 1964 წლის კორდონე. შენ საცოდავი სპარტანელი ხარ, გიდი. ვისარგებლე თავისუფლებით და ტელეფონის საშუალებით შევუკვეთე. (ბერძნულ თასს ასწევს) აბა, შიმშილს გაუმარჯოს! ნებაყოფლობით შიმშილს, რა თქმა უნდა.
(სვამს. დევიდი იცინის. ლუისი აღშფოთებულ მზერას ესვრის)
(გიდეონს) ისე, შთამბეჭდავი იყავი? ააჩუყე გულები და შეძარი ტვინები?
(გიდეონი მიდის და მის გვერდით ჯდება)
გიდეონი: იმედი მაქვს. ასე თუ ისე.
ლუისი: მთელი დღე მხნედ იყო.
მარკი: მართლა?
გიდეონი: ხალხი თვითონ იმხნევებდა თავს, მართალი რომ გითხრა. ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
ლუისი: (ღიმილით) არ იყო ეგრე. როცა წასასვლელად ადგა, კინაღამ დავყრუვდით. თქვეს, რომ ხვალ უფრო მეტი ხალხი იქნება.
მარკი: ხვალაც მიდიხარ, დევიდ?
ლუისი: მოდის, რა თქმა უნდა! იქნებ თქვენც გადაიფიქროთ და წამოხვიდეთ?
მარკი: შენც შიმშილობდი, დევიდ?
დევიდი: არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, არაფერი მიჭამია.
ლუისი: აბა რას ამბობ. რა თქმა უნდა შიმშილობდი. შენ ხომ თქვი.
დევიდი: მართალი გითხრა მე არაფერი მითქვამს. ეს შენ მითხარი, რომ ვშიმშილობ.
მარკი: (უგულისყუროდ) კარგი, გინდა ახლა ჭამო რამე? აქ მეორე კატლეტიც არის.
ლუისი: (აღშფოთებული) ნამდვილად არ უნდა!.. (გიდეონს) ის კაცი ვნახე “ობზერვერიდან”, სურათებს იღებდა გიჟივით. ნახევარი საათი ცდილობდა თავი მიგეტრიალებინა მისკენ. ხვალაც მოვა.
გიდეონი: იქნებ მის დასანახად გულიც წამივიდეს და დავეცე!
ლუისი: ჩემს მკლავებში!
გიდეონი: ჩინებული იდეაა. ბრწყინვალე პლაკატი გამოვა. “პიეტა” უკუღმა შეტრიალებული ასაკით!
(დევიდი დგება)
დევიდი: (მარკს) გმადლობთ. შევჭამ (პაუზა) კატლეტს.
(მაგიდასთან მიდის)
მარკი: რა საკვირველია – ინებე, აი
(ის ჩანგალს ჩაარჭობს ერთ კატლეტს და აწვდის გიდეონს, რომელიც ყნოსავს ინტერესით და დევიდს გადასცემს)
გიდეონი: (აუღელვებლად) Bონ აპპეტიტ!
დევიდი: გმადლობთ.
(ჯდება. ლუისი შეხედავს)
მარკი: ღვინოც მიირთვი.
დევიდი: არა, გმადლობთ. მართალი რომ გითხრა, მაინც და მაინც არ მიყვარს ალკოჰოლი.
ლუისი: მარიხუანა ურჩევნია.
მარკი: მართლა?
დევიდი: ჰო. ვფიქრობ ეს უფრო მარგებელია. ან, თუნდაც, ნაკლებად მავნე.
მარკი: ეს არგუმენტი ადრეც გამიგონია, ჩემო ბიჭო. ქვაბმა ქვაბს უთხრა ‘შე მურიანოო’.
(დევიდი იცინის)
ლუისი: აბაზანას მოგიმზადებ, გიდი. თუ შეიძლება, ზევით ამოდი.
(კიბისაკენ მიდის)
გიდეონი: ძალიან კარგი. (დევიდს) შენ თვლი, რომ ეს ამაზრზენია, არა?
დევიდი: (პირი სავსე აქვს) დიახ.
ლუისი: იმედი მაქვს გადაგცდება და დაგახრჩობს.
(ზევით ადის)
მარკი: როგორ აკეთილშობილებს პაციფიზმი ადამიანებს.
დევიდი: არაფერი ჭირს.
გიდეონი: ის ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს, ჩვენი მიმინო.
მარკი: ბრძნულად.
(გიდეონს უღიმის)
გიდეონი: უკაცრავად, მაპატიეთ.
(ზევით ადის)
მარკი: კარგია. ბოლოს და ბოლოს მარტო დავრჩით.
დევიდი: ჰო.
მარკი: მე… ისევ ისეთი ვარ, როგორიც გახსოვდი?
დევიდი: ცოტა წონაში მოგიკლია.
მარკი: ნეტა სად? (იცინის) კარგად არის ცნობილი, აღარავინ მკითხულობს. იცი, არც ყოფილა არაფერი წასაკითხი ამ ბოლო დროს, “შრაივინგსში” წარმოებული პროდუქციისაგან განსხვავებით. აქ ნამდვილი ფოლოსოფიის ქარხანაა! (თასს ასწევს) სახლს გაუმარჯოს!
(სვამს და სასმისს შვილს აწვდის. ისიც სვამს)
დევიდი: გაუმარჯოს სახლს.
მარკი: ბედნიერი ხარ აქ, არა?
დევიდი: ჰო.
მარკი: კარგია. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია სამუდამოდ აქ დარჩენას აპირებდე. ადრე თუ გვიან “შრაივინგსი” ავეჯით გაივსება. თუ სახელოსნოს გახსნას და მთელი რაიონის ავეჯით მომარაგებას არ დააპირებ.
დევიდი: არ ვაპირებ მთელი ცხოვრება დურგალი ვიყო, ხომ იცი.
მარკი: მართალი გითხრა, ახლა რომ ხარ, ისიც ვერ წარმომიდგენია. სინამდვილეში ვინ გინდა იყო?
დევიდი: არ ვიცი.
მარკი: რაღაც იდეები მაინც ხომ უნდა გქონდეს?
დევიდი: ისინი სულ იცვლება.
მარკი: კარგი, მაშინ ერთი მაინც გავიგოთ.
დევიდი: გასულ კვირას მინდოდა ბებერი ქალი ვყოფილიყავი.
მარკი: ჰო?
დევიდი: აქ რომ ცხოვრობს შორიახლო. უცნაურია, მაგრამ ყვავილებით სავსე კოტსუოლდსი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ხმელთაშუაზღვისპირეთი. ალბათ მწვანე გონებას მირევს, ყვითელი კი – არა… მდინარის მეორე ნაპირას სასეირნოდ წავედი. იქ აგურის სახლი იყო, ზედ ეწერა “მურაბა გასაყიდად”. კარი ღია იყო და რადიოლა იყო ჩართული. ღია ფანჯარაში ვხედავდი, ნამდვილი რადიოლა, ძველებური, წინა მხარე მოვარაყებული ჰქონდა, კარზე დავრეკე და ის ქალი გამოვიდა. წითელი დაკოჟრილი თითებით და დაგრეხილი თმის სამაგრებით. დამინახა და გაიღიმა. უბრალოდ გაიღიმა. უზარმაზარი ღიმილით, მთელი ეროვნული ჯანდაცვის კბილებით: ნიძლავს დავდებ, ასე გაღიმება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა იმ ადგილას ოთხას-ხუთას წელს გაატარებ. ის მთლიანად იქ იყო. დიდი ქეჩის ფოსტლები ეცვა, ალაგ-ალაგ ამოჭრილი ბებერი კოჟრებისათვის, ისინი დერეფნის ნაწილები იყო, დროშებივით. ყველაფერი ძალიან სოლიდურად ეჭირა ხელში, ქილა მურაბით, ჩემი მიცემული ფული, კარის ურდული, და, იცი რა – ერთადერთი, რასაც ამბობდა იყო “მადლობა”. ისევ და ისევ. “მადლობა”. პატარა მარტივი სიმღერასავით “მადლობა შილინგისათვის. მადლობა სიცივისათვის. მადლობა ქლიავისთვის და თმის სახვევებისა და რადიოლასთვის. მადლობა იმისათვის, რომ გზა მკითხეთ”. და უცებ მომინდა ის ქალი ვყოფილიყავი, უფრო მეტად, ვიდრე რაიმე სხვა.
მარკი: კარგი. მე ეს დავიმსახურე.
დევიდი: რა?
მარკი: შენ საქმეს მიხედე, მამა. შენ დაკარგე შეკითხვის უფლება.
დევიდი: მე მაგის თქმა არ მინდოდა!
მარკი: ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი გონებამახვილი შვილი მყავდა. რა ლამაზად მოახერხე ჩემთვის ამის თქმა.
დევიდი: ეს ასე არ არის!
მარკი: შშშ! აღარ გინდა სიტყვები. ისედაც მესმის… ეჭვი არ მეპარება, გიდეონთან საუბარი უფრო გეადვილება. აბა რა. ბუმბერაზ ინტელექტს რამდენიმე თვეში შეუძლია ყველაფერი ისწავლოს, ახალგაზრდების ენაც კი.
დევიდი: შენ უნდა გესმოდეს, რაზე ვლაპარაკობ. შენ უნდა გესმოდეს!
მარკი: კარგი, მეც შემიძლია ვისწავლო. შენ მოგიწევს მასწავლო, რა თქმა უნდა. ეს ახალი ენაა – ყოველთვის არის – ახალგაზრდების ინგლისური.
დევიდი: არ გინდა!
მარკი: რა?
დევიდი: შენ “სახლი” ახსენე!
მარკი: (მკვეთრად) და შენ ის იპოვე. ძალიან კარგი!
(სიჩუმე. დევიდი განზე იყურება. ლუისი ჩამოდის დაბლა და ოთახს გადაკვეთს გიდეონის ტანსაცმლით ხელში)
მარკი: აჰ, მის ნილ, ბრძენი განიბანება?
ლუისი: ბატონი გიდეონი აბაზანას იღებს, ბატონო ასკელონ.
მარკი: თმიდან ფაშისტურ პომიდვრებს ირეცხავს!
ლუისი: (კაბინეტიდან გამოდის) უკაცრავად, მაგრამ ეს სასაცილოდ არ მეჩვენება. ადამიანი სრულიად გათანგულია.
მარკი: თავისი ბრალია. იმ ასაკში აღარ არის რომ სველ ასფალტზე იჯდეს მთელი დღე.
ლუისი: არსებობს რაღაც, რაც ფიზიკურ კომფორტზე უფრო მნიშვნელოვანია, ბატონო.
მარკი: მაგალითად რა? რა შედეგი გამოიღო დღევანდელმა უაზრობამ? ერთი ბებერი კაცი, რომელიც თავბრუდახვეული წევს აბაზანაში, იმის მაგივრად, რომ აქ იჯდეს და გემრიელ უელსურ კერძს მიირთმევდეს.
ლუისი: ეს სისულელეა! მაპატიეთ, მაგრამ ასეა.
მარკი: მაშინ მითხარით, რა გააკეთა დღეს?
ლუისი: ნიშანი მისცა.
მარკი: და ეს საკმარისია?
ლუისი: როდესაც პირველმა ბერმა თავი დაიწვა საიგონში, ეგრეთწოდებულ ცივილიზებულ სამყაროში უცებ ყველა შეაწუხა ვიეტნამმა. ეს ნიშანი იყო. ოქეი? ახლა კი ამ კაცმა იმ მოედანზე გამოსვლით, ათასობით კაცი რომ ეხებოდა – ამანაც ნიშანი მისცა.
მარკი: მე ვაცხადებ, რომ თქვენ გწამთ ადამიანების, მის ნილ. რა გულისამაჩუყებელია. ამაში არის ამაღლებული სიმარტივე, როგორც დორიულ სვეტებში, ან ჯემიან პურში.
ლუისი: ჰა?
მარკი: საბრალო განაწამები ადამიანები, თავის თავის ანაბარა მიტოვებულნი. ისეთ მოსიყვარულე სამყაროს ააშენებდნენ! რა დახვეწილია.
ლუისი: (ცდილობს რბილად ილაპარაკოს) ძალიან ადვილია, ბატონო ასკელონ, დაამცირო ადამიანი და პრიმიტიული დაუძახო. კეთილი, მე პრიმიტიული ვარ. მე მიამიტი მარტივგონებიანი ამერიკელი ვარ. მე მწამს ადამიანების, დიახ. და მე მჯერა, რომ მათ უმეტესობას არ უნდა ის სამყარო, რომელსაც აჩეჩებენ. მათ არ უნდათ ომი. არც პოლიტიკა. არც ორგანიზებული რელიგია. მათ ამის სურვილი მმართველმა კლასმა გაუღვიძა, თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რომ შეძლონ თავი ასწიონ, უბრალო ადამიანები მიხვდებიან, რაში მდგომარეობს ისტორია, რომ ის უბრალოდ დიდი ტყუილების ქარხნის ამბავია, სადაც ჩვენ ყველა დაგვამზადეს ყოველდღიური სამუშაოსთვის და იარლიყებიც დაგვირიგეს: ყრმა, ერეტიკოსი, კათოლიკე, კომუნისტი, საშუალო კლასი. ჩვენ უნდა ვაკრათ ისინი ერთმანეთს, სანამ პიროვნება არ გაუჩინარდება და აღარავის ეცოდინება, ვინ ჯანდაბაა იგი!
დევიდი: (აღფრთოვანებული) ჰო!
ლუისი: იქამდე, სანამ ვეღარასოდეს შევძლებთ მოვიგლიჯოთ იარლიყები და უბრალოდ ვიყოთ ის დიდი რამ, რაც თქვენ გეზიზღებათ, ბატონო ასკელონ _ ადამიანები.
დევიდი: ოჰ, როცა ასე ლაპარაკობს, შემიძლია მთელი ღამე ვუსმინო.
მარკი: გეთანხმები. ეს ოპერაზე უკეთესია!
დევიდი: (იორკშირული კილოთი) ცოლად გამომყვები, ლუის, ჰა?
ლუისი: (გაბრაზებული) ოჰ, მორჩი, დევიდ!
მარკი: სიტყვაზე დავიჭერდი, თქვენი რომ ვიყო. არც ისე ბევრ ქალს სთავაზობენ ცოლობას მათი მჭერმეტყველების გამო.
ლუისი: ჰა, ჰა, ჰა! … რისთვის ჩამოხვედით აქ, ბატონო ასკელონ? რა გინდათ?… მე ისე გეთაყვანებოდით. მეგონა, თქვენ იმ მცირერიცხოვან ადამიანებს მიეკუთვნებოდით…
მარკი: მიეკუთვნებოდით!
ლუისი: ბიჭო, არ შეგიძლიათ, როდისმე მაინც არ იყოთ მართალი?!
მარკი: იყავით!
ლუისი: (ცრემლები მოადგა) ეტყობა ვგიჟდები!
მარკი: გეთაყვანებოდით! იყავით! მეგონა!
ლუისი: ფეხებზე მკიდია, რა ტანჯვა გაქვთ გამოვლილი ცხოვრებაში! ეს არაფერს ამართლებს!
მარკი: საბრალო იესო – ოდესღაც! ოდესღაც-ის ჯვარცმა! შენ თქვი! შენ დაწერე! შენ გააკეთე ოდესღაც! … მიაჭყლიტო კაცი ამ “ოდესღაცს” და ტირილი დაიწყო, როცა ის ჩამოვარდება, გასისხლიანებულ თითებს კი კედელზე დატოვებს. შე პრეტენზიებით სავსე პატარა ცხოველო, შენ რა, გგონია მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ შენი მოწონება დავიმსახურო?
(ლუისი განზე გატრიალდება, თვალებზე ხელს იფარებს გააფთრებულად)
დევიდი: შეწყვიტე, გთხოვ!
მარკი: (მკვახედ) რა?
დევიდი: (შემცბარი) მე მინდა ვთქვა… უსამართლოდ იქცევი. მართლა.
ლუისი: (უეცრად ისევ მარკს მიუბრუნდება) ბიჭო, ოჰ, ბიჭო, რა საცოდავი ხართ! ტანჯვით განადგურებული დიდი მოხუცი! “როცა ჩემი ხნის გახდები, მაშინ მიხვდები. მანამდე კი მე შემიძლია გირტყა თავში რამდენიც მინდა!”
დევიდი: ჰეი, ჰეი!
ლუისი: (დევიდს) გეუბნები, არ ვიცი არც ერთი 50 წელს გადაცილებული ადამიანი – გიდის გარდა – ნეხვით სავსე რომ არ იყოს!
(მარკი აშკარად გამძვინვარდა. ლუისი უცებ ჩუმდება. მარკი მასთან მიდის. პაუზა)
მარკი: (რბილად) ვინ მოგცა შენ ეს თვალები?
ლუისი: ჰა? …
მარკი: ლურჯი, როგორც უმანკოების გენები. ლურჯი, როგორც შემოდგომის ცა თქვენს ელისეს მინდვრებზე, სადაც მითიური მარტორქების ჯოგი სამყაროს სიყვარულის ბალახს ძოვს – სანამ ბოროტი ზედამხედველები წაიყვანენ და დახოცავენ… ეს საყვარელი ზმანებაა, მის ნილ. ბევრ ჩვენგანს დასიზმრებია ოდესღაც. და მერე გაუღვიძია.
ლუისი: თქვენ არ გაგიღვიძიათ, ბატონო ასკელონ. თქვენ სამუდამოდ ჩაგეძინათ.
(პაუზა)
მარკი: (ისევ ძალიან რბილად) 1920-ში, ევროპაში, უდიდესმა ფსიქიატრმა ხუთასი პაციენტის სიზმარი გააანალიზა. ამ სიზმრებიდან მან ნელ-ნელა გამოჭრა ცხოველი ნაცის შემაძრწუნებელი თარგი. ის მზად იყო, მზად ქვეცნობიერების შავი ორმოდან ამომხტარიყო… იმ ღრმა ორმოდან ორგაზმით, ეკონიმიკური წვნიანით და პირმყრალი უფერულობით აქოთებული მთელი ქვეყნიერების შიში აღსდგა. ყველა მეფე, ახლა მუზეუმში რომ ზის და ტურისტებს მისჩერებია. ასირიის მმართველები, ლომს რომ გლეჯდნენ შუაზე. აზიის დესპოტები ცივი დაბრტყელებული სახეებით, მოწყალების სამუდამოდ უარმყოფელნი. სასანიდების თვალებდაჭყეტილი მმართველი, ვერცხლისფერ წვერს რომ ისწორებს და ამბობს: «შეხედეთ სრულყოფილებას! მე არა მაქვს წვრილმანი აზრები, არც ერთი ბუასილი, არც ერთი შემთხვევა, ერექცია რომ არ შევძლო,. მრავალჟამიერ ხელმწიფეს! ხელმწიფემ უნდა იცოცხლოს მარად!» ვის უნდა შეექმნა ასეთი არსებები? ღმერთს არ შეუძლია შექმნას რამე უცოდველი. ვის სჭირდება მარადისობა? ვინ წამოაყენა ეს კერპები უსახელო მტვრიდან? ნინევიისა და ნიურნბერგის ისტერიული თოჯინები? ვინ შეაერთა მავთულები? ააბრახუნა მისასალმებლად გაშვერილი ავისმქმნელი კვერთხიანი ხელები? ვინ გაუღო მათ ჰიმნის მოყვირალი რკინის ხახები? ვინ, თუ არა მე? ამან. შენ. (პაუზა) მეფეთა პორტრეტების გალერეაში ისე დადიხარ, თითქოს მკვლელების იდენტიფიკაციის აღლუმს ესწრები. დაიწყეთ თქვენი თავის ძებნა იქ, მის ნილ, შეიძლება ისტორიაც უკეთესად გაიგოთ.
(ლუისი მონუსხული უყურებს მარკს)
დევიდი: ოჰ, ჰეი! გმადლობთ! ვაუ!
ლუისი: რისი თქმა გინდა შენი «ვაუთი»?
დევიდი: სიტყვები…
ლუისი: ესე იგი, «ვაუ» გიდის, «ვაუ» ამას და «ვაუ» მე და «ვაუ» ყველას შენს გარშემო?
დევიდი: დიახ!
ლუისი: არავითარი განსხვავება! სულ არავითარი განსხვავება?
დევიდი: კარგი რა, პირს ზედმეტად მანჭავ, ეს შენს სახეს არ უხდება.
ლუისი: რა?
დევიდი: შენ არა გქონია ცხოვრებაში განუმეორებელი მომენტები. მეტი უნდა გქონდეს.
ლუისი: მგონი გაგიჟდი.
დევიდი: ისეთი მომენტები, გულ_ღვიძლი რომ ამოგიტრიალოს.
ლუისი: სწორედაც რომ მქონია! ცხოვრება შენთვის სურათების რიგია, არა? რაც ჩვენ აქ ვილაპარაკეთ სრულებით არ შეგეხო.
დევიდი: სურათები შემეხო.
ლუისი: იცი, რას ნიშნავს ეს?
დევიდი: სურათები ნამდვილია.
ლუისი: ეს ნიშნავს, რომ შენ სრულიად არა გაქვს უნარი შეიგრძნო რამე, რაც არ არის კავშირში პირადულის დაკმაყოფილებასთან.
დევიდი: მართლა?
ლუისი: დიახ, მართლა. მე შენ მეცოდები.
დევიდი: გმადლობ.
ლუისი: ნამდვილად მეცოდები. ყველა, ვინც ვერ გრძნობს სოციალურ უსამართლობას, ავადმყოფია. დიახ!
დევიდი: (ფეთქდება) ძალიან კარგი! დიახ! ნამდვილად გეცოდები! მე საცოდავი! საწყალი წყეული მე! (წამოხტება და «გიჟ სახეს» მიაპყრობს ლუისს).
ლუისი: დევიდ, შშშ!
დევიდი: ძალიან კარგი, მე ავადმყოფი ვარ! (მივარდება მაგიდას, ზედ ადის და სალათის ფოთოლს თავზე იდებს. რამდენიმე სალათის ფოთოლს ლუისს ესვრის) სოფლის ლენჩი! ავადმყოფი ადამიანი!
ლუისი: შეწყვიტე!
დევიდი: გრძნობის უნარი არ ჰქონდა და გაიქცა!
ლუისი: გაჩერდი, გეყოფა! გეყოფა!
დევიდი: შენ გეყოფა. გეყოფა, შარზე ნუ ხარ, ნუ იკბინები… გიჟებს არ უნდა უკბინო!
მარკი: არა. მაგრამ ერეტიკოსებს – კი. (დგება) სწორედ ესა ხარ შენ, ჩემო ბიჭო. მძვინვარე, უხეში ერეტიკოსი, დასაწვავად მომწიფებული. ნუთუ არ გესმის, რა აღიარე ახლა?
დევიდი: (მორცხვად) არა.
მარკი: უცვლელობის შეგრძნება. ოჰ, ჩემო საწყალო შეშლილო შვილო: ამ სახლში, რომელსაც შეუძლია სიკვდილამდე გაგაბრუოს და ქვეშ მოგიყოლოს! (რბილად) მეც მომეცი ცოტა სალათი! მოდი ერთად მივუშვიროთ თავები ოპტიმიზმის დანებს. (ის იღებს სალათის ფოთლებს და თავზე იდებს) უცვლელობის მოციქულებო: შეერთდით! მოდი მედგრად ვატაროთ ჩვენი მწვანილი! ბუნების მწვანე! დაბრუნებული აგონიის ციკლების მწვანე! ღვთის საძოვრების მწვანე!
(დევიდი იცინის. მარკი იწყებს აქეთ-იქით სიარულს, ხალისობს, თავზე მწვანილი ადევს)
შშშ! შენ ტორკვემადას აწყენინებ… განა სახალისო არ არის, როგორი უცვლელი რჩება ინკვიზიციის მოქმედების ხერხები! მათ ყველას ერთი რამ აქვთ საერთო. ვნება უხილავი ღმერთებისადმი. თავიდან ჩვენ ღრუბელში გახვეული შურისმაძიებელი მამიკო გვყავდა. მერე მობილური მარიამი, ზეცისკენ რომ გაიქროლა. ახლა ეს ბუნების წიაღიდან გადმომხტარი თვითმოქმედი კაცია: რა საოცარი ხილვაა! …
(გიდეონი გამოდის კიბეზე ზევით, გრძელი თეთრი ტილოს საბანაო ხალათი აცვია. ჩერდება, სცენას უყურებს – შემდეგ ჩამოდის დაბლა ოთახში)
მაგრამ, შესაძლოა, მე უსამართლო ვარ. არავის უნახავს ციური ქალწულის რეაქტიული ფრენა იეღოვასაკენ – მაგრამ რაც შეეხება “შრაივინგსის” ღმერთს, აქ ჩვენ შეიძლება უფრო გაგვიმართლოს. ახლა ნებისმიერ წამს შეიძლება რამე დავინახოთ. იქნებ დღესაც! ვინ იცის? რამდენიმე საათში ჩიტები იქ, მაღლა მთაზე ახალ დილას მოუხმობენ სტვენით. და სრულყოფილი ადამიანის ხელები ათრთოლდებიან გამოღვიძებისას რომ ისევ დაიწყონ თავისი საუცხოო საქმიანობა – თვითსრულყოფა. პოლიციის მწმენდავი ხელები შეაგროვებენ და აკრეფენ ხელკეტებს. ძიძების ხელები ისევ ჩაუტენიან არაკებს შეშინებულ ბავშვებს თავებში. პატრიოტების ხელები ცოტა მეტ ელექტროდებს გაუშვებენ პარტიზანების ყვერებში. შურიანების ხელები დატენიან თოფებს, რომ მოკლან ხელები უფრო გულუხვი, ვიდრე თავად მათი. და გენიის ნაზი, ნიკოტინიანი ხელები გააგრძელებენ ყველა დროის ერთ გროვაში შეყრას – ბნელი, შუასაუკუნეების და გახრწნილი ეპოქების – ერთ მეტალის კონტეინერში. გაუმარჯოს ადამიანს! Hომო Iმპროვაბილის!
გიდეონი: თვითკმაყოფილება!
მარკი: რა?
გიდეონი: თვითკმაყოფილება! პესიმიზმის დაუსრულებელი თვითკმაყოფილება! მთელ მაგ ვაი-ლიტანიაში მე გავიგონე მხოლოდ ერთი ბგერა: ტკბობა! შენი მუდმივი უიღბლობის იდეით ტკბობა. როგორ შეგიძლია ეს მიიღო და მაინც გქონდეს რაღაც, რისთვისაც ცოცხლობ!
მარკი: (გულახდილად) მე არ მჭირდება რამე, რისთვისაც უნდა ვიცოცხლო!
გიდეონი: მაშ შენ უნიკალური არსება ყოფილხარ მსოფლიოში.
მარკი: პირიქით, ისევე, როგორც ყველა, მე იმისათვის არა ვცოცხლობ, რომ რამეს მივხვდე!
გიდეონი: (უფრო მჭახედ) მაშინ რატომ მოითხოვ ჩემგან იმ რწმენას, რომელიც შენ თავად გაქვს? შენ გინდა განუსაზღვრელი ღმერთი, მე კი უნდა შევქმნა განსაზღვრული ადამიანი. შენ ის გამოაგორე ფარდულიდან რევიზიისას, როგორც ერთ-ერთი შენი ხატი! რა უსამართლო ხარ!.. მე გთავაზობ იმას, რაც შენ გინდა. განუსაზღვრელ მისტერიას. ამ ხელს.
(ხელს უწვდის)
მარკი: ჯერ ერთი მტკიცება მაინც შემომთავაზე, რომელიც დამაჯერებს, რომ მას უკეთესის ქმნა ძალუძს.
გიდეონი: ეს მესაკუთრის შეცვლაა.
მარკი: რას გულისხმობ?
გიდეონი: როცა ორი ათასი წლის წინათ ის ადამიანებს მთელი სიცოცხლით გალერებს აჯაჭვავდა – ათასი წლის წინათ, როცა მან ბიზანტიის მთელი არმია დააბრმავა, ხუთასი, როცა ის ადამიანებს კოცონზე ყრიდა და მთელ ქალაქებს ანადგურებდა ჭეშმარიტი რელიგიის დასანერგად – ეს ღმერთის ხელი იყო: მრავალი თუ ერთი! მისი დანაშაული მისაღები იყო. ეს ღვთის ნება იყო! ღვთის რისხვა – ღვთის რაც გინდა, იმდენ ხანს, რამდენიც მის ჩამდენებს სირცხვილისაგან დაიცავდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ღმერთის გაუქმება დავიწყეთ, ნაკლებად გულქვანი გავხდით.
მარკი: (სარკასტულად) ოჰ, კარგი რა!
გიდეონი: კარგი! მსოფლმხედველობას თავისი ევოლუცია აქვს. ეს სწორედაც რომ კარგია.
მარკი: მშვენიერია! რაც მეტს ვტირით – მეტს ვომობთ. როგორი თავისუფლების მომცემი ტოლობაა! უნდა იტანჯო, სანამ ატომებად დაიშლები!
გიდეონი: ჩვენ აღარ ვომობთ, ეს მხოლოდ ტექნიკაა, რასაც ჰოლოკოსტამდე მივყავართ.
მარკი: (დამცინავად) მხოლოდ!
გიდეონი: (ამოაფრქვევს) დიახ, მხოლოდ! მხოლოდ! მე ვიმეორებ: მსოფლმხედველობას თვისი ევოლუცია აქვს. ჩვენში ყველაფერს შეუძლია უსასრულო ევოლუცია ქონდეს. ეს ჩვენი დიდებაა – ჩვენი საოცრება! (ზიზღით) როგორ შეგიძლია იქადაგო ეს გაბოროტებული ძველი ნაგავი უცვლელობის შესახებ? უნდა გრცხვენოდეს! ერთადერთი, რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით ადამიანის შესახებ – არის ის, რომ ის განუწყვეტლივ იცვლება, ის ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც უცვლელი ქცევის ნიმუშები არა აქვს! გადახედე მსოფლიოს! შეხედე მრავალფეროვნებას ოჯახებში – თემებში და ერებში. ზოგი პატრიარქალურია: ზოგი არა. ზოგი მტაცებლურია: ზოგი არა. ზოგი აგრესიულია, სხებზე ბატონობის სურვილით ნასულდგმულები. კეთილი, მაგრამ ამავე დროს სხვები – არა. აჰ, დიახ, მათ შეიძლება გაუჩინო ეს სურვილი. ეს განსხვავებები სოციალურია – მაგრამ არ არის თანდაყოლილი. არ არის ბიოლოგიური. მოჰყვებით ჩემ აზრს, ბავშვებო? (მათ მიუბრუნდება) არ არსებობს არავითარი მტკიცება იმისა, რომ ადამიანი თანდაყოლილი აგრესიით იბადება.
მარკი: (ირონიულად) ნუთუ?
გიდეონი: (მკაცრად) არც ერთი. მე ამას ვამტკიცებ. ადამიანი იბადება უფლებით თავად შექმნას თავის თავი…
(ის მარკს უახლოვდება, ისევ ხელს უწვდის)
(მოუთმენლად) ეს ხელი – სწორედ ეს არის ის, რასაც უნდა სცე თაყვანი. იმ თვალისმომჭრელ კერპებს, ან ჩრჩილით გამოჭმულ დროშებს კი არა, კათედრალებში რომ კიდია. ამ კეთებისათვის შექმნილ იარაღს, რომელიც მალე გადაგვარდება, თუ ჩვენ ჩვენი თავის წინააღმდეგ მკრეხელობას გავაგრძელებთ.
(გული უჩუყდება. მარკს მისჩერებია, თითქოს აქეზებს, რომ ის დაეთანხმოს. მარკი იღებს გიდეონის ხელს და ახლოდან ათვალიერებს)
მარკი: (ზიზღნარევი ინტერესით) ამერიკის შუა დასავლეთში მე ვნახე, როგორ მოკლა კაცი ამ იარაღმა ზედიზედ ჩვიდმეტჯერ.
გიდეონი: შენ ჩვიდმეტჯერ მოკლული ადამიანი გინახავს?
მარკი: (გიდეონის ხელს უშვებს) ჰო. რომელ ევოლუციას დაარქმევ ამას?
გიდეონი: როგორ?
მარკი: დიდი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც აგრესიის ფენომენზე მუშაობდნენ. პროფესორმა გააკეთა პულტი ექვსი ღილაკით. ისინი ვითომდა ელექტრომავთულებთან იყო მიერთებული. ეს მავთულები მიერთებული იყო მსახიობზე, რომელიც სკამზე იყო დაბმული და პირში ჩვარი ჰქონდა ჩაჩრილი. ქუჩიდან სრულიად შემთხვევით არჩეული მაყურებლები შემოყავდათ თითო-თითო და თხოვდნენ დახმარებოდნენ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარებაში – ადამიანის დაფარული ბუნების შესახებ. მათ უთხრეს, რომ პირველი ღილაკი დაბმულ კაცს სუსტ ელექტრო შოკს მიაყენებდა, მეორე უფრო ძლიერს, და ასე შემდეგ მეექვსემდე, რომელიც, ფაქტიურად სიკვდილის ღილაკი იყო. ყველას სავსებით გასაგებად აუხსნეს, რომ თუ ისინი ამ ღილაკს დააჭერდნენ, კაცი მოკვდებოდა. მერე ისინი რიგრიგობით, ყველა, თითო საათით დატოვეს მარტო, სათამაშოდ… მარტივი სცენა: ერთი უმწეო ადამიანი სრულიად უცნობის წყალობის ამარა მიტოვებული, რომელიც მისი აბსოლუტური მბრძანებელი იყო ამ სასჯელის შესრულების დროს.
გიდეონი: და ჩვიდმეტმა ადამიანმა სიკვდილის ღილაკს დააჭირა?
მარკი: ზუსტად ასეა.
გიდეონი: რამდენი კაციდან?
მარკი: ჩვიდმეტმა ჩვიდმეტიდან.
ლუისი: მე ეს არ მჯერა.
გიდეონი: (მოთმინებით) ძვირფასო, ცნობილია ასეთი ექსპერიმენტი. მაგრამ ეს ზუსტად ასე არ იყო, როგორც შენ აღწერე. იქ არ იყო სიკვდილის ღილაკი. და ისინი არ დაუტოვებიათ მარტო. იქ კიდევ იყო ორი ფსევდო კოლეგა – ვითომ მეცნიერები, რომლების ამოცანა იყო პუბლიკის პროვოცირება. შედეგად ნახევარზე მეტი დათანხმდა, ხმა მიეცა მტკივნეული შოკისათვის. დამთრგუნველია, უნდა ვაღიარო, მაგრამ ცოტათი თუ გავს შენ მოგონილ ფინალს.
მარკი: ეგ ერთი ექსპერიმენტი იყო. მე სხვა ვნახე.
გიდეონი: (მშრალად) აი თურმე რა.
ლუისი: მე თქვენი არ მჯერა. მიდით, აღიარეთ, თქვენ ეს მოიგონეთ. იქამდე დახვედით, რომ ამ სულელურ ტყუილებს იგონებთ! წარმოუდგენელია!
მარკი: ჰო? მე?
ლუისი: დიახ! თქვენ!
გიდეონი: ლუის, გთხოვ!
მარკი: (ლუისს უყურებს) ამის დამტკიცება ადვილია.
ლუისი: დამტკიცება? როგორ?
მარკი: დაბრძანდით. ჩემს თამაშს აქ ვითამაშებთ.
გიდეონი: აქ?
მარკი: რატომაც არა? ეს ვაშლები გამოგვადგება.
(ის ვაშლებს თასიდან მაგიდაზე აწყობს ერთ რიგად, მაყურებლის პარალელურად)
ცდუნების ღილაკები! აი, აი, კიდევ ერთი, ერთიც, სიკვდილი! რას იტყვით? ითამაშებთ? მე მსხვერპლი ვიქნები.
ლუისი: გინდათ თქვათ – თქვენ ითამაშებთ?
მარკი: სწორედ ასეა.
ლუისი: თქვენ ალბათ ხუმრობთ.
მარკი: ვცადოთ და ნახავთ. დევიდ?
დევიდი: ვნახავდი, როგორ ითამაშებ.
მარკი:K კარგი. გიდი? შემიძლია მოკლე ვერსია გავახერხო შენთვის თუ დაღლილი ხარ.
გიდეონი: ვერ ვხვდები, საერთოდ რა ვერსია შეგიძლია გაახერხო, ძვირფასო. ჩვენ ვიცით – შენ ითამაშებ – და ეს კი ვაშლებია. სისულელეა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ შენი მოკვლა შეგვიძლია. ეს სავარჯიშო უაზროდ მეჩვენება.
მარკი: კარგი, კომპენსაციისათვის მოვითხოვ მხოლოდ ერთ უფლებას, რომელიც ნამდვილ მსხვერპლს არა აქვს.
გიდეონი: რა უფლებას?
მარკი: სიტყვას.
გიდეონი: ეს სამართლიანად მეჩვენება.
მარკი: სიტყვის თავისუფლების ლიცენზიას. სრულ თავისუფლებას, რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს. რა თქმა უნდა, მხოლოდ თამაშის გასაუმჯობესებლად.
გიდეონი: საინტერესო უნდა იყოს.
ლუისი: ვერ ვხვდები, როგორ.
მარკი: ვცადოთ?
ლუისი: მე ვფიქრობ, გიდის ძილის დროა.
გიდეონი: სულ ერთია, მე მინდა ვნახო, რას აპირებს მარკი.
მარკი: რა თქმა უნდა გინდა… მაშ კარგი.
(ჯიბიდან იღებს თოკს, რომლითაც სალოცავი იყო შეფუთული)
ახლა ეს ძალიან გამოგვადგება! მოდი, დევიდ, დამაბი შენი სიბრძნის სავარძელზე.
(ჯდება და თოკს უწვდის. დევიდი მასთან მიდის)
მიდი. დააბი მაჯები.
(დევიდი ართმევს თოკს და მის დაბმას იწყებს.)
ლუისი: ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ამას. რა აზრი აქვს ყველაფერ ამას. ეს უბრალოდ სრული სისულელეა.
მარკი: სახლის თავს სურს ეს. როგორც ვხვდები, რაც მას სურს, დანარჩენებსაც ის გინდათ. ასე არ არის?
ლუისი: ჰა, ჰა, ჰა!
გიდეონი: კარგი ახლა, შე სასტიკო მიმინო, ეს მხოლოდ თამაშია. შიმშილობის შემდგომი გართობა!
მარკი: ზუსტად ასეა: მხოლოდ თამაში. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა… უფრო მაგრად მოუჭირე, დევიდ, ყველა ხედავს, რომ მე ამისგან თავის დაღწევა შემიძლია… სხვათა შორის, მაძლევ სიტყვის სრულ თავისუფლების ლიცენზიას, გიდეონ?
გიდეონი: დიახ.
მარკი: მის ნილ?!
ლუისი: რატომაც არა? არა მგონია რამე განსხვავებული თქვათ იმისგან, რასაც ჩვეულებრივ ლაპარაკობთ.
დევიდი: ყველაფერი, რაც გინდა… განძრევა შეგიძლია?
მარკი: (იკლაკნება) არა, კარგია. შეიძლება სწორედ ამისათვის გააკეთე ეს სკამი. შენი ბებერი მამიკოს დასაუძლურებლად! კარგი, მიდი დანარჩენებთან.
(დევიდი მიდის დანარჩენებთან, ისინი მაგიდასთან დგანან)
თქვენ, რა თქმა უნდა, ყველა ერთდროულად ითამაშებთ. სოლო მასტურბაციული ელემენტი ამოვაგდოთ. უნდა აღიაროთ, რომ ჩემთვის ამოცანას ძალიან ვიძნელებ.
გიდეონი: ნამდვილად ვაღიარებ. დიახ.
ლუისი: რას აპირებთ? შეურაცხყოფა მოგვაყენოთ იქამდე, სანამ ერთ-ერთი ჩვენგანი ამ ბოლო ვაშლს არ ჩასცხობს?
მარკი: მეტნაკლებად.
ლუისი: ღმერთო! არასოდეს გამიგია ასეთი სისულელე! მოზრდილი ადამიანები დგანან შუა ღამეს და ვაშლებით თამაშობენ.
გიდეონი: რომელია ყველაზე სუსტი?
მარკი: ჩემგან ყველაზე შორს რომ დევს.
(გიდეონი მიდის ვაშლთან და ხელს გაიშვერს, რომ შეეხოს)
ლუისი: (უცებ განგაშით) გიდი, არა.
გიდეონი: რატომ არა?
ლუისი: ნუ… ეს ძალიან ინფანტილურია. (პაუზა) საშინლად ინფანტილურია ეს ყველაფერი.
გიდეონი: მოდი შევუსრულოთ სურვილი ჩვენს სტუმარს. არ გინდა ნახო, როგორ თამაშობს?
(ლუისი მხრებს იჩეჩევს თანხმობის ნიშნად)
ლუისი: კარგი. მიდით.
(გიდეონი ნაზად აჭერს ხელს პირველ ვაშლს. მარკი ოდნავ იკრუნჩხება)
მარკი: აჰ, აჰ, შეწყვიტეთ, გთხოვთ.
გიდეონი: ჩინებულია. გმადლობთ.
(ორი კაცი თავს უკრავს ერთმანეთს)
ლუისი: სულაც არ არის ჩინებული. ეს ყალბია. მე მინახავს, როცა ადამიანებს დენი ურტყამს. ეს სრულებით არა ჰგავს ამას.
მარკი: განდობთ შეიტანოთ მოსაწყენი ფაქტობრივი შენიშვნები ოქმში.
გიდეონი: მარკ!
მარკი: (ბოდიშის ტონით) ლიცენზია, გიდი, ლიცენზია!
ლუისი: მეორე ღილაკი რას აკეთებს?
მარკი: დააჭირე და ნახავ.
ლუისი: არ მინდა ჩემი ფულის ტყუილად ფლანგვა. რას გააკეთებთ?
ორჯერ მეტად დაიკრუნჩხებით?
მარკი: დააჭირე და ნახავ.
ლუისი: კარგი. მხოლოდ ეს მომდევნო. უბრალოდ რომ ვნახო, რას გააკეთებთ. შეხედეთ ყველამ – სამსახიობო კლასი ნომერი ორი! ბენგ! (ხელს ურტყამს მეორე ვაშლს)
(მარკი უფრო ძლიერად იკრუნჩხება)
წარმოგიდგენთ მარკ ასკელონს, ჩვენი დროის უდიდეს მსახიობს შოუში «ელექტრიფიცირებული კაცი» …
(მარკი წყვეტს კრუნჩხვას)
რატომ გაჩერდით, ბატონო ასკელონ? მე ღილაკისათვის ხელი არ მომიცილებია!
(მარკი ისევ აგრძელებს კრუნჩხვას)
მარკი: აჰ! აჰ! …
ლუისი: აი ასე! ახლა თქვენ, გიდი! – თქვენ ისევ პირველს დააჭირეთ და მოდით ვნახოთ როგორ შეიცვლება.
(გიდეონი ორჭოფობს)
მიდით, ეს მხოლოდ თამაშია. ხომ თქვით!
გიდეონი: მართალია.
ლუისი: მიდით!
(გიდეონი აჭერს ხელს პირველ ვაშლს, ლუისი წამით მოაშორებს ხელს მეორეს. მარკის კონვულსიები კლებულობს)
ოჰ, კარგია! კარგია! … ახლა ისევ მე!
(გიდეონი წყვეტს დაჭერას, ლუისი აგრძელებს. მარკი უფრო ენერგიულად იკრუნჩხება, და მისი ყვირილი ძლიერდება)
ახლა შენ, დევიდ! დააჭირე მესამეს. მესამეზე ნამდვილად ტვინს ამოანთხევს! (მარკს) მიდით, გააძლიერეთ! მე ისევ ვაჭერ! …მიდი, დევიდ!
(დევიდი ორჭოფობს)
რა მოგივიდა, ჩვენ ხომ ვერთობით!
(დევიდი მხრებს იჩეჩავს, იღიმება, თავს აქნევს. ლუისი თავის ვაშლს ხელს მოაშორებს. მარკი ისვენებს)
ატრაკებ და გიხარია, არა?
მარკი: ნამდვილად, დევიდ. პირველად ვეთანხმები მის ნილს. მე ძალიან კარგ დროს ვატარებდი. ბოლოს და ბოლოს ეს მხოლოდ თამაშია. ამიტომ შეძლო მის ნილმა თავის სრულად გამოაშკარავება.
ლუისი: ანუ?
მარკი: როგორც კი მიხვდით, რომ მე კრუნჩხვა მანამ მიგრძელდება, სანამ თქვენ ხელს აჭერთ, მაშინვე დაინტერესდით.
ლუისი: დავინტერესდი, აბა რა. რაც უფრო დიდ ხანს ვაჭერდი, მით უფრო დიდ სულელს ემგვანებოდით.
მარკი: ამიტომ არ აკეთებდით ამას, მის ნილ. არავითარ შემთხვევაში.
ლუისი: კარგი, აბა სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო, ბატონო ასკელონ?
დევიდი: (შეშფოთებული) მორჩი, ლუის!
ლუისი: რა?
დევიდი: შეწყვიტე.
ლუისი: გმადლობთ! დიდი მადლობა! მაგარია. ეს მართლა მაგარია… შენ მეუბნები, რომ მე სერიოზული ვარ, და მე მართლაც ძალიან სერიოზული ვარ, და როცა მე თამაშს ვიწყებ შენ ამბობ: «შეწყვიტე».
დევიდი: შენ არ თამაშობდი.
ლუისი: კარგი, მაშ რა ჯანდაბას ვაკეთებდი?… მომბეზრდა, გიდი. არ ჯობია წავიდეთ, დავწვეთ?
მარკი: ოჰ, როგორი საყვარელია. «არ ჯობია წავიდეთ დავწვეთ?» ნუთუ სერიოზულად ეუბნები ამას – კაცს, რომელიც მხოლოდ იმიტომ აირჩიე რომ მას ეს არ შეუძლია?
გიდეონი: მარკ!
მარკი: ჰო, ეს სიმართლეა, არა? შეხედეთ – მის ლუის ნილი! რა ჯანდაბას აკეთებს ამ სახლში? შლის ლოგინებს, ხარშავს კვერცხებს, ადგენს კანონებს თავის გარშემო როგორც ადგილის დედა – თუმცა უკაცრავად – ადგილის დეიდა. გაუთხოვარი, რა თქმა უნდა.
გიდეონი: მარკ. მე პროტესტს ვაცხადებ.
მარკი: ლიცენზია, გიდი – ლიცენზია!
გიდეონი: სულ ერთია!
მარკი: ვინ არის ეს ილინოისელი იდიოტი, თავის პატარა ერთგულ ტრუსიკში რომ ისვრის ყოველ ჯერზე, როცა ოთახში შემოდიხარ? (ამერიკული კილოთი) ოჰ, გიდი, რა მაგარი ხარ! უჰ, გიდი, რა მშვენიერი ხარ! წმინდანი ხარ, უსინდისო ვიყო, ბიჭო, ნამდვილად!
…განა ნამდვილად ეს გინდა? ერთი წურბელა სტიქაროსანი სამჯერ უფროს კაცს რომ დასდევს მხოლოდ იმიტომ, რომ ის უსაფრთხოა?
(დანარჩენები გაშეშებულები დგანან: დევიდი თავდახრილი. ლუისი განზე იხედება)
რა გაქვს მაგ თავში, ლუის? მისმა ცოლმა ეს ვერ აიტანა; სამი წელი გაძლო მისი განთქმული უბიწოების აღთქმის შემდეგ – მერე ადგა და წავიდა… მაგრამ შენ უფრო მდგრადი მასალისაგან ხარ გაკეთებული, ჰო? შენ აპირებ მარად დარჩე! მარად მშვენივრად დაუკმაყოფილებელი! მარადი ქალწული ჰუმანიზმის დროშას რომ იფრიალებს ვენერას ბორცვის თავზე! ღმერთო, დამიფარე ყველა ლიბერალური ამერიკელი ქალწულისაგან!
გიდეონი: დევიდ, გთხოვ, გაუხსენი თოკები მამაშენს. მე უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე მეგონა.
მარკი: შენ მე სიტყვის თავისუფლების ლიცენზია მიბოძე.
გიდეონი: დიახ, და ახლა უკან გართმევ. ღამე მშვიდობისა.
მარკი: (სოტტო ვოცე, დევიდს, რომელიც სავარძლისაკენ გაემართა) არ გაინძრე.
გიდეონი: წამო, ლუის.
მარკი: ჰო, წამო, ლუის – სანამ მეტს გაიგონებ. სანამ გაიგებ, მაგალითად, სინამდვილეში რატომ წავიდა ენიდი!… შენ გგონია იმ მოსაწყენი უბიწოების აღთქმის გამო? შენ, როგორც იტყვიან, ალბათ ხუმრობ! ენიდ პეტრის სექსი არასდროს აინტერესებდა. მისთვის ის ყოველთვის იყო «ფუფ»! ის ახლა ბევრად უფრო ბედნიერია ვიღაც შუახნის ბუღალტერთან. ერთი მშრალი კოცნა ძილის წინ და მერე ერთი ფინჯანი «ნესკვიკის» კაკაო! მას “შრაივინგსი” იმის გამო არ მიუტოვებია!.. მლიქვნელობა, აი რას ვერ იტანდა. საწყალი ბებერი ჭოკი, თავისებური ქალური მორალური კოდექსი ჰქონდა.
გიდეონი: (მარკს უყურებს) რაზე ლაპარაკობ?
მარკი: ამას უნდა მეკითხებოდე? … როგორ გგონიათ, მის ნილ, რატომ თქვა თქვენმა შეფმა უარი სექსზე? იმიტომ, რომ მან თქვენ, ქალბატონები, თავისი ზნეობრიობის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერად ჩაგთვალათ? არ იცით, რომ ერთადერთი სექსი, რომელიც გიდეონს ოდესმე მოსწონდა, იყო სექსი ბიჭებთან? გამხდარ, გარუჯულ ბიჭებთან, დაქანებული მხრებით. მთელ იტალიაში დასდევდა მათ ჩვენი გასეირნებების დროს. ამის მერე, რა საკვირველია, დანაშაულის გრძნობა დასდევდა მას: და მერე მე მთელი დღე უნდა ამეტანა ეს მოსაბეზრებელი მონანიებები და აღთქმები, რომლებიც, ბუნებრივია, მომდევნო ღამესვე, მომდევნო პიაცაზევე ირღვეოდა! ბოლოს ყველაფერს თავი დაანება. დანაშაულის გრძნობა, არაფერი, დანაშაულის გრძნობის გარდა! მსოფლიომ დაინახა მხოლოდ დიადი განდგომა უდიდეს ფილოსოფიურ ნიადაგზე. მაგრამ არა ენიდმა. ის, რაც მან დაინახა, იყო ერთი პედერასტის თვითგვემა, რომელსაც თავი განდიდ მოჰქონდა!
დევიდი: (ხმადაბლა) შეწყვიტე.
მარკი: იცი, ძველი ჩვევები ძალიან მყარია. თუ მიეჩვიე ხმელთაშუაზღისპირელ ბიჭებს, შეიძლება შენ ისინი ისევ მოგინდეს. შენ მათ ჩამოსაყვანად გააგზავნი. შენ მათ ჩამოიყვან. შენ მათ მოიპარავ, თუ საჭიროა, მეგობრებს მოპარავ!
დევიდი: (ტკივილით) მოკეტე.
მარკი: გამიკეთე სკამები! გამიკეთე მაგიდები! გამიკეთე საწოლი, და ერთად დავწვეთ მასზე!
დევიდი: (წინ მოიწევს) მოკეტე!
მარკი: არა, ჩემო ძვირფასო ბიჭო – ჩემო ჩიტო! ჩემო ბუვ! – ამისთანა უცნაურობას როგორ დაგაბრალებ! უმწიკვლო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ეჭვიც არ მეპარება!
(დევიდი მაგიდას მივარდება, სტაცებს ხელს «სიკვდილის ვაშლს» და მაგიდას ურტყამს, ისევ და ისევ, ვაშლის ნაკუწები მიფრინავს მთელ ოთახში)
დევიდი: მოკეტე! მოკეტე! მოკეტე! მოკეტე!
მარკი: (ტრიუმფალურად) რა? ოჰ! – ააააა!
(ის «კვდება» არტისტულ კონვულსიებში. ყველა შეშდება. პაუზა.
მერე ძლიერი მოძრაობით მარკი გლეჯს თოკებს თავის მაჯებზე და სავარძლიდან დგება. მოგების ნიშნად ფართოდ უღიმის გიდეონს, უზარმაზარი არწივივით აფრინდება ზევით კიბეზე და თავის ოთახში შევარდება. ისევ პაუზა. მერე დევიდი აგდებს ძირს ვაშლის ნაჭერს, რომელიც ჯერ კიდევ ხელში უჭირავს და გაშეშებული გადის სახლიდან. შემოსასვლელი კარის ჯახუნი ისმის. ლუისი ამ ხმაზე მოტრიალდება. გიდეონი მიდის მისკენ ხელგაწვდილი – მაგრამ ლუისი განზე გაიწევს ყრუ კივილით და ბაღში გარბის. გიდეონი მარტო დგას, თავი მაგიდაზე უვარდება.
სინათლე კლებულობს ქვევით და მატულობს ზევით, სადაც მარკი მუხლებზე დგას სალოცავის წინ)
მარკი: ვევედრებოდი! ხომ გაიგონე. ვევედრებოდი და ვევედრებოდი. «გამიშვი. ნუ მკითხავ ნურაფერს». არ დამიჯერა. შენსავით. შენც ვერასოდეს მხედავდი. მე უხილავი ვიყავი შენთვის. (საწყლად) თქვენ ორნი. თქვენ ვერ ხედავთ! (პაუზა) და მერე, როცა ეს ხდება, მიყურებთ ამ დაუჯერებელი ტკივილით სავსე მზერით. ისიც ასე შემომხედავს, სულ მალე.
(მარკი დგება. გიდეონი დაიძრება თავისი კაბინეტისაგან. ის შეწუხებული და შეშფოთებულია. ჩერდება სავარძელთან, თითებს შეახებს თოკებს, რომლებიც სახელურებზე კიდია. მარკი ბრენდის ისხამს ჭიქაში)
საქმე იმაშია, რომ მე თვითონაც არ მჯეროდა ჩემი თავის გუშინ. მე მხოლოდ გავიხუმრე ომზე. როგორც საერთოდ მჩვევია, გავიხუმრე, ხომ იცი… და ახლა ის აქ არის… დანა ჩასობილია. სისხლი წვეთავს სახლში… უკან დასახევი გზა აღარ არის…
(გიდეონი მიდის ნელა თავისი კაბინეტის კარისაკენ, აღებს – უკან გამოხედავს ოთახს და უჩინარდება.
მარკი, ჩუმად, სალოცავს)
შენც გევედრებოდი. «Pროტეგგიმი» – გახსოვს? მომიარე. რას ნიშნავს ეს? მომიარე? რა ენაზე ლაპარაკობ, წმინდანო? (მწარედ) წმინდანო… წმინდანო… წმინდანებო!
(ბრენდის სახეში შეასხამს «თავს», სითხე მოწვეთავს სალოცავზე, მარკი გაიწევს და მკვეთრად მიაბრუნებს თავს განზე)
ნელი ჩაბნელება.

სცენა 2
კვირა დილა

ათი საათია. ტელეფონი რეკავს გაუჩერებლად. ლუისი ოთახს ალაგებს – იატაკიდან ვაშლის ნაჭრებს გვის. ტელეფონს ყურადღებას არ აქცევს. ბოლოს ზარები წყდება. გულგრილ შოკშია.
გიდეონი გამოდის თავისი კაბინეტიდან და ლუისს უყურებს. დაღლილად გამოიყურება და ძალიან უბრალოდ, უგულისყუროდ აცვია, თითქოს ის ჩაიცვა, რაც პირველი მოხვდა ხელში
მაღლა მარკი წევს საწოლზე უმოძრაოდ

გიდეონი: აქა მშვიდობა.
ლუისი: მშვიდობა, აბა რა.
გიდეონი: ვინ რეკავდა?
ლუისი: არ ვიცი.
გიდეონი: აა. როგორა ხარ?
ლუისი: კარგად. თქვენ?
გიდეონი: ეს არც ერთისთვის არ იყო მშვიდობიანი ღამე. დევიდი სად არის?
ლუისი: არ ვიცი.
(პაუზა)
რაღაც უნდა გთხოვოთ, შეიძლება?
გიდეონი: რა თქმა უნდა. რა?
ლუისი: (მკვეთრად) უთხარით იმ კაცს, რომ წავიდეს.
გიდეონი: ამას ვერ გავაკეთებ, ძვირფასო.
ლუისი: უნდა გააკეთოთ
გიდეონი: არ შეიძლება. აქედან ხალხს ვერ გავაგდებთ. მით უმეტეს მას. თუ ეს სახლი ვერ გაუმკლავდება იმას, რაც მარკს დაემართა, მაშინ ის უვარგისია.
(პაუზა. ლუისი მტვერს წმინდავს)
მომისმინე: გუშინ ყველას გვკითხა, რა მოხდება, აქ რომ ავაზაკი შემოვარდეს თოფითო. ჩვენ ყველამ ვუპასუხეთ, რომ არ ვესვრით, ხომ ასეა?
ლუისი: (მოკლედ) ჰო.
გიდეონი: კარგი. ეს ისევე მარტივია, როგორც ის. ისევე რთულია, როგორც ის.
ლუისი: ჰო.
გიდეონი: უნდა ვეცადოთ და სხვაგვარად განვაიარაღოთ. აგრესია ცეცხლსა გავს: გადააფარე საბანი, და ის მოკვდება უჰაეროდ. ჩვენი საბანი მისი მიღებაა.
ლუისი: ჰო. კარგი.
გიდეონი: მე ვიცი რომ ეს უსაშველოდ აბსტრაქტულად ჟღერს გუშინდელი ღამის მერე – მაგრამ აბა სხვა რისთვის ვართ აქ? შენ ამერიკა ერთი რამის გამო დატოვე: მშვიდობიანი ხალხი ძალადობას შეუერთდა. გინდა რომ მეც ეს გავაკეთო?
(ლუისი აგრძელებს მტვრის წმენდას)
თუ სხვა რამ გაღელვებს? ის, რაც მან ჩემზე თქვა.
ლუისი: (უემოციოდ) ნუ ხარ სასაცილო.
გიდეონი: არა, გულახდილად მითხარი.
(დევიდი ჩამოდის ქვევით)
დევიდი: სალამი. როგორ გრძნობთ თავს?
გიდეონი: გამოუძინებლად.
დევიდი: მეც. (ლუისს) დილა მშვიდობისა. (პასუხი არ არის) აქა მშვიდობა.
ლუისი: (გიდეონს) რამდენიმე წერილი მაქვს დასაწერი. უკაცრავად. მანქანა მოგაკითხავთ თორმეტზე, როგორც გუშინ. შეკრების ადგილი ისევ ჩარლზ მესამის ძეგლთანაა.
გიდეონი: პირველის.
ლუისი: რა მნიშვნელობა აქვს.
გიდეონი: (თანაგრძნობით) ლუის!
დევიდი: რა ჯანდაბა გჭირს?
ლუისი: თუ თვითონ არ იცი, მე არ გეტყვი.
დევიდი: კარგი, არ ვიცი.
(ლუისი ჩერდება ერთი წამით, მერე მიდის ოთახის გასწვრივ და იატაკიდან ვაშლის ნაკუწს იღებს)
ლუისი: ეს. ეს, დევიდ.
დევიდი: ვაშლი?
ლუისი: შენ მართლა გგონია, რომ ის, რაც გუშინ გააკეთე ჭკვიანური და ცივილიზებული იყო?
დევიდი: ამან ხმა გააჩერა.
ლუისი: ხმა?
დევიდი: ამაში იყო თამაშის აზრი.
ლუისი: თამაშის აზრი, დევიდ, იყო ხელი არ გვეხლო ამ ჯანდაბისათვის. შენ განზრახ ჩაერთე მისი თამაშში.
დევიდი: ამან მას ხმა ჩააგდებინა, ხომ ასეა?
ლუისი: ჰა, ჰა, ჰა!
დევიდი: რა, არ მოაკეტინა?
ლუისი: კარგი, ამან მას მოაკეტინა! ჩინებულია! მაგარია!
დევიდი: მაშინ რა მოხდა? ეს ხომ მხოლოდ ვაშლი იყო.
ლუისი: «მხოლოდ» ვაშლი!
დევიდი: დიახ! ვაშლი არის ვაშლი, არის ვაშლი.
ლუისი: და იდიოტი არის იდიოტი!
გიდეონი: (რბილად) ბავშვებო, გთხოვთ. გემუდარებით.
დევიდი: უკაცრავად, გიდი.
ლუისი: წავალ, წერილებს მივხედავ. (კაბინეტისაკენ დაიძრება)
გიდეონი: (წყნარად) სანამ წახვალ, მე მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო ჰომოსექსუალიზმზე. სახელდობრ – ჩემსაზე.
(პატარა პაუზა)
დევიდი: ვფიქრობ, ეს მოსაწყენი თემაა.
გიდეონი: სულ ერთია, რახან ეს თემა წამოიჭრა.
ლუისი: კარგი. რას გვეტყვი ამის შესახებ?
(პაუზა)
გიდეონი: როგორ ჩამოვაყალიბო კარგად?.. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მე, როგორც იტყვიან, სულ სექსი მქონდა თავში. მაშინაც კი, როცა განტოლებებს ვიყვანდი, ან პოლიტიკურ ლიტერატურას ვკითხულობდი, ჩემი ყურადღების იმპულსი რაღაცნაირად სექსუალური იყო. სექსი იყო ყველგან. ქუჩაში მიმავალი გოგონას კულულში. ბალანში ბიჭის კისერზე. წითური სეტერის კუნტრუშში. ყვავილებშიც კი –ყაყაჩოების ველზე სამყურა ბალახის სურნელს ლამის გულისწასვლამდე მივყავდი. იმის თქმა, რომ მე ბისექსუალური ვიყავი, ჩემი სათანადო შეფასება ვერ იქნებოდა. მე ვიყავი ტრისექსუალური, კვადრი, კვინტი, სექსი-სექსუალური, შეიძლება ითქვას!
(დევიდი იცინის და იატაკზე ჯდება, რიმ უფრო გემრიელად იცინოს და მოუსმინოს)
მე გუშინ დანაშაულის გრძნობა მომაწერეს. ამ გრძნობისაგან შორს ვიყავი. შემიძლია ვთქვა, ოცი წლის ასაკში მე ხალისიანად და ნამდვილად მადლიერების გრძნობით ვიყავი ჩართული ამ საქმიანობაში, მონაცვლეობით ორივე სქესთან.
დევიდი: (ხალისიანად) რომელს ამჯობინებდი?
გიდეონი: ბიჭები ფიზიკურად უფრო მიმზიდველები იყვნენ ჩემთვის. მათი მოხაზულობა უფრო ეკონომიურია. მაგრამ სექსისათვის გოგონები მერჩივნა. ამ დეპარტამენტში მაინც, ღმერთმა სწორად გაითვალა!
(დევიდი ისევ იცინის. ლუისს არ ეცინება)
თუმცა, თხუთმეტწლიანი თავშეკავების შემდეგ მთელი ამ გამოცდილების სფერო შორეულად მეჩვენება. აი რატომ, ჩემო ბუვ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმზიდველი ხარ, იმედია მაპატიებ, რომ შენ ხიბლს უფრო ენერგიულად არ ვეხმიანები. შენსასაც, რა თქმა უნდა, ჩემო მიმინო.
(დევიდი ბედნიერი წამოხტება)
დევიდი: არა ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან შეურაცხყოფილები უნდა ვიყოთ. (თბილად) ო, რა საყვარელია! შენა ხარ საყვარელი. მართლა! (მოხუცს გადაეხვევა)
ლუისი: და მაინც, თქვენ ამას თავი დაანებეთ.
გიდეონი: მართალია.
ლუისი: ესე იგი, ასეთი მაგარიც არ იყო, თუკი თავი დაანებეთ.
გიდეონი: მე ინტენსიობას აღვწერ, და არა სიხარულს. ახლა ამას ვერ იტყვი, მაგრამ იმ დროს ჩემში იმდენი ძალადობა იყო. ის მოდიოდა, ვფიქრობ, იქიდან, რასაც სასოწარკვეთილებას ეძახიან. დიადი მითი სექსზე, როგორც შეერთებასა და გარდასახვაზე, სულების ერთობლივი ბრუნვა, შერწყმა! რეალობა ძალიან განსხვავებულად მომეჩვენა. ერთობის ეს ამაღლებული გამოცდილება ჩემთვის სულ უფრო და უფრო ძალისმიერი ხდებოდა და უბრალოდ ერთობლივი მასტურბაციის აქტამდე დავიდა, რომელსაც თან ჩურჩულები ახლდა შესალამაზებლად. ამ აღმოჩენიდან გამოვიდა რაღაცნაირი სისასტიკე. ქონა და ფლანგვა. სულ უფრო და უფრო მექანიკური ძიება გულგაცრუებული უგემური გაშმაგებით. თანდათან სურვილის თვით მცნება შემჯავრდა. ეს სიახლოვის პაროდია. განმაშორებელი კულმინაცია. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთვის ეს აგრესიის მთავარი წყარო იყო. ვიდრე უდანაშაულო ცხოვრებას შევუდგებოდი, ამისათვის თავი უნდა დამენებებინა… ჩემმა ცოლმა მიმატოვა იმ მიზეზით, რომელსაც მე ყოველთვის გეუბნებოდით. ჩემი გადაწყვეტილება ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა მისთვის. არ გამიმტყუნებია. ან როგორ გავამტყუნებდი? მე თვითონ… ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო… თითქმის აუტანელი, მართალი რომ გითხრათ.
(პაუზა)
ეჭვგარეშეა, ახალგაზრდები, აქ რომ მოდიან, ამას უაზრობად თვლიან. სექსი მათთვის პრობლემა არ არის. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ, თავისი ტიტების მსგავსი თავებით, სინაზის ემბლემებს რომ უგავთ. ნეტა მართალია? ღმერთს ვთხოვ, ასე იყოს. თუ მათ მართლა შეუძლიათ აკოცონ დაპყრობის გემოს გარეშე, მაშინ მათ მეტი გააკეთეს, ვიდრე მათ წინა თაობებმა: ქამრებიდან წკეპლები ჩამოიხსნეს და მათ ნაცვლად ყვავილები დაიკიდეს,…ასე რომ… ყველას თავისი ბრძოლა აქვს. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია.
დევიდი: გმადლობთ.
(პაუზა)
დევიდი: (ენთუზიაზმით) მოდი გავისეირნოთ. სამივემ!
(მარკი გადატრიალდება თავის საწოლზე)
გიდეონი: (ლუისს) ჰო! დრო გვაქვს, ჩემო ძვირფასო.
ლუისი: თქვენ ორნი წადით. აქ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი.
დევიდი: კარგი, თავი დაანებე.
ლუისი: არ შემიძლია.
დევიდი: ოჰ, კარგი რა!
ლუისი: “შრაივინგსი” თავისთავად არ იმართება, ჩემო ძვირფასო. უკაცრავად. (კაბინეტში გადის)
გიდეონი: რა მოხდა?
დევიდი: შოკირებულია.
გიდეონი: შეუძლებელია. რითი? ჩემი ლექსიკონით? მაგრამ ის ისეთი თავისუფალი გოგონაა. მხოლოდ სიტყვებით შოკირებული ვერ იქნება. არა ასეთი ლიბერალური პიროვნება, როგორც ჩემი მიმინოა! შენი აზრით, უხეში ვგონივარ?
დევიდი: ძალიან მიყვარხარ. ნეტა შემეძლოს ცუდისაგან დაგიფარო.
გიდეონი: საფრთხე მემუქრება?
დევიდი: ვერა გრძნობ?
გიდეონი: ვგრძნობ, რომ ცოტა ნერვები მაქვს აშლილი. ალბათ შიმშილობის გამო.
(მარკი დგება საწოლიდან და ფანჯარასთან მიდის. გარეთ იყურება.)
დევიდი: გუშინ არ გეძინა.
გიდეონი: არა.
დევიდი: შენ იცვლები.
გიდეონი: რას გულისხმობ.
დევიდი: ლუისიც.
(პაუზა)
დევიდი: ამაშია საქმე.
გიდეონი: რა?
(დევიდს შეაჟრჟოლებს)
დევიდ!
დევიდი: ის შენ გცვლის. თავის თავის შეცვლა კი არ შეუძლია.
გიდეონი: არა მგონია ეგ მართალი იყოს. ის ყველა ჩვენგანზე მეტად შეიცვალა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი სასოწარკვეთილი გახდა.
დევიდი: გახდა?
გიდეონი: ჰო, ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს იყო, რის თქმასაც ცდილობდი ჩემთვის, სანამ ჩამოვიდოდა? შენ ეჭვობდი, რომ ის ასეთი გახდა?
დევიდი: გახდა – არა.
გიდეონი: რას გულისხმობ? ყოველთვის ასეთი იყო?.. ეს უაზრობაა, ძვირფასო. ყოველთვის ცდილობდა მაღალფარდოვანი ეგოცენტრიკი ყოფილიყო. მაგრამ ასეთი _ არასდროს…
(დევიდი მხრებს იჩეჩავს)
იმით რისი თქმა გინდოდა? ხმის გაჩერებაზე რომ ლაპარაკობდი?
დევიდი: მინდოდა ხმაში რაღაცის შეჩერება..
გიდეონი: რა რაღაცის?
(დევიდი ისევ იჩეჩავს მხრებს)
არ მესმის რას ამბობ.
დევიდი: (გაბოროტებულად) რაღაცის!
(პაუზა)
გიდეონი: (შეფიქრიანებული) ის შენ არასდროს არაფერს დაგიშავებს. შენ ეს იცი.
დევიდი: მოდი, წავიდეთ სასეირნოდ.
(ის მკვეთრად მიდის ბაღში გასასვლელი კარისკენ, სადაც პალტოები და გიდეონის შარფი და ბერეტი კიდია)
გიდეონი: დევიდ…
დევიდი: (ბერეტს უწვდის) აი.
გიდეონი: გმადლობ. (თავზე იხურავს) რომ ვთხოვო წავიდეს “შრაივინგსიდან”, კმაყოფილი დარჩები?
დევიდი: ამის გაკეთება არ შეგიძლია.
გიდეონი: გინდა თქვა, უფლება არა მაქვს.
დევიდი: მე მინდა ვთქვა, არ შეგიძლია.
(გიდეონი მას მისჩერებია. დევიდი მის ხელს იღებს ხელში)
(წყნარად) წამო.
(ერთად გადიან. ზევით მარკი იყურება ფანჯარაში)
მარკი: აი, მიდიან. მამა და შვილი – ხელი-ხელ ჩაჭიდებულები, აღმა, ველზე. გულისამაჩუყებელია! ჰიპების მთელი ოცნება ერთ ჩარჩოში: ბებერი და ახალგაზრდა, თაობებს შორის ნაპრალს ჯიხვებივით ახტებიან! … შეხედე ერთი, ცეკვავს. ჩვენი ბიჭი!
(მოტრიალდება)
(მწარედ) გიდისთან ცეკვავს, მე კი აქ დავრჩი შენთან. არა, ჩემ თავთან. მარტო. შენც მათთან ერთად იქნებოდი, მთავარი მოცეკვავე. «Vენგა, ვენგატე! იცეკვე ჩემთან, სან მარკო.» (მაღალფარდოვნად) არა, არა, ჩემო ძვირფასო ჯულია, ღმერთო, – ცეკვა ჩემი მასით? ალბათ გაგიჟდი!.. შენ იცეკვე; მე გიყურებ. შენ იცინე; მე გიყურებ. შენ იცოცხლე; მე გიყურებ და ზმანებას ლიტერატურად გადავაქცევ. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ლიტერატურა რჩება! ის იმდენად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრება…
(ტელეფონი რეკავს. ლუისი გამოდის კაბინეტიდან და პასუხობს)
ლუისი: მომისმინეთ, ბატონო: მჯდომარე აქცია თავად არის საჯარო განცხადება. მეტი რაღა გინდათ?
(ყურმილს კიდებს და აპათიურად მიდის საწერ მაგიდასთან)
მარკი: ვინ დარჩა დაბლა? უმანკო უცხოელი, თავის საბეჭდ მანქანას ებრძვის! სიყვარულის მანიფესტებს აკაკუნებს პატარა მოძულე მბეჭდავი თითებით!
(ლუისი მაგიდასთან ზის, თვალი გაუშტერდა)
უნდა ვთქვა, მე თვითონ მივაბეჭდავდი ერთს. ერთი საათი მთელ ცხოვრებას შეუცვლიდა. ბოლოს და ბოლოს, რა იცის სტუდენტების ხელების ფათურის გარდა?(საწოლზე ჯდება)
რატომაც არა? როგორ გადაიტანს ამას ბებერი? დევიდი? –
(ფიქრს აჩერებს, სალოცავს უღრენს)
აჰ, ნუ იქნები იდიოტი! ამას ვერ მოვახერხებ. შეხედე! ფსონები ერთი ათასთან არის. რიჩარდ მესამესაც კი მეტი შანსი ქონდა პირქუშ ლედი ანასთან!.. (ეშმაკურად) სულ ერთია. აგე, ზის, მარმარილოს ქანდაკებაზე უფრო გაქვავებული – აქ კი მე ვზივარ, ძველი დაშნა,ôთუმცა ჯერ სულ მთლად დაჟანგული არა. ყოველთვის შეიძლება სცადო. ის, რაც თითქმის ყველამ შეიძლება თქვას ბოლოს, უთხრას კაცს თუ ღმერთს «მოდი, ვცადოთ!»
(ფეხზე დგება. იღიმება.)
ჩემი სვლაა.
(ოთახიდან გამოდის და თითის წვერებზე ჩამოდის ქვევით. კიბის ბოლოს ჩერდება და გოგოს ათვალიერებს.)
სულ მარტი ხართ თქვენს რემინგტონთან?
(გოგო ყურადღებასს არ აქცევს. მარკი ოთახში შემოდის)
ისევ გაბრაზებული ხართ ჩემზე გუშინდელის გამო? არ უნდა იყოთ. სიმართლე მტკივნეულია – მაგრამ ისეთ სახლში, როგორიც “შრაივინგსია”, სხვა არაფერი უნდა ილაპარაკო. და მერე უნდა მიუტევო. განა ეს არ არის ამ სახლის დანიშნულება?
ლუისი: რატომ უბრალოდ არ წახვალთ აქედან?
მარკი: სად? უკან, კორფუზე?
ლუისი: ოღონდ ჩემგან შორს იყოს, სულ ერთია სად.
მარკი: ახლა, ვშიშობ, ტყუილს ამბობ. მე ვფიქრობ, ღამით საწოლში რომ წევხარ, ძალიან ბევრს ფიქრობ ჩემზე.
ლუისი: მართალი ხართ. თქვენზე ბევრს ვფიქრობ. აუცილებლად საწოლში არა. გინდათ გაიგოთ, რას ვფიქრობ თქვენზე, ბატონო ასკელონ?
მარკი: სულაც არა. უფერულობის აღმწერლობითი უნარი ყოველთვის კი არ უმჯობესდება, თუ ის დიადი ინტელექტისაკენ არის მიმართული.
ლუისი: თქვენ ფიქრობთ რომ გალანტური მანერების უკანასკნელი წარმომადგენელი ხართ, არა? – მთელი თქვენი მზარეულობით და ციტატებით! არავის ახვევთ თავს თქვენს განსწავლულობას. სტილი გაქვთ. იცით, რას გეტყვით? – ბავშვების უმრავლესობას მეტი სტილი აქვთ ერთი ფეხის ფრჩხილში ვიდრე თქვენ მთელ თქვენ ლოთ სხეულში.
მარკი: და გიდეონი? გიდეონზე მეტი სტილიცა აქვთ?
ლუისი: ეშმაკმაც დალახვროს, ბატონო ასკელონ! ჩვენ ბედნიერები ვიყავით, ვიდრე თქვენ ჩამოხვიდოდით.
მარკი: მატყუარა! მე გნახე იმ დღეს, როცა ჩამოვედი. კუანა დედაბერი, ქვეყნის დარდმა რომ მოკლა, ერთ მუჭა წარმოდგენებს ჩაბღაუჭებული. ბედნიერი? აქ ბედნიერებას არც კი ჩაუვლია.
ლუისი: უჰ, შენი დედაც…!
მარკი: რა დავაშავე? ის, რომ წმინდანი ჭეშმარიტი სინათლის შუქზე დაგანახეთ?
ლუისი: წადით აქედან, მეტი არაფერი მინდა.
მარკი: გამიგონეთ. ნუ ემალებით ამას. გიდი სრულიად შერეკილია, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. სიცოცხლეში არასოდეს წოლილა ქალთან.
ლუისი: ეს არ არის მართალი.
მარკი: ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვის ადარდებს, ბოლოს და ბოლოს?
ლუისი: ეს არ არის მართალი!
მარკი: ეს მხოლოდ ფაქტების საკითხია. მოსაწყენი, სამაგალითო ფაქტების.
ლუისი: ეს არ არის მართალი!
მარკი: თქვენ საწინააღმდეგო მტკიცებები გაქვთ?
ლუისი: დიახ.
(პაუზა)
მარკი: რა მშვენიერია. რა მშვენიერი აღმოჩენაა! ქალი შეიძლება ისეთივე გალანტური იყოს, როგორც კაცი. უფრო გალანტური, ამ შემთხვევაში. არა მგონია რომ გიდიმ დიდად გამოაჩინა ეს თვისება გუშინ. ის, როგორც მან დაგიცვათ.
ლუისი: თქვენ მისი უკანალის გაწმენდის ღირსიც არა ხართ.
მარკი: თუ, უფრო სწორად, არ ვიყავი.
ლუისი: (მკვახედ) მე არავითარი დაცვა არ მჭირდება.
მარკი: «მგონი უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე მეგონა»
ლუისი: რა?
მარკი: ეს იყო საუკეთესო, რაც მოახერხა, ეთქვა «მგონი უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე მეგონა». ძნელად თუ ჩათვლი ამას გალანტურობად.
ლუისი: თქვენ მისი სულ არ გესმით! ერთი სიტყვაც არ გესმით!
მარკი: (აღფრთოვანებით) თქვენ ნამდვილად ღირშესანიშნავი ხართ.
ლუისი: რას გულისხმობთ?
მარკი: იმისთანა სცენის შემდეგ – მისი ასეთი დაცვა. თვალებით, რომლებიც ნაპერწკლებს აფრქვევს. მკერდით, რომელიც… თქვენ ვალკირია ხართ.
ლუისი: ერთი თქვენი დედა!
მარკი: კარგი. ვხუმრობ. ცოტათი. მაგრამ თქვენ მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ დაცვა არ გჭირდებათ. თქვენ ის მთლიანობა გაქვთ, რომელიც ლამის საშიშია. იცით, თქვენ პირველი ადამიანი ხართ, რომელიც შემხვდა – მას მერე, რაც ჩემ თავს შევხვდი, ვისაც ნამდვილად შეუძლია ისე მოექცეს აბსტრაქციებს, როგორც საყვარლებს.
ლუისი: (მშრალად) დიდებულია.
მარკი: მინდა ვთქვა, აკოცოთ მათ. ცემოთ ღალატისათვის.
ლუისი: ჰა, ჰა, ჰა!
მარკი: ეს ისაა, რაც ჩემ ცოლს არასდროს ესმოდა. არ შეეძლო აღექვა უმარტივესი აბსტრაქტული იდეა.
ლუისი: მის შვილს იგივე პრობლემა აქვს.
მარკი: თქვენზე გაგიჟდებოდა. გულწრფელად ააღელვებდით ყველაფერზე. თქვენს დანახვაზე თვალები გაუფართოვდებოდა. ისინი ნამდვილად სასწაულებრივი ჰქონდა, იცით? გუგებს გარშემო მზის რკალი ენთო. სხვა დანარჩენში საკმაოდ ჩვეულებრივი იყო. მოუსვენარი ჟღალთმიანი მოცეკვავე რომის ოპერიდან, არც თუ ძალიან კარგი. როცა ცეკვას თავი დაანება ჩემთან ერთად მაკარონზე და პოეზიაზე საცხოვრებლად, ცოტა ფორმები დაკარგა – მაგრამ მის თვალებს არასოდეს დაუკარგავს სინათლე. ღმერთმა იცის, საიდან ქონდა ეს თვალები. მამამისი ერთი უღიმღამო მოსამსახურე იყო, თევზივით თვალებით. დედამისის თვალები – ორი ლოკოკინა, სპაგეტით სავსე თეფშზე. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჯულიას თვალები სასწაულებრივი იყო. როგორც თქვენი.
ლუისი: ოჰ, რა თქმა უნდა.
მარკი: ვინ მოგცათ ეს თვალები? ვიღაც ბავშვ-სახა ექიმმა ილინოისის ველებიდან? თქვენს შუა-დასავლეთში საცხოვრებლად ხომ არა! თვალები მოწყალების ნაპერწკლებია. ანგელოზი აქსოვს მათ, როდესაც სახელს არქმევს.
(გრძელი პაუზა)
ლუისი: (წყნარად) გიდის თვალები საზიზღარია.
მარკი: რა?
ლუისი: ის თეთრი ლორწო. ნამდვილად საშინელია. რატომ არაფერს აკეთებს რომ მოიშოროს? და ისეთი, თითქოს არასდროს გიყურებენ პირდაპირ.
მარკი: (ეშმაკურად) თითქოს ისინი… ფოკუსში არ არიან?
ლუისი: თქვენ ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ხართ, არა?
(მარკი იკრიჭება)
მარკი: ვიყავი.
ლუისი: ჰო, რა თქმა უნდა.
მარკი: თქვენ არ იცით, რა ჭკვიანი ვიყავი.
ლუისი: “ოდესღაც”, გინდათ თქვათ? ოდესღაც?
მარკი: (ლუისს მისჩერებია) ჰო. ოდესღაც. (პაუზა)
ლუისი: (უფრო რბილად) წადით ახლა, გთხოვთ.
მარკი: მე ისეთი სახალისო ვიყავი!
ლუისი: უბრალოდ თავი დამანებეთ…
მარკი: მე ვიყავი თვით სამყარო!
ლუისი: გთხოვთ, წადით აქედან! …
მარკი: მე ყოვლისმომცველი თანაგრძნობა გამომიცდია: არავინ იყო ჩემს გარეთ. მე ვიყავი ჩამომსვლელი ლექტორი – და კარისკაცი, ქედმოხრილი რომ უშვებს მას შენობაში. მე ვიყავი ფაბერჟეს პრინცი – ანდებში მოგზაური – ჩაის ცერემონიის გოგონა, მთელი რვა საათი რომ დგას ორ მოთუხთუხე სამოვარს შორის. მკვირცხლად დავაბიჯებდი სამხედრო პლაცებზე ხაკისფერ ფორმაში. ღამით დაღლილი ვბრუნდებოდი ტკივილისმომგვრელ ავტობუსში. მე ვიყავი დილის საარი – კორელის შემოქმედების ნაღები – ფუჭად გასული დღის მოუნელებლობა! მე ვიყავი უხვი, სრულყოფილი ადამიანი… ოღონდ ერთი რამ. მე არასდროს ვყოფილვარ ნამდვილად ცოცხალი. (პაუზა) შიგნით, ჩემი პირველი დღიდან ამ ქვეყანაზე, კიბო ბუდობდა. უშუალოდ ცხოვრების უუნარობა. როცა პატარა ვიყავი, ბრბო ფეხბურთის მატჩებზე ფეხზე ხტებოდა ყვირილით. მე მხოლოდ ბურთის და ფეხების დანახვა შემეძლო. სტუდენტური ცეკვების დროს სიჩუმეში დავხტოდი. ყველა ამბობდა: რა მაგარი მუსიკაა, არა? მე ვიკრიჭებოდი, მაგრამ არაფერი მესმოდა.
ერთადერთი მუსიკა, რომელიც ოდესმე მესმოდა იყო სიტყვები და გიდეონ პეტრის იდეები. როდესაც ისინი უღელში შევაბი, თქვენი სათაყვენებელი პოეტი გავხდი. მე ვკლავდი გენერლებს. ფურთხში ვახრჩობდი პრეზიდენტებს. ავადმყოფ პაპებს! რეპრესიების კურდღლებს! ოჰ, ისინი მაიძულებდნენ გაუჩერებლად მევლო წლების განმავლობაში ჯანმრთელი სიძულვილით – ჩემი განტევების ვაცები. ოღონდ ერთი რამ, გამექცნენ. თავად ათეიზმიც კი გამექცა, იმ წამს, როდესაც ლექსი თაყვანისცემის აქტად ჩავთვალე. შემდეგ წამს – როცა მივხვდი, როგორ მოითხოვს აწმყო თაყანისცემას – ჯოჯოხეთი დაიწყო. მე აღარ ვიყავი რევოლუციური პოეტი. მე ვიყავი თვითნაკურთხი მოძღვარი რწმენის გარეშე.
(პაუზა)
იცი, რაზე ვლაპარაკობ? მე არასოდეს მიცხოვრია. და ეს “არასოდეს” უფრო სასტიკ მკვლელებს ქმნის, ვიდრე ქრისტე ან სახელმწიფო. ჩაიხედე ჩემს თვალებში. რას ხედავ? შურს? უსასრულო ცხოვრებას სხვების ხარჯზე? ეჭვიანობას, მძვინვარე მზერიდან რომ გამოსჭვივის?.. აი, სად იწყება ვიეტნამი. ნუ დაჯდები ასფალტზე შეიარაღების აკრძალვის მოთხოვნით. თუ მაინც და მაინც უნდა იჯდე, ამ თვალების აკრძალვა მოითხოვე. ისინი, რომ შეეძლოთ, მოკლავდნენ გიდეონს მისი სიკარგისათვის. ისინი მოკლავდნენ დევიდს მისი ინსტინქტისათვის. ჰო, ჩემ საკუთარ შვილს – როგორც მოკლეს დედამისი: ჯულია. საბრალო გოგო, შენს წინ მკვლელი დგას. მაგრამ ნუ გეშინია. შენ არაფერი გემუქრება. შენ არა გაქვს არაფერი, რაც მე მინდა.
(ლუისი ნაზად კოცნის ტუჩებზე. მარკი უკან გაიწევს, მერე კოცნის ვნებით. ლუისი მას მკლავებს მოხვევს)

ფარდა

მესამე მოქმედება

კვირა ღამე.
თორმეტის ნახევარია. ზევით ლუისი წევს მარკის საწოლში თეთრი ზეწრის ქვეშ. მის უკან დგას მარკი, დიდ თეთრ პირსახოცში გახვეული. ხელში ბოთლი უჭირავს.

მარკი: გღვიძავს?
ლუისი: მმმ.
მარკი: მაშინ მომისმინე, მის ამერიკა. სახლში წადი. დაივიწყე ევროპა. ის ბებერი, ბოროტი და უსარგებლოა – ჩემსავით. დატოვე. ამოიგდე თავიდან, თუ სიცოცხლე გინდა. დამიჯერე, ყველაფერი ცუდი აქ დაიწყო. შავი ჭირი. ქოჩორა თავების დაპყრობა და დამონება. სოციალური ფენოვანი ნამცხვარი, რომლის დაშლის უფლება მხოლოდ ღმერთის ხელს აქვს. ამასთან პოლიციური სახელმწიფო. ეს ჩვენი მთავარი საჩუქარია მსოფლიოსათვის. ჩვენ უამისოდ არასდროს გვიარსებია. პრუსიის ჩაფხუტიანი დამრბევები. ჰოჰენშტაუფები – ჰოჰენცოლერნები. მთელი ის ბურბონების ღამეები. ჯაშუშების ლანდები ყველგან – არკადებში მოთვალთვალე ფუშე – მეტერნიხის კაცები – ბინდში მოსრიალე შეშლილი მღვდლების ანაფორები – რომი, თავისი წკარუნა ზარებით, საკუთარი თავის ასარიდებლად რომ გვაგროვებდნენ. გიდი მართალია… (უფრო მკვეთრად) არასოდეს მიუტევო მათ, დაჩოქილებს! ესკორტის ბიჭებს, ეკიპაჟებს რომ მისდევენ, სალამს რომ ვერ დაასწერბ. საბუთებს ნელა რომ ათვალიერებენ. ქვეყნის წინამძღოლებს შავ სათვალეებში, თეთრი რაშების მაგივრად ახლა მოტოციკლეტებზე შემომჯდარებს! ქურქების და ბუმბულების ნაცვლად პლასტიკით შემოსილებს, ტრანზისტორებს რომ ახრიალებენ. სხეულწართმეულებს, უინტერესოებს, როგორც მათი გმირი ასტრონავტები. ერთ ხროვად შეყრილ ადამიანებს!.. ჩვენ გასწავლეთ ხრიკები, თქვენ კი ისინი კიდევ უფრო უხარისხო გახადეთ. გამოგვდევნე ჩვენ სრულიად! ჯანდაბა ევროპას. გამოგვდევნე შენგან… ყელში ამომივიდა.
(ბოთლს აძლევს ლუისს)
ლუისი: ფანტასტიური ხარ. იცი, რომ მთელი დღე ლაპარაკობ?
მარკი: შენ კი გძინავს. აბა რა. ასეთი უსაშველოდ მოსაწყენი ლაპარაკისას.
ლუისი: ნუ ხარ სულელი. ხელი მომეცი.
(მარკი საწოლისაკენ მიდის და ლუისის ხელს იღებს)
მარკი: ერთი შეხედე შენს თვალებს, ეს აბსურდია.
ლუისი: რა?
მარკი: შენი პირი მთელი დღე ყვირის “თანასწორობა!” მაგრამ შენი თვალები მღერიან “უნიკალურობა”! მათგან ვერ გაიგონებ რომ მოითხოვონ “ერთნაირი თვალები ყველა ქალს”!
(ლუისი ხითხითებს და სვამს ბოთლიდან)
რომ შევძლო ერთხელ მაინც ვაქციო ლექსად პირს აღარასოდეს გავაღებდი. გაითვალისწინე.
ლუისი: შშშ.
(დევიდი გამოდის თავისი ოთახიდან, ერთი წამით ჩერდება ზევით, მერე ქვევით ჩარბის. ლუისი შეშდება.
ბიჭი გახდილია, წელზე თეთრი პირსახოცი აქვს შემოხვეული, მეორე – ხელში უჭირავს. პირდაპირ გიდეონის კაბინეტისაკენ მიდის და კარზე აკაკუნებს)
გიდეონი: (შიგნიდან) ბატონო?
მარკი: (ლუისს ხელზე კოცნის) მტკიცე, საბეჭდ მანქანას მოკაკუნე პატარა ხელი. ნეტა ის რემინგტონი ვიყო.
ლუისი: ოჰ, გეყოფა ახლა.
(მარკი იცინის. გიდეონი კარს აღებს. თავსი თეთრი ხალათი აცვია)
დევიდი: ჯერ კიდევ სველი ხარ.
გიდეონი: (ოთახში გამოდის) ცოტათი.
დევიდი: დაჯექი, გაგამშრალებ.
გიდეონი: არა, არა უშავს.
დევიდი: დაჯექი!
(გიდეონი ჯდება. დევიდი იწყებს მისი თავის გამშრალებას პირსახოცით)
მარკი: დაბლა უნდა ჩავიდეთ ერთ წუთში.
ლუისი: არა.
მარკი: უნდა ჩავიდეთ.
ლუისი: არ მინდა.
მარკი: აქ დარჩენას აპირებ?
ლუისი: ჰო.
(მარკს ზურგს შეაქცევს და თავზე ზეწარს გადაიფარებს)
გიდეონი: კეთილშობილური იყო შენი მხრიდან, ჩემთან რომ გაატარე მთელი დღე.
დევიდი: ნუ ხარ სულელი.
გიდეონი: შენ ჩემზე უფრო დასველდი. სველ ჯოჯოს გავდი.
დევიდი: გავერთე.
გიდეონი: მართლა?
დევიდი: ალბათ იმიტომ, რომ ლუისი არ იყო იქ. იმის თქმა მინდა რომ, გუშინ სულ ისე მიყურებდა, თითქოს მოითხოვდა რომ ეს მოსაწყენად ჩამეთვალა.
გიდეონი: შენ აზრს მისთვის მნიშვნელობა აქვს.
დევიდი: მართლა ასე ფიქრობ?
გიდეონი: რა თქმა უნდა. სხვაგვარად აბა როგორ შესძლებდი გაგებრაზებინა?
დევიდი: ნამდვილად გულუბრყვილო ვარ, არა?
გიდეონი: ჰო, თუ საკუთარ მიმზიდველობას ვერ ამჩნევ. ახლა უფრო შეამჩნევ და ამიტომ ნაკლებად მიმზიდველი იქნები.
დევიდი: ცხოვრება დამთრგუნველია, არა?
გიდეონი: ვერ უარვყოფ ამას.
(მარკი ფეხზე დგება)
მარკი: მოდი ახლა. დროა ადგე.
ლუისი: (ზეწრის ქვეშ) არა.
მარკი: უკვე თხუთმეტი წუთია დაბრუნდნენ. გიდეონს ალბათ თავისი ვახშამი უნდა. ალბათ შიმშილით კვდება.
ლუისი: შეუძლია თვითონ მოიმზადოს.
მარკი: არ არის კარგი ასეთი ლაპარაკი.
ლუისი: ოჰ, თავი დამანებე!
დევიდი: სად ჯანდაბაში უნდა იყოს?
გიდეონი: არ მესმის.
დევიდი: მთელი საუკუნე ველოდებოდით მანქანას.
გიდეონი: ალბათ სეირნობს და დროს ვერ ამჩნევს.
დევიდი: არა მჯერა.
გიდეონი: რატომ? ეს ბუნებრივი ახსნაა. მაინცდამაინც ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ ასიამოვნა.
დევიდი: ლუისს საპროტესტო აქცია არასდროს დაავიწყდებოდა.
მარკი: ლუის.
გიდეონი: მაშ რა? გინდა თქვა, რომ ეს ძალით გააკეთა?
მარკი: (უფრო მკაცრად) ლუის.
გიდეონი: მაგრამ რატომ? რატომ უნდა? …
(დევიდი უფრო ენერგიულად უმშრალებს თავს)
ფრთხილად, ძვირფასო!
დევიდი: რა ხდება, გიდი?
გიდეონი: ხდება?
დევიდი: რა იყო? რა გითხრა ასეთი?
მარკი: აი!
(ხელს კრავს. ლუისი წამოჯდება.)
ლუისი: შეწყვიტე ახლავე!
(ერთმანეთს გააფთრებულები უყურებენ)
გიდეონი: (რბილად) დამიჯერე, ჩემო ძვირფასო.
დევიდი: რა? რა დაგიჯერო?
გიდეონი: ხომ იცი, ამბობენ, კაცი რომ რევოლუციონერი გახდეს, შვიდი ჭამა უნდა გამოტოვოსო.. მე ექვსი უკვე გამოვტოვე.
დევიდი: საბრალო გიდი. მაპატიე… ახლა მოგიტან, რაც გჭირდება. მოდი ვნახოთ, რა არის იქ. (სამზარეულოსკენ მიდის.)
გიდეონი: საჭმელიც კი არ დაგვიტოვა. ვერ ვხვდები, რატომ.
დევიდი: იმიტომ, რომ ეგოისტი ძროხაა.
გიდეონი: შშშ!
მარკი: ადექი საწოლიდან.
ლუისი: არა.
დევიდი: ხომ კარგად ხარ?
გიდეონი: მე მგონი. შენ? შენც არ გიჭამია.
დევიდი: უკეთესად გავხდები ცოტას რომ შევჭამ. უკაცრავად.
(გადის.
მარკი ლუისს დაადგება თავზე)
მარკი: (მკაცრად) ადექი, ლუის!
ლუისი: რა მოგივიდა?
მარკი: მე შენ დაბლა მჭირდები.
ლუისი: გჭირდები?
მარკი: სწორედ ასეა.
ლუისი: ეს რაღაა? რა თამაშს თამაშობ?
მარკი: ჩემსას. როგორც ყოველთვის.
ლუისი: და მეც ამ თამაშის ნაწილი ვარ, ჰო? დაბლა გჭირდები ძალიან. რატომ?
მარკი: ხელი დააჭირე და ნახავ.
ლუისი: (უცებ ხვდება) შენ გინდა უთხრა, ჰო?
შენ გინდა უთხრა, ახლავე!.. გინდა, არა? რატომ?.. რატომ?
მარკი: შეწყვიტე ჩემი დაკითხვა, შე სულელო ძუკნა! ჩაიცვი ტრუსიკი და ჩამოდი დაბლა.
ლუისი: შენ ეს დაგეგმე!.. შენ ეს ყველაფერი გაითვალე.
მარკი: მოდი ახლა ისტერიკის გარეშე, თუ შეიძლება.
ლუისი: სულ ყველაფერი…
მარკი: ლუის –
ლუისი: ყველა დეტალი!
მარკი: კარს გავაღებ. შეგიძლია კიდევ იყვირო.
(კარისაკენ მიდის)
ლუისი: ოთახიდან არ გამოვალ. მე აქ ვრჩები.
მარკი: როგორც გინდა.
(გამოდის ოთახიდან და ქვევით ჩადის)
საღამო მშვიდობისა.
გიდეონი: მშვიდობა.
მარკი: როგორ ჩაიარა თქვენმა აქციამ? როგორც წარმომიდგენია მომაკვდინებელი ჰიტი იყო. ჭკვიანურია, ის რომ დაუმატე მთელ ამ ამბავს. შიმშილობას ვგულისხმობ. დაამატე შანსი, რომ წამყვანი მსახიობი ყოველ წუთს შეიძლება გამოეთიშოს თამაშს და მეორე წარმოდგენის გარდაუვალი ჩავარდნა ნამდვილ თრილერად იქცა. გილოცავ.
გიდეონი: მე ისევ მაკლდი მაყურებელთა შორის.
მარკი: ლუისიც. ლუისიც უნდა დაგკლებოდა.
გიდეონი: მაკლდა. სად არის?
(დევიდი შემოდის. ხელში სუპის კონსერვი უჭირავს)
დევიდი: ცოტა ოსპის სუპი ვიპოვე. ეს მხოლოდ უბრალო –
(მამამისს მოაჩერდება)
მარკი: ჩემთვისაც ხომ არ დადებდი თეფშს? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ კარგი საბაბია, დიდი ადამიანის შიმშილობის დასრულება. ალბათ პირველი სერობა უნდა დავარქვათ!
დევიდი: ხუთ წუთში იქნება, გიდი.
(სამზარეულოსაკენ მიდის)
გიდეონი: მამაშენისთვისაც დადე თეფში.
დევიდი: კარგი.
მარკი: და ლუისისთვისაც, გეთაყვა. ისიც მშიერი იქნება. (იღიმება)
მხოლოდ მოშიმშილე პროტესტები როდი აშიებს ადამიანს.
დევიდი: რა?
მარკი: გაუშალე სუფრა მამაშენს, მამაშენი კი ლოგინს გაშლის შენს მაგივრად.
(პაუზა)
დევიდი: სად არის?
(ერთმანეთს უყურებენ. ინტუიტიურად დევიდი კიბის ასასვლელთან მიდის)
(ზევითკენ იძახის) ლუის?.. ლუის!
(გოგო ადგომას იწყებს)
მარკი: ალბათ სძინავს.
დევიდი: ლუის!
(გოგო სწრაფად დგება საწოლიდან ზეწარმოხვეული. დგას და სვამს ბოთლიდან ავტომატურად)
გიდეონი: (დევიდს) ნაზად, დევიდ, გევედრები.
დევიდი: ლუის!!!
(ლუისი ფრთხილად დებს ძირს ბოთლს, ზეწარს შემოიხვევს და ნელა ჩამოდის დაბლა: თეთრი ფიგურა უერთდება სამ დანარჩენს)
გიდეონი: მშვიდობა.
ლუისი: საღამო მშვიდობისა. (დევიდს) საღამო მშვიდობისა. (მარკს) საღამო მშვიდობისა. (გიდეონს) დასველდი.
გიდეონი: ვშიშობ, რომ ასეა.
ლუისი: არა უშავს. ასეთი დღე იყო. ყველა დასველდა!..
(ოთახში სიარულს იწყებს)
სინამდვილეში ჩვეულებრივი დღე იყო. აბსოლუტურად ჩვეულებრივი. ზოგმა ფაღარათი მიიღო. ზოგმა მიიღო ტყვია, ზოგმა სხვამ – იღბლიანმა, როგორც ამბობენ, მიიღო რაღაც სხვა. და ამის ახსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. (მარკს) სწორია?.. (დევიდს) რას უშვები ამას? გიდის გინდა მისცე? ამას მიიღებს მთელი ორი დღის შიმშილის შემდეგ – სულ ეს არის რასაც ის მიიღებს? – ტილიან კონსერვის სუპს? აჰ, საბრალო გიდი! ერთი დღით შევწყვიტე შენი მოვლა და ნახე რა ხდება. ხედავ, ჯერ კიდევ გჭირდები!
(ნაძალადევად იცინის)
სინამდვილეში არავის არავინ სჭირდება. ეს მხოლოდ სიტყვაა – ჭირდება, ერთი იმ არანორმალური სიტყვებიდან, გონებას რომ გირევენ…
დევიდი: ლუის…
ლუისი: (კონსერვს გამოგლეჯს ხელიდან) მომეცი ეს!
(გატრიალდება და სამზარეულოში გადის)
გიდეონი: (მარკს) რა გააკეთე?
ლუისი: (თითქოს არაფერ შუაშია) მე?
გიდეონი: ვერ ვიჯერებ…
მარკი: რას?
გიდეონი: შენს მდგომარეობაშიც კი… არა, მარკ.
მარკი: რა? რა, გიდეონ?
გიდეონი: (ამოაფრქვევს) რომ შენც, შენც! –
მარკი: “ასე დაბლა დავეცი?”
(იცინის. დევიდი მოტრიალდება და უყურებს)
მარკი: (თავის შვილს) რას მისჩერებიხარ? ძველ ნანგრევს, რომელიც ჯერ კიდევ მიმზიდველია ქალებისათვის? ამაზრზენია, ჰო? სიამოვნება ახალგაზრდებისთვისაა, ეს ყველამ იცის!.. თინეიჯერის პორტრეტი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყარო მთლიანად მის ხატად და მსგავსად არ არის შექმნილი!
(პაუზა. მარკი სავარძელზე ჯდება)
ნუ დარდობ, ბიჭო! ბევრი არაფერი დაგიკარგავს. ეს არ ყოფილა ჩვენი დროის საუკეთესო სექსის აქტი. ის თევზივით ცივია, ეს უნდა იცოდე. გაყინული ციხესიმაგრე, ტუნდრის ნიადაგი!
გიდეონი: წყნარად იყავი!
მარკი: და მაინც, მე მივეცი მას რაღაც. როგორ გგონია, რა უნდოდა შენგან, ა? ნარკოტიკი, ხელის ფათური და ნათხოვარი კოცნა კვირაში ერთხელ. გგონია ეს დააკმაყოფილებს გოგოს? გიცნობთ მე თქვენ, ნარკომან ლაწირაკებს. თქვენ ხომ მხოლოდ ფისი-ფისი და ვაიმე-ვუიმე შეგიძლიათ. თქვენი დაბოლილი სიცოცხლეების გადასარჩენადაც კი ვერ აიყენებთ!
გიდეონი: გაჩუმდი, გაჩუმდი ახლავე!
მარკი: (ყურადღებას არ აქცევს) გასაკვირი არც არის, რომ ვერ გიტანდა – დედაშენი. მასშიც კი, ღრმად, იყო ბუნებრივი იტალიური შიში – არამამაკაცისა.
გიდეონი: მარკ, გევედრები!
(მარკი ისევ დგება. თავის შვილთან მიდის და კისერზე ადებს ხელს ალერსიანად)
მარკი: ნუ განიცდი, ბიჭო. ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, შენ და მე. მეც ვერასოდეს ვჯობნიდი ქალებს. შენ არა გჯერა ეს ყველაფერი ჩემზე, დიდ საყვარელზე. ყველაფერი ტყუილი იყო. მეც ისევე მალე დავმარცხდი ჯულიასთან. აბა რა. ერთადერთი, რაც მას უნდოდა, იყო რომაელ წინაპართა თარგი. დალეწილი მუშტი. დამსხვრეული თეფში. აბა სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, რომ უყვარხარ? მე კი ეს არ შემეძლო! – მისი “დიდი მორცხვი ინგლისელი” ვიყავი. ნამდვილად ჩემი ბრალი იყო სხვაგან რომ მოუხდა კომფორტის ძებნა.
(დევიდი მკვეთრად მიტრიალდება მისკენ. გიდეონი დგება შეძრწუნებული)
ოჰ, კარგი რა! რა არის ამაში ახალი? რა დიდი სიურპრიზია? თვითონ უნდა მიმხვდარიყავი! არა?.. ძალიან მკაცრი არ უნდა იყო მის მიმართ, ბოლოს და ბოლოს სხვა რა უნდა ექნა? ის ცხელი ქალი იყო, დედაშენი. ის, რაც მე ვერ უზრუნველვჰყავი, სხვაგან უნდა ეშოვნა. და იშოვა კიდეც, კორფუს ყურეში. ვულგარული არჩევანი იყო, მაგრამ, აი შენც აქა ხარ.
გიდეონი: (ტკივილით) მარკ!
მარკი: (უხეშად) ოჰ, კარგი რა, გიდი. გეყოფა თამაში! დროა ვუთხრათ.
გიდეონი: ვუთხრათ?
მარკი: ჩემ ცინგლინ ბიჭს, რომელიც ამტკიცებს. რომ არაფერი აკავშირებს ხმელთაშუაზღვისპირეთთან! დროა გაიგოს ჩვენი პატარა საიდუმლო.
გიდეონი: საიდუმლო?.. რა საიდუმლო?.. არ არის არავითარი, არავითარი საიდუმლო!..
დევიდი: (რბილად: მკვდარი) შეწყვიტე.
გიდეონი: (სასოწარკვეთილი და ნირწამხდარი) მე არავითარი საიდუმლო არ ვიცი, დევიდ!
(დევიდი გაუნძრევლად დგას, არც ერთს არ უყურებს)
დევიდი: შეწყვიტე, გიდი.
გიდეონი: მე არაფერი არ ვიცი, დევიდ. დამიჯერე: არაფერი. ის ყველაფერს იგონებს!
მარკი: ოჰ, მიდი რა: უკეთესად შეგიძლია ამის მოხერხება! ტყუილს ნუ შეაფარებ თავს, გიდეონ. დაიცავი ის, თუ გინდა, მაგრამ ნუ იცრუებ! ეს თავზარდამცემია, როცა ამას შენ აკეთებ!
გიდეონი: (მოუთმენლად) დევიდ? …
მარკი: ეს ნამდვილი უწესობაა!
გიდეონი: ძვირფასო ბიჭო?
დევიდი: (ხმადაბლა, მკაცრად) მხოლოდ შეწყვიტე. გააჩერე ხმა. ხმა… ხმა… გთხოვ!…
მარკი: შეხედე შენ თავს! განა ეს ჩემი სახეა? ქონიანი ზეთისხილის ფერი მემაკარონეს სტანდარტულ ბუდეში! განა ეს ჩემი სხეულია? აქლემივით დარწეული ნაბიჯი! მოწყენილობის ნაყოფი! შეიგნე, შე იტალიელო ხისთავიანო – ბევრი მაკარონი დაჭირდა შენს გაკეთებას!
გიდეონი: (ამოიძახებს) ჩუმად იყავი! საზიზღარო, საზიზღარო კაცო! მოკეტე პირი!
მარკი: შენ იცი, რომ ეს სიმართლეა.
გიდეონი: მე არაფერი ასეთი არ ვიცი. ამაში არც ერთი მართალი სიტყვა არ არის, და შენ ეს იცი. დამიჯერე, დევიდ, არც ერთი!
მარკი: რატომ, რაშია ტრაგედია? ვიღაც ჩამოსულმა მეზღვაურმა გადააფარა თავისი კალთა დედამისს ქუჩაში თაღის ქვეშ. და რა მერე? განა ყველა ღვთის შვილები არა ვართ?
გიდეონი: მატყუარა!
მარკი: ვაპატიე. ჩემი გვარი მოგეცი!
გიდეონი: მატყუარა!
მარკი: ჩემი სახელოვანი გვარი – რომელზეც ზოგი გოგო ჯერ კიდევ ლოცულობს!… არა უშავდა, როცა პატარა იყავი. მაგრამ ცამეტის რომ გახდი, დაინახა, როგორ დაიწყო ვილაში ბორიალი მისმა პატარა კორსიკელმა ცეცხლფარეშმა, ან ვინც იყო, ზუსტად გახსენების ტოლმა – აჰ, მერე ღმერთს მიმართა! უცებ ვეღარ აიტანა შენი ცქერა! თავისი სასჯელი დაგარქვა. ღმერთის შურისძიება კათოლიკე გოგოს მიმართ, რომელმაც ჭეშმარიტ გზას გადაუხვია! შენ უნდა წასულიყავი, და მე უნდა გამეკეთებინა ეს. გამეგზავნე ინგლისში განათლების მისაღებად. კორფუდან მომეშორებინე. დეპეშები რამდენიმე თვეში ერთხელ “შენი შინ დაბრუნება ჯერ კიდევ არასასურველია. შენი მოსიყვარულე მამა”
(დევიდი შეძეწუნებული უყურებს)
გიდეონი: მომისმინე, დევიდ. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია. მახინჯი, საზიზღარი თამაშის. მამაშენი უბრალოდ ჩემს პროვოცირებას ცდილობს. ამაშია მთელი საქმე.
დევიდი: (ტანჯვით) შეაჩერე ხმა, გიდი! შეაჩერე, მარტო ამას გთხოვ!
მარკი: (ხმას აუწევს) სხვა რის გამო უნდა გამეჩერებინე შორს კორფუდან მთელი ეს წლები? მიპასუხე! სხვა რის გამო უნდა მომეშორებინე მთელი ექვსი წლით – ის თუ არ მევედრებოდა ამას? სხვა რისთვის უნდა გამეკეთებინა ეს, გიდი? იქნებ შენ მითხრა!?
გიდეონი: არ ვიცი. არც მაინტერესებს!
მარკი: სხვა რის გამო?
გიდეონი: ენას კბილი დააჭირე.
მარკი: (დევიდს) სხვა რისთვის? სხვა რისთვის? ერთი მიზეზი მაინც დამისახელე ჩემო ძვირფასო პატარა ნაბიჭვარო!
გიდეონი: (ფეთქდება) არა!… გიბრძანებ!… მე შენ გიბრძანებ… დიახ..
მარკი: (დამცინავად) რას?
(პაუზა)
გიდეონი: (ძლივს იკავებს თავს) დაწყნარდე.
(უცებ დევიდი მიდის ბაღის კართან, ხელს ტაცებს ფეხსაცმელს და ფეხს ტენის შიგ)
დევიდ! … სად მიდიხარ?
დევიდი: აქედან, შორს.
გიდეონი: სად?
დევიდი: ხმისგან შორს.
გიდეონი: არა!
(დევიდი მირბის მთავარი შემოსასვლელი კარისაკენ)
აქ დარჩი.
დევიდი: არ შემიძლია.
გიდეონი: გთხოვ, დევიდ. გთხოვ!
დევიდი: არ შემიძლია, გიდი. მეტი არა!
გიდეონი: ეს ყველაფერი ტყუილია. ყოველი სიტყვა, ყველაფერი, რასაც ამბობს ტყუილია.
დევიდი: (ტკივილით) ვიცი! ვიცი! ვიცი! …
(პატარა პაუზა)
გიდეონი: (სასოწარკვეთილი სიწყნარით) მაშინ რატომ?
დევიდი: უნდა წავიდე. სულ ეს არის.
გიდეონი: არა. შენ არა! … შენ არა!
მარკი: მაშ ვინ! მაშ ვინ უნდა წავიდეს, გიდი?.. ვინ?
(პაუზა. გიდეონი ხელებს იმტვრევს)
გიდეონი: არავინ. ყველა უნდა დარჩეს. არავინ არ უნდა წავიდეს ამ სახლიდან. არავინ.@
(დგას პირდაპირ იყურება)
დევიდი: (მკვდარი) სწორია. არავინ. ბოლოს და ბოლოს რჩება ‘არავინ’. სულ ესაა რისი გაკეთებაც შეგიძლია. შენ მას ვერ აჩერებ. ხმა მოდის და მოდის – და ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ შეგიძლია გააკეთო არის სიტყვები. მშვენიერი სიტყვები. და თეორიები – მშვენიერი თეორიები. და შიმშილობები.
გიდეონი: ბუ!
დევიდი: თეორიები და იმედები, და საპროტესტო ჯდომები და შიმშილობები! და არაფერი! მშვენიერი არაფერი!
გიდეონი: დევიდ!
დევიდი: (ველურად) არავინ რა არაფერი!
(ქუსლებზე ტრიალდება და კიბისკენ მიდის. გიდეონი მოჰყვება)
გიდეონი: დევიდ!… მომისმინე, გემუდარები. გთხოვ, დევიდ, – შემომხედე მაინც. ჩემო ძვირფასო, ძვირფასო ბიჭო – შემომხედე. გთხოვ… არ გამოიხედავ?
(დევიდი შემოტრიალდება)
დევიდი: (ღრიალებს) წადი შენი!
(ზევით არბის. პაუზა. გიდეონი ნელა ბრუნდება უკან.მარკი მასთან მიდის)
მარკი: გილოცავ. ომი დამთავრდა. შენ გაიმარჯვე. ვხედავ, ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ “შრაივინგსმა” განმდევნოს. შენ ბიჭის წამებასაც კი დაეხმარები, რომ მისი საფუძვლები არ შეარყიო.
(მხრებს გაშლის ფართოდ)
ოსტატო, მიიღე შენი მოციქული!
(გიდეონი მიაშტერდება, მერე ვარდება იატაკზე გულწასული. მარკი მის გვერდით ჩაჯდება შეშინებული)
მარკი: (ჩურჩულებს) ჯულია! …
(ნადირივით იყურება გარშემო, მერე პანიკაში კიბისკენ მირბის, ხმამაღლა ყვირის)
ლუის! … ლუის!
ლუისი: (გარედან) რა მოხდა? (შემოვარდება) გიდი!
მარკი: (მაგიდისკენ მიდის) წყალი…
ლუისი: (იჩოქებს) გიდი!.. ღმერთო!.. გიდი!..
(წამოსვამს)
…გიდი!
მარკი: (მოდის წყლით) ეს მიეცი.
ლუისი: არა!
მარკი: ეს მხოლოდ წყალია.
ლუისი: (მძვინვარედ) მოშორდი! ხელი არ ახლო! მოშორდი!
(მარკი გაცოცდება კიბის ძირში, საიდანაც უყურებს ლუისს, რომელიც გიდის მობრუნებას ცდილობს)
ჰა… ჰა ახლა… ჰა ახლა, გიდი, ჰა ახლა… გაახილე თვალები. გაახილე თვალები ჩემთვის, გიდი. მოდი ახლა. კარგად მოიქეცი. კარგად გახდი ჩემთვის… კარგად გახდი…
(ხელს მოხვევს და აქეთ-იქით აქანავებს)
ლუისი: მოდი ახლა, ჩემი გიდი იყავი; ჩემი გიდი; ჩემი საყვარელი! მოდი ახლა, იყავი ჩემი გიდი; ჩემო საყვარელო! მოდი ახლა ჩემი გიდი გახდი ისევ; ჩემი გიდი; ჩემო საყვარელო!
(გიდეონი თვალს ახელს და მოჭუტავს)
გამარჯობა! დავარდი. ყველაფერი რიგზეა. მე აქა ვარ. ეცადე ადგე. მოდი. მე დამეყრდენი. ვდგებით… ეს არის…
(ეხმარება ადგომაში. მარკი ადის კიბით თავის ოთახში. კარს ღიას ტოვებს)
ახლა იქ დავჯდებით. მოდი. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია… აი, მოვედით… მოდი აქ ახლა… აი ასე.
(მიჰყავს ნაზად მაგიდისაკენ და დაჯდომაში ეხმარება. გიდეონი სულ თავის წინ იყურება)
ახლა ცოტა სუპს მოგიმზადებ. ერთი წუთიც არ უნდა.
გიდეონი: (სუსტად) არა.
ლუისი: აუცილებლად, ძვირფასო. ძალიან მშიერი ხარ. ამიტომაც დაეცი.
გიდეონი: არა.
ლუისი: ჯერ ცოტა პურს მოგიტან. სანამ გავაცხელებ.
გიდეონი: გთხოვ, თავი დამანებე.
(მარკი უცებ თავს აწევს და იძახის)
მარკი: დევიდ!
(გიდეონი წამოდგება)
ლუისი: გიდი, გთხოვ, დაჯექი. ძალა სულ აღარ გაქვს. მიდი ახლა.
(გიდი ემორჩილება)
ლუისი: შენ აქ იჯექი. მე ახლავე დავბრუნდები.
(სამზარეულოში გადის)
მარკი: (ღრიალებს) დევიდ!
(გიდეონი თავს დახრის და ხელებს ყურებზე აიფარებს. უცებ დევიდი გამოვარდება თავისი ოთახიდან, შევარდება მარკის ოთახში და კარს მიიჯახუნებს უკან. გამძვინვარებული უყურებს.
მარკი ხელებს შლის) კარგი – აქა ვარ. შეხედე. შეხედე. შემხედე! გააჩერე ჩემზე შენი თვალები – დედაშენის თვალები – ჰო! ჩემს მიერ მოსპობილი! ვინ ჯანდაბა უნდა ვიყო, თუ არა მამაშენი? მიყურე. ეს არის. უკანასკნელად. ერთხელ კიდევ გაიგონებ ამ ხმას – და მერე აღარასდროს. მე კორფუზე დავბრუნდები სამუდამოდ!
(მამა-შვილი ერთმანეთს უყურებს, ორივე თეთრ პირსახოცებში)
ახლა. ახლა – გეტყვი, რატომ მოგაშორე სახლს.
(ბოთლი მიაქვს ტუჩებთან – მერე უეცრად გადააგდებს საწოლზე. დევიდი თვალს არ აშორებს)
შენი ცხოვრების პირველ კვირას ზუსტად ასე მიყურებდი. სანამ წესიერად დაინახავდი, ხმა გესმოდა. მკვდარი კაცის ხმა, იავნანას რომ გიმღეროდა. შენი სახე შიშისაგან იმანჭებოდა.
(პაუზა)
როცა ექვსის იყავი, მე გიყურებდი, როგორ მიაქანებდი ველოსიპედს ზეთისხილის ხეების ხეივანში. დედაშენი ჩემს გვერდით იდგა. შენ აღტაცებისაგან პირი გქონდა ღია. მასაც ასევე. ერთადერთი, რაც მე შემეძლო, პირის გაღება და დახურვა. არავითარი აღტაცება, მხოლოდ ფიზიკური მოძრაობა. ვიდექი იქ და ორივე მეჯავრებოდით. სიძულვილით ვივსებოდი. შენ კი, საჭეს ჩაჭიდებული, მოტრიალდი და ჩემი მზერა დაიჭირე, შექანდი და გადმოვარდი. ჯულიამ დაიკივლა და შენკენ გამოიქცა. მე არა… ისევ გაქანავებს როცა მიყურებ?
(დევიდი გაუნძრევლად დგას. მარკი მიტრიალდება. ქვევით, ლუისი გამოდის პურით დაფაზე და კარაქით თეფშზე)
ლუისი: აი ახლა. შეჭამე ერთი ნაჭერი.
(გიდეონი არ ინძრევა)
ნუ გამაწვალებ ახლა, გიდი. გაიმართე.
გიდეონი: (იმართება) გთხოვ, წადი.
(ლუისი ჭრის პურს და კარაქს უსვამს)
ლუისი: აი. მე მინდა რომ ეს გაათავო სანამ სუპს მოგიტან. კარგი?
(გიდეონი არ ინძრევა. ლუისი გაბრუნდება სამზარეულოში)
მარკი: იცი, როგორია, როცა წმინდანი გეთაყვანება? ნამდვილად სჯეროდა, რომ მე – ეს ობიექტი შენს წინ – ნამდვილად უკეთესი, ნამდვილად მასზე მაღლა მდგომი ვიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ მწერალი ვიყავი, წმინდა ინსტინქტის არსება! რა უნდა მექნა? ვამხნევებდი. ჩემი დახმარებით თავს აბსოლუტურ ქარაფშუტად თვლიდა. ტრივიალურად! თავისი მნიშვნელოვანი ქმრის უღირსად!.. და რაც უფრო მელაქუცებოდა და ფეხქვეშ მეგებოდა, უფრო მეჯავრებოდა… ბუნებრივია…
(მიდის საწოლისაკენ, წაავლებს ხელს ბოთლს და სვამს)
ჩემო შვილო – აღმსარებელო. შენ არასდროს მოტყუებულხარ. შენ ყოველთვის ნათლად ხედავდი მას: მკვლელს ჩემს შიგნით. აი, რატომ უნდა მომეშორებინე. შენ იცოდი, როგორ ცლიდა ის ბრენდის მარტოკა ღამით ვილაზე – მერე აბაზანაში იჩხვლეტდა სახეს ქინძისთავით და იძახდა “გააახალგაზრდავე! იყოს ეს ახალგაზრდა! საძულველად ახალგაზრდა”, როგორ ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა თმას თავისი სამშენებლო პროფკავშირის მუშის ხელით, და ყვიროდა უხმოდ: “რატომ დავიბადე უსიხარულოდ? რატომ აქვთ ის სხვებს და მე არა?” (უფრო რბილად), და მერე, როცა მის გვერდზე იწვა, დილის შუქზე უყურებდა მის გამოღვიძებას. ერთადერთ გოგოს, ვისაც ოდესმე ვიცნობდი, რომელიც გაღვიძებისას იღიმებოდა. უყურებდა, როგორ მოდიოდა ღიმილი, სულ ერთი წამით ადრე, ვიდრე თვალებს გაახელდა. ზედ აღვრიდა თავის ნათელ სიყვარულს… უყურებდა ისეთი ბრაზით.
(პაუზა)
სანამ, ერთ დილას, აღარ გაიღიმა. ამის ნაცვლად კვნესა. ერთ დილას, ერთი განსაკუთრებული ღამის შემდეგ.
(ის გატრიალდება. გიდეონი იწყებს ჩურჩულს დაბლა. ძალიან შეწუხებული)
გიდეონი: (ხმადაბლა) არავინ.
მარკი: და მე უნდა… უნდა გითხრა…
(საწოლზე ჯდება)
გიდეონი: არავინ და არაფერი… მხოლოდ სიტყვები… სიტყვები და არაფერი.
მარკი: როგორ კვდება მოცეკვავე, რომელსაც სიცოცხლე აღარ სურს?
გიდეონი: არა! …
მარკი: ვხედავდი, როგორ მიცოცავდა მაღლა მის ფეხებში ჩემი სიძულვილი. თითქოს ვენებში ვაქსოვდი.
გიდეონი: თეორიები… მშვენიერი თეორიები…
მარკი: საწოლისაკენ მიდის, თეძოები უეცრად აღარ მოძრაობენ. აღარ უნდათ მეტი.
გიდეონი: (აჟიტირებული: ნაწილობრივ თავის თავს) კარგი, სხვა რისი გაკეთება შემეძლო? მათ მივმხრობოდი? ბახ, ბახ! “წადი აქედან. “შრაივინგსი” ვერ აგიტანს”. – ეს გინდა?.. “გააჩერე” ამბობ, “გააჩერე ხმა!” კარგი! ეს სათქმელად ადვილია. ძნელია არაფერი გააკეთო! მიუშვა თავის ნებაზე! მიუშვა, რომ თვითონ ჩაკვდეს. ვერ ხედავ ამას? ის უნდა თვითონ ჩაკვდეს!
(წამოხტება და ოთახში დადის, თან აღგზნებული ლაპარაკობს)
ძნელი ისაა, არაფერი გააკეთო. თითქმის შეუძლებელი… ჩვენ ამაზე ხშირად გვილაპარაკია… მიპასუხე! როგორ უნდა გავაგდოთ და მერე ვიცხოვროთ თვითონ? განა ეს –საბოლოოდ, სწორედ ამას არ ნიშნავს? – სრულ უუნარობას? ბოლოს ყველაფრის შენაცვლება, ყველაფრის შეცვლა, რაც შესაცვლელია, ევოლუციის ძალით შეტენვა, რევოლუციის მაგივრად – ეს არის მიზანი: არც მეტი არც ნაკლები! უნდა არსებობდეს პრიორიტეტები! კარგი. აბსტრაქციაა! ეს მხოლოდ კიდევ ერთი ხავსმოკიდებული სიტყვაა!.. მე ვლაპარაკობ ახალი სახის ღირსებაზე, რომელიც დამოკიდებულია პრიორიტეტებზე. გესმის?..
(აგრძელებს ოთახში აქეთ-იქით სიარულს, ხელებგადაჭდობილი, ტკივილისაგან მოძრაობაშეზღუდული)
მარკი: და ბოლოს არაფერი არ იძვრის. გარდა მისი ტუჩებისა, რომლებიც ლოცულობენ. ზის იქ თავის ტილოს ჟაკეტში და ლოცულობს.
გიდეონი: დიახ… ზუსტად ასე!.. აი, რა არის საჭირო… ახალი სახის ღირსება…
მარკი: წიგნს ბალიშის ქვეშ ტენის, როცა ესმის, რომ მე მოვდივარ. “უკაცრავად, Gესừ! უნდა წავიდე ახლა! ის ვერ გაიგებს”
გიდეონი: როდესაც ვამბობთ “რწმენა”, რას ნიშნავს ეს… რა არის პატივის ღირსი? ნამდვილად ღირსი?.. ნამდვილად?.. ნამდვილად?
(ცოტა ხნით ჩერდება)
თქვენ, ნამდვილო ადამიანებო, რას აგებთ პატივს სინამდვილეში?
მარკი: (უყვირის სალოცავს) ოჰ, თქვენ წამებულებო! თქვენ, წამებულებო!
(წამოდგება ფეხზე და სალოცავზე დაიხრება.)
რატომ ვერასდროს შემებრძოლე როგორც ქალი?
გიდეონი: (ჩქარ-ჩქარა) შენ სულ სიყვარულზე ლაპარაკობ. მაგრამ რასა სცემ პატივს?… ყველა ამბობს “სიყვარული”: უნდა იბრძოლო შენი სიყვარულისათვის. კარგი! მაგრამ რას ნიშნავს ეს? გგონია სიჩუმე არ შეიძლება ბრძოლა იყოს? შენ სიყვარულს მხოლოდ იმით განსაზღვრავ, რომ ის გიბიძგებს რამე გააკეთო მისთვის? (მწარედ) ოჰ, დიახ! ადექი! გასწორდი! გამოდი გარეთ! გამოდი ბრძოლის ველზე! მსოფლიოს ისტორია! მიმართე შენი მუშტი იქით, სადაც შენი რწმენაა! მშვენიერია!.. (მოწყვეტით) და შენც ეს გინდა, მთელი შენი გრძელი თმით, მომხიბლავი გარეგნობით!… თქვენ ყველას, ერთნაირებს…
(პაუზა. დგას ცოტა ხანს თვალდახუჭული)
(უფრო წყნარად: ძალიან რბილად) რომ შეეშვა. შეეშვა ამ შემწყნარებლობას. აივსო ამის მაგივრად ნამდვილი პასიურობით. ისეთი ტოტალური გრძნობით, ძალადობას რომ გავს. უზარმაზარი “არაფერი” შენს შიგნით. დიდი ურო “არაფერი”, რომელსაც მარტოკას შეუძლია დაამსხვრიოს ეგოს ქერქი… შიმშილობები – აქციები – მთელი ეს ხრიკები: რისთვის არის, გარდა ამისა? – რომ ახლებურად აივსო!
(პაუზა. გაუნძრევლად დგს ქანდაკებასავით)
უნდა იდგე იქ, ძვირფასო, და გაუძლო ამას. ბახ – და არავითარი პასუხი. არავინ. (მკვდარი) არავინ. არავინ…
(კანკალს იწყებს. უცებ თავის თავის დაცინვას იწყებს ახალი და მწარე წიკვინა ხმით)
“დაწყნარდი, მარკ, გთხოვ. გაჩუმდი, მარკ. მარკ, მე შენ გიკრძალავ. მარკ, გევედრები” (ველურად) სიტყვები! სიტყვები და არაფერი! მშვენიერი არაფერი! (ყვირის) ოჰ, დევიდ!
მარკი: (სალოცავის წინ დგას: ხმადაბლა) ჯულია!
გიდეონი: დევიდ!
მარკი: ჩემო მოცეკვავე!
გიდეონი: დევიდ! ჩემო დევიდ! …ჩემო ბუვ!..
(ლუისი შემოდის ცხელი სუპით ჯამში. გიდეონს უყურებს. გიდეონი მას ამჩნევს. ნელა ისევ მაგიდასთან ჯდება. ლუისი სუპს მის წინ დგამს)
ლუისი: ჭამე.
(გიდეონი არ ინძრევა არც მას უყურებს)
ჭამე, გიდი. (პაუზა) იცი, თუ ჩემზე გაბრაზებული ხარ, კარგი, იყავი. გააკეთე რაც გინდა, კეთილშობილების თამაშის გარდა. ნუ ზიხარ მანდ სულ მთლად დაჭრილი. ეს ყველაფერი ნაგავია, გიდი.
(გიდეონი უძრავად ზის, ისევე, როგორც მამა-შვილი მაღლა)
კარგი, მე გავაკეთე ეს! და რა გავხდი ამის მერე? მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?… კარგი, თქვი ეს, თუ ასე ფიქრობ! ოღონდ ამის ხმამაღლა თქმა ზედმეტად აგრესიულია, არა? … აუფ!
(პაუზა)
ბიჭო, მე შენზე შთაბეჭდილება წამიხდა. შენზე ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი, რომ ეჭვიანი ხარ. ასეთი ჩვეულებრივი!. საბრალო იესო, როგორც ჩემი საყვარელი იტყოდა!.. რას იზამ, ცხოვრობ და სწავლობ. თუ შენ არა? მე ვერაფერი ვისწავლე გარდა იმისა, რომ სულ ყველა ნეხვით არის სავსე, და ეს არც ისე ბევრია სასწავლად. ნებისმიერი ცინიკოსი სკოლის მოსწავლე გეტყვის ამას. სასაცილოა იმის აღმოჩენა, რომ ისინი მართლები არიან. სასაცილოა…
(პაუზა)
თქვი რამე, ღვთის გულისათვის! ვინა გგონია შენი თავი, ვიღაც არც ვიცი რისი მოძღვარი? მარკი სწორია – აბსოლუტურად სწორია! პაპი! მე შევურაცხვჰყავი პაპი! ვიღაც პატარა სტიქაროსანმა უსიამოვნება მიაყენა გონიერების პაპს! (დამცინავი მორჩილებით) ჰო, მე ეს გავაკეთე, თქვენო უწმინდესობავ. მე შევცოდე. მე ეს გავაკეთე, თქვენო უწმინდესობავ. შევცოდე. მე ეს გავაკეთე. და მერე რა? (გაბრაზებული) სექსი, სექსი, სექსი! და რა მერე? ამბობენ რომ ის ასეთი მაგარია! რა არის მაგარი? ის სახელგანთქმული საყვარელია – მასაც არ მოეჩვენა, რომ ეს მაგარია. მთელი საუკუნე მოუნდა! სქელი ბებერი კაცი თავის ოფლს მაწვეთებდა ზედ! და ითვლება რომ ეს ლამაზია!… რატომ ტყუის ყველა?
(პაუზა. გიდეონი ისევ გაუნძრევლად ზის)
მარკი: (რბილად) Pერდონნა. Pერდონნა მე. Pერდონნა.
(ლუისი იცინის)
ლუისი: არა, შენ ამის გამო არა ხარ გაბრაზებული, არა? ეს სექსი არ არის, ჰო?
ეს ის არის! მტერი! მე ოპოზიციასთან წავედი! (ყალბი ინგლისური კილო) “განა ეს დასასრული არ არის, ძვირფასო? ის ამას მთელი ორი წელი არ აკეთებს, და მერე, როცა აკეთებს, რას ირჩევს? მშვენიერ პროგრესულ გაჟიმვას მოწონება დამსახურებულ ახალგაზრდა ბიჭთან? ოჰ, არა. მას ურჩევნია ველური რეაქციონერული სექსი ბიჭის მამასთან!”
(იცინის: მერე ცივად) შენ არც ეს გადარდებს, ჰო? ვხუმრობ. ვიცი, ეს ეჭვიანობა არ არის. ეს აბსოლუტურად არაფერია – სწორია? შენ ფეხებზე გკიდია, ვისთან ერთად წავალ! სანამ დარდი გაქვს რომ ჰიტლერთანაც შემიძლია დავწვე!.. (იცინის) ბიჭო, რა ბინძური ხარ! ზიხარ აქ ცხვირაწეული და ქადაგებ მთელ ამ ახალ ჰუმანისტურ ნეხვს – არავითარი ჩვევა და ერთგულება, გასცდი დაუფლების სურვილს! – და ეს ყველაფერი შენა ხარ, ცხოვრების წესს, ჰო, მთელ რელიგიას რომ ქმნი გულგრილობისაგან – იმისაგან, რომ შენ თვითონ ვერაფერს ვერა გრძნობ!
(უფრო ახლოს მიდის) მე გნახე გუშინ, როდესაც ის მე დამესხა თავს. ოჰ, შენ შეწუხდი, აბა რა. ეს შემაწუხებელი სცენა იყო. ძნელად ასატანი. შენ შესძელი, გიდი. შენ ეს მშვენივრად აიტანე! (პომპეზურად) “წამო, ლუის, მე უფრო დაღლილი ვარ, ვიდრე მეგონა”. (პაუზა: ცივად) შე ნაბიჭვარო.
(გიდეონი დაინტერესებული უყურებს. ლუისი ღრმა სიძულვილით მტრულად ლაპარაკობს) მე ვფიქრობ, სინამდვილეში, შენ ამან გაგართო. თითქოს შენი კაცობის ტესტი იყო. “საწყალი ლუისი. საშინელია მისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ სასარგებლოცაა. უნდა გაიარო ტესტი, ბოლოს და ბოლოს ყველა უნდა შემოწმდეს.” სწორია? უბრალოდ დადექი იქ და აიტანე. სწორია? (მისი სახისაკენ დაიხრება) სწორი არ არის?
(გიდეონი ყურებზე ხელებს აიფარებს და მისგან გატრიალდება. ერთი წამით ლუისი შეკრთება და ჩერდება)
მარკი: (მკვდარი) კარგი. მოდი გეტყვი პირდაპირ. სინამდვილეში როგორ მოვკალი. დედაშენი. როგორ მოვსპე. მოკლედ და ფიზიკურად.
ლუისი: იმან იცის მაინც! ის ყველაზე ბინძური კაცია, ვინც მე მინახავს, მაგრამ მან იცის მაინც რაღაც!
მარკი: ერთ ღამეს…
ლუისი: ის ყალბი არ არის.
მარკი: ერთ ღამეს…
ლუისი: ნაგავია, მაგრამ ყალბი მაინც არ არის.
მარკი: (უეცარი ძალით) მომაშორე თვალები! წადი აქედან! ვერ ვლაპარაკობ!
(გატრიალდება)
ლუისი: (ახლა ვეღარ ჩერდება) იცი რა არის ყალბი, გიდი? კაცი, რომელიც ამბობს, რომ ოჯახი მოძველდა, და ყველაფერი, რაც მას მართლა უნდა არის ის, რომ დევიდ ასკელონი მისი საკუთარი შვილი იყოს!
(გიდეონი მიტრიალდება, რომ შეხედოს)
იცი, ვინ არის ყალბი? ის, ვინც ამბობს “მშვიდობა” იმის გამო, რომ მასში ომი არ არის. მე არ ვამბობ, რომ მან ის განდევნა – მე ვამბობ – არასოდეს ჰქონია. ადვილია უცოდველი იყო, როცა შენში მამრი არ არის, გიდი. ადვილია უარი თქვა სისხლისღვრაზე, თუ დასაღვრელი სისხლი არ გაგაჩნია! სწორია? კარგად ჩაიჭედე ტვინში! ეპიგრამა მოვიგონე! ხედავ, მე არც ისეთი პომპეზური ვარ, როგორც ყველა ამბობს!.. (ცივად) იცი რა? მე შენი არც ერთი სიტყვისა არ მჯერა. რომ ამბობდი, ახალგაზრდობაში ბიჭები და ცხოველები და ეშმაკმა იცის კიდევ რა ჯანდაბა მიზიდავდაო. იცი რას გეტყვი? არ მჯერა არც ერთი სიტყვა. მე ვფიქრობ, რომ შენ ზუსტად ჩემნაირი ხარ. შენ იმას ვერ იტან. შენ ეს ყველაფერი მოიგონე, რომ მიზეზი აგეხსნა. (ინგლისური კილო) “სექსუალური თავისუფლება საოცრად კარგი რამაა”, მაგრამ მე ჩემ უკანალზე დავნაძლევდები, რომ შენ ეს საერთოდ არ გაგიკეთებია არასდროს. ყველა ამბობს, რა კეთილშობილია, თავი რომ დაანებე – მხოლოდ წარმოიდგინე, რა გამოიარა, რომ ეს გაეკეთებინა!.. ჰო, მე შემიძლია წარმოვიდგინო. ეს იყო არაფერი! არ არის გასაკვირი, შენმა ცოლმა რომ მიგატოვა. არ მიკვირს, რომ უბრალოდ წავიდა, საწყალი, სულელი ენიდი. აღმოაჩინა, რა სიყალბეს იყო მიბმული. რა სიყალბეს! ღმერთო, ის ცოცხალი მაინც არის, ის, ზევით! არა მკვდარი – შენ ხომ ლეშივით უსარგებლო ხარ! – ლეში! მკვდარი ძველი ნაგავი! მკვდარი! მოსაწყენი, მოსაბეზრებელი – მკვდარი! მკვდარი! მკვდარი! მკვდარი!
(გიდეონი სილას გააწნის ლუისს. ლუისი უკან გაიწევს. გიდეონი დგება. ლუისი უკან იწევს. გიდეონი ისევ ურტყამს უფრო ძლიერად. ლუისი შეძრწუნებული უყურებს.
პაუზა)
გიდეონი: ახლა დაკმაყოფილდი? გულის სიღრმეში კმაყოფილი ხარ?
(ლუისი ზურგს აქცევს. მერე გიდეონი აქცევს ზურგს. გაშეშებულები დგანან.
პაუზა)
მარკი: (ბრტყლად, უემოციოდ) ერთ ღამეს. ის ზევით წევს: მე ქვევით, ვფურცლავ ჩემ სასიყვარულო ლექსების წიგნს. ვდგები. მივდივარ მანქანით ქალაქში. ვჯდები არკადებში. ვხედავ გოგოს. ვანიშნებ. მომყავს ვილაზე. ავდივარ მასთან ერთად ზევით, დედაშენის ოთახში, ის წევს, კოკა-კოლას სვამს ისე, როგორც უყვარს – პირდაპირ ბოთლიდან. ახლა, როცა თითქმის ვეღარ ლაპარაკობს, მომიტრიალდება ღიმილით, რომლითაც ყველაფერ ახალს ეგებება. გოგო ხითხითებს. “ნუ გეშინია” – ვამბობ. “ჩემს ცოლს მოსწონს ეს. ამას მისთვის ვაკეთებთ” (პაუზა) და ასე. ნელა. იატაკზე. იმ საწოლის ძირას, რომელზეც ვერც კი ინძრევა. ჩემი ექსტაზით მივაგებდი სალამს. (პაუზა) მთელი ამ დროის განმავლობაში ბოთლი ეჭირა გამოწვდილ ხელში, თითქოს გამაგრილებელს მთავაზობდა. სწორედ მომდევნო დილას იყო, გაღვიძებისას რომ დაიკვნესა. ძალიან გარკვევით: ერთხელ, თითქოს ყელს იწმენდდა. (პაუზა) სამი კვირაც არ უცოცხლია ამის შემდეგ. მახსოვს კოლას ბოთლი დღე და ღამ ხელში ეჭირა. როგორც თოჯინა ავადმყოფ ბავშვს.
(სიჩუმე. მერე დევიდი შეინძრევა, სწრაფად. ხელები მაღლა მიფრინავს, ძლიერად ეშვება თავს ზევით, დიდი ხანი არის იქ, მზად მამის ჩასაქოლად. მერე კანკალს იწყებს. ნელა, ხელებს უშვებს მამის თავზე. თავისკენ მიიწევს და სეხეზე კოცნის. გაუნძრევლად დგანან.
დაბლა არც ლუისი არც გიდეონი არ იძვრიან)
ლუისი: (ხმადაბლა) არასოდეს მაპატიო.
(დევიდი გაუშვებს მარკს. მიდის და სალოცავის კარს “დედამისის თავის” ცხვირწინ ხურავს)
არასოდეს.
დევიდი: ჩადი მასთან.
მარკი: არა.
დევიდი: უნდა ჩახვიდე.
მარკი: შენ. შენა ხარ მისი შვილი, თუ ეს რამეს ნიშნავს.
დევიდი: არა. შენა ხარ. (პაუზა) Pადრე.
მარკი: Fიგლიო.
(ერთმანეთს უყურებენ)
დევიდი: Vა.
მარკი: ში.
(მარკი გადის ოთახიდან და ნელა ჩამოდის ქვევით. დევიდი საწოლზე ჯდება არაქათგამოცლილი).
ლუისი: (წყნარად) იმ ღამეს, ციხეში რომ შევხვდით, ჯონ სტიუარტ მილს ვკითხულობდი, იმ ადგილს, სადაც თავის თავს ეკითხება: თუ ყველაფერი მცდარი ამქვეყნად უცებ სწორად გადაკეთდება, იგრძნობ თავს უფრო ბედნიერად? – და პასუხი იყო არა. შენ თქვი, რომ შენთვის პასუხი ’ჰო’ იქნებოდა. (პაუზა) არასოდეს გამიგონია ამაზე უკეთესი რამ.
(მიტრიალდება და ხედავს მარკს, რომელიც მათ უყურებს. მათკენ მიდის. ლუისი ყურადღებას არ აქცევს, მიდის, გვერდს აუვლის და კიბეზე ადის. გიდეონი არ იძვრის. გოგო ორჭოფობს მარკის ოთახთან – შიგ იხედება – ხედავს დევიდს – შედის. დევიდი არ უყურებს
პაუზა)
მარკი: (სუპის ჯამს დაინახავს) არც კი გიჭამია.
ლუისი: ჰეი.
დევიდი: ჰეი და თივა ცხენებისათვის შეინახე.
ლუისი: მართალია.
მარკი: მე გაგაფრთხილე. გაგაფრთხილე. (მძვინვარედ) შენ ცხოვრებაზე ლაპარაკობ!
(ლუისი კედლისკენ მიტრიალდება, მაგრამ არ გადის)
არა, ჩვენ ვლაპარაკობთ ცხოვრებაზე – მცოდნეები. და შეგვხედე. შენ ერთადერთი შესაძლებელი რამა ხარ, რაც ოდესმე შემხვედრია. როგორ გგონია, მეჯავრები?
დევიდი: (გახევებული) რატომ, ლუის?
მარკი: როგორ გგონია, მიყვარხარ?
დევიდი: რატომ?
ლუისი: (ასევე გახევებული) არ ვიცი.
დევიდი: გაერთე მაინც?
ლუისი: (წყნარად, აბსოლუტური გულახდილობით) მე არ ვიცი, რას ნიშნავს გართობა.
მარკი: მინდა ცხოველი ვიყო, და სიზმრების გარეშე ცხოვრება შემეძლოს. მინდა ბავშვი ვიყო და ეკლესიაში ცხოვრება შემეძლოს. მაგრამ მე კაცი ვარ და მე შენ გიცნობ. სხვაგან სად უნდა წავიდე?
ლუისი: არ ვიცი ვინა ვარ, დევიდ.
(მარკი წინ მიიწევს და უძრავ გიდეონს ხელს უწვდის)
მარკი: აი! ეს იარაღი, კეთებისათვის შექმნილი. მკვლელის ხელი. სულ ეს არის, რაც მიიღე… აიღე.
(გიდეონი ყურადღებას არ აქცევს, წინ იყურება)
რას გააკეთებს უშენოდ? ცოტა კიდე გამოადენს ნაპალმს ჩემი იარაღიდან? კიდევ რამდენიმე ტანკს გადაატარებს მეოცნებე თავებზე? გაიკეთებს პაპის ბეჭედს და ჩააწობს ოქროს კალამს მშიერი ბავშვების ნარწყევში, რომლის შექმნაშიც წვლილი უძღვის. დამნიშნე ლუიზიანის გუბერნატორად და დაადგინეთ ბრმების შეკრებაზე, რომ თეთრი სტუმრები უნდა გამოეყონ შავ სტუმრებს მოწყალე ხელებით, რადგან ისინი ვერ ხედავენ რომ ღმერთის მარჯვენა მათთვის ირჯებოდეს. ნუ დამტოვებ ამ ღმერთის მარჯვენის ამარა, გიდი.
ლუისი: (წყნარად) მე ადგილი არა მაქვს, დევიდ. არსად არა მაქვს ადგილი.
დევიდი: “შრაივინგსი” არის ადგილი.
ლუისი: არა.
დევიდი: უნდა იყოს.
ლუისი: ის არსად არის.
დევიდი: (ძლიერად) უნდა იყოს! უნდა იყოს!
(გოგო შემოტრიალდება. ბიჭი მისკენ მიტრიალდება. ერთმანეთს უყურებენ)
მარკი: ერთი სიტყვაც არა გაქვს ჩემთვის სათქმელი? არც ერთი სიტყვა?
გიდეონი: მტვერი.
(შეძრწუნებული მარკი ჯდება მაგიდასთან. იღებს კოვზს. სუპს იღებს და გიდეონს უწვდის)
მარკი: მშვიდობა!
(გიდეონი ზის გაშეშებული.
ზევით, უეცრად, დევიდი ხელს გაიწვდის ლუისისაკენ. ის უემოციოდ უყურებს, უმოძრაოდ.
გრძელი პაუზა.
მერე ძალიან ნელა, გიდეონი იწყებს თავის დახრას კოვზისაკენ, რომელიც მარკს უჭირავს მის წინ. მარკს არ უყურებს. პირს აღებს და სვამს.
სინათლე ნელა ქრება.)

ფარდა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s