თამარ ბართაია: სარდაფი გორში


Tamar Bartaia

თამარ ბართაია
Tamar Bartaia

სარდაფი გორში

(პიესა ორ მოქმედებად)

* * *

სცენა წარმოადგენს საცხოვრებლად გადაკეთებულ სარდაფს, რომელსაც ზემოთ ასასვლელი კიბე აქვს, კიბესთან ახლოს კი თითქმის ჭერთან პატარა ფანჯარა.
სარდაფი არის საშუალო ზომის დაბალჭერიანი, ბუხრით, სადაც დგას: ტახტი, მაგიდა სკამებით, კომოდი, წიგნის თაროები ბევრი წიგნით და ტელევიზორი.
[დიდი ეკრანი დამონტაჟებულია ავანსცენაზეც, სადაც შემდგომში
იგივე გამოჩნდება, რაც ტელევიზორში].
ოთახს გვერდით კედლებზე საძინებლებში გასასვლელი კარებები აქვს. სიღრმეში, უკანა კედლის მიღმა კი სამზარეულოა.

* * *

ორმოც წლამდე ასაკის სიმპათიური ქალი[ნინო] ადგილს ვერ პოულობს, წინ და უკან დადის. საძინებლიდან ისმის მოხუცი კაცის ძლიერი სპაზმური ხველა. ნინო დროდადრო კიბეებზე არბის და ცაში იყურება,
შორიდან ისმის თვითმფრინავების გადაფრენის და დაბომბვის ხმები. ნინო ტელევიზორს რამოდენიმეჯერ ჩართავს და გამორთავს, ისმის შიშინი, მაუწყემლობა გათიშულია. ტელეფონს ეცემა, არც ის მუშაობს, არც მობილური. კომოდის უჯრას გამოაღებს და იქიდან რაღაც საბუთებს ამოყრის,
ჩანთაში ჩატენის. სამკაულების პატარა ყუთსაც მთლიანად ჩანთაში ჩაუშვებს,
საყურეებს და ბეჭდებსაც მოიხსნის და იმასაც ჩაყრის. [თითქოს სადღაც გასაქცევად ემზადება]. დაბომბვის ხმები უფრო ახლოვდება. ნინო საძინებლებში ჩუმად შეიხედავს. მერე ისევ ჩანთას ეცემა კიდევ დაამატებს
რაღაცეებს, როგორც ჩანს, სურათებსაც [სახე წამით გაუნათდება]. ჩანთა ისეა გატენილი, რომ აღარ იკეტება.

– ნინო! – გაისმის ხმა ზემოდან.

ნინო
-ხო, ბატონო კოტე?…

კოტე

[ჩამოდის კიბეებზე]

-ეს რა ხდება კაცო, ეს რა ხდება?

ნინო

-არ ვიცი, ბატონო კოტე, არაფერი არ ვიცი. აქ არიანო, ქალაქის მისადგომებთან თქვენც გაიგეთ?

კოტე
-მისადგომებთან კი არა, რა ვიცით იქნებ უკვე შემოვიდნენ…
ჩაირთო ტელევიზია?

ნინო
-არა!

კოტე
-არც შენი მობილური იჭერს?

ნინო
-არა, ყველაფერი გათიშულია.

კოტე
-შენი მდგმურები სად არიან, წავიდნენ?

ნინო
კი, გუშინ სპეციალური რეისით გაფრინდნენ

კოტე
მაგათ რა უჭირთ, ასეთ დროს არც ერთი ნორმალური ქვეყანა, თავის მოქალაქეებს არ ტოვებს….მერე ვერ წაგიყვანეს შენც.

ნინო
გვეპატიჟებოდნენ, ბავშვსაც კარგ სკოლაში შევიყვანთო.

კოტე
ენა ხომ იცის კარგად?

ნინო
როგორც ესენი ამბობენ, პრობლემა საერთოდ არა აქვს.

კოტე
ამ ასაკში ნასწავლი სულ სხვაა. დაბრუნდებიან?.. თუმცა…

ნინო
არა მგონია. ისე კი მეც დავიღალე, აქ არ შეიძლება ცხოვრება, ბავშვი, მოხუცი, სარდაფი მაინც სარდაფია.

Kკოტე
სარდაფი ეძახე შენ და ცოტა ხანში შეიძლება ყველაზე საჭირო ადგილი გახდეს.

ნინო
აბა?! დღეს ვაპირებდი ზემოთ აბარგებას. Aანანოს ოთახი ისევე დაუტოვეს როგორც მაგათ ბავშვებს ქონდათ. სათამაშოებით, კომპიიუტერით, ავეჯით..

კოტე
რამდენის არის ანანო?

ნინო
ხუთის.

კოტე
ის ბავშვებიც მისი ასაკის არიან თითქმის, არა?

ნინო
მარკი შვიდის გახდა, ჰილარი ოთხის

კოტე
ოჰ, გოგო განსაკუთრებით არაჩვეულებრივი ბავშვია, ქართულად რომ ესალმება ყველას…
ნინო
ჰო, ძალიან სასაცილო ვინმეა. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს ….
სტივენი ალბათ დაბრუნდება, ის ხომ წითელ ჯვარშია.

კოტე
რამდენი წელია, რაც აქ არიან?

ნინო
სამი, უფრო სწორედ სამი წელი და შვიდი თვე. ისე 6 წელია რაც საქართველოში ცხოვრობენ, ჰილარი აქ დაიბადა.M

კოტე
შენი საქმეები ხომ მოაგვარე?

ნინო
კი, სესხი დავფარე, გუგას სწავლის ფულიც ბოლომდე გადახდილი მაქვს.
ამათ სამსახურიც მიშოვეს.

კოტე
გუგა, გუგა,.. რამდენი ხანია აღარ მინახავს.

ნინო
კიდევ კარგი, რომ აქ არ არის, თორემ ჭკუიდან შევიშლებოდი. Mმაგასაც
წაიყვანდენ ალბათ არა?

კოტე
აბა რას იზამდნენ?

ნინო
თქვენი გია უკვე კაცია, რომ შეხედავ… ეს ჰმ?!….

კოტე
ესეც ბავშვია, ისეთ მესიჯებს მიგზავნის [ხელს ჩაიქნევს]
კიდევ კარგი დედამისი არ მოესწრო ამ ამბავს. ერთი თვის წინ პირველად ნახა ავტომატი ახლოდან, რა იცის ან ბრძოლის, ან ომის…

ნინო
ის იქიდან უნდა ნახოთ, რას იქადნება – მაგათ ამას ვუზამთ, იმას ვუზამთ… კიდევ კარგი, კიდევ კარგი,, რომ აქ არ არის თორემ რა დააბამდა მაგას.

კოტე

სამსახურზე რას ამბობდი?

ნინო

ამათ მიშოვეს

კოტე

უცხოელებთან?

ნინო

ჰო, ძიძად, ფრანგები არიან, ტყუპი გოგონა შეეძინათ, იმ კვირიდან უნდა დამეწყო… სტივენმა დამიბარა, დროშა არ ჩამოხსნა, წითელ
ჯვარს არ დაბომბავენო

კოტე

მაგათთვის არც წითელი ჯვარი არსებობს, და არც თეთრი ,..რა უნდათ აქ, რაა, კოფლიქტის ზონიდან 60-კილომეტრით ვართ დაშორებული, აქ სად მოდიან?

ნინო
არ ვიცი, ვერაფერს ვეღარ ვხვდები, რა, მართლა დაგვბომბავენ?

კოტე
არა, ნუ გეშინია, წითელ ჯვარს ალბათ არ ესვრიან, 21-საუკუნეა ბოლოს და ბოლოს.

ნინო
ხო, მეც მაგის იმედი მაქვს. მაგრამ სად არიან ეს 21-ე საუკუნის სახელმწიფოები. სად არიან? სანამ სათითაოდ არ ამოგვხოცავენ, იქამდე არ გამოიბერტყავნ ყურებს.

კოტე

Nნახე იქნებ ჩაირთო?
[ნინო, ტელევიზორს ჩართავს, ისევ გათიშულია]

ნინო
გიასთან არ ირეკება?

კოტე
არა, ყველანაირი კავშირი გაწყდა?

ნინო
როგორ? ომია! როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს.

კოტე
შეიძლება სარდლობას აქვს კავშირი. მაგრამ ჩვენ…

ნინო
კიდევ კარგი საერთაშორისო რეისები შეწყდა თორემ, რა ვიცი რა მოუფრიკინებს თავში იმ სულელ გუგას.

კოტე
შეწყდა ხომ?!

ნინო
უკვე, ერთი კვირაა, მარტო სპეც-რეისები დაფრინავენ. Mმანამდეც სანამ ეს ამბავი დაიწყებოდა, სტივენი სულ ამბობდა, უცხოელები მიდიანო, გრძნობდნენ, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებდა

კოტე
ისეთი მასიური ანტიქართული პროპაგანდა მიდიოდა თურმე რუსეთის ყველა არხზე. მაგათ ჩვენზე მეტად ეშინიათ რუსების.

ნინო
თქვენ ისევ იქ მუშაობთ ბატონო კოტე?

კოტე

არა, სადღაა ჩემი სამსახური, მეგობარმა წამიყვანა, ავეჯის ცეხი აქვს და ვეხმარები, ჩემი სამსახური?!…სასტუმროდ გადააკეთეს.

ნინო
რად უნდათ ერთი გამაგებინა ამდენი სასტუმრო, ამდენს ვის ელოდებინ?

კოტე

შენი ქმარი ისევ ამერიკაშია?

ნინო
კი, ეპატიჟებოდა თავის შვილებს, ახალი ძმის გასაცნობად.

კოტე
რა ყოფილა ცხოვრება?… ცოლი ამერიკელია?

ნინო
არა ქართველი, ისიც მასავით სამუშაოდ იყო იქ წასული..

კოტე
ასეა, ტყუილად კი არ არის ნათქვამი,- თვალი თვალს რომ მოსცილდება..
ასეა ასე.
ნინო
მაგის დარდი სულ აღარ მაქვს, მით უმეტეს ახლა.

[დაბომბვის ხმები ისევ გაისმის, ამჯერად უფრო ახლოს და უფრო ძლიერად
Nნინო წამოხტება და საძინებლებში შეიხედავს]

კოტე
ოხ, ამათი დედები…ესენი ვინ არიან? ესენი ვინ არიან?

ნინო
რა გვეშველება ბატონო კოტე? რა ვქნათ? რამე მითხარით

კოტე
რა უნდა ვქნა, იარაღი მე არა მაქვს… ვუთხარი, მე წამიყვანეთ მეთქი,
გიაზე მეტს ვეღარ ვიზამდი? დაჭრილებს მაინც გამოვიყვანდი, ან საჭმელს მივუტანდი, რა ვიცი რა დღეში არიან. ასე გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ველოდო როდის შემოვლენ და ტყვედ როდის ამიყვანენ? Bბოლოს რომ ველაპარაკე ცხინვალის მისადგომებთან ვართო, ორ დღეში ყველაფერი მორჩებაო, აბა თუ მორჩება, ახლა იწყება ყველაფერი.

[ისევ ისმის დაბომბვის ხმები]

-არის აქ ვინმე? – ისმის ზემოდან ხმა, – ჩქარა, მომეხმარეთ!

[კოტე აირბენს კიბეებზე. ნინოც მიყვება. ისმის სროლის და ყვირილის ხმები. ცოტა ხანში კოტეს და ნინოს დაჭრილი ჯარისკაცი [დათო] ჩამოჰყავთ].

დათო
ეე, ბიჭო იარაღი დამიტოვეთ.

[როგორც ჩანს, თავის მეგობრებს გასძახებს, ნინო აირბენს და ავტომატს ჩამოუტანს]

იცოდეთ, დროზე მოდით (დათოს ტახტზე მიაწვენენ).

-ააა ნელა, უხ შენი…

კოტე
-ნინო, დროზე, სპირტი, ბამბა რაც გაქვს, მოიტანე ყველაფერი.

ნინო
-ახლავე! (გადის და ყუთით შემოაქვს აფთიაქი)
ყველაფერია აქ ეს იმათ დამიტოვეს.

კოტე
-გაიხადე ეგ შარვალი, რა გქვია ბიჭო?

დათო
-დათო, არა, არა, ბიძაჩემო გახდა არ მინდა ქვემოდან ამიწიე.

კოტე
აქაც სისხლის ლაქა გაქვს (აჩვენებს ბარძაყზე).

დათო
ეგ ძველია, ეგ ეტყობა სიარულში…

კოტე
ჰოდა მერე ასე არ შეიძლება.

დათო
არა მეთქი რაა, ქვემოთ გადამიხვიე თუ შეგიძლია, თუ არა და იყოს მაგის დედაც.

კოტე
ხო, კარგი, კარგი.
(გახდის ბათინკს და ჭრილობებს დამუშავებას იწყებს).
ნინო, ცოტა თბილი წყალიც მომიტანე.

დათო
ბიძაჩემო უთხარით თქვენ ცოლს დასალევი წყალიც წამოაყოლოს.

კოტე
ნინო, წყალიც მოუტანე.

ნინო
(დაბნეული შემობრუნდება)
ჰო, ახლავე, ვათბობ

კოტე
დასალევი წყალი უნდა.
(ნინო იქვე მაგიდიდან მიუტანს წყალს, დათო დალევს.)

დათო
ერთი ტელევიზორიც ჩართეთ, რა.
(დათოს სახეზე ეტყობა, რომ ძალიან სტკივა, მაგრამ თავს იკავებს,
ნინო ჩართავს, ტელევიზორი ისევ შიშინებს)

დათო
რა ხდება, კი მაგრამ, ამათი დედები! (მუშტს დასცხებს ტახტის სახელურს.)

კოტე
ვეცდები პირველადი დახმარება გაგიწიო თუ არადა ჰოსპიტალიც აქვეა.

დათო
სადღაა, დაბომბეს.

ნინო
რაა? როდის?

დათო
იქედან მოვდივარ, ბიჭებმა, მიმიყვანეს, მაგრამ იქ იმისთანები წვანან მე რა მიჭირს, ადგილებიც აღარ არის!

კოტე
შენ მართლა არაფერი გიჭირს, მოდიი ბარემ ესეც დალიე.
(მიაწვდის აბებს).

დათო
ეს რა არის?

კოტე
არაფერი ისეთი, ეს ტკივილგამაყუჩებელია, ეს დასამშვიდებელი.

დათო
ეს არ მინდა.
(მიაწვდის უკან დასამშვიდებელს.)

K კოტე
ჰო, კარგი რა ხართ, რა ხართ ეს ბიჭები.

ნინო
ბატონო კოტე, მშვენივრად გცოდნიათ ეს საქმე.

კოტე
მე?.. ჯერ 2 წელი რუსების ჯარში ვარ ნამსახურები ყირიმთან მეორეც, აფხაზეთის ომი აგერ არ იყო?

დათო
აფხაზეთში ომობდით?

კოტე
ხო, იმას თუ ომი ერქვა, ძაღლი პატრონს ვერ სცნობდა.

დათო
არა, აქ მაგას ნაღდად ვერ იტყვი.

კოტე
ვიცი, ვიცი, მეც ყოველდღე მაქვს კავშირი ფრონტის ხაზთან.
(ნინოს თასი შემოაქვს და იქვე სკამზე დგამს.)

ნინო
გასადილებთ, არ გინდათ?

დათო
არა.

ნინო
მაშინ, ჩაი ბუტერბროდით?

დათო
არა, არა გმადლობთ შიმშილით ნამდვილად არ მშია.

კოტე
რბილ ნაწილშია ტყვია გასული, გადარჩენილხარ, არტერიაში რომ არ მოგხვდა.

დათო
ხოო… აბა, ნახეთ ერთი, ტელევიზორი ხომ არ ჩაირთო?

(ნინო სახლის ტელეფონსაც და მობილურსაც ამოწმებს, ტელევიზორსაც ჩართავს.)

დათო
რა უნდოდათ, რატომ გამოგვიყვანეს უკან, როკის გვირაბთან ვართო ბიჭებმა. ჩავკეტავდით იმ გვირაბს და მერე რა ჩემ ფეხებს იზამდნენ?
(გადაფრენის ხმა გაისმება.)

კოტე

შენ ცხინვალთან ხომ არ იყავი?

დათო

არა ცხინვალს კოჯრის ‘’სპეცნაზი’’ უტევდა.

ნინო
ჰოსპიტალში ბევრია დაჭრილი?

დათო
სიები ვნახე. 67 დაღუპულის გვარია გამოკრული. ჩემები არც ერთი.
(პირჯვარს გადაიწერს.) დაჭრილი 500-600_ზე მეტიაო… ის ვერ გავიგე, იქ რა მოხდა. ავიაცია რო გამოჩნდა, ყველაფერი ყველას თვალწინ მოხდა. კასეტური Bბომბების ჩამოგდებაც ყველამ დავინახეთ, მერე ატყდა ამბავი, გაუგებრობა 41-ე და 42-ე ბატალიონებთან…მერე ეს რაციებიც გაითიშა ვერ გავიგეთ, რა მოხდა? ვერ გავიგეთ, რატომ აღმოჩნდნენ ალყაში? ვერ გავიგე რატო იყვნენ იქ, სადაც იყვნენ, ვერ გავიგე რატომ გვითხრეს უკან დაიხიეთო. ერთი თვეა თურმე რუსეთი 58-ე არმიის წვრთნას ატარებდა და ეს არის მაგათი საუკეთესო არმია? იმენა კედელზე ავაყუდეთ… კი, ნავოდკები ჩვენც გვქონდა, მაგრამ არტილერიამ იმუშავა ძმაო?!

კოტე
ხო ამბობენ ძალიან მაგარი ბიჭები არიანო.

დათო
მაგრები კი არა… ცხინვალი ჩვენი იყო მერე ამ ჯავაზეც ერთი გზა შედის და ვსიო. იქ მთელი ერთი ბრიგადით შესვლა იყო საჭირო. ჯავა ისედაც ციხე-სიმაგრეა, შევიდოდით, ჰა, 1-2 ბრიგადის მოხმარება დაგვჭირდებოდა, რა პონტში დაგვაბრუნეს უკან, მთელი ღამე იმენა არ გვძინავს. ყველა მზადაა, ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისაკენ. ღამე წყდება არტილერიის სროლა გვეუბნებიან მორჩაო, ვსიო, ყველაფერი მორჩაო. ჩვენც ვიფიქრეთ ეტყობა სხვა ბრიგადები გადაიყვანეს შეტევაზე, მაგარ გასწორებულში ვიძინებთ, ვსიო-თქო რა, ბიჭები მოუვლიან ყველაფერს და ხვალ საღამოთი სახლებში გამოგვიშვებენ, ჩემებსაც ასეთ მესიჯებს ვწერდი სახლში. თურმე რა ხდება ტოო, ომი დამთავრდა და წავაგეთ, ისე რომ ბოლომდე არ გვიბრძოლია ისე გამოგვიშვეს ჯავაზე ბრძოლაში არ ჩაგვრთეს, რატო მაგის დედა ვატირე არც ერთი ბრძოლა არ წაგვიგია და ომი წავაგეთ, რატო? რატო? მაგის…

კოტე
კარგი, კარგი, ესეც დალიე, შვილო, დამიჯერე.
(აწვდის აბს.)

დათო
არ გავითიშო ჩემებმა უნდა მომაკითხონ.

კოტე
გაგაღვიძებთ, ნუ გეშინია, აქ არ დაგტოვებთ.

დათო
რატომ დაგვახევინეს უკან? მოგებული გვქონდა ომი, გესმის, კითხე ბიჭებს, კი, ძმებიც დაგვეხოცა, მაგრამ ომი ომია. რატომ გაუხსნეს დერეფანი, ჩვენ გვაძლევს ვინმე დერეფანს? მოგებული ომი წავგეთ,მოგებული, ბოზიშვილი ვიყო, თუ რამეს ვაჭარბებდე!

კოტე
ჰო, მაგრამ ავიაციით წამოვიდნენ. როკის გვირაბს თუ ჩაკეტავთ, თბილისს დავბომბავთო. ეტყობა სხვა გზა აღარ იყო….

დათო
რატომ მერე, იმიტომ რომ ცხინვალიდან არტილერია მისწვდა ჩვენს ერთადერთ რადარს გორის მთაზე და მწყობრიდან გამოიყვანა?

კოტე
ამის მერე შემწყდარა სარაკეტო სისტემებისთვის მიზნების მიწოდება.
ერთი მიზეზი ეგ არის, ბევრი სხვაც მერე გამოჩნდება.

დათო
მერე რა, არ გესმით? ყველა ბრძოლა მოიგეს ბიჭებმა, მე თვითონ ვარ ამის მომსწრე, სხვის მონაჩმახს კი არ გიყვებით.

კოტე
რეზერვისტების ამბავი ხომ არ იცი, ბოლო მონაცემები?
(ნინო კოტეს საფენების გადახვევაში ეხმარება)

დათო
რეზერვისტებზე საერთოდ არა მაქ არანაირი ინფორმაცია, არც სად ვინ ომობდა, ან ვინ რამდენი დაკარგა, არც რამდენი დაიჭრა? ვიცი ის, რაც ყველამ იცოდა, მაგარი დაბნეულები დარბოდნენო

კოტე
ცხინვალთან, რომ დარჩნენ იმათზე გეკითხები, მგონი, ალყაში მოექცნენო…

დათო
ო, ეგენი ბოევიკებმა ყველა ჩახოცესო.

ნინო
ახლა ათას ჭორს იტყვიან, სანამ ტელეფონები ჩაირთვება.

დათო
ისე, დედას ვფიცავარ, იქ ნაღდად არ იყო ეგეთი პონტი, რო
აუუ, ჩაგვხოცეს რუსებმა! პირიქით, მე ლიჩნად მაგარი ამაყი ვარ იმით, რაც ჩემი თვალით ვნახე.

კოტე
ეგ ამბავი როდის გაიგე?

დათო
რომელი?

კოტე
ცხინვალის რეზერვისტებზე?

დათო
ჩემი ძმაკაცი ელაპარაკებოდა, აი აქ რო მომიყვანა

კოტე
ბოლოს როდის ელაპარაკა?

დათო
თუ გადარჩა ვინმე, მაშინ ტყვედ აიყვანდნენ, ეგენი ცოცხალს არავის დატოვებენ (დათოს თანდათან ძილი მოერევა და გაითიშება).

კოტე

დაეძინა, რამე დავაფაროთ.
(ნინოს პლედი შემოაქვს და დათოს აფარებს)

ნინო
საწყალი, რა დღეში აქვს ნერვები. რამდენი წლის იქნება?

კოტე
გიაზე სამი-ოთხი ოთხი წლით იქნება უფროსი. ბავშვები არიან რა დროს ამათი ომია. (კოტე წამოდგება).

ნინო
მიდიხართ?

კოტე
გავალ, იქნებ რამე გავიგო, ეს ჯერ არ გაიღვიძებს ისეა დაღლილი
(დაბომბვის ხმები უფრო მოახლოვდება). კიდევ კარგი, შენს გოგოს არ ეღვიძება

ნინო
‘’ნაუშნიკები’’ უკეთია ყურებზე, მუსიკას უსმენდა და აღარ მოვხსენი. სხვა დროს ვუშლიდი, ახლა მე თვითონ კარგად გავუსწორე, იქნებ ვერ გაიგოს ეს ხმა.

კოტე
ბატონი ვახტანგი?

ნინო

მამაჩემს გონება თითქმის აღარ უმუშავებს, მაგისთვის სულ ერთია რაც ახლა
ხდება, მეც ვეღარ მცნობს.

კოტე

ზოგჯერ ასეთი მდგომარეობა სანატრელი ყოფილა, როცა ყველაფერი სულერთია. (კოტე კიბეებზე ადის, მოხუცის ხველის ხმა დროდადრო სულ ისმის, ნინო ტელევიზორს ჩართავს, გაისმება პრეზიდენტის ხმა. დიდ ეკრანზეც გამოჩნდება იგივე კადრი, დოკუმენტური ჩანაწერი, სააკაშვილი მიმართავს ხალხს).

– კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნურსად ნუ გაიქცევით, თბილისს საშიშროება არ ემუქრება, თუ მსგავსი საშიშროება გაჩნდა, მე პირველ რიგში მოგახსენებთ ამის შესახებ. ახლა მთვარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთმანეთის გვერდით დავდგეთ, ეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ყველას, ახლა როგორმე უნდა მივიპყროთ მთელი მსოფლიოს ყურადღება. მართალი გითხრათ ცოტა გაოცებულები ვართ მეც და ჩემი კოლეგებიც, რომ ჯერ ჩვენი დასავლელი მეგობრებისაგან არანაირი ქმედთი ნაბიჯები არ არის გადადგმული, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
მე მაქვს მუდმივი სატელეფონო კონტაქტი მათთან. ხვალ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის
ნიკოლა სარკოზი, მე მოგიწოდებთ, ყველას რომ ხვალ, დღის სამ საათზე დიდი თუ პატარა ყველანი გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე, რათა მთელ მსოფლიოს დავანახოთ რომ ჩვენ არავისი არ გვეშინია და არსად არ გავრბივართ. ყოველ 2-საათში ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე, ჩვენი მებრძოლები გადაადგილდებიან ხაშურის მიმართულებით,
იბომბება ცხინვალის სოფლები ,კარალეთი, ქურთა, თამარაშენი, და როგორც ახლა ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ წუთებში ბომბავენ გორს.
(ნინო სასოწარკვეთილი მისჩერებია ტელევიზორს, დათოს ღრმად სძინავს,
ახლოდან გაისმის თვითმფრინავის გადაფრენის, ჭურვების ჩამოყრის და აფეთქების ხმა, კოტე კიბეებზე ჩამოირბენს, სინათლე გამოირთვება)

ნინო
რა ხდება, ბატონო კოტე, რა ხდება, გამაგებინეთ, რა ვქნა?

კოტე
გვბომბავენ ეს ნაძირლები! გვბომბავენ ,სახლებს ცეცხლი უკიდია, ტყეებსაც,
ქუჩებში დახოცილები და დაჭრილები ყრიან.
(დაბომბვა გრძელდება, თითქოს სახლს რაღაც ხვდება, ნინო კოტეს შემოეხვევა, ყვირის).

ნინო
მიშველეთ, ბავშვს რა ვუყო, სად წავიყვანო, მამაჩემი, მამაჩემს ხომ არ დატოვებ
(თვითმფრინავი გადაიფრენს, და სიჩუმე დაისადგურებს ცოტა ხნით).

კოტე
ამაზე საიმედო ადგილას სად უნდა წაიყვანო?

ნინო
მგონი, რაღაც იწვის, კი, ჩემი სახლი იწვის.
(ნინო კიბეებზე აირბენს, კოტეც უკან მიყვება).

(პირველი მოქმედების დასასრული).

მეორე მოქმედება

კიბეებზე ჩამოდიან ნინო, კოტე და რუსი ეროვნების (60 წლამდე) ქალბატონი (ტონია), სამივეს სახე და ხელები გამურული აქვთ, ხანძართან ბრძოლის კვალი ატყვიათ. ღონე მიხდილები ჩამოსხდებიან სკამებზე, ხმას არც ერთი არ იღებს. მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე გრაფინს ბოლომდე გამოსცლიან. ტონია მძინარე ჯარისკაცს მიაშტერდება.

ნინო
Aაკი წითელ ჯვარს არ ესვრიანო?

კოტე

ეგ მე არ მითქვამს, ეგ შენ თქვი!

ნინო (ტონიას)
დაჭრილია, წუხელ მოიყვანეს.
(ტონია, არაფერს ამბობს. წამოგდება და წიგნების თაროსთან მივა. ნერვიული მოძრაობებით იწყებს წიგნების გადარჩევას, თან გამწარებული რაღაცას ბურტყუნებს).

ტონია

ненавижу, ненавижу, ‘’не народ, а скотина , хам , дикая орда дущегубов и злодеев’’

ნინო
რა ბრძანეთ ტონია მასწ?

ტონია

ეს მე არ ვბრძანე, это Булгаков про русских… О, Достоевскии ,….».народ которий блуждает по европе и ищет что можно разрущитъ уничтожитъ». вот и Горкий – « наиважнейшею прметою удачи русского народа естъ его садистская жестокостъ…» Пушкин – « народ ,что не признает человеческое достоинство, Что , целиком не признает ни свободного человека ни свободной мысли»
(ტონია , იმ ავტორების წიგნებს რომელთა ციტატებსაც ამბობდა ბუხარში შეყრის და ცეცხლის წასაკიდებლად ნავთის ბოთლს დასწვდება, კოტე მივარდება და ხელებს დაუჭერს )

კოტე
ტონია კანსტანტინოვნა, ტონია კანსტანტინოვნა რას შვრებით…
(ნინოც მიეხმარება, ბოთლს წაართმევს)

ტონია
დაწვით! დაწვით! ეს წიგნები და არასოდეს არავის არ წააკითხოთ.

ნინო
დაწყნარდით, დაწყნარდით, ძალიან გთხოვთ. თქვენ ამას როგორ ამბობთ?

ტონია
მძულს, მძულს ეს წიგნებიც, ეს რუსეთიც,….

ნინო
ხო, მაგრამ მეორე რუსეთიც ხომ არსებობს.

ტონია:
არ არსებობს, მეორე რუსეთი არ არსებობს, სად არის? კარგი რუსეთი? (კასეტებს დასწვდება )ეს ხომ შენი საყვარელი რეჟისორია? (ხელში უჭირავს ნიკიტა მიხალკოვის ფილმების კასეტა, ნინოს მიაჩეჩებს) ეს იცი ვინ არის? მთავარი იდეოლოგია პუტინის, ამაყია თურმე რომ რუსეთი ძველ დიდებას იბრუნებს.

ნინო
ხო, ვიცი, ვიცი მეც მოვისმინე!

ტონია
ყველა მძულს ჩემი თავი მძულს რას შევწირე ჩემი ერთარდეთი ბიჭი? აფხაზებს? ჩეჩნებს? Aარა, რუსის ტყვიამ მომიკლა აფხაზეთში .იქნებ ახლა მაინც გავიგოთ, რომ არც აფხაზია და არც ოსი, იქნებ გაიგოს თქვენმა 21-ე საუკუნის ცივილურმა საზოგადოებამ, რომ მეორე რუსეთი არ არსებობს. არ არსებობს კარგი რუსეთი, გესმით, გესმით?! არ არსებობს. რა უფლება აქვთ? რა უფლება აქვთ, რა უფლება აქვთ?
(ტონიას სკამზე დასვამენ, ნინო წყალს დაუსხამს, კასეტა ისევ ხელში უჭირავს, კოტე ბუხრიდან წიგნებს აიღებს და თაროზე შემოდებს)

-ტონია, ტონია ! (გაისმის გარედან ხმა)

ნინო

ვინ არის?
ტონია

ჩემი ძმა, ანტოლი, მე მეძებს.

ნინო
მე მეგონა დაბრუნდა ტიუმენში.

ტონია
არა, ეშინია, გარეთ არ გამოდის. ვერ მოასწრო, იყო რუსეთის საელჩოში მაგრამ?! ყველამ მოაკითხა თავისიანებს, ებრაელებმა – ებრაელები წაიყვანეს, ამერიკელებმა – ამერიკელები, ინგლისელებმა – ინგლისელები… მარტო რუსეთს არ ენაღვლება თავისი მოქალაქეები, ჭირსაც წაუღიათ, სად არის კარგი რუსეთი? მე თუ ქართველი ქმარ-შვილი მყავდა, ანატოლი ხომ ყველა მხრიდან რუსია… კოტე ადი და უთხარი მაგ საცოდავს, რომ ახლავე ამოვალ.
(კოტე კიბეებზე ადის, ტონიაც წამოდგება ჩუმად არის )

ტონია
გია დაიღუპა…

ნინო
რაა?

ტონია
მაგის სათქმელად მოვდიოდი, თქვენთან. 15 წლის წინ ხომ კოტემ ჩამომისვენა არკადი… ახლა ჩემი ჯერია…
(ტონია ხელს ჩაიქნევს და კიბეებზე ადის. ნინო დიდხანს დგას ჩუმად, მერე კასეტას (ნიკიტა მიხალკოვის ) გადაამტვრევს, ბუხარში შეაგდებს და აქვითინდება, რეკავს ტელეფონი)

ნინო
…..ხო, სტივენ, ხო, როგორ იმგზავრეთ? ჩამოხვედი? Aრა გვიშავს, ცოცხლები ვართ…..კი კი . ფანჯრებია ჩამსხვრეული სახურავს ეკიდა ცეცხლი, მაგრამ მალე ჩავაქრეთ… გია დაიღუპა… ხო.- არა ,არა მე როგორ წამოვალ სტივ, არა ვერ წამოვალ… არ ვიცი არაფერი, ტელევიზორი გათიშულია, არა დიდი მადლობა, ნუ მთხოვ, მე და ანანო რომ ვიყოთ მარტო შეიძლებოდა, მაგრამ მამაჩემს რა ვუყო, ვერ დავტოვებ, ვის დავუტოვო? რაა… ვერ წარმომიდგენია მამაჩემი თვითმფრინავში ინვალიდის ეტლით, ეტლს მომიტანენ? ვინ მომიტანს? Aრა ვიცი, ვეღარ ვაზროვნებ. სტივ, როდის მოხვალ ? (აფეთქების ხმა ისმის ) არ მესმის შენი ხმა, რაა?.. (გაითიშება)
(კიბეებზე კოტე ჩამოდის, ნინო თავს ჩაქინდრავს და ისე ატირდება )

კოტე
გითხრა ტონიამ? (ნინო თავს დაუქნევს) გული მიგრძნობდა, არ გამკვირვებია … ჯობია არ ამოხვიდე ზემოთ… ყველაფერი იწვის სახლები, ტყეები, ქუჩები მიცვალებულებით არის სავსე… ჯობდა საეროდ არ გათენებულიყო.
(გაისმება ისევ ტელეფონის ხმა.)

ნინო
ხო, სტივენ, გაითიშა ვიცი ვიცი დიდი მადლობა, ტვინი აღარ მიმუშავებს, არაფრის გადაწყვეტა არ შემიძლია, რამდენ საათში გამომივლი? ჰო კარგი მოდი და … დროებით…

კოტე
შენი მდგმური იყო?

ნინო
ჰო, ჩვენი წაყვანა უნდა.

კოტე

წადი, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, წადი, წადი, მამაშენს მე მივხედავ, მაინც აღარავინ მეყოლება საზრუნავი.

ნინო
მამაჩემისთვისაც ჩამოუტანია ინვალიდის ეტლი, სამივე მივყავართ.

კოტე
მაშინ რაღას ფიქრობ? Gგუგაც იქ არის. მერე იქნებ ოდესმე რამე ეშველოს ამ ქვეყანას და ჩამოხვალ.

ნინო
თქვენც ამას მირჩევთ?

კოტე
აბა ამ ჯოჯოხეთში გინდა დარჩე? წადი, წადი!

ნინო
სამი საათისთვის მოვალო.

კოტე

მეც მოვალ მაგ დროისთვის და გაგაცილებთ, ახლა კი წავედი.

ნინო

სად?
კოტე
დაჭრილების გადაყვანაში უნდა მივეხმარო. იცი … (გაჩუმდება) გია ამ დილას დაუხვრეტიათ, ჯერ მიცვალებულების გადმოსვენების უფლებას არ გვაძლევენ, მგონია რომ სიზმარში ვარ….
(კოტე მიდის დაბომბვისა და აფეთქების ხმა ისევ ისმის.)

(ნინო გადის მეორე ოთახში გამოაქვს დიდი ჩანთები და კარადიდან იწყებს რაღაცის გადმოყრას და ჩანთებში ჩაყრას,
დათოს ეღვიძება.)
დათო
აუ, უკაცრავად დიდხანს მეძინა?

ნინო
არა უშავს, ფეხი გტკივა?

დათო
არა, რა ხდება, ჩემი ბიჭები არ მოსულან? ხო არ გამოსირდნენ ეგენი, ესეც გამეთიშა, დასატენია. პირს დავიბან, შეიძლება?

ნინო
კი, კი, რა თქმა უნდა, იქით. კი, გამომართვი.
(მისცემს პირსახოცს დათო კოჭლობით მიდის ნინო ტელევისორს ჩართავს. კიბეებზე ჩამოირბენს ხანშიშესული წვეროსანი, ინტელექტუალური გარეგნობის კაცი.) ბატონო ერლომ, თქვენ აქ როგორ მოხვდით?

ერლომი
მტრის ბანაკში ვიყავი დასაზვერად.
(გაიცინებს)

ნინო
კი მაგრამ?!

ერლომი
ტელევისორი რატომ არა გაქვს ჩართული?

ნინო
ჩაირთო?

ერლომი
მიდი, შენ მოამზადე ყველაფერი, როგორ არის?

ნინო
როგორც იყო.
ერლომი

ერთარდერთი ძმაკაცი დამრჩა ამქვეყნად და იმასაც ფეხებზე ჰკიდია, ყველაფერი რაც ხდება. (იცინის.)
(ეკრანზე გამოჩნდება დამბობილი გორი. Kრუსი ჯარისკაცი, რომელიც ქართველი ჯარისკაცების კარგი პირობებით არის, დაბოღმილი, ქართველი ჯარისკაცის ნაქონ ბათინკებს იცვავს (დოკუმენტური მასალა)

ერლომი
(სიცილს იწყებს)
-ამდენი დიდი თუ პატარა ომი მინახავს და პირველად ვნახე, რომ დამპყრობელს დაპყრობილის ჩექმა აცვია.

ნინო
რა კარგია რომ მოხვედით თორემ ისე ვიყავი… რამეს მოგიტანთ.

ერლომი
მოიტანე, მოიტანე დასალევიც მოაყოლე რამე თუ გაქვს.
(შემოდის დათო, ერლომი ფეხზე წამოდგება და სათვალით კარგად დააცქერდება.)

დათო
გამარჯობა.

ნინო
ეს ჩვენი სტუმარია.

ერლომი
უცებ გუგა მეგონა.

ნინო
ხო ისე რაღაცით მართლა ჰგავს.

ერლომი
(ხელს ჩამოართმევს).
დაბრძანდით.
დათო
გმადლობთ… დათო.
(ნინოს საჭმელი და სასმელი შემოაქვს)

დათო
თქვენი მეუღლე წავიდა?

ერლომი

-რაა?
ნინო
არა, ის ჩემი მეზობელია. ჩემი მეუღლე არ არის. კოტეზე ამბობს.

ერლომი
იბრძოდი ბიჭო?

დათო
ვიბრძოდი, ვიბრძოდი, ეჰ…
(ტელევიზორში ჩანს ჩანგლების მოპარვის სცენა, უნიტაზები, ლეიბები რომ მიაქვთ რუსებს და ა.შ. დოკუმენტური).

ერლომი
შენ კიდე ამათ გინდა ომი მოუგო? ვერ მოუგებ, ვერ ხედავ რა მაგრები არიან.
(დათო ცოტა დაბნეულია ბოლომდე ვერ ხვდება ერლომი ხუმრობს თუ მართლა ამბობს).

ნინო
დათო, ბატონო ერლომი მამაჩემის ბავშვობის მეგობარია, ცნობილი მწერალი.

ერლომი
ცნობილი არა ისა, ცნობილი რომ ვიყო ეს ბიჭიც მიცნობდა არა? აბა ჩამოასხი თითო.

ნინო
რა ხდება ბატონო ერლომ, იქნებ თქვენ მაინც გამარკვიოთ?

ერლომი
მეე? Mმე რა ვიცი, ეგ მამაშენს ჰკითხე ყველა ომში ის არის ნამყოფი.

დათო
არადა იცოდეთ ბიძაჩემო ეს ომი მოგებული გვქონდა.

ერლომი
რუსებთან? ამათ ომს როგორ მოუგებ?

დათო
ფაიზაღი ეგრე იყო.

ერლომი
დედამიწაზე არ არის ერი რომელიც ამათ მოუგებს. ამათმა თავიანთი მეფე მოკლეს თავისი პატარა შვილებით და დღემდე მის მკვლელს აგერ უკვე საუკუნეა საზეიმო წრეს უვლიან.

ნინო
ლენინზე ამბობთ?

ერლომი
ხო აბა სხვა რამე ხდება მავზოლეუმში. მიწამაც კი არ მიღო ისეთი ცოდვილია.

დათო
მერე რატომ იმათ არ სჯის ღმერთი?

ერლომი
აბა, ვის სჯის? ჩადით ერთი რუსეთში ნახეთ რა ხდება, გაცდები თუ არა დიდ ქალაქებს, ფეხზე დამდგარ ადამიანს ვერ იპოვი, ყველა გალეშილი ყრია ძირს. მეტი სასჯელი რა გინდა, ადამიანების სახე დაკარდეს. კაცები როგორც წესი გენეტიკურად ლოთები არიან, ქალები? არც ქალებს აკლიათ ეს საქმე და მეორე, რითაც არიან ცნობილი რუსი ქალები, ჩემზე უკეთ იცით თქვენ. ვის როგორი ტავარნი ვიდი აქვს, იმის მიხედვით იყიდებიან, თუ თავის ქვეყანაში და თუ საზღვარგარეთ. ესენი აბორტს გადარჩენილი შთამომავლობა, არასასურველი შვილები, რომლებიც მშობლებმა არ ისურვეს, ბებიები და ბაბუები არ ჰყავთ, მშობლიურ სითბოს და სიყვარულს მოკლებული ხალხი! მოკლებული არასწორი სიტყვაა, არ იციან, რა არის სიყვარული, მეგობრობა, სამშობლო. ასეთ დროს კი მზრუნველი მთავრობა ასეთებს ცოცხით მოხვეტავს, აჭმევს, ჩააცმევს და ეტყვის, რომ ისინი უყვარს და მათაც ეს სიყვარული ჰგონიათ, იმიტომ, რომ სხვა სიყვარული არ იციან. იმიტომ მოსწონს ეს ჩექმა, რომ უკეთესი არ ჰქონია, იმიტომ მოსწონს ის საწოლი, რომ უკეთესზე არ სძინებია, არც უნიტაზი უნახავს ახლოდან. Aახლა ეტყვიან, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არა აქვს, რომ მტერმა წაართვა მტერი კი ბევრია, ჩვენ, ჩეჩნები, მალე ინგუშები გამოჩნდებიან, მთელი ევროპა და რაც მთავარია ამერიკა. ვისი გჯერა შენ ყველაზე მეტად, დათო?

დათო
რა პონტში მეკითხები?

ერლომი
აი მაგ პონტში.
დათო

რა ვიცი მე? დედაჩემის, ჩემი ძმების, ბაბუაჩემის, ძმაკაცების.

ერლომი
გჯერა ხომ, ჰოდა რა გინდათ მაგ საცოდავებისგან ეს ყველაფერი რაც შენ ჩამოთვალე მაგისთვის “ველიკაია რასიაა, და თუ ამაში შეეცილები არ დაგზოგავს. “მაც რასია” კი თავის შვილებს არ ითვლის, იმიტომ რომ ისინი უთვალავი ჰყავს, ამაშია საქმე.
(ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ჩანთებში რაღაცეებს ალაგებს).

დათო
ეგრე გამოდის, რომ ესენი ჩვენზე ცუდად ყოფილან.

ერლომი

ეჭვი არ შეგეპაროთ; ავადმყოფების შთამომავლობა! რას ელოდით ამათგან, საკუთარი ბავშვები არ დაინდეს ბესლანში, თეატრში ამდენი ხალხი ჩახოცეს, საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქეს, რომ ტერორისტებისთვის დაებრალებინათ. რამეს ცვლიან? 21 წელი, 37, 56, 9 აპრილი აფხაზეთის ომი. რამე შეიცვალა მათ აზროვნებაში ან საქციელში? რას ელოდით?

ნინო
გამოკითხვა ჩაუტარებიათ რუსეთში, ყველა დროის პოპულარული პოლიტიკოსი ვინ აღმოჩნდა თუ მიხვდებით?

ერლომი
სტალინი იქნებოდა.

ნინო
მართალია, როგორ მიხვდით?

ერლომი
აბა რა. მაგას რა მიხვედრა უნდა.

ნინო
მერე არ იციან, რომ ბელადი გორშია დაბადებული? რატომ გვბომბავენ?

ერლომი

მაგიტომაც გვმბობავენ.

დათო
მაგიტომ, რატომ?

ერლომი
რა ვიცი ისე ვამბობ, მართლა კი არ ვიცი ყველაფერი. რუსისგან ნუ გიკვირთ ის რაც ხდება, ეს მისი წესია, სხვას ნურაფერს ელით ხალხო გაიგეთ!

ნინო
თუ ასეა და ეს ომი გარდაუვალი იყო, გამოგვეყვანა ეს ჩვენი მოსახლეობა, ხომ ვხედავდით რომ იმათ ერთი თვით ადრე დაიწყეს მზადება, რატომ ჩავიგდეთ ამ დღეში თავი?

ერლომი
ეჰ… (ხელს ჩაიქნევს) – შენ გაგიმარჯოს, აბა მაგრად იყავი და მშვიდობას გაუმარჯოს.
(ერლომი არრაყს გადაკრავს).

დათო
გაგიმარჯოთ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

ნინო
რას ამბობ, შვილო, რისი მადლობა.

ერლომი
დიდხანს ვეღარ იარსებებს ეს ქვეყანა, ის თანდათან კარგავს სიცოცხლის უნარს და ლპება, ვერ გრძნობთ, რომ ამ სუნმა უკვე მთელი კაცობრიობა შეაწუხა.

ნინო
ხო მაგრამ ჩვენ ყოველთვის რატომ ვიჭყლიტებით პირველები.

ერლომი
იმიტომ რომ ჩვენ სულ პირველობის პრეტენზია გვაქვს, რა არ არის ასე? Mმატრაკვეცა ერი ვართ.

დათო
რაღაცაში კი თქვენთან ვარ, მაგრამ რაღაცეებში…

ერლომი
არა შენ შემოგევლე, ჩემი დათანხმება რა საჭიროა, მე თვითონ არ მემახსოვრება ხვალ, დღეს რა ვთქვი, ჩემნაირებს ახლა არც აზრს
ეკითხება ვინმე და…
დათო
არა მასე ნუ გაიგებთ უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა იცოდეთ, რომ ის ბიჭები, ვინც იქ ჩაიხოცნენ ნამდვილი ვაჟკაცები იყნენ და ნამდვილი გმირები.

ერლომი
იმათზე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვას ვფიქრობდე, ისეთები მეც მყავდა და ყველა სხვადასხვა ომში შემომეცალა. Mმოიცა ერთი ჩამოვასხა, ისინი ყველანი ზეციურ საქართველოში არიან, ზოგი 56-ში, ზოგიც მერე. იცი რა, ჩემო დათო, ეს რაც ხდება რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ, როგორ აგიხსნა, იქნებ საჩუქარია ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად. უწმინდესმა თქვა ერთხელ “იქ უფრო დიდი საქართველოაო” და მართლია, იმ დიდ ადამიანებს გაუმარჯოს, დიდ საქართველოს რომ შეუერთდნენ,
(გადაკრავს).
დათო
გაუმარჯოს.
(გადაკრავს).

ერლომი
ნინო შენ მოამზადე ჩემი ინსტრუმენტები?

ნინო
ჯერ რა გეჩქარებათ?

ერლომი
იქნებ ტყვედ აგვიყვანონ და მერე ასეთი ლამაზი ბიჭი წვერგაუპარსავი უნდა ჩავაბაროთ რუსებს. უკვე ვეღარ მცნობს
(დათოს). მაგრამ, სანამ მე ვცნობ, ჩემს მოვალეობას კვირაში ერთხელ ვასრულებ. შემდეგ კვირასაც მოვალ.

ნინო
კი თუ დაგხვდით. სტივენს მივყავართ თავისთან.

ერლომი
კარგი ერთი, მართლა ამბობ?

ნინო
ჰო, ინვალიდის ეტლს მოგვიტანენ მალე და ამ საღამოს უნდა გავფრინდეთ.

ერლომი
მე არ შეიძლება წამიყვანოთ?
( იცინის). უთხარით რა ჰქვია იმას? სტილისტი. ჰო, მამაჩემის პირადი სტილისტია-თქო.

ნინო
მე მეგონა მეტყოდით, სად მიდიხარო?

ერლომი
რატომ უნდა გითხრა, თავის საქმე ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს?

დათო
სად მიბრძანდებით?

ნინო
ბრიტანეთში გვეპატიჟება მეგობარი.

დათო
(დათო წამიდგება) – მე წავედი თორემ…
(ტელევიზორი ისევ ჩაირთვება, ჩანს ხალხით გადაჭედილი, რუსთაველის გამზირი, აჟიტირებული სახეები, ისმის მუსიკა სცენაზე მომღერლები
საგანგებოდ დაწერილ სიმღერას ასრულებენ, პარარელურად კი სარდაფში ისმის დაბომბვის ხმები).

ნინო
Eეტყობა ჩვენ მართლა არა ვართ ნორმალურები

ერლომი (იცინის)
ამათ მგონი, არც გაუგიათ ომის ამბავი

დათო
ამათ, უყურე რაა, 50-კილომეტრში, იბომბება ყველაფერი და ესენი აქ კონცერტებს მართავენ. თითქოს ორ ნაბიჯზე დაჭრილები და მკვდრები არ ეყარონ, თითქოს ყველაფერი დამთავრდა, გავიმარჯვეთ და ვზეიმიბთ.
(ნინოს) წადით, წადით, მე რომ მქონდეს წასასვლელი, მეც აღარ დავრჩებოდი.,

(კადრში ჩანს ჟურნალისტი რომელიც, დადის და აჟიტირებული მომიტიგეებისაგან ინტერვიუებს იღებს(დოკუმენტური მასალა).

ჟურნალისტი
ახლა კი მოვუსმინოთ ცნობილ მწერალს რომელიც გახლავთ ავტორი დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ფრაზისა ,,სტოპ რაშა’’. როდის მოგივიდათ ეს იდეა… (მწერალი სერიოზული სახით ყვება თავის იდეაზე)

ერლომი (ისევ იცინის, ბჟირდება).
ერთი ასეთი ფრაზა რომ მომეგონებინა, ხომ მიცნობდა ეს ბიჭი, (ნინოს)
შენ კიდევ ატყუებ აქ რაღაცას: ‘’ცნობილი მწერალი, ცნობილი მწერალი’’

დათო
წავედი თორემ დავავიწყდი, მგონი, ჩემებს, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.

Eერლომი
წახვედი? აბა, შენ იცი.

ნინო
ხომ გვინახულებ, როცა ყველაფერი დამთავრდება?

დათო
აუცილებლად, იმ კაცსაც, დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან.

ნინო
მე გაგაცილებ, ბატონო ერლომ, ერთი წუთით ავალ
(დათო და ნინო კიბეებზე ადიან)
(ერლომი მარტო რჩება ტელევიზორთან, ცნობილი სახეების პატრიოტული მოწოდებები…. გორის შემზარავი კადრები… თბილისში ჩამოსული მსოფლიოს
ჩნობილი პოლიტიკოსები…ლტოლვილები…რუსი სამხედროების ბლოკპოტთები
აგრესია… ცეცხლში გახვეული ტყეები..და ა. შ.)

შეიძლება? (გაისმება ზემოდან ხმა, ერლომი წამოდგება, კიბეებზე ჟურნალისტი გოგო და ოპერატოპი ბიჭი ჩამოდიან

ჟურნალისტი
აი, ჩვენ კიდევ ერთი ოჯახი აღმოვაჩინეთ გორში, რომელიც დაბომბვას უვნებელი გადაურჩა, თუ შეიძლება, მოგვიყევით როგორი იყო, ეს ღამე

ერლომი
მე, არაფერ შუაში არა ვარ, ახლა მოვედი, ჩემი მეგობრისთვის წვერი უნდა გამეპარსა.

ჟურნალისტი
ალბათ, მაყურებლისთვის გასაგებია, რომ წუხანდელი საშინელი ღამის შემდეგ, რაც გორში მტრის პირისპირ დარჩენილმა მოსახლეობამ გადაიტანა,
Aარაადეკვატური იყოს ადამიანი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მოხუც მამაკაცს, რომელიც მარტო აღმოვაჩინეთ სარდაფში. გამომართვით , (შეაჩეჩებს ხელში ვერცხლისფერ ყუთს), მაგრამ ის მარტო არ არის, დღეს ჩვენ გვერდით არის მთელი მსოფლიო. (ერლომს) -თქვით, რომ დიდი მადლობელი ხართ ყველასი, ვინც ასეთ მძიმე წუთებში არ მიგატოვათ.

ერლომი
დიდი მადლობა, მაგრამ მე აქ არაფერ შუაში არა ვარ.

ჟურნალისტი
ხედავთ, ისინი ვერ გატეხა ომმა, გვითხარით რამე

ერლომი
მე, რა უნდა გითხრათ?

ჟურნალისტი
მოუწოდეთ ხალხს, რომ დღეს ყველანი დავდგეთ ერთად , ხელი-ხელს ჩავჭიდოთ და დავანახოთ მტერს რომ არ გვეშინია.

ერლომი
მე მოვუწოდო? მე ვის უნდა მოვუწოდო?

ჟურნალისტი
ჰო, თქვით, რომ არ გეშინიათ მაგათი!

ერლომი
არც მაგათი მეშინია და არც არავისი, მაგრამ მე რა შუაში ვარ?

ოპერატორი
ვსიო, მორჩა, წავედით ‘’არ მეშინია”- საკაიფოდ სთქვა, ამას ჩავსვამთ.

ჟურნალისტი
კარგი წავედით. (მიდიან)
(კიბეებზე ჩამოდის ნინო).

ნინო
Bბატონო ერლომ თუ შეიძლება მომეხმარეთ, ეტლი მოიტანეს მამაჩემისთვის.

ერლომი
ეტლი? კი მაგრამ არ გავპარსო? (ერლომი ადის მაღლა. ტელევიზორში ჩანს გორი…. შემართული მოსახლეობა და მათ შორის ერლომიც ტექსტით: ‘’-არავსი არ მეშინია’’(ხელში ჰუმანიტარული დახმარებით).
(ნინო და ერლომი კიბეებზე ინვალიდის ეტლს ჩამოიტანენ და იატაკზე გააგორებენ, ერლომი ჩაჯდება, და გაატარებს).

ერლომი
ერთი ასეთი ჩემთვისაც რომ ჩამოიტანონ არ შეიძლება?

ნინო
ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ, რას ამბობთ.

ერლომი
რო არ მჭირდება, მაშინ არის კარგი, თორემ…კარგი, მივხედავ ახლა ჩემს
ძმაკაცს, ასე გაბურძგნილს ხომ არ გაუშვებ ევროპაში

ნინო
კარგი, მაშინ მეც მოვემზადები, რამეში ხომ არ გჭირდებით ბატონო ერლომ?

ერლომი
არა ბატონო, დაგვანაბეთ თუ შეიძლება თავი.
(ერლომი ვახტანგის საძინებელში შედის, ნინო ანანოსთან, კიბეებზე ახალგაზრდა, ბიჭი ჩამოდის და შუა ოთახში ჩერდება, ნინო ოთახიდან ფრთხილად გადმოდგამს ორ დიდ ჩანთას, საძინებლის კარს ჩუმად მოხურავს, ჩანთებს ხელს წამოავლებს და ადგილზე გაშეშდება).

ნინო
გუგა?

გუგა
დეე (შემოეხვევა გუგა დედამისს, ნინო ქანდაკებასავით დგას, ჩანთებსაც კი არ გაუშვებს ხელიდან) დე, რა იყო, არ გაგიხარდა ჩემი დანახვა, რა გჭირს?

ნინო
როგორ ჩამოხვედი, აკი ფრენა არ არისო?

გუგა
სპეცრეისით. როგორა ხართ, დე. ანანოს სძინავს?

ნინო
Mმერე რატომ? რატომ ჩამოფრინდი? ვერ ხედავ, რომ ჩვენ მივდივართ.

გუგა
იცი, მითხრა სტივენმა, კარგი რაა, შენ რა მართლა აპირებ წასვლას?

ნინო
რა, არ უნდა წავიდეთ? არ იცი, რა ხდება? ვერ ნახე?

გუგა
ვნახე, ყველაფერი ვნახე.

ნინო
ჰოდა წავალთ, ყველანი ერთად, დღესვე, 2 საათში, მე, შენ, ანანო და ბაბუა.

გუგა
სად დედა, სად?

ნინო
სად და სტივენთან, ჯერჯერობით, სტივენთან, მერე ვნახოთ. შენ სწავლას გააგრძელებ, ანანო სკოლაში შევა, სტივენმა მითხრა, რომ ბაბუას იქ უკეთ მოუვლიან,მეც…

გუგა
დედა, თქვენ თუ გინდათ, წადით, მე …

ნინო
რას ნიშნავს, მე? რას ნიშნავს, მე? ჩვენ წავიდეთ და შენ აქ დაგტოვოთ,
ვასთან დაგტოვო, გუგა?

გუგა
დედა, მე პატარა ბიჭი აღარა ვარ.

ნინო
არა, ვერსად ვერ დაგტოვებ, რას მეუბნები, გუგა, არა, წამოხვალ , შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ.

გუგა
დედა კარგი გეყოფა!

ნინო
(იწყებს ტირილს) იცი, გია გაიღუპა…..

გუგა
ვიცი, ძია კოტე ვნახე!

ნინო
ჰოდა, მერე რა გინდა, შემდეგი შენ გინდა რომ იყო? შენ გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა? არა, გუგა, ჯერ ყველაფერი წინ არის, შენ არ იცი, აქ რა ხდება , შენ ამას ვერ წარმოიდგენ ,ჯერ ამას ვერც გაიგებ, იმიტომ, რომ იქიდან ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს.

გუგა
არა, დედა , იქიდანაც ჩანს ყველაფერი!

ნინო
მერე, სად არიან ,თუ მასეა, ეს გვიშველის ახლა? E (წამოავლებს ხელს ვერცხლისფერ ჰუმანიტარულ ყუთს )და შენ გჯერა, რომ..

გუგა
დედა, მე ჩამოვედი და არსად წასვლას არ ვაპირებ.

ნინო
გუგა….

გუგა
გამოვიცვლი შეიძლება?

ნინო
კარგი, მიდი და მერე ვილაპარაკოთ.
(გუგა თავის ზურგჩანთას აიღებს და აბაზანისკენ გავა, ნინო უაზროდ მისჩერებია ტელევიზორს. იქ უახლეს მოვლენებს აჩვენებენ….რუსების ძალადობა და ა.შ., ცოტა ხანში ოთახში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გუგა შემოდის.)

ნინო
ეს რა არის?

გუგა
ფორმაა, რა არ მიხდება?

ნინო
არა, გუგა, გემუდარები,გუგა, ჩემი გულისთვის, ანანოს გულისთვის, ბაბუს რომ შეეძლოს, ისიც ამას გეტყოდა, ნუ დამღუპავ, გუგა! (ტირის, ხმაურზე ოთახიდან გამოდის ერლომი).

ერლომი
რა ხდება? ვინ მოვიდა? ვაა, გუგა შენი ჭირიმე, (გადაეხვევიან ერთმანეთს)

ნინო (ჩაუვარდება ერლომს მუხლებში)
თქვვენ მაინც უთხარით, გემუდარებით, თავს მოვიკლავ.

ერლომი
რა ბიჭი დამდგარა, ნახე რა ვაჟკაცია.

გუგა
დედა, გეყოფა!

ნინო
ამისთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ეს აქაურობისთვის ამეცილებინა
(ზემოდან გაისმის კოტეს ხმა)

კოტე
გუგა მანდა ხარ?

გუგა

ხო, აქ ვარ, ძია კოტე. (ნინოს) ახლა მაინც გაჩერდი, სირცხვილია.
[ნინო წამოდგება, კოტე კიბეებზე ჩამოდის, ნინო კოტეს გადაეხვევა და აქვითინდება, ერლომი მიუსამძიმრებს, )

ნინო
რა მეშველება…

კოტე
მეც ბევრი ველაპარაკე, მაგრამ…

ერლომი
კაცია და თავისი საქმე თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

გუგა(კოტეს)
ტონია მასწი იქ არის ისევ?

კოტე
მამაოს მანქანაში ჩასხდნენ და აღარ გადმოდიან

ერლომი
რატომ? რა ხდება მეც გამაგებინეთ?

კოტე
გარდაცვლილებზე გაგვცვალეთო მე და ჩემი ძმაო.

ერლომი
ძმა? რომელი ძმა?

კოტე
რუსეთიდან ჰყავდა სტუმრად და აქ ჩარჩა. ძმას დიდად ვერ ვატყობ სურვილს მაგრამ ტონიას რას გაუბედავს.
(ყველას გაეცინება).

ერლომი
ესე იგი რჩები?

გუგა
ახლა ძია კოტეს მივყვები

ნინო
მერე?

გუგა
მერე თბილისში მივდივარ, ცოცხალ ჯაჭვში უნდა ჩავდგე. თქვენც ხომ არ წამოხვალთ ბატონო ერლომ? Kკარგი იქნებოდა მაინც ყველა გიცნობთ?

ერლომი
მეე? არ დაიჯერო, თქვენს მეტი კაცი არ მიცნობს

კოტე
კარგი, არ გინდათ ახლა.

ერლომი

ჯერ იქ წამოვალ, თქვენთან ერთად. მიცვალებულების გადმოსასვენებლად.

ნინო
შეგიშვებენ?

კოტე
პატრიარქს მივყვებით.

ნინო
მე რა ვქნა?

ერლომი
დარჩი და მიხედე მამაშენს. ისე იმ კაცს ჰკითხა ვინმემ? იქნებ არც იმას უნდოდა წასვლა.

კოტე
წავედით, (გუგა საძინებლებში შეიხედავს და ნინოს გარდა, ყველანი მიდიან)

დედა!- (გაისმის საძინებლიდან პატარა გოგოს ხმა).

ნინო
ხო დედიკო გაიღვიძე, ახლავე მოვალ! (ნინო ცრემლებს იწმენდს)

ანანო
დე, მარკი და ჰილარი სად არიან?

ნინო
თავიანთ სამშობლოში წავიდნენ

ანანო
დე, ჩვენც წავიდეთ რა ჩვენს სამშობლოში.

ნინო
ჩვენ ჩვენს სამშობლოში ვართ.

დასასრული

2008

პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა. იხილეთ მისი წერილი: “რამდენიმე მოსაზრება თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციებზე”

კონკურსი “ახალი ქართული პიესა” – 2010 02 26
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის ორგანიზებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ეროვნული დრამატურგიის განვითერბისათვის მნიშვნელოვანი კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კონკურსში რომლის სახელწოდებაა “ახალი ქართული პიესა” 76 ავტორი მონაწილეობდა, საიდანაც ჟიურიმ 16 შეარჩია. გამარჯვებული კი სამი პიესა გამოვლინდა. ორი პიესის თანაბარი შეფასების გამო ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით 1 და მეორე პრემია გაერთიანდა. პირველი პრემია თამარ ბართაიას პიესას “სათამაშო პისტოლეტსა” და ირაკლი სამსონაძის “კლინიკურ ქორწინებას” ერგო. მესამე ადგილზე ოთარ ქათამაძის პიესა “აივანი” გავიდა. კონკურსის გამარჯვებულებს საჩუქრად ფულადი პრემია გადაეცათ, შემდეგ ეტაპზე კი პირველ ადგილზე გასული პიესებს უახლოეს მომავალში მაყურებელი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში იხილავს.

პეიზაჟს აკლია სითბო

ავტორი: თამარ ბართაია
ყდა: რბილი
ფორმატი: 15/20 სმ
გვერდების რაოდენობა: 252
ენა: ქართული
გამომცემლობა: დიოგენე

ანოტაცია: თანამედროვე ქართველი ავტორის მოთხრობებისა და პიესების კრებული. მისი სცენარებით გადაღებულია 20-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. მიღებული აქვს: წლის საუკეთესო სცენარისტის პრიზი ტელესერიალებისათვის “დიდების ზღაპარი” და “ძილის წინ”; გრანპრი ევრაზიის ტელეფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, 2000 წ.  წინამდებარე წიგნი მისი ნაწარმოებების პირველი კრებულია.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია, პიესების წიგნები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s