თამრი ფხაკაძე: გაფრენა


Tamri Fkhakadze

თამრი ფხაკაძე

გაფრენა
(პიესა ორ მოქმედებად)

მოქმედი პირნი:

მღვდელი
შავი – ლუკა.
როკერი
პარტიის ლიდერი შოთა
მადონა – შოთას თანაშემწე ქალი
პუტანკა
ბრმა
გამყიდველი ქალი
I ცოლ-ქმარი
II ცოლ-ქმარი ( ზაზა და ეკა)
გოგო და ბიჭი – ლიზაჩო და ბუკი
ლტოლვილი გიჟი
მგალობლები
მოქეიფეები
ნიღბიანები
გამვლელ-გამომვლელები

პ ი რ ვ ე ლ ი მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

იწყება სპექტაკლი. სცენა წარმოადგენს მატარებლის კუპეს. ვაგზლის ხმები. ვაგზლის შუქები.

ხმა: -ყურადღება! მატარებელი `ხომალდი~ გადის 5 წუთში!
გამცილებლებს ვთხოვთ დატოვონ ვაგონები! (2-ჯერ)

ხმა: -აააბა ცხელი ტაროოოო! ააააბა ცხელი სიმინდიიიიი! სამი ცალი ლააარშიიიი!

ხმა: -ააააბა ყვავილების მიიწა! აბა კაი ყვავილების მიიიწა იაფააად! აბა მიიიწა, მიიწა იაფად!

ხმა: -პრეზერვატივები თავის ფასშიიიი! ააბა ვიყიდოთ პრეზერვატივებიიიი! პრეზერვატივები შევიძინოთ გზადაგზაააა!

ამ ხმების ფონზე კუპეში შემოდის მღვდელი. აცვია ანაფორა, გულზე ჰკიდია დიდი ჯვარი, გრძელი თმა აქვს და თხელი წვერი.
ხელში პატარა საკვოიაჟი უჭირავს. ძალზე სათნი იერი აქვს.
მოძებნის თავის ადგილს, ჯდება, საკვოიაჟს ხსნის, იღებს პატარა სანთელს შანდლით, დგამს მაგიდაზე, სანთელს ანთებს. მერე `ლოცვანს~ ამოიღებს, დადებს მაგიდაზე, პირჯვარს გამოისახავს და იწყებს ლოცვას.

მღვდელი: -მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…. წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი…

ხმა: -ყურადღება, მატარებელი-ხომალდი გადის პირველი ლიანდაგიდან!…

შუა ლოცვისას ტიპი შემორგავს თავს.

ტიპი: -აბა, პორნო-კალენდრები იაფ… (მღვდლის დანახვაზე უკან იხევს) ჩვენ ბოდიში…

მღვდელი მშვიდი, სათნო იერით აგრძელებს ლოცვას…

კუპეში გიჟივით შემოვარდება შავი (ანუ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენელი). ხელში პისტოლეტი უჭირავს, ემჩნევა, რომ მოსდევენ, უკან-უკან იყურება.
აცვია ჯინსის გრძელი ლაბადა, შავი სათვალე უკეთია, გრძელი თმა აქვს და თხელი წვერი. მივარდება მღვდელს.

შავი: -გაიხადე!!!

მღვდელი: -შვილო ჩემო, როგ…

შავი: -გაიხადე მეთქი, რო გეუბნები! (ანაფორაზე წაეტანება) მიდი! დროზე!! არა მაქვს ბაზარ-ვაგზალის დრო!!
გარედან სირენების ხმა ისმის ყრუდ.

მღვდელი: -შვილო ჩემო, უფალი…
სირენების ხმა ახლოვოდება.

შავი: -(პისტოლეტს მიუშვერს მღვდელს) აუ, დაგბრიდავ, მამაო, ბოზიშვილი ვიყო!! გაიხადე და ეს ჩაიცვი!!! დროზე!!!!

მღვდელი: -შვილო ჩემო, თუ განსაცდელსა შინა ხარ… (მორჩილად იხდის)

შავი: -(თავის ლაბადას მღვდელს აჩეჩებს, ანაფორას გამოგლეჯს) განსაცდელსა შინა ვარ, აბა სად ჩემ ფეხებში ვარ! (ანაფორას იცვამს) ჩაიცვი! დროზე- მეთქი, მამაო!! დროზე!!! და ძაღლებთან არ ჩამიშვა, თორე….

მღვდელი: -ძაღლებთან რა, შვილო ჩემო?

შავი: -არ ჩამიშვა-მეთქი, მა-მა-ო!! თორე, ბოზიშვილი ვიყო, ანგელოზებიც ვერ გიშველიან, მიწიდან ამოგთხრი, ჩემი!

მღვდელი: -(პირჯვარს იწერს) მრისხანება ცოდვაა, შვილო ჩემო… წერილ არს…
შავი: -ჯვარი!!

ხმები გარედან. ნიღბიანები ვაგონს ამოწმებენ. შავს ეძებენ.

მღვდელი: -შვილო ჩემო, წმინდა ჯვარი უფლისა როგორ…

შავი: -(პისტოლეტს მიაშვერს) ჯვარი-მეთქი, ბოზიშვილი ვიყო!!

მღვდელი ლოცვების ბუტბუტით ეამბორება ჯვარს, სიყვარულით დასცქერის. შავი უხეშად გლეჯს ჯვარს და თვითონ იკეთებს.

შავი: -აეგრე! ჯიგარი ხარ! წიგნი ახლა!!

მღვდელი: -ეს ლოცვანია, შვილო ჩემო…

შავი: -რაცაა! მოიტა!!

შავი თავის შავ სათვალეს ძალით გაუკეთებს მღვდელს და ჯდება, ანაფორაში გამოწყობილი იგი მართლაც ძალიან ჰგავს მღვდელს. თავს წიგნში ჩარგავს და ბუტბუტით კითხვას იწყებს. წინ ანთებული სანთელი უდგას.

შემოვარდება ორი ნიღბიანი. გიჟებივით მიიხედავენ, მოიხედავენ. აქეთ მხარეს მღვდელი (ანუ შავი) ლოცვებს ბუტბუტებს, ხშირ-ხშირად იწერს პირჯვარს. ეცემიან ჯინსის ლაბადაში ჩაცმულ მღვდელს.

I ნიღბიანი: -(უღრიალებს) ხელები თავზე, ნაბიჭვარო!!! (წიხლს ჩააზელს მუცელში, მერე მოწიწებით მიმართავს შავს) თქვენთან ბოდიში, მამაო!
მღვდელი უხმოდ ასრულებს ბრძანებას.

II ნიღბიანი: -(მღვდელს) ადექი, შენი დედა…!! (შავს) თქვენთან ბოდიში, მამაო…

მღვდელი დგება

I ნიღბიანი: -ხელები!

მღვდელი ხელებს უხმოდ გაუწვდის. დაადებენ ხელბორკილს კუპეში ყოვლად უდროოდ შემოიხედავს ტიპი:

ტიპი: -დედაენები…. ( სიტუაციას სწრაფად აცნობიერებს) ასაღებ (ნირწამხდარი უკან იხევს)… ააასაღებ ფააასში… (შეშინებული ტოვებს იქაურობას)

II ნიღბიანი: -დავაი ეხლა!! გაადგი ფეხი! (ჩააზელს მღვდელს წიხლს) თქვენთან ბოდიში, მამაო, (კიდევ ჩააზელს)

ამ დროს ყურსასმენიანი როკერი მოდის. ისმის რამე მაგარი მუსიკა, რომელსაც იგი უსმენს ყურსასმენით. სხვა მოქმედებები მიდის მუნჯურად, ანუ ისე, როგორც ყველაფერს ხედავს როკერი. მღვდელს ცემენ. მღვდელი კვნესის. ნიღბიანები ღრიალებენ, მაგრამ მარტო პირს აღებენ. ხმა არ ისმის. ისმის მხოლოდ მუსიკა.

როკერი: -(წამით გამოიძრობს ყურსასმენს და იკითხავს) ეს მეთორმეტე კუპეა?

აი, ამ დროს ისმის ხმები. ცემის, ღრიალის, კვნესის. როკერი გაოგნებული უყურებს ამ ყველაფერს. შავი ვეღარ გაუძლებს სანახაობას და ფეხზე წამოვარდება.

შავი: (სასოწარკვეთილად) -გეყოფათ, თქვე.. (აზრზე მოდის) შვილნო ჩემნო..

როკერი ისევ წამოიცვამს ყურთსასმენს და შავის სიტყვებს ჩაახშობს ისევ ის მუსიკა. ამ მუსიკის ფონზე ნაცემ მღვდელს ხელებგადაგრეხილს მიათრევენ და გასვლამდე, სულ ერთ წუთს იგი მოაბრუნებს თავს და თვალებში უყურებს შავს. ჩაბნელება. მუსიკა. დროდადრო გადაივლის სინათლე, მუსიკა მიყუჩდება. მატარებლის დაგა-დუგის ხმა.

ხმა: -აუ, სად ვართ?

ხმა: -გვირაბში, შვილო ჩემო…

ხმა: -ააააბა კაი კარმიდამო ზღვისპირეთშიიიი! ააბა კაი არმიდამო ზღვისპირეთში… ისტორიულ ადგილზე…. ზღვაზე ხედიიით….

ხმა: -ბააალი იაფაად! ბააალი ათ შაურად!

ხმა: -რაღადროს შაურია, ქალო!

ხმა: -აბა რა ვთქვა, ოქრო?

ხმა: -ათ ცენტად უნდა თქვა! ჭურში ხარ, გეტყობა!

ხმა: -ააბა ბალი ათ ცენტაააად! ბალი ათ ცენტაად!!

ისევ მატარებლის ხმა. ნელ-ნელა ნათდება. შავი თავჩარგული, ჩაფიქრებული ზის და ეწევა.

როკერი: -აუ… მამაო… ეწევით, მამაო?!

შავი: -(თავს მძიმედ წევს და კარგა ხანს ათვალიერებს ბიჭს) მარტო მატარებელში, შვილო ჩემო… (პაუზა) და სად ვართ იმენა, ხო არ იცი, შვილო ჩემო?

როკერი: -მგონი, სადღაც ქვემოთ, რავი… აფრიკას შემოვუარეთო… მთავარია ავფრინდეთ და!… აუ.. და მამაო, როკი გიყვართ, მამაო?

შავი: -კარგი დასტოინი როკი მაგრა ასწორებს, ბაზარი არაა! მარა ახლა შემეშვი. მოკეტე და იჯექი შენთვის. ნუ გამიჭედე! ვაფშე, რა დროს შენი აფრენა იყო ჯერ! ვინ მოგიშვა, ჩემი!…

როკერი: -გამოვიპარე! მაგარი მომბეზრდა აქ, მამაო! აუ და, მამაო… ჩემი მოძღვარი რო გახდეთ, მამაო, არ მოხერხდება?… ნორმალურად თუ ისა… ავფრინდებით და დავფრინდებით? და მამაო, რო ისა?.. რო არ იყოს იქ რო ამბობენ, ის პონტი? რიჟა ბაზარი რო გამოდგეს?

შავი: -(გაღიზიანებულად) ნუ შემეც… (აზრზე მოდის უცებ) ნუ შემეცილები ახლა ლოცვაში და ფიქრში შვილო ჩემო…ხელს მიშლი! იმ ადამიანისთვის მინდა ვილოცო, ახლა რომ..

შორიდან მოისმის რაღაც ქაქანის ხმა. თითქოს, აქციაზე მეგაფონში გაჰყვირის ვიღაც.

როკერი: -(შეძრწუნებული) აუ, ესენიც მოფრინავენ?!?!!

ხმა ახლოვდება.

ხმა: -(ისტერიული ღრიალით) ინტეგრაციის აპრიორული ლიმიტიზაციის ბერკეტები ჩვენი ხალხის საკეთილ…

როკერი: -აუ, მამაო, დავრჩენილიყავი, ჯობდა, რაა… აუ, ლერგია მაქვს ამათზე, მამაო, მაყრის ეგრევე! ბავშვობიდან.

ხმა: -(უფრო ახლოსაა) მოგიწოდებთ ხმა მისცეთ მემარცხენე-პროგრესო-დეველოპიზაციის პარტიას! ჩვენ პირდებით, წელიწადნახევრის ვადებში პენსიების 66 პროცენტიან ზრდას, დაკარგული ტერიტორიების მიმდინარე წლის მესამე კვარტლის …

შავი: -თქვენნი…

როკერი ვეღარ მოითმენს და წამოიცვამს ყურსასმენს. ისმის მაგარი მუსიკა. მაგრამ როკს შიგადაშიგ ერევა და ახშობს რომელიღაც, კომუნისტების დროინდელი მარშის ხმა. ამ აღრეული მუსიკის ფონზე კუპეში შემოდის პარტიის ლიდერი, ქალთან ერთად, ლიდერი ჰალსტუხიანი და გალოკილი ტიპია, ერთ ხელში რუპორი უჭირავს, მეორეში – ქაღალდების დასტა, შეხტება მაგიდაზე და რუპორში რაღაცებს ქაქანებს, ქაღალდიან ხელს იქნევს, ლენინივით პოზებს იღებს, მაგრამ არაფერი ისმის. ეს ყველაფერი როკერის მუსიკის ფონზეა. პარტიის ლიდერი აფრიალებს მტკიცებულებასავით ქაღალდებს, ტრანსში ვარდება… სანთელი მის ფერხთით ანთია. როკერი წამით იხსნის ყურსასმენს, და იმწამსვე შემოვარდება ხმა

ლიდერი: -ჩვენი დაპირებები არ დარჩება ლიტონ სიტყვებად! ვენი სამოქმედო პროგრამა.. ( ქალს) მადონა! პროგრამა ! (მადონა რაღაც ბუკლეტს აწვდის)

ბლის გამყ: -ააბა კახამბალი ათ ცენტ… უჰ, აქ ვიყავი უკვე…

მადონას აცვია გრძელი მუქი კაბა, შეკრული ყველა ღილზე ყელამდე. თმა ძველმოდურად აქვს აწეული კეფაზე.

მადონა: -(ბლის გამყიდველს ამრეზით გადახედავს) ესენიც მოფრინავენ, კი მარა, შოთა?

ლიდერი: -დემოსი ყველგან საჭიროა, მადონა! აბა, უდემოსოდ, ვერ გავიგე, დემოკრატიას როგორ აპირებ, მადონა?! დემოსი ხომ მემარცხენე-პროგრესო- დეველოპიზაციის პარტიის დემოკრატიულ იდეალთა საყრდენი…

შავი: -აუ, შენა, ბრატ, ნუ გაჭედე ეხლა, ბოზიშვილი ვიყო!

ლიდერი შტერდება

ლიდერი: -მამაო??!

შავი: -მამაო კი არა, დაახვიე, შვილო ჩემო აქედან, სანამ ამიკრეფია ეხლა!

როკერი მაგრად კაიფობს ამ სიტყვებზე.

ლიდერი: -მამაო, თქვენ რომ ქადაგების დროს მმმმ…ხელისშემშლელი ფაქტორი რომ მმმმ… (თან მაგიდიდან ჩამოდის, იბარგება) მადონა… წავედით შემდეგ კუპეში!

ხმა: -მოოოხარშული წააბლი! წააბლი მოხარშული აბაა!

მადონა მონუსხულივით მიშტერებია შავს და ფეხსაც არ იცვლის.

მადონა: -წადი, შოთა და მოვალ! მამაოსთან საქმე მაქვს…(თვალს არ აცილებს მამაოს, ისე აწვდის ლიდერს რაღაც ქაღალდებს).

ხმა: -ააბა მსხმოიარე ბაღები მთა სოფელშიიიი! ააბა მსხმოიარე ბაღებიიიი, ფაასი შეეთანხმებიით…

ლიდერი: -(ვერ ჩერდება)მთავარია, ყველამ შეიგნოს, ერმაც და ბერმაც… მრავალმნიშვნელოვნად გადახედავს შავს), რომ დაკარგული ტერიტორიების პრიორიტეტული პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა……

შავი: -(წამოდგება და ლიდერს ნელა ჩაავლებს ხელს საყელოში): შენ, შვილო ჩემო, სიფათის ტერიტორიული მთლიანობა გინდა, ბრატ, თუ არ გინდა?… თუ მიგინგრიო ეხლა, ძმაო, ჩემო, ა?! ასი წელი რო ვეღარ აღიდგინო, ისე, ბრატ, ა?!

ლიდერი: -მამაო.. ნერვები ცუდ დღეში გაქვთ, მამაო…

შავი: -ჰოო?! მერე იცი სად დავტოვე ნერვები?! იცი, სად dავტოვე??!! შენ რა ტეროტორიებზე მებლატავები, შენი… ომის გაგეგება რამე?! ერთი დღე მაინც გიომია იქ, შენი დეველოპიზაციას შე…
(მატარებლის საყვირი ახშობს)

ლიდერი: -მამაო, ჩვენი პარტია…

მადონა: -შოთა! გაჩუმდი!

კაცი გამყიდველი ჩამოვლაზე რაღაც ასხმით. აღარ ჩანს ასხმაში. თავზე დიდი პრეზერვატივი აქვს ჩამოცმული ჩაჩივით.

კაცი: -აბა მოომგებიანი პრეზერვატივები თავის ფასშიიი… მომგიანი პრეეეეზერვატივები ასაღებ ფასშიიი…

ლიდერი: -(ტანსაცმელს შეისწორებს გათავისუფლებული. ქალს): წავედი მე. (გადის. მაგრამ გასვლის წინ შეჩერდება და მენტორულ-მამულიშვილური კილოთი განაცხადებს) ასსსე, ვერსად ვერ გაფრინდებით! (და სასწრაფოდ გადის)

შავი: -ჰ! შენი ბოზი დემოკრატია… (მატარებლის საყვირი ახშობს)

მადონა მონუსხულივით უყურებს ისევ მამაოს. მერე ჯდება და ისე მიშტერებია. როკერი აფიქსირებს ამ დაძაბულობას. თავისთვის კაიფობს ამაზე.

შავი: -(ბოლობოლო შეწუხდება ქალის დაჟინებული მზერით) რა ხდება, შვილო ჩემო, რამე პრობლემაა?

მადონა: -(მღელვარედ) მამაო… თქვენ ისეთი… ისეთი ის გაქვთ!… ისეთი აურა… ისე ძლიერად ფლობთ იმას…. ქალის შინაგან იმას…

შავი: -იმენა?

მადონა: -მამაო! ასეთ პრივილეგიას ხელიდან ვერ გავუშვებ!

შავი: – გამიიასნე, შვილო ჩემო!

მადონა: -მამაო! თქვენ ჩემი ოცნების მამაო ხართ! ჩემი მამაოს კონცეპტუალური იდეალი! მამაო! სწორედ თქვენ უნდა მოგცეთ! სწორედ თქვენ უნდა ჩაგაბაროთ!!

შავი: -აბა, ეხლა დასტოინად, შვილო ჩემო?!

მადონა: -აღსარება მინდა ჩაგაბაროთ, მამაო!

როკერი წამოდგება

როკერი: -გავალ, მოვწევ ტამბურში.

გამოდის, კუთხეში დგება და აბოლებს.

მადონა: -(მუხლებზე დაუდგება შავს) ცოდვილი ვარ, მამაო! კეფაზე აკრულ თმას ხელის ერთი მოძრაობით ჩამოიშლის. ყელთან ერთ-ორ ღილს ჩამოიხსნის) მამაო,(მუხლებზე ხოხვით მიიწევს შავისკენ) მამაო…

შავი: -ცოდვილი რა პონტში ხარ, შვილო ჩემო? დაბრიდე ვინმე?

მადონა: -არა, არა…

შავი: -და აბა, იმენა, იპარე, შვილო ჩემო?

მადონა: -არა, მამაო, არა… (მუხლებზე ხოხვით შავის მუხლებთან მიხოხდა უკვე)

შავი: -იბოზე?!! შვილო ჩემო?!

მადონა: -მამაო! მე… მე… (მუხლებზე ხელებს ხვევს) ადრე… უცხო ქვეყნებში დავიარებოდი… ძალიან მიჭირდა, მამაო… პურის ფული არ მქონდა, მამაო და იმიტომ… იქ… იქ… სტრიპტიზბარებში ვცეკვავდი, მამაო… სტრიპტიზს… სულ ვიხდიდი… ბოლომდე, მამაო ყველაფერს, მამაო…

შავი: -ჰოოო?! აბა, მიდი, მიდი! ყველაფერი თქვი… ყველაფერი აღიარე ჯიგრულად!…

მადონა: -მამაო… აი.. ასე ავდიოდი სცენაზე… (მაგიდაზე ადის) ასე აი… ვიხსნიდი ღილებს… (უცებ წყვეტს ამას და სხვა თემაზე გადადის) მერე პარტია დავაარსეთ მე და შოთამ. საწევროებს ვაგროვებ. კაბა ჩავიცვი გრძელი… მაგრამ… მაგრამ ხანდახან რო მომივლის, მამაო… (ისევ ეღგზნება თანდათან) ხანდახან… ვეღარაფერს ვაწყობ… გახდა მინდება, მამაო… აიასე, როგორც მაშინ, მამაო… აი, ასე… ( კაბას ჩაიძრობს და ლიფის, ბიკინის და შავი წინდის ამარა რჩება)… მამაო… ვერაფერს ვაწყობ! მინდა … ბოლომდე გავშიშვლდე…

შავი: -ბაზარი არაა, შვილო ჩემო (ხმა დაზეთილი აქვს უკვე, ხელს აპარებს ქალის ფეხებისკენ)… ბოლომდე რომ მოინანიო, საკაიფოდ, ბოლომდე უნდა განიძარცვო შვილო ჩემო…
როკერი ბრუნდება და გაშტერებული უყურებს სანახაობას. მერე სწრაფად მიდის, სანთლიან შანდალს იღებს მაგიდიდან, ჯდება და სანთელს გვერდით მოიდგამს.

როკერი: -აუ… მე არ გისმენთ, რაა, ქალბატონო… (ყურსასმენს გაირჭობს და ისევ გაისმის მაგარი მუსიკა, ქალი სტრიპტიზს ცეკვავს, გველივით იკლაკნება, ლიფსაც იხდის ნელ-ნელა, მერე ბიკინსაც waetaneba, mere uceb, magidazeve daiCoqebs.
rokers wamiT daainteresebs, ra xdeba. yurTsasmens moiZrobs wamiT. musika ismis Zalian yrud.)

madona: mamao! ( isteriulad da saSinlad erotiulad) SemindeT, mamao! SEmindeT codvebi! SemindeT, mamao!

Savi: SegindoT?!

madona: ho, ho! axlave, mamao! axlave!….
როკერი სანთელს ხელს მოკიდებს და წამოიწევს გამოსასვლელად, მაგრამ ამ დროს ვიღაც უხეშად შემოაგდებს კუპეში ნამდვილ მღვდელს, დასისხლიანებულს, ნაცემს, ლაბადაშემოხეულს…
წამიერი სიჩუმე. მერე ვიღაც ასევე უხეშად შემოაგდებს წიგნს.
როკერი მის შორიახლო დაგდებულ წიგნს იღებს.

როკერი: -(გადაშლის დაბნეული) ლოცვებია…
მადონა სასწრაფოდ იმოსება და კუპედან გარბის. შავი მღვდელთან ჩაიჩოქებს, თავს ფრთხილად წამოუწევს და დაიჩურჩულებს

შავი: -მამაო…

როკერი: -(გაკვირვებული) მამაო?…

მამაო: -(ჩურჩულით) წყალი…

შავი: -(შეძრულია) მამაო…

მამაო: -წყალი…

შავი: -(როკერს) წყალი მოიტანე!…. (ხელით უჭირავს მამაოს თავი)

როკერი გაშტერებული დგას. არ ინძრევა.

შავი: -თავს ფრთხილად დაადებინებს მამაოს და გიჟივით წამოვარდება.) წყალი!!!
(კუპედან გამოვარდება, ხან აქეთ მიაწყდება, ხან იქით…) წყალი!!! წყალი სადაა აქ, ჩემი!!!
მატარებლის დააგა-დუგის ხმა მატულობს. ნელ-ნელა ბნელდება.

შავის ხმა: -წყალი სადაა აქ!!!

ხმა: -აუჰ! წყალი მომინდომეს ახლა ამ შუა უდაბნოში! აააბა ტროტუარი ელიტარულ უბანშიიი!! ტროტუარი ელიტარულ უბანშიი!

შავის ხმა: -წყალი! წყალი არაა სადმე, ჩემი?!!

ხმა: -წყალი თუ გინდოდა და ის, დარჩენილიყავი სახლში! სად მიფრინავ! ააბა ახალშობილი ბავშვი ასაღებ ფასში!!! ააბა ჯიშიანი ახალშობილი იაფაად!!

ხმა: -ooou!! how much is baby? oou, what a wonderfull baby??!!

ახალშობილის ტირილის ხმა მატარებლის დაგადუდი. სიბნელეზე გადადის უცნაური განათებები.
შავი ოდნავ განათებაში წინა პლანზე გამოდის.

შავი: -(ნელა) წყალი არაა სადმე ერთი ყლუპი?!

ხმა: -წყალი არაა შე დალოცვილო გარეშემო?! წყალი არაა ეს ამხელა ოკეანე?! დეედა, დელფინი ეგერ!!

ხმა: -ააბა, შემოსავლიანი ტერიტორიებიიიი! პირველი ხელი! ააააბა შემოსავლიანი ტერიტორიებიიიი…
შავი სცენის წინა პლანზე ჩაიჩოქებს. უკნიდან თავს ძალიან ნელი ნაბიჯით პუტანკა წამოადგება. მოკლე შინდისფერი ქვედაკაბა აცვია და შავი გულამოჭრილი მაისური. მაღალ ქუსლებზე დგას. ძალიან ლამაზი გოგოა. სიგარეტს ნელა ეწევა.

პუტანკა: -(შავს) შენც მიფრინავ? (ხმა ძალიან ნაღვლიანად ჟღერს).

შავი თავს მიაბრუნებს და ფეხებიდან, ნელა, ნელა ააყოლებს თვალს გოგოს.

შავი: -მე? მე მკიდია, გაფრენაც და დარჩენაც…

გოგო: -(კიდევ უფრო ნაღვლიანად) და აბა რა გინდა…

შავი: -ერთი ყლუპი წყალი… (ღრიალით უცებ) ერთი ყლუპი წყალი, ჩემი დედა… (მატარებლის, უფრო სწორად გემის საყვირი ახშობს. უ-უუუუ-უუუუ-!! მერე უცებ სიჩუმე ისადგურებს) ერთი ყლუპი. (ხელით აჩვენებს) … წყალი. ჩვეულებრივი.

პუტანკა: -ცრემლი გაწყობს? ჩვეულებრივი. ცრემლი… (ნელ-ნელა სიმშვიდეს ჰკარგავს)

შავი: – (წამოდგება. დააკვირდება გოგოს. ემჩნევა, რომ გრძნობს ამ გოგოს რაღაც ფარულ ტრაგედიას) რა გჭირს, ეეე?

პუტანკა: – (თანდათან ისტერიკისკენ იხრება), ცრემლი გაწყობს-მეთქიი?! ბევრი! ბევრი!! ერთი ვედრო! (ტირის უკვე) ერთი ცისტერნა!! (ისტერიკაშია) ერთი ოკეანე!!!
შავი გაოგნებულია. მხრებში ხელებს ჩასჭიდებს. აჯანჯღარებს. აზრზე მოჰყავს.

შავი: -დაწყნარდი, ეე! რა… რა მოხდა! მითხარი… რა მოხდა, ჩემი! ვინა ხარ!

პუტანკა: -(ერთბაშად წყნარდება. ცრემლებს იწმენდს) ვინ ვარ? (სიგარეტს უკიდებს, მაგრამ ხელები უცახცახებს) ა-რა-ქა-ლი! გაწყობს?! არამოქალაქე!! ა-რა-ადამიანი!!! ა-რა-რაობა!!!!! (ახლა წყნარად ტირის) შავი წინ უდგება. ცრემლს ხელით შეუმშრალებს. ჩამოშლილ თმას გადაუწევს და უყურებს.

შავი: -(კარგა ხნის მერე) ძალიან ლამაზი არარაობა კი ხარ, ისე… (ნიკაპს თითით აუწევს და უყურებს) მიფრინავ?

ხმა: -აააბა ძვირფასი კაი ჯიშიანი ბაღანა, ახალშობილიიიი! იეფად! მადამ!! მადამთქვა!! ვულივუ შარმან ბეიბი? ა? მევილაპარაკებთ ფასზე!
ახალშობილი ბავშვის ტირილის ხმა
შავი და პუტანკა ისევ ისე დგანან.

პუტანკა: -მივფრინავ?! მე? (მწარედ ჩაეცინება) მე ჩემ შვილს დავდევ…

შავი: -შვილს?..

ჩვილის ტირილის ხმა.

პუტანკა: -(თითს იშვერს ხმისკენ) ჩემი შვილი ტირის.

შავი ოდნავ უფრო წამოუწევს თავს

პუტანკა: -ჩემ შვილს ყიდიან. მე თვითონ მივეცი.
(არაადექვატური სიმშვიდით ლაპარაკობს შეშლილივით).

შავი კიდევ უფრო წამოუწევს თავს და თვალებში უყურებს.

პუტანკა: -გამიყარე დანა. ძალიან გთხოვ. შენ ხომ… დარწმუნებული ვარ, არ ხარ მღვდელი… არ გევხარ მღვდელს… ამას მაშინვე მივხვდი, როგორც კი დაგინახე… ალბათ… შენც ჩემსავით ცოდვილი ხარ… გთხოვ… გამიყარე დანა… გთხოოოვ!! (ტირის) გთხოოვ! გამარტყი მაინც!.. გთხოოვ!!

შავი: -(გამშრალი) რატო.

პუტანკა კითხვით უყურებს.

შავი: -რატო!!! (ჩურჩულით) საკუთარ შვილში ფული რატო აიღე… (ისევ ისე უჭირავს გოგო) როგორ! როგორ-მეთქი… (ხმა ეკარგება)

გოგო: -არ ამიღია! პირიქით! რაც მქონდა, სულ იმ ქალს მივეცი! რომ არაფერი გაუჭირდეს… სანამ… სანამ… (ბიჭს შორდება და თითქოს თავისთვის ლაპარაკობს) ჩემ ბიჭს სხვა დედა უნდა… მე ხომ არარაობა ვარ… უსახლო… უკარო… უდედო… უმამო… ომის შვილი ვარ… ტყვიების. სისხლის. ცრემლის… არაფერი მაქვს სხეულის გარდა… სულ არაფერი… ჩემი შვილისთვის ერთადერთი საკუთარი სახლი ჩემი მუცელი იყო… აი… აი აქ… შიგნით… (ხელებს ისვამს მუცელზე. იღიმება რაღაც ფიქრებში წასული…) ჩემი შვილი იჯდა აქ… თავისთვის… და არც კი იცოდა, რა ელოდა გარეთ…
შავი გაშტერებული უსმენს.

გოგო: -გაიგონე? ჯიშიანიო!.. და ლამაზი!… ხომ გაიგონე? (ამაყი,
აღრთოვანებული სახით უყურებს შავს).. ჩემ შვილზე ამბობს… ( ტირილს იწყებს ისე, რომ ვერც ამჩნევს. ცრემლი ჩამოსდის ). მაგრამ იცი?… ჩემი მუცელი ის სახლი იყო, სადაც 9 თვეზე მეტს ვერ დარჩებოდა… (ტირილით იღიმება) ცხრათვიანი სახლი იყო… ჩემს შვილს კი… ჩემს ბიჭს კარგი, თბილი და ლამაზი სახლი უნდა… მე… მე იმ ქალს მხოლოდ ეს ვთხოვე… მიჰყიდოს ქალს… რომელსაც კეთილი თვალები და ლამაზი სახლი ექნება… მე… მე მხოლოდ… (მაგრამ ვეღარ აბოლოვებს და გულწასული ეშვება… შავი ხელს შეაშველებს… გოგო გრძნობას კარგავს. შავი სახეზე მსუბუქად ურტყამს ხელს… უმწეოდ იყურება აქეთ-იქით).

შავი: -ნუ გეშინია!.. დაიცა!.. ახლავე!… (თავს ფრთხილად დაადებინებს ძირს და წამოდგება) წყალი… წყალი არის აქ სადმე?! (აღარ იცის საით ეცეს… ღრიალებს): -წყალი! წყალი სადაა აქ!!!
მატარებლის ხმა… შუქები… და ჩვილი ბავშვის ტირილი თანდათან მოიწევს წინა პლანზე..
უკანა პლანზე სიბნელეში მგალობლების პატარა პროცესია ჩაივლის სანთლებით ხელში. სამი ოთხი ადამიანია. წყნარი გალობით ჩაივლიან სანთლების ციმციმით. სანახაობა მისტიკური და ლამაზია. დაბალ ხმაზე მღერიან `წმინდაო ღმეერთო, წმინდაო ძლიერო… წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვეენ…

ხმა: -სად ვარ, ბაბუ, თუ იცით….
ნათდება ნელ-ნელა. ბრმა ბერიკაცი მოდის ჯოხის ცეცებით. ჩემოდნებიანი ტიპი უხეშად უბიძგებს გვერდიდან. გაჰკრავს მხარს და გადაასწრებს)

ტიპი: -გაიარე, ბიძაჩემო, გაიარე!!

ბრმა: -სად ვარ, ბაბუ…

ტიპი: -სად ხარ და იქ!… (ტიპი ცოლთან ერთადაა. გადააბიჯებს გულწასულ, გულაღმა დაგდებულ პუტანკას. გადადებს ერთ ჩემოდანს… ცოლიც უკან მოიგდებს ბრმას). გადმომაწოდე ჩემოდნები, დროზე!

ცოლი: -(ჩემოდნებს გადააწოდებს. მერე თვითონაც გადააბიჯებს გოგოს. თან ამრეზით ამბობს)წამოიპლაკებიან გასასვლელში, პირდაპირ!.. ამისთანას რო გაეკარება კაცი, სპიდი კიარა, კუბო უნდა დაემართოს! ამისთანაც რო გაფრენას მოინდომებს, კიდე!…. (ქაქან-ქაქანით გადის)

ბრმა: -სადა ვარ, ბაბუ… უფასო სასადილო არაა ეს, ბაბუ? (ჯოხით პუტანკას წამოედება. ააყოლებს ჯოხს)… ადამიანი გდია, მგონი, ბაბუ… ადამიანია, მგონი აქ…

ხმა: -ააბა ბალი ათ ცენტაააად! აააბა ბალიიი! (ბრმას გაჰკრავს გვერდს) ეს სად გამფრენია, ნეტა!! (გადააბიჯებს პუტანკას) კაახამბალი მივირთვათ აბააა!

ხმა: -(პარტიის ლიდერი შოთა იჩითება. მოქაქანებს თავისებურად. მადონა უკან მოყვება ქაღალდ- აბუთებით ხელში) მემარცხენე პროგრესულ- დეველოპიზაციის პარტია ძირითად საყრდენად სახავს რიგით მოქალაქეს!! მას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და…

ბრმა: -ადამიანი გდია ბაბუ, აქ… (ჯოხს უსვამს გოგოს)
ლიდერი გაჰკრავს გვერდს ბრმას.

ლიდერი: -დემოსის ინტერესებისთვის ჩვენი პარტია გადალახავს ყველა დაბრკოლებას…

მადონა: -შოთა, გოგო გდია, მგონი… არ უჭირდეს რამე…

შოთა: -წამო, წამო, მიხედავენ უშენოდაც… სამი ვაგონი დაგვრჩა შემოსავლელი!… ყველა ბოზს და იმას თუ გაუჩერდი, ვერსად ვერ გაფრინდები, მადონა!… საწევრო რამდენი დაგროვდა?

მადონა: -(თან გადიან) პიატ ტისაჩ დვესტი სოროკ…

ბრმა: -სად ვარ, ბაბუ… ჰა? უფასო სასადილო არაა ეს, ბაბუ?
ვიღაც მიდის ბრმასთან და ხელკავით გაყავს.

ვიღაც: -მოდი, შენ აქ, ბიძაჩემო! არსად გამფრენი არ ხარ შენ! ერთია შენთვის, რა აქ და რა იქ! ჩაგსვამ სადმე და, უფასო სასადილოც შენი იყოს და უფასო ტუალეტიც!
შავი გამოდის წინა პლანზე. მძიმედ უახლოვდება პუტანკას. ჩაიჩოქებს. დასცქერის.

შავი: -რა ლამაზი ხარ…

უფრო დაიხრება და დააცქერდება.

შავი: -რა მაგარი ლამაზი ხარ…
ორივე ხელით აჰყავს. ასე, ხელში აყვანილი გოგოთი წამოდგება და მოდის წინ, დარბაზისკენ. გოგო ლამაზად არის გადაკიდებული მის მკლავებზე.

შავი: -(თითქოს დარბაზს მიმართავს. ჩურჩულით) წყალი… არსადაა აქ?… მარტო ცრემლია? და მარტო სისხლი? წყალი… არაა არსად?
დგას ასე გაშეშებული… დარბაზზე თვალგაშტერებული
მატარებლის ხმა მატულობს. საყვირები.

ხმა: -სადა ვართ, შურა?

ხმა: -რავიცი, ევროპასაც გავცდით, მგონია! ავფრინდებით საცაა…
მოქეიფეები ჩამოივლიან.

თამადა: -(გზადაგზა. გადახვეული მეორე მოქეიფეზე) მოდი, ჩემო კარგო ხალხო და ჩემო ჩასახუტებელო ხალხო, ნამდვილად, ამ სასმისით, ჩვენს აფრენა არდაშლას გაუმარჯოს!! მე მინდა, ნამდვილად, ამ ჩვენს ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტს გაუმარჯოს თავისი კაცურ-კაცობით და თავის, ნამდვილად…
(მატარებლის საყვირი ახშობს)

თამადა: -ნათელა, წნილი შემოგვამატე! ნამდვილად, ჩვენი მამულის, ჩვენი ჩახუტების და ასე, ერთობით აფრენის ამბავში… (თან გადიან უკვე კულისებში)

ხმა: -(საძაგლად მლიქვნელურად) ავფრინდებით, ბატონო ვარლამ, ხომ კი?

ხმა: -რეროოოოოოოო!!! მაღლა ცაში ავვვვვფრინდებით, რეროოოოო!!! ნათელა! ტყემალი!
შავი უფრო წინ მოდის გოგოთი ხელში.

შავი: -(კბილებში ცრის) წყალლი არაა მეთქქი სსადმე?! (ემჩნევა, რომ ცოფი ერევა უკვე).
გოგოსთან ერთად სცენის წინა ნაპირზე ჩაიჩოქებს. დასცქერის.

ხმა: -აბა კააი ბიბინა ადგილ-მამულიიიი!. ბიიიიბინა ადგილ-მამული ჩალის ფასააად!! თავის მდინარიანაად! იეეს, ბატონო! ვერივერი იაფად!

ხმა: -ააბა ვახტანგ მეფის სასახლე მომგებიან უბანშიიი!!

ხმა: -ააბა კაი ჯიშიანი ბაღანააა…. ააბა გუუთეს კინდ, ფრაუ! უკეთესი კინდი სადაა, ფრაუ?! დაზ ისთ ზეა გუუთეს კინდი, ფრაუ!

ხმა: -ოოოოუ, მამმმა მიია! კე ბელლისსიმო ბამბიინო!! კე ბელლლიისსიმო!!
ჩვილის ტირილი შავი გოგოს ნაჩქარევად მიაწვენს და გიჟივით წამოვარდება, აწყდება აქეთ-იქეთ.

შავი: -სადა ხარ! სადა ხარ შენი დედას შე… (მატარებლის ხმა ახშობს) მოდი აქ… მოდი… აქ მოდი შენი!! (კულისებიდან გამოათრევს ქალს ჩვილი ბავშვით ხელში. ეს მოქმედება გოგოს საპირისპირო მხარეს, და უფრო უკან ხდება… ამასობაში აქეთ გოგო კვნესებს და ოდნავ შეინძრევა…

ქალი: -რა გინდა, კი მარა, მამაო… (თავის გათავისუფლებას ცდილობს) რას მეძალავები! რა მღვდლის საქციელია ახლა ეს!…

შავი: -(პისტოლეტს ამოიღებს და მიაშვერს) ბავშვი! ბავშვი მომე, შენი!

ქალი: -(დააკვირდება კარგად) ააააა…. დაიცა, დაიცა…. შენ ის არა ხაარ? შენ გეძებენ ალბათ ის ნიღბიანი ხალხი, ხოო?!! ანაფორაში იმალები, ხოო?!! ჯინსის იგი არ გეცვა შენ? ჯინსის რაღაც პლაშჩი? ერთად არამოვედით ვაგონში??!! კიიი! არ დევიკივლო ახლა ერთი, თორე, შორს კი არ წასულან!! ეგერ არიან მეზობელ ვაგონში!! მომინდომა ახლა ამან შეშინება! იმისთანა შეგაშინო, გაფრენაც დაგავიწყო და ისიც!! შენ წონა დოლარსაც ევიღებ კიდე, რო დაგაყენო თავზე!!

შავი: -(ოდნავ უკან იხევს. ოდნავ დაბნეულია მაგრამ მაშინვე აზრზე მოდის..) და… რა გინდა აბა…

ქალი: -მაყუთი! მეტი რა! ამისი ღნავილი და პამპერსი მინდა აბა?

შავი: -(უკან-უკან იხევს. სახეს განზე მიაბრუნებს, ისე ამბობს) რა…

ქალი: -რა რა!

შავი: -(ღრიალებს) ბავშვზე როგორ გკითხო, რა ღირს-თქო, შენი დედას შე…
(მატარებლის ხმა, ან რამე სხვა ხმაური ახშობს გინებას).

ქალი: -samiათასი!

ამასობაში გოგო თანდათან აზრზე მოდის. კვნესით წამოწევს თავს…

ქალი: -დო-ლა-რი!

შავი ჯიბეს ეძებს ანაფორის ქვეშ.

ქალი ეჭვით და ხარბად შესცქერის. ცდილობს მიადევნოს თვალი მის მოძრაობას.
შავი ფულის დასტას იღებს. ბავშვი ტირილს იწყებს. შავი ფულს აწვდის ქალს და ზიზღით ეუბნება

შავი: -დროზე დათვალე!

გოგო ამასობაში წამოდგება და მოდის ლასლასით წინ, სცენის ნაპირისკენ. სცენის ნაპირმა უნდა შექმნას მატარებლის ტრაპის ეფექტი, ანუ გოგო დგას გადმოსავარდნ ადგილზე. შუქებით და ხმაურებით იქმნება მოძრაობის ეფექტი. ჩვილის ტირილის ხმა ისმის. გოგო ყურებზე მიიჭერს ხელებს და სულ უფრო ახლო მოდის კიდესთან. ის ვერც ხედავს და არც ესმის, რა ხდება უკან.

ქალი თითების სველებ-სველებით და ბუტბუტით ითვლის ფულს.

ქალი: -აკლია სამასი დოლარი!

შავი ჯიბეს მოიჩხრიკავს, მაგრამ ემჩნევა, რომ მეტი არა აქვს. ბოლოს ოქროს ბეჭედს იხსნის თითიდან და აძლევს. ქალი ბეჭედს ათვალიერებს.

შავი: -შშენნნი…

ქალი: -აჰა და საცა გინდა იქ გაფრინდი ამიანა.. (მიაჩეჩებს ბავშვს და სასწრაფოდ ქრება).

შავი: -(ბავშვს დასცქერის) ჩჩჩჩ…. ნუ ტირი… (თან მოდის იქით სადაც გოგო ეგულება) ეხლა… ეხლა დედიკოსთან მიგიყვან… და ყველაფერი იქნება მაგრად და საკაიფოდ… ჩჩჩ.. ნუ ტირი,eee! კაცი არა ხარ?! შენ… შენ არ გეგონოს, რომ დედიკოს არ უყვარხარ… გაიგე? არაფერი შეგეშალოს, ძმაო! დედიკოს მაგრა უყვარხარ… დედიკოს, იმენა ჭკუა ეკეტება შენზე.. აეხლა მიგიყვან და…
უცებ ხედავს, რომ გოგო იქ აღარაა… მოაწყდება ცოტა წინ და დაინახავს, რომ გოგო ცალი ხელით ჰკიდია და სანახევროდ გარეთ აქვს უკვე ტანი, გადმოსახტომად მზადაა.

შავი: -მანდ… (დაბნეული და გაოგნებულია) მანდ რა გინდა, ეეე!.. აქეთ გამოდი… ნახე… ნახე ვინ მოგიყვანე… (თან ნელა უახლოვდება)
გოგო მხოლოდ თავს აქნევს აქეთ-იქით უარყოფის ნიშნად

შავი: -შენი შვილი მოგიყვანე…
გოგო ისევ თავს იქნევს აქეთ-იქით და უხმოს ტირის… თან ჩურჩულით იმეორებს

გოგო: -ჩემი შვილი…

შავი: -ჰო! შენი შვილი…
დაძაბული სიჩუმე

გოგო: -(ისევ თავს აქნევს) გვიანია…

შავი: -(ბავშვს წინ გამოშვერს) არაა გვიანი. მოდი… გამომართვი…

გოგო: -გვიანია… უკვე ვუღალატე…
შავი ნაბიჯს წადგამს წინ, გოგოსკენ, მაგრამ გოგო უკვე ტრანსშია.

გოგო: -(ისტერიულად) არ მომიახლოვდე!
შავი გაშტერებული დგას. ხვდება, რომ ვეღარაფერს შეცვლის.

შავი: -ნუ იზამ მაგას.

გოგო: -მონათლე ჩემი ბიჭი…

შავი: -ნუ იზამ მაგას… (ჩურჩულით)

გოგო: -დამპირდი, რომ მონათლავ…

შავი: -გპირდები…

გოგო ხელს უშვებს სახელურს და ვარდება. შავი ღრიალებს არაადამიანური ხმით. იმავწამს ჩვილი ატირდება. მატარებლის ხმა მატულობს.
შავი სცენის შუაგულში დგას. ნელ-ნელა სიჩუმე ისადგურებს. მარტო მატარებლის ხმა ისმის ყრუდ და ბავშვის კრუსუნი. უკანა ფონი ნელ-ნელა ბნელდება მუქ ლურჯად და წეღანდელის საპირისპირო მხრიდან გამოდის მგალობლების პროცესია. შავი მუხლებზე ჩაიჩოქებს ბავშვით ხელში და წყნარი გალობის ფონზე ხმადაბლა, ძალიან ნელა და მკაფიოდ ამბობს

შავი: -რა გიყო ეხლა მე შენ.. რა გიყო ეხლა… რა გიყო…
ჩვილი ტირის.
თავს აწევს და დარბაზს თითქოს ეკითხება

შავი: -წყალი…. წყალი არის აქ სადმე? სადმე… წყალი არ არის აქ?

მგალობლები ნელა, სანთლების ციმციმით, ლანდებივით მიდიან კულისებისკენ. გალობენ დაბალ ხმაზე: წმინდაო ღმეერთო… წმინდაო ძლიერო…. წმიინდაო უკვდავოო… შეგვიწყალენ ჩვეეენ…..
შავი თავს ადებს ჩვილს. ნელი ჩაბნელება გალობის ფონზე.

ფ ა რ დ ა

პირველი მოქმედების დასასრული

II მ ო ქ მ ე დ ე ბ ა

სცენა წარმოადგენს იგივე კუპეს, სადაც დაიწყო მოქმედება. მღვდელი ისევ ისე გდია. როკერი კუპეს კარში დგას და მშველელს ეძებს.

როკერი: -აუ, ვინმე დამეხმარეთ, რა!
კულისებიდან გამოდის გოგო და ბიჭი. გოგოს აცვია ულტრა თანამედროვედ, მაგრამ უგემოვნოდ. ხელში პორტატული კომპიუტერი უჭირავს. ბიჭი აშკარად ცისფერია.

გოგო: -ბუკი, და უერ გაუიგე, რაა, პოსტო, რა პოტში მივფრინავთ, რაა… აუ, შენ სიცოცხლეს ვფიცავარ,თუ კაი პოტი იქება, სასტავიც ავაგდოთ მერე, ხოო?

ბიჭი: -აუ, ლიზიჩო, რა საკაიფო პომადკა გისვია?? (აკვირდება ტუჩებზე. სახე ახლოს მიაქვს, და სწორედმაშინ, როცა გგონია, რომ აკოცებს, გაპრანჭული მანერით ამბობს) ვააუ! მეც მინდა, რაა, საყვარელო ეგეთი??

გოგო: -აუ, ბაგაჟი არც შენ გაქვს, ბუკი, ხოო?

ბიჭი: -არანაირი. ერთი-ორი (კეკლუცად) საცვალი და ვსიოო..

გოგო: -აუ, ბაგაჟი რა პოტში უნდა მქონდეს, პოსტო აზზე არ ვარ, რაა?? პოსტო ეს პორტატული, რო ვიჩათაო, და ვსიოო, რაა? მეტი ბაგაჟი რა პოტში… აუ ბუკი, სასტავიც ხო წამოფრინდება, ბუკი??
როკერი გადაუდგებათ წინ:

როკერი: -აუ, კაცი ამაწევიეთ, რაა…
ცისფერი აშკარად მოიხიბლა. ეპრანჭება

ცისფერი: -ვინ კაცი, საყვარელო? (თმას ქალურად ისწორებს)

როკერი: -მღვდელი.

გოგო: -აუ, ბაზარი არაა! (ემჩნევა, რო მაგრად მოეწონა როკერი) ჯერ ეგ მღვდელი ავწიოთ და მერე რამე კაი პოტი, კაი??

კუპეში შედიან და მღვდელს წევენ. ცისფერი ცდილობს მიეტმასნოს როკერს, ხელებს ხვევს.

როკერი: -(გაღიზიანებით ცისფერს) აუ, შენ ამას წევ თუ მე, ვერ გავიგე! რას მეჩალიჩები, ვერ გავიგე!

გოგო: -აუ, რა პობლემაა?

როკერი: -მე რას მექაჩები, ვერ გავიგე!

ცისფერი: -(ქალური მანერით) ვააუ, რა დერზკი ხაარ?! ნუ მიბრაზდები, რაა, საყვარელო?

გოგო: -(ვეღარ ხედავს კუპეს კართან დადებულ თავის პორტატულს) ვაააი??! ჩემი პორტატული!!
როკერი და ცისფერი გაოგნებულები დგანან

გოგო: -აუ, რა პოტში მოიპარეს, რააა! იმენა, შენ თავს ვფიცავარ, მეტი ბაგაჟი არ მაქვს, რააა… სუ ცარიელი რა პოტში გავფრინდები, რააა?! უჩათო როგორ ვიყო, პოსტო, რაა?! წამო რაა, ბუკი, პოლიციას მაინც ვუთხრათ, ბუკი, რაა??!
მღვდელს ხელს შეუშვებენ და გამოდიან.

ცისფერი: -აუ, ლიზიჩო, არ დაიგრუზო, რაა… ვაფშე უბაგაჟო უფრო კაი პონტი არაა, საყვარელო? (როკერს, ქალურად) უხეშო!

გადიან.
როკერი ცდილობს თვითონ აწიოს მღვდელი, მაგრამ ვერ ერევა. შეეშვება და დაღლილი ჩამოჯდება.

ხმა: -პრეზერვატივები არ დავივიწყოოთ!! ააბა პრეზერვატივები გავიყოლიოთ ფრენაშიიი!

ხმა: -ააბა ისტორიული ქამარ-ხანჯალიიიიიი! ააბა ისტორიული ქამარ-ხანჯალი ასაღებ ფასშიიი!!

კუპეში შემოდის საოცრად ძვირფასად ჩაცმული ცოლ-ქმარი. ქალს უკეთია 5 კილო ოქრო და ბრილიანტი. კაციც ოქროს ჯაჭვით, ბეჭდებით და სამაჯურითაა შემკული.

ეკა: -მგონი ესაა, ზაზა. (ამრეზით იყურება აქეთ იქით) რა საშინელი კუპეა?! ნუ კი მაგრამ, უკეთესი ადგილები ვერ აიღე, ზაზა?

ზაზა: – კარგი რაა, ეკა. რამეს გავახერხებ. მძღოლმა იყიდა. მე ხომ არ წავიდოდი… წირვაზე მაგვიანდებოდა…

როკერი: -თუ შეიძლება, მამაო ამაწევიეთ რაა…

ეკა: -ჯერ ერთი, ეს ისეთივე მამაოა, როგორიც შენ რომის პაპი, მერე მეორე, ქრისტიანული ვალის ახსნა არ მესაჭიროება. უშენოდაც კარგად ვიცი. გამომიდგა აქ მოძღვარი…

კაცი: -გეტყობა, ორი დღეა გაიგე, მოყვასი რომ უნდა იხსნა გასაჭირიდან, რაკი სხვებს უთითებ! დასარეკი მაქვს და ავწიოთ მერე, ვინცაა. (მობილურს იღებს) და რაც მთავარია, ნუ მკრეხელობ! ეს რანაირი მამაოა! ძველი ბიჭია, ვიღაც…

როკერი: -რავი, მამაომ თქვა, მამაოაო და!..
ზაზა მობილურს იღებს. ამასობაში ქალი სარკეში შეისწორებს ოქროებს და გააბოლებს. ამრეზით ათვალიერებს კუპეს. სახეზე ზიზღი აქვს აღბეჭდილი.

ეკა: -ნუ ამით როგორ უნდა ვიმგზავრო, აზრზე არ ვარ, ზაზა! ნუ რა საზიზღრობაა, ნახე!

ბლის გამყ.: -(შემორგავს თავს) ააბა, ნამდვილი ბალი ხუთ ცენტააად!! (თვალი დარჩება ქალის სამკაულებზე) დედა, რავარი ლამაზი ბიჟუტერია გკიდია, ქალბატონო!

ქალი: -(ზიზღით) ბიჟუტერეა ცხოვრებაში არ მკეთებია… ეგღა მაკლია!

გამყიდველი:-კააი, გაფიცებ! ოქროა აბა სულ?!

ზაზა: -ოქროა, ჰო, და გაიარე, გაიარე!…

კაცი: -ჰო, ოთარ! გზაში ვართ უკვე! ჰო, რაღაცაა, მატარებელივითაა, მაგრამ, არც მატარებელია. ხან მიდის, ხან მიცურავს… ბოლობოლო აფრინდებაო და… კააი, კაცო, რა გოჭი! მარხვაზე ვართ! მერე იყოს, ძმაო! და შენ რატომ არ მარხულობ? (მკაცრად) იცოდე, ეგრე ვერ გაფრინდები, ოთარ. დამიჯერე. კაი, აბა, ოთარ. უნდა ვილოცო ახლა. ეკლესიურ ცხოვრებას მიხედე შენც, თორემ დარჩები მანდა სამუდამოდ. რავიცი, რაც შემეძლო, უფლისთვის არაფერი დამიკლია და რატომ არ უნდა ავფრინდე, ძმაო!

როკერი: -აუ, ავწიოთ რაა, ეს კაცი, ძალიან გთხოვთ!
ზაზა ლოცვანს გადაშლის და ბუტბუტს იწყებს. მღვდელი შეინძრევა და ამოიკვნესებს.

როკერი: -აუ, ამაწევიეთ, რა, ძალიან გთხოვთ…

ზაზა: -ლოცვის შეწყვეტინება რომ მკრეხელობაა, არ გაგიგია, ხო?

ეკა: -ნუ ვერ ხედავ ზაზა, რომ ვიღაც ურწმუნო და კათაკმეველია? ვერ ხედავ, რაღაც ეშმაკეულს რომ უსმენს? დარწმუნებული ვარ, არც ლოცვის გაეგება რამე, არც მარხვის და არც სასუფევლის! და მისთანასაც რომ გაფრენა უნდა! და რომ ჰგონია, რომ უფალი რა-ტომ-ღაც ააფრენს! ნერვს ნუ მოიშლი, რაა და ილოცე!
ორივე იწყებს ბუტბუტით ლოცვას. მღვდელი კიდევ შეინძრევა და დაიკვნესებს. მაშინ როკერი ემჩნევა, რომ მთელ ძალას მოიკრებს, გაირჭობს ყურში სასმენებს და მაგარი მუსიკის ფონზე მღვდელს დაეჭიდება. ძალიან უჭირს, მაგრამ მკლავებს ღონივრად ამოსდებს მხრებში, დიდი გაჭირვებით წამოაყენებს და გადასვამს სკამზე. დაღლილი, თვითონაც გვერდით მიუჯდება. ეს ყველაფერი რამე მაგარი მუსიკის ფონზე ხდება, რასაც როკერი უსმენს ყურსასმენით. მერე ხედავს, რომ ცოლი და ქმარი რაღაცას ეუბნებიან და ყურსასმენს იხსნის. მუსიკა წყდება.

ქალი: -ყველა სიკეთესთან ერთად ამპარტავნებაშიც ყოფილხარ შთავარდნილი!

როკერი: -(დაბნეულად) როგორ, შთავარდნილი…

ზაზა: -მარტომ რატომ იტვირთე… რაო, ხიბლში ხარ? გინდოდა მარტო შენ…
უცებ ქალი ისტერიული კივილით შეძრავს კუპეს.

ზაზა: -რა! რა მოხდა!

ქალი: -ჩემი ბრილიანტის ჯვარი! ჩემი ბრილიანტის ჯვარი დამრჩა, ზაზა!!!

ზაზა: -გულგრილად) დაგრჩა და დაემშვიდობე! რომელიმე მსახური აიღებდა უკვე!
ქალი: -ჩემი ბრილიანტის ჯვარი!… ტირის…

მღვდელი: -(წამით მოდის აზრზე, თავს წამოსწევს) შვილო ჩემო,რას iგლოვ… ჯვარს თუ ბრილიანტს?.. ხომ იცი, ჯვარი წმინდა ნინოსი ვაზის რტოთაგან… (ისევ მისდის გული. თავი გადაუვარდება გვერდზე)

ქალი: -ამისთანა მათხოვარიც რომ დამოძღვრას დაგიწყებს…

როკერი: -(დაბეჯითებით) მამაოა. მამაომ თქვა…

ზაზა: -აქეთ მოიხედე, ბიჭო! იცი, რას გეტყვი? შენი წონა მარტო სანთელი მაქვს უფლისთვის დანთებული, გაიგე? და შენი წონა, ფული მაქვს კიდე ჩატანილი ეკლესიაში!! გაიგე?და რა გგონია, მამაოს ვერ ვარჩევ ვიღაც ნახიშტარისგან? მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ავფრინდე! და უფლის ნებით, ავფრინდები კიდეც! შენ?! შენ რა გაგიკეთებია…

მღვდელი: -(თითქოს ბოდავს) მარკოზი… მარკოზი…

ზაზა: -(არ აქცევს ყურადღებას) შენ გგონია, უფალი ვერ ხედავს, ვინ რას უკეთებს?

მღვდელი: -წარვედ….. (ძლივს ლაპარაკობს) წარვედ და… რაოდენი გაქუს, …
განყიდე და … მიეც გლახაკთა… და…. და…. ( გამშრალ ტუჩებზე ენას გაისვამს) და გაქუნდეს საუნჯე ….. ცათა შინა…. (ისევ გადაუვარდება თავი გვერდზე და დაკარგავს გონს)

როკერი: -(დარწმუნებით) აუ, მამაოა., რა.

ზაზა: -მამაო არა, იესო!
უცებ კუპეში ნახევრად შიშველი, აბურძგნული ტიპი შემოიჭრება. ძველ ბერძნულ სტილშია. დიადემაც უკეთია შუბლზე, შიშველი ფეხებით აძვრება მაგიდაზე და იქედან ზედა საწოლზე. თან სულ ლაპარაკობს. მეგრული აქცენტით

ლტოლვილი: -აგერ ავალ მე ჩემთვის დავიკავებ აქაურობას, გავმაგრდები აქ და აგერ იქნება ჩემი სამყოფელი აწი და არ მოვიცვლი ფეხს! გინდა ლტოლვილი მიძახონ და გინდა კიდო ის!!

ეკა: -ნუ ესღა გვაკლდა, ზაზა, რაა…

ზაზა: -უკაცრავად, მაგრამ… ბილეთი გაქვთ?

ლტოლვილი: -(პანიკურად) ჰა?!! არ წავალ არსად!! არსად არ წავალ მე! საიდანაც წამოვედი, ისიც მეყოფა მე! აქედან ვერ მომაცვლევინებს ფეხს ვერც მტერი და ვერც ის, აწი! მოკეთე! ვიცხოვრებ აქ ჩემთვის! რას ვის ვუშლი, არ ვიცი, პირდაპირ! დავიძინებ აქ!

ზაზა: – არ იცით, ეტყობა, ეს ხომალდია! უნდა აფრინდეს ეს!

ლტოლვილი:-აფრინდეს მერე ჩემიანად აწი! საცა უნდა, იქ გაფრინდეს, მე არ გამცენ ხმა! სასახლე მქონდა, აწი და ბაღნარები, მარა, არ დამაყენეს იქ! ახლა, აფრინდენ ასე ჩემიანა! ჩემზე ასაფრენი ვინაა აწი კიდო?! თუ ამაფრენენ, და თუ გამაფრენენ, თორე, სხვა საშველი არაა მაინც!

ეკა:-აუ, ამას ხვრინვა ეცოდინება! ნუ ეს რა კოშმარია ზაზა! ნუ ეს სად…

ლტოლვილი: -არ გავალ აქედან! არ გავალმეთქი აქედან არ გავალ მეთქი!! ამის კიდო წასასვლელი აღარ მაქ და არ გავალ! არაფერი აღარ მაქ აწი კიდო ამის მეტი და არ გავალ! (ისტერიკაში ვარდება. იხევს ტანზე) ჩემი სასახლიდან ხო გამომაქციეს და, აბანოდანაც კიდო, შხამქიმიკატების ინსტიტუტიდანაც, ჯიხურიდანაც კიდო და პადვლიდანაც, და არ გავალ მეთქი აქედან!!!!

ზაზა: -აუ, ეს გიჟია ნაღდად.

მღვდელი: -(გონს მოდის წამით). ნეტარ არიან… დევნილნი… რამეთუ… მათია სასუფეველი…

ზაზა: -აუ, ახლა სასუფეველიც დევნილებით აავსო ამან…

ლტოლვილი: -არაფერი აღარ მაქ ამის კიდო, მე… არაფერი…

მღვდელი: -ნეტარ არიან უპოვერნი… რამეთუ…

ეკა: -ნუ სამოზვანეც კაკოიტა, რაა! ლტოლვილი გადმოიხრება და გადმოკიდებული ზემოდან დააცქერდება მამაოს.

ლტოლვილი: -მღვდელია მგონია ეს კაცი! გული მეუბნება მაგას!

ეკა: -ერთი შენ ხარ მეფე აიეტი და მეორე ეგ მათხოვარია მღვდელი, ფუ!!

მღვდელი: -უა… უადვილეს არს… აქლემი ხურელსა ნემსისასა განსვლად, … (მძიმედ სუნთქავს) ვიდრე… ვიდრე… მდიდარი შესვლად სასუფეველსა…

როკერი: -(შეწუხებული) მამაო… აუ, ცუდად ხართ, მამაო?

ლტოლვილი: -(გადმოკიდებული) ა! მღვდელიამეთქი, ეს კაცი,მეთქი!ხომ გაგიგონიათ, აწი, ჭილოფში იცნობა მღვდელი და ვიცანი მე! მღვდელია მაგი!

ეკა: -ჭილოფი რა ჯანდაბაა?! ფუჰ! ჭილოფებით და ტილებით ვიფრინოთ, არა, ზაზა?!! უკეთესი სიტუაცია ვერ…

მღვდელი: -უადვილეს არს აქლემი… ხურელსა ნემსისასა განსვლად… ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა…

ზაზა: -(დააძრობს სიგარეტს და მოუკიდებს ნერვიულად)არა, შენისთანა მათხოვარი უნდა იყოს ყველა…

ლტოლვილი: -(გადმოეკიდება უფრო) მამაო… მეც კი ვიყავი დიდარი, (თითქოს თავს იმართლებს) მარა… მარა, აღარ ვარ აწი! აგერ არაფერი მაქ ამის კიდო, აწი! (ცრემლები ერევა და ტირილს იწყებს საბრალობლად) და, აბა… ესეიგი…სასუფეველში შემიშვებენ, მაგალითად?
და უცებ, კუპეში შემოდის შავი, ჩვილი ბავშვით ხელში.
კარგა ხნით მდუმარება. ზაზა და ეკა “მღვდლის “დანახვაზე წამოიწევენ, პირჯვარს ისახავენ.

ზაზა: -(შუბლსაც შეუშვერს) მამაო… დამლოცე…
შავი ვერც კი ამჩნევს. თვალს არ აცილებს ნამდვილ მღვდელს.

მამაო: -(ცნობს) დაბრუნდი, შვილო ჩემო?….

შავი: -(ხმადაბლა) დავბრუნდი, მამაო…
ლტოლვილი გადმოეკიდება ისევ ზემოდან და საყვარლად, თითქოს შენატრის, ისე ამბობს, მეგრულ კილოზე

ლტოლვილი: -კაია დაბრუნება…. (ნეტარი ღიმილით მოიწმენდს ცრემლს)
შავი მღვდელს უახლოვდება. თან ანაფორას იხდის ცალ-ცალი ხელით. ბავშვი უკავია ხელში. მღვდელს შემოახვევს ანაფორას. თვითონ რჩება ჯინსით და შავი მაისურით.

ეკა: -ნუ რა ხდება?
შავი ნელა იხსნის ჯვარს და მღვდელს ფრთხილად ჰკიდებს…
მერე ჩაიჩოქებს მღვდლის წინ და ხმადაბლა ეუბნება:

შავი: -მამაო… მაპატიე…
მღვდელი თავზე ნელა ადებს ხელს. უჭირს მოძრაობა. შავი მის ხელს აიღებს და იმეორებს უფრო ემოციურად:

შავი: -მაპატიე, მამაო, მაპატიე…. მაპატიე… (ხმაში ტირილი ერევა)

ლტოლვილი: – აპატიე, აწი! gaskda guli!

მღვდელი: -შვილო ჩემო… ჩვილი ესე მოსანათლი გვყავს… უფალმა მიუტევოს … (უჭირს ლაპარაკი) საბრალო დედასა მისსა ცოდვა თვითმკვლელობის… და უფალმა მოგაგოს… წყალობა ჩვილის ამის დახსნისთვის, შვილო ჩემო…

შავი გაოგნებულია

შავი: -… საიდან იცით, მამაო?!…

მამაო: -ხილვები მქონდა… გიხილე, შვილო ჩემო…
ლტოლვილი გადმოკიდებულია ზემოდან:

ლტოლვილი: -(უზომოდ, ბავშვურად აღფრთოვანებული)ხომ ვამბობდი, მღვდელია-მეთქი ეს! წმინდანიცაა, კიდო! ხომ ვამბობდი, აწი! (უფრო გადმოეკიდება) მამაო… აქის კიდო არაფერი მაქ მე და აქაა ჩემი სახლი მამაო, აგერ ამ კოიკაზე. და ხომ… ხომ მიკურთხებ, მამაო? ხომ მიკურთხებ, აწი, ა?

ზაზა: -(მობილური ურეკავს) ჰო, ოთარ. არა, ჯერ არ გავვფრენილვართ!. რა ვიცი… ჰო… ჰო! გადარიცხე? რაც დარჩა, ჩემი სიდედრის სახელზე გადააფორმე. ჰო! ორივე ჯიპიც! არა-მეთქი! ჩემმა ძმამ თავისი იჩალიჩოს. მეც ნულიდან დავიწყე, ძმაო. კაი, ხარაშო! რა ვიცი, აქამდეც უნდა ავფრენილიყავით წესით…

მამაო: -(შავს) შვილო ჩემო… იჩქარე! დიდ განსაცდელსა შინა ხარ…

შავი:-მამაო… (ტირის) მამაო… მაპატიე…

მამაო:-იჩქარე, შვილო ჩემო… მოვნათლოთ ყრმა ესე და …

შავი:-წყალიც… წყალიც ვერ მოგიტანე, მამაო… წყალი არაა არსად…
ლტოლვილი გადმოყოფს ისევ თავს:

ლტოლვილი: -აფსუსი არაა, აწი?! წყალის მეტი რა მქონდა კაცო, იქ! ზღვა მქონდა იმხელა, იქ! შავს უძახიან, თორე ლურჯია ისე, ცასავით მაგი!

ეკა: -ნუ რა ხდება, ზაზა, ვერ გავიგე.?. წჰო ის წჰო, ბოლოსდაბოლოს?

როკერი: -მამაოა-მეთქი, ვიძახდი და!..

ეკა: -და ეს? ნუ ეს ვიღაა? (შავს უყურებს)

როკერი: -აუ, ქალბატონო, რაა.. ჯიმი ჰენდრიქსია! რავი, ვინაა… მაგარი კაი ტიპია!

ეკა: -ნუ რა საგიჟეთია, ზაზა…

ხმა: -აააბა ადგილ-მამული ასი ჰექტარიიიი!!! ააბა ასი ჰექტარი ადგილ-მამული შევიძინოოოთ! თავის ბაღ-ვენახიით! აააბა ვაინ-გარდენი ვერი იაფააად!!!

წეღანდელის საპირისპირო მიმართულებით გამოივლიან მოქეიფეები.

თამადა: -ამ ჩვენს… ნამდვილად, ბაღ-ვენახ-ყანა წალკოტს და ჩვენს სამშობლოს, გაუმარჯოს და ჩვენს კაცურკაცობას… რას ქვია არ დალევ? არ დალევ, რა, შენი ნებაა?! მე ვარ აქ სუფრის უფროსი, თუ შენ (თანდათან გადაირევა) არ დალევ და ჩაგასხამ კისერში!! შენი დედა, შენი! გაგიყრი დანას, მაგის დედა ვატირე!! მე ვარ აქ თამადა, თუ… (აყალმაყალით გადიან კულისებში).
მატარებლის ხმა, ქაოსი.

მღვდელი: -მოვნათლოთ ყრმა, შვილო ჩემო…

ეკა: -და კიმაგრამ, ემბაზი? მირონი? სამირონე? სანთლები? ნაკურთხი ზეთი?! ნუ, ტაძარზე აღარაფერს ვამბობ! რამე მკრეხელური არ ჩაიდინოთ, მამაობაზე რომ დებთ აქ თავს! ნაკურთხი წყალიც კი არ გაქვთ!

ლტოლვილი: -(გადმოეკიდება ისევ) ნაკურთხი იყო ჩემი ზღვამთლიანად! მაგნაირი ნაკურთხი არაა მაგის იქით, კიდო არაფერი!..

მღვდელი: -(შავს და როკერს) მომეხმარეთ, შვილნო ჩემნო…(გარეთ გააყვანიებს თავს, შავს ჩვილს გამოართმევს) მატრო დამტოვეთ…. (შავი და როკერი განზე გადიან… მატარებლის ხმის ფონზე) უფალო… ნათელ გვაღებიე ყრმისათვის ამის… მოიღე წყალი მცირედი, ვითარცა ნიშანი ნებისა შენისა და გადმოაწვიმე, უფალო ყრმასა ამას უცოდველსა, რამეთუ ღირს იქმნას შობისა სულიერისა სადიდებლად შენდა, მოწყალეო..
ქუხს

მღვდელი: -დიდება, დიდება შენდა, უფალო ჩვენო… ცოდვილთა ამათ ჩვენთა მწეო და…
შხაპუნა წვიმის ხმა

შავი: წვიმს!! წვიიიიმს, ეეე!!! წვიიიიმს!!!!
როკერი ხელებს იშვერს გარეთ და ცას ასცქერის აღფრთოვანებული.
ლტოლვილი შიშველ ფეხებს გადმოკიდებს ზედა საწოლიდან, იხრება დაბლა, რომ დაინახოს გარეთ ცა.

ლტოლვილი:-აუ, როგორ წვიმს, პირდაპირ, როგორ, მამაო, ა?

ეკა: -ნუ გაწვიმება რა ისეთი გასაგიჟებელია, ვერ გავიგე… გეგონება, ოქრო წვიმს!… ან ბრილიანტი!
მღვდელი ნათლობას იწყებს. მოუხმობს შავს. შავი მიაწოდებს საკვოიაჟს, რომელიც მაგიდაზე იდო. როკერი კი სანთელს და ლოცვანს მიაწოდებს.

მღვდელი: -ყრმას რა ვუწოდოთ, შვილო ჩემო…

შავი: -(მხრებს იჩეჩავს. როკერს გადახედავს) რა ვუწოდოთ…

როკერი: -(დაბნეულად) რავი…

ლტოლვილი:-მაგას ვუწოდოთ ვაჩე აწი! კაი სახელია ვაჩე! ჩემ ძმას ერქვა…

მღვდელი: -ეწოდოს ვაჩე! იყოს ნება უფლისა…

მღვდელი მიდის იმ ადგილთან, საიდანაც გადახტა ჩვილის დედა. ისმის წვიმის შხაპუნის ხმა.
მღვდელი ცალი ხელით ეჭიდება რკინას, ცალით კი ჩვილს გაიშვერს გარეთ, წვიმაში. უნდა შეიქმნას ეფექტი, რომ წვიმს და წვიმა მღვდელსაც ესხმევა.

მღვდელი: -ნათელს იღებს მონა ღვთისა ვაჩე სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ. (მიმართავს შავს) რა გქვია, შვილო ჩემო?

შავი:- –ლუკა.

მღვდელი: – ლუკა, (მირონს ცხებს ჩვილს) ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა…

და უცებ, გიჟებივით შემოიჭრებიან შავ ნიღბიანები, 2-3 კაცი.

I ნიღბიანი: -სადაა, მაგის…

II ნიღბიანი როკერს ჩააფრინდება. ნიღბიანების დანახვაზე ლტოლვილი ისტერიკას იწყებს. ჰგონია, რომ მის გასაყვანად არიან მოსულნი.

ლტოლვილი:-არ გავალ მე აქედან არსად!!! არ გავალ მეთქი,აქედან!!! ჩემი სახლია ეს და არ გავალ!!!! მამაომ მიკურთხოს უნდა!!!… დამანებეთ თავი!!! დამანებონ, მამაო თავი!!!
სცენაზე შემოდის ქალი, რომელმაც გაყიდა ბავშვი და გამოართვა ფული შავს. დგება შუაში. ნელა მოათვალიერებს ყველას. დაძაბული სიჩუმე.

ქალი: -(ნელა გაიშვერს ხელს შავისკენ ) აგერაა, ა! ესაა!

სიჩუმე.

შავი: -(ცრის) შენნი…

I ნიღბიანი: -(შავს) არ გაინძრე, ნაბიჭვარო, გესვრი!

მამაო: -შვილნო ჩემნო…

ქალი: -გამისტუმრეთ ახლა ჯილდოს ფული და გამიშვით.

I ნიღბიანი: -(უხეშად გაკრავს ხელს) დაახვიე ეხლა…

ქალი: -ჩემი ფული მომეცითმეთქი, ჩემი პრემია!..

მღვდელი: -გაიქეცი, ლუკა… შვილო ჩემო, უფალმა გიშველოს…
ლუკა მიაწყდება გასასვლელს.

I ნიღბიანი:-არ გაუშვა, მაგის…

II ნიღბიანი:- მოგკლავ შენი!

როკერი: -(გადაუდგებათ წინ) თავი დაანებეთ! აუ, დაანებეთ თავი, რა!

ქალი: -ჯილდოს ფული მომეცით ახლავე…

ლტოლვილი: (ისტერიკაშია) არ მაყენებენ, მამაო, არსად!! სასუფევლიდანაც გამაგდებენ კიდო მაგენი, მამაო!!! არ გავალ არსად!!! არ გავალმეთქი, რო მომკლათ, აწი, არ
გავალ !!!!

გ ა ს რ ო ლ ა. იარაღის კაკანი. კივილი. ქაოსი.
უცებ, შავი დაიკვნესებს და ორივე ხელს მიიჭერს მუცელზე. მოიკაკვება.ჩაიჩოქებს. ჩვილი ტირის.

შავი: -(ჭრილობაზე აქვს მიჭერილი ხელები, ჩაჩოქილი წამოიწევს. დარბაზს უშტერებს დარბაზს. პაუზა, მერე ჩურჩულით მიმართავს) წყალი… წყალი არის აქ სადმე?…
სიჩუმე
მერე ძალიან შორიდან ისმის გალობა. \\\\\\\”წმინდაო ღმერთო\\\\\\\”…
უცებ, ბნელში სათითაოდ, თანდათან და ძალიან თვალისმომჭრელად სხივოსნდება ჯერ მღვდელი ჩვილით, მერე შავი, მერე ოდნავ ბაცად როკერი, ბოლოს ლტოლვილი. ფიგურები თითქოს ნათლის სვეტებად იქცევა. თვითონ მსახიობები ერევიან სიბნელეს და გადიან შეუმჩნევლად. რჩება ნათლის სვეტები, რომლებიც თანდათან მიიწევენ ზევით და ზევით.

ხმა: -მიფრინავს, მაგის! არ გაუშვა! ესროლე.!!.

ხმა: -ვესვრი, მარა არ ხვდება, მაგის…
სროლა.
გასხივოსნებულები ნელ-ნელა მიიიწევენ მაღლა და მაღლა…

ხმა: -(ღრიალით) მიფრინავენ, მაგათი!!

ხმა: -ესროლე!! ესროლე, სანამ სულ აფრენილან!!!

ეკას ხმა: -ზაზა, ჩვეენ? ნუ ეს რა სამართალია? ესენი მიფრინავენ?

გასხივოსნებულები იკარგებიან ზემოთ, ნათელში.
სცენის უკანა ფონი ისევ ლურჯად მუქდება, და ამ სიმუქეში ნელა, სანთლების ციმციმით ჩამოივლის მგალობელთა პროცესია \\\\\\\”წმინდაო ღმერთოს\\\\\\\” გალობით..
ფარდა

დასასრული

შენიშვნა: პიესა გამოგზავნა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s