ანკა ვისდეი: მუდამ ერთად


Anca Visdei

ანკა ვისდეი

Anca Visdei

წარმოშობით რუმინელი, შვეიცარიელი ფრანგულენოვანი დრამატურგი. ამჟამად ცხოვრობს პარიზში. 19 წლის ასაკიდან წერს პიესებს, რომლებიც დაწერისთანავე იდგმება თეატრებში. არის 30-მდე პიესის ავტორი, ძირითადად კომედიების. “მუდამ ერთად” გამონაკლისია, რომელმაც მის ავტორს სახელი გაუთქვა. პიესამ მიიღო ჟორჟ ულმონის პრემია და ითარგმნა ამერიკულ, გერმანულ და რუმინულ ენებზე. წარდგენილი იქნა ავინიონის თეატრის ფესტივალზე, დაიდგა მონპარნასის გიშეს თეატრში (პარიზი), პროსცენიუმის თეატრში (პარიზი), ტრავერსეს თეატრში (ნიცა), გრენცლანდ თეატრში (გერმანია) – სადაც განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად, უშეტის თეატრში (პარიზი), უბუს თეატრში (ნიუ-იორკი) – რომელმაც გასტროლებით მოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები, ლა-როშ მოლიენის ტეატრში (საფრანგეთი), ჩიკაგოში, შატო-ლანდონში (პარიზი).

მუდამ ერთად
პიესა

თარგმანი ფრანგულიდან
ALWAYS TOGETHER © Anca Visdei, 1990
Translation in Georgian by AGORA publishing © ქართული თარგმანი, გამომცემლობა “აგორა”, 2007

იონ ლუკას და იაროსლავ კარაჩეკს

პიესის მოქმედება მიმდინარეობს 1972 წლის დეკემბრიდან 1989 წლის დეკემბრამდე. ალექსანდრა პოპესკომ თავისი სამშობლო 1973 წლის დეკემბერში დატოვა, წლების განმავლობაში დასთან ურთიერთობას წერილების საშუალებით აგრძელებს.

მოქმედი პირები

ალექსანდრა პოპესკო: მწერალი, თვრამეტი წლის პიესის დასაწისში, ოცდათექვსმეტი წლის პიესის ბოლოს.

იოანა პოპესკო: მისი უმცროსი და, მსახიობი, ჩვიდმეტი წლის პიესის დასაწყისში, ოცდათხუთმეტი წლის პიესის ბოლოს.

დეკორაცია

დასაწყისში: ორი დის ოთახი, ორი ერთნაირი საწოლი, საბეჭდი მანქანა, ტელეფონი, წიგნები, და ტელევიზორი. როცა იგი ჩართულია, სცენაზე მოფენილია ტელეეკრანის მოლურჯო შუქი. ავანსცენის მარჯვენა მხარეს ქუჩის ტელეფონი დგას. პიესის მსვლელობისას ნელ-ნელა დეკორაცია იცვლება. გამოჩნდება ახალი აქსესუარები (ალექსანდრას საკუთარი ტელეფონი და საბეჭდი მანქანა).

1

1971 წლის 31 დეკემბერი

ალექსანდრა ოთახში შემორბის. ხელში ტყავის ჩანთა და უხეში, ნაცრისფერი ქაღალდის პარკი უჭირავს. სიცივისგან აკანკალებული კარს ხურავს. სირბილისგან დაღლილი სულს ძლივს ითქვამს. თეთრი ბეწვის ძალიან ლამაზი პატარა ქუდი ხურავს და ლურჯი პალტო აცვია, რომლის სახელოზე სარეგისტრაციო ნომერია დაკერებული : 1067. პალტოს ქვეშ ლიცეუმის მოსწავლის ფორმა მოუჩანს : ლურჯი პერანგი და მსუბუქი ცისფერი მოსასხამი. მოკლე საღამოს კაბაში გამოწყობილი ალექსანდრას და იოანა სარკის წინ კოხტაობს.

ალექსანდრა (აქოშინებული): 2001-ს გაუმარჯოს! (მზერას მიაპყრობს გამორთულ ტელევიზორს) ვერ მოვუსწარი?

იოანა: 1047-ს გაუმარჯოს! გადაცემა ეს-ეს არის დასრულდა…

ალექსანდრა: (ნაწყენი, მაგრამ ბედს შეგუებული) ჯანდაბა! გამომცემლობაში შევიარე, დირექტორის ნახვა მინდოდა… როგორც ყოველთვის ხდება `ადგილზე არ გახლავთო~. მივდექ-მოვდექი და ჩემი პიესის რამდენიმე ეგზემპლარი წამოვიღე. (ჩანთას იატაკზე აპირქვავებს).

იოანა: იქნებ, ახლა მაინც წამიწერო, ჰა?

ალექსანდრა (ცდილობს, გულგრილი დარჩეს): გადაცემას არა უშავდა?

იოანა: გადასარევი იყო _ ისე კარგად საუბრობდი…

ალექსანდრა: ავტოცენზურაზე რაც ვთქვი, ხომ არ ამოუჭრიათ?

იოანა: არა. თუმცა, ცოტა გრძელი კი გამოგივიდა.

ალექსანდრა: გასაოცარია! მაპატიე, დასარეკი მაქვს. (უწვდის ქაღალდის პარკს) თეთრი მარტინი !

იოანა : გენიოსი ხარ !

ალექსანდრა : გენიის რა მოგახსენო, მაგრამ მოთმინება მაგარი მქონია. შავ ბაზარზე დოლარებზე გადახურდავებას ორი საათი მაინც მოვანდომე… მერე ერთი საათი მარტინის რიგში ვიდექი… ბედნიერ ახალ წელს გისურვებ ! (კოცნის იოანას)

იოანა : მეც გილოცავ !

ალექსანდრა (პალტოს იხდის და მუსიკას რთავს : ბეთჰოვენის `ოდა სიხარულს~. ტელეფონის წიგნაკს ეძებს. ამ დროს ტელეფონი რეკავს) : ყურმილი აიღე !

იოანა : გისმენთ ! იოანა პოპესკო… დიახ, შინ არის. ახლავე დაგალაპარაკებთ. (ყურმილის მიკროფონს ხელს აფარებს, ალექსანდრას მიმართავს) ინსტიტუტიდან გირეკავენ. შენი პროფესორია, ჯინა…

ალექსანდრა (ყურმილს იღებს) : დიახ ? გადაცემას ყველამ უყურეთ? დიდი მადლობა… არა, ვერ მივუსწარი, ჩემმა დამ კი ნახა. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად უნდა მეხსენებინეთ. მუდამ ჩემ გვერდით მეგულებოდით. მადლობის ნიშნად, გამოცდას ბრწინვალედ ჩავაბარებ… ამბავი პატარძლის შესახებ, რომელიც ამაოდ ელოდება საქმროს. არა, ძვირი არ დაჯდება. დედაჩემის საქორწინო კაბითაც იოლად გავალ. რა თქმა უნდა… შეიძლება არ მოეწონოთ… მაგრამ ჩემგან სხვაა. არც არაფერს ელიან… კომისია? ნუ სწუხხართ, ფრთხილად ვიქნები, სიტყვას გაძლევთ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა… (ყურმილს კიდებს).

იოანა : აბა, მოყევი!

ალექსანდრა : (უნდა, მალე მოიცილოს ეს თემა) ბევრი არაფერია მოსაყოლი. მილოცვები. გადაცემა ძალიან მოეწონათ, მაგრამ კომისია, რომელსაც ისედაც ათვალისწუნებული ვყავარ, კიდევ მეტად განაწყენდება…

იოანა : (ბოთლს ხსნის) სიფრთხილე გმართებდა…

ალექსანდრა : (ტელეფონზე ნომერს კრიფავს და თან ჩექმებს იხდის) ერთს დავრეკავ და..

იოანა : ამ წელს ბოლო იქნება!

ალექსანდრა : გამომცემლობაში ვრეკავ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს!

იოანა (აღშფოთებული): მაინცდამაინც 31 დეკემბერს?

ალექსანდრა (ტელეფონზე რეკვას აგრძელებს და თან იხდის): ალო… ბატონ დირექტორთან საუბარი მსურდა… ვიცი, რომ დღეს 31-ია. სხვების მსგავსად, მეც ვზეიმობ… ალექსანდრა პოპესკო… დიდი მადლობა, მოხარული ვარ, რომ გადაცემა მოგეწონათ… დირექტორი არ არის? არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. პიესა თებერვალში უნდა დაიდგას… წიგნიც იმ დროისთვის უნდა გამოვიდეს. თუ არადა, ორი წლის დავიდარაბას ამაოდ ჩაუვლია… კომისია? ვიცი, მე მოვუვლი… ყოველი შემთხვევისთვის, კონტრაქტი გამომიგზავნეთ… (ყურმილს კიდებს).

იოანა (სანამ მისი და ტელეფონზე ლაპარაკობდა, იოანამ სახე მოიწესრიგა, გამოეწყო, მართლაც ძალიან ლამაზია; უყურებს ალექსანდრას, რომელსაც ბრაზი ახრჩობს და ისე იხდის. ალექსანდრა სატინის კომბონეზონში და წინდებში რჩება): ჩაცმა არც დაგიწყია. დაგვაგვიანდება… (იოანა სახეს მშვიდად იღებავს, ალექსანდრა ღიღინებს “ოდა სიხარულს”, მარტინის ისხამს, ტელეფონების წიგნაკში რაღაცას ეძებს და თან გაცოფებული სახით ბოლთას სცემს). წიგნზე რა გითხრეს?

ალექსანდრა : მალოდინებენ… რატომ, არ ვიცი… შეიძლება, რაღაც ისე ვერ არის…

იოანა (ყალბად შეცბუნებული): რა?

ალექსანდრა (გაშმაგებული ბოლთას სცემს): იძულებული ხარ, იჯდე და ელოდო…

იოანა (იცინის) : რა თქმა უნდა, ძვირფასო დამპყრობელო, შენთვის უმოქმედობაზე უარესი არაფერია.

ალექსანდრა : მაიძულებენ მუხლებზე დავეცე. მუხლებზე კი დამცეს, მაგრამ ვერ დამაჩოქეს… (თემას ცვლის) ჰო, მართლა, გამოცდისთვის პაკის ტექსტი მოგიმზადე.

იოანა : რა მაგარი ხარ!

ალექსანდრა (ჭიქას უჭახუნებს): არ დაგავიწყდეს : მარად ერთად !

იოანა : ჩინ-ჩინ! მარად ერთად!

ალექსანდრა : თარგმანი ამაღლებულიც გამომივიდა და უხამსიც. ლიბიდოთი ჭკუაგადაკეტილი ჟუირი პირდაღებული მოუსმენს ასეთი მომხიბლველი პირიდან ამოფრქვეულ საშინელებებს… მამაკაცებს ჭკუა არ მოეკითხებათ… (ტელეფონი რეკავს. იოანა ალექსანდრას ანიშნებს, ყურმილი აიღე, ხომ იცი მაინც შენ გირეკავენო. ალექსანდრა სასწრაფოდ იღებს ყურმილს). ალო ?.. (ნათელფენილი სახე, ჩიტების გალობა, ივნისის თვე და ალექსანდრას დათაფლული ხმა). ანდრეი, თქვენ ხართ ? (სახეზე ღიმილმოფენილი ჯდება და ფეხს ფეხზე ისე კოხტად გადაიდებს, თითქოს მოსაუბრეს მისი დანახვა შეეძლოს). პირიქით, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა თქვენი ხმის გაგონება…

იოანა (გამოაჯავრებს): ვერ წარმოიდგენთ…

ალექსანდრა (იოანას ანიშნებს, რომ ამ გამოჯავრებისთვის მიიღებს): გისმენთ ანდრეი. ამ საღამოს? თეატრალურ ინსტიტუტში ზეიმზე მივდივართ… შემოირბენთ? (იოანას ანიშნებს, რომ გენიალურია. უტყვი და უზომო სიხარულისგან ისტერიკა იპყრობს. შემდეგ თავი ხელში აჰყავს და თავდაჭერილი სიხარულით) ესე იგი, შევხვდებით… გადაცემა ხომ არ გინახავთ? არა, ვერ მივუსწარი; მოგეწონათ?… გამომცემლობა “ვერიტასში”. დირექტორის მოლოდინში ორი საათი ვიყურყუტე. ისევ ისე უშედეგოდ… იქ, მაღლა, ვიღაცას თვალში არ მოვუდივარ… თქვენ მიხედავთ? რატომ უნდა შეწუხდეთ… მე უკვე დიდი გოგო ვარ. (იოანა ანიშნებს, გაჩუმდიო). აბა, რას ამბობთ: მე თქვენ გენდობით. თუ ასე გსურთ… დიდი მადლობა, ანდრეი… ახალ წელს გილოცავთ!.. მოსალოცად შუაღამეს შემოივლით? აბა, ახლა გავიქეცი… ნახვამდის!

(მთელი საუბრის განმავლობაში იოანა და ალექსანდრა ერთმანეთს რაღაცებს ანიშნებდნენ. ალექსანდრა თავის ემოციებს ანიშნებდა, რომელთაც ძლივს იოკებდა, იოანა კი ხან ამხნევებდა, ხან კი გამოაჯავრებდა).

იოანა : წიგნზე რაო, რა გითხრა?

ალექსანდრა (ყურმილს კიდებს, შეშფოთებული სახე აქვს): წიგნი ფეხებზე მკიდია. სულ არ მენაღვლება. ახლა კაბა მჭირდება. ანდრეი წვეულებაზე მოდის. ჰოდა, ახლა მთავარია კაბა, თანაც ლამაზი, თვალისმომჭრელად ლამაზი… ჩემს ლიტერატურულ შემოქმედებას ერთ კაბაზე ვცვლი! (სასოწარკვეთილია).

იოანა (აღებს კედლის კარადას) ჩქარა! (ალექსანდრას გახდაში ეხმარება).

(კარადა ღიაა. წინ ორი და დგას. ორი თუ სამი უღიმღამო, დაკუჭული კაბის გვერდით საქორწინო კაბა მოჩანს. ალექსანდრა თითქმის შიშველია, მაყურებლისკენ ზურგით, კარადისკენ მიიწევს და კაბას იღებს…)

იოანა (შეშფოთებული): ამის ჩაცმას გაბედავ?..

(ალექსანდრა მაყურებლისკენ ტრიალდება, კაბა ტანზე აქვს აფარებული. თავს თანხმობის ნიშნად დააქნევს: მდუმარედ, მტკიცედ. სახეზე ღიმილი დასთამაშებს).

2

1973 წლის 27 იანვარი

შემოდიან იოანა და ალექსანდრა. ალექსანდრა თეთრი ბეწვის ქუდს იხდის. დებს თმებზე თეთრი ბაფთები, პალტოს სახელოებზე კი სარეგისტრაციო ნომრები უკეთიათ. გათოშილები, მდუმარენი სველ ფეხსაცმელებს იხდიან და სქლად ნაქსოვ წინდებს იცმევენ. თან გასათბობად ფეხებს ხელებით ისრესენ. იოანა ტელევიზორს რთავს. სცენას ეკრანის შუქი ანათებს.

წამყვანის ხმა: დღეს, 1973 წლის 27 იანვარს, ლიცეუმების ათასობით მოსწავლე, სტუდენტები, მუშები და ინტელიგენციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა გულითადად მიესალმონ ჩვენი ხალხის საუკეთესო შვილს. დედაქალაქის უნივერსიტეტი და ქვეყნის კულტურული ელიტა, ამ ისტორიულ დღეს, სიხარულით ხვდება ცნობას, რომ უამრავი დამსახურებისთვის, ჩვენ შორის უპირველესს, პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. სიცივის მიუხედავად, უამრავ ადამიანს გულმა აქეთ გამოუწია და ახლა თვალცრემლიანი…

ალექსანდრა (გაღიზიანებული გადართავს ტელევიზორს სხვა არხზე): კარგი ერთი! ეს უკვე გავიარეთ… გეყოთ ლაყბობა! ნუ გაახურეთ…

იოანა : `გულმა გამოუწია~! (იხსნის თეთრ ბაბთას და ჩანთაში ინახავს). Fინიტა ლა… მასცარადა!

ალექსანდრა (ისიც იხსნის ბაფთას და თავისი ფორმის ჯიბეში იჩურთავს): ათჯერ გადაითვალეს, მოსვლა-წასვლისას. არ მიხვიდოდი და ვაი, შენი ბრალი ! ნომერს წაგართმევდნენ! ავადმყოფებიც კი წამოაგდეს საწოლიდან…

იოანა : მერედა, რამდენი ახველებდა. ვინ იცის, იქნებ, დიდ ბელადს სურდოც შეჰყარეს. თუ რამე გაქვს სათქმელი…

ალექსანდრა : გადავიფიქრე.

იოანა : არც მე მეტყვი ? (მიდის ალექსანდრასთან, რომელიც მკლავებში ჩაუვარდება და ტირის). ვიცი, ძალიან გაგიჭირდა. გიყურებდი, როდესაც ანდრეი ლაპარაკობდა. გვერდიდან გხედავდი. ვიფიქრე, ცოტაც და ატირდება-მეთქი.

ალექსანდრა (ტირის): მე ავტირდები? კარგად არ მიცნობ!

იოანა : კარგად გიცნობ…

ალექსანდრა (ხუმრობით): ჰა და ჰა, გენერალური მდივნისთვის შეიძლება ერთი ცრემლი გადმომვარდეს… უდიდესი ინტელექტუალი! (პაუზის გარეშე; რისხვით) ამ სულელ ანდრეის რაღა დაემართა?

იოანა : შეხვდები?

ალექსანდრა : არასოდეს!

იოანა : კიდევ დაგირეკავს.

ალექსანდრა : ანდრეი ჩემთვის აღარ არსებობს. სწორედ დღეს მოკვდა. იმიტომ ვნახო, რომ ყური გამომიჭედოს თავისი ლაქუცა მონაჩმახით ? საკმელი უკმიოს გენერალურ მდივანს, აქოს და ადიდოს მისი ეპისტემოლოგიური ნაშრომები? რა საძაგლობაა! ის კი არა, ეჭვი მეპარება, საერთოდ წერა-კითხვა თუ იცის…

იოანა : ერთი გვერდის დაჩხაპნას მაინც მოახერხებს…

ალექსანდრა : სამარცხვინოა! არც კი რცხვენია!

იოანა : გიყვარს…

ალექსანდრა : სულელო! აბა, ეგ რა შუაშია…

იოანა (ჯიუტად): ზუსტად მოვარტყი! გიყვარს… (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) რა იცი, თავში რა აქვს.

ალექსანდრა : მეც ამას ვამბობ: უნდა ვაპატიო ამ ლაქიას, გენერალურ მდივანს ფეხებს რომ ულოკავს. ამას შეგნებულად აკეთებს, იმიტომ რომ ჭკვიანია… წინ დავუჯდე და მასთან ერთად ჩაი მივირთვა, აქაოდა არაფერია. ლაჩარი კაცის ახსნა-განმარტებას ვუსმინო, მაშინ როცა მამაჩვენმა გადამზადების ბანაკში კაშხალის მშენებლობას შეაკლა თავი. აი, მისი ფილოსოფიური ნაშრომების საზღაური…

იოანა : ერთად წოლილხართ?

ალექსანდრა : რაო?

იოანა : ანდრეიზე გეუბნები, გენერალურ მდივანზე კი არა!

ალექსანდრა (ცრემლები ჩამოსდის და მაინც გაიცინებს) : ჰა-ჰა!

იოანა : არ მეტყვი?

ალექსანდრა : რა უნდა გითხრა?

იოანა : ანდრეი-მეთქი.

ალექსანდრა : ვინ ანდრეი ?

იოანა (ვითომ სილას გააწნის): ნერვებს მიშლი, ჩემო კარგო.

ალექსანდრა : ერთმანეთს არც გავკარებივართ.

იოანა : ერთი კოცნა მაინც…

ალექსანდრა : ერთი, ისიც ისტორიული…

იოანა : თუ მეტი არაფერი მომხდარა…

ალექსანდრა (გაცხარდება): წესიერი კაცივით მოიქცა…

იოანა : არა უშავს, სხვა გამოგიჩნდება.

ალექსანდრა : არავინ. მამაკაცებს სათოფეზე აღარ გავიკარებ: ყველანი ერთიანად ნაძირალები არიან.

იოანა : დაქვრივებული ქალწული!

ალექსანდრა : თუ ძალიან გინდა გედეონი გამოგიქანო, პირდაპირ მითხარი.

იოანა : ამას არ იზამ. დაბეჭდვას ვეღარ შეძლებ და ღამეს თეთრად აღარ გამათენებინებ ამ ჯოჯოხეთურ ხმაურში.

ალექსანდრა : გაფრთხილებ, დღეს შენი გამოცდისთვის პაკის ტექსტი უნდა დავბეჭდო.

იოანა (ჩაფიქრებული) : ვერაფერი გამიგია. დილა-საღამოს ერთად ხართ და არაფერი?

ალექსანდრა : ვსაუბრობთ.

იოანა (სარკაზმით): ლიტერატურაზე!

ალექსანდრა : რატომაც არა?

იოანა : იმიტომ რომ ორმოცდაათი წლისაა.

ალექსანდრა : ორმოცის!

იოანა : რა განსხვავებაა. გინდა ასე, გინდა ისე, ბებერია!

ალექსანდრა : ერთადერთი, ვინც პარტიაში მაშინვე არ შეყო თავი. თან ყველაზე ნიჭიერი.

იოანა : ერთი კოცნის მეტი ვერ გაიმეტა? არა მგონია, ანდრეი შენსავით უჭკუო იყოს.

ალექსანდრა : დღეს ხომ დარწმუნდი, რომ ჩემზე უჭკუო ყოფილა.

იოანა : საკუთარ მომავალზე ფიქრობს. უფრო ზუსტად, სიბერეზე.

3

1973, ნოემბერი

ალექსანდრა : ჩემი წიგნი დღის სინათლეს ვერასოდეს იხილავს. რაც ერთმანეთს დავშორდით, ანდრეი სულ კრიჭაში მიდგას. გარდა ამისა, მაძალებენ პარტიაში შევიდე… ასე თუ გაგრძელდა, მასების აღსაზრდელად სადმე გადასაკარგავში მიკრავენ თავს.

იოანა : უცხოეთში უნდა წახვიდე… შვეიცარიიდან ახალგაზრდების კულტურული გაცვლის მოწვევამ სწორედ რომ სულზე მოგისწრო.

ალექსანდრა : სულის გახსენებაზე… ასე მგონია სულს ვღაფავ… უცხო ენაზე წერა როგორია? არა, თვითონაც ვერ ხვდები, რას მთავაზობ. ეს იგივეა, კაცს საყვარელი ცოლი ტოვებდეს და შენ კი ამშვიდებდე: `ეგ არაფერი, სხვა ქალი შეირთე, დრო გავა და შეეჩვევიო.~

იოანა : დაკარგულ სიყვარულს სწორედ ასე თუ აინაზღაურებ.

ალექსანდრა : მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! მწერლობა თუ გინდა, ცხრამეტი წლის ასაკში ენას ვერ შეიცვლი. რაღა ეს და რაღა ენის ამოგლეჯა!

იოანა : აქ თუ დარჩები, ენას ესენი ამოგიგლეჯენ. უკვე დაიწყეს კიდეც…

ალექსანდრა : გაქცევა ადვილი საქმეა, კარგად იცი, ამის გამკეთებელი არ ვარ…

იოანა : ახლა გამგზავრება ვაჟკაცობაა!

ალექსანდრა : რა თქმა უნდა, წადი და სადმე თბილად მოყუჩდი! მეტაფიზიკური კომფორტი ეძიე!

იოანა : მწერლისთვის კომფორტი დარჩენა იქნებოდა!

ალექსანდრა (ყვირის): გაქცევა ყველაზე იოლი გამოსავალია!

იოანა (ღრიალებს): ნუ ყვირიხარ! თვრამეტი წლის განმავლობაში ერთხელ არ გვიჩხუბია. (წონასწორობიდან გამოდის და ღრიალს უმატებს). ახლაც, როდესაც საქმე ისედაც ცუდათაა, გასაყოფი არაფერი გვაქვს! `იოლიაო~ ამბობ. ცხვირში ძმარს ამოგადენენ. ვეღარც ილაპარაკებ და ვეღარც დაწერ… სიგიჟემდე მიგიყვანენ… შენ კი მიჩვეული ხარ, ყოველივე სიტყვებით გამოთქვა, ერთი წინადადებით ადამიანები ატირო, მეორეთი კი აცინო. უსუსურობა იმედს გადაგიწურავს. დასავით არ გელაპარაკები, მტრულ რჩევას გაძლევ. ახლაც წერაში ათენებ და აღამებ. როდესაც მიხვდები, რომ აღარავის სჭირდები, დამუნჯდები და დაყრუვდები. თავიდან დაწყება მოგიხდება, წინადადების სწორად გამართვაც თავიდან უნდა ისწავლო. მანამდე კი, ჩვილივით უმწეო იქნები, სიტყვასაც ვერ დასძრავ.

ალექსანდრა : სიტყვები, სიტყვები, სიტყვები…

იოანა (ატირდება): უარის თქმის უფლება არ გაქვს. გააგებინე ყველას, რომ ჯერ კიდევ ვცოცხლობთ.

ალექსანდრა (ნაზად, წყნარად): მეშინია, უცხო ენა მაშინებს. ამისთვის ან ძალიან პატარა ვარ, ან ძალიან ბებერი, ანაც ძალიან ზარმაცი… გამბედაობა არ მეყოფა… შენ ჩემზე ძლიერი ხარ…

იოანა : სამაგიეროდ, გენიოსისა არაფერი მცხია.

ალექსანდრა (სხაპასხუპით): დამშვიდდი. დიდი გენიოსი არც მე ვარ. მერედა, დედა? ან თუნდაც შენ?

იოანა : ჩვენ ორნი ვიქნებით. (ტელეფონის ზარი). ალო? (წუთით შეყოვნება). დიახ, გიცანით, ანდერი… შინ არის. მართლაც გასაოცარია… ახლავე დაგალაპარაკებთ.

ალექსანდრა (გაოცებული უყურებს იოანას და შეშინებული ხელებს ასავსავებს): კი მაგრამ…

იოანა : ბოლო შანსი მიეცი, მერე, თუ გსურს, საერთოდ ხმა არ გასცე ან ტყვია შუბლში დაახალე…

ალექსანდრა (ტელეფონისკენ მიდის): დიახ… მე ვარ… ხმა შემეცვალა? შეიძლება… ჰმ… ჰმ… ჰმ… (ჩაახველებს და დიდხანს უსმენს)… ჰმ… არა, დუმილს არ ვაპირებ. უბრალოდ, გისმენთ… (ახველებს)… ჰმ… სულ ეს იყო? სხვა არაფერი? (ყურმილს კიდებს).

იოანა (ვედრებით შესცქერის): რაო?

ალექსანდრა : მითხრა, ძველი გვარდიის წარმომადგენლებთან, ბრმებთან, რომლებიც შენს ტალანტს არ აღიარებენ, შენს მხარეზე ვარ და ყოველნაირად დაგიცავო… გარწმუნებ, ადვილად არავის არაფერს დავუთმბო… ისიც მითხრა, კარგს იზამ, თუ გამეგზავრებიო.

4

1973, დეკემბერი

დები ალექსანდრას საწოლზე სხედან. იატაკზე დაყრილი ხელნაწერების გროვიდან ფურცლებს იღებენ და აუჩქარებლად ხევენ. მათ წინ ნაგვის ორი ტომარაა. თითოეული გვერდების შეკვრას ოთხად ხევს და ნარჩენებს ორივე ტომარაში ანაწილებს.

ალექსანდრა : ყველა ხელნაწერი უნდა გავანადგუროთ. ძალიან ვნანობ, ამდენი რატომ დავწერე… დამპირდი, რომ ფრთხილად იქნები……

იოანა : გპირდები.

ალექსანდრა : სიფრთხილეს თავი არ სტკივა !

იოანა : აკი შეგპირდი.

ალექსანდრა : ჩემ გამო უბედურებას თუ გადაეყრები, თავს არასოდეს ვაპატიებ.

იოანა : შეგიძლია მშვიდად იყო.

ალექსანდრა : თუ გავემგზავრე, თქვენ მოგდგებიან.

იოანა (ირონიულად; ფურცლებისკენ იშვერს ხელს): შენს შემოქმედებასთან მარტოს მტოვებ?

ალექსანდრა (ისევ ჯდება და ფუცლების ხევას განაგრძობს): წერილებისთვის კოდი უნდა მოვიფიქროთ. თუ არადა, ცენზურას ვერ გადავურჩებით. გენერალურ მდივანს “უბუთი” მოვიხსენიებ.

იოანა : განათლებულ ცენზორს თუ ჩაუვარდა ხელში ვერაფერი გვიშველის. მეტი სიფრთხილე გვმართებს… უბუ… ჟარი?.. ალფრედი!

ალექსანდრა : ალფრედი გენიალურია! ვერავინ ვერაფერს მიხვდება.

იოანა : მეგობრებს `პიონერებს~ დავარქმევთ. ცენზურა ჩხრეკა-ძიებას არ დაიწყებს. (მეტისმეტად შთაგონებული) კომკავშირლებს _ `ტრეპანირებულებს~. არა, ასე არა… `ახალგაზრდა ტრეპანირებულები~ აჯობებს.

ალექსანდრა : სეკურიტატე `დეიდა პრუდანსად~ მოვიხსენიებთ.

იოანა : ვიზებისა და პასპორტების განყოფილებას `ნაკლებად რჩეულებს~ ვუწოდებთ. ანდრეი როგორღა მოვიხსენიოთ?

ალექსანდრა : ამაზე თავს ნუ ავიტკივებთ.

იოანა : ასე რომ, ამიერიდან ანდრეის აღზევებას წინ ვერაფერი დაუდგება… `ობერონს~ დავარქმევ…

ალექსანდრა : ობერონი? თუ ასეა, მე ტიტანია ვარ…

იოანა : რა თქმა უნდა… ღვთაებრივი წყვილი ხართ. სხვანაირად პაკი როგორ ვიქნები ? მე ხომ თქვენი სიყვარულის მაცნე ვარ ! ამას რაღა ვუყოთ ? (საქორწინო კაბას აჩვენებს)

ალექსანდრა (შეცბუნებული) : გამოცდა ერთ თვეშია. სცენაზე გამოსვლას ვეღარ მოვესწრები.

იოანა : იქნებ, ახლავე ითამაშო ?

ალექსანდრა (გაბუტული) : არა !

იოანა : თუ ასეა, კაბას შევინახავ… ვინ იცის ? შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მე ვითამაშო…

ალექსანდრა (აღელვებული, დას მკლავებში უვარდება) : ერთი წლის წინ ფიცი დავდეთ, რომ ერთმანეთს არასოდეს დავშორდებოდით. ახლა რომ მახსენდება…

იოანა : მუდამ ერთად ვიქნებით…

5

პირველი წერილები

დეკორაციის განლაგება შეიცვალა. ორი საწოლი ერთმანეთისგან შორიშორს დგას. ერთი სცენის მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. ამ წუთიდან მოყოლებული სცენა წარმოადგენს უხილავი კედლით გაყოფილ ორ ოთახს. იოანას ოთახში გოგონების ყოფილი საერთო ოთახის ავეჯია დახვავებული. ალექსანდრას ახალ ოთახში, მარჯვნივ, მხოლოდ საწოლი და კედლის კარადა ტანსაცმლისთვის. დებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს. ალექსანდრას პირველი წერილების მიღებისას იოანას შავი სვიტერი და შარვალი აცვია. ჩანს, პაკის როლს ამ სამოსით ითამაშებს. ალექსანდრა პალტოს იხდი. საშინაო ხალათი აცვია, მის შიგნით კი, როგორც შემდეგ გამოჩნდება, მოკლე, ძალიან ლამაზი შავი კაბა.

ალექსანდრა (ხელში ჩემოდანი უჭირავს. ო, როგორი მძიმეა… პალტოზე სარეგისტრაციო ნომერის აღარ უკეთია. ახალ ბინაში შედის): ესეც ჩემი პირველი წერილი, დაიკო. წერას ჟენევისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვიწყებ. მინდა გაუწყო, რომ ჩემი უკვდავი ხელნაწერები თან მაქვს. (ჩემოდანს იატაკზე დებს და სახელურისგან დასერილ ხელისგულს დასცქერის). ლიტერატურა ასეთი მძიმე არასოდეს მომჩვენებია. როგორც ხედავ, მე და ჩემმა შემოქმედებამ საბაჟოს თავი ადვილად დავაღწიეთ. უცნაურია, ეს-ეს არის შევიტყვე, რომ სამშობლოდან ზრდასრული წამოვედი, შვეიცარიაში კი არასრულწლოვანი ჩავალ… აქ სრულწლოვანი ოცი წლის ასაკში ხდები და არა ცხრამეტის, როგორც ჩვენთან. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად იწყება: გავახალგაზრდავდი.

იოანა (ღონემიხდილი, ნაზად ეფერება საბეჭდ ანქანას): ძვირფასო ალექსანდრა, ჩემო პატარა ფერიავ, გედეონი დუმს და ეს კი ძალიან უცნაურად მეჩვენება… განსაკუთრებით ღამით. შევეჩვიე მანქანის ჩხაკუნში ჩაძინებას. მუსიკა მთელი ღამე გრძელდებოდა. ძალიან მაკლია, ისე როგორც ყველაფერი, რაც შენ გეხება. შენი კოლეგები გამუდმებით რეკავენ. თავს შეუძლოდ გრძნობს, ბებიასთან ისვენებს-მეთქი, ვეუბნები… დროს ვიგებთ. ძალიან გვაკლიხარ. დედა ყოჩაღადაა. ყოველ წამს შენზე ვფიქრობთ, თუმცა ერთმანეთს არ ვუმხელთ. გრძნობას თუ ავყევით, ვერაფერი გაგვაჩერებს, მთელი დღე შენზე ვილაპარაკებთ და ცრემლებად დავიღვრებით ერთმანეთის მკლავებში. გეხვევი და გკოცნი. შენი მოსიყვარულე დაიკო…

ალექსანდრა (იოანას წერილის განმავლობაში: პალტო მხრებიდან გადმოიღო, საწოლზე გაშალა, ჩემოდანი გახსნა, ამოიღო რვეული და პასტა, საწოლზე მოკალათდა, რვეული მუხლებზე გაშალა და წერას შეუდგა) : შორეულო და ადრინდელზე უფრო ახლობელო დაიკო, შენმა წერილმა ძალიან გამახარა. აი, პასუხიც არ დავახანე. ხელით წერას გადავეჩვიე… ერთი-ორი გროში თუ მოვიხელთე, წამსვე საბეჭდ მანქანას ვიყიდი. თუმცა, იმედი მაქვს, ხელნაწერს გაარჩევ. მე რას ვაკეთებ? მძინავს, ძვირფასო. ვიცი, გაგიხარდება. აკი სულ მსაყვედურობდი, ღამეებს გედეონთან ერთად თეთრად ათენებო. ეს კი არადა, ზოგჯერ თექვსმეტი საათი მძინავს. გუშინ შობა იყო: ფანჯრის დარაბები ჩავრაზე და დღესასწაული ძილში გავატარე. ბედნიერი ახალი წელია! ჯიბეში ერთი ფრანკიც არ მიჭყავის და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, როგორმე ზამთარი გადავიტანო. ოთახიდან მხოლოდ ფოსტის ამოსატანად გამოვდივარ… ჩაცმა მეზარება. სასტუმროს მოხელეებს გიჟი ვგონივარ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეყვარებული, რომელიც საყვარლის გზავნილებს სულმოუთქმელად ელის. ვამჩნევ, რა სიბრალულით მიყურებენ. 1974 ჩემთვის ქრონიკული ძილქუშით დაიწყო. ახალი ცხოვრების დაწყების თავი არ მაქვს, რული მერევა და თვალები მეხუჭება… ვერაფრით ვფხიზლდები. დაფნის გვირგვინი კი არა, ერთი ციცქნა ფოთოლიც არ მეგულება, რომ გახურებული თავი დავადო… დამჭკნარ ფოთოლზეც თანახმა ვარ (ახალ ფურცელს იღებს). ლოზანი, 1974 წლის 4 იანვარი. შენ მწერ: `გაბრიელა და კიდევ ვიღაცები, როგორც ყოველთვის, საშობაო ღამისთევაზე გეპატიჟებიან. ვიფიქრე, იქნებ, დაბრუნება და თავიდან დაწყება სჯობდეს~. გვიანაა. გუშინ თავშესაფარი ოფიციალურად ვითხოვე. გამუდმებით თქვენზე ვფიქრობ. კარგად მოილხინეთ და მეც გამიხსენეთ. (ახალ ფურცელს იღებს). ისევ ლოზანი, ისევ 4 იანვარი და ისევ მე… (დღეს უკვე მესამე წერილს გწერ). შენ გარდა, ჩემს სათქმელს ვერავის ვუმხელ. სულ ასე იყო. პოლიციაში ვიყავი, კითხვარები შევავსე და პასპორტი დავტოვე. მოხელემ მითხრა, ამიერიდან სამშობლოსთან აღარაფერი გაკავშირებთო. სასტუმროში ერთი ამბავი დამაწიეს. ვიჩივლე, სამშობლოში ვერ ვრეკავ-მეთქი. `კარგად გიცნობთ პოლიტიკურ დევნილებს. თქვენთან, ეტყობა, ტელეფონი საწოლ ოთახში გედგათო~ _ მითხრეს. სწორედ ასეა, დანარჩენი კი რა მოგახსენოთ, დაოთხილი დავიარებოდით და ცხოველის ტყავი გვემოსა-მეთქი, ვუპასუხე. კიდევ კარგი, აღარ გავაგრძელე, მგონი დაიჯერეს. ეტყობა, იუმორზე განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს. სხვათა შორის, ხმამაღლა მელაპარაკებიან, თითქოს ყრუ ვიყო. ხანდახან ხელებს იშველიებენ, `ჭამა~ (ჟესტი, თითქოს დებილს უხსნიან)… ძილი (ისევ ჟესტი)… მუშაობა (ისევ ჟესტი)… თქვენ (ჟესტი)… მე (ჟესტი)… დღეს სოციალური სამსახურის ოფისში ვიყავი. თბილი ტანსაცმლის შესაძენად 200 შვეიცარიული ფრანკი მომცეს. ძალიან თავაზიანები არიან: მთელი სიმდიდრეა. სულზე მომისწრო, ცოტაც და მათხოვრობას დავიწყებდი. წამოსვლისას ჩემოდანი ხელნაწერებით გავავსე და რაც იმ დღეს მეცვა, იმ ტანსაცმლით წამოვედი. სოციალური დახმარების მუშაკები შეიძლება ყნოსვით მიხვდნენ და ამიტომაც შემიბრალეს… თვალების საღებავი და პომადა ვიყიდე… თუმცა, არაფერში მადგია, უბრალოდ, არასოდეს მიხმარია. მე რომ მკითხო, ერთი უფერული, შეუხედავი ვინმე ვარ… ჰო, მართლა, შვეიცარიული საათი ვიყიდე. უცნაურია, მაგრამ ჩემი სწორედ ჩამოსვლის დღეს გაჩერდა. (ჩემოდნიდან საბეჭდ მანქანას იღებს და ფრთხილად ხსნის). როგორც იქნა, საბეჭდი მანქანა ვიქირავე. ცუდი ის არის, რომ მხოლოდ ფრანგულად ბეჭდავს.

იოანა (ფრთხილად ფუთავს ალექსანდრას საბეჭდ მანქანას): ძვირფასო ალექსანდრა, შენმა წერილმა ჩემამდე ნახევარი თვე იარა. რომ წავიკითხე, გული ისე მომეწურა, ისე შემეცოდე, რომ მზად ვიყავი, იმ დღესვე გამოვფრენილიყავი. მაპატიე, ჩამოდი-მეთქი, რომ მოგწერე, წუთიერი სისუსტის ბრალია… ძალიან მომენატრე… მაგრამ შენ ძლიერი დაიკო გჭირდება, მხარში რომ დაგიდგეს და გაგამხნევოს. ახალ წელს ლივიუსთან შევხვდით. ვცეკვავდით, ვლაყბობდით და მუსიკას ვუსმენდით. შინ დილის ექვს საათზე დავბრუნდი.

ალექსანდრა: იოანა, ჩემო ძვირფასო, მე კი ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ახალი წლის ღამე სასტუმრო ოთახში გავათენე. შენ ცეკვით გული იჯერე და გამთენიისას დაბრუნდი სახლში. სწორია, ასეც უნდა მოქცეულიყავი! გაერთე, სანამ ცოცხალი ხარ! რა იცი, ხვალ რა მოგველის! ნეტავ, მე როდის მეღირსება ცეკვა? ასე მგონია, საუკუნე გავიდა, რაც არ მიცეკვია.

იოანა (ხსნის საბეჭდი მანქანის ფუთას): მინდოდა, გედეონი ფოსტით გამომეგზავნა, მაგრამ საბაჟომ უარი მტკიცა, თანაც ძალიან მაგარი: თუ შენსას არ დაიშლი, მანქანას ჩამოგართმევთო. არადა, მე თუ მკითხავ, გედეონი სავსებით ესადაგება `ოჯახების შეერთების~ შესახებ `წითელი ჯვრის~ ქარტიის მოთხოვნებს. იმ ღამეებს თუ გავიხსენებთ, მასთან ერთად თეთრად რომ გაათენე, ნამდვილი ახლობელია, უფრო მეტიც, ოჯახის წევრია… საბრალო გედეონი, ვაითუ ამ ამბავმა გული ატკინა და გაფუჭდა… ხომ იცი, სიყვარულთან ხუმრობას კარგი არაფერი მოაქვს.

ალექსანდრა: მიგროსის სკოლის ფრანგული ენის კურსებზე დავიწყე სიარული. თანაც, ნუ გაგიკვირდება და `წინ წასულთა ჯგუფში~ ჩამრიცხეს. ჩემი არეული ჭკუის გამო და კიდევ იმიტომ, რომ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ, სკოლა სახელის გამო ავირჩიე : მი-გრო, მი-გრა, ე-მი-გრა . გუშინ, შესვენებაზე მასწავლებელმა ოთხი მოსწავლე ბისტროში ყავაზე დაგვპატიჟა. ანგარიშის გასწორებისას მივხვდი, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი დანახარჯი უნდა გადაგვეხადა. ჰოდა, წარმოიდგინე, საჭირო თანხას ძლივს მოვუყარე თავი. პურის საყიდლად გადანახული ბოლო სუც დამაწერეს… ჩვენი მასწავლებელი გამახსენდა. ეჰ, რა ქეიფებს გვიმართავდა !.. აქ, ეტყობა, განსხვავებული ადამიანური ურთიერთობებია… ვცდილობ, გავერკვე… თანაც, აქაური მასწავლებლების შემოსავალთან ჩვენებისა რა მოსატანია !.. ცა და დედამიწაა… მაგრამ ვფიქრობ, საქმე მხოლოდ ფულში არ უნდა იყოს. (ტონს იცვლის). გედეონის გამოგზავნა რა კარგად მოიფიქრე ! მერე რა, რომ არ გამოვიდა ! ნუ იდარდებ, ახალ მანქანასაც კარგად მივეჩვიე. წერილები დაათარიღე, თუ გიყვარვარ, ვიცოდე, რომელი რომლის პასუხია… კითხვა და გაგება გამიადვილდება…

იოანა (ჭორიკანას ტონით): ლიდიამ იტალიელი ქმარი დაითრია. პასპორტს დღე-დღეზე ელოდება. გუშინ გვესტუმრა. თავიდან ფეხებამდე უცხოურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, გეგონებოდა, ოპერის ვარსკვლავი მშობლიურ სოფელს ემშვიდობება და მსოფლიოს დასაპყრობად მიემგზავრებაო. ქმარი ოცდაათი წლით უფროსია, ცალთვალაა და დონდლო ; სუპერმარკეტში ძეხვეულს ყიდის. რა თქმა უნდა, ეს წვრილმანებია. უცხოელი მამაკაცების მოსანადირებლად აქაური ქალები ყველაფერზე წავლენ. ოღონდ აქაურობას გაეცალონ და… თვალისდაუხამხამებლად ღამის ქოთანზეც დაქორწინდებიან. მერე კიდევ, გათხოვების შემთხვევაში, უფლება აქვთ, შვებულებისას სამშობლოში ჩამოვიდნენ. პირდაპირ ცოფებს ვყრი, როცა ვფიქრობ, რომ იმათ შეუძლიათ, შენ კი არა. ლიდიაას პასპორტს ლანგრით მიართმევენ, ჩვენ კი, ვინ იცის, როდის გვეღირსება ერთმანეთის ნახვა… შენი ჩამოსვლის იმედი აღარ მაქვს, მე კი დეიდა პრუდანსთან სტუმრობისას ნათლად ამიხსნეს, რომ თუკი და უცხოეთში გყავს, გამგზავრებაზე არც უნდა იოცნებოო… წერას ისევ აგრძელებ ?

ალექსანდრა (მანქანაზე ბეჭდავს. გამეტებით ურტყამს ღილაკებს თითებს): ჰო, ვწერ, დღიურს და კიდევ… მიგროს სკოლის მოსწავლეების სიტყვიერ პორტრეტებს… მაგარია, არა ? ღმერთო ჩემო, ხომ გთხოვე, წერილები დაათარიღე-მეთქი !

იოანა: უკვე ხუთი თვეა, გამოცდისთვის ვემზადები. ხომ იცი, შენი რჩევით, პაკის როლი ავარჩიე. ტექსტი გენიალურია, შენი ადაპტაცია ჩინებული, მეც ვეცდები, არ შეგარცხვინო (პირში ფანქარს იჩრის და იმეორებს) `ამოდენა ტყე სულ მოვვლე ფრენით, მაგრამ არ იქნა, ვერ მივაგენი. ყვავილის ძალა გულით მეწადა, იმ ათენელზე გამომეცადა… არცა ჩანს რამე, არც რამე ისმის, როგორღა ვნახო მე კვალი მისი… ვინ არის ეს კაცი ? (ისევ იმეორებს, შეშინებული) : ვინ არის ეს კაცი ? (ყვირის) ვინ არის ეს კაცი ? (ხმამაღლა იცინის). ვინ არის ეს კაცი ? (შეშფოთებული) ვინ არის ეს კაცი ?~ (ერთბაშად ტონს იცვლის) ანდრეი ისევ და ისევ შენს ძებნაშია. (როლის კითხვას აგრძელებს) `ჩუ ! ათენელს ჰგავს… აგერ ყოფილა, ათენურადვე გამოწყობილა. ეგერ ის ქალიც, გაწამებული, ამ სიბნელეში სად დაგდებულა! (ნაზად უყურებს გედეონს). საწყალი გოგო, შიშით და კრძალვით ვერ ეკარება, შორს გდია მალვით…~ ორი დღის წინ ანდრეიმ ზღურბლთან შროშანების თაიგული დაგიტოვა… შენ აქ არ ხარ, ამიტომ ყვავილები მე დამრჩა… იმედი მაქვს, შემდეგ მარგალიტების ასხმას დატოვებს… ისე, სწორედ მისწრება იქნება. არ ვიცი, რა გავიკეთო კომკავშირელთა ყოველკვირეულ შეკრებაზე. (და ისევ როლი) `ჯერ გამოსცადე ამ ჯადოს ძალი, ისე შეიტკბო ეს ტურფა ქალი, რომ მერე ვეღარ მოსწყვიტო თვალი…~ (ხელს მოიქნევს და ოთახში თეთრ კონფეტის მიმოაბნევს). შენი თაობიდან ყველაზე ჭკვიანი ხარ… ინსტიტუტში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის…

ალექსანდრა : ჩემო ეშმაკუნა დაიკო, ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი გამხიარულება შეუძლია… ყოველდღე დადიხარ თეატრალურ ინსტიტუტში, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა გინდა ! მე კი შრომის ბირჟაზე ვაღამებ და ვათენებ. ფრანგულს მიქებენ, ჩინებულად ლაპარაკობ, მდიდარ სიტყვის მარაგს ფლობო… ჰოდა, სწორედ ამიტომ, გამყიდველის ადგილი შემომთავაზეს.

იოანა : შეუდარებელო და დამწუხრებულო უფროსო დაო ! ნუ გგონია, რომ მხოლოდ შენ იტანჯები: თუნდაც ჩვენი პიონერები აიღე, ვერაფრით გაუგიათ, რა აზრი აქვს მათ არსებობას, რა დააშავეს? თუ არა ის, რომ აქ, ამ ქვეყანაში დაიბადნენ. ალფრედი თავისას არ იშლის. ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ფოტოს იღებს და თავის რეტუშირებულ, გაახალგაზრდავებულ, საკუთარი წიგნების პრიალა ყდებზე დაბეჭდილ პორტრეტებს თვალში გვჩრის… მწუხარე ფიქრებს ნუ აჰყვები, მაგრად დაუდექი. რა გირჩიო, გინდა `კენტი~ მოწიე, გინდა მარტინი დალიე…

ალექსანდრა : აქ `კენტიც~ და მარტინიც თავზე საყრელადაა, მაგრამ არც ერთზე გული არ მიმდის… ის კი არადა, ორივეზე გული მერევა. შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ნაბიჯს ისე ვერ გადადგამ, `კენტს~ ან მარტინს რომ არ წააწყდე. ის უცხოელი ხომ გახსოვს, გრანდ-ოტელის წინ თვალს რომ გვიკრავდა, `კენტის~ ყუთს ცხვირწინ გვიტრიალებდა და ოთახში გვეპატიჟებოდა. ზურგი რომ ვაქციეთ, მოგვაძახა : `ტწო Kენტ, ტწო ფორ ყოუ ტწო~ … ხომ ხედავ, როგორ გვაფასებს დასავლეთი ? აქ, გულზიდვის განცდას ვერა და ვერ ვიშორებ, გინ დილით, გინდ საღამოთი, ავტობუსში, მანქანაში, ან ლოზანის შემოგარენში ხეტიალისას. თუმცა, ადამიანები ძალიან თავაზიანები არიან. ჰაერიც სუფთაა და ქვეყანაც ლამაზია… მე კი ყველგან ცუდად ვგრძნობ თავს, კუჭი ყელში მწვდება, მაგრამ ღებინებით ვერ ვაღებინებ. არადა, რა უნდა ვაღებინო ? კუჭის წვენი ? მოგონებები ? სამშობლოს მონატრება ? ეტყობა, რუმინეთისგან ფეხმძიმედ ვარ, წამოსვლისას ქვეყნის ნაწილი გამოვიყოლე, სულ პატარა, რომელიც ახლა ჩემს სხეულში მწიფდება და გულისრევის შეგრძნება ამის ბრალია.

იოანა : შენ გამბედაობა გეყო და წახვედი : ახლა შენი იმედი გვაქვს. მანდაურებს უნდა გააგებინო, რომ ვარსებობთ, და ისიც უნდა აუხსნა, რა გვიღირს ეს არსებობა… მთავარია, არ დაგვივიწყონ…

ალექსანდრა (საწოლში წევს, გარშემო წიგნები და რვეულები უწყვია. უცებ, ამზერით იატაკზე მოიქნევს ლექსიკონს) ღმერთო ჩემო, რა ენაა ეს ფრანგული ! ჩემი პიესების თარგმნას შევუდექი. საქმის გასაადვილებად ფრანგული ენა ავირჩიე… როდესაც აზრის გამოთქმას ვცდილობ, ყველაფერი კარგადაა, სიტყვები თავისთავად მოდიან, ყველა ერთნაირად ზუსტი და ნათელი. მაგრამ გამოხატვაზე რომ მიდგება საქმე, სიტყვები უჩინარდებიან და მარტო მტოვებენ. `დორ დე ტარა~-ს თარგმნა მინდოდა და `მალ დუ პაყს~-ის მეტი თავში არაფერი მომივიდა. მაგრამ ვატყობ, ფრანგული `სამშობლოს ტკივილი~ სათქმელს ზუსტად ვერ გადმოსცემს, რუმინული `დორ~ მეტს ნიშნავს, რაღაც უფრო გამოუთქმელს, ბუნდოვანს, რაც სიტყვაში ვერ ეტევა. კი, ბატონო, არის კიდევ `ნოსტალგია~, `მელანქოლია~, მაგრამ `დორ~ უფრო სამშობლოს დანატრებული სულის კაეშანია, უფრო მეტია, ვიდრე `მწუხარება~… ჰოდა, აბა, მოდი და იპოვე სიტყვა ! ფრანგული განათლებული, მაღალერუდირებული, მაგრამ გრძნობებისგან დაცლილი, უჯიგრო ესეისტების ენაა. ჩვენი ენა ჩვენივე სიღრმეებიდან, ჩვენი ნაწლავებიდან და გაშიშვლებული ძარღვებიდან მოდის… ფრანგული ტვინის მეტყველებაა. გამოდის, საკუთარი ხმა რომ გავიგონო, ყოველივე დანარჩენზე უარი უნდა ვთქვა.

6

ტელეფონის პირველი ზარი

ალექსანდრა სცენის მარცხენა მხარეს, ტელეფონისკენ მიდის. ლაპარაკისას წვრილ ფულს აპარატში ყრის და თან შეშფოთებულ მზერას არ აშორებს მრიცხველს.

ალექსანდრა (ტელეფონთან, აღელვებული, იოანას ხმის გაგონებისას, კედელს ეყრდნობა): ალო ?

იოანა : ალო !

ალექსანდრა : მე ვარ.

იოანა : … გიცანი.

ალექსანდრა : კარგად გესმის ?

იოანა : ისე, თითქოს გვერდით იყო…

ალექსანდრა: როგორ ხარ?

იოანა: როგორც ყოველთვის. შენ?

ალექსანდრა: მეც არა მიშავს.

იოანა: შეეჩვიე?

ალექსანდრა: დედა როგორ არის?

იოანა: კარგად, მცირე ტკივილებს თუ არ ჩავთვლით.

ალექსანდრა: რამე სერიოზულია?

იოანა: არა, შეიძლება გრიპი ეწყება.

ალექსანდრა (ახველებს): თავს უნდა მოუაროს.

იოანა: სხვათა შორის, შენც. ექიმთან მიხვედი? ამბობენ, შვეიცარიაში გადასარევი ექიმები არიანო…

ალექსანდრა: ჰო, შოკოლადის არ იყოს…

იოანა (ვერ გაიგო): კარგად არ ისმის…

ალექსანდრა: ექიმისთვის ჯერ ვერ მოვიცალე…

იოანა: მაქაურობას როგორ შეეჩვიე?

ალექსანდრა: მენატრები, გესმის? ძალიან მაკლიხარ…

იოანა: ჩვენც გვენატრები. შენს წერილებს ვიღებ, მე მგონი, ყველას. თუ არ ვცდები, ოცდასამი უნდა იყოს.

ალექსანდრა: ორიც გზაშია. გრაფომანი გავხდი.

იოანა: შეეჩვიე მაქაურობას?

ალექსანდრა: ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა… თუმცა, მცდელობას არ ვაკლებ. მე ხომ ისევ ის სამაგალითო, გულადი პატარა ჯარისკაცი ვარ. (სამხედრო სალამს განასახიერებს).

იოანა: დიდი სხვაობაა?

ალექსანდრა: ჯერ არ ვიცი.

იოანა: მართალია, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, თანაც, ურიგოდ?

ალექსანდრა: მართალია, ყველაფერია. მაგრამ ყველაფერი განსხვავებული…

იოანა: მაგალითად?

ალექსანდრა: პირველ რიგში, ადამიანები…

იოანა: მაინც, როგორები არიან?

ალექსანდრა: მიცვალებულები… სიცოცხლისგან დაცლილები. კარგად მოვლილი ხელოვნური კბილებივით.

იოანა (შეძრწუნებული): მართალს ამბობ?

ალექსანდრა (ცდილობს გაიცინოს): არა, არა, უბრალოდ, ცოტათი სევდიანები არიან… მდუმარენი… რაღაცნაირად უსახურნი, ფიტულები გეგონება… ჩვენებური სინედლე და სიქორფე აკლიათ…

იოანა: სადღაც წავიკითხე, რომ მანდ საშინელი კრიზისია…

ალექსანდრა: წარმოუდგენლად საშინელი! ყველას ერთი სული აქვს, რუმინეთში ეკონომიკურ ლტოლვილებად გადმოსახლდნენ…

იოანა: საიდან რეკავ? ბევრი ხომ არ გეხარჯება?

ალექსანდრა: რკინიგზის სადგურის ფოსტიდან. საღამოობით სხვა ვერსაიდან დარეკავ.

იოანა: დედა შინ არ არის. ეწყინება, რომ აგცდა.

ალექსანდრა: აცდენის რა მოგახსენო. მე მგონი, პირიქით. (ნერვიული სიცილი). ზუსტად მოარტყა, მე რომ გამაჩინა.

იოანა: არ მიყვარს, ასე რომ იცინი: იმის ნიშანია, რომ კარგად ვერ ხარ.

ალექსანდრა: დედა დამიკოცნე, ბებიაც, ერთი სიტყვით, ყველა.

იოანა: ყველანი შენზე ვფიქრობთ, გაიგე? ყველანი…

ალექსანდრა: ფული ხელში ჩამივარდება თუ არა, ისევ დაგირეკავ…

იოანა : მიყვარხარ.

ალექსანდრა : მეც მიყვარხარ.

იოანა : მანდ ცივა?

ალექსანდრა : ჰო.

იოანა : ჩვენთან გაზაფხულის ნასახიც არ არის.

ალექსანდრა : აქაც ასეა.

იოანა : ჰო, არ დავივიწყოთ: ერთად!

ალექსანდრა : მუდამ !

(ერთიც და მეორეც ყურმილს კიდებენ).

7

წერილები

ალექსანდრა: ჩემო კარგო, მას შემდეგ, რაც წამოვედი, დღეს საღამოს პირველად ვისაუბრეთ ტელეფონით. ხუთი წუთი გინდ ყოფილა, გინდ არა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მოკლე ხუთი წუთი იყო. არადა, რამდენი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. რას იზამ, გონებას უნდა მოვუხმო, თავს ძალა დავატანო. ხუთ წუთს თუ გადავაცილე, კაპიკიც აღარ შემრჩება. ნაზი, მაგრამ მტკიცე ხმა გქონდა… მე კი რაღაცას ვლუღლუღებდი. იცი, ნელ-ნელა ვკვდები. ასე მგონია, ოცი წლის ასაკს ვერც მივაღწევ. ყვავილების მცოდნეს რომ ჰკითხო, გეტყვის, ზრდასრული მცენარე სხვა ქოთანში არ უნდა გადარგოო.

იოანა (ოთახში მარტოა და პაკის როლს იმეორებს): `დავეხეტები ღამ-ღამობით, სიხარულს ვაფრქვევ, თვით ობერონსაც ეცინება ჩემს ხუმრობაზე. როდესაც ქერით ნაპატიებ ჭაკად ვიქცევი და ხვიხვინს მოვრთავ გალაღებულ ულაყის გვერდით… ტიტანიასაც გვარიანად ვაცინებ, როდესაც შემწვარი ვაშლის ფორმას ვიღებ და ვინმე ჭორიკანა დედაკაცის ბარძაყებს შორის მოვყუჩდები. ჰოდა, ტიტანიაც გულიანად ხარხარებს. მაშინ მის ფართო გავას ვეფარები, ის კი შემოტრიალებას ცდილობს, იატაკზე ეცემა, ბებერ ფეხებს ჰაერში ასავსავებს და გაოცებისგან სლოკინებს. გიყვარდეს, პაკის ოინების მოტრფიალე საზოგადოება (ტირის) ხორხოცებს, ფეხებზე ხელებს იტყაპუნებს და გაიძახის `ამაზე სასაცილო აქამდე არაფერი გვინახავსო~. (ყოველგვარი ყოვნის გარეშე) გამოცდის დღეა და მე პაკს წარმოვადგენ.

ალექსანდრა : ჰოო, გამოცდები ! როგორ მსურს, შენს ადგილზე ვიყო (სასოწარკვეთილი) და არა ოთახში გამოკეტილმა კითხვარების პასუხებზე ვიმტვრიო თავი, ან წერილები ვწერო მაღაზიების პატრონებს, იქნებ, სამუშაოდ ამიყვანოთ-მეთქი (თავს ერევა). რა თქმა უნდა, შედეგების გამოცხადება ჯერ შორსაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩააბარებ.

იოანა : როგორც იქნა, გავიგე ტექსტი, რომელიც მითარგმნე: პაკი ერთადერთი ენაკვიმატი მასხარაა ამ საშინელ მასკარადზე, სადაც ტირანი ღმერთების წყვილი იმით ერთობა, რომ ტვინს ურევს მოკვდავთ. მონოლოგის მხიარული დასასრულის კითხვისას სულელივით ვტიროდი. შენ ფრჩხილებში აღნიშნე: `ან იქნებ, სიხარული ატირებს, უბედურება აცინებს~. პირველად ვერაფერი გავიგე. გამოცდაზე კი გონება გამინათდა, იმიტომ რომ როლს შენთვის ვთამაშობდი… საგამოცდო კომისიის აზრი იმ წუთს ფეხებზე მეკიდა. პროფესორებს სუნთქვა შეეკრათ, პირი დააღეს და სტუდენტებივით ტაში დასცხეს!.. გაისად რა მეშველება, გვერდით რომ აღარ მეყოლები? ჯინამ, შენმა მასწავლებელმა მითხრა: `ალექსანდრას როდესაც მისწერ, გადაეცი, რომ დღეს, პაკს რომ ვუსმენდი, მისი ხმა გავიგონე.~

ალექსანდრა : ჩემო პატარავ, ძალიან ვამაყობ შენი წარმატებით! მერწმუნე, მილოცვები მხოლოდ შექსპირს და შენ გეკუთვნით. რადგან პირველის ნაცნობობის ბედნიერება არ მეღირსა, რომ კისერზე შემოვხტომოდი და მადლობა გადამეხადა, ჩემს `ყოჩაღს~ მხოლოდ შენ მოგიძღვნი. (უცებ მოიქუშება) წერილში მირჩევ, რომ `გავინძრე~. ვცდილობ. ჩემი ხელნაწერები ქალაქის თეატრებში დავაგზავნე, მერე ყველას ოთხჯერ მაინც დავურეკე. შენც კარგად იცი, ჩალიჩი არ მეხერხება. არავის აზრად არ მოსვლია, თვალი მაინც გადაევლო ჩემი პიესებისთვის. მითხრეს, ვინმე რეჟისორმა უნდა გაგიწიოს რეკომენდაციაო. მეგონა, მეხუმრებოდნენ. ნაკლები ხუმრობა არც მე ვიცი-მეთქი, ვიფიქრე და წამსვე გამოვაცხვე წერილი ალექსანდრა-პოპესკო-რეჟისორის სახელით ალექსანდრა-პოპესკო-მომავლის-მქონე- დრამატურგის პიესებზე. ვაქე და ვაქე. ავტორს ძალიან ვაფასებ, მზად ვარ ერთ კვირაში დავდგა მისი პიესა-მეთქი. შენ წარმოიდგინე, არავის გაუცინია. ახლა ხელნაწერებიც აღარ მაქვს. უცნაურია, არა? ჩვენთან უამრავი მკიხველია. შენ წერ, სხვები შენს ნაწერს კითხულობენ. მთავარია ისეთი ასლების გადამღები მანქანა იპოვო, რომელიც ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ არ იქნება. აქ ასეთი მანქანები თითოეული ქუჩის კუთხეშია. გეგონება, წვიმის შემდეგ ამოსული სოკოებიაო, მაგრამ რად გინდა, ასლების გადასაღები ფული არ მაქვს. აქ უფულოდ ფონს ვერ გახვალ. მხოლოდ ერთი პატარა თეატრის დირექტორმა არ დაიზარა და ჩემი პიესები წაიკითხა. მომწერა, თქვენი პიესები მომეწონა, ფულს თუ იშოვით, მზად ვარ დავდგაო. შევუთვალე, ფული რომ მქონდეს, თქვენ აღარაფერში დამჭირდებოდით, ჩემს დაწერილ პიესას მე თვითონ დავდგამდი-მეთქი. თუ გამოიცნობ, რა პასუხი მივიღე? ზუსტად ისეთი, ჩვენთან რომ იციან, თავი სამშობლოში მეგონა: `სისტემაა ასეთი~. მეც არ დავახანე და რიტუალური ფრაზა შევაგებე: `სისტემა კი არა, დამპლობაა~. ჩვენგან ერთი განსხვავება ის არის, რომ შემომითვალა, სრული სიმართლეაო.

იოანა : ჩემო კარგო, ცხრა თვეც არ გასულა, რაც წახვედი და უკვე ბევრის დავიწყება მოასწარი. აი, თუნდაც, შენი ბოლო წერილი და ეს სიტყვა `დამპლობაა~… დეიდა პრუდანსს არც ისე მოეწონა. გამომიძახა და მითხრა, ეს ერთხელ მიპატიებია, რადგან ასეა თუ ისეა, წერილში კაპიტალისტურ სისტემას აკრიტიკებს, მაგრამ მომავალში ნუღარ გაიმეორებსო. მადლობელი იყავით, მიწერ-მოწერას რომ არ გიშლითო. დეიდა პრუდანსის ერთი თანამშრომელი ჩვენი ბიძის, იოანოპესკოს მოწაფე იყო და მამაჩვენს აღმერთებდა. ამიტომაა, რომ დეიდა პრუდანსი მცირე შეცოდებებზე თვალს ხუჭავს, მაგრამ ძალიანაც ნუ გადავამეტებთ. ერთი სიტყვით, შენც კარგად ხვდები… საბრალო დეიდა პრუდანსი, რას იზამ, დაბერდა. შენც იცი, მოხუცებს ყველაფერზე თვალი უჭირავთ, ყველაფერს აკონტროლებენ და ყველაფერზე ეჭვიანობენ, განსაკურებით, ახალგაზრდებზე.

ალექსანდრა (ბრაზით ურტყამს ხელს საბეჭდ მანქანას): გადასარევი ამინდია. ლურჯ ცაზე თეთრი ღრუბლების ქულები მიცურავენ.,ლოზანში მინუს ხუთია, სენ-სიერჟში მინუს ათი…

(ჩერდება, საქორწილო კაბას ღებს, იცვამს, ავან-სცენაზე _ ბაღში გამოდის, ელოდება სცენაზე გასვლას, ისე, თითქოს კულისებში იყოს. რთავენ მუსიკას: მენდელსონის `საქორწინო მარშს~ `ზაფხულის ღამის სიზმრიდან~. ალექსანდრა სცენაზე შემოდის, კუშტი იერით უყურებს წარმოდგენას, ხსნის ჩემოდანს, შიგ აგდებს პატარძლის გვირგვინს, ორ ხელნაწერს, ხურავს ჩემოდანს. პარტნიორივით ჩაიხუტებს და ვალსს წაიცეკვებს. უცებ, მუსიკა აირევა, უაზრო ჰანგებად იშლება, რომელთაგან ბეთჰოვენის `ოდა სიხარულს~ ამოიზიდება. ალექსანდრა ჩემოდანს ხსნის. ხელნაწერი და გვირგვინი იატაკზე მიგორავს. ალექსანდრა ჰაერში ატრიალებს ჩემოდანს: თავზე თეთრი კონფეტების წვიმა ეცემა. ალექსანდრა ოთახიდან გადის და კარს ღია ტოვებს…)

იოანა (წერს და თან ტირის): ბინაში თოვს…

***

იოანა (ბედნიერი): გავიმარჯვე. ბულანდრას თეატრში სეზონი პაკმა გახსნა. სცენაზე ყოველ საღამოს გამოვდივარ. გუშინ, ჩვეულებისამებრ, დარბაზი გაჭედილი იყო. ტაშმა დამათრო. ამიტომ, დღეს, ნაბახუსევზე, მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრა, ის, რასაც მუდამ გიმეორებ: `მიყვარხარ~. (აგზნებული) წელს მანდ რა არის მოდაში? თეატრში სეზონის დახურვის ზეიმს უნდა დავესწრო და არ ვიცი, რა ჩავიცვა. წარმომიდგენია, შენ რა ლამაზი კაბები გაქვს…

ალექსანდრა (ქირქილით): მართალი ხარ, ჩინებული გარდერობი მაქვს! (კარადის კარებს ფართოდ აღებს. კარადა ცარიელია). რა თქმა უნდა, სულო და გულო! დიდი კუტურიების, შთაგონებული გიჟების მიერ შექმნილი დიდებული კაბები… ისეთი ექსცენტრული, რომ მათი ჩამცმელი არავინ მეგულება. მხოლოდ ჟურნალებში, ფერად ფოტოებზე თუ იხილავ. ერთი აქაური ილუსტრირებული ჟურნალები წაგაკითხა: ჭორების მეტი არაფერია. ცნობილი ქვრივი ქალები, ხმის არმქონე მომღერლები, კოხტაპრუწა ესტრადის ვარსკვლავები, რომლებიც წერენ და მწერლები, რომლებიც კოხტაპრუწობენ, მოკრივეების ან ცრუ პრინცესების ქორწინება ან განქორწინება… ვიღაცას სურდო შეეყარა ან რაღაც მეტაფიზიკურმა სენმა დარია ხელი… სამყარო კულტურული განუვითარებლობის გზაზე დგას, როგორც თქვა პროგრესის მოძულე ერთმა აქაურმა. პოლიტიკაზე აღარაფერს ვამბობ, თხუნელებივით ბეცები არიან. სხვათა შორის, სხვა უამრავ სისულელესან ერთად, იმასაც ამტკიცებენ, რომ ალფრედი უდიდესი პოლიტიკოსია, ადამიანის უფლებათა თავგადაკლული დამცველი, ჩვენ კი, ვინც მის რეჟიმს გამოვექეცით, უკეთეს შემთხვევაში, ფსიქიურად დაავადებულნი ვართ, რომლებიც ყოველნაირად ვცდილობთ, თავი ვიმართლოთ, უარეს შემთხვევაში კი, ეკონომიკური ლტოლვილები.

იოანა : ალფრედი და ადამიანის უფლებების დაცვა?.. ეს უკვე მეტისმეტია. ხომ არ გაგიჟდნენ!

ალექსანდრა : არა, უბრალოდ ბრმები არიან. მაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა. ხარახურით ვვაჭრობ. ხომ ხედავ, უაზრობისკენ სავალი გზა ავირჩიე. ყოველდღე, რვა საათის განმავლობაში ქოლგებს, ქამრებს და ცხვირსახოცებს ვყიდი. დღეს, ერთმა მოხუცმა ქალმა ამიხსნა, რომ ქოლგის დასაკეცად საჭიროა კარგად მახსოვდეს ერთი რამ: ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი სწორი ხაზია, ესე იგი, მთავარია ქოლგის ჩხირები. საჩვენებელი გაკვეთილი ნახევარი საათი გაგრძელდა და ყოველ წუთს ერთი და იგივე მისამღერი: `ხომ გესმით, რისი თქმა მსურს?~ ისე ყვიროდა, თითქოსდა ყრუს ელაპარაკებოდა. მეც ვეღარ მოვითმინე და მივახალე: `ცუდი გამოთქმა კი მაქვს, მაგრამ ყრუ არ გახლავართ-მეთქი~. ხმამაღლა ილაპარაკეთ, არაფერი მესმისო, მიპასუხა.

იოანა : დედა გამოიძახეს და გააფრთხილეს, უცხოეთში მოგზაურობაზე არც იფიქროო. მერე იმ ტიპმა დაამატა: `ჩემი ქალიშვილი რომ იყოს, საკუთარი ხელით მივახვრიტავდიო~. ახლაც გონს ვერ მოსულა. ფრთხილად იყავი, მანდ მცხოვრებ თანამემამულეებს ერიდე… შენც ხშირად გითვამს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო…

ალექსანდრა : ერთ ფეხმძიმე ქალს ქოლგა მივყიდე. აღელვებული ვიყავი, იმიტომ რომ მშურდა. შემეშალა. ასეთ შემთხვევაში, მაღაზიის მეორე ბოლოდან განყოფილების უფროსი უნდა გამოვიხმო. ამას კი მთელი აურზაური მოჰყვება. ამიტომ შეცდომას თვითონვე ვასწორებ. თუ თანხა ნაკლები გამოვიდა, წინა ნავაჭრის ფულს შემდეგს ვამატებ, თუ ზედმეტი მომივიდა, შემდეგს ვაკლებ. ადვილი საქმეა. შენც კარგად იცი, რომ ანგარიში ყოველთვის მეხერხებოდა. მეგონა, ყველა კმაყოფილი დარჩებოდა, რადგან უფროსს არ ვაწუხებდი და ანგარიში ზუსტად გამომდიოდა. ჰოდა, ახია ჩემზე! იცი, რა მითხრეს: თქვენ, უცხოელებს, თავში მედამ კომბინაციები გიტრიალებთო.

იოანა : რა ბედნიერი ხარ, რომ აქედან წახვედი. ინსტიტუტში ხმა დაირხა, რეჟისორების ჯგუფს ხურავენ, რეჟიმის მტრების ბუდეაო.

ალექსანდრა (შემოდის. ხელში ლამაზად შეფუთული საჩუქრის ყუთი უკავია): უკვე დავიღალე. შენი თეატრალური წარმატების აღსანიშნავად პირველი ხელფასით საღამოს კაბა გიყიდე… ნამდვილი სასწაულია… ჰო, მერე კიდევ, როდესაც კლიენტს ქამრის დამოკლება უნდა, მუდამ ვიმალები : ამ თვეში უკვე სამი გავაფუჭე. სამივეს ფასი ხელფასიდან გადამახდევინეს. ხელსაქმეს თავს ვერასოდეს ვაბამ. კაბის შესაფერის ფეხსაცმელს შემდეგ ხელფასზე გიყიდი. (კარადიდან თეფში გამოაქვს, მოხარშულ კვერცხს ორად ჭრის, სანამ იოანას წერილს წერს, ნახევარს ჭამს).

იოანა : მაგარი კაბაა. ყველამ პირი დააღო, პირველ რიგში კი მე… შენი პირველი წიგნის წარდგენისას ჩავიცვამ… უცნაური რამ გავიგე. ამბობენ, ყველამ სამუშაო ადგილზე გინეკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროსო. ეტყობა, ჭორია… მაძღრისად თუ ჭამ ?

ალექსანდრა : ეჭვიც არ შეგეპაროს! რატომ მეკითხები? (თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, კვერცხიან თეფშს კარადაში ჩურთავს). ოთახში ორნი ვცხოვრობთ. სირთულე ის არის, რომ სინათლეში ვერ იძინებს. მე კი ღამე წერა მიყვარს. ამიტომ, შთაგონებას სართულის მოედანზე, საერთო ტუალეტში ვეძებ. რაც არ უნდა დავწერო, ტუალეტის მწერლად დავრჩები. თუ მოვიწყინე, ტბის ნაპირას მივდივარ და გედებს ვუყურებ. კაბის ჩაცმა ახლავე შეგიძლია. ჩემი წიგნის ფრანგულ ენაზე გამოცემას ნუ დაელოდები. ეს არც ისე სწრაფად მოხდება: გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ, ლექსიკონიც მწირი მაქვს და ამ წყეულ დროთა შეთანხმებაზე აღარაფერს ვამბობ. (კიდევ ერთ კვერცხს ჭრის, ერთ ნახევარს ჭამს, მეორეს ინახავს). თუმცა, თავს არ ვზოგავ. შენი წერილებისა და ჩემი პიესების გარდა, რუმინულად არაფერს ვკითხულობ. არავის უთხოვია, მაგრამ პიესების თარგმნას თავბრუდამხვევ რიტმში ვაგრძელებ. ყოველ საღამოს, უფრო სწორად, ღამით, ორ გვერდს ვახრჩობ.

იოანა : დედას ახველებს. მკურნალობაზე უარს ამბობს. თხოვე, იქნებ დაგიჯეროს და ექიმთან წამომყვეს. შენ უარს არაფერზე გეუბნებოდა. მაგრამ შენს წერილებში ამაზე კრინტიც არ დაძრა, ყველას კითხულობს. მისი ამბის შენთვის მოყოლა ამიკრძალა, რომ ზედმეტად არ იღელვო.

ალექსანდრა : გაგიკვირდება, რასაც გეტყვი. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ გული მაინც მწყდება, რომ შვეიცარიას ზღვა არა აქვს. მეტყვი, გეოგრაფიაში ძალიან მაგარი იყავი და ეს არ უნდა გაგკვირვებოდაო… და მაინც… ცოდნა ერთია, გააზრება და თავის დარწმუნება სხვაა… თითოეული გამვლელის თვალში ვხედავ და ვკითხულობ, თითქოს ყურში ჩამესმის: ეს არის ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ზღვა. აქაურებს ძალიან ლამაზი, მელანქოლიური და მეოცნებე თვალები აქვთ, მაგრამ ერთი ფერი აკლიათ: ზღვისფერი. ჩვენთან ამაზე არ ვფიქრობდი, ყოველივე ისედაც აშკარა მეჩვენებოდა. იცი, საქმე ცუდად რომ წასულიყო, შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ხელდახელ გაკეთებულ ნავებში ჩავსხდებოდით, ესოდენ საყვარელ მიწას დავტოვებდით და ზღვას შევაფარებდით თავს. მაგრამ შვეიცარიაში ზღვა არ არის. Things that money can’t buy… დღეს დიდხანს ვისეირნე ტბის ნაპირზე, ვიდის ტყეში. ვერ წარმოიდგენ, როგორ გავიხარე, როდესაც, მოულოდნელად, ვიდის თეატრის კუბურ შენობასთან აღმოვჩნდი. მაგრამ მყისვე გული მომეწურა: თეატრი თითქოს მსაყვედურობდა: შენ რაღას აკეთებ, რას მიაღწიე? ო, რა შორს ვარ თეატრისგან!.. იმ დღეს, ოცი წელი შემისრულდა.

იოანა : დაბადების დღეს გილოცავ, ძვირფასო, მთელი ცხოვრება წინ გაქვს და სამყაროც შენია. გაბრიელა უცხოელზე გათხოვდა. პასპორტს მიიღებს თუ არა, გაემგზავრება. ბიჭები ჯარში გაიწვიეს. პატარა ჩემოდნებით წავიდნენ. სევდიანი სანახაობა იყო… რადუ მთიან სოფელში გაამწესეს… ყოველ კვირას სურათს ვუგზავნი… თითქოს პატიმრის ცოლი ვიყო… ახალი სეზონისთვის ისმენის როლს ვამზადებ. ანა სეფსისს გადაჰყვა… მხოლოდ სამი თვე გაძლო…

ალექსანდრა : საბავშვო ბანაკში ვმუშაობ, მთებში, შესანიშნავ ბუნებაში. ლოზანიდან მატარებლით ვევეიში ჩავდივარ, იქიდან კი ერთობ რომანტიკული ეტლით ბლონემდე მივდივარ. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და ჰა, შენ, ბავშვებიც! ვინ არ ვნახე: აუტისტები, გონებადაქვეითებულები, სრულიად უგრძნობები. თვალი წამითაც არ უნდა მოაშორო, განსაკუთრებით, როდესაც გარეთ არიან… ბალახს ჭამენ… მასტურბაციას ხომ ნუღარ იტყვი… დირექტორს ვკითხე, რატომ ვუკრძალავთ-მეთქი. ალმაცერად შემომხედა და მითხრა, წესიერი გოგო მეგონე, შენ კი იმედი გამიცრუეო… ჩემს წესიერებას ამ გაუბედურებული ბავშვების მასტურბაციასთან რა კავშირი აქვს, ვერ გავიგე… ფრანგული ენის კურსები წარჩინების დიპლომით დავამთავრე. ხომ ხედავ, `წესიერიო~, `წარჩინებულიო~. სულ მაღლა და მაღლა… ნეტავ, როდის მორჩება? ბოლოს და ბოლოს, თავშესაფრის მოთხოვნაც დააკმაყოფილეს. უფლება მაქვს, სადაც მომესურვება, იქ წავიდე და სტიპენდია მივიღო, თუკი ბაკალავრის გამოცდას გადავაბარებ. აქ რუმინული დიპლომი არ გადის. თავიდან უნდა დავიწყო. ყველა უბედურება მე მემართება…

Anca en Chanel rose

იოანა : ქრისტინას ცუდი ამბავი შეემთხვა. შენ იცი, ყურებამდე იყო შეყვარებული ერთ არქიტექტორზე. ისე, კაცსაც არა უშავდა, თუმცა ქრისტინას ყურადღების ღირსად არ თვლიდა. მაგრამ ამ ზაფხულს, წარმოიდგინე, ყველასთვის მოულოდნელად არშიყი დაუწყო: ეს პაემანიო, ეს საჩუქრებიო. ჰოდა, სიყვარულიც გაჩაღდა. ქრისტინა სიხარულით მეშვიდე ცაზე იყო. ამას ისიც დაერთო, რომ სამედიცინოზე ჩააბარა. იდილიის მეათე დღეს, ტიპმა ხელი და გული სთხოვა, თანაც აჩქარებდა, ქორწინებას ნუ გადავდებთო. სიხარულისგან გაგიჟებულმა ქრისტინამ ფეხი აითრია, ქორწინებას ნუ ვიჩქარებთ, ჯერ ინტიმურად დავახლოვდეთ, თქვენისთანა მამაკაცს უფლება აქვს, ქორწინებამდე მოისურვოს რაღაც-რაღაცაო… ჰოდა, ტიპი ავარდა. ცოფებს ყრიდა, სექსუალური მანიაკი ნუ გგონივარ, წესიერი და ზრდილი კაცი გახლავარ, სხვებში არ აგერიოთო… აზრზე მოდი!.. ქრისტინამ მაგარი შიში ჭამა, ეგ არის და საქმრო დავკარგეო… ჰოდა, თანხმობა მისცა… საჭირო საბუთები ერთ დღეში შეაგროვეს. საქმრო გვერდიდან არ შორდებოდა, მხოლოდ ღამით ტოვებდა, ქორწინებამდე თავს იკავებდა. დილის რვა საათზე განცხადების შესატანად სახალხო საბჭოში წაიყვანა. ამის შემდეგ, ორი თვე აღარ გამოჩენილა: დედაქალაქიდან 500 კილომეტრით დაშორებულ მშენებლობაზე მუშაობდა. ქრისტინას სურდა გაყოლოდა, მაგრამ კაცმა დაუშალა, ვაითუ ჩვენ შორის რამე მოხდეს, მე კი ჩვენი წმინდა კავშირის შერყვნა არ მინდაო. სამოქალაქო ქორწინების დღეს დაბრუნდა. მეც დამპატიჟეს. ქრისტინა პირდაპირ ანათებდა, ძალიან ლამაზი იყო. ცერემონიამ წესის და რიგის მიხედვით ჩაიარა და ყველანი სახლში დავბრუნდით, საღამოს წვეულებისთვის რომ მოვმზადებულიყავით. ცხრა საათზე, ქრისტინასთან რომ მივედით, მარტო დაგვხვდა… საქმროს ველოდებოდით… ერთი საათი გავიდა, მერე მეორე… შუაღამისას ძალიან დარცხვენილები დავიშალეთ. ის დღე იყო და ის დღე… ტიპი ამის შემდეგ აღარავის უნახავს. რადუმ ცა და მიწა შეძრა და გაიგო, რომ იმ ტიპმა, პასპორტი მიიღო თუ არა, თავს უშველა და ქვეყნიდან წავიდა… შენც იცი, რომ პასპორტს მხოლოდ იმათ აძლევენ, ვინც ოჯახს ქვეყანაში ტოვებს… ის ტიპი კი ობოლო იყო, ჰოდა, აი, ეს ოინი მოიფიქრა, სასწრაფოდ ოჯახი უნდა გავაჩალიჩოო. სულ ეს იყო… ქრისტინა ყველაფერს მიხვდა. ორი თვე ელექტროშოკით მკურნალობდნენ. მერე კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკრეს თავი. ახლა დერეფნებში დაეხეტება და თავისი არშემდგარი ქმრის სურათს ჩასჩერებია. გამვლელ-გამომვლელს საქორწინო ბეჭედთან და ქორწინების აქტთან ერთად ცხვირში ჩრის და ეკითხება, ეს კაცი სადმე ხომ არ შეგხვედრიაო.

ალექსანდრა : ბედი მეწია. შვეიცარიული ბაკალავრიატის გამოცდები ჩავაბარე. განსაკუთრებული არაფერი. გამოცდას მხოლოდ უცხოელები ვაბარებდით. ყველამ ერთნაირი შეფასება მივიღეთ: `საფუძვლიანი ცოდნა~. `მადმუაზელ პოპესკო, მე და კომისიის ყველა წევრი, ბედნიერები ვართ ასეთ გამოცდას რომ დავესწარითო~ _ მითხრა კომისიის თავმჯდომარემ. ასე მგონია, კანდიდატების უმრავლესობამ ფრანგულის ინჩი-ბინჩი არ იცოდა. გამოცდაში ჩვენი ელჩის ქალიშვილიც მონაწილეობდა. მეურვედ და მეოხედ დედა ახლდა. რომ გენახა, როგორ გაურბოდა ჩემთან ლაპარაკს, ან როგორ მარიდებდა თვალს, სიცილით მოკვდებოდი. ცოტა არ იყოს, შემეცოდა კიდეც… თუმცა, გამიჭირდა. რა თქმა უნდა, ჩაიჭრა, მაგრამ დასანანი არაფერი აქვს, მშობლები ლომონოსოვის უნივერსიტეტში მოაწყობენ, სტიპენდიასაც გაუჩალიჩებენ და დამთავრების შემდეგ დიპლომატიურ პოსტზე გაამწესებენ. ერთ-ერთმა გამომცდელმა ვახშამზე დამპატიჟა. ცოტა კი შევფიქრიანდი, რამე არ ამიტეხოს-მეთქი, მაგრამ წესიერი კაცი აღმოჩნდა. მთელი საღამო მაქო და მადიდა. საბედნიეროდ, ისიც გადმომიკრა, ლამაზი ხარო. რომ არ ეთქვა, მაგრად მეწყინებოდა. ხომ ხედავ, არშიყები ვახშამზე მპატიჟებენ. საჭმელს ნუღარ გამომიგზავნი. დიდი არაფერი გაგაჩნიათ, აქ კი, ისიც კი არ იციან, ამდენ სურსათს რა უყონ. თუ მაინცადამაინც გინდა მასიამოვნო, კარაჩეკის პიესები გამომიგზავნე. წერა თუ არ შემიძლია, ვთარგმნი მაინც. გამომგზავრებისას გგონია, რომ აბგაში მარშალის კვერთხი გიდევს, ჩამოხვალ და ხელში რიგითი ჯარისკაცის მათარა შეგრჩება… შვეიცარიაში შემოდგომაა.

იოანა : შენგან ესოდენ დაფასებული კარაჩეკის პიესების გამოგზავნა მინდოდა, მაგრამ გაგიკვირდება და ვერსად ვიპოვე. ეტყობა, აღარ ბეჭდავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიტერატურის კლასიკოსია და სკოლაშიც ისწავლება. ჩვენი ალფრედი კლასიკასაც არად დაგიდევს. სახელმძღვანელოდან რამდენიმე ფურცელი ამოვხიე და გიგზავნი. სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.

ალექსანდრა : მე მგონი რაღაცას მივაღწიე. ახლა უკვე გარკვეული სტატუსის მქონე ქალი ვარ : გამოცდებზე მაღალი შეფასების გამო, სტიპენდია დამინიშნეს, იმ პირობით, თუ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. რას იზამ: დღეში სამჯერ ჭამის შესაძლებლობა ერთ იურიდიულ მესად ღირს! ახლა შემიძლია გითხრა: მთელი წელი ვიშიმშილე! პროტეინების ხათრით სალათას და დღეში ნახევარ მოხარშულ კვერცხს ვჭამდი. ვინ დაიჯერებს, რომ მესამე სამყაროს ქვეყანაში დაბადებული საშიმშილოდ შვეიცარიაში ჩამოვედი. ეტყობა, ჩემი ბედიც ეს არის. ყველა რაღაცას აკეთებს, მე კი არაფერი გამომდის. მოვრჩეთ ამაზე, ახლა ყველაფერი უკან დარჩა. საჭმელი კი გავინაღდე, მაგრამ პრობლემებს რა გამოლევს. ჩემს მომავალ თანაკურსელებს შევხვდი. საუბრისას სიტყვა ჩვენს ალფრედზე ჩამოვარდა. გიჟია-მეთქი. ასეთი აგრესიული რატომ ხართო, მკითხეს. `აგრესიული სულაც არ გახლავართ, მგზნებარე ვარ~ _ ვუპასუხე. მინდოდა მეთქვა, ცოცხალი ადამიანი ვარ და ყველაფერს საღად ვაფასებ-მეთქი. `ჩვენთან არ ყვირიან, ჩვენთან დემოკრატიაა~ _ დინჯად ამიხსნეს. პირველი ლექციის შემდეგ ერთმა სტუდენტმა მკითხა, თქვენთან `ჩვენისთანა~ მაღაზიები თუ არისო. თვალის დაუხამხამებლად მივახალე: `ტყავი გვაცვია და ქორწინებაც ჩვენებური გვაქვს: მამაკაცი ქალს თავში კომბალს ურტყამს, კერიასთან მიათრევს და ცეცხლს ნაფოტის ნაფოტზე ხახუნით ანთებს~. როცა მივხვდი, რომ ვერაფერი გაიგო, პარაბოლა მოვიშველიე: `თქვენთან მაღაზიას აწერია `ყასაბი ჟანი~, მაღაზიაში შეხვალ და შიგნით ხორცია, ჩვენთან გარედან აწერია `ხორცი~ შიგ კი მეყასბის გარდა არავინ და არაფერია~. მაინც ვერაფერი შევაგნებინე. დღეს საკონსტიტუციო სამართლის პირველი ლექცია ჩაგვიტარდა. გავიგე, რომ შვეიცარიის რევოლუციას საშინელი შედეგი მოჰყვა: ოთხი კაცი დაიღუპა! როგორია?! ხოცვა-ჟლეტა თუ გინდა, ეს არის! ასეთი წარსულის ხალხი ჩვენს გაჭირვებას როგორ გაიგებს? გონებრივი სისასტიკეა, აბა, რა არის?

იოანა : წერას როდის განაახლებ?

ალექსანდრა : ერთი სტუდენტისგან მოვისმინე, სტუდენტური სასადილოს სოსისი გენიალურიაო. ჰო, ჰო, არაფერი შემეშალა, გე-ნია-ლური. უბრალო სოსისი! სხვათა შორის, ძალიან უგემური. თუკი სოსისი გენიალურია, ბეთჰოვენზე რაღა უნდა თქვა? მე რომ მკითხო, ვერაფერს ვიტყვი. სიტყვებს ვერ ვიპოვი. აბა, მწერალს ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს?.. თეატრალების შეკრებას დავესწარი: მსახიობი რეჟისორს ეუბნებოდა: `მომეცით თქვენი სამყაროს გასაღები, გავაღებ და შევალ~, ცოტაც და ფეხსაცმელს აულოკავდა. ჩვენი კარაჩეკი პირში მიახლიდა: `წაიკითხე, პირუტყვო, და გასაღებს იპოვი!~ მაგრამ, როგორც მითხრეს, აქ, ამ ქვეყანაში, არავინ ყვირის, დემოკრატიაა…

იოანა (იოგას ილეთის გაკეთებას ცდილობს): დამშვიდდი, ძალა და მხნეობა მოიკრიბე. რაც არ გესმის, იმას ძალიანაც ნუ ჩაუღრმავდები. დრო გავა და ყველაფერს მიხვდები. (უცებ წამოდგება და ენაჭარტალა ქალივით ხელებს თეძოებზე შემოიწყობს). ჩვენთან მამაკაცები, ეტყობა, უფრო მეტად გადაჯიშდნენ. გათხოვება თუ გინდა, დიპლომი და საკუთარი სახლი უნდა გქონდეს, მანქანაც არ გაწყენდა. ლამაზიც უნდა იყო… შენს გემოზე ვერ აირჩევ. ვინც გეძლევა, იმას უნდა გაჰყვე. გათხოვდები და ახლა სხვა უბედურება გელის: ბავშვი თუ არ გეყოლა, გამოგაბუნძურებენ. რამდენი თვითკმაყოფილი ბრექია კაცისგან გამიგია, ქალის ყურებას მის ქისაში ჩახედვა გერჩივნოსო.

ალექსანდრა : თავს ავუკრძალე რუმინულად კითხვა და წერა. ვნახოთ, რა გამოვა. მხოლოდ შენ გწერ მშობლიურ ენაზე… ჩემთვის ესეც ხეირია! მიუწვდომელი საყვარელი ენა… ნუთუ, მუდამ გულის სიღრმეში ჩამარხული დარჩება და სხვა სიყვარულებს შეებრძოლება?.. საშინელი სიზმარი მესიზმრა: უკაცრიელ ადგილას შევხვდით ერთმანეთს, თანაც ხუთი წუთით. რაღაც მსურდა მეთქვა, მაგრამ ენა ჩამივარდა და ხმას ვერ ვიღებდი. ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალებით ამოვღერღე: `მუდამ ერთად~. მივხვდი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვები იყო: იმდენი ძალა დავხარჯე, რომ ლაპარაკს ვეღარასოდეს შევძლებდი. ჰოდა, თავგადაკლულმა ვიყვირე: `მუდამ ერთად~ და, უცებ, ვიაზრე, რომ შენ დაყრუვდი…

იოანა : ვერ წარმომიდგენია, რომ ვიღაცა შეიძლება ალფრედს პატივს სცემდეს… დარწმუნებული ხარ, რომ წესიერ ადამიანებთან გაქვს საქმე?

ალექსანდრა (იცინის): გუშინ ექიმთან ვიყავი. როდესაც გაიგო, საიდან ჩამოვედი, მითხრა: `… იქ რა, თქვენისთანა ახალგაზრდები არ სჭირდებათ?~… საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი იყო… ინსტიტუტში ერთ გაწამაწიაში ვარ. განსაკუთრებით სამ ახალგაზრდა მარქსისტს ვეკამათები. მკითხავ, თუ არ მოგწონს, რაღას ელაპარაკებიო. წარმოიდგინე, ყველა დანარჩენს სჯობიან, აზროვნებენ მაინც. მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუგებთ. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე მარქსი წაკითხული მაქვს. მართალია, ძალით წამაკითხეს, მაგრამ გავიგე… და ზოგიერთი რამ მომეწონა კიდეც. ისინი კი პირველი ტომის მეათე გვერდს იქით ვეღარ წავიდნენ. დღეს 1975 წლის 1 მაისია. საიგონის დაცემის დღეა. ტელევიზორში ვნახეთ: ადამიანები სატვირთო მანქანებს იტაცებენ, ოჯახის წევრები ერთმანეთს ეძებენ, მეტოქეები ერთმანეთს ანგარიშს უსწორებენ. სიხარულისგან ისტერიამდე მისულმა თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა სუფრა გამართეს. ჰო, მართლა, შენი ობერონი რასა იქმს? ახალი არაფერი მოგიწერია…

იოანა : ახლა მედეაზე ვმუშაობ. რადუ დამშორდა. ერთ თვეში ცოლს მოიყვანს. როგორც ხდება ხოლმე, ყველაზე ბოლოს მე შევიტყვე, რომ სხვა შეყვარებულიც ჰყავდა. პაკს დიდი წარმატება ერგო წილად. სწორედ გუშინ საღამოს ობერონი თეატრში იყო. ახლა ალფრედს უძღვნის ოდებს, ხალხმრავალ წარმოდგენებს დგამს, ცნობილი და ყოვლისშემძლე გახდა. დარბაზში მისი ყოფნა ერთ რამედ ღირდა.

ალექსანდრა (წერილს გადახედავს): კარგი რამაა: პაკი ყაჩაღებს შორის… (ფეხაკრეფით ტოვებს სცენას).

იოანა : ჩემს ოთახში მოვიდა მოსალოცად და, რა თქმა უნდა, შენი ამბებიც გამომკითხა. საოცარია, ვერ მიხვდა, რომ ტექსტი შესწორებული იყო და თანაც შენ მიერ… მეგონა, უფრო კარგად გიცნობდა… ჩემზე არ იდარდო: რადუ ფეხებზე მკიდია. მასზე კარგებიც არიან.

ალექსანდრა (გვერდითი კარიდან შემოდის მაყურებელთა დარბაზში, სკამებს გამოჰყვება, ალაგებს და სცენაზე ადის): როგორც იქნა, ყველა ნორმალური დევნილის კლასიკური სიზმარი მესიზმრა. რა თქმა უნდა, მეც მათ დღეში ვარ და ამიტომ მიკვირდა, რომ სიზმარი იგვიანებდა. ახლა კი იმის მეშინია, სიზმარი არ განმეორდეს. საშინელება იყო: თითქოს ისევ სამშობლოში ვიყავი, არც კი ვიცი, როგორ და რატომ. თავზარდაცემული ვიყავი: ვიცოდი, რომ აკრძალვა დავარღვიე. გამვლელის დანახვაზე ვიმალებოდი, ვინმეს რომ არ ვეცნე. ჩემს თავს ვეკითხებოდი, რამ დამაბრუნა, ეს რატომ ჩავიდინე, ჩემს დაჭერას რა დიდი ამბავი უნდა-მეთქი. ქალაქის გარეუბანში ვიყავი და სანამ დამაპატიმრებდნენ, შენს ნახვას ვიჩქაროდი. უცებ, ქუჩა ხალხით აივსო: დასამალი ადგილიც არ დარჩა. ბრბომ სადღაც გამიტაცა. მეშინოდა, თან ამ ადამიანებთან ერთობას ვგრძნობდი. კარგია, როდესაც ამდენი ნაცნობი გახვევია და მშობლიურ ენას ისმენ. თითოეულ მარცვალს, თითოეულ ინტონაციას ხარბად ვისრუტავდი. ენას კი ვცნობდი, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ მესმოდა. შეიძლება, მიცნეს და ჩემზე ლაპარაკობდნენ. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა _ როგორმე ქვეყანა უნდა დამეტოვებინა… არ მახსოვს, როგორ გამოვაღწიე…

იოანა : ზაფხულის არდადეგებზე ზღვაზე წავედი. მარტო, ესე იგი, დედის გარეშე. მერე მოგიყვები.

ალექსანდრა (სარკის წინ, ბიგუდის იკეთებს… ხელსაქმე არასოდეს ემარჯვებოდა): ვინ იყო ის იდუმალი პრინცი, ვინც ზღვის პირას სევდიანი გიპოვა და რადუს ღალატი დაგავიწყა? მე პროვანსში ვიყავი, თანაკურსელებთან ერთად. შვეიცარიიდან პირველად გავედი. ახლა, როცა ღერბით დამოწმებული საბუთი ჯიბეში მაქვს, წინ ვერაფერი დამიდგება, მოგზაურობას არ მოვიკლებ. წინ მთელი სამყაროა გადაშლილი! თავდაპირველად ორანჟს ვეწვიეთ. იქ ყოველწლიურად როკის გადასარევი ფესტივალი იმართება. გასაგიჟებელი ჯგუფის კონცერტს დავესწარი. კასეტას გიგზავნი. ძველ რომაულ თეატრში, ღია ცის ქვეშ მღეროდნენ. კონცერტი განთიადისას დასრულდა. ტერასაზე წამოწოლილი ახალგაზრდები მარიხუანას ქაჩავდნენ. პირიც არ დამიკარებია. შეიძლება, შევცდი. მტკიცედ ვიდექი ჩემსაზე. ბოლოს, ყველამ ხელი ჩაიქნია, ამისგან არაფერი გამოვა, მაინც არ მოწევსო.

იოანა (სადღაც წვეულებაზე როკის მუსიკაზე ცეკვავს): არ მესმის, ორანჟში მარიხუანას რა გაწევინებდათ? სიგარეტი გამოგელიათ თუ ბალახი უფრო იაფი ჯდება? კასეტისთვის გმადლობთ. მართლაც მაგარია. წარმომიდგენია, ცოცხლად მოსმენა როგორი იქნება! ყველა ძმაკაცს გადავაწერინე. კარგად მოგეხსენება დეიდა პრუდანსის აზრი როკზე. ჩემი მეგობრები კასეტას ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ. ჩვენთან ხომ ასეთ რამეს ვერ გაიგონებ!

ალექსანდრა : ავინიონის თეატრალურ ფესტივალს დავესწარით. ნამდვილი სიგიჟეა: ამდენი სპექტაკლი და ამდენი თეატრალი. ყველა იმას დგამს, რაც მოეხასიათება, ნებართვას არავისგან ითხოვენ. თვითონაც არ ესმით, რა ბედნიერები არიან. ნეტავ, ჩემს პიესას თუ დადგამს ოდესმე ვინმე? რა თქმა უნდა, უშაბათო კვირას.

იოანა : სეზონის გახსნაა… ტექსტებს მიხედე. აუცილებლად გაგიმართლებს და წარმატებას მიაღწევ. მთავარია, მიაღწიო, რომ ვინმემ დადგას…

ალექსანდრა (იცინის): ერთი ეს არის, რომ… (ხარხარებს)

იოანა : დანარჩენი მაყურებლის საქმეა. ის კი მუდამ მხარს გიჭერდა.

ალექსანდრა (ვითომ შეფიქრიანებული): ასე გგონია? აქეთ-იქით ვიხედები, მაგრამ ჩემს გვერდით ვერავის ვხედავ.

იოანა (შავ კაბას იცვამს, ძალიან ლამაზს, მაგრამ კარგა ხანია, მოდიდან გადასულს): თითები გადააჯვარედინე და წარმატება მისურვე. თუ გამიმართლა, ინსტიტუტის დამთავრებამდე ეროვნულ თეატრში ამიყვანენ. დედა ისევ შეუძლოდაა. სულ ახველებს. გრიპს ბრონქიტი დაერთო. გაზაფხული კი იგვიანებს. (სახის შეღებვას იწყებს).

ალექსანდრა : აქ, თეატრით დასაქმებული ადამიანები დროს პიესის დასადგმელი ფულის ძიებაში ატარებენ. დრამატურგობა და რეჟისორობა საქმეს არ ყოფნის, სხვა თვისებებიც საჭიროა. განსხვავებული ხელობაა: პროფესიული ფულზე მონადირენი ან `სახელმწიფო მათხოვრები~. მე ვერც ერთი გავხდები და ვერც მეორე. ახლა ვხვდები, მანდ რა კარგი იყო: ყოველ შემთხვევაში, ფული საძებარი არ გვქონდა, საკმარისი იყო, სახელმწიფოსთვის გეთხოვა. სამაგიეროდ, კოხტად შეკრეჭილი და დავარცხნილი ტექსტები უნდა გეწერა, ან მათი მსგავსი მაინც. მეფის მეხოტბე პოეტი უნდა გამხდარიყავი… ამაზე ადვილი არაფერია. ჰო, ლექციებზე მუდამ ვაგვიანებ, ხშირად `შატალოზე~ დავდივარ. განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სამართალს ვერ ვეგუები, მუდამ ვაცდენ და წამითაც არ ვდარდობ. სამაგიეროდ, არასოდეს გამიცდენია ლექცია, რომელიც საზოგადოებრივ უფლებებს ეხება. ჩემთვის სიახლის ხიბლი ახლავს და მიტომ. (მიემართება ტელეფონის ჯიხურისკენ, რომელიც სცენის მარჯვენა მხარეს დგას, და ნომერს კრეფს. იოანას ტელეფონი რეკავს. იოანა სარკეს შორდება და ყურმილს იღებს).

ალექსანდრა: მე ვარ.

იოანა (შეცბუნებული): შენ ხარ?!

ალექსანდრა : ხომ არ გაცდენ?

იოანა : არა. ვიღაცას ველოდები, მაგრამ არაფერია.

ალექსანდრა : დაბნეული მეჩვენები. კარგი მამაკაცია?

იოანა : ჰმ, ჰმ…

ალექსანდრა : რაო, მარადიული რადუ დაგიბრუნდა?

იოანა : არა.

ალექსანდრა : ესე იგი, ვიღაც ახალია…

იოანა : შეიძლება ასეცაა.

ალექსანდრა : აბა, ამოშაქრე!

იოანა : ახლა არა.

ალექსანდრა (ნაწყენი): გასაგებია. წუთი წუთზე მოვა… (ირონიულად) მე კი ტელეფონით გული გაგიწყალე, ყოველდღე გირეკავ…

იოანა : ჩემს სიტყებს გულთან ნუ მიიტან… შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი ყურადღებიანი, მე კი… წამითაც ვერ ვიცლი… (ბეჭედს დასცქერის). ანდრეის ნაჩუქარი ბეჭდის გამოგზავნა ნამდვილი სიგიჟე იყო… მართლა არ გენანება? ხომ არ გწყინს შენ რომ აღარ გეკუთვნის?

ალექსანდრა : რატომ მეკითხები? ვინმე გაიჩინა?

იოანა (სხაპასხუპით): არა, არა… თუმცა, ამის არაფერი ვიცი. ასეც რომ იყოს, გული დაგწყდებოდა?

ალექსანდრა : ორი წელი გავიდა… ასეა თუ ისე, მის ნაჩუქარ ბეჭედს ვეღარ ვატარებდი, სახსრები დამისივდა. არც ერთი ბეჭედი არ მერგება. ლოზანი ტბის პირასაა და რევმატიზმი აქაურებისთვის უცხო ხილი არ არის.

იოანა : ექიმს უნდა ეჩვენო.

ალექსანდრა : ასეც მოვიქცევი… დედა როგორ არის?

იოანა : არც ისე კარგად. წერილში საჭირო წამლები ჩამოგითვალე. შენც კარგად იცი, აქ ვერაფერს იშოვი.

ალექსანდრა : წერილს მივიღებ თუ არა, ვიყიდი და გამოგიგზავნი… კარგი, რადგან ასე მოუთმენლად ელი პაემანს, ლაპარაკს ვამთავრებ.

იოანა (ვითომ გამხიარულებული): კარგად, აბა, შენ იცი. (ყურმილს კიდებს; განაწყენებულ ალექსანდრას ყურმილი ხელში შეაცივდება. ზარი ირეკება. იოანა კარებისკენ გარბის, აღებს და წამოიძახებს) ანდრეი, შემოდი. (იოანა კიბის მოედანზე გადის და თვალს მოეფარება).

ალექსანდრა (ნელა კიდებს ყურმილს. ხელში გამოუყენებლად დარჩენილ ფულს შეათამაშებს. დაბნეული ჩანს): ოცდაათი… (ჩაფიქრდება) ოცდაათი ვერცხლი?.. (ოთახისკენ მიდის, წიგნს გადაშლის, რაღაცას ეძებს). `ზაფხულის ღამის სიზმარი~… აჰა, ვიპოვე! (წიგნს ხელს უშვებს. წიგნი თვითონ იშლება. ალექსანდრა ალალბედზე გადაშლილ გვერდს ჩააჩერდება.) ობერონი… ობერონი… არა, ეს არა… აჰა, ესეც ასე: პაკი! (კითხულობს) `ეს ბედისწერის კანონია: ერთი ერთგული და მილიონი ორგული და ფიცის გამტეხი…~ (ჩაფიქრდება, წიგნს ფურცლავს, კითხულობს) `მოვესწრებით კი სიყვარულის ზეიმს? ღმერთო ჩემო, ეს მოკვდავნი ნამდვილი გიჟები არიან!~ (სახეზე სევდიანი ღიმილით სადღაც შორს იყურება). შექსპირის გადაკეთება ნამდვილი სიმდაბლეა. (წიგნს მოისვრის, კარებისკენ გარბის და ეჯახება იოანას, რომელიც ოთახში შემოდის. იოანა სხვანაირია, ვიდრე წინა სცენაში იყო: სერიოზული, შავი სამგლოვიარო თავსაბურით, რომელიც თმას უმალავს; წამით, დები ერთმანეთს შესცქერიან. მოულოდნელმა შეხვედრამ ორივე გააოცა. ალექსანდრა უკან იხევს და იოანას გზას უთმობს.) მაპატიეთ, ქალბატონო.

იოანა (თავისი ოთახისკენ მიდის, ისე, თითქოს ალექსანდრა ვერ იცნო): მაპატიეთ, ქალიშვილო. (გრძნობებისგან დაცლილი, საწოლზე ჩამოჯდება) ჩემო ლამაზო და ნაზო დაიკო, გამაგრდი. წამლებისთვის გმადლობთ. გუშინ მივიღე. დედა დღეს გარდაიცვალა. ჩვენ ჯერ კიდევ ვცოცხლობთ.

ალექსანდრა : გაგიჟებას ცოტა მაკლია: კუთხეში ვარ მიმწყვდეული. სახლში რომ დავბრუნდე, დევნილის სტატუსს დავკარგავ… მანდ კი, სასაფლაოზე მისვლასაც არ მაცლიან, მყისვე დამაპატიმრებენ. შენი წერილის მიღების შემდეგ, ბერნში მიმავალ პირველსავე მატარებელში ავედი. ყველაფერი შევაწრიალე: დევნილთა ფედერალური სამსახურიც და უცხოელების მეთვალყურე პოლიციაც. ყველას კარგად ესმის, რომ დედის დასაფლავებას უნდა დავესწრო, მაგრამ ყველგან პასუხი ერთია: არა! მტკიცედ განმიცხადეს: სამშობლოში თუ გაემგზავრებით, თუნდაც ერთი საათით, შვეიცარიაში ვეღარასოდეს დაბრუნდებითო. თავშესაფარი იმიტომ ითხოვეთ, რომ თქვენს ქვეყანაში გდევნიდნენ, ახლა კი დაბრუნებას ითხოვთ… კი მაგრამ, დედა მომიკვდა… `რას იზამთ, ხდება~… ერთი, რაც გავაკეთე, ის არის, რომ მატარებელში ჩავჯექი, ჟენევაში შევჩერდი, მართლმადიდებლურ ტაძარში სანთელი დავანთე და ვილოცე… სასწაულის იმედი მქონდა. მაგრამ ღმერთმა კარგად უწყის, რომ ათეისტი ვარ. ახლა, საკუთარ თავზე ვბრაზობ: ორი წლით ადრე წამოვედი. არ უნდა ავჩქარებულიყავი. ბოლო დღემდე დედის გვერდით უნდა დავრჩენილიყავი. ვინ იცის, იქნებ არც მომკვდარიყო.

იოანა (წერილს წერს): ჩემთვისაც ძნელი გადასატანია! გვერდით აღარავინ მყავს, ბებოს გარდა, რომელიც, ღმერთმა უწყის, რას არ ბოდავს: რევოლუციას წინასწარმეტყველებს და ხელისუფალთ თათხავს!.. დღესაც, დაკრძალვისას, დიქტატორის დაცემაზე ალაპარაკდა (ნაწერს გადაშლის და ხელახლა წერს), ალფრედის დაცემაზე. კიდევ კარგი, ახლოს არავინ იყო, რომ გაეგონა. დედა ბელუს სასაფლაოზე დავკრძალეთ, ბიძია იოანის გვერდით. შენც იცი, მამაჩვენს საფლავი არ ეღირსა. შეიძლება, სადღაც დუნაისა და შავ ზღვას შორის პატარა ბორცვზე ლერწამი ხარობს. ეს არის და ეს.

ალექსანდრა (ხელნაწერებს ჩასცქერის): ვოცნებობდი, ჩემი პირველი წიგნი ფრანგულ ენაზე დედისთვის მიმეძღვნა. მაგრამ ამჯერადაც დავიგვიანე. ამას აღარაფერი ეშველება.

იოანა : დედაქალაქში სამსახურის შოვნა ტიტანურ მცდელობას მოითხოვს: თუ ვინმემ არ გიპატრონა, არაფერი გამოგივა. შუამავლები საჩუქრებით უნდა აავსო, კარები უნდა აუტალახო, თანაც არც იცი, ვინმე ხელს გამოიღებს შენთვის თუ არა.

ალექსანდრა : გაზეთში ერთი პატარა სტატიის გამოქვეყნება ტიტანურ მცდელობას მოითხოვს: თუ ვინმემ არ გიპატრონა, არაფერი გამოგივა. შუამავლები საჩუქრებით უნდა აავსო, კარები უნდა აუტალახო, თანაც არც იცი, ვინმე ხელს გამოიღებს შენთვის თუ არა.

იოანა : სურსათის ყიდვა სულ მეტად ჭირს, გაუთავებელი რიგებია. არ ვიცი, თავი როგორ გავიტანო. დედის გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლებულ ოთახში ვინმე რომ არ შემოესახლებინათ, ბებია ჩემთან გადმოვიყვანე. არ უნდოდა, ჯიუტობდა, ძლივს დავითანხმე. ლუჩიასთან ცხოვრება ერჩივნა. რძალ-დედამთილის ასეთი სიყვარული ჯერ არ გამიგია. ესეც არის, რომ ბიძაჩვენის ქვრივის ვეებერთელა ბინაში ვაჟიშვილის ნახატები მუდამ თვალწინ ექნებოდა! მაგრამ ლუჩიას ჩემსავით არ უჭირს. მისი შვიდოთახიანი ბინა მუზეუმია, ამიტომ არც არავინ ერჩის. მე კი, დედის ოთახში დეიდა პრუდანსის ვინმე ახლობელი თუ შემომისახლეს, მშვიდობით, მეგობრებო, მშვიდობით, ტელეფონო და წერილებო. ჩემი ხათრით გადმოდი-მეთქი, ვუჩიჩინებდი ბებიას. დამეთანხმა, მაგრამ წუწუნებს, ყელში ამომივიდა, მუდამ სხვებისთვის ანგარიშის გაწევაო. ალმაცერად მიყურებს, მგონი, ვერ მიტანს. აი, შენთან კი სიამოვნებით იცხოვრებდა, შენ რომ გიყურებს, მამაჩვენი ახსენდება. თავკერძა ბავშვს ჰგავს. დარწმუნებულია, რომ ალფრედის დღეები დათვლილია და შენი ჩამოსვლისთვის სურსათს ინახავს, თუმცა საჭმელი ისედაც არაფერი გვაქვს. იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენს ნახვას ეღირსება. გუშინ ფორთოხალი ვიყიდე. სამი საათი რიგში ვიყურყუტე. ბებიამ თავი მოიკლა, გინდა თუ არა, მესამედი ალექსანდრას გადავუნახოთ მაცივარშიო. რომ ჩამოვა, კარგად უნდა გავუმასპინძლდეო. მაცივარს წამდაუწუმ აღებს, ამოწმებს, შენთვის შენახული დესერტი ხომ არ შევჭამე. (ბებიას ბაძავს) `ბავშვობიდან პარავ დესერტს შენს დას~. (ტირის და იცინის). ხომ არ გინდა, ფოსტით გამოგიგზავნო? ვითომ ეს არ მყოფნიდეს, შეყვარებულიც ვარ. მეშინია, არ დავფეხმძიმდე.

ალექსანდრა : უმადურო დაიკო, შეყვარებული გყოლია და მიმალავდი?! აღარ გახსოვს, ბავშვობაში ტკბილეულს რომ მპარავდი? კარგი, ნუ გაიბუტები, ვხუმრობ, შენც იცი, ტკბილეულზე არ ვგიჟდები. შენი რჩეული ვინ არის? ყველაფერი მიამბე… ამაზე კარგს რას მეტყვი?! რუბიკონი უკვე გადალახეთ? მართალია, რომ პირველი მტკივნეულიაო? ჰო, ბებიას უნდა გაუგო, ნათელმხილველია. მამა და ბიძა მუდამ ამას გვეუბნებოდნენ. მეც მჯეროდა. ყველას რომ უაზრობა გვეგონა, ერთ მშვენიერ დღეს მართლდებოდა. აბა, გაიხსენე. მაგრამ, ახლა, ეტყობა, ცოტა შორს შესტოპა…

იოანა : ძალიან ნუ ავარდები და ჩემი სიყვარულის ამბავს კუდს ნუ გამოაბამ. შენ რომ გგონია, ისეც არ არის. ეეჰ, პატარა გოგოდ დარჩი. იმას თუ მიხვდი, რომ ქალწული აღარ ვარ, იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ ამას რადუს უნდა ვუმადლოდე.

ალექსანდრა : შენი პირველი საყვარელი რადუ იყო? თქვენ ხომ ერთი წლის წინ დაშორდით ერთმანეთს… და ამდენ ხანს მიმალავდი? მეტი სათქმელი არაფერი გაქვს ? აქამდე არაფერს მიმალავდი, ახლა რა ეშმაკი შეგიჯდა ?

იოანა : ძალიან მრცხვენია; არც კი ვიცი, როგორ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა, ყველას აქვს რაღაც საიდუმლო. შენს წერილებს რომ ვკითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ გსურს უმწიკვლო მიმაცილო საკურთხევლამდე. (წერილის დამთავრებას ჩქარობს). როდესაც პაკის მოულოდნელ წარმატებაზე ვფიქრობ, მუდამ შენ მახსენდები.

ალექსანდრა : დამცინი? არ გახსოვს, ერთმანეთს შევპირდით _ ის, ვინც ჩვენს შორის პირველი გახდებოდა ქალი, მეორეს ყველაფერს მოუყვებოდა… ზოგჯერ, ვერ გცნობ. დედის ოთახის ამბავს რომ ვკითხულობდი, ცივმა ოფლმა დამასხა. რატომ არ მიეცი ბებიას ლუჩიასთან ცხოვრების ნება, თუკი ასე სურდა? ოღონდ კი ოთახი შეინარჩუნო და სხვებს კისერიც უტეხიათ, ასეა, არა? სრულიად არ სცემ პატივს იმ ქალის სურვილს, რომელიც მხოლოდ ჩვენს სიყვარულს იმასხურებს და რომელმაც მამაჩვენი და ბიძაჩვენი აღზარდა. რა გემართება? ასე რამ შეგცვალა? თანაც ერთბაშად. იქნებ, მე ვერ ვამჩნევდი ვერაფერს?.. გამუდმებით დედაზე ვფიქრობ და სინდისი მქენჯნის: სანამ ცოცხალი იყო, არ უნდა დამეტოვებინა.

იოანა (თავისთვის): აჰა, მოვედით: იმის თქმა გსურს, რომ დედას არ მოვუარე, შენ რომ ყოფილიყავი, ახლაც ცოცხალი იქნებოდა, ასეა?

ალექსანდრა : დედა შენს შეყვარებულს იცნობდა?

იოანა : იცი, სინანული გვიანაა. მერე კიდევ, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ალექსანდრა : შენთვის შეიძლება არა, მე კი ყველაფრის გაგება მსურს… ძალიან შეიცვალე… იქნებ, მაინც მითხრა ? დარწმუნებული ვარ, გულზე მოგეშვება და იმაზე ნაკლებად აგრესიული გახდები, ვიდრე შენი წერილებიდან ჩანს. მე მგონი, გაგიგებ. თუმცა, ჯერ ყველაფერი უნდა ამიხსნა.

იოანა : მე კი არ შევცვლილვარ, ცხოვრება შეიცვალა ჩემ გარშემო. გული თუ არ გაიმკაცრე, ვერაფერს გამორჩები. ყველა დანარჩენთან ერთად, ასაკიც მოგვემატა. შენ რა გენაღვლება, კარგი თავშესაფარი იშოვე, შეგიძლია იოცნებო და საკუთარ სინდისში იფათურო. მე კი მთელი დღე ნერვები დაწყვეტაზე მაქვს. აქეთ ბებია, იქით რიგები და სპექტაკლები. ჩვენ მეოცნებე მოსწავლეები აღარ ვართ. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე ამას ვერ იტყვი. ახალ სამყაროში შევდგი ფეხი, სადაც მთავარია შრომა და ოჯახი. საშინელებაა ! არა, სულ მთლად ჯუნგლი არ ეთქმის, უფრო მარილის მაღაროა. ჩემგან აღსარებას ელოდები ? იმის არც დრო მაქვს და არც ძალა შემწევს, რომ მეტაფიზიკური კითხვებით სავსე პირადი დღიური ვიქონიო. კარგი, თუ მაინცდამაინც გსურს, რომ გული გადაგიშალო, გეტყვი, რომ ცოტა დაგაკლდა და დეიდა გახდებოდი. მაგრამ არც შენ იქნები დეიდა და არც მე დედა. შვილი აღარასოდეს მეყოლება. მეგონა, ერთს გამოვუტანე განაჩენი, აღმოჩნდა, ყველა დანარჩენი დავღუპე.

ალექსანდრა : მამამ რა თქვა ? რა გააკეთა ?

იოანა : არც არაფერი. ამიტომაც გითხარი, სირცხვილი მწვავს-მეთქი.

ალექსანდრა : დაშორდი !

იოანა : სწავლა როგორ მიდის ? (პაკის სიტყვებს იშველიებს) `ვიღაც ურჩხული შეუყვარდა დედოფალს ჩემსას. ზედ იმის წმინდა სარეცელთან, აქვე, მახლობლად, სადაც განცხრომით, დედოფალი ძილს მისცემოდა, ჯგროდ შემოლაგდნენ ათენელი მდაბიოები, ლუკმა-პურისთვის ქუჩა-ქუჩა მომუშავენი… გადუწყვეტიათ, თეზეუსის ქორწინებაზე რაღაც უმგვანი წარმოდგენა გაითამაშონ.~

ალექსანდრა (ისიც პაკს თამაშობს): `ყველაზე ხეპრეს იმათ შორის კისრად უდვია პირამის როლი, და ცოტა ხნით როცა გავიდა, მეც დრო ვიხელთე, თან მივყევი და იმ ბუჩქებში მხრებზე დიდყურა ვირის თავი დავადვი ხელად… თისბი სცენაზე იყო ამ დროს, ელოდებოდა, და როცა ჩემს ვირს თვალი ჰკიდეს დანარჩენებმა, გარეულ ბატებს მონადირე რომ შეაშინებს, ან ბეღურები თოფის ხმაზე რომ დაფრთხებიან, აიშლებიან დაფეთებით, ასტეხენ ჭყივილს და გაგიჟებით ცის კამარას ეკვეთებიან, ამათაც ისე მოუვიდათ, როცა დალანდეს, თავქუდმოგლეჯით გავარდნენ და გადაიკარგნენ… უეცრად ვხედავ, ტიტანიამ გამოიღვიძა, პირველად ამ ვირს ფკიდა თვალი და შეუყვარდა…~

იოანა : `ასეთ მშვენიერს, შესაფერი ჭკუაც გქონია… ჰეი, ფერიებო, ჩემს სატრფოს ნაზად დაადეთ ბაგეზე, თან გაჰყევით და უხმოდ იარეთ…~

ალექსანდრა (მხიარულად აღტყინებული): ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რომელი ქმარი შეძლებს ჩვენს ატანას. განსაკუთრებით ჩემსას. შენ უფრო ადვილად შეგეგუება: შეგიძლია არ თქვა ის, რისი თქმაც არ ეგების, შეგიძლია შენს ხუშტურზე იარო და ქმარს თავი მოაჩვენო, თითქოს მისი მონა-მორჩილი ხარ. მე წიგნის გმირები მიყვარს და მხოლოდ წერაზე, კითხვაზე და აზრების სიტყვების ყალიბებში მოქცევაზე ვფიქრობ. (ავხორცული იერით) სხვას არაფერს არად დაგიდევ! ჩემი გულის სწორი ვინმე ბიბლიოთეკის ვირთხა იქნება, სხვას არავის მოვუნდები. შემიძლია ლექსიკონი ჩავიწვინო საწოლში. ჩემი ახალი მეგობრები ჩვენს ბიჭებთან ახლოსაც ვერ მივლენ. გაჯგიმულები კი დაიარებიან, მაგრამ მათში ქალურიც ჭარბად იგრძნობა, მიბნედილ იერს არ იშორებენ, ლამაზი, ტკიცინა სახე და ბებერი კაცის ჟესტები აქვთ. ამაყად აცხადებენ: `არც მომხრე ვარ, არც წინააღმდეგი, მაგრამ პირუკუ ვაკეთებ~. მიდი და გაიგე!.. როდესაც მთხოვენ, ისევ ისე ჩვენებურ, ფეხქვეშ გათელილ თავისუფლებაზე ვიწყებ საუბარს და ყველას ვებრალები. მე კი ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა. წავიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ. მე აღარაფერს მოვყვები. დე, მათთვის ვიყო მსხვერპლი, რომელიც დუმილს ამჯობინებს. შენი სიტყვები მახსენდება, გამომგზავრების დღეს რომ მითხარი: `მსხვერპლად ყოფნის მოწოდება არ გაქვსო~. არ ვიცი რატომ, ძალიან შემეშინდა. დავწერე თუ არა, ის შიში, შფოთისა და სირცხვილის ნაზავი, ისევ ტანში შემიჯდა. ასე მგონია, იერიც შეიცვალე: `მისი ძალით ვისარგებლე და ვირის სიფათი ავაკარი~. მაპატიე, რაღაცას ვბოდავ. შენი სახეცვლა სწორედ იმ დღეს დაიწყო. ძალიანაც ნუ შეიცვლები, დაიკო, ბავშვობისას ისეთი სათნო იყავი. კიდევ ერთხელ მაპატიე: ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი მამხიარულებს. მეგობრები თუ არა, ამხანაგები მაინც გავიჩინე, კინოში უბილეთოდ დავდივართ… სულ ახლახან ფელინის `რომა~ ვნახე, ეს-ეს არის გამოვიდა და გადავწყვიტეთ, სასწრაფოდ გვენახა.

იოანა : ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. მე შენსავით ვმოგზაურობ. (ძალიან დაბალი ხმით). ესეც ჩვენი ნებაყოფლობით აუცილებელი სამუშაოა: გარეუბნის მუშებისთვის კულტურული ღონისძიებები უნდა მოვაწყოთ. მაყურებლები დაღლილობისგან ფეხზე ძლივს დგანან. დარბაზში, თითქმის ყველას უძილობისგან თვალი ეხუჭება… გვიყურებენ და მხოლოდ ერთს ნატრობენ: ეშმაკმა წაგვიღოს და რაც შეიძლება სწრაფად!

ალექსანდრა (არ უსმენს დას): ჩემი კარების წინ ყვავილების თაიგულებს ტოვებენ და ამ გმირობას ბევრი ყმაწვილი, თანაც არცთუ ისე შეუხედავი, იბრალებს. მაღაზიის დახლს უკან შიმშილსა და კულტურულ გაუცხოებაში გატარებული დროის შემდეგ, ნამდვილი სულის მოთქმაა. გუშინ იურისტების ზეიმზე პარლამენტში აკრედიტებული ერთი ჟურნალისტი გამენდო, რომ დღეს პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპის მომავალს. ვუთხარი, მედიამ უნდა იჩქაროს-მეთქი… ომის შემდეგ, ევროპისგან მხოლოდ ნახევარი შემოგვრჩა ხელთ, (უცებ ჩაფიქრდება). რატომ აღარაფერს მწერ? მე სიტყვებს ვფქვავ და ვფქვავ, თუმცა სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს და შენგან ახალ ამბებს ველოდები: ეტყობა, იდუმალი შეყვარებულის გადამკიდე, ჩემთვის ვერ იცლი. როდის მაღირსებ მის გაცნობას? არასოდეს ვაპატიებ, რომ ამდენი ხანი თქვენს საიდუმლოს… (ერთბაშად ჩერდება, გაუნძრევლად დგას; იოანა რთავს ბეთჰოვენის `ოდა სიხარულს~… ცოტა ხანს უსმენს, მერე ვეღარ უძლებს და მუსიკას გამორთავს… ალექსანდრა ისევ და ისევ გაუნძრევლად:) ისე, შეგიძლია, არც მითხრა, ვინ არის. მეგობარმა შემომიარა და ჩვენი გაზეთი დამიტოვა. გაზეთში ფოტო ვნახე, ქვემოთ ეწერა: `ანდრეი ვორნიკუ მეგობარ ქალიშვილთან ერთად~. ეს მეგობარი შენ იყავი. ფოტო ალფრედისადმი მიძღვნილი წარმოდგენისას იყო გადაღებული. არც ვიცი, ამ ორი ღალატიდან რომელზე უფრო ვბრაზობ.

იოანა : მაპატიე, ასჯერ მაინც ვაპირებდი მომეწერა, მაგრამ შენი მსჯავრი მაშინებდა. შენ ხომ ისეთი სპეტაკი ხარ, ისეთი მომთხოვნი ! არა, პატიებას არ ვითხოვ, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ თვითონაც ვერ გამიგია, როგორ მოხდა ყოველივე, საკუთარი თავისთვისაც ვერ ამიხსნია. წარმოდგენას რაც შეეხება… ბოლოს და ბოლოს, როგორმე თავი ხომ უნდა გავიტანო. პაკის თამაშის ნება რაღაცით უნდა დავიმსახურო… ფეხქვეშ მიწა მეცლება. შენ ჩემზე ბრაზობ, ბებიამ ანდრეი გემოზე გალანძღა და ლუჩიასთან გადავიდა. თქვენი კარგად მესმის, მაგრამ მე ვინ გამიგებს?

ალექსანდრა (სივრცეს გაჰყურებს): იცი, ყველაზე ჩერჩეტი, მომავალი იურისტის პირობაზეც კი ყველაზე გამოთაყვანებული სტუდენტი ავირჩიე, ქალად რომ ვექციე. `ჩემს საყვარელ ქალს, ეტყობა, ურჩხულზე შეუვარდა გული~. ასე რომ, ერთად ვართ და ერთმანეთს ვემსგავსებით… ალხანა და ჩალხანა… ისე, არჩევანი ჩემ მაგივრადაც იმან გააკეთა. არ ვიცი, რა მეტაკა : დღეს… (ლიცეუმისდროინდელ სარეგისტრაციო ნომერს კაბაზე იმაგრებს)… მთელი დღე ასე დავხეტიალებდი. ერთ მაღაზიაში შევედი და ვიღაცა გამომელაპარაკა, იფიქრა, გამყიდველის გულსაკიდი მეკეთა… სწორედ იმან გადამარჩინა, თორემ ვინ იცის… (ხევს დაწერილ წერილს).

იოანა : მაისში მე და ანდრეი დავქორწინებდით. ამიერიდან აღარასოდეს აღარაფერს დაგიმალავ. შენ კი წერილები არ დამიგვიანო !

ალექსანდრა : თეთრი მელიის ბეწვის ქუდი თუ გახსოვს ? აი, ის, თავიდან რომ არ ვიშორებდი… იმედი მქონდა, შენთვის ამის თქმა არასოდეს დამჭირდებოდა. ერთხელ, ჩემი გამომგზავრების წელს, ვინ იცის მერამდენედ შევიარე გამომცემლობაში, რომელიც რატომღაც ჩემი წიგნის გამოცემას აყოვნებდა. შევედი თუ არა, რედაქტორის მდივანი ქალი ჩამაცივდა, ასეთი ლამაზი ქუდი საიდანო ? პოლონურიაო ? პოლონეთში მაგარ რაღაცებს აკეთებენო, და ა. შ. მეც სიამოვნებით ვიყიდდი ასეთ ქუდსო… მოყვა და მოყვა… ენას არ აჩერებდა, თანაც ჩემს ქუდს მიშტერებოდა. ჩვეულებრივი ამბავია, ამის მეტი რა გვინახავს !.. მე ჩემს წიგნზე ჩამოვუგდე სიტყვა, ის კი თავისას არ ეშვებოდა. მერე ხვეწნა-მუდარა დავუწყე, იქნებ ჩემს წიგნზე მითხრათ რამე, არავისთან სიტყვას არ დავძრავ და კარგადაც დაგასაჩუქრებთ-მეთქი… `შენ ხომ იცი, როგორც ხდება… ყოველ კვირა აქ ნუ მარბენინებთ, ხომ ხედავთ, თქვენ და თქვენს უფროსს მუდამ თვალებში გეჩხირებით, მე კი ამაოდ ვიხარჯები, ქალაქის მეორე ბოლოდან მოვჩანჩალებ. სიმართლე მითხარით, თქვენს გამომცემლობასაც ხომ `ვერიტასი~ ჰქვია. თქვით, და ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მომიშორებთ. ცუდი ამბის მაცნე მხოლოდ უჭკუო ადამიანებს სძულთ…~ რა არ მოვიგონე, რა არ ვუთხარი… `პოლონეთში მივემგზავრები და თქვენც არ დაგივიწყებთ. თქვენი თავის ზომა მითხარით… არა, არა, სჯობს, ჩემი ქუდი მოიზომოთ. ოჰო, ზუსტად მოგერგოთ, თითქოს თქვენს ზომაზე გამოჭრეს და შეკერეს.~ ო, როგორ დავითაფლე ენა ! წარმოიდგინე, გაჭრა ! გამანდო დირექტორისგან გაგონილი : ამ წიგნს გამოცემა არ ეღირსებაო. მელაპარაკებოდა და სარკეს თვალს არ აშორებდა. ეტყობა, ამ ქუდში საკუთარი ორეული ძალიან მოსწონდა… ერთბაშად ენა ამოიდგა და ყველაფერი დაყაჭა : დირექტორს კარგი დღე არ დაადგება, წიგნს ბევრი მკითხველი თუ გამოუჩნდაო : `იმდენი მინიშნება გაქვთ არსებულ რეჟიმზე, რომ წარმატება უკვალოდ არ ჩაივლის~. ამხანაგებს კულტურის სამინისტროდან ძალიან ეშინიათ (ბაძავს კულტურის სამინისტროს მუშაკებს). ხედავ, ვიწროშუბლა კოსმოპოლიტი და ფრანკოფილი ალექსანდრე პოპესკოსი არ იყოს, ამ წიგნის ავტორიც გვარად პოპესკოა. ვინ იცის, შეიძლება ერთი ოჯახის წევრებიც არიან. ასეცაა, მისი ქალიშვილი გახლავთ და, აი, ამხანაგებმა გადაწყვიტეს, თუ ოდესმე წიგნი გამოვიდა, ავტორმა გვარი უნდა შეიცვალოსო. მე იონესკო შევთავაზე. აი, სწორედ ამ დროს, თავში ერთი გაბედული, თითქმის გიჟური აზრი მომივიდა : ეს ქუდი ისე გიხდებათ, ვეღარ დავიბრუნებ-მეთქი. როგორ გეკადრებათო… არა, არა, დაიტოვეთ-მეთქი… არა, კი ; არა, კი ; დიდხანს ვივაჭრეთ. ბოლოს, უკიდურეს ზღვრამდე მისულმა ვუთხარი : `რედაქტორების აზრი წამიკითხეთ.~ რას ამბობთო, შეიცხადა. ისე, სიმართლე თუ გნებავთ, რედაქტორების აზრს ვერც ნახავთ, რადგან წიგნს ერთი რედაქტორის გარდა სხვა არავინ კითხულობსო. მე კი თვალზე ცრემლებმომდგარი, ფარისევლობას არ ვეშვებოდი : `ქუდი ისე გიხდებათ, (ბედს შეგუებული) ისე გიხდებათ…~ სამი წერილი მაქვს. (ქვითინი ყელში აწვება და ლაპარაკს უშლის). სულ სამად-სამი. ორს გადაყრუებული მწერლები აწერენ ხელს. აი, ისინი, პარტიაზე და `დიდ ბელადზე~ რომ წერენ. რაღაცას ჩმახავენ. ჩვეული გამოთქმებია : კოსმოპოლიტიზმი, რეალობისგან გაქცევა, ძირგამომთხრელი აზრები და სიტყვები, ახალგაზრდობის დამახინჯებული სახე, ჩვენი ძვირფასი ბელადის უგულვებელყოფა… აი, ასეთი, დუნაისავით წყალუხვი აზრები კარპატების ვულკანივით იფრქვევა… ჩვეულებრივი აბდაუბდაა. (ყოყმანის შემდეგ). მესამე წერილი, ყველაზე ჭკვიანური და ყველაზე გესლიანი, ცბიერი კაცის ხელითაა დაწერილი (ბაძავს): `ამ წიგნის გამოცემით ჩვენ ბოროტ სამსახურს გავუწევთ ახალგაზრდა ტალანტს. მივცეთ ავტორს დრო, დაღვინდეს, ხელი და გონება გაიწაფოს და მისი ნაწარმოებები გამოვაქვეყნოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეძლებს, საკმაო გამოცდილების საფუძველზე, შეისისხლხორცოს და გაითავისოს ჩვენი ეროვნული ღირებულებანი და ფეხი აუწყოს ჩვენი ტრიუმფალური რეჟიმის წინსვლას. საკუთარი ოჯახური ღირებულებების სიმძიმე მას ჯერ ამის შესაძლებლობას არ აძლევს.~ ამ მესამე ბარათს ხელს აწერდა ანდრეი… ჩემი შეყვარებული, ის, ვინც ყოველდღე მიმტკიცებდა, რას არ ვაკეთებ, ოღონდ კი შენმა წიგნმა დღის სინათლე იხილოსო. ამხანაგ მდივანს მადლობა გადავუხადე, დავუბრუნე ბარათები, რომელიც ჩემს საქაღალდეში ჩადო და ოთახიდან გამოვედი… რა თქმა უნდა, თავშიშველი… თითქოს განგებო, გარეთ თოვდა…

იოანა : რატომ აღარ მწერ ? ორი კვირაა, შენგან არაფერი ისმის. ადრე დღე არ გავიდოდა, წერილი არ მიმეღო, ზოგჯერ, დღეში რამდენიმე (ახალ ფურცელს იღებს). უკვე მეორე წერილს გიგზავნი. ზოგი ასე იქცევა, ზოგი ისე. ახლა ჩემი ჯერია. (იღებს კიდევ ერთ ფურცელს). გევედრები, მომწერე. შენი დუმილის მიუხედავად, მე მაინც მოგწერ, თუკი საჭირო გახდა, სიკვდილამდე… ქორწინებამდე ერთი კვირით ადრე, ანდრეი შემომწყრა. ახლა შევრიგდით, მაგრამ ახალ თარიღზე ხმას არ იღებს. მე ახალ როლებს უნდა მივხედო, მაგრამ ყურადღებას ვერ ვიკრებ…1977 წლის 1 იანვარს ახალი წელი ორი სიტყვით მომილოცე. (ხსნის კონვერტს, იღებს მოსალოც წერილს და კითხულობს). ორად ორი სიტყვა : `მედამ ერთად~… 5 წელი გავიდა… ეტყობა, შენგან ამას ვიმსახურებ. ანდრეი თავს კარგად გრძნობს, სამუშაოს თავს აკლავს, ამიტომ აღარ მნახულობს. ქორწინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუმცა საკუთარ სპექტაკლებში როლებს მთავაზობს. შექსპირისგან შორს დგას. შენ რასა იქმ ? (კიდევ ერთი ფურცელი). კონვერტში ამ წლის პირველ ყოჩივარდას ვდებ. ნება მომეცი, აგიხსნა… იქნებ ფიქრობ, წასვლა იმიტომ გირჩიე, რომ ანდრეის გვერდით შენი ადგილი დამეკავებინა ? არ დაიჯერო ! პირველად დედის ავადმყოფობისას მინახულა. დედის სიკვდილის შემდეგ შიშმა დამრია ხელი, ყველა და ყველაფერი მაშინებდა. სამყარო, პასუხისმგებლობა, ბებია… სწორედ ამ დროს დავუახლოვდი… ვიღაც მჭირდებოდა, თუ არადა, თვითმკვლელობას არაფერი მაკლდა… ნუ იქნები სასტიკი, რამე მითხარი, ის მაინც მეცოდინებოდა, რომ ჩემს წერილებს იღებ, კითხულობ და წაუკითხავად სანაგვეში არ უკრავ თავს.

ალექსანდრა (პურის მთესველის მოძრაობით, ფართო ჟესტით დაჭმუჭნილი წერილების დასტას დარბაზისკენ ყრის და ხმამაღლა მღერის):

დედას უნდა, გამათხოვოს,
ფეხთ ვარსკვლავებს დამიყრიან,
ნელსაკმეველს ამინთებენ,
მკერდში დანას გამიყრიან…

იოანა (დაბნეული მაყურებლებში დადის და გაფანტულ წერილებს აგროვებს): შენს ამბებს შენს ნაცნობებს ვეკითხები, რომელთაც უცხოეთში მოგზაურობა უხდებათ. რადუს რამდენი წელია, ხმას არ ვცემ, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გავხდი, ისიც მენახა. ვიცოდი, რომ შვეიცარიაში უნდა ჩამოსულიყო. გუშინ, როგორც იქნა, დაბრუნდა : ვიცი, არ გაგიმხილა, რომ შენი ნახვა მე ვთხოვე. შემეშინდა, შეხვედრაზე უარი არ გეთქვა. რადუმ მითხრა, ძალიან ლამაზი და ძალიან სევდიანი მეჩვენა, წერას შეეშვა, `მშვენიერ ალექსანდრას~ ეძახიან და სულ ახლახან დოქტურანტურის გამოცდები ჩააბარაო. ისიც მითხრა, რომ ტბის პირას, ლამაზ კოხტა სახლში ცხოვრობ.

(უცებ, სცენაზე სინათლე ქრება, რჩება მხოლოდ ტელეეკრანის ნათება).

ტელეწამყვანის ხმა კულისებიდან: ბუქარესტში კატასტროფული მიწისძვრა მოხდა. რვა ბალი რიხტერის სკალით. მაშველებს ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ. მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. გუშინ, შვეიცარიელ მაშველთა ჯგუფი მაძებარ ძაღლებთან ერთად ჟენევის აეროპორტიდან ბუქარესტისკენ გაფრინდა…

(ალექსანდრა ტელეფონს მივარდება, ხურდა ფულს ნახვრეტში ყრის, ნომერს კრეფს, აყურადებს).

იოანა : ალო, მე ვარ…

(ალექსანდრა ყურმილს ნელა კიდებს).

იოანა : ძვირფასო ალექსანდრა, ვერა და ვერ ვიშორებ თავიდან აზრს, რომ მიწისძვრის შემდეგ სწორედ შენ დარეკე, რათა გაგეგო, ცოცხალი ვიყავი თუ არა… იქნებ, ვინმეს ნომერი შეეშალა… არავინ გამომელაპარაკა, მე კი მინდა, მჯეროდეს, რომ შენ იყავი… იფიქრებ, აურია, რაღაცები ელანდებაო… მიწისძვრას რაც შეეხება, როგორც ამბობენ, ბედმა მიმუხთლა, უბედობამ მიშველაო. ლიტერატურული რედაქტორის გვამი გამომცემლობის ნანგრევებში იპოვეს. ხუმრობა იქით იყოს და გვეშინია, ბიძგები არ განმეორდეს. ხალხს რა ეშველება ? ქუჩაში მოუწევთ დარჩენა. შენი ორი თანაკლასელი დაიღუპა : კრისტიანი საშაქარლამო `კასატაში~ და დორუ საკუთარ სახლში (ტირის). სანამ კიდევ დროა, შევრიგდეთ…

(სცენა ნათდება. ალექსანდრა ფერადი კალმისტრით დიდი ასოებით წერს : `მუდამ ერთად~. იოანა აცახცახებული ხელით ხსნის კონვერტს).

იოანა : 83 წლის 1 იანვარს მსგავსი წერილი მივიღე. `მუდამ ეთად~. ეს უკვე მეშვიდეა. შევცდი. ახლა ამას კარგად ვხვდები. ეტყობა, ყოველი დღე იმ შეცდომის საზღაურია. ვფიქრობ, ანდრეის ყოველთვის უყვარდი, მაგრამ მასთან ბედნიერი ვერ იქნებოდი. ანდრეი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. რომ შემეძლოს, პირველივე თვითმფრინავით გამოვფრინდებოდი, ოღონდ კი მენახე და დაგლაპარაკებოდი. ჩემს სპექტაკლებს ტელევიზიით გადასცემენ. ტექსტი ზეპირად უნდა იცოდე თავისი წერტილ-მძიმეებით. თუ არადა, საბოტაჟში დაგდებენ ბრალს. ჩემი მეხსიერების პატრონისთვის მთელი ჯოჯოხეთია.

ალექსანდრა (თავზე პატარა თეთრ ქუდს იხურას, სახეს იღებავს, თან წერილს წერს): დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვოცნებობდი (კუეს მეთოდი). სიხარულია, ბედნიერებაა ! დავქორწინდით !.. სასაცილოა : ცუდი რეპეტიცია მქონია. საქორწინო კაბაში გამოწყობილი სცენაზე რომ გამოვედი, აი, ის იყო ჩემი ნამდვილი ქორწინება. ახლა, ეს უბრალო მასკარადია და სხვა არაფერი : მე და შენ სისხლში გვაქვს. ის დღე თუ გახსოვს, ალფრედს ჰონორის ცოსა-ს დოქტორის წოდება რომ მიანიჭეს ? რა კარგად ვითამაშეთ ჩვენ-ჩვენი როლები. რეპლიკები ბუნებრივი გამოგვდიოდა. განსაკუთრებით ეს `მუდამ ერთად~. შენ მაინც შეუდარებელი იყავი. (გადასვლის გარეშე) საქორწილო ბეჭედი პლატინაზე დამაგრებული, ათ თეთრ ბრილიანტში ჩასმული ორკარატიანი ზურმუხტია. (წერილს ხევს. ფურცლის ნაგლეჯები ფარფატის გარეშე, მძიმედ ეშვება იატაკზე)… მატერის სიმძიმე… თუ დროის ? (ოთახიდან გადის და კარს გაიჯახუნებს).

იოანა : გავიგე, ბებიასთვის მიგიწერია. დაგირეკავს კიდეც. რა ბედი აქვს ! მე კი ჩემი ყოველწლიური ღია ბარათი მივიღე : `მუდამ ერთად~. შევიტყვე, რომ გათხოვდი. შენი ქმარი სურათზე მაინც მენახა ! როგორია ? ვის ჰგავს ? თუ არ ვცდები, მდიდარი უნდა იყოს. გავიგე, რომ წიგნი გამოეცი, რა თქმა უნდა, ფრანგულად… ყოჩაღ ! ანდრეი სადღაც გადაიკარგა, ჯანმრთელობაც შემერყა, ბავშვი არასოდეს მეყოლება. შვეიცარიელი გახდი, შეგიძლია ჩამოხვიდე, მაგრამ არ გირჩევ ! ჯერ კიდევ ჩვენი ეროვნების ხარ ! ანდრეიმ მითხრა, თუმცა საკუთარი თავის გარდა არავინ ადარდებს. რამდენჯერმე გამიმეორა. გულწრფელი და შეშფოთებული მეჩვენა. ბებიაც გააფრთხილა, ჩამოსვლა გადაათქმევინეთო. ალფრედზე დაწერილმა შენმა სტატიებმა აქაურებს სულ ცოფი აყრევინა… ანდრეის უყვარდი და ახლაც უყვარხარ, მაგრამ სიყვარულის ბევრი არაფერი გაეგება… შევცდი, როდესაც გითხარი, შექსპირი რომ შენი ნათარგმნი იყო, ვერ მიხვდა-მეთქი. გუშინ, კამათისას, ამ ბოლო დროს მუდამ ვკამათობთ, პაკის როლში ჩემს სანახავად პირველსავე წარმოდგენაზე რატომ მოხვედი-მეთქი, მიპასუხა, მინდოდა, შენს დას გული სტკენოდა, ეეჭვიანა და… დამბრუნებოდაო. მესამე სიტყვაზე მიხვდა, რომ `შენს ხმას ვმეტყველებდი~. შენზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებს. ჩემთან რომ დარჩეს, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად მიქცევს : ვძულვარ, იმიტომ რომ მე მისთვის სხვა ვარ… (ოთახში წრეებს უვლის, ვერ ითმენს და წერილის წერას იწყებს). 1984 წლის 1 იანვარია, შენი წერილი კი ჯერაც არ მიმიღია. ანდრეი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მღალატობს, შემთხვევა მიეცემა თუ არა, მამცირებს. ამას არ ვნაღვლობ, მაგრამ შიშით კი მეშინია : დიდი ძალაუფლება მოიხვეჭა, ალფრედს პირადად იცნობს. მასთან ერთად ნადირობს და საზღვარგარეთ ერთად მოგზაურობენ… გასაგებია, წარმატება თავში აუვარდა… რეჟიმის რუხ კარდინალად წარმოუდგენია თავი და არცთუ ძალიან ცდება, მალე ამასაც მიაღწევს. ახლა რომ მივატოვო, როლებს არავინ მაღირსებს ! სხვათა შორის, სამინისტროში თეატრებს განაგებს და ყველა ფეხქვეშ ფიანდაზად ეგება. ერთ შვეიცარიულ გაზეთში შენი სურათი ვნახე : ქმართან ერთად წვეულებაზე ცეკვავდი. ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ახალგაზრდა…

ალექსანდრა (წერილის წერას იწყებს): იოანა… (გადახაზავს). ძვირფასო… (გადახაზავს). უღირსო პაკ… (გადახაზავს) `როგორც იქნა, ვიპოვე ჯადოსნური ყვავილი. თუკი მოკვდავი ქუთუთოებზე დაიდებს, წამსვე გული გადაეხსნება და სხეულში სული მისი გაიფურჩქნება~. (ჩაფიქრდება და წერილს ხევს).

იოანა : ეს-ეს არის, რადიოში მოგისმინე. მღელვარება ჯერაც ვერ დავიცხრე. ჩვენ ღადიო Fრანცე-ის რუმინულ გადაცემებს მუდამ ვუსმენთ… არაფერი არაჩვეულებრივი და უცებ… შენი ხმა. გაგეცინება, მაგრამ მსუბუქი რუმინული აქცენტით ლაპარაკობდი… ანდრეიც აქ იყო, ბოლომდე მიგისმინა. კარგა ხანი ხმა არ ამოუღია. არადა, სხვა დროს, თუ ალაპარაკდა, ვერ გააჩერებ. ბოლოს კი, თქვა : `საკუთარ სიმართლეში ეჭვიც არ ეპარება~. ეს თქვა და გავიდა. ყველამ გისმინა და ყველას შენი სახელი აკერია პირზე. ისინიც კი მრეკავენ, ვისი არსებობაც კარგა ხანია დამავიწყდა. მეუბნებოდნენ, ჩვენ გვეგონა მოკვდაო… ახლა კი მილოცავენ… თითქოსდა მე რამე შუაში ვიყო… მაგარი გადაცემა იყო : ჩვენც კი რაღაც გავიგეთ კაპიტალის `სისტემატიზაციაზე~… ჩვეულებრივ, თითოეული ჩვენგანი მხოლოდ ნგრევის მოწმეა, თანაც საკუთარ უბანში. არავის აინტერესებს, დანარჩენ ქალაქში რა ხდება… ისე კი, უცხოურ რადიოგადაცემებს უსმენენ… გავიგე, რომ განქორწინებას აპირებ. საკუთარ თავს საშობაო საჩუქარი გავუკეთე. 23 დეკემბერს ანდრეის დავშორდი. 24-ში თეატრიდან დამითხოვეს. პარტკომის მდივანი ანდრეის ძმაკაცია. ოცდაათი წლის ვარ, შვილი არ მყავს და არც არასდროს მეყოლება. ახლა, აგერ, სამუშაოც დავკარგე. მორჩა, ცხოვრება დასრულდა. ამ ღამით შენი როლი გავიმეორე, აი, საქორწინო კაბაში რომ თამაშობდი. თუ არ ვცდები, შვილი გყავს. სურათი მაინც გამომიგზავნე…

ალექსანდრა (ბავშვის ფოტოს იღებს და უკანა მხარეზე აწერს): `ერთადერთი ვაჟიშვილია. ყოველ შემთხვევაში, არავინ აცდუნებს სიტყვებით `მუდამ ერთად~. (შეყოყმანდება და ამატებს) გულები მაღლა !

იოანა : რა ლამაზი ბავშვია ! ზედგამოჭრილი დედამისია პატარაობისას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემზე უფროსი ხარ, მაგრამ ხშირად მგონია, თითქოს ჩვილსაც გიცნობდი. ეტყობა, ეს სხვა ცხოვრებაში იყო, როცა იმდენი ძალა მომდევდა, რომ შემეძლო მუდამ გვერდით მყოლოდი… და არ დამკარგვოდი… როგორც იქნა, წერილი მაღირსე ! ბედნიერი ვარ ! შვიდი წლის დუმილი კედლად აღიმართა ჩვენ შორის. ანდერსენის ზღაპრის ძმები გედები გახსოვს ? უმცროსი და იძულებული იყო, ცოდვების გამოსასყიდად ჭინჭრის პერანგები ექსოვა. ჩვენც, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ-ჩვენ ჭინჭრის კაბებს ვქსოვდით. გაზაფხული კი ისე შორს არის… ალექსანდრა… ვიცოდი, რომ მაპატიებდი, ამქვეყნად თუ არა, იმქვეყნად მაინც. ანდრეის რაც შეეხება, შემეშალა, ეს სიყვარული არ იყო… მგონი, ამასაც მაპატიებ. შეიძლება შენი მშურდა, თუმცა, გაუცნობიერებლად… ისეთი ჩაშვებული ვიყავი… შენ მუდამ ჩემზე ძლიერი მიმაჩნდი, იმდენად ძლიერი, რომ ვერც კი წარმოიდგენ. მაპატიე, კიდევ ერთხელ გთხოვ შეწყალებას. შინამოსამსახურის ოთახი ვიქირავე, ტუალეტი დერეფანშია, გავსუქდი და დავუშნოვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ ერთმანეთი რომ ვიპოვეთ. როდესაც ვიცინი, პირის გაღებას ვერიდები : ერთი კბილი მაკლია. მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა, კბილის ექიმის ფული სად ვიშოვო ?.. ორ კაპიკს ვიშოვი თუ არა, დაგირეკავ.

ალექსანდრა : პატიება ამქვეყნად ყველაზე იდუმალი და, ამიტომ, ყველაზე გაუგებარი და აუხსნელი რამაა. ოცდაათი წლის ვარ. ლიცეუმის გიჟმაჟი მოსწავლეები აღარ ვართ და მაინც… შენ შეიცვალე, თითქმის გადასხვაფერდი. რა თქმა უნდა, მეც… ამიტომ იმ სხვამ, დღეს მე რომ ვარ, იმ სხვას, დღეს შენ რომ ხარ, ყოველივე აპატია და წარსულს ხაზი გადაუსვა…

იოანა : ძალიან გამახარე ! ყველაფერი ცუდათაა, უმუშევარი ვარ, გავსუქდი, მაგრამ შენ ხომ მაინც გიპოვე… მე მყისვე ყველაფერს გაპატიებდი… ახლაც გპატიებ და დღეიდან მოყოლებული, ათასი წელი, რაც არ უნდა დამიშავო, ჩემგან ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ვერ მოისმენ.

ალექსანდრა : ის, ვინც შეცდომას უშვებს, პატიებს კიდეც. მე რაც შემეხება, შენი პატიება მხოლოდ მაშინ შევძელი, როდესაც რაღაც-რაღაცები დავივიწყე… ცოტათი მაინც, ახლაც ვერ გამიგია, როგორ მოვახერხე. (მანქანაზე ბეჭდვას იწყებს).

იოანა : გალაცის გაყინულ თეატრებში მიხდება თამაში, სამუშაო დღის შემდეგ, რიგებში საათობით ნაყურყუტევი და გადაჭედილ ტრანსპორტში დაპრესილი მაყურებლები სავარძელში ჩაეშვებიან თუ არა, მყისვე თვალებს ხუჭავენ და იძინებენ. ერთი ამათი ხვრინვა მოგასმენინა! ზოგჯერ, ჩემი პარტნიორების ხმაც კი არ მესმის. მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს ანდრეისთან სიახლოვე ცუდად არ შემომიტრიალდეს. ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ყველაფერი რიგზეა. ჩემმა ამხანაგებმა ზედმეტად გულთბილადაც კი მიმიღეს. აქ, პროვინციაში, შიმშილობა და სიდუხჭირე უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე ბუქარესტში: ტრუსებს ჩვენ თვითონ ვიკერავთ, აფთიაქში ერთ ფთილა ბამბასაც ვერ იშოვი. რაღა გავაგრძელო, შენც კარგად ხვდები, თვიდან თვემდე თავი რა სიმწარით გაგვაქვს.

ალექსანდრა : ყველა თავის ჯვარს ატარებს: მე ნაჩქარევად და ცუდად ვწერ, ტელევიზიისთვის უაზრო გასართობი ტექსტების შედგენაში გავიწაფე. ცალი ხელით შვილს ვაჭმევ, ცალით ფანქარი მიჭირავს… შენ კი ბედად გალაცი გერგო… ნახე გალაცი და მოკვდი… გახსოვს, როგორ ვოცნებობდით? მე ცნობილი დრამატურგი უნდა გავმხდარიყავი, შენ კი ჩვენი თაობის გამოჩენილი მსახიობი… მეოცე საუკუნეს ჩვენი კვალი ვერ დავატყვეთ… ჰო, მართლა, აღარ მახსოვს, გითხარი თუ არა, ერთი წელია, სათვალეს ვატარებ.

იოანა : მე აგერ უკვე ორი წელია. უფრო სწორად, ტარება უნდა დამეწყო, რეცეპტს ჯიბით დავათრევ, მაგრამ აფთიაქში ქრთამი თუ არ შეაძლიე, ვერაფერს გამორჩები. დეიდა პრუდანსის ახლობელი თუ არ ხარ, სათვალე არ გეღირსება. ჰო, მართლა, შენს ახალ ქმარზე მომიყევი, ისე მინდა, რამე მაინც გავიგო, სული კბილით მიჭირავს!

ალექსანდრა : ჩეხოვი წერს (იცინის), ჰო, `სამ დაში~ : `ცოლი ცოლია~. გამოდის, ქმარიც ქმარია. ჩემი, განსაკუთრებით… ეტყობა, რუმინელები ერთმანეთზე უნდა ვქორწინდებოდეთ. ფერი ფერსა… აქაური მამაკაცები სხვანაირები არიან : ცივილიზებულები, ოჯახურ საქმეებში ჩახედულები, სისუფთავისა და წესრიგის მოყვარულნი, მაგრამ ბედის დარტყმებს შეუჩვეველნი, ერთი სიტყვით, დონდლონი. მაგრამ არაფერია, ძალიან არ იდარდო. თუ გინახავს სადმე ოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ბედს არ დასტიროდეს ?

იოანა : ჩვენი გედეონი ბოროტმოქმედივით კართოთეკაში შეიყვანეს. დეიდა პრუდენსთან წავიღე და იქ ნიმუშად რამდენიმე ნაბეჭდი ფურცელი დაიტოვეს, ისე, თითქოს თითის ანაბეჭდები აუღეს. მინდოდა, ნიმუშად რედაქციის მიერ დაწუნებული შენი ხელნაწერი წამეღო. საწყალი გედეონი: რაც შენ წახვედი, მხოლოდ სამუშაოზე მოწყობის თხოვნებს ბეჭდავს. დაჟანგვას რომ გადავარჩინო, ხანდახან ღილაკებს ვეთამაშები. წმინდა რელიქვიასავითაა… რაციონი შეგვიმცირეს… ახლა ბარათები დაგვირიგეს: თვეში რვაასი გრამი ხორცი. ნურაფერს გამოგზავნი, საკვების დაგროვებაში თუ გამოგიჭირეს, ერთწლიანი პატიმრობა ზედა გაქვს.. კვების ერთწლიანი მეცნიერული პროგრამაც კი შეიმუშავეს. მუშამ მოხელეზე ორჯერ მეტი უნდა ჭამოს. (მუშტს იქნევს ჰაერში). ამიტომ, ყველა უბრალო მუშად ყოფნას ოცნებობს… ღამით გაზს გვიკეტავენ და დენს თიშავენ. საღამოს 9 საათიდან ქალაქი ბნელდება. ბინებში 14 გრადუსი სითბოა. ამათ ხელში ესეც დიდი წყალობაა!

ალექსანდრა : არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ შემიძლია `გიყიდო~. ლონდონში ერთი ნაცნობი მყავს… სასწაულებს ახდენს. თანაც სწრაფად… უამრავი რუმინელი გადმოიყვანა… ყოველგვარი საფრხის გარეშე…

იოანა : მე აქ უნდა დავრჩე… ვალი მაქვს მოსახდელი… არ ვიცი რისი, მაგრამ ვიცი როგორ. ცივ დარბაზებში თამაში უნდა გავაგრძელო. შენ რომ დარბაზში პალტოებსა და ქუდებში მჯდომი ჩვენი მაყურებელი განახა… სპექტაკლის დასასრულს, ტაშს დიდხანს უკრავენ… ხელთათმანებით. თეატრმაც თვალში გამოიხედა, ძიებაში ვართ, `ახალ ავტორებს~ ვდგამთ, სხვათა შორის ერთი შენი ტექსტიც შევარჩიეთ და ბინაში გავითამაშეთ.

ალექსანდრა : ვის ბინაში?

იოანა : ძვირფასო, ნუთუ ყველაფერი დაგავიწყდა, `ვის ბინაშიო~ რომ მეკითხები. ამის თქმა რომ შემეძლოს… ბინებში კი არა, ეროვნული თეატრის სცენაზე ვითამაშებდი… ერთხელ მომწერე, სამსახურში გინეკოლოგიური შემოწმება უბრალო კომედია ხომ არ არისო. სწორედ რომ ასეა და ეს ფარსი 1984 წლიდან გრძელდება…

ალექსანდრა : დაუკვირდი, რას წერ: დეიდა პრუდანსს არ სძინავს…

იოანა : ფეხებზეც მკიდია. სხვებიც ასე ფიქრობენ. შიშის საზღვარი დიდი ხანია, გადავლახეთ. ჩვენი ქალაქი გლობალური სისტემატიზაციის ხანაში შევიდა. ეკლესიებს ანგრევენ, უბნებს მიწასთან ასწრებენ. პირველად ურანუსის უბანს მიადგნენ. დეიდა ლუჩიას ორჯერ მოსთხოვეს ბინის დაცლა, სახლი უნდა დავანგრიოთო. რჩევის საკითხავად ჩემთან მოვიდა. ვურჩიე, დათანხმებულიყო. იმათ ხუმრობა არ უყვართ. თავი დამიქნია, უცნაურად გამიღიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ბებია საპყართა თავშესაფარში გაამწესა. როდესაც სახლს ბულდოზერები მიადგნენ, ფანჯრიდან ფეხი იშვირა, მეცხრე სართულიდან გადმოეშვა. მუშებმა ცხედარი იქვე გაზონზე დაასვენეს და, ვითომც არაფერიაო, საქმეს შეუდგნენ. მთელი სახლი ჩამოიქცა. ბიძია იოანეს სურათები ნანგრევებში მოყვა, შვიდოთახიანი სამხატვრო მუზეუმი…

ალექსანდრა : ბებია ახლავე წამოიყვანე…

იოანა : ნუ ღელავ, უკვე ჩემთანაა. თვითონ ისურვა. აღარ მეჩხუბება. უფრო ლმობიერად მექცევა. ერთად ვცხოვრობთ შინამოსამსახურის ოთახში. ელექტროენერგიას “უხვად“ ვიყენებთ. ოთახი, ისე როგორც მთელი ქალაქი, 15-ვატიანი ნათურითაა გაჩახჩახებული. სხვა ნათურას ვერსად იპოვი. მეზობელ სახლში უბედურება დატრიალდა. აფეთქებულმა წყლის გამაცხელებელმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ჩვენც ყველას ასეთი ბედი გველის: ცხელი წყლის და ცხელი კერძის გულისთვის რას არ გააკეთებ. თეორიულად, სადილის მომზადება მხოლოდ ღამით შეგვიძლია. შენც კარგად მოგეხსენება, ჩვენი ხალხი თეორიულ აზროვნებას ნაჩვევი არ არის. ჩვენ ხომ პოეტური ერი ვართ?! თანაც, ამპარტავანი. ბევრმა გაყინული ბინების კარებზე წარწერა გააკეთა: `ზამთარში ფანჯრებს ნუ გააღებთ. შეიძლება, გამვლელებს სურდო შეჰყაროთ !~ ადრე ქვეყნიდან წასვლა დიდ გმირობად რომ ითვლებოდა, ახლა გმირობა ქვეყანაში დარჩენაა. როდიდან ? შენი გამგზავრებიდან ათი თუ თორმეტი წლის შემდეგ. შენ ცნობილი პიროვნება გახდი და თეატრს საბოლოდ დაუბრუნდი. ავინიონში შენს პიესებს დგამენ. გახსოვს, როგორ ოცნებობდი ამაზე, ამ ათიოდე წლის წინ ? არ გეგონა, ოდესმე თუ გეღირსებოდა…

ალექსანდრა : ათი წელი დავკარგე, მაგრამ ეტყობა ღირდა: ახლა ისევ თავიდან ვიწყებ. წარსულ ცხოვრებას რაც შეეხება, მოწმედ ვერ გამოვდექი. რუმინეთის სიტუაციაზე დაწერილ ჩემს ტექსტებს ახლოსაც არ იკარებდნენ, შავი სათვალიდან იხედები და აზვიადებო, მიმტკიცებდნენ. ნამდვილი ბერეზინა იყო. ამას იმიტომ წერ, ქვეყნიდან შენი წამოსვლა რომ გაამართლოო, მეუბნებოდნენ… მაშინ, კომიკური ტექსტების წერას და გასაღებას მივყავი ხელი. მსუბუქ, მხიარულ პიესებს ვწერდი, ცოტა ეროტიკას ვუზავებდი. დამკვეთის ზომაზე გამოჭრილ კაბას ჰგავდა. გეგონებოდა, გაზეთების გამყიდველი ვიყავი (ყვირილით ბაძავს გაზეთების გამყიდველს): `შეიძინეთ შორიდან გადმოხვეწილი ავტორის მიერ დაწერილი, უკვე სათამაშოდ გამზადებული პიესები !~ კაფეების ყოველდღიური კლიენტები მეუბნებიან : `თქვენს ადგილზე რომ ვიყო, თქვენს ჩაუ… (შლის) ალფრედს აქამდე შუბლს ასჯერ გავუხვრეტდი. ასეთები რამ გაგაჩინათ ? ჩვენთან ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამდენს ვინ მოითმენს ?~

იოანა : კულტურის სახლების გაყინულ დარბაზებში ვთამაშობ. პაკი კიდევ ერთხელ ვცადე, მაგრამ ეტყობა, როლისთვის დავბერდი. ანდრეი ისეთი დიდი კაცი გახდა, რომ… ყველას სძულს. ყოველდღიურად, ორ-ორი საათი, ტელევიზორში ალფრედის ქება-დიდებას უნდება.

ალექსანდრა : ბებიამ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა. სასწრაფო დახმარება 65 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის თავს არ იწუხებს. ვრეკავდი, მაგრამ შენც არ მომიკვდე! რომც მოვიდეს, მერე რა? საავადმყოფოში ყველაფერი შენი მისატანია : ქირურგიული ძაფი, სპირტი, ბამბა. მერედა, სად უნდა იშოვო? ჩვენი მეზობელი ექიმია. გუშინ საღამოს რვა საათზე ბებიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ბებიას ორი დღე-ღამე თვალი არ გაუხელია. მკერდზე ყურს ვადებდი, კომაში ხომ არ ჩავარდა-მეთქი. მესამე დღეს წამოდგა, ძმრიან საწებელში ჩაწყობილი ქათმის თეთრი ხორცი მოითხოვა, თითქოს იშოვებოდეს, და განაცხადა, სანამ 40 წლის განმავლობაში ნანატრ რევოლუციას არ მოვესწრები, ჩემს სიკვდილს ვერ ეღირსებიანო… როგორც ყოველთვის, ჰგონია, რომ გადატრიალება კარზეა მომდგარი. მერე დაამატა: `სამწუხაროა, ალექსანდრა რომ ვერ შეესწრებაო~. ჩვეულებრივზე მეტად აღტყინებულია და ხმამაღლა გაიძახის, შობის დადგომამდე, ჩვენს შორის უპირველესს ამბოხების ტალღა წალეკავსო. დამაჯერებლად ლაპარაკობს, მაგრამ რაც არ უნდა თქვა, დასაბმელი გიჟია : შუა დეკემბერია და ყველანი ვხვდებით, რომ სიცივე, სნეულება და შიმშილი ბოლოს მოგვიღებს, ახალ წლამდე ვეღარ მივაღწევთ…

(ტელევიზორის ეკრანი ინთება. სცენაზე ეკრანის შუქი იღვრება ; ალექსანდრა წარმოსახვით ტელევიზორს მონუსხული მისჩერებია).

წამყვანის ხმა : უკანასკნელი ორი დღის ახალი ამბები… 21 დეკემბერს, პრეზიდენტის სახლის წინ დიქტატორის სადიდებლად გამართული დემონსტრაცია ერთბაშად საპროტესტო გამოსვლად გადაიქცა. ტირანს ლაპარაკს არ აცლიან, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. პირღიად დარჩენილი გაოგნებული მომხსენებელი ხმას ვერ იღებს. ეროვნული ტელევიზია გადაცემებს წყვეტს.

ალექსანდრა (მუხლებზე დადებულ ფურცელზე წერს): არ დამიჯერებ: გუშინ ტელევიზორი ვიყიდე, ახალი რომ არაფერი გამომპარვოდა. ტელევიზორი არასოდეს მქონია, არადა, რამდენი ხანია, ტელეფილმების სცენარებს ვწერ. მთელი დღე წინ ვუზივარ და არხიდან არხზე გადავრბივარ…

წამყვანის ხმა: დიქტატორი და მისი მეუღლე გუშინ გაიქცნენ. რესპუბლიკის სასახლის სახურავიდან აფრენილმა ვერტმფრენმა წყვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

იოანა (ავანსცენაზე ზის; დები გევრდიგვერდ სხედან მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ) : ძვირფასო დაიკო, დაუჯერებელი ამბები ხდება. ეს სამი დღეა, მოვლენები უსწრაფესად ენაცვლება ერთმანეთს: მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. ამ წერილს ქუჩიდან გწერ, ინტერკონტინენტალის სასტუმროს წინ ვზივარ, ყურისწამღები ხმაურია, ირგვლივ ისვრიან, ქვემეხების ბათქუნი და ტყვიების წივილი ისმის. ბებიამ საბოლოოდ აუშვა. გუშინ ქუჩაში ჩასვლა მოინდომა, ძლივს დავაკავე. ტირილით მსაყვედურობდა, ისტორიასთან პაემანს მიშლიო. ჩემი წამიერი უყურადღებობით ისარგებლა და ხელიდან დამისხლტდა. გუშინ, შუადღისას მოხდა. ამ დილით დაბრუნდა და სასახლის მოედანზე გამართული დემონსტრაციის და აღგზნებული ხოცვა-ჟლეტის ამბავი მიამბო. ტანკისტებისთვის პური მთხოვა და მყისვე უკან გაბრუნდა. ამჯერად, აღარ დავუშალე: ოცი წლით გაახალგაზრდავებული მეჩვენა.

ალექსანდრა (ყურმილს იღებს და ტელევიზორს თვალს არ აშორებს): როგორ თუ ფრენა არ არის?

წამყვანის ხმა: სეკურიტატეს თანამშრომლები დედაქალაქის მიწისქვეშეთს შეეხიზნენ, აჩრდილებივით ხან იქ, ხან აქ გამოჩნდებიან და მოქალაქეებს ატერორებენ.

ალექსანდრა (ტელეფონზე): მგზავრები სამი დღეა გაფრენას ელოდებიან? მადმუაზელ, მე თვრამეტი წელია ველოდები… (ოთახიდან გადის).

იოანა (ხელში გაზეთი უჭირავს, ლურჯ-ყვითელ-წითელი სამკლავური უკეთია): მუზეუმის სამოქალაქო დაცვის წევრი გავხდი. ვშიშობთ, მძარცველები ან დეიდა პრუდენსის დამქაშები არ შემოიჭრან (გადაშლის). რა სულელი ვარ! ახლა ყოველგვარი შიშის გარეშე შემიძლია დავწერო: მუზეუმს სეკურიტატეს ძაღლებისგან ვიცავთ. ხელში პირველი თავისუფალი გაზეთი მიჭირავს…

8

1989 წლის დეკემბერი

ალექსანდრა (იოანას ბინის კარებზე რეკავს, მერე აღებს, კარებში მისი სილუეტი მოჩანს, თითით ისევ ზარის ღილაკს აწვება. ხელში ის ჩემოდანი უჭირავს, რომლითაც ქვეყნიდან გაემგზავრა): გამარჯობა!

იოანა : შენ ხარ?

ალექსანდრა : როგორც ხედავ: ვერასოდეს მომიშორებ თავიდან. მუდამ ერთად! (ერთმანეთს გრძნობით ეხვევიან).

იოანა (ცდილობს არ ატირდეს): ეს ის ჩემოდანია?

ალექსანდრა (თავს უქნევს): სხვა არც არასოდეს მქონია.

იოანა : მაინც დაბრუნდი… 18 წელი დაგჭირდა…

ალექსანდრა : სიყვარულმა თვლა არ იცის…

იოანა : სულ არ შეცვლილხარ.

ალექსანდრა : ჰმ, შენ შეიცვალე… საშობაო საჩუქარი, ერთი ბოთლი მარტინი ჩამოგიტანე.

იოანა : მე და შენ ყველაზე ხშირად სწორედ შობასა და ახალ წელს ვხვდებით ერთმანეთს.

ბავშვის ხმა: დედიკო, მოდიხარ?

იოანა (ფანჯრის რაფაზე იხრება) : ალექსანდრეა?

ალექსანდრა : ალექსანდრუ პოპესკო, მთელი მისი ბრწყინვალებით! პატივი მაქვს, წარმოგიდგინო ახალი თაობა.

იოანა : რა ლამაზი ბავშვია… ჩვენს ენაზე ლაპარაკობს?

ალექსანდრა : ისწავლის.

იოანა : იმის თქმა ხომ არ სურს, რომ დარჩენას აპირებ?

ალექსანდრა : მუდამ ერთად. განა, ასე არ არის?

იოანა (შესცქერის): ამდენი ხნის შემდეგ, შეჩვევა გაგიჭირდება.

ალექსანდრა : მშობლიური ენის ხელმეორედ სწავლა მომიწევს, სულ ეს არის.

იოანა (ტირის და იცინის): ნეტავ, წინ რა გველის?

(ერთმანეთს წელზე ხელს ხვევენ და სიცილით გადიან. სცენაზე ანთებული ტელევიზორი რჩება).

წამყვანის ხმა: აჩვენებს არხი… (ხმაური, გაგრძელება არ ისმის). შუადღის ახალი ამბები. ამ დილით, ბატონი ანდრეი ვორნიკუ, ჩვენი უნივერსიტეტის “Honoris Causa” დოქტორი… (ისევ ხმაური) დაინიშნა ჩვენი ქვეყნის ელჩად… (ისევ ხმაური… ისმის სიმღერა. ამ სიმღერას იმღერებენ სტუდენტები და ინტელექტუალები, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ, უფრო მეტი თავისუფლების მოთხოვნით მშვიდობიან დემონსტრაციაზე შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და რომლებსაც ახალ ხელისუფლება ტანკების მუხლუხოებით გადაუვლის).

სცენაზე სინათლე ქრება.

Fin

Anca Visdei: "coup de.. haut de forme"

პიესა გამოგზავნა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s