დიმიტრი ხვთისიაშვილი: გამოთხოვება გიზო სიხარულიძესთან


Gizo Sikharulidze

დიმიტრი ხვთისიაშვილი

“ის მაინც ბრუნავს…”
გამოთხოვება გიზო სიხარულიძესთან

24 საათი, 04.06.10

ძალიან ძნელია გამოსათხოვარი სიტყვა უძღვნა კაცს, რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, გვერდში მედგა, როგორც მეზობელი, როგორც უფროსი მეგობარი, როგორც უთავმდაბლესი, თავის საქმეში თავდავიწყებამდე შეყვარებული უდიდესი პროფესიონალი.

უნებლიედ ამომიტივტივდა გონებაში შარშანდელი 6 აპრილი. მარჯანიშვილის თეატრში ამ დღეს თქვენი საიუბილეო საღამო გავმართეთ.

თქვენი მშობლიური თეატრის სცენიდან კვლავ ააჟღერეთ შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლადო ასათიანის სტრიქონები. მიუხედავად წლების სიჭარმაგისა, იგრძნობოდა თქვენი საოცარი ენერგია და სათქმელის სიმწვავე, რამაც გულგრილი ვერ დატოვა მსმენელი. მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე, მაყურებელი კვლავ ითხოვდა თქვენთან – იუბილართან შეხვედრას და თქვენც ერთი შეხედვით თითქოს უენერგიოდ მიდიოდით მიკროფონთან და იქ იწყებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა თეატრალური სასწაული. თქვენი მთელი სხეული ერთვებოდა იმ დიდ პოეზიაში, რომელსაც აფრქვევდით სცენიდან.

სამწუხაროდ ეს თქვენი უკანასკნელი გამოსვლა აღმოჩნდა, უკანასკნელი შეხვედრა თქვენს მაყურებელთან, რომელსაც არასოდეს დაავიწყდება თქვენს მიერ შექმნილი სცენიური სახეები სპექტაკლებში “შემოსავლიანი ადგილი”, “მე ვხედავ მზეს”, “თეთრი ბაირაღები”, “კომედიის ხელოვნება”, “ბანკ ბანი”, “პროვინციული ამბავი”, “მარადისობის კანონი”, “გვირილა”, “შიში”, “საპოვნელა” და მრავალი სხვა.

ბატონო გიზო! მეც არასდროს დამავიწყდება თქვენი გვერდში დგომა, ჩემი პირველი სპექტაკლის “ქამუშაძის გაჭირვების” რეპეტიციებზე. თანაც როგორი რთული ამოცანის წინაშე ვიდექით. პრემიერამდე რამოდენიმე ხნით ადრე უეცრად გარდაიცვალა, არაჩვეულებრივი მსახიობი, ლევან ქამუშაძის როლის შემსრულებელი, ბატონი ბონდო გოგინავა… ძალიან რთული იყო მისი შეცვლა. არ დამავიწყდება თქვენი საოცრად გულისხმიერი და კეთილშობილური ჟესტი, გვერდში ამომდგომოდით დებიუტანტ რეჟისორს. თქვენ ეს როლი ტელედადგმაში განსახიერებული გქონდათ უკვე და ერთი შეხედვით, უინტერესოც კი იყო ალბათ იგივე სახესთან შეხვედრა, თუმცა როგორი შემართებით ამომიდექით მხარში, გამამხნევეთ და ბოლოს დაამშვენეთ კიდეც ის წარმოდგენა. დიდი მადლობა ბატონო გიზო!

და კვლავ 6 აპრილის საღამო მახსენდება… უფრო სწორედ ამ საღამოს ფინალი. “ის მაინც ბრუნავს… ის მაინც ბრუნავს” მოისმოდა მიხეილ ქვლივიძის ლექსის სტრიქონები. დიახ, ბატონო გიზო “ის მაინც ბრუნავს და ღმერთმა ნუ ჰქნას რომ არ იბრუნოს”… ღმერთმა ნუ ჰქნას თქვენს თეატრს, თქვენს თაყვანისმცემლებს დაევიწყებინოს თქვენი ღვაწლი და ამაგი ქართული თეატრალური ხელოვნების წინაშე. თქვენ კი შეუერთდით, თქვენს არაჩვეულებრივ მეუღლესა და კოლეგას, ქალბატონ ეთერ სიხარულიძეს, რომლის დაკარგვის წუხილმაც დაგასნეულათ ამ უკურნებელი სენით.

ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s