ტადეუშ რუჟევიჩი: დედაბერი-კრუხი


Tadeusz Różewicz

ტადეუშ რუჟევიჩი

Tadeusz Różewicz

დედაბერი-კრუხი

პოლონურიდან თარგმნა ჯემალ ჭელიძემ

ეგრეთ წოდებული პერსონაჟები:
1. დედაბერი
2. ოფიციანტი _ ახალგაზრდა
3. ოფიციანტი _ კირილი (მოხუცი)
4. ლამაზი ქალიშვილი
5. ექიმი
6. მევიოლინე
7. უსინათლო
8. პირველი ქალიშვილი _ კლოთო¹
9. მეორე ქალიშვილი _ ლაქესისი
10. მესამე ქალიშვილი _ ატროპოსი
11. ყმაწვილი
12. დარბაისელი კაცი
13. წესრიგის დამცველი
14. მეეზოვეები
აგრეთვე ბავშვები და თოჯინები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ ამ ე.წ. მოქმედებაში.
პირველი სურათი
ყველაფერი განათებულია, სინათლე ყველგან აღწევს. მოჩანს რკინიგზის ვაგზლის დიდი კაფის ინტერიერი. შიგ ბევრი მაგიდა და სკამია: წითელი, შავი

1. კლოთო, დაქესისი, ატროპოსი _ მოირები-ღვთაებები, რომლებიც თითქოს ადამიანთა ბედის ძაფს ართავდნენ და გარკვეულ შემთხვევაში წყვეტდნენ მას. ზევსისა და თეიდას ქალიშვილები. ადრე მიაჩნდათ, რომ ყველა ადამიანს თავისი მოირა (ნაწილი) ჰყავდა. ანუ ბედის მწერლები. მათთან იყო დაკავშირებული ადამიანის მთელი სიცოცხლე. კლოთო (ვართავ) სიცოცხლის ძაფს ართავდა. დაქესისი ამ ძაფს ადამიანის ბედსა და სიცოცხლის ირგვლივ ახვევდა, ხოლო ატროპოსი გარკვეული დროის შემდეგ ამ ძაფს ჭრიდა და ადამიანის სიცოცხლეც მთავრდებოდა (მითოლოგიური ლექსიკონი).
და თეთრი. მაგიდასთან ზის დედაბერი. იგი “დახუნძლულია”, უამრავი სამოსი აცვია: გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის. ჩამოუკიდია და აუსხამს: გულსაბნევი, სამაჯურები, საათები, ჯაჭვები.
საყურეები, ყვავილები ჩამოუკიდია… თავზე სამი სხვადასხვა ფერის თავსაბურავი და ბუჩქად შეკრული სხვადასხვაფრად შეღებილი თმა ადევს. მის გაქვავებულ და ნაოჭიან სახეს პირბადე უფარავს, ხოლო სახის ნაკვთები მეტყველია. თეთრი ხელოვნური კბილები მოუჩანს. სკამები და მაგიდები მეტალის, შუშისა და ფერადი მასალისაგან არის გაკეთებული. ყველაფერი ბრწყინავს, ბზინავს და ბრჭყვიალებს.
დედაბერი გაურკვეველ ხმებს გამოსცემს: ჭრიჭინობელის ხმის მსგავსს. შემოდის ახალგაზრდა ოფიციანტი. ტანადი, ელეგანტურად სუფთად ჩაცმულ-დახურული. აცვია ფრაკი ან რაიმე ამის მსგავსი ლაქის ფეხსაცმელები აცვია. იქაურობას მოათვალიერებს და გადის. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ბრუნდება. მოძრაობს მაგიდებსა და სკამებს შორის, ხვეტავს და ასუფთავებს იქაურობას: იღებს ჭურჭელს, ყვავილიან ლარნაკებს, დაყრილ გაზეთებს, მენიუს, ბოთლებს, საფერფლეებს. ჯიბიდან ამოიღებს ჭუჭყიან ნაჭერს, რომელიც ბინტს წააგავს, ამ ნაჭრით ასუფთავებს მაგიდებს, იწმენდს ხელებს, სახეს და ცხვირს იხოცავს. იატაკიდან იღებს ლარნაკებს, რომელშიც ხელოვნური ყვავილები აწყვია. აწესრიგებს ყვავილებს და ისევ მაგიდაზე დებს. შემდეგ ერთ დიდ ჰერმეტიულად დახურულ ფანჯარასთან ჩერდება. ზურგით დგას დარბაზისა და დედაბრის მიმართ.

დედაბერი _ შვილო… შვილო!
(ოფიციანტი ყურადღებას არ აქცევს) ლაწირაკი! (ოფიციანტი არ აქცევს ყურადღებას)
დედაბერი _ ვითომ არ ესმის.
ოფიციანტი _ (ზურგშექცეული) _ გისმენთ, მზად ვარ გემსახუროთ… (მაგისკენ მიდის, გზიდან ფეხით იშორებს ცარიელ ქილებს, კოლოფებსა და ქაღალდებს. დედაბერთან თავაზიანად დაიხრება და წინ მენიუს დაუდებს)
დედაბერი _ როგორც ყოველთვის, შვილო, როგორც ყოველთვის. (ოფიციანტი გადის და მალე ისევ უკან ბრუნდება. მოაქვს ჭიქა, ყავადანი და საშაქრე და წინ დაუწყობს. დედაბერი ხელში იღებს ჭიქას და სინათლეზე გახედავს, დიდხანს ათვალიერებს. ისევ ლანგარზე დადებს, შემდეგ ხელში იღებს კოვზს და გვერდზე გადადებს. ისევ ჭიქას მისწვდება, ხელში აიღებს, (ყველა თითზე ბეჭედი უკეთია). _ ოფიციანტ! (ოფიციანტი დაიხრება დედაბრის წინაშე. დედაბერი ელეგანტურ ლაქის ჩანთიდან იღებს მაქმანიან ცხვირსახოცს, ჭიქის ნაპირებს გაწმენდს. სინათლეზე გახედავს და შემდეგ ლანგარზე სდებს) _ ოფიციანტო!
(ოფიციანტს ვითომ არ ესმის)
ოფიციანტი _ (თავისთვის) _ რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს საზოგადოებისათვის ამ საზიზღარ ტილს.
დედაბერი _ მომიახლოვდი უფრო ახლოს…
ოფიციანტი _ აქ ვარ, მოწყალეო ქალბატონო.
დედაბერი _ ეს ჭიქა ჭუჭყიანია.
ოფიციანტი _ ეს შეუძლებელია, მოწყალეო ქალბატონო, ეს ჭიქა? (ჭიქას ხელში აიღებს და სინათლეზე გახედავს. აათვალიერებს. ჭიქას ტუჩების საცხის კვალი ატყვია).
დედაბერი _ ვიღაც ქალმა დასვარა…
ოფიციანტი _ (ჯიბიდან ტილოს იღებს, ჭიქას წმენდს და სინათლეზე ათვალიერებს, შემდეგ ზედ დააფურთხებს და ხელებით წმენდს.) ძალიან ვწუხვარ მოწყალეო ქალბატონო, ვერ შევამჩნიე. (ჭიქას მაგიდაზე სდებს) _ ცრემლივით კრიალაა. დღეს კარგი ამინდია, ცა შუშასავით გამჭვირვალეა.
დედაბერი _ თითების კვალი დაამჩნიე, თითქოს კრიმინალური სამხილი იყოს, უმაღლესი კატეგორიის დაწესებულებაა და ჭიქა კი ჭუჭყიანია. სხვა მომიტანეთ, წყალი არ გქონდათ თუ რა?
ოფიციანტი _ ნამდვილად, მოწყალეო ქალბატონო, დედამიწის წყლის რესურსები ძალიან შემცირდა. ამჟამად ქალაქში თითოეულ მოსახლეზე ერთი სუფთა ჭიქა წყალი მოდის. გარდა ამისა, ვიღაც ნაძირალებმა, წყალსადენები დააბინძურეს. წნევა დააგდეს. ორი კვირაა ფაქტიურად, რაც უწყლოდ ვართ. ტბები, ზღვები და ოკეანეები დაბინძურებულია. წყალს მთებიდან ვეზიდებით, მაგრამ სულ გვაკლია. (ჭიქას ხელში აიღებს, წმენდს ჭუჭყიანი ჩვრით და ყავას დაასხამს. ფანჯარას მოსცილდება, დარბაზის მიმართ კვლავ ზურგით დგება.)
დედაბერი _ (ჭიქას საჩვენებელი თითით მოურევს) _ მხოლოდ ნალექია, საშინლად სქელი… (ჭიქიდან ნალექს ამოიღებს და მაგიდაზე დაახვავებს.) _ ეს ბორცვია… (ამოიოხრებს.)
ოფიციანტი _ (ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მაგიდასთან მიდის.)
დედაბერი _ (მტრედივით ღუღუნებს) _ შაქარრრრრრრიიი… შაქარრრრრრრიიი… (ოფიციანტი კოვზით შაქრის ფხვნილს ჭიქაში ჩაყრის)
_ კიდევ!
(ოფიციანტი დაუმატებს შაქარს)
_ კიდევ! (ოფიციანტი იმდენს ჩაყრის ჭიქაში შაქარს, თანაც ისე უხეშად, რომ იბნევა მაგიდაზე და იატაკზე. დედაბერი ღუღუნებს… ოფიციანტი შაქარს ისევ დაუმატებს ჭიქას. ხელსახოცით ოფლს იწმენდს. ძალიან გაწამდა.) _ ძალიან მიყვარს ტკბილი, ტკბილი… რაც წლები მიდის უფრო მინდება… დაამატე.
ოფიციანტი _ იქნებ ზეთის ხილით… ზეთის ხილით ყავა ძალიან კარგია, მონღოლურად?
დედაბერი _ დღეს ძალიან ცივა აქ, თითქოს ძაღლის ბუნაგი იყოს… (ცდილობს წამოდგომას, რამდენჯერმე გაიბრძოლებს, ტანზე ახორხლილი სამოსი უშლის, დამშვიდდება) _ ოფლში გავიწურე, ეს კი დგას და მომჩერებია, სახე შემიმშრალე, ვერა ხედავ ოფლით დამეცვარა… (ოფიციანტი ჯიბიდან ჩვარს ამოიღებს და გულდასმით უწმენდავს სახეს, დედაბერი ოხრავს, წამოდგომას ცდილობს, როგორც იქნება წამოდგება და გაივლის. გზადაგა სკამებსა და მაგიდებს ედება. ნელ-ნელა ცვივა: ქუდი, თმა, სამკაული, ისევ ადგილზე ბრუნდება _ მაგიდასთან ჯდება) _ ვიგრძენი რაღაც დავკარგე… მივხვდი, დამივარდა, აქ რომ ვსეირნობდი… მაშინ, მაგრამ არ ვიცი სად, რომელ ადგილას… ეი, ოფიციანტო, გთხოვთ მობრძანდეთ! შენ გეძახი!
ოფიციანტი _ მზად ვარ გემსახუროთ!
დედაბერი _ არ დაგინახავს სად დამივარდა… ჩანთა თუ გამეხსნა, არ ვიცი.
ოფიციანტი _ სამწუხაროდ ვერ შევნიშნე… თუ შეიძლება მითხარით, რა დაკარგეთ!
დედაბერი _ არ ვიცი. იატაკზე მოძებნე, მაგიდის ქვეშ, ჩემს ფეხებთან… ან სულაც… მოეშვი თავი დაანებე. უმაგისოდაც იოლად გავალ. ძალიან ბევრი რამ მაქვს კიდევ შიგნით. ახალგაზრდობაში არ მეგონა თუ ამდენ რამეს ატარებდა დედაკაცი, კარგი სპეციალისტი უნდა იყო, ეს ყველაფერი რომ იგრძნო. შენ კი, შვილიკო, გგონია, რომ ქალი თოჯინაა, არა?!
ოფიციანტი _ ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მაპატიეთ, მე ახლახანს დავბრუნდი არმიიდან.
დედაბერი _ უკვე იბრძოლე… მე კი რაც დრო გადის სულ უფრო სითბო მიყვარს, სითბო, სითბუნა, მეტი სითბო, უფრო და უფრო…
ოფიციანტი _ უკანასკნელ დღეებში ტემპერატურის დიდი კონტრასტი შეიმჩნევა. ღამით, ხანდახან მინუს 15-მდე ეცემა. დასავლეთიდან მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და დიდი ღრუბლიანობა. ნალექი _ თოვლის სახით. მზე 7 საათსა და 45 წუთზე ამოდის, ჩავა _ 15 საათსა და 38 წუთზე, ედმუნდისა და ტელესფორის დღეს.
დედაბერი _ (ყავის ნალექს მაგიდაზე გაშლის, თითით ისევ აურევს და შემდეგ ისევ ჭიქაში ყრის) ბევრი ისპანახი უნდა ვჭამო და ჰიგიენა დავიცვა. (ხანმოკლე დუმილის შემდეგ, კატეგორიულად) _ მინდა შვილი გავაჩინო…
ოფიციანტი _ დიახ, თქვენო მოწყალებავ, ქალი ვალდებულია შვილი იყოლიოს.
დედაბერი _ ცოტა დავაგვიანე. ორმოცწლიანი შესვენება მქონდა. არ შემეძლო, დრო არ მქონდა. ახლა დრო მაქვს, საშუალება და ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. მინდა შვილი ვიყოლიო! სამწუხაროდ ბერწი ვიყავი, ახლა ყველაფერი შეიცვალა, ერთი ის რუმინელი მომგვარეთ, მოიცა, რა ჰქვია? პიტულესკო? ჰორმონალურიკეფირი რომ გამოიგონა, სადღაც შედმოგროჯიეში ასწლიანი დედაბრები შვილებს აჩენენ. ეს თქვენს გაზეთებში ამოვიკითხე. ერთმა, თურმე 15 შვილი ერთად შვა. შვილი მინდა, რაღას უდგეხარ?
ოფიციანტი _ რუმინელი კი არა იტალიელია… რუმინელი თეატრით არის დაკავებული… შვიდი, ბრიუსელის ერთ-ერთ კლინიკაში იშვა. ხუთი მკვდარშობილი, ხოლო ორი დაბადებისთანავე მიიცვალნენ. მინდა იცოდეთ, რომ შვიდივე უდღეურები იყვნენ. ექვს თვესაც ვერ მიაღწიეს დედის საშოში. ამ ბავშვების დედას, რომლის სახელსაც ჟურნალისტები არ ახსენებენ, უშვილოდ თვლიდნენ. მისი დაფეხმძიმება შვედური უშვილობის სამკურნალო წამლის საშუალებით მომხდარა… ინებეთ, გაზეთებიდან ამონაჭრები… მე გაზეთებიდან ვჭრი ხოლმე ისეთ საინტერესო ცნობებს, როგორიცაა, მაგალითად: სიცოცხლე მარსზე, მფრინავ თეფშებზე, სხეულის ორგანოთა გადანერგვის შესახებ… რაც შეეხება იმ იტალიელს, იგი ხელოვნური ბავშვების შობადობაზე მუშაობს ბოლონიაში.
დედაბერი _ გაზეტებს კითხულობ?
ოფიციანტი _ მუდმივად, ძვირფასო ქალბატონო.
დედაბერი _ რას წერენ ეგ თქვენი გაზეთები? რა ხდება ამ დამპალ ქვეყანაში?
ოფიციანტი _ კვლავ დაძაბული სიტუაციაა.
დედაბერი _ უნდა ვშობო, ვისაც შეუძლია უნდა იმშობიაროს.
ოფიციანტი _ ასეთ სიტუაციაში, გაოცებული ვარ თქვენი გამბედაობით.
დედაბერი _ სიტუაცია ყოველთვის… დაურეკე იმ ბოლონიელს და ეხლავე აქ გაჩნდეს თავისი ხელოვნური საშოთი. (ოფიციანტი დედაბრის ყბედობას ყურს არ უგდებს. იატაკიდან იღებს დახეულ გაზეთების ნაგლეჯებს და ნაგავს. ჯდება მეზობელ მაგიდასთან და კითხვაში “ჩაეფლობა”. დედაბერი ყავის ნალექს გემოს გაუსინჯავს, შემდეგ იატაკზე გადმოაფურთხებს და “მსმენელს მიმართავს”)
_ ერთი მითხარით რას წერენ იმ თქვენს გაზეთებში?
ოფიციანტი _ უ ტანმა მსოფლიოს საშინელი რამ აუწყა.
დედაბერი _ მაინც რა საშინელება აუწყა ისეთი მსოფლიოს უ ტანმა?
ოფიციანტი _ (გაზეთს კითხულობს) _ ჩვენ მესამე მსოფლიო ომის დაწყების სტადიაზე ვიმყოფებით! (დედაბერი იცინის, ირხევა თავის “გარდერობიანად”)
ოფიციანტი _ (შეცბუნებული) _ სიტუაცია სახარბიელო არ არის.
დედაბერი _ შაქარრრი! შაქარრრი! ჩამიყარეთ, არ გესმის! (ოფიციანტი, გაზეთში გახვეული ნაგვით ხელში მიდის მაგიდასთან, მცირე ნაგვის ნაწილი ძირს დაიყრება.) მოითმინეთ… მაგრამ მითხარით, რომ ეგ თქვენი უ ტანი თუ ვიღაც, არ ვიცი, მესამე მსოფლიო ომის შესახებ ლაპარაკობდა. ხომ არ დაიწყო უკვე… თუ რაშია საქმე?
ოფიციანტი _ დიახ, ძვირფასო ქალბატონო, “აგორდა”უკვე…
დედაბერი _ დაე, აგორდეს, შენ კი წადი, და მიყიდე ერთი ტომარა ფქვილი მაღაზიაში, სავსე ტომარა და აქ მოიტანე.
ოფიციანტი _ (მოწიწებით წელში მოიხრება) _ მატლი გაუჩნდება, იზარალებთ. სიტუაცია ჯერჯერობით არც ისე კრიტიკულია… მგონია, რომ ორი-სამი კგ. ჯერჯერობით საკმარისი იქნება.
დედაბერი _ ფქვილს მიყიდი, ცომს შევჭამ და გავსუქდები. ისინი ომს ამზადებენ. მე _ ცომს… ცომით ამოვგლისავ ომს. მატლს რას მიხსენებ, ისინი ყველგან არიან. გაფურჩქნულ ყვავილში ბუდობს ასე მითხრა ჩემმა საქმრომ, რომელიც მერე ომში დაიღუპა… ახლა წადი და ტორტი მომიტანე და ათქვეფილი ნაღები ჯემით… მატლები, ომი, ამით შეგიძლიათ შენნაირი უდღეურები დააშინოთ, ყველაფრის რომ ეშინიათ. შაქარრრრი, შაქარრრრი… ყველამ უნდა შობოს გრეტა გარბომ, სარტრმა, ბერტრან რასელმა, და კარდინალმა ოტავიამაც, სალვადორ დალიმაც. პიკასომ… გენერალმა დე გოლმა, მაომ, რუსაკმაც… ყველამ… მიუხედავად ასაკისა, საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მსოფლმხედველობისა და სქესისა.
ოფიციანტი _ ნაღები შეგიფუთოთ თუ აქვე მიირთმევთ?
დედაბერი _ აქ მივირთმევ და კიდევ წავიღებ… შაქარრრრრიი… შაქარრრიიი, ხედავ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ, უნდა ვჭამოთ და უნდა ვიშიმშილოთ. სად არის ის შენი წვერიანი პოლონელი პროფესორი. ეს იტალიელები მარტო “ამორეს” და “ბამბინოს” გაიძახიან. ჭკვიანი ხალხია, ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ. შეუსვენებლივ, დაე, ომისათვის ემზადონ… ააგორონ… მიაფურთხე! შენ ჭიქები უნდა გქონდეს სუფთა. ეს შენი ამოცანაა.
ოფიციანტი _ ეჰ, ქალბატონო, შაქარი, ფქვილი, ქონი… ეს წარსულ ეპოქაში იყო კარგი. ახლა არაფერი გვეშველება დასხივებულ ფქვილისაგან მახინჯები იბადებიან, ყველა ლეიკემიისაგან დავიხოცებით.
დედაბერი _ Uნ ენორმე პერრრროქუე¹
ოფიციანტი _ მუცელს ვერ გავაღმერთებ.
დედაბერი _ სისულელეს როშავ. ჩემო ბიჭუნი, იმიტომ, რომ უცხო ენები არ გესმის. “მუცელი” “საშო”. მუცელი კარგი რამ არის, მაგრამ დედინაცვალი ჰგონიათ, არადა შესანიშნავი რამ არის, ვეებერთელა…
ეს მთელი ქვეყანაა.
ეს მთელი ქვეყანაა.

——————————————————————————————————————————
1. სულელი თუთიყუში

უმანკო დაუცველად განფენილია
თავის განცალკევებაში
განფენილია ის დაუცველად
საკუთარ განცალკევებულ უმანკოებაში
რომელიც მთელს ჩვენს მარადიულ ცხოვრებას მოიცავს,
იმდენია მასში ჭურვების ნაგლეჯები.
შუბების, ხიშტების და ხანჯლების გროვები,
ეს მეტალი ავსებს მთელს თქვენს ფაშვს კაცებო.
ჩვენი საცოდავი მუცელი იტევს
ყველა ქმნილებას
იმ ბავშვების რომლებიც ჯერ კიდევ
არ დაბადებულან სხეულის ნაწილები,
ჩვენი საწყალი მუცელი,
არის წისქვილის დოლაბები,
თეთრი ლექსები
თბილი, ფუმფულა პური,
ახალშობილები, ჩვილები.
ადამიანის მუცელი უნდა იყოს
აბჯრით დაცული
საერთაშორისო სამართალი მას
ერთგულად უნდა იცავდეს
ნებისმიერი დარტყმისაგან.
ზევიდან ქვევით
მარჯვნიდან, მარცხნიდან.
მთელი კაცობრიობა ქალის მუცელია
რომელშიც ფეთქავს თბილი პულსარი
ლეღვის ნაყოფივით დამჭკნარა
საბრძოლო დაფდაფის პირივით დაჭიმული
საინტერესოა გენერლების აზრი
მუცელზე, _ ამ სიცოცხლის სათავსოზე.
რას ფიქრობენ,
მაგრამ ისინი ამჯობინებენ დუმილს,
მხოლოდ ზოგადი ფრაზებით მსჯელობენ,
მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
ლაპარაკს რევანშზე, ბირთვულ იარაღზე
(დაე, მათ ფეხქვეშ აფეთქდეს)
და მათი სარაკეტო დარტყმები მიმართულია
დაუცველ ქალთა მუცლებისაკენ _
დედამიწის მუცლისაკენ.

ოფიციანტი _ Perrucha
(კაფეში შემოდის ლამაზი აღნაგობის ახალგაზრდა ქალი, მოდაზე ჩაცმული. ჯდება მაგიდასთან (ფეხს ფეხზე შემოიდებს, უფრო სწორედ ფეხებს რაც შეიძლება მაღლა სწევს, რა მიზნით? რათა გაამრავალფეროვნოს წარმოდგენა, გამოაცოცხლოს მაყურებელი, ახალგაზრდა მსახიობს მისცეს შანსი სცენაზე დამკვიდრებისა, დააკმაყოფილოს თეატრალური რეცენზენტების აკვიატებული სექსუალური იდეები, და ა.შ.) ამის გარდა (მეორე და მესამე ხარისხის) მიზეზები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი მიზანი, როგორც თოფმა გენიალური ჩეხოვის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებში, (ასე ხშირად რომ ახსენებენ ხოლმე კრიტიკოსები) რომელიც პირველ მოქმედებაში ჰკიდია კედელზე, უნდა გაისროლოს ბოლოს (ან რაღაც ამის მაგვარი უნდა მოხდეს) ამრიგად, ქალიშვილმა, რომელიც ერთი შეხედვით არც რაიმეს შემატებს და არც რაიმეს დააკლებს სპექტაკლს, შეიძლება შეძლოს თავისი როლი მეორე ან მესამე მოქმედებაში. თუმცა ამაში დარწმუნებული სულაც არა ვართ. რადგანაც შეიძლება ამ გოგონას ათასი რამ შეემთხვეს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან, თუმცა რატომ “მსუბუქი” და არა “მძიმე” ყოფაქცევის ქალთან? ტანსაცმელი “მეტალის” სამკაულებით ჰქონდა დახუნძლული, მრავალი ფერისა: ყვითელი, მწვანე, ვარდისფერი…) იგი ოთახის მეორე ბოლოში ჯდება. ამ ხნის განმავლობაში, რაც ქალი სცენაზეა, თავის მოდურ ჩანთაში სულ რაღაცის ძებნაშია. ხან მშვიდად და ხან ნერვიულად მოძრაობს. ხან ამოიღებს რაღაცას, ხან ისევ უკან აბრუნებს, 1001 წვრილმანს.)
დედაბერი _ დაცხა, აქ ძალიან ათბობენ, საცაა გავდნები, ნეტავ რითი ათბობენ. შენ რას ამთქნარებ მანდ, მისმინე, ამ მაგიდას არ ემსახურები, შენი კოლეგისაა…
ოფიციანტი _ გისმენთ.
დედაბერი _ ცხელი საჭმელი რა გაქვთ?
ოფიციანტი _ ბიგოსი, შიგნეული, ხორცის რულეტი…
დედაბერი _ წვნიანი არა გაქვთ?
ოფიციანტი _ ერთ საათში იქნება.
დედაბერი _ ერთ საათში თქვენი წვნიანი აღარ დამჭირდება.
ოფიციანტი _ თქვენ ყოველთვის ხუმრობთ წვნიანზე.
დედაბერი _ მერე შენი იყოს. (ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია _ შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ რას ნიშნავს ცხელი წვნიანის გემო. (გულს გაიღეღავს, იქედანაც რაღაც რაღაცები გადმოცვივა) _ ძალიან ცხელა, ვენტილატორი არა გაქვთ? (ოფიციანტი ვენტილატორს რთავს, ჰაერის ნაკადი მტვერს დაყენებს ირგვლივ, აფრიალებს ქაღალდის ნაგლეჯებს და ნაგავს) _ სწრაფად გამორთე და ფანჯარა გამოაღე (ოფიციანტი გამორთავს ვენტილატორს, მიდის ფარდაჩამოფარებულ ფანჯარასთან, შეყოვნდება, ხელებს ზურგზე შემოიწყობს და დედაბერს ზურგს შეაქცევს).
ოფიციანტი _ სამწუხაროდ ფანჯარა ჩალურსმულია.
დედაბერი _ რატომ?
ოფიციანტი _ სტუმრობას არ სიამოვნებთ ამ პეიზაჟის ყურება.
დედაბერი _ რა სტუმრები, რომელი პეიზაჟი, ეს ევროპის ყველაზე ულამაზესი ადგილია. ფერდობები, უღელტეხილები, ნაკადულები, მწვერვალები, კედრები, სოჭი, ღელეები, ჩანჩქერები.
ოფიციანტი _ (ყოყმანით) _ ალბათ მხედველობის პრობლემა გაქვს.
დედაბერი _ რას მიედ-მოედები, გააღე თორემ…
ოფიციანტი _ (საქმიანად, მშრალად) სამწუხაროდ, მეპატრონის გარეშე თქვენი სურვილის შესრულება არ შემიძლია.
დედაბერი _ აი, ვირი! წადი და მოიყვანე ის შენი უფროსი. თუმცა, არა მოიცადე… მომიტანე შიგნეული, მხოლოდ მაცივრიდან. ოფლი მდის ხერხემალზე, წურწურით… მხრები შემიმშრალე.
(ოფიციანტი ჯიბიდან ჩვარს ამოიღებს, გადაუღეღავს საყელოს და კაბას, მხრებს უწმინდავს) _ დიდი მადლობა, საკმარისია, მიაწერე ანგარიშს… სად არის შიგნეული? სულელო… მოიცა სად მიხვალ, გთხოვტ, გახსნათ დარაბები და ფანჯრები. სად არის ის საზიზღარი რუმინელი ან იტალიელი, დაე, იტალიელი იყოს! დაურეკე? კარაქივით ვდნები, სად არის ფაიფურის მოსაფხანი “ხელი”, რა მოუვიდა ფანჯრის მიღმა ლარიქსის ხეებს, ფანჯრები აბნელებდნენ?
ოფიციანტი _ სტუმრებს მწირი პეიზაჟი მოვარიდეთ, ესეც რომ არ იყოს, ქურდები შემოძვრებიან ფანჯრიდან, მოზარდთა ბანდა დაძრწის, ძალადობენ, კატეპს იპარავენ, მანქანებს, ხმაურობენ.
დედაბერიP_ რაღაცას ბლანდავ, ფანჯარასთან დაკავშირებით.
ოფიციანტი _ (მხრებს იჩეჩავს) _ სრულიადაც არა, რაში მჭირდება, ჩემთვის სულერთია, სტუმრის სურვილი ჩემთვის კანონია.(ფარდას ჩამოხსნის და ნელ-ნელა ფანჯარას აღებს. გაღებისთანავე ჭრილში მტვერი შემოიფრქვევა, ძვლები, ფერფლი, კელნერი სწრაფად ხურავს ფანჯარას.)
დედაბერი _ ნუ ეშმაკობ, ჩემო გვრიტო.
ოფიციანტი _ ამ დროს ბევრი ბუზი იცის… დაღამებას უნდა დაველოდოთ.
დედაბერი _ ახლავე გამოაღე, მოცდის თავი არა მაქვს (ოფიციანტს თითქოს არ ესმის, ქალიშვილმა ამ დროისათვის უკვე შეწყვიტა ჩანთაში ქექვა, ჩანთას ამოაბრუნებს და მთელ ხარახურას დაახვავებს მაგიდასა და იატაკზე. ცოტა ხნით გარინდული დგას).
ქალიშვილი _ ნეტავ სად არის აბი… თავს მოვიჭრი…
ოფიციატი _ (მიუახლოვდება ქალიშვილს, დაიკუზება და ნაგავთან ერთად რამოდენიმე წვრილმან ნივთსაც ჩაუჩურთავს ჩანთაში) _ აი გასაღები.
ქალიშვილი _ (ტუჩებს ილოკავს) _ გმადლობთ. (გადის)
დედაბერი _ ეს ის ქალიშვილია, ჭიქა რომ გამითხვარა პომადით?
ოფიციანტი _ (დაჩოქილი) _ მაპატიეთ, ქალბატონო, ექიმი მოვიდა, როგორც მთხოვეთ… (შემოდის ექიმი)
ექიმი _ სად არის ჩვენი მშობიარე?
დედაბერი _ (ოფიციანტს)Oაუხსენით ამ ჭკვიანს, რომ მე ბერწი ვარ ორმოცდაათი წელი, პირველი აღსარებიდან მოყოლებული, პირველმშობიარე, უბიწო.
ექიმი _ (ოფიციანტს) ჯერ შენ გაიხადე… (ჯდება მაგიდასთან და ჯიბიდან დაფხრეწილ წიგნს ამოიღებს) _ ყავა მომიტანე, მაგარი, როგორც ყოველთვის… ბუასილიანი ან მუნიანის ადგილი არ არის პრესტიჟულ დაწესებულებაში, მოეშვი შარვალს, ძალიან ვჩქარობთ, ძალიან. სტრიპტიზის მოწყობა გინდა? ანატომიური თეატრი კი არ არის. რჩევას მოგცემ, ხალხური სიბრძნეა, ტრადიციულ მედიცინას ვუბრუნდებით (ექიმი იღებს ქარალდის ნაგლეჯს და რეცეპტს წერს. და ხმამაღლა აგრძელებს საუბარს) _ მამაკაცის ასოზე, საკვერცხეებზე, ან საცოლის ძუძუსთავებზე. არსებული წყლულიდან…
ოფიციანტი _ (დაიხრება ექიმისკენ და ცდილობს მისი ყურადღების მიპყრობას დედაბრისაკენ, მაგრამ იგი აგრძელებს კითხვას) _ ბატონო ექიმო, როგორც ვიცი, თქვენ მე სწორი ნაწლავის გამოვარდნას მკურნალობთ.
ექიმი _ მამაკაცის სასქესო ორგანოს შინაგანი და გარეგანი დაჩირქებისას, ღარიბთათვის ძალზე ხელმისაწვდომია… მარილი აურიეთ სუფთა თაფლში ფშატის პიტნის მტვერში და წაუსვით საიდუმლო აგენტის წყლულსა და ჭრილობას.
დედაბერი _ (ხმამაღლა) _ საიდუმლო წევრი. იდიოტი! აბეზარი!
ექიმი _ (ოფიციანტს) _ მომიტანე ყავა და გაზეთი და სწორნაწლავს ჯერჯერობით თითი მიაჭირე.
დედაბერი _ თავხედი! ისევ ორპირი, ვინ გააღო დაწყევლილი კარი!
ოფიციანტი _ ბოდიში, ქალბატონო, საჭმელი გააცხელეს, ბებერი ხორცი იყო. ანუ პირადი და საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჰიგიენის მდგომარეობა ძალზე დაბალი იყო, ვიდრე ახლაა. არქიეპისკოპოსი ტომას ბეკეტი, გვაპატიეთ ქალბატონო _ კენტერბერიის ტაძარში მოკლეს 24 თუ 29 დეკემბერს… ზუსტად არ მახსოვს, მისი გვამი მთელი ღამის განმავლობაში ტაძარში ესვენა. 2 დღეში უნდა დაეკრძალათ. მიცვალებულს არაჩვეულებრივი სამოსი ეცვა: ყავისფერი მოსასხამი, მის ქვეშ თეთრი სტიქარი, მის ქვეშ _ შალის ხიფთანი, იმის ქვეშ კიდევ ორი ხიფთანი.
დედაბერი _ ჰეე! მე მასზე მეტი მაცვია.
ოფიციანტი _ შემდეგ შავი ბენედიქტისეული ანაფორა და ბოლოს პერანგი. მის ქვეშ ბეწვიანი ჯუბა _ როცა სხეული გაცივდა, ჭიები, რომლებიც ტანსაცმლის უამრავ ნაკეცებში იმალებოდნენ, გარეთ გამოძვრნენ…
დედაბერი _ რა საზიზღრობაა, რაზე ლაპარაკობენ ადამიანები… სწორნაწლავების გამოვარდნაზე… სად არის მზის ჩასვლა-ამოსვლა. ქოთნის ნემსიწვერა როგორ ეგებება მზის ამოსვლას?
ოფიციანტი _ (ჯიბეში ხელჩაწყობილი თვალშესაქცევად იქექება საშინელ “პანტომიმას” ასრულებს…) ამოძვრნენ, ძვირფასო ქალბატონო, როგორც ჟამთა აღმრიცხველი მოგვითხრობს, ისე ფუთფუთებდნენ, როგორც ორთქლის ქვაბში, ზოგი ტირილით და ზოგი სიცილით კვდებოდა.
დედაბერი _ ზოგი _ ტირილით, ზოგი _ სიცილით?
ოფიციანტი _ დიახ, ქალბატონო, ზოგი ტირილით, ზოგი სიცილით.
ექიმი _ (ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯს იღებს, წერს და ხმამაღლა ლაპარაკობს.) _ ჭიებისაგან, რომლებიც მრავლდებიან მორცხვი ახალგაზრდების სასქესო ორგანოზე! ბავშვურ ციებ-ცხელებისაგან, რომელიც მაშინ ხდება ხოლმე, როცა ჭიები გყავს…
დედაბერი _ ზოგი ტირილით, ზოგი სიცილით?
ოფიციანტი _ დიახ, ასეა, ქალბატონო, ზოგი _ ტირილით, მეორენი _ სიცილით… ეს რომ გაიგოთ ნამდვილი ადამიანი უნდა იყოთ… ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, ამჟამად კი საჭიროა განიავება და გაბერტყვა, გაბერტყვა და განიავება…
ექიმი _ გაზეთი დაგავიწყდა, მეგობარო!
ოფიციანტი _ ღმერთო, მიშველე, აი, გაზეთი (ექიმს გაუწვდის სველ გაზეთს, დაწებებულ ფურცლებს ძლივს ხსნის, ამავდროულად ხევს და ხვრეტს ფურცლებს, შემდეგ სახეზე იფარებს, საიდანაც მხოლოდ სახის ნაწილი და ცხვირი მოუჩანს, სიჩუმეა. ხარხარებს. ისევ სიჩუმე ისადგურებს.)
დედაბერი _ (მიდის ფანჯარასთან და მის გაღებას ცდილობს. თანდათანობით სცვივა თმის და სამოსის ნაწილი. ერთი წუთის შემდეგ) _ არის თუნდაც ერთი ნამდვილი მამაკაცი აქ? (ექიმი კითხულობს გაზეთს, მეორე მხრივ ოფიციანტიც კითხულობს ჩაცუცქული, ამ მოუხერხებელ პოზაში რაღაცის წაკითხვას ცდილობს) _ აღარ არიან ნამდვილი მამაკაცები, თქვენ რომ ნამდვილი მამაკაცები იყოთ… მაგრამ პასუხისმგებლობის ჟამს თავს გაზეთებში მალავთ.
ექიმი _ (დახეულ გაზეთს გვერდზე გადადებს, რომელსაც იმავე წუთში ხელში აიღებს ოფიციანტი) _ მიპასუხეთ, რით შემიძლია გემსახუროთ?
დედაბერი _ გთხოვთ, ფანჯარა გააღოთ (ექიმი ფანჯარასთან მიდის და ენერგიულად ფართედ აღებს მას, ფანჯარაში ნაგავი შემოიყრება და ნარჩენები. ფანჯრის მიღმაც უამრავი ნაგავია. და ცოტა ხნის შემდეგ ის ნაგავიც შემოიყრება შიგნით. ხანდახან ხმაურით ცვივა ლუდის ქილები, ფანჯარაში შემოდის მოტორების ხმა, გუგუნი, ეს ხმაური ხან წყდება და ხან განახლდება) (ღიმილით) _ გმადლობთ, როგორც იქნა ჰაერი ჩავისუნთქე, (მაგიდასთან ჯდება) _ შიგნეული გამიცივდა _ ღმერთო ჩემო, რა უქნიათ ამ ლარიქსის ხეებისათვის?
ოფიციანტი _ (ხმამაღლა) _ კირილ, კირილ! (დარბაზში შემოდის მეორე ოფიციანტი _ კირილი. მას უნაკლო პერანგი, სმოკინგი და ხელთათმანები აცვია, ხელში _ ცოცხი და პატარა ნაგვის აქანდაზი _ ვარდისფერი პლასტმასისა. კირილ მოძრაობს დახვეწილად და მიზანმიმართულად. ძალზე დელიკატურად ხმარობს აქანდაზს და აგროვებს ნაგავს. აქეთ-იქით იცქირება, ამოწმებს არის თუ არა სადმე კიდევ დარჩენილი ნაგავი. შემდეგ გადის. აქანდაზი წინ გაუშვერია.)
ოფიციანტი _ (თმას ისწორებს) _ ლარიქსის ხეები კი მოჭრეს, ავტომანქანებისდიდ მოძრაობასთან დაკავშირებით, ძვირფასო ქალბატონო.
დედაბერი _ სულელები! ვისურვებდი მე დავეხერხე, ვიდრე ისინი, ეს ლამაზი ხეები… ვირები! ტკივილი მიბყრობს, როცა ამას გავიფიქრებ, ხოლმე. მახსოვს ერთხელ აქ მაისში ჩამოვედი, ლარიქსის ხეები ფანჯრის წინ ჩამწკრივებულნი, წვრილი, ღია მწვანე _ ნემსებით შემოსილიყვნენ… ლამაზია ლარიქსის ხეები, ყველაზე ლამაზია ჩვენს სურნელოვან წიწვოვან ხეებს შორის… მაღალი, სწორი, არც ისე მსხვილი ტოტებით, მსუბუქი ლამაზი ნემსებიანი ლარიქსის ვარჯი, მართლაც სუფთა, საოცრად წითელი, ბზინვარე. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ დგანან ხასხასა მწვანით მოსილნი, მაისის მზის სხივებით განათებულნი… გული მტკივა, როცა ვფიქრობ, რატომ არის ახლა ჩვენთან ასეთი ცოტა ხეები აშოლტილნი და მხიარულები.
(ამ მონოლოგის დროს სცენაზე ბრუნდება კირილი, იგი ცდილობს მაგიდის ქვეშ გაასუფთაოს, მაგრამ ამაოდ ცდილობს, რადგან ღია ფანჯრიდან უფრო მეტი ნაგავი იყრება. ბოლოს კირილი მიდის ფანჯარასთან და ცდილობს ნაგვის უკვე ფანჯრიდან გადაყრას: ხელებით, ფეხებით, მხრებიტ და თავსაც კი აშველებს.)
… გასული წლის თებერვალი მომწიფებული ჯერ კიდევ არ არის, რომ ლარიქსი უკვე ყვავის და მეორეს ამზადებს შემოდგომისათვის. ყლორტების ბოლოს პატარა, მეწამული გირჩები… (დედაბერი ხელს ჩაავლებს ოფიციანტს, რომელიც დახეულ გაზეთს კითხულობს) _ მომეფერე, მოდი!
ოფიციანტი _ ერთი წუთით, ძვირფასო ქალბატონო.
დედაბერი _ მომეფერე.
ოფიციანტი _ ახლავე, ჯერ ნაგავი გადავყარო.
დედაბერი _ მაგას თავი დაანებე და მომეფერე.
ოფიციანტი _ ერთ წუთში, მხოლოდ ხელებს გავიწმინდავ.
დედაბერი _ ერთ წუთში კი არა ახლავე, ერთ წუთში გვიან იქნება. ორმოცდარვა წელი ვიცადე, შენ კი ნაგვით და ხელების ბანვით ხარ დაკავებული. ვიცდიდი, სულ ვიცდიდი, ან ფარვანასავით მორცხვი, ან ბუღასავით სულელი, ერთმა არ იცის რა მოუხერხოს ხელებს, მეორემ _ ფეხებს. მის წინაშე ორივე შიშისაგან ოფლში იწურებოდა, მესამე ბერად შედგა. სხვა _ კაფუცინად. ბოლოს, უკანასკნელი ბრძოლის ველზე დაეცა… ხელები დაიბანე და მათ ნაცვლად აქ მოდი. (ოფიციანტი ხელებს იმშრალებს, ცხვირს და დედაბერთან მიდის) _ რა სასიძოსავით დგახარ, … ქორწილში, როგორც არარაობა? ერთ საათში მეშვიდე ათეული მთავრდება, ერთი წუთიც კი არა მაქვს დასაკარგი. გაინძერი! შე ბანძო, შენა!
ოფიციანტი _ ძვირფას ქალბატონს ისე აცვია, რომ …
დედაბერი _ ჩაცმული, ჩაცმული, შენც ჩაცმული ხარ, ვერ ხედავ როგორ ვკანკალებ?.. მოდი გამხადე, რას ლაქლაქებ? რა, ქალისთვის არ გაგიხდია? ა, დიახ, ახლა თქვენ ეს აღარ გჭირდებათ, ყველა გახდილია. იმ ქალივით, ჩემი ჭიქა რომ გათხვარა პომადით. დაათვალიერეთ რაც გინდათ, … ცხოვრება მოსჩქეფს ცემი სხეულიდან… სად არის შიგნეული, სად არის ის ნამცხვარი, სად არის ნაღები? მოიცა, მგონი მჟავე კიტრი მომინდა. (ოფიციანტს წასვლა უნდა) შესდექ! შიგნეულს კირილიც მოიტანს ან მეთოდი. ახლოს მოდი, ხელი მომეცი. (ცოტა ხნის შემდეგ) _ მგონია, რომ ფეხზე რაღაც დაცოცავს… მგონი თაგვია… ან ტარაკანა. რატომ არ შხამავთ, არა გრცხვენიათ, და თქვენის აზრით სამაგალითო დაწესებულებაა ეს? გარკვევით ვგრძნობ, რომ რაღაც დადის ჩემს ფეხზე. აბა ნახე, მე ვერ ვხედავ. ალბათ თაგვი დასეირნობს.
ოფიციანტი _ ეს შეუძლებელია, ძვირფასო ქალბატონო. ჩვენთან კლიენტს ბუზიც ვერ დააჯდება, ვერ გაბედავს…
დედაბერი _ რა არის შეუძლებელი? ციყვი ხომ არ დახტის ჩემს ფეხზე (ოფიციანტი ცდილობს კაბა აუწიოს, შემოწმება სურს) _ საჭირო აღარ არის, უკვე შეძვრა… (ოფიციანტი გაკვირვებულია) _ რა პირი დააღე, ჩმეში შემოვიდა… აღარაფერია საჭირო.
ოფიციანტი _ ქალბატონო, მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ცდებით. ჩვენს რესტორანში ტარაკნები, კოღოები, ჩიტები და ბუზები ყოველგვარი საშუალებებით გავანადგურეთ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური საშუალებებით, მოლაპარაკებებით და აღზრდითი საშუალებებით. კირილს მრავალი საშუალება გააჩნია, იგი ბუზების ჯალათია, თავისი მეთოდები გააჩნია… ამისთვის სპეციალური მომზადებაც კი გაიარა.
დედაბერი _ ბევრს ნუ ლაქლაქებ, მომეფერე…
ოფიციანტი _ როგორ? ისე… ყოველგვარი მიზეზის გარეშე?
დედაბერი _ ნუ ყბედობ, მომეფერე!
ოფიციანტი _ სად მოგეფერო, როგორ?
დედაბერი _ ყველგან. ტერფიდან ან თავიდან დაიწყე, რატომ არ ისწავლე კინოს ან ტელევიზიის საშუალებით?
ოფიციანტი _ (ხელებს იფშვნეტს, შეცბუნებული) _ თავგზა ამებნა, რითი დავიწყო?
დედაბერი _ სიყვარულისთვის ყველა საშუალება გამოდგება. შე უქნარავ, შენა! შეიძლება გიყვარდეს თმა, კანი, ძვლები, არის ფრჩხილების და არის ენების სიყვარული, ფეხის და ხელის, ხალხის სიყვარული, ჭორფლის, კვიცის და ხარის სიყვარული, ქამელეონის, თხის, ვირის, ცხვრის… ძაღლის, კატის, ჩიტების მიმართ… ვირო! ვინა ხარ? შე, ქაქიჭამია, შენა!
ოფიციანტი _ ქალბატონი შეურაცხყოფას მაყენებს (დედაბერი გარკვევით მეტყველებს) _ ქალბატონმა თავი ხელში უნდა აიყვანოს. საზოგადოებრივ ადგილებში მაინც… თორემ ძალზე ვულგარულია… (დედაბერი ღუღუნებს) _ რა გნებავთ?
დედაბერი _ არაფერი… მოიცა… მომიტანე უმი კვერცხი, ხახვი, სოკო და დამბალი ვირთევზა… გესმის? შცჰელლფისცჰ¹… ბევრი ფოსფორი _ მოიცა, სად გარბიხარ? ფრინველის ენა და თევზის შიგნეულიც…

——————————————————–
1. გველთევზა (გერმ.)

მაკრატელი გაქვთ? მარცხენა ნესტოდან თმები ამომჭერი. (ისმის მოტორების ხმა, ღრჭიალებენ მეტალის ნაგვის ყუთები, ფანჯრიდან ისევ მოსჩანს ნაგვის გორები, მაგრამ მას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ნაგავში მოსჩანს მკვდარი ვირთხა “ვარდისფერი კუდით” და თათებით).
ოფიციანტი _ (ფრაკის სახელოდან მტვერს ჩამოიბერტყავს თავაზიანი ღიმილით) შემიძლია დოქტორ ფაგიანოს ცხელი კოქტეილი შემოგთავაზოთ.
დედაბერი _ ეს რაღაა?
ოფიციანტი _ დოქტორი ფაგიანო ჩვენთან კოქტეილებს ამზადებს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი სულფადიაზინია… მისი კოქტეილი გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. მან თავისი ექსპერიმენტი მრავალ ძაღლზე ჩაატარა და დაამტკიცა, რომ მათ ახალგაზრდული სიმხნევე დაუბრუნა, აგრეთვე დაკარგული პოტენცია… თაგვებზეც ჩაატარა ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა მოხუც თაგვებზე. ამის შემდეგ მათ ახალგაზრდა თაგვების ყველა ატრიბუტი შეიძინეს.
დედაბერი _ ეს რა ატრიბუტია?
ოფიციანტი _ სახეზე მუწუკები, ზედმეტი ოფლიანობა ფეხისა და ხელებისა, სიჯიუტე, ანანიზმი…
დედაბერი _ ძველი და ახალი წლის დასაწყისში მკაცრად გვახარებენ, რა სწრაფად გარბიან წლები, დარჩით მარად ჩემს გულში. რამდენჯერ ჩემი ქალიშვილისათვის დამიმატებია ფაფა, რათა “კარგი გარეგნობა” შეენარჩუნებინა, ამასთან ერთად, გარდამავალ ასაკთან ერთად ქრება სიმსუქნისკენ მიდრეკილება.
ოფიციანტი _ Aცჰ, ქუელ მალჰეურ დ’êტრე უნე პეტიტე ფილლე² ქალბატონს დიდი გამოცდილება გააჩნია, ძალიან ცოტა თუ აფასებს მოხუც ქალბატონთა ჭკუას. თქვენ გენერალური მდივნობა გეკუთვნით, პრეზიდენტი, ნაცვალი…
დედაბერი _ უკვე ყველაფერი ვიყავი, ჩემო ფისუნია, ნაცვალიც, სარტრიც, წმინდა ძროხა, ძონძროხა გამყიდველიც. რომელშიც დოსტოევსკის ეშმაკს სურდა შეძრომა, მაგრამ ახლა ამნაირი

————————————————————–
2. რა უბედურებაა პატარა გოგონად ყოფნა (ფრანგ.)
სისულელეებისთვის აღარ მცალია. ახლა კვერცხებზე ვზივარ, რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, ვამბობ… შე ბოთე, დრო აღარ მაქვს! უნდა ვშობო, ახლავე, აქვე. მოამზადე ქვაბით წყალი, ზეწრები, ბევრი ზეწარი… (ფარდა ეშვება. ეს არის თეთრი ზეწარი, წითელი ლაქებით)

(ნაწილი მეორე)
“ზღვასავით” უკიდეგანო სანაგვე _ ნაპირიდან ნაპირამდე, ჰორიზონტს წვდება კაფის ერთი კედლის გამოკლებით (შეიძლება ფანჯარასთან რომ კედელია, ის). შედარებით ნაკლები მაგიდები და სკამებია, მაგრამ მის სანაცვლოდ პლაჟისათვის განკუთვნილი მოწნული სკამები დგას _ ორი _ სამი. სინათლე მატულობს. სამივე მხრიდან გახსნილი სივრცე, რომელიც შეიძლება პოლიგონიც იყოს. უზარმაზარი სანაგვე _ პოლიგონი. ნეკროპოლი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა პლაჟია _ ზღვის სანაპირო. სკამები მწვანედ შეღებილია. იატაკი ნაგვით, ფერფლით და ქვიშით არის დაფარული. რამოდენიმე ადგილას ქვიშის მომცრო ბორცვია, ზოგან _ პატარ-პატარა “მივარდნილი” ადგილები ორმოებია, როგორც ზღვის ნაპირას არის ხოლმე _ (ზღვა, რა თქმა უნდა არ ჩანს) ბორცვები შეიძლება საფლავებიც იყოს, მაგიდასთან კუთხეში დედაბერი ზის. აცვია ჭრელა-ჭრულა სამოსი წყებად.
მზის გულზე, თეთრ ზეწარზე წევს სამი ქალიშვილი. ისინი ერთმანეთს ხელებით ან ფეხებით ეხებიან, ამ მოქმედებით გამოხატავენ ვარსკვლავის მსგავს საგანს, ისინი მზეს ეფიცხებიან. ნაგვის გროვიდან ამოძვრება ადამიანი, რომელიც ნაგავში ორმოს _ (სანგარს) _ თხრის და ბოლოს სამ ქალიშვილთან აღმოჩნდება. მტვერშია ამოგანგლული, თავზე მეომრის მაგვარი _ ჩაჩქანის მსაგვსი რამ ახურავს. კბილებში დანა გაუჩრია. მის მოპირდაპირე მხრიდანაც ვიღაც მეორე, ნელ-ნელა ნაგავს აქეთ-იქით ყრის და ისიც ძვრება ნაგვის გროვიდან, როდესაც ისინი პირისპირ აღმოჩნდებიან, ვერ გაარკვევ, ჩხუბობენ თუ ერთმანეთს ეხვევიან. ბოლოს ორივე ერთ ადგილას შეშდება. ასე გადახლართულ-გადაჭდობილნი, დრო და დრო ამოძრავდებიან და ისევ შეშდებიან. ქალიშვილები ზარმაცად და მგრძნობიარედ “კოტრიალებენ”, მხართეძოზე წამოწოლილები და სხეულზე სქლად ისვამენ საცხსა და ზეითუნის ზეთს… მზეს ეფიცხებიან, მიირთმევენ ხილსა და ნაყინს. საუბრობენ და კითხულობენ დასურათებულ ყოველკვირეულ ჟურნალს.

პირველი ქალიშვილი _ (ცხვირზე მზისაგან დასაცავი ქაღალდი დაუწებებია) _ ლუციამ _ (მეორე ქალიშვილი უსმენს და თან, მექანიკურად ნაგავში და ჭუჭყში ურევს ხელს, ერთობა: ტანზე იყრის. მესამე ქალიშვილი მანიკურს იკეთებს) _ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა.
მესამე ქალიშვილი _ მოციქულთა ეკლესიაში.
პირველი ქალიშვილი _ არქიეპისკპოსმა დაწერა ჯვარი.
მეამე ქალიშვილი _ კაბის საყელო თეთრი მაქმანით იყო გაწყობილი.
პირველი ქალიშვილი _ თითოეული მაქმანის ფურცელი მარგალიტებით მორთული…
მესამე ქალიშვილი _ ცისფერი შლეიფი 12 წყრთის სიგრძისა იყო და 12 პაჟს ეჭირა ხელით.
პირველი ქალიშვილი _ პატარძალს მამა მიაცილებდა…
მესამე ქალიშვილი _ პატარძალი სლუკუნებდა.
პირველი ქალიშვილი _ ჟურნალისტი რომელმაც ეს აღწერა; საქორწილო კაბა…
მესამე ქალიშვილი _ დაისაჯა იმით, რომ ეკლესიაში არ შეუშვეს.
პირველი ქალიშვილი _ იმიტო, რომ წინასწარ არ უნდა გაემჟღავნებინა საიდუმლო.
მესამე ქალიშვილი _ დედოფალმა წმინდა აგათას საქორწილო თაიგული დაუდო ფეხებთან.
პირველი ქალიშვილი _ მოწყალების დების მფარველის ფეხებთან.
მესამე ქალიშვილი _ მან მედდების სკოლა დაამთავრა.
პირველი ქალიშვილი _ შემდეგ დიდ სახლში მიიწვიეს.
მესამე ქალიშვილი _ საქორწილო ტორტი 70 ფუტს იწონიდა და 7 მეტრის სიმაღლისა იყო.
პირველი ქალიშვილი _ ჩვიდმეტსართულიანი.
მესამე ქალიშვილი _ ტრადიციის თანახმად ტორტი პატარძალს უნდა დაეჭრა, მაგრამ ძალა არ ეყო ქალს.
პირველი ქალიშვილი _ მან დასახმარებლად ქმარს მოუხმო.
მესამე ქალიშვილი _ მოგვიანებით კი მამასაც დაუძახა.
პირველი ქალიშვილი _ ტორტი მშრალი იყო და იფხვნებოდა.
მესამე ქალიშვილი _ ამიტომ ახლაგაზრდებმა თითო-თითო ნაჭერი აიღეს.
მეორე ქალიშვილი _ კიდევ რა იყო?
მესამე ქალიშვილი _ ორაგული, შამპანური, ხიზილალა, ბატი საწებლით და შემწვარი ფილე.
მეორე ქალიშვილი _ მერე რა?
მესამე ქალიშვილი _ არაფერი.
მეორე ქალიშვილი _ კოვალსკებსაც კი ჰქონდათ შამაპანური, ბატი და ფილე.
მესამე ქალიშვილი _ რა მოხდა მერე?
მეორე ქალიშვილი _ არაფერი.
მესამე ქალიშვილი _ მეც ასე ვფიქრობ.
დედაბერი _ (მაგიდიდან) _ თავი დამბანე, დამვარცხნე, ყავა წაიღე შიგ ბუზი გდია…
(ხმა ნაგვის გროვიდან) _ მომყევით, მომყევით. (ისმის საყვირის ხმა, ყიჟინა და უცხო გაურკვეველი ხმები)
დედაბერი _ იჩქარე. ქალიშვილები ვინ ყვირის?
პირველი ქალიშვილი _ ბავშვები ომობანას თამაშობენ…
დედაბერი _ ვირები. ნაცვლად სიყვარულისა… ხომ გითხარი, თმა ამოიღე ყავიდან… სულელო… სად არის შაქარი? სად გაქრა ეს დაწყევლილი? ეჰე! (პლაჟზე უსინათლო კაცი შემოდის. ხელში თეთრი ჯოხი უჭირავს და საწვიმარი აცვია. ხელჯოხის საშუალებით გზას მიიკვლევს, ათვალიერებს სკამებს, ქალიშვილებს, ჯარისკაცებს, რომლებიც ქვიშაში ჩამამლულან. ბრმა მერხზე ჯდება გაღიმებული. ჯოხი, რომლის წვერზეც ლურსმანია მიმაგრებული ირგვლივ ყოველივეს ჩხრეკს, ლურსმანზე აკინძული აქვს გაზეთები. საიდანაც ხსნის მათ, კეცავს და ინახავს ჯიბეში. სინათლე სუსტდება, თითქოს მზე ღრუბლებში მიიმალაო. ზეციდან ნაგავი იყრება, ფერფლი, ფთილები, ბრმა ქუდს იხდის და ხელებს წინ გაიშვერს, სახეს ცას მიაპყრობს, იღიმება.)
უსინათლო _ თოვლი, პირველი თოვლი. (სახეზე ისმევს, სახე ჭვარტლით ეთხუპნება. ისმის საომარი ბუკის ხმა. ნაგვის გროვიდან, რომელიც რამოდენიმე ადგილზე გადაიხსნება, გამოჩნდება ხელები, ისინი კანკალებენ, სავსავებენ, რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ ნაგავში ჩაინთქმებიან.) _ ახალგაზრდებო, ნუ თამაშობთ ომობანას, აი, რამდენი თოვლი გვაქვს, გასწავლით როგორ უნდა გავაკეთოთ თოვლის პაპა. (ბრმა დგება და რამოდენიმე ნაბიჯით წინ წაიწევს, იგი ნაგვის გროვის შუაშია. ცდილობს გუნდა გააკეთოს, მაგრამ ნაგვისა და ქვიშის ნარევისაგან არაფერი გამოდის, უჭირს გუნდის გაკეთება. ნაგავი ხელიდან უცვივა, იგი მაინც თავისას ცდილობს. გოგონები თვალს ადევნებენ, გულისყურით მისჩერებიან, მერე ისინიც ეხმარებიან) _ თავზე ლურჯ ქვაბს დავახურავთ.
მეორე ქალიშვილი _ (ბრმის გვერდით ჩაცუცქდება, დასცქერის ნაგავს) _ რატომ მაინცადამაინც ცისფერი ქვაბი?..
უსინათლო _ (შედგება და ქალიშვილს ღიმილით მიაჩერდება, ხელში ნაგვისა და ფერფლის გროვა უჭირავს) _ იცი, გოგონი, ეს გრძელი ამბავია, ჩვენ ამისათვის დრო არა გვაქვს. თოვლის ბაბუა უნდა გავაკეთოთ.
მეორე ქალიშვილი _ ოდესღაც ხალხი უცნაურ ზღაპრებს ყვებოდა. დაუჯერებელ ისტორიებს… ახლა ყველა ჩქარობს… ჩვენ ქალიშვილებს მოსმენა გვიყვარს… მე მაინტერესებს ცისფერი ქვაბია საჭიროო, რატომ ცისფერი, იქნებ ბავშვურად მომდის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რატომ მაინცადამაინც ცისფერი?
უსინათლო _ მიყვარს ეს პატარა ნეიტრალური ქვეყანა. აქ ომის შემდეგ დავსახლდი. მიყვარს ეს ტბა, რომელიც თოვლით დაფარულ მთების სილუეტს ირეკლავს… მე თან წამოვიღე უკანასკნელი თესლი, რომელიც ნაკადულთან დავთესე. ახლა იმხელა იქნება, შეიძლება მის რტოებში მოიჩრდილო. ეს ლარიქსია, ძალიან მიყვარს ლარიქსი.
ორი მენაგვე _ (მოედანზე გამოაგორებენ ურიკას მაკოლატორით სავსეს. ხელებით და ნიჩბებით აგროვებენ ძველ გაზეთებს, წიგნებს, ენციკლოპედიებს, ილუსტრირებულ ყოველკვირეულ ჟურნალებს, სათამაშო მანქანებს და ცხოველებს, ბოთლებს, აგრეთვე ადამიანებს: მოხუცებს, ბავშვებს, ქალებს, ესენი ცოცხალი ადამიანები არიან, აგროვებენ აგრეთვე თოჯინებს. ბავშვები ნაგვის გროვიდან ძვრებიან და მერე სცენიდან გარბიან. დარბაისელი კაცი თეთრ ცხვირსახოცს ისწორებს სმოკინგის ჯიბეში. იგი ერთ-ერთ მგიდასთან ჯდება. ერთი წუთის შემდეგ მასთან მიდის მოხუცი ოფიციანტი კირილი სამზარეულოს ჩვრით ხელში. ამ მოქალაქეს ყელზე შემოახვევს. ამ დროისათვის ერთ-ერთ მაგიდას მიუჯდება ორი მენაგვეც. ისინი ეწევიან. ერთმანეთს რაღაც საგნებს უჩვენებენ: ღილებს, ძველ ფოტოებს, ბოთლებს, რა თქმა უნდა ნაგავში ნაპოვნ საგნებს).
დარბაისელი კაცი _ რას იტყვი, კირილ, ადამიანები კვლავაც ზღვარზე არიან.
კირილი _ რედაქტორის მეუღლე როგორ გრძნობს თავს, გვითხარით თუ შეიძლება.
დარბაისელი კაცი _ გმადლობტ, ისიც ზღვარზეა, მაგრამ ენერგიით სავსეა.
კირილი _ დავნამოთ, გავაშროთ… მარცხნივ გაგიყოფ, როგორც ყოველთვის, არა?
დარბაისელი კაცი _ რა ვიცი, იყოს მარცხნივ.
კირილი _ მგონი, რაღაც ბღუის. (ყურს მიუგდებენ)
დარბაისელი კაცი _ ხანგრძლივ ომს აწარმოებენ ბუზებთან?
კირილი _ ბავშვობიდან, ბატონო მეცენატო, მაგრამ მაინც კიდევ არიან, თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც… მე კი უკვე მოვხუცდი.
დარბაისელი კაცი _ ბუზები იყვნენ და იქნებიან, მოეშვი მათ. დაე, გამრავლდნენ, სჯობს ქერტლს მიხედოთ.
კირილი _ არა, ბატონო მეცენატო, ეს პრინციპის საქმეა. აზრადაც არ მომდის ასეთ რესტორანში, როგორიც ჩვენია, ეს ოხრები მასხრად იგდებენ ჰიგიენას. (ქამარს იხსნის, კვლავ ნაგვის გროვასთან მიდის, იქედან სამართებელს იღებს. ქამარზე სამართებელს პირს უწყობს. მოულოდნელად ყველაფერს თავს ანებებს, ჯიბიდან იღებს “ბუზების დასაჭერს და ასრულების ბუზების ნადირობის პატომიმას”, ჩუმად ეპარება, უსაფრდება, დარბის, ხტის, ცეკვავს, ასე ცეკვა-ცეკვით უახლოვდება დედაბერის მაგიდას, რომელსაც თავი პარიმახერის შუსის საშრობში აქვს. მის გვერდით, დაბალ სკამზე არაჩვეულებრივი თმის ქალიშვილი ზის, რომელიც პედიკურს უკეთებს.
დედაბერი _ ცხვირში ჩახედე… იქ ბუზია.
კირილი _ მე მას მრავალი წელია, რაც დავდევ…
დედაბერი _ ბუზი ყავაში დაიხრჩო… დამანებე თავი, მხოლოდ სწრაფად… ყავა წაიღე… წინა კარი არ დაგავიწყდეს.
კირილი _ ეს გამორიცხულია, მაპატიეთ.
დედაბერი _ უაზროდ ცხოვრობ (დედამიწას ამძიმებ), არაფერი გესმის. ჭია ხარ ბავშვის უკანალში.
კირილი _ ეკონომიას ვეწევი, შემნახველ სალაროში ვინახავ…
დედაბერი _ ცხენს გიყიდი… რომში იყავი? საკურთხევლის წინაშე წარმადგინე, და არა…
კირილი _ კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან წუთის წინ მაცნობეს, რომ ისევ ზღვარზე ვდგავართ…
დედაბერი _ შე ვირო! მიგყავარ თუ არა? თუ მიგყავარ, წამიყვანე, ერთი, ორი! (“ყავახანაში” შემოდის მევიოლინე, მსუქანი, ღიპიანი, ულვაშიანი, შავტუხა, გულში ფრთხილად ჩაუხუტებია რაღაც ინსტრუმენტი. (ინსტრუმენტი არ ჩანს, ყუთი შავი ფერისაა. მევიოლინესაშინლად ოფლიანდება: სახე, ხელები, მხრები და ფეხები ოფლიანი აქვს. სახეს იწმენდს.)
კირილი _ (დედაბერს მიმართავს) _ შიგნეული მუსიკის თანხლებით 20%-ით მეტი დაჯდება. ქალბატონი კიდევ იცდის? ზღვარზე ყველაფერი სწრაფად ცივდება. მუსიკა კი უკრავს. (მამაკაცი რამდენჯერმე საკმაოდ ხმიანად აღრუტუნდება მუქარითაც კი)
დედაბერი _ ტახის ღრუტუნი მესმის. (წელში მოიხრება და თავაზიანად) _ ეს ჩვენი მუდმივი კლიენტია. ევროპელი გურმანი, ყბედი, კოზირი.
დედაბერი _ რას ღრუტუნებს, რატომ არ ლაპარაკობს. თუ ყბედია, იყბედოს რაღას უცდის? თავად ამბობო ზღვარზე ვცხოვრობთო.
კირილი _ თავად ბარონს არ შეუძლია საკუთარ თავთან ილაპარაკოს.
დედაბერი _ ვითომ რატომ?
კირილი _ ბარონს აუდიტორია სჭირდება სალაპარაკოდ.
დედაბერი _ საზიზღარი ყბედი! რა ხდება, ყავას რამდენ ხანს ველოდო?
კირილი _ მაპატიეთ, არ ვიცი.
დედაბერი _ როგორ თუ არ იცი?
კირილი _ სიმართლე თუ გინდა, მიმიფურთხებია თქვენი ყავისთვის!
დედაბერი _ ორპირი ყოფილხარ.
კირილი _ ეგ ადგილი მე არ მეკუთვნის… კოლეგა.
დედაბერი _ აბა, ის კოლეგა სად არის?
კირილი _ მოხალისედ წავიდა. ქალბატონს შეუძლია ჩაეწეროს, იქნებ დაბრუნდეს კიდეც, მაგრამ რაც შეიძლება ხმამაღლა… რადგან იქით ისვრიან. (მიდის მოქალაქესთან)
დედაბერი _ შაქარრრი! შაქარრრი! თითიქოს არ ესმის, ნაგავი! (ვიღაცა ოთხფეხზე გამოძვრა საიდანღაც, დანით ხელში, დანას სახელოზე იწმენდავს, ეს ჩვენი ახალგაზრდა ოფიციანტია, მაგიდას მიუახლოვდება. მთელი მისი სხეული ჭუჭყიანი ბინტით არის დაბლანდული, რომელიც მოძრაობისას უკან დასთრევს, თითქოს შიგნეული გამოუყრიათო. იგი დედაბერს მიუახლოვდება) _ ნახევარი წელია, რაც მას ვეძახი, უსაქმური, ლონდრე, არ გესმის, როცა გეძახიან? ყავა მომაცილე, ყავაში ბუზია. ნაღებში თმებია, გაზეთზე ნაღებია, გაზეთი ტუალეტში, წაიღე, წაიღე. ისე იზლაზნება, როგორც ბუზი თაფლში ჩავარდნილი. სიცოცხლე აკლია. ამას ჰქვია ახლაგაზრდა. ხელები ჯიბეში ჩაუწყვია და ფილოსოფოსობს. სად არის შიგნეული? ის მევიოლინე სად არის? (ოფიციანტი სწრაფი მოძრაობით ბინტს ჯიბეებში იტენის. ხელებს იწმენდს) _ ნეტავ სად მინახიხარ, რა თხასავით მიყურებ, რამხელა გაზრდილხარ, წამოჩიტულხარ. იქნებ ეს შენ არა ხარ? სად იყავი?
კელნერი _ ომში, ძვირფასო პანი.
დედაბერი _ ომში?
ოფიციანტი _ დიახ, მესამეში.
დედაბერი _ მესამე, მეოთხე, მეათე, ძალიან ჩქარობთ. ეს შენ დამიტკბე ყავა შე დონდლო შენა! ხელები გებლანდება. მახსოვს.
ოფიციანტი _ ყავა უკვე გაცივდა, მაგრამ ქალბატონს თავი ძველებურად უჭირავს.
დედაბერი _ რა ფრთები, რა ტოტები, რა მედლები, რა ღილები, არ დაგიკერებია… მეგობარო… მე კი ცემო ანგელოზო, სამი გოგო და ერთი ვაჟი გავაჩინე. ბიჭი, მაგარი ვინმეა, მაგრამ მას არ მოგცემ. მასზე ვზივარ, თუ გინდა ნახე _ ნუ გეშინია.
(ოფიციანტი ჩაიმუხლება და შეიჭყიტება, გაოცებული დაუსტვენს, მოედანზე მეეზოვეებმა მეორე ურიკაც შემოაგორეს. ნარჩენებით, მაკულატურით, ჯართით სავსე. ამჯერად, ნაგავში უფრო მეტი ადამიანი მოჩანს. მეეზოვეები ყველაფერს ერთად აგროვებენ. ახლა პლაჟი, კაფე, საბრძოლო არენა, ერთ ნაგვის გროვად იქცევა. მაგრამ ცხოვრება ისევ ძველი რიტმით მიდის. ყველა დაწესებულება: ეკლესია, სამედიცინო დაწესებულება, შესაბამისად მოწესრიგებულად მუშაობს. მიმდინარეობს სხდომები, ყრილობები, ბანკეტები, შეხვედრები… ხალხი მუშაობს, ერთობა, ყვებიან ანეკდოტებს, ჭორაობენ, ხანდახან ისმის აღტაცებული ხმები, მღერიან კიდეც. ასეთი მდგომარეობა გრძელდება დრო და დრო. ყველა, რასაც მოისურვებს იმას ამბობს, შეიძლება სიმღერითაც, როგორც ძველი შლაგერები, კითხულობენ გაზეთების ამონარიდებს. შეიძლება კანონმდებლობათა კრებულიდან წაიკითხონ მოძველებული სახელმძღვანელოებიდან ციტატები და ფილოსოფიური წიგნებიდან და ა.შ. ეს ხმები ნაგვის გროვიდან ისმის. მაგალითად: ა) ძალიან ცოტა სიტყვას თუ ნახავთ კაცობრიობის სასარგებლოდ. მაგალითად, სიტყვა: “ერთობა”. საჭიროა ყველა მიისწრაფოდეს გაერთიანებისკენ. მსოფლიოს ყველა დიდი სახელმწიფოები შედგება უფრო პატარა პოლიტიკური ერთეულებისგან.
ერთიანობა, გაერთიანება, კავშირი ეს გამოთქმები დიდ როლს ასრულებენ არა მარტო პოლიტიკაში, არამედ ისინი მოიცავენ პოლიტიკის, მეცნიერების და კულტურულ ცხოვრებას. საერთაშორისო კავშირების რაოდენობა ასეულებს აღწევს: მეცნიერები, მხატვრები, სპორტსმენები, პიონერები, ფილატელისტები, მსახიობები, პროფკავშირის მუშაკები, ჟურნალისტები… ამისკენ მივყავართ უამრავ სამეურნეო შეთანხმებებს. ბ) “საქაღალდე წარწერით “ბ _ ბიუსტი” _ გატენილია. მასში ჩვენ ვინახავთ წერილებსა და საჩივრებს ბიუსტებზე: დიდებზე, პატარებზე, ნორმალურებზე, ცუდებზე. ასეთ წერილებს სარედაქციო ფოსტაში ყოველ საათს უამრავს ვნახულობთ… რა ზომის უნდა იყოს იდეალური ბიუსტგალტერი? ზომები, როგორც ჩანს დამოკიდებულია სიმაღლეზე და საერთო სილუეტზე… აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ქალი, რომელსაც იდეალური მკერდი აქვს საერთოდ არ არსებობს”.
მოქმედების გასაცოცხლებლად შესაძლებელია მოკლე-მოკლე პასუხების ჩართვაც, რჩევები კარგისა და ცუდის შესახებ. მაგალითად:
_ რა შეიძლება ადამიანებს ვურციოთ?
_ ის, რასაც ჯანსაღი გონება გვიკარნახებს: მთელი არსებით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ არ გადავაჭარბოთ. კარგად ვიკვებოთ, მაგრამ თვალი ვადევნოთ ჩვენს წონას. დავისვენოთ და მხნედ ვიყოთ. როცა ადამიანი ბერდება, უნდა განთავისუფლდეს ზოგიერთი მცდარი შეხედულებებისგან. მაგალითად: ზოგი ხორცის ჭამას თავს არიდებს, წნევას მატებსო. თუმცა დღეში 100 გ. ხორცის ჭამა აუცილებელი ყოფილა. ამბობენ რომ მარილი “გულს აწუხებს”, არადა მარილი მცირე რაოდენობით აუცილებელია.
როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა?
_ ყოველ დღე უნდა გამონახოთ დრო ძილისთვისა და დასვენებისთვის.
კირილი _ (მიდის მოქალაქესთან, თვალებში შესციცინებს ნიშნად მოწონებისა) _ მე მგონია, პან, ყურში თმა გაქვთ (ყურში ჩაჰყურებს) _ თუ პანი ნებას მომცემს უმტკივნეულოდ მოგაცილებთ? აი, მორჩა. უბრალო ამბავია, მაგრამ მთელ სახეს აუშნოებს (გულის ჯიბიდან სარკეს ამოიღებს, შიგ ჩაიხედავს, თავს გააქნევს. მიმოიხედავს) _ ბუზებს დაუბინძურებიათ კვლავ. (სარკით ხელში მოქალაქის ირგვლივ დადის. მამაკაცი შიგ იცქირება, კარგად გაკრეჭილია თუ არა, ათვალიერებს. ამ დროსითვის მეეზოვეები დიდი გატაცებით ასრულებენ საქმეს: ხვეტავენ, იქაურობა წესრიგში მოჰყავთ, ასუფთავებნ პოლიგონს, პლაჟს, იატაკს, აწყობენ, ალაგებენ, გროვად ახვავებენ ნაგავს, კვლავ აქეთ-იქით ფანტავენ: ერთი ადგილიდან მეორეში გადააქვთ და ა.შ. ჰაერში მტვრისა და ფერფლის ფანტელები მოსჩანს. მენაგვეები ნაგავს ჩქმალავენ მაგიდებისა და სკამების ქვეშ, ხვეტავენ სკამებსა და მაგიდებს, სადაც კლიენტები სხედან, პირში ჩაგუგბებული წყლით იატაკს ნამავენ. თავგამოდებით და ექსტაზით შრომობენ) _ გმადლობთ, ბატონო მეცენატო… ო, მაპატიეთ… ცხვირშიც ბეწვი გაქვთ, ოჰ, მაპატიეთ, თვალი მღალატობს სიბერეში (მამაკაცს კისრიდან ხელსახოცს მოაცილებს, კაცი წამოდგება, ეს არის სოლიდური და მოზრდილი ადამიანი, თავი ღირსეულად უჭირავს. დიდი მონდომებით უფერთხავს სამოსს, უჩინარ თმებისგან ათავისუფლებს) _ ო, საყელოზე მკბენარი გაზით. (ორი თითით მისწვდება მას და ხელში “აიღებს”)
დარბაისელი _ დიდი მადლობა, კირილს!
კირილი _ მაპატიეთ, რომ ვბედავ, ბატონ მეცენატს დაავიწყდა… მე გელოდებით… ანეკდოტებს ველოდები. ბატონ მეცენატს ეს პირველად მოუვიდა, საერთოდ ცხოვრებაში არ მოსვლია… ანეკდოტი.
დარბაისელი _ არც შენ მიყვები არაფერს. არც ერთი ჭორი, არც ერთი ახალი ამბავი, თუმცა პარიკმახერები ყვებიან ხოლმე და კლიენტები უსმენენ. ეს უფრო მოსახერხებელია და ბუნებრივი, მაგრამ წესის დარღვევა ერთხელ შეიძლება… შენ რომელი ანეკდოტის მოსმენა გინდა? პოლიტიკურის?
კირილი _ ო, ღმერთო, დამიფარე, ბატონო მეცენატო, მე პოლიტიკაში არ ვერევი. იანეკია ამის მოყვარული. რახან ასე მწყალობს ბატონი მეცენატი, მაშინ გთხოვთ იმ ქალზე მომიყვეთ, რომელიც ქალიშვილ, ვაცესთან ერთად მაღაზიაში კაბის საყიდლად წავიდა.
დარბაისელი _ ეს ძალიან უწყინარი ანეკდოტია, მაგრამ ძალიან კარგია, ყველა სიცილისაგან იგუდება, მაგრამ ეხლა უკვე რამდენჯერმე… იქნებ სხვა მოვყვე, იქნებ ისა სჯობდეს?
კირილი _ თუ გინდა, მართალი ამბავი ვიცი… (სკამით მიჩოჩდება) _ მართალია, ძნელია სიცილით არ მოკვდე.
დარბაისელი _ აღარ დავჯდები, ჩემო ძვირფასო, ასე მოგიყვები პერ პედეს აპოსტოლორუმ¹ _ ფეხზე მდგომი.
კირილი _ როგორც ბატონი მეცენატი ინებებს, თუმცა იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ ანეკდოტი “მჯდომარე” უფრო იქცევს ყურადღებას და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე “პერ პედე”… (მამაკაცი სავარძელში ჯდება, სამოსს იწსორებს, ფეხს ფეხზე გადაიდებს და იწყებს მოყოლას. სულერთია რას ჰყვება, თუნდაც კალენდრიდან ამოღებულს, გინდაც გაზეთიდან, კირილი მოწონების ნიშნად თავს უქნევს. დიდი ყურადღებით უსმენს ყველა. ერთმა ქუდიც კი მოიხადა, მენაგვეებმა ცოცხები დაყარეს ძირს და უსმენდნენ. კვლავ საქმეს უბრუნდებიან. ახლა სულ სხვა საქმეს აკეთებენ: თეთრი საღებავით ხაზავენ გადასასვლელებს, თეთრ ხაზს უსმევენ პლაჟზე, ნაგვის გროვას, კაფეზე გაავლებენ ხაზს, შიგ _ სკამებს და მაგიდებს და ადამიანებსაც უსმევენ თეთრ საღებავს, თუ ისინი გზაზე შეხვდებიან.)
დედაბერი _ (ქსოვს თეთრ წინდას, ან რაიმე სამოსს ბავშვის ტანსაცმელს, მღერის ლექს-სიმღერას ბებრული ხმით).
სისხლის, ტკივილის
შავ კალაპოტთან
დამტოვე მარტო
მზის სინათლეში
შთაინთქმება ხეთა ფოთლები.
მრავალხმიანად ჟღურტულებენ
მათში ფრთოსნები.
მწვანე მდელოზე

———————————————————
1. აპოსტოლური ტერფებით _ ლათ. ქრისტეს მოწაფენი ქრისტეს მოძღვრების გასავრცელებლად ფეხით დადიოდნენ.
ხედავ შენ სიზმრებს
თეთრი პეპლები
თავს გევლებიან
(ერთი წუთის შემდეგ ბოლო სტრიქონს იმეორებს)
მწვანე მდელოზე
ზედავ შენ სიზმრებს
თეთრი პეპლები
თავს გევლებიან
(დარბაისელი კაცი დედაბრის მაგიდასთან ჯდება. დედაბერი აგრძელებს თავის საქმეს, იგი მას არც კი უყურებს. ლაპარაკობს. სიტყვებს შორის პაუზა უფრო გრძელი ხდება).
დიდი საშინელი ვინმე ხარ!
(პაუზა)
საზიზღარი, მელოტი.
(პაუზა)
გარდა ამისა საყელოზეც ქერტლი გაქვს
(პაუზა)
… ბინძური
მოქალაქე _ რა წამალი არ ვიხმარე… ქალწულის აპკიც კი… ჩვილი ბავშვის სხეულაკები. … დაფნის ფოთოლი… დოლარი… ძაღლის შიგნეული.
დედაბერი _ შენი გული დამჭკნარია (პაუზა) სულელი! შენი გული ისეთივე შიშველია, როგორც ეპისკოპოსის მუხლები… _ კირილმა მითხრა, რომ სიბერეშიც ასეთი მოლაყბე დარჩი… ცნობილ “კოზირად”… მართალია? თვალში _ სანთელი და ყურში ბამბა გაქვს. ბრმა და ყრუ ხარ. კოზირი! დავამატებ… აგრძელებ ცხოვრებას, არა? არ გრცხვენია?
ოფიციანტი _ ღორის ფეხები ხომ არ მოგართვათ? პან ბარონ? ინებეთ გაზეთები, სიტუაცია ისევ დაძაბულია, უკიდურესად დაძაბული, ზღვარამდეა მისული.
დარბაისელი _ შვილო, ერთი ჭიქა უნგრული მინდა, 1968 წელს ჩამოსხმული. რა ნახე ისეთი, გაზეთის კულტურულ დამატებებში?
კელნერი _ აქ წერია, ძაღლის თავი სად მარხია, ბატონო ბარონო.
დედაბერი _ (მათ ყურადღებას არ აქცევს) _ დაე, სულელმა ილაპარაკოს, ნუ შერცხვება ყბედს, დაე, მოგვითხრას იმის შესახებ, თუ როგორ სვამდა ჩაის, რძით, ვაგნერის მეორე ცოლის გერთან იტალიის მეფის ვიტორიო ემანუელის საზოგადოებაში… საშინელი ყბედი, თანამედროვეთა სლოკინი…
ოფიციანტი _ ნება მომეცით, ძვირფასო ქალბატონო. იმის შესახებ, რომ საზოგადოებას ჩვეულებრივ აინტერესებს მოგონებანი, მემუარები, დოკუმენტები, დღიურები, დიდ ადამიანთა ღამის ქოთნები, დიდი მხატვრების, უბრალო მეძავების, ცნობილი მკვლელების, მოაზროვნეების, გარყვნილების საქმეები. თითოეული იმას მიიღებს უკანვე, რისი დაბრუნებაც ძალუძს.
დედაბერი _ სისულელეს როშავ. როგორც ის… კი, ის… ის კრიტიკოსი, არა ის არა შე ვირო, არ გესმის, რომ ყოველივე ეს ფსიქოპათოლოგიაა. ადამიანებისაგან ყველაფერი მომდინარეობს, მიმდინარეობს, გამოძვრება და მიძვრება… ნიაღვრის დროს თავდაღწეული მიედინება კლოზეტის წყალთან ერთად… ისინი მარად იმითი იკვებებიან, რასაც მოიხელთებენ… მოდერნით, ბებიის დანატოვარი ლამფით ბაროკოთი, პოეზიით, სილამაზით, შობადობით, ბუნებით, ცაცხვის ხეთა ჩრდილში სხვისი სიცოცხლით, ანტიკური საღამოებით… ებღაუჭებიან ძველმანებს, რადგან ძველი ლამფის გარშემო ყოფნა სურთ. ჩერჩეტი!
დარბაისელი _ პირიქით, სწორედ რომ პირიქითაა, მეთოდე ეს წმინდა წყლის მისტიკაა და ვიდრე შენ სურვილს აისრულებ, ჩემო ძვირფასო, იმის შესახებ მოგიყვები, როგორ მივირთმევდი ჩაის, ცნობილ ქალბატონთან. მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა მეთოდეს დასაცავად, მისი ახალგაზრდული კულტის ეფებოსის გამო. ბოლო რაც არის ამ ინფანტილური სიშიშვლის კულტში, ეს თავდაპირველი უბიწოებაა, ციური სიშიშვლის სენსაციური აღმოჩენა კი მის სისუფთავეშია; უსექსო სექსი სისუფთავეშია, შესაბამისად, გარკვეული ექსტაზი სიწმინდესთან მიახლოებულია სიწმინდის გარეშე…
დედაბერი _ (მოულოდნელად მიმართავს ოფიციანტს) _ ბიჭუნი, ყურებიდან ბამბა გამოუღე ბატონ მეცენატს, რადგან არ ესმის, რაზე და ვიზე ლაპარაკობს. (ოფიციანტი კრძალვით გამოუღებს ბამბას მარცხენა ყურიდან)
დარბაისელი _ მაგრამ სწორედ რომ პირიქითაა. ყოველივე პირიქით. ეს მისტიკაა, მაგრამ ახალგაზრდული, გიჟური მისტიკა ლიტერატურისადმი მისი სიძულვილის გამო…
ოფიციანტი _ პატივცემულო, მე მგონია, რომ ის ღმერთს დასცინის, მგონია, რომ იგი უხამსია თავისი შიშველი კულტით.
დარბაისელი _ სწორედ, რომ პირიქითაა, ჩემო ძვირფასო. მას უყვარდა ღმერთი. მისი ნოველის ნახევრადგენიალურ შემოქმედებაში ყველგან ღმერთი იგრძნობა. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი გენიოსი ღმერთს დიდი სიმპათიით ეპყრობა. ვიცი ჩვენი გენიოსის ნარცისიზმის შესახებაც, მაგრამ გამოვტყდები, რომ ღმერთისადმი დამოკიდებულებებში იგი ძალზე კულტურულია, კეთილმოსურნე და თქვენ წარმოიდგინეთ მოსიყვარულეც… რადგან მისი დიდი ფილოსოფია, იმდენად დიდია, რომ ჩვენი დოცენტი, დოქტორი, პროფესორი, გრძნეული კრიტიკისაგან ჩაიძირებოდა მის ეგზისტენციალურ ზედაპირზე… (მოულოდნელად ჩუმდება, ოფიციანტი მუხლებზე დაიჩოქებს მის მაგიდასთან. ნაგვის ხროვიდან ისმის კირილის ხმა, რომელიც დაბრუნებულა და ძველ ადგილას ზის _ სანგარში, რომელიც დაფარულია შესანიღბი ბადითა და ნაგვით.)
კირილი _ აბა, მომიყევით, მომიყევით!
დედაბერი _ შაქარრრრი, შაქარრრრი, ძაღლის შვილო!
უსინათლო _ წყალი! წყალი! ერთი ყლუპი ცივი წყალი. აქ სადღაც წყარო იყო. (დგება. ირგვლივ თეთრი ხელჯოხით ათვალიერებს ყველაფერს.) _ აქ სადღაც მთის წყარო ჩხრიალებდა. სად არის ნაკადულები, ხეები, ტბები?
დედაბერი _ ნაკადულები დაშრნენ. წყაროს წყალი კანალიზაციას შეუერთეს, დამშვიდდით, ბიჭი ცივ წყალს მოგიტანს. სოდიანი წყლის მოსამზადებელ ხელსაწყოს და კანალიზაციის წყლის გასაფილტრ ხელსაწყოსაც. ნუთუ არ იცი, რომ დიდი ქალაქები კლოზეტის წყალს ხმარობენ? გამოვყოფთ და მივირთმევთ…
უსინათლო _ წყეული, ეშმაკი, შენ თავი მომაბეზრე, შენი ყავის ნარჩენით.
დედაბერი _ სულელი! (ლაპარაკობს მშვიდად და კეთილმოსურნედ, თან ძველ წინდის ჩხირებით ქსოვს)
ოფიციანტი _ (დაჩოქილი მიმართავს მოქალაქეს) _ მამაო, შევცოდე ფიქრით, სიტყვით და საქციელით.
დედაბერი _ თავი დააღწია თუ არა… უმალვე შესცოდა.
ოფიციანტი _ ფიცი გავტეხე, დროშა მივატოვე… ბრძოლის ველიდან გამოვიქეცი. ღამით დამადგეს თავწაკრულ ტომარაში, გამურული სახით, დანის ამარა… აღარ მჯერა, მამაო, რწმენა დავკარგე… ომში ცოდვებს გვპატიებდნენ მღვდლები, რომელთაც თავადაც არ სჯეროდათ მარადიული ცხოვრებისა.
დედაბერი _ ზედმეტად დაუტკბია.
ოფიციანტი _ ცოტა ხორცია, რკინა და ჭაობი… არ მჯერა ღმერთის.
დედაბერი _ (დედაბერი ღიმილით ტავს აკანტურებს, მოქალაქე სავარძელში სწორდება, ხელში მენიუ უჭირავს და მყვირალას თავს არიდებს _ მენიუს ამოეფარება. შესაძლებელია მენიუში ამოხვრეტილიც იყოს, გასაჭყეტი)
დარბაისელი _ იმაზე ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, არც იმაზე იდარდო, თუ ასე ფიქრობ, არაფერია, სჯობს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთო და ღმერთი თავად მოგევლინება. მოულოდნელად ცხოვრებაში, ბუნებაში, იმაში, რაც ირგვლივ გარტყია, ხეებსა თუ ჩიტების სახით, მზის სხივებისა თუ წვიმის სახით, მუსიკისა თუ ქალისა და მამაკაცის სხეულის სახით, იცი შვილო ღმერთმა ადგილი იცვალა. ახლა იგი ადამიანთა შორის სახლობს, ოჯახებშია. ახლა მას ჩვენი ლოცვაკურთხევა აღარ სჭირდება. აღარ ისმენს მათ. ის ყვავილებში ცხოვრობს, ნაკადულებში, თევზებში, პურში, სოკოში, შოკოლადსა და კანფეტებში, ხახვის სუპში და კატლეტებშიც კი.
დედაბერი _ ძალიან მოქნილი ბრძანდები, ჩერჩეტო! ყოველთვის თავს იძვრენ, ალბათ შენშიც არის ღმერთი, ა, რას იტყვი?
დარბაისელი _ ნიცშემ ყოველივე განმარტა.
დედაბერი _ კოზირი!
დარბაისელი _ ყმაწვილო, ისპანახის რულეტი გამიკეთე…
კირილის ხმა _ დაბრუნდი, დაბრუნდი პოსტზე (ოფიციანტი კოჭლობით მიდის სცენის სიღრმისკენ, სადაც კირილი წევს, თან დასთრევს ჭუჭყიანი სახვევები).
დარბაისელი _ (სახეზე ისევ მენიუ აუფარებია) _ გახეხილ ისპანახს დაუმატებ რძეში დამბალ ფუნთუშას… ერთი კვერცხი… შემდეგ მარილი, წიწაკა, შაქარი და მუსკატი გემოვნებით… (ოფიციანტი მოფოფხავს სცენის სიღრმეში და კირილს გვერდით მიუწვება)
კირილი _ რატომ გამოხვედი… რას ეძებდი… დამეყრდენი. რას ეძებდი? ეხლა ის დრო არ არის, ხომ გითხარი… რა, რა თქვი?!
ოფიციანტის ხმა _ სიკვდილი არ მინდა
მინდა ისევ ვნახო, რაც მას აქვს.
არ დამმარხო მე
ასე სწრაფად
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა
მოდი მომითხრე ყვავილების შესახებ.
კირილი _ აქ ყვავილები არ არის…
ოფიციანტი _ ცხენები? კურდღლები? წვიმის წვეთები?
კირილი _ არც ცხენებია.
ოფიციანტის ხმა _ თვალი დამიხუჭე, დამივსე თვალი.
დამმარხე დედა სამშობლოს მკერდში.
დარბაისელი _ (მენიუს მაგიდაზე დებს, ახლა გაზეთებს აიღებს და კითხულობს) _ “ჩანასახის განვითარება დედის ორგანიზმის გარეშე, შეუძლებელია. ასეთი ცდები ცხოველებზე ჩატარდა, რაც იმედის მომცემია. (დედაბერი შეწყვეტს საქმიანობას და ყურადღებას გაამახვილებს) _ გენეტიკა დიდი წარმატებებითა და მოულოდნელი აღმოჩენებით არის სავსე. 1964 წელს, კანადაში უკვე არსებობდა ხელოვნური საშო, რომელიც ჯონ კალაგანმა შექმნა, რომელმაც კრავი შვა, პროფესორი ხაბური კი ჯიშიანი ძროხების საკვერცხეებს ააქტიურებს, რომლებიც უამრავ კვერცხუჯრედებს გამოყოფენ. შემდგომი განაყოფიერება ხელოვნურად სრულდება, სანაშენე ხარისაგან აღებული სპერმატოზოიდებით…”
დედაბერი _ კიდევ კარგი შენნაირი გენიოსებისგან არ აუღიათ.
დარბაისელი _ (აგრძელებს კითხვას) _ მსოფლიოში გამოჩენილმა გენეტიკოსმა გერმან მიულერმა წინადადება წამოაყენა დაეკონსერვებინათ ყველაზე კარგი, ინტელექტუალური, ყველაზე ჭკვიანი ადამიანების სპერმატოზოიდი და შეენახათ ღრმა საწყობებში. ეს იქნებოდა რეზერვი ატომური ომის შემთხვევაში და ცივილიზაციის თვითგანადგურების შემთხვევაში”.
დედაბერი _ იავნანა, ვარდო ნანა, სამოთხისკენ განდაგანა… შეგიძლია იმ იტალიელთან ერთად არ ატარო ეს ექსპერიმენტი, ბავშვები სინჯარიდან! ჩემგან… ის _ მე ვარ! შენ ზედმეტად ოთხკუთხედი თავი გაბია. რათა გაიგო ჩვეულებრივი ძროხის გრძნობები… მე მას არ მოგცემ.

ჩემგან გამოვიდა
და გაემგზავრა მსოფლიოში სამოგზაუროდ…
მაგრამ მე არ მომიკვნეტია
ჭიპლარი მისთვის
და არავისთვის მიმიცია
მე ამის ნება.
მე ის კბილებით მიჭირავს
დაე, წავიდეს მსოფლიოში
სამოგზაუროდ
ჩემგან გამოვიდა
როგორც კოსმონავტის
კაბინეტიდან
კოსმოსის სიცარიელეში
დაფარფატებს და მარშებს მღერის.
მე კი ფრჩხილებით ჩაფრენილს
მიჭირავს იგი _
რომელსაც არავის არ დავუთმობ.

(იღებს მეტალის ჩარჩოიან სათვალეს, ცხვირზე წამოიკოსებს და მშვიდად განაგრძობს წინდის ქსოვას.)

გულზე მივიკრავ
ჩავიხუტებ,
როცა საჭირო იქნება.
ახლა იგი სრულიად თავისუფალია.

ნაგავსაყრელზე გამოჩნდება მცირე, მსუბუქი მუსიკის ორკესტრი, რომელიც 4-5 კაცისაგან არის შემდგარი. თეთრი პიჯაკები ოქროსღილებიანი აცვიათ, მუქი ლურჯი ქუდები ახურავთ. კონცერტისთვის ემზადებიან. აწყობენ ინსტრუმენტებს, უკრავენ და ა.შ. სცენაზე, კაფიდან გამოდის ახალგაზრდა რუკზაკიანი ყმაწვილი, აცვია სუფთად და გემოვნებით, თვალწარმტაცად, ფერადი ყვავილებით აჭრელებული სამოსით. ვაჟს გრძელი მშვენიერი თმები დატალღური აქვს. მას ცნობისმოყვარეობით აღსავსე და მეოცნების გამომეტყველება აქვს. თითქოს შეცბუნებულია, ამიტომ გულუბრყვილოდ ეღიმება. მასში მთავარი ჩაცმულობაა _ მთავარი მისი სახის გამომეტყველებაა და “საღილეში” გარჭობილი ყვავილი. ფეხზე აცვია შავი ლაქის ფეხსაცმელი, ვერცხლის საკრავებით, მკერდზე ქათქათა ჟაბო.
სამი ქალიშვილი, რომლებიც მზეს ეფიცხებოდნენ და თან ლაქლაქებდნენ, ახლა გვირგვინებს ქსოვენ, ნაგვისა და დამჭკნარი ყვავილებისგან. გოგონები ყოველ წუთს ძირს ყრიან, და ისევ ხელახლა წნავენ. ისინი გრილიანდებს აკეთებენ, წნავენ და სიმბოლურად ჰკიდებენ კედლებზე. ახალგაზრდა ყმაწვილი მათ საქმიანობას თვალს ადევნებს. გოგონები მას ლამაზ და თვალისმომჭრელ მზერას და სიცილს აყრიან: ერთმანეთში ჩურჩულებენ, იცინიან, ხითხითებენ, ისინი სათითაოდ, რიგრიგობით წარმოთქვამენ თავიანთ სახელებს, თითქოსდა ვიღაცის წინაშე დგანან და ანგარიშს აბარებენ.
პირველი ქალიშვილი _ კლოტო.
მეორე ქალიშვილი _ ლაქესისი (იგი ყმაწვილს ნაგვისა და ქაღალდის ნაგლეჯებისაგან გაკეთებულ გვირგვინს ჩამოჰკიდებს ყელზე).
მესამე ქალიშვილი ¬_ ატროპოსი _ (მესამე ქალიშვილს ხელში ვერცხლის მაკრატელი უჭირავს, ისე მოძრაობს, თითქოს ძაფებს ჭრის, რომლებიც ახალგაზრდა ყმაწვილს ცხოვრებასთან აკავშირებს, მაგრამ მეგობრები მას ამ საქმიანობაში ხელს უშლიან. ერთი წუთის შემდეგ ქალიშვილები ისევ უბრუნდებიან პირველ უაზრო საქმიანობას. ყმაწვილი მიუახლოვდება უსინათლოს და რაღაცას ეკითხება. შესაძლებელია ქუჩის ან სახლის მისამართის გაგება სურს, ანდა ავტობუსის გაჩერება აინტერესებს. უსინათლო მას ხელის მოძრაობით, ჟესტებით უხსნის. ზემოდან, დროდადრო ქაღალდის ნაგლეჯები ცვივა, აგრეთვე ბუმბული და ფერფლი, მაგრამ მათ შორის არის ძალიან ხანგრძლივი პაუზა. ჰაერში დაფრინავენ ფერადი ბურთები, რომელზედაც შებმულია ჭუჭყიანი ჩვრები, დახეული ჩანთები, ძველი წინდები, ყურსაწმენდი, აპარატები, დახეული საცვლები და ა.შ.)
უსინათლო _ საწყენია, ახალგაზრდა მოგზაურო, ჩვენთან რომ ვერ გაატარებ უახლოეს დღეებს. ჩვენთან სტუმრად გვეყოლება ვიცე-მეფე, თავისი ახალგაზრდა მეუღლით, ოფიციალური ვიზიტით უნდა გვესტუმროს, ამიტომაცაა ასეთი წესრიგი. საღამოს მთელი ქალაქი ბაღნარად იქცევა, ცა კი ალმოდებულ ყვავილების თაიგულად. შენ ეხლა მე გაცდენ, შენ კი გეჩქარება. თქვენ, ახალგაზრდებს სულ სადღაც გეჩქარებათ, სადღაც შორს მიფირნავთ _ უცხო გარემოში ყოფნა გსურთ. მე კი ვიცი, რომ ვბრუნდები ჩემი ყველაზე შორეული მოგზაურობიდან… ამიტომაც ფეხებს ვუფრთხილდები. (ახალგაზრდას კორომისკენ ანიშნებს) _ ჰოდა, შენ ამ ცაცხვის ხეივანს გაჰყვები, იმ თეთრკოშკიან სახლამდე მიხვალ, მერე მარჯვნივ მოუხვევ, ბოტანიკურ ბაღს აუვლი გვერდს, სამ შადრევანს, სტადიონს, კლინიკას, კლინიკის იქით გაზონს ნახავ, რომლის შუაგულში ძეგლი დგას. ძეგლის პირდაპირ _ პლაჟია. ზღვის ხმაურს გაიგონებ, თავად მიგიზიდავს, წადი, ახალგაზრდავ, უშიშრად _ წარმატებას გისურვებ. (ყმაწვილი მადლობის ნიშნად თავს დაუქნევს და მიდის, უსინათლო ქუდს იხდის და თვალს გააყოლებს მიმავალს. შემდეგ გრძელ სკამზე ჯდება და გაზეთის ნახევებს გაშლის. შესაძლებელია თეატრალური კრიტიკოსების რეცენზიების კითხვაც. ყმაწვილი ერთ-ერთ შეზლონგთან შეჩერდება, ჩანთას მოიხსნის და ძირს დადებს. და ისე იქცევა, როგორც ავტობუსის მომლოდინე ადამიანი).
შემოდის წესრიგის დამცველი, რომელსაც შავი მუნდირი აცვია, თეთრი ქამარი უკეთია და თეთრი ხელთათმანები აცვია. ხელში თეთრი ხელკეტი უჭირავს. დასეირნობს თეთრ ხაზზე: ბოლთას სცემს. ინდიფერენტულია თითქმის ყველაფრისდამი: არც ესმის და არც ხედავს. არაფერი არ ესმის. ყმაწვილი მას ყურადღებას არ აქცევს. შემდეგ ჯიბიდან კამფეტს ამოიღებს, რომელიც მწვანე ქაღალდშია გახვეული, გახსნის და პირში ჩაიდებს. ახლა ნაგვის ყუთს დაუწყებს ძებნას, რადგან ვერ პოულობს, ქაღალდს ძირს დააგდებს. წესრიგის დამცველი შეჩერდება და დაჟინებული მიაჩერდება ყმაწვილს. ყმაწვილი შეხედავს და გაუღიმებს, მაგრამ წესრიგის დამცველი კვლავ გამოზომილი ნაბიჯებით განაგრძობს შემოვლას. ყმაწვილი ჯიბიდან სარკეს ამოიღებს და ყურადღებით ათვალიერებს თავის თავს. თავის ორეულს უღიმის.
ყმაწვილი _ (დეკლარაცია პოემიდან “ისინი”)

თეთრგანთიადის წიაღში შობილი
ჩვეულებრივი დღე მშვენიერდება.
და გახსნილი ტუჩების სიმწარეში
ისხმება ღამის სიზმრების ნარჩენები
პირში სიმწარე (გაქვს) და ეს არის
ღამის სიზმრების ნარჩენები.
და ყოველივე ადრე ბრმა,
ახლად დაბადებული
როგორც ლეკვები
თვალებს ახელს, თვალს ახელს
და ტუჩებიდან ერთმანეთს
სიტყვებსა და ღიმილს ჰპარავენ.
ერთმანეთს ფრინველთა ხმებით კვებავენ,
მათი ჟღურტული კი აღიქმება,
როგორც მსჯელობა.
ოჰ, მზეო _ გულის ყვავილო!
ეს დღე ჩვეულებრივი არის მათთვის,
უცნაური, როგორც ვარდისფერი სპილო.

წესრიგის დამცველი შეჩერდება. სცენაზე სინათლე კლებულობს. და ისე ჩანს თითქოს მზის დაბნელების დროა. ყმაწვილი, რომელიც ყურადღებას არ აქცევს წესრიგის დამცველს, ჯიბიდან ვერცხლის სავარცხელს ამოიღებს, და ნელ-ნელა ივარცხნის გრძელ ოქროსფერ თმას. წესრიგის დამცველს სახე ეცვლება, ეღრუბლება. ლაპარაკობს: სიტყვებს გარკვევით გამოთქვამს, მაგრამ თან თითქოს უჭირს.
წესრიგის დამცველი _ რას სჩადიხართ? (ყმაწვილი განაგრძობს ვარცხნას, სევდიანად იღიმება, მაგრამ ალერსიანი ღიმილით.) _ რატომ არ მპასუხობთ?
ყმაწვილი _ რა ვქნა? ვდგავარ და ვიცდი. თმას ვივარცხნი (განაგრძობს ვარცხნას)
წესრიგის დამცველი _ ერთი წუთის წინ რა გააკეთეთ?
ყმაწვილი _ (ვარცხნას შეწყვეტს) _ წუთის წინ? ლექსებს ვკითხულობდი.
წესრიგის დამცველი _ მანამდე, ვიდრე მაგას იზამდით, რას აკეთებდით?
ყმაწვილი _ (ღიმილით) არაფერს!
წესრიგის დამცველი _ არაფერს?კარგად გაიხსენეთ, დრო კიდევ გაქვთ… (ყმაწვილი ღილკილოდან ყვავილს ამოიღებს და დაყნოსავს. ტუჩებს შეახებს. შეიძლება აკოცოს კიდეც. წესრიგის დამცველი ხელს დარბაისელ კაცზე ანიშნებს, კაცი კითხვის ნიშნის სახით შესცქერის მას, თითქოს სურს ჰკითხოს: “ჩემთან გაქვთ საქმე?” წესრიგის დამცველი თითით იხმობს მას. კაცი სამოსს მოიწესრიგებს და თითქმის სირბილით მიდის მასთან, წესრიგის დამცველი მას ყურსაც არ ათხოვებს და ამბობს ) _ მე მოწმე მყავს, რომელსაც შეუძლია ყოველივე გაიხსენოს. (ყმაწვილი ვარდს ისევ საღილეში გაირჭობს და გაღიმებული მიაჩერდება კაცს) _ აბა, გაიხსენეთ, რას აკეთებდით, ვიდრემდე ტექსტებს კითხულობდით. (ყმაწვილს სიცილი წასკდება. წესრიგის დამცველი მას მიუახლოვდება)
ყმაწვილი _ კამფეტს ვჭამდი… (იცინის) დიახ, კამფეტს ვჭამდი (ხმამაღლა იცინის)
წესრიგის დამცველი _ როგორ კამფეტს?..
ყმაწვილი _ პავიდლოიანს… (იცინის)
წესრიგის დამცველი _ მგონი რაღაცაში იყო შეფუთული.
ყმაწვილი _ დიახ, ქაღალდში.
წესრიგის დამცველი _ მერედა ქაღალდს რა უყავი?
ყმაწვილი _ კამფეტს მოვაცალე.
წესრიგის დამცველი _ იმას არ გეკითხები, კამფეტს მოაცილე თუ არა, სად წაიღე, როცა კანფეტს მოაცილე?
ყმაწვილი _ არ მახსოვს… (მხრებს იჩეჩავს). არ ვიცი.
წესრიგის დამცველი _ მყავს მოწმე, რომელმაც დაგინახა, როგორ მოათვალიერე აქაურობა, როცა დარწმუნდი, რომ ახლომახლო არავინ იყო, გადააგდეთ გზაზე, რომელიც წინასწარ დაასუფთავეს სამეფო წყვილისათვის. თქვენ განზრახ დააგდეთ…
ყმაწვილი _ კარგი, დავაგდე… მაგრამ რა საჭიროა ასეთი ტრაგიზმი… ძალიან გეწყინათ? თქვენი წყენა არ მინდოდა. გამახსენდა, აქეთ-იქით იმიტომ ვიყურებოდი, რომ სანაგვე ყუთს ვეძებდი. ვერ ვნახე… ბოლოს და ბოლოს სულ ნაგავში არ ვართ? აქ არაფერია ისეთი… ნაგვის დანაგვიანება შეიძლება?
წესრიგის დამცველი _ პან, ასე ფიქრობთ?
ყმაწვილი _ თავადაც ხედავთ.
წესრიგის დამცველი _ მე აქ ნაგავს ვერ ვხედავ, იქნებ ამიხსნათ, რა მიზნით დაანაგვიანეთ აქაურობა და ჰაერი რატომ წაბილწეთ? სწორედ მაშინ, როცა ასეთ პატივცემულ წყვილს ველოდებით?
ყმაწვილი _ (თავაზიანად) _ კეთილი, ავიღებ, ეს უნებლიეთ მომივიდა. დაე, გამოიდაროს თქვენმა სახემ, ამის შესახებ შეიძლება ყველის ღიმილით მოუყვეთ… ბოლოს და ბოლოს კანფეტის ქაღალდს სიამოვნებით ავიღებ. (ყმაწვილი ნაგავში იქექება)
წესრიგის დამცველი _ (ყვირის) _ არ გაინძრეთ! ხელი არაფერს ახლოთ!
ყმაწვილი _ (წამოდგება) _ მეგობარო, ძალიან მომეწონეთ თქვენი ასეთი სევდინი ხმის გამო. ისე უნდა გითხრა, რომ არასდროს ცუდი განზრახვა არ მქონია, მიყვარს ხალხი, ყვავილები… ბუზსაც ვერ მოვკლავ…
წესრიგის დამცველი _ თქვენი საბუთები…
ყმაწვილი _ (ღიმილით საღილედან ამოიღებს ყვავილს და მას მიაწვდის) _ ინებეთ.
წესრიგის დამცველი _ რა? ეს რა არის? (შეშინებული უკან იხევს)
ყმაწვილი _ ყვავილი, (ნაბიჯს მისკენ გადადგამს) _ ნამდვილად ყვავილია, ნუ გეშინიათ, (წესრიგის დამცველი ნელ-ნელა ხელს პისტოლეტის ბუდისკენ წაიღებს, გახსნის, ამოიღებს პისტოლეტს და ყმაწვილს მიაჩერდება, და ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს) _ (წესრიგის დამცველი უკან იხევს, ისე რომ პისტოლეტის სასხლეტს ხელს არ უშვებს, ყმაწვილს სერიოზული სახით შესცქერის, ყმაწვილი მშვიდად დგას, სახეზე წყენა უჩინარდება. წესრიგის დამცველს კი ნელ-ნელა ეღიმება. ან, იქნებ სახე ემანჭება. ყმაწვილი გაწვდილ, ყვავილიან ხელს ძირს დაუშვებს.)
დედაბრის ხმა _ შვილო! შვილო! სად ხარ… მოხუც დედას ემალები (სინათლე ქრება და ისევ ინთება. სცენა ნელ-ნელა ცარიელდება) _ შვილო! შვილო! სად ხარ? (დედაბერი ნაგვის გროვაზე გამოჩნდება, ეძახის, ჩხრეკს, ყველაფრის ქვეშ იცქირება: ნაგვის ყუთებში, სკამების, მაგიდების ქვეშ, კედლებს თითებს უკაკუნებს, მიაყურადებს.) _ შვილო, ხმა გამეცი… ნუ მაშინებ! (დედაბერი ნელ-ნელა სუსტდება, ხან ძალას იკრებს და გახელებული ეძებს რაღაცას. ძებნაში თავიდან გადმოუვარდება ქუდი, ცვივა ხელოვნური თმა, ყელსაბამი, მძივები, ბიჟუტერია, წინდები. ეძებს ნაგავში, ქექავს ჯოხით, რომელიც ნაგავში იპოვნა. ჯოხს მოისვრის და მუხლებზე დაეცემა. გახელებით ეძებს ნაგავში რაღაცას. ფრჩხილებით კორტნის მიწას, ძლივს სუნთქავს. და იხრება ორმოსთან და მხოლოდ ერთ გაუგებარ სიტყვას იმეორებს.
ფარდა იხურება. წარმოდგენა უცბად წყდება.

Fin

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s