ელიზაბეთ კიუტი: შაქრის დედოფალი


Elizabeth Kuti

ელიზაბეთ კიუტი
Elizabeth Kuti

ELIZABETH KUTI WAS BORN IN ENGLAND IN 1969, the child of a Hungarian father and an English mother. In 1993 she moved to Ireland to study at Trinity College Dublin, where she wrote her doctoral thesis on eighteenth-century women playwrights. Since then she has worked as an actress. In 1999 the company Rough Magic produced her first work for the theatre, the completion of Frances Sheridan’s eighteenth-century comedy A Trip to Bath, retitled as The Whisperers. The play toured to the Edinburgh Festival as well. Her original drama, Treehouses premiered at the Peacock in 2000, and won a Susan Smith Blackburn Award (The Susan Smith Blackburn Prize established in 1978, is for English-language women playwrights. Named for Susan Smith, (1935-1977) alumna of Smith College, who died of breast cancer.) and a Stewart Parker Award. Next, her adaptation of Paul Smith’s novel The Countrywoman was completed for Upstate Theatre Company and was presented as part of the Dublin Fringe Ferstival in 2000. She is also writing for BBC Radio. The subchapter “Contemporary Women Playwrights” of The Field Day Anthology of Irish Writing V, edited by Anna McMullan and Caroline Williams, briefly discusses Kuti’s work in its introduction and includes an extract from Treehouses.

შაქრის დედოფალი
The Sugar Wife

მოქმედი პირები:
ჰანა თიუკლი, კვაკერი
სემიუელ თიუკლი, ჰანას ქმარი, დუბლინში ”თიუკლი თიი ენდ ქოფი მერჩანთსის” დამაარსებელი
ალფრედ დარბი, ყოფილი კვაკერი, წარმოშობით იორკშირიდან
სარა უორსი, ყოფილი მონა ჯორჯიიდან
მარტა რაიანი, დუბლინელი ქალი

მოქმედება მიმდინარეობს დუბლინში, 1850 წლის 8 იანვრიდან 20 მარტამდე.

კვაკერთა შეკრებების ყველა სცენა 20 მარტის საღამოს, ოთხშაბათის ლოცვების დროს ხდება.

ადამიანი ესწრაფვის
სიკეთეს,
ნეტარებას
სიყვარულისას;

ღონემიხდილი, სნებაშეყრილი, სიკვდილის პირას,
საკუთარ სისხლში მწოლიარე
მაინც ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს
და ყვირის: სიყვარული, სიყვარული.
სთივი სმითი•

სცენა 1: შეკრება (I)

კვაკერების სალოცავი სახლი დუბლინში. 20 მარტი 1850. ოთხშაბათის საღამო.

მდუმარე ლოცვა. დამსწრეთა შორის არიან ჰანა და სემიუელ თიუკლები, სარა უორსი და ალფრედ დარბი.

ჰანა: მხევალი შენი იცდის წყვდიადში, ამ მდუმარე ლოცვისას, მოელის ნიშანს, სხივო სინათლის, ნიშანს, რა მწარეა სამსალა ჩემს წინაშე…

სემიუელი: …და ამ სწრაფწარმავალ ცხოვრებაში… განგებამ ერთად შეგვყარა, როგორც ორი არსება… რომ გვიყვარდეს, ვქმნათ და თავიდან მოვიშოროთ, გავთავისუფლდეთ ტვირთისგან… ყოველთვის ვფიქრობდი, ერთმანეთის მიტევების გარდა, რა დაგვრჩენია-მეთქი? სულ, გამუდმებით ვფიქრობდი. ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს-მეთქი. მაგრამ ახლა არ ვიცი, აღარ ვიცი…

ჰანა: …როგორ დავაღწევთ თავს ამ წყვდიადს, გამოსავალს ვერ ვხედავ, – ასე მეუბნება და ეს მაშინებს… მაგრამ სემიუელ… მე ხომ უარი ვუთხარი მარტას… უარი ვუთხარი… უკვე მერამდენედ.

სემიუელი: როცა მასზე ვფიქრობ, სულ მახსენდება, რომ ყველაფერს ჩემგან იღებს. მაგრამ როდის მივიღებ სამაგიეროს? როდის მომაპყრობს მზერას? ჰანა. ჰანა.

ჰანა: ანბანით ხელში ვიდექი… ო, სხივო სინათლის, ო, ღმერთო, გულში გაღვივებულო სხივო, უკან დახევა ვცადე, გავიბრძოლე, მაგრამ ტალღებმა, ტალღებმა შთანმთქა… სახე დაბურული ჰქონდა, მივედი, რომ ზეწარი გადამეხადა, მაგრამ ვიცოდი, რომ ძალიან გვიანი იყო, ვიცოდი…

სემიუელი: ნუთუ მეღირსება შვება? ნუთუ ვიპოვი სულის სიმშვიდეს? ჩვენთვის, ორივესთვის… თუკი დამარცხებას ვაღიარებ… თუკი შევჩერდები… ნუთუ გავთავისუფლდები ამ ტვირთისგან? ნუთუ მაგრძნობინა, რომ ჩემი სიყვარული სასრულია? ნუთუ ყველაფერს მიხვდა? ყველაფერი შენგან დაიწყო, ჰანა.

ჰანა: მაგრამ ხვალ ბუნიობაა… გაზაფხულის ბუნიობა… 21 მარტი, როცა არც დღე გადაწონის ღამეს და არც ღამე – დღეს… როცა დღე და ღამე ერთმანეთს გაუსწორდება; იქნებ ეს… ნიშანია შენგან მოვლენილთა მიმართ?… როცა ზამთრის სიცივეში მაცოცხლებელი გაზაფხული აბიჯებს, როგორც შარშან, ნოემბერში, როცა სემიუელმა და მე ბაღში გუგულის სტვენა გავიგონეთ და კვირტი დავინახეთ ხურტკმელის ბუჩქზე… შუა ზამთარში.

სცენა 2: მარტა და ჰანა მარტას ოთახში. 8 იანვარი, 1850 წელი.

მარტა: თქვენ ხართ?

ჰანა: ჰო.

მარტა: არ მეგონა, კიდევ თუ გნახავდით. როგორც წესი, მეორედ აღარ მოდიან.

ჰანა: ვინ?

მარტა: თქვენნაირები. თქვენი წრის ქალბატონები, სუფები რომ დააქვთ. ეშინიათ, რამე არ შეეყაროთ.

ჰანა: ვწუხვარ, მაგრამ სუფი არ მომიტანია. არ მაქვს.

მარტა: აქამდე როგორ მოაღწიეთ, ფეხით?

ჰანა: ჰო, შინ მივდიოდი.

მარტა: აქ მარტო სიარულს უნდა მოერიდოთ, თან ასე გამოწყობილი.

ჰანა: ქალაქის ამ ნაწილს კარგად ვიცნობ. მამაჩემს მით სთრითზე სანთლების მაღაზია ჰქონდა. მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ჰო, მართლა, მინდოდა, რომ… მინდოდა, რაღაც მომეცა შენთვის.

მარტა: რა? საჩუქარი?

ჰანა: დიახ. შეიძლება ასეც ითქვას.

მარტა: ესაა?

ჰანა: ჰო. მიდი. გახსენი.

მარტა: (არ ეხება) შეიძლება თქვენი წასვლის მერე გავხსნა? მიყვარს, როცა რამეს მოუთმენლად ველოდები.

ჰანა: იქნებ მისი დანიშნულების გარკვევაში დაგეხმარო.

მარტა: მაშინ ცოტა ხანში. სასიამოვნოა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას რომ გრძნობთ.

ჰანა: ეს თეთრყვავილები საიდან გაქვს?

მარტა: ბიჭმა მაჩუქა, ქვედა სართულზე ცხოვრობს. მგონი, ცოტა სულელია. წინა კვირას ტკბილეული მივეცი, უბრალოდ შობა იყო და იმიტომ. იმის მერე, სულ რაღაცას მჩუქნის.

ჰანა: გაზაფხულის სუნი აქვს.

მარტა: როგორ? იანვარში? კარგი რა, ნუ გამაცინებთ. სასაფლაოს სუნი აქვს. სულ ვეუბნები, ტყუილად ნუ მოგაქვს ეს ყვავილები, ტკბილეული აღარ მაქვს-მეთქი, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის.

ჰანა: გაზაფხული მარადიულია.

მარტა: ჰო, როცა 4 წლის ხარ.

ჰანა: კი მაგრამ, მგონი გაზაფხულიც მოდის.

მარტა: ჰო, მოვა აბა რას იზამს, ვინ შეაჩერებს.

ჰანა: მგონი ძალა გიბრუნდება. შენ კიდევ დიდხანს იცოცხლებ. ამიტომაც მოვედი, იცი, მინდა, რომ დაგეხმარო.

მარტა: რა დახმარებას გულისხმობთ?

ჰანა: არ ვიცი, მაგრამ… ყველაზე დიდი ცოდვა, რომლისგანაც ვერაფერი გვიხსნის, იმედის დაკარგვაა.

მარტა: ვიცი, რას ნიშნავს, როცა იმედიანი ბედს მიენდობი. ბევრი მინახავს ჩემს თავშესაფარში დაბრუნებული.

ჰანა: ვინ?

მარტა: ისინი, ვინც უკან დაბრუნდნენ. ყოველთვის უარესად გრძნობდნენ თავს. თავშესაფარს თითქოს გამოჯანმრთელებულები ტოვებდნენ, ავადმყოფობის ნაკვალევიც კი არ ეტყობოდათ და რამდენიმე თვეში, ისევ უკან ბრუნდებოდნენ, ბოდავდნენ და ზოგჯერ სახის ნახევარიც აღარ ჰქონდათ. ერთხელ ვნახე, როგორ დაბრუნდა ერთი გოგო, რომელსაც ცხვირი აღარ ჰქონდა და თავზეც რაღაც ჭირდა. 6 კვირით ადრე ეჭვიც არ შეგეპარებოდათ, რომ განიკურნა.

ჰანა: მესმის.

მარტა: არა, არ გესმით.

ჰანა: საშინელი დაავადებაა.

მარტა: ამერიკაში უნდა წავსულიყავი. ჩემს დასთან ერთად.

ჰანა: მერე რამ შეგიშალა ხელი?

მარტა: სულელი ვარ, დახრჩობის მეშინია. თან, მარტო ერთი ბილეთის ფული მქონდა. ჩემმა დამ მითხრა, ფულს მოგვიანებით გამოგიგზავნიო.

ჰანა: მერე, არაფერი შემოუთვლია?

მარტა: არა. თან, იმან წერა არ იცის და მე – კითხვა. თვითონაც არ ვიცოდით, რას ვფიქრობდით. სასწაულს ველოდებოდით.

ჰანა: კი მაგრამ, შეგვიძლია რაღაც მოვაგვაროთ. კითხვას გასწავლი.

მარტა: კითხვას?

ჰანა: ამით დავიწყოთ.

მარტა: ჰო, კითხვა, მაგარი რამე იქნება. ვიკითხავ ხოლმე. ბეჯითი ვიქნები.

ჰანა: კარგი, მოხარული ვიქნები. მინდა დაგეხმარო, მარტა.

მარტა: ჰო.

ჰანა: რატომ არ ხსნი საჩუქარს? მართალია, დიდი არაფერია, მაგრამ…

(მარტა ხსნის პატარა შეკვრას და ამოაქვს ერთი წყვილი თეთრი სელის წინდები)

მარტა: ეს რისთვისაა? ფეხები სულ დაწითლებული მაქვს.

ჰანა: ეს ნიშანია. კრავის სისხლში ხელახლა განვიწმინდებით.

მარტა: ო.

ჰანა: შინაგანად. ჩვენს გულებში. მხოლოდ სიწმინდე თუ გვიხსნის. ესაა არჩევანი.

მარტა: ცოტა დაგვიანებულია ჩემთვის, კეთილო ქალბატონო. სიწმინდე 12 წლისამ დავკარგე. მას შემდეგ სიზმარშიც აღარ მინახავს.

ჰანა: არა. ეგ არ მიგულისხმია. სიწმინდე არა მარტივად ფიზიკური მნიშვნელობით. ეს ამ შემთხვევაში არ არის მთავარი. სიწმინდე ნიშნავს იმას, რომ შენი გულიდან და გონებიდან მომდინარე შინაგან სინათლეს მიჰყვე. მხოლოდ ესაა სიწმინდე. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ხალხი.

მარტა: ო, გულიდან მომდინარე სინათლე, რა სასიამოვნოა. მესმის თქვენი.

ჰანა: ქადაგება სულაც არ მინდა. უბრალოდ, მინდა დაგეხმარო. კითხვის სწავლით დავიწყებთ და მერე… არ ვიცი. მალე ისევ მოვალ და შევთანხმდეთ, როგორ დაგეხმარო.

მარტა: გმადლობთ. გმადლობთ საჩუქრისთვის.

ჰანა: ეგ არაფერია, უბრალოდ… დაპირებაა… ყველაფერს ერთბაშად ვერ შევცვლით. მაგრამ თუ ერთად ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ხომ ასეა, მარტა? კარგი. ნახვამდის.

მარტა: მომისმინეთ, მის თიუკლი…

ჰანა: ჰანა.

მარტა: ჰანა… სანამ წახვალთ, ხომ ვერ გაიმეტებდით რამეს?

ჰანა: მაპატიეთ… რას?

მარტა: ცოტა ფული ხომ არ გაქვთ, რომ მომცეთ?

ჰანა: იცით… არ ვიცი… რისთვის?

მარტა: რისთვის?

ჰანა: მინდა, რომ ვიცოდე.

მარტა: რატომ?

ჰანა: უბრალოდ, არ შემიძლია… არ შემიძლია… უბრალოდ, არ შემიძლია მოგცე ფული და არ ვიცოდე, რაში უნდა დახარჯო.

მარტა: თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?

ჰანა: უბრალოდ… არ შემიძლია… რამდენი გინდა?

მარტა: ო, ღმერთო, არ ვიცი, თუნდაც რაიმე. სულერთია. თუკი ამერიკაში წავედი და ყველაფერი თავიდან დავიწყე, უკან გამოგიგზავნით ფულს, უკანასკნელი პენის ჩათვლით. დედას გეფიცებით, დაგიბრუნებთ.

ჰანა: კი მაგრამ, ეს… ალბათ ბევრი გჭირდება. თუმცა რომც მქონდეს, არა მგონია შევძლო… რამდენი დაგჭირდება?

მარტა: რამდენი გაქვთ ჩანთაში?

ჰანა: არაფერი. თითქმის არაფერი. რომც შემეძლოს… არა მგონია. მაპატიე.

მარტა: სულ რაღაც შვიდი სტერლინგი. შვიდი სტერლინგი ნიუ იორკამდე. თითო სტერლინგიც გზისთვის, ტანსაცმლისთვის, ყველაფერი რომ თავიდან დავიწყო. ესეც ცხრა სტერლინგი. თუნდაც ათი იყოს.

ჰანა: ფული არ მაქვს.

მარტა: კარგი რა.

ჰანა: ჩემი არ არის. უნდა ვიკითხო…

მარტა: მომისმინეთ, ათ სტერლინგზე მახვეწნინებთ? მომეცით, რაც გაქვს, ქალბატონო, სულერთია. საკმარისი იქნება, რომ ლენიმ მომხედოს, რამდენიმე დღეა არ მიძინია.

ჰანა: არა, არა. ამაში ვერ დაგეხმარები. ვერა.

მარტა: მეგონა ჩემი დახმარება გინდოდათ.

ჰანა: ოღონდ არა ასეთი.

მარტა: ჰოდა, მაშინ წადით აქედან. მოგვიტანეთ მაშინ თქვენი დამპალი სუფი, თუკი გსიამოვნებთ. ან რაღაცეები ვიკითხოთ, სასიამოვნო მაინც იქნება.

ჰანა: მაპატიე, უბრალოდ…

მარტა: წადით.

ჰანა: ისევ მოვალ.

მარტა: აღარ მიდიხართ?

სცენა 3: იმავე დღის საღამო.
თიუკლის მაღაზია სამხრეთის დიდი ჯორჯის ქუჩაზე.

სემიუელი ალაგებს კაბინეტს, სადაც გამოფენილია ჩინური ჭიქები, ლამბაქები, ჩაიდნები, აღმოსავლური მარაოები და სხვა ნივთები.

იქვეა ბავშვის ნაქარგებით გაწყობილი აბრეშუმის მოსასხამი, რომელიც აქ უნდა გამოიფინოს.

ჰანა შემოდის.შუადღეზე მომხდარის გამო დასევდიანებულია.სემიუელი არც კი შემობრუნდება, აგრძელებს ნივთების გამოფენას.

სემიუელი: დიდხანს გაგრძელდა, არა?

ჰანა: რა?

სემიუელი: კომიტეტის კრება.

ჰანა: აა, ჰო, აღარ დამთავრდა… მერე რამდენიმე ადამიანი მოვინახულე. ლიბერთისში• ვიყავი.

სემიუელი: ყველფერი რიგზეა?

ჰანა: კი. ყველაფერი რიგზეა… (ხელში იღებს ბავშვის მოსასხამს და უყურებს).

სემიუელი: ვიფიქრე, აქ, წინ, ფიცარი გამეკეთებინა, სადაც ყველა საუკეთესო ხარისხის საქონელი იქნება ჩამოთვლილი. იქნებ ჩინური დამწერლობა მოუხდეს?

ჰანა: ცოტა ხელოვნური ხომ არ იქნება?

სემიუელი: არა მგონია. ხელოვნურობა ახლა სულაც არ არის მთავარი…

ჰანა: მაშინ არ ვიცი. არ ვიცი.

სემიუელი: ეს ხომ რეკლამაა.

ჰანა: ჰო, რა თქმა უნდა.

სემიუელი: ხელოვნური?

ჰანა: არაფერი, არ უნდა მეთქვა. ხმა არ უნდა ამომეღო.

(თავის ჩანთაში რაღაცას ეძებს, ჩანთიდან იღებს ერთად შეხვეულ რამდენიმე წყვილ თეთრ წინდას, საფულეს, ბროშურების შეკვრას. ერთ მათგანს კითხულობს.)

სემიუელი: კარგი გამოვიდა?

ჰანა: რამდენიმე შეცდომაა, როგორც ყოველთვის. ბოლოს და ბოლოს, საერთო თანხა ბაზრიდან შევაგროვეთ…

სემიუელი: მართლა? რამდენი?

ჰანა: (საფულეს ატკაცუნებს) ცხრა ფუნტი, თორმეტი შილინგი და სამი პენსი გვაქვს, რომ ლონდონში გავაგზავნოთ.

სემიუელი: ძალიან კარგი.

ჰანა: ცუდი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომიტეტის ბევრი წევრი შეუძლოდ იყო. ასე რომ, ქეთრინ ალენის მაყვლის ჯემი და ლიუსი ჯელიკოს ნემსების ბალიში ვერ გავიტანეთ. თან, ისინი ხომ ჩვენი გამოცდილი და სანდო თანამოაზრეები არიან… ერთი სიტყვით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით… კიდევ თერთმეტი ფუნტი კარლოუს ფილიალიდან.

სემიუელი: ნამდვილად რიგიანი თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯემი და ნემსის ბალიშები არ გაგიტანიათ. ნეტავი რამდენი მონის დახსნა იქნება შესაძლებელი?

ჰანა: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს თანხა ლიტერატურის ბეჭდვაზე წავა. მეტი ბროშურებია საჭირო.

სემიუელი: რა? მერე არ გიხარია?

ჰანა: მელანი და ქაღალდი. სიტყვები.

სემიუელი: ამქვეყნად რა არის სიტყვაზე ძლიერი იარაღი? ”სიტყვები…

ჰანა: ”მარცვალია, რომლითაც შეგვიძლია სამყარო შევცვალოთ”.

სემიუელი: ცხრა ფუნტი, თორმეტი შილინგი და სამი პენსი. უკვე მოგებაა.

ჰანა: და მაინც. ნეტავი… (პაუზა) სემიუელ, მინდოდა მეთხოვა, იქნებ…

სემიუელ: თუ სარა უორსზე მეუბნები, არა, ჰანა, არა, არა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ხომ მოვილაპარაკეთ. უკვე შევთანხმდით და აღარ გვინდა…

ჰანა: მეგონა, გადაწყვეტილებას შეცვლიდი.

სემიუელი: დაკავებული ვიქნები, ჰანა, ხომ გითხარი, საქმეს ვერ გადავდებ… სტუმრებთან ერთად ვერ ვიხეტიალებ, ექსკურსიას ვერ მოვუწყობ.

ჰანა: მათთან ერთად ხეტიალს არც გთხოვ. ეს გასართობი მოგზაურობა კი არ არის, საქმეა გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი საქმე. სახეტიალოდ არავის ეცლება.

სემიუელი: ათი კვირა მეტისმეტად ბევრია უცხოებთან ერთად ცხოვრებისთვის. ვთქვათ, ერთი თვე რომ იყოს, კიდევ შეიძლებოდა…

ჰანა: ათი კვირა არ გამოდის.

სემიუელი: თითქმის ასეა. ისინი მესამე თვემდე აქ იქნებიან, ხომ ასეა? 21-მდე არ წავლენ. ზუსტად მახსოვს, გაზაფხულის ბუნიობა იყო, როცა მითხარი, მესამე თვის ოცდაერთი რიცხვი, რის გამოც…

ჰანა: თუნდაც ათი კვირა იყოს… ჩვენი სახლი ძალიან დიდია ჩვენთვის. აღმოსავლეთით რომაა, ის ოთახი… და ბავშვების ოთახი, ორივე მშვენიერია და თან, იქ არასდროს შევდივართ. მგონი, რაც აქ გადმოვედით, ბავშვების ოთახში ბუხარი მარტო სამჯერ დავანთეთ. სტუმრების მისაღებად საკმაოდ კარგად ვართ მოწყობილი. (პაუზა) თან, ამ სალექციო მოგზაურობით უფრო მეტს გავაკეთებთ რამდენიმე კვირაში, ვიდრე ჩვენი ბროშურების ბეჭდვით წლების განმავლობაში. ამბობენ, შთამაგონებლად ლაპარაკობს ეს სარა უორსი… ცოცხალი მოწმეა, რომელიც იმ საშინელებებს გადაურჩა… წარმოიდგინე, რა ზემოქმედებას მოახდენს… წარმოიდგინე, რამდენ თანამოაზრეს შევიძენთ მისი წყალობით…

სემიუელი: ჰო, ჰო, მესმის, მაგრამ აფრიკელია. ყოველ საღამოს მასთან ერთად ერთ მაგიდასთან ვახშმობა. ნეტავი რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

ჰანა: რა თქვი?

სემიუელი: ჰანა…

ჰანა: ეს რაღას ნიშნავს… არ მესმის…

სემიუელი: უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ამდენი ხნით ჩვენს სახლში სტუმრებს ვერ მივიღებთ. მზად არ ვართ. ჩვენს სახლში საშინელი ორპირი ქარი იცის. ის ქალი შეიძლება გაცივდეს.

ჰანა: გთხოვ, ნუღარაფერს მეტყვი.

სემიუელი: ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. მეგონა, რომ უკვე შევთანხმდით.

ჰანა: აღარ გვინდა.

სემიუელი: ჰანა?

ჰანა: სადილზე შევხვდებით.

სემიუელი: ჰანა… ერთი რაღაც მინდოდა…

ჰანა: რა იყო?

სემიუელი: მინდოდა მეკითხა… ბავშვების ოთახი ვახსენე.

ჰანა: მერე რა – ბავშვების ოთახი?

სემიუელი: იცი. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე რვა არის… აზრმა გამიელვა… რიცხვის გამო, თითქოს ჩვეულებრივ დროზე მეტად დაგიგვიანდა და ვიფიქრე…

ჰანა: ვწუხვარ.

სემიუელი: აა.

ჰანა: არა. ბოლოს გუშინ ღამე მქონდა… ამ თვეშიც ისევ ისეა.

სემიუელი: მესმის, მესმის.

ჰანა: ვწუხვარ.

სემიუელი: ო, არა, არა. კიდევ ბევრი დრო გვაქვს, რომ ვცადოთ. ასე არ არის?

ჰანა: რა თქმა უნდა. (პაუზა)

სემიუელი: სულაც, ხომ შეიძლება ჩემს გამო იყოს, ჰანა? შეიძლება ჩემი ბრალია. გამორიცხული არ არის. თავს ნუ იდანაშაულებ.

ჰანა: არ ვიდანაშაულებ.

სემიუელი: მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან…

ჰანა: რას ფიქრობ?

სემიუელი: უფრო მეტი უნდა დაისვენო, ზედმეტად არ უნდა დაიძაბო მთელი იმ… კეთილი საქმეებით და გეგმებით. ჰანა, მეშინია, არ დასუსტდე.

ჰანა: კი მაგრამ, მე არ მგონია, რომ…

სემიუელი: იქნებ ცოტა დაისვენო და ამდენი ხნის ლოდინიც არ მოგვიწიოს…

ჰანა: ეგ არაფერ შუაშია… სულაც არ დავსუსტებულვარ. უნდა ვიმუშაო, სხვანაირად არ შემიძლია.

სემიუელი: უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ…

ჰანა: რისი?

სემიუელი: ამქვეყნად სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ძალიან კარგია, მაგრამ კნუდს• არ უნდა დაემსგავსო, ტალღას უკან დახევა რომ უბრძანა; ტალღა ხომ ყოველთვის ნაპირისკენ მიიქცევა.

ჰანა: რა ტალღა?

სემიუელი: იმას ვგულისხმობდი, რომ სამყარო, ავად თუ კარგად, შენს გარეშეც თავის გზით წავა. მაგრამ ჩვენ… დრო აღარ გვექნება.

ჰანა: ვწუხვარ, სემიუელ. საკუთარი თავი არასდროს დამიდანაშაულებია. მაგრამ, როგორც ჩანს, შენ მადანაშაულებ. ვწუხვარ, რომ ჩემს საქმიანობას დროის ფუჭ კარგვად თვლი.

სემიუელი: უბრალოდ, სულ იმ ლიბერთისში დადიხარ, მარტოდმარტო, ასე არ ვარგა… ეს არ მომწონს, ჰანა, სახიფათოა… მხოლოდ შენი ჯანმრთელობა მაფიქრებს. გაუფრთხილდი ჯანმრთელობას…

ჰანა: დავიღალე საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრით. არ მინდა, სულ ჩემს ჯანმრთელობაზე ვიფიქრო, ყელში ამომივიდა, მომბეზრდა….

სემიუელი: უბრალოდ, ვღელავ.

ჰანა: ვიცი, ვიცი… სადილზე შევხვდებით. (წასასვლელად ემზადება; უკან ბრუნდება) ჩემი მისიაც უნდა შევასრულო, სემიუელ. სხვანაირად არ შემიძლია. საქმე უნდა ვაკეთო… სხვაგვარად… ვინ ვარ? რა აზრი აქვს ჩემს არსებობას? სხვაგვარად არარაობა ვარ, უპოვარი, თითქოს…

სემიუელი: არა, ჰანა, ასე არ არის. დაფიქრდი, არ ხარ უპოვარი. სხვისთვის ეს ბევრიც კია.

ჰანა: ეს შინაგანი, სულიერი აღთქმაა, სემიუელ. პური, ნაყოფი ვაზისა…

სემიუელი: გთხოვ, ნუ მიკითხავ შენი მწვალებელი ბაბუის სიტყვებს.

ჰანა: …ზეთი, სისხლი და ხორცი, რაც სულს შთაგვბერავს – შინაგანია ყოველი.

სემიუელი: დაასრულე?

ჰანა: შინაგანი, სულიერი და იდუმალი. ვიცი, შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილო გეჩვენებოდეს – ნემსის ბალიშები და ჯემი, ქაღალდის ნაგლეჯები. ვიცი, ეს ყველაფერი შეიძლება უმნიშვნელო და უაზრო ჩანდეს. იქნებ ასეცაა… მაგრამ მაინც უნდა ვეცადო, უნდა ვეცადო, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც სწორად მიმაჩნია… და იქნებ ეს დიდი არც არაფერია, მაგრამ რაღაც ხომ მაინცაა. რაღაც მაინცაა. და თუ ამის გარდა არაფრის გაკეთება არ შემიძლია, და თუ მხოლოდ ამის უფლება მაქვს, როგორ აღარ გავაკეთო?

სემიუელი: გავცხარდი… არ მინდოდა…

ჰანა: ვიცი, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ყოველთვის ისე გამოდის, თითქოს ჩემი ბრალია, რომ…

სემიუელი: მაპატიე, ჰანა. მაპატიე. ბოდიშს გიხდი. ვიცი, რა მნიშვნელოვანიცაა ეს საქმე შენთვის. სხვა გზა არ მაქვს, გაგებით უნდა მოვეკიდო შენს გეგმებს.

ჰანა: მართლა ამბობ?

სემიუელი: რა თქმა უნდა. ყოველთვის ვცდილობდი, რომ დაგხმარებოდი, იმდენი მომეცა, რამდენიც შემეძლო. ასე არ არის?

ჰანა: ჰო, მაგრამ ფული და პატივისცემა ერთი და იგივე არ არის.

სემიუელი: ეს გარეგანი დასტურია. პატივისცემის ნიშანია. მესმის, რომ ამ მხრივ განვსხვავდებით, ჰანა.

ჰანა: მადლობელი ვარ შემოწირულობებისთვის, ძალიან დიდი მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, მესმის… რამდენად დავალებული ვარ შენგან; რომ შენს გარეშე ბევრს ვერაფერს გავხდებოდი.

სემიუელი: არა, არა. მომისმინე. კარგი. მოვიწვიოთ შინ ის ლექტორი. სარა უორსი. თავის თანმხლებებთან ერთად, რამდენიც იქნებიან. უარი არ უნდა ვთქვათ ასეთ ხელსაყრელ შემთხვევაზე. მიზანს უნდა მივაღწიოთ.

ჰანა: მარტო იმიტომ ნუ მთანხმდები, რომ…

სემიუელი: არა, არა, შევცდი. სტუმართმოყვარეობას ნუ დაივიწყებ.

ჰანა: რადგანაც მის მიერ ზოგიერთებმა, ისე, რომ თვითონაც არ გაუგიათ, ისტუმრეს ანგელოზნი.

სემიუელი: და ვინ იცის? იქნებ მათი კურთხევა ჩვენზე გადმოვიდეს. იქნებ ღმერთმა კეთილი საქმისთვის კიდევ ერთი ახალი პატარა სტუმრით დაგვასაჩუქროს.

ჰანა: დაგვასაჩუქროს?

სემიუელი: ჰო, ჩვენი პატარა სტუმრით.

ჰანა: სამაგიეროზე ნუ ფიქრობ. რა საშინელი ადამიანი ხარ.

სემიუელი: უბრალოდ, სამყაროსთან ჩემი მცირეოდენი გარიგება იქნება.

ჰანა: რა ანგარიშიანი ხარ.

სემიუელი: მე ვაჭარი ვარ. ლეოპარდი ვერასდროს შეიცვლის ლაქებს.

ჰანა: ლეოპარდი უნდა შეეცადოს. გვიან ნუ მოხვალ.

სემიუელი: მესმის და გემორჩილები.

სცენა 4: დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. თიუკლების სახლის სასადილო ოთახი.

ალფრედი დგას და ფანჯრიდან იყურება. თან აქვს ბარგი და ფოტოაპარატი თავისი ატრიბუტებით.

შემოდის ჰანა.

ალფრედი: მივაპყრობ თვალებს მთებს.

ჰანა: საიდან მოვა ჩემი შეწევნა.

ალფრედი: რა მშვენიერია.

ჰანა: დიახ, ეს ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ლექსი იყო.

ალფრედი: მე ხედი ვიგულისხმე.

ჰანა: აა. უიქლოუს მთები.

ალფრედი: გული იქითკენ მიმიწევს, რომ მიღმა სახლს ვჭვრეტდე. ჩვენს ჭეშმარიტ სახლს.

ჰანა: ვერ გაგიგეთ.

ალფრედი: არა აგურისგან ნაშენი სახლები, არამედ ცოცხალი სამყარო. თავისი კლდეებით, ვარსკვლავებით და ზღვით.

ჰანა: ერთ დღეს შეგვიძლია წავიდეთ, გავისეირნოთ, თუკი თოვლი შეწყდება. მაგრამ არ მგონია, რომ შეწყდეს.

ალფრედი: იანვარი საშინელი თვეა. არაუშავს. თვალებს მივაპყრობ მთებს.

ჰანა: წავალ, ჯონს ვეტყვი, რომ თქვენი ნივთები ამოიტანოს…

ალფრედი: მირჩევნია თვითონ ამოვიტანო, თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ.

ჰანა: რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, სარა უორსი ძალიან არ დაიტანჯა ზღვით მგზავრობისას. ირლანდიაში ზამთარში ზღვაზე ქარიშხალი იცის.

ალფრედი: ამაზე გაცილებით დიდი სიმძიმეც გადაუტანია.

ჰანა: დარწმუნებული ვარ.

ალფრედი: თქვენს სახლს ეტყობა, რომ უპირატესობას ზედმიწევნით სისადავეს ანიჭებთ.

ჰანა: ო, ეს სემიუელის დამსახურებაა… ჩემი მეუღლის… სინდისთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან მკაცრია. ეს სახლი მართლაც სრულიად განსხვავებული იყო, როცა პირველად ჩამოვედით. ნაოჭასხმული ფარდები და ხავერდის ქსოვილები სულ ავიღეთ. თან, ჭერზე უჩვეულო ჩუქურთმები იყო და რიკულებიანი კიბის მოაჯირი… ყველაფერი ფიგურებიანი პანელით იყო შეფიცრული. აქ სარკეც იყო, მოოქროვილი ჩარჩოთი და… რა თქმა უნდა, წავიღეთ… სრულიად სხვა ოთახი იყო. ყველაფერი მოვისროლეთ. ერთი ფერის შერჩევაც სემიუელმა გადაწყვიტა.

ალფრედი: მეტისმეტად წმინდა სინდისი ჰქონია.

ჰანა: დიახ, სემიუელი ძალიან…

ალფრედი: საკმაოდ რთული იქნებოდა ყველაფრის მოცილება და აქაურობის განახლება.

ჰანა: დიახ, მაგრამ… ვთვლიდით, რომ…

ალფრედი: ყოველგვარი ხავერდის და ფიგურებიანი პანელის მოშორება… სარკის გადაგდება. თან მოოქროვილი ჩარჩოთი.

ჰანა: ისე ვიქცეოდით, როგორც სინდისი გვკარნახობდა; უხუცესები და ყოველწლიური შეკრებების• კანონები და რჩევები ასე მიგვითითებდა. სისადავეში უნდა გვეცხოვრა.

ალფრედი: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მსმენია, ამ მხარეში კვაკერების ტრადიციების გულმოდგინე დამცველები ყოფილხართ. სისადავით აღვსილი სახლი და ამისთვის ფული საჭირო არ ყოფილა. მართლაც, სრული პარადოქსია, არა?

ჰანა: ვწუხვარ, თუკი ჩვენთან თავს უხერხულად გრძნობთ.

(სემიუელი შემოდის)

სემიუელი: მაპატიეთ… ბოდიშს გიხდით დაყოვნებისთვის, ინვენტარიზაციას ვატარებდით საწყობში, ყოველთვის დიდხანს გრძელდება…

ჰანა: სემიუელ, ეს ალფრედ დარბია იორკშირიდან. ეს ჩემი მეუღლე სემიუელ თიუკლია.

სემიუელი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალფრედ დარბი, ამ მხარეში და ჩვენს სახლში.

ალფრედი: გმადლობთ. ეს თქვენს საოცრად გულუხვ სტუმართმოყვარეობაზე მიუთითებს.

სემიუელი: გვსურს, რომ შეძლებისდაგვარად შევიტანოთ წვლილი კეთილი მიზნის განხორციელებაში.

ალფრედი: ეჭვიც არ მეპარება, სემიუელ.

სემიუელი: როდის ჩამოხვედით?

ალფრედი: დაახლოებით ნაშუადღევის სამისთვის.

სემიუელი: ჩვენი განმანათლებელი სად არის?

ჰანა: ჯერ კიდევ ზემოთაა.

ალფრედი: ლივერპულიდან გადმოსვლისას, შეიძლება ითქვას, გვარიანად გავწვალდით.

სემიუელი: ო, ღმერთო, რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, თან წელიწადის ამ დროს. გემი კინგსთაუნში გაჩერდა?

ალფრედი: დიახ. ლამაზი ყურეა.

სემიუელი: დიახ, მართალია. ჩვენს ქალაქში კიდევ რაღაცეებს დაგათვალიერებინებთ. როდესაც დაბინავდებით.

შემოდის სარა.

ალფრედი: ოო.

ჰანა: სარა. ეს ჩემი მეუღლეა, სემიუელ თიუკლი. სემიუელ, ეს სარა უორსია.

სემიუელი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენზე, როგორც ორატორზე, ბევრი მსმენია.

სარა: გმადლობთ.

სემიუელი: ინგლისში ბევრი ხალხი გესწრებოდათ ლექციებზე?

ალფრედი: საკმაოდ ბევრი.

სარა: იორკის სალოცავი სახლი მგონი სავსე იყო. ორივეჯერ.

ალფრედი: და ხალხი ფეხზეც იდგა.

ჰანა: სასიხარულო ამბავია.

ალფრედი: საოცარი სანახაობა მოაწყო.

სარა: იმედია, სპექტაკლს არ ჰგავდა.

ალფრედი: წარმატებას ვგულისხმობდი, დიდი წარმატებით ჩაიარა.

ჰანა: ვეცდებით, დუბლინშიც მსგავსი დახვედრა მოგიწყოთ. დუბლინის საზოგადოების – ”ქალები მონობის წინააღმდეგ” სახელით გეუბნებით, რომ ჩვენთვის დიდი პატივი და თანადგომაა თქვენი აქ ყოფნა. ჩვენი კამპანია შეიძლება უფრო მცირერიცხოვანია, მაგრამ ძლიერია, ასე მგონია. მოუთმენლად ველით თქვენს ლექციებს.

სარა: იმედი მაქვს, მოლოდინს არ გაგიცრუებთ.

სემიუელი: ჩვენს მხარეში პირველად ხართ?

სარა: დიახ.

ალფრედი: მეც.

სემიუელი: როგორია პირველი შთაბეჭდილება?

სარა: ლამაზი სანაპირო ზოლი და რუხი ღრუბლები.

სემიუელი: გასაგებია. ორივე შემთხვევაში ჩვენ არავითარი წვლილი არ მიგვიძღვის.

სარა: ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია.

სემიუელი: დიახ, ასეა.

ჰანა: ამაში, ალბათ, გარკვეული პასუხისმგებლობა მიგვიძღვის.

სარა: მართლაც, ამერიკაში ბევრჯერ მსმენია ირლანდიის სიღატაკის შესახებ.

სემიუელ: მართლა? რა უცნაურია. უფრო სწორად, არ მიფიქრია, რომ…

ჰანა: ხომ არ ვისაუზმოთ? სემიუელ? სემიუელ? საჭმელი მზადაა.

სარა, ალფრედი, სემიუელი და ჰანა სხედან. ალფრედი საჭმლის გადაღებას აპირებს, მაგრამ ხვდება, რომ ჰანა და სემიუელი ლოცულობენ. სიჩუმე. შემდეგ უეცრად ლოცვა სრულდება და ვახშმობას იწყებენ.

სარა: როგორც ჩანს, შიმშილის ხანა დასრულდა.

ჰანა: ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სუფრასთან ასეა.

სემიუელი: ნამდვილად.

ჰანა: მაგრამ არა ყველასთვის.

სარა: კინგსთაუნიდან წამოსვლისას, გზაზე ბევრი მიტოვებული ბავშვი ვნახეთ. ნუთუ ახლაც მართლა ბევრია ასეთი საბრალო, დამშეული ბავშვი? თუ ასეთი შემთხვევა იშვიათია?

სემიუელი: საკმაოდ იშვიათია.

ჰანა: (იმავდროულად) მგონი, საკმაოდ ხშირი უნდა იყოს.

სემიუელი: სულ უფრო იშვიათი ხდება.

ჰანა: არ ვიცი, სემიუელ.

სემიუელი: რა თქმა უნდა, ყოველთვის უპოვართა გვერდით ვართ.

ჰანა: მაგრამ თუკი საკვები კიდევ უფრო ნაკლები იქნება ამ ზამთარს…

სემიუელი: საკმარისია მცირეოდენი წვიმა და ნესტი, რომ ყველა შეშფოთებულია. აი, ნახეთ, რამდენიმე ხანში ყველაფერი ჩაწყნარდება.

ჰანა: რაც უფრო მეტადაა საკვების უკმარისობა, მით უფრო მეტი უპოვარი აწყდება ქალაქს, საკვების და თავშესაფრის ძიებაში. თანაც, უკიდურეს ზომებს მიმართავენ, განსაკუთრებით ქალები…

ალფრედი: პროსტიტუციას?

ჰანა: ყოველგვარი დეგრადაცია, რისი წარმოდგენაც შეიძლება.

სემიუელი: კარგი, გეყოფა, ჰანა…

ჰანა: კეთილი რომ გენება და მათ რომელიმე თავშესაფარში წამომყოლოდი, სემიუელ, დარწმუნდებოდი. დისპანსერი და ფსიქიატრიული სავსეა. სიფილისი და ყველაზე საშინელი…

სემიუელი: როდემდე ვილაპარაკოთ სუფრასთან სიფილისზე, ჰანა?

ჰანა: ყველაზე საშინელი მწუხარება, ეს ყველაფერი…

სემიუელი: ჰანას უყვარს სიფილისით დაავადებულები, თავს უყრის მათ, ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდება.

ჰანა: სამწუხაროდ, ჩემი მცდელობა ყოველთვის საკმარისი როდია. თან, იმდენი არიან, საერთო ვითარება თითქმის არ იცვლება.

სემიუელი: მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება მათი საკვებით მომარაგების საკითხი. ახლა ფილანტროპიის ეპოქაა. ჰანას რამდენიმე ძალიან სასარგებლო სამოქმედო პროგრამა აქვს. ის თავისთვისაც და ჩემთვისაც დიდ სიკეთეს თესავს; მე კი მისგან გამოსხივებული დიდების შარავანდედი მათბობს. ჩვენთან არის დავრდომილთა და მეზღვაურთა ხელმოკლე ქვრივების თავშესაფარი…

ჰანა: სამწუხაროდ, იმდენად უმნიშვნელოა მცდელობა, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.

სემიუელი: ჰანამ დიდი შრომა ჩააქსოვა იქ. ქამდენის ქუჩაზეა. იქვეა შესანიშნავი ბაღი. ნახვა ღირს.

ჰანა: თუმცა თანხის დიდ ნაწილს სემიუელი სწირავს. უფრო სწორად, მთელ თანხას.

სემიუელი: დიახ, თიუკლის კომპანიამ შეძლო სოლიდური შემოწირულობა გაეღო.

ალფრედი: თქვენ ჩაით უნდა ვაჭრობდეთ, თუ არ ვცდები.

სემიუელი: ჩაით და შაქრით. ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია. ასეთი გაკვეთილი მივიღეთ ისტორიისგან. ახლა ამას ყავაც დაემატა. თუმცა დუბლინის სათნო მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩაი სასარგებლოა. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით დიდ ხალისს არ ამჟღავნებენ. ვცდილობთ უფასო ფუნთუშებით მოვიზიდოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიხვდებიან, როცა გააცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებლობა მოაქვს.

ჰანა: რა სარგებლობა?

სემიუელი: ჯანმრთელობისთვის სარგებლობის მომტანი უნდა იყოს, ჰანა, ყველაფერს რაღაც სარგებლობა მოაქვს. ჰანა ჩვენი ფილანტროპიის სული და გულია. არა, ჰანა? უამრავი სამოქმედო პროგრამა აქვს. მირჩევს, როგორ უნდა დავხარჯოთ ფული.

ჰანა: სემიუელ…

სემიუელი: ჰანას ყოველთვის ეუხერხულება ფულზე ლაპარაკი. მაგრამ ფულის გარეშე როგორ იარსებებდა ქველმოქმედება? ეს საჭირბოროტო საკითხია. ღრმად მწამს, რომ სიმდიდრის მატებამ სიხარბის მოჭარბება კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ პირიქით, მეტი მოწყალებისკენ უნდა გვიბიძგოს. ხომ ასეა?

ალფრედი: მართლაც, კეთილ საქმეს ფული სჭირდება.

სემიუელი: ინგლისშიც ხომ ასეა? თავშესაფრებს და სამუშაო სახლებს ქველმოქმედებით უდგათ სული და კიდევ რამდენია ასეთი მაგალითი. როგორ განხორციელდებოდა ეს გეგმები, შეძლებული მამაკაცების ცოლები რომ არ იყვნენ, რომლებიც ამ საქმეს უდგანან სათავეში? და სად უნდა იყოს ასეთი ცოლების ადგილი, თუ არა სნეულთა და უპოვართა გვერდით? ესაა მთავარი. არა, ჰანა? ჩემი არ სჯერა. თავი მოვაბეზრე. მაგრამ ეს ულამაზესი მხარეა, სარა უორს. მიხარია, რომ ამერიკაში აქაურ ამბებს მოყვებით. აქ ჩვენ უფლის ხელთ ვართ, სარა.

ჰანა: ოღონდ არა უკანასკნელ წლებში. როცა უფრო აუტანელმა სიჩუმემ დაისადგურა.

სემიუელი: ჰანას მუდმივად უნდა დაამტკიცოს, რომ რწმენა აქვს დაკარგული. მორიგი ხუმრობაა. მოზარდობის ასაკიდან, წელიწადში ერთხელ იმეორებს. მძიმე პერიოდი გვქონდა, მაგრამ უკვე გამოვიარეთ. თქვენზე რას გვეტყვით, ალფრედ? რას საქმიანობთ?

ალფრედი: ჩემი საქმე კაცობრიობის ბედია.

სემიუელი: ეს ისედაც ცხადია. მე საარსებო წყაროს ვგულისხმობდი. როგორც ვიცი, იორკშირიდან ხართ, არა?

ალფრედი: დიახ. წარმოშობით.

სემიუელი: კვაკერი ხართ?

ალფრედი: დაბადებით.

სემიუელი: ესე იგი, ეს თქვენი არჩევანი არ არის?

ალფრედი: აღარ. გადავწყვიტე ახლა უკვე ჩემით ვეძებო სინათლე.

სემიუელი: სლეითბექ დარბისთან რაიმე ხომ არ გაკავშირებთ? სლეითბექის რკინისა და ფოლადის კომპანიასთან?

ალფრედი: დიახ. კაცმა რომ თქვას, მაკავშირებს.

ჰანა: რამდენად მჭიდროდ…?

ალფრედი: აბრაჰამ დარბი ჩემი დიდი ბაბუა იყო. ახლა კომპანიას მამაჩემი და ჩემი სამი ძმა ხელმძღვანელობენ.

ჰანა: გესმის, სემიუელ?

სემიუელი: წარმოგიდგენია! დარბი სლეითბექიდან.

ჰანა: სუფის ქვაბები, გახსოვს, სემიუელ? შემოწირულობა, რომელიც ჩვენი სამზარეულოსთვის მივიღეთ?

ალფრედი: როგორც ჩანს, მათ საქმიანობას კარგად იცნობთ.

სემიუელი: ვიცნობ? რა თქმა უნდა. საუკეთესო ხარისხის რკინის და ფოლადის წარმოება. კაცმა რომ თქვას… (ლითონის ქოთანს იღებს და ძირს აკვირდება). ჰო, ეგ არის. ასეც ვიცოდი. სლეითბექის მტრედი. აი, ნახეთ, სარა, საფირმო ნიშანი, მტრედი. სლეითბექის სტილის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

ჰანა: ქვაბები, სუფის მოსადუღებელი ქვაბები სამზარეულოსთვის, რამდენიმე წლის წინ, სემიუელ…

სემიუელი: ინგლისიდან რომ გამოგზავნეს? ხომ არ ვცდები?

ჰანა: შიმშილობის დროს. ეს ქვაბები სლეითბექის რკინისა და ფოლადის კომპანიის შემოწირულობა იყო. როგორც ირკვევა, ალფრედის მამის. რამდენი სიცოცხლე იხსნა.

სემიუელი: აი, ხომ ხედავთ! იორკშირის მხარის ამ პატარა ჩიტმა მთელ მსოფლიოს დააჩნია თავისი კვალი. ამის შესახებ უფრო მეტი მაინტერესებს, ალფრედ. თიუკლების კომპანიას თქვენგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

ალფრედი: მე მხოლოდ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე ვილაპარაკებდი. ახლა ამით ვცხოვრობ. სლეითბექი ჩემი წარსულია. მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.

სემიუელი: შეიძლება მიზეზი გკითხოთ?

ალფრედი: ოდესმე კომპანიას ცოდვების გამოსყიდვა სისხლით მოუწევს. მას პასუხისმგებლობა აკისრია და პასუხსაც მოთხოვენ.

სემიუელი: კი მაგრამ, სლეითბექისეული მრწამსის შესახებ ბევრი მსმენია… კოტეჯები და ასე შემდეგ…

ალფრედი: რა თქმა უნდა. არსებობს სლეითბექის კოტეჯები და სკოლა. საავადმყოფოს აშენებასაც აპირებენ. კრიკეტის მოედანიც გააკეთეს.

სემიუელი: აი, ხომ ხედავთ. კრიკეტის მოედანი!

ალფრედი: დიახ, გარეშე დამკვირვებელს სლეითბექელები ისეთ ბედნიერ საზოგადოებად ეჩვენება, როგორც ნებისმიერი იორკშირული სოფელი.

სემიუელი: ხომ ხედავთ, მეც ხომ ამას ვამბობდი? მართლაც, იმედიანი დროებაა.

ალფრედი: დიახ. ვარდი შესანიშნავად ხარობს ნეხვის გროვაზე.

სემიუელი: კარგი რა, ნუ ხუმრობთ…

ალფრედი: უკვე ვეღარაფერი მაიძულებს, რომ სლეითბექში ვიმუშაო. ვერც იმ ადამიანებთან ერთად მივუჯდები სუფრას და დავუმეგობრდები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ ან მისგან სარგებლობენ. და მათ შორისაა უშუალოდ ჩემი ოჯახიც. ეს ის კავშირია, რომელზეც საბოლოოდ უარი ვთქვი; რომლის ნაცვლადაც ცოდვების გამოსყიდვას ვცდილობ. (თავზე ხელს იდებს)

სარა: დამშვიდდი, ალფრედ!

ჰანა: შეუძლოდ ხომ არ ხართ?

ალფრედი: არაფერია.

სარა: წადი, დაისვენე.

ჰანა: თქვენი ოთახი მზადაა. თუ…

ალფრედი: არა, არა. არაფერია.

სემიუელი: რა გაწუხებთ, ალფრედ? ექიმს ხომ არ გამოვუძახოთ?

ალფრედი: არა, არა. უბრალოდ… ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ დროდადრო ტკივილი შემომიტევს ხოლმე.

ჰანა: სერიოზული ხომ არაფერია?

ალფრედი: არა, არა. ნევრალგიას ეძახიან. თვალის ნერვის ბრალია, ასე მითხრეს. ალბათ, გადაღლილობის გამო შემახსენა თავი.

სარა: წადი, დაისვენე, ალფრედ.

ალფრედი: ხომ ხედავთ, ჩემზე ამტანია!

სარა: გრძელი დღე იყო.

ალფრედი: უკეთ ვარ.

სემიუელი: მაშინ, იქნებ ჩაი მოგვიტანო, ჰანა?

ჰანა: ჰო, რა თქმა უნდა. სარა?

სარა: გმადლობთ.

ჰანა: შაქარი?

სცენა 5: მოგვიანებით, იგივე საღამო. ჰანა სარას ჩემოდნიდან ძალიან ლამაზი ტანსაცმლის ამოლაგებაში ეხმარება.

სარა: დილაობით აქ სიწყნარეა?

ჰანა: დიახ, მგონი კი, საკმაოდ სიწყნარეა.

სარა: იმიტომ გკითხეთ, რომ რაღაც სამუშაო მაქვს და სიწყნარე მჭირდება.

ჰანა: რა თქმა უნდა, მესმის. ვიზრუნებ, რომ არავინ შეგაწუხოთ. ლექციებს ამზადებთ?

სარა: არა, რამდენიმე წლის წინ საბოლოოდ დავასრულე. დასამატებელი აღარაფერი მაქვს. ახლა ამ სიტყვების ხალხამდე მიტანაზე ვმუშაობ.

ჰანა: თქვენი ლექციები საოცარი წარმატებით სარგებლობს.

სარა: დიახ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საკმაო შემოსავალიც გაგვიჩნდა. (ტანსაცმელზე მიუთითებს). როგორც ხედავთ.

ჰანა: თქვენი სიტყვა ძლიერი იარაღია მიზნის მისაღწევად.

სარა: ამას არც კი მოველოდი. მაგრამ ეს უკვე ახალი პროექტია.

ჰანა: რა პროექტი?

სარა: ჩემი მემუარები, სადაც გულახდილად აღვწერ ჩემს გამოცდილებას.

ჰანა: უკვე ამთავრებთ?

სარა: დიახ, მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებები. და მცირეოდენი მოწესრიგება. გამომცემელიც გვყავს. საკმაოდ კარგი ავანსი მოგვცა.

ჰანა: შესანიშნავია, თქვენი ნაშრომი რომ გამოქვეყნდება.

სარა: მძულს წერა. მაგრამ ახლა უკვე ისე აღარ მიჭირს, როგორც ერთ დროს. ალფრედის მონდომების წყალობით. მის გარეშე, ლექციებს ნამდვილად ვერ დავწერდი. მის წინაშე ძალიან დავალებული ვარ.

ჰანა: დავალებული ხართ?

სარა: დიახ, რა თქმა უნდა. მას უნდა ვუმადლოდე თავისუფლებას. სიცოცხლეს. იმას, რასაც მივაღწიე.

ჰანა: რა გაკავშირებთ ერთმანეთთან?

სარა: თქვენთვის არ უთქვამთ?

ჰანა: არა.

სარა: სწორედ ალფრედმა მაჩუქა თავისუფლება. უკვე რვა წელი გავიდა.

ჰანა: როგორ?

სარა: თავისუფლება მიყიდა. შემისყიდა. სამას დოლარად. ასეთი იყო ჩემი ღირებულება. მონების აუქციონზე მიყიდა და მერე გამათავისუფლა. ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა.

ჰანა: სამასი დოლარი.

სარა: გიკვირთ, არა? როგორ ფიქრობთ, ბევრია თუ ცოტა?

ჰანა: არ ვიცი… ვერ გეტყვით… მიჭირს თქმა…

სარა: უფრო ძლიერი რომ ვყოფილიყავი ან ახალგაზრდული იერი რომ მქონოდა, ფასსაც მეტს დამადებდნენ. მაგრამ ახლა უკვე… ოქროს კვერცხის მადებარი ბატი ვარ. დღემდე განმათავისუფლებელი მოძრაობის წყალობით გვაქვს ჩასაცმელი, საჭმელი და თავშესაფარი.

ჰანა: და ალფრედს… არ აქვს ფული ან საკუთარი პროფესია?

სარა: აღარ, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს შევხვდით. შეხედულებები შეიცვალა.

ჰანა: როგორ შეიცვალა?

სარა: მგონი თქვენ ამას ფილანტროპიას უწოდებთ. ამჟამად მას მონობის გაუქმებასთან აიგივებენ. როგორც კი გამიცნო, მთლიანად ზურგი აქცია თავის წარსულს. მიატოვა ოჯახი და საკუთარი წილი კომპანიაში… მხოლოდ ტანსაცმელი წამოიღო, რომელიც ეცვა და ფული, რომელიც ჯიბეში ჰქონდა. ერთ დღესაც მისი საფულე დაცარიელდა. სწორედ მაშინ დავიწყეთ ლექციებით მოგზაურობა.

ჰანა: უარი თქვა სიმდიდრეზე? საკუთარი სინდისის კარნახით.

სარა: დაახლოებით ასე იყო.

ჰანა: გასაგებია. არ გამიკვირდება, რომ ვერ გვიტანდეს.

სარა: ალბათ დიდი შემოსავალი გაქვთ, თქვენ და სემიუელს.

ჰანა: დიახ, სემიუელს ალბათ კი.

სარა: რამდენი?

ჰანა: წარმოდგენა არ მაქვს. ეს სემიუელის ფულია და არა ჩემი. ქველმოქმედებისთვის ბევრს გასცემს.

სარა: ალბათ საშინელი არსება უნდა იყოს ცოლი, რომელმაც ზუსტად იცის ქმრის შემოსავალი. რამდენი ხანია დაქორწინებული ხართ?

ჰანა: დიდი ხანია. მგონი. მე ცხრამეტის ვიყავი. არა. ოცის, როცა დავქორწინდით. თორმეტი-ცამეტი წელია.

სარა: შვილები არ გყავთ?

ჰანა: არა. სემიუელი იმედს მაინც არ კარგავს.

სარა: შევამჩნიე, რომ ოპტიმისტია.

ჰანა: დიახ, ასეა.

სარა: არც თქვენ?

ჰანა: ამ შემთხვევაში არა. ცამეტი წლის შემდეგ უკვე აღარ.

სარა: ალბათ სხვა შემთხვევაშიც ასე იქნებით.

ჰანა: სემიუელი ფიქრობს, რომ ყველაფრის მოგვარება ფულით შეიძლება. ამიტომაც მეჩვენება უცნაური, რომ ერთადერთ რამეს, რაც გულით სურს… ფულთან არავითარი საერთო არ აქვს.

სარა: ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული.

ჰანა: ბავშვებიც?

სარა: განსაკუთრებით ბავშვები.

ჰანა: ბევრი თვალსაზრისით, გაგვიმართლა. სემიუელს დიდი წარმატება ჰქონდა. საქმე სულ კარგად მიდიოდა. ბედნიერები ვიყავით. ყველაფერი გვქონდა. და მეც შევასრულე დანაპირები.

სარა: რა დანაპირები?

ჰანა: მამაჩემს დავპირდი. სიკვდილის პირას იყო. იცოდა, რომ დიდი დრო აღარ ეწერა და ეშინოდა ჩვენი მომავლის, დედაჩემის და ჩემს გამო. არაფერი არ გაგვაჩნდა. არც და-ძმა მყავდა. სწორედ მაშინ, სემიუელ თიუკლიმ ხელი მთხოვა. მამაჩემს ძალიან გაეხარდა. თიუკლების ოჯახს ფული ჰქონდა. სემიუელის მამა თამბაქოთი და შაქრით ვაჭრობდა და ძალიან შეძლებულად ცხოვრობდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სემიუელი ჩაით ვაჭრობას დაიწყებდა. მამაჩემმა მაიძულა… პირობა ჩამომართვა, რომ სემიუელ თიუკლის ცოლად გავყვებოდი და დედაჩემს დავეხმარებოდი. მევედრებოდა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ამიტომაც დავთანხმდი.

სარა: ესე იგი, პირობა შეასრულეთ?

ჰანა: დიახ. რამდენიმე წლის მერე დედა გარდამეცვალა. კარგად ცხოვრობდა. ახლა ძალიან კარგი საფლავი აქვს, დოლფინს ბარნის სასაფლაოზე. ამაზე სემიუელმა იზრუნა. ღიღილოები დავრგე, მისი საყვარელი ყვავილები. ახლა მშვიდად განისვენებს.

სარა: მშვენიერი სახლი გაქვთ.

ჰანა: დიახ.

სარა: ქორწინების ბევრი არაფერი გამეგება. მას შემდეგ, რაც ორი ბავშვი გავაჩინე, დავიფიცე, რომ ქმარი აღარ მეყოლებოდა.

ჰანა: ვინ იყო თქვენი ქმარი?

სარა: სიტყვა ”ქმარი” უფრო პოეტურია, თორემ კანონიერად დაქორწინებული არ ვყოფილვართ. მაგრამ იმ დროს ეს არც სჭირდებოდათ, მის გვარს უკვე ვატარებდი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩემს სხეულზე, ჩვენს სხეულებზე ეწერა მისი გვარი. უილიამ უორსი. თხუთმეტის ვიყავი, როცა მისგან ვაჟი შემეძინა. თექვსმეტისას ქალიშვილი გამიჩნდა. ოცის ვიყავი, როცა შინ მივედი, ბავშვები წაყვანილი დამხვდა. ორივე გაყიდა და არც უთქვამს, სად. მისმა ცოლმა ვეღარ აიტანა, გესმით? მათი მამული უილიამისთვალება ბავშვებით იყო მოფენილი.

ჰანა: მგონი, კარგად ვერ გავიგე.

სარა: (იკეცავს სახელოს და ხელზე ამოჭრილ ნიშანს აჩვენებს)

ჰანა: ეს რა არის?

სარა: ეს არის ”უ”.

ჰანა: ეს ხომ…

სარა: დაღია. ხუთი წლის ვიყავი, როცა დამდაღეს.

ჰანა: რას ნიშნავს ”უ”?

სარა: უორსი. უორსის პარკის საკუთრება, ჯორჯია.

ჰანა: სარა უორსი.

სარა: როცა ბავშვები გაყიდა, სწორედ იმ დღეს დავდე აღთქმა. ქმარი არასდროს მეყოლებოდა. ვეღარავინ ამოტვიფრავდა თავის სახელს ჩემს სხეულზე. ვეღარასოდეს.

ჰანა: შეასრულეთ აღთქმა?

სარა: ხომ ხედავთ, თითზე ბეჭედი არ მიკეთია.

სცენა 6: იგივე საღამო. სემიუელი და ალფრედი სასადილო ოთახში არიან. ალფრედის ბარგი და აპარატურა ისევ ოთახშია.

სემიუელი: გადამამუშავებელი ქარხანა, შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა, რა თქმა უნა, დიდი განძია. ჯერ ბაბუაჩემის… მერე მამაჩემის. გონივრული ნაბიჯი იყო, რასაკვირველია, იმიტომ, რომ შეგვეძლო შაქრის ლერწამი შემოგვეტანა და აქ, დუბლინში დაგვემუშავებინა. მერე ვიფიქრე, რომ ჩაით ვაჭრობა სარფიანი იქნებოდა. თუმცა ორმოციანი წლების დასაწყისამდე არ შემოგვიტანია. მაგრამ როცა გადავწყვიტეთ, ბითუმად წამოვიღეთ, პირდაპირ ჩინეთიდან, ორიათას ოთხმოცდაცხრამეტი ყუთი კანტონიდან. ეს იყო ჩემი დიდი გამარჯვება, აქედან დაიწყო ყველაფერი… (ჩერდება) არ შემიძლია, მცირეოდენი საიდუმლო არ გაგანდოთ. იმედი მაქვს, შეურაცხყოფად არ მიიღებთ. ჩუმად ვინახავ. (ბურნუთს სთავაზობს) გასინჯეთ.

ალფრედი: არა, გმადლობთ.

სემიუელი: თავის ტკივილს დაგიამებთ.

ალფრედი: არა, გმადლობთ. (სემიუელს უკან მიაქვს ბურნუთი) როგორც ვხედავ, არც ისე მტკიცე ნებისყოფა გქონიათ რაღაც-რაღაცეების მიმართ. ჰანამ მითხრა, რომ წესებს მკაცრად იცავთ.

სემიუელი: რა თქმა უნდა, ყოველწლიური შეკრებები ჩვენგან ამას მოითხოვს. ბევრ რამეზე უარს ვამბობ. მაგრამ ჩემი ნებისყოფა ხომ ჩემია. თან, ამით ხომ არავის ვაყენებ ზიანს? ჩვენ, ცოლიან მამაკაცებს საკუთარი პატარა სისუსტეები გვაქვს.

ალფრედი: საიდან უნდა ვიცოდე.

სემიუელი: მეუღლე არ გყავთ?

ალფრედი: არა.

სემიუელი: ოო, ეს სამწუხაროა.

ალფრედი: რატომ?

სემიუელი: მარტოობა საშინელებაა, თავს უნდა უშველოთ.

ალფრედი: ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველაზე მეტად მარტოსულები, ვისაც ვიცნობ, დაქორწინებულები არიან. განმარტოება საიდუმლოს გარეშე. ნუთუ არსებობს ამაზე მეტი სიმარტოვე?

სემიუელი: ძალიან პესიმისტური შეხედულებაა.

ალფრედი: ქორწინება თბილ აბაზანაში წოლას გავს. როცა წყალი თანდათან სულ უფრო ცივდება დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. მამაჩემის სიტყვებია.

სემიუელი: დედათქვენის თვალწინ თქვა?

ალფრედი: არა, შემთხვევით გავიგონე. თავის კაბინეტში მეგობარს ელაპარაკებოდა ისევე, როგორც ახლა ჩვენ. მე დასაწოლად მივდიოდი. და გავიგონე. ცამეტი წლის ვიყავი. სწორედ მაშინ დავდე აღთქმა, რომ არასდროს მომეყვანა ცოლი.

სემიუელი: და აღთქმა შეასრულეთ?

ალფრედი: ჯერჯერობით კი.

სემიუელი: ცამეტი წელი, ცოტა არ იყოს, ძალიან ადრეული ასაკია სამუდამო ბერბიჭობის აღთქმისთვის.

ალფრედი: დიახ, მაგრამ მთლად ბერბიჭობასაც ვერ ვიტყოდი. (სემიუელი იცინის)

სემიუელი: იოლი გზა არ იქნება. გზა, რომელიც აირჩიეთ. წარსულისგან, სახლისგან და ოჯახისგან, ბიზნესისგან შორს.

ალფრედი: ახალი ოჯახის და ახალი საქმის პოვნა მინდოდა.

სემიუელი: კაცობრიობის სამსახური.

ალფრედი: დიახ.

სემიუელი: და სარა უორსი? ვინ არის? რას წარმოადგენს? ისიც თქვენი საქმის ნაწილია? თუ სიამოვნების?

ალფრედი: მე ის ვიყიდე.

სემიუელი: დიახ.

ალფრედი: რვა წლის წინ. მონათა აუქციონზე, ჯორჯიაში.

სემიუელი: ღმერთო ჩემო.

ალფრედი: ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

სემიუელი: შემთხვევით?

ალფრედი: სლეითბექის საქმისთვის ბოსტონსა და ნიუ იორკში ვიყავი. მაგრამ შინ დაბრუნებამდე, მინდოდა უფრო მეტი გამეგო ამ კონტინენტის შესახებ. ასე რომ, სამხრეთით მოგზაურობა გადავწყვიტე. და სწორედ მაშინ შევხვდი მას… როცა ვნახე, პირდაპირ აუქიონზე ყავდათ გამოყვანილი…

სემიუელი: სარა უორსი?

ალფრედი: დიახ. გაქცევა უცდია, ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე… ნახევრად შიშველი იყო, სხეული იარებით ჰქონდა დაფარული. დაბმული იყო… ხელები უკან ჰქონდა შეკრული. სამას დოლარად აფასებდნენ.

სემიუელი: რა საოცარია.

ალფრედი: ფული თან მქონდა. ისღა დამრჩენოდა, რომ ხელი ამეწია და ფასი შემეთავაზებინა.

სემიუელი: ღმერთო ჩემო. და როცა თქვენი გახდა…

ალფრედი: მისი თავისუფლება ჩემს ხელში იყო. სამხრეთის კანონმდებლობას აღარავითარი უფლება აღარ ჰქონდა მასზე. მაგრამ იმ წუთიდან, ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

სემიუელი: ის თქვენთვის დამასკოს გზად• იქცა.

ალფრედი: დიახ.

სემიუელი: კი მაგრამ, რა სარგებლობა მოგიტანათ თქვენმა ძალისხმევამ, რომ ეს ქალი ხუნდებისგან გაათავისუფლეთ?

ალფრედი: ქალებს მარტო მოგზაურობა არ შეუძლიათ.

სემიუელი: რა თქმა უნდა.

ალფრედი: და სხვათა შორის… სარა შესანიშნავად ყვება თავს გადახდენილ ამბებს. თუმცა ზოგჯერ მასალას დამაჯერებლობა ან… სიმტკიცე აკლია… ზოგჯერ ამ ყველაფრის მოწესრიგებაში ვეხმარები…

სემიუელი: სარედაქციო სამუშაოები.

ალფრედი: გამომხატველობითი ენერგია; რომ მისმა სიტყვებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ. თან, ჩემი საქმეც მაქვს.

სემიუელი: თქვენც მწერალი ხართ?

ალფრედი: ჩემი გონება სურათების საშუალებით აზროვნებს და არა სიტყვებით. ფოტოებს ვიღებ. კამერა მაქვს. დაგეროტიპებს ვამზადებ.

სემიუელი: დაგეროტიპებს? ოო. ესე იგი ესაა თქვენი მოწყობილობა?

ალფრედი: დიახ. ჩემი მოგზაურობის მანძილზე საკმაოდ დიდი კოლექცია დავაგროვე.

სემიუელი: მთლად კვაკერული საქმიანობა არ აგირჩევიათ.

ალფრედი: კვაკერობა მივატოვე. ახლა უკვე თავისუფლად მოაზროვნე ვარ.

სემიუელი: ეს სურათებია?

ალფრედი: ისინი იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ მათი დაკარგვის მეშინია. ამიტომაც, მოგზაურობისას ყველგან თან დამაქვს.

სემიუელი: საინტერესო კოლექცია იქნება. სად არის გადაღებული?

ალფრედი: ძირითადად ამერიკაში. სამხრეთის შტატებში. ის საშინელება, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა. და ადამიანები. ძირითადად, სარა. როგორ გამოიყურებოდა, როცა ვნახე.

სემიუელი: სიამოვნებით დავათვალიერებდი.

ალფრედი: არა, არა, ეს შეუძლებელია.

სემიუელი: ვერ გაიძულებთ?

ალფრედი: იცით…

სემიუელი: თუ მე ვერ ვნახე, ჰანა მაინც გამოგტყუებთ.

ალფრედი: არა, რა თქმა უნდა, არ ვაჩვენებ.

სემიუელი: რატომ? ნუთუ მათში ასეთი… ტანჯვაა ასახული?

ალფრედი: დიახ.

სემიუელი: ჰანას მტკიცე ხასიათი აქვს. არ შეშინდება. სისასტიკის მიმართ მიდრეკილება გამოიმუშავა. სამწუხაროდ. ჩვენც არაერთხელ ვყოფილვართ ამის მომსწრენი აქ.

ალფრედი: ამის მიუხედავად, ქალებს მაინც არ ვაჩვენებ.

სემიუელი: თქვენ მე ინტერესს მიმძაფრებთ.

ალფრედი: ეს სურათები რისხვის დროს, ვნებით შემპყრობილმა გადავიღე. სცენები, რომლებსაც შევესწარი, საბოლოოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამიტომაც, იოლად და დაუფიქრებლად ვერავის ვაჩვენებ.

სემიუელი: პირადული ხასიათისაა?

ალფრედი: ზოგიერთი მათგანი.

სემიუელი: თქვენი სულის სარკმელია?

ალფრედი: შესაძლოა.

სემიუელი: მერე, ნეიტრალურ, უცხო ადამიანზე უკეთესს ვის აჩვენებდით? მასპინძელზე უკეთესს? კარგი რა. მაჩვენეთ.

ალფრედი: კარგი, მოითმინეთ.

(საკვოიაჟიდან ამოაქვს სურათები – ერთად შეკრული ფოტოფირფიტები. სემიუელი მდუმარედ ათვალიერებს მათ.)

სემიუელი: და ეს სად არის…?

ალფრედი: ეს ყველაფერი ჯორჯიაშია გადაღებული.

სემიუელი: ეს…

ალფრედი: აუქციონია, მონების აუქციონი. ეს მოვაჭრეა.

სემიუელი: ეს?

ალფრედი: ოო, ეს ბავშვია, რომელიც ვნახე.

სემიუელი: ღმერთო ჩემო.

ალფრედი: ეს ნაცნობი ქალია.

სემიუელი: ეს რა არის?

ალფრედი: ეს ალიკაპია.

სემიუელი: ეს?

ალფრედი: აქ ბორბალს ატრიალებენ. დასჯის ფორმაა.

სემიუელი: საკმაოდ… ეს (მდუმარედ აგრძელებს თვალიერებას), ეს ხომ… ჩვენს ლექტორს ჰგავს.

ალფრედი: დიახ. სარაა.

სემიუელი: აი, აქაც.

ალფრედი: დიახ.

სემიუელი: და აქაც. მაგრამ რა გამხდარია. ავადმყოფური იერი აქვს. რკინის საყელურით. იარები.

ალფრედი: დიახ. ახლაც ეტყობა. მაგრამ ახლა ტანსაცმელი მაინც აქვს, რომ დაფაროს.

(სემიუელი ათვალიერებს ფოტოფირფიტებს, აკვირდება)

სემიუელი: ესე იგი, ის თქვენი მუზაა, არა? მუზა?

ალფრედი: დიახ, ალბათ. ჩემი მუზაა, სხვა რამეებთან ერთად.

სემიუელი: გასაგებია. თვალები… როგორი გრძნობაგამოცლილი აქვს. მართლაც ძალიან…

ალფრედი: ზოგიერთი სურათი ამ ამბის შემდეგ გადავიღე. (გვერდზე დებს)

სემიუელი: დადგით?

ალფრედი: მოგვიანებით წარმოსახვით აღვადგინე.

სემიუელი: წარმოსახვით დაამუშავეთ?

ალფრედი: ალბათ.

სემიუელი: მესმის.

ალფრედი: გრძნობაგამოცლილ მეცნიერებას არ გავს. იდუმალების დანახვა, მისი ტკივილის გადმოცემა – მხოლოდ ესაა ჩემი ამოცანა. დამარცხებული ფრინველივით. დატყვევებული არსება – ის ხომ ასეთი იყო ერთ დროს.

სემიუელი: მართლაც შთამბეჭდავია. მეტყველი პორტრეტებია. დაუვიწყარია.

ალფრედი: მაგრამ ხომ მშვენიერია?

შემოდის ჰანა.

სემიუელი: ოო, როგორ არის ჩვენი ლექტორი?

ჰანა: ძალიან დაღლილი იყო და წამოწვა.

სემიუელი: აა. ახლა ზუსტად ალფრედის ამერიკაში მოგზაურობაზე ვლაპარაკობდით.

ჰანა: მინდა, ამ საკითხზე უფრო მეტი გავიგო.

ალფრედი: სიამოვნებით გიამბობთ.

სემიუელი: მაგრამ ალბათ ამაღამ არა.

ჰანა: ბურნუთის სუნი მცემს.

სემიუელი: ჰო.

ალფრედი: ჯობია, სარასი არ იყოს, მეც წავალ, დავიძინებ. ღამე მშვიდობის.

ჰანა: ღამე მშვიდობის.

სემიუელი: ღამე მშვიდობის, ალფრედ.

ალფრედი მიდის.

ჰანა: ეს არ უნდა გაგეკეთებინა. (სემიუელი ხელს კიდებს. ჰანა მიდის.)

სემიუელი: რა?

ჰანა: ეს არ უნდა გაგეკეთებინა.

სემიუელი: ჩვენი სტუმარი საეჭვო ვინმე ჩანს. თურმე იმას იღებს, რა ქვია… დაგეროტიპებს… სურათებს. მგონი, მთელი მოწყობილობა აქვს.

ჰანა: ჰო. როგორი იყო?

სემიუელი: რა?

ჰანა: სურათები. დაგეროტიპული გამოსახულებები.

სემიუელი: არ მინახავს. მაინც არ მაჩვენებდა.

ჰანა: რატომ?

სემიუელი: რა ვიცი… მის გულში ცეცხლი ანთია…

ჰანა: ფრთხილად რატომ არ იყავი? ახლა უნდა მივალაგო აქაურობა.

სემიუელი: მერის დავუძახებ.

ჰანა: არა. მე გავაკეთებ.

სემიუელი: ჰანა.

ჰანა: დღეს… ისევ… შეუძლოდ ვარ… დღეს არ შემიძლია…

სემიუელი: ვიცი… ვიცი… არ მინდოდა…

ჰანა: ერთ-ორ დღეში კარგად გავხდები… და მერე იყოს… უნდა დავალაგო.

სემიუელი: ხვალ მერი მიხედავს ყველაფერს.

ჰანა: არა, ახლა მივალაგებ.

სემიუელი: (მკლავში ხელს წაავლებს) გეუბნები, მერი გააკეთებს-მეთქი.

ჰანა: გთხოვ, გამიშვი. (ხელს უშვებს) და სხვა დროს ფრთხილად იყავი.

სემიუელი: ღამე მშვიდობის.

ჰანა: ღამე მშვიდობის.

სცენა 7: სარას ლექცია I

სარა კათედრაზე დგას და მიმართავს ხალხს, რომელიც მის მოსასმენად შეიკრიბა.

სარა: იყო და არა იყო რა… ეს იყო დიდი, დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში… ცხოვრობდა ქალი და კაცი და მათ შორის იყო მუსიკა. მათში ერთი და იგივე მელოდია ჟღერდა. და ისინიც აყოლებდნენ მუსიკას საკუთარ ხმას. იყო ცეკვაც, რომელიც მათ აცეკვებდა და ისინიც აყოლებდნენ მოძრაობებს. მათში ღვიოდა ლოცვაც, რომელიც ლოცულობდა მათში და ლოცვა ყოველთვის აღსრულდებოდა. ერთხელაც ქალმა მუცლად იღო მათი ცეკვის ნაყოფი. და ბავშვი, რომელიც უნდა დაბადებულიყო, ბებიაჩემი იყო. დიახ, ის მომავლის ნაყოფი იყო, ჩემი მომავლის ნაყოფი. მაგრამ ვხედავ, რომ თვალები ცრემლით ევსება. რა იყო, ბებია, რა გჭირს? – ვეკითხები. ამ ამბავს ხომ ის მიყვებოდა. ახლა ვერ გეტყვი, მპასუხობს, ყურადღებით უნდა მოისმინო, რაც მოხდება.

ერთი სიტყვით, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, ისევ ცეკვავდნენ… მაგრამ განსაცდელის ჟამი კარს იყო მომდგარი. დიახ, განსაცდელის ჟამი. ტყეში ხეებს ესმოდათ მათი ჩქამი, ტალღებს მოჰქონდათ მათი ხმა და ნაპირზე გამორიყული ნიჟარები ყურს უგდებდნენ მათ. ზღვა მოიქუფრა შხამისგან და ქარი მათი აფრების სუნთქვამ წაბილწა… და ერთ დღესაც ზღვამ ამ ქვეყნის ნაპირზე მათი ნავები ამონერწყვა. და კაცები, თუ მსგავსნი კაცთა, გრგვინვით ჩამოსხდნენ ნაპირზე. იარაღით ხელში, სიკვდილი მოჰქონდათ. ბნელი და ძლიერი იყო მათი ხიბლი. იმდენად, რომ დამიზნებაც კი არ სჭირდებოდათ – ვისკენაც თითს გაიშვერდნენ, მაშინვე ჭრილობა ეხსნებოდა, იდუმალი ძალით და სისხლისგან იცლებოდა.

სულ რამდენიმე საათში ჩვენი სოფლის შუაგულში აღმოჩნდნენ, თავის ენაზე მეტყველებდნენ. მივიდა ჩვენი წინამძღოლი… გამოართვა ერთ-ერთი მბზინავი იარაღი. ხელისგულებით შეიგრძნო და იქედან რაღაც გამოვიდა, რაღაც მაგიური შელოცვა თუ სუნი, მიაზმა თუ სურნელი, ათასობით საფლავიდან მონაქროლი სურნელი და მისგან აივსო წინამძღოლი, აივსო ლტოლვით, ვნებით და გაშმაგებით. და მოისურვა ის მბზინავი ნივთი, ო, როგორ მოუნდა, რომ მისი ყოფილიყო. მაშინ იმ სპილოსძვლისფერმა ადამიანმა-აჩრდილებმა უთხრეს, თუ გინდა, მოგეცემა. მაგრამ სამაგიეროდ რას გვთავაზობ, წინამძღოლო? და წინამძღოლმა სახელების სია შეადგინა. და უთხრა, ნახეთ, აი, ამის მოცემა შემიძლია თქვენთვის.

სცენა 8: 17 იანვარი, 1850.სარა და სემიუელი შაქრის გადამამუშავებელ ქარხანაში.

(სარა ერთ კოვზ შაქარს სინჯავს)

სემიუელი: როგორია?

სარა: წმინდაა.

სემიუელი: ძალ-ღონე არ დაგვიშურებია. ჩვენ ხომ ჩაის მოყვარული ერი ვართ. ამაზე თიუკლების კომპანიამ უნდა იზრუნოს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩაის და ყავას შაქარი სჭირდება. ისე, საკმაოდ მწარეა.

სარა: საოცარ წარმატებას მიაღწიეთ. რამდენი რამ შეძელით.

სემიუელი: რა თქმა უნდა, ეს ოჯახის ბიზნესი იყო, რომელიც მემკვიდრეობით მერგო. ადგილიც საკმაოდ მოსახერხებელია, ფლით სთრითი, მდინარესთან ახლოს. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ბევრს უნდოდა მისი ხელში ჩაგდება, მაგრამ ვერავის დავუთმობდი. აი, აქ ვადუღებთ და დისტილაციას ვუკეთებთ. შემდეგ ქვევით, კასრში ვასხამთ… აბა, რა გითხრათ, ესაა ჩვენი შემოსავლის წყარო. არცთუ ისე დაფასებული პროფესიაა, მაგრამ არჩევანი ყოველთვის დიდი როდია. ჩვენ გადმოსახლებულები ვართ და ბევრ რამეზე ხელი არც მიგვიწვდება. ამიტომაც, იძულებული ვართ, საკუთარი ჭკუით ვიცხოვროთ. მოვიხვეჭოთ სახელი. სამართლიანი ვაჭრობა, კარგი ხარისხი და კეთილსინდისიერი გარიგება… კომერციაში მთავარი ესაა, ზნეობრივი სფეროს გარდა, რაც, რასაკვირველია, ჩვენი მთავარი პრინციპია…

სარა: (სემიუელს შაქრის კოვზს უკან უბრუნებს) ძალიან ჭკვიანი ხელსაწყო უნდა იყოს. ასეთ წმინდა ნაწარმს რომ ამზადებს.

სემიუელი: დიახ, ორთქლზე მუშაობს… უახლესი მოდელია. ინგლისიდან ჩამოგვივიდა. ძალიან ეფექტური მანქანაა… თუკი გამოცდილი პერსონალიც გყავს. რა თქმა უნდა, ამას დროც სჭირდება. საკმაოდ მძიმე სამუშაოა.

სარა: ტემპერატურა რომ ზუსტი იყოს და ასე შემდეგ.

სემიუელი: ამ პროცესში ერკვევით?

სარა: უორსების პარკში ძირითადად შაქრის ლერწმის მინდვრები იყო. მგონი სულაც ერთ-ერთ მათგანში მე დავიბადე. სუნი მეცნობა.

სემიუელი: მართლა? გასაგებია. დიახ. შაქრის გადამუშავებაზე ვამბობდი, საჭიროა დიდი მოწყობილობა, გარკვეულწილად მოხერხებულობა, ოღონდ არა მხოლოდ კუნთები, არამედ თავისებური გონიერება. ზუსტად შერჩეული პერსონალი მნიშვნელოვანია; ხოლო სიროფის მოდუღებისას, მცირეოდენმა შეცდომამ, რასაკვირველია, შეიძლება საშინელი ზარალი გამოიწვიოს…

სარა: დიახ. მახსოვს…

შემოდიან ალფრედი და ჰანა.

სემიუელი: ამ დღეებში აქაურობა კარგად უნდა დაგათვალიერებინოთ. სარას ვეუბნებოდი, რომ ეს საკმაოდ ფაქიზი პროცესია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც გაირკვა, მისთვის ეს უცხო არ ყოფილა.

ჰანა: ხომ არ დავიძრათ? მგონი თოვლიც იკლებს.

სარა: საით?

ჰანა: სწორედ ახლა ვუამბობდი ალფრედს ჩემი რამდენიმე ვიზიტის შესახებ ლიბერთისში. ვიფიქრე, იქნებ ქალაქის ის ნაწილიც დაგვეთვალიერებინა.

სარა: ლიბერთისი სად არის?

სემიუელი: თუ ასეა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ. მცირეოდენი საქმე მაქვს. თან, მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ მხიბლავს ჰანას აკვიატებული ტურისტული მარშრუტი. სტუმრები ჩვენი ქალაქის ყველაზე საშინელ ადგილებში მიყავს ხოლმე, ოღონდ მიზეზს ნუ მკითხავთ.

ჰანა: ხომ არ გადაიფიქრებდი?

სემიუელი: არა.

ალფრედი: მაშინ წავიდეთ ლიბერთისში.

სცენა 9: მოგვიანებით, იგივე დღე, მარტა რაიანის ოთახი.

მარტას ძინავს ლოგინში. ჰანა მის გაღვიძებას ცდილობს. ალფრედი და სარა თვალს ადევნებენ.

ჰანა: მარტა, მარტა, მარტა, მე ვარ…

მარტა: ღმერთო ჩემო… ღმერთო, როგორ შემაშინეთ… ესენი ვინ არიან?

ჰანა: ეს ალფრედ დარბია, იორკშირიდან. ეს კი სარა უორსი.

მარტა: ღმერთო ჩემო. აფრიკელი ხართ?

სარა: ამერიკელი.

მარტა: აქ რა უნდათ?

ჰანა: მეგობრები არიან, სტუმრად ჩამოვიდნენ. ჩემთან ცხოვრობენ. შენი გაცნობა უნდოდათ.

მარტა: არ მეგონა, ამერიკელები ასეთები თუ იყვნენ.

ჰანა: გვაპატიე, თუკი შეგაშინეთ.

მარტა: გული კინაღამ გამისკდა, არა უშავს. ღმერთო.

ჰანა: ეს მარტა რაიანია.

მარტა: შეგიძლიათ მის ოთხმოცდაცხრა დამიძახოთ. მარტო ეს და დედაჩემი მეძახიან მარტას.

სარა: მაპატიეთ?

მარტა: მის ოთხმოცდაცხრა. ასე შემარქვეს თავშესაფარში. მის ერთი, ორი, სამი… ასე ძალიან მარტივია. მე მის ოთხმოცდაცხრა ვიყავი…

სარა: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

მარტა: დიახ, თქვენზეც, ორივეზე იგივეს ვიტყოდი. ამერიკა, ხომ ბედნიერები ხართ? ჩემი და ამერიკაში წავიდა. ნიუ იორკში აპირებდა. მეც უნდა წავსულიყავი. ნიუ იორკიდან ხომ არ ხართ?

სარა: არა. ჯორჯიიდან.

მარტა: ცხელა თქვენთან?

სარა: გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე აქ.

მარტა: ძალიან მინდა ამერიკაში წასვლა.

ჰანა: მარტას საოცარი წინსვლა დაეტყო.

მარტა: გულმკერდი ბევრად უკეთესად მაქვს. მგონი მირჩება.

ჰანა: და არა მხოლოდ ფიზიკურად. (პატარა წიგნს აწვდის მარტას) აბა, აჩვენე მარტა.

მარტა: ო, არა, კარგი რა…

ჰანა: გთხოვ, გთხოვ. მეგობრები არიან.

მარტა: მაშინ მომაწოდეთ. (წიგნს ართმევს, გაჭირვებით მარცვლავს) ”თავ… და… პირ… ვე…”

ჰანა: თავდაპირველად.

მარტა: ”თავდაპირველად. ღმერთმა შექმნა. ცა და მიწა. მიწა იყო…” (ჰანა ტაშს უკრავს და დანარჩენებიც უერთდებიან. მარტა ალფრედზე მიუთითებს, რომელიც წიგნაკში ჩანახატს აკეთებს) რას აკეთებს?

ალფრედი: იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, სახელდახელო ჩანახატი რომ გავაკეთო.

მარტა: რისი?

ალფრედი: თქვენი. და თქვენი ოთახის.

მარტა: რისთვის?

ალფრედი: უბრალოდ, მიყვარს, როცა ვინიშნავ… საინტერესო სანახაობას. სულ ესაა. არ გატყუებთ. არც ცუდი განზრახვა მაქვს.

მარტა: იმედია, ინსპექტორი ან რაიმე მსგავსი არ ხართ.

ალფრედი: არა. უბრალოდ… დაინტერესებული მხარე ვარ. მოწმე, თუ გნებავთ.

მარტა: ო, მაშინ კარგი. რა უნდა გავაკეთო?

ალფრედი: არაფერი. როგორც ხართ, კარგია.

მარტა: რომ დაამთავრებთ, მაჩვენებთ?

ლაფრედი: რა თქმა უნდა.

ჰანა: არ გავაგრძელოთ?

მარტა: არა, დღეისთვის საკმარისია, თვალები ამტკივდა. სხვა საჩუქარი ხომ არ გაქვთ?

ჰანა: სამწუხაროდ, ამჯერად არა.

მარტა: (თეთრი წინდები აცვია) ხომ გითხარით, რომ ფეხები სულ დაწითლებული მაქვს-მეთქი.

ჰანა: მაინც მიხარია, რომ გამოგადგა.

მარტა: ცოტა ხნის წინ, დედილო იყო აქ, კინაღამ ძალით გამხადა, მითხრა, წესიერი ჩასაცმელი არ მაქვსო. ვუთხარი, გაწიე შენი ბინძური ხელები-მეთქი, ესენი მაჩუქეს-მეთქი, პირადად მე. ასე რომ, გაეთრიე, შენ თვითონ იყიდე-მეთქი. ცბიერი ბებერი ძუკნა. მარტო ფულისთვის მოვიდა. რომ შეეძლოს, თვალიდან ბეწვს ამოგაცლიდა. მაგრამ ვუთხარი, ჩხრიკე, რამდენიც გინდა-მეთქი, გროშიც არ გამაჩნია-მეთქი. მადლობა ღმერთს, წაეთრა. ერთხანს აღარ გამოჩნდება.

ჰანა: თან, თავი ჩვეულებრივად ეჭირა, არა?

მარტა: აყვირდებოდა და გაჩერდებოდა, ხომ იცით, აყვირდებოდა და გაჩერდებოდა.

ჰანა: ახალი ღიღილოები არ მოუტანია?

მარტა: მგონი, როგორც იქნა, შეიგნო. მიმატოვა. ტიპიური კაცია. ბოლოს ყველა ასე იქცევა.

ჰანა: სირცხვილი მას. მარტას თაყვანისმცემელი ყავდა, ქვედა სართულზე ცხოვრობდა. ყვავილებს ჩუქნიდა.

მარტა: ჰო, მაგრამ ვაწყენინე. კუდამოძუებული გავუშვი.

ჰანა: ზედაც არ უყურებდა.

სარა: საბრალო ბიჭი.

მარტა: არა უშავს, გადაიტანს. მხოლოდ ოთხი წლის იყო.

სარა: მაშინ კიდევ მოასწრებს.

მარტა: მე ვიკითხო, თორემ მას წინ ბევრი დრო აქვს. ალბათ ჩემი უკანასკნელი ნამდვილი სიყვარული იყო. მეცინება.

ჰანა: გეყოფა, მარტა. კიდევ მოასწრებ.

მარტა: ჯერ არ დაუმთავრებია?

ალფრედი: თითქმის.

მარტა: ნამდვილი სიგიჟეა. ასეთი რაღაც არასოდეს გამიკეთებია.

ალფრედი: აი. (ჩანახატს აჩვენებს თავის წიგნაკში)

მარტა: ღმერთო. ძალიან კარგია. სასაცილოა.

ჰანა: შეიძლება ვნახო? (სურათს უყურებს)

მარტა: არ მგავს.

ალფრედი: მე ასე გხედავთ.

მარტა: ღმერთო ჩემო. რომ მცოდნოდა, უკვდავება მელოდებოდა, საგანგებოდ გამოვეწყობოდი.

ალფრედი: აქ რომ მქონოდა მოწყობილობა, სიამოვნებით გადაგიღებდით სურათს. სხვა დროს იყოს.

მარტა: ო, ხვალ მოდით, ძალიან გამახარებთ. და მოწყობილობაც მოიტანეთ. აუცილებლად.

ჰანა: უკვე უნდა წავიდეთ, სანამ ძალიან არ დაბნელდება.

ალფრედი: ხომ ვერ დამიბრუნებთ?

მარტა: ვერ დამიტოვებთ?

ჰანა: ალფრედს ახლა სჭირდება, მარტა.

მარტა: მოდელებს არასოდეს უხდით?

ალფრედი: როგორც წესი, არა.

მარტა: რატომ?

ალფრედი: ასეთ გარიგებებზე არ მივდივარ.

მარტა: უცნაურია, მეგონა რაღაც შეთანხმება იყო.

ალფრედი: ასეთ შემთხვევაში… არაოფიციალური გარიგება ხდება.

მარტა: დარწმუნებული ვარ, დუბლინში ასე არაა. მოდელებს ფულს უხდიან. ვიცნობდი მოდელ გოგონებს. მით უმეტეს, თუკი ტანსაცმელს იხდი. მაგრამ თქვენ რა იცოდით. თქვენ ხომ სტუმარი ხართ.

სარა: (ჩანთაში რაღაცას ეძებს) მგონი მე მაქვს…

ჰანა: მარტა, რამდენიმე დღეში მოგაკითხავ და ჯობია მერე გავარკვიოთ. ახლა მართლა უნდა წავიდეთ.

მარტა: თქვენი ჯენტლმენი მეგობარიც წამოიყვანეთ. თუ უნდა, თავისი სახატავი მოწყობილობაც თან წამოიღოს. მაგრამ ფული წინასწარ უნდა გადამიხადოს. კრედიტით არაფერს ვაკეთებ, მით უმეტეს ასეთ სამუშაოს. ძუნწი.

სარა ფულს აძლევს.

სარა: გამომართვით…

მარტა: ეს რა არის?

სარა: თქვენ როგორ გგონიათ?

მარტა: (ფულს ართმევს) თქვენ რა შუაში ხართ, ის არის მოვალე.

სარა: რა მნიშვნელობა აქვს?

მარტა: ღმერთო ჩემო, ჰოტენტოტისგან ფული ავიღე. თქვენნაირებისთვის ფულს თასით ვაგროვებთ ეკლესიაში.

ჰანა: ასეთი შეხედულება გამოჯანმრთელებაში არ დაგეხმარება.

მარტა: რისგან გამოჯანმრთელებაში? არ მინდა გამოჯანმრთელება.

ჰანა: როგორ არ გინდა, მარტა. და მალე კარგად გახდები კიდეც.

მარტა: მინდა, რომ დავისვენო, მეტი არაფერი. უკვე დავიღალე. მომბეზრდა…

ჰანა: ხომ გადაგიხადა ახლა, ხომ მიიღე, რაც გინდოდა.

მარტა: რატომ არ მეხმარებით, რომ აქაურობას მოვშორდე, როგორც გთხოვეთ, მის თიუკლი? რატომ არ მისრულებთ თხოვნას?

ჰანა: ზოგჯერ ის, რასაც ვითხოვთ, ჩვენთვის სასარგებლო არ არის.

მარტა: საიდან იცით, რა არის ჩემთვის სასარგებლო?

ჰანა: არ ვიცი. ყოველდღე რჩევას ვკითხულობ.

მარტა: მაშინ, იმედი მაქვს, რომ სწორი პასუხები გესმით.

ჰანა: ნახვამდის, მარტა. მალე დავბრუნდები და მერე ვილაპარაკოთ.

მარტა: სხვა დროს აღარ გამაღვიძოთ, გესმით? ძილი მჭირდება.

სცენა 10: სარას ლექცია II

სარა: ერთი სიტყვით, ასე დაიწყო ყველაფერი. თვლა, აღრიცხვა, სიები, ასე დაიწყო… იარაღით… სინათლეს რომ ირეკლავდა და დროდადრო გაილვებდა ჩვენი წინამძღოლის ხელში. მაშინ უთხრა წინამღძოლმა, თქვენ თვითონ დათვალეთ. და ყველა წამოსხეს, კაცები, ქალები, ოღონდ არა ბავშვები, ბავშვები არ სჭირდებოდათ, უმალ ხოცავდნენ. მხოლოდ გოგონებს ტოვებდნენ, ისიც იმ ასაკისას, რომლებიც მათი ვნებების დაკმაყოფილებას შეძლებდნენ – მოტაცებულები და ერთად შექუჩულები ნაპირზე გამორიყულ გემებზე. და მათ შორის ის კაცი და ის ქალი და პატარა, რომელიც ქალის მუცელში ცეკვავდა… მაინც ცეკვავდა, იქ, შიგნით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და არც კი იცოდა, რა ხდებოდა გარეთ. მაგრამ კაცი ერთ მხარეს მოხვდა, ჭუჭყით, ოფლით, სისხლით და ნარჩენებით სავსე ერთ მხარეს და ქალი – მეორე მხარეს. ხოლო სიკვდილის მოციქულებს იარაღი, ბევრი იარაღი ჰქონდათ, რკინის ბორკილები და ხარის ტყავისგან დამზადებული მათრახები. ხოლო მათი გემები დატვირთული იყო გასაყიდი სხეულებით, კაცებით, ქალებით. ო, რა მადისაღმძვრელი იყო მათი ტვირთი; მაგრამ ეს მხოლოდ ამ ადამიანი-აჩრდილებისთვის, მათთვის სისხლის, ნარჩენების, ცრემლის სიმყრალეს – საამო სურნელი ჰქონდა, ამ ყველაფერს მომავალი მყუდროების, ბედნიერების სუნი უდიდოდა – უზრუნველობის, ფუფუნების და კარგი საკვების, ღვინის და მათი შვილების უღრუბლო მომავლის.
მაგრამ მერე, ერთ ღამეს, მათთვის უსიამოვნო რამ მოხდა. ზღვა მეტისმეტად ადიდდა, ქარი უსტვენდა, ცეცხლოვანი ელვა გაიკლაკნა, მეწამულისფრად განათდა ცა… სხვა გზა არ იყო, ღუზა უნდა ჩაეშვათ. ეს მათ გარკვეული დროით – ერთი კვირით, ათი ან ჩვიდმეტი დღით შეაფერხებდა.
მაშინ მიხვდნენ, რომ კიდევ ერთი საკითხი იყო მოსაგვარებელი. მათ კასრებით ჰქონდათ რომი, მარილი და ნამცხვარი, მაგრამ ატლანტის ოკეანით ამერიკისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ტყვეს არ ეყოფოდა. ისინი ამერიკასთან მიახლოებამდე დაიხოცებოდნენ… ან თუ არ დაიხოცებოდნენ, გაძვალტყავებულები იქნებოდნენ, მათი შიგნეულობა ისე გაშრებოდა, კუნთები ისე დაუსუსტდებოდათ, რომ აუქციონზე გროშებად თუ გაყიდდნენ… მაგრამ… თუკი ტყვეების ნახევარი ეყოლებოდათ, ამერიკამდე საკმარისი სურსათით მიაღწევდნენ და ტყვეებიც საკმაოდ კარგ გასაყიდ მდგომარეობაში იქნებოდნენ.
და როგორ მოიქცნენ სიკვდილის მოციქულები?
როგორია მარტივი პასუხი?
მათ ადგილას როგორ მოიქცეოდით თქვენ?

სცენა 11: დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. იანვრის ბოლო. ალფრედი სურათებს ამჟღავნებს, მისი აპარატურა სასადილო ოთახის მაგიდაზეა მოფენილი. სემიუელი თვალს ადევნებს.

სემიუელი: არ მეგონა, ამდენი წვალება თუ ჭირდებოდა ამ ყველაფერს. ძალიან ამაღელვებელია.

ალფრედი: ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს.

სემიუელი: შეიძლება გკითხოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი?

ალფრედი: დიახ. ამ ფირფიტის მგრძნობელობის გასაძლიერებლად იოდის ორთქლს ვიყენებთ, მერე კი გამოსახულება ვერცხლისწყლის ორთქლით მჟღავნდება. შემდეგ გამოსახულება ნატრიუმის თიოსულფატით ფიქსირდება.

სემიუელი: არა მგონია, ყველაფერი მესმოდეს. მგონი თქვით კიდეც, ეს ხელოვნება უფროა, ვიდრე მეცნიერებაო.

ალფრედი: სინამდვილეში საოცრად მარტივია, როდესაც საფუძვლებს ჩაწვდები. მთავარი აქ ფოკუსში მოქცევაა და სულ ეგაა.

სემიუელი: სინათლის ფოკუსში მოქცევა. მართლაც უწყინარი საქმიანობა უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ბოროტება შეიძლება მხოლოდ ადამიანისგან მომდინარეობდეს. ხომ ასეა?

ალფრედი: წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა.

სემიუელი: ეს რა არის?

ალფრედი: სცენები, რომლებსაც ჰანასთან ერთად მოგზაურობისას შევესწარი. ხალხი.

სემიუელი: ჩვენი ძვირფასი ქალაქი.

ალფრედი: აკვიატებული ტურისტული მარშრუტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ.

სემიუელი: ესე იგი, თქვენი შემოქმედებისთვის ჩვეულ თემას გადაუხვიეთ.

ალფრედი: გარკვეულწილად. თუმცა, ამერიკის სამხრეთის შტატების მსგავსად, აქაც საკმაო ბევრი უსამართლობაა, რისი ფირზე აღბეჭდვაც შეიძლება.

სემიუელი: საბრალო ალფრედ! როგორ გაწუხებთ სინდისის ქენჯნა! მიკვირს, ჭამისთვის დრო რომ გყოფნით, თან ასეთ მსოფლიო სევდას რომ ატარებთ. მართალი გითხრათ, ზოგჯერ მშურს კიდეც თქვენი.

ალფრედი: რისი გშურთ?

სემიუელი: სიწმინდის. ყოველგვარი კომპრომისი უცხოა თქვენთვის. ყოველდღიურობა. ბიზნესი. მაგრამ მაინც, რაღაცეებს უნდა შევეგუოთ, ასე არ არის?

ალფრედი: ჰანაზე რას მეტყვით? როგორ შეეგუა?

სემიუელი: ჩვეულებრივად. ზოგიერთი რამ… მისთვის ძნელი მისაღები იყო.

ალფრედი: მაგალითად?

სემიუელი: მაგალითად, შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა მაინცდამაინც არასდროს ხიბლავდა. მამაჩემის ფული.

ალფრედი: გასაგებია.

სემიუელი: მამაჩემის დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. არ ვიცი, შეიძლება იმ დროს უსამართლობად ითვლებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი დები და ძმები ვესტ ინდოეთიდან უკვე გათავისუფლდნენ. ასე რომ, ახლა უფრო აქვს გამართლება…

ალფრედი: შაქრის ლერწამი მხოლოდ ვესტ ინდოეთიდან შემოგაქვთ?

სემიუელი: დიახ. უმთავრესად ვესტ ინდოეთიდან.

ალფრედი: უფრო ზუსტად?

სემიუელი: უფრო ზუსტად, იამაიკიდან. იქ ბევრია. წინამძღოლები უპირატესობას მას ანიჭებენ. მაგრამ ზოგჯერ… მაგალითად, მეგობრები… ბიზნეს პარტნიორები მყავს ამერიკაში. სამხრეთში. ხანდახან შაქრის ლერწამს მათგან ვყიდულობდი. ხანაც შემოსავლის ოდენობას ვადევნებდი თვალს. სხვა გზა არ მქონდა. ეს წინამძღოლებს არ ესმით. არც ჰანას. შეიძლება კვაკერები ვიყოთ, მაგრამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. იმის თქმა მინდოდა, რომ მეტი რა გზა გვაქვს? ჩვენს შემოსავლებს უნდა მივხედოთ, თორემ ბიზნესი დაიღუპება. თან, ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი წყალობით მოიპოვებს დღიურ ლუკმას და გულ-ხელის დაკრეფის უფლება არ მაქვს. ისინი ჩემს გარეშე შიმშილით დაიხოცებიან. (ფოტოს ხელში იღებს) ეს ვინ არის?

ალფრედი: ერთი გზააბნეული და მშვენიერი ქალი. გავიცანით. სადღაც ლიბერთისში. იმ დღეს, თქვენ რომ წამოსვლაზე უარი თქვით.

სემიუელი: ალბათ ჰანას ერთ-ერთი პროტეჟეა, არა? სიფილისით დაავადებული?

ალფრედი: დიახ, მგონი ასეა.

სემიუელი: მართლაც რაღაც უცნაური სილამაზე აქვს. ავად რომ არ იყოს. რა სირცხვილია.

ალფრედი: კი მაგრამ სწორედ დაავადების წყალობითაა მიმზიდველი. სწორედ წარმავლობის ჩრდილია, რაც მის სილამაზეს განსაკუთრებულს ხდის.

სემიუელი: დარწმუნებული ვარ, სამსახურის გაწევისთვის საკმაო თანხა გამოგართვათ.

ალფრედი: პოზირებისთვის დიდი ახსნა-განმარტება დამჭირდა.

სემიუელი: მისთვის უკეთესი. (უკანა მხარეს კითხულობს) ”მეძავი, დუბლინი”

ალფრედი: ჯერ მხოლოდ სამუშაო სათაურია. ჯერ ვერ გადავწყვიტე, რა დავარქვა. როგორც ჩანს, ჰანა ღარიბებისთვის ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს.

სემიუელი: დიახ, ძალიან იშვიათად მინახავს მისნაირი, ჩემი ჰანა. ცოტაა ასეთი ადამიანი. დიახ. (ფოტოს დაფიქრებული აკვირდება) არის რაღაცეები, რასაც მას ყოველთვის ვუმალავდი. მისივე კეთილდღეობისთვის.

ალფრედი: მაგალითად?

სემიუელი: არ ვიცი.

ალფრედი: შაქრის ლერწმის წარმომავლობას?

სემიუელი: არა, ეს უბრალო დეტალია. არის სხვა დელიკატური საკითხებიც. შეუძლია… მკაცრად განმსჯის ხოლმე ბევრ საკითხში. წლები გადის. მიკვირს, რომ არაფერი იცვლება, უკეთესობა არ ჩანს. არ ვიცი… რით დავიწყო. ამიტომაც, ზოგჯერ… უბრალოდ, თავისუფალ დროს. ვცდილობ… ვცდილობდი, სიმშვიდე სხვაგან მეპოვა.

ალფრედი: სხვა ქალს ხვდებით?

სემიუელი: არა, არა, სასიყვარულო ურთიერთობა არ მაქვს, სხვა რამეა. ჩემი ცოლი მიყვარს. უბრალოდ, ფულს ვუხდი. ამას საიდუმლოდ გეუბნებით.

ალფრედი: რა თქმა უნდა.

სემიუელი: ჩვეულებრივი ფინანსური… გარიგებაა. ჰანას ვერ ვუღალატებ, მიყვარს.

ალფრედი: მესმის.

სემიუელი: ალბათ წესიერი კვაკერი გეგონეთ.

ალფრედი: ნამდვილი მამაკაცი ხართ. როგორც ყველა.

სემიუელი: დიახ.

ალფრედი: თქვენი სინდისი თქვენს ხელშია. და ეს ყველა საკითხში ასეა.

სემიუელი: დიახ. დიახ, მართალია. იცით, ზოგჯერ ასე მგონია… შესაძლოა, ყველაფერი რომ ავწონ-დავწონოთ, სიკეთე დანაშაულს გადაწონის. ადამიანებს ფული უნდა გადავუხადოთ. მათ ფული სჭირდებათ. მე მაქვს ფული… და ჩემი მოთხოვნილებებიც მაქვს.

ალფრედი: რასაკვირველია.

სემიუელი: ერთ ღამეს, ცოტა ხნის წინ… ჩვეულებრივი დღე იყო, ისევ უსიამოვნება მოგვივიდა და ვერ დავიძინე. ვიფიქრე, გავივლი-მეთქი. როცა მდინარეს მივუახლოვდი და სანაპიროზე ვსეირნობდი, პატარა არსება მოვიდა ჩემთან… შავთმიანი, ლამაზი, ახალგაზრდა… და საკუთარი თავი შემომთავაზა. მეც გავყევი… მოშორებით, სექვილ სთრითზე, სადაც პატარა ოთახი ქონდა… სასიამოვნო იყო. ვაღიარებ. მგონი ორივესთვის. სიმართლე რომ გითხრათ. დიახ. ასე იყო. საოცარი სიტკბო მოდიოდა მისგან… სინორჩის გემო ჰქონდა, განსაკუთრებით აქ (მკერდზე ანიშნებს)… შაქარივით იყო. გავაგრძელო?

ალფრედი: დიახ, თუ გსურთ.

სემიუელი: მერე, როცა წამოსვლა დავაპირე, ბუხართან პატარა კალათა შევნიშნე. ალბათ კატა ან ძაღლი წევს-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ თვალი მოვკარი პატარა, ფუმფულა მკლავს, ხელს, რომელიც აქეთ-იქით ირხეოდა. პატარა თითები.

ალფრედი: მისი ბავშვი იყო?

სემიუელი: დიახ. ბავშვი იყო. საფასური გადავუხადე. მერე, დაუფიქრებლად, ჯიბეები ამოვატრიალე და ყველაფერი დავუტოვე, რაც გამაჩნდა… მთელი ფული, რაც თან მქონდა. ეს ყველაფერი სარკესთან დავდე. მერე კიბეებზე რომ ჩავდიოდი, მივხვდი, რომ ეს სიტკბო… შაქრისმაგვარი სიტკბო… რა თქმა უნდა მისი რძე უნდა ყოფილიყო. მისი რძე ვიგემე. რძე, რომელიც თავისი შვილისთვის უნდა მიეცა. მაშინ იმ ფულზე დავფიქრდი, რომელიც დავუტოვე. გავიფიქრე, რომ ამ ფულით თავისთვის კარგ ხორცს ან ბოსტნეულს იყიდდა, ან ბამბის ტანსაცმელს უყიდდა ბავშვს და… ღმერთო, მაპატიე, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აღარ მქონია. აღარ მრცხვენოდა. აღარ მეგონა, რომ ის, რაც ჩვენს შორის მოხდა, ცუდი იყო. რა თქმა უნდა, ჰანას გამო თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ გოგონას გამო…. არასდროს დამავიწყდება ის გემო…

ალფრედი: ადამიანური სიკეთის რძე.

სემიუელი: დიახ, ალბათ. ჩვენ ერთნაირები ვართ, ის გოგონა და მე. საყოველთაო ვაჭრობაში ვართ ჩართული. ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ შაქარი. ყოველთვის დასჭირდებათ სიყვარული. მოთხოვნა, ნდომა უსასრულოა.

ალფრედი: დიახ, მეც ასე მგონია.

სემიუელი: უცნაური რამეა, გაგეცინება. მაგრამ ერთი აზრი მომივიდა.

ალფრედი: რა?

სემიუელი: მესმის, უცნაური სურვილი მაქვს, მაგრამ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა… ჩემი ცოლის სურათი რომ მქონოდა.

ალფრედი: ცოტა… არაკვაკერული სურვილი ხომ არ არის?

სემიუელი: ჩემი სინდისი ჩემია. როგორც მითხარით. შეგიძლიათ ჩემს ცოლს სურათი გადაუღოთ?

ალფრედი: შეძლებით შემიძლია, მაგრამ… ჰანა? თანახმა იქნება?

სემიუელი: მართალია, ზოგიერთ პრინციპს… მკაცრად იცავს. სარკეც კი არ გააჩერა სახლში… მაიძულა ჩამომეხსნა. ბავშვობიდან უარი თქვა სარკეში ჩახედვაზე.

ალფრედი: თუ ასეა, მეეჭვება, რომ პორტრეტზე…

სემიუელი: დიახ, დიახ, ალბათ ძნელი იქნება. მაგრამ… თუკი კერძო კოლექციაში დარჩება და ჩემს მეტი ვერავინ ნახავს, იქნებ დავიყოლიოთ.

ალფრედი: როგორც ყოველთვის, კომპოზიციის იდეა მომივიდა.

სემიუელი: ჰანას სურათთან დაკავშირებით?

ალფრედი: დიახ.

სემიუელი: ჩემი ნებართვის გარეშე გადაწყვიტეთ ეგეთი რამეები?

ალფრედი: იცით…

სემიუელი: გეხუმრებით. ალფრედ, იქნებ თქვენ უფრო დაიყოლიოთ, ვიდრე მე. დარწმუნებული ვარ, თქვენ მისთვის გარკვეულწილად სანიმუშო ადამიანი ხართ.

ალფრედი: არ მინდა გადავარწმუნო იმაში, რაც მართებულად მიაჩნია.

სემიუელი: რაც არ უნდა, იმას არ გააკეთებს. მინდა ჩემი ცოლის სამახსოვრო სურათი მქონდეს. ნახეთ, იქნებ დაიყოლიოთ, კარგი იქნებოდა. (ისევ სურათს უყურებს) სათაური ჯერ არ მოგიფიქრებიათ?

ალფრედი: ალბათ ”მის ოთხმოცდაცხრას” დავარქმევ.

სცენა 12: სარას ლექცია III.

სარა: აბა? როგორ მოიქცეოდით? შუა ზღვაში ხართ, ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან. ხომალდზე უამრავი მონაა და ყველას სამყოფი საჭმელი არ გაქვთ.
დილემა.
როგორ მოიქცეოდით?
ძალიან მარტივად.
უბრალოდ, ხელს მსუბუქად კრავდით რომელიმე მათგანს და ხომალდიდან გადააგდებდით. ზარალზე სადაზღვევო კომპანია იზრუნებდა.

მეზღვაურებმა ტყვეების ნახევარი გადაარჩიეს და იარაღით ხელში გემის კიჩოსკენ გარეკეს. და ამ ორომტრიალში, სადაც გადაჯაჭვული შეშინებული ხალხი ერთმანეთს აწყდება და სულ უფრო უახლოვდება უფსკრულს – ზღვაში ეშვებიან, რომ მარილიანი წყალი შეისუნთქონ, სანამ ფილტვები არ დაუსკდებათ, ისე როგორც ღორებს – შარდის ბუშტი, ყველიერზე. სწორედ მათ შორისაა ჩემი დიდი ბაბუა და სასოწარკვეთილი თვალებით ეძებს ჩემს დიდ ბებიას, რომელიც სასწაულებრივად ახერხებს ხუნდებისგან გათავისუფლებას და გარბის. გარბის… რისი გაკეთება შეუძლია ამ პატარა ფეხმძიმე ქალს? ნუთუ უნდა, რომ თავისი გულისსწორი გადაარჩინოს? ან იქნებ უნდა, რომ უკანასკნელ გზაზე შეუერთდეს მას? ვინ იცის? ორივე შემთხვევაში, აზრი არ აქვს, მაგრამ ის მაინც გარბის, გარბის…

უცებ ხერხემალთან თოფის წვერს ურტყამენ და ვიღაც, ნადირობის გზნებით შეპყრობილი, ხელს სტაცებს მას. ბებიაჩემი მისი მყრალი ხელის სიმხურვალით ხვდება, რომ ესაა მეზღვაური, რომლის კისერზეც უამრავი მსხვერპლია, შიში და პანიკა, არაერთი ქალის მარილიანი ცრემლი უნახავს. და მას ეს უყვარს, არნახულ სიამოვნებას ანიჭებს; უნდა, რომ კიდევ შეიგრძნოს, ქალის ცრემლების გემოთი დატკბეს; უნდა, რომ ხელი შეახოს და გასინჯოს; უნდა, რომ გაითავისოს. ბებია არ ჩერდება, აქეთ-იქით აწყდება, ფეხებს იქნევს, წიხლს ურტყამს და გადატენილი იარაღიც კი არ აფრთხობს – ცდილობს, რომ გაიქცეს; ცდილობს გემბანზე ავიდეს, ქმართან, რომელიც მალე მოკვდება… ძალ-ღონეს იკრებს და გაშმაგებული, ფეხებს გარეული ცხენივით, გააფთრებული ანტილოპასავით იქნევს. ფეხებს იქნევს, წიხლებს ურტყამს, მაგრამ მეზღვაურს მაგრად უჭირავს და მისი წიხლები და ცემა კიდევ უფრო აღაგზნებს. ის სწორედ იმას იღებს, რაც უნდა, კმაყოფილია, კმაყოფილია, სიამოვნებისგან ნეტარებს. ო, რა ტკბილი ხარ, ამბობს ძალაგამოცლილი და თან შუბლს ბებიაჩემის ზურგს ადებს… ო, რა ტკბილია, ტკბილია, ტკბილია…

სცენა 13: თებერვლის დასაწყისი. ჰანა და ალფრედი თიუკლების მაღაზიაში, სამხრეთის დიდი ჯორჯის ქუჩაზე.
ჰანა დახლთან დგას და სასწორზე ჩაის და შაქარს წონის.

ჰანა: რვა უნცია შაქარი. და ათიც – ჩაი. თიუკლის წმინდა ჩაი. წაიღეთ ისევ ამერიკაში. მცირედი სახსოვარი იქნება.

ალფრედი: (ჩანთაზე წარწერას კითხულობს) ”ზუსტი წონა და ხარისხი. თიუკლი გარანტიას გაძლევთ”. ეს იმას ნიშნავს, რომ წონის მომატების მიზნით, კენჭები არ ჩაგიყრიათ?

ჰანა: ძალიან ცოტა. როცა არ მიყურებდით, დრო ვიხელთე.

ალფრედი: კარგი მაღაზიაა.

ჰანა: ეს მხოლოდ დასაწყისია. სემიუელი ჩაის და ყავის სახლების გახსნაზე ოცნებობს, ისეთების, როგორებიცაა ლონდონში. უნდა, რომ მთელ ქალაქში ჰქონდეს ქსელი. სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან, ჩაის ან ყავას დალევენ, ილაპარაკებენ და მოთხრობებს დაწერენ.

ალფრედი: კვაკერისთვის უჩვეულო ოცნებაა – ხმაურიანი შეკრების ადგილები.

ჰანა: მას ისიც უნდა, რომ კომპანიაში მუშებსაც ჰქონდეთ წილი. რაც მეტი ფული შემოვა, მით უფრო მეტ ადამიანზე განაწილდება და ამისთვის ყველა მიიღებს გასამრჯელოს, სამართლიანად მიიღებს სამაგიეროს გაწეული სამუშაოსთვის. (ჩინურ ხალათს აჩვენებს) ეს კიდევ მისი ახალი ჩანაფიქრია.

ალფრედი: ეგ რა არის?

ჰანა: ოო, ეს… როგორ გითხრათ, განწყობის შექმნისთვისაა. ერთგვარი… სავაჭრო გეგმის ნაწილია. ამ ბიზნესის აღმოსავლურ წარმომავლობაზე მიუთითებს.

ალფრედი: ძალიან ნაზია.

ჰანა: ძვირფასია. სემიუელმა ერთი მეზღვაურისგან იყიდა დოკში. ჩინეთიდან თავის ცოლს ჩამოუტანა, მაგრამ სემიუელმა ისეთი თანხა შესთავაზა, რომ უარი ვეღარ უთხრა… აბრეშუმისაა. (ჰანა მხრებზე წამოისხამს და ნაქარგებს აჩვენებს) ხედავთ? ალკუნი. სემიუელს უნდოდა, რომ ჩაის სახლებში აღმოსავლური თემა შეეტანა. ბიზნესის ერთგვარი საფირმო ნიშანივით. ჩვენი ჩაის ბიზნესიც ხომ ჩინეთიდანაა. ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ ჩაი ჩინეთიდან. უფრო სწორად, სემიუელმა. ეს მისი ჩანაფიქრი იყო. საოცრად კეთილსინდისიერი და შორსმჭვრეტელია.

ალფრედი: ეჭვიც არ მეპარება. მინდა ამ აღმოსავლურ კოსტიუმში სურათი გადაგიღოთ.

ჰანა: ო, არა.

ალფრედი: რატომ?

ჰანა: სისულელეა. და რაც არ უნდა იყოს, არა. არა. სურათის გადაღება პატივმოყვარეობაა. წინამძღოლებმა ძალიან მკაფიოდ ამიხსნეს, რომ ასეთი რამეებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

ალფრედი: ეს თქვენს სინდისს ეწინააღმდეგება?

ჰანა: დიახ, ვწუხვარ, ასეა.

ალფრედი: და ეს არა?

ჰანა: მაპატიეთ?

ალფრედი: თქვენს სინდისს ეწინააღმდეგება სურათის გადაღება და ეს ყველაფერი მისაღებია?

ჰანა: რა ყველაფერი?

ალფრედი: ჩაი, ყავა, მაღაზია, შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა… თიუკლების აღმოსავლური ჩაის სახლები…

ჰანა: იცით, მართალია, რა თქმა უნდა, სირთულეები არის ამ ტიპის ვაჭრობის ზოგიერთ მხარესთან დაკავშირებით. მაგრამ ალბათ ნებისმიერი ტიპის ვაჭრობაში ასეა…

ალფრედი: ზოგიერთ მხარესთან დაკავშირებით?

ჰანა: დიახ, მაგალითად, შაქარი. უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხს გულგრილად ვერასდროს ვუყურებდი. მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ მხოლოდ იამაიკურ შაქრის ლერწამს ვყიდულობთ. ახლა, როცა იქ მონები გაათავისუფლეს… რა თქმა უნდა, შეგვიძლია სუფთა სინდისით ვივაჭროთ.

ალფრედი: რომ არ გაეთავისუფლებინათ?

ჰანა: მაშინ სემიუელის ცოლი არ გავხდებოდი.

ალფრედი: გასაგებია.

ჰანა: სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. სემიუელის გეგმები კომპანიასთან და მის ყველა თანამშრომელთან დაკავშირებით, სუფთა ზნეობის ნორმებს ეფუძნება.

ალფრედი: ”ზუსტი წონა და ხარისხი”.

ჰანა: დიახ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს, მთელი თავისი ნაკლოვანებებით.

ალფრედი: მე ვფიქრობ… ჩვენ ისეთ სამყაროს ვირჩევთ, როგორშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ვქმნით მას, ყოველდღიურად, ყოველ საათში, ყოველწამს.

ჰანა: სამყარო არ არის სრულყოფილი. ამას არავინ უარყოფს.

ალფრედი: ამას როგორ ეგუებით, ჰანა?

ჰანა: არ მესმის…

ალფრედი: როგორ ცხოვრობთ შაქრისა და ჩაის ფოთლებისგან აგებულ სახლში?

ჰანა: სემიუელი ბიზნესის ნიჭითაა დაჯილდოებული. კარგი კვაკერია. ცნობილია ხარისხიანი საქონლით და კეთილსინდისიერებით. ხალხს მისი სჯერა, მომხმარებელი კმაყოფილია. და, რა თქმა უნდა, ფულიც შემოდის. ფული შემოდის.

ალფრედი: მონური შრომის სისხლით და ოფლით გაჟღენთილი ფული.

ჰანა: არა, ნამდვილად ცდებით. სემიუელი მონათმფლობელთა შტატებისგან არ ყიდულობს, ჩვენ ვესტ ინდოეთიდან შემოგვაქვს შაქრის ლერწამი…

ალფრედი: ო, ჰანა, ჰანა, თვალი გაახილეთ.

ჰანა: თუკი ჩვენს გვერდით თავს ასე შეურაცხყოფილად გრძნობთ, რატომ ჩერდებით ჩვენთან?

ალფრედი: თქვენთან თავს შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ, ჰანა. მაგრამ…

ჰანა: მაგრამ რა?

ალფრედი: სემიუელის ბიზნესის გამო თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. და თქვენი – ყველას შემგუებლობა. ჯიუტი უარყოფა, ჯიუტი სურვილი, რომ არაფერი გაიგოთ – აი, რის გამო ვარ შეურაცხყოფილი. სემიუელის ფაქიზი სინდისი – რაღაც საცოდავ საბუღალტრო წიგნში დეტალებს უკირკიტებს და იმ ფაქტს უარყოფს, რომ მთელი სისტემა თავის ქალებზეა აგებული. სწორედ ეს ვერ ავიტანე საკუთარ ოჯახში. ამიტომაც მოვიკვეთე ჩემები.

ჰანა: ასეთი რა დანაშაული მიუძღოდა მამათქვენის კომპანიას? ქვაბები, ტაფები და ჩაიდნები…

ალფრედი: მაღალი ხარისხის ფოლადი.

ჰანა: წვნიანის ქოთნები და ქვაბები. რომელთაგან ბევრი, შემოწირულობის სახით, შიმშილის საწინააღმდეგო აქციებისას გაიღეს. მათი წყალობით, აქ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს, ასობით ადამიანი. ეს მამათქვენის და მისი კომპანიის დიდსულოვნების დამსახურებაა. საკუთარი თვალით ვხედავდი, ალფრედ, ხალხი სიკვდილის კლანჭებს ხელიდან გამოსტაცეს.

ალფრედი: დიახ, მჯერა. სლეითბექი ყოველთვის ითვალისწინებდა მოთხოვნილებებს. ქვაბები, ტაფები, წვნიანის ქოთნები და წვნიანის ქვაბები. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აშკარად გაჩნდა ერთი აუცილებლობა… რასაკვირველია, იმ დროს გაჭირვება იყო და ეს იყო სახიფათო ბიზნესი, რომელიც იმპერიის მშენებლობას უწყობდა ხელს… კომპანიისთვის კი, რომელიც მაღალი ხარისხის ფოლადს ამზადებდა, ამგვარი საქონლის წარმოება მომგებიანი იყო…

ჰანა: რა საქონლის?

ალფრედი: იარაღის. სლეითბექი იარაღს ამზადებდა. სწორედ ამ იარაღს ჰყიდდნენ აფრიკელ ბელადებზე, მონების სანაცვლოდ. ადამიანების სხეულის სანაცვლოდ. თან, რა თქმა უნდა, მონების ერთად შეყრა და გადაყვანა… ამდენი ხალხის მართვა იარაღის გარეშე ხომ შეუძლებელია. სიკვდილით დასჯა, მუქარა… როგორც სარა უორსი გვიამბობს თავის ლექციებში. მილიონების ხოცვა და გადაყვანა. იარაღის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ჰანა: მეც ასე მგონია.

ალფრედი: ჩემი წინაპრები უშუალო პასუხისმგებლები იყვნენ მილიონობით ადამიანის გაუბედურებულ ცხოვრებასა და იმ ამბებზე, რომლებიც სარა უორსს და მის ნათესაობას გადახდა. მისი სისხლი, იმ ხალხის სისხლი, უდავოდ, ჩემს კისერზეა.

ჰანა: მაგრამ ახლა ხომ არავითარი წილი აღარ გაქვთ კომპანიაში. როგორღა შეიძლება ეს ყველაფერი თქვენს სინდისზე იყოს?

ალფრედი: მე სლეითბექში ვმუშაობდი; ჩემი საარსებო წყარო ის იყო; მისი პირმშო ვიყავი. პატარა მტრედი სამუდამოდ ამოიტვიფრა ჩემს სულში. სწორედ ამიტომაცაა სარა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი. მისი წყალობით ვიწმინდები. ის ჩემთვის დამასკოს გზაა. ისევე როგორც მე შეიძლება გავხდე თქვენთვის. ნებას რომ მომცემდეთ.

ჰანა: მე ჩემი ცხოვრების გამო არ მრცხვენია.

ალფრედი: არა?

ჰანა: რასაკვირველია, სამყაროში არსებულ ყველა უსამართლობაზე პასუხს ვერ ვაგებთ.

ალფრედი: ასე მგონია, სემიუელი ლაპარაკობს.

ჰანა: არა. მე ვლაპარაკობ. როგორც არ უნდა იყოს, სხვაგვარად რომ ვფიქრობდე… სინამდვილეში ასე არ არის… მაგრამ დავუშვათ, რომ ასეა… რას მოითხოვდით ჩემგან?

ალფრედი: ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი…

ჰანა: მოვიკვეთო?

ალფრედი: მოიკვეთე და გადააგდე. მე ასე გავაკეთე. არც ისე მტკივნეული იყო.

ჰანა: აზრი არ აქვს.

ალფრედი: რატომ?

ჰანა: სემიუელის ცოლი ვარ. ამ კავშირის გაწყვეტა არ შემიძლია, თუნდაც… და საერთოდ, ჩემი სინდისი ჩემს ხელთაა.

ალფრედი: სემიუელის მანტრა. კი მაგრამ, თქვენ ხომ სემიუელი არ ხართ. შეიძლება საკუთარ სინდისზე თვალი დახუჭოს და საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა…

ჰანა: სემიუელი თვალს არ ხუჭავს არაფერზე…

ალფრედი: საკმარისია შედარებით იაფი შაქრის ჭარხალი გამოჩნდეს ჯორჯიიდან, რომ კარგი შემოსავალი ჰქონდეს. ცოტა ცოლის მოტყუებაც შეიძლება, ცოტა გადამალული ბურნუთიც, შემთხვევით შეხვედრილი მეძავიც…

ჰანა: სემიუელი არ…

ალფრედი: მაგრამ არ მგონია ისე მოქცეულიყავით, რომ საკუთარი სინდისისთვის გეღალატათ. ასე მგონია, იმაზე მეტი იცით, ვიდრე გარეგნულად ამჟღავნებთ… თქვენს შეთანხმებას ვგულისხმობ. გზის გასაადვილებლად.

ჰანა: რა შეთანხმებას?

ალფრედი: სამყაროსთან. სემიუელთან. საკუთარ თავთან.

ჰანა: არა. არა, უბრალოდ…

ალფრედი: კეთილი საქმეებით ვერ მომატყუებთ, ჰანა. ისეთს გხედავთ, როგორიც ხართ. იმავე წამს მივხვდი, როგორც კი დაგინახეთ.

ჰანა: ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. საიდან დაასკვენით, რომ იცით როგორი ვარ?

ალფრედი: როგორც კი დაგინახეთ… თითქოს საკუთარ თავს სარკეში ვუყურებდი. (ჩინურ ხალათს ხელით ეხება) საოცრად გიხდებათ. ქალიშვილი აღმოსავლეთიდან. კარგი სურათი გამოვიდოდა.

ჰანა: შეიძლება თქვენ უარი თქვით, მაგრამ ჩვენ ისევ კვაკერები ვართ, ალფრედ…

ალფრედი: ნუ გაიხდით, გიხდებათ.

ჰანა: თქვენს წინადადებაზე სემიუელი გაგიჟდება.

ალფრედი: ეს სემიუელის გადაწყვეტილება იყო.

ჰანა: არ მჯერა.

ალფრედი: კითხეთ.

ჰანა: იმ ცილისწამების შემდეგ, რაც ჩემს ქმარზე ილაპარაკეთ, კიდევ გინდათ, რომ დაგიჯეროთ?

ალფრედი: თქვენი დაყოლიება მთხოვა.

ჰანა: წადით აქედან.

ალფრედი: თქვენი სურათი უნდოდა, მხოლოდ თავისთვის, პირადი საკუთრებისთვის.

ჰანა: არა. სემიუელს ვიცნობ. ეს შეუძლებელია.

ალფრედი: ასეთი ცხოვრება გინდოდათ, ჰანა? გინდოდათ სემიუელის საკუთრება ყოფილიყავით? და კომპანიისთვის მემკვიდრეები გაგეჩინათ? ო, ჰანა, რა ფასად გაიყიდეთ?

ჰანა: წადით, წადით… თავი დაგვანებეთ.

ალფრედი: ერთი ქვანახშირით სავსე ვედროსთვის და მაღალი ფანჯრებისთვის?

ჰანა: გეყოფათ.

ალფრედი: მდიდარი უბრალოებით აღსავსე ცხოვრებისთვის?

ჰანა: გეყოფათ.

ალფრედი: სახლისთვის მთების ხედით?

ჰანა: დედაჩემის გამო გავთხოვდი. ასეთი იყო მამაჩემის სურვილი, სანამ გარდაიცვლებოდა. დავპირდი, რომ დედაჩემზე ვიზრუნებდი. წრფელი აღთქმა დავდე.

ალფრედი: შემიძლია თქვენი დამასკოს გზა ვიყო, ჰანა. თუკი ნებას მომცემთ.

ჰანა: არა. არა.
მინდა გავიგო, რას გულისხმობდით ”გადამალულ ბურნუთში და შემთხვევით… შემთხვევით შეხვედრილ”…
მითხარით. ახლავე მითხარით.

ალფრედი: არ მინდა გული გატკინოთ.

(ჰანა სილას ურტყამს. ერთმანეთს კოცნიან. ალფრედი მუხლებზე ეცემა, თავს უყრის ხალათის კიდეებს, რომელიც ჰანას ჯერ კიდევ აცვია და ტუჩებთან მიაქვს. ჰანა ხელს თმაში შეუცურებს. მერე ხელს კრავს.)

ჰანა: უკვე გვიანია. შინ უნდა წავიდე. სემიუელი მელოდება. (მიდის)

სცენა 14: შეკრება

სემიუელი: თავიდანვე, სულ თავიდანვე იყო ჩვენს შორის… მახვილი. მას შემდეგ, რაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე და მივიღე. და მერე გრძელი, გრძელი დღე, ღიმილი, სუფრა, მოლოცვები და ბოლოს, პატარძლის მოლოდინი…
საქორწილო ტანსაცმელი, სკამზე კოხტად დაწყობილი. პატარა ნაკერი ქვედატანზე. მახსოვს, თვალს ვადევნებდი, როგორ დადიოდა ოთახში გამუდმებით, გაუთავებლად ივარცხნიდა თმას, ივარცხნიდა, ივარცხნიდა, ივარცხნიდა… მერე, ალბათ, შენი თრთოლა და ცახცახი ბუნებრივი ეჩვენებოდა პატარძალს. არც ისე უბიწო ვიყავი, ღმერთმა მომიტევოს, მაგრამ გავიფიქრე, ერთად აგვიტანოს თრთოლვამ-მეთქი… ფრიალო კლდიდან ხელიხელჩაკიდებულები სულ სხვა სამყაროში ვხტებოდით სამუდამოდ… რა გასაკვირი იყო, რომ გვეცახცახა და შიშს ავეტანეთ? და ბოლოს. საწოლში შენთან ერთად.

ჰანა: კრავის სისხლით სპეტაკი იქმნება ჩვენი სამოსი. მარტა. მარტა. რატომ მაშინვე ვერ მივხვდი… ვინ იყო ალფრედი… ვინ ვიყავი მე… სად არის სარკე, რომ ჩავიხედო?

სემიუელი: არა… ჩვენი კავშირი ნეტარების მომტანი არ ყოფილა… მაგრამ… მეგონა, დროთა განმავლობაში სიყვარულს ვისწავლით-მეთქი. იქნებ ყოველთვის თან გვდევდა აჩრდილი?… აჩრდილი, რომელიც ერთმანეთს გვაშორებდა. თითქოს ნაპირზე ვიდექი, ხელს ვიქნევდი. ამ დროს კი შენ შორს, ტალღებში იყავი. მივეჩვიე. მივეჩვიე მარტოობას. უცხო რამ წყვდიადი გვაშორებდა ერთმანეთს. მახვილი. მახვილი, რომელიც შენსა და ჩემს შორის იყო. სულ თავიდანვე.

სცენა 15: ღამე, იგივე დღე. ჰანა და სემიუელი საწოლ ოთახში არიან.

სემიუელი: არ მახსოვს, ფანჯრები დავკეტე?

ჰანა: მგონი კი.

სემიუელი: კარგი.

ჰანა: როგორ ჩაიარა გამგეობის შეხვედრამ?

სემიუელი: საშინელება იყო, მეუბნებიან, რომ ახალი ტვირთისთვის ადგილი არ არის. როგორც ამბობენ, მაღაზია სავსეა.

ჰანა: რა უნდა ქნა?

სემიუელი: თავისუფალი სივრცე უნდა მოვძებნოთ. მაგრამ ამასობაში მუშების დილის ცვლა დილას ჩამოსულ საქონელს ტვირთავენ ჯორჯის ქუჩაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ დილით თუ არ ავდგები, ისეთივე გაუგებრობა მოხდება, როგორც წინა თვეში. ყველაფერი რიგზეა?

ჰანა: კი.

სემიუელი: რას აკეთებდნენ ჩვენი სტუმრები დღეს?

ჰანა: სარა წერდა. ალფრედი მაღაზიაში წავიყვანე. ჩაი დავალევინე.

სემიუელი: ძალიან კარგი. მოეწონა? (არ პასუხობს) ჰო, ცოტა საეჭვო ვინმეა, ეს ალბერტი. მაგრამ მაინც მომწონს.

ჰანა: მე არა.

სემიუელი: ვიფიქრე… რატომ?

ჰანა: თავს მაბეზრებს. ისეთ რამეებს მეუბნება, რომ… არც კი ვიცი, კარგია თუ არა, აქ რომ ცხოვრობს.

სემიუელი: კი მაგრამ, ჩვენ ხომ ძლივს… ახლა ის აქაა, აქაა… სულ რაღაც რამდენიმე კვირაში წავლენ, ასე არაა?

ჰანა: ჯერ ერთი, ურწმუნოა. არცერთ აღმსარებლობას არ აღიარებს, თავის საკუთარიც კი არ გააჩნია.

სემიუელი: ეს ხომ მისი არჩევანია. საკუთარი სიმართლით ცხოვრობს.

ჰანა: ჰო, რა თქმა უნდა.

სემიუელი: და მერე ეს ხომ ღირსებაა?

ჰანა: როდის წავლენ. ნეტავი არ ჩამოსულიყვნენ.

სემიუელი: ჰანა… ჰანა… რა დაგემართა?

ჰანა: რატომ დავქორწინდით?

სემიუელი: რა თქვი?

ჰანა: რატომ დავქორწინდით? რის გამო?

სემიუელი: ჰანა, უკვე გვიანია, ხომ არ დავიწყებთ…

ჰანა: კი მაგრამ, რატომ?

სემიუელი: იმიტომ, რომ ასე გვინდოდა.

ჰანა: კი, მაგრამ, რისთვის?

სემიუელი: ბავშვების გაჩენისთვის. ურთიერთობისთვის, სიყვარულისთვის. სიახლოვისთვის. ოღონდ მიმდევრობა არ დამიცავს.

ჰანა: ჩემგან რამეს მალავ?

სემიუელი: არა.

ჰანა: არაფერს?

სემიუელი: არა. რას უნდა გიმალავდე? საიდუმლოებებისთვის სად მცალია?

ჰანა: არა. ვიცი. არაფერი. უბრალოდ…

სემიუელი: წუხელ სიზმარი ვნახე, დაახლოებით ჩაის კოვზისხელა პატარა არსებაზე, რომელიც ხელისგულზე მეჯდა. ბეწვის ქურქი ეცვა. ჩექმის ღილის მსგავსი თვალებით. მემინდვრიას ჰგავდა, წებოვანი თათებით. მახსოვს როგორ ვუთხარი: ”არა, ჩემო კარგო, დღეს მეტ მსხალს ვეღარ მიიღებ” – მეტისმეტად გაღიზიანებულმა, ოღონდ სიყვარულით. მერე გამომეღვიძა. მაგრამ სიზმარშიც კი ვიცოდი, რომ ის არსება ჩვენი იყო… და ძალიან მიყვარდა.

ჰანა: სემიუელ.

სემიუელი: მმმმ?

ჰანა: უბრალოდ… რამდენჯერმე ღამე გამეღვიძა და შენი ლოგინი ცარიელი იყო. ვიფიქრე… უბრალოდ, არასდროს მითქვამს, არც მიკითხავს…

სემიუელი: ზოგჯერ ქვევით ჩავდივარ და ვმუშაობ.

ჰანა: არა. გასაღებები არ ჩანდა. ოთახებშიც არ იყავი. გეძებდი.

სემიუელი: სამსახურში დავდივარ.

ჰანა: სამსახურში?

სემიუელი: ჰო. როცა ვერ ვიძინებ, მივდივარ და ვმუშაობ. უნდა გეთქვა, ჰანა. ან გეკითხა. გეტყოდი.

ჰანა: სიმართლეს მეუბნები?

სემიუელი: ჰო. მხოლოდ ეს გაწუხებდა?

ჰანა: ჰო.

სემიუელი: რამდენი ხანია, რაც ამის კითხვა გინდოდა?

ჰანა: ცოტა ხანი, დიდი ხანი არა.

სემიუელი: მაპატიე, მაპატიე, ჰანა. უნდა გეთქვა. კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ გინდა?

ჰანა: არა.

სემიუელი: რაც აქამდე გითხარი… რაღაც რომ ვიგულისხმე… რომ დაგადანაშაულე ან გადაღლილობაზე რომ გითხარი… მაპატიე, არ უნდა მეთქვა. უსამართლობა იყო იმის თქმა.

ჰანა: არაფერია, სემიუელ, ამაზე ნუ იფიქრებ.

სემიუელი: ამას მე უნდა გეუბნებოდე. ჩემი ბრალია. ბებერი და მახინჯი ვარ. შენ შენი საქმე გაქვს გასაკეთებელი… და თუკი შვილი არ გვეყოლება, არაფერია. ბედს უნდა შევურიგდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ, ხომ ასეა?

ჰანა: რა თქმა უნდა.

სემიუელი: კარგი. ო, ჰანა. შინ რომ მოვდიოდით, ამ ღამეს ნეტავი ცისთვის აგეხედა. რა მოწმენდილი იყო. დიდი დათვის თანავარსკვლავედი, ორიონი და კასიოპეა გამოჩნდა. და ჩრდილოეთის ვარსკვლავიც.

ჰანა: იქნებ ახლა დავიძინოთ.

სემიუელი: ჰანა, სამყაროში უამრავი დიდებული რამაა, უამრავი ბუნების საჩუქარი. სევდას არ უნდა მივეცეთ.

ჰანა: მე შენთვის საკმარისი ვარ?

სემიუელი: რა თქმა უნდა.

ჰანა: ალფრედმა დღეს მითხრა, რომ მთიან ხედზე და ერთ ვედრო ქვანახშირზე გავიყიდე.

სემიუელი: ალფრედი ეჭვიანობს. ყველაფერს კი ნუ დაუგდებ ყურს, რასაც გეტყვის.

ჰანა: არა, არ დავუგდებ ყურს.

სემიუელი: კიდევ რა გითხრა დღეს?

ჰანა: არაფერი. არ ვიცი. ბევრი თვითკმაყოფილი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზა. ყველაფერი აღარც მახსოვს. მითხრა, რომ ჩემთვის სურათის გადაღება უნდოდა. თავისი განათების მანქანით.

სემიუელი: მართლა?

ჰანა: ერთი სურათის გადაღება უნდოდა. ჩინურ კოსტიუმში. მითხრა, თითქოს შენ მოიფიქრე!
უარი ვუთხარი.

სემიუელი: რატომ?

ჰანა: დარწმუნებული ვარ, წინამძღვრები ამ განზრახვით აღტაცებული დარჩებიან. რა თქმა უნდა, განგვკვეთენ.

სემიუელი: არა მგონია. არა, თუკი ვერ გაიგებენ.

ჰანა: მგონი მეხუმრები.

სემიუელი: რა თქმა უნდა. (პაუზა) იცი, მინდა ერთ რამეში გამოგიტყდე.

ჰანა: რაში?

სემიუელი: ალფრედს მე ვთხოვე, რომ შენთვის სურათი გადაეღო. ვთხოვე, რომ ეცადა და დაეყოლიებინე. უბრალოდ, როგორც საიდუმლო რამ, რომელსაც სხვა ვერავინ ნახავს. მხოლოდ ჩემთვის მინდა. ნუთუ ასე დავაშავე?

ჰანა: არ ვიცი.

სემიუელი: არ გეწყინოს. უბრალოდ, ვფიქრობ, ნიჭიერი კაცია. სარა უორსის რამდენიმე სურათი ძალიან… ძალიან ლამაზია. არაჩვეულებრივია. უბრალოდ, მომინდა, რომ მეც მქონოდა რაღაც მსგავსი… შენი ნაწილი, გამოსახულება, რომელიც ჩემი იქნებოდა…

ჰანა: მეგონა ნანახი არ გქონდა.

სემიუელი: რა?

ჰანა: ალფრედის სურათები. მეგონა, რომ შენთვის არ უჩვენებია.

სემიუელი: ჰო, მაგრამ ძალიან ცოტა ვნახე. ერთი თუ ორი. (პაუზა) იქნებ დავიძინოთ. ხვალ მძიმე დღე გველის.

ჰანა: ჰო.

სემიუელი: არ გეწყინოს, ჰანა. ეს უმნიშვნელოა.

ჰანა: ჰო.

სემიუელი: კარგი. ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. ახლა ასე მგონია, შეიძლება… შეიძლება სისულელეც იყო. შევცდი.

ჰანა: არა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

სემიუელი: კარგი. ამაზე აღარ ვილაპარაკოთ.

ჰანა: არა, იმის თქმა მინდოდა, რომ წინააღმდეგი არ ვარ სურათი გადავიღო. თუკი ასე გადაწყვიტე. თუ გინდა. მზად ვარ.

სემიუელი: მართლა?

ჰანა: ჰო.

სემიუელი: შესანიშნავია. არა, მართლაც… ძალიან მიხარია.

ჰანა: მართლა?

სემიუელი: რა თქმა უნდა. მართლა.

ჰანა: კარგი.

სცენა 16: შეკრება

სემიუელი: ეს იმ ღამეს იყო… იმ წმინდა ღამეს, როდესაც ჰანამ შემიცნო… პირველად შემიცნო… ჩვენ უცნობ მხარეში აღმოვჩნდით, სხეულის ამ უჩვეულოდ თბილმა სამოთხემ შეგვიტყუა… ის თრთოდა. მას… ჩვენ… ტანში ჟრუანტელი გვივლიდა, ვყვიროდით და მერე ცრემლმა ამოხეთქა, ღვარად წამოვიდა, თითქოს სამუდამოდ განგვძარცვეს, სამუდამო მარტოობისთვის გაგვწირეს, სამუდამო ზამთრისთვის…

ჰანა: ის ტიროდა. მამაკაცსა და ქალს შორის ტყუილი არ უნდა იყოს. ასე თქვა.

სემიუელი: ო, ჰანა, ჰანა… მამაკაცსა და დედაკაცს შორის ტყუილი არ უნდა იყოს, თორემ ჩვენი ცხოვრება უსიერ ტევრში მარტო ხეტიალს დაემსგავსება.

ჰანა: სიტყვები, სიტყვები, სიტყვები, სიტყვები.

სემიუელი: მაგრამ რადგან ასე მოხდა, რადგან ერთხელ გავერთიანდით… ერთხელ, იმ ღამეს… ვინ იცის… იქნებ სწორედ მაშინ… მაშინ დაიწყო ყველაფერი…

ჰანა: …და განდევნა უფალმა მამაკაცი და დედაკაცი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმი და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა… და უთხრა უფალმა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე?

სემიუელი: და თუ ეს ერთხელ მოხდა, რატომ აღარ განმეორდება?

ჰანა: თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.

სცენა 17: ორი კვირის შემდეგ. თებერვლის შუა რიცხვები. ალფრედი დაგეროტიპულ გამოსახულებას ამზადებს.

დაგეროტიპის აპარატურა გაშლილია სასადილო ოთახში.

ჰანა, აღმოსავლურ კოსტიუმში გამოწყობილი, სრულიად გაუნძრევლად დგას შემაღლებულ ადგილას. ალფრედი სურათს უღებს.

ერთგვარი დეკორაცია შედგება შუშის გამჭვირვალე კარადისგან, სადაც გამოფენილია აღმოსავლური ნივთები. აქვეა შირმა, მასზე ამოქარგული და მოხატული აღმოსავლური ნახატებით.

ალფრედი გადაღების მომენტს აყოვნებს. ჰანას თვალწინ სვამს.

ალფრედი: მორჩა. უკვე გადაგიღეთ. ყველაფერი მზადაა.

(ჰანა ჩამოდის)

ჰანა: როგორი გამოვა? კარგი იქნება?

ალფრედი: მგონი სემიუელი ძალიან კმაყოფილი დარჩება.

ჰანა: ძალიან ბნელი ხომ არაა?

ალფრედი: სინათლის უკანასკნელი სხივები დავიჭირეთ. ჩრდილები მშვენიერია. კონტრასტის თვალსაზრისითაა შესასწავლი.

ჰანა: კონტრასტის?

ალფრედი: ნაწილი განათებულია, ნაწილი ჩაბნელებულია.

ჰანა: კარგი. რაღაც ლაქები რომ მაქვს?

ალფრედი: ვიზრუნე, რომ არ გამოჩენილიყო.

ჰანა: აქ. და აი, აქ.

ალფრედი: სემიუელს ხომ არ უნახავს?

ჰანა: არა.

ალფრედი: კარგია.

ჰანა: ვლოცულობდი. საკუთარი სინდისის ხმას ველოდი. მაგრამ ვერაფერი გავიგონე.

ალფრედი: ალბათ სათქმელიც არაფერია.

ჰანა: ან იქნებ მთქმელიც არავინაა?

ალფრედი: სემიუელმა თქვა, წელიწადის ამ დროს ადამიანი რწმენას კარგავსო.

ჰანა: რა თქმა უნდა. ყოველთვის. საათის მექანიზმივითაა. პირველი თვე, მეორე თვე. მორიგი ხუმრობაა. ჩემი რწმენა თოვლთან ერთად დნება. რაც უფრო გვიახლოვდება გაზაფხული, მით უფრო ნაკლებად მწამს.

ალფრედი: მალე ჩემნაირი წარმართი გახდებით.

ჰანა: უკვე ვარ.

ალფრედი: პირველად ამ ოთახში გნახეთ.

ჰანა: მაშინ დაიწყეთ ლაშქრობა.

ალფრედი: არავითარი ლაშქრობა არ ყოფილა.

ჰანა: არა? მე მეგონა იყო. ჯვაროსნული ლაშქრობა ჩემი სულისთვის.

ალფრედი: უბრალოდ, საკუთარი თავი დავინახე თქვენში. ხაფანგში გაბმული ჩიტივით იბრძოდით. მინდოდა გათავისუფლებულიყავით. ოღონდ არ მინდა რაიმე დარიგება მოგცეთ ამასთან დაკავშირებით.

ჰანა: სათანადოდ ვერ მაფასებთ. გულადი ადამიანი ვარ. მაინტერესებს მამაჩემი რას იტყოდა. ან მამაჩემის მამა. მან პირველმა გაგვიკაფა გზა. აქ მან ჩამოგვასახლა.

ალფრედი: ესე იგი, ირლანდიაში.

ჰანა: ინგლისში დევნიდნენ. სულიწმიდის ნიშანს ელოდებოდა, მაგრამ არაფერი ჩანდა. ერთ ღამესაც ხილვა ეწვია – მთიანი კუნძული დელფინებით სავსე ზღვაში. და ხმამ მოუწოდა, იქ უნდა წახვიდე, სინათლის წყაროს სახელით. შენ უნდა იყო კარი, საიდანაც სინათლე ასხივებს. უნდა იყო სამართლიანობის ურო. ასე წამოვიდა აქ. და როცა დუბლინის ყურეს მოუახლოვდა, პირველად მთის წვერზე ავიდა და თავისი რწმენა დაამტკიცა.

ალფრედი: მისი რწმენა კონკრეტულად რას გულისხმობდა?

ჰანა: ”აღთქმის სისხლი შიგნიდან მომდინარეობს და სულისმიერია – პური, ნაყოფი ვაზისა, ზეთისხილი, სისხლი და ხორცი, რომელიც სიცხოველეს ანიჭებს სულს, ყველაფერი შინაგანიდან მომდინარეობს, სულიერი და იდუმალია.” სემიუელი მას წარმართს ეძახის. დღევანდელ წინამძღოლებს მაინცდამაინც არ ხიბლავთ მისტიკა.

ალფრედი: ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე.

ჰანა: ჰო. ჩემი აღმსარებლობა ფარისევლობაა. ნიმუშად დაგსახავთ და მერე უარს ვიტყვი თქვენზე.

ალფრედი: ჩემთვის ეს უფრო იოლი იყო. ახალგაზრდა ვიყავი, ცოლი არ მყავდა. სამუდამო აღთქმა არავისთვის მიმიცია.

ჰანა: მე ჩემმა დაპირებამ დამღუპა.

ალფრედი: სემიუელისადმი?

ჰანა: სემიუელისადმი. მამაჩემისადმი. გავიყიდე. თავი მივყიდე მას, ვინც ყველაზე მეტს იხდიდა. როგორც თქვენ ამბობთ.

ალფრედი: უხეშად გამომივიდა.

ჰანა: კი, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა, მიყიდეს და გამყიდეს. ბედს შევეგუე, სიყალბეზე თვალები დავხუჭე და ეს სიყალბე გულში ნახევარსიმართლედ ვაქციე, რომ ცხოვრება გამეიოლებინა. ჭეშმარიტად მჯერა, რომ სემიუელს შთამომავლობას ამიტომაც ვერ ვუჩენ. ან ჩემში რაღაც ხელს უშლის ამას. ნება მომეცით, რომ სამართლიანობა აღვადგინო. ნება მომეცით, რომ ვენახში ვიმუშაო. ნება მომეცით, რომ ამერიკაში წამოვიდე და თქვენს გვერდით ვიღვაწო. რამდენი დრო დავკარგე ფუჭად.

ალფრედი: საზოგადოება გაგრიყავთ.

ჰანა: საზოგადოებისგან გარიყულობა არ მაშინებს. მინდა, რომ გამრიყოს. მინდა, თქვენ გეკუთვნოდეთ. ჩემს ცხოვრებაში სინათლე გამოჩნდა და ეს თქვენი დამსახურებაა. მე გავყვები ამ სინათლეს. მე ვერ გავხდები კვაკერი, ბაბუაჩემის მსგავსად. ეს არის ჩემი სიმართლე. სხვა აღარაფერი მჭირდება.

ალფრედი: 21 მარტს ლივერპულში მივემგზავრებით. და იქედან ნიუ იორკში.

ჰანა: იქამდე თითქმის თვე დარჩა.

ალფრედი: ბილეთისთვის ფული დაგჭირდებათ.

ჰანა: სემიუელი ხშირად მაძლევს ფულს. უკანასკნელად გამოვართმევ.

ალფრედი: გულს ატკენთ.

ჰანა: არა, ყველაფერს უკან დავუბრუნებ.

ალფრედი: თქვენს სურათთან ერთად.

ჰანა: ჰქონდეს, წინააღმდეგი არ ვარ. ჩემგან სამახსოვროდ დავუტოვებ.

ალფრედი: სურათს, სადაც საოცრად განრისხებული ხართ.

ჰანა: მითხრა, რომ შაქრის ლერწამი მხოლოდ იამაიკიდან შემოჰქონდათ. როცა მის ოჯახში შემოვდიოდი, სწორედ ეს პირობა წავუყენე. საკმაოდ გულუბრყვილო ვიყავი. წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე არც მიფიქრია. მაგრამ… ყველაფერი, რაც ახლა გვაქვს, წარსულის ხარჯზეა. სემიუელი ცოდვილია, ისევე როგორც მამამისი და მამამისის მამა მანამდე.

ალფრედი: მთხოვა, რომ თქვენთვის არ მეთქვა. ასე მკაცრად ნუ განსჯით. არ უნდოდა, რომ შეწუხებულიყავით. სემიუელი კეთილი ადამიანია.

(ჰანა აღმოსავლურ ხალათს იხდის)

ჰანა: სწორედ აქ ეკიდა სარკე, რომელიც გადავაგდეთ, მოოქროვილი ჩარჩოთი. სანამ ჩამოხსნიდნენ, წინა ღამეს ვერ დავიძინე. მოვდიოდი და მის წინ ვიდექი, ისევე როგორც ახლა. მგონი მთელი საათი სარკის წინ ვიდექი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. გამეხარდა, როცა წაიღეს და დალეწეს.

ალფრედი: შეიძლება დღეს ნაშუადღევს მოვიდე? გინდათ?

ჰანა: დიახ.

ალფრედი: ხომ არავინ იქნება?

ჰანა: დღისით სემიუელი არასდროს ბრუნდება.

ალფრედი: როდის? როგორც აქამდე?

ჰანა: როგორც აქამდე.

სცენა 18: სარას ლექცია IV

სარა: ასე რომ. ბებიაჩემი ისევ ისე გაუნძრევლადაა, მეზღვაური ზევიდან აწევს. მას სული ეხუთება და ქშინავს, ძლივსძლიობით წამოიწევა და შარვალსაც იწევს. ამ დროს ბებია ძირს იყურება და ხედავს, იატაკზე რაღაც ბზინავს. კიდევ უფრო მეტად უვლის ჟრუანტელი.
მისი თოფი. გადატენილი და გამზადებული. ზემოთ, გემბანზე თავის საქმეს ასრულებდა.
მეზღვაურს აღარც ახსოვს, მისი გონება ახლა სხვა რამითაა დაკავებული. ბებიაჩემი კი ხედავს მესამე თვალით, გონების თვალით, რომ სხეული, რომელიც ერთ დროს მისთვის ახლობელი იყო, გემის კიჩოდან გადააგდეს და თვალუწვდენელ რუხ ზღვაში დაინთქა; ისიც იცის, რომ ახლა უკვე მისი შვილი უმამოდ დაიბადება… მართალია, ამ ყველაფერს მესამე თვალით ხედავს და სიკვდილს ნატრობს… მაგრამ, როგორღაც, ამ სასოწარკვეთის ჟამს, მის თვალებში ელექტრონივით გაიელვებს რაღაც. მაგრამ ეს ცრემლი კი არა, სიძულვილია; იმ პატარა ფერიას მტკივნეული სიბრაზის წიხლია, რომელსაც მუცლით ატარებს. და ამ პატარა, საბრალო არსების სახელით, უახლოვდება და ხელს სტაცებს იარაღს, მაგრად ეჭიდება და უკვე მის ხელშია. ათიათასობით მოკლულის სისხლის სუნი უდის. ეს კიდევ უფრო მატებს ძალას ბებიას… უგრძნობი ხდება, ისევე როგორც ჩვენი ბელადი, როდესაც ეს იარაღი ეჭირა და თავისი ხალხი გაყიდა; როგორც ის მეზღვაური,რომელმაც ბებია გააუპატიურა… მის გულს აღარაფერი ეკარება და იარაღს აბჯენს მას, რაც ძალი და ღონე აქვს და სასხლეტს თითს გამოკრავს, სანამ ხელიდან გაუსხლტება და მეზღვაური ბებიასავით ძირს არ დაეცემა, სისხლში ამოსვრილი და დაფლეთილი, თუმცა მეზღვაური მკვდარია. ბებიას სხეულს კი ორი ადამიანის სუნთქვა ათბობს. ბავშვის წიხლი ამჯერად გამარჯვების მაცნეა.

სცენა 19: 1850 წლის 20 მარტი
სემიუელი და სარა სასტუმრო ოთახში საუზმობენ.

სემიუელი: დღეს რა გეგმები გაქვთ? ალბათ რაიმე სასიკეთო საქმის გაკეთებას აპირებთ, ეს ხომ ბოლო დღეა ჩვენთან?

სარა: ალბათ მარტა რაიანს ვნახავთ. თუმცა ჰანა დღეს დილასაც ცოტა შეუძლოდაა.

სემიუელი: დიახ, ცოტა… იცით… მოგვენატრებით. ალფრედი და თქვენ. კაცმა რომ თქვას, ნამდვილი თავგადასავალი იყო თქვენთვის. და ჰანასთვისაც. შეიცვალა. არ უნდა ვამბობდე, მაგრამ… ბოლო რამდენიმე კვირაა… თითქოს ნავსი გატყდა. არ მასვენებს შეგრძნება, ალბათ რწმენას უფრო დავარქმევდი… თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჰანა… შეიძლება…

სარა: ფეხმძიმედაა?

სემიუელი: ზუსტად არ ვიცი, რა თქმა უნდა. მაგრამ ასე მგონია. მგონი არ ვცდები.

სარა: გილოცავთ.

სემიუელი: ყოველთვის მწამდა, რომ თქვენი მოსვლა ბედნიერებას მოგვიტანდა.

სარა: ჰო, სემიუელ, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ მე აქ არაფერ შუაში ვარ.

სემიუელი: (იცინის) ამაზე ნუ ვიკამათებთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე… ჩვენ, ორივეს, ბედნიერ მოგონებად დაგვრჩება თქვენთან გატარებული დრო. თქვენთან და ალფრედთან ერთად. და რაღა თქმა უნდა, ალფრედის გადაღებული სურათი. საკმაოდ ლამაზი რამეა.

სარა: ალფრედის გადაღებული სურათი?

სემიუელი: დიახ, ჰანას პორტრეტი. ”ქალიშვილი აღმოსავლეთიდან”, ასე დაარქვა. არ გინახავთ?

სარა: არა.

სემიუელი: უნდა გაჩვენოთ. (იღებს პატარა შუშის კოლოფს, სადაც დაგეროტიპული გამოსახულებაა) ლამაზი პატარა სურათია, არა?

სარა: ძალიან ლამაზია.

სემიუელი: მგონი, ჰანა საკმაოდ დახვეწილად გამოიყურება ამ კოსტიუმში. რა თქმა უნდა, ეს სურათი სხვებისთვის არ არის. არავის ვაჩვენებ. ფანტასტიურია. მერე ჩვენი ჩაის ახალი კამპანიისთვის გამოვიყენებ: ქალიშვილი აღმოსავლეთიდან! საკმაოდ შთამბეჭდავია. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. არავის ვაჩვენებ.

სარა: მაშინ მე რატომღა მაჩვენეთ?

სემიუელი: იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ ვიცი, თქვენ ალფრედისთვის პოზირებდით და სწორად გაიგებთ… ამ ყველაფრის არსს. ალფრედის ნამუშევრების არსს. მისი, როგორც ხელოვანის ნამუშევარს.

სარა: ჩემი სურათები გაჩვენათ?

სემიუელი: დიახ. მაჩვენა.

სარა: მოგეწონათ?

სემიუელი: ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, საოცრად… მგონი… ძალიან ლამაზია. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სარა: იმდენად, რომ მოგინდათ, თქვენი ცოლისთვისაც გადაგეღოთ.

სემიუელი: დიახ. იცით, მე მამაკაცი ვარ. ჩვეულებრივი მოკვდავი.

სარა: ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ.

სემიუელი: დიახ.

სარა: თქვენი მეუღლეც.

სემიუელი: ცოტა ხნის წინ, შეიძლებოდა არ დაგთანხმებოდით, მაგრამ…

სარა: ჰანა შეიცვალა?

სემიუელი: დიახ. დიახ. ორივე შევიცვალეთ, ასე მგონია. თან, ახლა კიდევ ეს ღვთის მოწყალება… მთელი ჩვენი იმედები… ეს, უდავოდ, რაღაც ნიშანია, ასე მგონია.

სარა: ქალიშვილი აღმოსავლეთიდან. (ისევ დაგეროტიპულ გამოსახულებას უყურებს)

სცენა 20: მოგვიანებით, იმავე დღეს. სარას ოთახი.

ჰანამ და სარამ თითქმის დაამთავრეს სარას ტანსაცმლის ჩალაგება ჩემოდნებში.

რამდენიმე ყუთში ალფრედის ნივთებია; ერთ-ერთ მათგანში მისი დაგეროტიპებიანი საქაღალდე დევს.

ჰანას ისევ ის ჩანთა უჭირავს, რომელიც მარტასთან ვიზიტისას ჰქონდა.
ჩალაგებას წყვეტს.

ჰანა: ამ ცივ ოთახში ყოფნა აღარ მოგიწევთ და არც მოგენატრებათ ალბათ. (მხრებზე შალს მოისხამს) ჯერ კიდევ ცივა. მაგრამ ზამთარს გადავურჩით. ხვალ დღე და ღამე გაერთიანდება. ოცდაერთი მარტია. გაზაფხულის პირველი დღე. (ჩალაგებას ამთავრებს). აბა, მგონი წასვლის დროა.

სარა: თავს როგორ გრძნობთ? შეგიძლიათ წამოსვლა?

ჰანა: რა თქმა უნდა. ახლა საკმაოდ კარგად ვარ. მარტასთვის ახალი წიგნი მაქვს.

სარა: ეს რა არის?

ჰანა: წიგნზე მეკითხებით? საბავშვო ანბანია… ძალიან კარგად მიიწევს წინ.

სარა: წავიდეთ?

ჰანა: ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ. ბოლომდე გულწრფელი არ ვყოფილვარ თქვენთან.

სარა: მეც ასე ვფიქრობდი.

ჰანა: მართლა?

სარა: რაღაც ეჭვი მეც მქონდა. თან, დღეს დილით სემიუელმაც მითხრა რაღაც.

ჰანა: სემიუელმა?

სარა: გილოცავთ. ყველაფერი კარგადაა. ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ. სემიუელი ძალიან გახარებული ჩანს.

ჰანა: მართლა?

სარა: რა თქმა უნდა.

ჰანა: არ მინდოდა ასე მოულოდნელად მეთქვა… მაგრამ… უნდა გითხრათ… მოჩვენებითობა მომბეზრდა, მინდა, რომ თავი მთლიანად ადამიანებს მივუძღვნა. ჩემი ადგილი აქ, სემიუელის გვერდით არ არის. მინდა ყველაფერს წერტილი დავუსვა. გამოვფხიზლდი. გადავწყვიტე. ამერიკაში მოვდივარ. ხვალვე.

სარა: ჩვენთან?

ჰანა: ყველაფერზე ვიზრუნე, სამგზავრო ფული და… (პატარა საფულეს იღებს)… თანხის ნაწილი გადავინახე იქედან, რასაც სემიუელი ოჯახის საქმეებისთვის მაძლევდა. ალფრედმა ჩემი სავალი ბილიკი დამანახა. ბორკილებისგან გამათავისუფლა და გზა გამინათა. ისევე როგორც ერთ დროს თქვენ.

სარა: დღეს დილით თქვენი სურათი ვნახე, ალფრედმა რომ გადაგიღოთ. ქალიშვილი აღმოსავლეთიდან. სემიუელმა მაჩვენა.

ჰანა: სემიუელმა გაჩვენათ?

სარა: დიახ. ბავშვი, რომელსაც მუცლით ატარებთ, ალფრედისაა?
სურათი ვნახე.
ვიცი, როგორი ხედვაც აქვს ალფრედს.
ალფრედისაა?

ჰანა: დიახ, დარწმუნებული ვარ. ასე იქნება.

სარა: ესე იგი დანამდვილებით არ იცით?

ჰანა: არა მგონია, სემიუელის რომ იყოს. ამდენი ხნის შემდეგ.

სარა: მაგრამ ზუსტად არ იცით.

ჰანა: რა მნიშვნელობა აქვს?

სარა: რა მნიშვნელობა აქვს?

ჰანა: ჩვენი ურთიერთობა განადგურების პირასაა, რის გამოც შვილი არ გვიჩნდება. ვიცი, სემიუელიც გრძნობს ამას. მეტს აღარ შევაწუხებ. მალე ისევ თავისუფალი იქნება.

სარა: მგონი თვლით, რომ ეს ღვთის ნებაა თუ რაღაც ამგვარი.

ჰანა: არა, ღვთის ნება არ არის. ღმერთი არ არსებობს. არამედ არის ნება, რომელიც ჩემი გულიდან მომდინარეობს. მთელი ცხოვრება რაღაც სიწმინდეს ვეძებდი და ახლა ვგრძნობ მის ძალას.

სარა: სიწმინდეს?

ჰანა: დიახ.

სარა: კი, მაგრამ არაფერია წმინდა ალფრედში; უფრო სწორად, ამ კეთილ საწყისში, როგორც თქვენ გგონიათ.

ჰანა: ის ყველაზე წმინდა არსებაა, ვისაც კი ვიცნობ. ბოლომდე თავდადებულია… თავგანწირულია. და თუკი აქამდე შევცდი… ახლა ვაღიარებ ამას. მარჯვენა ხელმა მაცდუნა, მაგრამ მოვიკვეთავ და გადავაგდებ.

სარა: ალფრედს უყვარს ტანჯვა. ამით იკვებება. ესაა მისი შთაგონების წყარო. სხვაგვარად არ შეუძლია. მას თქვენი ტკივილი უყვარს, მეტი არაფერი. ალბათ მისი ნამუშევრები ნახეთ.

ჰანა: სურათები? არა. ჯერ არა.

სარა: მგონი უნდა ნახოთ.

ჰანა: რატომ?

სარა: რომ გაიგოთ, ვინ არის ალფრედი.

ჰანა: ვიცი, ვინც არის ალფრედი. დიდი ფილანტროპია.

სარა: შესაძლოა დიდი ხელოვანია. მაგრამ ერთი მეორეს სულაც არ გულისხმობს.

ჰანა: მან არჩია, რომ ყველაფერზე უარი ეთქვა. სიმდიდრეზე, ძალაუფლებაზე, თანამდებობაზე. გარკვეული მიზნისთვის, თქვენთვის. რასაკვირველია, ასეთი რამ იშვიათია, ძალიან კეთილშობილური საქციელია.

სარა: მხოლოდ ერთ რამეს გეტყოდით… გრძნობებმა შორს არ გაგიტაცოთ. საკუთარ თავზე ზრუნვა ვისწავლე, მაგრამ ასე მგონია, რომ თქვენ გაგიჭირდებათ, ჰანა. და რაც არ უნდა შემოგთავაზოთ ალფრედმა, ნაკლებად უნდა დაიჯეროთ.

ჰანა: ჩემთვის სულერთია…

სარა: ჯობია იმაზე იფიქროთ, როგორ აისრულოთ თქვენი საწადელი. ღატაკი ხელოვანი შეიძლება. მაგრამ ღატაკი ფილანტროპი…?

ჰანა: მოძმის სიყვარულს ფული არ სჭირდება.

სარა: და რა მოხდება, როცა ალფრედი კიდევ სხვა მონის გათავისუფლებას მოისურვებს? როდესაც საკუთარ თანაგრძნობას მომავალ გეგმას მოახმარს? ეს გარდაუვალია, ასეთია მისი ბუნება.

ჰანა: არა. არა, ასე არ… არა. (პაუზა)

სარა: ვფიქრობ, სემიუელი კეთილი კაცია, ბევრი თვალსაზრისით.

ჰანა: სემიუელი? ჩემს მოტყუებასა და ღალატში გამოცდილია. ყველაფერი მითხრეს. მღალატობს; ის…

სარა: და მერე?

ჰანა: არაფერი, მაგრამ…

სარა: ის ხომ სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნავს.

ჰანა: იმდენი წელი იკვებებოდა ფარისევლობით, რომ ახლა უკვე ვეღარაფერს ამჩნევს.

სარა: თავის მუშებს კეთილსინდისიერად ექცევა.

ჰანა: და საკუთარ ცოლს ატყუებს.

სარა: ცდილობს, უსამართლო სამყარო გამოასწოროს.

ჰანა: როგორ იცავთ სემიუელს… როცა თიუკლების ქარხანა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება… მთელი ჩვენი სიმდიდრე თქვენი თანამემამულეების ჩაგვრაზეა დამყარებული?

სარა: ჩემი ხალხი მადლიერი არ იქნება თქვენი ამაო ჟესტებისთვის. ისინი ცრემლს ვერ მოგწმენდენ და ვერც თქვენს ტანჯვას გაიზიარებენ. იქნებ სემიუელსა და თქვენს შორის ჯერ კიდევ შემორჩა ცოტა სიყვარული?

ჰანა: მე საკუთარი თავი მატერიალური კეთილდღეობისთვის მივყიდე.

სარა: იქნებ ყველა ქორწინებაში არის ანგარების მარცვალი? და ახლა კიდევ ბავშვიც?

ჰანა: მისი არ არის.

სარა: დანამდვილებით ხომ არ იცით. ამას ხომ ვარაუდობთ. ალფრედმა იცის?

ჰანა: არა, ჯერ არა. (პაუზა) რა, დავდუმდე და თავი ისე დავიჭირო, თითქოს არაფერი მომხდარა? დაე, სემიუელს სწამდეს…

სარა: რა თქმა უნდა. თქვენ ხომ ზუსტად არ იცით. ბავშვი შეიძლება სემიუელისაა.

ჰანა: ასე რომელი ქალი მსჯელობს?

სარა: ის, ვინც სიმართლეს თვალებში უყურებს.

ჰანა: ძალიან გაგიგრძელდათ სტუმრობა, სარა უორს.

სარა: სემიუელის ფულით, რასაკვირველია, შესაძლებელი იქნებოდა ამ გაუბედურებულ მხარეში ზოგიერთი უპოვარისთვის გარკვეული კომფორტის შექმნა. თუკი მათ ადგილსამყოფელამდე მიაღწევდა.

ჰანა: დარწმუნებული ვარ, სემიუელი დაუფიქრებლად მიუგდებდა ფულს მარტას. ოღონდ, რა თქმა უნდა, მანამდე მისი მომსახურებით ისარგებლებდა.

სარა: იქნებ ამ ქალაქს მართლაც სემიუელი სჭირდება. იქნებ თქვენნაირები სჭირდება.

ჰანა: ყოველგვარი სენი ფულით როდი განიკურნება. აღთქმის სისხლი შიგნიდან მომდინარეობს და სულისმიერია.

სარა: არა. აღთქმის სისხლი – სისხლი იყო. ნამდვილი სისხლი. ბევრი მინახავს. კარგად ვიცი სისხლის ფასი. იმ დღეს, როცა ალფრედმა მნახა, საფულეში სამასი დოლარი ჰქონდა. ამის გარეშე ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი.

ჰანა: ნუთუ ალფრედი მეტს არ ნიშნავს თქვენთვის? მხოლოდ სამასი დოლარი გიღირთ?

სარა: როგორ ბედავთ მკითხოთ, რას ნიშნავს ალფრედი ჩემთვის?

ჰანა: ერთხელ თქვენ თვითონ მკითხეთ, სამასი დოლარი ბევრია თუ ცოტაო. იცით, როგორ შემრცხვა, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მაგრამ ახლა გეტყვით. ჩემი აზრით, ცოტაა, ძალიან ცოტა.

სარა: გინდათ იცოდეთ, რას ნიშნავს ალფრედი ჩემთვის? რადგანაც მეკითხებით, გეტყვით. გიპასუხებთ. როგორც კი პირველად დავინახე, მივხვდი, რომ მდიდარი იყო. ხალხის უკან იდგა, მაგრამ წინ მოიწევდა და მაშინვე გავიფიქრე, რომ რაღაცის წყურვილი არ ასვენებდა. ვხედავდი, როგორ ვერ მაშორებდა თვალს, როგორ მჭამდა თვალებით და მივხვდი, რომ აუქციონში მონაწილეობა უნდოდა. და თუკი ისე შევხედავდი, როგორც მას უნდოდა, მაშინ ჩემს ყიდვას შეეცდებოდა. ამიტომაც დაველოდე, სანამ მართლა მომიახლოვდებოდა და მერე პირდაპირ თვალებში ჩავხედე. მინდოდა გაეგო… მიმხვდარიყო, რომ მწუხარებასა და გულგატეხილობაში მყოფი, ისეთს ვხედავდი, როგორიც იყო. ის მიხვდა, რომ მე მის სულში წყვდიადი და ტკივილი, მის მხრებზე მძიმე ტვირთი დავინახე; ვუთხარი საკუთარი ფასი და მივახვედრე, რომ ჩემი წყალობით, ეს ტვირთი მოეხსნებოდა; საკმარისი იყო ვეყიდე და სიამეს არ მოვაკლებდი; საკმარისი იყო ვეყიდე და განიკურნებოდა. ამას ამბობდა ჩემი თვალები და ისიც მიხვდა ჩემს დაპირებას – მოვედი, რათა გაგიყუჩო ტკივილი.
და მან, უკვე საკმაოდ დარწმუნებულმა, ხელი აწია.

ჩვენ ისეთი მხურვალე საყვარლები ვიყავით.

ჰანა: საყვარლები?

სარა: ვნება ქრება. მაგრამ სამაგიეროდ სურათები რჩება.

ჰანა: ესე იგი, ცხოველი ყოფილა. ურჩხული. ეს ხომ… გარყვნილებაა… მთელი მისი საქმიანობა…

სარა: მას ჩემი იარები უყვარდა. ყველას სათითაოდ გადაუღო სურათი.

ჰანა: ავხორცობით, ქვენა გრძნობებით მოქმედება… საზიზღრობაა…

სარა: თქვენ ფიქრობთ, რომ იქვე უნდა დავეტოვებინე? სიბრალულით შემოეხედა და გვერდით ჩაევლო?

ჰანა: ვნებით ყურებას სიბრალულით ყურება ჯობია.

სარა: ვნების გარეშე არაფერი კეთდება. თქვენ ამას ყველაზე უკეთ უნდა ხვდებოდეთ. ჩვენ გაუმაძღარი არსებები ვართ. ვნება. სხეული. ფული. დიახ. სწორედ ამას ნიშნავს ალფრედი ჩემთვის. ჩვენ ერთმანეთთან ამქვეყნად ყველაზე ძლიერი რამ გვაკავშირებს.
და, მოგწონთ თუ არა ეს, თქვენ მაინც სემიუელთან ხართ დაკავშირებული. დაბრუნდით მასთან, ჰანა. ჯერ კიდევ არ არის გვიან. დაბრუნდით. ალფრედი ჩემია და ვერ შეველევი.

ჰანა: რატომ არ მითხრა?

სარა: რატომ ვერ მიხვდით?

(ჰანას სურათს აწვდის)

არ გაინტერესებთ?

(ჰანა ათვალიერებს სურათებს, თითოეულ მათგანს აშტერდება. შემდეგ წამოდგება, თითქოს წასვლას აპირებს.)

სარა: სად მიდიხართ?

ჰანა: არ ვიცი.

სარა: ეს არ დაგავიწყდეთ. ამერიკაში მგზავრობის ფული.

(ჰანა არ იღებს საფულეს, რომელსაც სარა აწვდის.)

სარა: აიღეთ. თქვენია.

(ჰანა ართმევს საფულეს და უყურებს. ამასობაში სარა სინათლეზე გამოდის და უკანასკნელი ლექციისთვის ემზადება.)

სცენა 21: სარას უკანასკნელი ლექცია.

სარა: აი, ასეთია ჩემი დიდი ბებიის ისტორია.

(ლექციის მსვლელობისას, სარა წარმოსახვით, ალბათ მიმიკების საშუალებით აჩვენებს მეთვრამეტე საუკუნის თოფს)

აი აქ, გემბანზე დგას, მკვლელადქცეული ქვრივი; გემბანზე, რომელმაც 131 მონის სიცოცხლე ზღვას შესწირა. მაგრამ ის აქ დგას, ხელში მკვდარი მეზღვაურის თოფი უჭირავს, საკუთარი ჩვილივით არწევს აქეთ-იქით ჩვილივით, რომელიც მალე მოევლინება ქვეყანას.

(ამასობაში ვხედავთ, ჰანა როგორ შედის მარტა რაიანის ოთახში.)

ჰანა: მარტა! მარტა. რაღაც მაქვს შენთვის.

სარა: ერთხანს ხელში უჭირავს, თითქოს უნდა შეინახოს… როგორც საგვარეულო ნივთი, ან ძღვენი, რომელიც თავის ჯერარშობილ ქალიშვილს უნდა გადასცეს, მან კიდევ თავის ქალიშვილს და ასე უსასრულოდ… ეს საბედისწერო ნივთი, რომელიც მას დარჩა და შთამომავლობას გადაეცემა.

(ჰანა პოულობს მარტა რაიანს, რომელიც იატაკზე წევს და ზევიდან მატყლის საბანი ახურავს.)

სარა: ბებია თოფს მეორე მხარეს აბრუნებს და ხედავს ძალიან პატარა სიმბოლოს – ძლივს გაარჩევთ ერთ მხარეს ამოტვიფრულ ფრთაგაშლილ ფრინველს – მტრედს. მტრედს.

(ჰანა გადაწევს საბანს და ხედავს, რომ მარტა მკვდარია.)

ჰანა: მარტა.

(ჰანა მიცვალებულ მარტას ხელში უბღუჯავს პატარა საფულეს, რომელშიც ამერიკაში გასამგზავრებელი ფულია.)

ჰანა: რაღაც მოგიტანე.

სარა: მაგრამ შემდეგ მოისვრის მას.
და როგორც კი თოფი მშიერ ტალღებში გაუჩინარდება, ბებია ხვდება, რომ ეს ზღვა მას ვერ გაანადგურებს; რომ ის კიდობანშია, რომელიც ხმელეთზე, სამშვიდობოს გარიყავს.

სცენა 22: იმავე დღის საღამო (20 მარტი, 1850). ვახშამი.
სემიუელი, ალფრედი და სარა მიირთმევენ.

სემიუელი: კარგი რა, ხალხო, ხვალ დილით რომ ნავში ისხდებით, ინანებთ, რომ არაფერი გიჭამიათ. ატლანტის ოკეანე უნდა გადაცუროთ. არ გეშინიათ, რომ დაიხრჩოთ?

ალფრედი: მირჩევნია, განგების ნებას დავემორჩილო და მწამდეს, რომ რასაც ვიმსახურებ, ისე მომეზღვება.

სემიუელი: მერედა, ეს გონივრულად მიგაჩნიათ?

ალფრედი: კი მაგრამ, მეტი რა გზა მაქვს?

ჰანა შემოდის.

ოო. უკეთ ხარ?

ჰანა: კი.

სემიუელი: ჩემი ცოლი შეუპოვარია. დღეს დილით შეუძლოდ იყო.

ალფრედი: იმედია, სერიოზული არაფერია?

ჰანა: არა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი საკმაოდ ნორმალურადაა. კაცმა რომ თქვას, ცუდს არც არაფერს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს ამ მდგომარეობაში.

სემიუელი: ჰანა?

ჰანა: ჰო.

სემიუელი: ეგ ისაა… რაზეც მე ვფიქრობდი?

ჰანა: ჰო.

სემიუელი: შენ… ესე იგი, ჩვენ…

ჰანა: ჰო.

სემიუელი: მე რა გითხარი? ვიცოდი. ვიცოდი. ჩემო ძვირფასო. ხომ გეუბნებოდი, რომ სტუმრების ჩემოსვლა ბედიერებას მოგვიტანდა?

ალფრედი: გილოცავთ. შესანიშნავი ამბავია.

ჰანა: ჰო. იმედი მაქვს… ბედნიერი იქნები, სემიუელ.

სემიუელი: შესანიშნავია. შესანიშნავია. რა სასიხარულო ამბავია. თან, ასეთ მეგობრებს რომ ვუზიარებთ ჩვენს ბედნიერებას. კარგია, რომ მათ წასვლამდე გვითხარი. გამგზავრების წინ კარგი ნიშანია, არა, ალფრედ? სარა?

ალფრედი: დიახ, უეჭველად.

სარა: გულით გილოცავთ.

ჰანა: ალფრედ, ცოტა ხნის წინ, თქვენი გადაღებული ფოტოები ვნახე. სარამ კეთილშობილება გამოიჩინა და მაჩვენა.

სარა: მაპატიეთ… ჯობია წავიდე და ბარგის ჩალაგება დავამთავრო. ო, ალფრედ. სალექციო მოგზაურობის გასამრჯელო, გამომართვი. (ალფრედს ქაღალდების დასტას აძლევს)

ალფრედი: დარწმუნებული ხარ? ამდენია?

სარა: რა თქმა უნდა. თან, უფრო უსაფრთხო იქნება, თუ ამ ყველაფერს მგზავრობისას ჩემს ჩემოდანში არ შევინახავ.

ალფრედი: კარგი. იმედია, ასე იქნება.

სარა: ღამე მშვიდობის.

სარა გადის.

ალფრედი: ვიფიქრე, ცუდად გახდებოდი და ამიტომაც… მაგრამ ვაპირებდი, რომ ცოტა ხანში მეჩვენებინა.

ჰანა: ჰო. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ალბათ ვერაფერს გავიგებდი. ისე ვეღარ აღვიქვამდი ყველაფერს, როგორც ახლა. სარამ საკმაოდ ბევრი მიამბო მათი შექმნის ისტორიის შესახებ.

ალფრედი: ააა.

ჰანა: ვერც წარმოვიდგენდი. რომ ხელოვნების ამ ნიმუშების შექმნას ასეთი პროცესი უძღვოდა წინ. მგონი, ახლა ყველაფერი მესმის. რომ მცოდნოდა, არ დაგთანხმდებოდით.

ალფრედი: როგორ მოგეწონათ?

ჰანა: მეტისმეტად მძიმე სანახავია. და ძალიან ლამაზი.

ალფრედი: მართლა?

ჰანა: მინდა, რომ ”ქალიშვილი აღმოსავლეთიდან” თუ კიდევ დაგრჩათ, ყველა ასლი სემიუელს დაუბრუნოთ. და მომავალში აღარ დაამზადოთ.

ალფრედი: მესმის, რა თქმა უნდა. ჯობია, ახლა სარასავით, ხვალისთვის მეც ჩავალაგო ბარგი.

ჰანა: ხვალ დაახლოებით დილის ხუთისთვის მიდიხართ, არა?

ალფრედი: მგონი, ასე უფრო ჭკვიანური იქნება.

ჰანა: ჯონს გავაფრთხილებ.

(ალფრედი გადის.
სემიუელი და ჰანა მკრთალ სინათლეში რჩებიან.)

სემიუელი: ჰანა, მაინცდამაინც დიდ სიხარულს ვერ გატყობ.

ჰანა: ჰო.

სემიუელი: რატომ? რა მოხდა?

ჰანა: დღეს მარტა რაიანი გარდაიცვალა. ვნახე. ალბათ მარტო იყო.

სემიუელი: ო. ძალიან ვწუხვარ.

ჰანა: ჰო.

სემიუელი: მაგრამ ჩვენ ხომ ბავშვს ველოდებით. ნუთუ არ გიხარია?

ჰანა: სამყაროში ბოროტება მეფობს, სემიუელ.

სემიუელი: ო, ჰანა.

ჰანა: ღვარად მოედინება სისხლი. და ჩვენ, თითოეული ჩვენი სუნთქვით და ამოსუნთქვით, ამ ყველაფრის ნაწილი ვართ. ახლა ამას ყველაზე ცხადად ვხედავ, ვიდრე ოდესმე.

სემიუელი: ჩვენ ხომ იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ჰანა, კეთილი ზრახვები გვამოძრავებს. ჰო, სამყაროში მრავლადაა ბოროტება, მაგრამ…

ჰანა: მაგრამ გაზაფხული მოდის, მას ვერაფერი შეაჩერებს.

სემიუელი: რადგან გლახაკები ყოველთვის ჩვენთან არიან.

ჰანა: შენი უცვლელი რეფრენი.

სემიუელი: იესო ქრისტეს სიტყვებია. ნუთუ ყველანი ტილოს ტანსაცმელში უნდა ვიყოთ და დავიხოცოთ, თავი დავიტანჯოთ?

ჰანა: ჩაი და ყავა, რა მწარე სასმელია ორივე…

სემიუელი: ნუთუ მთელი ცხოვრება უსიხარულოდ უნდა გავატაროთ, დანაშაულის შეგრძნებით? ნუთუ სამყაროს ეს მოუშუშებს ჭრილობებს? ნუთუ ეს გაგაბედნიერებდა?

ჰანა: ორივეს ჭირდება შაქარი, ამას გვიჩვენებს ისტორიული გამოცდილება. ჩაის და ყავას არავინ სვამს უშაქროდ…

სემიუელი: როგორ მოვიქცე, ბიზნესს თავი დავანებო? აქამდე არასდროს მინახავს, რომ ფუფუნებაზე უარი გეთქვას, ჰანა, მთელი შენი დანაშაულის შეგრძნებისა და პოზის მიუხედავად. ნეტავი რით იარსებებდნენ მთელი თქვენი მარტა რაიანები, შრომა-გასწორების დაწესებულებები და თავშესაფრები თიუკლების კომპანიის დახმარების გარეშე?

ჰანა: ჩვენ ფეხქვეშ გავთელეთ მთელი სამყარო. ჩვენი შაქრისთვის და ჩაისთვის, თამბაქოსა და შოკოლადისთვის… ჩვენი პატარ-პატარა სიამოვნებებისთვის… ფეხქვეშ გავთელეთ მთელი სამყარო და ყველაფერი, რაც გვაქვს, მისგანაა, ყველაფერი, თითოეული ნამცეცი…

სემიუელი: ნუთუ სამყარო სრულყოფილი უნდა იყოს შენთვის, ჰანა? ნუთუ სამყარო სრულყოფილი უნდა იყოს, რომ თავი ბედნიერად იგრძნო?

ჰანა: ქალიშვილი აღმოსავლეთიდან. სავაჭროდ მომგებიანი დევიზი იქნება. ჩაით ვაჭრობისთვის შესანიშნავი სურათი იქნება.

სემიუელი: მაპატიე.

ჰანა: დღეს ქალი გარდაიცვალა, სემიუელ. და მე ოთახში ვიდექი. ანბანით ხელში.

სემიუელი: ალბათ მაინც სიკვდილი ეწერა.

ჰანა: რამხელა უაზრობა და ამაოებაა…

სემიუელი: ნეტავი შემეძლოს, რომ ტკივილი გაგიყუჩო. მაგრამ, რა ვქნა, რომ არ შემიძლია.

ჰანა: არა.

სემიუელი: რა მოგიშუშებს იარას? რა გინდა?

ჰანა: მინდა, რომ დასრულდეს. ყველაფერი დასრულდეს. დასასრული მინდა დადგეს.

სემიუელი: რისი დასასრული? ბიზნესის? ჩვენი ქორწინების? შენი სიცოცხლის? (ჰანა ვერაფერს პასუხობს) გამუდმებით ამ მწუხარებაში ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია შენი ამ გაუთვებელი ბრალდების ატანა. და ის, რომ არ გიყვარვარ.

ჰანა: მაპატიე.

სემიუელი: ნეტავი შეგვეძლოს, რომ ყველაფერი დავივიწყოთ და თავიდან დავიწყოთ. თუ ჩვენთვის არა, ამ ბავშვის სახელით მაინც… ნეტავი შენ… ნეტავი შეგვეძლოს… ღმერთის სულ მცირე წყალობით…

ჰანა: ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არ არსებობს.

სემიუელი: მაშინ სხვა რაიმე ძალის წყალობით… მაპატიე. ყველაფერი ისე მიიღე, როგორც არის. იყავი ბედნიერი.

ჰანა: არ ვიცი, შევძლებ თუ არა.

სემიუელი: თუკი ვერ შეძლებ… არ ვიცი, როგორ გავაღწევთ ამ ბნელი გვირაბიდან და როგორ დავადგებით ჭეშმარიტ გზას, ვინაიდან სხვა ხსნას ვერ ვხედავ და ეს მაშინებს.

ჰანა: ნუთუ ამას ნატრობ? ნუთუ გინდა, რომ ჭეშმარიტ გზას დავადგეთ?

სემიუელი: არ ვიცი.

ჰანა: ლოცვის დროა.

სცენა 22: შეკრება (VI)

ჰანა და სემიუელი თავიანთ ადგილს იკავებენ.

ჰანა: მხევალი შენი, წყვდიადში მდგომი, მოგელის, ამ მდუმარე ლოცვისას მოელის ნიშანს, სხივო სინათლის, მწარეა სამსალა ჩემს წინაშე…

სემიუელი: ნუთუ მეღირსება შვება? ნუთუ ვიპოვი სულის სიმშვიდეს? გავთავისუფლდები ამ ტვირთისგან?

ჰანა: მაგრამ ხვალ გაზაფხულის ბუნიობაა…

სემიუელი: თუკი დამარცხებას ვაღიარებ.

ჰანა: როცა არც დღე გადაწონის ღამეს და არც ღამე – დღეს…

სემიუელი: მაგრამ ამ სწრაფწარმავალ ცხოვრებაში განგებამ ერთად შეგვყარა…

ჰანა: როცა დღე და ღამე ერთმანეთს გაუსწორდება…

სემიუელი: რომ გვიყვარდეს, ვქმნათ და თავიდან მოვიშოროთ, გავთავისუფლდეთ ტვირთისგან…

ჰანა: მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ეს ნიშანი ყოფილიყო, ნიშანი ჩვენს მიმართ…

სემიუელი: იქნებ ეს რაღაც ნიშანი იყო, ნიშანი ამ წყვდიადში…

ჰანა: როგორც კვირტი ხურტკმელის ბუჩქზე შუა ზამთარში.

სემიუელი: და მაინც, ვიცი, რომ ჩემთვის ის ისევ ნორჩი ყვავილია, გოგონა, რომელიც დავამცირე, ულმობლად, საცოდავად წავართვი უმანკოება ჩვენი ქორწინების ღამეს… ქალი, რომელიც მოვატყუე, ერთადერთი, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც უხილავი რამ მაკავშირებს; ის, ვისი წყალობითაც საკუთარ თავს შევიცნობ. სახე მისი – ლაჟვარდი ცა და სხეული მისი – ბობოქარი ზღვა, სილამაზის და სიმახინჯის ზღვარს მიღმა… მაგრამ გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ… უკვე გვიანია, ძალიან გვიანია, ის წავიდა, გასცდა ნაპირებს და ამას სიტყვები ვეღარ უშველის.

დარტყმის ხმა.
სინათლე იცვლება. შეკრებილები ჩუმად არიან.
ჰანა წამოდგება და ლაპარაკობს.

ჰანა: მეგობრებო… გთხოვთ, ჩვენი დის, სარა უორსის და ჩვენი ძმის, ალფრედ დარბის გამო ილოცოთ, ხვალ ამ კუნძულიდან მათი უსაფრთხო გამგზავრებისთვის… სადაც არ უნდა წავიდნენ.
და მეგობრებო, ხვალ გაზაფხულის პირველი დღეა და ამიტომაც, ვსარგებლობ და გთხოვთ დალოცოთ ჩემი ქმარი სემიუელი, მე და ჩვენი ჯერარშობილი შვილი. ვლოცულობ, რომ ზამთრის ხანგრძლივი წყვდიადის შემდეგ, ეს ახალი სიცოცხლე იმედის მაცნედ მოგვევლინოს.

ჰანა ჯდება. შეკრება მთავრდება.

დასასრული

Elizabeth Kuti


პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s