ლელა ოჩიაური: საზოგადოების ჯგუფური პორტრეტი ინტერიერში…


სცენა სპექტაკლიდან "პეიზაჟს აკლია სითბო"

ლელა ოჩიაური

საზოგადოების ჯგუფური პორტრეტი ინტერიერში და პეიზაჟის ფონზე, რომელსაც აკლია სითბო

“რეზონანსი”, 06.06.2010

რა ხდება საზოგადოებაში და იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებსაც ნელ-ნელა აკლდებათ სითბო და რომლების ურთიერთობები ცივდება? ყველაფერი ურთიერთგამომდინარეა და შედეგი ყველასთვის ერთია – მათთვისაც, ვინც ვერ გასცა და მათთვის, ვინც ვერ მიიღო.
დიმიტრი ხვთისიაშვილის “კამერული” სპექტაკლი – “პეიზაჟს აკლია სითბო”, რომელიც მან მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, თამარ ბართაიას პიესაზე დადგა (მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გამფორმებელი – ზურაბ გაგლოშვილი) ჩვენს, ჩვენი თანამედროვეების შესახებაა და სწორედ იმაზე დიალოგს სთავაზობს მაყურებელს, თუ რა იწვევს საზოგადოებაში სითბოს არქონას.
თამარ ბართაიას პიესა, თანამედროვე საზოგადოების სულიერი მდგომარეობის შესახებ, როგორც ხშირად ხდება, ავტორის ხელწერის კიდევ ერთ გამომხატველად იქცა. მის დრამატურგიაში ბევრი რამ პირად გამოცდილებას, უშუალოდ ნანახსა და განცდილს, პირად შთაბეჭდილებასა და ემოციას ემყარება, რასაც შემდეგ ოსტატურად აზოგადებსა და განავრცობს ხოლმე.
იგი კარგად იცნობს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგიის კარგი მცოდნე აღმოჩნდა რეჟისორიც, რომელმაც სცენური სახე მიანიჭა პიესას. ესაა საზოგადოების ფსიქოლოგიური პორტრეტის შექნისა და მისი ფსიქოლოგიის მამოძრავებელი მოტივების გამხსნელი სპექტაკლი, მსჯელობა ამის შესახებ და მაყურებლისთვის საკუთარი შეხედულებების გაზიარების სურვილით ნაკარნახევი განზრახვა, რომელიც წარმატებით დასრულდა.
ამ სპექტაკლით მაყურებელმა მიიღო ფსიქოლოგიური დრამა, რაც ქართულ თეატრში სულ უფრო იშვიათი და იშვიათი ხდება და რასაც, როგორც ჩანს, ყავლი არასდროს გაუვა.
სხვა და ამ კონკრეტული მიზეზიდანაც გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტიც, რომ რეჟისორი მინიმალისტური ხერხებით მუშაობს. იგი არ მიმართავს რაიმე განსაკუთრებულ, “მომგებიან” სარეჟისორო სვლებსა და ეფექტებს, მთელი “დატვირთვა” მაქსიმალურად მსახიობებზე გადააქვს, მაქსიმალურად “იყენებს” მათ შესაძლებლობებს და კლასიკური თეატრალური ფორმებისკენ ისწრაფვის.
სპექტაკლში სულ რვა მოქმედი პირია, რომლებსაც ეკა ჩხეიძე, ეკა მჟავანაძე, ლილე ფილფანი, ია შუღლიაშვილი, ია ჭილაია, ვარლამ კორშია, დიმიტრი ტატიშვილი, ლაშა ოყრეშიძე ასახიერებენ.
მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში ხდება.მოვლენების ცენტრში ნუცა აღმოჩნდება, რომელსაც სპექტაკლის პირველ სცენებში მეგობრები ქმრის ღალატსა და იმის შესახებ შეატყობინებენ, რომ მას შვილი უნდა შეეძინოს.

ყველაფერი ასე იწყება, ჩვეულებრივად და ასევე გრძელდება. ამ სიტუაციაში ახალი არაფერია. არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული, “ბანალური” ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ პიესა და სპექტაკლი “ჩვეულებრივს” მოულოდნელად აქცევს, რადგან ბევრ ისეთ ხაზს, მიმართულებას, სათქმელს შეიცავს და იმ ასპექტებსაც წამოსწევს წინ, რომლებიც “გვამცნობენ”, თუ რა დაემართათ ნუცასა და მის გარემოცვას – რატომ დააკლდათ მათ სითბო. რა შეემთხვა საზოგადოებას, რომელმაც რაღაც მთავარსა და მნიშვნელოვანზე უარი თქვა. და რატომ თქვა მან უარი.
ამ ადამიანებს, ამ სამყაროს სითბო ნამდვილად აკლიათ, მაგრამ მისი დანაკლისი თუ საერთოდ არარსებობა ისევ და ისევ იმ ადამიანების, იმ საზოგადოების ბრალია, რომლებსაც თვითონვე წარმოადგენენ და ქმნიან.
ამ გარემოში ცხოვრობენ და მასვე განსაზღვრავენ სპექტაკლის პერსონაჟები, რომლებიც, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური პორტრეტების გალერეას ქმნიან და მეორე მხრივ, კრებით სახეებს წარმოადგენენ, რომლების ერთიანობისგანაც საზოგადოების პორტრეტი იქმნება.
ამ ვიწრო, სულ რვაკაციან, წრეში, თითქოს ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან, სხვა დროს თუ სხვის (სხვების) ცხოვრებაში არ მომხდარა, რაც არ ხდება და არც შეიძლება მოხდეს. არც ეს ადამიანები არიან სხვისგან რაიმეთი გამორჩეული, განსხვავებული. პირიქით, თითოეულ მათგანში და თითოეულის ბედში უამრავი საერთო, უამრავი ნაცნობი დეტალი, ნიუანსი, ფაქტი და ა.შ. შეიძლება აღმოაჩინო.
დრამატურგი და რეჟისორი თავს ერთ სივრცეში უყრიან სხვადასხვა ბედისა და თვისებების ადამიანებს. თითოეულ მათგანს საკუთარი ხაზი აქვს, საკუთარი თემა, საკუთარი ადგილი, მიზნები თუ ამოცანები და როგორც სინამდვილეში ხდება, მათი ბედი სხვადასხვა მიზეზით იკვეთება და სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით შორდება ერთმანეთს. მათი ცხოვრება იცვლება, აქვე, ჩვენ თვალწინ და ეს ადამიანები – ოდესღაც მჭიდროდ – შინაგანად თუ მოჩვენებითად – ფორმალურად ერთმანეთთან მყარად დაკავშირებული, ერთმანეთს კარგავენ, სხვები – პოულობენ და ამასთან ერთად კარგავენ და შესაბამისად, იძენენ ახალ ცხოვრებას.
არა მგონია, ვინმემ თქვას ან იფიქროს, რომ ადამიანების ისტორია, რომელიც სპექტაკლშია ნაჩვენები – ან ერთი ჯგუფის ისტორიაა, ან წმინდა ქართული. ის ნებისმიერ პერიოდში ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება თავს გადახდეს ადამიანს და დიმიტრი ხვთისიაშვილი, დრამატურგსა და მსახიობებთან ერთად ცდილობს, გაერკვეს მიზეზებსა და პრობლემებში, რომლებიც საზოგადოების წინაშე ასეთ დროს იჩენს ხოლმე თავს.
პირველ რიგში, სწორედ ამიტომაცაა საინტერესო დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი, რომ ბანალური და თითქოს არაფრით გამორჩეული ისტორია იმ განზოგადებამდე ადის, რომელიც არაერთი ქვეყნისთვის მახასიათებლად იქცევა – რადგან, შეუძლებელია, ადამიანების ურთიერთობის ამბავს (და არა მხოლოდ, პირადულს – ღალატისა თუ ერთგულების, ოჯახის შენარჩუნებისა თუ დანგრევის შესახებ) მხოლოდ ერთი საზოგადოება თუ ერთი დრო საზღვრავდეს. და ამავე დროს, “პეიზაჟს აკლია სითბო”, პირველ რიგში, სწორედ ქართული საზოგადოების შესახებაა, რომელსაც ჩვენ თვითონვე ვეკუთვნით და ამითაა განსაკუთრებით ყურადსაღები.
დიმიტრი ხვთისიაშვილს აინტერესებს და აღელვებს, თუ რატომ ხდება, რომ ადამიანები – ერთ დროს ახლობლები, ვისაც ერთმანეთი უყვარდა, უცბად (უცბად?) უცხონი ხდებიან და ის მარადიული კითხვა – ვინ არის დამნაშავე? – როდესაც სიყვარულს სიძულვილი ცვლის, გულწრფელობას – სიყალბე, სითბოს – სიცივე და როდესაც ყველაფერი ინგრევა, რითაც და რისი გულისთვისაც აქამდე გიცხოვრია – კვლავ კითხვად, რიტორიკულ კითხვად – “რატომ”? – რჩება?!
აქ დამნაშავე, არც უდანაშაულო, არავინაა. ყველას თავისი სიმართლე და გამართლება აქვს, უბრალოდ, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მაშინ, როდესაც სხვების უფლებებსა და სურვილებს ვერ ხედავენ, საკუთარ სიმართლეს ეძებენ, ამტკიცებენ და საკუთარ გეგმებს ახორციელებენ, იმ მიზნით, რომ ისე იცხოვრონ, როგორც თვითონ უნდათ და მეორე ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობას იხსნიან – იმ, მეორე ადამიანის ცხოვრებას ანგრევენ, მისი სამყაროს საზღვრებს ლახავენ და უხეშად იჭრებიან იქ, სადაც ასეთივე, “წინააღმდეგობის კედელი” ხვდებათ.
მოკლე ხანში (ასევე, თითქოს არაფერი უჩვეულო), მაგრამ ბევრი რამ ცვლილებები ხდება, ისეთი, რაც ერთი (თითოეული) ადამიანის ცხოვრებას ახალ მიმართულებას აძლევს და მასვე პიროვნულად გარდაქმნის. იყვნენ თუ არა ისინი ასეთები თუ ასეთებად იქცნენ, როდესაც ვითარებამ თუ იგივე საზოგადოებამ, ცხოვრების ეტაპებმა და რეაგირებამ მომხდარზე, პასუხებმა სხვათა ქმედებაზე თუ საკუთარმა სურვილებმა დაიწყეს მოქმედება?
უკვე ნიღბებიც ახდილია და თითოეული მათგანის ნამდვილი ბუნება იჩენს თავს, მათი ნამდვილი სახეები მჟღავნდება, მათი ფარული თვისებები აშკარავდება, რასაც ერთმანეთს ან საგულდაგულოდ უმალავდნენ ან სხვის შინაგან სამყაროში შესვლის სურვილის არქონიდან, გულგრილობიდან გამომდინარე, ვერ ამჩნევენ.
ამ პროცესებს გადიან მსახიობები სცენაზე, მათ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს ნელ-ნელა ახალი თვისებები, ფერები, შტრიხები ემატებათ, მდიდარი და არაერთგვაროვანი.
ესაა მართლაც შესანიშნავი, მკვეთრად ინდივიდუალური მსახიობების ნაკრები, რომლებიც ანსამბლს ქმნიან და ამავე დროს, განზოგადებულ მოცულობით სახეებსაც.
სპექტაკლი გახსნილი და ამავე დროს სიმბოლური ფინალით სრულდება. ნუცა ბავშვს ელოდება ქმრისგან, რომელსაც დაშორდა, რომელმაც მიატოვა, მაგრამ მას აქვს უნარი, სასოწარკვეთაში არ ჩავარდეს, რაღაც შეცვალოს, რაღაც იმაზე მეტი ირწმუნოს, ვიდრე მანამდე სწამდა, საკუთარი თავის იმედიცა და რწმენაც მოემატოს და ცხოვრება გააგრძელოს.
სპექტაკლის თითოეულ გმირს, იძულებითი თუ ნებაყოფილებითი, მაგრამ რეალური არჩევანის გაკეთება უწევს და მომავლისკენ განსხვავებული მზერით გახედვა.
შემდეგ, უკვე მაყურებელსაც აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი – მოუძებნოს მათ საქციელს მოტივაცია, გაამართლოს ან გაამტყუნოს რომელიმე მათგანი, რადგან მისი დამოკიდებულებაც არაერთგვარია, მერყეობს, ხან თანაგრძნობით ივსება, რასაც ზოგჯერ ირონია და ხანაც “აგრესია” ცვლის, ხან კვლავ თანადგომა და სითბონაკლულ პეიზაჟზე მზის მიხატვის სურვილი…
ამ პროცესების, ცვალებადი და მყარი, მერყევი და სრული თავდაჯერებით აღსავსე შეგრძნებებით, გავლის შემდეგ კი, მას (მაყურებელს) უკვე სრული უფლება აქვს, ნანახი – სპექტაკლის გარეთ გაიტანოს – ე.ი. დააბრუნოს ყველაფერი იქ, საიდანაც დაიწყო – რეალურ ცხოვრებაში, რეალურ სამყაროში, გარშემო მიმოიხედოს და კიდევ ერთხელ დაინახოს, რა ხდება საზოგადოებაში, რომლის წევრიცაა და ამავე დროს, საკუთარ თავსაც, საქციელსაც, საკუთარ ცხოვრებისეულ პროცესებს, ცხოვრების წესს, გარშემომყოფთა მიმართ დამოკიდებულების ასპექტებს ჩაუფიქრდეს, შეაფასოს და, გნებავთ, პრინციპებსაც კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი.
ეს ტენდენცია – საზოგადოების (და არა, ინდივიდის) სულიერ მდგომარეობაზე ფიქრისა და საუბრის სურვილი, დღევანდელ ქართულ თეატრში აშკარად შეინიშნება და თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ამ პრობლემას სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ასპექტი და გამოვლინება აქვს, სხვადასხვა მიმართულება და, შესაბამისად, რეჟისორები, რომლებსაც, პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხები აინტერესებთ, სხვადასხვა ხედვის წერტილს ირჩევენ თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად და მხატვრულ ფორმაში მოსაქცევად. სცენურ განზომილებაში გადასატანად.
დიმიტრი ხვთისიაშვილის “პეიზაჟს აკლია სითბო” ისეთი სპექტაკლია, რომელიც საზოგადოების შინაგან სამყაროში, ფსიქოლოგიური შრეების სიღრმეებში იჭრება და მასში მიმდინარე პროცესებს ასახავს, მის საიდუმლოს ამოხსნის, რაც თანამედროვე საზოგადოებას არსებობისთვის ძალიან სჭირდება.

(დასასრული)

***

ა ვ ტ ო რ ე ბ ი:

Lela Ochiauri

ლელა ოჩიაური

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

2000 წლიდან კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის “ფიპრესი ჯორჯიას” (FIPRESCI) წევრი.

დაიბადა 1957 წლის 21 მაისს, თბილისში. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ფაკულტეტი მკვლევარის განხრით. 1980–1981 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში. 2005 წელს ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო წოდების მოსაპოვებლად დაიცვა დისერტაცია თემაზე – “პოეტური ტენდენციები თანემდროვე ხასიათის ძირების საძიებლად”.

1982–2006 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლია. პარალელურად კითხულობს ლექციებს ქართულ და მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკის თეორიაში, ჟურნალისტიკაში. 2005–2006 წლებში დაინიშნა კინოს ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კათედრის გამგედ. 2006 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

მუშაობდა: 1981–1982 – საქართველოს თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1991–1992 წლებში საქართველოს ტელე–რადიო კორპორაციის მეორე არხზე მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. 1991–1992 – “არიან – ქართლის” მთავარი რედაქტორად. 1991–1992 – სატ.პროგრამა “ტელე–სინე–ვიდეოს” თანაავტორად და წამყვანად; 1993–1994 ამავე პროგრამის კონსულტანტად და სხვ.

1996 წლიდან დღემდე გაზეთ “რეზონანსის” კულტურის მიმომხილველია. 1999 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. პირადად დააფუძნა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ასევე არაერთხელ ყოფილა სხვადახვა კონკურსების და კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

Dimitri Khvtisiashvili

დიმიტრი ხვთისიაშვილი


1989 წელს დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2003 წელს ამავე უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. (პედაგოგები ლილი იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე).
1989-1996 წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
1996-2000 წლებში ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2000 – 2003 წლებში იყო ვერიკო ანჯაფარიძისა და მერაბ კოსტავას სახელობის თეატრების დამდგმელი რეJისორი.
1989 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი.
1999 წლიდან დღემდე მუშაობს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გახმოვანების სტუდიის მთავარ პროდიუსერად. ცალკეულ დადგმებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. ავტორია წიგნებისა: “ლილი იოსელიანი”, “გივი ბერიკაშვილი”. ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი.

მოკლე ბიოგრაფია :

როლები:

სოლიონი – ა.ჩეხოვი “სამი და” რეჟ. ლილი იოსელიანი
ბეგლარ ჯინჭარაძე – დ.კლდიაშვილის “ქამუშაძის გაჭირვება” რეჟ. ოთარ ბაღათურია
ხრუსტალევსკი – ჯ.იოსელიანის “საქართველოს უკანასკნელი დედოფალი” რეჟ. მედეა კუჭუხიძე
ავალა – გ.რობაქიძის “გრაალის მცველნი” რეჟ. დავით ანდღულაძე
პოლიციელი – ფ.შილერი “ვერაგობა და სიყვარული” რეჟ. თემურ ჩხეიძე
რობერტ შოლცი – გ.ჰაუპტმანის “მშვიდობის დღესასწაული” რეჟ. ლილი იოსელიანი
მოხუცი – გ.ნახუცრიშვილი “ნაცარქექია” რეჟ. გოგი თოდაძე
ვანებდენი, დე სილვას მსახური, მოცეკვავე – კ.გუცკოვის “ურიელ აკოსტა” რეჟ. კ.მარჯანიშვილი, აღდგენა ს.ჭიაურელის
სტივი – ტ.უილიამსი “სურვილების ტრამვაი” რეჟ. ბექა ქავთარაძე
მოსამართლე – ქ. ბახუტაშვილი “ძველ სასამართლოში”. /“ძველი ვოდევილები”./ რეჟ. ვ.გოძიაშვილი, აღდგენა ე.ყიფშიძის.

დადგმები:

დ. კლდიაშვილი “ქამუშაძის გაჭირვება” /მარჯანიშვილის თეატრი/
ჯ.მონიავა “ჯვარცმული ბედნიერება” /რუსთავის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “ოქროს ნიღაბი” /1996წ./ პრემია ნომინაციაში – პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო სპექტაკლისათვის/ /ზუგდიდის თეატრი/
ო.ბაღათურია “ამიკო” – / 2000 წელს ყოველწლიური პრემია – წლის საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი./ /ზუგდიდის თეატრი/
ი.სოლომანაშვილი – “იყო ერთი სოფელი” /ზუგდიდის თეატრი/
კ.მახარაძე “აისბერგი თიკუნით – სტალინი” /ერთი მსახიობის თეატრი/
თ.ბაძაღუა “ღამე და თუთიყუში” /ერთი მსახიობის თეატრი/
რ.ბელეცკი “ახალგაზრდები” /თეატრალური სარდაფი/
ლ. როსება “პრემიერა” /თეატრალური სარდაფი/
ჯ.იოსელიანი “სტუმარი” /კოსტავას თეატრი/
ა.მილერი “მძიმე განსაცდელი” /კოსტავას თეატრი/
კიტა ბუაჩიძე “ეზოში ავი ძაღლია” /რუსთავის თეატრი/
შ.შამანაძე “ღია შუშაბანდი” /სასწავლო თეატრი/
თ.ჭილაძე “როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის” /სასწავლო თეატრი/
შ.დადიანი “გუშინდელნი” /სასწავლო თეატრი/
ე.დ.ფილიპო “მილიონერი ნეაპოლი” /სასწავლო თეატრი/
ლ. როსება “პრემიერა”. /სოხუმის თეატრი/

ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია მისი სპექტაკლები:

თ.ბართაია “პეიზაჟს აკლია სითბო”
ა.კასონა “ეუხენა ბალბოა” (ლ.წულაძესთან ერთად).

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები, სპექტაკლები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s