ლიკა მოლარიშვილი: ეთერი


ლიკა მოლარიშვილი

ეთერი

ეთერი
ბაბუა პეტრე
პეტიკო, მეტსახელად ბაცილა
დიტო
ბატონი ნიკო
მამა
ექიმი

პატარა ოთახი აივნით. აივანი თითქმის დაფარულია მცენარეებით. აქეთ-იქით ორი დეკორატიული პალმა დგას. შუაში კი _ ბამბუკის სავარძელი. ეთერი თმას ივარცხნის. ყურადღებით იხედება სარკეში. რეკავს ტელეფონი. გაბმული ზარი. ეთერი არ პასუხობს. ბოლოს წამოდგება. ტელეფონი ჩუმდება.

ეთერი _ ჩემი სახლი _ აი, ეს პატარა ოთახია! სამაგიეროდ აივანი მაქვს კარგი _ მთელი უბანი ხელისგულივით მოჩანს. მზიან ამინდში აქ ვჯდები და ვხატავ ილუსტრაციებს საბავშვო წიგნებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, დაკვეთის შესრულება დავაგვიანო. ჩვენი გამომცემლობის მთავარი რედაქტორი ისე გაავდება, მტრისას!..
აი, ვიღაც უსაშველოდ გრძელცხვირა კაცმა ჩაიარა. ნამდვილი მონაპოვარია. სასწრაფოდ უნდა ჩავიხატო. ახლა ზუსტად ,,სალამურას თავგადასავალზე’’ ვმუშაობ. გახსოვთ ქონდართუხუცესი? (სავარძელში ჯდება და ჩქარ-ჩქარა იწყებს ხატვას) დღეს ზღაპრებს ვინღა კითხულობს, არა? ძალიან ცუდი… რადგან ზღაპრები ვისაც უყვარს, იმას, ჩემი აზრით, ყველა და ყველაფერი უყვარს.
ისე, უნდა გამოვტყდე, მცენარეების მოვლა არ მიყვარს. სულ მავიწყდება, წყალი დავუსხა. მიკვირს, რისთვის მემადლიერებიან და როგორ არ ხმებიან საერთოდ. რა ვიცი, ალბათ შემეჩვივნენ და ცდილობენ, არ დაჭკნენ. (სარწყავს აიღებს და წყალს დაუსხამს პალმას) აი, ესეც პალმა! (თავს გამოყოფს ფოთლებში) კუნძულია, აბა რა. (ისევ ტელეფონის ზარი) ჰო, არც ტელეფონზე ლაპარაკი მიყვარს… (ზარი არ წყდება. ეთერი ოთახში შემოდის, ყურმილს უნდა დასწვდეს და ამ დროს ფეხს წამოკრავს ტახტს. ტელეფონი ჩუმდება)
შეუძლებელია, ამ ოთახში რამეს არ წამოედო. ნამდვილი კარცერია. მაგრამ სახლის პატრონი ისე იაფად ჰყიდდა, რომ ჩემმა დედინაცვალმა ხელიდან არ გაუშვა (გამოცვლილი ხმით) ,,ბრწყინვალე შანსი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა ადამიანს. მხატვრისთვის პირდაპირ მისწრებაა. თანაც იაფი. ღმერთო, რა იაფი!’’
რა თქმა უნდა, ასე რომ არ ყოფილიყო, დედინაცვალი არასოდეს მომიშორებდა, მაგრამ ახლა _ ისევ ჩემი ბედნიერების გამო _ სასწრაფოდ ამომწერა ჩვენი სამოთახიანი ბინიდან, სადაც თვითონ მამასთან და ჩემს პატარა ძმასთან ერთად დარჩა, დამშვიდებული სინდისით… წილი ხომ მივიღე _ საკუთარი ოთახი, სადაც წყნარად და დამოუკიდებლად შემიძლია ვიცხოვრო. რომელი ახალგაზრდა გოგო არ ოცნებობს ამაზე?.. მაგრამ მამაჩემი, როცა აქ მოდის, მაინც დამნაშავესავით აწურული დგას, არაფრით არ ჩამოჯდება და აუცილებლად აი, ამ ლარნაკის ქვეშ ტოვებს ხოლმე თავისი პატარა ხელფასის პატარა ნაწილს. (ნაბიჯებით გადაზომავს ოთახს) ერთი, ორი, სამი, ოთხი!..
უნდა ითქვას, თვითონ სახლის პატრონიც არ ცხოვრობს უკეთეს პირობებში. ჰყიდა, ჰყიდა და ბოლოს თავისთვის ერთი ოთახი დაიტოვა, თანაც აივნის გარეშე… ის კარგი კსცია. მართალია, პროფესორია, მაგრამ ძალიან თავმდაბალია. მითხრა, ბაბუა დამიძახეო და მეც ბაბუას ვეძახი. მგონი, ძალიან ენატრება თავისი შვილიშვილი. წესით, რატომ უნდა ენატრებოდეს _ მის გამო გაყიდა, თუკი რამ გააჩნდა, მაგრამ ეტყობა, ჩემი მცენარეების არ იყოს, სხვანაირად არ შეუძლია. შვილიშვილი კი ციხეში ზის. როგორც გავიგე, მთელი ზედა სართული მის პირველ პატიმრობას შეეწირა _ მაშინ ციხიდან გამოიხსნა. ხოლო როცა მეორედ დაიჭირეს, აი, ამ ოთახის საფასურით, ოთხწლიანი სასჯელი გაუნახევრეს. ასე რომ, ჩემი ბინა არც ისე იაფია _ თავისუფლების ორ წელს უდრის. ვერ ვიტან იმ ბიჭს, თუმცა, თვალითაც არ მინახია. მაგრამ სულ ერთია, ბაბუა ხომ გაამწარა. თანაც, კაცს რომ ბაცილა ერქმევა მეტსახელად, იმისგან კარგს რას უნდა მოელოდე?

პეტრე (პატარა სამზარეულოში ფუსფუსებს) _ უბრალოდ, პეტიკოს ბავშვობაში მიკროსკოპში ცქერა უყვარდა. ბაქტეოროლოგია აინტერესებდა, ეს არის და ეს.
ეთერი (ნახატს ათვალიერებს) _ მშვენიერი გამოვიდა. არადა, მთელი კვირა თავს ვიმტვრევდი ამ პერსონაჟზე. აი, როცა ანდერსენის ზღაპრებს ვასურათებდი, პრინცის სახეზე ბევრი არ მიფიქრია. პრინცი ხომ აქვე (თითს აიშვერს ჭერისკენ), ზედა სართულზე ცხოვრობს. მას აქვს ნამდვილი ქერა თმა და გასაგიჟებელი ლურჯი თვალები. ადრე, თურმე ქვევით ჰქონდა ბინა, მაგრამ მერე ბატონი პეტრეს შვილიშვილი დაიჭირეს და ჩემი დედინაცვლის არ იყოს, შანსი არ დაკარგა. გაფართოებაც ამას ჰქვია _ მთელი ორი სართული!
პეტრე _ პეტიკო და დიტო ერთ კლასში სწავლობდნენ. პეტიკო ხუთოსანი, დიტო _ სამოსანი.
ეთერი _ დიტო პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერია. მის გამო თითქმის არც ერთ პოლიტიკურ შოუ-პროგრამას არ ვტოვებ უნახავს. საბედნიეროდ, ხშირად იწვევენ ტელევიზიაში. არადა, ვინმემ რომ მკითხოს, რაზე ლაპარაკობსო, ვერ ვუპასუხებ. არაფერი მესმის, მხოლოდ ვუყურებ და ვუღიმი…(იღიმება)
პეტრე (ეძახის) _ ეთერ!
ეთერი _ დიახ, ბაბუა პეტრე!
პეტრე _ დღეს არ მუშაობ?
ეთერი _ დღეს ხომ კვირაა, ვისვენებ.
პეტრე _ ააა… მოდი, თუ შეგიძლია, ერთი ეს ტკბილი ფლავი გამისინჯე. პეტიკოს მინდა შევუგზავნო. უყვარს ძალიან.
ეთერი (გაგულისებული. თავისთვის) _,, პეტიკოს უყვარს!’’ მე მაგ ტკბილ ფლავში ნახევარ კილო მარილს გავურევდი. (შედის სამზარეულოში) ეს ჩვენი საერთო სამზარეულოა. (კოვზით იღებს საჭმელს) ძალიან გემრიელია… თქვენ ისევ მარტო მიდიხართ?
პეტრე _ აბა ვინ გამყვება? ნუ გეშინია, ეთერიკო, მგელი არ დამხვდება გზაში. შენ თითქოს საკუთარ ილუსტრაციებში ჩასახლდი. ვეღარ გამოდიხარ ზღაპრებიდან.
ეთერი _ მაგრამ ეს კოლონია!.. (გაურკვეველი ჟესტი)
პეტრე _ კოლონიაში საშინელი ბანდიტები ცხოვრობენ, არა? ეჰ, მისი დანახვა მაინც შემეძლოს.
ეთერი _ ასეთი მკაცრი რეჟიმია?
პეტრე _ არა, უბრალოდ მე უკვე ვეღარ ვახერხებ, პეტიკოსთან შეხვედრის საფასური გადავიხადო. (ჩანთას აიღებს) ნახვამდის, ეთერიკო. აი, ესეც თანამედროვე ზღაპარი შენთვის _ ბაბუა მიდის შვილიშვილთან კალათით. (გადის)
ეთერი (მუშტებს შეკუმშავს) _ როგორ ვერ ვიტან მაგ ბიჭს!
(კარზე ზარს რეკავენ)
ეს მამაჩემია! შემპირდა, რომ ჩემს პატარა ძმას მოიყვანდა. (კარს აღებს. შემოდის მამა)
მამა _ გამარჯობა.
ეთერი (კარში იხედება) _ დათუნა სად არის?
მამა _ ჩოგბურთზე წაიყვანა დედამისმა.
ეთერი (იმედგაცრუებული) _ რაღა ახლა გამოუხტა ეს ჩოგბურთი.
მამა _ როგორ ხარ?
ეთერი _ შენ?
მამა _ მე, რა… გამხდარი მეჩვენები. არაფერს ჭამ?
ეთერი _ ბაბუა პეტრე სადილის გარეშე არ მტოვებს, ხომ იცი.
მამა _ გამაგიჟებ შენ! ამხელა გოგო ხარ. მეზობლის და თანაც, მოხუცი კაცის გაკეთებულ საჭმელს რა გაჭმევს. იქით უნდა გაუკეთო და მიაწოდო.
ეთერი _ კარგად მოგეხსენება, რა უსაქმური ვარ. არაფრის მომზადება არ შემიძლია.
მამა _ ნინული ხომ გასწავლიდა?
ეთერი _ ჰო, ნინული გამოჩენილი კულინარია. ტორტებს ისევ აცხობს?
მამა _ მოსულიყავი და გენახა.
ეთერი _ დათუნა ძალიან მენატრება, მაგრამ მაინც არ მოვალ. გესმის? არასოდეს.
მამა _ რა მოგივიდა?
ეთერი _ არაფერი.
მამა _ ფული გაქვს?
ეთერი _ გადასაყრელი. ახლა ვიჯექი და ათლარიანებისგან თვითმფრინავებს ვაკეთებდი.
მამა _ რა მგივიდა?
ეთერი _ არაფერი. (პაუზა)
მამა _ არა ხარ მართალი.
ეთერი _ ვიცი.
მამა _ ნინულის შენთვის მხოლოდ კარგი უნდა.
ეთერი _ კარგი უნდა, ოღონდ _ შორიდან.
მამა _ როცა შენთან მოვიდა, სკამიც არ შესთავაზე. მასაც აქვს თავმოყვარეობა.
ეთერი _ მართალია, თავხედურად მოვექეცი. არადა, რამდენი ირბინა, რომ ეს ბინა მოეძებნა ჩემთვის. მერე თავისი ხელით მოაწესრიგა აქაურობა, ფარდები დაკიდა.
მამა _ კარგია, რომ ხვდები.
ეთერი _ ყოველთვის ნორმალურად მექცეოდა.
მამა _ აი, ხომ ხედავ, თვითონვე აღიარე.
ეთერი _ თმაც არ აუწიწკნია ჩემთვის.
მამა _ რა თქმა უნდა!
ეთერი _ დედას კი ისეთი მწარე ხელი ჰქონდა… ერთხელ და ორჯერ კი არ მივუტყეპივარ.
მამა _ ჰოო? რაღაც ვერ ვიხსენებ.
ეთერი _ მე კი კარგად მახსოვს. გაჯავრებაც გიჟური იცოდა და მოფერებაც…
მამა (ყოყმანით) _ ზეგ დათუნას დაბადების დღეა.
ეთერი _ ვიცი.
მამა _ ხომ მოხვალ?
ეთერი _ არ ვიცი.
მამა _ მე წავალ (საათზე იხედება) მეჩქარება.
ეთერი _ დღეს ხომ კვირაა.
მამა _ ჰო, მაგრამ საქმეები მაქვს.
ეთერი _ ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლის არ იყოს, სკამზე რატომ არ ჯდები, გეშინია, ჭიკარტები არ შეგესოს?
მამა _ რა ტიპი ხარ… კარგი, წავედი.
(ეთერი ზურგს შეაქცევს. მამა თავს გადააქნევს, მერე ფულს ამოიღებს, ლარნაკის ქვეშ ამოდებს და გადის)
ეთერი (პაუზის შემდეგ) _ არ მჭირდება ეგ შენი ფული! ათასჯერ ხომ არ უნდა გაგიმეორო? აი, ხელფასს ავიღებ და როგორმე გავიტან თავს. ბატონი ნიკო _ ჩვენი მთავარი რედაქტორი _ გარეგნულად არის მკაცრი და მოსაჩვენებლად ყვირის, თორემ ისე, ვიცი, ძალიან ვუყვარვარ. პრემიის გარეშე არასოდეს მტოვებს… მე ფულს ვაგროვებ. დათუნას ბულდოგის ლეკვი უნდა ვუყიდო. რამდენი ხანია, ამაზე ოცნებობს. დიახ, დიახ, კეთილი ინებებთ და იმ აზრს შეეგუეთ, რომ თქვენს გაწკრიალებულ ბინაში ისევ გეყოლებათ მეოთხე მობინადრე. თანაც, საშინლად ხმაურიანი, ბრაზიანი და მომთხოვნი. (ტელეფონის ზარი. გაბმით)
ოოო, ვგრძნობ, ეს ბატონი ნიკოა. გამორიცხულია, რომ არ ვუპასუხო. თუმცა, ძალიანაც არ მინდა. (ყურმილს აიღებს) ალო!.. (ყურმილს განზე გასწევს) ხომ ვამბობდი! (ყურმილში, ნაზად) დიახ, ბატონო ნიკო. (განზე) რას გაჰყვირის? ხმადაბლა ლაპარაკი არ შეუძლია და მოკალით. (ყურმილში) გასაგებია, ბატონო ნიკო, რატომ ნერვიულობთ?.. გითხარით, ორშაბათს მზად იქნება-მეთქი… დიახ, მოვიტან… რა თქმა უნდა… ნახვამდის, ბატონო ნიკო! (ყურმილს დებს) თავს იზღვევს. ურჩევნია, წინასწარ დაუღრინოს თანამშრომლებს. მუშაობის თავისებური მეთოდი აქვს. (ჩაფიქრდება) ასეთი უცნაურები არიან მამაკაცები ჩემს ირგვლივ… ჩემი მამაკაცები. (თითებზე ითვლის) ბაბუა პეტრე, ბატონი ნიკო, მამა, დათუნა… (მანქანის საყვირის ხმა) აი, ჩემი მთავარი მამაკაცი! ეს მისი მანქანის სიგნალია. დღეს არც ის მუშაობს. რა ბედნიერებაა. ნეტა სახლში დარჩეს და ეზოში იტრიალოს. მანქანა გარეცხოს, თუმცა, ეგ თვითონ არ რეცხავს მანქანას… ან რა ვიცი _ უცებ, სასწაული მოხდეს და რამეზე დავჭირდე. (კარზე აკაკუნებენ. ეთერი კარს აღებს)
დიტო _ უკაცრავად… გამარჯობა. ხომ არ იცით, ბატონი პეტრე სად წავიდა?
ეთერი (დაბნეული და აღელვებული) _ ვინ?
დიტო _ ბატონი პეტრე.
ეთერი _ ააა, ბაბუა პეტრე?
დიტო _ დიახ.
ეთერი _ ის წავიდა.
დიტო _ ჰოდა, ხომ ვერ მეტყვით, სად წავიდა?
ეთერი (გაბრუებული) _ ბაბუა პეტრე წითელქუდასთან წავიდა.
დიტო _ ვისთან?
ეთერი _ თავის შვილიშვილთან.
დიტო _ ჰოო, გასაგებია. დიდი ბოდიში. (წასვლას აპირებს)
ეთერი (მისდევს) _ მე ვერ დაგეხმარებით?
დიტო _ არა, რაღაც წიგნი მჭირდებოდა.
ეთერი _ მართლა? მეც მოვუსმინე, ვიღაც ოპონენტი რომ გეუბნებოდათ: წიგნში ჩაიხედეო! (უხერხული პაუზა) წიგნი მართლა საოცრებაა, არა?
დიტო _ მეც ასე მგონია. (მიდის)
ეთერი _ ჩვენ მეზობლები ვართ. უკვე წელიწადზე მეტია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ საერთოდ, მამჩნევ… მე კი შენზე ყველაფერი ვიცი. ვიცი, როდის იღვიძებ, როგორი ინტონაციით ლაპარაკობ ტელეფონზე _ სულ სხვანაირად, ვიდრე სატელევიზიო გადაცემებში. ორშაბათს ლურჯი ჰალსტუხი გიკეთია, სამშაბათს _ შინდისფერი, ოთხშაბათობით _ ჟირაფივით ზოლიანი… მე უჰალსუხოდ უფრო მომწონხართ.
შენს გამო საშინელი რამ ჩავიდინე _ ვიქურდე. ბაბუა პეტრეს ალბომიდან ფოტოსურათი მოვიპარე, სადაც სკოლი მერხზე შენ და პეტიკო ხართ გადაღებული. მართალია, ის ბანდიტი ამოვჭერი და გადავაგდე, მაგრამ შენი თავი სათუთად მაქვს ჩასმული ჩარჩოში და სამსახურში, მაგიდაზე მიდევს. ვინმემ რომ ნახოს, ვერც დაეჭვდება. უი, ეს შენი პატარა ძმა არისო? მეკითხებიან. (ჩაფიქრდება) ისე, მე მგონი, ბაბუა პეტრე რაღაცას ურევს: `პეტიკო ხუთოსანი, დიტო _ სამოსანი…~ როგორ დავიჯერო?
პეტრე (თავის ოთახში შედის) _ პეტიკომ მერვე კლასში აურია. მანამდე წარჩინებით სწავლობდა. (სკამზე ჯდება. გულზე იკიდებს ხელს) ეთერიკო!
ეთერი _ უკვე დაბრუნდით? (გადის მასთან) ცუდად ხომ არა ხართ?
პეტრე _ წნევა გამიზომე, შვილო, თუ არ შეწუხდები.
ეთერი _ არა გრცხვენიათ? (წნევას უზომავს) ამ სიცხეში კოლონიაში წახვედით. წნევა აგეწეოდათ, აბა რა.
პეტრე _ ძალიან მაღალია?
ეთერი _ არც ისე. (წამალსა და წყალს აწვდის) ახლავე გადაყლაპეთ.
პეტრე _ უკვე ივახშმე?
ეთერი _ თქვენ გელოდებოდით. (სიცილი აუტყდება) რა კარგი მეზობელი ვარ, არა? მაგრამ თვითონვე მიმაჩვიეთ… ჰოდა, ახია თქვენზე.
პეტრე (იღიმება) _ შენ არხეინად იყავი. ჩემთვის ძნელი არ არის მზარეულობა. მას მერე, რაც მე და პეტიკო მარტო დავრჩით, სხვა რა გზა მქონდა _ ბიჭს საჭმელსაც მე ვუკეთებდი და ვურეცხავდი კიდეც.
ეთერი _ თქვენ ის ნახეთ?
პეტრე _ არა, შვილო.
ეთერი _ ძალიანაც კარგი.
პეტრე _ რატომ?
ეთერი(დარცხვენილი)_ მაპატიეთ. მე უბრალოდ ვეჭვიანობ… თქვენ ისე ძალიან გიყვართ იგი… ( მის გვერდით ჯდება და ლოყაზე ჰკოცნის)

2

ეთერი ტახტზე წევს. ყელი შეხვეული აქვს. თერმომეტრს ამოიღებს, დახედავს და ამოიოხრებს.

ეთერი _ ისევ 38… რა თქმა უნდა, სისულელე იყო გუშინდელ ამინდში კინოში წასვლა. მით უმეტეს, რომ სანახავადაც არაფერი ღირდა. ან იმდენი ნაყინი რაღამ მაჭამა? ხომ ვიცი ჩემი ყელის ამბავი. გავეჯიბრე რა მეც იმ არანორმალურებს. ეგენი პინგვინებივით არიან, მე კი…
პეტრე(შემოდის რძით სავსე ჭიქით) _ აბა, როგორ ხარ, ეთერიკო?
ეთერი _ კარგად. ნუ შემოდიხართ რა, გადამდები არ იყოს. იქნებ ვირუსია. ქათმის გრიპი.
პეტრე _ გრიპი კი არა, გაციებული ხარ. ხმა რომ ჩაგეხრინწა, ვერ ატყობ? ექიმს უნდა გამოვუძახოთ.
ეთერი(შეშინებული) _ არა, არა! ძალიან გთხოვთ. უბრალო ამბავია.
პეტრე _ ნუ ჯიუტობ. აგერ, დავრეკავ უცებ. ჩემი ამხანაგის შვილია, მშვენიერი ექიმი. არ დამამადლის, მოვა და გაგსინჯავს. (ტელეფონს დასწვდება. ეთერი შეუმჩნევლად გამოაძრობს შნურს) ალო, ალო!.. რა დაემართა ამ ტელეფონს.
ეთერი _ ასე ითიშება ხანდახან.
პეტრე _ არა უშავს, ჩემგან გადავრეკავ. შენ კი მანამდე, ეს თბილი რძე დალიე.
ეთერი _ რძეს დავლევ, თქვენი ხათრით, თუმცა ცხოვრებაში არ გავკარებივარ. ოღონდ, გეხვეწებით, ექიმი არ გინდათ რა… აბა, რა საჭიროა?
(პეტრე გადის. ეთერი ისევ შეაერთებს ტელეფონს. ის მაშინვე რეკვას იწყებს) ნეტა, ვის გავახსენდი. ვინც არ უნდა იყოს, არ ვუპასუხებ. ისეთი ხმა მაქვს, იფიქრებენ, სხვაგან მოვხვდითო. (ტელეფონი ჩუმდება) როგორ ვერ ვიტან ავადმყოფობას… ისე, მსუბუქად ავად გახდომას ალბათ არა უშავს. კარგია, როცა შენზე ვინმე მზრუნველობს. მაგრამ მე მომაკვდავი ხოჭოსავით ვწევარ და ვაწუხებ წნევიან, ხნიერ ადამიანს. რა საზიზღრობაა!
პეტრე(შემოდის) _ რა არის საზიზღრობა, რძე?
ეთერი _ არა, რძე კი არა…
პეტრე _ ახლა ექიმი მოვა.
ეთერი _ მაინც დაურეკეთ, არა? არ მესმის, რატომ ზრუნავთ ჩემზე. მე ხომ სანაცვლოდ არაფერს გიკეთებთ.
პეტრე _ ნეტა რა უნდა გამიკეთო?
ეთერი _ რა ვიცი. აი, თუნდაც, პერანგები რომ დაგიუთოვოთ…
პეტრე _ ჩემს პერანგებს შენ ვერ განდობ.
ეთერი _ მართალია… რა უმაქნისი ვარ, არა? წესიერად ჭურჭლის გარეცხვაც კი არ შემიძლია. უკვე ოთხი თეფში გაგიტეხეთ.
პეტრე _ ეგ არაფერი.
ეთერი _ ნუ მამშვიდებთ. როცა ტემპერატურა მიწევს, ჩემს თავს გარედან ვუყურებ და თვითკრიტიკული ვხდები.
პეტრე _ მშვენიერი გოგო ხარ, დაწყნარდი.
ეთერი _ თქვენ ყველას ასე ეუბნებით. ოროსან სტუდენტებსაც კი უწერთ ჩათვლებს და კარგ ნიშნებს. ასე არ შეიძლება… ცხოვრება გართულდა.
პეტრე (შუბლზე ხელს ადებს) _ ძალიან მაღალი სიცხე გაქვს. რა ვქნა ახლა?
ეთერი _ სამაგიეროდ, ყველას ვაჯობე.
პეტრე _ ყველას აჯობე?
ეთერი _ ჰო, ექვსი ულუფა ნაყინი შევჭამე.
პეტრე _ რა ბავშვობაა!
(ზარი. პეტრეს შემოჰყავს ექიმი. ეთერი საბანს იფარებს თავზე)
ექიმი _ როგორა ხარ, ძია პეტრე?
პეტრე _ მე კარგად… ბავშვს კი ყელი აქვს გადაკეტილი. ბევრი ნაყინი უჭამია სანაძლეოზე.
ექიმი _ რა სისულელეა. სიცხე აქვს?
ეთერი (თავს ამოჰყოფს საბნიდან) _ 38.
ექიმი (გაკვირვებული) _ ეს არის ბავშვი? (პეტრე სკამს დაუდგამს და გადის)
ეთერი _ თითქოს მართლა დავპატარავდი. თავი ცერცვის მარცვალი მგონია.
ექიმი (სინჯავს) _ რამდენი წლის ხართ?
ეთერი _ ოცდაორის.
ექიმი _ ჰოო? კარგად არ იკვებებით? (ზურგზე დაუკაკუნებს)
ეთერი _ რაზე შემატყვეთ?
ექიმი (გაიცინებს) _ ნეკნებზე.
ეთერი _ თქვენ ნეკნებს მითვლით თუ ფილტვებს უსმენთ?
ექიმი _ ჰმ… ერთი, ჩაახველეთ!… ფილტვები სუფთაა. შეიძლება, ყელში ჩაგხედოთ?
ეთერი _ მე მგონი, ყელიდან უნდა დაგეწყოთ.
ექიმი _ შენ რა ენამწარე ყოფილხარ.
ეთერი _ ენა მართლაც მწარე მაქვს, თითქოს დარიშხანი გადავყლაპე. რატომ?
ექიმი _ იმიტომ, რომ ანგინა გაქვს.
ეთერი _ მართლა? მე კი სამსახურში ვარ წასასვლელი. ნახატები რომ არ მივიტანო, გაგიჟდებიან. ამ კვირაში წიგნი უნდა ჩაუშვან.
ექიმი _ უთქვენოდ ჩაუშვებენ. (რეცეპტს წერს) მანამდე კი, აი ეს დალიეთ. სიცხის დამწევია. (აბს აწვდის)
ეთერი _ რა გრილი ხელები გქონდათ… როგორც დედაჩემს.
ექიმი _ ჰმ. (ქვევით ბავშვების ყიჟინი და მინის მსხვრევის ხმა) იმედი მაქვს, ეს ჩემი მანქანის მინები არ აღმოჩნდება. (აივნიდან გაიხედავს) ფეხბურთს თამაშობენ. (ბურთი აივანზე ამოვარდება. ექიმი იჭერს. გაკვირვებული) სად ურტყამენ?
ეთერი _ რას იზამთ, სივიწროვეა.
ექიმი (უკანვე აგდებს ბურთს) _ ჰო. მეც ასეთ `იტალიურ~ ეზოში ვცხოვრობ.
ეთერი _ გყავთ ცოლი და რვა შვილი.
ექიმი (იცინის) _ რვა არა, ორი.
ეთერი _ ასეთ ეზოებს ბევრი ბავშვი უხდება. ბევრი გაფენილი სარეცხი და აივანზე გადმომდგარი მყვირალა დედები.
ექიმი _ ნუ ლაპარაკობთ. და ეცადეთ, ბევრი სითხე მიიღოთ: ჩაი, რძე, მინერალური წყალი.
ეთერი _ ბევრი ბავშვი, ბევრი სარეცხი, ბევრი წყალი… (აცემინებს)
პეტრე (შემოდის) _ აბა, როგორ არის საქმე?
ექიმი _ არაფერი ისეთი. ეს ორი თავი წამალი და ფეხზე დადგება.
პეტრე _ მეც შენთან ერთად წამოვალ. აფთიაქში შევივლი.
ეთერი _ გეხვეწებით, არ გინდათ რა! მე თვითონ შევივლი აფთიაქში.
(უკვე ნაცნობი მანქანის სიგნალი. გაბმულად, თითქოს ბრაზით)
პეტრე _ დიტოა. ეტყობა, შენს მანქანას ვერ აუარა გვერდი.
ექიმი (ისევ გადაიხედავს ქვევით) _ ეს ნაძირალა თქვენი მეზობელია?
ეთერი _ ვისზე ამბობთ?
ექიმი _ წავედით, ძია პეტრე, თორემ გამიბრტყელებენ ჩემს საცოდავ, ძველ მეგობარს.
ეთერი _ ვინ არის თქვენი მეგობარი?
ექიმი _ `ჟიგული~. ნახვამდის. (ექიმი და პეტრე გადიან)
ეთერი _ მადლობა, ექიმო… თქვენ პატარა, სასაცილო ულვაშები გქონდათ და მალამოსავით ხელები. მე აუცილბლად დამესიზმრებით. ხოლო როცა გამოვჯანმრთელდები, დუელში გამოგიწვევთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს პრინცს ნაძირალა უწოდეთ.
(კარზე ზარს რეკავენ)
ეთერი (ჩახრენწილი ხმით) _ ღიაა! (აკაკუნებენ) როგორ, არ არის ღია? (წამოდგება და პიჟამისამარა მიდის კარებთან, იხედება სათვალთვალოში) ვაიმე, ბატონი ნიკო!.. (ეძახის) ახლავე! (სარკესთან ჩქარ-ჩქარა ივარცხნის თმას. მერეღა აღებს კარებს)
ბატონი ნიკო _ სახლში ხარ? კარს რატო არ აღებ? ერთი საათია, ვაკაკუნებ. ტელეფონს რატომ არ პასუხობ? მთელი დღე გირეკავ. ასე არ შეიძლება, გენაცვალე. მე თუ ყველა თქვენგანთან სახლებში ვირბინე, კარგად წავა ჩემი საქმე. (ოთახში დადის. ეთერს ზედ არ უყურებს) აქ ცხოვრობ? ეს რა არის? (ნახატს დასწვდება)
ეთერი _ ვაიმე!
ნიკო _ ჩემი კარიკატურაა? ყოჩაღ! ამისთანა საშინელი ვარ? პირიდან ცეცხლს რატომ ვაფრქვევ, დრაკონი ხომ არ გგონივარ?
ეთერი _ ეს ზღაპრის ილუსტრაციაა, ბატონო ნიკო.
ნიკო _ მერე, მე რატომ მგავს?
ეთერი _ რა ვიცი, ისე… (ტახტზე ჩამოჯდება)
ნიკო (ახლაღა შეხედავს) _ შენ რა დაგემართა? ავად გახდი?
ეთერი _ ცოტათი.
ნიკო _ მოიცა, აქ მარტო ხარ?
ეთერი _ დიახ.
ნიკო _ რატომ? დედა, მამა… გათხოვილი არა ხარ?
ეთერი _ არა.
ნიკო _ აბა, სულ მარტო ცხოვრობ?
ეთერი _ დიახ.
ნიკო _ რა გჭირს?
ეთერი _ ანგინა.
ნიკო _ ანგინა! დიდი ამბავი! დღეს გაფიცვა ხომ არ მომიწყვეთ? კორექტორის გარდა არავინ მოსულა.
ეთერი _ ეტყობა, იმათაც ანგინა აქვთ.
ნიკო _ ცარიელ ენთუზიაზმზე ვმუშაობ. ღირსები ხართ, ხელფასის გარეშე დაგტოვოთ. გამომცემლობა უმადური საქმეა, წამგებიანი… სად არის ნახატები? რა თქმა უნდა, საქმე ბოლომდე არ მიგიყვანია!
ეთერი _ როგორ არა. ყველაფერი აქ დევს. (აწვდის საქაღალდეს)
ნიკო _ თუ არ მომეწონა, იცოდე!.. (ათვალიერებს)
ეთერი _ როგორია?
ნიკო _ რა უჭირს. წამხდარ საქმეზე გამოდგება.
ეთერი _ ძალიან კეთილი ხართ. ბიძაჩემის ლაბრადორს მაგონებთ _ ყეფს, ყეფს, მაგრამ არ იკბინება.
ნიკო _ აჰა, ესე იგი, ლაბრადორს.
ეთერი _ ამის თქმა არ მინდოდა.
ნიკო(ოთახში დადის) _ კურიერი ბიჭი რომ კურიერი ბიჭია, ისიც არ მოვიდა.
ეთერი _ დაბრძანდით, რამეს არ დაეჯახოთ.
ნიკო _ სამსახური ჩემი ოჯახია. ცოლი, შვილი, ყველაფერი… რატომ თქვენთვისაც იგივე არ არის?
ეთერი _ თქვენ მარტო ცხოვრობთ, ბატონო ნიკო?
ნიკო _ საქმე უნდა გიყვარდეს. რაღაც ხომ უნდა გიყვარდეს? (ტახტზე ჩამოჯდება. ეთერი ხელს შეახებს. ნიკო შეხტება)
ეთერი _ დაწყნარდით.
ნიკო _ როგორ მიშლით ყველანი ნერვებს და მერე კიდევ მეუბნებით, რა განერვიულებსო. (მიხედავს) წამლები გაქვს?
ეთერი _ დიახ, წამლებიც და საერთოდ ყველაფერი.
ნიკო _ აქ მოწევა არ შეიძლება ხომ?
ეთერი _ მოწიეთ, მოწიეთ, ძალიან გთხოვთ!
ნიკო _ უცნაური კია, ყოველდღე ამ ქუჩაზე დავდივარ და არ ვიცოდი, აქ თუ ცხოვრობდი.
ეთერი _ დიახ, წყნარი ქუჩაა. ეზოც ხომ მშვენიერია?
ნიკო(იფეთქებს) _ ასე ახლოს ყოფილხარ სამსახურთან და მაინც აგვიანებ!
ეთერი _ უბრალოდ, მე ყველა წვრილმანს ვაკვირდები, როცა გზაში ვარ.
ნიკო _ საყვედურსაც ვერ გეტყვის კაცი წესიერად.
ეთერი _ როგორ? თქვენ ხომ სულ მიჯავრდებით?
ნიკო _ გიჯავრდები, მაგრამ თვალებში ვერ გიყურებ.
ეთერი _ ჰო, მართლაც. რატომ? (ხელს ჩაჰკიდებს) შემომხედეთ და რამდენიც გინდათ, იყვირეთ.
ნიკო(წამოხტება) _ ასორმოცდაათ კილოს ვიწონი. არ გეშინიათ, რომ თქვენს გადამკიდეს გული გამისკდება? ქონში ჩაფლული, საცოდავი გული. (ნახატს აიღებს) დროზე გამოჯანმრთელდი! (გადის)
ეთერი _ არაფერი მესმის… ბატონი ნიკო, ჩვენი უზარმაზარი კარადა-კაცი… არაჩვეულებრივად მღერის და ცეკვავს კიდეც. სიმსუქნის მიუხედავად, ისეთი მოქნილია, როგორც პლასტელინი. ნუთუ თქვენი პატარა, ტანთხელი ცოლი თქვენგან წავიდა, ბატონო ნიკო? ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხვდებით და რა ცოტა ვიცით ერთმანეთის შესახებ…
პეტრე (შემოდის წამლებით ხელში) _ აი, მეც მოვედი. კიბეზე ვეებერთელა კაცს შევეფეთე. მივხვდი, გვერდს ვერ ავუვლიდი და ისევ დაბლა მომიხდა ჩასვლა. ასე, რომ ზედმეტი ოცი საფეხური გავიარე. (გულზე იკიდებს ხელს)
ეთერი _ რა მოგივიდათ?
პეტრე _ არაფერი. შენ რატომ ადექი?
ეთერი _ მიიხედეთ რა, ახლავე დავწვები.
პეტრე (აივნის კართან მიდის) _ რაღაც საოცარი ამინდია. სირცხვილი არ არის, გაზაფხულის ასეთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა გოგონა საწოლში იწვეს, ძალად აკიდებული ავადმყოფობის გამო. ასეთ ალერსიან დღეს სახლში ჯდომაც დანაშაულია. ( ჩაფიქრდება) მზე ალბათ ყველაზე ყრუ კედლებშიც აღწევს… (მობრუნდება და გაუღიმებს) მაგრამ ისე, ცოტა ხანს მეც უნდა წამოვწვე. რაღაც გადავიღალე თითქოს… (კართან მიდის)
ეთერი _ ბაბუა პეტრე!
პეტრე (მოიხედავს) _ ბატონო.
ეთერი _ ძალიან მიყვარხართ.
(სინათლე ქრება)

3.

ზაფხულის წვიმიანი დღე. ეთერი მოწყენილი დგას აივნის ღია კართან.
ეთერი _ სამი დღეა, გადაუღებლად წვიმს. მალე ზაფხული გავა. რა სწრაფად მიდის დრო… თითქოს პატარა, მოუსვენარი ჩიტი გიჭირავს ხელში და როგორც კი თითებს გაშლი _ ფ რ რ … ისედაც ხანმოკლეა აგვისტო და კიდევ წვიმები… როცა ბაბუა პეტრეს ვასაფლავებდით, მაშინაც წვიმდა. და მე ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან მზიან ამინდში მას ალბათ დაენანებოდა მშვენიერ, ალერსიან შუადღესთან გამოთხოვება.
პეტიკო-ბაცილა თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვიდა და სახლში ზის. სახლში _ ერთ პატარა ოთახში. მე უწინდებურად ვერ ვიტან მას. ვიცი, რომ ბაბუა პეტრეს ხათრით, ცოტათი მაინც კეთილგანწყობილი უნდა ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. ზოგჯერ კიბეზე ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ თითქოს ვერც მამჩნევს და რატომღაც მგონია, რომ სურს, თვითონაც შეუმჩნეველი დარჩეს. როცა სახლშია, მასთან გამუდმებით დადიან ისეთივე უცნაური, დამუნჯებული ბიჭები _ ნაირ-ნაირი მიკრობები… თუმცა, ზოგიერთ მათგანთან სადავო არაფერი მაქვს _ ბაბუა პეტრეს თავს დასტრიალებდნენ, ღამეებსაც უთევდნენ და ბოლოს, საკუთარი მხრებით ზიდეს სასაფლაომდე. მაგრამ მაინც, ერთი დიდი მიკროსკოპი მინდა, რომ კარგად შევისწავლო მათი შინაგანი სამყარო: რითი სუნთქავენ, რა ამოძრავებთ…
(სამზარეულოში გადის) აი, მგონი მეც გავიწაფე დიასახლისობაში. ჭურჭელსაც აღარ ვამტვრევ. (სკამზე შედგება, კარადიდან რაღაც უნდა გადმოიღოს, ამ დროს ჭიქა გადმოვარდება და გატყდება) ო, არა! ჩემი საყვარელი, საყვარელი ლურჯი ფინჯანი… (ნამტვრევებს აგროვებს და გულში იხუტებს) ჩემი ბავშვობის სახსოვარი, ვანილიანი კაკაოს სურნელი… (სანაგვეში აგდებს. მიიხედ-მოიხედავს) რა წესრიგია. ეს ბიჭი საერთოდ არაფერს ჭამს. ხომ ვამბობდი? ნეტა, რითი არსებობს? (ჩაის დაისხამს. რადიოს რთავს)
დიტოს ხმა რადიოდან _ `ჩვენი ენერგია, ახალგაზრდობა მთლიანად მოხმარებული იქნება ქვეყნის კეთილდღეობაში. პოზიტიურიც ხომ უნდა დაინახონ, თუ დანახვაზე წავიდა საქმე? ჩვენს ოპონენტებს ნუ ეგონებათ, მარტო ჩვენ ვხედავთო…~
ეთერი (რადიოს ჩაუწევს) _ ის არის… ჰო, გრამატიკის სახელმძღვანელო ნამდვილად არ აწყენდა. უცნაურია. მგონი, ეს დღეები, მასზე არ მიფიქრია… უბრალოდ, არ მეცალა. აი, ახლაც, სადილი უნდა მოვამზადო. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავისთვისაც ხომ შეიძლება მოამზადო გემრიელი კერძი. მაგრამ რა? (კარდას გამოაღებს) გვაქვს რამე? ბრინჯი არის, ქიშმიში… სტოპ! ფლავი! რატომაც არა? გავიხსენოთ მისი მომზადების ყველაზე მარტივი წესი. პირველად, მგონი, გადავარჩიოთ…
(შემოდის მამა)
მამა _ გამარჯობა… კარი ღია იყო. რატომ?
ეთერი _ არ ვიცი. ალბათ, ღია დავტოვე. გამარჯობა, მამა!
მამა _ როგორ ხარ?
ეთერი _ კარგად, კარგად. ძალიან კარგად… შენ?
მამა _ მე რა მიჭირს. დათუნამ კი კოჭი იღრძო, სკოლაში.
ეთერი _ ოი, რას ამბობ! ახლა როგორ არის?
მამა _ არა უშავს. ერთ ადგილას მაინც ვერ ვაჩერებთ.
ეთერი _ ჰო, დათუნა ნამდვილი ქარბორბალაა.
მამა _ რას აკეთებ?
ეთერი _ რას და ფლავს. ხომ დარჩები? (გახალისებული) ნახე, რა გემრიელი გამომივა!
მამა _ არა, მეჩქარება. საქმეები მაქვს.
ეთერი _ დღეს ხომ კვირაა.
მამა _ ჰო, მაგრამ…
ეთერი _ გასაგებია, გეჩქარება… კარგია, რომ შემომიარე. ოღონდ არ მკითხო: ფული გაქვს? რამე ხომ არ გჭირდება? არაფერი არ მჭირდება, გესმის? არაფერი!
მამა _ რა მოგივიდა?
ეთერი _ აი, ესეც შენი ჩვეული კითხვა _ რა მოგივიდა?
მამა _ ჰო, მაინტერესებს.
ეთერი _ გგონია, არ ვიცი, რა საქმეებიც გაქვს? კვირაობით ქალბატონ ნინულის ქმარ-შვილთან ერთად რომელიმე წესიერ რესტორანში სადილობა უყვარს, როგორც სამაგალითო ოჯახს შეეფერება. თქვენ ერთად სადილობთ: შენ, შენი ცოლი და შვილი… მაგრამ არ მესმის, რა არის აქ დასამალი?
მამა _ ნუ იგონებ რაღაცას. კარგი, წავედი.
ეთერი _ ნახვამდის. ფული შეგიძლია, არ დატოვო _ ის ლარნაკი გატყდა და გადავაგდე. (მამა რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ გადაიფიქრებს. მიდის)
მართლა, ლეკვი როგორ არის? დარწმუნებული ვარ, საათობით იზრდება. ნამდვილი მხეცია, მთელი ავეჯი დაღრნა. (ონკანს მოუშვებს) ჩემგან ასეთ ვერაგობას არ მოელოდით, ხომ მართალია?
(შემოდის დიტო. ხელში მანქანის გასაღებს ატრიალებს. ანერვიულებული ჩანს)
დიტო _ უკაცრავად…
ეთერი (მობრუნდება) _ ვაი, როგორ შემეშინდა!
დიტო _ წყალს დავლევ, თუ შეიძლება. (ზედიზედ სვამს ორ ჭიქას)
ეთერი _ თქვენ საიდან? წვიმას მოყევით? ახლახან რადიოში გისმენდით.
დიტო _ რა მითხარი? (შემოდის პეტიკო)
პეტიკო (ეთერს მიმართავს, მაგრამ ისე, რომ დიტოს მისჩერებია) _ დიდი ბოდიში, სალაპარაკო გვაქვს…
დიტო _ მე არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო.
პეტიკო _ მე მაქვს.
დიტო _ მოვრჩეთ, გვეყოფა! (იატაკზე დაახეთქებს ჭიქას)
ეთერი _ ვაიმე!
დიტო _ შენ მე რაღაც ბრალებს ნუ მდებ, გაიგე?
ეთერი _ ბრალს.
დიტო _ რაო?
ეთერი _ ბრალი _ მხოლობითში.
პეტიკო _ გავიდეთ აქედან.
დიტო _ არსადაც არ გავალ!
პეტიკო (ისევ დიტოს უყურებს, მაგრამ ეთერს მიმართავს) _ მაშინ, თქვენ გაბრძანდით, ერთი წუთით, თუ შეიძლება.
ეთერი _ კი, ბატონო. (განაწყენებული გადის თავის ოთახში)
პეტიკო _ როგორ აფეთქდი, ბიჭო. ნერვები რა დღეში გქონია. ასეთი ნერვებით პატრონობ ქვეყანას?
დიტო _ თუ ძმა ხარ, შენი საქმე არაა, ვინ რას პატრონობს.
პეტიკო _ სწორია, რა ჩემი საქმეა ჩემი ქვეყნის ამბები.
დიტო _ არ გვინდა ახლა პატრიოტული…
პეტიკო (შეახსენებს) _ ლირიკა.
დიტო (ნერვებმოშლილი) _ აღარ უნდა შემეშვა? მოვრჩეთ ამ საქმეზე ერთხელ და სამუდამოდ!
პეტიკო _ ჰა, მოდი, მოდი. (ხელებს გაშლის და წინ დაუდგება) დამარტყი! ისე ძალიან გინდა, ხელით შემეხო, რომ მაგაზე ვერ გაწყენინებ. ბავშვობის მეგობრები ვართ, ერთად გაზრდილები. მე მთელი დღეები შენთან ვეგდე, შენ _ ჩემთან. დაგავიწყდა? აი, იქ (ზევით ანიშნებს), სადაც ახლა ევროპიული რემონტი ჩაგიტარებია. დიდი შრომა გაგიწევია, დიდი!
დიტო _ ის ოთახები კანონით გაფორმებულია და საერთოდ, ორჯერ მეტი გადავიხადე. პეტიკო _ რა გადაგისხეს, ბიჭო. რა სითხე გიდგას მაგ ძარღვებში.
დიტო _ შენ აქ ციხე კი ნუ გგონია.
პეტიკო _ ნუ გეშინა, შენი სისხლის ანალიზი არ მაინტერესებს.
დიტო _ მეშინია? მე მეშინია?
პეტიკო _ მე ის მაინტერესებს, ამდენ მაყუთში თუ ცურავდი…. არა, ქველმოქმედებას შენ ვერ მოგთხოვდი, მაგრამ ბაბუაჩემს ოთახები როგორ გააყიდინე, ბიჭო? ან რა გულით შესახლდი შიგ. ეს გამაგებინე და თუ გინდა მომკალი, რა!
დიტო _ აი, ის გოგო რო… იმას რატო არაფერს ეუბნები? ეგეც მყიდველი არ არის? თან ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში… მე ორმაგს ვაძლევდი ბაბუაშენს და არაო!
პეტიკო _ აჰა, ესე იგი, ის ოთახიც გინდოდა?
დიტო _ კაცი ოთახებს ყიდდა. მეც ავდექი და იმაზე მეტი გადავუხადე, რასაც აფასებდა. თუ არ გჯერა, ჰკითხე ვახოს, ანდა სარჩიმელიას. მაშინ სად იყვნენ შენი ძმაკაცები, ახლა რომ ამოიდგეს ენა? ჰა? გეკითხები, ჰა? ახლა კი მაწვები, მაგრამ ის ფული რომ არ მიმეცა, ციხიდან ვინ გამოგიხსნიდა?
პეტიკო (თვალებში ჩასცქერის) _ ციხიდან გამომიხსნა და ორ კვირაში ისევ დააჭერინე ჩემი თავი. რატომ, დიტო?
დიტო _ დავაჭერინე? მე? ეგ ვიღამ დამაბრალა, მე იმისი?!
პეტიკო _ კაი, არ გვინდნა. (უცებ მოშორდება, ზურგს შეაქცევს და ფანჯარასთან დგება)
დიტო _ მე არც არაფერი მინდა. შენ გაქვს თავში რაღაცები არეული წამლისგან!
პეტიკო (კარგა ხნის პაუზის შემდეგ) _ ლანუკა როგორ არის?
დიტო (დაიბნევა) _ ლანუკა? რა ლანუკა… რა ვიცი… თვითონ იმას ჰკითხე.
ეთერი (რომელსაც ყველაფერი ესმის) _ ვინ არის ლანუკა? გული ეჭვიანობისგან მეფლითება… ააა, გამახსენდა! ბაბუა პეტრე მიყვებოდა _ ლანუკა ამათი კლასელია. ნამდვილი ქალბიჭა, ახტაჯანა… ნუთუ პრინცსა და მას შორის რამე ხდება? ახლა უნდა ვიეჭვიანო… მერე ეჭვიანობისგან დავსნეულდები. მერ ალბათ ის შემამჩნევს, მაგრამ ძალიან გვიან იქნება _ მე მოკვდები, მას კი სინანულის გრძნობა ისე დატანჯავს, რომ ჩემს საფლავზე მოიკლავს თავს, მერე გვერდი-გვერდ დაგვმარხავენ და ახალი ლეგენდები, ლექსები, სიმღერები დაიწერება ჩვენზე, ხოლო შეყვარებულები ივლიან ჩვენს საფლავზე, სადაც ჩემი პალმები გაიხარებს…
არა, სიკვდილი არ მინდა! და პალმებიც ჩემს აივანზე დარჩება.

4

სიბნელე. ეთერი ხელისცეცებით მიაგნებს ჩამრთველს, შუქს ანთებს და შეჰკივლებს _ სავარძელში პეტიკო _ პეტიკო ზის გულხელდაკრეფილი.
ეთერი _ ვაიმე! თქვენა ხართ? აქ რა გინდათ?
პეტიკო _ კარი ღია იყო.
ეთერი(ანერვიულებული) _მერე რა, რომ კარი ღია იყო?
პეტიკო _ არაფერი. ისე გითხარი, კარი ღია იყო-მეთქი.
ეთერი _ ჰო, მაგრამ, აქ რას აკეთებთ?
პეტიკო _ ვიცი, რო?
ეთერი _ თან ღამეა.
პეტიკო _ ღამეა. (ახლაღა ახედავს) შენ აქ ცხოვრობ, ხომ? შენ ხარ… (ცდილობს მოიგონოს)
ეთერი _ ეთერი, თქვენი მეზობელი.
პეტიკო(იმეორებს) _ ეთერი, ჩემი მეზობელი.
ეთერი _ ნასვამი ხართ?
პეტიკო (ჩაიცინებს) _ არა.
ეთერი _ აბა? ნუთუ… (სახე მოეღრუბლება)
პეტიკო _ უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი.

ეთერი(მაგიდასთან ჩამოჯდება) _ ფიქრობდით?
პეტიკო _ ჰო… ეს დედაჩემის ოთახი იყო. შენ იცი, რას ნიშნავს დედის ოთახი? მამა არ მახსოვს, მაგრამ დედა… დედა სულ მახსოვს. აი, მანდ _ ახლა შენ რომ ზიხარ, წითელი ხის კარადა იდგა, სადაც დედა თავის კერამიკის ნაკეთობებს ინახავდა. როგორ ხატავდა, იცი? უწვრილესი ფუნჯით ისე რბილად ავლებდა ხაზებს, სულ მეგონა, სადაცაა მოხატული ჭურჭელი გაცოცხლდება და ხელიდან გაუფრინდება-მეთქი.
ეთერი _ ხატავდა?
პეტიკო _ ჰო, თიხაზე… ბაბუას და დედას მამა-შვილივით უყვარდათ ერთმანეთი. ბაბუას გული აწუხებდა და დედას ეშინოდა, რამე არ მოუვიდესო. ძალიან უფრთხილდებოდა… მაგრამ პირიქით მოხდა _ დედას უმტყუნა გულმა და ბაბუას გულიც გადაავიწყდა და ყველაფერი, ჩემს გარდა…
ამ ოთახში კიდევ დგას საღებავების სუნი. ვგრძნობ ამას.
ეთერი _ საღებავებს მეც ვიყენებ და ალბათ იმიტომ.
პეტიკო _ მართლა?
ეთერი _ ჰო. აი, ნახატებიც. აქამდე ვერ შეამჩნიე?
პეტიკო _ ალბათ ამჩნევ, რომ მე ვერაფერს ვამჩნევ.. მხოლოდ მახსოვს… უფრო და უფრო ნათლად მახსოვს ყველაფერი, რაც ადრე იყო და რაც დავკარგე. სანამ შუქს აანთებდი, სიბნელეში ვიჯექი და ჩემთან მოდიოდა დედა, სადღეობო ტორტით. ზედ ათი სანთელი ენთო… ბოლო ტორტი ჩემს ცხოვრებაში… ბაბუაც მოდიოდა, უზომოდ დაღლილი და ხელს გულზე იდებდა, ტკიოდა მგონი. დედას ნაფერები მოჭიქული სურებიც დავინახე, ბაბუს ძველი პიჯაკი და გადაშლილი წიგნი, ზედ სათვალე რომ იდო… მე ხო ვპირდებოდი, ოქროს სათვალეს გიყიდი-მეთქი და ყველაზე მაგარ საათს… მაგრამ პირიქით გამოვიდა _ თვითონ გაყიდა საათიც და ნიშნობის ბეჭედიც და წიგნებიც… ბოლოს დედას ოთახიც… მარტო კერამიკას ვერ შეელია თურმე და სათუთად ინახავდა იმ თავის პატარა ოთახში. და კიდევ _ ჩემი მიკროსკოპი…
ეთერი _ მიკროსკოპი?
პეტიკო _ ჰო, მიკროსკოპი.
ეთერი _ ვიცი. ,,პეტიკოს მიკროსკოპში ცქერა უყვარდა, ბაქტერიოლოგია აინტერესებდა’’_ ეს ბაბუა პეტრეს სიტყვებია.
პეტიკო _ მართლა? კიდევ რას გეუბნებოდა? თქვენ მეგობრობდით? გელაპარაკებოდა ხოლმე?
ეთერი _ ჰმ! რა თქმა უნდა, მელაპარაკებოდა.
პეტიკო _ მითხარი, რაზე… ძალიან ჯავრობდა ჩემზე, ხომ? მადანაშაულებდა?
ეთერი _ თქვენ კი არა, საკუთარ თავს იდანაშაულებდა. ასე ამბობდა: სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე და თითქმის ყველაფერი გავყიდე. პეტიკო ალბათ არასოდეს მაპატიებსო.
პეტიკო _ მე? მე ვერ ვაპატიებ? (თავს ხელებში ჩარგავს. პაუზა) კი, მაგრამ შენთან რატომ იყო ასე გულახდილი? მითხარი, მარტო იყო, ყველა შემოეცალა თუ უბრალოდ, შენ მიგიღო თავისიანად?
ეთერი _ ჰო, ეტყობა თავისიანად მიმიჩნია… (ყოყმანის შემდეგ) იცით, კიდევ რას მეუბნებოდა? ის ოთახი, სადაც შენ ცხოვრობ, გაყიდული არ მგონია, რადგან შენიაო!
პეტიკო _ მართლა? კიდევ მითხარი რამე, გეხვეწები!…
ეთერი _ კიდევ… კიდევ ის, რომ მე პროდუქტისთვის თუ გავეგზავნებოდი ათასში ერთხელ და სულ თვითონ აკეთებდა საჭმელს. ზოგჯერ ერთად ვსადილობდით და თითქმის ყოველთვის ერთად ვვახშმობდით. ძალიან მრცხვენია, მაგრამ სულ თვითონ მახსენებდა _ ვახშმის დროაო… სამაგიეროდ, მე სუფრას ვალაგებდი და ჭურჭელს ვრეცხავდი, თუმცა ვამტვრევდი კიდეც… ჰალსტუხსაც ვუკრავდი და ვამოწმებდი, წნევის წამლის მიღება ხომ არ დავიწყებია-მეთქი. ჩვენ ერთმანეთი გვყავდა, გესმით?
პეტიკო _ ჰო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ როცა ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. მითხარი, იმ დღეს, როცა… როცა ცუდად იყო და… მოკლედ, იმ დღეს _ მარტო იყო?
ეთერი _ ცუდად სულ არ ყოფილა, დედას გეფიცებით! პირიქით, მე ვიყავი ავად და ის მივლიდა. ჩემი ბრალია ყველაფერი. ექიმიც მომიყვანა და წამლებიც თვითონ მიყიდა. მერე, როცა მათან გავედი _ მინდოდა მეთქვა, რომ კარგად ვარ და მაინტერესებდა, რატომ არ მისურვა ღამე-მშვიდობისა _ სავარძელში იჯდა, მუხლებზე გადაშლილი წიგნი ედო, ზედ სათვალით… ძალიან მშვიდი ღიმილი ეფინა სახეზე, მაგრამ… აღარ სუნთქავდა..
პეტიკო _ მე ვპირდებოდი… რას აღარ ვპირდებოდი.
ეთერი _ მეც! მეც ვპირდებოდი ათას რამეს. არადა, წაგებულიც კი არ მიმიტანია არასდროს.
პეტიკო _ წაგებული?
ეთერი _ ჰო, საღამოობით ზოგჯერ კარტს ვთამაშობდით.
პეტიკო (გაოცებული) _ ბაბუას კარტი ეჯავრებოდა. მგონი, არც იცოდა თამაში.
ეთერი _ მეც! მეც თვალზე დასანახავად ვერ ვიტანდი კარტს!
პეტიკო _ და მაინც თამაშობდით? თანაც, სანაძლეოზე.
ეთერი _ მართლაც… რა უცნაურია, არა?
პეტიკო _ არაფერი არ არის უცნაური.
ეთერი _ მაგრამ ხომ გაგიკვირდათ?
პეტიკო _ მე იქნებ ბევრი რამ მიკვირს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. (საათი რეკავს) რა დრო გასულა! ბოდიშს გიხდი, რომ მყუდროება დაგირღვიე.
ეთერი _ არა უშავს.
პეტიკო _ შენც მარტო ცხოვრობ, ჰო?
ეთერი თავს დაუქნევს.
პეტიკო _ კარგი, წავედი. არ გეგონოს, რომ ყოველთვის ასე ბევრს ვლაპარაკობ. მეტად აღარ შეგაწუხებ, გპირდები. (წამოდგება)
ეთერი _ ნუ შემპირდებით. იქნებ პირობის გატეხვა მოგიხდეთ.
პეტიკო (გაეცინება) _ შენ მართლა სხვანაირი გოგო ჩანხარ, სულ სხვანაირი… ოღონდ, თქვენობით ნუ მომმართავ, ვიბნევი რაღაც… ღამე მშვიდობისა.
ეთერი _ თუ საშინელ ცნობისმოყვარედ არ ჩამთვლი… შეიძლება გავიგო, ლანუკა ვინ არის?
პეტიკო (დაიბნევა) _ ლანუკა?… ლანუკა ჩემი შეყვარებული იყო.
ეთერი _ ახლა?
პეტიკო _ ახლა დიტოს საყვარელია. (გადის)
ეთერი (კარს მიეყრდნობა ზურგით) _ საყვარელი! დიტოს საყვარელი ჰყავს? ისე, რატომ გამიკვირდა. რა არის ამაში გასაოცარი: საყვარელიც ეყოლება, საცოლეც და მეორე საცოლეც _ სათადარიგოდ… ( ზევით იხედება, ჭერისკენ) იცი რა, მეგობარო? მგონი, დიდ გაუგებრობაში ხარ მოხვედრილი. შენ კინომსახიობი უნდა ყოფილიყავი. ითამაშებდი უჰალსტუხო გმირებს და იქნებოდი არხეინად. ტექსტსაც სხვა დაგიწერდა და აღარ დაგჭირდებოდა გრამატიკის სახელმძღვანელო. ეკრანზე თუ მოიტყუებდი, მაინც ყველა დაგიჯერებდა, რადგან მსხვილი პლანით აჩვენებდნენ შენს ხშირწამწამებიან ლურჯ თვალებს და ქათქათა, ოღონდ ნამდვილ კბილებს.
გასაგებია, რომ საცოდავ ბაქტერიას შანსიც არ დაუტოვე. ის ხომ არც კი იღიმება… როგორ მითხრა? ,, შენ მართლა სხვანაირი გოგო ჩანხარ, სულ სხვანაირი!’’
უბრალოდ კი არ ვჩანვარ, მართლა ასეთი ვარ… ჩემი შემადგენელი მოლეკულები, ეტყობა ზოლიანები ან ჭიამაიებივით დაწინწკლულები არიან და ყველაფერი მათი უცნაური შეფერილობის ბრალია _ მე არაფერ შუაში ვარ.

5.

თავსხმა წვიმა. ქარის ზუზუნი. აივნის კარი ჯახუნით იღება და მინებს ზრიალი გაუდის.
ოთახში ეთერი და ბატონი ნიკო შემოდიან. ეთერი სკამზე დაჯდომაში მიეშველება სტუმარს, რომელიც ბარბაცებს. მერე აივნის კარს მივარდება და ჩაკეტავს.
ეთერი (ქურთუკს იხდის და ჰკიდებს) _ თქვენც გაიხადეთ პალტო. მოდით, მე მოგეხმარებით.
ნიკო (მთვრალია) _ არავითარ შემთხვევაში! გინდა, სიტუაციით ისარგებლო? ვერ მოგართვი. თავს მშვენივრად ვაკონტროლებ. მართალია, ცოტა დავლიე, მაგრამ ღირსების დაცვას კიდევ შევძლებ. ჩემმა გარეგნობამ არ მოგატყუოს. სუსტი და სიფრიფანა მხოლოდ ვჩანვარ, თორემ ისე… ოოო!
ეთერი _ კარგი ერთი, ნუ მაცინებთ. ახლა ცხელ ჩაის დაგალევინებთ, გაგაშრობთ, თორემ ფილტვების ანთება დაგემართებათ. კიბეზე როგორ დაგეძინათ? დიდი ხანია, მელოდებით?
ნიკო _ ეგ რამ გაფიქრებინა, გოგონი? რამ გაფიქრებინა, რომ შენ გელოდებოდი?
ეთერი _ როგორ, ჩემი სახლის კიბეზე იჯექით და მოაჯირზე თავმიდებულს გეძინათ. საცოდავ უსახლკარო მაწანწალას ჰგავდით. კიდევ კარგი, რომ ადამიანი უბრალოდ გვერდს ვერ აგივლით.
ნიკო (ასლოკინებს) _ ჰმ-ყ!… შეურაწ… შეურაცხყოფას მაყენებ. ნუთუ მართლა შენს სადარბაზოში შემოვეხეტე? ალბათ ქარმა ამიტაცა ფოთოლივით.
ეთერი _ მართლაც, რა ქარმა გადმოგაგდოთ ნეტავ? (სამზარეულოში გადის)
ნიკო _ დასწყევლოს ღმერთმა! საყელო მიჭერს. რა ჯანდაბამ დამაძინა კიბეზე? ქარიო… მე რომ დამძრას, ქარიშხალი ,,კატრინა” მაინც უნდა ამოვარდეს. ფუჰ, საყელო კი არა, კაშნე ყოფილა _ ოთხრიგად მქონია შემოხვეული. თავის დახრჩობას ხომ არ ვაპირებდი? მომკალით და არაფერი მახსოვს. სულ გამომაბენტერა იმ განსხვავებულმა.
ე, ბიჭო, მასე! გაიხსენე, როგორ დალიე სპილენძის თუნგით, მერე ბიძინა გადაკოცნე და წამოხვედი პირდაპირ წვიმაში. ვიღაც გამოგეკიდა. ესე იგი, მაინც დათვერი, ნიკო. აბა, რო ტრაბახობდი, ჩემი დათრობა ზღაპარიაო? მართლა, ზღაპარი! (მთელი ხმით ყვირის) ეი, ეთერ! სად არი დაპირებული ილუს… ტრაციები?!
ეთერი _ ვაიმე, მთელ სახლს ფეხზე დააყენებს! (შემოდის ლანგრით ხელში) დამშვიდდით, რა გაყვირებთ? ჩაი მოგიტანეთ.
ნიკო _ ჩაი კი არა, ის არ გინდა? ნახატები სად არი? სად არი შეპირებული ილუსტრაციები აფრიკული ზღაპრებისთვის?
ეთერი _ დღეს მივიტანე ჩვენს მხატვრულ რედაქტორთან და ძალიან მოეწონა.
ნიკო _ ვის, ლალის? იმას ხომ აფრიკა თბილისის უბანი ჰგონია და მარტორქა კამეჩისგან ვერ გაურჩევია.
ეთერი (კაშნეს მოხსნის) _ როგორ დასველებულხართ.
ნიკო _ მაგას არ ვამბობ მეც? სად დავსველდი, როგორ, რანაირად… ეგ ჩაი წაიღე და ღვინის ჭიქა მომიტანე. ერთი სადღეგრძელო დამრჩა დაულეველი… თუმცა, შენ რომ გიყურებ, ვატყობ, ვერც ვერასდროს დავლევ. გეძინება, ხომ? იქნებ გგონია, მე არ მეძინება. თვეზე მეტია, უძილობა მტანჯავს. ვწრიალებ, ვწრიალებ და თვალს ვერ ვხუჭავ. სახლში ისეთი სიწყნარეა, მინდა ავღრიალდე, ფანჯრის მინები ჩავლეწო, ან დიდი სარკე დავამსხვრიო შემოსასვლელში. ჩემი ირაკლი და ბაჩო რომ დახტოდნენ და ბურთს თამაშობდნენ სასტუმრო ოთახში, ვუყვიროდი და ქვედა სართულიდან კიდე ჩვენი მარტოხელა მეზობელი გვიბრახუნებდა ხელჯოხით. ახლა ამოისუნთქა იმ კაცმა, არის მოსვენებული. შენ არასდროს მოგსურვებია ხმაურის ატეხა საკუთარ სახლში?
ეთერი _ ჩემი სახლი, აი, ეს პატარა ოთახია და მე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მყუდროება ვაჩუქო მას.
ნიკო _ ვის? მყუდროებაზე უარესი რაღა უნდა იყოს თანამედროვე გოგოსთვის?
ეთერი _ სულაც არა.
ნიკო _ კატა გაკლია კალთაში და საქსოვი… შენ კი ძალიან ახალგაზრდა ხარ, შეუბრალებლად ახალგაზრდა.
ეთერი _ ეგ არაფერს ნიშნავს. მე მიყვარს ჩემი მარტოობა. აი, კატებს კი არასდროს ვიყოლიებ.
ნიკო _ დეიდაჩემიც ასე ამბობდა და ახლა ორი ჰყავს: მუსია და პუსია.
ეთერი _ ჯობია, ჩაი მიირთვათ. თუ გინდათ, წამოწექით. თბილ შალს გადაგაფარებთ. აი, ამ ტახტზე მშვენივრად მოთავსდებით.
ნიკო (თითს დაუქნევს) _ ააა, გინდა დამიყოლიო არა, შე ეშმაკო? იცოდე, კაცთა უფლებათა დაცვის საზოგადოებას გავაგებინებ, როგორ ცდილობენ ჩემი თანამშრომელი ქალები, ძალადობის მსხვერპლად მაქციონ.
ეთერი _ როგორც გენებოთ… მე მეძინება.
ნიკო _ მე კი შენთან ლაპარაკი მინდა. რა მძინარა ყოფილხარ. ერთი ღამის გატეხაც არ შეგიძლია. შენი ტოლები კი ამ დროს იწყებენ კლუბებში გართობას.
ეთერი _ მძულს ღამის კლუბები… ჯობს, თქვენც წამოწვეთ. შუაღამის ორი საათია უკვე.
ნიკო _ არა! თუ ასეა, წავალ. მანქანით ვარ. მე რომ შემამჩნიე, იმხელა მანქანა რომ იდგა ეზოში, ის რატომ ვერ დაინახე?
ეთერი _ მანქანა მანქანაა…
ნიკო _ ეგრე გეგონოს! ეს რა არის? (მაგიდაზე გაფანტულ ფურცლებს დასწვდება) რას ასურათებ?
ეთერი _ საკუთარ ზღაპარს.
ნიკო _ მართლა? რაზეა შენი ზღაპარი?
ეთერი _ არ ვიცი, ჯერ არ დამიწერია.
ნიკო _ დაწერე, დაწერე… გული მიგრძნობს შენ ნამდვილ ზღაპარს დაწერ. იცი, ჩემი თაობა რომ გაიზარდა, ის ზღაპრები, წიგნები და მულტფილმები მენატრება ამხელა კაცს. რა სიკეთე იყო? რაღაც სხვა იყო… ახლა კი: რობოტები, რობოტუნები, ვარსკვლავთა ომები და ათასი უბედურება… შენ გგონია, ტყუილად დავაარსე საბავშვო გამომცემლობა? ბიზნესი? არა _ მონატრების ბრალის ყველაფერი.
თავი ნისლში დაკარგული ზღარბუნია მგონია. გახსოვს ეგ მულტფილმი? ეჰ, რა თქმა უნდა, არ გახსოვს.
ეთერი _ ზღარბუნიას ცოტათი მართლა ჰგავხართ, ისეთი ჯაგარა თმა გაქვთ.
ნიკო _ თმა კი არა, სული მაქვს აჯაგრული.
ეთერი _ აბობოქრებული გინდოდათ გეთქვათ, ალბათ.
ნიკო (ჯიუტად) _ არა, აჯაგრული! მექსიკის უდაბნოში მდგარი გიგანტური კაკტუსივით ვარ.
ეთერი _ რა შედარებები მოგაქვთ? მე უფრო ჩვენს მთავარ რედაქტორს მაგონებთ, ბატონ ნიკოს, რომელიც დათვრა და მელანქოლია შემოაწვა.
ნიკო _ გგონია, სიმთვრალე მალაპარაკებს? არა, გული მტკივა, გული!
ეთერი _ გულზეც ეკლებმა ხომ არ გამოგაყარათ?
ნიკო _ ნუ დამცინი. მე მინდა, ჩემი ბიჭები კომპიუტერში ომობანას კი არ თამაშობდნენ, ინანიშვილს კითხულობდნენ. შვილებს წიგნი ვერ შევაყვარე. დარტანიანი და სამი მუშკეტერი არ გაუგიათ, მე კი მაგათი ხათრით ფარიკაობაზე დავდიოდი.
ეთერი _ ვისი ხათრით? თქვნი შვილების თუ მუშკეტერების?
ნიკო _ მუშკეტერების… პორთოსას მეძახდნენ ბიჭები.
ეთერი _ იქნებ დაიძინოთ, ბატონო პორთოს? მე უკვე თვალები მეხუჭება.
ნიკო _ რა გინდა, ხვალ ადრე არა ხარ ასადგომი. უფლებას გაძლევ,სამსახურში დაიგვიანო. როგორ გგონია, რაღა მაინცდამაინც შენს კარებთან ჩამეძინა? თანაგრძნობისთვის მოვედი, არა? მომისმინე, შენს მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ, თითქოს უხილავი სიმებია ჩვენს შორის გაბმული. ძააალიან დაჭიმული თხელი სიმები და ზედ ვუკრავთ მარტო ჩვენთვის გასაგებ მელოდიას, ოღონდ ხანდახან მაგრად ვურევთ. (პაუზა) ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის, მაგრამ სულ ერთია, მის გვერდით ყოფნა მსიამოვნებს. ძალიან უხასიათოა და მაინც ყოველთვის მენატრებოდა _ მაშინაც, როცა ერთად ვიყავით და და ახლაც, როცა ცალ-ცალკე ვართ…
შენ კი ღვინო მაინც არ დამალევინე. ნეტა რატომ მივადექი კარზე შენნაირ ძუნწს? (სულს ძლიერად შეუბერავს მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს და ნახატები ფრიალით იფანტება) ეგეც შენ!
ეთერი _ ბოროტი დევივით იქცევით. (ცდილობს წამოდგომაში მიეშველოს) არ ჯობია, ტახტზე გადაჯდეთ? მუთაქებსაც შემოგიწყობთ და იქნებით ბატონკაცურად.
ნიკო _ ვერ გამაცურებ. მე ახლა წავალ, შენ კი დაწექი, ძილის გუდავ! (უცებ ხელში აიტაცებს ეთერს და დაატრიალებს)
ეთერი _ ვაიმე! (შიშისგან კისერზე მოეხვევა)
ნიკო _ ერთი, ორი, სამი… ერთი, ორი, სამი… ტრიალი!… ეს იმითვის, რომ კორექტორის დაბადების დღეზე არ მეცეკვე! ერთი, ორი, სამი…
ეთერი _ არ ვიცი ცეკვა.
ნიკო _ მართლა? კატა გინდა, კატა და საქარგავი. უჰ! მძიმე ხარ. (ფრთხილად ჩამოსვამს. ტახტზე ჩამოჯდება და უცებ გვერდზე გადავარდება. ხვრინავს)
ეთერი _ ვაიმეე! ეს რა უცნაურად დაეძინა. ახლა ჩვენმა თანამშრომლებმა რომ ნახონ ეს სურათი?… (შალს გადააფარებს და შუბლს უსინჯავს) მშვიდად იძინე, პორთოს. ოღონდ, გეხვეწები, ხვრინვა შეწყვიტე, თორემ ჭკუიდან გადავალ! (სავარძელში მოეწყობა. ხვრინვა ძლიერდება) ო, არა! (ბალიშს დაიფარებს თავზე)
კიბეზე პეტიკო ამოდის სვენებ-სვენებით. კედელს მიეყრდნობა. ოთახში შესვლას აგვიანებს. ბოლოს იქვე, კართან ჩამოჯდება.
პეტიკო _ ახლა რა ვქნა? რა გავაკეთო? არსად არ მინდა ყოფნა, ბაბუ!
(ეთერის კარი ღიაა და იქიდან ხვრინვა მოისმის)
ვაა, ნახე? ჩვენი მხატვარ-ილუსტრატორი… ყველა ერთნაირია!
(წამოდგება, გასაღებს ძლივს მოარგებს კარს და თავის ოთახში შედის)

თენდება.
ბატონი ნიკო იღვიძებს. გაოგნებული იყურება აქეთ-იქით. მოუხერხებლად წამოდგება და საწერ მაგიდას დაეჯახება. შემოდის ეთერი, ლანგრით ხელში.
ეთერი (მხიარულად) _ დილა მშვიდობისა, ბატონო ნიკო! როგორ გეძინათ?
ნიკო _ მე აქ მეძინა?
ეთერი _ აღარ გახსოვთ?
ნიკო (უხერხულობისგან აღარ იცის, რა ქნას) _ ჰო, რაღაც კი მახსოვს. კარგი, წავედი. ბოდიშს გიხდი, რა. ეს როგორ მომივიდა…
ეთერი _ არაფერიც არ მოგსვლიათ. დიდი ამბავი… დაბრძანდით, გთხოვთ. ცხელი ქართული ჩაი, ქართული ლიმონის ნაჭრებით.
ნიკო _ არა, რა ჩაი! ახლავე წავალ, ახლავე.
ეთერი _ მინერალური წყალი?
ნიკო _ უნდა წავიდე! აქ რამ მომიყვანა, გადავირევი, რა!
ეთერი _ ისეთი რა მოხდა?
ნიკო _ სად არი!.. (რაღაცას ეძებს) მანქანით ვარ ალბათ და გასაღები სად ჯანდაბაშია? (კარისკენ მიდის)
ეთერი _ მოიცადეთ! (პალტოს და კაშნეს მიაწვდის)
ნიკო (იცვამს) _ ჰო, აგერ ყოფილა, ჯიბეში.
ეთერი _ თავი დახარეთ! (კაშნეს ლამაზად მოახვევს)
ნიკო (შეყოყმანდება) _ ერთი მითხარი… წუხელ ბევრი ვილაპარაკე? რამე ისეთი ხომ არ მითქვამს?
ეთერი _ როგორ ისეთი?
ნიკო _ არ გინდა ახლა, რა!..
ეთერი (გაოცებული) _ კი მაგრამ, ბატონო ნიკო…
ნიკო _ კარგი, კარგი, დაივიწყე! და წუხელ თუ რამე გითხარი, ისიც დაივიწყე…
ეთერი _ ყველაფერი? ნისლში დაკარგული ზღარბუნიაც, უდაბნოს კაკტუსიც და სამი მუშკეტერიც?
ნიკო _ რაო? ზღარბი? რას ნიშნავს შენი სიტყვები? რაღაც ვერ გავიგე… კარგი, ნახვამდის. (საჩაქროდ გადის და ეჯახება ეთერის მამას)
ეთერი (თავისთვის) _ თითქოს მართლა ეკლებმა გამოგაყარათ, ბატონო ნიკო. (დაჯდება და ჩაფიქრებული სვამს ჩაის) ნეტა იცოდეთ, რა საშინელი ღამე გავატარე თქვენი გადამკიდე. ასეთი ხვრინვა თუ შეეძლო ადამიანს, არ მეგონა. (მამას შეამჩნევს) უი, მამა! (წამოხტება) მოდი, მამა, რას დგახარ. რა მოგივიდა, რამ გაგაშეშა?
მამა _ ვინ გამოვიდა შენი ბინიდან, ეთუნა? ვინ იყო ის კაცი?
ეთერი _ ააა! მე კი მეგონა, ქვეყნის აღსასრული უნდა შემატყობინოს-მეთქი. ის კაცი, იმ გამომცემლობის მფლობელი და მთავარი რედაქტორია, სადაც მე უკვე ორი წელია, ვმუშაობ. უბრალოდ, შენ არც კი იცი, სად, ვისთან და რატომ ვმუშაობ!
მამა _ ხმას დაუწიე, თუ შეიძლება. გეკითხები, რა უნდოდა შენს უფროსს ღამით შენთან? ოღონდ, სიმართლე მითხარი. ნუ გეშინია, არაფერს ვიზამ. არ გიყვირებ და სკანდალს არ ავტეხ.
ეთერი _ არ მიყვირებ, მამა? დიდი მადლობა.
მამა _ ნუ მაგიჟებ, ისედაც ძალიან ცუდად ვარ.
ეთერი _ რატომ, მამა? მე აქ ვცხოვრობ მარტო. შენ თვითონ არ გადაწყვიტე ასე? თვითონ არ მიმაჩვიე დამოუკიდებლობას და თავისუფლებას? ჰოდა, მეც თავისუფლება ყველაფერს მირჩევნია. თუ ფიქრობ, რომ ეს ჩვენს ტრადიციებსა და ზნეობას არ შეეფერება, შეგახსენებ, რომ ჩვენში, წესით მთელი ოჯახი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ვერ იტანენ. ჰოდა, თუ მამა არღვევს ტრადიციას, მან შვილსაც აღარ უნდა მოსთხოვოს დრომოჭმული წესების მონობა. ასე არაა, მამა? (მასთან მიდის) კარგი, დამშვიდდი. რა სისულელელეა, როგორ გაიფიქრე, რომ მე და ბატონ ნიკოს რამე ისეთი გვაკავშირებს, რაც შენ გულს გაგიხეთქავდა? უბრალოდ, მთვრალი იყო და ქუჩაში რომ არ დასძინებოდა, ჩემთან ამოვიყვანე.
ე, მამა, ამოიღე ხმა! თუ გინდა, მიყვირე. რატომ მიყურებ ასე საშინლად? და საერთოდ, რა გინდოდა უთენია ჩემთან, ხომ არ მითვალთვალებდი?
მამა _ ონკოლოგიურიდან მოვდივარ.
ეთერი _ საიდან? იქ რა გინდოდა?
მამა _ ნინული დავაწვინეთ გუშინ.
ეთერი _ რაო?რატომ?
მამა _ იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ … (ვეღარაფერს ამბობს, ხელს ჩაიქნევს)
ეთერი _ კი, მაგრამ ის ხომ ძალიან ჯანმრთელია, მამა!
მამა _ ჰო, იმდენად ჯანმრთელია, რომ ვერაფერი შენიშნა და ახლა უკვე მეტისმეტად გვიანია რამის გაკეთება. მხოლოდ რამდენიმე თვე გვაქვს…
ეთერი (ჩაეხუტება) _ მამა, მაპატიე, გეხვეწები!
მამა _ შენც მაპატიე… რა ვქნა, ძალიან მიყვარს.
ეთერი _ მეც, მამა. იმიტომ ვერ დავივიწყე წყენა. უბრალოდ, თქვენს გვერდით მინდოდა ყოფნა. მე ხომ სხვა არავინ მყავს.
მამა _ ახლაც არ მოხვალ ჩვენთან?
ეთერი _ მოვალ. რა თქმა უნდა, მოვალ.
მამა _ ახლა შეგიძლია იყო ჩვენს გვერდით… როცა ის აღარ იქნება.
ეთერი _ არა, მამა. მით უმეტეს, მერე ვერ შევძლებ ამას. უკვე ვეღარფერს შევცვლი.

6.
აივნის კარი ღიაა. ეთერი სახლს ალაგებს. ეტყობა, საფუძვლიანი დალაგება აქვს გადაწყვეტილი. თაროებიდან წიგნებს გადმოალაგებს. ტახტს ადგილს შეუცვლის. დაგვის იმ ადგილს.
ეთერი _ აი, სად ყოფილა ჩემი აქვამარინის ცალი საყურე, შარშან რომ დავკარგე!. არადა, მეგონა, სადმე ქუჩაში დამივარდა. კი, მაგრამ მე ხომ ხანდახან ტახტის ქვემოთაც ვხვეტავდი?.. თუკი ამ სახლში ფუძის პატარა, ცელქი ანგელოზი ცხოვრობს, ძალიან გამიხარდება. გესმის, პატარა ონავარო? თუ გინდა, ზოგჯერ რამე დამიმალე, ან ეს ვარდისფერი შპალერი დაკაწრე, ნებას გრთავ. მაგის გადამკიდე თავი თოჯინების ყუთში მგონია. რაღაც უნდა შევცვალო აუცილებლად. ტელევიზიაში რომ დავრეკო? აი, რაღაც პროექტი რომ არის _ ვინც ძალიან მოინდომებს, ოთახს ურემონტებენ… მაგრამ არა, არ მინდა. რაღაცნაირად შვევჩვიე კიდეც ამ სასაცილო შპალერს და ფარდებს. თუმცა, რამეს მაინც შევცვლი. სადაცაა, ახალი წელი მოვა და ცოტათი ახლებურად ხომ უნდა შევეგებო?
რა კარგი ამინდია. ჩემს პალმებს წესით უნდა უხაროდეთ. მაგრამ ახალ წელს თოვლი მინდა. ძალიან მინდა თოვლი. თუნდაც სულ პატარა, სულ უმნიშვნელო… ცოოოტათი რომ წამოთოვოს. უხდება ახალ წელს თოვლი და კიდევ კარგი, ორი ახალი წელი გვაქვს. იქნებ ძველით ახალ წელს მაინც გათოვდეს, რა საჩუქარი იქნება? მართლა, დათუნას უნდა ვუყიდო ახალი ბურთი, მამას _ პერანგი, ნინულის… ნინულის რამე საოჯახო ნივთი, რომ უფრო განუმტკიცდეს მარადიულ და შეუცვლელ დიასახლისად ყოფნის რწმენა.
აი, მე ზუსტად ვიცი, საჭირო ნივთს არავინ მაჩუქებს… თუ საერთოდ მაჩუქეს რამე. ახლაც მივიღებ სამ წყვილ ერთნაირ ხელთათმანს გოგოებისგან, ბაფთიან სინთეტიკურ საცვლებს ბიცოლაჩემისგან, ჩინურ მაღაზიაში ნაყიდ იაფფასიან ოთახის ჩუსტებს კიდევ ვიღაცისგან და ვინმე ისეთ სუნამოსაც გამოიმეტებს, რომ ვერასოდეს დავისხამ.
ოღონდაც, ბატონი ნიკო კატას არ მომიყვანდეს, მთვრალი… ვერავინ მოიფიქრებს, რომ მაჩუქოს რომელიმე ვარსკვლავი. აი, ასე, უბრალოდ მითხრას: ეთერ, ის ვარსკვლავი შენია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, ძვირფასო!.. ან ჩიტის ბუდე, ჭრელი კვერცხებით, ან მთვარის სხივი დაიჭიროს ჩემს აივანზე და ხელში ჩამიდოს…
წარმომიდგენია, რა მეფურ საჩუქრებს მიართმევდა დიტო თავის ცოლს. ახლახან დაბრუნდნენ იტალიიდან და ალბათ საშობაოდ საფრანგეთში წავლენ. რატომაც არა? მართლა საოცრად ლამაზი გოგოა, უბრალოდ მზეთუნახავია. თან ცნობილი ჟურნალისტი. მერე, რა ახალგაზრდაა. როგორ მოასწრო კარიერის შექმნაც და პრინცის ცოლობაც?
ჩვენი დიტო ბეწვზე გადაურჩა სკანდალს. ვიღაც ქალს შვილი გაუჩენია მისგან _ ბიჭი. მაგრამ ამან ქორწინებაში ხელი ვერ შეუშალა. ჩემი დაშანტაჟება უნდოდათ, მაგრამ ვერ მივართვიო.
მგონი ვიცი, ვინც არის ის ქალი. დარწმუნებული ვარ, მისი კლასელია _ ლანუკა. მე კი არც მიეჭვიანია და არც დავსნეულებულვარ ამის გამო. ასე გადაურჩა პრინცი სინანულს, შავ ნაღველს და ჩემს სამარეზე თვითმკვლელობას. (შალს გაიტანს აივანზე. აღელვებული ბრუნდება უკან)
როგორ მიყურებს… რატომ მიყურებს ასე? ძალიან უცნაურად შემომხედა და ეს პირველად არ ხდება. რაღაცნაირი თვალები აქვს _ ისეთი არა, როგორც დიტოს, მაგრამ გულის სიღრმემდე მწვდება ეს მზერა. მართლა უცნაური ბიჭია. რას აღარ მეუბნებიან მასზე, მე კი მებრალება. ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ გავუღიმო? ოღონდ, სიბრალულისგან ერთიანად შეძრული ვარ და გაღიმების თავიც აღარ მაქვს. (ტელეფონის ზარი)
არ მცალია. ვინც არ უნდა იყო მანდ: მდიდარი თუ ღარიბი, უცნობი თუ ნაცნობი, მტერი თუ მოყვარე _ სიხარულით ვიღებ ზარს… მაგრამ არ ვპასუხობ. (წიგნებს აწყობს) უკვე რამდენი წიგნი დამიგროვდა, ჩემს მიერ გაფორმებული. ესენი ცალკე დავალაგოთ, დანარჩენები კიდევ _ ცალკე. ოო, ,,ადამიანთა სევდა.” რამდენი ხანია, აღარ წამიკითხავს. (გადაშლის) ,,თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას…” (გულში ჩაიხუტებს და მერე ტახტზე დადებს) ღამით აუცილებლად დაგიბრუნდები კიდევ ერთხელ. (სამზარეულოში გადის) დავიღალე. მე ახლა მინდა ჩაი ან ყავა… არა, რძიანი ყავა! ( იმზადებს ყავას და მაგიდასთან ჯდება) იქნებ მართლა მჭირდება კატა?
შემოდის პეტიკო. უხერხულად მიაჩერდებიან ერთმანეთს.
პეტიკო _ უკაცრავად!
ეთერი _ რას ამბობ… ყავას ხომ არ მიირთმევ?
პეტიკო _ არა, მადლობა. მხოლოდ წყალს ავიღებ მაცივრიდან.
ეთერი _ ბრრ. ცივა. მაცივრის წყალი ზამთარში?
პეტიკო _ რაღაცნაირად, ასე მირჩევნია.
ეთერი _ სულ მინდოდა მეკითხა… ოდესმე, რამეს ჭამ ან სვამ?
პეტიკო _ კი, საერთოდ კი. ისე როგორ ვიქნები.
ეთერი _ მაპატიე. რაღაც სისულელე გკითხე.
პეტიკო _ არა უშავს. ძალიან ბუნებრივი კითხვა იყო.
ეთერი _ სიტყვებს ასე არ უნდა ვისროდე.
პეტიკო _ მე სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
ეთერი _ რატომ? ხომ გახსოვს, პირველად იყო სიტყვა…
პეტიკო _ ეგ ცოტა სხვა თემაა.
ეთერი _ ჩემთვის კი ყველაზე მთავარი სწორედ სიტყვებია.
პეტიკო _ მართლა?
ეთერი _ ჰო. სიტყვებით შეიძლება გააბედნიერო ადამიანი.
პეტიკო _ მე კი მეგონა, ეგ მხოლოდ ღმერთს შეეძლო.
ეთერი _ შენ ღმერთი გწამს?
პეტიკო (მხრებს იჩეჩავს)
ეთერი _ მე მწამს, რომ ღმერთს ყოველთვის ვეყვარები, რაც არ უნდა ჩავიდინო. პეტიკო _ ჰო, იმიტომ, რომ ეგ შენშია.
ეთერი _ შენშიც ასე უნდა იყოს.
პეტიკო _ არა, შენშია ეგ რწმენა, რა… მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ ყველაფერს. არ გვინდა ამაზე… რაღაც ,,დურაკული” ლაპარაკი გამომდის.
ეთერი _ ჰო, მართლაც სევდიანი საუბარი გამოგივივიდა.
პეტიკო _ სევდიანი? სევდა… (ჩაიცინებს)
ეთერი (წყენით) _ რატომ გაგეცინა? ეს ერთადერთია, რაც ნამდვილია.
პეტიკო _ არა, შენ ვერ გამიგე… სულაც არ გამიცინია, გეფიცები. (პაუზა)
თვალს რატომ მარიდებ? ჩემი გეშინია?
ეთერი _ შენი რატომ უნდა მეშინოდეს?
პეტიკო _ მაშინ შემომხედე. (ეთერი შეხედავს, მაგრამ მაშინვე აარიდებს თვალს) ვხედავ, რაღაც ინტერესის მსგავსი გაგიჩნდა. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ სიბრალულის გამო ხდება.
ეთერი _ ვერ ვხვდები, რას მეუბნები…
პეტიკო _ მინდა ახლავე გითხრა, რომ მე ცუდი ვარ.
ეთერი _ ცუდი? რას ამბობ. არ მჯერა.
პეტიკო _ მე ავადმყოფი ვარ.
ეთერი _ რატომ მელაპარაკები ასე?
პეტიკო _ ნურასოდეს აჰყვები ილუზიებს, კარგი? სიყვარული არ არსებობს…
ეთერი _ დამცინი? საიდან მოიტანე, რომ … მე…
პეტიკო _ ნუ ხარ ასეთი დაძაბული, გთხოვ.
ეთერი _ ჰო, დაძაბულიც ვარ და ემოციურიც! მთელი ცხოვრება ასეთი ვარ და როცა მეუბნები, ავადმყოფი ვარო, ეს ჩემში პროტესტს იწვევს. არა, შენ ავადმყოფი არ ხარ. თავს ამითი ნუ გაიმართლებ. ავადმყოფი ჩემი დედინაცვალია, რომელსაც კიბო აქვს და მხოლოდ რამდენიმე თვე შეიძლება იცოცხლოს.
(პაუზა)
პეტიკო _ თუკი იცი, რისთვის იცოცხლო, რამდენიმე თვე ალბათ სულაც არ არი ცოტა… მე მინდა თუნდაც ერთი დღე _ როცა ვიგრძნობ, რომ რაღაცის გამო აზრი აქვს არსებობას.
ეთერი _ იქნებ შენში უნდა ეძიო ასეთი უიმედობის მიზეზი?
პეტიკო _ რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომაც არაფრის იმედი აღარ რჩება.
ეთერი _ თუ მოინდომებ, უსათუოდ შეძლებ…
პეტიკო _ ეს შენებური თერაპიაა, არა? კარგი გოგო ხარ. მაპატიე ჩემი ლირიული გადახვევები… არადა, ერთხელ შეგპირდი, ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენ-მეთქი. (კარებთან მიდის. შეყოვნდება)
ჩემი ავადმყოფობა კი, სულის ავადმყოფობაა, თურმე… (გადის)

7.
ოთახში შემოდის ეთერი, ჩიჩილაკით ხელში. ღიღინებს. პალტოს იხდის და მაშინვე იწყებს ჩიჩილაკის მორთვას.
ეთერი _ ზუსტად ასე რთავდა ბებია ჩიჩილაკს, როცა გურიაში ჩავდიოდით. რაღაც მიხარია და ნეტავი რა?
ნაძვის ხე ძალიან ძვირია. ნინულიმ რამხელა ნაძვი მორთო? სულ ძვირფასი სათამაშოებით. ასეთი გახარებული არასდროს მინახავს. ახალ წელს ერთად შევხვდეთო… რა ვიცი… ვნახოთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ისე, ნინულის მომზადებულ ტკბილეულზე როგორ ვთქვა უარი? მით უმეტეს, რომ მე თვითონ თითქმის არაფერი მექნება სახლში. რა მოხდება, გოზინაყი რომ გავაკეთო? ოდესმე ხომ უნდა ვცადო… (კმაყოფილი ათვალიერებს ჩიჩილაკს) ნაძვის ხესაც მოვიტან აუცილებლად… ნაძვის ხე მინდა სახლში, ოღონდ ნამდვილი, ოღონდ ფესვებით, ოღონდ ყუთში ჩარგული კი არა, აი ასე _ იატაკიდან რომ ამოდიოდეს ყოველ ახალ წელს, შრიალ-შრიალით და უცაბედად. (მანქანის საყვირის ხმა)
დიტოა. ალბათ კიდევ ერთხელ გადმოტვირთავენ მანქანიდან საახალწლო რამე-რუმეებს. მე რომ არაფერში დავჭირდები, მშვენივრად ვიცი. თუმცა, ამ ბოლოს ძალიან თბილად მესალმება. მიღიმის კიდეც. თუ მეჩვენება? ეს დღეებია, თითქოს ყველა ღიმილით მომჩერებია. ან არადა, მე დავდივარ გაღიმებული… (კარზე აკაკუნებენ. შემოდის დიტო)
დიტო _ უკაცრავად, შეიძლება?
ეთერი (წამოდგება. დაბნეულია) _ მობრძანდით!
დიტო _ ეს შენ! (უწვდის ლამაზად შეფუთულ კოლოფს) პატარა საახალწლო სუვენირია.
ეთერი (გაოცებული) _ დიდი მადლობა! დაბრძანდით.
დიტო (ჯდება) _ რა მყუდრო ოთახი გაქვს. ეს რა ლამაზი რაღაცაა.
ეთერი _ ეს ჩიჩილაკია.
დიტო _ ჰო, მაგარი რამეა. (პაუზა) ალბათ ფიქრობ, რატომ მოვედი, ხო? ადრეც უნდა მომეკითხე, მაგრამ დრო არასდროს მრჩება და ბევრ რამეს ვერ ვასწრებ. ხომ გესმის, ეთერ… შეიძლება, ეთუნა დაგიძახო?
ეთერი (მხრებს იჩეჩავს) _ დიახ.
დიტო _ მოდი, პირდაპირ გეტყვი, რისთვისაც ვარ ეხლა შენთან. მინდა ძალიან კარგი წინადადება შემოგთავაზო წინასაახალწლოდ.
ეთერი (გაეღიმება) _ წინადადება მგონი უკვე დაგვიანებულია.
დიტო _ შენ ხომ არ იცი, რას გთავაზობ? იცი რა, ეთუნა, ცოტა შორიდან დავიწყებ. შენ რა უბანში გაიზარდე?
ეთერი _ რატომ მეკითხებით?
დიტო _ იმიტომ, რომ ვიცი, აქაური არა ხარ. ეს ქუჩა მშობელ დედასავით მიყვარს. ეს უბანი, ეს ჩვენი სახლი მართლა ყველაფერს მირჩევნია.
ეთერი _ მესმის თქვენი. მეც ძალიან შევევჩიე.
დიტო _ მაგრამ შენთვის ის არ არის, რაც ჩემთვის, ხომ მართალია? მოდი, პირდაპირ მიხვევ-მოხვევის გარეშე გეტყვი, რა!
ეთერი _ გისმენთ, მაგრამ პირდაპირ რატომღაც არაფერს მეუბნებით.
დიტო _ ეთუნა, მოკლედ ეს უბანი, ეს სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ამიტომ ვცდილობ, რაღაცნაირად დავმკვიდრდე აქ. სურვილი მაქვს, შენი ოთახი შევიძინო. მე შემიძლია შემოგთავაზო ბინის გაყიდვა ან გაცვლა. ან ერთიც და მეორეც. შემიძლია ძალიან კარგი, ბევრად უკეთესი ბინა გაჩვენო მშვენიერ უბანში და გარკვეული თანხაც დაგიმატო. ვხედავ, რომ ვიწროდ ხარ, თან საერთო სამზარეულო… ახალგაზრდა გოგოსთვის მთლად გადასარევი ვარიანტი არ არის, არა, ეთუნა, გენაცვალე?
ეთერი _ არა.
დიტო _ მეთანხმები, ხო? აი, ხო ხედავ…
ეთერი _ არა. მე გეუბნებით არას. ესაა და ეს.
დიტო _ როგორ?
ეთერი _ არ ვყიდი, არ ვცვლი, არ ვჩუქნი!..
დიტო _ ეთუნა, ასე პირდაპირ ნუ მიპასუხებ. იქნებ დაფიქრდე. მე დროს მოგცემ. ახალი წლის მერე კიდევ დავილაპარაკოთ.
ეთერი _ ჩემი პასუხია ,,არა” და ახალი წლის მერეც იგივე იქნება.
დიტო _ რატო ხარ ესე დარწმუნებული, ეთუნა, გენაცვალე?
ეთერი _ უფრო მეტსაც გეტყვით _ საერთოდ არ ვიყიდები.
დიტო _ ეგ რა ლაპარაკია, ეთუნა. არ გვეკადრება უბრალოდ. მე მხოლოდ კეთილი გულით… ისევ შენთვის, თორემ ასეთ მომგებიან წინადადებას სხვისგან ვერც მოისმენ, რა.
ეთერი _ ვაფასებ ამ შესანიშნავ წინადადებას, მაგრამ უბრალოდ სურვილი არ მაქვს, სადმე გადავიდე.
დიტო _ სურვილი შეიძლება გაგიჩნდეს, როცა კარგად აწონ-დაწონი. ასე, რომ წყნარად მოიფიქრე. დროს გაძლევ.
ეთერი _ სულ ტყუილად ვლაპარაკობთ. არაფრის მოფიქრება არ მჭირდება. (საჩუქარს უბრუნებს) აი, ეს შეგიძლიათ თან წაიღოთ.
დიტო _ არ გრცხვენია? ეგ როგორ მაკადრე. აბა, დროებით! (გადის)
ეთერი _ არ შეშინდე, ეთერიკო! დიდი ამბავი _ პრინცი მეფედ გადაიქცა და მეფე ტირანად. შენ მას არაფერს დაუთმობ, ხომ მართალია? (ჩიჩილაკს მოეხვევა) ვიღაც ძალიან მჭირდება! ძალიან მჭირდება ვინმე, ახლა, ამ წუთას, სულ ახლოს, გვერდით!.. მამა? დათუნა… ბატონი ნიკო… მაგრამ ის თითქოს მებუტება, არ ვიცი, რატომ… ბაბუა პეტრე! როგორ მჭირდებით ახლა, ბაბუა პეტრე, თქვენ ხომ არ იცით? ცხელ რძესაც დავლევდი, თუ მომიტანდით და მერე თავს მოგაყრდნობდით კეთილ გულზე, სუფთაზე სუფთა ღუნღულა ჯემპრით რომ გქონდათ დაფარული. (შემოდის პეტიკო)
პეტიკო _ გამარჯობა, ეთერ.
ეთერი _ პეტიკო! (მივარდება და კისერზე მოეხვევა)
პეტიკო (დაბნეული) _ მე მხოლოდ… რაღაც მინდოდა მეკითხა.
ეთერი _ არაფერი არ მკითხო, გეხვეწები.
(პაუზა)
პეტიკო _ მგონი დამავიწყდა, რა უნდა მეკითხა.
ეთერი (მოშორდება. მისგან ზურგშექცევით დგება ფანჯარასთან) _ ძალიან მინდა დაიჯერო, რომ სიყვარული ნამდვილად არის ბუნებაში, ოღონდ ქიმიური ფორმულის გარეშე და ამიტომ ათასნაირია. შენ ერთხელ მითხარი _ არ მჯერა, რადგან წარმავალიაო, მაგრამ ხომ იცი, სიცოცხლეც წარმავალია და ცეცხლიც ცეცხლია, სანამ ჩააქრობ… მთავარია დაიჯერო და მე კი არა, ვინმე შეიყვარო _ სულ ერთია, ვინ… ამისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლე. ასე ამბობენ… თუმცა, შენთვის ხომ სიტყვები არაფერს ნიშნავს.
პეტიკო _ არა, უკვე ბევრს ნიშნავს.
ეთერი (მოტრიალდება) _ მართლა?
პეტიკო _ ჰო… თუმცა მე თვალებიც ძალიან ბევრს მეუბნება… როცა შემოვედი, მომეჩვენა, თითქოს ტიროდი. რამე მოხდა?
ეთერი _ მოგეჩვენა მართლაც… მეც მინდა გკითხო.
პეტიკო _ მკითხე.
ეთერი _ მითხარი, ოღონდ გულწრფელად… ის ოთახი, სადაც მე ვცხოვრობ, ანუ დედაშენის ოთახი _ ისევ დაკარგული გგონია?
პეტიკო (უხმოდ გააქნევს თავს უარის ნიშნად)

8.
31 დეკემბერი. ღამე.
ეთერი სადღესასწაულოდ არის გამოწყობილი. სარკესთან თმას ისწორებს და საკიდიდან პალტოს ჩამოხსნის, რომ ჩაიცვას. კაკუნი. ეთერი კარს აღებს. შემოდის პეტიკო, თავჩაღუნული.
პეტიკო _ მე მგონი, ადამიანი არასდროს ისე არ გრძნობს თავის სიმარტოვეს, როგორც ახალი წლის ღამეს. ყოველთვის ასე ვფიქრობდი. წელს კი მართლა მარტო აღმოვჩნდი. მივიხედ-მოვიხედე და ვერავინ დავინახე… (ახლაღა შეამჩნევს ეთერის მორთულობას) მაგრამ შენ სადღაც მიდიხარ, ხო? რა ლამაზი ხარ… კარგი, მე წავალ.
ეთერი _ არა, დაჯექი! არსადაც არ მივდივარ.
პეტიკო _ რა უფლება მაქვს, დარჩენა მოგთხოვო, მხოლოდ იმიტომ, რომ მჭირდები.
ეთერი _ მინდა და ვრჩები… მიხარია, თუკი მართლა გჭირდები.
პეტიკო _ იცი, ვერ ვიტანდი, როცა ვინმე შემიცოდებდა, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ… შენი სიბრალული საკუთარი თავის მიმართ ზიზღსაც მიქრობს თანდათან… რაღაც მინდა გაჩუქო და დაგტოვებ. შენ კი წადი იქ, სადაც გელოდებიან. ნახე… (კერამიკის პატარა ნაკეთობას გაუწვდის) დედაჩემის ნამუშევარია. ფანქრები ჩააწყვე შიგ. გამიხარდება.
ეთერი (უხმოდ აკოცებს ლოყაზე)
პეტიკო _ მინდა შენთან იყოს. თუ კიდევ დამიჭერენ, ცუდად ნუ მომიგონებ.
ეთერი _ რამე დააშავე?
პეტიკო _ ჩემი აზრით, არა, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, ძალიანაც ნუ შეგებრალები… თუმცა არა, როგორც გინდა… ოღონდ ისევ აქ დამხვდი, მპირდები?
(ტელეფონის ზარი)
უპასუხე. ვინ იცის, როგორ სჭირდებათ შენი ხმის გაგონება.
(ეთერი ყურმილს დასწვდება. რომ მობრუნდება, პეტიკო აღარსად ჩანს)
ეთერი _ ხომ არ მომეჩვენა ყველაფერი? (ყურმილს დადებს. კერამიკის ნაკეთობას აიღებს) არ მომჩვენებია. რა მშვენიერი საჩუქარია… თითქმის ისეთივე, როგორც მთვარის სხივი…

9.
ეთერი აივანზე ზის და ხატავს.
ეთერი _ აი, ასე დადგა გაზაფხულიც.
ჩვენს ეზოში სასწაულით შემორჩენილი დაგვალული ტყემალი აყვავდა და თეთრად გაიპენტა. ჩემი პალმებიც მშვენივრად ნებივრობენ მზეზე. უი, მართლა, რა ხანია წყალი არ დამისხამს. (სარწყავს აიღებს და მცენარეებს რწყავს) მხარზე პატარა მაიმუნი ან თუთიყუში მაკლია და ნამდვილი კუნძულის ბინადარი ვარ. დიახ, კალთაში ჩასმული კატა კი არა, მხარზე შემოსკუპებული მწვანე თუთიყუში უფრო მჭირდება, ბატონო ნიკო. (ტელეფონის ზარი) ეს თქვენ მირეკავთ, არა? ბოდიში გინდათ, მომიხადოთ? მაინც არ გიპასუხებთ. გუშინდელ ხუმრობას დიდხანს არ გაპატიებთ და ,,ჭინჭრაქაშიც” და ,,ხუთკუნჭულაშიც” დევებს თქვენს სახეს დავუხატავ. (ზარი არ წყდება) რეკეთ და რეკეთ, სანამ არ მოგბეზრდებათ. დღეს კვირაა. უფლება მაქვს, დავისვენო. შუადღისას მამა მოვა და დათუნას მოიყვანს. თვითონ კი ჩვეულებრივ, წუთითაც არ ჩამოჯდება. მაგრამ ახლა საყვედურს ვერ ვეტყვი, რადგან ვიცი, მართლა არ სცალია _ ვიღაც კერძო მკურნალთან ატარებს ცოლს იმ დღეებში, როცა საავადმყოფოში არ დადიან.
დათუნა ჩემს ოთახს აიღებს და სადღაც გადადგამს. ბურთსაც თან წამოიღებს და ბულდოგსაც მოიყვანს. ჰოდა, დიტოს ბებია ალბათ ჯოხით დამიკაკუნებს _ ეს რა ამბავიაო! მეც იძულებული გავხდები, დათუნა ბურთიან-ძაღლიანად ეზოში ჩავუშვა და თან გავაფრთხილო, რომ მეზობლების ფანჯრები მოწინააღმდეგე გუნდის კარი სულაც არ არის. (ნახატს ათვალიერებს)
მართლა კარგი გამომივიდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ეს ზღაპარი. სევდიანია და თან ნათელი… წიქარა იმ ხარებს მივამსგავსე, სოფელში რომ მყავს ნანახი ოდესღაც. ისეთი დინჯები იყვნენ, თითქოს გამუდმებით ფიქრობდნენ… ჰოდა, ჩემი წიქარაც ფიქრიანია. ბიჭს კი დიდი, მუქი, მავედრებელი თვალები დავუხატე და მისი მზერა გულის სიღრმემდე მწვდება.
ბიჭი ახლა ცხრაკლიტულში ზის, სადაც არც ჯადოსნური სალამური აქვს და წიქარაც ვერ მიეშველება… მერე რა, ოდესმე ხომ მაინც დააღწევს თავს იქაურობას. იმედია, იქ პატარა სარკმელი მაინც არის, საიდანაც ცის ნაწილი მოჩანს _ დღისით მზე, ღამით ვარსკვლავები… მართლა საოცარია ღამეებია და დიდხანს ვერ ვიძინებ, სულ ცას შევყურებ. (ნახატს დასცქერის)
რა უცნაური თვალებით მიმზერ… ხვალ შენი დაბადების დღეა. როცა დაღამდება, ცას ახედე. ყველაზე ნათელ ვარსკვლავს გჩუქნი დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. შენი იყოს, არ მენანება. ოღონდ არ მითხრა, ზეცაში ცქერას ბაქტერიების თვალთვალი მირჩევნიაო. პირადად მე, მიკროსკოპსა და ტელესკოპს ერთმანეთს არც კი შევადარებდი. თუმცა, როგორც გენებოს, შენი ნებაა. როცა დაბრუნდები, მიკროსკოპი ხომ ისედაც დაგხვდება. წიგნებიც, კერამიკული ნაკეთობებიც და დედის ოთახიც…

დასასრული

კომენტარის სახით: (2008 წლის დრამატურგიულ კონკურსზე “ახალი ქართული პიესა”) – “III პრემია გადაეცათ დათა თავაძეს პიესისთვის “ყვავები” და ლიკა მოლარიშვილი პიესისთვის “ეთერი”…

რაც შეეხება ლიკა მორალიშვილის პიესას “ეთერი” იგი ზედმიწევნით ლიტერატურულია, დახვეწილი მანერით არის დაწერილი, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ავტორი არ იცნობს თეატრს. როგორც გაირკვა, ლიკა მორალიშვილი თამაზ ჭილაძის აღზრდილია, მან სწორედ ის ფაკულტეტი დაამთავრა თეატრალურ ინსტიტუტში, რომელსაც თამაზ ჭილაძე ხელმძღვანელობდა”.

ლაშა ჩხარტიშვილი – “რამდენიმე მოსაზრება თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციებზე”

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s