პ. ხატიანოვსკი: დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!


პ. ხატიანოვსკი

დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!

(კომედია ორ მოქმედებად)

მოქმედი პირები:
მილიონერი ქალი
მომვლელი ქალი
მევიოლინე
მასაჟისტი

პირველი აქტი

დილა, ოცდაათი დღით ადრე…

დიდი ოთახი. სასადილო-სასტუმრო ავეჯის გარდა აქ არის სხვადსხვა სახის სპორტული ტრენაჟორები სხეულის ყველა ნაწილისთვის. ჭერიდან ტროსებით ჩამოშვებულია სპორტული რგოლების მსგავსი ორი რბილი ყულფი (მარყუჟი), რომლებიც ღილაკზე დაჭერით ზევით იწევა. სპეციალური ტრენაჟორი ხერხემლის გასაწევად და ნაწლავებში საჭმლის გავლის პროცესის გასაადვილებლად.
ლიკა, 40-45 წლის ქალი ქურასთან ფუსფუსებს. პატარა ქვაბში რაღაცას ხარშავს, მიქსერით თქვეფს ხილის ნარევს და ორ ლამაზ სასმისს ავსებს. პურზე უსვამს კარაქს და ზემოდან ყველის ნაჭერს ადებს. მომზადებულ საუზმეს მაგიდაზე აწყობს. ათვალიერებს მაგიდას და თითით სინჯავს ჩანგალს.

ლიკა -ეს ჩანგალი გამოსაცვლელია. ჩემი ბებრუცუნა ბლაგვ ჩანგალებს ვერ იტანს (ცვლის ჩანგალს). ერთხელაც იქნება და სადმე გამირჭობს. თვალში არ მატაკებდეს და სხვაგან ჯანდაბას! მეტი არ მინდა, რა?! ეგრევე ანგარიშს დავუდებ წინ. ისე საინტერესოა, რამდენია ჯარიმა ჩანგლით ჩხვლეტაზე? განსხვავება, ალბათ, იმის მიხედვით იქნება, სად შეგირჭობენ, ახლა სად ტრაკში რომ მოგხვდება და სად ძუძუში. ოჰ, ძუძუ ნამეტანია, მკერდთან ხუმრობა არ შეიძლება, მით უმეტეს ჩემს ასაკში და ჩემს სიტუაციაში (მკერდს ხელით მაღლა აიწევს). ეჰ, ვის რაღათ უნდა ჩემი მკერდი. ჩემმა ქალიშვილმა დიდი ხანია, ძუძუს წოვას თავი დაანება. ვერც მამაკაცებს ვატყობ, მათ დანახვაზე დიდ აღელვებას, თუმცა ჯერ კიდევ შემიძლია ბავშვის გაჩენა. უჰ, ღმერთმა დამიფაროს, მაშინ კი მართლა მომიწევს პანელზე გასვლა.

(საათიდან გუგული გამოხტება და ათ საათს გვაუწყებს.
ბოლო სიგნალზე კარი ავტომატურად იღება და
ინვალიდის ეტლით ოთახში მოხუცი ქალი შემოდის,
უაზრო და უემოციო, უსიცოცხლო გამომეტყველებით.
ეტლს მასაჟისტი ტედი მოაგორებს,
ორმოცდაათიოდე წლის მხნე მამაკაცი.
მოკლესახელოებიანი მაისურიდან ძლიერი კუნთები უჩანს).

ტედი (ლიკას) – Here’s the old lady for you. Something tells me she’s been having problems ar night. The butt needs a better wash. (ლიკას ტრაკზე წამოარტყამს ხელს, რომელიც პასუხად სილას გააწნის. ტედი სიცილით მეორე ლოყას მიუშვერს) Have another go, sweetie!
(მიიღე შენი ბებერი. სუნით ვგრძნობ, ღამე პრობლემები ჰქონდა. ტაკო უკეთ უნდა დაბანო. ჩემო ტკბილო გოგონა! მიდი, კიდევ ერთხელ დამარტყი!)

(მოხუცი ქალი ყურადღებას არ აქცევს მათ, მაგიდასთან მიგორდება,
თითით გასინჯავს ჩანგალს, მომზადებულ საუზმეს დასუნავს
და პურს მოკბეჩს).

ლიკა (ტედს გაუწვდის ფულიან კონვერტს) – Here’s your hundred dollars and get lost. იდიოტი!
(გამომართვი შენი ასი დოლარი და მოუსვი აქედან. იდიოტი!)
ტედი – How about some massage? I’m an expert in it.
(არ გინდა, პატარა, მასაჟი გაგიკეთო? ეს საქმე კარგად გამომდის).
ლიკა (უჩვენებს შუა თითს) -გოუ თუ ჰელ! ეგ შენი მასაჟები შენს საყვარლებს გაუკეთე. გამოსირებული!
ტედი კედელზე ღილაკს დააჭერს თითს, დაუშვებს რგოლებს.
ტედი – Don’t forget to suspend Mary aftr meals. Five minutes only.
(არ დაგავიწყდეს, ჭამის შემდეგ მერი ჩამოკიდე. მხოლოდ ხუთი წუთით.)
ლიკა -ისე, უფრო დიდი სიამოვნებით ჩამოგკიდებდი რქებით!
ტედი (მიდის) -ბაი, ბაი!
ლიკა მოხუცს ფუჟერით წვენს დაუდგამს.
მეორე ბოკალი თავად უჭირავს.
ლიკა -ოჰ, დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!
მოხუცი ქალი ფუჟერს ღიმილით ასწევს მაღლა
და ლიკას მიუჭახუნებს.
ლიკა -ერთი ამას დამიხედეთ, რა! ისე იღიმება, თითქოს პატარა უმანკო ბავშვი იყოს. დაგავიწყდა, არა, რა დღეში ჩამაგდე მთელი ღამე, სიაფანდი… ვითომ არ ახსოვს. ოო, ვინც შენ არ გიცნობს… ხანდახან ისე იყურები ხოლმე… საშინელი ბოროტი ქალები რომ არიან ფილმებში.
მოხუცს წნევას გაუსინჯავს.
ლიკა -რა გინდა, წნევა კოსმონავტის გაქვს. ამბობენ, სანამ ავარიაში მოყვებოდა, მგელივით იყოვო, მართალია? სხვანაირად არც იქნებოდა. აბა, კრავები მილიონებს ვერ შოულობენ. სამაგიეროდ, ახლა ბოსტანში ამოსული ქინძივით ხარ. ქინძს შეჭამ მაინც, შენგან კი რა ხეირია, ჩემს გარდა არავის აღარ სჭირდები. ყოველდღე ას დოლარად გაჭმევ, გასმევ, გაცმევ, ჩაგბან-ჩამოგბან, აბა…
რეკავს ტელეფონი.
ლიკა ყურმილს აიღებს, ინგლისურად ლაპარაკობს.
ლიკა – Hi, Christie… We are fine over here. The blood pressure in 130 over 80 and the appetite in perfect. We’re just having breakfast. (To the OLD WOMAN) Mrs. Mary, your daughter sends you her love.
(ჰაი, კრისტი. ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. წნევა 130/80-ზე და მშვენიერი მადა აქვს. ახლა ვსაუზმობთ. (მოხუცს) მისის მერი, თქვენმა ქალიშვილმა მოგიკითხათ.)
მოხუცს ამაზე არანაირი რეაქცია არა აქვს.
ლიკა – No, she’s being very capricious… Wouldn’t brush her teeth as usual, and wouldn’t get out of the Jacuzzi… OK, I’ll kiss her. Bye-bye.
(არა, ძალიან არ ჭირვეულობს… როგორც ყოველთვის, კბილების გაწმენდა და ჯაკუზიდან ამოსვლა არ უნდოდა… კარგი, ვაკოცებ. ნახვამდის.) (ყურმილს დადებს და ლაპარაკს განაგრძობს ქართულად) შენმა საყვარელმა ქალიშვილმა დაგირეკა ჰავაის კუნძულებიდან. ჩემგან კოცნა გადაეციო. გადმოგცემ, რა მენაღვლება. მართალია, ეს არ შედის ჩვენს კონტრაქტში, მაგრამ ჯანდაბას შენი თავი, მაინც გაკოცებ.
აკოცებს მოხუცს, ის კი ხელს კრავს და ჩანგლით ემუქრება.
ლიკა -ამ ბებრუხანა ქვეშაჯვიას ვერ უყურებთ, როგორ იქნევს ჩანგალს! უნდა მომეხსენებინა შენი ქალიშვილისთვის ერთ ღამეში ორჯერ რომ ჩაისვარე. მაშინ კარგად მელაქუცები, პამპერსს როცა გიცვლი, დამნაშავე ბავშვივით რომ მოიკატუნებ თავს. ოჰ, დიდი ოხერი ხარ, ვინც არ გიცნობს. მადლობა მაინც მითხარი, ან ათი დოლარი დამიმატე. გახსოვს, საერთოდ, უკანასკნელად ვინ გაკოცა? როდის იყო ეს, ასი, თუ ორასი წლის წინ?! მაგაზე არ იდარდო, ჩემო კარგო. შენ კი არა, აგერ რამდენი წლით ახალგაზრდა ვარ შენზე, მაგრამ უკანასკნელად როდის ვიგრძენი კოცნის დროს ფეხებში სისუსტე, არც მე მახსოვს. ქმარიც მარტო ლოყაზე მკოცნიდა. ისე, რას იტყვი, შენს მასაჟისტთან ხომ არ მეცადა? ჰა, როგორია? გსიამოვნებს, ზურგზე ხელებს რომ გითათუნებს? სახე კი გაქვს ხოლმე მაგარი კმაყოფილი; ჩვენში დარჩეს და ტედი თავისი ტორებით რომ გამუშავებს, პატარა ორგაზმსაც ხომ არ განიცდი, ა?
მოხუცი გადაჰკრავს და ყველაფერს ზედ ჩამოისხამს.
ლიკა (იღიმება, ტილოთი გაწმენდს ბებერს) -ერთი ამ ნაბოზარს დამიხედეთ, ეჭვიანობს! მოდი, გინდა, დავცხოთ ერთმანეთს ბაზრის ქალებივით. მე თმებში გწვდები, შენ ჩანგალი გამირჭვე. აუ, მაგარი იქნება. ა, რას იტყვი? კარგი, კარგი, დაწყნარდი, არავინ არ გართმევს. ეგეთ გორილებს ვერასოდეს ვერ ვიტანდი. გული მერევა მაგის გადმოყრილ კუნთებზე. ღმერთო ჩემო, შეიძლება გაგიჟდე მოწყენილობისაგან. დილა მშვიდობისა, თქვენო უარარაესობავ, მიიღეთ თქვენი ასდოლარიანი და… ერთადერთი სიხარული ისღა დამრჩა, რომ შემიძლია ქართულად გელაპარაკო. შენთვის ხომ სულ ერთია, გინდა დოლზე მიბრაგუნებია და გინდა შენთან მილაპარაკია, თუმცა ინგლისურიც მშვენივრად ვიცი, დისერტაციაც კი მაქვს დაცული ამ ენაზე. `ვირჯინია ვულფის ფილოსოფიური ესეები~. გსმენია რამე ამდაგვარი? არა. ე, ნეტავი მეც არ მცოდნოდა. ასი წელი არაფერში არ დამჭირდება, სად მქონდა ტვინი? წიგნებს ვწერდი, სტატიებს… რისთვის? იმისათვის, რომ ახლა შენი საჭმლის მიღების და მონელების პროცესებს ველოდო? ხან პირი მოგწმინდო და ხან ტრაკი. ხედავ, სადამდე დავედი? მე რომ ჩასვრა დავიწყო, პამპერსის ფულიც კი არ მექნება, ჩემივე დისერტაციის ფურცლებს თუ ამომადებენ ქვეშიდან… ოო, ფაფა ბოლომდე უნდა მიირთვა… (კოვზი მოხუცის პირთან მიაქვს). ეს დედიკოს ხათრით. ეს მამიკოს… ეს ვირჯინია ვულფის ხათრით.
მოხუცი ფაფას ჩაიდებს პირში და
ჭირვეული ბავშვივით გადმოაფურთხებს.
ლიკა -გასაგებია, ვარდისფერი ვირჯინია არ მოგწონს. მაშინ ერთი კოვზი ცისფერი ოსკარის ხათრით (მოხუცი კოვზს ხელს ჰკარვს). სად არის თქვენი ტოლერანტობა, ქალბატონო მერი?! კეთილი, ფაფა არ გინდა, ნუ გინდა. ეს ფაფა მეც გულს მირევს. თუმცა, ხომ არ გავიწყდება, რომ სწორედ მაგით გააკეთე შენი მილიონები. ფაფები, სუპები, რძის ნარევები ხელოვნური კვებისთვის. საწყალი ბავშვები! ბებერი ქვეშაჯვიას მილიონების გამო დედის მკერდს მოსწყვიტეს. არ იცოდი, რომ დედის რძესთან ერთად ღვთისმშობლის რძის ნაწილაკი გადაეცემათ ბავშვებს, რაც მარადიული სიყვარულის მარცვალია, რომლის გარეშე კაცობრიობა გადაშენდებოდა.
მოხუცი რაღაცას გაუგებრად ბურტყუნებს.
შენ, ჩემო მერი, მეფე იროდზე უარესი ხარ! შენმა ფაფებმა დროთა კავშირი დაარღვიეს. კაცობრიობის და ყველა ბავშვის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის შენ სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგე! მადლობა ღმერთს, რომ ჩემი გოგონა საკუთარი რძით გავზარდე. მის ორგანიზმში იმ საზიზღრობების არც ერთი გრამი არ არის, რომლითაც შენ ქონება დააგროვე. ამიტომაც ვუყვარვარ მე ჩემ გოგონას. შენსას? ჰავაიზე გაიქცა ძუკნა და დედის მილიონებს მამაკაცებთან ფლანგავს… მშურს მისი. იახტები, ზღვა, კუნძულები. მიშვილე, მერი, და მეც გადასარევი ძუკნა გავხდები. ჩემით იამაყებ.
ვირჯინია ვულფის შემოქმედების მცოდნე მსოფლიოში ერთადერთი ძუკნა!
მოხუცი გაუგებრად ბურტყუნებს.
ლიკა -ოცნების საშუალებასაც არ მოგცემენ. კარგი, კარგი, დაგსვავ შენს ველოსიპედზე.
გადასვამს ველოტრენაჟორზე,
პულსის გადამცემს ხელებზე დაუმაგრებს.
მოხუცი სწრაფად ატრიალებს პედლებს.
ლიკა -პატარა ბავშვივით ბედნიერია. აუსრულდა სულელს ოცნება. (მაგიდას ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს). მეც მქონდა ბავშვობაში ერთი ოცნება! საშიში ოცნება! ვერაფრით ვერ გამოიცნობ, რაზე შეიძლებოდა ეოცნება პროფესორის ბედნიერი ოჯახის ერთადერთ ქალიშვილს. ხუთი წლის ოქროსკულულებიან ანგელოზს, რომელიც უკრავდა ფორტეპიანოზე, დადიოდა ინგლისურზე… და ოცნებობდა… მამის სიკვდილზე! ოცნებობდა, რომ ვინმეს მოეკლა მამამისი, ან მანქანას გაეტანა, ან ზღვაში დამხრჩვალიყო, ოცნებობდა აგურზე, რომელიც დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდებოდა და თავს გაუხეთქავდა მამას. ზოგჯერ ვხედავდი კიდეც, როგორ მოფრინავს შორიდან დიდი აგური, როგორ ხვდება მამაჩემს კეფაში და როგორ ასხმევინებს ტვინს… სულელური ბავშვური ოცნება… დედა გარდაიცვალა, ის კი ისევ ცოცხალია. და იმ ასდოლარიანი კუპიურის ნაწილს, რომელსაც ყოველდღიურად შენ მიხდი, მამიკოსაც ვუგზავნი, თუმცა ის არ არის ჩემი ნამდვილი მამა. ბიოლოგიურად არ არის ჩემი. ხუთი წლის ვიყავი, როცა დედაჩემის კივილი შემომესმა და შეშინებული მის საძინებელში შევვარდი. ახალი მამა, სრულიად შიშველი, ზემოდან აწვა დედაჩემს და ახრჩობდა, დედა მაღლა აწეულ ფეხებს იქნევდა, ყვიროდა, იბრძოდა, მაგრამ მისგან თავს ვერ იხსნიდა. რა ვიცოდი მაშინ, რომ ეს თურმე სიყვარულის ყვირილი იყო, რომ მას თურმე ძალიანაც მოსწონდა ამ ცხოველის ქვეშ ყოფნა… იმ წუთიდან შემჯავრდა მამა. (ხელებით მოხუცის მუხლებს შეაჩერებს) ასე სწრაფად ნუ ატრიალებ, თორემ დაიღლები… გამოტყდი, შენც ყვიროდი, როცა ქმრის ქვემოდან იწექი? დარწმუნებული ვარ, ამ ჟანრის დიდი ოსტატი იქნებოდი! არა? მოსწონდათ შენი ყვირილი? ჩემსას, მაგალითად, არ მოსწონდა. ერთს გავიკრუსუნებდი თუ არა, მაშინვე მეცემოდა: -რა გაღრიალებს, ხომ არ გამოშტერდიო? დიახაც, მე ასეთ დროს ყოველთვის გიჟი ვხდებოდი, გონების დაკარგვამდეც კი მივდიოდი… მინდოდა, მთელი ძალით მეყვირა, ის კი პირზე ხელს მაფარებდა. არ გეგონოს, თავს გაბრალებდე. ყვირილის გარეშეც შეიძლება, რომ იცხოვრო. ფეხებშუა ჩამოკიდებული ხორცის პატარა ნაგლეჯი კაცის მთავარი ღირსება სულაც არ არის. ამ ნაგლეჯს კიდევ სხვაც უნდა ახლდეს რაღაც გარშემო.
და თუ ეს `რაღაც~ არ არსებობს, მაშინ ყვირილი კი არა, ბღავილი გინდება. ჰოდა, მეც ვბღაოდი. შევძვრებოდი შხაპის ქვეშ და ვბღაოდი! (მოხუცს მხრებში ხელს ჰკიდებს, აჯანჯღარებს, ყვირის) გესმის ჩემი?!
მოხუცი არც უყურებს, ისე ატრიალებს პედლებს.
ლიკა -…ესმის, მაგრამ ვერაფერს ვერ იგებს. დედამიწაზე არ არსებობს ენა, რომელსაც ეს გაიგებდა ახლა… რა სუსტი თავის ქალა გვაქვს. (თავზე ხელს უსვამს) ერთი დარტყმა და ბავშვად გადაიქეცი. აღუუ! რამდენი წლის ხართ? ორის… სამის? ალბათ, ორის. სამი წლის ბავშვები საკმაოდ კარგად ლაპარაკობენ და, პრაქტიკულად, არც ქვეშ ისვრიან. იქნებ ლაპარაკი გასწავლო ახლიდან. ჩემი ანა-ბანა ასე იწყებოდა…
მოხუცი (ღმუის) -და… და… დე-დე…
ლიკა -ყოჩაღ. დე… დე…
მოხუცი (ღმუის) -დე… დე… დე…
ლიკა (იცინის) -შენი დედიკო აქ არის (ტრენაჟორის გადამცემებს უყურებს). მორჩა, გეყოფა. მე რომ ამდენი გავიარო, გული ამომივარდება. შენ კი… 75 დარტყმა. საათივით. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ.
მოხუცს ინვალიდის სავარძელში გადასვამს, მიიყვანს მარყუჟებთან,
ხელებს გააყოფინებს და ღილაკს თითს დააჭერს.
ტროსი ამოსწევს მერის სავარძლიდან და ის ჩამოეკიდება.
ლიკა -ხუთი წუთი გაჩერდი ასე, ჩემებს დაველაპარაკები. (ნომერს აკრეფს) -დილა მშვიდობისა… ას დოლარიანი ვარ. როგორა ხარ, დედიკო გენაცვალოს? ე, დამღალა ამდენმა მოწყენილობამ… ნუ ტირი, ერთი თვეღა დარჩა. იმაზე იფიქრე, რამხელა თანხა დავაგროვე… დაითვალე..? შენ არა? ესე იგი, მამამ. ხვალ გადმოვაგზავნი… გაახარე, მთელი სამი ათასით მეტი მაქვს. თუმცა, ჯობია არ უთხრა. ჩემი და შენი საიდუმლო იყოს. კარგ ბუტიკში წავალთ და რასაც მოისურვებ, ყველაფერს ვიყიდით! აუცილებლად საჭიროა! ნუ გეშინია, კარგ ქმარსაც გიშოვი.
მერი რგოლებზე ქანაობს და ღმუის:
დე… დე… დე…
პირველი ქორწინება – გემოს მოსინჯვაა, სადღაც გამიგონია, მეორე – ბედნიერება. გერკულესს მამას უხარშავ? ვიტამინებიც დალიოს. შემოდგომით წყლული ყოველთვის უღიზიანდებოდა… პატარა როგორ არის? უკვე სძინავს… ჩემი პატარა რგოლებზე ჰკიდია, ხერხემალს იჭიმავს და საუზმეს ნაწლავებში იტარებს. მე – გადასარევად. ვსვამ ავოკადოს, მანგოს, კალიფორნიული ატმისა და რუსული ჟოლოს წვენის ნარევს, სუფთა შვეიცარიული ნაღებით. ამ ნარევისგან პირველ დღეებში ტრაწი მქონდა, ეხლა მივეჩვიე. დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო, და ერთი ბოკალი ეს საზიზღრობა. ამინდი? მომბეზრდა გაუთავებელი ზაფხული! შემოდგომის გადაუღებელ წვიმებზე ვოცნებობ.
ოთახში შემოდის ბენი. ორმოცდაათ წელს გადაცილებულია.
სახეზე, გამომეტყველებაზე და კოსტუმზეც კი ეტყობა სიმორცხვე.
ლიკა ტელეფონზე ლაპარაკს განაგრძობს.
ლიკა -…კარგი, არ მოიწყინო. დილით, თვალს რომ გაახელ, უკუღმა დაიწყე დათვლა: დედას ჩამოსვლამდე დარჩა ოცდაცხრა დღე… ოცდარვა… ოცდაშვიდი. გაიგე? (ყურმილს დადებს) ოცდაათი დღე და მეც სახლში ვარ.
…ბენ, როგორ შემოხვედით? (ბენს შეამჩნევს)
ბენი -კარი ღია იყო.
ლიკა -სუფთა დებილია ეგ ტედი. ყოველთვის ღიას ტოვებს კარს.
მერი (ყმუის) -დე… დე… დე…
ბენი (მერის ესალმება) -დილა მშვიდობისა, მემ. ამ საშინელ რგოლებს ვერაფრით შევეგუე. ნუთუ არ სტკივა?
ლიკა -ტრენაჟორებზე გიჟდება. შიშველი გინახავთ?
ბენი -ღმერთმა დამიფაროს!
ლიკა -ახალგაზრდა ქალის სხეული აქვს, ხელები, ფეხები, ცარიელი კუნთებია.
ბენი -რათ უნდა კუნთები, როცა ვერ დადის?
ლიკა -ველოსიპედზე უყვარს სიარული! `ტურ დე ფრანსში~ აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ბენი კარადიდან ვიოლინოს ამოიღებს.
ინსტრუმენტს ამზადებს.
ბენი -დილა მშვიდობისა, გვარნერო.
ლიკა -…და ასდოლარიანო.
ბენი -უკაცრავად, ვერ გავიგე?
ლიკა -ასე უნდა თქვა – დილა მშვიდობისა, გვარნერო, და ასდოლარიანო. თქვენი მშურს, ბენ. იმ ას დოლარიანს, რომელსაც ერთ საათში იღებთ, დიდი მოცარტის და ჰაიდნის სუნი ასდის, ჩემ ას დოლარიანს კი განავლის სუნი აქვს.
მერი -დე.. დე… დე…
ლიკა -რა, დე… დე… ღამით ორჯერ ჩაისვარა და ახლა იღიმება.
ბენ -ძალიან ვწუხვარ…
ლიკა -რატომ? თქვენ ხომ არ ჩაგისვრიათ?
ბენ -ვწუხვარ, რომ მიემგზავრებით. მე და გვარნერი მხოლოდ თქვენთვის ვუკრავდით. თანაც ქართულად ვსაუბრობდით. (ნაღვლიან მელოდიას უკრავს)
ლიკა -მოგიწევთ გადაჩვევა. ჩემს მაგივრად ვინმე ჩინელს ან პუერტორიკოელს დაიქირავებენ…
მკვეთრი, კივილის მსგავსი აკორდი.
ლიკა -ჩუმად, ჩუმად! საცოდავი რასისტი! ჩინელები არ მოსწონს!
სწრაფი პიციკატო.
ლიკა -ჩინური სამზარეულო?
იგივე პიციკატო.
ლიკა -არ გეთანხმებით. პირადად მე ძალიან მომწონს ზღვის საძაგლობები. თქვენ, არ მოგწონთ?
ბენი უკრავს `სულიკოს~.
ლიკა -გასაგებია. ქართული სამზარეულო, ქართველი ქალები, ქართული ენა! იპოვეთ არალეგალი ქართველი ქალი, ან გვარნერის ელაპარაკეთ ქართულად! ის მსოფლიოს ყველა ენას ფლობს. მერისაც კი ესმის მისი. როცა თქვენ უკრავთ, მას აზრიანი თვალები უხდება.
ბენი უახლოვდება რგოლებზე ჩამოკიდებულ მოხუცს
და რამდენიმე ჰარმონიულ აკორდს იღებს.
მერი -დე… დე…
ბენი -აბა, სად არის მისი აზრიანი თვალები? ტყუილია, მუსიკა მას არასდროს არ ესმოდა.
ლიკა -მაშინ, რატომ ხარჯავს საათში ას დოლარს?
ბენი -გვარნერის გამო. ვიოლინოზე თუ არ დაუკრავენ, ის დაჭკნება, ხმა ჩაუწყდება და დაიღუპება.
ლიკა -თქვენ ძალიან კარგი მუსიკოსი ხართ, ბენ.
ბენი -ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა კი მხოლოდ დიდი გვარნერის სპარინგ-პარტნიორი ვარ, საათში ას დოლარად.
ლიკა -მოდით, მოცარტი დაუკარით. მოცარტს მისი გონება და ნაწლავები წესრიგში მოჰყავს.
ლიკა მოხუცს ეტლში დასვავს და ოთახიდან გაიყვანს.
ბენი ვიოლინოზე უკრავს და უკან მიჰყვება.

დილა, ოცდახუთი დღით ადრე…

იგივე ოთახი. ლიკა მაგიდას აწყობს, წვენს ჭიქებში ასხამს.
ბენი უკრავს ვიოლინოზე. საათის გუგული ათჯერ ჩამოკრავს.
კარები იღება და ოთახში მოხუცი შემოდის.
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო.
მოხუცი მიუახლოვდება მაგიდას, საუზმეს დასუნავს,
თითებით გასინჯავს ჩანგლის კბილებს,
უკაყოფილოდ გააქნევს თავს.
მოხუცი -დე… დე… დე…
ლიკა -რაო, დედიკო, არ არის ბასრი? ომლეტის ჭამა ყველაზი ბლაგვი ჩანგლითაც კი შეიძლება. (გამოუცვლის ჩანგალს) ნამდვილად რაღაცას გვიპირებს.
მოხუცი წვენით სავსე ბოკალს ასწევს.
ლიკა (უჭახუნებს ჭიქას) – ჯანმრთელობას გისურვებთ, პატარა ქვეშაჯვია! სამი დღე ყველაფერი რიგზე იყო, დღეს კი ისევ ბოლომდე ჩაისვარა.
ბენი -ადვოკატს მოელაპარაკეთ. გაარკვიეთ კვირაში რამდენჯერ შეიძლება ჩაისვაროს ამ ფასად. `დამატებით მომსახურების~ ტარიფი რამდენია?
ლიკა -გვიანია. მხოლოდ ოცდახუთი დღე დამრჩა…
მოხუცი -დე… დე… დე…
ლიკა -რა იყო, დედიკო? მალე ახალ ჩინელ დედიკოს გიყიდიან. თუ გაგიმართლა, ჭუჭყიან ტაკუნებზე არ მოგცხებს ხოლმე.
საინტერესოა, ჩინურად `დედა~ როგორ არის.
ბენი -სიამი-სიუ.
ლიკა -სიამი-სიუ? დარწმუნებული ხართ?
ბენი -თქვენამდე მერის ჩინელი ქალი უვლიდა.
ლიკა (ომლეტს ტენის პირში) -აბა, შენი სიამი-სიუს ხათრით. (მოხუცი ჩანგალს გაწევს) მისი ხათრით არ გინდა? მაშინ მასაჟისტი გავიხსენოთ (სხეულის გასწვრივ მასაჟის იმიტაციას აკეთებს. მოხუცი ომლეტს ჩანგლიდან მიირთმევს)
ბენი -ოხოხო! გადაყევი ამისთანას. თავის სიამის-სიუს არ უჯერებს და იმ ბუღას ხათრით როგორ გადასანსლა?!
ლიკა – ვინ იყვნენ მისი სიამი-სიუები?
ბენი -ღარიბი ირლანდიელები. მერიმ საკუთარი ოფლით იშოვა მილიონები. ნამდვილი მტაცებელი იყოვო, ასე ამბობენ.
ლიკა -რა უნდა უყოს ახლა ამ მილიონებს? ცხოვრება შესწირა, თან კი ერთ ცენტსაც ვერ წაიღებს.
ბენი -მერი, გვიანდერძე თითო მილიონი და პირობას გაძლევ, შენს საფლავზე ყოველ კვირას ირლანდიურ სიმღერებს დავუკრავ. (უკრავს)
ლიკა -ვინ დაუჯერებს სულელ მოხუცს? (მოხუცს თავზე ხელს უსვამს) თვითონ მარაზმშია გადავარდნილი, მის მილიონებს ქალიშვილი ჰავაიზე ფლანგავს. ჩვენ კი აქ მისი ნამცეცები გვხვდება. ასი მასაჟისთვის, ასი მუსიკისთვის, ასიც მე ტანჯვა-წამებისათვის. (ჩანგალზე კიდევ ერთ ნაჭერ ომლეტს არჭობს) კარგი, გვარნერის ხათრით შეჭამე. (ბენს მიმართავს) გაგეცინებათ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაცნაირად მივეჩვიე.
ბენი – ბათუმში ჩემს მეზობელს დებილი ბავშვი ჰყავდა, რომელსაც აღმერთებდა.
ლიკა -მეც შემიყვარდა ეს პატარა დებილი. (მოხუცს თავზე ხელს უსვამს) მაპატიე, ზოგჯერ ვბრაზობ, როცა შენს ჭუჭყიან ტაკუნებს ვასუფთავებ. მაგრამ აქედან წავალ, და მომენატრები.
მოხუცი მაგიდას გაეცლება, შეჩერდება რგოლების ქვეშ
და ხელებს გაყოფს.
ლიკა კედელზე ღილაკს თითს დააჭერს. `ვირა~ – დაიძახებს.
ყულფები ნელა მიიწევენ ზევით, მოხუცს სავარძლიდან ამოსწევენ.
მოხუცი ნეტარად იღიმის, ფეხებს ჰაერში აქანავებს.
ზარის ხმა ისმის. ლიკა კარის გასაღებად მიდის.
ბენი ვიოლინოზე უკრავს.
ოთახში მასაჟისტი შემოდის.
მოხუცი (ფეხებს იქნევს, იღიმება) -დე… დე… დე…
ტედ – Good girl. Want to go for a walk with me? (To Lika) Down, down, please. Now we’ll take a short walk and then my little girl will have a nice massage.
(ჩემო კარგო გოგონა. გინდა, ჩემთან ერთად გაისეირნო? (ლიკას) მაინა, მაინა, გთხოვ! ახლა გავისეირნებთ და ჩემს გოგონას მასაჟს გავუკეთებთ)
ლიკა ღილაკს თითს დააჭერს, მოხუცს დაუშვებს.
ტედი მარყუჟებიდან გაათავისუფლებს.
ზურგიდან უჭირავს და ბავშვივით ატარებს ოთახში.
ტედი – A step, another one, still another one. Fine, Mary, well done!
(ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი… კარგია, მერი, კარგია!)
(მიჰყავს)
ლიკა (ბენს) -ჩემთან ნაბიჯს არ გადადგამს, ამასთან კი მალე ცეკვასაც დაიწყებს. მაგრამ ეს ყველაფერი მე უკვე აღარ მე-ხე-ბა!
ბენი -წახვალთ და მეც აღარ ვივლი აქ.
ლიკა-როგორ? დიდი იტალიელის ინსტრუმენტს მიატოვებთ?
ბენი -კვირაში ას დოლარად ნებისმიერი მუსიკოსი გაავარჯიშებს ვიოლინოს.
ლიკა – ეწყინება გვარნერის. ვიოლინო ქალივითაა, ცუდ ხელში ხმოვანებას კარგავს. თქვენ კი სოლისტი ხართ.
ბენი -ამ ვიოლინოს ბევრი ჩემზე უკეთესი სოლისტი უნახავს. ნეტავ შემეძლოს, ქალივით მისი მოტაცება და სადმე ისეთ ადგილას გადამალვა, სადაც ვერავინ ვერასდროს ვერ მოგვაგნებდა. მაშინ ბოლომდე მივეცემოდი სიყვარულს! დავუკრავდი! დავუკრავდი! დავუკრავდი! უსამართლობაა, როცა ასეთი ინსტრუმენტი ეკუთვნის მოხუცს, რომელსაც მისი ხმაც კი არ ესმის.
ლიკა -ცდებით. სიტყვები არ ესმის, თორემ მუსიკა ესმის. ზოგჯერ ტირის კიდეც.
ბენი -ეს მხოლოდ გვარნერის დამსახურებაა. მას განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.
ლიკა -ალბათ, ასეცაა. სიტყვებს ჩვენ ვიგონებთ, ადამიანები, მუსიკას კი ღმერთი ჰქმნის.
ბენი -თქვენ რაზე უკრავდით?
ლიკა -ბავშვობაში ფორტეპიანინოზე, როგორც ყველა წესიერი ოჯახის ბავშვს შეეფერება.
ბენი -თქვენში ნამდვილად არის მუსიკა.
ლიკა -მაესტრო, სათვალე გაიკეთეთ.
ბენი -ღმერთო, რამდენი ხანია ასე არავის მოუმართავს ჩემთვის – მაესტრო! სათვალე არ მჭირდება, დამიჯერეთ, თქვენში არის მუსიკა.
ლიკა -ჩემში აღარაფერი აღარ დარჩა. მუსიკის ჰარმონია ჩემი სულის დისჰარმონიასთან თანხვედრაში ვერ მოდის. მე მთელი ცხოვრება იმ დოლივით ვიცხოვრე, რომელზეც უბედურება უბრაგუნებდა და უბრაგუნებდა. თავიდან გადაჭიმულ ტყავზე ყოველი დარტყმა ძალიან მტკივნეული იყო, ახლა კი მოეშვა და მოიჩვარა, ისე რომ უბედურების ხმასაც კი ვეღარ გამოვცემ. ყავა ხომ არ მოგიდუღოთ?
ბენი -მაგარი, შაქარი ძალიან ცოტა.
ლიკა (ყავას ადუღებს) -წუხელ, მე და მერიმ საშინელი ღამე გავატარეთ. ძალიან შეწუხდა. ჯერ ჩაისვარა, მერე დიდხანს ტიროდა. ტაბლეტებმაც კი არ იმოქმედეს.
ბენი -ვერ დამირეკეთ?
ლიკა -რა უნდა მეთქვა? ბენ, მობრძანდით და პამპერსების გამოცვლაში მომეხმარეთ-მეთქი!
ბენი -ვიოლინოზე დავუკრავდი. თქვენ არ ამბობთ, მოცარტი მის გონებასა და ნაწლავებზე დადებითად მოქმედებს.
ლიკა -დილის ოთხი საათი იყო.
ბენი -მე არ მეძინა.
ლიკა -ვიოლინოზე უკრავდით?
ბენი -ძაღლს ვმკურნალობდი. ტელეფონით. ვეტსაავადმყოფოს მაგივრად ჩემთან მოხვდნენ.
ლიკა -როგორ უმკურნალეთ? ვიოლინოზე დაკვრით?
ბენი – თათიდან ხიჭვის გამოძრობაში დავეხმარე. ოდესღაც, სულ სხვა ცხოვრებაში, სენბერნარი მყავდა, ტიმი. პასპორტით ტიმოთე ბენოს-ძე კრიხელი. საოცარი ხმა ჰქონდა. მე ვიოლინოზე ვუკრავდი, ის კი ყმუოდა. სამწუხაროდ, ძაღლი ცოტა ხანს ცხოვრობს. და მე ისევ მარტო დავრჩი.
ლიკა -ზოგჯერ მეც თქვენი ტიმივით ყმუილი მინდება.
ბენი -მერე და რა გიშლით ხელს? აკომპანემენტი თუ გჭირდებათ – დავუკრავ.
ლიკა -ნუთუ ასე ვგავარ თქვენს სენბერნარს?
ბენი -არა. მაგრამ, თუ ხიჭვი შეგაწუხებთ, დამირეკეთ… (ყავას მოსვამს) ყავის მოდუღება მაინც არ იცით. შემდეგში მე მოგიდუღებთ ნამდვილ ბათუმურ ყავას. უშაქროს, ცივი წყლით.
ლიკა -თქვენში აჭარული სისხლიც ჩქეფს, მაესტრო?
ბენი -არც ერთი წვეთი. ჩემს გვარში მხოლოდ ებრაელები არიან, მაგრამ ჩვენთან ბათუმში განურჩევლად ყველა მაგარ ყავას ადუღებს.
ლიკა -ბათუმში ბავშვობის მერე არც ვყოფილვარ.
ბენი -მშურს თქვენი. ეს ბედნიერება წინ გაქვთ.
ტედს მოხუცი ოთახში შემოჰყავს.
ტედი – Tango! Ben, play tango for Mary and me. We’ll tango together!
(ტანგო! ტანგო დაგვიკარი, ბენ. მე და მერი ტანგოს ვიცეკვებთ.)
ბენი ტანგოს უკრავს. ტედი მოხუცს მიიკრავს და
ცდილობს იცეკვოს. მოხუცს ფეხები ეკეცება.
ლიკა – Not so fast, you idiot! Seat her in the armchair.
(ფთხილად, კრეტინო! ჩასვი სავარძელში.)
ტედი მერის სავარძელში დასვამს.
ლიკა მასაჟისტს კონვერტს გაუწვდის.
ლიკა – Here’s your hundred dollars.
(შენი ასი დოლარი.)

ტედი ლიკას წელზე ხელს მოხვევს და
ცდილობს მასთან ერთად იცეკვოს.
ლიკა (ხელს კრავს) – Go hang yourself!
(წადი შენი…) იდიოტი!
ტედი ფულს ართმევს და ლიკას ტრაკზე ხელს მოსცხებს.
ლიკა ლოყაზე ურტყამს ხელს.
ტედი (იცინის) – Carry on, sweetie, carry on!
(დამარტყი, ტკბილო, დამარტყი)
ბენი – You cad! (უტიფარი!)
ტედი -ბაი, ბაი. (მიდის)
ბენი -რამდენს უთმენთ?
ლიკა -ეს ჩვენი რიტუალია. ის საჯდომზე მირტყამს, მე კი სიფათში.
ბენი -თქვენ მოგწონთ ეს რიტუალი?
ლიკა -ჰო. როცა მას ვურტყამ, სულ სხვა სიფათი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ.
(ბენს აწვდის კონვერტს ფულით) ინებეთ თქვენი ასი დოლარი, მაესტრო.
ლიკას მოხუცი ოთახიდან გაჰყავს.

დილა. თვრამეტი დღით ადრე…

ლიკა ტელეფონზე ლაპარაკობს.
ისმის სონატა ვიოლინოსათვის.

ლიკა -მოითმინე, სულ ცოტაც და. თვრამეტ დღეში შენ დახვდები ლოს-ანჯელეს – თბილისის რეისს და აღარასოდეს დავშორდებით ერთმანეთს… ტირილი საჭირო არ არის. თქვენთან რა ხდება? რატომ გაქვს ასეთი ხმა? დაიღალე? გასაგებია, ძნელია მოუარო ორ მამაკაცს. მამა ვიტამინებს სვამს? რას ნიშნავს, უამისოდაც კარგად იქნება? გაგაწვალა? იმ სამი ათასზე არაფერი არ გითქვამს? ყოჩაღ.
ზარის ხმა ისმის.
ლიკა -მაპატიე, ვიღაც მოვიდა. მერე გადმოგირეკავ. (ოთახიდან გადის)
გამოღებულ კარში მოხუცი შემოსრიალდება.
ხმამაღლა ზმუის, სავარძლით დადის ოთახში
და ნივთებს ედება. სკამს გადააყირავებს,
იატაკზე ხმაურით დავარდება ჭიქა.
მოხუცი ჩამოსწევს მარყუჟებს,
ყელს გაყოფს შიგნით და ღილაკს დააჭერს თითს.
მარყუჟები ნელ-ნელა ზევით აიწევა.
ოთახში გაზეთებით ხელში ლიკა შემოდის.
ამის დაინახვაზე მოხუცისკენ გაქანდება
და თოკებს ჩამოეკიდება. მარყუჟები გაჩერდება.
ლიკა (ყვირის) -ბენ! ბენ! მიშველეთ, ბენ!
ოთახში შემორბის ბენი.
ლიკა -ყულფები მოხსენი.
მოხუცი გამწარებული წინააღმდეგობას უწევს
და ლიკას ჩამოგდებას ცდილობს.
ბენი ყულფებს მოხსნის მოხუცს ყელიდან.
ლიკა -რა ჩაიფიქრე, შე პატარა ქვეშაჯვია? ჩვენ ასე არ მოვრიგებულვართ. (ბენს მიმართავს) მომეხმარე, დივანზე დავაწვინოთ.
ლიკა და ბენი მოხუცს დივანზე გადაიყვანენ.
მოხუცი ტირის.
ლიკა -კარგი, კარგი, დამშვიდდი.
ბენი -იქნებ, ექიმი გამოვიძახოთ?
ლიკა -არ არის საჭირო. (მოხუცს მოეხვევა, მასთან დაწვება). თქვენ დაუკარით, მე კი გვერდით მივუწვები.
ბენი -არ შემიძლია, ხელები მიკანკალებს.
ლიკა -როგორც შეგიძლიათ, ისე დაუკარით! დაუკარით რამე!
ბენი უკრავს.
ლიკა (მოხუცს თავზე ხელს უსვამს) -აბა, მოუყევი დედიკოს, რა მოხდა? ცხოვრება მოგბეზრდა? არა ხარ მართალი, პატარა ქვეშაჯვია. არა ხარ მართალი. ცხოვრება ძალიან საინტერესო რამეა, ბოლომდე უნდა გაიარო. ბოლო წუთამდე. და როცა თეთრი ანგელოზი ჩამოფრინდება ციდან, ამოიღე დაღლილი სხეულიდან სული და უბოძე მას.
ბენი (ხემს დაუშვებს) -როგორ არის?
ლიკა -ჩაეძინა. არ მჯერა, რომ არაფერი არ ესმის. სხვაგვარად, ყულფში თავს არ გაყოფდა.
ბენი -ეტყობა პატარა ტვინში რაღაც ამოუტრიალდა.
ლიკა -თქვენ დამპირდით, რომ ნამდვილ ბათუმურ ყავას მომიდუღებდით.
ბენი (ადუღებს ყავას) -არ მესმის, მარტო როგორ უვლით.
ლიკა -ეს საქმე ბავშვის მოვლაზე ძნელი სულაც არ არის. ის, რომ ვერ ლაპარაკობს, ერთის მხრივ, კარგიც არის. სულში არ გიძვრება, შენიშვნებს არ გაძლევს. თუმცა ანცობით ესეც ანცობს ხანდახან.
ბენი -როგორც დღეს?
ლიკა -ასეთი რამ ჯერ არ უქნია. ისტერიკა, ცრემლები, მოკლედ, დაგვარბია რა…
ბენი -ორი წუთით გვიან რომ შემოსულიყავით, დიდი უსიამოვნება შეგვხვდებოდა.
ლიკა (ყავას მოსვამს) -ფანტასტიურია! ებრაელებმა ნამდვილად იციან ყავის გემო.
ბენი -ბათუმელებმა. ბათუმში ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. იქ ორ კატეგორიად იყოფიან – ან ბათუმელი ხარ, ან…
ლიკა -დიდი ხანია, რაც წამოხვედით?
ბენი -მთელი ცხოვრება და ერთი დღე.
ლიკა -არ გენატრებათ, თუნდაც როგორც ტურისტი, არ დაბრუნდებოდით?
ბენი -დამცინით, ბათუმში ჯერ ისევ ცხოვრობს ის ხალხი, ვისაც კარგად ახსოვთ თორმეტი წლის ებრაელი ბიჭი, საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსის ლაურეატი. სიმფონიურის პირველი ვიოლინოც ახსოვთ ზოგიერთებს და რა გინდათ ახლა, რომ მე, ბენო კრიხელი საკუთარ ქალაქში ტურისტად ჩავიდე? ხომ გამისკდა გული.
ლიკა -აქ არ გისკდებათ?
ბენი -აქ შეთანხმებულები ვართ, რომ ერთმანეთს სულელური შეკითხვები არ დავუსვათ.
ლიკა -ბედნიერი კაცი ყოფილხართ. მე ეს არაფრით არ გამომდის. ჩემი გული არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის.
მოულოდნელად მოხუცი დივანზე წამოჯდება
და ლიკას რაღაცას ანიშნებს ხელით.
ბენი -მგონი, რაღაც უნდა?
ლიკა -მაგიდასთან მთხოვს დაჯდომას.
გადასვავს მას სავარძელში და მაგიდასთან მიაგორებს.
მოხუცი ლიკას ჭიქიდან ყავას მოსვამს.
ლიკა -არა, ყავა თქვენთვის არ შეიძლება. (ფინჯანის გამორთმევა უნდა, მაგრამ მოხუცი არ ანებებს)
ბენი -ბათუმში ასე ამბობდნენ: რაც არ შეიძლება, თუ ძალიან გინდა, შეიძლებაო.
ლიკა -მერი, ეს უკვე ბუნტია?
ბენი -იქნებ, სიცოცხლის გემო დაუბრუნდა?
მოხუცი ბენს ვიოლინოს გამოართმევს, მიიტანს ნიკაპთან,
ხემს აამოძრავებს. ვიოლინო საშინელ, უაზრო ხმებს გამოსცემს.
ლიკა – რა დაემართა. (მოხუცს ფინჯანს მიაწვდის წვეთებით. მოხუცი მიტრიალდება)
ბენი -საწყალი, საცოდავი გვარნერი.

დილა. თერთმეტი დღით ადრე…

იგივე ოთახი, იგივე ტრენაჟორები.
გუგულის საათი ისევე რეკავს.
ლიკა ტელეფონზე ლაპარაკობს.

ლიკა -რა სულ ტირიხარ? კაი რაა, თერთმეტი დღეღა დარჩა. ძალიან ცოტა… არა, უნივერსიტეტში არ დავბრუნდები. ვირჯინია იქ არავის აღარ სჭირდება. ფული გვაქვს, რაიმე ბიზნესს დავიწყებ. მაგალითად, ბეიბი-სიტერების მოსამზადებელი სკოლა მუნჯების ენაზე. ინგლისურზე ნაკლებად კი არ ვიცი ჟესტების ენა! გავიხუმრე. რაიმე სერიოზულზე ჯერ არ მინდა ფიქრი. ყველას გკოცნით. (ყურმილს დაკიდებს)
ბენი ყვავილებით ხელში შემოდის, ყვავილებს ლიკას გაუწვდის.
ბენი -ეს თქვენ.
ლიკა -რა ლამაზი ყვავილებია. რით დავიმსახურე?
ბენი -თქვენ გამგზავრებამდე მხოლოდ თერთმეტი დღე დარჩა. თუ ნებას დამრთავთ, ყოველ დღე თითო თაიგულს მოგართმევთ.
ლიკა -გმადლობ. სამწუხაროა, რომ ამ თაიგულებს თან ვერ წავიღებ, მაგრამ ისე კი არასოდეს დამავიწყდება.
ბენი -როგორ არის ჩვენი მერი?
ლიკა -მოწყენილია და გასუსული.
ბენი -იქნებ, გრძნობს, რომ მიემგზავრებით?
ლიკა -ამდენი არა მგონია. (ყვავილებს სუნავს) თქვენკენ რა ხდება, ბენ?
ბენი -რაღაც კარგი რამ შემომთავაზეს. ფილარმონიის ორკესტრს მეორე ვიოლინო დასჭირდა.
ლიკა -შესანიშნავია. ძალიან მიხარია.
ბენი -გმადლობთ, მაგრამ იქ ჯერ კონკურსი იქნება.
ლიკა -მერე რა? თქვენ ხომ საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსში ხართ გამარჯვებული.
ბენი -ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ ვოცნებობდი, რომ დიდი მაესტრო გავმხდარიყავი, როგორც იეგუდა მენუხინი. ახლა კი თვითონაც არ ვიცი, რა მინდა.
ლიკა -ახლაც გინდათ ფილარმონიის ორკესტრის მეორე ვიოლინო გახდეთ.
ბენი -სულ ერთია, მაინც არ ამიყვანენ. რა აზრი აქვს ჩემს წასვლას მოსმენაზე, მაინც არ ამიყვანენ.
ლიკა – რა, უარი თქვით?
ბენი -ჯობია მე თვითონ ვუთხრა საკუთარ თავს უარი.
ლიკა -მოსმენა როდის არის?
ბენი -ხვალ.
ლიკა -მოსმენაზე თუ არ წახვალთ, თქვენგან არც ერთ თაიგულს აღარ მივიღებ და ამასაც დავივიწყებ.
ბენი -თქვენ ძალიან კეთილი ადამიანი ხართ. იქ საუკეთესო მუსიკოსები დაუკრავენ.
ლიკა -ჰო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაუკრავს გვარნერის ვიოლინოზე. ჰო, ჰო. აიღეთ გვარნერი და წადით ფილარმონიაში. თქვენ განსაკუთრებული ძალისხმევა არც დაგჭირდებათ. გვარნერი თვითონ გააკეთებს ყველაფერს. თქვენ მხოლოდ ხელი არ უნდა შეუშალოთ.
ბენი -ხუმრობთ. ინსტრუმენტს სახლიდან ვინ გამატანინებს?
ლიკა -მე. (კარადიდან ვიოლინოს გამოიღებს და ბენს გაუწვდის) დაუკარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ას დოლარს აღარ მიიღებთ.
ბენი -ცუდად იცით ამერიკული კანონები.
ლიკა -საერთოდაც არ ვიცი.
ბენი უკრავს. ოთახში მოხუცი შემოსრიალდება, ბენს უსმენს.
ლიკა -მისის მერი, ხვალ ბენს მოსმენა აქვს. ნება მიეცით, რომ ერთი დღით წაიღოს თქვენი ვიოლინო.
მოხუცი უყურებს ლიკას, შემდეგ მისრიალდება ბენთან,
გამოართმევს ვიოლინოს, დააგდებს იატაკზე და ოთახიდან გავა.
ბენი (ყვირის) -შეშლილი, ბებერი გიჟი! როგორ ბედავ? (იატაკიდან ინსტრუმენტს აიღებს)
ლიკა -ხომ გითხარით, მისის მერი თანახმაა.
ბენი -მაგას ინსტრუმენტი უნდა ჩამოერთვას და მასზე მეურვეობა დაწესდეს.
ლიკა -გვარნერის დაუწესდეს მეურვეობა?
ბენი -დიახ. გვარნერი კაცობრიობას ეკუთვნის და არა მის მილიონებს.
აწყობს ინსტრუმენტს, უკრავს.
ლიკა -სამწუხაროდ, არ არსებობს კანონი, რომლითაც ვიოლინოს მეურვეობა დაუწესდება.
ბენი -პირდაპირ სასაცილოა. ძაღლების დაცვა შეიძლება ბოროტი პატრონებისგან, გვარნერის კი არა?!
ლიკა -კერძო საკუთრება წმიდათა წმინდაა. კანონი იმის უფლებასაც აძლევს, რომ ვიოლინო ბუხარში შეაგდოს და დატკბეს, როგორ დაიგრიხება ცეცხლის ალში დიდი ოსტატის შედევრი.
ბენი -გვარნერი ცეცხლში! და ამას დემოკრატიას უწოდებენ.
უკრავს ვიოლინოზე.
ლიკა -სულ მინდოდა მეკითხა, ამ ქვეყანაში როგორ მოხვდით?
ბენი (დაკვრას აგრძელებს) -სიყვარულის მსხვერპლი აღმოვჩნდი.
ლიკა -ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ დიდი გრძნობების აყოლა შეგეძლოთ.
ბენი -ერთი ანეკდოტია სიყვარულზე: ფრანგს ცოლი ჰყავს და საყვარელი უყვარს. რუსს ჰყავს ცოლი და საყვარელი და არაყი უყვარს. ებრაელს ჰყავს ცოლიც და საყვარელიც და უყვარს დედა. დედაჩემს ეგონა, რომ ჩემი ვიოლინო აღთქმულ მიწაზე უფრო საჭირო იქნებოდა, ვიდრე ბათუმში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღთქმულ მიწაზე უჩვენოდაც ბევრი ვიოლინოა. მაშინ დედაჩემმა სთქვა, – ჩვენ ამერიკაში უნდა გავემგზავროთო, ამერიკაში ბევრი ფული და ცოტა ვიოლინოაო. ის მართალი აღმოჩნდა, ფული მართლაც ბევრია აქ და ვიოლინო ცოტა, მაგრამ ის თითქმის არავის არაფერში არ სჭირდება. დედას დარდისაგან წნევამ დაარტყა. მე ვისწავლე ნემსების კეთება, პამპერსების გამოცვლა, დაბანა, ჩაცმა. როცა გიყვარს, ეს არც ისე ძნელია.
ლიკა -გვარნერის როგორღა შეხვდი?
ბენი -მევიოლინე, რომელიც ჩემამდე ართობდა მერის, გარდაიცვალა. მოხუცმა ქალბატონმა კონკურსი გამოაცხადა, ბევრი ხალხი მოვიდა. მაშინ ჯერ კიდევ ჯანმრთელად იყო. ყველას მოუსმინა და მე ამომირჩია.
ლიკა -ხვალაც აუცილებლად თქვენ ამოგირჩევენ.
ბენი -მე და თქვენ საკანი არ აგვცდება.
ლიკა -ძალიან სასაცილო იქნება.
ბენი -ცალ-ცალკე კამერებში.
ლიკა -მაშინ კედელზე კაკუნით დაველაპარაკებით ერთმანეთს (თითებით მაგიდაზე აკაკუნებს) სალამი, ბენ. მხოლოდ ერთი მილიონი დღე დაგვრჩა ციხეში გასატარებელი.
ბენი (თითით სიმებზე გამოჰყავს მორზეს ანბანი) -შეგეშალათ, ლიანა, მხოლოდ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დღე.
ლიკა -წარმოგიდგენიათ, ციხიდან რომ გამოვალთ, როგორი შეხვედრა გვექნება! გავრისკოთ, მაესტრო. ნამდვილად ღირს!
ბენ -როცა საქართველოს კონკურსზე მივდიოდი, ბათუმის კომკავშირის ქალაქკომის პირველმა მდივანმა, ამხანაგმა ხაბაზმა გამომიძახა. თავზე ხელი გადამისვა და მითხრა – ბენჩიკ, ბათუმის კომკავშირის ღირსება შენს ხელთაა. მე ვუთხარი, ჯერ თორმეტი წლის ვარ, კომკავშირელი არა ვარ-მეთქი. ხაბაზმა მითხრა: მოიგე კონკურსი და ვადამდე მიგიღებთო.
ლიკა -მიგიღოთ?
ბენი -მომატყუა. მაშინ ეს ძალიან მეწყინა.
ლიკა (თავზე ხელს უსვამს) -დღეს მე ვარ შენი ხაბაზიც და შენი ბათუმიც. წადი და გაიმარჯვე!
ოთახში მოხუცი შემოსრიალდება, მუხლებზე კოსმეტიკის
დიდი ჩანთა უდევს. მოხუცი მაგიდაზე ამოყრის ყველაფერს.
ჟესტით ითხოვს, რომ ბენმა დაუკრას.
ლიკა -რად გინდა ჩემი კომსმეტიჩკა? რა ჩაიფიქრე, მერი?
მოხუცი წითელ პომადას სქლად და
ულამაზოდ წაისვამს ტუჩებზე.
ბენი -მგონი, მასში ქალმა გაიღვიძა.
მოხუცი ტუშით შეიღებავს წამწამებს, წარბებს,
ლოყებსაც შეიღებავს ვარდისფრად.
ლიკა სარკეში ჩაახედებს. მოხუცი ცდილობს
თითებით შეისწოროს მაკიაჟი.
ბენი -აუ, რა მარაზმია!
ლიკა -ექიმი ამას დადებით დინამიკას დაარქმევდა.
ბენი -მის თვალებში რაღაც სხვა ნაპერწკალი ჩანს. ნახეთ, როგორ მიბრძანა, დაუკარიო?
ლიკა ხელსახოცით ჩამოწმენდს მაკიაჟს, გაუსწორებს,
თავიდან შეუღებავს წარბებს, წამწამებს და ტუჩებს.
სარკეს სახესთან მიუტანს.
მოხუცი (იღიმება) -დე.. დე!
ლიკა -რაო, დედიკო, მოგწონს? მითხარი ერთი, რამდენს უხდიდი ვიზაჟისტს და პარიკმახერს. მე მხოლოდ ას დოლარზე ვაცხადებ პრეტენზიას. (სუნამოს ფლაკონს მიუტანს ცხვირთან. მოხუცი შეიჭმუხნება) გასაგებია, სხვა ვცადოთ. მწარე ბალახის სუნი გაწყობს? სევდიანი სუნამოა, მაგრამ მე მომწონს. (მოხუცი იღიმება) ცოტა ყურებთან, ცოტა ცხვირქვეშ, ხელებზე აუცილებლად. იქნებ იმ ბეყეს მოუნდეს, რომ გეამბოროს.
მოხუცი ლიკას კისერზე შემოხვეულ შარფს მოხსნის.
ლიკა -მოგწონს ჩემი შარფი? შენი იყოს! (მოახვევს კისერზე)
მოხუცი სარკეში იყურება.
ლიკა -კიდევ რას ინებებთ, ქალბატონო?
მოხუცი -დე… დე!
ბენი -კაბა.
ლიკა -შესანიშნავი იდეაა. (ოთახიდან გადის)
მოხუცი ჟესტით უბრძანებს ბენს დაუკრას.
მოხუცი სარკეში უყურებს საკუთარ თავს.
შემოდის ლიკა და შემოაქვს ბევრი კაბები.
ერთ-ერთს მხრებთან მიიზომებს და
მოხუცის წინ პოზირებს.
მოხუცი ტუჩებს მოპრუწავს.
ლიკა -არ მოგწონს. აბა, რა, სწორი ხარ, რა დროს ასეთი კაბებია.
მოიზომავს ვარდისფერ კაბას.
მოხუცი იჭმუხნება.
ლიკა -რითი ხარ უკმაყოფილო? ვარდისფერი წიწკვებს ყოველთვის უხდებათ.
ბენი -იქნებ, რამე უფრო საზეიმო უნდა.
ლიკა -მაშინ, ბრიუსელის მაქმანებიანი თეთრი კაბა.
მოხუცი ზმუის.
ლიკა -აჰა, მოეწონა. მაესტრო, თუ შეიძლება, მეორე ოთახში დაუკარით, სანამ ქალბატონები ჩაიცვამენ.
ბენი გადის.
ლიკა (წამოსწევს მოხუცს) -ერთი წუთი ფეხზე გაჩერდი. (შარვალს ჩამოუწევს, ჩააცმევს თეთრ კაბას. გახდის შარვალს) ბენ, ჩვენ მზად ვართ.
შემოდის ბენი.
ლიკა -მამაკაცის თვალით შეათვალიერეთ, რამე ხომ არ აკლია?
ბენი -ბრილიანტები.
ლიკა -ეგ ამ სახლში პრობლემა არ გახლავთ. (მოაქვს ზარდახშა, მარგალიტის ასხმა ამოაქვს)
ბენი -მარგალიტი თეთრ ფერს არ უხდება.
ლიკა -საფირონის კოლიე?
ბენი -უკეთესია.
ლიკა -სამეული, – ფირუზი ოქროში?
ბენი -ეს ძალიან კარგია.
ლიკა მოხუცს კოლიეს ჩამოკიდებს, საყურეებს გაუკეთებს.
მოხუცი შეიჭმუხნება.
ლიკა -გეტკინა? ყურები შეგიხორცებია. ცოტა მოითმინე. (თითებზე უკეთებს ბეჭდებს) თითებზე ზურმუხტი ბრილიანტებით გავიკეთოთ.
ბენი -დაბერებულ ბარბის თოჯინას დაემსგავსა.
ლიკა -ახლა რა ვუყოთ ბარბის თოჯინას?
ბენი -ვითამაშოთ. ბავშვობაში ასეთი თამაში იყო – სახლობანა. მე მამა ვიყავი, ჩემი მეზობელი თინა – დედა. თოჯინები ჩვენი შვილები იყვნენ. დიდხანს ვთამაშობდით, ვიდრე თხუთმეტი წლის ასაკში ჩვენი ორივეს უმანკოება არ შეეწირა ამ თამაშს.
ლიკა -ღმერთო, ეს როგორ მოგივიდათ?
ბენი -ზღვისპირეთში ყველაფერი ადრე მწიფდება. ხილიც, ბავშვებიც. სამწუხაროდ.
ზარის ხმა ისმის. ლიკა გადის და ტორტით ბრუნდება,
რომელშიც სანთლებია ჩარჭობილი და ყვავილების თაიგულით,
რომელზეც კონვერტია მიმაგრებული.
ბენი (სანთლებს ითვლის ტორტზე) -…ნუთუ აქ ვიღაცამ შვიდ წელს მიუკაკუნა.
ლიკა (კითხულობს წარწერას კონვერტზე) -მისის მაკ-გრეგორ…
ბენი -ნუთუ, მერიმ? მერი, არ მჯერა! ხუთზე მეტს ვერაფრით ვერ მოგცემდით.
ლიკა (კითხულობს წერილს) -სამოცდაათისაა. ყოველ ათწლეულზე ერთი სანთელი…
ბენი -იუბილე! (ტორტზე სანთლებს აანთებს) რა სევდიანი იუბილეა. საწყალმა დედაჩემმაც სამოცდათი წლის იუბილე ინვალიდის ეტლში გადაიხადა! (ვიოლინოზე უკრავს მელოდიას `დაბადების დღეს გილოცავთ…~) შამპანური!
ლიკა (წერილს თვალს არ აცილებს) -შამპანური და ჭიქები კარადაშია…
ბენი ხმაურით გახსნის შამპაურს და
ორ ფუჟერს გაავსებს, მესამეში წვენს ჩაასხავს.
ლიკა (წერილს მოხუცს გაუწვდის) -წაიკითხე, ქალიშვილი იუბილეს გილოცავს.
მერი წერილს ხელებში ატრიალებს.
არ ესმის, მისგან რას მოითხოვენ.
რეკავს ტელეფონი.
ლიკა – Hello… Yes, Mrs. Christie… The tart, the flowers and the letter have arrived here all right… Zukna… I’m in just fine mood. Have done my face, my hair and donned a dress trimmed with Brussels lace… Yes, just reading your letter… binZuri bozi… And learning to talk.
(ალო… დიახ, მისის კრისტი… ტორტი, ყვავილები და წერილი მივიღეთ… ძუკნა… კარგი განწყობილება გვაქვს. მაკიაჟი გაიკეთა, დაივარცხნა, ბრიუსელის მაქმანიანი კაბა… თქვენს წერილს კითხულობს… ბინძური ბოზი… ლაპარაკს სწავლობს…)
ლიკა (ყურმილს მერის ყურზე მიადებს) -უთხარი – გამარჯობა, ძვირფასო ქალიშვილო…
მოხუცი (ყურმილში) -დე… დე… დე… დე…
ლიკა -დიდი ბინძური ძუკნაა, შენი ქალიშვილი.
მოხუცი (ტირის) -დე… დე… დე… დე…
ლიკა (ყურმილს აიღებს) – Everithing is fine… Crying for joy… I’ll collect her belongings… Let the lawyer take Mrs. Mary… None of my problems. Bye-bye!
(ყველაფერი კარგად არის… ბედნიერებისაგან ტირის… ნივთებს ჩავალაგებ… ადვოკატმა წაიყვანის მისის მერი… ეს ჩემი პრობლემა არ არის. ბაი, ბაი.)
ბენი -მერი მიემგზავრება სადმე?
ლიკა -ჰო. პატარა მოგზაურობა ადვოკატთან ერთად. როგორც მისი ქალიშვილი ამბობს, გარემოს და ჰაერის გამოცვლა მოუხდებაო!
მოხუცი მაგიდიდან აიღებს ფუჟერს შამპანურით, დალევს.
ბენი (ცდილობს გამოართვას ჭიქა) -მერი, შენთვის არ შეიძლება…
ლიკა -დალიოს. (იღებს ბოკალს) შენ გაგიმარჯოს, მერი.
მოხუცი დალევს შამპანურს და კიდევ მოითხოვს.
ლიკა შეავსებს.
ბენი -ცუდად არ გახდეს.
ლიკა (ყვირის) -ის ძალიან, ძალიან ცუდად იქნება! მაგრამ ეს ყველაფერი მე უკვე აღარ მე-ხე-ბა! არც თქვენ არ გე-ხე-ბა-თ!
ბენი -ლიკა, რა ხდება?
ლიკა (ძალიან მშვიდად) -არაფერი განსაკუთრებული. ეს მათი პირადი ოჯახური საქმეა. ყველა ქალი თვითონ ირჩევს, რა აჭამოს ბავშვებს – სუროგატული ნარევი თუ დედის რძე. ნარევი ხელსაყრელია და მკერდიც ფორმას არ კარგავს, ბავშვის სული კი… გესმით, ბენ, რას ვგულისხმობ?
ბენი -იქნებ, მოცარტი დავუკრა?
ლიკა -დაუკარით! გაიგონ მოცარტმაც, პაგანინიმაც და გვარნერიმაც, რომ საყვარელი ქალიშვილი საყვარელ დედიკოს დავრდომილთა თავ-შე-სა-ფარ-ში აგზავნის!
ბენი -მოხუცს, ამდენი მილიონების პატრონს, თავშესაფარში?!
ლიკა -დაასხით, ბენ. ზეიმი გვაქს, იუბილე! დაბადების დღეს გილოცავთ, მისის მერი! (სვამს)
ლიკა და მოხუცი დალევენ და ჭიქებს იატაკზე დაანარცხებენ.
შემოდის მასაჟისტი.
ტედი – Hi! What is it I see! A nice party!
(ჰაი! ამას რას ვხედავ, აქ წვეულება გაუმართავთ!)
ლიკა მას შამპანურით სავსე ჭიქას გაუწვდის.
ლიკა -The massage is cancelled for today. Drimk Mary’s health!
(დღეს მასაჟი არ იქნება. მერის სადღეგრძელო დალიე!)
ტედი -Anything happened?
(მოხდა რამე?)
ლიკა -Mary’s jubilee. She’s celebrating her 70th birthday! ბენ, ტანგო!
(მერის იუბილე აქვს. სამოცდაათი წელი შეუსრულდა.)
ტედი -You look just fine, you old coquette (ხელზე ეამბორება) What an aroma! Your health, dreary!
(მშვენივრად გამოიყურები, ბებერო ლამაზმანო. (ხელზე ეამბორება) რა კარგი სურნელია! გაგიმარჯოს, ძვირფასო!)
ბენი უკრავს ტანგოს.
მოხუცი ხელებს ტედისკენ იშვერს,
და ზმუის:
მოხუცი -დე… დე… დე…
ლიკა (ტედს მიმართავს) -მანდილოსანი კავალერს იწვევს, ეცეკვეთ.
ტედი სავარძლიდან ამოიყვანს, მიიკრავს და ცეკვავს.
მერის ფეხები ჯერ იატაკზე ეთრევა, მაგრამ უცებ,
საყრდენს იგრძნობს და ცეკვის რიტმში იწყებს მოძრაობას.
ლიკა -ბენ! ბებრუხანა მართლა ცეკვავს!
ტედი დაინახავს, რომ მერი თვითონ მოძრაობს,
შეჩერდება და ხელებს ჩამოუშვებს.
მერი დგას და ირხევა.
ლიკა (ტედს) -Hold her…
(კარგად მოკიდე ხელი…)
ტედ –Don’t mess about, let her be standing.
(ხელს ნუ უშლი, იდგეს.)
სამივენი ერთმანეთს ხელს მოჰკიდებენ და მოხუცს
გარს შემოეხვევიან. მოხუცი ბედნიერი სახით იღიმება.
ბენი (მღერის) -ჩვენი მერიკოს დღეობაა გამოვაცხვეთ დიდი ტორტი… (ლიკაც აჰყვება) აი, ამ სიმაღლე, აი ამ სიგანე… (სამივე ნელ-ნელა ტრიალებენ მოხუცის გარშემო და მღერიან).
მოხუცი (მოულოდნელად ხმამაღლა ქართულად იწყებს ყვირილს) -გაეთრიეთ!!! ყველანი გაეთრიეთ! ყველანი გარეთ! გაეთრიეთ!.. არამზადებო! გაეთრიეთ!

მეორე აქტი

იგივე ოთახი რვა დღით ადრე…

პროჟექტორების შუქზე ბენი უკრავს სონატას ვიოლინოსთვის…
ბოლო აკორდზე შუქი ქრება და იქვე ისმის
ცეცხლოვანი არგენტინული ტანგოს მელოდია.
მოხუცი თავდავიწყებით ცეკვავს ტედისთან ერთად.
ოთახში ლიკა შემოდის, ხელში რამდენიმე კაბა უჭირავს.
იღიმება და მოცეკვავეებს უყურებს.
ლიკა -ბრავო, მერი! ნამდვილი ჟიგოლოსავით ცეკვავთ.
მოხუცი -ვაღმერთებ ტანგოს!
ტედი -How long can one be dancing? She’s just crazy!..
(რამდენი შეიძლება იცეკვო? მოხუცი სულ გაგიჟდა!…)
მოხუცი -რას ბოდავს?
ლიკა -ამბობს, რომ თქვენ შეიშალეთ. ფეხები ტრენაჟორებით უნდა გაიმაგროს და არა ცეკვითო.
მოხუცი -თავისი ტრენაჟორები გაირჭოს უკან! მე მაგას ფულს ვუხდი, მინდა ვაცეკვებ და მინდა ვაკოცნინებ.
მოხუცი ტედის ხელებზე გადაესვენება და ცეკვას ამთავრებს.
ლიკა -სიყვარულით, თუ ფულით?
მოხუცი -რა თქმა უნდა, ფულით. ჩემს ასაკში სიყვარული კურარეს შხამზე უარესია. ხომ არ იცი, რა ღირს ახლა ნორმალური მამაკაცი?
ლიკა -არ ვიცი, ჯერ არ დამჭირვებია.
მოხუცი -ოო, როგორი კდემამოსილებაა?! მე კი ჩემს სხეულს ყოველთვის ვანებივრებდი. ვყიდულობდი და ვყიდულობდი ძვირფას მამაკაცებს. მამაკაცებს, რომლებსაც ზოგჯერ ძვირფას შმოტკებზე ვცვლიდი, თუ ვინმე შეუყვარდებოდათ, იმის უფლებასაც ვაძლევდი, რომ `ეგულავათ~. სანამ ხორცი ახალგაზრდაა, ყველანაირი სიამოვნება უნდა მიიღოს, უჰ!
ლიკა -სულს რა ვუყოთ?
მოცუხი დაჯდება სკამზე, ფეხებს მაგიდის კიდეზე შეაწყობს.
მოხუცი -მარტო სულს არ ემართება არაფერი, არაფერი არ მოსდის, ის მუდმივია. სხეული კი წარმავალია! ჭკნება, შრება! გამოტყდი, ჯიგარო, შენთვის ბალიშის ქვეშ ფული არასოდეს შეუცურებიათ?
ლიკა -ბალიშის ქვეშ – არა. კონვერტით მაგიდაზე – კი.
მოხუცი -რამდენი?
ლიკა -ასი დოლარი.
მოხუცი -ერთ საათში?
ლიკა -ერთ დღე-ღამეში. დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!
მოხუცი -შენ სულ მთლად სულელი ყოფილხარ? დიდი ამერიკული დეპრესიის დროსაც კი უფრო მეტს უხდიდნენ მეძავებს.
ლიკა -იმ ხუთი წლის განმავლობაში, ვიდრე თქვენ ქინძივით იყავით, სექსუალური მომსახურების ბაზარი საგრძნობლად შეიცვალა. მიწოდებამ ძალზედ გადააჭარბა მოთხოვნილებას, რამაც ფასების მკვეთრი დაცემა, სექს-ბაზრის სტრუქტურის ცვლილება და ფერადი სპექტრის ე.წ. ვარდისფერ-ცისფერისკენ გადახრა გამოიწვია.
ტედი -I’m at my wits’ end. Will she ever remember her English?
(არაფწერი არ მესმის. ინგლისურს ოდესმე გაიხსენებს?)
ლიკა -May be!
(შეიძლება!)
მოხუცი -ტედის საქმე როგორაა? ესეც ცისფერებისკენ ხომ არ იხრება?
ლიკა -არა. ვერ ხედავთ, ბუღასავითაა.
მოხუცი -მადლობა ღმერთს!
ტედი -Teddy, Teddy! What else does she want from Teddy?
(ტედი, ტედი! კიდევ რა უნდა ტედისგან?)
ლიკა -Give her legs some massage. (ფეხებზე გაუკეთე მასაჟი.) (მოხუცს მიმართავს) ეს კაბები ჩემოდანში ჩავაწყო?
მოხუცი -სუდარა და თეთრი ჩუსტები არ დაგავიწყდეს. დავრდომილები თავშესაფრებში დიდხანს ვერ ცოცხლობენ.
ლიკა -განსაკუთრებული თავშესაფარიაო. მეორე მოსვლამდე შეიძლება თურმე იქ ცხოვრება.
მოხუცი -ამდენი ნამდვილად არ მჭირდება. გესმის, ღმერთო, ხუთი წელი შენი წყალობით ქინძი ვიყავი. საკუთარმა შვილმა გამძარცვა და ახლა თავშესაფარში მიმიჩინა ადგილი, როგორც ბებერ ჯაგლაგს. არ გეგონოთ, ვწუწუნებდე, მაგრამ ნორმალური ცხოვრების ხუთი წელი შენ უნდა დამიბრუნო.
ტედი (მერისკენ ველოტრენაჟორს მიათრევს) -The leg muscles have become weak. Just push the pedals. (ფეხის კუნთები ძალიან დასუსტდა. ატრიალე პედლები.)
ლიკა (მოხუცს) -ატრიალეთ პედლები. ფეხები ძალიან სუსტი გაქვთ.
მოხუცი -ტვინი, ტვინი დამისუსტდა. (ველოტრენაჟორზე ჯდება, პედლებს ატრიალებს) ინგლისური დამავიწყდა. გუშინ კი სამოცდაცამეტი ათასიდან კვადრატული ფესვის ამოღება მინდოდა და ვერ შევძელი.
ლიკა -დიდი ხანია, რაც ეს გჭირთ?
მოხუცი -რა?
ლიკა -კვადრატული ფესვების ამოღება.
მოხუცი -ო, მე ციფრების მანიაკი ვარ. მიმატება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება – უფრო ადრე ვისწავლე, ვიდრე წერა-კითხვა.
ლიკა -სამოცდაცამეტი ათასი, ძალიან დიდი რიცხვია. ცოტა მარტივით დაიწყეთ. ამოიღეთ, მაგალითად, ფესვი ცხრიდან.
მოხუცი -ფესვის ამოღება… ამოვიღოვო, ამბობ… არა – ფესვები კი არ უნდა ამოიღო, უნდა ამოძირკვო! ხედავთ, ხუთი წლის განმავლობაში რამდენი სარეველა მომრავლებულა.
ტედი – How good it was when she was silent.
(რა კარგი იყო, როცა ხმას არ იღებდა.)
მოხუცი -რას ბოდავს? არაფერი არ მესმის!
ლიკა -ისეთს არაფერს. ადრე უფრო მშვიდი იყოვო.
მოხუცი -რა თქმა უნდა! ყველა დასცინოდა პატარა ქვეშაჯვიას, მე კი სიტყვის თქმაც არ შემეძლო. ამოვძირკვავ, ფესვებიანად ამოვძირკვავ!
ტედ (მოხუცის ფეხებს იჭერს) –Not so fast with these pedals. Not so fast.
(ნელა ატრიალე პედლები, ნელა)
მოხუცი (ტედს ხელს ჰკრავს) -წადი რა, გააჯვი!
ტედი (იმეორებს) -წა-დი გაჯვი.
მოხუცი -გა-ა-ჯვი!
ტედი -Lika, what does it mean – გაჯვი?
(ლიკა, რას ნიშნავს – გაჯვი?)
ლიკა – გაჯვი – a shop, where things are sold. წადი გააჯვი, წადი – წადი მაღაზიაში.
მოხუცი -მიეცი ასი დოლარი და სასწრაფოდ ისწავლოს ქართული.
ტედი (გულმოდგინედ იმეორებს) -წა-დი გააჯვი, გააჯვი…
მოხუცი –მიდი, დაახვიე!
ტედი -What ti buy in (რა ვიყიდო) გააჯვი?
მოხუცი -უთხარი, ქართული ისწავლოს. არ ისწავლის და მართლა გააჯვას აქედან.
ლიკა (ტედს კონვერტს გაუწვდის) –It’s all right. Take the money and learn Russian. Bye-bye.
(არაფერი. ფული გამომართვი და ქართული ისწავლე. ბაი, ბაი!)
ტედი სიცილით უტყაპუნებს ლიკას ტრაკზე,
ღებულობს სილას და გადის.
მოხუცი (პედლებს ატრიალებს) – ბაი, ბაი! რაღა ოხრობაა?
ლიკა -ბაი, ბაი, ნიშნავს – ნახვამდის. სალამი არის – ჰაი!
მოხუცი -ჰაი. ნახვამდის- აი. ჰაი-ბაი… ბაი-ჰაი.. სულელურია. ინგლისურად როგორ არის თავშესაფარი?
ლიკა -ამს ჰაუს. ქართულად იგივეა, რაც სახლი მიხრწნილებისათვის.
მოხუცი -სახლი მიხრწნილებისათვის, არა? – ჩემთვის ყოფილა ზედგამოჭრილი.
ლიკა -თქვენი თავშესაფარი სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი მიხრწნილებისათვის არის განკუთვნილი. VIP მიხრწნილებისათვის.
მოხუცი -მე VIP-დან არ გახლავართ. აი კრისტი, ჩემი ქალიშვილი, კი ბატონო, მაკგრეგორების, მილიონერების ოჯახში დაიბადა. მე კი ირლანდიელი ლოთის ოჯახიდან ვარ. მამაჩემი ვისკის სმისაგან გადაიწვა, როცა ჯერ სულ პატარა ვიყავი, დედას ღარიბთა საავადმყოფოში აღმოხდა სული. ტიტველი მოვედი ამ ქვეყნაზე და ამ ქვეყანადანაც ტიტველი წავალ.
ლიკა -ეი, ტიტველო, რამდენი ასეული მილიონი ფარავს თქვენს სიშიშვლეს?
მოხუცი -ნული. მათხოვარი ვარ. მე მხოლოდ გვარნერი მაქვს და შენ მყავხარ.
ლიკა -უკაცრავად, მის მერი, მაგრამ მეც აღარ ვიქნები. ხუთი დღე და – ჩემოდანი, აეროპორტი და თბილისი.
მოხუცი -რა ჩემოდანი? რომელი თბილისი?
ლიკა -მსოფლიო რუკაზე არის ერთი ასეთი ქალაქიც, სადაც ჩემი ქმარი, ქალიშვილი და შვილიშვილი მელოდებიან. მელოდებიან მეგობრები, ჩემი სამსახური, ვირჯინია ვულფიც, რომელიც თუ დროზე არ დავამთავრებ მასზე დაწყებულ წიგნს, მოსწყინდება და სხვასთან წავა. მელოდება ნაცნობი სურნელი სამზარეულოში, უაზრო ლაპარაკში გათენებული ღამეები და რაღაცნაირი, სხვანაირი ქართული მუღამი, აქ იმის მსგავსი არაფერი არ არსებობს. იცი, რას ნიშნავს ქართული მუღამი?
მოხუცი -ეი, ლიკა, შენ ცოტა ხომ არ აურიე?
ლიკა -ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი…
მოხუცი -მე?
ლიკა -შენც ჩემოდანი, ავტომობილი და ალმსტ ჰაუსი.
მოხუცი -უშენოდ არსადაც არ წავალ. დაგავიწყდა, რომ ინგლისურის ბაიბურში არა ვარ!
ლიკა (საუზმეს ამზადებს) -მაგაზე ნუ ინაღვლებთ, თქვენს `ღარიბთა სახლში~ გამოგიძებნიან ქართულად მოლაპარაკეს.
მოხუცი -ჩემი მშობლიური – ინგლისურია. ქათული – ჩემი უბედურებაა. ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე! ვინ გეხვეწებოდა ჩემთან ქართულად ილაპარაკეო?
ლიკა -თქვენ ხომ ქინძი იყავით, ქინძისთვის კი ინგლისური, ქართული თუ სუახილი –სულერთია.
მოხუცი -არასოდეს, არასოდეს მე ქინძი არ ვყოფილვარ. ყველაფერი მესმოდა და ყველაფერს ვხედავდი. შენმა ქართულად ბოდვამ იხმარა ჩემი ტვინი და ინგლისური დამავიწყა.
ლიკა -ექიმები ამას გენეტიკური მეხსიერების ფოკუსებს ეძახიან. თავში რაღაც მოგხვდათ და წინაპრების ენა გაგახსენდათ. ასეთი შემთხვევები ხდება. ალბათ თქვენი წინაპრები ქართველები იყვნენ.
მოხუცი (ჩამოდის ველოტრენაჟორიდან) -ჩემს გვარში არც ქართველები, არც ებრაელები, არც ზანგები არ ყოფილან. ირლანდიელები იყვნენ მხოლოდ!
ლიკა -და, რა თქმა უნდა, პირველი მოსახლეები იქნებოდნენ. რომელი ხომალდით ჩამოვიდნენ, `სანტა მარიათი~ ხომ არა?
მოხუცი -`ნინეთი!~ (თითით აიწევს თმის კულულს) დაიმახსოვრე ასეთი ჟღალი ფერის თმა მხოლოდ ირლანდიელებს აქვთ.
ლიკა -ხომ შეიძლებოდა, რომ ირლანდიელ ბებიას ან დიდ ბაბოს ვინმე ქართველ მოგზაურთან შეეცოდა?
მოხუცი -როგორ ბედავ! ესე იგი, ჩემი ბებიები ბოზები იყვნენ?
ლიკა -რატომ ბოზები, იქნებ ყველაფერი სიყვარულით მოხდა? იქნებ ბებიასაც მოუნდა თავისი სხეულისთვის ვინმე ქართველთან ესიამოვნებინა? მათ შორისაც არიან ნამდვილი მამაკაცები. მართალია, მე არ შემხვდა, მაგრამ…
ტელეფონი რეკავს, ლიკა ყურმილს იღებს.
ლიკა -Hi, Christie… (ჰაი, კრისტი…)
მოხუცი (ხელიდან ტელეფონს გამოგლეჯს) -კრისტი! ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო! მაპატიე, მაპატიე, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ჩემი ბრალია, რომ დედის რძის მაგივრად ათას სიბინძურეს გტენიდი პირში. მეშინოდა, რომ შენი პატარა ტუჩები ჩემს ძუძუებს დაჩუტავდნენ. მე ხომ მათ საყვარლებისთვის ვინახავდი, როგორც უკანასკნელი ქუჩის ქალი. ამაში კი მე და შენ ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს. ორივე ერთნაირი ნაბოზრები (ძუკნები) ვართ.
ლიკა -მერი, მას ხომ ქართული არ ესმის.
მოხუცი -მე ვამაყობ შენით… ბაი, კრისტი! (ყურმილს ლიკას გადასცემს) გაიგებს, ყველაფერს გაიგებს…
ლიკა (ტელეფონში) –Says she’s full of love and pride. No, hasn’t remembered her English yet. We’re collecting her things. Okay.
(ამბობს, რომ უყვარხარ და ამაყობს შენით. არა, ინგლისური ჯერ არ მოაგონდა. ნივთებს ვაგროვებთ… ო’კეი.) (ყურმილს დადებს)
მოხუცი (რგოლებზე ქანაობს) -ჰაი-ბაი, ჰაი-ბაი… ორას სამოცდაათი, ორას სამოცდაათი! (ყვირის) გამოვიდა! გამოვიდა! სამოცდაცამეტი ათასიდან კვადრატული ფესვი ამოვიღე.
ლიკა -გილოცავთ.
მოხუცი -დამიჯერე. ზუსტად ორას სამოცდაათი მთელი და თვრამეტი მეასედია. (მაგიდას მიუჯდება) მშია. დროზე!
ლიკა -ერბოკვერცხი ბეკონით, ტოსტი პარმეზანით და წვენი. თავში ნამდვილად კალკულატორი გაქვთ?
მოხუცი -ბარდაკი! ბარდაკი მაქვს თავში. მთელი ღამე წარსულ ცხოვრებას ვიხსენებდი.
ლიკა -გაიხსენეთ?
მოხუცი -ნაწილ-ნაწილ. აქა-იქ.
ლიკა -სად გეჩქარებათ, მოგონებებისთვის თავშესაფარში ბევრი დრო გექნებათ.
მოხუცი -რას ჩამაცივდი მაგ შენი ალმსტ ჰაუსით! ავდგები და საერთოდ არ წავალ!
ლიკა -გაიძულებენ. თქვენ დებილი, უნარშეზღუდული მოხუცი ხართ. ნულის ტოლი.
მოხუცი -მე ვარ დებილი?!
ლიკა -წაიკითხეთ ექიმების დასკვნა. იქ უფრო მაგრები წერია.
მოხუცი -ამოვძირკვავ, ძირფესვიანად ამოვძირკვავ! (თითებით ჩანგლის კბილებს სინჯავს) ისევ ბლაგვია.
ლიკა -რად გინდათ ბასრი ჩანგალი?
მოხუცი -ყველაფერი ბასრი უნდა იყოს, ყველაფერი. ჩანგლები, დანები, ტვინი. და წიწაკა – ჩილი.
ლიკა -სულ იმის შიში მქონდა, რომ მაგ ბასრ ჩანგალს ოდესღაც უკან გამირჭობდი.
მოხუცი -ნუ გეშინია, არ გამიჭირდებოდა, ერთხელ ჩინურ რესტორანში ოფიციანტ ქალს ჩანგალი ვაძგერე ტრაკში და ოცდაათი ათასით ძვირი დამიჯდა `იხვი ჩინურად~.
ლიკა -მადლობა ღმერთს, რომ ჩინელს არ ვგავარ.
მოხუცი -ისე, შენი საჯდომიც ძალიან მაცდუნებელია. ხომ არ გვეცადა?
ლიკა -ამასაც მოვესწარი! ჩემი საჯდომი ბასრი იარაღების საცდუნებელი გახდა!
მოხუცი -გადაგიხდი, როგორც `ჩინურ იხვში!~ გადავიხადე.
ლიკა -მერი…
მოხუცი -რა, მერი? (ხელში ჩანგალს ატრიალებს) შენს უკანალს ფული არ სჭირდება?
ლიკა -ძალიანაც სჭირდება. ფულის გულისთვის ერთი წლის განმავლობაში თქვენს ჭუჭყიან ტრაკს ვასუფთავებდი, მაგრამ ფულის გულისთვის ჩემი გამოგიშვიროთ – დიდი ბოდიში! (თეფშს მიუწევს) – ესეც თქვენ. ელიტარული იორკშირული ღორის შებოლილი უკანალი თქვენს განკარგულებაშია. დაჩხვლიტეთ, დაჭერით, მიირთვით.
მოხუცი -დაფიქრდი, ოცდაათი ათასი დიდი ფულია.
ლიკა -ეშმაკსაც წაუღიხართ. აღარც დიდი ფული გაქვთ, და აღარც – პატარა. მიირთვით. საუზმე გაცივდა.
მოხუცი -რა იცი, მაქვს, არა მაქვს – ჩემს ჯიბეებში იქექებოდი?
ლიკა -თვითონ ამბობდით – ქალიშვილმა გამძარცვაო. ძუკნას ეძახდით…
მოხუცი -მე ჩემს საყვარელ ქალიშვილს ძუკნა ვუწოდე?
ლიკა -ძუკნა და ქურდი.
მოხუცი -შენ ყველაფერი აურიე. ძუკნას და ქურდს საკუთარ თავს ვუწოდებდი.
ლიკა -როგორც გენებოთ!
მოხუცი -ის პატარა ძუკნაა, ქურდი კი – არა!
ლიკა -იმან არ მოგპარათ მილიონები და იმან არ გაქციათ მათხოვრად?
მოხუცი -ერთადერთმა მემკვიდრემ თავისი წილი მიიღო. რას იფიქრებდა საწყალი გოგონა, რომ ქინძი ისევ Aაღერდებოდა?!
ლიკა -რაღაც ვერ ვატყობ, რომ აღერებულ ქინძთან ჩასახუტებლად მოიჩქაროდეს. უკანასკნელად როდის ნახეთ?
მოხუცი -დეკემბერში. ალპებში ყოფილხარ ოდესმე?
ლიკა -არა. ამბობენ, ძალიან ლამაზიაო.
მოხუც -ძალიან. მთები, მზე, თოვლი… ვერ ვიტან! შვილი თხილამურებზე სასრიალოდ გავუშვი, ის კი სიყვარულის მორევში გადავარდა. ვიღაც ოცდათხუთმეტი წლის გამოსირებულმა თავბრუ დაახვია!
ლიკა -გოგონებს ასეთი რამ ხშირად ემართებათ. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მათემატიკის მასწავლებელი შემიყვარდა.
მოხუცი -ჩემმა შვილმა გგონია დამალა ეს ამბავი: დედა, შემიყვარდა. ვთხოვდები..! ქილერის მაგივრად შპიონი დავიქირავე. პოლიციაში მასზე აი ამსისქე დოსიე იყო შედგენილი. ფოტოსურათები – ფასი, პროფილი. ტიპიური ალფონსი!
ლიკა -ესე იგი, მართალია…
მოხუცი -ამას კი არაფრის დაჯერება არ უნდოდა.
ლიკა -და თქვენი ქალიშვილის საქმრო საწოლში შეითრიეთ.
მოხუცი -ჰო, დიახაც შევითრიე! არჩევანი არ მქონდა. ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ენახა.
ლიკა -საბრალო გოგონა.
მოხუცი -დეკემბრის მზიანი დღე იდგა. ჩემი ქალიშვილი თხილამურებით ხელში სასტუმროს ნომერში შემოვიდა და ყველაფერი დაინახა. თავიდან ბოლომდე. ფულის გულისათვის იმ ვაჟბატონმა ხუთიანზე შეასრულა თავისი სამუშაო, ისე, რომ აგერ უკვე ოცდასამი წელიწადი გავიდა და ჩემს ქალიშვილს ჩემი დანახვა არ უნდა.
ლიკა -საშინელი ქალი ყოფილხართ.
მოხუცი -მეგონა, იტყოდი – უბედურიო. (ბეკონის ნაჭერი ჩანგლით აიღო) იორკშირული უკანალის ნაჭერი დამიმატე.
ლიკა -კვერცხი, ბეკონი, სულ ქოლესტერინია! ექიმი გაგიჟდება.
მოხუცი -რა ფეხებად მინდა მილიონები, თუკი ქოლესტერინი ვერ შევთქვლიფე და ჩანგალი ვერ გაგირჭვე ტრაკში?
ლიკა -სად ისწავლეთ ეს სიტყვები?
მოხუცი -საიდანღაც თვითონ მოძვრებიან. გენეტიკური მეხსიერება თავისას შვრება. შენ რა, მართლა მტკიცედ გადაწყვიტე – ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი?
ლიკა -ხუთ დღეში ვიზაც მთავრდება და ჩვენი კონტრაქტიც.
მოხუცი -ვიზის ყიდვა პრობლემა არ არის, კონტრაქტს კი გავაგრძელებთ.
ლიკა -შეძლებით ყველაფერი შეიძლება. მაგრამ ხუთ დღეში თუ ჩემს ქალიშვილს არ ჩავეხუტე, გული გამისკდება. მოდი, ხსვა რამეზე ვილაპარაკოთ. კოსმოსში არსებულ შავ ნახვრეტებზე გაგიგიათ რამე? ამბობენ, რომ ყველაფერს უკლებლივ ისრუტავსო.
მოხუცი -რამდენს გიხდიდნენ?
ლიკა -სიტყვის თქმას, სიმღერას. გაფიქრებასაც კი ვერც მოასწრებთ თურმე ყველაფერი შავ ნახვრეტში უჩინარდება.
მოხუცი -შეგიძლია არ მითხრა, ისედაც მესმოდა– დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო.
ლიკა -ყველაზე საშინელი ის არის, რომ შავ ნახვრეტებში სინათლე კვდება. შეისრუტავს და სინათლე აღარ ანათებს.
მოხუცი -თუ სინათლე აღარ ანათებს, ესე იგი ღმერთმა გამორთო.. მან მოგვცა სინათლე, მანვე წაიღო. მგონია, რომ ამ სიბნელეში მილიონი წელი ვხოვრობდი, ვიდრე შენი ხმა არ გავიგონე – დილა მშვიდობისა, ასიდოლარიანო!
ლიკა -ყოველ დღეს, ჭკუიდან რომ არ გადავსულიყავი, ამ სიტყვებით ვიწყებდი: დილა მშვიდობისა, ასიდოლარიანო. ყველა მეჯავრებოდა, საკუთარი თავი, ყველა ავადმყოფი მოხუცი, ჩემი ახლობლები…
მოხუცი -ძალიან ბევრს არ გიხდიდნენ.
ლიკა -სამას სამოცი `დილა მშვიდობისა~ -თქვენ ჩემი ძალიან ჭირვეული ბავშვი იყავით. ზოგჯერ მინდოდა, ძილში მომეგუდეთ.
მოხუცი -რას ნიშნავს ძილში მოგეგუდე?
ლიკა -ეს სიკვდილს ნიშნავს. პატარა რძეს წოვს, ბავშვის ტუჩების ცმაცუნი აბრუებს ბედნიერ დედას, მას ჩაეძინება და ბავშვს გაგუდავს.
მოხუცი -მე შენს ძუძუს ვწოვდი?
ლიკა -არა, კონტრაქტში ეს არ ეწერა.
მოხუცი – გააკეთე ერთი კეთილი საქმე. მკერდში ცოტა რძე თუ მაინც დაგრჩა, გამგუდე ძილში (სახით ლიკას მერდში ჩაეფლობა)
ლიკა (თავზე ხელს უსვამს) -გვიანია, ხუთი დღეღა დარჩა: დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა უკანასკნელო ასდოლარიანო… (ყვირის) -დილა მშვიდობისა, ჩემოდანო! დილა მშვიდობისა, აეროპორტო! დილა მშვიდობისა, ჩემო თბილისქალაქო!
მოხუცი -დარჩი და ასორმოცდაათს გადაგიხდი.
ლიკა -მაგ თანხად ორ მექსიკელს დაიქირავებთ.
მოხუცი -ორასი!
ლიკა -კიდევ სამას სამოცდახუთი დღე? ჭკუიდან შევიშლები.
მოხუცი -გაამრავლე ორასზე და ეს დაგამშვიდებს.
ლიკა -არაფრის გამრავლება არ მინდა.
მოხუცი -სამოცდაცამეტი ათასი ერთ წელიწადში. ეს არის ორას სამოცდაათი დოლარი და თვრამეტი ცენტი კვადრატში! ნუ სულელობ, დათანხმდი.
ლიკა -გეშინოდეთ ღმერთის, ცდუნება – სასიკვდილო ცოდვაა.
მოხუცი -ერთით მეტი, ერთით ნაკლები. ჩემი მილიონებით სამოთხეში მაინც ვერ მოვხვდები. ჩემი სამოთხე აქ არის. შენ, გვარნერი, მასაჟისტი და ქოლესტერინით სავსე თეფში.
ლიკა (წვენით სავსე ჭიქას ასწევს) -თქვენ სამოთხეს გაუმარჯოს, ოღონდ ჩემ გარეშე!
მოხუცი -შენ უბრალოდ სულელი კი არა, სულელი კვადრატში ხარ!
ლიკა -მერი, სიმართლე მითხარით, დღეში ორასი დოლარის საფასურად სულელი კვადრატში რაში გჭირდებათ?
მოხუცი -არ მინდა ისევ ქინძად ვიქცე. ჯერ მთლიანად არ გამნათებია გონება. ეტყობა, ისიც იმ შავმა ნახვრეტმა შეისრუტა, წეღან რომ ამბობდი.
ლიკა -მე ღმერთი არა ვარ. მე `სინათლის ჩართვა~ არ შემიძლია.
მოხუცი -შენი ხმა… (თითით თავში იკაკუნებს) მისგან აქ, რაღაც ხდება. შავი ნახვრეტიდან სურათები ამოტივტივდნენ, ხმები… დამიძახე პატარა ქვეშაჯვია. (ლიკა დუმს) მითხარი, გელოდები.
ლიკა -…პატარა ქვეშაჯვია.
მოხუცი -გაიმეორე. უნდა გავიხსენო…
ლიკა (თავზე ხელს უსვამს) -პატარა ქვეშაჯვია… პატარა ქვეშაჯვია.
მოხუცი (თვალდახუჭული უსმენს) -…ეზოში მტვერია, ცხელა, ისმის ქალის ხმა, ყვირის – პატარა ქვეშაჯვია… კიდევ რაღაც იყო… ყინულის კარამელი, წითელი მამალი ჯოხზე. მოხუცი ებრაელი ვიოლინოზე უკრავს… ფეხებთან უდევს შავი ქუდი მონეტებით… ღია ფუტლიარში პატარა ძაღლი. ტკბილი თითები ბეწვს ეწებება… (უბრალო სავიოლინო მელოდიას მღერის) ბენი სად არის? რატომ არ უკრავს?
ლიკა -ბენი მალე მოვა.
მოხუცი -ვიოლინო მომიტანე. მე თვითონ უნდა დავუკრა.
ლიკა -თქვენ უკრავთ ვიოლინოზე?
მოხუცი -ჰო. მე გვარნერი მასწავლიდა.
ლიკა -გვარნერი?! არ გეშლებათ?
მოხუცი -მასწავლებლის გვარი სამუდამოდ დავიმახსოვრე. ინსტრუმენტი მომიტანე.
ლიკა -იქნებ იორკშირული უკანალის ნაჭერი დაგიმატოთ? გვარნერი სადილის შემდეგ უფრო კარგად ჟღერს.
მოხუცი -ასეთი რამ პირველად მესმის. როცა ვყიდულობდი, ეს რომ ნამდვილად არ უთქვამთ ჩემთვის.
ლიკა -საერთოდ რატომ იყიდეთ? გვარნერი, პუპკინი, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
მოხუცი -ნოსტალგია. გვარნერი ჩემი მეზობელი იყო ერთ მიყრუებულ ამერიკულ ქალაქში. ერთი ქუჩა, ერთი სალუნი და ერთი ჭკუათხელი ებრაელი – მეტსახელად გვარნერი. ის მასწავლიდა ვივალდის სავიოლინო კონცერტს… (ვივალდის კონცერტის პირველ ტაქტებს მღერის) ამტკიცებდა, რომ მისი ვიოლინო დიდი იტალიელის ხელით იყო შექმნილი და მილიონები ღირდა. ყველა დასცინოდა, მე კი დავიფიცე, რომ როცა გავმდიდრდებოდი ნამდვილი გვარნერის ვიოლინოს ვუყიდდი… ის საცოდავი იმაზე ადრე მოკვდა, ვიდრე მე გავმდიდრდებოდი. რას ელოდები, მოიტანე ინსტრუმენტი.
ლიკა -გვარნერი… სახლში არ არის.
მოხუცი -როგორ თუ არ არის?
ლიკა -ნუ ნერვიულობთ. სასეირნოდ წავიდა, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. მოსწყინდა ჩაკეტილში ცხოვრება.
მოხუცი -სასეირნოდ?! ჰაერის ჩასაყლაპად?!
ლიკა -გვარნერის მსმენელები სჭირდება, სავსე დარბაზი, აპლოდისმენტები. მათ გარეშე ის ჭკნება.
მოხუცი – ვინ წაიყვანა სასეირნოდ გვარნერი, ბენმა?!
ლიკა -ფილარმონიაში ორკესტრის მეორე ვიოლინოზე კონკურსი გამოაცხადეს. მეც ვუთხარი – ბენ, აიღე ინსტრუმენტი და…
მოხუცი -როგორ გაბედე?!
ლიკა -ამ ვიოლინოთი მას შანსი აქვს.
მოხუცი -მიმიფურთხებია მისი შანსისთვის! არც ბენი – კეფიდან თითის წვერებამდე, არც შენ და არც მთელი შენი გვარი ერთად იმ ვიოლინოს ფასი არა ხართ! რომ მოიპაროს, გაიქცეს და წაიღოს?
ლიკა -ამის გაკეთება ათასჯერ შეეძლო, როცა პამპერსებს გიცვლიდი.
მოხუცი -პოლიციაში უნდა დავრეკო. (ნომერი აკრიფა) პოლიცია, მერი მაკ-გრეგორი ვარ. პალმების ბულვარი 15-დან. გამქურდეს.
ლიკა -არაფერი გამოვა, ქალბატონო მაკ-გრეგორ, თქვენი არ ესმით.
მოხუცი (ყვირის) -გვარნერის ვიოლინო მოიპარეს…!
ლიკა -ტყუილად ყვირით. ამერიკულ პოლიციაში ქართული ჯერ არ უსწავლიათ.
მოხუცი (ყურმილს ლიკას გაუწვდის) -შენ თვითონ უთხარი, რომ გამქურდე.
ლიკა (ყურმილს ჩამოკიდებს) -არავის არაფერი არ მოუპარავს. თქვენ ხომ გინდოდათ მოხუცი ებრაელი მუსიკოსისთვის გვარნერი გეჩუქებინათ, ამისთვის ბენიც გამოდგება. ის არც ისე ახალგაზრდაა, თან ებრაელია. და, როგორც ჩვენ ყველა, ცოტათი შეშლილიც.
მოხუცი -ქურდები, ყველგან ქურდები არიან! საცოდავ მოხუცს უკანასკნელი მილიონი მოპარეს! თანამონაწილეობისთვის გიჩივლებ. ციხეში დაგალპობ. იცი, რა არის ამერიკული ციხე?
ლიკა -იმედი მაქვს, რომ იქ ჭუჭყიანი ტრაკების ბანას მაინც არ დამაძალებენ.
მოხუცი -იქ ტრაკიდან ხმარობენ!
ლიკა -მამაკაცს ვგავარ?
მოხუცი -ვაი შენს პატრონს!
შემოდის ბენი. ცალ ხელში ყვავილების თაიგული უჭირავს,
მეორეთი ვიოლინოს ფუტლიარს იხუტებს მკერდში.
ბენი (ლიკას ყვავილებს აწვდის) -მიმიღეს… მე მიმიღეს.
მოხუცი გამოგლეჯს ხელიდან ფუტლიარს, ვიოლინოს ათვალიერებს.
ბენი -მე მიმიღეს… მე მიმიღეს… მიმიღეს…
მოხუცი ვიოლინოზე ვივალდის კონცერტის პირველ ტაქტებს უკრავს.
ბენი (რგოლებზე ქანაობს) -ბენო კრიხელი – მეორე ვიოლინო!
ლიკა -ძალიან მიხარია.
ბენი -დიდი სიმფონიური ორკესტრის მეორე ვიოლინო!
მოხუცი (დაკვრას შეწყვეტს) -რა გიხარია, გამოსირებულო სკრიპაჩო! გვარნერი მეორე ვიოლინო არ შეიძლება იყოს, ის მხოლოდ პირველია!
ლიკა -ყვირილი არ არის საჭირო. მიულოცეთ ბენსაც და გვარნერის, ეს ორივეს წარმატებაა.
მოხუცი -შენ კი, ჩუმად იყავი, ძუკნა! ჩემი ერთი ზარი და ორკესტრიდან გამოაგდებენ. დასალევი გვაქვს რამე?
ლიკა -ვისკი სოდით.
მოხუცი -არაყი! ყინულით! ამ გამოსირებულ სკრიპაჩსაც დაუსხი. როგორი გამოიყურებოდა გვარნერი?
ბენი -შესანიშნავად.
მოხუცი -დიდი ხანია სცენაზე აღარ ყოფილა. ხომ არ ნერვიულობდა?
ბენი -თავიდან ცოტათი ვნერვიულობდით, მაგრამ დაკვრა დავიწყეთ თუარა ყველაფერი დაგვავიწყდა. გვარნერი გენიოსია!
ლიკა არაყს დაასხავს.
მოხუცი -გვარნერის გაუმარჯოს! არასოდეს არ მომისმენია, საკონცერტო დარბაზში როგორ ჟღერს.
ლიკა -გაუმარჯოს ორკესტრის მეორე ვიოლინოს.
სვამენ.
ბენი -ერთი კვირის შემდეგ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, მე და გვარნერი კონცერტზე დაგპატიჟებდით
მოხუცი -კი ბატონო, გავაფორმოთ ინსტრუმენტის იჯარაზე კონტრაქტი და უკარი რამდენიც გენებოს.
ბენი -საიდან ამდენი ფული?! შემეძლო ყველა კონცერტიდან კონტრამარკა შემომეთავაზებინა.
მოხუცი -როგორი გულუხვია! (ფინჯანს ლიკას აწვდის) დამისხით კიდევ.
ბენი -გპირდებით, მე და გვარნერი მხოლოდ თქვენთვის დავუკრავთ.
ლიკა -დათანხმდით, მერი.
მოხუცი (არაყს გადაჰკრავს) -ო, თქვე ძაღლიშვილებო.
ლიკა -როგორც გინდათ, ისე თქვით, მაგრამ თქვენს გენებში ნამდვილად აქვთ ქართველებს ღამე ნათევი.
მოხუცი -ნუ მომაბეზრე თავი ამ შენი ქართველებით. ისინი აი, (კისერზე ირტყავს ხელს) აი, აქ მყვანან! დავილაპარაკებ როდესმე ნორმალურ ენაზე?
ბენი -თუ გნებავთ, ემიგრანტებისთვის ინგლისურის დაჩქარებულ კურსებზე ჩაეწერეთ.
მოხუცი -რის კურსები, რა ემიგრანტები, წადი შენი დედაც! მე ირლანდიელი ვარ! და მშობლიური ენა უნდა გავიხსენო.
ლიკა -I am Lika… This is Ben, a fucking fiddler.
ლიკა -ბარემ ახლავე დაიწყეთ. (ლაპარაკობს ინგლისურად) მე ლიკა ვარ. (ბენზე მიათითებს) ეს ბენია. გამოსირებული მევიოლინე.
მოხუცი (ინგლისურად იმეორებს) – This is Ben, a fucking fiddler. საშინელი ენაა. რას ნიშნავს – ფაკინ მევიოლინე?
ლიკა -ნახმარი მევიოლინე.
მოხუცი -ჰაი, ბაი, ფაკ. ათი წუთის განმავლობაში სამი სიტყვა ვისწავლე, ცუდი შედეგი არ არის.
ბენი -ასეთი ტემპებით ერთ კვირაში ინგლისურად ისე ილაპარაკებთ, როგორც კონდოლიზა რაისი.
ლიკა (ჭიქას ასწევს) –This is Russian vodka.
(ეს რუსული არაყია.)
მოხუცი -შეგიძლია, არ თარგმნო.
ბენი -You, Mary.
(შენ მერი ხარ.)
მოხუცი -ღმერთო, რას მოვესწარი. მე, წმინდასისხლის ირლანდიელს, ბატუმელი ებრაელი და თბილისელი კეკელკა ინგლისურს მასწავლიან!
ბენი -წმინდა სისხლის შესახებ არ დავიჩემებდი. ეს აბელით და კაენით დამთავრდა.
ლიკა -შემდეგ მსოფლიო სიძვა დაიწყო და სისხლები აირია.
ბენი (ვიოლინოზე უკრავს) –This is a violin… A Gvarneri.
(ეს ვიოლინოა… გვარნერის ვიოლინო)
მერი -წადი დაახვიე შენი ვიოლინოთი.
ლიკა -Go to hell, ქართულად ნიშნავს – დაახვიე!
მოხუცი (ყვირის) -გოუ თუ ხელ! ყველანი – გოუ თუ ხელ!!
დილა, გამგზავრებამდე დარჩა ხუთი დღე.
ისევ ის ოთახი. ლიკა მაგიდიდან ჭურჭელს ალაგებს.
მოხუცი რგოლებზე ჰკიდია და ინგლისურ ენაზე
ჰამლეტის მონოლოგს კითხულობს:
To be, or not to be – that is the question;
Whether ‘tis nobler in the mind to suffer
The slings and arrows of outrageous fortune,
Or to take arms against the sea of troubles…

(ყოფნა, არ ყოფნა? საკითხავი აი ეს არის…. და ა. შ.)

ლიკა -ნამდვილი ვუნდერკინდია! ხუთი დღეა, რაც უცხო ენას სწავლობს და უკვე ორიგინალში კითხულობს შექსპირს!
მოხუცი -ინგლისური – ჩემი მშობლიური ენაა.
ლიკა -ღმერთო, ჩემი თავის ფასი როდის უნდა ვისწავლო?! ავადმყოფი მოხუცი ფეხზე დავაყენე და წინაპრების ენაზე ავალაპარაკე და ყველაფერი ეს მხოლოდ ას დოლარად.
მოხუცი -ჩემი წინაპრები – ირლანდიელები არიან! შენმა ქართულმა მიღრძო ტვინი და შინაგანი სამყარო დამინგრია.
ლიკა -დორბლი პირიდან და უაზრო ზმუილი (მოხუცს გამოაჯავრებს), აი, რა იყო თქვენი შინაგანი სამყარო.
მოხუცი -სასამართლოში გიჩივლებ! იცოდე, სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს იმ ზიანის ამინაზღაურება, რომელიც ჩემს ინტელექტს მიაყენე.
ლიკა -ვეღარ მოასწრებთ. მე მივფრინავ, თქვენ კი თავშესაფარში გაგამწესებენ.
მოხუცი (რგოლებიდან ჩამოდის) -როდის მაგზავნიან?
ლიკა -ხუთ დღეში. ავღნიშნოთ ჩვენი განშორება შამპანურით და როგორც ზღვაში ხომალდები, ისე დავცილდეთ.
მოხუცი -იქნებ, შენ თვითონ წამიყვანო ალმსტ ჰაუსში.
ლიკა -ჩემს გარეშეც ყველაფერი კარგად იქნება, მერი. ზოგჯერ თქვენი მშურს კიდეც. მე არასოდეს არ მექნება წესიერი ალმსტ ჰაუსი. არც მშვიდი სიბერე, ზღვაზე გამავალი ვერანდები. მთელი ჩემი ცხოვრება ვირივით შრომაში უნდა გავატარო – დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. ვირად გავჩნდი და ვირადვე მოვკვდები.
მოხუცი -თუ ბი ორ ნოთ თუ ბი?
ლიკა -ეგ ჰამლეტს ჰკითხეთ. ეს მისი კითხვაა.
მოხუცი -ეს შენი პრინცი ისტერიული ვინმეა. გვამებში იხრჩობა, მე რაღას მიბრძანებთ, ირგვლივ ყველას ყელი ხომ არ გამოვჭრა?
ლიკა -მშვენიერი სანახაობა იქნებოდა: თქვენ, დაშნით ხელში, ირგვლივ კი გვამები, გვამები, გვამები…
მოხუცი -მიპასუხე. რა ვქნა – თუ ბი ორ ნოთ თუ ბი?
ლიკა -არ მესმის, რისი თქმა გსურთ. ნო – თუ ბი, ყოველთვის უკეთესია, ვიდრე – ნოთ თუ ბი. ყოფნა ჯობია არყოფნას. `ყოფნადან~ ყოველთვის შეიძლება კვადრატული ფესვის ამოღება, `არყოფნადან~ კი არაფერი არ ამოდის. საწყალი იორიკი!
მერი -მე არ შემიძლია მშვიდად ვიჯდე თავშესაფრის ვერანდაზე, ვუცქირო ჰორიზონტს და კვადრატული ფესვი ამოვიღო დარჩენილი `თუ ბი~-დან.
ლიკა -თქვენც სარგებელი ამოიღეთ. ეს ხომ ყოველთვის გეხერხებოდათ. ნულიდან მილიონებამდე ახვედით…
მერი -ბოლოს კი ქინძად გადავიქეცი და ყველაფერი ერთბაშად დავკარგე.
ლიკა -ფორს-მაჟორი! მთავარია – ჯანმრთელი ხართ!
მერი -რათ მინდა ასეთი ჯანმრთელობა, ფული მე არ მაქვს, შვილი ჩემთან არ არის. შენც მიემგზავრები. რა მოვუხერხო ყველაფერს ერთად?
ლიკა -ერთ იდეას მოგაწვდით. ადექით და დაწერეთ ღარიბ გოგონაზე, მის ირლანდიელ წინაპრებზე, პატარა ქვეშაჯვიაზე, მტვრიან ეზოზე, შეშლილ მუსიკოსზე და გვარნერიზე, პირველ ვიოლინოზე. შესანიშნავი სიუჟეტია ჰოლივუდისთვის.
მერი -შენთან ერთად ხომ არ წამოვსულიყავი საქართველოში? რა იყო? ყოფნა, არ ყოფნა! ქართული ვიცი, გენეტიკაც ხელს მიწყობს, ირლანდიელის და ქართველი მოგზაურის ნაჯვარი. ჭირსაც წაუღია მთელი ჰოლივუდი. ავდგები და ჩემი წინაპრების სამშობლოში ნულიდან დავიწყებ ბიზნესს.
ლიკა (იცინის) -ეი, ფანტაზიორო, საწყის კაპიტალს სად იშოვით?
მოხუცი -საიდუმლოდ გეტყვი: მე შემიძლია ფული სხვების სისულელეებზე ვაკეთო. ეს სიმდიდრე კი როგორც ვხედავ ჩემი წინაპრების სამშობლოში თავზე საყრელია.
ლიკა -ნუ მაცინებ, ქართველები მაგრად დაოსტატდნენ სხვების გაცურებაში.
მოხუცი -რას მიზამენ?
ლიკა -თავიდან გაგისწორებენ, მაგრად გაბაირამებენ, დაგშმოტკავენ, გაგულავებენ, მერე კი ისე საკაიფოდ მოგასრიალებენ და მაყუთშიც გადაგაგდებენ.
მოხუცი -რომელ ემაზე ლაპარაკობ?
ლიკა -ქართულზე. ვიდრე შენ, ხუთი წელი ქინძობანას თამაშობდი, ქართველებმა რუსთაველის ენა გაგების ენაზე გადაიყვანეს, ჩახვდი?
მოხუცი -ჩავხვდი. ასეთ ქვეყანაში მხოლოდ გიჟები ბრუნდებიან.
ლიკა -ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი. ხუთი დღე დარჩა.. ხვალ ოთხი იქნება, სამი, ორი…
მოხუცი -სულელი ხარ და სულელად მოკვდები. როცა უკანასკნელი წამი თვალწინ გაგიელვებს, იკითხავ: ღმერთო, სულ ეს იყო…?
ლიკა -…მერე საათების თვლას დავიწყებ…
მოხუცი -…ის გიპასუხებს: – დიახ, მორჩა!
ლიკა -…დავითვლი უკანასკნელ, ძალიან გრძელ წუთებს.
მოხუცი -ორასი დოლარი დღეში – კარგი ფულია.
ლიკა -უკუათვლას ვიწყებ: ათი წამი… ცხრა წამი… რვა… შვიდი… ხუთი… ოთხი… სამი…
სატელეფონო ზარია. ლიკა ყურმილს იღებს.
ლიკა -ალო…
მოხუცი -თუ ჩემი შვილია, ეშმაკსაც წაუღია!
ლიკა -ჩემია… სალამი. კარგად ვარ… რაც სიაში ჩამომიწერე, ყველაფერი ვიყიდე… მისის მერიმ უამრავი საჩუქარი მოგიმზადა… მისის მერი, ჩემი შვილი მადლობას გიხდით საჩუქრებისთვის.
მოხუცი (ინგლის.) -She’s welcome. არაფერს.
ლიკა -სახლში ყველაფერი კარგად არის? რა, მამა? წავიდა? სად წავიდა? სახლიდან… სულ წავიდა? ნუ მაცინებ… ფული სულ წაიღო? სტოპ. მოიცა, გავიაზრო… ჩვენი მამა სხვა ქალთან წავიდა. ფული წაიღო და ბინა იყიდა თავისთვის. სწორად გავიგე? მორჩი ღრიალს! მე მას ვიცნობ?
მოხუცი -ფინიტა ლა კომედია!
შემოდის ბენი ყვავილებით. მოხუცს ხელზე კოცნის.
მიდის ლიკასთან, ყვავილებს წინ დაუწყობს, ხელზე კოცნის.
ბენი -ჰაი!
ლიკა -…ყველაფერი გავიგე. გავიგე. გავიგე. მობილურზე დავურეკავ. (ყურმილს კიდებს)
ბენი -გამარჯობათ. (ლიკა დუმს) მოხდა რამე, ლიკა?
ლიკა -მოხდა, მოხდა, მოხდა… (ნომერს კრეფს)
მოხუცი -ჩვენი ლიკა მოასრიალეს და საკაიფოდ გადააგდეს მაყუთში!
ბენი -რა ენაზე მელაპარაკებით?
მოხუცი -შენ რა, დებილო მევიოლინე, რუსთაველის მუღამს ვერ იჭერ?
ლიკა (ყურმილს კიდებს) -მიუწვდომელია. ნომერი გამოცვალა.
ბენი -არაფერი არ მესმის.
მოხუცი -სულელებისთვის ვიმეორებ: ვიქტორიის ქმარი ხსვა ქალთან წავიდა. და მისი ფულები თან გაიყოლა. ხომ არ მეშლება, ლიკა?
ლიკა – ერთი თვის შემდეგ ბავშვი შეეძინებათ.. ეხო-მ ასე აჩვენა… სამი, ორი, ერთი, ნული. მოთხრობის დასასრული.
ბენი -ცხოველი!
მოხუცი -ასეთებს უნდა მუსრი გაავლო.
ლიკა -რატომ? მე ორმოცდახუთის ვარ, ის ქალი კი ოცდაორის ყოფილა.
ნორმალური მამაკაცია. ახლა მისი ვაჟიშვილი სანაყოფო წყლებში ცურავს. მეცხრე თვე… წარმომიდგენია, როგორი მუცელი ექნება. ბარაბანივით, ტყავი დაჭიმული. საინტერესოა, მასთანაც თუ ხულიგნობს? (იცინის) მე შიშველ მუცელზე ნაზად მეფერებოდა და ასე ამბობდა: ჩემი დოლი, ჩემი დოლი… ძალიან სასაცილო იყო. დოლი და მედოლე. ხელში იღებდა თავის `ჯოხს~, მუცელზე მირტყამდა და მღეროდა: (მღერის)
ახ, მედოლევ, დაჰკარ, დაჰკარ,
დაჰკარ, დაჰკარ დაირასაა…

მოულოდენლად შეწყვეტს სიმღერას, გაიძრობს ბლუზას
და შიშველ მუცელზე იტყაპუნებს ხელს.
ლიკა -მაპატიე, ჩემო დოლო, მე დავბერდი და ქმარმა მიმატოვა. სანაყოფე წყლები ვეღარ დაჭიმავენ შენს კანს. მე და შენ ჩვენი დრო მოვჭამეთ, გინდ ჯოხი ურტყი ახლა და გინდ… (ბენს) რას მიყურებ, დაუკარი!
ლიკა მღერის და ცეკვავს.
ბენი აჰყვება და ვიოლინოზე უკრავს მელოდიას.
მოხუცი (ლიკას აჩერებს) -ბევრი მოიპარა?
ლიკა სიმღერას აგრძელებს
მოხუცი (ლიკას სახეში ურტყამს) -გეყოფა სისულეები!
ბენი მოხუცსა და ლიკას შორის ჩადგება,
ბლუზის ღილებს შეუკრავს.
ბენი -როგორ ექცევით! ასეთი უბედურება დაატყდა თავს!
მოხუცი -უბდურება! ქმარი წავიდა! მეც მიმატოვეს, მერე რა? ერთი წავა, მეორე მოვა. მასეთ მძღნერებს რა გამოლევს.
ლიკა -ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი…
მოხუცი -არც შენი დოლია ცუდ ფორმაში. (მუცელზე ხელს უსვამს) ნორმალური მამაკაცი აქ ნაყოფსაც შეუშვებდა და არც წყალს დააკლებდა.
ლიკა -…ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი (მაგიდიდან იღებს ჩანგალს და მოხუცს აწვდის). ჩემს უკანალს სასწრაფოდ დასჭირდა ფული. ერთხელ ოცდაათი ათასს დამპირდით. უჩხვლიტეთ, დაჭერით, შეჭამეთ (ქვედაკაბას აიწევს.)
მოხუცი თითებით სინჯავს ჩაგლის კბილებს.
მოხუცი -ამ სახლში ბასრი ჩანგალი არასოდეს არ იქნება.
ლიკა -ბლაგვით მიჩხვლიტეთ!
ბენი -მერი, რა ხდება?!
მოხუცი -ფული სჭირდება სასწრაფოდ. გაქვს შენ ფული?
ბენი -მაქვს ცოტა გადანახული…
მოხუცი (ბენს ჩანგალს გაუწვდის) -გამომართვი ეს ჩანგალი! და მის უკანალს რაც გინდა, ის უქენი.
ბენი -რა სისულელეებს ლაპარაკობთ, მერი?!
მოხუცი -რა, მისი უკანალი არ მოგწონს?
ბენი -სრულ ჭკუაზე ხართ? რა უნდა მომწონდეს?
მოხუცი -ასეთი ლამაზი გოგონა, თბილი, ჭკვიანი. ვირჯინია ვულფის შესახებ წიგნს წერს. იცი მაინც, ვინ არის ვირჯინია ვულფი?
ლიკა -ვიხუმრე, ვიხუმრე, ვიხუმრე… ნუ უსმენთ, ბენ. (ყვავილებს სუნავს) ყვავილებისთვის დიდი მადლობა.
ბენი (ლიკას) -რით შემიძლია დაგეხმაროთ…
მოხუცი -ვერაფრით, ვერაფრით ვერ დაეხმარები. მეც ვერაფრით ვერ დავეხმარები. საერთოდ, ქართველებს ვერ დაეხმარები. მათ ტვინი ისე არა აქვთ მოწყობილი, როგორც ირლანდიელებს. შეხედე მის სახეს! გახარებულია, რომ ქმარი მისი ფულებით გაიქცა. ეხლა იდარდებს. იდარდებს და მიუტევებს! როგორ არ აპატიებს, როცა მისი ქმრის საყვარლის მუცელი დოლივით არის დაბერილი, წყლებში ბავშვი დაცურავს. მიუტევა. თვალებში ეტყობა – აპატია. ეშმაკსაც წაუღიხარ. აიღე ჩემოდანი და დაახვიე იმ შენს თბილისში.
ლიკა გადის ოთახიდან.
ბენი -თქვენი ბებია, არასოდეს, გესმით, არასოდეს არ წოლილა ქართველ მოგზაურთან. თქვენ თავხედი ხართ. თქვენში ქართული სისხლის არც ერთი წვეთი არ არის.
მოხუცი -რა იყო, თავხედი ქართველები არ გინახავს?!
ბენი -ქართველებშიც ბევრი თავხედია, მაგრამ მათ სული აქვთ. თქვენ კი, როგორც ჩანს, ის პირველ და მეორე მილიონებს შორის დაკარგეთ.
მოხუცი -შენ ხომ გაქვს?! კეთილშობილი ქართული სული. თუ ასეთი მაგარი ხარ, მასესხე ოცდაათი ათასი.
ბენი -მე ფული არა მაქვს.
მოხუცი -აბა, ლიკას რას სთავაზობდი?
ბენი (ხელში ჩანგალს ატრიალებს) -თქვენი სისულელეებისთვის – არა მაქვს.
მოხუცი -მაღალ პროცენტს მოგცემ.
ბენი -თქვენს შვილს სთხოვეთ. მაღალი პროცენტით დედას უარს არ ეტყვის.
შემოდის ლიკა, დიდი პაკეტით და ჩემოდნით ბორბლებზე.
შუა ოთახში ჩერდება, ჯდება ჩემოდანზე.
ლიკა -მორჩა. ქართული ჩვეულების მიხედვით, მგზავრობის წინ უნდა ჩამოვსხდეთ.
ბენი -ეხლა მიემგზავრებით?
ლიკა -პირდაპირ ახ-ლა. ჯობია ამ წუთს წავიდე, ვიდრე შემდეგს. ან რომელიმე სხვას რაღას ველოდო?! ჩემი დრო ამოიწურა.
მოხუცი (სკამიდან წამოხტება) -არავითარი ჩვეულება და არავითარი ჩამოსხდომა, ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ რა, დაგავიწყდათ, კონტრაქტი 4 დღეში მთავრდება. ოთხი დღის შემდეგ აიღე ეგ შენი ჩემოდანი და სადაც გინდა, იქ მიბრძანდი, ეშმაკსაც წაუღიხარ!
ლიკა ჩანთიდან ამოიღებს ფულს,
ოთხას დოლარს გადათვლის, მაგიდაზე დადებს.
ლიკა -აი, ოთხასი დოლარი იმ ოთხი დღის ანგარიშში.
მოხუცი (ფულს გადათვლის) -პირის შეშლისას რამდენ იხდით?
ბენი -როგორ არ გრცხვენიათ, უკანასკნელ კაპიკებს ართმევთ!
მოხუცი -მე ქართველი არ გახლავართ და არც მრცხვენია.
ლიკა -არ არის უკანასკნელი. ქმრის ჩუმად მთელი სამი ათასი მქონდა გადანახული. ვფიქრობდი, ჩავფრინდები, შვილთან ერთად გავივლით მაღაზიებში და… პირის შეშლისას რამდენს ითხოვთ?
მოხუცი -სამი ათასი. რაც დაგრჩა, მთლიანად.
ლიკა (ჩანთას ამოატრიალებს) -ახლა შემიძლია წავიდე?
ლიკა ჩემოდანს კარისკენ მიაგორებს.
მოხუცი (ფულს გადათვლის) -ეი, საით, არ ჩამოჯდები?
ბენი ლიკასთან მიირბენს, კარებში გააჩერებს.
ბენი -ღმერთო ჩემო, ასე როგორ შეიძლება. დამშვიდდით და რამე მოვიფიქროთ.
ლიკა (ჯდება ჩემოდანზე) -დაჯექით, ბენ. სხვანაირად კარგ გზას ვერ დავადგები.
ბენი -ჯერ ფული დააბრუნოს.
მოხუცი -კიდევ რა გნებავთ? ფული თუ უნდა, დარჩეს ოთხი დღეც. მერე კი, ჯანდაბამდე გზა ჰქონია.
ლიკა (ბენს) -გთხოვთ, ჩამოჯექით ცოტა ხნით.
ბენი (ყვირის) -მერი, თქვენ ბანდიტი ხართ! ქურდი, მის ქმარზე უარესი! დაუბრუნეთ ფული, თორემ ახლავე დავრეკავ პოლიციაში!
მოხუცი -დარეკე, დარეკე, მოვიდნენ, გარკვიონ. მადლობა ღმერთს, ჩვენ ამერიკაში ვცხოვრობთ. კონტრაქტი – კონტრაქტია. ჩამოჯექი და ჯანდაბამდე გზა ჰქონია!
ლიკა -მორჩა. ჯანდაბას ეს ცრურწმენები! (ჩემოდანს კარებისკენ მიაგორებს)
ბენი (ვიოლინოს მაღლა ასწევს) -დაუბრუნე ფული, თორემ იცოდე, გვარნერის დავამტვრევ!
მოხუცი -იდიოტო! ახლავე დადე ვიოლინო! ის მილიონები ღირს!
ბენი (ყვირის) -მიეცით ფული!
მოხუცი (ლიკას) -უთხარი ამ იდიოტს, სისულელეს ნუ გააკეთებს.
ლიკა მიდის ბენთან.
ბენი (ყვირის) -არ გამეკაროთ!
ლიკა -ბენ, ეს ჩემი პრობლემებია. გვარნერი არაფერ შუაში არ არის. აბა, იფიქრეთ, სად გვარნერი და სად საცოდავი სამი ათასი.
ბენი -ამან იფიქროს.
მოხუცი -დალეწე! რაც გინდა, ის ქენი! მიმიფურთხებია გვარნერისთვისაც და თქვენთვისაც! დალეწე, ისე დააქუცმაცე, რომ ვერც ერთმა ნაძირალამ ვერ ააწყოს! რას მიყურებ? დიახ, მე შეშლილი ვარ, თქვენ კი ყველანი ნორმალურები! ნორმალური, პატარა ქვეშაჯვიები!
ლიკა აიღებს ვიოლინოს, ფრთხილად ჩადებს ფუტლიარში.
ბენი დაჯდება, ტირის.
მოხუცი ფულს ლიკას ჩანთაში ჩატენის და ოთახიდან გადის.
ლიკა (ბენს მხრებზე მოეხვევა) -გმადლობთ, კეთილო ადამიანო. მადლობა გვარნერისთვის. ვარდებისთვის. სახლში წავიღებ. გავახმობ ისე, რომ ფურცლები არ დასცვივდეს და თქვენი თაიგული დიდხანს, დიდხანს იქნება…
ბენი -რა საშინელებაა, რა საშინელებაა… კინაღამ გვარნერი გავიმეტე.
ლიკა -მისი გამეტების უფლება არა გაქვთ.
ბენი -როგორ შეეშინდა, სულ ცახცახებდა. სიმები ეხლაც ბუბუნებენ, გესმით?
ლიკა (ყურს მიადებს ვიოლინოს) -ისინი მღერიან: მშვიდობით, ლიკა, უშენოდ მოვიწყენთ.
შემოდის მოხუცი, ხელში ჭიქები და შამპანური უჭირავს.
ბენი -თქვენ წახვალთ და აქ მეც აღარ მოვალ.
მოხუცი (ავსებს ჭიქებს) -წასვლისა დავლიოთ და დავიშალოთ! ლიკა თბილისში, მე თავშესაფარში, ბენი კი… ბენის დედაც! (სვამს)
ლიკა (მერის) -მაპატით, თუკი რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო. თქვენ ძნელად აღსაზრდელი ბავშვი იყავით, მე ზოგჯერ ვბრაზობდი, პატარა ქვეშაჯვიას გეძახდით, მაგრამ მაინც მიყვარდით. ასი დოლარის გამო კი არა…
მოხუცი (ლიკას) -ოთხი დღეც გაქვს, დარჩი. ვითამაშოთ დედა-შვილობანა. თუ გინდა, მე ვიყვირებ ხოლმე – დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო! საუზმეს მე მოგართმევ. პამპერსებსაც გამოგიცვლი…
ლიკა -ჯობია, გამგუდოთ.
მოხუცი -სისულელეა! შენ ეხლა სასწრაფოდ გჭირდება მამაკაცი! ერთი წავიდოდა თუ არა, მაშინვე მეორეს ვეცემოდი. ყოველთვის ასე ვმკურნალობდი. პრინციპის ამბავია!
ლიკა -კარგი აზრია. ჩავფრინდები თუ არა თბილისში, სახლშიც არ შევივლი, პირდაპირ პანელზე.
მოხუცი -პანელის გულისთვის არ ღირს თბილისში გამგზავრება. აქაც ბევრია. ჯობია, ერთად ვიფიქროთ. ერთად ავამუშაოთ შენი ქართული, მაგისი ებრაული და ჩემი ირლანდიული ტვინი, იქნებ, რამე იდეა მოგვივიდეს თავში. რატომ ხარ, ბენ, ჩუმად?
ბენი -ვფიქრობ. (სვამს)
მოხუცი -მაგარი მხიარული კომპანია შეიკრიბა. მე ქალიშვილმა გამძარცვა და თავშესაფარში მტენის. ლიკა ქმარმა მიატოვა და გაძარცვა. ბენს გვარნერის მიტოვება უნდა.
ლიკა -სე ლა ვი…
მოხუცი -ეს `სე ლა ვი~ უნდა შევცვალოთ.
ლიკა -როგორ?
მოხუცი -ძალიან მარტივად. რისი გაკეთებაც არ გვინდა, ნუ გავაკეთებთ: მე არ მინდა თავშესაფარში. ბენს არ სურს გვარნერის მიტოვება. შენ თბილისში ჩასვლა არ გინდა. თვალებში გეტყობა – გაფრენის გეშინია. ქმართან შეხვედრის გეშიია. გეშინია ჭორების, ლაპარაკის, დოლივით გაბერილი მუცლის გეშინია და ნაყოფის გეშინია. ყველაფრის, ყველაფრის გეშინია, ვირჯინია ვულფისაც კი!
ლიკა -ხმა ჩაიწყვიტე! გაჩუმდი, ბებერო ქვეშაჯვია. რატომ მაგიჟებ? გინდა, რომ დავრჩე? გაჭამო, გასვა, ისევ უკანალი გიწმინდო? ქალიშვილი, შვილიშვილი?
მოხუცი -მოიცდიან. ვირჯინია ვულფიც მოიცდის. ეხლა შენ მე გჭირდები! და ბენი! და გვარნერი! შენ მილიონჯერ უნდა გაიმეორო: დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. სიძულვილით უნდა აღივსო და მხოლოდ მაშინ უნდა დაბრუნდე მოსკოვში. სხვანაირად დაიღუპები!
ბენი აიღებს ვიოლინოს, უკრავს მეტად მხიარულ მოტივს.
ლიკა სიმებზე ხელს დადებს.
ლიკა -რა გიხარიათ?
ბენი -მხიარული მუსიკა – ყველა უბედურების მკურნალია. ასე თვლიან ებრაელები. (აგრძელებს დაკვრას)
ლიკა (ყვირის) -მე ხომ ქართველი ვარ!
ბენი -ამის გამოსწორებაც შეიძლება.
მოხუცი -გაგაიჟდი! ლიკა მამაკაცი ხომ არ არის, წინადასაცვეთი არაფერი აქვს.
ბენი -მე სხვა რიტუალზე ვფიქრობ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კანონიერად მოხდება, მტკივნეული სულაც არ არის და თანაც შეძლებთ დარჩენას.
ლიკა -თუ კანონის ფარგლებშია და თანაც უმტკივნეულოდ (ყვირის) -ვრჩები! დილა მშვიდობისა, ორასდოლარიანო! დილა მშვიდობისა, ორასდოლარიანო!
მოხუცი -ასორმოცდაათი.
ლიკა -თქვენ ორასს შემპირდით.
მოხუცი -მერე რა, რომ შეგპირდი? ას სამოციც – კარგი ფულია.
ლიკა -ორასი.
მოხუცი -ას სამოცდაათი და არც ერთი ცენტით მეტი. ვითარება შეიცვალა.
ლიკა -შეიცვალა… სულელი ქალი. კოსტიუმი ვუყიდე. თეთრი. ჩემთვის კაბა, ხელთათმანები იდაყვამდე და შლიაპა. (პაკეტიდან ამოიღებს დიდ შლიაპას ყვავილებით გაწყობილს, თავზე დაიხურავს) მომილოცეთ! ვერცხლის ქორწილი გვაქვს. სტუდენტები ვიყავით, როცა დავქორწინდით. ორი სტიპენდია გვქონდა, რესტორანში კი არ შეგვიშვეს. ჯინსებში არ შეიძლებაო… ეხლა ყველაფერი შეიძლება. შლიაპა და თეთრი კოსტიუმი. ჩემოდანი, აეროპორტი, თბილისი… მერი მართალია. გაფრენის მეშინია. მეშინია ქმართან შეხვედრის, მეშინია, რომ სისულელეები არ გავაკეთო. ხომ ვხდები, რასაც ვგულისხმობ.
ბილეთი ჯიბეში მაქვს. ხუთი დღის შემდეგ ვიზა მიმთავრდება და ვერავითარი ფული ამ ვადას ვერ გააგრძელებს. ამერიკელები, განსაკუთრებით ირლანდიური წარმოშობის, კანონებს ძალიან პატივს სცემენ.
მოხუცი (ბენს) -ამოშაქრე, ვიზის გაგრძელების რომელ რიტუალზე ლაპარაკობდი?
ბენი -ჩვეულებრივ მას გამოიყენებენ სხვა მიზნებისთვის. ჯიშის, გვარის გასაგრძელებლად…
მოხუცი -რა სისულელეა! ლიკას ვიზის გაგრძელება სჭირდება და არა შენი უინტერესო გვარი!
ბენი -მე, რა თქმა უნდა, ირლანდიელი არა ვარ, მაგრამ ამ ინსტინქტით ღმერთმა ყველა დააჯილდოვა.
ლიკა -გმადლობთ, ბენ. გვარის გაგრძელებას დიდი დრო სჭირდება, ვიზა კი ხუთ დღეში მთავრდება.
ბენი -ამ რიტუალისთვის ერთი დღეც საკმარისია… ჩემს ხელსა და გულს გთავაზობთ, ჩემი გვარის გაგრძელებაზე არავითარი პრეტენზია არა მაქვს. ჩემში მამაკაცი თითქმის აღარ დარჩა. ფიქტიურად მოვაწეროთ ხელი და ყოველი ჩვენგანი თავისას მიიღებს: თქვენ – ცხოვრების უფლებას, მერი – თქვენს სამსახურს ორას დოლარად.
მოხუცი -ას სამოცდაათი.
ბენი -ორასი და არც ერთი ცენტით ნაკლები. ვითარება შეიცვალა. ჩემი მეუღლე ვიღაცა არალეგალი კი არ არის. მას სრული უფლება აქვს ამერიკულ ჯამაგირზე.
ლიკა (ბენს) -კეთილო სულო, თქვენ რაში გჭირდებათ?ეს ყველაფერი
ბენი -ფორმალურად, მაგრამ მაინც ცოლი მომყავს. დედას გავახარებ.
მოხუცი -დედათქვენი დიდი ხანია გარდაიცვალა.
ბენი -იქაც არის სიხარული. (ვიოლინოს იღებს) ებრაულ ქორწილს გადავიხდი, გაიგებს დედა და დამშვიდდება.
ლიკა ხელებს გაყოფს მარყუჟებში და ჩამოეკიდება.
მოხუცი – ლიკა, დათანხმდი. ჩვენი ბედი შენს ხელშია: მე არ წავალ თავშესაფარში. ბენი გვარნერისთან დარჩება.
ლიკა (რგოლებზე ქანაობს) -ღმერთო, როგორ დავიღალე. მე რატომ, ასეთმა სუსტმა არსებამ, ყველას მაგივრად რატომ უნდა გადავწყვიტო. მინდა, რომ ერთხელ სხვამ იფიქროს ჩემზე, ჩემი გულისთვის სისულელეები ჩაიდინოს, მინდა, რომ თუნდაც ერთი ლექსი მომიძღვნან. ლექსის დაწერა თუ არ შეუძლიათ, იყვირონ ჩემი გულისთვის: დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო!
მოხუცი და ბენი ერთად -დილა მშვიდობისა, ორასდოლარიანო!
ლიკა -კარგი. თანახმა ვარ. შემდეგ – რა? ფული საიდან?
მერი იღებს ვიოლინოს, ვივალდის კონცერტის
პირველ ტაქტებს უკრავს.
მოხუცი -წავალ გვარნერისთან ერთად პანელზე, ქუდს ძირს დავაგდებ, უარს არ გვეტყვინ.
ბენი (გამოართმევს გვარნერის) -გვარნერისთან ერთად მე უფრო ბევრს მომცემენ.
მოხუცი (ლიკას გადაეხვევა) -ფულზე ნუ იფიქრებ. გავყიდი ვიოლინოს და დავტრიალდები. თუ ვიღაცას საიდანღაც მუსიკა ესმის, ვიღაცას ლექსი, მე ფულების მელოდიის ღვთაებრივი შრიალი ჩამესმის. ჩემს ყურებში პირველი მილიონი ბეთჰოვენის გმირულ სიმფონიაზე უკეთესად ჟღერდა. უფრო მეტი და მეტი შევქმენი. იცი, რამდენი სიმფონია ავაშრიალე? უფრო მეტი, ვიდრე მოცარტმა და ბეთჰოვენმა ერთად. ისევ მესმის მათი ხმა. წავედით მერიაში!
ლიკა -პირდაპირ ამ წუთას?
მოხუცი -ამ-წუთს. და არც ერთი წუთით გვიან! მხოლოდ, გახსოვდეს, ლიკა – ებრაელები სანდონი არ არიან. შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ მასში საკმარისია მამაკაცური თვისებები და გვარის გაგრძელება არ მოინდომოს.
ლიკა გაჰყავს.
ბენი (ხმამაღალ აკორდს აიღებს) -იქნებ ასეც იყოს! (კიდევ ერთი აკორდი)… იქნებ! (კიდევ ერთი აკორდი) გესმის, დედაჩემო, – იქნებ ასეც იყოს!
ვიოლინოზე ებრაულ საქორწინო მელოდიას უკრავს.
კარებში მერი შემოიხედავს.
მერი -ბენ, ჩემოდანი აქ მოათრიე.
ბენი ჩემოდანს მიაგორებს.
ცოტა ხნის შემდეგ ოთახში შემოდის ტედი.
ტედი (მიმოიხედავს) –Anybody home? Where’s everyone?
(-ეი, სახლში არის ვინმე? სად წავიდნენ?)
სახლის სიღრმიდან საქორწინო მარშის მელოდია ისმის.
ოთახში შემოდის ლიკა, საქორწინო კაბაში გამოწყობილი.
შემოდის ბენი თეთრ კოსტიუმში და მერი, რომელსაც პლეერი უჭირავს.
ტედი -Oh, what is this, Mary?!
(რა ხდება, მერი?)
მერი -ქორწილია! ლიკა ბენს მიჰყვება. მე ხელისმომკიდე ვარ, შენც ხელისმომკიდე იქნები.
ტედი -I don’t understand anything. Say it in English.
(-არაფერი არ მესმის. ინგლისურად გაიმეორე.)
მერი (ძლივს ახერხებს ინგლისურად) –ჯანდაბას შენი თავი! რა ვერ გაიგე?!… Lika is marrying Ben. ლიკა ბენს მიჰყვება. მე ხელისმომკიდე ვარ, შენც ხელისმომკიდე იქნები.
ტედი -That’s just splending, Liana! Congratularions!
(-შესანიშნავია, ლიკა! გილოცავთ!) (ლიკას უკანალზე უტყაპუნებს, ხელში აიყვანს და ოთახში დაატრიალებს)
ბენი (ცდილობს ტედი შეაჩეროს) -ჩემ ცოლს ხელი გაუშვი!
ტედი სიცილით დასვამს ლიკას ბენის გვერდით.
მოულოდნელად, სადღაც ზემოდან ისმის საზეიმო ხმა:
ხმა -ბენ, მზად ხარ ეს ქალი ცოლად შეირთო და მისი ერთგული ქმარი გახდე?
ბენი (ზევით იყურება) -ყველაფერი ისე მოულოდნელია და კოსტიუმიც ჩემი არ არის… მაგრამ მე მზად ვარ!
ხმა -…ლიკა, მზად ხარ ეს მამაკაცი ქმრად შეირთო და მისი ერთული ცოლი გახდე?
ლიკა -ყველაფერი ისე მოულოდნელია და კაბაც კი არა მაქვს… მაგრამ მე მზად ვარ! მზად ვარ!
საქორწინო მარშის ხმამაღალი მელოდია მათ ხმას ახშობს.

სამასი დღით ადრე…

სცენის გავლით წიგნით ხელში მიდის ტედი.
ძლიერი აქცენტით ქართულად კითხულობს:

ტედი -`ცა ფირუზ-ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო…~
What a terrible language! რა საშინელი ენაა (მიდის)
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. დარჩა სამასი დღე…
ბენი ვიოლინოზე უკრავს `კრეიცერის სონატის~
მკაცრ მელოდიას და სცენის გავლით კულისებში გადის.
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. დარჩა ორასი დღე…
მერი შემოდის მობილურით ხელში.
სრულიადაც არ ჰგავს მოხუცს.
მკაცრი კოსტიუმი, ვარცხნილობა და კოსმეტიკა
გაცილებით ახალგაზრდად გამოაჩენს:
მოხუცი -Come and buy everything!
This is my money! This is my buisness!
იყიდე! ყველაფერი იყიდე… ეს ჩემი ფულია, ჩემი საქმეა!
(მობილურს გამორთავს). ვირი! სარფიანად რომ გაყიდო,
სარფიანად უნდა იყიდო. (გადის)
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. დარჩა ასი დღე…
ისევ ტედი შემოდის წიგნით ხელში.
ქართულად გაცილებით უკეთესად კითხულობს:
ტედი -`ნახეს უცხო მოყმე ვინმე
ჯდა მტირალი წყლისა პირსა…~
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. დარჩა ორმოცდაათი დღე…
სცენის გავლით მიდის ბენი ვიოლინოთი
და `რონდო კაპრიჩიოზოს~ უკრავს.
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო. დარჩა ათი დღე…
მერი ყვირის მობილურში:
მოხუცი -გაყიდე!
Sell everything! This is my money! This is my business!
ყველაფერი გაყიდე! ეს ჩემი ფულებია, ჩემი საქმე!
(გამორთავს ტელეფონს) კარგად რომ მოიგო,
დროულად უნდა გაყიდო!
ლიკა (სუფრას აწყობს) –ომლეტი, ბეკონი, წვენი, ყავა.
დილა მშვიდობისა, მერი. დილა მშვიდობისა, უკანასკნელო ასდოლარიანო.
მოხუცი -რატომ – დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო? მე ხომ ორასს გიხდი?
ლიკა -დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო უკეთესად ჟღერს.
მოხუცი -სისულელეა. ორასი ყოველთვის უფრო უკეთესად ჟღერს, ვიდრე ასი.
ლიკა -თქვენ ფულზე ლაპარაკობთ, მე კი წიგნის სათაურზე. მგონია, რომ ყურადღებას მიიპყრობს.
მოხუცი -რომანს წერ?
ლიკა -რაც გამოვა. რომანი, მოთხრობების კრებული. შეიძლება პიესა.
მოხუცი -მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, მე ვარ – პატარა ქვეშაჯვია?
ლიკა -მეც, ბენი და გვარნერი, ტედი, ჩვენი ქალიშვილები, ჩემი გაქცეული ქმარი და მისი ვაჟი. წარმოგიდგენიათ, უკვე ერთი წლისაა.
მოხუცი -სანაძლეოს ვდებ, ალბათ საჩუქრებიც უყიდე პირველი დაბადების დღისთვის.
ლიკა -ვუყიდე. ბიჭი არაფერში არ არის დამნაშავე. ის ჩაისახა და დაიბადა. მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. საუზმე მოგართვით!
მოხუცი -მართალი ხარ, გამოსავალი ერთადერთია. იმასაც აპატიე, ვინც ის ჩასახა?
ლიკა -წაიკითხეთ – `დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო~ და ყველაფერს გაიგებთ.
მოხუცი მაგიდასთან ჯდება, ჩანგალს სინჯავს
და წამოიყვირებს, თითზე იჩხვლიტა.
მოხუცი -საიდან გაჩნდა სახლში ბასრი ჩანგალი?
ლიკა -მთელი დილა ვლესავდი. გადავწყვიტე, უკანასკნელად მოგანიჭოთ სიამოვნება.
მოხუცი -კარგი სიამოვნებაა, თითში ვიჩხვლიტე.
ლიკა -შეგიძლიათ თქვენი ოცნება აისრულოთ და უკანალზე მიჩხვლიტოთ.
მოხუცი -ოცდაათი ათას დოლარად?
ლიკა -ისე, უბრალოდ. გაბედეთ, მერი, აიღეთ ჩანგალი და მიჩხვლიტეთ. თქვენი შეჯავრება უნდა მოვასწრო.
მოხუცი -რატომ?
ლიკა -უფრო ადვილად დაგშორდებით. ეს ზღვიდან გამგზავრებას ჰგავს – ცუდ ამინდში წამოსვლაზე გული რომ არ გწყდება.
მოხუცი (ჩანგალს ხელში ატრიალებს) -მომიშვირე უკანალი.
ლიკა შემობრუნდება. მოხუცი ჩანგალს გადააგდებს.
მოხუცი – მომიგონე ხოლმე. სასიამოვნო იქნება იმის გაფიქრება, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ვებრალები ამქვეყნად.
ლიკა და მერი საუზმობენ.
ლიკა -ნუთუ უკვე ერთი წელი გავიდა? ნუთუ ხვალ დილით მე ჩავჯდები თვითმფრინავში და 18 საათის შემდეგ თბილისის ჰაერს ჩავისუნთქავ, ჩემს ქალიშვილსა და შვილიშვილს ჩავეხუტები.
მოხუცი -ბედნიერო! შენ შვილის გამო გტკივა გული, მე კი ვერაფერს ვერ ვგრძნობ. იქნებ, არცა მაქვს? (ლიკას თავს მკერდზე, გულთან მიიდებს)
ლიკა -მუშაობს. მაგრამ ძალიან ჩუმად. ძალიან ღრმად გაქვთ ჩამალული. ტკივილი რომ იგრძნო, გული უნდა გახსნათ, თუნდაც ცოტა ხნით. რომ ადამიანური ვნებები შეიგრძნოს.
მოხუცი -ღია გულით ჩემი სიმფონიების დაწერა შეუძლებელია.
ლიკა -ამდენი სიმფონიები რა საჭიროა? თქვენ ხომ ას წელსაც ვერ შეასრულებთ.
მოხუცი -ღარიბი ადამიანების სულელური კითხვა. რა საჭიროა ამდენი?! არ შემიძლია გაჩერება! თუ ფულმა ვინმე შეიყვარა, სიმფონიები თავისით იწერება.
ლიკა (ყვირის) -ეი, ფულებო, შემიყვარეთ მე! მე ხომ თქვენ ჩემი ოფლით გშოულობთ.
მოხუცი -ფულმა რატომ უნდა შეგიყვაროს? შენ მეგობრები გიყვარს, დაქალები, ვირჯინია ვულფი. ციდან რომ ჩამოგივარდეს მილიონი, მაშინვე დაამახინჯებ. ყველას მოუჭრი თითო ნაჭერს. მას კი ეტკინება.
ლიკა -ალბათ, შენიღბული სადისტი ვარ. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ფულს ტკივილს ვაყენებ. ჩემი შემცვლელი თუ ნახეთ?
მოხუცი -არა. ჯერ შენი სული უნდა გავდევნოთ აქედან. კარებები, ფანჯრები უნდა გავხსნა. ყველა კუთხიდან გამოვხვეტოთ. ორი წლის განმავლობაში შენი სუნით გაიჟღინთა აქაურობა. ვეღარ ვითმენ, როდის მოკიდებ ხელს შენს ჩემოდანს და როდის დაახვევ შენს სამშობლოში.
ლიკა (იცინის) -ბოღმა გალაპარაკებს, მერი. უჩემოდ ძალიან, ძალიან მოიწყენ. ძალიან შემეჩვიეთ და იბოღმებით.
მოხუცი -როგორმე გადავიტან.
ლიკა -ყველას რაღაცით ვიზიდავ. აი, ქუჩაში მაწამწალა ძარლებიც კი ათასში გამომარჩევენ და მომეტმასნებიან ხოლმე.
მოხუცი -მაწანწალა ძაღლებთან შედარებისთვის დიდი მადლობა!
ლიკა -მე თვითონაც ყოველთვის საცოდავებისკენ მიწევდა გული. არ მეტყვით, რატომ?
მოხუცი -იმიტომ რომ სულელი ხარ. რაღა ძირს იყურები, მაღლა აიხედე.
ლიკა -მაღლა მას შევცქერი, ვინც ყველას ზემოდან დაგვცქერის: უფალო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…
იქნებ, ერთი-ორი წლით კიდევ დავრჩე?
მოხუცი -ამაზე ფიქრიც კი არ გაბედო!
ლიკა -თქვენ სიმფონიებს დაწერთ. ბენი გვარნერიზე დაუკრავს, ტედი – მასაჟს გააკეთებს…
მოხუცი -შენ აქ აღარ მჭირდები.
ლიკა -სხვას მოვნახავ. ამერიკაში მოხუცი ავადმყოფების მეტი რა არის.
მოხუცი -არც იფიქრო, თორემ ემიგრაციულ სამსახურს დავურეკავ და გაგაძევებენ.
ლიკა -უფლება არა აქვთ. მე ამერიკის მოქალაქის ცოლი ვარ.
მოხუცი -ფიქტიური ცოლი! ყალბი ქორწინება. იცოდე, ამაზე აქ მკაცრად დაგსჯიან.
ლიკა -მაგ ფიქციას თქვენი ხელმოწერაც ამშვენებს. ასე რომ, სინგ-სინგში ერთად წავალთ.
მოხუცი -შანტაჟისტი ხარ.
მოხუცი ოთახიდან გადის.
ლიკა -ვიხუმრე, ვიხუმრე. (რგოლებზე ქანაობს) დაიწყო უკუთვლა: დარჩა ოცი საათი, ცხრამეტი საათი, თვრამეტი, ჩვიდმეტი…
მოხუცი ბრუნდება, აცვია კოჭებამდე გრძელი მელიის ქურქი.
ლიკას წინ ტრიალებს.
მოხუცი -როგორ მოგწონს ჩემი ქურქი?
ლიკა (სინჯავს ბეწვს) -მდიდრულია! ბებიაჩემს მხოლოდ საყელო ჰქონდა მელიის ბეწვის. მერე დედას ეკეთა, ჩემამდე ვერ მოაღწია, ჩრჩილმა შეჭამა.
მოხუცი –ძალიან ძვირფასი ბეწვია. დიდი ფული გადავიხადე.
ლიკა -კალიფორნიაში ქურქი რაში გჭირდებათ?
მოხუცი -ეტყობა გენეტიკური მეხსიერების ფოკუსია. საქართველოშიც ხომ იცის ყინვა, თოვლი. (ქურქს იატაკზე დააფენს, წამოწვება) რომელიღაც ფილმში ვნახე: სიმპათიური მამაკაცი თოვლზე ქურქს დააფენს და ლამაზ ქალთან ისიამოვნებს. ძალიან აღმაგზნო. (ლიკას) ქურქზე კოტრიალი არ გინდა?
ლიკა -მე ლამაზი მამაკაცი არა ვარ.
მოხუცი -შენ ქალიც არა ხარ. გაურკვეველი ვიღაცა ხარ. ერთი წელია, რაც გათხოვდი და ბენს ერთხელაც კი არ შეუძვერი საწოლში.
ლიკა -ცდებით. ფიქტიურ ქმართან, არაჩვეულებრივი ფიქტიური სექსი მქონდა.
მოხუცი -უკუღმართი ხარ! ვერ ხედავ, როორ გიყურებს? შენს დანახვაზე ისე უმოძრავებს ერთი ადგილი.
ლიკა -თქვენ სექსუალური ხილვები გაწუხებთ. დროა, საყვარელი გაიჩინოთ.
მოხუცი -ჩემ ასაკში საყვარლის ყოლა არ არის ლამაზი. ყიდვა – სხვა საქმეა. მოდი, ბარემ ერთად შევუბეროთ. შენ ბენთან, მეც– ვინმეს მოვნახავ.
ლიკა (ქურქზე წამოწვება) -ტყუილია, ბენთან არაფერი არ გამოვა. მას დღემდე დედამისი უყვარს, სიზმრებშიც ის ელანდება.
მოხუცი -გადაიყვარებს. შენ ერთი თითი დაუქნიე. და თუ გინდა, ამ საქმისთვის ქურქსაც გათხოვებ?
მოხუცი -რა გაცინებს?
ლიკა -წარმოვიდგინე: ყინვა, ქურქი თოვლზე, მე შიშველი. ბენი კი ვიოლინოზე უკრავს.
მოხუცი -ლიანა… შენ წახვალ, და მეც წავალ. მეც მომწყინდა აქ სიცხე, მუდმივი ზაფხული. ქურქს იქ წავიღებ, სადაც თოვლიც მოდის და ცივ ჰაერს ჩავისუნთქავ. იცი, ამ ქურქში რამდენი მხეცია? ათი! ათი მელია დარბოდა, დახტოდა თოვლიან ტყეში… რომელიღაცა არამზადამ დახოცა, ტყავი გააძრო და მე, ნაძირალამ, მათი ტყავი ჩავიცვი.
ლიკა -მერი, რა მოხდა?
მოხუცი -ღვთისმშობლის წინ მუხლს მოვიყრი.
შემოდის ბენი, უჭირავს ვიოლინო და ვარდების თაიგული.
ქურქზე წამოწოლილ ლიკას და მოხუცს შესცქერის.
მოხუცი -სალამი, ფიქტიურო. მოდი, გვერდით მოგვიწექი, მესამე იქნები, არ გინდა?
ბენი -ხელს ხომ არ გიშლით?
მოხუცი -ცოტა თამამად, ბენ. ორი ქალი ერთ ქურქზე – მაგარია, არა?!
ბენი -მე არა ვარ ეგეთი.
მოხუცი -ისე, ორ მამაკაცთან მეც არასოდეს მქონია საქმე.
ლიკა -თქვენ ხომ ცნობილი პურიტანელი ბრძანდებით!
ბენი -მერი, დაგვტოვეთ! თუ შეიძლება, ცოლს უნდა ველაპარაკო.
მოხუცი (წამოდგება) -ო, ხმა ამოიღო ფიქტიურმა, ახლა მაინც გვაჩვენე, ვინ არის ოჯახში უფროსი.
ლიკა -მერი!
მოხუცი -მორჩა, წავედი. ქურქი დავტოვო?
ბენი -დატოვეთ!
დაწვება ქურქზე, ვიოლინოს თავქვეშ ამოიდებს.
მოხუცი მიდის. ბენი დუმს.
ლიკა -რაღაცის თქმა გინდათ?
ბენი -მე უკვე ყველაფერი ვთქვი. თქვენ ყველამ გაიგეთ.
ლიკა -ვერ გავიგე. ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობდით.
ბენი -ნუ თვალთმაქცობთ. ერთი წელიწადია, ყოველ დღე ამას ვიმეორებ, ვყვირი…! თითქოს არ გესმით. მერი დამცინის. ეს ცხოველი, ტედიც…
ლიკა -ნუ გწყინთ, ყველას თავისებურად უყვარხართ.
ბენი -თქვენ?
ლიკა -მეშინია. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი – ცოლი მოშიში ქმრისა.
ბენი -თქვენც დამცინით. ღირსი ვარ. მაგრამ მაინც ვიტყვი.
ლიკა -იქნებ, საჭირო არ არის? რამდენიმე საათში მივფრინავ. ამ თაიგულს თან წავიღებ…
ბენი -ვიცი, ვარდებს თავდაყირა გაახმობთ და მე მომიგონებთ. დიდი პატივია!
ლიკა -თქვენი დახმარებით გავატარე ეს ერთი წელიწადი აქ. გადამარჩინეთ. ამას არასოდეს დავივიწყებ.
ბენი -გაჩუმდით, ცოტა ხნით გაჩუმდით… მე სისულელე გავაკეთე. (ლიკა დუმს) გესმისთ? მე სისულელე ჩავიდინე.
ლიკა -სისულელეებს ყველანი ჩავდივართ. ამის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.
ბენი -მე ეს არ მეხება. სიმართლე თუ გინდათ, ნამდვილი სისულელე არასოდეს ჩამიდენია.
ლიკა -დედა გაკავებდათ?
ბენი -ზოგჯერ დედაც კი მეუბნებოდა, ბენო, ერთხელ მაინც დააშავე რამეო.
ლიკა -მერე დააშავეთ?
ბენი -დიახ. მეორე ვიოლინო ორკესტრიდან წამოვიდა. მეორე ვიოლინოს საორკესტრო ორმოში ჯდომა მობეზრდა. დირიჟორის ჯოხის ყურება მობეზრდა. ვიოლინოც მობეზრდა. ხუთი წლიდან ვუკრავ, მერე რა? კოჟრები გამიჩნდა კისერზე ორმოცდაათი წლის განმავლობაში.
ლიკა (თითს გადაუსვამს კოჟრზე) -მეორე ვიოლინო ორკესტრში უნდა დაბრუნდეს.
ბენი -სხვა რამეც… მივფრინავ!
ლიკა -თქვენ?
ბენი -თქვენთან ერთად, საქართველოში.
ლიკა -გირჩევნიათ, სხვა სისულელე ჩაიდინოთ.
ბენი -ბილეთი იმავე რეისზე ავიღე. გვერდი-გვერდ მოვითხოვთ ადგილებს. ჩვენ ხომ ცოლ-ქმარი ვართ.
ლიკა -და მერე რა?
ბენი -ოჯახის უფროსი გავხდები.
ლიკა -ეს მეტისმეტად დიდი სისულელე მოგიფიქრებიათ.
ბენი -ოჯახის უფროსი ზეცასა და დედამიწას შორის. მხოლოდ ათი საათით, თბილისამდე. შემდეგ კი, წავალ ბათუმში და ღმერთმა იცის… თანახმა ხართ?
ლიკა -მხოლოდ ათი საათით. როგორც გოგონა გამოძახებით… (ყვირის) თანახმა ვარ! დროს ნუ დავკარგავთ, ახლავე დავიწყოთ! ქურქზე. თამამად, ბენ! მელიები გვაპატიებენ. დედასაც გაუხარდება ზეცაში – როგორც იქნა, ბიჭმა გაბედაო! ერთად გავაკეთოთ ნამდვილი, დიდი სისულელე! ათი საათის განმავლობაში მთელი სიცოცხლე გავიაროთ, ბავშვები გავაჩინოთ და თუ გაგვიმართლებს, კატასტროფა მოხდება და დავიხოცებით, როგორც ზღაპარში, ერთად! რა სისულელეა, რა სისულელეა…
ქურქში თავჩარგული ტირის.
ბენი თავზე ხელს უსვამს.
ტედი შემოდის მგლის ქურქში გახვეული.
ლიკა და ბენი ვერ ამჩნევენ.
ტედი ყმუის და მათ გარშემო დახტის.
ლიკა -ღმერთო!
ბენი -გეყოფა სისულელეები!
ტედი -მე მგელი ვარ, მგელი… (მელიას ქურქს ხელს სტაცებს) მე შევჭამე ფოკს!
ბენი (ხელს ჰკრავს) – თავი დაანებე მელიას.
ლიკა (მგლის ქურქს ეფერება) -ეი, მგელო, ამერიკელო მგელო.
ტედი -არა. მე ქართველი ვულფი. მელა, ქართველი ფოკსი.
ლიკა -მე კი ქართველი სულელი ვარ. ტყავი გამაძრეს, ქურქი კი არ გამიკეთეს. სულ ტყუილად. სულელები ძალიან თბილი არსებები არიან. გააძრე მათ ტყავი და მთელი სიცოცხლე სითბოში იქნებით. არც გაცვდება, არც გაიხვრიტება. სულელებს, განსაკუთრებით ქართველებს, ძალიან გამძლე ტყავი აქვთ.
ბენი -ის თქვენ დღემდე გიყვართ.
ლიკა -მიყვარს? არა. ეს სულ სხვა რამეა. მაგრამ თუ დაბრუნდა, არ გავაგდებ.
ტედი –I don’t understand… ვერ გავიგე. ნელა ილაპარაკე.
ბენი (მგლის ქურქს არხევს) -ამბობენ, რომ სულელს კარგი ბეწვი აქვს.
ლიკა -ესე იგი, ბათუმში ბრუნდებით?
ბენი -დიახ. იქ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ბენო კრიხელის ვიოლინო. (ფუტლიარიდან ამოიღებს ვიოლინოს, აწყობს) რა თქმა უნდა, ეს გვარნერი არ არის, მაგრამ ამან გამხადა საქართველოს ნიჭიერი ახალგარდების კონკურსის ლაურეატი.
ტედი -Liana, I have a present for you! ლიანა, შენთვის პრეზენტი მაქვს. პრეზენტი!
ქურქს ქვემოდან გამოძრობს მოკრივის ხელთათმანებს,
ლიკას ჩააცმევს ხელებზე.
ტედი -ეს ხელთათმანი მკვლელია! რინგზე გავდიოდი ამეებით, ვთხოვდი – მოქალი ის!
ლიკა -კარგი ხელთათმანებია… ბათუმში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ.
ბენი -ჩამოდით. ზღვარზე გავისეირნებთ, ნამდვილ ბათუმურ ყავას დავლევთ. ყავაზე კარგად ვმკითხაობ, როგორც ყველა ბათუმელი.
ლიკა (ხელთათმანს ურტყამს ბენს მკერდში) -თქვენ დიდი მატყუარა ხართ.
ბენი -დიახ, მატყუარა ვარ. ვამბობ, ჩემში მამაკაცი აღარ დარჩა-მეთქი, და თან ვფიქრობ – იქნებ! (აკორდი) იქნებ! (აკორდი).
ტედი (სახეს მიუშვერს ლიკას) -დამარტყი! დამარტყი, ფეის, სახეში!
ლიკა -ხელთათმანით შეეხება ტედის ლოყას.
ტედი (უაკანალზე უტყაპუნებს) -მაგრად დამარტყი! მე შენი ქმარი ვარ!
ლიკა და ტედი დარტყმებს გაცვლიან.
დარტყმა ტრაკზე, საპასუხო სახეში.
ბენი ცდილობს მათ შორის ჩადგეს,
მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ.
მოხუცი შემოდის გვარნერით ხელში.
ვივალდის კონცერტის პირველ ტაქტებს უკრავს
დამახინჯებით.
ბენი -გვარნერი?
მოხუცი (ვიოლინოს ბენს გაუწვდის) -მაესტრო, ტუში!
ბენი (ვიოლინოს აწყობს) -დაბრუნდა… გვარნერი დაბრუნდა…
ლიკა -მერი, როგორ იპოვეთ?
მოხუცი -ადვილად! გავყიდე ორ მილიონად, ვიყიდე ერთნახევრად. განსხვავებას ხედავთ?
ბენი რამდენიმე მაღალ აკორდს აიღებს.
ლიკა -რატომ? იყიდე-გაყიდე, გაყიდე-იყიდე? სულ ეს არის?
მოხუცი -რა ადვილად ლაპარაკობ! იყიდე-გაყიდე, გაყიდე-იყიდე! აბა, რა ვქნათ? რა ვაკეთო, ეს სულელური კითხვა რომ არ დამისვა? რატომ? (ტედის ქურქს არხევს) რაში სჭირდება ტედს მგლის ქურქი?
ტედი -You don’t like wolf? მგელი არ მოგწონს?
მოხუცი -ქართულად ილაპარაკე!
ტედი -ჩემი მქელი არ მოქწონს?
მოხუცი -რატომ მისდევს მგელი მელას? ქალი რატომ ეძებს მამაკაცს? მზე რატომ ამოდის დილით? ამ მედალიონს რატომ დავათრევ მთელი ცხოვრება? ან რატომ გადავწყვიტე გამგზავრება საქართველოში?
ლიკა -სად?
მოხუცი (მედალიონს მოიხსნის მკერდიდან) თურმე აქ ყველაფერი წერია. მთელი ცხოვრება თან ვატარებდი და არ ვიცოდი, რომ ქართული წარწერები იყო ზედ.
ლიკა -არ გამაგიჟოთ ახლა, რა ქართული… ნუთუ ეს გენეტიკური მეხსიერება…
ტედ -მერი, ირლანდიელი არა ხარ?
მოხუცი -ქართულად ილაპარაკე.
ტედ -შენ ირლანთიელი, არა?
მოხუცი -ქართველი ვარ, ტედ, ქართველი.
ლიკა -მერი, სულ მიგრძნობდა გული რაღაცას. მერი, ჭკუიდან შევიშლები!
ბენი -ნუთუ განგებამ ამიტომ შეგვყარა ერთად.
მერი დუმს, ხმას არ იღებს
ტედი -მერი, მეც ვიცოდი, რომ შენ ქართველი.
მოხუცი -ამდენი დებილი ერთად არასოდეს არ მინახავს, დაიჯერეთ, არა, ჰა-ჰა-ჰა! მერი მაკგრეგორი, ალბათ გონებაში უკვე ბევრი ქართული გვარიც შეუხამეთ ჩემს გვარს. მთელი მსოფლიო მოვიარე და ასეთი სულელი ხალხის მნახველი არა ვარ.
ლიკა -რა იყო, მერი, დაგვცინი? ხუმრობა მაინცდამაინც ვერ გამოგივიდა.
მოხუცი -რომელი ხუმრობა? პირველი თუ მეორე?
ბენი -ნუმერაციას აქვს რამე მნიშვნელობა?
მოხუცი -ძალიან დიდი. პირველი სულაც არ მიხუმრია. ქართველი არ გახლავართ, წმინდა სისხლის ირლანდიელი ვარ-მეთქი. საქართველოში კი ნამდვილად მივფრინავ. ბილეთებიც შევიძინე, ჩემთვის და ტედისთვის.
ბენი -რა გინდა საქართველოში, `სულელებზე~ ფულის კეთება ხომ არ გადაწყვიტე?
მოხუცი -მაგისთვის ამხელა გზაზე არ წავიდოდი.
ლიკა -შენთვის იქ საინტერესო არაფერია, რაც წასაღები იყო წაიღეს, რაც გასაყიდი იყო გაიყიდა, ვინც მოსატყუებელი იყო მოატყუეს, მოგასწრეს! მერი, სანამ შენ ისევ აღერდებოდი, იქაურობა გაიძარცვა და გაპარტახდა.
მოხუცი -მერე ასეთ გაუბედურებულ ქვეყანაში რატომ ბრუნდებით?
ლიკა -ჩვენ სხვა მუღამი გვაქვს, ქართული მუღამი. ამის გადმოცემა შეუძლებელია.
მოხუცი -რა არის ასეთი ეს მუღამი, რომ შემჭამეთ?! ქართული მუღამი, ქართული მუღამი!
ლიკა -ის არ იყიდება, ის უნდა დაიჭირო.
მოხუცი -ჰოდა, მაგის დასაჭერად მოვდივარ. მეც დავიჭერ, რატომაც ვერ დავიჭერ?! რა, ქართველები ირლანდიელებზე ცოტას სვამენ? მათზე ნაკლები გინება იციან, ნაკლებად უყვართ ქალები, ისეთი რა განსხვავებაა ჩემსა და ქართველებს შორის?
ლიკა -რა, მართლა მოფრინავთ?
მოხუცი -ვერ გაიგე, ბილეთი შენს რეისზე ავიღე. შეიძლება ადგილები გვერდი-გვერდ მოვითხოვოთ. თვითმფრინავი დილით ჩაფრინდება. ერთად გამოვალთ, თბილისის ჰაერს ჩავისუნთქვათ. შენ იქაც მეტყვი დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო?
ლიკა გადაეხვევა მერის და ატირდება.
ხმა დინამიკიდან: ცხადდება ჩასხდომა თვითმფრინავში
რეისით ნიუ-იორკი-თბილისი…
ტედი -მეშინია. მერი, თუ ყინვამ მომკლა, იქ არ დამტოვო.
მოხუცი (მელიას ქურქს იცვამს) -მეც მეშინია. ლიკა, მე თუ მოვკვდები, იქ დამმარხეთ. ვიცი, შენ მაინც არ მიატოვებ ჩემს საფლავს.
ბენი -მე იცით, როგორ მეშინია! იქნებ ბათუმს აღარც ახსოვს ბენო კრიხელი.
ლიკა -ყველას ცოტ-ცოტა გვეშინია. ყველას.
ბენი -მხოლოდ გვარნერის არ ეშინია.
ბენი უკრავს ვიოლინოზე და ნელა მიდის კარისაკენ.
ყველანი მას მიჰყვებიან.

დასასრული

პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s