თამარ კიკნაველიძე: ორტომეულში ჩატეული სტურუა


Robert Sturua by Rezo Gabriadze

თამარ კიკნაველიძე

ორტომეულში ჩატეული სტურუა

“…შევიძულოთ ჩვენი შედევრები, ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით!”

24 საათი 09.06.10

“პატარაობისას სტუმრად წასვლა არ მიყვარდა, უფროსები საუბრობდნენ, მე კი ვიჯექი მარტო და არ ვიცოდი, რა მექნა. ამიტომ საოჯახო ალბომს მომაჩეჩებდნენ ხოლმე ხელში. ეტყობა, მაშინ ეს მოდაში იყო. ეს ალბომიც თქვენ რომ ათვალიერებთ, იმ მოსაწყენ ალბომებს მაგონებს, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი.

თუმცა, რაღა არ ხდება ამ ქვეყანაზე, იქნებ ვიღაცამ, თეატრის მოყვარულმა, თვალი გადაავლოს ერთი კაცის ცხოვრებას და მიუტევოს შეცოდებანი მისნი”, – ამ სიტყვებით იწყება გამოცემა, რომლის პრეზენტაცია დღეს (17:00 საათზე) რუსთაველის თეატრში გაიმართება.

ბუდეში მოთავსებული ორტომეული რობერტ სტურუას ცხოვრებისა და შემოქმედების ცალკეულ ეპიზოდებზე მოგვითხრობს. წიგნები 2008 წელს, რეჟისორის 70 წლისთავის აღსანიშნავად უნდა გამოცემულიყო, მათზე მუშაობა კი ახლახანს დასრულდა. ვინ იმუშავა ორტომეულზე? მისი ავტორია კოტე ნინიკაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი – ზაალ ჩიქობავა, იდეის ავტორი – აკაკი კუჭუხიძე. რობერტ სტურუასთან საუბარი ჩაიწერა ლილი ფოფხაძემ, ხოლო ტექსტზე მუშაობდნენ: ნინო კანტიძე და მანანა თევზაძე. სამენოვან (ქართული, ინგლისური, რუსული) გამოცემაში შესული მასალის უმრავლესობა დაცულია რუსთაველის თეატრის მუზეუმშია. ამ ინიციატივის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა, “ქართუმ” შეიტანა.

The book of Robert Sturua in English, in Russian, in Georgian

ორტომეულში მოვლენები წლების მიხედვითაა გადანაწილებული. პირველში შესულია 1963 – 1983 წლების მოვლენები, ხოლო მეორეში – 1983 – 2009 წლების… მას ახლავს კოტე ნინიკაშვილის წინასიტყავობა, სადაც რედაქტორი აღნიშნავს: – “რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი ზღვა მასალიდან ჩვენ შევეცადეთ მინიმალური შტრიხებით შეგვექმნა დიდი რეჟისორის პორტრეტი”. ამას მოსდევს რობერტ სტურუას წერილი, ერთგვარი “განმარტება”, სახელწოდებით “რატომ დაგვარქვეს მამაჩემს და მე რობერტი”. გამოცემაში რეჟისორი არაერთ კითხვას პასუხობს. “ბავშვობაში თეატრი მაინცდამაინც არ მხიბლავდა, მაგრამ, ნუ გაგიკვირდებათ და, ელენე ახვლედიანმა მაცდუნა, მისი წყალობით შევაღე კარი, შევიხედე იმ ჯადოსნურ სამყაროში, თეატრი რომ ჰქვია და… დავიღუპე”, – იხსენებს სტურუა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უცნაურ მოვლენას, ან შემთხვევითობას მისი ცხოვრება ხშირად რადიკალურად შეუცვლია…

პრეზენტაცია, 9 ივნისი, 2010

რას ნახავთ და წაიკითხვათ გამოცემაში? რეჟისორის მოგონებებს ბავშვობაზე, ოჯახზე, სტუდენტობაზე, ასევე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ სპექტაკლებზე მუშაობის პროცესზე, ადამიანებზე, რომლებთანაც თანამშრომლობდა, ამონარიდებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან, ჯილდოების ჩამონათვალს… დაათვალიერებთ ფოტოებს, რომლებზეც რეჟისორი, მისი შემოქმედებითი ჯგუფი და სპექტაკლებია აღბეჭდილი… ზემოთ აღნიშნულის გარდა, წაიკითხავთ რობერტ სტურუას სპექტაკლებზე არტურ მილერის, ვალენტინ პლუჩეკის, ჰერმან ვედეკინდის, კონსტანტინე რუდნიცკის, გიორგი ტოვსტონოგოვის, ტონინო გუერას, დარიუს ფოს, ანდრეი კონჩალოვსკის, ალენ რაიტის, მელინა მერკურის, ალექსანდრე ველმანის, ოლეგ ეფრემოვის, პიტერ ბრუკის, ტელმა ჰოლტის, პიტერ ჰოლის, თამაზ ჭილაძის, მანანა კორძაიას, ვასილ კიკნაძის, ნოდარ გურაბანიძის, ნიკო ყიასაშვილის, ანა ობრაზცოვას და სხვების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, შთაბეჭდილებებს…

Robert Sturua

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურ ტენდენციას, რომელიც მისი ხელოვნების მიბაძვას, ან უბრალოდ კოპირებას გულისხმობს, რობერტ სტურუა ეხმიანება წერილით, სახელწოდებით “სენტიმენტალური მიმართვა რეჟისორებს”, სადაც წერს: – “ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თეატრის სიყვარულით გაწამებულნო, ხანდაზმული კოლეგა მუხლმოდრეკილი გევედრებით, თუ გვინდა ახალგაზრდებად დავრჩეთ, დავივიწყოთ ჩვენი საუკეთესო სპექტაკლები (რაღა თქმა უნდა, თუ კიდევ შეგვრჩა მათი შეფასების უნარი) და უფრო მეტიც – კი არ დავივიწყოთ, შევიძულოთ ჩვენი შედევრები. ნუ დავტკბებით ჩვენი მიღწევებით! რაც არ გამოგვივიდა, რაშიც კრახი განვიცადეთ, სამუდამოდ ჩავიბეჭდოთ ტვინში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, სულ ახალი უნდა ვეძებდეთ, არ უნდა გავჩერდეთ… ღმერთო ჩემო, რეებს ვბოდავ, მაგრამ რა ვქნა, ასაკი მაინც თავისას შვრება – სიბერეში ერთობ სენტიმენტალური გავხდი.
P.S. ძალიან გთხოვთ, არც ოფიციალურ და არც კერძო საუბრებში, სიტყვა არ დაძრათ ჩემთან “კავკასიურ ცარცის წრეზე”.

საქართველოში გამოცემის პრეზენტაციაზე დასასწრებად მოსკოვიდან ჩამოსული რეჟისორი რამდენიმე დღეში გაემგზავრება ათენში, სადაც ლექციებს წაიკითხავს. უცხოეთიდან დაბრუნებული კი საკუთარი მაგისტრანტების ნამუშევრებს ჩაიბარებს.

***
ავტორი

Tamar Kiknavelidze

Tamar Kiknavelidze

Magister of Art (Tbilisi Shota Rustaveli State University of Theatre and Cinema) 2008 – 24 SAATI(Daily Paper) as a Journalist of cultural department; 2004-2008 – Official in the MUZEUM of SHOTA RUSTAVELI state THEATRE; 2002-2004 – DILIS GAZETI (Morning Newspaper) as an editor of cultural department; 2000-2002 – Teacher of Arts in Tbilisi Secondary School of Foreign Languages; *Colaborated as an Indefendent Journalist with Newspapers and Magazines.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s