რეზო შატაკიშვილი: თაობების ნატვრის ქალზე – ლიკა ქავჟარაძეზე


Lika Qavzharadze

რეზო შატაკიშვილი

თაობების ნატვრის ქალზე – ლიკა ქავჟარაძეზე

ის მუდამ დარჩება მარიტად, ფრესკად – რომელიც წარუშლელია…
განასახიერა მარიტა თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში” და იქცა ხატებად. მაყურებელმა ფრესკად იწამა მისი არამიწიერი სილამაზე. ის თაობების ნატვრის ქალად იქცა.
და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღესაც როცა ახსენებ “ლიკა ქავჟარაძე” – მაყურებელში მარიტას ხატება ცოცხლდება – მაყურებლისთვის ლიკა ისევ 16-იოდე წლისაა… ლიკა არ ბერდება. არ ბერდება მაყურებლის წარმოსახვაში. თორემ წლებმა მასაც დაატყო კვალი…
“დედაჩემის სიკვდილის შემდეგ სიბერეზე ვფიქრობ… ეს კომპლექსი დამჩემდა, აი დავბერდი, 35 წლისა ვარ, რატომღაც ეს ფიქრები მაწუხებს, შეიძლება რაღაც სხვა ასაკში გადავდივარ…” – ამას ლიკა ჯერ კიდევ 12 წლის წინ მეუბნებოდა ინტერვიუში.
სიბერემდე შორია… არადა, “ნატვრის ხის” ეკრანებზე გამოსვლიდან მთელი 32 წელიწადი გავიდა…
მაყურებელს კი დღემდე ახსოვს და უყვარს. საკმარისია “დაგუგლო” და ინტერნეტი ფაფარს იყრის – თბილისურ ფორუმებზე უსასრულოდ ბჭობენ მის განუმეორებელ სილამაზეზე. “ერთხელ სადარბაზოში ლიკა ქავჟარაძე შემხვდა, თეთრი ქურქით, კიბეზე ჩამოდიოდა, ისეთი ლამაზი იყო სუნთქვა შემეკრა, მსგავსი სილამაზე ლაივში არასოდეს მინახავს. ამ სილამაზემ მისი პატრონისთვის შეიძლება გაიაროს, მაგრამ ჩემს გონებაში მუდამ დარჩება…” _ ვკითხულობ “გოლ.ჯის” – ფორუმზე…
და მართლაც, საიდან მოდის ეს სილამაზე?
დედა ფალავანდიშვილი ჰაყვდა, ბებია – ციციშვილი…
ლიკა: “ბებიაჩემი ლია ციციშვილი ქიმიკოსი იყო, წერდა, ბევრს მუშაობდა, ნაკლები დროს ჰქონდა ოჯახისთვის, ქიმიაში იყო ჩაფლული.
დედა – დალი ფალავანდიშვილიც ქიმიკოსი იყო. ძალზე მზრუნველი, ძალზე პრეტენზიული იყო… სულ დამყვებოდა გადაღებებზე… მახსოვს პატარ რომ ვიყავი, დედაჩემი იყო გაყრილი მეუღლესთან, მინდოდა ციციშვილზე გადავსულიყავი. დედა ბრაზობდა, რატომ ციციშვილი? ფალავანდიშვილი! მე ციციშვილი მომწონდა, ბებიის გავრზე მინდოდა გადასვლა”.
ბავშვობაში, სანამ კინოში გადაიღებდნენ, ის მესამოცე სკოლას ანათებდა,
ლიკა 12 წლის იყო კინოში რომ პირველად გადაიღეს _ “შადრევანში”. შემდეგ იყო “ნატვრის ხე”.
და მაინც, მას არ ჩაუბარებია თეატრალურ ინსტიტუტში _ ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ კონსევატორია დაამთავრა. მუსიკას ასწავლიდა და თავად იყო ქალი _ მუსიკა…
მას მართლაც თაობები ეტრფოდნენ.
თავად კი, პირველად ცალმხრივად იყო შეყვარებული.
“14 წლის ვიყავი პირველად შეყვარებული… პაემანი არ მქონია, ცალმხრივი იყო ჩემი სიყვარული… მოგვიანებით ბევრი თაყვანისმეცემელი მყავდა…”
15 წლის ლიკა ჩოგბურთზე მიდის. გზად ბიჭი შეხვდა _ სანდრო. სანდრო მაშინვე დააინტერესა ულამაზესმა გოგონამ… იყო გაცნობა, მერე შეხვედრები ახლობლების წრეში _ “მეგობრები გვახვედრებდნენ, იცოდნენ, რომ მოგვწონდა ერთმანეთი. დედაჩემი მიშლიდა. არ უნდოდა, პატარა გავთხოვილიყავი.. 19 წლის გავთხოვდი…”
20 წლისას უკვე ერთადერთი ვაჟი ლევან თაქთაქიშვილი შეეძინა.
სანდრო თაქთაქიშვილი მომღერალ ნანა დიმიტრიადის ვაჟი, ოთარ თაქთაიშვილის ძმისშვილია. პროფესიით ფიზიკოსი. ამჟამად მოღვაწეობს ამერიკაში.
ლიკას ვაჟი _ ლევანი უკვე 27 წლისაა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

პოდიუმი

იყო დრო, ლიკა ქავჟარაძე მარტო კინოს კი არა, ქართულ პოდიუმს ამშვენებდა. მეტიც, ჩვენებებს სწორედ მის გამო აწყდებოდა ხალხი _ ხმა გავრდა, ლიკა “ირიდაში” გამოდისო და…
ლიკას მანეკენშიცური ეპოპეა “ირიდასთანაა” დაკავშირებული.
მოდების სალონი “ირიდა” თბილისში ჯერ კიდევ საბჭოთა დროს გაიხსნა, 1988 წლის იანვარში. “ირიდა” ერთ-ერთი პირველი სერიოზული კოოპერატივთაგანი იყო მაშინ. იქ იქმნებოდა მოდელები, იკერებოდა, ეწყობოდა ჩვენებები და იყიდებოდა ამ ჩვენებებზე გამოტანილი კაბები. მაშინ, როცა ხალხს მაქსიმუმ 200 მანეთი ჰქონდა ხელფასი, იქ კაბები სოლიუდურ ფასად 200-დან 600 მანეთამდე ღირდა, პალტოები 400-დან 900 მანეთამდე, სერიოზულად უხდიდნენ ლიკა ქავჟარაძესაც _ თითო გამოსვლაში ას მანეთს. ჩვენების დღეებში კი მინიმუმ სამი გამოსვლა ჰქონდა…
ლიკა: “ირიდაში მე თავიდენვე მიმიწვიეს და გამოვდიოდი მისი ფუნქციონირების მანძილზე (“ირიდა” 90-იანი წლების დასაწყისში დაიხურა). შემდეგ მაკა ნაცვლიშვილთან, “ნოემაშიც” გამოვედი რამდენჯერმე, აგრეთვე გუგა ჩიქოვანმა მოაწყო სპორტის სასახლეში ჩვენება, მეტეხშიც გამოვედი… საზღვარგარეთ პოდიუმზე გამოსვლის სურვილი მქონდა, მაგრამ საშუელება არ მომცემია… საზღვარგარეთ რომ მეცხოვრა, ალბათ, ვიქნებოდი “მანეკენშიცა”.
“ირიდას” დამფუძნებელი, ხათუნა ჯაფარიძე მიყვებოდა, რომ ლიკას სილამაზე სხვა მანეკენებს ცოტა აკომპლექსებდა კიდეც, თურმე უჭირდათ ამ სილამაზის გვერდით თავის წარმოდგენა… თურმე პოდიუმზე საოცარ იმპროვიზაციბს აკეთებდა და ლიკა რომ გამოდიოდა, დარბაზი იქცეოდა ტაშის გრიალით…
თავად ლიკას პოდიუმი სცენას აგონებდა _ რაღაცით თეატრის მომენტიაო _ ამბობდა. ისე, ბედი თეატრშიც სცადა თავის დროზე.
“თუმანიშვილის თეატრში მივედი, არ მომეწონა იქაური სიტუაცია და წამოვედი” _ ამბობდა ლიკა.
ლიკა ცოტა ხანს მართლაც იყო კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, მაესტროს _ მიხეილ თუმანიშვილის სიცოცხლეში და წამოვიდა იქიდან.
ამბობენ, რომ ვიღაცის ნათქვამმა ერთმა ფრაზამ მოუკლა გული და იმიტომ წამოვიდა. ზოგი იმას ამბობს, რომ ნინელი ჭანკვეტაძესთან დაეძაბა ურთიერთობა. არავინ იცის… ყოველშემთხვევაში ნინელი ჭანკვეტაძის მიმართ დამოკიდებულება ირიბად ლიკას ერთ ფრაზაში კარგად ჩანდა _ “რა ვიცი, ხან ლამაზი ვარ, ხან უშნო… ასე რამდენი ქალია ლამაზი, მსახიობები არიან, აი, ნინელი ჭანკვეტაძე…”
ისე, გამორიცხული სულაც არაა, რომ ლიკას, უბრალოდ, ვერ გაეძლო იმ რეჟიმისთვის, რაც კინომასხიობთა თეატრში იყო _ იქ ხომ, სხვა თეატრებისგან განსხვავებით, რეპეტიციების და სპექტაკლების გარდა, მსახიობებს ყოველდღიურად უწევდათ ვარჯიში მსახიობის ოსტატობაში.
ლიკას კი, საერთოდ, არ ჰქონდა თაეტრალური განათლება და მისთვის ეს დამღლელი და ბევრად შრომატევადი იქნებოდა, ვიდრე კინოში გადაღება.
ლიკას კინოში იღებდნენ და წლების წინ კინოს გადაღებასაც აპურებდნენ ლიკაზე. მხატვრული ფილმის სცენარს მწერალი ქეთი ნიჟარაძე წერდა.
თავად უკიდურესად დრამატული ბიოგრაფიის მქონე ქეთი ნიჟარაძე ახლობლების წრეში ამბობდა, რომ ლიკას საოცრად საინტერესო და დრამატული ცხოვრება აქვს გამოვლილი და საინტერესო ფილმი გამოვაო. სცენარი იწერებოდა, მაგრამ… რამდენიმე წლის წინ მწერალმა ქალმა თავი მოიკლა, თვითმკლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა…

ლეგენდები ლიკაზე

ლიკას ცხოვრება მართლაც არ ყოფილა იოლი. მუდამ ყუდაღების ცენტრში იყო და მუდამ აინტერსებდათ მისი თავგადასავალი…
რას აღარ ჰყვებოდნენ მასზე… ჰყვებოდნენ, ოდესღაც ახალგაზრდობაში პრეფერანსის თამაშით იყო გატაცებული და დიდი თანხა წააგოო… საშინლად ნერვიულობდა, შემდეგ თანხა არ გამოართვეს _ ლიკას ფულს როგორ გამოვართმევთო… ამბობენ, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაეწყო დეპრესიებიო… ჰყვებოდნენ ლიკას ხშირ დეპრესიებზე და თხზავდნენ ამ დეპრესიების მიზეზებს. არავინ იცის, სად იყო იმ ამბებში სიმართლე და სად იწყებოდა ლეგენდები…
ის-ის იყო მინელდა მასზე ჭორაობა და ლიკამ თავად გამოიწვია ისინი თავისი თამამი ნაბიჯით _ 16 წლით უმცროსს გაჰყვა ცოლად. მერე თქვეს, მასაც გაეყარაო…
ვისაც არ უნდა გაეყაროს ლიკა, ლიკას ვერავინ გაჰყრის მაყურებლის გულებს. მაყურებელი გულს არ აიყრის მასზე _ ის მუდამ დარჩება მარიტად, ფრესკად _ რომელიც წარუშლელია…

დაიბეჭდა გაზეთ “პრაიმ თაიმში”.

***

ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძე – ქართველი კინომსახიობი.
(დ. 26 ოქტომბერი, 1959, თბილისი)

ცნობილია მთავარი როლით თენგიზ აბულაძის ფილმში “ნატვრის ხე”.

ფილმოგრაფია:

Die Kavkasische Nacht (Lit, 1998)
მხოლოდ ერთხელ (1994)
ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994)
ოქროს ობობა (ელა) (1992)
სპირალი (ლია რამიშვილი) (1990)
ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ლალი) (1988)
ჭიდაობას რა უნდა (გიული) (1986)
ოჯახი (1985)
დიმიტრი II (დედოფალი ნანა) (1982)
მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო…) (1980)
დიუმა კავკასიაში (რუს., 1979)
სათადარიგო ბორბალი (1978)
პეპელა (გოგონა) (1977)
ნატვრის ხე (მარიტა) (1976)
კავკასიური რომანსი (მარჯანი) (1975)
სიყვარული, ივერია და… (1975)
მშვენიერი კოსტუმი (ელისო) (1973)

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s