პატრიკ მარბერი: უფრო ახლოს


Patrik Marber

პატრიკ მარბერი

Patrick Marber (1999). Closer (First edition ed.). London: Methuen Drama. ISBN 0413709507.

პიესა პირველად დაიდგა 1997 წელს ლონდონის ნაციონალურ თეატრში. იმავე წელს მან მიიღო ლოურენს ოლივიეს პრიზი საუკეთესო პიესისთვის. 1999 წელს დაიდგა ბროდვეიზე, სადაც დაჯილდოვდა ნიუ იორკის დრამის კრიტიკოსთა ჯილდოთი საუკეთესო უცხოური პიესისთვის. დადგმულია მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში. ამ პიესის მიხედვით გადაღებულია ფილმიც ჯულია რობერტსის მონაწილეობით.

უფრო ახლოს

(თარგმანი: სოფიო შამანიდისა – Translation in Georgian be Sophio Shamanidi)

პერსონაჟები:

_ ალისა
(გოგონა ქალაქიდან)

_ დანი
(კაცი გარეუბნიდან)

_ ლარი
(კაცი სითიდან)

_ ანა
(ქალი სოფლიდან)

მოქმედება ვითარდება ლონდონში.

სცენა I: იანვარი
სცენა II: ივნისი (შემდეგი წლის)
სცენა III: იანვარი (შემდეგი წლის)
სცენა IV: იანვარი (შემდეგი დღე)
სცენა V: ივნისი (ხუთი თვის შემდეგ)
სცენა VI: ივნისი (შემდეგი წლის)
სცენა VII: სექტემბერი (სამი თვის შემდეგ)
სცენა VIII: ოქტომბერი (ერთი თვის შემდეგ)
სცენა IX: ნოემბერი (ერთი თვის შემდეგ)
სცენა X: დეკემბერი (ერთი თვის შემდეგ)
სცენა XI: იანვარი (ერთი თვის შემდეგ)
სცენა XII: ივლისი (ექვსი თვის შემდეგ)

ზემოაღნიშნულ თარიღებს მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა აქვთ. პიესების დადგმისას მათი გათვალისწინება საჭირო არ არის.

დეკორაცია მინიმალურია.

პირველი აქტი

სცენა I

საავადმყოფო.
დილაადრიანად (იანვარი).

ალისა ზის. მას შავი პალტო აცვია. გვერდზე ზურგჩანთა და ძველი ყავისფერი ტყავის ჩანთა უდევს.

წინდას ჩაიწევს. ფეხზე ჭრილობა აქვს, რომლიდანაც სისხლი სდის. ყურადღებით შეათვალიერებს. ჭრილობას შალის ბუნტყლებისაგან ისუფთავებს.
მზერა ჩანთაზე გადააქვს. ჩაფიქრდება. მიმოიხედავს. გახსნის. შიგნით იქექება. ვერცხლისფერ ფოლგაში გახვეულ ორ ბუტერბროდს ამოიღებს. შიგთავსს შეათვალიერებს, გაეღიმება, ბუტერბროდებს უკან ჩააბრუნებს. შემდეგ ჩანთიდან მწვანე ვაშლს ამოიღებს, სახელოზე გაწმინდავს და ჩაკბეჩს.
ღეჭავს.
ამასობაში შემოდის დანი. მას კოსტუმი და ლაბადა აცვია. ჩერდება და თვალს ადევნებს გოგონას, რომელიც მის ვაშლს ჭამს. ხელში ორი ერთჯერადი ჭიქა უჭირავს. ჭიქებში რაღაც ცხელი სითხეა. რამდენიმე ხნის შემდეგ გოგონა მას შენიშნავს და გაუღიმებს.

ალისა. მაპატიეთ. სიგარეტს ვეძებდი.

დანი. თავი დავანებე.

ჭიქას გაუწვდის.

ალისა. მადლობ.

დანი საათს დახედავს.

სადმე გეჩქარებათ?

დანი. სამსახურში.

თითო-თითო ყლუპს მოსვამენ.

ჩემი ბუტერბროდები არ მოგეწონათ?

ალისა. თევზს არ ვჭამ.

დანი. რატომ?

ალისა. იმიტომ, რომ თევზები ზღვაში ფსავენ.

დანი. ბავშვებიც ფსავენ.

ალისა. არც ბავშვებს ვჭამ. სად მუშაობთ?

დანი. მე… შეიძლება ითქვას… ჟურნალისტი ვარ.

ალისა. ანუ?

პაუზა.

დანი. ნეკროლოგებს ვწერ.

პაუზა.

ალისა. მოგწონთ ასეთი… დაღუპული სამუშაო?

დანი. ფულს ვშოულობ.

ალისა. სასაფლაოზე გაიზარდეთ?

დანი. დიახ. გარეუბანში.

პაუზა.

ალისა. ნეტა, მალე მოვა ექიმი?

დანი. ალბათ. გტკივათ?

ალისა. არ მოვკვდები.

დანი. ფეხი ხომ არ აგიწიოთ?

ალისა. რატომ?

დანი. ასეთ შემთხვევებში ასე აკეთებენ ხოლმე.

ალისა. როგორ შემთხვევებში?

ერთმანეთს უყურებენ.

დანი. გინდათ ფეხი აგიწიოთ?

ალისა. კი, ბატონო.

დანი ფეხს სკამზე დაადებინებს და მობილურს გაუწვდის.

დანი. ვინმეს ხომ არ გინდათ დაურეკოთ?

ალისა. აქ არავის ვიცნობ.
პურზე ქერქები ვინ მოგიჭრათ?

დანი. მე თვითონ.

ალისა. პატარაობისას დედა გიჭრიდათ პურზე ქერქებს?

დანი. მგონი, კი.

ალისა. ქერქები უნდა ჭამოთ.

დანი. თქვენ კი სიგარეტს თავი უნდა დაანებოთ.

პაუზა.

ალისა. დიდი მადლობა, ტროტუარიდან რომ ამფხიკეთ.

დანი. არაფრის.

ალისა. ნამდვილი რაინდი ხართ.

დანი გოგონას უყურებს.

დანი. თქვენ კი პრინცესა.
წინ რატომ არ იყურებით?

ალისა. არასდროს არ ვიყურები, საით მივდივარ.

დანი. შუქნიშნებთან ვიდექით, მე პირდაპირ თვალებში გიყურებდით და უცებ თქვენ… გზაზე გადმოხვედით.

ალისა. მერე?

დანი. მიწაზე იწექით, შემომხედეთ და მითხარით: “სალამი, უცნობო”.

ალისა. ფუ, ბოზი.

დანი. მერე ჭრილობა შევნიშნე თქვენ ფეხზე.

ალისა. ჩემი ფეხებიც შენიშნეთ?

დანი. ყოვლად შესაძლებელია.

ალისა. მერე რა მოხდა?

დანი. ტაქსისტი მანქანიდან გადმოვიდა. პირჯვარი გადაიწერა და თქვა: ღმერთო ჩემო, მეგონა მოვკალიო. მე ვუთხარი, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ-თქო. შეცბა ცოტა… (როგორც ჩანს, იფიქრა, რომ იქ რაღაც ქაღალდებს შეავსებინებდნენ და იქნებ “დამნაშავედაც” ეცნოთ), ამიტომ ზიზღიანი სახით ვუთხარი: “თუ შეიძლება, საავადმყოფოში წაგვიყვანეთ”.

ალისა. აბა, გააკეთეთ ზიზღიანი სახე.

დანი ყოყმანობს, შემდეგ სახეს მანჭავს.

ყოჩაღ! ბასტერ.

დანი. ტაქსში ჩაგსვით და აქ მოგიყვანეთ.

ალისა. მე რას ვაკეთებდი?

დანი. ბუტბუტებდით: “დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის”. მე ხელი მოგხვიეთ… და თქვენც მხარზე თავი ჩამომადეთ.

ალისა. ჩემი თავი… აქეთ-იქეთ ქანქარებდა?

დანი. დიახ.

პაუზა.

ალისა. სამსახურში დააგვიანებთ.

დანი. გინდათ, რომ წავიდე?

ალისა. მინდა, რომ სამსახურში არ დაგაგვიანდეთ.

პაუზა.

დანი. შავი ბერის ხიდთან რა გინდოდათ?

ალისა. ხორცის ბაზართან რომ კლუბია, იქ ვიყავი… სმიტფილდში. თქვენ დადიხართ კლუბებში?

დანი. არა. ამისთვის ძალიან ბებერი ვარ.

ალისა. რამდენი წლის ხართ?

დანი. ოცდათხუთმეტის.

ალისა. ნახევარი ცხოვრება უკვე გაგივლიათ.

დანი. დიდი მადლობა. ესე იგი, კლუბში იყავით…

ალისა. მერე, ვიფიქრე, გავისეირნებ-თქო. მინდოდა მენახა ხორცს როგორ ტვირთავენ.

დანი. გატყავებულ და გამოშიგნულ ცხოველებს? კი მაგრამ, რატომ?

ალისა. იმიტომ რომ, საზიზღარია.
მერე რაღაც პატარა პარკი ვიპოვე… სასაფლაოც რომ არის. პოსტმან-პარკი. იცით რომელია?

დანი. არა.

ალისა. იქ ძეგლიც დგას იმ ადამიანების, რომლებმაც სხვების გადასარჩენად საკუთარი თავი გაწირეს. ძაან საინტერესოა.
მერე ბოროუში წასვლა გადავწყვიტე _ ამიტომაც შავი ბერის ხიდზე გადმოვდიოდი.

დანი. ეგ პარკი… აქედან შორსაა?

ალისა. არა.

დანი. იქ რაღაც… ქანდაკებაც დგას?

ალისა. მინოტავრის.

დანი. ვიცი მე ეგ პარკი. იქ ვისხედით… (დედაჩემი მოკვდა)… მე და მამა ვისხედით იქ მისი სიკვდილის დღეს.

აქ მოკვდა. მწეველი იყო.

(იხსენებს) მამაჩემი… ბუტერბროდს კვერცხით… ჭამდა… დარდისგან ხელები უკანკალებდა… კვერცხი ბალახში ჩაიფურჩხნა… ზედა ტუჩი კარაქით მოეთხვარა.

დასაფლავება კი არ მახსოვს.

ალისა. მამათქვენი ცოცხალია?

დანი. ნახევრად. მოხუცთა თავშესაფარშია.

ალისა. ნეკროლოგების წერა როგორ დაიწყეთ? სინამდვილეში რა გინდოდათ, რომ გამხდარიყავით?

დანი. (იღიმება) ოჰ… მე მწერლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ხმა არ მქონდა.
რას ვამბობ? ნიჭი არ მქონდა.
ამიტომ… ჟურნალისტიკის “ციმბირში” მოვხვდი.

ალისა. მომიყევით, სამსახურში რას აკეთებთ, ციმბირში მინდა წარმოგიდგინოთ?

დანი. სერიოზულად?

ალისა. დიახ.

პაუზა.

დანი. ნუ… ჩვენ ამას “ნეკროლოგ-გვერდს” ვუძახით. ჩვენ სამნი ვართ: მე, ჰარი და გრეხემი. როდესაც სამსახურში მივდივარ, თუკი არ დავაგვიანე, რასაკვირველია, გრეხემი მეკითხება: “ვინ გავიდა მარილზეო?” ანუ, ვინმე ცნობილი ხომ არ მოკვდა ამ ღამითო _ მართლა გაინტერესებთ?

ალისა. დიახ.

დანი. თუკი ვინმე “ცნობილი” მართლაც მოკვდა, “საყინულეში” მივდივართ _ ეს კომპიუტერია, რომელშიც ყველას ნეკროლოგი ინახება. იქ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას მოვიპოვებთ.

ალისა. ცოცხალ ადამიანებზეც გაქვთ ნეკროლოგი?

დანი. ზოგიერთზე კი.
თუკი არავინ ცნობილი არ მომკვდარა, მაშინ ჰარი _ ჩვენი რედაქტორი _ შედარებით საინტერესო შემთხვევას არჩევს. ჩვენც ფაქტებს ვამოწმებთ, ვრეკავთ აქეთ-იქით და სტატიაც იწერება.
ზოგჯერ ქვრივებთან შეხვედრაც მიწევს. ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათი მეუღლის ნეკროლოგი გაზეთში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ფიქრობენ, რომ თუ ნეკროლოგს არ დავწერთ, მათ საყვარელ ადამიანებს სათანადო პატივს არ მივაგებთ… მაგრამ, ხომ გესმით… ყველას ერთ გაზეთში ვერ ჩაატევ.
ექვს საათზე კომპიუტერთან ვმწკრივდებით ხოლმე და უკვე გამზადებულ სტატიას კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, უკანასკნელი შესწორებები შეგვაქვს და ხოხმისათვის, რამდენიმე ევფემიზმს ვუმატებთ…

ალისა. მაგალითად?

დანი. “იგი მეტად მხიარული იყო” _ ესე იგი ლოთია.
“იგი თავის სიმარტოვეს უფრთხილდებოდა” _ ანუ ცისფერია.
“თავისი სიმარტოვით ტკბებოდა” _ ბოლო გეი იყო.

პაუზა. ალისა დანს ლოყაზე მიეფერება. დანი გაკვირვებულია, თუმცა არ ეწინააღმდეგება.

ალისა. თქვენი ევფემიზმი რა იქნება?

დანი. (რბილად) ჩემი?

ალისა. დიახ.

დანი. ის იყო… თავმდაბალი.

ალისა. ჩემი?

დანი. ის იყო… განმაიარაღებელი.

პაუზა.

ალისა. როგორ მოეწყვეთ ამ სამსახურში?

დანი. ნეკროლოგი უნდა დაგეწერა საკუთარ თავზე: თუკი სასაცილო გამოვიდოდა, მიგიღებდნენ.

ახლოს არიან. ერთმანეთს უყურებენ.
თეთრხალათიანი ლარი მათ გვერდით ჩაუვლის. დანი მას აჩერებს.

უკაცრავად, მაგრამ ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია გელოდებით…

ლარი. მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი…

ლარის წასვლა უნდა. უეცრად ალისას შენიშნავს. “ლამაზი გოგოა”. ჩერდება.

რა შეგემთხვათ?

ალისა. ტაქსი დამეჯახა.

დანი. ათი წამით გონება დაკარგა.

ლარი. აბა, მანახეთ.

ლარი ჭრილობას უყურებს და ალისას ფეხსაც ინტერესით ათვალიერებს.

თითებს გრძნობთ?

ალისა. კი.

ლარი. ეს რაღაა?

ლარი შრამზე მიუთითებს, რომელიც გოგონას ფეხზე აქვს.

ალისა. შრამია.

ლარი. ვხედავ, რომ შრამია. როგორ მოახერხეთ?

ალისა. ამერიკაში. სატვირთო მანქანა დამეჯახა.

ლარი შრამს უყურებს.

ლარი. საშინელებაა.

ალისა. გარშემო არავინ იყო.

ლარი. ყველაფერი წესრიგში იქნება.

ლარი წასვლას აპირებს.

ალისა. ერთი ღერი შეიძლება?

ლარი მას შეხედავს, გოგონა თავით ჯიბეზე მიანიშნებს.

ერთი სიგარეტი.

ლარი სიგარეტის კოლოფს ამოიღებს, იქედან კი ერთ ღერს. ალისა ხელს გაუწვდის, ლარი ხელს გაწევს.

ლარი. აქ არ მოწიოთ.

სიგარეტს მიაწვდის.

დანი. მადლობ.

ლარი გადის. ალისა სიგარეტს მოუკიდებს.

ალისა. გინდათ ერთი ნაფაზი დაარტყათ?

დანი. კი… არა, არა. იქ რას აკეთებდით, სადაც “არავინ იყო”?

ალისა. ვმოგზაურობდი.

პაუზა.

დანი. მარტო?

ალისა. ერთ… მამრთან ერთად.

პაუზა.

დანი. იმ მამრს რაღა დაემართა?

ალისა. არ ვიცი, გავექეცი.

დანი. სად?

ალისა. ნიუ იორკში.

დანი. ასე უბრალოდ ადექით და წახვედით?

ალისა. წასვლა მხოლოდ ასე შეიძლება: “აღარ მიყვარხარ. მშვიდობით.”

დანი. და თუ ისევ გიყვართ?

ალისა. მაშინ არ უნდა წახვიდე.

დანი. შეყვარებული არასდროს მიგიტოვებიათ?

ალისა. არა.

პაუზა.

დანი. როდის დაბრუნდით?

ალისა. გუშინ.

დანი. თქვენი ბარგი სად არის?

ალისა ზურგჩანთაზე მიუთითებს.

ალისა. მე ნამცეცა ვარ.

პაუზა.

დანი. ნიუ იორკი მოგეწონათ?

ალისა. კი.

დანი. იქ რა… სწავლობდით?

ალისა. სტრიპტიზიორი ვიყავი.

ალისა მას უყურებს.

პაუზა.

დანი. თქვენ საქმიანობაში… წარმატება გქონდათ?

ალისა. საოცარი.

დანი. რატომ?

ალისა. იმიტომ რომ, ვიცი, რა უნდათ კაცებს.

დანი. მართლა?

ალისა. დიახ.

დანი. მომიყევით, რა…

ალისა ჩაფიქრდება.

ალისა. კაცებს უნდათ გოგოები, რომლებიც ბიჭებს გვანან.
მათ უნდათ დაიცვან ისინი, მაგრამ ისინი მაგრად უნდა დაუდგნენ.
გოგო უნდა დაეტაკოს… მატარებელივით… ოღონდ თანაც… ელეგანტური უნდა იყოს.
შენ რა გინდა?

პაუზა.

დანი. ის მამრი… ვინ იყო?

ალისა. კლიენტი. მაგრამ როცა გამინაღდა, აღარ უნდოდა, რომ მემუშავა.

დანი იღიმება.

დანი. შენ რაღა გინდა?

ალისა. რომ ვუყვარდე.

დანი. მხოლოდ?

ალისა. ეს ძალიან დიდი სურვილია.

ალისა უყურებს მას.

მეგობარი გოგონა გყავს?

დანი. კი, რუთი… მას რუთი ქვია. ლინგვისტია.

დანი ალისას უყურებს.

სამუშაოს შემდეგ შემხვდები?

ალისა. არა, დაეთხოვე სამსახურიდან, ნუ წახვალ იმის გასაგებად, “ვინ გავიდა მარილზე”. მე დავრეკავ შენს მაგივრად და ვეტყვი, რომ ავად ხარ.

დანი. არ შემიძლია.

ალისა. ნუ ხარ ჩამჯმელი.

დანი. რაც მინდა, ის ვიქნები. თუ მომინდა, გავფსიხდები კიდეც.

ალისა. მე მინახავს ფსიხები. შენ არ ხარ ფსიხი. ტელეფონი.

გოგონა ხელს უწვდის, დანი ტელეფონს აძლევს.

დანი. ერთიანს დააჭირე.

ალისა ნომერს კრეფს.

ალისა. ვინ ვიკითხო?

დანი. ჰარი მასტერსი.

ალისა. შენ რა გქვია?

დანი. მისტერ დანიელ ვულფი. შენ?

პაუზა.

ალისა. ალისა. ალისა აირესი.

ფარდა.

სცენა II

ანას სტუდია.
ნაშუადღევს. ივნისი (შემდეგი წლის).
ანა ფოტოაპარატის უკან დგას. დანი ზის. ანა ფოტოს იღებს.

ანა. კარგია.

უჩხაკუნებს.

არ გაინძრეთ.

უჩხაკუნებს.

დანი. ამ შენობაში ადრე რა იყო?

ანა. მიტოვებული ქალების თავშესაფარი.

უჩხაკუნებს.

დანი. აქ მდინარე არ იყო?

ანა. იყო. ფლიტი. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში ზემოდან დააშენეს.

დანი. ჩამარხული მდინარე.

უჩხაკუნებს.

ანა. შავი ბერის ხიდიდან მისი სათავე ჩანს.

დანი. აუცილებლად ვნახავ.

ანა. უნდა ნახოთ.

უჩხაკუნებს.

აი ასე, კარგია. არ გაინძრეთ.

უჩხაკუნებს.

ამ მდინარეზე ლეგენდაც არსებობს _ ნიუ იორკის ალიგატორებისა არ იყოს. ამბობდნენ, რომ თითქოს მიწისქვეშეთში ღორები მრავლდებოდნენ და რომ ერთ მშვენიერ დღესაც ერთმა მსუქანმა ღორმა გადმოსერა თემზა, მერე ნაპირზე გამოვიდა და ჩორთით გაიქცა სანაპიროსკენ.

დანი. მართლა?

ანა. არა, რასაკვირველია, ის ღორი უბრალოდ გაიქცა. სმიტფილდიდან.

დანი. ღორებმა ცურვა იციან?

ანა. კი, გასაკვირად კარგად.

უჩხაკუნებს.

შეგიძლიათ შეისვენოთ.

ანა ფირს ცვლის, განათებას აყენებს და ა.შ. დანი დგება.

დანი. შეიძლება მოვწიო?

ანა. თუ აუცილებელია.

დანი. არა, აუცილებელი არ არის.

ანა. მაშინ ნუ მოწევთ.

ანა დანს უყურებს.

თქვენი წიგნი მომეწონა.

დანი. მადლობ…

ანა. როდის გამოაქვეყნებთ?

დანი. გაისად. თქვენ როგორღა წაიკითხეთ?

ანა. თქვენმა გამომცემელმა ხელნაწერი გამომიგზავნა. გუშინ საღამოს წავიკითხე. თქვენს გამო დილის ოთხ საათამდე ვერ დავიძინე.

დანი. ძალიან დამავალეთ.

ანა. თქვენს მთავარ გმირს პროტოტიპი ჰყავს?

პაუზა.

დანი. კი, მას… ალისა ჰქვია.

ანა. როგორ ეგუება იმას, რომ სიცოცხლე მოპარეთ?

დანი. არ მომიპარავს, ვესესხე. წიგნი მას მივუძღვენი და ისიც კმაყოფილი დარჩა.

დანი ანას თვალს ვერ წყვეტს. ანა შემოტრიალდება და დანს შეხედავს.
პაუზა.

გამოფენებს აწყობთ ხოლმე?

ანა. გაისად მექნება, ზაფხულში.

დანი. პორტრეტებს?

ანა. დიახ.

დანი. ვისი?

პაუზა.

ანა. უცნობებს.

ანა ჟესტით ანიშნებს, რომ დაჯდეს.
სანტიმეტრით ზომავს შუქს მის გვერდით.

დანი. თქვენი უცნობები როგორ ეგუებიან იმას, რომ სიცოცხლეს პარავთ?

ანა. ვსესხულობ.

ანა დანს თმას უსწორებს.

დანი. მეც უცნობი ვარ?

ანა. არა… თქვენ კლიენტი ხართ.

პაუზა.

დანი. თქვენ ლამაზი ხართ.

პაუზა.

ანა. არა.

ანა დანის ობიექტივიდან უყურებს.

გასწორდით, მხრებში ნუ იხრებით.

აჩხაკუნებს.

დანი. ცოტა გარყვნილი ხომ არ მოგეჩვენათ?

ანა. ვინ?

დანი. წიგნი.

ანა. არა, მე ვფიქრობ, რომ… ზუსტია.

აჩხაკუნებს.

დანი. რაზეა?

ანა. სექსზე. სიყვარულზე.

დანი ქალს უყურებს, ანა ობიექტივში იყურება.

ანა. წარბებს ნუ ჭმუხნით, თორემ თვითკმაყოფილის სახეს იღებთ.

აჩხაკუნებს.

ადექით.

დანი დგება.

დანი. ესე იგი, მოგეწონათ?

ანა. კი, მაგრამ მასზე მსჯელობა შეიძლება.

აჩხაკუნებს.

დანი. გაკრიტიკება?

ანა ფიქრობს.

ანა. სათაური არ მომწონს.

დანი. შეგიძლიათ უკეთესი შემომთავაზოთ.

ანა. მართლა?

დანი. დიახ…

პაუზა.

ანა. “აკვარიუმი”.

ერთმანეთს უყურებენ.

პაუზა.

დანი. ესე იგი გარყვნილი ადგილები მოგეწონათ…?

ანა. ზოგიერთი.

დანი. აკვარიუმები მოგწონთ?

ანა. თევზებს თერაპიული თვისებები აქვთ.

დანი. ხშირად დადიხართ აკვარიუმში?

ანა. როცა დრო მაქვს.

დანი. “უცნობების” გასაცნობად?

ანა. უცნობების გადასაღებად. ჩემი პირველი ფოტო სწორედ ლონდონის ზოოპარკის აკვარიუმში გადავიღე.

დუმილი.

დანი. (რბილად) მოდი აქ…

პაუზა.

ანა ნელა უახლოვდება. ჩერდება.

ანა. უცნობ მამაკაცებს არ ვკოცნი.

დანი. არც მე.

კოცნაობენ. ათი წამი. ანა ნელა უკან გაიწევს.

ანა. თქვენ და ის… ალისა… ერთად ცხოვრობთ?

დანი ფიქრობს.

დანი. …დიახ…

ანა. (თავს აქნევს) “მის წიგნაკში მხოლოდ ერთი მისამართია: ჩვენი… “ს” ასოზე – “სახლი”.

დანი სახეზე მიეფერება.

დანი. ეგ წინადადება ამოვშალე.

ანა. რატომ?

დანი. ძალიან სენტიმენტალური იყო.

ანა სახედან დანის ხელს იშორებს, უყურებს მას, შემდეგ შორდება.

გათხოვილი ხართ?

ანა. დიახ.

დანი მიტრიალდა. ანა მას უყურებს.

არა.

დანი მისკენ შემოტრიალდება.

ანა. დიახ.

დანი. კი თუ არა?

ანა. გაყრილები ვართ.

დანი. შვილები გყავთ?

ანა. არა.

დანი. გინდათ შვილები?

ანა. კი, ოღონდ დღეს არა.

ანა კამერას თიშავს, სეანსი დასრულებულია.

ალისას უნდა შვილი?

დანი. მისთვის ჯერ ადრეა.

დანი საათს უყურებს.

ისე… აქ მოვა ჩემს შესახვედრად… საკმაოდ მალე.

ანა. ტყუილად რატომ ახარჯინებთ თქვენზე დროს?

დანი. არა, ასე არ არის. მე მისი მადლობელი ვარ… მისი არსიყვარული არაფრით შეიძლება, და არც მისი მიტოვება.

ანა. და, რასაკვირველია, არ გინდათ, რომ ვინმე მიეკაროს თავისი ბინძური ხელებით.

პაუზა.

დანი. შეიძლება ასეც არის.

ანა. ყველა კაცი ღორია.

დანი. ბანალურია…

ანა. მაინც ღორები არიან.

ზარი კარზე.

თქვენი მუზაა.

დანი ანას უყურებს.

დანი. (ირონიულად) ცხოვრება დამინგრიეთ.

ანა. არა უშავს, გაგივლით.

ერთმანეთს უყურებენ. დანი წასვლას აპირებს.

დან…

ტრიალდება.

თქვენი პერანგი.

დანი გადის და გზად პერანგს ისწორებს.

სიჩუმე.

ანა ფიქრობს.

შემოდიან დანი და ალისა. ალისას თმის ფერი შეცვლილი აქვს.

დანი. ანა… ალისა.

ანა. გამარჯობა.

ალისა ანას უყურებს.

ალისა. მაპატიეთ, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?

ანა. არა, არა, უკვე დავამთავრეთ.

ალისა. კარგად იქცეოდა?

ანა. დაშვებულის ფარგლებში.

ალისა. ფოტოგენურია?

ანა. ვფიქრობ, კი.

ალისა. მისი სულის მოპარვაც მოახერხეთ?

ანა. ჩაის ხომ არ მიირთმევთ?

ალისა. არა, მადლობ, მთელი დღეა ჩაის ვასხამ. შეიძლება ვისარგებლო თქვენი…?

ანა. (მიუთითებს) იქით.

ალისა გადის.

ძალიან ლამაზია.

დანი. კი.

დანი უყურებს ანას.

უნდა გნახოთ.

ანა. არა!

დანი. რა დასავით მელაპარაკებით?

ანა. დასავით არ გელაპარაკებით, უბრალოდ უსიამოვნებები არ მინდა.

დანი. მე არ ვარ უსიამოვნება.

ანა. თქვენ არ ხართ თავისუფალი.

პაუზა.

დანი. უნდა გნახოთ.

ანა. (თავს აქნევს) ვწუხვარ.

პაუზა. შემოდის ალისა.

ალისა. გავიყინე, ძაან ცივა.

დანი ალისას მიუახლოვდება და შეეცდება გაათბოს.

(ალისა ანას მიმართავს) მე არ გადამიღებთ ფოტოს? ჩემთვის პროფესიონალს არასოდეს გადაუღია სურათი. ისე კი არა, გადაგიხდით.

პაუზა.

ანა. რა ვიცი… დიდი სიამოვნებით…

ალისა. (დანს) შენ თუ წინააღმდეგი არ ხარ.

დანი. მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი?

ალისა. იმიტომ, რომ წასვლა მოგიწევს. (ანას) ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მან მუშაობაში ხელი შეგვიშალოს?

ანა. არა, არ გვინდა.

პაუზა.

დანი. …გასაგებია… კუთხის ბარში დაგელოდები…

კოცნის ალისას.

კარგი დრო გაატარეთ.

(ანას) დიდი მადლობა, წარმატებას ვუსურვებ თქვენს გამოფენას.

ანა. მე კი თქვენ წიგნს.

დანი. მადლობ.

დანი გადის, გზად სიგარეტს უკიდებს.

ალისა. გამოფენა გექნებათ?

ანა. ხო, პატარა. დაჯექით.

ალისა ჯდება.
ანა ამზადებს ფოტოაპარატს, აყენებს შუქს და ა.შ.
ალისა მას თვალს ადევნებს.

დანის წიგნი წავიკითხე _ თქვენ… საინტერესო ცხოვრება გაქვთ.

ალისა. მადლობ. თქვენ მარტო ცხოვრობთ?

ანა. …ხო…

ალისა. თქვენი ბოლო მეგობარი ვინ იყო?

ანა ვერ ხვდება, საით მიჰყავს ქალს საუბარი.

ანა. …ჩემი ქმარი…

ალისა. რა დაემართა?

პაუზა.

ანა. ჩემზე უფრო ახალგაზრდა იპოვა.

ალისა. სად მუშაობდა?

ანა. ფულს აკეთებდა. სიტიში.

ალისა. ჩვენთან კლუბში მოდიოდნენ ხოლმე ეგეთი ტიპები. ბიჭები უოლ-სტრიტიდან.

ანა. ესე იგი… ეს კლუბები საკმაოდ ძვირია?

ალისა. ზოგიერთი კი, მაგრამ მე უფრო იაფი კლუბები მომწონს.

ანა. რატომ?

ალისა. ღარიბები უფრო გულუხვები არიან.

ანა ობიექტივში იყურება.

ანა. არაჩვეულებრივი სახე გაქვთ.

ფოკუსს ასწორებს.

როგორ ეგუებით იმ აზრს, რომ დანმა თქვენი ცხოვრების ისტორია თავის წიგნში გამოიყენა?

ალისა. რა თქვენი ტრაკის საქმეა.

ანას მიაშტერდება.

კარი რომ გამიღო… ქვემოთ, ისეთი სახე ჰქონდა… მე თქვენი საუბარი… მოვისმინე.

დუმილი.

ანა. არ ვიცი, რა გითხრათ.

ალისა. (რბილად) გადაიღეთ, გადაიღეთ.

პაუზა.

ანა. მე ქურდბაცაცა არა ვარ, ალისა.

ანა ობიექტივში იყურება.

თავი ასწიეთ…

ალისა თავს წევს, თვალები ცრემლიანი აქვს.

მშვენივრად გამოიყურებით. ჩემსკენ შემოტრიალდით…

ანა რამდენიმე კადრს იღებს. ქალები ერთმანეთს უყურებენ.

კარგია.

ფარდა.

სცენა III

ინტერნეტი.

საღამო ჟამს. იანვარი (შემდეგი წლის).

დანი თავის ბინაში კომპიუტერთან ზის.
მაგიდაზე დევს ნიუტონის ქანქარა, ხელნაწერები და ა.შ.
ლარი საავადმყოფოში თავის საწერ მაგიდასთან ზის. მაგიდაზე კომპიუტერი დევს. მას თეთრი ხალათი აცვია.
ისინი სხვადასხვა ოთახში არიან.
ეს მუნჯი სცენაა. ისინი ბეჭდავენ და მათი “დიალოგი” დიდ ეკრანზე ჩნდება.

დანი. გამარჯობა

ლარი. სალამი

დანი. რავა ხარ?

ლარი. კარგად

დანი. აქ ხსჰირად ატავებ?

ლარი. პირველად

დანი. ქალტსული. კეტილი იკოს სჰენი მობრზანება. სახელი?

ლარი. ლარი. სჰენი?

დანი ფიქრობს

დანი. ანა

ლარი. სასიამოვნოა

დანი. ვგიჯდები KLEძE.

პაუზა.

ლარი. სჰენ ზაან გულტსრფელი ხარ

დანი. ცჰვენ ეხლა ლონდონ-სეხსჰი ვცჰატაობტ. გინდა სეხი?

ლარი. კი. ამიგტსერე სჰენი ტავი

დანი. მუქი ტმა. დიდი პირი. ლეგენდალური მკერდი

ლარი. ლეგენდალური რას ნისჰნავს…?

დანი. 6 ზომა.

ლარი. ტრაკი?

დანი. მაგარი

ლარი. ოოო

დანი. მინდა მტლიანად გამოგტსუტსნო

ლარი. ოკ

დანი. სახეზე დამაჯექი, სექსო

ლარი. ეხლავე

დანი. ცჰაიცვი ცჰემი დასველებული ბიკინი.

პაუზა.

ლარი. ოკ

დანი. რამხელა გაქ?

ლარი. 23 მ.

(ხმამაღლა) ფუ, შენი.

(ბეჭდავს) 23 სმ.

დანი. ამოიგე

ლარი ჭოჭმანობს. ელვას გაიხსნის. შარვალში ხელს ჩაიყოფს. უცებ ტელეფონი დარეკავს. ხმამაღლა. ლარი წამოხტება.

ლარი. (ხმამაღლა). მოიცა.
(ბეჭდავს). მოიცა

ლარი ყურმილს იღებს. დანი სიგარეტს უკიდებს.
(ხმამაღლა) გისმენთ. როგორი გისტოლოგია? პროგრესირებადი? არა, ატროფიას გავს.

ლარი ყურმილს კიდებს და კლავიატურას უბრუნდება.
დანი აქანავებს ბურთულას ნიუტონის ქანქარაზე.

ეი?

დანი ეკრანს უყურებს.

ანა

(ხმამაღლა) ეე, შენი.

(ბეჭდავს) ანა? სად ხარ?

დანი. ეი, დიდო ლარი, რა გაგზნებს?

ლარი ფიქრობს.

ლარი. კოფილი ნასჰები

დანი. და ეხლანდელი ნასჰები?

ლარი. არასდროს

დანი იღიმება.

დანი. ამიგტსერე სჰენი სეხ-ოცნება…

ლარი. სასტუმრო ოტახი… დაბმული ვარ… მეტამასჰებიან… გატავებას არ მაცლიან. ცჰემ სხეულზე იბრზვიან, ექვსი ენა ლოკავს ცჰემ სირს, ცჰემ კვერებსაც… და ა.სჰ.

დანი. გაუმარჯოს მუტლის სულტანს?

ლარი იცინის.

ლარი. ანა, სჰენ რა გაგზნებს?

დანი ფიქრობს.

დანი. უცნობები

ლარი. დეტალურად…

დანი. რიგსჰი დგანან და კველა ერტად მჯიმავს, როგორც მსჰიერ ზუკნას, კველა ნახვრეტსჰი ტიტო კლე, და ორივე ხელსჰიც.

ლარი. მერე?

დანი. მიტავებენ პირსჰი, ტრაკსჰი, ზუზუებსჰი, მუტელსჰი, ტმებსჰი.

ლარი. (ხმამაღლა) ღმერთო ჩემო!

ლარის ისევ ტელეფონი ურეკავს. ყურმილს აიღებს და იმ წუთასვე გათიშავს. ყურმილს მაგიდაზე დებს.

ლარი. (ბეჭდავს) მერე?

დანი. მე მსჰიერი ზუკნა ვარ, კველაფერს ვლოკავ, მოიცა,ერტი ხელიტ ვბეცჰდავ… ეხლა გავატავებ…ოხოხოხოხოხოხოხოხოხოხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
+_)(*&^%$£”!_*&%^&!”!”£$%%^^%&^&&**&*((*(*)&^%*((*£££

პაუზა. ლარი უძრავად ზის. ეკრანსაა მიშტერებული.

ლარი. კარგი იკო?

დანი. არა.

ლარი თავს აქნევს.

ლარი. მე კი სჰოკსჰი ვარ

დანი. სამოტხე სჰოკის მომგვრელი უნდა იკოს

ლარი. სერიოზულად ამბობ?

პაუზა.

დანი. მოდი სჰევხვდეტ.

პაუზა.

ლარი. სერიოზულად?

დანი. ხო

ლარი. როდის?

დანი. EXLA

ლარი. არ სჰემიზლია. მე ექიმი ვარ. სჰემოვლა მაქვს გასაკეტებელი.

დანი იღიმება. ლარი მაგიდის კალენდარს ათვალიერებს.

დანი. ნუ ხარ პროცჰი. სიცოცხლე რისკის გარესჰესიკვდილია. სურვილი,როგორც მსოფლიო, სჰემტხვევიტობაა. საუკეტესო სეხი ინტერნეტია. ისე ვცხოვრობტ,როგორც ვოცნებობტ,MAღთONI. ისე გაგიტავებ, როგორც მატარებელი.

ლარი. ხვალ, 1 საატზე, სად?

დანი ფიქრობს.

დანი. აკვარიუმი, ლონდონის ზოოპარკი და მერე შAშთUMღO.

ლარი. როგორ მიცნობ?

დანი. ტეტრი ხალატი ცჰაიცვი

ლარი. ?

დანი. ექიმი+ხალატი= მაგარი სეხი.

ლარი. !

დანი. ვარდს გიგზავნი, ცჰემო სიკვარულო…

ლარი. ?

დანი. (@)
I
I/
I
I/
I

ლარი. მადლობ. აკვარიუმსჰი სჰევხვდებიტ. კარგად, ანა.

დანი. ნახვამდის, ლარი. ხხხხხ

ლარი. ხხხხხხ

კაცები თავიანთ ეკრანებს უყურებენ.

ფარდა.

სცენა IV

აკვარიუმი.
დღისით. იანვარი (შემდეგი დღე).

ანა სკამზე ზის. მარტოა. ხელში ფოტოაპარატი უჭირავს. თევზებს უყურებს. ზოგჯერ ბროშურაშიც იხედება.

შემოდის ლარი.
იგი ანას შეამჩნევს. შეათვალიერებს მას და გაუღიმებს.
ანა მას დაინახავს და თავით ანიშნებს, რომ შენიშნა.

ლარი. ანა?

ანა. …დიახ…?

ლარი პალტოს გაიხსნის. პალტოს ქვეშ თეთრი ხალათი აცვია.

ლარი. “ხალათი” ჩავიცვი.

ანა თვალს ადევნებს ლარის.

ანა. კი, ჩაიცვი.

ლარი. “თეთრი ხალათი”.

ანა. ვხედავ…

ლარი. მე ლარი ვარ. (ბინძური ქვეტექსტით) “ექიმი”.

პაუზა.

ანა. გამარჯობა, ექიმო ლარი.

ლარი. შეგიძლია “სულთანი” დამიძახო.

ანა. რატომ?

ლარი. (იცინის) დაუჯერებელია, ვერსადროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაცეები მართლა ხდება. მეგონა… თუკი მოხვიდოდი… ვიღაც მახინჯი იქნებოდი… შენ კი მაგარი ლამაზი ხარ.

ანა. გმადლობ.

პაუზა.

ლარი. სასტუმრო ახსენე…

ანა უყურებს ლარის, ცდილობს გაიხსენოს, ვინ არის.

ნუ ვიჩქარებთ.

ლარი საათს უყურებს.

თუმცა არა, სამ საათზე ოპერაციაზე უნდა ვიყო.

ანა. ოპერაციას იკეთებთ?

ლარი. (იცინის) არა კაცო, მე ვუკეთებ.

ანა. თქვენ რა, მართლა ექიმი ხართ?

ლარი. ხომ გითხარი, ექიმი ვარ-თქო. (შეცბება) თქვენ… ანა არ ხართ?

ანა. დიახ. მაპატიეთ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?

ლარი. ნუ მაშაყირებ… ჩემო “ინტერნეტის ნიმფა” (დაბნეულია). გუშინ ბოზივით მელაპარაკებოდი.

ანა. მართლა?

ლარი. დიახ. “ჩაიცვი ჩემი დასველებული ბიკინი”, “სახეზე დამაჯექი”, “მშიერი ძუკნა ვარ, ცალი ხელით ვბეჭდავ…”

ანა იღიმება.

რაღაც პერვერსი მგონია ჩემი თავი…

ანა. მგონი… თქვენ… რაღაც სამედიცინო ხუმრობის მსხვერპლი ხართ.

პაუზა.

ლარი. ღმერთო ჩემო, მაპატიეთ.

ლარი მიდის. ანა ჩაიცინებს. ლარი ბრუნდება.

ლარი. არა. გუშინ ჩვენ ინტერნეტით ვილაპარაკეთ, დღეს კი, როცა დამინახეთ, აღარ მოგეწონეთ… მესმის, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ მე არ ვბრაზობ.

ანა. მაშ რატომ ბრაზობთ?

ლარი. არ ვბრაზობ, უბრალოდ ფრუსტრაციაში ვარ.

ანა. მე კომპიუტერი არ მაქვს, მე ფოტოგრაფი ვარ.

ლარი ფიქრობს.

ლარი. გუშინ საღამოს 17:45-დან 18:00 საათამდე სად იყავით?

ანა. კაფეში… ნაცნობთან ერთად.

ლარი. მისი სახელი?

ანა. ალისა აირესი.

ლარი. რა მიზნით შეხვდით?

ანა. (იცინის) “ფოტოგრაფიული” მიზნით. თქვენ, სად იყავით ამ დროს?

ლარი. ინტერნეტში, თქვენ გელაპარაკებოდით.

ანა. არა.

ლარი. ნუ, მაშინ ვიღაც სხვას.

ანა. (ხვდება) ვიღაცას, ვინც ჩემი სახელით გელაპარაკათ.
თქვენ დანიელ ვულფს ესაუბრეთ.

ლარი. ვის?

ანა. ალისას მეგობარია. გუშინ მეუბნებოდა სწორედ, რომ ინტერნეტით ერთობა ხოლმე დანი. ნამდვილად ეგ იქნებოდა.

ლარი. არა, მე ქალს ველაპარაკე.

ანა. საიდან იცით, რომ ქალი იყო?

ლარი. იმიტომ რომ… არა, არა, ნამდვილად ქალი იყო, დამიჯერეთ, დარწმუნებული ვარ, ქალი იყო.

ანა. ქალი არ ყოფილა.

ლარი. არ იყო?

ანა. არა.

ლარი. დედა მოვტყან. მაპატიეთ.

ანა. არა უშავს, ზრდასრული ვარ.

ლარი. მადლობ. ის… კაცი…

ანა. დანიელ ვულფი.

ლარი. მას საიდან იცნობთ?

ანა. კარგად არც ვიცნობ. მისი წიგნისთვის ფოტოებს ვუღებდი.

ლარი. იმედი მაქვს, მისი წიგნი სამუდამოდ ჩაიძირება.

ანა. უკვე ჩაიძირა.

ლარი. არის მაინც სამართალი ამ ქვეყანაზე. წიგნს რა ქვია?

ანა. (იღიმება) “აკვარიუმი”.

ლარი. ნაბოზარი. რეკლამას იკეთებს! თქვენი სახელით რატომ მელაპარაკა?

ანა. იმიტომ რომ მოვწონვარ.

ლარი. ქალის შებმის მაგარი მეთოდი ქონია. არ ჯობდა, ყვავილები გამოეგზავნა?

ლარი ჯიბიდან დაკუჭულ ვარდს იღებს. ანას აწვდის.

აი.

ანა. …მადლობ…

ანა ვარდს უყურებს, მერე ლარის.

კაი რამეა ინტერნეტი.

ლარი. ნამდვილად.

ანა. გლობალური ურთიერთობის შესაძლებლობა, კავშირის ყველაზე უფრო დემოკრატიული საშუალება.

ლარი. მართალს ბრძანებთ, ეს მომავალია.

ანა. საიბერსპეისზე მნძრეველი ორი მამაკაცი?

ლარი. ის ანძრევდა.
ისე, უნდა ითქვას, რომ წერა იცის.

ლარი ანას უყურებს.

უყვარხართ?

ანა. არ ვიცი. არა.

ლარი. თქვენ გიყვართ?

ანა. მე მას თითქმის არ ვიცნობ. არა.

ლარი. მაგრამ მთლად გულგრილიც არ ხართ?

ანა. ვფიქრობ… საინტერესო ტიპია.

პაუზა.

ლარი. აქ რაღას აკეთებთ?

პაუზა.

ანა. თევზებს ვუყურებ.

ანა თავს შეაბრუნებს.

ლარი. (რბილად) რა გჭირთ? ხომ კარგად ხართ?

ანა თავს აქნევს.

შეგიძლიათ ყველაფერი მიამბოთ…

ანა. რახან ექიმი ხართ?

ლარი. არა, უბრალოდ რახან აქ ვარ.

ანა მისკენ შემობრუნდება.

ტირილიც ნებადართულია.

ანა. ჩემთვის არა. მაგრამ მაინც, დიდი მადლობა.

ანა ფოტოაპარატს მოიმარჯვებს. ლარი ხელით სახეს დაიფარავს.

არ გინდათ, ფოტოებზე რეციდივისტს ვგავარ.

ანა. ძალიან გთხოვთ. დღეს ჩემი დაბადების დღეა.

ლარი. (ხელს ჩამოწევს) მართლა?

ანა სურათს უღებს.

ანა. დიახ. (ნაღვლიანად) მართლა.

ერთმანეთს უყურებენ.

ლარი. გილოცავთ დაბადების დღეს.

ფარდა.

სცენა V

სურათების გალერეა.
საღამო. ივნისი (ხუთი თვის შემდეგ).
ალისა თავის უზარმაზარ ფოტოს უყურებს. ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს. შავი კაბა აცვია.

დანს ხელში ღვინით სავსე ბოკალი უჭირავს. ცოტათი გაქუცული შავი კოსტუმი აცვია. თვალს ადევნებს ალისას, რომელიც თავის პორტრეტს ათვალიერებს.

დანი. შენ გაგიმარჯოს.

ალისა ტრიალდება. სვამენ. დანი პორტრეტით აღფრთოვანებულია.

შენ _ ამ სულელური კარნავლის დედოფალი ხარ. შესანიშნავად გამოიყურები.

ალისა. მე აქ ვარ.

დანი ალისას შეხედავს, გაუღიმებს.

დღეს კაფეში ერთი კაცი შემოვიდა და მითხრა: “გამარჯობა, ოფიციანტო, რას ელი?”

დანი. სასაცილო კაცი ყოფილა.

ალისა. მე ვუპასუხე: “ველოდები მამაკაცს, რომელიც მოვა და აქვე გამჟიმავს-თქო”.

დანი. (იცინის) იმან რა გითხრა?

ალისა. ერთი ჭიქა ჩაი შემიკვეთა შაქრის ორი ნატეხით.

ალისა დანს უყურებს.

მე შენ გელოდები.

დანი. რატომ?

პაუზა.

ალისა. (რბილად) მაინტერესებს, როდის მიმატოვებ.

დანი. (აღელვებულად) მე არ ვაპირებ შენს მიტოვებას, მე შენ მიყვარხარ. ვერ გავიგე, რა ლაპარაკია?

ალისა. ძალიან გთხოვ, თან წამიყვანე…

დანი ზურგს მიაქცევს.

შენთან ერთად მინდა. გრცხვენია ხო ჩემთან რო ხარ?

დანი. რასაკვირველია, არა. ხომ გითხარი, მარტო მინდა ყოფნა.

ალისა. რატომ?

დანი. მინდა ცოტა განვმარტოვდე… დავფიქრდე.

ალისა. მე შენ მიყვარხარ, რატომ არ მაძლევ ამის ნებას?

დანი. კარგი რა, მხოლოდ ერთი შაბათ-კვირაა.

ალისა. რატომ არ მაძლევ იმის უფლებას, რომ მიყვარდე?

დუმილი.

ჩვენ არასდროს გავსულვართ ბუნებაში შაბათ-კვირას.

დანი. მოვასწრებთ კიდე…

დანი ტრიალდება, სვამს. კულისებში იხედება და უღიმის ვიღაცას, ვინც დაინახა.

ჰარია აქ… გალეწილი მთვრალია.
უნდა, რომ ნეკროლოგებში დავბრუნდე. ამბობს, მოწყენილები ვართ უშენოდო.

ალისა. საწყალი ჰარი. ხომ იცი, რომ შენზე შეყვარებულია.

დანი. არაფერიც.

დანი ისევ კულისებში იყურება.

მართლა?

ალისა. (იღიმის) დიახაც. შენ გინდა დაბრუნება?

დანი. ფული ხომ გვჭირდება…

ალისა. მერე წერა?

დანი მხრებს იჩეჩავს.

დანი. კარგი, წავალ, ანას ვნახავ, მივესალმები, მერე ტაქსს გამოვიძახებ და სადგურზე წავალ, კარგი?
ბასტერ…
მიყვარხარ.

დანი ალისას შუბლზე კოცნის.

ალისა. (ჩუმად) ტუჩებში მაკოცე…

დანი. მაპატიე.

ტუჩებში კოცნის.

როგორც კი ჩავალ, დაგირეკავ.

დანი გადის და იმავდროულად შემოდის ლარი. კინაღამ ერთმანეთს შეეჯახნენ.
ლარი ხედავს მიმავალ დანს.

ალისა სიგარეტს უკიდებს, ლუდის ბოთლს საფერფლედ იყენებს.

ლარის კოსტუმი აცვია და ქაშმირის, საყელოიანი სვიტრი.
ხელში ღვინის ბოთლი და ბოკალი უჭირავს.
ალისა ცნობისმოყვარე თვალებით უყურებს.

ლარი. საღამო მშვიდობის.

ალისა. თქვენ ოფიციანტი ხართ?

ლარი. არა, ვცდილობ თავი დავაღწიო სულელურ ლაყბობას.

ლარი პორტრეტს უყურებს, მერე ბროშურაში იყურება, სადაც გამოფენილი ნამუშევრების ფასები წერია.

აა… თქვენ… “ახალგაზრდა ქალი, ლონდონი”.

ლარი ალისას უყურებს.

ცოტა არ იყოს, ძვირია. თქვენ მოგწონთ?

ალისა. არა.

ლარი. არა? უცნაურია. ასე რამ აგაღელვათ?

ალისა. ცხოვრებამ.

ლარი. მხოლოდ?

ალისა იღიმის.

(ლარი ხელით დარბაზზე მიანიშნებს) ისე როგორ მოგწონთ?

ალისა. ხელოვნებაზე გინდათ ვისაუბროთ?

ლარი. ვიცი, ეს ვულგარულია, პრეზენტაციაზე ნამუშევრების გაკრიტიკება, მაგრამ ვიღაცამ ეს ხომ უნდა გააკეთოს. სერიოზულად, თქვენ რას ფიქრობთ?

ალისა. ეს სიყალბეა.
მოწყენილი, ყველასათვის უცნობი სახეების გროვა, ოღონდ ლამაზად გადაღებული. მდიდარი მოლაყბეები კი, რომლებიც ვითომდა ხელოვნებას ეთაყვანებიან, ამტკიცებენ, რომ ეს შესანიშნავია, იმიტომ რომ მათ მხოლოდ ამის დანახვა სურთ.
ადამიანები ამ ფოტოებზე მოწყენილები და მარტოსულები არიან, მაგრამ ფოტოები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ ვითომ სამყარო მშვენიერია.
გამომდინარე აქედან, ეს გამოფენა იმედს გისახავს, შესაბამისად სიყალბეს ემსახურება, თუმცა გაზულუქებული თავხედური სიყალბე ხომ ყველას უყვარს.

ლარი. მე კი იმ გაზულუქებული თავხედი მატყუარას მეგობარი ვარ.

ალისა. ნაძირალა!

ლარი. ლარი.

ალისა. ალისა.

პაუზა. ალისა ლარის უახლოვდება.

ესე იგი… თქვენ ანას მეგობარი ხართ?

ლარი. პრინცესამაც ხომ შეიძლება ბაყაყს აკოცოს.

ალისა. და, რამდენი ხანია ერთმანეთს ხვდებით?

ლარი. ოთხი თვეა. “დასაწყის სტადიაზე” ვართ. ეს სამოთხეა. ყველა ჩემი ცუდი ჩვევა მას ხიბლავს.

ლარი ყურადღებით უყურებს ალისას.

აჯობებს არ მოწიოთ.

ალისა. შენ არავინ გეკითხება.

ლარი. მე ექიმი ვარ და მსგავსი რაღაცეები უნდა აღვკვეთო.

უეცრად ალისა იხსენებს, რომ სადღაც უნახავს ლარი. სიგარეტის კოლოფს იღებს.

ალისა. გინდა?

ლარი. არა.

ალისა მაინც უწვდის კოლოფს.

არა, არ მინდა. არა, თავი დავანებე.

ლარი თვალს ადევნებს, როგორ ეწევა ალისა.

სიამოვნება და თვითლიკვიდაცია _ იდეალური საწამლავია.

ალისა ირონიულად უღიმის.

ანამ მითხრა, შენს მეგობარს კარგი წიგნი დაუწერია.

ალისა. დიახ.

ლარი. შენზეა, არა?

ალისა. ნაწილობრივ.

ლარი. ო? ნეტა რა გამორჩა?

პაუზა.

ალისა. სიმართლე.

პაუზა.

ლარი. შენი მეგობარი აქ არის?

ალისა. ხო, შენს ნაშას ელაპარაკება.

ლარი კულისებში იყურება, ფიქრობს, მერე ისევ ალისას უბრუნდება.

ლარი. ესე იგი… შენ სტრიპტიზის მოცეკვავე ხარ?

ალისა. (ფლირტით) დიახ… რატომ მეკითხები?

ლარი ალისას ფეხზე შრამს შენიშნავს.

ლარი. ეს შრამი საიდან გაქვს?

პაუზა.

ალისა. უკვე მკითხე.

ლარი. როდის?

ალისა. ორწელიწადნახევრის წინ. საავადმყოფოში. ჩემ ფეხს ათვალიერებდი.

ლარი. როგორ დამიმახსოვრე?

ალისა. ის ღირსშესანიშნავი დღე იყო.
გაჩერება არ გინდოდა, მაგრამ მაინც გაჩერდი; ჩუმად მოსაწევად მიდიოდი. სიგარეტიც მომეცი, გახსოვს?

ლარი. ნუ, ეხლა მე აღარ ვეწევი და არც შენ გირჩევ.

ალისა. ადრე კი ჩუმ-ჩუმად ეწეოდი.

ლარი. ხო, საავადმყოფოსთან, პატარა პარკში.

ალისა. პოსტმან-პარკში?

ლარი. ხო.

ალისა ლარის ბოთლიდან მოსვამს.

შრამის ამბავი არ გითქვამს.

ალისა. ერთმა მაფიოზმა მომტეხა ფეხი.

ლარი. (ეჭვით) მართლა?

ალისა. დიახ.

ლარი. მოტეხილობას არ გავს…

ალისა. აბა, რას გავს?

ლარი. თითქოს რაღაც შეგერჭო სხეულში… (ვარაუდობს) იქნებ დანა…

ალისა. რვა წლის რომ ვიყავი… რკინა შემერჭო ფეხში… ჩემი მშობლები ავარიაში რომ მოყვნენ. ისინი დაიღუპნენ. დაკმაყოფილდი?

ლარი. მაპატიე, არ უნდა ჩაგციებოდი. სამსახურში ხომ არ ვარ.

ალისა ლარის უყურებს.

ალისა. სასიამოვნოა, როცა კარგი ტიპი ხარ?

ლარი. მე არ ვარ კარგი ტიპი.

ლარი ალისას თვალმოუცილებლად უყურებს.

შენ?

ლარი ლოყაზე მოეფერება, ალისა არ შეეწინააღმდეგება.

ხვალ პირველად ჩემს ცხოვრებაში კერძო პაციენტს მივიღებ. მითხარი, რომ ეს უზნეობა არ არის.

ალისა. ეს უზნეობა არ არის.

ლარი. მადლობ. თავს მიხედე.

ალისა. კარგი, შენც.

ალისა მიდის. ლარი მას თვალს ადევნებს.
ლარი მიდის და სცენაზე დანი შემოდის.
დანს პატარა ჩემოდანი მოაქვს. საათს უყურებს და რაღაცას ნერვიულად ელოდება.

შემოდის ანა.

პაუზა. ერთმანეთს უყურებენ.

ანა. დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია.

დანი. გიტყდება, ხო?

ანა. ხო, მიტყდება.

დანი. ესე იგი დერმატოლოგია? უფრო მოსაწყენი ვერაფერი იპოვე?

ანა. ნეკროლოგების შემდგენელი?

დანი. მაპატიეთ! არშემდგარი რომანისტი.

ანა. ძალიან ვწუხვარ შენი წიგნის გამო.

დანი. მადლობ. სათაურის ბრალია.

ანა. (იღიმება) მე კი კრიტიკოსებს ვაბრალებ. კიდევ ერთი წიგნი უნდა დაწერო, აუცილებლად.

დანი. რატომ არ შეიძლება ჩავარდნაც სასიამოვნო იყოს?
ანა. ეს არ იყო ჩავარდნა.

დანი. ასე ამბობენ და შესაბამისად, ასეც არის. მე კი დიდებაზე ვოცნებობდი. ნამდვილი მწერალი… ყველაფერ ამაზე მაღლა დგას.

ანა. სისულელე.

დანი. როდესმე პრესაში გაუკრიტიკებიხარ? ხოდა, მოკეტე.
ჰო, მართლა, დოქტორ ლარის ფოტოგრაფიაზე ესაუბრები ხოლმე?
მან რეის თაყვანისმცემელია თუ კარშის?
მასთან ძალიან მალე მოგწყინდება.

ანა. არა, არ მომწყინდება. მასთან მშვენივრად ვერთობი.

დანი. (სასოწარკვეთილი) ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნამოქმედარია.
რა ჯანდაბა გინდოდა იმ აკვარიუმში?

(ხუმრობს) ჩემზე არ ფიქრობდი?

ანა. არა. ალისა როგორ არის?

დანი. მშვენივრად. მართლა გიყვარს ლარი?

ანა. კი, ძალიან.

პაუზა.

დანი. (აღელვებული) ცოლადაც ხომ არ მიყვები?

ანა. სავსებით შესაძლებელია.

დანი. ეგ არ ქნა. მე გამომყევი. ბავშვებიც გვეყოლება და ყველაფერიც. მისგან ხომ არ გააჩენ შვილებს _ სამი გოჭი თეთრ ხალათებში.
არ გაყვე ცოლად. მე გამომყევი.
ერთად დავბერდებით… ერთად მოვკვდებით… ბორმუტის პლიაჟზე ვისხდებით ხოლმე, პლედმოხვეულები.
მე გამომყევი.

ანა. (იღიმის) მე შენ არ გიცნობ.

დანი. ძაან კარგადაც მიცნობ.
მე ხომ ეს გრძნობა შენს მიმართ არ მექნებოდა, შენ რომ გულგრილი ყოფილიყავი?
ანა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი _ ეს ჩვენი ბრალი არ არის. ტყუილად დროს ნუ აკარგვინებ.

ანა. მთელი წელია არ მინახიხარ.

დანი. არა, გინახივარ.

ანა. მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი დღე ჩემ სტუდიასთან დაყიალობ.

დანი. მე არ დავყიალობ. უბრალოდ… იქ ვარ ხოლმე, შორი-ახლოს. როცა იქ არ ვარ, კარგად მეძებ ხოლმე?

ანა. რა იცი, რომ გეძებ, იქ თუ არ ხარ?

დანი. იმიტომ რომ მაშინაც იქ ვარ ხოლმე… ცოტა მოშორებით… (სხვათაშორის, მომეწონა შენი ნამუშევრები, ძალიან ტრაგიკულია).

ანა. (სარკასტრულად) მადლობ.

დანი ჩემოდანზე მიანიშნებს.

დანი. ვიცი, რომ ცოტა “უხერხულია”… მამაჩემის დასაფლავებაზე მივდივარ _ წამო ჩემთან ერთად.

ანა. მამა მოგიკვდა?

დანი. კი, მაგრამ მას ვერ ვიტანდი _ ვერ ვიტანდი კი არა… ეს არ არის მნიშვნელოვანი. მე და შენ _ ახლა ეს არის მნიშვნელოვანი.
წამომყევი, გაატარე ჩემთან ერთად შაბათ-კვირა და მერე მოიფიქრებ.

ანა. მამაშენის დასაფლავებაზე წამოსვლა არ მინდა.
და… არც მოსაფიქრებელი მაქვს რამე.
ალისაზე აღარ ფიქრობ?

დანი. გადაიტანს.
აღარ შემიძლია მისი მამობა.
ანა, შენ გინდა საკუთარი თავი დააჯერო, რომ ის… “ის” არის… მაგრამ ეს ასე არ არის… შენ რაღაცის გეშინია.

ანა. მე არაფრის არ მეშინია. მე ის მიყვარს.

დანი. რატომ?

ანა. იმიტომ!

დანი. ერთი რამე დამისახელე, რისთვისაც გიყვარს?

ანა. კეთილია.

დანი. (გაბრაზებული) ნუ გამიტრაკე საქმე ამ “სიკეთით”. “სიკეთე” მოსაწყენია, “სიკეთე” დაგახრჩობს. ალისაც “კეთილია”, მეც “კეთილი” ვარ, ყველას შეუძლია კეთილი იყოს!
(რბილად) უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია.

ანა. შეგიძლია… ცხოვრობ კიდეც.

პაუზა.

დანი. ეს მე არ ვარ. მე ამას არ ვაკეთებ.
სიტყვები გაიცვითა, ახალს კი ვერაფერს ვიგონებ… მე შენ მიყვარხარ.

პაუზა.

ანა. არა, არ გიყვარვარ.

დანი. დიახაც… მიყვარხარ. შენ მე მჭირდები.
ვერ ვფიქრობ, ვერ ვმუშაობ, ვერ ვსუნთქავ.
დავიხოცებით.
ძალიან გთხოვ… მიშველე.
შემომხედე.

ანა დანს შეხედავს.

მითხარი, რომ არ გიყვარვარ.

პაუზა.

ანა. არ მიყვარხარ.

პაუზა.

დანი. რატომ იტყუები?
კარგი, შემდეგ კვირას შევხვდეთ. ძალიან გთხოვ, ანა… გემუდარები… მე ვარ შენი უცნობი… გაბედე.

დუმილი. დანი და ანა ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. შემოდის ლარი; უყურებს მათ. დანი შეამჩნევს და წასვლას დააპირებს.

ანა. თქვენი ჩემოდანი.

დანი ბრუნდება, ჩემოდანს იღებს და მიდის.

პაუზა.

ლარი. სალამი… რაო უცნობმა?

თავით დანისკენ მიანიშნებს.

ანა. სალამი.

ლარი. დაძაბული საუბარი გქონდათ?

პაუზა.

ანა. მამა მოუკვდა. შენ რა, მითვალთვალებდი?

ლარი. თვალს გადევნებდი, სიყვარულით _ (ტელესკოპიდან)

ანას აკოცებს.

სიცოცხლეში უფრო მაღალია, ვიდრე ფოტოზე.

ანა. მისი ფოტო _ მისი პორტრეტია.

ლარი. აჰა, ვიცი, მაგრამ ფოტოზე მისი თავი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მოკლე ტანი უნდა ჰქონდეს… სინამდვილეში კი… მოკლედ… მატყუარა თავი აქვს.

ანა. მატყუარა თავი?

ლარი. ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში გრძელი ტანი ქონია. კაი მუტრუკი ყოფილა.

ანა იცინის.

მაგრამ მე მაინც წავკუზავდი.

ანა. რას იზამდი?

ლარი. ჩხუბში, თუ საჭირო იქნებოდა, წავკუზავდი.

ანა იღიმის.

უთხარი “კუპიდონს” რომ ვეძახით?

ანა. არა, ეს ჩვენი ხუმრობაა.

ანა ლარის სვიტრს მოქაჩავს, თავისკენ მოიწევს.

ლარი. ადრე ქაშმირის არაფერი მქონია. დიდი მადლობა. ისე ვარ, როგორც კონკია წვეულებაზე.

ანა. (კმაყოფილი) ნამდვილი გლეხი ხარ.

ლარი. შენ ხომ ეს მოგწონს.

ლარი მას მოეხვევა.

მე კი პატარა ალისას წავეჭორავე.

ანა. მოგეწონა?

ლარი. კი, მაგრამ შენ მაინც არ გჯობია.

ანა. რატომ?

ლარი. შენ ქალი ხარ… ის კი პატარა გოგო.
იდიოტური ახალგაზრდული სილამაზე აქვს… მაგრამ ისე მაგარი ეშმაკია.

ანა. მე მგონი, ძაანაც გულწრფელია.

ლარი. უნდა, რომ ასეთად მოგაჩვენოს თავი.
არ დაგავიწყდეს, რომ საქმე გაქვს ადამიანთა მოდგმის პროფესიონალ მკვლევართან.

ანა. რას მელაპარაკები?

ლარი. დიახაც.

ანა. მგონი უფრო კატას გავხარ, ახლახანს რომ რძე მიირთვა; აღარ მორჩები ტუჩების ლოკვას?

პაუზა. ანა ნელა ტრიალდება ლარისკენ.

ლარი. (ცივად) ასეთი საშინელებები ჩემთვის არასდროს გითქვამს.

ანა. ღმერთო ჩემო, მაპატიე. ცუდად მოვიქეცი, ასეთი რამ არ უნდა მეთქვა. უბრალოდ… ჩემი ნათესავები არიან აქ და მეგობრები… ხო ხვდები… კარგი, დამნაშავე ვარ. მაპატიე.

პაუზა.

ლარი. დაივიწყე. ვიცი რასაც გულისხმობ. მორჩა, მეტს არ შეგიჩნდები.

ანა კოცნის ლარის.

მამაშენი გავიცანი…

ანა. ვიცი. იცი რა მითხრა შენზე? “მომეწონაო”. ასეთი რამ არასდროს არავიზე არ უთქვამს. ყველას მოეწონე; ჩემმა დედინაცვალმა თქვა, ძალიან ლამაზიაო. “არაჩვეულებრივი ხელები აქვსო, წარმომიდგენია, ჭრილობებს როგორ ნაზად კერავს ამ ხელებითო”.

ლარი. ესე იგი, არ ჩათვალეს, რომ “დაბალი დონის” ვარ?

ანა. არა. შენ არ ხარ “დაბალი დონის”, შენ არაჩვეულებრივი ხარ.

ლარი ანას მოეხვევა.

ლარი. შენ თუ მოგეწონა ჩემები?
მათ ძალიან მოეწონე.

ანა. დედაშენს ძალიან… კეთილი სახე აქვს.

ერთმანეთს უყურებენ.
ფარდა.

სცენა VI

სახლის ინტერიერები.
შუაღამე. ივნისი (ერთი წლის შემდეგ).

ანა შეზლონგში ზის.

პატარა ტახტზე ალისას მოკუნტულს ძინავს. ზოლიანი პიჟამო აცვია. გვერდით ნახევრადშეჭმული წითელი ვაშლი უდევს.

ქალები სხვადასხვა ოთახებში არიან.

შემოდის დანი. ხელში უჭირავს ყავისფერი ჩანთა პირველი სცენიდან. დანი ალისას უყურებს. ცოტა ხანში ალისა იღვიძებს.

ალისა. სად იყავი?

დანი. სამსახურში. მერე ჰარისთან ერთად დავლიე. ხომ იცი, ჰარის ერთი ჭიქა არასოდეს ყოფნის.

ალისა. ჭამე რამე? ბუტერბროდები გაგიკეთე _ უქერქო.

დანი. არ მშია.

პაუზა.

ალისა. რა მოხდა? რა სახე გაქვს?

დანი შეწუხებულია.

დანი. არა, ვეღარ მოგატყუებ.
ანასთან ერთად ვიყავი.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. თითქმის ერთი წელია უკვე რაც ვხვდებით.

დუმილი.

ალისა დგება და ნელა გადის.

სცენის მეორე მხარეს ლარი შემოდის. ხელში ჩემოდანი, ჩანთები და დუტყ-ფრეე-ს პარკები უკავია.

ლარი. (ანას) არ გაინძრე!
მინდა სამუდამოდ დავიმახსოვრო ეს მომენტი: პირველად ჩემს ცხოვრებაში ჩამოვდივარ მივლინებიდან და შინ ცოლი მხვდება.
ამიერიდან _ ზრდასრული კაცი ვარ.

ანას კოცნის.

მადლობ, რომ დამელოდე, ძვირფასო. ჩემო ქალღმერთო.
ძალიან მომენატრე.
ღმერთო ჩემო, როგორ დავიღალე.

ანა. თვითმფრინავში არ გეძინა?

ლარი. არა. ვიღაც ხუჭუჭა გერმანელი მეჯდა გვერდზე და მესერშმიტივით ხვრინავდა.

ლარი პიჯაკს იხდის, ანას პიჯაკი მიაქვს.

რომელი საათია?

ანა. შუაღამეა.

ლარი. იქ კი კერ კიდევ შვიდი საათია.
რა უცნაური რამეა ეს დრო.
თავი მისკდება. ტვინიც კი მტკივა.

ანა. შეჭამ რამეს?

ლარი. არა, თვითმფრინავში წავიხემსე. აბაზანაში შევალ.

ანა. წყალი აგივსო?

ლარი. არა, შხაპს მივიღებ.

ლარი პერანგს ამოიწევს შარვლიდან და ფეხსაცმელს გაიხდის.

ხომ კარგად ხარ?

ანა. მჰ.

თავს უქნევს.

პაუზა. ერთმანეთს უყურებენ.

როგორ ჩაიარა…?

ლარი. როგორც ყოველთვის დერმატოლოგების კონფერენციებზე _ ნამდვილი აყალ-მაყალი იყო.

ლარი ჩემოდნიდან სკოტჩის ბოთლს ამოიღებს და ყელიდან მოსვამს.

ანა. სასტუმრო?

ლარი. ვიღაცამ მითხრა, რომ სასტუმრო “პარამაუნტის” მთელი პერსონალი _ კონსიერჟი, კურიერები, ოფიციანტები _ ყველა ბოზები ყოფილან. შენ იცოდი ეს?

ანა. ეს ყველამ იცის.

ლარი. მე არ ვიცოდი. გინდა ცოტა?

ლარი ბოთლს გაუწვდის. ანა მოსვამს.

ვგიჟდები ნიუ იორკზე. საოცარი ქალაქია: ოცდაოთხსაათიანი ჰიტ-პარადი, სახელწოდებით “რაც შენს გულს სურს”.
მერე კი, ბრუნდები ჰითროუში და პირველი, რასაც ხედავ, ეს… ხალიჩაა.
ეს აუტანელი ხალიჩა.
რა საშინელი ფერი აქვს ამ ხალიჩას ჰითროუში?
ალბათ, სპეციალურად დააგეს, უცხოელებმა ინგლისი სერიოზულად რომ არ აღიქვან.
ფუ, რა სუნი ამდის.

ანა. რა გჭირს? კარგად ხარ?

ლარი. კი. მისმინე, ხომ არ გვეჟიმავა?

პაუზა.

ანა. ამ წუთას ვიბანავე.

ლარი. ესე იგი თვითმომსახურება აბაზანაში “Eლლე Dეცორატიონ”.

ანა. ეს აბაზანა შენ თვითონ შეარჩიე.

ლარი. ხო, და ყოველთვის, როცა ვბანაობ, ჩემი თავი ბინძური მგონია. ის ჩემზე უფრო სუფთაა! და თანაც ჯიუტი ხასიათი აქვს. სარკე ყოველ ჯერზე მეკითხება: “ვინ ხარ, შე ჩემა?”

ანა. შენ თვითონ შეარჩიე.

ლარი. ეს არ ნიშნავს, რომ მე ის მომწონს. ეს ყველაფერი ჩვენ… არ უნდა გვქონდეს.

ლარი ხელით ოთახზე მიანიშნებს.

ანა. ბურჟუაში ნამუსმა გაიღვიძა?

პაუზა. (მოჭრილად) ბურჟუაში კი არა, მშრომელში.

ლარი ანას უყურებს.

კი მარა, აბაზანიდან თუ გამოხვედი, ჩაცმული რატომ ხარ?

პაუზა.

ანა. რძე გაგვითავდა.

ლარი. გასაგებია.

ლარი წასვლას აპირებს, შეჩერდება.

ხომ კარგად ხარ?

ანა. კი. შენ?

ლარი. მეც…

ლარი გადის.
ალისა შემოდის. აცვია შავი პალტო პირველი სცენიდან, ხელში ზურგჩანთა უკავია.

ალისა. მე მივდივარ.

დანი. მაპატიე.

ალისა. უადგილოა. რა გაპატიო?

პაუზა.

დანი. ყველაფერი.

ალისა. ადრე რატომ არ მითხარი?

პაუზა.

დანი. სიმხდალე.

ალისა. იმიტომ რომ ჭკვიანია?

დანი. არა, იმიტომ რომ… მე მას არ ვჭირდები.

პაუზა.

ალისა. აქაც მოგიყვანია?

დანი. კი.

ალისა. და აქ იჯდა ხოლმე?

დანი. ხო.

პაუზა.

ალისა. კი მაგრამ, ხო გათხოვდა?

დანი. მაშინ აღარ მხვდებოდა.

პაუზა.

ალისა. ეს როდის იყო? სოფელში რომ ვიყავით, მაშინ? ქორწინების მესამე წლისთავის აღსანიშნავად?

დანი. ხო.

ალისა. იმდენი კაცობა მაინც გეყოს, თვალებში შემომხედო.

დანი მას უყურებს.

ალისა. ურეკავდი და ემუდარებოდი დაგბრუნებოდა, არა?
მარტო რო მიდიოდი ხოლმე სასეირნოდ და საათობით იკარგებოდი?

დანი. ხო.

ალისა. ფუ, რა ნაგავი ხარ.

დანი. ტყუილი საშინელებაა, არ გეგონოს, რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.

ალისა. როგორ?… ასე როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე?

დუმილი.

დანი. არ ვიცი.

ალისა. როგორც ჩანს, საკმარისად კარგი არ ვარ. მე მივდივარ.

დანი ალისას აჩერებს.

დანი. უკვე გვიანია, ქუჩაში სიარული სახიფათოა.

ალისა. აქ ყოფნა არ არის სახიფათო?

დანი. შენი ნივთები?

ალისა. მე არ მჭირდება “ნივთები”.

დანი. სად წახვალ?

ალისა. გავქრები.

შემოდის ლარი. ნაბანავებია. ხალათი აცვია. ანას ფეხსაცმლის ყუთს აწვდის.

ლარი. “სულთანი” საჩუქრებით დაბრუნდა.

ანა ყუთიდან ფეხსაცმელებს იღებს.

დანი ალისას უახლოვდება.

ალისა. არ მომიახლოვდე.

ანა. (ლარის) ძალიან ლამაზია. მადლობ.

ლარი კოცნის ანას.

ლარი. ხო, მართლა, ალისა იყო სასტუმრო “პარამაუნტში”.

ანა. რაა?

ლარი. ჰოლში ბარათებს ყიდდნენ, მეც ვიყიდე ერთი, შენზე მოთხოვნილება რომ გაიზარდოს.

ლარი ხალათის ჯიბიდან ბარათს ამოიღებს და მეორე მხარეზე დაწერილ ტექსტს წაიკითხავს.

“ახალგაზრდა ქალი, ლონდონი”.

ბარათს ანას აწვდის.

შენი წიგნიც ქონდათ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
ვიღაცამ ერთი ცალი იყიდა კიდეც! ვიღაც სასაცილო წვეროსან სტუდენტს ნერწყვები წამოუვიდა შენი ფოტო რომ დაინახა _ მოეწონე…
ძაან ამაყი ვიყავი _ შენ ნიუ იორკი დაიპყარი.

ანა. არაჩვეულებრივი ხარ.

ლარი. ხო და, ეს მუდამ გახსოვდეს.

ლარი გადის.

ალისა. კარგად დაფიქრდი.
გეხვეწები, კარგად დაფიქრდი.
შენი ნახვა შემიძლია?
დან, შეიძლება გნახო ხოლმე?
მიპასუხე.

დანი. არა, ეს შეუძლებელია. თუკი ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე, ვეღარასდროს მოგწყდები.

პაუზა.

ალისა. ვინმე რომ შემხვდეს, რას იზამ?

დანი. ვიეჭვიანებ.

პაუზა.

ალისა. ჯერ კიდევ გინდივარ?

დანი. რასაკვირველია.

ალისა თავს აქნევს.

ალისა. იტყუები. კარგად გიცნობ.

ალისა ტირილს იწყებს.

ჩამეხუტე მაინც.

დანი მას ეხუტება.

თავი მოგაბეზრე…

დანი. არა. არა.

ალისა. როდესმე გიყვარდი?

დანი. ყოველთვის მეყვარები. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა.

ალისა. მაშინ რატომ აკეთებ ამას?

დანი. იმიტომ რომ… ეგოისტი ვარ და ვფიქრობ, რომ მასთან უფრო ბედნიერი ვიქნები.

ალისა. არ იქნები, მე მოგენატრები. ჩემსავით არავის ეყვარები.

დანი. ვიცი.

პაუზა.

ალისა. ჩემი სიყვარული არ გყოფნის?
სულ მე მივდივარ ხოლმე.
შენგანაც მე უნდა წავიდე.
სულ მე მივდივარ.

ალისა კოცნის დანს. ისიც კოცნითვე პასუხობს. ალისა ხელს კრავს.

ჩაი მოადუღე… ბასტერ.

დანი გადის.
ალისა და ანა მარტონი არიან.
შემოდის ლარი. მას შარვალი და ქაშმირის შავი სვიტრი აცვია, მეხუთე სცენიდან.

ანა. რატომ ჩაიცვი?

ლარი. იმიტომ რომ, ეხლა შენ, ალბათ, მიმატოვებ და ხალათში ყოფნა არ მინდოდა.
ნიუ იორკში ერთ ქალთან ვიყავი.
ბოზთან.
მაპატიე.
გთხოვ, არ მიმატოვო.

პაუზა.

ანა. რატომ?

ლარი. სექსი. სექსი მინდოდა. (პრეზერვატივი ვიხმარე).

პაუზა.

ანა. მერე… მოგეწონა?

ლარი იჭმუხნება.

ლარი. … კი …

ანა. “პარამაუნტის” ბოზთან?

ლარი. არა… ორმოცდა… რომელიღაც ქუჩიდან.

ანა. სად წახვედით?

ლარი. მასთან.

ანა. კარგი სახლი აქვს?

ლარი. ჩვენზე კარგი არა. ძალიან ვწუხვარ.

პაუზა.

ანა. კი მაგრამ, რატომ მითხარი?

ლარი. არ შემიძლია შენი მოტყუება.

ანა. რატომ?

ლარი. იმიტომ, რომ მიყვარხარ.

პაუზა.

ანა. შესანიშნავია.

ლარი. მართლა? რატომ?

ანა ფეხსაცმელს უყურებს.

ანა. თავი დამნაშავედ იგრძენი და იმიტომ მიყიდე?

ლარი. მიყვარხარ და იმიტომ გიყიდე. რა მოხდა… ანა…

ანა ლარისკენ ტრიალდება.

მშორდები?

ანა თავს უქნევს.

რატომ?

ანა. დანი.

პაუზა.

ლარი. “კუპიდონი”? ჩვენი ხუმრობა.

ანა. მე ის მიყვარს.

პაუზა.

ლარი. ხვდებით?…

ანა. კი.

ლარი. დიდი ხანია?

ანა. შარშანდლიდან, გამოფენის მერე. ამაზრზენი ვარ.

პაუზა.

ლარი. ცოლად რაღატომ გამომყევი?

ანა. მაშინ აღარ ვხვდებოდი, მინდოდა, რომ შენთან ერთად ვყოფილიყავი.

ლარი. (მკაცრად) რატომ მეუბნებოდი, რომ ბავშვები გინდა?

ანა. იმიტომ, რომ მინდოდა.

ლარი. ახლა იმისგან გინდა ბავშვები?

ანა. ხო _ არ ვიცი _ მაპატიე.

პაუზა.

ლარი. რატომ?

პაუზა.

ანა. მე ის მჭირდება.

დუმილი.

ლარი. მაგრამ… ჩვენ ხომ ბედნიერები ვართ… არა?

ანა. კი.

პაუზა.

ლარი. მასთან იცხოვრებ?

ანა. ხო. შეგიძლია აქ დარჩე, თუ გინდა.

ლარი. “გაყოფაზე” მელაპარაკები? სულ არ მკიდია ეს სახლი!

გამოდის ალისა ზურგჩანთით ხელში.

თავიდანვე რატომ არ მითხარი სიმართლე?

ანა. შემეშინდა.

ლარი. შეგეშინდა, არა? გატუტუცებული ნაბოზარი ხარ.

შემოდის დანი, ხელში ორი ჩაის ჭიქა უჭირავს, ხედავს, რომ ალისა წავიდა. თვითონაც გადის.

იმიტომ ჩაიცვი, რომ გეგონა დაგარტყამდი?

ლარი ნელ-ნელა უახლოვდება ანას.

(ახლოდან) შენ მე ვინ გგონივარ?

ანა. ჩემთვის ადრეც დაურტყამთ.

ლარი. მე არ დამირტყამს.

ლარი ანას აჯდება.

კარგად გჟიმავს?

ანა. მორჩი ეხლა.

ლარი. მიპასუხე. ლოგინში კარგია?

პაუზა.

ანა. კი.

ლარი. ჩემზე კარგია?

ანა. განსხვავებული.

ლარი. ჩემზე კარგია-თქო?

ანა. უფრო ნაზი.

ლარი. ეს რას ნიშნავს?

ანა. იცი, რასაც ნიშნავს.

ლარი. მითხარი.

ანა. არა.

ლარი. მე რა, ბოზივით გექცევი?

ანა. ზოგჯერ.

ლარი. ნეტა რატო?

დუმილი.

ანა. მაპატიე, შენ…

ლარი. მოკეტე, შე ბოზო. ეხლა არ მითხრა “მე შენი ღირსი არ ვარო”, ისედაც კარგად ვიცი, აღარ არის საჭირო ამის თქმა.

ლარი ანას წინ მუხლებზე დაეშვება.

(რბილად) ანა, უდიდეს შეცდომას უშვებ. ჩემგან იმიტომ მიდიხარ, რომ ფიქრობ, რომ ბედნიერების ღირსი არა ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის, ანა…

ანას უყურებს.

იმიტომ იბანავე, რომ სექსი გქონდათ?

ანა ლარის უყურებს. ლარი გაიწევა.

მისი სუნი რომ არ გქონდეს, ხო? თავი რომ დამნაშავედ არ იგრძნო, ხო? რაზე ფიქრობ?

ანა. დამნაშავე ვარ.

პაუზა.

ლარი. როდესმე გყვარებივარ?

ანა. კი.

ლარი. დიდი მადლობა, რა.

დუმილი. ლარი წუხს.

ანა…… ძალიან გთხოვ,… არ მიმატოვო…… გეხვეწები.

ანა ლარის მოეხვევა.

სცენა მეორე მხრიდან. ისევ გამოჩნდება დანი. იგი ტახტზე დაჯდება.

აქაც შვებოდით ამას?

ანა. არა.

ლარი. რატომ?

ლარი ანას მოშორდება.

(უხეშად) სიმართლე მითხარი.

პაუზა.

ანა. ხო, აქაც.

ლარი. სად?

პაუზა.

ანა. იქ.

ლარი. ამაზე?

შეზლონგზე მიუთითებს.

პირველად ხომ ამ შეზლონგზე ვიტყნაურეთ.
ჩემზე არ ფიქრობდი?
როდის?
როდის იყავით აქ?
მიპასუხე.

ანა. (შეშინებული) დღეს საღამოს.

პაუზა.

ლარი. გაათავე?

ანა. რა გინდა, ვერ გავიგე?

ლარი. მინდა, ვიცოდე.

პაუზა.

ანა. (ჩუმად) ხო… გავათავე.

ლარი. რამდენჯერ?

ანა. ორჯერ.

ლარი. როგორ?

ანა. ჯერ მკოცნიდა, მერე კი…

პაუზა.

ლარი. ზუსტად როგორ?

ანა. (უხეშად) ჯერ მე ვიყავი ზემოდან, მერე კი უკნიდან გამჟიმა.

ლარი. მაშინ გაათავე მეორედ?

ანა. სექსს რა მნიშვნელობა აქვს?

ლარი. აქვს, იმიტომ, რომ მე ცხოველი ვარ.
შენს თავს ეფერებოდი, როცა გჟიმავდა?

ანა. ხო.

ლარი. აგიჟებ, არა?

ანა. ხო.

ლარი. ის რას აკეთებს?

ანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც სექსის დროს აკეთებენ ხოლმე.

ლარი. მინეტს უკეთებ?

ანა. ხო.

ლარი. მოგწონს მისი ყლე?

ანა. ვგიჟდები.

ლარი. მოგწონს, სახეზე რომ გითავებს?

ანა. ძალიან.

ლარი. როგორი გემო აქვს?

ანა. შენნაირი, ოღონდ ცოტა უფრო ტკბილი.

ლარი. აი, მესმის ვნება. საღოლ. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. ეხლა კი, მიდი, გააჯვი, შე დედამოტყნულო.

ფარდა.

Closer by Patrik Marber

მეორე აქტი

სცენა VII

სტრიპტიზ-კლუბი.
გვიან საღამოს. სექტემბერი (სამი თვის შემდეგ).

ლარი ზის. მას კოსტუმი აცვია.

მის წინ ალისა დგას. მას მოკლე კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, თავზე პარიკი ახურავს.
ფეხზე ლენტი აქვს შემოხვეული; ლენტის ქვეშ ფული უდევს.

ცალკე ოთახში არიან. საიდანღაც მუსიკა ისმის.
ლარი მიშტერებული უყურებს ალისას. ალისა უღიმის. მის მიმართ კეთილგანწყობილია.

დუმილი.

ლარი. მე შენ მიყვარხარ.

პაუზა.

ალისა. მადლობ.

პაუზა.

ლარი. ამ ოთახს რა ქვია?

ალისა. “ლუქს-სამოთხე”.

ლარი. რამდენი ლუქს-სამოთხე გაქვთ?

ალისა. ექვსი.

პაუზა.

ლარი. შენთან სალაპარაკოდ ფული უნდა გადავიხადო?

ალისა. არა, მაგრამ თუ გინდა, გადამიხადე რამე.

ოციანს ამოიღებს. ალისა ფეხს გამოწევს. ლარი ფულს ლენტში გაურჭობს.

მადლობ.

ლარი. ნიუ იორკში ვიყავი ასეთ კლუბში. მაგრამ აქ სულ სხვაა.
პორნოგრაფია ყვავის ჩვენთან _ ყოჩაღ, ინგლისო.
ჯანმრთელი პროგრესი, მართალს არ ვამბობ?

ალისა. ინგლისს ყველაფერი საუკეთესო ამერიკიდან შემოაქვს.

ლარი. ოცი წლის წინ აქ ხშირად მოვდიოდი ხოლმე…… აქ პანკ-კლუბი იყო…… იქ კი სცენა……

ლარი ცდილობს გაიხსენოს.

ყველაფერი იცვლება.

ლარი სასმელს მოსვამს.

შენ რამდენის იყავი ოცი წლის წინ?

ალიას. ოთხის.

ლარი. ღმერთო ჩემო, როცა მე შლიაქსები მეცვა, შენ საცვლებში დადიოდი.

ალიას. ჩემი საცვლებიც კლოში იყო.

ლარი იცინის.

ლარი. ანგელოზის სახე გაქვს.

ალისა. მადლობ.

ლარი. შენ ფისოს რისი გემო აქვს?

ალისა. სამოთხის.

პაუზა.

ლარი. დიდი ხანია აქ მუშაობ?

ალისა. სამი თვეა.

ლარი. როგორც კი მიგატოვა?

ალისა. მე არავის მივუტოვებივარ.

პაუზა. ლარი ოთახს შეათვალიერებს.

ლარი. დღეს აქ უკვე იყავი?

ალისა. კი.

ლარი. ვისთან ერთად?

ალისა. ერთ წყვილთან _ ქალი და კაცი.

ლარი. და რას აკეთებდი?

ალისა. რა ვიცი, გავიხადე, ვცეკვავდი, ვიხრებოდი.

ლარი. ააღელვე?

ალისა. მგონი, კი.

ლარი. რაზე ლაპარაკობდით?

ალისა. რავი, ხან რაზე, ხან რაზე.

ლარი. სიმართლეს ეუბნებოდი?

ალისა. თან კი, თან არა.

ლარი. მე სიმართლეს მეუბნები?

ალისა. კი.

ლარი. თან არა.

ალისა. შენ სიმართლეს გეუბნები.

ლარი. რატომ?

ალისა. იმიტომ, რომ შენ სწორედ ეს გინდა.

ლარი. მართალია, მე სწორედ ეს მინდა.

ალისას უყურებს.

შესანიშნავი პირი გაქვს.

ალისა. მადლობ.

ლარი. შენც იღზნები ხოლმე?

ალისა. რავი, ზოგჯერ.

ლარი. მატყუარა. მეუბნები, რომ იღზნები, იმიტომ, რომ ფიქრობ, რომ მე სწორედ ამის მოსმენა მინდა. გგონია, რომ მე მაღზნებს ის, რომ შენ იღზნები?

ალისა. რა, ის რო ვსველდები, როცა ვიხდი უცნობის წინ, შენ არ აღგაგზნებს?

ლარი. ნუ, თუ კი ასეა… კი.

ალისა საკუთარი საჯდომის დემონსტრირებას ახდენს.

მეკეკლუცები?

ალისა. შეიძლება.

ლარი. კეკლუცობა ნებადართულია?

ალისა. რასაკვირველია.

ლარი. მართლა?

ალისა. არა, ვიტყუები. მე წესებს ვარღვევ.

ლარი. მაშაყირებ, ხო?

ალისა მის პირდაპირ ჯდება.

ალისა. დიახ, კეკლუცობა ნებადართულია.

ლარი. რაც შეიძლება მეტი ფული რომ გამომტყუო, არა?

ალისა. ყველაფრის ლაპარაკი და გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გამოგტყუო.

ლარი. შეხებაც?

ალისა. შეხება არ შეიძლება.

ლარი. შენ ფიქრობ, ეს სწორია?

ალისა. რავი, აბა.

პაუზა.

ლარი. ფეხები გაშალე.

ალისა ემორჩილება.

უფრო ფართოდ.

ისევ ემორჩილება. პაუზა. ლარი ფეხებს შორის უყურებს.

ეხლა რომ შეგეხო, რა მოხდება?

ალისა. დაცვას დავუძახებ.

ლარი. დაცვა რას იზამს?

ალისა. მოგთხოვენ, რომ აქაურობა დატოვო.

ლარი. რომ შევეწინააღმდეგო?

ალისა. გაგიყვანენ. ეს სარკე ორმხრივია.

თავით მაყურებლის დარბაზისკენ მიუთითებს.

ჭერში კი კამერებია.

პაუზა. ლარი დარბაზისკენ იყურება.

ლარი. მართალი ხარ, უმჯობესია არ შეგეხო.

ალისას უყურებს.

ისე, ძალიან მინდა შეგეხო… მოგვიანებით.

ალისა. მე ბოზი არ ვარ.

ლარი. ფულს არ გადაგიხდი.

თვალს ვერ წყვეტს.

იმ კრეტინმა როგორ მიგატოვა?

პაუზა.

ალისა. სად მუშაობ?

ლარი. შეკითხვა დამისვი?
ტყავით ვვაჭრობ.

ალისა. სტრიპტიზ-კლუბების მფლობელი ხარ?

ლარი. (იღიმება) რა, სტრიპტიზ-კლუბების მფლობელს ვგავარ?

ალისა. კი.

ლარი სარკე/მაყურებელს უყურებს.

ლარი. სტრიპტიზ-კლუბების მფლობელები როგორები არიან?

ალისა. მდიდარი.

ლარი. ფეხები შეატყუპე. არავითარი სტრიპტიზ-კლუბი მე არ მაქვს.

ალისა. აბა, გოლფ-კლუბები გაქვს?

ლარი. კარგად იცი, სადაც ვმუშაობ.

დგება.

ჯეინი რატომ დაირქვი?

ალისა. იმიტომ, რომ ჯეინი მქვია.

ლარი. ეს ასე არ არის.
აქ ყველას ინკოგნიტოდ დარჩენა გსურთ. იმ გოგოს, “ვენერას” ნამდვილი სახელი რა არის?

ალისა. პლუტონი.

ლარი. თავხედი ხარ.

ალისა. თუ გინდა, აღარ ვითავხედებ.

ლარი. არა.

პაუზა.

ალისა. შენ რა გქვია?

ლარი ფიქრობს.

ლარი. დანიელი.

პაუზა.

ალისა. დანიელ-დერმატოლოგი.

ლარი. მე შენთვის არ მითქვამს, სად ვმუშაობ.

ალისა. მე თვითონ მივხვდი.

ლარი ალისას უყურებს.

ლარი. (ინტიმურად) შენ ძლიერი ხარ.

თქვენთან მანდ კიდე ერთი მუშაობს (შრამებით თუ ვიმსჯელებთ, ძუძუების ექიმთან უნდა იყოს ნამყოფი), ამბობს, რომ “კუპიდონი” ქვია. არ იცის, რომ კუპიდონი კაცი იყო?

ალისა. კაცი კი არა, პატარა ბიჭი.

პაუზა.

ლარი. მინდა, რომ შენი სახელი მითხრა. ძალიან გთხოვ.

ოციანს აძლევს.

ალისა. მადლობ, მე ჯეინი მქვია.

ლარი. შენი ნამდვილი სახელი.

კიდევ ოციანს აძლევს.

ალისა. მადლობ. ჩემი ნამდვილი სახელია ჯეინი.

ლარი. ცოტა ფრთხილად.

კიდევ ოციანს აძლევს.

ალისა. მადლობ, მაგრამ მაინც ჯეინი მქვია.

ლარი. კიდე ხუთასი ფუნტი მაქვს.

ლარი ფულს იღებს.

მოდი, მე – მთელ – ამ – ფულს – მოგცემ, შენ კი შენს ნამდვილ სახელს მეტყვი,

ლარი ფულის შეკვრით ნიკაპს წამოუწევს.

ალისა.

ალისას ფულის აღება უნდა. ლარი ხელს წევს.

ალისა. გპირდები.

ლარი მას ფულს აძლევს.

მადლობ. ჩემი ნამდვილი სახელია უბრალოდ _ ჯეინ ¬¬_ ჯონსი.

ლარი. მე შეიძლება მდიდარი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ.

ალისა. რა სამწუხაროა, ექიმო, ვგიჟდები მდიდარ სულელებზე.

ლარი. ნუ მეხუმრები, ბოზო.

ალისა. ბოდიშს გიხდი.

ლარი. მიღებულია. აქ ყველა გოგო ერთნაირია _ რობოტები, დაყლევებული თოჯინები. შენც ეგეთი ხარ. მოგონილი სახელები გაქვთ, საკუთარი თავი რომ მოატყუოთ, რომ ვითომ თქვენ თქვენ არ ხართ, უცხო ხალხთან ტრაკის დემონსტრირების რომ არ შეგრცხვეთ.
მე ვცდილობ ადამიანურად დაგელაპარაკო.

ალისა. ფული გაგითავდა, ბასტერ.

ლარი. ამ ოთახის ფული გადახდილია.

ალისა. ეს ოთახის ფასში არ შედის.

პაუზა.

ლარი. ჩვენ შარშან შევხვდით ერთმანეთს.

ალისა. ის სხვა გოგო იყო.

ლარი. ანას გამოფენაზე… ლოყაზე მოგეფერე… ვიცი, რომ იტანჯები. ვიცი, რომ… ცუდად ხარ.

დამელაპარაკე.

ალისა. გელაპარაკები.

ლარი. რეალურ ცხოვრებაში დამელაპარაკე.

არ ვიცოდი, აქ თუ იყავი.

მე ვიცი, ვინც ხარ.

მე მიყვარს შენი შრამი, ყველაფერი მიყვარს, რაც შენ გტკივა.

დუმილი. ლარი ნელ-ნელა ტირილს იწყებს.

ჩემი დანახვაც კი არ უნდა…

შენც იგივეს გრძნობ, რასაც მე, მე ეს ვიცი.

ალისა. აქ ტირილი არ შეიძლება.

ლარი. ჩამეხუტე, ნება მომეცი ჩაგეხუტო.

ლარი მიუახლოვდება.

ალისა. შეხება აკრძალულია.

პაუზა.

ლარი. ალისა, წამოდი ჩემთან. ჩემთან არაფერი გემუქრება. ნება მომეცი, შენზე ვიზრუნო.

ალისა. მე არ მჭირდება, რომ ვინმე ჩემზე ზრუნავდეს.

ლარი. ყველას ჭირდება, რომ მასზე ზრუნავდნენ.

ალისა. მე არ მინდა, რომ მჟიმავდე და ამით ვინმეზე შურს იძიებდე.

პაუზა.

ლარი. ფულს გადაგიხდი.

ალისა. შენი ფული არ მჭირდება.

ლარი. კი მაგრამ, ხომ გამომართვი.

ალისა. მადლობ.

ლარი. მადლობ, მადლობ. ეს რა, კიდევ ერთი წესია?

ალისა. არა, უბრალოდ ზრდილობა.

პაუზა. ლარი ჯდება.

ლარი. ბევრი კაცი ღვრის ცრემლებს შენს წინ?

ალისა. ასეთი სამუშაო მაქვს.

პაუზა.

ლარი. როდესმე კლიენტთან სექსი მოგდომებია?

ალისა. კი.

ლარი. მითხარი, მეც ხომ… გინდივარ? მე ხომ ჩემს გრძნობებზე გულწრფელად გელაპარაკები?

ალისა. შენს “გრძნობებზე”?

ლარი. როგორც არის.

პაუზა.

ალისა. არა, შენ არ მინდიხარ.

პაუზა.

ლარი. მადლობ, დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. შემდეგი შეკითხვა: შეგიძლია როგორც ადამიანს მომექცე, და არა როგორც ფულის საჭრელ მანქანას?

ალისა. ჩვენი ურთიერთობა ასეთია: შენ კლიენტი ხარ, მე კი _ სერვისი.

ლარი. იცი რა, ჩვენ სტრიპტიზ-კლუბში ვართ, არ გინდა ეხლა აქ დისკუსიები სექსუალურ პოლიტიკაზე.

ალისა. დისკუსიები?

ლარი. ხომ არ მოგდო ერთი, ლამაზო?

ალისა. არ გინდა.

პაუზა.

ლარი. ისე, მართლა ლამაზი ხარ.

ალისა. “მადლობა”.

პაუზა. ლარი დგება, ჰალსტუხს ისწორებს, სიგარეტს უკიდებს.

ლარი. ტაქსის ფულს მასესხებ?

ალისა. (იცინის) არა.

ლარი. ხვალ დაგიბრუნებ……

ალისა. აქ ასეთი წესებია: თქვენ გვიხდით ჩვენ.

ლარი. სამაგიეროდ რას ვიღებთ?

ალისა. ჩვენ კარგად ვიქცევით.

ლარი. “და შიშვლებს გხედავთ”, არა?

ალისა. მერე, ცუდია?

ლარი. ოღონდ… თქვენ ფიქრობთ, რომ სამაგიეროდ არაფერს გვაძლევთ.
თქვენ ფიქრობთ, რომ რადგან არ გიყვარვართ ან არ გინდივართ, და არც კი მოგწონვართ, ფიქრობთ, რომ თქვენ გაიმარჯვეთ.

ალისა. ეს ომი არ არის.

ლარი ცოტა ხანს იცინის.

ლარი. სინამდვილეში კი საკუთარი თავის ნაწილს გვაძლევთ: …ასაგზნებ მასალას… რომელსაც ჩვენ, რასაც გვინდა, იმას ვუშვებით.
თქვენ, ქალებს, ერთი თვალით რომ შეგახედათ იმ ფილმებისთვის, ჩვენს ტვინებში რომ ტრიალებს ყოველ დღე, ყვერებით ჩამოგვკიდებდით.
იქ ყველა სურვილს გვისრულებთ…
თუ მინდა, გეტყვი, გაიხადე…

ალისა. კი, ბატონო, ეს გინდა?

ლარი. არა.
ალისა… სიმართლე მითხარი.

ალისა. რას იზამ, გოგოებს სტრიპტიზის გარდა, ტყუილებიც უყვართ.

ლარი. შენ გულქვა ხარ. თქვენ ყველანი გულქვები ხართ.

ლარი ორმაგ სარკეში იყურება.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიტუაცია აქ უფრო ინტიმური იყოს?

ალისა. კარგი, იქნებ როდესმე მართლა მოგიწყო ინტიმი.

ლარი. არა, მე გეტყვი, ახლა რას მომიწყობ. შენ ახლა ნელ-ნელა გაიხდი ტანსაცმელს, შემობრუნდება და ნელ-ნელა მოიხრები, ისე რომ იატაკს მიწვდე, კარგად რომ გამოჩნდეს ყველაფერი.

ალისა. შენ ეს გინდა?

პაუზა.

ლარი. სხვა რა დამრჩენია?

ფარდა.

სცენა VIII

რესტორანი.
საღამო/ვახშამის დრო. ოქტომბერი (ერთი თვის შემდეგ).

დანი ზის მაგიდასთან. მაგიდაზე ჭიქა დევს. ეწევა. ელოდება.
შემოდის ანა.

ანა. მაპატიე, დამაგვიანდა.

დანი მას კოცნის.

დანი. რა მოხდა?

ანა. საცობში მოვყევი.

ანა ჯდება.

დანი. სულ წითელი ხარ. რატომ მორბოდი?

ანა იღიმის.

ანა. უკვე შეუკვეთე?

დანი. ერთი საათია ველოდები.

პაუზა. დანი მას უყურებს.

აბა… როგორ ჩაიარა?

ანა. …ნორმალურად.

პაუზა.

დანი. ისაუზმეთ?

ანა. მჰ.

პაუზა.

დანი. სად?

პაუზა.

ანა. აქ.

დანი. აქ?

ანა. თვითონ შეარჩია ეს ადგილი.

D დანი. მერე?

ანა. მერე წავედით.

პაუზა.

დანი. და?

ანა. რა “და”?

დანი. ოთხი თვეა არ გინახავს, რას ნიშნავს _ რას ნიშნავს “და”?

ანა მხრებს იჩეჩავს.

როგორ არის?

ანა. ცუდად.

დანი. სამსახური?

ანა. კერძო კლინიკა აქვს.

დანი. ეს მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება?

ანა. პრინციპებისთვის არ ცხელა.

პაუზა.

დანი. მერე რაო, რა გითხრა, ქვითინი მორთო?

ანა. შიგადაშიგ.

დანი. (გულწრფელად) საცოდავი.
გაგიჭირდა მასთან ლაპარაკი?

ანა. ბრაზობ, ხო, მას რომ შევხვდი?

დანი. არა, არა, უბრალოდ……მე ხომ არ მინახავს ალისა.

ანა. შენ ალისას ვერ ნახავ, იმიტომ რომ არ იცი, სად არის.

დანი. მე არც მიცდია მისი პოვნა.

ანა. ოთხი თვეა შეხვედრას მთხოვს. ხომ იცი, რატომაც შევხვდი, ხელი რომ მოეწერა.

დანი. მერე, მოაწერა?

ანა. კი.

დანი. გილოცავ. ახლა ორჯერ გაყრილი ხარ. კარგი, მაპატიე…

ანას ხელზე ხელს მოკიდებს.

თავს როგორ გრძნობ?

ანა. დავიღალე.

დანი ხელზე კოცნის, ანაც, თავის მხრივ, დანს კოცნის ხელზე.

დანი. მე შენ მიყვარხარ და… ტუალეტში მინდა.

დანი მიდის.
ანა ჩანთიდან ქაღალდებს იღებს.
შემოდის ლარი.

ლარი. (ჯდება) დილა მშვიდობისა.

ანა. გამარჯობა.

ლარი მიიხედ-მოიხედავს.

ლარი. ვერ ვიტან ამ ადგილს.

ანა. ყოველ შემთხვევაში ცენტრია.

ლარი. ვერ ვიტან ცენტრს. ლონდონის ცენტრი _ ზოოპარკია. ვერ ვიტან “რეტროს” და ვერ ვიტან მომავალს. რა დამრჩენია?

ლარი ანას უყურებს.

დამიბრუნდი.

ანა. ხომ შემპირდი, რომ არ დაიწყებდი.

ლარი. დამიბრუნდი.

პაუზა.

ანა. სამსახურში როგორ მიდის საქმეები?

ლარი. ღმერთო ჩემო, სამსახურს ნუ მიხსენებ, კარგი?

თვალებით ოფიციანტს ეძებს.

(ხმამაღლა) აქ ყავთ ოფიციანტები?

ანა. ყველა დაკავებულია.

ლარი. მე შენ მიყვარხარ. გევედრები, დამიბრუნდი.

ანა. არ დავბრუნდები.

მაგიდაზე ქაღალდებს შლის. ლარი უყურებს.

ხელი მოაწერე, ძალიან გთხოვ.

ლარი. კალამი არ მაქვს.

ანა კალამს აწვდის.

ანა. აი, აიღე.

ლარი ხელზე ხელს წაავლებს.

ხელი გამიშვი.

ლარი ხელს გაუშვებს.

მოაწერე.

პაუზა.

ლარი. მოვაწერ, ოღონდ ერთი პირობით: ეხლა არ ვისაუზმებთ, წავალთ ჩემ პატარა საოპერაციოში და პაციენტის ლოგინზე ვიტყნაურებთ. Mმე ვიცი, რომ შენ ეს არ გინდა, ვიცი, რომ არანორმალური გგონივარ, მაგრამ, ძალიან გთხოვ, წარსული გავიხსენოთ, იმიტომ რომ ვგიჟდები შენზე, შენი დავიწყება არ შემიძლია… თანაც, იცი რა, კაცმა რომ თქვას, ჩემი ვალიც გაქვს, ამდენ ხანს რომ მატყუებდი……მომეცი… მე კი სამაგიეროდ თავისუფლებას მოგცემ. თუ წამოხვალ, გეფიცები, ჩემს სახელს ვეღარ გაიგებ. ხომ იცი, სიტყვის კაცი ვარ.
გაგეყრები და რა იცი, იქნებ მომავალში ვიმეგობროთ კიდეც.

ლარი დგება.

წავალ, რამეს შევუკვეთავ. არაყი-ტონიკით, როგორც ყოველთვის?

ანა თავს უქნევს.
ლარი გადის.
დანი ბრუნდება და ჯდება.

დანი. ოფიციანტი არ გამოჩენილა?

ანა. არა.

დანი. გშია?

ანა. არა, არ მშია.

დანი თვალს არ აშორებს, ანა ნელ-ნელა ტრიალდება მისკენ.

დანი. რა, მიეცი ხო?

პაუზა.

ანა. ხო… მაპატიე……

დანი იღიმის.

დანი. ეხლა მე რა უნდა ვქნა?

ანა. იმედი მაქვს… გამიგებ.

პაუზა.

დანი. რაღატომ მეუბნები?

ანა. ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ყოველთვის სიმართლეს ვეტყოდით.

დანი. რა არის კარგი ამ სიმართლეში? ზოგჯერ ტყუილი ჯობია, ზოგჯერ უნდა მოიტყუო _ ტყუილზე დგას ეს ქვეყანა.

ანა. დან, მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თავი დაგვანებოს.
მე შენ მიყვარხარ. Mმე მისთვის არაფერი მიმიცია.

დანი. შენი სხეული?

დანი სიგარეტის ასაღებად იწევს.

ანა. ალისა რომ შენთან მოსულიყო……სასოწარკვეთილი… და ეთქვა, რომ მას შენთან ყოფნა ჭირდება იმისათვის, რომ განთავისუფლდეს შენგან, რას იზამდი?
მე, რასაკვირველია, ეს არ მომეწონებოდა, მაგრამ გაგიგებდი, იმიტომ რომ ეს არის… სექსი თანაგრძნობის გამო. მორალური ზეწოლა _ ამას ყველა აკეთებს. ეს… სიკეთეა.

დანი. არა, ეს სიმხდალეა.
ისიამოვნე?

ანა. არა.

დანი. ესე იგი ყოველი წამი მასთან შენთვის წამება იყო?

ანა დანს უყურებს.

გაათავე?

ანა. არა.

დანი. თავი ხომ მოაჩვენე, რომ ათავებ?

ანა. კი.

დანი. რატომ?

ანა. იმიტომ, რომ ეფიქრა, რომ მომწონს. აბა, რატომ ვიზამდი?

დანი. თუ როგორც ბოზი ისე იყავი მასთან, რაღატომ უნდა ეფიქრა, რომ მოგწონს კიდეც?

ანა. არ ვიცი, ასე გამოვიდა.

დანი. ჩემთანაც ტყუილად კნავიხარ ხოლმე?

ანა. ხო, ზოგჯერ. ყოველ მესამე ჯერზე, კმაყოფილი ხარ?

დანი. სიმართლე მითხარი.

პაუზა.

ანა. ზოგჯერ… გატყუებ. ამას არა აქვს მნიშვნელობა, შენ აქ არაფერ შუაში ხარ. შენს გამო ხომ არ ვათავებ……მე ვათავებ… შენ კი მეხმარები.

დანი. მე შენს გამო ვათავებ.

ანა. შენ კაცი ხარ, ბებიაჩემმა რომ ჩაგიკრას თვალი, მაშინაც გაათავებ.

პაუზა.

დანი. იმიტომ დააგვიანე, რომ მასთან იყავი?

პაუზა.

ანა. ხო.

დანი. სად წაგიყვანა?

ანა. თავის ახალ საოპერაციოში.

პაუზა.

დანი. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა?

ანას უნდა რომ შეეხოს, დანი გაიწევს.

ანა. დან, ძალიან გთხოვ, დადექი ეჭვიანობაზე უფრო… მაღლა. ძალიან გთხოვ.

დანი. რა შეიძლება იყოს ეჭვიანობაზე უფრო მაღლა?

გრძელი პაუზა.

ანა. სექსის დროს რატომ არ მკოცნი?
რატომ არ მოგწონს, როცა გეუბნები, მიყვარხარ-თქო? მითხარი.

დანი. ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მრცხვენია. ვიცი, ვხვდები, რომ ეს არალოგიკურია, მაგრამ მე შენ ვერ გიტან.
მე შენ მიყვარხარ და არ მინდა, რომ სხვა გჟიმავდეს, რა არის ამაში უცნაური?

ანა. არაფერი. მაგრამ შეიგნე, ეს უბრალოდ სექსი იყო.

დანი. (მკაცრად) რადგან მასთან ჟიმაობა შეგიძლია, ესე იგი ისევ მასთან ხარ.
(რბილად) რაღაც გაქრა ჩვენს შორის… აღარ ვართ უმანკოები.

ანა. არ გადამიყვარო, ძალიან გთხოვ… ვხედავ, როგორ გტოვებს სიყვარული. მაპატიე, ეს სისულელე იყო. ეს არაფერს არ ნიშნავდა.
თუ მართლა გიყვარვარ, მაპატიებ.

დანი. ჩემი გამოცდა გინდა?

ანა. არა. დან, მე შენი მესმის.

დანი. თვალწინ მიდგას, როგორ ეფერება შენ სხეულს.…
ძალიან ჭკვიანია შენი ყოფილი ქმარი… პირდაპირ აღტაცებული ვარ მისით.

დუმილი.

ანა. სად ხარ?
ალისასთან?

დანი. (იღიმის) ერთხელ გაზეთს ვკითხულობდი, მას კი უნდოდა ყურადღება მიმექცია მისთვის. ჩაიკუნცხა ჩემ წინ და პირდაპირ ხალიჩაზე მოფსა.
გაგიგია როდესმე ასეთი არაჩვეულებრივი ისტორია?

ანა. (მკაცრად) რატომ მეფიცებოდი სიყვარულს, მხოლოდ სექსი თუ გინდოდა?

დანი. მე მხოლოდ სექსი არ მინდოდა, მე შენ მინდოდი.

ანა. შენ მხოლოდ სექსი გინდოდა, სიყვარული გბეზრდება.

დანი. არა… უბრალოდ იმედებს მიცრუებს.
რატომღაც მგონია, რომ ისიამოვნე მასთან; ლოგინში შეგიტყუა, ძველი ხუმრობები, უცნაური სიახლოვე, მე მგონი, მასთან ძალიან კარგი დრო გაატარე, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ მე ამას ვერ გავიგებ, სანამ თავად მას არ ვკითხავ.

ანა. ჰო და, კითხე.

ლარი მაგიდასთან ბრუნდება, ხელში ორი ჭიქა უჭირავს _ არაყი-ტონიკით ანასთვის და სკოტჩი თავისთვის.

ლარი. არაყი-ტონიკით ქალბატონისთვის.

ანა. (ლარის) დალიე და წავიდეთ.

ლარი უყურებს.

(ლარის) მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ და კიდევ იმიტომ, რომ მეცოდები. იმედია, ამას ხვდები?

ლარი. კი.

ანა. (ლარის) შენი თავით კმაყოფილი ხარ?

ლარი. არა.

ლარი სვამს.

დანი. (ანას) მაპატიე…

ანა. (დანს) არ მინდოდა შენთვის გულის ტკენა. მაგრამ რას იზამ, ამ ქვეყნად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა.

დანი. (ანას) ვიცი. სახლში წავიდეთ…

დანი და ანა ერთმანეთს კოცნიან.

ტაქსს გამოვიძახებ.

დანი გადის. ლარი ჯდება.

ლარი. მოუყვები?

ანა. არ ვიცი.

ლარი. (დახმარების სურვილით) ასეთ დროს სიმართლის თქმა ჯობია.

ანა. ხელი მოაწერე.

პაუზა.

ლარი. მე შენ ყვერლაფერს გპატიობ.

ანა. ხელი მოაწერე.

ლარი ხელს აწერს.

ფარდა.

სცენა IX

მუზეუმი.
ნაშუადღევს. ნოემბერი (ერთი თვის შემდეგ).
შუშის კარადაში ვიქტორიანული ეპოქის გოგონას მაკეტია. გოგონას ძონძები აცვია. მის უკან 1880-იანი წლების ლონდონის ეტლის მაკეტია.

ალისა მარტოა. მას ქაშმირის სვიტრი აცვია. ექსპონატებს ათვალიერებს. ხელში პატარა შეკვრა უჭირავს.

შემოდის ლარი. ალისას უყურებს.

ლარი. “ახალგაზრდა ქალი, ლონდონი”.

ალისა შემობრუნდება.

სალამი, ლამაზო.

ალისა. დააგვიანე, სირო.

ლარი. მაპატიე.

თბილად მიესალმებიან და გადაკოცნიან ერთმანეთს. ლარი სვიტრზე მოქაჩავს.

გაიძვერა.

ალისა შეკვრას გაუწვდის.

ალისა. დაბადების დღეს გილოცავ.

ლარი. მადლობ.
პოსტმან-პარკში გავიარე და იმიტომ დავიგვიანე… ქანდაკებასთან შევყოვნდი.

ალისა. ოოო.

ლარი. დიახაც… ო.

ლარი ექსპონატებს უყურებს, იღიმის.

ალისა. ვერ მიტან, ხო?

ლარი. რას ამბობ, ვგიჟდები შენზე.

ალისა. ჩვენ რა, უნდა ვილაპარაკოთ ამის შესახებ?

ლარი. არა, შენ თუ არ გინდა.

ალისა კოცნის.

ალისა. მადლობ. შენთვის სიურპრიზი მაქვს.

ლარი. შენ სიურპრიზებით სავსე ხარ.

ალისა ლარის საათს უყურებს.

ალისა. აქ დამელოდე.

ალისა გადის. ლარი შეკვრას ხსნის, შიგთავსს ათვალიერებს, იღიმის.

შემოდის ანა. იგი საათზე იყურება. ხელში ბროშურა, ფოტოაპარატი და დიდი ყავისფერი კონვერტი უჭირავს. აცვია ფეხსაცმელი, რომელიც ლარიმ მეექვსე სცენაში აჩუქა.
ლარის შენიშნავს. ჩერდება. ლარი თავს აწევს და ანას დაინახავს.

ანა. შენ აქ რას აკეთებ?

ლარი. არაფერს… კვირა დღეს ვკლავ. შენ?

ანა. ალისას უნდა შევხვედროდი.

პაუზა.

ლარი. ვის?

ანა. დანის ალისას _ დანის ყოფილ ალისას. დღეს დილას დამირეკა სტუდიაში…… თავისი ფირები მთხოვა…

ლარი. …გასაგებია…

პაუზა.

ანა. შენ ხომ მუზეუმში არ დადიხარ?

ლარი. ფაქტები სხვაზე მეტყველებენ.

პაუზა.

ანა. (ეჭვით) კარგად ხარ?

ლარი. კი, შენ?

ანა. მშვენივრად. დღეს შენი დაბადების დღეა.

ლარი. ვიცი.

პაუზა.

ანა. დღეს დილით შენზე ვფიქრობდი.

ლარი. რა ბედნიერებაა.

პაუზა.

ანა. დაბადების დღეს გილოცავ.

ლარი. მადლობ.

ანა თავით შეკვრაზე მიუთითებს.

ანა. საჩუქარია?

ლარი. (უხასიათოდ) … ხო…

ანა. რა არის?

ლარი. ნიუტონის ქანქარა.

ანა. ვინ გაჩუქა?

პაუზა.

ლარი. მამამ.

ანა. ჯომ?

ლარი. არა, ალისამ.
მე მასთან სექსი მაქვს.
მე _ ალისასთან _ სექსი _ მაქვს.
ეს ყვეაფერი სპეციალურად მოაწყო… რომ შევხვედრილიყავით; აზრზე არ ვიყავი, აქ რომ მოხვიდოდი.

პაუზა.

ანა. შენ ხომ მას მამად ეკუთვნი.

ლარი. საშინელებაა, არა?

ანა. უნდა გრცხვენოდეს.

ლარი. (იღიმის) როგორ არა, მრცხვენია.

პაუზა.

ანა. …… რანაირად?

ლარი. (გაურკვევლად) კლუბში ვიყავი და იქ შემხვდა.

ანა. კლუბში?

ლარი. ხო, კლუბში.

ანა. შენ ხომ არ დადიხარ კლუბებში?

ლარი. ახალგაზრდობა გავიხსენე.

ანა. სტრიპტიზ-კლუბი იყო?

ლარი. იცი, არ მახსოვს.

ლარი ანას უყურებს.

ეჭვიანობ?

ანა მხრებს იჩეჩავს.

მაშ, კარგი.

ანა. და რამდენი ხანია, რაც…?

ლარი. თითქმის ერთი თვეა.

ანა. მას შემდეგ, რაც შენთან საოპერაციოში ვიყავი?

ლარი. ერთი დღით ადრე. წარმოგიდგენია, სტრიპტიზი გამაკეთებინა.

ანა. არ მაინტერესებს.

ლარი. ვიცი. შენ “ძვირფას მეორე ნახევარს” მოუყევი იმ დღის შესახებ?

ანა. რასაკვირველია.

ლარი. მერე, როგორი რეაქცია ქონდა?

ანა. როგორიც ნებისმიერ კაცს ექნებოდა.

ანა უყურებს.

ლარი. ხომ გითხარი, ასეთ დროს ჯობს სიმართლე თქვა.

ანა. გაიძვერა ხარ.

ლარი. მართლა?
(დამცინავად) შენ ისევ ტურისტივით ბროშურებით დადიხარ?

ანა. რას იზამ, ასეთი ვარ. რატომ გძულვარ?

ლარი. ეს უფრო ადვილია, ვიდრე შენი სიყვარული.

ლარი ანას უყურებს.

მე და ალისა… ჩვენ შორის არაფერი არ არის….

ანა. სასიამოვნო არაფერი?

ერთმანეთს უყურებენ, თვალმოუცილებლად.

ლარი, რახან ერთმანეთს შევხვდით,…იქნებ შენს ადვოკატს შეეხმიანო. ჯერ კიდევ არ მიმიღია განქორწინების გადაწყვეტილება.
რასაკვირველია, თუ გინდა.

ალისა ბრუნდება.

ალისა. ეი, თქვენ იცნობთ ერთმანეთს?

ლარი. ალბათ, უმჯობესია დაგტოვოთ.

ალისა. კარგი. აქ მაინც ხელს შეგვიშლი.

ლარი. (ალისას) კარგად, გაიძვერა.
(ანას) ნახვამდის.

წასვლას აპირებს, მაგრამ ისევ შემობრუნდება.

(ანას) ხო მართლა, ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია.

ლარი მიდის.

ანა. საიდან ამდენი სისატიკე?

ალისა. ცხოვრებამ მასწავლა.

ალისა სვიტრზე ხელს იკიდებს, ანა თვალს ადევნებს.

ანა. პრიმიტიული ხარ.

ალისა. მართლი ხარ. დანი როგორ არის?

ანა. კარგად.

ალისა. უთხარი, რომ უნდა შევხვედრილიყავით?

ანა. არა.

ალისა. ქერქებს უჭრი ხოლმე პურზე?

ანა. რა?

ალისა. ქერქებს უჭრი პურზე?

ანა. რა გინდა, ვერ გავიგე?

ალისა. ჩემი ფირები მინდა.

ანა ალისას კონვერტს გაუწვდის.

ეხლა რაზე მუშაობ?

ანა. მიტოვებული შენობები.

ალისა. რა საინტერესოა: სიმახინჯის მშვენიერება.

ანა. ლარისთან რას აკეთებ?

ალისა. ყველაფერს.
ძალიან მომწონს თქვენი საწოლი.
იქნებ გამოიარო როგორმე, ნახო, როგორ ქვითინებს ხოლმე შენი ქმარი საღამოობით, იქნებ მაშინ მაინც შეგაწუხოს ნამუსმა.

ანა. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.

ალისა. ოჯახში პრობლემები აქვს. თურმე შენზე გიჟდებიან და არ ესმით, რატომ დაგჭირდა ყველაფრის დანგრევა. საათობით მიყურებს ტრაკში, თითქოს იქ პასუხს იპოვნიდეს.
ანა, იქნებ მირჩიო რამე?
იქნებ, დაუბრუნდე?

ანა. და მაშინ დანი შენ დაგიბრუნდება, არა?

ალისა. შესაძლოა.

ანა. მერე, თხოვე.

ალისა. მე მათხოვარი არ ვარ.

ანა. დანმა თვითონ მიგატოვა, მე აქ არაფერ შუაში ვარ.

ალისა. შენ მიახვედრე, რომ თავისუფალი ხარ, თავს ნუ იმართლებ.

ანა. ლარისთვის არ უნდა მიგეცა, დიდი შეცდომა დაუშვი.

ალისა. მართალი ხარ, მაგრამ ლარის ყველა აძლევს.

ანა. დანს არ მოეწონება, ამას რომ გაიგებს.

ალისა. ჰო და, ნუ ეტყვი _ მე მგონი ჩემი მევალე ხარ.

ანა აღშფოთებულია.

სიბრაზეც უხდება. იდეალური ქალია!

ანა. ეხლავე შეწყვიტე, შე ბოზო.

ალისა. აი, მესმის საუბარი…

ანა. რაღა ეხლა გაგახსენდი? ჩემგან რა გინდა? აქ რატომ მომიყვანე?

ალისა. იმიტომ რომ, როგორც იქნა გადავწყვიტე; ხუთი თვეა ვარწმუნებ ჩემ თავს, რომ არაფრით მჯობიხარ.

ანა. ეს შეჯიბრი არ არის.

ალისა. ეს შეჯიბრია.

ანა. მე არ გებრძვი.

ალისა. მაშინ დამითმე.

დუმილი. ერთმანეთს უყურებენ.

(რბილად) რატომ მოიქეცი ასე?

ანა. (უხეშად) მე ის შემიყვარდა, ალისა.

ალისა. რა სისულელეა.
“შემიყვარდა” _ თითქოს სხვა არჩევანი არ გქონდა.
ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა, სწორი არჩევანი გააკეთო _ დათანხმდე ან უარი თქვა. შენც გქონდა ეს შესაძლებლობა.

ანა. დიახ, მქონდა.

ალისა. შენ ის კი არ შეგიყვარდა, უბრალოდ ვნებას აყევი.

ანა. შენ კი შეგიყვარდა, არა?

ალისა. არა, მე ის ავარჩიე. მის ჩანთაში ჩავიხედე და… ბუტერბროდი ვიპოვნე… და… მაშინ გადავწყვიტე: “მე მთელი გულით შევიყვარებ იმ კაცს, რომელიც პურს ქერქებს აჭრის.”
კი არ შემიყვარდა, ავირჩიე.

ანა. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან გაგიკეთა, ისევ მასთან ყოფნა გინდა?

ალისა თავს აქნევს.
ანა თავისთვის იღიმება, ალისას უყურებს.

ანა. მაპატიე. მე მქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება და გადავწყვიტე, ეგოისტი ვყოფილიყავი. ძალიან ვწუხვარ.

ალისა. (მხრებს იჩეჩავს) ყველა ადამიანი ეგოისტია _ მეც მოვპარე დანი ვიღაცას.

ანა. რუფის?

ალისა. რუფის. კინაღამ თავი მოიკლა, დანმა რომ მიატოვა.

ანა. შენს სანახავად როდესმე მოსულა?

ალისა. არა.

ალისა ანასკენ შემობრუნდება.

რას აპირებ?

ანა. მოვიფიქრებ.

ანა ალისას სვიტრს კიდებს ხელს.

ლარისთან ლოგინში კარგად ხარ?

ალისა. ნორმალურად. დანი ჯობია.

ანა. სისულელეა, ყოველი შემთხვევისთვის ლარი არ ითიშება ხოლმე, თითქოს შენთან არ იყოს.

ალისა. არც დანი, უბრალოდ მასთან სულ სხვაგვარად არის ყველაფერი.

ანა. მთელი ცხოვრება ჟიმაობენ და აზრზე არ არიან, როგორ უნდა ჟიმაობა.

პაუზა.

ალისა. ფეხზე შრამი მაქვს, ლარი გიჟდება მასზე. ძაღლივით მილოკავს. ხომ არ იცი, რატომ?

ანა. (მხრებს იჩეჩავს) დერმატოლოგია? კაცმა არ იცის, რასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ მათ ჩვენი “ტვირთით” ვადგებით… რაღაც დროის მანძილზე ისინი შეუდარებელნი არიან, ჩვენი “ტვირთმზიდავები” ხდებიან…
ჩვენ ვეკითხებით: “შენი ტვირთი სად არის?” ისინი უარყოფენ, რომ საერთოდ აქვთ ტვირთი……”შეყვარებულები არიან”……მერე კი, საკმარისია ოდნავ მოვდუნდეთ,… უზარმაზარი კონტეინერი…გამოჩნდება ხოლმე მათი “ტვირთით”. ის უბრალოდ გზაში შეყოვნებულა.
მათ ჩვენ კი არ ვუყვარვართ, არამედ ის კომფორტი, რომელსაც მათ ვუქმნით.
მათ თავიანთი ოცნებები უყვართ.

ალისა. ჩვენც ასე ვართ. შენ უბრალოდ ძალიან მომთხოვნი ხარ.

ანა. ადვილი სათქმელია. ჭკუას არ გასწავლი, მაგრამ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ.

ალისა. სწორედ რომ ჭკუას მასწავლი.

ანა. შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ.

ერთმანეთს უყურებენ.

“ბასტერი” ვინ არის?

ალისა. “ბასტერი”? აზრზე არ ვარ.

ანა. ძილში ახსენებს ხოლმე.

ალისა. (იღიმება) ჩემი წასვლის დროა.

ალისა წასვლას აპირებს.

ანა. ფირები არ დაგრჩეს.

ალისა კონვერტს იღებს.

ალისა. უი, ხო. მადლობ.

ანას კონვერტს გაუწვდის.

აბა, შენ იცი, ანა.

ალისა მიდის. ანა კონვერტს უყურებს.

ფარდა.

სცენა X

ლარის საოპერაციო.
მოსაღამოებულს. დეკემბერი (ერთი თვის შემდეგ).

ლარის მაგიდაზე კომპიუტერი, ტელეფონი და ნიუტონის ქანქარა დევს.
ოთახში საოპერაციო მაგიდა დგას.
ლარი თავის მაგიდასთან ზის.
დანი დგას. დაბნეულია. ხელში ყავისფერი ჩანთა უჭირავს.
დუმილი.

ლარი. რითი შემიძლია გემსახუროთ?

დანი. მე მინდა, რომ ანა ჩემთან დაბრუნდეს.

ლარი. მან თავისი არჩევანი გააკეთა.
ძალიან ცუდად გამოიყურები.

პაუზა. დანი ჩანთას იატაკზე დებს.

დანი. პატიება უნდა გთხოვო. მე ის შემიყვარდა. შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა.

ლარი. მერე, რატომ არ იხდი ბოდიშს, შე ნაბოზარო?

დანი. ბოდიშს გიხდი.
თუ მართლა გიყვარს, გაუშვებ… თუ გინდა, რომ… ბედნიერი იყოს.

ლარი. მას არ უნდა, რომ “ბედნიერი” იყოს.

დანი. ყველას უნდა, რომ ბედნიერი იყოს.

ლარი. დეპრესიულებს არ უნდათ. მათ უნდათ, რომ უბედურები იყვნენ. დეპრესია რამით ხომ უნდა გაამართლონ. ბედნიერები რომ იყვნენ, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოძრომა მოუწევთ, ამას კი… ისევ დეპრესია მოყვება.

დანი. ანა დეპრესიაში არ არის.

ლარი. რას მეუბნები?

დანი. მე ის მიყვარს.

ლარი. ნტ-ნტ-ნტ, რას მელაპარაკები, მეც მიყვარს. შენ ანა კი არა, საკუთარი თავი გიყვარს.

დანი. შენ ცდები, მე საკუთარი თავი არ მიყვარს.

ლარი. გიყვარს და კარგად იცი, რომ თქვენ ყოველთვის იმარჯვებთ, თქვენ _ ეგოისტები. ასე არ არის?

დანი ულტრათანამედროვე საოპერაციოს შეათვალიერებს.

დანი. კარგი ოფისი გაქვს.
ეგოისტი შენ ხარ, მე კი არა. შენ ანა არ გჭირდება, შურისძიება გამოძრავებს. შენთან იმიტომ დაბრუნდა, რომ ეცოდები.
შენ მას არ იცნობ. შენ ის ისე გიყვარს, როგორც ძაღლს თავისი პატრონი.

ლარი. პატრონს კი ამის გამო ძაღლი უყვარს. მეგობრობა ყოველთვის დაჯაბნის ვნებას.

დანი. შენ მას არასოდეს აპატიებ, გააწვალებ.

ლარი. რასაკვირველია, ვაპატიებ. უკვე ვაპატიე. ყველას უნდა შეეძლოს პატიება.

დანი. შენ ხომ ის ჩემი წყალობით გაიცანი.

ლარი. დიახ. დიდი მადლობა.

დანი. ეს ხომ ანეკდოტია, თქვენი ქორწინება ანეკდოტია.

ლარი. ჰო, მართლა, იცი, რომ განქორწინების საბუთები ადვოკატთან არც კი გაუგზავნია?
შენნაირ მაგარ საყვარელს მე, ალბათ, სულელი ვგონივარ, მაგრამ რას იზამ _ მან მე ამირჩია.
და ჩვენ ქალის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.
კიდევ ერთხელ რომ შეაწუხო, იცოდე _

ტელეფონი რეკავს.

მოგკლავ.

ლარი ყურმილს იღებს.

(ტელეფონში) კარგი. ახლავე.

ლარი ყურმილს დებს.

პაციენტები მელოდებიან.

ლარი პიჯაკს იხდის. პაციენტის მისაღებად ემზადება.

დანი. შენთან რომ იყო, ისიამოვნა?

ლარი. მისი სიამოვნებისთვის არ გამიჟიმავს.
იმიტომ გავჟიმე, რომ დამეშორებინეთ. რას იზამ, ბრძოლა ყოველთვის სუფთა არ არის.
ისე, სხვათა შორის, მგონი ისიამოვნა კიდეც. ხომ იცი, მოწონს დანაშაულის გრძნობა რომ აქვს.

ლარი ჩაიცინებს.

დანი. ცხოველი ხარ.

ლარი. დიახაც. შენ რაღა ხარ?

დანი. შენ გგონია, სიყვარული ასე ადვილია? გგონია, გული _ დიაგრამაა.

ლარი. როდესმე ადამიანის გული გინახავს? იცი რას გავს? დასისხლიანებულ მუჭს.
ეხლა კი, წადი, გააჯვი… შე… მოსემწერალო. მატყუარა. მიდი, და სანამ მე ამ ხელებით ვმუშაობ, შენ შენი სტატიებისთვის მასალა მოაგროვე.

დანი. ის ვერ იტანს შენს ხელებს. შენს უბრალოებას.

პაუზა.

ლარი. მისმინე… ერთი კვირაა შენზე ველაპარაკები.
ანა მეუბნება, რომ თვალებდახუჭული ჟიმავდი.
მითხრა, რომ ღამღამობით იღვიძებდი და შენს გარდაცვლილ დედაზე ტიროდი.
დედიკოს ბიჭო.
იქნებ გვეყოს?
თქვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია. შეეგუე ამას.
შენ სიყვარულის შესახებ არაფერი იცი, იმიტომ რომ შენთვის უცხოა კომპრომისი.
შენ… ალისასაც კი არ იცნობ.

დანი ლარის უყურებს.

გახსოვს მისი შრამი? დაინტერესებულხარ როდესმე საიდან აქვს?

პაუზა.

დანი. ალისა სად ნახე?

პაუზა.

ლარი. ანას გამოფენაზე. აღარ გახსოვს?
შრამი, რომელსაც ძახილის ნიშნის ფორმა აქვს _ გამოიცანი გამოცანა.

დანი. ეს შრამი მას შემდეგ აქვს, რაც მშობლებთან ერთად ავტოკატასტროფაში მოხვდა.

ლარი. არის ასეთი დაავადება “დერმატიტის არტეფაქტა”. ეს ფსიქიური დაავადებაა, რომლის დროსაც კანი ზიანდება. უფრო სწორედ, პაციენტები ხელოვნურად თავად იჩენენ კანის დაავადებას: ასხამენ მას მათეთრებელს, იძრობენ კანის ნაკუწებს, იკეთებენ საკუთარი შარდისა და განავლის ინექციებს. ისინი დაავადებას ისევე დახვეწილად ქმნიან, როგორ მხატვრები თავის შედევრებს. ყველაფერი ეს ძალზე “რეალისტურად” გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში დაავადების მიზეზი თავგზააბნეული პაციენტია.

ლარი ცვლის ქაღალდის ზეწარს საოპერაციო მაგიდაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ალისამ თავად დაისახიჩრა თავი.
ეს საკმაოდ ხშირად ხდება ბავშვებში, რომლებმაც ადრე დაკარგეს მშობლები.
ისინი ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებენ; მათ დარღვეული ფსიქიკა აქვთ.

დანი. ალისას არა აქვს დარღვეული ფსიქიკა.
ლარი. სწორედაც რომ აქვს..
შენ ისე გადაჰყევი შენს “გრძნობებს”, რომ ვერ შენიშნე ის, რაც ცხვირწინ გქონდა. იგი ნაზი და აზიზი ქალიშვილია. მას არ სურდა, რომ მასზე წიგნი დაეწერათ, მას სიყვარული სურდა.

დანი. შენ ეს საიდან იცი?

პაუზა.

დანი. ალისას არა აქვს შერყეული ფსიქიკა.

ლარი. და მერე როგორ აქვს შერყეული.

დანი. შენ ეს საიდან იცი?

პაუზა.

ლარი. კლინიკური დაკვირვებით.

ლარი დანს ჩანთას მიაწვდის, რაც იმის ნიშანია, რომ დანი უნდა წავიდეს.
ლარი ყურადღებით უყურებს დანს.

ჩემი თანდასწრებით ნუ იტირებ.

დუმილი. დანი იჭმუხნება, ტირილს იწყებს. ლარი თვალს ადევნებს.

დანი. მაპატიე.

ტირილს აგრძელებს.

არ ვიცი, რა ვიღონო.

ლარი უყურებს, როგორ ტირის დანი. ბოლოს…

ლარი. დაჯექი.

დანი სავარძელში ჯდება. სახეს ხელებში მალავს.

გინდა ჩემი რჩევა? ალისას დაუბრუნდი.

დანი. არ მიმიღებს. ის გაქრა, აორთქლდა.

პაუზა.

ლარი. არა, არ გამქრალა.

დანი თავს წევს.

შემთხვევით გადავაწყდი… ერთ კლუბში მუშაობს.
ხო, შიშველი ვნახე.
არა, სექსი არ მქონია.

დანი. ელაპარაკე?

ლარი. კი.

დანი. რაზე?

ლარი. შენზე.

ტელეფონი რეკავს. ლარი ყურმილს იღებს. დანს ერთჯერად ცხვირსახოცს აწვდის.

(ტელეფონში) გისმენთ. ერთი წუთით.

ლარი ყურმილს კიდებს. რეცეპტის ბლანკზე რაღაცას წერს.

დანი. როგორ არის?

ლარი. (წერს) ისევ უყვარხარ. გაუგებარია.
აი… შენი რეცეპტი.

ლარი დანს ქაღალდს აწვდის.

აქ მუშაობს.
მიდი, მოძებნე.

ერთმანეთს უყურებენ.

დანი. მადლობ.

ლარი ჩანაწერების თვალიერებას იწყებს.
დანი წასვლას აპირებს. მაგრამ უცებ ნიუტონის ქანქარას დაინახავს და შეჩერდება.…

ეს საიდან გაქვს?

ლარი. საჩუქარია.

ლარი კომპიუტერზე ბეჭდვას იწყებს.

ისევ ერთობი ინტერნეტში?

დანი. ბოლო დროს აღარ.

პაუზა.

ლარი. შენი მოკვლა მინდოდა.

დანი. მე კი მეგონა ჩემი გაჟიმვა გინდოდა.

ლარი. (იღიმის) ნუ მლიქვნელობ.
სხვათა შორის, შენი წიგნი მომეწონა.

დანი. მადლობ. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც მოეწონა.

ლარი. რატომ, ანასაც მოეწონა.
კიდევ ერთი უნდა დაწერო.

დანი. (მხრებს იჩეჩავს) თემა არ მაქვს.

პაუზა.

ლარი. ცხრა წლის რომ ვიყავი, ერთმა პოლიციელმა მიხმარა.
ბიძაჩემი იყო. ეხლაც არის. ძია ტედი.
კაი ტიპია. ცოლიც ყავს.
რას ნიშნავს, თემა არ გაქვს _ თითოეული ადამიანის სიცოცხლე _ ეს მილიონი ისტორიაა.
დიდება უფალს, სიცოცხლე ადრე თუ გვიან მთავრდება _ სხვანაირად ჩვენ ვერ გაუძლებდით.
დიდი აფეთქებიდან მოწყენილ ჟიმაობამდე _ აი, შენ მსოფლიოს მთელი ისტორია _ ჩვენი ხორცი შმაგია……საკუთარი სხეული გაგვანადგურებს… საკუთარი ძვლები მოგვინელებენ.
ნეკროლოგებს ისევ წერ?

დანი. კი.

ლარი. ძალიან დაკავებული ხარ?

დანი. (თავს აქნევს) რედაქტორი გავხდი.

ლარი. მართლა? რანაირად?

დანი. წინა რედაქტორი მოკვდა.

იღიმებიან.

ლოთობისგან მოკვდა. მთელი კვირა საავადმყოფოში ვეჯექი.

ერთმანეთს უყურებენ.

ლარი. პაციენტები მელოდებიან.

დანი ნიუტონის ქანქარაზე მიანიშნებს.

დანი. ალისამ… მაჩუქა ასეთივე.

ლარი. მართლა?

პაუზა.

დანი. შენ ვინ გაჩუქა?

ლარი. მამაჩემმა.

დანი. (ეჭვით) მამაშენმა?

ლარი. ხო, გიჟდება ასეთ რაღაცეებზე.

დანი. ალბათ, ტაქსისტია, ხო?

ლარი. ხო.

ლარი ჟესტით ეკითხება დანს “შენი”?

…მასწავლებელი?

დანი. ისტორიის.

პაუზა. ლარი ქანქარას გააქანავებს. უყურებენ.

ლარი. ანასთან საქმე არ უნდა დაგეჭირა.

დანი დგება.

დანი. ვიცი, მაპატიე. მადლობ.

ლარი. რისთვის?

დანი. სიკეთისთვის.

ლარი. ხო, მე კეთილი ვარ. ანგარიშს გამოგიგზავნი.

დანი კარისკენ მიდის.

დან……

დანი ტრიალდება.

მე შენ მოგატყუე.
ალისასთან სექსი მქონდა.
მაპატიე, რომ გეუბნები.
მაგრამ, არც იმდენად… კეთილშობილი ვარ, რომ… გაპატიო.
ბასტერ.

ერთმანეთს უყურებენ.

ფარდა.

სცენა XI

ოთახი სასტუმროში.
გვიან ღამით. იანვარი (ერთი თვის შემდეგ).

დანი ლოგინზე წევს და ეწევა. სასტუმროს ბიბლიას კითხულობს. ნამწვავს საფერფლეში აქრობს.
ალისა სცენის მიღმა სააბაზანოშია.

ალისა. (კულისებიდან) აბა გააკეთე ზიზღიანი სახე.

დანი იჭყანება და თან აბაზანისკენ იყურება.

დანი. (იცინის) ღამის ორი საათია, მთელ სასტუმროს გააღვიძებ.

შემოდის ალისა. მას პიჟამო აცვია. ლოგინზე წამოგორდება.

ალისა. გამჟიმე.

დანი. კიდევ? ექვს საათზე უნდა ავდგეთ.

ალისა. როგორ შეუძლია ამ კაცს მუდამ იმედებს მიცრუებდეს?

დანი. ამაშია ჩემი შარმი.

ალისა მხარზე თავს დაადებს.

აბა… სად მივდივართ?

ალისა. ჩემი ფულია _ ჩემი სადღესასწაულო სიურპრიზია _ ჩემი წესებია.

დანი უღუტუნებს.

დანი. სად მივდივართ?

ალისა. (იცინის) ნიუ იორკში.

დანი. ანგელოზი ხარ. რამდენი ხანი უნდა ვიფრინოთ?

ალისა. შვიდი საათი.

დანი. შვიდ საათს ვერ ვიფრენ.

ალისა. თვითმფრინავი იფრენს. შენზე კი მე ვიზრუნებ.

კოცნის.

ნუ გაქვს ფრენის შიში.

დანი. ფრენის არ მეშინია, ჩამოვარდნის მეშინია. ჩემი პასპორტი ჩადე?

ალისა. რასაკვირველია. ჩემ პასპორტთან ერთადაა.

დანი. სად?

ალისა. იქ, სადაც შენ ვერ იპოვნი. ჩემი პასპორტის სურათის ნახვა აკრძალულია.

დანი ეფერება.

თვითმფრინავში რომ ჩავსხდებით, ოთხი წელი შეგვისრულდება. გილოცავ… ბასტერ.

დანი ჩერდება, უყურებს.

დანი. ლინზებს ამოვიღებ.

ალისა. და კბილებიც გამოიხეხე.

დანი ლოგინიდან დგება.

დანი. ჩემ ბუტერბროდებში რა იდო?

ალისა. თევზი.

დანი. ჩემი ვაშლი რა ფერი იყო?

ალისა. მწვანე.

დანი. არა, წითელი იყო.

ალისა. მწვანე და უგემური.

დანი. რა მითხარი პირველად, გახსოვს?

ალისა. “სალამი, უცნობო”.

დანი. რა ბოზი ხარ.

პაუზა.

ალისა. მე სად ვიყავი?

დანი. რაღაც კლუბში, მერე ხორცის ბაზარში, მერე… ჩამარხულ მდინარეზე.

პაუზა.

ალისა. სად?

დანი. შავი ბერის ხიდზე წახვედი, ფლიტის სათავე რომ გენახა… და კიდე მცურავი ღორი…… და ასე შემდეგ.

ალისა. რაღაც აგერია, ბაბუ.

დანი “იხსენებს” და სააბაზანოში გადის.

დანი. (კულისებიდან) და კიდევ იმ პარკში იყავი……ძეგლი რომ დგას.

ალისა. შენ ვისთან ერთად იყავი იქ?

დანი. (კულისებიდან) ცხონებულ მამაჩემთან ერთად.

ალისა. კვერცხიან ბუტერბროდს ჭამდა და ნიკაპი ცხიმით მოეთხვარა.

დანი. (კულისებიდან) საიდან გახსოვს ეს ყველაფერი?

ალისა. იმიტომ, რომ ჩემი თავი არ არის გამოტენილი სისულელეებით.
რა ევფემიზმი გქონდა, გახსოვს?

დანი. (კულისებიდან) თავმდაბალი. შენ?

ალისა. განმაიარაღებელი. სკამები წითელი იყო თუ ყვითელი?

დანი შემოდის. მას სათვალე უკეთია.

დანი. წარმოდგენა არ მაქვს.

ალისა. ჩამჭრელი შეკითხვა, სკამები ნარინჯისფერი იყო.

დანი. შენ თავად ხარ ჩამჭრელი შეკითხვა. პრინცესა.

ალისა. რაინდო.

ალისა ფეხებს შლის. დანი უყურებს. რაღაცას იხსენებს.

პაუზა.

დანი. ის ექიმი გახსოვს?

პაუზა.

ალისა. არა… რომელი ექიმი?

პაუზა.

დანი. ექიმი… სიგარეტი რომ მოგცა.

პაუზა.

ალისა. არა. ასი წელია არ დამისვენია…

დანი. სოფელში ხომ ვიყავით.

ალისა. ეს არ ითვლება. შენ მაშინ ჩუმ-ჩუმად იმ… ქალბატონს ურეკავდი, რომელზედაც შევთანხმდით, რომ არ ვილაპარაკებთ.

დანი თვალს ადევნებს ალისას.

დანი. ფიქრობ, ისინი ბედნიერები არიან?

ალისა. ვინ?

დანი. ანა და… ლარი.

ალისა. არც მაინტერესებს. Mმოდი ჩემთან.

დანი. მოწევა მინდა. როგორ მოახერხე სიგარეტისთვის თავის დანებება?

ალისა. ღრმა შინაგანი ძალა.

დანი წვება. ალისას ეხუტება, კოცნის. ფეხზე ეფერება.

დანი. ეს შრამი საიდან გაქვს?

ალისა. ხომ იცი.

დანი. საიდან?

ალისა. ველოსიპედიდან გადმოვვარდი, უკანა ბორბლები რომ მოვაძრე.

დანი. (ეჭვით) მართლა?

ალისა. ერთხელ უკვე ხომ მოგიყევი.

პაუზა.

დანი. შენ თვითონ გაიკეთე, ხო?

ალისა. არა.

პაუზა.

დანი. შენი პასპორტი მანახე.

ალისა. არა, იქ სიმახინჯე ვარ.

პაუზა.

დანი. სტრიპტიზს თავს როდის დაანებებ?

ალისა. მალე.

დანი. ნარკოტიკივით არის.

ალისა. ნუ აზვიადებ.
სამაგიეროდ ამ ყველაფრის გადახდა შევძელი.

პაუზა. დანი საკუთარ თავს ებრძვის, მაგრამ ვერ ძლებს.

დანი. მითხარი, რა მოხდა.

ალისა. დან… არ გინდა. არაფერი არ მომხდარა.

დანი. კლუბში ხომ მოვიდა?

ალისა. უამრავი კაცი დადის კლუბში. შენც მოხვედი კლუბში. რა სახე გქონდა მაშინ…

დანი. და შენ რა სახე გქონდა?.
რა სახე. რა პარიკი.

თვალს ვერ წყვეტს.

ვგიჟდები შენ სახეზე… შენი სახე რომ დავინახე……ვიფიქრე, მეჩვენება…
მერე კი შენ პირდაპირ გზაზე გადმოხვედი.
ეს უმნიშვნელოვანესი წამი იყო ჩემ ცხოვრებაში.

ალისა. ეხლაც შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წამია.

დანი. შენ იდეალური იყავი.

ალისა. ახლაც ასეთი ვარ.

დანი. ვიცი.
საავადმყოფოში რომ მოვდიოდით… თავი რომ “გიქანქარებდა”… შუბლზე გაკოცე.

ალისა. ნაძირალა.

დანი. ტაქსისტმა დაინახა, რომ გკოცნიდი… “შენიაო?” მკითხა… მეც ვუპასუხე: “ხო, ჩემია”…

დანი შუბლზე კოცნის, გულში ჩაიკრავს. თავს ებრძვის.

ესე იგი, კლუბში მოვიდა, შენ სტრიპტიზი გააკეთე, ცოტა წაიჭორავეთ და მორჩა? მეტი არაფერი?

ალისა. ხო.

დანი. შენ მე არ მენდობი. მე შენ მიყვარხარ, შენ არაფრის არ უნდა გეშინოდეს. თუ გაგჟიმა, მითხარი, ეს არაფერს შეცვლის, უბრალოდ მინდა ვიცოდე.

ალისა. რატომ?

დანი. (ნაზად) იმიტომ, რომ მინდა ყველაფერი ვიცოდე, იმიტომ რომ… არანორმალური… ვარ.

დანი სახეზე ეფერება. პაუზა.

მითხარი…

ხანგრძლივი პაუზა.

ალისა. არაფერი ჩვენს შორის არ ყოფილა. შენ კი სხვასთან ერთად ცხოვრობდი.

დანი. (უხეშად) თავს იმართლებ?

ალისა. არა, თავს არ ვიმართლებ… უბრალოდ ვლაპარაკობ.

დანი. რას ლაპარაკობ?

ალისა. არაფერს არ ვლაპარაკობ.

დანი. უბრალოდ სიმართლე მითხარი.

დანი ლოგინიდან დგება და შარვალს იცვამს.

ალისა. მე შენ სიმართლეს გეუბნები.

დანი. შენ სიმართლესთან კარგად ვერ ხარ, ეს ყველამ იცის.
მისთვის რამე გიჩუქნია?

პაუზა.

ალისა. არა. სად მიდიხარ?

დანი. სიგარეტის მოსატანად.

ალისა. ეხლა ყველაფერი დაკეტილია.

დანი. აეროპორტში წავალ; მალე დავბრუნდები.

დანი ქურთუკს იცვამს.

როდესაც დავბრუნდები, ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი.

ალისა. რატომ?

დანი. იმიტომ, რომ ეს ჩემი ნარკოტიკია. იმიტომ, რომ სიმართლის გარეშე ჩვენ ცხოველები ვართ. მომენდე, მე შენ მიყვარხარ.

ალისას უყურებს.

რა?

ალისა ნელ-ნელა მისკენ ბრუნდება.

დუმილი.

ალისა. მე შენ აღარ მიყვარხარ.

პაუზა.

დანი. მისმინე… მაპატიე…

ალისა. არა, თემა შევცვალე. მე შენ აღარ მიყვარხარ.

დანი. როდიდან?

ალისა. (რბილად) ამ წუთიდან… აი, ზუსტად ამ წუთიდან.
მე არ მინდა შენი მოტყუება, მაგრამ არც სიმართლის თქმა შემიძლია, ისე, რომ ყველაფერი დამთავრებულია.

დანი. ალისა… არ მიმატოვო.

ალისა ლოგინიდან დგება და თავის ზურგჩანთისკენ მიდის, დანის პასპორტს იღებს და აძლევს.

ალისა. უკვე მიგატოვე… მე აქ აღარ ვარ.
“მე შენ აღარ მიყვარხარ, მშვიდობით”.

პაუზა.

დანი. სიმართლეს რატომ არ მეუბნები?

ალისა. (ჩუმად) რომ შემიზიზღო?
ლარისთან სექსი მქონდა. ბევრჯერ. და ძაანაც მომწონდა. ვათავებდი კიდეც. შენ მირჩევნიხარ. ახლა კი წადი.

პაუზა.

დანი. მე ეს ვიცოდი, ლარიმ მითხრა.

ალისა. იცოდი?

დანი. მინდოდა, რომ შენ თვითონ გეთქვა.

ალისა. რატომ?

დანი. იმიტომ, რომ მას შეიძლებოდა მოვეტყუებინე, ეს შენგან უნდა გამეგო.

ალისა. მე შენ ამას არასდროს მოგიყვებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ შენ არასდროს მაპატიებდი.

დანი. გაპატიებდი. უკვე გაპატიე.

ალისა. რატომ გითხრა?

დანი. იმიტომ, რომ ნაძირალაა.

ალისა. (სასოწარკვეთილი) ეს რატომ გააკეთა?

დანი. იმიტომ, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა.

ალისა. ჩემი გამოცდა რაღა საჭირო იყო?

დანი. არ ვიცი, იმიტომ რომ იდიოტი ვარ.

ალისა. სწორედაც.
მე შენ მთელი ცხოვრება მეყვარებოდი, ახლა კი, ძალიან გთხოვ, წადი.

დანი. არ გინდა ალისა, მოდი დავილაპარაკოთ.

ალისა. ჰო და, ვლაპარაკობთ _ გააჯვი.

დანი. მაპატიე, შენ ვერ გაიგე, მე არ მინდოდა _

ალისა. არა, გინდოდა.

დანი. მე შენ მიყვარხარ.

ალისა. სად?

დანი. რა სად?

ალისა. მანახე, სად არის ეს შენი “სიყვარული”?
მე მას ვერ ვხედავ, ვერ ვეხები, ვერ ვგრძნობ.
მე მხოლოდ მესმის, რომ ის არსებობს, მხოლოდ რაღაც სიტყვები მესმის, მაგრამ შენი ცარიელი სიტყვები არავის ჭირდება.

დანი. მომისმინე, ძალიან გთხოვ _

ალისა. რაც არ უნდა თქვა, უკვე გვიანია.

დანი. (სასოწარკვეთილი) ძალიან გთხოვ, ეს არ გააკეთო.

ალისა. უკვე გავაკეთე. ახლა კი წადი, თორემ… დაცვას დავუძახებ.

პაუზა.

დანი. სტრიპტიზ-კლუბში არა ხარ. აქ დაცვა არ არის.

ერთმანეთს უყურებენ. პაუზა.
ალისას ყურმილის აღება უნდა. დანი მას ლოგინზე დააგდებს, ჭიდაობენ.

რატომ მიეცი?

ალისა. მინდოდა.

დანი. რატომ?

ალისა. მინდოდა-თქო.

დანი. რატომ?

ალისა. იმიტომ, რომ მარტო ვიყავი.

დანი. რატომ მაინცდამაინც ის?

ალისა. ზრდილობიანად მთხოვა.

დანი. იტყუები.

ალისა. მერე რა?

დანი. ვინ ხარ შენ?

ალისა. არავინ.

ალისა სახეში შეაფურთხებს. დანი ცალი ხელით ყელზე წვდება.

მიდი, დამარტყი. შენ ხომ ეგ გინდა. დამარტყი, სირო.

დუმილი.

დანი ალისას ურტყამს.

დუმილი.

ალისა. საერთოდ აზროვნებ?

ფარდა.

სცენა XII

პოსტმან-პარკი.
შუადღე. ივლისი (ექვსი თვის შემდეგ).
ზაფხულის დღე. ანა ძეგლს უყურებს. ხელში გზისმკვლევი უკავია.
ლარი დგას. ხელში თეთრი ხალათი და ორი ერთჯერადი ჭიქა უჭირავს. თვალს ადევნებს ანას. ანა შემობრუნდება.

ანა. ჯაშუშო.

ლარი მას უახლოვდება.

ხალათი მოიტანე?

ლარი. თეთრი ხალათი.

ანა. სალამი, ლარი ექიმო.

ლარი ანას ჭიქას გაუწოდებს.

მადლობ. ეს წარწერები წაგიკითხავს?

ანა ისევ ძეგლისკენ შეტრიალდება.

ლარი. კი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგეწონებოდა.

ლარი სკამზე ჯდება და სიგარეტს უკიდებს.

ანა. (კითხულობს) ელისაბედ ბოქსალი… ჩვიდმეტი წლის… დაიღუპა ტრავმებისგან, რომელიც ბავშვის გაჭენებული ცხენიდან ჩამოსმის დროს მიიღო… 20 ივნისი, 1888 წელი.

ლარის მიუბრუნდება.

პოლი როგორ არის?

პაუზა.

ლარი. კარგად.

ანა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე მედდა შეგაბამდა.

ლარი. მართლა? საიდან იცოდი?

ანა. რატომღაც ასე ვფიქრობდი.
ბოლოს და ბოლოს, იპოვნე შენი “ცხოვრების ქალი”?

ლარი. არ ვიცი.

ანას შეხადავს.

არა.
ყველა ცდილობს, რომ კარგი იყოს, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცვლება.

ანა. არც შენ იცვლები.

ლარი. შენ… ვინმეს ხვდები?

ანა. არა.
ძაღლი ავიყვანე.

ლარი. მართლა? რა ჯიშის?

ანა. ყურშა. მაწანწალა ძაღლია. ქუჩაში ვიპოვე…

პაუზა.

ლარი. ფანტასტიურად გამოიყურები.

ანა. ნუ დაიწყებ ახლა.

ლარი. დიდი სიამოვნებით მოგ……

ანა ლარის უყურებს.

სერიოზულად.

ანა. მიდი, გააჯვი, ბებერო სირო.

პაუზა.

ლარი. მე შენთვის არასდროს მითქვამს: იმ საღამოს… სააბაზანოში რომ შევედი… ჩვენ რკინის აბაზანას მუხლი მივარტყი. სააბაზანომ ხრიკი მომიწყო. სანამ შენ ოთახში ქვითინებდი, მე სააბაზანოში ვკნაოდი ტკივილისგან. სარკე აღრფთოვანებული იყო.

ანა იღიმის.

საქმეები როგორ მიდის?

ანა. შვებულება ავიღე… სოფელში წავალ… ძაღლთან ერთად ვისეირნებ.

პაუზა.

ლარი. ნუ გახდები… ტრაგიკული ფიგურა.

ანა. ნუ გეშინია, არ გავხდები. გააჯვი.

ლარი უყურებს.

ლარი. მთელ შენ სიყვარულს ძაღლს მისცემ?

ანა. შენ ხომ მაინც არ გჭირდებოდა.
ყოველთვის მოიძებნება ვინმე უფრო ახალგაზრდა.

ძეგლს უყურებენ.
დუმილი.

ლარი. როგორ მოკვდა?

ანა. არ ვიცი. დამირეკა და მითხრა, გუშინ მოხდაო, ნიუ იორკში. დღეს მიფრინავს და წასვლის წინ ჩვენი ნახვა უნდოდა.

ლარი. ესე იგი, არ შერიგდნენ?

ანა. იანვარში დაშორდნენ.

პაუზა.

ლარი. გითხრა რატომ?

ანა. არა.

პაუზა.

ლარი. ნეტა მას როგორ დაუკავშირდნენ?

ანა. იქნებ პასპორტში ეწერა, როგორც “უახლოესი ნათესავი”? შენ ჯერ კიდევ მიწერიხარ პასპორტში _ “სიკვდილის შემთხვევაში”.
უნდა ამოგშალო.
კმაყოფილი ხარ, საავადმყოფოში რომ დაბრუნდი?

ანა ლარის გვერდზე უჯდება.

ლარი. აჰა. პოლიმ მითხრა, კერძო პრაქტიკას თავს თუ არ დავანებედი, ჩემთან სექსი არ ექნებოდა. სხვა რა გზა მქონდა?

ანა ძეგლს უყურებს.

ანა. როგორ ფიქრობ, ეს ყველაფერი მათ ოჯახებმა გაუკეთეს?

ლარი. ალბათ. ყვავილებს რომ დებენ ხოლმე გზის პირას, იმას გავს.
ადამიანებისთვის აუცილებელია ვინმე ახსოვდეთ.
ეს მომხდარს ნაკლებ შემთხვევითობას ანიჭებს.
ისე, სიმართლე გითხრა, მძულს ეს ძეგლი.

ანა. რატომ?

ლარი. რომელიმე ვიქტორიანული ფილანტროპის სენტიმენტალური აღტკინება: გახსოვდეთ მკვდრები, დაივიწყეთ ცოცხლები.

ანა. თვითდაჯერებული ნაძირალა ხარ.

ლარი. შენ კი _ განუკურნებელი რომანტიკოსი.
მოძებნე და იპოვნი ალისა აირესს.

ანა. ლარი, საშინელებებს ამბობ.

ლარი ერთ წარწერაზე მიუთითებს.

ლარი. (კითხულობს) ალისა აირესი, ქვისმთლელის შვილი, თავი შესწირა ცეცხლმოკიდებული შენობიდან სამი ბავშვის გამოყვანას.
24 აპრილი, 1885 წელი.
მან საკუთარი თავი გამოიგონა.

ძეგლს უყურებენ.
ცოტა ხანში ლარი აქრობს სიგარეტს და თავის თეთრ ხალათს იღებს.

მე გულქვა არა ვარ, უბრალოდ ბევრი პაციენტი მყავს. დანს ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადე. მისამძიმრებაში არ ვარგივარ.

ანა. შენ მშიშარა ხარ.

ლარი. ვიცი.

ანა ძეგლს უყურებს, მერე ლარისკენ შეტრიალდება.

ანა. მე გახსოვარ?

ერთმანეთს უყურებენ. შემოდის დანი. კოსტუმი აცვია. ხელში ჩემოდანი უჭირავს, რომელიც მეხუთე სცენაშიც ქონდა და ყვავილების თაიგული. დაღლილი ჩანს.

დანი. მაპატიეთ, ძლივს გამოვედი სამსახურიდან.

ლარი. დან… ვწუხვარ… მაგრამ უნდა…

დანი. კარგი, კარგი.

ლარი მიდის.

დანი. (ანას) კარგად გამოიყურები.

ანა. თავსაც კარგად ვგრძნობ.

დანი ძეგლს უყურებს.

ანა. დან…

ანა სკამზე მიუთითებს; დანი არ ჯდება.

დანი. სწორედ აქ ვისხედით.

ანა. ვინ?

დანი. მე და მამაჩემი; არ მომიყოლია?

ანა. არა, ალბათ სხვას უყვებოდი, ალისას.

პაუზა.

დანი. ჯეინ. მას ჯეინ ჯონსი ერქვა.
პოლიციიიდან დამირეკეს… მითხრეს, რომ ჩემი მეგობარი, ჯეინ ჯონსი მოკვდა… (მისი წიგნაკი იპოვნეს).
მე ვუთხარი, რომ მათ შეეშალათ… მაშინ აღმიწერეს.
ვერავინ შეძლო მისი ამოცნობა.
მანქანა დაეჯახა… 43-ე ქუჩის და მედისონის კუთხეში.
დღეს დილით, როდესაც სამსახურში მოვედი… გრეხემმა მკითხა: “აბა, ვინ გავიდა დღეს მარილზეო?”
აივანზე გავედი და პატარა ბავშვივით ავქვითინდი.
სახეზე ხელები ავიფარე _ ამას რატომ ვაკეთებთ ხოლმე?
ვიღაც კაცი მოკვდა სახელმწიფო ხაზინიდან.
მთელი დილა მის ნეკროლოგს ვწერდი.
ადგილი აღარ არის. ყოველთვის… ადგილის პრობლემაა.

დანი ანას გვერდზე ჯდება.

მერე ისევ დამირეკეს. პოლიციიდან… მითხრეს, რომ მისი მშობლების სიკვდილის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ აქვთ… მითხრეს, რომ მათი მოძებნა სცადეს.
მეუბნებოდა, იმიტომ შემიყვარდიო, რომ პურს ქერქებს აჭრიო…… სინამდვილეში კი… იმ დღეს… უბრალოდ პური ხელში დამეფშხვნა.

დანი ყვავილებს უყურებს.
დუმილი.
ანას უბრუნდება.

წინა კვირას შემთხვევით რუთი შემხვდა.
გათხოვილა. ერთი შვილი უკვე ყავს და ისევ ორსულად არის.
ესპანელ პოეტს გაყვა ცოლად.

იჭყანება.

მის ლექსებს თარგმნიდა და შეუყვარდა.
ლექსების კრებული შეუყვარდა.
“მარტოობა” ქვია.

ყვავილების დახედავს.

შავი ბერის ხიდზე დავდებ.

დანი და ანა დგებიან.

უნდა წავიდე, თვითმფრინავზე დამაგვიანდება.

ერთმანეთს უყურებენ.

მშვიდობით.

ანა. მშვიდობით.

ცალ-ცალკე გადიან.
ცარიელი სცენა.

ფარდა.

პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s