ეკა ირემაშვილი: სოსო ნემსაძის ორ სპექტაკლზე


სოსო ნემსაძე პიტერ ბრუკის ქუდით, 2009

ეკა ირემაშვილი

ზუგდიდის თეატრი ვაჟა-ფშაველას იუბილეს აღნიშნავს

“ახალი თაობა”, 2010-06-04

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მაყურებელს ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძლის” მიხედვითი დადგმული სპექტაკლი შესთავაზა. თეატრის ხელმძღვანელობამ სოსო ნემსაძე თბილისიდან საგანგებოდ მიიწვია.

– ვაჟა-ფშაველა არის ის მწერალი, რომლის შემოქმედებაც სცენურ აქტუალობას არ კარგავს. სამწუხაროდ, ის პრობლემა, რაც მის გენიალურ პოემაშია ჩადებული, დღესაც აქტუალურია და საოცრად ზედმიწევნით ასახავს ჩვენს თანამედროვებას. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრში კონფლიქტის ზონის საზღვარი გადის და ამის გამო საჭირო გახდა თემის მოდერნიზება. ვფიქრობთ, ზუგდიდელი მაყურებლისთვის ჩვენს მიერ შეთავაზებული სცენური ვერსია საინტერესო აღმოჩნდა, – განაცხადა რეჟისორმა.

თეატრში გამართული პრემიერის პარალელურად, მისი ხელმძღვანელი მაია კალანდია არ მალავს, რომ თეატრში ბევრი პრობლემაა და მათი მოგვარება აუცილებელია. თეატრში წყალი ჩადის, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია, სცენას აწვიმს, თუმცა, ეს მთავარი საკითხი არ არის.

– თეატრს ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, ჩვენთვის მთავარი ეს არ არის. ჩვენ გვინდა ახალი თაობის მსახიობების პროფესიონალური დონის ამაღლებას შევუწყოთ ხელი, ამიტომაც თეატრალურ უნივერისტეტში მომავალი წლიდან სპეციალურად ზუგდიდის ჯგუფის შექმნაა გადაწყვეტილი, – აცხადებს თეატრის ახალი მმართველი.

მაია კალანდია ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ხუთ წელიწადში ზუგდიდში ტექნიკურად აღჭურვილი თანამედროვე თეატრი იქნება და მასში დიდი შემოქმედებითი ჯგუფი იმუშავებს.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალი მმართველის დანიშნვის შემდეგ ეს პირველი სპექტაკლია, რომელიც ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეს ეძღვნება. დადგმის მუსიკალური გაფორმება გიორგი მაისურაძეს ეკუთვნის, მხატვარი მარიკა კორკელიაა, ქორეოგრაფიაზე კი ირა კუპრავამ იმუშავა. მთავარ როლს სპექტაკლში მომღერალი და პროექტ “ჯეო ბარის” ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ფოჩხუა ასრულებს. მას მთხრობელის როლი აქვს. ეს მისი სადებიუტო სპექტაკლია.

სპექტაკლი “სტუმარ მასპინძელი” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და “ლიბერთი ბანკის” სამეგრელოს ფილიალის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Soso Nemsadze

კლდიაშვილის “უბედურება” გროტესკში გათამაშდება

“ახალი თაობა”, 2010-03-10

რეჟისორი სოსო ნემსაძე ახმეტელის თეატრში კლდიაშვილის “უბედურების” მიხედვით ამავე სახელწოდების სპექტაკლს დგამს. წინასაპრემიერო სამზადისი უკვე დასასრულს მიუახლოვდა. სპექტაკლის მხატვარი აივენგო ჭელიძეა, კოსტიუმების მხატვარი – ქეთი მამუჩაშვილი, სპექტაკლში გამოყენებულია ცოცხალი მუსიკა, რომლის ავტორიც ლექსო ტურიაშვილია. ერთმოქმედებიან სპექტაკლში ახმეტელის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. 10 მარტს შემოქმედებით ჯგუფს სპექტაკლის ჩაბარება აქვს, მაყურებელი კი ახალ წარმოდგენას 13 და 14 მარტს იხილავს.

ეკა ირემაშვილი

სოსო ნემსაძე, რეჟისორი:

– ჩვენ სპექტაკლის დახურული ჩვენება 10 მარტს გვაქვს. თუ ყველაფერი მოესწრება, 14 მარტისთვის პრემიერას ვითამაშებთ. იქ უამრავი დეტალია, რომელიც ტექნიკურად არის გასაკეთებელი.

– ახმეტელის თეატრში პირველად მუშაობთ?

– არა. ახმეტელის თეატრთან დიდი ხანია მაკავშირებს ჩემი პროფესია. ეს არის ჩემი მესამე სპექტაკლი ახმეტელის თეატრში. პირველი ჯავახიშვილის “თეთრი საყელო” იყო, მეორე – ფედოს “ეჭვის ჭია” და მესამე ისევ ქართული, კლდიაშვილის “უბედურებაა”.

– რატომ აირჩიეთ კლდიაშვილის “უბედურება”?

– ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რაც საქართველოში განვითარდა, არ ვგულისხმობ ომს, არამედ შიდა დაპირისპირებამ უფრო თანამედროვე და აქტუალური გახადა ეს პიესა. პიესაში ქართველი საზოგადოების მანკიერი მხარე გენიალურად არის წარმოჩენილი. კრიტიკულ სიტუაციაში ქართველები ისევ ხელკეტებს და ჯოხებს ვიღებთ და ასე ვცდილობთ გამოვიდეთ მდგომარეობიდან ან მოვაგვაროთ პრობლემები.

– თვლით, რომ ერთი დიდი უბედურება გვჭირს ქართველებს?

– 1914 წელს არსებობდა ეს პრობლემა, ახლა 2010 წელია, მსოფლიოში უამრავი რამ შეიცვალა, ჩვენი საზოგადოება კი ისევ და ისევ დგას იმ პრობლემების წინაშე, რასაც ჰქვია პირადულის დაყენება წინა პლანზე და არა საზოგადოებრივი აზროვნების წამოწევა. ჩვენში მეს პრიორიტეტები უფრო სჭარბობს. ისეთ ქვეყანაში კი, როგორიც საქართველოა, საზოგადოებრივი ინტერესები უფრო გასათვალისწინებელია. ეს არის მცირე ქვეყანა, მას არა აქვს ძალიან დიდი რესურსი, ამიტომ სწორედ საზოგადოებრივ აზროვნებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ინდივიდუალისტები ვართ, ეს კი დადებით შედეგამდე არ მიგვიყვანს. ეს ისტორიამ დაამტკიცა და გრძელდება და გრძელდება ამის მტკიცება, ნელ-ნელა ვმცირდებით, უფრო სასოწარკვეთილები და განწირულები ვხდებით. არ არის პროგრესი, თითქოს რაც ახლა მოხდა, ბოლო პერიოდში რაც გაკეთდა, ეს გარეშე ძალებმა გააკეთეს. დადებითზე ვლაპარაკობ, რომ გალამაზდა ქუჩები, მოეწყო პარკები, საზოგადოება ამაზე არ ზრუნავს. აზერბაიჯანში ვიყავი რამდენიმე კვირის წინ და იქ ვნახე, როგორ ზრუნავს საზოგადოება თავის ქალაქზე. ჩვენთან ახალი სკამები, ბაღები დამტვრეული, დალეწილი და გაუბედურებულია. ეს არის ჩვენი უბედურება, გაკეთებულის მოვლასაც არ ვცდილობთ. ჩვენთან ეიფელის კოშკი არასოდეს აშენდება, ფრანგები იდეალისტები არიან, ჩვენ კი ინდივიდუალისტები ვართ.

– პრემიერაზე მისულმა მაყურებელმა თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რისი თქმა სურს რეჟისორს, მაგრამ იქნებ გვითხრათ, რისკენ მოუწოდებთ მაყურებელს?

– ჩემი სპექტაკლის მთავარი იდეა ის არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ რელიქტი, შევეშვათ რელიქტურ აზროვნებას, ძველ გადმონაშთს და დავიწყოთ რეალური აზროვნება, რაც თითოეულ ადამიანს წაგვადგება. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც. სჯობს სულ დავმუნჯდეთ, ოღონდ ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ. ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ხელკეტობანა და ცემა-ტყეპა, ამის აღარავის ეშინია. ის აზროვნება, ადრე რომ არსებობდა, მე ქართველი ვარ! ჩაბარდეს წარსულს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს. ვიზრუნოთ იმაზე, რა გავაკეთოთ ისეთი, რომელიც ჩვენს შვილებს ხვალ და ზეგ პოზიტიურად დახვდებათ. ეს არის ჩემი ძირითადი სათქმელი. ჩვენს სპექტაკლში არის პერსონაჟი, რომელიც უცნობია, მას მოაქვს უბედური ამბავი და მთლიანად ამაზე იგება ტრაგედია. უბედურება ყოველთვის არსებობს, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, როდის რა მოელის. მას პროგრესულად უნდა შეხვდეს ადამიანი და ეძებოს გამოსავალი და არა სხვას გადააბრალოს. აქ არის რელიქტი, როცა ჩემთან მოდის უბედურება, გადავულოცო სხვას. არავისაც არ უნდა გადავულოცოთ, თვითონ უნდა ვებრძოლოთ მას.

– შემოქმედებით ჯგუფს კარგად იცნობთ?

– ახალი სახეები ჩემს სპექტაკლში არავინ არის, მათ ყველას კარგად ვიცნობ. კომედია “ეჭვის ჭია” სიცილ-ხარხარში გაკეთდა. მსახიობებს გული წყდებოდათ, რომ მასალა არ იძლეოდა ამის საშუალებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა დრამატულ პიესაში რაღაც დონის კომედია ჩადებულია. თვითონ ფაქტია დრამატული, ზუსტად ამას გავყევით ჩვენ. თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში წარმოდგენას თან სდევს გროტესკი, მთელი ხაზია გროტესკული, ჩვენ რაღაცას დავცინით. ის კოლექტივი, რომელიც ამას იყო მიჩვეული, თავისუფლად გადმოერთო ამ ჟანრში. მართალია კლდიაშვილი და გროტესკი ცოტა უცნაურია, ჩვენ გვინდა გავხსნათ ეს ბრჭყალები და ვაჩვენოთ, რამდენად შეიძლება მოხდეს კლდიაშვილის მოდერნიზება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შესაძლებელია. კლდიაშვილი ძალიან დიდი მწერალია და როცა ვეხებით დიდ მწერალს, იქ მასშტაბები უფრო დიდია, მეტი გასაქანია. ეს კოლექტივი, რომელიც ამ სპექტაკლშია დაკავებული, თავისუფლად გადაწყვეტს ამ პრობლემას, ისინი კარგად შეასრულებენ თავის საქმეს და იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გააკეთებენ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, რთულ პირობებში არიან, სიცივეა თეატრში. XXI საუკუნეშიც კი არ მოხდა, რომ ქართული თეატრი თბებოდეს, ეს პარადოქსია. ბევრი სიმბოლური დამთხვევაა.

– როგორ შედეგს ელოდებით?

– ველოდები კრიტიკას. ვიცი, რომ ამ სპექტაკლს ეყოლება მაყურებელი და იქნება დიდი კრიტიკა. იქ არის რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც ამას გამოიწვევს. გმირი ანტონა პიესაში არ ჩანს, ჩვენს სპექტაკლში კი მთავარი გმირი ხდება. სპექტაკლში არის ასევე უცნობი ბიჭი, რომელიც სპექტაკლში სხვა სახით გვევლინება. დამატებული პერსონაჟები შექმნიან კრიტიკის საფუძველს. კრიტიკისთვის მზად ვარ, იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ მოყვეს კრიტიკა. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნაწარმოები სუსტია და არ იმსახურებს გარჩევას. თუ სწორი, კარგი და ჯანსაღი კრიტიკა იქნება და არა ბოღმით და შურით გაკეთებული, მივესალმები და კარგია რეჟისორისთვის. ჩვენ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავფიქრდებით. როცა იქმნება სპექტაკლი, შეიძლება რაღაც გაგვეპაროს, ფორმამ გაგვიტაცოს, ამ დროს კრიტიკა და მითითება ნამდვილად კარგია, ამაში დადებითს ვხედავ.

ახმეტელის თეატრი ყველანაირად მიწყობს ხელს. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც კიდევ ერთხელ მოისურვა ჩემთან თანამშრომლობა. სპექტაკლისთვის მოვითხოვე ხასხასა მინდორი, მოლი, თეატრში ცდილობენ ყველანაირად ხელი შემიწყონ. 200 ათასი ლარი აქვს ამ თეატრს წლიური ბიუჯეტი, რაც ძალიან ცოტაა. ეს თანხა საზღვარგარეთ ერთი სპექტაკლი ჯდება. ურთულეს პირობებში მუშაობენ მსახიობები, მათ ანაზღაურებას ხელფასიც არ ჰქვია. თეატრის ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ გამოვიდეს კრიზისიდან. ამ თეატრს ისეთი რეჟისორის სახელი ჰქვია, იქ შემოქმედებითი სიცოცხლე ყოველთვის უნდა დუღდეს. ამ თეატრში სპეციალურად რომ წავლენ სპექტაკლის სანახავად, ეს უკვე დიდი წარმატება და გამარჯვებაა. დასის მმართველიდან დაწყებული, რეკვიზიტორით დამთავრებული, ყველას დიდი მადლობა ასეთი ნდობისა და სითბოსთვის.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s