გიორგი ოვაშვილი და “გაღმა ნაპირი”


George Ovashvili

ნინო შავაძე

გიორგი ოვაშვილი: “რეჟისორობა 13 წლის ასაკში გადავწყვიტე”

2010-04-29 15:15:37

გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი”, ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ფილმებს შორის, ყველაზე წარმატებული გამოდგა. მას სხვადასხვა ფესტივალზე დაახლოებით 35 ჯილდო აქვს მიღებული (35 კი არა, 42 ჯილდო – მ.მ.). ფილმის რეჟისორი, გიორგი ოვაშვილი, საკმაოდ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა.

– ბატონო გიორგი, როგორი ბავშვობა გქონდათ?

– მხიარული ბავშვობა არ მქონია. ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა და ყოველთვის კონტროლის ქვეშ ვიყავი. ჩემი მშობლები მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის სკოლაში პედაგოგები იყვნენ. სიყრმის წლებიც ამ სოფელში გავატარე. გაკვეთილებს ყოველთვის ძალიან კარგად ვსწავლობდი, სიცელქის უფლება არ მქონდა. სხვას რომ ათი დაეშავებინა და მე ერთი, მაინც მე ვისჯებოდი. ასეთმა რეჟიმმა ჩემზე იმოქმედა და ჩაკეტილი ბავშვი გავხდი. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ დადებითი თვისებებიც შემძინა. ჩემ გარშემო ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, ეს თვისება ბევრ საქმეში მეხმარება. სამართლიანობის გრძნობაც ძალიან განვითარებული მაქვს. ვცდილობ, ყოველთვის და ყველასთან სამართლიანი ვიყო.

– აქტიური ბავშვი იყავით?

– აქტიური ვიყავი იმ მხრივ, რომ სკოლაში სწავლასთან ერთად, ბევრ წრეზე დავდიოდი. იქნებოდა ეს ცეკვა, მუსიკა თუ ფეხბურთი. ყოველთვის რაღაცის ძიებაში ვიყავი. კინოში წასვლის სურვილი გაუცნობიერებლად, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მქონდა. იმ დროს ჯერ ვერ ვხვდებოდი, რა იყო კინო, რეჟისურა. თავის გამოხატვის საშუალებას ვეძებდი, მინდოდა ისეთი რაღაც შემექმნა, რითაც ხალხს დავაინტერესებდი და მათ ყურადღებას მივიქცევდი. 13–14 წლის ვიყავი, როდესაც ფილმი დიდ ეკრანზე პირველად ვნახე. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო, რაც მინდოდა. მინდოდა, რომ საინტერესო ამბები გადამეღო. რეჟისორობაც სწორედ მაშინ გადავწყვიტე. სკოლის ბოლო წლებშიც ამ მიზნის ერთგული ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რადგან თეატრალურში ჩაბარება იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო.

– მაგრამ თქვენს ოცნებაზე ხელი მაინც არ ჩაიქნიეთ.

– კი, ნამდვილად. ტექნიკურ უნივერსიტეტში 5–წლიანი სწავლის შემდეგ, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დავამთავრე და ვიფიქრე, რომ ამით ჩემი ოცნება ასრულდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. სწავლის ბოლო წლები საქართველოში მძიმე პერიოდს დაემთხვა. სადიპლომო ფილმის შემდეგ ძალიან დიდი შუალედი მქონდა, 5–6 წელიწადი ფაქტობრივად სიცარიელე იყო. როდესაც ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და კინოში ვერც ერთი მათგანი დარჩა, მე მაინც ვერ გადავლახე ის მომენტი, რომ რეჟისორი აღარ უნდა ვყოფილიყავი და ალბათ ამის გამოც გამიმართლა.

“გაღმა ნაპირი” თქვენი პირველი ფილმია?

– “გაღმა ნაპირი” ჩემ მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი, მხატვრული ფილმია, თუმცა მანამდე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მაქვს გადაღებული.

– “გაღმა ნაპირის” გადაღების იდეა საიდან მოვიდა?

– იდეა 2005 წელს დამებადა. როდესაც ფილმის გადაღებას ვაპირებდი და თემას ვარჩევდი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებს. ერთ დღეს ცნობილ მწერალ ნუგზარ შატაიძეს შევხვდი. მას ძალიან საინტერესო ნოველა “მოგზაურობა აფრიკაში” აღმოაჩნდა. გავეცანი ამ ნოველას და გადავწყვიტე, რომ მის მიხედვით სცენარი დამეწერა და შემდეგ მხატვრული ფილმი გადამეღო.

– მსახიობების არჩევა გაგიჭირდათ?

– მსახიობების არჩევა ძალიან მძიმე, ხანგრძლივი პროცესი იყო. საერთოდ, ფილმში მსახიობი ბევრ რამეს წყვეტს. თავდაპირველად ყველაფერი თვალის მეშვეობით აღიქმება, ამიტომ ფილმში სახეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ქასთინგი დაახლოებით 6–7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

– თედო როგორ იპოვეთ?

– თედოს ერთ–ერთ პოლიკლინიკაში, სრულიად შემთხვევით, შევხვდი. ტიპაჟი მომეწონა. თუმცა, მისი როლზე აყვანა მაშინვე არ გადამიწყვეტია. რამდენიმე თვე მასთან სოფელში ჩავდიოდი, ფოტოებს ვუღებდი, ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი. საერთოდ, ყველა წინააღმდეგი იყო თედოს მთავარ როლზე აყვანის. ფიქრობდნენ, რომ ეს როლი უნდა შეესრულებინა ანგელოზივით ბავშვს, რომელიც მაყურებელში თავიდანვე სიბრალულს გამოიწვევდა. მაგრამ ჩვენ სრულიად საპირისპირო გზით წავედით, მოვიყვანეთ ისეთი ბიჭი, რომელიც თავიდან მაყურებელში ანტიპათიასაც კი გამოიწვევდა, რაც შემდეგ ძალიან დიდ თანაგრძნობაში გადაიზრდებოდა. როგორც ჩანს, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. თედომ ფილმისთვის ყველაფერი გააკეთა.

– თქვენი ოჯახი გაგვაცანით.

– მყავს მეუღლე ნინო დევდარიანი და სამი შვილი.

– თქვენი მეუღლე სად გაიცანით?

– ჩემს მეგობართან ვიყავი ცეკვის რეპეტიციაზე და ნინო პირველად იქ ვნახე, ბალერინა იყო. გაცნობიდან მერვე დღეს ალავერდში ჯვარი დავიწერეთ.

– ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მოკლე დროში როგორ მიიღეთ?

– საერთოდ, ცხოვრებაში გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ. როდესაც რადიკალურ ნაბიჯს ვდგამ, ყოველთვის მიმართლებს. მაშინაც ასე მოხდა.

– მეუღლე რას საქმიანობს?

– ბავშვებს ზრდის და ფილმის გადაღების დროს სხვადასხვა საქმიანობაში მეხმარება – მონტაჟი ეხერხება, მენეჯმენტშიც მეხმარება.

– შვილებიდან რომელიმე თქვენი გზის გაგრძელებას ხომ არ აპირებს?

– უფროსი დიზაინს სწავლობს, პატარა გოგონას უნდა ფერია გამოვიდეს, ბიჭს პოლიციელობა უნდა.

– ოჯახისთვის რამდენად იცლით?

– ბავშვების სანახავად ხანდახან ვიცლი. წელიწადნახევარია, შეიძლება ითქვას, ჰაერში ვარ. საქართველოში ჩამოსვლას რამდენიმე დღით ვახერხებ ხოლმე. ფილმთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ოჯახთან. შეიძლება ითქვას, რომ ფილთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს.

– ოჯახში ყოფნის დროს რამეს თუ ამზადებთ?

– ვწვავ კარტოფილს, კვერცხს, ყავას ვაკეთებ. ყავის მომზადებას ვერავის ვანდობ. მხოლოდ მე ვიცი, ყავისა და შაქრის რაოდენობა რამდენი რამდენზე უნდა იყოს, წყალი რა ტემპერატურაზე უნდა გაცხელდეს.

ბოლოსკენ ერთი ძალიან კარგი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. სამ თვეში ქირურგი მერაბ დვალი თედოს თვალის ოპერაციას გაუკეთებს. ეს პიროვნება თვითონ დაგვიკავშირდა და თედოს დახმარების სურვილი უსასყიდლოდ გამოთქვა. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

George Ovashvili

ლელა ოჩიაური

ჩვენ ვინატრებდით გზას უნაპიროს

მაგრად დახუჭეთ თვალი და აუცილებლად დაინახავთ…

“რეზონანსი”, (20.06.2010)

ბოლოდან მინდა დავიწყო, იქიდან, როდესაც მოქმედება უკვე დასრულებულია, დასრულებულია უშედეგო მოგზაურობა და ფილმი მთავრდება. ამ დროს ეკრანზე წარწერა ჩნდება – სულ რამდენიმე სიტყვიანი – “ვუძღვნი ჩემს სამშობლოს” და ეს თითქოს “ბანალური”, “პლაკატური”, “ჩვეულებრივი” ფრაზა კვლავ დასაწყისში გაბრუნებს, როგორღაც ამთლიანებს და კრავს ყველაფერს, რაც მოხდა, შემდეგ “თავისივე” ჩარჩოებს არღვევს და ახალ მასშტაბში, განზომილებაში გადადის.
ამ წარწერით მთავრდება გიორგი ოვაშვილის ახალი მხატვრული (მისთვის, როგორც სრულმეტრაჟიანი, სადებიუტო) ფილმი “გაღმა ნაპირი”, რომელმაც თანამედროვე ქართულ კინოზეც შემიცვალა წარმოდგენა (დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე), ის მოვლენებიც სხვაგვარად დამანახა (რაღაც კუთხით), რომლებსაც ასახავს, რომლებიც რეჟისორმა იმგვარად აღიქვა და შემდგომ განაზოგადა, რომ ლოკალურ დროში მიმდინარე პროცესები თუ მისი შედეგები მოვლენის მეტაფორად აქცია და თან ამბის უიმედობისა და გამოუვალობის შიშის, სამყაროს ჩაკეტილობის ზღვარის წაშლის იმედიც ჩამისახა.
“გაღმა ნაპირი” შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ყაზახური კომპანია “კინოსა” და ქართულ-ყაზახური კომპანია “აკსაი ბი-ემ-სის” დაფინანსებით. გიორგი ოვაშვილმა ფილმი ნუგზარ შატაიძის (საქართველო) სცენარით გადაიღო, რომლის (სცენარის) ადაპტაცია აზერბაიჯანელ დრამატურგსა და მწერალთან, რუსტამ იბრაგიმბეკოვთან ერთად გააკეთა. ოპერატორია ამირ ასსადი (ირანი), კომპოზიტორი – იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი), მონტაჟი – კიმ-სუნ-მინი (სამხრეთ კორეა), მხატვარი – მერაბ ჯოხაძე (საქართველო), პროდუსერები – საინ გაბდულინი (ყაზახეთი) და გიორგი ოვაშვილი (საქართველო).
პირველ როლს თედო ბექაური ასრულებს. ფილმის უდავო მიმზიდველობა და წარმატება სწორედ მთავარი გმირის შემსრულებლის ზუსტად შერჩევასა და მის მიერ დაუჯერებელი (იმდენად დაუჯერებელი, რომ გგონია, რაც ხდება, ამ ბავშვმა ყველაფერი პირადად და თან შენ თვალწინ გადაიტანა) სიღრმითა და უშუალობით შექმნილ სახეზეა მნიშვნელოვნად დამყარებული.
მონაწილეობენ – გალობა გამბარია, ნიკა ალაჯაჯევი, თამარ მესხი, ბერდია ინწკირველი, ლია აბულაძე, არჩილ თაბუკაშვილი, თემო გოგინავა, ლერი ზარდიაშვილი, ლევან თედორაძე, ჯანო იზორია და სხვა.
ფილმში მოთხრობილია პატარა ბიჭუნას (იქნება 11-13 წლის) ისტორია, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი. ცხოვრობს დედასთან ერთად, სადღაც მდინარის პირას. იმას, სადაც ისინი ცხოვრობენ, ყველაფერი შეიძლება უწოდო, საცხოვრებლის გარდა და იმას, როგორც არსებობენ, ცხოვრების გარდა – ყველაფერი. ომი რომ დაიწყო, მამა ავად იყო, წამოსვლა ვერ შეძლო და აფხაზეთში, ტყვარჩელში დარჩა, მშობლიურ ქალაქში.
თედოს ბედი, შესაბამისად, იმ ომის, იმ ძალადობის, კოშმარის (რომელიც ძალიან გინდა, რომ არა რეალობა, არამედ სიზმარი იყოს) ყველა ნიშანს ატარებს, რომელიც საქართველომ გადაიტანა; თედოს ცხოვრება კი, რომელიც მომხდარის, არსებული ვითარების შედეგია, ქვეყნის ისტორიის გაგრძელებაა, რომელსაც ძალადობამ, აგრესიამ, სიძულვილმა ბევრი დააკარგვინა.
რეჟისორი ორმაგ “თამაშს” გვთავაზობს. ის, რაც ფილმში ხდება (თედოს თავგადასავალი), ერთი მხრივ, ბავშვის თვალითაა აღქმული და რეალობისადმი მისი დამოკიდებულების გამომხატველია. მეორე მხრივ, ესაა რეჟისორის მიერ დანახული ბავშვების ცხოვრება, მათი სამყარო, მათი ბედი, სურვილები და იმედები, მაშინ, როდესაც ომია ან ის უკვე იყოს, თუმცა მაინც გრძელდება; ბავშვების, რომლებიც უფროსებმა გაწირეს და ყველაფერი – ნორმალური ცხოვრების უფლება წაართვეს, წაართვეს, პირველ რიგში, ბავშვობა. თვითონ თედოც ქვეყნის მეტაფორად აღიქმება, რომელსაც ყველაფერი დაუნგრიეს და შემდეგ მიატოვეს. თედოს (მეტად პატარა ასაკის მიუხედავად) ყველაფრის ნახვა და განცდა მოუწევს, მაგრამ ეს ისაა, რაც მისმა სამშობლომ გადაიტანა და ამდენად, ხვედრია.
როდესაც ბავშვებს უფროსები ვეღარ იცავენ, როდესაც მათზე აღარავინ ფიქრობს ან, საერთოდ, აღარავინ ჰყავთ ამქვეყნად, ისინი იძულებული ხდებიან, საკუთარ თავზე თვითონ იზრუნონ, მოძებნონ თავშესაფარი, არსებობის საშუალება, ამისთვის – იქურდონ, დანაშაული ჩაიდინონ. შემდეგ ისინი ციხეში ხვდებიან, თვითონვე ხდებიან მოძალადეები, სადღაც კვლავ გარბიან და კვლავ რჩებიან მარტო, უმწეო და მიუსაფარი.
სასოწარკვეთილი თედო კი აფხაზეთში მიდის, რომ ამ რეალობას გაექცეს; მიდის იქ, სადაც მამა ეგულება, გაღმა ნაპირზე, რომ იპოვოს იგი, სახლი და იპოვოს გამოსავალი.
თედო მიდის და იწყება მისი თითქოს ჯოჯოხეთში მოგზაურობა (რომელიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გრძელდება), მდინარის მეორე მხარეს, განადგურებულ და დაცარიელებულ სამყაროში, ულამაზეს ბუნებაში, განადგურებულ ქალაქებში, უცხო თუ გაუცხოებულ ადამიანებთან, კეთილებთან, ბოროტებთან, მათთან, ვისაც სახე ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და მათთან, ვინც მკვლელად ქცეულა. სიმარტოვე სივრცეში ჩაკარგული თედოს ხვედრია.
გიორგი ოვაშვილი გვიამბობს ამბავს, თუ რა მოხდა მაშინ, როდესაც ომმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა, ორად განჰყო და სამყარო შუაზე გახლიჩა; როდესაც დაირღვა მშვიდობა და ამან ადამიანების ცხოვრება ისევე დაანგრია, როგორც მათი სახლები, ქუჩები თუ ქალაქები (რასაც ორივე ნაპირზე ვხედავთ); როდესაც ქვეყანაში საზღვარი გაევლო, რომელიც დღეს ერთ ხიდზე გადის.
ეს მდინარე, ეს ხიდი თუ საზღვარი – თედოსა და ბევრი ადამიანის და არა მხოლოდ მათი, ვინც აფხაზეთიდანაა დევნილი; არც უშუალოდ მათი, ვინც თედოსავით, დევნილობაში გაიზარდა და ძველი ცხოვრება – ბავშვობა, სახლი თუ მშობლიური ქალაქი, სოფელი (ასაკიდან გამომდინარე), ბუნდოვნად ან საერთოდ არ ახსოვს, საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრებასა და ისტორიას ყოფს ორად – ომამდე და ომის შემდეგ, ნგრევამდე და შემდგომ, როდესაც ყველაფერი დაინგრა და როდესაც ადამიანები დაშორდნენ ერთმანეთს, რაც მათ ერთმანეთი დაკარგეს, დაკარგეს ნორმალური (ელემენტარული) ცხოვრების პირობები, უფლება, ბავშვობა, სითბო, სიყვარული, მზრუნველობა მათი სინამდვილიდან სადღაც გაქრა.
სწორედ ეს ხიდი უდევს წინ თედოსაც, სანამ მეორე ნაპირზე გადავა, გამყოფი და ამავე დროს, “ამ” და “იმ” ცხოვრების, წარსულისა და აწყოს დამაკავშირებელი. ეს ხიდიც, ენგურზე, ისევე, როგორც მთელი ფილმი, როგორც მომხდარი ისტორია ერთდროულად რეალურიცაა და მეტაფორულიც; ისევე, როგორც ადამიანები (ზღაპრის იდუმალ, “ჯადოსნურ” პერსონაჟებს რომ გვაგონებენ) – გაღმა თუ გამოღმა ნაპირზე. ისინი ქმნიან წრეს ბავშვის გარშემო, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ შემთხვევითი თანამგზავრები არიან, რეჟისორის მიერ ოსტატურად აწყობილ მიკროსამყაროში, სადაც ყველას თავისი და ერთმანეთს გადაჯაჭვული ბედი და ტრაგედია აქვს – აფხაზსაც და ქართველსაც.
ამ ხიდზე პირველი ინციდეტი ხდება და მოქმედებაც ახალ ეტაპზე გადადის, ახალ და კიდევ უფრო დრამატულ მუხტს იძენს. ახალი ინტონაციები იჭრება. ცისფერჩაფხუტიანი რუსი ჯარისკაცი ახალგაზრდა კაცს ჰკლავს, რომელიც ქალს გამოესარჩლება (ამ თითქმის უსიტყვო ეპიზოდს ახალგაზრდა მსახიობი ჯანო იზორია გამორჩეული სინატიფითა და დახვეწილი მანერით ასრულებს).
ამის შემდეგ შიში კიდევ უფრო გიძლიერდება და დაძაბული (არა მხოლოდ ამბიდან, არამედ სარეჟისორო გადაწყვეტიდან, თხრობის სტილიდან, მოვლენათა განვითარების ჯაჭვიდან გამომდინარე). ავი წინათგრძნობით ელი იმას, რაც თედოს ხიდს იქით შეიძლება ელოდეს. აქ თითქოს ყოველ ნაბიჯზე ხიფათია ჩასაფრებული, თითქოს ყოველ წუთს გრძნობ, რაღაც მოხდება, რაც უფრო ღრმად შედის თედო თავის მშობლიურ მხარეში.
“გაღმა ნაპირის” შესახებ ვერ იტყვი, რომ ჩვეულებრივი ფილმია და ჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს. ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ უწოდებ ამბავს, რაც თედოს თავს გადახდება და ვერც იმას, რაც ამოძრავებს. არც ისაა ჩვეულებრივი, თუ როგორ შეიძლება ბავშვმა აფხაზეთში შეაღწიოს, იქ, სადაც არავინ ელოდება და აღარავინ ხვდება, ნახევრად დანგრეული, ცარიელი და გაძარცული, ფანჯრებჩამსხვრეული ბინის გარდა, სადაც რამდენიმე წლის წინ მისი ოჯახი ცხოვრობდა; იქ, სადაც ცარიელი სახლები, ცარიელი ქუჩები, მკვდარი ქალაქები, ნისლი და ერთეული, კანტი-კუნტად, აქა-იქ შემხვედრი ადამიანები არიან.
“დაუჯერებელი” ისტორიაა, რაღაც ზმანებასავით, დატვირთული ემოციურად და სათქმელით, თუმცა ესაა თედოსა და მასთან ერთად ჩვენი მოგზაურობა, ჩვენი ოცნებისკენ სვლა, ჩვენი მცდელობა, ვიპოვოთ მამა – მშობლები – სახლი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირის სურვილი აუსრულებელი რჩება, მიზანი მიუღწეველი – ეს მაინც გამარჯვებაა, ამ პატარა ბავშვის, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ნაცვლად შინ დაბრუნება იტვირთა; გვიჩვენა, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა სამშობლოში დასაბრუნებლად თუ სამშობლოს დასაბრუნებლად.
ადრე, თედოს მიერ მიტოვებულ ნაპირზე, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მეგობარი მასავით მიუსაფარი და უსახლკარო, თავისი ხილვების – ზღაპრული სამყაროს შესახებ უყვება, სადაც სპილოები, ჟირაფები და და სხვა ეგზოტიკური ცხოველები ცხოვრობენ. თედო, როდესაც განსაკუთრებით უჭირს, როდესაც ძალიან უნდა, რეალობას გაექცეს, თვალებს ხუჭავს ხოლმე და ელის, როდის ეწვევა მასაც ასეთი ხილვა, მაგრამ, ამაოდ.
მხოლოდ მოგზაურობის ბოლოს, როდესაც ტყეში მძინარე თედოს აფხაზი მეომრები გადააწყდებიან, ტყვედ ჩაიგდებენ, საკვებს აძლევენ, თან აიძულებენ, დალიოს და აიძულებენ, იცეკვოს, ბავშვი თვალდახუჭული უეცრად ცეკვას იწყებს. ამ საოცარ, ტრაგიზმით აღსასვე ცეკვაში იგი მთელ თავის ცხოვრებას, შიშს, სასოწარკვეთას, იმედგაცრუებას, განცდას, ტკივლებს, სიძულვილს და სიძლიერეს დებს. სწორედ ამ დროს ევლინება მას ოცნების სამყარო – აფრიკა და ერთ რეალობას (საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა) მეორე – ულამაზესი, თუმცა შორეული რეალობით ანაცვლებს. ეს თედოს ჯილდოა მოთმინებისთვის, სიმამაცისთვის, შეუპოვრობისა და იმისთვის, რაც ვერ მიღო და იმისთვის, რაც დაკარგა.
ზყთყ თუ გაქვთ ოცნება, რომელიც არა და არ გისრულდებათ, ან თუ რეალობიდან გაქცევა მოგინდებათ, ან თუ ძალიან მოგენატრებით ის, რასაც ჩვენი სამშობლო დაშორდა ან, რაც მან დაკარგა და იმის შეგეშინდებათ, რომ ყველაფერი მართლა საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს – თედოსავით მაგრად დახუჭეთ თვალი და ერთხელაც აუცილებლად დაინახავთ მთლიან სამყაროს, სადაც არ არსებობს ზღვარი, რომელიც ჩვენს მიწას ორად – გაღმა და გამოღმა ნაპირად ყოფს; აუცილებლად დაინახავთ ოქროცურვილ პეიზაჟებსა და გზას უნაპიროს, უსაზღვრო სივრცეებსა და მზის თვალისმომჭრელ ელვარებას და დაინახავთ პატარა ბიჭს, რომელიც თავისუფალ და ლაღ გარემოში ცხოვრობს და მარტოა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to გიორგი ოვაშვილი და “გაღმა ნაპირი”

  1. Katieé says:

    მართლა კარგი ფილმია, მცირე ხარვეზებით, მაგრამ კარგი. და სწორედ დაუმთავრებელი დასასრულია რაც მართლაც კრავს ფილმს :))

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s