მზევინარ ხუციშვილი: “ახალი კინო – სიზმარი გადარჩენილთათვის “


მზევინარ ხუციშვილი

ახალი კინო – სიზმარი გადარჩენილთათვის

„ახალი 7 დღე“ • 23-07-2010, 20:39

ხშირად ვსაუბრობთ იმ წლებზე, რომლებმაც არა მხოლოდ პრობლემები შეუქმნა, არამედ დაანგრია ქართული კულტურა. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, – ასე ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.

– ბავშვობა ჩემს სოფელს, შუაფხოს უკავშირდება, რომელიც ფშავში, ჩარგლიდან ოც კილომეტრში მდებარეობს. ზაფხულის სამ თვეს ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდი. ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი არაგვის პირზე, დიდი ტყითა და დიდი მთებით. მახსოვს, ყველაზე თავისუფლად თავს სწორედ იქ ვგრძნობდი. ყოველ ზაფხულს ექსპედიციები ტარდებოდა და ჩვენთან უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა. მოდიოდნენ ეთნოგრაფები. ამ ექსპედიციების მარგალიტი ანა კალანდაძე იყო, რომელმაც ბუნება, როგორც სიცოცხლე, ისე შეგვაყვარა.

70-იანი წლები

– 70-იანი წლები ჩემი სტუდენტობის პერიოდია. კარგად მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო. ვერ გეტყვი, რომ საბჭოთა იდეოლოგია ძალიან მძვინვარებდა. როგორ არა, იყო, მაგრამ, ჩვენი მშობლების თაობისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, „შედარებითი“ თავისუფლება გვქონდა. იმ თავისუფალი თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც დათო ტურაშვილმა „ჯინსების თაობა” უწოდა. ალბათ, ჩვენც ვართ „ჯინსების თაობის” წარმომადგენლები, რომლებმაც ცოტა სხვანაირად დაინახეს ეს რეალობა – არსებულიც და არარსებულიც. ამაზე მეტყველებს 1978 წლის 14 აპრილიც. ესეც, ალბათ, გარკვეული ნიშანია ჩვენი თაობისა. ნამდვილად, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ჩვენგანი დისიდენტი იყო, ეროვნული დროშების დიდი მოტფრიალე. მაშინ ასეთები სულ ერთეულები იყვნენ. თუმცა ჩვენთვის ჩუმად გულში და ერთმანეთში საუბრისას, ასეთებს ყოველთვის თანავუგრძნობდით. შეიძლება, ძალიანაც გვინდოდა მათ გვერდით დგომა, მაგრამ ამისთვის სითამამე და გამბედაობა არ გვყოფნიდა. მე ვლაპარაკობ ჩემზე, ჩემს მეგობრეზე, ჯგუფელებზე. მე მგონი, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი სტუდენტობა. სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე არაჩვეულებრივი ლექტორები გვასწავლიდნენ: ვახტანგ ბერიძე, ლეო რჩეულიშვილი, გაიანე ალიბეგაშვილი და სხვები. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც გიორგი ჩუბინაშვილის სკოლა გაიარეს. პრაქტიკა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გვქონდა. იმის იქით ვინ გაგვიშვებდა. დავდიოდით, ვნახულობდით, ძალიან კარგად ვსწავლობდით. ძალიან ბევრს ვკითხულობდით. სხვანაირად არ გამოდიოდა თუნდაც იმიტომ, რომ სირცხვილი იყო, რომელიმე წიგნი წაკითხული თუ არ გქონოდა – მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის, ლიტერატურის, ფილმების დეფიციტი იყო. თუმცა მაშინ ქართული კინო, თეატრი და ლიტერატურა თავის მწვერვალზე იდგა. უცხოური ლიტერატურა მცირე რაოდენობით, მაგრამ შემოდიოდა. ამ ლიტერატურას ერთმანეთს ხელიდან ვგლეჯდით, ოღონდ რაღაც წაგვეკითხა. ზოგჯერ ღამის გათენება გვიწევდა. ერთ ღამეში უნდა წაგვეკითხა წიგნი, რადგან მეორე დღეს სხვას სჭირდებოდა. ილუზიაც ბევრი გვქონდა. ალბათ, დღევანდელი თაობისგან განსხვავებით, რომანტიკოსებიც ვიყავით, გულუბრყვილოებიც. ახლა უფრო რაციონალურები არიან. უფრო კარგად ხედავენ აწმყოსა და მომავლის რეალობას. ჩვენ, იმ თაობის წარმომადგენლები, ნათელ ფერებში ვხედავდით რაღაცებს. მაგრამ იმის წარმოდგენაც კი, რომ ცხოვრება ასე შეიცვლებოდა, საქართველო გათავისუფლდებოდა, სრულიად სხვა ცხოვრება დაგვიდგებოდა და ჩვენი ოცნებები ასრულდებოდა, თუნდაც ის, რომ სასწავლებლად ან სამოგაზუროდ ვინმე სადმე წავიდოდა, არ შეგვეძლო. საბედნიეროდ, ყველაფერი შეიცვალა და ისევე, როგორც ყველა თაობას, ჩვენც მოგვიწია ახალ რეალობასთან, ცხოვრების ახალ წესთან შეგუებამ. მაგრამ ეს ისეთ ასაკში წამოგვეწია, რომ აღარც ბავშვები ვიყავით და აღარც ასაკოვნები იმისთვის, რომ ხელი ჩაგვექნია. თუმცა ხელი არც ერთ ასაკში არ უნდა ჩაიქნიო. ცხოვრება ყოველთვის თავიდან უნდა დაიწყო, თუ ამის აუცილებლობა ან პირობა ჩნდება. ჩვენ ძველი ცხოვრების უარყოფა და ახალი ცხოვრების დაწყება მოგვიხდა.

– ახალი ცხოვრების დაწყება რთული იყო?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო. რთული იყო ის საყოველთაო კრიზისი, რომელმაც არა მხოლოდ შეცვალა ერთი ცხოვრება მეორით, არამედ დაანგრია ყველაფერი. ამ სტრესულმა პერიოდმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩვენზე, მძიმედ გადავიტანეთ. ყოველთვის ვამბობ, რა მაგრები ვყოფილვართ-მეთქი. ბევრს გავუძელით, საკუთარ თავსაც, დეპრესიასაც, უიმედობასაც მოვერიეთ. ეს ხომ ცვლილება არ იყო, ეს იყო ნგრევა. ცვლილება კარგია, როცა ის უმტკივნეულოა. სამწუხაროდ, ბევრმა ვერ გაუძლო, ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად. ჩემი თაობიდან ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა 90-იანი წლების საშინელებას. გული მტკივა, ძალიან ნიჭიერი ადამიანები იყვნენ და დაიკარგნენ. ამას დღემდე ვერ ვპატიობ მათ, ვინც ეს ყველაფერი მოუწყო ქვეყანას. მაგრამ, როცა რაღაც იცვლება, თუ გინდა, გადარჩე, ამ ახალ დინებაში უნდა შეხვიდე. ერთი მხრივ, ის ყველაფერი საინტერესოც იყო. როცა შანსი გეძლევა, კარგად უნდა გამოიყენო. მართალია, ეს შანსი დიდი ტკივილებით, ნგრევების, რყევების ფასად მოგვეცა, მაგრამ მაინც… ზოგჯერ ვფიქრობ, იყო კი ეს ყველაფერი? მართლა მოხდა თუ სიზმარი იყო? მაგრამ მოხდა და მას ჩემი ახალი ცხოვრების დაწყება, ახალი პროფესიის შეძენაც მოჰყვა.

– როგორ შეიძინეთ ახალი პროფესია ?

– ძალიან უცნაურად. 90-იანი წლების დასაწყისი იყო. თეატრალურ ინსტიტუტში (მაშინ ასე ერქვა) ლექციებს ვკითხულობდი, მაგრამ აქტიური ცხოვრებით ვერ ვცხოვრობდი. ჩემმა მეგობარმა, ირა ჯალაღონიამ, გაიგო, რომ გაზეთ „რეზონანს“ თანამშრომლები სჭირდებოდა. გაზეთი მაშინ ყალიბდებოდა. ირამ დაიწყო აქ მუშაობა. მოგვიანებით მეც მოვედი. მაშინ გავიგეთ, რომ არსებობდა გიორგი ახვლედიანი – აკა მორჩილაძე. მაშინ გიოს მხოლოდ „მოგზაურობა ყარაბაღში“ ჰქონდა დაწერილი. გაზეთში უამრავი ადამიანი მუშაობდა, რომლებმაც შემდეგ სხვადსხვა გზა აირჩიეს. ზოგი მათგანი ახლა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწევა. ჩვენი პრეზიდენტი ერთ-ერთი უშტატო თანამშრომელი იყო, გიგა ბოკერიაც.

– პირველი მასალა რაზე გააკეთეთ? ალბათ, გახსოვთ…

– ძალიან კარგად მახსოვს. „შერატონ მეტეხი პალასში“ მოდების ჩვენება გაიმართა. არ მახსოვს, ვინ იყო ავტორი, რადგან დიდი ყურადღება მისთვის არ მიმიქცევია. მანამდე „მეტეხში“ ნამყოფი არ ვიყავი. ეს არის 1996 წელი, როცა მთელ საქართველოში ბნელა, არ არის გათბობა, წყალი და, საერთოდ, არაფერი. იქ რომ შევედი, მეჩვენებოდა, რომ სამოთხეში აღმოვჩნდი. ცუდად გავხდი იმ უჩვეულო სიცხისგან, შუქისგან, გაპრიალებული იატაკისგან. მახსოვს, ავლაბრის ჩაბნელებული, დანგრეული ქუჩებით ძლივს მივედით სასტუმრომდე. აღმოვჩნდი მოდების ჩვენებაზე, სრულიად სხვა სამყაროში და ვიყავი ძალიან კმაყოფილი. არ მახსოვს, რა ვნახე, როგორ ვნახე. მაშინ ძალიან პატარა წერილებს ვწერდით. სტრიქონებს ითვლიდნენ. კულტურას სულ ერთი გვერდი ჰქონდა. კულტურულმა ცხოვრებამ მაშინ დაიწყო გამოცოცხლება. მიუხედავად სიბნელისა, სიცივისა, სპექტაკლებზე პალტოებჩაცმული საზოგადოებისა, ყველაფერს ვაშუქებდით, სად რას ვპოულობდით, დღესაც არ ვიცი. სადღაც, სახლში, ვიღაც ბავშვს რომ სპექტაკლი გაეკეთებინა, იმასაც კი ვაშუქებდით, გაზეთი ინფორმაციული რომ ყოფილიყო. შეიძლება, საინტერესო არ ყოფილიყო ინფორმაცია, მაგრამ ის მაინც უნდა დაგვეწერა. ეს შემართება გვქონდა. დღეს კი რამდენი რამ ყურადღების მიღმა რჩება. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ გაზეთი საკმაოდ სოლიდურია და ეს, ალბათ, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ. გულწრფელად ვამბობ, რადგან ნებისმიერი კოლექტივი ადამიანებისგან იქმნება. უბრალოდ, საწყენია, რომ ადამიანები, რომლებიც გაზეთში იყვნენ, აღარ არიან იქ და აღარ ქმნიან „რეზონანსის“ სახეს, მაგრამ ყველას თავის გზა აქვს, როგორც ხდება საერთოდ.

– 1982 წლიდან ლექციებს კითხულობთ. მოგწონთ სტუდენთებთან ურთიერთობა?

– ვგიჟდები ჩემს სტუდენტებზე. განსხვავებულები არიან, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. მათთან ერთად შენც ხარ მათი ასაკის, მუდამ ახალგაზრდა, ახალი იდეებით, მიზნებით, სურვილებით, სულ ცოცხალი ხარ, მოძრაობაში ხარ. რაც მთავარია, ჩემი სტუდენტები, ყველა თაობის, ჩემი მეგობრები არიან. მიყვარს მათთან ურთიერთობა. ვერ გეტყვი, რომ ძალიან მიყვარს ლექციების კითხვა. მეზარება ხოლმე, როცა წლები გადის და ერთი და იმავეს აკეთებ, ალბათ გბეზრდება. მე კინოს ისტორიასა და კინოკრიტიკის თეორიის ისტორიას ვკითხულობ. არაფერი იცვლება, წლების განმავლობაში ერთი და იგივეა. მაგრამ იმდენად კარგი ბავშვები არიან, რომ ჩემს სიზარმაცეს ვძლევ, ოღონდ მათ გვერდით ვიყო. მგონია, რომ მათ უმეტესობასაც ვუყვარვარ. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვინც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახლაგაზრდები არიან. ცუდი და უმაქნისი ყველგან არის. კრიმინალებიც ყველგან არიან. ამიტომ არ მესმის, ვბრაზობ, როცა ვინმე ამბობს: ეს რა ახალგაზრდები არიან. ჩემთვის გონიერებიც არიან, ნიჭიერებიც. რა მაგათი ბრალია, ვიღაცამ რაღაც რომ დააკლო და რომელიღაც პერიოდის თაობამ ვერ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო, რომ გაჭირვებაში და სიბნელეში გაიზარდნენ.

– როგორ ფიქრობთ, მათ პერსპექტივა აქვთ?

– გარანტირებული პერსპექტივა არც ერთ ქვეყანაში არავის აქვს, ეს გამორიცხულია. ცხოვრებას თავისი გააქვს. ბევრ რამეს ვერ ინარჩუნებ, კარგავ, ხშირად იმედგაცრუებაც გემართება. ასეა ყოველთვის. ვფიქრობ, ყველაფერი მათ მონდომებაზეა, მაგრამ ისინი სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას. უფრო თამამები არიან. მათ იგემეს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გემო, ის, რაც ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ ვიყავით ვიღაცის კალთას ამოფარებული თაობა, რომელმაც იცოდა, რომ ჩააბარებ, დაამთავრებ, მერე მუშაობას დაიწყებ. ეს საბჭოთა ახალგაზრდის ცხოვრების ტრადიციული სქემა იყო. ამ ახალგაზრდებს ჯანსაღი ტვინი აქვთ, რაც ბევრ რამეს შეაძლებინებთ. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ და რა არ უნდათ. თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდებათ, რომ რამეს მიაღწიონ, გააკეთონ და შედგნენ. კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრი ქვეყნის დონის არ არის. გიჟი უნდა იყო, იფიქრო, რომ ათ წელიწადში რამე შეიცვლება. ცვლილებები ქვეყანაში დაიწყება მაშინ, როცა წამოვა ის მომავალი თაობა, რომლის სამართავი, დასაგველი და დასასუფთავებელი იქნება ეს ქვეყანა. პერსპექტივა აქვთ, თუმცა, დიდი დაბრკოლებების გადალახვისა და წვალების ფასად. ისტორიას რომ გადავხედოთ, ნებისმიერი ქვეყანა ზუსტად იმავე პროცესებს გადიოდა და გადის. ამერიკის, გერმანიის, ინგლისის, ძლიერი ქვეყნების მაგალითები კი არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორებიც პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებია, ცოტა წინ რომ გვისწრებენ ახალი ქვეყნის მშენებლობის საქმეში. დიდმა ქვეყნებმა არ იციან, რა არის ტერიტორიების დროებითი დაკარგვა. ყოველთვის ვამბობ – დროებითი, რადგან მე ასე მინდა, იყოს. მათ ეს ყველაფერი არ გამოუცდიათ. რატომ გვიკვირს, რომ ვიღაცას ჩამოვრჩით? ქართველები ზარმაცებიც ვართ. გლეხიც და ინტელიგენტიც ზარმაცია. ესეც გვიშლის ხელს, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს. როცა რაღაც დაგეზარება, იმას შენ მაგივრად არავინ გააკეთებს. ჩემნაირს რამდენს დაეზარა, გულგრილად რამდენჯერ მოვეპყარით მეორე ადამიანის არსებობას და ბედს. იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, მომავალი თვითონ უნდა შექმნან. შეიძლება, ბევრი რამ გავუკეთოთ ისე, როგორც ჩვენ გაგვიკეთეს ჩვენმა მშობლებმა, მაგრამ ბევრი თვითონ უნდა გააკეთონ. რა თქმა უნდა, შესაბამისი გარემოცვა და პირობებიც აუცილებელია. ჩვენი მთავარი პრობლემა ეკონომიკური სიდუხჭირეც არის, რომელიც როგორმე უნდა დავძლიოთ.

– ცოტა კინოზეც ვისაუბროთ. თქვენ თქვით, რომ მაშინ, როცა იყო საბჭოთა კავშირი, იყო ცენზურა, ქართული კინო თავის მწვერვალზე იდგა. დღეს, როცა გვაქვს თავისუფლება, რატომ ვერ ვახერხებთ კარგი კინოს შექმნას?

– ქართულ კინოშიც, როგორც მთლიანად ჩვენს ცხოვრებაში, რადიკალური ნგრევა მოხდა. მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, იყო სერიოზული ცენზურა, მაგრამ ჩვენმა დიდმა რეჟისორებმა მოახერხეს ცენზორების, იდეოლოგების მოტყუება და ახალი სამყარო, ფორმა გამოიგონეს იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი ეთქვათ: ჩხეიძე, შენგელაიები, აბულაძე, ღოღობერიძე, რეხვიაშვილი, იოსელიანი, მანაგაძე… აღარ ვლაპარაკობ 20-იან წლებში კალატოზიშვილზე, მიხეილ ჭიაურელზე და სხვებზე. მაგრამ მაშინ კინოს ძალიან კარგი დაფინანსება ჰქონდა, რადგან კარგად ესმოდათ იმავე იდეოლოგებს, რომ კინო პროპაგანდისთვის საჭირო იარაღია, მასობრივია, მას ბევრი უყურებს და ბევრს უყვარს. ამიტომ დაიწყო ამ მიზნით კინოს გამოყენება. 60-იან წლებში იწყება ქართული კინოს აღორძინება. 70-იან წლებში პიკს აღწევს. როგორც ყველა პიკის შემდეგ, აღორძინების პერიოდი მთავარდება. ეს ყოველთვის ასეა. როცა შეიცვალა სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირველ წლებში სრული კრიზისი დაგვიდგა. ეკონომიკური ცენზურა დაიწყო, კინოს კი ძალიან ბევრი ფული სჭირდება. ხალხს საჭმლის ფული არ ჰქონდა და ვის რაში აინტერესბდა კინო. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მოხდა ძალიან დიდი წყვეტა მთელი თაობების შემოქმედებაში. მათ, ვისაც პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. არ არის აუცილებელი, ფილმი ხშირად გადაიღო, მაგრამ ორ-სამ წელიწადში ერთხელ რეჟისორმა თავისი სათქმელი უნდა თქვას. თუ ვინმე ფილმის გადაღებას იწყებდა, გადაღებას წლები სჭირდებოდა. ლევან ზაქარეიშვილი „თბილისი-თბილისს“ ათი წელი იღებდა. თემურ ბაბლუანი „უძინართა მზეს“, მგონი, ექვსი წელი იღებდა. წარმოიდგინეთ, ხელოვანი რომ ამდენი წელი ატარებს იდეას და თან ქვეყანაში სრული ქაოსია. უფულობა ერთი პრობლემაა. მეორე პრობლემა იმის გაცნობიერება იყო, რომ აღარავინ გარჩენს. „გოსზაკაზი“ ერქვა მაშინ რუსეთიდან ცენტრალურ დაკვეთებს. ადამიანებმა ვერ გააცნობიერებს, რომ მათ ფულს არავინ მისცემს. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ფილმი დაუფინანსოს. ეს ასე არ არის. კაპიტალიზმმა ყველა ვალდებულება მოიხსნა. თუმცა ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ დაფინანსების ფორმის მოძებნა რთული გახდა. სულ ამ სისტემის ძებნაში არიან. ჯერ შვეიცარიული, მერე ფრანგული მოდელი გადმოიღეს. მაგრამ სხვა რეალობაში სხვისი, უცხო მოდელის გადმოტანით შედეგი არ მიიღწევა. სხისი მოდელი უნდა აიღო, დაჯდე, გააცნობიერო, გაანალიზო და ქართულ რეალობას მოარგო. ძალიან აირია ყველაფერი. მოთხოვნა ერთია, მიზანი – მეორე, შესაძლებლობა მესამე. საბედნიეროდ, კერძო კინოსტუდიები გაჩნდა, რომლებმაც თავის თავზე აიღეს კინოს მოვლა და პატრონობა. რამდენი წელია ლაპარაკობენ სპონსორობისა და ქველმოქმედების შესახებ კანონზე. ეს კანონი აუცილებლად უნდა შეიქმნას და ამოქმედდეს, როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაშია. როგორც კი ამოქმედდება, ვიღაცას, ვისაც ფული აქვს, კინოში ფულის ჩადების სურვილი გაუჩნდება. ახლა ინტერესი არ არის, რადგან მოგებას ვერ ნახულობენ, ქართული ბაზარი პატარაა. აუცილებელია კინოს გადასახადებიდან გათავისუფლებაც, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. ეს კულტურის მინისტრის ინიციატივაა და გაზრდის ინვესტორებისა და უცხოური კომპანიების შემოსვლის შესაძლებლობას ქართულ კინობაზარზე. ამ სფეროში უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯებიც: კერძო პირები, რომლებიც ცდილობენ კინოს გადაღებას, ახლაგაზრდები, პატარა ბიჭები არიან, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით დაიწყეს თანხების მოძიება. ბოლო პერიოდში, გარდა იმისა, რომ რაოდენობრივად გაიზარდა კინოპროდუქცია, გარკვეული ნაირსახეობრივი წინსვლაც არის. არც ერთ ქართულ ფილმს არ აქვს იმდენი პრიზი მიღებული, რამდენიც ერთი გიორგი ოლაშვილის ფილმმა აიღო. 70-იან წლებში პრიზების მიღება პრობლემა იყო, რადგან საბჭოთა ცენზორები ქართულ ფილმებს ფესტივალებზე არ უშვებდნენ. იშვიათად, თუ რომელიმე ქართული ფილმი მოხვდებოდა კინოფესტივალზე. თუ მოხვდებოდა, იღებდა კიდეც პრიზს. კარგი ფილმი გადაიღეს ალეკო ცაბაძემ, ზაზა ურუშაძემ, ლევან კოღუაშვილმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობენ. პრიზი მთავარი არ არის, მაგრამ მანიშნებელია იმისა, რომ ამა თუ იმ ფილმის მიმართ ინტერესი გაჩნდა. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენ ფილმს ვერ ვყიდით, რადგან მაინც საავტორო კინო გვაქვს. საერთაშორისო კომერციული სტანდარტების ფილმები არ გვაქვს. ალბათ, არ შეუძლიათ ჩვენს რეჟისორებს კომერციული ფილმების კეთება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც ძალიან შორია აღორძინებამდე. კინოც, თეატრიც, ლიტერატურაც, მუსიკაც – ეს ყველაფერი ერთიანი სტრუქტურაა. თამარის ეპოქის დროს ქართული კულტურის განვითარება უმაღლეს მწვერვალზე იყო, მაგრამ მონღოლებთან და არაბებთან ბრძოლოს დროს განვითარება შეწყდა. მართალია, შედევრები ყოველთვის იქმნება, მაგრამ განსაკუთრებული ამოფრქვევები ასეთ პერიოდებში აღარ ხდება. როცა იტალიაში დაიწყო ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ძვრები, მაშინ დაიწყო აღორძინების ეპოქა და რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. გერმანული ექსპრესიონიზმი პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ და განადგურებულ გერმანიაში შეიქმნა. გაჭირვებული ქვეყანა ქმნის ხელოვნებას, მაგრამ ეს ხელოვნება სრულყოფილებისგან შორს არის. ჩვენ გვინდა, რომ ცალი ხელით ხმალი ვიქნიოთ, ვეძებოთ კრიზისიდან გამოსვლის გზები და მეორე ხელით შედევრებიც შევქმნათ? არ ხდება ასე. კარგი კი იქნებოდა, შედევრებით მაინც დავტკბებოდით. ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ ოპტიმისტურად განწყობილი ვარ. პატარა გამონათებასაც კი ვებღაუჭები. მეგობარმა მიამბო, მას ფერეიდანში უთქვამს იქაური ქართველებისთვის რაღაცაზე, რა ლამაზიაო. მათ კი უპასუხეს: „ეს შენმა თვალებმა დაინახეს ასე ლამაზადო“. თუ ჩვენ იმას მივაღწევთ, რომ ჩვენმა თვალებმა დაინახონ ლამაზად რაღაც, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

– ბოლოდრიონდელი ქართული ფილმების ძირითადი თემა ნარკომანიაა. როგორ ფიქრობთ, რატომ ჩაიკეტა ქართული კინო ამ თემაში?

– მეც ხშირად მიფიქრია ამაზე. ძალიან დამღლელია. მხოლოდ ომი არა – ომი და ნარკომანია… აღარ შეიძლება ასე. მაგრამ იყო დრო, ამ თემებს არავინ ეხმაურებოდა. მაშინ მე ვბრაზობდი, ასეთი გულგრილები როგორ ვართ, რომ ქვეყანაში ამდენი უბედურება მოხდა და არც ერთ რეჟისორს არაფრის გადაღების სურვილი არ გაუჩნდა… მაშინ, იმ მომენტში, ალბათ, რთული იყო ამ ყველაფრის თქმა, გადმოცემა, ასახვა. ბევრი რეჟისორი ხომ ამ ომებში თვითონ იბრძოდა. ალბათ, მოვიდა დრო. რაღაცები დაიწმინდა, მომწიფდა, სურვილიც გაჩნდა. კინო ამ მოვლენებს ვერ ჩაუვლიდა გულგრილად.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s