მეფე ლომი


ტელეკომპანია “რუსთავი–2″–ისთვის ინგლისურიდან თარგმნა მიხო მოსულიშვილმა.

“უოლტ დისნეი პიქჩერსი” წარმოგიდგენთ

სიმღერა –

ამ პლანეტაზე რომ მოვალთ,
ფართოდ გავახელთ თვალებს.
სადმე დავსახლდეთ ოღონდაც,
მზისქვეშ დავეძებთ მხარეს.

რამხელა სიხარულია,
ვნახავთ უამრავ რამეს.
ვისაც ამ გზაზე უვლია,
ვერ შეაშინებს ღამე.

და მზისქვეშეთში როცა ხარ,
გულს აღტაცება ავსებს.
შენს მხარეს თუ ვერ მონახავ,
დარდის გამოცლი თასებს.

მაგრამ მზეს მაინც მიაგნებ
საფირონისფერ ცისკენ –
ყველას თავისას მიაგებს
დიდი არის თუ მცირე.

გზა მარადიულ წრეშია,
სიცოცხლის მბრუნავ წრეში.
გზა დაღლა, თან იმედია.
უნდა იარო რწმენით.

გზა გვაპოვნინებს ჩვენს ადგილს,
წრეზე ტრიალებს რადგან.
სიცოცხლის წრეს რომ გაივლის,
გზაც თავის გზაზე წავა.

პაუზა.

გზა მარადიულ წრეშია,
სიცოცხლის მბრუნავ წრეში.
გზა დაღლა, თან იმედია.
უნდა იარო რწმენით.

გზა გვაპოვნინებს ჩვენს ადგილს,
წრეზე ტრიალებს რადგან.
სიცოცხლის წრეს რომ გაივლის,
გზაც თავის გზაზე წავა.

მეფე ლომი

იარა – ცხოვრება უსამართლოა. ასე არ არის? აი, მაგალითად, მე მეფე ვერ გავხდები. შენ კიდევ ხვალინდელ დღეს ვეღარ ნახავ. ადიო.
ზაზუ – დედამ არ გასწავლა, საჭმლით არ უნდა ითამაშოო?
იარა – რა გინდა?
ზაზუ – უნდა გაცნობო, რომ მეფე მუფასა აქ მოდის. ჰოდა, თავს როგორ იმართლებ. დილის ცერემონიაზე რატომ არ იყავი?
იარა – აი, ზაზუ, ხომ ხედავ, შენი გულისთვის საუზმე დავკარგე.
ზაზუ – უფრო მეტს დაკარგავ, როცა მეფე შენამდე მოვა. ცოფიანი კამეჩივით არის გააფთრებული.
იარა – შიშისაგან მაკანკალებს.
ზაზუ – არა, იარა, ასე ნუ მიყურებ! მიშველეთ!
მუფასა – იარა! თავი დაანებე.
ზაზუ – კარგ დროს მოხვედით, თქვენო უდიდებულესობავ!
იარა – როგორ! ნუთუ ჩემმა უფროსმა ძმამ გადაწყვიტა ჩვენამდე, უბრალო მოკვდავებამდე დაშვებულიყო?
მუფასა – სარაბიმ და მე სიმბას წარდგინებაზე ვერ გნახეთ.
იარა – აჰ, დღეს იყო? ოჰ, რა უხერხულად ვგრძნობ თავს! ეს აზრი თვალთმაქცურად გამომეპარა.
ზაზუ – ჰო. ცნობილია, რომ თვალთმაქცური აზრები გაწუხებს. მაგრამ, როგორც მეფის ძმა პირველ რიგში უნდა ყოფილიყავი!
იარა – კი, პირველ რიგში, სანამ ის ბანჯგვლიანი ბურთი გაჩნდებოდა.
მუფასა – ეგ ბანჯგვლიანი ბურთი ჩემი შვილია და შენი მომავალი მეფე.
იარა – ო, მაშინ რევენრანსებში წავივარჯიშებ!
მუფასა – ზურგს ნუ მომაქცევ, იარა!
იარა – ო, არა, მუფასა. სჯობს, შენ არ მომაქციო ზურგი.
მუფასა – ეს რა, გამოწვევაა?
იარა – ხასიათი, ხასიათი. შენი გამოწვევა არც კი მიფიქრია.
ზაზუ – სამწუხაროა. რატომ?
იარა – ჭკუას რაც შეეხება, ლომის წილი შემხვდა. აი, უხეში ძალის მხრივ კი… სამწუხაროდ, გენეტიკური გაუგებრობა მოხდა.
ზაზუ – მახინჯის გარეშე ოჯახი არ არის, სერ. ჩემსაში კი ორი ასეთია და იმდენს ეშმაკობენ, საზეიმო მოვლენებს წაგვიხდენენ ხოლმე.
მუფასა – რა ვქნა, რა ვუყო?
ზაზუ – მაგისგან საოცარი ხალიჩა გამოვა.
მუფასა – ზაზუ!
ზაზუ – და წარმოიდგინეთ, ყოველთვის, როცა ჭუჭყიანი იქნებოდა, ზედ შესდგებოდით და სცემდით კიდეც.
რეფიკი – სიმბა.
სიმბა – წამო, მამა, უნდა წავიდეთ! გაიღვიძე! // უკაცრავად! // მამა! მამა!
სარაბი – შენმა შვილმა გაიღვიძა.
სიმბა – მამ, მამ, მამ, მამ…
მუფასა – მზის ამოსვლამდე შენი შვილია.
სიმბა – წამოდი, მამა. მამა. შენ ხომ დამპირდი!
მუფასა – კარგი. მოვდივარ.
სიმბა – არის!
მუფასა – აი, შეხედე, სიმბა. ყველაფერი, რასაც მზის შუქი ეცემა, ჩვენი სამეფოა.
სიმბა – კარგია!
მუფასა – ყოველი მეფის დრო განთიადიდან მზის ჩასვლამდე გაივლის. დრო მოვა, სიმბა, და ჩემთვის მზე ჩავა, მაგრამ შენთვის ამოვა – ახალი მეფისთვის.
სიმბა – და ეს ყველაფერი ჩემი იქნება?
მუფასა – ყველაფერი.
სიმბა – ყველაფერი, რასაც შუქი ეცემა. და ის ადგილები, სადაც ჩრდილია?
მუფასა – ის ადგილები ჩვენი სამფლობელოს საზღვრებს სცილდება. იქ არ უნდა წახვიდე, სიმბა.
სიმბა – მეფეს რაც მოუნდება, ხომ ყველაფერს აკეთებს?
მუფასა – ო, მეფედ ყოფნა უფრო მეტია, ვიდრე იმის გაკეთება, რაც მოგესურვება.
სიმბა – როგორ თუ უფრო მეტი?
მუფასა – სიმბა! ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, ერთმანეთთან არის დაკავშირებული და წონასწორობაში არსებობს. როგორც მეფემ შენ მხარი უნდა დაუჭირო ამ წონასწორობას და პატივისცემით მოექცე ყველა სულიერს. ნამცეცა ჭიანჭველებსაც და სწრაფ ანტილოპებსაც.
სიმბა – მაგრამ ჩვენ ხომ ანტილოპებს ვჭამთ?
მუფასა – ჰო, სიმბა. მაგრამ თუ დამაცადი, ახლავე აგიხსნი. როცა ვკვდებით, ჩვენი სხეულიდან ბალახი ამოდის. ანტილოპები კი იმ ბალახს ჭამენ. ასე რომ, ჩვენ ყველა ამ მარადიული სიცოცხლის წრით ვართ დაკავშირებული.
ზაზუ – დილა მშვიდობისა, სერ.
მუფასა – დილა მშვიდობისა, ზაზუ.
ზაზუ – დილის ცნობებით გამოვცხადდი.
მუფასა – აბა, მიდი.
ზაზუ – (სიმღერა)
შიმპანზე ისევ მაიმუნობს,
ჟირაფი ყველაზე მაღალია.
სპილოებს ხსოვნა არ ღალატობთ,
თხუნელა მიწისქვეშ მავალია.

ნიანგებს დარდი გასჩენიათ,
ბანკებს გამუდმებით აწყდებიან,
ფულის შენახვა განუზრახავთ,
მაგათი სათვალავი ამერია.

ნიანგებს როგორ დავეთანხმო,
ჩიტი-მარტორქების ვალი გვმართებს.
ბანკის მმართველი თუთიყუში
ზის და ღამეებს თეთრად ათევს.

ყველა ეს დილის ცნობებია,
მოკლედ მოგახსენეთ გრძლად სათქმელი.
ღრენა, კბენა თუ წრუწუნია –
არ გამომრჩენია არაფერი.
მუფასა – რას აკეთებ, შვილო?
სიმბა – ვნადირობ.
მუფასა – ახლა პროფესიონალი გასწავლის ნადირობას.
ზაზუ – (სიმღერას განაგრძობს)
და ბევრს იზოზინებს თუ ცოტას…
მუფასა – წყნარად იყავი.
ზაზუ – (სიმღერას აგრძელებს)
კამეჩი ტალახში დაიწყებს ცოხნას…
მუფასა – და იჯექი.
სიმბა – აჰა, მიწას მივეწებე.
მუფასა – ჩუუ… ხმა არ ამოიღო.
ზაზუ – (სიმღერას განაგრძობს)
ზაფხულის ყვავილი ზაფრანა
ნურავის ექნება ნადავლად!
მუფასა – ნუ ჩქარობ. კიდევ ერთი ნაბიჯი… და… აბა…
სიმბა – (მღერის)
ყველა ეს დილის ცნობებია,
მოკლედ მოგახსენეთ გრძლად სათქმელი.
ღრენა, კბენა თუ წრუწუნია –
არ გამომრჩენია არაფერი.
მუფასა – ოო, ეს კარგი იყო!
თხუნელა – ზაზუ!
ზაზუ – რა იყო?
თხუნელა – სერ, ცხელ-ცხელი ამბები მიწისქვეშეთიდან.
მუფასა – აბა, ახლა კი…
ზაზუ – სერ! ჰიენები! პრაიდის მიწაზე!
მუფასა – ზაზუ, სიმბა შინ წაიყვანე.
სიმბა – მამა, შეიძლება მეც წამოვიდე?
მუფასა – არა, შვილო.
სიმბა – არსად არ მიშვებენ.
ზაზუ – ო, ბატონიშვილო, ერთ მშვენიერ დღეს მეფე გახდებით. ჰოდა, აი მაშინ სდიეთ ამ დორბლიან მაწანწალა ბრაკონიერებს თუნდაც დღე და ღამე.
სიმბა – ჰეი, ბიძია იარა! აბა, გამოიცანი ვინ მოვიდა?
იარა – გამოცანობანას მე არ ვთამაშობ.
სიმბა – პრაიდის კლდეზე გავხდები მეფე.
იარა – ოო, დიდებულია.
სიმბა – მამამ მთელი ჩვენი სამფლობელო მაჩვენა და ყველას მბრძანებელი უნდა ვიყო!
იარა – აბა რა. მაპატიე, რომ სიხარულისგან ვერ ვხტი. წელი მტკივა. ხომ იცი.
სიმბა – ჰეი, ბიძია იარა. მე რომ მეფე გავხდები, შენ ვინ იქნები?
იარა – მაიმუნის ბიძა.
სიმბა – რა უცნაური ვიღაცა ხარ.
იარა – შენ არც კი იცი, როგორი უცნაური. ესე იგი, მამაშენმა მთელი სამეფო გაჩვენა, ხომ?
სიმბა – მთელი.
იარა – ის თუ გაჩვენა, ჩრდილოეთისკენ რომ მთაა, იმ მთის იქით რა არის?
სიმბა – არ უჩვენებია. მითხრა, იქ არ წახვიდეო.
იარა – და ცამდე მართალია. სახიფათო ადგილია. იქ მხოლოდ ყველაზე გულადი ლომები დაიარებიან.
სიმბა – ჰოდა, მეც გულადი ვარ. იქ რა არის?
იარა – ბოდიში, სიმბა, ვერ გეტყვი.
სიმბა – რატომ?
იარა – ო, სიმბა, სიმბა. მე მხოლოდ ჩემი საყვარელი ნათესავის კეთილდღეობაზე ვზრუნავ.
სიმბა – ჰო, აბა რა! მე ხომ შენი ერთადერთი ნათესავი ვარ.
იარა – მით უფრო უნდა გაგიფრთხილდე. სპილოების სასაფალაო ბატონიშვილის სასეირნო ადგილი არ არის. ვაი! წამომცდა!
სიმბა – სპილოების რა? რა მაგარია!
იარა – ო, საყვარელო, ზედმეტი ვილაპარაკე. ისე, ამას მაინც გაიგებდი. შენ ხომ ასეთი ჭკვიანი გვყავხარ. მაგრამ ერთი სამსახური გამიწიე. დამპირდი, რომ არასოდეს წახვალ იმ საძაგელ ადგილზე.
სიმბა – არასოდეს.
იარა – შენ კარგი ბიჭი ხარ. ახლა კი გაიქეცი და ითამაშე. და გახსოვდეს, ეს ჩვენი პატარა საიდუმლოა.
სიმბა – გამარჯობა, ნალა.
ნალა (გოგონა) – გამარჯობა, სიმბა.
სიმბა – წამო, ერთი მაგარი ადგილი ვიცი.
ნალა – ჯერ არ დამიბანია, სიმბა.
სარაბი – და შენც უნდა დაიბანო.
სიმბა – დე! დე! ფაფარი ნუ ამიბურძგნე. კარგი, კარგი. უკვე სუფთა ვარ. ახლა შეიძლება წავიდე?
ნალა – სახელდობრ სად? რომელიმე სულელურ ადგილას?
სიმბა – არა, მართლა მაგარი ადგილია.
სარაბი – და სად არის ეგ მაგარი ადგილი?
სიმბა – წყაროსთან.
ნალა – წყაროსთან? იქ საინტერესო არაფერია.
სიმბა – იქ რომ მივალთ, მაშინ გაჩვენებ.
ნალა – მართლა? დე, შეიძლება სიმბას გავყვე?
ნალას დედა – შენ რას იტყვი, სარაბი?
სარაბი – რა ვიცი…
სიმბა და ნალა – გეხვეწებით რა!
სარაბი – კარგი, წადით.
სიმბა – არის!
ნალა – კარგია!
სარაბი – ოღონდ თუ ზაზუც წამოვა.
სიმბა – არა, ზაზუ არა.
ზაზუ – რა კარგია. რაც უფრო მალე მივალთ წყაროსთან, მით უფრო მალე დავბრუნდებით უკან.
ნალა – სინამდვილეში სად მივდივართ?
სიმბა – სპილოების სასაფლაოზე.
ნალა – რა მაგარია!
სიმბა – ჩუმად! ზაზუ!
ნალა – ჰო, ჰო. და როგორ უნდა გავექცეთ ამ ყბედს?
სიმბა – ახლავე…
ზაზუ – ო, რა კარგი სანახავი ხართ ორივე. სიყვარულის ნაზი სირბილი აყვავებულ სავანაში. თქვენს მშობლებს გაუხარდებათ. თქვენ ხომ დანიშნულები ხართ და რამე.
სიმბა – დანიშნულები?
ზაზუ – დანიშნულები. დაწინდულები. გარიგებულები.
ნალა – ეს რას ნიშნავს?
ზაზუ – ერთ მშვენიერ დღეს თქვენ დაქორწინდებით.
ნალა და სიმბა – რას ამბობ!
სიმბა – ჩვენი დაქორწინება არ შეიძლება. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
ნალა – ჰო. ეს ბოდვაა.
ზაზუ – რას ვიზამთ. ძალიან მწყინს, განწყობილებას რომ გიფუჭებთ, მაგრამ ამას, ჩემო გვრიტებო, ვერსად წაუხვალთ. რადგან ასეთია ისტორიული ტრადიცია.
სიმბა – როცა მეფე გავხდები, მაშინვე გავაუქმებ.
ზაზუ – არა, მაგას არ დავუშვებ.
სიმბა – ჰოდა, მაშინ შენ თავისუფალი ხარ.
ზაზუ – არ გამოვა, მხოლოდ მეფეს შეუძლია ჩემი განთავისუფლება.
ნალა – მაგრამ ეს მომავალი მეფეა.
სიმბა – ჰო. შენ უნდა დამემორჩილო.
ზაზუ – არა. ჯერ არა. და ასე თუ განეწყობი, ვშიშობ, რომ შენგან ძალიან უმნიშვენლო მეფე დადგება.
სიმბა – მე სხვანაირად ვფიქრობ.
(იწყება სიმღერა)
ძლიერი მეფე ვიქნები.
შიშის ზარს დავცემ მტერს.
ზაზუ –
ცხოველთა მეფის ფაფარზე
მე ჯერ ვერ ვამჩნევ თმებს.
სიმბა –
მე სხვა მეფეებს ვაჯობებ.
დარდი არ გქონდეს შენ.
ღრიალსაც დავამუშავებ,
ძირს ჩამოვაგდებ მზეს.
ზაზუ –
მე აქ სარგებელს ვერ ვხედავ…
ანდა რას ერჩი მზეს?!
სიმბა –
ნეტავ მეფე გავხდე მალე.
ზაზუ –
ჯერ მეფობამდე შორია.
უნდა იზარდოთ ჯერ…
სიმბა –
ვინ მეტყვის – `ეს გააკეთე!~
ზაზუ –
მე ხომ არ მითქვამს ეგ…
სიმბა –
ვინ მეტყვის – `წადი იქ!~
ზაზუ –
არც ეგ მითქვია მე…
სიმბა –
ვინ მეტყვის – `დარჩი შინ!~
ზაზუ –
მაგრამ ვერ ხვდებით თქვენ…
სიმბა –
ვინ მეტყვის – `ყური დამიგდე!~
ზაზუ –
ყური დამიგდეთ!..
სიმბა –
და ვითამაშებ მთელი დღე.
ზაზუ –
ოჰ, არ მოხდება ეგ.
სიმბა –
და ვიქნები თავისუფლად.
ზაზუ –
თავისუფალ მეფეს ყველას
ძალზე ჩქარა უნდა შველა!
სიმბა –
ტაკიმასხარის რჩევებით
არ სარგებლობენ მეფენი!
ზაზუ –
წავედი, აქ არ დავრჩები,
რამდენიც გინდა მეხვეწეთ!
არ გქონდეთ ჩემი იმედი,
ვტოვებ უმადურ მეფეებს!
უნდა გავიქცე, სანამდე
მომიგონებენ ჭორს.
შორს აქედან, შორს სახლიდან,
აფრიკიდანაც შორს.
სიმბა –
ნეტავ მეფე გავხდე მალე. //
გაიხედეთ მარცხნივ.
გაიხედეთ მარჯვნივ.
ვინც დგას სადმე ახლოს,
ყველა ყვირის `ბრავოს!~
ზაზუ –
ჯერ არა.
ყველანი –
ბუმბულებითაც შეიგნე,
ან შეიგრძენი ფრთებით –
და არასოდეს გაბედო,
სიმბას მტრის საქმე აკეთო,
ჩვენს თავისუფალ სიმღერას,
ჩვენს თავისუფალ ნავარდსაც,
არ შეუშალო ხელი!
სიმბა –
ნეტავ მეფე გავხდე მალე.
ნეტავ მეფე გავხდე მალე.
ნეტავ მეფე…
ნეტავ მეფე…
გავხდე მალე.
(სიმღერის დასასრული).
ზაზუ – ბოდიშს ვიხდი, მადამ. ზედ მაზიხართ, იქით გაიწიეთ! სიმბა! ნალა!
სიმბა – მორჩა. გამოგვივიდა.
ნალა – გამოვეპარეთ.
სიმბა – აბა რა. მე ხომ გენიოსი ვარ.
ნალა – ჰეი, გენიოსო. ეს ჩემი მოფიქრებული იყო.
სიმბა – ჰო, მაგრამ მე ყველაფერი შევცვალე.
ნალა – ოღონდ ჩემთან ერთად!
სიმბა – აჰ, მართლა?
ნალა – მე გაჯობე.
სიმბა – გამიშვი!
ნალა – ისევ მე გაჯობე.
სიმბა – ეს ის არის. უკვე მოვედით.
ორივე – აუჰ!
ნალა – აქ მართლა საშიშია.
სიმბა – ჰო. ხომ მაგარია?
ნალა – კიდევ თუ შევტოპავთ, შეიძლება ცუდად წაგვივიდეს საქმე.
სიმბა – ვიცი!
ნალა – საინტერესოა, ტვინი ჯერ ისევ შიგნით თუ აქვს.
სიმბა – ამის დასაზუსტებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. წამოდი, ვნახოთ.
ზაზუ – შეცდომაა! ერთადერთი რასაც დააზუსტებთ, ის არის,
რომ აქედან დაზუსტებით წაბრძანდებით.
სიმბა – კარგი რა!
ზაზუ – ჩვენ უკვე ძალიან დავშორდით პრაიდის სამფლობელოს საზღვარს.
სიმბა – შეხედეთ, ბანანის ნისკარტას შეეშინდა.
ზაზუ – თქვენთვის ბატონი ბანანის ნისკარტა ვარ, ფერმკრთალო, და სწორედ ახლა ჩვენ საშინელი საფრთხე გვემუქრება.
სიმბა – საფრთხე? ჰა! მე ველურ ალაგთა ბინადარი ვარ. მე
საფრთხეს დავცინი. ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
შენზი (ქალი ჰიენა) – კარგია, კარგი, კარგი. ბანზაი, აბა, ერთი ვინ გვყავს აქ?
ბანზაი (კაცი ჰიენა) – არ ვიცი, შენზი. შენ როგორ გგონია, ედი? // ზუსტად ისაა, რასაც ვფიქრობდი. საზღვრის სამი დამრღვევი!
ზაზუ – და ნება მომეცით, აქვე დავძინო, რომ სრულიად შემთხვევით დავარღვიეთ საზღვარი. ჩვეულებრივი ნავიგაციური შეცდომაა.
შენზი – აბა, მოიცა, მოიცა, მოიცა. მე გიცნობ. შენ ხომ მუფასას პატარა ტაკიმასხარა ხარ.
ზაზუ – მე, ქალბატონო, მეფის მაჟორ-დომი ვარ, ანუ სახლთ-უხუცესი.
შენზი – შენ ვიღა ოხერი ხარ…
სიმბა – მომავალი მეფე.
შენზი – იცი, რას ვუშვრებით ხოლმე მეფეებს, რომლებიც თავიანთი სამფლობელოს საზღვრებს გარეთ გადიან?
სიმბა – ჰა! მე ვერაფერსაც ვერ მიზამთ.
ზაზუ – პრაქტიკულად, ყველაფერი შეუძლიათ. ჩვენ ხომ
ამათ მიწაზე ვართ.
სიმბა – ზაზუ, შენ ხომ მითხარი, რომ ესინი დორბლიანი, საზიზღარი და მაწანწალა ბრაკონიერები არიან.
ზაზუ – უბრალოდ, სუ-ულელ…
ბანზაი – ვის ეძახი სუ-ულელ-ს?
ზაზუ – ჩემს თავს. აჰ, მზე სად წამოსულა! წავედით!
შენზი – სად გეჩქარებათ? სადილამდე ცოტას სიამოვნებით
წავიხემსებდით.
ბანზაი – დიახ, თუნდაც ლომი რომ შეგვესანსლა!
შენზი – მოიცა, მოიცა, მოიცა. მეც მათქმევინეთ, მეც! მე ერთი სამეფო ბოკვერის სამეფო სენდვიჩი მომართვით! თქვენ რას ფიქრობთ? // რაო, ედი? რა იყო?
ედი – ჰეი, ჩვენ ამ სადილებს გაქცევა შევუკვეთეთ?
ბანზაი – არა, რატომ მეკითხები?
ედი – იმიტომ, რომ გარბიან!
ნალა – გამოვასწარით?
სიმბა – მე მგონი, კი. ზაზუ სადღაა?
ბანზაი – აბა, პატარა მაჟორ-დომო, ანუ სახლთ-უხუცესო ჩიტო! `ჰოპ-ჰოპ!~ და ჩიტების მოსახარშ ქვაბში `სკუპ!~
ზაზუ – ო, არა, ოღონდ ჩიტების მოსახარშ ქვაბში არა! აააააჰ!
სიმბა – ჰეი, თქვენ მარტო თქვენზე პატარებს ერევით?
ბანზაი – შენნაირებსაც!
სიმბა – ჰოპ!
ჰიენები ერთად – ბუუუუ!
ნალა – სიმბა!
ჰიენები ერთად – მოოოდი ფისო, ფიისო, ფიიისო.
ბანზაი – ჰა! სულ ეგ არის? მიდი, აბა, კიდევ სცადე.
ჰიენები ერთად – ო, შეგვიბრალე, გთხოვთ! ბიძია, ბიძია!
მუფასა – ჩუმად!
ბანზაი –– ყველა ახლავე გავჩუმდებით!
შენზი –– დამშვიდდით რა. ჩვენ მართლა ძალიან ვწუხვართ. ნამდვილად.
მუფასა – ჩემს შვილს თუ კიდევ მიეკარებით…
შენზი –– ო, ეს… ეს თქვენი შვილია?
ბანზაი –– ო, თქვენი შვილი.
შენზი –– იცოდი?
ბანზაი –– არა. მე? მე არ ვიცოდი… არა. შენ?
შენზი –– არა, ცხადია, არც მე.
ჰიენები ერთად – არა. ედი, შენ? // ოჰო. კარგად!
სიმბა – მამა, მე…
მუფასა – შენ მაინც არ დამიჯერე.
სიმბა – მამა, მაპ… მაპატიე.
მუფასა – სახლში წავიდეთ.
ნალა – მე მგონი, ძალიან გაბედული ხარ.
მუფასა – ზაზუ!
ზაზუ – დიახ, სერ!
მუფასა – ნალა შინ წაიყვანე. ჩემს შვილს ერთი გაკვეთილი უნდა ჩავუტარო.
ზაზუ – წამოდი, ნალა. სიმბა… წარმატებას გისურვებ.
მუფასა – სიმბა! // სიმბა, ძალიან გამიცრუე იმედი!
სიმბა – ვიცი.
მუფასა – კინაღამ მოკვდი. შენ არ დამიჯერე, და უფრო უარესი, ნალა საფრთხეში ჩააგდე.
სიმბა – მინდოდა, შენსავით გაბედული ვყოფილიყავი.
მუფასა – მე მარტო მაშინ ვარ გაბედული, როცა საჭიროა. სიმბა, გულადობა თავის საფრთხეში ჩაგდებას არ ნიშნავს.
სიმბა – შენ ხომ არაფრის გეშინია.
მუფასა – დღეს შემეშინდა.
სიმბა – მართლა?!
მუფასა – ჰო. შენი დაკარგვის შემეშინდა.
სიმბა – ესე იგი, მეფეებსაც ეშინიათ ხოლმე, არა?
მუფასა – აბა რა.
სიმბა – მაგრამ, იცი რა?
მუფასა – რა?
სიმბა – მგონი, იმ ჰიენებს უფრო ძალიან შეეშინდათ.
მუფასა – იმიტომ, პატარავ, რომ ყველას ეშინია შენი მამიკოსი. აბა, მოდი აქ.
სიმბა – ო, არა, არა! აუუ! ოო! // აბა, დამიდექი! // დაგიჭირე! // მამ!
მუფასა – რა?
სიმბა – ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
მუფასა – ვართ.
სიმბა – და ყოველთვის ერთად ვიქნებით, ხომ?
მუფასა – სიმბა, მოდი ერთ რამეს გეტყვი. ოდესღაც მამაჩემისგან გამიგონია. აბა, ვარსკვლავებს ახედე. წარსული დროის დიადი მეფეები დაგვყურებენ იმ ვარსკვლავებიდან.
სიმბა – მართლა?
მუფასა – ჰო. და როცა თავს მარტო იგრძნობ, გაიხსენე, რომ ის მეფეები ყოველთვის ციდან გაგინათებენ გზას. მეც ასე მოვიქცევი.
ბანზაი – ოჰ, ეს ქეციანი მუფასა. ახლა მთელი ერთი კვირა ვეღარ დავჯდები. // სულაც არ არის სასაცილო, ედი. // ჰეი, მოკეტე!
შენზი – ახლავე შეწყვიტეთ!
ბანზაი – ჰო, მაგრამ ამისი ბრალია.
შენზი – ერთი თქვენი თავი დაგანახათ, ბიჭებო. არც მიკვირს. ძალიან დაბალი დონის კვება გვაქვს.
ბანზაი – ვერ ვიტან დაბალ დონეებს.
შენზი – მართლა? ეს ქეციანი ლომები რომ არა, ყველაფერი
ჩვენს ხელში იქნებოდა.
ბანზაი – ვერც ლომებს ვიტან.
შენზი – ბევრს მოითხოვენ.
ბანზაი – და ბანჯგვლიანები არიან.
შენზი – სუნიანები.
ბანზაი – და კიდევ ისინი არიან…
ჰიენები ერთად – მახინჯები!
იარა – ნუთუ ჩვენ, ლომები, ასეთი ცუდები ვართ?!
ბანზაი – ო, იარა, შენ ხარ?
შენზი – ჩვენ შეგვეშინდა. ვიფიქრეთ, ვაითუ უფრო მნიშვნელოვანი ვინმეაო.
ბანზაი – ჰო. ხომ ხვდები? ვინმე, მუფასას მაგვარი.
შენზი – კი.
იარა – გასაგებია.
ბანზაი – აი, იმას აქვს ძალა!
შენზი – ნუღარ იტყვი! როგორც კი იმის სახელს გავიგებ, ვცახცახებ.
ბანზაი – მუფასა!
შენზი – უუჰ! აბა, კიდევ ერთხელ.
ბანზაი – მუფასა!
შენზი – უჰ-უჰ-უჰუუუ!
ბანზაი – მუფასა! მუფასა! მუფასა!
შენზი – უჰ-უჰუ, პირდაპირ ჭიანჭველები დამირბიან ტანზე!
იარა – გარშემო სულ იდიოტები მახვევია.
ბანზაი – აი, შენ კი, იარა, ჩვენი ზნისა ხარ. ესე იგი, ერთ-ერთი ჩვენგანი ხარ. ანუ მეგობარი.
იარა – რამხელა ბედნიერებაა.
შენზი – ო, მე ძალიან მომწონს. მეფე არ არის და მაინც როგორი დახვეწილია.
ბანზაი – აბა რა! იარა, მოგვიტანე რამე საჭმელი? ჰა? შე
ძველო, შე ძველო, მოგვიტანე რამე? მოგვიტანე? მოგვიტანე?
იარა – რომ არ დაგიმსახურებიათ? მე პრაქტიკულად ლანგრით მოგართვით ის სულელი ბოკვრები, თქვენ კი ვერაფერი გააწყეთ.
შენზი – კი, მაგრამ, იცი… მთლად მარტოები არ ყოფილან, იარა.
ბანზაი – ჰო. აბა, რა უნდა გვექნა? მუფასა მოგვეკლა?
იარა – სწორედაც.
(სიმღერა)
დღე და ღამ მუცელს ჩასტირით,
ნეტავ სადა გაქვთ თვალები.
რა უნდა მოხდეს, არ იცით,
ცარიელი გაქვთ თავები.

გამოიფერთხეთ ყურები,
საშური საქმე არ იცდის.
მარტო ჭამას რომ უნდებით,
მთავარი არის პრაიდი!

მთავარი არის მეფობა,
მემკვიდრეობა – მით უფრო.
და არ ექნება შენდობა,
ვინც ეს ამბავი იუბნოს.

მაშ, მოემზადეთ, ელოდეთ,
რომ სენსაცია მოხდება.
მერე იქნება, მღეროდეთ –
`მოგვწონს ახალი დროება!~
შენზი –
ჩვენ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?
იარა –
ვინც კი ჩემს გვერდში დადგება,
სულ ზემოთ თუკი მოვხვდები,
ეს საქმე მიღირს ამდენად –
ჯილდოს მიიღებს ყოველი!

მაშ, მოემზადეთ, ელოდეთ.
გამარჯვებისა გჯეროდეთ.
ბანზაი –
ვიქნებით მზად, მზად ვიქნებით…
შენზი –
მაგრამ რისთვის? რისთვის მაგრამ?
იარა –
ჩვენი მეფის სიკვდილისთვის!
შენზი –
კვდება რატომ, რამეს დარდობს?
იარა –
სადარდელი ნეტავ რა აქვს,
მეფე უნდა მოვკლათ ცქიფად.
და მარტო ეს არა კმარა, –
მის კვალს უნდა მიჰყვეს სიმბაც.
შენზი –
ამ მშვენიერ აზრს მივენდე –
რაღად გვინდა შტერი მეფე?
ბანზაი –
არვითარი მეფე,
არანაირი მეფე!
ლა-ლა-ლა-ლა, ლა-ლა-ლა!
იარა –
ხმა, კრინტი, იდიოტებო,
მეფედ ახალი იქნება!
შენზი –
მაგრამ მოიცა, შენ ხომ თქვი …
იარა –
ვინც კი ჩემს გვერდით დადგება
და ტახტზე თუკი მოვხვდები,
ეს საქმე მიღირს ამდენად –
ჯილდოს მიიღებს ყოველი.
მე ვიქნები დიდი მეფე!
ყველანი –
დიახ, დიახ, რა კარგია!
ბანზაი –
გაუმარჯოს დიად მეფეს!
ყველა –
დიად მეფეს გაუმარჯოს!
დიად მეფეს გაუმარჯოს!
ყველა ერთად –
სანამ პირში გვიდგას სული,
ახალ მეფეს ვუძღვნათ გული!
რა კარგია, რა კარგია,
ჩვენი მეფე ლამაზია!
იარა –
ახლოს არის გამარჯვება,
წარსულს ჩაბარდეს შიმშილი.
დამიდექით დარაჯებად,
გვიცდის ტახტიც და გვირგვინიც.

მაშ, მოემზადეთ, ელოდეთ,
რომ სენსაცია მოხდება.
მერე იქნება, მღეროდეთ –
`მოგვწონს ახალი დროება!~

მაშ, მოემზადეთ, ელოდეთ,
გამარჯვებისა გჯეროდეთ!

ყველა ერთად –
სანამ პირში გვიდგას სული,
ახალ მეფეს ვუძღვნათ გული!
რა კარგია, რა კარგია,
ჩვენი მეფე ლამაზია!
(სიმღერის დასასრული).
იარა – აქ დაჯექი და დამელოდე. მამაშენმა საოცარი სიურპრიზი მოგიმზადა.
სიმბა – რა სიურპრიზი, მითხარი რა?
იარა – თუ გეტყვი, უკვე აღარ იქნება სიურპრიზი. ასე არ არის?
სიმბა – თავს ისე მოგაჩვენებ, ვითომ მაინც გაოცებული ვარ.
იარა – დიდი ეშმაკი ვინმე გვყავხარ.
სიმბა – მითხარი რა, ბიძია იარა.
იარა – არა, არა, არა, არა, არა, არა, არა. ეგ შენი და მამაშენის საქმეა. ხომ იცი, მამა-შვილობა ისეთი რამეა… კარგი, იმათთან შევივლი.
სიმბა – მეც წამოვალ.
იარა – არა. ჰე-ჰე-ჰეე. არა. ამ ქვაზე იჯექი, ხიფათში რომ არ წაყო ცხვირი, როგორც მაშინ, ჰიენებთან.
სიმბა – შენ ის ამბავი იცი?
იარა – სიმბა, ეგ ამბავი ყველამ იცის.
სიმბა – მართლა?
იარა – აბა რა. კიდევ კარგი, მამაშენმა გადაგარჩინა. რაღა დაგიმალო და, უნდა ივარჯიშო, თორემ მეტად წვრილ ხმაზე ღრიალებ.
სიმბა – კარგი. კარგი. ჰეი, ბიძია იარა. ის სიურპრიზი როგორ მომეწონება?
იარა – როგორც სიკვდილი, სიმბა.
შენზი – მოკეტე.
ბანზაი – მეტი აღარ შემიძლია. შიმშილით კუჭი მიხმება და აქ კიდევ გნუები არიან ცხვირწინ.
შენზი – გაუნძრევლად იჯექი.
ბანზაი – მაშ, არ შეიძლება ერთ ცალს მაინც გავკრა კბილი?
შენზი – არა. უნდა დავიცადოთ, ვიდრე იარა გვანიშნებს. აი, ისიც. აბა, მიდი.
სიმბა – `წვრილ ხმაზე ღრიალებ~-ო. უუუ! უუუ! // უუუ!
ექო – უუ! უუ! უუ!
ზაზუ – შეხედეთ, სერ. ჯოგი სადღაც გარბის.
მუფასა – უცნაურია.
იარა – ჩქარა, მუფასა. ჯოგი ხეობაში გარბის. იქ კი სიმბაა!
მუფასა – სიმბა?
სიმბა – ზაზუ, მიშველე!
ზაზუ – მამაშენი მორბის! გაუძელი!
სიმბა – ჩქარა!
ზაზუ – აგერ! იმ ხეზეა!
მუფასა – ცოტაც გაუძელი, სიმბა!
სიმბა – მაამ!
ზაზუ – ოჰ, იარა, რა საშინელებაა! ჩვენ რაღა ვქნათ? ჩვენ რაღა ვქნათ? წავალ და დამხმარეებს მოვიყვან, აი, რას ვიზამ.
სიმბა – მამა!
მუფასა – იარა! // ძმაო… მიშველე!
იარა – დღეგრძელი იყოს მეფე.
სიმბა – არააა! // მამა! // მამა! // მამა! მამ, ადექი. ადექი რა. მამა. წამოდი რა სახლში. // მიშველეთ! ვინმემ მიშველეთ! მიშველეთ რა.
იარა – სიმბა. ეს რა ჩაიდინე?!
სიმბა – ჯოგი მორბოდა. ჩემი გადარჩენა უნდოდა. შემთხვევით მოხდა. ეს არ მინდოდა.
იარა – რასაკვირველია. რასაკვირველია, არ გინდოდა. ვინ ისურვებდა, რომ ეს მომხდარიყო. მაგრამ მეფე მკვდარია. შენ რომ არა, ცოცხალი იქნებოდა. ოჰ, დედაშენი რას იფიქრებს?
სიმბა – რა ვქნა?
იარა – უნდა გაიქცე, სიმბა. გაიქეცი. გაიქეცი და უკან აღარ დაბრუნდე. // მოკალით.
შენზი – ჰეი!
ბანზაი – ვაიმე! // ვაი! ვაი! ვაი!
შენზი – ჰეი, აგერ სად მიდის. აგერ სად მიდის.
ბანზაი – ჰოდა, დაიჭირე.
შენზი – სულაც არ ვაპირებ მანდ ძრომიალს! შენსავით კაქტუსს ხომ არ დავემგვანები?
ბანზაი – ეს საქმე უნდა დავაბოლოოთ!
შენზი – მაგას თავისით ამოხდება სული. და თუ დაბრუნდება, მოვკლავთ.
ბანზაი – აბა რა! გაიგონე? თუ კიდევ დაბრუნდები, მოგკლავთ!
იარა – მუფასას დაღუპვა თავზარდამცემი ტრაგედიაა. მაგრამ დავკარგეთ სიმბაც, ჩვენი საყვარელი ბოკვერი… პირადად ჩემთვის ეს უმძიმესი დანაკლისია. და სწორედ ამიტომ ავდივარ ტახტზე დამძიმებული გულით. ჯერ ამ ტრაგედიის ფერფლიდან უნდა აღვდგეთ და მერე ახალი დროების განთიადი დაიწყება, როცა ლომი და ჰიენა ერთმანეთს შეერწყმებიან და დადგება დიადი და ნათელი მომავალი.
რეფიკი – ოოჰ!
ტიმონი – ჰაიი! // აბა, დაიკარგეთ! დაიკარგეთ! დაიკარგეთ აქედან!
პუმბა – ძალიან მიყვარს კეგლი კაკაჩებით!
ტიმონი – ჰე-ჰე-ჰეე! ეს ნომერი ყოველთვის ამართლებს.
პუმბა – უჰ-უჰ. ჰეი, ტიმონ. მოდი, ნახე. მგონი, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ტიმონი – კარგი, ვნახოთ. აბა, რა მდგომარეობა გვაქვს აქ? ოი, ეს ხომ ლომია! გავიქცეთ, პუმბა, სანამ დროა!
პუმბა – მოიცა, ტიმონ, ეს ხომ პატარა ლომია. აბა, ნახე, როგორი საყვარელი და მარტოხელაა. მოდი, თან წავიყვანოთ.
ტიმონი – პუმბა, შენ დარტყმული ხომ არა ხარ? მაგას ლომზე მეუბნები? ლომები ჩვენისთანებს ჭამენ!
პუმბა – მაგრამ ეგ ხომ პატარაა.
ტიმონი – მალე გაიზრდება.
პუმბა – მაგას შეუძლია ჩვენ დაგვიცვას.
ტიმონი – ჩემს სიცოცხლეში ამაზე უფრო დიდი სისულელე არ მომისმენია. მაგას შეუძლია ჩვენ… მოიცა, კარგი აზრი მაქვს. მაგას ჩვენი დაცვა შეუძლია. ლომთან მეგობრობა ჩინებული აზრია.
პუმბა – მაშ, წავიყვანოთ?
ტიმონი – რა თქმა უნდა. და რომელი უფრო ჭკვიანია ჩვენში?
პუმბა – უჰ…
ტიმონი – აი, ამაშია საქმე. ოჰ, დამცხა. დიდ ჩრდილში წავიდეთ. // როგორ ხარ, პატარავ?
სიმბა – არა მიშავს.
პუმბა – კინაღამ მოკვდი…
ტიმონი – მე გადაგარჩინე.
პუმბა – უჰ…
ტიმონი – ისე, პუმბაც კი დაგეხმარა. მსუბუქად.
სიმბა – გმადლობ.
ტიმონი – მოიცა, სად მიდიხარ?
სიმბა – არსად.
ტიმონი – რაღაც ძალიან მწვანეა.
პუმბა – ჩემი აზრით კი მოყავისფრო-ოქროსფერია.
ტიმონი – არა, არა, არა. მწუხარებისგან არის გამწვანებული.
პუმბა – რამე გაქვს ნაჭამი?
ტიმონი – არაფერი. პროდუქტის ჯაჭვის ზემოთაა. // პროდუქტის ჯაჭვის! კარგი, საიდან ხარ?
სიმბა – რა მნიშვნელობა აქვს. უკან ვეღარ დავბრუნდები.
ტიმონი – აჰ, შენ გაძევებული ხარ. მაგარია. ჩვენც მასე ვართ.
პუმბა – რა დააშავე, პატარავ?
სიმბა – საშინელი რაღაც. არ მინდა იმაზე ლაპარაკი.
ტიმონი – ჩვენ არც გვაინტერესებს მაგის გაგება.
პუმბა – მორჩი, ტიმონ. ჩვენ ვერ დაგეხმარებით?
სიმბა – ვერა. წარსულს ხომ ვერ შეცვლით.
პუმბა – იცი, პატარავ, ასეთ შემთხვევებში ჩემი მეგობარი ტიმონი ამბობს ხოლმე – შენს უკანა ნაწილს ნუ უყურებ, უკვე გაიარაო.
ტიმონი – არა, არა, არა.
პუმბა – რა არა?
ტიმონი – ნუ ღრუტუნებ. დაისვენე, თორემ უარეს სისულელეს იტყვი. მე ვამბობ ხოლმე, რომ უკან, წარსულისკენ ნუ იყურები მეთქი. მომისმინე, პატარავ. ცხოვრებაში უბედურებებიც ხდება და ვერანაირად აიცილებ. მართალია?
სიმბა – მართალია.
ტიმონი – ტყუილია! თუკი მთელი სამყარო ზურგს მოგაქცევს, ადექი და შენც ზურგი მიაქციე.
სიმბა – მე სხვანაირად მასწავლიდნენ.
ტიმონი – მაშინ თავიდან მოგიწევს სწავლა. აბა თქვი: აკუნა მატატა.
სიმბა – რაო?
პუმბა – აკუნა მატატა. ესე იგი, `არ იდარდო~.
ტიმონი – (სიმღერა)
აკუნა მატატა.
ჯადოსნური ფრაზაა.
პუმბა –
აკუნა მატატა.
იცხოვრე თამამად.
ტიმონი –
ეს კი ნიშნავს იმას,
ნუ იდარდებ ხშირად.
და ნურც გული გტკივა.
და იქნები ტკბილად.
ორივე –
ეს თავისუფალი
პრობლემაა მზიური
და თანაც მკაცრად
ფილოსო-ფიური.
ტიმონი – აკუნა მატატა.
სიმბა – აკუნა მატატა?
პუმბა – ჰო. ეს ჩვენი დევიზია.
სიმბა – დევიზი რა არის?
ტიმონი – არაფერი. რა იქნება შენი დევიზი?
პუმბა – იცი, პატარავ, ეს ორი სიტყვა ყველა შენს პრობლემას გადაწყვეტს.
ტიმონი – მართალია. მაგალითისთვის, პუმბა ავიღოთ. როცა… როცა ახალგაზრდა მხეცუნია ბრძანდებოდა.
პუმბა – ჰო, როცა ახალგაზრდა მხეცუნია ვბრძანდებოდი.
ტიმონი – ძალიან მშვენიერია.
პუმბა – გმადლობ.
ტიმონი – მისი საოცარი სუნი ყველგან ვრცელდებოდა და როცა ჭამდა, სავანა ცარიელდებოდა.
პუმბა – და სულაც არ ვბრაზობდი მეგობრებზე, მოშორებით რომ ცდილობდნენ დგომას. და, ვაი, სირცხვილო.
ტიმონი –სირცხვილო, ვაი.
პუმბა – მივიხედ-მოვიხედავდი.
ტიმონი – აბა, რა.
პუმბა – და ჰაერს მოვწამლიდი.
ტიმონი – და `ფა-ფუ!~ – აღარავინ იყო.
პუმბა – მანამდე, ვიდრე…
ტიმონი – ჰეი, პუმბა, ბავშვებთან ყველაფერს ნუ მოყვები.
პუმბა – ოჰ, ბოდიში.
ტიმონი, პუმბა – (სიმღერა)
აკუნა მატატა.
ჯადოსნური ფრაზაა.
აკუნა მატატა.
იცხოვრე თამამად.
სიმბა –
ეს კი ნიშნავს იმას,
ნუ იდარდებ ხშირად
და ნურც გული გტკივა
და იქნები ტკბილად.
ტიმონი – ჰო, მიდი, იმღერე.
ყველანი –
ეს თავისუფალი
პრობლემაა მზიური
და თანაც მკაცრად
ფილოსო-ფიური.
აკუნა მატატა…
ტიმონი – კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს მოკრძალებულ საცხოვრებელში.
სიმბა – თქვენ აქ ცხოვრობთ?
ტიმონი – ჩვენ სადაც გვინდა, იქ ვცხოვრობთ.
პუმბა – სადაც გვიღამდება, ჩვენი სახლიც იქ არის.
სიმბა – როგორი სილამაზეა.
პუმბა – ჰო. მე მშია.
სიმბა – ისეთი მშიერი ვარ, მთელ ზებრას შევჭამდი.
ტიმონი – ჩვენ რომ ზებრები არ გვყავს?!
სიმბა – არც ანტილოპა?
ტიმონი – აჰ, არა.
სიმბა – ბეჰემოტი?
ტიმონი – არა. მომისმინე, პატარავ. შენთვის უმჯობესია ჩვენს დიეტაზე გადახვიდე. აი შესაფერისი ადგილი წასახემსებლად.
სიმბა – ეს რა არის?
ტიმონი – ჭიაყელა. ვერ ხედავ?
სიმბა – საძაგლობაა!
ტიმონი – ქათმის გემო აქვს.
პუმბა – სლიპინაა, მაგრამ იჭმევა.
ტიმონი – ეს იშვიათი დელიკატესია. პიკანტურია და თან მშვენივრად ხრაშუნობს.
პუმბა – შენც მიეჩვევი, პატარავ.
ტიმონი – დამიჯერე, პატარავ, ეს ცხოვრება კი არა, სამოთხეა. არც წესები გაქვს, არც მოვალეობები. ოო, ესენი კრემითაა სავსე. და ყველაფერი საუკეთესო, არ იდარდო. მთავარი ეს არის. აბა, პატარავ.
სიმბა – მაშ, კარგი. აკუნა მატატა. სლიპინებს, მაგრამ ჭამა შეიძლება.
ტიმონი – აი, ხომ ხედავ.
ყველანი – (სიმღერა)
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
სიმბა –
ეს კი ნიშნავს იმას,
არ იდარდო ხშირად.
ყველანი –
ეს თავისუფალი
პრობლემაა მზიური
და თანაც მკაცრად
ფილოსო-ფიური.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
აკუნა მატატა.
ტა-ტა! ჰა-ჰა-ჰა-ჰა!
ზაზუ – (სიმღერა)
ვინ იცის პრობლემა,
რომელსაც მე ვხედავ.
ვინ იცის გოდება,
რომელიც მე მცდება.
იარა – აჰ, ზაზუ, ასე დარდიანად არა. ცოტა უფრო მხიარული რამე იმღერე.
ზაზუ – (სიმღერა)
ეს ქვეყანა არც ისეთი დიდია…
იარა – არა, არა! რაც გინდა, ოღონდ ეგ არა!
ზაზუ – (სიმღერა)
გემრიელი ქოქოსები
მოვაგროვე ერთად.
ზაზუ და იარა –
ერთი-შვიდი. ხუთი-ორი.
აბა, როგორ დავითვალო,
როცა ასე მცხელა.
ზაზუ – ეს რომ ჩემს მუფასას გაეგონა?..
იარა – რაო? რა წამოროშე?
ზაზუ – არაფერი.
იარა – შენ იცი კანონი. ვერავინ. ვერავინ ბედავს ჩემი თანდასწრებით ამ სიტყვის წარმოთქმას. მე მეფე ვარ!
ზაზუ – დიახ, სერ, რა თქმა უნდა. თქვენ მეფე ხართ. ის იმიტომ გავიხსენე, რომ ნათლად დამენახა სხვადასხვანაირი დამოკიდებულება მონარქიულ მენეჯმენტთან.
ბანზაი – ჰეი, ბოს.
იარა – რა ხდება?
ბანზაი – ერთი შეკითხვა გვაქვს.
შენზი – სჯობს, მე ვუთხრა. იარა, აქ არც საჭმელია და არც წყალი.
ბანზაი – ჰო, სადილობის დროა და სადილის სუნიც კი აღარ დგას.
იარა – სანადიროდ ქალბატონ ლომებს უნდა ევლოთ.
ბანზაი – ჰო, მაგრამ იმათ ნადირობა არ უნდათ.
იარა – მაშინ ზაზუ შეჭამეთ.
ზაზუ – აჰ, მე სულაც არა ვარ გემრიელი. ძალიან ჩამომხმარი ვარ. და თანაც გამოფიტული.
იარა – რა სისულელეებს გაიძახი, ზაზუ. თუკი კარგად შეგკაზმავენ…
ბანზაი – ჩვენ კი მუფასას ავკაცობაზე ვჩიოდით.
იარა – რაო, რა თქვი?
ბანზაი – მე ვთქვი მუ… მე ვთქვი მუთაქა.
იარა – კარგი. ახლა კი გაეთრიეთ.
ბანზაი – კი, მაგრამ… ჩვენ კიდევ მშივრები ვართ.
იარა – გაეთრიეთ მეთქი!
ტიმონი – აუჰ! ყოჩაღ, სიმბა.
სიმბა – გმადლობ. სუნთქვაც კი მიჭირს.
პუმბა – მეც მასე ვარ. ღორივით გამოვძეხი.
სიმბა – პუმბა, ხარ კიდეც ღორი.
პუმბა – ჰო, მართალია. // ტიმონ!
ტიმონი – ჰაუ.
პუმბა – აი, იქ რომ მოციმციმე წერტილებივით რამეებია, იმ რამეებზე ხომ არ დაფიქრებულხარ როდისმე, ჰა?
ტიმონი – პუმბა, დაფიქრება რად მინდა, ისედაც ვიცი.
პუმბა – ჰოდა, თუ იცი, აბა, მაშ, რეებია?
ტიმონი – ეგენი არის ციცინათელები. და ეგ ციცინათელები გამოკრულია ამ დიდ და შავ-ლურჯ რაღაცაზე.
პუმბა – ვა, მართლა? მე კი მეგონა, რომ ესენი არის ბუშტები ცხელი გაზით და ჩვენგან დაშორებულია მილიარდობით მილით.
ტიმონი – პუმბა, ყველგან მყრალი გაზები გეჩვენება.
პუმბა – სიმბა, შენ როგორ ფიქრობ?
სიმბა – მე? რა ვიცი, აბა? არ ვიცი.
პუმბა – მიდი, სიმბა. მიდი. მიდი. მიდი.
ტიმონი – გვითხარი. მიდი.
პუმბა – მიდი. ჩვენ რომ გითხარით, კარგი იყო? გთხოვთ.
სიმბა – კარგი… ერთი ვინმე მეუბნეოდა, რომ იქ წარსულის დიადი მეფეები არიან და ჩვენ გვიყურებენ.
პუმბა – მართლა?
ტიმონი – ესე იგი, გვირგვინიანი მკვდრები გვითვალთვალებენ. და ეგ ვინ გითხრა?
სიმბა – ჰო, ჰო.
ტიმონი – რომელმა სულელმა მოიგონა ეგ?
სიმბა – ჰო. დიდი სისულელეა.
ტიმონი – სიცილით ნუ მომკალი, სიმბა.
სიმბა – ჰო.
ტიმონი – რამე ვაწყენინე?
რეფიკი – სიმბა? ის… ის ცოცხალია? ის ცოცხალია! // დრო დადგა.
ტიმონი – სადღაც ჯუნგლებში, მთვლემარე ჯუნგლებში დღეს ლომმა დაიძინა. ველურ ჯუნგლებში, უსაზღვრო ჯუნგლებში დღეს ლომმა… ჰეი, მიდი, ძმაო, ბანი მითხარი. პუმბა! პუმბა!
პუმბა – ტიმონ!
ტიმონი – პუმბა!
პუმბა – ვაააი!
ტიმონი – პუმბა! პუმბა! // პუმბა! პუმბა! ჰეი, აქ რას აკეთებ?!
პუმბა – იმას ჩემი შეჭმა უნდა!
ტიმონი – ჰა? ვაი! ყოველთვის მე რატომ უნდა გადაგარჩინო… ნუ გეშინია, ძმაო, მე შენთან ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. ტორი დაჰკარი! თავი მოაჭამე! ყელი გამოღადრე, ყელი! ხომ გეუბნეოდი, გამოგვადგება მეთქი.
სიმბა – ნალა? მართლა შენ ხარ?
ნალა – შენ ვინ ხარ?
სიმბა – მე ვარ სიმბა.
ნალა – სიმბა? კი! და შენ როგორ…
სიმბა – და შენ როგორღა…
ნალა – აქ საიდან გაჩნდი?
სიმბა – რა კარგ… რა კარგია, რომ გნახე!
ნალა – მეც მოხარული ვარ.
ტიმონი – ჰეი, ეგ ყველაფერი რას ნიშნავს?
სიმბა – შენ აქ რატომ ხარ?
ნალა – როგორ თუ რატომ? შენ რაღატომ ხარ?
ტიმონი – ჰეი, ეს ყველაფერი რას ნიშნავს მეთქი!
სიმბა – ტიმონ, ეს არის ნალა. ჩემი საუკეთესო მეგობარი.
ტიმონი – მეგობარი?
სიმბა – ჰო. ჰეი, პუმბა, აქეთ მოდი.
პუმბა – ჰა?
სიმბა – ნალა, ეს არის პუმბა. პუმბა, ეს კი ნალაა.
პუმბა – ძალიან მოხარული ვარ თქვენი გაცნობით.
ნალა – მეც მოხარული ვარ.
ტიმონი – ძალიან სასიამოვნოა. მოიცა, მოიცა! შესვენებაა! მოდით რა, მეც გამარკვიეთ. შენ ამას იცნობ. ის შენ გიცნობს. მაგრამ იმას ამის შეჭმა უნდა. და ყველა თვლის, რომ ეს ნორმალურია თუ მე რამე ვერ გავიგე?
სიმბა – დაწყნარდი, ტიმონ.
ნალა – ყველა რომ გაიგებს, რომ მთელი ეს დრო აქ იყავი… და დედაშენი… რას იტყვის?
სიმბა – არ უნდა იცოდეს. არავის უთხრა.
ნალა – რასაკვირველია, არავის ვეტყვი. ყველას ჰგონია, რომ შენ მოკვდი.
სიმბა – მართლა?
ნალა – ჰო. იარამ იმ ჯოგზე მოგვიყვა.
სიმბა – ჰო? და კიდევ რა თქვა?
ნალა – მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შენ ცოცხალი ხარ და ესე იგი, გამოდის, რომ… მეფე ხარ.
ტიმონი – მეფე? ქალბატონო, ეს რაღაც ლომური გაუგებრობაა!
პუმბა – მეფე. თქვენო უდიდებულესობავ. თქვენს ფერხთა ტალახად მიგულეთ. ღრუტ! ღრუტ! ღრუტ!
სიმბა – ეგ აღარ გააკეთო.
ტიმონი – ტალახად კი არა, მტვრად. და არა! ის მეფე არ არის! ასე არაა?
სიმბა – ჰო, მასეა.
ნალა – სიმბა!
სიმბა – არა, მეფე არ ვარ. მინდოდა მეფობა, მაგრამ… ეს დიდი ხნის წინ იყო.
ტიმონი – რაღაც არ მესმის. შენ მეფე ხარ და არაფერი გვითხარი?
სიმბა – მომხედე. მე ხომ როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ.
ტიმონი – მაგრამ შენ ძალაუფლება გაქვს.
ნალა – ბოდიშს ვიხდი, რამდენიმე წუთით ვერ დაგვტოვებთ?
ტიმონი – თუკი ამას რამის თქმა უნდა, ჩვენთანაც გეტყვის. არა, სიმბა?
სიმბა – მაინც აჯობებს, წახვიდეთ.
ტიმონი – აი, უკვე დაიწყო. არადა, გგონია, რომ კარგად იცნობ ვიღაცას…
სიმბა – ტიმონი და პუმბა. ორივე შეგიყვარდება. // რა იყო? რა მოგივიდა?
ნალა – თითქოს იმ ქვეყნიდან დაბრუნდი. შენ ვერ წარმოიდგენ, რას ნიშნავს ეს ყველასთვის. და მათ შორის, ჩემთვის.
სიმბა – ჰეი, ყველაფერი კარგადაა.
ნალა – მე ისე ვდარდობდი შენზე.
სიმბა – მეც ვდარდობდი.
ტიმონი – აი, გეუბნები, პუმბა. // მყრალი შემთხვევაა.
პუმბა – ბოდიში.
ტიმონი – შენზე კი არა, იმათზე ვამბობ. ეს იმასთან მარტოა.
პუმბა – მერე ამაში რა არის ცუდი?
ტიმონი –კარგად ვიცი, რაც მოხდება.
პუმბა – მაინც რა?
ტიმონი – ესენი მხოლოდ ორნი არ არიან.
პუმბა – აბა, კიდევ ვინ არის?
ტიმონი – სიყვარულია, ძმაო, სიყვარული. ჩვენი ტრიოდან დუეტი დარჩება. მაგათ ერთმანეთი უყვართ. თუ გინდა, სანაძლეოს ჩამოვალ. ისინი აღტაცებულნი არიან, მაგრამ ეს რომანტიკა უბედურებას გვიქადის.

ნალა –
ახლა ორივე მივხვდით სიყვარულს,
ჯერ კიდევ შორსაა აისი.
ვარსკვლავებში ღამე მხიარულობს,
გული კი გულს ელის ხალისით.
სიმბა –
მინდა, სიყვარულში გამოგიტყდე,
მაგრამ, როგორ გითხრა, არ ვიცი.
უნდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,
სხვასთან არავისთან გავივლი.
ნალა –
უცნაურიც არის და ფარულიც,
ვიღაცის როლს თამაშობს ჩუმად
და ფიქრებს ჟრუანტელი დაუვლის,
უბრად ხომ ვერ ვიქნები მუდამ.

ახლა ორივე მივხვდით სიყვარულს,
ჯერ კიდევ შორსაა აისი.
ვარსკვლავებში ღამე მხიარულობს,
გული კი გულს ელის ხალისით.

ლაღი, მთვარის უკან დამალული,
შმაგი სიყვარული გვეწვია,
სულში მოიყვანა გაზაფხული,
გალობს და გალობს მზეწვია.

ტიმონი –
ამურმა ჩვენს ძმაკაცს
ზეციდან სიყვარული
სიმღერით აუხსნა.
პუმბა –
აფსუს, რამდენი ზრუნვა მოელის!
ტიმონი და პუმბა –
რა სამწუხარო ხვედრია!
სიმბა – ხომ საოცარი ადგილია?
ნალა – მშვენიერი. ერთი რამე ვერ გამიგია. თუ ცოცხალი დარჩი, რატომ პრაიდის კლდეზე არ დაბრუნდი?
სიმბა – იცი… მინდოდა, მარტო მეცხოვრა, ჩემი ცხოვრებით. კარგი რამე გამოდგა.
ნალა – შენ სახლში გვჭირდებოდი.
სიმბა – არავის ვჭირდები.
ნალა – არა. ძალიან გვჭირდები. შენ ხომ მეფე ხარ.
სიმბა – ნალა, მაგაზე ვილაპარაკეთ. მეფე მე კი არა, იარა არის.
ნალა – სიმბა, მაგისი მეფობისას ჰიენებმა პრაიდის მიწები დაისაკუთრეს.
სიმბა – რაო?
ნალა – უკვე ყველაფერი გაცამტვერდა. აღარც საჭმელია, აღარც წყალი. სიმბა, თუ არ გვიშველი, ყველა შიმშილით დავიღუპებით.
სიმბა – მე არ დავბრუნდები.
ნალა – რატომ?
სიმბა – შენ ვერ გაიგებ.
ნალა – რას ვერ გავიგებ?
სიმბა – არა, არა, არა. რა მნიშვნელობა აქვს. აკუნა მატატა.
ნალა – რა თქვი?
სიმბა – აკუნა მატატა. ეს აქ ვისწავლე. ხომ იცი, ცხოვრებაში უბედურებები ხდება…
ნალა – სიმბა…
სიმბა – რას იზამ, თავიდან ვერ აიცილებ. ჰოდა, რატომ უნდა განიცადო?
ნალა – იმიტომ, რომ მოვალეობები გაქვს.
სიმბა – მაშინ, შენ რაღას გამოიქეცი?
ნალა – მშველელს ვეძებდი. და შენ გიპოვე. ნუთუ არ გესმის? შენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ.
სიმბა – მაპატიე.
ნალა – რა დაგემართა?! მე სხვანაირი სიმბა მახსოვს.
სიმბა – მართალი ხარ. ის სიმბა აღარ ვარ. ახლა კმაყოფილი ხარ?
ნალა – არა. იმედგაცრუებული.
სიმბა – შენ ზუსტად მამაჩემივით დაიწყე ლაპარაკი.
ნალა – კარგია, რომ ჩვენგან ერთ-ერთი მაინც ლაპარაკობს იმასავით.
სიმბა – მომისმინე. შენ თვლი, რომ შეგიძლია, ცხოვრება მასწავლო? შენ ხომ არ იცი, რა გადავიტანე.
ნალა – გავიგებ, თუკი მიამბობ.
სიმბა – ეს დაივიწყე!
ნალა – მშვენიერია!
სიმბა – მართალი არ არის. ვერ დავბრუნდები. და ეს რას დაადასტურებდა? ვეღარაფერს გამოასწორებ. წარსულს ვერ შეცვლი. შენ დამპირდი, სულ შენთან ვიქნებიო და აღარა ხარ. ჩემს გამო. სულ ჩემი ბრალია. სულ ჩემი ბრალია.
რეფიკი – (სიმღერა)
ასანტე სანა, სკვაშ ბანანს…
ვი ვი ნუგუ, იმი იმი აპანა.
სიმბა – ეგ სიმღერა თავიდან ამოიგდე.
რეფიკი – ამოიგდე და გადააგდე. ისევ თავიდან ამოვა.
სიმბა – უკუღმართო მაიმუნო. აბა, მომეშვი. და საერთოდ, ვინ ხარ?
რეფიკი – საკითხავი ის არის, თავად ვინა ხარ?
სიმბა – მეგონა, ვიცოდი. მაგრამ დარწმუნებული აღარა ვარ.
რეფიკი – მე ვიცი, ვინც ხარ. ჩუუ… მომიახლოვდი. ეს საიდუმლოა. (სიმღერა) ასანტე სანა, სკვაშ ბანანა…
სიმბა – მორჩი! და საერთოდ, რას ნიშნავს ეს სიტყვები?
რეფიკი – ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ ბაბუინი, მე კი არა.
სიმბა – მე მგონი, შენ ცოტა ურევ.
რეფიკი – ტყუილია! მე კი არ ვურევ. შენ თვითონ არ იცი, ვინ ხარ.
სიმბა – ო, შენ ეტყობა, იცი.
რეფიკი – როგორ არ ვიცი. შენ ხომ მუფასას შვილი ხარ. // კარგად.
სიმბა – ჰეი, მოიცადე! // შენ მამაჩემს იცნობდი?
რეფიკი – ვიცნობდი კი არა, ვიცნობ.
სიმბა – არ მინდა, გაწყენინო, მაგრამ მამაჩემი მოკვდა. და თანაც დიდი ხნის წინათ.
რეფიკი – არა. კიდევ ცრუობ! ჰა-ჰა-ჰა! ცოცხალია და შემიძლია, გაჩვენო. მოხუც რეფიკის მიჰყევი. მან იცის გზა. წავედით! // არ ჩამომრჩე. მომყევი!
სიმბა – ჰეი, მოიცა, მოიცა, მოიცა.
რეფიკი – წამო. წამო!
სიმბა – ცოტა ნელა არ შეიძლება?
რეფიკი – სდექ! // ჩუუ!.. იქ გაიხედე.
სიმბა – ეს მამაჩემი არ არის. ეს მხოლოდ ჩემი ანარეკლია.
რეფიკი – არა. კარგად დააკვირდი. ხედავ? ის შენში ცხოვრობს.
მუფასა – (კადრს გარეთ) სიმბა.
სიმბა – მამა!
მუფასა – სიმბა, შენ დამივიწყე.
სიმბა – არა, როგორ უნდა დამვიწყებოდი?
მუფასა – შენ დაგავიწყდა, ვინ ხარ. ამიტომ მეც დამივიწყე. საკუთარ გულში ჩაიხედე, სიმბა. შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე ის, რადაც იქეცი. საკუთარი ადგილი დაიკავე სიცოცხლის წრეში.
სიმბა – როგორ დავბრუნდე? ის აღარ ვარ, ვინც ვიყავი.
მუფასა – გაიხსენე, ვინ ხარ. შენ ჩემი შვილი ხარ და ერთადერთი ჭეშმარიტი მეფე. გაიხსენე, ვინ ხარ.
სიმბა – არა! გთხოვ. არ წახვიდე!
მუფასა – გახსოვდეს.
სიმბა – მამა!
მუფასა – გახსოვდეს!
სიმბა – არ დამტოვო.
მუფასა – გახსოვდეს.
რეფიკი – ეს რა იყო? ჰა-ჰა! ამინდი. ძალიან განსაკუთრებული, მეთანხმები?
სიმბა – ჰო. როგორც ჩანს ქარი შეიცვალა.
რეფიკი – აჰ, კარგია ცვლილებები.
სიმბა – ჰო, მაგრამ ძალიან ძნელია. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. მაგრამ უკან რომ დავბრუნდები, ჩემს წარსულს შევეჯახები, რომელსაც ასე დიდხანს გავურბოდი. // ვაი! გაგიჟდი?! რატომ დამარტყი!
რეფიკი – ამას რა მნიშვნელობა აქვს. უკვე წარსულშია. ჰა-ჰა-ჰა!
სიმბა – ჰო, მაგრამ კიდევ მტკივა.
რეფიკი – ჰო. წარსული ტკივილს გვაყენებს. ორიდან ერთი უნდა აირჩიო: შეიძლება, დაემალო ანდა… გაკვეთილად გამოიყენო. აჰ! აი, ხედავ? ჰოდა, რას იზამ?
სიმბა – პირველ რიგში, მაგ ჯოხს წაგართმევ.
რეფიკი – არა, არა, არა, არა! ჯოხი არა! ჰეი, სად მიდიხარ?
სიმბა – უკან ვბრუნდები!
რეფიკი – კარგია! მიდი! წადი სახლში!
პუმბა – ჭიაყელა, ჭიაყელა.
ნალა – ჰეი. ჰეი, გაიღვიძე. ნუ გეშინიათ! ჩუმად, ჩუმად! არაფერს დაგიშავებთ! მე ვარ!
ტიმონი – მასე აღარასოდეს მოიქცე. მტაცებლები! უჰ!
ნალა – სიმბა არ გინახავს?
ტიმონი – მეგონა, შენთან ერთად იყო.
ნალა – ჰო, მაგრამ ვეღარ მიპოვნია. სად არის?
რეფიკი – აქ ვეღარ ნახავ! ჰა-ჰა! მეფე დაბრუნდა.
ნალა – ვერ დამიჯერებია. უკან დაბრუნდა!
ტიმონი – დაბრუნდა? რას ამბობთ? ჰეი, სად წავიდა? ეს მაიმუნი ვინღაა?
ნალა – სიმბა იარას ჩამოსაგდებად წავიდა.
ტიმონი – ვისი?
ნალა – იარას ჩამოსაგდებად.
პუმბა – ვის აქვს იარა?
ნალა – არა, სიმბას ბიძაა.
ტიმონი – ეს მაიმუნი სიმბას ბიძაა?
ნალა – არა! სიმბა უკან დაბრუნდა, რათა ბიძამისი იარა ტახტიდან ჩამოაგდოს და მეფე გახდეს.
პუმბა და ტიმონი – ააა!
ნალა – სიმბა! დამიცადე! // შემზარავი სანახაობაა, არა?
სიმბა – მე კი არ მინდოდა, შენთვის დამეჯერებინა.
ნალა – რატომ დაბრუნდი?
სიმბა – ბოლოსდაბოლოს, მთელი ჩემი სისულელე გამომიფერთხეს თავიდან. თან სამახსოვროდ კოპიც მაჩუქეს და ეს ჩემი სამეფოც ზედ დაურთეს. სხვა ვინ წამოვა ამისთვის საომრად?
ნალა – მე წამოვალ.
სიმბა – სახიფათო საქმეა.
ნალა – სახიფათო? ჰა! მე ხიფათს დავცინი! ჰა-ჰა-ჰა!
ტიმონი – მე აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ.
სიმბა – ტიმონ! პუმბა! აქ რას აკეთებთ?
პუმბა – თქვენს სამსახურში გახლავართ, ჩემო ბატონო.
ტიმონი – უჰ! ამისთვის უნდა ვეომოთ ბიძაშენს?
სიმბა – ჰო, ტიმონ. ეს ჩემი სახლია.
ტიმონი – ერთი კარგი შეკეთება არ აწყენდა! კარგი, სიმბა. თუ ეს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია, ბოლომდე შენთან ვიქნებით. // ჰიენები. არ მიყვარს ჰიენები. როგორ უნდა ავუაროთ გვერდი?
სიმბა – ცოცხალი სატყუარათი.
ტიმონი – კარგი აზრია. ჰეი!
სიმბა – მიდი, ტიმონ. როგორმე უნდა გაიტყუოთ.
ტიმონი – რა ვქნა, კაბა ჩავიცვა და `ჰულა~ ვიცეკვო? // ლუაუ!
მშვირები თუ ხართ და გიყვართ,
მსუქანი ხორცი მჭლეთი.
ჩემს ძმაკაც პუმბას აქვე აქვს.
სიამოვნება გელით.
ჩამოდით ძირს და ივახშმეთ.
გემრიელია ღორი.
ნუგბარით დიდად იამებთ,
ისიამოვნებთ, მგონი.
პუმბა – ღრუტ. ღრუტ. ღრუტ.
ტიმონი – ბეკონისთვისაც ივარგებ?
პუმბა – ღრუტ, ღრუტ, ღრუტ.
ტიმონი – იფ-იფ, რამხელა ღორია.
პუმბა – ღრუტ, ღრუტ.
ტიმონი – მაგრამ თქვენ უფრო დიდი ღორები ხართ! ვაი!!
სიმბა – ნალა, დედაჩემი მოძებნე და ყველა დედალი ლომი შეკრიბე. მე კი იარას მოვნახავ.
იარა – სარაბი!
სარაბი – გისმენ, იარა.
იარა – სად არიან შენი მონადირე ქალბატონები? სულ გაზარმაცდნენ.
სარაბი – იარა, აქ საკვები აღარ არის. ჯოგი წავიდა აქედან.
იარა – არა. თქვენ ეძებთ ცუდად.
სარაბი – ყველაფერი გამოილია. ცოცხალი აღარაფერი დარჩა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ პრაიდის კლდე უნდა მივატოვოთ.
იარა – არსადაც არ წავალთ.
სარაბი – წაუსვლელობა ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება.
იარა – ეგ არ მედარდება.
სარაბი – მასე არ შეიძლება.
იარა – მე მეფე ვარ. რასაც მინდა, იმას ვიზამ.
სარაბი – როგორც მეფე, მუფასას ოდნავ მაინც რომ ჰგვანებოდი…
იარა – მე მეფე მუფასაზე ათასჯერ უკეთესი ვარ! // მუფასა? არა, შენ ხომ მოკვდი.
სარაბი – მუსაფა!
სიმბა – არა. მე ვარ.
სარაბი – სიმბა! ცოცხალი ხარ? როგორ გადარჩი?
სიმბა – რა მნიშვნელობა აქვს. მე სახლში ვარ.
იარა – სიმბა? სიმბა! ო, ცოტა გაოცებული ვარ, შენ რომ გხედავ… ცოცხალს.
სიმბა – მტყუანი ვიქნები, ახლა რომ ნაფლეთებად გაქციო?
იარა – ო, სიმბა, შენ უნდა გამიგო… სამეფოს მმართველობის ტვირთი…
სიმბა – სამეფო შენი აღარ არის. თავიდან მომწყდი, იარა.
იარა – ო, რასაკვირველია, წავალ, ნამდვილად. მაგრამ აქ ერთი პატარა გარემოებაა. ამათ ხედავ? ისინი თვლიან, რომ მე ვარ მეფე.
ნალა – ჩვენ კი მასე არ ვფიქრობთ. სიმბა არის კანონიერი მეფე.
სიმბა – აირჩიე, იარა. ან აქედან წასვლა ანდა ბრძოლა.
იარა – ო, არ ღირს ძალადობა. იმის გაცნობიერება, რომ შენს გამო ოჯახის წევრი დაიღუპა, ძალიან მტკივნეულია. ხომ მართალს ვამბობ, სიმბა?
სიმბა – ტყუილად წვალობ, იარა. ჩემთვის ეგ წარსულია.
იარა – შენი ქვეშევრდომებისთვის როგორღაა? ამათთვისაც წარსულია?
სარაბი – სიმბა, რაზე ამბობს?
იარა – აჰ… ამათთვის შენი პატარა საიდუმლო არ გაგიმხელია? კარგი, სიმბა, ახლა შეგიძლია უთხრა. აბა, თქვი, ვისი ბრალია მუფასას სიკვდილი?
სიმბა – ჩემი.
სარაბი – ეს ტყუილია. მითხარი, რომ ტყუილია.
სიმბა – ეს მართალია.
იარა – ხომ ხედავთ? აღიარებს! მკვლელი ხარ!
სიმბა – არა! შემთხვევითობა იყო.
იარა – შენ რომ არა, მუფასა ცოცხალი იქნებოდა. შენი გულისთვის დაიღუპა! ამას უარყოფ?
სიმბა – არა.
იარა – მაშინ დამნაშავე ხარ.
სიმბა – არა, მე მკვლელი არა ვარ!
იარა – ო, სიმბა! შენ კვლავ განსაცდელში ხარ, მაგრამ ამჯერად მამიკო ვეღარ გიშველის. და ახლა ბოლოსდაბოლოს, ყველა გაიგებს თუ რა მოხდა!
ნალა – სიმბა!
იარა – ჰო, ნაცნობი სურათია. კიდევ სად მინახავს? მოიცა, მოვიგონო. ჰო. გამახსენდა. სიკვდილის წინ სწორედ ამ მდგომარეობაში იყო მამაშენი. აი ეს კი ჩემი პირადი საიდუმლოა. მუფასა მე მოვკალი.
სიმბა – არა! მკვლელო!
იარა – არა, სიმბა! გემუდარები!
სიმბა – სიმართლე ყველას გააგებინე.
იარა – სიმართლე? ყველას ხომ თავისი სიმართლე აქვს… კარგი. კარგი. ჩემი მოკლულია.
სიმბა – ხმამაღლა!
იარა – მუფასა მე მოვკალი!
ბანზაი – ბოდიში. უკაცრავად. გამატარეთ. მოსიარულე ლეში!
ზაზუ – გამომიშვით! გამომიშვით!
ტიმონი – შემომიშვი! შემომიშვი! // ძალიან გთხოვთ, არ შემჭამოთ!
ბანზაი – ჰეი, ეს ვისი ღორია?
პუმბა – მე მეუბნები?
ტიმონი – შენ ღორი დაგიძახეს.
პუმბა – ღორი დამიძახეს?
ტიმონი – ეგ არ უნდა გეთქვათ.
პუმბა – ჩემთვის?
ტიმონი – ახლა კი ცუდად წაგივათ საქმე.
პუმბა – თქვენ ჩემთვის ბატონი ღორი უნდა დაგეძახათ. ეს აიღე, შე სულელო… აჰა! ესეც შენ! აი. აი შენც. ვაჯობეთ! ჩვენ ვაჯობეთ! ჰო! ჰო! ჰო!
სიმბა – მკვლელო!
იარა – სიმბა. სიმბა. გთხოვ. შემიწყალე. გემუდარები.
სიმბა – შენ სიცოცხლის ღირსი არა ხარ.
იარა – მაგრამ სიმბა, მე ხომ… შენი ნათესავი ვარ. და ის ჰიენები კიდევ ჩვენი მტრები არიან. ყველაფერში ჰიენები არიან დამნაშავეები. მაგათ მოიფიქრეს ყველაფერი.
სიმბა – როგორღა უნდა დაგიჯერო? რასაც ადრე მეუბნეოდი, სულ ტყუილი იყო.
იარა – ნუთუ მოხუც ბიძას მოკლავ?!
სიმბა – არა, იარა. შენნაირი კი არა ვარ.
იარა – ო, სიმბა. გმადლობ. შენ მართლა დიდსულოვანი ხარ. ჩემს დანაშაულს შენს წინაშე გამოვისყიდი. გპირდები. რით უნდა დავიმსახურო შენი პატიება? მთხოვე, რაც გინდა.
სიმბა – დაიკარგე. აქედან დაიკარგე, იარა. და ნუღარ დაბრუნდები.
იარა – არ… დიახ. რა თქმა უნდა. როგორც ინებებთ, თქვენო უდიდებულესობავ. // აჰ, ჩემო კარგო მეგობრებო!
შენზი – მეგობრებოო? ამან არ თქვა, მტრები არიანო?!
ბანზაი – ჰო. ჩემი ყურით გავიგონე.
შენზი და ბანზაი – შენ რას იტყვი, ედ?
იარა – არა. ახლ… ახლავე აგიხსნით. არა. თქვენ ვერ გაიგონეთ! არა. არც მიფიქრია… არა! არა! ბიჭებო, მე მართლა…
რეფიკი – შენი დრო მოვიდა.
მუფასა – (კადრს მიღმა) გახსოვდეს.
სიმღერა –
გზა მარადიულ წრეშია,
სიცოცხლის მბრუნავ წრეში.
გზა დაღლა, თან იმედია.
უნდა იარო რწმენით.

რეჟისორები – როჯერ ელერსი, რობ მინკოფი.
პროდიუსერი – დონ ჰანი.
სცენარის ავტორები – ირენ მეჩი, ჯონათან რობერტსი, ლინდა ვულვერტონი.
სიმღერების ავტორები – ტიმ რაისი, ელტონ ჯონი.
მხატვარი – კრის სანდერსი.

FIN

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თარგმნილი ფილმები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s