ირაკლი სამსონაძე: “ინდაურის კვერცხი 4”


ირაკლი სამსონაძე

ინდაურის კვერცხი 4

(ანტინარკოტიკული ზღაპარი)

მოქმედი პირნი:

1. ინდაური ინდიკო
2. ინდაური იოლანდა
3. მგელი _ გაიოზ ალგეთელი
4. მელა _ ლუიზა კუდიგრძელია
5. ბატი თეოფილუსი
6. ბატი სუსანა
7. ყოჩი მეელიტონი
8. ცხვარუკა მეეა
9. ვარიკა კო-კო
10. მამალი კო-კა

სურათი პირველი

აქა ამბავი სენსაციური მოვლენისა, რომელიც ინდაურმა იოლანდამ ამცნო შინაურ ფრინველებს.

ეზო. ბატი თეოფილუსი გაზეთს კითხულობს. .იქვე სუსანა ტრიალებს. მამალი კო-კა დინჯად მიდი-მოდის და მიწას აცქერდება დროდადრო. სიმღერით შემოცქრიალდება იოლანდა.

იოლანდა _ იოლალალალანდადა… იოიოლალალანდადა…
სუსანა _ (ნიშნისმოგებით) სსსულ სსსამღერლად აქვს სსსაქმე ამ იოლანდასსს!
იოლანდა _ იოლალალა… ჩემი ინდიკო ჰოლივუდში მიიწვიეს, სუსსანა, მეც თან წამიყვანს…რა ბედნიერებაა! იოლალა…
სუსანა _ სსსუ, გოგო, სსუუ, დაგცინებენ… რა უნდა ინდაურს ჰოლივუდში?
იოლანდა _ ლალალამ…ბრრ, ლამაზია ჩემი ინდიკო, რატომაც არა, სუსსანა, ინდიანა ჯონსის როლზე დაუმტკიცებიათ… მე მჯერა!…იოლალა-ლანდადა! (გაცქრიალდება)
სუსანა _ (თვალს გააყოლებს) სსსუ გაინდაურდნენ ესს ინდაურები…
კო-კა _ კოკოკო-კა არ ვიყო მე, კო-კა,თუ სიმართლეს არ ბრძანებდეთ, ქალბატონო სუსსანა _ ინდაური, ასე ვთქვათ, ინდაურად დარჩება… სულ სხვაა ბატი… და, რა თქმა უნდა, ქათამიც სულ სხვაა… განსაკუთრებით მამალი…

(გამოჩნდება ვარიკა კოკო)

კოკო _ კო კო კოკორესპონდენტს აძლევს ინტერვიუს თურმე ინდიკო კოკო!
ჩვენს ეზოში კიკიკინოვარსკლავი მოგვევლინა, კინოვარსკვლავი!…
თეოფილუსსი- (ავტორიტეტულად) _ ესსს, სიმართლეა, გაზეთშიც წერენ, ჩემი მეგობარი ინდიკო, ინდიანა ჯონსის როლზე დაამტკიცესს!!
სუსსანა _ ესსს ბატი კიდე სსსუ გამობატდა, ესს ბატი! გაზეთი უკუღმა უჭირავსს და შშშ…
თეოფილუსსი _ სსსუსსანა, ნუ შშიშინებ… თეოფილუსსმა იცისს, როგორ დაიჭიროსს გაზეთი!
სუსსანა _ შშშერეკილები ხართ შშშენ და შშშენი მეგობარი ინდიკო, რაღაც გრანტი გააიმასქნეს, რა ქვია და… თავი ისს გონიათ!…
თეოფილუსსი _ სსსამგზის გავაიმასსქნეთ, სსამგზის, ფრინველთა უფლებებსა და თავისუფლებებზე! და თანაც, რატომ ახსენებენ უდიერად ბატსს, ბატებმა თვით რომი იხსსნეს! შენც ხომ ბატი ხარ, ბოლოსს და ბოლოსს, ჩემი სსატრფო, სსუ სანა!
სუსსანა _ შშშენი სსსატრფო ინდიკოა! გრანტიჭამიები ესსენი!…
კოკო _ კოკოკო კოკისპირულად გშურთ თქვენ, კოკისპირულად! გიხაროდეთ უნდა! ჩვენს ეზოში კიკიკინოვარსკვლავი დაიბადა, კიკინო…
კოკა _ კოო-კა არ ვიყო, თუ კოკო არ გაძახებინო ახლა,კო-კა! /გამოენთება/
კოკო _ კოკოკისპირულად ეჭვიანობს… კოკოკოკი /გარბის/
/ქათმები წამით სცენას დასტოვებენ/

სუსანა _ /თვალს გააყოლებს/ _ ეს ქათმები კიდე სსსუ გამოქათამდნენ!
თეოფილუსი _ სსსუსსანა, ძალიან გთხოვ, უცხოთა თანდასსსწრებით შშშშეურაცხყოფასსს ნუ მომაყენებ, სსსუსსანა! შშშენ რომ შშშიშშშინსს იწყებ, სსსული მიწუხდება! იმ გრანტით, მე და ინდიკომ რომ მოვიპოვეთ, მე შენ სსაღამოს კაბა გიყიდე, სსუსანა, იმ კაბაში ისსე სსსექსსუალურად გამოიყურები…
სუსსანა /მოლბება/ _ სსსულელი ხარ შენ…

(გამოჩნდება დამცხრალი და ამაყი მამალი.)

კოკა _ კოკამ გაძახებინა თუ არა, კოკო, კოკამ…

(შემოდის ვარიკა კოკო)

კოკო _ კოკოკოშმარში ვარ ამ კოკასგან, კოკოშმარში!

შემოცქრიალდება იოლანდა.

იოლანდა იოიოლალალანდადა… იოლალალანდადა…მოდის, მოდის, გაუფინეთ წითელი ხალიჩა!!!

სურათი მეორე:

აქა ამბავი იმისა, თუ ვის მოხსენიებას აპირებს ინდაური ინდიკო ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალზე და ასევე ამბავი ინდაური იოლანდას ბაზრად გამგზავრებისა.

სცენის სიღრმიდან ინდიკო გამოჩნდება.

ინდიკო _ სმენა იყოს და გაგონება, ჩემო ფრთოსანო მეგობრებო! ფრიად სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით… /პაუზა, მიმოიხედავს, დაბალი ხმით/ საიდუმლოდ გაცნობებთ, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აპარატს ვგულისხმობ…ეს ისე, ჩვენთვის, შინაურულად…
სუსსანა _ / თითს იტრიალებს საფეთქელთან / _ სსსუ… სულ!…
ინდიკო _ ქალბატონო სუსსანა, განა არ იცით, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი აშშს პრეზიდენტის საშობაო ინდაურია? ამაში თეოფილუსსიც დამერწმუნება!
თეოფილუსსი _ სსიმართლესს ბრძანებსს, სსრულ სსიმართლესს…
სუსსანა _ შშერეკილსს სსსიზმარი უნახავს, მეორე შშშერეკილი კი უდასსსტურებსსს…
ინდიკო _ ნეტა ყველა სიზმარი ისე ცხადი იყოს, როგორც რომ ჩემი! დიახ, დიახ, მე დაბეჯითებით დამარწმუნეს, რომ მიწვეული ვარ ჰოლივუდში, ინდიანა ჯონსის როლზე!…
კოკო _ კოკოკოკისპირულად მომწონს ეს ინდაური, კოკოკისპირულად…
კოკა _ კოოკა მოვიდა ახლა, კოოკა…
ინდიკო _ არ ვაჭარბებ, ჩემო ფრთოსანო მეგობრებო, მე ეს არ მჩვევია!… ჩემი მეგობარი ბატი თეოფილუსსი, ამაშიც დამერწმუნება…
თეოფილუსსი _ სსსრულ სსსიმართლესს ამბობსსს, ესს ინდაური არისს, ციდან მოვლენილი სსსსაჩუქარი ჩვენთვისსს…
ინდიკო _ მადლობთ, მეგობარო, მადლობთ!… და მიუხედავად ჩემი გენეტიკურად თანდაყოლილი თავმდაბლობისა, აქვე დავამატებდი, რომ განა მარტო ციდან მოვლენილი საჩუქარი ვარ თქვენთვის… არამედ, ამასთან ერთად ვარ, ციდან მოვლენილი სასწაული, სიხარული, ნეტარება, ახალი გზა, ბოლოს და ბოლოს, იმის იმედი, რომ ამ საშინელ კარჩაკეტილობას გადავაფრინდებით და ჩავფრინდებით იქ, ცივილურ სამყაროში, და გავხდებით კინოვარსკვლავები, დავარიგებთ ავტოგრაფებს, მივიღებთ ასმილიონიან ჰონორარებს, ვიცხოვრებთ ფეშენებელურად, დაგვირიგებენ ოსკარებს და როცა აუცილებლად დაგვაჯილდოვებენ, მომხიბვლელი ღიმილით ვიტყვით სიტყვას… ბრლლბრ… / შეაჟრჟოლებს/ ინდიანა ჯონსის უკვდავი სახის განსახიერების შემდეგ, მე, რა თქმა უნდა, ოსკარის პრემიას გადმომცემენ და როგორც იქაა მიღებული, აშშ-ში, ასე ვიტყვი ა… /სევდიანად გაიღიმებს /
დიდი მადლობა მეთქი-ვიტყვი, დიდი მადლობა ჩემს უძვირფასეს იოლანდას მეთქი, ვიტყვი…
იოლანდა _ იოლალალალანდადა…
კოკო _ კოკოკოკა, გესმის,კო-კა?!
კოკა _ კოკას განახებ ახლა, კოოკას!
ინდიკო _ ასევე აუცილებლად გადავუხდი მადლობას ჩემს თანამოაზრესა და ერთგულ მეგობარს, ბატ თეოფილუსს!
თეოფილუსი _ სსსიამოვნებით მოგესსსალმებით და როგორც ჩემი უუუშორესი წინაპრისსა და მოსსახელის, თავად ქალაქ რომის ერთ-ერთი დამაარსებლისს, რომულუსსის პირადი ბატი-თეოფილუსსი იტყოდა, მადლობა ღირსს მეგობარსს-ინდიკოსსს…
სუსსანა _ /მხარს გაკრავს/ _ სსსანამ არ ჩაგასსსოუსსსებენ, არ მოეშვები შშენ ამ ინდიკოსსს! სსსახლში ჩქარა, სსსსასსსწრაფოდ!!!
თეოფილუსსი _ სსსირცხვილია, სსსუსსსანა!
სუსსანა _ შშშინ!!! /წინ გაიგდებს /
თეოფილუსსი _ /ინდიკოს მიუახლოვდება/ _ შშშიშინზე გადავიდა, მეგობარო, იმედია გამიგებ! / ხელს ჩამოართმევს / სსსამშობლო იცნობს თავის გმირებსსს! /მიდის /
სუსსანა _ /მუქარით/ _ შშშ…
თეოფილუსსი _ სსს… / გაერიდება, გავლენ /
ინდიკო _ / თვალს გააყოლებს / _ მესმის, მეგობარო თეოფილუსს! სიახლე მუდამ ეკლიან გზაზე დადის… ოდესმე ალბათ დაგვაფასებენ / ვარიკა კოკოს გამოხედავს / აი,ეს ნორჩი ვარიკა კოკო ხომ მაინც მოესწრება ჩვენს ეზოში ამერიკულ ცათამბჯენებს, ფრანგულ სუნამოებს, ინგლისურად მოვლილ დაბალ კოინდარს, გერმანულ დისციპლინას და ამ ეზოში დაბადებულ რომელიმე მეგაკინოვარსკვლავს…
კოკო _ კოკოკოკისპირულად მინდა, კოკოკისპირულად!
კოკა _ კო-კა მოვიდა კოკოკისპირულად ახლა,კოოკა! / გამოენთება /
კოკო _ / გარბის / _კოკოკოშმარში ვარ, კოკოშმარში!… / სცენას დატოვებენ/ /
ინდიკო _ / იოლანდას გადმოხედავს / _ ვარიკა კოკოსი რა მოგახსენო, ჩემო იოლანდა, მაგრამ შენ კი მართლაც ბედი გქონია…
იოლანდა _ იოლალალალალალალა…
ინდიკო _ ბრლბრლბრლო….
იოლანდა _ /განაზებული / _ ინდიკოო… მართლა ხო არ დაგსიზმრებია?!
ინდიკო _ რას ამბობ, იოლანდა, პირადად ველაპარაკე პრეზიდენტის საშობაო ინდაურს… შენც ხომ იცნობ, ის როა, თეთრი ინდაური…
იოლანდა _ თეთრია?!
ინდიკო _ არ გამაგიჟო ახლა… მე გაგაცანი!
იოლანდა _ შენ გამაცანი?
ინდიკო _ აბა, ალა-ფურშეტზე, იქ, ელისეის მინდვრებზე…
იოლანდა _ ააა.. / დაბნეული / შენ თუ გამაცანი, მაშინ ვიცნობ, კი… მივდივართ, აბა, ჰოლივუდში?
ინდიკო _ უეჭველად…
იოლანდა _ დედა, რა კარგია!
ინდიკო _ ჰო, სულ მინდოდა შენთვის მეთქვა, მოდი, ამიერიდან ინდიანა დამიძახე… შენ რომ დამიძახებ, სხვებიც აგყვებიან…
იოლანდა _ მე რო ინდიკო უფრო მომწონს…
ინდიკო _ ინდიკო… ჰმ… ძალიან ქართულად ჟღერს… შენ რა გიჭირს, იოლანდა დაგარქვეს მშობლებმა, მშვენიერი, უცხოური სახელი…მე კი… ბრლბრ… /გააჟრიალებს /
იოლანდა _ იოლალა… ინდიკო, არ ავღნიშნოთ ეს ამბავი ახლა ჩვენ?!
ინდიკო _ ავღნიშნოთო?! წვეულება ესე იგი, ალაფუშეტი ერთგვარი, არა?! შესანიშნავი აზრია, იოლანდა… ოღონდ ტრადიციული ქართული სუფრა არ გამაგონო… შოკმანჟე, ბლომანჟე, რამე უცხოური კერძი… რამე… მერედა, ფული გვააქვს?
იოლანდა _ კვერცხი გადავინახე სამი ცალი…
ინდიკო _ ოჰ, ინდაურის სამი კვერცხით მოივლი ბაზარს… / ხელმკლავს გამოსდებს /
იოლანდა _ / თავს მიაყრდნობს მხარზე, თან მიდიან / _ გენაცვალე მე შენ, ამისთანა სასიხარულო ამბავი მოვიდა და… თანაც აშშს პრეზიდენტის საშობაო თეთრ ინდაურს ვიცნობ თურმე…
ინდიკო / ამაყად / _ ბრლბრლ…
იოლანდა _ / გზად / _ იოლალალანდადა…

/ სცენიდან გავლენ /

სურათი მესამე

აქა ამბავი საკბილოს მოლოდინში საღამოს ბაზარს შემორჩენილი ლუიზასა და გაიოზის და ასევე ამბავი უფროსი პატრული მელიტონისა და უმცროსი პატრული მეეასი.

საღამოს ბაზარი. ერთ დახლთან მელია დგას, იქვე უკბილო მგელი გაიოზი მიდი-მოდის.
მგელი / ვიღაც შენიშნა / _ მოდის ეს შობელძაღლი…
მელა _ ვინ, _ მელიტონი?!
მგელი / გადააფურთხებს / _ ყოჩი პატრული მეელიტონი… / გამოხედავს მელას/ გადამალე! / მელა გულისპირში ჩაიდებს რაღაცას. /
მგელი _ აუუუ, სად გადამალა!.. მანდ ჩაგიყოფს, გოგო, ხელს… თათს… ჩლიქს… თფუი, შენი!.. ადრე ძაღლები იყვნენ პატრულები, ახლა ყოჩი გამოჩხრიკეს… დიდი რქებით…
მელა _ ჩამიყოფს არა ის კიდე… მერე ჩავაყოფინებ?! მე, გენაცვალე, ლუიზა მქვია, კუდიგრძელია ვარ გვარად!
მგელი _ შემჭამეს ამ მეგრელმა მელაკუდებმა… რამხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე! ,,ბარიგა” ხარ, გოგო, ,,ბარიგა,” მათრობელა ბალახს ყიდი… სტატია 104, პირველი და მეორე ქვეთავები… / სახე მოექუფრა / თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრელი ვადით…
მელა _ ჰმ… ,,ბარიგა”!!! გამომიჩნდა ესეც ნარკობარონი… გაიოზ ალგეთელი… ალგეთიდან…
მგელი / გამოხედავს / _ დიახ… / სიამაყით /. ალგეთელი ალგეთიდან… გაიოზი… მგელი!..
მელა _ უკბილო!
მგელი _ სამაგიეროდ ბასრი პროთეზით!
მელა _ თვითონ ბარიგა!
მგელი / ამოიხვნეშებს / _ მე ,,ბარიგა” არ ვარ… მე ვარ…. / სევდიანად / რასაც ლაგერებში ,,ხარაშნიაკს” ეძახიან… აუუ, რა ნაწვალები! აუუ, რა… /გამოხედავს / მე, გოგო, შენ… / ხანმოკლე პაუზა / გიცავ!..
მელა _ შენ მიცავ მე? შეენ? არ მჭირდება, მიბრძანდი…
მგელი / ხელს წაატანს / _ როგორ არ გჭირდება, შენ ჩემო უტკბილესო გაიძვერავ, როცა ასეთი ნაზი ხარ!
მელა / წაეცეკვება / _ ნაზი არ ვარ, მე ვარ ლუიზა!
მგელი _ ლუიზა, რა ხანია, ლუიზა, ვერავინ ჩავიტყუეთ ჩვენს ბნელ, უბნელეს გაჩიანში… მე ხორცი მშიააუუ!
მელა _ მეც, გაიოზ, მეც კი მშია, მაგრამ რას გახდები ამ საპატრულეთში… ვინმე რომ ჩვენს ბალახს გასინჯავდეს, აუცილებლად ამოჰყოფდა თავს გაჩიანში და იქ, იქ, სადაც ხელ-ფეხი გახსნილია მტაცებლისათვის…
მგელი _ / ვნებით / _ ლუიზა…
მელა _ გაიოზ…
მგელი _ /მიეტანება / _ აუუუ!!!
მელა _ ჩუ, ბიჭო, მოვიდა… / ხელს შეაშვებინებს, თავს მოიწესრიგებს /

გამოჩნდება ყოჩი პატრული მეელიტონი.

მეელიტონი _ მეე… მეე… მეე…
მელა _ ლიტონ! მობრძანდით, მოისვენეთ, ნამგზავრი იქნებით…
მეელიტონი _ მეელიტონს აინტერესებს, რას აკეთებთ ცარიელ ბაზარში?!
მელა _ როგორ თუ რას ვაკეთებ, ბატონო მეელიტონ! ჩემს ბოსტანში მოყვანილ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ვყიდი მე! / ერთ ცალ სტაფილოს აჩვენებს / თქვენთვის ნახევარ ფასად, გნებავთ?!

/ მეელიტონი მიუახლოვდება მელას, წაიხრება, სტაფილოს ათვალიერებს /

მგელი / თავისთვის / _ აუუ, ეს პატრული არ იყოს რას გამოვჭამდი დუმასაუუ!..
მეელიტონი / შემოტრიალდება / _ მეელიტონს რაღაც მოესმა…
მგელი _ გულში ლაპარაკიც აკრძალულია ამ საპატრულეთში, ძმაო?!

/ მეელიტონი მგელს მიუახლოვდება, ხელკეტს შემოჰკრავს ფერდებში /

მგელი _ აუუ, მეხიცინება, დედას გაფიცებ!.. / მეელიტონი ვენებზე უთითებს. /
მგელი / სახელოებს აიკაპიწებს / _ სუფთა ვარ, გემოც დამავიწყდა… /მეელიტონი მელას მიუტრიალდება../
მგელი / აეკიდება მეელიტონს / _ ეგ ქალი, მეელიტონ, არის ყოფილი კოლმეურნე ქალი, ამჟამინდელი თავისუფალი ფერმერი, ასე ვთქვათ… თავისი შრომით საზრდოობს, დედას გეფიცები… / ყურში ეუბნება / თანაც საყვარელი ქალია ჩემი, ხელი, ფუჰ, ჩლიქი არ მოსდო უნაირო ადგილებში, ერთმანეთის ღირსებას ნუ შევეხებით ძმაუუ!
/ მეელიტონი რაციას ამოიღებს, ჩართავს /

მეელიტონი _ მეეა! მეეა!!!
მგელი / დამფრთხალი / _ რა _მეეა?! ვინაა, მეეა?!

/ გამოჩნდება ცხვარუკა მეეა, მასაც პატრულის ფორმა აცვია /

მეეა _ მეეა გამოცხადდა მელიტონთან!
მგელი / ბოღმით ჩაილაპარაკებს / _ გადამრევენ ეს ცხვრები… ორსქესიანი საპატრულო რა უბედურებაა, ბიჯოუუ!

/ მეელიტონი ფერდებში უთავაზებს ჯოხს გაიოზს /

მგელი _ მეღიტინება მეთქი… / ფერდზე იჭერს ხელს / უუჰ…
მეელიტონი / მეეას უთითებს მელასკენ / _ მეელიტონი გიბრძანებს, გაშმონე ის დედაკაცი!
მელა / ძალიან ენერგიულად / _ დედაკაციო! დედაკაცი?! დედაკაციც გავხდი თურმე… არა, არა, ამ შეურაცხყოფას ვერ გადავიტან! / ტირის /
მეეა _ მეეა მოახსენებს მელიტონს,.. ის ტიირის…
მელა _ ვტირი?! არა, მეეა, მე გულამოსკვნილი ვტირი! ვინმეს რომ დაეძახა შენთვის დედაკაცოო, განა, შენ კი არ იტირებდი, ძვირფასო მეეა?! ახ!..
მეეა / გული ამოუჯდება / _ მეეას ეტირება…
მეელიტონი _ მეეა, უფლება არ გაქვს, მეეა!
მეეა _ მეეას ეტირება და რა ქნას მეეამ!
მეელიტონი _ მეეა, შენ საპატრულოს არცხვენ, მეეა!
მეეა _ მეელიტონ, არასოდეს დაუძახო დედაკაცი მეეას!
მელა _ ხო, ხო, მეეა, თხოვე მეელიტონს, ნუ იქნება ასეთი უხეში, ნუ იქნება ასეთი ძალიან, ძალიან, მელიტონი, მეეა!
მეელიტონი _ მეელაკუდა, ჩუ!
მელა _ თხოვე, მეეა, თხოვე მელიტონს, დაიცვას გენდერული თანასწორობა!
მეელიტონი / ჯოხს მისცხებს უკანალზე მეეას / _ მეეა, ,,მარშ” აქედან, მეეა, ,,მარშ”!
მეეა / პირს მოაღებს და მგელს ჩაეხუტება / _ მე ჯერ ცოლადაც არ მოვუყვანივარ და მცემს, მე!
მგელი / გულში ჩაიკრავს მეეას / _ შენ შემოგევლე მე შენ! რა საყვარლად ტირის… აუუ! მგელს რომ გული აუჩვილდება, სწორედ ისეუუ!!!
მეელიტონი / ხელზე მოსცხებს ჯოხს მგელს / _ მეეას ხელი გაუშვი, მეეას! მეე თქვენ განახებთ, მეე! მეელიტონს ასე ვერ გააცურებთ, მეელიტონს! მეეა, გამიძეხი წინ, მეეა!
მეეა _ მეე… / ერთხელაც დაიპეტელებს მეეა და მიდის, მეელიტონი მიყვება /
მელა / თვალს გააყოლებს მათ / _ არა, არა, ცხვარი მაინც ცხვარია, გინდა ჩაქაფულში, გინდა ჩაქინძულში, გინდა პატრულის ფორმაში…
მგელი / მეას მიცქერილი სიყვარულით, ნატკენ ხელს მკერდზე იბჯენს / _ გენაცვალე გავლა-გამოვლაში მე შენ…
მელა / უკმაყოფილოდ / _ რის თავი გაქს, ნეტა…
მგელი _ სადმე, მშობლიური გაჩიანის ბნელ კუთხეში მიმამწყვდევინა და…
მელა _ ჰმ… ინატრა გაჩიანი… არაა მუშტარი, არ ყიდულობენ მათრობელა ბალახს… დავათრევ ამ სტაფილოს აღმა-დაღმა… ლამის კურდღლად ვიქცე და შევჭამო კიდეც…
მგელი _ კურდღელიც რომ სანატრელი გაგიხდება, ლუიზა! მოდი, ვისიამტკბილოთ მაინც, გული გადავაყოლოთ… / ხელს წაატანს /
მელა _ ინდაური გაიოზ!
მგელი _ ვინ ინდაური?
მელა _ ინდაური მეთქი!..
მგელი _ ინდიკო?
მელა _ არა, ბიჭო, დედალი ინდაური მოდის აქეთ…
მგელი _ აუუუ…

სურათი მეოთხე

აქა ამბავი იმისა, თუ როგორ იყიდა ინდაურმა იოლანდამ მათრობელა ბალახი უცხოური სახელწოდებით კანაპლიაუ.

/ გამოჩნდება იოლანდა /

იოლანდა / მოიმღერის / იოიოლალალანდადა… იოიოლალა…
მგელი / გახარებული / _ ინდაური?!
იოლანდა _ იოლალალალნდა…იოლანდა, იოლანდა…
მელა _ რა ლამაზი სახელია იოლანდა! არა, გაიოზ?!
მგელი _ ძალიან, ძალიან ლამაზი ლალალაუუუა!
იოლანდა _ რატოა ბაზარში სიხალვათე?
მგელი _ საღამოს ბაზარია, შენ შემოგევლე, დაგაგვიანდა, მარა აქ ვართ ჩვენ, გვიმსახურეთ…
იოლანდა – წვეულებას ვმართავთ მე და ინდიკო და რაღაც ისეთი გვინდოდა, უცხოური კერძი რომ კეთდება…
მგელი _ დედა, დედა, წვეულება გაქვთ? ბევრი მოიყრის თავს, არა?!
იოლანდა _ ბევრი ალბათ, ჩვენი ეზოს ფრინველები ყველა, ჩლიქოსნებიც…
მგელი _ ჩლიქოსნებიც ხომ?..
იოლანდა _ ჩემს ინდიკოს იმდენი მეგობრები ყავს, ისეთ პატივს ცემენ ჩემს ინდიკოს, რა ვიცი ვინ გვესტუმრება…
მგელი _ აუუ, ვინ არ იცნობს ინდიკოს! სიახლეს რომ ამკვიდრებს და ამკვიდრებს!
მელა _ უკვე.
მგელი _ რა უკვე?
მელა _ უკვე დაამკვიდრა, გაიოზ! აბა, ფრინველები ყველა, ხომ!
იოლანდა _ კი, კი, აბა რა, ჩემი ინდიკო ჰოლივუდში მიიწვიეს ინდიანა ჯონსის როლზე და ამ ამბავს ისე ხომ არ დავტოვებდით…
მელა _ ინდიანა ჯონსი? სათავგადასავლო ფილმი როა…
იოლანდა _ კიკიკიკიკოკოკიკი კი, გცოდნიათ!
მგელი / მიჩერებული იოლანდას / _ შევიშლები ჭკუაზე ისეთი საყვარელი კოკოკაუუ!
მელა _ გვაცალე, გაიოზ, ქალებს ლაპარაკი… / ხელს გაკრავს, დააოკებს / აბა, უცხოური კერძი რომ მზადდება ისეთი ბალახი გსურთ, ჩემო ლამაზო?
იოლანდა _ კი, ჰო, კი, ინდაურისთვის…
მელა _ დედა, დედა, რა დამთხვევაა, სწორედ ისეთი ბალახი მაქვს ინდაური რომ ინატრებს, აბა ეს სტაფილო რა თქვენი საქმეა, კურდღლები ხომ არ ხართ… / სტაფილოს მოისვრის /
იოლანდა _ მერე უცხოური კერძი მომზადდება იმ ბალახისგან?
მელა _ უცხოურზე უცხოური, რეცეპტს მე ჩაგაწერინებ! იამაიკაზე ნაყვარებათ, ჰოლანდიაშიც ასევე ნაყვარებათ, მეტი რაღა უცხოური გინდა, გოგო!
იოლანდა _ და აშშ-ში?
მელა _ უიმე, უიმე, აშშ როგორ გამომრჩა, აშშ-ში განსაკუთრებით ნაყვარებათ ინდაურებს…
იოლანდა _ თეთრებსაც?
მელა _ თეთრები ხომ საერთოდ ჭკუაზე არ არიან, შავებს რომ თავი დავანებოთ…
მგელი _ კანაპლიაუუუ! _ უსმინე, უსმინე, რა უცხოურად ჟღერს…
იოლანდა _ უჰ… მაგი ძვირი ეღირება…
მელა _ რაც კაია, ძვირია, აბა, როგორ გინდა ახლა შენ…
მგელი _ სულ ხუთი კვერცხი… სამი ტაფამწვარისთვის, ორი გოგლიმოგლისთვის!..
იოლანდა _ უჰ… ხუთი ძვირია…
მელა _ კარგი, კარგი, შევთანხმდებით, რაკი ინდიკოს წვეულებისთვის გინდა, ოთხი იყოს…
იოლანდა _ უჰ… ოთხი ძვირია.
მგელი _ ინდაური ეძახე ახლა ამას, აქეთ გვაინდაურებს… წავიდეთ, ლუიზა, არ სურს ასიამოვნოს ინდიკოს და…
იოლანდა _ მე ხუთ კვერცხსაც კი მივცემდი ჩემი ინდიკოსთვის, მარა სულ სამი კვერცხი მაქვს თან…
მგელი _ მერე?!
იოლანდა _ რა, მერე?!
მგელი _ დედალი ინდაური არ ხარ? დადე სახელდახელოდ ერთი კვერცხიც!
იოლანდა _ უჰ, ბაზარში კვერცხი როგორ დავდო… სირცხვილია…
მელა _ ვის ხედავ ჩვენს გარდა… მიდი მიფარებულში, ჩაიკუზე და დადე… დიდი ამბავი…
იოლანდა _ არ შემომხედოთ, იცოდე, თორე ვერ დავდებ…
მგელი _ არა, შენ თავს გეფიცები, მაგას როგორ ვიკადრებ…
იოლანდა / უკმაყოფილოდ / _ უჰ… / წავა მოფარებულ ადგილას, ჩაჯდება /
მგელი / სიცილს ვერ იკავებს, მელას ჩაეხუტება / _ დებს, გოგო, ეს ინდაური, აქვე…
მელა _ ჩუუ: სულელო!.. / თვითონაც ეცინება /
იოლანდა _ იოლალალალაბრლკოკო, იოლალალალალალალა ბრლკოკო, იოლალალალალალალალალალააჰააჰაააა….
მგელი / იცინის / _ ნახე რა გაუწვრილა!
იოლანდა _ აააააააა! უჰ… / წამოდგება / ამათ ის გონიათ კვერცხის დადება, იოლი! / გამოსძახებს / რეცეპტი უფასოდ უნდა ჩამაწერინო იცოდე!
მგელი _ მანაგუაუუუ! მე გასწავლი, მე, რძით მზადდება…
მელა _ გვაცალე, გაიოზ, ქალებს, გვადროვე!.. /კვერცხებს ჩამოართმევს იოლანდას, გულისპირიდან შეფუთულ ბალახს ამოიღებს, გაუწვდის, მიდიან/ მაშ ასე, ჩემო იოლანდა, ეს კერძი მზადდება შემდეგნაირად… /გავლენ/
მგელი _ ეგ კერძი რომ გაგასულელებთ ყველას და თავს გიკრავთ ჩემს მშობლიურ, ბნელ, დაბურულ გაჩინშიუუ… აი, იქ განახებთ მე თქვენ როგორ მზადდება ნამდვილი კერძი… ხორცი მომენატრა, ხორცი, მგელი ვარ ბოლოს და ბოლოს, მომკლა ტაფამწვარის ჭამამ, ხორცს მთხოვს ჩემი მგლური ბუნებაააუუუ!!! /ისიც გავა სცენიდან/

სურათი მეხუთე

აქა ამბავი იმისა, რომ წვეულებაზე ინდაური ინდიკო ინდიანა ჯონსის ცილინდრითა და შოლტით გვეცხადება და ერთხელაც აოცებს დამსწრე საზოგადოებას; მაგრამ მთავარი გაოცება შემდეგ სურათში გელით, რადგან იოლანდას ჯერ არ შემოუტანია მელაკუდასგან ნასწავლი რეცეპტით მომზადებული ე.წ. კანაპლიააუ!

/გამოჩნდება ბატი თეოფილუსსი, აცვია ფრაკი; კისერზე პეპელა ჰალსტუხი დაუბნევია./

თეოფილუსსი _ სსსიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი მეგობრისსს, ინდაური ინდიკოსს ამერიკაში, კერძოდ ჰოლივუდში, მიწვევასთან დაკავშირებულ წვეულებასსს, გახსნილად ვაცხადებ!..

/გამოჩნდებიან მამალი კოკა! და ვარიკა კოკო, ისინიც საზეიმოდ გამოწყობილები ./

თეოფილუსსი _ მამალი კოკა! ვარიკა კოკო! მადლობთსს… / შემოდიან მეელიტონი და მეეა/ უფროსი პატრული მეელიტონი და უმცროსი პატრული მეეა! მადლობთსს ჩლიქოსან მეგობრებსსს!…
მეელიტონი _ მეელიტონი მიესალმება ინდაურ ინდიკოს და დამსწრე საზოგადოებას.
მეეა _ მეეაც! მეეაც!
თეოფილუსსი _ მეეტისსსმეტადსს გმადლობთს, როგორც იტყოდა, ჩემი შშშორეული წინაპარი და მოსახელე, რომის ერთ-ერთი დამაარსსებლისს, რომულუსსისს პირადი ბატი, ღირსი თეოფილუსსი… ყიყიყინულზე მოციგურავისს სსსინატიფით შშშემოვიდა ჩემი სსსატრფო, სსსუსანა სსსაღამოსს კაბაში…

/გამოჩნდება სუსსანა/
სუსსანა _ სსსაღამოსს კაბისს ხათრით, თორე ჩემსს ფეხსს ვერ ნახავდი აქ, ყიყიყი ყიყინებსსს მედიდურად,ესს შშშ…
თეოფილუსსი _ სსსუსსსანა, მოხსსსენი _ შშშ!..
სუსსანა _ შშშ!
თეოფილუსსი _ ამასსთან ერთად წარმოგიდგენთ ჩემსს პერსსონასს, ბატი თეოფილუსსი, სსსამგზისს სსაპატიო გრანტისსს მფლობელი ფრინველთა უფლებებისსა და თავისსუფლებისს დარგში; რაღა თქმა უნდა, თავისს მეგობარ ინდაურ ინდიკოსსსთან ერთად! აი, ისსსიც, შევეგებოთ ჩვენსსს გმირსსს!

/გამოჩნდება ინდიკო, ინდიანა ჯონსის ცილინდრითა და შოლტით ხელში/

კოკო _ კო-კო-კო-კო…
კოკა _ კო-კო-კოს გაძახებინებს ახლა კო-კა1
კოკო /უკმაყოფილოდ/ _ კოო…
ინდიკო _ მადლობთ, ფრთოსანო მეგობრებო! მადლობთ, ძმაო, თეოფილუსს! მივესალმები ჩლიქოსან თანამოძმეებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან! მაგრამ მიუხედავად ჩემი გენეტიკურად თანდაყოლილი თავმდაბლობისა, არ შემიძლია არ გახაროთ, რომ ამიერიდან კიდევ უფრო უსაფრთხოა თქვენი მომავალი და იცით რატომ?! ამიერიდან ფრინველთა, ჩლიქოსანითა და ყველა კეთილი ნების არსებათა უფლებებს და თავისუფლებებს თავად ინდიანა ჯონსი იცავს თავისი შოლტით! /შოლტს გააქნევს; სხვათა შორის,საკმაოდ ეფექტურად/
თეოფილუსსი _ სსსაამაყო მეგობარსს ტაში, მეგობარსსს!!!

/ისმის ტაში/

ინდიკო /თვალმოცრემლილი/ _ არასოდეს დამავიწყდებით იქ, ოკეანის გაღმა… იქიდანაც მოგაწვდენთ ხმას! მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის თეთრი ინდაური საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და დღევანდელ პოლიტიკურ ამინდს, ფაქტობრივად, ის ქმნის!…ამიტომაც, მერწმუნეთ, ჩვენ შორს, ძალიან შორს გავფრინდებით.
სუსსანა _ შშშინაური ფრინველები ვერ ფრენენ.
თეოფილუსი (საყვედურით) _სსსსუსანა!..
ინდიკო _ იყოს, თეოფილუსს, ძმაო, იყოს, ყველას აქვს დაეჭვების უფლება,!სჯობს,საქმემ წარმოგვაჩინოს!თქვენ იხილავთ,ქალბატონო სუსსანა,როგორ ფრენენ ჭეშმარიტი ინდაურები. Aახლა კი, როგორც იქაა მიღებული, ცივივლიზებულ სამყაროში, ალა-ფურშეტზე გეპატიჟებით, ჩემო მეგობრებო! იოლალანდა,შემოგვიტანე შენი კოკტეილი!

სურათი მეექვსე

აქა ამბავი იოლანდას მომზადებული კოკტეიოლის მყისიერი და შოკისმომგვრელი ზემოქმედებისა.

/იოლანდა დამსწრე საზოგადოებას ჩამოუვლის, ”კოკტეილს” სთავაზობს /.

იოლანდა_იამაიკაზე ნაყვარებათ თურმე,ჰოლანდიაშიც ნაყვარებათ, აშშ-ში თეთრ ინდაურებს ნაყვარებათ, შავებს რომ თავი დავანებოთ. რძე ნატურალურია, ძროხამ მომცა ნისიად, მეზობელი ბოსლიდან.
ინდიკო _ რას ამბობ, იოლანდა, რომელი ბოსლიდან, სადაური ნატურალური. ეს რძე ნაღდი “პარაშოკისაგანაა” მომზადებული,კოლოფს კი გარკვევით აწერია: “მადე ინ ჯორჯია”,…მაგრამ ეს ის ჯორჯია კია არაა, ჩვენ რომ ვცხოვრობთ, ისაა, იქ როა, შტატი! მიირთვით ,მეგობრებო, მიირთვით, ყოველგვარი გაუმარჯოს-გაგიმარჯოს გარეშე! შესანიშნავი კოკტეილია!
(თითქმის ერთდროულად სვამს ყველა)

სუსსანა _ ტფუი, რა საზიზღრეობაა!
მეეა _ მეეე!…
მეელიტონი +_ ვაი!/სცენაზე ჯდება/
თეოფილუსი_/იხტიბარს არ იტეხს/-შესანიშნავია, მართლაც…
კოკო _ კოკოკო კონცერტი გამიჩაღდა თავში.
იოლანდა _ იოიოლალ/ინდიკოს მიცქერილი/. მომწონს ახლა მე ეს ინდიკო?/ყველა გახევებულ ინდიკოს უცქერის/
ინდიკო _ /პაუზის შემდეგ/ _ ბრლბრლბრლ! /ძალუმად შეაჟრჟოლებს/.
მეელიტონი _ ბრლბრლ!
სუსსანა _ /მელიტონს/- თქვენც გაინდაურდით, ბრლ!… ვაი…
მეეა _ იოლალალალნდადა! იოიოლალალანდა!…
კოკო _ იოიოლალა!
სუსსანა_ლალალალალ,სსსსულ გავინდაურდი, სსსულგანათლებულ დედაჩემსს სისისსონნას გეფიცებით, ლანდადა!
ინდიკო /ერთხელაც შეაჟრჟოლებს/ _ ბრლბრლ!…
იოლანდა /ინდიკოს მიცქერილი/ _ რა ბრლლლბრლ? არ წავიდეთ ჰოლივუდში, ინდიკო?
ინდიკო /გაიკრიჭება/ _ წავიდეთ, კი, ყველანი წავიდეთ, აბა მეგობრებო, არ დავიზაროთ, წავიდეთ ჰოლივუდში,ჰე!
კოკა +_ კოოკა არ ვიყო,თუ არ აფრენდეს ეს ინდიკოკოკო! სად წავიდე, კუკუკუკუკრტუმო ვერ ამიწევია.
მეელიტონი _ მეეც, მეეც ვერ ამიწევია კუკუ კურტუმო, ვერ!…
მეე_მეელიტონ, ჩვენ ცხვრები ვართ, თუ ფრინველები, მეელიტონ!…
თეოფილუსსი _ ისსე, სსაინტერესო კითხვაა,სსსსსადღაც შშშშშუაში უნდა იყოთ, ქალბატონო მეეა, ყიყიყი……
სუსსანა _ ყიყიყი ყიყინს მორჩი შენ და წავიდეთ იმ ჰოლივუდში, რა გახდა, კაცო!
მეელიტონი /წამოდგება გაჭირვებით,კოკასაც ეხმარება/ _ კიკიკიკი, წავიდეთ! რატომ ვკიკინებ, მეეა?!
კოკო _კოკოკოშმარიდან ჰოლივუდში, რა კაკარგია!….. გავყვეთ ინდიკოკოკოს!
ინდიკო _ გამომყევით, გამომყევით,შორს არაა, ერთი ოკეანე გვყოფს მარტო!
მეეა /მწკრივის ბოლოს მოექცევა/_კუკუკურტო დაგესვარა, მეელიტონ, კუკურ,კუ-კუ!კუ-კუ! ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო, წავედით ჰოლივუდში, ბორჯომის გავლით.

მიდიან სიმღერით, მწკრივში ჩაბმულნი:კუ-კუ!კუ-კუ! ჩემო პატარა გუგულო, პატარა მატარებელო…და ა.შ.

სურათი მეშვიდე

აქა ამბავი ლუიზა კუდირგძელიასა და გაიოზ არგვეთელის მზაკვრული გეგმის შესახებ.

მელა _ მოხშირებული სუნთქვით,აღელვებული/ _გავიდა უკვე კუკუშკა?
მგელი_/სიყვარულით მოცქირალი მეეას/გავიდა კი, მიირწევა, გენაცვალე გარწევა-გამორწევაში მე შენ….გავყოლოდით?
Mმელა_დაველოდოთ, დაარტყამენ წრეს და აქ მოვლენ ისევ, მერე სულ მთლად რომ ააფრენენ, ჩავსხამთ თვითმფრინავში და ჩავაბრძანებთ გაჩიანის აეროპორტში.…
მგელი_ბოინგით ჩავიყვან, სხვას როგორ ვაკადრებ ამათ.
ავლესო, აბა, პროტეზი?
მელა/სიყვარულით გაიოზს/_ უხ, მხეცი ჩემი, ნადირი…
მგელი _ ნადირი ვარ, კი, მხეცი,…რა მოითმენს გაჩიანამდე.
მელა _ნუ გავრისკავთ, გაიოზ, ხომ ხედავ, რამხელა
რქები აქვს იმ ყოჩს, სულ რომ გაინდაურდებიან, ე, მაშინ … გამოვჩნდებით ჩვენც.
მგელი_ვენაცვალე მათრობელა ბალახს,ასეთი წარმატებული ნადირობა ჯერ არ გვქონია. ერთი ყოჩი! /წელზე მოხვევს ხელს/
მელა_ორი ქათამი!
მგელი_ორი ბატი!
მელა_ორი ინდაური!
მგელი /შეაჟრჯოლებს/_ და მეეა!…

(ნელი ვალსით ტოვებენ სცენას)

სურათი მერვე

აქა ამბავი ბოინგი #13-ით ჰოლივუდში გადაფრენისა და გაჩიანის აეროპორტში დაშვებისა.

/მწკრივს ინდიკო მოუძღვის, სიმღერით მოდიან/

ინდიკო_კუ-კუ-კუ-კუ, სთოფ, როგორც იტყვიან იქ, ინგლისურენოვან ქვეყნებში.
იოლანდა_სთოფ! ანუ,მოვედით,ინდიკო?
ინდიკო_კი, აქ ვართ, ჰოლივუდში. ჩვენკენ მოიჩქარიან პაპარაცები.
კოკო_კოკოკო კორესპონდენტები!…
ინდიკო_მოიჩქარიან თაყვანისმცენლები! ჯარი! ჯარი! ვის დავუტოვო ავტოგრაფი, აღარ ვიცი პირდაპირ.!
მეელიტონი_მეე აქ კორესპონდენტებს ვერ ვხედავ,შენ, მეეეა?
მეეა_ისე რა,ბუნდოვნად.
თეოფილუსსი_ყიყიყი ყინულზე ვისრიალოთ, მეგობრებო, ყინულზე სახალისოა, ყიყიყინულზე, ციგურებით!…
სუსსანა_სსუ გამოსსსს………
თეოფილუსსი_სუსსსანა, არ თქვა!
სუსსანა_შშშინ ვართ ისევ, თქვე გამოსსს…
თეოფილუსსი_სსსუ, სსუსსსანა!
სუსსსანა_გამოსსსულელდით ყყყყყველა დედაჩემი სისსსონას სსული ნუ წამიწყდება! კუკუშკა როგორ მივიდოდა ჰოლივუდში?! ჰოლივუდში გავფრინდეთ უნდა! სსსივრცეებში გავინავარდოთ, სსსსივრცეებში და ჩავფრინდებით ჰოლივუდში და ყიყიყი ყინულზე ვისრიალებთ ციგურებით და სსსივრცეებში, ფრთოსანო მეგობრებო, სსსივრცეებში, სსულ მაღლა და მაღლა!
ინდიკო_მაღლა! ზევით!ჰე!შემოვკრათ ახლა ფრთები და ავიჭრათ ახლა, ჰე, ავიჭრათ!
მეელიტონი_მეეე მგონი, მე უკვე ცაში ვარ, მეეეა,შეენ?
მეეა_მეეც, მეეც!
ინდიკო_არ გაგვასწრონ ჩლიქოსნებმა,ფრთოსანო თანამოძმენო, გადავუსწროთ, გადავუსწროთ, აბა,ჰე!.
(გამოჩნდება მელა სტიუარდესას სამოსით)

მელა_მოქალაქე მგზავრებო, ბოინგი#13 მზადაა ასაფრენად.
გთხოვთ, დაიკავოთ ადგილები.
ინდიკო_ბოინგში-მე! მე ვარ მგზავრი! პირველი მე ვარ! მე!
იოლანდა_ინდიკო, დამელოდე!
ინდიკო_ამოდი, მარა ფანჯარასთან მე დავჯდები, იცოდე, ჰოლივუდში მიფრინავს, ხო?
მელა_დიახ, პირდაპირ ჰოლივუდში!
ინდიკო_დედა, რა მოვუსწარი! /ჩაჯდება/ აბა, ჰე, მოვთავსდეთ ყველა და ავფრინდებით კომფორტულად!
/ფრინველები და ჩლიქოსნები სხვადასხვა ადგილას ლაგდებიან/
მელა_მოქალაქე მგზავრებო,თქვენ გემსახურებათ პირველი კატეგორიის მფრინავი-გაიოზი!

/გამოჩნდება გაიოზი, მფრინავის ფორმით/

მგელი_ყველა ხართ, ხო? ვინმე ხომ არ დარჩა ბორტს იქით?
ყველა ერათად_არა, არა, არა, ჩქარა გავფრინდეთ! ჰოლივუდში! ჰოლივუდში!

მგელი_თქვენ შემოგევლეთ მე, თქვენ, აბა, რისთვისაა გაიოზი?!
მელა_გთხოვთ, შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები!
თეოფილუსსი_ქალბატონო სსსტიუარდესა, მე მაინტერესსსებს, რომს გადავუფრენთ?
მელა_დიახ, დიახ,აუცილებლად გადავუფრენთ.
თეოფილუსსი_სასიამოვნოა!…
სუსსანა_სსიმღერით ავფრინდეთ,სსიმღერით. სსსისსონაი დარჩი აა ნაქებია ბიჭობაში, წავიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ხალხში!
მგელი_უუუუუუ, აუუვფრინდით!!
კოკო_კოკოკო კოკისპირულად მაგრი სანახაობაა, ღრუბლები, დაბურული ღრუბლები და კოკოკოკონცერტი თავში, კოკო კონცერტი!
ინდიკო-(ფეხზე წამოიჭრება)_არ შემიძლია,არ გაგაფრთხილოთ, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს. ალბათ, არ შემარცხვენთ თეთრ ინდაურთან და კარგად შეთვისებულ უნარ-ჩვევებს სრულად გამოამჟღავნებთ აშშ-ში. გამეორება ცოდნის დედააო, ნათქვამია! ამიტომ გიმეორებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ ავტობუსში მოხუცებულებს ადგილი! არ დაიწყოთ სადღეგრძელოები და გადაპატიჟებ-გადმოპატიჟება! ნუ გადაიჭრით ვენებს სამშობლოს სიყვარულით და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ახსენოთ სიტყვა-ტრადიცია, წარსული, წარმომავლობა, მამა-პაპის აღმსარებლობა!
იმ წუთს მიხვდებიან, საქართველოდან რომ ხართ და შევრცხვები საშვილიშვილოდ.! გეიპრანჭეთ, პატარა გეიპრანჭეთ, გეიყარეთ ყურში საყურე კაცებმა, ქალებმა-ცხვირში, იქნება პანკებად ჩაგთვალონ!

(გამოჩნდება მელა ხონჩით ხელში)

ინდიკო_ტიტუ, ტკბილეული!
დანარჩენები_აიტ!

(ატყდება ერთი ვაიუშველებელი, ერთმანეთს ასწრებენ.)

მელა_მოქალაქე მგზავრებო, ყველას შეხვდება, ყველას! მოქალაქე მგზავრებო! გაიოზ,აქეთ მჭამენ, მგონი.
მგელი_ასე იცის მათრობელა ბალახმა, ტკბილზე დაიგეშნენ, მოფერიანდით,მამა, მოსუქდით!..…მეეა, შენ შეგხვდა?!
მეე/უაზროდ ჭამს/_კიკიკიკი!
მგელი_გენაცვალე ჩაკიკინებაში მე შენაუუუუუ!
მელა_ვაიმე, გაიოზ, მგონი, მოტორმა გვიმტყუნა!
მგელი/ძალიან მშვიდად/ _გვიმტყუნა, კი!
ინდიკო_რაო?
კოკა_კაკაკაკტასტროფა!
თეოფილუსი_ყიყიყირამალა დადგა თვითმფრინავი, დავიღუპეთსავით?
მეელიტონი_მეე მეშინია, მეეა, მეეეშინია!
მეეა_მეეც!მეეც!
ინდიკო_ნუ გეშინათ, ინდიანა ჯონსი ყველას გადაარჩენს!
მელა_მოქალაქე მგზავრებო, პანიკას ნუ მიეცემით,ახლა ჩვენი თვითმფრინავი დაჯდება გაჩიანის აეროპორტში.
მეელიტონი_ მეე მერე, გვიღებენ გაჩიანში, გვიღებენ?!
მგელი /ძალიან მშვიდად/ _გაჩიანის აეროპორტი მუდამ მზადაა გაიოზის მისაღებად.!
თეოფილუსი_სსსსასიამოვნო ცნობა, მეგობრებო, გადავრჩითსავით.
მგელი_ დავეშით დაბლა,,, უუუუუუ,,,………
ხმა მონიტორში_ყურადრება,ყურადღება, გაჩიანის აეროპორტში ეშვებიან საფიჩხიელი ჯონია, ჭაობელი ნიაზა და საბურთალოელი კუჭკუჭა! ეშვებიან, ეშვებიან, კიდე ეშვებიან! ბახ! მძიმედ დაენარცხნენ! ბავშვებო, არ გაეკაროთ ნარკოტიკებს, თორემ იგივე დღე გელით!

მგელი_უუუუუუუაუუუუუ, ერთი წრეც უნდა დავარტყათ,სანამ ამათ აკრეფენ! წავედით წრეზე, წავედით, წავედით, წავედით! უუუუაუუუუ!

ხმა მონიტორში: ყურადღება,ყურადღება, გაჩიანის აეროპორტში ეშვება ბოინგი # 13. გთხოვთ, გაათავისუფლოთ საფრენი ზოლი.

მგელი_ვეშვებით, ვეშვებით, ვეშვებით მაგის რჯული არ იყოს და აი, დავეშვით!ოოო, სანეტარო გაჩიანო, ეგრერიგად ჩაბნელებულო სამშობლო მხარევ!

სურათი მეცხრე

აქა ამბავი იმისა, თუ რა კოშმარი დატრიალდა გაჩიანის ჰოლივუდში.

/თითქოს ერთბაშად შეიცვალა გარემო, თანდათან ბნელდება./

ინდიკო_ბრლლლ, სად ვართ?
მგელი_გაჩიანის ჰოლივუდში, ჩემო უგემრიელესო კინოვარსკვლავო! ახლა კოშმარულ ფილმს განახებთ!..
ინდიკო_მოემზადეთ, მეგობრებო, ე.წ. “უჟასტიკი” უნდა ვნახოთ!
მელა_ნახავთ, ნახავთ!…
მგელი_მოდით აბა, გაიოზთან, თქვენ გეხუტუნეთ მე თქვენ! აუუუუუ!…

/დაბნელდა, ისმის ხმები: ბრლლლლ, უუუააუუუუ , მეეე, კოოოოკოო, კაკა და ა,შ, თანდათან გამონათდება, ერთობ კმაყოფილი მგელი და მელა გაკოჭილ მძევლებს აცქერდებიან. შუაში ინდიკოს ვხედავთ,რომელიც დაფეთებული მზერით იცქირება აქეთ-იქით და არ სურს, საკუთარ თვალებს დაუჯეროს/

მგელი_მე დავიწყებდი მელიტონის დუმიდან,,, უჰ,,,
მეელიტონი_მეელიტონი გირჩევთ, დუმას მოეშვათ, დუმა ჩასვრილია…!
მგელი_ /ქეჩოში წამოავლებს ხელს, მიჰყავს ბნელ სარდაფში/ გავრეცხავთ, შენ შემოგევლე, გავაწიკწიკებთ, თანაც, არ ვარ მე ძაან აზიზი……
მეელიტონი/გზად/_მეეა!, მშვიდობით, მეეა!
მეეა_მეეას გული წაუვა ახლა, მეეას! /გული მისდის/
ინდიკო_კინოა, ეს, კინო! მეელიტონ, არ შეგეშინდეს, კინოა!…/მელას ეკითხება/ ხოა ეს კინო, სამგანზომილებიანი?!
მელა/ყურადღებას არ აქცევს ინდიკოს, სარდაფისკენ იცქირება/_გაგისკდა მუცელი, მთელი ყოჩი წაიყვანა.
კოკა_კოკა კითხულობს, კოოკა, რა ხდება აქ?!
მელა_კოკო არ კითხულობს?
კოკო_კოოკოც კითხულობს, კოოკოც!
მელა_ /ორივეს წამოყრის, სარდაფისკენ გააქანებს/-გაჩვენებთ ახლა, რაც ხდება.
ისმის კრიახი: კოკო,კაკა,კოოკა,კოკოკო…

/მეეე-მოატანს სადღაც,ქვევიდან მეელიტონის განწირული ბღავილი/.

სუსსანა_სისსონას სული ნუ წამიწყდება, დედაჩემი სსისონას სული, დაგვღუპა ამ ინდიკომ!
ინდიკო /ნირწამხდარი/ _კინოა, ქალბატონო სუსსანა, აგერ, მეგობარი თეოფილუსიც დამერწმუნება!
თეოფილუსსი_ყყყყყყ……
ინდიკო_კარგი, აღარ გააგრძელო, გასაგებია,რასაც ფიქრობ ჩემზე, ჩემო თეოფილუსს, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ ეს კინოა!

/მგელი ამირგავს სარდაფიდან თავს/

მგელი_ჯერ ჟურნალია, კინო ახლა იწყება! Dდედა, დედა, როგორ მიყვარს მანდილოსნები! /ბატ სუსსანასა და ინდაურ იოლანდას წამოავლებს ხელს/ წავიდეთ კინოში!
იოლანდა_ინდიკო, მიშვებ უცხო კაცთან კინოში?
სუსსანა_სსულელი ხარ, ქალო? შენ და ინდიკომ დამღუპეთ, !თეოფილუსს
თეოფილუსი /ცრემლმორეული/ _სუსსანა!
ინდიკო_კინოა, კინო, ჩვენ გაჩიანის ჰოლივუდში ვართ, არ შეშინდე, იოლანდა!
იოლანდა /მგელს/ _პატივცემულო, ფერადი ფილმია?
მგელი_უჰ…/(თავს ჩააყოფინებს სარდაფში სუსსანას და იოლანდას. გამოჩნდება მელა/.
მელა_გაგისკდა მუცელი, ორი წაუყვანია(თეოფილუსს), მოდიშენ, აქ! შენ, ხო, შენ! პრაფესორ მაკედონსკი, მოდი! /თეოფილუსი ბედს შეგუებული სახით
გაემართება მელასაკენ/.
თეოფილუსი /გზად ინდიკოს გამოხედავს/ _ყყყყლლ…
ინდიკო_არა, თეოფილუსს, ძმაო, გეშლება, არა ვარ მე ყყყ, მერე დიდხანს ვიცინებთ ამაზე!
მელა_იცინებთ, კი, დიდხანს იცინებთ /თავს ჩაარგვევინებს თეოფილუსს სარდაფში/
/გამოჩნდება მგელი.ინდიკოს მიაცქერდება./

მგელი_პრივეტ!
ინდიკო /ნაძალადევი სიცილით/ _ჰელოუ, მაი დარლინგ!
მგელი_იცი უცხო ენები, ხო?!
ინდიკო_კი, რამდენიმე!……
მგელი_ მოიცა, ცოტა ჩავიდეს, ნამეტანი მომივიდა ნაშიმშილარზე.
ინდიკო_ რა?
მგელი_ რა-რა?!
ინდიკო_ რა მოგივიდა ნაშიმშილარზე? ჩვენ ახლა ჰოლივუდში ხომ ვართ?
მგელი_ კი, გაჩიანის.,,
ინდიკო_ მერე, სადაა კინო? სად არიან დანარჩენები?
მგელი_ ბიჭო, ასე კაიფში ხარ, შე ნარკომანო, შენა?!
ინდიკო_სად არიან? ,სად!
მგელი_მიგაბრძანებ ახლა, სადაც არიან, თან ხარ ერთხელ უკვე ნამყოფი!
/გაემართება ინდიკოსაკენ/
ინდიკო_სად ვარ ნამყოფი?
მგელი_ჩემს სტომაქში, შე ხელიდან წასულო ნარკუშა, შენა.!
ინდიკო_ვაი!
მგელი_უჰ!
ინდიკო_ბრლბრლ,ლლლლიოიოიოლალალალა…..
მგელი_ე, რას ნიშნავს შიში, როგორ დედალივით გაუწვრილდა ხმა!
ინდიკო_ლალალალალა, უფ, კვერცხი დავდე!
მგელი_გაფიცებ ყველაფერს?!\
ინდიკო /წამოდგება/_აააა…
მგელი /კვერცხს დააცქერდება, შემდეგ ინდიკოს გახედავს/ აუუუ, ეს რა კაიფშია, ბიჭო! /შემდეგ ძაან დასერიოზულებული გამოხედავს დარბაზს/ ბავშვებო,
არასოდეს გაეკაროთ ნარკოტიკებს, ჯერ ეს ერთი მაგრად აინდაურებს, მეორეც, შეხედეთ ამ “ჩმორს”, ამას. მამალ ინდაურს კვერცხი დაადებინა /თავში წაუთაქებს/ წამოდი შენ აქეთ, შე ქათამო, შე!…
ინდიკო /საჯდომზე იჭერს ხელს/ _ვაი……
მგელი_ ხმა არ გავიგონო შენი, იმისთანა უბედური ხარ, შეჭმა შეეზარება შენი მტაცებელს.…
ინდიკო_ არ შემჭამო,რა, ძია…!
მგელი_ ხმა-მეთქი, ქათამი ეს!…/ჩაიყვანს სარდაფში/

/ამოდის მელა/.

სურათი მეათე

აქა ამბავი იმისა, თუ როგორ და რატომ გაახსენდა მეეას ერთი ძველი ქართული ანდაზა და ჩვენი ზღაპრის კეთილი დასასრული, ჩემო პატარა გვრიტებო.

მელა- /გარემოს მოათვალიერებს/ _შეხედე შენ ამ მუცელღორას, როგორ მოუცარიელებია აქაურობა, სად ჩადის ამდენი, გასკდა ამის მუცელი!… რა სტომაქი აქვს ამისთანა, იმის ეშმაკი გამხადა! /დამფრთხალი მიმოიხედავს/ ამ მეეას არ შევაჭმევინებ, წავიყვან და გადავმალავ, მერე მოვუვლი, მე რომ ვიცი, ისე…

/მელა ცხვარუკა მეეას მიუახლოვდება, სილას შემოჰკრავს გამოსაფხიზლებლად/

მელა_მეეა! გოგო, გაახილე თვალი, მეეა!
მეეა_მეე, სად ვარ, მეე!
მელა_ჩამოგვიტყუა იმ საშინელმა მგელმა, მეეა. მე გადაგარჩენ, წამომყევი, Dგადაგმალავ ერთ საიმედო ადგილას,…უნდა ვიჩქაროთ, დროზე ახლა!
მეეა /წამოდგება/ _მეე, მეშინია!
მელა_ჩემთან ნუ გეშინია, გიპატრონებ მე, ცივ ნივს არ მოგაკარებ, წავედით!

/რამდენიმე ნაბიჯს გადადგამენ კიდეც, მაგრამ მგელი ამოყოფს თავს სარდაფიდან/

მგელი_სდექ, ლუიზა!
მელა_ჩაგიწყდეს ხმა!
მგელი_სად მიაკუსკუსებ მაგ ცხვარს, ერთი აქეთ მოდექი!
მელა_რა გინდა, გამაგებინე, რა გინდა შენ, რა?! ყოჩი ხომ მიირთვი-მიირთვი! Dდედალი ბატი და ინდაური ხომ მიირთვი-ისიც მიირთვი! ინდიკო დააყოლე ზემოდან-დააყოლე! მე რა შევჭამე, ორი ქათამი და ერთი ბატი,
ის, პროფესორი, ეს იყო და ეს.
მეეა_მეე ძაან მეეშინია!
მგელი_ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ამ “ბარიგას” შენს თავს როგორ შევაჭევინებ.
მელა_და შენ არ ხარ “ბარიგა”?
მგელი_ბარიგებს… /პაუზა/ იცი შენ, რასაც უკეთებენ ბარიგებს, წადი ახლა, დამტოვე ამ ნორჩ ცხვარუკასთან.
მელა- უი, მართლა, გაიოზი, ეს… ესესეს… თანაც არაა, ბიჭო, ისე ნორჩი, მე რომ გადამაგდო, არ ღირს მაგად.! შეხედე, შეხედე, დედაკაცობაში შევიდა უკვე.
მგელი_ იყოს დედაკაცი, მაინც გემრიელია.
მეეა_მეეე დედაკაცი არ ვარ!
მელა_უჰ, აბა ვინ ხარ, მამაკაცი?
მეეა_მეე არც მამაკაცი ვარ, მეე ვარ ცხვარუკა მეეა და გამახსენდა ერთი ანდაზა.
მელა_უჰ, ის პროფესორი მაკედონსკი, ეს ფოლკლორისტი……
მეეა_ცხვარი ცხვარიაო, თუ გაცხარდა, ცხარიაო! მეე გავცხარდი, აიი,ასეე! /თავს ჩახრის და მელას უთავაზებს მუცელში/
მელა_უჰ! გასკდა მუცელი!…
მგელი_მოდი, შენ შემოგევლე მე, შენ, მოდი, მე მეჭიდავე, მეეა!
/მეეა გამოენთება და ახლა მგელს დასცემს სცენაზე/

მგელი_აუუუუ, ამას კარატე სცოდნია!

/მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მეა ხან ერთს აგდებს, ხან მეორეს, თან პროფესიონალურად მუშაობს, ასე ვთქვათ, შემდეგ კი სარდაფში ჩაყრის ორივეს/

მელა_ ვაი, ძვალი აღარ დამიტოვა ამ მეეამ მთელი.
მგელი-უუუუ! “სდაიუს”! მოვკაკვე ბრჭყალი!
მეეა_აბა ახლა, როგორც გადაყლაპეთ, ისე გადმოყლაპეთ, თორემ მოვიდა მეეა!
მგელი /ამოყოფს თავს, ძალიან სევდიანი/ _ესე იგი, აღარ შემარჩინეს კუჭის წვენი, მონელებასაც არ მაცლიან, გადყლაპე-გადმოყლაპე, როგორია, ჰა?! აღარ მინდა ამ ზღაპარში, ზღაპრის ბოლო კეთილიაო ავტორმა და ატარებს ჩემზე ნაირნაირ ექსპერიმენტებს, უჰ! /თავს ჩარგავს/

/ჯერ ქათმები ამოლაგდებიან კაკანით, შემდეგ-თეოფილუსი, ამოდის ყოჩი მეელიტონი, სუსსანა და იოლანდა, ბოლოს ინდიკო, რომელსაც უკანალზე უჭირავს ხელი და წვალებით მოძრაობს/.

ინდიკო_შინ დავბრუნდეთ, მეგობრებო, შინ,ჩვენს ნანინანატრ სამშობლოში, ფრთოსანო მეგობრებო. იქ, ჩვენ, მეგობრებო, დავიბადეთ და გავიზარდეთ და ეს ძაან მნიშვნელოვანია, მეგობრებო და……
მეეა_ნეეტავ შენ არ ურიკინებდე!……
ინდიკო_მორჩა, ჩუმად ვარ, ოღონდ იქ არა, მგლის მუცელში არა!

/მგელი და მელა ამოყოფენ სარდაფიდან თავს, გასავათებულები არიან/.

მელა /მგელს გამოხედავს/ _ კაი გაძლება გქონია..
მგელი_ნუ იტყვი!
მეეა_მეეას გაჰყევით, მეეა მიგიყვანთ შინ.
მეელიტონი /პატივისცემით/ _მეეა, შენ რა მაგარი ყოფილხარ, მეეა!
/მიდიან/

მგელი_კვერცხი არ დაგავიწყდეთ, ისიც თან გაიყოლეთ!
ყველა ერთად_ კვერცხი? ვისი კვერცხი?
მგელი_აი, იმ მამალმა ინდაურმა დადო შიშისაგან, თფუი! /აბუზული ინდიკო დანარჩენებს გამოერიდება დარცხვენილი/
ილანდა_ინდიკო, შენ დადე კვერცხი?
ინდიკო_ტყუილია! ჭორი! ცილისწამებაა! მე კარგ და მნისვნელოვან საქმეებს ვაკეთებ, კვერცხებს კი არ ვდებ მე. დამანებეთ, კაცო, თავი! /ნაჩქარევად წავა, მაგრამ უეცრად შეყოვნდება, უკანალზე მიიდებს ხელს, უჰო_ ჩაილაპარაკებს ნაღვლიანად და მიდის ასე, სვენებ-სვენებით/
მეეა_მეეა ფიქრობს, რომ მამალი ინდაურის დადებული კვერცხი ჩვენ არ გვინდა… /გატრიალდებიან, სცენიდან გავლენ/
მელა_დაველოდოთ, რა იცი, ვინ საკბილო გამოიჩეკოს ამ კვერცხისგან, გაიოზ!
მგელი /ძაან ჩაფიქრებული/ _ჰა? /შემდეგ ისევ ფიქრიანად/ მამალი ინდაური რომ კვერცხს დადებს, იმ კვერცხისგან ხეირიანი რა გამოიჩეკება?!…უჰ,…წავედი მე…
მელა_ სად მიდიხარ?
მგელი_ ამ ამბის შემსწრე, სად წავალ?! ფსიქიატრიულში, ჩემი ფეხით. აბა!

ფარდა

წყარო: გადმოტანილია აქედან.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s