თამრი ფხაკაძე: “საახალწლო ზღაპარი”


თამრი ფხაკაძე

საახალწლო ზღაპარი

(პიესა)

მოქმედი პირნი:

პატარა ჯადოქარი კიარა;
მთხრობელი;
ფისო-კატა;
გუგული;
I ბაჭია, II ბაჭია;
I ზღარბი, II ზღარბი;
დათვის ბელი;
სხივები და ფიფქები;
ნაძვის ხე;
ბავშვები;
მთვარე;

იწყება სპექტაკლი. სცენაზე გამოდის წამყვანი – მთხრობელი.
მთხრობელი: – რა ლამაზი ღამეა! როგორ ბრწყინავს ირგვლივ ქუნქულა თოვლი! რამდენი დაუთოვია! ახლა კი, აგერ, ცაზე მთვარე გამოცურდა და დედამიწას გადმოხედა. გადმოხედა და მოეწონა. ძალიან, ძალიან ლამაზია დედამიწა ამ ახალწლის ღამეს! ეს ბრჭყვიალა მთვარის სხივებიც როგორ ბრწყინავენ! ეს დიდრონი ფიფქებიც რა ნარნარად ტრიალებენ!
(შემორბიან პატარა ფიფქები და მთვარის სხივები. ისინი ლამაზად ტრიალებენ. ბრჭყვიალებენ და თან მღერიან)
სხივები და ფიფქები:
ახალი წლის ღამეა,
რა ლამაზი რამეა!
ახალი წლის ღამეა
ჯადოსნური…
მთხრობელი: – მოდით, იციმციმეთ ბრჭყვიალა სხივებო! იტრიალეთ თოვლის ფიფქებო! კიდევ უფრო გაალამაზეთ არემარე!
სხივები და ფიფქები:
(კიდევ ემატებიან. ტრიალებენ და მღერიან)
ახალი წლის ღამეა,
რა ლამაზი რამეა!
ახალი წლის დილა დგება
ჯადოსნური!
(წინა პლანზე გამოდის პატარა გოგონა – ნაძვის ხე)
ნაძვის ხე:
– ითოვა და ითოვა,
ირგვლივ სულ დაგვითოვა!
სადაც მიწა იპოვა,
ისე არ დაგვიტოვა,
თოვლისქურქა ზამთარმა
ფიფქით გადაგვითოვა.
როგორ მიყვარს ახალი წლის ღამე! როგორ მიხარია, ახალი წლის დილა რომ თენდება! (დაბზრიალდება ნელა). ხომ ლამაზი ვარ? მერე რა, რომ სათამაშოები და ფერადი ნათურები არ მკიდია! მე თოვლის ფიფქებით ვარ მორთული! მე ტყის დედოფალი ნაძვის ხე ვარ!
ფიფქები და სხივები (ნაძვის ხეს შემოეხვევიან. ცეკვა-ცეკვით მის გარშემო ტრიალებენ და თან მღერიან)
ტანწერწეტა დედოფალო,
ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო!
თოვლის ფიფქით მოკაზმულო,
ნაძვის ხეო, ნაძვის ხე!
ლამაზო, ნარნარო,
ჩვენო ნაძვის ხე!
(წინ გამოდის წამყვანი და მიმართავს ტყის ბინადრებსაც და მაყურებელსაც ერთად)
მთხრობელი (ლექსად):
“ცაზე მთვარე ჰკიდია,
ჯადოსნური ლამპარი…
მოდით, უნდა გიამბოთ
საახალწლო ზღაპარი”!
(აქეთ-იქიდან გამოვლენ ბაჭიები, ციყვები, მელაკუდა, სხივები, ფიფქები… მოკალათდებიან და სმენად იქცევიან. მთხრობელი კი ზღაპრის მოყოლას იწყებს.
მთხრობელი: – ერთ დაბურულ ტყეში პაწია ქოხი იდგა. ისეთი კოხტა და მყუდრო, – სათამაშო გეგონებოდათ. იმ ქოხში პატარა, ექვსი წლის ჯადოქარი ცხოვრობდა. სახელად კიარაა ერქვა.
(კულისებიდან გამოდის პატარა ჯადოქარი კიარა, ძალიან საყვარელი, ამ წარდგინებისას გულზე ხელს იდებს – მე ვარ კიარაო. ჯდება ტაბურეტზე, ბუხართან).
მთხრობელი: – ძალიან, ძალიან საყვარელი ვინმე იყო ეს პატარა ჯადოქარი კიარა!
(კიარა ისევ მოუტრიალდება დარბაზს. წამოდგება, გულზე ხელს დაიდებს. სასაცილოდ უნდა გამოუვიდეს).
მთხრობელი: – თუმცა რანაირი ჯადოქარი იყო?! ჯერ ჯადოქრობის გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული ჰოდა, გამოცდა კარს ედგა. ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე…
(რამდენიმე სხივი და ფიფქი წამოფარფატება და ექოსავით გაიმეორებს:
სხივები: – ზუსტად 12 საათზე…
ფიფქები: – ზუსტად 12 საათზე…
მთხრობელი: – ზუსტად 12 საათზე კიარა ჯადოქართა ფუღუროში უნდა მივიდეს…
სხივები: – ჯადოქართა ფუღუროში უნდა მივიდეს…
ფიფქები: – ჯადოქართა ფუღუროში უნდა მივიდეს…
მთხრობელი: – და ჯადოქრობის 500 წესი…
ყველა ერთად: 500 წესი… 500 წესი… (ჩურჩულით) 500 წესი…
მთხრობელი: სულ ზეპირად უნდა ჩამოარაკრაკოს!
(მთხრობელი უკანა პლანზე გადის. კიარას გარემო წინა პლანზე მოდის, კიარა ბუხრის წინ ტაბურეტზე ზის, მუხლებზე სქელი წიგნი უდევს და უხალისოდ ფურცლავს. თან ოხრავს, იზმორება, აშკარად ეტყობა, რომ წიგნის კითხვა ეზარება)
კიარა: – უუჰ! არ მინდა ჯადოქრობის 500 წესის გაზეპირება! ოოჰ! მოხალულიო მიწისთხილის ჭამა მირჩევნია! თანაც… ახალი წლის ღამეა! არ მინდა! არაფერ ჯადოქრობასაც არ გავიზეპირებ!
(წიგნის განზე გადადებას დააპირებს. იქვე ბუხართან დიდი კატა ზის).
კატა: – მიაუუ! ნუ ზარმაცობ კიარა!
მიაუუ! იზეპირე კიარა!
(კიარა ზანტად ფურცლავს წიგნს)
კიარა: – ამ ოხერი წესების
ვერა გამიგია რა!
კატა: ( უფრო ბრაზიანად):
– მიაუუ! იზეპირე, კიარა!
მიაუუ! ნუ ზარმაცობ, კიარა!
(კიარა წამოდგება. წიგნს გულზე აიკრავს. ბოლთის ცემას მოჰყვება, თან იმეორებს წესს):
კიარა: – წესი #500
სპილო რომ ხოჭოდ გადავაქციოთ,
ვედროდან წყალი გადავაქციოთ,
ვიპოვოთ სპილოს ნაფეხურები,
და მოვიქაჩოთ მაგრად ყურები.
მერე სამჯერ ვთქვათ:
“კენჭი იქცეს ქვად!
სპილო იქცეს ხოჭოდ,
ხოჭო იქცეს ხოჭოდ,
ხოჭო იქცეს როჭოდ,
აკრა! ბაკრა! ბუკრა!”
(წინა პლანზე ისევ მთხრობელი გამოდის).
მთხრობელი: – გარეთ თოვლი ბარდნიდა. პატარა ჯადოქარს სულაც არ ეხალისებოდა ჯადოქრობის წესების დაზეპირება და ფუღუროში გამოცდაზე წასვლა. გული სულ სხვაგან მიუწევდა…
სხივები: – გული სულ სხვაგან მოიწევდა…
ფიფქები: – გული სულ სხვაგან მოიწევდა…
ბაჭიები: – გული სულ სხვაგან მოიწევდა…
დათვის ბელი: – ნეტავ სად?
ყველა ერთად: – ნეტავ სად?
(ესენი მიიმალებიან. წინ ისევ კიარა გამოდის და ნაღვლიანად ამბობს…
თან შორს, სოფლისკენ იყურება).
კიარა: – რა ლამაზად ბარდნის! ეჰ! ნეტავ ჩვეულებრივ ბავშვად დავბადებულიყავი! რად მინდოდა ეს ჯადოქრობა…
(კედლის საათს ახედავს, ამოიოხრებს):
კიარა: – ეჰ! უკვე 11 საათია! ერთი საათიც და, ახალი წელი დადგება. დროა, გამოცდაზე წასასვლელად მოვემზადოთ! ჯადოქრების ფუღუროსკენ უნდა გავუდგე გზას.
(კატა იზმორება. იწელება).
კატა: – მიაააუ…
რა დროს ახალი წელია,
შენ გამოცდაზე გელიან!
(გამოდის წინ და თათის ქნევით არიგებს კიარას)
კატა: – მიაააუ! ბოტებს ჩაიცვამ, კიარა,
თბილებს და მაღალყელიანს.
მიაააუ! გზას გაუდგები კიარა,
ტურა არის თუ მელია!
მიაააუ! დიდ ფუღუროში, კიარა,
შენ ჯადოქრები გელიან!
(გაბრაზებით) მიაააუ! რა დროს ახალი წელია!
მიააუ! რა დროს ახალი წელია!
(კიარა ყურებჩამოყრილი უსმენს. თან თვალს სულ საათისკენ აპარებს. უცებ, ტკაცანით გადაიფრენს ფერადი შუშხუნა. კიარა შეხტება და აღფრთოვანებული მიაცქერდება).
კიარა: – აგე! უკვე გაისროლეს ერთი საახალწლო შუშხუნა. კიარა შეხტება და აღფრთოვანებით მიაჩერდება.
კიარა: – აგე! უკვე გაისროლეს ერთი საახალწლო შუშხუნა! რა ლამაზი იყო! (მოიწყენს). ტყის იქით, სოფელში ჩემხელა ბავშვები ახლა ნაძვის ხეებს რთავენ, ნამცხვრებით, გოზინაყით და ჩურჩხელებით ყელს იტკბარუნებენ. თამაშობენ. მხიარულობენ. მე? (უფრო მოიწყენს. სცენის წინა მხარეს ჩამოჯდება). სპილოს ხოჭოდ გადაქცევა! იყოს რა, სპილოდ! მე რას მიშლის!.
ეჰ! რა იქნებოდა, ჩვეულებრივ ბავშვად დავბადებულიყავი! ახლა მეც ახალ წელს შევეგებებოდი…
კატა: – მიააუ! რა დროს ახალი წელია! შენ ჯადოქრები გელიან!
(წინ დაუხვდება კიარას და თათს უქნევს)
– აბა, გაიმეორე,
წესი ოცდამეორე!
კიარა: (ზანტად)
– წესი ოცდამეორე…
სირაქლემას გაქრობა.
სირაქლემა რომ გავაქროთ,
ასანთის ღერი ჩავაქროთ,
მერე ავიღოთ შლამი,
ზუსტად ცამეტი გრამი,
დავასხათ ერთი წვეთი
ბაბუაწვერას ზეთი…
მერე… მერე…
(წინა პლანზე გამოდის მთხრობელი)
მთხრობელი: – უეცრად, კედლის საათიდან გუგული გამოხტა და დაიძახა:
გუგული: გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ!
თერთმეტი საათია! კიარა, გინდა ჩვეულებრივი ბავშვი გახდე?
კიარა: (ძალიან დაბნეულია): -მმ. მინდა… ძძალიან. (კატა ძალიან ბრაზდება. კლანჭებს უღერებს გუგულს)
კატა: – მიააუ! აქედან მოშორდი, გუგულო!
გუგული: – გუ-გუ! გუ-გუ! გუ-გუ! მისმინე კიარა. თუ 12 საათამდე რამე ძალიან, ძალიან კეთილ საქმეს გააკეთებ, ჩვეულებრივი ბავშვი გახდები!
კიარა: – ჩვეულებრივი ბავშვი გავხდები?
(კატა გუგულისკენ ისკუპებს, მაგრამ გუგული განზე გაიწევა)
გუგული: – გუ-გუ! იჩქარე, კიარა! იჩქარე! 12 საათამდე რამე კეთილი საქმე გააკეთე! გუ-გუ! გუ-გუ!
(კატა ისევ ისკუპებს, მაგრამ გუგული საათში შეიმალება.
კატა: – ყური არ უგდო კიარა! მიააუ! მიააუ!
მოემზადე და ჯადოქრების ფუღუროში წადი! მე კი… (იზმორება) სხვენზე ავალ. მიააუ… და თაგვებს დავერევი! ძალიან მომშივდა! მიააუ! (მიდის)
კიარა დაფიქრებული ზის.
კიარა: – სიკეთე გააკეთეო… აბა, ასე უცებ რა სიკეთე გავაკეთო? ან რა ვიცი, ვის სჭირდება ახლა ჩემი სიკეთე? მოდი, ზღარბს დავუძახებ და მიწის თხილს ვაჭმევ (დაღონებული). თუმცა ეს რა სიკეთეა, მიწის თხილი ზღარბსაც ბევრი აქვს.. (გამოცოცხლდება) მაშინ… მაშინ… ავდგები და ყვავს ვეტყვი, ძალიან ლამაზად გალობ-თქო და! (ისევ დაღონდება), მაგრამ.. ეს ხომ ტყუილია? ტყუილი რაღა სიკეთეა (ისევ გამოცოცხლდება). მოდი ვინმეს ღამეს გავათევინებ ჩემს ქოხში! გავათბობ… ვაჭმევ… მაგრამ ვის?
(მიიხედ-მოიხედავს) რომ არავინ ჩანს? ეეჰ, რა ვქნა, ასე უცებ არაფერი სიკეთე მაგონდება. ისევ გამოცდაზე გავიქცე, ის აჯობებს.
(ქურქს მოცვამს, ფეხებს ბოტებშიო ჩადგამს და გადის. უკანა ფონი ჩაბნელდება).
(წინა პლანზე ისევ მთხრობელი გამოდის)
მთხრობელი: – უჰ, რას ბარდნიდა, რომ იცოდეთ! ციდან დიდრონი ფიფქები ცვიოდა, არ ილეოდა. ფიფქებს მთვარის სხივები ფერად-ფერადად აბრჭყვიალებდა (ფიფქები და სხივები ტრიალებენ, ცეკვავენ ლამაზი მუსიკის ფონზე და ისევ მღერიან):
“ახალი წლის ღამეა,
რა ლამაზი რამეა!
ახალი წლის ღამეა
ჯადოსნური”…
მთხრობელი: – კიარა ჯადოქრების ფუღუროსკენ მიბაკუნობდა. (კაიარა ბაკუნით მიდის თოვლიან გზაზე).
მთხრობელი: – აი, კურდღლის სოროც გამოჩნდა.
(კიარა ფეხებს მაგრად აბაკუნებს):
კიარა: – ჰეი, კეთილი საქმე არავის გჭირდებათ? (მიაყურადებს) ეეჰ, არც კი ესმით ჩემი ხმა.
მთხრობელი: – სოროში ბაჭიებს ბუქნა და ცეკვა გაუდიოდათ. ახალი წლის შესახვედრად ემზდებოდნენ.
(წინა პლანზე გამოდის ორი ან სამი ბაჭია და პოლკასავით ცეკვას ცეკვავს). ბაჭიები მღერიან:
“ფიფქი თოვს ნება-ნებაო,
ახალი წელი დგებაო,
სულ ყველა ელოდებაო,
სულ ყველა ეგებებაო.
ახალი წელი, ახალი წელი,
ახალი წელი დგებაო”.
(სრულდება რაიმე ცეკვა კურდღლების შესაფერი. შესაძლოა ეს იყოს რაიმე თანამედროვე ცეკვა. კურდღლები გადიან ცეკვა-ცეკვით.)
კიარა: – ეეჰ! ბაჭიებიც მხიარულობენ ახალი წლის ღამეს. რა მხიარულად ცეკვავენ. მე? მე კი.. ჯადოქრების ფუღუროში უნდა წავიდე.. (უხალისოდ ფურცლავს წიგნს). ეჰ, სირაქლემას გაქრობა, აკრა-ბაკრა.. კურდღლად მაინც დავბადებულიყავი! გუგულმა მითხრა, 12 საათამდე რამე სიკეთე გააკეთე და ჩვეულებრივი ბავშვი გახდებიო. (აქეთ-იქით იყურება). აბა, ვის უნდა გაუკეთო სიკეთე, ვის? არავინ არაა და..
წინ მთხრობელი გამოდის).
მთხრობელი: – პატარა ჯადოქარი ახლა ზღარბის სოროს გაუსწორდა. ისევ ააბაკუნა ფეხები.
კიარა: (აბაკუნებს ფეხებს): – ჰეი, ზღარბებო! კეთილი საქმე არ გჭირდებათ? (მიაყურადებს, დაღონებული) არ ჭირდებათ, აგე, როგორ მხიარულობენ (გადის უკანა პლანზე) წინ ორი-სამი ზღარბი გამოდის, მღერიან:
(ცეკვავენ რაიმე ცეკვას თანამედროვე მუსიკაზე).
მთხრობელი: – პატარა ჯადოქარი კიარა ისევ თავის გზას გაუდგა. მიდის კიარა ჯადოქრების ფუღუროსკენ, მიდის, მიდის და აგერ, დათუჩას ბუნაგიც გამოჩნდა. და უცებ.. ხვრინვის ხმამაღალი ხმა ისმის)
ხმა: -ფხხხხხხ! ფხხხხხ!
მთხრობელი: – ნეტავ რა ხმაა?
სხივები: (გამოფარფატდებიან) – ნეტავ რა ხმაა?
ფიფქები (ტრიალებენ): – ნეტავ რა ხმაა?
ყველა მიიმალება. რჩება კიარა, თითქოს ბუნაგში იყურება გარედან.
კიარა: – ნახეთ, დათუჩა არ ყოფილა? საწოლზე გაშოტილა და სძინავს. არადა, სადაცაა, ახალი წელი დადგება, 12-ს ხუთი წუთი აკლია. (ისევ იქით იყურება). ერთი შეხედეთ, მაგიდაზე თაფლი, გოზინაყი და მორთული ჩიჩილაკი უდევს. ახალი წლის შესახვედრად მომზადებულა, თვითონ კი ჩასძინებია. აგერ, როგორ ხვრინავს. ფხხხ! ფხხხ! რა ცოდოა, ახალი წლის მოსვლა გამოეპარება ძილში. ეჰ! აბა, მე რა ვქნა. ფუღუროში, გამოცდაზე რომ არ მიმეჩქარებოდეს, გავაღვიძებდი, მაგრამ მაგვიანდება. დროზე თუ არ მივედი, ჯადოქრები შავ დღეს დამაყრიან. (გზას აგრძელებს).
მთხრობელი: – პატარა ჯადოქარი ფანჯარას მოშორდა და გზას გაუდგა. თან მესამასე წესის მოყოლა დაიწყო ზეპირად.
კიარა: – მესამასე წესი.. აქლემის აფრენა. აქლემი რომ ავაფრინოთ.. (შეანელებს სვლას) აქლემი რომ ავაფრინოთ.. (ჩერდება). ეჰ, არა, არა, ცოდოა დათუნია. ძალიან დაწყდება გული, ახალ წელს ვერ შევხვდიო. წავალ და უცებ გავაღვიძებ.. (შემოტრიალდება და დათვის ბუნაგისკენ გამოიქცევა).
კიარა: – კაკ-კუკ! (ფრთხილად აკაკუნებს)
ხმა: – ფხხ! ფხხ!
სხივები, ფიფქები, ციყვები: -აღვიძა და აღვიძა, ვერა, ვერ გააღვიძა.
კიარა: – ბრაგ-ბრუგ! (მუშტებს დასცხება კარს).
სხივები, ფიფქები, ციყვები: -აღვიძა და აღვიძა, ვერა, ვერ გააღვიძა.
კიარა: – ბრახ-ბრუხ! გაიღვიძე დათუჩა, ახალი წელი დგება.
ყველა: – აღვიძა და აღვიძა, კიდეც გამოაღვიძა.
მთხრობელი: – დათუჩა დაფეთებული წამოხტა და კარს ეცა. გამოაღო და კიარა დაინახა. და სწორედ ამ დროს.
ხმა: -ძინ, ძინ, ძინ!
მთხრობელი: – საათმა თორმეტს ჩამოჰკრა და ახალ იწელი დადგა.
(შუშხუნები, ფერად-ფერადი ნათურები)
დათვი (ძალიან გახარებულია): – კიარა, ეს რა კარგ დროს მოხვედი. შენ რომ არ გაგეღვიძებინე, ახალი წლის დადგომა გამომეპარებოდა. რა კარგია, რომ გამაღვიძე. ეს რა სიკეთე გამიკეთე, კიარა.
კიარა (გაოცებული შემოტრიალდება): – სიკეთე?
დათვი: – ჰო, ჰო, სიკეთე. გაოცებულია პატარა ჯადოქარი კიარა. იმიტომ რომ სულაც არ უფიქრია, სიკეთეს ვაკეთებო და უცებ!
პირველი სხივი: – ჯადოქრობის წიგნი სადღაც გაქრა.
II სხივი: -აღარსად იყო და მორჩა..
I ფიფქი: – იმიტომ რომ..
მთხრობელი: – კიარა ჯადოქარი აღარ იყო.
საათის ხმა: – ძინ, ძინ!
(არეულობა, ყველა ტრიალებს, ბზრიალებს, ფერადი შუქები).
მთხრობელი: – და უცებ, იცით, რა მოხდა? უცებ კიარა შუაგულ სოფელში ერთი კოხტა ოდა სახლის წინ გაჩნდა. კარი გაიღო და..
(მხიარულად შემოცვივდებიან ბავშვები და იძახიან):
ბავშვები: – მეკვლე მოვიდა, მეკვლე. (ჩაჰკიდებენ სახეგაბადრულ კიარას ხელს და ააცეკვებენ. შუაში ნაძვის ხე ჩნდება. კიარა ძალიან ბედნიერია. წინ მთხრობელი გამოდის).
მთხრობელი: – აი, ასე აუსრულდა ოცნება პატარა ჯადოქარს. ასე გახდა იგი ახალი წლის ღამეს ჩვეულებრივი ბავშვი. ახლა კი ყველამ ერთად დავუძახოთ თოვლის ბაბუას.
ყველა: – თოვლის ბაბუა! თოვლის ბაბუა!
(შემოდის ხურჯინიანი თოვლის ბაბუა, ახალ წელს ულოცავს ყველას და ნაძვის ხესთან მოკალათდება).
მთხრობელი: – ახლა კი ყველამ ერთად ვიმხიარულოთ. ახალი წლის მოსვლა ვიზეიმოთ!
სხივები, ფიფქები, ცხოველები, ბავშვები, ყველა ერთად მღერის:
“ახალი წლის ღამეა,
რა ლამაზი რამეა,
თოვლმა ითოვა, ითოვა და
მთა-ბარი გადაგვითოვა.
მობრძანდა წელი ახალი
და გვწყალობდეს ღმერთი მაღალი”!

(დასასრული)

წყარო: http://libofund.blogspot.com/2010/11/blog-post_8353.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s