ირმა მალაციძე: “საახალწლო ზღაპარი”


ირმა მალაციძე

საახალწლო ზღაპარი

(პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:
გოგონა;
კარლსონი;
თოვლის დედოფალი;
ჩიპოლინო;
ბურატინო;
თოვლის პაპა;

სცენის კუთხეში დგას ნაძვის ხე. კედელთან ანთია ბუხარი. იქვე ძველებური კარადა დგას, კედელზე ჰკიდია საჩუქრების ჩასაწყობი ჩექმა. ოთახი საახალწლოდაა მორთული. შემოდის გოგონა. ჩვეულებრივადაა ჩაცმული. მიმართავს დარბაზს:

გოგონა: -ბავშვებო, უკვე მოხვედით?!
უცებ დაფაცურდება.
გოგონა: -მე კი ჯერ მზად არ ვარ. ახლავე, ახლავე მოვძებნი ჩემს ლამაზ სამოსს და გამოვეწყობი. არა, საერთოდ დაუდევარი არ ვარ. არც სკოლაში ვიგვიანებ ხოლმე. ყველაფერი საათის ბრალია.
შეხედავს კედელზე დაკიდებულ დიდ, ძველებურ საათს, რომელიც 10-ს უჩვენებს.
გოგონა: -აქ მხოლოდ ათი საათია, მე კი თორმეტზე გელოდით. საინტერესოა, ვის უნდა გადაეწია უკან? ან იქნებ თვითონ ჩამორჩა!
გოგონა თან ოთახში დარბის და რაღაცას დაეძებს.
გოგონა: -ჩემი თეთრი სამოსი სად წავიდა. აქ ეწყო, კარგად მახსოვს. ეს რა უცნაური ამბები ხდება ამ ახალი წლის ღამეს. წარმომიდგენია, ჩემზე რას ფიქრობთ. მალე თოვლის პაპაც მოვა, მე კი ჯერ ჩაცმულიც არ ვარ. აბა, რა ფიფქია ვიქნები თეთრი სამოსის გარეშე?
გოგონა სლუკუნს იწყებს.
გოგონა: -წავალ, სხვა ოთახებშიც დავძებნი, იქნებ შემთხვევით იქით გავიტანე.
გოგონა გადის. კარადიდან ვიღაც თავს გამოყოფს. გამოდის კარლსონი და მხიარულად ხითხითებს:
კარლსონი: -სულელი! ვაი, ვაი, მუცელი მეტკინა სიცილით, რა ჩერჩეტი გოგოა. ტანსაცმელი ხომ, ტანსაცმელი… მე დავუმალე, ხი-ხი-ხი! ვერ მიხვდა! ხი-ხი-ხი! რა ჩერჩეტია!
უცებ ბავშვებისკენ გაიხედავს.
კარლსონი: -მისმინეთ, არაფერი უთხრათ გოგონას, თორემ საახალწლო ღვეზელს აღარ მომიჭრის. არც კაკლის მურაბას მაჭმევს. სუუ!
ტუჩებზე თითს იდებს და ფეხაკრეფით მიდის კულისებისკენ, მიაყურადებს და ისევ ბავშვებს მიუბრუნდება.
კარლსონი: -ხი-ხი-ხი, ეძებს! ეძებოს, რამდენიც უნდა. ვერ იპოვის. მე მაქვს დამალული, ხი-ხი-ხი. მიყვარს ონავრობა!
კარლსონი ყირაზე დადგება და ხელებით გაივლ-გამოივლის. იწყებს სიმღერას:
კარლსონი:
«მე გახლავართ კარლსონი,
ონავარი კაცუნა,
ყველა მიცნობს ამ ქვეყნად
ამას კითხვა არც უნდა!

არც უნდა, არც უნდა,
ამას კითხვა არც უნდა!

მიყვარს ტკბილი მურაბა,
ღვეზელი და ნამცხვარი,
გულკეთილი გახლავართ,
უცებ თუ არ გავცხარდი.

გავცხარდი, გავცხარდი!
უცებ თუ არ გავცხარდი!»

კარლსონი: _აი, ასეთი ცელქი და მოუსვენარი ვარ. მთავარია, ტკბილეული შემხვდეს. თორემ ყველა ბიჭუნასნაირი კეთილი კი არაა, ზოგი, მაგალითად, ერთ ნამცეც ნამცხვარსაც არ გაიმეტებს.
კარლსონი იღუშება.
კარლსონი: -ჰო, გეუბნებით, ზოგი ისეთი ღორმუცელაა, ყველაფერი ენანება ჩემთვის, ასეთი კეთილი კარლსონისათვის.
უცებ ჩაფიქრდება.
კარლსონი: -გოგონაც რომ ასეთი აღმოჩნდეს, მერე რა ვქნა. რომ გაიგოს, რომ საათი მე გადავწიე უკან და ტანსაცმელიც მე დავუმალე?! დავიღუპები! არა, უმჯობესია, ყველაფერი დავუბრუნო.
კარლსონი საათთან მიდის და ისრებს გადასწევს. საათზე 12-ს უკლია ხუთი წუთი. მერე კარადიდან ტანსაცმელს გამოიღებს და იქვე, სავარძელზე გადაკიდებს.
კარლსონი: -აბა, მე შევძვერი ისევ კარადაში. აქ თბილა, სახურავზე კი ისე უბერავს, გავიყინე. როგორია ასეთ თოვაში სახურავზე ცხოვრება?
კარადაში შეძვრება და დაიმალება. გოგონა ისევ სცენაზე გამოდის.
გოგონა: -არა, ვერსად ვპოულობ. რა ვქმნა, რა მეშველება?
უცებ შენიშნავს კაბას.
გოგონა: -ჩემი ტანსაცმელი! აქ ყოფილა. საოცარია, რამდენჯერ დავხედე ამ სავარძელს და არაფერი იყო.
გოგონა დაფიქრებული დაჰყურებს სამოსს. მერე საათს შეხედავს და შეჰკივლებს.
გოგონა: -ვაი უკვე 12 სრულდება. საათი ახლა სწორ დროს უჩვენებს. რა უცნაურია. რომ ამბობენ, ახალი წლის ღამეს საოცრებები ხდებაო, მართალი ყოფილა. წავალ და გამოვეწყობი, თორემ ახალი წლის შეხვედრა ასე მომიწევს.
გოგონა (მღერის):
«ახალი წლის ღამეს
ფიფქი ცისკენ მიჰქრის,
აგიხდებათ ყველა
ოცნება და ფიქრი!

ამ ჯადოსნურ ღამეს,
აენთება მთვარე,
ვარსკვლავები ცაზე
ვეღარ დავითვალე.

ახალი წლის ღამე,
ახალი წლის ღამე!»

გოგონა ტანსაცმელზე დაიხედავს, აიღებს ფიფქიას სამოსს და გადის. სარკმელში გამოჩნდება თოვლის დედოფალი. ფანჯარას აღებს და ოთახში შემოდის.
თოვლის დედოფალი: -რა საშინელებაა, როგორ თბილა. ერთი გამაგებინა, ეს ბუხარიც რას დაუნთიათ. ერთი წუთით ვერ შეხვალ ვერსად. ცოტაც და ალბათ დავდნები, არადა ძალიან მაინტერესებს, როგორ აღნიშნავენ ახალ წელს. მე ხომ სულ ჩემს ყინულის სასახლეში ვარ. იქ ნაძვის ხეც ყინულისაა და სათამაშოებიც. ნამდვილი ნაძვის ხე არც მინახავს.
უცებ შენიშნავს მორთულ ნაძვის ხეს.
თოვლის დედოფალი: -რა სილამაზეა! ასეთი მშვენიერი რამ არასდროს მინახავს.
მიდის, სათამაშოებს და ნაძვის ტოტებს ხელით ეხება. კულისებიდან ხმაური ისმის.
თოვლის დედოფალი: -უნდა დავიმალო, თორემ ვინმე რომ შემოვიდეს, ცუდად იქნება ჩემი საქმე.
თოვლის დედოფალიც კარადაში შეძვრება. კარადაში ხმაური ატყდება. კარლსონი და თოვლის დედოფალი ერთად გამოცვივდებიან იქიდან. ამ დროს ფიფქიას სამოსში გამოწყობილი გოგონაც შემოდის.
კარლსონი: -გავიყინე, მიშველეთ! ამას ისევ სახურავზე ყოფნა მირჩევნია!
კარლსონი კანკალებს და ხელებს იფშვნეტს. თოვლის დედოფალი უკმაყოფილოა.
თოვლის დედოფალი: -ეს უზრდელი ვინაა. ასე როგორ შეიძლება გული გაუხეთქო ადამიანს. უფ, როგორ შემეშინდა!
გოგონა გაოცებული უყურებს ხან ერთს, ხან მეორეს.
გოგონა: -თქვენ ვინ ხართ?
თოვლის დედოფალი: -ჩვენ… ჩვენ…
კარლსონი: -ჩვენ… მე კარლსონი ვარ. მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო… კულინარი! ეს კი არ ვიცი ვინაა…
(მიუთითებს თოვლის დედოფალზე)
თოვლის დედოფალი: -მე? არ იცი მე ვინ ვარ?! რა თავხედობაა! ნუთუ არსებობს ამ ქვეყნად ბავშვი, ან მოზრდილი, ვინც არ იცის, ვინაა თოვლის დედოფალი?! ეტყობა, წიგნებს სულ არ კითხულობ. დარწმუნებული ვარ, ბავშვებმა იციან, ვინც ვარ. და ისიც იციან, ვინ დაწერა «თოვლის დედოფალი». ხომ ასეა, ბავშვებო?! აბა, ერთად მითხარით!
ბავშვები: -ანდერსენმა!
თოვლის დედოფალი: -ყოჩაღ! აბა, რას ვამბობდი? ხედავთ, ყველამ იცის! შენ კი არ იცი!
თოვლის დედოფალი:
«ყველამ იცის, თუ ვინ არის
ყინულეთის დედოფალი,
ყველა სარკმელს ვაჩუქურთმებ,
ყინულივით თეთრი ფარდით.

მე ყველაზე დიდებული,
და ყველაზე ლამაზი ვარ,
მზის სხივივით რომ ელვარებს
ეს სასახლე-ალმასია.

ყინულეთში მიდევს ბინა
ყინულია ჩემი სახლი,
სამი თეთრზე თეთრი რაში
მიაქროლებს ამ ჩემ მარხილს».

მე ყველაზე დიდებული,
და ყველაზე ლამაზი ვარ,
მზის სხივივით რომ ელვარებს
ეს სასახლე-ალმასია».

კარლსონი იბუტება.
კარლსონი: -რა გგონიათ, მე არ მიცნობენ ბავშვები? ნურას უკაცრავად. ისიც იციან, ვინ დაწერა «სახურავის ბინადარი კარლსონი». ხომ ასეა ბავშვებო? აბა, ერთად მითხარით, ვინ დაწერა?
ბავშვები: -ლინდგრენმა!
კარლსონი: -ა, ბატონო! რას ვამბობდი?
თოვლის დედოფალი ცხვირს აიბზეკს და განზე გაიხედება. გოგონა გაოცებული უსმენს, ხან ერთს, ხან მეორეს.
გოგონა (შესძახებს): -კარლსონი! თოვლის დედოფალი!
კარლსონი: -ეს ვინღაა?!
გოგონა: -მე, მე… მე ფიფქია ვარ. თქვენ კარნავალზე მოხვედით, არა? რა ლამაზი კოსტიუმები გაცვიათ.
თოვლის დედოფალი: -კარნავალზე? კოსტიუმები? რას ამბობთ. ეს ჩემი ნამდვილი სამოსია. სად გაგონილა, დედოფალი მხოლოდ კარნავალზე იცვამდეს მდიდრულ სამოსს.
კარლსონი: -მეც სულ ასე მაცვია. ზურგზე პროპელერი მაქვს და დავფრინავ ხოლმე.
გოგონა: -ვერ გავიგე. როგორ, თქვენ საკარნავალოდ არ ხართ გამოწყობილნი?
კარლსონი: -არა, რა თქმა უნდა.
კარლსონი: -არა, რა თქმა უნდა.
გოგონა: -ესე იგი, ესე იგი… ნამდვილი კარლსონი და თოვლის დედოფალი ხართ?
თოვლის დედოფალი: -რა თქმა უნდა!
კარლსონი: -რა თქმა უნდა!
გოგონა: -გაგიჟება შეიძლება! ნამდვილი! ნამდვილი!
გოგონა ხან ერთს მივარდება, ხან მეორეს.
გოგონა: -აი, საოცრება! რა ახალი წელი დამიდგა. ნეტავ ჩემი მეგობრებიც მოვიდნენ, რომ ისინიც გაგაცნოთ, წარმომიდგენია, როგორ გაუკვირდებათ.
ამ დროს ზარია კარზე.
გოგონა: -აი, ხომ ვამბობდი! მგონი სტუმრები მოვიდნენ!
გადის კარის გასაღებად. შემოდის ჩიპოლინო.
ჩიპოლინო: -მოგესალმებით!
თოვლის დედოფალი და კარლსონი ალმაცერად შეხედავენ.
კარლსონი: -ეს ვინღაა?!
თოვლის დედოფალი: -ფუ, რა ხახვის სუნი დადგა!
კარლსონი: -ვაი, თვალები ამეწვა!
ჩიპოლინო: -რა გასაკვირია, ხი-ხი! მე ხომ ხახვის ბიჭუნა ვარ! (ბავშვებისკენ გაიხედავს) აქ რამდენი ბავშვი ყოფილა. აბა, ისინი თუ წუწუნებენ, თვალები აგვეწვაო! იმიტომ რომ ბავშვებს უყვართ ჩიპოლინო! ხომ ასეა, ბავშვებო?
ბავშვები: -დიახ!
ჩიპოლინო: -აი, რას ვამბობდი!
თოვლის დედოფალი: -უფ, დიდი ვინმეც ხარ!
კარლსონი უკმაყოფილოდ ბუზღუნებს.
კარლსონი: -ჰო, დიდი ვინმეც ხარ!
ჩიპოლინო: -თქვენ ნამდვილად პრინცი ლიმონოს ან სინიორ პომიდორის მოგზავნილები ხართ!
თოვლის დედოფალი: -ვისი?
კარლსონი: -ვისი?
თოვლის დედოფალი: -ვინაა პრინცი ლიმონო და სინიორ პომიდორი?
ჩიპოლინო: -ხა-ხა-ხა! არ იციან! ეგრეა, როცა წიგნებს არ კითხულობთ!
თოვლის დედოფალი: -ვინ? ჩვენ არ ვკითხულობთ?
კარლსონი: -როგორ თუ არ ვკითხულობთ? ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მკითხველი, კარლსონი!
ჩიპოლინო: -აბა, აბა, დავიჯერე! ისიც არ გეცოდინება, ვინაა ჩემი მამობილი!
კარლსონი: -მამობილი?
ჩიპოლინო: -ჰო, ვინ გამომიგონა?
კარლსონი დანარჩენებს გადახედავს.
ჩიპოლინო: -არ იცით, ხომ?
გოგონა: -მე ვიცი! ჯა-ნი რო-და-რიმ! ხომ ასეა ბავშვებო?
ჩიპოლინო: -კარგია, რომ ბავშვებმა იციან. ახლა ის მითხარით, თავი რატომ მოგიყრიათ?
გოგონა: -როგორ თუ რატომ. ახალი წელი დგება!
ჩიპოლინო: -ახალი წელი? მართლაც, რა ლამაზი ნაძვის ხეა! რამდენი სათამაშოა!
ჩიპოლინო: (მღერის)

«გაბერილო პომიდორო
ვერაფრით ვერ მიპოვიო,
იმიტომ რომ მე გახლავართ
ხახვის ბიჭი, ჩიპოლინო!

ჩიპოლინო, ჩიპოლინო,
ხახვის ბიჭი, ჩიპოლინო!

ალბათ იცნობთ ალუბალას,
მარწყვა გოგოს და გოგრიკოს,
ჩიპოლინო, ჩიპოლინო,
ხახვის ბიჭი, ჩიპოლინო!

ალბათ იცნობთ ალუბალას,
მარწყვა გოგოს და გოგრიკოს

(გოგონა კარის გასაღებად გარბის. შემოდის ბურატინო)
ბურატინო: -გამარჯობა!
თოვლის დედოფალი: -ეს ვინ გვესტუმრა?
ჩიპოლინო: -ეს მგონი…
გოგონა: -ეს ხომ ბურატინოა?!
ბურატინო: -დიახ, ბურატინო ვარ. ეს რა ბუხარი ჰქონიათ?! შიგნით რომ შევიხედო, ხომ არ გაიხვრიტება?
გოგონა: -არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვშიშობ, შენი ხის ცხვირს ცეცხლი არ წაეკიდოს.
ბურატინო: -მართლა? ჰოო, ეგ არ მიფიქრია. რა ვიცი, მამილო კარლოს ბუხარში რომ ცხვირი შევყავი, გავხვრიტე. მას შემდეგ ბუხრებთან ახლოს მისვლას თავს ვარიდებ, მაგრამ ეს ისე მხიარულად გიგინებს და ისე ათბობს ოთახს, რომ მასთან ახლოს მისვლა და შიგ შეხედვა მომინდა.
გოგონა: -ბურატინო. გირჩევნია აქ მოხვიდე, ჩვენთან. მალე ახალი წელი მოვა და ერთად შევხვდებით.
ბურატინო: -ახალი წელი? მართლა? და როდის მოვა?
თოვლის დედოფალი: -როდის და სულ რაღაც ხუთ წუთში!
ბურატინო: -ხუთ წუთში?
თოვლის დედოფალი: -ჰო, მაგრამ ეს საათი რა ხანია, სულ ამ დროს უჩვენებს!
ბურატინო: -რა დროს?
თოვლის დედოფალი: -თორმეტს უკლია ხუთი წუთი. ისრები რა ხანია, დგას.
გოგონა: -მართლაც!
კარლსონი: -გაჩერებულია?!
თოვლის დედოფალი: -როგორც ჩანს!
გოგონა: -ვაი, რა გვეშველება? გამოდის რომ ჩვენს ვერ შევხვდებით ახალ წელს?
კარლსონი: -ყველა შეხვდება ჩვენს გარდა?
ჩიპოლინო: -რა სამწუხაროა!
ბურატინო: -მოითმინეთ, იდეა მაქვს! მე მოვიყვან ახალ წელს!
ყველა: -როგორ?
კარლსონი: -როგორ?
ბურატინო: -აი, როგორ.
ბურატინო ჯიბიდან ოქროს გასაღებს ამოიღებს და ყველას აჩვენებს. მერე სკამზე აძვრება და საათის დაქოქვას იწყებს. საათი თორმეტს დარეკავს, კარი იღება და შემოდის თოვლის პაპა.
თოვლის პაპა:
«მოვდივარ და თქვენთვის მომაქვს
სიტკბო, ხვავი, ბარაქა».
ყველა:
ყველა ხარობს, ყველა ელის
სოფლადა თუ ქალაქად.
თოვლის პაპა:
«მოგილოცავთ, მოგილოცავთ,
ახალი წლის დადგომას».
ყველა:
«საჩუქრისთვის გადავუხდით
თოვლის პაპას მადლობას»
თოვლის პაპა: -გამარჯობა, ბავშვებო!
იცით, საიდან მოვდივარ? უღრანი, დათოვლილი ტყიდან. თქვენთვის მომაქვს საოცრებები და ჯადოსნური ამბები. ხურჯინი საჩუქრებით მაქვს სავსე. მომაქვს სიხარული, სიტკბო, ბარაქა! ახალი წლის დადგომას მოგილოცავთ ყველას!
თოვლის პაპა ხურჯინიდან საჩუქრებს იღებს და ბავშვებს ურიგებს. ყველა
ყველა ერთად მღერის:

«ახალი წელია, ახალი წელია
როგორ ქათქათებს ზეცა,
მოდით, ვიმღეროთ, ვიმხიარულოთ
ბევრი ვიცინოთ ერთად!»

(დასასრული)

წყარო: http://libofund.blogspot.com/2010/11/blog-post_8424.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s