მარიამ წიკლაური: “საახალწლო”


Mariam Tsiklauri

მარიამ წიკლაური

საახალწლო

შუაცეცხლთან შეკრებილან ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად. ერთი მათგანი გამოეყოფა ტოლებს და გამოცანას იტყვის:
ბიჭი:
– ერთსა ალვისა ხეზედა
თორმეტი ტოტი აბია,
სცვივა და სცვივა ფოთლები,
ისევ იმდენი აბია.
(ხალხური)
ბავშვები (მხიარულად პასუხობენ):
– წელიწადი და თვეები.
ახლა მეორე ბავშვი იტყვის გამოცანას:
გოგო:
– ერთ ქვეყანას ორთა ძმათა,
ორთავ ერთი ფერი აქვთო,
ერთი მუდამ სიყრმეზე დგას,
ერთს სიბერე ახლოს აქვსო.
ერთს ჯარი ჰყავს უთვალავი,
ერთს კი მარტო ტახტი აქვსო
(ხალხური)
პასუხობენ: – მზე და მთვარე.
ბიჭი:
– აბელი-ბელი, საბელი – გრძელი,
ბამბის გული უგრეხელი.
(ხალხური)
პასუხობენ: – ყინული, ყინული!
გოგონა: – ხალხნო, აქაოდა ზამთარიაო, რა სულ ცივ-ცივ გამოცანებს ამბობთ. მოდი, რამე სახალისო ვთქვათ, კარს ახალი წელი მოგვდგომია.
ბიჭი: – სახალისოს მე გეტყვით, ვინც გამოიცნობს, კაკალს ჩავუჩხრიალებ ხელში. მაშ მისმინეთ:
“გამოცანას ერთს მეც გეტყვით,
გავიგონე ქალაქსაო,
თორმეტ ვასალს იმსახურებს,
ყველასგან ჰკრებს ღალასაო.
შეივსება, როგორც მთვარე,
არ აირევს სავალსაო,
იქ იწყება, სად სრულდება,
მიუყვება ძველ კვალსაო.
ბალღიც ხარობს და მოხუციც,
გარს უსხედან ტაბლასაო,
სიხარულით უხდის ყველა
გემრიელ და ტკბილ ვალსაო,
თან ლოცავენ, თანაც ზურგში,
თოფს ახლიან საწყალსაო.
ბავშვები: – ეგ ხომ ახალი წელია, ახალი წელი!
წრეს შეკრავენ და გააჩაღებენ ცეკვა-თამაშს.
ბიჭი: – მოიცათ, მოიცათ, ცეკვა-თამაში სანაქებო გცოდნიათ, მაგრამ ჯერ რა დროს ახალწლობაა, ჯერ სხვა სიხარული გველის.
ბავშვები: – რაო, რა სიხარული?
გოგონა: -ახალ წელს მაინც ვერაფერი შეედრება, დედაჩემის გაკეთებული გოზინაყი რომ მახსენდება, სულ ელეთ-მელეთი მომდის.
ბიჭი: – რა და ჩემო კარგებო, ბარბარობა დაგავიწყდათ ყველას? დღეს ნათელი შეემატება, ასე იტყვიან ნაბარბარევს დღე კრავის ერთი გახტომით მატულობსო.
ბავშვები (კრავებივით დაიწყებენ კუნტრუშს): – დღე მატულობს, დღე მატულობს კრავის ერთი გახტომით, კრავის ერთი გახტომით!
ბიჭი: – კარგი, დაწყნარდით, გეყოფათ. დღე თქვენი კუნტრუშის გარეშეც მოიმატებს. ამ დღიდან ნათლით იწყებს ავსებას, განახლებისათვის ემზადება. და თუმცა წინ გრძელი ზამთარია, ღამეებს ბნელი აკლდებათ და დღეს სინათლედ ემატება.
გოგონა: – ჩვიდმეტ ქრისტეშობის თვეს ჩამოივლი კარ-კარ ბარბარე და თუ სადმე ბავშვს ნახავს სნეულსა და ავადმყოფს, უძლურსა და განსაცდელში მყოფს, ყველას ღმერთს შეავედრებს.
გოგონა: – ამბობენ, წმინდა ბარბარეს მავედრებელს არც განსაცდელი, არც მოულოდნელი სიკვდილი აღარ ელისო.
ბიჭი: – მე კი ვიცი, რომ ბარბარობას ბედობის დღედაც იხსენიებენ. ამ დღეს მოსულ სტუმარს ოჯახი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. საშობაო მარხვის მიუხედავად ყველა სახლში საზეიმო სამზადისი და ფუსფუსია.
გოგონა: – ცარიელ ცომს ამ დღეს არავინ დააცხობს. ამბობენ, სიღარიბე დაგვებედებაო.
გოგონა: – თუ გინდათ ოჯახში ხვავი და ბარაქა გქონდეთ, ბარბარობა დღეს უხვად ჩადეთ ლობიო ცომში და უხვადაც გაეცით მოსაკითხი.
ბიჭი: – თუ სახლში პატარები გყავთ და ბატონებსაც ელით, მაშინ აუცილებლად ნიგვზიანი ქადები დააცხვეთ, დაჭერით და გზაჯვარედინზეც გაიტანით.
გოგონა: – გზაჯვარედინზე, სადაც უამრავი ხალხი ირევა, ამვლელსა და ჩამვლელს უნდა გაუმასპინძლდეთ. ამ მადლის ფასად თქვენს შვილებთან მობრძანებული ბატონები იოლად გასასტუმრებელი გახდებიან. ბავშვებს არაფერს შეამთხვევენ და მშვიდობიანად წაბრძანდებიან თავის ქვეყანაში.
გოგონა: – ამ დღეს დიდ ლანგარზე პურის მარცვალი ან ბრინჯი უნდა დაყაროთ, ზედ წითელი ვაშლები დააწყოთ, შიგ ხურდა ფული ჩადოთ, ასე ხელდამშვენებულებმა სახლის კუთხე-კუნჭული მოიაროთ და ეს მარცვალი ყველგან მოაპნიოთ. თან წმინდა ბარბარეს შესთხოვოთ, ოჯახი მშვიდობით, სიყვარულით, ხვავითა და ბარაქით აგივსოთ.
გოგონა: – იმასაც ამბობენ, წმინდა ბარბარე ისეთი ლამაზია, ისეთი მშვენიერიაო, ის რომ ზეციდან გადმოიხედავს, მზეს ნათელი იმიტომაც ემატებაო.
შეკრავენ წრეს და მუსიკის თანხლებით მღერიან:
გოგონა:
– დამიცხობენ ქალასაო,
ტკბილ ნიგვზიან ქადასაო,
ბატონები იამებენ
ამისთანა ღალასაო.
წაბრძანებას ინებებენ
საბატონე ქალაქსაო.
ბარბარესთან წაიღებენ
აქაურსა ამბავსაო,
წინ წინ გაიყოლიებენ
თავწითელა მამალსაო.
ჯერ ჭალ-ჭალა ივლიან,
მთას გადავლენ მაღალსაო.
უკან აღარ მოჰხედავენ
საჩვენოსკენ სავალსაო.
იმყოფებენ დედის ხელით
გატანებულ საგზალსაო.
მოწყალე ხარ ბარბარეო,
გამიხსენე მალმალეო,
ავისა და ბოროტისგან
შენ კალთის ქვეშ დამმალეო.
იქვე კუთხეში ერთი განმარტოებული ბავშვი ზის მოწყენით. ახლა მას ეკითხებიან პატარები:
– შენ რატომ მოგიწყენია, რატომ არ თამაშობ ჩვენთან ერთად?
ბიჭი:
დედისერთა რომა ვარ,
იცით როგორ ძნელია?
ვზივარ მარტო კუთხეში,
სევდა შემომერია.
გევედრები უფალო,
ამიხდინე ნატვრაო,
თოვლის პაპამ მომიყვანოს
პაწაწინა და-ძმაო.
ბიჭი: – თოვლის პაპა მართალაც სასწაულმოქმედი თეთრწვერა მოხუცია, თეთრი წვერითა და ძალიან კეთილი გულით.
გოგონა: – რა კარგი იქნებოდა, რომ თოვლის პაპა მთელი წელი ჩვენთან ცხოვრობდეს და არსად მიდიოდეს.
ბიჭი: – შენ მართლა გგონა, რომ თოვლის პაპა სადმე მიდის?
გოგონა: – აბა, რა არ მიდის? ის ხომ შორს, თოვლის ქვეყანაში ცხოვრობს და ჩვენთან მხოლოდ ახალ წელს, ღამით მოდის.
ბიჭი: – არც ეგრეა საქმე, როგორც შენ გგონია. უხსოვარ დროში თოვლის პაპა მართლაც ცხოვრობდა აქ. იგი ისევე დაიბადა ამ ქვეყნად, როგორც ჩვეულებრივი ადამინები იბადებიან, მაგრამ დაბადებიდანვე უამრავი სასწაული მოახდინა. სახელად მას ნიკოლოზი რქმევია. თურმე მსაზე კეთილი არსება ძნელად წარმოსადგენი ყოფილა. იგი უშურველად ეხმარებოდა ყველას, და რაც კი რამ ებადა, სულ სხვებისათვის დაურიგებია. ამას, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარული აკეთებინებდა ადამიანის მიმართ. ჰოდა, ღმერთმა სასწაულმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა, სწრაფად უსრულებდა ადამიანებს ყოველგვარ კეთილ განზრახვასა და თხოვნას. ხატებზე ეს ადამიანი ლამაზი თეთრი წვერითა და წითელი შესამოსელითაა გამოსახული და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედს ეძახიან. სწორედ იგი გახლავთ თოვლის პაპა. გარდაცველების შემდეგ წმინდა ნიკოლოზის სული ღმერთთან ამაღლდა და თოვლის პაპას – კეთილი მოხუცის მოლოდინიც ციდან გვაქვს ხოლმე ადამინებს. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრე – სასწაულმოქმედ მოხუცს, მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია შესთხოვო შენი სურვილები. ბარბარობიდან ორიოდ დღეში, 19 დეკემბერს აღნიშნავენ ნიკოლოზობას.
გოგონა: – ნაძვის ხეზე კი ამბობენ, ეგვიპტეში გაქცეული წმინდა ოჯახი შეიფარა და პატარა მაცხოვარი, დედა ღვთისა მარიამი და იოსები სიკვდილს გადაარჩინაო.
გოგონა: – ეგ მეც გამიგია. თურმე ხშირი ტოტები დაბლა დაუშვია და ახლო ჩავლილ მდევარს ვეღარ შეუნიშნავს მის ტოტებში შეფარებული ოჯახი. შობა- ახალ წელსაც ამ ხეს რთავენ. იგი მარადიული სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოდაც მიიჩნევა.
აქ დაიწყებენ ნაძვის ხის მორთვას და მღერიან.
ჯგუფი:
– ხოტორ-ხოტორ ხრიკაო,
ყვავი კაკალს ყრიდაო.
ბიჭი:
– დედა წვრილად ჭრიდაო,
ბებო ჯამში ხლიდაო.
გოგონა:
– ადუღებდა თაფლასაო,
სუნი ეცა თაგვსაო.
ბიჭი:
– იჯდა საწყლად სოროში,
ილოკავდა თათსაო.
ბიჭი:
– მეც იმ ჯამთან ვიდექი,
ვერა ვწყვეტდი თვალსაო.
გოგო(გამოჯავრებით):
– ვითომც ეფიცხებოდი,
შემცივნული ალსაო.
ყველა:
– ხოტორ-ხოტორ ხრიკა,
ყვავი კაკალს ყრიდა.
გოგო:
– მე გული და და შენ ნაჭუჭი,
მე – ქადა და შენ – ნაზუქი.
ბიჭი:
– ზედაც თაფლით განასუქი,
გოზინაყის თამასუქი.
გოგო:
– ჩურჩხელები დაშაქრული,
ლეღვის ჩირი დათაფლული.
ბიჭი:
– კაკალი და თხილი,
გულზე ოქროს ღილი.
ყველა:
ახლა წადი, გვიანია,
გამოაცხვე ძილი.
მეორე ჯგუფი გაითამაშებს მხიარულად ამ სცენას.
ყველა:
– დოლ-დოლ ბაია,
ახჩა-ბახჩა – ჩაიარ.
ხახვი მითალ-მოთალა,
ჯამი, დოქი, ქოთანა,
ქოთანს ძირი გავარდა,
ლობიო დაიღვარა.
ბიჭი:
– დოლ დოლ ბაია,
იანვარი ჩაიარს.
გოგონა:
– თებერვალი სუსხითაო,
სველი მარტი ჭუჭყითაო.
ბიჭი:
– აპრილს ვსდიე ბარითაო,
მაისს მივყე კვალითაო.
ბიჭი:
– მკათათვეს და თიბათვესა,
ცელი ნამგალს მიათრევსა,
გოგონა:
– მარიობას მქონდა ხილი,
აღარ მედგა კასრით მწნილი.
ბიჭი:
– ენკენისთვე დადებს ხვავსა,
ვით ბალახზე ღამე – ნამსა.
გოგონა:
– ღვინობისთვეს ჩურჩხელები,
დარჩებიან უჭმელები.
ბიჭი:
– მოვა გიორგობისთვეო,
დამოკლდება ცივი თვეო.
გოგო:
– მალე მოდი ბარბარეო,
ცას სიბნელე აჰყარეო.
კარს მშვიდობა დაგვიბედე,
ახალწლობა გვახარეო.
ბიჭი:
ქრისტეშობის თვემა თქვაო,
ჯერ ადრეა თესვა ხვნაო.
გოგო:
– ბაგას – თივა,
მიწას – თოვლი,
კაცს – სტუმარი,
სოფელს – კომლი.
გაიხსენეთ მოხუცებმა
ბალღებისთვის მოსაყოლი.
ბიჭი: – პაპაჩემი ახლაც იხსენებს, ბავშვობაში ალილოზე როგორ ჩამოივლიდნენ თურმე სოფელში კარდაკარ შობაზე.
ბავშვებთან ერთად შეასრულებენ საალილო საგალობელს. მერე ორ ჯგუფად გაიყოფიან და ერთმანეთს ეშაირებიან:
ბიჭი:
– ხურჯინი ლექსით სავსე მაქვს,
გუდა პირმოუხსსნელია
ბიჭი:
– გუდაში სიმღერები მაქვს,
ჰარალე, რერო, დელია.
ბიჭი:
– ზედაც შაირი გავმართოთ,
სულაც არ არის ძნელია.
სიმღერები და ლექსები,
უგუნებობას შველიან
ბიჭი:
– სიყვარული და სიკეთე
სიცოცხლესავით ძველია.
საცა ლამაზი გოგოა,
მგონია ყველა ჩემია
გოგო:
– ერთი მოძებნე გერჩივნოს,
ნუ მოიღლები მღერითა,
ორთავ თვალი არ გეტკინოს,
სულ აქეთ-იქით ცქერითა.
ბიჭი:
– გავიხალისოთ პატარა,
გაიგონ ჩვენი ხმებიო,
იქ მტერი გადაირევა,
აქ ბანს მეტყვიან ძმებიო.
ბიჭი:
– ბრუნავს ცხოვრების მორევი,
არად დაგიდევთ ჭირსაო.
ვინ არ ის ჩემი მომრევი,
მოიმედე ვარ ძმისაო.
ბიჭი:
– შენ ჩემო ძმაო ბერაო,
ჩოხა ვინ შეგიკერაო?”
გიხდება ხელში ფანური,
ზედაც ლამაზი მღერაო.
ბიჭი:
– ზაქარია და კვირია,
ადექით, გეყოთ ძილია,
ამდენი ჭამა-ყლაპვითა,
არ მოგექანცოთ პირია.
გოგონა:
– წუხელის გაწვიმებულა,
მთებში კიდევაც ქუხდაო.
ნეტავი სადმე მანახა,
წუთისოფელი მუქთაო.
არ ილეოდეს სიცოცხლე,
ლხინს არა საცვლიდეს ჭირიო,
ქოთანს არ უჩნდეს ნაჭამზე
ამოლოკილი ძირიო.
გოგო:
– დავივლი ღობე-ყორესა,
დავკრეფ ჭინჭარს და ფხალსაო.
ზამთარს ვეკონკე ბეჩავი,
ზაფხულს ვაწონებ თავსაო.
გოგონა:
– ფიჩხებზე შეშა შევაწყვე,
გამოვახურე თონეო,
შენ რომ შეგხვდები გზაზედა,
ფეხში მელევა ღონეო.
ბიჭი:
– ზოგს იმოდენა საქმე აქვს,
გულიღა უწუხდებაო,
ზოგსაც უსაქმოდ ჯდომითა
ერთი რამ უსუქდებაო.
გოგონა:
– ეზოში მიძოვს ბოჩოლა,
გააპარტყუნებს ყურსაო,
ნეტავი რა გამოაძღებს
ძუნწი მდიდარის გულსაო.
კახეთში თაგვი მომკვდარა,
იმერეთს წაუღიაო,
რაც რამ მარცვალი მებადა,
აღაპში დაუფავიათო.
ბიჭი:
– მზე სამზეოზე გადიარს,
ფეხი არ მოუცდებაო,
ზოგი სოფელს და ზოგიც კი –
თავის თავს მოუკვდებაო.
ბიჭი:
– არ დაილევა შაირი,
არ გამიცვდება სიტყვაო,
შეგსრულებოდეთ ყოველი,
რაც ახალწლობას ითქვაო.
გოგონა:
– გქონოდეთ ჯანი, სიკეთე,
სიყვარული და ხვავიო.
სტუმრისთვის ფართოდ გაგეღოთ
თქვენი დარბაზის კარიო.
გოგონა:
– კარგად გყოლოდეთ შვილები,
არ დაგლეოდეთ ხალისი,
მუდამ გქონოდეთ იმედი
უფალიანი ხვალისი.
ბიჭი:
– ნუ შეშინდები მამულო,
ხელში გვიჭირავს შენი მზე,
ჩვენა ვართ შენი იმედი
და შენი გამარჯვები დღე.
სიცოცხლევ, შენით ვლაღდებით,
ვწოვთ მიწის ძუძუს კერტსაო,
ამ ჩვენი ქართველობისთვის
მადლობას ვწირავთ ღმერთსაო.

დასასრული

წყარო: http://libofund.blogspot.com/2010/08/blog-post_8520.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s