ბესო ხვედელიძე: მელოტთათვის


Beso Khvedelidze

ბესო ხვედელიძე

მელოტთათვის
(ისტორიული აბსურდი ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

მეფე
დედოფალი
ჯუჯა (პირველი ვაზირი)
ბაზიერი
მიმინო
ინდაური

(მეფე სამეფო დარბაზის დაორთქლილ ფანჯარასთან დგას და მინაზე საჩვენებელი თითით ისარგაყრილ გულს ხატავს. თან ღიღინებს. ხმაურით იღება დარბაზის კარი და შემოდის ჯუჯა კაცი.)

ჯუჯა (ყვირილით): სასახლის კარის პირველ ვაზირთა უკანასკნელი კონკურსის ლაურეატი, ვინმე ჯუჯა, გვარს არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი ბრძანების თანახმად, გამოვცხადდი თქვენს წინაშე! გისმენთ და გემორჩილებით, პატივცემულო!

(მეფე შემკრთალი ტრიალდება. შემოსულს თავიდან ფეხებამდე ზომავს. მერე შუბლს კრავს. ტახტთან მისული ზედ ხმაურით ეღვენთება, ხელში ოქროსბუნიკიან ჯოხს იჭერს და თავზე გვირგვინს გაჭირვებით იხურავს)

მეფე (კვნესის): ოჰ, წელი, წელი… მომკლავს ეს ოხერი… (უცებ მკაცრდება) ჰმ! და გვარს რად არ აქვს მნიშვნელობა?!
ჯუჯა (ყვირილით): უხერხულად გამოითქმის, პატივცემულო!
მეფე (მრისხანედ): ჰმ… უხერხულადო? მერე რა გაყვირებს, შე უდღეურო?! ჯერ არც ყურს მაკლია და ტყეც მგონი შორს უნდა იყოს აქედან!
ჯუჯა (ყვირილით): სულ ეგრე ვლაპარაკობ, პატივცემულო. რა ვქნა, არ გამომდის სხვანაირად!
მეფე: მაშინ, გაჩოჩდი უკან! ეგერ, კარებთან დადექ და იქიდან იყვირე. (ჯუჯა უკუსვლით იხევს კარისკენ) ისედაც თავი მიბჟუის… ეგ «პატივცემულო» რაღაც ახალია. თავად მოიფიქრე?
ჯუჯა (ყვირილით): ჩემი მოკლე ჭკუით ვიფიქრე, რომ გასიამოვნებდით, პატივცემულო!
მეფე: მერე ჩემს მეფობას რა ვუყოთ?
ჯუჯა (ყვირილით): მაშინ, პატივცემულო, «პატივცემულო მეფეო»-თი მოგმართავთ აწ და მარადის!!!
მეფე: ჩუმად-მეთქი!!.. (ჯუჯა მორცხვად ქინდრავს თავს. მეფე დგება, ჯუჯას წრეს არტყამს და აკვირდება. მერე თავის ადგილზე ბრუნდება.) წერა-კითხვა თუ იცი, უბედურო?
ჯუჯა (ყვირილით): პირველ ვაზირთა კონკურსში, პატივცემულო მეფეო, მაშ რა პირით გავბედავდი მონაწილეობას? უბირი პირველი ვაზირი რომელ წესიერ და პატიოსან მეფეს შეშვენის! აქედან მადლობა ზეცაში ცხონებულ ბებიაჩემს. ბრძენი და ბერძენი დედაკაცი გახლდათ საცოდავი. ბავშვობაში სუ ეკლებიანი ტოტებით მადგა თავზე და ისე მასწავლიდა ანბანს!
მეფე (მეოცნებედ): ოჰ, ელადა, ელადა… პანათინაიკოს-ოლიმპიაკოს! (ერკვევა) ძალიანაც დიდებული!.. უნდა მოგეხსენებოდეს, რომ ჩემი თანამეცხედრე-დედუფალიც ბერძენია. აი, ეს კაბა-ჯუბაც, მე რომ მაცვია, იქაურია… მდაა, წერა-კითხვა გცოდნია. ძალიანაც კარგი და, ისევ დიდებული… კიდევ რა უნდა მეკითხა?.. ჰო, გამახსენდა… სიზმრები როგორი გეზმანება, პირველო ვაზირო?
ჯუჯა(ყვირილით): გაგიკვირდებათ, პატივცემულო მეფეო, მაგრამ სიზმრები საერთოდ არ მეზმანება, თუმცა, თუ მიბრძანებთ – შევეცდები აწი დავიზმანო!
მეფე: შეეცდები აწი დაიზმანო… რა სიბრიყვეა, ღმერთო ჩემო, რა სიბრიყვეა!!
ჯუჯა (ყვირილით): გეთანხმებით, პატივცემულო მეფეო!
მეფე: აბა ერთი არ დამეთანხმო… სამაგიეროდ, პირველო ვაზირო, გაგიმხელ და, მე მეზმანება სულ ფერად-ფერადები და უცნაურები. ასე მაგალითად, გუშინდელმა სიზმარმა ერთი ფრიად ჭკვიანური რჩევა მომცა… აფნცჰხი!! (აცემინებს)
ჯუჯა (ყვირილით): ქვეყნის სანიმუშოდ მართვა და გაძღოლა, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ჰმ… გაიხარე, გაიხარე! ჰოდა, სიზმარმა ფრიად ჭკვიანური რამ მიკარნახა-მეთქი… ანუ – ვინაიდან წერა-კითხვის მცოდნე ბრძანდები, პირველ ვაზირობასთან ერთად კიდევ ერთი თანამდებობის შეთავსება მოგიწევს.
ჯუჯა (ყვირილით): რომელ თანამდებობაზეა საუბარი, პატივცემულო მეფეო?
მეფე (მრისხანედ): შემოპასუხებას როგორ მიბედავ, რეგვენო! უმალ თავი უნდა ჩაღუნო და თქვა, რომ მეფის ბრძანების მზად ხარ სიკვდილისთვისაც კი!
ჯუჯა (ყვირილით): თქვენის ბრძანებით მზად ვარ სიკვდილისა და ხელმეორედ დაბადებისთვისაც კი, პატივცემულო მეფეო!
მეფე: თავი რატომ არ ჩაღუნე?
ჯუჯა(ყვირილით): მეტზე არ მეღუნების, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ხელმეორედ დაბადება რაღაა? მე ეგეთ ტუტუცურ ბრძანებებს არ ვიძლევი! მსგავსი აბდაუბდა თუ მომესმინოს!.. მორჩა! მოკლედ, იმსახურებ მეორე თანამდებობაზეც!
ჯუჯა(ყვირილით): არის, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ჟამთააღმწერლობა, იგივ მემატიანეობა, უნდა მოგეხსენებოდეს რასაც ნიშნავს?
ჯუჯა(ყვირილით): ბუნდოვნად, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ეგ არაფერი. თავის დროზე არც მე ვიცოდი. უადვილესი რამაა. გიხსნი პირველად და უკანასკნელად: – ჟამთააღმწერლობა შენ გაკისრებს დაიჭირო ხელში ფრთა ბატისა და ჩემის კარნახით აღნუსხო ყოველივე მნიშვნელოვანი, აქამდე მომხდარი და აწ მოსახდენი ჩვენი სამეფოს თავზე.
ჯუჯა (ყვირილით): სიზმარმა თუ გიკარნახათ ეგ ამბავი, პატივცემულო მეფეო, მამულიშვილური რამ გზმანებიათ! მაგრამ ბატის ფრთა საიდან მოვიტანო, პატივცემულო მეფეო? როგორც მომახსენეს, უკანასკნელი შინაური ბატისთვის, თქვენი მეუღლის, პატივცემული დედოფლის დღეობაზედ წაუცლიათ თავი. გარეულები კიდევ, იმავდღეს თქვენი ბრძანებით თბილი ქვეყნებისკენ გაურეკავთ – ნაბახუსევზე ყიყინს შეუწუხებიხართ. ასე რომ, გაზაფხულამდე, პატივცემულო მეფეო, ბატის ჭაჭანება არ იქნება სამეფოში.
მეფე: ვახ, ეგ რა ხათაბალა ჩამიდენია… მოკლედ არიან, თუ არ არიან, მე გიბრძანე! მეფის ბრძანებას კი, მაგხელა გოგრა იმისთვის გადევს მხრებზე – დაიმახსოვრე – შესრულება უხდება!
ჯუჯა (ყვირილით): არის პატივცემულო მეფეო! თქვენს ბრძანებას შესრულება უხდება. ცოცხალმა თუ მკვდარმა ფრთა უნდა მოვიძიო!
მეფე: მკვდარი რაში მჭირდები?! ცოცხალმა, ვირო!

(ჯუჯა სწრაფად გარბის დარბაზიდან. მეფე თავიდან გვირგვინს იხსნის, ორთქლავს და კაბის კალთით იწყებს მის გაპრიალებას. დარბაზში დედოფალი შემოცქრიალდება)

დედოფალი: შენ ყვიროდი, ჩიტო?
მეფე: ეგ სიტყვა მეორედ აღარ დამიძახო!
დედოფალი: მოფერებით დამცდა, სიყვარულო. რა ხმაური იყო?
მეფე (ხმადაბლა): პირველი ვაზირი გვყავს ახალი. კაი გაქნილი ვინმე ჩანს. წინა ხომ გახსოვს რა ლენჩიც იყო? ეს კიდევ სულ ყვირილით ლაპარაკობს – სხვანაირად არ შემიძლიაო. მაგის მართლა ყვირილი რაღა იქნება. ბრძანება მივეც – ვერ შემისრულებს და რაც მოუვა, თავს დააბრალოს!
დედოფალი: კარგი რა, ჭუკლი! სულ წვრილმანებზე ჯავრობ. ხომ თქვა დალაქმა, უზმოზე უხასიათობა თმის ძირებს აზიანებსო. აბა მე შემხედე, სულ გადასარევ გუნებაზე რომ ვარ, რა დალალები მაქვს.
მეფე: მაიცა რა, დედოფალო! რა დროს დალალებია. რომ არა მაქვს, განა რითა ვარ სხვაზე ნაკლები?!
დედოფალი (ტკბილად): რომ გქონდეს, სულ ჩემი ხელით დაგვარცხნიდი, აგიფუებდი, თავად გაგკრეჭდი-ხოლმე…
მეფე: მერე დალაქმა რაღა აკეთოს. შენს მაგივრად ჩამიწვეს ლოგინში?
დედოფალი: უიმე, სხვათა შორის, დალაქმა გუშინ თმის ამოყვანის უებარი წამალი მასწავლა.
მეფე: მაგ თავტვლიპას თავისთვის ვერ უშველია და შენ რა წამალს გასწავლის?
დედოფალი: თავისთავზე, ჩემო ჩიტო, უიმე, ისევ სიყვარულის დამცდა, ჯერ არ უცდია. ისე კი, ვინც სცადა ყველაზე გაამართლაო.
მეფე: რაა ეგეთი?
დედოფალი: რაა და, ახალმთვარობისას საკუთარი ფისებით დაიბანოს და მთვარის შუქზე შეიშროსო.
მეფე: საკუთარი ფისებით?
დედოფალი: მააშ!
მეფე: და სხვისი რომ იყოს?
დედოფალი: სხვისი რომ იყოს? უიმე, ეგ კი აღარ მიკითხავს. წავალ, ახლავე გავიგებ…
მეფე: მოიცა, დედოფალო! რა ამბავი… რა ფისები… რა მთვარე… ჭკუიდან ხომ არ გადასულხარ?!

(დედოფალი დარბაზიდან გარბის. მეფე გვირგვინს ისევ თავზე ოხვრით იხურავს. ამ დროს დარბაზში შემოდის პირველი ვაზირი ინდაურით ხელში.)

ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, თქვენი ბრძანება სისრულეშია მოყვანილი!
მეფე: ეგრე ნუ ყვირი-მეთქი, ადამიანო! ეგ რა ცხოველი მოგიყვანია?
ჯუჯა (ყვირილით): ეს ცხოველი არაა, პატივცემულომეფეო. შინაური, კეთილშობილი ფრინველი გახლავთ მძინარე მდგომარეობაში – ინდაურს ეძახიან. ბატის ფრთა ვერსად მოვიძიე და აგერ ეს გაახლეთ. ფრთა იმდენი აქვს, პატივცემულო მეფეო, გული შეიძლება შეგიწუხდეთ – ჭკუიანი კაცი მთელ წელიწადს იმყოფინებს. თავიდან, პატივცემულო მეფეო, ქათმის დაჭერა განვიზრახე. ის იყო წია-წიას ძახილი უნდა ამეტეხა, რომ რასა ვხედავ – ჩასძინებია ინდაურს გალავნის ძირში? მივეპარე, ვეცი და მოვიხელთე. ისეთი დინჯი ფრინველია, არც კი გაღვიძებია…
მეფე (ამრეზით): გამომეჭედა ყურები! ბაზიერი რაღას მიკეთებდა?
ჯუჯა: ვინ ბაზიერი? ჩვენი იასე? რა სათნო და სპეტაკი ადამიანი ხანს, მაგრამ რაღაც ვერ უნდა იყოს მთლად ჭკუაზე. მიმინოები უნდა ავამეტყველოო – დაუჩემებია და იფიცება უშნოდ. თქვენკენ დამაბარა, პატივცემულო მეფეო, ბაზიერი არ ვიყო, თუ საღამოს მეფეს მოლაპარაკე მიმინო არ ჩავახუტოო.
მეფე: მოლაპარაკე მიმინო?.. ოჰ, ღმერთო დიდებულო!.. რას მაძლებინებ, თუ ხედავ?
ჯუჯა (ყვირილით): მეც ზუსტად ეგ არ ვიფიქრე, პატივ¬ცემულო მეფეო? ვეუბნები – ფრინველის ამეტყველება ვინ გაიგონა, ღმერთი ხომ არა ხარ-მეთქი. იმან კიდევ – რწმენა იყოს და ქვასაც ავალაპარაკებო.
მეფე: ამდენ გადარეულს რაღა ყველას ჩემთან უნდა მოგეყარათ თავი…
ჯუჯა (ყვირილით. ინდაურზე): ამას უყურეთ პატივცემულო მეფეო, რამდენი ვიყაყანეთ და მაინც არ გაღვიძებია. მძინარეზე ცოდვა არაა ბუმბულის გამოძრობა? – გვეცლია, გამოეძინა… რა ვიცით, სიზმარში რასა ხედავს…
მეფე: გამოეძინა კი არა, წამოარტყი თავში! ისღა მაკლია მაგის ნებაზე ვიარო!
ჯუჯა (ყვირილით): მძინარე ფრინველზე, პატივცე¬მულო მეფეო, თან შინაურზე, თავში წამორტყმა ვინ გაიგონა, ადამიანი ხომ არაა. მაგას აჯობებს – უცებ გამოვაძროთ – უმტკივნეულო იქნება. მოულოდნელი გამოღვიძებაც არ ვარგა, პატივცემულო მეფეო. უი, მოულოდნელ გამოღვიძებაზე გამახსენდა – ჩვენკენ ერთი ჯადოსანი დედაბერია, მელოტებს თუ იცით რას ურჩევდა? ძილის წინ თავზე საკუთარი შარდი წაისვით და ვიდრე დაიძინებდეთ ოჯახის რომელიმე წევრს სთხოვეთ მოულოდნელად გამოგაღვიძოთო…
მეფე: პირი გაქვთ არა შეკრული, ძაღლიშვილებო?!
ჯუჯა: რომელ პირზე მელაპარაკებით, პატივცემულო მეფეო?

(დარბაზში შემოცქრიალდება დედოფალი)

დედოფალი: სხვისი ფისებით არაფრით არ შეიძლებაო. თორემ ვისიც იქნება იმისი ფერის თმა ამოუვაო. უიმე, ჩემი ხომ არ გვეცადა?
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო დედოფალო, მე სასახლის კარის პირველ ვაზირთა ბოლო კონკურსის ლაურეატი, ვინმე ჯუჯა გახლავართ, გვარს არა აქვს მნიშვნელობა. რა საოცრებაა! სწორედ ისეთი წარმომედგინეთ შორიდან, როგორიც ბრძანდებით. ნება მომეცით თქვენს ნაკვალევს ვემთხვიო და ჩემი უკიდეგანო პატივისცემა თქვენდამი ამგვარად გამოვხატო.
დედოფალი: უიმე, რა სასაცილო სიმაღლე გაქვს, პირველო ვაზირო!
ჯუჯა (ყვირილით): სიმაღლეზე იმას გეტყოდის, პატივცემულო დედოფალო, რომ ასეთი მშობა დედილომ, საოცარი ტყლაპის კეთება იცოდა საწყალმა, გემრიელის…
დედოფალი: ფუუჰ! ტყლაპს ვერ ვიტან დასანახად! სულ უზრდელური სიტყვები მახსენდება! ასეთი ყვირილი რაღა უბედურებაა?! ცოტა იქით მიიწი, თორემ შემომეყარა გულზე! უიმე, ეგ რა მახინჯი რამე გიჭირავს? ახლა არ მითხრა ფარშავანგიაო…
ჯუჯა (ყვირილით): აბა რას ბრძანებთ, პატივცემუო დედოფალო. ფარშავანგს რა უგავს. ესა შინაური და კეთილშობილი ფრინველი ინდაური გახლავთ მძინარე მდგომარეობაში. ფარშავანგის ფრთით არაფრით დაიწერებოდა, წვერი არ უვარგა… ბატები გაგიწყვეტიათ და პატივცემულ მეფეს, სხვა რა საშველი იყო, ინდაური ვაახლე.
დედოფალი: როგორ, წერაც იცი, პირველო ვაზირო?
ჯუჯა(ყვირილით): საწყალი ბებიაჩემის გადამკიდე პატივცემულო დედოფალო. პატივცემულ მეფეს უკვე მოვახსენე რა დიდებული ქალიც იყო – ბრძენი და თან თქვენი თანამემამულე. თოხლოდ მოხარშულ კვერცხზე ირეოდა უბედური, საფლავშიც კი ჩავატანეთ, იმქვეყნად რომ არ მოკლებოდა…

(მეფე სიბრაზისგან ყურებს თითებით იცობს, ტახტიდან დგება და ტახტს გამწარებით არტყამს წრეებს)

დედოფალი: უიმე, პირველო ვაზირო, რას ამბობ, დავიჯერო გაწყვეტილია იმქვეყნად ქათმების სინსილა? მომკალი და ვერაფრით დავიჯერებ!
ჯუჯა (ყვირილით): მე ჯერ არ მომწევია პატივცემულო დედოფალო იქით ყოფნა და… ისე, ჩვენკენ ერთ ჯადოსანი დედაბერი დაფლატუნობს. ერთხელ ჭიდან წყალს ეზიდებოდა, დაუსხლტა ფეხი და ჩავარდა შიგ. სანამ მისმა ქმარმა ყვირილი ასტეხა – კაი გამრჯე კაცია, ცალხელა, დათვს მოუგლეჯია ნადირობისას, ეგეთი მშრომელი და პატიოსანი მეორე არ გენახოთ. მკუხე ალუჩა უყვარს საწყალს ხილებში, ფერებში – მეწამული, სტიქიებში – ნიავი…
დედოფალი: ფუუჰ! ალუჩა რა შესაყვარია…
ჯუჯა(ყვირილით): აბა, რა ვიცი პატივცემულო დედოფალო – ისე კი ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო. ჰოდა, რასა ვყვებოდი?..
დედოფალი: ალუჩა უყვარდაო…
ჯუჯა(ყვირილით): ამ ბოლო დროს პატივცემულო დედოფალო, ქარი დამჩემდა გონებაში. ვიწყებ ერთი ამბის მოყოლას, იქიდან მეორეს გადავწვდები, მერე მესამეს და პირველი კი მავიწყდება. მოკლედ, ვიდრე ის დედაბერი ჭიდან ამოვათრიეთ, კი გაფშიკა ფეხები…
დედოფალი: და ჯადოსანი რაღატომ იყო?
ჯუჯა(ყვირილით): მაგ ამბის მერე გახდა პატივცემულო დედოფალო. გადაგვრია პანაშვიდზე ყველა…
დედოფალი: ვის პანაშვიდზე, ადამიანო?
ჯუჯა(ყვირილით): თავისაზე, პატივცემულო დედოფალო. რომ შეიყარა მთელი სოფელი სამძიმარზე, გადმოალაჯა საღსალამათმა კუბოდან. მდაბიურად რომ ვთქვათ, გაგვიცოცხლდა თვალსა და ხელს შუა. – გაღმა ვიყავი, არ დამიტოვეს და უკან მომაბრუნეს, შენ ჯერ არ გითქვამს შენი მთავარი სიტყვა მიწაზეო. მე შევეკითხე, იქით რა ხდება-მეთქი. იმან კიდევ – ქალების ამბავი გაინტერესებს თუ კაცებისო. მე ვეკითხები – განა ერთად არ არიან-მეთქი. რას ლაპარაკობო, ერთად ვინ გააჩერებსო. ქალები ცალკე დარბაზში არიან შეყრილები, კაცები ცალკეო და თან ტანზე არავის არაფერი აცვიაო.
დედოფალი: ისე, ცალ-ცალკე თუ არიან, რა მოხდა მერე…
ჯუჯა: არც არაფერი, პატივცემულო დედოფალო… საერთო აბანოსავითაა…

(მეფე ყურებიდან თითებს იშორებს და ისევ ტახტზე ჯდება.)

მეფე (ბრაზით): ჰე, ერთი ჭკუისანი რომ შეიყარენით მანდ, აღარ მორჩებით ყბედობას?! დედოფალო, ახლავე დატოვე დარბაზი! ლაყბობაში გაიარა ნახევარმა დღემ! როგორ გგონია ტყუილად უჭირავს ინდაური პირველ ვაზირს?!
ჯუჯა (ყვირილით): ჯერაც არ გაუღვიძია პატივცემულო მეფეო!
დედოფალი: მე მხოლოდ დალაქის ამბავი მოვიტანე…
მეფე: ეგ თქვენი დალაქი და მთვარე აღარ გამაგონოთ! არ მინდა თმა და გათავდა!
დედოფალი (გაკაპასებული): აი, სწორედ მაგ ღრჯუ და ურჯუკმა ხასიათმა გაგაქაჩლა დროზე-ადრე! მე თუ მკითხავ, მაგის გამოა სიმაღლეც რომ არ გაქვს მეფური! აგერ ჩვენი ბაზიერი, იასე, რა მშვიდი კაცია – არც სიმაღლე დაეწუნება და თმაზე ხომ აღარაფერს ვიტყვი.
მეფე: დედოფალო-მეთქი!!

(დედოფალი კაპასი ნაბიჯის გადის დარბაზიდან.)

მეფე (ჯუჯას): შენ კიდევ, რომ დამდგარხარ ყეყეჩივით, არ ამაყვირო ახლა! დროზე გამოაძრე ბუმბული და გადააგდე ეგ ინდაურია თუ რაღაც გარეთ!
ჯუჯა(ყვირილით): მაგაზე გაწყენინებთ, პატივცემულო მეფეო?

(ჯუჯა მეფის ბრძანებას უმალ ასრულებს და ინდაური ფრთით ხელში რჩება. მეფე ამ დროს ჩუმად ანიშნებს ჯუჯას, რომ მივიდეს დარბაზის კართან და მკვეთრად გამოაღოს. ჯუჯა ფეხაკრეფით მიდის დარბაზის კართან და სწრაფად აღებს. კარის გაღება და ზღურბლზე დედოფლის დაცემა ერთია.)

მეფე: მოსმენა გინდოდა არა, შე კახპავ!!
ჯუჯა (ყვირილით): მაპატიეთ, პატივცემულო დედოფალო. ეტყობა ისევ აქეთ შემობრუნება გსურდათ, ვინძლო სათქმელი დაგრჩათ და კარს ხელი რომ მოაყრდენით, სწორედ მაშინ მომიწია გაღება…
დედოფალი (მეფეს. ყვირილით): კახპა თუ კაია შენი დებილი დაა! არსადაც არ გავალ! ფეხსაც არ მოვიცვლი! სად ჯანდაბაიი წავიდე! ძილით ამ შუადღისას რა დამაძინებს?!.. გარეთ ცივა! მერე კიდევ, ბოლოსდაბოლოს, დედოფალი ვარ, თუ ვინ?!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო დედოფალო, შეგიძლიათ ბაზიერთან ჩაბრძანდეთ, ისეთ რამეს ნახავთ, ისეთს…
დედოფალი (ინტერესით): ბაზიერთან რაღა ხდება?..
მეფე: შენ ჩადი დედოფალო და, თუ უკმაყოფილო დაგვირჩე, მერე გამოდი სიტყვით…

(დედოფალი დარბაზიდან გადის.)

მეფე (კვნესის): თავი მისკდება უკვე…
ჯუჯა (ყვირილით): არ ღირს თავის ატკივება, პატივცემულო მეფეო მეუღლის უსაქციელობის გამო. საწყალი ბაბუაჩემისგან გამიგია – ქალები უყვარდა საწყალს – ჰოდა, მისგან მსმენია, – ქალი ისეთი განძია, სულ მიწაში უნდა ინახებოდესო.
მეფე: ჰმ, ეგ რა ყოჩაღი რამე უთქვამს! რაღაც თავი მიბჟუის ისევ, იმდენ სისულელეს ყბედობ და თან ყვირილით. საქმე კი განზე რჩება. რა ვთქვი მე, დროს მოფრთხილება უხდება-მეთქი. აბა მოიმარჯვე ეგ ფრთა. ჟამთააღმწერლობა შენ ვირების ხედვნა ხომ არ გგონია?!
ჯუჯა (ყვირილით): როგორ გეკადრებათ, პატივცემულო!
მეფე: «მეფეო» დაგავიწყდა!
ჯუჯა (ყვირილით): როგორ გეკადრებათ, პატივცემულო მეფეო…
მეფე: მე ყველაფერი მეკადრება! და ახლა ჭკუით! ვიწყებთ უკვე!

(ჯუჯა უბიდან ქაღალდის გრაგნილს იღებს და შლის.)

ჯუჯა (ყვირილით): დაწყება ყოველთვის ძნელია, პატივცემულო მეფეო. ჯადოსან დედაბერზე რომ ვყვებოდი, იმასაც ისე უჭირდა დაწყება… ზეციური ამბების მოყოლაზე ვამბობ. ძლივას დავაწყებინეთ, მაგრამ რომ დაიწყო – ისეთ ეშხში შევიდა, ვეღარ ვაჩერებდით…
მეფე: ისევ ტვინს მტკენ, რეგვენო! ჩვენ რიღათი დავიწყოთ?
ჯუჯა (ყვირილით): რითი, პატივცემულო მეფეო და, ყველას აჯობებს, დავიწყოთ თქვენი გარეგნობით!
მეფე: ჩემი გარეგნობით? განა რა მიყრია გარეგნობაში ისეთი, მანდ ჩასაწერად რომ ღირდეს?!
ჯუჯა (ყვირილით): ეგრე განსჯა ვინ გაიგონა, პატივცემულო მეფეო? არ ყრია და ჩვენ ჩავყაროთ…
მეფე: ეგ როგორ?
ჯუჯა (ყვირილით): როგორ და – თუკი შთამომავლობას გვინდა შემოვუნახოთ თქვენი სახელი, ჩავწეროთ მხოლოდ ისეთ-ისეთები, რომ საუკუნეების შემდგომაც სულ თქვენს ხსენებაში იყონ, პატივცემულო მეფეო…
მეფე: სულ ჩემ ხსენებაში… სულ ჩემ ხსენებაში… მაინც რა ვთქვათ ეგეთი?
ჯუჯა (ყვირილით): რა და პატივცემულო მეფეო, დავიწყოს თუნდაც… მმმ… თქვენი სიმაღლით…
მეფე: ჰე-ჰე, ჩემი სიმაღლითო? გაწი-გამოწი, შენზე ორი თავით მაღალი ვიყო…
ჯუჯა (ყვირილით): მერე, განა ფრთა ჩვენს ხელში არაა?.. ჩავწეროთ – პატივცემულ მეფეს მთა-კაცის სიმაღლე ჰქონდაო.
მეფე: მთა-კაცის? ეგ რამდენია?
ჯუჯა (ყვირილით): რამდენი და, პატივცემულო მეფეო, ჩავწეროთ – ცამეტი ბრჭყალი…
მეფე: რაღა მაინცდამაინც ცამეტი?
ჯუჯა (ყვირილით): მაშ რამდენი?
მეფე: ცამეტი ნამეტანია… მაგ სიმაღლის ხე არ მირგია ეზოში. თან თარსია…
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, იყოს ცამეტი… ყურსა ჭრის… აბა, ის რომ ჩავწეროთ რაც სინამდვილეშია – ხომ შემოგაქცია ზურგი შთამომავლობამ!
მეფე: გავყრუვდი, ადამიანო! ჯანდაბას! ჩაწერე ცამეტი. მაგრამ ვინ დაიჯერებს?
ჯუჯა (ყვირილით): ისემც კარგად დაიჯერებენ, მაგ სიმაღლის ძეგლებსაც კი დაგიდგამენ, პატივცემულო მეფეო…
მეფე: ძეგლებს? ჰოო… ძეგლი კაი რამეა… უხდებათ მკვდრებს…
ჯუჯა (ყვირილით): მერე, პატივცემულო მეფეო, თქვენს ჯანზეც ხომ უნდა ვთქვათ ერთი-ორი ღირსეული სიტყვა?
მეფე: ძაან გაუტიე, აი!… რომელ ჯანზე მელაპარაკები, დაჯდომა-ადგომა მიჭირს, ადამიანო!…
ჯუჯა (ყვირილით): ეგ წელის ტკივილის ბრალი იქნება, პატივცემულო მეფეო. ჩავწეროთ, რომ პატივცემულ მეფეს ისეთი ჯანი ერჩოდა, ნადირობისას ხარ-ირემს რომ მოჰკრავდა თვალს, ცხენიდან ჩამოქვეითდებოდა, ცხენს ამოიღლიავებდა და იმ ხარ-ირემს ფეხით გამოუდგებოდაო. ათ ნაბიჯში ეწეოდა, რქებში ხელს სტაცებდა, მხარზე მოიგდებდა და ისე ბრუნდებოდა უკანო. როგორია?
მეფე (დამცინავად): იღლიაში ცხენით და მხარზე ხარ-ირმით? რეებსაა რო ბოდიალობ? მაგას ვინღა დაიჯერებს?
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, ცამეტი ბრჭყალის სიმაღლის კაცისგან ეგეთები განა რა გასაკვირია?

(დარბაზში შემოდის დედოფალი.)

დედოფალი (მეფეს): შენი ბაზიერი სულ გადასულა ჭკუიდან!!
მეფე: რაო?
დედოფალი: რაღა რაო… დგას მიმინოების გალიასთან და გაშმაგებით მღერის. დამინახა თუ არა, მეცა – დედოფალო, უარი არ მითხრა, მიმინოების ენა უნდა გასწავლოო. ისე შემეხვეწა, ისე გამოიგლიჯა ყელი – უარი ვეღარ ვუთხარი.
მეფე: მერე არ თქვა – ვისწავლეო!
დედოფალი: მაგას რა ისწავლის… თვითონ არ იციან წესიერად!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო დედოფალო… მიმინოებს ენა აბა რაში ჭირდებათ? აი, ჩვენკენ რომ ერთი ჯადოსანი დედაბერი სახლობდა, იმას აქვს მოყოლილი მიმინოებზე…
მეფე: ეგ ჯადოსანი აღარ გამაგონო! დედოფალო, შენ აგერ, გვერდით მომიჯექ, ოღონდ კრინტი არ გავიგო შენი!! ჩვენ რაზე შევჩერდით?
ჯუჯა (ყვირილით): სიმაღლე ღირსეული ჩავწერეთ… ჯანი – გადასარევი. არა, პატივცემულო მეფეო, ჯანზე კიდევ უნდა ვთქვათ რამე სხვანაირი!
დედოფალი: უიმე, ვის ჯანზე ლაპარაკობს?
მეფე (მრისხანედ): რა ვთქვი მე, დედოფალო?!
დედოფალი: უიმე, მაშინ ისიც ჩაწერეთ, ოქროსფერი კულულები ჰქონდა და ცისფერი თვალებიო…
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო დედოფალო, ცისფერს მწვანე ჯობს.
დედოფალი: მწვანეს ზღვისფერი!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, მშვენიერი სურათი იქმნება! შთამომავლობა აღტაცებას ვერ დამალავს. უკვე დროა, არწივის მზერა და მგლის მუხლიც მივამატოს…
დედოფალი: და ლომის სიდიადე?
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემული დედოფლის პირი საოცარ დახმარებას გვიწევს! თქვენს ლაშქრობებსა და გმირობებზეც ხომ უნდა ვთქვათ ერსი-ორი ღირსეული სიტყვა, პატივცემულო მეფეო?
მეფე: რა მელაშქრება, თუ კაცი ხარ… ფეხზე ძლივს ვდგავარ…
ჯუჯა (ყვირილით): ეგრე შორს ვერ წავალთ, პატივცემულო მეფეო… ჯერ მოვიხსენიოთ თქვენი საომარი აღკაზმულობა. ვთქვათ მაგალითად, რომ მუზარადს იხურავდით იმხელას, სამი კაცი ძლივას უწევდა პირს.
მეფე: სამი რა ამბავია?!
დედოფალი: უიმე, სამი რას მიქვია! ექვსი იყოს!
მეფე: დედოფალო! მუზარადზეა აქ საუბარი!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, მოდით რამე ამოვტვიფროთ მუზარადზე უჯიშო მტრის დასაშინებლად!
დედოფალი: უიმე, ტიტველი დიაცები ხომ არა?
ჯუჯა (ყვირილით): ტიტველ დიაცებს აბა ვინ უფრთხის, პატივცემულო დედოფალო… დავსვათ საკითხი ასე: პატივცემულო მეფეო, ყველაზე მეტად რომელი ცხოველი გიყვართ?
მეფე: ცხოველების სიყვარული არ ვიცი მე!
ჯუჯა (ყვირილით): მაშინ, რომელ მტაცებელ ნადირს უფრთხით ყველაზე მეტად?
მეფე: არც ერთი მინახია თვალით და…
ჯუჯა (ყვირილით): პირიდან ცეცხლისმფრქვეველ ნიანგზე რას იტყვით, პატივცემულო მეფეო?
მეფე: რა უნდა ვთქვა?
ჯუჯა (ყვირილით): ჰოდა ჩავწეროთ, რომ მუზარადზე გქონდათ ამოტვიფრული და ამის იმით ზარს სცემდით ბრძოლის ველზე მტერს.
დედოფალი: აი, მეფეც ეგეთი უნდა!!
მეფე: ხელს ნუ გვიშლი, დედოფალო!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, თქვენს ბედაურზე არ ვთქვათ ერთი-ორი დარბაისლური სიტყვა?
მეფე: ხომ ჩაწერე, იღლიაში რომ ვიჩრიდი?
ჯუჯა (ყვირილით): ის, პატივცემულო მეფეო, საშინაო ცხენი იყო. ლაშქრობებში იმას როგორ იკადრებდით? ჩავწეროთ, რომ ბრძოლის ველზე ზეაღმართული იყავის-ხოლმე… მმმ…
დედოფალი: კამბეჩზე ხომ არა?
მეფე: გაგაკამბეჩებ ახლა, დედოფალო! მეფე ვარ თუ მემაწვნე?!
ჯუჯა (ყვირილით): სამთავიან დევთან ნაჯვარი რაში როგორია, პატივცემულო მეფეო?
მეფე: დევები რომ არ არსებობენ?
ჯუჯა (ყვირილით): რას ჰქვია, არ არსებობენ!… აგერ, იმ ჩვენ ჯადოსან დედაბერზე რომ ვყვებოდი, პატივცემულო მეფეო… ერთხელ ტყეში დაფლატუნებდა სოკოზე და უცებ…
მეფე: აღარ გააგრძელო! მჯერა! დევებიც არსებობენ და ეშმაკებიც!!
დედოფალი (აღტაცების): რა ზღაპრულია!
ჯუჯა (ყვირილით): ახლა კი, პატივცემულო მეფეო, უშუალოდ თქვენს მიერ გადახდილ ომებს შევეხოთ…
მეფე: ეგეთი მართლა არაფერი მახსოვს და…
ჯუჯა (ყვირილით): უცებ გაგახსენებთ. მაშ ვისზე გავილაშქროთ, პატივცემულო მეფეო?
დედოფალი: უიმეე! როგორ ყვირი, პირველო ვაზირო?! ცოტა ხმადაბლა, ადამიანო!
ჯუჯა (ყვირილით): წილი ხომ არ გვეყარა?.. ისე, ჩრდილოეთისკენ აჯობებს ჯერ, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ჩრდილოეთში რაღა ჯანდაბა გვინდა?
დედოფალი: იქით ხომ ძალიან სიცივეები იცის?
ჯუჯა (ყვირილით): ლაშქარს თბილი წინდებით შევმოსავთ. არაფერს მოვაკლებთ. თქვენი და ხომ იქითაა გაზრდილი, პატივცემულო მეფეო?
დედოფალი: ეგეთი პირშავი და როკაპი მეორე არ გენახოს! ვერ მიტანს დასანახად!
მეფე: ხელს ნუ გვიშლი-მეთქი, დედოფალო!!
ჯუჯა (ყვირილით): ჩავწეროთ, რომ ჩვილობის ასაკში გაიტაცეს იქითკენ და თქვენ, როგორც კი ტახტზე დაბრძანდით, გადაწყვიტეთ მისი გამოხსნა და მისი გამტაცებლების სასტიკად დასჯა. ჰოდა, პატივცემულო მეფეო, ვითომ აღძარით დიდიძალი ლაშქარი, ქუდი კაცზე თუ კაცი ქუდზე – მოკლედ როგორცაა და გაეშურეთ ამ უზარმაზარი მხედრობით ჩრდილოეთისკენ.
მეფე: კავკასიონს გადავივლით?
ჯუჯა (ყვირილით): დედას არ ვუტირებთ, პატივცემულო მეფეო? მოკლედ, გადაიარეთ კავკასიონი და მიადექის ერთ წყალუხვ მდინარეს…
მეფე: ცურვა რომ არ ვიცი?
ჯუჯა (ყვირილით): ცურვა არც იქნება საჭირო… ეჰ, პატივცემულო მეფეო, ვინღა იცის ჩვენ დროში ნამდვილი ცურვა. აი, ბაბუაჩემი იყო კაცური კაცი. ხანდახან, უქმობისას, ბებილოს ძალით აგდებდა მდინარეში, რომ მერე თვითონვე გადაერჩინა. ყველა თავისებურად აფრენს, პატივცემულო დედოფალო. ჩვენ კი იმაზე შევჩერდით, რომ ცურვა საჭირო არ იქნება-მეთქი. მდინარის იქით დაგიხვდებათ ჩრდილოელების ველური ჯარი.
მეფე: აბა ისინი გადმოვლენ აქეთ?
ჯუჯა (ყვირილით): არა, პატივცემულო მეფეო… ეგრე უცებ ხომ არ გავახურებთ ომს? ჯობს, ჯერ თქვენ აქეთ დაბანაკდეთ. იმათ კი იქითა ნაპირზე დასცენ კარავი. სისხამ დილამდე ორივე მხარე ერთმანეთის ზვერვაში გალევს დროს…
მეფე: დილას კი დავაწიოკოთ!
ჯუჯა (ყვირილით): უფრო საინტერესოდ მოვყვეთ ეგ ამბავი, პატივცემულო მეფეო…
მეფე: მაინც როგორ?
ჯუჯა (ყვირილით): როგორ და, პატივცემულო მეფეო, გარიჟრაჟზე შემოაგდოს მდინარეში ბედაური ჩრდილოელთა ახოვანმა დევ-გმირმა.
მეფე: მარტომ?
დედოფალი: უიმეე… რა მაგარია?
მეფე: მაშ, მეც შემოვახტები ჩემ რაშს და…
ჯუჯა (ყვირილით): მოდით, პატივცემულო მეფეო, ჯერ თქვენი ლაშქრის გოლიათი გაეგებოს. მერე თავისთავად თქვენი ჯერიც დადგება? მანადმე კი, იმათიანმა «უხეთქნოს ხრმალი» თქვენს გოლიათს, გაუპოს თავი და გადმოაგდოს ცხენიდან!
მეფე (მრისხანედ): როგორ, ვიღაც გადამთიელმა რჩეული მხედარი მომიკლას?!
დედოფალი (სევდიანდ): ცაწკალი…
ჯუჯა (ყვირილით): თავდავიწყება ახლა იწყება, პატივცემულო მეფეო. ცხენზე შემომჯდარსა და განრისხებულს ხელში ორი შუბი გიპყრიათ, აჭენებთ ბედაურს და… ცუდს ნურაფერს იფიქრებთ, პატივცემულო დედოფალო… პატივცემულო მეფეო, ორივე შუბს ერთდროულად აძგერებთ წელში იმ მტარვალს და შუბებზე აგებულს გადისვრით წყალში.

(მეფე და დედოფალი ტაშს შემოსცხებენ და ერთმანეთს ეხუტებიან.)

მეფე: ჰა, როგორი ვარ მეფე ვარ, დედოფალო?
დედოფალი (მოფერებით): მერე რა, რო ნაადრევად გამიმელოტდი, ჩემო სიყვარულო… დალაქმა ხომ შემოთვალა რომ…
მეფე: რა ვთქვი მე, დედოფალო! განაგრძე ვაზირო!
ჯუჯა (ყვირილით): ხომ ღირსეული მატიანე იქმნება, პატივცემულო მეფეო?
მეფე: ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი-ერთზე ომი ვის გაუგია?
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, მაგ კითხვაზე ასრე გიპასუხებთ – ერთ ჩემ მეზობელს თეთრი ვირი ჰყვანდა და როდესაც დიდი გრიგალი ამოვარდებოდა…
მეფე: ხომ გიბრძანე, რეგვენო, აღარ მაინტერესებს შენი მეზობლები, დედაბრები, ბებილო-ბაბუები და დედილოები-მეთქი?!!!
დედოფალი: ისევ წვრილმანებზე ჯავრობ, ძვირფასო… რაც თმა გაქვს შერჩენილი იმასაც სულ არ უფრთხილდები…
მეფე: დედოფალო, კიდევ ერთხელ თმაზე დამელაპარაკები და სულ გადავალ ჭკუიდან!!…
დედოფალი: რა დროს ეგეთებზე ბრაზია, ისეთი საინტერესო ამბავი იყოლებოდა…
ჯუჯა (ყვირილით): მართლაც და, სად შევჩერდით, პატივცემულო მეფეო?
მეფე (წყნარად): მე რომ ვიღაც შუბებზე ავაგე…
ჯუჯა (ყვირილით): ჰოდა, ის დღე ეგრე ჩამთავრდა. გავათენოთ მეორე. მზე მთელი თავისი ბრწყინვალებით რომ დაენათა კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს…
მეფე: ბუნების აღწერა რა ჯანდაბად გვინდა?
ჯუჯა (ყვირილით): შენიშვნა მიღებულია, პატივცემულო მეფეო… ბუნება შთამომავლობას არ დააინტერესებს. ანუ აღვნუსხოთ ოდენ ძირითადი მომენტები… მოდით, იქითა მხრიდან ამ ჯერზე გამოვიყვანოთ იმ გოლიათზე ორჯერ უფრო ახოვანი…
მეფე: და იმასაც მოვერიე?
ჯუჯა (ყვირილით): სხვა რა გზა გქონდათ, პატივცემულო მეფეო?
დედოფალი: ყველაფერი დაწვრილებით ჩასწერე, პირველო ვაზირო! სულ ასო-ასო გადავამოწმებ, იცოდე!
ჯუჯა (ყვირილით): ანუ, პატივცემულო მეფეო, თავიდან ის დაგიშენს ისართა სეტყვას, თქვენ კი ფარით აისხლეტთ ყველას. ვერაფერს რომ ვერ გახდება ის უნამუსო, დაუმიზნებს თქვენს რაშს…
მეფე (ყვირილით): ჰმ! ჩემს დევთან ნაჯვარ რაშს?
ჯუჯა (ყვირილით): მეორეცა გყავთ, პატივცემულო მეფეო – იმაზე უკეთესი. ამხელა მეფე-კაცი ცალი ცხენით ხომ არ იკადრებდით ომში წასვლას…
მეფე: მართალია…
ჯუჯა (ყვირილით): ჰოდა, პატივცემულო მეფეო, ელვის სისწრაფით აღმართეთ ყალყზე თქვენი ტაიჭი და დაჭრილი მიაგდეთ იმ ვერაგს… მოიქნიეთ ხრმალი და… გავაგრძელო?
დედოფალი: შუაზე გაჰკვეთოს ის საძაგელი!
ჯუჯა (ყვირილით): იყოს შუაზე.

(მეფე და დედოფალი კვლავ ტაშს შემოსცხებენ და ისევ ერთმანეთს ეხუტებიან.)

ჯუჯა (ყვირილით) შემდეგ შემუსრეთ მათი ლაშქარი და…
მეფე: ისევ მარტომ?
ჯუჯა (ყვირილით): ეგ უკვე მართლა ზღაპარი გამოვა, პატივცემულო მეფეო. შთამომავლობა აღარ ირწმუნებს. ზურგს ხომ იმოდენა მხედრობა გიმშვენებთ. მოკლედ, დაიპყარით ჩრდილოეთი, მერე დასავლეთი…
მეფე: დასავლეთით ზღვაა, ბრიყვო!
დედოფალი: რა მოხდა, მერე? განა ზღვის დაპყრობა არ შეიძლება?
ჯუჯა (ყვირილით): როგორ არ შეიძლება? მაგაში რომ პატივცემული მეფე დავარწმუნო, ერთ სასეირო ამბავს მოვყვები…
მეფე: თემიდან ნუ უხვევ! განაგრძე!
ჯუჯა (ყვირილით): მერე კი გაეშურეთ სალაშქროდ ჰინდოეთს, თქვენი მეგობარი მეფის მიწვევით…
მეფე: ჰინდო მეფეებს სულ არ ვიცნობ…
ჯუჯა (ყვირილით): სამაგიეროდ, ისინი გიცნობენ, პატივცემულო მეფეო…
დედოფალი: და ჩემზე არაფერს ჩაწერთ?
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, საშვილთაშვილოდ შევრცხვებით, თქვენს აღმშენებლურ საქმეებზე რომ არ ვქვათ სიტყვა…
მეფე: ეგ რაღაა?
ჯუჯა (ყვირილით): შთამომავლობის საკეთილდღეოდ თქვენს მიერ რაიმე კეთილშობილურის ჩადენაზეც ხომ უნდა მოვყვეთ?
დედოფალი: ჩემი ქერა დალალები როდისღა?
მეფე: გვაცალე, დედოფალო!
ჯუჯა (ყვირილით): თუნდაც ქალაქი რომ დაგვეარსებინა?
მეფე: ეგ რომელი?
ჯუჯა (ყვირილით): ამჟამად სადაც ვიმყოფებით, პატივცემულო მეფეო… ჩავწეროთ რომ თქვენი დაარსებულია და მოვყვეთ როგორ…
დედოფალი: უიმე, ჯერ ჩემ დალალებზე და მერე რაზეც გენებოთ!!!

(დარბაზში შემოდის წელში გაჯგიმული ბაზიერი. მაჯაზე უზის მიმინო.)

მეფე (მრისხანედ): დაუკაკუნებლად როგორ გაბედე, ბაზიერო?!
ბაზიერი (დინჯად): წინაპართა ძვლებს გეფიცებით, უნდა გაგაოცოთ, თქვენო უდიდებულესობავ!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემული მეფე გეკითხება, როგორ გაბედე ხელის შეშლაო?!!
ბაზიერი: ასეთი რამ, მეფეო, სადმე თუ მოგესმინოთ, ანდა გენახოთ… წინაპართა ძვლებს გეფიცებით… აგერ უსმინეთ – ერთი, ორი და… სამი!

(სიჩუმე.)

ჯუჯა (ყვირილით): გამასხარავებას უბედავ, პატივცემულ მეფესა და დედოფალს, ბაზიერო?!
ბაზიერი: იიი… წინაპართა ძვლებს გეფიცებით, მეფეო, ლაპარაკობდა!
მეფე: ვინ ლაპარაკობდა?
ბაზიერი: მიმინო, მეფეო! (მიმინოს) რა ჯანდაბა გეტაკა, შე ოჯახამოსაწყვეტო?!
დედოფალი: უიმე, ჩემი ხომ არ შერცხვა?
მეფე: რა მიმინო ლაპარაკობდა, ბაზიერო! გაროზგვა ხომ არ მოგენატრა, ნეტავ ვიცოდე?!
ჯუჯა (ყვირილით): ისე, პატივცემულო მეფეო, ჩვენკენ, ერთ გლეხიკაცს ძაღლი ჰყავდა გაქუცული და…
მეფე: ახლა გადავირევი!!
ბაზიერი: წინაპართა ძვლებს გეფიცების, მეფეო, ეს სასიკვდილე, სანამ აქ ფეხს არ შემოვდგამდი, ენას არ აჩერებდა.
მეფე: რაო, რას ამბობდა?
ბაზიერი: თავიდან, მეფეო…. ხმა რომ ამოიღო, არც მორიდებია, წინაპართა ძვლებს გეფიცებით – ბაზიერო, ნეტაი შენ ჭკუა მოგცა, მე კი ხოხობი საჯიჯგნადო…
ჯუჯა: და ახლა რატომაა ჩუმად?
ბაზიერი: შესაძლოა, ვინმეს უცხოობს, ან აღარ ვიცი…
მეფე: ვის უცხოობს, ვირო… ყველა ჩვენიანია…
დედოფალი: ვაცალოთ, გაშინაურდეს!
მეფე (დამცინავად): ყურის ძირები ხომ არ დაგვეფხანა ბარემ, დედოფალო?!
მიმინო: მის უდიდებულესობა მეფეს ჩემი ფრინველური სალამი!!
დედოფალი: უიმე, დაილაპარაკა!
ბაზიერი (ნასიამოვნები და ამაყი): აკი ვამბობდი, წინაპართა ძვლებს ტყუილად ხომ არ დავიფიცებდი… თქვენ კიდევ არ გეჯერათ…
მეფე: ბაზიერო, უთხარი, კიდევ თქვას რამე!
ბაზიერი: ჰე, თქვი კიდევ რამე!
მიმინო: რა ვთქვა?
ბაზიერი: სულ ერთია, ოღონდ თქვი და…
მიმინო: ეგ რა მშვენიერი დალალები გქონიათ, დედოფალო!
დედოფალი: უიმე, ჩემი სიკვდილი – ჩემი ქერა დალალები შემიქო!!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, ეს მიმინოც აუცილებლად ჩასაწერი გვყავს!
მეფე: ნუ ღრიალებ! ვინ დაიჯერებს რომ ლაპარაკობდა?
დედოფალი: ჩვენ ხომ ვხედავთ და გვესმის? სახელი თუ აქვს?
მიმინო: დედოფალო, ჩვენ, მიმინოებს სახელები არ გვაქვს. არც გვარები… მე პირადად სხვებისგან იმის გამოვირჩევი, რომ – აგერ დამაკვირდით… კინკრიხოზე ბუმბული მაქვს გაცვენილი დარდისგან…
დედოფალი: მაგას უცებ ვუშველით! ჩვენმა მკურნალმა მასწავლა, ახალმთვარობისას საკუთარი ფისები უნდა მიისვ-მოისვა ეგეთ ადგილებზეო…
მიმინო: ჩვენ, დედოფალო, მიმინოები, საერთოდ არ ვფისავთ!
დედოფალი: უიმე, იკავებთ?
მეფე: მერამდენეჯერ უნდა გიბრძანო, დედოფალო, თმასა და შარდზე კრინტი აღარ დაძრა-მეთქი!
ჯუჯა (ყვირილით): რა ვქნათ, პატივცემულო მეფეო, არ ჩავწეროთ მიმინო?
მეფე: ლაყბობის იქით რა იცი, ფრინველო?
მიმინო: ნაირ-ნაირი სიმსუქნის ხოხბების ჭერა.
დედოფალი: უიმე, ჩემი წავუსვათ და ოქროსფერდალალებიანი მიმინო გვეყოლება.
მეფე: დედოფალო, კიდევ ერთხელ იგივე, და მიგაბრძანებ გარეთ! ბაზიერო, შენ და აეგ ფრინველი აგერ, ახლოში მომიკალათდით! არ გავიგონო წამოძახილები!!
მიმინო: იერზე გატყობს, მეფეო, საშვილიშვილო საქმით უნდა იყოთ დაკავებული!
მეფე: რაზე შევჩერდით, პირველო ვაზირო?
ჯუჯა (ყვირილით): ქალაქის დაარსებაზე, პატივცემულო მეფეო!
მეფე: ცოტა ჩუმად რომ იყვირო, გგონია ვერ გავიგებ? ქალაქი როგორღა დავაარსოთ?
მიმინო: თქვენის ნებართვით, მეც წაგეშველებით მაგ ამბავში, მეფეო!

(დარბაზიი შემოდის გაფხორილი ინდაური)

მეფე: ეს საიდანღა შემოჭაჭანდა?!
ინდაური: ვინ გამიბედა ყველაზე გრძელი ბუმბულის გამოძრობა?!

(ჯუჯა ინდაურის ფრთასა და გრაგნილს ზურგს უკან მალავს)

ჯუჯა (ყვირილით): ერთი ამას უყურეთ, პატივცემულო მეფეო!
მეფე: გააძევეთ ახლავე აქედან! სამეფო დარბაზია ეს თუ საქათმე?!
ინდაური: რადგან აქამდე ხმას არ ვიღებდი, სულ არარაობა გეგონეთ და გადამიარეთ, არა? არა, თუ ვაჟკაცია, დამენახოს ერთი, რომელი იყო ის ჭკვიანი, სისულელეების საჯღაბნად ყველაზე გრძელი ბუმბული რომ ამომაპუტა!
ჯუჯა (ყვირილით): ბაზიერო, შენი ფრინველებს უკეთესად ესმით!
დედოფალი: სადაც მიმინოს ასწავლე, იქ ამასაც დააშოშმინებ!
ინდაური: მეძინა და დრო იხელთეთ, არა, მთხლეებო?
ჯუჯა (ყვირილით): დახეთ, რეებსა ბედავს, პატივცემულო მეფეო?
მეფე (მრისხანედ): ინდაურო!!
ჯუჯა (ყვირილით): ბაზიერო, ამ ქათმის მორჯულება შენზეა-მეთქი!!
ინდაური (ჯუჯას): ვინაა ბიჭო, შენი ქათამი?!
ბაზიერი (დინჯად): წინაპართა ძვლებს გეფიცებით, მეფეო, შეხეთ, როგორ ელაპარაკება პირველ ვაზირს?!
ჯუჯა (ყვირილის ინდაურს): იჰ! შენი ბიჭი ვინღაა?!
ინდაური (ჯუჯას): ბიჭო, ვინაა-მეთქი შენი ქათამი?! ხომ არ გინდა ერთი მოგაფეთო მაგ სიფათში?!
დედოფალი: უიმე, ახლავე გაჩერდით და ჩამოართვით ხელი ერთმანეთს!
მეფე: დედოფალო, შენ არავინ გეკითხება!
ინდაური: ამას ხელი როგორ ჩამოვართვა, ამ…
ჯუჯა (ყვირილით): გაწი ეგ შენი ჭუჭყიანი ფრთა!
ინდაური: გეხები, ძმაო?!
ჯუჯა (ყვირილით): გაწი-მეთქი ეგ შენი სუნიანი ფრთა!
ინდაური: ჰაერი საერთოა, ძმაო! ხომ არ გეხები?
დედოფალი: უიმე, მანდილი ხომ არ ჩამეგდო?
მეფე (ჯუჯას): ვაზირო, ახლავე გარეთ გააგდე ეგ ინდაური!!
ჯუჯა (ყვირილით): გაეთრიე ახლავე გარეთ!!!
ინდაური: მოიცა-მოიცა! ხელში რა გიჭირავს, კარგად დამანახე! მოიცა, ეგ შენ არ იყავი, ბუმბული რომ მომაპუტე და ფანჯრიდან მისროლე?
მეფე: ჰო, ეგ იყო. მერე?
ბაზიერი: ინდაურო, დაწყნარდი ახლა და წადი შენი გზით. წამო, თუ გინდა სიმინდს დაგიყრი, წინაპართა ძვლებს გეფიცები…
ინდაური: შეიყარე ეგ შენი სიმინდი უკან. ე, გამიშვით, ჩემი დედას გეფიცებით!! (იწევს ჯუჯასკენ)
ჯუჯა (ყვირილით): ვისზე იწევი, შე ინდაურო, შენა?!
დედოფალი: უიმე, გააშველეთ!
ჯუჯა (ყვირილით): შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?!
ინდაური: ბუმბული ვის გამოაძვრე, შე არაკაცო?!
ჯუჯა (ყვირილით): ვინაა შენი არაკაცი?!
ბაზიერი (მიმინოს): ცუდი სუნი ტრიალებს, წინაპართა ძვლებს გეფიცები… სიტყვა უნდა ჩააგდო…
მიმინო: რა ვთქვა?
ბაზიერი: შენებურია და იქნებ დაგიგდოს ყური, წინაპართა ძვლებს გეფიცები…
მიმინო (ინდაურს): ეი, თავგასიებულო! ერთი აქეთ მომხედე!
ინდაური (მიმინოს): ეს ვინღაა?
მიმინო: ვეღარა მცნობ არა?
ინდაური: ჩემნაირო, შენც ამათკენ ხარ?
მიმინო: ამათკენ კი არა, როგორ გაბედე მეფე-დედოფლის შეწუხება ერთი ბინძური ბუმბულის გამო?
ინდაური: ვისა, ბიჭო, მე მეუბნები?!
დედოფალი: დიახაც, შენ გეუბნება!
მიმინო: როგორ გაბედე-მეთქი?!
ინდაური: ეს ნახე რა დღეშია. გამო აბა ერთი გარეთ!
ბაზიერი: გგონია შეეშინდება? არც ერთი წამით, წინაპართა ძვლებს გეფიცებით… მიდი, მიმინ!!

(მიმინო და ინდაური ერთად გადიან დარბაზიდან.)

მეფე: რა იყო ეს?!.. ამ ფრინველსაც შენ ასწავლიდი, ბაზიერო, ლაპარაკს?
ბაზიერი: არა, მეფეო… წინაპართა ძვლებს გეფიცებით… ქათმებთან და ინდაურებთან აბა რა საქმე მაქვს…
დედოფალი (მეფეს მოფერებით): ჩემო ჩიტო, მაგ შენს ერთ ბღუჯა თმას ეგ უნდოდა?
მეფე: თავი დამანებე, დედოფალო! ყელში ამოვიდა ეგ შენი თმა და დალალები!
დედოფალი: ჩემი დალალებისგან რაღა გინდა?! ამის მეასედი მაინც გქონდეს!
ბაზიერი: დედოფალო, როგორ ბრძანეთ იმ წამალზე? ამ მიმინოს იქნებ ვუშველო რამე, თორემ რაც გამიმელოტდა, ახალგაზრდა მიმინოები პატივს აღარ სცემენ, წინაპართა ძვლებს გეფიცების…
დედოფალი: როგორ და – როგორც მკურნალმა დამარიგა: ახალმთვარობისას საკუთარი ფისებითო…
ბაზიერი: ჩემით?
ჯუჯა (ყვირილით): შენით კი არა, იმისით!
ბაზიერი: ისინი რომ არა შვებიან?
მეფე: ახლა გავგიჟდები!
დედოფალი: მაშინ შენით! მაგრამ შენ თმის ფერი არ გივარგა!
ჯუჯა (ყვირილით): პატივცემულო მეფეო, ისე ყველაფერი რომ განზე გადავდოთ, რა საოცრად შეგცვლიდათ და მოგიხდებოდათ კაი ოქროსფერი თმა…
დედოფალი: უიმე, მიმინოზეც ჩემით ხომ არ გვეცადა? ოქროსფერდალალიანი მიმინო ჯერ არცერთ მეფე-დედოფალს არა ჰყოლია.
მეფე: ყველანი გინდათ გაგაძევოთ?!
დედოფალი: რა დროს გაძევებაა… ახალმთვარობა როდის უწევს, ბაზიერო?
ბაზიერი: დღეს ღამით, დედოფალო, წინაპართა ძვლებს გეფიცებით… მიმინო სადღა დაიკარგა ამდენ ხანს? გავიდე ერთი, ვნახო!

(ბაზიერი გადის დარბაზიდან).

დედოფალი: ჰოდა, ჩვენს მიმინოს ოქროს დალალებს ამოვუყვანთ! (მეფეს) შენზეც ვცადოთ რა, ჩიტო? ჯერ მიმინოზე, მერე შენზე!
ჯუჯა (ყვირილით): ჩვენი თუ გერიდებათ, პატივცემულო მეფეო, რა გჭირთ მოსარიდებელი… უცხოები ხომ არ ვართ…
დედოფალი: ჩემ ჩიტუნას ოქროსფერი დალალები ექნება!
მეფე: ჩიტუნას მოგცემ მე შენ!
ჯუჯა (ყვირილით): ამდენი, პატივცემულო მეფეო, ბაბუაჩემს არ უხვეწნია, ბებილო რომ ცოლად მოიყვანა…
მეფე: ეგეც ჩავწეროთ, რეგვენო?!
ჯუჯა (ყვირილით): სადა, აქა? არა, პატივცემულო მეფეო, ეგ რა სახსენებელია. სადაც გავჩერდით, ზუსტად იქიდან განვაგრძოთ. სად ვიყავით?
მეფე: ქალაქის დაარსებაზე.
ჯუჯა (ყვირილით): თქვენს თმაზე კი კრინტი არ იქნება დაძრული.

(დარბაზში შემოდის აცრემლებული ბაზიერი.)

ბაზიერი: წინაპართა ძვლებს გეფიცებით, მეფეო… წინაპართა ძვლებს გეფიცებით…
დედოფალი: რა მოხდა, ბაზიერო?
ბაზიერი: სულ წყალში ჩაიყარა შრომა, წინაპართა ძვლებს გეფიცებით…
მეფე: რა ძვლები? რომელი შრომა?
ბაზიერი: იმათ იქ ძიძგილაობა დაუწყიათ…
ჯუჯა: ვისა?
ბაზიერი: ვისა და ჩემ მიმინოს და იმ ტიალ ინდაურს.
მეფე: მერე?
ბაზიერი: მერე, მეფეო, ამ ჭიდაობა-გორაობაში კი ჩაცვენილან თქვენთვის გაცხელებულ აბანოში…. ორივე მოხარშული ტივტივებს, წინაპართა ძვლებს გეფიცებით!
დედოფალი: ვაიმე… რას ამბობ!
ბაზიერი: ერთმანეთს ჩაკონილები, დედოფალო, წინაპართა ძვლებს გეფიცებით!
ჯუჯა (ყვირილით): ეჰ, მეფეო, საცოდავმა ბაბუაჩემმა, აი იმან, ქალები რომ უყვარდა, იცოდა ხოლმე თქმა…
მეფე: რა დროს ბაბუაშენია, ბრიყვო?!!!
დედოფალი (ქვითინით): საწყლებიიიი… ის ინდაურიც როგორ შემეცოდაა…
ჯუჯა (ყვირილით): ყველანი წუთისოფლის შვილები ვართ, პატივცემულო დედოფალო… რას გადიოდნენ გარეთ…. აქ გაერკვიათ საქმე… შენ კიდევ, ბაზიერო, ის შენი მიმინო სულ ტყუილად ჩარიე მაგ ამბავში… გეცლიათ და მაგ ინდაურს მე თვითონ მოვუგრეხდი კისერს…
ბაზიერი: იქით არ მოეგრიხა, წინაპართა ძვლებს გეფიცებით!
ჯუჯა (ყვირილით): ვის უნდა მოეგრიხა?! იმას ჩემთვის?
დედოფალი: ახლავე ორივემ ჩაიწყვიტეთ ხმა!
მეფე: მოდით ახლა, ყველამ ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ უდროოდ მოხარშულების… მმმ… უდროოდ დაღუპულთა ხსოვნას.

(ყველანი დგებიან და თავებს ქინდრავენ.)

მეფე: თავისუფლაად!!
ჯუჯა (ყვირილით): ბაზიერო, ერთი შენ არ იცრემლებოდე. ფრინველის ლაპარაკი არ გამიგია მე. ნამეტანი მოუვიდათ და დაისაჯნენ კიდეც! პატივცემულო მეფეო, თუ გნებავთ, მზარეულს ვეტყვი, გავაპუტინებ და კაი ჩახოხბილსაც გავაკეთებინებ.
დედოფალი: ცხიმიანის ჭამა ასუქებს! მეორეც ერთი – დღეს თმის ამბავი გვაქვს მოსაგვარებელი.
ჯუჯა (ყვირილით): ჩვენც ხვალ მივირთვათ, პატივცემულო მეფეო და დედოფალო, სადილად.
მეფე: აბა, ერთი წამიყვანეთ და მანახეთ ის საცოდავები.

(მიდიან დარბაზის კარისკენ)

ჯუჯა (ყვირილით): მე სუფრას გავაწყობინებ. თან მზარეულს ხვალინდელ სადილზეც დაველაპარაკები.
ბაზიერი (ქვითინით): ჩემი მიმინო, წინაპართა ძვლებს გეფიცებით…
მეფე: რა ძვლები ჰქონდათ მაინც ამ შენ წინაპრებს ამისთანა, რომ გადაგვაყოლე ზედ?!
ბაზიერი (ქვითინით): მართლა წინაპართა ძვლებს გეფიცებით, მეფეო… წინაპართა ძვლებს…
დედოფალი: უიმე, დღეს რამდენი წყალი მექნება დასალევი! ხიტო, არ დაგავიწყდეს – დღეს ღამით ახალმთვარობაა!!!

(ისმის საზეიმო მუსიკა. ყველანი გადიან.)

ფარდა

1999. თბილისი

წყარო: ლიბ.გე

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s