ია ვეკუა: კვლავ ქართული ფილმის გარეშე


ია ვეკუა

კვლავ ქართული ფილმის გარეშე

24 საათი 22.01.11

როდესაც “ოქროს გლობუსის” უცხოენოვანი ფილმების ნო­მინციის გამარჯვებულად დანიური “უკეთეს სამყაროში” დაასახელეს, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამ ფილმს “ოსკა­რის” ანალოგიური ნომინაციის ჩამონათვალშიც ვიხილავ­დით – ასეც მოხდა და სიუზან ბიერის ნამუშევარი დანარ­ჩენ რვა ფილმთან ერთად კინოაკადემიის ჯილდოს შორტ ლისტში მოხვედრის კანდიდატია.

მათ შორის არ არის ქართული ფილმი, ლევან კოღუაშვი­ლის “ქუჩის დღეები”, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ნომინაცი­აში მოსახვედრად ჯერ კიდევ შემოდგომაზე წარადგინა.

ის რომ კოღუაშვილის ნამუშევარი კარგია, ამაზე უამრავ­ჯერ დაგვიწერია და მკითხველის უმეტესობასაც “ქუჩის დღეები” ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიაჩნია, თუმცა ჩვენი პირადი დამოკიდებულე­ბა საკმარისი არაა. თუ საქართველოში ასეთი კარგი ფილ­მი მხოლოდ 2010 წელს გადაიღეს, მსოფლიოს უამრავ ქვე­ყანაში, ჩვენზე უფრო პატარებშიც, გაცილებით ნაკლები ბიუჯეტითა და კინოტრადიციებით ტრაბახის გარეშე ასე­თი ტიპისა და ხარისხის ფილმებს დიდი ხანია იღებენ. ამ­რიგად იმით, რაც ჩვენ ძალიან მოგვწონს, სხვას ვერ გააკ­ვირვებ, ვერ მოხიბლავ და ვერც სათანადოდ მოთაფლავ, რომ, სულ მცირე, მეორე ლონგ ლისტში მაინც მოგახვედრონ – “ოსკართან” ასე მიახლოვება ხომ ფილმისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი სიტყვით, ორიოდე დღის წინ ამერიკის კინოაკადემი­ის მიერ გამოქვეყნებული სია პირდაპირ გვეუბნება, რომ წლევანდელ “ოსკარზეც” მხოლოდ მაყუ­რებლის როლით უნდა შემოვიფარგლოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ წლებში ქართვე­ლი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმები კიდევ გაგვიჩენენ ნომინაციაში მოხვედრის ჯანსაღ პრეტენზიას.

ახლა კი იმ ფილმებზე, რომლებსაც ნომინირებისა და, შესაბამისად, გამარჯვების შანსიც აქვთ. პირველ რიგში სიუზან ბიერის ფილმის, “უკეთეს სამყაროში” შესახებ, რომელმაც უკვე მოიპოვა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ჯილდო “ოქროს გლობუსის” სახით (აქვე აღვნიშნავთ, რომ ფილ­მის ორიგინალური, დანიური სახელწოდება ითარგმნება, როგორც “შურისძიება”. “უკეთეს სამყა­როში” მისი საერთაშორისო სათაურია). ეს გახლავთ ორი დანიური ოჯახის ურთიერთობის ამბა­ვი, რომელთა გზებიც შემთხვევით იკვეთება და მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იწყე­ბა, თუმცა ეს მხოლოდ თავიდან – სიმარტოვისგან და უბედურებისგან დაცული არავინაა, რაც მათ თითქოს იდილიურ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. საინტერესოა თავად სიუზან ბიერის კინობი­ოგრაფიაც. 2007 წელს ბიერის “ქორწილის შემდეგ” უკვე იყო “ოსკარზე” ნომინირებული (მაშინ გერ­მანულმა “სხვების ცხოვრებამ” გაიმარჯვა), ხოლო 2004 წლის “ძმები” სწორედ ის ფილმია, რომლის რიმეიკსაც ჯიმ შერიდანის ამავე სახელწოდების ფილმი წარმოადგენს (როლებში ჯეიკ გილენჰა­ლი, ნატალი პორტმანი, ტობი მაგუაირი, სემ შეპარდი).

“ოსკარზე” ნომინაციისა და გამარჯვების მეორე კანდიდატი უდავოდ ალეხანდრო გონსალეს ინია­რიტუს მექსიკური “ბიუტიფულ” გახლავთ (სწორედ რომ Biutiful და არა “ლამაზი” ან “შვენიერი”, როგორც თარგმნიან ხოლმე). ეს სწორედ ის ფილმია, რომელში შესრულებული როლისთვისაც ჰა­ვიერ ბარდემმა უკვე მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო და “ოსკარის” ნომინა­ციასაც უწინასწარმეტყველებენ. ბარდემის გმირი, მარტოხელა მამა გაორებულ ცხოვრებას ეწევა. ის იძულებულია კანონი დაარღვიოს, რათა არალეგალურ ემიგრანტებს სამსახურის შოვნაში დაეხ­მაროს, თუმცა ამას მხოლოდ უდედოდ დარჩენილი შვილების გამო აკეთებს. ყველაფერი იცვლე­ბა, როდესაც შეიტყობს, რომ განუკურნებელი სენითაა ავად, ის სიკვდილისთვის იწყებს მზადე­ბას, პარალელურად კი მისი დანაშაულების გამოძიება იწყება. “ბიუტიფულ” ჯერ ჩვენს მეკობრულ ინტენეტ საიტებზე არ დევს, ამიტომ ფილმზე მეტის თქმა ძნელია, თუმცა რამდენიმე ნაწყვეტის ნახვა მაინც შესაძლებელია, რითაც ჰავიერ ბარდემის ძალიან კარგი თამაშის შეფასება შეგიძლიათ.

კანის ფესტივალის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი ჯილდოს მფლობელია ბერძნული “ეშ­ვი” (Kynodontas. ჩვენს საიტებზე დევს), რომელიც ასევე ნომინაციაში მოხვედრის კანდიდატია. ფილმი საკმაოდ მძიმეა, ზოგჯერ აუტანელიც, ყველა მაყურებელზე გათვლილი ნამდვილად არ გახლავთ. სიუჟეტი კი ასეთია: შუა ხნის წყვილი სამ აყვანილ მოზარდ შვილთან ერთად მაღალი ღობით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობს. ბავშვები ღობის იქით არასდროს გასულან, რადგან გამზრდელი მშობლების თქმით, ბავშვს ამის გაკეთების უფლება არ აქვს, ვიდრე პირველ ეშვს არ მოიცვლის. უცხოთაგან ერთადერთი, ვისაც სახლში შემოსვლა შეუძლია, მეზობელი გოგონაა, რო­მელსაც მოზარდი ბიჭისა და გოგონების სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ევალე­ბა. მასთან სიახლოვე, შინ გამოკეტილი და-ძმის ცხოვრებაში ბევრს ცვლის.

სხვადასხვა კინოსაიტები სწორედ ამ სამ ფილმს ასახელებენ “ოსკარის” ნომიანციაში მოხვედრის ყველაზე მეტი შანსის მქონე ნამუშევრებად, თუმცა ნომინაციისთვის ბრძოლას აგრძელებენ ალჟი­რული “კანონს მიღმა”, კანადური “ცეცხლის გამჩაღებლები”, იაპონური “აღსარებები”, სამხრეთ აფ­რიკული “ცხოვრება, ყველაფერზე მაღლა”, ესპანური “წვიმაც კი” და შვედური “მარტივი საიმონი”. კინოაკადემიის ჟიურის წევრებს ახლა მხოლოდ ის დარჩენიათ ამ ცხრიდან საუკეთესო ხუთეული შეარჩიონ, ნომინანტების შესახებ კი 25 იანვარს შევიტყობთ. ამავე დღეს გახდება ცნობილი დანარ­ჩენი ნომინანტების შესახებაც. დაჯილდოების ცერემონიალი კი 27 თებერვალს გაიმართება.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/cinema/2011-01-22/13313.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s