ირაკლი ლომოური: უსუი


რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი

BetaCam, ფერადი, 36 წთ.

პროდიუსერი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორი: ირაკლი ლომოური
ოპერატორი: დავით გუჯაბიძე
მხატვარი: კონსტანტინე ჯაფარიძე
მუსიკა: ნოდარ მამისაშვილი
მონტაჟი / ხმის რეჟისორი: გიორგი ბაბალაშვილი
მონაწილეობენ: ლევან წულაძე, ნანუკა ხუსკივაძე, თემურ კლდიაშვილი, დიმიტრი ბათიაშვილი, ნანა მჭედლიძე, მედეა ჩახავა, დუტა სხირტლაძე,ელისაბედ ჭიჭინაძე

საპროდიუსერო კომპანია: „ნეოსტუდია“.

სინოფსისი:

ცხოვრებისეული ამბავი აბსურდული დასასრულით. კაცს გაუჭირდა და ღმერთს შეევედრა, მიშველეო. ღმერთმა ურჩია: ხელი გაანძრიე და გეშველებაო. კაცმა შეისმინა და ეშველა. ღმერთი დაფიქრდა და მიბაძა კაცს.

წყარო – http://www.gnfc.ge/?action=films&film_id=69&pageon=47

Irakli Lomouri

ირაკლი ლომოური

უსუი
(მოთხრობა)

გეგა, ახალგაზრდა მაგრამ, სინამდვილეში, გაურკვეველი ასაკის კაცი სამარშრუტო „რაფის“ წინა სკამზე ზის ერთობ უხერხულ პოზაში, ეტყობა, ვერ ეტევა და მუხლისთავები ლამისაა ნიკაპზე მიუბჯენია. გამომეტყველება აქვს მსგავსი ბავშვისა, რომელმაც იცის, ნემსი უნდა გაუკეთონ (ანდა სულაც ოყნა), და ისიც იცის, ტირილსა და ღნავილს აზრი არა აქვს, მაინც გაუკეთებენ. მანქანის წინ ცარიელი ტროტუარია და წითელი აგურის ყრუ კედელი, რომელზეც ძველი აფიშებია ალაგ-ალაგ შემორჩენილი. აქეთ-იქით ცარიელი სამარშრუტო მიკროავტობუსებია ჩამწკრივებული, ყველა „დინგით“ ტროტუარისკენ. გეგა კედელს უყურებს, თვალში მოხვდება ნახევრადჩამოხეული აფიშა, რომელსაც დიდი, თითქოს მოარქაულო, უცნაურად სტილიზებული ასოებით აწერია „უსუი“. პატარა ასოებით რა წერია, არ ჩანს. გეგა დიდხანს უყურებს, ეტყობა, წარწერამ დააინტერესა, მაგრამ აშკარაა, მანქანიდან გადმოსვლა და ახლოდან წაკითხვა ეზარება. გეგა სკამზე შემობრუნდება რის ვაი-ვაგლახით და ხვეწნანარევი ტონით ამბობს:
— წავედით რა…
მიკროავტობუსის ბოლო სკამზე სამი ხნოვანი კაცი ბანქოს თამაშობს სრულიად უხმოდ, დაძაბულები კარტს „ჩითავენ“. სამივეს ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ იფიქრებ, სახლ-კარი უკვე წააგეს და ახლა ცოლ-შვილზე თამაშობენ.
— გაიმსოს, ჯიგარო… — გამოეპასუხება ერთ-ერთი ისე, კარტს თვალს არ მოსწყვეტს, წარბიც არ შეუტოკდება. გეგას სახე ეცვლება, ნერვებაშლილი უკვე მზადაა კარი გააღოს და გადავიდეს, მაგრამ ამ დროს მიკროავტობუსი სკოლის მოსწავლეებით ივსება.
— ორ-ორად! ორ-ორად! — ავტობუსში ასვლას ხელმძღვანელობს ხანშიშესული, მაგრამ მეტად ენერგიული ქალბატონი, ალბათ, დამრიგებელი. გეგა შეხედავს და იმწამსვე თვალს მოაშორებს.
— ორ-ორად დასხედით, თითო ადგილზე ორ-ორად, მუხლებში ჩაუჯექით ერთმანეთს… და ოცდახუთ-ოცდახუთი კაპიკი გაამზადეთ! — ბრძანებას იძლევა დამრიგებელი.
— მასწ, გაიგეთ რა თქვა პატრიარქმა, ორიანები აღარ დაუწეროთო! — წკრიალა ხმით წამოიძახებს ერთ-ერთი ბავშვი.
— ერთიანებზე არაფერი უთქვამს, — ჩაილაპარაკებს დამრიგებელი, — ხმა, კრინტი!
გეგა ისევ შეხედავს. ქალი მის მზერას დაიჭერს, იცნობს, ეკითხება:
— გეგა?
გეგა სასწრაფოდ თავს მიატრიალებს. აფიშაზე წერია „უსუი“.
— გეგა,.. გეგა არა ხარ შენ, მეათე მეორედან?! — არ ეშვება ქალი, — გეგა რცხილაძე?.. არა, მსხილაძე?..
— მეე? არა, ქალბატონო… — გეგა სივრცეში იყურება, — არაა…
— აბა, ვინ ხარ?! — უკვირს ქალს.
— უსუი… — პასუხობს გეგა.
მანქანა ადგილიდან დაიძვრება.

***
გეგა ქუჩაში მიბორიალობს.
— გეგა!
გეგა მიტრიალდება. მის წინ დგას ახალგაზრდა ქალი პატარა ბავშვთან ერთად, რომელიც გაუგებარია, გოგოა თუ ბიჭი. გეგა უხმოდ უყურებს, თითქოს ვერ ცნობს.
— გეგა, რა გჭირს? — უკვირს ქალს, — გათიშული ხარ?
— ა, მაცაცო! — ამბობს გელა და კოცნის უხერხულად, თითქმის შუბლში.
— როგორ ხარ? რას შვები? სად დაიკარგე? — სხაპასხუპით დააყრის ქალი, — ცოლ-შვილი როგორ გყავს?
— გავეყარე… — სხვათაშორის ამბობს გეგა.
— ისევ? — უკვირს ქალს. ბავშვი ხელზე ექაჩება.
— მაცაცო… — რაღაცის თქმას აპირებს გეგა, მაგრამ ყოყმანობს. ქალი თითქოს მიხვდება, ხელჩანთის გახსნას დააპირებს.
— არა, არა, — ამბობს გეგა, — არ მინდა,.. მაქვს…
— გაქვს? — ისევ უკვირს ქალს.
— მაცაცო, უსუი,… რა პონტია? — ეკითხება უცებ გეგა.
— დედააა, წავიდეთ,.. — ბავშვი აქტიურ მოქმედებაზე გადადის.
— მოიცა! — დაუცაცხანებს ბავშვს, — გეგა, ხო ხატავ ისევ? რამდენი ხანია გამოფენა არა გქონია? თუ გამომრჩა?
— იცი, ვინ ვნახე „მარშუტკაში“? — ეუბნება გეგა ისე, თითქოს კითხვა ვერც გაიგო, — „გესტაპო“, ჩვენი დამრიგებელი…
— მართლაა? — ისევ უკვირს მაცაცოს, — ცოცხალია?
— მშვენივრად გამოიყურება, ყველანი მოგიკითხათ სათითაოდ, დიდი სიყვარულით…
— დედააა… — ბავშვი ზლუქუნს იწყებს.
— ჰო, წავედით, წავედით, — ამბობს მაცაცო, შემობრუნდება, — აბა, კარგად, ჩემო,.. უსუი…
— მოიცა, — გააჩერებს გეგა და ყურში უჩურჩულებს, — ეს მართლა გურამის შვილია?
— აბა, შენი? — პასუხობს მაცაცო შეურაცხყოფილის ტონით, მოულოდნელად თვალს ჩაუკრავს და მიდის. ბავშვი საწინააღმდეგო მხარეს ექაჩება ღრიალით.

***
გეგა ქუჩაში მიბორიალობს. ჩაუვლის შუახნის, შავებში ჩაცმულ, ხელგაწვდილ მამაკაცს, რომელიც ტროტუარის კიდეზე დგას გაქვავებულივით, ოდნავ წინ წახრილი. მზის, შავი მასიურჩარჩოიანი სათვალე უკეთია, რომელსაც ერთი შუშა აკლია და იქიდან თვალი გამოიჭყიტება, როგორც ჭკვიანი ლემური ფუღუროდან. გეგა გაჩერდება, შემობრუნდება, უყურებს. კაცი მოულოდნელად მუქარის ტონით გამოსცრის კბილებსშუა:
— არ მაძლევ, დაახვიე…
— უსუი რა არის? — ეკითხება გეგა გულუბრყვილო, ბავშვური ინტონაციით.
— მომეცი და გეტყვი. — იმავე ტონით პასუხობს კაცი.
გეგა ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ხურდას მოიჩხრეკს, მათხოვარს ისე აწვდის, არც შეხედავს, რას აძლევს.
— უბადრუკი საქართველოს უსუსური ისტერიკა, — ამბობს კაცი და გადააფურთხებს.

***
გეგა ქუჩაში მიბორიალობს.
— გეგა!
გეგა შემობრუნდება, დაინახავს, რომ გაჩერებული მანქანიდან ვიღაც ხელს უქნევს.
გეგა მანქანის წინა კარს აღებს და ჯდება. კაცი გადაკოცნის.
— როგორა ხარ, გეგა, ჯიგარო, — ეტყვის კაცი და მანქანას დაძრავს, თან მუსიკას ჩართავს.
— რავი აბა,.. — პასუხობს გეგა, — შენ მაგრა ხარ, დიტო ჯან, ეტყობა, ახალი მანქანა, რამე…
— კიი, — იცინის დიტო, — რაც მართალია, მართალია, კარგადა ვარ,..
ღიპზე ხელს მოისვამს, ისევ იცინის,
— და არ დაიჯერებ, საიდან,.. ნიჭი აღმომაჩნდა!
— რა ნიჭი?! — ვერ გაიგებს გეგა, — ხატვის ნიჭი ისედაც ხო გქონდა…
— ხატვის დედაც ავატირე, — იცინის დიტო, — იცი რისი ნიჭი მაქვს, არ დაიჯერებ!
— ეხლა არ მითხრა, რომ ექსტრასენსი გახდი…
— ექსტრასენსი კი არა,.. სუპერსენსი! — ისევ იცინის დიტო, — გინდა გაჩვენო?.. ეხლა სწორედ ერთ კლიენტთან მივდივარ,.. აი, მგონი მოვედით სულაც,.. შენც წამო…
დიტო მანქანიდან გადმოდის, გეგა მორჩილად მიჰყვება. შედიან სადარბაზოში. დიტო ღილაკს აჭერს ხელს. კარი ჯერ ჯაჭვზე, შემდეგ კი ერთიანად იღება.
— მობრძანდით, — დარბაისელ ხნოვან ქალბატონს დიტო და გეგა სამზარეულოში შეჰყავს. დიტო ბუნებრივი აირის ანუ „გაზის“ მრიცხველის წინ დგება მოკრივესავით ფეხებგაჩაჩხული და ციფერბლატს მიაშტერდება. უცებ მრიცხველი უკუღმა იწყებს ტრიალს. გეგას სიცილი წასკდება. დიტო უკმაყოფილოდ მოიხედავს.
— ხელს ნუ მიშლი! — მერე დიასახლისს მიუბრუნდება, — ბოლომდე ჩამოვყარო?
— ბოლომდე, ბოლომდე…
შემდეგ ქალი ელექტრომრიცხველთან მიიყვანს. იქაც იგივე სცენა მეორდება, იმ განსხვავებით, რომ დიტო ახლა ორ ტაბურეტზე დგას ფეხებგაჩაჩხული. გეგას ძალიან უნდა თავის შეკავება, მაგრამ ვერ ახერხებს და სიცილით იგუდება. დიტო თვალებს უბრიალებს…
როცა მანქანაში ჩასხდებიან, გეგა ჰკითხავს,
— კი მაგრამ, ამ ფოკუზს ნებისმიერი ინკასატორი, თუ რა ჰქვიათ, არ ვიცი, ყოველგვარი გაფარჩხვა-გაჭინთვის გარეშე ახერხებს მშვენივრად,.. შენ რაღაში სჭირდები ამ ხალხს?
დიტოს აშკარად ეწყინება, მაგრამ მაინც უხსნის,
— მე ნაკლებს ვართმევ…
— და ასე კაპიკ-კაპიკ რამდენს აგროვებ რო?
— შენ გგონია, მარტო სჩოჩიკებს ვაბზრიალებ?! ეე, გეგა, გეგა,.. — თავს გააქნევს დიტო, — ამეებზე, შენ რაც ეხლა ნახე, აღარც ვიხარჯები, ახლობელმა თუ მთხოვა, მარტო მაშინ მივდივარ, ხათრით, თორე…
დიტო გაჩუმდება, თითქოს ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია, გააგრძელოს თუ არა ლაპარაკი. უცებ გეგა ჰკითხავს:
— უსუი რა არის?
— რა უსუი?
— სუპერსენსი თუ ხარ, კი უნდა იცოდე, — ამბობს გეგა ოდნავშესამჩნევი ირონიით.
— სუპერსენსი ვარ, სენსეი კი არა,..
— ვინ სენსეი, რა, მიროს გულისხმობ?
— გაიგე, რა დაემართა?
— კი, ვიცი…
ხანმოკლე პაუზა. დიტო მუსიკას გამოთიშავს.
— ნახე? — ჰკითხავს გეგას.
— არა.
— არც მე.
— მოდი, მივიდეთ, — შესთავაზებს გეგა.
— იცი რა, შენ მიდი, მე ეხლა საქმე მაქვს, არაფრით არ შემიძლია,.. მიგიყვან და რაღაცეებიც მიუტანე, ცოდოა,.. ნატაშკა შემხვდა ამას წინათ და მითხრა, რა დღეში არიან, გაუთხოვარი და უვლის მარტო…
დიტო მანქანას სუპერმარკეტთან აჩერებს.

***
გეგა დიტოს მანქანიდან გადმოდის დიდი ცელოფანის პაკეტით ხელში. რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, სადარბაზოსთან მივა და მოულოდნელად წინ ვიღაც კაცი გადაეღობება, რომელსაც თეთრი მაისური აცვია, მკერდზე სათვალიანი კაცის პორტრეტით.
— გიჭირს, ძმაო?! — ეტყვის უცნობი და თვალს თვალში გაუყრის.
— რაო? — ვერ გაიგებს გეგა.
— ყველას გვიჭირს, მთელს ქვეყანას უჭირს, დაიქცა ქვეყანა, ვიღუპებით, — სხაპასხუპით ალაპარაკდება კაცი, — და მშველელი ვინაა?! და გამოსავალზე თუ გიფიქრია?! ვინ გადაგვარჩენს?! ვინ გვიხსნის?! ჰა?! მიპასუხე!
— არ ვაპირებ სექტანტობას, თავი გამანებე… — ეუბნება გეგა და ცდილობს გვერდი აუქციოს, მაგრამ კაცი არ უშვებს, უცებ გადაიხარხარებს:
— იეღოველი გეგონე? არა, გენაცვალე, მე ნაღდს გთავაზობ! ნაღდს!
და სწრაფად შემობრუნდება. ზურგზე დიდი ასოებით აწერია — „ბილ გეიტსი – საქართველოს პრეზიდენტი!“
კაცი შემოტრიალდება არაჩვეულებრივად კმაყოფილი. გეგას სიცილი წასკდება. კაცს სახე მოექცევა წყენისგან.
— რას დამცინი, გენაცვალე? აბა, სხვა ვინ გვიშველის?! აი, წაიკითხე, ღია წერილია, აგერ, აი, ჩვენი თხოვნა-ვედრება!..
— ჰო, მართალია, სხვა ვინ,.. — გეგა ცდილობს სერიოზულად ილაპარაკოს, — ოღონდ, არ ჯობია პირდაპირ მეფედ გამოგვეცხადებინა? თავის ლაშქარში ჩაგვწეროს და ჯამაგირიც დაგვინიშნოს? მერე ძეგლი დავუდგათ არმაზის მთაზე და,..
— თუ ყველა ვთხოვთ, მთელი საქართველო, უარს ვერ გვეტყვის! და გვეშველება! — აწყვეტინებს კაცი და აგრძელებს, — იცი, რამდენმა მომიწერა უკვე ხელი? 27 501-მა! შენც მომიწერე!
და ფურცელსა და პასტას გაუწვდის.
გეგა წამით დაფიქრდება და ეტყვის:
— მითხარი, რა არის უსუი და მოგიწერ…
— ხალხი აქეთ მეხვეწება, მოგვაწერინეო, შენ კიდევ ვინა ყოფილხარ,.. ქვეყანა ფეხებზე გკიდია!.. არ გიჭირს და იმიტომ,.. გაღორდით!
კაცი გეგას ცელოფანის პაკეტს თვალს შეავლებს, გადააფურთხებს და მიდის.

***
გეგა თითქმის ცარიელ ოთახშია, სადაც ტახტზე საბანწაფარებული წევს ჩაცმულ-დახურული, გამხდარი, წვერმოშვებული კაცი, თავზე ნაქსოვი ქუდი ადევს, კისერზე გრძელი შარფი აქვს შემოხვეული. კედლები აჭრელებულია ფოტოებით, პლაკატებით, აფიშებით, რეპროდუქციებით. კაცი ისე წევს, რომ ნაწილობრივ ფარავს წარწერას თვალისმომჭრელად ფერად პლაკატზე — „მირიან მირიანაშვილის პერსონალუ,..“
— მირიან როგორ,.. — იწყებს გეგა და ჩერდება, ეტყობა, უნდოდა ეთქვა, „როგორ ხარ“, მაგრამ გადაიფიქრა და ამბობს, — ბრძანდებით?
— ვბრძანდები,.. გეგა, რა,.. ცერემონიებია?.. რადგან,.. პოლუტრუპი ვარ,.. ამიტომ?.. თქვენობით,.. ჩვენში მოსულა?
კაცი სვენებ-სვენებით ლაპარაკობს, ნახევარი სახე გადაქცეულ-გაშეშებული აქვს ისევე, როგორც სხეულის ცალი მხარე, მაგრამ თვალები ისე უციმციმებს, როგორც თხუთმეტი წლის ყმაწვილს, რომელიც მეორე პაემანიდან დაბრუნდა.
გეგა უხერხულად გაიღიმებს, მიმოიხედავს, ეძებს სკამს, რომ დაჯდეს, მაგრამ ოთახში არაფერია ტახტის გარდა.
— აი, აქ,.. ჩამოჯექი,.. ტახტზე, — ეუბნება მირიანი.
გეგა დაინახავს კედელთან დაგებულ ძველ გაქუცულ ფარდაგს და ზედ დაჯდება, კედელს ზურგით მიეყრდნობა, ფეხებს გემრიელად გაშლის.
— ესე ვიქნები…
— იყავი…
— მირო,.. ბიჭებმა მოგიკითხეს,.. მოკითხვა დამაბარეს, და რაღაც-რაღაცეები გამოგიგზავნეს,.. დიტომ გამოგიგზავნა…
— რა?
— გემრიელობები, — გეგა ისე ამბობს, თითქოს ბოდიშს იხდის, — სამზარეულოში შეიტანა ქალბატონმა მელიტამ…
— ეხლა ეგეთები,.. დაიწყეთ,.. რაღა,.. — ამბობს მირიანი უკმაყოფილო ტონით, მაგრამ ეტყობა, რომ ყურადღება მაინც ესიამოვნა, — მეტი,.. არ მოიტანო,.. არაფერი… მე არა მჭირდება…
— კარგი, აღარ გვინდა ამაზე… — ამბობს გეგა.
— შენ გგონია,.. ისე ვამბობ,.. ზრდილობიზა?.. — უცებ ხმას აუწევს მირიანი. გეგა არ პასუხობს. პაუზა. შემდეგ მირიანი ისევ ხმადაბლა აგრძელებს,
— როცა მომშივდება,.. ამას ვუყურებ,.. ხოლმე,..
— რას?
— ირაშას თევზებს… — და თვალებით ანიშნებს კედელზე გაკრულ მომცრო პლაკატზე, სადაც ორი თევზია გამოსახული და წერია „ირაკლი სუთიძე“ — ვუყურებ და,.. ვნაყრდები…
— უპუროდ მაინც ძნელი იქნება,.. ცარიელი თევზი, — ამბობს გეგა, მაგრამ ისე, რომ ძნელი გასარკვევია, სერიოზულად თქვა თუ ირონიულად.
— მართალი ხარ,.. ძნელია… ირაშა იყო აქ,.. ერთი თვის წინ,.. და ვთხოვე,.. ხუთი პური დახატოს…
— ხუთი?
მირიანი არაფერს პასუხობს. ხანმოკლე პაუზა.
— შენ თვითონ,.. თუ მუშაობ,.. გეგა? — ეკითხება მირიანი, მაგრამ გეგა არ პასუხობს. ისევ პასუზა.
მერე გეგა ჰკითხავს:
— მირო,.. რა არის უსუი?
— უსუი?
— უსუი.
— შენ სთქვი,.. უსუი?! ხომ არ,.. მომესმა?! — ამბობს მირიანი არაჩვეულებრივად მýღერი ხმით, თითქოს საზეიმოდ და ოდნავ თეატრალურადაც კი.
— ამეკვიატა, მთელი დღე მაგაზე ვფიქრობ, თავში მიტრიალებს სულ, რატომღაც,.. ეს უსუი…
— თავში თუ გაქვს… ესე იგი, გულში გქონია,.. საკმარისია შენს გულს ჩახედო,.. შენვე მიხვდები, ამოიკითხავ…
— ამოვიკითხავ არა, ფლავი…
— არც ეგ სიტყვაა,.. აქ შემთხვევითი,.. იმ ქვეყანაში ფლავია სწორედ,.. რაც ჩვენთვის პური,..
— მირო, მაღადავებ? ეს რა ლექსებით,.. მებლატავები?! — ჩანს, რომ გეგა მართლა გაღიზიანდა, აპირებს წამოდგეს. მირიანი ხელის სუსტი მოძრაობით აჩერებს.
— არ გაღადავებ… გამეხარდა,.. ეს რომ გავიგე,.. რაღაცეების აზრზე,.. მოსულხარ…
— რის აზრზე მოვსულვარ?! — გეგა გულწრფელად გაოცებულია.
— ნუუ,.. მოდიხარ აზრზე,.. იცი რა, თვალები დახუჭე,.. და თუ მართლა მოდიხარ,.. თვითონ იტყვი,.. რაც არის უსუი,.. მე დაგეხმარები,..
— როგორ დამეხმარები?!
— ტელეპატიურად… — სრულიად სერიოზულად და მშვიდად პასუხობს მირიანი. გეგა ისევ წამოიწევს ასადგომად, მაგრამ მირიანი მოულოდნელად საბრალობელი ხმით შეეხვეწება:
— სცადე,.. თუ შეიძლება…
გეგა თვალებს ხუჭავს. თვალებს დახუჭავს, აგრეთვე, მირიანიც. ასე არიან რაღაც ხანს, გეგას ეჩვენება, რომ ძალიან დიდხანს. უეცრად გეგა იწყებს ლაპარაკს მირიანის ხმით, მაგრამ ისე, რომ ტუჩებს თითქმის არ ამოძრავებს.
— უსუი,.. არის,.. სიტყვა,.. რომელსაც,.. ამბობს,.. სამურაი,.. ხარაკირის,… გაკეთების,.. წინ…
გეგა უცებ გამოერკვევა, თვალებს გაახელს და შეშფოთებული იტყვის:
— ეს რა იყო?!
— უსუი, — პასუხობს მირიანი მშვიდად, — მაგრამ უსუის თქმის უფლება,.. აქვს მხოლოდ იმ,.. სამურაის,.. რომელსაც უკან,.. მეგობარი უდგას,.. ვინც თავი უნდა მოჰკვეთოს,.. როცა ხარაკირის,.. გაიკეთებს…
— რატომ უნდა მოჰკვეთოს?!
— რომ არ იწვალოს, — მარტივად აუხსნის მირიანი.
ამ დროს იღება ოთახის კარი და სრულიად ჭაღარა წარმოსადეგი ქალბატონი შემოაგორებს მომცრო გორგოლაჭებიან მაგიდას.
— ნახე, მირიან, რა დელიკატესები მოგვართვა გეგამ, — ამბობს ქალი ღიმილით. გეგა წამოდგება,
— მე უნდა გავიდე…
— რატომ ჩქარობთ, მე ყავა მოგიდუღეთ…
— არა, არა, გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ… — გეგა კარებისკენ მიდის. მირიანი დაადევნებს,
— დაიმახსოვრე,.. უსუის ვერ იტყვი,.. თუ მეგობარი არ გიდგას,.. ზურგსუკან…

***
გეგა გრძელ დერეფანს მიუყვება, სათითაოდ ყველა ოთახში ჰყოფს თავს, ეკითხება, „ლუკა აქ ხომ არ არის?“ ბოლოს და ბოლოს, მიაგნებს. გეგას დანახვაზე ლუკა წერას თავს ანებებს, დგება, მუშტს ზეაღმართავს და ამბობს გრძნობით:
— No pasaran!
გეგაც შემართავს მუშტს. ლუკა ყოველგვარი პაუზის გარეშე აგრძელებს:
— დოლორეს იბარური ბასკი ყოფილა! იცოდი?
— სალაპარაკო მაქვს, — ეუბნება გეგა და მიმოიხედავს. სალაპარაკო ადგილი იქ ნამდვილად არ არის, ოთახში ერთდროულად კითხულობენ ორ კორექტურას, დგას მონოტონური, დაგუდული ბუბუნი.
— ჩავიდეთ, — ხელით ანიშნებს ლუკა და ოთახიდან გამოდიან.
ქუჩაში გავლენ და იქვე სარდაფში ჩაეშვებიან, სადაც ერთი ციდა ბარია თურმე მოწყობილი, კარზე წარწერაა — ბარი „პეტიტი“. კარის გაღებისას ზანზალაკი წკარუნობს. ბარი ცარიელია.
— No pasaran, — ესალმება ლუკა ბარმენს, ინტელექტუალური გარეგნობის მქონე სათვალიან ბიჭს და გეგას ეკითხება, — ლუდს დალევ?
— საკეს, — პასუხობს გეგა სერიოზულად.
— საკე, ორი. — ეუბნება ლუკა ბარმენს და თავის მხრივ ამატებს, — და ნაბეღლავი,.. ერთი.
— რატომ ნაბეღლავი? — უკვირს გეგას.
— საკეზე ბორჯომი არ მიდის. — უხსნის ლუკა.
ბარმენი უხილავი მოძრაობით კასეტას ცვლის და ღილაკს აჭერს — ბარში ისმის უვერტიურა ოპერიდან „ჩიო-ჩიო სან“. გეგას ეცინება. ლუკა ბარმენს მადლობის ნიშნად საჰაერო კოცნას უგზავნის. ბარმენი ორ გაპიპინებულ ფიალას დაუდგამს მაგიდაზე, წელში მდაბლად მოიხრება, თავს დაუკრავს და თავის ადგილს უბრუნდება.
— აბა, ბანზაი, — ეტყვის ლუკა და ფიალას მიუჭახუნებს. გეგა ერთიანად გადაჰკრავს, დაიჯღანება, — რა საზიზღრობაა…
— ნამდვილი საკე თბილი უნდა იყოს, — აცხადებს ლუკა და შეწუხებულ სახეს დააწყობს, — მოხდა რამე? მითხარი, ძმაო…
— ლუკა,.. იცი უსუი რა არის?
— მე კიმონო არა მაქვს, — ამბობს ლუკა, შემდეგ აგრძელებს, — არა, კიმონოს კი იშოვის კაცი, მაგრამ ნამდვილი სამურაის ხმალი თბილისში ვის ექნება,.. მოიცა, მოიცა,.. ა! გამახსენდა! ჟვანიას აქვს მგონი!
— ვინ ჟვანიას? — უკვირს გეგას.
— ჟვანია ქართველებისთვის ისევე ერთადერთია, როგორც, ვთქვათ, სუხე-ბატორი მონღოლებისთვის…
— მერე გვათხოვებს?
— დოსტუპია საჭირო,.. პადხოდები… — ამბობს ლუკა და გეგას მხარზე ხელს უტყაპუნებს, — უნდა ვიჩალიჩოთ,.. იცი რას გირჩევ, „ენ-ჯე-ო“ ჩამოაყალიბე, დაარქვი, ვთქვათ, „სრულიად საქართველოს სამურაი საერთაშორისო პროგრესისა და კეთილდღეობისათვის“, დაწერე პროექტი, გაჩითე გრანტი,..
— გეყო ღადავი…
— აბა, ხარაკირის ჰაიჰარაზე კისრულობ? რას კისრულობ, რო კისრულობ? ეგრე სადაა?!
— გამანებე რა თავი… — გეგას უცებ ტირილი მოუნდება და ეს ხმაზეც შეეტყობა. ადგება, მიდის ბარმენთან, ორ არაყს დაასხმევინებს და უკან ბრუნდება, მაგიდაზე დადგამს. უცებ ორივეს თვითონვე გადაჰკრავს ზედიზედ, და კინაღამ დაიხრჩობა. ლუკა თვალს აარიდებს, თავს გააქნევს, მაგრამ არაფერს ამბობს. გეგას სლოკინი ეწყება, ლუკა რატომღაც ზურგში ურტყამს ხელს, ეტყობა, დახმარების მიზნით, თან ამშვიდებს:
— კარგი რა, გეგა-სან, რა მოგივიდა? რა გეწყინა?
— მე შენთან მოვედი,.. ჩემს მეგობართან,.. შენ კიდევ,.. მე მართლა აღარ მინდა,.. ეს რა ცხოვრება,.. აღარ შემიძლია,.. აღარ მინდა,.. მე მართლა გავიკეთებ,.. — გეგა სიტყვას არ ამთავრებს, მხოლოდ ცხვირს აქსუტუნებს.
— მაიცა, მაიცა, მე ატკაზზე კი არ გავდივარ, ძმაო, — ისევ იწყებს ძველებურად ლუკა, — თუ ვინმემ უნდა წაგაცალოს ეგ პიტალო, — და გეგას თავზე ხელს მოუთათუნებს, — ისევ და ისევ მე, იასნია,.. და ყველასათვისაც იასნია, მაგრამ უსუიში რას იტყვი, იცი?
— რას ვიტყვი? — ვერ გაიგებს გეგა.
— რატომ იკეთებ ხარაკირის, ხომ უნდა გამააცხადო უსუიში? ვის უკეთებ? ვის გამო და ვის წინაშე?
— მე მეგონა, რომ უბრალოდ ერთი სიტყვა უნდა მეთქვა, „უსუი“ და მორჩა… — თავს იმართლებს გეგა პატარა ბავშვივით.
— არა, ძმაო, ეგრე მარტივად სად არის, — ეუბნება ლუკა, — შენ ჯერ კარგად მოიფიქრე შენი უსუის ტექსტი,.. და,..
— და რამდენი უნდა იყოს მოცულობით? — ბეჯით მოსწავლესავით იკითხავს გეგა და მერე თვითონვე გაეცინება თავის კითხვაზე. ამ დროს ისმის წკრიალი. ლუკა პეიჯერს იღებს ჯიბიდან, შეტყობინებას კითხულობს, დგება, გეგას ხელს ჩამოართმევს და ეტყვის,
— უსუის ტექსტს რომ დაწერ, პირდაპირ ჩვენთან გამოაქანე, პირველ გვერდზე გავუშვებთ! ოღონდ სამ ნაბეჭდ გვერდზე მეტი არ იყოს! No pasaran!

***
გეგა ქუჩაში მიბორიალობს, ნელა და თითქმის ყანყალით, გაჩერდება მეტროს გვირაბივით ვიწრო, გრძელი და ბნელი არკის შესასვლელთან, შეიხედავს — არკის ბოლოში ჩანს შიდა ეზოს ნაწილი, მჭახე მზით განათებული, თითქოს თეატრალური სცენააო. გეგა დგას, ფიქრობს, შევიდეს თუ არა არკაში, ამ დროს არკის ბოლოში გამოჩნდება თმაგაშლილი ქალიშვილის სილუეტი. კონტრაჟურში იმდენად რომანტიკულ-ეფექტურია, რომ გეგა თავისდაუნებურად გადადგამს ნაბიჯს მის შესახვედრად. უეცრად ეზოს მხრიდან არკაში შემოვარდება ბიჭბუჭების ჯგრო, ქალს ზურგში ხელს ჰკრავენ, ხელჩანთას გამოჰგლეჯენ, ქალი პირქვე ეცემა, გეგასკენ მორბიან. ეს ყველაფერი ხდება უხმოდ, თითქოს შენელებულ მუნჯ კინოში. გეგა ინსტინქტურად ხელებს წინ გაიშვერს, თითქოს უნდა შეაკავოს მისკენ გამოქანებული ნაკადი… გეგას გადაურბენენ ისე, წამითაც არ შეყოვნდებიან, საქმიანად. გეგა გაჭირვებით ადგება, სახეზე ხელს მოისვამს, ცხვირიდან სისხლი სდის… წაქცეული ქალიშვილისკენ წალასლასდება, ფეხს მიათრევს. მიუახლოვდება, დაიხრება, ფრთხილად შეახებს ხელს. ქალი უცებ წამოიწევს, წამოჯდება და თავჩაქინდრული იტყვის:
— უსუი…
გეგა ისე გაშტერდება, ნერწყვი გადასცდება, ხველა აუტყდება. ხველების ხმაზე ქალი ამოიხედავს და ისევ ამბობს:
— უ, შშენი…
გეგა ქალს სახეში ჩახედავს და გაოგნებული უკან დაიხევს, უკან გადადგამს ნაბიჯს, — ქალის სახე თეთრი, წითელი და შავი საღებავის ისეთ სქელ ფენას დაუფარავს, რომ ჩინელი კეთილი დრაკონის ნიღაბს ამსგავსებს. ქალი უცებ გეგას გაუღიმებს, ოქროს კბილს გამოაჩენს, გეგას არყის სუნი ეცემა და ადგილიდან მოწყდება, გვირაბში გარბის რაც ძალი და ღონე აქვს, მაგრამ გასასვლელი ძალიან შორსაა, რატომღაც. უკან მოსდევს ქალის ისტერიული ყვირილი, თუ სიცილი:
— უსუიიი, უსსსუუუიიიიი…

***
ნაბეგვი გეგა კარებზე რეკავს. კარს 13-14 წლის გოგონა აღებს.
— მამი, რა გჭირს?!
— წავიქეცი, — ამბობს გეგა, და პირდაპირ აბაზანაში შედის, სახეზე წყალს შეისხამს, შემხმარ სისხლს და მიწას ჩამოიბანს. გოგონა დაფაცურდება, იღებს კარადიდან ბამბას, სპირტს, იოდს, პატარ-პატარა ნაკაწრებს უმუშავებს, გეგა ხმადაბლა კვნესის.
— შე საწყალო, წაქცეული რო იყავი, ვერ დაგინახეს? ვიღაცას ფეხით გადაუვლია… — თავს გააქნევს დიდი ქალივით და ნაფეხურებიანი პერანგის ბერტყვას შეუდგება.
გეგას ცხვირი საოცარი სისწრაფით უსივდება და ისედაც საკმაოდ ზორბა, ძირძველი გაბარიტებისა, ახლა კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს. ქალიშვილი ტახტზე წამოაწვენს და ცხვირზე ყინულს დაადებს, მაგრამ უკვე გვიანაა. გოგონა ტახტის კიდეზე ჩამოჯდება და მამას უყურებს მდუმარედ, თითქოს უნდა მიეფეროს, მაგრამ რაღაც აკავებს. გეგა ჩუმად ოხრავს.
— გტკივა? — გოგონა ფრთხილად ეკითხება. გეგა კითხვაზე კითხვით პასუხობს,
— ბებიაშენი არაა სახლში?
— არა, ოპერაშია.
— ოპერაში რა უნდა? — უკვირს გეგას, კედლის საათს ახედავს, — დღის 4 საათზე?
გოგონა არ პასუხობს. მერე ეკითხება,
— გინდა გაჭამო? აქ მოგიტან, გინდა?
— არა, არ მშია,.. გმადლობთ, ანი,..
— აბა ჩაი, ან ყავა?
— ბორჯომი გაქვს?
— არა, მაგრამ ჩავალ, ამოგიტან! — გოგონა წამოხტება, გეგა ხელს დაუჭერს, გააჩერებს, — არ გინდა, დაჯექი…
გოგონა დაჯდება. პაუზა. გეგა ჰკითხავს:
— უსუი იცი რა არის?
— არა, არ ვიცი.
— აბა, რა იცი? — რატომღაც ცალყბად გაეცინება გეგას.
— მე ვიცი, რა არის,.. ჩმორიკი! — დაახეთქებს უცებ ანი, დგება და თითქმის დემონსტრაციულად ჩართავს ვიდეოს. ეკრანზე რაღაც მოეროტიულო ვიდეოკლიპი ილანდება.
გეგა სასტიკად გაღიზიანდება და მთელი ძალით დაუყვირებს,
— გამორთე ეხლავე ეგ მარაზმი!
ანი ვიდეოს გამორთავს და სავარძელში ჩაესვენება.
პაუზა.
— დედაშენი ისევ შტატებშია? — ჰკითხავს გეგა ვითომ სხვათაშორის.
ანი თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევს.
— რას აპირებს?
— ფული გამოგვიგზავნა, გუშინ ჩამოგვივიდა, წერილიც… და იცი რა, მამი,.. შენც გამოგიგზავნა 100 დოლარი!
ანი წამოხტება, კარადას აღებს და უჯრებში ფულს ეძებს. გეგა წამოიწევს:
— მოიცა, მოდი აქ…
ანი ყურადღებას არ აქცევს, ეძებს.
— ანი, დაჯექი! — დაუყვირებს გეგა. გოგონა შემცბარი ხურავს კარადის კარს და მორჩილად ჯდება. ხანმოკლე პაუზა.
— თქვი, გამოიგონე? — ეკითხება გეგა. გულაღმა წევს, ჭერს უყურებს.
— რა გამოვიგონე?
ხანმოკლე პაუზა.
— აბა, წერილი მაჩვენე.
— ბებოს აქვს სადღაც,.. არ ვიცი…
ხანგრძლივი პაუზა. გეგა გადმობრუნდება ცალ გვერდზე და ანის შეხედავს, დიდხანს უყურებს. უცებ ჰკითხავს, როგორც იტყვიან, ჯიქურ:
— გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად?
ანი თითქოს დაიბნევა.
— და,.. ბებო?
— ბებო,.. ბებოს ოპერაც ეყოფა,.. „ჩიო-ჩიო-სანი“! — ამბობს გეგა, ცოტა არ იყოს, უკმეხად.
— არა, ვერ გაიგე, — ეუბნება ანი, — ოპერაში პარტიულ ყრილობაზეა!
— ოოო!.. — თავს გააქნევს გეგა, — მით უმეტეს,.. ესე იგი, შენთვის არა სცხელა, მოქალაქეობრივად მომწიფებულა და სახელმწიფო აქვს ასაშენებელ-დასამშვენებელი!
პაუზა.
— მამი…
— რა?
— პრობლემა მაქვს…
— რა პრობლემა?
— სერიოზული…
გეგა ტახტზე წამოჯდება.
— მითხარი.
ანი მოულოდნელად ტირილს იწყებს. გეგა დაიბნევა, აღარ იცის, რა ქნას. უნდა მიუალერსოს, დაამშვიდოს, მაგრამ ვერ ახერხებს. გოგონა ქვითინებს, მაგრამ უეცრად მშვიდდება. გეგას შეხედავს,
— ძალიან გთხოვ,.. წამომყევი მამა შიოსთან,.. და იქ გეტყვი…
— ვისთან?! — უკვირს გეგას.
— ნარიყალაზე, მამა შიოსთან…
— შენ რა, ეკლესიაში დადიხარ?!
გოგონა დამნაშავესავით თავს დაუქნევს.
— დიდი ხანია?
ანი თავს გააქნევს. ხანმოკლე პაუზა.
— წამოხვალ? — ეკითხება გოგონა.
— როდის?
— ეხლავე.
— აუუ, — ამბობს გეგა, — თან ასეთი ცხვირით…
— მშვენიერი ცხვირია, — გაეცინება ანის, — კოკროჭინა,.. ცხვირა მაიმუნებს რომ აქვთ, ზუსტად ისეთი…
— მე შენ მოგცემ მაიმუნს, შე პატარა მაიმუნო! — გეგა წამოხტება, ანის გასატყეპად გამოეკიდება, ანი კისკისით გარბის, მაგრამ უცებ ცუდად გახდება, სკამზე დაეშვება, ხელს გულზე მიიდებს, პირს ფართოდ აღებს, თითქოს ჰაერი არა ჰყოფნის. გეგა დაფეთდება:
— რა გჭირს?!
გოგონა არ პასუხობს. გეგა სამზარეულოში გავარდება, მოაქვს ჭიქა წყალი, გზად მოიფიქრებს ფანჯრის გაღებას, მოდის და თან ცალი ხელით აპირებს ფანჯრის სახელური ჩამოსწიოს, მაგრამ ჭიქა ხელიდან უსხლტება, ცდილობს ჰაერში დაიჭიროს და ისეთ კონვულსიურ მოძრაობას აკეთებს, რომ ანის თავისდაუნებურად გაეცინება. წყალი გეგას ფეხებზე დაესხმევა, მაგრამ ჭიქა არ გატყდება. ანი იცინის.
გეგა ამბობს:
— წავიდეთ!

***
მეტეხის ხიდთან, მეიდანზე გეგა და ანი სამარშრუტო ტაქსიდან გადმოდიან. ანი მამას ხელს ჩასჭიდებს და ისე მიჰყავს. ჩაუვლიან სომხურ ეკლესიას, რომლის გალავანზე რაღაც აფიშაა გაკრული. გეგა უცებ შედგება, შემობრუნდება, სირბილით მივა და მიაშტერდება. ანიც მივა. აფიშის შუაგულში დიდი ასოებით წერია „უსუი“, ქვემოთ კი იგივე ქართულად — „პეპო“.
გეგა უყურებს, უყურებს, და სიცილი აუვარდება, ისე გულიანად და ხმამაღლა იცინის, რომ ქუჩის მაწანწალა ძაღლები მოგროვდებიან და ყეფით ბანს აძლევენ. გამვლელებიც ჩერდებიან და თავისდაუნებურად სიცილს იწყებენ. ანი ცდილობს ძალით წაიყვანოს, გეგა კი იცინის და იცინის. ბოლოს აუყვებიან ნარიყალაზე მიმავალ აღმართს. ანი შუა გზაზე გაჩერდება, ქალაქს ჩაჰყურებს. გეგაც უყურებს, მაგრამ ვერ ხედავს — ეცინება…

წყარო – http://www.lib.ge/body_text.php?7849

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგის მოთხრობა, კინოსთვის დაწერილები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s