ალექსანდრ ვამპილოვი: უფროსი ვაჟი (კომედია ორ მოქმედებად)


Александр Вампилов

ალექსანდრ ვამპილოვი

უფროსი ვაჟი
(კომედია ორ მოქმედებად)

Алекса́ндр Валенти́нович Вампи́ловСтарший сын (1965)
Перевод на грузинском языке – Нино Сурамелашвили
თარგმანი რუსულიდან – ნინო სურამელაშვილი

მოქმედი პირნი

ბუსიგინი

სილვა
სარაფანოვი
ვასენკა
კუდიმოვი
ნინა
მაკარსკაია
ორი გოგონა
მეზობელი

მოქმედება პირველი

სურათი პირველი

გაზაფხულის გვიანი საღამო. ეზო გარეუბანში. ჭიშკარი. ქვის სახლის ერთ-ერთი სადარბაზო. იქვე – პატარა ხის სახლი, რომლის პარმაღი და ფანჯარა ეზოში გამოდის. ჭადარი და ძელსკამი. ქუჩიდან სიცილი და ლაპარაკი ისმის. შემოდიან ბუსიგინი, სილვა და ორი გოგონა. სილვა ოსტატურად, ვითომ სხვათა შორის, გიტარას აჟღარუნებს. ბუსიგინს ერთ-ერთი გოგონა მოჰყავს ხელმკლავით. ოთხივენი საგრძნობლად იყინებიან.
სილვა (ღიღინებს).
ეტლს გავაქროლებ, რას დამეწევი
შორს წავალ, კარგო, თვალსაც ვერ მომკრავ…

პირველი გოგონა. ესეც ასე, ბიჭებო, თითქმის სახლში ვართ.
ბუსიგინი. თითქმის არ ითვლება.
პირველი გოგონა (ბუსიგინს). ხელი, გეთაყვა (ხელს ითავისუფლებს) გმადლობთ, რომ მოგვაცილეთ. აქედან თავად გავაგნებთ.
სილვა (დაკვრას წყვეტს). თავად? როგორ გნებავთ? თქვენ აქეთ (სახლს უჩვენებს), ჩვენ კი უკან?
პირველი გოგონა. ასე გამოდის.
სილვა (ბუსიგინს). მოიხედე, მეგობარო, როგორ მოგწონს ეს ამბავი?
პირველი გოგონა. აბა, თქვენ რა გეგონათ?
სილვა. გვეგონა?… დარწმუნებული ვიყავი, სტუმრად გვპატიჟებდით.
პირველი გოგონა. სტუმრად? შუაღამისას?
ბუსიგინი. მერე რა მოხდა?
პირველი გოგონა. ის, რომ შემცდარხართ. ღამღამობით ჩვენთან სტუმრები არ დადიან.
სილვა (ბუსიგინს). ამაზე რაღას იტყვი?
ბუსიგინი. ღამე მშვიდობისა.
გოგონები (ერთხმად). ტკბილი სიზმრები!
სილვა (მათ შეჩერებას ცდილობს). გონს მოდით, გოგონებო! რა გეჩქარებათ? მოწყენილობისაგან ხომ ლამისაა ყმუილი მორთოთ! გონს მოდით, შეგვიპატიჟეთ!
მეორე გოგონა. შეგვიპატიჟეთო! ნახე, რა ჭკვიანია!… ჯერ საცეკვაოდ გაგვიწვიეს, მერე ღვინით გაგვიმასპინძლდნენ და მაშინვე სტუმრად მოუნდათ! მისამართი შეგეშალათ!
სილვა. ვერაგობაც ამას ქვია! (მეორე გოგონას სტაცებს ხელს) ძილის წინ ერთი მაინც მაკოცე!
მეორე გოგონა უსხლტება და ორივენი სწრაფად გადიან.

გოგოებო, გოგოებო, მოიცადეთ!
ბუსიგინი და სილვა გოგონებს მიჰყვებიან. შემოდის სარაფანოვი, ხელში კლარნეტით. სადარბაზოსთან მეზობელი ხვდება, შუახნის კაცი. თბილადაა ჩაფუთნული და ავადმყოფური შესახედაობა აქვს, მანერები – საშუალო რანგის ჩინოვნიკის.
მეზობელი. გამარჯობა, ანდრეი გრიგორიევიჩ.
სარაფანოვი. საღამო მშვიდობისა.
მეზობელი (გესლიანად). სამსახურიდან ბრუნდებით?
სარაფანოვი. რა?… (ნაჩქარევად) დიახ, დიახ… სამსახურიდან.
მეზობელი (დამცინავად). სამსახურიდან?… (საყვედურით) ეჰ, ანდრეი გრიგორიევიჩ, არ მომწონს მე თქვენი ახალი პროფესია.
სარაფანოვი (ნაჩქარევად). რამე მოხდა, მეზობელო? საით გაგიწევიათ ამ ღამეში?
მეზობელი. როგორ თუ საით? არსაით. წნევა მიწევს, ჰოდა, ჰაერის ჩასაყლაპად გამოვედი.
სარაფანოვი. დიახ, დიახ… სეირნობა მარგებელია, მარგებელი… ღამე მშვიდობისა (წასვლას აპირებს)
მეზობელი. მოიცადეთ…
სარაფანოვი ბრუნდება.
მეზობელი (კლარნეტზე ანიშნებს). ვინ გააცილეთ?
სარაფანოვი. რაო?
მეზობელი. ვინ გავიდა-მეთქი მარილზე.
სარაფანოვი (დამფრთხალი). ჩშშშ!…. ჩუმად!
მეზობელი პირზე ხელს იფარებს და სწრაფად უქნევს თავს.
(საყვედურით) აბა, რას შვრებით, ხომ გთხოვეთ. ღმერთმა არ ქნას, ჩემებმა გაიგონ…
მეზობელი. კარგი, კარგი… (ჩურჩულით) ვინ დამარხეს?
სარაფანოვი (ჩურჩულით). ადამიანი.
მეზობელი (ჩურჩულით). ახალგაზრდა?… ბებერი?
სარაფანოვი. შუახნის…

მეზობელი დიდხანს, მწუხარედ იქნევს თავს.

სარაფანოვი. მაპატიეთ, სახლში შევალ, რაღაც შემცივდა…
მეზობელი. არა, ანდრეი გრიგორიევიჩ, არ მომწონს მე თქვენი ახალი პროფესია.

იყრებიან. ერთი სადარბაზოში უჩინარდება, მეორე ქუჩაში გადის.

ქუჩიდან შემოდის ვასენკა. ჭიშკართან ჩერდება. მის ქცევაში ძლიერი აღელვება და ყოყმანი შეინიშნება, ვიღაცას ელოდება. ქუჩიდან ნაბიჯების ხმა ისმის. ვასენკა სადარბაზოსკენ გარბის – ჭიშკარში მაკარსკაია შემოდის.
ვასენკა მშვიდად მიემართება ჭიშკრისკენ და შემთხვევით შეხვედრას თამაშობს.
ვასენკა. ოჰ, ამას ვის ვხედავ!
მაკარსკაია. ა, შენა ხარ?
ვასენკა. გამარჯობა
მაკარსკაია. გაგიმარჯოს, პატარავ, გაგიმარჯოს. აქ რას აკეთებ? (ხის სახლისკენ მიდის)
ვასენკა. ისე, ვიფიქრე ცოტას გავისეირნებ-მეთქი. არ გინდა, გავიაროთ?
მაკარსკაია. რას ამბობ, რა სეირნობა, ძაღლი არ გაიგდება ამ ყინვაში (გასაღებს იღებს)
ვასენკა (მასსა და კარს შორის დგება და პარმაღიდან არ უშვებს) არ გიშვებ.
მაკარსკაია. აი, დაიწყო.
ვასენკა. ჰაერზე სულ არ გამოდიხარ.
მაკარსკაია. ვასენკა, სახლში წადი.
ვასენკა. მოიცა… მოდი, ცოტა დავილაპარაკოთ… მითხარი რამე
მაკარსკაია. ღამე მშვიდობისა.
ვასენკა. დამპირდი, რომ ხვალ კინოში გამომყვები.
მაკარსკაია. ხვალ ვნახოთ. ახლა წადი დაიძინე. აბა, გამიშვი!
ვასენკა. არ გიშვებ.
მაკარსკაია. მამაშენს ვეტყვი იცოდე, გამომტყუებ რაღაცას!
ვასენკა. რატომ ყვირი?
მაკარსკაია. რა დავაშავე ამისთანა!
ვასენკა. ხოდა, იყვირე. მგონი მომწონს კიდეც.
მაკარსკაია. რა მოგწონს?
ვასენკა. როცა ყვირი.
მაკარსკაია. ვასენკა, გიყვარვარ?
ვასენკა. მე?!
მაკარსკაია. გიყვარვარ. რაღაც უცნაურად კი გიყვარვარ. მე აქ კოფტით ვდგავარ, გავიყინე, დავიღალე, შენ კი… აბა, გამიშვი, გამიშვი…
ვასენკა (ნებდება). გაიყინე?…
მაკარსკაია (კარს აღებს). ასე სჯობია… ჭკვიანი ბიჭი. გადამიყვარებ – უფროსებს უნდა დაუჯერო ხოლმე. (ზღურბლზე) და საერთოდ, არ მინდა, რომ მელოდო, ფეხდაფეხ მსდიო, მითვალთვალო, იმიტომ რომ აქედან არაფერიც არ გამოვა… ახლა კი წადი, დაიძინე (სახლში შედის)
ვასენკა (კართან მიდის, კარი იხურება). გააღე! გააღე! (აკაკუნებს) გააღე ერთი წუთით! რაღაც უნდა გითხრა. გესმის? გააღე!
მაკარსკაია (ფანჯრიდან). ნუ ღრიალებ! მთელ ქალაქს გააღვიძებ!
ვასენკა. ჯანდაბას ქალაქი!… (პარმაღზე ჯდება) მოვიდნენ და ნახონ, რა სულელი ვარ!
მაკარსკაია. კარგ რამესაც ნახავენ… ვასენკა, მოდი სერიოზულად ვილაპარაკოთ. თუ შეიძლება, გაიგე, ბოლოს და ბოლოს, რომ აქედან არაფერი გამოვა. სკანდალის გარდა, რა თქმა უნდა. შეუშვი თავში, სულელო, რომ შენზე ათი წლით უფროსი ვარ! ჩვენ ხომ სხვადასხვა იდეალები გვაქვს და რაღაც ეგეთი – სკოლაში მაინც არ აგიხსნეს ეს ყველაფერი? შენ გოგონებთან უნდა იმეგობრო. ახლა სკოლაში ეტყობა სიყვარულიც ნებადართულია – ჰოდა, მშვენიერია. ადექი და შენი შესაფერისი ვინმე შეიყვარე.
ვასენკა. სისულელეებს მორჩი.
მაკარსკაია. მორჩა! ეტყობა შენთან ტკბილი სიტყვა არ ჭრის! თავი მომაბეზრე. მომაბეზრე, გაიგე? წადი და აქ შენი ფეხი აღარ ვნახო!
ვასენკა (ფანჯარასთან მიდის). კარგი… ამიერიდან ვეღარ მნახავ. (მწუხარედ) ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ.
მაკარსკაია. ბიჭი სულ გაგიჟდა!
ვასენკა. ხვალ შევხვდეთ! მხოლოდ ერთხელ! ნახევარი საათით! გამოსათხოვებლად!… რა მოგივა!
მაკარსკაია. როგორ არა! მერე ვეღარც მოგიშორებ. მშვენივრად ვიცი ეგ ამბები.
ვასენკა (უეცრად). დამპალო! დამპალო!
მაკარსკაია. რა?!… რა მითხარი?!… რა დრო მოვიდა! ყველა ლაწირაკს შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოს!… არა, ეტყობა ამ ქვეყანაში უქმროდ ვერ იცხოვრებ!… დამეკარგე აქედან, აბა!

დუმილი

ვასენკა. მაპატიე… მაპატიე, არ მინდოდა
მაკარსკაია. წადი! ნანები! უდღეური ლეკვი! (ფანჯარას აჯახუნებს)
ვასენკა თავისი სადარბაზოსკენ მიჩანჩალებს. შემოდიან ბუსიგინი და სილვა

სილვა. აბა, შეგვინთეს?…
ბუსიგინი. ერთი მოვწიოთ.
სილვა. ქერათმიანს არაუშავდა…
ბუსიგინი. დაბალი იყო.
სილვა. მოიცა! ხომ მოგეწონა?
ბუსიგინი. უკვე აღარ.
სილვა (საათს უყურებს, უსტვენს). მოიცა და, რომელი საათია?
ბუსიგინი (საათს უყურებს). თორმეტის ნახევარი.
სილვა. რომელი?… სულითა და გულით გილოცავ, მატარებელზე დაგვაგვიანდა.
ბუსიგინი. სერიოზულად?
სილვა. მორჩა! შემდეგი დილის ექვს საათზე გადის.

ბუსიგინი უსტვენს.
სილვა (იყინება). ბრრ… ჯენტლმენები!… გაცილება მოუნდათ!… უსაქმურები!
ბუსიგინი. სახლამდე შორია?
სილვა. ოცი კილომეტრი, თუ მეტი არა!… და ყველაფერი ამ მონაზვნების გულისთვის!.. რა ჯანდაბად გადავეკიდეთ!
ბუსიგინი. რა უბანია? აქ არასოდეს ვყოფილვარ.
სილვა. ნოვო-მილნიკოვო. გადაკარგულში ვართ!
ბუსიგინი. ნაცნობები არ გყავს?
სილვა. არავინ! არც ნათესავი, არც მილიციელი.
ბუსიგინი. გასაგებია! გამვლელები სადღა არიან?
სილვა. სოფელია! უკვე ყველას სძინავს. საღამოს დადგომა და ლოგინში შეძვრომა ერთია.
ბუსიგინი. აბა, რა ვქნათ?
სილვა. მოიხედე, შენ რა გქვია? ბოდიში, იქ კაფეში კარგად ვერ გავიგე
ბუსიგინი. ვერც მე გავიგე.
სილვა. მოდი, თავიდან…

(ხელს ართმევენ ერთმანეთს)

ბუსიგინი. ბუსიგინი. ვლადიმერი.
სილვა. სევოსტიანოვი. სემიონი. მეგობრებისთვის – სილვა.
ბუსიგინი. სილვა რაღაა?
სილვა. ეშმაკმა იცის! ბიჭებმა შერქმევით კი შემარქვეს, მაგრამ ახსნით თავი აღარ შეუწუხებიათ.
ბუსიგინი. მგონი სადღაც მინახიხარ, მთავარ ქუჩაზე.
სილვა. რა თქმა უნდა! რვიდან თერთმეტამდე ხალხს იქ ვიღებ, ყოველ საღამოს.
ბუსიგინი. მუშაობ?
სილვა. აბა, როგორ! ჯერჯერობით ვაჭრობაში. აგენტად.
ბუსიგინი. რა სამუშაოა?
სილვა. არა უშავს. საქონლის აღრიცხვა და კონტროლი. თავად? შრომობ?
ბუსიგინი. სტუდენტი ვარ.
სილვა. აი, ნახე თუ არ დავმეგობრდეთ!
ბუსიგინი. მოიცადე, ვიღაც მოდის.
სილვა (იყინება). გვარიანად ცივა, არა?

სასეირნოდ გამოსული მეზობელი ბრუნდება.

ბუსიგინი. საღამო მშვიდობისა!
მეზობელი. გამარჯობა.
სილვა. სად არის აქ ღამის კლუბი, პატიცემულო?
ბუსიგინი (სილვას). მოიცა (მეზობელს) თუ შეიძლება გვითხარით, სად არის აქ ავტობუსის გაჩერება.
მეზობელი. ავტობუსის?… ეგ სხვა მხარესაა, რკინიგზასთან
ბუსიგინი. მივუსწრებთ?
მეზობელი. შეიძლება, შეიძლება. საერთოდ კი – ვერა. (წასვლას აპირებს)
ბუსიგინი. მომისმინეთ. ვერ გვეტყვით, ღამის გათევა მაინც სად შეიძლება? სტუმრად ვიყავით და მატარებელზე დავიგვიანეთ.
მეზობელი (ეჭვიანი და ფრთხილი მზერით ათვალიერებს ორივეს). ხდება ხოლმე.
სილვა. მხოლოდ ის გვინდა, დილამდე თავი შევყოთ სადმე, იქ კი…
მეზობელი. გასაგებია.
სილვა. სადმე ღუმელთან, ჯიგრულად, ა?
მეზობელი. არა, არა, ბიჭებო! არ შემიძლია, ნამდვილად არ შემიძლია!
ბუსიგინი. რატომ, ბიძია?
მეზობელი. დიდი სიამოვნებით, მაგრამ მარტო არ ვცხოვრობ, გესმით ხო? საზოგადოება – ცოლი, სიდედრი…
ბუსიგინი. გასაგებია.
მეზობელი. მარტო რომ ვიყო, ჩემი თავი შემოგევლოთ.
ბუსიგინი. ეჰ, ბიძია, ბიძია…
სილვა. შე, ძირგაგდებულო ფლოსტო, შენა!

დამფრთხალი მეზობელი ხმის ამოუღებლად გადის.

სილვა. ეს ოხერი ქარი! რა უცებ ამოვარდა! რა დღე იყო და აჰა, ინებეთ!
ბუსიგინი. იწვიმებს.
სილვა. ეგღა გვაკლდა!
ბუსიგინი. შეიძლება მოთოვოს კიდეც.
სილვა. ეჰ, არ ჯობდა სახლში ვმჯდარიყავი? თბილად მაინც ვიქნებოდი. არც მოვიწყენდი ჩემს მოხუცთან, დიდი ხუმარა ვინმეა. მოიხედავ და რაღაცას გამოაგდებს. გუშინ, მაგალითად, მეუბნება – თავი მომაბეზრა შენმა უწესობამ. სამსახურში, მეუბნება, შენს გამო, ის რა ქვია… უსიამოვნებები, ხო უსიამოვნებები მაქვსო. აჰა, მეუბნება, ბოლო 20 მანეთი, სადმე სამიკიტნოში მიბრძანდი, გამოტყვერი, იჩხუბე, ოღონდ ისე, რომ ერთი-ორი წელი ჩემმა თვალებმა აღარ გნახოსო!… არაუშავს, არა? რას იტყვი?
ბუსიგინი. ჭკვიანი კაცი ყოფილა.
სილვა. შენსკენ როგორაა საქმეები?
ბუსიგინი. რა საქმეები?
სილვა. აი, მამაშენთან. შენც ვერ ეწყობი?
ბუსიგინი. ძალიან კარგადაც ვეწყობი.
სილვა. მართლა? მერე როგორ გამოგდის?
ბუსიგინი. სულ ადვილად. მამა არ მყავს.
სილვა. ა-ა, ეგ სხვა საქმეა. აბა, სად ცხოვრობ?
ბუსიგინი. საერთო საცხოვრებელში. კრასნაია ვოსტანიაზე.
სილვა. ა-ა, სამედიცინოსი?
ბუსიგინი. კი… ცუდი კლიმატი სცოდნია აქეთ.
სილვა. ამასაც გაზაფხული ქვია!… ბრრ… თან, მთელი თვე ვერ გამოვიძინებ…

ბუსიგინი. კარგი. შენ ამ სადარბაზოში შედი, ვინმეს მიუკაკუნე, მე კი კერძო სექტორში ვცდი ბედს (მაკარსკაიას სახლისკენ გაემართება)

სილვა სადარბაზოში შედის.

ბუსიგინი (მაკარსკაიას კარზე აკაკუნებს). ჰეი, მასპინძელო! ჰეი! (ცოტა ხანს აცდის, მერე კი ისევ აკაკუნებს) მასპინძელო!

ფანჯარა იღება.

მაკარსკაია (ფანჯრიდან). ვინ არის?…
ბუსიგინი. საღამო მშვიდობისა, გოგონა. მისმინეთ, მატარებელზე დამაგვიანდა და ვიყინები.
მაკარსკაია. არც იფიქრო, არ შემოგიშვებ!
ბუსიგინი. რატომ ასე მკაცრად?
მაკარსკაია. მარტო ვცხოვრობ.
ბუსიგინი. მით უკეთესი.
მაკარსკაია. მარტო ვარ, გესმის?
ბუსიგინი. გადასარევად! ესე იგი, საკმარისი ადგილი გექნებათ.
მაკარსკაია. გიჟია ვიღაცა! სახლში როგორ შემოგიშვა, არც კი გიცნობ!
ბუსიგინი. დიდი ამბავი! გაიცანით და პატივი ეცით – ვლადიმერ პეტრეს ძე ბუსიგინი, სტუდენტი.
მაკარსკაია. და რა მერე?
ბუსიგინი. არაფერი. ახლა ხომ მიცნობთ.
მაკარსკაია. შენი აზრით, ეგ საკმარისია?
ბუსიგინი. კიდევ რა? ა, ხო… დროს ნუ გავუსწრებთ, მაგრამ უკვე მომწონხართ.
მაკარსკაია. თავხედი.
ბუსიგინი. რატომ ასე უხეშად?… სჯობს მომიყვეთ, რას გრძნობთ თქვენს ცარიელ…
მაკარსკაია. დიახ?
ბუსიგინი. …ცივ…
მაკარსკაია. დიახ?
ბუსიგინი. …ბნელ სახლში. არ გეშინიათ მარტოობის?
მაკარსკაია. არა, არ მეშინია!
ბუსიგინი. ღამით უცებ ავად რომ გახდეთ, წყლის მომწოდებელიც კი არ გეყოლებათ. არ შეიძლება ასე, გოგონა.
მაკარსკაია. ნუ ღელავ, ავად არ გავხდები! და მოდი, არ გვინდა რა! სხვა დროს ვილაპარაკოთ.
ბუსიგინი. როდის? ხვალ?… ხვალ გესტუმროთ?
მაკარსკაია. ერთი სცადე.
ბუსიგინი. ხვალამდე ვერ გავატან, გავიყინები.
მაკარსკაია. არაფერიც არ მოგივა.
ბუსიგინი. გოგონა, მე მაინც მგონია, რომ შენ ხარ ჩვენი მხსნელი.
მაკარსკაია. ჩვენი? განა მარტო არ ხარ?
ბუსიგინი. საქმეც ამაშია. მეგობარი მახლავს.
მაკარსკაია. მეგობარიც ჰყოლია!… რა აუტანელი თავხედები არიან! (ფანჯარას აჯახუნებს)
ბუსიგინი. აი, ვიჭუკჭუკეთ კიდეც (ეზოს გადაჭრის, ქუჩაში გამოდის და აქეთ-იქით იხედება)

გამოდის სილვა.

ბუსიგინი. აბა?
სილვა. არაფერი. სამ ბინაში დავრეკე ზარი.
ბუსიგინი. მერე?
სილვა. არავინ გამიღო. ეშინიათ.
ბუსიგინი. უღრანი ტყეა… თუ ღმერთი გწამს, არაფერიც არ გამოგვივა.
სილვა. დავიხოცებით. ნახევარი საათიც და ფეხებს გავფშიკავ, ვგრძნობ.
ბუსიგინი. სადარბაზოში რა ხდება?
სილვა. შენ გგონია თბილა? მეტი არა ჩემი მტერი. აღარ ათბობენ. რაც მთავარია, სალაპარაკოდ ვერავის გამოიტყუებ. მარტო იმას კითხულობენ, ვინ არისო და მორჩა, კრინტსაც აღარ ძრავენ… დავიხოცებით.
ბუსიგინი. ხოო… გარშემო კი რამდენი თბილი ბუნაგია…
სილვა. ბუნაგს ვინ ჩივის? ახლა სასმელი, მისაყოლებელი… და უამრავი მარტოხელა ქალი! უუუჰ! ამას კი წყობიდან გამოვყავარ. წავედით! ყველა კარზე დავაკაკუნოთ!
ბუსიგინი. მოიცა, და რას ეტყვი?
სილვა. რას ვეტყვი?… მატარებელზე დაგვაგვიანდა-მეთქი…
ბუსიგინი. არ დაიჯერებენ.
სილვა. ვიყინებით-მეთქი…
ბუსიგინი. მერე რა? ვინ ხარ და საიდან მოსულხარ, ზამთარი ხომ არაა, დილამდე გაატან.
სილვა. ვუთხრათ, რომ აი, იმას რა ქვია… სწრაფ მატარებელს ჩამოვრჩით.
ბუსიგინი. სისულელეა. მაგით ვერ მოტეხავ. რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ…
სილვა. ვუთხრათ, ბანდიტები მოგვსდევენ-თქო.

ბუსიგინი იცინის

სილვა. მაინც არ შეგვიშვებენ?
ბუსიგინი. ცუდად გცნობია ადამიანები.
სილვა. შენ რა, იცნობ?
ბუსიგინი. კი. ასე თუ ისე. თან ლექციებს ვესწრები, ფიზიოლოგიას, ფსიქოანალიზსა და სხვა საჭირო რაღაცებს ვსწავლობ და იცი რას მივხვდი?
სილვა. აბა?
ბუსიგინი. ადამიანები სქელკანიანები არიან და მათი გატეხვა არც ისე იოლია. მხოლოდ მაშინ დაგიჯერებენ და გითანაგრძნობენ, თუ როგორც საჭიროა, ისე მოატყუებ. ისინი ან უნდა შეაშინო ან თავი შეაცოდო.
სილვა. ბრრრ… მართალი ხარ. დასაწყისისთვის კი გავაღვიძებთ (გასათბობად აქეთ-იქით დარბის, მერე კი სიმღერას და ფეხების ბაკუნს იწყებს)

როცა ირწევიან ღამის სინათლეები,
და ქუჩაზე უკვე არავინ დადის…

ბუსიგინი. მორჩი.
სილვა (აგრძელებს).
ლუდხანიდან ვბრუნდები
არავის ველოდები
ვერავის შევიყვარებ…
მეზობლის ხმა (ზედა სართულიდან, გულმოცემული). ეი, თქვენ, არტისტებო! აბა, მოუსვით აქედან!
სილვა (თავს მაღლა სწევს). რა, არ მოგწონთ?
მეზობლის ხმა. წაეთრიეთ! საკუთარი ხულიგნებიც გვყოფნის!
სილვა. მოკეტე, მამაჩემო!
მეზობლის ხმა. არამზადა!

(ისმის ფანჯრის მიჯახუნების ხმა)

სილვა. გაიგონე?… ის ბიძა იყო. უყურე, რა დიდ გულზეა.
ბუსიგინი. ხო…
სილვა. მიდი და ენდე ამის შემდეგ ამ ხალხს (იყინება) ბრრრ…
ბუსიგინი. წამო, სადარბაზოში შევიდეთ, იქ ქარი მაინც არ ქრის.

სადარბაზოსკენ მიდიან. ამ დროს ერთ-ერთ ფანჯარაში შუქი ინთება. მეგობრები ჩერდებიან და უყურებენ.

ბუსიგინი. შენ მიუკაკუნე?
სილვა. არა. ნახე, ვიღაცა იცმევს.
ბუსიგინი. მგონი, ორნი არიან.
სილვა. მოდიან. მოდი, მანამდე ერთიც მოვწიოთ.

ბუსიგინი და სილვა გვერდზე გადიან. სადარბაზოდან სარაფანოვი გამოდის. აქეთ-იქით იყურება და მაკარსკაიას სახლისკენ მიემართება. ბუსიგინი და სილვა უთვალთვალებენ.

სარაფანოვი (მაკარსკაიას კარზე აკაკუნებს). ნატაშა!… ნატაშენკა!… ნატაშენკა!…
მაკარსკაია (ფანჯარას აღებს). ეს რა ღამეა! სულ გაგიჟდა ეს ხალხი! კიდევ ვინ არის მანდ?!
სარაფანოვი. ნატაშენკა! ღვთის გულისათვის, მაპატიეთ! სარაფანოვი ვარ.
მაკარსკაია. ანდრეი გრიგორიევიჩ, თქვენ?… ვერ გიცანით.
ბუსიგინი (ხმადაბლა). აი, სეირი თუ გინდა… ჩვენ არ გვიცნობს, ამას კი ალბათ…
სარაფანოვი. ნატაშა, ჩემო კარგო, მაპატიეთ, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ სასწრაფო საქმე მაქვს.
მაკარსკაია. ახლავე. ვაღებ. (ფანჯარას შორდება და სარაფანოვს სახლში უშვებს)
სილვა. რა საქმეებია! ოცდახუთის იქნება, მეტის ხომ არა.
ბუსიგინი. ბებერი კი სამოცს მიუკაკუნებს.
სილვა. ყოჩაღ.
ბუსიგინი. ასეე… საინტერესოა… ნეტავ სახლში ვინ ელოდება?… ყოველ შემთხვევაში, ცოლი არ უნდა ჰყავდეს…
სილვა. თითქოს ბიჭს მოვკარი კიდევ თვალი.
ბუსიგინი (ჩაფიქრებული). ბიჭიო, თქვი?…
სილვა. ხო, ახალგაზრდა ჩანდა.
ბუსიგინი. შვილი…
სილვა. მე მგონია, ეგ ერთი არ ეყოლება.
ბუსიგინი (მსჯელობს). შეიძლება, შეიძლება… იცი რა? წავიდეთ, გავიცნოთ.
სილვა. ვინ გავიცნოთ?
ბუსიგინი. აი, შვილიკო.
სილვა. რომელი შვილიკო?
ბუსიგინი. იმ სარაფანოვის შვილიკო, ანდრეი გრიგორიევიჩის.
სილვა. მერე რა გინდა?
ბუსიგინი. გათბობა… წავედით! წავედით, გავთბეთ, მერე კი ვნახოთ.
სილვა. ვერაფერი გავიგე!
ბუსიგინი. წამო!
სილვა. ამ ღამეს მილიციაში უწერია დასრულება. გული მიგრძნობს.

სადარბაზოში უჩინარდებიან.

სურათი მეორე
სარაფანოვების ბინა. სხვა ავეჯსა და საგნებს შორის ძველი დივანი და მრავლისმნახველი ტრიუმო დგას. შემოსასვლელი, სამზარეულოს და მეორე ოთახის კარი. ეზოში გამავალ ფანჯარაზე ფარდაა ჩამოფარებული. მაგიდაზე ჩალაგებული ზურგჩანთა დევს. ვასენკა მაგიდას უზის და წერილს წერს.

ვასენკა (ხმამაღლა კითხულობს დაწერილს). „…არავის, არასოდეს ეყვარები ჩემსავით. ოდესმე ამას მიხვდები. ახლა კი მშვიდად იყავი. შენსას მიაღწიე: მძულხარ. მშვიდობით. ს. ვ.“

მეორე ოთახიდან გამოდის ხალათსა და სახლის ფეხსაცმელში გამოწყობილი ნინა. ვასენკა ჯიბეში მალავს წერილს.

ნინა. იჯერე გული?
ვასენკა. რა შენი საქმეა?
ნინა. წადი, მიეცი შენი ეპისტოლე, მერე კი ამოდი და დაიძინე. მამა სადაა?
ვასენკა. მე რა ვიცი!
ნინა. სად წავიდა ამ შუაღამისას?… (მაგიდიდან ზურგჩანთას იღებს) ეს რაღაა?

ვასენკა ზურგჩანთის წართმევას ცდილობს. იწყება ბრძოლა.

ვასენკა (ნებდება). კარგი, როცა დაიძინებ, მერე ავიღებ.
ნინა (ზურგჩანთას მაგიდაზე აპირქვავებს). ეს რას ნიშნავს?… საით გაგიწევია?
ვასენკა. ტურისტულ ლაშქრობაში.
ნინა. ეს რაღაა?… პასპორტი რად გინდა?
ვასენკა. შენი საქმე არაა.
ნინა. რა ჩაიფიქრე?… არ იცი, რომ მივემგზავრები?
ვასენკა. მეც მივემგზავრები.
ნინა. რა?
ვასენკა. მივდივარ.
ნინა. შენ რა, სულ გაგიჟდი?
ვასენკა. მე მივდივარ.
ნინა (ჩამოჯდება). მისმინე, ვასკა… საძაგელი ბიჭი ხარ – აი, ვინ ხარ. რომ შემეძლოს, საკუთარი ხელით მოგკლავდი.
ვასენკა. შენს საქმეში ხომ არ ვერევი, შენც ნუ ჩაერევი.
ნინა. კარგი, მე ფეხებზე გკიდივარ. მაგრამ მამაზე ხომ მაინც უნდა იფიქრო.
ვასენკა. შენ ხომ არ ფიქრობ, მე რატომ უნდა ვიფიქრო?
ნინა. ღმერთო ჩემო, რომ იცოდეთ, როგორ მომაბეზრეთ ყველამ თავი!
(მაგიდაზე გაფანტულ საგნებს ზურგჩანთაში ყრის და თავის ოთახში მიაქვს; ზღურბლზე ჩერდება)
მამას უთხარი, დილით არ გამაღვიძოს. გამოძინება მაინც მაცალეთ (გადის).

ვასენკა ჯიბიდან წერილს იღებს, კონვერტში დებს და მისამართს აწერს. კარზე კაკუნია.

ვასენკა (მექანიკურად). დიახ, შემოდით.

შემოდიან ბუსიგინი და სილვა.

ბუსიგინი. საღამო მშვიდობისა.
ვასენკა. გამარჯობა.
ბუსიგინი. შეიძლება ანდრეი გრიგორიევიჩ სარაფანოვის ნახვა?
ვასენკა (დგება). სახლში არ არის.
ბუსიგინი. როდის დაბრუნდება?
ვასენკა. ახლახან გავიდა. როდის დაბრუნდება, არ ვიცი.
სილვა. სად წავიდა, თუ საიდუმლო არაა?
ვასენკა. არ ვიცი. (შეშფოთებული) რა მოხდა?
ბუსიგინი. ისა და… ჯანმრთელობას ხომ არ უჩივის?
ვასენკა. მამა?… რა ვიცი… ჰიპერტონია აწუხებს.
ბუსიგინი. ჰიპერტონია? ნახე!… დიდი ხანია?
ვასენკა. დიდი ხანია.
ბუსიგინი. ისე როგორაა?… საქმეები როგორ მისდის?… კარგ განწყობაზე თუა?
სილვა. ხო, რასა იქმს… კარგადაა?
ვასენკა. მაინც რა გნებავთ, ვერ გავიგე.
ბუსიგინი. გავიცნოთ ერთმანეთი. ვლადიმერი.
ვასენკა. ვასილი… (სილვას) ვასილი.
სილვა. სემიონი… მეგობრებისთვის – სილვა.
ვასენკა (დაეჭვებული). სილვა?
სილვა. სილვა. ბიჭებმა ჯერ კიდევ, რა ქვია იმას… ინტერნატში შემარქვეს ჩემი მიდრეკილების გამო…
ბუსიგინი. მუსიკისადმი.
სილვა. ნამდვილად.
ვასენკა. გასაგებია. მამასთან რა საქმე გაქვთ?
სილვა. საქმე? მოკლედ, ჩვენ… მის მოსანახულებლად მოვედით.
ვასენკა. დიდი ხანია არ გინახავთ?
ბუსიგინი. როგორ გითხრა… ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საერთოდ არ გვინახავს.
ვასენკა (ფრთხილად). ვერაფერი გავიგე…
სილვა. ოღონდ არ გაგიკვირდეს…
ვასენკა. არ მიკვირს… აბა, საიდან იცნობთ?
ბუსიგინი. ეს უკვე საიდუმლოა.
ვასენკა. საიდუმლო?
სილვა. საზარელი საიდუმლო. მაგრამ შენ არ გაგიკვირდეს.
ბუსიგინი (შეცვლილი ტონით). კარგი. (ვასენკას) გასათბობად შემოვედით. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

შეშფოთებული ვასენკა დუმს.

ბუსიგინი. მატარებელზე დაგვაგვიანდა, მამაშენის გვარი კი საფოსტო ყუთზე ამოკითხეთ. (ცოტა ხნის შემდეგ) არ გჯერა?
ვასენკა (შეშფოთებული). კი… რატომაც არა, მაგრამ…
ბუსიგინი. მაგრამ რა? (ორიოდე ნაბიჯს დგამს მისკენ. ვასენკა უკან იხევს. სილვას) ეშინია.
ვასენკა. რა გინდათ?
ბუსიგინი. ჩვენი არ სჯერა.
ვასენკა. თუ რამეა, ვიყვირებ.
ბუსიგინი (სილვას). რას გეუბნებოდი? (დროს წელავს, თბება) ღამით სულ ასე ხდება ხოლმე – თუ მარტო ხარ – ქურდი ხარ, თუ ორნი ხართ – ბანდიტები (ვასენკას) ცუდია. ადამიანები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ, იცი თუ არა ეს? არა?… ტყუილად. ცუდად გზრდიან.
სილვა. ხო-ო…
ბუსიგინი. დავუშვათ, მამაშენს არასოდეს…
ვასენკა (აწყვეტინებს). რა საქმე გაქვთ მამაჩემთან? რა გინდათ?
ბუსიგინი. რა გვინდა? ნდობა. მხოლოდ და მხოლოდ ნდობა. ადამიანები ყველანი ძმები ვართ, იმედია, ეს მაინც გაგიგია. თუ ესეც ახალი ამბავია შენთვის? (სილვას) ერთი შეხედე. მშიერი, შემცივნებული, ყარიბი ძმა კარზე მოსდგომია, ეს კი დაჯდომასაც არ სთავაზობს.
სილვა (რომელიც აქამდე გაოცებული უსმენდა ბუსიგინს, უეცრად გამოცოცხლდება – კარგი აზრი მოუვიდა) მართლაც!
ვასენკა. რატომ მოხვედით?
ბუსიგინი. მაინც ვერაფერი გაიგე?
ვასენკა. რა თქმა უნდა, ვერა.
სილვა (ვითომ გაოგნებული). ნუთუ ვერ მიხვდი?
ბუსიგინი (ვასენკას). საქმე იმაშია, რომ…
სილვა (აწყვეტინებს). რა მნიშვნელობა აქვს! მე ვეტყვი! პირდაპირ ვეტყვი! უკვე დიდი კაცია, გაიგებს. (ვასენკას, საზეიმოდ) სრული სიწყნარე იყოს, თუ შეიძლება, საიდუმლოს ფარდას ვხდი. საქმე იმაშია, რომ ეს (ბუსიგინზე უთითებს) შენი ღვიძლი ძმაა!
ბუსიგინი. რა?
ვასენკა. რა-ა?
სილვა (წარბშეუხრელად). რა?

ხანმოკლე პაუზა.

სილვა. დიახ, ვასილიი! ანდრეი გრეგორის ძე სარაფანოვი მისი მამაა. ნუთუ ამას აქამდე ვერ მიხვდი?

ბუსიგინი და ვასენკა ერთნაირად გაოცებულები არიან.

ბუსიგინი (სილვას). მოიცა…
სილვა (აწყვეტინებს. ვასენკას). არ ელოდი? დიახ, ასეა. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, მამაშენი – მისი ღვიძლი მამაა…
ბუსიგინი. რა გემართება? რას ჩმახავ?
სილვა. ძმების შეხვედრა! რა მოვლენაა, არა? რა მომენტია!
ვასენკა (დაბნეულია). ხო, მართლაც…
სილვა. აბა, დაფიქრდით, რა ბედნიერი შემთხვევაა! უნდა დავასველოთ, ბიჭებო, უნდა დავლიოთ!
ბუსიგინი (სილვას). იდიოტო (ვასენკას) არ მოუსმინო.
სილვა. არამც და არამც! ვფიქრობ, პირდაპირ თქმა ჯობია! გულახდილად და პატიოსნად! (ვასენკა) არა, ვასილ? დასამალი რაღაა, როცა უკვე ყველაფერი ცხადია! დამალობანას თამაშს მოვრჩეთ და შეხვედრის სადღეგრძელო დავლიოთ. გაქვს რამე დასალევი?
ვასენკა (ისეთივე დაბნეული). დასალევი?… რა თქმა უნდა… ახლავე…
(სამზარეულოში გადის, თან ბუსიგინისკენ იხედება)
სილვა (აღფრთოვანებული). აი, ეს მესმის!
ბუსიგინი. შენ რა, გარეკე?
სილვა. ეშმაკურად კი მოიფიქრე!
ბუსიგინი. რეგვენო, როგორ მოგივიდა ეგ სისულელე თავში?
სილვა. მე-ე?… ეგ შენ მოგივიდა! გენიოსი ხარ!
ბუსიგინი. კრეტინო! გესმის მაინც, რა მოროშე?
სილვა. „ყარიბი ძმა!“, აი, ეს მესმის! მე ვერასოდეს მოვიფიქრებდი!
ბუსიგინი. აი, ყეყეჩი… იფიქრე, შე ბრიყვო, რა მოხდება, ახლა მამამისი რომ შემოვიდეს. წარმოიდგინე!
სილვა. ასე… წარმოვიდგინე. (გასავლელისკენ გარბის, მაგრამ ჩერდება და
ბრუნდება), არა დალევას მოვასწრებთ. მამიკო ერთ საათზე ადრე არ მოვა
(დასალევის მოლოდინში ცმუკავს) აი, მამიკო მესმის! (აბრაზებს) „სასწრაფო საქმე მაქვს!” ბატი! ყველანი ბატები არიან. შენიც არ აკლებდა ხელს, ხო?
ბუსიგინი. ეგ შენი საქმე არ არის. (კარისკენ მიდის)
სილვა. მოიცა, რატომ არ უნდა ზღოს ამან ცოტათი მაინც? იმის ნაცვლად. მგონი, აქ ყველაფერი სამართლიანად წყდება.
ბუსიგინი. წავედით.
სილვა (ფეხს არ იცვლის). აბა, კი! დავლიოთ და მერე. შენი ვერაფერი გამიგია, ნუთუ იდეისთვის ასი გრამი არ გეკუთვნის?.. ჩშშ! აი, მოდის, ჩვენი სასმელი. მოდის. გვიახლოვდება (ჩურჩულით) გულში ჩაიკარი, თავზე ხელი გადაუსვი. ძმურად.
ბუსიგინი. ჯანდაბა! რა მინდოდა, ამ იდიოტს რომ გადავეკიდე!

შემოდის ვასენკა არყის ბოთლითა და ჭიქებით. ყველაფერს მაგიდაზე ალაგებს. დაბნეული და შეცბუნებულია.

სილვა (ასხამს). ასე ნუ განიცდი! თუ კარგად მივიხედ-მოვიხედავთ, ჩვენ ყველას უფრო მეტი ნათესავი გვყავს, ვიდრე საჭიროა… თქვენს შეხვედრას გაუმარჯოს!

სვამენ. ვასენკა გაჭირვებით, მაგრამ მაინც სვამს.

სილვა. ვასია, ცხოვრება უღრანი ტყეა, ასე რომ, ნუ გიკვირს (ისევ ასხამს). პირდაპირ მატარებლიდან მოვდივართ. შემაწუხა და თვითონაც შეწუხდა: შევუარო თუ არ შევუარო? არადა, საჭიროა. ხომ გესმის, რა დროში ვცხოვრობთ.
ბუსიგინი (ვასენკას). რამდენი წლის ხარ?
ვასენკა. მე? ჩვიდმეტის.
სილვა. ჯანიანი ბიჭია!
ბუსიგინი (ვასენკას). რას ვიზამთ… შენ გაგიმარჯოს.
სილვა. მოიცა! ასე დალევა ვის გაუგია. მაწანწალებივით. მისაყოლებელი არაფერი გაქვს?
ვასენკა. მისაყოლებელი?… კი, კი! სამზარეულოში გავიდეთ!
სილვა (ვასენკას აჩერებს). იქნებ დღეს მამამისს არ დაენახოს, ა? როგორ ფიქრობ? ხომ არ შეიძლება ასე უცებ, მოულოდნელად. ვიქნებით ცოტა ხანი და… ხვალ შემოვივლით.
ვასენკა (ბუსიგინს). მამას ნახვა არ გინდა?
ბუსიგინი. როგორ გითხრა… მინდა, მაგრამ სარისკოა. მეშინია ნერვებმა არ უმტყუნოს. მან ხომ ჩემზე არაფერი იცის.
ვასენკა. რას ამბობ! რახან აქ ხარ, ესე იგი აქ ხარ.

სამივენი სამზარეულოში გადიან. შემოდის სარაფანოვი. მეორე ოთახის კართან მიდის, აღებს, მერე კი უხმაუროდ ხურავს. ამასობაში, ვასენკა სამზარეულოდან გამოდის და ისიც ჩუმად იხურავს კარს. საკმაოდ შეზარხოშებულია და მწარე ირონიას მოუცავს.

სარაფანოვი (ვასენკას დაინახავს). აი, სად ყოფილხარ… მე კი ქუჩაში ვსეირნობდი, წამოწვიმა და ახალგაზრდობა გამახსენდა.
ვასენკა (უტიფრად). და კაი დროსაც.
სარაფანოვი. ახალგაზრდობაში, ხანდახან, მეც ჩავდიოდი სისულელეებს, მაგრამ თავი არასოდეს დამიკარგავს.
ვასენკა. მოიხედე, რა გითხრა…
სარაფანოვი (აწყვეტინებს). ვასენკა, ასე მხოლოდ სუსტები იქცევიან. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეს, რომ გამოცდებამდე ერთი თვეღა დაგრჩა, სკოლა ხომ მაინც უნდა დაამთავრო.
ვასენკა. მამა, ვიდრე შენ წვიმაში სეირნობდი…
სარაფანოვი (აწყვეტინებს). ბოლოს და ბოლოს, ორივე ერთად ხომ არ მიმატოვებთ – შენც და ნინაც. ასე ხომ არ შეიძლება… არა, არა, არსადაც არ წახვალ. მე არ გიშვებ.
ვასენკა. მამა, ჩვენთან სტუმრები არიან, უჩვეულო სტუმრები… უფრო სწორად: სტუმარი და კიდევ ერთი…
სარაფანოვი. ვასენკა, სტუმარი და კიდევ ერთი – ეს უკვე ორი სტუმარია. ვინ არიან, წესიერად მითხარი.
ვასენკა. შენი ვაჟი. შენი უფროსი ვაჟი.
სარაფანოვი (ცოტა ხნის შემდეგ). რა თქვი… ვისი ვაჟი?
ვასენკა. შენი. მაგრამ შენ ნუ ინერვიულებ… მე, მაგალითად, ყველაფერი მესმის, არ გადანაშაულებ და არც მიკვირს, აღარაფერი აღარ მიკვირს…
სარაფანოვი (ცოტა ხნის შემდეგ). ახლა ასეთი ხუმრობაა მოდაში? და ეს მოგწონთ, ხომ?
ვასენკა. რა ხუმრობა? ის სამზარეულოშია. ვახშმობს.
სარაფანოვი (ყურადღებით აკვირდება ვასენკას). იქ ვიღაც ვახშმობს. შეიძლება… მაგრამ, იცი რა, ჩემო კარგო, რაღაც არ მომწონხარ… (აკვირდება)
მოიცა! შენ მგონი მთვრალი ხარ!
ვასენკა. კი, დავლიე! ამ შემთხვევის აღსანიშნავად.
სარაფანოვი (განრისხებული). ვინ მოგცა დალევის ნება?
ვასენკა. რას ამბობ, მამა? აქ ისეთი რამ მოხდა! ვერასოდეს ვიფიქრებდი, ძმა თუ მყავდა, და აჰა – ინებეთ. წადი, შეხედე და ნახე ერთი თუ უარესად არ დათვრე.
სარაფანოვი. შენ რა, არამზადავ, დამცინი?
ვასენკა. არა-მეთქი, სერიოზულად გეუბნები. აქ გავლითაა, ძალიან მოენატრე, ის…
სარაფანოვი. ვინ – ის?
ვასენკა. შენი შვილი.
სარაფანოვი. აბა, შენ ვინ ხარ?
ვასენკა. ო-ო! მიდი და თვითონ ნახე!
სარაფანოვი (სამზარეულოსკენ მიემართება. ხმების გაგონებაზე კართან ჩერდება. ვასენკასთან ბრუნდება). რამდენნი არიან?
ვასენკა. ორნი. ხომ გითხარი.
სარაფანოვი. მეორე? იმასაც ხომ არ უნდა, ვიშვილო?
ვასენკა. მამა, ისინი მოზრდილი ადამიანები არიან. აბა, დაფიქრდი, რაში სჭირდება მოზრდილ ადამიანს მშობლები?
სარაფანოვი. შენი ჭკუით, არ სჭირდება?
ვასენკა. ა, მაპატიე, თუ შეიძლება. მინდოდა მეთქვა, სხვისი მშობლები რად უნდათ-მეთქი.

დუმილი.

სარაფანოვი (ყურს უგდებს). სასწაული თუ გინდა. საკუთარი შვილები რომ გარბიან, ამას კიდევ გაიგებს კაცი, მაგრამ უცხოები რომ მოგადგებიან, თანაც მოზრდილები! რამდენი წლისაა?
ვასენკა. ოცის იქნება.
სარაფანოვი. რა ჯანდაბაა!… ოცისო, თქვი?… რაღაც ბოდვაა!… ოცის!… ოცის… (უნებურად ფიქრებში მიდის) ოცი წლის… ოცის… (სკამზე ეშვება)
ვასენკა. ნუ დარდობ, მამა. ცხოვრება უღრანი ტყეა…

სამზარეულოს კარში ბუსიგინი და სილვა გამოჩნდებიან, მაგრამ სარაფანოვის დანახვაზე უკან იხევენ. კარს უკან დგებიან და მისი და ვასენკას ლაპარაკს უსმენენ)

სარაფანოვი. ოცი წლის… მაგ დროს ომი დამთავრდა… ოცის… მე ოცდათოთხმეტის ვიყავი… (დგება)

ბუსიგინი ოდნავ აღებს კარს.

ვასენკა. მე შენი მესმის, მამა…
სარაფანოვი (უეცრად ფეთქდება). გასახსენებელიც არაფერია! ჯარისკაცი ვიყავი! ჯარისკაცი, ვეგეტარიანელი კი არა! (ოთახში ბოლთას სცემს)

დროდრო, როდესაც სარაფანოვი კარისკენ ზურგშექცევით დგას, ბუსიგინი კარს აღებს და აყურადებს.

ვასენკა. მესმის შენი…
სარაფანოვი. რა გესმის?… შენ რაღაც მეტიმეტად ბევრი გესმის! გაითვალისწინე, რომ მაშინ დედაშენს არ ვიცნობდი!
ვასენკა. ასეც ვფიქრობდი, მამა. შენ ნუ ინერვიულებ, სხვა მხრიდან რომ შევხედოთ…
სარაფანოვი (აწყვეტინებს). არა, არა! სისულელეა… ეშმაკმა იცის, რა…

სარაფანოვი სამზარეულოსა და შემოსასვლელ კარს შორის დგას. ასე რომ, ბუსიგინს და სილვას გაღწევის არანაირი საშუალება არ აქვთ.

ვასენკა. შენ გგონია, იტყუება? კი მაგრამ, რატომ?
სარაფანოვი. რაღაცა შეეშალა! აი, ნახავ, შეეშალა! აბა, დაფიქრდი! დაფიქრდი-მეთქი! ჩემი შვილი თუა, უნდა მგავდეს კიდეც! ეს ერთი.
ვასენკა. გგავს, მამა.
სარაფანოვი. რა?… სისულელეა! სისულელე! უბრალოდ მოგეჩვენა… სისულელეა! საკმარისია ვკითხო რამდენი წლისაა და მაშინვე მიხვდები, რომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის სისულელეა! მონაჩმახი!… თუ საქმე საქმეზე მიდგა, ახლა ის… ახლა ის…

ბუსიგინი ღია კარიდან იჭყიტება.

სარაფანოვი. ოცის… ოცდაერთი წლის! დიახ! ოცდაერთის! აი, ხომ ხედავ! არც ოცის და არც ოცდაორის!… (კარისკენ ბრუნდება)

ბუსიგინი იმალება.

ვასენკა. იქნებ ოცდაერთისაა?
სარაფანოვი. შეუძლებელია!
ვასენკა. მაინც რომ იყოს?
სარაფანოვი. შენ დამთხვევას გულისხმობ, არა? წმინდა წყლის დამთხვევას?… რა გაეწყობა, გამორიცხული არ არის… მაშინ… მაშინ… (ფიქრობს). ხელს ნუ მიშლი… დედამისს უნდა ერქვას… უნდა ერქვას…

ბუსიგინი კარიდან იჭყიტება.

სარაფანოვი (უეცრად გონება უნათდება). გალინა!

ბუსიგინი იმალება.

სარაფანოვი, ახლა რაღას იტყვი? ტატიანა ან თამარა კი არა! გალინა!
ვასენკა. გვარი? მამის სახელი?

ბუსიგინი იჭყიტება.

სარაფანოვი. მამის სახელი?… (ყოყმანით) მგონი, ალექსანდროვნა…

ბუსიგინი იმალება.

ვასენკა. ასე. გვარი?
სარაფანოვი. გვარი, გვარი… სახელიც საკმარისია… სრულიად საკმარისი.
ვასენკა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამდენი წლის შემდეგ…
სარაფანოვი. სწორედაც! სად იყო აქამდე? გაიზარდა და ახლა მოუნდა მამის ძებნა? რატომ? აი, ნახავ, როგორ გამოვიყვან სააშკარაოზე… რა ქვია?
ვასენკა. ვალოდია. მიდი, მამა. მას შენ უყვარხარ.
სარაფანოვი. ვუყვარვარ?… კი მაგრამ… რისთვის?
ვასენკა. არ ვიცი, მამა… ერთი სისხლი გაქვთ.
სარაფანოვი. სისხლი?… კარგი ერთი, ნუ მაცინებ… (ჯდება) რა თქვი, მატარებლით მოვიდნენო?… საჭმელი იყო სახლში?
ვასენკა. კი. სასმელიც. სასმელი და მისაყოლებელი.

ბუსიგინი და სილვა გასხლტომას ცდილობენ. უხმაუროდ დგამენ რამდენიმე ნაბიჯს გასასვლელისკენ. მაგრამ ამ დროს სკამზე მჯდომი სარაფანოვი ბრუნდება და ისინიც მაშინვე უბრუნდებიან საწყის პოზიციას.

სარაფანოვი (დგება). იქნებ მეც დამელია?
ვასენკა. თამამად, მამა.

ბუსიგინი და სილვა ისევ გამოდიან.

სარაფანოვი. მოიცა… სული მოვითქვა. (ბუსიგინისა და სილვასკენ ბრუნდება. ისინი დაუყოვნებლივ ისეთ სახეს იღებენ, თითქოს ახლახან გამოვიდნენ სამზარეულოდან. დუმილი)

ბუსიგინი. საღამო მშვიდობისა!
სარაფანოვი. საღამო მშვიდობისა…

დუმილი.

ვასენკა. აი, როგორც იქნა შეხვდით… (ბუსიგინს) მე მას ყველაფერი მოვუყევი… (სარაფანოვს) ნუ ღელავ, მამა…
სარაფანოვი. თქვენ… დაბრძანდით… დაბრძანდით!… (დაჟინებით ათვალიერებს ორივეს)

ბუსიგინი და სილვა სხდებიან.

სარაფანოვი (დგას). თქვენ… ახლახან ჩამოხვედით?
ბუსიგინი. ჩვენ… საერთოდ, არა. სამი საათის წინ.

დუმილი.

სარაფანოვი (სილვას). ასე… ესე იგი, გავლით ხართ, ხომ?…
ბუსიგინი. დიახ. შეჯიბრებიდან ვბრუნდები. და აი… მონახულება გადავწყვიტე…
სარაფანოვი (მთელი ყურადღება ბუსიგინზე გადააქვს). აჰ! ესე იგი, სპორტსმენი ხართ! ეს კარგია… თქვენს ასაკში სპორტი, იცით… ახლა? ისევ შეჯიბრზე? (ჯდება)
ბუსიგინი. არა. ახლა ინსტიტუტში ვბრუნდები.
სარაფანოვი. აჰ! ესე იგი, სტუდენტი ხართ?
სილვა. ხო, მედიკოსები ვართ, მომავალი ექიმები.
სარაფანოვი. აი, ეს მესმის! სპორტი კარგია, მეცნიერება – უკეთესი. ძალიან კარგი… მაპატიეთ, გადავჯდები (ბუსიგინთან ახლოს ჯდება) ოცი წლის ასაკში ყველაფრისთვის გრჩება დრო – სპორტისთვისაც და სწავლისთვისაც; დიახ, დიახ, მშვენიერი ასაკია… (გაბედავს) ხომ ოცი წლის ხართ?
ბუსიგინი (ნაღვლიანად, მსუბუქი საყვედურის ტონით). არა, ეტყობა დაგავიწყდათ. ოცდაერთის.
სარაფანოვი. რა?… რა თქმა უნდა! თავისთავად, ოცდაერთის! აბა, მე რა ვთქვი? ოცი? თავისთავად, ოცდაერთის…
სილვა. ასე, ნუ განიცდით. თუ კარგად შევხედავთ, მწუხარება კი არა, სიხარული გმართებთ, ჩემი აზრით.
ვასენკა. მართლაც, მამა.
სარაფანოვი. მე, რა თქმა უნდა… მოხარული ვარ… (აქეთ-იქით იხედება) აქ ყველას ძალიან გვიხარია, ასე არაა?
ბუსიგინი. რა თქმა უნდა… მე – ყველაზე მეტად.
სარაფანოვი (გამხნევებული). ვასენკა, სასმელი დაგვრჩა? სასმელი გამოგვიტანე!
ვასენკა. ეგ შეიძლება (სამზარეულოში გადის).

დუმილი, შემდეგ ბუსიგინი და სარაფანოვი ერთმანეთს უბრუნდებიან და ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს. მერე ერთდროულად ბოდიშობენ.

ბუსიგინი. თქვით…
სარაფანოვი. არა, არა, თქვენ თქვით… (გაუბედავად) თქვი…

შემოდის ვასენკა და მაგიდაზე ბოთლსა და ჭიქებს აწყობს, მერე ჯდება, სკამის საზურგეს ხელებს ხვევს და თავს ჩაქინდრავს. მთვრალია. სარაფანოვი საჩქაროდ ავსებს ჭიქებს.

ბუსიგინი. იმის თქმა მინდოდა, რომ… აი, როგორც იქნა, დადგა მომენტი, რომელზეც…

შემოდის ნინა.

ნინა (გაბრაზებული). დამაცდით ძილს?… ეს რა არის? აქ რა ხდება?
ვასენკა (თავს სწევს). შენ ოღონდ არ გაგიკვირდეს… (თავი უვარდება)

ნინას გამოჩენა სილვაზე და ბუსიგინზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

ნინა. ეს რა ამბავი მოგიწყვიათ აქ? (სარაფანოვს) აქამდე ღამღამობით მარტო სვამდი ხოლმე. ახლა რა დაგემართა?
სარაფანოვი (გაუბედავად). ნინა, ჩვენს თავს დიდი სიხარულია. როგორც იქნა, შენი უფროსი ძმა დაგვიბრუნდა.
ნინა. რა?
სარაფანოვი. შენი უფროსი ძმა. გაიცანი.
ნინა. რა ხდება?… ვინ დაგვიბრუნდა? რომელი ძმა?
სილვა (ბუსიგინს მუჯლუგუნს ჰკრავს). აი, ეს. აი, ასეთი (აჩვენებს) ბიჭი.
ნინა. (ბუსიგინს) ეს შენ ხარ – ძმა?
ბუსიგინი. ხო… მერე რა მოხდა?
სილვა. რა არის ამაში განსაკუთრებული?
ვასენკა (თავის აუწევლად, მოგუდული, მთვრალი ხმით) ხო, რა არის განსაკუთრებული?
სარაფანოვი (ნინას). შენ მის შესახებ არაფერი იცოდი. სამწუხაროდ… (ბუსიგინს) შენთვის არ მითქვამს. სიმართლე გითხრა, მეშინოდა რომ… დამივიწყე.
ვასენკა. ეგრეა. ეშინოდა.
ბუსიგინი. რას ამბობთ, როგორ შემეძლო…
სარაფანოვი. მაპატიე, ვცდებოდი.
ნინა. ასე. მოდი, თავიდან დავიწყოთ. გამოდის, შენ ამის მამა ხარ, ეს კი – შენი შვილი. ასეა?
სარაფანოვი. კი.
ნინა (ცოტა ხნის შემდეგ). რა გაეწყობა. სავსებით შესაძლებელია.
ვასენკა. სავსებით.
ნინა (ბუსიგინს). საინტერესოა, აქამდე სად იყავი.
ვასენკა. ხო, აქამდე სად იყო?
ნინა (მსუბუქად უტყამს თავში ვასენკას). გაჩუმდი!
სარაფანოვი. ნინა! შენი ძმა დაგვიბრუნდა. ნუთუ არ გესმის?
ნინა. მესმის, მაგრამ მაინტერესებს, აქამდე სად იყო.
ვასენკა (თავს წამოწევს). ნუ ღელავ. მამას დედაჩვენი მაშინ თვალითაც არ ენახა. ხო, მამა?
სარაფანოვი. გაჩუმდიო, გითხრეს!
ნინა. ხო, დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ. დარწმუნებული ხარ, რომ შენი შვილია? (ბუსიგინს) რამდენი წლის ხარ?

ვასენკა იძინებს.

სილვა. შეხედეთ მათ. ნუთუ ვერ ამჩნევთ?
ნინა (ცოტა ხნის შემდეგ). არა, არ ჰგვანან.
სილვა (ბუსიგინს, ნაწყენი ტონით). მგონი, აქ ჩვენში ეჭვი ეპარებათ.
ნინა (სარაფანოვს სილვაზე უთითებს). ეს ვიღაა? ესეც ნათესავია?
ბუსიგინი. ეს ჩემი მეგობარია. სემიონი ჰქვია.
ნინა. რა მითხარი, რამდენი წლის ვარო? რაღაც ვერ გავიგე.
ბუსიგინი. ოცდაერთის.
ნინა (სარაფანოვს). ამაზე რაღას იტყვი?
სარაფანოვი. ნინა! ასეც ხომ არ შეიძლება… მერე, მე უკვე ვკითხე…
ნინა. კარგი (ბუსიგინს) როგორ გამოიყურება დედაშენი, რა ჰქვია, სად გაიცნეს ერთმანეთი, რატომ არ იღებდა მისგან ალიმენტს, როგორ გვიპოვე, სად იყავი ამდენი ხანი – გადმოალაგე.
სილვა (შეშფოთებული). ზუსტად ისეა, როგორც მილიციაში…
ნინა. აბა, რა გეგონათ?… მე თუ მკითხავთ, უბრალოდ თაღლითები ხართ.
სარაფანოვი. ნინა!
ბუსიგინი. რა, თაღლითებს ვგავართ?
ნინა (ცოტა ხნის შემდეგ). კი. (ბუსიგინს) დაიწყე, გისმენთ.
სილვა (ბუსიგინს, შეშინებული). შენს ადგილას თავს შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი და ამ წუთშივე წავიდოდი აქედან.
ბუსიგინი. მამას შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გავიგე…
ნინა. ვისგან?
ბუსიგინი. დედაჩემისგან. დედას გალინა ალექსანდროვნა ჰქვია, მამა ათასცხრაასორმოცდახუთ წელს გაიცნო…
სარაფანოვი (აღელვებული). შვილო!
ბუსიგინი. მამა!

ერთმანეთს მივარდებიან და ეხვევიან.

სილვა (ნინას). აბა?… სისხლი სისხლს ცნობს.
სარაფანოვი. ნინა! დარწმუნებული ვარ! ის შენი ძმაა! მოეხვიე! ჩაეხუტე შენს ძმას! (ბუსიგინს) ჩაეხუტეთ!
ბუსიგინი. მიხარია, დაიკო… (უეცრად ნინასთან მიდის და იხუტებს – ოდნავ შემცბარი, მაგრამ სიამოვნებით) ძალიან მიხარია…
სილვა (შურით). აბა, რა.
სარაფანოვი (საბოლოოდ გულაჩუყებული). ღმერთო ჩემო… ვინ იფიქრებდა?
ნინა (ბუსიგინს). მგონი, საკმარისია (თავს ითავისუფლებს, დაბნეულია)
სარაფანოვი. ვინ იფიქრებდა… მოხარული ვარ, მოხარული!
ბუსიგინი. მეც.
ნინა. ხო… ძალიან გულისამაჩუყებელია…
სილვა. ვაშა! შემომაქვს წინადადება, დავლიოთ.
სარაფანოვი (ბუსიგინს). გვთავაზობენ, დავლიოთო. რას იტყვი, შვილო?
ბუსიგინი. დალევაზე? აუცილებლად.
ნინა. ახლა კი ვხედავ, რომ ჰგავხართ.

ყველანი იცინიან.

სილვა (სვამს. ნინას და ბუსიგინს) აბა, გვერდიგვერდ დადექით!… აი, ასე! (გვერდიგვერდ აყენებს) ახლა ხელები ჩაკიდეთ… აი, ასე! (სარაფანოვს) ერთი,შეხედეთ!

ნინა ხელს ითავისუფლებს. ისევ ოდნავ შესამჩნევად იბნევა.

სილვა. რა არ ჰგვანან?… რას ამბობთ!
სარაფანოვი. ჰმ-მ… ხო, რა თქმა უნდა…
სილვა. რამისაა ავტირდე კაცი! რა მოვლენაა, ჰა?… დავლიოთ, ამხანაგებო!
სარაფანოვი. რა ბედნიერებაა… რა ბედნიერება!
სილვა (სარაფანოვი). თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს ერთ მუშტად შეკრულ ოჯახს გაუმარჯოს!
ბუსიგინი. შენ გაგიმარჯოს, მამა.
სარაფანოვი (გულაჩვილებული). გაიხარე, შვილო.

ბნელდება. ჟღერს მხიარული მუსიკა. მუსიკა წყდება. ინთება შუქი. იგივე ოთახი. ფანჯარაში დილაა. სარაფანოვი და ბუსიგინი მაგიდასთან სხედან. ბოთლი ცარიელია. სილვას დივანზე სძინავს.

სარაფანოვი. კაპიტნის წოდება მქონდა. არმიაში დატოვებას მიპირებდნენ. რის ვაივაგლახით დავეთხოვე. არტილერიაში ვმსახურობდი, ეს კი სმენაზე ცუდად მოქმედებს. ეგეც არ იყოს, ყველაფერი გადამავიწყდა. რაც უნდა იყოს, ქვემეხი და კლარნეტი სხვადასხვა რამეებია. ჯერ ცეკვებზე ვუკრავდი, მერე რესტორანში, მერე პარკებსა და კინოთეატრებში გადავინაცვლე. სიყრუემ, მადლობა ღმერთს, გამიარა და როცა ქალაქში სიმფონიური ორკესტრი გამოჩნდა, იქ მიმიღეს… მისმენ?
ბუსიგინი. გისმენ, მამა!
სარაფანოვი. აი, მთელი ჩემი ცხოვრება… მთელი არა, რა თქმა უნდა, არც ისეთი, ახალგაზრდობაში რომ ვგეგმავდი, მაგრამ მაინც, მაინც. არ იფიქრო, რომ მამაშენმა ხაზი გადაუსვა თავის ყმაწვილურ იდეალებს. არა. დაობება, დახავსება, ამაოებაში ათქვეფა – არა, არა, არასოდეს (წამოდგება, ბუსიგინისკენ იხრება. მრავლისმთქმელი ჩურჩულით) მე ვქმნი. (ჯდება) ყოველი ადამიანი შემოქმედად იბადება, თითოეული – თავის საქმეში და ყველამ – თავისი შესაძლებლობისა და ნიჭის მიხედვით – რაღაც უნდა შექმნას, რომ მის შემდეგ ყველაფერი საუკეთესო, რაც მასშია, დარჩეს. ამიტომაც ვქმნი.
ბუსიგინი (ვერ ხვდება). რას ქმნი?
სარაფანოვი. როგორ თუ რას? რა უნდა შევქმნა, მუსიკის გარდა?
ბუსიგინი. ა-ა… გასაგებია.
სარაფანოვი. რა არის გასაგები?
ბუსიგინი. აი, მუსიკას რომ ქმნი.
სარაფანოვი (იჭვნეულად, მზადაა განაწყენდეს). შენ?… რას ფიქრობ ამაზე?
ბუსიგინი. მე?… რატომაც არა, კარგი საქმეა.
სარაფანოვი (ჩქარ-ჩქარა, ჩვეული სიცხარით). ბევრს არ ვითხოვ, არა, მხოლოდ ერთი რამე უნდა დავასრულო, ერთადერთი! მხოლოდ მთავარს, ყველაზე მთავარს ვიტყვი! მე ეს უნდა გავაკეთო, უბრალოდ ვალდებული ვარ, იმიტომ რომ ჩემს მეტი ამას ვერავინ იზამს, გესმის ჩემი?
ბუსიგინი. კი, კი… მაპატიე, მამა, რაღაც მინდოდა მეკითხა…
სარაფანოვი (გონს მოდის). რა?… მკითხე, შვილო.
ბუსიგინი. სად არის ნინას და ვასენკას დედა?
სარაფანოვი. ეჰ, თოთხმეტი წლის წინ დავშორდით ერთმანეთს. ფიქრობდა, რომ საღამოობით მეტისმეტად დიდხანს ვუკრავდი კლარნეტზე, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ერთი ინჟინერი – სერიოზული ადამიანი და დავშორდით… არა, ყველაფერი სხვანაირად იყო, ვიდრე დედაშენთან. დედაშენი დიდებული ქალია… ღმერთო ჩემო! დალხენილი დრო არ იყო, მაგრამ დაუვიწყარი! ჩერნიგოვი… დესნა… წაბლის ხეები… გინახავს ის კუთხის სახელოსნო?… აი, სამკერვალო.
ბუსიგინი. როგორ არა!
სარაფანოვი. აი, მაგაზე გეუბნები! იქ მუშაობდა…
ბუსიგინი. ახლა სამკერვალო ფაბრიკის დირექტორია.
სარაფანოვი. წარმომიდგენია!… ისევ ისეთი მხიარულია?
ბუსიგინი. ყველა ამბობს, ახალგაზრდობის მერე არ შეცვლილაო.
სარაფანოვი. მართლა?… ყოჩაღ! ახლა ხომ ორმოცდახუთზე მეტის არც იქნება!
ბუსიგინი. ორმოცდაოთხის.
სარაფანოვი. სულ რაღაც?… და რა… არ გათხოვილა?
ბუსიგინი. არა, არა. მარტონი ვცხოვრობთ.
სარაფანოვი. მაშ ასე, არა?… არადა, ის ყოველგვარ ბედნიერებას იმსახურებს.
ბუსიგინი. დედა ცხოვრებას არ უჩივის, ამაყი ქალია.
სარაფანოვი. დიახ, დიახ… ნაღვლიანი ისტორიაა, ვერაფერს იტყვი… ჩვენ მაშინ გომელში გადაგვიყვანეს, ის კი ჩერნიგოვში დარჩა, მარტოდმარტო, მტვრიან ქუჩაზე… დიახ, დიახ. სულ მარტოდმარტო.
ბუსიგინი. როგორც ხედავ, მარტო არ ყოფილა.
სარაფანოვი. დიახ, დიახ… რა თქმა უნდა… მაგრამ, მოიცა… მოიცა! მოიცა, მოიცა. თანდათან მახსენდება! მაპატიე, მაგრამ მას ბავშვის გაჩენა არ უნდოდა!
ბუსიგინი. შემთხვევით გავჩნდი.
სარაფანოვი. კი მაგრამ, ამდენ ხანს რატომ არაფერი თქვა? როგორ შეიძლება ამდენ ხანს დუმილი?
ბუსიგინი. ხომ ვთქვი, ამაყი ქალია-მეთქი.
სარაფანოვი. კარგია, რომ ასე მოხდა. მიხარია.
ბუსიგინი. ვინ არის მამაჩემი? ენის ადგმისთანავე გულს ვუწყალებდი ამ კითხვით.
სარაფანოვი. მართლა ასე გინდოდა ჩემი პოვნა?
ბუსიგინი. შენი მოძებნის ფიცი ჯერ კიდევ პიონერობისას დავდე.
სარაფანოვი (გულაჩუყებული). საბრალო ბიჭუნა! არადა, სინამდვილეში, უნდა გეჯავრებოდე…
ბუსიგინი. თქვენ? მეჯავრებოდეთ?… აბა, რას ამბობ, მამა, როგორ შეიძლება მეჯავრებოდე?… არა, მე მესმის შენი.
სარაფანოვი. ვხედავ, ყოჩაღი ბიჭი ხარ. შენს უმცროს ძმას კი არ ჰგავხარ. ის მეტისმეტად მგრძნობიარე გვყავს. როგორც ამბობენ, ფაქიზი სულის პატრონი. მე კი მგონია, უბრალოდ უნებისყოფოა.
ბუსიგინი. ფაქიზი სულის დაჭრა ადვილია.
სარაფანოვი. აი, სწორედ! ამიტომაც დაებედა უიმედო სიყვარული… ვცხოვრობდით ერთ ეზოში მშვიდად, წყნარად და – ა, ბატონო! ჭკუიდან გადავიდა, გამგზავრებას აპირებს.
ბუსიგინი. ის ვინ არის?
სარაფანოვი. აქვე, სასამართლოში მუშაობს, მდივანია. უბედურება ისაა, რომ მასზე უფროსია. ოცდაათს უკაკუნებს, ამას კიდევ ჯერ მეათე კლასი არ დაუმთავრებია. საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გავხდი ამ ღამეს მასთან მივსულიყავი…
ბუსიგინი. რატომ?
სარაფანოვი. გვიან საღამოს ვასენკა მოვიდა და გამომიცხადა, მივემგზავრებიო. სახეზე ეწერა, რომ იმან გამოაგდო. მე კი რა შემიძლია? ვიფიქრე, იქნებ ქალს ასაკში სხვაობა აფერხებს-მეთქი, იქნებ ეშინია, რომ განსჯიან ან უარესი – მე ვარ წინააღმდეგი-მეთქი…
ავუხსენი ყველაფერი, ვარწმუნებდი, ვთხოვდი უფრო… ლმობიერად მოქცეოდა…
იცი რა? იქნებ შენ დაელაპარაკო. მაინც უფროსი ძმა ხარ, იქნება მოახერხო და რამე გააგებინო.
ბუსიგინი. შევეცდები.
სარაფანოვი. ისე მიხარია აქ რომ ხარ, მართლა. რა ბედნიერებაა, რომ გამოჩნდი.
ბუსიგინი. ჩემთვისაც… მეც ძალიან მიხარია.
სარაფანოვი. მართლა, შვილო?
ბუსიგინი. რა თქმა უნდა.
სარაფანოვი. მოდი, გაკოცო (მამობრივი სიყვარულით შუბლზე კოცნის ბუსიგინს და მაშინვე დაირცხვენს) მაპატიე… საქმე ისაა, რომ უკვე დარდი მერევა.
ბუსიგინი. რა გაწუხებს?
სარაფანოვი. აბა, თვითონ იფიქრე. ერთი სახლიდან გარბის უიმედო სიყვარულის გამო. მეორეც მიდის, მაგრამ ბედნიერების…
ბუსიგინი (აწყვეტინებს). ვინ მიდის?
სარაფანოვი. ნინა. თხოვდება.
ბუსიგინი. თხოვდება?
სარაფანოვი. საქმეც ეგაა. სულ რამდენიმე დღეში სახალინზე მიემგზავრება. გუშინ კი ბიჭი მიცხადებს, ტაიგაში, მშენებლობაზე მივდივარო, აი ასე! ახლა გესმის, რა მოხდა, როცა ამ კარზე დააკაკუნე?
ბუსიგინი. მესმოდა, როცა ვაკაკუნებდი…
სარაფანოვი. სასწაული! ნამდვილი სასწაული მოხდა. კიდევ იტყვიან, რომ უიღბლო კაცი ვარ!
ბუსიგინი. ესე იგი, თხოვდება… ვის მიყვება?
სარაფანოვი. ე-ე, მისი მომავალი მეუღლე მფრინავია, სერიოზული ადამიანი. რამდენიმე დღეში სასწავლებელს ამთავრებს და უკვე სახალინზე დანიშნეს. სხვათა შორის, ნინა დღეს აპირებს გამაცნოს.
ბუსიგინი. ასე… ნინა რამდენი წლისაა?
სარაფანოვი. ცხრამეტის.
ბუსიგინი. მართლა?
სარაფანოვი. რა მოხდა? მეტის ვერც იქნებოდა. სამაგიეროდ სერიოზულია. ძალიან სერიოზული. იმასაც კი ვფიქრობ, რომ არ ვარგა ასეთი სერიოზულობა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გადაიტანა. დიასახლისიც იყო, მუშაობდა კიდეც – მკერავია – და ინსტიტუტში ჩასაბარებლადაც ემზადებოდა. არა, მართლა ძალიან ყოჩაღია.
ბუსიგინი. ასე… შენ რატომ არ მიყავხარ თან?
სარაფანოვი. არა, არა. ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია, აქ დავიბადე და… არა, რატომ უნდა შევუშალო ხელი ახალგაზრდებს? უკვე სამი თვეა ის და მისი მომავალი ქმარი ერთმანეთს ხვდებიან, რამდენიმე დღეც და გაემგზავრებიან, მე კი, წარმოიდგინე, თვალითაც არ მინახავს. როგორია? მაგრამ, რას ვაკეთებ – მეყოფა წუწუნი. უკვე გათენდა, უნდა გამოიძინო. დაწექი, შვილო. არა უშავს, თუ ჯერჯერობით აქ მოეწყობი, ამხანაგთან ერთად?
ბუსიგინი. მშვენიერია.
სარაფანოვი. მერე კი, როცა ყველა ადგება…
ბუსიგინი (აწყვეტინებს). შენ ნუ სწუხარ.
სარაფანოვი. აბა, ტკბილი ძილი. (ისევ კოცნის ბუსიგინს შუბლზე) ნუ გამიბრაზდები, შვილო, მეტისმეტად აღელვებული ვარ… დაიძინე.

სარაფანოვი მეორე ოთახში გადის. ბუსიგინი სილვას მივარდება და ანჯღრევს. სილვა ბურტყუნებს და თავიდან იშორებს.

ბუსიგინი. ადექი, სილვა! ადექი-მეთქი.
სილვა (იღვიძებს). ეს რა ცხოვრებაა…
ბუსიგინი. ადექი!
სილვა. მერე მთელ თვეს ვეღარ გამოვიძინებ! ერთი კვირა დღეა ძილისთვის და ამასაც არ გაცდიან. მოიხედე და, შენს დაიკოს არაუშავს, არა? უარს არ იტყოდა კაცი.
ბუსიგინი. ადექი, ნუ ლაქლაქებ. (პერანგს გადაუგდებს) გაინძერი!…

სილვა დგება.

ბუსიგინი. სანამ შენ ხვრინავდი… ჩვენ მთელი ღამე ერთმანეთის ნერვებზე ვთამაშობდით.
სილვა. რა?… უკვე გაიგეს?.. არა? (სწრაფად იცმევს) სულერთია. ხუმრობა ხუმრობად, საქმე კიდევ სასამართლოა (ფეხსაცმელს იკრავს). გავქროლდით!

ბუსიგინი ჩაფიქრებული დგას.

სილვა. რას უდგახარ?
ბუსიგინი. ეს მამიკო ნამდვილი წმინდანია.
სილვა. ხო, მაგრად გამოათვრე. ლამაზი სანახაობა იყო.
ბუსიგინი. ღმერთმა არ ქნას იმის მოტყუება, ვისაც შენი ყოველი სიტყვის სჯერა. წავედით.

ბუსიგინი და სილვა კარისკენ მიემართებიან. ამ დროს მეორე ოთახიდან გამოდის სარაფანოვი ბალიშით ხელში.

სარაფანოვი. შვილო!

ბუსიგინი ადგილზე შეშდება. სილვა ზღურბლზე ჩერდება.

სარაფანოვი. სად მიდიხარ, შვილო?
ბუსიგინი (სარაფანოვისკენ ბრუნდება). მე… საკუთრივ, ჩვენ… ჩვენი წასვლის დროა…
სილვა. ხო, ხო, უნდა გავემგზავროთ. რა ქვია იმას… სესია კარზე მოგვდგომია.
ბუსიგინი. ხო… სამწუხაროდ…
სარაფანოვი. როგორ? წასვლა გინდა?… დღესვე? ახლავე?
ბუსიგინი. ხო, მამა. ისედაც დავყოვნდით. ბევრი ლექცია გავაცდინეთ და საერთოდ…

სარაფანოვს ბალიში უვარდება. იღებს.

ბუსიგინი. მაგრამ შენ არ იდარდო, დამთავრდება თუ არა სესია, ჩამოვალ…
სარაფანოვი (სკამზე ეშვება). არა, არა, მესმის… რა თქმა უნდა… რაზე ვფიქრობდი? სხვას კიდევ რას ველოდი?… შევხვდით, ვილაპარაკეთ, კიდევ რა?
ბუსიგინი. მე ჩამოვალ… ივლისის ბოლოს ჩამოვალ… გესმის?

სარაფანოვი დუმს.

ბუსიგინი. არ გჯერა?
სარაფანოვი. რატომ? მჯერა, მაგრამ… ნუთუ გამოუმშვიდობებლად წასვლას აპირებდი?
ბუსიგინი. მე… შენი გაღვიძება არ მინდოდა. და, სიმართლე რომ გითხრა, მიმძიმს შენთან გამოთხოვება. მინდოდა ამისთვის…
სარაფანოვი. მართალს ამბობ?
სილვა. რას ამბობთ, ისე ინერვიულა.
სარაფანოვი (გამოცოცხლდება). მართლა?… (დგება) რა გაეწყობა. თუ უნდა წახვიდე, რას ვიზამთ… ესე იგი, ივნისის ბოლოს, არა?
ბუსიგინი. ხო…
სარაფანოვი. ეგ არაფერია. სულ რაღაც თვენახევარი… ახლა კი… ახლავე უნდა წახვიდეთ? ამ წუთას?
სილვა. დიახ, ჩვენი მატარებელი სადღაც ათზე გადის.
სარაფანოვი. რა გაეწყობა… (ხელს ართმევს სილვას) შეხვედრამდე. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. ივნისში ორივენი ერთად ჩამოდით.
სილვა. აუცილებლად.
სარაფანოვი. აბა, შვილო… ვერაფერს ვიზამთ, ინსტიტუტი სერიოზული საქმეა… ცუდია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც… მთავარია, შევხვდით… (უეცრად) მოიცადე. ერთი პატარა ნივთი უნდა გაჩუქო.
ბუსიგინი. რა ნივთი? რას ამბობ, მამა…
სარაფანოვი. არა, არა! ეს აუცილებელია! წვრილმანია, მაგრამ ვალდებული ხარ მიიღო. ახლავე! (სწრაფად მიემართება მეორე ოთახისკენ; ზღურბლზე) ვასენკა! (გადის)

ხანმოკლე პაუზა.

სილვა. აბა?… რას ელოდები?
ბუსიგინი. წადი… მე მოგვიანებით წამოვალ…
სილვა. მისმინე! გამოვათვრეთ საწყალი კაცი და საკმარისია. წავიდეთ აქედან…
ბუსიგინი. წადი, ხომ არ გიჭერ.
სილვა. რა ხდება?… მითხარი, რა ჩაიფიქრე. იქნებ მეც გავრისკო.
ბუსიგინი. არა, ჯობია წახვიდე.
სილვა. და რა არის ამისთანა?… თუ ამათ გაქურდვას აპირებ, რა თქმა უნდა, გაგეცლები. ქურდობა ჩემი სფერო არაა.
ბუსიგინი. ყეყეჩო. ახლა შემოვა და რომ არ დავხვდეთ, შეგიძლია წარმოიდგინო რა მოხდება?
სილვა. შემიძლია. მერე რა?
ბუსიგინი. შენ როგორც გინდა, მე კი ვრჩები, ცოტა ხნით.
სილვა. რატომ?

ბუსიგინი დუმს.

სილვა. შენ იცი, ბებერო. დაიწვები ამ საქმეზე. მეგობრულად გეუბნები, გაფრთხილებ: მოვუსვათ, სანამ გვიანი არაა.

მეზობელი ოთახიდან ნინა გამოდის. ხალათი აცვია, მხარზე პირსახოცი აქვს გადაგდებული.

ნინა (სილვას). დილა მშვიდობისა… (ბუსიგინს) აბა, გამარჯობა… ძამიკო…

ბუსიგინი და სილვა სალმით პასუხობენ.

ნინა. როგორ გეძინათ?
სილვა. გმადლობთ, კარგად.
ნინა. კარებში რას დამდგარხართ?
სილვა. კარებში?… ისე, სუფთა ჰაერს ვყლაპავთ…
ნინა. ფანჯარა გაგეღოთ, გაციების თუ არ გეშინიათ (გადის)
სილვა. ა?… დაინახე? თვალები, თმა? ფეხებზე რას იტყვი? მოიხედე! ყველაფერი თავის ადგილზე აქვს.
ბუსიგინი. აქვს, მაგრამ შენთვის არა.
სილვა. იქნებ ამის გულისთვის რჩები, ა? შებმა გადაწყვიტე?… გახსოვდეს, რომ ძმად ეკუთვნი. შენთვის არ შეიძლება. ჩემთვის კი – სხვა საქმეა, ჩემთვის შეიძლება.

შემოდის სარაფანოვი. ხელში სათუთუნე უჭირავს.

სარაფანოვი. აი, შვილო. წვრილმანია, ვერცხლის სათუთუნე, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენს ოჯახში ის ყოველთვის უფროს ვაჟს ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ დიდმა ბაბუამ ჩემს ბაბუას გადაულოცა, მე კი ბაბუაშენისგან – ჩემი მამისგან მერგო. ის ახლა შენია.

ხანმოკლე პაუზა.

ბუსიგინი (დაბნეული იღებს სათუთუნეს და მაგიდაზე დებს). გმადლობ, მამა… იცი, დარჩენა გადავწყვიტე. ერთი დღით. ხვალ თვითმფრინავით გავფრინდები.

სარაფანოვი. ეგ შესაძლებელია?
ბუსიგინი. რატომაც არა.
სარაფანოვი. ბრწყინვალე აზრია! მთელ დღეს ერთად გავატარებთ… დღეს კვირაა?… ა, ჯანდაბა! შვიდისთვის ფილარმონიაში მომიწევს წასვლა, მაგრამ ეს დიდ დროს არ წაიღებს. იქ პირველ განყოფილებაში ვარ, ერთი საათის საქმეა, ჰა-ჰა საათნახევრის, მეტის არა. დიდებული რამეა ავიაცია, შეუცვლელი! … (სილვას) სემიონ, თქვენ? იმედია, თქვენც დარჩებით?
სილვა. მე მეკითხებით?… მე, იცით…

ნინა შემოდის და მეორე ოთახში უჩინარდება. სილვა მრავლისმთქმელი მზერით მიაცილებს. ბუსიგინიც მას უყურებს.

სილვა. რა თქმა უნდა, სადაც – ეს, იქაც – მე. განუყრელნი ვართ.
სარაფანოვი. მაგას რა ჯობია. ვხედავ, ნამდვილი მეგობრები ყოფილხართ.

მეორე ოთახიდან ვასენკა გამოდის. იჭმუხნება, თმა აბურძგნული აქვს.

სარაფანოვი (მხიარულად). აჰა… სარაფანოვი-უმცროსიც მოსულა. სავალალო მდგომარეობაა.
ბუსიგინი. პირველი ლოთობის შედეგი.

სარაფანოვი და ბუსიგინი იცინიან.
ვასენკა. დარწმუნებულები ხართ, რომ პირველია? (დივანზე ჯდება. თავჩაქინდრული)
სარაფანოვი. წყალი დალიე.
სილვა. რძე.
ბუსიგინი. ცხელი ჩაი.
სარაფანოვი. კიდევ კარგი დღეს სკოლაში არაა წასასვლელი.
ვასენკა. საერთოდაც აღარ ვივლი.
სარაფანოვი. ისევ შენსას ერეკები?
ვასენკა. რა ისევ? ვთქვი, მივემგზავრები-მეთქი და წავალ კიდეც.
ბუსიგინი. შენს ადგილას, ჯერ სწავლას დავამთავრებდი. ტაიგაში წასვლას ყოველთვის მოასწრებ, მაგ დაწესებულებაში წლის ნებისმიერ დროს იღებენ.
სარაფანოვი. როგორც მივხვდი, იქ დურგლები და ხის მჭრელები სჭირდებათ.
ვასენკა. მერე რა? სიძნელეების არ მეშინია, ცდას არ დავაკლებ, უფროსი ამხანაგებიც დამეხმარებიან.

შემოდის ნინა.

ვასენკა. და საერთოდ, ყველა ხომ არ ისწავლის, ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს.
ნინა. საით გაუწევია?
ვასენკა. შენი საქმე არ არის.
სარაფანოვი. აბა-აბა! არაფერი დაგაკლდება, დას რომ მოუსმინო. ის შენზე ათჯერ სერიოზულია.
ვასენკა. მამა, მე ტეტია ვარ, ეს დიდი ხანია ცნობილია. სამაგიეროდ, ქალიშვილი გყავს სერიოზული, ჭკვიანი, ლამაზი…
სილვა. ეს ხუმრობის გარეშე.
ვასენკა. გარდა ამისა, კიდევ ერთი შვილი გამოგიჩნდა, ასე რომ, შეგეძლოთ ჩემთვის თავი დაგენებებინათ. ნუ მიშლით ტეტიად ყოფნას.
სარაფანოვი. მიდი და ელაპარაკე, უშედეგოა.
ნინა (ბუსიგინს). გილოცავ საგიჟეთში მოხვედრას.
ბუსიგინი (ვასენკას). შენს ადგილზე ამ ერთხელ დავუჯერებდი მამას. და დაიკოს.
ვასენკა. დროზე გამოჩნდი. ჩემს ნაცვლად დაუჯერებ ხოლმე.
ბუსიგინი. მე მივემგზავრები. სამწუხაროდ.
ნინა. მიემგზავრები?… როდის?
ბუსიგინი. ხვალ.
სილვა. რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ინსტიტუტი ვერ მოიცდის.
ნინა. მართლა?… მე კი მეგონა…
ვასენკა. ეგონა მამასთან დარჩებოდი. ნახა განტევების ვაცი.
სარაფანოვი. ვასენკა, სკანდალს ნუ აწყობ… ვალოდიას რაც შეეხება, ის ზაფხულში ჩამოვა ჩემს მოსანახულებლად.
ნინა. გამოდის, აქ ისე, გავლით ყოფილხარ…
ბუსიგინი. შენ კი, გამოდის, გამგზავრების სამზადისში ხარ?
სილვა. რა გამგზავრების?
ვასენკა. იდეა მომივიდა.
სარაფანოვი. ასე. მგონი ჩემმა უმცროსმა შვილმა ყურები გამოიბერტყა.
ვასენკა. მამას ცოლი სჭირდება.
სარაფანოვი. რა თქვი?
ვასენკა. ცოლი უნდა შეირთო.

ნინა იცინის.

სარაფანოვი (ნინას). მორჩი. უბრალოდ უზრდელია. რა არის ამაში სასაცილო?
ნინა. ვინ უნდა შეირთოს, ვასენკა?
ვასენკა. ვალოდიას დედა. აბა, სხვა ვინ.
სარაფანოვი. გატყობ, სულ წახვედი ხელიდან.
ნინა (დამცინავად). რა მოხდა მერე, მამა? ღირს ამაზე დაფიქრება (ბუსიგინს) შენ რას იტყვი?
ბუსიგინი. მე?… არც კი ვიცი.
სარაფანოვი. ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაგარი ხელი აკლიათ, როგორც ხედავ.
ვასენკა. ტყუილად ბრაზობ. ცუდს არაფერს გთავაზობ, პირიქით…
სარაფანოვი. გაჩუმდი-მეთქი, ტაკიმასხარავ (სილვას) სემიონ, აბა, როგორ მოგწონთ ეს ოჯახობა?
სილვა. გამორჩეული ოჯახია (ბუსიგინზე უთითებს) მაგრად გაუმართლა.
სარაფანოვი. ნინა, ვალოდია ხვალ მიემგზავრება, მე კი ცოტათი შევყოვნდები სამსახურში (ბუსიგინს) დღეს სერიოზული პროგრამა გვაქვს – გლინკა, ბერლიოზი (ნინას) ასე რომ, შეეცადე, უფრო სწორად, შეეცადეთ ცოტა ადრე მოხვიდეთ…
ნინა. კარგი.
სარაფანოვი. ჯერჯერობით კი… რომელი საათია?… ათი? საუზმის დროც მოსულა.
ნინა (ფანჯარასთან მიდის და აღებს). კი, მაგრამ ჯერ აქაურობა ცოტათი მაინც უნდა მილაგდეს. აბა, ყველანი იქით ოთახში (ფანჯარაში იყურება) ვასენკა, მოდი, დატკბი. ნატალია მთელი თავისი ბრწყინვალებით.

სილვა, სარაფანოვი და ბუსიგინი ფანჯარასთან მიდიან.

სარაფანოვი (ბუსიგინს). ის არის.
ბუსიგინი. ვერაფერს იტყვი, მიმზიდველია.
სილვა. ვინ არის ამისთანა?
სარაფანოვი. ჩვენი მეზობელია.
ნინა. სოფლის მშვენება (ვასენკას) რას ზიხარ? მიდი, გამოეთხოვე. დღეს არ გამოთხოვებიხარ.
ვასენკა. თავი დამანებე.
ნინა. თუ უკვე გაუგზავნე წერილი?
ვასენკა. მომეშვი-მეთქი. რა გინდა?
ნინა. მინდა, რომ ჭკუას მოეგო. ჯერ უნდა იფიქრო და მერე გადაირიო!
ბუსიგინი. ნუთუ? პირიქით ჯობია.
ნინა. ხო?
ბუსიგინი. მე ასე ვფიქრობ.
ნინა. და ძალიან სულელურადაც.
სარაფანოვი. ჩემი აზრით, ვალოდია მართალია. ფიქრი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ…
ნინა. მიდით, მიდით, გაამართლეთ, დაიცავით, თუ გინდათ, საბოლოოდ გადავიდეს ჭკუიდან.
ვასენკა (დგება. ნინას) იფიქრე, სანამ არ გასკდები, მე კი არ მინდა. მე ჭკუიდან გადასვლა მინდა, გასაგებია? ჭკუიდან გადასვლა და არაფერზე ფიქრი! და თავი დამანებე! (მეორე ოთახში გადის).
ბუსიგინი (ნინას). რატომ ექცევი ასე?
სარაფანოვი. ტყუილად, ნინა, მართლაც. ცეცხლზე ნავთს ასხამ.
ნინა. რა გაუხდა, მართლა და მართლა! იპოვა რა თავის დამცირების ობიექტი.
სარაფანოვი. არ ხარ მართალი. კარგი გოგონაა.
ბუსიგინი. მისი გაგება შეიძლება. საინტერესო ქალია…
ნინა. მართლა? შენ ასე ფიქრობ?
ბუსიგინი. მერე რა? ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არა უშავს რა.
ნინა. თუ ასეა, ცუდი გემოვნება გქონია. მოშორდით-მეთქი ფანჯარას, დალაგებას ვიწყებ. ჩამომჯდარა აქ და გამოუფენია… ოკლაჰომა!
სილვა. ყველაზე უკეთესია, არაფერზე არ იფიქრო და არც გაგიჟდე. ასე უფრო მშვიდად იქნები. მემგონი.
ნინა. ვალაგებ-მეთქი, გაიგეთ?
სარაფანოვი. კარგი, კარგი. წავედით, ვალოდია.
ბუსიგინი. შენ წადი, მე დავრჩები, ერთი წუთით.
სარაფანოვი. კარგი (მეორე ოთახში გადის)
სილვა (ფანჯარასთან). იცით, ნინა, მართალი იყავით. ამ ნატალიაში არაფერია განსაკუთრებული.
ნინა. მორჩა, გეყოფათ. ყველანი იქით ოთახში (სამზარეულოში გადის)
სილვა (თითების ტკაცუნით გამოხატავს აღფრთოვანებას). ცეცხლია ეს ჩვენი დაიკო, ქალი კი არა. მოდი ერთი, დალაგებაში მივეხმარები.
ბუსიგინი. არა, უნდა დაველაპარაკო.
სილვა. მოიხედე! შენ ხომ ძმად ეკუთვნი, რა გაქვთ სალაპარაკო?
ბუსიგინი. ოჯახური, ოჯახური საუბრებია. (სილვას კარისკენ უბიძგებს)
სილვა (ჯიუტობს). რომ გითხრა, შეყვარებული ვარ-თქო?
ბუსიგინი. მიდი, მიდი და მამა გაართე.
სილვა. ვინ?
ბუსიგინი. მამიკო-მეთქი. შენ რა, დაყრუვდი?… მიდი, მიდი. (სილვას მუჯლუგუნით აგდებს და კარს ხურავს).

გამოდის ნინა ცოცხითა და ტილოთი.

ბუსიგინი. მოგეხმარები… წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
ნინა. მომეხმარე… გამოხვეტე. შეძლებ?

შემოდის სილვა.

სილვა. მოგეხმარებით.
ნინა. მადლობა, მაგრამ მგონი ორნიც მოვერევით.
სილვა. არა, იქნებ რამეა გადასაადგილებელი, გასატანი…
ბუსიგინი. მხოლოდ ხელს შეგვიშლი.
სილვა. აბა, ბავშვებო! ერთი შეხედეთ (ბუსიგინი და ნინა სარკესთან მიჰყავს), როგორ ჰგავხართ ერთმანეთს! გეუბნებით, ტირილი მინდება-მეთქი.
ბუსიგინი. მიდი, მიდი (უბიძგებს სილვას) შეიძლება საკუთარ დას დაველაპარაკო? (სილვას კარს უხურავს)
ნინა. არა, საერთოდ არ ვგავართ. ოდნავადაც კი…
ბუსიგინი. შეიძლება…
ნინა. უცნაურიც კია… მამასგან, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ასეთ რამეს… ვინ იფიქრებდა, რომ ძმა მეყოლებოდა, თანაც უფროსი. და თანაც ასეთი საინტერესო.
ბუსიგინი. მე? მე ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიმპათიური და მყავდა?
ნინა. სიმპათიური?
ბუსიგინი. რა თქმა უნდა!
ნინა. შენ ასე ფიქრობ?
ბუსიგინი. არა, მე ვფიქრობ, რომ ლამაზი ხარ.
ნინა. ლამაზი თუ სიმპათიური, რაღაც ვერ გავიგე.
ბუსიგინი. ერთიც და მეორეც, მაგრამ… უნდა გელაპარაკო…
ნინა. ხო?
ბუსიგინი. ესე იგი, მიემგზავრები…
ნინა. მერე?… ხო, მივემგზავრები. ალბათ მამამ გიამბო.
ბუსიგინი. ასე… ესე იგი, მიემგზავრები… და რა, გამოდის, სამუდამოდ?
ნინა. ხო. შენ რატომ ღელავ ასე?
ბუსიგინი. მე?… იცი, რა ხდება? მამა ხომ უკვე ახალგაზრდა აღარაა და ჯანმრთელობაც არ უწყობს ხელს, ხასიათი კი, ხომ იცი… მოკლედ, მამა მამაა და თუ ვასენკაც წავა… ხომ გესმის…
ნინა. არ მესმის…
ბუსიგინი. ის ხომ მარტო დარჩება.
ნინა. ასეა… მერე?
ბუსიგინი. კი მაგრამ, ხომ შეგეძლო…
ნინა. თან წამეყვანა?
ბუსიგინი. ხო, მოკლედ… ან შენ რომ დარჩენილიყავი.
ნინა. ნუთუ?… ამას დამიხედეთ, რა მზრუნველი ყოფილა.
ბუსიგინი. აბა, რა უნდა ქნა? შენი მშობელი მამაა, უცხო ხომ არა.
ნინა. შენიც… თუ ასეთი მზრუნველი შვილი ხარ, რატომ შენს სახლში არ წაიყვან?
ბუსიგინი. მე?
ნინა. ხო, ასე რატომ გაიკვირვე? უფროსი შვილი ხარ და, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ეს შენი მოვალეობაა… რა?
ბუსიგინი. კი, მაგრამ… მე ხომ… მე ხომ გუშინ ვნახე პირველად. ეგეც არ იყოს, დედაჩემი გავიწყდება.
ნინა. შენ კი – ჩემი საქმრო… (დალაგებას იწყებს). შენთვის ადვილია მზრუნველობის გამოჩენა. უცხო თვალით… მისი მიტოვება არავის უფიქრია, ქორწილში ჩამოვა, დავეხმარებით ხოლმე, წერილებს მოვწერთ, მერე კი… აქ ხომ პირველ ხანებში ვტოვებთ, ერთი წლით, დიდი-დიდი წელიწადნახევრით.
ბუსიგინი. მფრინავებს წელიწადნახევრიანი თაფლობის თვე აქვთ?
ნინა. რას უწუნებ მფრინავებს?
ბუსიგინი. არაფერს… გადასარევი პროფესიაა… შეუცვლელი: „ნუ გაფრინდები, ძვირფასო, ნუ გაფრინდები“.
ნინა. არ მესმის, რატომ ლაპარაკობ ასეთი ტონით… დღეს გაგაცნობ. კარგი ბიჭია.
ბუსიგინი. წარმომიდგენია – დიდი და კეთილი.
ნინა. მართალია.
ბუსიგინი. ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ მიმზიდველია.
ნინა. ზუსტად.
ბუსიგინი. მხიარული, ყურადღებიანი, კარგი მოსაუბრე…
ნინა. დიახ, დიახ, დიახ. ამდენი საიდან იცი?
ბუსიგინი. ნებისყოფიანი, მიზანდასახული. მოკლედ, მის გვერდით თავს ისე გრძნობ, როგორც ციხე-სიმაგრეში.
ნინა. სწორია. ნებისყოფიანი, მიზანდასახული. მერე რითია ეს ცუდი? ყოველ შემთხვევაში, მან ზუსტად იცის, რა უნდა ამ ცხოვრებისგან. საკუთარ თავზე ბევრს არ იღებს, მაგრამ თავისი სიტყვის პატრონია. სხვებს არ ჰგავს, ოცნების ციხე-კოშკებს რომ დაგიდგამენ, სინამდვილეში კი მხოლოდ ტრაბახი შეუძლიათ.
ბუსიგინი. იქნებ, ტყუილიც არასოდეს უთქვამს?
ნინა. არ უთქვამს. ტყუილი რაში სჭირდება?
ბუსიგინი. მართლა? მისი ნახვა მინდა. მაჩვენე. ცალი თვალით მაინც შემახედე.
ნინა. საღამოს ნახავ.
ბუსიგინი. დღისით არ შეიძლება? კარგი იქნებოდა მისი საფუძვლიანად შეთვალიერება. არასოდეს იტყუება – გადასარევია პირდაპირ.
ნინა. მისმინე! რას ერჩი? ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. დავუშვათ, ვარსკვლავებს მართლაც არ წყვეტს, მერე რა? ჩემი აზრით, ეგ უკეთესიცაა. ქმარი მჭირდება, ციცერონი კი არა.
ბუსიგინი. ა-აა. თუ ასეა, მაშინ რა თქმა უნდა. მაშინ ზუსტი არჩევანია.
ნინა. მოიცა! შენ ხომ არ იცნობ!
ბუსიგინი. მერე რა? სამაგიეროდ, შენ გიცნობ.
ნინა. მიცნობ? მე? როდისღა მოასწარი?
ბუსიგინი. აი, ახლა.
ნინა. ჭკუის კოლოფს დამიხედეთ! ხუთი წუთია მელაპარაკება და უკვე ყველაფერი იცის ჩემზე!
ბუსიგინი. ყველაფერი არა.
ნინა. აბა?
ბუსიგინი. ვიცი, რა გინდა.
ნინა. რა?
ბუსიგინი. ქმარი. თვითონ თქვი.
ნინა (ბრაზდება). იცი, რა გითხრა! ეს უკვე… შენ… საერთოდ ვინ ხარ, ასე რომ მელაპარაკები?
ბუსიგინი. როგორ?
ნინა. კაცი თვალითაც არ გინახავს! რატომ დაესხი თავს? თუ გინდა იცოდე, შენზე ნაკლები არ არის! არაფრით!
ბუსიგინი. არ გედავები.
ნინა. უკეთესიც კია!
ბუსიგინი. გეთანხმები. რა შედარებაა. რა თქმა უნდა, უკეთესია.
ნინა. შენზე განიერი მხრები აქვს და მაღალიცაა! მთელი თავით მაღალი!
ბუსიგინი (ხელებს შლის). მით უმეტეს.
ნინა. რა მით უმეტეს?… თავხედი ხარ! თავხედი და მეტიჩარა!
ბუსიგინი. მართლა?
ნინა. და შერეკილი! რაც მამა, ის შვილი.
ბუსიგინი. მადლობა.
ნინა. არაფრის!

პაუზა. ნინა იატაკს ხვეტავს, ბუსიგინი მტვერს წმენდს. მაგიდასთან შემთხვევით აწყდებიან ერთმანეთს და საქმეს წყვეტენ.

ნინა. გეწყინა?
ბუსიგინი. არა…
ნინა. წყობიდან გამოვედი… შენც ხარ რა…
ბუსიგინი. არა, მეც უმიზეზოდ დავესხი თავს, მართლა.
ნინა. ესე იგი, შევრიგდით? (ხელს უწვდის) როგორ გაგლანძღე… მიბრაზდები?
ბუსიგინი (თავისკენ იზიდავს). არა-მეთქი, ხომ გითხარი…

პირისპირ დგანან. საქმე კოცნისკენ მიდის. ხანმოკლე პაუზა. შემდეგ უცბად, ერთდროულად შორდებიან ერთმანეთს.

ბუსიგინი (არაბუნებრივად ახველებს). მამას რა ეშველება, მაინც ვერ შევთანხმდით…
ნინა (ახლახან მომხდარს გულისხმობს). რაღაც უცნაური მეჩვენები…
ბუსიგინი. მომისმინე, დაიკო, რამე უნდა გადავწყვიტოთ…
ნინა. ძალიან უცნაური…
ბუსიგინი. ანუ მამას ვგულისხმობ… უცნაური რატომ? უბრალოდ მთელი ღამე არ მიძინია, ამაში უცნაური არაფერია…

შემოდიან სარაფანოვი და სილვა. სილვა გიტარას აჟღარუნებს.

ბუსიგინი. როგორ ხარ, მამა?
სარაფანოვი. მშვენივრად, შვილო.
სილვა (მღერის).
ჩერემხოვის სადგურზე
ორი ჩვილი იპოვეს
ერთი ოცდასამი წლის
მეორე კი – თვრამეტის!

ფარდა

მოქმედება მეორე

სურათი პირველი

ეზო. მაკარსკაიას სახლი, ჭადარი, ძელსკამი, ღობის ნაწილი, მაგრამ ქუჩა არ ჩანს. მაკარსკაია ძელსკამზე ზის და ჭიშკრისკენ იცქირება.
შემოდის ვასენკა. გაუბედავად ჩერდება, მერე კი გადაჭარბებული სიმხნევით მიემართება ჭიშკრისკენ.

მაკარსკაია (დაინახავს). ვასენკა! (ვასენკა ადგილზე შეშდება) მოდი აქ. უნდა გაგწკეპლო გუშინდელისთვის.

ვასენკა (ისევ ზურგით დგას). ამ საქმისთვის სხვა ვინმე მონახეთ.
მაკარსკაია. მოდი, მოდი, ნუ გეშინია.
ვასენკა. კარგ ხასიათზე ხართ არა? თამაში მოგინდათ?… თაგუნიას როლი აღარ მაწყობს.
მაკარსკაია. მოდი აქ, სულელო.
ვასენკა (ცდუნებას ვეღარ უძლებს, ბრუნდება და უახლოვდება). აი, ასე… ახლა შეგიძლია საუზმეზე მიმირთვა… თუ გინდა.
მაკარსკაია. რა სასაცილო ხარ… გინდა კინოში წავიდეთ?
ვასენკა (ცოტა ხნის შემდეგ). მართლა?… როდის?
მაკარსკაია. და რა გადის? არის რამე ნორმალური?
ვასენკა. არის! იტალიური ფილმია! აქვე გადის, ახლოს.
მაკარსკაია. რაზეა?
ვასენკა. „გაყრა იტალიურად“ ჰქვია.
მაკარსკაია. გაყრა? არ მინდა! მაგით სამსახურშიც ყელამდე ვარ. სამი საქმიდან ორი გაყრაა. გაყრის გარეშე დღე არ ჩაივლის! გამოდის, იტალიაშიც ასე ყოფილა?
ვასენკა. არა, არა! იქ სწორედ ყველაფერი სხვანაირადაა..
მაკარსკაია. მე კი გეუბნები, ბევრი მინახავს, ბევრი მსმენია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ-მეთქი. გათხოვებას არ ვაპირებ.
ვასენკა. არის კიდევ ერთი… მაგრამ ისიც გაყრაზეა. „ბედნიერების დღე“.
მაკარსკაია. აბა, ასე რატომ ქვია?
ვასენკა. იქ ქალმა ცუდი ქმარი მიატოვა და კარგს გაჰყვა.
მაკარსკაია. იმას ასე ჰგონია. კიდევ გადის რამე თუ სულ ეგაა?
ვასენკა. სულ ესაა.
მაკარსკაია. მაშინ იტალიურად სჯობია.
ვასენკა. გავიქცე ბილეთებზე?
მაკარსკაია. მიდი, პატარავ, მიდი.
ვასენკა. რომელ სეანსზე?
მაკარსკაია. რომელზეც გინდა.
ვასენკა. მაშინ ყველაზე ერთად. ყველა სეანსზე. ორმოცი წლის შემდეგაც.
(მიდის)

მაკარსკაია. გალაღდა ბიჭუნა.

შემოდის სილვა.

სილვა. გამარჯობათ, ნატაშა.
მაკარსკაია. გამარჯობათ.
სილვა. ხელს არ შეგიშლით?
მაკარსკაია. მგონი არა.
სილვა (გვერდით მიუჯდება). მე სემიონი მქვია.
მაკარსკაია. მშვენიერია. ჩემი სახელი საიდან იცით?
სილვა. ნუ გაგიკვირდებათ. დიდი ხანია გითვალთვალებთ.
მაკარსკაია. ნუთუ?
სილვა. უფრო სწორად, თქვენი ცქერით ვტკბები.
მაკარსკაია. მერედა, სად მნახეთ?
სილვა. მაგას არასოდეს გეტყვით.
მაკარსკაია. აი, თურმე რა… მაშინ თვითონ გეტყვით.
სილვა. როგორ? თქვენც გყავართ ნანახი?
მაკარსკაია. სად გაეყარეთ ცოლს?
სილვა. რაო, რაო?
მაკარსკაია. რომელს სასამართლოში გაიყარეთ-მეთქი?
სილვა. რას ამბობთ! მსგავსი რამ არ ყოფილა. არ მიყვარს სახელმწიფოს ჩარევა ჩემს პირად საქმეებში. რისთვის? სახელმწიფოს თავისი გასაჭირიც ჰყოფნის.
მაკარსკაია. მე სასამართლოში ვმუშაობ. მდივნად. იქ ხომ არ შევხვედრივართ?
სილვა. იქ არა. საბედნიეროდ.
მაკარსკაია. მე კი მგონია, რომ ყველა მამაკაცმა გამოიარა ჩვენი სასამართლო. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
სილვა. დასანანი არაა, ასეთი გოგონა რომ მტვრიან ქაღალდებში იქექება… თქვენი სახლია?
მაკარსკაია. დიახ.
სილვა. როგორც ვიცი, მარტო ცხოვრობთ. უხერხული კითხვა – რატომ?
მაკარსკაია. მარტო რატომ ვცხოვრობ? მინდა და ვცხოვრობ. თქვენ რა, არ მოგწონთ?
სილვა. არა, რას ამბობთ! პირიქით. რომანტიულია. დამპატიჟეთ სტუმრად.
მაკარსკაია. ვითომ რატომ?
სილვა. არ მოგწონვართ?
მაკარსკაია. თქვენ? არა გიშავთ რა. სიმპათიური თავხედი ხართ.
სილვა. თავხედი ვარ, არ უარვყოფ. მაგრამ თავხედებსაც ხომ სჭირდებათ სიყვარული.
მაკარსკაია. აჰა, ინებეთ. სამყარო ორად გაიხლიჩა: საქმროებად და თავხედებად. საქმროებთან მოწყენილობა გკლავს, თავხედებთან ცრემლები გახრჩობს. მიდი და იცხოვრე!
სილვა. ამ საღამოს რას აკეთებთ?
მაკარსკაია. კინოში მივდივარ (დგება და სახლისკენ მიდის)
სილვა (უკან მიჰყვება). კინო… კარგი რამეა… და არ შეიძლება ეგ კინო მომავლისთვის გადადოთ?
მაკარსკაია (ზღურბლზე). ვითომ რატომ?
სილვა. როგორ ცხოვრობთ? შეიძლება ვნახო?
მაკარსკაია. შემოდით, სულ ერთია, მაინც შემომივარდებით.
სილვა. აბა რა (მაკარსკაიასთან ერთად სახლში შედის).

სადარბაზოდან ნინა და ბუსიგინი გამოდიან. ნინას ლაბადა აცვია და ჩანთა უჭირავს.

ბუსიგინი. არა, არა, მარტო წადი. მე, სჯობია, მამას გავყვე. მუსიკას მოვუსმენ. გლინკას, ბერლიოზს…
ნინა. არ გირჩევ.
ბუსიგინი. რატომ?
ნინა. ვერავითარ ბერლიოზს ვერ მოუსმენ.
ბუსიგინი. როგორ? მამამ თქვა…
ნინა. მამა ბევრ რამეს ამბობს. უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ფილარმონიაში აღარ მუშაობს.
ბუსიგინი. სერიოზულად?
ნინა. კი. და უკეთესია, შენც თუ გეცოდინება ამის შესახებ.
ბუსიგინი. აბა, სად მუშაობს?
ნინა. ჯერ კინოთეატრში მუშაობდა, ცოტა ხნის წინ კი რკინიგზელთა კლუბში გადავიდა. ცეკვებზე უკრავს.
ბუსიგინი. მართლა?
ნინა. მაგრამ, იცოდე, არ უნდა გაიგოს, რომ შენ ეს იცი.
ბუსიგინი. გასაგებია.
ნინა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი უკვე დიდი ხანია ყველამ იცის. მხოლოდ ჩვენ – მე, ვასენკა და მამა ვიკატუნებთ თავს, თითქოს ისევ სიმფონიურ ორკესტრშია. ეს ჩვენი ოჯახური საიდუმლოა.
ბუსიგინი. რა გაეწყობა, თუ ასე უნდა…
ნინა. დედა არ მახსოვს, მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი წერილები ვიპოვე – მათში დედა, არც მეტი, არც ნაკლები, „ნეტარს“ უწოდებს. აი, ასე მიმართავდა: „გამარჯობა, ჩემო ნეტარო…“, „გაიგე, ჩემო ნეტარო…“, ჩემო ნეტარო, საკუთარ თავზეც იფიქრე…“, „შენ ოჯახი გყავს, ჩემო ნეტარო…“, „მშვიდობით, ჩემო ნეტარო…“ და მართალიც იყო… სამსახურში მუდამ რაღაც პრობლემები აქვს. ცუდი მუსიკოსი არ არის, მაგრამ თავის გატანა არასოდეს შეეძლო. თან სვამს. ჰოდა, როცა შემოდგომაზე ორკესტრში ხალხი შეამცირეს, თავისთავად…
ბუსიგინი. მოიცადე. თქვა, რომ თვითონ წერს მუსიკას.
ნინა (დაცინვით). აბა რა.
ბუსიგინი. რა მუსიკაა?
ნინა. მუსიკა?… შესანიშნავი მუსიკაა. კანტატა თუ ორატორია, სახელწოდებით „ადამიანები ძმანი ვართ“. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, ამ ორატორიას წერს.
ბუსიგინი. მერე? ალბათ, უკვე ამთავრებს არა?
ნინა. როგორ არა. მთელი გვერდი დაწერა.
ბუსიგინი. ერთი გვერდი?
ნინა. ერთადერთი. მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს, გადავიდა მეორეზე. მაგრამ ახლა ისევ პირველზეა.
ბუსიგინი. ვერაფერს იტყვი, უმუშავია.
ნინა. არანორმალურია.
ბუსიგინი. შეიძლება ასეც უნდა მუსიკის წერა?
ნინა. შენ მასავით მსჯელობ… და მაინც, სამწუხაროა.
ბუსიგინი. რა არის სამწუხარო?
ნინა. სამწუხაროა, რომ გშორდებით… სულ დავიბენი. ისე ველოდებოდი გამგზავრებას, ახლა კი, როცა რამდენიმე დღე დარჩა… ვასკას დატოვებაც მენანება. შენიც. თუმცა ჯერ კიდევ გუშინ არაფერი ვიცოდი შენზე… მოიხედე, ძამიკო! სად იყავი დაკარგული? რატომ ადრე არ გამოჩნდი?
ბუსიგინი. ნოტები იცი…
ნინა. ნეტავ უფრო ადრე მცნობოდი. კინოში წამიყვანდი, ცეკვებზე, დამიცავდი, ჭკუას დამარიგებდი. აჰა, ინებეთ – გამოჩნდა! თითქოს ჯინაზე – ბოლო დღეს. ცოტა არ იყოს, უპატიოსნო საქციელია შენი მხრიდან.
ბუსიგინი. რას ვიზამთ… დარჩი, თუ გინდა. (საჩქაროდ გადააკეთებს ნათქვამს) ცოტა ხნით მაინც დარჩი-მეთქი, ვიგულისხმე.
ნინა. რისთვის?
ბუსიგინი. რა ვიცი… კინოში წავიდეთ, ცეკვებზე…
ნინა. ხვალ ხომ მიდიხარ?
ბუსიგინი. მერე… მერე დავბრუნდები.
ნინა. არა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.
ბუსიგინი. სად ხვდები საქმროს?
ნინა. ცენტრში, როგორც ყოველთვის.
ბუსიგინი. როდის დაბრუნდებით?
ნინა. კინოში მივდივართ. რვისთვის მოვალთ…გინდა, ერთად წავიდეთ?
ბუსიგინი. იქ რა ვაკეთო?… არა. შენს მფრინავს საღამოს გავიცნობ.
ნინა. იმედი მაქვს, მოგეწონება. კარგი ადამიანია, ჩემთან მიმართებაშიც… არ იფიქრო, თითქოს სხვებს არ მოვწონდი. მე თვითონ ავირჩიე.
ბუსიგინი. რატომ? სხვებზე უკეთესია?
ნინა. იმიტომ რომ, ვუყვარვარ… იცი, გატაცება კარგია, მაგრამ ცხოვრებაში რაღაც ქვაკუთხედი გინდა ადამიანს.
ბუსიგინი. გასაგებია.
ნინა. ახლა რაღა გაიგე?

სახლიდან მაკარსკაიას სიცილი ისმის.

ბუსიგინი. მხიარული ქალია.
ნინა. მეტისმეტად. ისევ წამოაგო ვიღაც ანკესზე…
ბუსიგინი. ძალიან მკაცრად სჯი. არც ისე ცუდი ადამიანია.
ნინა. შენ საიდან იცი, როგორია?
ბუსიგინი. ვიცნობ.
ნინა. ხო?
ბუსიგინი. გუშინ, როცა თქვენს სახლს ვეძებდით, ცოტა წავისაუბრეთ…
ნინა. აი, თურმე რა.
ბუსიგინი. მე მომეწონა.
ნინა. მოგეწონა?
ბუსიგინი. მერე რა?
ნინა. ის ქალი?
ბუსიგინი. რატომაც არა? მშვენიერი ქალია…
ნინა. ბებრუხუნა.
ბუსიგინი. ქერა თმა აქვს. მომწონს ქერათმიანები.
ნინა. შეღებილი აქვს.

ისეც ისმის მაკარსკაიას სიცილი.

ბუსიგინი. სიცოცხლით სავსეა. მიყვარს ასეთები.
ნინა. ვერ ვიტან!
ბუსიგინი. მარტოხელაა. მარტოხელები ყოველთვის მებრალებოდა.
ნინა. მეჯავრება!
ბუსიგინი (ეშხში შევიდა). მე კი, მგონი, მაინც ვცდი მასთან ბედს.
ნინა. არა! მიახლოებაც არ გაბედო.
ბუსიგინი. ოჰო!… ეს უკვე ეჭვიანობას ჰგავს.
ნინა (გაკვირვებული). რა?…
ბუსიგინი. იქნებ ჩემზე ეჭვიანობ?
ნინა (შეშინებული). ვეჭვიანობ?… (შემცბარი) ალბათ… რა თქმა უნდა, ვეჭვიანობ. დას რა, ეჭვიანობა არ შეუძლია?
ბუსიგინი (ავიწყდება). რომელ დას!… (გონს მოდის) ა, ხო, დას – ძმაზე! რა თქმა უნდა, შეუძლია. თუ მას… თუ მას კარგად ექცევა…
ნინა (გაუბედავად). რა თქმა უნდა…
ბუსიგინი. ეს ბუნებრივია. აი, კავკასიაში ამისთანა ამბები სისხლისღვრითაც კი მთავრდება ხოლმე… კარგი, წადი, თორემ დაგაგვიანდება.
ნინა (გამოერკვევა). ხო! დიდი ხანია დროა… წავალ… (მიდის, მაგრამ ბრუნდება) მისმინე, კავკასიაში ისე არ ხდება, რომ დას ძმა შეუყვარდეს?
ბუსიგინი. შეუყვარდეს?… არა, ასე არ ხდება.
ნინა. რას ამბობ? (იცინის). მე კი მეგონა…
ბუსიგინი (ისიც იცინის). მგონი, ეგ შეუძლებელია.
ნინა (იცინის). შეუძლებელია?
ბუსიგინი. მგონი, კი.
ნინა (იცინის). ცუდია… (სიცილს წყვეტს) იცი, შენთან კაცი არ მოიწყენს.
ბუსიგინი. ჩემთან? არასოდეს.
ნინა. კარგი, წავედი… ორი საათისთვის მამა გააღვიძე. საჭმელი ქურაზეა, გააცხელეთ. და უმცროს ძმას მიხედე, არ გაიქცეს.
ბუსიგინი. არ გაიქცევა. უკვე მოვილაპარაკეთ.
ნინა. შენ იცი, მამას შენი იმედი აქვს… ბედნიერად. (უახლოვდება) ამას კი (მაკარსკაიას სახლზე ანიშნებს ჟესტით) მაინც ჯობია არ გაეკარო. კარგი?
ბუსიგინი. კარგი… ბედნიერად…
ნინა. ბედნიერად, ძამიკო (მიდის)
ბუსიგინი (ხელს უქნევს, ხმადაბლა). მშვიდობით, დაიკო…

ზღურბლზე სილვა და მაკარსკაია გამოჩნდებიან. მაკარსკაია იცინის. ჭიშკართან მდგომ ბუსიგინს ვერ ხედავენ.

სილვა. მაშ ასე, როდესაც ჩამავალი მზის სხივები ხეების კენწეროებს მოავარაყებს…
მაკარსკაია (კარებში დგას, იცინის). კარგი, კარგი… თავხედი!
სილვა (საქმიანად). ესე იგი, ათზე.
მაკარსკაია. ათზე, ათზე… (შედის და კარს იხურავს)

სილვა პარმაღიდან ჩამოდის და ბუსიგინს ამჩნევს.

სილვა. ა, მესიე სარაფანოვი! (უახლოვდება). სიცოცხლე ჩქეფს (ჟესტით ანიშნებს მაკარსკაიას სახლზე) გაიგონე?
ბუსიგინი. გავიგონე.
სილვა. შენ რაღას მოგიწყენია? რა დაგემართა? ბოლოს და ბოლოს, შვილი ხარ თუ ღარიბი ნათესავი?
ბუსიგინი. არ გეჩვენება, რომ სტუმრობა გაგვიგრძელდა?
სილვა. სულაც არა. ყველაფერი რიგზეა. აქ უკვე მომწონს. შენც არა გიშავს რა. საქმეები წინ მიდის.
ბუსიგინი. რა საქმეები?
სილვა. სასიყვარულო საქმეებს ვგულისხმობ.
ბუსიგინი. არაფერი მაგდაგვარი.
სილვა. დაყაჭე, თითქოს ვერ ვამჩნევდე, როგორ მიილტვით ერთმანეთისკენ. შეხედვისაც კი მეშინია – ტირილი მინდება.
ბუსიგინი. მორჩი. თხოვდება.
სილვა. ვიცი, მაგრამ…
ბუსიგინი (აწყვეტინებს). და რამდენიმე დღეში მიემგზავრება. აი, მთელი ლტოლვა… სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში დაბრუნება – უკეთესი. წავედით.
სილვა. სად?
ბუსიგინი. სახლში.
სილვა. მოიცა… რატომ? ათზე პაემანი მაქვს.
ბუსიგინი. გადაიდო. რა ჯანდაბად ჰყოფ ცხვირს, სადაც საჭირო არაა? ვერ ხედავ, რა დღეშია ბიჭი მაგ ქალის გულისთვის?
სილვა. მერე, მე რა შუაში ვარ?
ბუსიგინი. სისულელეებს მორჩი. და პაემანი დაივიწყე. მორჩა. სახლში ვბრუნდებით.
სილვა. არავითარ შემთხვევაში. ქალს ხომ არ მოვატყუებ?
ბუსიგინი. ძალიან კარგადაც მოატყუებ. მიდი, დაემშვიდობე. უთხარი, რომ როდესაც ჩამავალი მზის სხივები ხეების კენწეროებს მოავარაყებს, შენ უკვე შორს იქნები.
სილვა. მოიხედე, რა ჩაიფიქრე?… ღამით დავბრუნდებით, ხო?
ბუსიგინი. რისთვის?
სილვა. არ დავბრუნდებით?… მაშინ შენ წადი, მე კი…
ბუსიგინი. ერთად გავემგზავრებით.
სილვა. რატომ?… მომისმინე. შენ რაღაც შენი გეგმები გაქვს, ეგ მესმის. მაგრამ მე ხომ არაფერი ვიცი, მე რაღატომ უნდა დავზარალდე? რომ ამიხსნიდე, სხვა საქმე იქნებოდა. ცხრაპირ წკვარამში მამყოფებ. არ არის ლამაზი. მეგობრები ასე არ იქცევიან.
ბუსიგინი. კარგი. რახან მეგობრები ვართ, მეგობრულად გთხოვ, წავიდეთ. თვითონ თქვი, შენი მეგობარი ვარო.
სილვა. მერე, მართალია, მეგობარი ვარ, სასაპალნე ვირი კი არა. დასთან არ შეიძლებაო, არც სხვასთანო, აბა რაღა ვქნა?
ბუსიგინი. მოკლედ ასე: თუ ოდესმე ამ კარზე (ჟესტით ანიშნებს მაკარსკაიას სახლზე) ისევ დააკაკუნებ, შენვე მოგიბრუნდება ცუდად. გასაგებია?… აბა? რჩები?
სილვა. ჯანდაბას მაგის თავი. ქალის გულისთვის ხომ არ ვიჩხუბებთ. მივდივართ… ამ სისულელეს მხოლოდ იმიტომ ჩავდივარ, რომ შეგიყვარე. მამაკაცური მეგობრობის ინტერესებში.
ბუსიგინი. კარგი, კარგი…
სილვა. აქ დამელოდე, გიტარას ავიღებ.
ბუსიგინი. მეც შემოვალ.
სილვა. ა-ა, ჯობია ეგ არ ქნა. აქეთ მამიკოო, იქით გულითადი საუბრებიო. ისევ ჩავრჩებით.
ბუსიგინს. სძინავს. წერილს დავუწერ.

მოულოდნელად ვასენკა გამოჩნდება.

სილვა. აი, მტრედიც მოფრენილა!
ვასენკა. რაო, მზეს ეფიცხებით?
ბუსიგინი. სად იყავი, ბებერო?
ვასენკა. რა თქვენი საქმეა, ნიანგებო?
სილვა. დიდებულ ხასიათზე ხარ. ლატარია მოიგე?
ვასენკა. მამა სახლშია?
ბუსიგინი. სძინავს.
ვასენკა. რასა იქმთ?
სილვა. ვინ – რას. შენი ძმა კეთილშობილ საქმეებს სჩადის, მე კი… დალევის მეტი რა დამრჩენია.
ვასენკა. მაშინ სახლში ადით. სამზარეულოში, გამათბობელთან რაღაც უნდა იყოს. მამას სამალავია.
სილვა. მამას სამალავი. მაინც რა არის?
ვასენკა. არ ვიცი, მგონი რახია. წავა?
სილვა. რახი? საუკეთესო ვარიანტი არაა… მაგრამ არა უშავს, წავა.
ბუსიგინი (სილვას). წადი, ახლავე მოვალ.

სილვა სადარბაზოში უჩინარდება.

ბუსიგინი. აბა, ძამიკო, მოვილაპარაკეთ?
ვასენკა. სიტყვა სიტყვაა.
ბუსიგინი. ჩემი საქმე სხვანაირადაა, აუცილებლად უნდა წავიდე… შეიძლება დღესაც. შენ კი… მოკლედ, შენი იმედი მაქვს.
ვასენკა. მე ვრჩები. უკვე გადაწყვეტილია.
ბუსიგინი. ვიცი, კერკეტი კაკალი ხარ.
ვასენკა. კარგი, წადი.
ბუსიგინი. არის, ძამიკო (სადარბაზოში შედის)

ვასენკა მაკარსკაიას უკაკუნებს. ქალი გამოდის.

მაკარსკაია. იყიდე ბილეთები?
ვასენკა. აბა რა! იცი, რა ზედახორა იყო?
მაკარსკაია. გეტყობა. ღილები სადაა?
ვასენკა. ერთი – აქ, მეორე – იქ!
მაკარსკაია. მოდი, ეს მაინც მომეცი. მოიცადე. (სახლში შედის)

ვასენკა ჯიბიდან დაბეჭდილ კონვერტსა და ასანთს იღებს. კონვერტს სახლის პარმაღზე წვავს.

მაკარსკაია (გამოდის). რას აკეთებ?
ვასენკა (მხიარულად). ისე. ერთი გზავნილი დავწვი.
მაკარსკაია. პიჯაკი მომეცი.

ცოტა ხანი ჩუმად სხედან პარმაღზე გვერდიგვერდ. ვასენკა ირინდება, ინაბება, მერე კი უცბად თავს რგავს მის მხარში.

მაკარსკაია. რას შვრები?…
ვასენკა. არ ვიცი.
მაკარსკაია. აბა, წესიერად, წესიერად!… (შემწყნარებლური ჟესტით უწევს თავს) განაზდა ბიჭუნა!
ვასენკა. მაპატიე. ეს… გამივლის…
მაკარსკაია (პიჯაკს აძლევს). აიღე. როცა ეს ღილი მოძვრება, დამივიწყებ. ასე ამბობენ… მოიცა, რომელ სეანსზე აიღე ბილეთები?
ვასენკა. ბოლოზე, ათსაათიანზე… რა იყო?
მაკარსკაია. ათზე? ხომ არ გაგიჟდი!
ვასენკა. ხომ მითხარი, რომელზეც გინდაო.
მაკარსკაია. მხოლოდ ათზე არა!
ვასენკა. შენ მითხარი…
მაკარსკაია. ვასენკა, საყვარელო, ათზე შეუძლებელია.
ვასენკა. რომელზეც გინდაო. თვითონ არ მითხარი?
მაკარსკაია. ვასენკა! ათზე წამოსვლა არ შემიძლია!
ვასენკა. რატომ?
მაკარსკაია. არ შემიძლია და მორჩა.
ვასენკა. რატომ არ შეგიძლია?
მაკარსკაია. არ შემიძლია ნიშნავს, რომ არ შემიძლია! გაიქეცი ბილეთებზე, თუ კიდევ გინდა ჩემთან ერთად კინოში წასვლა.
ვასენკა. რატომ? უნდა ვიცოდე.
მაკარსკაია. უნდა იცოდე? საიდან მოიტანე? რა წესია ეს ყველაფრის ცოდნა?… და ასე ნუ მიყურებ.
ვასენკა. რა მოხდა? პაემანი გაქვს?
მაკარსკაია. შენ რა, პროკურორი ხარ? (ყვირის) ნუ მიყურებ-მეთქი ასე!
ვინ მოგცა ასე ყურების ნება?
ვასენკა. პაემანი გაქვს?
მაკარსკაია. გამოიცანი. პაემანი მაქვს! მერე შენ რა?
ვასენკა. რატომ ქენი ეს?
მაკარსკაია. ისე. ვიდრე შენ ბილეთებზე დარბოდი, აქ რაღაცები შეიცვალა
ვასენკა. რა?
მაკარსკაია. გითხარი, დაკითხვას მოეშვი-თქო!
ვასენკა. რა შეიცვალა?!
მაკარსკაია. ერთი ბიჭი მომეწონა, აი, რა! მიიღე?
ვასენკა. სად იყო ეგ ბიჭი აქამდე? სად?!
მაკარსკაია. ღმერთო! როგორ ამოხვედი ყელში!…
ვასენკა. რატომ გამგზავნე ბილეთებზე, სადისტო?
მაკარსკაია. შემეცოდეთ და იმიტომ! მამაშენი შემეცოდა…
ვასენკა. რა-ა?… რა შუაშია აქ მამა?
მაკარსკაია. იმ შუაშია, რომ გუშინ საღამოს ჩემს დასანიშნად მოვიდა.
ვასენკა. იტყუები!
მაკარსკაია. ეს რა ოჯახია, ღმერთო! მოდიან და ვიღაც პატარა იდიოტზე მნიშნავენ! მოფიქრება არ უნდა!
ვასენკა (ხელში ჩააფრინდება). იცოდე… იცოდე, მოგკლავ!
მაკარსკაია. მომკლავ! ხა-ხა! შემეშინდა. შენ ხომ ჭიანჭველასაც ვერ დაადგამ ფეხს! ვერ შეძლებ (ხელს წაართმევს) აი, რა გითხრა, პატარავ. მორჩა. კონცერტი დამთავრებულია. წადი და თავს ნუ ისულელებ, ვიდრე არ გაუროზგიხართ (სახლში შედის და კარს აჯახუნებს)

სადარბაზოდან ბუსიგინი და სილვა გამოდიან გიტარით. უეცრად ვასენკა მათ თვალწინ იგლეჯს მაკარსკაიას მიკერებულ ღილს და ძირს აგდებს.

ბუსიგინი. რა დაგემართა, ძამიკო?… რა მოხდა?

ვასენკა გაოგნებული დგას.

ბუსიგინი. ვინ გაწყენინა?… იმან?
სილვა (ვასენკას). აი, რას გეტყვი, ბებერო, მიაფურთხე ამ ყველაფერს. დროებით. შენ გიყვარს, ის კი თავს იფასებს. ჩვეულებრივი ამბავია. აბა, ნახე რას იზამს, როცა აღარ გეყვარება.
ბუსიგინი. მორჩი, რას როშავ.

ვასენკა მოულოდნელად სადარბაზოში შერბის.

ბუსიგინი. შტერო, შეხედე, რა ქენი.
სილვა. მოიხედე, რა გჭირს, ა? ავად ხომ არ ხარ? მართლა შენი ძმა ხომ არ არის?
ბუსიგინი. ჯანდაბას… ახლა რაღა ვქნათ?
სილვა. რა ვქნათ და მოვუსვათ, როგორც ვაპირებდით.

გამოდის სარაფანოვი.

სილვა (ხმადაბლა). გვეღირსა, გაიღვიძა.
სარაფანოვი. ვალოდია!
ბუსიგინი. რა მოხდა?
სარაფანოვი (სასოწარკვეთილი). ზურგჩანთას ალაგებს! (სადარბაზოში უჩინარდება)
სილვა. მორჩა, წავედით აქედან.
ბუსიგინი (წყენით). მე ვრჩები.
სილვა. გამარჯობა! (ცერა თითს გიტარის სიმებზე ავლებს) ესე იგი, ყველაფერი თავიდან იწყება?… მომისმინე, ეს სიმღერა უკვე მომბეზრდა.

სურათი მეორე

სარაფანოვების ბინა. საღამოს ათი საათი. ბუსიგინი მეზობელი ოთახის კართან დგას. დივანზე წამოწოლილი სილვა გიტარას აჟღარუნებს.

სილვა (ღიღინებს).
ოხ, შვილებო, შვილებო,
სისხლს რად მიშრობთ, შვილებო,
სადაური წესია
ძმას უყვარდეს დაიკო…

ბუსიგინი. მორჩი.
სილვა. მგონი დიდი ხანია ხვრინავს.
ბუსიგინი. არა, საქმეც მაგაშია. ჭერში იყურება (საათს უყურებს) აი, უკვე ექვსი საათია.
სილვა. ხომ არ მოკვდა?
ბუსიგინი (კარს შეაღებს). მოიხედე, ბებერო, რას უყურებ მანდ? რამე საინტერესოა? ტარაკანების ცხოვრებიდან, არა?… (ჩუმდება და კარს ხურავს) უშედეგოა.
სილვა. და თუ მოგწონს, ძმას რატომ დარაჯობ, ა? არ მესმის. მოიხედე და, რად გერგება ის ბიჭი, თუ… სიძედ?
ბუსიგინი. რაღაც მაგდაგვარი.
სილვა. ეგრეა, სიძედ! (იცინის) უკვე მშურს შენი. და, ვინ არის?
ბუსიგინი. კურსანტი. სამხედრო და პოლიტიკური მომზადების მეწინავე.
სილვა. წარმომიდგენია, აქ რა ამბავი დატრიალდება. იქნებ, გაცლოდი, ა?… თუმცა მესმის, დაიკოს ნახვა გინდა.
ბუსიგინი. შეიძლება.
სილვა. გასაგებია. დაიკოსთან დალაპარაკება გინდა. როგორც წესი და რიგია, ხო?
ბუსიგინი. შენი საქმე არაა.
სილვა. მერე კურსანტი? მალე მამიკოც დაბრუნდება. მაგრად გაერთობით. მე რაღა დავაშავე? (გიტარას მიაგდებს და ტრიუმოზე სარაფანოვების საოჯახო ალბომს სწვდება. ფურცლავს)
ბუსიგინი. შეგიძლია კინოში წახვიდე. აი, ბილეთები. გადაყარა.
სილვა. რას არ ნახავ ამ სახლში (ბილეთებს იღებს) მოვიფიქრებ (ალბომს ფურცლავს)
ბუსიგინი. დაელაპარაკე იმ გოგოს?
სილვა. რაზე? (ბუსიგინს ალბომს აჩვენებს) ნახე, მამიკოც ყოფილა ერთ დროს ახალგაზრდა.
ბუსიგინი. უთხარი, რომ თქვენს შორის ყველაფერი დამთავრდა?
სილვა. არა. აღარ მინახავს.
ბუსიგინი. შეგეძლო აგეხსნა.
სილვა. ახსნა-განმარტების გარეშეც კარგად იქნება! პატარა ხომ არაა. მე მაგას აღარ ვიცნობ, შენც ხომ ეს გინდოდა… ისე, არაუშავდა, არა?
ბუსიგინი. კინოში წათრევა არ გაბედო.
სილვა. რას ამბობ! ვინ გგონივარ?… ქალებთან ურთიერთობისას მთავარია გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე კიდევ ბევრი ქალია… იმ გოგოზე უარს ვამბობ. მამაკაცური მეგობრობის ინტერესებში… მართლაც, მეგობრისთვის თავის გაწირვას სასიამოვნო მხარეებიც აქვს. საკუთარი თავის პატივისცემაც კი დავიწყე. არა, მართლა. ვწევარ აქ და პატივს ვცემ. (ალბომს ფურცლავს და ბუსიგინს აჩვენებს) შენი დაიკო ღრმა ბავშვობაში, კლასობანას თამაშობს. შეხედე. დატკბი.
ბუსიგინი. ნანახი მაქვს.
სილვა (ფურცლავს). ეს? გამოსაშვები საღამოს შემდეგ. ქუჩაში სეირნობენ. რა? აქ ყველაზე სიმპათიურია (ფურცლავს, წამოიკვნესებს) ო-ო… პლაჟი! ეს ყველაზე საინტერესო ადგილია… (ბუსიგინს აჩვენებს) ნახე?
ბუსიგინი. სამწუხაროდ. ნეტავ არ მენახა.
სილვა. იყო პლაჟზე ერთი შემთხვევა. გოგო იხრჩობოდა, მე გამოვათრიე.
ბუსიგინი (უგულისყუროდ). მერე?
სილვა. მერე ის, რომ სანამ მოვათრევდი, ვერ ვხედავდი, გამოვათრიე და ულამაზო აღმოჩნდა. არ გამიმართლა. აი, ეს (ფოტოს უტკაცუნებს) რომ გადამერჩინა! ის იხრჩობა, მე კი ნაპირზე გამომყავს. ცუდი დასაწყისი არ იქნებოდა, რას იტყვი?
ბუსიგინი. მომისმინე. უკეთესი იქნებოდა კინოში წასულიყავი.

კარზე კაკუნია.

ბუსიგინი. შემოდით, ღიაა.

შემოდის კუდიმოვი, ავიასასწავლებლის კურსანტი. ხელში თაიგული და შამპანურის ორი ბოთლი უჭირავს.

კუდიმოვი. საღამო მშვიდობისა.
ბუსიგინი. საღამო მშვიდობისა.
კუდიმოვი. სარაფანოვების ბინაა?
ბუსიგინი. დიახ.
კუდიმოვი. ნინა ჯერ არ მოსულა?
ბუსიგინი. ჯერ არა.
კუდიმოვი (მაგიდასთან მიდის). ჯანდაბა! არც ისე ბევრი დრო მაქვს (ბოთლებს დგამს) გასტრონომში დავკარგეთ ერთმანეთი (მაგიდიდან ჭიქას იღებს. ენერგიული ადამიანია)
ბუსიგინი (თავაზიანად). აქ პირველად ხართ?
კუდიმოვი (ყვავილებს ჭიქაში არჭობს). პირველად. რაც მართალია, მართალია. (იღიმება. მერეც ხშირად იღიმება. კეთილი ბიჭია)
ბუსიგინი. მერე როგორ… ადვილად მოაგენით?
კუდიმოვი. აბა, როგორ! (თვალს უკრავს) ნაცნობი ადგილებია (ყვავილებიან ჭიქას მაგიდაზე დგამს). აბა, ბიჭებო, გავიცნოთ ერთმანეთი?
ბუსიგინი. გავიცნოთ.

ერთმანეთს ხელს ართმევენ.

კუდიმოვი. მიხეილი.
ბუსიგინი. ვლადიმერი.
კუდიმოვი. ა, ეს შენ ხარ?… ყველაფერი ვიცი… თანაგიგრძნობ. მოხარული ვარ.
ბუსიგინი. მადლობელი ვარ გულისხმიერებისთვის.
კუდიმოვი (სილვას). მიხეილი.
სილვა (ღირსების გრძნობით). სევოსტიანოვი. სემიონ პარამონოვიჩი.
კუდიმოვი. პარამონოვიჩი? კომიკოსი!
სილვა. კომიკოსი? მაპატიეთ, ვისზე ამბობთ?
კუდიმოვი. არტისტი! (სილვას მხარზე ურტყამს)
სილვა (ცივად). ეს რა ფამილარობაა?
კუდიმოვი. მორჩი ერთი!… (საათს უყურებს). ჯანდაბა! თერთმეტის ნახევარზე ყაზარმაში უნდა ვიყო. აბა, ბიჭებო, დავლიოთ თუ ნინაჩკას დაველოდოთ?
სილვა (ცივად). დავლიოთ.
კუდიმოვი. მამიკო სადღაა?
ბუსიგინი. ვინ მამიკო?
კუდიმოვი. როგორ თუ ვინ?… ნინაჩკას მამა, მამაშენი!
ბუსიგინი. არ იცნობ და უკვე მამიკოს უწოდებ… თუმცა… სამსახურშია.
სილვა. დაბრძანდით.
კუდიმოვი. ჯანდაბა! რა თქვენობით მომართვა აგიტყდა?
სილვა. თქვენ რაღატომ მომმართავთ შენობით? მე და ჩემს მეგობარს. განსაცვიფრებელია პირდაპირ.
კუდიმოვი (მხიარულად). ბიჭებო! რა ფორმალობებია? ეს სუბორდინაცია აი აქ (ყელთან მიაქვს ხელი) ამოვიდა! მოდი, არ გვინდა!… ჩვენი გაცნობისა იყოს!

კუდიმოვი და სილვა სვამენ.

სილვა (ბუსიგინს). ჯარისკაცი ყველგან ჯარისკაცია. ვერაფერს იზამ. (დივანზე ჯდება. კუდიმოვს) გთხოვთ.
კუდიმოვი. კარგით რა, ბიჭებო, მართლა და მართლა! პარლამენტია თუ რა?
სილვა. რაღაც მაგდაგვარი (გიტარას აჟღარუნებს) საინტერესოა, უფროსობა თუ გაძლევთ ცოლის შერთვის ნებას?
ბუსიგინი (სილვას). მორჩი.
კუდიმოვი. რატომაც არა? უკვე ვამთავრებ.
სილვა. და, საინტერესოა…
ბუსიგინი (აწყვეტინებს). გაჩუმდი-მეთქი, გითხარი.
კუდიმოვი. მერე რა? იხუმროს. რას გვიშლის.

შემოდის ნინა.

ნინა (კუდიმოვს). ა, შენ აქ ხარ? (დანარჩენებს) სალამი. უკვე გაიცანით ერთმანეთი?
სილვა. გვაქვს ეგ ბედნიერება.
კუდიმოვი. მხიარული ხალხია. მიყვარს მხიარული ხალხი… აბა, დავლიოთ? დროს ნუ დავკარგავთ.
სილვა. აი, ეს მომწონს.
ნინა. ნუ ჩქარობთ. მამას დაველოდოთ.
კუდიმოვი. დაველოდოთ. მაგრამ ნახევარ საათში უნდა წავიდე.
სილვა. ესაა ცხოვრება? რეგლამენტი. ოდნავ დაიგვიანებ და შოლტი და მისი ჯანი… არ გილხინთ, ხო?
კუდიმოვი. საწუწუნო არაფერი მაქვს.
ბუსიგინი. ისე, რა სასჯელია დაგვიანებაზე?
კუდიმოვი. მე არ ვაგვიანებ ხოლმე.
ბუსიგინი. ასეც ვფიქრობდი.
ნინა. ბოლოს და ბოლოს, დიდი უბედურება არ იქნება, თუ დღეს დააგვიანებ. ერთხელ შეიძლება.
კუდიმოვი. რატომ უნდა დავაგვიანო?
ბუსიგინი. ხო, რატომ უნდა დააგვიანოს?
ნინა (კუდიმოვს). დღეს ცოტა გვიან წახვალ.
კუდიმოვი. რატომ?
ნინა. უბრალოდ ისე. გვიან წახვალ და მორჩა.
კუდიმოვი. თუ აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ ისე, მაპატიე, უაზრობა მგონია.
ბუსიგინი. მართალია, კურსანტო, მაგრად დადექი. დისციპლინა უპირველეს ყოვლისა.
კუდიმოვი. ეგ არაფერ შუაშია. თავს სიტყვა მივეცი, რომ არ დავაგვიანებ. საკუთარ სიტყვას კი არ გადავალ.
ნინა. დღეს შენ დააგვიანებ. მე ასე მინდა.
ბუსიგინი. არ მოუსმინო, კურსანტო. მთავარია, არ გატყდე.

შემოდის სარაფანოვი. დაქანცული ჩანს, მაგრამ პოეტურ გუნებაზეა.

სარაფანოვი. საღამო მშვიდობისა, ყაჩაღებო! (კუდიმოვს დაინახავს). მაპატიეთ.
ნინა. მამა, გაიცანი…
კუდიმოვი. კუდიმოვი, მიხეილი.
სარაფანოვი (ცერემონიულად, ხაზგასმული ღირსების გრძნობით, ცოტა არ იყოს, წარმატებულ გასტროლიორს, პუბლიკის კერპს თამაშობს). სარაფანოვი… მაშ ასე… ძალიან სასიამოვნოა… როგორც იქნა, მოვესწარით თქვენს ნახვას. ძალიან სასიამოვნოა. დაბრძანდით, გეთაყვა (ბუსიგინს) ვასენკა სახლშია?
ბუსიგინი. სახლშია, მაგრამ ხასიათზე ვერ არის.

სარაფანოვი შლიაპას იხდის, მაგიდაზე დებს და ლაბადის გაუხდელად ეშვება სკამზე. ნინას შლიაპა შემოსასვლელში გააქვს.

სარაფანოვი (კუდიმოვს). ჩემი უფრო ვაჟია. გაიცანით ერთმანეთი?
კუდიმოვი. დიახ, გავიცანით.

ნინა ბრუნდება.

სარაფანოვი. გმადლობ… (ნინას და კუდიმოვს) აბა, ახალგაზრდებო… თქვენ უკვე დიდი ხანია ყველაფერი მოიფიქრეთ, გადაწყვიტეთ, ჩვენ კი… ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მივიღოთ, როგორც არის. ასეთია ჩვენი ხვედრი.
კუდიმოვი (შამპანურს ასხამს). თუ ნებას დამრთავთ. თქვენ გაგიმარჯოთ, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს.

ყველა დგება.

სარაფანოვი. რას ვიზამთ. მოხარული ვარ. ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ, არა, ვალოდია?
ნინა (ბუსიგინს). ხარ თუ არა?
ბუსიგინს. გაგიმარჯოს, მამა.
კუდიმოვი. გაგიმარჯოთ.
სილვა. გაგიმარჯოთ.
სარაფანოვი. მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ. მაგრამ მე სხვა სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ, მეგობრებო… მაპატიეთ, ჩამოვჯდები (ჯდება). დავიღალე… დღეს ძალიან დავიღალე. თითქოს მთელი ქალაქი მომევლოს ფეხით… (წამით ირცხვენს, მერე ოდნავ წამოწითლებული) არ ვიცი, ცნობილია თუ არა თქვენთვის, მაგრამ გლინკას ძალიან უყვარდა კლარნეტი და თავის თხზულებებში მუდამ დიდ ადგილს უთმობდა…

ვიდრე სარაფანოვი ლაპარაკობს, კუდიმოვი დაჟინებით აცქერდება სახეში.

სარაფანოვი. დიახ… იმას ვამბობდი. დღეს, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ცხოვრებაზე ჩავფიქრდი. ვინც რა უნდა თქვას, ცხოვრება ყველა ჩვენგანზე -მოკვდავებზე ბრძენია. დიახ, დიახ, ცხოვრება სამართლიანი და გულმოწყალეა. გმირებს დაეჭვებას აიძულებს, იმათთვის კი, ვისაც ცოტა, ან საერთოდ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სუფთა გულით იცხოვრა, ნუგეშს არ იშურებს. დღეს ჩემი შვილების სადღეგრძელო მინდა დავლიო… (კუდიმოვის დაჟინებულ მზერას ამჩნევს) მომიტევეთ, ასე რატომ მიყურებთ?
კუდიმოვი. მაპატიეთ, მაგრამ მგონი სადღაც ნანახი უნდა მყავდეთ. ვერ ვიხსენებ, სად და როდის, მაგრამ ნანახი მყავხართ.
სარაფანოვი (შეშფოთებული). შესაძლოა… ჩემი შვილების სადღეგრძელო მინდა დავლიო, შენი, ვალოდია… (ნინას) შენი და ვასენკასი (კუდიმოვს) ჩემი უმცროსია, ახლა ისვენებს. მაშ ასე, თქვენ გაგიმარჯოთ, შვილებო, გაიხარეთ…

ბუსიგინის გარდა ყველა სვამს.

ბუსიგინი. გაგიმარჯოს, მამა (სვამს)
კუდიმოვი (სარაფანოვს მისჩერებია). ვერ ვიხსენებ, მაგრამ სადღაც მინახიხართ. ნამდვილად.
ნინა. კარგი, გინახია, მერე რა?…
კუდიმოვი. მაგრამ სად?
ნინა. რა მნიშვნელობა აქვს?
კუდიმოვი. ასე ვიწვალებ, ვიდრე არ გავიხსენებ. ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. კი მაგრამ, სად, სად?
სარაფანოვი (შეშფოთებული, მაგრამ არცთუ პესიმისტურად). მე ხელოვანი გახლავართ. შესაძლოა, სცენაზე გინახივართ.
ნინა. მშვენივრად იცი, რომ მამა მუსიკოსია.
სარაფანოვი (მეტისმეტად აღელვებული, მაგრამ იმედიანად). შეიძლება, ფილარმონიაში?
კუდიმოვი. არა, არა…
სარაფანოვი (ნაჩქარევად და მტკიცედ). ესე იგი, თეატრში.
კუდიმოვი. არა, თეატრში არა…
ნინა. ღმერთო ჩემო, სულ ერთი არაა?
კუდიმოვი. ერთი წუთით…
ბუსიგინი (კუდიმოვს). ხომ არ დაგაგვიანდება? თვრამეტი წუთი დარჩა.
კუდიმოვი. მადლობა, საათს ვუყურებ… მაგრამ უნდა გავიხსენო…
ნინა. მორჩი, თუ ღმერთი გწამს! ასე შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე იხსენო.
კუდიმოვი. გამახსენდა!
სილვა. გვეღირსა.
კუდიმოვი. ქუჩაში გნახეთ!
ნინა. მადლობა ღმერთს. ახლა დამშვიდდი?
კუდიმოვი. რა თქმა უნდა! რომ თქვი „სიცოცხლის ბოლომდეო“, მაშინვე გამახსენდა (სარაფანოვს) დაკრძალვაზე გნახეთ.

ხანმოკლე პაუზა.

ნინა. რომელ დაკრძალვაზე?
კუდიმოვი. ჯანდაბა! როგორ დამავიწყდა, ეს ხომ გასულ კვირას იყო და ხელში სწორედ ეს კლარნეტი გეჭირათ!
ნინა. ნამდვილად გეშლება.
კუდიმოვი. არავითარ შემთხვევაში. ვიღაც მძღოლის დასაფლავება იყო, თქვენ კომიტერნის ქუჩაზე მიდიოდით, დღის ოთხ საათზე.
ნინა. გეუბნები, შეგეშალა.
კუდიმოვი. არა-მეთქი, ნინა! მხოლოდ წამით მოვკარი თვალი, მაგრამ შესანიშნავი მხედველობითი მეხსიერება მაქვს.
ბუსიგინი. ესე იგი, ახლა გიმტყუნა. ვიღაცაში აგერია.
კუდიმოვი. არაფერიც (სარაფანოვს) ხომ ამ ლაბადითა და შლიაპით იყავით?
სარაფანოვი. ჰმ-მ…
ბუსიგინი (აწყვეტინებს). მოგეჩვენა.
კუდიმოვი. კი, ზუსტად!
ბუსიგინი. ვიღაცაში აგერია.
კუდიმოვი (სარაფანოვს). თქვენ თვითონ თქვით.
ბუსიგინი. მამა, გაჩუმდი (კუდიმოვს) ვიღაცაში აგერია-მეთქი, ვერ ხვდები?
კუდიმოვი. არავითარ შემთხვევაში! პატიოსან სიტყვას გაძლევთ!
ბუსიგინი. მომისმინე! ყველა მიხვდა, რომ შეგეშალა, შენც მათ შორის.
კუდიმოვი. არა, ერთი წუთით!
ბუსიგინი. თვითონაც გესმის, რომ აგერია, მაგრამ ისევ შენსას ერეკები. სამწუხაროა, გამოდის, რომ იტყუები.
კუდიმოვი (წამოხტება). რა თქვი? იცოდე, მაგ სიტყვებისთვის…
სილვა (შეუმჩნევლად ეწევა კუდიმოვს ქამარზე, ცდილობს დასვას) დაჯექი და ნუ იხრინწები.
ბუსიგინი (დგება). თან ყაზარმაში გაგვიანდება. მხოლოდ ცამეტი წუთი დაგრჩა.
ნინა. მორჩით! ახლავე შეწყვიტეთ!
სარაფანოვი. ხო, ბავშვებო. არ გინდათ ჩხუბი…
კუდიმოვი. მე ნორმალურად ვლაპარაკობ და სიმართლეს ვამბობ, თუ ვიღაცას (ბუსიგინს უბრუნდება) არ მოსწონს, ჯანდაბაში წასულა.
სარაფანოვი. რას ნიშნავს – ვიღაცას? ეს ჩემი ვაჟია და ჩემი ქალიშვილის ძმა. და თქვენ ცოტა თავაზიანად უნდა მიმართოთ.
კუდიმოვი. კი მაგრამ, თქვენ? თქვენ რატომ არ ამბობთ არაფერს? დასაფლავებაზე ხომ იყავით. გამოტყდით, ბოლოსდაბოლოს!
სარაფანოვი. დიახ, უნდა ვაღიარო… მიხეილი მართალია. დაკრძალვაზე ვუკრავ ხოლმე. დაკრძალვაზე და ცეკვებზე…
კუდიმოვი. სულ ეს იყო! სულ ეს იყო, რისი დამტკიცებაც მჭირდებოდა.
სარაფანოვი (ბუსიგინს და ნინას). ვიცი, რატომ მოიქეცით ასე… თქვენი მადლობელი ვარ… მაგრამ მე არ მგონია, რომ დაკრძალვაზე დაკვრა სამარცხვინოა.
კუდიმოვი. მაგას ვინ ამბობს?
სარაფანოვი. ნებისმიერი სამუშაო კარგია, როცა გჭირდება…
კუდიმოვი. არა, არ იფიქროთ, თითქოს იმიტომ გავიხსენე, რომ თქვენი პროფესია არ მომწონდეს. სად მუშაობთ, ამას ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?
ბუსიგინი. შენთვის არა.
სარაფანოვი. მადლობა, შვილო… ყველას წინაშე უნდა ვაღიარო. აი, უკვე ნახევარი წელიწადია, რაც ორკესტრში აღარ ვმუშაობ.
ნინა. კარგი, მამა…
კუდიმოვი (ნინას და ბუსიგინს). და თქვენ არაფერი იცოდით?
სარაფანოვი. არა. ვუმალავდი… და სულ ტყუილადაც…
კუდიმოვი. აი, რას გეტყვით…
სარაფანოვი. დიახ… ჩემგან სერიოზული მუსიკოსი არ დადგა. და ეს უნდა ვაღიარო…
კუდიმოვი. რა გაეწყობა. ასეთ რამეს მწარე სიმართლე ჯობია.
ბუსიგინი (კუდიმოვს საათს აჩვენებს). ათი წუთი. (სარაფანოვს) მამა, რატომ დარდობ? ხალხს მუსიკა ჭირსა და ლხინში სჭირდება. სად უნდა დაუკრას მუსიკოსმა, თუ არა დაკრძალვაზე და ცეკვებზე? მე მგონია, სწორ გზას ადგახარ.
სარაფანოვი. მადლობა, შვილო… (კუდიმოვს) ხედავთ? რა მეშველებოდა, შვილების გარეშე? არა, არა, ხელმოცარული კაცი არ ვყოფილვარ. შესანიშნავი შვილები მყავს…

მეზობელი ოთახიდან ვასენკა გამოდის. ლაბადა აცვია, მხრებზე ზურგჩანთა მოუკიდია.

ვასენკა. აჰა… ოჯახურ ცხოვრებაში დიდი გამოცოცხლებაა… რა გაეწყობა, გააგრძელეთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
სარაფანოვი. ვასენკა… ახლა ამის დრო არაა…
ვასენკა. არა, ძვირფასო მამიკო! ახლა ვეღარ შემაჩერებ.
ბუსიგინი (ვასენკასთან მიდის ზურგჩანთის მოსახსნელად). მომისმინე, ბებერო, დააგდე ეგ ტომარა, სად გეჩქარება.
ნინა (ვასენკასთან მიდის). გაიხადე (ლაბადის გახდას ცდილობს)
ვასენკა (ნინას). მომეშვი (ხელიდან უსხტება) შენ რაღა გინდა? თუ რამე გინდა, მამას უთხარი და წამში გააჩენს.
სარაფანოვი. ვასენკა!
ვასენკა. რატომ მიხვედი მასთან ღამით? ვინ გთხოვა?
სარაფანოვი. ვასენკა! შენთვის კარგი მინდოდა.
ვასენკა. გიჟი ხარ ვიღაცა! აჯობებდა, საერთოდ არ გეზრუნა ჩემზე!
ნინა (ყვირის). გაჩუმდით!
სილვა (საათს შეხედავს და დგება). რაღაც თავს უხერხულად ვგრძნობ… ჯობია წავიდე. კინოს ბილეთი მაქვს. იმედი მაქვს, საზოგადოება წინააღმდეგი არ იქნება… (გადის)
ნინა. აბა? აღარ გეყოთ? თუ დღეს მთელი პროგრამა უნდა აჩვენოთ?
ვასენკა. მშვიდობით! (კარისკენ მიდის)
სარაფანოვი. შეჩერდი!

ბუსიგინი ვასენკას იჭერს.

სარაფანოვი. მოიცადე. მზად ვარ, პატიება გთხოვო, მაგრამ წასვლას გიკრძალავ.
ბუსიგინი (ვასენკას). ჩვენი შეთანხმება დაგავიწყდა, ბებერო?
ვასენკა (ხელიდან უსხლტება). გამიშვი! თუ გინდა თვითონ დარჩი ამასთან! ყველანი ყელში ამოხვედით! (ბუსიგინს) შენც მათ შორის! გამიშვი-მეთქი, გეუბნები! თქვენი დანახვაც აღარ მინდა!
სარაფანოვი (წონასწორობას კარგავს). გაუშვი… თუ ასეა, წაეთრიოს აქედან. კალთაზე არავინ ექაჩება.

ბუსიგინი ვასენკას უშვებს, ისიც მაშინვე გადის.

სარაფანოვი. არაფერია, არაფერია. გამოცადოს ერთი მარტოობა…
ნინა. მოაწყვეს სანახაობა… ძალიან ლამაზად გამოვიდა. კონცერტი კლარნეტისათვის ორკესტრთან ერთად.
სარაფანოვი (ოთახში სირბილს იწყებს). მიდი, მიდი. ახლა შენი ჯერია. დაიწყე. გააგზავნე მამაშენი ჯანდაბაში. ნუ ელოლიავები!
ნინა. აი, დაიწყო (კუდიმოვს) ახლა ნახავ მათ მთელი ბრწყინვალებით.
სარაფანოვი. ნამდვილად! ყურადღება არ მომაქციოთ! ფეხებზე დამიკიდეთ! როგორც იცით ხოლმე! (საძინებელში შერბის)
ბუსიგინი (კუდიმოვს. ჩურჩულით). კურსანტო, დროა.
ნინა (ბუსიგინს, უყვირის). მორჩი! შენ რას ეჩრები?
კუდიმოვი. არა, მართლა. დროა. წავედი.
ნინა. არა. დარჩი. ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მაინც ხომ უნდა იყოს ამ სახლში.
სარაფანოვის ხმა (საძინებლიდან ყვირის). აქ არავის ვჭირდები! ვიცი, მშვენივრად ვიცი!
ნინა. მამა, ჯობია გაჩუმდე…
კუდიმოვი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მართლა უნდა წავიდე.
ნინა. არა, შენ დარჩები.
კუდიმოვი. სწორად გამიგე. შენ ჭირვეულობ, მე კი თავს სიტყვა მივეცი…
ნინა (მოულოდნელად მშრალად). ხო, წადი. თორემ, ღმერთმა არ ქნას, მართლა დააგვიანო.
კუდიმოვი. კარგი. ხვალ შევხვდებით (გადის)

ნინა უკან მიჰყვება.

სარაფანოვი (საძინებლიდან გამოდის). სად წავიდა? რატომ? აქ მე ვარ ზედმეტი. მე! ძველი დივანივით, რომლის გატანაზეც დიდი ხანია ოცნებობს… ესეც ჩემი შვილები – ორი წუთის წინ ვაქებდი და ინებეთ… გადამიხადეს სამაგიერო სითბოსა და სიყვარულისთვის!

ნინა ბრუნდება და კარებში ჩერდება.

სარაფანოვი. დიახ, გულქვა ეგოისტები გავზარდე. ხარბი, ანგარებიანი უმადურები.
ბუსიგინი. დაწყნარდი, მამა, არ ხარ მართალი.
სარაფანოვი. დიახ, დიახ, ჩემი მოვალეობა მოვიხადე, გავზარდე… (მწარედ)
ახლა თავისუფალი ვარ და შემიძლია ამ სიბერეში მარტოობით დავტკბე…
ბუსიგინი. მარტო არ დარჩები… თუ წინააღმდეგი არ ხარ, მე გადმოვალ შენთან.

ხანმოკლე პაუზა. ნინა თავს სწევს.

სარაფანოვი. რა თქვი…
ბუსიგინი. ხო. თუ მარტო დარჩები, საცხოვრებლად შენთან გადმოვალ. თუ მოგინდება… თქვენს ქალაქშიც არის სამედიცინო ინსტიტუტი.
სარაფანოვი (გულაჩუყებული). შვილო… მხოლოდ შენ… მხოლოდ შენ ერთადერთი მყავხარ. რას ვიზამდი უშენოდ?
ბუსიგინი. დამშვიდდი… მგონი სჯობია წამოწვე, დღეს ბევრი ინერვიულე. წამოდი, დაისვენე, დაწყნარდი… (სარაფანოვი საძინებელში გაჰყავს და ბრუნდება)
ნინა. მართლა გინდა აქ დარჩენა?
ბუსიგინი. ხო… სხვა რა გზაა? შენი აზრით, მისი მარტო დატოვება შეიძლება? (უახლოვდება) ძალიან გაბრაზდი კურსანტის გამო?
ნინა. აბა, რა. მოაწყვეთ ტალანტების გამოფენა… იყოჩაღეთ.
ბუსიგინი. შენი გაბრაზება არ გვინდოდა.
ნინა. შენ? შენ რაღატომ ჩაჰყავი ცხვირი? რისთვის? რატომ გამოიყვანე იდიოტად?
ბუსიგინი. ეგ ტიპი არ მომწონს.
ნინა. მერე რა? ცოლად შენ ხომ არ მიყვები!… რას ერჩი?… (ჩუმდება) კარგი. დავუშვათ, დავუშვათ მართლაც არ არის ყველაზე ჭკვიანი, არც ყველაზე ლამაზი, ასეც რომ იყოს – შენი რა საქმეა?
ბუსიგინი. არა, ცუდი ბიჭი არ არის… ეგ არაფერ შუაშია…
ნინა. აბა რა არის შუაში? რა?!
ბუსიგინი. არ მომწონს, იმიტომ რომ შენ მომწონხარ.
ნინა. რა?… და ამიტომაც მოაწყვე სკანდალი?…
ბუსიგინი. შესაძლოა.
ნინა. გიჟი ხარ! დამატყდა თავზე… ძამიკო!… სანაქებო ოჯახია. მხოლოდ შენ აკლდი… ეს გვარში გვაქვს. მემკვიდრეობითი შიზოფრენიაა!
ბუსიგინი. დამშვიდდი! (მის გვერდით ჯდება, მსუბუქად იხუტებს და ანუგეშებს) მშვენიერი ბიჭია, ოღონდ დამშვიდდი.
ნინა. იქნებ მიყვარს? მაშინ?
ბუსიგინი. მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა. ხვალ შეხვდები.
ნინა. ხო, შევხვდები.
ბუსიგინი. აი, ხომ ხედავ. მერე დაქორწინდებით და სახალინზე გაემგზავრებით.
ნინა (ცოტა ხნის შემდეგ, დამშვიდებული). არსადაც არ გავემგზავრები.
ბუსიგინი. როგორ?
ნინა. ისე… მართალი თქვი, მამას დატოვება არ შეიძლება. ამას დღეს მივხვდი. იმასაც მივხვდი, რომ მამიკოს გოგო ვარ. ყველანი მამას დავემსგავსეთ. ერთნაირი ხასიათი გვაქვს…
ჯანდაბას, სახალინი!
ბუსიგინი. ასე… მერე მფრინავი? დათანხმდება?…
ნინა. მე რა ვიცი. არაფერი არ ვიცი… შეიძლება დათანხმდეს, შეიძლება – არა. შევხვდებით და მაგაზე მერე ვილაპარაკებთ. რატომღაც, ეგ უკვე აღარ მადარდებს.
ბუსიგინი. ხოდა, ნუ დარდობ. რა, რა და ერთი ხელი რომ დაიქნიო, იმდენი ბიჭი მოირბენს, რომ აღარ გეცოდინება რა უყო.
ნინა (ჩაიცინებს). არაუშავს, შენ დამეხმარები.
ბუსიგინი. უკაცრავად. მე მეყოფა… თუ შენ აქ დარჩები, მე გავემგზავრები.
ნინა. გამარჯობა შენი! ვითომ რატომ?
ბუსიგინი. რატომ?… იმიტომ რომ… იმიტომ რომ იდიოტი ვარ და ამას აღარაფერი ეშველება!
ნინა. რას უნდა ეშველოს?… არა, მართლა გიჟი ხარ. რაც მართალია, მართალია. სულ ასეთი იყავი თუ ახლა დაგეწყო?
ბუსიგინი. ცოტა ხნის წინ.
ნინა. და რა მოხდა ამისთანა?
ბუსიგინი. გოგო შემიყვარდა.
ნინა. ვინ გოგო?
ბუსიგინი. როგორ გითხრა… სხვას ეკუთვნის.
ნინა. წაართვი. შენ კი უნდა გამოგივიდეს.
ბუსიგინი. სათქმელად ადვილია.
ნინა. რა გიშლის ხელს?… აბა? რატომ სდუმხარ?… არ ვიცი, ვინ არის ის გოგო, მაგრამ (გაკვირვებული) მისი უკვე მშურს. ხანდახან ვნანობ კიდეც, რომ ჩემი ძმა ხარ.
ბუსიგინი. მე შენი ძმა არ ვარ…
ნინა. რა?
ბუსიგინი. შენი ძმა არ ვარ… და არც არასოდეს ვყოფილვარ.
ნინა (დგება). იტყუები…
ბუსიგინი (დგება). არ ვხუმრობ. და არ მყავს და არც არასოდეს მყოლია.
ნინა. იტყუები… (უკან იხევს) შენი არ მჯერა.
ბუსიგინი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. საკუთარი მამა არასოდეს მინახავს, დედა კი ჩელიაბინსკში ცხოვრობს. მამაშენი იქ არასოდეს ყოფილა. მოვატყუე.
ნინა. რატომ?
ბუსიგინი. სრულიად შემთხვევით გამოვიდა…
ნინა. შენ… აქამდე რატომ არაფერი თქვი?
ბუსიგინი. მამაშენმა თავისიანად მიმიღო. და დაიწყო. ჯერ – ის, მერე – შენ. მერე სულ დავიბენი…
ნინა. შენ… შენ გიჟი ხარ…
ბუსიგინი. შეიძლება, მაგრამ აღარ მინდა შენი ძმა ვიყო.
ნინა. შენ… შენ ავანტიურისტი ხარ. შენი ადგილი მილიციაშია!
ბუსიგინი. გამოუძახე. შენს ძმობას საკანში ჯდომა მირჩევნია.
ნინა. სახლიდან უნდა გაგიძახოს… კიბიდან უნდა დაგიშვას კაცმა!
ბუსიგინი. მართლა ასე ფიქრობ?… როცა შენი ძმა ვიყავი, მოგწონდი. ცოტათი.
ნინა. ხმა ჩაიკმინდე, უსინდისოვ!… ოდესმე ასეთი გიჟი გინახავთ?

შემოდის სარაფანოვი.

სარაფანოვი. ვალოდია! ყველაფერს მივხვდი! ამ სახლს უნდა მოვშორდე. წავიდე, ვიდრე ძველი დივანივით არ გამიტანენ! (აღტაცებული) შვილო! უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. ჩერნიგოვში მივდივართ!

ბუსიგინი საბოლოოდ იბნევა.

სარაფანოვი. ერთად მივდივართ! დღესვე! ახლავე! მივდივართ, მივდივართ, მივდივართ!
ნინა (იცინის). ცოლის შერთვასაც ხომ არ აპირებ?
სარაფანოვი (ყვირის). რატომაც არა! სასაცილოს ვერაფერს ვხედავ! (ბუსიგინს) ამაზეც ვიფიქრე, მართლა. თუ დედაშენი… მოკლედ, მისი ნახვა მინდა… (ნინას) მორჩი! (ბუსიგინს) ერთი შეხედე! მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. ხომ ხედავ, აქ ვეღარ დავრჩები. ახლავე ვალაგებ ბარგს, ამ წუთშივე (მეორე ოთახისკენ მიდის. ზღურბლზე ჩერდება და ნინას მიმართავს) მხოლოდ კლარნეტს და ნოტებს წავიღებ. სულ ესაა, რაც აქედან მიმაქვს… როდის გადის მატარებელი?…
ბუსიგინი. ა-არ ვიცი…
სარაფანოვი. რა მნიშვნელობა აქვს! ბარგს ვალაგებ. ახლავე! (გადის)

დუმილი.

ნინა. აბა?… რას აპირებ?
ბუსიგინი (დაბნეული). არ ვიცი…
ნინა. ახლა გესმის, რა ჩაიდინე? გესმის? ჩვენ უკვე შვილებად აღარ გვთვლის, შენზე აბოდებს. შენთვის სულს არ დაიშურებს. წარმოგიდგენია, რა მოუვა სიმართლეს რომ გაიგებს?
ბუსიგინი (აქეთ-იქით აწყდება). რა ვქნა? რა ვუთხრა?

ხანმოკლე პაუზა. ერთმანეთს მისჩერებიან.

ბუსიგინი. არა! ასე არაფერი გამოვა! მთავარია, ვუთხრა, ავუხსნა… მამაჩემი არ არის, მაგრამ… მე მას… მოკლედ, თუ… (ხმას ადაბლებს) თუ შენ გაემგზავრები, მართლა გადმოვალ მასთან საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, თუ არ შემიძულებს. მაგრამ როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი?
ნინა. არ ვიცი. შერეკილები თქვენ ხართ და თქვენვე მოილაპარაკეთ. მე რა ვიცი.

შემოდის სარაფანოვი. ხელში ჩემოდანი და კლარნეტი უჭირავს.

სარაფანოვი. ვალოდია, მე მზად ვარ.

ბუსიგინი და ნინა უხმოდ შესცქერიან.

ნინა. ჩაბარგდი? ხომ არაფერი დაგავიწყდა? (იცინის)
სარაფანოვი. ერთი შეხედე! და ამასაც ქალიშვილი ქვია? მამა თავიდან მოიშორა და სიხარულსაც არ მალავს. (ნინას) არაფერია. კიდევ გამიხსენებ! ღმერთო ჩემო, რა უაზრობაა ეს ყველაფერი! წარმოდგენაც არ მინდა, რომ ამათთან უნდა დავრჩენილიყავი! მთელი სიცოცხლე! ამათ ხომ მე არ ვჭირდები! არა! სულ სხვა ადამიანი უნდათ! ყოველთვის! თავიდანვე სხვა ადამიანი სჭირდებოდათ! გესმის? ოცი წელი სხვისი ცხოვრებით ვიცხოვრე! საკუთარი ბედნიერება იქ, ჩერნიგოვში დავტოვე. ღმერთო ჩემო! რატომ არ მოვძებნე? როგორ შემეძლო! ვერ გამიგია! ახლა კი მორჩა, მორჩა! ვბრუნდები, ვბრუნდები! (ბუსიგინს) აი, ნახავ, დედაშენი ბედნიერი იქნება… (ცოტათი მშვიდდება) თუ მოინდომებს… რა?… ჩემი არ გჯერა?…
ბუსიგინი. არა, მჯერა, მაგრამ… ნუ ვიჩქარებთ.
სარაფანოვი. არა, არა! ახლავე! ყველაფერი უცბად უნდა მორჩეს! ერთი ხელის მოსმით! სადგურზე! სადგურზე!… რატომ დგახარ, შვილო? წავედით!
ნინა (მოულოდნელად ალერსიანად). არ გინდა, მამა. დამშვიდდი. ტყუილად ღელავ ასე… (სკამზე სვამს) დაჯექი, დაწყნარდი.

ხანმოკლე პაუზა.

სარაფანოვი (ჯდება, გაურკვევლობაშია). რა არის?… რა მოხდა?… ვალოდია… რამეს მიმალავ?…
ნინა. მამა, მე არსად არ მივდივარ. ვრჩები.

ზღურბლზე ვასენკა გამოჩნდება, შეშინებული, მაგრამ ამავე დროს მოზეიმე გამომეტყველებით. ყველა მისკენ ბრუნდება. დუმილი.

ნინა. რა მოხდა?.. რა?…

ხანმოკლე პაუზა.

ვასენკა. მორჩა. მე ისინი გადავწვი.
ბუსიგინი. გადაწვი?… ვინ გადაწვი?
ვასენკა. ის და მისი საყვარელი.
სარაფანოვი. ღმერთო ჩემო!

ვასენკას გარდა ყველა ფანჯარას მივარდება. ზღურბლზე სილვა გამოჩნდება. სახე გამურული აქვს, ტანსაცმელი – ნაწილობრივ დამწვარი. განსაკუთრებით შარვალი დაზარალებულა – ოდნავ ბოლიც ასდის. დუმილი.

სილვა. სერიოზულად დავზარალდი. შარვალი მჭირდება.

შემოდის მაკარსკაია.

სარაფანოვი (მაკარსკაიას). რა მოხდა? რა?
მაკარსკაია. ვერ ხედავთ? დღეს მოკვლით დამემუქრა და აი, კინაღამ ამისრულა!
ნინა. ვასენკა? მოკვლით?
სარაფანოვი. ნუთუ?
მაკარსკაია. ესეც თქვენი ნუთუ! მეც ეგრე ვფიქრობდი – ნუთუ და აი, რა გამოვიდა! გამხეცდა!
სარაფანოვი (ვასენკას). ეს როგორ ქენი?… როგორ?
მაკარსკაია. ძალიან ადვილად. ფანჯარა ღია იყო, ფარდას ცეცხლი მოუკიდა, იქვე ხალიჩა ეგო. და მთელი ოთახი აბრიალდა. ჩემი დაწვა უნდოდა.
სილვა (სარაფანოვს). შარვალს არ მათხოვებთ?
სარაფანოვი. შარვალს?… ახლავე, ახლავე… (საძინებელში გადის)
ბუსიგინი (სილვასთან მიდის). აბა?… მიჯნურო…
სილვა. სადაური მიჯნური ვარ? მეხანძრე გამხადეს. ჯანდაბას ასეთი მიჯნურობის თავი.
მაკარსკაია. ასე არა?… ცოტა ხნის წინ სხვანაირად ლაპარაკობდი…
სილვა. აბა, როგორ გინდა? შენი გადაწვა თუ უნდათ, მე რა შუაში ვარ?
ბუსიგინი. ცუდია, მხოლოდ ტყავი რომ შეგეტრუსა.
სილვა. შენ რა, ბებერო? რას ამბობ?
ბუსიგინი. ხომ გაფრთხილებდი.
სილვა. აი, თურმე რა… ისევ შვილიკოს თამაშობ? ძამიკოს?
ბუსიგინი. მომისმინე. აქედან მოუსვი, სანამ ცოცხალი ხარ.
სილვა. ასე სად გამოვჩნდე?
მაკარსკაია (ვასენკას). მართლა გინდოდა ჩემი გადაწვა?
ვასენკა (მოულოდნელად მშვიდად). როგორც ხედავ, არაფერი გამომივიდა.
მაკარსკაია (გაკვირვებული და ნაწილობრივ პატივისცემით). ბანდიტი. ერთ დღეში ბანდიტი გახდა.
სილვა. მაგას არ უქნია, სად შეეძლო (ბუსიგინს) შარვალი მოიტა, გესმის? ხუმრობა ხუმრობად, და ჩივილიც შემიძლია. რაც არ უნდა იყოს, გადაწვის მცდელობაა (მაკარსკაიაზე უთითებს) ეს დამემოწმება.
მაკარსკაია (სილვას). ჩემი იმედი ნუ გექნება.
სილვა. მართლა? იქნებ მადლობაც უთხრა, სახლ-კარი რომ გადაგიბუგა?
მაკარსკაია. იქნებ ვუთხრა კიდეც (ვასენკას) მადლობას არა, მაგრამ გეტყვი, რომ ამას შენგან არაფრით არ მოველოდი.
სილვა. გგონია მაგან ქნა? ძალიანაც შემცდარხარ.
მაკარსკაია (სილვას). შენი დანახვა კი საერთოდ აღარ მინდა.
სილვა. აგრეთვე. (გიტარას იღებს) მე მივდივარ… შარვალი მაინც მათხოვეთ! ხვალამდე.
ბუსიგინი. უშარვლოდაც მშვენივრად იქნები. გიხდება კიდეც. მოუსვი აქედან… თუ გაგაცილო?

შემოდის სარაფანოვი შარვლით ხელში.

სილვა (კარებიდან). მადლობელი ვარ, ბებერო, ყველაფრისთვის მადლობა. ნამდვილი მეგობარი ყოფილხარ… მე წავედი. მაგრამ ჯერ საზოგადოებას თვალები უნდა ავუხილო. ბაითი ამან გადაწვა (ბუსიგინზე უთითებს), სხვამ არავინ. აქაც ეგ ამღვრევს წყალს. იცოდეთ, რეციდივისტია. აქამდე ვერ მიხვდით?… არაუშავს, კიდევ დაატრიალებს ამბებს. სხვათა შორის, (ნინას) ეგ ისევეა შენი ძმა, როგორც მე მისი ქალიშვილი, გაითვალისწინე, ვიდრე გვიანი არაა (სარაფანოვს) თქვენ კი, მამილო, ძალიანაც შემცდარხართ, თუ ფიქრობთ, რომ მართლა თქვენი შვილია. ახლა კი, მომიტევეთ.
სარაფანოვი. გაეთრიე აქედან! გაეთრიე!

სილვა უჩინარდება.

სარაფანოვი. არამზადა!

ხანმოკლე პაუზა.

ბუსიგინი. მაგრამ სიმართლე თქვა.
სარაფანოვი. რა სიმართლე?…
ბუსიგინი. მე თქვენი შვილი არ ვარ.
სარაფანოვი. რა?… ეს რას ნიშნავს?
ბუსიგინი. გუშინ მოგატყუეთ, რომ გითხარით თქვენი შვილი ვარ-მეთქი.
სარაფანოვი. ვალოდია! რას ამბობ?…
ბუსიგინი. გაიგეთ, არ მინდოდა! ყველაფერი შემთხვევით მოხდა. გუშინ, როდესაც (მაკარსკაიაზე უთითებს) კარებზე უკაკუნებდით, თქვენი სახელი გავიგონე. ბინაც მაშინ შევამჩნიეთ. ასე დაიწყო ყველაფერი. ვიფიქრე, გავთბებით და წავალთ-მეთქი…
მაკარსკაია. მოიცა! ეს შენ ეძებდი გუშინ ღამის გასათევს?
ბუსიგინი. დიახ. ყველაფერი თავისთავად მოხდა. დილით, იმის ნაცვლად, რომ წავსულიყავით…
სარაფანოვი. ეს შეუძლებელია… არ მჯერა. შეუძლებელია!
ბუსიგინი. იმედი მაქვს, მაპატიებთ, იმიტომ რომ მე… მოკლედ, მე მოხარული ვარ, რომ თქვეთან მოვხვდი…
სარაფანოვი. ესე იგი, შენ ჩემი… გამოდის, მე შენ… ეს როგორ?.. არა, არ მჯერა! თქვი, რომ ჩემი შვილი ხარ!… აბა! შვილი, ხომ მართალია? შვილი?!
ბუსიგინი. არა…
სარაფანოვი. აბა, ვინ ხარ? ვინ?!
ნინა. გიჟია. ნამდვილი გიჟი, ჩვენ კი – მხოლოდ დამწყებები. მამა, ამასთან შედარებით შენც კი პატარა ბავშვი ხარ, პროფესიონალი გიჟია.
ვასენკა. აი, ეს მესმის…
მაკარსკაია. ხო-ო, მაგარი ამბავია…
სარაფანოვი. მაინც არ მჯერა! არ მინდა მჯეროდეს!
ბუსიგინი. სიმართლე გითხრათ, უკვე თვითონაც აღარ მჯერა, რომ თქვენი შვილი არ ვარ (ნინას შეხედავს) მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
სარაფანოვი. არ მჯერა! არ მესმის! არაფრის გაგონება არ მინდა! შენ ნამდვილი სარაფანოვი ხარ! ჩემი შვილი! საყვარელი შვილი!
ნინა (ბუსიგინს). ხომ გეუბნებოდი… (სარაფანოვს, მხიარულად) მერე მე? ვასენკა? შვილებად აღარ გვთვლი?
სარაფანოვი. ნინა! თქვენ ყველანი ჩემი შვილები ხართ, მაგრამ ის… ის მაინც უფროსია.

ყველა იცინის.

მაკარსკაია. საოცარი ხალხი ხართ.
ნინა (იცინის). საოცარი, აბა რა – სახლი კინაღამ გადაგიწვით.

მაკარსკაია ხელს ჩაიქნევს.

სარაფანოვი. რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა. ეს არაფერს არ ცვლის. ვალოდია, მომიახლოვდი…

ბუსიგინი უახლოვდება. ის, ნინა, ვასენკა და სარაფანოვი ერთად დგანან, მაკარსკაია – მოშორებით.

სარაფანოვი. რაც არ უნდა იყოს, მაინც ჩემს შვილად გთვლი (სამივეს) მე თქვენ მიყვარხართ, ამიტომაც ხართ ჩემი შვილები. ცუდები ხართ თუ კარგები, მაინც მიყვარხართ, ეს კი ყველაზე მთავარია…
მაკარსკაია. მაპატიეთ, რომ ვერევი (ბუსიგინს) მაგრამ რაღაც მინდა გკითხო. საკუთარი მშობლები თუ გყავს?
ბუსიგინი. დიახ… დედა, ჩელიაბინსკში.
ნინა. მარტოხელაა? (იცინის) მამა, რას იტყვი?
ბუსიგინი. ჩემს უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობს.
ნინა. აქ როგორ მოხვდი?
ბუსიგინი. აქ ვსწავლობ.
სარაფანოვი. მერე, სად ცხოვრობ?
ბუსიგინი. საერთო საცხოვრებელში.
სარაფანოვი. საერთო საცხოვრებელში… ეგ ხომ შორია… და მოუხერხებელი. და საერთოდ, მაგ საერთო საცხოვრებლებს ვერ ვიტან… ამას იმიტომ ვამბობ, რომ… თუ შენც თანახმა ხარ… მოკლედ, ჩვენთან იცხოვრე.
ბუსიგინი. არა, რას ამბობთ…
სარაფანოვი. სულითა და გულით გთავაზობ… ნინა! რას გაჩუმებულხარ? დაელაპარაკე, დაითანხმე.
ნინა (ჭირვეულად). ვითომ რატომ? რატომ უნდა იცხოვროს ჩვენთან? მე არ მინდა.
ბუსიგინი. გესტუმრებით ხოლმე. ყოველდღე მოვალ. კიდევ მოგაბეზრებთ თავს.
სარაფანოვი. ვალოდია! მე მინდა, რომ აქ იცხოვრო და მორჩა.
ბუსიგინი. ხვალ შემოვივლი.
ნინა. რომელზე?
ბუსიგინი. შვიდზე… ექვსზე… მართლა! რომელი საათია?
ნინა. თორმეტის ნახევარი.
ბუსიგინი. მომილოცეთ. მატარებელზე დამაგვიანდა.

ფარდა

———

კომენტარები

პიესის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი 1965 წელს განეკუთვნება. ნაწყვეტები ამ ვარიანტიდან, სახელწოდებით „საქმროები“, 1965 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა გაზეთ „საბჭოთა ახალგაზრდობაში“ (“Советская молодежь”). დრამატურგის მიერ 1967 წლით დათარიღებული ვერსია „გარეუბანი“ დაიბეჭდა ალმანახში „ანგარა“ (“Ангара”, 1968). 1970 წელს ავტორმა პიესის ახალი ვარიანტი შექმნა გამომცემლობა „ხელოვნებისთვის“ (Изд-во “Искусство”), სადაც „უფროსი ვაჟი“ ცალკე წიგნად გამოვიდა.
დრამატურგ ალექსეი სიმუკოვის მოგონებებში ვამპილოვის წერილია, რომელიც მან „პიესის პუბლიკის წინაშე წარდგენის სიძნეელებთან“ (დადგმა იგულისხმება) დაკავშირებით მისწერა. ვამპილოვი სიმუკოვს მიმართავს, არამარტო როგორც კოლეგას, არამედ როგორც სსრკ-ს კულტურის სამინისტროს გავლენიან თანამშრომელს. სიმუკოვი იხსენებს: „სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გაოგნებული დარჩა პიესის ძირითადი ხაზის სისასტიკით. როგორ შეუძლია ბუსიგინს თავი გაასაღოს სარაფანოვის შვილად, თუ სინამდვილეში მისი შვილი არ არის? საშამ საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთება და ჩემი მეშვეობით ზემოხსენებულ ამხანაგზე გავლენის მოხდენა სცადა. „…მას საჭოჭმანო ჰგონია პიესის საკვანძო მომენტი, როდესაც ბუსიგინი თავს სარაფანოვის შვილად ასაღებს (…) მგონი ასეთი საქციელი სისასტიკედაც კი ეჩვენება. კი მაგრამ, რატომ? თავიდან ხომ ბუსიგინი (როდესაც ჰგონია, რომ სარაფანოვი სამრუშოდ წავიდა) არც ფიქრობს მასთან შეხვედრას, თავსაც კი არიდებს, ხოლო შეხვედრის შემდეგ ბოროტად კი არ ეხუმრება, არამედ, გარკვეულწილად, მორალისტივით იქცევა. რატომ არ უნდა იზარალოს ცოტათი ამან (მამამ) მის (ბუსიგინის მამის) ნაცვლად? ჯერ ერთი, სარაფანოვის მოტყუება მთელი იქ ყოფნის განმავლობაში მძიმე ტვირთია მისთვის და არამარტო ნინას, არამედ სარაფანოვის გამოც ძალიან ქენჯნის სინდისი. მერე კი, როდესაც პიესის საკვანძო ნაწილში ცრუ შვილი საყვარელ ძმად გადაიქცევა, ბუსიგინის ტყუილი მის საწინააღმდეგოდვე ბრუნდება, ახალ აზრს იძენს და, ჩემი აზრით, სავსებით უწყინარად გამოიყურება. სად არის აქ სისასტიკე? ალექსეი დმიტრიევიჩ! თქვენ ორივე პიესას კბილებით იცავდით და ყოველთვის კარგად იყავით განწყობილი ჩემდამი. მიშუამდგომლეთ!“
როგორც შემეძლო, ვეცადე ჩემი მკაცრი კოლეგის გადარწმუნებას, მაგრამ არც მისი და არც თეატრების განმკარგულებელი მეორე ჩინოვნიკის გულის მოლბობა არ მეწერა. როგორც მითხრეს, საქმე საბოლოოდ დაღუპა ჩემმა გაუფრთხილებელმა ნათქვამმა ვამპილოვის დრამატურგიის დახვეწილობაზე, რომლის გაგებაც ყველას ხვედრი არ არის…“ (ვამპილოვის შესახებ: მოგონებები და ფიქრები).
პიესა პირველად 1969 წლის ნოემბერში, ირკუტსკის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა (რეჟისორი ვ. სიმონოვსკი).
მოსკოვში „უფროსი ვაჟი“ პირველად მ. ნ. ერმოლოვის სახელობის თეატრში 1972 წლის შემოდგომაზე დადგეს (რეჟისორი გ. კოსიუკოვი).
ა. ვამპილოვის ჩანაწერების წიგნაკში მოიპოვება დაახლოებით 1964 წლის დასაწყისში გაკეთებული ჩანაწერი მომავალი პიესის ჩანაფიქრის პირველადი დამუშავების შესახებ:
„მშვიდობა სარაფანოვის სახლში
კომედია ორ მოქმედებად
ალექსეი ნიკოლაევიჩ სარაფანოვი – გადამდგარი პოლკოვნიკი.
ემმა – მისი ქალიშვილი.
ვასია – მისი ვაჟიშვილი, მეათეკლასელი.
ზაბროდინი – სტუდენტი არდადეგებზე.
კემეროვსკაია – მემანქანე ქალი.
ჩისტიაკოვი – ინჟინერი“.
ჩანაწერს წინ უძღვის მოქმედი პირების აღწერა (ამასთან, პერსონაჟების სახელები და მათი საქმიანობის სფერო ზოგ შემთხვევაში განსხვავდება იმისგან, რაც ავტორმა ზემოთმოყვანილ ჩანაწერში გადმოსცა. უფრო მეტად განსხვავდება პიესის საბოლოო ვარიანტისგან):
„ნიკოლაი ზაბროდინი – სტუდენტი არდადეგებზე, ფიზიკოსი (22 წლის), ლოთი და ფატალისტი (გაბოროტებული).
ალექსეი ნიკოლაევიჩ სარაფანოვი – მუსიკალური ინსტრუმენტების ამწყობი (50 წლის), კეთილი კაცი, სიცოცხლის მოყვარული, ყველაფერი გაიგო და აპატია, ლმობიერი ადამიანი. უყვარს თავისი სამუშაო.
ოლენკა სარაფანოვა – გოგონა, რომელსაც სცენის დაპყრობა უნდა. ფხიზელი გონებით, ცივი, მაგრამ ლამაზი და ა. შ.
გრეტა კომაროვსკაია – ქალი, რომელიც ბედს ელოდება. მდივან-მემანქანე.
ვასენკა სარაფანოვი – ინფანტი, დამწყები მსმელი და ჩხუბისთავი, პირველ კურსზე ორჯერ ჩარჩენილი.
იური ჩისტიაკოვი – ინჟინერი, მოსკოვში ჩაწერილი, ოლენკას საქმრო“.
პიესამ საბჭოთა კავშირის მრავალი ქალაქი მოიარა, არაერთხელ დაიდგა სხვა ქვეყნებშიც. რეჟისორმა ვ. მელნიკოვმა 1976 წელს „ლენფილმში“ გადაიღო იმავე სახელწოდების ფილმი ორ სერიად (სარაფანოვის როლში – ე. ლეონოვი, ბუსიგინი – ნ. კარაჩენცოვი).
გ. გლადკოვს ეკუთვნის ამავე სახელწოდების ოპერა.

წყარო – http://lib.ge/body_text.php?9396

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s